პარასკევი, ივნისი 5, 2026
5 ივნისი, პარასკევი, 2026

თემის შეჯამება აზარტის ელემენტებით

0

მოსწავლეთა შესახებ საინტერესო ამბების გაგება, მათი გატაცებები და მიდრეკილებები გვეხმარება ახლოს ვიყოთ ჩვენს მოსწავლეებთან. როცა ისინი იგრძნობენ ჩვენს პატივისცემას, მეტი ხალისით ისწავლიან. ყოველი თემის დასრულების შემდეგ აუცილებლად საჭიროა თემის შეჯამება, ნასწავლი მასალის გამეორება, შეცდომების ანალიზი და საინტერესო უკუკავშირები. ამისთვის ვიყენებ შეჯიბრს სპორტული კანონებით. ეს სტილი განსაკუთრებით ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

თუ მასწავლებელი კლასის დამრიგებელია, მან შეიძლება ასეთი სტილის გაკვეთილი კლასის საათის დროს ჩაატაროს, არ მოწყდეს ყოველდღიურ რეალობას და საკუთარ საგანს და ამავდროულად საშუალება მისცეს მოსწავლეებს მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი მონაცემები.

პირველი ვარიანტი შეესაბამება საშუალო ასაკობრივ ჯგუფს

როდესაც რომელიმე თემას დავასრულებთ, კლასი დავყოთ ჯგუფებად. ეს ჯგუფები უნდა იყოს ინტერესების მიხედვით შედგენილი. მოსწავლეებს ვთავაზობთ, გაერთიანდნენ ერთ-ერთ ჯგუფში.

კლასი იყოფა ჯგუფებად (კლასის შესაძლებობიდან გამომდინარე) ეს ჯგუფებია:

 

  1. მათემატიკური პოეზია;
  2. ცეკვა;
  3. მუსიკა;
  4. ინფორმატიკა (იუმორით ამ ჯგუფს მოვიხსენიებთ, როგორც ინფობაცაცები);
  5. ხელოვნება;
  6. სიმღერა;
  7. თეატრი.

კლასი დამოუკიდებლად მეცადინეობს იმ თემაზე, რომელიც ჯამდება.

შეჯამების დღეს უკვე უკვე წინასწარ ჯგუფებად დაყოფილი ბავშვები სხდებიან მაგიდებთან. დაისმის  კითხვები შესაჯამებელი თემიდან, ჯგუფი აფიქსირებს თავის პასუხს ფურცელზე, რომელიც სწრაფად უნდა მიიტანონ და დაამაგრონ დაფაზე მათთვის გამოყოფილ წინასწარ შეთანხმებულ ადგილას. ვინც ბოლო დარჩება უკვე იღებს ჯარიმას და ეს ჯარიმა გულისხმობს ჯგუფისთვის თემატური საჯარიმოს შესრულებას.

ჯარიმა გუნდმა შეიძლება რამდენჯერმე მიიღოს და ეს ჯარიმა ფიქსირდება მასწავლებლის მიერ ყვითელი ბარათის ჩვენებით. სამჯერ ყვითელი ბარათის შემდეგ ჯგუფი ღებულობს წითელ ბარათს და ეთიშება შეჯიბრს. ასევე, ჯარიმდება ის გუნდიც, რომელიც არასწორ პასუხს დაწერს და დაამაგრებს. ამ კითხვებზე განმავითარებელი შეფასება მიეცემათ მაშინვე.

ანუ თუ პასუხი არასწორია, ჯგუფი ჯარიმდება ყვითელი ბარათით. გუნდი, რომელიც ეთიშება, იღებს წითელ ბარათს.

ყვითელი ბარათის მიღება ნიშნავს, რომ ჯგუფმა უნდა შეასრულოს საჯარიმო ნომერი. 3 ყვითელი ბარათის შემდეგ გუნდი იღებს წითელ ბარათს, ანუ ეთიშება შეჯიბრს.

კითხვების დასმა გრძელდება მანამ, სანამ ერთი გუნდი არ დარჩება შეჯიბრებაში. იმ მიზეზის გამო, რომ ზოგჯერ კლასი იმდენად ძლიერია, რომ არასწორ პასუხს არ ველოდებით, აუცილებელია ბოლოს პასუხის მომტანიც დავაჯარიმოთ. რათა პროცესი დაგეგმილზე დიდხანს არ გაგრძელდეს.

გამარჯვებული გუნდი ჯილდოვდება სიგელებით.

მხიარული საჯარიმოს ინფორმატიკის ჯგუფის შესაძლო დავალებები:

  1. ტესელაცია;
  2. კუბიზმი;
  3. ოქროს კვეთა;
  4. პარაბოლა ჩვენს ირგვლივ;
  5. გეომეტრიის ძალა;
  6. სიმეტრია;
  7. მსოფლიო საოცრებები;
  8. მშვენიერება, ფარგლითა და სახაზავით შექმნილი;
  9. ბუნება თავის წიგნს მათემატიკური სიმბოლოებით გვიწერს

და  ა.შ

მხატვრები აუდიტორიას აჩვენებს თავიანთ ნახატებს (დაჯარიმების დროს)

აქ შეიძლება მათი მეგობრების სახასიათო სურათებიც დახატონ. მაგალითად: ბავშვი, რომელსაც შუბლში ნათურა აქვს (ორიგინალური აზროვნების მანიშნებელი);  ან  გოგონა,  რომელიც განსაკუთრებით იპრანჭება ან კიდევ  მეტისმეტად სერიოზული  ან არასერიოზული მოსწავლე. ამ სურათებს აჩვენებენ აუდიტორიას და იმ  მასწავლებლებს,  რომლებიც ასწავლიან  ამ კლასს, სთხოვენ გამოიცნონ, ვინ არის ეს ბავშვი.

ასევე, შეიძლება კლასმა მოამზადოს სურათები მასწავლებლის აღსაწერად. სახასიათო შტრიხები შეიძლება იყოს: მუდმივად მკაცრი სახე, მეტისმეტი გაპრანჭვა, რაიმე აქსესუარი, ქუდის ტარება, საყურის ტარება… აქ, რა თქმა უნდა, ბავშვებმა უნდა  გაითვალისწინონ ამ კონკრეტული მასწავლებლის ხასიათი.

ბავშვები მოახდენენ მათი თემების პრეზენტაციას.

თითოეული ჯგუფის დაჯარიმების დროს სავარაუდო შესავალი:

 

ინფობაცაცები

პირველი დაჯარიმების შემდეგ:

  1. ჩვენი პირველი საჯარიმო ინფორმაცია არის ,,ტესელაცია“. ტესელაცია ეწოდება რაიმე ზედაპირის მოფენას მრავალკუთხედებით.
  2. დამეთანხმებით, ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა და ამიტომ ტესელაციის გამოყენებით ის საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა სილამაზეს. იგი მხატვრების შთაგონების წყაროც გამხდარა ხოლმე.
  3. ჩვენ მიერ მოძიებულ მასალაში არის ზოგადად ტესელაციისა და ცნობილი მხატვრის, მორის ეშერის სურათები.

(აქ უშვებენ სლაიდს)

მეორე დაჯარიმების შემდეგ:

  1. მეორე საჯარიმო მოვამზადეთ თემაზე: ,,კვადრატული ფუნქცია’’. მას ყველგან იყენებენ: სატელევიზიო სივრცეში ანტენების დამზადების დროს, ხიდების მშენებლობისას, ბუნებაში, რომელიც ცისარტყელას გვიხატავს, სამხედრო საქმეში, რადგან გასროლილი ტყვია თავის ტრაექტორიას შემოწერს.
  2. გაგიკვირდებათ და სპორტშიც კი. ამიტომ ჩვენ მოვიპოვეთ მცირე რაოდენობით მისი სურათები.

(აქ გაუშვებენ სლაიდს)

მესამე დაჯარიმების შემდეგ:

  1. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის ჯგუფმა არ მოამზადა „ოქროს კვეთის’’ შესახებ ინფორმაცია, ჩვენ ვერ შევძელით მისთვის გვერდის ავლა;
  2. ტერმინი ,,ოქროს კვეთა’’ შემოიღო ლეონარდო და ვინჩიმ. მას ღვთაებრივ პროპორციასაც უწოდებენ.
  3. მას, ძირითადად, მხატვრები იყენებენ, მაგრამ ჩვენმა დიდმა შოთა რუსთაველმა“ვეფხისტყაოსანი“ საოცარი გათვლებით დაწერა.
  4. მისი პოემის 1587 სტროფიდან 863 ოქროს კვეთით შეიქმნა. მარცვლები ისე არის დათვლილი, რომ 1-ის გარდა,  ყველა სტროფში, 16 მარცვალია. მან შეძლო და დაიცვა ეს სიზუსტე (ის ერთადერთი სტროფი 20-მარცვლიანია).

(აქ გაუშვებენ სლაიდს)

მხატვრები

პირველი დაჯარიმების შემდეგ:

  1. ყველაზე განსხვავებული საჯარიმო დავალება ჩვენს ჯგუფს ერგო წილად. დავალება ასეთი მოგვეცა: უნდა შეგვექმნა სკოლასთან დაკავშირებული რამდენიმე სურათი.
  2. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამით  არ დავკმაყოფილდით და სხვა ტიპის სურათებიც შევქმენით.
  3. ჩვენ წარმოგიდგენთ ორი ტიპის სურათს: სერიოზულსა და არასერიოზულს.
  4. არასერიოზული სურათის ნახვის შემდეგ, ვთხოვთ მასწავლებლებს, ამოიცნონ საკუთარი თავი.
  5. იმედია, მასწავლებლები გახალისდებიან და არ გაგვინაწყენდებიან, მათი ნებართვის გარეშე რომ დავხატეთ.

გააკრავენ სურათს მაგნიტების საშუალებით წინასწარ მომზადებულ დაფაზე.

პირველად აკრავენ ერთ-ერთი მასწავლებლის სურათს და აუდიტორიას ეკითხებიან, ვინ არის ეს მასწავლებელი. ასევე, გააკრავენ რაიმე  სერიოზულ სურათს და ამბობენ, ვინ დახატა.

მეორე დაჯარიმების შემდეგ:

აკრავენ მეორე მასწავლებელის და სხვა ბავშვის რაიმე კარგ ნახატს, სვამენ იმავე კითხვას.

მესამე დაჯარიმების შემდეგ:

აკრავენ მესამე მასწავლებლის სურათს და ისევ სხვა ბავშვის ნამუშევარს.

მომღერლები:

პირველი დაჯარიმების შემდეგ:

მღერიან წინასწარ მომზადებულ სიმღერას.

მეორე დაჯარიმების შემდეგ:

ისევ სიმღერა წინასწარ მომზადებული.

მოცეკვავეები.

სამივე დაჯარიმების დროს ცალ-ცალკე

ასრულებენ წინასწარ მომზადებულ 3 საცეკვაო ნომერს.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ (სანამ ჟიური სიგელებს შეავსებს და გადაწყვეტილებას მიიღებს) სრულდება საფინალო სიმღერა.

 

პოეზიის ჯგუფის დავალებების სტილი

  1. მათემატიკური გათვლები ,,ვეფხისტყაოსანში’’ და ერთი ლამაზი სტროფის წაკითხვა.
  2. ვახტანგ ჯავახაძე და გეომეტრია – ხაზგასმა იმაზე, რომ ჯავახაძე ამბობდა: ,,მე ლექსებს არ ვწერ, მე ლექსებს ვხატავ“. ერთი ბავშვი, ამ ჯგუფიდან კითხულობს ჯავახაძის ლექსს.
  3. ასევე გალაკტიონ ტაბიძის: ,,აი, რა მზის სიზმარია“ . გალაქტიონმა ამ ლექსში  გამოიყენა სიმეტრია, რომელსაც მათემატიკაში დიდი ადგილი ეთმობა.

,,აი, რა მზის სიზმარია,

აირევი, ივერია…

აი დროშა, აშორდია,

აერების სიბერეა’’.

ასეთი ტიპის დავალებების მომზადება ბევრ სხვა მასალაზეც შეიძლება, თუნდაც  ფოლკლორში რიცხვების მნიშვნელობაზე. ,,ვეფხისტყაოსანი’’  და  განტოლება  და  ასე  შემდეგ.

