ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
11 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

სასკოლო სივრცე როგორც რესურსი

0

ერთ დღეს, სკოლიდან გამოსვლისას, შევამჩნიე, რომ ბავშვებს კლასობანას სათამაშოდ ცარცით მოეხატათ ეზო. თამაშისგან ცარცის ხაზები აქა-იქ გადაშლილიყო. ადვილად შეამჩნევდით, რომ გაუწაფავ ხელს ემუშავა. გამეღიმა და მანქანას მივაშურე. იმ წუთიდან ამეკვიატა იმაზე ფიქრი, რომ პატარებს სჭირდებოდათ სკოლაში ისეთი აქტივობა, რომელიც თან ენერგიის დახარჯვაში დაეხმარებოდათ და თან სახალისო იქნებოდა. ვფიქრობდით, რით შეიძლებოდა გაგვეხარებინა პატარები. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და ის-ის იყო შევთანხმდით, ეზოში საღებავით დაგვეხაზა კლასობანას სათამაშო არე, რომ მეორე მოულოდნელობას წავაწყდით: ინტერნეტში აღმოვაჩინეთ ვიდეო, სადაც სკოლის დერეფანი სხვადასხვანაირად იყო მოხატული და მოსწავლეები გაკვეთილებს შორის, შესვენებებზე, ძალიან ხალისობდნენ. ეფექტი იყო საოცრად კარგი. ცხადია, მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ჩვენი მოსწავლეებისთვის სიურპრიზი მოგვეწყო. ტექნიკური დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რა ზონები შეირჩა და რა მიზანს ემსახურებოდა თითოეული მათგანი.

ნახატი შესრულდა სკოლის სპორტული დარბაზის წინ, რადგან ის ყველაზე ფართო და საიმედო ადგილია სკოლაში. პირველი ზონა გახლავთ მზესუმზირა, რომელსაც 10 ფოთოლი აქვს, თითოეულ მხარეს – 5-5, და რიცხვები აწერია. მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ თანმიმდევრობით იხტუნებს ერთი რიცხვიდან მეორეზე და დაასახელებს მას, ასევე შეუძლია, კენტი და ლუწი რიცხვებიც მარტივად დაიმახსოვროს, რადგან ისინი სხვადასხვა მხარესაა მოქცეული. რიცხვების ბოლოს ყვავილის ხუთფურცელა გვირგვინია. ფურცლებზე ხმოვნებია გამოსახული, ხოლო შუაგულში წერია: „ხმოვნები“. მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ეს წარწერა და ხმამაღლა წარმოთქვან ხუთივე ბგერა.

 

შემდეგი ზონა მოტორული უნარების განვითარებას ემსახურება. ბავშვები უნდა დაიხარონ და ასე ჩაცუცქულებმა გაიარონ მრუდე ხაზი. მთელი ეს გზა ჭიამაიებითაა გალამაზებული, რაც მას სხვა არეებისაგან გამოყოფს.

შემდეგი არე წრეებია, რომლებსაც სხვადასხვა მხარეს ჩამოჭრილი აქვს სექტორები. დასაწყისში წარწერაა: „იხტუნე“, ირგვლივ კი ლამაზი ბაყაყებია დაკრული. ბავშვებმა უნდა დაიწყონ წრეებზე ორივე ფეხით ხტუნვა და შებრუნდნენ იმ მხარეს, საითაც სექტორია ამოჭრილი. როგორც მიხვდით, ეს არე მოტორული უნარების განვითარებას ემსახურება.

მომდევნო ზონაში ადამიანის სხვადასხვა ფერის ფეხის ანაბეჭდებია. ისარი მოძრაობის მიმართულებას აჩვენებს. მოსწავლე ისრის მიხედვით განსაზღვრავს მიმართულებას. ამაში ფეხის ანაბეჭდებიც ეხმარება. სიარულისას რომელ ფეხსაც დაადგამ ანაბეჭდს, ხმამაღლა უნდა წარმოთქვა. ეს არე მარჯვენასა და მარცხენას დამახსოვრებას შეუწყობს ხელს და ასევე გააუმჯობესებს სივრცეში ორიენტაციის უნარს.

მომდევნო არე უბრალოდ სახალისოა. წარწერა „ასწიე ხელები“ მოსწავლეს ამცნობს, რომ ხელებაწეულმა უნდა გაიაროს მრუდი.

აი, ბოლო ზონასაც მივადექით. აქ მოსწავლეს ხვდება 33 წრე, დაწყობილი 2;1;1;2;1;1;2… პრინციპით, რომლებშიც ქართული ანბანის ასოებია ჩაწერილი. ხტუნვისას მოსწავლემ უნდა წარმოთქვას ყველა ის ბგერა, რომელსაც შეეხება. ეს არე ანბანის დამახსოვრებას შეუწყობს ხელს.

ვფიქრობ, ზონებად დაყოფილმა სივრცემ საშუალება მოგვცა, მოსწავლეებისათვის შეგვეთავაზებინა სახალისო აქტივობები და იმავდროულად აკადემიური უნარების გაუმჯობესებაზეც გვეზრუნა.

დასასრულ, მინდა ვთქვა, რომ სკოლაში არაფრის გამოგონება არ არის საჭირო. ბავშვები თვითონვე მიგვანიშნებენ ხოლმე, რა სჭირდებათ. მთავარია, „მათი ენა“ გვესმოდეს.

One note  სწავლა-სწავლების პროცესის დროს

0

დიუის კონცეფციით- სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ცოდნა სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში ყალიბდება.” როგორ გამოიყენოს მოსწავლემ  ცოდნა , რომელსაც ვაძლევთ? როგორ გავუღვივო ინტერესი ჩემს მოსწავლეებს იმისათვის, რომ უკეთ დაინახოს და განსაზღვროს საკუთარი საჭიროება საგაკვეთილო პროცესში და ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში , როგორ შეძლოს ინფორმაციის ნაკადში ორიენტირება , მიღებული მასალის გაფილტვრა , კრიტიკული აზროვნება, მასალის შექმნა და გავრცელება . მედიაწიგნიერება არ არის  „ცალკე საგანი“, ის ინტეგრირებულია სწავლების პროცესში და მისი გამოყენების უნარი მოსწავლეს ყოველდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ჩამოუყალიბდეს საგაკვეთილო პროცესში, ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორ შევარჩიო საგაკვეთილო პროცესის დროს ისეთი აქტივობები, რომელიც მათ ამ უნარის განვითარებაში დაეხმარება. შემაჯემებელი დავალების დროს, სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული ე. წ „ტესტირება“, სადაც აქცენტი ხშირ შემთხვევაში კეთდება დეკლარატიულ ცოდნაზე , ამ დროს ვიცით, რომ ჩვენი სწავლების მთავარი ორიენტირი ფუნქციური ცოდნა უნდა იყოს .

ამჯერად , გთავაზობთ ჩვენს მიერ ჩატარებულ შემაჯამებელ დავალებას მეშვიდე კლასში, თემის სათაურია „ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები“ . კერძოდ , უკვე ნასწავლი ქვეყნების გახსენება. აქტივობის მთავარი მიზანი იყო: წინარეცოდნის გააქტიურება , ამ ცოდნის  გამოყენება  საინფორმაციო გვერდის შესაქმნელად ( ამისთვის შევარჩიეთ მაიკროსოფტის საინტერესო პროგრამა One note),   ინფორმაციების მოძიება, დახარისხება , გაფილტვრა, უკვე ნასწავლი მასალის შეჯამება და წინარეცოდნაზე ახალი, მათთვის საინტერესო მასალების დაშენება, ამ ინფორმაციის განთავსება  ე. წ. ბლოკნოტში  და გაზიარება.

შემაჯამებელი დავალება: დავალების მოსამზადებლად მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ, მოგვეფიქრებინა ისეთი სამუშაო პროცესი, სადაც ყველა ერთად შევძლებდით ერთობლივი „სასწავლო პროდუქტის“ შექმნას , ამისათვის შევარჩიეთ დღესდღეობით ნაკლებად პოპულარული და მაიკროსოფტის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროგრამა   ე. წ „ბლოკნოტი“. სამუშაო პროცესი ხელს უწყობს:

  1. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენციის განვითარებას; კერძოდ, One note-ს უკეთ გასაცნობად მოსწავლეებმა შექმნეს გზამკვლევი დ, რომელმაც მოგვცა საშუალება უკეთ გაგვეცნო ამ პროგრამის შესაძლებლობები და მოგვერგო ჩვენს სამუშაო პროცესზ.ე
  2. ძველი ცივილიზაციების ისტორიის დამუშავებას. კერძოდ , მოსწავლეებმა შეძლეს უკვე ნასწავლი მასალის გაფილტვრა, დამატებითი ინფორმაციების მოძიება, თარგმნა, შედარება ძველი და ახალი ეპოქებისა, თვალსაჩინოების შექმნა და პრეზენტირება. მოსწავლეებმა სამუშაო პროცესის დროს შეძლეს წინარე ცოდნაზე ახალი ცოდნის დაშენება და გაანალიზება.
  3. მოსწავლეები ერთობლივად მუშაობდნენ ორი კვირის განმავლობაში მათთვის გამოყოფილ სპეციალურად შექმნილი ბლოკნოტის გვერდებზე, სადაც ეძლეოდათ საშუალება კრიტიკულად შეეფასებინათ ყველა მოძიებული ინფორმაცია, დაენაწილებინათ დავალება, ემსჯელათ:  რომელი მასალაა მათთვის აუცილებლი და რატომ, დაესვათ შეკითხვები ; მე , როგორც მასწავლებელს,  მქონდა საშუალება, ვყოფილიყავი მათი დამხმარე და პარალელურად მათთან ერთად მეფიქრა მასალების კრეატიულობაზე.
  4. ამ პროცესმა მოსწავლეებში გაზარდა თავისუფლების ხარისხი, მათ თავად შეძლეს არა მხოლოდ წარსულის ისტორია „დაეწერათ“, ასევე დაეკავშირებინათ ძველი პერიოდი უახლეს პერიოდთან , საბოოლოდ მათ ყველა ამ მასალის ორგანიზება, პრეზენტირება და აუდიტორიისთვის წარდგენა  მოახერხეს;

ჩვენი შემაჯამებელი სამუშაო, სხვა დროს შესრულებული დავალებებისაგან განსხვავდებოდა,

რადგა One Note  გვაძლევდა საშუალებას :

  • ყველას ერთად გვემუშავა , გვქონოდა კომუნიკაცია, გვეთანამშრომლა, აზრები გაგვეცვალა და დღის ნებისმიერ დროს გვენახა,  ვინ რას საქმიანობდა;
  • მოგვეწყო შეხვედრა დათქმულ დროს, როცა უმეტესობა ერთად „შევდიოდით „ ონლაინ რეჟიმში და ერთმანეთს ვუზიარებდით, რა შეიძლებოდა უკეთ გაგვეკეთებინა;
  • ვამოწმებდით ინფორმაციის ვალიდობას და სანდოობას;
  • ვგეგმავდით, რა გაგვეკეთებინა შემდეგ ერთობლივ შეხვედრამდე და როგორ მოგვეწყო ჩვენი ნაშრომების წარდგინება.

 

რატომ   არის კარგი One Note-ს გამოყენება სწავლა -სწავლების პროცესში?

  • ყველა მოსწავლე ჩართულია სამუშაო პროცესში , მოსწავლეები  თამამად გამოთქვამენ  აზრებს,  სვამენ შეკითხვებს;
  • ყველა მოსწავლეს აქვს უფლება , ობიექტურად შეფასოს სამუშაო პროცესი, გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება და შემოგვთავაზოს პროცესის გაუმჯობესების გზები;
  • ყველა ჯგუფს ჰყავს ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ მხოლოდ ჯგუფის ხელმძღვანელია პასუხისმგებელი შესრულებულ დავალებაზე, ყველა მოსწავლე  ინაწილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც „იტვირთეს“ სამუშაო რეჟიმის დაგეგმვის დროს .

