სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025
4 ნოემბერი, სამშაბათი, 2025

ჯემალ ქარჩხაძის ფანტასტიკური ღიმილი – იმპროვიზაცია დროისა და ბიბლიის თემაზე

0

ადამიანის ოცნება დროში მოგზაურობაზე, წარსულისა და მომავლის უცნობ და საიდუმლო სამყაროთა მოხილვაზე ოდითგანვე მითში, ზღაპარსა თუ ლეგენდაში ისხამდა ხორცს. ცივილიზაციის განვითარებამ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა მფრინავ ხალიჩათა ტრანსფორმაცია თანამედროვე ზებგერით ლაინერებად, თუმცა დროში გადანაცვლება კვლავ წარმოსახვის განზომილებაში დარჩა და მხატვრული სამყაროს, კინოს, მუსიკისა და ლიტერატურის ტყვეობას თავი ვერ დააღწია. ფანტასტიკისა თუ ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები უხვად გვთავაზობენ დროის საზღვრების გადალახვის თავბრუდამხვევ ამბებს. ლიტერატურის ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშად ჰერბერტ უელსის „დროის მანქანა“ შეიძლება დავასახელოთ, თუმცა კიდევ უამრავი ტექსტი, რომლებშიც პერსონაჟები ტექნოლოგიისა თუ მაგიის დახმარებით წარსულსა და მომავალში მიემგზავრებიან. ქართული ლიტერატურაც – მცირე ნიმუშებით, მაგრამ მაინც – ეხმიანება ამ თემას. ამ კონტექსტში გაიაზრება ჯემალ ქარჩხაძის შესანიშნავი მოთხრობა „დრო“, რომლის ფანტასტიკური მხატვრულ-ესთეტიკური სამყარო გვაოცებს და კრიტიკული აზროვნებისკენ გვიბიძგებს.

მოთხრობას სათაურის ქვეშ მიწერილი აქვს: „ფანტასტიკური ღიმილი“, – რათა ერთგვარი გეზი მისცეს მკითხველს, რომ ის არ დაიბნეს და რეალობა და ლიტერატურის ირეალური სამყარო ერთმანეთს არ გაუიგივოს, შესაბამისად, არ გამოიტანოს მცდარი დასკვნა, თითქოს მწერალი რელიგიურ ხელშეუხებელ სახეებსა და საკითხებს აქილიკებს, ეჭვი შეაქვს ღვთის განგებულებაში და ვინმეს ან რამეს შეურაცხყოფ. ამგვარი არასწორი გაგების უამრავ მაგალითთაგან შეიძლება დავასახელოთ ჟოზე სარამაგუს გახმაურებული რომანები, მაგალითად, „იესოს სახარება“ ან „კაენი“, რომელთაც კათოლიკური სამყაროს რისხვა გამოიწვიეს.

ჯემალ ქარჩხაძე თავისებური, განუმეორებელი მანერით, რომელიც განსჯასა და ფიქრს ანიჭებს უპირატესობას, მოგვითხრობს დროში მოგზაურობის დაუჯერებელ ამბავს. ეს არის პოსტმოდერნისტული თამაშის ტექნიკით შესრულებული იმპროვიზაცია ტექნოლოგიურ პროგრესსა და ბიბლიურ თემაზე. მოთხრობა იგავური შინაარსისაა და დროის ამოუცნობი, მრავალმნიშვნელოვანი ფენომენის საიდუმლოს ახსნის თემას დასტრიალებს. დროის საიდუმლოზე წერდნენ ფილოსოფოსნი, ღვთისმეტყველნი და მეცნიერნი და, უამრავი კვლევისა და მოსაზრების მიუხედავად, ის მაინც ყველაზე ამოუწურავ საფიქრალად რჩება. მოთხრობის მოქმედება შორეულ მომავალში, 2779 წელს ხდება. მკითხველი ეცნობა მეცნიერულ-ტექნიკური აზროვნების ახალ დარგს – ქრონონავტიკას, რომელსაც 1979 წელს ჩაყრია საფუძველი. თაობათა ნაოცნებარი ექსპერიმენტი კი დროში მოგზაურობისა მხოლოდ 800 წლის შემდეგ განხორციელდა. მთავარი პერსონაჟი, მთხრობელი, წერილს სწერს მეგობარს და, ამგვარად, წერილია მოთხრობის ფაბულის საყრდენი. მასში საუბარია თავიდან აცილებულ საშიშროებაზე. ამგვარი ხერხით, რომელიც ბუნებრივად ახლავს რაღაცის გაგების მოლოდინს, მწერალი ძაბავს მკითხველის ცნობისმოყვარეობას. ჩანს, დედამიწაზე ტექნოლოგიები იმდენადაა განვითარებული, რომ მეცნიერებს წარსულსა და მომავალში მოგზაურობის შესაძლებლობა აქვთ. ქრონონავტიკად მოხსენიებული მეცნიერება წარმოჩენილია, როგორც პერსპექტიული დარგი, რომელიც ვითარდება. ეს უტოპიური მოთხრობა მომავალს წარმოადგენს ერთგვარ ხელოვნურ სამოთხედ, რომელშიც ადამიანები მშვიდად და მაძღრად ცხოვრობენ. მეოცე საუკუნის აღმოჩენები გადასინჯულია, დიდ ავტორიტეტთა ნაშრომები – საფუძველშერყეული: „დრო, ერთხელ და სამუდამოდ შეცნობილი რომ გვეგონა, კვლავ ხელიდან გაგვისხლტა“. მთხრობელი მეგობარს ტაიძის მოძღვრებას ახსენებს, რომლის მიხედვითაც, დრო და სივრცე იგივეობრივია. ტაიძი იკვლევდა სამყაროს შექმნის პირველმიზეზს, რომელსაც „დასაბამი სიცოცხლე“ უწოდა. მისი აზრით, „დასაბამი სიცოცხლე განსხეულებისაკენ მიისწრაფვის. ამ მიზნის მისაღწევად იგი, პირველ რიგში, საკუთარ თავს დროში ამჟღავნებს. დრო უნივერსალური იდეაა, უზოგადესი კოორდინატი, რომელიც მოიცავს და განსაზღვრავს ყოველივეს – ფიზიკურსაც და მეტაფიზიკურსაც“. ტაიძის ვარაუდით, დრომ უნდა გაიაროს შვიდი საფეხური. ბოლო, მეშვიდე საფეხურზე იგი იქცევა სივრცედ. ბუნებრივია, ამავე საფეხურებს გაივლის დროის მახასიათებლებიც. მაგალითად, ის, რაც პირველ საფეხურზე მოძრაობა იყო, მეშვიდეზე სიჩქარედ იქცევა. „სწორედ დროისა და მოძრაობის ამგვარი ლოკალიზაციაა მატერიის შექმნის პირობა“. მთხრობლის აზრით, „ქრონონავტიკის იდეა სწორედ ამ მოძღვრებამ დაბადა. რადგან სივრცე იგივე დროა, მაშინ სივრცეში მოგზაურობაც იგივე დროში მოგზაურობაა (ასეცაა. ვის უმოგზაურია სივრცეში ისე, რომ დროში არ ემოგზაუროს?). ხოლო თუკი დროში მოგზაურობა პრინციპულად შესაძლებელია, რატომ უნდა იყოს ეს შესაძლებელი მხოლოდ მეშვიდე საფეხურზე?“ ტაიძი კრებითი სახეა ყველაზე თამამი იდეების მქონე მეცნიერებისა, მაგრამ მის პროტოტიპად ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, შეიძლება აინშტაინი იგულისხმებოდეს.

მთხრობელი აღწერს ეოლ სორის ხელმძღვანელობით ჩატარებულ გასაოცარ ექსპერიმენტებს. ჯერ „შესავალ ექსპერიმენტს“ გვაცნობს, რომლის მიზანი იყო დემატერიალიზაციისა და აღდგენის პროცესების შესწავლა. თავდაპირველად ეს ექსპერიმენტი მანქანაზე ტარდებოდა, მერე კი, როცა მონაცემები საკმაოდ დაგროვდა და მარცხის საშიშროებამ იკლო, ადამიანებიც ჩაერთნენ. მთავარმა ექსპერიმენტმა დედამიწაზე მითქმა-მოთქმა და საპროტესტო ტალღები გამოიწვია, განსაკუთრებით იმან, რამდენად მიზანშეწონილი იყო წარსულში ასე უცერემონიოდ შეჭრა. მწერალი ხატავს ეკოაქტივისტებს. მათ შორისაა მოხუცი უარ დენი, ერთგვარი „სამუზეუმო ექსპონატი“, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით, სიძველეთა შემკრები და მოყვარულია. ამ დროისთვის „ბეჭდური წიგნი“ აღარ არსებობს და მას ინფორმაციის შენახვის უცნაურ საშუალებად მიიჩნევენ.

როგორ წარმოუდგენია მწერალს 28-ე საუკუნის დედამიწა? მას სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად საიზოლაციო ფენა აქვს შემოკრული. იგი „სქელ დამცავ გარსშია მოქცეული და ლამაზად მოპირკეთებული, თავისი ოპტიმალური კლიმატითა და ერთგვაროვანი ტემპერატურით, სრული ურბანიზაციითა და ნატიფი არქიტექტურით, სადაც ყოველი ნაგებობა, ყოველი ქუჩა, ყოველი ხაზი ერთ საერთო აზრს, ერთ საერთო ჰარმონიას ემორჩილება, სადაც უფაქიზესი ფორმები და ფერთა რბილი შეხამება მოქალაქეთა მშვიდ, თანაბარ მაჯისცემას უზრუნველყოფს, სადაც ბუნებრივი ფლორის ველური თვითნებობა შეცვლილია ხელოვნური, უჭკნობი და უხრწნელი მცენარეულობით“. ეს ერთგვარად ჰგავს ოლდოს ჰაქსლისეულ დედამიწას, რომელიც მან აღწერა 1932 წელს დაწერილ რომანში „საოცარი ახალი სამყარო“.

სიძველეთა მოყვარული მოხუცი უარ დენი, განიცდის რა დროში მოგზაურობას როგორც აკრძალულთან შეხების გამანადგურებელ მცდელობას, ექსპერიმენტატორებს ძველი ლეგენდის ფრაგმენტს აცნობს, რომელშიც წერია: „…წასვლის წინ ჭაბუკს დაუბარა: აჰა, შენ ეს დიდებული სასახლე აურაცხელი სიმდიდრით და აუწერელი სილამაზით. შენი იყოს და, როგორც გინდა, ისე მოიხმარე. ოღონდ გახსოვდეს: სხვენში რომ პატარა შავი ოთახია, იმას ნუ გააღებ, თუ არ გინდა, უბედურებას გადაეყარო“. იცით, ეს რას ნიშნავს? სიმბოლოებია. სასახლე სამყაროა. ჭაბუკი, ვისაც ეს სასახლე ჩააბარეს, ადამიანია. პატარა, შავი ოთახი კი წარსულია და მისი გაღება არ შეიძლება“ (ასოციაციურად მკითხველმა შესაძლოა ეს შავი ოთახი კოსმოსურ შავ ხვრელსაც შეადაროს, რომელიც სამყაროს ისტორიას ინახავს და, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მისი საშუალებით დროში მოგზაურობაცაა შესაძლებელი). თუმცა ეს გაფრთხილება ექსპერიმენტს ვერ აფერხებს.

მოთხრობაში დაწვრილებითაა აღწერილი ექსპერიმენტის მიმდინარეობა. ქრონონავტად გამოცდილი, სანდო და გამორჩეული ადამიანი, იუჰე შეარჩიეს. ერთადერთი დირექტივა, რომლის დაცვასაც სამეცნიერო ცენტრი ყოველგვარ ვითარებაში და ყოველგვარი ღონით მოითხოვდა ქრონონავტისაგან, იყო სრული ჩაურევლობა წარსულის ყოფაში, სრული პასიურობა. გამორიცხული უნდა ყოფილიყო არა მარტო ყოველგვარი კონტაქტი, იქნებოდა ეს ფიზიკური, აკუსტიკური, ვიზუალური თუ ტელეპათიური, არამედ ყოველგვარი აქტიური მოქმედებაც, რომელსაც შეეძლო, რაიმე ზეგავლენა მოეხდინა და რაიმე ცვლილება გამოეწვია“. ცენტრს კარგად ესმოდა, რომ საკუთარ წარსულში უმნიშვნელო ცვლილებების შეტანაც კი, კაცმა არ იცის, რა კატასტროფას დაატეხდა თავს აწმყოს. თუმცა, გაუთვალისწინებელი მოხდა.

მოთხრობის მომდევნო ნაწილში ჩართულია იუჰეს მონათხრობი, თუ როგორ დაამყარა კონტაქტი წარსულის ადამიანებთან, კერძოდ, ბიბლიურ მოსესთან, თუმცა მან არაფერი იცის ამ პიროვნების შესახებ. მწერალი ამით წარმოაჩენს, რომ ასწლეულების შემდეგ სამეცნიერო პროგრესი მთლიანად განდევნის რელიგურ გადმოცემებსა და წიგნებს, თუმცა როგორ ამოყვინთავს ეს დათრგუნვილი წარსული ერთგვარი ფროიდისტული ქვეცნობიერიდან, ამას მკითხველი თავად დაინახავს. დაბრუნებული ქრონონავტი აღიარებს აკრძალულ კონტაქტს და მზად არის ნებისმიერი სასჯელისთვის. მწერალი არაჩვეულებრივი დამაჯერებლობით აღწერს მის განცდებს: როგორ დემატერიალიზდა, თითქოს სხეულთან ერთად მეხსიერებაც განქარდა და ყველაფერი, რაც სტარტამდე არსებობდა, ცნობიერების მიღმა დარჩა, თითქოს მოექცა რეალური ფორმების, რეალური იდეებისა და რეალური ფერების სამყაროში, სადაც ცნობიერება უშუალოდ, გრძნობის ორგანოების გარეშე აღიქვამდა ობიექტს. თითქოს დაფრინავდა აზრებს, იდეებს, სიმბოლოებს შორის და ბევრი რამ, რაც აქ საიდუმლოებაა, იქ ცოდნა იყო. სამწუხაროდ, ხელახალი მატერიალიზაციიის შედეგად ამ ცოდნას ბურუსი ფარავდა და ისევ საიდუმლოებად აქცევდა. შემდეგ იდეის ერთადერთობა მატერიის ერთადერთობამ შეცვალა და იგი კვლავ სივრცეში აღმოჩნდა, ისევ სის მთაზე, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო, ოღონდ წარსულში, როდესაც ამ მთის წვერს (სი, რა თქმა უნდა, სინის ასოციაციას იწვევს) ადამიანის ხელი ჯერ არ შეხებოდა. წარსულში ყოფნის სამივე საათს იგი დიდხანს იდგა ხომალდის ილუმინატორთან, თვალმოუშორებლივ შესცქეროდა ღრმა და გამჭვირვალე ლურჯ ცას. ქრონონავტი მოხიბლა პირველყოფილმა, ხელუხლებელმა ბუნებამ. ერთიანად შეძრული, მთის წვერიდან დასცქეროდა ვრცელ, მოწითალო უდაბნოს, მუქ მწვანე ტყეებსა და ხასხასა მინდვრებს. ხეხილის ბაღებში ჩაკარგულ პატარა სახლებს, შემთხვევითი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად აპარატიანად ეკლებით დაფარულ ბუჩქში დაიმალა. ჩანდა, რომ აქ ხალხს ტექნიკასა და ცივილიზაციაზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა. უეცრად აპარატმა ტყის გადაღმა ვიღაც აღმოაჩინა და ფირფიტაზე მისი ფიქრების აღნუსხვას შეუდგა: „…მე ვიცი, რომ კაცი არ უნდა მოვკლა, მაგრამ სხვა ვერავინ დავაჯერე…. რაღაც უცხო ხმა მეუბნება, რომ ამას მხოლოდ ჩემი მოძმეები და ნათესავები თუ გაიგებენ, ისინი, ვინც უცხო ქვეყანაში დავტოვე და აუწერელ ტანჯვაში ცხოვრობენ. …უცხო ხმა ორმოცი წელია მიბრძანებს, დავბრუნდე მათთან. უცხო ხმა მეუბნება, რომ მხოლოდ მე შემიძლია გავათავისუფლო ისინი ამ მძიმე უღლისაგან… ჩემი სილაჩრე სიკვდილის შიშია“.

