კვირა, აპრილი 5, 2026
5 აპრილი, კვირა, 2026

„უცხოსთან“ ბრძოლის მსოფლიო დღე

0

4 თებერვალი…

გახსოვთ ალბათ ფილმი „უცხო“. მთავარ გმირს სიგურნი უივერი ასრულებს და კოსმოსურ ხომალდზე შეჭრილ „უცხოს“ ეომება, რომელსაც ყველაფრის დაპატრონება და განადგურება სურს.

დღეს „უცხო“ ჩვენ შორის არის, ყოველ მეორეს „უცხო“ ჰყავს, რომელიც დაუპატიჟებლად ესტუმრა და წასვლას სულაც არ ჩქარობს. 4 თებერვალი „უცხოსთან“ ბრძოლის მსოფლიო დღეა. თუმცა, მგონი სულაც არ ებრძვიან. მგონი, მავანს „უცხოს“ ადამიანებთან სტუმრობა საკუთარ ბიზნესად უქცევია და ღრმად სწამს, რომ თავად მას არასდროს ესტუმრება.

„უცხო“ უცხოდ მოდის… თავიდან არ გაწუხებს, არის თავისთვის ერთ ადგილას გატრუნული. მერე და მერე ვეშდება და სხეულის შიგნიდან ჭამას იწყებს. ცდილობს დათრგუნოს, გატეხოს, ყველაფერზე ხელი ჩააქნევინოს და ტკივილებით სასოწარკვეთილი გაისტუმროს სად, თავადაც არ იცის.

„უცხოს“ ფული უყვარს… როგორც კი „უცხო“ გესტუმრება, უამრავი ფული გჭირდება. ფული, ფულმა, ფულით, ფულს!… ყველგან და ყველაფრისთვის გთხოვენ. ის ამდენია, ეს იმდენი, აი ისიც აუცილებელია და ეს რომ ღირდა, ახლა სამჯერ მეტია. არ გექნება, ვერ გადაიხდი და „უცხოს“ პირისპირ დარჩები. ჰოდა, ჩაიცინებს, დაგიმარტოხელებს და ისე დაგკბენს, ისე აგკუწავს, ჯერ კიდევ ცოცხალს სიკვდილს განატრებინებს. არ გინდა? მაშინ გადაიხადე, ამ ნემსშიც და იმ ნემსშიც, ამ ჩხვლეტაშიც და იმ გადასხმაშიც. გადაიხადე!… ყველაფერი გაყიდე და გადაიხადე, თორემ დედის ხსენს არ შეგარჩენს, დაგჩაგრავს და დაგაბეჩავებს.

„უცხო“ ავთვისებიანი სიმსივნეა, პოპულარულ ენაზე კიბო და ჩვენი დროის უბედურებადაა ქცეული.

მასზე ათასი ჭორ-მართალი დადის. ერთი კი შეჭმარიტებაა, რომ კვებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „უცხოს“ მჟავა გარემო ჰყვარებია, ამიტომ ჩვენ საპირისპიროდ უნდა მოვიქცეთ და ორგანიზმი თავადვე გავატუტიანოთ. აქ შეიძლება ვინმემ ორგანიზმში არსებული ბუფერული სისტემები შემახსენოს და მითხრას, რომ ეს სისტემები მჟავა-ტუტოვან ბალანსს თავადვე არეგულირებს. თუმცა, თუ ადამიანი მუდმივად მჟავა არის შემქნელ საკვებს მიიღებს, ან კარცეროგენებს არად დაგიდევთ, ბოლოს ეს სისტემებიც უძლურნი აღმოჩნდებიან და ჩვენსავე სხეულში „უცხოს“ შემოსვლისთვის მშვენიერი ნიადაგი მომზადდება.

რას ნიშნავს წყალბად იონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში?

H+ იონების კონცენტრაცია პლაზმაში და უჯრედშორის სივრცეში დაახლოებით 40 ერთეულს შეადგენს. ეს pH-ის 7,40 მაჩვენებელს შეესაბამება. ორგანიზმის შიდა pH მუდმივად შენარჩუნებული უნდა იყოს, რადგან პროტონების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილება სიცოცხლესთან შეუთავსებადია.

სანამ გავაგრძელებდე, გავიხსენოთ რას წარმოადგენს pH.

მოლეკულურ დონეზე მჟავას შეუძლია წყალბად იონის ჩამოცილება, რომელიც ნებისმიერ შესაძლო წყლის მოლეკულას უერთდება და წარმოქმნის H3O+ იონს. მჟავები შეგვიძლია განვათავსოთ მწკრივში იმის მიხედვით, თუ რამდენად იოლად ჩამოიცილებენ წყალბადის იონს.

ძლიერ მჟავას სწრაფად და მთლიანად შეუძლია წყალბად იონების ჩამოცილება. ძლიერ მჟავას ფუძიანობის მიხედვით ჩამოსცილდება წყალბადის ყველა იონი და დარჩება მჟავას ნაშთის ანიონი. ფუძე იერთებს წყალბადის იონს.

pH შკალის მეშვეობით რიცხობრივად შეგვიძლია განვსაზღვროთ ქიმიური ნივთიერების მჟავურობა ხსნარში. ტერმინი pH ასახავს ნივთიერების ხსნარში H3O+ იონების კონცენტრაციას.

H3O+ იონების OH იონების კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. თუ H3O+ იონების კონცენტრაცია გაიზრდება, მაშინ OH იონების კონცენტრაცია შემცირდება და პირიქით.

H3O+ იონების OH იონების ტოლი კონცენტრაციის შემთხვევაში ხსნარი ნეიტრალური იქნება და pH-ის მნიშვნელობა 7-ს გაუტოლდება. H3O+ იონების ჭარბი რაოდენობისას pH-ის მნიშვნელობა 7-ზე ნაკლებია (მჟავა გარემო) და OH იონების ჭარბი რაოდენობისას- 7-ზე მეტი (ტუტე გარემო).

სისხლში pH-ის მნიშვნელობის შენარჩუნებას პლაზმის ბუფერული სისტემები ახორციელებენ. მათ შეუძლიათ მჟავა-ტუტე ბალანსის მცირე გადაცდომების კომპენსირება. pH-ის გრძელვადიანი წონასწორობა მიიღწევა ზედმეტი პროტონების განეიტრალებით. ბუფერული სისტემების ფუნქციის რღვევის ან მჟავა-ტუტე ბალანსის მოშლის შემთხვევაში, პლაზმის pH ზღვრულ საზღვრებს სცილდება. pH 7,40-ის შემცირებას 0,03 ერთეულით აციდოზი ეწოდება, მომატებას კი – ალკალოზი.

საიდან წარმოიქმნებიან თავად პროტონები?

პროტონების ორი წყარო არსებობს – საკვების თავისუფალი მჟავები და ცილებში შემავალი გოგირდშემცველი ამინმჟავები. საკვებში შემავალი მჟავები პროტონებს ნაწლავებში გასცემენ (ტუტე pH პირობებში). პროტონთა ბალანსის შენარჩუნებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგირდშემცველი ამინმჟავები მეთიონინი და ცისტეინი. ღვიძლში ამ ამინმჟავების გოგირდის ატომები მჟავამდე იჟანგებიან, რომელიც სულფატ იონებად და პროტონებად დისოცირდება.

ანაერობული გლიკოლიზის დროს კუნთებსა და ერითროციტებში ზოგადად, გლუკოზა გარდაიქმნება რძემჟავად, რომლის დისოციაციაც წარმოქმნის ლაქტატს და გამოანთავისუფლებს პროტონებს. ღვიძლში კეტოსხეულების-აცეტოძმარმჟავა და 3-ჰიდროქსიცხიმოვანმჟავას წარმოქმნა, ასევე პროტონების გამონთავისუფლებას განაპირობებს. კეტო სხეულების სიჭარბე (მაგ. შიმშილისას ან შაქრიანი დიაბეტის დროს) პლაზმის ბუფერული სისტემის გადატვირთვას და pH დაწევას იწვევს (მეტაბოლური აციდოზი: რძემჟავა→ლაქტაციდოზი, კეტოსხეულები→კეტოაციდოზი). ნორმალურ პირობებში ეს მჟავები მეტაბოლიზმის პროცესში ჩაერთვებიან და CO2 და H2O წარმოქმნით იჟანგებიან. ანუ, პროტონების წარმოქმნაზე გავლენას არ ახდენენ.

ჯანმრთელ ორგანიზმში თირკმელებში პროტონები გადადიან შარდში, რაც Na+ იონების აქტიური ცვლის ხარჯზე მიდის. ამასთანავე, შარდში პროტონები ბუფერულდება NH3 და ფოსფატებთან ურთიერთქმედების ხარჯზე.

პლაზმის ერთ-ერთი ბუფერული სისტემა ბიკარბონატური ბუფერია. იგი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის pH-ის მუდმივობის შენარჩუნებაში. მისი შემადგენელი კომპონენტებია ნახშირმჟავა და ჰიდროკარბონატ იონი (HCO3). ნახშირმჟავა არამდგრადი და სუსტი მჟავაა. როგორც სუსტი მჟავა, იგი დისოცირდება H+ იონისა და HCO3ანიონის წარმოქმნით.

როგორც არამდგრადი მჟავა, ნახშირმჟავა ადვილად იშლება ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნით. ეს რეაქცია შექცევადია, ნახშიროჟანგის კონცენტრაციის მომატებისას წონასწორობა მარცხნივ გადაიხრება. ამიტომ, ჰიდროკარბონატულ ბუფერულ სისტემაში ნახშირმჟავას კონცენტრაცია დამოკიდებულია მასში გახსნილი ნახშირორჟანგის რაოდენობაზე, ეს უკანასკნელი კი აირად ფაზაში CO2 პარციალურ წნევაზე.

ჰოდა, სწორედ pH შკალის შენარჩუნება და ოდნავ გატუტიანებას გვირჩევენ „უცხოს“ სტუმრობისას. ამ დროს კვებაც სხვანაირი უნდა, უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული და ყველა ის პროდუქტი, რომელსაც არა მხოლოდ ტუტე რეაქცია აქვს, არამედ თავისუფალ რადიკალებსაც ბოჭავს. მე რომ მკითხო, ასეთი კვება ყოველთვის აუცილებელია, „უცხომდეც“, მის დროსაც და შემდეგაც, თუმცა ისიც საკითხავია, ეს სასარგებლო ტუტე რეაქციის მქონე ხილ-ბოსტნეული როგორ ეკოლოგიურ გარემოშია მოყვანილ-მოწეული? ან, რა პირობებში ჩამოტანილი და გაყიდვამდე დაბინავებული. თორემ, „ბალიკო“ ხომ გახსოვთ https://mastsavlebeli.ge/?p=15528, სუფთა ადგილას მოკრეფილი ბალი დილის რვა საათიდან ქუჩაში რომ ედო კაცს, სადაც მანქანების ბუღი იდგა და საღამოს ხუთ საათზე, ვერაფრით ვერ გავაგებინე, რომ ეს „ბალიკო“ კი არა უბრალოდ „კო“ იყო და მეტი არაფერი.

ორგანიზმის გატუტიანებისთვის ბევრი ჩვეულებრივ „სოდას“ სვამს. „სოდა“ იგივე ნატრიუმის კარბონატია, თუმცა, თუ მაინც უნდა დალიო, დარბილების გამო ნატრიუმის ჰიდროკარბონატი სჯობს. სუფთა ქიმიურად თუ ვიმსჯელებთ, ნატრიუმის ჰიდრო (ბი) კარბონატი ტუტე რეაქციის არის და თუ დავლევთ კუჭში არსებულ მომატებულ მჟავიანობას გაანეიტრალებს. სწორედ ამიტომ, მას ადამიანები ძველი დროიდან კუჭის მომატებული მჟავიანობის გამოც სვამდნენ. და მართლაც, დროის რაღაც მანძილზე მჟავა გარემო ნეირალიზდება და წვის (გულძმარვის) შეგრძნება გადის. თუმცა, შემდეგ კუჭში შესაბამისი უჯრედების მიერ უფრო მეტი მჟავა გამომუშავდება და მის გასანეიტრალებლად უფრო მეტი „სოდის“ დალევაა აუცილებელი. თუ ეს რეგულარულად მოხდება, კუჭის ლორწოვანი გარსი დაზიანდება და ეროზიული პროცესები დაიწყება. ამიტომ, ე.წ. „გულძმარვის“ გასანეიტრალებლად სოდა კი არა, სპეციალური გამანეიტრალებელი საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს.

აი, „უცხოს“ დროს კი ჰიდროკარბონატს პირდაპირ ვენაში უსხამენ. დიახ, ზოგიერთი ქიმიოთერაპევტი ასეთ გადასხმებს ორგანიზმის დამხმარე საშუალებად იყენებს (გადასხმაში, „სოდის“ გარდა, სხვადასხვა კომპონენტი მონაწილეობს, მათ შორის, კუჭის დამცავიც). შედეგად, შიდა გარემო მჟავიანობისგან იწმინდება და „უცხოსგან“ დაღლილი ცოტა შვებას გრძნობს. თავად, გადასასხმელი ჰიდროკარბონატი კი აფთიაქებში ოფიციალურად იყიდება. ეს მკურნალობა არ არის, ეს ორგანიზმისთვის ერთგვარი მიხმარების მეთოდია.

რა თქმა უნდა, გადასხმის რაოდენობა და კომპონენტების რაობა სისხლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ანალიზის შედეგად ინიშნება. რაოდენობა-მეთქი, ვამბობ, რადგან ზოგჯერ შხამი წამლისგან მხოლოდ დოზით, რაოდენობით განსხვავდება.

ჩვენს შორის საშიში „უცხო მხეცი“ დადის. მასთან ბრძოლის დღე 4 თებერვალი ყოფილა. თუმცა, მწამს, დრო მოვა და იგივე თარიღი „უცხოს“ სიკვდილის დღედ გამოცხადდება!

ბარნუმის ეფექტი – თქვენ გელით ნათელი დღეები

0

ცოტა ხნის წინ, გოეთეს „ფაუსტის“ მეორე ნაწილის კითხვისას, იმპერატორის სასახლეში „გადასროლილი“ მეთორმეტეკლასელები ერთ საინტერესო პერსონაჟს, ასტროლოგს განიხილავდნენ.

საუბარი იმაზე ჩამოვარდა, რა მარტივად იჯერებენ ადამიანები მათზე ნათქვამს და როგორ უკავშირებენ საკუთარ პიროვნებას ისეთ ზოგად მახასიათებლებს, რომლებიც ამა თუ იმ ასტროლოგიურ ნიშანს გამოარჩევს. მათ ინტერესით მოისმინეს ცნობა „ბარნუმის ეფექტის შესახებ“ და კვლევა დამოუკიდებლად განაგრძეს – აქამდე მათთვის უცნობი ექსპერიმენტი მშვენიერი სტიმული აღმოჩნდა დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და კვლევითი საქმიანობის დაგეგმვისთვის.

ადამიანებს გვიყვარს ჩვენი მისამართით ნათქვამი სასიამოვნო სიტყვების მოსმენა, წინასწარმეტყველება, რომელიც ნათელ მომავალს გვიქადის, ჩვენი პიროვნების საუკეთესო თვისებევის ამოკითხვა და გამოფენა.

სოციალურ ქსელებში აგრერიგ გავრცელებული ტესტების პოპულარობის მიზეზიც ესაა.

„შეუპოვარი და უკომპრომისო ხართ, თუ საქმე სამართლისა და სიმართლის ძიებას ეხება“;

„საოცრად ჭკვიანი, გამჭრიახი და გონებაგახსნილი ხართ. გარშემო მყოფები არასათანადოდ აფასებენ თქვენს ნიჭს“;

„თქვენი ფარული უნარები და შესაძლებლობები ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოვლინდება“;

„დღე წარმატებული იქნება ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, მოხუც ადამიანებთან სასაუბროდ ან საქმიანი მიმოწერის საწარმოებლად, ასევე – ნებისმიერი სახის ფორმალობის მოსაგვარებლად“;

„მიმტევებელი და დიდი გულის პატრონი ხართ, წყენას გულში ღრმად იმარხავთ, ბოროტს არავის უსურვებთ“.

მსგავსი შემაგულიანებელი ფრაზები ხშირად წაგვიკითხავს, საკუთარი თავისთვის მოგვირგია და ჩუმი კმაყოფილებით დავთანხმებივართ კიდეც.

გასაოცარი არაფერია. გარე მოტივატორი, სტიმული, თავდაჯერების მკვებავი ამგვარი შეფასებები იმ ბავშვებივით გვჭირდება, „ყოჩაღს“ რომ მთელი მონდომებით ელიან.

 

ეფექტი, რომელიც ამგვარი შეფასებების, რეკომენდაციების და დახასიათების შედეგად დგება, ფსიქოლოგიაში ცნობილია როგოც ბარნუმის ეფექტი.

ვინ იყო ბარნუმი? რა ექსპერიმენტები და კვლევებია ცნობილი ამ მიმართულებით?

 

ფორერის ექსპერიმენტი

შორეულ 1948-ში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბერტრამ ფორერმა საინტერესო ექსპერიმენტი დაგეგმა – მან სტუდენტებს დაურიგა ვითომდა საგანგებოდ მათთვის შედგენილი ტესტები, რომელთა შევსებითაც მათი პიროვნული თავისებურებების ამოცნობას შეძლებდა. დაპირებული ფსიქოლოგიური ტესტის ნაცვლად ფორერმა სტუდენტებს საგაზეთო ასტროლოგიური ჰოროსკოპებიდან ამოკრებილი ბუნდოვანი ფრაზების ნაკრები მისცა (მაგალითად, ასეთი: „დისციპლინირებული და თავდაჯერებული“, „ინტროვერტი პერიოდული ექსტრავერტული გამოვლინებებით“, „აზროვნებს დამოუკიდებლად, უპირატესობას ანიჭებს მრავალფეროვნებას, იშვიათად ახასიათებს საკუთარ თავში დაურწმუნებლობა“).

