შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

„ალტერნატიული ისტორია“ დემოკრატიული საზოგადოებისათვის

0

ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტების მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს სამყაროს სწორად შემეცნებაში, თანამედროვე ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, დემოკრატიული, განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ათვისებაზე მიმართული აქტივობებიც, რომელიც არამარტო შეესაბამება სასწავლო მიზნებს, არამედ ეხმარება კიდეც მასწავლებელს დასახული გეგმების განხორციელებაში.
დემოკრატიული კულტურის ათვისებისკენ მიმართული აქტივობები ოთხი ისეთი დიდი კატეგორიის კომპეტენციის დაუფლებას გულისხმობს, როგორიცაა:
1. ღირებულებები;
2. დამოკიდებულებები;
3. უნარები;
4. ცოდნა და კრიტიკული გააზრება.
აქედან – ცოდნა წარმოადგენს იმ ინფორმაციას, რომელსაც ფლობს პირი, ხოლო გააზრება უკავშირდება მნიშვნელობის აღქმასა და სათანადოდ შეფასებას. დემოკრატიული კულტურისათვის საჭირო ცოდნა და კრიტიკული გააზრება სამ ნაწილად იყოფა:
1. საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება;
2. ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება;
3. მსოფლიოს (პოლიტიკის, კანონის, ადამიანის უფლებების, კულტურის, კულტურათა რელიგიების, ისტორიის, მედიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების) შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება.

ისტორიის მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მესამე კატეგორია, რადგან იგი ორიენტირებულია „ისტორიის ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებაზე“. მასწავლებლებს შეუძლიათ დაგეგმონ აქტივობები და დაეხმარონ მოსწავლეებს ისტორიის ცოდნისა და კრიტიკულად გააზრების უნარის დაუფლებაში, რომლის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების, ანუ დესკრიპტორის შინაარსი იქნება „იმ ისტორიული ძალებისა და ფაქტორების შესახებ სხვადასხვა პერსპექტივიდან მონათხრობი ფაქტების ცოდნა და გააზრება, რომლებსაც შედეგად თანამედროვე მსოფლიოს ფორმირება მოჰყვა“.

მოცემულ შედეგებზე გასვლისას ამავდროულად სრულდება ესგ-ის ისტორიის საგნობრივი სტანდარტების შედეგებიც. მაგალითად:
ისტ. VII 1; 4 – მიზანია: მოსწავლემ დააკავშიროს   ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან; იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში, ხოლო ინდიკატორია:
⦁ მოსწავლე ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მათ შესაბამის ისტორიულ ეპოქას მიაკუთვნებს; მოიპოვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელოსა და დამატებითი ბეჭდური მასალის/ელექტრო მასალის საშუალებით) ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე და სხვ.
ან ისტ.VIII.11 – მიზანია: მოსწავლემ  გააანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული პირობები:
⦁ საკუთარი უფლებებიდან უნდა გამოყოს თანდაყოლილი  და შეძენილი უფლებები; დაასახელოს ღირებულებები, რომლებიც აღნიშნულ უფლებებს დაედო საფუძვლად; თანაკლასელების ჯგუფთან ერთად უნდა გაითამაშოს სიტუაცია, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება ან თავისუფლება; გამოთქვას და დაასაბუთოს თავისი მოსაზრება ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ; გააანალიზოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა განვითარების პროცესი: წინაპირობები, მოთხოვნები, შედეგები და სხვ.
ესგ-ის ისტორიის საგნობრივი სტანდარტისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ათვისებაზე მიმართული სტრატეგიები ერთმანეთის მსგავსია, საჭიროა, რომ:
⦁ მასწავლებელმა სწორად შეარჩიოს სტრატეგიები;
⦁ „დაახარისხოს“ ისინი, გამოყოს მათგან ისინი, რომელიც მიზნის სწორად მიღწევაში დაეხმარება.
შედეგების მიღების შესაძლო (სარეკომენდაციო) აქტივობები და სტრატეგიები კი შესაძლოა ასეთი იყოს:
მინი-ლექცია კონკრეტული მომენტისათვის აქტუალურ თემაზე, ⦁ შესაბამისი ეპოქის ლიტერატურული ძეგლებისა თუ  შესაბამისი ეპოქის ამსახველი კინოფილმის განხილვა, ⦁ განვლილი თემის ამსახველი ილუსტრაციების ქრონოლოგიურად დაჯგუფება, ერთი და იმავე მოვლენის შესახებ პრინციპულად განსხვავებული წყაროების განხილვა, ⦁ „გამომძიებელ-რეკონსტრუქტორი“ ისტორიაში, ⦁  „ამა თუ იმ ისტორიული პერიოდის გაზეთის ან კარიკატურის შედგენა“, ან ე.წ. „ალტერნატიულ ისტორიის“ აღწერა და ა.შ.
საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებიდან ისტორიის ცოდნა/კრიტიკული გააზრებისთვის საყურადღებოა ისტორიული წარმოსახვის განვითარება, რომელიც გულისხმობს:

⦁ ისტორიის ცვალებადი ბუნების ცოდნასა და გააზრებას და, ასევე, იმის გააზრებას, თუ როგორ იცვლება წარსულის მოვლენების ინტერპრეტირება დროის მსვლელობის პარალელურად და როგორ განსხვავდება ისტორიული მოვლენების ინტერპრეტირება სხვადასხვა კულტურაში;
⦁ იმ ისტორიული ძალებისა და ფაქტორების შესახებ სხვადასხვა პერსპექტივიდან მონათხრობი ფაქტების ცოდნასა და გააზრებას, რომლებსაც შედეგად თანამედროვე მსოფლიოს ფორმირება მოჰყვა;
⦁ ისტორიული კვლევების პროცესების გააზრებას; კონკრეტულად, იმის გააზრებას, თუ როგორ წარმოებს ფაქტების შერჩევა და მათი ერთმანეთთან დაკავშირება და როგორ მიმდინარეობს ცნობილი ისტორიული მოვლენები და ფაქტები დროთა განმავლობაში წარმოებული ანგარიშების, ახსნა-განმარტებებისა და არგუმენტების წყალობით;
⦁ ისტორიის შესახებ ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე წვდომის საჭიროების გააზრებას, ვინაიდან ისტორიული მოვლენების სტანდარტული აღწერისას ხშირად ხდება მარგინალიზებული ჯგუფების (მაგალითად,როგორებიცაა კულტურული უმცირესობები ან ქალები) წვლილის უგულებელყოფა;
⦁ ცოდნასა და გააზრებას იმისა, თუ როგორ ხდება ისტორიისა და ისტორიული ფაქტების წარმოჩენა და მათი სწავლების ეთნოცენტრული ხედვით;
⦁ იმის ცოდნასა და გააზრებას, თუ სხვადასხვა გზით, სხვადასხვა კულტურაში, დროთა განმავლობაში, როგორ ყალიბდებოდა დემოკრატიისა და მოქალაქეობის კონცეფციები;
⦁ იმის ცოდნასა და გააზრებას, რომ სტერეოტიპების ჩამოყალიბება წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას, რომელიც ემსახურება კაცობრიობის ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვნების დათრგუნვასა და ადამიანის უფლებების დაკნინებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის საფუძველიც კი ხდება;
⦁ წარსულის გააზრებას და განხილვას აწმყოს გადმოსახედიდან და მომავლის პერსპექტივით და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ პრობლემებსა და განვითარებულ მოვლენებთან წარსულის კავშირის გააზრებას.

ისტორიული წარმოსახვის განვითარება მნიშვნელოვანია ისტორიის მეთოდოლოგიის თვალსაზრისითაც, ითვლება რა, რომ ასეთი სტრატეგიების გამოყენებით ყველაზე ეფექტურად დაიძლევა ნებისმიერი სასწავლო პრობლემა (Джон Филдинг., „Engaging Students in Learning History“). ამ გზით შეძენილი ცოდნა და უნარები კი მთელი ცხოვრება გაჰყვება მოსწავლეს, ის სიამოვნებით წაიკითხავს ისტორიულ ლიტერატურას, გაეცნობა თავისი ოჯახის გენეალოგიას, ბევრს იმოგზაურებს, გაიფართოებს ცოდნის არეს, ეწვევა მუზეუმებს და ა.შ. და რაც მთავარია, შეძლებს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებიდან ერთ-ერთის – ისტორიის ცოდნასა და კრიტიკული გააზრების ჩამოყალიბება/განვითარებას.

ისტორიული წარმოსახვის განვითარებისკენ მიმართული აქტივობებია:
⦁ კროსვორდებისა და თავსატეხების გამოყენება;
⦁ კვლევა-ძიებაზე ორიენტირებული დავალებების გამოყენება (თუმცა ისინი ნაკლებად ავითარებენ ისტორიულ წარმოსახვებს და უფრო ფაქტების გაანალიზებასა და დამახსოვრებაზე არიან ორიენტირებულები);
⦁ მოდელირებაზე აქცენტირებული მიდგომები, როგორიცაა „როლური თამაშები“; „წარსული სურათების გაცოცხლება“; „ისტორიული ფანტაზია“; „ღია ბარათების“ შექმნა/დაწერა/მიწერა; „ისტორიული მემკვიდრეობა“; „ისტორიული ფანტასტიკა“ , „ალტერნატიული ისტორია“, რომლის დროსაც, ⦁ ისტორიულ მოვლენებზე მსჯელობის უნარის განვითარების მიზნით, მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ აქტივობა: „გამოთქვით ვარაუდი: რა მოხდებოდა, … ესა და ეს.. მოვლენა ისტორიაში სხვაგვარად რომ წარმართულიყო?“ და ა.შ.
თავისი არსით ძალზედ ეფექტურია „ალტერნატიული ისტორია“, როგორც გონების გავარჯიშების საუკეთესო საშუალება, ქმნის რა მოდელს და შეისწავლის ისტორიული განვითარების ვარიანტებს, რა და როგორ იყო შესაძლებელი. ის წარსულის აქტუალიზაციის საშუალებაა, ვითარების „გამოგონება – წარმოსახვა/რეალობის გაცოცხლებაა“, რაც მასალის ღრმად გაანალიზების საშუალებასაც იძლევა. ამ დროს შესაძლებელია სიტუაციის, „გაშვებული შესაძლებლობების“ „გამოჭერა“, მოვლენათა რეალურ არსში წვდომა და სხვა „ალტერნატიული ისტორიის“ დანახვა, რომელიც, შესაძლოა, რეალურიც ყოფილიყო, რეალურადაც მომხდარიყო, დაწერილიყო, მოვლენები რომ სხვაგვარად წარმართულიყო, ან ამ ამბებს ჩვენამდე რეალური, ნამდვილი შინაარსით მოეღწია.

„ალტერნატიული ისტორია“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც „კონტრფაქტური“ ისტორიაც, რადგან:
⦁ საშუალებას იძლევა ისტორიის სწავლებაში დავუშვათ ისეთი ახალი ელემენტები, რომელთა შესახებ ოფიციალურ სახელმძღვანელოებში არასაკმარისი ინფორმაციაა (მაგალითად, 1990-2000 წლების გარდამავალი პერიოდის შესახებ);
⦁ გაკვეთილზე შემოვიტანოთ ის ნარატიული მასალა, რომელიც:
ა) ავსებს საზოგადოების კულტურის ისტორიას;
ბ) ფართოდ აშუქებს სამხედრო-პოლიტიკურ თემებს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს კონფლიქტების რეალური ბუნებისა და შედეგების გაცნობაში; სადავო საკითხების ანალიზში; ისტორიული წყაროების მიმართ ინტერესის გაზრდაში, განსხვავებული მოსაზრებების ჩამოყალიბებაში;
⦁ განსხვავებით „რეალური ისტორიებისაგან“, რომლებიც იძლევიან პასუხებს, „ალტერნატიული ისტორია“ მოსწავლეს უბიძგებს შეკითხვების დასმისკენ, კრიტიკული აზროვნების ინიციაციისკენ, ეწინააღმდეგება დოგმატიზმსა და მეცნიერულ „იგნორს“;
⦁ უბიძგებს მოსწავლეს კვლევითი და ანალიზური უნარების განვითარებისკენ (როგორიცაა სტატისტიკური მონაცემებისა და კონკრეტული შემთხვევების ანალიზი) და სხვ;
⦁ მოითხოვს ინტერვიუს ტექნოლოგიის, თხზულების დაწერის და სხვ. მიდგომების გამოყენებას სწავლებაში;
⦁ და ა.შ.
„ალტერნატიული ისტორიის“ ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული აქტივობები ძირითადად სიტუაციური ამოცანებია, რომლებსაც ვთავაზობთ მოსწავლეებს შედეგების მიღებისთვის. მაგალითად (ისტ. VIII):
⦁ „რა მოხდებოდა, თუ… გერმანული ტომები ვერ აითვისებდნენ, ვერ დაიკავებდნენ მთელ ევროპას?!“…..
⦁ „თუ რუსეთი ვერ დაიპყრობდა კავკასიას?!“..
⦁ „თუ გერმანია გაიმარჯვებდა I მსოფლიო ომში?!“..
⦁ „თუ ინდოეთს არ ეყოლებოდა მაჰათმა განდი?!“..
⦁ „თუ არ გამოჩნდებოდა ასპარეზზე მარტინ ლუთერ კინგი?!“…
და ა.შ.

პასუხებისთვის მოსწავლეს ვთავაზობთ ასეთ „ფორმულას“:
ა) პოზიციის დაფიქსირება: „ჩემი მოსაზრებები ემყარება… მე ვთვლი, რომ…“
ბ) პოზიციის ახსნა-განმარტება: „გამომდინარე იქედან, რომ… ამიტომ…“
გ) ფაქტების, მოსაზრების ილუსტრაცია: „ნიშნად იმისა…მაგალითად…“
დ) პოზიციის აღიარება, დასკვნა: „გამომდინარე აქედან… ამიტომ… ამის შესაბამისად….. ასე რომ…“.
და სხვ.

ნებისმიერ სიტუაციაში, მოსწავლეთა ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის ორგანიზებისას, მთავარი პრინციპის დაცვა:
⦁ სხვისი აზრის პატივისცემა;
⦁ მკაფიო არგუმენტები;
⦁ და – წაგებული არავინაა!

მიღებული შედეგები სტანდარტის შესრულების თვალსაზრისით – ყოველთვის მნიშვნელოვანია!
ისტორიის ცოდნა/კრიტიკული გააზრების უნარის დაუფლება და შესაბამისი ქცევების განხორციელება საშუალებას მისცემს ახალგაზრდა თაობას, თავად გააკეთოს არჩევანი, განსაზღვროს მიზნები და იმოქმედოს ამ მიზნების შესაბამისად, ემსახუროს სტრუქტურული ნაკლოვანებებისა და უთანასწორობის დაძლევასა და აღმოფხვრას, გამოავლინოს პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ და იზრუნოს, გახდეს წარმატებული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის კარგად მომზადებული.

მოთელვის აქტივობები ინგლისური ენის გაკვეთილებისთვის

0

საგაკვეთილო პროცესის ეფექტურობისთვის ხშირად გამომიყენებია სახალისო აქტივობები, რომლებიც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და მოსწავლეებს დადებითად განაწყობს  სასწავლო პროცესის მიმართ. ჩემი გამოცდილებიდან მინდა გაგიზიაროთ  რამდენიმე Warm up-მოთელვის აქტივობა, რომელსაც წარმატებით ვიყენებ. ისინი ბავშვებსაც ძალიან უყვართ.

სანამ უშუალოდ მოთელვის აქტივობაზე გადავალ, მინდა გითხრათ, რომ მოთელვა აუცილებელი არაა, უკავშირდებოდეს გაკვეთილის თემას, ის შეიძლება იყოს დამოუკიდებელი აქტივობა,  რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, მოემზადონ გაკვეთილისთვის და დაიწყონ ფიქრი ინგლისურ ენაზე.

პირველი მოთელვის აქტივობა: The New Me – „ახალი მე“

სთხოვეთ მოსწავლეებს ჩამოწერონ ციფრები 1-დან 6-მდე. შესაბამის ციფრთან დაწერონ პასუხი შემდეგ კითხვებზე:

  1. Write any fruit name. ( მაგ. Apple)
  2. Write any vegetable name. ( მაგ. Cabbage)
  3. Write any number from 1-100. (მაგ. 17)
  4. Write the answer to the question: Do you like soccer? (Yes)
  5. How many pens/pencils do you have in your bag? (Three)
  6. What is the first thing you do in the morning? (Snooze alarm)

შემდეგ აუხსენით მოსწავლეებს, რომ სინამდვილეში ამ კითხვების პასუხები შეესაბამება:

1 – თავიანთ სახელს;

2 – გვარს;

3 – ასაკს;

4 – დაქორწინებულია თუ არა;

5 – შვილების რაოდენობას;

6 – პროფესიას.

