ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
10 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

მსოფლიო მეურნეობის ძირითადი გეოგრაფიული  მოდელები

0

მსოფლიო მეურნეობის ერთიანობის მიუხედევად, მის შემადგენელ ნაწილებს შორის მაინც არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები. ამ ნაწილებს შორის არსებული პროპორციები, თავის მხრივ, მსოფლიო მეურნეობის სივრცობრივ მოდელს განსაზღვრავენ. საზოგადოებრივ გეოგრაფიაში  ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე მიდგომა არსებობს, მაგალითად, მსოფლიო მეურნეობის ორწევრიანი, მსოფლიო მეურნეობის სამწევრიანი და მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელი. დეტალურად განვიხილოთ ეს მოდელები.

მსოფლიო მეურნეობის ორწევრიანი  გეოგრაფიული მოდელის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნები ორ ჯგუფად  იყოფა და მოდელი  ასე გამოიყურება: ეკონომიკურად განვითარებული და  განვითარებადი ქვეყნები. განვითარებული ქვეყნები   ესაა ჩრდილოეთის ქვეყნები, სადაც ცხოვრების  მაღალი დონეა  და  განვითარებადი ქვეყნები,   ანუ სამხრეთის ქვეყნები.

მსოფლიო მეურნეობის ორწევრიანი გეოგრაფიული მოდელი

 

მსოფლიო მეურნეობის სამწევრიანი გეოგრაფიული მოდელი ცენტრს, ნახევრად პერიფერიასა და  პერიფერიას მოიცავს.  ცენტრს – ჩრდილოეთის 25 ქვეყანა წარმოადგენს, რომლებიც მსოფლიოს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და მსოფლიო ეკონომიკის პოსტინდუსტრიულ სტადიაში  გადასვლას განსაზღვრავენ. მთავარი ბირთვია  – „დიდი რვიანის ქვეყნები“, რომლებიც პოსტინდუსტრიულ სტადიაში იმყოფებიან.

ნახევრად პერიფერია – აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნებს, ნავთობექსპორტიორ ქვეყნებს (ოპეკი), აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის შედარებით დაწინაურებულ ქვეყნებს, გარადმავალი ეკონომიკის მქონე ზოგიერთ ქვეყანას მოიცავს, რომლებიც ინდუსტრიალურ სტადიაში არიან.

პერიფერიაში სამხრეთის ის 100 ქვეყანა შედის, რომლებშიც  ჭარბობს აგრარული ეკონომიკა, ხასიათდება სასურსათო-სანედლეულო საერთაშორისო სპეციალიზაციით, მცირედ  აისახება მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესი და ძირითადად,  განვითარების  ინდუსტრიამდელ სტადიაში იმყოფებიან.

მსოფლიო მეურნეობის სამწევრიანი გეოგრაფიული მოდელი

 

მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელი ათი მთავარი ცენტრისგან შედგება. პროპორციები ამ ცენტრებს შორის მათი ეკონომიკის ზრდის ტემპების შესაბამისად იცვლება. მე-19 ს.-ის ბოლომდე ყველა მაჩვენებლით მხოლოდ ერთი ცენტრი – ევროპა ლიდერობდა. ამიტომაც  ამ პერიოდს „ევროცენტრულ“ პერიოდს უწოდებენ.  შემდეგ წარმოიშვა მსოფლიოს მეორე ცენტრი – აშშ, რომელმაც მალევე  დაიკავა წამყვანი პოზიცია და მთავარ ცენტრად გადაიქცა. მსოფლიო ორ ომს შორის პერიოდში მსოფლიო მნიშვნელობის ორი ახალი ცენტრი – სსრკ და იაპონია გაჩნდა.  მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი  კიდევ  ახალი ცენტრების ფორმირება იწყება. ესენია:  ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ-დასავლეთი აზიის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, კანადა, მექსიკა და ბრაზილია. 21-საუკუნის დასაწყისში  მსოფლიო არენაზე გამოჩნდა აზიის ახალი ინდსუტრიული ქვეყნები „ოთხი აზიური ვეფხვის“  – სამხრეთ კორეის, ტაივანის, ჰონკონგისა და სინგაპურის მეთაურობით.

ბოლო პერიოდში მსოფლიო მეურნეობაში  მუდმივად  იზრდება აზია-წყნაროკეანური რეგიონის როლი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე  განვითარებად და  დინამიკურ რეგიონად ითვლება. ამ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობა 3.5 მლრდ. კაცია და მათზე მსოფლიოს მშპ-ის 60-% და მსოფლიო ვაჭრობის 40 % მოდის. სწორედ  აზია-წყნაროკეანური რეგიონი განსაზღვრავს მნიშვნელოვანწილად მსოფლიოს მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს. ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ  21-ე საუკუნეს პროგნოზებში  ყველაზე ხშირად „წყნაროკეანურ ასწლეულს“ უწოდებენ.

მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელი

მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელის წევრები  2015 წლის მონაცემებით

 

 

მსოფლიო მეურნეობის ათწევრიანი გეოგრაფიული მოდელი ყველაზე კარგად ასახავს მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციას. სავსებით შესაძლებელია, რომ ძალიან მალე სიტუაცია შეიცვალოს და ეს განსაკუთრებით ეხება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, რომელთა შორის  გამოირჩევა  სამხრეთი კორეა, სინგაპური და ჩინეთი, რომლებიც ექსპორტის მოცულობით თითქმის უკვე დაეწივნენ   აშშ-ს. აზია-წყნაროკეანური რეგიონის  განვითარებადი ქვეყნები ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქვეყნებია.

 

 

ემოციური ინტელექტის გავლენები სკოლაში

0

ოდესმე განგიცდიათ იმედგაცრუება ნიჭიერ მოწაფესთან ან ოჯახის წევრთან მუშაობისას იმის გამო, რომ სხვებთან ვერ ახერხებდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას? იქნებ თქვენს კლასშიც მჯდარა ლამაზი გოგონა დიდი, ცისფერი თვალებით და შიშნარევი მზერით, რომელიც მეხუთე კლასში შეჯახებისას ველოსიპედიდან გადმოვარდა, ძლიერ დაშავდა, სკოლა თითქმის მთელი წელი გაუცდა და მომდევნო წელს პროგრამას ვეღარ დაეწია; ამის გამო ის უკანა მერხზე გადასვეს და ასე გაატარა რამდენიმე წელი; ტრავმის შიში სხვა შიშად გადაექცა, თანაკლასელებს და მასწავლებლებს გაუუცხოვდა და მერვე კლასში დაფას თუ გააწმენდინებდნენ ან ტუალეტში გაიყოლებდა ვინმე, „სიკეთისთვის“ მადლობელი უნდა ყოფილიყო“. მერე რა, რომ კარგად ხატავდა, მშვენიერ ჩანახატებს და მოთხრობებს წერდა და ინტელექტის კოეფიციენტი თავის მედიდურ თანაკლასელებზე გაცილებით მაღალი ჰქონდა?!

საკუთარი გამოცდილებიდან იქნებ ისეთი შემთხვევებიც გახსენდებათ, როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად ყველა წინააღმდეგობა ლაღად და წარმატებით გადალახეთ თქვენ ან თქვენმა მოწაფემ, შვილმა, ნაცნობ-მეგობარმა?

ამ ორი განსხვავებული მოვლენის შესახებ საუბრისას მეცნიერება გვთავაზობს მხოლოდ ერთ ახსნას, რომლის თანახმად, ემოციურ და სოციალურ უნარებს მოსწავლის გრძელვადიანი წარმატების ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მაშასადამე, ზემოთ აღწერილ ორივე შემთხვევაში ემოციური ინტელექტის როლი განუზომელია.

ემოციური ინტელექტის შესწავლისას არაერთი მეცნიერული კვლევა ეხება ემოციური ინტელექტის გავლენის ემპირიულ დასაბუთებას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ნებისმიერი ტიპის წარმატებაზე, სტრესისადმი მედეგობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა თუ სოციალურ ურთიერთობებზე. მიჩნეულია, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი განაპირობებს კარგ ადაპტაციას; მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები სარგებლობენ ნდობით, პატივისცემით, თანატოლებსა თუ კოლეგებთან თბილი ურთიერთობებით, აქვთ მათთან თანხმობა და საკმაოდ ეფექტურნი არიან.

ემოციური ინტელექტის ცნება უმთავრესად მოიაზრებს ემოციურ თვითშეფასებას, სხვისი ემოციების შეფასებას, ემოციურ რეგულაციას და ემოციების გამოყენებას, ასევე – გუნდურობის ეფექტიანობას [Tonioni 2015].

სხვა განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. ცნობილი ფაქტია, რომ ემოციური ინტელექტის დონე არ იზომება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ემოციურ ინტელექტს IQ-სგან (გონებრივი, კოგნიტიური ინტელექტი) ისიც განასხვავებს, რომ ემოციური ინტელექტის გაზრდა შესაძლებელია. მაშასადამე, შესაძლებელია იმ საშუალებების ათვისება, რომლებითაც ემოციური ინტელექტის ამაღლება შესაძლებელი გახდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელიც კი, რადგან კვლევებით დადასტურდა, რომ ემოციური ინტელექტი განაპირობებს ადამიანის მოტივირებულობას. ემოციური ინტელექტი ამარაგებს ადამიანს ემოციური კომპეტენციებით, რომლებიც წარმატების სანდო პრედიქტორებია.

 

ემოციური ინტელექტის ამაღლების საშუალებები

 

ვინაიდან 3 წლის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ემოციების (სიხარულის, ბრაზის, ემპათიის) გამოხატვა, ბავშვის პოზიტიური განვითარებისთვის აუცილებელია ამა თუ იმ ემოციის შემჩნევა, აღნიშვნა, რომ კარგი/ცუდი ემოციაა. ასევე მნიშვნელოვანია დადებითი ემოციების განმტკიცების ხელშეწყობა. მიჩნეულია, რომ ემოციური ინტელექტის სწავლება უფრო ადვილია ადრეულ ასაკში, როცა ბავშვი გაცილებით დამყოლია.

უკვე ჩვენშიც მიუთითებენ, რომ სკოლაში ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია. სკოლას შეუძლია, დანერგოს „ემოციური განათლების” პროგრამები. სწორედ მათი საშუალებით გახდება შესაძლებელი დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე მოსწავლეებისთვის ბრაზით, იმედგაცრუებითა და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვის სწავლება, იმის ახსნა და დასაბუთება, რომ დეპრესიით, ბრაზით ან თანატოლებთან კონფლიქტით წარმატებას ვერ მიაღწევენ.