იუჰემ (რომლის სახელი აშკარა ასოციაციას იწვევს იაჰვესთან, ბიბლიურ ღმერთთან) აღწერა კაცის გარეგნობა. მკითხველი ამ კაცში, რა თქმა უნდა, მოსეს ამოიცნობს. კაცმა აპარატის ალისფერი შუქი შეამჩნია, თავზარი დაეცა, მიწაზე დაემხო. იუჰემ კი აპარატის მეშვეობით უთხრა, ნუ გეშინიაო: „მე ისა ვარ, ვისაც ყოველ დილით ელოდები აქ, ამ ტყის პირას, ვინც შიში გამბედაობით უნდა შეგიცვალოს და სულმდაბლობა – რწმენით. კმარა ყოყმანი და ვიშვიში. გასწი დიდი მდინარის პირას და დაიხსენი შენი მოძმეები და ნათესავები!“ ხოლო საკუთარი თავი ასე გააცნო: ვინცა ვარ, ისა ვარ-მეთქი. მერე ჯოხი გამოართვა, ინფორმატორი-აპარატის ბუდიდან სათადარიგო ატომმარეგულირებელი რგოლი ამოიღო, ჯოხს ჩამოაცვა და უჩვენა, მზის პირდაპირ სხივებთან ურთიერთობისას როგორ კარგავდა ჯოხი სიმკვრივეს და როგორ იდრიკებოდა (მკითხველი ამ დეტალშიც მოსეს ცნობილ კვერთხს ამოიცნობს, გველად რომ გადაიქცა ან კლდიდან წყალი რომ გამოადინა). იუჰემ გაიმეორა ბიბლიური ამბავი მოსეს ღმერთთან შეხვედრისა. ამ საუბრის შემდეგ კი ისევ აწმყოში დაბრუნდა.

ამბის თხრობისას მოხუცმა უარ დენმა მოულოდნელად ჰკითხა: – ერთი ეს მითხარით, იუჰე, ფეხთ რატომ გაახდევინეთ იმ კაცს? – იმიტომ რომ ტყავის წაღები ეცვა, გრძელბეწვიანი. იმ წაღებით რომ აპარატის დამუხტულ ველში შემოსუ… – აქ იუჰე ერთბაშად შედგა, თითქოს სიტყვა პირზე შეახმა. – განა მე ვთქვი, რომ იმ კაცს ფეხთ გავახდევინე? – არა, არ გითქვამს, – მიუგო უარ დენმა. – მაშ… თქვენ… მაშ… საიდან… – იმან, ვინც სამყაროს განაგებს, კიდევ ერთხელ გაიცინა ჩვენს გულუბრყვილობაზე. ერთი ტყუილი უკვე გამოაშკარავდა. ჩვენს მეცნიერებს მრავალი ღამის გატეხა მოუწევთ, რათა ახალი ტყუილი მოიგონონ იმის შესახებ, თუ რა არის დრო. – უარ დენმა წიგნი გადაშალა და ეოლ სორის უთხრა: – აი, ის მონაკვეთი, რომლის წაკითხვა ამ ორი დღის განმავლობაში მოვახერხე. იგი გაოცებულ მსმენელებს ბიბლიურ ამბავს უკითხავს: „მოსემ, რა იხილა, მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა, თქვა: ეს რა საკვირველი ხილვაა! მივალ, ერთი, და ვნახავ, რატომ არ იწვის ბუჩქი. ღმერთმა რომ მისკენ მომავალი მოსე დაინახა, დაუძახა: მოსე, მოსე! მოსემ მიუგო: რა არის? ღმერთმა უთხრა: ფეხთ გაიხადე, ეგ ადგილი, შენ რომ დგახარ, წმინდა მიწაა. …შენ უნდა გამოიყვანო ჩემი ერი ეგვიპტიდან. მოსემ უთხრა: ვინა ვარ მე, რომ ფარაონთან მივიდე და ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიყვანო! ღმერთმა უთხრა: მე ვიქნები შენთან. მოსემ უთხრა: რომ მკითხონ, ვინ არის ის, ვინც გამოგგზავნა, სახელად რა ჰქვიაო, რა ვუპასუხო? ღმერთმა უთხრა: მე ისა ვარ, ვინცა ვარ“.

მოხუცი უარ დენი მწერლის ალტერ ეგოა, ისევე, როგორც მთხრობელი ლუკე, რომელიც, რა თქმა უნდა, ლუკა მახარებლის ასოციაციას იწვევს. იეჰუს შესახებ წერილით გადმოცემა ინტერტექსტუალური გადაძახილია მოციქულთა ეპისტოლეებთან, რომლებითაც ისინი ხალხს ახალ მოძღვრებას უხსნიდნენ. ლუკე მეგობარს აცნობს ქრონონავტიკის ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც, ახალი ექსპედიცია სამი კაცის შემადგენლობით უკვე მზადაა წარსულში გასამგზავრებლად. ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნულია იუჰე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც ლუკეს მეგობარია, ორგანზომილებიანი არსებები, ეგრეთ წოდებული, ელემინები ცხოვრობენ, რომელთა ამბავი ძალიან აინტერესებს. ამ წერილს კი აქვს მინაწერი, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი შედგენილია მესამე წელთაღრიცხვის 2779 წელს. ხოლო მკითხველის დასაბნევად და აზრობრივ ხლართებში გასაბლანდავად, რომელსაც დროითი გაუგებრობა იწვევს, მომავლის წერილი წარსულშია უკვე თარგმნილი – 1979 წელს.

ამგვარად, მოთხრობის საინტერპრეტაციო სივრცე თავბრუდამხვევად ღიაა. მკითხველიც თითქოს იკარგება დრო-სივრცის ლაბირინთში, სადაც აწმყო, წარსული და მომავალი ისეა არეული, გაურკვეველია, რომელი დრო რომელს მისდევს. გამოვიდა, რომ ქრონონავტმა იმოგზაურა ბიბლიის სივრცეში, უკვე დაწერილში, უბრალოდ, მისი აღქმაა სხვანაირი, ხოლო წერილი, დაწერილი 28-ე საუკუნეში, მეოცე საუკუნეშია უკვე ანბანურ-პირობითი თარგმანით შესრულებული.

ეს ფანტასტიკური ღიმილი კი მწერლისაა, გამოგონილი სამყაროს შემოქმედისა, რომელიც ილუზორულ დრო-სივრცეს ქმნის თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც, როგორც ერთადერთ შესაძლო წარსულში, ციფრული ეპოქის ანდროიდები ან ანდროიდ-ადამიანები იმოგზაურებენ. ამ ლოგიკით, მომავლის დრო-სივრცეც დაწერილი იქნება, ან, უკეთ რომ ვთქვათ, სამყარო დაწერილია „დაუსაბამო ერთის“, ღვთის მიერ და ადამიანები მას მხოლოდ გაიმეორებენ. ეს არის ბიბლიური „ეკლესიასტეს“ დრო, რომლის მიხედვითაც, არაფერია ახალი მზისქვეშეთში: „რაც ყოფილა, იგივე იქნება, და რაც მომხდარა, იგივე მოხდება“.

ამგვარად, ვფიქრობთ, ჯემალ ქარჩხაძისთვის, ისევე როგორც არაერთი სხვა მწერლისთვის, დროში მოგზაურობის საუკეთესო საშუალება წიგნია, როგორც ვასიკო კეჟერაძე იტყოდა (გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“): „ფიზიკოსები თუ ვერასოდეს შექმნიან პერპეტუუმ მობილეს, ლიტერატურამ უკვე შექმნა… იმიტომ კი არა, რომ უფრო ადვილია, არა – უბრალოდ, ლიტერატურას შესაძლებლობა აქვს მეტი, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიასა და დანადგარს“.

წარსულში, დაწერილში ამგვარ შეჭრას ეხმიანება გივი მარგველაშვილის პოსტმოდერნისტული მინიატურები, რომელთა გმირები დაწერილს ცვლიან. მაგალითად, ასეთია მინიატურა „წიგნის გმირების დროული გადასახლება“, რომელშიც პირველში წიგნის სამყაროდან გამოგზავნილ მხსნელებს მათეს სახარებიდან ჰეროდეს საბედისწერო ბრძანებით ამოსაწყვეტი ყრმები ლუკას სახარებაში გადაჰყავთ, ამავე ხერხს იყენებს ვუდი ალენი მოთხრობაში „კუგელმასის შემთხვევა“. ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს წერილში „ფანტასმაგორიული შეხვედრები“.

გადაღლის შემდეგ

0

დღეს უკვე ძნელია გაარჩიო, ნიუსფიდზე უფრო მეტს ვცხოვრობთ თუ „რეალურ ცხოვრებაში“. ნიუსფიდზე რომ უფრო მეტად ვკვდებით, ამას კი აღარ უნდა კამათი – ამდენი სიმწარის, ავადმყოფობისა და სიკვდილის გულში გატარებასაც ვერ ვასწრებთ ხშირად, გონების მიჯნასთან ვაყოვნებთ და იქვე მთავრდება. ამიტომ თითოეული ჩვენგანის და ჩვენ გარშემომყოფთა გაქრობა მხოლოდ ინფორმაციული აქტი გახდა.

ეს ალბათ გადაღლამაც გამოიწვია. პირველად, როცა დავრწმუნდი, რომ ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა, ყველა ის დაუწერელი ამბავი და პერსონაჟი გამოვიტირე, რომელზეც დაწერამდე უნდა მეფიქრა და ჩემი წიკო-მაკოებით გაძეძგილი „რიგითი დღე“ არ მანებებდა. მერე კი დაიწყო ის, რასაც ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი წარმატებით იყენებენ – თავის მართლება და რაღაცის სხვისთვის გადაბრალება. მაშინ მივხვდი, რატომ აღასრულებდა ბაბუაჩემი (და მისი თაობის ზოგიერთი ადამიანი) განსაზღვრულ დღიურ რიტუალს ბრმად და ურყევად. ეს არ იყო მხოლოდ აჩემება, ეს საკუთარი სივრცის მკაცრად განსაზღვრასაც ნიშნავდა, სადაც „დროის გამოწვევებს“ და „ახალი დღის წესრიგს“ ვერ უნდა შემოეღწია. რიტუალები (ხელ-პირის დაბანა, სადილობაზე აუცილებელი ჭიქა-ღვინო, ეზო-კარის მოვლა-მეთვალყურეობა) – არ ანებებდა იმათ სულს და ორგანიზმს, მოშვებულიყვნენ, მოფლაშულიყვნენ, სულერთი გამხდარიყო ძილ-ღვიძილი, შრომა და დასვენება.

2009 წლის აგვისტო იყო, ზუგდიდიდან რომ წამოვედი და წამოსვლის წინ მანცხვარკარის ტაძრის მღვდელს – მამა გიორგი გულორდავას ვუთხარი, – ორ კვირაში ერთხელ ჩამოვალ, მამაო, პატარ-პატარა საქმეებსაც მოვაგვარებ და წირვასაც დავესწრები-მეთქი. ორ კვირაშივე მივხვდი, ამის გამკეთებელი რომ არ ვიყავი და კიდევ კარგი, მოძღვარმა მაშინვე არ მიმანიშნა ამაზე – ჩემით უნდა მივმხვდარიყავი, ჩემს ამოჩემებებს უნდა გამოცლოდა საყრდენი. ოღონდ ეს იმიტომ კი არა, რომ რამე გადავაფასე, არა, ზოგჯერ ჯობია შენ თვითონვე გამოსცადო, ყველაფრის თვითდინებაზე მიშვებამ სანამდე შეგიძლია მიგიყვანოს.

თავს მოუცლელობით ვიმართლებდი, იმავე მიზეზით ბევრ რამეზე ვთქვი უარი და ახლა მგონია, რომ 21-ე საუკუნის მთავარი დემონები გადაღლა და მოუცლელობა არიან. მათ წინააღმდეგ ვერ ჭრის წინასწარ შედგენილი და ზედმიწევნით გაწერილი გრაფიკი, გეგმა, reminder-ის რეჟიმიც სიმბოლურად ჰკიდია.

პირადი სივრცის, პირადი აჩემების, აკვიატებისა და ადამიანის თავისებურებების თანდათან, უკანმოუხედავმა შევიწროებამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ჩვენ თვითონვე ვთქვით უარი იმ წყაროზე, რაც გვაცოცხლებდა და ერთფეროვნებისგან გამოსაქცევი ბილიკების გადაბეტონებას დავთანხმდით „კეთილდღეობის“ სახელით.

მამა გიორგი გულორდავას – ბეხვერია მამაოს, როგორც მეგობრები ვეძახდით შინაურობაში – მინიშნებითაც არასდროს გამოუხატავს წყენა და უკმაყოფილება. პირიქით, მე ვაპირებდი თავის მართლებას ჩემი შეუსრულებელი პირობისთვის ერთი-ორჯერ, მაგრამ ენა ჩავიკვნიტე და ალბათ სწორადაც მოვიქეცი: დარდის და სინანულის სიტყვები ვერასდროს გამოხატავს იმ განცდას, დღესასწაულს რომ გამოაკლდები. მგონი ისევ ჯობია, ახალი დღესასწაულისთვის ემზადო.

ბაბუაჩემმა თოფი და მონადირე ძაღლი რომ გაყიდა, ის ფული ოჯახის სიღარიბეს კი დააკერა 90-იანებში, მაგრამ თავის სივრცეს და რიტუალებს მოაკლო. ჯერ ერთი, მერე – მეორე, მერე თანდათან სხვა რაღაცებიც მიაყოლა, მისი სიჯიუტისა და მუყაითობის საგან-ნიშნები. ვატყობდი, როგორ იცვლებოდა და იცლებოდა მისი ნებისყოფა ამ დანაკარგებისგან, ადვილად იღლებოდა, დაღლას არ ეურჩებოდა. და როცა ერთხელაც ძალიან ახლობელი ადამიანის სიკვდილს აუღელვებლად შეხვდა, დავრწმუნდი, რომ შეგუების დემონს მისი თვალებიდანაც გაექრო ძალა, რომელიც მთელი ცხოვრება ცეცხლს უკიდებდა და უკან დასახევს არ უტოვებდა.

რა იყო, ბაბუ, რა დაგემართა-მეთქი, – მინდოდა მეკითხა, – ხომ გეწყინა? ხომ ის იყო, რასაც არ ელოდი? მაშინ რატომ არაფერი არ გეტყობა, ცრემლიც კი არ შეიჩნიე… რას ფიქრობ, რას აკეთებ, ბაბუ?

…რას ვაკეთებთ გადაღლის შემდეგ? მხოლოდ ვიხოცებით თუ როგორც ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი ვიტია ანჯაფარიძე იტყოდა, – „მეორე დიხანია“ უნდა გაიხსნას, რათა სხეულის ჭურჭელში (ჩუანიო, ამბობდა მეგრულად) დაგროვილი ნიჭი და მონაცემები ახალ ძალად იქცეს.

ჰო, ვიტია მას, ალბათ ის მეორე, თქვენი, ჯობია.

ეჭვის ნათელი მხარე – მე და COVID – 19

0

რამდენიმე დღის წინ ეჭვმა ვირუსოლოგების ფორუმებზე ამომაყოფინა თავი. რა მინდოდა ვირუსოლოგების ფორუმზე? მინდოდა, ჩემს რამდენიმე კითხვას პასუხი გასცემოდა COVID – 19 – თან დაკავშირებით.

თვითიზოლაცია შემეცნებით ხანად მექცა. იშვიათად მინდება შთაბეჭდილებების ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება და იქიდან გამომდინარე, რომ შემეშინდა, „შეუგნებელი“ ქართველის იარლიყი არ მოეკუთვნებინა ჩემთვის ვინმეს, სამი ფოტოთი შემოვიფარგლე სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავფრინდი, აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი ადამიანი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მე იაფფასიანი ბილეთებით ვისარგებლე და რისკის მიუხედავად, შთაბეჭდილებები ვარჩიე  ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნვას.

ამასობაში, რამდენიმე რამ ვინატრე: ქართველ მოსწავლეებს და სტუდენტებს შეძლებოდათ, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და, აქედან გამომდინარე, სხეულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ინფორმაცია მცდარი და დამაზიანებელი ინფორმაციისგან განესხვავებინათ.