საჯარიმო რომ ჩაეთვალოს, ჯგუფს აუდიტორიისთვის მისი ახსნა ევალება. მაგალითად:

პირველი დაჯარიმების შემდეგ:

  1. ჩვენი პირველი საჯარიმო ინფორმაცია დავუთმეთ ვახტანგ ჯავახაძეს. მისი 1 ლექსი გეომეტრიას ქმნის.
  2. ამ ლექსის შესახებ ვახტანგ ჯავახაძემ თავად თქვა შესავალი:
  3. ,,ქალაქში არ ჩანს ქოხი და ხატა,

არც ხარი არსად აბია ხართან,

არვინ ამზადებს სარსა და ხარდანს,

არ ისმის ხმობა სხვათა და სხვათა,

არ მესმის ბუხრის ტკაცუნის ხმა და

მე ლექსებს არ ვწერ, მე ლექსებს ვხატავ’’

  1. აი, ერთ-ერთ ლექსიც: გალაქტიონ

ან:

მეორე დაჯარიმების შემდეგ:

  1. ჩვენი მეორე საჯარიმო ინფორმაცია ისევ ვახტანგ ჯავახაძეს დავუთმეთ;

ყველა       მე-8       კლასელი   იცნობს     უარყოფითი     რიცხვების     გამრავლების  ცხრილს:

+×+=+

-×-=+

+×-=-

-×+=-

ჩვენ ვისწავლეთ, რომ „+“ ნიშნავს მეგობარს „-“ კი – მტერს, ჯავახაძემ კი ეს ლექსებით აგვიხსნა:

  1. ,,რა საჭიროა ესპერანტო?

არითმეტიკა –

ულამაზესი ენა გახლავთ

საკაცობრიო

გამრავლების ცხრილი

მისი შედევრი.

  1. მე მდიდარი ვარ:

ჩემი მეგობრის მეგობარი –

ჩემი მეგობარია,

ჩემი მტრის მტერიც

ჩემი მეგობარია.

მე მდიდარი ვარ:

ყველა

ჩემი მეგობარია!’’

მესამე დაჯარიმების შემდეგ:

  1. ჩვენი მესამე საჯარიმო მურმან ლებანიძეს დავუთმეთ. ვითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ჟიური სხვადასხვა დროს ღია გაკვეთილებზე ისმენს გალაკტიონს და სიმეტრიას, ოქროს კვეთას და შოთა რუსთაველს, ვცადეთ რაღაც განსხვავებულის მომზადება.
  2. მურმან ლებანიძემ ამ ლექსს მათემატიკური ბალადა დაარქვა, ჩვენც ამიტომ დავინტერესდით.

 

  1. ,,დრო ცივი, როგორც სამარე,

ციფრებად აწყობს წლებს, –

წუთს წუთზე ჰყოფს და ხარხარებს,

აკლებს, ამრავლებს, ჰკრებს…..

და პასუხს მაინც პოულობს

ყველა კითხვაზე, მუდამ,

სულ დრო ამტკიცებს დროულად,

რის დამტკიცებაც უნდა.

მთვარე ივსება, მზე შრება,

ქარი მირეკავს ნისლს, –

დროს არაფერი ეშლება,

დრო სუყველაფერს ხსნის.

ხსნის ჩემს ომსა და მშვიდობას,

ცრემლებს, სურვილებს, ფერებს.

რის დამტკიცებაც მინდოდა,

დრო დაამტკიცებს მერე’’.

კიდევ ერთი ვარიანტი დაჯარიმების დროს სათქმელი სიტყვებისა:

  1. დავჯარიმდით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ საჯარიმოს შესრულება საამაყოა ყველასათვის, რადგან შოთა რუსთაველი პირველია მსოფლიოში, რომელმაც ოქროს კვეთით დიდი მოცულობის პოეტური ნაწარმოები შექმნა.
  2. მისი პოემის 1587 სტროფიდან 863 ოქროს კვეთით არის შესრულებული. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს წაგიკითხავთ. ამ სტროფში მარცვლების რაოდენობა ოქროს კვეთასაც ქმნის, სიმეტრიასაც და პროპორციასაც. აი ისიც:
  3. ,,რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს,

მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს,

კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს’’.

სხვა ვარიანტი:

  1. საჯარიმო მოვამზადეთ თემაზე ,,ვეფხისტყაოსანი’’და წრფივი ერთუცნობიანი განტოლება.
  2. ,,ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,

მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია,

არ დასცდომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია,

თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია“.

ასეთი სტილის ბევრი მასალის მომზადება შეიძლება. ასევე, შეიძლება ყველა საჯარიმო ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ განიხილოს ჯგუფმა (დაბალი და მაღალი შაირი სათანადო მარცვლების განხილვით, ანუ სიმეტრია და ასიმეტრია ან ერთადერთი ოცმარცვლიანი სტროფი ,,ვეფხისტყაოსანში’’ და შესაბამისი სტროფის წაკითხვა, ასევე არის ადგილები, სადაც შოთა გამოცანებს ან ბევრ რიცხვს იყენებს). მთავარია, ჯგუფის ყველა წევრი ჩაერთოს,ზოგმა ახსნას,ზოგმა ლექსი წაიკითხოს.

თემის შეჯამების ეს მეთოდი ხელს უწყობს, როგორც გარეგან, ისე შინაგან მოტივაციას. ასევე, ხელს უწყობს მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენას.

შედეგი: ბავშვებს ხანგრძლივად დაამახსოვრდებათ შესაჯამებელი მასალა. პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად მოხდება იმ შეცდომების ანალიზი, რომლებიც  რომელიმე ჯგუფმა დაუშვა და გაკეთდება შეფასება.

თუ იგივე გვინდა სხვა ასაკობრივ ჯგუფში, მაგალითად, დაწყებით საფეხურზე, შეიძლება ჯგუფის სახელწოდება შევცვალოთ და შევუსაბამოთ მათ ასაკს.

 

მასწავლებლებისთვის ერთ-ერთ პრობლემად რჩება გეომეტრიის სწავლება. ფაქტია, რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება გეომეტრიის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას. ამიტომ თუ ჩვენ ბავშვებს დაწყებით საფეხურზე დავანახებთ, რომ გეომეტრია საჭიროა, ისინი უფრო ხალისით ისწავლიან მას. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სწავლებამ შეიძლება მოითხოვოს კლასგარეშე მუშაობა, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავინანოთ ჩვენი მოსწავლეებისთვის. ვაწარმოოთ მონიტორინგი, როგორ ართმევენ ისინი დავალებებს თავს და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ თავს უფლება, წარმოვადგენინოთ პრეზენტაცია, რის საფუძველზეც მოიპოვებენ ამოცანების ამოხსნის უფლებას. ამ მეთოდს ხშირად მივმართავ. თქვენთვის მისი გაზიარება გადავწყვიტე.

ორგანიზება: კლასი იყოფა ჯგუფებად. ეს ჯგუფებია:

  1. პრანჭიები;
  2. ტესელაცია;
  3. გავიხედ-გამოვიხედოთ;
  4. მხატვრობის შემსწავლელები;
  5. ფრაქტალები;
  6. არქიტექტურის შემსწავლელები;
  7. გეომეტრიული პოეზია;
  8. გეომეტრიული ტერმინების ლექსიკონი;
  9. სიურპრიზი.

1) ჯგუფი „პრანჭიები’’ გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ხატავს მოდელებს. ასევე, მოიძიებს ცნობილი დიზაინერების  ნამუშევრებს, რომლებშიც გამოყენებულია გეომეტრიული ფორმები. აწყობენ გეომეტრიული ფორმის სამკაულების გამოფენას, განიხილავენ ქართულ ხალხურ საცეკვაო ფორმებს.

2) ჯგუფი ,,ტესელაცია’’ ხსნის სიტყვა ტესელაციის მნიშვნელობას და ამზადებს ვიდეოს ამ თემის შესახებ. ამ ჯგუფმა შეიძლება, ასევე, თავად შექმნას და დახატოს ტესელაციის ნიმუშები. (მაგ: ბევრი რვეულის ყდა ტესელაციის ნიმუშია და როცა რვეული შეივსება, შეიძლება ყდა სილამაზის შესაქმნელადაც გამოვიყენოთ).

3) ჯგუფი ,,გავიხედ-გამოვიხედოთ’’ მოამზადებს პრეზენტაციას ყოველდღიურად დანახული გეომეტრიული ფიგურების შესახებ. ეს იქნება ერთგვარი ნივთების გამოფენა. ასევე, შეიძლება გამოიფინოს საგზაო  ნიშნები და მათი გეომეტრიული ფორმები.

4) „მხატვრების შემსწავლელები’’ მოძებნიან მხატვრების ნამუშევრებს, რომლებშიც გამოყენებულია გეომეტრიული ფიგურები. ასევე, წარადგენენ თავიანთ (ან კლასელების) ნახატებს.

5) „ფრაქტალები’’ისაუბრებენ და აჩვენებენ ვიდეოვერსიას ფრაქტალური გეომეტრიის შესახებ.

6) „არქიტექტურის შემსწავლელები’’ ილაპარაკაბენ თანამედროვე და არამარტო თანამედროვე არქიტექტურის შედევრებზე და მათ ასაშენებლად გამოყენებულ ფორმებზე.

7) „გეომეტრიული პოეზია’’ კითხულობს ლექსებს, რომლებსაც აქვს გეომეტრიული ფიგურების ფორმა. საუბრობენ ავტორსა და სტილზე. გარდა სამკუთხა ლექსებისა, არსებობს სხვა ფორმის ლექსებიც, ასევე პალინდრომები. ისაუბრებენ ვეფხისტყაოსანზე.

8) „გეომეტრიული ტერმინები“ ახსნის გეომეტრიული სიტყვების მნიშვნელობას. იტყვის რას ნიშნავს „მეტრეო“ და, ზოგადად, იტყვის, რატომ ვიწოდებით „გეორგიად“ ანუ მიწათმოქმედთა ქვეყანად.

შემდეგი სიტყვებია:

პერიმეტრი – გარშემო გაზომვა;

პლანიმეტრია – სიბრტყეზე გაზომვა;

სტერეომეტრია – სივრცეში გაზომვა;

გეომეტრია – მიწის გაზომვა

და ასე შემდეგ.

ბოლოს აუდიტორიას აჩვენებენ ბერძნულ ყაიდაზე გამოთლილ მაგიდის პაწაწინა მოდელს და იტყვიან, რომ ამ მაგიდის გამო ტრაპეციას ეწოდება ტრაპეცია, რადგან სიტყვა ტრაპეცია ბერძნულად მაგიდას ნიშნავს.

ასევე, აჩვენებენ სათამაშო ბზრიალას, დაატრიალებენ და იტყვიან, რომ ამ სათამაშოს გავლენით რომბს ეწოდება რომბი და იგი ბერძნულად ნიშნავს ბზრიალას.

ბოლოს აუცილებლად დააფიქსირებენ და განიხილავენ ყველა შეცდომას.

შესაძლო შედეგი: ბავშვები შეძლებენ გეომეტრიის ყოველდღიურობასთან დაკავშირებას და ისწავლიან უფრო ხალისით.

ეს მეთოდი ხელს უწყობს ბავშვების მრავალმხრივი ნიჭის წარმოჩენას.

იგივე შეიძლება შერეული მასალის შესაჯამებლად შევცვალოთ კითხვები.

დავამატოთ არითმეტიკული ჯგუფები, რომელთა სახელწოდება იქნება: არითმეტიკული პოეზია და არითმეტიკული ისტორიები.

შეიძლება რომელიმე ჯგუფის გაუქმება და შეცვლა.

 

 

 

მაღალ კლასებში მოსწავლეებს ვამჩნევთ, რომ ისინი ისე ხალისით აღარ არიან განწყობილი მათემატიკის გაკვეთილის მიმართ და მუდმივად ელოდებიან რაღაც განსხვავებულს, აზარტულს, საინტერესოს. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი მეთოდი. მაგალითად, მეთოდი, რომელზეც ახლა ისევ ვისაუბრებ ემსახურება საკლასო ოთახში გარკვეული აზარტის შემოტანას.

აქაც გვინდა რომელიმე  თემის საინტერესოდ   შეჯამება.