ამის შემდეგ მან სთხოვა სტუდენტებს, შეეფასებინათ ტექსტი ხუთი ქულით – უმაღლესი ქულა იწერებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი, მათი თვალთახედვით, აბსოლუტურად ემთხვეოდა მათსავე პიროვნებას. ექსპერიმენტის ბოლოს გამოთვლილი საშუალო შეფასება 4.26 გახლდათ…

 

ბარნუმის ეფექტი

ადამიანების მიდრეკილებას, სარწმუნოდ აღიქვან და „მოირგონ“ ზოგადი პოზიტიური დახასიათება, „მიითვისონ“ თვისებები და უნარები, აბსტრაქტული ფორმულირებები მიიჩნიონ საკუთარი პიროვნების მახასიათებლებად, ბარნუმის ეფექტი უწოდეს.

ფინეას ბარნუმი ამერიკელი შოუმენია, მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული შოუბიზნესის ლეგენდა. მისი იდეა იყო სხვადასხვა ფიზიკური თავისებურებებით გამორჩეული ადამიანების მონაწილეობით წარმოდგენების გამართვა. მის მიერ ორგანიზებულ უჩვეულო გამოფენებსა და წარმოდგენებში მონაწილეობდნენ სიამის ტყუპები, გოლიათი ადამიანები, ბიჭი, რომელსაც მთელი სხეული (სახის ჩათვლით) დაფარული ჰქონდა თმით…

იმისთვის, რომ ბარნუმის ეფექტი „ამუშავდეს“, საჭიროა, დახასიათება იყოს დადებითი, შეიცავდეს პიროვნების ისეთ თვისებებს, რომლებიც უმეტესობას შეესაბამება, მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ან „ავტორიტეტული“ წყარო (ცნობილი ფსიქოლოგი, ასტროლოგი…), ფრაზები უნდა იყოს ზოგადი, აბსტრაქტული და ბუნდოვანი.

დავით წერედიანის „პირმზითი“ და „კვირიკე“

0

დავით წერედიანი არ ყოფილა მასების პოეტი, ფართო ცნობადობის, პოპულარული სახე… გარდა იმისა, რომ თავად იყო მოკრძალებული, თავმდაბალი, ასკეტური ბუნებისა, ამბიციებს მოკლებული, მისი შემოქმედებაც იმდენად მაღალი, ღრმა, ფილოსოფიური, ლექსიკურად მდიდარი და დამაფიქრებელია, რომ მისით ტკბობა ყველას არ ძალუძს, რუსთველს თუ დავესესხებით, „კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი“… ანუ გემოვნებიანი, გამოცდილი  მკითხველი აუცილებელია, რომ ამგვარ პოეტურ სიტყვას ჩაწვდეს.

ასეთი პოეტი არა მხოლოდ სიტყვის ჯადოქარი, არამედ სახელოვნებო რეფლექსიების გამზიარებელია, ის გვიხსნის შემოქმედების არსსა და ბუნებას, ხელოვნების სიღრმეებში გვახედებს თავისი ყოვლისმხილველი მზერით. მისი ყოველი ფრაზა ერთგვარი კოდია, დატვირთული ქვეტექსტებით. ზემოხსენებულ გადაცემაში ჟურნალისტმა მარიამ ჯანელიძემ პოეტთან უკანასკნელ ხანს ჩაწერილი ინტერვიუც შემოგვთავაზა. ის აქაც ისევე სიტყვაძუნწია, როგორიც ყოველთვის იყო, თუმცა რამდენიმე ფრაზა, რომელთაც ის იმეტებს, რომ ხელოვნების ჯადოსნურ ლაბირინთებში შეგვახედოს, ნამდვილი მასტერკლასია ლიტერატურის მოყვარულთათვის. მაგალითად, აი, რას ამბობს ის პროზისა და პოეზიის შესადარებლად: „პროზაიკოსი და პოეტი ერთი რამით განირჩევა – პოეტთან სიტყვა ეძებს აზრს, პროზაიკოსთან აზრი ეძებს სიტყვას“… ამ ფრაზით რამდენი რამეც არის ნათქვამი, მიხვდებიან მწერლობის მოყვარულნი… მთელი ტრაქტატის გაშლა შეიძლება მისი ქვეტექსტიდან…

ჟურნალისტი მას ეკითხება პოეტის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემულ ნათარგმნ კრებულზე, ფედერიკო გარისა ლორკას „ბოშურ რომანსეროზე“ და წერედიანის დაკვირვება იმდენ საფიქრალს აღძრავს: „ლორკა მიიჩნევდა, რომ შთაგონება – ეს აუცილებელი რამ არის, მაგრამ ლექსი შთაგონების დროს არ იწერება… შთაგონება… თითქოს მოგზაურობაში იყავი, საიდანაც შთაბეჭდილებები გამოგყვა, შთაბეჭდილებების ნაფლეთები, უფრო სწორად… ხმებად, სურათებად, ათასგვარად… და როდესაც ლექსს წერ, შთაგონება ხელის შემშლელიც კი არის, როდესაც თითოეულ სიტყვას კვნეტ, გემოს უსინჯავ, ფერს უსინჯავ, ერთმანეთს როგორ მიადგება, ამ დროს შემოქმედებითი პროცესი მიაჩნია, რომ არავითარ კავშირში არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა ყველა თავისებურად წერს, თავისებურად ამბობს“…

მისმა სიტყვებმა მიგვიყვანეს სწორედ მისი შემოქმედების საიდუმლომდე… იმ პოეტთა შორის, რომლებიც „თავისებურად წერენ, თავისებურად ამბობენ“, წერედიანი ერთ-ერთი გამორჩეულია…

მისმა სიკვდილმა შეძრა ლიტერატურის მოყვარულთა საზოგადოება და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებდნენ მის ორ შედევრს, „პირმზითსა“ და „კვირიკეს“.

მთავარი სიდიადე ამგვარი ორიგინალური ხელწერის პოეტისა მის განუმეორებელ პოეტურ ხმასა და მუსიკაში ცნაურდება უპირველესად. საკმარისია ერთ ფრაზას გაუსინჯო გემო და… უკვე ხვდები, ვისთან გაქვს საქმე… ორივე ლექსში ლირიკული განწყობა რაღაცნაირად ღრმა, გამაკეთილშობილებელი, სულის შემამსუბუქებელი სევდით არის გაჯერებული. ორივე ლექსში გადმოცემულია ტრაგიკული ლირიკული გმირების მხატვრული სახეები. პირმზითი მრავალშრიანი მხატვრული სახეა. ის შესაძლოა იყოს ქართული მითოსის პირიმზე, რომელიც პირმშვენიერ ქალსაც განასხიერებს, პარაზიტ მცენარესაც კელაპტარასებრთა ოჯახიდან, რომელიც წვერში იკეთებს ერთ დიდ, წითელ ყვავილს და ყოველთვის მზისკენაა მიქცეული, მას ხშირად ახსენებს ვაჟა-ფშაველა თავის პოემებსა და ლექსებში. გავიხსენოთ მისი შედევრი „ღამე მთაში“:

„ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა,

ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა;

ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა;

საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა…

მაინც-კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა!“..

ამ ლექსში პირიმზე ბუნების კეთილი სულის, კეთილი გენიის სახე-სიმბოლოა, სადაც მას ბოროტი სტიქია, ზვავი, უპირისპირდება.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ პირიმზე, როგორც ქართველ მთიელთა წარმართული ღვთაება, ტყის მფარველი სული, მაცდურიც და დამატკბობელიც. პირმზითიც პირიმზის ფონეტიკური ვარიაცია უნდა იყოს, რადგან ის განიმარტება, როგორც მზვარე ანუ მზიანი, უჩრდილო ადგილი, მზე და მზიანი რამ კი ყოველთვის ამაღლებულის ესთეტიკური იდეალის ალეგორიული სახე-სიმბოლოა, განასახიერებს ღვთაებრივ ძალას ან სილამაზისა და ესთეტიზმის იდეალს.

წერედიანის „პირმზითს“ ორი მთავარი ლირიკული გმირი ჰყავს: სიკვდილის მომლოდინე, დაისის სევდით შთაგონებული პოეტის ალტერ ეგო და ჩრდილებდასხმული პირმზითი, რომელიც ერთგვარი ოქსიმორონის ხერხით შექმნილი ხატია, რადგან პირმზითი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უჩრდილოს და მზიანს ნიშნავს… სიკვდილის მოლოდინში მყოფი მთავარი ლირიკული გმირის „უშტარი თვალი“ ბინდის მოლოდინშია, უკვე სულის პეპლის მოახლოებას გრძნობს, სიზმარეთის ფანტასმაგორიულ სამყაროში გადადის, შავი წყლის გადიდება ეზმანება (შავი წყალი, შავი მდინარე აქ, სავარაუდოდ,  ლეთეს, ქვესკნელის, სულეთის დავიწყების მდინარის ალეგორიაა), ხოლო კამეჩის „ნუჟრიანი, უჟამ-უთენარი ბღავილიც“ შემაძრწუნებლის, თავზარდამცემის, სამყაროს აღსასრულის, აპოკალიფსის საბედისწერო მაცნეა… სასიკვდილოდ მომზადებულ ლირიკულ გმირს სურს, რომ სიკვდილის ანგელოზს ერთი სიკვდილით გამოუბრას ყოველი ამქვეყნიური შეუსრულებელი ვალი და მისია, სიკვდილს ჩააბაროს „ეს იალმწვანე, თვალთა ჟინი და ლიბრი“, მასვე გადასცეს თავისი მდინარე (ცხოვრების ალეგორიული სახე), ქვის და გორმახის ყანა, უშბის ჩარდახის თეთრი ღრუბლები… სიკვდილის ესთეტიკა აქ უმაღლეს რეგისტრშია წარმოდგენილი. თითქოს სიკვდილის პირას გმირის თვალწინ კინოკადრებივით ტრიალებს ცხოვრების გზებზე განვლილ-განცდილი, ბავშვის ღიმილიც, რომელმაც „მთვარე წასტაცა უნასს“, მისი სულის გამონათებაა… წარმოუდგენლად ჯადოქრული სახეა ბავშვის ღიმილი, რომელმაც „მთვარე წასტაცა უნასს“… უნასი ხომ გველი, ქვეწარმავალი, ავი, ბოროტი არსია, „ვეფხისტყაოსნის“ ზეკაცებიც ხომ იმისთვის იბრძვიან, რომ მთვარე წასტაცონ უნასს… (გავიხსენოთ ქაჯეთის ციხის აღებისას ნესტანის და ტარიელის შეყრა როგორი ალეგორიით არის გამოსახული: „ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“)… სიკვდილის მოლოდინის ამგვარი მხატვრული გარდასახვა პოეტურ სიტყვაში არსად მეგულება… მომაკვდავის თვალწინ აქვე ტრიალებს კალო და კევრი, როგორც სიმბოლო სიცოცხლის წრებრუნვისა, არსობის პურის მოპოვებისა, ყოფის ორომტრიალისა, აქვე ახორში ხარები მარილს ლოკავენ, ესეც ყოფის ალეგორიული სცენაა და ლირიკული გმირი ისევ და ისევ რაღაცას სთავაზობს გაუმაძღარ სიკვდილს: „ჩემი წყვდიადი წაიღე, ჩემზე სათქმელი ზარი“ (აქ უსათოდ გაგვახსენდება ბარათაშვილის „მერნის“ სიტყვები: „სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი, ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!“)…

ლირიკული გმირი დაეხსნა გადარჩენის ამაო მოლოდინს და რეალობას საღად აფასებს. სულისშემძვრელია მომაკვდავის რექვიემი, რომლის ლირიზმი და ემოცია წარმოუდგენელი ვირტუოზობით არის გადმოცემული:

„ჩრდილებდასხმული პირმზითი, ვხედავ, რა გზებით მავლევს,
ვხედავ, ცა როგორ ჟღალდება მარიამობის დამლევს,
ჩემს ტოტზე ჩიტი შროშანი, ვხედავ, რა ხმაზე ტირის,
მზე როგორ მავლებს ფოთოლზე გამოსათხოვარ გვირისტს.
ნათელო, თალხო, ნათელო, ცრემლო ყოველთა ზედა,
მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ“…

ლექსის ფინალურ სტროფში გადმოცემული მხატვრული სახეები: ჩრდილებდასხმული პირმზითი, მარიამობის ჟღალი ცა (ჩამავალი წითელი მზით, მკვდართა მზით გაწითლებული, როგორც ქართულ მითოსურ ნარატივებშია), ატირებული ჩიტი შროშანი, მზის გამოსათხოვარი გვირისტი, ნათლისა და თალხის მონაცვლეობა რექვიემის საოცარ მუსიკალურ ფონს ქმნიან.

ეს ლექსი თითქოს ახლადშესვენებული დავით წერედიანის მიერ წართქმულ საბედისწერო წინასწარმეტყველებად იქცა, ამ სიტყვებმა წარუშლელი ემოციური ზემოქმედება მოახდინა მისი პოეზიის მოყვარულებზე… თავისივე ჯადოქრული ლოგოსით ემშვიდობებოდნენ პოეტს მისი გარდაცვალებით გულმოკლული ადამიანები…

ასეთივე გამგმირავი ემოციებით არის პოეტის სათქმელი გაცოცხლებული კვირიკესადმი მიძღვნილ ლექსში. მოგეხსენებათ, თავად კვირიკე უძლიერესი წმინდანია. დედა-შვილი კვირიკე და ივლიტა 305 წელს ტარსოსში აწამა სელევკიის მმართველმა ალექსანდრემ. ამ მარტვილობის განსაკუთრებული სიმძაფრე გამოიხატება სამი წლის ყრმის რწმენისთვის წამებასა და აღსასრულში.  სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაში ლაგურკას ეკლესია სვანეთის უძლიერესი სალოცავია, აქ დაცულია ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც სვანები შალიანს უწოდებენ.  შალიანის ხატზე დაფიცებას უდიდესი ძალა ჰქონდა სვანური ტრადიციების მიხედვით და ამ ტრადიციამ ლაგურკას ეკლესია სვანეთის გამორჩეულ რელიგიურ ცენტრად აქცია. ყოველი წლის 28 ივლისს (მეგრულად ივლისს კვირკვე ჰქვია, რაც ვფიქრობ, შემთხვევითი არ უნდა იყოს და კვირიკეს სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული) ლაგურკაში, რომელიც მე-11 საუკუნის ტაძარია, უძველსი დროიდან აღინიშნება კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღე. დავით წერედიანმა  თავის ლექსში კვირიკეს მხატვრული სახე საკვირველი ექსპრესიით გააცოცხლა და ახალი ფერები შესძინა ამ ისედაც ძვირფას და დაუვიწყარ რელიგიურ სახე-სიმბოლოს, რომელიც ქრისტიანობისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის იშვიათი მაგალითია.  კვირიკე ითვლებოდა კურნების სასწაულებრივი ძალის მატარებელ წმინდანად, ოჯახებისა და ჩვილების მფარველად.

ლირიკული გმირი აქაც ავტორის ორეულია, რომელიც თავის ლირიკულ ხილვაში ხედავს საყვარელ წმინდანს, კვირიკეს. მისი გამოჩენა („შეკრთა, გაიპო, გაბრწყინდა, თვალთ მეხილება, დედავ, მტრედისფერ საგალობლებში წმინდა კვირიკეს ვხედავ!“) გვიცოცხლებს ბიბლიურ ალუზიას მათეს სახარებიდან იესოს ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმის ტაძარში კრეტსაბმელის ორად გაპობის შესახებ. ჯადოქრული მეტაფორებითა და შედარებებით ჩამოქნის პოეტი კვირიკეს მხატვრულ სახეს:

„ რა ლამაზია კვირიკე, ცრემლის ნათელში მდგარი!
როგორც ნიავის ალერსი, როგორც ჩონგურის ლარი!
ყვავილთა ყველა გვირგვინი, ყველა გაწვდილი ხელი,
ყველა ხმა, ყველა სანთელი თავის სასწაულს ელის“…

პოეტი თითქოს ცხადად განგვაცდევინებს, რომ სამი წლის მარტვილის, კვირიკეს, სილამაზემ  თვით ჯალათი მმართველი ალექსანდრეც კი შეძრა და მან ბავშვი ხელში აიყვანა. კვირიკეს მესიანური ბუნება, სასწაულთმოქმედება და კურნების მადლი, რომელსაც ის ატარებდა, პოეტმა ფაქიზი, დახვეწილი პოეტური ლირიზმით გადმოსცა:

„ყველა სენს კურნავს კვირიკე, ყველა სატკივარს არჩენს,
ვერ კურნავს გულის სიბრმავეს, ღვთისგან დადებულ სასჯელს…
მიდის, საკნებს და სენაკებს მადლის არილით ამკობს,
უჩინარ საგზალს გვიტოვებს, გაის-ამ-დღემდე სამყოფს.
წაიღებს ქენჯნის ფორეჯებს, კეთრის, ფილენჯის დაღებს,
ცისკენ, იქ, სადაც ბეთლემი ვერცხლის კარიბჭეს აღებს…
სად მიკრთი, ივერთ-ნათელო, მზით, ვარსკვლავებით, მთვარით?
ნუთუ სიკვდილიც ფუჭია, არსად გვეღება კარი?
მაინც ზარზმა და გელათი, სამთავისი და მცხეთა,
ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე თეთრი მტრედები სხედან“…
ქართულმა ლირიკამ ნამდვილად გაგვანებივრა რწმენისა და ეროვნული იდეალების თანაზიარობითა და ჰარმონიულად შერწყმით, თუნდაც მხოლოდ გალაკტიონის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ რად ღირს? შორს აღარ წავალ სხვა შედევრების მოხმობით, ისედაც კარგად არის ნაცნობი ქართველი მკითხველისთვის ეს ტექსტები, მაგრამ ქრისტიანული სულიერების ეროვნულ ორგანიზმთან შერწყმის იმგვარი გადაწყვეტა, როგორსაც ამ ლექსში დავით წერედიანი გვთავაზობს, ძალზე იშვიათია. თუნდაც ერთი ლირიკული მიმართვა: „სად მიკრთი, ივერთ-ნათელო?“ საკმარისია ამ თვალსაზრისის საილუსტრაციოდ.

