შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

 დღის გახსნა მცხრალი მზით

0

ორმოქმედებიანი სათაური კი გამოვიდა წერილისთვის, მაგრამ აქ ყველა სიტყვას თავისი აზრი აქვს. უფრო სწორად, სიტყვათშეთანხმებებს – „დღის გახსნა“ და „მცხრალი მზე“ – და ისინი წიგნების სათაურებია.

წიგნების ავტორები კი უკრაინელი და ლიეტუველი პოეტები არიან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ სტუმრობდნენ საქართველოს და მათი სტუმრობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამ ახალი კრებულების ქართველი მკითხველისთვის წარდგენა იყო.

ნატალია ტროხიმი (უკრაინა) და ვლადას ბრაზიუნასი (ლიეტუვა) – ამ ავტორებს ლიტერატურის მოყვარული ქართველები უკვე იცნობენ. ისინი საქართველოს, ჩვენი მწერლობის გულშემატკივრები და დიდი ხნის მეგობრები არიან. მათი ეს ვიზიტიც ამ ურთიერთობების დადასტურება იყო და ივლისის პაპანაქების მიუხედავად, მაინც საოცრად შთამბეჭდავად, შინაარსიანად და საინტერესოდ ჩაიარა – მათ საღამოებს არც მსმენელი დაკლებია და არც თავად გასჩენიათ ეჭვი, რომ ქართველებს სტუმრების საკადრისად მასპინძლობაში რამე ხელს გვიშლის.

ნატალია ტროხიმი _ უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელია, დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ხმელნიცკში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ლვოვში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბავშვო სალიტერატურო-მთარგმნელობით სტუდიას _ `გოლოსი~ და ასევე გახლდათ მხატვრული თარგმანის საბავშვო ფესტივალის ორგანიზატორი.

 

ნატალია ტროხიმი ექვსი პოეტური კრებულის ავტორია. ასევე, თარგმნის ინგლისელი, პოლონელი, ბელორუსი, რუსი, ქართველი და ლიტველი ავტორების პროზაულ თუ პოეტურ ნაწარმოებებს შუამავალი ენის გარეშე.

2009 წელს მიღებული აქვს მაქსიმ რილსკის პრემია, სალმან რუშდის რომანის `შუაღამის შვილების~ თარგმანისთვის.

ბოლო ხანს აქტიურად თარგმნის ქართველ ავტორებს: 2011 წელს გახდა ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიის «Храми над хмарами»~ (ტერნოპოლი, გამომცემლობა `კროკი~) მთარგმნელი და შემდგენელი. 2015 წელს გამოვიდა წიგნი-ბილინგვა _ ამირან სვიმონიშვილის ლექსები ქართულ ენაზე უკრაინული თარგმანებითურთ. 2016-2017 წლებში უკრაინულ ჟურნალებში `«Склянка часу» (2017), «Крилаті» (2017), «Малятко» (2018), თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიაში «Просто неба» (2017) და ალმანახში «Литаври» (2016; 2017)  გამოჩნდნენ ქართველი ავტორების _ გაგა ნახუცრიშვილის, ცირა ბარბაქაძის, ნატო ინგოროყვას, მარიამ წიკლაურის, ზაზა კოშკაძის, სერგო წურწუმიას, ლელა ცუცქირიძის მისეული თარგმანები.

ნატალია ასევე სერიოზულად მუშაობს საბავშვო ლიტერატურაშიც. მის საბავშვო წიგნებს, პუბლიკაციებს და თარგმანებს მალე იხილავს ქართველი მკითხველიც.

„მცხრალი მზე“ – ასე ჰქვია კრებულს, რომელიც საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა და რომელიც, თავად ავტორმა, მთარგმნელებთან და ერთად წარადგინა 12 ივლისს, ნოდარ დუმბაძის ფონდში. კრებულში შესული ლექსები სხვადასხვა დროს თარგმნეს ამირან (პაკო) სვიმონიშვილმა და მარიამ წიკლაურმა.

ნატალია ტროხიმი – უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელია, დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ხმელნიცკში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ლვოვში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბავშვო სალიტერატურო-მთარგმნელობით სტუდიას – „გოლოსი“ და ასევე გახლდათ მხატვრული თარგმანის საბავშვო ფესტივალის ორგანიზატორი.

ნატალია ტროხიმი ექვსი პოეტური კრებულის ავტორია.

ასევე, თარგმნის ინგლისელი, პოლონელი, ბელორუსი, რუსი, ქართველი და ლიტველი ავტორების პროზაულ თუ პოეტურ ნაწარმოებებს შუამავალი ენის გარეშე.

2009 წელს მიღებული აქვს მაქსიმ რილსკის პრემია, სალმან რუშდის რომანის „შუაღამის შვილების“ თარგმანისთვის.

„ნატალია ტროხიმის პოეტური სამყაროს მთავარი სათქმელი და გნებავთ, ღერძი – ესაა ქალი, რომელმაც ყველაფერი საუკეთესო უნდა გადაარჩინოს სამყაროშიც და თავის თავშიც, იგი არავისგან არ ითხოვს წყალობას, დათმობას და ძალიან მამაცურად, იოლად პოულობს საკუთარი თავისა თუ საზოგადოდ ადამიანის გასამხნევებელ სიტყვებს… მის ლექსებს გამოარჩევს ღრმა ფსიქოლოგიზმი, ზუსტი ნიუანსები და შეულამაზებელი სათქმელი, გაბედული, მკაცრი, მაგრამ ყოველთვის ადამიანის მხარეზე მდგარი მოსიყვარულე თანამლმობელისა“, – ვკითხულობთ კრებულის შესავალში.

ჭაშნიკად კი, ერთ ლექსს გთავაზობთ ამ მართლაც მშვენიერი წიგნიდან:

 

ვერცხლისწყალი

 

მე არა ვარ ქალი – ოქრო, მე ვარ ვერცხლისწყალი.

ვერ ვივარგებ მოსართავად – სასიკვდილო შხამი.

ახლოს არც კი გამეკარო – შესუნთქვაც კი ღუპავს,

შემსვი ხარბად, თუ ეგრე გსურს, არა წვეთ-წვეთ, ყლუპად.

მე არა ვარ ქალი – ოქრო, და გახსოვდეს კარგად,

რომ ვერაფრით შემაკავებ ბადესთან და კართან!

მძიმე ვარ და თხევადიც ვარ, დამღვრი, ვიწოვები,

ვორთქლდები და ზევით, მაღლა, ცაში ვიწონები. (თარგმნა მარიამ წიკლაურმა)

„დღის გახსნა“ კი ლიეტუველი პოეტის – ვლადას ბრაზიუნასის ახალი კრებულია ქართულ ენაზე. ის ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ დასტამბა.

ვლადას ბრაზიუნასი დაიბადა 1952 წელს.

გარდა იმისა, რომ ის ლიეტუვაში ერთ–ერთი ყველაზე პოოპულარული პოეტია,  გახლავთ ასევე მთარგმნელი, ესეისტი და ფოტოხელოვანი. ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. ვილნიუსში.

თხუთმეტი წელი იყო გაზეთ „ლიტერატურისა და ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი. ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი  უნივერსიტეტის ფოლკლორული ექსპედიციისა, ლიეტუველ მთარგმნელთა ასოციაციისა, დამფუძნებელი და ორგანიზატორი საერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოების   „Magnus Ducatus Poesis“-ისა (magnusducatuspoesis.lt).  1996 წლიდან თავისუფალი  შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა. დაახლოებით 32 ლიტერატურული პრემიის ლაურეატია სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამათგან უმნიშვნელოვანესია  2013 წელს ეროვნული კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო პრემია, ხოლო 2017 წელს – ბალტიის ქვეყნების ასამბლეის ლიტერატურული პრემია. ის ოცდაერთი პოეტური კრებულის ავტორი და მრავალი ნაწარმოების მთარგმნელია. 70-იანი წლების დასასრულსა და 80-იანი წლების დასაწყისში ვლადას ბრაზიუნასი თითქმის ერთადერთი პოეტი იყო, რომელიც ეწეოდა ქართული პოეზიის პოპულარიზაციას. თარგმნიდა როგორც ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს, ასევე თანამედროვე პოეტებსაც.

ქალბატონი ნანა დევიძის (მთარგმნელი, ფილოლოგი) დიდი დამსახურებაა, რომ ქართველი მკითხველი კარგად იცნობს თანამედროვე (და არა მხოლოდ) ლიეტუვურ ლიტერატურულ პროცესს და პირიქითაც – ლიეტუვაში ასე ძალიან ინტერესდებიან და უყვართ ქართული მწერლობა.

 

ვლადას ბრაზიუნასის პოეტური სამყარო თავისთავადი და საინტერესოა. მისი პოეტური ენერგიის პირველწყარო მშობლიური კილოკავი, ლიეტუვური მითოსი და ხალხური პოეზიაა. ალუზიებითა და ასოციაციებით დატვირთულ ლექსებში სიტყვა ზოგჯერ თავის ლოგიკურ შინაარსს კარგავს, ზოგჯერ ის თავად ქმნის ახალ სიტყვებს და მათ სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მოულოდნელი და უჩვეულო მეტაფორები კი ქმნიან მელოდიას და ბადებენ განუცდელ ემოციებს, რისი სხვა ენაზე გადმოტანაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ვლადას ბრაზიუნასის პოეზიას თარგმნიან – ნანა დევიძე, მარიამ წიკლაური, დინარა კასრაძე და სხვები.

მკითხველს მის ერთ ლექსსაც ვთავაზობთ, კრებულიდან „დღის გახსნა“:

ჩუმი ცხოვრება

მიტოვებული საფლავთა კვლები
ჩემი ბაღები
აქ ვერსად ნახავ ხეხილის ტევრებს.
ზეცის თაღებში
გაშიშვებულან უსასრულო ფესვები ელვის.
მეჭიდებიან.
თამაშობს ჩონჩხის ფალანგები, უცვეთი ძვლები,
სულზე მებმიან
საკინძეს დიდი სიჩუმისას ვიკრავ და ვთბები,
ბოსტნის კვლები კი,
კვლავ გრძელდებიან თხუნელათი, ლოკოკინათი,
თავს ვიმუნათებ,
დიახ, მშურს მათი. (თარგმნა მარიამ წიკლაურმა).

 

 

მიშო მასწავლებელი, ახალგაზრდა აღმზრდელი ბედიანიდან

0

ტყეში ჩაფლულ დაბა ბედიანს, ერთი უცნაური თვისება აქვს – თუ აქ მოხვდი, მუდამ აქ დაბრუნებაზე ფიქრობ.  პატარა დაბაში,  რომელიც წალკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის რამდენიმე ინსტიტუციაა, ერთ-ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოა, მონასტერი, ბავშვთა ცენტრი და სკოლა. წლების წინ ბედიანს მხოლოდ ფსიქიატრიული საავადმყოფოს სახელით  იცნობდნენ. დაბა, რომელიც ძირითადად ბერძენი და სომეხი მოსახლეობით იყო დასახლებული, ქართული მონასტრისა და ბავშვთა ცენტრის გახსნის  შემდეგ გარე სამყაროსთვის უფრო ღია და მიმზიდველი გახდა.

25  წლის მიშო სულთანოვსაც  აქვს ბედიანში დარჩენისა და  ცხოვრების სურვილი. იგი თითქმის 14 წელია, ბედიანის ბავშვთა ცენტრში ცხოვრობს. სკოლაც აქ  დაამთავრა.  შემდეგ კი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა  აღმოსავლეთმცოდნეობაზე, კერძოდ, არაბისტიკაზე. მაგისტრატურა  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა საერთაშორისო ურთიერთობებზე, თუმცა ბედიანიდან საბოლოოდ არასოდეს  წასულა. იგი ყოველთვის რჩებოდა იმ მცირე ტიპის ოჯახური  ბავშვთა სახლის ნაწილად, რომელსაც ბედიანის ბავშვთა ცენტრი ჰქვია. პროფესია კი ოდნავ სპონტანურად აირჩია, თუმცა  არაბულმა მაინც დააინტერესა. არაბული ისწავლა და მოკლე პერიოდი არაბულენოვან და ინგლისურენოვან გიდადაც მუშაობდა. სანამ უნივერსიტეტში სწავლას დაიწყებდა, მსახიობობაზე ოცნებობდა. მის სურვილს ბავშვთა ცენტრის მესვეურები გაგებით მოეკიდნენ, ეხმარებოდნენ მიზნის მიღწევაში. მიშოც დადიოდა სხვადასხვა მასწავლებელთან, სანამ თავად არ დარწმუნდა, რომ მსახიობობა მისი საქმე არ იყო. თვითონ ამბობს, რომ ბავშვთა ცენტრის სისტემა მთლიანად ბავშვზე და მის საუკეთესო ინტერესებზეა მორგებული, უბრალოდ არის რაღაცები, რაშიც თავად უნდა დარწმუნდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალ გარე სამყაროსთან ურთიერთობის დაწყება ძლიერი შიშებით ახსენდება. ბედიანში თავისუფლება ჰქონდა, უფრო შინაურ წრეში ტრიალებდა, სადაც ყველა იცნობდა და არ ჰქონდა აღიარების პრობლემა. ასე იხსენებს თბილისში სწავლის დაწყების პირველ წელს: „ძალიან დიდი შიში მქონდა ადამიანების. ცოტა გვიან გავაცნობიერე, რომ  ეს  ჩემი კომპლექსი იყო გარე სოციუმში გასვლის, უნივერსიტეტის. აქ დღეს ჩამოდიან ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე მე „შემაშინეს”, რომლებთანაც მე რაღაცებს ვერ ვამბობდი; არ ვიცოდი ისინი რას ფიქრობდნენ, რას ლაპარაკობდნენ, როგორ ლაპარაკობდნენ, რა ტერმინოლოგიას იყენებდნენ, რა ინტერესები ჰქონდათ, რაზე იცინოდნენ.  ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ არ დაეცინათ და უნივერსიტეტში ორი კურსის განმავლობაში ჩემი აზრის გამოთქმას ვერიდებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგონა  დამცინებდნენ. თბილისში  დავდიოდი შეშინებული. თუმცა სწორედ იქ გავიზარდე როგორც პიროვნება. მივიღე ცოდნა, გამიჩნდა უცხოეთში წასვლის შესაძლებლობები. მე ვიყავი ძალიან მონდომებული  და ჩემი თავი ახალი კუთხით აღმოვაჩინე. სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა, მარტო იმან გადაწყვიტა, რომ ინგლისური ვიცოდი. ინგლისურს რაც შეეხება, უნივერსიტეტმა ინგლისური განათლება საერთოდ ვერ მომცა. მე ვკითხულობდი ძალიან ბევრ წიგნს ინგლისურად, ვუყურებდი ფილმებს ინგლისურ ენაზე და არაფერი არ მესმოდა. მე მიყვარს ინგლისური და დღესაც, როცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ენა სრულფასოვნად შევისწავლე, ამის მიუხედავად, მაინც ვსაუბრობ ამ ენაზე”, – იხსენებს მიშო.

მიშოს მაინც უწევს იმის მტკიცება, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა ცენტრში ცხოვრობდა, ეს არ არის ისეთი ტიპის დაწესებულება, როგორიც ფილმებში უნახავთ ან თავად წარმოუდგენიათ.

„ბედიანს კარგი კიდევ ის აქვს, რომ როცა 18 წლის ხდები, ბავშვთა სახლიდან გიშვებენ, თუმცა მე უკვე 25 წლის ვარ, მაგრამ მაინც ბავშვთა სახლში ვარ. ამ სისტემიდან რომ წავიდე, ყოველთვის მექნება მისი დიდი მხარდაჭერა. და ეს არის ყველაზე მისი საუკეთესო მხარე. ეს არის ოჯახური ტიპის სისტემა. ყველას უკვირს, აქ ვინც მოდის, რომ ეს ბავშვთა სახლია, იმდენად ოჯახურ და  ბუნებრივ გარემოში ვცხოვრობთ. ყველას ასე წარმოუდგენია, რომ დიდ სასადილოში ვსაუზმობთ ყველა ერთად, ვიღაცა ცუდად რომ იქცევა, თითებზე სახაზავს ურტყამენ, როგორც ფილმებში უნახავთ  სკოლა-ინტერნატებზე. აქ ჩამოსულები სულ სხვა რეალობას ხედავენ”.