მივცეთ კლასს შესაჯამებლად რომელიმე თემა

კლასი იყოფა ჯგუფებად და შეჯამების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯგუფი ავანსად იღებს ქულებს, რომლებსაც ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დაკარგავენ, პასუხებიც და ქულებიც ჩაიდება კონვერტში, რომლებსაც აწერია ჯგუფის ნომერი და დამაგრდება დაფაზე. ქულები იქნება თეთრ ფურცელზე ამობეჭდილი ქულები. თუ ჯგუფმა პასუხი არ ჩააბარა, იგი ავტომატურად ჯარიმდება ყვითელი ბარათით, რაც უკვე ნიშნავს გარკვეული ქულის დაკარგვას, ხოლო სხვა შემთხვევაში უკან უბრუნდებათ კონვერტში მოთავსებული  გაორმაგებული ქულები, თუმცა არასწორი და ნაჩქარევი რისკი ხშირად ძვირად უჯდებათ. არასწორი პასუხის შემთხვევაში კონვერტში ჩადებული ქულა ეკარგებათ. თუ გუნდს ქულა აღარ დარჩა, ღებულობს წითელ ბარათს, ანუ ეთიშება შეჯიბრს.

შეჯიბრების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ამ თემის ყველანაირი მხარე.

შედეგი: ბავშვები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. სამომავლოდ მოერიდებიან  არასწორ რისკს. გახდებიან უფრო ყურადღებიანი.

აუცილებლად მოხდება შეფასება. იქვე ეძლევათ განმავითარებელი უკუკავშირები.

სამივე შემთხვევაში ბავშვების მოტივაცია საკმაოდ მაღალია.

ასევე შეიძლება კლასი დავყოთ ჯგუფებად და კლასში შევიდეთ საჯარიმო ინფორმაციების ყუთით, საიდანაც  საჯარიმო ინფორმაციები ამოვა.

მოტივაციის თვალსაზრისით მეთოდი განსაკუთრებით საყვარელია ბავშვებისათვის.

სიტუაციას მართავს მასწავლებელი. საჭიროების შემთხვევაში მან უცებ უნდა მოახდინოს მოდიფიკაცია.

ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა მათი საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ჯადოქრის წიგნი  

0

ინგმარ ბერგმანის ავტობიოგრაფიული წიგნის „Laterna Magica“-ს კითხვისას არაერთხელ გავიფიქრე, რა უცნაურია, თითქოს ბავშვი ჰყვება თავის ამბავს-მეთქი. დიდი შვედი რეჟისორი, რომელიც წიგნის გამოსვლისას 70-ს მიტანებული იყო, ისე მოგვითხრობს გასაოგნებელ თავგადასავალს, რომ დროდადრო მთელ ათწლეულებს აქრობს, ისევე როგორც დაგროვილ გამოცდილებას, ვინ იცის, რა ფასად შეძენილ ცოდნას, თავშესაფრად ქცეულ სიბრძნეს… ეს ძველი ამბების გახსენება კი არა, აწმყოში იმ ყველაფრის მოქცევაა, რასაც არც არასდროს შეუწყვეტია მტკივნეული ფეთქვა, მკაფიოდ შესაგრძნობი არსებობა. ხან ახლობლების ყურადღებითა თუ უყურადღებობით გაწამებულს ვხედავთ, ხან რომელიღაც იდეით გულუბრყვილოდ აღფრთოვანებულს, ხან სინამდვილე-გამონაგონის გასაყარზე ჩამუხლულს – საშველი არ არის, წამოდგომა შეუძლებელია, რას ფიქრობდა, დემონებთან შებრძოლება რომ გაბედა…

ბავშვი და მოხუცი ერთდროულად გვიწვდიან ხელებს იმ სამყაროში შესაყვანად, რომელიც ყოველთვის გვიჩენდა ცნობისწადილს. ჩვენი ფიქრების, წარმოსახვითი სურათების შვედეთი ახლა ნამდვილი, ხელშესახები ხდება: წინა საუკუნის 20-იანი წლებია, ურჩ მოზარდებს როზგავენ, ბნელ კარადაში ამწყვდევენ, სადილზე უარს ეუბნებიან, მთელი დღე ხმას არ სცემენ, თუ ბიჭუნა ჩაიფსამს, ქვედაბოლოს ჩაცმას აიძულებენ… „მთელი ჩვენი ბავშვობა დაფუძნებული იყო ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა: ცოდვა, აღსარება, სასჯელი, პატიება და მადლი. ყველაფერს, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკა გააჩნდა, რასაც ჩვენ არ ვეწინააღმდეგებოდით, პირიქით – გვწამდა კიდეც, რომ გვესმოდა მისი არსი. სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა ნაციზმის მიმართ ჩვენი გულმხურვალე სიმპათია. ჩვენ არაფერი ვიცოდით თავისუფლების შესახებ. ჩვენს იერარქიულ სისტემაში ყველა კარი დახშული იყო“, – წერს ინგმარ ბერგმანი და მაშინვე გვახსენდება მისი ფილმები, პირველ რიგში კი – „ფანი და ალექსანდერი“.

„ფანი და ალექსანდერი“ – თუ არ გინახავთ, წერილის კითხვა შეწყვიტეთ და სასწრაფოდ მოძებნეთ გრძელი, სატელევიზიო ვერსია. თქვენს ადგილას სწორედ ასე მოვიქცეოდი – წამსაც არ დავკარგავდი. ესეც ინგმარ ბერგმანის ბიოგრაფიიდან ამოზრდილი ამბავია – შობის დღესასწაულის ლამაზ ფერებში დაწყებული და ეპისკოპოსის ასკეტური საცხოვრისის პირქუშ გარემოში გაგრძელებული. დაობლებული, სამყაროსეული უსამართლობების პირისპირ აღმოჩენილი და-ძმის ამაღელვებელი ამბავი. ბავშვებზე, ბავშვობაზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი.

ავტობიოგრაფიული წიგნები თუ ფილმები კი, პირველ რიგში, იმით გვხიბლავს, რომ დიდი ხნის წინ ჩვენსავე ცხოვრებაში მომხდარს გვახსენებს: ჩვენც გვსჯიდნენ – მართალია, განსხვავებული ფორმით და არც ისე მკაცრად, მაგრამ მაინც; ხანდახან ჩვენც ციხის საკნად გვეჩვენებოდა ოთახები და გამონაგონისა და სინამდვილეში მომხდარის გარჩევაც გვიძნელებოდა. „ვერაფრით გამეგო, უნდა მერწმუნა თუ არა ღმერთისა და ანგელოზების, ან თუნდაც იესო ქრისტეს არსებობისა; არსებობდნენ თუ არა ადამი და ევა სინამდვილეში? ნამდვილი იყო თუ არა მითი წარღვნაზე? მართალი იყო თუ არა ამბავი აბრაამისა და ისააკის შესახებ – მართლა აპირებდა მამა შვილისათვის ყელის გამოჭრას? ეს კითხვები არ მასვენებდა. წარმოსახვაში ჩემს თავს ისააკთან ვაიგივებდი და ვხედავდი, როგორ სწირავდა მსხვერპლად მამაჩემი თავის ძეს – ინგმარს. ამ დროს კი ციდან ანგელოზი ეშვებოდა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. ამაზე ფიქრი ძალიან მსიამოვნებდა – მაშინ ხომ მაინც იტირებდნენ ჩემი ახლობლები, როცა სისხლისგან დაცლილ, ფერმკრთალ ინგმარს დაინახავდნენ!“ („Laterna Magica“).

ექვსი წლისა თურმე სკოლაში სიარულზე სასტიკ უარს აცხადებდა. გაშმაგებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველდღე ძალით მიმათრევდნენ საკლასო ოთახში, სადაც ყველაფერი მეზიზღებოდა და გულს მირევდაო. ბოლოს მაინც თავისი გაუტანია და უფროსებსაც იმ წელს სკოლაში წასვლა აღარ დაუძალებიათ.

ბებიას კი, დიდებულ ქალაქ უფსალაში რომ ცხოვრობდა (სხვათა შორის, „ფანი და ალექსანდერი“ სწორედ ამ ქალაქშია გადაღებული), კინო უყვარდა და თურმე ბავშვებისთვის ნებადართულ სეანსებზე დაჰყავდა ხოლმე. როგორც ჩანს, არასაბავშვო სეანსებზეც მოხვედრილან – ბებიას სასიყვარულო სცენები არ მოსწონდა, რაც მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა; ერთი წყვილი რეზინის საშინელი კალოში ჰქონდა, რომელსაც კინოსეანსების დროს იცვამდა და როცა ფილმის გმირები ხვევნა-კოცნას დაიწყებდნენ, თავისი კალოშებით ისეთ საშინელ ხმებს გამოსცემდა, რომ მთელი დარბაზი გამაყრუებელი ხმაურით ივსებოდაო.

ასეთი საკითხავია ინგმარ ბერგმანის ჩანაწერები – სახალისოც, სევდიანიც, გასაოგნებელიც, საფიქრალის გამჩენიც. რანაირად შეიძლებოდა, რომ ეს ყველაფერი ერთი კაცის ცხოვრებაში ყოფილიყო? ამგვარი განცდები, თავგადასავლები, ჯადოსნური ნივთები, ამეტყველებული სათამაშოები, აცხადებული სიზმრები, მოულოდნელად გამოჩენილი გზები, ამ გზებზე ნაპოვნი ადამიანები და ისევ ადამიანები…

„Laterna Magica“ – ჯადოქრის წიგნი.

მატარებელი _ რესურსი სხვადასხვა აქტივობისთვის

0

ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, მატარებელი, იმ სკოლებისთვის, რომლებთანაც რკინიგზა ახლოსაა, შესაძლოა სასწავლო ან სოციალური პროექტის რესურსად იქცეს.

თუ ამ წინადადებაში თქვენც დაინახავთ რაციონალურ მარცვალს, პროექტის დეტალები თქვენი დასაზუსტებელი იქნება, მე მხოლოდ რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ.

პირველი, რის გამოც მოსწავლეებთან ერთად მატარებლით მგზავრობა მოხერხებულია, ხელსაყრელი ფასია. ვთქვათ, თბილისი-ბორჯომის მარშრუტზე ხაშურამდე მგზავრობა ერთი ლარი ღირს, ხაშურის იქით ბორჯომამდე – ორი ლარი. მატარებელი დილით ადრე გადის თბილისიდან და საღამოს ბრუნდება. მოსწავლეები საგზალს თუ წაიღებენ, სხვა ხარჯებიც მინიმუმამდე შემცირდება.

ამ მოგზაურობისთვის ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია საგნობრივ სტანდარტთან დაკავშირებული სასწავლო მიზნების გამოკვეთა.

მაგალითად: ქართულის მასწავლებელს შეუძლია, მატარებლით მოგზაურობა სხვადასხვა ტიპის წერილობითი დავალების (ესე, დღიური, რეპორტაჟი, ინტერვიუ…) წინაპირობად აქციოს. განსაკუთრებით დიდია საკვანძო კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობა (რაც ყველა საგანში შეიძლება გავითვალისწინოთ). ეფექტური შედეგისთვის სასურველია მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება. მოსწავლეები წინასწარ დაჯგუფდებიან ინტერესების მიხედვით და დაკვირვება-აღწერის კონკრეტულ მიზნებს ჩამოაყალიბებენ. მაგალითად, ერთი ჯგუფი იმუშავებს ვაგონში მიმდინარე პროცესების აღწერაზე (რეპორტაჟი). მეორე მატარებლიდან დანახულ ხედებს აღწერს და საკუთარ ასოციაციებს დაურთავს (დღიური). მესამე შეიძლება მგზავრების ლექსიკას დააკვირდეს, ან რამდენიმე რესპონდენტთან ჩაწეროს ინტერვიუ წინასწარ მომზადებული კითხვარის გამოყენებით.

საინტერესო მიზნებს შეიძლება მივაღწიოთ მათემატიკაშიც: მოსწავლეებმა აღწერონ მგზავრების სქესობრივი თუ ასაკობრივი შემადგენლობა. შესაძლებელია მარტივი გამოკითხვის ჩატარებაც ამ ადამიანების დასაქმების, განათლების, მატარებლით მგზავრობის სიხშირის შესახებ. ეს იქნება მოპოვებული მასალა, რომელსაც შინ ან სკოლაში დაამუშავებენ და ცხრილებისა და დიაგრამების სახით წარმოადგენენ. აქვე შეიძლება დაინტერესდნენ მგზავრების (პროფესიის მიხედვით) აზრით, რაში დასჭირდათ/გამოადგათ მათ მათემატიკის ცოდნა?

