შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

არაფორმალური განათლება, მედიაწიგნიერება და ვიდეოგაკვეთილები საბაზო საფეხურზე

0

თვისებრივი კვლევის მოულოდნელი მიგნებები

(პირველი ნაწილი)

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება წარმოდგენები საგაკვეთილო პროცესის შესახებ. თანამედროვე გაკვეთილი აღარ მოიცავს ამ ცნების მხოლოდ ტრადიციულ გაგებას – განსაზღვრული ხნის განმავლობაში ერთ სივრცეში სწავლების პროცესს. მასწავლებლებს აქვთ თავისუფლება, ნებისმიერი გზით მიაღწიონ სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს და აირჩიონ სწავლების სხვადასხვა ფორმა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც ხშირია სწავლებას, სასწავლო მასალის გადაცემასა და შედეგების დადასტურებასთან დაკავშირებული პრობლემები. განათლების თეორეტიკოსები და მკვლევრები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური განათლებისაგან მისი გამიჯვნა ტერმინის განმარტების დონეზეც კი დღემდე რთულია.

როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში დიდი ადგილი უკავია მედიაწიგნიერებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით საგაკვეთილო პროცესი ბევრად უფრო საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და მოსწავლეთათვის სახალისო შეიძლება გახდეს. რაც შეეხება არაფორმალური განათლების პროცესს, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის იგი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

გერმანიაში 1998 წლის შემდეგ მიმდინარეობს ახალგაზრდობის, ინფორმაციისა და მულტიმედიის კვლევა (Jim Studie), კერძოდ, ინფორმაციული ქცევის მნიშვნელობის გააზრება 12-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში. 2016 წლის კვლევაში 1200 მოსწავლე გამოიკითხა მედიაკომპეტენციის (პრაქტიკული უნარები), საშინაო დავალებების მომზადებასა და სასკოლო ცხოვრებაში მედიის როლის შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 43% კვირაში, სულ მცირე, 45 წუთს ხარჯავს ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოყენებით საშინაო დავალებების მომზადებაში. უნდა ითქვას, რომ კომპიუტერთან გატარებული დრო ასაკის პირდაპირპროპორციულად იზრდება. კვლევამ განსაკუთრებული აქცენტი Youtube-ის როგორც სასწავლო რესურსის გამოყენებაზე დასვა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ახალგაზრდების 86% კვირაში რამდენიმეჯერ მაინც მიმართავს აღნიშნულ ვიდეოპორტალს საშინაო დავალებების მომზადების მიზნით. გამოკითხვის შემდეგ შედგენილ რანჟირების სქემაში Youtube-ის ყველაზე ხშირად ნახვად ვიდეოებს მეექვსე ადგილი უჭირავს, ხოლო ვიდეოგაკვეთილებს (ე.წ. ტუტორიალებს) – მეთერთმეტე.

იმავე კვლევაში, რომელიც ერთი წლის შემდეგ ჩატარდა, ვიდეოგაკვეთილებმა მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მათი გამოყენების სიხშირისა და აქტუალურობის მაჩვენებელია. აღნიშნული კვლევა აქცენტს სვამს არაფორმალურ განათლებაზეც და ამ სასწავლო რესურსს სწორედ მის ნაწილად მოიაზრებს. ვიდეოგაკვეთილებთან (ე.წ. ტუტორიალებთან) დაკავშირებული ყველა კვლევა თანხმდება იმაზე, რომ ამ რესურსს მოსწავლეები, წერილობით მასალებისგან განსხვავებით, დღითი დღე უფრო და უფრო ხშირად იყენებენ. ტელევიზორის, კომპიუტერული თამაშებისა თუ სოციალური ქსელების გვერდით ვიდეოგაკვეთილები მოზარდების სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

ვიდეოგაკვეთილების მაღალ დონეზე ჩაწერა და მომზადება ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ Youtobe-ზე ხშირად შეხვდებით სახლის პირობებში ჩაწერილ „სიუჟეტებსა“ თუ სასწავლო გაკვეთილებს. მოსწავლეს შეუძლია, ნებისმიერ სასწავლო საგანთან, თემასთან ან საკითხთან დაკავშირებით მოიძიოს ტუტორიალი, რომელიც მას ბუნდოვანი საკითხების გარკვევაში ეხმარება (განსაკუთრებით – ინგლისურ ან რომელიმე სხვა ევროპულ ენაზე). ამ ტიპის ვიდეოს ატვირთვა პორტალზე ყველას შეუძლია, ამიტომ მათი ხარისხის განსაზღვრაც ხშირად რთულია. გარდა არაფორმალური განათლების საშუალებისა, ვიდეოგაკვეთილები არაფორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობასაც იძლევა. კომენტარების ფუნქცია ვიდეოს შემქმნელს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდეს მომხმარებლებს, გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები, უპასუხოს დასმულ კითხვებს და ა.შ.

ვიდეოგაკვეთილები გერმანულენოვან საგანმანათლებლო ლიტერატურაში ტიპებადაა დაყოფილი. ვიდეოტუტორიალები ვიდეოგაკვეთილების ერთგვარი ჟანრია, რომლის მიზანია, დაეხმაროს კონკრეტული საგნის სპეციფიკით დაინტერესებულ პირს ამ საგანთან დაკავშირებული სხვადასხვა თემის გააზრებაში. შინაარსის მიხედვით მსგავსი ვიდეოები სწავლების სხვადასხვა მეთოდს იყენებს, მათ ძირითად „იარაღს“ კი ქმედება წარმოადგენს. ვიდეოს შემქმენელი ან თავად არის პროცესის მოქმედი პირი, ან სხვა მეთოდით აძლევს საშუალებას დაინტერესებულ პირს, დააკვირდეს ამა თუ იმ მოქმედებას. მაგ., თუ ვიდეოტუტორიალი მოგვითხრობს ონკანის შეკეთებაზე, ვიდეოში თეორიული განმარტების პარალელურად ნაჩვენებია, როგორ შევაკეთოთ ის.

ვიდეოგაკვეთილებს მიეკუთვნება პერფორმანსვიდეოებიც. ამ შემთხვევაში მაყურებელი აკვირდება ქმედებას კონკრეტული განმარტებების გარეშე. ამ ტიპის ვიდეოების შემქმნელთა მიზანია საკუთარი თავის წარმოდგენა და მათ ძირითადად შემოქმედებითი ხასიათი აქვთ და არა სასწავლო, ამიტომ ვიდეოტუტორიალების გვერდით ვერ დავაყენებთ.

მესამე ტიპია ე.წ. ვიდეობლოგები, რომლებიც ძირითადად კონკრეტული პირების სუბიექტურ მოსაზრებათა ერთობლიობას წარმოადგენს. ვიდეობლოგებს შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც პერფორმანსის ხასიათის ვიდეოები, ასევე ტუტორიალებიც.

ვიდეოგაკვეთილების როგორც მედიაწიგნიერებისა და მედიაგანათლების ერთ-ერთი ელემენტის შესახებ გერმანულენოვან სივრცეში აქტიური კვლევები მიმდინარეობს. ამ თემით დაინტერესდა რაინ ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ინსტიტუტის რამდენიმე სტუდენტიც, რომლებმაც გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ვიდეოტუტორიალებისადმი საბაზო საფეხურის მოსწავლეების დამოკიდებულება. მკვლევართა ინტერესის საგანს ვიდეოპლატფორმა Youtube–ი წარმოადგენდა. კვლევითი პროექტის სამიზნე ჯგუფად შეირჩა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის სკოლებიდან (Hauptschule, Gesamtschule). ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა თვისებრივი კვლევის ჩატარება, რადგან ის, რაოდენობრივისგან განსხვავებით, საშუალებას გვაძლევს, შევაგროვოთ არა თვლადი მონაცემები, არამედ ჩავწვდეთ ამ მონაცემების მიღმა არსებულ ღრმა სტრუქტურებს, შევამჩნიოთ და ზედაპირზე ამოვიტანოთ საკითხები, რომლებიც კითხვარის შევსების შემთხვევაში უყურადღებოდ დარჩებოდა. თვისებრივი მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს, მონაცემების ანალიზის შემდეგ, შევაფასოთ შედეგები სხვადასხვა თეორიულ ჭრილში, გამოვთქვათ ვარაუდები საზოგადოებაში დამკვიდრებულ არაფორმალურ წესებსა თუ დამოკიდებულებებზე, გავიგოთ, რა ამოძრავებთ ადამიანებს, რა იმალება კონკრეტული ქმედების უკან, რა არის მოტივი ამოძრავებს ამა თუ იმ არაფორმალურ ჯგუფს (მაგ., შეინარჩუნონ ერთობა კრიზისულ სიტუაციებში), რა შეიძლება იმალებოდეს ციფრებით გამოხატული პრობლემების ღრმა შრეებში და ა.შ.

თვისებრივ კვლევაში გამოიყენება მონაცემების ანალიზის სხვადასხვა მეთოდი: კონტენტანალიზი, დაფუძნებული თეორია, დოკუმენტური მეთოდი… მკვლევართა ჯგუფმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარებული ჯგუფური ინტერვიუს შედეგები დოკუმენტური მეთოდით გაანალიზდა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს გერმანულენოვან სივრცეში თვისებრივი კვლევის შედეგების ანალიზის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას, რომელიც დახვეწეს და განავრცეს ბონზაკმა და ნოლმა. მეთოდოლოგია ითვალისწინებს სპეციალურ ჩარჩოს ინტერვიუების, ჯგუფური ინტერვიუებისა და ფოტოვიდეომასალის ანალიზის დროს. უკანასკნელი ეტაპია საკვლევი ერთობლიობიდან ადამიანის კონკრეტული ტიპების გამოვლენა. მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც მკვლევრები გამოკითხულ ადამიანებს დააჯგუფებენ და ამა თუ იმ ტიპს მიაკუთვნებენ, საკვლევ საკითხსა და პრობლემაზეა დამოკიდებული.

ჩვენ მიერ განხილულ კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი ჯგუფური ინტერვიუ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან. მონაცემების კოდირებისა და ანალიზის შემდეგ ზედაპირზე წამოიწია მოულოდნელმა თემებმა. მონაცემების ანალიზმა გამოავლინა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

  1. მოსწავლეები ვიდეოტუტორიალების ავტორებს (იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც ისინი ვიდეოში ჩანან), მასწავლებლისგან განსხვავებით, თანასწორებად აღიქვამენ;
  2. მოსწავლეები თავიანთი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ ვიდეოში მოქმედ პირებთან, რადგან ისინი მათთვის წარმატების სიმბოლოდ არიან ქცეული და თავს მათგან აღიარებულად გრძნობენ;
  3. მოსწავლეებისთვის იოლია რთული მასალის აღქმა, როცა ის გადმოცემულია სხვადასხვა ფორმით;
  4. მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში „ძალაუფლების“ შენარჩუნებისთვის არაცნობიერ მეთოდებს იყენებენ;

იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ კონკრეტულ შედეგზე საუბრისას, დეტალურად სტატიის მოდმევნო ნაწილში ვისაუბრებთ.

რას გულისხმობს დისციპლინა

0

რას ნიშნავს ბავშვის დისციპლინირება? ზოგს ჰგონია, რომ ამ დროს საუბარია მის ცემასა და დასჯაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ არის. დისციპლინაში იგულისხმება თქვენი პატარებისათვის წესების დადგენა, აგრესიული, სახიფათო და არასათანადო ქცევების თავიდან ასაცილებლად და წესების დარღვევის შემთხვევაში, სათანადო ზომების მიღება. ჩვენ შემოგთავაზებთ ექვს სტრატეგიას, როგორ დავადგინოთ წესები და შევაჩეროთ არასასურველი ქცევა.

 

  1. აირჩიეთ თქვენი სტრატეგიები

თუ თქვენს შვილს ყველაფერზე „არას“ ეუბნებით, იგი ყურადღებას აღარ მიაქცევს ამას და თქვენს პრიორიტეტებსაც ვერ გაიგებს. კარგად განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, შესაბამისი საზღვრები დაადგინეთ და შედეგებზე შესაფერისი რეაგირება მოახდინეთ. მსუბუქად მიუდექით უმნიშვნელო საგნებს – ჩვევებს, რომლებსაც, თქვენი შვილი, დიდი ალბათობით, გადაეჩვევა. შეეცადეთ, სასურველი ქცევა შეაქოთ – ეს მათ კარგ საქციელს წაახალისებს.

  1. შეისწავლეთ თქვენი შვილის საქციელის გამომწვევი მიზეზები 

ზოგიერთი ცუდი საქციელის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ განჭვრეტთ, რა არსის მისი გამომწვევი მიზეზი და აღმოფხვრით მას. ზოგჯერ ასე უფრო ადვილია, ვიდრე „არას“ თქმა, ჩხუბი ან დატუქსვა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები ხშირად მაშინ იქცევიან ცუდად, როდესაც შიათ, დაღლილი ან იმედგაცრუებული არიან. დარწმუნდით, რომ ის ჯანსაღად იკვებება, საკმარისად სძინავს და ენერგიის დასახარჯად გარეთ თამაშობს, სუსხიან ამინდშიც კი.
3.იყავით თანმიმდევრულნი

 

2-დან 3 წლამდე ბავშვები ცდილობენ, გაიგონ, თუ რა რეაქციას იწვევს მათი ქცევა გარშემომყოფებში. თუ თქვენი რეაქცია ერთსა და იმავე სიტუაციაში ცვალებადია (ერთ დღეს სახლში ბურთით თამაშის უფლებას აძლევთ, მეორე დღეს – არა), თქვენ მას აბნევთ. თუ თქვენ მსგავსი სიტუაციებისას ყოველთვის ერთნაირი რეაქცია გექნებათ, 4-5 შემთხვევის შემდეგ მისი ქცევა შეიცვლება. გაითვალისწინეთ, რომ 2 წლისთვის ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ შეაცვლევინონ მშობლებს გადაწყვეტილება უბრალოდ საყვარელი საქციელით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად საყვარლები (ან ჭკვიანები) არიან – არ მისცეთ მათ ასეთი რამის უფლება.

  1. ნუ იქნებით ემოციური

 

რა თქმა უნდა, რთულია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როდესაც თქვენი შვილი ძაღლს კუდზე ექაჩება ან თქვენი კბილების გასუფთავებაზე უარს ამბობს. თუ გაბრაზდებით და უყვირებთ, გზავნილი არ მიაღწევს ბავშვამდე და სიტუაცია უფრო გამწვავდება. როდესაც ბავშვი ნეგატიურ განწყობას ხედავს, იგი არ მოგისმენთ. პირიქით, გაბრაზებით თქვენი შვილი შესაძლოა გაერთოს კიდეც. ასე რომ, თავი შეიკავეთ ყვირილისგან. ღრმად ჩაისუნთქეთ, სამამდე დაითვალეთ და თვალი გაუსწორეთ თქვენს შვილს. როდესაც საყვედურობთ, იმოქმედეთ სწრაფად, მტკიცედ, სერიოზულად და მკაცრად.

  1. გადმოეცით სათქმელი მოკლედ და მარტივად.

როდესაც ბავშვი წესებს არღვევს და თქვენ ცდილობთ, დეტალურად აუხსნათ, რა გააკეთა არასწორად და რა პრივილეგიებს დაკარგავს, თუ ცუდად მოქცევას არ შეწყვეტს, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად ბევრი ლაპარაკი ისეთივე არაეფექტურია, როგორც ზედმეტი ემოციურობა. 18 თვის ბავშვს არ აქვს კოგნიტური უნარი, რომ კომპლექსური წინადადებები გაიგოს, 2-3 წლის ბავშვს უფრო მეტად განვითარებული ენობრივი უნარ-ჩვევები აქვს, თუმცა თქვენს ნათქვამზე კონცენტრირება უჭირს. ამის ნაცვლად, შეეცადეთ, რომ მოკლე ფრაზებით ისაუბროთ, რამდენჯერმე გაუმეორეთ საყვედური და ხმისა და სახის გამომეტყველებაც შესაბამისი მიიღეთ.