როდესაც მოსწავლეები დააკავშირებენ პასუხებს და გახდებიან „ახალი პერსონები – ახალი „მე“, მოუწოდეთ ყველას ადგნენ და დაიწყონ ერთმანეთის გაცნობა, როგორც ახალი პიროვნების. სთხოვეთ მოსწავლეებს, რაც შეიძლება მეტი „ახალი ადამიანი“ გაიცნონ, და აუცილებლად გამოიყენონ სახის მიმიკა, ხელის ჩამორთმევა, ისევე როგორც რეალური გაცნობისას. დაუთმეთ 5-7 წუთი ამ აქტივობას და გააკეთეთ შეჯამება, რამდენად ყურადღებით იყვნენ სხვების გაცნობისას. დაუსვით ინდივიდუალურად ისეთი შეკითხვები, როგორიცაა: Did you meet anyone whose job is alarm snoozing? ან What is the name of the person you met first?/ How many children does s/he have? და ა.შ. განმტკიცებისთვის შეგიძლიათ საშინაო დავალებად მისცეთ – საწერი თემა „ახალი მეს“ შესახებ, მოიფიქრონ კრეატიული ისტორია თავიანთ „ახალ“ ოჯახზე. ეს აქტივობა გათვლილია ძირითადად მოსწავლეებზე მე-7 კლასიდან ზევით. ასეთი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების კრეატიული აზროვნების და სოციალური უნარების განვითარებას. ლაპარაკის მომენტში ისინი იგონებენ საინტერესო კითხვებსა და პასუხებს, ხდებიან უფრო თავდაჯერებულნი და აქტიურად ერთვებიან საუბარში.

შემდეგი აქტივობა Coffeepot Game”  – შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე გრამატიკული მასალის ან უბრალოდ ლექსიკის მარაგის გასამტკიცებლად. ის ასევე ეხმარება მოსწავლეებს, მოახდინონ ნასწავლი სიტყვის დეფინიცია. გთავაზობთ ამ აქტივობის ორ ვარიანტს:

  1. ერთი მოსწავლე გაუშვით გარეთ, რომ არ გაიგონოს, რომელი სიტყვა (არსებითი სახელი, ზმნა თუ ზედსართავი სახელი) ჩაიფიქრეთ კლასთან ერთად. ავიღოთ მაგ. ზმნა – type. მოსწავლეებთან ერთად თქვენ უნდა მოიფიქროთ წინადადებები, რომლებიც მიანიშნებს ან განმარტავს ამ სიტყვას და „გაძევებულმა“ მოსწავლემ შემოსვლისას უნდა გამოიცნოს იგი. თქვენ შეგიძლიათ ჩაფიქრებული სიტყვა კოდირებული ვერსიით „coffeepot”-ით ჩაანაცვლოთ.

მაგალითისთვის: Our teacher can “coffeepot” very fast. ან:  I often “coffeepot” informal letters to my friends. “Coffeepotting” needs your fingers to move fast. We usually “coffeepot” on the computer keyboard.  მოსწავლე ცდილობს გამოიცნოს ჩაფიქრებული სიტყვა.

  1. მოხალისე მოსწავლე თავად ჩაიფიქრებს სიტყვას და კლასი ცდილობს გამოიცნოს მისი მნიშვნელობა მოსწავლის წინადადებებიდან. მაგ. knit: My mom “coffeepots” almost every evening. She needs thread for “coffeepotting”. I am wearing her “coffeepotted” sweater right now.

ამ აქტივობის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვების დასმა, რათა დააზუსტონ გამოსაცნობი სიტყვა. ეს კი ხელს უწყობს მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

 

კიდევ ერთი მოთელვის აქტივობა – One minute, please! ეს აქტივობა ხელს უწყობს სალაპარაკო და სოციალური უნარების განვითარებას. ამ აქტივობისთვის, ისევე როგორც ზემოთ ხსენებული აქტივობებისთვის, არაა საჭირო რამე რესურსების მომზადება – ის შეიძლება უცებ, სპონტანურად გააკეთოთ, თუ მაგალითად, გაკვეთილზე დრო მოგრჩათ და ზარის დარეკვამდე ხუთ წუთზე ნაკლები დარჩა.  ეს აქტივობა შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა კლასში, შესაბამისი ადაპტირებით. გჭირდებათ მოსწავლეების მობილიზება, რათა გონებრივი იერიშით მოახდინონ იმ თემების ჩამოთვლა, რომლებიც მათ აინტერესებთ (ან ამ ბოლო ხანს შეისწავლეთ). დაწერეთ ეს თემები დაფაზე (4-5 საკმარისი იქნება). სთხოვეთ ერთ მოხალისეს იყოს time keeper, რომელიც დაიცავს დროს. (დრო შეგიძლიათ თავად დაადგინოთ ისევ და ისევ მოსწავლეების დონიდან გამომდინარე). მაგ. მე-3-4 კლასელისთვის 20–30 წამი, მე-5-6 კლასელისთვის 30-40 წამი, და ა.შ.

შესთავაზეთ კლასს აირჩიონ ჩამოწერილი თემებიდან ერთი და სთხოვეთ ყველაზე გაბედულ, მოხალისე მოსწავლეს გამოვიდეს კლასის წინაშე და შერჩეულ თემაზე ილაპარაკოს ყველაფერი, რაც თემის ირგვლივ იცის 1 წუთის (ან ნაკლების) განმავლობაში. პაუზა არ უნდა აღემატებოდეს 5 წამს. უთხარით, რომ ლაპარაკის დროს ნაკლებად ექცევა ყურადღება გრამატიკას, მთავარია სწორად გადმოსცენ სათქმელი. Time keeper ინიშნავს დროს და მოქმედებაც იწყება. ლაპარაკი უნდა შეწყდეს დათქმული დროის ამოწურვისთანავე. აუცილებლად სთხოვეთ სპიკერს, გამოთქვას თავისი აზრი, რას გრძნობდა ლაპარაკის დროს, რას უფრო აქცევდა ყურადღებას – ბევრი ინფორმაციის გადმოცემას, თუ გრამატიკულად სწორად გადმოეცა სათქმელი. აუცილებლად მიეცით უკუგება და წაახალისეთ მოსწავლე. ეს არ არის ადვილი აქტივობა, განსაკუთრებით კი შედარებით სუსტი მოსწავლისთვის, მაგრამ თუ მას გააფრთხილებთ, რომ ყველაზე მეტად გინდათ მან  აზრი სწორად გადმოსცეს და გრამატიკას არ აძლევთ უპირატესობას, ის აუცილებლად გაიხსნება და ილაპარაკებს. კომუნიკაცია ხომ ჩვენი სწავლების მთავარი მიზანია!

ინგლისური ენის ყველა მასწავლებელი გაკვეთილზე იყენებს, ეგრეთ წოდებულ, TPR აქტივობებს (Total Physical Response), ჯეიმს აშერის მეთოდს, რომლის მიზანია ფიზიკური მოქმედებებით გამოხატო ნათქვამი (ან ბრძანება). ყველამ იცის აქტივობა „Simon says…” სადაც მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ბრძანებებს და მოსწავლეები ამ ბრძანებებს ასრულებენ. თუ ბრძანება შეასრულე “Simon says…”-ის გარეშე, თამაშიდან გავარდები. მაგ:

Simon says: Touch your nose! – ბავშვები ეხებიან ცხვირს.

Simon says: Jump up high! – ბავშვები ხტებიან მაღლა.

Simon says: Sit down!  – ბავშვები სხდებიან.

Stand up! – თუ ბავშვი Simon says-ის თქმამდე ადგა, თამაშიდან ვარდება.

ეს კარგი აქტივობაა პატარებისთვის, სადაც ხდება ყურადღების მობილიზება, ბავშვები უსმენენ ბრძანებებს და ასრულებენ ნათქვამს. მაგრამ, როგორ შეიძლება TPR აქტივობები გამოიყენო მაღალ კლასებში? გთავაზობთ ერთ საინტერესო და სახალისო აქტივობას – როლური თამაში მიმიკით (Mime Role Play).

მიეცით ორ მოსწავლეს როლი, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს უთხარით, რომ თითქოს დაკარგა ხმა და ვერ ლაპარაკობს. უთხარით, თუ რა სიტუაცია უნდა გაითამაშოს, მაგრამ ეს მისმა მეწყვილემ არ უნდა გაიგოს. მაგალითად:

1 მოსწავლის როლი: გსურს გაიგნო გზა აფთიაქამდე. ვინმეს უნდა ჰკითხო, როგორ მიაგნო ის,  მაგრამ შენ ხმა წაგივიდა და ერთი სიტყვის თქმაც კი არ შეგიძლია.

2 მოსწავლის როლი: ქუჩაში შენ გაჩერებს უცნობი, რომელსაც სჭირდება გზის გაგნება, მაგრამ ამ ადამიანს არ შეუძლია ლაპარაკი. ასე რომ, შენ უნდა გაიგო მისი ჟესტების ენა, რომ გაიგო, სად უნდა მისვლა.

მოსწავლეები იწყებენ როლის გათამაშებას. შეგიძლიათ, დაუდგინოთ დრო, რამდენ ხანში უნდა მოახერხონ და გამოიცნონ მიმართულება. აქტივობა სახალისოა, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, გამოიყენონ უკვე ნასწავლი ფრაზები და  სიტყვები, ასევე მოიფიქრონ შეკითხვის დასმის სწორი ფორმა.

ასეთი კრეატიული სახის აქტივობების დროს კლასში აუცილებლად იქნება ხმაური, ჟრიამული, ბევრი შეკითხვა და სიცილი, რისიც ნამდვილად არ უნდა შეგეშინდეთ. ბავშვები ხომ თამაშით უფრო ადვილად სწავლობენ და ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მათ შევუქმნათ სათანადო პირობები და სწავლისთვის სახალისო გარემო.

 

 

გამოყენებული მასალა:

მშვიდობის კორპუსის მოხალისეების აქტივობები

Busy Teacher – TPR Tricks – https://busyteacher.org/4246-tpr-tricks-5-fabulous-ways-to-use-total-physical.html

გაიქეცი, შვილო, გაიქეცი!

0

საბჭოთა კავშირის დაშლა ყველასთვის სხვადასხვა რამესთან ასოცირდება. ჩემთვის კი ეს ამბავი 2 მნიშვნელოვან ფიქსაციასთანაა კავშირში – რუსული მანეთი რომ გაუქმდა და მუხიანის ბაზრობაზე თავში „ლიმონკა“ ჩამარტყეს.

1992 წლის დეკემბერში, როცა ჯერ 12 წელი არ შემსრულებოდა, სახლში მოსულმა მამაჩემმა თქვა, რუსული მანეთიანები გაუქმდება და თუ რამე გვაქვს, თავიდან მოვიშოროთო. „თავიდან მოსაშორებელი“ ბევრი არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ გადანახული ფული ოთხად გავყავით და ვთქვით – მოდი, ყველამ ის ვიყიდოთ, რაც გვინდაო.

მე ამერიკულ ფილმებში ნანახ „რეიბანებზე“ ვოცნებობდი, ნანახიც მქონდა ბაზრობაზე, სადაც ერთი შავგვრემანი კაცი იდგა, ჩურჩელებივით ასხმულ სხვადასხვა სათვალეს ყიდდა და ბულდოგი ძაღლივით მკაცრი სახით იყურებოდა. ადამიანები თვალის ფერით მამახსოვრდება. მისი თვალები კი არასოდეს მინახავს, ეკეთა ერთ-ერთი „რეიბანი“ და იბღვირებოდა.

ჩემი წილი 50 მანეთიდან, 30-ით დედაჩემს საჩუქარი ვუყიდე. ორი ცალი თუმნიანი კი საგანგებოდ გადავდე და ბაზრობაზე წასვლა გადავწყვიტე.

მაშინ გლდანში ვცხოვრობდით, ვინც იცის, გლდანსა და მუხიანს შორის იმდენივე მანძილია, რამდენიც როშკიდან აბუდელაურის ტბებამდე. ამიტომ ფეხით წავედი, რომ შერჩეული სათვალე მეყიდა.

მაშინდელი ბაზრობა გზიდანვე იწყებოდა. ტრიალ მინდორზე უსწორმასწოროდ, ნაუცბათევად ახონხლილი თაროები გაეშალათ, ზოგი ნივთებს პირდაპირ მანქანიდან ყიდდა. ცეცხლი ალაგ-ალაგ ენთოთ და კუშტურიცას რომ არც დაესიზმრება, ისეთი ამბავი ხდებოდა.

სათვალე მოვირგე, ახლაც მახსოვს, უკვე წარმომედგინა, როგორ გავიკეთებდი ოდნავ დიდ სათვალეს გაისად, როცა, იმედი მქონდა, თავიც გამეზრდებოდა.

ჯინსის მარცხენა ზედა ჯიბიდან ორი ცალი ლენინისთავიანი კუპიურა ამოვიღე და მივაწოდე, ამ სათვალეს ვყიდულობ-მეთქი. გამომართვა, დახედა და ხუთი მანეთი დაამატეო.

იმდენჯერ მიკითხავს ამ სათვალის ფასი, იმდენჯერ მომისინჯავს, ყურებს არ დავუჯერე. წარმოუდგენელი იყო სხვა ფასი ღირებულიყო და გავამეორებინე. 5 მანეთით გაძვირდა, ეს ფული ფუჭდება და მალე გადასაყრელი იქნებაო.

შემეძლო მამაჩემისთვის მეთქვა და მომცემდა, შემეძლო მეთხოვა და მიყიდდა, არასოდეს უთქვამს უარი თხოვნაზე. ერთი ეგ იყო, თხოვნები არ მიყვარდა, მერიდებოდა.

ჩავიდე ფული ჯიბეში და გაწბილებული წამოვედი. ჩემი ოცნება, რეიბანებით მივსულიყავი სკოლაში, სადაც პირველმა ვთქვი უარი სკოლის უნიფორმის ჩაცმაზე, აუხდენელი რჩებოდა.

ბაზრობის გასასვლელი ახლაც ცხადად მახსოვს. ეს ამბავი ჩემი 7 წლის ბიჭისთვის რამდენჯერმე მომიყოლია და რაკი ბევრჯერ მომიყოლია, ცნობილი ფილმის შესავალ სცენასავით ნათლად ვხედავ – რკინის ვედროებში დანთებულ დაჭრილ საბურავებს, ბაზრობის შესასვლელთან მდგარ ვაზ 011-ის კაპოტზე გაშლილ სუფრას, ზედ რომ იაფიანი ძეხვი, არაყი და მწნილეული ალაგია; რაღაცნაირად უკვე დაბეჩავებული სახით მოსიარულე ადამიანებსა და მოხუც ქალს, ხმამაღლა რომ მღერის.

სწორედ ამ შესასვლელთან მომადგნენ სამნი. ერთი ჩემი ასაკის, ერთი 16-17 წლის და მესამე კი ალბათ იმხელა იყო, რამდენი წლისაც ახლა მე ვარ.

შუათანამ მითხრა, ჩვენი უფროსი ძმაკაცი ციხეში ზის და ფულს ვუგროვებთო. „მე ჩემი უფროსი ძმები მყავს დასახმარებელი-მეთქი“ – მივუგდე ცალყბად ნასწავლი ფრაზა. აქ „ძაღლები“ (თუ მაინც ვინმე ისეთიც კითხულობს, ვინც არ იცის, მაშინდელი მილიციის მეტსახელი) დარბიან და გვერდით გავიდეთო, თქვა სულ უფროსმა.

ასეთი შემთხვევებისთვის, კაი გვარიანი „ტრენინგი“ მქონდა გავლილი ჩემი უფროსი მეგობრებისგან, რომ არავის არსად უნდა გავყვე ცალკე; რომ სჯობს უთხრა, დაგელოდონ იქვე და ძმაკაცებით მიხვალ; რომ სჯობს გაიქცე, ვიდრე სადმე მოყუჩებულში „სპიცი“ გატაკონ და ასე შემდეგ.

მე კი მაინც გავყევი. ჯერ ერთი ბაზრობა იყო, ამდენი ხალხი ტრიალებდა და მერე – რაღაცნაირად, იმ უფროსი კაცის იმედი მქონდა.

გადავიარეთ ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, მეორადი წიგნები, ჯამ-ჭურჭელი, მგონი რაღაც დაშლილი ავტონაწილებიც იყიდებოდა გზაზე და პატარა გორასთან გავჩერდით. ისევ შუათანამ ამოიდგა ხმა – ფული უნდა მოგვცეო.

