ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

 შემაჯამებელი სამუშაო,თუ მობილური ტელეფონით თამაში?

0

,,…დღედაღამ ლეპტოპს და ტელეფონს მისჩერებია, აღარ ვიცი, რა ვიღონო, უამრავ დროს კარგავს უაზრო თამაშში’’…

 

ციფრული სკოლის კონცეფცია, განათლების რეფორმის ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელის’’ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც სასწავლო პროცესში ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვასა და გამოყენებას გულისხმობს.

21-ე საუკუნის მოსწავლეები სრულიად განსხვავებულ უნარებს ფლობენ. მათ სურთ, აღმოჩენები გააკეთონ, მოსწონთ ტექნოლოგიები და ინოვაციები.  შესაბამისად, ისინი დიდ დროს ატარებენ კომპიუტერულ მოწყობილობებთან და მობილურ ტელეფონებთან, რაც ერთგვარ საფრთხეს უქმნის მოზარდების ჯანმრთელობას.

ამონარიდი შეშფოთებული მშობლების საუბრებიდან: „დღედაღამ ლეპტოპს და ტელეფონს მისჩერებია, აღარ ვიცი, რა ვიღონო, უამრავ დროს კარგავს უაზრო თამაშში’’…

დამეთანხმებით, რომ უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი  მოსწავლეების მიერ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ელექტრონული  პროგრამების მიზნობრივად გამოყენებისა და ამავდროულად რესურსების დამოუკიდებლად შექმნის საქმეში.

 

  • შემაჯამებელი სამუშაო არ გვექნება?

მეოთხეკლასელ მოსწავლეებთან ზეპირი შემაჯამებელი სამუშაო მქონდა დაგეგმილი. შესვენებაზე ვთხოვე,  წიგნებთან და რვეულებთან ერთად მობილური ტელეფონებით ,,შეიარაღებულიყვნენ’’ და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ოთახში განთავსებულიყვნენ.

ზარი დაირეკა.  ვაკვირდებოდი ბავშვების სახეებს და ვატყობდი, რომ თითოეულ მათგანს ინტერესი ჰკლავდა, რას ვაპირებდი. მე კი შეგნებულად ვაყოვნებდი მთავარ სათქმელზე გადასვლას და საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებდი.

ორიოდე წუთის შემდეგ, ერთმა მოსწავლემ, სახეზე ეშმაკური ღიმილი რომ დასთამაშებდა,  მორიდებით მკითხა:

,,- ლელა მასწავლებელო, გაკვეთილის მიზნებს გაგვაცნობთ? ‘’

მეორემ უპასუხა:

,,- რად უნდა მასწავლებელს ამის შეხსენება? ‘’

მესამემ: ,,შემაჯამებელი სამუშაო არ გვექნება?’’

მეც ეს მინდოდა და ასე დაიწყო გამოწვევის ფაზა. ორიგინალური ვარაუდების გამოთქმისა და არგუმენტებით დასაბუთების შემდეგ „დამარწმუნეს’’, რომ შემაჯამებელი ტესტის შესრულებას მობილური ტელეფონით თამაში ერჩივნათ, მეც დავთანხმდი და გაკვეთილის ბოლოს აღმოაჩინეს, როგორ ,,შემოეთამაშათ’’ შემაჯამებელი ტესტი.

 

როგორ შევქმნათ თამაში-ტესტი?

მსურს, გაგიზიაროთ გამოცდილება, როგორ შეიძლება  სწავლების პროცესი  სახალისო გავხადოთ მობილური ტელეფონისა  და ტექნოლოგიების ერთ-ერთი უახლესი, ეფექტური ინსტრუმენტის, Kahoot-ის გამოყენებით.

 

  1. საძიებო ველში გავხსნათ ბმული https://kahoot.com/ ;
  2. ვებგვერდის მარცხენა კუთხეში დავაჭიროთ ღილაკს sign up for free;
  3. ავირჩიოთ ნარინჯისფერი მართკუთხედი As a teacher;
  4. შევავსოთ ველები (სურვილისამებრ შეგვიძლია ავირჩიოთ Google ან Microsoft-ის ანგარიში/ მეილი) და დავაჭიროთ ღილაკს Join Kahoot;
  5. მარცხენა კუთხეში ვაჭერთ ღილაკზე Continue for free;
  6. შემდეგ მარჯვენა კუთხეში – Create;
  7. Quiz Create new;
  8. ვავსებთ აუცილებელ ველებს: სათაური, მოკლე აღწერა, ენა, სკოლა  და ზედა მარჯვენა კუთხეში ვირჩევთ  Ok, go.

  1. შეგიძლიათ თემის შესაბამისი ფოტო ჩასვათ (სურვილისამებრ) ან გადახვიდეთ შემდეგ გვერდზე.
  2. ვაჭერთ ღილაკზე + Add question და ვავსებთ ველებს:

 

 

ვწერთ პირველ კითხვას, ვირჩევთ სასურველი დროის ლიმიტს და ვაჭერთ ღილაკზე Yes. შემდეგ ვწერთ პასუხებს.  აუცილებელია,  დავწეროთ ერთი სწორი პასუხი და მოვნიშნოთ, რომ წრე გამწვანდეს. დანარჩენი სამი იქნება არასწორი.  როცა ყველა პასუხს ჩავწერთ, ზედა

მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ ღილაკზე next და  გადავდივართ შემდეგ გვერდზე.

(შენიშვნა:  დრო მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კითხვის სირთულისა და მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით);

  1. მომდევნო კითხვის ჩასაწერად კვლავ ვაჭერთ ღილაკზე + Add question. შეგვიძლია სასურველი რაოდენობის კითხვების შედგენა.  დასრულების შემდეგ, მარჯვენა კუთხეში ვაჭერთ ღილაკზე save;
  2. საფინალო ქმედება: ეკრანზე ჩნდება გამოსახულება, Saved and Published! ამ ღილაკების დახმარებით შეგიძლიათ: 1. რედაქტირება გაუკეთოთ თამაშს; 2.გადაიყვანოთ წინასწარი დათვალიერების რეჟიმში; 3.ითამაშოთ და 4. გააზიაროთ. დასასრულ, ვაჭერთ ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე I’m done, თამაში-ტესტი შექმნილია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • როგორ ვათამაშოთ მოსწავლეები?

 

  1. მობილურ ტელეფონში Google chrome-დან გადმოვაწერინოთ აპლიკაცია it;
  2. პროექტორი შევუერთოთ ლეპტოპს, ან კომპიუტერს,  ჩვენ მიერ შექმნილი თამაში-ტესტი მოვძებნოთ ,,ფანჯარაში’’ My Kahoots  და დავაჭიროთ ღილაკს Play;
  3. ავირჩიოთ ღილაკი Classic;
  4. ეკრანზე გამოჩნდება თამაშის PIN კოდი, რომელსაც მოსწავლეები შეიყვანენ ტელეფონებში;

 

 

  1. შემდეგ უნდა შეავსონ  ე.წ. nickname-ს ველი (სახელი) და go
  2. მასწავლებელი ხელს აჭერს ღილაკზე Start და თამაში იწყება.
  3. შეკითხვა ჩანს დიდ ეკრანზე, ხოლო მოსწავლეები ტელეფონში  სწორ პასუხს შესაბამისი ფერის ფიგურაზე ხელის დაჭერით აფიქსირებენ.

 

 

 

  1. ტესტის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ყველა მოსწავლის შედეგი და მათ მიერ მოპოვებული ქულების რაოდენობა;
  2. თამაშს აქვს მონაცემების შენახვის ფუნქცია, რომელიც განთავსებულია ეკრანის მარჯვენა ზოლში: Save Results.

მობილური ტელეფონისა და  Kahoot-ის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად სახალისოსა და საინტერესოს ხდის, ხელს უწყობს  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და, რაც მთავარია, დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია თითოეული მოსწავლის ცოდნის დონის შემოწმება.

ამავდროულად, ინსტრუქციის დასწავლის შემდეგ, მოსწავლეები თვითონ გამოთქვამენ სურვილს და  სხვადასხვა საგნისთვის ქმნიან მსგავსი ტიპის თამაშებს.

პროგრამა kahoot უნივერსალურია. მისი გამოყენება შესაძლებელია,  როგორც ზოგადსაგანმანთლებლო სწავლების ყველა საფეხურზე,  ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებთან.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსწავლე არ ესწრება მეცადინეობას, შეგვიძლია Skype for business-ის დახმარებით დავუკავშირდეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში დისტანციურად განვახორციელოთ შემაჯამებელი სამუშაო და უკუკავშირი.

 

შენიშვნა: მნიშვნელოვანია, თამაშის შექმნის დროს არ დაგვავიწყდეს კიბერუსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა

https://kahoot.com/welcomeback/

https://kahoot.uservoice.com/knowledgebase/articles/949450-how-do-i-host-a-live-kahoot-in-a-group-setting

ქიმიკოსი და მოქალაქე

0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი უკეთილშობილესი და უსაყვარლესი პროფესორი გვყავს. ის პროფესიით ქიმიკოსია და წლებია, ბუნებისმეტყველების ამ შესანიშნავ დარგს ემსახურება. თუმცა პროფესორი მხოლოდ მეცნიერებასთან მრავალწლიანი კავშირით როდი გახლავთ გამორჩეული: ათწლეულებია, ის მუსიკას წერს და მრავალ კონკურსშიც მოუპოვებია შთამბეჭდავი გამარჯვება. რამაზ გახოკიძეს დრო იმისთვისაც რჩება, რომ საქართველოში ქიმიის დარგის ფუძემდებლების შესახებ ცნობები შეაგროვოს და დაინტერესებულ პირებს ცოდნა გაუზიაროს.

პროფესორისგან შევიტყვე, რომ რამდენიმე წლის წინ დედაქალაქის მერიას თბილისის ცენტრში მდებარე ვასილ პეტრიაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა უცდია. ადგილობრივ მოსახლეობას ინიციატივისთვის განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ ქიმიკოსთა ნაწილის აღშფოთებამ შეუშალა ხელი ქალაქის მესვეურთა განზრახვას.

ფაქტი ერთ სამწუხარო გარემოებაზე მიუთითებს: საქართველოში არც მაღალი თანამდებობის პირებმა და არც რიგითმა მოქალაქეებმა ბევრი არაფერი იციან მნიშვნელოვანი დამსახურების მქონე, წარსულში სახელგანთქმული მეცნიერის, ვასილ პეტრიაშვილის შესახებ.

ვინ იყო ვასილ პეტრიაშვილი?

ვასილ პეტრიაშვილი საქართველოს მეცნიერების ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი პირველი მოღვაწე იყო, რომელმაც საუნივერსიტეტო იერარქიაში დაწინაურება მოახერხა და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწავლებლის ხელმძღვანელი გახდა. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გზაგასაყარზე პეტრიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში საქმიანობდა. მან მოღვაწეობა დოცენტის წოდებით დაიწყო. სოფელ წალასყურში დაბადებული ქიმიკოსი უმოკლეს ხანში პროფესორიც გახდა, მომდევნო წლებში სათავეში ედგა უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიას, გახლდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, 1905-1907 წლებში კი არც საკუთარ თავზე რექტორის პასუხისმგებლობის აღება გასჭირვებია.

ბუნებისმეტყველების დარგის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ პეტრიაშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორგანული, ტექნიკური და ფიზიკური ქიმიის მიმართულებათა განვითარებაში. ქართველი მეცნიერის ექსპერიმენტული დასკვნები საფუძვლად დაედო საღებავების წარმოებას.

უნივერსიტეტის რექტორობასა და მსოფლიოს მასშტაბის სწავლულის სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად ვასილ პეტრიაშვილი არც თავის ქვეყანაზე ზრუნვას ივიწყებდა.

რატომ მიიჩნეოდა ქიმიკოსი თვალსაჩინო მოქალაქედ?

ოდესის უნივერსიტეტის პროფესორისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო რუსიფიკატორული პოლიტიკა. მას მიაჩნდა, რომ რუსულ ენას საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგი არ უნდა დაეპყრო. უკიდურესად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რექტორი პოულობდა დროს წიგნების ქართულ ენაზე გამოსაცემად. პეტრიაშვილის ავტორობით ქართულად ათამდე სამეცნიერო წიგნი დაიბეჭდა. უცხოეთში გადახვეწილი ბუნებისმეტყველის პუბლიკაციებმა საფუძველი ჩაუყარა ქიმიის დარგში ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებას.

პეტრიაშვილის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და პატრიოტიზმზე მიანიშნებს ისიც, რომ მეცნიერი ინტენსიურად აქვეყნებდა წერილებს ქართულ პერიოდულ პრესაში. მას მიაჩნდა, რომ ქართული ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობდა მეღვინეობის, მერძევეობის, ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის სფეროებში მის მიერ ლაბორატორიულად გამოცდილი მეთოდების გამოყენება. თანამემამულე გლეხებს სწავლული სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვისკენ მოუწოდებდა. მას თავისი სტუდენტები ექსკურსიაზე ხშირად ჩამოჰყავდა საქართველოში. ახალგაზრდა მეცნიერები უანგაროდ უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას დაინტერესებულ მიწათმოქმედებს.

ვასილ პეტრიაშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე თავდგირიძის სახლი ოდესაში ყველა გაჭირვებული სტუდენტის, განსაკუთრებით კი საქართველოდან დასავლეთში მიმავალი ახალგაზრდების თავშესაფარი იყო. პეტრიაშვილების ოჯახში გაჭირვებულებს ღამის გასათევის, სამოსისა და საკვების გარეშე არ ტოვებდნენ. ხშირად ეკატერინე თავდგირიძე სტუდენტებს სრულიად უსასყიდლოდ ფრანგული ენის შესწავლაშიც ეხმარებოდა. უშვილო ცოლ-ქმრის მთელი შემოსავალი სტუდენტთა და შეფარებულთა შემწეობისთვის იხარჯებოდა. უფულოდ დარჩენილ პროფესორს არც ძველი, საგულდაგულოდ დაკემსილი შარვლით სიარული ეთაკილებოდა.

ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის ხელშეწყობისთვის, ჩვენი გლეხობის თეორიული ცოდნითა და პრაქტიკოსთა გამოცდილებით მომარაგებისა და ხელმოკლე სტუდენტთა მხარდაჭერისთვის დიდი მეცნიერი თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ სრულიად გამორჩეული მოქალაქეების რიგსაც. სამართლიანი და სასიხარულოა, რომ თბილისის შუაგულში კვლავ არსებობს ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა. იმედია, ვერავინ ვერასდროს გაბედავს ამ განსაკუთრებული ადამიანის სახელის მიჩქმალვას.

როგორ დავუბრუნდეთ საყვარელ ფიზკულტურას

0

ალბათ გაგიგონიათ, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია კი მათი ეფექტიანი გამოყენება ფიზიკური კულტურის მიმართულებით? მიუხედავად იმისა, რომ საკლასო ოთახში ბევრი რამ შეიცვალა, ფიზიკური აღზრდა იმავე მოდელს მისდევს. რატომ გათანამედროვდა საკლასო სივრცე, სპორტული დარბაზი კი კვლავ ბურთი-მოედნის ამარაა დარჩენილი? რისი შეცვლა შეიძლება 21-ე საუკუნეში?

დავიწყოთ გამოწვევებით – დღევანდელი ფიზიკური აღზრდის უმთავრესი გამოწვევა ჰიპოდინამია და სუსტი მოტივაციაა, რაც ცხოვრების მჯდომარე წესით და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვით არის განპირობებული. ჰიპოდინამიის სინდრომი ხშირად ტექნიკური პროგრესის თანხმლებ უარყოფით მოვლენადაც განიხილება.

ახლა კი ვირტუალურ რეალობაში გავერკვეთ. ვირტუალური რეალობა, ანუ VR, არის ტექნიკური საშუალებებით შექმნილი სამყარო, რომელიც ადამიანს შეგრძნებების: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეხების – დახმარებით გადაეცემა. VR იმიტირებს განსაზღვრულ ქმედებას, ასევე – რეაქციას განსაზღვრულ ქმედებაზე. VR ახალი, ხელოვნური სამყაროს კონსტრუირებას ახდენს.