კერძოდ, ეს არის დავალება , რომელიც პირდაპირ უწყობს ხელს მოსწავლეების იმ უნარების განვითარებას , რომელიც მას არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ყოველდღიურ  ცხოვრებაში  სჭირდება. სწორედ ასეთი დამოკიდებულის პროცესში ჩნდება მედიაწიგნიერების განათლების აუცილებლობა ;

 

 

one note   მოსწავლეებმა გამოიყენეს ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტად, ადვილია დავინახოთ მისი კავშირი კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. ინფორმაციის გაფილტვრა რთულია კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე, ხოლო ახალი ინფორმაციის შექმნას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება.“

გთავაზობთ  one note    გამოყენების პრაქტიკულ მაგალითს:

https://onedrive.live.com/redir?resid=912B7BFF30C005B6%216609&authkey=%21AGFDfH8w_t_G2eI&page=View&wd=target%28%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.one%7C4028c599-ea1e-4e47-bfeb-fef6f61b2bd6%2F%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%20%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%2043%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%20%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%7C32b51b28-fd5c-3944-b349-cc8725934e44%2F%29

 

ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალა მრავალჯერადი გამოყენებისაა, აქ გამოყენებული მასალა  დამხმარე სასწავლო რესურსია მათი თანატოლებისათვის საქართველოს ნებისმიერ რეგიონში .

გულთგონთხართა? (წერილი მეორე)

0

შეცდომა პირველი – ამბავი მეორე: სარიდანის გათვლა

მსმენია (და არა მარტო მსმენია, არამედ პირადად ვიცნობ იმ ბავშვებს, რომლებიც მერე ჩემი სტუდენტები გახდნენ და მიყვებიან ამის შესახებ), „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას როგორ არასწორად უნერგავენ მოსწავლეებს თავში იმ აზრს, თითქოს სარიდანმა მეშვიდე სამეფო იმ იმედით გადააბარა ფარსადანს, რომ უშვილო ფარსადანი მის ძეს გადაულოცავდა ინდოეთის შვიდივე სამეფოს. გამოდის, სარიდანს პოლიტიკური გათვლა ჰქონია და მისი საქციელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ერთგულად ნამსახურევად კი არ უნდა მივიჩნიოთ, როგორც თვითონ ამბობს, „აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურის“, არამედ შორსმიმავალ გეგმად.

ცხადია, პოლიტიკოსები იმაზე ბევრს ფიქრობენ, ვიდრე რიგითი ადამიანები. ხშირად მათ დაფარულ მიზანს მხოლოდ მას შემდეგ ვხვდებით, როცა შედეგი დადგება. პოლიტიკოსები არ არიან ვალდებულები, გამოვიდნენ და საჯაროდ ისაუბრონ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მიზნამდე მიიყვანს მათ. მაგრამ ეს მსჯელობა მაშინ იქნებოდა მართებული სარიდანთან მიმართებით, თუკი სარიდანი ფარსადანს მაშინ შეეწყნარებოდა, როცა მას უკვე ჰყავდა ვაჟიშვილი. არადა, ტექსტში ხომ გასაგებად წერია, სარიდანს მას შემდეგ ეყოლა ძე, როცა ის უკვე ამირბარი იყო. ფარსადანს ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი, როცა ინდოეთის მეშვიდე სამეფო დანარჩენ ექვსს მიუერთა. სარიდანი ფარსადანზე ადრე კი გახდა მამა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სარიდანმა ამდენი გათვალა. ტექსტში არაფერია ნათქვამი გათვლებზე, სამაგიეროდ, ტექსტში გასაგებად წერია: „ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა. ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“. რა გამოდის? სარიდანი, რომელსაც „ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები“, იღებს გადაწყვეტილებას, თავისი პატარა სამეფო მიუერთოს ფარსადანის ქვეყანას. ფარსადანი ალბათ იმავე სამეფოს უტოვებს მას განსაკარგად, რომელიც შეაწყნარა მანამდე სარიდანმა. თუმცა ამის პასუხად სარიდანი იღებს სრულიად ინდოეთის ამირბარობასაც: „ერთი სამეფო საკარგად, უბოძა ამირბარობა“. რამდენად მომგებიანი ან წამგებიანია სარიდანის საქციელი, მე ვერ განვსჯი, მაგრამ ტექსტი ამბობს, ეს იმდენად სწორი გადაწყვეტილებაა, სარიდანის სახელი ერთგულად ნამსახურევი დარჩება შთამომავლობასო. აქედან გამომდინარე, ეს სწორი გადაწყვეტილებაა მეშვიდე პატარა სამეფოსთვის. თუმცა სარიდანს, არა მგონია, ისიც გაეთვალა, რომ ჯერ შეეწყნარებოდა ფარსადანს, მერე გავიდოდა წლები (არ ვიცით, რამდენი, მაგრამ, ცხადია, რომ ეს იმავე წელს არ მომხდარა), ეყოლებოდა ვაჟიშვილი, ფარსადანი ისევ უშვილო იქნებოდა და მის ძეს დარჩებოდა სრულიად ინდოეთის შვიდივე სამეფო. ასეთ არასწორ გათვლებზე (თუ ის მაინც არსებობდა) ამბობენ: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, რადგან ასეთ გათვლებს იშვიათად მივყავართ სასურველ შედეგამდე. სარიდანს კი, მართლა თუ ჰქონდა ამგვარი გათვლა, ბედი ჰქონია, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მას უნდოდა. თუმცა, ყველაფერი ისე მაინც არ მომხდარა…

შეცდომა მეორე: ფემინიზმის ძიება და ეპოქის უგულებელყოფა

გასაგებია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვიაზრებთ ქალის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ დაუშვებელია, არასწორად მივაწეროთ ერთ ეპოქას ის, რაც სულ სხვა ეპოქის დამსახურება, მონაპოვარი და მიღწევაა. ლიტერატურათმცოდნეობის გზამკვლევებში, რომლითაც მსოფლიოს საუკეთესო პროგრამები ხელმძღვანელობენ, მკაცრად არის იმის შესახებ მითითება, რომ არ ვეძებოთ ტექსტებში ის, რაც იქ არ არის. მაგალითად მოჰყავთ „მედეა“ და ფემინიზმი. არ არის მედეა ფემინისტი, თუმცა ლიტერატურის მასწავლებლებს წამოსცდებათ ხოლმე არასწორი ფრაზა, არასწორი დახასიათება, რადგან ძალიან უნდათ, ეს ასე იყოს – მედეა ილაშქრებს მამაკაცის წინააღმდეგ და ამის გამო ფემინისტია. ხანდახან ეს წამოცდენა მასწავლებლების ბრალიც არ არის, რადგან ისინი იმდენად არიან მოქცეულნი თავიანთი ეპოქის პარადიგმის საზღვრებში, რომ სხვანაირად ვერც ხედავენ. იმავეს ვიტყოდი თინათინის გამეფების ამბავზე. ნუ ვეძებთ ამ კონკრეტულ ეპიზოდში ფემინიზმის ელემენტებს, სხვაც ბევრია დასანახი ამ ეპიზოდში. თინათინის გამეფებაში ფემინიზმის დანახვა ფემინიზმის არასწორი გაგებაცაა. „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ იმას ნიშნავს, რომ სულ ერთია, ქალი თუ მამაკაცი, მეფის წულიც მომავალი მეფეა, ზუსტად ისეთივე, როგორც თავად ახლანდელი მეფე. მომავალში, უფრო სწორად, საბჭოთა ეპოქაში, ეს აფორიზმადქცეული სტრიქონი იმ დიალოგის გაგრძელებაა, რომელიც ვაზირებსა და როსტევანს შორის იმართება: „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისგან დანაბადია…“

ამავე ეპიზოდს უკავშირდება ეპოქის არასწორი გაგებაც, რომელიც იმით გამოიხატება, რომ, როდესაც თინათინის გამეფებას სავსებით სწორად ადარებენ თამარის გამეფებას, არასწორად ამბობენ, რომ თამარი უსამართლოდ იქნა მამამისის მიერ თანამოსაყდრედ გამოცხადებული. ამას წინათ ერთ ძალიან კარგ ჟურნალში წავიკითხე ჩემთვის ძალიან საინტერესო ლიტერატორის ეს სიტყვები და გული დამწყდა. მანამდეც არაერთხელ მსმენია სხვებისგანაც ამის თაობაზე. როდესაც გადავწყვიტე, საკითხს უკეთ გავცნობოდი, გავეცანი ისტორიკოსების ნაშრომებს, ჩავხედე წყაროებს, მოვუსმინე ავტორიტეტულ მეცნიერებს, დავეკითხე პროფესიონალ ისტორიკოსებს და მათგან ასეთი პასუხი მივიღე: თამარის გამეფება ლეგიტიმურად მოხდა, ერთადერთი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დავა, გიორგი მესამის მეფობის საკითხია. რამდენად სწორი იყო მამამისი, როდესაც ტახტი დაუკარგა შვილიშვილს და ძალაუფლება გადასცა მეორე, უმცროს ვაჟს. პაპამისის ამ  ნაბიჯის გამო დემნა (დემეტრე), რომელმაც გადაწყვიტა ტახტის არა დაბრუნება, არამედ მითვისება, უკანონოდ მოიქცა. მას აღარ ეუკთვნოდა ტახტი, რადგან იგი არ იყო მეფის შვილი. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი, დავით მეხუთე, მეფე იყო, მისი სიკვდილის შემდეგ მეფობა სწორედ თამარის მამას, გიორგი მესამეს ერგო (არგუნა მამამისმა, დემეტრე პირველმა), ამიტომაც თამარის გამეფების მომენტში თამარის გამეფება ლეგიტიმური აქტი იყო, ხოლო დემეტრეს პრეტენზიები – არალეგიტიმური. ასე რომ, თინათინის გამეფების ეპიზოდში რუსთველმაც საკადრისი პასუხი გასცა მათ (თუკი ასეთები არსებობდნენ), ვისაც ეჭვი ეპარებოდა ქალის ტახტზე ასვლის შესაძლებლობაში, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ყოფილა, მაგრამ უპრეცედენტო შემთხვევა ნამდვილად იყო.