მე უარზე ვიდექი და პატარამ მეწაღის დანა ამოიღო ჯიბიდან, ყელთან დამადო, რაღას ველაპარაკებით ამდენს, ადგება და მოგვცემსო.

ის უფროსი კაცი, ასე რომ მეიმედებოდა, ხმას არ იღებდა, სიგარეტს ეწეოდა და უმცროსებს აკვირდებოდა, აქაოდა, ხომ ყოჩაღები არიან ჩემი ბიჭები, ხომ არ მარცხვენენო.

არის მომენტები, როდესაც ადამიანი ინსტინქტებით მოქმედებს. ამას გულადობასთან და მშიშარობასთან კავშირი არ აქვს, არსებობს მხოლოდ უნებური ინსტიქტი, რაც წმინდად ადამიანურია. მსმენია, მაკედონელი მოწინავე ჯარს ამ ინსტიქტით არჩევდა – ცხვირწინ ჩამოუტარებდნენ ლომს და ვინც შიშით ფითრდებოდა, ზურგში დგებოდა; ვინც, ასევე შიშით, წითლდებოდა – წინა ხაზზე უშვებდნენო. თურმე შიშსაც აქვს თავისი გრადაციები და ამ დროს ინსტიქტები უნებრად და თავისით მუშაობს.

მე კი მაგრად შემეშინდა. დანის დადება რომ უფრო საშიშია, ვიდრე იარაღის დანახვა, ეს მხოლოდ იმან იცის, ვისაც გამოუცდია. ამ ყველაფერს კი ისიც დაემატა, რომ იმ უფროსმა კაცმა „ლიმონკა“ შეათამაშა ხელში და ავაფეთქოთ აქაურობაო.

სულ ცოტაც და შიშისგან ალბათ მარცხიც მომივიდოდა და ინსტინქტურად, ყველაზე პატარას ჩავცხე და გავიქეცი. ასე არასოდეს მირბენია. ზოგადად კაი მორბენალიც არ ვარ, მაგრამ იმ დღეს კი ძალიან მოვინდომე.

ეს ეპიზოდი უთვალავჯერ მომიყოლია, თუმცა შვილი ყოველ ჯერზე იმედიანად მეკითხება – გაასწარიო? ვერა, ვერ გავასწარი. ზედ ტრასის პირას, სადაც გარემოვაჭრეები იდგნენ და უამრავი ადამიანი ტრიალებდა, კისერში წამავლო ხელი იმ კაცმა, ვისი იმედითაც „გვერდზე“ გავედით. ჩამავლო და თავში „ლიმონკა“ ორჯერ მაგრად დამცხო. ისეთი დამცხო, თავზე კოპი მეორე თავივით ამომეზარდა, ქვედა ტუჩი კი, კაი ხანი ახალდაბარულ მიწასავით მქონდა ამობრუნებული. რომ ვთქვა არ ვიყვირე-მეთქი, ტყუილს ვიტყვი. მიშველეთ, ხალხი არ ხართ-მეთქი? ვიყვირე და მომეჩვენა, რომ მოძრაობა გაჩერდა, მანქანებიც გაჩერდნენ, ღრუბლებიც გაჩერდა, ვედროში დანთებული ცეცხლიც კი გაჩერდა. გვიყურებდნენ.

ჯინსის ქურთუკი მეცვა. ფული ზედა ჯიბეში მედო. იმ კაცმა ჯიბიანად ამაგლიჯა, ამომაცალა და სწრაფად გამშორდა.

იქნებ მანამდეც და მას მერეც მომხვედრია, მაგრამ ასე არასოდეს მწყენია. არასოდეს, რადგან ამდენ ადამიანში, ამდენ კაცსა თუ ქალში, ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, გამოქომაგება მაინც ეცადა. იდგნენ და გვიყურებდნენ.

მხოლოდ ერთმა ქალმა, ხელში გასაყიდი წინდები და კოლგოტები რომ ეჭირა, თავისებურად დედაშვილურად მომაძახა ძირს დაგდებულს, რაღაცნაირად მუსიკალურად მომაძახა, როგორი ხმითაც იმ თავის წინდებსა და კოლგოტებს სთავაზობდა გამვლელებს:

„ადე, შვილო, გაიქეცი!“

 

სწავლის მოტივაციის მარტივი გზები

0

ბოლო წლების პედაგოგიური პრაქტიკა აჩვენებს, რომ სულ უფრო იზრდება ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ნაკლებად აინტერესებთ ცოდნის მიღება, მათ შორის არიან დაწყებითი სკოლის მოსწავლეები. სწავლის უგულებელყოფა გამოიხატება იმით, რომ ბავშვები ივიწყებენ საშინაო დავალების შესრულებას, გაკვეთილებზე არ არიან კონცენტრირებულნი და ფანჯარაში ყურებას, ხატვას ან თანატოლებთან ჩურჩულს ამჯობინებენ. ზოგჯერ ამაში მასწავლებლებს ადანაშაულებენ, მშობლები ცდილობენ მათ გადააბრალონ ბავშვის აკადემიური წარუმატებლობა… რატომ არ სურთ ბავშვებს სწავლა? ამ კითხვაზე პასუხი ხშირად გამოცდილ მასწავლებლებსაც კი არ აქვთ. მიზეზები, რის გამოც ბავშვებს არ სურთ სწავლა, არაერთგვაროვანია.

 

რა ზემოქმედებს ბავშვზე, რომელიც ცდილობს სწავლისაგან თავის არიდებას?

 

  1. ბავშვი ასაკით პატარაა. მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილი უკვე მზად არის სკოლისთვის. მაგრამ ბავშვის გამორჩეული გონიერებაც კი არ ნიშნავს იმას, რომ იგი ფსიქოლოგიურად მზად არის სკოლისთვის. სავარაუდოდ, ბავშვი ვერ შეძლებს დაემორჩილოს სასკოლო წესრიგს. მეტიც, მცირე ასაკის ბავშვისთვის გაცილებით რთულია გაკვეთილზე დიდხანს, გაუნძრევლად, ყურადღების გაუფანტავად ჯდომა.

 

  1. კონფლიქტები პედაგოგებთან. ხშირად მასწავლებლებიც კი არ ეჭვობენ, რომ კონფლიქტი აქვთ მოსწავლეებთან. მასწავლებელი ამჩნევს, რომ მისმა მოსწავლემ სწავლას მოუკლო, ქცევა შეიცვალა, მაგრამ არ ფიქრობს იმაზე, რომ ეს კონფლიქტური სიტუაციის ბრალია. სინამდვილეში, შეიძლება ბავშვმა მასწავლებლისგან ოდესღაც თავისი მისამართით უსიამოვნო სიტყვები ან შენიშვნა მოისმინა და ჩათვალა, რომ პედაგოგი მის წინააღმდეგ განეწყო. ამან დათრგუნა, შეაშინა, მასწავლებლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩინა. როგორც წესი, ბავშვებს არ სურთ მშობლებთან თავიანთ შიშებზე საუბარი. ეს „აკონსერვებს“ არსებულ კონფლიქტს და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

 

  1. კონფლიქტები მოსწავლეებთან. რაც უფრო ხანგრძლივია ასეთი პრობლემა, მით უფრო რთულია მისი მოგვარება.

 

  1. ფიზიკური დეფექტები. მაგალითად, ენის ბორძიკი, კიდურების კანკალი და სხვ. ბავშვი ძნელად ეგუება იმ აზრს, რომ თანატოლებისგან განსხვავებულია. განსაკუთრებით რთულია, როდესაც ფიზიკური ნაკლის გამო ვინმე დასცინის. თავისი პრობლემის მიზეზით ბავშვს არ სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, დამცირების ატანა და ის სკოლას თავს არიდებს.

 

  1. ოჯახური კონფლიქტები. მშობლებსა თუ სხვა ოჯახის წევრებს შორის ჩხუბის გამო ბავშვი იკეტება საკუთარ თავში და კარგავს არა მარტო სწავლის მოტივაციას, არამედ ინტერესს ყველაფრის მიმართ.
  2. მშობლებისა და ნათესავების მხრიდან ბავშვზე ზეწოლა. მშობლებს ბავშვისგან მეტისმეტი მოლოდინები აქვთ, ატარებენ საუკეთესო სკოლაში, უამრავ წრეზე ისე, რომ ამის შესახებ აზრს არც კი ეკითხებიან. ასეთი მშობლები ბავშვისგან საუკეთესო შედეგებს ითხოვენ, აიძულებენ აკეთოს ის, რასაც მხოლოდ მშობლების შიშით ან ხათრით ასრულებს.

 

რა ფაქტორები მოქმედებს სწავლის ინტერესზე

 

  1. შესასწავლი საგნების მიმართ ინტერესი. ხშირად ბავშვებს გარკვეული საგნების მიმართ ინტერესი მხოლოდ იმიტომ უქრება, რომ მათთვის ისინი მოსაწყენი ჩანს. ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ გაკვეთილებზე მათთვის სასარგებლო ინფორმაციას უზიარებენ, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სწავლა. არსებობს რთული დისციპლინები. ამ შემთხვევაში უნდა მოვიძიოთ განსხვავებული მოტივაცია. ბევრი რამ დამოკიდებულია მასწავლებელზე, რომელსაც შეუძლია უბრალოდ ახსნას რთული რაღაცები და ამით გაამარტივოს სწავლების პროცესი.

 

  1. საგნების შესწავლის გზა. დაწყებითის მოსწავლეებს გაცილებით ადვილია ვასწავლოთ აქტიური მეთოდების, თამაშების მეშვეობით. პედაგოგმა ყურადღება უნდა მიაქციოს სწავლების იმ ხერხებს, რომლებიც აღძრავს ბავშვის ინტერესს, ეს გზა შეიძლება იყოს შემოქმედებითი.

 

  1. ინფორმაციის აღქმა. ზოგიერთი ბავშვი ინფორმაციას უკეთესად აღიქვამს მხედველობით, ზოგი – სმენით, სხვები – გამოსახულებით. ბავშვების სწავლების ეფექტიანობა დამოკიდებულია ინფორმაციის აღქმის ტიპებზე. მშობლებს შეუძლიათ თვითონ აირჩიონ გზები ბავშვის სწავლებისთვის.

 

  1. მასწავლებლის ინტერესი. როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს დააინტერესებს პირადი მაგალითით, საკუთარი საგნის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას აჩვენებს, მაშინ მოსწავლეებსაც უღვივდებათ ინტერესი. თუ მათ ეცოდინებათ, რომ მასწავლებელი საინტერესო ფორმით უხსნის ახალ გაკვეთილს, სიხარულით დაელოდებიან მის დაწყებას.

 

მოტივიციის სახეები

 

წარმატებული სწავლისთვის მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. მოსწავლეებისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი მოტივაცია: შემეცნებითი, ანუ უფრო მეტი სურვილით გახდე ერუდიტი; კომუნიკაციური – საურთიერთობო წრის გაფართოება ახალი ნაცნობების და ინტელექტუალური დონის გაუმჯობესების გზით; ემოციური; თვითგანვითარება – შესაძლებლობებისა და ნიჭის გამჟღავნებით; მოსწავლის პოზიცია;

მიღწევები; წახალისება, დასჯა.

 

გარდა ამისა, ის იყოფა გარე (სოციალური) და შიდა (შემეცნებითი) მოტივაციად. გარე მოტივაციის მაგალითი: „ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა ისე, რომ მშობლები არ გაგვიწყრნენ“. შინაგანი მოტივაცია: „მე თვითნონ მომწონს ლიტერატურის გაკვეთილები. ამიტომ ნებისმიერ თავისუფალ დროს ვკითხულობ, რათა ახალი შევიმეცნო“.

რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენ ირჩევთ, როგორ გაზარდოთ შვილი, მაგრამ ამ არჩევანზე იქნება დამოკიდებული როგორი გაიზრდება. ზოგჯერ მშობელი ვერ აცნობიერებს თუ რა შეცდომებს უშვებს შვილის მოტივირების პროცესში. ყველაზე ხშირი შეცდომები ასეთია:

 

  1. თქვენი შვილის დაბალი თვითშეფასება, მისი პროგრამირება წარუმატებლობის მიმართულებით. თუკი ბავშვს გამუდმებით ეტყვით, რომ არაფერი გამოსდის და „მენაგვე გამოვა“, მისი თვითშფასება დაიკლებს და შეიძლება ბავშვმა განვითარების იმედი დაკარგოს.

 

  1. ტყუილი და დაშინება. თუ ასეთ მეთოდებს იყენებთ, თქვენსა და თქვენს შვილს შორის კავშირი და ნდობა დაიკარგება.

 

3.ზედმეტად მაღალი მოთხოვნები, ბავშვის შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა. მშობელს შეუძლია იფიქროს, რომ ბავშვი ზარმაცია ან სპეციალურად არ სწავლობს, სინამდვილეში კი საამისოდ სულ სხვა მიზეზები არსებობდეს (გონებრივი განვითარების თავისებურებები, ავადმყოფობა, დაღლილობა).

 

  1. მაღალი აკადემიური მოსწრების სანაცვლოდ საჩუქრები. ამ მეთოდს უამრავი ნაკლი აქვს. ბავშვს სწრაფად უვითარდება საჩუქრებზე დამოკიდებულება. მომავალში კარგი სწავლის სანაცვლოდ მან შიძლება მოითხოვოს ანაზღაურება ან თქვენი თხოვნები მხოლოდ მაშინ შეასრულოს, როდესაც თქვენგან რამეს მიიღებს.

 

  1. წარმატებით მოტივაცია. ხშირად მშობლები არწმუნებენ ბავშვს, რომ ყველა მისი ქმედება მიზნად უნდა ისახავდეს წარმატებას და მაღალ სტატუსს საზოგადოებაში. მომავალში ასეთი ბავშვები იზრდებიან ადამიანებად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ წარმატებისა და ფულის გამო და არა იმიტომ, რომ მათ მიიღონ დადებითი ემოციები ან დაირაზმონ საყვარელი ადამიანების დასახმარებლად.

 

  1. ზედმეტი დატვირთვა სხვადასხვა წრეში. თანამედროვე მშობლები ბავშვებს საკმაოდ მჭიდროდ უგეგმავენ გრაფიკს, რათა მათ ყოველი დღე სარგებლოდ გაატარონ. ბავშვთა ბავშვის ფსიქიკამ ამგვარ დატვირთვას შეიძლება ვერ გაუძლოს.

 

როგორ გავზარდოთ სწავლის მიმართ მოტივაცია

 

  1. ასწავლეთ ბავშვს თამაშის გზით. თამაში უნიკალური პედაგოგიური იარაღია. თუ ბავშვს არ სურს ისწავლოს ტრადიციული მეთოდით, შეგიძლიათ მოიგონოთ თამაში, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ თქვენი ამოცანა.

 

ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური სავარჯიშო თამაშები, სასწავლო თამაშები, შჯიბრზე დაფუძნებული თამაში-ტრენინგები. მოწინააღმდეგე გუნდთან შედარება მოსწავლეებს უკეთ აჩვენებს თავიანთ ხარვეზებს, რაც ხელს უწყობს მათ შემეცნებით საქმიანობას.

თამაშის ფორმა არ გულისხმობს მოსწავლის სტანდარულად შეფასებას. ასე რომ, თქვენ შეიძლება გამოიწვიოთ სწავლაში ჩამორჩენილ ბავშვთა ინტერესიც.

 

  1. ბავშვის მხარდაჭერა მის ინტერესებში. დაეხმარეთ ბავშვებს თავიანთი ფარული ნიჭის აღმოჩენასა ან არსებულის განვითარებაში. დაე, თვითონ აირჩიონ ის, რაც აინტერესებთ.

 

  1. მცირე და არა დიდი ჯილდოები. წაახალისეთ თქვენი შვილი, შეუქეთ შედეგი, მაგრამ არ დაუფასოთ წარმატება ნაღდი ფულით და ძვირადღირებული საჩუქრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დრო მოვა, როდესაც ბავშვი მოისურვებს უფრო ძვირად მოგყიდოთ თავისი წარმატება.

 

  1. დაინტერესდით რა ისწავლა ბავშვმა სკოლაში. აჩვენეთ, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ცოდნა, ერთად განიხილოს მისი მონათხრობი. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი შეფასება/ნიშანი სუბიექტურია, ეს არ არის თქვენი შვილის ცოდნის ერთადერთი მაჩვენებელი, ეს არის მხოლოდ პედაგოგების შეფასება. ბავშვი არ არის ვალდებული მაინცდამაინც წარმატებული იყოს. მას აქვს უფლება მიიღოს ცუდი ნიშნები. გამოუცხადეთ მხარდაჭერა და არასოდეს გალანძღოთ. პირველ რიგში, უნდა იყოთ მისი მეგობარი და პარტნიორი.