  1. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად იმედგაცრუებულნი ხართ თქვენი შვილის ცუდი საქციელის გამო, არ გამოხატოთ ეს მისი თანდასწრებით. თუ თქვენ მათზე უიმედოდ და ნეგატიურად ისაუბრებთ მათი თანდასწრებით, თქვენზე კარგი წარმოდგენა არ ექნება, თქვენს მიმართ პატივისცემას დაკარგავს და საბოლოოდ, იგივე საქციელს გაიმეორებს.

 

 

ალტერნატიული საქართველოს შესახებ

0

ხელოვნება უკვე ალტერნატივაა. ლიტერატურა – სიტყვით დადასტურებული შესაძლებლობა. როცა მწერალი მხატვრულ სამყაროს ქმნის, ის სინამდვილის  ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს, ხოლო თუ ეს ქმნადობის აქტი მაღალი ოსტატობითაა აღბეჭდილი, ასეთ შემთხვევაში, იბადება განცდა, რომ – მწერალმა არა ალტერნატიული სინამდვილე, არამედ პარალელური, მეორე, სხვა სინამდვილე დაინახა და დაგვანახა.

ზოგჯერ კი, ეს მეორე, შესაძლოა, პირველიც აღმოჩნდეს.

შემოქმედებით ძალისხმევას გააჩნია, წარმოსახვას, ხედვის სიცხადეს და კიდევ იღბალს – მოხვდა თუ არა მწერალი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, სიცოცხლის და ჭეშმარიტების გადაკვეთის ნემსის ყუნწისხელა წერტილში.

ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ერთი უცნაური პრეზენტაცია დააანონსა – ახალი წიგნის წარდგენაზე მკითხველებს, არც მეტი და არც ნაკლები, მეტროსადგურის გვირაბში ეპატიჟებოდნენ. წიგნი კი გურამ მეგრელიშვილის „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ გახლდათ. წარდგენამ, გარემოს შესაბამისად, არაორდინალურად და მხიარულად ჩაიარა, თუმცა ეს ის ბედნიერი შემთხვევა აღმოჩნდა, როცა მკითხველის შთაბეჭდილება „ეფექტისთვის“ არჩეულ (თემატურ) გარემოში კი არ ჩარჩა და ჩაიკარგა, არამედ, მთავარი „ეფექტი“ სწორედ წარდგენის მერე, კითხვისას მოახდინა წიგნმა. ამაზე უკვე ბევრგან ითქვა, კერძო საუბრებში, მეგობრული აზრთა გაცვლა-გამოცვლისასაც და საჯაროდაც.

გურამ მეგრელიშვილის ახალი კრებული „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ რომანის ელემენტებსაც შეიცავს – საერთო პროტაგონისტი ჰყავს (მართალია, ნოველიდან ნოველამდე შესაძლოა „ზნეს და ფერს“ იცვლიდეს, ხან არტისტულად სასოწარკვეთილ, ხანაც – სამაგალითოდ წარმატებულ ტიპად გვევლინებოდეს, მაგრამ ყველა ამბავს ის ჰყვება. ეს ნიშნავს – აქვს თავისი ენა, დამახასიათებელი იუმორი/სარკაზმი, იდეალები და ა.შ); სამოქმედო არეალიც წინასწარვე განსაზღვრულია და მოქმედებაც, მართალია ფრაგმენტულად და დიაქრონულად, მაგრამ მაინც ვითარდება ერთი კონკრეტული საწყისი წერტილის შემდეგ. ჩემი ფიქრით, ამ წიგნში მთავარი სწორედ ეს წერტილია, ერთგვარი სამანი, დაახლოებით ისეთი სააზროვნო პარადიგმით, როგორითაც განვმარტავთ კონტექსტებს – წარღვნამდელი/წარღვნის შემდგომი.

აშკარაა, რომ მწერლის მიერ შექმნილ ალტერნატიულ საქართველოში რაღაც დიდი და მშვენიერი, წარღვნის ტემპერატურის ტოლფასი ცვლილება უკვე მომხდარია და ქვეყანა სულ სხვა მხრივ იწყებს შეუქცევად განვითარებას. ამ სინამდვილეში კი შესაძლებლობათა ფეიერვერკია – ლამის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს იდეალური სოციალურ-პოლიტიკური და საზოგადოებრივ-კულტურული განვითარების მოდელი.

ბუნებრივია, მძლავრი წარმოსახვით შექმნილ ამ სახალისო და სასურველ პროექციას ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავთ. ვინმესთვის, შესაძლოა, ეს სიმწრის ღიმილიც იყოს, ნიჰილისტური ხელის ჩაქნევით, თუმცა ესეც მისი ნებაა. საერთოდ, ყველაფერი ხომ მკითხველის ნებაა, ისევე, როგორც ავტორის, რომელმაც, კაცმა არ იცის, რა განზრახვით, რაღაც ახალი, მეორე და სხვა სინამდვილე შემოგვაპარა ან სულაც, დაგვაძალა.

მაცხოვარივით – თომა მოციქულის თითს რომ ჭრილობებში თავად ჩაიყოფს და მშვიდად, ღიმილით გამოგვხედავს სახარებიდან…

გურამ მეგრელიშვილის ალტერნატიული საქართველო კი, თავისი სამაჩაბლო-ჰერეთ-აფხაზეთით, ასე გამოიყურება:

ჭიათურა საუნივერსიტეტო ქალაქად ქცეულა და სხვადასხვა მხრიდან ჩამოსულ სტუდენტებს, ისევე როგორც რამდენიმე ქალაქიდან საგანგებოდ ამ მიზნით დაძრულ მომხმარებლებს – „ჭიათურა-TRADE_ CENTRE“, უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი ემსახურება. ლანდშაფტიდან სრულიად ამოვარდნილი, მრავალსართულიანი სასტუმრო „მაღარო Palace“ კი სტუმრებს ვერ იტევს; ზესტაფონს მწერალი ბორის აკუნინი სტუმრობს და მისივე სახელობის ქუჩაზე სეირნობს; ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევების ცენტრი – ლანჩხუთი, დაკიდებული საფეხბურთო მოედნით, სუფსაზე მცურავი უნივერსიტეტით, მომავლის მუზეუმით და ფილიმონ ქორიძის სახელობის ღია ამფითეატრით, საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს – გიორგი კეკელიძეს მასპინძლობს; ცხინვალიდან ნიქოზში ტრამვაი დადის და ხაშურში დისნეილენდის ფილიალია; სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც ხვამლის მთაზე აუშენებიათ, მიღმური სამყაროს მეტაფიზიკურ ტელეპორტაციაზე მუშაობს; კაზინოები, ბორდელები, ტოტალიზატორები და მსგავსი მავნე მიდრეკილებების ადგილები, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორცმეტებივით იყო ამოზრდილი, ჯანდარაში გადაუტანიათ და სლოგანსაც „ჯანდარამდე გზა გქონია“ საუკუნოვანი მნიშვნელობა ენიჭება…

კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება. მწერლის ფანტაზია უშურველად ქმნის საქართველოს  ახალ ვერსიას და ამ ამბავში, რომელიც თამაშსაც ჰგავს, მკითხველს ბუნებრივად ითრევს – ტექსტში გამოყენებულია QR კოდები, რომლის სკანირებითაც (მარტივი აპლიკაცით) შეგიძლიათ გააცოცხლოთ ის ვიზუალური მასალა, რაც სპეციალური აღნიშვნით ცალკეა გამოტანილი. ასევე, შენიშვნების სახით, ტექსტს უხვად ახლავს ტოპონიმთა, მოვლენათა და პერსონაჟთა განმარტებები, რაც მხატვრულ ტექსტს დოკუმენტურ სიზუსტეს ანიჭებს. ყოველი ნოველის ბოლოს კი, დართულია სანახავი ადგილების სია. მოკლედ, ეს წიგნი ყველასთვისაა, ვისაც მოგზაურობა უყვარს. მოგზაურობა ქვეყნის შიგნითაც და საკუთარ თავშიც.

მხატვრულ წარმოსახვაზე ბევრი ვილაპარაკე. მაგრამ, ერთი რამე უნდა აღვნიშნო აუცილებლად – მიუხედავად „ალტერნატიული“ სულისკვეთებისა, იუმორით გაჯერებული შესაძლებლობების მაინც უტოპიური ატმოსფეროსი, ეს წიგნი მკაფიო სამოქალაქო პოზიციით დაწერილი ტექსტების კრებულია, და ასე მგონია და მჯერა, რომ მწერლისთვის ეს უკანასკნელი – სამოქალაქო პოზიცია – დღესაც და ყოველთვის, ყველა დროში, ალბათ შემოქმედებით პასუხისმგებლობაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

მით უმეტეს, რომ გურამ მეგრელიშვილი თავადაა აქტიური სამოქალაქო პერსონა – ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც და მსოფლიოს ქვეყნებშიც, არაერთი წარმატებული პროექტის და ინიციატივის ავტორია, პირადად ეცნობა იმ პრობლემებს, რომელთა დაძლევის პერსპექტივებსაც წიგნში გვთავაზობს.

მოკლედ, გურამ მეგრელიშვილი სანდო მწერალია. ეს ნიშნავს, რომ მის მიერ დანახული და მოყოლილი ალტერნატიული საქართველო სრულიად შესაძლებელი სინამდვილეა, თუკი, მხოლოდ კი არ ვიოცნებებთ, არამედ გულით და შეგნებით ჩავერთვებით ამ შესაძლებლობების ათვისების საქმეში.

რაღა დავმალო და, მე იმ დღესაც მოუთმენლად ველოდები, როცა რომელიმე კონკრეტული იდეა „საქართველოს ალტერნატიული რუკიდან“, ვინმეს სხვანაირად მოხვდება გულზე, დააფიქრებს და შეუდგება მის განხორციელებას.

წიგნები სულის და გონების მღვიმეებში იწერებიან და დღის სინათლეზე აგრძელებენ ცხოვრებას. შეუცნობელია მათი წუთისოფელიც…

 

 

ალკოჰოლი- რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ

0

ამას წინათ ერთ-ერთ სუპერმარკეტში პროდუქტების შესაძენად შევედი. იმ ფილიალში პირველად გახლდით და სექციების განლაგებას არ ვიცნობდი. ჰოდა, სიარულ-სიარულში ალკოჰოლის განყოფილებაში ამოვყავი თავი. ალკოჰოლის ყიდვას ნამდვილად არ ვაპირებდი, თუმცა შევჩერდი, რადგან ჩემი ყურადღება ერთი ბოთლის გაფორმებამ მიიპყრო. რაღაც მექსიკური ვისკი თუ არაყი იყო, რომლის ეტიკეტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთზე – ცილინდრიანი კაცები და ორი სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი ბანოვანი ბაასით ირთობდნენ თავს. სურათის მეორე ნაწილზე, სავარაუდოდ, უკვე წარმოდგენილი სასმელი ჰქონდათ მირთმეული და ადამიანებს აღარ ჰგავდნენ. ცილინდრებით კაცებს ამოიცნობდით, რომლებსაც ერთს სახედრის თავი ება, მეორეს კი – ღორის. ერთი ოთხზე დარბოდა, მეორე ხეზე ასვლის მცდელობის დროს იყო დაფიქსირებული. არც ყოფილი ბანოვანები იყვნენ უკეთეს დღეში, ლამაზი კაბები ახლა უკვე ჩონჩხებს ეცვათ.

გამოდის, რომ ეტიკეტის გამფორმებელმა მხატვარმა ყველაფერი გულწრფელად გამოსახა. დალევთ და სახედრად და ღორად გადაიქცევითო. ტალახშიც იგორავებთ, ოთხზეც იკუნტრუშებთ და ღრუტუნ-ყროყინით ხეზე ასვლაც მოგინდებათო. ეს ყველაფერი ქალბატონებსაც შეეხება, მაგრამ ნახეთ, ბანოვანყოფილები ჩონჩხებად გამოსახა, რითაც ალბათ მიანიშნა, რომ გარდა გაცხოველებისა, ალკოჰოლი ორგანიზმის ნაადრევ გამოფიტვას, სიბერეს და სიკვდილს იწვევს.

თუმცა, ე.წ. „გაცხოველებამდე“ „ეიფორიის“ სტადია დგება, ენერგია და  დაღლილობის გრძნობის გაქრობა მოაქვს. ისეთი მდგომარეობაა, ცა ქუდად რომ არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად. შემდეგ ეტაპზე სააზროვნო პროცესის ინჰიბირება იწყება, ამას თან ინსტინქტების წინ წამოსვლა და მათი შეკავების უუნარობა მოსდევს. სივრცეში დეზორიენტაცია და კოორდინაციის უნარი იკარგება. აი, ამას მოსდევს „გაცხოველება“.

ჰოდა, ასეთი გულწრფელი ეტიკეტის შემდეგ რატომ უნდა მოგინდეს მსგავსი სპირტიანი სასმელების შეძენა და დალევა? კარგი, მოდით, სათქმელი ოდნავ შევარბილოთ, რატომ უნდა მოგინდეს მათი სისტემატურად შეძენა და დალევა?

განვმარტოთ…!

აქ ოჯახურ დღესასწაულებსა თუ მეგობრულ სუფრებზე მირთმეულ თითო-ოროლა ჯანსაღ ღვინოსა თუ მაგარ სპირტიან სასმელებზე არ ვსაუბრობ. საქმე არც სადილის დროს მირთმეულ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს შეეხება. აქ ალკოჰოლს არც მედიცინის კვლევების კუთხით განვიხილავ, რომლებიც ზომიერი მოხმარების პირობებში  მის სასარგებლო თვისებებს  ადასტურებენ.

აქ საუბარი მძიმე სპირტიანი სასმელების მუდმივ გამოყენებაზეა.

სხვათა შორის, მათი შექმნაც ქიმიასთან არის დაკავშირებული.

როგორ გგონიათ, რანაირად აყენებენ, მაგალითად, ვისკის?

ხმელი ქერი ქუცმაცდება და იწნიხება. მასას ზედმეტ მინარევებს მოაშორებენ და  აპარატში ათავსებენ, ამატებენ წყალს, წარმოიქმნება ბადაგის მაგვარი სითხე.  უმატებენ საფუარს და იწყება ფერმენტაცია, შაქარი ალკოჰოლად გარდაიქმნება. შემდეგი ეტაპი დისტილაციაა, რათა ალკოჰოლი უფრო სუფთა და გრადუსიანი გამოვიდეს. შემდეგ ეტაპზე მუხის კასრებში აძველებენ. ბოლოს კი ბოთლებში ჩამოასხამენ და ვინმე დალოცვილი მხატვარი ზედ გულწრფელ ან შეფარულ ეტიკეტს მიახატავს.

ვისკი ასობით სხვადასხვა ნაერთს შეიცავს. ეს დამოკიდებულია გამოყენებული ალაოს და მარცვლეულის სახეობაზე, დისტილაციის პროცესზე, დასაძველებელი კასრის ხის სახეობაზე. მხოლოდ ზოგიერთს ჩამოვთვლი.