შეცდომა მესამე: არასწორი შედარებები

იშვიათად, მაგრამ ისიც გამიგია, რომ ზოგიერთმა მასწავლებელმა ნესტან-დარეჯანს ანალოგი მოუძებნა. შესაძლოა, არასწორ სიტყვას ვიყენებდე და პროტოტიპს უნდა ვამბობდე, მაგრამ მე არც ერთ და არც მეორე სიტყვას არ გამოვიყენებდი ამ გაუმართლებელი მოვლენის აღსაწერად. ვინ იყო ნესტანის პროტოტიპი/ანალოგი? მედეა. ნუ გაგეცინათ. არ გაგეცინათ? იმედია, არა იმიტომ, რომ თქვენც იმათ რიცხვში ხართ, ვისაც ეს ბრიყვული აზრი მოუვიდა თავში. საქმე ისაა, რომ მე არა ვარ იმის წინააღმდეგი, ნებისმიერი ჰიპოთეზა წამოაყენოს მკითხველმა, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი კატეგორიული ვიყო და მიუღებლობა მჭირდეს სხვების მოსაზრებების მიმართ. პირიქით, ჩემთვის ლიტერატურა სწორედ იმითაა საინტერესო, რომ რამდენი წაკითხვაცაა, იმდენი აზრი არსებობს. ეს კი არ გულისხმობს იმას, რომ ლიტერატურის წაკითხვისას რაშომონის ეფექტს ვითვალისწინებდე. არ გახსოვთ, რა არის რაშომონის ეფექტი? გაიხსენეთ აკუტაგავა რიუნოსკეს მოთხრობა „უსიერ ტყეში“ და, თუკი ეს ტერმინი მანამდე არ გაგიგიათ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. შესაძლოა, მოთხრობა იცოდეთ, მაგრამ არ იცოდეთ, რომ, როდესაც აკირა კუროსავამ გადაიღო ამ პატარა მოთხრობის მიხედვით ფილმი, მან მასთან ერთად გააერთიანა მეორე მოთხრობაც, რომლის სათაურშიც ფიგურირებს სიტყვა „რაშომონი“ და ფილმსაც ეს სათაური უწოდა (ხანდახან ითარგმნება როგორც „რაშომონი“, ზოგჯერ კი „რასიომონი“). ამ ფილმის მიხედვით კი ეფექტს, როდესაც ერთსა და იმავე მოვლენას ყველა სხვადასხვაგვარად აღწერს, რადგან ერთსა და იმავე ფაქტს ყველა თავის პრიზმაში ატარებს, ანუ სუბიექტურად აღიქვამს, დაარქვეს რაშომონის ეფექტი. ხშირად ამ ეფექტით აღწერენ ისეთ მოვლენასაც, რომელიც, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სიმართლეს ვერ გვაახლოებს. ვიცი რა ამ ეფექტის შესახებ, ვიაზრებ, რომ ეს ეფექტი ისტორიული ფაქტის თხრობისას თვითმხილველის განსხვავებულ პერსპექტივებს ამართლებს და ხსნის, ხოლო ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვისას, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლესთან მიახლოება რთულია, მაინც  იმის მომხრე ვარ, ჰიპოთეზის წამოყენების შემდეგ ეს ჰიპოთეზა ან დავასაბუთოთ, ან უკუვაგდოთ.

ახლა რაც შეეხება მედეასა და ნესტან-დარეჯანის მსგავსებას. რა მსგავსება უნდა ვეძებთ ევრიპიდეს პერსონაჟსა და რუსთველის პერსონაჟებს შორის, როცა მსგავსება არ არსებობს. მათ არც ერთნაირი ბიოგრაფია აქვთ, არც ერთნაირი ხასიათი, განსხვავებულ ეპოქაშიც ცხოვრობენ და განსხვავებული კულტურის მატარებლებიც არიან. ერთადერთი საერთო მათ შორის ისაა, რომ ორივეს ჰყავს მამიდა. მაგრამ აქაც უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: მედეას მამიდა, კირკე, აპოლონიოს როდოსელის პერსონაჟია, შემდეგ ეს პერსონაჟი, სხვა ავტორებთან ერთად, ოთარ ჭილაძემაც აითვისა და მხატვრულად დაამუშავა. კირკეს იცნობს ჰომეროსიც, მაგრამ ჰომეროსი არ იცნობს მედეას. თანაც ის კირკე, რომელიც აიეტის დაა და „ოდისეას“ პერსონაჟია, ანაქრონიზმია თავად პოემაში. არგონავტების ლაშქრობა ტროას ომამდელი ამბავია, რადგან ომში მონაწილე ზოგიერთი პერსონაჟი ან თავად იყო არგონავტი ან მისი მამა იყო ექსპედიციის მონაწილე. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ოდისევსი კირკეს კუნძულზე მოხვდება, მედეა ასაკოვანი ქალი უნდა იყოს, ხოლო კირკე, მისი მამიდა, პოემაში არა ჰგავს ხანდაზმულს, რადგან მას სასიყვარულო კავშირი აქვს ოდისევსთან. ერთადერთი ახსნა, რა ასაკისაა კირკე, მის გრძნეულებაში იმალება: სავარაუდოდ, გრძნეული კირკეს ასაკი ბუნდოვანია. მაგრამ ამ მსჯელობას ნიადაგი ეცლება, როცა გავიხსენებთ, რომ ჰომეროსი საერთოდ არც ასახელებს მედეას. არადა, გრძნეული კირკეს სახე სწორედ ჰომეროსიდან გადავიდა სხვა ნაწარმოებებშიც. დავარიც გრძნეულია, მან „გრძებითა ცაცა იცის“, ფარსადანის აზრით, მან ასწავლა ნესტანს ეშმაკისეული საქმეები: „მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!“ ერთი შეხედვით, დავარი და კირკე გვანან ერთმანეთს, მაგრამ მედეა და ნესტანი არანაირ მსგავსებას არ ავლენენ. თანაც არსად წერია, არცერთ ლიტერატურულ ტექსტსი, რომ კირკემ ასწავლა მედეას გრძნეულება. ერთადერთი ასეთი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მოდიოდა“, რომელიც ვერაფერით ეცოდინებოდა რუსთველს. გამოდის, რომ, თუკი წამოვაყენებთ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, წყვილი „მედეა და კირკე“ ნესტანისა და დავარის წინასახეა, ეს ჰიპოთეზა უნდა უკუვაგდოთ, რადგან ის ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. უფრო სწორი იქნება თუკი გავიხსენებთ, რომ ნესტანის, ისევე როგორც თინათინის, პროტოტიპი თამარი უნდა იყოს (როგორ ამას დავით წერედიანი (და სხვა მრავალი მკვლევარი) ამბობს არაჩვეულებრივ ინტერვიუში), აღმოვაჩენთ, რომ თამარს და მის დას მამიდა რუსუდანი ზრდიდა, რუსუდანი კი ქვრივი იყო. ამიტომ ის უფრო გამოდგება პროტოტიპად, თუკი ასე ძალიან გვინდა, მივუსადაგოთ რუსთველისეულ პერსონაჟებს სხვა პერსონაჟები, ხან ისტორიული და ხანაც ლიტერატურული. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსება რუსუდანსა და დავარს შორის მხოლოდ ტიპოლოგიურია და ერთადერთ რამეში ვლინდება: ორივე ძმისშვილს ზრდის.

იმედია, საკმარისზე მეტი არგუმენტი მოვიყვანე იმის დასამტკიცებლად, რომ ვინც მედეას ნესტანს ადარებს, გარდა იმისა, რომ არცერთ ნაწარმოებს არ იცნობს წესიერად, იმასაც ამჟღავნებს, რომ წაკითხულის გააზრებაც არ შეუძლია წესიერად და არ იცის მთავარი პრინციპი – ყველაფრის შედარება არ შეიძლება. მერე რა, რომ ნესტანის და მედეას ბედიც ზღვას უკავშორდება? ორი რამ ერთმანეთს შეადარო, ჯერ საერთო უნდა მოძებნო (და ეს საერთო ზღვა არ უნდა იყოს ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში) და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დასაშვები შედარება. ასე ხომ ნესტანის ჯულიეტასთან შედარებაც შესაძლებელი იქნებოდა, არადა, აბსურდი არ არის ამ ორი პერსონაჟის ერთმანეთთან შედარება?!

ამ წერილის ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს მათ (ბოდიშს ვიხდიდი პირველი წერილის დასაწყისში და, თუკი ვინმეს პირველი წერილი არ წაუკითხავს, მისთვის არ იქნება ეს ბოდიში ზედმეტი რევერანსი), ვისაც ამ შეცდომების საჯაროდ აღნიშვნა ეზედმეტა, რადგან ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს წერილი მათთვის არცაა დაწერილი. ეს წერილი იმათ ეხებათ, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას უხერხულ შეცდომებს უშვებენ. ასეთები კი, დამერწმუნეთ, საკმაოდ არიან…

 

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი

0

პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს, რადგან  მოსწავლეს  უყალიბდება  ცოდნის  ტრანსფერის, პრობლემის  გადაჭრის,  კრიტიკული აზროვნებისა და სწავლის  სწავლის უნარ-ჩვევები.

ბოლო დროს, სოციალური პრობლემების გამო, მოზარდებში იმატა ძალადობამ.

ჩნდება კითხვა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?  ვფიქრობ, უმჯობესია, ყურადღება გავამახვილოთ და ხშირად შევთავაზოთ მოსწავლეებს ისეთი ნაწარმოებები, სადაც მოსწავლეები თვითონ დაინახავენ პრობლემას და მოძებნიან მისი გადაჭრის გზებს.

გთავაზობთ დაწყებითი საფეხურის მესამე კლასში ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის გეგმას.

 

გაკვეთილის თემა:  ჯადოსნური სიტყვა (ვ. ოსეევას  მიხედვით)

დრო: 45  წუთი

 

გაკვეთილის მიზანი –  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • პრობლემებისა და ქვეპრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების ძიება.
  • ტექსტის გაგება-გააზრება,
  • პერსონაჟის შეფასება, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის

 ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. საუბარი მთელი კლასი ფორმატზე დაწერილი  მიზნები და შეფასების კრიტერიუმები. 2
2

 

გამოწვევა.

მოსწავლეებს ვუკითხავ მათი თანატოლი, წარმოსახვითი პერსონაჟის მიერ დაწერილ ბარათს, რომელშიც ის აღწერს, როგორ ცუდად ექცევიან ოჯახის წევრები და

მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები განსაზღვრავენ ძირითად პრობლემას და ქვეპრობლემებს, მოიფიქრებენ 3 რჩევას, რომელიც საბოლოო სახით სქემაში აისახება.

გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.

,,მორფოლოგიური ყუთი. ‘’

აღნიშნული მეთოდით მუშაობის ძირითადი პრინციპია მთავარი პრობლემის განსაზღვრა, ცალკეულ კომპონენტებად, ანუ ქვეპრობლემებად დანაწევრება და თითოეული კომპონენტისათვის რაც შეიძლება მეტი ლოგიკურად შესაძლო გადაჭრის გზის პოვნა.

წყვილები

 

 

დიდ ფორმატზე ან დაფაზე დახაზული სქემა ,,მორფოლოგიური ყუთი’’. 5
3

 

ტექსტის წაკითხვამდე, სათაურის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები

გამოთქვამენ ვარაუდებს, რა მოხდება.

ვკითხულობ ტექსტს,  ვჩერდები საკვანძო საკითხებთან, მოსწავლეები გამოთქვამენ  ვარაუდებს, რა მოხდება.

ორიენტირებული კითხვა.

ვარაუდების გამოთქმა. ეს მეთოდი გვეხმარება კითხვის დროს შევინარჩუნოთ მოსწავლეთა ჩართულობა, ამავდროულად, ავითარებს  საკუთარი აზრის გამოხატვისა და აზროვნების უნარს

 

მთელი კლასი დაბეჭდილი ტექსტი 6
4

 

 

ტექსტის გაგება-გააზრება.

მოსწავლეები  ტექსტის წაკითხვამდე ავსებენ ხუთსვეტიან ცხრილს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, მონიშნავენ პერსონაჟებს,  ჯადოსნურ სიტყვებს და სიტყვა-გამოთქმებს, რომელთა  მნიშვნელობაც გაუგებარია.

ვთხოვ, იპოვონ მონაკვეთი, სადაც ლუკა თვითონ ამბობს ჯადოსნურ სიტყვას, დაასახელონ, კიდევ რომელი ,,ჯადოსნური სიტყვების’’ გახსენება შეუძლიათ, მუსიკალური სკივრის დახმარებით სიტყვების კედელზე განვათავსებ სხვა ,,ჯადოსნურ სიტყვებს.’’

გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.

5 კითხვა (ვინ? სად? რას შვრება? როდის? რატომ?)

ამ მეთოდის დახმარებით მოსწავლეები იაზრებენ ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს, სწავლობენ ინფორმაციის გამოყოფა-დახარისხებას, ივითარებენ ანალიზის უნარს.

 

მონიშვნებით და მინიშნებით კითხვა.

მთელი კლასი ფურცელზე ამობეჭდილი სქემა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფანქრები, მონიშვნე-

ბით კითხვის საილუსტრა-

ციო სქემა

 

 

 

 

 

 

 

მუსიკალური სკივრი, ფერად ბარათებზე დაწერილი სიტყვები.