 

  1. სტრესის მინიმიზაცია. მოუყევით ბავშვებს, როგორ გადაიტანეთ თქვენი თქვენი სირთულეები სკოლაში, როგორ გაართვით თავი რთულ ამოცანებს. მოუყევით რას მიაღწიეთ ამ გზის შემდეგ. ერთად ისაუბერეთ წარუმატებლობასა და შიშზე.

ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ მას მოუსმენენ. აუხსენით, რომ სტრესი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დროთა განმავლობაში ბავშვმა უნდა ისწავლოს მასთან გამკლავება.

სპეცმასწავლებელი და ინკლუზიური განათლების პრინციპები სკოლაში

0

სკოლებში ინკლუზიური პრინციპების დანერგვის საქმეში დიდი როლი ეკისრება სპეცმასწავლებელს. სპეცმასწავლებელი ვერ გახდება რეპეტიტორი. ის სსსმ მოსწავლეებთან მხოლოდ და მხოლოდ აკადემიური უნარების განმტკიცებაზე მუშაობს.

სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ და ვიხელმძღვანელოთ შემდეგი:

  1. ინკლუზიური განათლების პროცესში აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება
  •   ინკლუზიური განათლება გულისხმობს, ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
  • ბავშვები შეიძლება იყვნენ განსხვავებული მრავალი მიზეზის გამო. ეს განსხვავებული ნიშნები მოიცავს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა: სოციალური, კულტურული, რელიგიური და ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიძნელეები. განსხვავებულობა ხშირად არის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი წინაპირობა იმ სიძნელეებისა, რომლებსაც ბავშვები სწავლის დროს აწყდებიან, ამ სიძნელეების მთავარ განმაპირობებელ მიზეზს წარმოადგენს გარემო, სწავლების არადამაკმაყოფილებელი მეთოდები და მიდგომა.
  1. სპეცმასწავლებლის როლი სკოლებში

 

  • უკვე აღვნიშნეთ, რომ ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

ამიტომ ინკლუზიურ განათლებას დღეს მოიხსენებენ, როგორც განათლებას ყველასთვის.

  • საქართველოში დღეს ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით საინფორმაციო ვაკუუმია, სპეცმასწავლებელმა ეს ვაკუუმი უნდა შეავსოს.
  • ამ საინფორმაციო ვაკუუმის გადალახვის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ბერიტ ჯონსენისა და მარიამ სკორტენის წიგნის “გზა ინკლუზიისკენ” ქართული თარგმანი.
  • არ შეიძლება სპეცმასწავლებელი იქცეს რეპეტიტორად, ის სსსმ მოსწავლეებთან მუშაობს მხოლოდ ბაზისური აკადემიური უნარების განმტკიცებაზე. სამწუხაროა, რომ ბევრ მასწავლებელს ჰგონია, რომ სპეცმასწავლებელმა სსსმ მოსწავლე უნდა გაიყვანოს რესურსოთახში და იქ უნდა ჰყავდეს. სპეცმასწავლებელი უნდა მუშაობდეს საგაკვეთილო პროცესის ბოლოს ან ასისტირებას უწევდეს მასწავლებელს გაკვეთილზე და ეს დრო თანდათან უნდა შეამციროს.
  • სპეცმასწავლებელი ჩვეულებრივი მასწავლებელია, რომელიც მუშაობს სრული დატვირთვით და ეს არის 18 საგაკვეთილო პროცესი კვირაში. სპეცმასწავლებელსაც აქვს უფლება, იმუშაოს სხვა სკოლაშიც, თუ საგაკვეთილო ცხრილი არ გადაფარავს ერთმანეთს.

 

  1. ნუ მიბაძავთ სხვებს, იპოვეთ საკუთარი თავი…

დღეს საზოგადოების ცნობიერების დონე მნიშვნელოვნადაა ამაღლებული და ის სტერეოტიპები, რომ შშმ ან სსსმ ბავშვი ვერ ისწავლის და ვერ მიაღწევს წარმატებებს  ან ისინი საშიში არიან საზოგადოებისათვის, აღარ არსებობს.

წლების წინ კი არც ამდენი საშუალება იყო და თითქმის უმეტეს ოჯახებში მალავდნენ, რომ შშმ ბავშვი ჰყავდათ. სამწუხაროდ, დღესაც არის ერთეული შემთხვევები… ამიტომაა, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა ზუსტად რამდენი შშმ პირია საქართველოში.

 

  1. ცხოვრება ბავშვთა სახლში...

“როცა ბედი ლიმონს გჩუქნით, შეეცადეთ მისგან ლიმონათი გააკეთოთ” – დეილ კარნეგის ეს სიტყვები გამახსენდა, როდესაც ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ. (ჩემი სკოლის რამდენიმე მოსწავლე, მათ სორის სსსმ, ამ ბავშვთა სახლის ბენეფიციარია).

ბევრ ოჯახს შეშურდება ისეთი ერსულოვნება, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, რაც იქ ვნახე…

ყველაზე მეტად კი იმ ამბავმა დამაფიქრა, რომ ეს ბავშვები ამ სახლში 18 წლამდე შეძლებენ ცხოვრებას, შემდეგ  კი უნდა დატოვონ სახლი და დამოუკიდებლად გააგრძელონ ცხოვრება… დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო შემდგომშიც იზრუნებს მათზე და ბედის ანაბარა, ქუჩაში არ დატოვებს ამ მათ.

  1. სმენის არმქონე ბავშვების განათლება
  • ჩვენ ირგვლივ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სმენასთან დაკავშირებული პრობელემები. ზოგს ნაწილობრივ არის სმენადაქვეითებული და ზოგი სმენის არმქონეა.
  • ჩვენ ისევე უნდა გვესმოდეს მათი საუბარი, როგორც სმენის მქონეებს გვესმის.
  • მათთან ურთიერთობისათვის კი აუცილებელია კომუნიკაციის დონეზე მაინც ვისწავლოთ ჟესტური ენა.
  • მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება და თავისუფალ სივრცეში ვსწავლობ ჟესტურ ენას.
  • პალინა ჯაღათშვილი – რომელიც სმენის არმქონე ბავშვთა და მოზარდთა პრობლემებზე მუშაობს, მას ჰყავს სურდო თარჯიმანი მზია მელაძე.
  1. იარლიყები და სტერეოტიპები, ტერმინების სწორი ფორმით გამოყენება

სამწუხაროდ, არსებობს ტერმინები, რომლებიც სამედიცინო ტერმინებს შემორჩათ, მაგრამ სოციალურ კონტექსტში არ ვხმარობთ, ამიტომ შშმ პირებთან ურთიერთობის და მიმართვის დროს აუცილებელია, გამოვიყენოთ სწორი ფორმები:

უნარშეზღუდული/ინვალიდი – შეზღუდუდლი შესაძლებლობის მქონე;

ყრუ/ყრუ-მუნჯი – სმედაქვეითებული/სმენის არმქონე;

ეტლს მიჯაჭვული – ეტლით მოსარგებლე;

ბრმა – უსინათლო/მცირემხედველი.

და ბოლოს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ბავშვი, ოჯახი და სკოლა ერთი ჯაჭვია, ჩვენ ერთმანეთთან გვექნება ხშირი კომუნიკაცია, ერთმანეთისგან მივიღებთ უკუკავშირებს, გავითვალისწინებთ ბავშვის შესაძლებლობებს და ინტერესებს, აუცილებლად მივიღებთ შედეგს.

 

გველის პერანგზე

0

შოთა ჩანტლაძე ყოველ საღამოს უნივერსიტეტის ბაღში მის მოსასმენად შეკრებილ უმცროს კოლეგებს ეუბნებოდა ხოლმე: არ არის საჭირო ყველაფრის წაკითხვა, რაც ხელში მოგხვდებათ, საკმარისია გქონდეთ რამდენიმე საყვარელი წიგნი და მუდმივად იკითხოთო. მისთვის ასეთი წიგნი თურმე „გველის პერანგი“ იყო, შეეძლო, მთელი პასაჟები ეთქვა ზეპირად. ამ წიგნის ზოგი ადგილი ნამდვილად უმაღლესი კლასის პოეზიაა, არა მხოლოდ ლირიკულობას, არამედ ფორმალურ მხარესაც ვგულისხმობ: ალაგ-ალაგ შემოდის და ერთმანეთს ენაცვლება თავისუფალი ლექსისთვის დამახასიათებელი მრავალგვარი რიტმულ-ინტონაციური ნაკადები. შოთა ჩანტლაძე, რომელიც თავის „მანიფესტში“ გალაკტიონზე („ფრთიანი შლიაპის პოეზია“), ცისფერყანწელებზე („უძღვნიან სონეტებს მთვარეს, /სიტყვებს აწყობენ ალალბედზე, / იცავენ პარიზის უკანასკნელ მოდას“) და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან, კონიუნქტურას მორგებულ პოეტებზე მინიშნებებით მთლიანად უარყოფს მანამდე არსებულ პოეტურ გამოცდილებას, სწორედაც რომ შვა „გველის პერანგმა“. ძალიან საინტერესო იქნება ამ კუთხით ჩანტლაძის პოეზიის და „გველის პერანგის“ პასაჟების შედარება და კვლევა, მაგრამ ეს ჩემზე კომპეტენტური ხალხის საქმეა.

 

შტეფან ცვაიგი „გველის პერანგის“ გერმანული გამოცემის წინასიტყვაობაში წერდა: „ხანდახან გწადია, რომელიმე გვერდი ამოჭრა და ლექსად დაწერო, თუმცა ისინი უკვე ლექსებია“. რომანი ავტორმა თვითონვე თარგმნა და მთელი სიმძაფრით და ოსტატობით შეეცდებოდა იმ პოეტურობის და ექსპრესიის გადმოტანას, რაც ამ რომანს ახასიათებს. რობაქიძის გერმანულს გერმანელი და გერმანულენოვანი კლასიკოსების ენას ადარებდა მაშინდელი იქაური პრესა (პარალელების გავლება შეიძლება რილკეს პროზასთან), საქართველოში კი ამ რომანის გამოცემას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ოციან წლებში მიყოლებით გამოვიდა ისეთი უმნიშვნელოვანესი ქართული მოდერნისტული რომანები, როგორებიცაა: „სანავარდო“, „დიონისოს ღიმილი“, „ჯაყოს ხიზნები“, „გველის პერანგი“ და სხვები. ჩამოთვლილთაგან ყველაზე ნაკლები ყურადღება სწორედ „გველის პერანგს“ ხვდა. მიხეილ ჯავახიშვილი ერთგან წერდა: „ენა თევზის ფხასავით ყელში არ უნდა გეჩხირებოდესო“. აქ ალბათ გამსახურდიას და რობაქიძის მანერულ ენას გულისხმობდა. გრიშაშვილიც უწუნებდა ენას, რაზეც რობაქიძემ უპასუხა, რომ გრიშაშვილი ვერასოდეს ჩასწვდებოდა „ამ საოცარი ქმნილების („გველის პერანგის“ – ბ. ა.)“ არსს.

ამ ორი მწერლის „რთული ენა“ დღესაც მთავარი არგუმენტია მათი ნაწარმოებების დამწუნებელთათვის, მაგრამ მათ ავიწყდებათ ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შეფასების მთავარი კრიტერიუმი: ეპოქის კონტესქსტის გათვალისწინება. ჩვენ ვსაუბრობთ მოდერნისტ მწერლებზე, რომლებიც ეძებდნენ ახალ გზებს, ორთოდოქსული კომპოზიციური ხაზის რღვევით დაწყებული, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებით დამთავრებული. ხშირად უპირისპირებენ გამსახურდიას და რობაქიძეს მიხეილ ჯავახიშვილს და ეს გასაგებიცაა, მისი ენა ყველაზე „გამჭვირვალეა“, ამ მხრივ იგი ყველაზე „ტრადიციული მოდერნისტია“ მაშინდელ მწერლებს შორის.

„- არასოდეს მივუბრუნდები რობაქიძეს და გამსახურდიას! ჩემი საყვარელი მწერლები კლდიაშვილი და ჯავახიშვილი არიან!“ – ხშირად გამიგონია ნაცნობებისა თუ უცნობებისგან. მაგრამ ამას, როგორც წესი, ისინი ამბობენ, ვისაც კლდიაშვილი და ჯავახიშვილი სკოლის მერე არ წაუკითხავს. ბავშვობაში, რატომღაც, მიმალავდნენ „გველის პერანგს“, ალბათ იმ ეროტიზმის (დღევანდელი გადასახედიდან – არცთუ საგანგაშოს) და სექსუალური ინსტინქტებისადმი ინტერესის გამო, რაც, ფროიდის გავლენით, საზოგადოდ მოდერნისტულ პროზას ახასიათებს და არც ქართული მოდერნიზმია  გამონაკლისი. სხვა მხრივ კი „გველის პერანგი“ სრულიად თავისუფალია ინტროვერსიისა და ფსიქოლოგიზმისგან, ავტორი არ გვაძლევს საშუალებას, პერსონაჟების გონებაში ჩავიხედოთ, მივყვეთ რეფლექსიას. მათი ემოციური გრადაციები მხოლოდ გარეგანი ნიშნებით არის წარმოჩენილი. თხრობა აბსოლუტურად ვიზუალური და კინემატოგრაფიულია. მთლიანად დეკონსტრუირებულია კლასიკური და ორთოდოქსული ნარატიულ-კომპოზიციური ხაზი. ამაზე ცვაიგიც წერს წინასიტყვაობაში: „ამ წიგნის შესავალშიც, ისევე როგორც ყველა იმ ნაწარმოებში, სადაც ლიტერატურა ახალ სახეს იღებს, არის რაღაც ქაოტური“.

 

რობაქიძის მხოლოდ ერთი რომანი – „ჩაკლული სულია“ ეკრანიზებული. ფილმი სუსტია. ვფიქრობ, კარგი რეჟისორის ხელში „გველის პერანგისგან“ შესანიშნავი და ფინანსურად მომგებიანი ფილმი გამოვიდოდა.

ერთი აქტივობა მოსწავლეთა თვითშემეცნებისათვის

0

,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.”

/დავით გურამიშვილი/

ხანდახან დღე ისე გადის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ვერ ვახერხებთ. ზოგჯერ ვერც იმაზე დაფიქრებას ვასწრებთ, რამ გაგვახარა ან რატომ მოვიწყინეთ, ფიქრებში ვიძირებით და ჩვენი ქცევის მიზეზის ძებნას ვიწყებთ, პასუხს რომ ვერ ვპოულობთ, ვშფოთავთ, ვღელავთ. და თუ საკუთარ თავში გაჩენილ შეკითხვას ვუპასუხებთ, რაღაცნაირად ამოვისუნთქავთ და უფრო მშვიდად ვაგრძელებთ საქმეს.

ალბათ, გიფიქრიათ, როგორ იქცევიან ასეთ დროს ბავშვები, რას განიცდიან ისინი. რთულია, მოსწავლემ ხარისხიანად იმეცადინოს, თუ მის შინაგან სამყაროში ქაოსია ან არ იცის, როგორ მოერიოს იმედგაცრუებას, წყენას, ბრაზს, როგორ მართოს ემოციები. ეს საკმაოდ ძნელია არა მხოლოდ მცირეწლოვნებისთვის, არამედ – ზრდასრულებისთვისაც, თუმცა არა _ შეუძლებელი. ვიდრე ბავშვი ემოციების მართვას მოახერხებს, მას სჭირდება თვითშემეცნების უნარი, რომლის გამომუშავებაზეც ყოველდღიურად უნდა ვზრუნავდეთ მშობლები და მასწავლებლები.

რას ნიშნავს თვითშემეცნება?

 

განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნებას, თვითრეგულაციას, მოტივაციას, ემპათიასა და სოციალურ უნარ-ჩვევებს.

 

თვითშემეცნება რთული სააზროვნო უნარჩვევაა. იგი არის საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავების პროცესი, რომელიც გულისხმობს საკუთარი ქცევის და აზროვნების ანალიზს, გაცნობიერებას, შეფასებას, დაგეგმვასა და კონტროლს. თვითშემეცნებას, ანუ რეფლექსიას მოსწავლე იყენებს მაშინ, როდესაც ფიქრობს საკუთარ მოქმედებებზე: მაგ., ფიქრობს იმაზე, თუ რამ განაპირობა მისი წარმატება ან წარუმატებლობა [1,10].

 

თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში [2,9].

 

ალბათ, ყველა მასწავლებელს უნდა, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ მაღალი ემოციური ინტელექტი, ანუ ახერხებდნენ საკუთარი გრძნობების გაცნობიერებას, ობიექტურ თვითშეფასებას, იყვნენ ემპათიურები და შეძლონ ემოციების ეფექტური მართვა. ემოციური ინტელექტის თეორიის მიხედვით (ავტორი – ამერიკელი ფსიქოლოგი დანიელ გოლმანი), ,,ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა” [2,9] და, რაც მთავარია, შესაძლებელია, ემოციური ინტელექტი ვასწავლოთ, ჩვენი გაკვეთილები ისე დავგეგმოთ, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ ზემონახსენები უნარების გამომუშავებაში.