ბედიანის ბავშვთა ცენტრის არსებობა უკვე ათზე მეტ წელს ითვლის.  მიშო ამბობს, რომ  იმ აღსაზრდელებს, რომლებსაც აქ ცხოვრება სურთ, ცდილობენ საკუთარი საქმე გამოუნახონ. ზოგი მეფუტკრე ხდება, ზოგი – მეურნე, ზოგი ნელ-ნელა ბავშვთა ცენტრის საქმეების ხელმძღვანელობას ითავსებს, ზოგი მიდის და მასაც ეხმარებიან დამოუკიდებელი ცხოვრების აწყობაში, ზოგიერთს სწავლაში და ა.შ.  ყველა სხვადასხვა საქმეს და პასუხისმგებლობას ინაწილებს. მიშოს ბავშვებთან ურთიერთობა მოსწონს. ამბობს, რომ როდესაც პატარა იყო, მას აკვირდებოდნენ, ახლა როდესაც გაიზარდა, სხვა ბავშვებს თვითონ აკვირდება. ცდილობს, გამოიცნოს, რა სწყინთ, რა უხარიათ, რაზე ბრაზობენ ან რატომ ჩხუბობენ  ბავშვები; ცდილობს, ყველას ინდივიდუალურად მიუდგეს, ზოგი დაამშვიდოს, ზოგი შეარიგოს და გაამხნევოს. ბავშვებთან ურთიერთობას ყოველთვის აანალიზებს და ცდილობს მუდმივად იყოს დამკვირვებლის როლში, რომ არაფერი გამოეპაროს.

„პატარებს ფაქიზი სული აქვთ და ყველაფერი მათ ენაზე უნდა უთარგმნო. მთავარია, მათი აზრები დაიჭირო და ამ ენაზე ელაპარაკო. რაც უფრო ახლოს ხარ მათ აზრებთან, უფრო მეტად ხვდებიან შენს სათქმელს და გითვალისწინებენ“, – ამბობს მიშო.

ბედიანის ბავშვთა ცენტრმა წელს ბანაკის საპილოტე მცდელობა განახორციელა. თბილისიდან ჩამოსულ ბავშვებსა და ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს მიშო ხელმძღვანელობს. მან დაგეგმა  აქტივობები, ბანაკის დღის წესრიგი და მას უწევდა სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება. როდესაც ბანაკზე, აქტივობებზე და ბავშვებზე ლაპარაკობს, ხშირად იმეორებს, რომ კარგი იქნება, რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ბედიანისა და წალკის რეგიონის შესახებ. ბანაკის ერთ-ერთი მიზანი ესეცაა, თბილისში დაბრუნებულმა ბანაკის ბავშვებმა ყველას გააგებინონ ბედიანის შესახებ, ხოლო ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებმა კავშირი გააბან სხვა გარე სამყაროსთან. მიშო ფიქრობს, რომ ბედიანი მაინც მოწყვეტილია ცივილიზაციისგან, სხვა რეალობისგან  და სხვა საზოგადოებისგან, ამიტომ აქაურ ბავშვებსაც სჭირდებათ განსხვავებული თანატოლების ნახვა.

„სოფლის ყველა ბავშვი დადის ჩვენთან ერთად სტადიონზე და მათაც ძალიან უხარიათ და ეცნობიან თავისნაირ ადამიანებს. დაინახეს ლურჯი თმა და ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ როდესაც თბილისში ჩავლენ  უკვე ეცოდინებათ,  რომ თმა ლურჯადაც იღებება  და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”, – ჰყვება ის მათი საერთო შთაბეჭდილებების შესახებ.

როდესაც მიშოს საკუთარ გამოცდილებაზე ვეკითხები, თუ საიდან ახერხებს ბავშვებთან ასეთ ურთიერთობას, მპასუხობს, რომ სტუდენტობის დროს ანიმატორად მუშაობდა გარკვეული ხანი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში ყოფნის დროს მიიღო. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა იყო ესპანეთი, სადაც  ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა და საცხოვრებლად ესპანური სოფელი ზუსტად იმიტომ აირჩია, რომ სურდა ბედიანში გამოეყენებინა იქ მიღებული გამოცდილება. ახლა ამბობს, რომ ბანაკის აქტივობების დაგეგმვის დროს, თითქმის 80 %-ით იქ მიღებულ გამოცდილებას  დაეყრდნო.

„ყველა ადგილს თავისი რეალობა აქვს.  ესპანეთში, რომ წავედი, ვნახე, როგორი განსხვავებულია ყველაფერი და რა სხვანაირია ჩვენთან რეალობა. ეს იყო მცირე კულტურული შოკი. იქნებოდა ეს ქალის, ერთმანეთის თუ სოფლის მიმართ პატივისცემა. მე ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი მოხალისედ და იქ ვნახე, როგორ უვლიდნენ ერთმანეთს, გარემოს და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. სოფელი იმიტომ ავირჩიე, რომ ვიცოდი, როდესაც ბედიანში დავბრუნდებოდი, აქ რამე პროექტი უნდა გამეკეთებინა, როგორც ჩვენი მასპინძლები აკეთებდნენ თავიანთ სოფელში. ცხოვრობდნენ სოფელში, მაგრამ აკეთებდნენ მრავალ  პროექტს. საქართველოში, როდესაც დავბრუნდი მეგობართან ერთად ორგანიზაცია დავაფუძნე  და სხვადასხვა აქტივობა ჩავატარეთ. ჩემმა მეგობარმა ამ ორგანიზაციის ფარგლებში ერთი ასეთი აქტივობა მოიფიქრა – ველოტური მოაწყო და წალკის სოფლებში აგროვებს ისტორიებს. ესპანეთში ცხოვრების დროს კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდა ჩემთვის შოკისმომგვრელი. როდესაც, საღამოს  სასეირნოდ გავიდოდით, მთელი სოფელი ცდილობდა  სადღაც ხევში, თუ რაიმე პარკი ეგდო, როგორმე ამოეღოთ.  ორგანიზებულად იკრიბებოდნენ, ჯოხებით შეიარაღდებოდნენ, გაწევდნენ და გამოწევდნენ ტოტებს, რომ ერთი პარკი აეღოთ. მაშინ ცოტა დავეჭვდი, ჩამოსულებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ხომ არ აკეთებდნენ… ერთხელ მარტო წავედი სასეირნოდ და გზაზე კაცი დავინახე, რომელიც მიწაში იჩიჩქნებოდა. მე  ნაბიჯს შევუნელე, კარგა ხანს მუშაობდა და ძალიან დავინტერესდი რას აკეთებდა, თხრიდა და თხრიდა.  თურმე პარკის ნაგლეჯი იყო მიწაში ღრმად ჩამარხული და როდესაც ამოაგდო მიწიდან, წაიღო და ნაგვის ურნაში ჩააგდო. მერე შევადარე ჩვენს რეალობას.  შეიძლება ჩვენ არ ვყრიდეთ ნაგავს,  მაგრამ ნაგავი სხვამ თუ დაყარა იმას არ ავიღებთ. იქ ყველა უფრთხილდებოდა თავიანთი სოფლის სისუფთავეს. შემდეგ, როდესაც საქართველოში  ჩამოვედი, ვიძახდი – ავიღოთ, ავიღოთ ეს ნაგავი. მერე და მერე არავინ მისმენდა. ამას ყველა ერთად უნდა ვცდილობდეთ”.

ბანაკისა და ბედიანის ბავშვთა ცენტრის ბავშვები „მიშო მასს” ეძახიან. თვითონ კი ფიქრობს, რომ ჯერ ვერ გადაუწყვეტია ვინ იქნება, აღმზრდელი, მასწავლებელი თუ რამე სხვა საქმეს გამონახავს. ესპანეთში დარჩენასაც სთავაზობდნენ, მაგრამ ამბობს, რომ ვერ წყდება აქაურ რეალობას, ვერ წყდება ბედიანს  და სურს, აქ მიაღწიოს წარმატებას. აქ დარჩეს.

„ესპანეთში ცხოვრების დროს, ადგილობრივი სოფლელი  მიყვებოდა, როგორ ალაგებდა მისი მეგობარი ყუთებს ძალიან კარგად და როგორი მაგარი პროფესიონალია თავის საქმეში. ჩვენთან კი კონსტრუირებულია ყველაფერი, დაყოფილია კასტებად, პატარა წრეებად და ამ წრეებზე მორგებულ კრიტერიუმებს თუ არ შეესაბამები, ახლოს არ მიგიშვებენ, არ მიგიღებენ. ჩვენთან ძალიან დიდი პრობლემაა ადამიანის აღიარების, უნდათ რაღაც გრანდიოზულ წარმატებას მაღწიო. თუ ვერ აკმაყოფილებ მათ კრიტერიუმებს, არ მიგიღებენ თავიანთ  სოციუმში. იქ კი ყველა დაფასებულია,  დამლაგებელიც და მზარეულიც. როდესაც ჩვენი პროგრამა დამთავრდა, ღონისძიება მოვუწყვეთ მზარეულს, ნამცხვრები გამოვუცხვეთ და ვცდილობდით ასე გამოგვეხატა მადლიერება გაწეული შრომისთვის. თავიდან მეც ასე ვიფიქრე – რაში სჭირდება  დამლაგებელს ასეთი რამ და ეს ჩემი ბრალი არ იყო. ეს იყო ქართული სოციალური ყოფის გამოძახილი. ჩვენთან ქალი ტრიალებს, კაცი თუ მოვიდა უნდა ადგეს და  ისევ დატრიალდეს. იქ კი ყველაფერს მართლა თანაბრად ინაწილებდნენ, კაცები  ჭურჭელს რეცხავენ, გარემოს ასუფთავებენ ”.

ბანაკის შემოქმედებითი მხარის დაგეგმვა მას მოუწია. ცდილობდა ბავშვებში მოსმენის უნარები, ერთმანეთის პატივისცემა და ემპათია გაეღვიძებინა. სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ცდილობდა, ბავშვებს კრეატიული აზროვნება დაეწყოთ და გამოუსადეგარი ნივთებისთვის ახლებური სიცოცხლე  შეეძინათ.

„მთავარია, ბავშვებმა დაიწყონ ფიქრი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი” – ამბობს ახალგაზრდა აღმზრდელი და ყოველ საღამოს ფილმების ჩვენების წინ, წინასწარ უყურებს ფილმს, რომ ძალადობის შემცველი კადრები არ გაიპაროს, რომ ბავშვებმა ნაკლები აგრესია ნახონ. ფიქრობს, რომ ირგვლივ ძალიან დიდი რაოდენობით აგრესიაა და ამაზე ყველამ უნდა იფიქროს.

„როცა ბავშვებს ვუყურებ, არიან ძალიან აგრესიული და ერთ-ერთი სემინარი, რომელიც მე ესპანური გამოცდილების შედეგად აქ გამოვიყენე ეხება არა ძალადობრივ კომუნიკაციას. ისეთი მიმართვები, როგორიც არის –  დებილო, მახინჯო, რაც ძალიან ხშირია და ბუნებრივი გახდა ყველასთვის. ეს  ძალიან კომპლექსური საკითხია და ყველა უნდა ვეცადოთ ამაზე გვქონდეს რეაგირება. უნდა ვიფიქროთ, როგორ ვუშველოთ ამ ყველაფერს. ვერ ვუშველით მხოლოდ შენიშვნით – ნუ გაქვს ეს ცუდი თვისება! ახლავე მოიშორე!  ახლა ზუსტად ამ თემის შესახებ ვკითხულობ წიგნს. ავტორი,  მარშალ  როზენბერგი, კარგად ხსნის, როგორ შეცვალოს ბავშვების აღზრდით დაკავებულმა პირმა ბავშვის ძალადობრივი ქცევა, სიყვარულად აქციოს აგრესია. ბავშვთა ცენტრშიც არის ასეთი პრობლემები და საერთოდ, ეს უნივერსალური პრობლემაა. და ასეც შეიძლება იფიქრო, რახან ყველგან არის, ე.ი. არა უშავს და მეორე კუთხითაც იფიქრო,  რახან ყველგან არის,  ე.ი ძალიან დიდი პრობლემაა. მე ასე ვუყურებ, რომ დიდი პრობლემაა. სწორედაც, ძალიან ცუდია, რომ ყველგან ხდება და თავი არ უნდა დავიმშვიდოთ”.

მიშოს  ცხოვრება, განვითარების ბევრ ეტაპს მოიცავს და მუდმივად აღმოჩენების ძიებაშია. თვითონ ამბობს, რომ ცხოვრება არაფრით ემორჩილება და არც რაიმე დასახული მიზანი აქვს ჯერჯერობით, თუმცა მაინც სურს დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება.

„თუ მე ცხოვრებაში მივხვდები, რისი კეთება მიყვარს და არ მოვიტყუებ საკუთარ თავს, რომ მიყვარს, მაშინ ჩავთვლი, რომ ბედნიერი ვარ და საკუთარი ცხოვრების გზა ნაპოვნი მექნება. მე რომ მართლა ვიცოდე, რის კეთება მინდა, თავს მოვიკლავდი და ბოლომდე მივყვებოდი იმ საქმეს. თუმცა, მგონია რომ ყველაფერი წინ მაქვს და ნელ-ნელა ყველაფერს გავიაზრებ”.

 

 

 

 

„არ არსებობენ ცუდი ბავშვები “

0

დასაწყისი

გაიცანით: ჟანეტ ლანსბერგი – პედაგოგი, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ნაადრევი განვითარების სპეციალისტი.

მშობლებს უჭირთ გაიგონ, როგორ უნდა დასაჯონ ბავშვები ცუდი ქცევისათვის – ფიზიკურად თუ მხოლოდ მკაცრი ფრაზებით შემოიფარგლონ? ან იქნებ დემონსტრაციულად იგნორირება მოახდინონ და ცოტა ხნით ხმა არ გასცენ პატარას? როდის უნდა მიანიჭონ ბავშვს არჩევნის სრული თავისუფლება, და პირიქით, როდის  უნდა დააწესონ ზუსტი წესები და ნორმები?

აქვე გეტყვით, რომ როდესაც საქმე ეხება პატარებს, ჩემი აზრით, არ არსებობს ცუდი ქცევა. და თუ პატარა „ცუდად იქცევა“ ეს ნიშნავს, რომ მას სურს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გითხრათ. მაგალითად: „დავიღალე და მეძინება“. ბავშვი იზრდება, ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცდილობს დღეს სხვანაირად მოიქცეს, ვიდრე თუნდაც გუშინ იქცეოდა. მშობლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუშვან ეს პროცესი თვითდინებაზე. როგორც მაგდა გერბერი ამბობს (უნგრელი პედაგოგი, ბავშვთა ადრეული განათლების მაგისტრი. ოჯახთან ერთად აშშ-ში გადასვლის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა შეზღუდვების მქონე ბავშვებთან, მათ შორის აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონესთანაც): თუ ბავშვთან ურთიერთობაში მშობლები უარს ამბობენ დისციპლინაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი კეთილები კი არ არა, გულგრილები არიან.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ დისციპლინა კონსტრუქციული და ჯანსაღი იყოს და არა ზედმეტად მკაცრი? ამისათვის დედიკოებს და მამიკოებს ვურჩევ, გადახედონ აღზრდის შესახებ საკუთარ წარმოდგენებს.

პატარას დაბადებიდან პირველი წელი ის დროა, როდესაც მშობლებს აქვთ მაქსიმალური შესაძლებლობა, დახვეწონ შვილთან სწორი ურთიერთობების უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომშიც ძალიან გამოადგებათ. და რით უნდა დავიწყოთ?

  1. ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, ნათელი და არა ქაოსური და მოულოდნელობებით აღსავსე. თქვენმა შვილმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რას ითხოვენ და მოელიან მისგან მშობლები. აქედან იწყება დისციპლინა.

დროის უმეტესი ნაწილი პატარამ შინ მშობლებთან ერთად უნდა გაატაროს. რა თქმა უნდა, პერიოდულად ის უნდა წაიყვანოთ იქ, სადაც მიდიხართ. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ პატარებს არ შეუძლიათ იდეალურად მოქცევა, თუ, მაგალითად, თქვენ უკვე ოთხი საათია მეგობრებთან სტუმრად იმყოფებით; ან თუ საყიდლებზე ხმაურიან სავაჭრო ცენტრში წაყვანილი პატარისგან სიმშვიდეს და მოთმინებას ელით.