კვლევებით დასტურდება, რომ სოციალ-ემოციური სწავლება არ არის მოსწავლის ძვირფასი დროის არააკადემიური მიმართულებით ამაო ხარჯვა, მით უფრო -როდესაც მოსწავლეების აკადემიური მოსწრება იზრდება, მათი სოციალური და ემოციური უნარები უმჯობესდება, ცუდი ქცევა და აგრესია მცირდება. მოსწავლეების მხრივ განა ცუდი საქციელი არ არის, მაღალი ინტელექტისა და საუკეთესო გარეგნობის მქონე თანაკლასელი მხოლოდ დაფის გასაწმენდად გამოიყენო? სკოლის მხრივ განა ასეთივე ცუდი საქციელი არ არის მოსწავლის უგულებელყოფა, კომპეტენტური დახმარების ნაცვლად ასეთი შემთხვევების მიჩქმალვა და არაფრად ჩაგდება?!

სასიხარულოა, რომ ზოგიერთმა ქართველმა კოლეგამ უკვე იცის კონფლიქტის კრეატიულად გადაჭრის პროექტის შესახებ (The Resolving Conflict Creatively Project). ეს ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებული კიდევ ერთი პროგრამაა, რომლის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში, უვითარებს მათ ინტერპერსონალურ უნარებს, ამშვიდებს გაბრაზებისას, ეხმარება მეგობრების შეძენაში, ასწავლის სხვების აზრის გათვალისწინებით კონფლიქტების მოგვარებას, უყალიბებს ეთიკური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღების უნარს[1].

გარდა ამისა, საზღვარგარეთ სკოლებისთვის შექმნილია არაერთი სასწავლო პროგრამა (მაგალითად: Gostrength[2]; SEL (Social-emotional learning[3] და სხვა), რომლებიც მოწაფეებს სხვადასხვა ემოციურ და სოციალურ უნარს უვითარებს. ესენია ემოციური ინტელექტის, თავდაჯერების, პრობლემის მოგვარების, მოქნლობის, ოპტიმისტურად ფიქრის, შინაგანი მახასიათებელი ძალის განვითარების და სხვა უნარები.

აღნიშნული პროგრამები დაახლოებით შემდეგ კითხვებზეა მორგებული:

  1. რას ნიშნავს კარგად ყოფნა და ამაზე რატომ უნდა ვიზრუნოთ?
  2. რატომ აკეთებ რამეს? როგორ გავიგოთ, რატომ გვაქვს ესა თუ ის ემოციური რეაქცია სხვადასხვა ტიპის გამოწვევებისა და რთული ცხოვრებისეული სიტუაციების მიმართ?
  3. თვალი გადაავლე შენს ფიქრებს! აღმოაჩინე ფიქრში 8 ზოგადი შეცდომა და აღწერე, რით ავნეს მათ შენს მოქნილობას, მოიფიქრე, რით შეგიძლია მათი აღკვეთა.
  4. ხუთი -ინი: შეიპყარი, შეამოწმე, შეაგროვე, შეეწინააღმდეგე და შეცვალე. ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია შეიპყრო ახალი ცოდნა, დააზუსტო ის სხვადასხვა მონაცემებით, შეავსო ცოდნის ბანკი, იაზროვნო კრიტიკულად და ძველი, არასწორი წარმოდგენა უკეთესით შეცვალო.
  5. პრობლემის სუპერგმირულად მოგვარება. გამოიგონე 6 ნაბიჯი, რომლებითაც სუპერგმირი ამ პრობლემას აუცილებლად პოზიტიურად მოაგვარებდა.
  6. რაა მართებული სურათზე? აჩვენე შენი უდიდესი ძალა და გააანალიზე, რა რატომ ხდება.
  7. დაწინაურდი პროცესში! დაფიქრდი და აღმოაჩინე, წარმატებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად რისი გჯერა, იფიქრე, გადაამუშავე, მეტი იაზროვნე!
  8. გამოიგონე ბედნიერების სავარჯიშოები! ივარჯიშე, რათა გახდე იმედიანი და ბედნიერი!
  9. შექმენი მჭიდრო კავშირები! ძლიერი სოციალური კავშირი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანური კეთილდღეობისთვის! ისწავლე გზები მეგობრობის განსამტკიცებლად!
  10. ადამიანობის წარმატება – ისწავლე, როგორ დაისახო მოკლე- და გრძელვადიანი მიზნები!

 

ხოლო ვიდრე ჩვენში ემოციური ინტელექტის ზრდის ხელშეწყობის პროგრამული უზრუნველყოფისთვის დაფინანსების ხარჯებს უშურველად გაიღებს ვინმე, ამ და ასეთ კითხვებზე მორგებული სავრჯიშოებით შეიძლება ჩვენც შევქმნათ სასარგებლო სასწავლო რესურსები და ერთმანეთს სიამოვნებით გავუზიაროთ ჩვენს საარსებო სივრცეში ნაკლები ძალადობისთვის, მეტი ღიმილის, უკეთესი თვითშეფასებისა და აკადემიური შედეგებისთვის.

 

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=1693

[2] https://www.gostrengths.com/course-details/

[3] https://www.rahulkapoor.in/goal-setting-program.html

ისასიო გუგელა

0

წლევანდელ აგვისტოს განმუხურში, ჩემი მეგობრისა და ნათლულის – დათო ჭითანავას სახლში ვატარებ. ათი წლის წინ, როცა ამ მხარეს და მთელ ქვეყანას რუსეთის იმპერია ციდან ბომბებს აყრიდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ათი წლის შემდეგ ჩემს სამ ბიჭთან ერთად შავი ზღვის სანაპიროს სამეგრელოს ზოლში დასვენებას კი არა, მშვიდად ღამის გათევას რომ შევძლებდით. თვითმფრინავის ხმა და მას მიმსგავსებული ღრუბლის გრუხუნი შიშსა და ძრწოლას იწვევდა კარგა ხნის განმავლობაში და ახლაც, ქვეცნობიერის ფსკერში ჩალექილი ტრავმის ნამცვრევივით წამომახსენდება ხოლმე.

დილა-საღამოს გავდივართ ზღვაზე. მთელი წლის სტრესებისა და დატვირთვის შემდეგ ადრე გაღვიძება დიდად არ მეხალისება – სიმშვიდესა და სიგრილეში გამოძინება ჩემს დაწყვეტამდე დაჭიმულ ნერვებს ძალიან წაადგებოდა, მაგრამ ეს ტოროლები სხვა ტალღაზე არიან აწყობილები.

– მამა, მსოფლიოში ყველა ქრისტიანია? – კიბეზე ჩასვლას არ მაცდის, ისე მეკითხება დემეტრე.

– არა, დემკუ, ზოგი ქრისტიანია, ზოგი მუსლიმი, ზოგიც… ყველა არ არის ქრისტიანი.

– კრიშტიანუ რონალდო ქრისტიანია?

მეღიმება: დილიდანვე შემოიყვანა ფეხბურთის თემა, მერე, ვიცი, აღარ მოეშვება, არც კითხვები გამოელევა, ამიტომ წინდახედული მამიკოებივით თავს ვიზოგავ და გზაში დაწეულ კითხვებს – „მესი ქრისტიანია?“, „კუნ აგუერო ქრისტიანია?“ – უყურადღებოდ ვტოვებ, სანამ სანდროს საკონტროლო გასროლა – „ზაზა ფაჩულია ქრისტიანია?“ არ მომიღებს ბოლოს.

სანდრო ზოგადად სპორტზე გადარეული ბიჭი არ გახლავთ, უფრო კონკრეტული ფიგურა – ზაზა ფაჩულია ჰყავს ამოჩემებული და ყველა კონტექსტში მის პერსონას იშველიებს. ვთქვათ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას თუკი იტყოდნენ – „არგენტინა გავარდა!“, „ესპანეთი გავარდა!“, სანდრო მხარს აუბამდა საყოველთაო ვნებათაღელვას: „ზაზა ფაჩულია გავარდა?“

აივანზე გავდივართ. ნიკოს დიდი ყურსასმენები უკეთია. ეზოს გადაჰყურებს და თავის ნაჩვევ ფლეილისტს უსმენს. ჰო, ათი წლის წინ ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ათი წლის შემდეგ ჩემი უფროსი შვილი განმუხურში რეი ჩარლზს, „ბლუზ ბრაზერსს“ და „არას“ მოუსმენდა. იმიტომ კი არა, რომ ასეთი რამეები არ შეიძლება მოხდეს – უბრალოდ იმიტომ, რომ ომი ისეთი რამეა, ყველაფრის იმედს, სურვილს და საერთოდაც – მომავლის შეგრძნებას გიკარგავს. არადა, მომავალსაც ისევე უნდა გრძნობდე, როგორც წარსულს; თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ როცა წარსული არ გეხმარება და მომავალი თავისკენ არ გეზიდება, დღეისდღის ცხოვრება აზრს კარგავს. იმ აგვისტოში სწორედ უსუსურობისა და დაუცველობის განცდა გააჩინა იმპერიის მიერ ჩამოყრილმა ბომბებმა, მარტივ სამიზნედ რომ ამოგვირჩია და ჭურვებით დათხრილი მიწით ამოგვივსო თვალები, წინ რომ არ გაგვეხედა. აგვისტო სისხლიანი და საბედისწერო თვეა მეოცეში და ოცდამეერთეშიც, მაგრამ ყველაზე დიდი ომიც აგვისტოში გვაქვს მოგებული – მართალია ასწლეულების წინათ, მაგრამ მთლად უხსოვარ დროსაც არა.

ზღვამდე გზა არც ისე შორია. ახლო უფრო ეთქმის. ფეხით მივდივართ. გზა რომ იოლად გაილიოს, ათას რამეს ვიგონებთ – სიმღერას, გაქცევ-გამოქცევას, ერთმანეთის პაროდირებას; ბიჭები მშობლებთან ჩემი საუბრისას ნათქვამი მეგრული სიტყვების გამეორებას და შემხვედრი წარწერების – „იყიდება მიწის ნაკვეთი“, „შენდება მრავალფუნქციური სახლი“ – ამოკითხვას ცდილობენ.

ნიკოს აუტიზმი აქვს და ამ ღრიანცელში დიდად არ მონაწილეობს, თავისთვის ყოფნა ურჩევნია და სიმარტოვეს თუ არ გამოგლეჯ, შეიძლება მთელ დღეს არ დაგიძახოს. ორი გზაა: შენ უნდა ეცადო ან მას უნდა დასჭირდე. შენი ცდა მისი ნებისთვის შენი სურვილების მოხვევაა, რაც მაინცდამაინც სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ აუცილებელია. თამაშ-თამაშ, მისთვის საინტერესო საგნებით უვითარებ (შენთან) ერთად ყოფნის ჩვევებს, ორივე მხარე ხელახლა და ერთხელ კიდევ სწავლობთ ურთიერთობას.

რამდენიმე ამოჩემებული სიტყვა/ფრაზა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მკვეთრად დადებითი, აღტაცებული მნიშვნელობის მატარებელია. ხშირად არ წარმოთქვამს, მაგრამ როცა ამბობს, ხვდები, რომ რაღაც მოუნდა, მოეწონა, ან შენ მოეწონე.