გეოგრაფიაში საგნობრივი შედეგების მისაღწევად რეალურ გარემოს გამოიყენებენ. ეს ეხება რელიეფს და მასზე დაკვირვებას, გეოგრაფიული დასახელებების აღწერას, ამ დასახლებულ პუნქტებში საქმიანობის სფეროების შესახებ ინფორმაციების მოძიებას, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე მსჯელობას დასახლებების იერ-სახის მიხედვით.

საინტერესო იქნება მოგზაურობის დროს ეკოლოგიურ პრობლემებზე დაკვირვება და ფოტოების გადაღება. ბორჯომის პარკი და მთელი ხეობა მცენარეულ საფარზე დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. ასეთი მცირე კვლევა შეგვიძლია საბუნებისმეტყველო საგნების მიზნებს დავუკავშიროთ.

წარმატებით შეიძლება ამავე რესურსის გამოყენება სამოქალქო განათლებაში. მატარებლით მგზავრობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი მატარებელში, გამოკითხვის ჩატარება – რა პროფესის ადამიანები მგზავრობენ მატარებლით, დაცულია თუ არა მათი როგორც მომხმარებლების უფლებები, რა იციან თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებზე, ან სულაც კულტურული მრავალფეროვნება და თანამდევი გამოწვევები და შესაძლებლობები და ასე შემდეგ.

დაკვირვება აჩვენებს, რომ მატარებელში მგზავრები საკმაოდ გულღიები და კომუნიკაბელურები არიან. მგზავრობის დროს მოსწავლეებთან კომუნიკაციაზე უმრავლესობა თანახმა იქნება.

ნებისმიერი მიმართულების პროექტის განხორციელებას წინ უნდა უძღოდეს მატარებლით მგზავრობისა და უსაფრთხოების წესების გაცნობის აქტივობა.

ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების პარალელურად, მატარებლის უკან დაბრუნებამდე არსებული დრო შეიძლება გამოვიყენოთ, ვთქვათ, ბორჯომის, ბორჯომის ხეობის ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად.

უფრო თამამი ჩანაფიქრი შეიძლება საქველმოქმედო სოციალურ პროექტად ვაქციოთ. მაგალითად, მგზავრობის დროს მოსწავლეებმა თვითნაკეთი ნივთები შესთავაზონ მგზავრებს და მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენონ. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნივთებს ფუნქციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს და ძვირიც არ უნდა იყოს, რადგან მატარებლით ძირითადად ხელმოკლე ადამიანები მგზავრობენ და მათი საფულე, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მეტს ვერ გასწვდება. მცირე სუვენირები ამ თვალსაზრისით კარგად იმუშავებს.

წარმატებულ მგზავრობას გისურვებთ!

მოხეტიალე პორტრეტი

0

არა და არ ეღირსა შოთა რუსთველის პორტრეტს თავისი პოემის ტექსტთან ერთად, ორ ყდას შორის მშვიდობიანი და ბედნიერი თანაცხოვრება.

ჯერ ძველი ხელნაწერიდან ამოჭრეს თავისი ლამაზი, ოქროსფერი შემკულობიანად, ვინ იცის, რატომ? იქნებ ვინმე, ავტორზე გაბრაზებულმა მკითხველმა ასე იძია შური, იქნებ მეტისმეტი სიყვარულისგან, იქნებ მის წარმოდგენილ რუსთველს რომ არ ჰგავდა იმიტომ, იქნებ უბრალოდ იეჭვიანა?  რატომ, არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, პოეტის პორტრეტი ხელნაწერიდან ამოიღეს, სხვა ხელნაწერში ჩააკრეს, ზედაც ის ფაქიზი, წვრილყვავილებიანი შემკულობა მიაყოლეს,  საოცარი ფერებით და და უზუსტესი დეტალებით რომ იწონებდა თავს, მერე ამ ახალ ხელნაწერში  ზაზა ციციშვილის შეკვეთით იოსებ თბილელმა ტექსტის გადაწერა დაიწყო.

იოსებ თბილელი დიდი კაცი იყო, განათლებული, პოეტი, დიპლომატი, დიდი მოღვაწე სკოლებისა და ბიბლიოთეკების დამაარსებელი. ერთ-ერთი იმათთაგან, ვინც საქართველოს მშველელად ევროპას მოიაზრებდა, მოლაპარაკებაც უწარმოებია, თუმცა, ამაოდ, ეს იცით, ძველი ამბავია.

თავისი წიგნებიც ბევრი დაწერა, „დიდმოურავიანიც“ გაგონილი გექნებათ.  სხვისიც გადანუსხა, ისე კარგად და ზუსტად, რომ  მოგვიანებით, ვახტანგ მეექვსემ „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემისთვის სწორედ მისი გადაწერილი, ზაზასეული ვეფხისტყაოსანი გამოიყენა. გადაწერა, ყდაც მოუვარაყა, აშიებიც, ყველა პატარა დეტალი გაითვალისწინა.

თუმცა ეს ამბავი არც იოსებ თბილელზეა,  არც ვახტანგ მეექვსეზეა, არც ზაზა ციციშვილზე და თქვენ წარმოიდგინეთ, არც თეკლა ბატონიშვილზე, ერეკლეს ნებიერა ნაბოლარაზე, პოეტსა და მეომარ, თავზეხელაღებულ გოგოზე,  1832 წლის შეთქმულების მონაწილეზე. ( რომელსაც ასევე ჰქონდა საკუთარი, პირადი „ვეფხსიტყაოსანი“).

ეს ამბავი რუსთველის პორტრეტზეა, ეს ამბავი პორტრეტის ბედზეა, ერთხელ რომ ამოჭრეს ხელნაწერიდან და სხვაში ჩააწებეს, მერე კი, ეს ახალი ბინა-ხელნაწერი მეფისნაცვალ ვორონცოვზე გააჩუქეს, რომელმაც პირველი, რაც გააკეთა, ხელნაწერიდან შოთას პორტრეტი ამოჭრა, გასავრცელებლად. „«Книга Барсова Кожа» принесена в дар князьем М. С. Воронцову книязьем Александрем Вахтангевич Орбелиановым 1 сент. 1853 года, Тифлис».

ერთი რამ, რაც ყოველთვის გვეშლებოდა და დღემდე გვეშლება, არასდროს ვიცით, ვის რა უნდა ვაჩუქოთ და ვის რა არ უნდა ვაჩუქოთ. არ გგონიათ ასე? ან კიდევ საჩუქრის მფლობელებს აღმოაჩნდებათ ხოლმე უცნაური, უხიაკი ხასიათი.

ასეთი ბედი ერგო პოეტის პორტრეტს, შემდეგ ის დაიკარგა, სხვა ქვეყანაში მოხვდა, სად არ იყო, რა არ ნახა, მერე   გადაარჩინეს და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შესწირეს.

დღეს პორტრეტი ცალკე ინახება, მაინც ვერ ეღირსა  თავის დაწერილ პოემასთან ერთად, ორ ყდას შორის მშვიდი თანაცხოვრება.

პოეტის ბედი ქვეყნის ბედს ჰგავს. არ მეთანხმებით?

ყველაფერს ვიკიპედიაში ვერ იპოვი

0

ყველაფერს ვიკიპედიაში ვერ აღმოაჩენ და ყველა წიგნს ამაზონზე ვერ გამოიწერ.

წარმოიდგინე, სტუდენტი ხარ და საბაკალავრო ან სამაგისტრო კვლევას აკეთებ. მრავალფეროვანი ლიტერატურის წაკითხვა გესაჭიროება. არაერთი წყარო უნდა შეაგროვო და სიღრმისეული კვლევა გააკეთო. როგორ იქცევი? – ბიბლიოთეკაში მიდიხარ. ან სულაც არაა საჭირო სტუდენტი იყო და კვლევაზე მუშაობდე. როცა წიგნის დროებით გამოტანა გსურს, ან გინდა ლიტერატურა პროფესიონალმა შეგირჩიოს, ვინმეს აზრი ჰკითხო, გქონდეს ინტერნეტთან წვდომა, შეარჩიო საბავშო ლიტერატურა, დაესწრო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაესაუბრო ადამიანებს და როცა მარტოსულად გრძნობ თავს, მყუდრო გარემოში წახვიდე –  ბიბლიოთეკა საუკეთესო თავშესაფარია. შესაბამისად, იმისათვის, რომ მომხმარებელს სრულყოფილი სერვისი შესთავაზოს, ბიბლიოთეკებს შესაფერისი დაფინანსება სჭირდებათ.

დიდ ბრიტანეთში ამჟამად 3600 ბიბლიოთეკაა, რომელსაც 8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. უკანასკნელ დეკადაში 700 დახურეს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ბიბლიოთეკების ბიუჯეტი 50%-ით შემცირდა, შემცირდა სამუშაო საათებიც, საგრძნობლად მოიკლო თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებმა, მათმა ხელფასებმა, 51 000 ათასი მოხალისიდან ბიბლიოთეკებში ამჟამად მხოლოდ 20 000 მოხალისეა. ეს ყველაფერი მთავრობის ინიციატივით, უფრო სწორად, მისი უყურადღებობით მოხდა.

ბიბლიოთეკების განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის ცენტრი ამ ფაქტს ადგილობრივ მმართველობას აბრალებს და აცხადებს, რომ ბიბლიოთეკების ბიუჯეტი უკანასკნელ 10 წელიწადში 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა.

ამ სფეროს ბოლო მინისტრმა ედ ვეიზლიმ კიდევ უფრო დააზარალა ბიბლიოთეკები, რადგან სპეციალურად სასჯელაღსრულების დაწესებულების არსებული პროექტის განხორციელება შეწყვიტა – დღეს პატიმრებს წიგნებთან წვდომა აღარ აქვთ.

ბიბლიოთეკებს ბრიტანეთში მხარდამჭერთა დიდი არმია ჰყავს.  მათი სპიკერების განცხადებით, ისინი ძალიან მალე ღია საპროტესტო აქციებს გეგმავენ და ბიბლიოთეკების განადგურების პროცესის წინააღმდეგ მანამდე იბრძოლებენ, სანამ ყველაფერი საპირისპიროდ არ იქცევა. საკვირველია, რომ მათ წინააღმდეგ ღია დებატებში ონლაინწიგნების მომხმარებლები და ამაზონის გულშემატკივრები გამოდიან. ეს უკანასკნელნი ბიბლიოთეკების სანაცვლოდ მის მხარდამჭერებს ქინდლს სთავაზობენ, მოწყობილობას, რომლითაც წიგნის ონლაინვერსიის წაკითხვაა შესაძლებელი. ასევე, ირონიით მიუთითებენ იმაზე, რომ ბიბლიოთეკებში დღეს რიგები აღარ დგას და ბიბლიოთეკარები, რომლებსაც ბევრი საქმე აღარ აქვთ, ხელფასს ტყუილად იღებენ. თუმცა, როგორც გითხარით, ბეჭდურ წიგნებსაც ბევრი დამცველი ჰყავს – ავტორები, გამომცემლები, მკითხველები – მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ხელმოკლეებიც და მდიდრებიც.

მხარდამჭერებს პირველი შეკრება გასული წლის ნოემბრის ბოლოს ესექსში ჰქონდათ, რადგან ყველაზე მწვავე პრობლემა ბიბლიოთეკების კუთხით, სწორედ აქაა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიბლიოთეკების დახურვით ქალაქს სიცოცხლის კერები აკლდება და კულტურული ღონისძიებების ნაკლებობა უფრო და უფრო მწვავეა. ის, რომ აღარავინ კითხულობს, ტყუილია და უსამართლობა.

 

კეტრინ ბენეტი, გამოცემა The Guardian

ტელეფონი დადე! ანუ ონლაინ ბავშვობის საფრთხეები

0

უწინ თუ მშობლები ბავშვების ეზოში დიდხანს ყოფნის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, დღევანდელ მშობლებს სხვა სატკივარი გვაქვს. ჩვენი შვილები ეზოში აღარ ჩადიან! ეზოც, რეალური თამაშიც და ნამდვილი ურთიერთობებიც ონლაინ სამყარომ ჩაანაცვლა.

კომპიუტერი გამორთე! ტელეფონი დადე! დაგითვლიათ, დღეში რამდენჯერ ვამბობთ ამ ფრაზებს მშობლები და მასწავლებლები?!