VR-ის უპირატესობებია: ჩართულობა – VR-ის ეფექტის გამო ტრანსფორმირდება საგანმანათლებლო პროცესი, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის; ჩაძირვა – ადამიანი იძირება სამგანზომილებიან სივრცეში და ურთიერთქმედებს რეალურთან მიახლოებულ ავატარებთან, ობიექტებთან და არა ეკრანზე აღბეჭდილ ბრტყელ ფოტოსურათთან; ფოკუსირება – VR უზრუნველყოფს სრულ იზოლაციას გარე გამღიზიანებლებისგან, მასწავლებელს აძლევს მოსწავლის მოძრაობის კონტროლის შესაძლებლობას.

თუ ფიზკულტურის მასწავლებელი ხართ და გსურთ, თანამედროვე ტექნოლოგიებთან იმეგობროთ, ვიდრე მოსწავლეებს სამგანზომილებიან სამყაროს გააცნობთ, თავად მოსინჯეთ სპორტული აქტივობა VR-ის საშუალებით. ვირტუალური რეალობის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ თვალი მიადევნოთ სპორტულ შეჯიბრებებს, არამედ თავად გახდეთ სპორტსმენი, ჩაიძიროთ ვირტუალურ რეალობაში და გააცნობიეროთ მისი სარგებელი სწავლის პროცესში. ვირტუალური ტექნოლოგიები სპორტულ თამაშებს ბავშვებისა და უფროსებისთვის გაცილებით წარმტაცს ხდის.

ათი წლის წინ Nintendo-ს Wii-მ მოთამაშეებს საშუალება მისცა, ჩოგბურთი საკუთარ სახლში, კედელთან, ვირტუალურ პარტნიორთან ეთამაშათ. ახლა VR გვთავაზობს ბევრად უკეთეს გამოცდილებას, რომელიც უფრო სახალისო და ინტერაქციულია. Oculus Rift-მა, HTC Vive-მა და PlayStation-მა VR შექმნეს ვირტუალური თამაშების პლატფორმები. VR Sports Challenge და BoxVR სპორტული თამაშების საუკეთესო მაგალითად იქცნენ.

ვირტუალურ რეალობას აქვს შანსი, მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანოს როგორც სპორტსმენს, ისე მწვრთნელსაც. VR ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ უკანასკნელს, სხვადასხვა რაკურსიდან მიადევნოს თვალი თავის გუნდს, სპორტსმენს კი შეუძლია თავად ნახოს, რას აკეთებდა რეალური მატჩის ან ვარჯიშის დროს. მწვრთნელების მოთხოვნით, ვირტუალურ მოედანზე თამაშის ქცევის გაანალიზებითვის ხდება განსაზღვრული სიტუაციების მოდელირება, მოთამაშე კი თავად წყვეტს, რა აირჩიოს, საით გაიქცეს, როგორ მიაღწიოს მიზანს და სხვ. როცა მოთამაშე დაინახავს, როგორ იდგა, მოძრაობდა, სად დაუშვა შეცდომა, მომავალში ის უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მაგალითად, CoPeFoot-ი იმისთვის შეიქმნა, რომ ფეხბურთელებს ესწავლათ და პრაქტიკაში მიეღოთ ტაქტიკური გადაწყვეტილებები. ეს პროგრამა ერთგვარი სასწავლო პლატფორმაა, სადაც სპორტსმენები ააქტიურებენ ავატარებს, რათა ნამდვილ საფეხბურთო მოედანზე სხვადასხვა სიატუაციაზე სწორი რეაგირება მოახდინონ.

VR ფართო შესაძლებლობას იძლევა უსაფრთხო ვარჯიშისთვის, განსაკუთრებით – ისეთ კონტაქტურ სპორტში, როგორიც ფეხბურთია. ახალბედა ფეხბურთელებს შეუძლიათ, ეს ტექნოლოგია „თამაშის წიგნივით“ გამოიყენონ. ისინი ტრავმულ, საშიშ მოძრაობებს ვირტუალურ მინდორზე აანალიზებენ.

რაც შეეხება ოპტიმალურ დატვირთვას: გულისცემა, სუნთქვის სიხშირე და ოფლიანობა, სხეულის მდგომარეობის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მაჩვენებლებია. ფიზიკური ვარჯიშის დროს მათ ინდიკატორებად მიიჩნევენ. ამ მაჩვენებლების საფუძველზე, განსაკუთრებით – გულისცემის მიხედვით, შექმნილ სტანდარტებს იყენებენ პლატფორმებად, რომლებზეც ფასდება როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების ფიზიკური აქტივობის გავლენა.

ბოლო წლებში VR ტექნოლოგიები გვეხმარება როგორც ფიზიოლოგიური რეაქციების შესწავლასა და გაუმჯობესებაში, ისე უსაფრთხო, კონტროლირებადი და მოტივირებული გარემოს შექმნაში. ვთქვათ, მოვარჯიშე ადამიანს, დიდსა თუ პატარას, შეუძლია ველოტრენაჟორის მეშვეობით წარმოიდგინოს, რომ ველოსიპედით სოფლის გზას მიუყვება ან ხელების სავარჯიშო ტრენაჟორზე ვარჯიშის დროს წარმოიდგინოს, რომ ულამაზეს ვენეციაში გონდოლით მიცურავს.

ვირტუალური რეალობა ყველასთვისაა. მაგალითად, აუტისტური სპექტრის დარღვევათა მქონე ბავშვები ასეთი ვარჯიშით განიმტკიცებენ დადებით ქცევას. ბევრი მათგანი მიდრეკილია უძრავი ცხოვრების წესისკენ. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ხელს უწყობს მათ გააქტიურებას. ზრდის მათ მოტივაციას, ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ უბიძგებს მათ.

ეს ეხება ჯანმრთელობის პრობლემების არმქონე ბავშვებსაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: ამ ინტერაქციული ინსტრუმენტის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ მოსაწყენი სავარჯიშოები საინტერესო გახდეს.

VR ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომელიც აუტისტური სპექტრის დარღვევათა მქონე ბავშვებს სოციალური ინტერაქციების და არავერბალური მინიშნებების შესწავლაში ეხმარება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს VR აქამდე მიუწვდომელ გამოცდილებას სჩუქნის. მაგალითად, ვირტუალურ სამყაროში ისინი შეუზღუდავად, სურვილისამებრ გადააადგილდებიან. ეტლს მიჯაჭვულ ბავშვს/უფროსს შეუძლია, სერფინგზე დგომის არაჩვეულებრივი ემოცია განიცადოს და სხვ.

ადამიანი, რომელიც სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს ფიზიკურ ან სენსორულ დარღვევებს, ვირტუალური რეალობის გამოყენებით უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას. მარტივი მაგალითი: მას, ვინც ახლახან დაიწყო ეტლით სარგებლობა, შეუძლია ვირტუალური რეალობის საშუალებით ისწავლოს ავტომანქანებით გადატვირთულ ქუჩაში ან ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრში გადაადგილება, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება.

მკვლევრები ვირტუალური გარემოს მოდელირებისთვის იყენებენ კონსტრუქციას ორი პროექციული კედლით. ამისთვის მათ სჭირდებათ სტერეოსკოპური სათვალე. ის რაღაცით ჰგავს კინოთეატრის 3D სათვალეს. განსხვავება ისაა, რომ გამოსახულება ზუსტად ერგება ადამიანის ხედვის კუთხესა და მიმართულებას, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანი მართლაც იმყოფება სავარჯიშო დარბაზში, მწვრთნელი კი მის წინ დგას. ადამიანს აქვს ამრეკლავი მარკერი, რომელსაც ინფრაწითელი კამერები აკონტროლებენ. ეს ეხმარება სისტემას, ზუსტად მიჰყვეს მის მოძრაობას.

როდესაც მომხმარებელი სისტემაში შედის, პირველ რიგში ვირტუალურ სამწვრთნელო სივრცეში თავის ვირტუალურ გამოსახულებას სარკეში ხედავს. საკუთარი თავის ვირტუალური სურათის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეამოწმოს, როგორ ვარჯიშობს. მოთხოვნისამებრ, სარკე ტრიალდება, რომ თავი სხვადასხვა მხრიდან დაინახო და ვარჯიში სწორად შეასრულო.

ვირტუალური ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია იმის ვიზუალიზირება, რისი დანახვაც რეალობაში შეუძლებელია. სისტემა მომხმარებელს რჩევებსაც აძლევს. მაგალითად, სარკეში დანახული სხეულის ზოგერთი ნაწილი სხვაგვარად იფერება. ვთქვათ, თუ ბუქნებს სწორად აკეთებთ, ავატარზე ბარძაყი ფერს იცვლის და წითლდება.

სისტემა მიუთითებს შეცდომაზეც. ვთქვათ, თავის ზედმეტად დახრის დროს კისერი აქცეინტირებულად გამოისახება სარკეში.

ვირტუალურ რეალობას შეუძლია სავარჯიშოების სწორად შესრულების დემონსტრირებაც: ნახევრად გამჭვირვალე ფიგურა თქვენს ავატარს ეკვრის და თქვენთან ერთად ვარჯიშობს. მომხმარებელს შეუძლია, უბრალოდ გაიმეოროს მის მიერ შესრულებული მოძრაობა.

ვირტუალური რეალობა ფიზკულტურაში არა მხოლოდ დროს ზოგავს, არამედ რეალურ შედეგსაც იძლევა. მოსწავლეები იმაღლებენ თვითსწავლების უნარს, ამჟღავნებენ თავიანთ პოტენციალს, თავიდან იცილებენ ტრავმებს. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს უთანაბრებს სახალისო სწავლებას, რაც მას უფრო სრულყოფილს ხდის.

ვისწავლოთ ბავშვის ნახატის წიგნივით წაკითხვა

0

ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, რომელიც საკუთარი შვილის ნახატის „წაკითხვას“ და იქიდან მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას არ ცდილობდეს. საკუთარი რესურსების „ამოწურვის“ შემდეგ ასეთი მშობელი ბავშვის ნახატით ხშირად ფსიქოლოგს მიმართავს დასახმარებლად და სთხოვს აუხსნას, რას შეიძლება აღნიშნავდეს მისი შვილის პატარა თითებით ფურცელზე გამოსახული საგნები და ფიგურები. გამომდინარე იქიდან, რომ ხატვა ბავშვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, მისი ნახატები შეიძლება მართლაც ძალიან ინფორმაციული იყოს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ისინი ჩვენ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი სამყაროს, რა დამოკიდებულებაშია საკუთარ თავთან, რა აწუხებს, ვინ და რა უყვარს. ბავშვის ნახატები განსაკუთრებით ღირებული მასალაა იმ შემთხვევაში, როცა პატარას პრობლემები აქვს –  შიშები, შფოთიანობა, აგრესიულობა. ბავშვებს ძალიან ხშირად ეშინიათ, ან უბრალოდ არ შეუძლიათ თავიანთი  განცდების სიტყვებით გამოხატვა, ნახატი კი ზუსტად ასახავს პატარას შინაგან სამყაროს, მის დამოკიდებულებას გარშემომყოფ ადამიანებთან. საჭიროა უბრალოდ ვისწავლოთ ბავშვის ნახატის „წაკითხვა“ და მაშინ ჩვენ უკეთესად შევძლებთ იმის გაგებას, თუ რით ცხოვრობს ჩვენი პატარა. თუმცა, ნახატის წაკითხვამდე აუცილებელია რამდენიმე პირობის გათვალისწინება:

  • ხუთ წლამდე ასაკის ბავშვის ნახატები ნაკლებად ინფორმაციულია იმის გამო, რომ ხელის თითები და, აქედან გამომდინარე, წვრილი მოტორიკა სუსტად არის განვითარებული და ნახატები სქემატურია. აღნიშნულის გამო, ნახატის „წაკითხვისას“ ამ პერიოდში დომინანტურ როლს ხატვისას გამოყენებული ფერები ასრულებს;
  • მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნახატი ბავშვის წამიერი განწყობის ასახვაა. ამიტომ, მხოლოდ ერთი ნახატით მის ხასიათზე მსჯელობა არ შეიძლება. არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტული ნახატის შესრულებისას ბავშვი ცუდ ხასიათზე იმყოფებოდა, დათრგუნული იყო. ასეთ შემთხვევაში პატარას ნამუშევარი არ იქნება ზოგადად მისი ხასიათისა და შინაგანი სამყაროს თავისებურებების მაჩვენებელი. გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად სხვადასხვა დროს დახატული 5-6 ნამუშევარი მაინც უნდა გაანალიზდეს;
  • საერთოდ, ბავშვის რეალური ფსიქოლოგიური პორტრეტის შესადგენად უკეთესი იქნება შევარჩიოთ დრო, როცა ის კარგ ხასიათზეა და ვთხოვოთ დახატოს რაიმე – ადამიანი, ხე, თავისი ოჯახი და ა.შ.;
  • თუ ჩვენ ბავშვს მივეცით დავალება, დახატოს რაღაც კონკრეტულ თემაზე, ნუ ჩავერევით ხატვის პროცესში, ნუ შევახსენებთ, რომ ადამიანს აქვს ყურები, მას კი დაავიწყდა დახატვა. შევეცადოთ ვიყოთ მის გვერდით, მაგრამ მივიღოთ ისეთი გამომეტყველება თითქოს ჩვენი საქმით ვართ დაკავებული. ამ დროს თვალ-ყურს უნდა ვადევნებდეთ, ვუკვირდებოდეთ მაგ. იმას, თუ რას ან ვის ხატავს ბავშვი პირველ რიგში;
  • თუ ნახატის საშუალებით ბავშვის, მისი მდგომარეობის შესახებ გვინდა ინფორმაციის მიღება, ხატვისას ფანქრები შევთავაზოთ, ვინაიდან ფანქრით შესრულებული ნამუშევარი ბევრად უფრო მეტს გვეუბნება პატარას სულიერი, შინაგანი მდგომარეობის შესახებ, ვიდრე საღებავებით ან ფლომასტერებით შესრულებული ნახატი.

