ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

სამეცნიერო ფანტასტიკა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

0

რამ შეიძლება გააერთიანოს ლიტერატურა, სამეცნიერო აღმოჩენები, წარმოსახვითი თუ დისტოპიური სამყარო, ენობრივი ექსპერიმენტები და სულისშემძვრელი თავგადასავალი? რასაკვირველია, სამეცნიერო ფანტასტიკამ. ლიტერატურის ეს ჟანრი განურჩევლად უყვართ გამოცდილ, ინტელექტუალურ მკითხველებსა და მათაც, ვისაც ცოტათი ეზარებათ წიგნის კითხვა.

წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარება, ყველა ტიპის მკითხველთან ურთიერთობას გულისხმობს, ეს განსაკუთრებით აუცილებელი და აქტუალური ხდება მაშინ, როცა  სკოლასა და მოსწავლეებს ვეხებით, სადაც სხვადასხვა უნარების განვითარება, წიგნის კითხვისა და ტექსტის გაგების ხელშეწყობა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.

ამიტომაც მგონია, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა, და, ზოგადად ჟანრული ლიტერატურა მასწავლებლის საუკეთესო დამხმარეა.

ქართველი ავტორების ფანტასტიკური ჟანრის წიგნები ალბათ ორ თაროზე მარტივად დაგვეტევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უკვე გვქონდა ქართული ფანტასტიკის რამდენიმე ნიმუში, როგორიცაა, ივანე ყიფიანის „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“ და ალექსანდრე აბაშელის „ქალი სარკეში“ , ჟანრი მაინც ვერ განვითარდა სათანადოდ, საბჭოთა პერიოდში დაწერილი ქართული ფანტასტიკა ერთგვარად ჰგავს ამავე დროის ფანტასტიურ ფილმებს, ანუ, ძირითადად, კაპიტალისტური მტრის კრიტიკისა და საბჭოთა პროპაგანდისთვის გამოიყენება. თუმცა, თუ პროპაგანდისტულ ნაწილს მოვაშორებთ, მშვენიერ სასწავლო რესურსად შეგვიძლია ვაქციოთ. ასეთია, მაგალითად   თამაზ ჭეიშვილის „სირიუსი ანუ იდუმალი სტუმარი“, რომლის პერსონაჟიც დროში მოგზაურობს , დავით აღმაშენებელს ხვდება და დიდგორის ბრძოლას ესწრება. ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილისთვის შესანიშნავი ტექსტია, არ მეთანხმებით?

რამდენიმე საინტერესო ფანტასტიკური ტექსტი თანამედროვე ლიტერატურაშიც მოიძებნება, ნატო დავითაშვილს ჩვენი მოსწავლეები კარგად იცნობენ, როგორც ქართულ ფენტეზის, ლილე იროელის ქრონიკების ავტორს, თუმცა, მისი ახალი წიგნი „დაბრუნება, ადამიანები და სხვები“ ფანტასტიკის ჟანრისაა.  ამ კრებულის ერთ-ერთი მოთხრობა ავტორისა და წიგნის ურთიერთობაზე მოგვითხობს. „მის წინ შავწინწკლებიანი თეთრი პეპელა იჯდა. წამყვანმა ჰკითხა, სად და რატომ აპირებდა გამგზავრებას. პონტიადრემ უპასუხა, რომ გამომცემლობის „წიგნები აფრიკაში“ დაფინანსებით უცხო გალაქტიკების დათვალიერებას, იგივე ლიტერატურულ მივლინებაში გამგზავრებას აპირებს. შემდეგ ზოგადად ისაუბრა მწერლისთვის მოგზაურობის მნიშვნელობაზე, თუ როგორ ეხმარება მწერალს უცხო გარემო ერთი მხრივ, სტილის ჩამოყალიბებაში, და მეორე მხრივ, ამ სტილის ისეთ მეტამორფოზაში, რომ არც ძველი ხიბლი დაიკარგოს და მკითხველმა ახლის სურნელიც იგრძნოს. სწორედ ეს ახალი სურნელის მუდმივი ძიება და პოვნა აქცევს ამბების რიგით შემთხზველს ნამდვილ მწერლად.”

კიდევ ერთი განსაკუთრებული წიგნი, რომელიც შესანიშნავ მწერალს, თეა თოფურიას ეკუთვნის –  „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ერთდროულად ფანტასტიკის ჟანრის და, თანაც ძალიან რეალისტური წიგნია. თანდათან, კითხვისას ხვდები, რომ „სხვა პლანეტა“ სწორედ ჩვენ ვართ, არა მხოლოდ დედამიწა, არამედ უფრო კონკრეტულად, საქართველოც კი. წიგნიერებისა და ეკოლოგიის პრობლემები, ადამიანთა ურთიერთობები და უამრავი ჯადოსნური თავგადასავალი. „გრინკო ერთ რამეში მართალი იყო, ისინი სხვა პლანეტაზე იყვნენ. ეს პლანეტა დედამიწიდან არც კი მოჩანდა. სახელიც არ ერქვა. სახელი ხომ იმისთვისაა, რომ სხვამ დაგიძახოს, კარპასებს კი კარგა ხანს ეგონათ, მთელ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვარსებობთო. მართალია, ბოლო ორი საუკუნე იყო, ასე აღარ ფიქრობდნენ, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხეს და პლანეტას სახელი არ დაარქვეს. სამაგიეროდ, მეზობლები, იქვე, სხვა პლანეტებზე მცხოვრებლები, სრულიად მოურიდებლად ეძახდნენ „გაბრტყელებულ პლანეტას“.

იმ გალაქტიკას, რომელსაც ეს უსახელო, გაბრტყელებული პლანეტა ეკუთვნოდა, გრავიტაციის პრობლემა ჰქონდა. „გრავიტაცია“ უცხო სიტყვაა და როგორც ყველა უცხო სიტყვა, ესეც საკმაოდ რთულ რამეს ნიშნავს – პლანეტის მიზიდულობას. მაგალითად, დედამიწა ჩვენ გვიზიდავს და ამიტომ არ ვლივლივებთ ჰაერში, არც ჩვენი სახლები დაფრინავენ. მაგრამ იქ გრავიტაცია ძალიან სუსტი იყო, ამიტომ სხვადასხვა პლანეტიდან ხალხი ხშირად ცვიოდა და ქვევით მდებარე პლანეტაზე ეცემოდა.“ გაინტერესებთ რა ხდება ამ ბრტყელ პლანეტაზე?  წაიკითხეთ და წააკითხეთ თქვენს მოსწავლეებს, თან საინტერესო გაკვეთილებიც დაგეგმეთ.

 

ვიქტორინის გამოყენება სასწავლო პროცესში

0

წიგნი ,,ჯადოქრის ქუდი’’ ტუვე იანსონს ეკუთვნის, რომელიც ილუსტრაციებითა და სათავგადასავლო ამბებითაა სავსე. თუ თქვენ გადაფურცლავთ მის გვერდებს, შეიტყობთ ძალზედ უცნაურსა და ამავდროულად საინტერესო ამბებს მუმინების ხეობის შესახებ, სადაც ყოველი დღე თავგადასავალია! დიახ, თავგადასავალი, რადგან შესაძლებელია მუმინტროლი მოულოდნელად ღრუბლად გადაიქცეს ან თუნდაც საფრთხობელად! ერთ დღეს აღმოაჩინოს რომ უკაცრიელ კუნძულზეა და ეს ყველაფერი ერთი ჯადოქრის ქუდის დამსახურებაა, რომელიც მუმინტროლმა, სნუსმუმრიკმა და სნიფმა იპოვეს. კითხვის დროს ალბათ ფიქრობდით, რა რთული სახელები აქვთ მუმინების ხეობის მცხოვრებლებს, მაგრამ აქვე გიპასუხებთ, რომ ეს სახელები და მათი უცნაური ამბები ძალიან მოსწონთ ბავშვებს.

წლის განმავლობაში წაკითხულ წიგნებთა რიცხვს, ზაფხულში საკითხავიც მივუმატეთ. ხმათა უმრავლესობით ტუვე იანსონის ,,ჯადოქრის ქუდმა“ გაიმარჯვა. მოსწავლეები რომ წიგნის საკითხავად განმეწყო, გადავწყვიტე, მათთვის შემეთავაზებინა ვიქტორინა. მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ზაფხულის არდადეგების შემდეგ წაკითხული წიგნის განხილვის ერთ-ერთი ფორმა ვიქტორინა იქნებოდა. ასეც  მოვიქეცით.

ვიქტორინის ფორმატი იყო შემდეგი:

  • Power Point-ში ავაწყვე ვიქტორინა, რომელიც შედგებოდა კითხვებისა და სავარაუდო პასუხებისგან. კითხვები იყო როგორც დეტალური, ასევე ზოგადი ხასიათის;
  • შევადგინე ვიქტორინის შეფასების რუბრიკა, რომელიც გავაცანი მოსწავლეებს;
  • შევარჩიე ჟიურის წევრები შეფასების რუბრიკის გამოსაყენებლად;
  • მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად;
  • პროექტორის საშუალების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, წაეკითხათ და ასევე ჩემგან მოესმინათ შეკითხვები. მათ მიერ გაცემულ პასუხებს ჟიურის წევრები აფასებდნენ შეფასების რუბრიკის მიხედვით.