  1. ბავშვის ცუდი საქციელი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მშობლებისა და ბავშვებისათვის გამართულ სემინარებზე ზოგჯერ ბავშვები ხმაურობენ და ხელს უშლიან საქმიანობას. ამის გამო შეწუხებელი მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი შვილები თანდათანობით სულ უფრო „რთულები“ გახდებიან და შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებად ჩამოყალიბდნენ. ამგვარად, ახდენენ უფროსები საკუთარი შიშების ბავშვებზე პროექციას. ისინი იწყებენ ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენას და უსამართლოდ ექცევიან პატარებს, რაც საბოლოოდ უფრო დიდ პრობლემებად გადაიქცევა. ამიტომ არ უნდა მივაწებოთ ბავშვების ქცევებს იარლიყები. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი წუთი-წუთზე დაარღვევს რომელიმე  წესს, არ დატოვოთ ეს ამბავი უყურადღებოდ. მიეცით პატარას გაფრთხილება, მაგრამ უხეში სიტყვების და აგრესიული ქმედებების გარეშე. ისწავლეთ სწრაფი, მტკიცე და რაციონალური რეაგირება. თუ ბავშვი სახეში ბურთს გესვრით, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ მოსწონხართ ან ძალიან გაბრაზებულია. ბავშვი იქცევა ისე, როგორც მისთვისაა სასურველი, ის სწავლობს მის გარშემო სამყაროს; ცდილობს, გაიმეოროს ყველაფერი, რაც სოციუმში ხდება. ამით პატარა ადგენს, სად გადის ზღვარი ამ სამყაროში და ამ რეალობის შემეცნებაში მას დახმარება მშობლებმა უნდა გაუწიონ.
  2. თუ ბავშვი არღვევს ქცევის წესებს, მაშინვე დაელაპარაკეთ მას ამის შესახებ. ისაუბრეთ მშვიდად, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ინტონაციით. წარმოიდგინეთ, რომ დიდი კომპანიის გენერალური დირექტორი ხართ, თქვენი შვილი კი – პატივსაცემი ხელქვეითი. არ გაბრაზდეთ და არ იყვიროთ. ბავშვს უფრო მეტად გაუჭირდება თქვენთან ურთიერთობა და თქვენი წესების მიღება, თუ დაინახავს, რომ მისი საქციელი თქვენში ბრაზსა და მრისხანებას იწვევს.

არ დაიწყოთ ნოტაციების კითხვა, უხეშობა და არ დაამციროთ პატარა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დანაშაულის განცდა გაუჩნდება და მუდმივად დაბნეული იქნება (არ ეცოდინება როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში). ისაუბრეთ მხოლოდ ფაქტებზე. მაგალითად: „არ გადააგდო სათამაშოები. თუ გადაყრი, მაშინ მე მომიწევს ისინი შევინახო და აღარ მოგცე“. თუ ხედავთ, რომ პატარა ისევ აპირებს სათამაშოს გადაგდებას, აუცილებლად დაუშალეთ ამის გაკეთება.

მთავარია, არ გადადოთ მნიშვნელოვანი დარიგება მომავლისათვის. ცუდ ქცევაზე რეაგირება სწრაფად უნდა მოახდინოთ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოასწარით ან არ ისურვეთ რამის თქმა, მაშინ მოგიწევთ, დაელოდოთ შემდეგ „დარღვევას“. მაშინაც თქვენ მხოლოდ რამდენიმე წამი გექნებათ, რათა მოახერხოთ პატარის ყურადღების მიპყრობა და ახსნა, რაშია საქმე. მხოლოდ ასე შეძლებს ბავშვი იმის მიხვედრას, რის გამო აძლევენ მას შენიშვნას და რას ითხოვენ მისგან.

  1. ბავშვს არ უნდა ესაუბროთ მესამე პირში, მაგალითად: „დედას არ მოსწონს, როდესაც ნინიკო ლეკვს აწვალებს“. ეს ძალიან უცნაურად და არაგულწრფელად ჟღერს და ხელს უშლის თქვენსა და მას შორის ურთიერთგაგებას.

 

  1. რა უნდა ითქვას დასჯის ისეთ მეთოდზე, როგორიცაა, ბავშვთან ურთიერთობაზე დროებით უარის თქმა? (ამ მეთოდს „ტაიმ-აუტს“ უწოდებენ). ეს მეთოდი არ მოსწონდა მაგდა გერბერს: რა არის „ტაიმ-აუტი“? ეტყობა ეს რაღაც მცირედი ამოსუნთქვისმაგვარია. კი მაგრამ ბავშვებმა რისგან უნდა შეისვენონ? სრულფასოვანი ცხოვრებისაგან? – კითხულობდა მაგდა გერბერი. ის დარწმუნებული იყო, რომ პატარა ბავშვებისათვის აუცილებელია მშობლებთან მუდმივი ურთიერთობა. ამდენად, თუ მშობლები ცოტა ხნით წყვეტენ ურთიერთობას პატარასთან, მისთვის ცხოვრების ბუნებრივი რიტმი ირღვევა. „ტაიმ-აუტი“ და დასჯის მსგავსი ფორმები, მეცნიერის აზრით, არაეფექტურია.

თუ ბავშვი საზოგადოებაში „ცუდად იქცევა“, ის ასეთი ქცევებით გაუცნობიერებლად გაჩვენებთ, რომ დაიღალა და თავს არაკომფორტულად გრძნობს. შესაძლებელია მან „უმიზეზოდ“ ტირილიც კი დაიწყოს. ამ დროს პატარა უნდა წაიყვანოთ სახლში და არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ იძულებით მისი დამშვიდება, მით უფრო, ყვირილი და დასჯა.

  1. თუ გსურთ, ისწავლოთ ბავშვების სწორად აღზრდა, უარი თქვით დასჯის არალოგიკურ და მკაცრ მეთოდებზე და დაიწყეთ მის ქცევებზე ბუნებრივი რეაგირება. ზემოთ ნახსენები „ტაიმ-აუტი“ – არაბუნებრივი და უსარგებლოა. თუ პატარა გაჭირვეულდა და საჭმელს არ მიირთმევს, უთხარით მას, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და ამიტომ მას მოუწევს მოგვიანებით ჭამა; თუ ქუჩაში გასვლის წინ თქვენ მიერ შერჩეულ ტანსაცმელს არ იცვამს, მაშინ უთხარით, რომ გასეირნება აღარ შედგება. ასეთ რეაქციებს არაფერი აქვთ საერთო მანიპულაციასა და ზეწოლასთან. თქვენ უბრალოდ უხსნით ბავშვს, თუ რა შედეგები მოჰყვება მის მორიგ უსაქციელობას. შესაძლებელია, თქვენი სიტყვების შემდეგ შვილი „გაგებუტით“, მაგრამ, რაც მთავარია, მას არ ექნება განცდა, რომ უსამართლოდ დაჩაგრეს, შეაშინეს ან შეარცხვინეს.
  2. აკრძალვები საჭიროა, მაგრამ ისინი არ უნდა გამოვიყენოთ იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვი ბუნებრივ, გულწრფელ ემოციებს გამოხატავს. პირიქით, საჭიროა წაახალისოთ პატარას ნორმალური, სრულფასოვანი რეაქციები. სამი-ოთხი წლის ასაკის ბავშვების უმრავლესობა მრავალ ურთიერთსაწინააღმდეგო, ძლიერ გრძნობასა და ემოციას განიცდის. აუცილებელია, ნება დავრთოთ მათ,  გამოხატონ ბრაზი, დაბნეულობა და თუნდაც უბრალო უკმაყოფილება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ რაიმე ახალი აკრძალვა დაუწესეთ. ბავშვს არ უნდა ეშინოდეს და რცხვენოდეს საკუთარი ემოციებისა და განცდების გამოხატვის. მაგალითად: თუ ის რამეზე გაბრაზებულია და ბალიშს მუშტებს ურტყამს, ამაში არაფერი საშიში და საშინელი არ არის.
  3. თუ ყოველ ჯერზე, როგორც კი პატარა რაიმე წესს დაარღვევს, თქვენ მას დემონსტრაციულად „გაებუტებით“, მაშინ ის მიეჩვევა მუდმივად შფოთვისა და შიშის მდგომარეობაში ყოფნას, რათა შემთხვევით რამე არ გაწყენინოთ. ბუნებრივია, ასეთ რეალობაში მყოფ პატარას ვერ ჩამოუყალიბდება დაცულობისა და უსაფრთხოების გრძნობა.

ალფი კონმა – (ცნობილი ფსიქოლოგი, ლექტორი, განათლების და ადამიანური ურთიერთობების სფეროს დამოუკიდებელი მკვლევარი. 14 წიგნის ავტორი და რამდენიმე პროფესიული ჯილდოს მფლობელი.) გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოაქვეყნა სტატია: „როდესაც დედიკოს „მე შენ მიყვარხარ“, ნიშნავს: „მე შენ მიყვარხარ, მხოლოდ მაშინ, როცა შენ ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც მე მსურს“. ფსიქოლოგმა აღწერა მანიპულაციური მეთოდების ნეგატიური შედეგები, რომლებსაც ხშირად იყენებენ მშობლები. მაგალითად: ბავშვები თანდათნობით უფრო და უფრო ძლიერად გამოხატავენ უკმყოფილებას, მრისხანებას, გადაჭარბებულ სიმორცხვეს, ჩაკეტილობასა და უნდობლობას მშობლების მიმართ.

  1. არავითარი ფიზიკური დასჯა! საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ სწორედ დასჯის ასეთი ფორმები ყველაზე მეტად უშლის ხელს მშობლებს, მოიპოვონ საკუთარი შვილების ნდობა. ჟურნალ „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევარი ელის პარკი წერდა, რომ 2500 ბავშვზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა: ის ბავშვები, რომლებიც ფიზიკურად ხშირად ისჯებიან, ხუთ წლის ასაკისათვის გაცილებით ჯიუტები და აგრესიულები ხდებიან, ვიდრე მათი თანატოლი, რომლებსაც არასდროს ან ძალიან იშვიათად სჯიდნენ ფიზიკური მეთოდების გამოყენებით.

ბავშვისათვის ტკივილის მიყენება არ შეიძლება მისადმი სიყვარულის გამოხატვად ჩაითვალოს. მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ ასეთი კავშირი ყალიბდება პატარის ცნობიერებაში, რომელსაც ფიზიკურად ხშირად სჯიან. გიყვარდეთ საკუთარი შვილები, სულაც არ ნიშნავს ყველაფერში დაეთანხმოთ და მით უმეტეს ყველაფრის ნება დართოთ პატარას. ხშირად, ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილებაა – მტკიცედ თქვათ „არა“, რაც არ უნდა ძნელი სათქმელი იყოს ეს უარი თქვენთვის.

ბავშვები იმსახურებენ იმას, რომ მშობლები/უფროსები მათთან სამართლიანი და პირდაპირი იყვნენ. პატარების სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელია აკრძალვები და წესები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია პრიორიტეტების სწორად განაწილება; ასევე, საკუთარი თავის პატივისცემისა და საზოგადოების ნორმალურ წევრად ჩამოყალიბება. წიგნში: „კარგი მშობელი. პატარა ბავშვებისადმი ბრძნული დამოკიდებულება“ მაგდა გერბერი წერდა: „თქვენი მიზანია ხელი შეუყწოთ იმას, რომ პატარას განუვითარდეს საკუთარი თავისადმი სწორი ღირებულებითი სისტემა, დისციპლინირებულობა და გარშემომყოფებისადმი თანამშრომლობის უნარი“.

სტატიის მეორე ნაწილში გაგაცნობთ ავტორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, თუ რატომ იქცევიან ბავშვებიცუდად“. 

 

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ გათვლებს?

0

პირველ წერილში ბავშვთა თამაშების გაცოცხლების თაობაზე მოგიყევით. მინდა ისიც გიამბოთ, თუ რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის თამაშების განუყოფელი ნაწილი – გათვლები – კვლევის კუთხით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მკითხველი ამ ასპექტითაც დაინტერესდება, მოსაზრებებს გამოთქვამს კომენტარის ველში და ამით კიდევ უფრო დამეხმარება.

მთელი რიგი თამაშები ერთგვარი პრელუდიით, გათვლით იწყება. გათვლებით თამაშის დაწყებას სისტემატური სახე არა აქვს მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ კულტურაში ან ეთნოსში, გათვლები გვხვდება მსოფლიოს ნებიმიერი კუთხის საბავშვო ფოლკლორში. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ქართული საბავშვო ფოლკლორისთვისაც გათვლების ტექსტები მრავალფეროვანია, მაგრამ, ისევე როგორც სხვა კულტურებისთვის სახასიათო გათვლებში, აქაც, ქართულ ფოლკლორში, შესამჩნევია რამდენიმე კანონზომიერება, რომელთაგანაც გამოვყოფდი შემდეგს:

1.ფორმულადქცეული შესავალი: ფორმულად გადაქცეული სიტყვები გათვლების შესავალში ზოგჯერ ნასესხობებს წარმოადგენს, რომლებიც სხვადასხვა დროსაა შემოსული გათვლებში (მაგ. ენკი-ბენკი,  ანკა-ბანკა  და ჰოპ-ჰოპ  უნდა წარმოადგენდეს რუსული გათვლებისთვის დამახასიათებელ დასაწყისს Эники—Беники, თუმცა თავად რუსულ საბავშვო ფოლკლორში გავრცელებული დასაწყისი გერმანული და სხვა ევროპული გათვლებიდან უნდა იყოს შესული). ზოგჯერ ფორმულად გადაქცეული შესავლის გაჩენა სრულიად დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს (მაგ. ესა-მესა). საინტერესოა, რომ ეს ფორმულები ერთი სიტყვის (ამ სიტყვას ხან აქვს მნიშვნელობა, ხანაც – არა) გარშემო ტრიალებს, ხდება მისი პირდაპირი გამეორება ზოგჯერ სახეშეუცვლელად (გეფიცები, გეფიცები; კომში, კომში; ტაში, ტაში; აგნა, აგნა; ნიშხა-ნიშხა; ვარდი, ვარდი; დოლ, დოლ; შვინდი, შვინდი; ონი, ონი; უგმა, უგმა), ზოგჯერ კი მცირედი სხვაობით (იწილო, ბიწილო; ეგლე, დუგლე; ადელ, დუდელ,.. კუდელ; აცა-ბაცა, ბაცანიკი; აცქა, ცუცქა, ჩაიცუცქა; ელა-ბელა). ეს უკანასკნელი რედუპლიკაციის სახესხვაობას წარმოადგენს და მას ექო სიტყვებს უწოდებენ. ექო სიტყვები სიტყვის უმცირესი სეგმენტის ცვლილებით ხასიათდება, ეს შეიძლება იყოს თავკიდური ასოს შეცვლა ან თავკიდურ ხმოვანზე თანხმოვნის დამატება. როგორც ენათმეცნიერები ვარაუდობენ, სალაპარაკო ქართულში ასეთი სიტყვების გავრცელება, თურქული ენის გავლენით აიხსნება (აქ საუბარია ისეთი ტიპის სიტყვებზე, როგორებიცაა არემარე, ახლომახლო და ასევე ისეთ სამეტყველო სიტყვებზე, როგორებიცაა ხილი-მილი, ფული-მული და სხვ.), სწორედ ეს პროცესი შეინიშნება გათვლებშიც და საბავშვო ფოლკლორის სხვა ჟანრებშიც, სადაც დამატებულ/ჩანაცვლებულ თანხმოვნად არა მხოლოდ თანხმოვანი მ, არამედ ბ და დ-ც გამოდის. ამ თანხმოვნების გაჩენაც არაა მხოლოდ ქართული ენისთვის ნიშანდობლივი პროცესი, მსგავსი პროცესი სხვა გეოგრაფიულად მეზობელ რეგიონში გავრცელებულ ენებშიც შეინიშნება.