ბავშვის ნახატის ინტერპრეტაცია – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ნახატის „წაკითხვისას“:

  • გამოყენებული ფერები – ის, თუ რა ფერებს იყენებს ბავშვი ხატვისას, შეიძლება ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლეოდეს პატარას ემოციური მდგომარეობის, მისი გრძნობების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ფერი ადამიანის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მატარებელია – ყვითელი ან იისფერი ბავშვის ნახატებში მეტყველებს მის სულიერ სიმშვიდეზე, ოპტიმიზმსა და კარგ ფანტაზიაზე; წითელი ფერის სიჭარბე მის აქტიურობასა და ადვილად აგზნებადობაზე გვაძლევს ინფორმაციას; მწვანე ფერი მიგვანიშნებს, რომ ბავშვისთვის აუცილებელია სიმშვიდე და განმარტოება. თუ ის დასახატად მხოლოდ ერთი ფერის უბრალო ფანქარს ირჩევს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას აკლია დადებითი ემოციები. მართალია, ფერთა გამა ადამიანის ემოციურ მდგომარეობას ასახავს და, ნახატის გაანალიზებისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ფერი ჭარბობს ნამუშევარში, მაგრამ, თუ დავინახავთ, რომ ბავშვი შავი ფერის ფანქრით ხატავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფერის სიჭარბე ნახატში აგრესიაზე ლაპარაკობს, არ ღირს ამის გამო განგაშის ატეხვა, უმჯობესი იქნება გავარკვიოთ, რატომ აირჩია მან ეს ფერი – შესაძლოა მაგიდაზე მხოლოდ შავი ფანქარი აღმოჩნდა;
  • ხაზების სიმკვეთრე და შტრიხები ნახატში – თუ ნახატი შესრულებულია მკვეთრი, მკაფიო, ნათელი ხაზებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გახსნილია სამყაროს წინაშე, დარწმუნებულია საკუთარ თავში, ან უბრალოდ ნათლად, ცხადად აქვს წარმოდგენილი, რასაც ხატავს. როცა ხაზები მკრთალია, ძლივს შესამჩნევი, არათანაბარზომიერი, წყვეტილი, სასურველი იქნება დავფიქრდეთ, ბავშვს საკუთარი თავისადმი უნდობლობა ან შიში ხომ არ აწუხებს. „აგრესიული“, „მჩხვლეტავი“ ხაზები ბავშვის ნახატში შეიძლება გაჩნდეს ჩვენი, უფროსების ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულების პასუხად. ყურადღება მისაქცევია ისიც, თუ როგორ იყენებს ბავშვი შტრიხებს ნახატში, როგორია მისი რაოდენობა ფურცელზე, თუ შტრიხები ძალიან ბევრია და განსაკუთრებით თუ ის შესრულებულია ძლიერი ზეწოლით, თუ ბავშვი იყენებს შტრიხებს არა მხოლოდ დახატული ფიგურის შიგნით, არამედ მთელ სივრცეში მის გარშემო, თუ დაშტრიხვა გამოდის საგნების საზღვრებიდან და ჩნდება იქ, სადაც სრულიად გაუმართლებელია, შეიძლება ეს გვაძლევდეს საშუალებას ვიმსჯელოთ ბავშვის აწეულ შფოთიანობაზე, მასში შიშის არსებობაზე ან ცუდ გუნება-განწყობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც წესი, ნახატის მიხედვით შეიძლება განვსაზღვროთ ბავშვის ემოციურ მდგომარეობა, გარშემომყოფ ადამიანებთან დამოკიდებულება, პიროვნული თავისებურებები. გავითვალისწინოთ, რომ პატარას არ შეუძლია ყველაფრის სიტყვებით გამოხატვა, ახსნა უფროსისათვის. თავის მდგომარეობას ის ძირითადად ნახატებში ასახავს;
  • დახატული ობიექტების განლაგება ფურცელზე – გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც წესი, განთავსებულია ფურცლის ცენტრში, ყველაფერი დანარჩენი, ნებისმიერი რამ მის გარშემო ბრუნავს. თუ ბავშვის მიერ დახატული ობიექტი მხოლოდ ფურცლის ცენტრშია განთავსებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა საკუთარ თავში დარწმუნებულია. ნახატი ფურცლის ქვედა ნაწილში და თანაც ისე, რომ სივრცის 2/3 ზემოთ ცარიელია, ბავშვის დაქვეითებულ თვითშეფასებაზე შეიძლება მიუთითებდეს;
  • ადამიანი ბავშვის ნახატში – ბავშვებს ძალიან უყვართ ადამიანის ხატვა. ის, თუ როგორ არის გამოსახული ადამიანი ბავშვის ნახატზე, ასევე ბევრს გვეუბნება პატარას სულიერ მდგომარეობაზე. დიდი, მრგვალი თვალები ნახატზე გამოსახული ადამიანის სახეზე იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვში შფოთვის დონე მომატებულია და ის დახმარებას ელის. სახეზე გამოსახული ზედმეტად პატარა თვალები კი – პირიქით, გვეუბნება, რომ ბავშვს უჭირს თავის შიშებზე საუბარი და არ სურს, რომ ამის შესახებ გაიგონ. თუ ბავშვი ადამიანის სახეს ხატავს პირის, ყურების, ცხვირის გარეშე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს ურთიერთობა გარშემომყოფებთან. ადამიანი ზედმეტად გრძელი კისრით ნახატზე იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვს უჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი. გრძელი თითები პირიქით – პატარა „მხატვრის“ შინაგან ძალასა და ნიჭიერებაზე მიუთითებს. განზე ფართოდ გაშლილი ხელები გვეუბნება, რომ ბავშვს აქვს მისწრაფება მოქმედებისაკენ, ზემოთ აწეული ხელები კი აგრესიაზე მეტყველებს. გრძელი ფეხები ნახატზე დამოუკიდებლობის ნიშანია, ფართოდ გაშლილი ფეხები აღნიშნავს, რომ ბავშვი საკუთარ თავში დაჯერებულია, მოკლე ფეხები ბავშვის უსუსურობაზე და სისუსტეზე მიუთითებს. თუ ბავშვი საჭიროებს დაცვას, ის აუცილებლად ქუდით შემოსავს დახატულ ფიგურას. ღია პირს კბილებით ხატავენ აგრესიულად განწყობილი ბავშვები. დიდი, გრძელი ხელები გვიჩვენებს, რომ პატარა მოხერხებული და ფიზიკურად კარგად განვითარებულია. პატარა ხელებს ხატავს ფიზიკურად სუსტი ბავშვი. თუ ის არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, ნახატზე გამოსახულ ადამიანს ხელებს ზურგს უკან ან ჯიბეებში დაუმალავს. კვადრატულ ტანს ჩვეულებრივ ბიჭები ხატავენ – მათთვის ის მამაკაცურობის ნიშანია. თუ დახატული ადამიანის ტანი არაპროპორციულად პატარაა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი დამცირებულად გრძნობს თავს. პროფილში გამოსახული ფიგურა ურთიერთობის პრობლემებზე და შფოთიანობაზე მიუთითებს. ბავშვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ნახატზე გამოსახული ადამიანის მიმართ მეტყველებს ყურადღების გამახვილება დეტალებზე – სამკაულები, ფეხსაცმელი, ღილები,  ჯიბეები, სამკერდე ნიშნები და ა.შ. ტანსაცმელს, სამკაულების მრავალფეროვნება საყვარელი ადამიანის გამოსახულებაზე  ბევრად მეტია, ვიდრე იმ ადამიანის გამოსახულებაზე, რომელიც პატარას არ უყვარს. ადამიანის თავი ბავშვის ნახატში ინტელექტის სიმბოლოს წარმოადგენს. დიდი თავი მეტყველებს განვითარებულ გონებრივ უნარებზე, პატარა თავი კი მისი ასაკისათვის არასაკმარის გონებრივ უნარებზე;
  • სახლი და ხე ბავშვის ნახატში – ადამიანების გარდა, ბავშვს უყვარს სახლისა და ხეების ხატვა. თუ ბავშვი ხშირად ხატავს სახლს კარ-ფანჯრის გარეშე, ეს მეტყველებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე, ჩაკეტილობაზე. რაც უფრო პატარაა ფანჯრები, მით უფრო მორიდებული და მორცხვია ბავშვი. დიდი ხე ნახატზე აღნიშნავს, რომ ბავშვს დიდი ცხოვრებისეული ენერგია აქვს. თუ ხის ტოტები მიმართულია ზევით, თავად ხეს კი აქვს სქელი ღერო და მყარად დგას მიწაზე, ფესვებიც კია გამოსახული – ჩვენ საქმე გვაქვს საკუთარ თავში დარწმუნებულ, ხალისიან ბავშვთან;
  • ოჯახი ბავშვის ნახატში – ყველა ბავშვი ადრე თუ გვიან იწყებს თავისი ოჯახის ხატვას. ოჯახის ნახატის ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ გამოსახულებების რიგითობას, ფიგურების ზომებს და ადამიანებს შორის მანძილს. ოჯახის დახატვას ბავშვი ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრით იწყებს. მას მოჰყვება სხვა წევრები იმ თანმიმდევრობით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ბავშვისთვის. თუ ბავშვი საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფიგურად თვლის ოჯახში, პირველ რიგში საკუთარ თავს დახატავს. ხოლო, თუ თვლის, რომ არ უყვართ და არასაჭიროა – ბოლოში დახატავს. თუ ოჯახში ყველაფერი წესრიგშია და ბავშვი იქ კარგად გრძნობს თავს, მის ნახატში ყველაზე მაღალი მამაა, მას მოჰყვება დედა, რომელიც ოდნავ დაბალია, შემდეგ ბავშვები, რომლებიც უფრო პატარა ზომისანი არიან. თუ ბავშვი თავის თავს ყველაზე დიდად ხატავს, ის საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვნად, ოჯახის მთავარ წევრად აღიქვამს. თუ პატარა ზომისად ხატავს – ზედმეტად არასაჭიროდ გრძნობს  თავს. თუ ასაკით მასზე უმცროსი და-ძმა უფრო დიდი ზომისად არიან დახატული, ვიდრე ნახატის ავტორი, ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება ექცევათ. პატარა მანძილი ფიგურებს შორის ნახატზე აღნიშნავს ხელსაყრელ ატმოსფეროს ოჯახში. თუ ბავშვი თავისი ოჯახის წევრებს ძალიან აცილებს ხატვისას, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა. თუ ბავშვი თავის თავს ოჯახის სხვა წევრებისაგან განცალკევებულად ხატავს ან საერთოდ არ ხატავს, დიდი ალბათობით ის ოჯახში არასაჭიროდ, მარტოდ, ზედმეტად, გარიყულად, იზოლირებულად გრძნობს თავს და ფიქრობს, რომ ახლობლებს, ოჯახის წევრებს ის არ უყვართ. როცა ბავშვი დარწმუნებულია, რომ ის ახლობლებისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელია, თავის თავს მშობლების გვერდით ხელჩაკიდებულს გამოსახავს. თუ ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთთან  ხელჩაკიდულია, ოჯახი მეგობრულია. თუ ხატვის პროცესში ის ტოვებს და არ ხატავს ოჯახის რომელიმე წევრს, ეს შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანთან მას ფარული კონფლიქტი აქვს. თუ ნახატზე ოჯახის თითოეული წევრი თავის საქმით არის დაკავებული, ოჯახი გათიშულია. თუ ადამიანებს შორის საგნებია დახატული, რომლებიც მათ ერთმანეთისაგან გამოყოფს, სავარაუდოდ, ოჯახში ურთიერთობის პრობლემებია. თამაშით დაკავებული ოჯახის წევრები ნახატზე მათ შორის არსებულ მეტოქეობაზე მიუთითებს. ხშირად ბავშვები ხატავენ წარმოსახულ ოჯახს – მამას, რომელიც არ ცხოვრობს მათთან ერთად; დას, რომელიც საერთოდ არ ჰყავს; გარდაცვლილ ნათესავს ან საერთოდ უცხო ადამიანს. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი განიცდის დისკომფორტს თავის ოჯახში და მისი შეცვლა სურს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია ბავშვის ნახატი საკმაოდ დიდ ინფორმაციას გვაძლევს მისი ავტორის ემოციური და სულიერი მდგომარეობის, მისი ურთიერთობების და განწყობების შესახებ, მაგრამ, არ იქნება გამართლებული მხოლოდ ნახატის საფუძველზე ამა თუ იმ ფსიქოლოგიური დიაგნოზის დასმა. ის უბრალოდ გვეხმარება დავფიქრდეთ იმაზე, რა ხდება პატარა ადამიანის გულში და გავერკვეთ არსებული პრობლემების მიზეზებში.

 

 

„ვარდი და ლოკოკინა“

0

ჰანს ქრისტიან ანდერსენი სადღაც წერდა, ზღაპრის წერა ყველაზე რთული საქმეაო. მართალიც ბრძანდებოდა. მიდი და დაწერე ისეთი ამბავი, რომ პატარა მკითხველი  შეიყოლიო. მიდი და მოიფიქრე ზღაპარი „თოვლის დედოფალზე“, „მეღორეზე“, „ქალთევზაზე“ და უამრავ სხვა ამბავზე. თან ისე გადაამღერე, რომ მკითხველი გაერთოს კიდეც და რაღაც ცხოვრებისეულიც ისწავლოს. ახლა, ნუ მეტყვით, რაღა ანდერსენს მიადექი, ქართული ზღაპრები ცუდიაო? კარგია, გიპასუხებთ მე. ქართულიც კარგია, ძმები გრიმებისაც კარგია და კიდევ ათასი ვინმესი. თუ წერილის შესავალი ჰანს ქრისტიანით დავიწყე, მხოლოდ შემთხვევითობის ბრალია.

– და… საერთოდ რატომ დაიწყე წერილი ზღაპრებითო? – აუცილებლად იკითხავს ვინმე. თუ ზღაპარი სიბრძნეს გვასწავლის, თან გახალისებს და ერთი ამოსუნთქვით შემოგეკითხება, ქიმიაც რომ ზღაპარივით ვაქციოთ,  არ შეიძლება?

რა თქმა უნდა, ქიმიის ჩვეულებრივ გაკვეთილს ვერსად გავექცევით. თეორიების, კანონების, მექანიზმების გარეშე მოსწავლე, ე.წ. ზღაპრიდანაც, ან უბრალოდ სახალისო სანახაობიდანაც  ვერაფერს გაიგებს და, არც მეტი არც ნაკლები, უბრალოდ გაერთობა. აქ კი საუბარი გართობაზეც არის და ნასწავლის გააზრებაზეც.

მოკლედ, იყო ერთი ოჯახი. ჩვეულებრივები იყვნენ, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდნენ. ორი შვილი ჰყავდათ – გოგო და ბიჭი, ბეჯითი და დამჯერი ბავშვები. ბიჭს ფანდურზე დაკვრა და ქიმიური ცდების ჩატარება უყვარდა. სულ თავისით იპოვა სადღაც ფანდურზე დაკვრისა და ქიმიის  წრეები. ჯერ ერთზე მიდიოდა, მერე მეორეზე. ერთ საღამოსაც, სახლში დაბრუნებისას, გზად უცნაური ვარდის ბუჩქი შენიშნა. ისე ყვაოდა, სულ წითლად… მოეჩვენა, რომ ბუჩქი ვიღაცას ესაუბრებოდა. ახლოს მივიდა, დააკვირდა და ლოკოკინა შერჩა ხელში. ლოკოკინამაც შეამჩნია ბიჭი და ადამიანის მზერით შეხედა (ბიჭს ასე მოეჩვენა), მერე ადგა და ლოკოკინასთვის დაუჯერებელი სიჩქარით კუთხისკენ გახოხდა. ბიჭს ყველაფერი გადაავიწყდა და უკან გაჰყვა. ქუჩის კუთხეში შეუხვიეს და… პარალელურ სამყაროში აღმოჩნდნენ.

– ტუტე პროდუქტები, ტუტე-მეთქი, მხოლოდ ასეთი გზით შეუქმნით ორგანიზმს ჯანმრთელ გარემოს, – ყვიროდა მეგაფონმომარჯვებული ბროკოლი მწვანე კომბოსტო, რომელიც „ტუტეთა“ პარტიას წარმოადგენდა. უკან კი ხილისა და ბოსტნეულის მთელი ჯარი განლაგებულიყო.

– რა ტუტე, რაებს ამბობ, გაუმარჯოს მჟავა არის შექმნელი პროდუქტების, ვაშააა…! – გზის მეორე მხრიდან დასძახოდა გაზიანი ლიმონათი. მის უკან ხორცის, რძის და ცხიმის შემცველი პროდუქტები განლაგებულიყვნენ.

ეგენი „მჟავათა“ პარტიას წარმოადგენენ – ლოკოკინამ, რომელიც ამასობაში მხარზე შესცოცებოდა, ბიჭს ყურში უჩურჩულა.

– რა ხდება? – ძლივს ამოთქვა ბიჭმა.

„აიმიქ“-ის ქვეყანაში მოხვდი. წლებია აქ ასეთი დაპირისპირება მიმდინარებს და გადაბმული დემონსტრაციები აქვთ.

უცებ ბიჭმა მხრებზე შეჯანჯღარება იგრძნო. ტკბილ პროდუქტებს ჰყავდათ გაკავებული.

– ჩვენთან ერთად წამოხვალ, გადამჭრელი ტონით უთხრეს და სადღაც გააქანეს.

„მჟავათა“ პარტიის ოფისში ამოჰყო თავი, სადაც ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი, შებოლილი ძეხვი დახვდა.

– საიდან გადმოხვედი ყმაწვილო? – მკაცრად ჩააცქერდა თვალებში;

– მმმ, ლოკოკინას წამოვყევი, უთხრა ბიჭმა.

კეთილი, მაგრამ შენ ხომ უფრო მჟავა გარემოს შემქნელი პროდუქტები გიყვარს? ძეხვეული, ტკბილეული, შემწვარი ხორცეული, ფქვილისგან გამომცხვარი რამე-რუმეები… ხომ ასეა, ყმაწვილო? გამოსატეხად ჩააცქერდა გადაწყვეტილების მიმღები შებოლილი ძეხვი.

– სამწუხაროდ, მიყვარს, აღიარა ბიჭმა. ოღონდ, ისიც ვიცი, რომ მჟავა გარემოს შემქნელი პროდუქტების უზომოდ ჭამა ორგანიზმს აზიანებს. ტუტე არის შემქმნელი საკვები კი სიტუაციას აბალანსებს და სასარგებლოა.