ვიქტორინის განმავლობაში მოსწავლეებმა მოახდინეს წაკითხული ტექსტის ანალიზი. გაიხსენეს ზაფხულში წაკითხული წიგნი, მოახდინეს მიღებული ცოდნის ტრანსფერი. კითხვების გარკვეული ნაწილი ისეთ დეტალებს ეხებოდა, რომლებზე სწორი პასუხიც მაძლევდა იმის საშუალებას, შემეფასებინა, რამდენად გააზრებულად ჰქონდათ მოსწავლეებს წიგნი წაკითხული.

ვიქტორინამ მომცა იმის საშუალება, რომ კითხვის პროცესი მოსწავლეთათვის უფრო საინტერესო გამეხადა, აგრეთვე წიგნის შეჯამების ერთ-ერთი ფორმა მათთვის განსხვავებული და საინტერესო ყოფილიყო.

 

ვიქტორინა სხვადასხვა საგანში

აუცილებელი არ არის სემესტრის ან წლის ბოლოს ჩავატაროთ ზეიმი, რომელიც ზოგიერთ მოსწავლეს მაინცდამაინც არ უყვარს. შეგვიძლია სემესტრი შევაჯამოთ არა სპექტაკლების დადგმითა და ლექსების წარმოთქმით, არამედ შეძენილი ცოდნის დემონსტრირებით.

აქედან გამომდინარე ვიყენებ შემაჯამებელ ვიქტორინას, რომელიც შედგება რამდენიმე საგნისგან. ეს არის ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – საგნები რომლებსაც ვასწავლი, თუმცა შეგვიძლია ჩავრთოთ სხვა საგნის მასწავლებლებიც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ.

  • თითოეულ საგანში დგება სამი კატეგორიის კითხვებს. მარტივს, საშუალოსა და ძლიერს;
  • ვიქტორინას ვყოფ სამ ნაწილად. პირველი, მეორე და მესამე ტური;
  • ჯგუფებს ვაკომპლექტებ ისე, რომ თითოეულს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. (ანუ ყველა ჯგუფშია საშუალო და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები);
  • თითოეულ ტურში, თითო საგანში მოცემულია ათი შეკითხვა. მოსწავლეების შეფასება ხდება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით, რომელიც ჟიურის წევრებს სწორ პასუხებთან ერთად აქვთ;
  • თითოეული შეკითხვა ფასდება სხვადასხვა ქულით, რაც კითხვასთან ერთად გამოდის მონიტორზე;
  • მოსწავლეები წერენ სწორ პასუხს, რომელსაც ისინი დანიშნულ დროში (2 წთ.) პასუხობენ და მიაქვთ ჟიურის წევრებთან;
  • თითოეული ტურის შემდეგ ჟიური აცხადებს გუნდების მიერ დაგროვილ ქულებს;
  • საბოლოოდ გამოვლინდება ერთი გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას, ანუ სწორ პასუხს დააგროვებს.

მოსწავლეებისთვის ვიქტორინა არის ერთ-ერთი მოტივაცია, რომელიც მათ ნასწავლი ცოდნის გამეორებასა და გახსენებას უწყობს ხელს.

ჩემთვის ვიქტორინა არის ერთ-ერთი იმ აქტივობათაგანი, რომელიც ყველაზე კარგად მეხმარება შესწავლილი მასალის გამოვლენა, გახსენებასა თუ გამოყენებაში.

პრობლემების ყუთი

0

2019-2020 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII კლასში, ახალი საგნის – „მოქალაქეობა“- სწავლება დაიწყო. აქამდე სამოქალაქო განათლება მხოლოდ IX-X კლასებს მოიცავდა. ვფიქრობ, საგანი იმსახურებს სათანადო ყურადღებას და გადავწყვიტე მოსწავლეებშიც თავიდანვე აღმეძრა ინტერესი. ამის გაკეთება არ არის მარტივი. საბოლოოდ პრობლემების ყუთს მივანიჭე უპირატესობა. ამ სტატიაში, მოქალაქეობის მასწავლებლებს, მინდა გავუზიარო კონკრეტული აქტივობა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით დასახული ამოცანებისა და მიზნების შესრულებას უწყობს ხელს.

საგნის – „მოქალაქეობა“ – ფარგლებში მოსწავლე ახლოს გაეცნობა საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს; შეისწავლის ლოკალურ, სახელმწიფოებრივ და გლობალურ დონეზე მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს. დამეთანხმებით, XXI საუკუნე უსაზღვრო შესაძლებლობების ხანაა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების ადრეული ასაკიდან დაწყება.

მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტის მიხედვით სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

  • დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აღქმაში;
  • გაუღვიძოს საკუთარი ქვეყნისადმი მზრუნველობის სურვილი;
  • ასწავლოს სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; გააცნობიერებინოს, რომ მას შეუძლია და მართებს საკუთარ ქვეყანაში (თემში/მუნიციპალიტეტში/სახელმწიფოში) პოზიტიური ცვლილებების განხორციელება;
  • გამოუმუშავოს მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობის, კონფლიქტის მართვის, სამეწარმეო და ფინანსური) და ღირებულებები/დამოკიდებულებები (ადამიანის უფლებების, განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა);
  • დაეხმაროს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების გათავისებაში;
  • ჩამოუყალიბოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კულტურა.

საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტი შემაჯამებელი სამოშაოების ფართო არჩევანს გვთავაზობს. მათ შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროექტების შემუშავებასა და მათ განხორციელებას. ყუთის იდეა სწორედ პრობლემის დანახვისა და მისი მოგვარებისკენ უბიძგებს მოსწავლეებს. ამავდროულად მე, როგორც პრაქტიკოს მასწავლებელს მომცა საშუალება პირველივე გაკვეთილზე დამეწყო მე-7 კლასის მოსწავლეებთან პროექტების მიმართულებით მუშაობა.

I ნაბიჯი

მე-7 კლასის მოსწავლეებს საგნის პროგრამისა და მიზნების გაცნობის შემდეგ, ვთხოვე  გადაეხედათ პირველი კარის/თავის შინაარსისთვის და  მოენიშნათ აქტუალური, პრობლემური საკითხები/თემები. შემდეგ გაკვეთილზე საკლასო ოთახის ცენტრში დახვდათ „პრობლემების ყუთი“, რომელშიც მოათავსეს პრობლემები.

 

II ნაბიჯი

საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ გავხსენი ყუთი და დავიწყე შემოსული საკითხების დახარისხება კატეგორიების მიხედვით (გარემოსდაცვთი/ეკოლოგიური, საყოფაცხოვრებო, სოციალური, უფლებები და ა.შ.).

აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსწავლეები, ხშირ შემთხვევაში, იმაზე კარგად ამჩნევენ თემში არსებულ პრობლემებს, ვიდრე ჩვენ. მათ არ მოსწონთ მარნეულში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი,  სიხშირე და აპროტესტებენ კიდეც აღნიშნულს. დაბინძურებული სადარბაზოები და ეზოები, ქუჩაში უპატრონო ცხოველები და ა.შ.  მათთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. რამდენიმე მოსწავლემ ყურადღება გარე განათების არარსებობაზე გაამახვილა.

11-12 წლის ბავშვები აქტიურ მოქალაქებად რომ ვაქციოთ, დიდი შრომაა საჭირო. პრობლემების დანახვა ერთია და მათი მოგვარება მეორე. ამიტომ სასურველია, მათ კარგად გაიაზრონ მონაწილეობის უფლება და ადვოკატირების ინსტრუმენტები.

შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯები იქნება ადვოკატირების ინსტრუმენტების საშუალებების გაცნობა და თემში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ეფექტური კამპანიის ერთობლივად დაგეგმვა. კამპანია ორიენტირებული იქნება თემში არსებული პრობლემის მოგვარებაზე/გადაჭრაზე ან უფლებამოსილი პირების დაინტერესებაზე.

 

დეფორმაცია. დრეკადობის ძალა

0

წინა სტატიებში რამდენჯერმე ვახსენეთ სხეულის დეფორმაციისას აღძრული ძალა და მას დრეკადობის ძალა ვუწოდეთ. ისიც ვთქვით – ამ ძალას უფრო ახლოს მომავალში გავეცნობითო. ახლა სწორედ ამ ძალაზე უნდა ვისაუბროთ. რას ნიშნავს დეფორმაცია? დეფორმაცია არის რაიმე ძალის გავლენით სხეულის ფორმის ან მოცულობის შეცვლა. უფრო ზუსტად კი დეფორმაცია სხეულის ის მდგომარეობაა, როცა მისი სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვანაირად მოძრაობს. (სურ.1).

სურ.1

1-ელ სურათზე თითი   ძალით მოქმედებს ღრუბლის შუა ნაწილზე და შედეგად ეს უბანი წაინაცვლებს ღრუბლის დანარჩენი ნაწილების მიმართ S მანძილზე.