  1. მნიშვნელობას მოკლებული სიტყვების მოზღვავებული რაოდენობა: მნიშვნელობას მოკლებული სიტყვების მოზღვავებული რაოდენობა არა მარტო ქართული საბავშვო გათვლების, არამედ ყველა ენაზე შესრულებული გათვლების დამახასიათებელი ნიშანია. დღეს ძალიან რთული, თითქმის წარმოუდგენელიცაა სხვადასხვა ენის სპეციალისტების დახმარების გარეშე ამ სიტყვების თავდაპირველი მნიშვნელობის აღდგენა, თუმცა მკვლევარები ძალღონეს არ იშურებენ მათი საწყისი მნიშვნელობების დასადგენად. მაგ. ლათინური ფრაზა “ჰოკ ესტ კორპუს” იმის გამო, რომ რიგითი ადამიანები არ ფლობდნენ ამ მკვდარ ენას, იმდენად დამახინჯდა, რომ საბავშვო თამაშების თანმხლებ ტექსტებში გავრცელდა ფორმით ჰოკუს პოკუს. დღეს უკვე ცნობილია, რომ ინგლისური საბავშვო ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ჰიქორი-დიქორი-დოქ უნდა მომდინარეობდეს ეკკერი, აკკაირი-დან, რაც ბოშებისთვის კარგად ნაცნობი შელოცვაა და მარტივად ითარგმნება, რადგან სანსკრიტზე ეს რაოდენობითი რიცხვითი სახელებია. როგორ გაჩნდა ინგლისურ გათვლაში ბოშური შელოცვის ტექსტი არაა რთული ასახსნელი. ბოშების განსახლების არეალი ხომ ფართოა და, როგორც ჩანს, რიგითი მაცხოვრებლები ავადმყოფობის შემთხვევაში მიმართავდნენ ამ ხალხის დახმარებას, შემდეგ კი საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ცუდად დამახსოვრებული ფორმულების გამეორებას და სასაცილო ჟღერადობის გამო ადვილად უნდა მოხვედრილიყო ბავშვების რეპერტუარში. სწორედ ის, რომ ბავშვებს მოსწონთ სასაცილო, სახალისო ჟღერადობის სიტყვების გამოყენება განაპირობებდა ამ სიტყვების გადატანას ერთი გათვლიდან მეორეში და მათ სიცოცხლისუნარიანობასაც. ბავშვობაში ჩემი სმენისთვის ჯადოსნურად მომხიბვლელად გაისმოდა მუშტებით გათვლისას სიტყვები „ბუქტარ, ბუქტარ, ბუქტარ, ბე, აბელ, კამელ, კუმანე, ინკლი, ბინკლი, კამა, ცინკლი, ვიშლა ძე, ვისი ხელი გინდა შენ, ამოირჩიე“ და ერთი სული მქონდა, როდის გავხდებოდი გათვლის წამყვანი და გავიმეორებდი ამ საკრალურ სიტყვებს. ცხადია, რომ გათვლის ამ სიტყვებში არაფერია საკრალური და მათი ნაწილი მაინც რომელიღაც ენის დამახინჯებულ სიტყვებს წარმოადგენს, ერითმება სხვა მოგონილ „სიტყვებს“ და ასე ვიღებთ ვისთვის სახალისო და ვისთვის ჯადოსნური შინაარსით დატვირთულ გათვლას.  ამ რიგის გათვლებად უნდა ჩაითვალოს „ონი, ონი, კაპიტონი, დელიცკონი, ნაპრიკონი, იიშკი, ბიშკი, ნაკალუკი ვიდი ონ“ – სავარუდოდ, ეს გათვლა რუსული ენიდან უნდა იყოს შემოსული. ამაზე სიტყვების ჟღერადობა და ბოლო სიტყვები მიიუთითებს („ვიდი ონ“ ალბათ უნდა ითარგმნებოდეს როგორც „გადი აქედან“, ხოლო დაბოლოება კონი, როგორც – „ცხენი“); “აცა-ბაცა, ბაცანიკი, ძუაგრძელი, სატკვეცილი, იწერ-ბუწერ, ტყვეპი კვაჭი, გიოღური, გიაჩხური, ვამირი და აში მორთო“ – სავარაუდოდ, ეს გათვლა დამახინჯებული მეგრული უნდა იყოს. გიოღური ნიშნავს დააკვდი-ს, ვაძირი და აშო მორთი – თუ ვერ ნახე, აქ მოდი-ს, ხოლო გიაჩხური, სავარაუდოდ, შემცივნება-ს უნდა ნიშნავდეს, რადგან ჩხუ არის სიცივე. აზრსმოკლებული არ უნდა იყოს იმის მტკიცება, რომ საბავშვო გათვლაში ეს ტექსტი შელოცვიდან გადავიდა, თუმცა არასრული სახით დამახინჯდა და შემდეგ მას, შევსების მიზნით, დაემატა სიტყვები, ზოგი მნიშვნელობის მქონე და ზოგიც ყოველგვარ შინაარსს მოკლებული;  ამ რიგის გათვლებში გამოიყოფა გათვლების ერთი ჯგუფი, რომლებიც თითქოს უშინაარსო სიტყვების წყებაა, მაგრამ მათი განხილვა ცალკე უნდა მოხდეს. ასეთი გათვლებია: „უგმა, უგმა, ბარბარუკა, სამარ ხიდურ, საჯურ გედურ, აბულბულდი, ჩახტი გეთურ“; „ადელ, დუდელ, ვაშლის კუდელ, ლიკლიკა, ტონჩურათი, იანვარი მოსულა, ვარდო, ვირდო ქის, ეს გადის“; „ეგლე, დუგლე, ყარა, ყურე, აჯინჯილე, ედერ კაფი, კუჭი ჭახი, ჭუხი, ია, ვარდი ბუჩქი“; „დოლ, დოლ ბაია, ახჩა ბახჩა ჩაიარ, თევზი მითალ-მოთალა, ყალა ქოჩი, ქოთანა, ქოთანს ძირი გავარდა, მახუხი დაიღვარა“ – ამ გათვლებშიც რამდენიმე სტრიქონი უშინაარსო სიტყვების რახარუხია, ხოლო სიტყვები, რომელთაც შინაარსი გააჩნიათ, ხშირად არც კი ერითმება ასეთ სტრიქონებს. თანაც ეს სიტყვები წააგავს სიტყვებს, რომლებიც სხვა ჟანრისთვისაა სპეციფიკური. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გათვლა შერეული ტიპისაა და მასში ორი სხვადასხვა ჟანრია არეული. სწორედ ამიტომ გამოვყავი საბავშვო ჟანრის ფოლკლორის, კერძოდ, გათვლების მესამე კანონზომიერება.
  2. სპეციფიკური ტერმინებისა და საკუთარი სახელების ჩართვა, რომლებიც უადგილოდ გამოიყურება ტექსტებში: სავარაუდოდ, ისეთი ტერმინებისა და საკუთარი სახელების ჩართვა ტექსტებში, როგორებიცაა „ბარბალუკა/ბარბარუკა“, „ვარდი“, „ია“, „ქოთანი“ შემთხვევითი ხასიათის არაა. ვ. ბარდაველიძე ვარაუდობს, რომ საკუთარი სახელის „ბარბარეს“ არსებობა გათვლაში მზის ღვთაება ბარბალეს კულტის გადმონაშთი უნდა იყოს. მკვლევარის დასკვნით, “ნიშხა-ნიშხა” მნათობი მზისა და შავბნელი ძალის, გველეშაპის, დაუცხრომელი ბრძოლის კოსმიურ-მითოლოგიურ სცენას ასახავს: “თამაშობაში წარმოდგენილი ბრძოლა სპეციფიკური ხასიათის არის, აქ – ბანაკი ბანაკს კი არ ეცემა უშუალოდ, არამედ თავდამსხმელის მხრიდან ერთი მებრძოლი გამოდის, მოწინააღმდეგე მწკრივს ეცემა და საკუთხარი ძალით ცდილობს მისი მწკრივი გაარღვიოს და გამარჯვება მოიპოვოს. თუ მან ეს მოახერხა, მაშინ მას ტყვედ თავის ბანაკში მხოლოდ ერთი ბავშვი მიჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამცემს ატყვევებნ. ამ ბრძოლაში მიზანი თავდაპირველად, უთუოდ, ბარბალუკას დატყვევება უნდა ყოფილიყო, ვინაიდან თამაშში სავსებით აშკარად არის მითითებული იმაზე, რომ მტერი ბარბალუკას ეძებს, და მისი ხელში ჩაგდება სწადია და ამ მიზნით ბარბალუკას და მის ბანაკს ეცემა და ებრძვის. ეს თავდასხმა და ბრძოლა იმართება მხოლოდ იმის შემდგომ, რაც ბარბალუკა თავის თავს ამჟღავნებს, როდესაც მტრის შეკითხვაზე – “ქალი ვინაო”, უპასუხებს: “მე გახლავარო”. ამრიგად, ბრძოლის ძირითად მიზანდასახულობას, ერთი მხრივ, ბარბალუკას გატაცება და, მეორე მხრივ, ბარბალუკას დაცვა და მტრის მოგერიება-განადგურება (ტყვედ ჩაგდება) წარმოადგენს. ბარბალუკას მტერი, მასზე თავდამსხმელი და მასთან მებრძოლი ერთი პირი იყო და ეს პირი თავდაპირველად უთუოდ ნიშხა-ნიშხა უნდა ყოფილიყო, რადგან თამაშობის ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟი ეს პირია და ის მეთაურობს ბარბალუკას მოწინააღმდეგე ბანაკს”. ჩემი აზრით, ეს ტექსტი არა მზის ღვთაების და გველეშაპის მარადიული ბრძოლის ასახვას, არამედ ეს თამაში ბავშვების მიერ ავადმყოფობების, ე.წ. ბატონების დროს მოსმენილი და ნანახი რიტუალის იმიტაცია უნდა ყოფილიყო. ამ მოსაზრების მართებულობას უნდა ადასტურებდეს სხვა ისეთი სპეციფიკური სიტყვების არსებობაც დანარჩენ ზემოთ ჩამოთვლილ ტექსტებში, რომლებიც ალბათ ამ კულტის მსახურების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. როგორც აღვნიშნე, სპეციფიკური ტერმინები სხვადასხვა გათვლებისთვის სახასიათო შემდეგი სიტყვებია: ვარდი, ია. შევეცდები ავხსნა, რატომ მივიჩნევ ამ სიტყვებს სპეციფიკურ ტერმინებად და რატომ მივიჩნევ მათ რიტუალის ნაწილად. მძვინვარე ბატონების ეპიდემიის დროს შესასრულებელ იავნანას ტიპის სიმღერების შესწავლისას ტექსტებში, როგორც წესი, სხვა სპეციფიკურ ტერმინებთან ერთად სწორედ ზემოთ ნახსენები სიტყვები იკვეთება. რადგან, როგორც ჩანს, ამ სიმღერებში რიტუალის აღწერა ხდებოდა.  რაც შეეხება სიტყვა „ქოთანს“, იგი ისევდაისევ ბატონების გავრცელების ცრურწმენას უნდა უკავშირდებოდეს. საინტერესოა, რომ ინდოეთში სჯეროდათ, რომ სახადებისთვის დამახასიათებელ გამონაყარს შესაბამისი ჭურჭლიდან ყრიდა ამ დაავადების გამავრცელებელი ღვთაება. ეგებ ქართულ სინამდვილეშიც ქოთნის გატეხვა და იქიდან მარცვლის, მარილის გადმოყრა და სითხის გადმოღვრა იყოს იმის მიმანიშნებელი, რომელსაც სნეულების გავრცელება უნდა მოჰყოლოდა. სამწუხაროდ, „ქოთანი“ არ შემოინახა აკვნის სიმღერებში, მაგრამ გათვლებში მისი გაჩენა იმავე რიტუალის ნაწილი უნდა ყოფილიყო. სიტყვა „ქოთანს“ სხვა ტექსტებში სიტყვა „ტაშტი“ ენაცვლება და მისი დატვირთვაც იგივე უნდა იყოს.

ჩემი ვარაუდით, სხვა ჟანრისთვის (ამ შემთხვევაში ინფექციური დაავადებების დროს შესასრულებელი რეპერტუარისთვის) სპეციფიკური ტერმინებისა და საკუთარი სახელების არსებობა გათვლის ტექსტებში მიუთითებს გარკვეული სტრიქონების ერთი ჟანრიდან მეორეში არა მექანიკურ გადატანას, არამედ კონკრეტული რიტუალის ბავშვურ იმიტაციას გათამაშებით და ამ რიტუალის შემდგომი “პროფანაციით”.

როგორ და რატომ უნდა გაჩენილიყო რიტუალისთვის სახასიათო სიტყვები საბავშვო ფოლკლორის ამ კონკრეტულ ჟანრში? პასუხი საკმაოდ მარტივია. თუკი ჭურჭლის გატეხვა ინფექციური დაავადების გავრცელების ავისმომასწავებელ წინმსწრებ ნიშნად ითვლებოდა, მას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ამ წინმსწრები ნიშნის გასანაიტრალებელი რიტუალი. ხალხში დღემდე შემორჩენილია მარილის დაპნევის შემთხვევაში შესაბამისი ტექსტის თანხლებით მწიკვით მისი ზურგსუკან სამჯერ გადაყრის პრაქტიკა, უბედურების მაუწყებლად მიჩნეული სიზმრის შესაბამისი ტექსტის თანხლებით წყლისთვის გატანების პრაქტიკა, რომლებიც მოკლე რიტუალებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თანმხლები ტექსტები ან გულში უხმოდ ან ჩურჩულით/ბუტბუტით წარმოითქმებოდა. სწორედ ამგვარ პრაქტიკასთან უნდა გვქონოდა საქმე ქოთნის, რომელშიც მარცვლეული (სხვადასხვა ფორმით, ეს იქნებოდა ფაფა თუ მოუხარშავი ბურღული) ინახებოდა და ტაშტის, რომელშიც სითხე ესხა, გატეხვის შემთხვევაში. ალბათ ამ ინციდენტს მოჰყვებოდა შესაბამისი ტექსტის (სავარაუდოდ, მოკლე და მარტივი დასამახსოვრებლად) ჩურჩულით/ბუტბუტით წარმოთქმა. სწორედ ეს მოკლე ტექსტი მოხვდა თამაშში, რომელიც ავადმყოფობის იმიტაციას, გაჩენიდან განკურნებამდე, წარმოადგენდა. იმ დროს, როდესაც თამაშების და მისი თანმხლები ტექსტების ჩაწერა მოხდა, ცხადია, თამაშის ნამდვილი შინაარსი დაკარგული იქნებოდა და ოდესღაც ერთიანი თამაშიც დანაწევრებული იქნებოდა მეტნაკლებად ალოგიკურ ნაწილებად. ამ დანაწევრებული თამაშების გაერთიანებით ძირძველი და პირვანდელი თამაშის რეკონსტრუქცია ასეთ სურათს იძლევა: თამაში დაიწყებოდა გათვლის ტექსტით, რომელიც შეარჩევდა ავადმყოფობის მფარველ ღვთაებას. ამის შემდეგ მოხდებოდა ღვთაების ჭურჭლის გატეხვის იმიტაცია. ეს შეიძლებოდა კენჭის სროლა ან სხვა მსგავსი ქმედება ყოფილიყო (საინტერესოა, რომ არაერთი ზღაპრის დასაწყისმა შემოგვინახა პროტაგონისტის მიერ ბავშვობაში კენჭის სროლით და დედაბრის დოქის, კოკის ან სხვა ჭურჭლის გატეხვის ამბავი. ალბათ ამ მოტივის გაჩენას ორ ჟანრში ერთი წარმომავლობა უმდა ჰქონოდა). რა თქმა უნდა, ამ დროს თამაშში ნამდვილი ჭურჭლის ნაცვლად იმიტირებული საგანი იქნებოდა გამოყენებული. ამას მოჰყვებოდა წინმსწრები ნიშნის გამანეიტრალებელი ტექსტის წარმოთქმა. მიუხედავად ამისა გაბრაზებული ღვთაების წყრომა არ დაცხრებოდა და ის სამართლიანად მოითხოვდა ქალს ან ვაჟს ონავრების ჯგუფიდან. აი, სწორედ ეს ნაწილი შემოინახა, ჩემი აზრით, თამაშმა „ნიშხა-ნიშხა“. აქ შეკითხვა „ქალი/ვაჟი ვინა?“ თავის დროზე სწორედ ღვთაების მიერ უნდა დასმულიყო, რასაც უნდა მოჰყოლოდა პასუხი „ჩვენ გახლავართ, მზად გახლავართ“, რაც მიუთითებდა, რომ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევდა ჯგუფი. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს იმის მტკიცებაც, რომ ნიშხა-ნიშხა გველეშაპი კი არ იყო, რომელიც მზის ღვთაება ბარბალუკას იტაცებდა, როგორც ამას ბარდაველიძე ვარაუდობდა, არამედ სიტყვები „ნიშხა-ნიშხა, ბარბალუკა“ უნდა ნიშნავდეს, „წადი, წადი, ბარბალუკა“ და ამ სიტყვებში „ნიშხა“ დაახლოებით იგივე იყო, რაც „აქშა“, სიტყვა, რომელსაც დღესაც გამოიყენებენ ფრინველების მოსაგერიებლად.  გარდა ამისა გათვლა „უგმა, უგმა, ბარბარუკა“ მთავრდება სიტყვებით „აბულბულდი ჩახტი, გეთურ“, სადაც სიტყვა „აბულბულდი“-ც იმავე აზრის (მოშორდი, გაფრინდი) მატარებელი უნდა იყოს. ეს ვარაუდი ემყარება იმასაც, რომ ერთ-ერთ აკვნის სიმღერა იწყებოდა სიტყვებით „აქშა, ქშა, ქშა“. ასევე უამრავი აკვნის სიმღერა შეიცავს სიტყვებს, რომლებიც ფრინველებს ასახავს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბატონების ხეც ეწყობოდა გაპუტული შაშვით, რომელსაც კუდი შენარჩუნებული ჰქონდა. თუკი ისევ გავიხსენებთ ინდურ მითოლოგიას, დავრწმუნდებით, რომ მარაო (რომლის ფუნქციასაც ქართულ სინამდვილეში ფრინველის ფრთები და ბუმბულები ასრულებდნენ) არა მარტო იმ ფუნქციას ატარებდა, რომ აწყნარებდა გამონაყარის შემაწუხებელ ქავილს, არამედ იმიტომაც, რომ მისი დაქნევაც ისევე იწვევდა გამონაყარს, როგორც ჭურჭლიდან გამონაყარის მიმოყრა. რაც შეეხება იმას, რამდენად დაესესხა ქართული რწმენა-წარმოდგენა ინდურ ტრადიციას, ძნელი სათქმელია. ამ ორს შორის, შესაძლოა, ტიპოლოგიური მსგავსებაც იყოს და, შესაძლოა, ერთი მეორეს გაგრძელება იყოს. რომელი ძველია, საიდან გავრცელდა და რომელი რომელს დაესესხა, ძნელი სათქმელია. თუმცა, ორი აზრი არ არის, რომ ინდურმა ტრადიციამ ბევრად მეტი მასალაც და უფრო სრულყოფილი სახეც შემოინახა. რაც შეეხება სიტყვებს „ვარდი“  და „ია“ – ეს სიტყვები იმდენად განუყოფელი ნაწილია აკვნის სიმღერების (იავ, ნანა, ვარდო, ნანა), რომ ამ ჟანრს სხვაგვარად იავნანასაც უწოდებენ.  და ბოლოს, ყურადღება უნდა შევაჩერო საკუთარ სახელ ბარბარეზე. თავის დროზე ერთ-ერთ ჩემს კვლევაში გამოვთქვი ვარაუდი, რომ ჰომეროსის „ოდისეაში“ მოხსენიებული აიეტის და და მზის ასული “ბარბარა კირკე”, რომელსაც თარგმნიან, როგორც – “უცხოელ კირკეს”,  უნდა ყოფილიყო ბატონების მფარველი ღვთაება და მის მიერ ოდისევსის მეგობრების ღორებად გადაქცევა ყბაყურის, ანუ ეპიდემიური პაროტიტის მხატვრული ასახვა. გათვლების შესწავლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბარბარა კირკეს შესახებ გაფანტული ცნობების მოძიება ნამდვილად შესაძლებელია ქართულ ფოლკლორში, საბავშვო გათვლები იქნება ეს თუ აკვნის სიმღერები.