სიტყვა – „ახალი.“

ვცდილობ, გულდასმით მოვისმინო ის, რასაც მეუბნებიან. მახსოვს, როდესაც პირველად მოვისმინე სიახლე „ახალ“ კორონავირუსთან დაკავშირებით, მკაფიოდ დამამახსოვრდა, რომ შფოთვა დამეუფლა. ისიც მახსოვს, რომელმა სიტყვამ აღძრა ჩემში შფოთვა.

რას ვისურვებდი ქართველი მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის?

იმას, რომ მათ შეეძლოთ შემდეგი:

ა) რას ნიშნავს ამ შემთხვევაში სიტყვა – „ახალი“?, ნიშნავს თუ არა ეს სრულიად უცნობს, ან შეგვიძლია თუ არა წინმსწრები ცოდნის დახმარებით რაიმენაირად გავიგოთ, რა არის ეს „ახალი?“

ბ) რა მაშფოთებს? – როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობაში შფოთვას უუნარობის განცდა და უსუსურობის მოლოდინი აღძრავს. როგორც წესი, შფოთვის მიღმა ისეთი, ღელვის გამომხმობი აზრებია, როგორიცაა: „ეს ისეთი რამაა, რასაც მე ვერ გავუმკლავდები,“ „დაცული ვარ თუ არა ისეთი გართულებებისგან, რომელთა შესახებაც მედიასაშუალებები საუბრობენ?“

გ) ვინ მესაუბრება კონკრეტულ საკითხზე? – მიუხედავად იმისა, რომ აუხსნელი მორიდებით ვცდილობთ, გავიგოთ კონკრეტული ადამიანი უფლებამოსილია თუ არა კონკრეტულ საკითხზე ისაუბროს, ან აქვს თუ არა შესაბამისი ცოდნა იმისათვის, რომ საკითხი განიხილოს, ეს კითხვა ჩვენთვის, გულში,  ჩუმად მაინც უნდა დავსვათ. შეგვიძლია, არ გავაჟღეროთ, თუკი ამ კითხვის გაჟღერება უხერხულობას განგვაცდევინებს, თუმცა, სხვებისგან დამოუკიდებელ სივრცეში, ანუ ჩვენს გონებაში, მსგავსი კითხვების დასმა არა მხოლოდ სასურველი, არამედ საჭიროა.

დ) ისეთი ინფორმაციის უნდობლობა, რომლის სანდოობის გადამოწმება შეუძლებელია – საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას დიდი საჩუქარი იმით გავუკეთე, რომ ქართულენოვანი მედიასაშუალებების უმრავლესობას არ ვენდობოდი. მხოლოდ რამდენიმე წყაროთი შემოვიფარგლე. ძირითადად, ისეთი წყაროებით, რომლებიც, უშუალოდ, საქართველოს მასშტაბით აღრიცხავენ სტატისტიკას.

ე) როგორ შევძლოთ სანდო ინფორმაციის მოპოვება?
უცხო ენის ცოდნის გაძლიერება – ერთ – ერთი რამ, რის აუცილებლობაშიც ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდი, უცხო ენის ცოდნაა, რაც საშუალებას გაძლევს, ქართულ ენაზე მოპოვებული ინფორმაცია შეადარო სხვა ენაზე არსებულ სიახლეებს.

ვ) რაოდენობრივი წიგნიერება – რატომ? რომელი რიცხვი რას ნიშნავს?, რატომ შეიძლება, რიცხობრივი მაჩვენებლები უეცრად საგრძნობლად იცვლებოდეს?

ზ) ცნებების ოპერაციონალიზაციის უნარი – რას გულისხმობს ეს უნარი? ვცადოთ და შევთანხმდეთ, ვინ რას ვგულისხმობთ კონკრეტული ცნების მიღმა. მაგალითად, რას ნიშნავს – „ახალი“ – ამ შემთხვევაში?

თ) მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენისთვის კითხვების დასმის უნარი – შევძლო, გავიგო მოვლენებს შორის მსგავსება და განსხვავება. მაგალითად, რით ჰგავს SARS – CoV – 2 სხვა, მონათესავე ვირუსებს და რით განსხვავდება მათგან?

ი) ნასწავლი ქცევის გაცნობიერების და მეტად სასარგებლო ქცევით შეცვლის უნარი – ეს უნარი შემეცნებით თავმდაბლობას ეყრდნობა: ის, რაც აქამდე ვიცოდი, გამომადგება იმისათვის, რომ ახალ გამოწვევებს გავუმკლავდე? მაგალითად, თუკი აქამდე მწამდა, რომ ალკოჰოლური სასმელები იმუნურ სისტემას გაძლიერებაში ეხმარება, შემიძლია თუ არა დავსვა მარტივი კითხვა: რამდენად სასარგებლოა ჩემი იმუნური სისტემისთვის ის, რაც აქამდე ვიცოდი? რით დასტურდება, რომ ჩემი წარმოდგენები სწორია?

კ) ემოციების გაცნობიერების უნარი – ამ უკანასკნელზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და მას ემოციებში გათვითცნობიერების ერთ – ერთ უნარად მოვიაზრებთ. თუმცა, როგორ უკავშირდება ეს უკანასკნელი განათლებას და სწავლას?

მაგალითისათვის განვიხილოთ, SARS – CoV – 2 – თან დაკავშირებული სიახლეების მიერ აღძრული შფოთვა. ბუნებრივია, ისეთი სიახლე, რომელმაც შეიძლება ჩემს კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნას, შფოთვის აღმძვრელია.

ვაცნობიერებ თუ არა, რომ კონკრეტული სიახლის მოსმენის შემდეგ, ემოციამ მომიცვა? თუ მრავალ საქმიანობაზე ყურადღების განაწილების შედეგად, საკმარისად ვერ ვიფხიზლე[1] და ემოციამ ისე ჩაიარა, რომ მისთვის შესაბამისი სახელის დარქმევა ვერ შევძელი?

შემიძლია თუ არა დავასახელო ემოცია, რომელიც დამეუფლა სიახლის გაგების შემდეგ? რა ეწოდება ჩემს ემოციას, რომელსაც ახლა განვიცდი?

ემოციის განსჯის უნარი – შემიძლია, საკუთარ თავს დავუსვა კითხვა: „რასაც ახლა განვიცდი, შფოთვაა. თუმცა, არის თუ არა ეს შფოთვა საფუძვლიანი? თუ არის, რატომ? და თუ არ არის, რატომ?“

ლ) საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების [2]გაცნობიერების უნარი – რა შემიძლია, მე გავაკეთო იმისათვის, რომ ვიზრუნო როგორც საკუთარ, ასევე სხვის კეთილდღეობაზე? რისი გაკეთებაა ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებს მიღმა? რას ვერ შევძლებ მე?

მ) საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა – მოსწავლეები აცნობიერებდნენ, რომ მათ ქცევას მოჰყვება შედეგები. ეს გულისხმობს ისეთი კითხვების დასმის უნარს, როგორიცაა: „რა მოხდება, თუ არ გავითვალისწინებ კონკრეტულ რეკომენდაციებს?“ „რა მოხდება, თუ გადაუმოწმებელ სიახლეებს გავუზიარებ ჩემს მეგობრებს?“

ნ) საჭიროებების განსაზღვრის, ქმედების დაგეგმვისა და აღსრულების უნარები – ამ უნარების ერთობლიობა მოიცავს ისეთი კითხვების დასმის უნარს, როგორიცაა:
რა მჭირდება იმისათვის, რომ ჩემი უსაფრთხოება უზრუნველვყო?,“ „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ვიყო საჭირო საშუალებებით?“

ო) ნდობის უნარი – უნდობლობა დამეუფლა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებსაიტზე წავიკითხე, რომ ნიღაბი მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში გჭირდება და, რაც მე სასარგებლო მეგონა, შესაძლოა, დამაზიანებელიც კი ყოფილიყო.

პ) ეჭვში დაეჭვების უნარი – „ჩინელებმა (ან ამერიკელებმა) „გამოიყვანეს“ და განზრახ გაავრცელეს ეს ვირუსი,“ და მსგავს განწყობებს აქვთ არსებობის უფლება. ვისურვებდი, მასწავლებლებს და მოსწავლეებს მათი არსებობის უგულებელყოფის და „სისულელედ“ შერაცხვის ნაცვლად, ისინი ეჭვში დაეჭვების უნარის გასავარჯიშებლად გამოეყენებინათ. ასეთი განწყობები ადამიანებთან დაახლოების შესანიშნავი საფუძველია: „და მაინც, რატომ შეიძლება ადამიანების ნაწილი ასე ფიქრობდეს?,“ „რას ემსახურება ამ განწყობების არსებობა?,“ „როგორ მართავს ადამიანების ქცევას მსგავსი განწყობები?“

ერთი დღე შევალიე ვირუსოლოგიის ფორუმებზე ხეტიალს. რა გავიგე? ის, რომ სამართლიანად დამისვამს რამდენიმე კითხვა. დანარჩენი ცოდნის გაფართოების უნარებზე და იმაზეა დამოკიდებული, მინდა, თუ არა ვირუსოლოგია საფუძვლიანად შევისწავლო.

სრულად ვარ თუ არა დაცული SARS – CoV – 2 – სგან? არა. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერასდროს მივაღწევ ამ განსაზღვრულობას, უარს ვერ ვიტყვი ეჭვით ცხოვრებაზე, რომელიც განსაზღვრულობასთან გვაახლოებს, თუ მას დაუმეგობრდები.

 

 

[1] Being mindful

[2] პასუხისმგებლობა

„სხვახალხი მოვიდა, სრულიად სხვახალხი“…

0

იანვრის არდადეგები რომ სრულდებოდა, ბუნებრივად დავიწყე ფიქრი ლიტერატურის სასკოლო პროგრამაზე, ტექსტებზე, რომელთა სწავლებაც მომიწევდა ჩემს კლასებში და როცა თემატურ-კალენდარულმა გეგმამ შემახსენა, რომ მეცხრე კლასში გალაკტიონის „მამულით“ გვიწევდა ახალი სემესტრის დაწყება, საგონებელში ჩავვარდი… მართალია, „მამული“ პატრიოტული ლირიკით მდიდარ ქართულ პოეზიაში ას წელზე მეტია ისმის (ლექსი 1915 წელს დაიწერა) როგორც პოეტის ახლებური ხედვა და სამშობლოს სიყვარულის ორიგინალური გამოხატვა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ არც ისე ადვილია 21-ე საუკუნის მეგაპოლისში მცხოვრებ მოზარდს განაცდევინო ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლისას აღძრული მამულის სიყვარულის ჟრჟოლა…

18 იანვარს, შაბათს, როცა ვისვენებდი და ორშაბათის გაკვეთილების გეგმებზე ვფიქრობდი, ფეისბუქზე სიურპრიზად დამხვდა ბათუ დანელიას ახალი ლექსი „სხვახალხი“… ლიტერატურის მოყვარულები კარგად იცნობენ ბათუ დანელიას როგორც გამორჩეული ხელწერისა და დახვეწილი პოეტური გემოვნების შემოქმედს. ის, საბედნიეროდ, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ფეისბუქზე ხშირად აქვეყნებს თავის ახალ-ახალ ქმნილებებს. მისი პოეზიის მოყვარულებს კარგად ეცნობათ ლირიკული ციკლი „ARTეკლები“, რომელში შესული ლექსებიც თანამედროვეობისთვის აქტუალურ უამრავ თემაზე პოეტის გამოხმაურებაა და მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს.

როცა მე გალაკტიონის ლექსის ახსნაზე ვფიქრობდი, ეს ლექსი „დაბარებულივით“ დამხვდა წინ და უაღრესად საინტერესო მასალად იქცა ჩემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისთვისაც, აღგვიძრა უამრავი საფიქრალი, გაგვიჩინა საუკუნით დაშორებული პოეტური ქმნილებების სინთეზირების, საქვეყნო თუ საზოგადოებრივ პრობლემებზე ცხარე დისკუსიის, მსჯელობისა და ანალიზის სურვილი. მოდერნისტული (სიმბოლისტური) და პოსტმოდერნისტული პოეზიის ნიმუშების თავისებურებებში წვდომის შესაძლებლობაც მოგვცა ამ ლექსებმა. ერთმანეთს შევადარეთ პატრიოტული მოტივების გამოხატვა აკაკის „განთიადში“, გალაკტიონის „მამულსა“ და ბათუ დანელიას ხსენებულ ლექსში. ამან მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეაზრებინა, რომ რეალისტი აკაკისთვის სამშობლო ერთი მთლიანობაა, რომელსაც ლირიკული გმირი ეტრფის, გალაკტიონთან მამულის ხატი სიმბოლისტური მხატვრული სახეებითაა დანაწევრებული, ხოლო ბათუ დანელიას პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებში სამშობლოს სიყვარულის აღქმა დაკავშირებულია ახალებური გემოვნების, ნოვატორული გაგების აქტორთა, „სხვახალხის“, ქმედებებთან.

გალაკტიონის „მამულის“ უკვდავი ფრაზა „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“ ბათუ დანელიას თავისი ლექსის ეპიგრაფად გამოუტანია. ესეც რომ არ ყოფილიყო, სინტაგმა „სხვა ხალხი“ ამიერიდან მუდამ იქნება გალაკტიონის ერთგვარი პოეტური „ნოუ ჰაუ“. ეს შესიტყვება იქცა მთელ კონცეპტად, რომელიც ყოველთვის არის განსჯის, მსჯელობის ობიექტი. ბათუ დანელიას ეს სინტაგმა ერთ სიტყვად უქცევია, რაც სწორედ მისი პოსტმოდერნისტული ორიგინალური ხელწერის გამოხატულებაა. პოეტმა იმდენად მთლიან ცნებად გაიაზრა ეს სინტაქსური წყვილი, რომ Litentia Poetica გამოიყენა და მისი ახლებური დაწერილობა შემოგვთავაზა.

გალაკტიონის „მამული“ თუ სევდიანი ლირიკული განწყობის, რაღაცის დაკარგვის, გაუცხოების, სულიერი ტკივილის გამომხატველი ტექსტია, ბათუ დანელიას ლექსში იმედიანი და ამაღლებული განწყობა იგრძნობა. პოსტმოდერნის ესთეტიკის უმთავრესი მახასიათებელი ხომ სწორედ ეს არის, რომ წარსულში გაცოცხლებული იდეა, სახე-ხატი, ფრაზა ან ნებისმიერი კონცეპტი ახლებური რაკურსით გააცოცხლოს!

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისის ლირიკული გმირის მელანქოლიური განწყობა ეპოქალური მღელვარებების გამოძახილია და ისმის წუხილი იმის გამო, რომ „წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“, რომ ლირიკულ გმირს სევდიანად აგონდება მოხუცი მამა, რომელიც „სასხლავით ხელში დადის ვენახში“, რომ მისი სული სავსეა მშობლიურ გარემოზე ოცნებით, მონატრებით და ბოლოს ეს მძაფრი განცდები ათქმევინებს: „დავდივარ, ვწუხვარ და მენანება“… ყოველივე ამის საპირისპიროდ, ბათუ დანელიას ლექსში „სხვახალხი“ გაცოცხლებულია სიახლის, პროგრესის, საღი აზროვნების, ევროპული მენტალობის გამომხატველ სახე-სიმბოლოდ. პოეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს სხვა ხალხი, ანუ ახალი თაობა რადიკალურად განსხვავდება მისი თაობისგან, საბჭოთა ეპოქის ადამიანის (ე.წ. ჰომოსოვიეტიკუსის) ფსიქოტიპისგან. განსხვავდება გაგებით, მეტყველებით, თვითგამოხატვით, მოსმენით, წუხილითა თუ სიხარულით, მსოფლხედვით, სიარულისა და ჩაცმის მანერით თუნდაც, ყოფიერების შემეცნებით… უბრალოდ მამების თაობას ეჩვენება, რომ, მათგან განსხვავებით, ისინი „პირუკუ შვრებიან ყველაფერს“, ხოლო მათი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მათთვის უცხოა რევანში და ნეპოტიზმი, რომ „მათ ვნებებს ეკოც და კეპოტიც ვერ აცხრობს“, რომ ისინი ქარხნით და დეპოთი კი არ იამაყებენ, არამედ „გამჯდარი ექნებათ ძვალ-რბილში სიმართლის ლაშქარი, ნათელი გონებაც და დიდი შეგნებაც, მადლიც და გაძლებაც უზღვავი ექნებათ“. ისინი მამების თაობას, რომელთაც პოეტი უნაყოფოებს უწოდებს, უსათუოდ ეტყვიან: „ამაოდ ჰყვავითო“…

ყველაზე იმედიანი მაინც ის სიტყვებია, სადაც პოეტი მიიჩნევს, რომ „სხვა ხალხის“ უმთავრესი ღირებულება სამშობლოს ერთგულება, უანგარობა და მრუდე საზომების უარყოფა იქნება:

„მშობლიურ მიწა-წყალს ერთ ბეწოს, ერთციდას

არავის მისცემენ მილიონ ვერცხლისდა

მილიონ ოქროსთვის და არსად, არასდროს

მრუდედ არ გაზომავს ამათი თარაზო“…

 

ბათუ დანელიას ლექსის აქცენტები და იდეური ორიენტირები სრულიად აცდენილია გალაკტიონის „მამულის“ მთავარ სათქმელს და პოეტმაც მთავარი ინტრიგა სწორედ ამაში ჩადო, რომ განვლილმა ერთმა საუკუნემ ჩვენს სამშობლოს თავისუფლებისთვის დაუცხრომელი ბრძოლის, სისხლის, ღირებულებათა გადაფასების, მენტალური რევოლუციების, სუვერენიტეტის მოპოვების შემდეგ მისცა გზა, ხსნა, დასაყრდენი თაობები, რათა მომავლის ქართველებს საკუთარ მამულში გაუცხოების მელანქოლია არ აწამებდეთ, როგორც გალაკტიონის ლირიკულ გმირს.