იდეები და სახეები ხომ დაუვიწყარია დავით წერედიანის ამ ლექსებში, მაგრამ მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს ასევე მისი უმდიდრესი ქართული სიტყვა, გასაოცარი მიგნებები პოეტური ლექსიკის საუნჯეებისა. როგორც თავად ამბობს ზემოხსენებულ ინტერვიუში, თითოეულ „სიტყვას კვნეტს, გემოს და ფერს უსინჯავს, ერთმანეთს როგორ მიადგება“… თანამედროვე ქართულ მწერლობაში იშვიათია ამგვარი სიტყვაკაზმული ქართული, სკივრებიდან ამოღებული დაწმენდილი მარგალიტები ქართული არქაიზმებიდან, მისი სიტყვათქმნადობები ხომ ცალკე კვლევის საგანია. ასეთი ძარღვიანი ქართულით გოგლა ლეონიძე და რეზო ინანიშვილი თუ დაიკვეხნიან, ასეთი დახვეწილი ენობრივი ქსოვილი მხოლოდ დიდოსტატის ხელწერას თუ შეუძლია რომ მოქარგოს… ენის დღესასწაულია ამგვარი პოეტური სინტაგმები: „კაცნი, ბოროტად გვემულნი“, „ქალნი, დახშულნი შობად“, „მაკურნებელი ქობა“, „მადლის არილი“, „ქენჯნის ფორეჯები“ , „ფილენჯის დაღები“, „ტროპარის ნუსხური გზაწვრილი“, „ულოს გვირგვინთა ახდა“, „ნელსევდიანი ფრთები“… გაოცებას იწვევს ამ ურითმო ლექსის ეპოქაში  რითმების ვირტუოზობა… პოეტური რიტმის განუმეორებელი ჟღერა…

ალბათ ამიტომაც იყო ნაკლებად კომუნიკაბელური და თავის სამყაროში ჩაკეტილი, რომ სასიტყვეთში ცხოვრობდა, იქ ასეთი მარგალიტების ძიებით იყო ატანილი მთელი მისი არსება… მის ასეთ ბუნებას კარგად გამოხატავს ბესიკ ხარანაულის დავით წერედიანისადმი მიძღვნილი ლექსი „ერთხელ მე და დათო“, სადაც ბესიკი სწორედ დროისა და რეალობისგან პოეტის გასვლის შესახებ საუბრობს… რეალობიდან გასვლაში ოღონდ უთუოდ უნდა ვიგულისხმოთ არა ეპოქის ვერშეგრძნება ან საზოგადოებისგან გამიჯვნა, არამედ სწორედ ამ რეალობის გულის გულამდე შეგრძნების გამო ახალი რეალობის, ახალი კოსმოსის შექმნის მცდელობა, რაც პოეტს სხვა მოკვდავთაგან გამოარჩევს. აი, რას გვიყვება ამის შესახებ ბესიკის ლექსი:

„სადაც ორი ადამიანია, ულხინს იქ შემთხვევას…
აღების ღამეს, კვირა ღამეს, მესტუმრა დათო.
შევყარეთ ბუხრის ნაცარში შვიდიოდ კვერცხი,
რომ იმითი დაგვემარხულა და გავაბით ტკბილი ბაასი…

პოეზია მარტო ქართული არ არის, არც მარტო ოცი საუკუნისა:
შვიდმა კვირამ ისე გაიარა ამ ჩვენს ბაასში,
რომ, როცა გათენდა და დაიძახეს „ქრისტე აღდგაო,“ – გაგვეცინაღა,
შვიდმა კვირამ გაიარა და ჩვენ ვერ გავიგეთ“…

სიტყვის მაგები და ჯადოქრები ალბათ ასე იძირებიან სასიტყვეთის ოკეანეში…

 

ნამდვილი მერი პოპინსის დაბრუნება

0

რას ნიშნავს ნამდვილი?..

ახლავე მოგახსენებთ და ქართველი მკითხველისთვის ერთ მტკივნეულ საკითხსაც შევეხები: საქმე იმაში გახლავთ, რომ პამელა ტრევერსისეული ტექსტები მერი პოპინსის შესახებ ქართულ ენაზე დღემდე არ გახლდათ ნათარგმნი. 1960-იან წლებში, რუსმა საბავშვო მწერალმა ბორის ზახოდერმა ტრავერსის პირველი ორი წიგნიდან რამდენიმე თავი ამოარჩია, თარგმნა, მცირედი ცვლილებები შეიტანა და გამოსცა. სწორედ ის წიგნი გავრცელდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და სწორედ იმ წიგნს  ვკითხულობდით დღემდე.

და აი, ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა „დიოგენემ“ და მთარგმნელმა ლელა დუმბაძემ პამელა ტრევერსისეული ორიგინალი ტექსტის იდენტური თარგმანი შემოგვთავაზეს – ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ორი ტომი: „მერი პოპინსი“ და „მერი პოპინსის დაბრუნება.“ აქვე იმასაც დავამატებ, რომ მერი პოპინსის შესახებ სულ რვა წიგნი არსებობს.

რომელმა ქარმა გადმოაგდო ჩვენკენ?

ნებისმიერ საბავშვო წიგნს აქვს დაწერის ორიგინალური წინაისტორია და ამ მხრივ გამონაკლისი არც „მერი პოპინსი“ ყოფილა: ერთხელ, პამელა ტრევერსს მოსავლელად ორი ბავშვი დაუტოვეს და სწორედ მათთვის შეთხზა ამბავი ძიძაზე, თუთიყუშისთავიანი ქოლგა რომ ჰქონდა და ჩანთით წარმოუდგენლად ბევრ ნივთს დაატარებდა. ამბავი მალე ზღაპრად იქცა. „მერი პოპინსის“ გამოცემა კი – ტრევერსის პირველ სერიოზულ ლიტერატურულ წარმატებად. მას  კიდევ შვდი წიგნი („Mary Poppins Comes back,“ „Mary Poppins Opens the Door,“ „Mary Poppins in the Park,“ „Mary Poppins From A to Z,“ „Mary Poppins  in the Kitchen,“ „Mary Poppins in Cherry Tree Lane,“ „Mary Poppins and the House Next Door“) მოჰყვა. 1977 წელს პამელა ტრევერსს ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის წოდება მიანიჭეს. მისი ზღაპრები ინგლისურ ოჯახში სამუშაოდ მისულ ძიძაზე კი ბრიტანული საბავშვო ლიტერატურის კლასიკად აღიარეს. წიგნები მერი პოპინსზე თანდათან მრავალ ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში დაიმსახურა სიყვარული თუ პოპულარულობა.

ამბავი ისევ ალუბლების  ქუჩიდან იწყება…

უფრო სწორად რომ ვთქვათ, თავგადასავალში ჩაბმას ალუბლების ქუჩის მიგნებით ვცდილობთ და ამ საქმეში კვლავ გზაჯვარედინზე მდგარი, თეთრხელთათმანებიანი პოლისმენი გვეხმარება. ბენქსების სახლში არეულობაა: „ბებერი, მსუქანი და ნახარშისსუნიანი“ ძიძა უკვალოდ გამქრალა. მართლაც რომ შესაშური გარემოა ზღაპრული ძიძის გამოსაჩენად და… ზენა ქარიც არ აყოვნებს.

  • აქ როგორ მოხვდით? – ჰკითხა ჯეინმა. – მოგვეჩვენა, თითქოს ქარმა გადმოგაგდოთ ჩვენკენ.
  • -ასეც იყო, – მოკლედ მოუჭრა მერი პოპინსმა და ყელზე მოხვეული შარფის მოხსნას შეუდგა.

დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანისთვის ნაცნობი და საყვარელი ფრაზები  კვლავ კითხვის საღერღელს აგიშლით და ბენქსებთან ერთად ბავშვობაში დაბრუნების სურვილითაც აგავსებთ. თუმცა… ვისაც ჯერ არაფერი წაუკითხავს მერი პოპინსის შესახებ, წინ აღმოჩენების საოცარი სამყარო ელის. მით უმეტეს, რომ მათ წარმოუდგენლად გაუმართლათ – სწორედ იმ ტექსტს გეცნობიან და გაითავისებენ, ნამდვილ ავტორს რომ  ეკუთვნის!

ძველისა და ნამდვილის სითეზი

განსხვავაებები ახალ თარგმანში არაერთი შეგხვდებათ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი მათთვის იქნება, „მერი პოპინსი“ ბავშვობისდროინდელი საყავარელი წიგნი რომ იყო. თუმცა… სიახლეებითა თუ აღმოჩენებითაც არანაკლებ შეიქცევთ თავს და მალე სანიმუშო ძიძისთვის ჩვეული წესრიგიც დაისადგურებს.

აღმოაჩენთ, რომ ყველა ნივთი თუ პერსონაჟი ადგილზეა (და ახლებიც „გაჩენილან“): მისიზ ბრილი ისევ სადილს ამზადებს, ელენი – სუფრას შლის, რობერტსონი – ბალახს კრეჭს, სიცილის აირით გაბერილი მისტერ კულული (და არა ლოკონი) ბუბუნა ხმით იცინის და ოთახის ჭერზე ბზრიალებს; ორჭიშკრიანი, დიდებული სახლის მფლობელი მის ლარკი კვლავ ფუფუნებაში განებივრევულ ძაღლ ენდრიუს დაჰფოფინებს; წითური, წარჩინებული ძროხა (უწინ ცეკვის ჟინმა რომ აიტანა, მეფეს შეხვდა და მთვარეზე მაღლა ახტა) შუა ქალაქში ისევ ვარსკვლავს დაეძებს; მეჩიტუნე ქალი პურის ნამცეცებით სავსე პაწია ტომსიკებს ჩიტების დასაპურებლად ყიდის; ჩემოდნებით, ხუფიანი კალათებით, ქუდის შესანახი კოლოფებითა და საკვოიაჟებით დახუნძლულ, მუდამ მართალსა და შეუმცდარ მის ენდრიუს ისევ მიაჩნია, რომ სახლში ბავშვის ხმა არ უნდა ისმოდეს; დაზიანებული ნივთების შემკეთებელი მისტერ მალას დიდებულ თავში, ყოველი თვის მეორე ორშაბათს, 3-დან 6 საათამდე ყველაფერი თავდაყირა დგება; არც ფანის, ენის და მისის კორს დავიწყებიათ ღამის ცაზე ვარსკვლავების მიკვრის რიტუალი; მძიმე ოხშაბათობით ჯეინი კვლავ წიწილების გამოჩეკვას ცდილობს; არანაკლებ მძიმე სამშაბათს მაიკლი წესიერების მოძულე ბიჭად იქცევა, სულ იმაზე ფიქრობს, კიდევ რა დააშავოს… და ვინ მოთვლის, რამდენი მოგზაურობა თუ გემრიელობა გელოდებათ ამ წიგნების ფურცლებზე. მარტო ის დღე რად ღირს პატარა ბენქსები თვალის დახამხამებაში რომ შემოუვლიან მსოფლიოს (ჩრდილოეთში – პოლარული დათვი, სამხრეთში – უზარმაზარი ლურჯი თუთიყუში, აღმოსავლეთში – ზარმაცი პანდა, დასავლეთში კი რუხი დელფინი უმასპინძლებთ)…

რაც შეეხება მერი პოპინსს, კვლავ შეუვალია. ყოველი მომხდარი სასწაულის მერე ბავშვებს ეჭვი ღრღნით, ერთმანეთს ეკითხებიან, ეს მართლა მოხდა თუ არაო, მაგრამ როგორი გაოცებულიც არ უნდა იყვნენ, ძიძისთვის შეკითხვის დასმას მაინც  ვერ ბედავენ. რას ფიქრობს მერი პოპინსი ტრადიციულად გამოცანად რჩება, თავის საფიქრალს ის ყოველთვის გულში ინახავს და არავის არაფერს უმხელს. „წელში გაიმართეთ, ფქვილის ტომრები ხომ არ ხართ!“ – მრისხანე მზერას მიაპყრობს ხოლმე ბავშვებს, მერე კი ვიტრინებში საკუთარი თავის თვალიერებით ტკბება.

მოკლედ რომ ვთქვათ,  მერი პოპინსი თითქმის ისევ ისეთია, უბრალოდ უფრო მეტად ტრევერსისეული და მაშასადამე – ნამდვილი!

 დირექტორის საკითხავი

0

თუ შენ ტიპური დირექტორი ხარ, ალბათ, გინდა სწრაფად მიაღწიო დიდ წარმატებას და აღიარებას, გინდა ყველასგან დაფასებული იყო, ყველა აღფრთოვანებით საუბრობდეს შენზე და შენს მიღწევებზე, უყვარდე თანამშრომლებს და ამავდროულად, ჰქონდეთ რიდი და პატივისცემაც, აღიარებდნენ შენს დიდ წვლილს იმაში, რასაც შენი დაწესებულება აკეთებს  და არამც და არამც არ გინდა ზურგს უკან გკიცხავდნენ, ამრეზით გიყურებდნენ ან შენი კაბინეტი შენთვის შეუფერებლად მიაჩნდეთ.

ორივე შემთხვევაში, შენ, ალბათ, გიცდია, გეფიქრა შენი მიღწევების და სისუსტეების საფუძვლებზე. ალბათ, გიცდია გაგეგო, რა იყო მათი მიზეზი, საფუძველი თუ ბრალი იმ წარმატებებში, პრობლემებსა და დაკარგულ შესაძლებლობებში, რომლის წინაშე დროდადრო აღმოჩნდები. ეს სულაც ნიშნავს იმას, რომ საქმე ძალიან კარგად ან ძალიან ცუდადაა. უბრალოდ, სხვა წარმატებული ხელმძღვანელების მსგავსად, შენც უნდა დაჯდე და კარგად დაფიქრდე, ვისი და როგორი შრომით ხდები წარმატებული ან რატომ არ გამოდის ყველაფერი ისე, როგორც გინდა, რომ გამოვიდეს; რატომ გრძნობ ან ვერ გრძნობ გარშემომყოფთაგან იმგვარ დაფასებას, როგორსაც გგონია, რომ იმსახურებ.

საძირკველი და სახელი

ბევრი წარმატებული მენეჯერი თვლის, რომ მისი წარმატების საძირკველი ყველაფრის სწორად დაგეგმვაა. ამიტომ წინდაწინ ადგენენ ინდივიდუალური განვითარების გეგმა (IDP),  რომელიც განსაზღვრავს სამოქმედო მიზნებსა და ხედვებს მომავალი წლისთვის.  მასში მთავარია: მიზნების განსაზღვრა და დაკავშირება ხედვასთან SMART (გონივრულ) მოდელზე დაყრდნობით და განრიგი შექმნა[1].

  • დაგეგმე სამუშაო
  • დაგეგმე წელი
  • დაგეგმე კვირა
  • დაგეგმე თითოეული დღე

თუ დაგეგმავ, გეცოდინება, რა რატომ უნდა გააკეთო და შედეგად რა უნდა მიიღო. გეცოდინება, შეხვედრები როგორ არ გაწელო გაუთავებლად და რა გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. გეცოდინება ყოველი შანსის გამოყენება, რათა უკან მოხედვისას დარწმუნდე, რომ არ გამოგეპარა, არ უგულებელყავი ან სანაგვეზე არ მოისროლე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ან ვინმე, რომელსაც შენთვის და სხვებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო.

დაგეგმე აკურატულად, გახსოვდეს, დაგეგმვა ის საძირკველია, რომლისკენაც ხშირად უნდა გადაიხარო და გადაამოწმო, აქ სისუფთავეს ძირი ხომ არ შეემღვრა. თუ ასეა, გახსოვდეს, ბევრი უნდა იკითხო, ისწავლო და სხვებსაც დიდი ყურადღებით მოუსმინო, რათა აქ აკურატულობა შეინარჩუნო.

საძირკვლის სისუფთავე მნიშვნელოვანია, რადგან იქ შენი სახელი წერია და იგი ან თეთრი იქნება და ანაც – შავი.

ბურთი და სახურავი

თუ მყარად დგახარ და წინსვლაც გამოგდის, ნურც სახურავზე ასვლისა შეგეშინდება, რათა გადაამოწმო, შენს შენობას „წყალი” ხომ არსაიდან ეპარება მას შემდეგ, რაც ვინმე თინეიჯერმა სახურავზე ბურთის მთელი ძალით შეგდება სცადა. ჩამოიტანე ბურთი, სახურავი კი შეაკეთე. ეს არც ძნელია და არც იოლი. ეს, უბრალოდ, მოვალეობაა, რომლითაც საკუთარი თავი, სხვები და მათი შრომა დაიცვა და სხვა შემთხვევებში ბევრი კარგი სტუმარ-მასპინძელი შეიფარო. „ხვანცალა მოზარდი” კაბინეტში დაპატიჟე, მისი ინტერესის სფერო შეიტყვე, დაეხმარე, ემეგობრე და ასე „დასაჯე”. ნურც ეს მიმართვა გაგაკვირვებს, რადგან მართლა არსებობდნენ დირექტორები, რომელიც ამას აკეთებდენ, ისე, რომ არც ძალ-ღონე დაჰკლებიათ, არც ღირსება და, მით უფრო,  – აღიარება[2].

 

ჭერი

ნურასდროს შეეცდები, ძველი, მყარი ჭერი მთლიანად ჩამოყარო და ახალი, უვარგისი ჭერით ჩაანაცვლო. ბევრი ისწავლე, შეაკეთე, გაახალისე, გამოაცოცხლე, თორემ ახალი და უვარგისი ვარდნისას სხვებთან ერთად თავადაც მოგიყოლიებს და ამას არაფერი ეშველება.

ხოლო  თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, მაშინვე აღიარე შეცდომა და ნუ ეცდები, სხვისი დანაშაული საკუთარ თავზე აიღო.