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები, მსოფლიოს ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედია. ყოველი სამიდან ერთი ბავშვი ინტერნეტმომხმარებელია და ეს შეუქცევადი პროცესია. ჭკვიანი ტელეფონი და კომპიუტერი ტექნოლოგიის ის მიღწევებია, რომელსაც ბავშვების ტვინი გაცილებით ადვილად ეწევა, ვიდრე ჩვენი. ძნელია, ბავშვს იმაზე სახალისო და საინტერესო სამყარო შესთავაზო, ვიდრე ამას ინტერნეტი მოახერხებს. წამოდგომაც არ სჭირდება, ისე არჩევს მრავალფეროვანი შესაძლებლობებიდან სასურველს. კომპიუტერული თამაშების, ონლაინ ურთიერთობების, დედამიწის ნებისმიერ წერტილში ვირტუალური მოგზაურობის, სოციალურ ქსელებში ონლაინ აქტივობის ჩანაცვლება სულ უფრო ძნელი ხდება.

დროა ვაღიაროთ, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის და ბავშვებთან „თამაშის წესები“ შევათანხმოთ.

ჩვენ უმეტესად ვცდილობთ, ბავშვებს შევუზღუდოთ კომპიუტერთან და ტელეფონთან ყოფნის დრო, რადგან ეს ცუდად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. მაგრამ იშვიათად თუ განვუმარტავთ, იმ საფრთხეებს, რაც ონლაინ მოქალაქეობას ახლავს. ამ თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევა ჩაატარა და მშობლებს რეკომენდაცია მისცა, მეტი ყურადღება დაეთმოს არა ეკრანებთან გატარებული დროის კონტროლსა და შეზღუდვას, არამედ მის შინაარსს. გაცილებით მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ ბაშვები ონლაინ, ვიდრე რამდენ დროს ატარებენ ეკრანებთან.

ონლაინ ცხოვრების თანმხლებ რისკებს მშობლები შვილებს სოციალურ ქსელში ან ქსელურ თამაშებში დარეგისტრირებამდე უნდა აცნობდნენ, თუმცა ჩვენში, როგორც წესი, პირიქით ხდება. შედეგად, ბავშვებს არ ესმით რამდენად მოწყვლადები არიან ონლაინ საფრთხეების წინაშე. ვერც პასუხისმგებლობას აცნობიერებენ, რომ იყვნენ წესიერი ციფრული მოქალაქეები.

ინტერნეტის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ ბავშვებმა უკვე იციან. რა უნდა იცოდნენ მათ ინტერნეტის უარყოფითი მხარეების შესახებ, რათა არავინ ისარგებლოს მათი ბავშვური გულუბრყვილობით და დავიცვათ ისინი მოსალოდნელი საფრთხეებისგან.

  • ონლაინ კომუნიკაცია განსხვავდება რეალური ურთიერთობებისგან. ის მოკლებულია სიტყვიერ მასალას, ხმას, მიმიკას. ონლაინ კომუნიკაციის დროს ადვილად შეიძლება ბავშვის შეცდომაში შეყვანა და რეალურ ცხოვრებაში მისთვის ზიანის მიყენება. ინტერნეტით „გაცნობილი“ ადამიანი, რომლის შესახებაც გგონია ყველაფერი იცი, შეიძლება სრულიად სხვა ადამიანია. სხვა სურვილებით, სხვა მიზნებით შეპყრობილი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ ესაუბროს უცნობებს, არ გადაუგზავნოს თავისი ან მეგობრების ფოტო და ვიდეო მასალა.
  • სახიფათო კავშირების რისკები – სამწუხაროდ, ბავშვებმა არ იციან, რომ ინტერნეტში უცნობებთან კონტაქტი სერიოზული პრობლემების საფუძველი შეიძლება გახდეს. არსებობენ მოძალადე ადამიანები, რომლებიც ბოროტი განზრახვებით უმეგობრდებიან ბავშვებს; სთავაზობენ ვებ კამერის წინ გაიხადონ ან თავად იხდიან სამოსს და შიშველ სხეულს ბავშვებს აყურებინებენ. ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ეს რისკები მხოლოდ თეორიულად არსებობს. სინამდვილეში მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი მსგავსი ფაქტი ხდება, რომლის გახმაურებასაც ბავშვებიც და მშობლებიც ერიდებიან. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ უპასუხოს ისეთ „მესიჯებს“, რაც მას დაძაბავს და ააფორიაქებს. ასევე, უნდა იცოდეს, რომ უხერხული შეტყობინებების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მშობლებს. და ამის გამო მას არ დასჯიან!
  • ინტერნეტი საჯარო სივრცეა და ყველაფერი, რასაც იქ ვავრცელებთ, ვეღარ ჩაითვლება ჩვენს პირად ინფორმაციად. ფოტო იქნება ეს, ვიდეო, დატოვებული კომენტარი და გამოხატული ემოცია, თუნდაც დახურულ ჯგუფებში ან პირად მიმოწერაში ატვირთული, ყველაფერი შეიძლება წინ დაგხვდეს – ტექნიკურად ამის გაკეთება ძალიან ადვილია.
  • ბავშვის ინტერნეტში ატვირთული ფოტო შეიძლება მოხვდეს პორნოსაიტებზე. მათ შორის, ხუმრობით გადაღებული, გამომწვევი სურათები, მაკიაჟგაკეთებული პატარა გოგონების თუ ტანშიშველი ბიჭების კადრები. (ზღვის სანაპიროზე, წუწაობის დროს, საძინებელში თუ სააბაზანოში გადაღებული).
  • მშობელი უნდა აცნობიერებდეს, რომ შეუფერებელ საიტებზე შემთხვევით შესვლით, ბავშვი შეიძლება გადააწყდეს მისთვის შოკის მომგვრელ, შემზარავ მასალას, მათ შორის სექსუალურ, პორნოგრაფიულ, ძალადობის ამსახველ ვიდეო-ფოტო კადრებს, ამიტომ ფსიქოლოგების რეკომენდაციაა კომპიუტერი საერთო ოთახში იდგეს და არა ბავშვის პირად სივრცეში.
  • პირადი მონაცემების გასაჯაროვება დაუშვებელია – რომელ სკოლაში სწავლობს, სად ცხოვრობს, სად ატარებს დროს, ჯობია არსად დაწეროს, რადგან ამ მონაცემების გასაჯაროვების შემთხვევაში იზრდება იმის ალბათობა, რომ უცნობმა ადამიანებმა ბავშვის შესახებ მოგროვებული ინფორმაცია მის წინააღმდეგ ეფექტიანად გამოიყენონ.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ზე დარეგისტრირება 13 წლამდე ბავშვებისთვის შეუძლებელია, ჩვენი პატარები გამოსავალს მარტივად პოულობენ, რეგისტრაციისას ყალბ ასაკს უთითებენ და პირადი გვერდიც მზად არის. ერთმანეთის მიბაძვით, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში უამრავი ბავშვი რეგისტრირდება, ისე, რომ მათთვის არავის განუმარტავს, ონლაინ კომუნიკაციის წესები. ისიც მომისმენია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი თავის მოსწავლეებს საშინაო დავალებებს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში უზიარებს. სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა მშობლებმაც და პედაგოგებმაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვირტუალურ ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. ონლაინ მოქალაქეობა კი 13 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებული არ არის.

 

 

 

როგორ გადავარჩინოთ მშობელთა კრება

0

ხშირად მშობელთა კრების ჩატარება როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მშობლისთვის მხოლოდ უსიამოვნო ვალდებულებაა. რამდენიმე საათიანი შეხვედრა, როგორც წესი, რუტინულია, მოსაწყენი, ზოგჯერ კონფლიქტურიც კი. როგორ ვაქციოთ მშობლებთან შეხვედრა სასარგებლო და ნაყოფიერ ამბად, თავის გამოცდილებას დაწყებითი სკოლის პედაგოგი, ლინდსი ბარეტი გვიზიარებს:

„ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ სკოლაში გამამწესეს. ბევრი განსხვავებული იდეა მქონდა, მაგრამ, მშობლების პირისპირ რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, ჩემი ბრწყინვალე იდეების მხოლოდ მცირედ ნაწილს ჰქონდა კავშირი რეალობასთან.

ახლა ოთხი შვილი მყავს და გამოცდილი პედაგოგი ვარ. ამ გამოცდილებამ შემაძლებინა, ჩამომეყალიბებინა რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რომელიც მეხმარება მშობლებთან შეხვედრა ეფექტიან და სასიამოვნო პროცესად ვაქციო.

პირველი პრინციპის მიხედვით, სასურველია მშობელთა კრება კარგი ამბების გაზიარებით დავიწყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მშობლები შეიკრიბნენ, იმ მოსწავლეების, ვინც კარგად სწავლობს თუ სხვების.

მასწავლებელს შეუძლია მოჰყვეს, როდის მიაღწია კლასმა წარმატებას, კონკრეტულად რომელმა მოსწავლეებმა დაიმსახურა მათი მოწონება, რომელი სიტუაცია იყო სხვა კლასებისთვის სამაგალითო. ეს შეგიძლიათ მოჰყვეთ ისტორიად ან უკეთესი – ამის დემონსტრირება მოახდინოთ ვიდეოთი ან ფოტოკოლაჟით.

კრების ასეთი დასაწყისი გაახალისებს მშობლებს, გაზრდის მათ მიმღებლობას ინფორმაციის მიმართ, განაწყობს პოზიტიურად. ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ ბარათები. სათითაოდ ყველა ბარათზე დაწეროთ მოსწავლეთა ვინაობა და მიუწეროთ ერთი-ორი წინადადებით, რაში გამოიჩინეს თავი – ვიღაცამ გონიერებით, ვიღაცამ ხუმრობით, ვიღაცამ ოლიმპიადაში წარმატებით, ვიღაც მასწავლებელს ან თავის კლასელს დაეხმარა და სხვა. ეს შეფასებაც აუცილებლად პოზიტიური უნდა იყოს. ბარათებს ხმამაღლა ჩაიკითხავთ და მშობლებს დაურიგებთ. ჯერ ერთი, მშობელი ამ ბარათს აუცილებლად აჩვენებს ოჯახის სხვა წევრს და მეორეც, მას კარგ მოგონებად, სახსოვრად გადაინახავს. ბარათების ჩაკითხვის შემდეგ მშობლები გააცნობიერებენ, რომ მასწავლებელმა უყურადღებოდ არცერთი მოსწავლე არ დატოვა და ეს განცდაც აუცილებლად გაზრდის მშობელთა ინტერესს კრების მიმართ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლებმა ცოტა რამ იციან სკოლის შესახებ. თქვენ მასწავლებელი ხართ და სკოლას „შიგნიდან“ იცნობთ. მშობლებს კი რეალურ სასკოლო სიტუაციებზე მწირი წარმოდგენა აქვთ. მაგალითად, მეც, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ვარ, ზუსტად არ ვიცი, რა ხდება ჩემი შვილების საკლასო ოთახსა და სკოლის დერეფნებში. ეს ნორმალურია.

სასკოლო ცხოვრების შესახებ ბავშვები მშობლებს დიდი ხალისით არ უყვებიან. თანაც, სკოლის შესახებ მშობლები შვილებს მაშინ ეკითხებიან, როდესაც გვიანი საღამოა და ბავშვებს დასვენება უნდათ. ბავშვებიც სასკოლო მოვლენებს თავიანთი გადასახედიდან აფასებენ. ბავშვებს უყვართ მოვლენების დრამატულად აღწერა. სინამდვილე შესაძლოა სხვა იყოს. ამიტომ მშობელთა კრებაზე მასწავლებელმა დეტალურად უნდა აღწეროს მშობლისათვის საინტერესო მოვლენები, მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მათ, ჩააყენოს საქმის კურსში, განმარტოს მათთვის მარტივ და გასაგებ ენაზე.

მშობელთა კრებაზე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა არა მხოლოდ ისაუბროს, არამედ კითხვებიც დასვას. მასწავლებელს კრებისთვის ცოტა დრო აქვს და ბევრი რამის თქმა უნდა მოასწროს. ამიტომ აუცილებელი როდია ერთი ბავშვის საშინაო დავალების დეტალური გარჩევა…

თუ მშობელთა კრების შემდეგ მასწავლებელს ხმა წაუვა, ე.ი. ზედმეტად ბევრი ილაპარაკა. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მშობლებს ნაკლებად აინტერესებთ ზოგადი სასკოლო სიტუაცია. მათ აინტერესებთ შვილის ამბები და კრებაც ამ მიმართულებით უნდა წაიყვანოთ. მშობელი ყურადღებით მაშინ უსმენს მასწავლებელს, როდესაც ის მის შვილზე საუბრობს.