ასეთ მდგომარეობაში მყოფ სხეულს  დეფორმირებული ეწოდება. დეფორმირებულ მდგომარეობაში სხეული სულაც არ იმყოფება მისთვის ბუნებრივ, წონასწორობის მდგომარეობაში. ის თითქოს ამ დროს „შეშფოთებულია“ და ცდილობს დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, სადაც  გაცილებით  „მშვიდად“ გრძნობს თავს. შესაბამისად, დეფორმირებულ ღრუბელში აღიძვრება დრეკადობის ძალა, რომელიც მოქმედებს თითზე და აწვება მას. თითის მოცილების შემდეგ ღრუბელი უბრუნდება საწყის მდგომარეობას, იბრუნებს ფორმას და დრეკადობის ძალაც ისპობა.

ჩვენს მიერ განხილული მაგალითი წარმოადგენს დრეკადი დეფორმაციის შემთხვევას. დრეკადია დეფორმაცია, თუ დეფორმაციის გამომწვევი ძალის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ დეფორმირებული სხეული აღიდგენს ფორმასა და მოცულობას. ასეთ სხეულს კი დრეკადი სხეული ეწოდება.

არსებობს პლასტიკური სხეულიც. ეს ისეთი სხეულია, რომელიც დეფორმაციის გამომწვევი ძალის მოხსნის შემდეგ ფორმას ვეღარ აღიდგენს. მაგალითად, სველი თიხა, პლასტელინის ნაჭერი, ტყვია და ა. შ.

სურ.2

ცხადია, სხეულების ასეთი დაყოფა პირობითია და  აქ გათვალისწინებულია ის ფაქტორი, თუ როგორ იქცევა სხეული ერთი და იმავე გარე ძალის მოქმედების შედეგად –  როგორც დრეკადი თუ როგორც პლასტიკური?

არსებობს ნივთიერებათა კლასი, რომელიც მცირე დეფორმაციის დროს ირღვევა, იმსხვრევა. ასეთ ნივთიერებებს მყიფე ეწოდება. მყიფე სხეულია  მინა, ფაიფური, თუჯი, მარმარილო და ა.შ.

მე-3 სურათზე წარმოდგენილია ტვირთი, რომელიც ღუნავს საყრდენს. ესე იგი, სურათზე საყრდენის დეფორმაცია ღუნვითია.

სურ.3.

თუმცა სხეული შეიძლება განიცდიდეს სხვა სახის დეფორმაციასაც. გარე ძალის მოქმედებით სხეული შეიძლება დაიგრიხოს, გაიჭიმოს, შეიკუმშოს და ა.შ. ამ თვალსაზრისით არსებობს დეფორმაციის შემდეგი სახეები: კუმშვის, ჭიმვის, ძვრის, ღუნვის და გრეხვის (სურ.4).

 

სურ.4

 

 

 

 

ახლა გადავიდეთ დრეკადობის ძალის მათემატიკურად შესწავლაზე. ამ მიზნით თვალსაჩინოებისათვის გამოვიყენოთ ზამბარა (სურ.5).

სურ. 5

მათემატიკურ შესწავლაში ვგულისხმობ დრეკადობის ძალის სხვადასხვა ფიზიკურ სიდიდეზე მათემატიკური დამოკიდებულების დადგენას. ფიზიკა ექსპერიმენტული მეცნიერებაა და შესაბამისად, ამა თუ იმ კანონზომიერების დადგენა უნდა ეფუძნებოდეს  შესაბამისი ექსპერიმენტის შედეგებს. მოცემულ შემთხვევაშიც უნდა გამოვიყენოთ ექსპერიმენტი.  მე-5 სურათზე ზამბარის ერთი ბოლო დამაგრებულია საყრდენზე, ხოლო მეორე ბოლო თავისუფალია. წონასწორობაში მყოფი ზამბარის სიგრძე l0ია. ზამბარაზე იმოქმედეს გარე ძალით და გაჭიმეს. ზამბარა დაგრძელდა x-ით (წანაცვლება, დეფორმაციის სიდიდე) და მისი  სიგრძე გახდა l. დეფორმირებულ ზამბარაში აღიძვრება დრეკადობის ძალა Fდრ, რომელიც მიმართულია x-ის საპირისპიროდ. გაზომვით დგინდება, რომ რამდენჯერაც გაიზრდება x, იმდენჯერ გაიზრდება დრეკადობის ძალის სიდიდე. ესე იგი, დრეკადობის ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული წანაცვლებაზე (x-ზე).

 

დრეკადობის ძალის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანა ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ ჰუკმა. 1670 წელს სწორედ მან დაადგინა (2) კანონზომიერება და მას ჰუკის კანონი დაერქვა: სხეულის (ზამბარის) გაჭიმვისას ან შეკუმშვისას აღძრული დრეკადობის ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულია წანაცვლებისა (x-ის) და მიმართულია მის საპირისპიროდ.

გასათვალისწინებელია, რომ ჰუკის კანონი პლასტიკური სხეულებისთვის არ სრულდება. იგი მართებულია მხოლოდ დრეკადი სხეულებისათვის.

ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით დეფორმაციის მოვლენას და დრეკადი დეფორმაციისას  აღძრულ დრეკადობის ძალას.

 

 

ლიტერატურა

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  4. ილუსტრაციები აღებულია ვებ-გვერდიდან:

https://www.linearmotiontips.com/mechanical-properties-of-materials-stress-and-strain/.

 

 

 

 

 

„ხელოვნური სამოთხის“  ლიტერატურული ანატომია  

0

თანამედროვე გერმანელი მწერლის, იული ცეს რომანი „არწივი და ანგელოზი“ წარმოსახვაში დანტესეული ჯოჯოხეთის სანახებს წამოატივტივებს. რომანის მისტიკურ-ალეგორიული სახელწოდება მკითხველს თავიდანვე განაწყობს სიმბოლურ სახეთა გააზრება-გაშიფვრისაკენ, თუმცა მოლოდინი სულ სხვაგვარად იხსნება. მწერალი რომანში ნარკოტიკებით გამოფიტულ, დაშლილ-განადგურებულ ადამიანებს გვიხატავს, ხოლო ნარკობიზნესს წარმოაჩენს, როგორც კოსმოსური მასშტაბის ობობას, რომელსაც თავის ქსელში მთელი ქვეყნიერება მსხვერპლივით მოუქცევია, შხამავს და უკანასკნელ მაცოცხლებელ სისხლის წვეთებს წოვს.

იული ცეს ევროპაში  სახელგანთქმულ რომანს, ლიტერატურული პრემიებით აღიარებულს, (გერმანიაში 2001წ. გამოიცა), ახლა ქართველი მკითხველიც გაეცნო მაია მირიანაშვილის თარგმანით.  იული ცეს ამ რომანში პოსტმოდერნისტული ესთეტიკითა და მხატვრული ხერხებით წარმოჩენილია ნარკომანთა სულიერ-ზნეობრივი ცხოვრება. ადამიანთა დაშლილი და დასნეულებული სული შიგნიდან არის დანახული და ხელის გულზე გადმოშლილი. რომანის მთხრობელი თვითონ მთავარი გმირია, რომელიც ფრაგმენტულად იხსენებს თავის ცხოვრებას. კოკაინისაგან გაბრუებული მისი ცნობიერება სამყაროსაც  დაშლილს და გაუცხოებულს წარმოაჩენს. მისი ლოგიკა აბსურდულია და ხშირად მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს მოკლებული. ასე რომ, მკითხველი მთხრობელთან ერთად ქანაობს წარსულსა და აწმყოში, რეალობასა და ირეალობაში. რომანში არა მხოლოდ დროული, არამედ სივრცობრივი კონტურებიც წაშლილია, რათა მთელი სამყარო რაღაც ზედროული და ზესივრცული პერსპექტივით დაიხატოს. მიუხედავად რომანის მხატვრული სისტემის ასეთი გარეგანი ქაოსისა, მწერლის ოსტატობის წყალობით, ნელ-ნელა, თხრობისას გამოიკვეთება ფაბულა და სიუჟეტი, დეტექტიური დაძაბულობით აღსავსე  მინიშნებებითა და გადახვევებით. მთავარი გმირისთვის მწერალი ერთგვარ შიზოფრენიულ დისკურსს ირჩევს, ამგვარად უფრო დამაჯერებელს ხდის მის სულიერ გაუწონასწორებულობას და გულწრფელად გვაჯერებს მისი ნაამბობის რეალურობაში. ამგვარმა დისკურსმა ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარების“ გმირის, ბენჯის მიერ აღქმულ-დანახულ-გადმოცემული ამბები გაგვახსენა. იმის მონაყოლშიც ხომ ასე დანაწევრებულად ჩანდა სამყარო, თუმცა არა ნაკლებ ღრმად და მრავალფეროვნად, ვიდრე სრულიად ჯანმრთელის ნაამბობში. იული ცე გვიხატავს, როგორ იქცევა „ღვთის ხატად და მსგავსებად“ შექმნილი ადამიანი ეშმაკის მსხვერპლად, კარგავს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს, თავისუფალ ნებას და სათამაშოდ იქცევა.