ლექსის პათოსი ზეაწეული ტონალობისა, ოპტიმისტური და შესაძლოა ცოტათი პათეტიკურიც იყოს, მაგრამ ეს იმგვარი შეფასებები და დიდი საზოგადოებრივი ძვრებია, რომლებიც ყოველი საღად მოაზროვნე ქართველისთვის სასურველი და საოცნებოა. ამიტომ მკითხველის დაკვეთაც ესაა – პოეტის ურყევი იმედის გაზიარება მასაც სურს, თუმცა ამგვარ განწყობას მნიშვნელოვნად კრიტიკული პოზიციებით შეხვდნენ ჩემი მოსწავლეები. როცა ამ ორი ლექსის სათქმელის გარშემო საკლასო დისკუსია გავმართეთ, ბავშვებმა იქაც გამოხატეს და შემდეგ არგუმენტირებულ ესეშიც იმსჯელეს იმაზე, რომ ისინი ახალი თაობის ღირებულებათა ამგვარ რომანტიზებას არ ეთანხმებიან. ზოგმა გაიზიარა ბათუ დანელიას რეფლექსიები და სიამაყით დაადასტურა, რომ დიახ, მათი თაობა, 21-ე საუკუნის „სხვახალხი“, გაცილებით პროგრესულია, ვიდრე წინა თაობები, მაგრამ უმრავლესობის პოზიცია ასეთი იყო, რომ პოეტი ნაივურად უყურებს „სხვახალხის“ მსოფლმხედველობას, რომ თაობათა შორის ყოველთვის არის ამგვარი ანტაგონიზმი და ეს ბუნებრივი პროცესია, რომ ამით ახალი არაფერი თქმულა, რომ ეს შეფასებები გადაჭარბებულია და რეალობას აცდენილიც კი, რომ ახალ თაობაში იმდენი ნეგატივი და ღირებულებათა ისეთი აღრევა, მეტიც, სრული დევალვაციაა… მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ აზრზე შევჯერდით, რომ ლექსი პოეტის გულწრფელი ემოციებისა და განცდების გამოხატულებაა და ის თუნდაც სინამდვილეს აცდენილ, არარეალისტურ სურათს ხატავდეს, თუ ავტორი მისთვის სასურველ მიკროკოსმოსს ქმნის, ეს სწორედაც რომ მისაღები, გასაგები და დამაჯერებელია მკითხველისთვის.

გალაკტიონის პოეტური ოსტატობა ნამდვილად არ არის უცხო და გაუგებარი ჩვენი მოზარდებისთვის, ხოლო ბათუ დანელიას პოეტურმა ენამ და სტილურმა თავისებურებებმა საოცრად მოხიბლა მისგან „სხვახალხად“ წოდებული ახალი თაობა. რეპერების ესთეტიკის მოყვარულმა მეცხრეკლასელებმა განსაკუთრებული აღტაცებით მიიღეს ლექსის რიტმიკა, ოსტატური რითმები და ავტორის ორიგინალური ხელწერის გამომხატველი პოეტური მიგნებები. სახალისო იყო ვირტუოზული რითმების ძიება ლექსში, აი, ისინიც: „სხვახალხი – მაღალხმით“, „ვშვრებოდით – ნეპოტიზმს – კეპოტიც – დეპოთი“, „გამჯდარი – ლაშქარი“, „შეგნებაც – ექნებათ“, „არასდროს – თარაზო“… ასევე ლექსის განსაკუთრებულ ღირსებად გამოკვეთეს ბავშვებმა ე.წ. პოეტური გადატანის ხერხი, რომელიც ემოციას ამძაფრებს ლირიკულ ტექსტებში. პოეტური გადატანის მასტერკლასია, მაგალითად ეს სტრიქონები:

„და ჩვენთვის რაც ნიშნავს რევანშს და ნეპოტიზმს,

მათ ღიმს გვრის. მათ ვნებებს ეკოც და კეპოტიც

ვერ აცხრობს. ისინი ქარხნით და დეპოთი

არ იამაყებენ, მაგრამ მათ გამჯდარი

ექნებათ ძვალ-რბილში სიმართლის ლაშქარი“…

ბავშვებისთვის ყოველთვის საინტერესოა წარსულის ლიტერატურული მოვლენების მიმდინარე სალიტერატურო პროცესებთან დაკავშირება. არ დაუმალავთ ასევე, რომ ბათუ დანელიასთან შეხვედრა მათთვის სასურველი იქნებოდა…

წერილის დასასრულს ისღა დამრჩენია, ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების სახელით უღრმესი მადლიერება გამოვხატო ბათუ დანელიას მიმართ იმისთვის, რომ ის ასე აქტიურად ეხმიანება ყოველ საზოგადოებრივ მოვლენას, რომ თავისი ცხელ-ცხელი პოეტური მარგალიტებით ტკბობის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პოსტმოდერნის მწერლობის შედევრებს ქმნის, რომ ამ პრაგმატულ საუკუნეშიც არ დაუბლაგვდა რითმა და რომ წესიერების, სიკეთის, იმედის, დაულეველი სიყვარულის სალაროა თავისი ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც.

დაგეგმილი და განხორციელებული სასკოლო განათლების პოლიტიკა აშშ-ში

0

2020 წელი ჩემთვის სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო. 20 დღის მანძილზე საშუალება მომეცა, აშშ-ში სასწავლო ტურის ფარგლებში გავმგზავრებულიყავი. საერთაშორისო ვიზიტორების პროგრამას განათლების ლიდერობაში (IVLP)  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს და ქვეყნების წარმომადგენლებს უნიკალურ საშუალებას აძლევს, ადგილზე გაეცნონ განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკას. მიიღონ ახალი გამოცდილება, თუ როგორ განკარგავს ქვეყანა არსებულ ბიუჯეტს მასწავლებლების მოსაზიდად, შესანარჩუნებლად. როგორ ახერხებს ეფექტიანი და ხარისხიანი განათლების დანერგვას ეთნიკურად, ეკონომიკურად მრავალფეროვან საზოგადოებაში; როგორ უწყობს ხელს მასწავლებლების თუ დირექტორების პროფესიულ განვითარებას; როგორ მუშაობს საუნივერსიტეტო პროგრამები, რომლებიც საგანმანათლებლო კვალიფიკაციებს ანიჭებენ.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ქვეყნის განათლების პოლიტიკა ჩვენთვისაც ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ სტატიაში შევეცდები წარმოვაჩინო ხანგრძლივი ისტორიის მქონე აშშ-ს სასკოლო განათლების გარდამტეხი რეფორმები, რომლებსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰქონდათ ადგილი.

სკოლები შტატის ბიუჯეტიდან და ადგილობრივი შემოსავლებიდან ფინანსდებიან, რაც დიდ განსხვავებას იძლევა სკოლების დონეზე. თუკი მდიდარ უბანში მდებარეობს სკოლა, მას სასწავლო პროგრამებზე, სკოლის ინფრასტრუქტურაზე თუ მასწავლებლების დახელოვნებაზე ბევრად უფრო მეტი ფინანსების გამოყოფა შეუძლია. შესაბამისად, მაღალი შემოსავლები პირდაპირ აისახება სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შესაძლებლობებზე. ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად Title 1-ის ფარგლებში გამოყოფილია ფედერალური ფონდებიდან თანხები. ეს არის მაღალი დაფინენსების მქონე პროგრამა განათლებაში, რომელიც სკოლებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

ხილული ცვლილებები განათლებაზე გამოყოფილი თანხის ზრდით 1964 წელს მშპ-ს 4.4%-დან 1968 წლისთვის 8.8%-მდე გამოყოფით დაიწყო. ასეთმა მატებამ შესაძლებელი გახადა უკეთ დაეფინანსებინათ უკვე არსებული სისტემა და დაემატებინათ ახალი პრიორიტეტები. მაგალითისთვის, ასეთი პრიორიტეტი გახდა დაბალშემოსავლიანი ოჯახების პრობლემების შემსუბუქება, მათი შვილებისთვის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემით, რითაც თანასწორობისკენ და განათლების ხელმისაწვდომობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის დროს, 1965 წელს ამოქმედდა პროგრამა Head Startდასაწყისი, რომელიც საშუალებას აძლევდა ღარიბი ოჯახებიდან ბავშვებს  მიეღოთ ადრეული განათლება, სრულფასოვანი კვება, რაც მათი ფიზიკური და ემოციური განვითარებისთვის იყო საჭირო. ეს კი სკოლაში უკეთესი აკადემიური მოსწრების წინაპირობა უნდა გამხდარიყო. პროგრამა იმითაც არის გამორჩეული, რომ განათლებაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი აღმოჩნდა და დღესაც ფუნქციონირებს. მაგალითისათვის, ბევრ შტატში 8 კვირიანი სასკოლო მზაობის საზაფხულო პროგრამები ეხმარება ღარიბი ოჯახებიდან ბავშვებს, ბევრად უფრო წარმატებულად დაიწყონ სწავლა დაწყებით საფეხურზე.

1975 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების უფლებების ადვოკატირება სპეციალური აქტით დაიწყო, რომელმაც საშუალება მისცა მათ სკოლებში ინტეგრაციისთვის. ამ აქტის ძალაში შესვლის შემდეგ სპეციალიზებულ სკოლებში მხოლოდ მძიმე დარღვევების მქონე მოსწავლეები ხვდებოდნენ. მსუბუქი დარღვევების მქონე მოსწავლეებს აღარ აშორებდნენ თანატოლებს და მათთან ერთად სწავლის უფლებას აძლევდნენ.

1983 წელს რეიგანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მან ქვეყანის განათლების მდგომარეობის შეფასება მოითხოვა. მომზადდა და გამოქვეყნდა ანგარიში A Nation at Riskერი საფრთხის წინაშე, ანგარიში მწვავე აღმოჩნდა. წლების მანძილზე ამერიკელი მოსწავლეები მაღალ აკადემიურ შედეგებს ვერ აჩვენებდნენ. 17 წლის მოზარდებში 13%-ს სცდებოდა ფუნქციური წიგნიერების არქონის მაჩვენებელი. ეროვნულ დონეზე ჩატარებულმა ტესტირებამ დაბალი შედეგები  გამოავლინა. SAT-ის ქულებში მათემატიკასა და მეცნიერებებში მაჩვენებლები წლების მანძილზე იკლებდა. სამხედროები წუხდნენ, რომ ჯარისკაცები წაკითხულიდან მარტივ ინსტრუქციებსაც ვერ იგებდნენ.

პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებდნენ მიგრანტები, რომლებიც ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად მიემგზავრებოდნენ. მათი შვილები კი არცთუ იოლად ასიმილირდებოდნენ საზოგადოებაში. გარდა ენის ცოდნის დეფიციტისა, რაც მათთვის აკადემიურ მიღწევებში ბარიერს წარმოადგენდა, პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ მიგრანტთა შვილები მშობლიური ქვეყნებიდან ისე მოდიოდნენ, რომ იქ ხშირად სათანადო განათლებას ვერ იღებდნენ, ან საერთოდ არ დადიოდნენ სკოლებში.

ანგარიში ერთგვარი განგაში იყო, რომ თუკი განათლებაში არაფერი შეიცვლებოდა, ნაკლებად კვალიფიციური, ნაკლებად კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე მოხვედრის შემდეგ, წარმატებულები ვერ იქნებოდნენ და ეკონომიკურ კრიზისსაც კი გამოიწვევდნენ. საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მათთან შედარებით განათლებაში, ეკონომიკაში თუ ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით აშშ-ს უპირატესობა აშკარა იყო. თუმცა გლობალიზაციის ფონზე იმატა კონკურენციამ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა მომძლავრდა, ამავდროულად,  ბიპოლარულ სამყაროს მესამე ცენტრად აზიის ქვეყნები დაემატა. ამ გლობალური ტენდენციების ფონზე საჭირო გახდა განათლების სისტემის ძირეული რეფორმა.

მეტი კრიტერიუმი გახდა საჭირო მოსწავლეების მაჩვენებლების შესაფასებლად და ასევე შტატების ერთმანეთთან შესადარებლად. ეს კი საშუალებას მისცემდა განათლების სისტემას ფედერალური ფული მიზანმიმართულად, საჭიროებების მიხედვით დახარჯულიყო.

განათლების სისტემის რეფორმირებისას ცვლილებები შეეხო სასწავლო წლის ხანგრძლივობას და დღის მანძილზე სკოლებში გატარებულ საათებს. გაზრდილი დრო კი, რეფორმების მესვეურების აზრით, პირდაპირპროპორციულად უნდა ასახულიყო განათლების ხარისხზე.

დიდი ყურადღება დაეთმო ახალ კომპეტენციებზე დაფუძნებულ სტანდარტებს და სტანდარტიზებულ შეფასებებს. მიუხედავად გაზრდილი დაფინანსებისა ათწლეულების მანძილზე  არ ჩანდა მნიშვნელოვანი პროგრესი.

ამ რეფორმის ძირითადი მიღწევა სკოლებში, საგნების სწავლისას, მოსწავლეებისთვის არჩევანის უფლება იყო მათი ინტერესების გათვალისწინებით.

2002 წელს ბუშის ადმინისტრაციამ კონგრესის მხარდაჭერით ახალი K-12 რეფორმა დაიწყო სახელწოდებით No Child Left Behind – არცერთი ჩამორჩენილი ბავშვი. აღნიშნულმა აქტმა სკოლების ანგარიშვალდებულება გაზარდა. ფასდებოდა, თუ რა ისწავლეს და რას მიაღწიეს მოსწავლეებმა. ფედერალური თანხები კონკრეტულ მიმართულებებში – კითხვასა და მათემატიკურ წიგნიერებაში იხარჯებოდა. წინასწარი გათვლებით, მიზნის ასეთი კონცენტრირება სკოლებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას და ფინანსების სამართლიან განკარგვას განაპირობებდა.

სტანდარტზე დაფუძნებული ტესტები ყოველწლიურად ტარდებოდა, მათი შედეგები ფასდებოდა შტატების მიხედვით, ასევე მოსწავლეების ეთნიკური, რასობრივი ნიშნით, ოჯახების შემოსავლების მიხედვით. ასევე მასწავლებლების კვალიფიკაციის ჭრილშიც ხდებოდა მოსწავლეთა შედეგების გაანალიზება. დაწესდა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მათ განათლებაზე, საჭირო გახდა ბაკალავრის დიპლომის გარდა მათი სერტიფიცირება.

ამავე აქტით მასწავლებლები და სკოლები ანგარიშვალდებულები გახდნენ მშობლების თუ საზოგადოების წინაშე.  სკოლები კითხვისა და მათემატიკის წიგნიერების ტესტებში სკოლის შედეგებს ასაჯაროებდნენ. თუმცა ეს მონაცემები სკოლას მხოლოდ ცალმხრივად ახასიათებდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსაც იგივე ტესტების ჩაბარება უწევდათ, რომლებსაც სხვა დანარჩენი მოსწავლეები აბარებდნენ. სწავლება  ნაკლებად იყო ინდივიდუალიზებული.