– სისულელეა, – თქვა გადაწყვეტილების მიმღებმა შებოლილმა ძეხვმა. ან ტუტე უნდა აირჩიო ან მჟავა. ორივეს მომხრე ერთდროულად ვერ იქნები.

– იცით, რას გეტყვით, – თქვა ბიჭმა, ადამიანის ორგანიზმი მუდმივად ინარჩუნებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. ამას ბუფერული სისტემების წყალობით აკეთებს. აი, თანამედროვე კვება კი ორგანიზმს მჟავიანობას მატებს. მათი მეტაბოლიზმის შედეგად მჟავა ნარჩენები წარმოიქმნება, რომლების სისხლძარღვებს და ათას რამეს აზიანებს.

– ბუფერული სისტემები?, – გაიოცა „მჟავათა“ წარმომადგენელმა.

– დიახ, ზოგადად ორი სახის არსებობს: ა) ბუფერული სისტემა, რომელიც შეიცავს სუსტ მჟავას და მასთან შეუღლებულ ფუძეს. ასეთი სისტემის pH<7-ზე და მის მოსამზადებლად ერთმანეთს უნდა შევურიოთ სუსტი მჟავა და მარილი, რომელსაც ეს მჟავა ფუძესთან ურთიერთქმედებით იძლევა. მაგ. აცეტატუტი ბუფერი, ძმარმჟავა და ნატრიუმის აცეტატის შერევით მიიღება.  ბ) ბუფერული სისტემა, რომელიც შეიცავს სუსტ ფუძეს და მასთან შეუღლებულ მჟავას. ასეთი სისტემის pH>7-ზე და მის მოსამზადებლად ერთმანეთს უნდა შევურიოთ სუსტი ფუძე  და მარილი, რომელსაც ეს ფუძე მჟავასთან ურთიერთქმედებით იძლევა. მაგ. ამიაკური  ბუფერი, რომელიც შეიცავს ამიაკს და ამონიუმის ქლორიდს.

თუმცა, ბიჭს ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ბუფერული სისტემების ჩამოთვლა აღარ დააცალეს:

– სისულელეა, თქვეს მჟავათა პარტიაში, საიდან იცი?

– ქიმიის წრეზე დავდივარ, უპასუხა ბიჭმა.

– ეგ რაღაა? რით დაგვიმტკიცებ?

– ლამაზი ქიმიური ცდის ჩვენება შემიძლია, უპასუხა ბიჭმა და შებოლილი ძეხვის გაკვირვებული სახისთვის არც კი შეუხედავს, ისე  გახსნა ჩანთა და ამოიღო:

პეტრის ჯამი… რომელშიც ჯერ ნატრიუმის კარბონატის რამდენიმე წვეთი ჩაასხა, შემდეგ წყლით შეავსო და ინდიკატორ თიმოლის ლურჯის ორი-ოთხი  წვეთი დაუმატა. წარმოიქმნა  ლურჯი შეფერილობა, რომლის უფრო გამუქებისთვის ბიჭმა სითხეს ხის წკირით მოურია. ნატრიუმის კარბონატს ტუტე არე აქვს და მასში თიმოლის ლურჯი ლურჯად დარჩება. შემდეგ, პეტრის ჯამის სხვადასხვა ადგილას ნატრიუმის ჰიდროსულფატის რამდენიმე წვეთი დაამატა. ისევ ხის წკირით მოურია და სითხე ნარინჯისფერი გახდა. ნატრიუმის ჰიდროსულფატს მჟავა გარემო აქვს და თიმოლის ლურჯიც მოწითალო-ნარინჯისფერში გადადის. ტუტე გარემო კი ნეიტრალიზდება. ნეიტრალურ არეში თიმოლის ლურჯი ყვითელი გახდება და სითხეც გაყვითლდება. შემდეგ, კვლავ ნატრიუმის კარბონატი ჩააწვეთა და ისევ ლურჯი ფერი წარმოიქმნა.

– ბოლოს ის ტუტე რეაქციის მქონე  რაღაც არ უნდა დაგემატებინა, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მჟავათა პარტიის წარმომადგენელმა. კიდევ იცი რამე ცდა?

– ვიცი, უპასუხა ბიჭმა და საქმეს შეუდგა:

ერთ დიდ ჭიქაში თიმოლის ლურჯის ხსნარი წყლით განაზავა. შედეგად ხსნარი ჯერ გამწვანდა, მერე გაყვითლდა და ასეც დარჩა. შემდეგ აიღო ხუთი ჭიქა და შიგნით ჩაასხა: პირველ ჭიქაში – ნატრიუმის ჰიდროსულფატის 5 წვეთი; მეორე  ჭიქაში –  ლიმონმჟავას 5 წვეთი (ამაზე მჟავათა პარტია კმაყოფილი დარჩა, თუმცა ლიმონი ორგანიზმში ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტებს წარმოქმნის); მესამე  ჭიქაში – ნატრიუმის კარბონატის 5 წვეთი და ამავე რაოდენობა ლიმონმჟავა (რეაქციის შედეგად წარმოიქმნება ციტრატი, წყალი და ნახშირორჟანგი); მეოთხე ჭიქაში – ნატრიუმის ჰიდროკარბონატის რამდენიმე კრისტალი; მეხუთე ჭიქაში – ნატრიუმის კარბონატის 5 წვეთი. შემდეგ ხუთივე ჭიქაში ინდიკატორის ტოლი რაოდენობა გადაანაწილა და ჰოი საკვირველებავ! იცით რა მოხდა? პირველ ჭიქაში სითხე წითლად შეიღება (რატომ?); მეორე ჭიქაში – ნარინჯისფრად (რატომ?); მესამეში – ყვითლად (რატომ?); მეოთხეში – მწვანედ (რატომ?); მეხუთეში კი -ლურჯი (რატომ?).

ამასობაში მჟავათა პარტიის ოფისში უკვე ტევა აღარ იყო. ქიმიური ექსპერიმენტების შესახებ ამბავი უცბად გავრცელებულიყო და ცდების საყურებლად შეგროვილიყვნენ. რძემ და რძის პროდუქტებმა თქვეს, ჰიო, მაგ ფერებში იისფერი არ არისო…

– ეჰ, თქვა ბიჭმა, ვარდის ფურცლები, რომ მქონდეს…

– ვარდის ფურცლები? გამოცოცხლდა მის მხარზე შემოსკუპებული ლოკოკინა. აი, გამომართვი, ვარდის ბუჩქიდან გამომყვა.

ბიჭმაც ვარდის ფურცლებს მდუღარე წყალი დაასხა. დაყოვნების შემდეგ გაფილტრა და ფილტრატის ნაწილი სხვა ჭიქაში გადაასხა. დაამატა ნატრიუმის ჰიდროსულფატის ხსნარის რამდენიმე წვეთი. ვარდის ნაყენის ფერი ნარინჯისფერი გახდა. შემდეგ, იმავე ჭიქას ნატრიუმის კარბონატის რამდენიმე წვეთი ჩაამატა. სითხე იასამნისფერიდან მწვანეში გადავიდა. რატომ? ვარდის ფურცლებში შემავალი ანთოციანიდების გამო (მათზე უფრო დაწვრილებით ამ სტატიაში წერია https://mastsavlebeli.ge/?p=4044).

უცებ ხმაური ატყდა. ტუტე პროდუქტებს „მჟავათა“ პარტიისთვის წრე დაერტყათ და ყვიროდნენ, ახლავე გაგანეიტრალებთო.

ბიჭმა თავისი კოლბები და ჭიქები იქვე დატოვა და  რაც შეეძლო გაიქცა. როგორც კი მოსახვევში შეუხვია, მაშინვე ნაცნობი ვარდის ბუჩქი დაინახა. იქვე მისი  ლოკოკინა იჯდა და ვარდს გაცხარებით რაღაცას ეკამათებოდა. ბიჭს გაუკვირდა, იფიქრა, ლოკოკინა, ხომ ჩემთან ერთად იყო, ახლა აქ რანაირად აღმოჩნდაო. უფრო ახლოს მივიდა, აინტერესებდა, რაზე კამათობდნენ.

– ლამაზი ვარ და მორჩა, ამტკიცებდა ვარდის ბუჩქი. ყოველ წელს ადამიანებს ყვავილებით ვატკბობ, განა ეს საკმარისი არ არის?

– ჰო, მაგრამ, – არ ეშვებოდა ლოკოკინა, მხოლოდ სილამაზე რას გიშველის, თუ სანახაობის შინაარსიც არ გააგებინე სამყაროს. თუ არ აუხსენი, რატომ ხარ ასეთი ფერის,  ფორმის, რა არის შენი სურნელის საიდუმლოება და რა სარგებლის მოტანა შეგიძლია.

– აკი გითხარი, სილამაზით ვატკბობ თვალს, სურნელი მაქვს კარგი და მორჩა. რა, კიდევ რამე სარგებლის მოტანაც შემიძლია?

– ჰმ, – ჩაიცინა ლოკოკინამ, წარმოდგენაც კი არ გაქვს, რომ შენგან ეთერზეთებს ხდიან და პარმიუმერიასა და მედიცინაშიც იყენებენ. სილამაზეც აუცილებელია, მაგრამ მის იქეთ რაც არის, ამის ახსნის გარეშე, არავითარი ფასი არ ექნება (ნაწყვეტი ანდერსენის ზღაპრიდან „ვარდი და ლოკოკინა“).

ჰოდა, ლამაზი ქიმიური ზღაპრები და სანახაობითი ექსპერიმენტები  სწორედაც რომ აუცილებელია. ოღონდ – გააზრებულად და პროცესის განმარტებით.

წმინდანებისა და მკვდრების დღესასწაული -გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“  ერთი ასპექტი

0

წმინდანებისა და მკვდრების დღესასწაული ჰქვია ცნობილი მექსიკელი მწერლის, ოქტავიო პასის, ესეს, რომელშიც გაანალიზებულია, რა კრავს და აერთიანებს ხალხს სხვადასხვა ეროვნული თუ რელიგიური დღესასწაულის დროს. გურამ რჩეულიშვილმა თავის ცნობილ მოთხრობაში „ალავერდობა“ უმთავრეს სცენად სწორედ ალავერდობის რელიგიური  დღესასწაული დახატა. აქ წმინდანებიცა და მკვდრებიც თანაბარი ინტენსივობით წარმოჩნდნენ. წმინდანებს სიმბოლურად თვითონ ალავერდის ტაძარი წარმოადგენს, ხოლო მკვდრებს _ ადამიანები, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და მხოლოდ მატერიალურ განზომილებაში შეუძლიათ ცხოვრება. მაშ, რატომღა აქვთ სწრაფვა ალავერდობისკენ, როგორც სიწმინდისკენ? ღმერთთან სიახლოვის სურვილი წლის გარკვეულ დროს, დღესასწაულისას, მათ სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი. თუმცა ღვთის ცოცხალი რწმენა გამქრალია, ფორმალურ-რიტუალური მხარე მაინც განაგრძობს ინერციით არსებობას.

მოთხრობის გმირს აძრწუნებს ის ქაოსი და უწესრიგობა, რომელიც  ალავერდობის დღესასწაულზე ჩასულს  ხვდება,  28 სექტემბერს. შემოდგომის ფერწერულ სანახებს თითქოს ანაცრისფერებს და აფერმკრთალებს არა ამაღლებული, წმინდა, რელიგიური დღესასწაულისთვის, არამედ ცხოველური ღრეობისთვის დამახასიათებელი  დეტალები. იგი ფიქრობს, რომ „ეს რელიგიური დღეობა მხოლოდ ინერციაა, მისული სასაცილოობამდე. შემზარავ ტრაგიკომედიასა ჰგავს მთლიანად გუშინდელი ლხინის ბოლო, ამას ემატება ისიც, რომ ის, საერთოდ, ისტორიულადაც ბოლო დღეა; ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტიანულ საყდარში, ზედ კანკელის ძირას, შეიძლებოდა ოდესმე გდებულიყო თავწაჭრილი მამალი და ცხვრის თავ-ფეხი. მხოლოდ აქა-იქ დაინახავთ კუთხეებში მორცხვად მიყუჟულ შავკაბიან მლოცველებს, რომლებიც ღმერთს მხურვალედ სთხოვენ სათხოვარს“.  ის თავიდან თითქოს ცდილობს, რაღაცნაირად გაიზიაროს ეს  პათოსი და სულისკვეთება, თუმცა ვერ იქცევა მასის  ნაწილად, რადგან ზედმეტად გამოკვეთილი ინდივიდუალურობა და საღი განსჯის უნარი, სიფხიზლე და ფართოდ გახელილი თვალები აქვს.

მისი ამბოხი და პროტესტი შედეგს გამოიღებს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე საკითხს:

  1. ხალხის თავგზააბნეულობა (რაც საბჭოური ანტირელიგიური იდეოლოგიური წნეხითაც არის ნაწილობრივ განპირობებული, თუმცა, თანამედროვე ტექნოკრატიული საზოგადოების სულისკვეთებასაც ირეკლავს),
  2. დღესასწაულებისთვის, ზოგადად, დამახასიათებელია ამგვარი კარნავალური თავშექცევა. „დღესასწაული ამბოხია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საზოგადოება ნელ-ნელა იძირება საყოველთაო უწესრიგობაში, მისი მყიფე სხეული კი, რომელიც გარკვეულ წესებსა და პრინციპებს ემორჩილება, საკუთარ თავს, თავისსავე ქაოსსა და პირველად თავისუფლებას უბრუნდება. ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი. ერთმანეთში ირევა კარგი და ცუდი, დღე და ღამე, წმინდანი და უწმინდური“ (ოქტავიო პასი).
  3. ხალხისგან განაპირება მათზე ზეაღმატებულობის განცდით. პერსონაჟში იბადება წყურვილი სხვებისთვის ჭკუის სწავლებისა, გამოფხიზლებისა. თავიდან ისიც ცდილობს, იქცეს ამ სანახაობის კარნავალის ნაწილად, თვითონაც სურს რაღაც როლის მორგება: „ძნელია ექსცენტრიული, ბუნებით ეგზოტიკით სავსე შემოქმედისთვის ყველაფერი ამის ყურება; ის სვამს ღვინოს, რომ ხელოვნურად აღიგზნოს ვნებები, დათვრეს სხვებივით, იქნებ მაშინ მაინც დაინახოს ის რაღაცა, რასაც ისინი ხედავენ, იმედიანი, მისი აქეთ წამოსვლის გამამართლებელი. მატულობს მის სხეულში კახური, ქვევრდაკრული სასმელის სასიამოვნო სითბო, შეუჩერებლივ დადის ხალხში, ედება ყველას, ელაპარაკება, ვერ ასმენს და აღარ ესმის არაფერი. მაგრამ გაკეთება, რამის გაკეთება, რაც წამით მაინც შეცვლის რაღაცას, აუცილებელია მისთვის, ის ასე ვერ წავა აქედან! ამ დროს ასეთი ბუნების კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ის ხდება ასეთ წუთებში უცნაურად ეშმაკი და უგუნურებამდე უშიშარი თავისი იდეის განსახორციელებლად. ყველაფერი კარგავს მისთვის მნიშვნელობას, გარდა ერთისა: არტისტულ არენად აქციოს ყველაფერი და მაყურებელი დააინტერესოს ამ წამში ერთი ამბით, ერთი მიზნით,  ერთის ბედით. სწორედ ეს შინაგანი ინსტინქტი არტისტისა, მისცეს ყველას თავის გარშემო ერთი ინტერესი, მიზანი, მთლიანად იპყრობს მას. ის შიგნიდან ცახცახებს, მისი გონება უკვე სავსეა ამ შეგრძნებით, რომელსაც მხოლოდ სჭირდება მოქმედების დაწყება, პირველი აზრი. შემდეგ აქტიორი შედის თავის როლში, გახელებული ხალხი ტაშს უკრავს მას ან ესვრის ათას სიბინძურეს _ ამაზე როლში შესულ მსახიობს უკვე აღარ შეუძლია იფიქროს“.
  4. ხალხის ერთგვარი მხსნელის როლში გარდაისახა პერსონაჟი, თანაც, ისე საბედისწეროდ, რომ კინაღამ შეეწირა. როდესაც ქრისტესავით ხელებგაშლილმა გადმოხედა გუმბათის სცენიდან ხალხს, ამ წამებში, მართლაც, იგრძნო თავისი არსებობის, სიცოცხლის აზრი და მიზანი. ამ წამებში სიკვდილიც ისეთივე იოლი და ლაღი მოეჩვენა, როგორიც სიცოცხლე. „ვიღაცა მოცეკვავემ, რომელმაც მოღერებული სახე მაღლა ასწია, ცეკვა ზედ თითის წვერებზე შეაჩერა და გაირინდა. გუმბათის კარნიზზე წონასწორობისთვის ხელგაშლილი მიდის გურამი. ის გაჩერდა და ქვევით, ხალხისკენ დაიწყო ყურება. მაღლა აიხედეს მეზურნეებმაც და დაკვრა შეწყვიტეს. ხალხმა დაინახა ეს მოჩვენება. აძგერდნენ ახალგაზრდა გულები გურამის სურვილით, აღელდნენ მოხუცები, ქალები; იმ მლოცველთა სახეებით, რომლებსაც არ ჩაუფიქრებიათ, რაზე უნდა ილოცონ, თვალს ვერ აშორებენ გუმბათს. გავარდა ხმა, რომ კაცი დგას გუმბათის კარნიზზე და ყოველ წამს შეიძლება დაიმსხვრეს, ხმა გავიდა გალავნის გარეთ, მერე ხევს გაღმა და იწყო ხალხმა გალავნის შიგნით დენა. „ოოუ!“ _ იყვირა გურამმა, ხალხი ისევ ისე უძრავად იდგა, ამ სიმაღლიდან თითქმის ვერ აღწევს ხმა ქვევითამდე.
  5. თუმცა, ყურადღება მივაქციოთ იმ განცდას, რომელიც მას ეუფლება მაშინ, როდესაც ტაძრის გუმბათიდან გაჰყურებს ალაზნის ველს. ის ხედავს ამავე მშრომელი ხალხის ნაჯაფ-ნაამაგარს. იგი იგრძნობს უმთავრესს, რომ ის ექსტაზი, რომელიც მას დაეუფლა, როცა წინააღმდეგობა გაუწია რეალობას, ცხენი გაიტაცა, მოსაკლავად დადევნებულ  ხალხს დაუსხლტა და ტაძრის გუმბათზე ავარდა, გაელვებას  ჰგავდა. ამ წამებში თითქოს მიეახლა ჭეშმარიტებას, მაგრამ, როცა ექსტაზმა გაიარა და მიხვდა, რომ „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“, სიცარიელე იგრძნო. ექსტაზი გაქრა, თუმცა ამ თავდავიწყებიდან დაბადებულმა ენერგიამ თავისი კვალი დატოვა. მან შეძლო „სასაფლაოდ“ ქცეული გარემო გაეცოცხლებინა, დამიწებული და უსულო ადამიანები ზეცისკენ გაეხედებინა. ამის გაცნობიერებამ    კიდევ ახალ „აღმოჩენას“ აზიარა. აქამდე თუ ამ ხალხისგან განცალკევებულობამ მიანიჭა სიხარული, ახლა მათთან თანაზიარობის წყურვილი გაუჩნდა, რადგან მიხვდა, „ალავერდიცა“ და სხვა არქიტექტურული შედევრებიც სხვისი, ამ ხალხის წიაღიდან გამოსული რომელიმე გენიოსის შემოქმედებითი ექსტაზის ნაყოფი იყო. ეს ხალხიც ქმნიდა, აშენებდა, შრომობდა და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა მისთვის ზემოდან ცქერისა:  „მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისგან შექმნილი, თვითონ კი… გუმბათის თავზე შერჩენილს, ღიმილი ერევა, ისეთ უაზრობად ეჩვენება აქ დგომა“.
  6. „ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით, მაგრამ ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისგან, ტყის პირას გაგონილი, დაუწერელი, ერთად მოვარდნილი სიმფონიასავით იღვრება თვალის წინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები“.
  7. ეს „ორი დღით დაბნევა“, თანაც არა სხვებისა, არამედ „ჩვენი“_ კარგად წარმოაჩენს გურამის სულისკვეთებას.
  8. მოთხრობა 1959 წელს დაიწერა, კიდევ ბევრ წყალს უნდა ჩაევლო, სანამ საქართველო საბოლოოდ მოიხსნიდა საბჭოთა კოლონიალიზმის უღელს და გამოვიდოდა „დაბნეულობიდან“, მერე კვლავაც იმგვარი რწმენით გააგრძელებდა შემოქმედებას, როგორც მისი წინაპრები.

ოქტავიო პასის აზრით, დღეასწაული არ არის მხოლოდ რიტუალური ხარჯი, ან თუნდაც დაუდევარი ფლანგვა იმ სიკეთისა, რასაც მთელი წლის განმავლობაში ტანჯვით ვაგროვებთ. ეს არის გზიდან გადახვევა, უცაბედი ჩაყვინთვა განუსაზღვრელობაში, ჭეშმარიტ სიცოცხლეში… „ამ ქაოსიდან ადამიანთა ჯგუფი განწმენდილი გამოდის. იგი საკუთარ თავში ჩაიძირა, დაბრუნდა იქ, საიდანაც იშვა. დღესასწაულისთვის უცხოა საზოგადოება, როგორც განსხვავებული ფორმებისა და პრინციპების ერთიანობა, იგი მისაღებია მხოლოდ როგორც ენერგიისა და ხელახალი ქმნადობის წყარო“.

გურამ რჩეულიშვილმა ქაოსის მიღმა, უაზრო და  ცარიელი ზეიმის მიღმა, მაინც დალანდა ის ენერგია, რომელსაც ხალხი აღმოაჩენდა და საკუთარ თავს ფერფლიდან ფენიქსივით აღადგენდა. ამიტომაც მთავრდება მოთხრობა ამგვარი ოპტიმიზმით: „სინათლეები კი სულ მატულობს და საოცარი ჰარმონიით ერევა ალაზნის მდუმარე ველს, რომელსაც ის ფეხით მიჰყვება ალვანისაკენ“.

 

 

 

საბჭოთა ეპოქის ანტისაბჭოური ტექსტების ალეგორიები

0

გურამ რჩეულიშვილის ალავერდობა” და გურამ დოჩანაშვილის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”

ორი გურამი, ორივე – მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაბადებული (ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც ხუთი წელი იყო), ორივე – თავისი თაობის თბილისელი ახალგაზრდობის სახე და კუმირი… ორივე – განუმეორებელი და ორიგინალური პროზაული ხელწერის მთხრობელი, ორივე – თემატური მრავალფეროვნებით და გემოვნებით გამორჩეული, ორივე – ფილოსოფიურად დაფიქრებული სამშობლოსა და ადამიანის სულიერ მისიაზე, ორივე – მაძიებელი, მეამბოხე, ზოგჯერ ცხადად, ზოგჯერ ფარულად გამპროტესტებელი მახინჯი საბჭოური სინამდვილისა. ცნობილია გურამ რჩეულიშვილის ბიოგრაფიიდან ერთი ეპიზოდი: დილის ექვს საათზე კიევის ქუჩიდან, თავისი სახლიდან გამოსულმა, მძინარე ქალაქის მდუმარებაში ვორონცოვის ხიდიდან თოფი დასჭექა. საბჭოთა მილიციამ “ხულიგანი” და “დებოშირი”, რასაკვირველია, მაშინვე დააპატიმრა და როცა გასროლის მიზეზი ჰკითხეს, მიუგო: გამოვედი უთენია, ქალაქს ისეთი ღრმა ძილით ეძინა, მომინდა, გამეღვიძებინაო… მისი მოთხრობა “ალავერდობაც” მძინარე ხალხის გამოღვიძების, შეჯანჯღარების მცდელობაა. გურამ დოჩანაშვილი კი 17 წლისა პატრიოტული საპროტესტო ორგანიზაციის “გორგასლიანის” წევრი იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად. შემდეგ ის პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოშორდა, მაგრამ კალმით მეამბოხეობა არასდროს დასრულებულა. ამ წერილში ორ მოთხრობაზე ვისაუბრებთ – “ალავერდობასა” და “კაცზე, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. როცა მწერლის სტილსა და იდეებზე საუბრობენ, ლიტმცოდნეები უპირველესად არკვევენ ეპოქის პარადიგმებსა და კონტექსტებს, იმ დროში გავრცელებული ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლებს, რომლებიც გამოძახილს ტექსტებში პოვებს.

ჩვენი ლიტერატურის ისტორიას თვალს თუ დაკვირვებით გადავავლებთ, ყოველ ნაბიჯზე შევამჩნევთ პერიფერიად ქცეული ქვეყნის პოლიტიკური რეალობისა და კონიუნქტურის კვალს. მეცხრამეტე საუკუნის მწერლობა თუ ცარისტული ცენზურის კლანჭებში იბრძოდა თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურა საბჭოთა კონიუნქტურის ლევიათანთან ბრძოლაში მიაბიჯებდა წინ… არ მავიწყდება მილან კუნდერას სიტყვები, რომ საბჭოთა სინამდვილემ მწერლები აიძულა, ალეგორიებით დაეღწიათ თავი ცენზურისთვის და ამან ტექსტები ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. თუმცა ვაღიაროთ: იმავე საბჭოთა რეჟიმმა ჩეხი მწერალი ფრანგ მწერლად აქცია, ისევე როგორც ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე – გერმანელ მწერლად… რაც უნდა დაუვიწყარი იყოს მწერლისთვის სამშობლო, ერთი რამ უდავოა: მწერალი ენაში ცხოვრობს და იმ ენის კუთვნილება ხდება, რომელზეც წერს. თარგმნილი ლიტერატურა სხვა ფენომენია. ორიგინალისგან განსხვავებით, ის თითქოს ახალ სიცოცხლეს იძენს და ახალ სივრცეში ნავიგაციას იწყებს…

სტალინური რეჟიმის შემდეგ, როცა უკვე ოფიციალურად აეკრძალა მწერალს თავისუფალი თვითგამოხატვა და შეკვეთილი თემები გაჩნდა, ლიტერატურამ სხვა დინებებისკენ მიაქცია თავისი ნაკადები. მაგონდება გიორგი ლეონიძის გენიალური ლექსის “მეცამეტე საუკუნის” ფინალური სტრიქონები მონღოლთა თარეშისგან მოსრული ქართლის შესახებ: “და ქართლი, განკვართული, ნაპრალებში, მღვიმეებში ჩააყენებს ნათელს”… იგივე შეიძლება ითქვას ქართულ მწერლობაზეც: სტალინიზმის შემდეგ ის, განკვართული, თავის მღვიმეებს ეძებს თავის გადასარჩენად. მე რომ მკითხონ, უპირველესად რომელ ტექსტებს მივიჩნევდი თვალსაზრისის საილუსტრაციოდ, დავასახელებდი “ალავერდობას” და “კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”. რატომ? შევეცდები, ვუპასუხო.

“ალავერდობის” ანტისაბჭოთა სულისკვეთება კოდირებულია მოთხრობის მთელ სიუჟეტში. შესავლისა და ექსპოზიციის ნაწილი იმდენად გაწელილია პეიზაჟებით, რომ გამოუცდელმა მკითხველმა შესაძლოა მოთმინება დაკარგოს და ტექსტიც “დაიკარგოს”, უფერული და გაუგებარი აღმოჩნდეს, მიტოვებული მკითხველისგან, მაგრამ ცხადი ხდება, რომ ამ ერთი შეხედვით გაწელილ პეიზაჟებს თავისი ფუნქცია აქვს და მწერალს გამოუთქმელის გამოთქმა სურს. რაც უნდა მოსაწყენი იყოს მოთხრობის ეს ნაწილი, კითხვის შეწყვეტა გამორიცხულია. უბრალოდ დამაინტრიგებელია მწერლის პოზიცია: ამ ყველაფერს ტყუილად ხომ არ მოყვებოდა? ხომ ცხადია, რომ ეს უკვე ალეგორიაა და ქვეტექსტებში მიმალული იქნება მთავარი სათქმელი? გურამი მეორე გურამის, საკუთარი ალტერ ეგოს, ფიქრებს, რომლებიც ცნობიერების ნაკადის მწერლობისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული სტილით არის გადმოცემული, იმდენად საინტერესოდ მოგვითხრობს, რომ მკითხველის გული უკვე მონადირებულია. ჩვენ მივყვებით გმირის ქროლას და მასთან ერთად განვიცდით, რომ მახინჯმა საბჭოეთმა ალავერდობის საოცარი დღესასწაული გაუგებარ ღრეობად, საეჭვო, საზარელ, ეკლექტურ, უკონცეფციო, უგემოვნო ქაოსად, ფარსად აქცია, საბჭოურმა კონგლომერატმა სახე დაუკარგა საერთო კავკასიურ დღესასწაულს. ალავერდის მონასტერი კავკასიის რეგიონის ინტერრელიგიური ცენტრი იყო. კავკასიელები, განურჩევლად აღმსარებლობისა, აღიარებდნენ, რომ ალავერდი მათი სალოცავიც იყო. ეს საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მისიასაც აკისრებდა – ამიერკავკასიის პოლიტიკური ცენტრის მისიას. ეს მოცემულობა რელიგური და ეთნიკური ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითად გამოდგებოდა. და როგორი სახე მიიღო ყოველივე ამან მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს? სწორედ ისეთი, როგორიც გურამმა ასახა თავის მოთხრობაში. ეს იყო ლამის მასობრივი ფსიქოზი, სრული სიბნელე, გაურკვეველი ალიაქოთი, ამაოების ბაზარი, რომლის შეცვლის სურვილმა ისედაც მეამბოხე, დაუოკებელი, შინაგანად თავისუფალი გმირი აანთო სურვილით, ეს მოლაშლაშე ბრბო, არყით გამობრუჟული, საძაგელი საბჭოთა თბილი ლიმონათით და მამალო კანფეტებით დატკბილული (ლიმონათი და მამალო კანფეტი აქ უთუოდ ალეგორიული სახე-სიმბოლოებია, საბჭოეთის მახინჯი არსის გამომხატველი. კახეთის ბუნებრივად დაშაქრულ ვაზის მტევნებში, თანაც გაგანია რთვლის ჟამს, 27 სექტემბერს, ჭაჭანება არ არის “შვილივით ნაზარდი” ქარვისფერი მარცვლებისა, ის ძალად დაშაქრულ-დატკბილული სატყუარა პროდუქტებით ჩაუნაცვლა საბჭოთა სინამდვილემ კახელებსა და მათ სტუმრებს).

გურამის ეპატაჟი, თათრისთვის ცხენის მოპარვა, ველზე დაუოკებელი ქროლა, გმირის დევნა, ცხენის მოკვლა და ალავერდის ტალანებში ჭაბუკის შევარდნა და შემდგომ ტაძრის გუმბათზე გამოსვლა იყო ერთადერთი გზა ამ უსახო ბრბოდ ქცეული ხალხის ყურადღების მისაპყრობად. გურამმა თვალმოსეირენი ტაძრამდე მიიყვანა, ტაძრის გუმბათისკენ აახედა და… აქ აღსრულდა მისი მისია. მან შეძლო ხალხის გამოფხიზლება, დაფიქრება, გაოცება, აყოლიება…  ის ჯვარცმული მაცხოვარივით მკლავებგაშლილი დადგა გაოცებული ბრბოს თვალწინ… გურამის სული მაღლა ასვლამდეც სწვდებოდა ალავერდის გუმბათს და ის სხვაგვარად ხედავდა ყველაფერს – წარსულსაც, აწმყოსაც, მომავალსაც. მოთხრობის ფინალში გადმოცემულ მის განცდებში გაცხადებულია ანტისაბჭოთა კონტექსტების უმთავრესი მესიჯები. აი, გმირის ფიქრებიც: “მთელი ამ ხედვის უზარმაზარ სივრცეში არ არის არცერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა, არ არის არცერთი წერტილი, სადაც ადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ… ამ გეგმიანობიდან სინათლესავით მოდის შეუჩერებლივ რაღაც ახალი, სიცოცხლისუნარიანი… ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით, მაგრამ ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისგან, რადგან ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”…

გურამს ესმის, რომ კახური (ქართული) ყველაფერი დალოცვილი და მადლიანია და მარადიულად გააგრძელებს სიცოცხლეს. ყოველივეს ქართველი ხალხის გენია ქმნიდა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო ეს საოცარი ფრაზა – “ჩვენ ორი დღით დავიბენით” – დროის მითოლოგიზაციაა და გულისხმობს, რომ მახინჯი საბჭოთა სინამდვილე დროებითია, მხოლოდ “ორ დღეს” გაგრძელდება, ქართული სულის ქმნადობისა და შემოქმედებითობის გენია მას დაძლევს, უკან მოიტოვებს. 1959 წელს, როცა ეს მოთხრობა დაიწერა, საბჭოეთის აღსასრულზე ალბათ ოცნებაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მწერალი მისანია, მისი თვალი და ინტუცია სხვაგვარად ჭვრეტს. გურამი მხოლოდ 25 წლის იყო, როცა ამ მოთხრობას წერდა, თუმცა მისმა გენიალურმა ინტუიციამ ამ ასაკშიც შეძლო განჭვრეტა, რომ საბჭოურ კონგლომერატს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა.