მიეცით მშობელს თავისი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ის კითხვები, რომლებზეც მშობლისგან პასუხს მიიღებს და ეს პასუხი რამეში გამოადგება (როგორ იქცევა ბავშვი სახლში მსგავს სიტუაციაში? მისი ქცევა განსხვავებულია? რატომ აქვს სწავლის პრობლემა? რა უშლის ხელს?). მშობელს აქვს ის ძვირფასი ინფორმაცია, რომელსაც მასწავლებელი არ ფლობს. ამიტომ მასწავლებელმა ეს ინფორმაცია უნდა მოიპოვოს.

მასწავლებელი მოდერატორიცაა. მან ხშირად უნდა დახედოს საათს, აკონტროლოს დრო, არც თვითონ გადაიღალოს, არც მშობლებს მოაწყინოს თავი.

კიდევ ერთი პრინციპი – მკაცრად გაწერეთ მშობელთა კრების გეგმა. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ დედების გონების ბრაუზერის ყველა ჩანართი გააქტიურებულია. მშობლებს მილიონი დარდი და პასუხისმგებლობა აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი ჰყავთ, ერთი თუ ათი. საზრუნავი მაინც ბევრია. სკოლა ბრაუზერის ერთ-ერთი ჩანართია, შვილის/შვილების ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მშობელი ერთდროულად ფიქრობს შვილების გლობალურ კეთილდღეობასა და წვრილ-წვრილ საკითხებზე – „იქნება თუ არა ის ბედნიერი მომავალში“ და „რა მოამზადოს დღეს ვახშმად “. ეს უნდა გვახსოვდეს.

საუკეთესო მშობელთა კრებები არა გლობალური, არამედ მაქსიმალურად ვიწრო ამოცანებსა და მიზნებს ემსახურება. მშობელთა კრებაზე უნდა გაჟღერდეს სკოლისა და მშობლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მასწავლებელი კი მათ გაჟღერებისას თანამდევრული უნდა იყოს.

ნუ შეგაშინებთ რთული საუბრები. ხანდახან მშობლების მწვავე რეაქციების შიშით წინასწარ გამიფრთხილებია ისინი, რომ შეხვედრისას რთული საუბარი გველის. ზოგჯერ ეს მოულოდნელ შედეგებს იძლევა. ერთხელ ჩემი მოსწავლის მამა, რომელიც, ჩემი აზრით, სკოლიდან ისევ საბავშვო ბაღში უნდა დაებრუნებინათ, იმდენად გაბრაზდა ჩემი პოზიციის გამო, რომ უარი თქვა, დასწრებოდა მშობელთა კრებას.

სასურველია, მშობლებთან რთული საუბარი მას შემდეგ დავიწყოთ, რაც მათთან კონტაქტს დავამყარებთ და ურთიერთგაგების გარკვეულ ეტაპზე გავალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მივიღებთ. მშობელთა კრების გააზრებული ტაქტიკა მშობლებს საშუალებას მისცემს სხვა რაკურსით შეხედონ რთულ სიტუაციებს.

მშობელთა კრებაზე საუბრისას ზოგადიდან კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა გადავიდეთ და არა პირიქით.

გვახსოვდეს, როდესაც მშობელი იღებს ინფორმაციას ბავშვის შესახებ, უჩნდება სურვილი განიხილოს ეს მასწავლებელთან, მეორე მშობელთან ან უბრალოდ, მეგობართან. არ ააჩქაროთ მშობელი, მიეცით ლაპარაკის, ემოციების გაზიარების დრო, თუნდაც კრების შემდეგ.

არ იხუმროთ მშობლებთან მათ შვილებზე. ახალგაზრდა  რომ ვიყავი, ერთი გოგონა მის მშობელთან ხუმრობით მოვიხსენიე. მშობელს მივანიშნე, რომ მისი შვილი სხვა გოგოებს გაკვეთილზე იოლად იყოლიებდა და თავის ენერგიას უმისამართოდ ფლანგავდა. ჩემი მხრიდან ეს შეცდომა იყო.

გვახსოვდეს, რომ ყველა მშობელი მოწყვლადია, როდესაც ხუმრობა ან სარკაზმი მის შვილს ეხება. კრების შემდეგ, განაწყენებულმა დედამ შენიშვნა მომცა და მითხრა, რომ მისი შვილი არ მიყვარდა, ამოჩემებული მყავდა, ამიტომაც ვიხუმრე მასზე. მოკლედ, ორივე გულდაწყვეტილი დავრჩით. აშკარად ვერ გავუგეთ ერთმანეთს. სიტუაციის განსამუხტად დიდი დრო და ახსნა-განმარტებები დამჭირდა. სასწავლო წლის ბოლოს გოგონას მშობელი ჩემი საუკეთესო მეკავშირე იყო და მადლობაც გადამიხადა, რომ მის შვილს ყურადღებას ვაქცევდი. ასეთი ურთიერთობა შეიძლებოდა თავიდანვე გვქონოდა, მეტი ტაქტი რომ გამომეჩინა.

მასწავლებლისა და მშობლების შეხვედრებს ორი მხარე აქვს. მასწავლებელი უამრავ კრებას ესწრება, ბევრი მოსწავლე და მშობელი ჰყავს. მშობლებს კი მხოლოდ შვილები ჰყავთ. კარგი იქნებოდა, რომ ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ უფრო ლოიალური ყოფილიყო.

 

კანონის წინაშე თანასწორობის უფლება

0

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. დისკრიმინაცია აკრძალულია

კანონი კრძალავს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვას ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლას, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭებას ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღებას. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

კანონის წინაშე თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი იცავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და სკოლას აკისრებს ვალდებულებას, გადაწყვეტილების მიღების დროს დაიცვას კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი და გამორიცხოს დისკრიმინაცია.

არათანასწორად მოპყრობის რისკი განსაკუთრებით მაღალია, როცა სკოლას გადაწყვეტილების მიღების დროს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება. ასეთ დროს გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა გაითვალისწინოს, რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული დისკრეცია და არ უნდა გასცდეს დისკრეციის ფარგლებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია არ შეიძლება იყოს რაიმე გარემოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებულისა. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება განპირობებულია ადრესატის მიმართ გადაწყვეტილების მიმღების სიმპათიით ან ანტიპათიით. ეს დაუშვებელია.

წამოიდგინეთ ასეთი შემთხვევა: მასწავლებელი ერთ მოსწავლეს სხვა მოსწავლეებზე ხშირად გამოკითხავს. მასწავლებლის საქციელი განპირობებულია მშობლის მიერ მასწავლებლისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. ეს არათანასწორი მოპყრობის ერთ-ერთი მაგალითია.

სკოლაში ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს თანაბარი შანსი და პირობები.

კონსტიტუციის თანახმად, დაუშვებელია მოსწავლის არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშნის გამო:

  • სქესი;
  • წარმოშობა;
  • რასა;
  • კანის ფერი;
  • ეთნიკური კუთვნილება;
  • ენა;
  • რელიგია;
  • პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები;
  • სოციალური კუთვნილება;
  • ქონებრივი ან სხვა მდგომარეობა; საცხოვრებელი ადგილი ან რაიმე სხვა გარემოება.

არათანასწორი და დისკრიმინაციული მოპყრობის რისკი არსებობს ასევე მასწავლებლის მიმართ. საქართველოს შრომის კოდექსი შემდეგ მოთხოვნებს უწესებს დამსაქმებელს [სკოლას]:

◦ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო;

◦ დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი ან ირიბი.

 

პირდაპირი დისკრიმინაციაა ისეთი მოპყრობა ან ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირს კანონით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს რაიმე ნიშით ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რაიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმისერი დაწესებულება, მათ შორის – სკოლა, ვალდებულია:

◦ თავისი საქმიანობა, სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები შეუსაბამოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;

◦ სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;

◦ დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი განიხილავს იმ პირის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. სახალხო დამცველი ასევე უფლებამოსილია, შეისწავლოს დისკრიმინაციის ფაქტი საკუთარი ინიციატივით და არ დაელოდოს განცხადებას ან საჩივარს. საქმის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველი გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.

გარდა ამისა, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის ან დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ხატვის როლი ბავშვის განვითარებაში

0

ხატვა ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. შემთხვევითი არ არის, რომ ის ხატვას ლაპარაკზე ადრე იწყებს. ამეტყველების შემდეგაც, იმის გამო, რომ ბავშვის ლექსიკური მარაგი არც ისე დიდია, მისთვის ბევრი რამის დახატვა უფრო ადვილია, ვიდრე  სიტყვებით გადმოცემა.  ხშირად ბავშვის ნახატს გრაფიკულ მეტყველებას უწოდებენ, რადგანაც ის ასახავს ყველაფერს ბავშვის მიერ დანახულს, მოსმენილს, მაშინაც კი, თუ ბავშვი ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს. ნახატი გულწრფელი საუბარია საკუთარ თავზე, იმაზე, თუ როგორ აღიქვამს პატარა, როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს. ის ხშირად ბავშვის ფსიქიკური განვითარების, აღქმის, მოტორიკის, აზროვნების, მეტყველების განვითარების და მისი ემოციური მდგომარეობის  მაჩვენებელიცაა. ნახატი გვეხმარება გავიგოთ, თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს ბავშვი და სად შეიძლება გვქონდეს პრობლემები.

ხატვა ბავშვის პირველი შემოქმედებითი საქმიანობაა. როგორც წესი, პატარები სიამოვნებით ხატავენ. საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვები იღებენ ფანქარს და ჯერ კიდევ  „დაუმორჩილებელი“ თითებით ქმნიან ფერწერულ „შედევრებს“. სანამ მისი ზეპირი და წერითი მეტყველება მწირი და არასრულყოფილია, ის „ლაპარაკობს“ საგნებზე, სიტუაციებზე ნახატის დახმარებით. ხატვის ეს როლი შენარჩუნებულია ათ წლამდე. როცა თავს იჩენს გამოხატვის სხვა საშუალებები, საკუთარი ნახატები ბავშვს სასაცილოდ ეჩვენება. დაწყებით კლასებში ხატვა გაცნობიერებულ, სისტემატურ საქმიანობად იქცევა. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არა აქვს,  არის თუ არა ბავშვი ხატვის ნიჭის მატარებელი. ხატვის გაკვეთილები მრავალმხრივი, ჰარმონიული პიროვნების ფორმირების აუცილებელი პირობაა.