ნაპირი გამოჩნდა. დილის სიმეჩხრე და სიმშვიდეა. შეზლონგები თავისუფალია, პლაჟი – აუთვისებელი. შლოპანცებში ქვიშა იგრძნობა. დემე და სანდრო ზღვისკენ გარბიან, დედაჩემი მისდევს. ნიკო ჩემთან რჩება, ხელს მკიდებს, შეზლონგისკენ მივყავარ, მაისურს იხდის და ზედ დებს, სათვალეს იხსნის, თვალებში მიყურებს და ეღიმება – წყალში ბევრჯერ შევსულვართ ერთად: აუზზე, მდინარეში, დიდრონ გუბეებშიც შევუთრევივარ, მაგრამ ზღვა მაინც სხვანაირად უყვარს.

– ისასიო გუგელა! – მეუბნება იმ მაგიურ სიტყვებს, თვალებში მიყურებს და დილის გრილ, დაწმენდილ და მზედაცხუნებულ ზღვაში შევყავარ.

საზაფხულო დავალებები მასწავლებლებისთვის

0

მასწავლებლები  საზაფხულო დავალებების შესახებ ბევრს ვსაუბრობთ. ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. საგნის პედაგოგები დავალებების ნუსხას ვწერთ, რომელსაც კლასის დამრიგებლები მშობლებს უგზავნიან. მოცემულობა ასეთია: უფროსები ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ბავშვების თავისუფალი დღეები გონივრულად დავგეგმოთ.

სიტყვა „საზაფხულო“ ზაფხულს გვახსენებს, მზესთან და თავისუფლებასთან ასოცირდება, აი, „დავალებები“ კი დამეთანხმებით, რომ  თავისუფლების განცდას ეწინააღმდეგება და თითქოს ყველაფერს აფუჭებს.

არადა, ყველა საგნის მასწავლებელს გვინდა, რომ გაწეული შრომა „წყალში არ ჩაგვეყაროს“. სკოლასა და ზაფხულს შორის გონივრული ბმა იყოს, რაც მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ჰარმონიულ თანაარსებობას შეუწყობს ხელს.

რა გვინდა ქართულის მასწავლებლებს? ალბათ, ყველას ერთი და იგივე სურვილი გვაქვს.  ის, რომ წაიკითხონ ბევრი წიგნი და დღიურში   ზაფხულის შთაბეჭდილებების შესახებ წერონ.

ხშირად ვცდილობ თავი ჩემი მოსწავლეების ადგილას წარმოვიდგინო. მთავარია გვახსოვდეს, როგორები ვიყავით ბავშვობისას, რაზე ვოცნებობდით,  რას ვგრძნობდით, რა გვწყინდა, რა გვიხაროდა, რისი გვრცხვენოდა.  სასწავლო წლის ბოლოს პატარა კვლევა ჩავატარე. კითხვარი შევადგინე, რომელიც დამეხმარა გამეგო, რომელი გაკვეთილი დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად, რომელი მეთოდი შეუყვარდათ, რომელი გაკვეთილი აღმოჩნდა მათთვის დაუვიწყარი, როგორი სტილის საშინაო დავალებები მოსწონთ, მაძლევდნენ რჩევებს საინტერესო გაკვეთილების ჩასატარებლად, წერდნენ როგორც საკუთარი, ისე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

კითხვარის ბოლოს ჩემთვის საზაფხულო დავალებების მოფიქრებას ვთხოვდი.

თავიდნან დაიბნენ და აზუსტებდნენ ჩემს თხოვნას. მერე გათამამდნენ და დავალებების ფოიერვერკი მომიწყეს. მე, ორმოცი მეხუთეკლასელი ბავშვის მასწავლებელს, ერთი სული მქონდა, როდის წავიკითხავდი თითოეულის საზაფხულო დავალებას.

დავალებები კი ასეთი იყო:

„ჩამოწერეთ კითხვები თითოეული ბავშვისთვის და ქართულის პირველივე გაკვეთილზე  ჩამოგვირიგეთ.“

„თქვენ უნდა დაწეროთ ამბავი ჩვენი პირველი შეხვედრის დღის შესახებ.“

„ესპანური ისწავლეთ.“

„წაიკითხეთ სამი წიგნი: „სასწაულმოქმედი მისტერ ფოქსი“ და ამას „მატილდაც“ მოყვება. ორივე ერთ წიგნში წერია, ამიტომაც მესამეს გირჩევთ  „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ან უბრალოდ „ჯაფარა“. ეს თქვენი გადასაწყვეტია და იპოვეთ ოცი მსგავსება და ათი განსხვავება.“

„წიგნის კითხვის დროს აბზაცები შეადარეთ სხვა წიგნს.“

„პერსონაჟების თოჯინები გაგვიკეთეთ.“

„მე ერთ დავალებას მოგცემთ, საზაფხულო არდადეგებზე არ გადაიღალოთ და დაისვენეთ. ასევე მთელი გულით გთხოვთ, ცხენით ბევრი იჯირითოთ.“

„ისწავლეთ თევზაობა და თუ არ დაგეზარებათ, დღიურიც შეადგინეთ.“

„მე გირჩევთ, რომ ისწავლოთ ცეკვა. მართალია, მე ცეკვაზე დავდიოდი და არ მომწონდა, მაგრამ მე მგონია, რომ თქვენ ცეკვა გიხდებათ. ძალიან მაინტერესებს, როგორ ცეკვავთ.“

„როგორც წესი, ქართულის მასწავლებლები წიგნებს გვაკითხებენ, ამიტომ მინდა, წაიკითხოთ „წიგნის ქურდი“, რაჭიდან ხშირად მომწერეთ შთაბეჭდილებების წერილები და მესტუმრეთ წავკისში.“

„მოდით, ასე გავაკეთოთ, ივარჯიშეთ ინგლისურში და სხვა ენებში. ასევე, წიგნიდან, რომლებსაც წაიკითხავთ, ამოწერეთ ათ-ათი უცხო სიტყვა, საყვარელი ეპიზოდი და აუცილებლად წაგვაკითხეთ თქვენი დაწერილი წიგნი.“

„არაფერი არ შეცვალოთ და ივარჯიშეთ ბრეიქდანსში.“

„1. არ დაგვივიწყოთ;

  1. იკითხეთ წიგნები;
  2. თუ რაჭაში ჩახვალთ, დაანთეთ კოცონი;
  3. მოიკითხეთ რაჭველი ბავშვები;
  4. დაგეგმეთ ექსკურსია რაჭაში.“

„მას, მე გირჩიოთ, რომ ისწავლოთ ცხენით ჯირითი. ასევე, მოიფიქროთ რაიმე სიახლე ლიტერატურული კაფესთვის.“

„გაიხსენეთ ის ცეკვა, რომელსაც ბავშვობაში ცეკვავდით. უწერაში ბავშვები მომიკითხეთ.“

„მე მინდა, წაიკითხოთ წიგნი სახელად „გიკი გოგო“ და ძალიან გთხოვთ, დაწეროთ მოთხრობა V კლასზე.“

„ისწავლეთ გერმანული და ლიტერატურულ კაფეზე რაღაცები გერმანულად ვთქვათ. საინტერესო იქნება.“

„უნდა აირჩიოთ ერთი საყვარელი წიგნის გმირი და მასზე უნდა დაწეროთ გამოგონილი ამბავი სხვადასხვა პერსონაჟებითა და გეოგრაფიული სახელწოდებებით.“

„დაწერეთ ერთი წიგნის შინაარსი, ოღონდ მოკლედ, რეცენზიასავით. რეცენზია არ დაწეროთ.“

„თქვენი დავალება არის: მოიფიქრეთ ერთი საინტერესო გაკვეთილი.“

„მას, თქვენ გაქვთ ორი დავალება: დაისვენეთ და გაერთეთ.“

„მინდა, რომ წაიკითხოთ „სალამურას თავგადასავალი“ და მოუსმინოთ მუსიკას. გირჩევთ, იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით და რადგან ბოლოს და ბოლოს ზაფხულია, გვერდზე გადადეთ ტესტები  და მიეფიცხეთ მზეს. შეჯიბრი გავმართოთ, ვინ უფრო მაგრად გაირუჯება.“

„მე ბევრ დავალებას არ მოგცემთ, რადგან ვიცი, რომ სხვებიც მოგცემენ დავალებას. ისწავლეთ რუსული და წაიკითხეთ ერთი წიგნი, თუ ვერ შეძლებთ, არა უშავს.“

„დაისვენეთ შვილებთან ერთად, ისეირნეთ, კარგად გაატარეთ დრო და აისრულეთ თქვენი სურვილები.“

„ჩემი დავალება იქნება, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ შეიჭრათ თმა და ისეთი თმებით გნახოთ, როგორც იმ დღეს, როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.“

დამეთანხმებით, საკმაოდ მრავალფეროვანი და შრომატევადი დავალებებია. ახლა უნდა ვიფიქრო, როგორ გავართვა მათ თავი. ესპანურის, გერმანულის, ინგლისურისა და რუსული სწავლას ორ თვეში ვერ მოვასწრებ, თუმცა შევეცდები სიტყვების გარკვეული რაოდენობა დავიმახსოვრო. მრავალი ინტერნეტრესურსი არსებობს იმისთვის, რომ უცხო ენა დამოუკიდებლად შეისწავლო; კოცონს დავანთებ; თევზაობა და ცხენით ჯირითი გამიჭირდება; წიგნებს წავიკითხავ და დღიურში დროდადრო შთაბეჭდილებებს დავწერ; მეხუთე კლასზე ამბებსაც მოვიგონებ;  პირველი გაკვეთილისთვის შეკითხვებს მოვიფიქრებ; საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვაც არ იქნება რთული.

უნდა გამოვტყდე და ყველაზე მეტად გამახარა, ცეკვას, გარუჯვას, მუსიკის მოსმენას, შვილებთან ერთად დასვენებას რომ მავალებენ. გადავწყვიტე, დავალებების ამსახველი ფოტომასალა მოვაგროვო და სასწავლო წლის პირველ გაკვეთილებზე რესურსად გამოვიყენო.