12
5 პერსონაჟის ირგვლივ საუბარი.

მოსწავლე  დაიკავებს სკამზე ადგილს, მან უნდა მოირგოს მთავარი პერსონაჟის როლი და უპასუხოს მოსწავლეების კითხვებს ისე, როგორც მას უპასუხებდა ნაწარმოების გმირი.

,,ცხელი სკამი’’.

ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეს კარგად გაიაზროს ტექსტი, მოირგოს პერსონაჟის როლი და სწორად ჩამოაყალიბოს კითხვები, უვითარებს მეტყველების, შემოქმედებით და აზროვნების უნარს.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3
6

 

 

 

ახალი მასალის განმტკიცება.

I ჯგუფი ავსებს მოთხრობის რუკას: აღწერს პრობლემას, მოვლენებს და პრობლემის გადაწყვეტის გზას.

II ჯგუფი  ავსებს პერსონაჟის რუკას, როგორია ის დასაწყისში, ბოლოს, როგორ და რატომ შეიცვალა პერსონაჟი.

III  ჯგუფი აღწერს, რა მოხდა დასაწყისში, შუა ნაწილში და ბოლოს.

შესრულებულ დავალებებს წარადგენენ პრეზენტაციის სახით.

გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.

მოთხრობის რუკა.

პერსონაჟის რუკა.

თავიდან-მერე-ბოლოს.

ჯგუფური დაბეჭდილი

სქემები

15
7 შევაჯამებთ გაკვეთილს, შევაფასებთ აქტივობებს. საშინაო დავალება:

ჯადოსნური სიტყვების გამოყენებით დავწეროთ პატარა მოთხრობა.

კითხვა-პასუხი მთელი კლასი 2

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ. III. 2. მოსწავლეს  შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.

  • გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
  • ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;

ქართ. III. 7. მოსწავლეს  შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვა.

  • ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათ საქციელს.

მოსწავლეებს ვაფასებ ზეპირი განმავითარებელი კომენტარით წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, როგორ შეძლეს:

 

  • პრობლემებისა და ქვეპრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების ძიება;
  • ტექსტის გაგება-გააზრება;
  • პერსონაჟის შეფასება, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

 

პედაგოგთა  ნაწილის მოსაზრებით, პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება  სირთულეებთან არის დაკავშირებული. გულწრფელად გეტყვით, რომ ნამდვილად არ არის რთული.  მოსწავლეებმა, ასაკის შესაბამისად,  ყველა აქტივობას კარგად გაართვეს თავი და ერთად შევძელით დასახული მიზნების განხორციელება: პრობლემების გამოვლენა, დანაწევრება,  გადაჭრის გზების ძიება,   ტექსტის გაგება-გააზრება, პერსონაჟის შეფასება არგუმენტირებული მსჯელობით,  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა  გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი მოახდინონ და ყოველთვის ახსოვდეთ, რა შედეგი მოჰყვება აგრესიის ენაზე საუბარს და  როგორ შეიძლება ადამიანებმა  მოაგვარონ ურთიერთობაში არსებული პრობლემები ,,ჯადოსნური სიტყვების’’  დახმარებით.

გრაფიკული სქემები:

 

 

 

 

 

 გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. https://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
  3. ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები კითხვისა და წერის სწავლებისათვის დაწყებით საფეხურზე. kargiskola.ge
  4. სტატია: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი დაწყებით კლასებში. https://mastsavlebeli.ge/?p=14701

 

 

 

 

ქართველი ებრაელის დასაცავად

0

1960 წელს გერმანიის მომავალმა კანცლერმა ვილი ბრანდტმა თავის უმნიშვნელოვანეს გამოსვლაში გვერდიგვერდ მოიხსენია ორი ისტორიული ფიგურა – იულიუს ლებერი და კლაუს გრაფ ფონ შტაუფენბერგი. იულიუს ლებერი რაიხსტაგის მემარცხენე დეპუტატი იყო, რომელიც ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დამნაშავედ გამოაცხადეს და სასტიკად დევნიდნენ. დეპუტატი 1945 წელს საპყრობილეში მოკლეს. ბრალად იატაკქვეშეთიდან ანტინაცისტური რევოლუციის ორგანიზების მცდელობა დასდეს. კლაუს ფონ შტაუფენბერგი კი ოქროსორდენოსანი ნაცისტი ოფიცერი გახლდათ. სხვადასხვა დროს ვერმახტის რიგებში მაღალ სამხედრო თანამდებობებზე მსახურობდა. გულმხურვალე პატრიოტმა მალევე შეამჩნია ჰიტლერის ხელისუფლების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ბუნება და სათავეში ჩაუდგა ფიურერის ლიკვიდაციის საიდუმლო ოპერაციას. 1944 წელს ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო გადატრიალების მცდელობა და პარტიის ლიდერის გასანადგურებლად დაგეგმილი ტერაქტი წარუმატებლად დასრულდა. შტაუფენბერგმაც იულიუს ლებერის ბედი გაიზიარა, ჰიტლერის წინააღმდეგ საქმიანობისთვის ისიც სიკვდილით დასაჯეს.

კანცლერმა ბრანდტმა ორივე მოღვაწე ეროვნული ერთიანობის იდეის ხაზგასასმელად ერთდროულად გაიხსენა. ლებერი და შტაუფენბერგი ბიოგრაფიით, იდეოლოგიით, პოლიტიკური გამოცდილებითა თუ გემოვნებით რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მათ ნაციზმისგან თავისუფალი გერმანიის იდეა აერთიანებდათ. ორივე ამ იდეას შეეწირა.

საუბედუროდ, საქართველოში ისტორიულ ფიგურათა ერთმანეთთან დაკავშირებას იშვიათად ვცდილობთ. პირიქით, მოწადინებულნი ვართ, საქართველოს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის მქონე პატრიოტი ერთმანეთს სამუდამოდ გადავკიდოთ, ერთის ღირსებას მეორის დამცირების ფასად შევასხათ ხოტბა.

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ცენტრალური ტელევიზიის ეთერში მხატვულ ფილმ „ექვთიმეს“ მოვკარი თვალი. ფილმში უამრავი სიყალბე აღმოვაჩინე, მაგრამ გაბრაზებულმა ძალა ვერ მოვიკრიბე კორექტული გამოხმაურების დასაწერად. ბედად, ისტორიკოსმა, პროფესორმა მიხეილ ბახტაძემ დაწერა მცირე ტექსტი და ფილმში „გაპარული“ ათამდე უხეში შეცდომა გააანალიზა. დეტალებს აღარ მოგითხრობთ, მხოლოდ ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ: ფილმიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი – ექვთიმე თაყაიშვილის გარდა, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ყველა წარმომადგენელი დღენიადაგ ჩვენი სამუზეუმო სიმდიდრის გაყიდვაზე ფიქრობდა; ისინი კოლექტიურად ძალადობდნენ ექვთიმე თაყაიშვილზე, წმინდანმა კი ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო და განძი სამშობლოში დააბრუნა.

ცხადია, არ ვაპირებ ამ უდიდესი მოღვაწის ღვაწლის გაუფასურებას. ის სამართლიანად იმსახურებს მთელი ქვეყნის სიყვარულს. უბრალოდ, მასავით თავდადებული ადამიანების მერკანტილურ ვაჭრებად წარმოჩენაა დაუშვებელი.

ვისთან ერთად გაიტანა განძი საქართველოდან ექვთიმემ?

ექვთიმე თაყაიშვილს სამუზეუმო სიმდიდრე მარტოს არ გადაურჩენია – საქართველოდან დალუქული ყუთების გატანის და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ დაბინავების გეგმაში იოსებ ელიგულაშვილიც მონაწილეობდა.

იოსებ ელიგულაშვილი ექვთიმეს მსგავსად ეროვნულ-დემოკრატი არ ყოფილა. ქუთაისელი ებრაელი სოციალ-დემოკრატთა დასს მიეკუთვნებოდა. ქართველ ებრაელთა ასოციაციის ერთ-ერთი პირველი თავმჯდომარე ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო ანტიცარისტულ, რევოლუციურ და დემოკრატიულ მოძრაობაში. ის არაერთხელ დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან. პატიმრობასა და გადასახლებასთან ერთად, ელიგულაშვილების ოჯახის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ ქონების კონფისკაციის რეპრესიულ მეთოდსაც. მდიდარი მამის შვილს ყოველთვის შეეძლო ევროპაში გაქცევა და მშვიდად ცხოვრება, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის კოლეგას საქართველოს ოკუპაციამდე არასდროს გამოუყენებია ეს შესაძლებლობა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ელიგულაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი. მის სახელს უკავშირდება შიმშილისა და ეკონომიკური ბლოკადის პირობებში საქართველოს მიერ ევროპულ საწარმოებთან დადებული რამდენიმე შემოსავლიანი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც ქვეყნის ეროვნული ხაზინის დეფიციტის შემცირება მოხერხდა.

ჰიტლერის მიერ პარიზის დაპყრობის შემდეგ ელიგულაშვილი ებრაელების ნაცისტთა ტყვეობიდან გათავისუფლების საიდუმლო ღონისძიებებში მონაწილეობდა. ემიგრაციაში ყოფნის დროს უამრავი წიგნი და სიძველე მოაგროვა თბილისის უნივერსიტეტისა და სიონის ტაძრისთვის გადმოსაცემად.

რატომ უნდა მოგინდეს მრავალგზის დევნილი დემოკრატი რევოლუციონერის, საქართველოს პირველი რესპუბლიკისთვის თავდაუზოგავად მშრომელი პროფესიონალის, ქართველი ებრაელების ნაცისტებისგან გაქცევის ორგანიზატორისა და სიონის ტაძრისთვის სიძველეთა შემგროვებლის წარმოჩენა ექვთიმეზე მოძალადე ქორვაჭრად? პოლიტიკური ოპონენტის მიერ ჩადენილი ქველი საქმე ექვთიმეს ღვაწლს ჩრდილს აყენებს?

გაკვეთილი მოსაწყენია თქვენთვის?

0

ტრენინგმოვლილი, მარკერების გადარჩევისას მაგნიტის ორ ბურთულას წავაწყდი. გამეღიმა: ისინი ერთ-ერთი ტრენინგის შეჯამებისას მასწავლებლურად თავდაჭერილმა და სერიოზულმა მათემატიკოსმა მაჩუქა. ისტორიაც მოაყოლა:

– ახალი გაკვეთილის ახსნის დროს, დაფისკენ მიბრუნებულს, ,,წკაპ, წკაპ“ მესმის… ავყევი ამ ხმას და აზრს თავს ვეღარ ვაბამ… გავჩერდი, გაჩერდა… ბოლოს მივაგენი – ამ ბურთულებს აწკაპუნებდა. წავართვი და ჯიბეში ჩავიყარე. მეორე კლასში შესვლისთანავე შევნიშნე ასეთივე მაგნიტები ბოლო მერხზე. თავის დასაზღვევად მაშინვე ავიღე და მეორე ჯიბეში ჩავიყარე. მესამე კლასში შესვლისთანავე დავზვერე, ვერსად მივაგენი და ის-ის იყო, დაწყებას ვაპირებდი, დაგვიანებული მოსწავლე შემოვიდა – ხელში მაგნიტი ეჭირა. ხუმრობის გუნებაზე დავდექი, გამოვართვი და ვეკითხები:

– რამდენია?

– ერთი… – მიპასუხა დაბნეულმა.

– გინდა, ფოკუსი გაჩვენოთ? – ბავშვებს თვალები უფართოვდებათ, ჩემგან ხუმრობებს მიჩვეულნი არ არიან… მე ჯიბეში ხელს ვიყოფ და სამი მაგნიტი ამომაქვს…

– ახლა?

– სამი, – მპასუხობენ შემცბარი ბავშვები.