ვისკის ლაქტონები (ოქსიმჟავათა შიგა ციკლური ეთერები): ცის-3-მეთილ-4-ოქტანოლიდი; ტრანს-3-მეთილ-4-ოქტანოლიდი;

ორივე ნივთიერება დაძველების პროცესში ალკოჰოლს მუხის კასრიდან უერთდება. ტრანს იზომერი მას ხის სურნელს ანიჭებს, ცის იზომერი კი –  ქოქოსის  სურნელს.

ფენოლური კომპონენტები – ევგენოლი – მისი მეშვეობით ვისკის კვამლის სურნელი  და მუსკატის კაკლის სიმწარე დაკრავს. შოტლანდიურ ვისკიში შეიძლება იყოს ორთო, მეტა და პარა კრეზოლებიც.

ალდეჰიდები: ვანილინი, ფურფურალი, ჰექსანალი და ა.შ. ვისკიში მუხის კასრიდან ხვდებიან. ვანილინი ვანილის არომატს მისცემს, ფურფურალი – ნუშის არომატს, ჰექსანალი კი წვიმიანი ბალახის სუნს გადასცემს.

ესთერები: ეთილჰექსანატი და იზოამილის აცეტატი. პირველი მათგანი მწიფე ვაშლის არომატს მისცემს, მეორე კი ბანანის ან მსხლის არომატზეა პასუხისმგებელი. ზოგიერთი მწარმოებელი ვისკის მრავალჯერადად ფილტრავს ესთერების მოსაცილებლად, რადგან ის მას ამღვრევს.

სხვა კომპონენტები: ბეტა-დამასცენონი და ფენეთილი ვისკის ყვავილების სურნელს აძლევს. მათ ბურბონის ვისკიში შეხვდებით, რომელიც ამერიკულად ითვლება, თუმცა იქ გადასახლებული შოტლანდიელების წყალობით წარმოიშვა. 2-მეთილ-3-ფურანი და დიაცეტილი ასევე გვხვდება ვისკიში, თუმცა ზოგიერთ მწარე ლუდშიც შეინიშნება.

ახლა, ოდნავ ისტორიასაც თუ გადავხედავთ…

ღვინის შენახვის მხრივ საქართველო უძველეს ქვეყნად დაფიქსირდა (6000 B.C.).

7000B.C. ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ ფერმენტაციის შედეგად მიღებულ ალკოჰოლურ სასმელს, რომლის რეცეპტის ფესვებიც, სავარაუდოდ,  ჩინეთიდან იყო. 6000 B.C.  მესოპოტამიაში (ახლანდელი ერაყი) ვენახის გაშენება ინტენსიურად დაიწყეს. ღვინის დასაყენებელი პატარა საწარმოებისმაგვარი 4000 B.C.-დან ჰქონდათ.

3000 B.C.  ინდოეთში ხდიდნენ ბრინჯიდან ალკოჰოლურ სასმელს სახელად  „სურას“.

1500 B.C. ყურძნის მოწევისა და მეღვინეობის ბერძნული ღვთაება დიონისე ლიტერატურაში გამოჩნდა.

800 B.C.  ინდოეთში ქერის და ხორბლის ლუდი იხდებოდა.

65 A.D. სამყაროში სიმთვრალე იკიცხებოდა, თუმცა სამედიცინო მიზნებისთვის ალკოჰოლი აკრძალული არ იყო.

600 A.D. მუჰამედმა თავის მიმდევრებს სთხოვა დალევისგან თავი შეეკავებინათ. ბუდისტები და ინდუსები ასევე არ სვამდნენ.

1100 A.D. იტალიის მედიცინის სკოლაში დისტილაციის პროცესი სრულყვეს. ახლა უკვე სუფთა და ძლიერი ალკოჰოლის გამოხდა შეიძლებოდა.

შუა პერიოდის ევროპა გამოირჩეოდა თაფლისგან გამოხდილი ლუდისა და არყის მრავალფეროვნებით.

1600sA.D. გერმანიასა და ინგლისში გაფართოვდა ლუდისა და ღვინის წარმოება. მათი მოხმარება მასობრივად გავრცელდა ამ ორ ქვეყანაში.

1789 A.D. ამერიკაში დაარსდა პირველი საზოგადოება, რომელიც ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას ებრძოდა.

1860 A.D. ნიუ-იორკის ბარებში კოკტეილების შექმნა დაიწყეს. 1100 ლეგალური დაწესებულება 88 გალონ ალკოჰოლს მოიხმარდა წელიწადში.

1864 A.D. ნიუ-იორკში გაიხსნა ცენტრი ალკოჰოლის, ოპიუმის, ჰეროინის მოხმარებისგან განსაკურნებლად.

1935 წლიდან იმავე ამერიკაში  ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბები დაარსდა.

თანამედროვეობაში კი რაც მეტს დალევ, მეტ ვაჟკაცობას ნიშნავს, ოღონდ ეს ფსევდოფასეულობაა და თუ მაინც სიტყვა „ვაჟკაცობა“ უნდა ვახსენო, მაშინ ვიტყვი, რომ მსმელები მართლაც ვაჟკაცურად ანადგურებენ თავიანთ თავს და ეს პირველ რიგში ღვიძლიდან იწყება. ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და ყველანაირი ტოქსინის განეიტრალება სწორედ ღვიძლში მიმდინარეობს.

ღვიძლის ტკივილს ნუ დაელოდებით. ღვიძლი არ აგტკივდებათ, რადგან იქ  ტკივილის რეცეპტორები არ არის. ამიტომ, თუ ტკივილი მაინც  შემოგიტევთ, იცოდეთ, ეს  ნაღვლის ბუშტია.

სხვათა შორის, მშიერ კუჭზე სასმელის მიღება ღვიძლს ძალიან აზიანებს. დამცავად, ამინმჟავების ნარევი გამოდგება, მაგ. ხაში, რაიმე ბულიონი და ა.შ.

ავიცენა სამ პროდუქტზე წერდა, რომლებიც ღვიძლს სისუფთავის შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ და შრომას უმსუბუქებდნენ. ავიცენას „მედიცინის ტრაქტატში“ მიზეზებს ვერ ამოიკითხავთ, მიზეზები თანამედროვე მედიცინამ განმარტა.

ქატო, იგივე უხეში ბიჭკოა. ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს. სამაგიეროდ, ის ნაწლავებში ღრუბელივით იწოვს ყველა ტოქსინს და გარეთ გამოაქვს. ასევე გვაცილებს ნაწლავებში არსებულ ზედმეტ ქოლესტერინს და შაქარს. თუ ორგანიზმიდან მათი გამოტანა ვერ მოხდება, მაშინ ორგანიზმში შეიწოვება და ყველაფერი ღვიძლის გასანეიტრალებელ/გარდსაქმნელი გახდება.  ქატო დღეში 32გ. -ია საჭირო.

სატაცური შეიცავს გლუტათიონს, რომელიც ღვიძლს თავისუფალი რადიკალებისგან დაიცავს. ის თავად ღვიძლში გამომუშავდება და მისი სინთეზისთვის საჭიროა სამი ამინმჟავა-გლუტამინის მჟავა, ცისტეინი, გლიცინი. მისი მეშვეობით ღვიძლი წარმოქმნის დეტოქსიკაციისთვის აუცილებელ ფერმენტებს. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გამო (არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ცუდი ეკოლოგიური პირობები, ასაკი და ა.შ.) ღვიძლში გლუტათიონის წარმოქმნა მცირდება. სატაცურიდან კი მისი მიღებაა შესაძლებელი. სატაცური დღეში 350გ.-ია საჭირო. გლუტათიონის თემას თუ გავაგრძელებ, ერთ საინტერესო ექსპერიმენტს შეგთავაზებთ მოსწავლეებისთვის. ოღონდ ეს უფრო კლუბური მუშაობისთვის გამოგადგებათ, რადგან  გაკვეთილზე ვერ მოასწრებთ გაკეთებას.

გლუტათიონის გამოყოფა საფუარიდან:

1 კგ. დაქუცმაცებულ საფუარს ათავსებენ ფაიფურის ჯამში. დაასხამენ 70მლ. 90%-იან სპირტს და 10მლ. კონცენტრირებულ გოგირდმჟავას. კარგად მოურევენ და დაამატებენ 40მლ. ეთერს. სრესენ და შემდეგ  დაამატებენ 200მლ. 0,5 N გოგირდმჟავას ხსნარს. გადააქვთ ცენტრიფუგის დიდ სინჯარებში და 6000g ცენტიფუგირებით მოაცილებენ ნალექს. ფილტრატს  გადაასხამენ ლიტრიან ჭიქაში, ნალექს ჩარეცხავენ 0,5 N გოგირდმჟავას ხსნარით და ჭიქაში გადატანილ ფილტრატში ისევ ჩაყრიან. ჭიქას აცხელებენ 50 გრადუსამდე და სპილენძის (I) ოქსიდის სუსპენზიის დამატებით გლუტათიონს დალექავენ სპილენძის მარილის სახით. ამ სუსპენზიას ცდამდე მოამზადებენ.  გლუკოზის (ჭარბად იღებენ) ხსნარს ადუღებენ ფელინგის სითხესთან, Cu20-ს კარგად ჩარეცხავენ ჯერ დეკანტაციით, შემდეგ ფილტრის ქაღალდზე. სპილენძის ოქსიდის სუსპენზიას ამზადებენ 1გ. ოქსიდის გახსნით 30მლ. წყალში. ძირითად საკვლევ ხსნარს სუსპენზიას ნაწილ-ნაწილ დაამატებენ. პირველი ორი პორცია გაიხსნება, შემდგომი დამატებისას კი ნალექში გამოიყოფა გლუტათიონის სპილენძის მარილი. ამიტომ, 8მლ. სუსპენზიის მიმატების შემდეგ  (როგორც კი მუქ წითელ ფერს მიიღებს) ნალექს კარგად გამოყოფას დააცლიან (ერთი ღამით დატოვება კარგი იქნება) და მის ცენტრიფუგირებას მოახდენენ. ნალექს ჩარეცხავენ გამოხდილი წყლით.

გლუტათიონის სპილენძის მარილს ჩარეცხავენ გოგირდწყალბადის შემცველი წყლით (წყალში გაატარებენ გოგირდწყალბადს). სპილენძის (II) სულფიდის შავ ნალექს ცენტრიფუგირებით ჩამოაცილებენ. ფილტრატს ამოაშრობენ და რაც დარჩება, გოგირდმჟავას თავზე ექსიკატორში მოათავსებენ. საბოლოოდ მიიღება გამჭირვალე მინისებრი ნალექი. ამ უკანასკნელს გახსნიან 5-6 მლ. წყალში. დაუმატებენ 3მლ. სპირტს ისე, რომ ხსნარის ზედაპირზე სპირტის ფენა გაჩნდეს. ჭურჭელს ვაკუუმ-ექსიკატორში, ტუტის თავზე დატოვებენ. მასში მოათავსებენ გლუტთიონის ძალიან მცირე კრისტალს (მატრიცის სახით). კრისტალები გამოყოფას რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყებენ. გაფილტრავენ ბიუხნერის ძაბრზე, ჩარეცხავენ ჯერ 70%-იანი, შემდეგ 96%-იანი სპირტით. გამოსავალია 0,5-0,75გ.

ზეითუნის ზეთი – პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ისინი თავის ტვინის ნეირონებს იცავს ღვიძლის დაბალი აქტივობის პირობებში. ოღონდ,  ზეთი ბუნებრივია უმად უნდა მივირთვათ ან  სალათებს მოვასხათ.  ზეთი დღეში 45მლ.-ია საჭირო.

 

ზევსისგან ცეცხლის მოტაცებისთვის პრომეთე დასაჯეს და კლდეს მიაჯაჭვეს. ყოველ ღამე მოფრინავდა ყორანი და  ღვიძლს უკორტნიდა. დილით კი პრომეთეს ღვიძლი ახალივით იყო.

ნეტავ, სიმართლეა ეს ამბავი? ღვიძლის განახლებას და აღდგენას ვგულისხმობ. დიახ, რადგან ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც, თუ ხელს შევუწყობთ თვითაღდგენა შეუძლია.

ჩვენ თუ მოვინდომებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

ნათანიელ ჰოთორნის ,,ალისფერი დამღისა“ და ვაჟა-ფშაველას პოემების პერსონაჟები

0

მინდოდა აქვე რამე ქვესათაურიც მიმეწერა, ვთქვათ, უფრო აკადემიური ,,ლიტერატურული პარალელები“; ანდა ნახევრადთავისუფალი – ,,ლიტერატურული ასოციაციები“: არანაირ მეცნიერულ პასუხისმგებლობას რომ არ აკისრებს და ყველაზე მომგებიანია ავტორისათვის: თან მკვლევარივით ჭკვიანი ჩანს და თან – მწერალივით შემოქმედებითი; ანდა სრულიად არტისტული – ვთქვათ, ,,ეჭვიანობის მცდელობა“ – მარინა ცვეტაევას წაბაძვით. და იქვე განისაზღვრებოდა სტატიის სტილიც; მაგრამ ჟანრისა და სტილის ურთიერთმიმართების კვლევაში გატარებულმა მრავალმა დღემ ისე მომაბეზრა თავი, რომ მიიღეთ ეს წერილი, გნებავთ, როგორც ლიტერატურული კვლევა, გნებავთ, როგორც თავისუფალი ასოციაციები ანდა სულაც მცდელობა იმ ეჭვიანობისა, რომელსაც წიგნის მთარგმნელი ამ ნაწარმოების მომავალი მკვლევრების მიმართ განიცდის.

ნათანიელ ჰოთორნი 1804 წელს დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ-ნავსადგურ სალემში. დაბადების ადგილი ამჯერადაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც რეზო გაბრიაძისა და ქუთაისის შემთხვევაში, რადგან ჰოთორნი იყო სალემელი მწერალი, სალემის აღმწერელი და თუ გნებავთ, თქვით, რომ სალემის ბულბულიც, ოღონდ მე ნუ გამაგონებთ. მისი დიდი პაპისპაპა, უილიამ ჰათორნი, პირველი იმიგრანტი, რომელიც ინგლისიდან ამერიკაში გადმოსახლდა, უმკაცრესი პურიტანული საზოგადოების წიაღში პატივცემული მსაჯული გახლდათ და ეპოქის შესაბამისი გულქვაობაც ახასიათებდა. ხოლო უილიამის ვაჟიშვილ ჯონს კი მთლად მეტისმეტი მოუვიდა – კუდიანებს სჯიდა – არა, ევროპულად არ წვავდა კოცონზე, ამერიკულად აჰყავდა სახრჩობელაზე. ოცი კუდიანი გაასამართლეს და მათგან თოთხმეტი ქალი იყო. განა პაპისპაპის ცოდვების გამოსყიდვად არ უნდა ჩავთვალოთ, როდესაც იმ თოთხმეტი მოკლული ქალის სანაცვლოდ ნათანიელ ჰოთორნმა (რომელმაც გვარში ერთი ასო შეცვალა და ასე გაემიჯნა წინაპრების ულმობლობას) შექმნა ჰესტერ პრინი – მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი (,,ერთ-ერთი“ მხოლოდ თავის დასაზღვევად დავწერე) საუკეთესო ქალი პერსონაჟი.