ახალგაზრდა გმირის პროტესტი და ეროვნული სინამდვილის მისეული ანალიზი მკითხველს ცხადად მიახვედრებს ცენზურისთვის თვალის ასახვევად მიგნებულ ორიგინალურ ალეგორიებს.

რაც შეეხება დოჩანაშვილის მოთხრობას, ის აღბეჭდილია ახალგაზრდობიდანვე საბჭოთა სინამდვილესთან დაპირისპირებული მწერლის ხელწერით. მოთხრობა 1973 წელს გამოქვეყნდა და უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ მოვლენად იქცა. არ ვიცი, რამდენად ხვდებოდა საბჭოეთის იდეოლოგიური წნეხის ქვეშ მოქცეული მკითხველი, რომ მოთხრობის ექსტრავაგანტური გმირის უცნაურ დიალოგებსა და მონოლოგებში მიმალული იყო პროტესტი საბჭოთა სინამდვილისადმი. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ხელმძღვანელი და თამაზი, ინტერვიუერი, გაურკვეველი დაწესებულების წარმომადგენლები, ვითომ სოციოლოგიის მკვლევრები, სინამდვილეში საბჭოთა კაგებეს ემისრები არიან. მოთხრობის დასაწყისში ხელმძღვანელის მიერ გაცემული აბრაკადაბრა დავალება და კვლევის მიზნებზე სიტყვების რახარუხი კაგებეს რიტორიკაა. არავითარი სამეცნიერო და სოციოლოგიური მიზანი ან ღირებულება არ შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა სინამდვილეში “ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვას” გაურკვეველი ტიპის ანკეტაში, რადგან საბჭოთა სოციოლოგიის მიზნები კარგად ნაცნობია: სოციუმში ანტისაბჭოური განწყობების მარკირება და შემდეგ განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნა. ამიტომაც თამაზი დაბნეულია, ხოლო ვასიკო კეჟერაძე ასეთ საკენკს არ გეახლებათ. ვასიკოსა და თამაზის დიალოგში იკვეთება, რომ ფოტოგრაფი, ალეგორიულად რეალობის ფოტოგრაფიული სიზუსტით ამსახველი, კარგად ხვდება, ვისთანაც აქვს საქმე, ხოლო განათლება, ცოდნა, რომელიც მას აქვს, ძალაა და აძლევს შესაძლებლობას, თავად კი არ წამოეგოს კაგებეს ანკესზე, არამედ იქით მოახდინოს ამ კაცზე ზემოქმედება და წარუშლელი კვალი დატოვოს მის ცხოვრებაში. ვასიკო კითხულობს:

„- მაპატიეთ, მაგრამ… უნდა ვიცოდე, ვინაა ის ხელმძღვანელი, რა კაცია…

– რა, ხელმძღვანელი აქ მოვიყვანო?..

– არა, არა, მოყვანა რა საჭიროა, ორიოდ სიტყვით დაახასიათეთ, წარმოდგენა რომ მქონდეს, ფაქტიურად ვისთან მაქვს საქმე…

– აბა, როგორ გითხრათ… ახალგაზრდა კაცია, ახოვანი, ენერგიული, თანამედროვე… ახალგაზრდობის მიუხედავად, რამდენიმე თანამშრომელი მიგვაბარეს და ჩვენთან მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო.

– ძალიან კარგად დაიწყო?.. მარშალმა ედმონდო ბეტანკურმაც ძა-ალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე როგორც დაამთავრა, მშვენივრად ვიცით…“

“როგორც დაამთავრა”… ეს ირონიული წინასწარმეტყველება ძალიან ჰგავს რჩეულიშვილის “ორი დღით დაბნევას”… მოთხრობის მთავარი ანტისაბჭოური იდეები მაინც კარცერ-ლუქსის ვასიკოსეულ იდეაშია. ის თავისი ცხოვრების წესზე საუბრით გაოცებულ ინტერვიუერსაც და მკითხველსაც ამცნობს, რომ გარემომცველი სინამდვილის სრული იგნორი, სავარძელი, პლედი, ტორშერი და წიგნის ზვინები მის მიერ შექმნილი ახალი კოსმოსია, სადაც საბჭოეთის კვალიც კი არსად ილანდება. და ის საბჭოური რუტინიდან გამოსავალს ერთ რამეში ხედავს: კარცერ-ლუქსებში ახალგაზრდებს წიგნების კითხვა უნდა შევაყვაროთ, რომ… მიზანი ნათელია: განათლებული ხალხი აშენებს ცივილიზებულ საზოგადოებას! ლიტერატურის ფერად სამყაროს ნაზიარები ადამიანი საბჭოეთის რუხ ფერს არ შეეგუება და მას უსათუოდ შეცვლის. პოლიტიკური რეჟიმებისა და დიქტატურების მსხვრევა არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური და სამხედრო დაჯგუფებების პრეროგატივაა, არამედ კიდევ უფრო წარმატებით შეუძლია ხელოვნებას, მის უნიკალურ ენას, ლიტერატურას, სიტყვის მაგიას, მუსიკალურ ჰანგებს, რომლებიც ეპოქებს ქმნიან და ცვლიან. ამის ნათელი მაგალითია გერმანული ჯგუფის “Scorpions-ის” როკ-ბალადა “Wind of change”, რომელმაც სამყაროს ცვლილების წინასწარმეტყველება საოცარი გამომსახველობით ჩატია ერთი სიმღერის ტექსტში. აი, ნაწყვეტი სიმღერის ავტორის, კლაუს მაინეს, ინტერვიუდან: “ჩვენ ყველა ჩავსხედით პატარა გემში და დავეშვით მდინარე მოსკოვზე, გორკის პარკის მიმართულებით. ჩვენთან ერთად იყვნენ: ჯგუფები Bon Jovi და Motley Crue, MTV-ს ჟურნალისტები და საბჭოთა ჯარისკაცები. ეს იყო 1989 წლის აგვისტო, სამი თვით ადრე, სანამ ბერლინის კედელი დაინგრეოდა. და ამ მომენტმა შთამაგონა, დამეწერა სიმღერის ტექსტი, როდესაც ვნახე, რომ სამყარო ჩემ თვალწინ იცვლებოდა. ეს იყო კომუნიზმის და ცივი ომის დასასრული”… ხოლო სიმღერის ტექსტი უგზავნის საუკუნის მესიჯს ცივილიზებულ კაცობრიობას გენიალური სიმარტივითა და სიმსუბუქით: “I follow the Moskva down to Gorky Parl listening to the wind of change… An August summer night soldiers passing by listening to the wind of change… The word is closing in did you ever think that we could be so close, like brothers… The future’s in the air I can feel it everywhere blowing with the wind of change. Take me to the magic of the moment on a glory night, where the children of tomorrow share their dreams with you and me… Let your balalaika sing what my guitar wants to say”.

მოგვიანებით ეს ტექსტი რუსულ და ესპანურ ენებზეც ითარგმნა და შესრულდა, მაგრამ ასე მგონია, რომ მისი ორიგინალური ინგლისური ვერსია უნივერსალურია და ყოველ თავისუფლებისმოყვარე, ცივილიზებულ ადამიანს ესმის, თუნდაც ინგლისური ენა არ იცოდეს.

ახირებული ვასიკო კეჟერაძის იდეას, რომ ქალაქის ქუჩებში კარცერ-ლუქსები უნდა დაიდგას და ახალგაზრდებმა წიგნების კითხვა უნდა შეიყვარონ, ქვეტექსტად ის გასდევს, რომ განათლებული საზოგადოება მონობას არ შეეგუება. უძრაობის ხანაში გამორიცხული იყო, გურამ დოჩანაშვილს პოლიტიკურ ბრძოლაზე მიენიშნებინა. ამიტომაც მწერალმა ეს ორიგინალური გზა აირჩია.

რამდენიმე წლის წინ ერთ კერძო სკოლაში ვმუშაობდი, სადაც გურამ დოჩანაშვილი მივიწვიეთ. მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც უამრავი კითხვა დავაყარეთ. მწერალი სიტყვაძუნწი იყო და თავისი ნაწარმოებების ქვეტექსტებზე თითქმის არაფერს ამბობდა. ბოლოს კი გვითხრა, რომ მისთვის მხატვრული ტექსტი გემია, რომელსაც მწერალი უშვებს ლიტერატურის ოკეანეში და ის დამოუკიდებლად დრეიფობს. მენიშნა მისი სიტყვები, რომ გემოვნებიანი მკითხველი ზოგჯერ ავტორზე მეტსაც ხედავს და კითხულობს ტექსტში თუ მის სტრიქონებს შორის.

მოულოდნელი და ექსტრავაგანტურია მოთხრობის ფინალიც: ვასიკომ და კლიმმა თამაზი და მისი ხელმძღვანელი თავად “შეითრიეს” თავიანთ ფერად სამყაროში.

საბჭოთა ეპოქის მწერლობის ანტისაბჭოთა ალეგორიები უაღრესად საინტერესო და მაღალი ლიტერატურული ღირებულებისაა. მასწავლებელს მართებს, მოსწავლეებს ქვეტექსტებზე დაკვირვების, სტრიქონებს შორის კითხვის უნარი განუვითაროს, ფანტაზია და შთაგონება მისცეს. მოსწავლემ, თავის მხრივ, უნდა შეძლოს, დაუკავშიროს ტექსტებს განსაზღვრული ეპოქის ხელოვნებაში გაბატონებული ტენდენციები და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კონტექსტები.

 

ტომ! პასუხი არ არის! რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

0

ჩემს შვილებს მარკ ტვენის ტომ სოიერის კითხვა დავუწყე. ბავშვობის საყვარელი წიგნი თავიდან გაცოცხლდა და მეც ინტერესით ჩავერთე თავგადასავალში. გულიანად ვიცინით ტომის ონავრობებზე და ახალი კითხვებიც ჩნდება. რა იცოდნენ მანამდე ბიჭის შესახებ, რომელსაც შეუძლია ყველა სიტუაციიდან თავი მოხერხებულად დაიძვრინოს? სანამ კითხვას დავიწყებდით იცოდნენ, რომ ტომი ცელქი ბიჭი იყო, მოხუც დეიდასთან ცხოვრობდა და მისგან არაფერ სასიკეთოს მოლოდინი არ უნდა გქონოდა.

ერთობლივი კითხვისას საინტერესო აღმოჩნდა მათზე დაკვირვება, მათი გულწრფელი  ემოციებისა და დამაფიქრებელი შეკითხვების მოსმენა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ტომ სოიერის გულმხურვალე გულშემატკივარი ვიყავი, მის ათასგვარ ოინებს ვგულშემატკივრობდი და არასოდეს მომწონდა დეიდა პოლის ახირებული სადამსჯელო ღონისძიებები, რომელსაც ტომის მიმართ ატარებდა, ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად გამეპროტესტებინა ბიჭის აღზრდის არასწორი მეთოდი და ამ ყველაფერს მაინც გარდაუვალ აუცილებლობად ვიღებდი.

ჩემი შვილების პირველი პროტესტი კი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. რატომ სჯის დეიდა პოლი ტომს ასე ხშირად და რატომ არ ცდილობს სხვანაირად მოაგვაროს ეს პრობლემა, იკითხეს მათ. და ყველა იმ ეპიზოდის წაკითხვისას, სადაც  ტომის გაწკეპვლაზე ან დასჯაზეა საუბარი, თვალები უფართოვდებათ და თავიანთ აზრებს მიზიარებენ იმის შესახებ, რომ ეს არასწორია. ბავშვების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების პირუთვნელი შემფასებლები ბავშვები არიან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოვისმენთ მათ აზრებს და დავაცდით საკუთარი შეხედულებების გამოხატვას და ვასწავლით საკუთარი პიროვნული თავისუფლების ფასს.

ზუსტად იმ დღეებში ბავშვებზე უამრავი ამბავი გვესმოდა. წარმოუდგენელი იყო, გვერდი აგევლო ამ ამბებისთვის და თვალს მოფარებოდი, სადღაც შეყუჟულიყავი… თითქოს, ფეისბუქის მოწესრიგებულ ველში ჩაწყობილი ახალი ამბების ვაზნებიდან შენკენ ტყვიები მოქროდნენ. ზოგჯერ, ვერც პათეტიკას ავუვლით გვერდს და ვერც გულწრფელ სინანულს, სასოწარკვეთას, გაბრაზებას და ათასგვარ ემოციას, როცა ბავშვების შესახებ ამ ტრაგიკულ ამბებს კითხულობ და ხვდები, რომ ვერაფერს ცვლი და ვერც ვერაფერს შეცვლი.

სულ მალე კი, როცა შენი პატარა გოგონა  4 წლის ხდება და  დაბადების დღისთვის ემზადები; გეგმავ, როგორ დაგეგმო  კიდევ ერთი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი  დღე შენი შვილისთვის, რომელიც ვარდისფერთმიან თოჯინებზე, ვარდისფერ თმებზე და საკარნავალო კაბებზე გიჟდება და მთელი ეს სიხარული შენც გავსებს, ისევ აწყდები ახალ ამბავს პატარა, ოთხი წლის გოგოზე, რომელიც იმ ქალაქში ცხოვრობდა, სადაც შენ და ის ცემისგან მოგკლეს. სხვანაირად, უფრო შეფარულად და ლმობიერად ამ ამბავზე ვერ იტყვი.   უმკაცრესი განაჩენივით ისმის ოთხი წლის გოგონას ამბავი. შემდეგ, ფოტოსაც გადააწყდებით ისევ ამ ფეისბუქის მოწესრიგებულ ველში და ხედავ, სახეზე დალურჯებების კვალია, თვალებში სხივჩამქრალი მზერა და შემგუებლური, ბედს დამორჩილებული გამოხედვა…

და, ისევ სასოწარკვეთა, რომ ჩვენ ამას ვერ შევცვლით, ვინც ყოველდღიურად საკუთარი ცხოვრების შეცვლის სასოწარკვეთილ ფერხულში ვართ ჩაბმულები; ისინი, ვინც საკუთარი შვილების განათლებით, ჯანმრთელობის საკითხებით და სამომავლო პერსპექტივებით ვართ დაკავებული; ისინი, ვინც ტელევიზორს არ ვუყურებთ, რადგან ვთვლით რომ იქ მოთხრობილი კოშმარული ამბები, ჩვენზე უარყოფით გავლენას ახდენს და მძიმე  კვალს ტოვებს, რაც შემდეგ უარყოფითად აისახება ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენს შვილებთან  ან სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე და ა.შ. ისინი, ვინც მანქანაშიც კი, მგზავრობის დროს შვილებს ვუკითხავთ, დროს არ ვაცდენთ. ყველას შეგვეხო ეს ამბავი და შეგვაშფოთა, შეგვაზანზარა და შეგვარყია, თუმცა დროებით. ცხოვრება, ისევ ჩვეულებრივად გრძელდება და ასეთი ამბებიც გვავიწყდება.