რომანის მთავარი გმირი, მაქს მაქსიმილანი, ბავშვობიდანვე მოექცა იმგვარ გარემოში, რომელმაც იგი ნარკომანად აქცია. მისი უახლოესი მეგობრები ნარკომაფიასთან უშუალოდ დაკავშირებულნი იყვნენ. ჯესის მამა ჰერბერტი ბალკანეთში იკვლევდა ნარკოგზებს, შვილები და მათი მეგობრებიც ამ საქმეში ჰყავდა ჩართული. მაქსმა ცხოვრებაში მიაღწია იმას, რომ ერთ ცნობილ იურიდიულ ფირმაში სამართლის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. რომანის ზომიერად ჩახლართული სიუჟეტი მკითხველის ყურადღებას მთლიანად იპყრობს, რადგან იქმნება ინტრიგა და მოლოდინი: ბოლოს და ბოლოს ვინ არიან ეს ადამიანები: მაქსი, ჯესი, სერჟი, როსი, რუფუსი, ჰერბერტი? რადგან რომანში  გმირის მიერ სინამდვილე ისე დანაწევრებულად არის გადმოცემული, რომ წაშლილია ზღვარი სინამდვილესა და წარმოსახულს შორის.

რომანის გმირი თავის თავგადასავალს უყვება ახალგაზრდა სტუდენტ ფსიქოლოგს, კლარას (იმავე, ლიზა მიულერს), რომელიც ნარკომანის ჩანაწერების მიხედვით სადიპლომო შრომასა წერს, თან რადიოგადაცემა მიჰყავს: „უიმედოთათვის, ნიჰილისტებისთვის, მარტოსულებისთვის, ატომის მკვლევრებისთვის, დიქტატორებისთვის და უბრალოდ, ქუჩის უსაქმურებისთვის“. კლარა კასეტებზე იწერს მაქსის თავგადასავალს და ამასობაში მისი ცხოვრების თანამონაწილე ხდება, თვითონაც კოკაინით ბრუვდება. ამან იმ მარტვილთა ქცევა გაგვახსენა, კეთროვანებს რომ უვლიდნენ, გვერდით უწვებოდნენ და სითბოს უნაწილებდნენ. როგორც გაირკვევა, კლარამაც არ იცის, რომ ეს საქმეც დიდი დაკვეთისა და ობობას ხლართის ნაწილია. დამკვეთები კი ყოვლისშემძლე, მსოფლიო მასშტაბის, უმაღლესი დონის ორგანიზაციებში (მათ შორის, გაერო-ში) მოკალათებული ბოსები არიან. მწერლისაგან ამგვარი მინიშნებები მის სითამამეზე მეტყველებს. თვითონ პროფესიით იურისტია და ეტყობა, კარგად არის ჩახედული ამ საქმეებში. რომანში ვენაში საადვოკატო ფირმის ამერიკელი ხელმძღვანელი რუფუსი მაქსს ეუბნება, ჩვენ კეთილშობილური მიზნებისთვის ვიღვწით, ახალი მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად განიარაღების პროექტებზე ვმუშაობთ. გაერთიანებული ერების გარეშე ამ მოლაპარაკებათა გარეშე მსოფლიო ვერ გაძლებდაო. თანაც, ამ საქმეებს ტვირთად მიიჩნევს, რომელსაც ღირსეულად ეზიდება. მაქსი კი აღმოაჩენს, რომ ეს „ღირსეული ტვირთი“ ნარკობიზნესია და მეტი არაფერი. იგი ათასნაირ დოკუმენტზე მუშაობდა, მათ შორის, ევროპისა და აღმოსავლეთის განვითარების საითხებზე. არ იცოდა, რომ ეს ისევ და ისევ ნარკოტიკებით  საქმეში ახალი გზის შექმნას ემსახურებოდა. როცა მიხვდა, გვიან იყო, ის უბრალო მარიონეტად ქცეულიყო სხვათა ხელში. ეჭვი კი ნელ-ნელა გაჩნდა და გაღრმავდა. როდესაც შეფს გაუმხილა სამსახურს თავს ვანებებ, ნარკომანი ვარო, მან უპასუხა, ყველა იურისტი ნარკომანიაო. უფრო მეტიც: „ჩვენთან მომუშავეთა თითქმის ასი პროცენტი ნარკოტიკს იღებსო“. გამოდის, რომ, ე.წ. მშვიდობისმყოფელნი, მსოფლიოში ახალ გზებს კვალავენ ნარკობიზნესისთვის. რომანის ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ მათ ნარკობიზნესისთვის ყველაფერი აქვთ: საინფორმაციო საშუალებები, მისამართთა სიები, სერვერები, საბანკო კავშირები, თუმცა მათ ეს უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, რადგან საჭიროა გაფართოვდეს ნარკოტიკთა გადატანის გზები, უნდა შეიქმნას შუალედური რგოლები,  საზღვარზე უნდა იცოდნენ, რას ატარებენ, აგრეთვე, პარტნიორები უნდა ჰყავდეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე. გამაოგნებელი კი ის არის, რომ ყოველივე ეს ხდებოდა და ხდება აღმოსავლეთის განვითარებისა და ახალი თავისუფლების მოქმედების ზონაში. თანაც, ამისთვის თანხებს იღებენ აღმოსავლეთის განვითარების საერთაშორისო დაცვის ფონდიდან. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამაზრზენ პაროდიად აღიქმება ერთ-ერთი დოკუმენტის ბლანკზე გამოსახული ემბლემა – დაფნის გვირგვინით შემკული მსოფლიო რუკა.

მაქსიც აღმოსავლეთის განვითარების ექსპერტია და გაერთიანებული ევროპის ინსტიტუციონალურ რეფორმაზე მუშაობს. მისი ცხოვრება კი ნელ-ნელა ჭაობს ემსგავსება. თავს კი ისე განიცდის, როგორც ქიმიურ ელემენტებად დაშლილს. საგულისხმოა, რომ გმირის წარმოსახვაში სამყარო დეფორმირდება და თითქოს სილამაზე  ქრება. ბუნება ისევე მახინჯდება, როგორც სული, ამიტომაც არის, რომ „მთვარეც დაფლეთილია“ და ცაზე ცუდის მომასწავებლად არის მიწებებული. ყველგან სიცარიელეა. გმირი განმარტოვდება ყველასგან და საკუთარი თავისგანაც გაუცხოვდება. მაქსი, ჯესი, სერჟი – ესენი აღმოჩნდნენ ბედისგან დაწყევლილნი, ნარკომაფიის ქსელში გახლართულნი. მათი სიმბოლო რომანში ასე გამოიკვეთება – ობობას ქსელში გახლართულ უმწეო ჭიამაიები. საგულისხმოა, რომ თვითონ მაქსიც ცდილობს, ჩასწვდეს თავისი დასნეულებული სულის ხლართებს. იგი თავს აღიქვამს ჭურჭლად, რომელშიც უამრავი მატლი დაფუთფუთებს. მისთვის ყველაფერს დაუკარგავს აზრი, სამსახურსაც, ფულის შოვნის სურვილსაც და ნორმალურად ცხოვრებასაც. მაინც რა იქცა მის ცხოვრებაში ათვლის წერტილად, როდესაც დაიწყო არა გარეთ, არამედ საკუთარ არსებაში ყურება და ჩხრეკა? ეს იყო უმწეო, უსუსური ნარკომანი ახალგაზრდის, ჯესის, მისი ბავშვობის დროინდელი მეგობრის თვითმკვლელობა. მაქსი ჯესის ბოლო დროს უვლიდა და მფარველობდა, თითქოს ამგვარად ცხოვრების ერთგვარი საყრდენი თუ მიზანი მოიპოვა. რაღაც ანგელოზურმა გაიღვიძა მასში, მაგრამ ყველაფერი ერთ დღეს დამთავრდა. ტრაგედიამ გმირი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, მაგრამ, იმავდროულად, დააწყებინა ფიქრი ამ თვითმკვლელობაში საკუთარ დანაშაულზე. ამ ფიქრმა კი, მტანჯველმა და ჯოჯოხეთურმა, ის საბოლოო გამოღვიძებამდე მიიყვანა. ერთბაშად გაუჩნდა იმ სიყალბისაგან  გაღწევის სურვილი, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა.

რომანში დიდი ფსიქოლოგიური სიღრმით არის წარმოჩენილი ადამიანთა სულიერი ცხოვრების უფაქიზესი ნიუანსები. მწერალი ხატავს, როგორ იქცა მაქსის ცხოვრება მექანიკური მოძრაობების ერთობლიობად, რომელთაგან უმთავრესად იქცა კოკაინის მიღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყარომ ფერი, სუნი და სტრუქტურა შეიცვალა. გმირი იმდენად ჩაეფლო შინაგან სიცარიელესა და სიბნელეში, რომ ნატრობს, სულ ღამე იყოს. სიბნელეში უკეთ გრძნობს თავს, ან კიდევ სურს, რომ დღეში მხოლოდ ხუთი წუთი ეღვიძოს, დანარჩენი კი ეძინოს.