ჩემი აზრით, ,,ალისფერი დამღის“ – ამ დიდი წიგნის – ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთი ისაა, რომელიც ადამიანისა და მშობლიური მხარის ურთიერთდამოკიდებულებას ეხება. ნათანიელ ჰოთორნი, მსგავსად ჰესტერ პრინისა (რომლის პროტოტიპიც, დარწმუნებული ვარ, გარკვეულწილად თავადაც არის, როგორც მადამ ბოვარისა ფლობერი, თუ გნებავთ, ოთარაანთ ქვრივისა – ილია ჭავჭავაძე) მიჯაჭვულია მიწას, ადგილს, სადაც თავს უბედურად გრძნობს. ორივე შემთხვევაში ამის მიზეზი დანაშაულის გრძნობაა. ჰესტერი ვერ შორდება სალემს, ერთადერთ ადგილს, სადაც იგი განკვეთილია, რადგან სხვაგან ასე არსად დასტანჯავს თავისი ცოდვა, მან კი ტანჯვით უნდა გამოისყიდოს ჩადენილი დანაშაული. ვერც ჰოთორნი ტოვებს სალემს – ქალაქს, სადაც მისი ყადრი თითქმის არავინ იცის – მასაც სინდისის ქენჯნა აკავებს – სახელოვანი წინაპრებისაგან განსხვავებით, მშობლიურ მიწას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. და მხოლოდ მას მერე, რაც წერს დიდ რომანს, ანუ აკეთებს ღირსშესანიშნავ საქმეს, თავისუფლდება და პოულობს გზას ახალი ცხოვრებისა და ახალი მხარეებისაკენ. აი, რას წერს იგი:

,,ლამის ბედისწერად მიმაჩნდა, რომ სალემში დამედო ბინა; რათა აქაურებისათვის ნაცნობი სხეულის ნაკვთები და ხასიათის თვისებები არც ჩემი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მოჰკლებოდა ქალაქის ქუჩებს. თითქოს, როდესაც გვარის ერთი წარმომადგენელი საფლავში წვება, მის ადგილი მეორემ უნდა დაიკავოს, როგორც გუშაგები ცვლიან ერთმანეთს მეინ სტრიტზე. მიუხედავად ყველაფრისა, მიწასთან ამგვარი მიჯაჭვულობა არის ნიშანი იმისა, რომ კავშირი, რომელიც არაჯანსაღ სახეს იღებს, ბოლოს და ბოლოს უნდა გაწყდეს. კარტოფილის არ იყოს, ვერც ადამიანის მოდგმა გაიხარებს, თუკი რამდენიმე თაობას ერთსა და იმავე გამოფიტულ ნიადაგში ჩათესავენ.“

,,ალისფერი დამღის“ კითხვისას და მით უმეტეს, თარგმნისას, ქართულ ლიტერატურასთან პარალელები ხშირად ჩნდება, მაგალითად, შეუძლებელია მოხუცი ინსპექტორის აღწერამ ლუარსაბ თათქარიძე არ გაგვახსენოს, ხოლო ჰესტერ პრინის სახალხოდ შერცხვენის სცენამ – მარიტას შეურაცხყოფა ,,ნატვრის ხიდან“. თუმცა ჩემთვის უფრო ცხადი, სიღრმისეული და ღირსშესანიშნავი სხვა პარალელები იყო და მოდით, სიტყვას მათ შესახებ გავაგრძელებ.

1890 წელს გამოიცა ,,ალისფერი დამღა“, ხოლო იქამდე ორი წლით ადრე ქართულ ლიტერატურას ,,ალუდა ქეთელაური“ შეემატა. ეს თითქმის ერთდროულად დაწერილი ნაწარმოებები ერთსა და იმავე თემას ეხება – პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებას. ერთი მხრივ, ვხედავთ პირქუშ, ჩაკეტილ, ტრადიციებზე გადაგებულ ხევსურულ თემს, მეორე მხრივ, არანაკლებ პირქუშ, რელიგიური დოგმებით შებოჭილ, ზნეობის დიქტატურით შევიწროვებულ პურიტანელთა საზოგადოებას. მართალია, პირველ მათგანს სიძველისაგან ხავსი მოსდებია, მეორე კი სულ ახალთახალია, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: თავიანთი წევრებისაგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ და ინდივიდუალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას თრგუნავენ. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში საზოგადოებრივი დიქტატურის მიზეზი შიშია, რომელსაც ვაჟა ასე მოხდენილად უწოდებს ,,სხვა-რიგის შიშს“. რისი ეშინია ხევსურთა საზოგადოებას, ეს იმედას ქავის აღწერისას ჩანს – მათ ყოველდღიურად უდგათ ფიზიკური გადარჩენის პრობემა, ამიტომაც განსხვავებულ აზროვნებას ისინი საზოგადოების ერთიანობაში ბზარის გაჩენად, ანუ დასასრულის დასაწყისად აღიქვამენ, ამის გამო ეჭიდებიან იმას, რაც ყველა მათგანს აერთიანებს – საერთო წარსულს. მასაჩუსეტსის ახალმოსახლეებს საერთო წარსული არ აქვთ, მაგრამ ძალიან უნდათ, რომ საერთო მომავალი ჰქონდეთ. მათ ვრცელი ოკეანე გადმოლახეს ახალი ცხოვრების დასაწყებად და სწორედ ამიტომ შიში, რომელიც მათ აკავშირებს და რომელიც ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გარშემო ტყეში დასახლებული ინდიელებისაგან მოგვრილი საფრთხე – ხელმოცარვის შიშია. სწორედ ამ შიშებიდან გამომდინარე, ორივე საზოგადოება შობს თავის მოკვეთილს: შატილისა – ალუდა ქეთელაურს, სალემისა – ჰესტერ პრინს.

,,ავტოკრატიული საზოგადოება მეამბოხე ადამიანს სჯის იმით, რომ აიძულებს გამუდმებით სინდისის ქენჯნით შეპყრობილმა იცხოვროს,“ – წერს ჰოთორნის მკვლევარი. ძლიერი ადამიანი, გინდაც პერსონაჟი, გამოირჩევა იმით, რომ არ ემორჩილება საზოგადოების ამ წნეხს და იბრძვის, რათა არ აჰყვეს გარე ჩაძახილს, საკუთარი სიმართლე გაიაზროს და თავს მოხვეული დანაშაულის გრძნობით შებოჭილმა არ იცხოვროს. ალუდა ქეთელაური და ჰესტერ პრინი ძლიერი პერსონაჟები არიან და ამიტომაც ორივე მათგანი განიცდის მეტამორფოზას, რათა სოციუმის ფასეულობების კლიშეებს დაუსხლტეს და ახალი სიბრძნე შეიმეცნოს. ალუდა ქეთელაურის მეტამორფოზის აღწერით არ მოგაბეზრებთ თავს, უამრავ ადამიანს, მათ შორის, ალბათ, თქვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელსაც ჩემზე უკეთ მოუხერხებიათ ეს. ამჯერად ჰესტერ პრინზე შევჩერდები.

ალუდასაგან განსხვავებით, რომელიც ჯერ საკუთარ თავში აღმოაჩენს სამყაროს ახლებურ ხედვას და მხოლოდ მერე მიმართავს პროტესტს და ხატობისას ღიად უპირისპირდება (თუ იპირისპირებს) საზოგადოებას, ჰესტერ პრინი ჯერ საზოგადოებისათვის მიუღებელ საქციელს ჩადის და მხოლოდ მერე პოულობს მორალურ საყრდენს თავისი საქციელის არა გასამართლებლად, არამედ უკვე არსებული სიმართლის აღმოსაჩენად. ნაწარმოების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ჰესტერი ამაყად თავაწეული წარსდგება სამსჯავროზე, იგი მწვავე სინდისის ქენჯნას განიცდის და პატიმრობისაგან თავდახსნილს ეჩვენება, რომ მზე მხოლოდ იმიტომ ამოდის ცაზე, მის მკერდზე აელვარებული მთავრული A (პირველი ასო სიტყვა ,,ადიულტერისა“; მის ტარებას მოღალატე ცოლებს აიძულებდნენ ხოლმე) დაანახვოს მთელ ქვეყნიერებას. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მსოფლმხედველობა იცვლება და ნაწარმოების მიმდინარეობისას, ვხედავთ ქალს, რომელმაც თავისუფლად აზროვნება ისწავლა და რომელიც ბოლოს და ბოლოს თავის საყვარელ მამაკაცს ეტყვის, იმას, რაც მათ შორის იყო (იგულისხმება აკრძალული სიყვარული), თავისებური სიწმინდე გააჩნდა. ნაწარმოების ბოლოს კი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცოდვის დამღა ჯერ ისევ გულზე ატყვია, ჰესტერ პრინი ხდება ერთგვარი მენტორი ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც კი ცხოვრებაში გზა არევია.

ძლიერი ხასიათის პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი დიდსულოვნებით ალუდაცა და ჰესტერიც კი არ უპირისპირდებიან საზოგადოებას, არამედ მიუტევებენ და ზრუნავენ მასზე.

მაგრამ არიან ნაკლებად ძლიერი პერსონაჟები, უფრო სწორად, პერსონაჟები, რომლებიც ვერ ახერხებენ გაიაზრონ საკუთარი შინაგანი სიმართლე და ამიტომაც თუმცა უპირისპირდებიან კულტურულ-ტრადიციულ კლიშეებს, მაგრამ საზოგადოებივი მორალის დარღვევის გამო თავსდატეხილ სინდისის ქენჯნას ვეღარ უძლებენ და ეწირებიან კიდეც. ასეთი პერსონაჟია აღაზა ვაჟა-ფშაველას პოემიდან; დავესესხები პერსონაჟის აღწერას, რომელიც მკვლევარმა ლევან გიგინეიშვილმა შემოგვთავაზა: ,,ისიც [აღაზაც] გამოირჩევა თემისაგან, მხოლოდ მას შეებრალება ზვიადაური, შეიძლება არა მარტო თავისი პიროვნული თვისებების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ცოტათი მაინც გაიცნო ეს პიროვნება და ნახა თავისი ქმრის მის მიმართ დამოკიდებულებაც. ის არა მარტო უთანაგრძნობს ზვიადაურს, არამედ წესის მიხედვით დაიტირებს კიდეც. აქ ვაჟა დრამატულად აღწერს მის შინაგან ჭიდილს, გაორებას: ერთი მხრივ, აქვს გუმანი, ინტუიცია, რომ რაც გააკეთა სწორია, მეორე მხრივ, მთელი მისი აქამდელი ცოდნა, თემის წესები და მსოფლმხედველობა მასში ებრძვის ამ ინტუიციას და ბრალს სდებს მას“.[1]

აღაზას ვერც ის არწმუნებს საკუთარ სიმართლეში, რომ მისთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა, ქმარმა, საქციელი მოუწონა:

,,იტირე, მადლი გიქნია, მე რა გამგე ვარ მაგისა,

დიაცს მუდამაც უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა.“

საბოლოოდ ამ საქციელის, მტრის დატირების გამო სინდისის ქენჯნით გაბეზრებული აღაზა თავს იკლავს. აღსანიშნავია, რომ აღაზას ქმრის სიკვდილზე უფრო ჩადენილი ,,ცოდვა“ აიძულებს თვითმკვლელობას. საზოგადოებრივი აზრისგან ჩანერგილი სინდისის ქენჯნა აღაზას არსებაში სძლევს იმ შინაგან სიმართლეს, რომელმაც აიძულა სიკეთე გამოეჩინა დაჩაგრული ადამიანის მიმართ და ვერ ჯოყოლას დახმარებამ შეაძლებინა საკუთარი უდანაშაულობა ერწმუნა.

,,ალისფერი დამღის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ართურ დიმსდეილი, რომელიც ჰესტერ პრინის საიდუმლო საყვარელი და მისი შვილის მამაა, ასევე სინდისის ქენჯნით იტანჯება. იტანჯება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ცოდვა ჩაიდინა, არამედ იმიტომაც, რომ ეს ამ ცოდვის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად ჰესტერს დაეკისრა. მას უყვარს ჰესტერი, ამ ქალს უზარმაზარი ძალაუფლება აქვს მასზე და მის გვერდით თავს უკეთეს, უფრო ბედნიერ და ღირსეულ ადამიანად გრძნობს, მაგრამ ერთი წამითაც არ დაუშვებს, რომ შეიძლება მათი სიყვარული არც ისეთი დანაშაულებრივი იყოს, როგორადაც საზოგადოება აღიქვამდა, თუკი მათი ურთიერთობა გამჟღავნდებოდა. ართურ დიმსდეილი უაღრესად განათლებული კაცია, მაგრამ მისი სუსტი და მუდამ გარე ძალებისაგან მართული ბუნება ახლოს არ იკარებს თავისუფალ აზროვნებას. საბოლოოდ პერსონაჟი სინდისის ქენჯნით უძლურდება და მხოლოდ სიკვდილის წინ ახერხებს თავისი ,,დანაშაულის“ მონანიებას.

არ შემიძლია გვერდი ავუარო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც უშუალოდ არ ეხება ჩვენს საკვლევ მასალას, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია. თუკი ვაჟა-ფშაველას ამ გმირებიდან, მსოფლიო ლიტერატურის დომინანტური პარადიგმის მიხედვით, რაციონალური მამაკაცია, ხოლო ქალი – გაუცნობიერებელ იმპულსს აყოლილი, ჰოთორნი მოულოდნელ სვლას გვთავაზობს: მის ნაწარმოებში, რაციონალური, ძლიერი, მზარდი განვითარების მქონე, პირველხარისხოვანი გმირი (პირველხარისხოვანიცა და გმირიც) მდედრობითი სქესის პერსონაჟია, ხოლო მისი საყვარელი მამაკაცი კი – სუსტი, ქენჯნილი და მუდამ გარე ძალებზე დამოკიდებული. სასიყვარულო ურთიერთობაშიც კი წარმმართველი როლი ჰესტერ პრინს აკისრია. იგი საკუთარ თავზე იღებს დანაშაულის მთელ სიმძიმეს, რათა ართურ დიმსდეილი სახალხო გაკიცხვას აარიდოს. იგი იღებს ასევე გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი სიტუაციებისას:

,,შენ მომეცი ძალა,“ – ეუბნება დიმსდეილი ჰესტერ პრინს, -,,შენ მასწავლე, როგორ მოვიქცე.“

ჰოთორნისეული ფემინიზმი სრულყოფილადაა გამოვლენილი ნაწარმოების დასკვნით ნაწილში, სადაც ავტორი ახალი სამყაროს მესიად ახალგაზრდა ქალს ასახელებს:

,,განკვეთილი… უბედურ ქალებს უზიარებდა თავის მტკიცე რწმენას, რომ, როდესაც უკეთესი დრო დადგებოდა და შემოქმედის ნებით სამყარო ამისათვის მომწიფდებოდა, თავს იჩენდა ახალი ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც ქალისა და კაცის ურთიერთობა დაემყარებოდა ამჟამინდელზე უფრო საიმედო საძირკველს – ორმხრივ ბედნიერებას. უწინ ჰესტერ პრინს ხშირად წამოუვლიდა ხოლმე ფუჭი იმედი, რომ თავად შეიძლებოდა ქცეულიყო ამ ახალი სამყაროს ღვთისგან ხელდასხმულ მესიად. მაგრამ დიდი ხანია მიხვდა, რომ ღმერთი ღვთიური და იდუმალი ჭეშმარიტების გაცხადებას ცოდვით დაღდასმულ, სირცხვილით თავჩაღუნულ და სიკვდილამდე ნაღვლით დამძიმებულ ქალს არ მიანდობდა. მოახლოებული გარდაქმნის მახარებელი თუ მოციქული აუცილებლად მდედრი იქნებოდა, ოღონდ წარჩინებული, უმანკო და მშვენიერი, და, ამასთანავე, დაბრძენებულიც, ოღონდ არა – პირქუში სადარდებლის, არამედ ჰაეროვანი სიხარულის მეშვეობით; და იგი თავისი ბოლომდე უხინჯო ცხოვრებით უჩვენებდა სამყაროს, როგორი ბედნიერების მოტანა შეუძლია წმინდა სიყვარულს.“

და ბოლოს, ყველა ქვეყნის ლიტერატურაში არის ტექსტები, რომელიც მკითხველს ბარიერს უქმნის – ენობრივი, შინაარსობრივი თუ სტილური სირთულეების გამო. მასწავლებლებმა კარგად იციან, თუ როგორ მოათვინიერონ ასეთი ტექსტები, როგორ მიიტანონ ისინი ისეთ გამოუცდელ რეციპიენტამდე, როგორიც მოსწავლეები არიან. ითვლება, რომ ,,ალისფერი დამღა“ გარკვეულწილად სწორედ ამგვარ ,,საშიშ“ ტექსტებს მიეკუთვნება, ამ წერილით მინდოდა მკითხველისათვის მიმენიშნებინა, რომ ამ უკვდავი რომანის მრავალი ასპექტი უკვე ,,მოთვინიერებული“ ჰყავს ქართველი მკითხველის გონებას.