 

 

 

 

 

დეტალები ფრანგული სკოლების შესახებ

0

ჩვენს სკოლებში არსებულ შეზღუდვებსა და წესებზე საუბრისას გვგონია, რომ ევროპული პრაქტიკა გაცილებით რბილია. იმის შესახებ, რას მოითხოვენ ფრანგულ სკოლებში მშობლებისა და მოსწავლეებისგან, ერთ-ერთი კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის დედა მოგვითხრობს:

 

სავალდებულო დაზღვევა – ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვიყიდოთ დაზღვევა, რომელიც მესამე პირს დაზიანებისგან დააზღვევს. მას аssurance scolaire ეწოდება. სკოლები – ზოგადიც და სპეციალურიც (მაგალითად, ჩემი შვილი მუსიკალურ სკოლაში სწავლობს) – გვავალდებულებენ ამას. სკოლისთვის დაზღვევა გარანტიაა იმისა, რომ თუ ბავშვი ვინმეს ზიანს მიაყენებს, ყველაფერი კომპენსირდება. ეს არის სკოლაში სწავლის ერთ-ერთი პირობა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი. სადაზღვევო პოლისი თან ერთვის თქვენს საბანკო ანგარიშს და სხვა არჩევანი არ გაქვთ.

 

მხოლოდ აცრილი – სკოლაში სწავლის მეორე სავალდებულო პირობაა ვაქცინაცია ეროვნული კალენდრის მიხედვით. ამისგან თავის დაძვრენა პრაქტიკულად შეუძლებელია. შედარებით რთული შემთხვევების მოგვარების მიზნით სპეციალური კომისიაც კი დგება. თუ ბავშვს ვაქცინაციის გარეგნული ნიშნები არ აქვს, თქვენ მიიღებთ წერილს, რომ აუცილებელია, ბავშვის ექიმმა დაადასტუროს, აცრილია ის თუ არა. წერილის ბოლოს ჯარიმის შესახებ გაფრთხილებენ. მინიმალური ჯარიმა 1500 ევროა.

 

მაქსიმალური ტოლერანტობა – ტოლერანტობა ნებისმიერი კერძო თუ საჯარო სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში არაბმა გოგონამ, რომელიც არცთუ ისე კარგად ლაპარაკობს ფრანგულად, სასადილოში უთხრა მასწავლებელს, რომ დამლაგებელმა ის სხვა ადგილზე გადასვა. მასწავლებელმა სთხოვა დაეზუსტებინა, რომელმა დამლაგებელმა შეაცვლევინა ადგილი. ბავშვმა უპასუხა: „აი, იმ შავკანიანმა ქალმა“. ამის შესახებ დამლაგებელმა დირექტორთან საპროტესტო განცხადება შეიტანა. დირექტორმა ეჭვი გამოთქვა, რომ გოგონამ კარგად არ იცოდა ფრანგული ენა და ამიტომ უწოდა დამლაგებელს „შავკანიანი“. მოიწვიეს სპეციალური კომისია. კომისიამ დაადგინა, რომ გოგონამ ენა საკმარისად იცოდა. შედეგად მის პერსონალურ საქმეში გაჩნდა ჩანაწერი „ტოლერანტობის ნაკლებობა“. პირადი საქმე კი საფრანგეთში ის დოკუმენტია, რომელიც ბავშვს სკოლიდან უნივერსიტეტამდე მიჰყვება.

 

დამოუკიდებლობის სწავლება – სკოლები ცდილობენ, ბავშვებს ჩამოუყალიბონ დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის განცდა, მშობლებისგან კი ამ საქმეში მხარდაჭერას ითხოვენ. ხშირად ბავშვები ბანაკში საზაფხულო გასვლებს აწყობენ. შარშან ჩვენს სკოლაში არ მოგროვდა საკმარისი განაცხადება საზაფხულო გასვლისთვის. როდესაც ეს სკოლის დირექტორმა შეიტყო, პირადად შემოიარა ყველა კლასი და ბავშვებს სთხოვა, მშობლებთან ერთად ორი თემა დაეწერათ: პირველი – რა არის პასუხისმგებლობა, მეორე – რა არის დამოუკიდებლობა. საბოლოოდ ჯგუფი შეიკრიბა და საზაფხულო ბანაკისკენ გასწია.

 

სხვათა შორის, თუ ბავშვი რომელიმე საგანში პროგრამას ვერ ითვისებს ან სწავლას ჩამორჩება, სკოლა ურჩევს, არა რეპეტიტორს, არამედ ექიმ-ფონიატრს და ლოგოპედს მიმართოს, რომელიც ინდივიდუალურად დაეხმარება. სამედიცინო მომსახურების საფასურს მთლიანად სახელმწიფო დაზღვევა ფარავს.

 

ტელეფონი იკრძალება – ტელეფონი შეიძლება ზურგჩანთაში გამორთული გედოს, მაგრამ მისი ამოღება და გამოყენება დაუშვებელია. ცოტა ხნის წინ ჩვენს სკოლაში იყო ასეთი პრეცედენტი: ერთი ბიჭი გაკვეთილებზე Apple Watch-ით მოვიდა. ამან გამოიწვია აჟოტაჟი და დებატები, მასწავლებლები არკვევდნენ, გაჯეტების რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს საათი და რამდენად იყო მიზანშეწონილი სკოლაში მისი გაკეთება. მშობლები კი აქტიურად განიხილავდნენ საკითხს, შეიძლება თუ არა ბავშვისთვის (საუბარია 9 წლის ბიჭზე) ასეთი ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა.

წამლებიც იკრძალება – დიახ, სკოლაში იკრძალება ნებისმიერი მედიკამენტის მიტანა. თუ ბავშვს რაიმე წამალი დასჭირდა, სკოლის ტერიტორიაზე მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრი პროტოკოლის დაცვით შეუძლია. ჩემი შვილი საავადმყოფოში იწვა. რომ გამოწერეს, დღეში რამდენჯერმე ანტიბიოტიკების დალევა უწევდა. ყოველ ჯერზე ვუმზადებდი დოზას და კონტეინერით ვატანდი, თან ვწერდი წამლის მიღების ინსტრუქციას და ვაზუსტებდი, რომ ამ პრეპარატებს ჩემი ნებართვით იღებს და მე ვარ პასუხისმგებელი. თუ ბავშვს სკოლაში ყოფნის დროს სიცხემ აუწია, მხოლოდ პარაცეტამოლს მისცემენ, ისიც – მშობლების გამოძახების შემდეგ.

 

სასჯელი დაგვიანებისთვის – ჩვენს სკოლაში ვერ დაიგვიანებთ. დაგვიანებისთვის სოლიდური ჯარიმაა. სკოლა ადგენს იმ ადამიანთა სიას, რომლებსაც შეუძლიათ, ბავშვი სკოლიდან გამოიყვანონ. თუ ამ სანდო ნუსხაში არ ხარ, ბავშვს არ გაგაყოლებენ, მაშინაც კი, თუ ის დარწმუნებულია, რომ მის წასაყვანად საყვარელი დეიდა ან ბაბუა მოვიდა.

 

სასკოლო ფორმა – კერძო სკოლებში ფორმები აცვიათ, სახელმწიფო სკოლებში – არა. სკოლის ფორმა არ არის ძნელი შესაძენი. სკოლა მშობლებს ურჩევს ადგილს, სადაც მათი შეძენა შეიძლება, თუმცა მშობელს შეუძლია, ის სხვა მაღაზიაშიც შეიძინოს. მთავარია, დაიცვას ფერისა და სტილის კომბინაცია. გარდა ამისა, სკოლის მასწავლებლები ებრძვიან სკოლაში ქუდით სიარულს. მათ მიაჩნიათ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

 

აკრძალული ფოტოები და სოციალურ ქსელებში მათი გამოქვეყნება – ბავშვების სურათების გადაღების საკითხი მკაცრად რეგულირდება. მშობლები ხელს აწერენ დოკუმენტს, სადაც მიუთითებენ, აქვს თუ არა ბავშვს საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე სურათების გადაღების ან არგადაღების უფლება. მაგალითად, მუსიკალურ სკოლაში კონცერტებზე ყველას გამუდმებით აფრთხილებენ, რომ გადაღება არ შეიძლება. ამის უფლება მხოლოდ მოწვეულ ფოტოგრაფს ეძლევა, ისიც – მშობლების მიერ სპეციალური დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში. ასევე არ შეიძლება იმ ფოტოების გავრცელება, სადაც სკოლაა მონიშნული. სავარაუდოდ, ამ ფოტოების წაშლას მოგთხოვენ. ასევე ვერ გადაიღებთ ჯგუფურ სურათებს, მაგალითად, როდესაც კლასი სეირნობს. თუ მასწავლებელმა ეს შეამჩნია, მოვა და ფოტოს წაშლას გთხოვთ.

საზოგადოდ, საფრანგეთში სკოლა დახურულ დაწესებულებად მიიჩნევა. ასე რომ, მშობლებსაც კი არ აქვთ უფლება, იმოძრაონ მის ტერიტორიაზე. ისინი შვილებს სკოლის ჭიშკართან, ეზოს გარეთ უცდიან.

 

სასკოლო გადასახადი – ფორმალურად, სკოლის მომსახურების საფასურის დაფარვა (განსაკუთრებით – კერძო სკოლაში) მკაცრად კონტროლდება. ფული უბრალოდ მოიხსნება თქვენი საბანკო ანგარიშიდან. თუ ანგარიშზე თანხა არ გაქვთ, დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებიან. თუ იცით, რომ მომავალ თვეს შესაძლოა დროულად გადახდა გაიჭირდეთ, უმჯობესია, სკოლის ადმინისტრაცია ამის თაობაზე წინასწარ გააფრთხილოთ“.

რობინზონიადა – საზაფხულო საკითხავი და თამაშები

0

(„ბუზთა ბატონი“ უილიამ გოლდინგისგან)

უკაცრიელ კუნძულზე ისე ცხელა, იქაურობა გახურებულ აბანოს ჰგავს. ქერათმიანი ბიჭი ლაგუნისკენ მიემართება, სასკოლო ფორმის ზედა გაუხდია, მაგრამ ჯერ კიდევ ხელზე გადაკიდებული მიაქვს (ბოლომდე ვერ თმობს). მექანიკური მოძრაობით გეტრებს ამოიწევს და ამ უნებლიე ჟესტის გამო ჯუნგლები წუთით მის ქალაქს დაემსგავსება. ქალაქს, რომელიც მისგან გაურკვეველ მანძილზე და გაურკვეველ ყოფაშია. „შეიძლება აქ მოზრდილი არავინ იყოს,“ – გაუბედავად ფიქრობს ქერათმიანი, დაუდევრად მიაბიჯებს წყლისკენ და ცდილობს აგდებული იერი მოირგოს. ხოლო როდესაც კუნძულის რეალობას საბოლოოდ ირწმუნებს, ახდენილი ოცნების გამო სიხარული სძლევს და მალაყს გაჭიმავს.