ცხადია, ჩემს მიერ აღწერილი და რეკონსტრუირებული თამაში არ წარმოადგენს ერთადერთ სიმართლეს; შესაძლოა, ბარდაველიძის მოსაზრება იყოს უფრო მართებული ან კიდევ სხვა ვარაუდებიც გაჩნდეს მომავალი კვლევებისას. მაგრამ იმის გამო, რომ ცოცხალი თამაშები მუდმივად ექვემდებარებოდა ცვლილებებს, დანამდვილებით იმის მტკიცება, თითქოს რომელიმე ერთი მოსაზრებაა უტყუარი, აზრსაა მოკლებული და ყველა მოსაზრებას არსებობის თანაბარი უფლება აქვს.

მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი

0

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები წიგნის კითხვით. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისა და მასწავლებლის როლი, მაგრამ არანაკლები ძალა აქვს მეგობრების რჩევასა და მათი გამოცდილების გათვალისწინებას. საკუთარ თავზეც რომ წარმოვიდგინოთ, ხშირად დაგვიწყია ისეთი წიგნის კითხვა, რომელიც ჩვენს მეგობარს მოსწონს. რატომ? პასუხი მარტივია – ვენდობით მის გემოვნებას.

 

შარშან ჩემი ექვსი მოსწავლე კონკურსში მონაწილეობდა. ამ მოტივით წაიკითხეს ,,ჰარი პოტერის” შვიდივე ნაწილი. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მათი განწყობა მთელი კლასისთვის ,,გადამდები” აღმოჩნდა. ,,ჰარი პოტერის” კითხვა დაიწყეს არა მხოლოდ თანაკლასელებმა, არამედ – მათმა დამრიგებელმაც. ბევრი საინტერესო თავგადასავალი მოჰყვა კითხვის პროცესს – ერთად ვუყურებდით ფილმებს, მოვაწყვეთ ლიტერატურული კაფე, შევქმენით ტექსტის სიუჟეტთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთები. მერე ერთმა მოსწავლემ ლიტერატურულ დღიურში ჩაწერა, ჰარი პოტერის კითხვამ მე და ჩემს კლასელებს საერთო ენა გვაპოვნინაო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს შედეგი აღმოჩნდა – წიგნი იქცა კლასელების სასაუბრო თემად, წაკითხულმა ისინი უფრო მეტად გააერთიანა და საერთო ინტერესები გაუჩინა.

ცოტა ხნის წინ მკითხველთა კლუბის შესახებ საზღვარგარეთული გამოცდილების გასაზიარებლად მასალებს ვეცნობოდი და საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი – გერმანიაში არსებობს საბავშვო სამკითხველო კლუბების გაერთიანება, რომლის დევიზია ,,Mit Freu(n)den lesen”  და ორ მნიშვნელობას მოიცავს – კითხვა მეგობრებთან ერთად, კითხვა სიხარულით. ვფიქრობ, სწორი მიდგომაა და ნამდვილად გასათვალისწინებელია ეს პრაქტიკა ჩვენთვის.

კლასელებთან ერთად კითხვას მართლაც შეუძლია ბავშვების დამეგობრება და მათი გახალისება, მთავარია, ამას მასწავლებელი აცნობიერებდეს. ასეთ დროს არა მხოლოდ წიგნიერების კომპეტენცია უვითარდებათ მოსწავლეებს, ისინი ერთმანეთთან ურთიერთობასაც სწავლობენ.

 

თვის წიგნი

 

,,თვის წიგნი” – ამ ორ სიტყვას ყველასთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს, ჩემი მოსწავლეებისთვის კი ნიშნავს აქტივობას, რომელიც უკავშირდება წაკითხულ წიგნ(ებ)ს და ზოგჯერ კედლის გაზეთის მომზადებას გულისხმობს, ხანაც – მეგობრებთან ერთად კლუბში შეკრებასა და საუბარს, ხანდახან შემაჯამებელი დავალებაც ყოფილა, ლიტერატურული თამაშიც და სახალისო ვიქტორინაც. კითხვა რომ მოსაწყენ პროცესად არ იქცეს, ფორმას ვცვლით, უცვლელი რჩება მთავარი მიზანი – ბავშვებმა წიგნი უნდა წაიკითხონ, თანაკლასელებს გააცნონ და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარონ.

ჩვენი ,,თვის წიგნი” ორი სახისაა: კლასელები საკუთარი სურვილით ირჩევენ საკითხავს და შემდეგ ერთმანეთს წარუდგენენ ან კითხულობენ ერთსა და იმავე წიგნს – მასწავლებლის მიერ შეთავაზებულს.

პირველი უფრო მარტივია. კითხვის სასიამოვნო პროცესად ქცევას თავისუფალი არჩევანი განაპირობებს. მოსწავლეებს როცა გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, მათი მოტივაცია იზრდება. თანაკლასელები ერთმანეთის წიგნებით ინტერესდებიან და კითხვას იწყებენ.

მეორე ვარიანტი მეტ ძალისხმევას საჭიროებს. წიგნების სამყაროში ბავშვებს მრჩეველი სჭირდებათ. ამ დროს ძალიან ბევრია დამოკიდებული მასწავლებელზე, მან ყურადღებით უნდა შეარჩიოს საკითხავი მოსწავლეთა ინტერესების, გემოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით და ისე შესთავაზოს მათ, რომ კითხვის სურვილი გაუჩნდეთ. ცხადია, კლასის ესა თუ ის წევრი ერთნაირად ვერ დაინტერესდება, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ბავშვებს მასწავლებლის შეთავაზებული წიგნი არ მოეწონოთ. ეს ბუნებრივია და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. წაკითხულის არმოწონება უკვე ნიშნავს იმას, რომ მკითხველმა ტექსტი შეაფასა, ეს ხომ გემოვნების ჩამოყალიბების  თანამდევი პროცესია. მთავარი ისაა, რომ კლასელები წიგნის გარშემო ერთიანდებიან, ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობენ, თუმცა ყველა თავისებურად აღიქვამს, საკუთარი თავისთვის ნათქვამს პოულობს ფურცლებზე. თუ ერთი რომელიმე პერსონაჟის ქცევას განიხილავს, მეორე ხვდება, რაზე საუბრობს, თუ მესამე შეკითხვას სვამს, მეოთხე პასუხობს. ხანდახან ისეც ხდება, რომ წაკითხული წიგნის განხილვისას პერსონაჟების მაგალითით ბავშვები ერთმანეთს ეუბნებიან სათქმელს. მთელი ეს პროცესი ტექსტის გააზრებას უფრო საინტერესოს ხდის და ასე ნელ-ნელა ყალიბდება საკლასო გარემო, რომელშიც წიგნის კითხვა პრიორიტეტულია.

ზემოთ ნათქვამში შესაძლოა დამეთანხმოთ, მაგრამ მთავარი სირთულე ხომ მოსწავლეთა წიგნამდე მიყვანაა. ამ დროს ჩნდება კითხვა – როგორ წავაკითხოთ ბავშვებს ტექსტი ისე, რომ ამის სურვილი თავად ჰქონდეთ და ეს არ იყოს მათთვის ვალდებულება? გაგიზიარებთ გამოცდილებას, გიამბობთ ჩემი მოსწავლეების მიერ ბოლო ხანს წაკითხული წიგნის შესახებ და იმასაც გეტყვით, როგორ გაახალისა მათი ყოველდღიურობა მეგობრებთან ერთად კითხვამ.

,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები”

 

წიგნების ფესტივალზე ხეტიალისას დიანა ანფიმიადისა და გიორგი ბარბაქაძის ახალგამოცემული წიგნი ჩამივარდა ხელთ.

,,ერთმა პატარა ბიჭმა, გიორგიმ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ჯერ ხატვა ისწავლა. მერე დიდხანს, დიდხანს ელაპარაკებოდა დედას ნახატებით.

დედას კი ხატვა არ შეეძლო, სამაგიეროდ, ამბების მოყოლა უყვარდა.

ჰოდა, ასე დაიწერა ეს წიგნი…” ჯერ ანოტაცია წავიკითხე, მერე ილუსტრაციები გადავათვალიერე და მაშინვე შევიძინე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურას, ერთი, რომ არაჩვეულებრივი ტექსტები იქმნება დღეს და მეორე – მოსწავლეების დასაინტერესებლად მშვენიერი საშუალებაა.

მოლოდინი გამიმართლდა. ბევრი თვალით წავიკითხე ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” – მასწავლებლის, დედის, ბავშვის… და ძალიან მომეწონა. იმასაც მივხვდი, რომ ჩემი მოსწავლეები დაინტერესდებოდნენ. ვიდრე ბავშვებს წიგნს წარვუდგენდი, დავუკავშირდი მწერალს და ვკითხე, შეძლებდა თუ არა ჩვენს ლიტერატურულ კლუბში სტუმრობას და იმ მოსწავლეებთან შეხვედრას, რომლებიც მის ,,სახატავ რვეულში ჩაწერილ ზღაპრებს” წაიკითხავდნენ. დიანა დამთანხმდა.

ამ ამბით გახარებულმა სკოლისკენ დავიმგზავრე ზღაპრების ფერადყდიანი კრებული და ბავშვებს გავაცანი. ნაწყვეტები ხმამაღლა წავუკითხე, ნახატები დავათვალიერებინე. ამ დროისთვის რამდენიმეს საკუთარი ინიციატივით უკვე წაკითხულიც ჰქონდა. შემდეგ მეხუთე- და მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს ვუთხარი, რომ მალე ავტორი ლიტერატურულ კლუბში გვესტუმრებოდა და ერთად ვისაუბრებდით ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრების” შესახებ. ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო წიგნის წაკითხვა და შემდეგ მწერლის ნახვა, მასთან საუბარი, მისი მოსმენა  (ოდესმე აუცილებლად დავწერ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და თანამედროვე ავტორების შეხვედრა, როგორ უმაღლებს მოსწავლეს კითხვის მოტივაციას მწერალთან შეხვედრის მოლოდინი).

მოხდა ის, რასაც ველოდი. უმრავლესობამ თავიდანვე გამოთქვა წიგნის წაკითხვის სურვილი. თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ჯადოსნური ძალა აქვს, გადაწყვეტილების მიღებასაც ასწავლის ბავშვებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მგონია.

თუ თქვენი მოსწავლეები სქელტანიანი წიგნების კითხვას ერიდებიან, ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. 60-გვერდიანი კრებული პატარ-პატარა საინტერესო ამბებისგან შედგება და მკითხველს აფიქრებს მეგობრობაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე. მარტივად, სწრაფად იკითხება.

,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” სასწავლო რესუსრსადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მას შემდეგ, რაც ბავშვებს შევატყობინებთ, ეს ლიტერატურული ზღაპრები დედამ შვილის ილუსტრაციების მიხედვით შექმნა, იმასაც ვეტყვით, რომ ავტორმა მკითხველზეც იფიქრა, წიგნში გამოყოფილია 2 გვერდი, რათა მსურველმა ჩახატოს, დაწეროს და ამით წიგნის ნაწილი გახდეს. ჩემი მოსწავლეები დასაწყისშივე ძალიან დაინტერესდნენ ამ შეთავაზებით.

 

 

რამდენიმე დღეში პირველი მკითხველებიც გამოჩნდნენ. დაიწყო ემოციების გაზიარების პროცესი. ზოგიერთმა წიგნის შეძენა ვერ მოახერხა და მეგობრები სიხარულით სთხოვნიდნენ საკუთარს.

რომელი ილუსტრაცია მოგეწონა? ეს ზღაპარი გაიგე? მწერალს რომ ვკითხო, შეიძლება? გადაწყვიტე, რას ჩახატავ? ზღაპარი უნდა დაწერო? როგორი ამბავია, ეს როგორ მოიფიქრა?

შეკითხვები არ ილეოდა. არც პასუხები. მეგობრები ერთმანეთის განცდების თანაზიარნი ხდებოდნენ.

 

***

ერთ-ერთ კლასში წიგნის წაკითხვის ყველაზე ცოტა მსურველი აღმოჩნდა. მოსწავლეს, რომელსაც უკვე წაკითხული ჰქონდა, გაკვეთილზე ვთხოვე, შთაბეჭდილება გაეზიარებინა ჩვენთვის. გვითხრა, თავიდან არ ვაპირებდი წაკითხვას, ,,ზღაპრები” პატარებისთვის განკუთვნილად მივიჩნიე, მაგრამ პირველივე ფურცლებმა მიმახვედრა, ეს წიგნი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა დაწერილიო. ყველაზე მეტად რომელი სიტყვები მოეწონა, ისიც კი გაგვანდო: ,,ძველ მეგობარს არაფრის გამო არ აწყენინო, ყველაფერი ძველდება, მეგობარი კი ყოველთვის შენთან რჩება”.

მალევე გაიზარდა მსურველების რაოდენობა. ალბათ, ხვდებით, რატომაც – მეგობრის შეხედულებამ ბავშვები დააინტერესა.

 

კიდევ ერთი იდეა გაგვიჩნდა იმ მომენტში – შეგვექმნა ხელნაკეთი წიგნი და სტუმრად მოსული მწერლისთვის გვეჩუქებინა. შევადგინეთ კითხვარი:

  1. თქვენი აზრი ამ წიგნის შესახებ;
  2. თქვენთვის გამორჩეული ზღაპარი;
  3. საინტერესო სიტყვები, ფრაზები;
  4. რომელი ილუსტრაცია მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ;
  5. შეკითხვა მწერალს…

ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ხანს ფიქრობდნენ პასუხებზე, როგორი მონდომებით წერდნენ, ხატავდნენ და აბედნიერებდათ ის, რომ მათ ნააზრევს ავტორი წაიკითხავდა.

ჩემი ერთი მოსწავლე 2 წლის წინ სხვა სკოლაში გადავიდა. მეგობრებს მოსანახულებლად ესტუმრა. გაიგო, რომ კითხულობდნენ წიგნს, რომლის ავტორსაც მალე შეხვდებოდნენ. მთხოვა, თუ შეიძლება, მეც წავიკითხავ და შეხვედრაზეც მოვალო. სიხარულით დავთანხმდი. წიგნმა მეგობრებთან კიდევ უფრო დააკავშირა.

 

მწერლის სტუმრობამ საოცარი ემოციებით აგვავსო. ყველაზე მთავარი – ბავშვებს უხაროდათ და ეს სიხარული კითხვას მოჰყვა შედეგად. გარდა ამისა:

  • მოსწავლეებმა გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები ავტორს;
  • თავისუფლად გამოთქვეს აზრები;
  • იმსჯელეს წაკითხულის შესახებ;
  • აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ;
  • დასვეს შეკითხვები და მიიღეს პასუხები;
  • შეიტყვეს წიგნის შექმნის ისტორია;
  • დიანა ანფიმიადისგან ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა აუტიზმის შესახებ და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ადამიანებთან ურთიერთობის გზა;
  • მწერალს აჩვენეს საკუთარი ნახატები და ნაწერები;
  • იყვნენ ბედნიერები.