 

[1] https://gfsis.org/files/my-world/1/vajas_proeqti.pdf

სტრატეგიები იმპულსურობის კონტროლისათვის

0

მიჩნეულია, რომ იმპულსების გაკონტროლებასთან არანაირ კავშირში არ არის იმის ცოდნა, თუ რა შედეგებთან მივყავართ წესების დარღვევას. იმ ბავშვების უმრავლესობას, რომლებსაც აქვთ პრობლემური ქცევა, განსაკუთრებით მათ, ვინც სხვებს საუბარს არ აცლის და აწყვეტინებს, ხელის აუწევლად წამოიძახებს პასუხს და უჭირს რიგის დაცვა, შეუძლიათ, ყველაფერი გითხრან წესების შესახებ, ახსნან, რატომ იყო მათი საქციელი შეუფერებელი, თუმცა ეს ცოდნა მათ არაფერში ეხმარება. იმის მიუხედავად, რომ ბავშვების უმრავლესობა თანდათან სწავლობს საკუთარი იმპულსების გაკონტროლებას, ზოგიერთისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც აქვს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის, ასევე სანაყოფე ალკოჰოლური სინდრომი (ADHD და FASD) და რომელთა პრობლემებიც ბიოლოგიური წარმომავლობისაა, ეს პროცესი ბევრად რთულად მიმდინარეობს.

ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით, არ არსებობს უფრო ფუნდამენტური ფსიქოლოგიური უნარი, ვიდრე იმპულსისთვის წინააღმდეგობის გაწევაა [გოულმანი 1997]. „ეს არის ემოციური თვითკონტროლის საფუძველი, რადგან ყველა ემოცია, მათი ბუნებიდან გამომდინარე, გვიბიძგებს ერთი ან მეორე იმპულსის ამოქმედებისკენ” (გვ.81). იმპულსების გაკონტროლების შესწავლა ხელს უწყობს პრობლემური ქცევების პრევენციას; შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, შეამჩნიონ, რას გრძნობენ თავად და რას გრძნობენ სხვები.

მიჩნეულია, რომ ბავშვები თვითკონტროლის უნარს ორიდან ხუთ წლამდე ითვისებენ, რომელიც ასევე გადამწყვეტია აზროვნებისთვის. გარდა სურვილის დაკმაყოფილების გადადების შესაძლებლობისა (თუ მოიცდი, მაშინ შეგიძლია ორი ზეფირი მიირთვა), ესენია:

  • ფრუსტრაციის – მოთმენა (არ დაარტყა, როდესაც ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა);
  • ძალისხმევითი – კონტროლი (ქცევის შეკავების გამოყენებით გააკეთო რაიმე სხვა სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგალითად, არ წაართვა სხვას სათამაშო, რომელიც გინდა, ან ითხოვო დახმარება, იმის ნაცვლად, რომ დახიო მათემატიკის დავალება);
  • ქცევის გარემოსთან ადაპტირება (ისაუბრო ხმადაბლა ბიბლიოთეკაში).

საკლასო ოთახში, გაცვლა-გამოცვლით გამოწვეულ რია-რიაში, ბავშვები ხშირად ავტომატურად მოქმედებენ და იმპულსურად იქცევიან. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ, და თუ ოდესმე აგრესიულად მოქცეულან, აგრესიული ქცევა ისევ იჩენს თავს. რონალდ გ. სლაბისა და მისი კოლეგების (1995) მიხედვით, ბავშვები იმპულსურად იქცევიან რამდენიმე მიზეზით:

  • მათ უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა;
  • არ შეუძლიათ ყურადღებით მოსმენა.

„ზეფირის ტესტი“

ფსიქოლოგ უოლტერ მიშელს ბავშვი ოთახში შეჰყავდა და გემრიელ ზეფირს ახვედრებდა, მერე უხსნიდა, რომ ახლა ოთახიდან გავიდოდა და თუ მის მოსვლამდე ზეფირს არ შეჭამდა, ჯილდოდ მეორეს მიიღებდა.

ექსპერიმენტი რთული გამოდგა. 653 ბავშვიდან თხუთმეტი წუთი ბავშვების მხოლოდ მესამედმა მოითმინა, დანარჩენებმა ზეფირი მისი ოთახიდან გასვლისთანავე შეჭამეს. ბავშვების უმეტესობამ 30 წამზე მეტხანს მოთმენა ვერ შეძლო.

ექსპერიმენტის ავტორმა 80-იანი წლების დასაწყისში პირველი ექსპერიმენტის მონაწილეები მოძებნა და „მომთმენი” და „მოუთმენელი” ბავშვები ერთმანეთს შეადარა. მკვლევარმა დაადგინა, რომ ის ბავშვები, რომლებმაც ზეფირი არ შეჭამეს, ზრდასრულ ასაკში უფრო მიზანდასახულები და გონიერები იყვნენ. 1988 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მიშელი და მისი კოლეგები წერდნენ, რომ ეს ბავშვები სტრესულ სიტუაციებშიც კი არ ჰკარგავენ თავდაჯერებულობას.

 

ბავშვებს განვითარებული აქვთ ვერბალური უნარი, რომელიც ეხმარებათ, შეჩერდნენ და დაფიქრდნენ, თუმცა ამ უნარს ისინი ნაკლებად ან სულაც არ იყენებენ. მათ  თავში აზრად არ მოსდით, რომ დაფიქრდნენ, სხვა რა შეიძლება მოიმოქმედონ, ან რა მოხდება, თუ აგრესიულად უპასუხებენ. პასიური ან აგრესიული გამოსავალი სრულიად მისაღები ჩანს მათთვის. დენიელ გოულმანის თქმით, იმპულსების გაკონტროლების ერთ-ერთი საიდუმლო გრძნობებისა და ქმედებების სწავლის  განსხვავებაა.

როდესაც ბავშვი სწავლობს იმის შეცნობას, რომ გრძნობს ბრაზს, ფრუსტრაციას, იმავდროულად, შეიძლება ისწავლოს, რომ ამ ემოციების ქონა იმის ნიშანია, რომ უნდა გაჩერდეს და დაფიქრდეს და არა იმისა, რომ იმოქმედოს. გრძნობების იდენტიფიკაციის სწავლის ნაწილია იმის შესწავლა, რომ მისაღებია ნებისმიერი ემოციის განცდა და რომ მათი გამოხატვა არაძალადობრივად შეიძლება. ასევე აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. 4 წლის „ორზეფირიანებმა“  გამოიყენეს წარმატებული სტრატეგია: საკუთარ თავთან საუბარი, რომელსაც ვერბალურ მედიტაციასაც უწოდებენ. საკუთარი ქმედებების სამართავად ბავშვი ხმამაღლა (ან გულში) ლაპარაკობს. საკუთარ თავთან საუბარი ბავშვს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე (Watson, 2003).

ზოგიერთი სოციალური და ემოციური უნარების პროგრამა სიბრაზის ან ფრუსტრაციის განცდისას, ბავშვს ასწავლის, ხმამაღლა შეახსენოს საკუთარ თავს: „შეჩერდი, დააკვირდი და მოუსმინე”. ხმამაღლა საუბრითა და აზროვნების ფარული პროცესების გახმოვანებით მასწავლებლებს მაგალითის მიცემა შეუძლიათ. ბავშვებმა ასევე შეიძლება ისწავლონ ღრმად სუნთქვა, ხუთამდე დათვლა ან სარელაქსაციო ვარჯიშები. სანამ ყოველივე ამას რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ, სასურველია, ბავშვებმა მშვიდ ვითარებაში ივარჯიშონ. კარგი იქნება, მასწავლებელსა და თანატოლებთან ერთად თოჯინებით გაითამაშონ პოტენციურად პროვოკაციული სიტუაციები. აუცილებლად გამოიყენეთ მინიშნებები, რეპლიკები და განმარტებები. იმპულსების მართვის სწავლებისას პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. როცა კარგად იცნობთ ბავშვს, როგორც ყოველთვის, ეს პრობლემის გასაღებია. შეგიძლიათ განსაზღვროთ, როდის და სად შეიძლება აფეთქდეს. თუ თვალყურს ადევნებთ, შეახსენეთ წესები და მისაღები ქცევები, დაეხმარეთ, გაერკვეს თავის გრძნობებში, მიეცით ტექსტი, რა თქვას, სანამ კონტროლს დაკარგავს. ამით თქვენ აწვდით იმ მინიშნებებსა და ინფორმაციას, რომლებიც მას საკუთარი თავის გაკონტროლებაში დაეხმარება. დაეხმარეთ და გაამხნევეთ, სანამ ეს საბოლოო მიზნის მიღწევამდე სჭირდება.

ჯგუფში ინტეგრაცია

ბავშვები ჯგუფში ყოველდღე ინტეგრირდებიან, მაგრამ ეს იოლი არ არის. კვლევებმა ცხადყო, რომ ბაღის ასაკის ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ, არ იღებენ ნახევარზე მეტ თანატოლს ინტეგრაციის პირველი მცდელობისას. ამასთან, არ მიიღეს პოპულარული მეორე და მესამეკლასელების 26%-ც კი (Putallaz&Wasserman, 1990). იმპულსების გაკონტროლება წარმატებისთვის არსებითია. ბავშვებს, რომლებსაც მოთმინება არ ღალატობთ, მეტი შესაძლებლობა აქვთ, გაარკვიონ, რას აკეთებს ჯგუფი, როგორ ჩაერთონ მასში და განმეორებითი მცდელობისას თანატოლები მისდამი მეტ ლოიალურობას გამოიჩენენ. ბავშვები, რომლებიც, სულ ცოტა, სამ მცდელობას ახორციელებენ, უმეტესად მიზანს აღწევენ. შესაბამისად, მათი შეუპოვრობა შედეგიანია (Putallaz&Wasserman, 1990). ტაქტიკის თანამიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე შედეგიანი გზა ეს არის:

  • თამაშის ან აქტივობის წესების ცოდნა;
  • ხმისამოუღებლად ჯგუფის ირგვლივ ტრიალი;
  • ჯგუფში მყოფი ბავშვების მიბაძვა (პარალელური თამაში გამოსადეგი ხიდია);
  • როდესაც ბუნებრივი პაუზა ჩამოვარდება, ჯგუფის აქტივობასთან დაკავშირებული პოზიტიური რამის თქმა;
  • უყოყმანო თანხმობა ნებისმიერ შემოთავაზებაზე, თუნდაც ნაწილობრივი ჩართულობისთვის (მაგ. გახდე მსაჯი). utallaz&Wasserman, 1990; Walker, Ramsey&Gresham, 2004):

ჩვეულებრივ, თხოვნა, ჩაგრთონ, ამართლებს, მაგრამ ბავშვები ხშირად ამ პირდაპირი მიდგომის გამოყენებაზე ყოყმანობენ. ალბათ, იმიტომ, რომ მათთვის უფრო რთულია მცდელობის გამეორება უარის შემთხვევაში. უფრო ეფექტურია, ფოკუსირება მოხდეს სოციალურ ურთიერთქმედებებსა და იმის დემონსტრირებაზე, რომ გესმის, თუ რას აკეთებს ჯგუფი (Putallaz&Sheppard, 1992). თამაშის ან საუბრისთვის ხელის შეშლა ახალი თემების შემოტანით, საუბრის მიმართულების საკუთარი თავისკენ მიმართვით, კითხვების დასმით, რომლებიც პასუხს ითხოვენ, ინსტრუქციების მიცემით ან არდათანხმებით, რასაკვირველია, მცდელობა თითქმის ყოველთვის მარცხით დასრულდება (Walker et al., 2004).

კვლევებმა აჩვენა, რომ ბიჭები მეტად არიან მიდრეკილი ისეთი სტრატეგიების გამოყენებისკენ, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, ფარ-ხმალი არ დაყარონ მას შემდეგაც კი, რაც ისინი უარყვეს, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია პატივისცემისა და სტატუსის შენარჩუნება, ვიდრე ჯგუფში გაერთიანება.

მასწავლებლებს პროცესის გამარტივება ერთი ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების ირგვლივ შეუძლია  მთელი ჯგუფისთვის აქტივობების მოფიქრებით. თუ იცით, რომ ლუკას, რომელიც აგრესიული ქცევის გამო ხშირად ჯგუფი უარყოფს, უყვარს მატარებლები და ყველაფერი იცის მათ შესახებ, გააკეთეთ პროექტი მატარებელზე. თავისი ცოდნის წყალობით ლუკა ჯგუფისთვის საინტერესო წევრი გახდება და იოლად ჩაერთვება გუნდში.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ კიდევ ერთხელ, მიზანდასახულად და განმტკიცებით, გამოვუმუშავოთ ბავშვებს დისკუსიების, როლური თამაშებისა და იმიტაციის უნარები.

 

 

„სწავლა კეთებით“ და Result-სილაბუსი საუნივერსიტეტო სწავლებაში

0

მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისათვის მზადება

ჯონ დიუი

განათლება არის დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი (დიუი); ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიას ან თავისუფლებას უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებით ან ცნებებით კი ვერ მოვიპოვებთ, არამედ იმ უნარებით და გამოცდილებებით, რასაც სკოლაში და უნივერსიტეტებში ვიღებთ. ჰო და, თავად განსაჯეთ, საიდან იწყება თავისუფლება? პოლიტიკოსების შექმნილი სლოგანებიდან? ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისკენ ისე, თითქოს ეს განათლების გარეშე შესაძლებელი იყოს. ამიტომ თანამედროვე განათლების სისტემაში რაც არ უნდა ვცვალოთ და გადავაკეთოთ და რამდენი აბსურდის შემცველი მოსაზრებაც არ უნდა შევიტანოთ კანონში, შედეგს ვერასდროს ვერ მივიღებთ; იმიტომ რომ, ხედვის ფოკუსი გვაქვს შესაცვლელი და ტრაგიკული ის არის, რომ ქვეყნის მმართველებს ეს ფოკუსი საერთოდაც არ აქვთ, ამიტომ ვერც ვერასოდეს შე(ი)ცვლიან. თავისუფლების მოსაპოვებლად გინდა თავი დაიწვი და გინდა პირი ამოიკერე – ასეთი ქცევებიც სწორედ იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენაც არა გვაქვს, რა არის ნამდვილად თავისუფლება, საიდან იწყება და როგორ მოიპოვება იგი.