რომანის პერსონაჟები თავს დაკარგულებად მიიჩნევენ, „როგორც ფრინველები გადაფრენისას, რომელთაც გეზი დაკარგეს და აღარ იცოდნენ, საით იყო სამხრეთი“. ზოგი ადამიანებსაც კი ვეღარ აღიქვამს, ირგვლივ მხოლოდ ვეფხვებს, ყვითელსა და თეთრ ლომებს ხედავს. ე.ი. ხედავს ადამიანთა დაბინძურებულ, გაველურებულ, გამხეცებულ სულებს. რომანში წარმოჩენილია, რომ თითქმის მთელი ევროპა ნარკობიზნესის გზებითაა დასერილი. ამ გზებზე დახეტიალობენ პერსონაჟები, მშვიდსა თუ ცხელ წერტილებში და  „სიკვდილს“ დაატარებენ თავისთვისაც და სხვებისთვისაც. რომანი ნოველებად არის დაყოფილი, რაც მწერალს შესაძლებლობას აძლევს, ცალკეულ ფრაგმენტებს დამოუკიდებლობა მიანიჭოს და გმირის ცხოვრების ცალკეული დეტალები დასრულებულ სურათებად წარმოგვიდგინოს. მწერალს ევროპა და მთელი სამყარო დაწყლულებად წარმოუდგება, რადგან უამრავი ნარკომანია. მწერალი ამ დამღუპველ მოვლენას კი არ აფასებს, ადამიანებს კი არ განსჯის ან იბრალებს, არამედ უბრალოდ ხატავს მათ სულს. რომანის მთავარი გმირის აზრით, ევროპის დიდი ნაწილი ნარკოტიკებით არის განადგურებული, „ცოცხლად  დარჩენილნი კი წაბილწულნი და აზროვნებადაკარგულნი არიან”.

ჯესის, რომანის ავადმყოფი, ყველაზე უსუსური გმირის, ცნობიერებაში საკუთარი სიცოცხლე, ნარკოტიკებისაგან განადგურებული, ზღაპრული სახეებით იბურება. „პატარაობაში, – ჰყვება ის, – ძალიან ცუდად ვიყავი. ერთმა დიდმა არწივმა რაღაც დიდ სახლში მიმიყვანა, სადაც მოტაცებულ ბავშვებს აგროვებდა. იქ ვიჯექი ფანჯარასთან. ამინდსა და წელიწადის დროებს ვაკვირდებოდი. ზაფხული მეჯავრებოდა. ამდენი ხმაური და ფერი თავს მატკიებდა. ქვემოთ ერთი ასკილის ბუჩქი იდგა. მზის მსგავსი ყვავილები ჰქონდა. ყვავილების ყვითელი ფერი თავისკენ მიმიხმობდა. ზარის წკრიალის მსგავსი ხმა ჰქონდა“. ჯესის ცნობიერებაში ასე ტრანსფორმირდა არწივად საკუთრი მშობელი თუ მთელი სამყარო, რომელმაც იგი ლოკოკინების, თეთრი მგლებისა და ვეფხვების გარემოში ჩაკეტა. ჯესიმ რეალურ გარემოს სწორედ ეს ზღაპრული სამყარო დაუპირისპირა, რათა დაევიწყებინა ის საშინელი ფაქტები, რაც ენახა და განეცადა. ბალკანეთში მის თვალწინ ერთ ტყვე ქალს ყურები დააჭრეს და მერე დახვრიტეს, თვითონ იღებდა მონაწილეობას საქმეში, რაც ლტოლვილებისთვის ნარკოტიკების გადამტანებად გამოყენებას გულისხმობდა. (ლტოლვილებს ნარკოტიკიან პარკებს აყლაპებდნენ). ჯესიმ იცის, რას საქმიანობენ მისი ახლობლები და ეს არის მისთვის ჯოჯოხეთი. მას აწუხებენ „ანგელოზების ენები”, რომლებიც წვიმას მიწაზე ჩამოაქვს. ეს „ენები” ამხელენ იმ სისასტიკეს, რაც ცხოვრებაშია და რისი აღქმაც და გააზრებაც ტანჯვისა და ჭკუიდან შეშლის გარეშე შეუძებელია. ჯესი იმ ნარკოტიკებით ვაჭრობის თვითმხილველი იყო, რომლითაც ფინანსდებოდა სერბიის მხრიდან ბალკანეთის ომი. იგი იყო მოწმე „სერიოზული საერთაშორისო მასშტაბების დანაშაულობებისა“.

რომანის გმირები ხანდახან ცდილობენ დინებიდან ამოსვლას, გათავისუფლებას, როგორც ჯინის ბოთლიდან, მაგრამ ვერ ახერხებენ. ისინი არიან ოცნებამოკლული ბავშვები. რომანის მრავალ საგულისხმო დეტალთაგან ერთს გამოვარჩევ. კლარა ჰყვება, როგორ ოცნებობდა ცხენზე და მშობლებსაც რომ ეგრძნოთ ეს, აივანზე პირსახოცი გაჭიმა და ყოველ დილა-საღამოს საჭმელი მიჰქონდა: „უბედური ბავშვი ვიყავი. მთელი ბავშვობა აივანზე ასე მეკიდა პირსახოცი“. ეს მისი და მისნაირების ცხოვრების მეტაფორაა.

მწერალს სჯერა, რომ  როგორც ჩამქრალი ვარსკვლავების შუქი დღემდე აღწევს  დედამიწამდე, ასევე, სიკვდილის შემდეგ დიდხანს დარჩება ადამიანთა სახეები ამ სამყაროში. რომანის პერსონაჟები ერთმანეთში ირეკლებიან, როგორც სარკეებში. ეს მწერლისთვის საინტერესო ხერხია პერსონაჟთა ხასიათის სხვადასხვა რაკურსით დასახატავად. ისინი ერთმანეთის „გამოცნობას“ ცდილობენ. მწერალი კი მათ სარკეებს ათამაშებს და მკითხველიც ერთვება ამ თამაშში. ის ამ სარკეებში მოულოდნელად საკუთარ თავსაც დალანდავს და მიხვდება, თვითონაც სჭირს ის სიცარიელე, რაც რომანის გმირებს.

რომანის ერთგვარ გასაღებად გვესახება ეპიზოდი, როდესაც გმირი კითხულობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე მიღებულ დოკუმენტს, რომელშიც გამოხატულია ღრმა წუხილი ალბანეთში გაუარესებული მდგომარეობის გამო, მრავალეროვანი თავდაცვითი ძალების შექმნის შესახებ, სადაც კიცხავენ ძალმომრეობის ყოველგვარ ფაქტს. პარალელურად კი მაქსის ცნობიერებაში ტივტივებს სულ სხვა სიტყვები და წინადადებები: „მე პატარა ვარ…. ჩემი გული სუფთაა; დღეს თუ რამე უსამართლობა ჩავიდინე, ნეტა მაღალმა ღმერთმა ვერ შენიშნოს… შენი წყალობა… სისხლი ქრისტესი…. ახლა შეგვიძლია ისევ ცუდის გაკეთება“. ამ ფრაზებმა დოსტოევსკისის გმირები გაგვახსენა, პირჯვარს რომ იწერენ კაცის მოკვლის წინ. სამშვიდობო რეზოლუციები მწერალს ამგვარ ფარისევლობად წარმოუდგება, ერთგვარ „ნებართვებად“ ბოროტ საქმეთათვის, ამ შემთხვევაში, ნარკობობიზნესისთვის.

ასე გაკრთება რომანში ადამიანთა სულებიდან განდევნილი ღვთის რწმენა. მწერალს სჯერა, რომ უზენაესი ყველაფერს ხედავს და არც არავინ დარჩება დაუსჯელი. საგულისხმოა რამდენიმე  ეპიზოდში პერსონაჟთა გულგრილ მზერაში შემთხვევით მოხვედრილი ეკლესიის გუმბათები და მტრედები. ეს ყოველივე გაუცხოებულია მათთვის, რადგან ყველგან ნარკომაფიის ობობას ქსელებია, ესენი შემთხვევით შემოფრენილ ბუზებს ჰგვანან, რომელთა სახეზე აღარც ტკივილი იხატება და აღარც სიხარული. მათ უჩნდებათ სურვილი, დატოვონ დედამიწა და მზის სისტემაში უკეთესი პლანეტა მოძებნონ, სადაც არ იქნება ამდენი ნაგავი და ყველაზე მთავარი – „ინფორმაცია“.