კონკურენციაზე დაფუძნებულმა შეჯიბრებითობამ, მაღალი რისკის გამოცდებმა სკოლებს მანიპულირებისკენ უბიძგა. შემცირდა საგნები, რომელთაც სკოლის შეფასებისას არავითარი წონა არ ჰქონდათ, მათში ხომ ტესტირება არ ტარდებოდა. ფაქტობრივად, სკოლები მოსწავლეებს  დამოუკიდებელ მსწავლელებად არ ზრდიდნენ, რა დროსაც მათ ინტელექტთან ერთად სოციალურ უნარებს უვითარებდნენ, არამედ კონკურენტუნარიანი შრომის ბაზრისთვის ასწავლიდნენ, ეკონომიკურ აქტივობებში ჩასართავად.

დრომ მაინც მოიტანა აუცილებლობა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიები ჩართულიყო. შესაბამისად, 2002 წლიდან Microsoft-მა, Apple-მა, Cisco-მა და AOL-მა ციფრული წიგნიერების ადვოკატირება დაიწყეს ისეთ საგნებში, როგორებიცაა მათემატიკა, ინგლისური, გეოგრაფია და  მეცნიერებები. ამ საგნებში ბირთვ პროგრამებთან ერთად ახალი 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებაც ხდებოდა.  თუმცა  კითხვა და მათემატიკური წიგნიერება წამყვანი იყო.

მოსწავლეებს კითხვასა და მათემატიკურ წიგნიერებაში ტესტები მესამედან მე-8 კლასის ჩათვლით ყოველწლიურად უტარდებოდათ, საშუალო საფეხურზე კი ერთხელ.  მეცნიერებებში ტესტი ყველა საფეხურზე თითო-თითოჯერ ტარდება. სკოლები ვალდებულები იყვნენ შტატის დონეზე შედგენილი ტესტები გამოეყენებინათ. ალტერნატიული ტესტების შედგენის თუ გამოყენების მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა სტანდარტის შეცვლის შეზღუდვა არ ყოფილა.

ტესტირებებში 2 წლის მანძილზე დაბალი შედეგის შემთხვევაში სკოლას ეძლეოდა საშუალება სასკოლო კურიკულუმისთვის გადაეხედა, გაეზარდა სასწავლო დღის ხანგრძლივობა, მოეხდინა სასკოლო ცხოვრების რეორგანიზაცია. ეს ხდებოდა სკოლის წლიურ პროგრეს-გეგმაზე გადასვლით. აღნიშნული გულისხმობდა, რომ სკოლა საჭიროებდა განვითარებას. მშობელს შეეძლო შვილის გადაყვანა უფრო წარმატებულ სკოლაში. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, თუკი სკოლაში შედეგები არ გაუმჯობესდებოდა,   5 წარუმატებელი წლის შემდეგ მთელი სკოლის რესტრუქტურიზაცია ხდებოდა. ამ შემთხვევაში, სკოლას კერძო ორგანიზაცია იღებდა მართვაში, ან რესურსცენტრის დონეზე მიიღებოდა გადაწყვეტილება მენეჯმენტის ცვლილებაზე. ამის შემდეგ სკოლა ხელახლა იხსნებოდა, ან შესაძლოა გადაკეთებულიყო „ჩარტერ-სკოლად“. ასეთი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების მიუხედავად სკოლებმა პროგრესი ვერ განიცადეს.

ობამას პრეზიდენტობის პერიოდში გადაიხედა არსებული საგანმანათლებლო პოლიტიკა. მომზადდა და 2015 წელს ძალაში შევიდა ახალი რეფორმა Every student succeed – ყველა სტუდენტი წარმატებას აღწევს, რომელიც მოსწავლეებს მეტად შეუწყობდა ხელს წარმატების მიღწევაში მიუხედავად მათი რასის, შემოსავლის, საცხოვრებელი ადგილის, ენის თუ შესაძლებლობებისა.

რეფორმაში, ტესტირების კრიტიკის მიუხედავად, ანგარიშვალდებულების ნაწილში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად, კვლავ ტესტები შეინარჩუნეს. არ შეცვლილა ტესტების სიხშირეც: ტესტები კითხვასა და მათემატიკაში მესამედან მე-8 კლასის ჩათვლით კვლავ ყოველწლიური დარჩა, საშუალო საფეხურზე – ერთხელ. მეცნიერებებში ტესტი ყველა საფეხურზე თითო-თითოჯერ ტარდება. წინა პერიოდისგან განსხვავებით, სკოლა არაა შეზღუდული გამოიყენოს მხოლოდ შტატის მიერ მოწოდებული ტესტი. მათ ეროვნულ დონეზე აღიარებული ტესტების გამოყენების შესაძლებლობაც ეძლევათ. ამავდროულად, მოსწავლეების 1%-თვის ალტერნატიული ტესტების გამოყენებაც ნებადართულია.  შვიდ შტატს დამატებითი დაფინანსება გამოეყო ინოვაციური, კომპეტენციების შესამოწმებელი და პესონალიზებული ტესტების შესაქმნელად.

რაც შეეხება სტანდარტს, მისი ბირთვი შტატის დონეზე განისაზღვრება. ანგარიშვალდებულების ნაწილში კი, კითხვისა და მათემატიკური წიგნიერების გარდა, ყურადღება ექცევა სკოლის დამთავრების მაჩვენებელს, სასკოლო მზაობას, საკურსოებს, სასკოლო კლიმატს და უსაფრთხოებას, გაცდენებს, თუმცა მეტი წონა აკადემიურ ფაქტორს ენიჭება.

მოსწავლეების მიღწევებისთვის აკადემიური ჩამორჩენილობის დაძლევა მათთვის ინდივიდუალიზებული პროგრამებით ხდება. სკოლებს აღარ აქვთ შიში, რომ დაისჯებიან. მათდამი სადამსჯელო ზომების განხორციელების ნაცვლად, რაც შეიძლება სკოლის დახურვის მიზეზიც კი გამხდარიყო, გაიზარდა ასეთი მოწყვლადი სკოლებისთვის ფონდებზე წვდომა. მათ აღნიშნული ფონდებით სპეციალური პროგამების ამუშავება შეუძლიათ, ან  პრობლემების დასაძლევად რომელიმე აღიარებულ პროგრამაში ჩართვა.

შტატი და სკოლების გაერთიანება ვალდებულია მიაქციოს ყურადღება მოსწავლეთა მიერ სკოლის მიტოვების ხარისხს, მოსწავლეების აკადემიურ ჩამორჩენილობას, პროგრამის ხანგრძლივად დაუძლევლობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისადმი არასათანადო მიდგომებს. თუ პრობლემები ადგილზე ვერ დაიძლევა, ამ შემთხვევაში სკოლების მხარდაჭერა გარედან ხდება. შედგენილია სპეციალური პროგრამები კითხვის უნარის, წიგნიერების განსავითარებლად და ამ პროგრამებში მონაწილეობისთვის ფონდებიც ხელმისაწვდომია. განსხვავებული მოსწავლეებისთვის მიდგომები ინდივიდუალიზებულია.

ტესტების შედეგები, ასევე სკოლის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია  საჯაროა. აღნიშნული მონაცემები დამუშავებული უნდა იყოს ეროვნული უმცირესობების, სსსმ და მიგრანტი მოსწავლეების ჭრილში. სწორედ ამ ჯგუფებს მიიჩნევენ საყურადღებოდ, მათთან დამოკიდებლებების შესახებ კი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.

რეფორმისთვის მთავარი ფოკუსი გახდა ერთიანი მიდგომა ბავშვზე, მის მრავალმხრივ განვითარებაზე. შესაცვლელი იყო კვლევებიდან მიღებული შედეგები: მხოლოდ მოსწავლეთა 29% მიიჩნევდა, რომ სკოლები მზრუნველ, წამაქეზებელ გარემოს უქმნიდნენ; 50%-ზე ნაკლები აღნიშნავდა, რომ მათ სოციალური კომპეტენციები და პრობლემების გადაჭრის უნარი ჰქონდათ გამომუშავებული; 30% კი აღნიშნავდა, რომ მათზე ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმის ძალადობა.

აღნიშნული პრობლემები სკოლის  მიტოვების მაღალ ხარისხს განაპირობებდა. განსაკუთრებით საგანგაშო ეს მონაცემები ფერადკანიან მოსწავლეებში იყო.

ბავშვის განვითარების ექვსი ძირითადი მიმართულება მოექცა სკოლების ყურადღების ქვეშ: კოგნიტური, ფსიქოლოგიური, ლინგვისტური, სოციალური, ფიზიკური, და ეთიკური.

კოგნიტური განვითარების გზაზე მოსწავლეებს უვითარებენ უნარებს, იფიქრონ საკუთარი თავისთვის რა არის სარგებლიანი, დაგეგმონ სტრატეგიულად და ეფექტურად გადაჭრან პრობლემები. ცხოვრების მანძილზე მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და როცა ეს საკმარისი არ არის, გაიაზრონ, როდის და ვისგან უნდა მოითხოვონ და მიიღონ დახმარება.

ფსიქოლოგიური განვითარების გზაზე ხდება მოსწავლეთა ხელშეწყობა სოციალურად მისაღები ქცევების ჩამოსაყალიბებლად, ემოციების სამართავად. იდენტობის ფორმირების პროცესში საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, თავდაჯერებულობა  და საკუთარი თავის მიღება ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობას ზრდის. მათ ასწავლიან პასუხისმგებლობის აღებას, რისკის გაწევას, რასაც კეთილგანწყობილი და უსაფრთხო საკლასო გარემოს ფორმირებით აღწევენ.

ლინგვისტური განვითარების გზაზე ენის ცოდნა არის აუცილებელი. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე   კომუნიკაცია სხვადასხვა ჯგუფებთან მნიშვნელოვანია, რისთვისაც წერა, კითხვა, საუბარი გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ ენობრივი კომპეტენცია არის მოსწავლეების წარმატების და პროდუქტიულობის განმსაზღვრელი. საჭიროა იმის გაცნობიერებაც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა, ეთნიკურად მრავალფეროვანი ოჯახებიდან მოდიან, რაც მასწავლებლის მუშაობას ართულებს, რომ მოსწავლეები დაახელოვნოს ენობრივ კომპეტენციებში.

სოციალური განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლეების უნარი დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობები, შეძლონ ურთიერთობა განსხვავებული წარმოშობის მქონე ინდივიდებთან თუ ჯგუფებთან. განუვითაროს თანაგანცდის უნარი და ასწავლოს მათ თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად.

ეთიკური განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია მოსწვლეებს ასწავლონ პატივი სცენ და სამართლიანად მოექცნენ გარშემომყოფებს. ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახადონ ქცევის წესების დაცვა. ამაში კი როლურ მოდელებად მათ ზრდასრულები უნდა ჰყავდნენ.

ფიზიკური განვითარების ხელშესაწყობად სკოლები მოსწავლეებს უფასო კვებას სთავაზობენ, თუმცა ესეც არ მიიჩნევა საკმარისად, მოსწავლეებს უვითარებენ პოზიტიურ დამოკიდებულებას ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი, ასევე ზრუნავენ თვითშეფასების ამაღლებაზე. განსაკუთრებით ზრუნავენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილების მიმღებად ჩამოაყალიბონ, რაც მომავალში მათ სწორ არჩევანს გააკეთებინებს სექსუალურ ქცევაში, ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან და ნიკოტინთან დამოკიდებულებაში.

მსგავსი ჰოლისტური მიდგომის დანერგვისას გასათვალისწინებელია კურიკულუმი, ინსტრუქციები და საკლასო მენეჯმენტი. მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ  განვითარების რომელ სფეროს უწყობენ ხელს და როგორ, რამდენად ფარავენ ყველა მიმართულებას. ამით ისინი საკუთარი სწავლების ეფექტიანობას საზღვრავენ. სკოლები, სადაც მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ეფექტურადაა დანერგილი, ხელს უწყობენ მოსწავლეთა კეთილდღეობას, მათი სასურველი სოციალური ქცევების განვითარებას.

 

რა თქმა უნდა, განზრახვების დონეზე ბევრ ქვეყანას აქვს კარგად გააზრებული სისტემა. ერთია, რას გაცნობენ და კითხულობ აშშ-ს რეფორმებზე, მეორე კი საკუთარი თვალით დანახული და მოსმენილია. ჩვენი 5 კაციანი ჯგუფისთვის აშშ-ს განათლების სისტემის გაცნობა დაიწყო ვაშინგტონიდან, სადაც ფედერალურ დონეზე განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პრაქტიკას გავეცანით. ვაშინგტონშიც, ბალტიმორში, ტულსაში, პორტლანდში, სიეტლსა და ბოსტონში ჩვენს მრავალრიცხოვან კითხვებზე პასუხი იწყებოდა „გააჩნია“-თი, რაც თავდაპირველად გვაოცებდა, თუმცა შემდგომ მივეჩვიეთ და გავაცნობიერეთ, თუ რამდენი თავისუფლება დევს ამ სიტყვაში. ეს ხომ განათლების პოლიტიკის არაერთგვაროვნებაზე და მრავალფეროვნებაზე მიუთითებს, რაც ადგილზეც კარგად ჩანს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და პასუხისმგებლობებიც ამ გადაწყვეტილებების მიმღებებზეა გადანაწილებული.

სკოლებს მნიშვნელოვანწილად სოციალური ფუნქცია აქვთ თავის თავზე აღებული, რითიც ცდილობენ საზოგადოებაში უთანასწორობის შერბილებას. კარგად ჩანს, თუ როგორ ითვალისწინებენ სკოლები სამეზობლოს, თემის ინტერესებს, შესაძლებლობებს და საჭიროებებს. მაგალითად, სკოლა, რომლის მოსწავლეების დიდი ნაწილი შეჭირვებული და მიგრანტების ოჯახებიდანაა, გარდა ადგილზე კვებისა,  დასვენების დღეებზეც  იღებს პასუხისმგებლობას. ასეთ დროს მოსწავლეებს ან თან ატანენ საჭმელს, ან ხანგრძლივი არდადეგების დროს, სკოლას არ ხურავენ და მოსწავლეებს სთავაზობენ როგორც სასწავლო პროგრამებს, ისე საკვებს. ერთ სკოლაში სამრეცხაოც კი გვაჩვენეს, რომელსაც სახლში სათანადო პირობების არმქონე მოსწავლეები იყენებენ.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიგრამტების ოჯახებს, რადგან მათი შვილები ძირითადად ინგლისურს ან არ ფლობენ, ან იმდენად ცუდად იციან, რომ ვერ ახერხებენ აყვნენ სასწავლო ტემპს. ენის შესწავლის სპეციალური კურსების გარდა, მეტ-ნაკლებად ერთნაირი ენის ფობის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგნები ისწავლება გამარტივებული ტერმინოლოგიით. როდესაც ისინი ჩვეულებრივ კლასებში განაწილდებიან, ისინი საკომუნიკაციო ენობრივი კომპეტენციის გარდა, დარგობრივ ენასაც სათანადოდ ფლობდნენ. რა თქმა უნდა, ამ მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებიც ხელმისაწვდომია.

ქვეყნის ისტორიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, გამორჩეულად აღსანიშნია მოსწავლეებისთვის ადრეული ასაკიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სწავლა. ისინი თავდაჯერებულები არიან და ადრევე ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას. აშშ-ს საზოგადოება ხომ სწორედ ძლიერი პიროვნული განვითარებით გამოირჩევა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.acf.hhs.gov/ohs
  2. https://www2.ed.gov/pubs/NatAtRisk/risk.html
  3. https://www2.ed.gov/nclb/landing.jhtml
  4. https://www.understood.org/en/school-learning/your-childs-rights/basics-about-childs-rights/the-difference-between-the-every-student-succeeds-act-and-no-child-left-behind
  5. Richard Van Heertum, Carlos Alberto Torres, Educational Reform in the U.S. in the Past 30 Years: Great Expectations and the Fading American Dream
  6. Linda Darling-Hammond, Channa M. Cook-Harvey, Lisa Flook, Madelin Gardner, Hanna Melnick, With the Whole Child in Mind

 

 

 

ბავშვების თამაშები და თავაზიანობის „ოქროს წესები“

0

თამაშს შესაძლებელს სამართლიანობა და თავაზიანობა ხდის. ბავშვები წესრიგსა და თავაზიანობას თამაშის დროს სწავლობენ.