– მოდი, კიდევ ვცადოთ, – შევდივარ როლში, რაღაც მოძრაობებს ვაკეთებ და ახლა მეორე ჯიბეში ვიყოფ ხელს…

– მას… როგორ? – გაოცებას ვერ მალავენ ისინი.

– მათემატიკას თუ ისწავლი, ეს ძალიან ადვილია, – ვეუბნები და მხიარულად ვიწყებთ გაკვეთილს. სხვათა შორის, სხვანაირი გაკვეთილი გამოვიდა, ხალისი ბოლომდე გაჰყვა, ჩართულობაც მაქსიმალური იყო და აშკარად კარგ შედეგზე გავედი… აი, თქვენც გაგახალისეთ. ახალი ტექნოლოგია შევმატე ჩემს პორტფოლიოს. მათემატიკა მათემaტიკად და ახლა დროდადრო ვიფიქრებ, რით გავაოცო და გავამხიარულო ბავშვები. მინდა, ეს მაგნიტები ამ ტექნოლოგიის სამახსოვროდ გაჩუქოთ, – მითხრა ბატონმა მათემატიკოსმა და ალბათ მიმანიშნა, თქვენც იფიქრეთ ამ საკითხზეო.

რამდენად არის ეს „ტექნოლოგია“ აღიარებული განათლების ფსიქოლოგების მიერ, რას გვირჩევენ და რაზე გვაფრთხილებენ ისინი?

დაივიწყეთ წუწუნი და დატკბით ცხოვრებით, ყოველი კვირისთვის დაგეგმეთ ისეთი საქმე, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ. სიხარული მოსწავლეებსაც გადასდეთ, ეხუმრეთ მათ… ამისთვის დათმობილი ერთი-ორი წუთი ბავშვებს გაახალისებს, მოტივაციას აუმაღლებს. გაკვეთილი სახალისო პროცესად იქცევა. მათ შესაძლოა არ დაამახსოვრდეთ რომელიმე გრამატიკული წესი ან მათემატიკური ფორმულა, რომელსაც ასწავლით, მაგრამ არასდროს დაავიწყდებათ თქვენგან მიღებული პოზიტიური ემოციები.

ფსიქოლოგები მასწავლებლების ცხოვრებით უკმაყოფილების მიზეზებს ასე აყალიბებენ:

  • საკუთარი სერიოზული იმიჯით დაქანცვა;
  • ის, რომ არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა, მისი რეორგანიზება;
  • ის, რომ არ აქვთ ჩვევა, გაიჩინონ ჰობი ან გატაცება;
  • ის, რომ ეზარებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
  • უჭირთ, თავიდან მოიცილონ თავს მოხვეული ურთიერთობები ან საეჭვო კულტურული იდეალები;
  • ვერ ბედავენ იყვნენ ისინი, ვინც არიან და დაძლიონ შიში, მოლოდინი არ გაუცრუონ საზოგადოებას;
  • დაღლილობა თავს დატეხილი დიდი დატვირთვით, დასვენების უგულებელყოფა და იმის დავიწყება, როგორ დატკბნენ ცხოვრებით.

კი, დღევანდელობას ახლავს ურთულესი პრობლემები, მაგრამ ისინი ადამიანებს არც ერთ დროში არ ჰკლებიათ. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, მათი პრობლემები უფრო რთული იყო თუ ჩვენი. თუ დავფიქრდებით, სხვა რომელ დროში ვისურვებდით ცხოვრებას, საბოლოოდ მაინც ამ ეპოქას ვირჩევთ.

გაკვეთილი მოსაწყენია თქვენთვის? ესე იგი, ის მოსწავლეებისთვისაც მოსაწყენია. ებრძოლეთ მოწყენილობას ყველა შესაძლო საშუალებით, შეცვალეთ, გაამრავალფეროვნეთ გაკვეთილები. სიახლეების დანერგვა თქვენთვისაც საინტერესო იქნება და მოსწავლეებისთვისაც.

მიეცით მოსწავლეებს საშუალება, წარმართონ სასწავლო პროცესი, თავისუფლად გამოთქვან მოსაზრებები, ხმამაღლა იაზროვნონ, მოგცენ რჩევები. განა თქვენი მიზანი მათთვის საინტერესო გაკვეთილის ჩატარება არ არის?! ნუ ჩათვლით მოსწავლეებს ცუდებად, უნიჭოებად და უსაქციელოებად და ისინი აღარ იქნებიან ასეთები.

მათ ბავშვურ ცელქობაზე ნუ გექნებათ მძაფრი უარყოფითი რეაქცია, პირიქით, იქნებ ხანდახან ჯობია, ერთად იცინოთ და მერე საქმე გააგრძელოთ, როგორც ჩვენი მათემატიკოსი მოიქცა?

Digital Storytelling ანუ ციფრული მოთხრობები

0

ციფრული ამბების თხრობა, ანუ Digital Storytelling, კომპიუტერით გაზიარებული მესიჯია, რომელიც შეიცავს ტექსტს, ილუსტრაციებს ან ვიდეოს, აუდიოს და სხვა ინტერაქტიულ ელემენტებს. ეს არის ელექტრონული სწავლების ერთ-ერთი მრავალფეროვანი პლატფორმა, რომლის შესწავლა და გამოყენება შეუძლიათ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს. მათაც კი, ვინც წერა-კითხვა ჯერ არ იცის, შეუძლიათ უბრალოდ მოუსმინონ, შეხედონ ილუსტრაციებს და გაიგონ, თუ რის შესახებაა მოთხრობილი ამბავი. ბავშვები, ზოგადად, მონათხრობ ამბებს უფრო ადვილად ითვისებენ, ვიდრე ფაქტებსა და ციფრებს.

უცხო ენის სწავლების თანამედროვე მიდგომებიდან Digital Storytelling ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, კრეატიული და ჩემი მოსწავლეებისთვის ყველაზე საყვარელი ელექტრონული პლატფორმაა. იგი აძლევს მათ საშუალებას, თავიანთი მოფიქრებული ამბავი/მოთხრობა თუ ზღაპარი, დაწერილი, ილუსტრაციებით გაფორმებული და თავისივე ხმით ჩაწერილი, აქციონ ელექტრონულ წიგნად და გაუზიარონ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ საერთოდ ყველას, ვისაც ხელი მიუწვდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე – ამ შემთხვევაში ინტერნეტზე და კომპიუტერზე. საუბარია ერთ ძალიან საინტერესო საიტზე www.littlebirdtales.com. თუ ვინმეს ეს საიტი ერთხელ მაინც გამოუყენებია, დამეთანხმება, რომ ის მართლაც დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეების კრეატიული უნარების განვითარებაზე, ასწავლის მათ წერის კულტურას, კითხვას, ბგერების სწორად გამოთქმას და მატებს მათ თავდაჯერებულობას.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი და ჩემი მოსწავლეების გამოცდილება Digital Storytelling-თან დაკავშირებით www.littlebirdtales.com-ზე. ამ საიტის შესახებ პირველად სამხრეთ კავკასიის უცხო ენათა მასწავლებლების მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე გავიგეთ ერთ-ერთი მონაწილისგან. მე და ჩემი მოხალისე ძალიან დავინტერესდით ამ სიახლით და გადავწყვიტეთ მისი პრაქტიკაში გამოყენება. ეს შრომატევადი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი გამოცდილებაა მოსწავლეთათვის. ჩვენ ვასწავლეთ მოსწავლეებს მოთხრობის ელემენტები:

გავარჩიეთ ტექსტები, და გავაანალიზეთ ისინი. შემდეგ მივეცით დავალება,  მოეფიქრებინათ თემატიკა, თუ რის ან ვის შესახებ დაწერდნენ მოთხრობას ან ზღაპარს და შემდეგ ეს მოთხრობა/ზღაპარი უნდა გადაეტანათ ციფრულ მოთხრობად, თავისი ილუსტრაციებით და თან ჩაეწერათ თავის მიერ წაკითხული და ილუსტრირებული მოთხრობა თუ ზღაპარი. ახლაც მახსოვს მათი გაოცებული თვალები – ჩვენ ამას როგორ შევძლებთო! კარგად გაართვეს თავი, ძალიან კარგად! თუ ტექსტი გასაგები იყო, შეცდომების გასწორებას თავს ვარიდებდი. და თუ რამ გაუგებრად ჟღერდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუსწორებდი შეკითხვების მეშვეობით და თავადვე ხვდებოდნენ სწორი პასუხს.

ახლა გაგიზიარებთ www.littlebirdtales.com-ზე მუშაობის სპეციფიკას.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დარეგისტრირდეთ ამ საიტზე. თავდაპირველად ჩემს მოსწავლეებს ჩემ მიერ დარეგისტრირებულ გვერდზე ვაწერინებდი მოთხრობებს, მაგრამ აქ არის მეხსიერების შეზღუდული რაოდენობა, მხოლოდ 10 მგ (დამატებითი მეგაბაიტების რაოდენობა შეგიძლიათ იყიდოთ). ამიტომ ჯობია ყველა მოსწავლეს თავის პროფაილი ჰქონდეს (აუცილებელია იმეილის ექაუნთი რეგისტრაციისას).

საძიებო ველში www.littlebirdtales.com ჩაწერისთანავე ასეთ ფანჯარას ამოგიგდებთ:

როგორც კი საიტზე წვდომა გექნებათ და მოსწავლეს შეუძლია დაიწყოს მუშაობა, დააწკაპუნეთ ღილაკზე  “Create Tale”.

ამის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა:

მოფიქრებული სათაური ჩაწერეთ  Title-ის გასწვრივ და By-სთან ავტორის სახელი და გვარი. პირველი გვერდი არის  ელექტრონული წიგნის გარე ყდა. შეგიძლიათ დახატოთ თქვენი წიგნის თემატიკა, ან თუ ხატვა არ შეგიძლიათ, ატვირთოთ შესაბამისი ფოტო/სურათი. დასრულებისას შეინახეთ Save ღილაკით და გადადით შემდეგ გვერდზე.

 

ეს არის ახალი გვერდი, სადაც უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ მოთხრობის წერა Text-ის სივრცეში. Artwork – სივრცე გამოიყენეთ ახალი გვერდის ილუსტრაციისთვის, დახატეთ ან ისევ ატვირთეთ შესაბამისი ფოტო.

შემდეგ წაიკითხეთ ტექსტი და ჩაიწერეთ თქვენი ხმა.

ხმის ჩაწერისთვის დააწკაპუნეთ მწვანე ღილაკზე, გამოვა პატარა ფანჯარა Adobe Flash Player Setting, დააწკაპუნეთ პატარა ღილაკს Allow და შემდეგ ისევ მწვანე ღილაკს და დაიწყეთ კითხვა. თქვენი მონათხრობი/ წაკითხული ჩაიწერება.  როგორც კი მორჩებით, მიეცით Save  და Play, რათა მოუსმინოთ თქვენს ჩანაწერს.

აუცილებლად შეინახეთ აუდიოჩანაწერიც, თორემ შიძლება დაიკარგოს და შენახვის (save) შემდეგ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება აი, ამ ნიშანს:

ეს ნიშანი იმის მაჩვენებელია, რომ აუდიო წარმატებითაა შენახული.

შემდეგ დაიწყეთ  ახალი გვერდის წერა. გაიარეთ იგივე პროცედურები, რაც ზემოთაა აღწერილი. თითოეული Text-ის გვერდს აქვს სიმბოლოების რაოდენობის განმსაზღვრელი ციფრი. ეცადეთ არ გადააჭარბოთ ამ სიმბოლოების რაოდენობას. როგორც კი დაასრულებთ, გადაამოწმეთ, რამდენად სრულყოფილად გაქვთ შენახული თქვენი მოთხრობა Preview  ღილაკის დაწკაპუნებით.