 

მინდა გაგიზიაროთ ერთი აქტივობა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ მოსწავლეებთან ან სტუდენტებთან, არამედ – ზრდასრულებთან, საკუთარ თავთანაც კი. ვფიქრობ, იგი უფრო ეფექტური სემესტრის დასაწყისში აღმოჩნდება, როცა ბავშვები თავიანთი სასწავლო ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ და სწორედაც რომ სჭირდებათ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ფიქრი.

 

ამ აქტივობის სახელწოდებაა ,,პირადი გერბი” [3,80]. მის შესახებ მიამბო მამიდამ, რომელიც მასწავლებელია. მერე გონებაში ამომიტივტივდა, რომ წლების წინ ახალგაზრდულ ბანაკში მეც შევქმენი ჩემი გერბი. მაშინ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ეს მეთოდი ძალიან დამეხმარა უცხო თანატოლებთან ურთიერთობაში, თუმცა ისიც მომაგონდა, რომ ხატვა არ გამომდიოდა და უხერხულ სიტუაციაშიც აღმოვჩნდი ამის გამო.  ამიტომ ეს გამოცდილებაც გავითვალისწინე, რაღაცები შევცვალე, დავუკავშირე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს, დავუმატე წერისა და არგუმენტაციის ელემენტები და ისე შევთავაზე ბავშვებს. აქტივობამ დიდი ინტერესი და მოსწავლეთა ჩართულობა გამოიწვია.

 

  1. მოსწავლეებს შევთავაზე, რომ ფურცლის შუაგულში დაეხატათ/დაეხაზათ ფიგურა, რომელსაც თავად ისურვებდნენ, გაეთვალისწინებინათ, რომ იმ ზომის უნდა ყოფილიყო, მასში საბოლოოდ რამდენიმე სიტყვის ჩაწერა მოეხერხებინათ.

  1. შემდეგ ვთხოვე, ფურცელი ოთხად გაეყოთ და თითოეულ ნაწილში ჩაეხატათ:
  2. ამინდი, რომელიც უყვართ და სიამოვნებთ;

  1. შენობა, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობდნენ;

  1. ცხოველი/ფრინველი, ხასიათით ან რამე ნიშნით რომ მიამსგავსებდნენ საკუთარ თავებს;

  1. მცენარე, რომელთანაც საერთო თვისებას იპოვიდნენ.

 

თუ რომელიმე მოსწავლეს არ უნდოდა დახატვა, შეეძლო უბრალოდ დაეწერა მცენარის, ცხოველის ან ფრინველის სახელი, ამინდი და შენობა კი აღეწერა. ყველაზე მნიშვნელოვანი – უნდა აეხსნათ და დაესაბუთებინათ, რატომ ფიქრობდნენ ასე.

 

III. საბოლოოდ, ფურცლის შუაგულში ჩახატულ ფიგურაში უნდა ჩაეწერათ თავიანთი დევიზი ან ცხოვრებისეული პრინციპი.

ეს აქტივობა გამოვიყენე VI-VIII კლასის მოსწავლეებთან. ძალიან საინტერესო იყო არა მხოლოდ მუშაობის პროცესი, არამედ ბავშვებზე დაკვირვებაც. მახარებდა მათი ჩაფიქრებული სახეების ყურება.

 

აქტივობა ,,პირადი გერბი”, გარდა თვითშემეცნებისა, მოსწავლეებს უვითარებს: წარმოსახვის, ობიექტური თვითშეფასების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტაციის უნარებს. ბავშვებს აფიქრებს საკუთარ შინაგან სამყაროზე, ხასიათზე, თვისებებზე, სურვილებსა და ცხოვრებისეულ პრინციპებზე.

ამ აქტივობის გამოყენება სხვადასხვა საგნის მასწავლებლებსაც შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, როგორ  ,,პირად გერბს” შეადგენდნენ მოსწავლეები ისტორიული პერსონაჟებისა და მოვლენების მიხედვით, ან ქიმიური ფორმულებით, მათემატიკური განტოლებებით, პლანეტებით, ლიტერატურული გმირებით, უცხოური ფრაზებით, რა საინტერესო ნამუშევრებს შექმნიდნენ ხელოვნების, ბიოლოგიის, გეოგრაფიის ან მუსიკის  გაკვეთილებზე.

ჩვენ, ყველას, გვჭირდება ,,პირადი გერბი”, რომელიც დაგვეხმარება ჯერ საკუთარი თავის, მერე კი _ სამყაროს შეცნობაში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისთვის, I ნაწილი, თბ., 2007;
  2. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის, II ნაწილი, თბ., 2008;
  3. ლიდერის სახელმძღვანელო, თბ., 2000;

თანამშრომლობითი სწავლების ზოგიერთი საკითხი

0

2004 წლიდან, საქართველოს განათლების სისტემამ, ბოლონიის პროცესთან შეერთების შემდეგ, მიმდინარე რეფორმების საფუძველზე ფუნდამენტური ცვლილებები განიცადა. ძირეული ცვლილებები განხორციელდა გაკვეთილზე სწავლების მიზნების, ამოცანების, პრინციპებისა და მეთოდოლოგიის მიმართულებით. დღის წესრიგში დადგა მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების მაქსიმალური გააქტიურებისათვის საჭირო მეთოდოლოგიის გამოყენების საკითხი, ხოლო გაკვეთილებზე ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება დინამიური და გამოყენებადი ცოდნის შეძენის მოთხოვნამ ჩაანაცვლა.

შესაბამისად, აქამდე სკოლებში გაბატონებულ  ტრადიციულ გაკვეთილს დაუპირისპირდა ინოვაციური, სწავლების ახალი მეთოდებით და ტექნოლოგიებით  აღჭურვილი პროცესი, რომელიც მოითხოვს მოსწავლის აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. აქტიური სწავლება მოსწავლეს სწავლების სუბიექტად აქცევს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს სწავლის საჭიროება და მნიშვნელობა; სწავლების ეს მიდგომა მიზნად ისახავს მასწავლებელზე ორიენტირებული ავტორიტარული საგაკვეთილო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესით. აქტიური სწავლება ზრდის მოსწავლის პასუხისმგებლობას საკუთარი სწავლის მიმართ, ააქტიურებს მის შემეცნებით უნარებსა და ჩართულობას სასწავლო პროცესში.

ამ თვალსაზრისით XXI საუკუნის დასაწყისში გამოქვეყნდა:  კ.  მურის, დ. მიუჯსის, დ.რეინოლდსის, ჯ.  სთილის,  ქ. მერედითის, ჩ. თემფლის, ც. გორდეზიანის, ჯ. ჯინჯიხაძის, ი. ბასილაძის,  ს. ლობჟანიძის,  ს. გორგოძის, ს. ჯანაშიას შრომები, რომლებშიც საუბარია სწავლების პროცესში  აქტიური  სწავლების განმახორციელებლი ინოვაციური ფორმების შემოტანისა და დანერგვის აუცილებლობის შესახებ.

ამ ტიპის  სწავლების დანერგვის  მხარდაჭერა გამოიხატა საქართველოს განათლების სისტემის სამართლებრივ რეგულაციებშიც.საქართველოს განათლების ეროვნული მიზნებში ვკითხულობთ, რომ სწავლება-სწავლა უნდა ეყრდნობოდეს  შემდეგ პრინციპებს:

  • ,,მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურება და განვითარება;
  • ცოდნის ეტაპობრივი კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით;
  • მეტაკოგნიტური სტრატეგიების დაუფლება (სწავლება-სწავლა(6).’’

სწავლებაში ამ პრინციპების განხორციელებაა აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც დაუკვეთა საერთო ევროპული ოჯახის წევრმა  საზოგადოებამ  განათლების სისტემას. ეს მოთხოვნა ასახულია  საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმის ზოგად და კერძო (საგნობრივ) ნაწილებშიც. მაგალითად, ისტორიის სტანდარტში (IX-X კლასები) ვკითხულობთ:

,,მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან;

  • მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
  • მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის უფლებების საფუძვლები და მათი განვითარების ისტორიული საფუძვლები
  • მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს  რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი(1)’’.

როგორც ვხედავთ, მოსწავლემ ისტორიის შესწავლისას, ფაქტობრივი მასალის დაუფლების პარალელურად უნდა შეძლოს საკითხების კვლევა, ანალიზი, მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება, რომლის მიღწევაც მხოლოდ აქტიური სწავლების მეშვეობითა და მისი შემეცნებით უნარების  მაქსიმალური  გააქტიურებითაა შესაძლებელი.

საბჭოთა განათლების ტრადიციული გაკვეთილის ,,ბატონობამ“ მრავალი წლის განმავლობაში ისეთი დაღი დაასვა ქართულ სკოლას, რომ მხოლოდ მკვლევარის სამუშაოში შეიძლება ვიპოვოთ  მოსწავლის შემეცნებითი ძალების განმავითარებელი მეთოდოლოგიის ისტორიული ფესვები, რომლებიც  რეალურად არსებობს.

მაგალითად,  თანამედროვეობისაგან ჯერ კიდევ ოთხი საუკუნით ადრე, იეზუიტური განათლების მეთოდოლოგია მიმართული იყო იქითკენ, რომ გაეწვრთნა ადამიანი ფიქრისათვის, აზროვნებისათვის, რათა მას შეძლებოდა მოვლენების გაანალიზება, რეალობის გააზრება და სწორად აღქმა.იეზუიტური განათლების მიმდევრები თვლიდნენ, რომ ლიტერატურა, ენა და ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო უმაღლესი სკოლის დონისთვის, სადაც გაკვეთილები მასწავლებლის მიერ საინტერესოდ იქნებოდა დაგეგმილი და არა მოსაწყენად და მონოტონურად. ამიტომაც, იეზუიტები სწავლებას უწოდებენ „ინტერესის ხელოვნებას“. საყურადღებოა, რომ იეზუიტური განათლების სისტემა იყენებდა დამატებით აქტივობებს სწავლაში. ერთ-ერთი აქტივობა იყო თამაში. ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იეზუიტურ სისტემაში, რომელიც ხელს უწყობდა რეალურ ცხოვრებასთან დაახლოვებას. როგორც შემდგომში ვნახავთ, როლური თამაში თანამშრომლობითი სწავლების განხორციელების ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია.

ჩვენთვის მეტად საინტერესოა XIX საუკუნის  საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებული საგანმანათლებლო პოლიტიკის  კვლევა.  ცნობილია, რომ გარდა  სკოლებში არსებული უამრავი  ხელისშემშლელი  პირობისა: რუსულ ენაზე სწავლება, უვარგისი შენობები,  მასწავლებლების ნაკლებობა და არაპროფესიონალიზმი,  სახელმძღვანელოთა  ნაკლებობა  და  ასე  შემდეგ,  სწავლის  დაბალ დონეს  განაპირობებდა  სწავლების  უვარგისი  მეთოდებიც; რუსეთმა სცადა  იმპერიაში  საყოველთაოდ  აღიარებული  „ლანკასტერის  მეთოდის“ საქართველოს სკოლებში შემოტანა, თუმცა არც ეს აღმოჩნდა  გამართული  პედაგოგიური  მეთოდი.   ეს  მეთოდი  ნიშნავდა  ურთიერთსწავლებას.  ინიშნებოდა  მასწავლებლის მოადგილე − მონიტორინგი,  რომელიც  ამეცადინებდა  მოსწავლეთა  ჯგუფს.  აკაკიწერეთელი  „ჩემ  თავგადასავალში“  გადმოსცემს,  რომ  ,,ეს  მეთოდი  ჰქონდა  მასწავლებელ  ტროეს.  ამ  მეთოდით  შესაძლებელი  იყო  მრავალრიცხოვან  კლასთან  მუშაობა, მასწავლებელთა  სიმცირით  გამოწვეული  სიძნელეების  გადალახვა,  ასეთი  სწავლება ხელისუფლებას  იოლი უჯდებოდა [2]. მწერალი იქვე მიუთითებს, რომ ზოგადად,  ის  მეთოდები,  რომლებიც  იმდროინდელ  რუს  პედაგოგებს  შემოჰქონდათ  საქართველოს  სკოლებში,  იყო  დამამცირებელი  და  არაფრისმომტანი  ახალგაზრდებისათვის;  ამასთანავე,  ეს  მეთოდები  მოსწავლეებს  კი  არ  აყვარებდა, არამედ აძულებდა სწავლის პროცესს. მართლაც იმ პირობებში, როდესაც მოსწავლეები სრულიად უუფლებო და დაჩაგრულები იყვნენ, არ ჰქონდათ საკუთარი, თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, სრულიად სხვაგვარი დატვირთვა ექნებოდა ურთიერთსწავლების მეთოდის დანერგვას და როგორც მოსალოდნელია, ის სრულიად არ იქნებოდა მოსწავლის შემეცნებითი ძალების გააქტიურებაზე გათვლილი. როგორც მწერალი იგონებს, ამგვარი მეთოდოლოგიის დანერგვა ადმინისტრაციის მხრიდან ფინანსების დაზოგვას ემსახურებოდა და არა აქტიური სწავლების განხორციელებაზე ზრუნვას.

აქტიური სწავლება საგანმანათლებო ლიტერატურაში ხშირად ინტერაქტიული სწავლებით მოიხსენიება. ინტერაქციის თავისებურება მდგომარეობს დამატებით მის სოციალურ ხასიათში. მასწავლებლისა და მოსწავლის სოციალური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის გამოყენება განათლებაში სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი  ყველაზე წარმატებულ და ფართოდ გავრცელებულ პროგრამად ითვლება.

თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესების პირობებში,  ვიგოტსკი, პიაჟე, დიუი და მათი მიმდევრები  მიუთითებენ მოსწავლის აქტიურ და თვითმართულ, გამოცდილებით  სწავლების მნიშვნელობაზე. ჯგუფური აქტივობები, იდეების გაცვლა, დასკვნის გამოტანა ფიქრისა და ანალიზის მეშვეობით, უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სწავლებაში, რასაც  იეზუიტები ჯერ კიდევ ოთხი საუკუნის წინ აქტიურად იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში.

,,ჯგუფური  (collaborative) და წყვილებში მუშაობის მეთოდით სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს როლების (ფუნქციების) გადანაწილება.

ჯგუფში მუშაობა შეიძლება დაკონკრეტდეს წყვილებში მუშაობით, რომელიც ასევე ეფექტურია კომუნიკაციის, სხვისი აზრის მოსმენის, ანალიზის, კვლევითი უნარების, პატივისცემისა და გაზიარების, თავისი მოსაზრების მკაფიოდ წარმოჩენის უნარების ჩამოსაყალიბებლად(3).’’ამდენად, თანამშრომლობითი ინტერაქცია, მოსწავლისათვის ხდება სოციალური მხარდაჭერა, რაც დადებითად მოქმედებს მოსწავლის გაკვეთილზე ჩართულობის, სწავლის მოტივაციის, კოგნიტურობის, სოციალური განვითრების მხრივ, ხოლოთავად ისტორიის პედაგოგს ეხმარებამოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგების მიღწევაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი, ისტორია https://ncp.ge/ge/curriculum?subject=38&subchild=199&pos=900
  2. ალფაიძე ლ. პიტერ გრეი განათლების მოკლე ისტორია, https://mastsavlebeli.ge/?p=2390
  3. ბასილაძე ი. ჭოხონელიძე ნ. კოსტავა ნ. ქობულაძე ნ. სწავლებისა და სწავლის პედაგოგიური ტექნოლოგიები და მათი ზოგადპედაგოგიური დახასიათება, ქუთაისი 2005
  4. ტყემალაძე რ. დალაქიშვილი, ნ. თოფაძე,ქ, პაჭკორია თ. ბუწაშვილი თ. 2009წ; ,,სწავლება და შეფასება’’. დამხმარე სახელმძღვანელო; რედ(ნაცვლიშვილი ნ. გორგოძე ს.). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
  5. ლობჟანიძე ს., თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები-ჯიგსოუს ტექნიკა, მასწავლებლის წიგნი 5, ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016
  6. საქართველოს მთავრობის დადგენილება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ; №84, 2004 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი.