,,აქ უფროსების ჭაჭანებაც არ არის!.. გლიჯავს!.. ზღაპარია!.. მაგარია!.. აქაურობა ჩვენია!.. ჩვენს თავს თვითონ უნდა მივხედოთ!.. სანამ მოგვაგნებენ, ამ კუნძულზე კარგ დროს გავატარებთ!“ – ქერათმიანის აღტაცებას მალე სხვა ბიჭებიც გაიზიარებენ, „თვალებგაბრწყინებულები და ფრთაშესხმულები ბატონ-პატრონობის შეგრძნებით დატკბებიან…“

ზღაპრული ბუნება და საოცნებო სიტუაცია უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონის“ პირველივე გვერდებიდან თავშესაქცევ თავგადასავალში ითრევს მოზარდებს, მათ ფანტაზიას მაცოცხლებელი ელექსირივით კვებავს. მაღალი პალმები, მარჯნის რიფთან მოციმციმე წყალი, თვალუწვდენელი ზღვის მუქი სილურჯე – ასეთ უკაცრიელ კუნძლზე მარტოდმარტო, ნაცნობ თუ უცნობ თანატოლებთან ერთად მოხვედრაზე ალბათ ბევრ ბავშვს უოცნებია. შემდეგ კი ამ ოცნებებით შთაგონებულს საინტერესო თამაშებსა თუ წარმოსახვით თავგადასავლებში გაუტარებია დრო. ამიტომაც გადავწყვიტე მოსწავლეებს (განსაკუთრებით თინეიჯერებს) გოლდინგის ეს წიგნი შევთავაზო, საზაფხულო კითხვა თუ გართობა უფრო მრავალფეროვანი რომ გახადონ. ვინ იცის, იქნებ რობინზონიადა მათ საყვარელ საკითხავადაც იქცეს.

***

რეობინზონიადა სათავგადასავლო ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის ქვეჟანრია, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ერთი ან რამდენიმე ადამიანის გადარჩენისათვის ბრძოლას აღწერს. რობინზონიადას ჟანრის ნაწარმოებები და ფილმები დანიელ დეფოს ცნობილი რომანის „რობინზონ კრუზოს“ გამოსვლის შემდეგ (1719 წელს) გაჩნდა. დეფოს ეპოქაში მისი რომანის პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ გერმანულ ენაზე 1760 წლამდე ორმოცამდე რონბინზონიადას ჟანრის წიგნი გამოიცა. თუმცა დეფომდე მსოფლიო ლიტერატურაში მსგავს თემებზე სხვა ავტორებიც (იბნ ტუფაილი, ლუკიანი, შექსპირი, ბალანტაინი, ვერნი, უელსი…) წერდნენ და ეს ჟანრი დღემდე პოპულარული და მრავალფეროვანია (მაუგლიზე, ტარზანზე შექმნილი წიგნებიდან თუ ფილმებიდან მოყოლებული, კოსმოსურ რობინზონიადებამდე).

ბრიტანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის უილიამ გოლდინგის სადებიუტო რომანი „ბუზთა ბატონი“ (Lord of the Flies) 1954 წელს გამოვიდა. წიგნმა აღიარებამდე ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა: ოცდაერთმა გამომცემელმა მის დაბეჭდვაზე უარი განაცხადა, საბოლოოდ კი გამომცემლობამ „Faber&Faber“ რომანი იმ პირობით მიიღო, ავტორი ბირთვული ომის შემაძრწუნებელი შედეგების ამსახველ პირველ თავებზე უარს თუ იტყოდა. გოლდინგმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მიუხედავად ამისა „ბუზთა ბატონს“ წარმატება არც გამოსვლის შემდეგ დაუმსახურებია (აშშ-ში 1955 წელს მხოლოდ 3000 ეგზემპლარამდე გაიყიდა). წიგნი ბესტსელერად რამდენიმე წლის შემდეგ იქცა: 60-იანი წლების დასაწყისში ის ზოგიერთი სკოლისა და კოლეჯის პროგრამაში შეიტანეს; 2005 წელს ჟურნალმა „Time“ ნაწარმოები „100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაში“ დაასახელა; 1990-1999 წლებში კი ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციის შედგენილი „მეოცე საუკუნის ყველაზე სესნსაციური 100 წიგნის ჩამონათვალში“ 68-ე ადგილს ინარჩუნებდა. დღეისათვის „ბუზთა ბატონი“ მეოცე საუკუნის დასავლური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.

***

ქერა ბიჭი, დასაწყისში რომ ვახსენე, ცამეტი წლის რალფია, რომელსაც ბიჭები ბელადად აირჩევენ (ძალიან სპონტანურად და სწრაფად – წიგნის პირველსავე თავში). მანამდე კი ავტორი კიდევ ერთ მთავარ პერსონაჟს, ღუტას გვაცნობს, რომელიც დაწინაურებულ რალფს გასძახის, – „ჰეი, მოიცა ერთი წუთით!“ –  და ლაგუნისკენ გზას ძალიან ფრთხილად მიიკვლევს (მას ხომ ასთმის გამო დეიდა სირბილს უშლიდა). ხოლო სანამ ჯუნგლებიდან გამოსული რალფი მის წინ გადაშლილი ხედით ტკბება, მსუქანა, სათვალეებიანი, ხილისგან კუჭაშლილი ღუტა ფოთლებშია ჩაცუცქული და ჯერ არაფერი იცის უკაცრიელი კუნძულის შესახებ.

ღუტა გონიერი და რაციონალური პერსონაჟია. სწორედ ის ურჩევს რალფს ნიჟარაში ჩაბეროს და კუნძულზე გაბნეული გადარჩენილი მგზავრები მოაგროვოს, თვლის, რომ სია უნდა შედგეს, რომელშიც ყველა ბიჭის სახელს ჩამოწერენ, წესებსა და კანონებსაც იგონებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიჭები სწორედ მისი სქელმინიანი სათვალით ახერხებენ ცეცხლის დანთებას! მიუხედავად ამისა, ღუტა ხშირად რჩება განზე – ზედმეტი წონისა და ზედმეტი სახელის გამო აბუჩად იგდებენ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი, საკუთარი წინდებით მექანიკურად წმენდს ხოლმე სათვალეს და „იმ მშობლის ტანჯული გამომეტყველებით, ვინც იძულებულია შვილების უგნურ წამოწყებას აყვეს,“ ბედს ეგუება.

რობინზონიადას ჟანრის ნებისმიერ ნაწარმოებში უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი გმირი თუ გმირები დაზვერვის პროცესში ამა თუ იმ ნივთს გადააწყდებიან ხოლმე (რა თქმა უნდა, მწერლის წინასწარი გაანგარიშებით). ნაპოვნი თუ კატასტროფის შედეგად გადარჩენილი ნივთები თანდათან საინტერესო დანიშნულებას იძენენ. ამ მხრივ უნიკალური გახლავთ გოლდინგისეული მიგნებები და ინტერპრეტავციები  „ბუზთა ბატონის“ უკაცრიელ კუნძულზე:

ნიჟარა მას შემდეგ, რაც „შორიდან დანახულ კი არა, ხელშესახებ“ საგნად იქცევა, მოწიწებით მოპყრობას იმსახურებს. პატივისცემა ავტომატურად მის მფლობელ რალფზეც გადადის, ჯეკის (იგივე მერიდიუს) საეკლესიო გუნდის ფორმით მოპოვებული უპირატესობა კი ნიჟარის ფონზე არაფრისმთქმელი აღმოჩნდება. გადარჩენილები ბელადად რალფს აირჩევენ და „ამის მიზეზს ვერავინ იტყოდა, თუ გონიერებაზე მიდგებოდა, ყველას ღუტა სჯობდა; ჯეკი აშკარად ლიდერი ჩანდა, მაგრამ რალფმა სიმშვიდით მოიგო ბიჭების გული, თან მაღალი იყო, მიმზიდველი გარეგნობისა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, თუმცა ამას ვერავინ აცნობიერებდა, ის გახლდათ, რომ ნიჟარა რალფს ჰქონდა. ის ვინც ნიჟარაში უბერავდა, ახლა ბაქანზე იჯდა, ნატიფი ნივთი მუხლზე ედო და ნამდვილად ვერავინ შეედრებოდა;“

ქვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთი, როჯერის ხელში ფიქრების შესაბამისად ტრანსფორმირდება. კუნძულზე ყოფნის პირველ ხანებში როჯერი ვერ ბედავს სამიზნედ აქციოს ქვიშაში მოთამაშე პატარა ბიჭუნა („ძველი ცხოვრების უხილავი, მაგრამ მკაცრი ტაბუ“ ჯერჯერობით მოქმედებს და ექვსიარდიან დიამეტრში ასროლინებს ქვებს). მშობლები, სკოლა, პოლიცია, კანონი პატარას აქეთ-იქიდან იცავენ და როჯერის მკლავის მოძრაობის ტრაექტორიასაც წარმართავენ. თუმცა, რა მოხდება მომავალში, მკითხველმა უნდა გამოიკვლიოს და თავადვე გამოუტანოს განაჩენი როგორც ქვით შეიარაღებულ ბიჭებს, ასევე ატომური ბომბით შეიარაღებულ, ნანგრევებში ჩაფლულ ცივილიზაციას.

ნიღაბი პირველად ჯეკმა მოირგო: „ცალი ლოყა და ქუთუთო გაითეთრა, მეორე მხარეს წითელი წაისვა და ნახშირით გარდიგარდმო გაივლო შავი ხაზი მარჯვენა ყურიდან მარცხენა ყვრიმალისკენ.“ იმ წუთიდან ბიჭების მისდამი დამოკიდებულება უცებ შეიცვალა (ნიღაბს შეპასუხება ვეღარ გაუბედეს). თავად ჯეკიც გაოცებული დაჰყურებს „საკუთარ თავს კი აღარ, საზარელ უცნობს… ღონიერ სხეულზე დადგმულ შემზარავ ნიღაბს.“ მერე ცეკვა-ცეკვით ჩამოუვლის და „სიცილი სისხლს მოწყურებულ ბრდღვინვაში გადაეზრდება.“ ნიღბის მიღმა ჯეკი (და მალე სხვა ბიჭებიც) სირცხვილისგან თავისუფლდებიან;

დანა საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელისა და სოლისტის, ჯეკის საკუთრებაა. თავიდან ჯეკს მიაჩნია, რადგან „დო დიეზის აღება შეუძლია,“ ბელადობაც მას ეკუთვნის. არჩევნების შედეგით გაცრუებულს კი მთელი ყურადღება დანაზე გადააქვს, თვალსა და ხელს შუა მონადირედ იქცევა, გუნდის წევრებს თანამოაზრეებად გაიხდის და თანდათან ველური ცხოვრების წესებსაც დაამკვიდრებს;

მოკლული ღორის თავს, რომელსაც ბიჭები ნადირობის შემდეგ შუბზე წამოაცვამენ („შეწირავენ“), ავტორი ბუზთა ბატონს უწოდებს. ამ უცნაურ კერპს ტყეში ფსიქიკურად დაავადებული ბიჭუნა საიმონი გადააწყდება და გამოელაპარაკება. სწორედ ამ წარმოსახვითი დიალოგიდან ვიგებთ, რომ ბავშვებში ურჩხულია ჩამალული და ოდესღაც თავს აუცილებლად გამოამზეურებს… რომ ადამიანები არასდროს არიან ზუსტად ისეთები, როგორებიც გვგონია! მაშველებიც კი, ბიჭები კუნძულიდან რომ მიჰყავთ, იმავე სამყაროდან არიან, სადაც კაცობრიობის რეგრესს გიგანტური მასშტაბებისთვის მიუღწევია.