ჯონ დიუის – „სწავლა კეთებით“ – უბრალოდ, ამ იდეას რომ მივყვეთ, იმდენ გასაოცარ შედეგს მივიღებთ, რომ თავადაც გაგიკვირდებათ. მე საიდან ვიცი? მე ნამდვილად გამოცდილებიდან ვიცი და „ჰაერზე არ ვლაპარაკაობ“.  ჩვენ მივეჩვიეთ პროგრესულ იდეებზე სტატიების წერას, მსჯელობას, მაგრამ ეს გამოცდილებები თუ თავად არ შეგვეხო და ჩვენში არ მოახდინა ცვლილება, დარჩება პროგრესულ იდეებად ფურცლებზე და სიტყვებში. დიუის იდეა კი სწორედაც საპირისპიროს ამბობს. მისი ნააზრევი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დიუი უბრალოდ თეორიებს კი არ აყალიბებს, არამედ თავად არის თავისივე იდეების ცხოვრებაში გადმომტანი. რასაც სხვებს უქადაგებდა, თავად განახორციელებდა.

ჰოდა, ამჯერად მეც ჩემს პედაგოგიურ თავგადასავლებზე დავწერ. ეს გამოცდილება კი მომიტანა იმ დრომ, როდესაც შეიქმნა ახალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი რექტორი გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პროგრესული ადამიანი, გიგი თევზაძე. გიგის განხორციელებულმა იდეებმა ამოაყირავა საუნივერსიტეტო ცხოვრება, თუმცა ბევრისთვის მაშინაც და დღესაც, ეს იდეები მიუღებელი და გაუგებარი იყო. მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობამ იგრძნო გიგის შექმნილი სისტემის სიკეთე. ვხედავდი ჩემ თვალწინ როგორ ხდებოდა ეს ცვლილება, როგორები გახდნენ ახალგაზრდები, როგორ დაიწყეს ბუნებრივი უნარების გამოვლენა, ხდებოდნენ უფრო დამოუკიდებლები, გადაწყვეტილების მიმღებები, ცვლილებებისადმი სრულიად გახსნილები. თითქოს გადამდები გახდა ეს ყველაფერი და სულ უფრო მეტად ჩაერთნენ სტუდენტები ამ პროცესში. ეს ჩემთვის ძალიან ადვილი შესამჩნევი იყო, რადგან ბევრი წელია უნივერსიტეტში ვასწავლი და სტუდენტთა განწყობების ცვლილებას მაშინვე ვგრძნობ.

გიგი თევზაძის მიერ განხორციელებული მრავალი სიახლიდან მე მხოლოდ ერთ იდეაზე შევჩერდები (რომელიც სასწავლო პროცესში დაინერგა) და ეს იდეა გახლავთ – „სწავლა კეთებით“, იგივე „გამოცდილებით სწავლა“ და ამ სწავლების შესაბამისი, ეგრეთ წოდებული, Result-სილაბუსების შემოტანა. ამ სილაბუსების არსებობა საუნივერსიტეტო სივრცეში და განათლებაში, ზოგადად, დიდი გარღვევა იყო.  ეს სწორედ დიუის იდეის განხორციელება გახლდათ – „სწავლა კეთებით“. როგორც მახსოვს, ბევრმა პროფესორმა აითვალწუნა ეს სილაბუსი მისი არატრადიციულობის და საკუთარი მხოლოდ ტრადიციულობის გამო.  ამ სილაბუსის მიხედვით, ცოდნის მიღების პარამეტრები იცვლებოდა. „დასწავლა, გამოკითხვა, ტესტები“ ჩაანაცვლა პროექტებზე მუშაობამ. ასეთ ვითარებაში პროფესორი აღარ იყო სასწავლო პროცესის მთავარი ფიგურა, არც ყოვლისმცოდნე, მისი დიქტატი გატანილია აუდიტორიიდან. პროფესორი ხდება თანამშრომელი, თანაშემოქმედი, გიდი, რომელიც აძლევს მიმართულებას, ეხმარება სტუდენტებს ახალი ცოდნის აღმოჩენაში. ჩემთვის ეს მეთოდი აღმოჩნდა სრულიად ბუნებრივი, რადგან მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება მაძლევდა სიხარულს სტუდენტებთან ურთიერთობისას – ვყოფილიყავი მათი ტრანსფორმაციის მოწმე იმ ცოდნის წყალობით, რომელსაც განსხვავებული მეთოდებით ვაწვდიდი.

მე დღემდე ამ სილაბუსით ვასწავლი და ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, იმ სიამოვნებებზე და ცოდნის ზეიმზე გესაუბროთ, რომელიც ამ ტიპის სწავლებას მოჰყვება ხოლმე. აქვე გიმჟღავნებთ იმ საიდუმლოს, რომელიც დღემდე ვერ გამოიკვლიეს: „რას უკეთებს ბარბაქაძე სტუდენტებს, რითი აჯადოებს?“

ეს საიდუმლო იმაში მგომარეობს, რომ მე სტუდენტებისთვის ვხდები ექსკურსიამძღოლი, გიდი ცოდნაში სამოგზაუროდ. ჩემს ერთ Result-სილაბუსს ასე ჰქვია: „მეტაფორები, რომლებშიც ვცხოვრობთ“. სათაურში სპეციალურად მივანიშნე ცოდნისა და ცხოვრების ურთიერთკავშირსა და განპირობებულობაზე. ლექციას ვიწყებთ  სხვადასხვაგვარად. ამ სემესტრში ასე დავიწყე:

მოემზადეთ, ჩვენ ახლა მივდივართ შორეულ მოგზაურობაში, ვისაც ამ მოგზაურობის სურვილი არ აქვს, შეგიძლიათ გადაირჩიოთ საგანი, სანამ „არგუსი“ არჩევა-გადარჩევის რეჟიმშია…

მერე ჩვენ გავდივართ…. ვიწყებთ მეტაფორებში მოგზაურობას. მეტაფორები კიდევ ერთ ადგილას არ არიან თავმოყრილები… ისინი ყველგან არიან, ამიტომ მოგზაურობის დროს ვირჩევთ მარშრუტს, რომელი გზით წავიდეთ, დღეს რა ვნახოთ, რა განვიცადოთ, რომელი მეტაფორების რომელ პლანეტას მივადგეთ… არჩევანი მრავლადაა: აქეთ პოეზიის მეტაფორები შემოგვყურებს, იქით – პოლიტიკური მეტაფორები, უფრო სიღრმეში – ენობრივი მეტაფორები და ფრაზეოლოგიზმებია, მარჯვნივ ერიქსონი დგას და მანიშნებს, რომ იქით წავიდე, გვპირდება, რომ მეტაფორებით ადამიანის გაშიფვრას გვასწავლის და იმასაც, როგორ იცვლება ცხოვრება, როცა მეტაფორას ვცვლით… აი, ეს კვანტური ფიზიკა ხომ ჩემთვის მეტაფორების წყაროა, ცოტა შორს არის, მაგრამ ისე, რომ ალისა და ალისონი მაინც ჩანან… მთელი კვანტური ფიზიკა მეტაფორებითაა სავსე… ერთი სიტყვით, შესასვლელში ჯერ ვათვალიერებთ ჩვენს პლანეტებს (ვეცნობით სილაბუსს) და მერე ვირჩევთ, რომელი მეტაფორა დავლაშქროთ და სად ავიტანოთ ჩვენი (კ)ალამი.

ვგრძნობ, ამ შესავლის შემდეგ მეც და ჩემი მოგზაურებიც როგორი განსხვავებულები ვხდებით… ჩვენ უბრალო აბსტრაქტული სიტყვებით არ ვსაუბრობთ, ჩვენ განციდით იმ სიტყვებს, რომლებსაც წარმოვთქვამთ, შევდივართ სხვა საგანში, ვიხედებით განსხვავებული სარკმელებიდან… ყველას ავიწყდება, რომ ეს ლექციაა, აუდიტორიაში ზის და იქნებ კუჭიც ცარიელი აქვს ამ დროს…

მოგზაურობიდან დაბრუნებულები გაფართოებული თვალებით იხედებიან, აუდიტორიიდან გასულებს თან მიჰყვებათ ის განცდა-ემოცია, რომელიც მოგზაურობისას მიიღეს და სამყაროს სხვა თვალით უწყებენ ყურებას… ამას მაშინ ვხვდები, როცა შემდეგ ლექციაზე მოდიან ახალი კითხვებით და ახალი გამოცდილებებით… სემესტრის ბოლოს კი, პროექტების შემდეგ, ყველა, უგამონაკლისოდ, აცხადებს, რომ მეტაფორების ლექციებმა შეცვალა მათი ცხოვრება და ჰყვებიან, ეს როგორ მოხდა… ამაზე საინტერესო ფილმები მე ცხოვრებაში არ მინახავს. მე დამოკიდებული გავხდი მათი ტრანსფორმაციის ისტორიებზე.

ისევ დიუით დავასრულებ ( და გაგრძელებასაც გპირდებით):

ცოდნა და სწავლა შესაბამისად წარმოიქმნება გარემოს აქტიური მანიპულაციის შედეგად. დიუის მოჰყავს ასეთი მაგალითი: ადამიანს ესმის ხმა ბნელ ოთახში. თავიდან ეს ხმა შიშისმომგვრელია, გამოკვლევის შემდეგ (მაგალითად, სინათლის ანთება და გარშემო დათვალიერება) დგინდება, რომ ხმა, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო ფანჯრის დარაბის ბრახუნით, რაც არ ქმნიდა შიშის საფუძველს. ამ მაგალითის არსი არის ის, რომ ცოდნა ყალიბდება   სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის პროცესში.

ეს ფოტოები კი ერთი (არა)ჩვეულებრივი დღეა მეტაფორების კურსის მსმენელების ცხოვრებიდან. მეტაფორების გამოფენა „მზიურში“: სტუდენტებმა თავად შექმნეს – დახატეს, ააწყვეს ვიზუალური მეტაფორები, შემდეგ გამოფინეს და ერთმანეთის ემოციები გაამდიდრეს კონცეპტუალური ნამუშევრებით. ჩვენ კი (მე და ჩემმა კოლეგებმა) პატარა კონკურსიც მოვუწყვეთ: წავახალისეთ, დავაჯილდოვეთ, მოტივაცია მივეცით და ცოდნის ზეიმი ერთად გავიზიარეთ.

ანბანის სწავლება – გასულიერებული ანბანი

0

ანბანის სწავლება დიდი პასუხისმგებლობაა მასწავლებლისთვის. თავიდან გვარიანად შემაშინა პატარა ადამიანებისთვის 33 ასო-ბგერით შედგენილ სგასულიერებული ანბანიამყაროში გზამკვლევობამ. არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვებისთვის საანბანე პერიოდი დაუვიწყარი ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ წაკითხული ნენე კვინიკაძის წერილი გამახსენდა, სადაც წერდა იუმორით სავსე -სა და-ს, ფუტურისტული -სა და-სა და ძვირფასი -სა და -ს შესახებ. წერილის ავტორმა ბავშვობაში დამაბრუნა, საიდანაც რამდენიმე მოგონება ამოტივტივდა. განსაკუთრებით ერთი მათგანი მიყვარს.

სკოლაში ჯერ არ დავდივარ. ზაფხულია. ასოების უმეტესობას ვცნობ. სოფელში ვარ და ვწერ. ოთახში, ჩემ გარდა, არავინაა. ვგრძნობ, რომ დამოუკიდებლად ვართმევ თავს რაღაც ძალიან რთულს და სიხარულით ვივსები. ვერაფრით ვიხსენებ, როგორ იწერება . მეორე სართულზე დედა ამოდის. ჩემს გასაჭირს ვუზიარებ. დედა კალამს იღებს და რვეულის სითეთრეში ფრთხილად გამოჰყავს რთულთავიანი . მერე ისევ მარტო მტოვებს. ნასვრეტებიანი თხელი ფარდიდან მზის სხივები იღვრებიან.

ერთი სიტყვით, ასო-ბგერების შესახებ განსაკუთრებული მოგონებების დაგროვების სურვილმა გამომაგონებინა  სწავლების ჩემებური მეთოდი, რომელსაც „გასულიერებული ანბანი“ დავარქვი.

ყველაფერი და -დან დაიწყო. ერთხელ სათამაშოდ ტყეში წავლენ და დედ-მამის გაფრთხილება დაავიწყდებათ. შუაგულ ტყეში ტბაში ჭყუმპალაობას მოისურვებენ. მერე გასაშრობად მზისგან გაცხელებულ ქვებზე წამოწვებიან. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, დრო თვალსა და ხელს შუა გაირბენს. ამ დროს შემოესმებათ დედ-მამის ძახილი: აააა, იიიი, იმეორებს ექო მათ სახელებს.

მოყოლის პარალელურად დაფაზე ვხატავ. ბავშვები ამბის გაგრძელების მოლოდინში ჩუმდებიან, თვალებში სიხარული და მოლოდინი უციმციმებთ. დროდადრო მეკითხებიან, რომელია ბიჭი და რომელი გოგო. გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. ამასობაში -ს და -ს მშობლები პოულობენ და გულში იხუტებენ. ესენიც ხვდებიან, როგორ შეაშინეს დედ-მამა და პირობას დებენ, რომ გაუფრთხილებლად არსად აღარ წავლენ.

როგორც მიხვდით, ვიგონებთ სიუჟეტს, რომელიც ხან ტყეში ვითარდება, ხან – საკლასო ოთახში, ხან – სახლში, ხანაც – ეზოში. მთავარი პერსონაჟი ახალი ასო-ბგერაა, დანარჩენები – უკვე შესწავლილები. თემა დიდაქტიკურია,  ბავშვებისთვის საინტერესო. ამბავი ძალიან გრძელი არ უნდა იყოს. სასურველია, სათაური მთავარ პერსონაჟ ასოზე იწყებოდეს, მაგალითად, ყოყლოჩინა -ს, ჯაჯღანა -ს, ციმციმა -ს, ლამაზი -ს, ჭოკით მხტომელი -ს ან ჰაეროვანი -ს ამბავი. ამბებიც ხან სევდიანია, ხან – მხიარული, ხანაც – სათავგადასავლო.

გაკვეთილის დაწყებას მოუთმენლად ელიან.  თავდაპირველად დაფაზე სათაურს ვაცოცხლებთ. ხშირად სათაურის ფორმულირებისას ბავშვებს თანამონაწილეობას ვთხოვ. მერე ვხატავთ და აქ საქმე რთულდება ხოლმე. ძირითადად აინტერესებთ, მთავარი პერსონაჟი გოგო იქნება თუ ბიჭი. სქესთა თანაფარდობის დაცვა კლასს აშოშმინებს.

მოსმენის შემდეგ ხატვის დრო დგება. ვიხსენებთ მეთოდს „დახატე ის, რამაც გული აგიჩქარა“ და პატარა თითები თეთრ ფურცლებზე მოძრაობას იწყებენ. დროდადრო დახმარებისთვის მიხმობენ, ხან -ს ვერ აცმევენ შორტს ან მაისურს, ხან – კეპს ვერ ახურავენ ან თვალების ადგილს ვერ პოულობენ. მეორეული პერსონაჟების დახატვა უფრო უძნელდებათ. ასეთ დროს ინტერნეტში ილუსტრაციებს ვპოულობ და დაფაზე ვხატავ ციყვებს, ირმებსა თუ ჩიტებს. ისინიც თამამდებიან და თავისას ცდილობენ.

ერთი სული მაქვს, სანამ გადაწყვეტილებებს გამიზიარებენ. თითოეულთან მივდივარ და რასაც მეუბნებიან, ნახატს ვაწერთ. ბოლო ორ ნახატზე თვითონ შეძლეს წარწერის გაკეთება.

ბოლო ნაბიჯი ნახატების გამომზეურებაა.