     რას აძლევს ხატვა ბავშვს:

  • ბავშვის განვითარებისთვის ხატვა ღირებულია არა შედეგით, არამედ უშუალოდ შემოქმედებითი პროცესით;
  • ხატვა ავითარებს წვრილ მოტორიკას. ეს კი ტვინის იმ უბნების სტიმულაციას უწყობს ხელს, რომლებიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, მეტყველებაზე, მეხსიერებაზე, კოორდინაციაზე;
  • ბავშვს უვითარდება სივრცითი ინტელექტი და წარმოსახვა;
  • ნახატის საშუალებით ბავშვი ახერხებს თვითგამოხატვას, პროეცირებას უკეთებს ქაღალდზე თავის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ხატვა შესანიშნავი და ეფექტური ხერხია საკუთარი გრძნობების, ემოციების და განცდების გამოსახატად. ბავშვის ნახატი თავისებური ეკრანია, რომელიც ასახავს პატარას აზრებს და განცდებს;
  • ხატვა დამამშვიდებელ საქმიანობად ითვლება და კარგია დაღლილობის მოსახსნელად. პატარა ამას „ხვდება“ ინტუიციის დონეზე და გაუცნობიერებლად მიმართავს განტვირთვის ასეთ მეთოდს. განსაკუთრებით სასარგებლოა ხატვა ბავშვისთვის, რომელსაც მიდრეკილება აქვს ჭირვეულობისკენ, დეპრესიისა და ნევროზისკენ;
  • ფერწერის სისტემატური გაკვეთილები ბავშვს ასწავლის დროის სტრუქტურირებას, გამოუმუშავებს დისციპლინირებულობას;
  • ხატვის საშუალებით ბავშვები სწავლობენ გარემომცველი სამყაროს შემოქმედებითად გააზრებას და იმის გაგებას, რომ თითოეულ ადამიანს აქვს რეალობის საკუთარი აღქმა, თავისებურად ხედავს საგნებს და მოვლენებს;
  • ბავშვი,  უფროსისაგან განსხვავებით,  ბევრად უფრო აქტიურად შეიმეცნებს სამყაროს. პრაქტიკულად, თითოეული მისი დღე სავსეა ახალი და მნიშვნელოვანი აღმოჩენებით, შთაბეჭდილებებით და მიღწევებით. სწორედ ამის გამო ბავშვი პერიოდულად საჭიროებს ფსიქოლოგიურ განტვირთვას, რაშიც მას ხატვა დიდ დახმარებას უწევს;
  • ხატვა ავითარებს წარმოსახვას, ფანტაზიას, მხედველობით მეხსიერებას, ემოციურ გულისხმიერებას, მშვენიერების გრძნობას;
  • ბავშვისთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია საკუთარი „მე“-ს გამოხატვა. თითოეული ადამიანი თავისი ბუნებით შემოქმედია. შემოქმედება კი მოითხოვს გამოხატვას. ხატვა ასეთი გამოხატვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს;
  • ხატვა ძალიან სასარგებლოა ბავშვებში დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობის, სამუშაოს ბოლომდე მიყვანის, ფსიქომოტორული კოორდინაციის უნარის გამოსამუშავებლად;
  • ხატვა, ისევე როგორც ბევრი სხვა სახის მოქმედება, სწავლის უნარსაც უმუშავებს ბავშვს – იმისათვის რომ დახატოს რამე საგანი, ბავშვმა უნდა შეძლოს მისი სრულყოფილად აღქმა, დამახსოვრება. მისი ფორმის, სიდიდის, ფერის, კონსტრუქციის შესწავლა. ხატვის დროს ბავშვები არა მხოლოდ გამოხატავენ საკუთარ თავს, არამედ სხვადასხვა მასალასაც (ქაღალდი, საღებავები და ა.შ.) ეცნობიან. ეცნობიან ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებს (ფუნჯი, ფანქარი და ა.შ.), შეისწავლიან მათ თვისებებს, სწავლობენ მათ გამოყენებას ხატვის პროცესში. ყოველივე ეს კი მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის;
  • ხატვა აქტიურად გამოიყენება ფსიქოთერაპიაში. დღეს ბევრისთვის კარგად არის ნაცნობი არტთერაპია. ამ მეთოდს საფუძვლად უდევს შემოქმედებისა და მხატვრული ხერხების გამოყენება მკურნალობისას, საკორექციო და განმავითარებელი მუშაობის პროცესში. არტთერაპია გვეხმარება თავი გავართვათ ბავშვებში ფსიქომოტორიკის დარღვევებს, ფსიქიკური და  მეტყველებითი განვითარების შეფერხებას, შიშებს და ნეგატიურ ემოციებს, ეხმარება ბავშვს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის სწავლაში, იმის გამოხატვაში, რაც აწუხებს და აღელვებს; იძლევა განტვირთვის საშუალებას.

     იმისათვის, რომ ხატვამ, ბავშვისთვის საოცრად საყვარელმა საქმიანობამ, თავისი დადებითი როლი შეასრულოს მის ცხოვრებაში, საჭიროა უფროსების სწორი დამოკიდებულება აღნიშნული საქმიანობის მიმართ და მათი მხრიდან რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ნუ ვეჩხუბებით და ნუ ვუსაყვედურებთ ბავშვს, თუ მისი ნახატი ისე არ იქნება შესრულებული, რომ ჩვენ მოგვეწონოს. გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ჩვენთვის უბრალოდ  „ნაჯღაბნია“, ბავშვისთვის შეიძლება ნამდვილი „შედევრი“, ხელოვნების ნიმუში იყოს. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ თავს შევიკავებთ კრიტიკისგან;
  • ვთხოვოთ პატარას, მოგვითხროს, აგვიხსნას, თუ რა დახატა. ეს მას დაანახვებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა მისი „შემოქმედება“;
  • მაშინაც კი, თუ ნახატი ძალიან შორს იქნება რეალობისგან, ნუ ვეტყვით პატარას, რომ მან დახატა არასწორად და ის სრულიადაც არ ჰგავს ნამდვილს;
  • არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვუთხრათ ბავშვს, რომ ის ხატავს ყველაზე ცუდად ჯგუფში ან უფრო ცუდად, ვიდრე მისი მეგობარი. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი უნარებით. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ მივაღწევთ მსგავსი საყვედურებით, ხატვის ინტერესის დაკარგვა იქნება. ხატვა ბავშვს სიამოვნებას და კმაყოფილებას უნდა ანიჭებდეს. ჩვენი საყვედურები, შენიშვნები და უკმაყოფილება კი შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ მან საერთოდ უარი თქვას მისთვის ასეთ საჭირო საქმიანობაზე;
  • ხშირად ვესაუბროთ ბავშვს მის ნახატებზე. ეს ნამუშევრები შესანიშნავი საბაბია საუბრისთვის. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, თუ რაზე ფიქრობს პატარა, რა აწუხებს, რა ახარებს, რაზე ოცნებობს ის. შეიძლება საუბრის პროცესში დავუსვათ სხვადასხვა შეკითხვა: „ვინ ან რა დახატე“? „რატომ მაინცდამაინც ასეთი ფერის“? „რატომ არის ამ ადგილას დახატული“? „ვინ აკლია ნახატზე“? „როგორ გრძნობს თავს ნახატზე გამოსახული ადამიანი“?

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელი არ არის ბავშვმა ხატოს იმისათვის, რომ დიდი მხატვარი გახდეს. გვახსოვდეს, რაც უფრო მეტად ვითარდება ბავშვი ადრეული ასაკიდან, მით უფრო მეტად იდება მასში შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც მას დიდობაში გამოადგება. ხატვა, ისევე როგორც თამაში, ბავშვისთვის ყველაზე ორგანული, ბუნებრივი საქმიანობაა. ბავშვები ხატავენ იმიტომ, რომ უბრალოდ ბავშვები არიან. და, თუ ბავშვი არ ხატავს, ან არ თამაშობს, ამან განგაში უნდა გამოიწვიოს მშობლებში. ნახატები გვეხმარება დავინახოთ სამყარო ბავშვის თვალით და შევძლოთ მისი უკეთესად გაგება.

 

 

გულთგონთხართა? (წერილი პირველი)

0

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით ერთ-ერთი ბიზნესმენის მიერ გამოგონილი და მერე სერიალში მახვილგონივრულად გადატანილი ზმნის სათაურში გამოტანისთვის. მაგრამ ის, რაც სასაცილოდ მეჩვენებოდა, როდესაც პირველად გავიგე, ჩემი ლექსიკის ნაწილად იქცა. ამაში დამნაშავე კი ქართული ზმნის ბუნებაა. ქართულმა ზმნამაც მაპატიოს, თუმცა, მისი მოქნილი ბუნებიდან გამომდინარე, გულწრფელად აღმომხდება ხოლმე ეს სიტყვა ზმნის კი არა, შორისდებულის სახით, როდესაც გაუგონარ სიბრიყვეებს ვისმენ. ბოდიშს მოვუხდი ყველა იმ მასწავლებელს, რომელთაც წერილის სათაურით არ მივმართავ და დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი ბევრად აღემატება იმ მასწავლებლების რიცხვს, რომელთაც წერილის სათაურში მივმართავ. მე ამ წერილით იმ მასწავლებელებს მივმართავ, რომელთაც ამ გზით მინდა გავცე პასუხი იმ გაუგონარ უპასუხიმგებლობაზე, „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების დროს რომ იჩენენ.

ვის არ მოგვდის შეცდომა?! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევებში სამეცნიერო მიგნებების სათავე სწორედ შეცდომებშია. რომ ვიცოდეთ, როდის ვუშვებთ შეცდომას, არც დავუშვებდით მას, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მისგან დაზღვეული არავინაა. დაშვებული შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს წყაროების სიმცირე, ტექნოლოგიურ გამოგონებებზე წვდომის არქონა და არა მარტო… მაგრამ მაშინ, როდესაც საქმე ლიტერატურას ეხება და როდესაც პასუხი ტექსტში გვაქვს, ცოტა არ იყოს, უხერხულია შეცდომის დაშვება; ანდა, როდესაც საქმე ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილ ისეთ ეპოქას ეხება, ისტორიკოსებს პასუხი რომ გაცემული აქვთ, ჩვენ კი, იმიტომ, რომ მოდას ავყვეთ, სრულიად უგულებელვყოფთ სიმართლეს და გამიზნულად ვუშვებთ შეცდომას, სრულიად დაუშვებელია; ასევე, ჩემი აზრით, უადგილოა, ლიტერატურის სწავლებისას რაშემონის ეფექტით ვიმართლოთ თავი, როდესაც სისულელეს სისულელე და სიბრიყვეს სიბრიყვე უნდა დავარქვათ და არა განსხვავებული აზრი. ჭეშმარიტება ერთია!!! თუმცა იქვე უნდა ვთქვათ, რომ ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ პერსპექტივა სხვადასხვაა, ოღონდ, როდესაც პერსპექტივას წარმოვადგენთ, მას დასაბუთებული მსჯელობა უნდა მოვაყოლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერსპექტივა აკვიატებული აზრი იქნება.

ლიტერატურათმცოდნეობას, ისევე როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების სხვა დარგებს, ჰიპოთეზები და მეთოდოლოგია გააჩნია. როდესაც მოსწავლეებს ლიტერატურულ ტექსტს ვასწავლით, ჩვენი მიზანი, შინაარსის სწავლებასთან ერთად, გაბედული მოსაზრების წახალისებაც უნდა იყოს, მაგრამ დაუშვებელია, ყველაფერზე კვერი დავუკრათ და თავი ვუქნიოთ მოსწავლეებს. ასე მათ თავისდა უნებურად ჩამოუყალიბდებათ არასწორი შეხედულება, რომ ლიტერატურის შესწავლისას ყველაფერი მოსულა (მაპატიეთ ეს სლენგი), ხოლო მათემატიკა, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები ბევრად უფრო თანმიმდევრულია და თითქოს არგუმენტირებული მსჯელობაც ამ დარგების განუყოფელი ნაწილია. ეჭვი მაქვს, ხანდახან მასწავლებლებს ეშინიათ ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლეების და მათთან კამათის, ამიტომაც თავს უქნევენ და ეთანხმებიან ყველაფერზე; ან საერთოდ არ აძლევენ აზრის გამოთქმის საშუალებას, აჩუმებენ, რადგან ისევ და ისევ – ეშინიათ მეცნიერული პაექრობის. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს იმ მასწავლებლებთან, რომლებიც ასე არ იქცევიან, მაგრამ სწორედ ეს მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვამბობ, რადგან დარწმუნებული ვარ, მათ არაერთხელ შეუნიშნავთ თავიანთ გვერდით ისეთები, ვისზეც მე ვსაუბრობ. თუ ეს ასე არ არის, ბედნიერი გამონაკლისი ბრძანდებით და ეს წერილი გადადეთ გვერდზე, დროს ნუ დახარჯავთ და მას ნუღარ წაიკითხავთ…

ახლა გადავიდეთ იმ შეცდომებზე, რომელთაც ზოგიერთი მასწავლებელი უშვებს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების პროცესში, კონკრეტულად იმ შეცდომების დამშვებად, რომელთაც აქ ჩამოვთვლი, ცხადია, თქვენ, სანიმუშო მასწავლებლებს, არ გგულისხმობთ:

შეცდომა პირველი – ამბავი პირველი: ტექსტში ვეძებთ იმას, რაც არ არის და ავტორს ვაბრალებთ იმას, რაც არ დაუწერია

ნეტა, მართლა საკმარის დროს ვუთმობდეთ ნაწარმოებს და მართლა ვეძებდეთ ტექსტში იმას, რისი პოვნაც გვინდა, ასე ხომ დაზღვეულები ვიქნებოდით შეცდომებისგანაც და ვინძლო, იმაზე საინტერესო რამისთვისაც მიგვეგნო, ჩვენც გაოცებულები დავრჩენილიყავით და სხვებიც გაგვეოცებინა!