მანამდე, კი 13 წლის ბიჭს ეძებდნენ, რომელიც საკუთარი ველოსიპედით ჯართის საძებნელად წავიდა. დიდხანს ეძებეს ეს პატარა ბიჭი, ეძებს, ეძებეს და ალბათ ფიქრობდნენ, სად წავიდა, სად დაიკარგაო, რა დაემართა იმ ბიჭსო, მაგრამ როცა იპოვეს, ცოცხალი აღარ იყო. მიწამ მოიყოლა. ჯართის საძიებლად წასული ცამეტი წლის ბიჭის ცხოვრება ასე შემზარავად დასრულდა. ამ ამბავმა, კიდევ ერთხელ მაღვიძარას სიგნალივით შეგვახსენა, რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ბავშვები ჩვენს ქვეყანაში და როგორ კლავს მათ სიღარიბე და უთანასწორობა. რომ, ამ პრობლემებით დახუნძლულ ქვეყანაში, პირველი სამიზნე – ბავშვია და ყველა მისი სისუსტით და მიუსაფრობით სარგებლობს და ამ უსამართლობას პირველები ისინი ეწირებიან.

„დედა, რატომ არ უნდოდათ სხვა დედებს ჰეკლბერთან ემეგობრათ  მათ შვილებს? ან რატომ არავინ აიძულებდა ჰეკლბერს სკოლაში ან ეკლესიაში ევლო?“ – გაიმეორა ჩემმა უფროსმა  შვილმა წინადადება კითხვით ფორმაში.

– იმიტომ, რომ ღარიბია. იმიტომ, რომ არ ჰყავს ოჯახი, რომელიც მასზე იზრუნებს. ხომ ხედავ, ზამთარში ცარიელ კასრებში სძინავს, ჩამოძონძილი შარვალი აცვია და ფეხები ტალახიანი აქვს, – ვპასუხობ.

ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უჩნდებოდათ პროტესტი სხვადასხვა მნიშვნელოვან  საკითხზე და  არც უცდიათ, ესწავლათ რაიმე საგნის ან მოვლენის შესაფასებლად კრიტიკული აზრის გამოხატვა და სკოლაც ვერ დაიკვეხნის იმით, რომ მოსწავლეებს თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის, ცოტა ხნის წინ, სწორედ ასეთ ადამიანებს გული აუჩუყა ერთმა ამბავმა, რომელიც ალბათ ყველა ტელევიზიამ გააშუქა. ქალაქის მერმა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საკვები დაურიგა. ის, ვისაც კრიტიკული შეკითხვები არ ებადება, ალბათ ამ ერთჯერად მოწყალების აქტსაც მადლიერებით მიიღებს და არც კრიტიკულ კითხვებს დასვამს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სამომავლო ცხოვრებაზე, როგორ იზრუნებს სახელმწიფო ამ ბავშვების სრულფასოვან ცხოვრებაზე, როგორ აიღებს პასუხისმგებლობის ტვირთს, რა გეგმები აქვს…

არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ამბავი გავიხსენო, სადაც ბავშვებს საშინლად ეპყრობიან, კლავენ, სცემენ, აუპატიურებენ თუ ამცირებენ. ასეთი შემზარავი ამბები ბავშვებზე ყოველდღე გვესმის და ჩვენი ყოველდღიურობაა. ეს არის ამბები ბავშვების მიმართ ფიზიკური, ფსიქიკური თუ სექსუალური ძალადობის შესახებ და ყველაზე ხშირად ძალადობრივი შინაარსის ამბები ოჯახიდან მოდის, შემდეგ სკოლიდან. ასე იკვრება, ბავშვების ირგვლივ ჯაჭვი და ისინი ამ მოჯადოებულ წრეს თავს ვერ აღწევენ. ზოგჯერ, კი ყველაფერი ასე ტრაგიკულად მთავრდება, ვიღაცას გაუმართლა, ან ვიღაცას ვერ გაუმართლა, მშობლებში, სკოლაში, მასწავლებლებში, რეპეტიტორებში და უნივერსიტეტში.

ამ რეალური ისტორიების პარალელურად ცალკე სამყაროა, სადაც რიცხვებში დაჯამებული სტატისტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები თანაცხოვრობენ. სიღარიბის, ძალადობის, შეუწყნარებლობის ამსახველი ერთი დიდი მონაცემთა ბაზა და სიცოცხლეც ჩვენს ქვეყანაში ერთ დიდ გამართლებად გადაიქცა.

საღამოს, სახლისკენ მიმავალ გზაზე, ალბათ ისევ მარკ ტვენს წავიკითხავთ.

 

 

 

 

 

საბავშვო პოეზიის თავისებურებანი

0

ამ წერილს არ დავწერდი, რომ არა ის ფეისბუქმომხმარებლები, რომლებიც თავიანთი პოსტებით მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს. დადებენ რომელიღაც საბავშვო ლექსს, თითქოს აქედან იწყებოდეს ერის დაღუპვა და იწყება ქილიკი, მასხრობა, ენაკვიმატობა. ეშმაკსაც წაუღია ეს ფეისბუქპოსტები, რაზეც უნდა, იმაზე იხალისონ, სხვა საქმე თუ არა აქვთ, რატომ უნდა დავხარჯოთ მათზე დრო, მაგრამ ამ ფეისბუქპოსტების ტირაჟირებით სხვა ფეისბუქმომხმარებლები უარყოფით განწყობას ქმნიან საზოგადოებაში. ისეთი შთაბეჭდილებაა შექმნილი, თითქოს რაღაც ჯგუფი ახალი თაობის დეგრადირებით უბადრუკი საზოგადოების შექმნას ცდილობს. არადა, არც ასეა საქმე და დროულად თუ არ გაეცა ამ პოსტების ავტორებს პასუხი, მერე ძნელი გასარკვევი გახდება, ვინ მტყუანია და ვინ მართალი. თანაც ჩემთვის მთავარი ის უფროა, რომ ამ ფეისბუქპოსტების ქვეშ ისეთი უშვერი სიტყვებით ილანძღებიან მომხმარებლები, პოსტში ციტირებული საბავშვო ლექსების „სამარცხვინო“ და „უხამსი“ სიტყვები გავიწყდება და ფიქრობ, ნეტა, რომელი უფრო საშიშია, უხამსად შერაცხული ლექსები თუ ასეთი უწმაწური კომენტარები? მეც რომ ხელი არ შევუწყო ამგვარი საიტების პოპულარიზაციას, ამ წერილში საგანგებოდ არ მივუთითებ მათ მისამართებს. მათ შემქმნელებს კი საბავშვო პოეზიის რამდენიმე თავისებურებასთან ერთად მოკრძალებით შევახსენებ იოანე პეტრიწის პერიფრაზირებულ წუხილს: „ორი მიზეზით მერჩიან ქართველები – 1. იმიტომ რომ უვიცები არიან; 2. იმიტომ რომ არ იციან, რომ უვიცები არიან“. იმედს ვიტოვებ, რომ იმათ, ვისაც ამ წერილით მივმართავ, სწორედ უვიცობით მოსდით ის, რასაც აკეთებენ (თანაც უვიცმა არც იცის, რომ უვიცია, თორემ ხომ შეეცდებოდა, რამენაირად გამოესწორებინა თავისი უვიცობა) და არ მინდა, მათი საქციელის უკან სხვა უფრო დიდი ბოროტება დავინახო.

მოდით, საბავშვო პოეზიის თავისებურებებზე საუბარი გამოსაჯავრებლებით დავიწყოთ. იმიტომ, რომ ხალხური პოეზიის ეს ჟანრი საზოგადოებაში საკმაოდ წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს ბადებს: თუკი ისე გაიზარდეთ, რომ უკვე გადაგავიწყდათ ბავშვობაში ეზოში თამაშისას გაგონილი ლექსები და მრავალი წლის შემდეგ მიუბრუნდებით ფოლკლორული კრებულების იმ ტომებს, რომლებშიც საბავშვო პოეზიის ნიმუშებია შესული, სახტად დარჩებით, როცა მასში გამოსაჯავრებლებს და ათასგვარ „სისულელეს“ აღმოაჩენთ. შეგახსენებთ, გამოსაჯავრებლები ლექსების სახელწოდებით ის ლექსებია გაერთიანებული, საკუთარ სახელებთან რომაა გარითმული დამამცირებელი კონოტაციის მქონე სიტყვები: „პეტრე, პავლე, ივანე, რატომ დაიგვიანე? აბანოში ვიყავი, ცხვირი გავიპრიალე“ ან „ლადო, ბადო, კვერცხი დადო“ ან „ილო, ბილო. იატაკის ტილო“ და სხვ. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ შოკს მიიღებს თაობა, რომელიც გადაფურცლავს ფოლკლორულ კრებულებს და რომელსაც ეს ლექსები კი არ დაავიწყდა მარტო, ისიც დაავიწყდა, რომ ბავშვებს გართობა უყვართ და „სისულელეები“ ამხიარულებთ. ამაზე უარესი ისაა, რომ ამ თაობას ხშირად ისიც აღარ ახსოვს, რომ ოდესღაც თვითონაც კარგად ერთობოდა და მხიარულობდა ამგვარი „სისულელეებით“. აი, ამ თაობას მინდა მივმართო: ხალხო, დაანებეთ თავი საბავშვო პოეზიას! საბავშვო პოეზიას ბავშვები ქმნიან და მათ კრეატიულ უნარებს წახალისება სჭირდება. დღეს თუ საკუთარი სახელებით ირთობენ თავს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ ამოჩემებული აქვთ რომელიღაც სახელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სიტყვებით თამაშში ვარჯიშობენ და სიტყვების მუსიკალურ მხარეს აკვირდებიან. ბავშვს, შესაძლოა, ეწყინოს, როცა მის სახელზე ხუმრობენ, მაგრამ მერე მიხვდება, რომ მან საპასუხო ლექსი უნდა შეთხზას გამჯავრებლის საკუთარ სახელზე. ასეთი პაექრობა ბულინგისკენ კი არ მოუწოდებს პატარებს, ეს ლექსები ბავშვებს სიტყვებით თამაშს ასწავლის. სიტყვებით უწყინარი თამაში ხანდახან სათამაშოებით თამაშზე სასარგებლოა, დამიჯერეთ. იმიტომ, რომ „Sticks and stones may break my bones but names can never hurt me“ (:ჯოხები და ქვები ძვლებს დამიმტვრევენ, სახელები კი ვერაფერს მატკენენ“). თუმცა ეს გამოთქმა, რომელიც ინგლისურენოვან ქვეყნებშია პოპულარული, არგუმენტირებული ესეების სათაურებად აქციეს, რადგან ნამდვილად ღირს იმ თემაზეც დაფიქრება, რამდენად შეიძლება ატკინოს გული და მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას გამოსაჯავრებელმა სიტყვებმა. როცა გამოსაჯავრებელ ლექსებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მე უწყინარ ხუმრობებს ვგულისხმობ და არავითარ შემთხვევაში არ გავამართლებ ძალადობას და აგრესიას არანაირი, მათ შორის, არც ვერბალური ფორმით. ბავშვების მიერ შექმნილი ვერბალური მასალა, პოეზია, თუნდაც გამოსაჯავრებლები კი მკვლევრებისთვის მეტად საინტერესო ჟანრია და დაუშვებელია მისი აკრძალვა, რადგან მასზე დაკვირვება უამრავ სიურპრიზს სთავაზობს საკითხით დაინტერესებულ მკვლევრებს.

ენიგმური მხატვრული ხერხები: გახსოვთ, მაყვალა მრევლიშვილის ლექსი, რომელშიც კურდღელი ცაში გალობს? დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება მკითხველს, ამ ლექსში შეუსაბამობები რომ შენიშნოს. ვინ არ იცის, რომ კურდღელი ცაში ვერ იგალობებს და რომ ცაში ტოროლა გალობს? მაგრამ ეს ლექსი საბავშვო პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. რატომ? იმიტომ, რომ პირველ რიგში პატარა მკითხველს დაკვირვებას ასწავლის. თუკი პატარა მსმენელი ყურადღებიანი არაა და ლექსის დასაწყისი გამორჩა, იფიქრებს, რომ ლექსი სისულელეებზეა. მაგრამ, როგორც კი გააცნობიერებს, რომ ეს ამბავი  არაკის კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინვე დაულაგდება ყველაფერი – არაკებში ხომ ცხოველები ლაპარაკობენ და ადამიანებივით იქცევიან. განა დიდი განსხვავებაა მოლაპარაკე ცხოველებსა და მოგალობე კურდღელს შორის? ერთიც და მეორეც აბსურდის სფეროდან იქნებოდა, რომ არა ის ჟანრი, რომელიც მათ აერთიანებს. როცა ბავშვობაში ასეთ „აბსურდულ“ პოეზიას ვეჩვევით, მერე უკვე არც უფრო სერიოზული ჟანრების გაგება გვიჭირს. მაგალითად, მოსწავლეს გაუჭირდება გაიგოს გალაკტიონის „მესტიის ხიდი“, რომელშიც ჭიანჭველები აგებენ ციხეს, თევზები მინდვრად დადიან, თაგვები კატებს აჭრიან თავებს, თხას მატყლს სთხოვს ცხვარი, ბეღურა ორბს დასდევს, მგლები ცხვრებს მწყემსენ. როგორც ნესტან სულავა ერთ-ერთ წერილში მიიჩნევს, ენიგმატური ხერხი ჭეშმარიტების შეცნობის საუკეთესო საშუალებაა, რადგან სამყარო, რომელიც ურთულესი ფენომენია და მისი ჰარმონიის აბსოლუტური წვდომა ადამიანისთვის შეუძლებელია, შებრუნებულად მისი გაგება ზოგჯერ უფრო ადვილი და გასაგებია. ამ მოვლენას არისტოტელე ენიგმას, ხოლო დიონისე არეოპაგელი აპოფატიკას უწოდებსო. ნესტან სულავას მოხმობილი მაგალითები ენიგმურ მხატვრულ ხერხებზე ლიტერატურას ცდება და მკითხველს ბოსხის, ბრეიგელის, კრანახის ფერწერული ტილოების ენიგმებსაც განუმარტავს, თუმცა ქართული ლიტერატურის მასწავლებლებისთვის არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს ხალხური ლექსების „ბიბა“, „საბრალო დედაბრისასა“, იაკობ გოგებაშვილი დედა ენაში მოტანილი „მართალია?“-ს ანალიზი ამ კონტექსტში და ასევე დემეტრე მეფის შიო მღვიმელისადმი მიძღვნილი იამბიკო: „ცასა ბეწვითა ეკიდა, ვნახე კაცი და მასვე კაცს შუბის წვერს ედგნეს დარბაზნი, მუმლსა ზედა ძდა, ინდორს სდევდა ქურციკთა და ზღუასა მოარბევდა ცხენითა და ესრეთ ღაღადებდა: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“. თუკი ბავშვობაში ნელ-ნელა არ მივაჩვევთ ბავშვებს ჟანრის ფარგლებში ენიგმური მხატვრული ხერხების გაგება-ამოცნობას, ასაკში შესულს გაუჭირდება სერიოზული ლიტერატურის ენიგმატური, ალეგორიული, მეტაფორული ანალიზი და, ვინ იცის, ეგებ ხვალ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში აღწერილ სასწაულებსაც დაცინვა დაუწყოს, რადგან ვერ მიხვდეს, რომ ლიტერატურული ტექსტების წვდომისას ჟანრის კანონების გათვალისწინება უმთავრესია.

„ცუდი“ ლექსები: ცუდი ლექსების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ცუდი ლექსები, რა თქმა უნდა, არც უნდა წავუკითხოთ და არც უნდა წავაკითხოთ ბავშვებს. მაგრამ ხანდახან ლიტერატურაში განსხვავებული ტიპის ცუდი ლექსები გვხვდება და ისინი ცუდი მაშინაა, როცა მათ კონტექსტიდან ამოვგლეჯთ. თუნდაც გავიხსენოთ „ფისიმინდას“ ლექსი (აქვე გავიხსენებდი მოთხრობას „ვინ უქნა თავზე თხუნელას“, რომლის თარგმნამ და გამოცემამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში). ეს ლექსი ფეისბუქის მომხმარებლისთვის ბავშვების დეგრადირების ნიმუშად იქცა. არადა, დამიჯერეთ, ეს ლექსი სწორედ ბავშვების ლიტერატურული გემოვნების განსავითარებლადაა შექმნილი და, თუ მას კონტექსტიდან არ ამოვგლეჯთ, მივხვდებით, რომ მასში არაფერია საგანგაშო. მით უმეტეს, არ ღირს პანიკის ატეხა იმაზე, როცა ვიცით, რომ ავტორიც ასხვავებს კარგსა და ცუდ ლექსებს. 2012 წელს ერთ-ერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა მარიამ წიკლაურის „ანბანის სამეფოში“, რომელიც ერთგვარი ზღაპარია. ამ ზღაპრის პერსონაჟები მათ სამეფოში წერა-კითხვის შესასწავლად მოსულ ბავშვებს თავგზას უბნევენ, სიზარმაცის კანფეტებს აჭმევენ და ლექსებს ასწავლიან. ეს ლექსები ცუდი ლექსებია. და ამ ცუდი ლექსების გარეშე ეს სამეფოც და წიგნიც დაკარგავდა მომხიბვლელობას. როგორც ყველა ზღაპრის ბოლო, ამ ზღაპრის ბოლოც კეთილია. ჰოდა, ახლა მითხარით, რატომ უნდა ამოვგლიჯოთ გამიზნულად შექმნილი ცუდი ლექსი და შევასაღოთ მკითხველს, როგორც ბავშვების დეგრადირებისთვის შეთხზული ლექსი?