ისევ შეინახეთ Save ღილაკით და ახლა მარცხენა კუთხეში Go to ღილაკით ჩამოშალეთ და შედით My tales-ში.

შემდეგ დააწკაპუნეთ Embed code-ზე და ამოგიგდებთ კოდს/ლინკს, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი მოთხრობა გაუზიაროთ ყველას იმეილით ან სოციალურ ქსელით.

სულ ესაა. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი მოსწავლეების შედევრები – ისინი უზომოდ ამაყები და ბედნიერები იქნებიან!

აქვე გაგიზიარებთ ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის მოთხრობას. თუ არ გაიხსნება, Allow Flash Player-ის ღილაკზე დააწკაპუნეთ. ლეპტოპში ამ პროგრამისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ Flash Player:

https://littlebirdtales.com/tales/view/story_id/735490/?fbclid=IwAR0PgdW8KppRSmYIb4d7HaDbKkp5VEDZO23ugWYERoK5c1Xl_DLRr-90IXE

მასწავლებლობანობიდან – მასწავლებლობამდე

0

ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი მასწავლებლობანას. სოფლის ბოლოს თხილის ბაღებია. ამ ბაღში გვქონდა მოწყობილი ჩვენი სკოლა. სკოლის მოსწავლე საოცნებო სკოლაში მასწავლებლის როლს ვირგებდი…

დავიბადე აზერბაიჯანში. კახის რაიონში არის ერთი სოფელი, რომელსაც ქართველები ქათმისხევს ვუწოდებთ, ოფიციალურად ალიბეგლო ჰქვია. დავამთავრე სოფელში არსებული შოთა რუსთაველის სახელობის ქართული სკოლა. სწავლის გაგრძელება ისტორიულ სამშობლოში გადავწყვიტე. 2010 წელს დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო 2013 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2011-2013 წლებში ვმუშაობდი იურიდიულ კომპანიებში და პარალელურად – არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის ეგიდითაც ვეხმარებოდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ქართულ სკოლებს, ვახორციელებდით საგანმანათლებლო პროექტებს.

ყოველთვის მაღელვებდა ჩემი ქვეყნის ისტორია და დღევანდელობა. მსურდა, რამე მნიშვნელოვანი შემექმნა საქართველოში, საკუთარი კვალი დამეტოვებინა ისტორიული სამშობლოს მიწაზე. 2013 წელს მეგობრებისგან გავიგე პროგრამის შესახებ, რომელიც არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობდა. „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“, სახელიც მიმზიდველად ჟღერდა. გავიარე კონკურსის ეტაპები. დაგვინიშნეს ტრენინგები, რადგან არ ვიცოდით სწავლის მეთოდიკა და სკოლაში მუშაობის პრინციპები. ბაზალეთის ტბაზე მართლაც ოქროს აკვანი ვიპოვე. ჩემი მომავალი ოთხ დღეში შეიცვალა. ეს ამბავი ფილმის სიუჟეტს ჰგავს. ქართულის, როგორც მეორე ენის ტრენერმა, ერთმა თითქოს ჩვეულებრივმა ქალმა ჯგუფს გვითხრა: ოთხი დღე დავრჩები ამ ჯგუფში და ტრენინგის ბოლოს მიხვდებით, არის თუ არა თქვენი საქმე მასწავლებლობა, მასწავლებლობა არაქართულენოვან სკოლაში ეთნიკურ უმცირესობებთან. ეს იყო დაუვიწყარი ოთხი დღე.

ერთი აქტივობის დროს პედაგოგმა როლური თამაშები შემოგვთავაზა. თემა: ქცევის კორექცია. მე მერგო ამრევი მოსწავლის როლი და უკანა მერხზე მჯდომმა, გავაცნობიერე, რა საინტერესოა და თან როგორი რთული – გაუგო და ჩაწვდე თითოეული მოსწავლის სურვილს. „მასწავლებელს” ის გაკვეთილი ჩავუშალეთ. იცით რა არის საინტერესო? სკოლაში, სადაც ვასწავლი, დირექტორის მოადგილე მაშინდელი, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში მყოფი „პედაგოგია“. ტრენერის ამბავი უფრო საინტერესოა. შორენა ხუხუა დღეს ჩემი დირექტორია.

ტრენინგების დასრულების შემდეგ სიებში ვეძებდით საკუთარ სკოლებს, სადაც ერთი წელი უნდა გვემუშავა პროგრამის ფარგლებში დამხმარე მასწავლებლად. არცერთ სიაში არ ვჩანდი. არც ქვემო ქართლის, არც ჯავახეთის, არც კახეთის. დაბნეულმა მივაკითხე კოორდინატორს, რომელმაც ღიმილით მითხრა: „შენ თავად ტრენერმა აგირჩია, გვთხოვა, სადახლოს N1 სკოლაში გამომიგზავნეთ, ადგილი გათავისუფლდაო“. არ მოველოდი, რადგან ტრენინგების დროს განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, არც ტრენერს ეტყობოდა განსაკუთრებული აღფრთოვანება ჩემით. ავიღე ტელეფონი, დავურეკე ტრენერს მადლობის გადასახდელად. მან მხიარულად მიპასუხა: „აბა, დავიწყოთ შენი ცხოვრების ახალი ისტორია. იქნებ მოგეწონოს ეს საქმე და დარჩე კიდეც სკოლის სისტემაში?“

ორი წლის განმავლობაში ვასწავლიდი ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართულს, როგორც მეორე ენას. მე და ჩემი მასწავლებელი კოლეგები გავხდით. ძალიან მომეწონა მასწავლებლობა. შორენამ ისევ ახალი იდეა მომაწოდა: „მოდი, ჩააბარე პედაგოგიური უნარების და საგნის გამოცდა, გახდი სერტიფიცირებული“. იმავე წამს ავიტაცე იდეა, გავაუქმე სოციალური ქსელები, გამოვრთე ტელეფონი ზაფხულში და 2014 წელს წარმატებით ჩავაბარე მაშინდელი სერტიფიცირების გამოცდები. ასე გავხდი მასწავლებელი და წარმოუდგენელი შემართებით შევუდექი გზას ახალი მიზნებისკენ.

დღესაც მახსოვს 2013 წლის 16 სექტემბერი. ეს იყო დღე, როდესაც პირველად შევედი საკლასო ოთახში მასწავლებლის სტატუსით. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, რადგან კარგ მასწავლებელს შევხვდი და უკვე მეც შემეძლო სხვისი ცხოვრების შეცვლა.

ჩემი ოთხწლიანი პედაგოგიური საქმიანობის დროს დავუმეგობრდი უამრავ მასწავლებელსა და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანს. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ პრაქტიკას, ვაფასებთ ერთმანეთის საქმიანობას, ვეხმარებით კარიერულ წინსვლაში და ა.შ. 2015 წელს, თებერვლის დასაწყისში ჩემი კოლეგა-მასწავლებელი შორენა დირექტორი გახდა და დაგვტოვა. რაღაცნაირად ხელმოტეხილივით დავრჩი. გვიან მივხვდი, რომ უმნიშვნელოვანესია გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა, ცოდნის გაზიარება, მხარდაჭერა, განსაკუთრებით განსხვავებულ სივრცეში. იმავე წლის ივნისის თვეში ჩემმა უკვე ყოფილმა კოლეგამ, ყოფილმა ტრენერმა დამირეკა და დირექტორის მოადგილეობა შემომთავაზა. დაუფიქრებლად ვთქვი უარი – მე მიყვარს მასწავლებლობა და არ მიზიდავს თანამდებობა-მეთქი. ამიტომ დღეს ვმუშაობ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, რომელიც არის მულტიკულტურული დაწესებულება. ჩვენი გუნდი ყოფილი ტრენერით და კოლეგით, ყოფილი პროგრამელებით დღეს ისევ ერთად ვართ.

2017 წელს სოციალური ქსელით შევიტყვე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ. დავრეგისტრირდი, მაგრამ ამაოდ, დავრჩი ათეულს მიღმა. ამ პერიოდში ჩვენი სკოლის აქტიურ გუნდთან ერთად არაფორმალური განათლების მიმართულება ბევრად გავაძლიერეთ. დავიწყე პროექტებით სწავლება სკოლაში. ყოველ ახალ გრანტს სხვა ხედვა მოჰქონდა, ახლა შარშანდელ „მეს“ რომ ვაფასებ, ვხვდები, ნებისმიერი დაბრკოლება განვითარების წინაპირობაა. 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე კვლავ ვცადე ბედი და არ შევმცდარვარ – ამჯერად ათეულში მოვხვდი.


სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მასწავლებლობა არცთუ ისე პრესტიჟულ პროფესიად ითვლება. მაღალქულიანი აბიტურიენტები არ ინტერესდებიან პედაგოგიკით. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს – მაგალითად, საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ჩვენი პროფესია მიიჩნევა დაბალანაზღაურებად, რუტინულ და უპერსპექტივო საქმიანობად. არაერთხელ დავამტკიცე საპირისპირო და მგონია, რომ ჩემი პირველადი პროფესია არ მომცემდა საშუალებას – შემეცვალა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ და უფრო მნიშვნელოვანსაც ვერაფერს გავაკეთებდი ჩემი სამშობლოსთვის. ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი ყოველდღიური საქმიანობით. რა თქმა უნდა, გზა სამართალმცოდნეობიდან – მასწავლებლობამდე არ იყო მარტივი, მაგრამ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი არჩევანის სისწორეში მარწმუნებს.

წვიმა, თოვლი, ნისლი…

0

-ჰო, დედა, ჩამოვფრინდი, აეროპორტიდან გირეკავ. კი, კი კარგად ვიფრინე. ახლა ერთ ჭიქა ყავას დავლევ და მატარებლის სადგურში წავალ…არა, შენ მატარებლიდან დაგირეკავ, სადგურიდან აღარ.

ტელეფონს ვთიშავ და ვინახავ, თან აქეთ-იქეთ ვიხედები ყავის დასალევი ადგილი, რომ ვიპოვო. თუმცა, გეგმას მაშინვე ვცვლი. ჯერ სადგურში წავალ, ბილეთს ვიყიდი და ყავასაც იქვე სადმე მოვძებნი.

აეროპორტიდან გარეთ გამოსული ყვითელ ტაქსის ვაჩერებ. ეს კარგად მაქვს დამახსოვრებული, რომ მხოლოდ ამ ფერში უნდა ჩავჯდე. ჰო, მოქმედება სტამბულში ხდება, აქედან ესქიშეჰირში მივდივარ, ჩქარი მატარებლით სულ ორ საათ ნახევრის ამბავია.  ტაქსიში ვჯდები.

-სად მივდივართ?

-პენდიქში, სადგურთან ჩამოვალ.

მძღოლი სარკიდან მაკვირდება, ჩემმა თურქულმა მაშინვე გამცა, ტონზე, კილოზე  მეტყობა ჩასული ვარ. საერთოდ, მძღოლები ყველა ქვეყანაში ჩასულებზე ნადირობენ. რატომღაც გონიათ, რომ რადგან სხვა ქვეყნიდან ხარ, ფული თავზე საყრელად გაქვს და სწორედ მას უნდა გადაუხადო ძალიან ბევრი. ასე ხდება საქართველოშიც. ერთ რუმინელ პროფესორს რუსთაველიდან ვაკემდე ოცდაათი ლარი გადაახდევინეს. ოღონდ, მიატარ-მოატარეს რაღაც ქუჩები, სიშორის იმიტაცია, რომ შეექმნათ. ასე არის სხვაგანაც და მათ შორის თურქეთშიც. შარშან სატელევიზიო ამბებშიც კი აშუქებდნენ სტამბოლში ჩასულ ინგლისელ ტურისტს ათათურქის აეროპორტიდან „ლალელიმდე“ , ანუ ცენტრამდე, როგორ გამოართვა ტაქსის მძღოლმა სამი ათას დოლარამდე. მართალია, შემდეგ მოძებნეს, დააბრუნებინეს და დასაჯეს, მაგრამ მცდელობა ხომ ქონდა.