თაიგული

ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ადამიანები მსგავსი ინტერესებით ერთიანდებიან, რამდენადაც მათ ყველას აქვს საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვის მოთხოვნილება, საკუთარი ნიჭისა და უნარების დაუოკებელი სურვილი და თავისუფლებისაკენ სწრაფვა. ეს მარტივი სქემა ადამიანებს საზოგადოების სამსახურში აყენებს და გამორჩეული მისიის პოვნაში ეხმარება.  მათ კარგი ლიდერი როლებს სწორად და სამართლიანად გადაუნაწილებს, მეტ ნდობას გაუჩენს, ზრუნვის სურვილს გაუძლერებს და იდეებში, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში საკმარის თავისუფლებას მიანიჭებს. ასე გუნდის წევრები მეტს სწავლობენ, საქმისაგან გრძნობენ დიდ სიამოვნებას და უფრო დიდი საქმეებისთვისაც დღითი დღე იზრდებიან.

ნამდვილი გუნდი სურნელოვანი თაიგულივითაა, რომელშიც მშვენიერება სარგებელს ერწყმის და რომლის გამოყენება ჭკნობის შემდეგაც სასურველია /შესაძლებელია.

თუ გუნდიდან ერთი ვინმე მაინც გარიყე და ამიტომ თაიგულთან  მოსვლა აღარ სურს, გახსოვდეს, ასეთი თაიგული ყარს და მას დაჭკნობამდეც ნაგავში მოისვრიან.

ხვრელი

ნურასდროს შექმნი კორუფციულ ხვრელს. კორუფციით მიღწეულ სარგებელზე მნიშვნელოვანი სახეა, რომლითაც ჩნდები და სახელია, რომელიც ყველგან დაგყვება.

გახსოვდეს, ხვრელებში ვირთხები დაძვრებიან!

[1] ინდივიდუალური განვითარების გეგმასთან დაკავშირებით იხილე  ჩვენი წერილი: https://mastsavlebeli.ge/?p=16125

 

 

კითხვითი უნარების გაუმჯობესება და მოგვარების გზები ( ნაწილი I I)

0

სტრატეგიული გაკვეთილების გარდა, ინტერვენციებად დავგეგმე და განვახორციელე შემდეგი:

  • მოსწავლეები ჩავრთე სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა, მაგ. რესურსის შექმნა (ერთ-ერთი რესურსი მკითხველთა თეატრის დროს გამოვიყენეთ).
  • მოსწავლეებს შევაქმნევინე პორტფოლიო, სადაც მათი ნამუშევრები შევინახეთ. შეფასდა ნამუშევრები და მასში აღნიშნული იყო სუსტი და ძლიერი მხარეები.
  • მოსწავლეებს ვაძლევდი ინტერესზე მორგებულ დავალებებს როგორც სახლში, ასევე კლასში.
  • მშობლებს ვთხოვე გამოეყოთ სახლში კითხვისთვის დრო, დაახლოებით 30 წთ.

ალბათ საინტერესოა იმის შეფასება, რა შედეგი ჰქონდა განხორციელებულ ინტერვენციებს.

 

განხორციელებული ცვლილებები და ინტერვენციის შეფასება:

ჩემმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ გაიზარდა მოსწავლეთა მაჩვენებელი კითხვაში, მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ, ინტერესი გაუჩნდათ კლასგარეშე ლიტერატურის მიმართ.

იმატა მშობელთა ჩართულობამ, ისინი ხელს უწყობდნენ ეფექტურად დაეთმოთ სახლში დრო კითხვისათვის. მშობელთა ჩართულობამ დადებითად იმოქმედა მოსწავლეების პასუხისმგებლობაზეც.

შექმნილმა პორტფოლიომ მოსწავლეებს ძლიერი და სუსტი მხარეები ნათლად დაანახა.

მოსწავლეებზე მორგებულმა საშინაო და საკლასო დავალებებმა მოხსნა უარყოფითი დამოკიდებულება  კითხვისადმი. მოსწავლეებმა დაძლიეს შიში და დისკომფორტის განცდა.

დიდი წიგნების ერთობლივად წაკითხვის შედეგად მოსწავლეებს წიგნისადმი დამოკიდებულება შეეცვალათ, ისინი პოზიტიურად განეწყვნენ. ხალისით იყვნენ ჩართული მკითხველთა თეატრში, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, მოსწავლეებმა თავად შექმნეს რესურსები. ისინი გამართულად კითხვას დაეუფლონ.

მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყენების შედეგად მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი გამდიდრდა. ასევე განმტკიცდა ტექსტის გაგება-გააზრების უნარი.

ორიენტირებული კითხვის შედეგად მოსწავლეებმა სიღრმისეულად დაამუშავეს ტექსტი, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები, განუვითარდათ კრიტიკული აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა.

ინტერვენციების შესაფასებლად ჩავატარე განმეორებითი გამოკითხვა როგორც მოსწავლეებში, ასევე მათ მშობლებში. მოვაწყვე შეხვედრა კოლეგებთან.

შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვთქვა,  რომ  პრაქტიკული კვლევის ინტერვენციების ეფექტი მოსწავლეებისა და მშობლების მიერ დადებითად შეფასდა.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

პრობლემა, რომელიც დავინახე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კვლევის დასაწყისში აღვნიშნე ამ პრობლემის  მიზეზებზე  ავაგე ჩემი კვლევა, გამოვიყენე სათანადო ლიტერატურა, კვლევის მეთოდები დავგეგმე კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან. ინტერვენციებმა დადებითი შედეგები გამოიღო, კითხვითი მეთოდების პრობლემა კლასში ფაქტობრივად მოგვარდა.

ჩემს სადამრიგებლო კლასში ჩატარებულმა პრაქტიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ კითხვის მეთოდების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით არსებობდა რამდენიმე ხარვეზი.

  • მოსწავლეებს უჭირდათ კითხვის ტექნიკის სრულყოფა;
  • უჭირდათ კითხვა, სიტყვების დეკოდირება, გამთლიანება;
  • ვერ კითხულობდნენ გამართულად;
  • აწყდებოდნენ წაკითხული ტექსტის გააზრების პრობლემას;
  • არ ჰქონდათ მდიდარი ლექსიკური მარაგი.

ამ მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავე ალტერნატიული საგაკვეთილო გეგმის სერია, სადაც:

  • მოხდა კითხვის ტექნიკის სრულყოფა, დიდი წიგნების ერთობლივი კითხვის საშუალებით;
  • დაეუფლნენ გამართულ კითხვას მკითხველთა თეატრის გამოყენებით;
  • ორიენტირებული მოსმენის, ლექსიკური მარაგის გამდიდრების ინტერვენციებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინათ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება;
  • მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყენებით.

ალტერნატიული საგაკვეთილო გეგმების გამოყენების შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ ეს ყოველივე ზრდის მოსწავლეთა კმაყოფილებას საგაკვეთილო პროცესის მიმართ. მოსწავლეებისათვის კითხვის პროცესი არის უფრო სახალისო და ისინი სიამოვნებით  იღებენ მასში მონაწილეობას.

 

ლიტერატურის მიმოხილვიდან და პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, შემიძლია რამდენიმე რეკომენდაციის შემოთავაზება:

  • წასაკითხი ტექსტის მიცემისას გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, შესაძლებლობები და ინტერესები;
  • ეცადეთ, კითხვის დაწყებამდე მოსწავლეებს აუმაღლოთ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოტივაცია;
  • მიეცით მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასებები;
  • სასურველია თუ მშობელი და მასწავლებელი ითანამშრომლებენ, რადგან ეს ყოველივე დადებით გავლენას ახდენს ბავშვზე;
  • მშობლებმა გამოყონ კითხვის დრო სახლში;
  • გაეცანით შესაბამის ლიტერატურას (როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები);
  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები სისტემატურად შეიკრიბონ და განიხილონ ერთად მიღწეული შედეგები, გაუცვალონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები და გაუკეთონ შეეცვალათ უკუკავშირი;
  • მასწავლებლებმა გაამდიდრონ გაკვეთილები სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

განათლების სფეროში კითხვის გაუმჯობესების საკითხში კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც კითხვასთან, წაკითხულის გააზრებასთან არის დაკავშირებული და საჭიროებს უფრო დეტალურ კვლევასა და შესწავლას. მე ჩემი მხრივ ვეცადე, სადამრიგებლო კლასში კითხვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები მომეგვარებინა, ვიმედოვნებ, რომ ჩემი პრაქტიკული კვლევა სხვა მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო და საინტერესო აღმოჩნდება.

 

 

სახიფათო სიფერადე- მოზარდი, ინტერნეტი და ნარკოტიკები

0

ახალი ნარკოტიკები, რომლებიც ტრადიციულისგან ქიმიური შემადგენლობით ოდნავ მაინც განსხვავდება, ტექნიკური თვალსაზრისით უკვე ლეგალურად განიხილება. ასეთი ნარკოტიკები იზიდავენ მათ, ვინც ინტერნეტში მასტიმულირებელ და სწრაფად მოქმედ ნივთიერებებს ეძებს. გამსაღებლები მათ თამამად, დასჯის შიშის გარეშე ჰყიდიან. ყველაზე მეტად კი ასეთი ნივთიერებები ბავშვებსა და მოზარდებს იზიდავენ.

ახალი ნარკოტიკები ონლაინ იყიდება და მილიგრამობით იზომება. მათ შესაძენად საჭირო არ არის საიდუმლო ფულადი გზავნილები. ნაკლებია პოლიციასთან ურთიერთობის საფრთხეც, რადგან  ნარკოტიკები ფოსტით იგზავნება. ამდენად, პატარა ქიმიკოსის როლის მორგება მოზარდისთვის კიდევ უფრო ადვილდება.

ახალ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ინტერნეტით ჰყიდიან. საიტების ადმინისტრატორები მომხმარებლებს რამდენიმე ევროს სანაცვლოდ ხალისიან დროსტარებას ჰპირდებიან, თუმცა არავინ იცის, რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი და, როგორც წესი, დასასრულიც სავალალოა. ახალი ნივთიერებების ჩამონათვალი დღეისათვის 800-ს უტოლდება. ყოველწლიურად 60-დან 70-მდე ახალი ფორმულა ჩნდება, ანუ კვირაში ერთი.

ერთი წლის წინ, „ბლუმბერგის“ შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, სადაც ნარკოტიკები ყველაზე ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენდა.  სპეციალისტები ამ რეიტინგს ყოველწლიურად, ე.წ. „ცოდვის კალათის“ ფასის მიხედვით ადგენენ, რომელშიც ოთხი ძირითადი სახეობის ნარკოტიკი შედის – ერთი გრამი ოპიოიდები, კოკაინი, მარიხუანა ან ჰაშიში და ამფეტამინი ან ექსტაზი. სააგენტოს მიერ შედგენილ რეიტინგში საქართველო მერვე ადგილზე აღმოჩნდა. „ცოდვის კალათა“ საქართველოში 536 ამერიკული დოლარი ღირს.

ახალი ნარკოტიკები სოკოებივით მრავლდებიან და შავ ბაზარს ისე სწრაფად იპყრობენ, რომ ჯანდაცვისა და სამართალდამცავი დეპარტამენტები თვალ-ყურის მიდევნებას ვერ ასწრებენ. ვებსაიტები სხვადასხვა ნივთიერებების დიდ არჩევანს გვთავაზობენ და თუ მომხმარებელს ნარკოტიკის რომელიმე აბრევიატურა არ ეცნო, ის უბრალოდ გუგლავს მას და სხვა მომხმარებლების კომენტარებს ენდობა. ასეთ საიტებზე ფასდაკლებებიც ცხადდება. მაგალითად, Blue Stuff – „ნივთიერებათა ნაზავი“. მომხმარებლები ამ პროდუქტს ხუთი „ვარსკვლავით“ აფასებენ – „შესანიშნავი მომსახურება, ლამაზი შეფუთვა“.  შეფასების „ვარსკვლავებს“ მოციმციმე სიცილაკებიც ახლავს. „პროდუქტი“ კრისტალების სახით იყიდება, აბაზანის მარილივით. მასში აქტიური ნივთიერება ეთილფენიდატია. ფსიქოსტიმულატორი პრეპარატი ძალიან ჰგავს მეთილფენიდატას.

ეს იგივეა, რაც რიტალინის – ფსიქოსტიმულატორი პრეპარატის ყნოსვა, რომლის გარშემოც ბევრი კითხვა ტრიალებს და რომელიც ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის დარღვევის სამკურნალოდ გამოიყენება. მაგალითად, იტალიაში, გასული წლის მაისიდან ის კლასიფიცირდება როგორც ნარკოტიკი, მაგრამ ბაზარი სავსეა მისი ალტერნატივებით. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ლეგალურად ტრიალებენ მიმოქცევაში და ვიდრე მათ უკანონო ნარკოტიკების ნუსხაში გადაიტანენ, უამრავი ადამიანი, მათ შორის მოზარდები და ბავშვები იყიდიან. ინტერნეტსივრცე გაჯერებულია ფერადი ტაბლეტებითა და კრისტალებით, ისინი აჩქარებენ რეაქციას, იწვევენ აღგზნებულ მდგომარეობას. იმავე მარილების რეგულარული მოხმარებას (მათ კოკაინისა და ამფეტამინის მასტიმულირებელი ეფექტი აქვთ) მივყავართ ფსიქოზებამდე, ორგანოების გათიშვამდე, ორგანიზმის დასუსტებამდე და სხვადასხა დაავადებამდე.

ეს სახიფათო სიფერადე, რომლის ფოტოებს მოზარდები არცთუ იშვიათად აწყდებიან ინტერნეტით, სულაც არ არის უკანონო, რადგან ისინი ჯერ არ შეუტანიათ აკრძალული  ნარკო და ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხებში, ისინი არ ექვემდებარება რაიმე რეგულაციებს. იმისათვის, რომ ახალი ნარკოტიკი ნარკოტიკულ ნივთიერებებად აღიარონ, საჭიროა ძვირადღირებული კვლევების ჩატარება, მათი საშიშროების ხარისხის დასადგენად სპეციალისტები თვეებს, ზოგჯერ – წლებს ხარჯავენ.

არაერთი ქვეყნის მსგავსად საქართველოც დგას ისეთი გლობალური გამოწვევის წინაშე, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ჩვენთანაც აკავებენ ორგანიზებულ ჯგუფებს. მაგალითად, ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს შარშანდელი გახმაურებული ისტორია ინტერნეტპლატფორმა „მატანგაზე“ დარეგისტრირებულ მაღაზია MEGASHOP-ზე, რომლის მეშვეობითაც რეალიზდებოდა ნარკოტიკული საშუალებები. გამსაღებლები ნარკოტიკებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებით შემძენ პირებს უგზავნიდნენ, თანხა კი ვებგვერდ ,,მატანგას’’ ანგარიშზე ერიცხებოდათ.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხშირად თვით შსს-ს წარმომადგენლებიც არ ახმაურებენ რა სახის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს იღებენ. ამ ნივთიერებების წარმომავლობის დადგენა ვერ ხერხდება.

ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ხშირად ეხმაურებიან ქართველი ნარკოლოგები. ისინი ამბობენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები სტაციონარებშიც მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როდესაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ფსიქოზი უვითარდებათ, მანამდე კი ისინი ჩველებრივად მოიხმარენ და „სარეკრაციო მიზნებისთვის“ სხვადასხვა პორტალებიდან იწერენ. ნარკოლოგებიც ადასტურებენ, რომ არცერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება საქართველოში კონტროლირებადი არ არის და მათი რაობის დადგენაც არსად ხდება, რის ფონზეც მომხმარებლებს, რომელსაც კომატოზური მდგომარეობა უფიქსირდება, დიაგნოზად ეწერებათ, რომ უცნობი ეტიოლოგიის კომა აქვს.

„საქართველოში მოხმარების ერთადერთი წყარო ნარკოტიკების მომხმარებელთა თემია, რომელიც იწერს ან იძენს ამ ნივთიერებებს. შესაბამისად, მხოლოდ ანამნეზური მონაცემების საფუძველზე მომართვიანობის დროს ვადგენთ, რა ნივთიერება აქვთ მოხმარებული.  თუმცაღა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არანირი ლაბორატორიულ-კვლევითი დასტური ვერ და არ ხორციელდება, ვინაიდან არ არსებობს არანირი ხელსაწყო, – წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ფეისბუქზე. – ქვეყანაში არ არსებობს, ე.წ „პოიზინგ ცენტრი“, რომელიც შეტყობინებას გაავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რა ნივთიერების მოხმარებით აღმოჩნდა ადამიანი კომატოზურ მდგომარეობაში. არ ხდება შავი ბაზრის კვლევა და იმის კონტროლი – თუ რა ნარკოტიკია ბაზარზე. ქვეყანაში არ არსებობს ზიანის შემცირების სტრატეგია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება“.

ახალი ნარკოტიკები მთელი სამყაროს პრობლემაა. მაგალითად, 2016-2017 წლებში შვედეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევები უკავშირდებოდა ფენტანილისგან წარმოქმნილ მოლეკულებს, სასიკვდილო სინთეზურ ოპიოიდს, რომელიც ჰეროინს ემატებოდა.

2017 წელს ევროპის ობსერვატორიაში შეისწავლეს ხუთი წარმოებული ფენტანილი ცხვირის სპრეის სახით. ორიგინალთან შედარებით, ისინი ორგანიზმზე უფრო ძლიერად მოქმედებდნენ, მაგრამ მომხმარებლებმა არც კი იცოდნენ ამის შესახებ. ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

თუ ტრადიციული ნარკოტიკები გრამებით იზომება, მოლეკულებში მილიგრამებზე ვსაუბრობთ. დოზირება რთულია არა მხოლოდ მათთვის, ვინც მათ მოიხმარს. ამავე დროს, ამ ნარკოტიკების სარგებელი ფასდაუდებელია გამსაღებლებისთვის: მცირე ოდენობებიც კი ათასობით პოტენციურ დოზად ტრანსფორმირდება.