თანამედროვე ქართული რომანი – არჩილ ქიქოძის “სამხრეთული სპილო”

0

რომანი, როგორც უმბერტო ეკო შენიშნავს “ვარდის სახელისთვის” დაწერილ ბოლოთქმაში, ვარიანტებისა და ინტერპრეტაციების წყაროა. ყოველი მკითხველი საკუთარ წარმოსახვაში უკვე დაწერილის თავისებურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აღქმისა და ინტელექტის შესაბამისად ქმნის ახალ მოდელებს. სწორედ მკითხველები აძლევენ სიცოცხლეს სიტყვებით შექმნილ სამყაროებს. ეკოს აზრით, „ავტორი უნდა მოკვდეს ნაწარმოების დასრულების შემდეგ, ტექსტის სვლა რომ არ დააბრკოლოს“.  არჩილ ქიქოძის “სამხრეთული სპილოც” იქნება წყარო ინტერპრეტაციებისა, რადგან ფიქრისა და განსჯის საბაბს აძლევს მკითხველს.

ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს. გზათა სიმრავლე და მრავალფეროვნება განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების არსსა და მდინარებას. ის არის უმთავრესი ფენომენი ლიტერატურისა, რომელიც თანაბარი სიმძაფრითა და ვნებით აღწერს ზეციურსა თუ მიწიერ გზებს და ამ გზებზე მიმავალ ადამიანებსაც, რომლებიც სასრულსა თუ უსასრულო ბილიკებზე ხეტიალისას ან იკარგებიან, ან საკუთარ თავსა თუ დანიშნულებას, სიცოცხლის აზრსა  და მიზანს აღმოაჩენენ.  გზა არჩილ ქიქოძის რომანშიც “სამხრეთული სპილო”  მთავარი პარადიგმაა. მისი უსახელო  პერსონაჟი, რომლის თვალითაც აღვიქვამთ წარსულისა  და აწმყოს მოვლენებს, ერთი დღის განმავლობაში თანამედროვე თბილისის ქუჩებსა და საკუთარ თავში ისევე დახეტიალობს, როგორც ჯოისის “ულისეს” გმირები დუბლინის ქუჩებში. თავდაპირველად ეს ხეტიალი უფუნქციოა, მხოლოდ დროის მოსაკლავად გამიზნული, თუმცა შემდგომ ყველაფერი იცვლება და მნიშვნელობას იძენს. ამ რომანშიც ისეთი ზუსტი და ცხადია პერსონაჟის მოძრაობის გრაფიკი, შეიძლება რუკაც დაიხატოს, ხოლო რომელიმე მოცლილმა მკითხველმა არა მხოლოდ წარმოსახვით, არამედ თავისი ფეხით “გაიმეოროს” ეს გზა, რათა წაკითხული რეალური შეგრძნებებით გაამდიდროს.

მწერალი ხატავს მთავარი გმირის მეტამორფოზას, თუ როგორ მიაგნებს ის თავისი არსებობის აზრსა და მიზანს. სახარებისეული ჭეშმარიტება “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი” რომანში ღირებულებას იძენს და წარმოჩნდება, როგორც ადამიანის თვითგადარჩენის გზა და საშუალება.  პერსონაჟი ერთდროულად მოძრაობს რეალურ დროში, აწმყოსა და წარსულში. დროის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები ქმნიან ჯვარს და ამგვარი “ჯვარსახოვნებით” სიღრმისეულად წარმოჩნდება მისი შინაგანი სამყარო, ის სირთულეები, რომლებსაც ცხოვრება “ცდუნებებისა და ილუზიების” სახით სთავაზობს, როგორც დაბრკოლებებს “მეს” შემეცნების გზაზე.

არჩილ ქიქოძეს სჯერა ადამიანისა, ამიტომაცაა, რომ ერთნაირი შთამბეჭდაობით ხატავს დაცემულსაც და აღდგომილსაც. დემონური თუ ანგელოზური თანაბრად ნიშნეულია მისი  პერსონაჟებისთვის, მაგრამ მაინც სიყვარული და თანაგანცდა ჭარბობს. რომანი  სავსეა ადამიანური ამბებითა და ისტორიებით, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ მწერლისთვის  ყოველი ადამიანი, რომელიც რაიმე შემთხვევითი,  აბსურდული თუ კანონზომიერი მიზეზით შემოიჭრება მისი აღქმის ორბიტაზე, მნიშვნელობას იძენს. ეპიზოდურად გაელვებულ პერსონაჟებსაც თავიანთი მშვიდი თუ ბობოქარი ვნებებით სავსე სამყაროები მოჰყვებათ, ისინიც თავიანთ გზებს მიჰყვებიან და დროდადრო სხვებს ხვდებიან, ასე იქმნება გზაჯვარედინები, როგორც ადგილები, სადაც ყოველმა მათგანმა არჩევანი უნდა გააკეთოს.  მასაც სჯერა, რომ “არ არსებობს ადამიანი, რომლის შესახებაც რომანი არ შეიძლება დაიწეროს” (მიხეილ ჯავახიშვილი). ყველა ისინი, თავიანთი ცხოვრებით, პერსონაჟთან სიახლოვის მასშტაბების მიუხედავად, ღრმა კვალს ტოვებენ არა მხოლოდ გმირის, არამედ მკითხველის შთაბეჭდილებაში. “ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა კაცს, რომ საკუთარ თავსა და ღმერთს მიაგნოს” (კონსტანტინე გამსახურდია).

რომანის გმირი, საკუთარ თავსა და სამყაროსთან გაუცხოებული, თავისი ტკივილიანი ფიქრებისავე ტყვე, ერთ ჩვეულებრივ დღეს შინიდან გადის და მკითხველის თვალწინ იხატება მხოლოდ ერთი რეალური დღე, რომელიც წუთისოფელზე უფრო გრძელი აღმოჩნდება. ეს არის თბილისური ოდისეა, გმირის შინიდან გასვლით, გზაში თავსგადამხდარი ფათერაკებითა და შინ დაბრუნებით.  როგორც იტალო კალვინო წერს: “ეჭვი არაა, ლიტერატურა არ იარსებებდა, ადამიანთა ნაწილი გულჩახვეული და მარტოსული რომ არ ყოფილიყო, გარემომცველი სამყაროთი უკმაყოფილო, უდრტვინველად, დღეობით, თვეობით უხმოდ ჩაჩერებული მუნჯ სიტყვათა უძრაობას”.

გმირის გზა რეალურსა და წარმოსახულ სივრცეში არ არის სწორხაზოვანი, ის გამუდმებით გადაუხვევს მთავარი ხაზიდან და ასე შემოიჭრება რომანში სხვადასხვა ამბავი. ამგვარად, ერთგვარად იწელება თხრობა, თუმცა სისხარტეს მაინც არ კარგავს. შინიდან გასვლა თვითშემეცნების საფუძველია. გმირისთვისაც შინ მრავალმნიშვნელოვან ცნებად იქცევა და გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ-მატერიალური ბინიდან, არამედ საკუთარი თავიდან გასვლასაც. გზა, რომელსაც გმირი ადგება, ნაცნობი და ჩვეულია, მაგრამ მაინც რაღაც საიდუმლოებით სავსე, რადგან საგნები თითქოს განსხვავებული რაკურსებით შემოიჭრებიან და ახალ სახეებს აჩვენებენ. ქიაჩელის ქუჩიდან ვაკის პარკამდე და მერე ისევ ქიაჩელის ქუჩაზე დაბრუნებული გმირი, დილიდან საღამომდე, თითქოს მთელ ცხოვრებას გაივლის. მისი აღქმის ველში და, შესაბამისად, მკითხველის წარმოსახვაშიც შემოიჭრება აწმყოსა და წარსულის საქართველოს სოციალ-პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საბჭოთა ეპოქა, ტოტალიტარული რეჟიმი, იდეოლოგიური წნეხი, ბერიას მსგავსი ადამიანი-ურჩხულები თუ წამებული მიხეილ ჯავახიშვილი. ალუზიები კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის, კინოს, მუსიკის სფეროდან. ყოველივე ეს ქმნის იმ ფერადოვნებას, რომელიც ატყვევებს მკითხველს და აღწერილი მოვლენებისა და შეგრძნებების თანამონაწილედ აქცევს.

შინიდან გასვლისთანავე გზა თითქოს ორად იყოფა – ერთ გზას ავსებს რეალურ დროში ნაცნობსა თუ უცნობ ადამიანებთან შეხვედრები, საუბრები, შთაბეჭდილებები, მეორე გზა კი მეხსიერების სიღრმეებისკენ მიიმართება და მოგონებების სახით შემოიჭრება თხრობაში. ამგვარად იქმნება ასოციაციების მრავალფეროვანი ჯაჭვი, რომლის ყველა რგოლი ლოგიკურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ყოველ შემთხვევაში, მკითხველი არ იბნევა და იოლად მიჰყვება მწერალს. თავდაპირველად შინიდან მხოლოდ ბანალური მიზეზით (მეგობარმა სთხოვა ბინა ქალის მისაყვანად) გასული გმირი არაცნობიერად გრძნობს თითქოს, რომ მისი არსებობის საზღვრები უნდა გაფართოვდეს, არა იმ აზრით, რომ რაღაც გააკეთოს, არამედ რაღაც აღმოაჩინოს, უპირველეს ყოვლისა, დაკარგული საკუთარი თავი. ის, ქუჩაში გასული რიგითი უსაქმური, ცხოვრებისეული აბსურდით გაბეზრებული, ყოფილი რეჟისორი, ყოფილი ქმარი, ყოფილი საყვარელი, მოულოდნელად, ერთი შეხედვით, შემთხვევით გარემოებათა წყალობით, ცარიელი “ყოფილობიდან”, მხოლოდ წარსულის მოგონებებით რომ საზრდოობს და აწმყოში პასიური დამკვირვებლის როლს სჯერდება, უცებ ცხოვრების აქტიურ მონაწილედ იქცევა. ის იტანჯება შეგრძნებით: “კლაუსტროფობიით შეპყრობილივით ჯოჯოხეთად მექცევა ის სივრცე, რომელშიც ვიმყოფები და გარეთ მინდა, მაგრამ უბრალოდ გასვლა კი არა, გარღვევა მინდება, უცებ მიჩნდება დაუნდობელი სურვილი, ვლეწო მინები და ფანჯრიდან გავიდე”, “ფანჯრებს პირდაპირ შუბლით მინდა ვეხეთქო”.

გმირს სახელი არა აქვს და არც ეს არის შემთხვევითი. ის არის თაზოს მეგობარი, ქეთოს მამა, ელენეს ქმარი, ნელიკოს საყვარელი და ა. შ. შესაბამისად, ის მათი ნაწილია, ერთგვარი სარკეა, რომლებშიც დანარჩენები ირეკლებიან. მისი “სისუფთავე” ერთგვარად განსაზღვრავს მასში “მაყურებელთა” გამოსახულების სიმკვეთრე-ბუნდოვანებას, სილამაზე-სიმახინჯეს. სარკე პირველივე ეპიზოდებიდან ჩნდება ნაწარმოებში. ის გმირის სადარბაზოში ჩამოკიდებული “მედიკოს სარკეა”, ვერტიკალურად აყირავებული თვალი, რომელშიც კიბეზე ამვლელ-ჩამვლელნი ირეკლებიან. ეს თვალის ფორმის სარკე უნებურად წამოატივტივებს ღვთის ყოვლისმხედველ თვალსაც, რომელსაც არაფერი გამოეპარება და მარადიული მოწმეა ჩვენი სიკეთისა თუ ცოდვისა.

რომანი სათაურიდანვე იქცევს ყურადღებას. „სამხრეთული სპილო“ იმ რიგის სათაურებს განეკუთვნება, რომლებიც ეგზოტიკურობით იზიდავენ მკითხველს, თავისი მრავალმნიშვნელოვნებით ერთგვარი საიდუმლოების ბურუსში ახვევენ და გამოცნობისკენ უბიძგებენ. თუმცა, რომანის კითხვისას სათაურის გამოცანას იოლად ეძებნება გასაღები, ის ბავშვობისეულ “სამოთხეს” განასახიერებს. მთხრობელისთვის ძვირფას რელიკვიად იქცა ფოტო, რომელზეც მეგობარ თაზოსთან ერთად სამხრეთული სპილოს ჩონჩხის ფონზე არის გადაღებული მუზეუმის ეზოში. ეს ფოტო დროდადრო ამოყვინთავს რომანში, როგორც გადამრჩენელი კუნძული, რომელიც ცხოვრების ტალღებში ჩასაძირავად განწირულ გმირს, არაფრობის, სიცარიელის, ამაოების შეგრძნებით, დაღლილსა და გამოფიტულს, სასიცოცხლო ენერგიას მიაწვდის. თვითონ ავტორი ერთ ინტერვიუში ამ სათაურთან დაკავშირებით ამბობს: “სპილოს პრეისტორიული ჩონჩხი გამოდგა იმ ქალაქის სიმბოლოდ, რომელიც აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო, გინდაც ადამიანების სიმბოლოდ, რომლებიც გადაშენების გზაზე დგანან იმიტომ კი არა, რომ სხვებზე უკეთესები არიან, უბრალოდ, ქალაქთან ერთად ადამიანებიც იცვლებიან და აღარასოდეს იქნებიან ისეთები, როგორებიც კონკრეტულ ეპოქაში იყვნენ. იმის თქმა მინდა, რომ წესიერად არც ვიცი, რისი სიმბოლოა ეს სპილო და მოდი ამაზე სხვამ იფიქროს”.

თხრობაში ბუნებრივად შემოიჭრება ხსენება ოთარ იოსელიანის ფილმისა “იყო შაშვი მგალობელი”. მკითხველს უჩნდება განცდა, რომ გმირის გულში იბადება წყურვილი, თუნდაც კედელზე ერთი ლურსმის ჩარჭობისა, რომელზეც ვიღაცა რაიმეს ჩამოკიდებს. წყურვილი რადგან ჩნდება, წყაროც გამოჩნდება, რადგან ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. ფეისბუქის ერთმა ფოტომ, რომელზეც მეგობარ თაზოს შვილის, გიოს, შიშველი მუშტი იყო აღბეჭდილი, მისი „მე“ შეძრა და ჩვეული, რუტინად ქცეული ერთფეროვანი ყოფის მდინარებიდან ამოაგდო და იმ გზაზე დააყენა, რომელსაც სინათლისკენ უნდა წაეყვანა. მასში რაღაც ახალი, ავთანდილისეული თავგამეტების მსგავსი, სურვილი დაიბადა, რომელსაც ჩვეული მელანქოლიური გულგრილობა ვეღარ გადაეღობებოდა.

მწერალი ხატავს ადამიანს, საკმაოდ ნიჭიერს იმისთვის, რომ საკუთარი ადგილი ეპოვა ცხოვრებაში. მისმა ერთადერთმა ფილმმა  საერთაშორისო ფესტივალებზე  არაერთი ჯილდო მოიპოვა, მაგრამ: “მაშინაც კი, როცა ჩემი ფილმით ვმოგზაურობდი, უკვე მქონდა შეგრძნება, რომ იმ ჭყეტელა სამყაროში სრულიად დროებით და ლამის შემთხვევით ვიყავი მოხვედრილი”. მან შეიძულა პრაგმატულ-ანგარიშიანი, მლიქვნელობითა და ფარისევლობით, ყალბი ურთიერთობებით სავსე სამყარო, ყველა ჯილდოს ერთ ტომარაში უკრა თავი და კუთხეში მიაგდო. ყველასა და ყველაფრისგან გაუცხოვდა, შესაბამისად, ასევე აღიქვამდა სამყაროსაც, თუმცა არ დაუკარგავს ადამიანების, მათი პატარა სიხარულისა და ტკივილის დანახვის ნიჭი. ამიტომაც ივსება მისი აწმყო სხვადასხვა ადამიანის ამბებით.

რომანის გმირის ცხოვრებისეულ გზაჯვარედინებს ქმნის მისი ურთიერთობა საყვარელ ნელისთან, ცოლ ელენესა, შვილ ქეთოსთან, მეგობარ თაზოსა თუ სხვა ნაცნობსა თუ შემთხვევით შეხვედრილ ადამიანებთან.  ნელის სიყვარულისა და მათი ურთერთობის რომანტიკული ამბები წარსულის დრო-სივრციდან შემოიჭრებიან. სანამ ნელის გაიცნობდა, ისეთი ამბავი გადახდა, ჰიჩკოკის ფილმში ეგონა თავი, ძაღლმა უკბინა “ნეორეალისტურ” ჩიხში.  მერე “ოკუპაციური თერაპევტი”, ნელი, დასჭირდა  თითების ასამოძრავებლად და ასე გაიცნო შავგვრემანი ქალი: “ნელისთან ერთად როცა ვარ, ყველაფერი მინდა ამქვეყნად, ტაჯმაჰალიდან დაწყებული, ნიაგარის ჩანჩქერით დამთავრებული, ჩემია ყველაფერი. ერთ სიგარეტთან ერთად შემიძლია, მთელი სამყარო შევისრუტო და კიდევ მინდოდეს”. ნელის შეუძლია “ურთიერთობა ლამაზ თამაშად გადააქციოს”.  თხრობის რეალურ დროში ნელისთან ურთიერთობა ისტორიაა, აწმყოში იგი სხვისი ცოლია, უცხოეთში გადაკარგული. თუმცა მასზე მოგონებები, ფეისბუქზე ნანახი მისი ფოტოები კვლავ ცხოვრების ნაწილია. მკითხველიც გრძნობს, რომ სიყვარულის ნაკვალევს დრო ვერასოდეს წაშლის. “თავისუფლად აწყდები სამყაროს ერთი კიდიდან მეორეს, მე ნელისაც მოვწყდი და ამიერიდან ჩემთვის აღარ არსებობს მიზიდულობის ცენტრი, არსებობს მხოლოდ ხიბლისა და სასოწარკვეთის ზღვარზე გამართული მარათონი”.