ავტორი: პიტერ გრეი, ფსიქოლოგიის დოქტორი, მასაჩუსეტსის კოლეჯი, აშშ

ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგმა მარკ ბერკოფმა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა კანიდების (ძაღლისებრთა ოჯახის ცხოველები: მგლები, ძაღლები, კოიოტები, და სხვა) თამაშებზე – წერილის სახელია: „როდესაც ძაღლები თამაშობენ, ისინი თავაზიანობის „ოქროს წესებს“ მისდევენ“. დოქტორი ბერკოფის დაკვირვებები ძაღლისებრთა ოჯახის ცხოველებში არსებულ იმ წესებს ეხება, რომლებსაც კანიდები თამაშის დროს იყენებენ. როგორც ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი პიტერ გრეი წერს, მან „მოიპარა სათაური“ დოქტორი ბერკოფის წერილიდან და ამ მწერლისთვის იგი ოდნავ შეცვალა.

 

თამაში-ბრძოლები ძაღლებსა და ბავშვებში

ძაღლებს შორის თამაში-ჩხუბი (შერკინება, ბრძოლა), ამ სახეობაში გავრცელებული ერთ-ერთი მთავარი თამაშია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ადამიანებზეც, განსაკუთრებით კი ბიჭებზე. დიახ, ბიჭებს უყვართ თამაში-შერკინება ან თამაში-ჭიდაობა. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს, როდესაც ისინი ასეთ თამაშს ხედავენ (ბავშვებში თუ ძაღლებში), შეცდომა მოსდით და თამაში ბრძოლაში ერევათ. შესაბამისად, ხშირია, როცა ისინი ასეთ თამაშში ერევიან და „მორკინალებს“ ერთმანეთისგან აშველებენ… სინამდვილეში კი ასეთი თამაში-ბრძოლები ნამდვილი, აგრესიული ჩხუბის სრულიად საპირისპირო მოვლენა გახლავთ.

ნამდვილი ბრძოლის ან ჩხუბის მიზანი მოწინააღმდეგის დამარცხება, დამორჩილება ან დაზიანება გახლავთ. ბრძოლისას, უნდა შეაჩერო შემტევი ინდივიდი და შეწყვიტო დაპირისპირება. თამაში-ბრძოლის მიზანი კი, ჩხუბის საპირწონედ, საკუთარი თავისა და „ჩხუბში“ პარტნიორის გართობა გახლავთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პარტნიორიც უნდა ერთობოდეს (!) და ასეთი თამაში მასაც უნდა სურდეს, სხვაგვარად თამაში არ გამოვა. ამის უზრუნველსაყოფად ორივე მხარე უნდა ეცადოს, არ დაჩაგროს, არ აწყენონოს და არ ატკინოს მეორეს. რეალური დაპირისპირება და ჩხუბი მტრების შეძენის საწინდარია, თამაში-შერკინება კი – მეგობრების. სწორედ ამ წესებს ეძახის დოქტორი ბერკოფი „თავაზიანობის ოქროს წესებს“. ეს წესები ერთნაირია როგორც ბავშვებისთვის, ისე – ძაღლებისთვის.

წარმოგიდგენთ იმ „ოქროს“ წესებს, რომლებსაც მარკი წერილში აღწერს.  მოგვიანებით მას ადამიანებთან მიმართებაში განვიხილავთ:

  1. ჯერ სთხოვე და მკაფიოდ გააგებინე – მარკი ხაზს უსვამს, რომ ძაღლები ერთმანეთს სიგნალებით ატყობინებენ, რომ თამაში სურთ: ამას ისინი თავის „სათამაშო“ დახრით ასრულებენ და თვალებში უყურებენ თამაშის პოტენციურ პარტნიორს. ამ დროს ძაღლის წინა ფეხები და სხეულის წინა ნაწილი მიწისკენ აქვთ მიმართული, ხოლო უკანა ფეხები – მაღლა აქვს აწეული. როდესაც ორივე ძაღლი ამ „სიგნალს“ შეასრულებს, შეთანხმება მიღწეულია და იგი ნიშნავს: „მოდი ვითამაშოთ!“

სხვა ცხოველებს, თამაშის დაწყებისთვის სხვაგვარი მინიშნებები და სიგნალები აქვთ. პრიმატების უმეტესობისთვის ეს არის სახის გამომეტყველება, რომელსაც relaxed open-mouth display-ს ან play face-ს ეძახიან (მოშვებული ღია პირი ან „სათამაშო სახე“), რაც ადამიანებს შორის ბედნიერი ღიმილის ან სიცილის გამომეტყველებაა. ბავშვები, რა თქმა უნდა, თამაშის სიგნალს ვერბალურად იძლევიან: „მოდი ვითამაშოთ“, თუმცა სიტყვებს, როგორც წესი, კეთილი ღიმილი ან სიცილი ახლავს თან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ამ შეთავაზებას.

 

  1. კარგად მოიქეცი (ანუ იყავი ზრდილობიანი). თამაშის გასაგრძელებლად, თითოეული მოთამაშე ვალდებულია, „მოერგოს“ მეორის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. ძაღლებში, უფრო მსხვილ ან დომინანტურ ცხოველს საკუთარ თავში დომინაციის ტენდენციების ჩახშობა მოუხდება, რადგან დომინანტურობის გამოხატულება ან დომინანტური ქცევა პარტნიორს ან შეაშინებს, ან თამაშის სურვილს გაუქრობს, რაც გართობის დასასრულს ნიშნავს. მსგავსად, ბავშვებში, ყველაზე ძლიერმა და გამოცდილმა ბავშვმა არ უნდა დაჩაგროს პარტნიორი და ტკივილი არ უნდა მიაყენოს მას.

ასეთ ყველა თამაშში, ძაღლებსა თუ ბავშვებში, ყოველი მონაწილე უნდა ეცადოს არ დააზიანოს პარტნიორი-მოთამაშე ან არ ატკინოს მას. ძაღლებში ეს ნიშნავს იმას, რომ კბენა მსუბუქი და უმტკივნეულო იყოს. ბავშვებში კი თამაშზე „მორგება“ ნიშნავს ამ კონკრეტული გართობა/თამაშის მკაფიო და ნათელი წესების დაცვას: აკრძალულია კბენა, ფხოჭნა, ფეხის დარტყმა (თუ ფეხსაცმელებით ხართ), ხელის ძლიერად ჩარტყმა; ჭიდაობისას, თუ პარტნიორს აგდებთ ან მოისვრით, იგი რაიმე რბილზე უნდა დაეცეს და ა.შ.

ამასთან, თამაში ძაღლებსა თუ ბავშვებში, როგორც წესი, მოიცავს რიგითობას. მაგალითად, თამაში-ჭიდაობისას მონაწილეები რიგ-რიგობით დგებიან, ვთქვათ, ჩოქბჯენში, როდესაც ერთის პოზიცია უფრო სუსტია, ხოლო მეორესი – უპირატესი. რეალურ ჩხუბში არც ძაღლი და არც ბავშვი არასოდეს ჩაიყენებს თავს სუსტ მდგომარეობაში.

 

  1. აღიარე, როდესაც ცდები! ხანდახან, გახურებულ თამაშში, ჭიდაობისას თუ ბოქსის ილეთებით ბრძოლისას ბავშვებმა შეიძლება ვერ მოზომოს დაგდების ან დარტყმის ძალა; ძაღლების შემთხვევაში, შესაძლოა ერთმა მეორეს უნებურად მისაღებზე მაგრად უკბინოს. ასეთ სიტუაციაში ძაღლმა შეიძლება დაიწკმუტუნოს, ბავშვმა კი ტირილი მორთოს ან მოწინააღმდეგეს დაემუქროს. თამაშის გასაგრძელებლად, აუცილებელია დროულად მოიხადოთ ბოდიში. ძაღლებში ეს სწრაფი “სათამაშო დახრით“ გამოიხატება, რაც ნიშნავს: „მაპატიე, ეს შემთხვევით მოხდა. მოდი, თამაში გავაგრძელოთ“.

როგორც წესი, დაზარალებული მხარე მალევე იღებს მობოდიშებას – ძაღლებში „სათამაშო დახრით“, ხოლო ადამიანებში მოკლე „კარგით“ ან „ოქეი-ს“ მეშვეობით. ორივე მხარეს თამაშის გაგრძელება სურს, შესაბამისად, ბოდიში და პატიება მალევე მიიღება.

  1. იყავი გულწრფელი. თეორიულად, ძაღლს ან ბავშვს, ორივეს შეუძლია თამაშისა და მობოდიშების სიგნალები არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს და შემდეგ სერიოზულად შეუტიოს მოწინააღმდეგეს, დაკბინოს ან დარტყმით დააზიანოს იგი. მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ძაღლებსაც და ადამიანებსაც თამაში სურთ და ამისთვის ღირებულ სოციალურ უნარებს სწავლობენ. ისინი, ვინც თამაშისას იტყუება, განწირულნი არიან პარტნიორების გარეშე დარჩენისათვის – ისინი ვეღარ იპოვიან თანამოთამაშეს. ამის გამო კი შესაძლოა საგრძნობლად შემცირდეს მათი სოციალური უნარები, რომლებიც მათთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნება საჭირო.

კოიოტების (კოიოტი, Canis latrans – ერთგვარი მოზრდილი ტურაა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობს, ლ.ა.) საველე კვლევისას, დოქტორმა ბეკოფმა აღწერა რამდენიმე ახალგაზრდა კოიოტი, რომლებიც უწესოდ თამაშისათვის ჯოგიდან მოკვეთეს, რაც მარტოობასა და სავარაუდო სიკვდილს ნიშნავს ახალგაზრდა მტაცებელი ცხოველისთვის.

სავარაუდოდ, ის ბავშვები, რომლებიც არაგულწრფელი არიან ბრძოლა-თამაშებისას, სამომავლოდ სოციალურად იზოლირებულ ინდივიდებად ჩამოყალიბდებიან და ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ჩვენ, ადამიანები, მარტო იშვიათად ვაღწევთ წარმატებას.

 

სამართლიანობა ბავშვების თამაშისას

თუ ბავშვების თამაშისთვის შორიდან გიცქერიათ, ალბათ დამეთანხმებით, რომ თამაშისას ბავშვები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან წესების დაცვასა და სამართლიანობას – ხშირად გაიგებთ შემდეგ ფრაზებს: „აუ, ასე არ შეიძლება!“, ან „აუ, ასე არა!“. ამ ფრაზებს არა მხოლოდ ისინი ამბობენ, რომლებსაც მეტ-ნაკლებად უწესოდ მოექცნენ, არამედ ის ბავშვებიც, რომლებიც წესებს არღვევენ.

წესებით თამაში და მათი დაცვა თითქმის ყველა ასაკის ბავშვის თამაშების ნაწილია, 3-4 წლის ასაკის პატარებისაც კი (რომლებიც ფანტაზიურ თამაშებს თამაშობენ და თვითონვე ინაწილებენ სხვადახვა გმირის როლს). იგივე ვრცელდება 12-15 წლის ყმაწვილების თამაშებზეც, რომლებიც უკვე თვითონ აკეთებენ ბურთით თამაშების ორგანიზებას.

1996 წელს ჰანს ფურტი საბავშვო ბაგა-ბაღების ბავშვებზე დაკვირებისას აღნიშნავდა, რომ ბავშვებში თამაშის მთავარი მეტაწესი „თავაზიანობა და წესების დაცვა“ გახლავთ; ეს წესი მოქმედებაშია თამაშის ნებისმიერ ეტაპზე.

არსებობს მარტივი მიზეზი, რის გამოც თამაში სამართლიანი და თავაზიანი უნდა იყოს. სამართლიანობა არ მომდინარეობს რომელიმე მორალური ფილოსოფიიდან ან ღრმად ჩაბუდებული ალტრუიზმიდან. ბავშვები არც ფილოსოფოსები არიან და არც ანგელოზები. იგივე შეიძლება ითქვას ძაღლებზეც. თამაშის სამართლიანობის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მის გარეშე თამაში ვერ შედგება. თამაშისათვის ყველა მონაწილე თანახმა უნდა იყოს მის გაგრძელებაზე და ის ინდივიდი (ან ძაღლი), რომელსაც უსამართლოდ ან არათავაზიანად ექცევიან, უბრალოდ გავა თამაშიდან – მიატოვებს მას.

თამაშებში არსებული თავისუფლებიდან გამომდინარე, თამაშის მიტოვების თავისუფლება (ნებისმიერ მომენტში) ამ სოციალური ინტერაქციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა გახლავთ. თუ ჩვენ ორნი ვთამაშობთ, აუცილებელია ერთმანეთს კარგად მოვექცეთ. სხვაგვარად შენ მიატოვებ ჩემთან თამაშს და მე მარტო დავრჩები. საბოლოოდ, ასეთი გამოცდილების დაგროვების შედეგად, მე ვსწავლობ სამართლიანობასა და თავაზიანობას. როგორც აღვნიშნეთ, თამაშის დატოვების უფლება ერთ-ერთი მთავარი თავისუფლება გახლავთ და იგი ბავშვებს ასწავლის სამრთლიანობას და უკრძალავს უხეშობასა და ჩაგვრას თამაშის დროს, რომელიც თავისუფლებაზე დგას.

 

თამაშის ოქროს წესი

დოქტორი ბერკოფის მიერ ნახსენებმა „ოქროს წესებმა“, რომლებიც მან ძაღლების თამაში-შერკინებებისათვის იხმარა, გამახსენა საკვირაო სკოლაში ნასწავლი „ოქროს წესი“: „როგორც თქვენ გსურთ, გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათეს სახარება, 7:12).

კარგად მახსოვს, ბავშვობაშიც კი გამჩენია შეკითხვა „ოქროს წესის“ შესახებ: რა ხდება, როცა სხვისი სურვილები და საჭიროებები ჩემისგან განსხვავებულია? როდესაც ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიმაღლით, შესაძლებლობებითა და მიდრეკილებებით და ერთად თამაშობენ, ამ დროს შესაძლოა „ოქროს წესი“ საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ყოველმა მოთამაშემ უნდა გაითვალისწინოს მეორის შესაძლებლობები და საჭიროებები, რომლებიც ყოველთვის შეიძლება არ დაემთხვეს თქვენსას. სამართლიანობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ერთნაირად უნდა მოექცეთ. სამართლიანობა ნიშნავს, რომ ყველას მოექცეთ ისე (და გექცევიან), როგორც თამაშის გაგრძელებისთვის იქნება საჭირო.

თამაში-ბრძოლებისას, დიდსა და ძლიერს საშუალება ეძლევა, თავზე გამოსცადოს პატარა და სუსტი მოთამაშის „მთელი ძალით“ დარტყმები, თუმცა საპასუხო შეტევა (ძლიერის მხრიდან), სავარაუდოდ, არ მოეწონება სუსტ მეტოქეს და მას თამაშის გაგრძელებას აღარ ისურვებს. თამაშისას, ბავშვები სწავლობენ განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანების პატივისცემას. სამართლიანობა და თავაზიანობა ყველას თანაბრობიდან კი არ მომდინარეობს, არამედ განსხვავებულობის აღქმიდან და მათი პატივისცემიდან.

„კარგად“ თამაშისათვის (რომელიც სახალისოა, გასართობია და სასიამოვნო გამოცდილებას გაძლევთ) აუცილებელია, როგორღაც „შეაღწიოთ“ სხვის გონებაში და „გამოიცნოთ“ მისი სურვილები. ეს აუცილებელია, რადგან ადამიანმა არასდროს იცის, რა სურს სხვას. საკვირველია, მაგრამ მცირე ასაკის ბავშვებიც კი კარგად ახერხებენ ამას. ეს განსკუთრებული ნიჭი ყოველთვის ჩანს მათი რეგულარული თამაშებისას (ბავშვებს ხომ ძალიან მოსწონთ თამაში!). ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ თამაში, თამაშის წესების დაცვა, სხვებთან ერთად თამაში და თამაშით სიამოვნების მიღება ბავშვებს, როგორც ჩანს, ბევრად უკეთ გამოსდით, ვიდრე ჩვენ, მოზრდილებს, რომლებიც ხშირად არასწორად ვერევით ბავშვების სამყაროში და „ვაფუჭებთ“ მათ თამაშებს.