სამწუხაროდ, რასაც ვუამბობდი, არ ვიწერდი. მხოლოდ ჰაეროვანი -ს ამბავი ვაქციე პატარა მოთხრობად. სტატიის დაწერამდე ჩამოვხსენი ნახატები, ვათვალიერებდი და ვიხსენებდი ამბების სიუჟეტს. მართალი გითხრათ, გახსენება გამიჭირდა და დახმარებისთვის ბავშვები მოვიხმე. სათითაოდ ვეკითხებოდი, ყველაზე მეტად რა დაამახსოვრდათ და ჩემი დღიურის ფურცელი თვალის დახამხამებაში გადაივსო ჩანაწერებით.

აი, ისინიც:

ირმის რქებზე რომ აძვრა“;

რომ ჭოკით ხტებოდა და ღალღა რომ გამოიყვანა ხის ტოტიდან“;

„ჰაეროვანი რომ იყო და ბაბუაწვერა რომ ეჭირა და რომ დაფრინავდა“;

რომ ციმციმებდა და დაკარგული იპოვა მუხის ხის წვერზე“;

„ტანწერწეტა ბალერინა რომ იყო“;

„ჯაჯღანა რომ იყო ასო და მერე -მ რომ აცეკვა“;

რომ ძილისგუდა -ს არ აძინებდა“;

-ს ბალეტს ოჯახი რომ ესწრებოდა და მერე ნაყინი რომ ჭამეს“.

ასე რომ, ანბანის ამგვარი სწავლებისას ბავშვებს:

  • უყვარდებათ ანბანი;
  • უვითარდებათ ფანტაზია;
  • სწავლება ხდება სახალისო;
  • სწავლობენ მოსმენასა და აზრის გამოტანას;
  • იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

 

და რაც ყველაზე მთავარია, საანბანე პერიოდი მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც დაუვიწყარ თავგადასავლად იქცევა.

ნენე კვიკინაძის წერილი იხ. ჟურნალ „ფოკუსის“ 77-ე ნომერში.

  “ჩრდილოეთის სფინქსის”  საიდუმლო

0

ფეოდორ ტიუტჩევის ცნობილ ოთხსტრიქონიან ლექსში შესანიშნავად წარმოჩნდება რუსეთის, როგორც ირაციონალური ფენომენის არსი: „Умом Россию не понять, /Аршином общим не измерить:/ У ней особенная стать _/В Россию можно только верить“ („გონებით რუსეთს ვერ ჩასწვდები, საერთო საზომით ვერ მოიხელთებ, ის  თავისებურია, რუსეთისა მხოლოდ უნდა ირწმუნო“). სწორედ ამ ფენომენის შეცნობას ცდილობდა გრიგოლ რობაქიძე რუს მწერალთა  პორტრეტებით, რომლებიც მან რუსულ ენაზე 1919 წელს დაწერა. მწერალი ჩვეული არტისტულობითა და ექსპრესიულობით, მოულოდნელი და შთამბეჭდავი რაკურსით ხატავს პეტრე ჩაადაევის, მიხეილ ლერმონტოვის, ვასილი როზანოვის, ანდრეი ბელის სახეებს. ეს არის მათი ნააზრევის, შემოქმედების პრიზმაში გარდატეხილი პორტრეტები. გრიგოლ რობაქიძეს არაერთი წერილი აქვს, რომლებშიც რუსული ერის რაობის, რუსეთის კულტურის თავისებურებებს წარმოაჩენს. ამ პორტრეტებშიც ჩანს სწრაფვა ირეალურსა თუ რეალურ დროსა-სივრცეში განფენილი `ჩრდილოეთის სფინქსის~  საიდუმლოს მოხელთების წადილი.

`ჩასწვდე პოეტის საიდუმლოს _ ნიშნავს იპოვო მისი შემოქმედებითი სულის ინდივიდუალური რიტმი~, _ წერს გრიგოლ რობაქიძე და სწორედ ამ რიტმს პოულობს, როცა შემოქმედთა პორტრეტებს ქმნის. პორტრეტის ხატვას განსხვავებული ოსტატობა სჭირდება _ ასეა ფერწერაში და ასეა ლიტერატურაში. ერთია, ზედმიწევნით აღწერო ცალკეული ნაკვთი, ხაზი ზუსტად გაავლო, ფერი და სიტყვა შეარჩიო და მეორეა გამოკვეთო სული, რომელიც ფერისა და ხაზის, სიტყვის მიღმაა.

გრიგოლ რობაქიძის მიერ შექმნილ პორტრეტებში სწორედ ეს ჩანს: მოუხელთებლის, `ასტრალური სხეულის~, წარმოჩენის ხელოვნება. პირველი პორტრეტი პეტრე ჩაადაევისაა. მწერალი ერთიანობაში ხატავს მის სულიერ-ხორციელ სახეს, თუ როგორ ირეკლება მის `გრძნეულ გამონათქვამებში~, უზარმაზარი მეტეორის ნამსხვრევებს რომ ჰგავს, მისი ნამდვილი მისწრაფებანი, მისი `მონუმენტური კონცეფცია~, რომელმაც რუსული აზროვნება განსაზღვრა.

ჩაადაევის ნააზრევის ცენტრალურ იდეას რობაქიძე ასე აყალიბებს _ ცხოვრება ღმერთში: `ის არაფერს იწყებს ისე, რომ არ ჩახედოს სახარებას, რათა წინასწარ გაიგოს, როგორ მოიქცეს~. სწორედ აქ ხედავს მწერალი ჩაადაევის ფენომენის რაობას, იგი `ადამიანურის~ სფეროში ყველაფერს დემონურად ემიჯნებოდა, რათა `ღვთაებრივის წიაღში ლაღად, მსხვერპლივით სრულქმნილიყო~.

რობაქიძე უღრმავდება მის `ფილოსოფიურ წერილებს“, მის სტილს გოთიკურს უწოდებს და Eეჭვი შეაქვს მის რუსობაში, თუმცა ამგვარ არარუსულ თვისებებს ხედავს პეტრე დიდსა და პუშკინშიც. პეტრე მისთვის არის `ნებისყოფიანი აქტი~, რუსი ხალხი კი მხოლოდ `განჭვრეტა~, პუშკინი  _ `მზიური გენიის მწყობრი რიგი~, რუსი ხალხი კი _ `მშობლიური ქაოსის~ ერთი ნაბახუსევი უსაზღვროება~.

ჩაადაევის ნაწერებში წარმოჩნდა `რუსეთის პრობლემა~, რაობა რუსი ერისა, რომელიც ქაოსისკენ იყო მიდრეკილი: `ჩვენში არ არსებობს წარსული ჩვენივე დამკვიდრებისთვის… ჩვენში არ არის ისტორია~. პეტრე დიდის გმირობას კი ჩაადაევი `შეშლილის აპოლოგიაში~ ასე ხსნის: `მან სახლში მხოლოდ თეთრი ფურცელი იპოვა და თავისი მძლავრი ხელით დააწერა სიტყვები: `ევროპა და დასავლეთი~. ეს წერილი ხელმოუწერლად გამოქვეყნდა და `გამაოგნებელი შთაბეჭდილება~ მოახდინა.  ნიკოლოზ პირველის ბრძანებით, ჩაადაევი მოძებნეს, შეშლილად გამოაცხადეს და სამედიცინო-პოლიციური მეთვალყურეობა დაუნიშნეს.

რობაქიძე დაასკვნის, რომ მან პირველმა ძირფესვიანად გაიაზრა რაღაც დასაბამიერი ქაოსი რუსულ სულში. ეს აზრი კი გაღრმავდა დოსტოევსკისა და ანდრეი ბელის შემოქმედებაში: `ჩაადაევი რუსეთის ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი გახლდათ: შეხედეთ რუსეთის თანამედროვეობას, მის უგუნურებას და უმალვე ჩაადაევი გაგახსენდებათ რუსული ქაოსის მისეული კონცეფციით~.

ლერმონტოვის სულის ლაბირინთში შეღწევას ცდილობს რობაქიძე და აღწევს კიდეც მიზანს წერილში `ლერმონტოვის ნიღაბი~. იგი წარმოაჩენს პოეტის გაორებულობას და ხაზს უსვამს, რომ მისი ბუნება აიხსნებოდა არა მხოლოდ გენიოსისთვის დამახასიათებელი `წინააღმდეგობათა სირთულით~, არამედ `ჰარმონიული სირთულითაც~. დემონური და ანგელოზური ერთდროულად იყო შერწყმული მის ბუნებაში _ ასე ახასიათებენ თანამედროვენი პოეტს. ვლ. სოლოვიოვი ლერმონტოვის ბუნებაში ხედავდა დემონიზმს _  `დამახინჯებულ ზეადამიანობას~. რობაქიძეს მოსწონს ვლ. სოლოვიოვის გამბედაობა, მაგრამ ფიქრობს, რომ მან მხოლოდ ერთი კუთხით მოიხელთა პოეტის სახე. მერეჟკოვსკი ნაწილობრივ ეთანხმებოდა სოლოვიოვს და მიიჩნევდა, რომ ლერმონტოვი წააგავდა იმ მერყევ ანგელოზებს, რომლებიც ღვთისა და ეშმაკის ბრძოლაში არცერთს არ მიემხრნენ, ამიტომაც ვერ გადალახავდა პოეტი `გაორების ტყუილს~.

რობაქიძე კი ამტკიცებს, რომ ლერმონტოვის საიდუმლო მის `ნიღაბშია~, ამიტომაც წინასწარ მოხაზავს ნიღბის ზოგად-ფილოსოფიურ ესკიზს. მისი აზრით, ცხოვრებას ორი იდუმალი მოვლენა განსაზღვრავს: დაბადება და სიკვდილი… არ გვეძლევა ცოდნა `საიდან?~  და არ ძალგვიძს, გავიგოთ `საით?~… ჩვენ ვიცნობთ ჩვენს ყოველდღიურ `სახეს~, მაგრამ არ გვაკმაყოფილებს: მუდამ ვეშურებით, ვძლიოთ საკუთარი თავი, გავხდეთ სხვა, უკეთესი და სრულქმნილი~. `ნიღბის~ ფენომენის არსსაც ასე ხსნის რობაქიძე: ადამიანს ეშინია, ბოლომდე გამოამჟღავნოს საკუთარი თავი…. დედიშობილა სიარული ოდენ ღმერთებს ძალუძთ, ჩვენ კი დაუსრულებელნი ვართ, არა სრულყოფილნი, ამიტომაც ნიღბით დავხეტიალობთ. უცხო ნიღბის ქვეშ ნამდვილი სახის დამალვა არის სწორედ ნიღბის პირველი მნიშვნელობა. არის სხვაგვარი ახსნაც: ჩვენ არა მხოლოდ ვმალავთ თავს (ყოველდღიურობის ნიღაბი), არამედ ვძლევთ კიდეც (მითოლოგიური ნიღაბი). პირველ შემთხვევაში, ადამიანს სურს `იგივე~ დარჩეს, მეორე შემთხვევაში, ადამიანს უნდა სხვა გახდეს, ის, ვის ხატსაც იღებს. ამგვარად, რობაქიძის აზრით, ტრაგედიაა, რომ ჩვენი `სახეები~ ჩვენივე ინდივიდუალურობის შემთხვევითი ნიღბებია: `ყოველი ჩვენგანი აჩრდილია, თავის ორიგინალს რომ დაეძებს. დასაბამიერი `მონადა~ და ემპირიული `სხეული~ _  აი, სად არის გაორება. `მონადას~ უკეთესი სხეული სურს, მაგრამ ისევ იმავე `სხეულიდან~.

რობაქიძე ლერმონტოვს გამორჩეულ ადამიანად აღიქვამს, რომელიც საკუთარ თავს ვერ პოულობდა. სწორედ ეს იყო მისი ნიღაბი: `იგი მარტოსული და ამაყია, ძლიერი და სასტიკია. იგი, ქაოსის ძე, მზადაა ქაოსის ფრთები შემოაჭდოს მთელ სამყაროს, რათა მასთან ერთად დამღუპველ ქაოსში გადაეშვას. იქ კი, შორს, `თეთრი მდუმარების ბორცვზე~, სადაც მისი უდრეკი სული მეფობს, ზოგჯერ მსოფლიო სულის ღრმა ოხვრა ისმის და თუ მილიონი ადამიანი იტყვის: უკეთესია  გახდე `სხვა~, ის, ერთადერთი, გამომწვევად აცხადებს: უმჯობესია, `სხვად~ დაიბადო~.  ლერმონტოვის გარეგნობაც თითქოს `მისივე სულის ნიღაბი გახლდათ~. რობაქიძისთვის იგი `ჩვენს პლანეტაზე შემთხვევით მოხვედრილია~.

რობაქიძე მკითხველის ყურადღებას მიაქცევს ლერმონტოვის ლექსისკენ `შუაღამის ცაზე ანგელოზი ფრენდა~, რომლის სიღრმე და სილამაზე აოცებს და ფიქრობს, რომ `ლერმონტოვის ტრაგიკული ნიღაბი~ ამ რელიგიურ ლექსში გამჭვირვალე და ხელშესახებია: `თითქოსდა ლერმონტოვი თავად ჭვრეტდა მარადიული სულის დროისმიერ სხეულში განსახიერებას, რადგან ის, ამ განსხეულების ტრაგიკული შეცდომა, თითქოს როგორღაც მის მიღმა იდგა. აქედან _ მისი არაჩვეულებრივი შეგრძნება მარადიულობისა და ყოველივე იმისა, რაც მარადისობას უკავშირდება~.

რობაქიძე ჩასწვდა ლერმონტოვის გაორებულობის, მისი მარტოსულობის საიდუმლოს: `მისი `სახე~ არ ჩანს, მისი `ნიღაბი~ კი საზარელია და მისგან ყველა გარბის, `როგორც შეთქმული~, მაგრამ, ვინ იცის: ვინც ქარიშხლებსა და ბრძოლებს გადაიტანს, შესაძლოა, ლერმონტოვის `ნიღაბსაც~ შეიგრძნობს და მის `სახეს~ იხილავს. და მაშინ საზარელი `ნიღაბი~ გაცისკროვნებულ პირისახედ გარდაიქმნება, `სასტიკი მზერა~ კი _ ცათა ნათელ ლაჟვარდად~.

`როზანოვს რუსულ ლიტერატურაში ბადალი არ ჰყავს~, _ აღტაცებას არ მალავს  გრიგოლ რობაქიძე და საოცარ ფენომენად მიიჩნევს ვასილი როზანოვს, რომლის პორტრეტშიც ჩანს ამ მწერლის `მისტიკური კონცეფციის~ წვდომის წადილი. ეს მწერალი შედარებით უცნობია ქართველი მკითხველისთვის და, ვფიქრობთ, ეს პორტრეტი გააღვივებს მკითხველის ინტერესს მის მიმართ.

რობაქიძე პორტრეტის შექმნისას იყენებს როზანოვის დღიურის ჩანაწერებსა და მის ნაწარმოებებს. `მე ყველაზე ნაკლებად დაბადებული ადამიანი ვარ, _ წერს როზანოვი, _ თითქოს ჯერ კიდევ მოკუნტული ვწევარ დედის მუცელში და ვისმენ სამოთხის ჰანგებს… რა ეშმაკად მინდა `საინტერესო ფიზიონომია~ და ან კიდევ `ახალი სამოსი~, როდესაც მე თვითონ უსაზღვროდ საინტერესო ვარ, სულით კი _ უსასრულოდ ბებერი, გამოცდილი, ზუსტად 1000 წლისა, და, ამასთან, ახალგაზრდა, ვითარცა სრულიად ბავშვი~ (`განმარტოებულნი~). მართლაც, შეუხედავი ყოფილა როზანოვი. ერთგან ასე ხუმრობს საკუთარ თავზე: `17 წლის გოგონამ მითხრა: `თქვენში მამაკაცური მხოლოდ… შარვალია~. რობაქიძის აზრით, როზანოვის ცხოვრება და შემოქმედება მოწმობს, რომ `ის ჯერ კიდევ არ დაბადებულა, იგი დედის წიაღის დენადობაში ცხოვრობს _ ემპირიულად უსახურია, მეტაფიზიკურად იგი უბრალოდ `უსახოა~, უპიროვნო. მასში არ არის ინდივიდუალურობა და, ამის მიუხედავად, ან შესაძლოა, ამის წყალობით, მას წილად ხვდა გენიალური ყოვლისმგრძნობელობა… ჩვენთვის ახლა გასაგებია მისი სულის `აწეწილობა~, სადაც `ტალახი~ ეთვისება `სინაზეს~ და ეს `სინაზე~ _ `ნაღველს~.