რომანის გმირის გული, სული და გონება თითქოს პალიმფსესტად ქცეულა, რომლის ყველა შრე ძნელად თუ იოლად, მაგრამ მაინც იკითხება. სიყვარულის კიდევ ერთი ამბავი  ელვასავით შემოანათებს მოთხრობაში. ეს არის ის ეპიზოდები, რომლებშიც დახატულია ქეთოსა და “პარკურის ბიჭის”, კასკადიორის ერთი ნახვით შეყვარება. “პატარა ბიჭი ყვითელქოლგიან პატარა გოგოს კოცნის და მათ ქოლგას აწვიმს, და მთელი სადგური, მთელი სამყარო  წვიმაში და ძილბურანშია ჩაფლული”. ამგვარი ფერწერული დეტალებით, როცა შეიგრძნობ და შეისუნთქავ რომანის ფერებს, ჰაერსა თუ განწყობილებებს, სავსეა თხრობა.

ეს “პარკურის ბიჭიც” საბედისწეროდ შემოიჭრა გმირის ცხოვრებაში, მისი ფილმის გადაღებისას ბიჭი ვაგონიდან გადმოხტომისას დაიღუპა. ამან კი საბოლოოდ ხელი ააღებინა ისედაც უკვე აცრუებულ საქმეზე, რეჟისორობაზე. აქ მისი ზნეობრივი არჩევანიც ჩანს, მას შეეძლო ეს სცენა შეეტანა ფილმში, მაგრამ ეს მის სინდისს ეწინააღმდეგებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა კინოს ისტორიიდან მსგავსი მაგალითი, ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. რომანში შემოჭრილ სიყვარულის თემას ამძაფრებს საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი დროის ერთი “ანეკდოტური” ამბავიც, რომლის გადაღებაც დაიწყო, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევის გამო ვეღარ შეძლო დასრულება. ინგლისელებმა მასობრივად იქორწინეს ქართველ ქალებზე. შემდეგ, როცა მატარებლით ტოვებდნენ საქართველოს, თან ქართველი ცოლებიც წაიყვანეს ცალკე, ბოლო ვაგონით, რომელიც გზაში, ლიხს იქით, ჩახსნეს. მხოლოდ ერთ ინგლისელს ვერ აუტანია ეს, გადმომხტარა და საყვარელი ქალი საკუთარ ვაგონში გადაუყვანია. მთხრობელმა ჯონათან ჰოუპი დაარქვა ამ ინგლისელს. როგორც თვითონ ამბობს, ეს იყო “ტრაგიკული კარნავალური ისტორია, როგორც მთელი ის სამი წელიწადი”.

ასეთი გამოგონილი თავბრუდამხვევი ბევრი ამბავია ჩართული რომანში, რომელთაც ცალკე ღირებულებაც აქვთ და რომანის ერთიანი სამყაროს ნაწილსაც წარმოადგენენ. მთავარი პერსონაჟის ხასიათი კარგად იკვეთება დედასა და მამასთან ურთიერთობაში. ის მამისგან მიტოვებული შვილია, შესაბამისი სულიერი ტრავმებით. ტრაგიკომიკურად იხატება უკვე ცნობილი რეჟისორის შეხვედრა “არტელშჩიკ” მამასთან. რეალურად, ორი სრულიად სხვადასხვა სამყარო შეეფეთება ერთმანეთს და ამ შეხვედრიდან არ წარმოიქმნება ნაპერწკალი. დონკიხოტური შტრიხებით იხატება გმირის უპერსპექტივო გაუმჟღავნებელი ამბოხი, ოდესღაც ნასწავლი კრივის ილეთებით მამის ცემის და, ამგვარად, მისი დაგვიანებული დასჯის წარმოსახული სცენები.

საოცრად დამაჯერებელია დედასთან ურთიერთობის ეპიზოდები. ზოგადად, ამ ქალის სახე, რომელმაც ამაოდ იბრძოლა ცხოვრებასთან და დამარცხდა. იგი მთელი სიცოცხლე ოცნებობდა, რომ ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებზე რამე აღმოეჩინა, მაგრამ ისე დაიფერფლა, ვერაფერი იპოვა.  დედა და მისი მეგობრები, ე. წ. ზვიადისტები, ისევე, როგორც დანარჩენი საზოგადოება, რომელიმე ჯგუფურ წარმოდგენებსა თუ ოფიციალურად აღიარებულ იდეოლოგიას შეფარებული, ერთგვარი მსხვერპლია კაფკასეული აბსურდისა. თითქოს რაღაც “პროცესში” მონაწილეობენ, თავიდან შეიძლება ნებით ჩართულნი, შემდეგ კი თვით პროცესისვე მსხვერპლნი.  ისინიც რაღაც სამართალს დაეძებენ და ისე იხოცებიან, ვერ არკვევენ, რა დააშავეს. დედა მათგან იმით გამოირჩევა, რომ ამ აბსურდულობას ბოლოს თითქოს ხვდება და დასცინის, ითხოვს საფლავში ჩაატანონ გათხრებში ნაპოვნი უძველესი ნატეხი, რათა მომავლის არქეოლოგებს თავსატეხი გაუჩინოს.

საღამოს შინ დაბრუნებული პერსონაჟი თაზოს ეუბნება, რომ დიდი ხანია სახლიდან არ გასულა, დღეს  კი უამრავი ხალხი ნახა და: “ამდენ სიარულში ერთ რაღაცას მივხვდი, კი არ  მივხვდი, ვიგრძენი… მგონი არ არის ეს ადგილი ცუდი, ჩვენს საცხოვრებელ ადგილზე გეუბნები, ამ ქალაქზე”. ამ სიტყვებში ჩანს თითქოს არა მხოლოდ, ზოგადად, ადამიანური სამყაროს, სიცოცხლის არსის, არამედ, კერძოდ, მისი საკუთარი არსებობის გამართლებაც. გოდერძი ჩოხელის ფინალური ფრაზა გვახსენდება მოთხრობა “თევზის წერილებიდან”: ადამიანად ყოფნა ღირს, და ამას გაიფიქრებს ადამიანებზე ხელჩაქნეული პერსონაჟი, როცა მათს გაუბედურებულსა და მოწყენილ სახეებზე მოყვასის გაწირვის გამო სინანულს შენიშნავს.

ერთი ჩვეულებრივი დღის თბილისური ოდისეა თვითშემეცნებით დასრულდა, პერსონაჟმა ამას ერთი კეთილი საქმით მიაღწია, მეგობრის შვილი გადაარჩინა, თანაც ისე, რომ საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, თანაც ისე, რომ ეს არც თაზოს და არც ნანიკოს (გიოს მშობლებს) არ გაუგიათ, ერთი სიტყვით, კეთილი სამარიტელივით მოიქცა, ადამიანი და, ამგვარად, ღმერთი კიდევ ერთ ჯვარცმას გადაარჩინა. ნებისმიერი ცოდვა ხომ ჯვარცმის მისტერიას იმეორებს. ამან ცხოვრებასთან დააბრუნა, ბედნიერება გაუმრავლა: “სამყაროს კინოდ აღქმა აღარ უნდა დავუშალო საკუთარ თავს”.

გმირმაც თავის მიერვე დაშლილ-დატეხილი საკუთარი ცხოვრება “ოქროს ძაფებით” ისევე შეაწება, როგორც იაპონური კინცუგოს ხელოვნების ოსტატმა, რომელიც კი არ მალავდა ნაწიბურებს, არამედ ოქროთი აელვარებდა. მთავარი გმირის აღმდგარი მთლიანობის ოქროს ძაფებად, გამაერთიანებლად სხვა ადამიანები იქცნენ. ხშირად ძალიან მცირე რამ არის საჭირო, რომ ადამიანმა სიკეთესა და ბოროტებას, სიყვარულსა და გულგრილობას შორის გაჭიმული ბეწვის ხიდი გადაიაროს – ცრემლის ერთი წვეთი, სხვისთვის უანგარიშოდ დაღვრილი, დაცემულის წამოსადგომად გაწვდილი ხელი. მთავარმა გმირმა გაარღვია ეგოს ჩაკეტილი სივრცე და “მეს” წრეში “შენ”_ის შემოყვანით დაძლია სხვაზე მიჯაჭვულობის შიში, რადგან ეს სხვაზე დამოკიდებულება მიიჩნია არა დატყვევებად, არამე გათავისუფლებად. თუმცა, მისი მეგობარი თაზო ისევ ჩაკეტილ სივრცეშია. მან საკუთარი გადარჩენის გზა თვითონ უნდა მოძებნოს და არც მას გამოადგება სხვისი გამოცდილება. ამიტომაც არ ეთანხმება მთხრობელს და ეტყვის, რომ “ქალაქი… საზარელია”. მწერალი დამაჯერებლად ხატავს თაზოს ტრავმირებულ სულიერ სამყაროს. ის, ქუჩაში მიმავალი, არ გამოექომაგა უცნობ პატარა ბიჭს, მეგობრებმა საქმის გასარჩევად რომ ჩაიყვანეს მიწისქვეშა გადასასვლელის ლაბირინთში. თაზოს არ შეშინებია, “ჩარევა დაეზარა და ეგ იყო ყველაზე ცუდი”. მეორე დღეს კი მისი მკვლელობის ამბავი გაიგო და თვითონვე დაისაჯა თავი გულგრილობის გამო, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ეს იცის მთხრობელმა და ამიტომ ცდილობს თვითონაც უნებურად არ მიბაძოს მას, ამიტომაც იღვიძებს მასში რაღაც რაინდული და აქტიურად ჩაერთვება თაზოს შვილის “გადარჩენის” საქმეში.

თბილისი, ხმაურიან მეგაპოლისად ქცეული ქალაქი, თურქული რესტორნებით, ჩინური მაღაზიებით, სუდანელი და სირიელი ლტოლვილებით, სამხრეთამერიკელებით, ინდოელებით, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან წამოსული ტურისტებით, რომანის  პერსონაჟია, მრავალსახოვანი ქალაქი, სხვადასხვა ნიღაბს რომ ირგებს და ადამიანებს ხან მფარველად, ხან კი ბოროტ დედინაცვლად ევლინება. თბილისია პერსონაჟთა დროსივრცული ასპარეზი, სადაც თავიანთ ვნებებს შიშვლად თუ შენიღბულად წარმოაჩენენ. სწორედ ადამიანთა, ქუჩათა, შენობათა და ათასი სხვა მსხვილმან-წვრილმან საგანთა თუ მოვლენათა ერთობლიობა წარმოაჩენს იმ ქალაქის სულს, რომელიც ცალ-ცალკე ყოველ მათგანშია. “თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ურბანული რომანი და წიგნი ქალაქზე, რომელიც თან მიყვარს და თან მძულს. ჩემთვის ძალიან ბევრი ტკივილია ამ ქალაქთან დაკავშირებული… წერის პროცესში თითქოს შევურიგდი ამ ქალაქს… უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე მანამდე”, – ამბობს ერთ ინტერვიუში მწერალი.

რომანის ხიბლი ისაა, რომ მწერალი თავისი მოთხრობილი ამბებით მკითხველს იმაში აჯერებს, რომ სამყაროში სიკეთე, სინათლე და სიყვარული გადასწონის სიბნელეს, სისასტიკესა და ბოროტებას. რომანის ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში მეგობარ ვიდასის ელექტრონული წერილი ამცნობს, რომ ვილნიუსის თავზე მფრინავი ბუშტები ისევ გამოჩნდა. მედიკომ და ლეომ ერთმანეთს მიაგნეს. ფეისბუქის “ჩატში” ქეთო “გამწვანდა”.  და როცა გმირი “ქიაჩელის ქუჩაზე სიჩუმეს უსმენს”, ის სავსეა ამგვარი ფიქრებით: “რა უნდა იყოს იმაზე კარგი, ვიდრე შენს მეგობარს რომ ნანატრი სიხარული ეწვევა”.

“გრძელი შაბათი დასრულდა”, – რომანის ეს ფრაზაც სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ღმერთმაც ხომ შაბათს დაასრულა სამყაროს შექმნა. გმირმაც დაასრულა რაღაც ეტაპი თავის ცხოვრებაში და ახალი დაიწყო, მანაც შექმნა თავისი ახალი სამყარო, რომელშიც ის ხვალიდან სხვანაირად გააგრძელებდა ცხოვრებას და არ არის გამორიცხული, შაბათის შთაბეჭდილებებზე ფილმსაც გადაიღებდა. რომანში გმირის სულიერ-მატერიალურ გზას ამდიდრებს მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული უამრავი ადამიანის საოცრად შთამბეჭდავი ამბები. ყველა პერსონაჟს თავისი დასამახსოვრებელი, გამორჩეული ისტორია აქვს, ისეთი, სხვისთვის მოსაყოლად რომ ღირს. თბილისური ოჯახები ირეკლავენ დროში მიმდინარე ცვლილებებს, საქართველოს ბოლოდროინდელ ისტორიას სოციალ-პოლიტიკური ქარტეხილებით. ქუჩაში მოხეტიალე გმირს გალაკტიონის ძეგლის დანახვისას გაახსენდება: “მეგონა პოეტს გიჟების დასაშოშმინებელი პერანგი ეცვა და ხელებიც იმიტომ ჰქონდა უკან გადაგრეხილი. წლების მერე გავიგე, რომ ცეცხლის ალში იწვოდა და გამიკვირდა”. რომანი სავსეა ასეთი დეტალებით, რომლებიც წამითაც არ ადუნებენ მკითხველს.

ერთ ეპიზოდში პოლონელი პროდიუსერი აგონდება, მისი რჩევა, გადაიღოს ფილმი რუსეთის წინააღმდეგ ქართველების გმირულ ბრძოლაზე, ჰეროიკული საგა. არადა, მთხრობელს მიაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა “კოლაბორაციონიზმის უსასრულო გრძელი საგა უფროა, ვიდრე წინააღმდეგობის, გამონაკლისები იყო”. პოლონელი ჯიუტად ამ გამონაკლისებზე, გმირებზე სთავაზობს გადაღებას, მთხრობელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ახსენდება, მარო მაყაშვილი, მაგრამ ეს ამბები თითქოს უფასურდება მთვრალ პროდიუსერთან მოყოლისას. მერე პოლონელი უსვამს კითხვას, როგორ ებრძოდა მისი ოჯახი საბჭოთა რეჟიმს? პასუხად მოყოლილია ამბავი, რომელშიც 10 წლის ბიჭი მამის წაქეზებით “რაგატკიდან” გასროლილი ქვით სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ფანჯრებს ჩაამსხვრევს. თუმცა ამას მოჰყვება მისი ტკივილიანი აღიარება: “მაპატიეთ იმისთვის, რომ მამაჩემი დისიდენტი არ ყოფილა, რომ არც მე ვყოფილვარ გოლიათ საბჭოთა სისტემასთან შერკინებული ყრმა დავითი”.

მთავარი სიუჟეტური ხაზიდან გადახვევით, უამრავი მცირე დეტალით მწერალი ქმნის თბილისის, როგორ ცოცხალი და მფეთქავი სხეულის, მოზაიკურ პორტრეტს. ერთ ამბავს მეორე ებმის, მეორეს მესამე და ამგვარად იხატება წარსულისა და აწმყოს ერთიანობა. შთამბეჭდავ ამბებს შორის გამორჩეულია კიდევ ერთი, ინგლისურის მასწავლებლის რეპრესირებული ოჯახის ისტორია, დაუვიწყარია მისი ეზო, ბავშვებით დახუნძლული თუთის ხით, ოსკარ უაილდის “ეგოისტი გოლიათის” კითხვით: “რამდენი რამე შეიძლება დაიტიოს ერთმა ეზომ? ერთმა ცხოვრებამ? რამდენ რამეს უძლებს ერთი გული?” ბანალური, მაგრამ მაინც უცვეთელი მარადიული პასუხგაუცემელი კითხვებია. მთავარია ეს კითხვები დასვა, პასუხები ამბები და ფიქრის ნაკადებია, რომლებიც ადამიანად ყოფნის ტკბილ-მწარე ბედნიერების განცდას ბადებს. შემაძრწუნებელია გადასახლებული ქალის დახვრეტის ისტორია: “ვფიქრობდი ჩრდილოეთის ტრამალებზე, თოვლსა და მხეცებზე, რომლებმაც თოვლში უპატრონოდ დარჩენილი ჩემი მასწავლებლის დედის ცხედარი შეჭამეს”. მათ, ისინი – ამ ნაცვალსახელებით მოიხსენიებიან უპიროვნო ჩეკისტები, უსახოები, სისხლით რომ წერდნენ ისტორიას.