 

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

წყარო: https://www.psychologytoday.com/us/blog/freedom-learn/201911/when-children-play-they-follow-the-golden-rules-fairness

„ჩერქეზას“ მეთოდი

0

გასული წლის მიწურულს სტუმრად ვეწვიეთ სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანის საჯარო სკოლას. ნანახმა ყველა სტუმარს მოგვიკლა გული. სოფლის ცენტრში უზარმაზარი, მეტ-ნაკლებად კეთილმოწყობილი სასწავლო შენობა დგას, მაგრამ საკლასო ოთახები ცარიელია. სკოლაში, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ 500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, დღეს მხოლოდ 150-მდე ბავშვი ცდილობს საშუალო განათლების ატესტატის მოპოვებას. მიგრაცია ქიზიყის ულამაზესი კუთხის უმძიმეს პრობლემადაც იქცა. დასევდიანებულს მეგონა, რომ ვეღარაფერი გამომიკეთებდა ხასიათს, მაგრამ ჩემი მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, „ჩერქეზამ“ საგნით ბავშვების დაინტერესების შესანიშნავი მეთოდის შესახებ მომიყვა. პედაგოგი მოსწავლეებს მათი საყვარელი კომპოზიციების ტექსტების გარჩევას თხოვს. სიმღერის ტექსტის შინაარსის უბრალო გადმოთარგმნა დავალების შესასრულებლად საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ მოზარდმა ნაწარმოების შექმნის პერიოდი და ავტორის მოტივაციაც შეისწავლოს. შედეგად, ახალგაზრდები უამრავ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემას აღმოაჩენენ ხოლმე. შემდეგ კი მთელი გაკვეთილი სამოქალაქო სფეროში არსებული კონკრეტული დილემის განხილვას ეთმობა.

სახლში დაბრუნებისთანავე ჩემთვის საყვარელ სიმღერებს გადავავლე თვალი. ჩამონათვალში პირველი არეტა ფრანკლინის ნაწარმოებები შემომეფეთა. ის მხოლოდ „სოულის დედოფალი“ და 18 გრემის მფლობელი მუსიკოსი არ ყოფილა. თავისი თითქმის ოთხმოცწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილად იმსახურებდა ღირსეული მოქალაქისა და პატრიოტის საპატიო სახელს.

გავიხსენოთ არეტა ფრანკლინის პირველი საერთაშორისო ჰიტი – „Respect” („პატივისცემა“). კომპოზიციის ავტორმა ოტის რედინგმა თავდაპირველ ტექსტში მთავარ გმირად შრომით გადაღლილი და სამსახურიდან შინ გვიან დაბრუნებული მამაკაცი გამოიყვანა, რომელიც ცოლისგან პატივისცემას მოითხოვს. „სოულის დედოფალმა“ კი მიიჩნია, რომ პატივისცემას მხოლოდ მამაკაცები არ იმსახურებენ. მას სურდა მთელი ქვეყნისთვის შეეხსენებინა, რომ ღირსების განცდა ყველა ადამიანს აქვს, განურჩევლად სქესისა თუ რასობრივი კუთვნილებისა. აქედან გამომდინარე, მღვდლის ოჯახში გაზრდილმა ვარსკვლავმა სიმღერის მისეულ ვარიანტში აქცენტები გადაანაცვლა და ნაწარმოების პროტაგონისტად საკუთარი უფლებებისთვის მტკიცედ მებრძოლი ქალი წარმოაჩინა. მთელ მსოფლიოში პოპულარული მუსიკა ხალხს მხოლოდ „რიტმ ენდ ბლუზის“ სტილით კი არ ხიბლავდა, არამედ მათ თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და თანასწორობის მნიშვნელობასაც შეახსენებდა. პატივისცემა იყო ის, რასაც არეტას სიმღერის დახმარებით დედამიწის ყველა კუთხეში ითხოვდნენ დაჩაგრული და დამონებული საზოგადოებრივი ჯგუფები.

არეტა ფრანკლინი მხოლოდ მუსიკით არ თანაუგრძნობდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობას. მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო დემოკრატიის დამცველებისთვის. „სოულის დედოფალი“ თავად დაჰყვებოდა მარტინ ლუთერ კინგსა და მის მიმდევრებს ქალაქიდან ქალაქში, რათა ემანსიპატორული ბრძოლა ეწარმოებინათ. არეტა უფასო კონცერტებითა და გულუხვი შემოწირულობებით ცდილობდა კიდევ უფრო მეტად გაეძლიერებინა სოციალური სამართლიანობის იდეით გაერთიანებული მოქალაქეები.

არეტა ფრანკლინის მრავალწლიანი ბრძოლა შავკანიანი მოსახლეობისა და ქალების დაქვემდებარებისგან გათავისუფლებისთვის არ დასრულებულა. შრომა დღესაც გრძელდება. თუმცა, შეგვიძლია გავიხსენოთ 2009 წელი, როდესაც უკვე გამოცდილი და საქვეყნოდ აღიარებული მომღერალი კიდევ ერთხელ ავიდა პოლიტიკურ სცენაზე. მარტინ ლუთერ კინგის მოძრაობის მონაწილემ პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმღერა. სიმღერა თემატურად იყო შერჩეული. „ამერიკის“ ტექსტში ავტორი მადლობას უცხადებს ღმერთს თავისუფლების ქვეყნის, შეერთებული შტატების შექმნისათვის და ამასთანავე, მას მიღწეული სიკეთის ზრდასა და საყოველთაო გავრცელებას შესთხოვს. არეტამ მთელ ძველ გვარდიასთან ერთად დიდი საქმის პირველი ეტაპის სიმბოლური დასასრული იზეიმა.

არეტა ფრანკლინი ამერიკელებს ყოველთვის ემახსოვრებათ არა მხოლოდ როგორც შესანიშნავი ავტორ-შემსრულებელი, არამედ როგორც დიდი მოძრაობების შთაგონების წყარო და მტკიცე თანამდგომი.

არ გეკადრება!

0

მე პატარა ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. პატარა ქალაქებს (და ხანდახან დიდ ქალაქებსაც) აქვთ ერთი წესი და ეს წესია – არ გეკადრება!

არ გეკადრება, იმიტომ რომ მამაშენის შვილი ხარ.

არ გეკადრება, იმიტომ რომ შენი ძმის და ხარ.

არ გეკადრება, იმიტომ რომ ბიძაშენის ძმისშვილი ხარ.

არ გეკადრება, იმიტომ რომ პაპაშენის შვილიშვილი ხარ.

არ გეკადრება, იმიტომ რომ შენი ქმრის ცოლი ხარ.

არ გეკადრება, იმიტომ რომ შენი ძმაკაცის დაქალი ხარ.

არ გეკადრება, იმიტომ რომ პატარა ქალაქის სრულიად სამამაკაცეთის მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ახლობელი, ნაცნობი ან არც ისე ნაცნობი ხარ.

და რა თქმა უნდა, არ გეკადრება ის, რაც არ ეკადრებოდა დედაშენს, ბებიაშენს, დეიდაშენს, მამიდაშენს, ბიცოლაშენს, შენს დაქალს, მეზობელ ქალს, ნათესავ ქალს, ახლობელ ქალს, ნაცნობ ქალს, იმიტომ რომ არავინაა დედაშენი, არავინაა ბებიაშენი, არავინაა დეიდაშენი, არავინაა მამიდაშენი, არავინაა ბიცოლაშენი, არავინაა შენი დაქალი და მითუმეტეს არავინაა შენი მეზობელი ქალი და მსგავსნი მისი.

ბავშვობაში, არა – უფრო მოწიფულობისას, ვიცნობდი გოგოს, რომელიც ჩემს პატარა ქალაქში ველოსიპედს იყენებდა ტრანსპორტად და მას ეს არ ეკადრებოდა, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

მე ვმეგობრობდი ერთ ქალთან, რომელზეც ქმარი თითქმის ყოველღამ ძალადობდა, ისიც ყოველღამ მიდიოდა სახლიდან და ეს მას არ ეკადრებოდა, ამიტომაც ბრუნდებოდა ყოველ ჯერზე უკან, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

ბავშვობიდან ვიცნობ ქალს, რომელიც ბევრზე ბევრი წელია სადღაც ჯურღმულში ჩადის ერთი ღერი სიგარეტის მოსაწევად, იმიტომ რომ ჯურღმულს გარეთ ეს მას არ ეკადრება, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

ჩემს ქალაქში იყო ერთი გოგო, რომელიც 9 თვის განმავლობაში მალავდა ჯერ მუცელს და მერე წლების განმავლობაში – შვილს, რადგანაც მას უქმროდ შვილი არ ეკადრებოდა, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

მე მინახავს ქალი, რომელსაც ქმარი ყველას დასანახად ულაწუნებდა სახეში მაშინ, როცა ის თავის აზრს გამოხატავდა და ეს მას არ ეკადრებოდა, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

ბავშვობაში ვიცნობდი გოგოს, რომელსაც იმის გამო ურტყამდნენ, რომ მოკლე კაბები მოსწონდა და ეს მას არ ეკადრებოდა, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

და ვიცნობდი ქალს, რომელიც მასწავლებლად განამწესეს, რადგანაც მას მსახიობობა არაფრით არ ეკადრებოდა, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

მე ასევე ვიცნობდი ქალს, რომელსაც ქმარი არ ჰყავდა, მაგრამ ჰყავდა პარტნიორი და რაკი ეს არ ეკადრებოდა, სანათესაომ მოიძულა, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

ბავშვობაში მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელსაც მამამ დედა მოუკლა, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის დედას რაღაც არ ეკადრებოდა.

ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ – ეს ფრაზა ყველამ ვიცით და ხშირად ვიმეორებთ. ჩემი თაობის ქალები კი მოვდივართ ბავშვობიდან, რომლის მთავარი ფრაზა იყო – არ გეკადრება! და შვილებსაც ალბათ ასე ვზრდით, იმიტომ რომ სხვა ვერაფერი ვისწავლეთ იმ ბავშვობიდან, რომელშიც ქალებს ერთით მეტი ამოსუნთქვაც კი არ ეკადრებოდათ და ეს – იმ ქალებს, რომლებმაც მერე მართლაც „უკადრებელი სიმძიმე“ იკადრეს და ოჯახები გადაარჩინეს სიკვდილისაგან, მაგრამ თავად ვერ გადარჩნენ და ვერც შვილების სიცოცხლე ვერ დაიცვეს მკვლელი ფრაზისაგან – არ გეკადრება, იმიტომ რომ იხ. ზემოთ.

პატარა ქალაქებს აქვთ მეორე წესი, რომელიც პირდაპირი გამოძახილია წესისა – არ გეკადრება! და ამ წესს ჰქვია – სხვისთვის ცხოვრება. სხვისთვის ანუ – ქმრისთვის, მამისთვის, ვაჟიშვილისთვის, ბიძისთვის, ძმაკაცისთვის, ნათესავი კაცისთვის, მეზობელი კაცისთვის და ზოგადად – კაცებისათვის. თუ ქალი ხარ და თუ კაცისთვის არ ცხოვრობ – პატარა ქალაქში არ დაგედგომება, იმიტომ რომ იხ. ზემოთ. თუ ქალი ხარ და კაცისთვის ცხოვრება აღარ გინდა, პატარა ქალაქში შენი ადგილი არ არის, იმიტომ რომ იხ. ზემოთ და იხილეთ ის სინამდვილე, რომელშიც 25 წლის გოგო, მკვიდრი პატარა ქალაქისა, დღეს ყველა იმ ქალის სახელით იბრძვის სიცოცხლისათვის, ვისაც ბრძოლა არ ეკადრება!

კაცები კი, პატარა ქალაქის „დიდი“ კაცები, აუცილებლად გაიხსენებენ ქალთა რიგით დღესასწაულს, შეიკრიბებიან საძმაკაცოებით სადმე პატარა ქალაქის რომელიმე პატარა რესტორანში და დიდი გულმოდგინებით შესვამენ – ყველაზე მშვენიერი, ყველაზე კეთილი, ყველაზე ძვირფასი ქართველი ქალების, უკაცრავად – მანდილოსნების სადღეგრძელოს. მათ გვერდით ალბათ იქნებიან მათი ცოლები, რომლებსაც მერე მეორე დღეს ან იმავე დღეს აუცილებლად შეახსენებენ, რომ იქ, იმ საძმაკაცოს შეკრებაზე ისე ჯდომა, ისე სიცილი, ისე ღიმილი, ისე თქმა, ისე დამწუხრება, ისე ცეკვა, ისე სიმღერა და საერთოდაც ისე არსებობა არ ეკადრებოდათ.

ეს პატარა ქალაქის წესებია და პატარა ქალაქში მცხოვრებ ქალებს მათი დარღვევა არ ეკადრებათ, იმიტომ რომ ქალებს ბრძოლა არ ეკადრებათ – საკუთარი თავისთვის ბრძოლა, თორემ კაცებისა და შვილების გამო ყველაზე უფრო სასტიკ ბრძოლაში გადახვეწილი ქალები დღემდე საყვედურების გარეშე კადრულობენ იმ უკადრებელ სიმძიმეს, რასაც სხვების არსებობისთვის სიკვდილი ჰქვია.

ათენი დიდი ქალაქია. მაგრამ ამ ქალაქში ბევრი პატარა ქალაქის მკვიდრი ცხოვრობს – დროებით, მერე რა რომ ეს სიტყვა – დროებით, უკვე ათწლეულებს ითვლის. ათენში მცხოვრებ პატარა ქალაქელთაგან უმრავლესობა ქალებია. რომელიმე კვირა დღეს, ომონიაზე, ეკლესიასთან თუ გაივლით, აუცილებლად გაიგონებთ ქართულ ლაპარაკს. ესენი ქართველი ქალები არიან, რომლებიც ფულ-ამანათების დაგზავნის მოლევის შემდეგ, დასვენების ერთადერთ დღეს ყველაზე საშინელი და ბნელი უბნის სკვერის სკამზე ატარებენ, რათა იმ პატარა ქალაქებში დატოვებულ ქმრებსა და შვილებს კაფეში ჭიქა ყავაში გადახდილი 1 ევრო არ მოაკლონ, იმიტომ რომ არ ეკადრებათ საკუთარი თავს ერთი ჭიქა ყავა უყიდონ, მაშინ როცა ქმარს ჯიპი აქვს საყიდელი…

პატარა ქალაქებს თავისი წესები აქვთ. ამ წესებში არაფერია თქმული კაცებზე, იმიტომ რომ:

მე არასოდეს შემხვედრია ბავშვობაში ბიჭი, რომელიც ველოსიპედს იყენებდა ტრანსპორტად და მას ეს არ ეკადრებოდა.

მე არასოდეს მინახავს ჩემს ბავშვობაში კაცი, რომელზეც ცოლი ძალადობდა, ის კი სახლიდან მიდიოდა და ეს მას არ ეკადრებოდა.

მე არასოდეს შემხვედრია კაცი, რომელიც ბევრზე ბევრი წელია ჯურღმულში ჩადის სიგარეტის მოსაწევად, იმიტომ რომ ჯურღმულს გარეთ ეს მას არ ეკადრება.

მე არ ვიცნობ კაცს, რომელსაც შვილი საკუთარი ნებითა და სურვილით ჰყავს პარტნიორთან და ამ შვილს მალავს, იმიტომ რომ არ ეკადრება.

მე არასოდეს მინახავს კაცი, რომელსაც ცოლი სახეში ყველას დასანახად ულაწუნებს, იმიტომ რომ საკუთარი აზრის გამოთქმა არ ეკადრება.

მე არასოდეს მინახავს კაცი, რომელსაც სცემდნენ შარვლის ჩაცმის გამო, რადგან არ ეკადრება.

მე არასოდეს მინახავს კაცი, რომელიც მასწავლებლად განამწესეს, იმიტომ რომ მსახიობობა არ ეკადრებოდა.,

მე არასოდეს მინახავს კაცი, რომელიც ქალი პარტნიორის ყოლის გამო ნათესაობამ მოიძულა, იმიტომ რომ არ ეკადრება.