მაშინ რაღას გულისხმობს ავიაკატასტროფის შედეგად უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი, ინგლისიდან ევაკუირებული ბავშვებისთვის უფროსების მოსვლამდე თავის გატანა? „ბუზტა ბატონი“ სწორედ ამ კითხვაზე გაცემული პასუხებით აგებული ამბავია. გოლდინგი ერთ პატარა, უკაცრიელ კუნძულზე მომხდარი ამბების მაგალითზე ხსნის ადამიანური ბუნების არსს. ადამიანისა, რომელიც ასაკის, დროის, ადგილის, კანონებისა თუ რელიგიის მიუხედავად მარტივად შეიძლება დავინახოთ სარკის იმ პატარა ნატეხში, პატარა ბიჭებს და პატარა კუნძულს რომ აირეკლავს.

 

 

პასიური წინააღმდეგობის ცალკეულ გამოვლინებებთან „ბრძოლა“

0

დროდადრო ყველა ბავშვი წინააღმდეგობას გვიწევს, ამასთან ამას მაშინ აკეთებს, როცა ამას არ ველით. ასეთ დროს,  ჩვეულებისამებრ, მოთმინებას ვკარგავთ,  წყობიდან გამოვდივართ და განტვირთვას უსარგებლო ყვირილითა და მუქარით ვცდილობთ,  ხანდახან ფიზიკურ დასჯასაც კი ვიყენებთ, თუმცა უშედეგოდ.

ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს ჩვენი შვილის წინააღმდეგობის ნამდვილ მიზეზებთან. თუ მოვინდომებთ, ამის მიხვედრა არცთუ ისე ძნელია.  ბავშვი უარს ამბობს რაღაცის გაკეთებაზე ორი მიზეზით (ან ამ ორიდან ერთ-ერთი მიზეზით) – ან არ მოსწონს,  რასაც ავალებენ,  ან ჩვენ არ მოვწონვართ. კონკრეტულად რა შემთხვევაში გვიწევენ წინააღმდეგობას ბავშვები? როცა საჭიროა პირის დაბანა,  ჭამა, დასაძინებლად წასვლა, სკოლისთვის მომზადება – ეს ის სიტუაციებია,  როცა მათ უსათუოდ ვაჩქარებთ.

მოდით,  გავერკვეთ,  რა ხდება – ჩვენ იმის გამო ვაჩქარებთ ბავშვებს,  რომ ისინი გვეწინააღმდეგებიან თუ პირიქით,  ისინი გვეწინააღმდეგებიან იმიტომ,  რომ ჩვენ რამეს ვაიძულებთ?

ჩვენ,  მშობლები,  სრულიად მართლები ვართ,  ვვარაუდობთ რა, რომ თუ არ ვაიძულეთ ბავშვებს რაიმეს გაკეთება,  ისინი არასდროს გააკეთებენ ამას თავად,  ან გააკეთებენ დაგვიანებით. მაგრამ თუ ჩვენი დაჟინებული შეხსენების მიუხედავად, ამას ვერ ვაღწევთ,  ეს იმიტომ ხომ არ ხდება,  რომ არასწორი გზა ავირჩიეთ? მაშ რომელი გზაა სწორი?

ბავშვების წინააღმდეგობის მიზეზები თავისთავად გვკარნახობს ერთადერთ შედეგიან ხერხს – შევცვალოთ ვითარება.  ჩვენ ვთქვით,  რომ ბავშვი ამგვარად იმიტომ იქცევა,  რომ მას რაღაც არ მოსწონს.  ეს „რაღაც“ ვართ ჩვენ,  რადგან ვავალებთ, შეასრულოს მოვალეობა; ან მოვალეობა, რომლის შესრულებასაც ვთხოთ.  მიუხედავად ამისა,  ბავშვს ესმის ჩვენი მოთხოვნების მნიშვნელობა და ორად იხლიჩება „აუცილებლობასა’’ და „არნდომას’’ შორის.  სხვა სიტყვებით,  მის ცნობიერებაში მწიფდება კონფლიქტი. ნებისმიერი ადამიანი – ბავშვი თუ მოზრდილი,  ამგვარ სიტუაციაში უნებურად გაორებულია: ან დიდხანს გვიძალიანდება,  ან არ დაასრულებს სამუშაოს. იგივე ხდება ჩვენს შვილებთანაც.

ისინი საჭიროზე მეტ დროს ანდომებენ მაგიდასთან ჯდომას,  ხელების დაბანას,  სკოლის ავტობუსისკენ წასვლას – ყოველთვის ავიწყდებათ რაღაც,  უწესრიგოდ ტოვებენ თავიანთ ნივთებს,  ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.  ყველა მშობელს შეუძლია ბავშვების პასიური წინააღმდეგობის არაერთი მაგალითის მოყვანა.

ჩვენი შვილების წინააღმდეგობის გადასალახად ყველაზე ეფექტური ხერხია – ვეცადოთ,  რომ ისინი უფრო კეთილგანწყობით მიუდგნენ იმ მოვალეობებს,  რომლებსაც ჩვეულებრივ უხალისოდ აკეთებენ.  ამოცანა მართლაც რთულია,  მით უმეტეს,  თუ ბავშვი უკვე მიეჩვია ამ წინააღმდეგობებს,  ის  მაშინვე მტრულ პოზიციას იკავებს,  როცა მშობელი რაიმეს გაკეთებას სთხოვს.  ასეთ მტრობას მალე მოჰყვება გაუგონრობა, დაუმორჩილებლობა.

თუ პასიურმა წინააღმდეგობამ უკვე შეიძინა ასეთი ფორმა,  მაშინ იძულებული ვართ,  სრულიად შევცვალოთ ჩვენი ქცევა და მოქმედებაში მოვიყვანოთ, ეგრეთ წოდებული, „ღია დამოკიდებულებების“ ხანგრძლივი პროგრამა,  რომლის მიზანია ზემოქმედება მოახდინოს ჩვენი შვილების გრძნობებზე.

ჩვენ მისი ამდენი გაკიცხვითა და იძულებით ბოლოს და ბოლოს მივხვდით,  რომ მისგან მეტს ვერაფერს მივიღებთ.  მან დიდი ხანია იცის, რა გვინდა ჩვენ, ახლა გვრჩება მხოლოდ ის, რომ ვეცადოთ, გამოვიწვიოთ მასში სურვილი, მოიქცეს ისე, როგორც ჩვენ გვსურს.

პასიური წინააღმდეგობის ცალკეულ გამოვლინებებთან „ბრძოლა“ ამგვარად ხდება: ბავშვს სურვილი უნდა გავუჩინოთ, მოიქცეს ისე,  როგორც ჩვენ გვსურს. მოვალეობები, რომელთა წინააღმდეგ იგი ჯანყდება, თავისთავად იმდენად მოსაწყენია,  რომ გვიძნელდება ისინი მიმზიდველი გავხადოთ.  ვერაფერი სასიამოვნოა ჭამის წინ ხელების დაბანა,  ჩაცმა,  ტრანსპორტში ჩაჯდომა.  ეს უბრალო საქმეები ჩვენ,  უფროსებს ჩვევად გვექცა. როცა ბავშვი აღშფოთებული ჯანყდება მათ წინააღმდეგ,  იგი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას.  ყვირილით და დაჩქარებით ამ უკმაყოფილებას მხოლოდ ვაძლიერებთ და უკმაყოფილების კიდევ ერთ მიზეზს ვამატებთ.  ამიტომ,  უკეთესია,  არ მივაქციოთ ყურადღება წინააღმდეგობის ცალკეულ გამოვლინებას და მაშინ ჩვენი ძალისხმევა  მეტ სარგებლობას და შედეგს მოიტანს.  განსაკუთრებით,  თუ ამ ქმედებებში ვეცდებით, ბავშვს სიყვარული დავანახოთ.

 

 მოსწავლეთა ინტერესის მართვის პრაქტიკული ასპექტები   

0

ინტერესი რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი,  მიზანი, მისწრაფება და  მოთხოვნილებაა, რომელიც  უზრუნველყოფს პიროვნების ჩართულობას შემეცნების პროცესში. ეს ინსტინქტია, რომელიც გარკვეულ მომენტში აღძრავს კონკრეტული საქმიანობის სურვილს, რომლის დაკმაყოფილებისას ინტერესი კიდევ უფრო ღრმავდება და  ახალი ინტერესებს წარმოშობს, ამიტომ რაც უფრო მძაფრია ინტერესი, მით უფრო მეტად ინტენსიურად ცდილობს ადამიანი მის დაკმაყოფილებას, მით მეტად აქტიურადაა ჩართული ინტერესის დაკმაყოფილებისა და საინტერესოს შემეცნების პროცესში.

ზოგადად ინტერესი რამდენიმე სახისაა:

  • უშუალო, პირდაპირი ინტერესი, რომელიც გამოწვეულია ობიექტის გარეგნული იერ-სახით;
  • და არაპირდაპირი ინტერესი, რომლის დაკმაყოფილებისთვის გარკვეული საქმიანობის გაწევაა საჭირო.

უშუალო და არაპირდაპირი ინტერესი შეიძლება დაიყოს:

უშუალო – როდესაც ინტერესი მიმართულია თავად საქმიანობის პროცესზე, შემოქმედებაზე, რომლის მიზანია რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება;

არაპირდაპირი – როდესაც ინტერესს იწვევს საქმიანობის შედეგები: განათლების ცენზი, პროფესიის შეძენა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ანუ ერთგვარად  ცხოვრებისეული მოთხოვნილებები.

ინტერესში შეიძლება გამოიყოს:

  • პასიური, ანუ განსჯის, დაფიქრების პერიოდი;
  • აქტიური – ქმედების პერიოდი.

მასშტაბის მიხედვით ის შეიძლება იყოს:

  • ფართო – როდესაც ბევრია დაინტერესებული ღრმად გაიაზრონ რაიმე;
  • ვიწრო – რომლის საფუძველია  უბრალო ცნობისმოყვარეობა.

სიღრმის მიხედვით:

ღრმა – როდესაც ადამიანი მიისწრაფვის ღრმად „შეიჭრას“ საგნის შიგნით მის შესამეცნებლად;

ზედაპირული –  როდესაც ინტერესი ზერელეა;

სამყაროს, სიმტკიცის მიხედვით ინტერესი შეიძლება იყოს:

მდგრადი – როდესაც ხდება საკუთარი როლის გაცნობიერება და აღიარება, რომ ამის გაკეთება (ინტერესის დაკმაყოფილება) აუცილებელი და საჭიროა;

არამდგრადი – ის, რაც მდგრადის საწინააღმდეგოა (ის დამახასიათებელია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის).

გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი მრავალგვარია, თავის მხრივ, წარმოიშობა ინტერესის კატეგორიის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილება. ასეთ შემთხვევაში ადვილია ინტერესთან დაკავშირებული ყველა სფეროს საქმიანობა, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემის, რადგან განათლება უპირველეს ყოვლისა მიმართულია პიროვნების განვითარებისკენ, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გააქტიურებისკენ, დამოუკიდებელი მუშაობის მეთოდების ათვისებისკენ, თვითკონტროლისკენ, სწავლის აქტიური ფორმების და მეთოდების გამოყენებისკენ, რომელიც შესაბამისი ინტერესების გარეშე ვერაფრით მიიღწევა.

მოსწავლეთა ინტერესი ძალიან მრავალგვარია, რომელთა ზოგადი  კლასიფიკაცია შემდეგი პრინციპის მიხედვით ხდება. მათ აინტერესებთ:

  • შინაარსი (რისკენაა მიმართული);
  • მატერიალური სარგებლიანობა;
  • საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათი;
  • პროფესიული და შრომითი საქმიანობა;
  • შემეცნებითი ფორმა – სასწავლო, სპეციალური, სამეცნიერო;
  • ესთეტიკა;
  • მკითხველი;
  • სპორტი და
  • ა.შ.

ინტერესის  ეს ნიშნები  იჭრება ერთმანეთში და ერთ მთლიან სისტემას ქმნის, რომლის საერთო მიზანი შემეცნებითი პროცესის – ინტერესის დაკმაყოფილებას – ემსახურება.  მაგრამ თუ გარემომცველი სამყაროდან ადამიანი  ირჩევს  არა ყველა ობიექტს, არამედ მხოლოდ მას, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი“  და „საჭირო“  მხოლოდ  ინტერესის ფორმაა  მოსწავლისთვის, რადგან შემეცნებითი ინტერესი გაცილებით ღრმაა და ის პიროვნების შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა. მისი ფასი ის გახლავთ, რომ პიროვნება ინტელექტუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ის ელოდება ახალს, ინტელექტუალურ სიხარულს, წარმატებას. შეუძლებელია ადამიანის შემეცნებითი ინტერესის გარეშე  პიროვნული განვითარება.

 

შემეცნებითი ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში სხვადასხვა კუთხით შეიძლება გამომჟღავნდეს. პედაგოგიკის თეორიაში ძირითადად მითითებულია, რომ ის წარმოადგენს მოსწავლის შინაგან სტიმულს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული მისი აქტიურობა, მასწავლებელს მისი დახმარებით ადვილად შეუძლია მოსწავლის მოტივირება, სწავლის  შედეგების ამაღლება, სწავლებაში იმ ასპექტების გამოყოფა, რომელსაც შეუძლია მოსწავლის ყურადღების მიპყრობა და აზროვნების გააქტიურება.

მეტწილად მოსწავლეთა  ინტერესის ფორმირება ორ საკითხს უკავშირდება:

  1. მოსწავლის შემეცნებით სამყაროზე მეცნიერების მიღწევათა ასახვას, მის მიმართ ინტერესის გამოხატვას;
  2. ცოდნის შეძენის პროცესში მხარდაჭერას, სწავლისა და ცოდნის შეძენის მიმართ დამოკიდებულების განმტკიცებას, რომელიც აღუძრავს მოსწავლეს ცოდნის დაუფლების სურვილს.

ძირითადად მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება  ხდება:

  • სახელმძღვანელოების შინაარსით;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებით;
  • მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციური პროცესით.

ეს დეტალები  სტიმულების  ფართო სპექტრს წარმოშობენ,  ავითარებენ ინტერესს და ხელს უწყობენ მის დაკმაყოფილებას. მაგრამ არის ინტერესის გაზრდის კიდევ ერთი  საინტერესო გზა,  როგორიცაა ისეთი გაკვეთილზე სიტუაციების შექმნა, რომელიც მოსწავლეს  საშუალებას მისცემს:

  • გამოხატოს საკუთარი აზრი;
  • დარჩეს საკუთარ აზრზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებსა და განხილვებში;
  • დაუსვას შეკითხვები თანაკლასელებს და მასწავლებელს;
  • გააკეთოს რეცენზია თანაკლასელის ნაშრომზე, მიიღოს მონაწილეობა მათ სწავლა/სწავლებაში;
  • აუხსნას შედარებით სუსტ მოსწავლეებს მათთვის გაუგებარი ადგილები სახელმძღვანელოს ტექსტიდან;
  • მოიძიოს დავალების შესრულების  ალტერნატიული გზა;
  • შეასრულოს შემეცნებითი ხასიათის დავალება და გადაჭრას პრობლემა;
  • შეაფასოს საკუთარი თავიც და სხვებიც;
  • გამოიყენოს სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნიკური საშუალებები.

ინტერესის გამოხატვის სხვადასხვა დონე არსებობს, რომლის მიხედვით მასწავლებელს შეეძლება თვალი ადევნოს მოსწავლის განვითარებას, რამდენადაც დაინტერესება სწავლის შედეგის პირდაპირპროპორციულია.

ინტერესის გამოხატვის I დონეა, როდესაც მოსწავლე ცდილობს დაიმახსოვროს, გაიგოს და გამოიყენოს ცოდნა, დაეუფლოს მისი გამოყენების გზებს. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის „არამდგრადობა“, როდესაც მოსწავლე არ ინტერესდება ცოდნის სიღრმით და არ იყენებს შეკითხვის ტიპს: „რატომ?“

ინტერესის გამოხატვის II დონეა, როდესაც მოსწავლე მიისწრაფვის შესწავლილი მასალის გამოვლენისკენ, როდესაც გამოხატავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების სურვილს, აკეთებს შედეგების ინტერპრეტაციას. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის მკვეთრად გამოხატული „მდგრადობა“, როდესაც მოსწავლე ცდილობს, მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე, არ უშინდება სიძნელეს და ეძებს პრობლემის გადაწყვეტის გზას.

III  დონეა  – შემოქმედებითი ეტაპი, როდესაც მოსწავლის ინტერესი  არამარტო უბრალოდ იჭრება მოვლენათა „სიღრმეში“, არამედ ის ცდილობს ამ მიზნით ახალი საშუალებების მოპოვებას.  ამ ეტაპზე ინტერესის ყველა თვისება ჯაჭვური რეაქციის სახით გამოვლინდება და მოსწავლის  წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი ცოდნის სინთეზის ეტაპად გარდაიქმნება.

 

მაგრამ ერთია მოსწავლის ინტერესის გამოწვევა გაკვეთილზე და მეორეა მისი განვითარება, რომლისთვისაც მასწავლებელმა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები და ფორმები უნდა გამოიყენოს.  ამ დროს, ცხადია, გათვალისწინებულია   სწავლების შინაარსი, თემის შინაარსი, აქტუალურობა და ასაკობრივი თავისებურებები.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში გამოვყოფდი შემდეგ მიმართულებებს:

  • სახელმძღვანელოსთან მუშაობას (ესაა პროცესი ტექსტის კითხვიდან და ელემენტარულ კითხვებზე პასუხების ძიებიდან გაკვეთილის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად შესწავლამდე);
  • სამუშაო რვეულების წარმოებას (საშინაო დავალებების აუცილებლად შემოწმება);
  • წყაროებზე მუშაობას (პროცესი ისტორიულ წყაროების ანალიზიდან პროდუქტიული, შემოქმედებითი დავალებების დამოუკიდებლად შესრულებამდე);
  • დავალებების შესაბამისი მოსწავლეთა ორგანიზაციის ფორმას (ინდივიდუალური და ჯგუფური);
  • ისტორიის შესწავლის სხვადასხვა ხერხების და გზების გამოყენებას (წყაროზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები) და ა.შ.

მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება დაწყებითი საფეხურის  V-VI კლასებში და მომდევნო საფეხურის – საბაზო – საწყის ეტაპზე. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ამ პერიოდებში მოსწავლეებს შეუნარჩუნდებათ ისტორიის მიმართ ინტერესი, ის გაჰყვებათ მომდევნო საფეხურზეც.

პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე V-VI-VII კლასებში ინტერესის განვითარებისკენ მიმართული პრაქტიკული საგაკვეთილო საქმიანობა და ინტერესის მართვის სტრატეგიები  ასეთი სურათს გვაძლევს:

 

V კლასი VI კლასი VII კლასი
– გაკვეთილის  ტექსტის უმეტესი  ნაწილის წაკითხვა და შემეცნებითი ხასიათის  კითხვებზე პასუხის გაცემა;

–  სავარჯიშოების შესრულება, როგორიცაა: სურათის აღწერა, კროსვორდების შევსება, ჩანახატების წარმოდგენა და სხვ.

– სხვადასხვა სახის პრეზენტაციის მომზადება, მაგალითად, „ჩემი მშობლიური მხარე“, „ჩემი საყვარელი დასვენების ადგილი“ და ა.შ.

– ფიზიკურ და სხვ. სახის რუკებზე მუშაობა და დასახელებული ობიექტების მოძებნა;

– თამაშის გამოყენება გაკვეთილზე;

– წერილობითი და ნივთიერი წყაროების გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

– გაკვეთილის ტექსტზე მუშაობა და ტექსტის ბოლოში დასმულ შეკითხვებზე  პასუხი;

– მოთხრობების შედგენა სახელმძღვანელოს სურათების მიხედვით;

–         და ა.შ.

–  გაკვეთილის თითქმის ½ -ის დამოუკიდებლად სწავლა;

– მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და სინქრონიზება;

– დრო რომ არ დაიკარგოს, თანაკლასელების პასუხის დროს დანარჩენებს  შეუძლიათ სამუშაო რვეულებში მუშაობა;

– შედარებების  გაკეთება (ცხრილები), გეგმების მომზადება  – ჯერ მარტივი გეგმების, შემდეგ, წლის ბოლოს –  რთულზე მუშაობა;

– მუშაობა ისტორიულ პერსონალიებზე;

– მოთხრობების შედგენა სხვადასხვა თემაზე, ისტორიული მოვლენების მოდელირება;

– გენეალოგიური ცხრილების მომზადება;

– ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებებისა და თარიღების  ამოწერა;

– მასწავლებლის მონათხრობის მიხედვით მოთხრობის შედგენა.