ანდრეი ბელი ქართველ სიმბოლისტებთან დაახლოებული მწერალი იყო, ის კარგად იცნობდა ქართულ კულტურას და აღტაცებული იყო მისით. `მე სამი წიგნი მახლავს თან: `სახარება~, `ზარატუსტრა~ და `გოგოლი~ _ ეს კარგად წარმოაჩენს მწერლის შემოქმედების `მასაზრდოებელ~ თუ შთამაგონებელ წყაროებს.

გრიგოლ რობაქიძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა შემოქმედს მიწასთან, ხოლო მიწის ხატში ის გულისხმობდა: `საგნებს, დროს, ქაოსს~.  მისი აზრით, ჩვენ საგნებს დროში აღვიქვამთ (მათს გაჩენას, ზრდას, კვდომას, ხრწნას…). აქ რობაქიძე ეყრდნობა  პლოტინის, კანტის, ბერგსონის შეხედულებებს. ქაოსი კი `ყოფნისა და არყოფნის იდუმალი მიჯნაა~.

რობაქიძე პოეტებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს იმის მიხედვით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მიწასთან: პირველნი _ მიწაზე შეყვარებულნი, რომელთათვისაც მიწა დიდი დედაა, ღვთისმშობელი… ღალიანი მიწა~ (დოსტოევსკი). მათი დამოკიდებულება ეროტიკულია _ ამ აზრის დასტურად ბერი ზოსიმეს სიტყვები მოჰყავს: `ეამბორე მიწას და განუწყვეტლივ, ხარბად გიყვარდეს იგი, ეძებე მასში აღფრთოვანება და სიშმაგე~ (`ძმები კარამაზოვები~). რობაქიძე აღტაცებულია ძველი ელადის `მხატვრული გენიით~, რომელმაც ეს სიყვარული პლასტიკურად გამოსახა აფროდიტეს ხატით: `ზღვის ქაფიდან ქალღმერთი დაიბადა: როგორი ეროტიზმია მიწის სხეულის აღქმაში! აქ ზურმუხტისფერ ნაკადს თეთრი ქაფი გადასდის და მარმარილოსებრ მოხაზულ სხეულში მყარდება~. აქვე რობაქიძე იხსენებს ჰომეროსსაც, დემეტრეს კულტს და დაასკვნის, რომ სხეულისადმი სიყვარული საგანთა სიყვარულს ბადებს _ აქედან მოდის ამგვარ `შემოქმედთა სულიერი რიტმის უჩვეულო სიმწყობრე, მზით გასხივოსნება, ჰომეროსის `ნათელი ლხინი~. ასეთ შემოქმედებად ასახელებს: ჰომეროსს, ტიციანს, გოეთეს, პუშკინს, ტოლსტოის, რაც შეეხება პუშკინს: `მას `ქაოსის~ წინაშე ტიუტჩევისეული შიში არ აქვს: ის მის ბნელ ენას სწავლობს~.

მწერლის აზრით, არსებობენ შემოქმედნი, რომელთაც არ უყვართ მიწა: `მათი პირქუში მზერა მხოლოდ და მხოლოდ საგანთა გახრწნასა და დაშლას მიემართება… მათ სრულებით არ ახარებთ მიწის სხეული… მას შეიგრძნობენ, როგორც წყლულებიან გვამს…. ცოცხალ ქმნილებებში ისინი ვერ ხედავენ მადლს~. მიწის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება განსაზღვრავს მათს შემოქმედებით მეთოდსაც; `სხეულის ნაცვლად _ გეომეტრიული  ჩონჩხი, მწიფე ნაყოფის მაგიერ საზარელი ურჩხულები~. ამგვარ შემოქმედებად რობაქიძე გოგოლს, პიკასოს, გოიასა და ნაწილობრივ, ბოდლერსაც მიიჩნევს.

თუმცა რობაქიძე იმგვარ შემოქმედებზეც საუბრობს, რომლებიც  საგნებს მიღმა სხვა საგნებს ჭვრეტენ, `მათ უყვართ სხეული მიწისა, ოღონდ   სახეშეცვლილი მიწისა…. მათთვის მიწა _ სამყაროს სულია, სოფია, მარადიული ქალურობა: და ის ელის განაყოფიერებას მზისაგან და დაბადებას მარადისობისაგან. ამგვარ შემოქმედთ რობაქიძე `აპოკალიფსური რიტმის სულისად მიიჩნევს~, რომლებიც მრავლად იყვნენ `კატასტროფულ რუსეთში~, მაგალითად,  ვლადიმერ სოლოვიოვი, დოსტოევსკი, მერეჟკოვსკი, ბლოკი.

ანდრეი ბელი კი ყველა ამათგან იმით განსხვავდება, რომ მას სურს `ახალი ცა და ახალი მიწა~ გაჩნდეს `იმავე სამყაროს სხეულის მძვინვარე დაფერფვლის მეშვეობით. რობაქიძე ბელის ფსევდონიმზეც ამახვილებს ყურადღებას (მისი ნამდვილი სახელი და გვარი ბორის ბუგაევია: `ბელი _ აპოკალიფსური ხატი… იგი სულის თეთრ ქვაზეა ამოტვიფრული… უნებლიეთ ჩნდება აზრი `პირველწოდებულობაზე~ (ანდრია პირველწოდებული). მან ნამდვილად გაამართლა თავისი ფსევდონიმი~. რობაქიძე აანალიზებს ბელის შემოქმედებას და ფიქრობს, რომ ბელისთვის ყოფიერების საზღვრები არასაგნობრივი და სრულიად უაზროა – ისინი სხივმოსილი მაიას ჯადოსნური საბურველის მოჩვენებითი ნაოჭებია~. მწერლის აზრით, ბელი მიწის სიძულვილში გოგოლს ენათესავება: `რა გინდა ჩემგან, რუსეთო! ჩვენ შორის რა მოუხელთებელი კავშირი იმალება?~ (გოგოლი `მკვდარი სულები~),  `პეტერბურგო, არ მასვენებდი ტვინის ფუჭი თამაშით. შენ გულქვა მტანჯველი ხარ, შენ ხარ ცოცხალი აჩრდილი~ (`ანდრეი ბელი `პეტერბურგი~). რობაქიძეს მოჰყავს გოგოლისა და ბელის რუსეთისადმი მსგავსი დამოკიდებულების წარმომჩენი მაგალითები. აღსანიშნავია, რომ ბელიმ დაწერა  გოგოლის შესახებ წერილი `მწვანე ველი~, რომელშიც ხაზი გაუსვა მის `მოწყვეტას მიწისაგან~: `კაცობრიობისეული მიწა მისთვის ეთერად და ნეხვად დაიშალა, მიწაზე მობინადრე არსებები კი საკუთარი თავისათვის ახალი სხეულების მძებნელ  უსხეულო სულებად იქცნენ… ისინი ნეხვზე ამოზრდილ, ადამიანის მსგავს თალგამებად იქცნენ~. რობაქიძე იხსენებს ბელის ნაწარმოებებს: `აღმოსავლეთი თუ დასავლეთი~, `ვერცხლის მტრედი~,  `პეტერბურგი~ _ რომლებშიც წარმოჩნდა, თუ როგორ იხილა მწერალმა `დედობრივ წიაღში  დიონისურის ბნელი სტიქია~. `წერს თუ საუბრობს ბელი _ ყოველთვის გრძნობ `წმინდა სიგიჟის~ მადლს… იგი აპოკალიფსის ნამდვილი ეპილეპტიკია~. რობაქიძე  იხსენებს, თუ როგორ `გენიალურად აღწერა~ აღწერა დოსტოევსკიმ ეპილეფსია, როგორც წმინდა ავადმყოფობა~, რომელიც `სხვა სამყაროსთან~ შეხების საშუალებას იძლევა.  (`იდიოტი~). `ბნელსახიანი ქაოსის შეშლილი სიტყვები ესმის~ რობაქიძეს ბელის `სიმფონიებიდან~ და ლექსებიდან.

რობაქიძის აზრით, ბელის შემოქმედებაში შეიმჩნევა `სივრცისგან დაშორების~ მიდრეკილება, რომ მისი თითქმის ყველა გმირი სივრცის შიშით იტანჯება. ამ შიშს კი იგი, ზოგადად, რუს ხალხში პოულობს. რობაქიძე ბელის აპოკალიფსური მსოფლშეგრძნების კიდევ ერთ შტრიხს ასახელებს: `მოვლენები `პეტერბურგში~ 663 გვერდზეა გადმოცემული და 24 საათზე მეტხანს მიმდინარეობს. დროის მძაფრი შეგრძნება ბელისთან `უდროობით~ აიხსნება: რადგან, თუ დავუშვებთ, რომ ერთიან წამში მარადისობა მიქრის, მაშინ გამოდის, რომ დრო უკვე მეტად აღარაა~. რობაქიძე გამოწვლილვით აანალიზებს `პეტერბურგს~ და დაასკვნის, რომ ეს ქალაქი რომანში _ იდუმალი აჩრდილია. `მის ხატში მწერალმა მიწის აპოკალიფსური (და, ამასთან, დაფერფვლის გზით) უარყოფა გვაჩვენა~.

გამომცემლობა `არტანუჯმა~ გამოსცა გრიგოლ რობაქიძის `პორტრეტების~ ეს კრებული, რომელიც რუსულიდან ჩინებულად თარგმნა მანანა კვატაიამ. მას გრიგოლ რობაქიძის გერმანულ ენაზე დაწერილი სხვა წერილებიც აქვს ნათარგმნი. აღსანიშნავია, რომ მთარგმნელს კარგად აქვს გათავისებული აქვს რობაქიძისეული საკმაოდ რთული და მანერული სტილი.

 

 

დიდი რბოლა ბაქოში

0

მთელი ოთხი დღის განმავლობაში, ერთ დროს პატარა და მშვიდი, ახლა კი მადლმოსილი ნავთობით გალაღებული ბაქო მთელი მსოფლიოს ცენტრში იყო მოქცეული. ბაქოს ქუჩებში გამეფებული ბოლიდების ღმუილის ხმა გახლდათ ის ჰანგი, რომელიც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს დასავლეთის ცივილიზაციისკენ უკვალავს გზას, რიგით აზერბაიჯანელებს კი აძლევს იმედს, რომ მათ დედაქალაქში უკვე მეორედ გამართული FORMULA 1-ის „გრან-პრი“ ის ტრამპლინი იქნება, რომელიც მათ ქვეყანას დიდ სპორტულ და პოლიტიკურ შარაგზაზე გაიყვანს.

ჯერ სატესტო თუ საკვალიფიკაციო რბოლებზე, შემდეგ კი უშუალოდ ბაქოს „გრან-პრიზე“ პირველად მოხვედრილ ადამიანებს ბედად გვხვდა ის სიხარული, რომელიც ბაქოში ამ ოთხი დღის განმავლობაში სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გამო, ბაქოს დიდი ნაწილი გადაკეტილი და პარალიზებული იყო, ქალაქი დიდი სიხარულით ხვდებოდა სტუმრებს და მათ შორის მათთვის კარგად ნაცნობ ქართველ სპორტის მოყვარულებსაც. ბაქოში ჩასულიყვნენ ისეთი ეგზოტიკური ქვეყნების მკვიდრი ავტოსპორტის მოყვარულებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და კამბოჯა. ერთ რამედ ღირდა იმის ნახვა, როგორ მადიანად შეექცეოდა დანიელი წყვილი ბაქოურ ცხვრის ტოლმას და აზერბაიჯანული სიდინჯით დაგემოვნებით აყოლებდა მაგარ, უშაქრო ჩაის.

მათ, ვინც არ ან ვერ შეძლო რბოლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა, სარბოლო ტრასის გაყოლებაზე მშვენივრად რესტავრირებული სახლების სახურავებზე და აივნებზე დაეკავებინათ ადგილი. სახურავებზე მსხდომთა შორის, რიგითი ბაქოელების გარდა, შედარებით ჯიბეცარიელ ტურისტებსა და უცხოელ სპორტის მოყვარულებსაც ნახავდით. მოხუც ნაზიმს თავისი სახლის აივანზე მთელი ინფრასტრუქტურა ჰქონდა მოწყობილი თავისი სამოვრით, რამდენიმენაირი დურბინდით, ხილით, ნარდით და მობერებულ მეგობრებთან ერთად ისეთი აზარტით უყურებდა ბოტასის თუ ვეტელის ჩაქროლებებს, თითქოს თავის ცხოვრებაში სპორტის ამ სახეობის ცქერის გარდა, სხვა არაფერი ეკეთებინოს.

უცხოელ ქომაგებს შორის ბაქოში ყველას, რა თქმა უნდა, იქვე, დაღესტნიდან გადმოსული რუსები სჭარბობდნენ. რუსებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათი თანამემამულე სერგეი სიროტკინი რაიმე განსაკუთრებულს ჩაიდენდა, მაგრამ ახალგაზრდა მრბოლელს მოსახვევში უხეიროდ შესვლისას ჯერ კინაღამ ავტომობილი აუფეთქდა, შემდეგ კი იმის უხეირობაზე ყველა უცხოელი ისე ხალისობდა, რომ რუსი ქომაგების რაოდენობამ სარბოლო ტრასების გასწვრივ ტრიბუნებზე საგრძნობლად მოიკლო. სამაგიეროდ მოიმატა ლუდხანებსა და ბარებში, რაც, ცხადია, არავის გაგვკვირვებია.

უკვე ვთქვით, თუმცა მაინც ხაზგასმით უნდა ვახსენოთ რიგითი, უბრალო ბაქოელები – ხალხი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები არიან და უცხოელებს ჭეშმარიტად კავკასიური სტუმართმოყვარეობითა და სითბოთი ხვდებოდნენ. ბაქოში მყოფი ქართველები ერთგვარი შურითა და დანანებით აღნიშნავდნენ, რომ განსხვავებით საქართველოსგან, ვერსად ნახავდით უცხოელი სტუმრების მოტყუების ერთ მცდელობასაც კი – რესტორანში იქნებოდა ეს, მაღაზიაში, ტაქსიში თუ სადმე სხვაგან. ჩვენთან კი, როგორც იცით, უცხოელებისათვის ყველაფერზე ფასების შეგნებული გაბერვა და მათი მოტყუება სამწუხარო და გულსატკენ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დიდი სიხარულით და რაც ყველაზე მთავარია, ინგლისური და რუსული ენების გემრიელად ცოდნით ყველას ხალისით ასწავლიდნენ გზას, მიაცილებდნენ სასურველ ადგილებამდე, ეხმარებოდნენ გარკვეულიყვნენ სხვადასხვა ადგილებში და ამას აკეთებდნენ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და რაც მთავარია, რწმენით, რომ ეს მათ ქვეყანას სჭირდებოდა, გამოადგებოდა, სახელს გაუთქვამდა…

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...