მე არასოდეს არ მყოლია მეგობარი, რომელსაც დედამ მამა მოუკლა, იმიტომ რომ მამას რაღაც არ ეკადრებოდა.

და მე მინახავს უამრავი ქალი, რომელიც ისე ცხოვრობს, როგორც მხოლოდ ქალს ეკადრება – ანუ სხვის გამო, სხვისთვის, სხვისი ცხოვრებით.

მე მინახავს უამრავი ქალი, რომელსაც თავისუფლება სალანძღავი სიტყვა ჰგონია, იმიტომ რომ ასე ასწავლეს – პატარა ქალაქს თავისუფალი ქალი არაფრით ეკადრება.

და სხვათა შორის, არც კაცი არ ეკადრება თავისუფალი. და ეს კაცები, პატარა ქალაქის მკვიდრი, შეჭმუხნული მენტალობის მქონე კაცები – თავადაც მსხვერპლნი საკუთარი გარემოსი, ხვალ აუცილებლად დალევენ იმ „მანდილოსნების“ სადღეგრძელოს, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება არ იკადრეს, სამაგიეროდ იკადრეს მათი, მათთვის, მათ გამო ცხოვრება და სიკვდილი, დიახ, სიკვდილი – რომელშიც ამ წელს უკვე მერვედ გაისმა პატარა ქალაქების მომაკვდინებელი ლოზუნგი – არ გეკადრება!

არ გეკადრება, იმიტომ რომ მამაშენის შვილი ხარ.

არ გეკადრება, იმიტომ რომ შენი ძმის და ხარ.

არ გეკადრება, იმიტომ რომ ბიძაშენის ძმისშვილი ხარ და ასე შემდეგ დაუსრულებლად…

ჟურნალ “მასწავლებლის” 2020 წლის პირველი ნომერი

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2020 წლის პირველი  ნომერი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,  საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

მასწავლებელი#1-2020

სამიზნე ცნება და კომპლექსური დავალება_ მე და საზოგადოება

0

ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებითი საფეხურის თითოეულ საგანში სამიზნე ცნებებსა და მის მკვიდრ წარმოდგენებს საზღვრავს, რომელთა გააზრება-გათავისება მოსწავლემ ქვესაფეხურის ბოლოსთვის უნდა შეძლოს. სკოლისა და მასწავლებლის ამოცანებიც ამ გრძელვადიანი მიზნებიდან მომდინარეობს და პირველი-მეოთხე კლასის ვადაში ნაწევრდება.

ამჯერად კონკრეტული საგნის _ ,,მე და საზოგადოების“ სამიზნე ცნებებსა და მისი გათავისების გზებზე ვსაუბრობთ.  ,,მე და საზოგადოებაში“  III და IV კლასელები 6 სამიზნე ცნებაზე და მათ მკვიდრ წარმოდგენებზე _ საზოგადოება, ინსტიტუცია, დაგეგმვა, ზრუნვა, ცვლილებები, ამბავი, უნდა ვამუშაოთ, ასევე  ექვსი თემის (ჩემი ოჯახი; სკოლა, მეგობრები და თანატოლები; გარემო, რომელშიც ვცხოვრობ; მედია და ინფორმაცია; სად და როგორ ვიღებ განათლებას; მე და ჩემი ქვეყანა;) კონტექსტში;  ანუ თითოეულ თემაში მუშავდება ყველა სამიზნე ცნება  მისი მკვიდრი წარმოდგენებით. მკვიდრი წარმოდგენებით შემოსაზღვრულია სამიზნე ცნების გარკვეული არეალი, რომელიც მოსწავლემ ქვესაფეხურის ბოლოს უნდა  გაითავისოს.

 

სწავლების პროცესში მასწავლებელი მონიტორინგს უწევს მოსწავლის წინსვლას გრძელვადიანი მიზნისკენ. როგორ ითავისებს მოსწავლე სამიზნე ცნებასა და მის მკვიდრ  წარმოდგენებს ამაზე დაკვირვებისთვის და შეფასებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის წლიური პროგრამით კომპლექსური დავალებების გამოყენებაა რეკომენდირებული.

კომპლექსური დავალება გულისხმობს დავალებას, რომელსაც ექნება გარკვეული კონტექსტი და თავისი ამოცანით ორიენტირებული იქნება სამიზნე ცნებაზე, მის რომელსამე ან ყველა მკვიდრ წარმოდგენაზე. დავალების შესრულება მოსწავლისგან სამივე ტიპის ცოდნის  გააქტიურებას უნდა უწყობდეს ხელს და რაც მთავარია, დავალებაში შეფასებით კომპონენტთან ერთად სასწავლო კომპონენტიც უნდა მოიაზრებოდეს.

 

როგორ შევადგინოთ კომპლექსური დავალება, რომ ის იქცეს  მოქნილ და ეფექტურ ინსტრუმენტად განმავითარებელი შეფასებისთვის და სწავლებისთვის?

სამაგალითოდ ავიღოთ სამიზნე ცნება ,,ინსტიტუცია“, როდესაც ის მე-4 კლასში, თემის ,,სად და როგორ ვიღებთ განათლებას“ ფარგლებში მუშავდება.

ეროვნულ სასწავლო გეგმა ამ სამიზნე ცნებასთან დაკავშირებით ასეთ ფორმულირებას გვთავაზობს:  სამიზნე ცნება _ ინსტიტუცია;

მკვიდრი წარმოდგენები:

კონკრეტული დანიშნულების, ფუნქციის მქონე დაწესებულება, რომლის მიზანია ადამიანებსა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა;

ინსტიტუცია უფრო ეფექტურად ზრუნავს ადამიანებზე, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ;

სხვადასხვა ინსტიტუციაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ.

იმის გათვალისწინებით, რომ მესამე კლასში  სამი თემის  (ჩემი ოჯახი; სკოლა, მეგობრები და თანატოლები; გარემო, სადაც ვცხოვრობ;) ფარგლებში, მოსწავლეებს უკვე მოუწიათ მუშაობა, მათ საკმაო ინფორმაცია აქვთ ,,ინსტიტუციის“ სამიზნე ცნებასთან დაკავშირებით. იციან, რომ საჭიროების შემთხვევაში,  მათ ოჯახს დახმარებას უწევს სამედიცინო დახმარება, სახანძრო და ასე შემდეგ. იციან, რომ თავად და მისი მეგობრები, დადიან სკოლაში, რომელიც ასევე ინსტიტუციას წარმოადგენს. მათ თემს ემსახურება სხვადასხვა ადგილობრივი მმართველობის, კომუნალური, სავაჭრო დაწესებულებები  და ასე შემდეგ.

ჩვენი შერჩეული თემის ,,სად და როგორ ვიღებ განათლებას“ ფარგლებში, როცა  ვამუშავებთ სამიზნე ცნება ,,ინსტიტუციას“, ერთ საკითხად შეიძლება მოვიაზროთ ,,მუზეუმი_ განათლების კიდევ ერთი კერა“. ვიწყებთ ფიქრს კომპლექსურ დავალებაზე.  დავუშვათ, შევჩერდით ასეთ კომპლექსურზე : ,,ნახატით ან ციფრულად შექმენი იმ მუზეუმის  სარეკლამო ილუსტრაცია, რომლის ნახვასაც ურჩევდი თანატოლებს. ილუსტრაციას დაურთე სარეკლამო ტექსტი. მასში მოკლედ და გასაგებად ახსენი: რას ურჩევ? რატომ ურჩევ?   რაში გამოადგებათ ამ მუზეუმის ნახვა? რა ცოდნას შეიძენენ/განიმტკიცებენ და როგორ? მუზეუმში ვინ და რა დაეხმარება ამაში?

წარუდგინე მეგობრებს შენი ნამუშევარი, ახსენი, რა და რატომ გააკეთე. შეაფასე შენი დავალება, რას გააუმჯობესებდი? უპასუხე მეგობრების კითხვებს.“

ამ დავალებას მოსწავლეებს სამიზნე ცნებაზე მუშაობის დაწყებისთანავე ვაცნობთ, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია რომელი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან (რა თქმა უნდა განმავითარებელი შეფასებით) და ჰქონდეთ  დრო გააქტიურონ ძალისხმევა საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. კომპლექსური დავალების შესრულებამდე მასწავლებელს მოუწევს დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლებიც ან პირდაპირ კომპლექსური დავალების შესრულების წინაპირობას შექმნის, ან ირიბად დაეხმარება საკითხების გაგება-გააზრებაში. ყველაფერი ერთად კი, სამიზნე ცნების და მკვიდრი წარმოდგენების გათავისებაში შეუწყობს ხელს. ამას  რამდენიმე გაკვეთილი დასჭირდება.

სავარაუდო აქტივობები შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

ა) ვააქტიურებთ წინარე ცოდნას ,,განათლებასთან“, მის საჭიროებასთან დაკავშირებით. შემდეგ გონებრივი იერიშის საშუალებით, ვქმნით ასოციაციურ რუკას ,,მუზეუმი“. ჩამონათვალი აუცილებლად მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ მუზეუმების მარტივი კლასიფიკაცია ( სახლ-მუზეუმი, ხელოვნების, ღია ცის ქვეშ, ქალაქ-მუზეუმი …)

ბ) მოსწავლეებს ვთხოვთ გამოთქვან ვარაუდები, რა კავშირი შეიძლება იყოს განათლებასა და მუზეუმს შორის? ვინიშნავთ ამ ვარაუდებს მოკლედ. (გონებრივი იერიში)

გ)მოსწავლეებს ახალი საკითხზე სააზროვნო პროცესების აღსაძვრელად ვაშველებთ კითხვებს: ბოლოს რომელი მუზეუმი ნახეთ (რეალურად ან ვირტუალურად)? ჩამოთვალეთ ვინ დახვდათ მუზეუმში და რა ნივთები ნახეთ იქ?  მათ ჩამონათვალს ვანაწილებთ  ორ სვეტში_ ,,მუზეუმის თანამშრომლები“ და ,,სამუზეუმე გარემო, ნივთები“.

რა აქვთ საერთო სხვადასხვა მუზეუმებს? (თანამშრომლები, საგამოფენო სივრცე, გამოფენა…)_ ამ კითხვაზე გონებრივი იერიშით, ვაჯამებთ საკითხს და გამოვყოფთ მუზეუმების საერთო მახასიათებლებს.

დ) შემდეგი აქტივობა შეიძლება როლური თამაში იყოს. ფურცელზე ჩამოწერილი გვაქვს მუზეუმის თანამშრომლების ( მეცნიერი, გამოფენის ავტორი, მხატვარი, ექსკურსიამძღოლი, ფონდის მცველი, დარაჯი და ასე შემდეგ), მუზეუმის ატრიბუტების ( დარბაზი, ვიტრინა, საგამოფენო მაგიდა, სტენდი, საინფორმაციო წარწერები, საგამოფენო ნივთები, შთაბეჭდილებების წიგნი) და იმდენი დამთვალიერებელი ( მოსწავლე, მასწავლებელი, სტუდენტი, ადგილობრივი ტურისტი, უცხოელი ტურისტი…), რომ როლი ყველა მოსწავლეს შეხვდეს.

მასწავლებელს შეუძლია თავად მოახდინოს ერთ-ერთი როლის მოდელირება, რომ ამოცანა უფრო ნათელი იყოს. ( მაგალითად: გამარჯობა, მე დარაჯი ვარ, ყოველ ღამე ფხიზლად ვდარაჯობ  მუზეუმს, რომ ბოროტმოქმედებმა, ან ხანძარმა არ დააზიანოს აქაურობა და თქვენ ბევრი საინტერესო რამ ნახოთ… ან: მოგესალმებით, მე განახლებული სტენდი ვარ, იმდენი საინტერესო ამბავი და ფოტო მაქვს თქვენთვის თავმოყრილი, რომ ძალიან მოგეწონებათ და არასდროს დაგავიწყდებათ, მთავარია ყურადღებით გამეცნოთ…)

მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას:  გეძლევათ 3-4 წუთი, რომ მოემზადოთ ბრიფინგისთვის. მუზეუმის თანამშრომლები და მუზეუმის ,,ატრიბუტები“ მოამზადებენ 2-3 წინადადებას, თავიანთ როლზე, ფუნქციაზე. თუ რით და როგორ ეხმარებიან დამთვალიერებლებს ახალი ცოდნის მიღებაში. დამთვალიერებლები კი მოამზადებენ   თითო საინტერესო კითხვას, რომელსაც ,,მუზეუმელებს“ დაუსვამენ.

მერხებს ბრიფინგის შესაბამისად განვალაგებთ. საჭიროა დავიცვათ 1 წუთიანი რეგლამენტი და ისაუბრებს ის, ვისაც ,,მიკროფონი“ გადაეცემა.

ე) საბოლოოდ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აჯამებს აქტივობას: რა გაიგეს ახალი მუზეუმების შესახებ? რა სამუშაო უძღვის წინ სამუზეუმე გამოფენის მოწყობას? ექსპონატის გამოფენას? რა პროფესიის ადამიანები მონაწილეობენ მუზეუმის შექმნაში და ფუნქციონირებაში? როგორია კარგი მუზეუმი? ვინ და როგორ ეხმარება დამთვალიერებელს  ახალი ცოდნის მიღებაში.

ეს შეჯამება სრულდება სამიზნე ცნებასთან და მკვიდრ წარმოდგენებთან კავშირის გამოკვეთით (ყველა ინსტიტუცია ემსახურება ადამიანებს, აქვს სტრუქტურა, მუშაობენ საჭირო პროფესიის ადამიანები, მუდამ ახლედება, უმჯობესდება…).

ვ) ერთი აქტივობა შეიძლება იყოს მცირე პროექტი ,,ჩვენი საყვარელი ნივთების მუზეუმი“. ყველა ბავშვს მოაქვს თავისი საყვარელი ნივთი (სათამაშო, ფოტო, წიგნი, ხელნაკეთი ნივთი, ნახატი და ასე შემდეგ. მოაწყობენ ამ ნივთების ,,მუზეუმს“ და თითოეული მოკლედ ჰყვება ამ ნივთის ამბავს (დასაწყისი, ამბის განვითარება, დასასრული).

ზ)ამ აქტივობის შემდეგ მასწავლებელი წარმართავს დისკუსიას კითხვებზე: რას ემსახურება რეკლამა? როგორი უნდა იყოს კარგი რეკლამა? ერთობლივი მსჯელობით გამოყოფენ სამ კრიტერიუმს:

მიმზიდველად გაფორმებული;

სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული;

აუცილებელი ინფორმაციის შემცველი;

ამ კრიტერიუმების ჩამოყალიბების შემდეგ მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად და ავალებს მშობლებისთვის მოამზადონ ,,მათი საყვარელი ნივთების მუზეუმის“ რეკლამა.

ჯგუფს მუშაობისთვის ეძლევა 10 წუთი. შემდეგ წარმოადგენენ ნამუშევრებს და იმსჯელებენ პასუხობს თუ არა ისინი კრიტერიუმებს.

დასასრულ,  მასწავლებელი კიდევ ერთხელ შეახსენებს კლასს კომპლექსური დავალების პირობას და ეკითხება არიან თუ არა მზად ამ დავალების შესასრულებლად? კიდევ ერთხელ მსჯელობენ ბუნდოვან საკითხებზე და მომავალ გაკვეთილზე, ან სულაც საშინაოდ, ინდივიდუალურად ასრულებენ კომპლექსურ დავალებას.

კომპლექსური დავალების წარდგენის პროცესში, მასწავლებელი აკვირდება, რამდენად აქვს თითოეულს გააზრებული ინსტიტუციის სამიზნე ცნება თავისი მკვიდრი წარმოდგენებით. ამ საკითხის შეჯამებაც სწორედ იგივე მიზანს ემსახურება. შეჯამების დროს ვიხსენებთ თავდაპირველ ვარაუდებს და ვმსჯელობთ, რა გამართლდა და რა შეიცვალა.

მასწავლებელი აკეთებს ჩანიშვნებს მოსწავლეების შესახებ, რა დონეზე აქვს გათავისებული თითოეულს  სამიზნე ცნება და მისი მკვიდრი წარმოდგენები, ეს ეხმარება სწორად დაგეგმოს ამ სამიზნე ცნებაზე მუშაობა შემდეგი თემის ფარგლებში, რომ მოსწავლეებს სუსტი მხარეების დაძლევისთვის შესაბამისი კონტექსტები შეუქმნას.

 

 

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...