2018 წლის ივნისში წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ „თეთრი წიგნიდან“ ვიგებთ, რომ 2017 წელს ნარკოტიკების მოხმარება არასრულწლოვანებსა და მოზრდილთა შორის ოთხჯერ არის გაზრდილი. იტალია მესამე ადგილზეა ევროპაში კანაფის მოხმარებით და მეორე ადგილზე, როდესაც საქმე ეხება ასაკობრივ ჯგუფს 15-დან 34 წლამდე.  ევროპული სკოლის ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების კვლევის პროექტის (ESPAD) ფარგლებში კი დგინდება, რომ გასულ წელს ევროპაში ასი მოზარდიდან სამს ჰქონდა გასინჯული ფსიქოაქტიური ნივთიერება. მხოლოდ იტალიაში, თითქმის 41 ათასმა ბავშვმა მიიღო მათთვის უცნობი სახის ნარკოტიკული ნივთიერება. პირველად ნარკოტიკებს 11-12 წლის ასაკში აგემოვნებენ.

ინტერნეტი ნარკოტიკების გლობალური დისტრიბუტორია. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში და ჰოლანდიაში, ნარკოტიკების მოხმარება კანონით არ ისჯება, მაგრამ ამ ქვეყნებისთვის გამოწვევაა კანონიერების საზღვრების გაფართოება, ამოუცნობი ქიმიური ზონების კვლევა.

ქუჩის ძველი ნარკოსამყარო კი არ ქრება, არეალს ზრდის. ჩნდება ახალი ნარკოტიკები და მათი მხარდამჭერი პლატფორმები, რომლებიც მოზარდებისთვის ისევე ხელმისაწვდომია, როგორც უფროსებისთვის. ძველი ნივთიერებებისგან ახალი კოქტეილები მზადდება და ეს პროცესი შექცევადია. იცვლება ნარკოტიკების მოხმარების მოდელი. მოზარდები დამოკიდებული ხდებიან არა ერთი ტიპის ნარკოტიკზე, არამედ თავად დამოკიდებულებაზე. ხველების სიროფი, შერწყმული კოდეინთან და სპრაიტთან, უკვე არა სასარგებლო, არამედ იასამნისფერი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სასმელია, რომელსაც რეპერები ჰიმნებს უძღვნიან. რეპს კი ასაკოვანი აუდიტორია ნაკლებად უსმენს.

რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც არალეგალურ ნივთიერებებს ინტრავენურად მოიხმარენ, უფრო იოლი ამოსაცნობი არიან, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენმა შვილებმა ნარკოსამყარო პირდაპირ ოპიოიდებით – მორფინით, კოდეინი, ჰეროინით გაიცნონ. ეს წამლები უკვე გამოცდილი ნარკომომხმარებლების პრეროგატივაა. ნარკოდილერები მოზარდებისთვის ბევრად „ელეგანტურ სინთეზურ ნაღმებს“ ამზადებენ კოკაინის, ამფეტამინისა და კანაბინოიდების საფუძველზე.

როგორ გავიგოთ კონკრეტულად რა ნივთიერებას მოიხმარენ მოზარდები?

სპაისი – იოლი ხელმისაწვდომობა  და არასწორი აღქმა იმისა, რომ ის „ნატურალურია“ და შესაბამისად – უვნებელი, ხელს უწყობს ამ პროდუქტების პოპულარობას ახალგაზრდებში. სპაისი სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ნარევია, რომელსაც აქვს მარიხუანის მსგავსი ეფექტი და მიიჩნევა მის „უსაფრთხო“, ლეგალურ ალტერნატივად. სპაისი სხვადასხვა სახელწოდებების გამოყენებით იყიდება. მასში შედის გამხმარი, დაქუცმაცებული მცენარეები და ქიმიური დანამატები ფსიქოტროპული ეფექტით. მისი მოხმარება იწვევს გუგების სიწითლეს, ეიფორიას, სიცილსა და ძლიერ მგრძნობელობას გარე სამყაროსადმი.

სპაისის მოხმარების შემდეგ ხშირია კრუნჩხვა, შფოთვა, პანიკა. ამ ყველაფერს ახლავს ადამიანის ბუნდოვანი გამოხედვა და შეფერხებული რეაქცია. თუ მოზარდმა ცოტა ხნის წინ გამოიყენა სინთეზური ნარევი, საუბრიდანაც შეატყობთ – კონცენტრაციის ნაკლებობას, მარტივ კითხვებზე პასუხის არქონას, იდეების აკვიატებას, ყურადღების მკვეთრ ცვლილებას.

სპაისზე დამოკიდებული მოზარდი ნელ-ნელა ხდება ადვილად გაღიზიანებადი, აპათიური,  მუდმივად გრძნობს გადაღლას, „უხტის“ განწყობა.

მარილი – ევროკავშირის ქვეყნებში „აბაზანის მარილების“ შეფუთვაზე არის ხოლმე მინაწერი: „არ არის განკუთვნილი ადამიანისთვის“, რაც სინთეტიკური პრეპარატების მწარმოებლების აზრით, ევროკავშირის კანონმდებლობისთვის გვერდის ავლის საშუალებაა.

ამფეტამინის ეფექტის მსგავსად, მარილის მომხმარებელი გამოხედვაზეც კი იცნობა – აგრესიულად გამოიყურება, გადიდებული აქვს გუგები. მარილების მომხამარებელს ხშირად უტევს პარანოია, აქვს სმენითი ჰალუცინაციები, უქვეითდება მეტყველება. ზედმეტი ენერგიის მოზღვავება აიძულებთ მუდმივად დამანჭონ სახე, მოილოკონ ტუჩები, ახამხამონ თვალები, უნებლიეთ ამოძრაონ  ყბის და სახის კუნთები. სტიმულატორი ცნობილია აგრესიის გამოვლენით გარშემომყოფების მიმართ. მოზღვავებელი ენერგიის გამო ადამიანს ეფიქრება, რომ ყველაფერი შეუძლია. ასევე, ერევა ცნობიერება, ეწევა წნევა, უჩნდება გიჟური იდეები (მაგალითად, ხიდიდან გადახტომა ან ელექტროგადამცემ ხაზზე ასვლა), რომელიც შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.

მარილების მოხმარების შედეგად მოზარდს შეიძლება რამდენიმე დღე-ღამე არ ეძინოს და საჭმელიც არ ჭამოს, რის მერე ეფიტება სხეული. დამოუკიდებლად გადაადგილებაც აღარ შეუძლია. ასე რომ, თუ მოზარდი ხშირად უჩივის დაღლილობას, ყურადღებით იყავით.

MDMA – კლუბურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი, რომელსაც ექსტაზადაც მოიხსენიებენ. წამლის სახელწოდება უკავშირდება ექსტაზის განცდას, რომელიც ადამიანში მოხმარებიდან ერთ წუთში ისადგურებს. თუმცა ამ ჰალუცოგენის ხშირ მოხმარებას ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ – დეჰიდრატაცია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის შეტევა. საშიშია ისიც, რომ შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, რა ტიპისაა ინტერნეტპორტალებზე ნაყიდი MDMA.

MDMA-ის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს თვალები „დაურბის“ და მისი ერთ ადგილზე გაჩერება თითქმის შეუძლებელია. ამავდროულად, ექსტაზის ეფექტს თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, გახშირებული გულისცემა და ოფლიანობა. დოზის გადაჭარბების გამო, ხშირია სხეულის გაუწყლოება, გულის გაჩერება. მისი მოხმარებით გარდაცვალების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დასუსტებული ორგანიზმის მქონე ადამიანებისთვის.

LSD – კიდევ ერთი კლუბური ჰალუცოგენია, ზრდის მუსიკის, ფერების აღქმას. მას განსაკუთრებით ეტანებიან გრძელვადიანი ემოციების მოყვარულნი. ის შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, გააჩნია ადამიანის შინაგან მდგომარეობას და განწყობას. თუ მოზარდი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა აგრესიულ ან დეპრესიულ მდგომარეობაში, ეს ჰალუცინოგენი მხოლოდ გაუაქტიურებს ამ მდგომარეობას, რაც შეიძლება ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრით, კოშმარებით, პანიკით დასრულდეს.

ხშირად მისი მომხმარებლები იკეტებიან საკუთარ თავში, ეჩვენებათ, რომ ეხსნებათ ახალი გემოები და ყნოსვა, თავის თავში პოულობენ „უნიკალურ ნიჭებს“. ასე რომ, დააკვირდით როგორ ისვენებს მოზარდი, რა ჰობი აქვს.

იაკობის ფორმულა

0

შედეგიანობა = მეთოდის გამართულობა + სიადვილის უკანასკნელი ხარისხი + მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესები + კრიტიკის მიმღებლობა + საკითხის აქტუალურობა + ხელმისაწვდომობა / სირთულე + ფასი

 

მიუხედავად იმისა, რომ  ჩემი დებიუტი ამ ჟურნალში სხვაგვარად მქონდა დაგეგმილი, გადავწყვიტე, პირველი წერილი იაკობზე დამეწერა. პრინციპში, რაზე უნდა დამეწერა პირველი წერილი „მასწავლებელში”, თუ არა იაკობზე?! ამასთან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს განაცხადში მომავლის ორ გეგმათაგან ერთი სწორედ გოგებაშვილისა და მისი საგანმანათლებლო პრინციპების პოპულარიზებას ეხებოდა. ამიტომაც: „იაკობის ფორმულა!”

იაკობის რა ფორმულაზე შეიძლება იყოს საუბარი ამ წერილში? ანბანის სწავლების ფორმულაზე? „დედაენის” აგებასა და შექმნაზე? გოგებაშვილის საგანმანათლებლო პრინციპებზე? საბავშვო ტექსტების შექმნასა და ადაპტირებაზე? სწავლებაში მოსწავლეებისთვის საინტერესო შინაარსის შემოტანაზე? მის დამოკიდებულებაზე დაპირისპირებულ მხარეებთან?

ამ წერილში საუბარია ყველა ზემოთ დასახელებულ საკითხზე, რამაც განაპირობა გოგებაშვილის საქმის (ამ შემთხვევაში „დედაენის”) ეფექტიანობა.

 

თავდაპირველად შევეხოთ ორ საკითხს: 1. რას ვგულისხმობ გოგებაშვილის „დედაენის” ეფექტიანობაში და 2. რა მიმართებაა ეფექტურობასა და „ეფექტიანობას” შორის.

დავიწყოთ მეორე საკითხით. ეს ტერმინი გავიაზროთ რაიმე სასწავლო რესურსთან მიმართებით. წარმოიდგინეთ, რომ მოსწავლეებისთვის დაამზადეთ სასწავლო რესურსი – საყვირებიანი კალათა. მოკლედ რომ აღვწეროთ: მშვენივრად მოწნულ-მოქარგული კალათაა, რომელშიც შეიძლება ჩავდოთ სხვადასხვა ნივთი, ხოლო კალათა იწყებს ლაპარაკს იმ ნივთის შესახებ, რომელსაც მასში მოვათავსებთ.

შევაფასოთ ეს რესურსი: არის თუ არა ეფექტური? ყველა შემთხვევაში, ამ რესურსს შეიძლება ვუწოდოთ ეფექტური – იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას, ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო შედეგების მიღწევაში, ეხმარება მასწავლებელს სწავლების პროცესში.

ახლა დავსვათ შეკითხვა: იქნება თუ არა ეს რესურსი ეფექტიანი? გააჩნია. თუკი ამ რესურსის დამზადება იმდენად დიდ თანხასთანაა დაკავშირებული და/ან საოცრად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაშინ ეს რესურსი ეფექტიანი ვერ იქნება. აგრეთვე, თუკი ამ რესურსის გამოყენებას ისეთი იშვიათი ცოდნა დასჭირდება, რომელიც მხოლოდ ერთეულებს აქვთ, ვერც მაშინ ჩაითვლება ეს რესურსი ეფექტიანად. მაგალითად, ფორტეპიანო საოცრად ეფექტური ინსტრუმენტია ჩემთვის ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილებზე, მაგრამ ასეთივედ ვერ გამოდგება იგი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებმაც არ იციან ფორტეპიანოზე დაკვრა…

ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, რომელიც საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (ჯიპრაიდი, – ხშირად ვახსენებ ხოლმე ამ პროექტს ჩემს წერილებში.~) ფარგლებში შევესწარი. როგორც იცით, პროექტის ფარგლებში სასწავლო-საგაკვეთილო სიტუაციებს ვიღებდით ხოლმე, შემდეგ ვამონტაჟებდით და ვავრცელებდით პროექტში ჩართული სკოლებისთვის (ახლა ეს და სხვა მასალები საყოველთაოდაა ხელმისაწვდომი ჯიპრაიდის პორტალზე.).  რასაკვირველია, ეს ყველაფერი პაატა პაპავას, ჯიპრაიდის წიგნიერების მიმართულების ლიდერის, ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ჰოდა, მისული ვართ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მასალის გადასაღებად. გაკვეთილის სცენარი მომზადებულია, მასწავლებელს მორგებული აქვს სცენარიც და მიმდინარეობს გადაღება. რაღაც მომენტში გადაღება შეწყდა, „ვისვენებთ”, მასწავლებელიც გავიდა გარკვეული წვრილმანის მოსაგვარებლად, ბავშვებიც აჟივჟივდნენ… უცებ პაატა წამოდგა და დაფისკენ წავიდა…
– აბა, როგორ ხართ?! – გააჟღერა თავისი საფირმო მისალმება.
ბავშვები გამოცოცხლდნენ. უპასუხეს, შეეკითხნენ… მერე რაღაც იკითხა, დაფაზე მოხაზა, მოსწავლე გაიძახა…
ვუყურებდი მინი-გაკვეთილს და ვხედავდი განსხვავებას სწავლებაში, რომელიც ახარებს მოსწავლეებს და სწავლებაში, რომელიც ავალდებულებს მოსწავლეებს…

რატომ გავიხსენე ეს შემთხვევა? იმის თვალსაჩინოდ წარმოსადგენად, რომ მიდგომა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ეფექტიანი ვერ იქნება…

 

კიდევ ერთი მაგალითი გავიხსენოთ. ამჯერად თეატრის ისტორიიდან.
1972 წელს ვერიკო ანჯაფარიძემ აღადგინა მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს დადგმული გენიალური „ურიელ აკოსტა” (პირვანდელ ვერსიაში ვერიკოსთან ერთად უშანგი ჩხეიძე თამაშობდა.). ივდითის როლში მიიწვია შვილი, სოფიკო ჭიაურელი. შემორჩენილია მოგონება, თუ როგორ უხსნიდა რეჟისორის ამპლუაში სცენაზე ასული ვერიკო შვილს, რომ აი, ასე უნდა ითამაშო ეს მომენტიო… ამაოდ, რასაკვირველია. ამაოდ უხსნიდა.

 

იაკობის ფორმულის „ცვლადებზე” საუბრის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი „დედაენის” ეფექტიანობას. ვფიქრობ, ამ მხრივ არავის ეჭვი არ ეპარება არც დღეს და არ ეპარებოდა არც იაკობის ეპოქაში. ერთს ვიტყვი, რომ მე-19 საუკუნის სამოციანელთა გაუთქმელი იდეა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ სწორედაც რომ გოგებაშილის დედაენის ეფექტიანობამ დააგვირგვინა. რომ არა წერა-კითხვის ისე წარმატებით გავრცელება, როგორც ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ვერ მოხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.

 

  1. იაკობის ფორმულის მთავარი ცვლადია უკვდავი პედაგოგიკური მიგნება, რომელიც არათუ დღესაც არ კარგავს აქტუალობას, არამედ დაუძლეველიც კია თანამედროვე ქართულ პედაგოგიკაში. ეს არის ანბანის სწავლების ისეთი ხარისხი, რომლისთვისაც არც ერთ დღევანდელობამდე არსებულ დედაენათა საავტორო ჯგუფს არ მიუღწევია.

რას ვგულისხმობ ამ მიგნებაში?

  • „აი ია”-თი დედაენის გახსნას? არა. (მეტიც, პირადად მე მოსწავლეთა მიერ პოსტსაანბანო პერიოდში „ა”-სა და „ი”-ს აღრევის ერთ-ერთ მიზეზად ამ ასოების ერთად შემოტანა მეჩვენება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკუვაგდოთ გოგებაშვილის ეს ძვირფასი აღმოჩენა. რადგან, ასოების სისტემურ შესწავლაზე გადასვლისთვის მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობი უნდა იყოს „ა”-ც და „ი”-ც და ეს აღრევის პრობლემაც თავისთავად მოიხსნება).
  • ანალიზურ-სინთეზურ მეთოდს, რომელიც, როგორც თავად იაკობი აღნიშნავდა, სულაც არ ეკუთვნოდა მას? არა. იაკობის მიერ თანდათან, მოსინჯვა-მცდელობით „დედაენის” პირველ, 1876 წლის გამოცემაში დამკვიდრებული ეს სტრატეგია ბრწყინვალე მეთოდიკური გამართულებით ხასიათდებოდა მაშინაც და ასეთივეა ახლაც. მაგრამ ამას, უფრო სწორად, მხოლოდ ამას არ ვგულისხმობ.
  • თითო ჯერზე თითო ასო-ბგერის შემოტანა-გაცნობა? კი ბატონო, ამ პრინციპმა დიდად შეუწყო ხელი დედაენის ეფექტიანობას, მაგრამ ამ პრინციპს იცავდა მას შემდეგ გამოცემული თითქმის დედაენის ყველა საავტორო ჯგუფი… ცოტა კიდევ ვთქვათ ამ პრინციპზე – თითო ულუფაზე თითო ასო. ეს იყო ის სიმარტივე, რამაც „დედაენის”უეჭველი წარმატება განაპირობა ნებისმიერი მასწავლებლის ხელში, განურჩევლად იმისა, მასწავლებელი ჩამოყალიბებული მაღალკვალიფიციური პედაგოგი იყო თუ სრულიად უბირი და გონებრივად გაუწაფავი მოხელე. გარკვეული და სრულიად კონკრეტული ცოდნის საფუძველზე (ამ შემთხვევაში, მაგალითად, შვიდი ასოს ცოდნა და ამ შვიდი ასოთი შედგენილი წინადადებების ამოკითხვა) თითო ასოს (ჩვენი მაგალითისთვის, მერვე ასოს) დამატებას და უკვე დამატებული ასოებისგან შემდგარი წინადადებების ამოკითხვაში მოსწავლეების ვარჯიშს ახერხებდა ნებისმიერი მასწავლებელი, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებისდა მიუხედავად.
  • იქნებ, ამ მიგნებაში ასოების დალაგებას ვგულისხმობ, ე. წ. გენეტიური პრინციპით?! ანუ ჯერ დასაწერად „ადვილი” ასოები, შემდეგ რთული? არა. არც ამას ვგულისხმობ, რადგან ამ პრინციპსაც ერთგულად იცავდნენ შემდგომი „დედაენების” შემდგენელ-გამომცემლები.