მართალია, მთავარი რეალური სივრცე თბილისია, მაგრამ სხვადასხვა პერსონაჟის ამბებით რომანის გეოგრაფია ბევრად ვრცელია, თხრობაში შემოიჭრება როზეტას სვანეთი, დედის ნაქალაქევი, მედიკოს ევროპა და, ამგვარად, მკითხველი წარმოსახვით გლობალური სამყაროს მაჯისცემასაც შეიგრძნობს. მწერლისა და მკითხველის ურთიერთობას, მათ შორის დიალოგს ხელს უწყობს, უპირველეს ყოვლისა, არჩილ ქიქოძის, როგორც მთხრობელის ოსტატობა. მის თხრობას საოცარი მუხტი და ენერგია ახლავს. ამბების თანამიმდევრობა ხორციელდება გარკვეული რიტმით, რომელიც მკითხველს არ ადუნებს. მას აქვს “სტილის მოხდენილობისთვისაც აუცილებელი სიტყვის მოქნილობა, აზრის სისხარტე” (იტალო კალვინო).

ერთი შეხედვით, არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ არის მის თხრობით სტრატეგიებში, არსებითად, იგრძნობა კლასიკური ტრადიციული თხრობის ერთგულება, მაგრამ გემოვნება, ერთგვარი დახვეწილობა, გამოთქმის სიზუსტე და სიცხადე, ბუნებრივი ნიჭი საგანთა და მოვლენათა შუაგულის, არსებითის დანახვისა და შესაბამის სიტყვიერ ქსოვილში მოქცევისა, კინოსთვის დამახასიათებელი მონტაჟის ტექნიკა, ეპიზოდების ექსპრესიული მონაცვლეობა, განსხვავებული გამოკვეთილი ხასიათების ხატვა მის სტილს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში უდავოდ გამოარჩევს.

ყველა მწერალი თავის მკითხველზე ოცნებობს, ერთზე ან მრავალზე, თანადროულსა თუ მომავლის მკითხველზე. ამ ოცნების გარეშე არ დაიწერებოდა არცერთი მხატვრული ნაწარმოები. მწერლისა და მკითხველის შეხვედრიდან კი იბადება ის, რასაც მხატვრული ტექსტის გაგება, გააზრება, ინტერპრეტაცია ჰქვია. ვფიქრობთ, არჩილ ქიქოძის პროზა იოლად მოძებნის თანამზრახველებს, რომლებიც სალიტერატურო თამაშში აჰყვებიან. მისი მკითხველები თანაბრად იქნებიან კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულნი.

 

 

 

„თინეიჯერული ბუნტი“ ანუ მითები და სინამდვილე მოზარდებში წესების და შეზღუდვების შესახებ

0

ანუ მითი იმის შესახებ, რომ თინეიჯერულ ასაკის ადამიანებისთვის წესების დადგენა მათ ბუნტისაკენ უბიძგებს

რატომ თვლიან ახალგაზრდები, რომ მშობლებთან კამათი მათდამი პატივისცემის გამოხატულებაა (და არა პირიქით!), ხოლო თავად კამათი კონსტრუქციულ ხასიათს ატარებს (და არა პირიქით!).

რამდენად ხშირად ცრუობენ მოზარდები? ამ საკითხის გარშემო არანაირი სტატისტიკა არ არსებობს. მშობლების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, გრძნობს, რომ მათი მოზარდი შვილები ხშირად ატყუებენ უფროსებს ან სიმართლის მხოლოდ ნაწილს ამხელენ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა: ნენსი დარლინგმა (ფსიქოლოგიის დოქტორი, ობერლინგის კოლეჯის პროფესორი. ის 25 წლის მანძილზე იკვლევდა მოზარდების სოციალურ გარემოში ფორმირების საკითხებს. მეცნიერი არის 60 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ამჟამინდელი კვლევა  ფოკუსირდება იმ საკითხის გარშემო, თუ რატომ, როდის და რა ფორმით ატყუებენ მოზარდები მშობლებს) და ლინდა კოლდუელმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, მაინც რას უმალავენ მშობლებს თინეიჯერები უფრო ხშირად.

ოც წლამდე ასაკის სტუდენტების მიერ ორგანიზებული კვლევა-ინტერვიუ (ისინი სპეციალურად გადაამზადეს და აღჭურვეს შესაბამისი უნარ-ჩვევებით) ტარდებოდა ისეთ გარემოში, რომელშიც ისინი თავს კომფორტულად გრძნობდნენ. თინეიჯერები ინტერვიუს იწყებდნენ ასე: „მშობლები ჩვენ ყველაფერს გვაძლევენ, ისინი ჩვენთვის ყველაფერს აკეთებენ და ამიტომ ჩვენც ვალდებული ვართ, მშობლებს სიმართლე ვუთხრათ“. საუბრის დასასრულ კი მოზარდები უკვე აცნობიერებდნენ, რა ხშირად ცრუობდნენ და თანაც გამუდმებით არღვევდნენ ოჯახში არსებულ წესებს. როგორც მკვლევარი ნენსი დარლინგი ამბობს: „მოზარდები ხვდებოდნენ, რომ მათი ქცევა საამაყო სულაც არ იყო“. საზოგადოდ, თინეიჯერები ცრუობენ: რაში დახარჯეს ჯიბის ფული; ჰყავთ თუ არა საწინააღმდეგო სქესის მეგობარი; რა ხდება, როდესაც ისინი სახლის გარეთ იკრიბებიან; მოიხმარენ თუ არა ალკოჰოლურ სასმელებს ან სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს; რას საქმიანობენ სახლში მშობლების დაბრუნებამდე; თქვენ წარმოიდგინეთ, მოზარდები ტყუიან მაშინაც, როდესაც მათ ეკითხებიან, რა სახის მუსიკას უსმენენ; თინეიჯერები არ არიან გულწრფელი, საკუთარი გრძნობების შესახებ საუბრისასაც; მაგრამ არავისთვის იქნება მოულოდნელობა თუ ვიტყვით, რომ ყველაზე ხშირად მოზარდები მალავენ საკუთარი სექსუალური ცხოვრების დეტალებს და ნარკოტიკული საშუალებების და ალკოჰოლის მოხმარებას.

გამოკითხული თინეიჯერების 96 პროცენტმა აღიარა, რომ ისინი ატყუებენ უფროსებს. ტყუილებს იგონებენ ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვები; არც ისინი არიან „უცოდველები“, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით სექციებში არიან ჩართული. ნენსი დარლინგი ამბობს, რომ კვლევის დაწყებამდე თინეიჯერების ცრუპენტელობის მიზეზად ასახელებდა ბავშვების სურვილს, როგორმე თავიდან აირიდებინათ უსიამოვნებები. მაგრამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ის ასკვნის, რომ მოზარდები თხზავენ გამოგონილ ამბებს, რათა არ ანერვიულონ მშობლები და შეინარჩუნონ მათთან კარგი ურთიერთობები.

ახლა რაც შეეხებათ თავად მშობლებს. მკვლევარი აქაც მოულოდნელად განსხვავებულ რეალობას გადაეყარა.

ბევრი მშობელი – დასძენს ნენსი დარლინგი, – თვლის რომ საუკეთესო მეთოდი, რომელიც ეხმარება მშობელს შეინარჩუნოს საკუთარ მოზარდ შვილთან ნდობით სავსე ურთიერთობა, არის, ასე ვთქვათ, თავისუფალი, აკრძალვებისა და წესების დაცვისაგან თავისუფალი გარემო. მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილები უფრო მეტ სიმართლეს ეტყვიან უფროსებს, თუ ისინი ზედმეტად არ იქნებიან შეზღუდულები. მშობლები ფიქრობენ, რომ უმჯობესია სიმართლის ცოდნა, რომელიც საშუალებას მისცემს უფროსს, დახმარება აღმოუჩინონ შვილებს. უნდა აღინიშნოს, რომ ის მშობლები, რომლებიც ასე ფიქრობენ საკუთარ შვილებზე, ამის გამო სხვა მშობლებზე მეტ ინფორმაციას არ ფლობენ. და უფრო მეტიც, ისინი გაცილებით დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, ვიდრე ის მშობლები, რომლებიც შვილებისგან წესების დაცვას ითხოვენ და გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ. ლმობიერი მშობლები შვილების ნებისმიერ საქციელს ამართლებენ და არაფრის გამო არ ტუქსავენ მოზარდებს, არ ითხოვენ წესების დაცვას. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ თინეიჯერები მშობლების ამგვარ დამოკიდებულებას უფროსების მხრიდან გულგრილობად აღიქვამენ და თანაც ფიქრობენ, რომ მშობლებს საკუთარი მოვალეობის შესრულება არ სურთ.

მითი: წესები და შეზღუდვები – თინეიჯერებს ბუნტის მოწყობისაკენ უბიძგებენ.

მოზარდები მალავენ საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას. ისინი ქმნიან საკუთარ სოციუმს, რომელიც არ არის უფროსების გავლენის ქვეშ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხული მშობლების 78 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ შვილებს შეუძლიათ მშობლებს ნებისმიერ საკითხზე ესაუბრონ. სამწუხაროდ, მოზარდები არ ეთანხმებიან მშობლების ამ მოსაზრებას. თინეიჯერები თვლიან, რომ მშობლებისთვის დახმარების თხოვნა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა და არ შეუძლია საკუთარი პრობლემების თავად მოგვარება. მოზარდებს ხშირად უჭირთ მშობლებისათვის სიმართლის თქმა, რადგან თინეიჯერებისათვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ მშობლებისგან დაფარული საიდუმლო.

უნდა ითქვას, რომ იმ მშობლების შვილები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ საკუთარ შვილებზე და სერიოზულად ერევიან მათ ცხოვრებაში, არ გამოხატავენ პროტესტს. ისინი, როგორც წესი, ძალიან დამჯერენი არიან და ამ ყველაფრის გამო ხშირად დეპრესიაში ვარდებიან. „სამაგიეროდ ის მშობლები, რომლებიც თანამიმდევრული არიან და თვალყურს ადევნებენ წესების შესრულებას, უფრო ხშირად ურთიერთობენ შვილებთან და უფრო თბილად ექცევიან მათ“, – ასე ფიქრობს ნენსი დარლინგი.

ზემოთ ნახსენები მშობლები გარკვეულ სფეროებში აწესებენ ნორმებს და, რაც მთავარია, უხსნიან საკუთარ შვილებს, რატომ არის საჭირო მათი დაცვა. იმ სფეროებში, რომლებშიც არ არის გარკვეული წესები, მშობლები თავისუფლებას ანიჭებენ შვილებს და მიაჩნიათ, რომ მოზარდებს თავად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. მსგავს ოჯახებში თინეიჯერები შედარებით ნაკლებად იტყუებიან.

ახლა გვინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება: „მოზარდები იმიტომ იწყებენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღებას, რომ თავისუფალ დროს ისინი მოწყენილი არიან. კვლევებმა აჩვენეს, რომ მოზარდებს დაახლოებით მეშვიდე კლასის ასაკიდან ეწყებათ მოწყენილობა. ეს წუხილი გრძელდება თორმეტი კლასის ჩათვლით. ამ პერიოდში მოზარდებს თანდათან მოტივაციაც ეკარგებათ.

მკვლევარმა ლინდა კოლდუელმა გაარკვია, რომ მოწყენილობა დამახასიათებელია იმ ბავშებისათვისაც კი, რომლებსაც თითქმის არ აქვთ თავისუფალი დრო. ეს შესაძლებელია ხდებოდეს ორი მიზეზით: პირველი, ბავშვებს არ აქვთ მოტავაცია; მეორე, ბავშვები მიჩვეული არიან, რომ მათი მშობლები მათ ნაცვლად თავად მოიგონებენ მეთოდებს, როგორ შეავსონ საკუთარი შვილების თავისუფალი დრო.

„რაც უფრო ძლიერად ერევიან მშობლები შვილების ცხოვრებაში, მით მეტად სტანჯავთ  მოზარდებს მოწყენილობა“, – ამბობს ლინდა კოლდუელი.

ახლა გვინდა გავარკვიოთ, როდის და რატომ ეუბნებიან თინეიჯერები მშობლებს სიმართლეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მშობლებს საერთოდ არ გაახარებთ. ზოგჯერ ეს ხდება იმ დროს, როდესაც მოზარდებმა ზუსტად იციან, რომ მშობლები ტყუილს ადვილად გაშიფრავენ. ზოგ შემთხვევაში თინეიჯერები უბრალოდ თავს მოვალედ თვლიან, სიმართლე აღიარონ. მაგრამ მოზარდების გულწრფელობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ თინეიჯერებს იმედი აქვთ მშობლების თანადგომის, რომ საბოლოოდ ისინი მაინც მოახერხებენ და გაუგებენ საკუთარ შვილებს და მხარს დაუჭერენ მათ გეგმებსა და ქმედებებს. როგორც წესი, ასეთი საუბრები კამათის ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ თინეიჯერებს მიაჩნიათ, რომ ეს ღირს ამად, რადგან მშობლები ხშირად საბოლოო ჯამში მაინც „დანებდებიან“ ხოლმე შვილების სურვილს. აქვე დავძენთ, რომ  იმ ოჯახებში, რომლებშიც მოზარდები ნაკლებად ატყუებენ საკუთარ მშობლებს, უფრო ხშირია დავები და კამათი ოჯახის ახალგაზრდა და უფროს წევრებს შორის. კამათი – კარგია, რადგან კამათი – სამართლიანობის დადგენაა. მაგრამ მშობლებს სულაც არ ესმით ეს, რადგან კამათი უფროსებს ღლის და ფიტავს. ამერიკულ ოჯახებში თინეიჯერები არც კი ეკამათებიან მშობლებს. ამის ნაცვლად ისინი ფარისევლურად ირწმუნებიან, რომ ზუსტად ისე იქცევიან, როგორც სურთ მათ მშობლებს, სინამდვილეში, ფარულად ყველაფერს აკეთებენ, რაც თავად სურთ. ჩვენი დაკვირვებით, მიუხედავად კამათის წინააღმდეგობრივი ხასიათისა, დავებისა და კამათის გარკვეული ფორმები პატივისცემის გამოხატვაა და არა პირიქით.

ჯუდიტ სმეტანა, როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარი, მოზარდების გულწრფელობის საკითხების წამყვანი სპეციალისტი, ირწმუნება, რომ: „გრძელვადიან პერსპექტივაში თინეიჯერების მშობლებთან უმნიშვნელო შეტაკებები ურთიერთგაგების მანიშნებელია. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ხშირ კონფლიქტებსა და მათ საერთოდ არქონაზე“.

მოზარდები ყველაზე ნაკლებად ატყუებენ იმ მშობლებს, რომლებიც თანამიმდევრულად, მეთოდურად ადევნებენ თვალყურს წესების შესრულებას, მაგრამ ამავე დროს არიან მოქნილი და ყურს უგდებდნენ ბავშვების მოსაზრებებს, რაც წესებისადმი დამატებით პატივისცემას იწვევს. მაგალითად, თუ მოზარდი 11 საათზე უკვე დასაძინებლად უნდა წავიდეს, მაგრამ დღეს მას დიდი სურვილი აქვს დაესწროს რაღაც ღონისძიებას,  მშობლები ეუბნებიან: „კარგი, მხოლოდ დღეს შეგიძლია გაცილებით გვიან დაბრუნდე სახლში“. მსგავსი მიდგომით უფროსები ეხმარებიან ბავშვს, არ იცრუოს და თანაც პატივი სცეს წესებს. ასევე, საყურადღებოა, რომ თაობებს შორის თანამშრომლობა ეხმარება მშობლებს ავტორიტეტის შენარჩუნებაში.

ამონარიდი ამერიკელი ავტორების პო ბრონსონის  და ეშლი მერიმენის წიგნიდან: „მითები აღზრდის შესახებ. მეცნიერება ინტუიციის წინააღმდეგ“.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...