მოკლედ, ამ ჩემს მძღოლსაც თვალები აენთო და  წინა დღით მომხდარი სარკინიგზო ავარია შემახსენა. ხომ გახსოვთ რაც მოხდაო, ჰოდა მატარებლები არ მოძრაობენო. როცა შევიცხადე, მაშინვე დამამშვიდა, მე წაგიყვანთო, რა პრობლემააო.

-მართლა წამიყვანთ?-სიტყვა შევუბრუნე

თუმცა, იქვე დავამატე, რომ მე მხოლოდ მატარებლის ბილეთის ღირებულების თანხა მქონდა  და მასაც სწორედ ამდენს   გადავუხდიდი.  მაინც გსურთ, რომ წამიყვანოთ-თქო? არაო, კაცო, დადიანო მატარებლები, ვიხუმრეო.

მატარებლები მართლაც დადიოდნენ. ბილეთიც შევიძინე და ჩავფიქრდი, როგორ გამეყვანა ის საათ-ნახევარი, რომელიც გამგზავრებამდე მქონდა. იქვე, სადგურის კაფეტერიაში გადავწყვიტე წასაუზმება.

-მზად რა გაქვთ?-საქმიანად მიმოვიხედე,

-ძირითადად სენდვიჩემი გვაქვს, თქვენ რას ინებებთ?

-ხორციანი არაფერი მინდა (არ მომივიდა თვალში რატომღაც), სხვა რამე გაქვთ?

-ოოჰ, ჰანიმ ეფენდი, მაშინ თაფლიან და კარაქიან სენდვიჩს მოგიმზადებთ. თაფლიც და კარაქიც საქართველოდან გვაქვს, თითებს ჩაიკვნეტთ,-თავი მოიწონა მზარეულმა.

-რას ამბობთ? საქართველოდან გაქვთ?

-მააშ, მთებიდან გვაქვს წამოღებული,

-ჰოო? აბა, მაშინ მაგას ავიღებ,-უპასუხე და ჩემთვის ვიფიქრე, ნახე თურმე საქართველოს თაფლ-კარაქით თავს, როგორ იწონებს თქო.

მატარებელი ჯერ ადგილზე შეტოკდა, მერე ნელ-ნელა დაიძრა და უცებ მოუმატა სვლას. სტამბულს გავცდით თუ არა, ფანჯრის მინაზე წვრილი წვეთები შევამჩნიე. აქა-იქ კანტიკუნდად ეცემოდნენ. თხუთმეტიოდე წუთში გებზეს სადგურში შევედით, ბაქანზე ქალი და ორი პატარა ბავში იდგა. სასწრაფოდ ამოვიდნენ და დაბარებულივით მე მომისხდნენ გვერდით.

-გამარჯობა, მე ადა ვარ, შენ ვინ ხარ? რვა-ცხრა წლის ქერა თმიანი გოგონა  საქმიანი სახით მეკითხებოდა. ჩემს პასუხს არც დაელოდა, განაგრძო, რა დროზე ამოვასწარით, გაიხედე გარეთ რა ხდებაო. მართლაც გავიხედე და უკვე თავსხმა მოდიოდა.

ადა ისევ მომიტრიალდა.

-რაო, რა თქვი ვინა ვარო?

-არაფერი მითქვამს, მგზავრი ვარ,-გავუღიმე,

-მგზავრს სახელი და გვარი არ აქვს?

ისე სასაცილოდ დამტუქსა, თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა. ადას დედა ჩაერია საქმეში, ნუ აწუხებო, შენიშვნა მისცა პატარა გოგოს.

ეს საუბარი იქეთ იყოს და ამასობაში წვიმა გაყინულმა ფანტელებმა შეცვალეს. ფანჯარას საწყლად შევცქეროდი, არ მიყვარს ეს „წვიმა-თოვლები“…

წვიმა წვიმაა… დიახ, არ მიყვარს, შედგენილობაც წვიმისა აქვს (იხ. ჩემი ადრინდელი წერილები წვიმაზე https://mastsavlebeli.ge/?p=4009, https://mastsavlebeli.ge/?p=14904, https://mastsavlebeli.ge/?p=4134), თუმცა „წვიმები“ ერთმანეთისგან გეოგრაფიული მდებარეობით განსხვავდებიან. გავლენას შედგენილობაზე ასევე ახდენს, ადგილის ეკოლოგიური მდგომარეობა და ანთროპოგენური ფაქტორები. შესაბამისად, თბილისის წვიმა სხვა არის და აგერ ახლა გებზესა და იზმითს შორის, რომ წვიმს და შიგა და შიგ იყინება, სხვა შეიძლება იყოს. თუმცა, თუ მაინც განვაზოგადებთ, საერთო შედგენილობა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ (ეს კონკრეტული მონაცემები ნორვეგიის მაშტაბით არის აღებული).

 

კათიონები კონცენტრაცია (მოლი/ლ-1)
H+ 57
Ca2+ 9-18
Mg2+ 13-26
Na+ 56
K+ 4
NH4+ 38
ანიონები კონცენტრაცია (მოლი/ლ-1)
Cl 58
NO3 38
SO42- 232

 

დამატებითი ელემენტები (ძირითადად მეტალები), წვიმაში ე.წ. „კვალის, შლეიფის“ ელემენტებად შედიან და გეოგრაფიულ ან სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ასეთი „კვალის“ ელემენტების ზოგიერთი წარმომადგენელი წყალში კარგად იხსნება და ნიადაგზე წვიმის წყალთან ერთად მოხვედრისას მიწისქვეშა წყლებს შეერევა. კომპონენტების ხსნადობას, რა თქმა უნდა, წვიმის pH-იც განსაზღვრავს.

ნისლი წყლის ორთქლის გამოყოფის ფორმაა უწვრილესი წვეთების ან ყინულის კრისტალების სახით. შედეგად, ჰაერი ნაკლებად გამჭვირვალე ხდება. თუმცა, აქაც სხვადასხვა კომპონენტების კომბინაცია შეიძლება იყოს. შედგენილობა წვიმის წყლის მსგავსია, თუმცა ნიადაგთან სიახლოვის გამო (სადაც გაზების რაოდენობაა გაზრდილი), კონცენტრაციები მომატებულია.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნისლიან ადგილად ფანდის ყურე (Bay of Fundt) ითვლება, რომელიც აღმოსავლეთ კანადის ატლანტიკის სანაპირო ზოლში, ახალ შოტლანდიასა და ნიუ-ბრანსუიკთან მდებარეობს. აპრილიდან ოქტომბრამდე, თბილი ჰაერი ყურედან სამხრეთით მიემართება. გადაივლის ოკეანის ცივ წყალზე, ცივდება, კონდენსირდება და  ნისლი ფორმირდება. სეზონზე ფანდის ყურეს მიმდებარე ტერიტორია ნისლშია გახვეული, რაც ზოგჯერ 3-5 დღეც კი გრძელდება ხოლმე.

არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი მჟავაშემცველი ნისლის ხანგრძლივი მოქმედება უარყოფითად იმოქმედებს  იქაურ არყის ხის ტყეზე. ერთ-ერთ კვლევაში შეისწავლეს ნისლის ქიმიური შედგენილობა, ნაპირიდან 37 კმ-ის გაყოლებაზე. შედეგები შემდეგი იყო:

 

კომპონენტები H+ Na+ K+ Ca2+ Mg2+ NH4+ Cl NO3 SO42-
კონც. მოლი/ლ 3.30

pH=3.5

78 31 13 11 50 61 160 245

 

თოვლი ატმოსფერული ნალექია, რომელიც ყინულის მცირე ზომის კრისტალებისგან შედგება. წყლის წვეთები ღრუბლებში იყინება.

თოვლის ქიმია ორი ასპექტით განიხილება. პირველ რიგში, ეს არის მისი შედგენილობა უშუალოდ მიწის ზედაპირზე დადების მომენტში. თუმცა, თოვლი ზოგჯერ   ზედაპირზე დიდხანს რჩება და  შემადგენლობაშიც ცვლილებებს განიცდის.

 

მდებარეობა კონცენტრაცია (კონც. მოლი/ლ)
H3O+ Na+ K+ Ca2+ NH4+ Mg2+ Cl NO3 SO42-
ანტარქტიდა, დადებული თოვლი 1.52

pH 5.82

0.64 —– —- 0.11 0.073 0.83 0.82 0.26
ირლანდია 279

pH3.55

—- —- —– —– 13 23 86

 

სხვათა შორის, ხელოვნური თოვლის გაკეთება გაკვეთილზე სულ იოლად შეიძლება. ჭიქა სანახევროდ აავსეთ წყლით და შიგნით 10-15 გრამი ნატრიუმის პოლიაკრილატი ჩაყარეთ. ეს უკანასკნელი წყალს შეიწოვს და თოვლის მაგვარ მასად გადაიქცევა. შემდეგ, თოვლი გადმოყარეთ ჭიქიდან და ითამაშეთ (ხელთათმანებით მხოლოდ). შეგიძლიათ წყალში ჯერ რომელიმე ინდიკატორი გახსნათ და ნატრიუმის პოლიაკრილატი ისე ჩაყაროთ. შესაბამისად, ფერად თოვლს მიიღებთ.

ასეთი ცდებით ადას ტოლ ბავშვებს მშვენივრად გაახალისებთ.

ადა ხომ გახსოვთ, მატარებლით მგზავრობს ჩემთან ერთად და ათასგვარ შეკითხვას მისვამს.

-„სუპერმენს“ იცნობ?

-არაა, ასეთები ცხოვრებაში არ არსებობენ, გამოგონილი პერსონაჟები არიან,-ვპასუხობ.

-„სპაიდერმენს“?-თავს არ მანებებს ადა;

-კი, მასეთი ადამიანები მინახავს, ყველგან ინტრიგებს და ობობას ქსელებს ხლართავენ.

ადა ცოტა გაკვირვებულია, ფიქრობს, რომ ვიღაც სხვა „სპაიდერებზე“ ვესაუბრები.

-„ვარდისფერ პონის“? -კვლავ შეკითხვას მისვამს.

-„ვარდისფერი პონი“ უფრო იოლი მოსაძებნია, გადაღებე პონი ვარდისფრად და ეგაა;

-„ფისო გოგოს“?-მორიგი შეკითხვა ადასგან;

-კი, მაგას ვიცნობ, ჩემი სახლის წინ ცხოვრობს. „ფისო-კატოა“, შინაურობაში „კატუშა დეიდას“ ვეძახით.

-მართლა? უკვირს ადას,- და რას აკეთებს?

-დღე და ღამ იმაზე ფიქრობს, რომ მე მუდმივ ჰიპნოზში ვყავდე და სულ „ვისკასები“ ვაჭამო,-სიცილით ვპასუხობ.

-ჰეე, იცინის ადაც, მართლა კატა ყოფილა.

იქვე აგრძელებს: თოვლი გიყვარს?

-არა!

-რატომ?

მოდი და ახლა ეს აუხსენი, თან თურქულად.

 

 

 

სხვისი შრომა, ანუ ირიბად მასწავლებლებზეც

0

ამასწინათ, ასე 20 წლის წინათ, მამაჩემმა მითხრა, მოდი სადარბაზო დავალაგოთ, სირცხვილია ამ ნაგავში ცხოვრება და სიარულიო. ჩვენ მაშინ მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობდით და იდეა არ მეხალისა. ან რატომ უნდა დამელაგებინა საერთო სარგებლობის კიბე, როცა ჩვენამდე ამოსასვლელად კიბის უჯრედს კიდევ 90 ოჯახი იყენებდა.

ასეც ვკითხე.

ერთხელ რომ დასუფთავდება და ნახავენ რა კაია სუფთა, მერე ნაკლებად დაყრიან, ცდად ღირსო, მამაჩემმა.