 

(სხვათა შორის, ეს მიგნება საერთოდ არ არის მოხსენიებული იაკობ გოგებაშვილის მეთოდის იმ აღწერილობაში, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ ამ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა).

ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს საანბანე სიტყვების შესახებ მოსწავლეებისთვის გარკვეული ამბის შეთავაზებას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ:

„მასწავლებელი გარდასცემს ბავშვს ამ საგნის შესახებ რაიმე მოთხრობასა, თუ შესაძლებელია, ანდაზას, გამოცანასა და ლექსსა, რომელსაც ამღერებს მარტივს ჰანგზედ”. ეს არის ის სიმაღლე, რომელსაც ქართულმა პედაგოგიკამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია. თუმცა გარკვეული მცდელობები არის. მაგალითად, პაატა პაპავამ და მე შევადგინეთ გაკვეთილის სცენარი ასო-ბგერა „ფ”-ზე გოგებაშვილისეული ოფოფის მიხედვით და სწორედ მცირე საინფორმაციო ტექსტი დავურთეთ გაკვეთილის სცენარს (ეს სცენარი განთავსებულია „ონლაინდედაენაში”. აქვეა ზემოხსენებულ ჯიპრაიდში თამარ ჭანტურიას ხელმძღვანელობით ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილი ბრწყინვალე საანბანო ტექსტების კორპუსიდან რამდენიმე ნიმუშის მიხედვით შექმნილი სცენარებიც).

ასეთი მოთხრობების კონტექსტში ანბანის სწავლების დანერგვას ცდილობს „ახალი სკოლის მოდელიც”, რაც იაკობისეული პრინციპების ფართოდ გაშლა-შემოტანა იქნება.

 

რომ შევაჯამოთ, ფორმულის მთავარი ცვლადი შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც სწავლების პროგრესულობა, საუკეთესო პედაგოგიკური გამართულობა.

სანამ გავაგრძელებთ, ამ ჭრილში განვიხილოთ გოგებაშვილისეული წინადადება ასო „ჰ”-ზე: „ჩიტი ხეზე ჰკიდია”. როგორც ვიცით, თანამედროვე ქართული ენის ნორმებისთვის შეუსაბამოა, რადგან „ჰ” არ არის საჭირო. თუკი ჩავანაცვლებთ დღეისთვის არასწორ ფორმას სწორი ფორმით (მაგალითად, „ჩიტს შვილები ჰყავს”. (აქ საჭიროა „ჰ”). ან „ვაზს მტევანი ჰკიდია”). თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ეს მთლიანად ანგრევს ჩვენ მიერ დასახელებულ მიდგომას და იაკობის ფორმულის მთავარ ცვლადს – მოთხრობა-ამბებსა და გამოცანა-ანდაზებში ჩანერგეთ ახალი ასოს სწავლებაო. ის, რომ ჩიტი ხეზე კიდია, სწორედაც რომ საამბო და სამოთხრობო წინადადებაა, ხოლო სხვა ვარიანტები ვერ უბიძგებს მოსწავლეებს საჭირო საამბო კაუჭისკენ…

 

  1. რაც არ უნდა ბრწყინვალე იყოს სახელმძღვანელო, თუ არ არის გათვალისწინებული ის, ვის ხელშიც უნდა გაიაროს ამ სახელმძღვანელომ, შედეგი იქნება ცუდი. იაკობ გოგებაშვილი პირდაპირ აცხადებდა, რომ რაც არ უნდა ბრწყინვალე მეთოდი იყოს, თუკი იგი სათანადოდ, შეგნებულად ვერ მოიხმარა მასწავლებელმა, „გადამრევი აღმოჩნდება ბავშვის გონებისთვისო”.

ხომ ელემენტარული ჭეშმარიტებაა? მაგრამ ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არაა ხოლმე გათვალისწინებული.

ანუ იაკობის ფორმულაში ერთ-ერთი მთავარი ცვლადი ესაა: გათვალისწინებულია მასწავლებელთა, „დედაენის” მომხმარებელთა შესაძლებლობები. ის ბრწყინვალე და დღესაც თანამედროვე პედაგოგიკური მიგნება გოგებაშვილმა დაიყვანა „სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის”, რითაც განსაზღვრა „დედაენის” საყოველთაო ეფექტიანობა არათუ მის თანამედროვეობაში, არამედ დღესაც – 120 წლის შემდგომ.

დღევანდელი მოცემულობიდან რომ გადავაფასოთ, ცხადია, ჩვენ უნდა წავიდეთ „სიადვილის იმ ხარისხზე” წინ, ვიდრე 120 წლის წინ ვიყავით. თუმცა, არანაირად არ უნდა გადავასწროთ თანამედროვე მასწავლებლების შესაძლებლობებს. გოგებაშვილისეული ამ პრინციპის გაუთვალისწინებლობა ჩავარდნისთვის გაწირავს ნებისმიერ გენიალურ მცდელობასაც კი.

 

  1. მოკლედ, გვაქვს საუკეთესო მეთოდი, მასწავლებელთა კვალიფიკაციის გათვალისწინება. შემდეგი ცვლადი კი არის მოსწავლეზე ორიენტირება.

არა მხოლოდ იმით, რომ თანდათან, მარტივიდან რთულისკენ, თითო ჯერზე თითო სირთულე, არამედ მოსწავლის ყოფითი კონტექსტი. იქნება ეს ჯარა თუ თოხი, ოფოფი თუ ჩიტი… მოსწავლეთა ინტერესს იწვევდა, აგრეთვე, მათთვის არა მხოლოდ ნაცნობი, არამედ საინტერესო საგნების, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამბების შემოტანაც.

და აქვე შემოდის მშობელთა ინტერესებიც. ესეც სერიოზული მნიშვნელობის მატარებელი ცვლადია. ჯერ ახლაც და, მით უმეტეს, მაშინდელ დროში მთლიანად მშობელთა ნებასა და შეძლებაზე იყო დამოკიდებული, ბავშვი წერა-კითხვას ისწავლიდა თუ არა. იაკობი ამშვიდებდა მშობლებსაც, რომ მათი შვილები რაიმე უცხო და განყენებულ საკითხებს კი არ ისწავლის სკოლაში, არამედ სწორედ იმ საკითხებს, რაც ასერიგად გამოადგებათო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელი ქართულ საზოგადოებას სპეციფიკური ინტერესები ჰქონდა. ამიტომაცაა იაკობის დედაენა ესოდენ გაჯერებული შესაბამისი ლექსიკით, რაც არათუ აზარალებს საბოლოო მიზანს, არამედ ხელს უწყობს მას.

შევაფასოთ ეს ცვლადი დღევანდელი გადასახედიდან და ვიკითხოთ, თუკი „თახჩასა” და „სტაქანს” დღეს შევიტანთ დედაენაში, ეს გოგებაშვილის პრინციპებისა და პედაგოგიკის პატივისცემა და დაცვა იქნება, თუ მის წინააღმდეგ წასვლა?! ვფიქრობ, პასუხი ნათელია.

 

  1. განვიხილოთ შემდეგი ცვლადი. ესაა კრიტიკის მიმღებლობა. როგორც ვიცით, იაკობ გოგებაშვილის დედაენას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და იაკობი კიდეც აღნიშნავს, იმდენი ენერგია „დედაენის” გაუკეთესობაზე რომ დამეხარჯა, რამდენიც მაგინებელთა მოგერიებაზე, გაცილებით დავხვეწდი სახელმძღვანელოებსო.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მთავარი, რომ იაკობ გოგებაშვილი ითვალისწინებდა სხვათა მოსაზრებებს, მიუხედავად იმისა, კორექტულად იყო ეს მოსაზრება გამოთქმული თუ არაკორექტულად. რასაკვირველია, იგულისხმება ფასეული მოსაზრებები და არა არაკვალიფიციური. იაკობი დადარაჯებული იყო ნებისმიერ აზრს და ნებისმიერ წვლილს, რომელსაც კი შეეძლო დედაენის ოდნავ მაინც გაუკეთესება.

 

  1. შემდეგი ცვლადი ეს არის საკითხის აქტუალურობა. გოგებაშვილმა დედაენა ქართველობას შესთავაზა მაშინ, როდესაც მაშინდელი პროგრესული კაცობრიობა ნელ-ნელა წიგნიერ საზოგადოებად ყალიბდებოდა, წერა-კითხვას გემოს უსინჯავდა. მკითხველის უნარ-ჩვევებს ითხოვდა არა მხოლოდ ელიტური საჭიროებები, როგორც ეს ხდებოდა ფეოდალურ შუა საუკუნეებში, არამედ საყოველთაო ბაზარი. ახალმა სოციალურმა ურთიერთობებმა საოცრად დაამოკლა უწიგნური ადამიანის თვალთახედვის ისარი.

შესაბამისად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერს თავისი დრო და მომენტი უნდა ჰქონდეს შერჩეული. წარმოიდგინეთ, იაკობ გოგებაშვილი 1740 წელს რომ დაბადებულიყო და დედაენა 1776 წელს რომ შეექმნა. რა ეფექტი ექნებოდა ამ აქტს? ალბათ, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ვახუშტი ბატონიშვილის გენიალურ რუკებს ჰქონდა… უნდა აღინიშნოს ერთიც, რომ იაკობი და სხვა სამოციანელები თავად ახდენდნენ საკითხის აქტუალიზებას, უბიძგებდნენ ქართველ საზოგადოებას, წიგნი აეღოთ ხელში და ამის გასაიოლებლად სწორედაც რომ მარჯვე იარაღს სთავაზობდნენ დედაენის სახით.

 

  1. ბოლო, მეექვსე პირდაპირპროპორციული ზეგავლენის ცვლადი ეს არის ხელმისაწვდომობა. რაც უფრო ხელმისაწვდომია რესურსი, მით უფრო მეტია მისი ეფექტიანობა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ხელმისაწვდომობა ეფექტიანობის მთავარი განმსაზღვრელია.

იაკობის დედაენის ყიდვა სულაც არ წარმოადგენდა მაშინდელი დაინტერესებული ოჯახისთვის დიდ სირთულეს. ცხადია, ამას ითვალისწინებდა იაკობიც და ითვალისწინებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც – რეფორმის მთავარი ამძრავი.

ფასის გარდა, ხელმისაწვდომობაში უნდა ვიგულისხმოთ ის სიიოლე მოხმარებაში, რაც წინა ცვლადების აღწერისას წარმოვადგინე.

 

* * *

ბოლოს, ორიოდე სიტყვით შევეხოთ, იაკობის ფორმულის მნიშვნელში ჩასაწერ ცვლადებს. ანუ ისეთ განმაპირობებლებს, რომელთა სიდიდის ზრდა უკუპროპორციულ ზეგავლენას ახდენს შედეგიანობაზე. ეს არის: სირთულე და ფასი. იზრდება ფასი? მცირდება ეფექტიანობა. იზრდება სირთულე? მცირდება ეფექტიანობა… როგორც შეგვიძლია შევაფასოთ, იაკობის დედაენას ეს ცვლადები იმდენად ზედმიწევნით ჰქონდა მოზომილი, რომ ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ ახდენდა საბოლოო შედეგზე.

 

 

რომ შევაჯამოთ, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ წარმატება დაფუძნებული იყო რამდენიმე კომპონენტზე, უფრო სწორად, ამ კომპონენტთა გენიალურად შერწყმაზე:

  • პროგრესული მეთოდი;
  • იმდროინდელი ყოფითი რეალობის გათვალისწინებით ბავშვებისა და მშობლების ინტერესები;
  • მასწავლებელთა კვალიფიკაცია და მასთან მისადაგებული მეთოდების შეთავაზება.

შესაბამისად, ასე შედგენილი „დედაენა” იძლეოდა აბსოლუტურად წარმატებულ შედეგს, მიუხედავად იმისა, მოსწავლე სოფლად ცხოვრობდა თუ ქალაქად, მასწავლებელი გამოუცდელი იყო თუ პროფესიონალი, სკოლაში სწავლობდა ბავშვი თუ შინ, სიმდიდრეში ცხოვრობდა თუ სიღარიბეში… ამიტომაც რჩება გოგებაშვილის საგანმანათლებო მოღვაწეობა ჯერჯერობით მიუღწეველ სიდიდედ.

 

  1. S. წერილში რომ პაატა პაპავასა და ვერიკო ანჯაფარიძის პერფორმანსი გავიხსენეთ, გახსოვთ? უნდა აღვნიშნო, რომ ორივე მათგანი ითვალისწინებდა სხვების შესაძლებლობებს და ამიტომაც იყო 1972 წელს აღდგენილი „ურიელ აკოსტაც” წარმატებული და ჯიპრაიდის ფარგლებში შექმნილი რესურსები დღესაც ამიტომაცაა სამაგიდო დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის.

ახლა წარმოიდგინეთ, პაატა პაპავას ნაცვლად ელეონორა მერკვილაძე რომ ყოფილიყო საკუთარი პერფორმანსის შემომთავაზებლის როლში, ხოლო ვერიკო ანჯაფარიძის მაგივრად კი – დუდუხანა წეროძე (არაფერს არ ვერჩი, მშვენიერი და საყვარელი მსახიობი იყო, თუმცა, ვერიკო – ვერა). წარმოგიდგენიათ შედეგები?!

მთავარი ისაა, რომ ჩვენ დროულად ამოვიცნოთ ხოლმე ელეონორები და დუდუხანები  და იაკობის ფორმულაში ჩასმით შევაფასეთ ნებისმიერი საგანმანათლებლო მცდელობა.

 

შენიშვნა: ელეონორა მერკვილაძე – ჩემი მომავალი წიგნის, „დიდი ნუნუს” პერსონაჟი-მასწავლებელი.

 

 

 შემოქმედებითობა და ბავშვის აღზრდა (შესავალი)

0

 

„ნებისმიერი ბავშვი – მხატვარია. რთული ის არის, რომ

ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ

 ისევ მხატვრად დარჩე“.

(პაბლო პიკასო)

 

იყო მშობელი – ეს დიდი თავგადასავალია. თუ მშობელი მოახერხებს ბავშვში ახალის შემეცნებითი უნარის გაღვიძებას, ის თავის თავშიც მეტად განივითარებს ცნობისწადილს. ბავშვს ხომ ყველაფერი აინტერესებს, რითაც უფროსი ინტერესდება – ჯულია კამერონი – ამერიკელი მწერალი, პოეტი, სცენარისტი, მრავალი ბეტსელერის ავტორი, რომელთა შორისაც არის წიგნი: „მხატვარი არის ნებისმიერ ადამიანში. როგორ აღვზარდოთ შემოქმედებითობა ბავშვებში“. ამჯერად, სტატიის მკითხველები გაეცნობიან იმ სამ ძირითად მეთოდს, რომლებსაც ავტორი მშობლებს და არა მხოლოდ მათ სთავაზობს.

ახლა მესმის, რომ სრულიად არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა – იწყებს თხრობას ავტორი და განაგრძობს: – ისინი შვილების შემოქმედებით მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდნენ და ცდილობდნენ ამ უნარების განვითარებას. ჩვენი მშობლები არ აქცევდნენ ყურადღებას საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს და უფრო მეტიც, თავად ადგენდნენ საკუთარს. მათ შვიდი შვილი  აღზარდეს და ზრადასრულობაში ყველა შემოქმედებითა და ხელოვნებით ირჩენდა თავს. არც მე ვარ აღზრდის სფეროს ექსპერტი, მეც ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ვარ. მაგრამ მე ვარ დედა, რომელიც შვილის აღზრდას შემოქმედებითად უდგებოდა და სრულებით დარწმუნებული იყო, რომ ბავშვებში არაფერია იმაზე მეტად ბუნებრივი და ძვირფასი, ვიდრე მათი შემოქმედებითი საწყისი. შემოქმედება – ეს სულიერი საწყისია, ისევე როგორც – მშობლობა.