 

მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო თავგადასავლად იქცა. რაც მთავარია, მათ უნდათ, რომ ასეთი ამბები ხშირად გადახდეთ თავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოპენჰაიმერის მაგალითი

0

ოცდამეერთე საუკუნე ზემძლავრი ტექნოლოგიების საუკუნეა. ტექნოლოგიები იპყრობენ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროს და მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ ბიოსფეროს ყველა ძირითად ნაწილზე. ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ მეცნიერებისა და ეთიკის ურთიერთმიმართების პრობლემა უკიდურესად გაამწვავა. წლებია, ფილოსოფოსები თუ მეცნიერების სოციოლოგიის წარმომადგენლები დაუნდობლად დავობენ შემდეგი კითხვების შესახებ – რას უნდა ემსახურებოდეს მეცნიერება? რა არის მეცნიერების მიზანი?

ჰეგელის თანამედროვე ევროპელი მოაზროვნე ფრიდრიჰ შელინგი მიიჩნევდა: „მექანიკას ყოველი მოვლენა კიდეც რომ სრულყოფილად აეხსნა, მაინც იმ შემთხვევასთან გვექნებოდა საქმე, ვინმეს რომ მოენდომებინა ჰომეროსის ან რომელიმე სხვა ავტორის ახსნა სასტამბო ლითონის ასოების ქიმიური შემადგენლობისა და ასოების ურთიერთგანლაგების მათემატიკური მონაცემების მიხედვით, ბეჭდვის სიჩქარისა და ქაღალდზე ტექსტის გადატანის ტექნიკის მიხედვით… მათემატიკის გამოყენებით უკვე დაადგინეს პლანეტებს შორის მანძილი, უკვე შესაძლებელია მათი წრებრუნვების გამოთვლა, მაგრამ ამით არაფერი თქმულა თავად ამ მოძრაობის არსზე“. მაშასადამე, შელინგისთვის უმნიშვნელოვანესი იყო სამყაროს მიზნის განსაზღვრა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საშუალებით მიღებული ცოდნის გამოყენების მიმართულების დადგენა. შელინგისთვის მეცნიერება არ იყო მხოლოდ აღწერის პროცესი, იგი კვლევების საფუძველზე სამყაროს არსის შემეცნებას ესწრაფვოდა. მოვლენების მშრალი აღწერა გერმანელ ფილოსოფოსს ნახევრად გაკეთებულ და ნაკლებად მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნდა.

გერმანული ლიტერატურის კლასიკოსი და თავისი ეპოქის ცნობილი ბუნებისმეტყველი, ნოვალისი ამტკიცებდა, რომ მეცნიერთა წრეებში რელიგიის, ფილოსოფიის, ჰუმანისტურ ღირებულებათა სისტემების სიძულვილი „სამყაროს უსასრულო მუსიკას გადააქცევდა უზარმაზარი წისქვილის მონოტონურ ჭრიალად, რომლის დოლაბსაც შემთხვევითობის მდინარე ატრიალებს, თავად წისქვილიც წყალს მიაქვს, წისქვილი თავისთავად ფქვავს… ჭრიალა წისქვილს არც მშენებელი და არც მეწისქვილე ჰყავს“. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ნოვალისიც მშვენიერებას, ჰარმონიას ეძებს მშრალი და ტექნიკური გამოთვლების მიღმა. რაც მთავარია, გერმანელს ტექნოლოგიურ განვითარებასთან მიმართებით ადამიანის როლის განსაზღვრის საკითხიც აწუხდებდა. ცნობილი მოაზროვნე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დარდობდა მანქანების მიერ ადამიანთა დამორჩილების რისკზე.

მეოცე საუკუნეში უკვე სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი, კურტ ვონეგუტი ხუმრობდა მეცნიერებისა და ეთიკის ურთიერთმიმართების თემაზე და ამტკიცებდა: „რაც არ უნდა გამოიგონონ ადამიანებმა, მაინც იარაღი გამოსდით“. მწერალი მეცნიერების მილიტარიზაციის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებზე სვამდა აქცენტს და მიიჩნევდა, რომ ომების საუკუნეში ტექნოლოგიური წინსვლის მიზნად სამხედრო ძლიერების დემონსტრირება გამოცხადდა, ადამიანის მნიშვნელობამ და სამყაროს არსის შემეცნებამ კი მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ოცდამეერთე საუკუნეში კი უკვე ცნობილმა ქართველმა პროფესორმა, ქიმიკოსმა რამაზ გახოკიძემ აღნიშნა: „უტილიტარული მოთხოვნებით შეზღუდულ მეცნიერულ შემოქმედებას შეუძლია მხოლოდ ისეთივე ხელოვნური და უსუსური ნაწარმოებების მიღება, როგორი ხელოვნური და უსუსურიცაა შემთხვევის გამო დაწერილი ყოველგვარი ოდა და კანტატა“.

განვიხილოთ ტექსტის დასაწყისში განხილული მოსაზრებები ერთი დიდი მეცნიერის, რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრების მაგალითზე.

რობერტ ოპენჰაიმერი ცნობილი ფიზიკოსი გახლდათ, რომელიც გასული საუკუნეში მოღვაწეობდა. ფიზიკოსი ხელმძღვანელობდა „მანჰეტების პროექტს“. „მანჰეტენის პროექტის“ საფუძველზე შეიქმნა და გამოიცადა პირველი ატომური ბომბი. აქედან გამომდინარე, ოპენჰაიმერს ხშირად მოიხენიებენ ალბერტ აინშტაინის მემკვიდრედ და „ატომური ბომბის მამად“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოპენჰაიმერს, როგორც აშშ-ის ატომური ენერგიის კომისიის გენერალური საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, მოთხოვეს მუშაობის გაგრძელება წყალბადის ბომბის შექმნისა და სრულყოფის მიმართულებით. ოპენჰაიმერმა წყალბადის ბომბის პროექტის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობდა: „ჩვენ, ფიზიკოსებმა აკრძალული ნაყოფი ვიგემეთ ცოდნის ხიდან და სასტიკად, ტკივილის მომგვრელად, საკუთარი დანაშაულის მძაფრი განცდის საფუძველზე შევიგრძენით, თუ რა არის ცოდვა“. 40-იანი წლების პრესაში წერდნენ, რომ პრეზიდენტ ტრუმენთან შეხვედრისას ცხარე ცრემლით ატირებულმა მეცნიერმა დაწყევლა თავისი ხელები და გონი თავისივე გამოგონებების გამო. წყალბადის ბომბის პროექტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმის შემდეგ ჰუვერმა, ფედერალური დაზვერვის სამსახურის ლეგენდარულმა ხელმძღვანელმა, ოპენჰაიმერი გაასამართლა და ატომური ენერგიის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა. ოპენჰაიმერი ჩამოაცილეს ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ტექნოლოგიურ პროექტს.

რატომ იწყევლიდა თავბედს გენიალური გამომგონებელი?

პროფესორმა ვერ გაიგო, თუ რა როლს ასრულებდნენ მისი მიღწევები სამყაროს შემეცნების საქმეში. მკვლევარი შიშობდა, რომ მომავალში ატომური სამხედრო ინდუსტრია ჩაუნაცვლებელი გახდებოდა, ადამიანები სურვილის მიუხედავად ვეღარ მოახერხებდნენ მისგან გათავისუფლებას და გამალებული შეიარაღების პროცესში ჩვეულებრივ სტატისტებად გადაიქცეოდნენ. ოპენჰაიმერი ამჩნევდა, რომ უკვე საყვარელ საქმეს და პროფესიას აღარ ემსახურებოდა. იგი გაურკვეველი განზრახვების მქონე დამკვეთთა დავალებების უმაღლესი სამეცნიერო რანგის მქონე შემსრულებლად გადაიქცა. ოპენჰაიმერის მიზანი არ იყო მეცნიერების სახელით ბუნების დაპყრობა და ადამიანების განადგურება. მას სწამდა, რომ ადამიანს, ბუნებასა და სამეცნიერო პროგრესს შორის ჰარმონიის ელემენტები უნდა აღმოეჩინა.

 

 

ხმაურზე, შაქარზე და ათას წვრილმანზე…

0

ასეთი სათაური ტყუილად არ შემირჩევია, ერთი მეორეზეა დამოკიდებული და ყველა ერთად ჩვენი ცხოვრების წესზე მოქმედებს.

თუმცა, თავიდან დავიწყოთ.

იმ დღეს ქუჩაში ერთი საშუალო ასაკის კაცი დავინახე, როგორც კარლსონი იტყოდა, მოწიფულ ასაკში მყოფი. სავარაუდოდ ტურისტი იყო, რადგან, ერთი ჩემი ძველი ნაცნობი ქუთაისელის ხუმრობით ნათქვამის არ იყოს, სულ „ფშვიტინ-ფშვიტინით“ მოდიოდა. ანუ, ცხოვრება უხაროდა, სახე არ ჩამოსტიროდა და არც აქაური ხალხის პრობლემებს იცნობდა ალბათ. მაისურზე წარწერა ჰქონდა:

-სახლი ის ადგილია, სადაც რაც გინდა ის უნდა აკეთოო!

ჰმ, ვითომ?

დიახ, ვიზიარებ, რომ სახლს არაფერი ჯობია. აქ რომ დაისვენებ და მოდუნდები, აბა, ისე სხვაგან სად? თუმცა, ყველაფრის კეთება ნამდვილად არ შეიძლება.

მაგალითად არ შეიძლება:

  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით და ხის ქუსლიანი ქოშებით ბრახა-ბრუხით სიარული. განსაკუთრებით, ღამის საათებში;
  • ბოლო ხმაზე ყვირილი და ე.წ. საქმის გარჩევა ოჯახის წევრებთან;
  • ღამის საათებში რემონტის კეთება, განსაკუთრებით კი, საკუთარი ხელით. მით უმეტეს, თუ დიდი არაფერი გაგეგება. ჩაქუჩის უთავბოლოდ კაკუნიც არ შეიძლება.
  • არ შეიძლება საცეკვაო დარბაზის მოწყობა, განსაკუთრებით ღამის საათებში;

…და ასე უსასრულოდ შეიძლება ჩამოვთვალო.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს შეზღუდვები ე.წ. კორპუსის ბინებზე ვრცელდება, სადაც შენს ქვემოთ და გვერდით სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ და მათ სიმშვიდეს პატივი უნდა სცე. თორემ, თუ საკუთარი სახლი გაქვს, იხმაურე რამდენიც გენებოს.

თუმცა, ვინ როგორ. როდესაც სოფელში ჩავდივარ, საღამოს, მეორე სართულის ე.წ.შუშაბანდში ვცდილობ ფრთხილად ვიარო. იცით რატომ? დაბლა მერცხლების ბუდეებია, შიგნით სასაცილო ბუსუსა ბარტყები სხედან, ჰოდა, პატივს ვცემ მათ სიმშვიდეს და ძილს. გაგეღიმათ? კეთილი, მაგრამ მე სიმართლე გითხარით.

სახლს თავისი ხმაური მაინც ახასიათებს.

ხმაურის წყარო ხმაურის დონე dB
მტვერსასრუტი 75
წყლის ჩხრიალი 85
ნაგვის გატანის ხმა (სავარაუდოდ, გარედან შემოსული) 80
კონდიციონერი 50
მაღვიძარა საათი 80
ჩვეულებრივი კედლის საათი-მუსიკალური 65
გაზონის საჭრელი მანქანა(სავარაუდოდ, გარედან შემოსული) 105
როკ მუსიკა 115
ჩაქუჩი 110

 

ხმაურის გამო, პირველ რიგში, ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება. გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, ადამიანი იოლად ღიზიანდება, მუდამ ძილის დანაკლისს განიცდის და ეს ზოგადად, ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეც აისახება. ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იგივე თავის ტვინს ტკბილი უყვარს. ჰოდა, სტატისტიკის მიხედვით, ხმაურით დაზარალებული ადამიანები, სტრესის მოსახსნელად, ტკბილს ეტანებიან.

ერთი არაბული ანდაზა გვამცნობს, ნურავის და ნურაფერს ენდობი, რადგან შაქარიც კი მარილივით გამოიყურებაო.

შაქარზე, მარტივ ნახშირწყალზე, ადრეც დამიწერია. თავადაც მიყვარს და მთელი ცხოვრება დიდი სიბეჯითით მის გაკონტროლებას ვცდილობ. ზოგჯერ მჯაბნის ხოლმე და ცდუნებაზე უარს ვერ ვამბობ. არც არის გასაკვირი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. თუმცა, თავად შაქარზე უარი დიდი ხნის წინ ვთქვი. დაჯაბვნაში მხოლოდ ტკბილეულს ვგულისხმობ. ისიც ვიცი და ადრეც მითქვამს, რომ შარიანი და ხათაბალა პროდუქტია https://mastsavlebeli.ge/?p=4147

ხალხში სხვადასხვა  ხმებიც დადის შაქრის შესახებ. მაგალითად:

მოარული ხმა #1

-ყავისფერი შაქარი უფრო კარგია, ვიდრე თეთრი?…

ეს შეკითხვა დაახლოებით იმ სერიიდან არის, ჩვეულებრივი მარილი უფრო მავნეა, თუ ვარდისფერიო. ორივე მარილი ნატრიუმის ქლორიდია (მცირე განსხვავებებით) და შესაბამისად, ზედმეტი ორივე მავნეა.შაქარზეც იგივე ითქმის. ყავისფერიც თეთრის მაგვარი გლუკოზაა, ოდნავ საღებავ შერეული.

ავიცენა შაქარზეც იმავე აზრის იყო, რასაც მარილზე ფიქრობდა და პირდაპირ წერდა, შაქარი ნარკოტიკიაო. დიახ, შაქარი მიჩვევას იწვევს. შაქრის ზემოქმედებით სეროტონინი და დოფამინი გამომუშავდება, ადამიანი ბედნიერია და კვლავ და კვლავ უნდა იგივეს შეგრძნება. თუმცა, შაქრის დოზა მუდმივ გაზრდას ითხოვს, შეგრძნებების მისაღებად. თუ  შევაჯამებთ, შაქარს იღებ- ტვინს უხარია.

მოარული ხმა #2

-შაქარი მოზარდებში სახეზე  გამონაყარს იწვევს.

ექიმი, რა თქმა უნდა, არ ვარ. თუმცა, „სამედიცინო ბიოქიმიის“ წიგნებში ბევრი ძებნის შემდეგ, ვერაფერ მსგავსს ვერ მივაკვლიე და სავარაუდოდ, გამონაყარი უფრო ალერგიას, ან ჰიპოვიტამინოზს  უნდა დავაბრალოთ, ვიდრე უშუალოდ შაქარს.

მოარული ხმა #3

-შაქრისგან ჩნდება ნაოჭები.

აი, ნაოჭების გაჩენას, რაც შეეხება,  სრული სიმართლეა. ამ პროცესს  „შაქრიან“ სიბერესაც უწოდებენ და მას „ასე, ტკბილად დაბერებასთან“ არავითარი კავშირი არ აქვს. ეს უკანასკნელი ტკბილ და მშვიდ სიბერეს გულისხმობს, მოსიყვარულე ადამიანებთან და შეგნებულ მეზობლებთან ერთად. აი, ისეთებთან ზემოთ დაწერილ სახლის ხმაურის წესებს, რომ არ არღვევენ.

შაქარი ნაოჭებს აჩენს და ვიზუალურად აბერებს ადამიანს. რატომ? შაქრის მოლეკულა უკავშირდება კოლაგენს და შლის მას.  შაქარი სისხლძარღვების კედლებსაც აზიანებს, არადა ლამაზი კანი სისხლით და ჟანგბადით უნდა მომარაგდეს.

მოარული ხმა #4

-ზედმეტი შაქარი თვალის კატარაქტას იწვევს.

ესეც მართალია, რადგან თვალის ბროლის ცილების ამინოჯგუფებსა და გლუკოზას შორის  რეაქცია მიმდინარეობს.

აქ კარგი ამბავი ის არის, რომ ნორმის ფარგლებში ყველაფერი აუცილებელიც და სასარგებლოც არის.

ტკბილის დღიური ნორმა კი გახლავთ: ან შაქარი 14 გრ, ან თაფლი-20გრ, ან მურაბა/ ჯემი-25გრ, ან ხილი 400გრ. დიახ, ჟ. მარშალის ნაშრომში „კვების ქიმიის“ შესახებ ამოვიკითხე, რომ თურმე ხილის ჭამაც უნდა გაკონტროლდეს. თუმცა, აქ აქცენტი უფრო ისეთ ტკბილ ხილზე კეთდება, როგორიც  ყურძენი, საზამთრო და მაგალითად ნესვია.

მოარული ხმა #5

-თაფლი შაქარზე სასარგებლოა და აბსოლუტურად უსაფრთხო.