მწერალმა იცის, რომ „ყველა სიმართლე, რომელსაც ჩვენ ბოლოს მივაკვლევთ, ზედაპირზევე ძევს“. ეს სიმართლეა რომანშიც წარმოჩენილი. რომანის ერთ თავს „ბრინჯი და კანტი“ ჰქვია. მაქსი და ჯესი  ბრინჯს ჭამენ და თან კანტს კითხულობენ, ხანდახან ნიცშესაც აყოლებენ. მაქსი აზრსაც მიადევნებს თვალს, ჯესი კი მხოლოდ სიტყვებს ისმენს, შინაარსისაგან დაცლილს. მეტაფორულად, დღევანდელობაში ადგილი არ რჩება სერიოზული განსჯისა და მაღალ მატერიებზე ფიქრისათვის. ყოფიერების ფილოსოფია კუჭიდან იწყება და მის გარშემო ტრიალებს.

მწერლის დაკვირვებით, ადამიანის სული  შეიძლება არწივიც იყოს და ანგელოზიც. ინგლისურად: Eagels and Angels, ან ორივე ერთდროულად. არწივი ძალაუფლების სისასტიკეს განასახიერებს, ანგელოზი კი უმანკოებასა და სისუფთავეს. რომანში გამოიკვეთება ცხოვრების ოქროს წესი: „აიღე ყველაფერი და ბევრი, მაგრამ მარტო ის, რასაც დედაბუნება გვთავაზობს და   არა ნარკოტიკი“. რომანის ერთი პერსონაჟი ამბობს: „ნეტავი ვის რაში ვაინტერესებთ? ჩვენ ერთი ძველი დაწერილი ქაღალდის ფურცლები ვართ“. მწერალს აინტერესებს სწორედ ეს  გადასაყრელად გამზადებული ფურცლები, გულდასმით კითხულობს და მკითხველსაც წააკითხებს ჩვეულებრივი ადამიანების უჩვეულო ისტორიებს, მათ ტკივილს აზიარებს და ამ ტკივილით თითქოს განწმენდს და აამაღლებს.

ერთ ეპიზოდში მაქსი განიცდის თავის მარტოობას, ორმოს თხრისას შემთხვევით ჭიაყელას გადაწყვეტს, მერე ერთად ჩადებს მიწაში, რათა მას „ბედნიერად გაეგრძელებინა სიცოცხლე და მარტო არ ყოფილიყო“. „მე რომ ვინმეს რამდენიმე მაქსად დავეყავი და სიცოცხლის გაგრძელება შემძლებოდა, ალბათ, ბედნიერად ვიცხოვრებდი, ასე მარტო აღარ ვიქნებოდი“. გმირი ცოცხლობს თავისი არსებობის ტკივილიანი მოგონებებით. რომანის ერთ ეპიზოდში კლარა იოცნებებს: „მინდა ტყეში პატარა სახლი მქონდეს და წინ ძეწნები იდგას. მეტი ამ ცხოვრებაში არაფერი მინდა. არასოდეს“. რაზეც მაქსი უპასუხებს: „ჩემო კარგო, ეს ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაში ისეთი უბრალო რამაა, რასაც ვერასოდეს მიიღებ“. ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის ოცნება დაკარგულ სამოთხეზე, რომელსაც ცოდვით დაცემული კაცობრიობა ვეღარასოდეს დაიბრუნებს. ისიც დიდი შეღავათია, რომ ოცნებაში მაინც არის ჩარჩენილი. კლარა ერთგან ამბობს: „ცხოვრება უჩვეულო რამაა. შეჩერდები და მერე ისევ გადადგამ ნაბიჯს, ყოველი შეჩერებისა თუ ნაბიჯის გადადგმაზე ცხოვრებაც გეცვლება“. მწერალი ამ ცხოვრების ცვლილებას გაადევნებს თვალს და ყოველი ადამიანის არსებობის აუცილებლობასა და განუმეორებლობაში გვაჯერებს.

მიუხედავად პირქუში სურათებისა, რომლებითაც სავსეა რომანი, მკითხველს გადარჩენის რწმენა მაინც უჩნდება. ნაწარმოების ბოლო ეპიზოდში წვიმს. სულიერად განადგურებული გმირი საიდუმლო თოთხმეტნიშნა რიცხვის გამხელის ფასად, რომელიც „ტრილიონ დოლარად“ ფასდება,  კლარას სიცოცხლეს გამოისყიდის. მერე თითქმის დედიშობილა გადის წვიმაში, რაღაცის მოლოდინში. წვიმა  გმირის სულის განახლება-განწმენდაზე მიანიშნებს. წყალი ხომ მითოლოგიურ-რელიგიურ ასპექტში სწორედ ახლად შობაზე მიანიშნებს. საგულისხმოა ისიც, რომ მაქსი 33 წლისაა. ასე რომ, მისი ტკივილიანი „ჯვარცმა“ და გამოღვიძება სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნებით იტვირთება. რომანში უდაბნოს ერთი უცნაური ყვავილის შესახებაცაა მოთხრობილი, რომელიც გამოშრობის პერიოდში ყავისფერდება, მიწას განერთხმება და ბიოლოგიურად კვდება, მაგრამ საკმარისია წყალი დაესხას, რომ მაშინვე იფურჩქნება, იზრდება, მწვანდება. ეს არის  იერიქონის ვარდი. მწერალს სჯერა, რომ ნარკოტიკებით გამომშრალი, სიკვდილის პირას მისული ადამიანიც გამოცოცხლდება სიყვარულის  ძალით და აღორძინდება.

ენა, მეტყველება და კომუნიკაცია – დარღვევათა ტიპები და მუშაობის სტრატეგიები (ნაწილი პირველი)

0

შვეიცარიელი ენათმეცნიერის, ფერდინანდ დე სოსიურის თანახმად, ენა ,,იდეათა გამომხატველი ნიშნების სისტემაა”, „მეტყველების სოციალური მომენტია და შედგება წესებისა და სტრუქტურების კოდექსისგან, რომელსაც თითოეული ინდივიდი იმ საზოგადოებისგან იღებს, რომელშიც ცხოვრობს, ისე, რომ ამ წესთა არც გამოგონება და არც შეცვლა არ შეუძლია“. ფერდინანდ დე სოსიურისათვის ენა არსებობდა,  როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობისათვის აუცილებელი და ადამიანის ფსიქიკაში არსებული საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, ამ საშუალების გამოყენება. ამდენად, მან ენა (langage) ენად (langue) და მეტყველებად (parole) გამიჯნა. დღეს ეს გარჩევა ენობრივ სისტემად და მის გამოყენებად (დისკურსად) გაიაზრება.  მაშასადამე, თუ სოსიურის მიხედვით, ენა არის სოციალური ფენომენი, რომელიც ენობრივი სოციუმის (კოლექტივის) ფსიქიკაში არსებობს სისტემის ­­­– გარკვეული   ფონეტიკური თუ გრამატიკული წესებისა და ლექსიკური შედგენილობის სახით და ამ სისტემას ადამიანი იყენებს მეტყველებაში. თანამედროვე ენათმეცნიერებაში ენა, როგორც სისტემა არის ურთიერთობის ის საშუალება, რომელსაც ჩვენს ფსიქიკაში ვატარებთ და ამ სისტემის აქტუალიზაცია არის დისკურსი.

აქამდე მიჩნეული იყო, რომ ენის დაუფლება დაბადებიდან, პირველივე დღეებიდან იწყება გარესამყაროდან, უფროსებისაგან მიღებული ინფორმაციით სახლში, ახლობლებთან, შემდგომში საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ იმ გარემოში, რომელში ცხოვრებაც მას უხდება. თუმცა თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ჩვილებს დაბადებისთანავე რამდენიმე წუთში შეუძლიათ განასხვავონ მშობლიური თუ უცხო ენის ბგერები.  უფრო მეტიც, ისინი ენას დედის მუცელში ყოფნისთანავე ისრუტავენ.

ზოგადად სენსორული და ტვინის მექანიზმი სმენისათვის ნაყოფის ჩასახვიდან 30 კვირის ასაკში ვითარდება, ვაშინგტონში[1] ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ჩვილები მუცელში ყოფნისთანავე უსმენენ დედის საუბარს ორსულობის ბოლო 10 კვირის განმავლობაში და მათი დაბადებისთანავე თვალსაჩინოს ხდება ის, რაც მოისმინეს[2].

ექსპერიმენტის ნახვა შემდეგ ლინკზეა შესაძლებელი:

Babies Learn Language in the Womb

ასე რომ, ბავშვი „სიჩოითგანვე დედისაით“ სწავლობს ენის დაუფლებას, მოსმენით, გამეორებით, დიალოგით, მონოლოგით. ერთი შეხედვით, ეს თითქოს იოლი პროცესია და დიდ  ძალისხმევას არ ითხოვს.  სინამდვილეში ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარებას ხელს უწყობს ორი პირობის არსებობა: ურთიერთქმედება და ინფორმაცია.