არგუმენტი დამაჯერებლად არ მომეჩვენა და უარი ვთქვი, არა-მეთქი.

დაძალება მამაჩემის სტილი არაა. ადგა და მარტომ, ღიღინით დაიწყო ძირს დაყრილი ნაგვის პარკებში ჩაყრა და ქვევით ჩაზიდვა. მე ნამუსმა შემაწუხა და შორიახლოს ვტრიალებდი, მაინტერესებდა როდის მობეზრდებოდა ეს ამბავი. მეზობლები აივლიდნენ-ჩაივლიდნენ. რამდენიმემ შეაქო, ვიღაცა მიესალმა და ჩაუარა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ ამბავში რაღაც ფარული ინტერესები დაინახეს (თავმჯდომარეობა ხომ არ გადაგიწყვეტია? კაი იქნებოდა, მე მხარს დაგიჭერ!). სადღაც მეცხრე სართულამდე მარტომ ალაგა. მე სიბრაზისგან მუშტებს ვიკბენდი, ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა დაულაგო სადარბაზო „სხვას“, როცა რამდენიმე საათში ისევ დაანაგვიანებენ.

ორი-სამჯერ ავუარე, ჩავუარე. ზერელედ ვუთხარი, მაინც ჩავდივარ, გავაყოლებ 1-2 პარკს-მეთქი. არ შემწინააღმდეგებია, მძიმე არ აწიო, წელს გატკენს, რა გვეჩქარება, ნელა ჩავიტანთო მითხრა და პირთამდე სავსე პარკიდან ნაგავი ამოყარა, რომ მძიმე არ მეთრია ფეხით.

 

მამაჩემს იმდენი წელია ვიცნობ, რამდენიც მეხსიერება მაქვს. არასოდეს მინახავს უფრო ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი, როცა ბრაზობს, მაშინაც მხიარულია და რამე სასაცილოს იტყვის ხოლმე ისე, რომ ვისაც უბრაზდება იცინის. ამ მხიარული ბუნების უკან კი დიდი სიჯიუტე დგას. თავისნათქვამაა, რომ თქვას კლდეა მოსანგრევიო, მარტო მიადგება და შუა გზაში არ მიატოვებს, შეიძლება მიაფუჩეჩოს, მაგრამ არ მიატოვებს. ეს ვიცოდი და ვხვდებოდი, რომ დარჩენილ სართულებსაც მარტო დახვეტდა – ჩემ პროტესტს აზრი არ ჰქონდა და ხელები დავიკაპიწე.

*********

 

მოსწავლეებთან რამდენიმეწლიანმა ურთიერთობამ მასწავლა, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ სწავლობს რაღაცას, როცა ცოცხალ მაგალითს ხედავს. წესად მაქვს, რომ გაკვეთილზე არასოდეს ვაგვიანებ და ტელეფონი გამორთული მაქვს. რაგინდ სასწრაფო ზარი იყოს, პრინციპულად არ ვპასუხობ, რადგან ჩემ მოსწავლეებს ვეუბნები – სანამ თქვენთან ვარ, მხოლოდ თქვენთან ვარ და იქნებ მომბაძოთ!

მასწავლებლის, როგორც ქცევითი მოდელის სანიმუშოობის აუცილებლობა განათლების სისტემის მთავარი კომპონენტია. ერთხელ, კახი კავსაძემ თქვა, აი, ქუჩაში რომ მიდიხარ, შენი ქცევა შენი ქცევა აღარაა მხოლოდ, შენ იმ წუთას ვიღაცისთვის საყვარელი და იქნებ სანიმუშოც კახი კავსაძე ხარ და უმსგავსოდ რომ მოიქცე, იქნებ როგორ ატკინო გული სხვასო.

ერთი შეხედვით, ქცევის ეს მოდელები ხელოვნური და ყალბია, მეორეს მხრივ კი შესაძლოა ასეთი მიდგომით ადამიანი გაამხნევო. გაამხნევო, რომ მის მოწესრიგებულობას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას აზრი აქვს. აბა, წარმოიდგინეთ, შვილს სერიოზული, სევდანარევი იდუმალგაბრაზებანარევი ბრძნული სახით უხსნი სიგარეტის მავნებლობაზე და სახეში აბოლებ, რატომ უნდა დაგიჯეროს თუ ადამიანს ზოგადად არაპირდაპირი საფრთხის ცნობიერი შიში ისედაც არ აქვს.

მასწავლებლის ჰეროიზაციის მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ის ავტორიტეტი არ იქნება საგანმანათლებლო სივრცეში, მოსწავლის ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას როგორ მოახერხებს? მასწავლებლის ავტორიტეტის შელახვას კი, გარკვეულწილად თავად საგანმანათლებლო სისტემის იმგვარად მოწყობა უწყობს ხელს, სადაც პიროვნებას, ინდივიდს, პედაგოგს დამოუკიდებლად მოქმედების არეალი შეზღუდული აქვს.

ცხადია ჩარჩო საჭიროა. საერთო პირობებზე შეთანხმება აუცილებელი, მაგრამ თუ ექსპერიმენტებისა და ინდივიდუალური მიდგომებისთვის არც დრო და არც ადგილი არ დარჩა, როგორ მოახერხოს პედაგოგმა შედეგის დადება?

რეპეტიტორობის ინსტიტუციას ბევრი აკრიტიკებს. ამბობენ, კარგი საგანმანათლებლო სისტემის არსებობის შემთხვევაში, მოსწავლეს დამატებით მომზადება არ დასჭირდებაო. ამის მიზეზი, ერთის მხრივ, მოსწავლეთა რაოდენობაა, მეორეს მხრივ კი მასწავლებლების ხელფეხშეკრულობა. აბა მაშინ როგორ ახერხებს კერძოდ, ზედმეტი კონტროლისა და ბიუროკრატიას აცდენილი პედაგოგი იყოს 10-ჯერ, ხშირად 100-ჯერაც უფრო ეფექტიანი, ვიდრე სკოლის კედლებში, სადაც მისი, როგორც ინდივიდის ხმა ადმინისტრაციულ ლაბირინთებში ჩაკარგულია?

როგორ გაზრდის სამსახურის დაკარგვის შიშით საჯარო გამოსვლისას ერთის, პირად ლაპარაკებში კი მეორის მთქმელი პედაგოგი არაკონფორმისტ მოქალაქეს?

როგორ შეძლებს გახდეს  მოსწავლისთვის ავტორიტეტული მასწავლებელი, ვისაც დღენიადაგ, ბევრნაირი ფორმით რეპუტაციას ულახავენ?

მასწავლებლების კრიტიკა ყოველდღიურობის ნაწილია. ადამიანებს, ვისაც დაბალ ანაზღაურებაზე ურთულესი და საოცრად დიდი პასუხისმგებლობის აღება უწევთ საკუთარ თავზე, მშობლები ხშირად დაუმსახურებლად ასწორებენ მიწასთან.

მშობლების ნაწილი თვლის, რომ მისი შვილის უსაფრთხოებასა და განათლებაზე მხოლოდ სკოლა და მხოლოდ პედაგოგია პასუხისმგებელი და მასწავლებელსაც, ხშირად ისღა დარჩენია „სკოლის კედლებს იქითკისერიმცგიტეხია“ პოზიცია დაიჭიროს, რადგან ისევ და ისევ, პედაგოგის რეპუტაცია შელახულია.

რამდენჯერმე დავესწარი ჩემი უფროსი შვილის გაკვეთილს. 45 წუთი საკმარისი იყო იმისთვის, რომ 30 ბავშვთან, როგორც იაკობისა ღმერთთან მებრძოლი ახალგაზრდა და ძალიან კვალიფიციური მასწავლებლის შრომა დამეფასებინა. რა ფანტასტიკური უნარების მქონე გინდა უნდა იყოს მასწავლებელი, 30 პირველკლასელს რთულად თუ ვინმე გაუმკლავდება.

არადა უხდებათ. უჭირთ, მაგრამ უხდებათ. და როდესაც უხდებათ, მერე მოტივაციაც აღარაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

და ასეთ პედაგოგებს რომელიმე პრეტენზიული მშობელი კი ხშირად მაინც გააკრიტიკებს. ევალება და მაშ, როგორო, იტყვის. შვილს დილით დაუტოვებს და იმას კი არ მოიკითხავს, იქნებ მშობლის ჩართვაც საჭირო იყოს საქმეში? იქნებ მასწავლებელთან ერთად მუშაობამ შედეგი გააორმაგოს, იქნებ მასწავლებლის ავტორიტეტს „შეხიდება“ სჭირდება?

 

***********

ამასწინათ, ასე 4 წლის წინათ, მაშინ 3 წლის შვილთან ერთად ნათლობაში ვიყავი. როგორც ბავშვების უმეტესობამ, მათემაც დაუდევარი ჭამა იცოდა. ძირს ყრიდა ყველს, პომიდორს, სალათს და შენიშვნები კი გაუგებარი იყო მისთვის. მახსოვს, რომ მკაცრად ველაპარაკე და გაბუტულები წამოვედით სახლში.

მანამდეც ბევრჯერ მითქვამს, რომ როდესაც ჩვენ ვანაგვიანებთ, ვიღაცას ყოველთვის უწევს ამის ალაგება, შეიძლება ამაში ხელფასს იღებდეს, მაგრამ მაინც – ეს სრულიად დაუფასებელი და მოსაწყენი შრომაა.

თუ ეს მისი სამსახურია, რატომაც არ უნდა აალაგოსო, უკითხავს შვილს ასეთ დროს. ამაზე მეც მიფიქრია, მანამ სანამ ვაშინგტონის ერთ-ერთ მოსაცდელში, ავტობუსის მოლოდინში ასეთ ამბავს არ გადავეყარე – აფროამერიკელმა დამლაგებელმა კაცმა ყურსასმენები გამოიძრო და სკამზე ჩამომჯდარ კაცს ძირს დაყრილ ნაგავზე უთხრა, გამოხვეტას ვაპირებ და შენი დაყრილი ნაგავი აკრიფეო. ის, ვისაც შენიშვნა მისცეს, უხმოდ წამოდგა და ძირს დაგდებული Coca-ს ქილა, შოკოლადის ნაფრცქვენები და მიწის თხილი ფრთხილად წამოკრიფა, ურნაში ჩაყარა და გარეთ გავიდა.

პასუხი, რომელიც ჩემ შვილს გავეცი მაშინ, მოფიქრებული არ მქონია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეფექტური აღმოჩნდა.

ამასწინათ, ახლა ნამდვილად ამასწინათ, შვილი, რომელიც ახლა 7 წლისაა, მეგობრის რესტორანში წავიყვანე. ამჯერად კონკრეტული მიზნით – დარბაზი უნდა დაგველაგებინა. როდესაც მეგობარს ვთხოვე, დარბაზს დაგილაგებთ-მეთქი, გაუკვირდა. იფიქრა ვხუმრობდი, მაგრამ დაჟინებით ვთხოვე და დამთანხმდა. მე და ჩემმა შვილმა ბანკეტის მერე დანაგვიანებული დარბაზის დალაგება დავიწყეთ.

ანაზღაურება იმდენივე მივეცი ბავშვს, რამდენსაც დამლაგებლები იღებენ. მძიმე სამუშაო ყოფილაო მითხრა.

ნამდვილად მძიმეა-მეთქი ვუპასუხე.

მამაჩემისგან განსხვავებით, ჩემი შეგონების მცდელობა უფრო ხისტი და პირდაპირი აღმოჩნდა, მაგრამ გაამართლა. ალბათ გაამართლა, რადგან ახლა ჩემმა შვილმა იცის, რომ მის დაგდებულ ნაგავს ვიღაც ყოველთვის ალაგებს და ეს მძიმე და დაუფასებელი შრომაა.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...