პირველ შეცდომაში ვგულისხმობ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების ასაკს. ჩემი აზრით, ასაკი ნაწარმოებში პირობითია და მას არაფერზე არ გავყავართ. შევეცდები, დავასაბუთო ჩემი მოსაზრება. გამოტყდით, რამდენჯერ გაგიგიათ, რომ ნესტანი მთლად ბავშვი იყო, როდესაც ტარიელი მას  გაუმიჯნურდა? ბევრჯერ. არადა, მივყვეთ ტექსტს. რა ვიცით პოემის გმირების ასაკის შესახებ? ბევრი არაფერი. საჭიროა კი მათემატიკური სიზუსტით ვანგარიშობდეთ, როდის რა მოხდა? ეს რომ საჭირო ყოფილიყო, მენდეთ, რუსთველი დროს არ დაიშურებდა და ყველა მოვლენის წინ გმირის ასაკზე იტყოდა რამეს, როგორც ამას ზოგიერთ შეთხვევაში აკეთებს. ასევე ავტორი რამდენჯერმე აწვდის ინფორმაციას მკითხველს, რა დრო დასჭირდა ამა თუ იმ საქმეს (მაგ. სამი წელი ავთანდილის მიერ ტარიელის მოძებნას, ერთი წელი ავთანდილის ტარიელთან დაბრუნებას, სამი თვე ხატაეთში ომს და სხვ.) ძირითადად კი რუსთველი დუმს და არაფერს ამბობს დროის ხანგრძლივობაზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოვლენები ერთმანეთს მიეწყო, არამედ იმასაც, რომ რაღაც დრო გადის და მხოლოდ შემდეგ ხდება აღწერილი მოვლენა.

ტარიელი როდესაც თავის ამბავს ავთანდილს უამბობს, ორჯერ აღნიშნავს ასაკს, ერთხელ ის ხუთი წლისაა და მეორეჯერ – თხუთმეტის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ათვლა აუცილებლად ამ ასაკიდან უნდა დავიწყოთ. გააჩნია, რისი ათვლა. თუკი გვაინტერესებს, რამდენი წელია განსხვავება ნესტან-დარეჯანსა და ტარიელს შორის, ცხადია, მაშინ ასაკი გასათვალისწინებელია. თუკი ტარიელი ხუთი წლის იყო მაშინ, როდესაც დედოფალი დაორსულდა, გამოვა, რომ ვეფხისტყაოსან გმირსა და ინდოეთის მეფის ასულს შორის განსხვავება დაახლოებით ექვს წლამდე იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ ორსულობა ცხრა თვე გრძელდება. რას გვაძლევს ეს ინფორმაცია? ბევრს არაფერს. რადგან ტარიელის მიმართ დამოკიდებულება ფარსადანს არ ეცვლება შვილის დაბადების მერე. მას ისევ ისე უყურებენ, როგორც მანამდე უყურებდნენ, ანუ შვილივით უყვართ. ცვლის რამეს ნესტანსა და ტარიელს შორის ასაკობრივი განსხვავება ტექსტში? მეტი ან ნაკლები რომ ყოფილიყო ნესტანსა და ტარიელს შორის განსხვავება, სხვანაირად წარიმართებოდა მოვლენები? ალბათ არა. თუმცა, როცა არ უნდა მოეწოდებინა ნესტან-დარეჯანს სატრფოსთვის ხატაელებთან ომის გაჩაღება, ის მაინც პოლიტიკურად უმწიფარ ადამიანად გამოჩნდებოდა. ეს მოწოდება აჩვენებს, რომ ნესტანი სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებს, როდესაც ხატაეთში გალაშქრებას სთხოვს გმირს. რატომ მიმაჩნია პოლიტიკური უმწიფრობის ნიმუშად ხატაელებთან ომი? იმიტომ, რომ ამ ომში ტარიელმა კი სძლია ხატაელებს, მაგრამ მან ფარსადანს სადარდებელი გაუჩინა. მისი საქციელი რომ მეფესთან შეთანხმებული ყოფილიყო, მაშინ ფარსადანი ტარიელში ეჭვს არ შეიტანდა. ტარიელი თანხმდება ნესტანის გამოწვევას. მისი ასაკით რომ ავხსნათ ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი, დავაბრალოთ, რომ პატარა ბიჭია და ვერ განსაზღვრა თავისი საქციელის უკუშედეგები, ალბათ არ იქნება მართალი. რადგან ტარიელის ამირბარად დანიშვნა თექვსმეტი წლის ასაკში ფარსადანის პასუხისმგებლობაა. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო სარიდანის ძისთვის ამ პოსტის მიცემა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. შესაბამისად, ორივეს, ფარსადანის და ტარიელის პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია, როდესაც ნესტანში გამიჯნურებული გმირი მეფის უკითხავად ომს წამოიწყებს (ამ თემაზე არაჩვეულებრივი სტატია აქვს ლევან გიგინეიშვილს). ფარსადანი არ უწონებს ტარიელს გადაწყვეტილებას და, დასჯის ნაცვლად, ათავისუფლებს რამაზ მეფეს. აქ მისი ტოლერანტული ბუნება კი არა ჩანს, ამ ეპიზოდით ფარსადანი ცდილობს აჩვენოს ტარიელს, რომ მას შეეშალა და მისი საქმე არ იყო რამაზის დატყვევება. აბა, სხვა როგორ უნდა აიხსნას შემდეგი სიტყვები: „რამაზ მეფე მის წინაშე შეპყრობილი მივიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე, ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე! მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა…“ თუკი რამაზი ორგული და მოღალატეა, რატომ უალერსებს მას ფარსადანი როგორც სააკვანე შვილს? საქმე ისაა, რომ ხატაელთა მეფის შეპყრობა მხოლოდ ფარსადანის ბრძანებით უნდა აღსრულებულიყო. ფარსადანი ხვდება, ვინ შეიძლება იდგეს ამ წამოწყების უკან, გამოცდას მოუწყობს შეყვარებულებს: „იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: „გვერდსა დაისვი (იგულისხმება ნესტანი), ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული“. ამ გამოცდას მიჯნურები ვერ გაივლიან: „შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა“. ისინი ერთმანეთს თვალს ვერ მოწყვეტენ: „მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა; თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა“. ფარსადანი კი გადაწყვეტილებას იღებს, სასწრაფოდ გაათხოვოს ასული. მეორე გამოცდა, რომელსაც ტარიელს უწყობს, სავარაუდოდ, თათბირზე ტარიელისთვის რჩევის კითხვაა, რომელზეც ტარიელი თავს არ გაყიდის („დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!“). ამიტომაცაა საშინლად განრისხებული ინდოეთის მეფე, როდესაც სასიძოს მოკვლის ამბავს შეიტყობს. ფარსადანი მართალია, როდესაც უბრალო სისხლის დაღვრას განიცდის. არა აქვს მნიშვნელობა, რა ნახა კარავში ტარიელმა (თუმცა ვიზიარებ ლევან გიგინეიშვილის მოსაზრებას ამ სტრიქონის წაკითხვისას), როგორ იწვა ხვარაზმშას ძე („კარავსა შევე, იგი ყმა, ვითა წვა“) ან რატომ ამბობს „ზარ-მაც თქმად ენით“ ის, რაც ვიხილეო. კატეგორიულად იმის თქმა, რომ ფარსადანი ყველაფერში ტყუის, არასწორია. ფარსადანს თავისი სიმართლე აქვს და ეს სიმართლე ისაა, რომ ის ტარიელს შვილივით ზრდიდა და რომ ტარიელი, ნაცვლად იმისა, რომ ნესტანის ძმა ყოფილიყო, მასშია შეყვარებული. ეს ჩემი მოსაზრებაა და, ვფიქრობ, საკმარისი არგუმენტი წარმოვადგინე მის დასამტკიცებლად. თუმცა ტექსტში ამის შესახებ არაფერია პირდაპირ ნათქვამი, მაგრამ ის ირიბი მინიშნებები, რომლებიც ნაწარმოებშია, საკმარისია იმისთვის, რომ ეს მოსაზრება გამოვთქვა, თუმცა არაა საკმარისი განვაცხადო, რომ ჭეშმარიტებას მივაგენი. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც წერილის დასაწყისში ჭეშმარიტებასა და პერსპეტივებზე ვსაუბრობდი.

დავუბრუნდეთ გმირების ასაკს. შესაძლოა, ნესტან-დარეჯანი და ტარიელი საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ისინი არც მთლად ბავშვები არიან, როცა ერთმანეთი შეუყვარდებათ. რუსთაველი არაფერს ამბობს იმაზე, რამდენი წლისანი არიან ისინი, როცა ტარიელი დაბნდება ან როცა ნესტანი მას პირველ წერილს მისწერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნესტანი ათი წლისაა და ტარიელი თექვსმეტის. თუკი ტარიელის მამა გარდაიცვალა მაშინ, როცა ტარიელი თხუთმეტი წლის იყო, ხოლო ამის შემდეგ მან ერთი წელი იგლოვა, ეს არ გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ წლები არ გავიდა, სანამ ის ნესტანს არ შეეყრებოდა და სხვა თვალით არ შეხედავდა. უბრალოდ რუსთველი დროის ამ მონაკვეთზე დუმს. დუმს იმიტომ, რომ ალბათ ამ პერიოდში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ მეფეც და ამირბარიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. და რადგანაც რუსთველი (ან ამბის მთხრობელი ტარიელი) დუმს, ჩვენ არ ვიცით, რა დროა გასული – ერთი წელი, ერთი თვე თუ სამი წელი, როცა ტარიელი ფარსადანმა ნანადირევი დურაჯით გააგზავნა თავის ასულთან. „დღესა ერთსა“ – ასე იწყება მთხრობელისთვის და მსმენელისთვისაც საინტერესო ამბის ეს მონაკვეთი. რამდენი დროა გასული, სანამ ეს ერთი დღე დადგებოდა, მეცნიერული სპეკულაციის საგანია. მანამდე ტარიელი ამბობს: „აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია“-ო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ის იმ კონკრეტულ წელიწადზე არ ყვება, როცა მას ტრაგედია გარდახდა და არა იმაზე, რომ ეს დიადი წელი პირდაპირ მიჰყვა იმ წელს, როცა ის გლოვას მორჩა.

საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ არც ნესტანია პატარა ბავშვი და მით უმეტეს, არც ტარიელი, როცა მათ შორის რომანი დაიწყება. იმ პერიოდის ისტორიული ცნობები სამეფო კარის წარმომადგენლების შესახებ გვაქვს და ეს ცნობები იმას ამბობს, რომ არც თამარი და არც მისი ახლობელი დიდგვაროვანი ქალები არ იყვნენ პატარა ბავშვები, როდესაც ოჯახს ეკიდებოდნენ. თინათინი, რომელიც გამეფების ასაკში, სავარაუდოდ, თამარის ხნისაა, არ ჩქარობს დაქორწინებას, თუმცა იგი „რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია“ და მზადაა მეფობისთვის, მარტო არა, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მაინც. ისევ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ნესტანიც მისი ასაკის უნდა იყოს, როცა მას ტარიელი დაინახავს. ამ ამბიდან საკმაო დრო გადის, სანამ მას მამიდა ზღვაში გადაკარგავს, მისი დაკარგვის შემდეგ გასული წლები (სამი წელი, როცა ავთანდილი ეძებდა ტარიელს, ერთიც მეორედ შეხვედრის ამბავი, და, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი თვე, სანამ ნესტანი და ტარიელი, სატურნისა და იუპიტერის მსგავსად, ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ და სამშობლოში დაბრუნდებოდნენ) საკმაო დრო იქნებოდა იმისთვის, რომ ისიც და მისი პარტნიორიც პოლიტიკოსობისთვის მომწიფებულიყვნენ. მათ თავს გადამხდარი უბედურებებიც კარგი გამოცდილება იქნებოდა მათთვის.

ასე რომ, არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვისაუბროთ იმაზე, რომ ნაწარმოების გმირები პატარები, უმწიფარნი არიან, ბოლობოლო, ილუსტრაცები მაინც გავიხსენოთ, მადლობა ღმერთს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრატორები მაინც კარგად იცნობდნენ ტექსტს…

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...