მშობლები იდეალისკენ მიისწრაფიან ისე, რომ ხშირად ზომიერება ეკარგებათ, ეს აღზრდასაც ეხება. ისინი, როგორც წესი, პერფექციონისტები არიან და სურთ, რომ მათი შვილები სრულყოფილი იყვნენ. ისინი საკუთარი აღმზრდელობითი შედეგებით ტკბობაზე არიან ჩაციკლული. გამუდმებით უჩიჩინებენ შვილებს, მუდმივად ცდილობენ მისცენ რაც შეიძლება მეტი, გადასცენ მათ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და რაც ყველაზე მძიმეა, ისინი განუწყვეტლივ ზრუნავენ შვილების მიღწევების დემონსტრირება მოახდინონ ფართო საზოგადოებისათვის. უფრო მეტსაც გეტყვით. ხშირად, პატარამ ჯერ წესიერად სიარულიც კი არ იცის და მშობლები უკვე იწყებენ შფოთვას, რომელ საბავშვო ბაღში და შემდეგ კი რომელ სკოლაში სჯობს მისი მიყვანა. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ, რადგან მშობლობა – ეს ხომ უსერიოზულესი რამ არის! მაგრამ ბავშვებს გართობის გარკვეული დოზა სჭირდებათ და ამიტომ, მშობლებო, იქნებ ცოტა შეისვენოთ და ბავშვის კისერზე „აღზრდის ყულფი“ შეამსუბუქოთ? არ არის საჭირო მწვერვალების დაპყრობა და იდეალურ მშობლად გახდომა – პირიქით, მოდით, საკუთარ თავს ნება დართეთ, იყოს „მკვლევარი მშობელი“, რომელიც იმით ხარობს, რომ მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს საკუთარი მშობლური უნარები. და მაინც რა უნდა გავაკეთოთ? – ვფიქრობ, ამ კითხვას სვამს ის მშობელიც, რომელიც ამ წიგნს კითხულობს. პასუხი მარტივია: დაეხმარეთ, გვერდით დაუდექით შვილებს, რათა მათ თავად ეცადონ საკუთარი ტალანტის გამომჟღავნდება. ნებისმიერ ადამიანში არის შემოქმედებითი საწყისი. ამიტომ მშობლების უმრავლესობას არ უნდა გაუჭირდეს იმის მიხვედრა, რა ტალანტი აქვს შვილს. უმთავრესი კი, რისი თქმაც მე მინდა, – ხაზს უსვამს ჯულია კამერონი, – არის ის, რომ მაშინ, როდესაც მშობელი შეამჩნევს, რისკენ მიისწრაფიან და რა აინტერესებთ მათ შვილებს, მაშინვე შეამჩნევენ იმავე პოტენციალს საკუთარ თავში. როდესაც უფროსები ცდილობენ, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას, ისინი საკუთარ თავს და შვილებსაც აძლევენ შესაძლებლობას, მიეახლონ არა მხოლოდ რაღაც დიდს, არამედ ისინი ერთმანეთსაც ეცნობიან და უახლოვდებიან.

მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ – გვთავაზობს ავტორი. ეს ამბავი მე და ჩემს გოგონას გვეხება. „საბავშვო ბაღში მე და ჩემი შვილი – დომენიკა – ძირითადად ერთად დავდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ მე ვცდილობდი სახლიდან საბავშო ბაღამდე მარშრუტი ხშირად შეგვეცვალა, მაინც გვქონდა ერთი უსაყვარლესი ბილიკი, რომელიც ზოომაღაზიაზე გადიოდა.  ერთ დღეს დომენიკას ხელი მოვკიდე და მაღაზიაში შევედით. ჩვენი ყურადღება თევზების განყოფილებამ მიიპყრო. როდესაც პირველ აკვარიუმთან მივედით, ვუთხარი შვილს: შეხედე, დომენიკა, ეს თევზები საყვარლები, მაგრამ ცოტათი უღიმღამოები არიან. მომდევნო აკვარიუმთან მიახლოებისას თევზების გუნდი დაფრთხა და დაგვემალა. ესენი საყვარლები, მაგრამ მშიშრები ყოფილან, განვაგრძობდი მე. ოქროს თევზებიან აკვარიუმთან მისვლისას უკვე თავად დომენიკამ მითხრა: დედიკო, ნახე ეს თევზები სულაც არ არიან მშიშრები, ისინი თვითონ გვათვალიერებენ, ეტყობა მათაც მოვეწონეთ. დომენიკა უკვე საკმარისად დიდია იმისათვის, რომ საკუთარი აკვარიუმი ჰქონდეს, გავიფიქრე მე, და დაბადების დღეზე ოქროს თევზებიანი დიდი აკვარიუმი ვაჩუქე შვილს. ჩემს გოგონას ძალიან გაუხარდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ის სხვა ქალაქში კოლეჯში სასწავლებლად გადავიდა, საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისას ოქროს თევზებიანი აკვარიუმი შეიძინა. „ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მინდა, აქაც ისე ვიგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში“ – ამიხსნა დომენიკამ. მე გამეღიმა და გამიკვირდა, როდესაც მივხვდი, რომ ზოომაღაზიაში ერთმა უწყინარმა შევლამ ასეთი პოზიტიური გავლენა იქონია ჩემი გოგონას ცხოვრებაზე.

აი კიდევ ერთი მსგავსი ამბავი: ჩემი ერთ-ერთი მკითხველი მიყვებოდა, რომ მისი ქმარი, რომელიც მეხანძრეა, ხშირად მათ ექვსი წლის ბიჭუნას სათამაშო სახანძრო მანქანებს ჩუქნიდა. ღიმილით ჰყვებოდა, რომ როდესაც მისი შვილი ამ მანქანებით თამაშობდა, დარწმუნებული იყო, რომ თავადაც ნამდვილად აქრობდა ხანძარს და ის ისეთივე გმირი იყო, როგორც თავისი მამიკო. ბიჭი, რომელიც სახანძრო მანქანებით თამაშობს, დიდ სიახლოვეს განიცდის საკუთარ მამასთან.

ხელოვნების საწყისი – სიყვარულშია. შემოქმედებითი უნარები ბავშვებში მაშინ იხსნება, როდესაც ის ნდობისა და გაგების ატმოსფეროში იზრდება. თუ უფროსებს სურთ, რომ მათი შვილები შემოქმედებითი იყვნენ, ისინი თავს ბედნიერებად უნდა გრძნობდნენ. უფროსების ამოცანა სწორედ პატარების გაბედნიერებაში მდგომარეობს. მაგრამ, პირველ რიგში, უფროსებმა თავად უნდა გააცნობიერონ, როგორ გაიუმჯობესონ საკუთარი სულიერი მდგომარეობა და როგორ მოახერხონ, რომ თავად განეწყონ შემოქმედებითობისაკენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც უფროსები ენერგიით იმუხტებიან, ისინი უკეთ ზრუნავენ საკუთარ შვილებზე. ყველას მოუსმენია თვითმფრინავში ფრენისას, როგორ აფრთხილებენ მგზავრებს სტუარდესები, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ჯერ თავად გაიკეთონ ჟანგბადის ნიღბები და შემდეგ ბავშვებს მოარგონ ისინი. ცხოვრებაშიც ზუსტად ასევეა, – განაგრძობს ჯულია კამერონი – უფროსებმა ჯერ საკუთარი თავი უნდა აღზარდონ, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასე გაცილებით უკეთ ხედავენ შვილები უფროსების მისწრაფებებს. ბედნიერი მშობლები, რომლებიც შემოქმედებასთან ახლოს არიან, გაცილებით უფრო მარტივად ქმნიან ოჯახში პოზიტიურ გარემოს და შედეგად ბავშვებსაც აბედნიერებენ. აუცილებელია მშობლებმა მოახერხონ და მოძებნონ უჩვეულო და შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უღიმღამო საგნისა და მოვლენის მიმართ, რომელთანაც მათ შვილებს ყოველდღიური შეხება აქვთ.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვები ყველაფერში უფროსებს ბაძავენ. გარდა იმისა, რომ პატარები თამაშის დროს უფროსების ქცევების კოპირებას ახდენენ, ისინი მათი ემოციებით იმუხტებიან და არსებულ გარემოს უფროსების მსგავსად აღიქვამენ. თუ მშობლები დაძაბული არიან, შვილებსაც გადაედებათ მათი ეს მდგომარეობა. როდესაც მშობლებს რაიმე ახარებთ, ბავშვებიც მათთან ერთად ხარობენ. უფროსების სიმშვიდე კი პატარების სიმშვიდის საბაბი ხდება. რაიმე მოვლენით გულწრფელად აღფრთოვანებული მშობლების ყურებისას კი მათი შვილები ემოციების გამოხატვას სწავლობენ. მშობლების ყველაზე დიდი სიხარული ხომ იმის გაცნობიერებაა, რომ მათი შვილები მშობლების მაგალითზე სწავლობენ ცხოვრებას.

მშობლები ზოგჯერ ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ მთლიანად მხოლოდ შვილების ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ ცუდი მშობლები იქნებიან. მე ვფიქრობ – გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას ავტორი – როდესაც ოჯახში პატარა ჩნდება, უფროსებს უწევთ საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა, გარკვეულ საქმიანობებეზე უარის თქმა. რაც მათთვის შვილთან უფრო მეტი სიახლოვის სურვილით აიხსნება. მაგრამ, სინამდვილეში უფროსების მხრიდან საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა და სრულად პატარაზე გადართვა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მშობელი აღარ არის ის, ვინც ადრე იყო. აქ იმის საფრთხე ჩნდება, რომ მშობელი ვეღარ მოახერხებს საკუთარი გამოცდილების, ცოდნის გადაცემას.

მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ – განაგრძობს ჯულია კამერონი – „მე მარტოხელა დედა ვიყავი, და ამიტომ მუშაობა მიწევდა, რათა ოჯახის საჭიროებები მომეგვარებინა. ჩემი საქმიანობა მწერლობა გახლავთ და ამდენად იძულებული ვიყავი, მესწავლა წერა მაშინაც კი, როდესაც ჩემი პატარა მაგიდის ქვეშ დახოხავდა და სულ ცდილობდა ჩემი ყურადღება მიეპყრო. „დედა მუშაობს“ – ვეუბნებოდი გოგონას და მის სათამაშო ცხენებთან გასართობად ვაგზავნიდი. დედიკო – მალევე მეძახდა შვილი და მე კვლავ ვეუბნებოდი: „დედა მუშაობს“. ცოტა ხანში ჩემი გოგონა მიხვდა, რომ დედა მაშინვე მიაქცევდა მას ყურადღებას, როგორც კი საქმეს დაასრულებდა. გარკვეული დროის შემდეგ სულ უფრო ნაკლებად მაწუხებდა და მარტო თამაშიც ისწავლა. კიდევ რამდენიმე ხანში შვილი მიხვდა, რომ ფრაზა: „მე ვთამაშობ“ შესაძლებელია იყოს ჩვენს შორის ურთიერთობების ისეთივე ზღვარი, როგორიც არის „მე ვმუშაობ“. გავიხარე, როდესაც მივხვდი, რომ შვილს დამოუკიდებლობას ვასწავლიდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე საკუთარ ფანტაზიებში ვიძირებოდით, მე – რომ მეწერა, და ის – რომ ეთამაშა.

თავისუფალ დროს ჩვენ ვთამაშობდით. მე ვეკითხებოდი მას: რომელი ცხენი მოგწონს ყველაზე მეტად? მას ოქროსფაფრიანი მოსწონდა და მე ვეუბნებოდი: „დიახ, მეც ეგ მომწონს“.  თამაშის შემდეგ, ჩვენ სათამაშო ცხენებს ყუთში ვაწყობდით.

მეგობრები, ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ვახერხებდი საქმიანობისათვის დროის გამონახვას? მათ ვუყვებოდი შვილის სათამაშო ცხენების შესახებ და იმაზე, თუ როგორ მოვახერხე მასთან მოლაპარაკება და ზღვრის გავლება ჯადოსნური ფრაზით: „დედა მუშაობს“. კი მაგრამ, ნუთუ თქვენი შვილი არ გიბრაზდებათ ასეთი მიდგომის გამო? მკითხა ერთხელ დედამ, რომელიც არასდროს არ ავლებდა არანაირ ზღვარს და შვილის პირველივე მოთხოვნისთანავე მისკენ გარბოდა. შედეგად, მისი შვილი სრულიად დაქვემდებარებული გახდა და დედის ზრუნვის გარეშე ვეღარ ძლებდა.

ბოლოს, მინდა ერთი პატარა შემთხვევა გავიხსენო: ერთ დღეს, ჩვენ დომენიკას მეგობარი გვესტუმრა და მე ისინი სათამაშო ცხენების გარემოცვაში დავსვი. გარკვეული დროის შემდეგ, შვილის მეგობარმა მოინდომა რაღაც შეკითხვა დაესვა ჩემთვის. იმავე წამს, მე გავიგონე, როგორ უთხრა დომენიკამ მეგობარს: „დედა მუშაობს“. ჩემი შვილი არ ბრაზობდა ჩემს სამწერლო საქმიანობაზე. და სულ მალე მან თავად დაიწყო წერა. ის წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მცირე ზომის პიესებს – ანუ აკეთებდა იმას, რასაც ვაკეთებდი მე, როდესაც დომენიკა საწერი მაგიდის ქვეშ დახოხავდა და სათამაშო ცხენებით ერთობოდა.

ლტოლვილობის ტკივილი

0

თანამედროვე მსოფლიოს ყოფასა და ხელოვნებაში ლტოლვილობის თემა აქტუალურია. ქართველი მკითხველისთვისაც მტკივნეული და მრავალმნიშვნელოვანია მასთან დაკავშირებული განცდები. ამავე დროს, სოციო-პოლიტიკურ ასპექტებთან ერთად ეს თემა პარადიგმულია, რადგან ქრისტიანული მსოფლმხედველობის ადამიანის ქვეცნობიერში დალექილია პირველსამშობლოს, სამოთხის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ეს კი ზედაპირზე ხშირად წამოტივტივდება ხოლმე, როგორც ამაოებისა და წუთისოფელში გაუცხოების სიმწარის განცდა. სწორედ ამ ყოფით-რეალურსა თუ კულტურულ პარადიგმულ სიბრტყეში მოიაზრება თანამედროვე გერმანელი მწერლის, კრისტოფ ჰაინის, რომანი „დაკარგული მიწა“.

კრისტოფ ჰაინის რომანის ქარგა გაშლილია ლტოლვილისა და ქალაქის ურთიერთობის ფონზე. ლტოლვილი ბერნჰარდ ჰაბერია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950 წელს, მშობლებთან ერთად ბრესლაუდან საქსონიის ერთ პატარა ქალაქში, გულდენბერგში, ჩაასახლეს. ომის შემდეგ დადგენილი ახალი საზღვრების მიხედვით, გერმანული პროვინციები, ოდერის გადაღმა, პოლონეთის შემადგენლობაში შევიდა და იქაურ გერმანელებს სამშობლოში დაბრუნება აღარ შეეძლოთ. ლტოლვილები კი სხვადასხვა ქალაქში გაიფანტნენ, მათ შორის, გულდენბერგში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებნი დიდი სტუმართმოყვარეობით არ შეხვედრიან. ისინი, ლტოლვილები, უცხოები იყვნენ, რომელთა მიმართ ხალხი ერთდროულად გრძნობდა გაუცნობიერებელ სიძულვილსაც და ლტოლვასაც. უცხოსადმი ამგვარი დამოკიდებულებაც პარადიგმულია და მსოფლიო ლიტერატურაში, მათ შორის, ქართულშიც, არაერთგზის არის მხატვრულად დამუშავებული და გააზრებული. უცხოს, ერთი მხრივ, დისჰარმონია შეაქვს უკვე ჩამოყალიბებულ, მწყობრ და შეჩვეულ წარმოდგენათა თუ ზნე-ჩვეულებათა კულტურულ სისტემაში, იმავდროულად, იგი ასრულებს ერთგვარი გადამხალისებლის, ძველში სიახლის შემტანის ფუნქციასაც, რაც არ არის იოლი და ადვილად შესაგუებელი პროცესი.

რომანი კარნავალით იწყება და კარნავალითვე მთავრდება. ეს არის ერთი და იგივე ზეიმი, რომელსაც შუაში წყვეტს მწერალი და ამ სივრცეში, ვერტიკალური ჩაღრმავების გზით გაშლის ამბებს. თხრობის დრო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ბერლინის კედლის დანგრევის ჩათვლით. ამ დრო-სივრცეში კი თამაშდება ადამიანური ვნებების დრამა. ცხოვრება ხომ კარნავალს ჰგავს, სადაც ადამიანები ნიღბებით გამოდიან „გარეთ“ და მათი ნამდვილი სახე მხოლოდ ღმერთმა თუ იცის. ჰაბერიც, რა თქმა უნდა, ათასნაირ ნიღაბს ირგებს, მაგრამ მწერალი მაინც ახერხებს, მისი ნამდვილი სახე დაგვანახვოს და შეგვაღწევინოს მისი სულის იმ ბნელ კუნჭულში, სადაც სიძულვილი იბადება.

მწერალი რომანში გვიხატავს, როგორ ცდილობს პატარა ლტოლვილი ბიჭი ბერნჰარდი ცხოვრებაში დამკვიდრებას, ქალაქის შეუვალ სივრცეში შეღწევას. მწერალი პერსონაჟის ბედს, რა თქმა უნდა, აზოგადებს და ლტოლვილობას კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად წარმოაჩენს. ამიტომაცაა, რომ ეს ტკივილი რომანის ბოლოს კი არ იხსნება, არამედ მძაფრდება და ახალი ძალით წარმოჩნდება. ლტოლვილი ჰაბერის შვილი თავს, რა თქმა უნდა, ქალაქის მკვიდრად მიიჩნევს და უკვე სხვას უპირისპირდება, როგორც უცხოსა და ლტოლვილს, და ეს დაპირისპირება კვლავ აუხსნელ ზიზღსა და სიძულვილს ეფუძნება. აი, რა დიალოგი გაიმართება ჰაბერსა და მის შვილს შორის:

„_იქ წეღან რა აყალმაყალი იყო?

_სად?

_სად და წეღან, დაგინახეთ, დახლთან რაღაცას ყაყანებდით.

_ააა. არაფერი ისეთი, ორი ვიეტნამელი გავაძევეთ კარნავალიდან.

_დაანებე მაგათ თავი. მით უმეტეს, თუ საკარნავალო კოსტიუმებიც ეცვათ.

_კარნავალი გერმანელთა დღესასწაულია, მაგათ აქ რა ესაქმებათ?

_რა გითხრეს ამისთანა, გეჩხუბნენ?

_არა, პირდაპირ გავისტუმრეთ გარეთ, გავყარეთ. აბა, აქ ამ კარნავალზე რა დაუკარგავთ?

_პაულ, დაანებე მაგ ხალხს თავი, ეგენი საბრალო ლტოლვილები არიან. მაგათ თავიანთი უბედურებაც ეყოფათ. ეგენი ჩვენ არაფერს გვიშავებენ და არც გვერჩიან.

_ეგენი აქ ვინ დაპატიჟა? პირადად მე არა.

_ბაბუაშენიც ლტოლვილი იყო.

_ეგ სულ სხვა რამეა, მამა, ბაბუაჩემი გერმანელი იყო და უფლება ჰქონდა, აქ ეცხოვრა“.