მიჩნეულია, რომ ენის კარგი ცოდნა, მეტყველების სწორად დაუფლების უმნიშვნელოვანესი პროცესია. იგი აუცილებელია სოციალური და აკადემიური წარმატებისა და კარგი სწავლისთვის. როგორც წესი, ენა, მეტყველება და კომუნიკაცია მჭირდო კავშირშია და ერთად განიხილება. კომუნიკაცია კი იმთავითვე მოიაზრებს არა მხოლოდ ვერბალურ, ლაპარაკით გადმოცემას აზრის, იდეის, ურთიერთობის, საკუთარი განწყობის, არამედ  ჟესტებს, მიმიკას, წერილობით ენას. Aამიტომ, საჭიროა ვიცოდეთ, რომ, როცა ბავშვი არ ან ვერ ლაპარაკობს, არ ნიშნავს, რომ მოკლებულია საერთოდ კომუნიკაციის უნარს. კომუნიკაციის პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ისეთ ბავშვსაც, რომელსაც არ აქვს გამოხატული მეტყველების დეფიციტი ან ისეთ ადამიანს, რომელსაც გარკვეული მიზეზებით უბრალოდ უჭირს სოციალური კონტაქტის დამყარება.

P პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ბავშვებს მეტყველების არაერთგვაროვანი დარღვევებით, რომელთაც განსხვავებული ხასიათი და აღმოცენების მიზეზები აქვთ.

მეტყველების დარღვევათა უკეთ შესწავლისათვის, საჭიროა ვიცოდეთ, რომ მეტყველების პროცესის ნორმალურ ჩამოყალიბებასა და განხორციელებას ხელს უწყობს სენსორული და ფსიქიკური ფუნქციების განვითარება, სამეტყველო ორგანოების სწორად ჩამოყალიბება და მათი ურთიერთშეთანხმებული მუშაობა.Aამას კი უზრუნველყოფს თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში მდებარე ორი ძირითადი ცენტრი: ბროკასა და ვერნიკეს არეალები.

ვერნიკეს არე[3] უზრუნველყოფს გარედან შემოსული ინფორმაციის აღქმა-გაგებას, ინფორმაციის გადამუშავებას.  B

   ბროკას არე[4] კი ადამიანს ეხმარება, სამეტყველო ორგანოების მოტორული ფუნქციონირება აკონტროლოს და ვერბალურად, სიტყვიერად გადმოგვცეს სურვილი, აზრი.

ცნობილია, რომ ამ ცენტრების უშუალო დაზიანება ან ახლო მდებარე უბნების დაზიანება, არასწორად ჩამოყალიბება იწვევს სხვადასხვა სახის სამეტყველო დარღვევას, რომლებიც განსხვავებული სახითა და ხარისხით ვლინდება. მნიშვნელოვანია ამ დროს დაზიანების პერიოდი, რადგან რაც ადრეულ პერიოდში (პრენატალური ანუ მუცლადყოფნა, პერინატალური ანუ სამშობიარო, და პოსტნატალური ანუ დაბადებიდან 3 წლამდე) მოხდება დაზიანება, მეტყველების დარღვევაც რთული ხარისხით ვლინდება.

Mმეტყველების ნებისმიერი სახის დარღვევისას ირღვევა ყველა შემთხვევაში გარემოსთან ენის საშუალებით კომუნიკაცია.

 

სამეცნიერო ლიტერატურაში დღესდღეობით იკვეთება შემდეგი მეტყველების დარღვევის ძირითადი ფორმები:

  • ექსპრესიული მეტყველების დარღვევა _ განვითარების სპეციფიკური დარღვევა, რომლის დროსაც აზრის, გრძნობის გამოხატვისა და მეტყველების გამოყენების უნარი არ შეესაბამება გონებრივ ასაკს და უფრო დაბალ დონეზეა, მაშინ როცა ამ დროს, მიმართული მეტყველების გაგება ნორმაშია.

   ექსპრესიული მეტყველების დარღვევა ვლინდება:

  • ლექსიკური მარაგის სიმწირეში;
  • შესაბამისი სიტყვების მოძიების სირთულეში;
  • შემოკლებული წინადადებების გამოყენებაში;
  • წინადადებების სტრუქტურის არასწორად აწყობაში;
  • სინტაქსურ შეცდომებში (განსაკუთრებით სიტყვასა და წინადადებებში დაბოლოებისა და თავსართების გამოტოვება);
  • გრამატიკულ შეცდომებში (წინდებულების, ნაცვალსახელების გამოტოვება; ზმნების შეცდომით უღლება ან არსებითი სახელების სწორად ბრუნვა);
  • შეიძლება მოხდეს გრამატიკული წესების არასწორად გამოყენება;
  • მეტყველების მოქნილობის დარღვევა და წარსულში მომხდარი სიტუაციის მოყოლისას მოვლენათა თანამიმდევრობის აღდგენის სირთულეები;
  • ხშირია აგრეთვე არტიკულაციური პრობლემებიც.

Eექსპრესიული მეტყველების დარღვევა შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა სიძნელით:

1.Pპრაგმატიზმი და პრაგმატული სირთულე[5]

პრაგმატიზმი კომუნიკაციის  ყველა გამოვლინების მთავარ საფუძვლად მიიჩნევა. იგი უკავშირდება სამეტყველო ენის გამოყენებას: საუბრის დაწყებას, წარმართვასა და დასრულებას. აქ მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს, რამდენად განვითარებულია ბავშვის:

  • სამეტყველო მექანიზნები. Mმაგ: მსჯელობა თემის ირგვლივ, თემის გარკვევა, რაზე ვსაუბრობთ, თემის შეცვლა და  შემდგომი მსჯელობები. E
  • გარემომცველი სიტუაცია, რომელშიც მიმდინარეობს საუბარი. Aაქ მთავარია იმის გარკვევაა, როცა ბავშვი საუბრობს, როგორია მისი საუბარი და რაზეა დამოკიდებული იმ მომენტში, იქ მყოფ გარემოზე, სადაც საუბრობს, თუ საუბარი მიდის კონკრეტულ თემიდან გამომდინარე.
  • პრაგმატული დარღვევის დროს ბავშვის მეტყველება შეიძლება იყოს გრამატიკულად გამართული, მაგრამ იმ დროს არ შეესაბამებოდეს ადეკვატურად სიტუაციას, სოციალურ კონტექსტს. ბავშვს უჭირს საუბრისას იმ თემას მიჰყვეს, რაზეც იმ დროს საუბრობენ; უჭირს გამოიყენოს ასევე საუბარში ზრდილობიანი ფორმები, ჟესტი ან მიმიკა.
  1. ფონოლოგია და ფონოლოგიური სიძნელე

ფონოლოგია _ გულისხმობს ბგერათა წარმოთქმას და მათ სიტყვებად კომბინირების წესებს. ფონოლოგიური სირთულეები ვლინდება:

  • არტიკულაციის გაძნელებაში;
  • მსგავსი ბგერების გამოთქმის სირთულეში;
  • ხშირია სიტყვაში ბგერის გამოტოვება, ჩანაცვლება, შემოკლება.
  1. 3. მორფოლოგია და მორფოლოგიური სიძნელე.M

მორფოლოგია გულისხმობს მორფემების საშუალებით სიტყვების ჩამოყალიბებას. მორფემა არის უმცირესი ნაწილაკი, რომელიც ცვლის სიტყვის მნიშვნელობას. მორფოლოგიური სირთულეები ვლინდება:

  • სუფიქსების, პრეფიქსების და სხვა ნაწილაკების სწორად გამოყენებაში.
  • მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის, ზმნის დროების (ახლანდდელი, წარსული, მომავალი), ზმნის ფორმების; ბრუნვების გამოყენებაში.
  1. სემანტიკა და სემანტიკური სირთულე

გამოიხატება სიტყვისა და წინადადებების მნიშვნელობის გაგებაში, კერძოდ::

  • ყოველ სიტყვას აქვს თავისი მნიშვნელობა. თუმცა ზოგჯერ ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობით ვიხმაროთ. Mმაგ: გინდა თამაში? ეს თამაში რთულია თუ იოლი შენთვის?
  • წინადადებებში კი ერთი მთლიანი, დასრულებული აზრი გადმოიცემა.
  • მნიშვნელობა ასევე შეიძლება გადმოიცეს აბზაცში, საუბარში, წიგნებში, თამაშებში და სხვა.
  • სემანტიკური სირთულე _ შეიძლება გამოიხატოს მწირ ლექსიკურ მარაგში.
  • ომონიმების, სინონიმების, ფრაზეოლოგიზმების და სიტყვებს შორის მნიშვნელობის ჩაწვდომაში.

 

  1. სინტაქსი და სინტაქსური პრობლება გულისხმობს სიტყვების ერთმანეთთან სწორად დაკავშირების წესებს; სინტაქსი აერთიანებს სემანტიკასა და პრაგმატიკას. გრამატიკულად სწორი კონსტრუქციების გამოყენებას: კითხვითი ფორმის, დროების, რთული წინადადებებისა და სხვა ფორმულირებებს.

 

  1. მოქნილობის პრობლემა _ ეს გამოიხატება ნორმალური და დაწყობილი საუბრის გართულებაში. Eამაში შედის მეტყველების დარღვევის სახეები: ენაბორძიკობა (ენაბლუობა) და უწესრიგო მეტყველება.

მეტყველების დარღვევის სხვა ფორმებზე მომდევნო წერილში ვისაუბრებთ.