ახლა უკვე სხვაგვარად შევხედოთ საკითხს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი საწყენია, როცა ფეისბუქის პოსტებში ჩემ მიერ ზემოთ განხილული ლექსები ყოველგვარი კონტექსტის მითითების გარეშე ვრცელდება. ამ პოსტების ავტორები აღშფოთებულები მიმართავენ ხან განათლების სამინისტროს, რომლის ერთადერთი „საზრუნავიც“ ახალი თაობის დაღუპვა გამხდარა, ხანაც საზოგადოებას, რომელიც ხმალამოღებული უნდა ეკვეთოს მტერს – ლექსების ავტორებს და მერე მიუბრუნდეს მათ წიგნებს, დაწვას, გაანადგუროს ჩვენი მომავალი თაობის გასარყვნელად შექმნილი ლექსები. ცხადია, როდესაც თომას მანის პროზასა და ჯორჯ გორდონ ბაირონის პოეზიაზე გაზრდილი თაობა ამ საბავშვო ლექსების საზარელ-მომაკვდინებელ სტრიქონებს ფეისბუქზე წაიკითხავს, განგაშის ზარს ჩამოჰკრავს და აღშფოთებულ კომენტარებს დაწერს პოსტის ქვეშ, როგორ მიზანმიმართულად ცდილობს ხელისუფლება, გემოვნება გაუფუჭოს მათ შვილებს და საზეიმო ფიცს დადებს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ წაუკითხავს თავის შვილს ამ დამღუპველ ლექსებს. კი ბატონო, ნუ წაუკითხავთ, ეს თქვენი ნებაა, რას წაუკითხავთ და რას ასწავლით თქვენს შვილებს. არავინ გაძალებთ, იყიდოთ ის საბავშვო წიგნები, რომლებიც თქვენს დახვეწილ გემოვნებაში არ ჯდება. მაგრამ მოიხმეთ მედიაწიგნიერების ელემენტარული უნარები, კეთილგონიერება და ნუ ავრცელებთ ჭორებს, თითქოს რაღაც დიდი შეთქმულების მონაწილეები იყვნენ გამომცემლები და თქვენი შვილების გასახალისებლად დამაშვრალი ავტორები.

ახლა კი ამ წერილს ერთი ენიგმით დავასრულებ და თომას მანის პროზასა და ჯორჯ გორდონ ბაირონის პოეზიაზე აღზრდილ თაობას კონტექსტიდან ამოგლეჯილ ლექსს შევთავაზებ. აბა,  გამოიცანით, ვისი მზაკვრული ჩანაფიქრი და ინტერესები იკვეთება ამ ყოვლადუხამსი სტრიქონების უკან:

„ქვეშაფსია, ქვეშაჯვია,

ქვეშა გცვივა უკანაც,

აგრუხუნებ, აბრუხუნებ,

არუხრუხებ უკანალს.

მთვრალო, მყრალო, ვაჰ, საწყალო,

გნახავ უსმელ-უჭმელსა,

სრსვილი, ჭირი, გასაჭირი,

გჭირდეს გამოუსმელსა“

ყოჩაღ თქვენ, ვინც ერთი წაკითხვით გამოიცანით მეთექვსმეტე საუკუნეში მოღვაწე გენიალური ფრანგი ავტორის სატირულ რომან-დილოგიაში ჩართული ლექსი და, თუ იპოვეთ ის შეცდომები, რომლებიც, ჩემდა უნებურად დავუშვი ციტირებისას, არა უშავს, რადგან ეს სტრიქონები ბავშვობაში შემომეზეპირა, როცა ჟურნალ „საუნჯეში“ ამოვიკითხე და ახლა იმდროინდელ მეხსიერებაში ჩაბეჭდილს ვენდე.

თქვენ კი, ვინც ვერ გამოიცანით ამდენი მინიშნების მერეც, რასთან გაქვთ საქმე, უმორჩილესად გთხოვთ, ეს ლექსი მაინც არ გაავრცელოთ, როგორც მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, თორემ მერე, როდესაც უვიცობაში გამხელენ, სირცხვილით თავს ვეღარ გამოყოფთ განათლებულ საზოგადოებაში…

 

კვლავ ბულინგზე

0

აღზრდის ძალადობრივი მეთოდები და ზოგადად ძალადობა ბავშვზე გამოუსწორებელ კვალს ტოვებს და მის შემდგომ განვითარებაზეც მოქმედებს. სწორედ ძალადობის შედეგად ვიღებთ გულჩათხრობილ, განდგომილ და არაჯანმრთელ თაობას, რომელიც ვერ უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს, ვერ აღწევს წარმატებას. ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს მოზრდილობისას აქვთ მაღალი შფოთვა, დაუცველობის განცდა და დაბალი თვითშეფასება, მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისადმი. იუნესკო-ის მიერ 144 ქვეყანაში ჩატარებული ბოლო კვლევით, ბავშვთა 32%-ს თვეში ერთხელ მაინც დამუქრებიან სკოლაში. ამდენივე ბავშვი გაულახავთ სასკოლო სივრცეში. ბიჭები უმეტესად ცემის, გოგონები კი მუქარის საფრთხეს განიცდიან.

მოსწავლეთა განცხადებით, მათი დევნის და მათზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გარეგნული მონაცემებია, ასევე, რასობრივი განსხვავება, ეროვნება და კანის ფერი. სულ უფრო მეტად აქტიურდება კიბერბულინგის თემაც, როდესაც ბავშვებზე სოციალური ქსელების მეშვეობით ძალადობენ და ამისთვის იყენებენ ინტერნეტს, სოციალურ მედიას და ციფრულ ტექნოლოგიას ან მობილურ ტელეფონს, რათა დააშინონ, გააჩუმონ ან გაავრცელონ ჭორები მის შესახებ. რაც შეეხება ქართულ სკოლებში ძალადობას, სიას შარშანდელი მონაცემებით, გამოკითხულ ბავშვთა 25% აღიარებს, რომ ან თვითონ არის ძალადობის მსხვერპლი, ან მის რომელიმე მეგობარზე იძალადეს.

სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობის საშიშროება დიდია როგორც ოჯახში, ისე სკოლაში, სადაც ისინი დიდ დროს ატარებენ. სკოლაში ჩადენილი ძალადობის ყველა ფორმა ერთნაირად საზიანოა ბავშვისთვის. ამიტომ ძალადობისგან ბავშვის დაცვის სისტემა გამუდმებით საჭიროებს სრულყოფას, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ბულინგის პრევენციას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. თუმცა, ვიდრე სისტემის ხარვეზები საკანონმდებლო დონეზე გვარდება, ჩვენ შეგვიძლია სიტყვიერად მაინც დავეხმაროთ და გავამხნევოთ ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნები.

იმისთვის, რომ ძალადობაზე სწორი რეაგირება მოვახდინოთ, უნდა გვესმოდეს, რა სახის ქმედება წარმოადგენს ძალადობას. საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ძალადობის შესახებ მეტ-ნაკლებ ინფორმაციას ვფლობთ და ისღა დაგვრჩენია გვახსოვდეს, რომ აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით, რადგან ბავშვთა მიმართ ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არა მარტო მოუწესრიგებელ, არამედ საკმაოდ მოწესრიგებულ და პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაშიც კი.

თუკი გაიგეთ, რომ ბავშვზე რაიმე სახის ძალადობა განხორციელდა, თქვენი უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოთ მისთვის აუცილებელი უსაფრთხოების განცდა და ემოციური კომფორტი. მართალია, მსგავსი შემთხვევების დროს უფროსი თაობის პირველი რეაქცია საკმაოდ ემოციურია, რადგან სურს სასწრაფოდ აგებინოს პასუხი მოძალადეს, მაგრამ მას ნამდვილად სჯობს წონასწორობის და სიმშვიდის შენარჩუნება. ისედაც განერვიულებულ ბავშვს ურჩევნია გაღიზიანებული მშობლის ან მასწავლებლის ნაცვლად, ადეკვატური ზრდასრული იხილოს. უფროსმა არ უნდა გამოხატოს აღშფოთება, რადგან ამან შეიძლება ბავშვთან ნეგატიური უკუკავშირი გამოიწვიოს.

მეტი კომუნიკაცია მშობელსა და ბავშვს შორის ზრდის იმის ალბათობას, რომ მშობელს არ გამოეპარება შვილზე განხორციელებული ბულინგი. აჩვენეთ ბავშვს, რომ უფასებთ გულახდილობას. ბევრ მოზარდს ხომ ძალიან უჭირს უფროსებთან გულის გადაშლა. სიტუაციის დამძიმების შიში, იმედგაცრუება, სირცხვილი, ეს განცდები ხელს უშლის, რომ იყოს გულწრფელი დედ-მამასთან ან მასწავლებელთან.

ამიტომ მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ბავშვს, დავაჯეროთ, რომ ახლა ის აღარ არის მარტო და თქვენ მზად ხართ მხარი დაუჭიროთ მას. განსაკუთრებით უმცროსკლასელები საჭიროებენ უფროსების ჩარევას, რადგან მათ არ იციან, როგორ მოაგვარონ დამოუკიდებლად პრობლემა, არ აქვთ ამის გამოცდილება.

„ნუ მიაქცევ ყურადღებას“, „იყავი უფრო გონიერი“, „უბრალოდ, გვერდი აუარე, ვითომ არაფერი ხდება“, „ხურდა დაუბრუნე“ – ნუ ურჩევთ ამას. ეს რჩევები ბავშვისთვის მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის კვლავ პირისპირ რჩება თავის პრობლემებთან. გაიზრდება ბავშვის მსხვერპლად ქცევის რისკი.

ხშირად მშობლები ან მასწავლებლები ძალადობის მსხვერპლშიც ეძიებიან ძალადობის მიზეზს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას. ის ვერაფრით იქნება დამნაშავე იმაში, რომ სათვალებს ატარებს, არის პუტკუნა ან სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ამ ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო, მისი შეურაცხყოფა, დამცირება, ცემა ან იგნორი დაუშვებელია. ბულინგმა ბავშვში შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ფიზიკური პრობლემები და გონებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბულინგი არ არის ერთი ან ორი მოსწავლის პრობლემა. ეს არის კოლექტივის, ჯგუფის კომპლექსური პრობლემა და მისი გამართლება შეუძლებელია. თუ მასწავლებელი და ოჯახი გულგრილია ბავშვის პრობლემების მიმართ, მისი ჩაგვრა გაგრძელდება, ეს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური სტრესით, არამედ სავალალო, გამოუსწორებელი შედეგით დასრულდება. მაგალითად, ბულინგმა შესაძლოა მოსწავლე თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.

ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად ბავშვთა ორგანიზებული კოლექტივისათვის არის დამახასიათებელი. თანამედროვე მოძალადეები მშვენივრად მალავენ ხოლმე აგრესიას და უფროსების თვალში უცოდველებად ჩანან. ამიტომ მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია არც უჯერებს მსხვერპლს, როცა ის ძალადობის შესახებ საუბრობს.

იქნებ ბავშვი მართლაც ცუდად მოიქცა ან რაღაც ისეთი თქვა, რითაც სხვას აწყენინა? ამ შემთხვევაში საჭიროა ადეკვატური რეაგირება – ამბის გამოძიება, ბავშვებს შორის ურთიერთობის განმუხტვა, რის შემდეგაც ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში ჩაჯდება.

უნდა ვიცოდეთ ბულინგის მარკერების შესახებ (განზრახ, განმეორებით, უთანასწორო ქმედება). ბულინგი უნდა განვასხვავოთ ჩვეულებრივი ჩხუბისგან. მისი იდენტიფიცირება სკოლაში საკმაოდ რთულია. ზოგჯერ მასწავლებლები ან მშობლები აგრესიულ ქცევას მხოლოდ და მხოლოდ ბავშვურ სიცელქედ მიიჩნევენ. დაუსვით დაზარალებულ ბავშვს ბევრი შეკითხვა, დააზუსტეთ რაში გამოიხატება მისი ჩაგვრა, ვინ მონაწილეობს ამაში, როგორ რეაგირებენ მასზე თანაკლასელები, კიდევ ვინ იცის ამის შესახებ? თუმცა კითხვების დასმის პროცესს დაკითხვად ნუ გადააქცევთ. ბავშვის გამოკითხვის დროს ბევრი ისეთი დეტალი შეიძლება გაცხადდეს, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით.

არცერთი ბავშვი არ არის უშეცდომო, ამიტომ ბავშვებს სულ უნდა შევახსენოთ, რომ ძალადობის ფორმები და აგრესიული ქცევა მიუღებელია. განუმარტეთ, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ შეეპუებით მის აგრესიას. დააწესეთ კონკრეტული, მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც ბულინგის გამეორების შემთხვევაში მიმართავთ.

ხშირად მშობელი მასწავლებელზე ადრე ამჩნევს, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია. მშობელს შეუძლია ამ პრობლემასთან გამკლავების გეგმის შემუშავების მონაწილე ბავშვიც გახადოს, რადგან ის ყველაზე უკეთ იცნობს თავის სიტუაციას. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვის შფოთვის დონეს – ის აღარ ინერვიულებს იმაზე, რომ გაბრაზებული დედ-მამა ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე მოვლენ სკოლაში და დამნაშავეს „გაუსწორდებიან“, რაც კიდევ უფრო გააუარესებს მის მდგომარეობას.

ბავშვთან გასაუბრების მერე, განსაზღვრეთ თავდაპირველი სამოქმედო გეგმა, დაელაპარაკეთ კლასის დამრიგებელს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ობიექტურობა, თუ რაიმე ფაქტები გაგაჩნიათ, ეგეც წარუდგინეთ მასწავლებელს. უმჯობესია საქმეში ჩართოთ არა გავლენიანი პირები, არამედ ჰკითხოთ მასწავლებელს, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს იმისათვის, რომ ბავშვი აღარ შეავიწროვონ და დაამცირონ, რისი შეთავაზება შეუძლია მას მისი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გაკვეთილებსა და შესვენებებზე.

თუ მასწავლებელთან დიალოგი არაპროდუქტიული გამოდგა, მშობელმა სკოლის დირექტორს ან ადმინისტრაციას უნდა მიმართოს. ვიდრე მშობელი არ დარწმუნდება, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ არის, სკოლიდან არ უნდა წამოვიდეს. შეიძლება საჭირო გახდეს მოძალადის მშობლებთან შეხვედრა. თუ მოძალადე ბავშვი ძალიან აგრესიულია, აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართვა.

თუ სიტუაცია კრიტიკულია და ბულინგის მსხვერპლი დიდ სტრესს განიცდის, მიზანშეწონილია მისი სხვა სკოლაში გადაყვანა. მაგრამ თუ არ არის კრიტიკული და ყველაფერი გამოსწორებადია, ბოლომდე იყავით ბავშვთან ერთად. პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი აქტივობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვის კომუნიკაციური უნარების განვითარებას და სხვა მოსწავლეებში ურთიერთობების მოწესრიგებას. ეს შეიძლება იყოს ხშირი ექსკურსიები, ერთად სეირნობა და სხვა აქტივობები. ატარეთ ბავშვები სპორტზე, დაეხმარეთ ახალი მეგობრების აღმოჩენაში, შეუქმენით სახლში მშვიდი და კომფორტული ატმოსფერო, წაახალისეთ და გაატარეთ მათთან ერთად მეტი თავისუფალი დრო.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...