 

– გაკვეთილის  დიდი  ნაწილის  დამოუკიდებლად სწავლა;

– სამუშაო რვეულების დამოუკიდებლად წარმოება;

– სხვადასხვა გეგმისა  და ცხრილის შედგენა;

– დავალებების დამოუკიდებლად არჩევა;

– ისტორიული რუკებისა და წყაროების  ერთმანეთთან და  ისტორისკოსთა შეხედულებებთან  შედარება;

– შემოქმედებითი დავალებების შესრულება, ჯგუფური მუშაობის ფორმების მოძიება;

– ზეპირი პრეზენტაციის მომზადება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

 

 

სწორად წარმართული სასწავლო პროცესი,  სათანადო მეთოდური მიდგომები  და მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და მოტივაციაზე ორიენტირებული სწავლება  თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების ადეკვატური და წარმატებული შედეგების მანიშნებელია.

 

რა სურთ ბავშვებს?

0

პრაქტიკული კვლევა სკოლაში: კვლევის ანგარიში

0

მასწავლებლები ხშირად წუხან იმაზე, რომ ძალიან რთულია სწავლების  პარალელურად მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება. თუმცა არ არსებობს დაწესებულება, მის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ საქმიან ქაღალდებს რომ არ აწარმოებდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დოკუმენტები ქმნიან ორგანიზაციის ისტორიას და საშუალებას გვაძლევენ, საკუთარ პროგრესს თუ ხარვერეზებს ახლო მომავლიდან დავაკვირდეთ. კვლევის ინსტრუმენტების შექმნა და, ზოგადად, დოკუმენტაციის წარმოება პრაქტიკის კვლევის ჩატარების დროსაც დაგვჭირდება.

 

კვლევის ჩატარებისა და მონაცემთა დამუშავების შემდეგ, ანგარიშის შექმნის დროც დგება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშის სათაური შეძლებისდაგვარად ლაკონური იყოს და ეხმიანებოდეს ნაშრომის მთავარ მიზანს (მაგალითად, თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესება N სკოლაში).

 

ყველა დოკუმენტს თავისი ენა, სტილი აქვს. რაც შეეხება კვლევის სტილს, იგი აკადემიურია. მკვლევარი ანგარიშის წერის დროს უნდა იცავდეს, მაგალითად, ჩიკაგოს სტილის კანონებს (თუ ამ საკითხით დაინტერესდებით, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქეით ლ. თურაბიანის სახელძღვენელოთი, რომელიც მითითებულია სტატიის დასასრულს, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში). ნაშრომში ასევე დაცული უნდა იყოს ლოგიკური თანმიმდევრულობა (არგუმენტების შესაბამისობა სამსჯელო საკითხთან, ნათლად გამოცემული ავტორის პოზიცია და სხვ.) და ნაწერი უნდა შეესაბამებოდეს კვლევის მიზანს.

 

კვლევის ანგარიშის სტრუქტურა სტანდარტულია, როგორც ტრადიციული, ასევე პრაქტიკის კვლევის ანგარიშისთვის. მასში წარმოდგენილი უნდა იყოს: შესავალი, მეთოდები, შედეგები და დასკვნა. თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია, რადგან თითოეული ეტაპი წინამორბედის გაგრძელებას წარმოადგენს.

 

შესავალში საკვლევი პრობლემაა (თეზისი) წამოჭრილი და მასთან დაკავშირებული ჰიპოთეზებია (სავარაუდო პასუხები) ფორმულირებული. თეზისის ფორმა თხრობითია, რადგან იგი საკვლევ პრობლემას პასუხობს, ანუ მისი არგუმენტია. საკვლევი პრობლემაც და ჰიპოთეზებიც ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ მკვლევარს არ გაუჭირდეს მისი შემოწმება (არ უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო, ზედმეტად ვრცელი ან ვიწრო საკითხი და ა.შ.). შესავალში ზოგჯერ ლიტერატურის მიმოხილვასაც განათავსებენ, მაგრამ იგი უმეტესად ცალკე თავად გვხვდება გამოტანილი. ლიტერატურის მიმოხილვაში მკვლევრებმა საკვლევი საკითხის შესაბამისი პირველადი და მეორადი წყაროები უნდა მიმოიხილონ და კრიტიკულად გააანალიზონ. შესავალს ხშირად წინ უსწრებს აბსტრაქტი. იგი კვლევის ანგარიშს დასაწყისში დაერთვის და წარმოადგენს კვლევის მოკლე მიმოხილვას, რომელიც წარმოდგენილია ცალკე გვერდზე.

მეთოდების ნაწილში კვლევის დიზაინსა და გამოყენებულ მეთოდოლოგიაზეა  საუბარი. კვლევის დიზაინი გულისხმობს იმ თეორიული სტრუქტურისა და მეთოდების აღწერას, რომელთა დახმარებითაც მკვლევარებმა ჰიპოთეზები შეამოწმეს. მეთოდოლოგიაში კი შედის შერჩევასთან დაკავშირებული ნიუანსები, მონაცემების შეგროვების სტრატეგიები, კვლევის შეზღუდვები და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ მკვლევართა მიერ არჩეული მეთოდოლოგია განაპირობებს მონაცემთა სანდოობას და ვალიდურობას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ სექციაში დეტალურად უნდა აღვწეროთ, როგორ მოვიპოვეთ და გავაანალიზეთ მონაცემები. შერჩევის ბლოკში კი უნდა ვისაუბროთ კვლევაში ჩართულ ადამიანებზე და მათი შერჩევის გზებსა და ეთიკურ ნორმებზე, რომლებიც მათ კონფიდენციალურობას და სხვა უფლებებს უზრუნველყოფს. ასევე დეტალურად უნდა იყოს განხილული მონაცემების მოპოვების პროცესი.

რაც შეეხება გარემოს, სადაც ჩატარდა კვლევა, მისი აღწერაც მნიშვნელოვანია, რადგან ის ამყარებს ან პირიქით, ეჭვქვეშ აყენებს მონაცემთა სანდოობას.  საკვლევ გარემოში იგულისხმება ის ადგილი, სადაც ტარდება კვლევა, ანუ ორგანიზაცია, მასში შემავალი თითოეული წევრით. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საკვლევი გარემოს თავისებურებები, რათა საფრთხე არ შეექმნას კვლევის ვალიდურობას ან სრულყოფილად წარმართვას.

შედეგების ბლოკში მკვლევარები მოპოვებულ მონაცემებს აჯამებენ და სტატისტიკურად დამუშავებულს (ცხრილები, გრაფიკები) ან სხვადასხვა ტიპის ჩანაწერების (დაკვირვების აღწერა, საველე ჩანაწერები და სხვ.) სახით წარმოადგენენ.

კვლევის ანგარიშში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ბიბლიოგრაფია, სადაც მკვლევართა მიერ გამოყენებული ყველა წყარო შესაბამისი აკადემიური სტილით იქნება მითითებული. დანართის სახით კი კვლევის ანგარიშს საილუსტრაციო მასალა და მნიშვნელოვანი მონაცემები (უმეტესად, ცხრილების/გრაფიკების სახით) დაერთვება.

რაც შეეხება დასკვნას, აქ მიღებული შედეგები მკვლევრებმა უნდა განმარტონ საკვლევ საკითხთან დაკავშირებული, უკვე ჩატარებული კვლევების დახმარებით. ჩატარებული კვლევის მიხედვით, შესავალში მოყვანილი ჰიპოთეზა ან უნდა დადასტურდეს, ან – არა. აქვე შეიძლება განთავსდეს რეკომენდაციების ბლოკი ან ხაზი გაესვას იმ საკითხებს, რომლებიც კიდევ საჭიროებს კვლევას.

სარჩევში შეიძლება ზემოთ მოყვანილი ოთხი სექცია ქვესექციებად იყოს ჩაშლილი. კვლევის ანგარიშის სარჩევი წარმოადგენს თავებისა და ქვეთავების ჩამონათვალს, სადაც ნაშრომის შინაარსი თანმიმდევრობით, გვერდების მითითებით არის მოცემული, მაგალითად:

  • აბსტრაქტი
  • შესავალი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • კვლევის მეთოდები
  • კვლევის ეტაპების აღწერა
  • განხორციელებული ინტერვენციები და შედეგები
  • კვლევის შედეგები
  • ძირითადი მიგნებები
  • რეკომენდაციები
  • ბიბლიოგრაფია
  • დანართები

როგორც ხედავთ, სარჩევში დაცულია კვლევის ანგარიშისთვის დამახასიათებელი სექციების თანმიმდევრულობა.  აბსტრაქტი წინ უსწრებს შესავალს, შესავალი და ლიტერატურის მიმოხილვა ამჯერად განცალკევებულია. ასევე ცალ-ცალკეა წარმოდგენილი კვლევის მეთოდები, ეტაპები, განხორციელებული ინტერვენციები. კვლევის შედეგებს, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებსაც დამოუკიდებელი პარაგრაფები ეთმობა. როგორც წესია, კვლევის ანგარიშს მოყვება ბიბლიოგრაფია და დამუშავებული მონაცემების შემცველი დანართები. როგორც ვხედავთ, სტრუქტურის ოთხივე სექცია ქვესექციებადაა ჩაშლილი, თუმცა დაცულია მათი თანმიმდევრობა.

რაც შეეხება შედეგების აუდიტორიის წინაშე წარდგენას, მკვლევარმა  აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მსმენელი და ე.წ. თხრობის მანერა შეძლებისდაგვარად მოარგოს მის ინტერესებს. ფართო აუდიტორიასთან ნაშრომის წარდგენისას, მომხსენებელმა სხარტად, ყველასათვის გასაგები ლექსიკით და კონკრეტული მაგალითებით უნდა ისაუბროს. მან უნდა შეძლოს საკვლევ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მის მიერ მოპოვებული მონაცემების პრეზენტირება, სადაც ჰოპოთეზის დამტკიცებას ან უარყოფას მოჰყვება მიღებული შედეგებისა და მათგან გამომდინარე დასკვნების შეჯამება.

როგორც ხედავთ, კვლევის ანგარიშის დაწერა არც ისე რთულია. მთავარია, მოიძიო საჭირო ლიტერატურა, დაიცვა წერის აკადემიური სტილი და თანმიმდევრულად მიჰყვე იმ ინსტრუქციებს, რომელიც კვლევასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოებში საკმაოდ დეტალურადაა გაწერილი. მომავალ წელს ჩვენც ვაპირებთ პრაქტიკის კვლევის ჩატარებას თბილისის ერთ-ერთ სკოლაში და კვლევის პროცესში მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გაგიზიარებთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნაჩმიასი, ჩ. ფ. და ნაჩმიასი, დ. (2009). კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. თურაბიანი, ქ. ლ. და ბუთი, უ. (2009). სახელმძღვანელო კვლევების, თეზისებისა და დისერტაციების ავტორთათვის: ჩიკაგოს სტილი სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის. ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა
  3. წულაძე ლ. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მასალა მოძიებულია შემდეგ ლინკზე: https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL3.28.6&d=HASHe2263af4d51fab66480612.6

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...