თაფლზე სამი  წერილი მაქვს დაწერილი https://mastsavlebeli.ge/?p=4058, https://mastsavlebeli.ge/?p=16403, https://mastsavlebeli.ge/?p=4310  და მის საუკეთესო თვისებებს ვადასტურებ. შიგნით უამრავი ვიტამინი და მინერალია. თუმცა, ადუღებულ წყალში არ უნდა გავხსნათ, თუ არ გვსურს, ჩვენივე ჭიქაში  მავნე ნივთიერებების სინთეზი წამოვიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ თაფლი ჩაის ან ყავას კოვზით უნდა მივატანოთ.

როდესაც თაფლზე და შაქარზე ვსაუბრობთ, აქ მთავარი გლიკემიური ინდექსის მაჩვენებელია. რაც მეტია ეს მაჩვენებელი, მარტივი შაქარი უფრო სწრაფად შეიწოვება სისხლში და იწვევს შაქრის დონის გაზრდას. მადაც უფრო გვემატება და მალევე გვშივდება. შაქრის ინდექსი  100ერთეულია, თაფლის -61 ერთეული.

ახლა კალორიულობას რაც შეეხება. ერთ ჩაის კოვზზე 5 გრამი შაქარი ეტევა. თაფლი უფრო მძიმეა და ერთი ჩაის კოვზი 15 გრამს შეადგენს. გამოდის, რომ ერთი ჩაის კოვზი თაფლით დალეული ჩაი, იგივეა, რაც სამი ჩაის კოვზი შაქრით დალეული.  ერთი კოვზი შაქრის კალორიულობა 16კკალ-იაა, ერთი კოვზი თაფლის-48კკალ.

მოარული ხმა #6

-შაქარი შევცვალოთ შაქრის შემცვლელით?..

ამ კითხვას ჩემი სტუდენტებიც ხშირად მისვავენ, განსაკუთრებით შესავალ კურსებზე. პირველი შაქრის შემცვლელი, საქარინი, მეცხრამეტე საუკუნეში შექმნეს. მეოცე საუკუნის 60-70-იანებში კი მთელი რიგი ნაერთები  დაასინთეზირეს, თუმცა, დღეს მათგან 3-4 თუ შემორჩა.

შაქართან შედარებით, კალორიებს, რა თქმა უნდა, შემცვლელი გაცილებით ნაკლებს შეიცავს. თუმცა, როგორც ზემოთ დავწერე, ტვინი გლუკოზით იკვებება, ამიტომ შაქრის შემცვლელი ჩვენს ტვინს ვერაფრით გაახალისებს. თუმცა, კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ზედმეტი გლუკოზა სისხლძარღვების კედლებს დააზიანებს და ნეიტრალურ ცხიმადაც მშვენივრად გარდაიქმენება.

ნაწლავებში არსებული მიკრობიოტა, ანუ ბაქტერიები მნიშვნელოვანია ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამ მიკრობიოტას გლუკოზით გამოკვება ჭირდება. შემცვლელის ხანგრძლივი გამოყენებისას მიკრობიოტა კვდება. გლუკოზა არ აქვს და მის მიმართ ტოლერანტობას კარგავს. გაგიკვირდებათ, მაგრამ დიაბეტისთვის კარგი ნიადაგი იქმნება.

რა გამოდის?

უკვე მერამდენედ, ალქიმიკოს პარაცელსს უბრუნდებით, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ამბობდა, ნებისმიერი საკვები წამალიც არის და შხამიც, რაოდენობას გააჩნია, რამდენს მივირთმევთო. ჰოდა, მარტივი შაქარიც, ნორმის ფარგლებში, აუცილებელია.

სადღაც გვერდით მეზობელი კედლებს „ღრიტნის“, ანუ, ასწორებს…სინამდვილეში კი ათხელებს, რაღაც სრულიად უსუსური ფართობი, რომ მოიგოს. ეს ნაგებობას ასუსტებს და სეისმურად აქტიურ თბილისში სახლის გარეშე დარჩენის შანსებს უზრდის საკუთარ თავსაც და მეზობლებსაც. ასეთი ხმაური სტრესია, ალბათ უკვე ჰორმონმა კორტიზოლმა დაიწყო გამომუშავება. ცოტა ხანში სისხლძარღვებს შეავიწროვებს და წნევასაც მომიმატებს.

რით ვებრძოლო? მაცივარში ხილის კრემიანი ნამცხვარი მაქვს… თუმცა, უკვე მივირთვი და …

…წავალ, ისევ ვივარჯიშებ და სტრესის ჰორმონსაც ასე დავშლი!…

 

 

 

საგანმანათლებლო თამაშების როლი მოსწავლეთა სისტემური აზროვნების ფორმირებაში      

0

საგანმანათლებლო ხასიათის თამაშები აქტიური ფიზიკური და შემოქმედებითი   უნარების  ფორმირებას, ინტელექტისა და შემეცნებითი პროცესების, მეტყველების, მეხსიერების, ყურადღების, დაკვირვების, სენსორული გამოცდილების,  მტკიცებულებებითი უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ, რომლის საფუძველზეც მოსწავლეს უვითარდება ცნობისმოყვარეობა, გამოცდილება, ნებელობა, ჯგუფური მუშაობის უნარები, აცნობიერებს თავის ადგილს საზოგადოებაში.

 

გამოცდილ მაწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო საქმიანობასა და თამაშს შორის კავშირის დამყარება და  გაკვეთილის ნამდვილ  სახალისო საქმედ  გარდაქმნა. როგორც თეატრში  ელოდება მაყურებელი, რა იმალება სცენის ფარდის მიღმა, ასევეა მოსწავლეებიც, რომლებიც ელოდებიან მასწავლებელის „საიდუმლო სცენარის“ გაცნობას და ამ მოლოდინში მუდმივად ყურადღებით არიან.  მასწავლებელი ასეთ სიტუაციებში ემგვანება  კარგ მსახიობს, რომელიც წარმოდგენის დასასრულს ყველა „საიდუმლოს“ ახდის ფარდას და ინტერესს დაუკმაყოფილებს მოსწავლეებს.

გაკვეთილის რომელ ეტაპზეა მოხერხებული თამაშის ელემენტების გამოყენება? ალბათ ყველა ეტაპზე, თუმცა ადვილია შეთანხმება იმაზე,  რომ გაკვეთილის ყველაზე საინტერესო ნაწილი  დასაწყისია, რომელზეც მთელი შემდეგი საქმიანობის წარმატებაა დამოკიდებული. ეს ნაწილი ისე უნდა გაიაროს მასწავლებელმა, თითქოს აქ და ამ წუთში წყდებოდეს გაკვეთილის ბედი. მასწავლებლის ემოციური განწყობა გადამდებია მოსწავლეებისთვის და კარგად დაწყებული გაკვეთილი წარმატებული შედეგის გარანტიაა. თუ მასწავლებელი ასეთივე განწყობას შეინარჩუნებს  გაკვეთილის დანარჩენ ეტაპზეც (ცოდნის შემოწმების, გადაცემის, რეფლექსიის ეტაპზე) მიზნის მიღწევა გარანტირებული იქნება (ცხადია, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მასწავლებლის, როგორც მეთოდისტის, მკვლევრის,  აღმზრდელის, საგაკვეთილო პროცესის ორგანიზტორის  ფუნქცია).

 

მასწავლებელიც და მოსწავლეც თამაშის პროცესში მრავალგვარ იდეას წამოაყენებენ, რომელთა შორის ძალიან საინტერესოა სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ბიოადეკვატური, ანუ რელაქსაციური სათამაშო მიდგომების გამოყენება სწავლებაში ხელს უწყობს ასეთი პირობების შექმნას და  სისტემური („ინტეგრირებული“) აზროვნებისა  და გაკვეთილის  „გაცოცხლებას“.

აღსანიშნავია, რომ სისტემური („ინტეგრირებული“) აზროვნება არ გულისხმობს ისტორიის, ლიტერატურის, გეოგრაფიის, ხატვისა და სხვა საგნების უბრალოდ ინტეგრირებას ერთი გაკვეთილის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ შესანიშნავი იდეაა, რადგან ამ დროს შემეცნებით პროცესში ერთვება აღქმის ყველა არხი, მაგრამ სისტემური, ანუ ინტეგრირებული მიდგომა რეალურად წარმოიშობა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შემეცნების ყველა კომპონენტის ერთობლიობას. მაგალითად, კულტურის ისტორიის შესწავლისას სისტემური აზროვნების გამოვლენაა თუ მოსწავლე შეძლებს გაკვეთილზე კონკრეტული რელიგიისათვის დამახასიათებელი ტაძრის (შუა საუკუნეების ან სხვ. ისტორიული პერიოდის) მოდელის  (ქართული ტაძრები, ბიზანტიური ტაძრები, ბაროკოს ან სხვ. სტილის ტაძრები, ბუდისტური ტაძრები და  მეჩეთები და ა.შ.) აგებას და სხვ. რომლისთვისაც მას სხვადასხვა საკითხის საკმაოდ ღრმად ცოდნა სჭირდება.

 

სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის გამოიყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო  თამაშებს, როგორიცაა, მაგალითად:

  1. ექსპრესკარნახი“, რომლის მიზანია  ტერმინების,  თარიღების,  განსაზღვრებების, ცნებების ცოდნის შემოწმება ( სულ 2-3 წთ.);

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დადგნენ მერხებთან, ან გააკეთონ წრე (როგორც მოუხერხდებათ ადგილის მიხედვით); ბ) მასწავლებელი სწრაფად სვამს შეკითხვებს, ეკითხება ყველას. ასეთი ზეპირი გამოკითხვით მასწავლებელი ამოწმებს ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ქიმიისა და ა.შ. საგნების ცოდნას (წერილობითი გამოკითხვის დროს მოსწავლეები მერხებთან სხედან); გ) სპეციალური უნარების (სწრაფი წერის, ყურადღების  და ა.შ.) განვითარებისთვის მასწავლებელი ცვლის პირობას – სთავაზობს, რომ პასუხები დაწერონ მხოლოდ ფურცელზე, მხოლოდ დაფაზე და ა.შ.).

  1. „დაასრულე ფრაზა“: მიზანია განვლილი  მასალის ექსპრესგამეორება.

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დადგნენ მერხებთან ან გააკეთონ წრე (როგორც მოუხერხდებათ ადგილის მიხედვით), ან დაჯგუფდნენ სურვილის მიხედვით; ბ) მასწავლებელი აცხადებს მტკიცებით წინადადებას, რომელიც საჭიროებს დასრულებას;  გ) გამარჯვებულია ის,  ვინც სწორად და სწრაფად შეძლებს ფრაზების დასრულებას  (სულ 2-3 წთ.).

მაგალითად, გეოგრაფია, VI კლასი:

„თანამედროვე გეოგრაფია – ესაა მეცნიერება… ამისა და ამის შესახებ (ბუნების, მოსახლეობის, საქმიანობის….)“;

„ეკოლოგია – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის… (ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთობას…);

  1. „თავისუფალი დავალება“: მიზანია, ვასწავლოთ მოსწავლეებს დავალების დამოუკიდებლად არჩევა.

 

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს რამდენიმე ჯგუფად; ბ) ჯგუფებს ურიგებს დავალებებს, რომლებიც ჩამოწერილია ბარათებზე, ან განთავსებულია კომპიუტერის  ეკრანზე, ან მონიშნულია წიგნში  და ა.შ.  გ) დავალებები სხვადასხვა დონისაა;  დ) მოსწავლეებმა  (ჯგუფებმა) უნდა აირჩიონ დავალება განთავსების ადგილის მიხედვით; ე) მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფები დავალებას და  პასუხებს წარუდგენენ მთელ კლასს; ვ) პრეზენტაციების  დასრულების შემდეგ მასწავლებელი შეაჯამებს ჯგუფების გამოსვლას (სულ 3-5 წთ.).

 

  1. „შემოქმედებითი სურათის შექმნა“: მიზანია, ვასწავლოთ მოსწავლეებს სასწავლო მასალის სურათ-ხატის შექმნა, რომელსაც ის ხანგრძლივ მეხსიერებაში წაიღებს.

 

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი ქმნის 3-5-კაციან ჯგუფებს და ყველას აძლევს ერთი ტიპის დავალებას – შემოქმედებითად „გადაამუშაონ“ საშინაო დავალებიდან მიღებული ინფორმაცია; ბ) მასწავლებელი აძლევს ნიშანს შემოქმედებითი სამუშაოს დაწყებისთვის, მოსწავლეები კი ცდილობენ დახატონ დავალების შესრულების შედეგად  მიღებული ინფორმაცია; გ) შემდეგში  ხდება შემოქმედებითი პროდუქტის „დაცვა“ (სულ 4-5 წთ.).

 

5.“ახალი სახე-სიმბოლოს შექმნა ჯგუფურად“:  მიზანია  შემოწმდეს  ინტეგრირებული თემის ცოდნა,   თემის  პიროვნული  და  ჯგუფური  აღქმის  პროცესი. ეს თამაში ხელს უწყობს მეხსიერებაში ინფორაციის ხანგრძლივად შენახვას.

 

აქტივობის ალგორითმი: ა) მოსწავლეთა დაჯგუფება; ბ)  თითოეული ჯგუფი იღებს დავალებას თემის ცალკეულ ნაწილზე. მასალა შეიძლება განმეორებითიც იყოს; გ) მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები იწყებენ  შემოქმედებით მუშაობას. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან შეჯერების საფუძველზე ქმნიან ერთიან სურათს და ხატავენ იმ ინფორმაციას, რომელიც დაამახსოვრდათ; დ) დასრულების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას, მასწავლებელი კი აფასებს მათ (სულ 4-5 წთ.).

 

  1. „ვაქანდაკებთ“ – ჯგუფური სამუშაო, რომლის მიზანია დავალების შესრულებისათვის საჭირო შემოქმედებითი და მოტორული უნარების განვითარება. თემა შეიძლება შერჩეული იყოს განვლილი მასალიდანაც (4-7 წთ).

 

აქტივობის ალგორითმი:  ა) მოსწავლეებს,  ჯგუფის წევრებს,  ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერილია რომელიმე საგნობრივი ლექსიკის ერთეულები, მაგალითად,   სინონიმები,  ომონიმები, შედარებები და სხვ.; ბ) დავალების მიხედვით მოსწავლეებმა უნდა შექმნან „ლექსიკის“ სიმბოლო-ქანდაკება (ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს გვირილის ან სხვა ყვავილის სახით); გ) განმარტონ დასახელებული ცნებები და მოიყვანონ მაგალითები; დ) ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციებს და დაიცავენ თავიანთ  მოსაზრებებს; ე) მასწავლებელი შეაჯამებს  ჯგუფების შედეგებს.

 

  1. „ცოდნის ინჟინრები“: მიზანია, ასწავლოს მოსწავლეს ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში.

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს პატარ-პატარა ჯგუფებად და სთავაზობს დავალებას – როგორ წარმოუდგენიათ მათ უკვე შესწავლილი თემების პრაქტიკაში გამოყენება? ქალაქების მშენებლობაში? სამეურნეო საქმიანობაში? მოგზაურობაში? განათლების რეფორმაში? და ა.შ. ბ) ის, ვინც უკეთესად და უფრო მეტს უპასუხებს დასმულ შეკითხვაზე,  გადაეცემა პრიზი; გ) მასწავლებელი ამოწმებს  მოსწავლეთა ცოდნის  დონეს.

  1. „ფანტასტიკური დაბოლოება“: მიზანია ახალი ინფორმაციით დაინტერესება, სასწავლო სიტუაციის გადატანა უჩვეულო პირობებში. 

 

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს საშინაო დავალების თემა გადაიტანონ ფანტაზიის სამყაროში და   მოუძებნონ ფანტასტიკური  დასასრული – ეს შეიძლება იყოს ლიტერატურული გმირის „გადასახლება“ სასურველ ეპოქაში ან ისტორიული პიროვნებების „თანამედროვე“ მოღვაწეებად წარმოსახვა, ადრე მომხდარი კონფლიქტების „გაცოცხლება“ და განსხვავებული დასასრულის მიცემა, უჩვეულო სიტუაციების შექმნა  და ა.შ. მაგალითად, „ანტარქტიდაში მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსამდე ავიდა. მოიფიქრეთ, რას მოიმოქმედებენ პინგვინები?“… „კლიმატის ცვლილებამ ალპებზე მყინვარების დნობა და მდინარეების ადიდება გამოიწვია. წარმოიდგინეთ, როგორ გააგრძელებდნენ ბრძოლას ჰანიბალის ჯარისკაცები?“ და სხვ. ბ) მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნრაებს და წარმოდგენილ მასალებს.