ამგვარი დიალოგი იმას გვაფიქრებინებს, რომ მწერალი პრობლემის გადაწყვეტის გზას არ ან ვერ გვთავაზობს და ჭრილობას კვლავ ღიას ტოვებს, თუმცა გამოსავალი თვითონ რომანში მოიძებნება. მწერალს არ სურს, მკითხველს თავს მოახვიოს რაიმე თვალსაზრისი, მაგრამ უბიძგებს უცხოსა და ლტოლვილისადმი იმ თანაგრძნობის გამოჩენისკენ, რომელმაც ეს ტკივილი უნდა აღმოფხვრას. მწერალს სურს, ადამიანთა შორის ამ გაუცხოების არსს ჩასწვდეს და ამიტომ გულდასმით გაჩხრეკს და კიდევ ერთხელ მოგვახილვინებს ადამიანთა სულის ჯურღმულებს.

ჰაბერის ბავშვობის წლების წარმოჩენას რომანში ყველაზე დიდი დრო ეთმობა, რადგან სწორედ ბავშვობამ განსაზღვრა მთელი მისი შემდგომი ცხოვრება. მისმა გულმა, გონებამ და სულმა ბავშვობის წლებში მიიღო ის იმპულსები, რომლებმაც შემდგომ მთელი მისი ცხოვრება წარმართეს და განაპირობეს. ბერნჰარდისთვის ქალაქი გუნდერბერგი გაუთანაბრდა მტერს, რომელიც ყოველი ხერხით ცდილობდა მისი და მისნაირების (ლტოლვილების) თავისი სხეულიდან მოკვეთას, გასრესას, განადგურებას. ტომას ნიკოლასი იხსენებს მასწავლებელთა დამოკიდებულებას ჰაბერის მიმართ, როგორც უცხოსადმი, პოლონელისადმი. არადა, ჰაბერი მათსავით გერმანელია, უბრალოდ, მისი სამშობლო ახლა პოლონეთის შემადგენლობაშია. ქალაქისთვის კი მთავარია ლტოლვილის დამცირება და შეურაცხყოფა, თითქოს ლტოლვილებთან გააიგივა ხალხმა თავისი გაჭირვების მთავარი მიზეზი.

ათი წლის ჰაბერი სკოლაში ადამიანების კი არა, თითქოს მხეცების გარემოცვაში აღმოჩნდა და მიხვდა, მათგან მხოლოდ ფიზიკური ძალით თუ დაიცავდა თავს. ამიტომაც ბრჭყალებს ალესილი კბილები დაუპირისპირა და „სისხლი სისხლისა წილ“ ცხოვრების მთავარ პრინციპად იქცია. პირველსავე გაკვეთილზე მასწავლებელი შეეცადა ლტოლვილი ბავშვისთვის შეეგონებინა, რომ ის ბრესალუდან კი არ იყო, არამედ ვროცლავიდან, რადგან მის ქალაქს ახლა ეს სახელი ერქვა. ჰაბერმა, მართალია, მორჩილად დაუქნია თავი მასწავლებელს, მაგრამ გულის სიღრმეში მონურ თავდახრას ამაყი ღირსება დაუპირისპირა და ვიდრე მერხზე დაჯდებოდა, ჩაიბურდღუნა: „ხო, მაგრამ მე მაინც ბრესლაუში დავიბადე“. ამ წუთებში მისი პირით თითქოს მისი წინაპრების აჯანყებული სისხლი ხმიანობდა, რომელიც არ ეგუებოდა მშობლიური მიწის დაკარგვას. ბავშვს წინააღმდეგობის ამ უცნაურ და აუხნელ ძალას სწორედ ის წინაპრები ანიჭებდნენ, რომლებიც სიცოცხლეს მის სულში აგრძელებდნენ და უშეღავათო, უსამართლო ბრძოლაში ძალას მატებდნენ.

ჰაბერმა შეურაცხმყოფელ თანატოლს, რომელმაც მის ჩანთას ფეხი ჰკრა და მოისროლა, კისერი დაუნდობლად და გულგრილად მოუგრიხა და ყველას აგრძნობინა, რომ დამცირებას არავის შეარჩენდა. ამგვარად გაინაპირა თავი მან არა მხოლოდ თანატოლებისაგან, არამედ დიდებისა და მთელი ქალაქისაგან და სხვათა სიძულვილს აგრესიით დაუპირისპირდა. მასში მხოლოდ თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი მოქმედებდა. მამამისთან, ცალხელა დურგალთან ერთად ულმობელ ცხოვრებას შეჭიდებული სიცოცხლეს მხოლოდ მუქ ფერებში აღიქვამდა. ამიტომაც იყო, რომ ერთადერთ ერთგულ მეგობრად ძაღლი, ტინცი, ეგულებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ ბერნჰარდი სწავლაში უგულისყურობას იჩენდა და განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლა უჭირდა. შეიძლება ესეც გაუცნობიერებელი შინაგანი პროტესტის გამოვლენად მივიჩნიოთ. ბავშვი ეწინააღმდეგებოდა ყოველივე უცხოს, რათა ძირი და ფესვი საბოლოოდ არ ამოეგდო მშობლიური მიწიდან, იმ „დაკარგული სამშობლოდან“, რომელიც მის წარმოსახვაში მითად იქცა და რომლის ერთგულებისა და სიყვარულისთვის სასტიკ დევნასა და შეურაცხყოფას განიცდიდა. მისი სამშობლო ახლა სხვისი იყო. სადაც მივიდნენ, იქაც სხვები დახვდნენ და თითქოს ჰაერში გამოეკიდნენ, თითქოს მიწაზე ფეხის დადგმის უფლებასაც კი ართმევდნენ. ჰაბერი მიხვდა, რომ ეს უფლება, სამწუხაროდ, მხოლოდ ძალადობით შეიძლებოდა მოეპოვებინა. გულდენბერგი ხომ ლტოლვილებს დაუპატიჟებელი სტუმრებივით შეხვდა. „ლტოლვილებს გერმანელებად არც მიიჩნევდნენ, ზურგს უკან ლანძღავდნენ, პოლონელებს, ან სხვა ჯიშის რუსებს ეძახდნენ და ასე განასხვავებდნენ იმ დამპყრობელი, ნამდვილი რუსებისაგან“. ქალაქი გულდენბერგი ბოროტად ცდილობდა, რომ უცხოები მოეშორებინა. ამას კარგად გრძნობდა ბერნჰარდის მამაც, რომელმაც, საკუთარი, რის ვაი-ვაგლახით შეკოწიწებული სახელოსნოს დაწვის შემდეგ პოლიციელს განუცხადა, დამნაშავე მთელი ქალაქიაო. ქალაქის ამ სიძულვილს შეეწირა ჰაბერის ძაღლიც, რომელიც სასტიკად მოკლული იპოვეს. მაშინ ჰაბერი დაიმუქრა: „ვინც ტინცი მოკლა,… მოვკლავ“. სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ამაოდ ცდილობდნენ, ბიჭი დაშინებით დაერწმუნებინათ, რომ საკუთარი სიტყვები უკან წაეღო, მაგრამ ჰაბერმა მაინც ჯიუტად გაიმეორა: „თვალი თვალის წილ, მარყუჟი მარყუჟის წილ“. ჰაბერმა თვის გარშემო მარტოობის მაღალი და მტკიცე გალავანი შემოივლო და არა მხოლოდ ქალაქს, თითქოს მთელ სამყაროსაც დაუპირისპირდა. მას ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ სასტიკ დამნაშავედ ქცეულიყო, მაგრამ მწერალმა იგი ამისთვის არ გაიმეტა. მართალია, მისი ცხოვრებაც სავსე იყო წვრილმანი თაღლითობებითა და ტყუილით, მაგრამ ის სხვათაგან მაინცდამაინც არ განირჩეოდა. რაღაც შინაგანი იმპულსი, თავმოყვარეობა მას არ აძლევდა საშუალებას თავისი „დაკარგული მიწა“ შეერცხვინა. იმ მიწის ხსოვნა აძლებინებდა და ზნეობის საყრდენს საბოლოოდ არ აკარგვინებდა.

მწერალი ცდილობს, ჰაბერის ბნელ ლაბირინთად ქცეულ სულში შეღწევას და ჩვენც შეგვიყოლებს პატარა ლამპრით ხელში. ეს ლამპარი კი ბერნჰარდის ცხოვრებაში ხან სიყვარული, ხან სიკეთე, ხან თანაგრძნობა, ხან მეგობრობა, ხან დანდობა იყო. რომანის მთხრობელი პერსონაჟები განსხვავებული რაკურსით გვიხატავენ ბერნჰარდის ცხოვრების ერთსა და იმავე ან სხვადასხვა პერიოდს და, ამავე დროს, საკუთარ თავსაც წარმოგვიჩენენ. ასე რომ, მთავარ გმირთან ერთად ჩვენ თვალწინ ხუთი სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაც სისხლსავსედ იხატება. ჰაბერი ცხოვრების მდინარეში სხვებივით ჩაერთო და ბევრჯერ ყოფილა ფსკერზე დანთქმის საშიშროების წინაშე, თუმცა გადარჩა, რადგან მისი მიზანი ნებისმიერ ფასად სწორედ ეს გადარჩენა იყო. როგორც მისი ამხანაგი მარიონ დემუცი ამბობს, მას ერთი მიზანი ჰქონდა, „თავისი გაეტანა“, „ყველაფერში ჯიქურ თავით მიდიოდა“ და ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ყველას სამაგიეროს გადაუხდიდა. პეტერ კოლერი ჰაბერს ეკითხება, შენ ამბობ, შურისძიება ტკბილიაო, მაგრამ ვინ რა დაგიშავა? ჰაბერი კი ასე პასუხობს: „ვერაფრით დავივიწყებ, როგორ მიგვიღეს. დღესაც მახსოვს ჩვენი აქ მოსვლის დღე. მახსოვს, როგორ გვიყურებდნენ. მაღაზიაში რომ შევდიოდი, ხელებში ეჭვით შემომცქეროდნენ. მარტო მაღაზიის მეპატრონე კი არა, ყველა. ფულის გადახდისას, ზურგშიც და ყოველი მხრიდან შემმოწმებელ, გამჭოლ მზერას ვგრძნობდი. ვიცი ეჭვობდნენ, საიდან აქვს ამ ბიჭს ფული, ალბათ მოიპარაო. იცი, კოლერ, ისე გვექცეოდნენ, დავიფიცე, ერთ დღეს შურს ვიძიებდი. სწორედ მათ გამო ვიყავით მშიერ-მწყურვალნი. და მერე უცბად დადგა დრო, როცა მათაც უნდა განეცადათ, როგორია ყველაფრის დაკარგავა. არც არავის უთხოვია, გვერდით დაგვიდექიო, მაშინვე მათ გვერდით გავჩნდი, როგორც ნეხვს, ისე გვექცეოდნენ“. ჰაბერმა, ასე თუ ისე, შეძლო შურისძიების დამღუპველი, დამანგრეველი გრძნობის გადალახვა, მაგრამ მთელი ცხოვრება ეჭვი და უნდობლობა ღრღნიდა მის სულს. დიდი ძალისხმევის ფასად ისიც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქედ იქცა. როდესაც, ბოლოს და ბოლოს გამართლდა მისი ეჭვი, რომ მამამისს თავი კი არ მოეკლა, არამედ სხვებს ჩამოეხრჩოთ, შურისძიების გრძნობამ ძველებური ძალით ვეღარ იფეთქა. დროს დიდი ტკივილებიც „მოერჩინა“ და გაეფერმკრთალებინა.

მწერალი რომანში არ მისდევს სწორხაზობრივ თხრობას. ჩანართი ამბებითა თუ გადახვევებით არ ჰყვება ლტოლვილი მთავარი გმირის თავგადასავალს თანმიმდევრობით, არამედ ირჩევს ერთგვარი სარკისებური თამაშის პრინციპს. რომანში რამდენიმე მთხრობელია, რომლებიც გვიყვებიან თავიანთ ამბებს და მათ თხრობაში ირეკლება ლტოლვილი ბერნჰარდ ჰაბერისა და მისი ოჯახის ცხოვრებაც. ასე რომ, მთავარი პერსონაჟი არ დგას რომანის ცენტრში. უნდა ითქვას, რომ რომანის ქარგა არც არის ამგვარი ცენტრისკენული, როდესაც ყველა „გზა“ მისკენ მიდის, არამედ ყოველ ამბავს აქვს თავისი ცენტრი, რომელთანაც ხან ახლო რადიუსზეა ბერნჰარდი, ხან დაცილებული. თუმცა მკითხველის ყურადღება მას არასოდეს სცილდება, მაშინაც კი, როდესაც მთხრობელი იმდენად ჩაეხვევა ხოლმე თავისი ამბის ლაბირინთში, რომ ბერნჰარდი, ერთი შეხედვით, მოლოდინის ჰორიზონტიდან თითქოს ქრება. ამიტომაც ვახსენეთ სარკის პრინციპი, რადგან მთხრობელთა სარკეში ჰაბერი მხოლოდ მაშინ ირეკლება, როდესაც მის ახლოს ჩაივლის. თხრობის ამგვარი პრინციპი მწერალს საშუალებას აძლევს სხვა პერსონაჟებიც გამოკვეთოს და, ამასთანავე, დახატოს მთელი ქალაქი, როგორც პერსონიფიცირებული სახე. თვითონ ბერნჰარდიც ქალაქს სწორედ ამგვარად, ერთ მთლიანობაში აღიქვამს. საგულისხმოა, რომ მწერალს თვითონ ჰაბერი არ გამოჰყავს მთხრობლად, ე. ი. მას არ ალაპარაკებს საკუთარ განცდებზე, ამით თითქოს ერთგვარ დისტანციას ქმნის მასთან, როგორც უცხოსთან, თუმცა იგი სხვებთან დიალოგებში, რა თქმა უნდა, ამჟღავნებს თავის დამოკიდებლებას გარესამყაროს მიმართ _ ეს იქნება ყოფითი ამბები თუ ფილოსოფიურ-რელიგიური საკითხები, მაგრამ ჰაბერი მაინც სხვათა სარკეებში არეკლილი მოჩანს, სხვათა მიერ დანახული და შეფასებული. ამგვარი პრინციპი მკითხველსაც ერთ-ერთ მათგანად აქცევს, რომელმაც თავის შთაბეჭდილებათა სარკეში უნდა ასახოს ამ ლტოლვილის ცხოვრება და მასთან გარკვეული ურთიერთობა დაამყაროს, თანაუგრძნოს და თავის სიყვარულის ველში მისი აგრესია გაანეიტრალოს.

რომანს ხუთი მთხრობელი ჰყავს: ტომას ნიკოლასი, რომელიც ძირითადად ბერნჰარდთან ერთად გატარებულ სკოლის წლებს იხსენებს; მარიონ დემუცი, რომელიც ჰაბერის ახალგაზრდობის, მის პიროვნებად ჩამოყალიბების გზას ირეკლავს; პეტერ კოლერი, რომლის თხრობაშიც ბერნჰარდის ცხოვრებაში დამკვიდრებისა და მისი ოჯახური ამბები წარმოჩნდება; კატარინა ჰოლენბახი, რომელიც ჰაბერის რომანტიკული გატაცებების მოწმეა (ბარბისთან რომანი და სხვა); ზიგურდ კიცეროვი, რომელიც მოგვითხრობს, როგორ ჩაეწერა ჰაბერი ქალაქის ელიტაში, საკუთარი ბიზნესი ააწყო და პატივსაცემ მოქალაქედ იქცა.

ხუთივე პერსონაჟის თხრობა რეალისტურია და დოკუმენტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად ამისა, რადგან მთხრობლები განსხვავებული ადამიანები არიან, მათი თხრობის მანერა და სტილი განსხვავებულია, მათივე შინაგანი სამყაროს შესაბამისი. ამგვარად მიიღწევა თხრობის სტილის ერთგვარი მრავალფეროვნებაც. თითქოს რომანი ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი მოთხრობისგან შედგება და თანაც თითოეული მონათხრობი ქმნის ჰაბერის ერთ მთლიან პორტრეტს, რომელიც მკითხველის წარმოსახვაში იხატება.

კრისტოფ ჰაინმა რომანში სამშობლოდაკარგული ადამიანების რთული, სასტიკი ცხოვრება დაგვიხატა, მათი შინაგანი, ტკივილებით სავსე სულიერი სამყარო, ხშირად სიბნელითა და სისხლით სავსე, ხელისგულზე გადმოგვიშალა. რომანის გმირმა, ბერნჰარდმა გააცნობიერა, რომ ქალაქში მისი დამკვიდრება, ახალი „მიწის“ მოპოვება უდიდესი მსხვერპლის ფასად დაჯდა. „ჯერ მამაჩემის სისხლის დაღვრა იყო საჭირო, რომ აქ ადგილობრივ მოსახლედ მივეღე“.

მწერალს სურს, რომ ადამიანებმა უარი თქვან ამგვარ სისხლიან მსხვერპლზე, რათა სიცოცხლის დღესასწაულში, ყველას, განურჩევლად წარმომავლობისა, თანაბარი უფლება ჰქონდეს ზეიმისა. ლტოლვილს კი სამარადისო სატანჯველად „დაკარგული მიწის“ ტკივილიანი ხსოვნაც ეყოფა. რომანი მკითხველს წუთისოფლის „ორგემაგობაზე“, მშობლიური მიწის სიტკბოზე, უცხოთა შენდობასა და სიყვარულზე, რწმენასა და სიკეთეზე ერთხელ კიდევ დააფიქრებს.

კრისტოფ ჰაინი მსოფლიოში კარგადაა ცნობილი აღიარებული რომანებით: „უცხო მეგობარი“, „ჰორნის აღსასრული“, „ტანგოს შემსრულებელი“, „დედა ჩვენთან აღარაა“ „ვილენბროკი“ და სხვა. ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია მისი შემოქმედება. ეს რომანი კი, რომელიც ქართულად შესანიშნავად თარგმნა მაია მირიანაშვილმა, ცხად შთაბეჭდილებას შეგვიქმნის მწერლის შემოქმედებით თავისებურებებზე.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...