 

საგანმანათლებლო თამაშებისას მეცნიერული თეორია და ცოდნის სისტემატიზაციის პრაქტიკული ასპექტები „ერთად მუშაობენ“ მოსწავლეთა წარმატებისთვის და სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის, ხელს უწყობენ სწავლის მოტივაციას, მაღალი შედეგების მიღწევას, არაერთგვაროვანი  დავალებების გადაწყვეტას, რთული და ხანდახან მოსაწყენი მასალის მარტივად შესწავლას,  ამიტომ შეგვიძლია ისინი მეტი აქტიურობით გამოვიყენოთ კონკრეტულ საგაკვეთილო საქმიანობაში.

იცხოვრო და მოკვდე ხელოვნებისთვის და სიყვარულისთვის

0

სიყვარულის ზღაპარი, რომელსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ადევნებდა თვალყურს, სამწუხაროდ, მწარე რეალობის ათასობით ნამსხვრევად იქცა. სკანდალური რომანი შეეხება გასული საუკუნის ცნობილი ადამიანების – ბერძენ მულტიმილიონერ არისტოტელე ონასისსა და წარმოშობით ბერძენ ამერიკელ დიდებულ საოპერო მომღერალ მარია კალასს.

ვნება გონებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. XX საუკუნის უდიდესი საოპერო მომღერლის მარია კალასის ცხოვრება არისტოტელე ონასისმა თავდაყირა დააყენა.

„მსურდა მარია ვყოფილიყავი, მაგრამ არსებობს კალასი, რომელიც მოითხოვს,            

                                                                          ღირსეულად ვატარებდე მის სახელს“.

 

მათი პირველი შეხვედრა ცნობილი ვენეციელი გრაფინიას სახლში კალასის საპატივცემულოდ მიძღვნილ საღამოზე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულს მარიასა და არისტოტელეს მეუღლეებიც ესწრებოდნენ, მილიონერი მომღერალს ნაბიჯითაც არ შორდებოდა. გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს, მარია მშვენიერ ანტიკურ ბერძნულ ქანდაკებას ჰგავდა.

წყვილის ურთიერთობა გარშემომყოფთათვის თავიდანვე ვერ აღმოჩნდა გასაიდუმლოებული. კრუიზში ონასისი მარიას ყოველ საღამოს საცეკვაოდ იწვევდა, რის შემდეგ გაუჩინარებული შეყვარებულნი თავ-თავიანთ საძინებლებში მხოლოდ დილით ბრუნდებოდნენ.

კრუიზს მოჰყვა დიდებული მომღერლის პატივსაცემად გამართული მეჯლისი ლონდონურ სასტუმროში, სადაც არისტოტელე ონასისი მარიას გარშემო დარბაზის მთელ თავისუფალ სივრცეს მეწამული ვარდებით ავსებდა. 36 წლის ოპერის პრიმადონა, რომელსაც საოპერო მოღვაწეობის 10 წლის მანძილზე არაერთი ექსცენტრული თაყვანისმცემელი უხილავს, შეყვარებული იყო როგორც პატარა გოგონა.

სამწუხაროდ, ბედნიერება ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა. პირველი დარტყმა მარიამ მაშინ მიიღო, როდესაც ონასისს ფეხმძიმობის შესახებ აუწყა. ამ დროისათვის კალასი 42 წლისა იყო. თანადგომის მოლოდინში მყოფმა არისტოტელესგან მტკიცე უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ მას ორი შვილი უკვე ჰყავდა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით შეპყრობილმა მარიამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა, რასაც მომავალში სასტიკად ნანობდა.

მარია კალასი ყურადღების ეპიცენტრში იყო შემოქმედებითაც და სკანდალური ქრონიკითაც, სადაც ძირითადი საკვანძო ადგილი სასიყვარულო სამკუთხედს ეკავა: კალასი, ონასისი და ჟაკლინ კენედი. მეორე შოკისმომგვრელი ცნობა იყო, როდესაც გაზეთებიდან ონასისის ღალატის შესახებ შეიტყო: მან ამერიკის შეერთებული შტატების მოკლული პრეზიდენტის ქვრივზე ჟაკლინ კენედიზე იქორწინა.

ამ ცნობილ ქალბატონებს შორის ონასისისთვის ბრძოლაში გამარჯვება ჟაკლინმა მოიპოვა, ხოლო დიდებული მარია მიტოვებული იქნა ბერძენი მილიარდერის მიერ. ყოველივე კი ფართო საზოგადოების თვალწინ „თამაშდებოდა“, პრესის, ტელევიზიის გაშუქების ფონზე და მარია „მაყურებლებისთვის“ უნებლიეთ ტრაგიკულ ფიგურად „გამოიძერწა“. და როგორც წესი, ბიოგრაფიაში „წვეთი სისხლი“ პერსონისადმი ინტერესსა და მიზიდულობას მუდამ ამძაფრებს.

კალასის ცხოვრება ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა. საყვარელი ადამიანისთვის – მოღალატე მამაკაცისთვის ყველაფერი გაიღო: კარიერა, შეუმდგარი ოჯახური ბედნიერება და ვერდაბადებული შვილიც კი.

მარიას დასაცავად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ნიუანსი, რომელიც ბუნდოვან სურათს ერთგვარად ფარდას ხდის და კონტურებს ამკვეთრებს. მოგეხსენებათ, მარია კალასი დაახლოებით 30 წლამდე ზედმეტად დიდი წონისა გახლდათ და მამაკაცებისთვის მიმზიდველი არ იყო (მოგვიანებით მარია მკურნალობის მკაცრი კურსის ჩატარების შემდეგ თითქმის 30 კილოგრამით დაიკლებს, რაც ხმისთვის ძალზე სარისკოა). ბიოგრაფებს მარიას ოცდაათ წლამდე ცხოვრებიდან ერთი სასიყვარულო რომანის ეპიზოდიც კი არ აღმოუჩენიათ. მომღერალი თავის იმპრესარიოს, წლოვანებით უფროსს, ცოლად უსიყვარულოდ გაჰყვა. შეგახსენებთ, მარიას მეუღლე ბატისტო მენეგინმა მომღერლის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როგორც მენეჯერმა და პროდიუსერმა.

ოპერაზე უსაზღვროდ შეყვარებული მენეგინისთვის სიმღერის ილუზორული სამყარო გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი იყო, ვიდრე საკუთარი წარმოების (აგურების ქარხნების) მფლობელობა. 26 წლის უცნობმა მომღერალმა და მასზე ორჯერ უფროსმა თაყვანისმცემელმა ჯერ შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარეს, ხოლო ორი წლის შემდეგ კიდეც იქორწინეს. აღსანიშნავია, რომ მარია ქორწინებამდე სასიყვარულო ვნებას არ მიუყვანია. ის მეუღლეში გასაოცარ ერთგულებასა და უსაფრთხო თავშესაფარს ხედავდა, ბავშვობიდან ტკივილამდე რომ აკლდა. თუმცა, პრაქტიკული მოსაზრებით ნაკარნახევი ქორწინება 50-იანი წლების რომანტიკულ სამყაროში ვერაფრით ვერ ეწერებოდა.

და ასე, 35 წლამდე „ჩათვლემილი“ მარია მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ცნობილ მაგნატს, არისტოტელე ონასისს შეხვდა. სამწუხაროდ, თავდავიწყებით შეყვარებული მარია, ეს დიდებული მომღერალი, ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში სრულიად უმწეო აღმოჩნდა. მარია სასიყვარულო რომანის ყოველ წვრილმანს გადაჭარბებული ტრაგიზმით განიცდიდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან მარიას „არისტო“ ქალების გამძაფრებით მოტრფიალე გახლდათ. ყოველივეს კი, მათ ცხოვრებაში ჟაკლინ კენედის შემოჭრამ დაუსვა საბოლოო წერტილი.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯოვანი ბატისტა თანახმა იყო მარიას ახალი გატაცების ყოველგვარ გამოვლინებაზე თვალი დაეხუჭა, ღალატზეც კი. ბოლოს და ბოლოს მასზე 30 წლით უმცროს მარიასთვის, ოპერის ჭეშმარიტი დივასთვის დაუფიქრებელი ქცევის პატიება მართლაც შეიძლებოდა. მაგრამ ვაი რომ, მარია მეუღლის პატიებას სრულებით არ საჭიროებდა. მილანში დაბრუნებულმა მენეგინს ონასისთან მჭიდრო ურთიერთობისა და მასთან სამუდამო დაშორების შესახებ დაუყონებლივ აუწყა.

 

ასეა თუ ისე, არისტოტელე ონასისი დიდი მომღერლის პირველი და უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა. სწორედ მასთან კავშირმა განაცდევინა მარიას მანამდე სრულიად უცხო შეგრძნებები.

 

მომღერალს ხმასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ ონასისთან რომანის დასაწყისში შეექმნა. მუდმივი ტრაქეიტი და ბრონქიტი თანდათან ხმას უზიანებდა, ხოლო წარმოქმნილი ხრინწი მარიას პროფესიისთვის ნამდვილ ღვთის რისხვას ემსგავსებოდა. მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში მკურნალობის მიუხედავად, მარიას საშველი არსაიდან ჩანდა. ექიმები მიზეზად ფსიქოსომატურ დარღვევებზე მიანიშნებდნენ. მარიას სიყვარული იმდენად უსაზღვრო იყო, რომ არჩევანის შემთხვევაში არა ხმას, არამედ ონასისთან ურთიერთობას ამჯობინებდა. მაგრამ ბედის ირონიით აღმოჩნდება, რომ მოგვიანებით მარია ორივეს ერთად დაკარგავს.

 

1975 წელს არისტოტელე ონასისი კუჭის ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ორი წლის შემდეგ სრულიად მარტო დარჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალი – მარია კალასი. 53 წლის ასაკში უდიდესი და საბრალო, საბედისწერო და მიმნდობი ქალბატონი მარია კალასი პარიზში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე კალასს ონასისისგან ანდერძით დატოვებული ათასობით ყვავილი აცილებდა.

 

P.S. კალასის გასაოცარი ნამღერის საიდუმლო საკუთარი ტკივილებიდანაა ამოზრდილი… და აი ის, გატანჯული, მოტირალი მარია კალასი – სცენური და ნამდვილი სიკვდილით. ასე დასრულდა XX საუკუნის უდიდესი მომღერლის, დიდი არტისტის და ამავდროულად, ადამიანური სისუსტეების მქონე ქალბატონის – მარია კალასის სევდიანი ცხოვრება.

 

https://yandex.ru/video/%D0%B7%D0%B0%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%81/%D1%81%D0%B5%D1%80%D0%B8%D0%B0%D0%BB/qare-dard?source=relquery&filmId=1765430021208508992&text=%D0%BA%D0%B0%D0%BB%D0%BB%D0%B0%D1%81%20%D0%B8%20%D0%BE%D0%BD%D0%B0%D1%81%D1%81%D0%B8%D1%81%20%D1%84%D0%B8%D0%BB%D1%8C%D0%BC%202005

ქართული სამეფო ნადიმების შესახებ

0

სუფრა და ლხინი ყოველთვის ქართული ცხოვრებისა და ტრადიციის ნაწილი იყო. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე II საუკუნეში, კერძოდ, 150 წელს, პონტოს ელინისტურ-ქართული სამეფოს ტახტზე ასულმა მეფე მითრიდატე V ევერგეტმა კაბადოკიაზე გამარჯვება ზეიმით აღნიშნა, რასაც ქეიფი და ღრეობა მოჰყვა, ხოლო მისი დიდი შთამომავალი მითრიდატე VI ევპატორი, ომიდან თუ ასპარეზობიდან დაბრუნებული, ახალ ბრძოლასა თუ შეჯიბრებას სანადიმო სუფრასთან მართავდა.

ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში “მსოფლიოს ცენტრში”, რომში, მოხდა ქართველთა (იბერიის) მეფე ფარსმან ქველისა და ანტონინუს პიუსის დიდმნიშვნელოვანი შეხვედრა. კეისარმა გულუხვად უმასპინძლა აღმოსავლეთიდან ჩასულ უაღრესად საპატიო სტუმარს. ნადიმი რამდენიმე დღე გაგრძელდა.

1072 წელს საქართველოს ტახტზე ავიდა გიორგი II – “პურად უხვი ყოველ კაცთა”, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ნადიმობა და ნადირობა. ბრძოლის ველზე მოპოვებულ ალაფს ყანწი და მშვილდ-ისარი ერჩივნა. ყოველ ახალ წელს “უწინარეს ცისკრის ლოცვისა უკვლევდა დავით მეფეს ჭყონდიდელი ჯვარსა და ხატსა, სამკაულსა მეფესა და დედოფალსა”, უკურთხებდა საახალწლო სუფრას, საბოძვარსა და ტკბილეულს. წირვის შემდეგ კი ერისთავნი და ხელისუფალნი მეფეს უძღვნიდნენ რჩეულ ბედაურს და იარაღ-აღკაზმულობას. სუფრის თამადა გამორჩეულად მჭევრმეტყველი უნდა ყოფილიყო. იგი ასე მიმართავდა მეფეს: “მრავალჟამიერ ყოს ღმერთმან მეფობა თქვენი მრავალ წელს და ისარი ესე გულსა გაერთხას მეფობისა თქვენისა ორგულსა”. იტყოდა თამადა სადღეგრძელოს და დაიწყებოდა სპათა მილოცვა. ამას მოსდევდა დიდი პურობა, განცხრომა, ცეკვა-სიმღერა…

ქართველთა ძლევამოსილების აღსანიშნავად თამარ მეფის მეუღლემ დავით სოსლანმა განძის სულთნის სასახლეში ბრწყინვალე დარბაზობის გამართვა ბრძანა. “შეიქმნა პურობა და ნადიმობა შესატყვისი ჟამთა სადღესასწაულო”.

მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს მეფემ დავით ნარინმა ლტოლვილი “მოკავშირე” მონღოლები დიდი ზარ-ზეიმით მიიღო. მან უზარმაზარი “სერი” გაუწყო სტუმრებს. დაიკლა ხუთასამდე ძროხა და ამდენივე ცხვარი. უღვინოდ პურის ჭამა არც მონღოლებს უყვარდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველებისაგან ღვინის ყადრიც ისწავლეს. დავით ნარინმაც მოიღო ღვინო უანგარიშოდ, ურმებით, ჭურებით, კასრებით, ჩაფებით. “დიდათ განკვირდნენ” მონღოლები, როცა დაინახეს, რაოდენ “უცხოთა სტუმართმოყვარენი” იყვნენ ქართველნი “თვისი ბუნებით”.

1696 წელს ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე ისპაჰანს ჩავიდა და შაჰს შეურიგდა. დღე და ღამე აუღებელი სუფრა გაეშალა შაჰ ჰუსეინს გიორგის “სადიდებლად”. ისევ “ქართული ყაიდით და ნაქცეურობით” გაეწყოთ ყოველივე სპარსელებს. მონადიმენიც უმეტესწილად ქართველები იყვნენ – უნებურად და “ნებიერად” სპარსეთს გადახვეწილნი. იყო სმა, ზმა და სიმღერა. ყველა დაეჩრდილა გიორგი მეფის ღრმააზროვან სიტყვას, მახვილგონიერებას, “მაღალ ხუმრობას”. ქართულ ჰანგებს დაეკნინებინა სპარსული ბაიათი. მთელი დღე ატრიალეს ყანწები ჰუსეინმა და გიორგიმ. “ორივე დიდად დათვრნენ. ხან ყაენი დაუსხამდა ღვინოსა, ხან მეფე”. თანამესუფრეებმაც – ქართველებმა და სპარსელებმა – დიდად მოილხინეს ხელმწიფეთა “გარიგებისა” და “შერიგების” გამო.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონმა ზეობის პირველ წლებშივე აკრძალა ტყვეების ყიდვა-გაყიდვა. ამისთვის მან შემოიღო თორმეტი გვარისგან შემდგარი “ფიცის კაცების” ინსტიტუტი, რომლებსაც მისგან დიდი ნდობა ჰქონდათ გამოცხადებული. სანამ მთელს იმერეთში ფიცი და ზენაარი მიდიოდა, მზარეულნი, ხაბაზნი და მწდენი სანადიმო სუფრას აწყობდნენ ჭამა-სმის “ყოველივე სამკაულით”. მიუსხდებოდნენ თუ არა სუფრას ნაფიცარნი, პირველი საწესო სადღეგრძელო ყოველთვის ეს იყო: “დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს მეფეს და მის ერთგულს ერთობით ფიცის კაცსა!”

გურიელთა სამთავრო ტახტის უკანასკნელი მემკვიდრის დავით გურიელის სასახლის მუდმივი და მოუწყინარი სტუმრები იყვნენ გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის დიდგვაროვნები, რომელთა შესაქცევად იმართებოდა გაბმული ქეიფი, ცეკვა-სიმღერა, შაირობა, ჯირითი, ჭიდაობა და სხვა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...