 

[1] Institute for Learning & Brain Sciences

[2]

[3] ვერნიკეს არე, როგორც წესი, მდებარეობს დომინანტური ნახევარსფეროს ზემო საფეთქლის ხვეულას უკანა მხარეს (ბროდმენის უბანი 22). მისი ზოგიერთი განშტოება ვრცელდება ლატერალური ღარის უკანა ნაწილზე, თხემის წილში.

ვერნიკეს არე მარცხენა ნახევარსფეროში, აუდიტორულ და ვიზუალურ ქერქს შორის მდებარეობს. რეცეპტული მეტყველება კი ტრადიციულად ზემო საფეთქლის ხვეულას (STG) უკანა ნაწილში მდებარე ვერნიკეს არესთან და მასთან მდებარე უბნებთან ასოცირდება. მეტყველების აღქმის თანამედროვე მოდელებში ვერნიკეს არეს დიდი ნაწილთან ერთად შედის ზურგისმიერი ნაკადიც, რომელიც მოიცავს ასევე მეტყვლების მოტორულ პროცესირებაში ჩართულ უბნებს.[6]

ვერნიკეს არე პირველად 1874 წელს კარლ ვერნიკემ აღმოაჩინა. მისი მთავარი ფუნქციაა ენის გაგება და გამართული იდეების გადმოცემის უნარის არსებობა, იქნება ეს ხმოვანი, წერილობითი თუ ჟესტებით ნაჩვენები ენა.[2]

[4] ბროკას არე მდებარეობს მარცხენა შუბლის ნაწილში, შუბლის მესამე ხვეულის უკანა მესამედში ტუჩების, ენის, სახისა და ხორხის მოძრაობაზე პასუხისმგებელი პირველადი მოტორული ქერქის წინ. ამ არეს დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ენის პროდუქციის დარღვევა, რაც ნაწილობრივ ენის გაგების სირთულესაც განაპირობებს. აღნიშნულ დარღვევას ბროკას აფაზიას/ მოტორულ აფაზიას/ ექსპრესიულ აფაზიას/ ეფერენტულ-მოტორულ აფაზიას უწოდებენ. ბროკას არე პირველად აღწერა ფრანგმა ქირურგმა პოლ ბროკამ 1861 წელს და აღმოაჩინა, რომ თავის ტვინის ეს უბანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მეტყველების არტიკულაციაში.

 

 

[5] https://mastsavlebeli.ge/?p=12669

ადამიანები შემოდგომიდან. I ნაწილი

0

შეიძლება ყოფნა ჯობდეს ასეც – ცხოვრობდე სადმე, ასე სექტემბრის მიწურულს, შენ და რამდენიმე თაგვი – ზოგი სარდაფში და ზოგი სხვენში. ოღონდ ეს თაგვები ცხოვრობდნენ შენს სახლში და მხოლოდ შენი მისვლისას იწყებდნენ სირბილს. შენ კი სტუმრად იყო და იმ თაგვებზე ფიქრობდე ხოლმე, ასე, ყოველი მესამე ჭიქისას. აგერ ხუთი კომლის გადაღმა იყო, გეცვას კისერთან მორღვეული პულოვერი, სკამზე გეკიდოს წვიმით სავსე ბუშლატა და გვიანამდე იჯდე სტოლში, სვამდე მჟავე ადესას და სახეში უყურებდე მთვრალ მეზობლებს. და მეზობლები გიყურებდნენ თვალებში. და ამბობდეთ სისულელეს, სისულელეს და კიდევ უფრო მეტ სისულელეს. აბა, რა სჯობს სისულელის ლაპარაკს? გაუზომავ, უფიქრო სიტყვებს. დაფიქრებით მხოლოდ თაგვებზე ფიქრობდე, ისიც სამ ჭიქაში ერთხელ. და მერე ადგე და წამოხვიდე ბანცალით. და მიხვიდე სახლში. შეაღო კარი და დატოვო ღია. დაწვე. და ცალი თვალით გახედო ცას, რომელიც თხელია და მთვარით. და შორს შავი ღრუბლის მონარჩენით. ძაღლი უნდა ყეფდეს შორს და სხვათაშორის. შორს და აუცილებლად. და შენ გრძნობდე რომ ხვალ არ არსებობს. რომ არსებობს მხოლოდ დღეს და არსებობს მხოლოდ ეს ღამე. მხოლოდ სექტემბრის მიწურული. და რამდენიმე თაგვი.

 

ადრე გრძელი წერილებით, თვიური გეგმას რომ მიმხელდა და ახლა რაც ტელეფონის საქმეს დაუფლა, მესიჯებით, დედაჩემისგან, სხვა შეტყობინებათა შორის, მომდის ამგვარიც: ,,დღეს მძიმე დღეა, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე, იცოდე, ხორცი არ შეჭამო”
მე წესების ზედმიწევნით მიმდევარი მორწმუნე კაცი ვერ გახლავართ, მაგრამ ამ დავალებას სულ ვასრულებ. სხვა არაფერი შევასრულე, ძალიან არ ვგავარ იმ გიორგის, რაც დედაჩემს წარმოედგინა.
არც მძაფრი სიუჟეტითაა ეს მოკლე ამბავი რაც მოგითხრეთ, არც სოფლის სცენების სურათებით სავსე და არც სხვა რამ მსგავსით, მაგრამ თქვენც იცით, რომ არის რაღაც დიდი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი და სწორედ იმას წერ ყველაზე მშრალად და ბანალურად. სხვანაირად ვერ გამოდის.

 

ერთი რონკა ოტკა. ახლა არის ეს დრო, ზუსტად ეს დრო. ჭიშკართან მოდის და გიყურებს. ანზორიე. დილის ამინდს ცოტა აჟრჟოლებს ტანში, სულ ცოტა, გასაძლებად – როგორც ზაფხულის უცებ აგრილებულ საღამოებისას აივანზე შემორჩინილ პატარა ბავშვებს – სექტემბრის დასაწყისია. ჰოდა, ანზორიე დგას ჭიშკართან, როგორც შემოდგომის მეტაფორა. იმ შემოდგომის არა, სასკოლო წიგნებში რომ ხატავენ – ოქროსფერის, ყურძნის მზემაძღარი მტევნებით, კომბაინებით, რბილად დაღლილსახიანი, მომღიმარი გლეხებით და წითელზურგა ფოთლებით ქარში. არა. ანზორი სულ სხვა და ნამდვილი შემოდგომაა. ის შემოდგომა, რომელიც ამ ლამაზ ნახატებს მიღმა დგება სოფელში. ეს შემოდგომა გაღვიძებისთანავე სვამს ერთ რონკა ოტკას და ოდნავ ამღვრეულად უყურებს ყველაფერს.

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების  ასპექტები. II ნაწილი

0

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია შეფასების კომპონენტის დახვეწა. ამ მიმართულებით, თანამედროვე მიდგომით, ინტენსიურად გამოიყენება შეფასების რუბრიკები, როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასების დროს. თუმცა, თუ ვსაუბრობთ მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომაზე, განმავითარებელი შეფასების რუბრიკები უთუოდ უნდა განვიხილოთ, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და მოსწავლის შედეგების გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

სუზან ბრუკჰარტი თავის წიგნში „როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები“ გვთავაზობს რუბრიკის შემდეგ განმარტებას: „რუბრიკა არის მოსწავლის მუშაობის შესაფასებელი კრიტერიუმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს მოსწავლის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხის დონის აღწერას თითოეული კრიტერიუმის მიხედვით“ (Brookheart, 2013, p.4).

მასწავლებელთა დამხმარე ლიტერატურაში (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008) აღწერილია, რომ რუბრიკის შექმნისას მასწავლებელი კარგად უნდა დაფიქრდეს, ერთი მხრივ, კრიტერიუმებზე, რომლითაც სურს მოსწავლის ნაშრომის ან ქმედების შეფასება და მეორე მხრივ, უნდა განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს მახასიათებლები, თუ რა ჩაითვლება სამუშაოს შესრულების ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ მაჩვენებლად.

მოსწავლის ნამუშევარი შესაძლოა ერთიანად შეფასდეს, რისთვისაც მასწავლებელი გამოიყენებს რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმს. ასევე, შესაძლებელია მოსწავლის ნაშრომის უფრო დეტალურად გაანალიზება და მისი შეფასება ცალ-ცალკე ჩაშლილი კრიტერიუმების მიხედვით. შეფასების რუბრიკა არის შეფასების ერთგვარი მატრიცა, რომელიც სასარგებლოა  მოსწავლისათვის. ის ზუსტად ხვდება, რას მოელის მასწავლებელი მისგან, როგორ უნდა შეისწავლოს საკითხი და როგორ უნდა შეაფასოს საკუთარი ცოდნა დამოუკიდებლად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური და თვითრეგულირებადი სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ამასთანავე, შეფასების რუბრიკის გამოყენება მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას სრული წარმოდგენა შეიქმნას, თუ „სად იმყოფებიან“ მისი მოსწავლეები – რამდენი მათგანია ახლო მიზანთან, ვის რა დრო და ძალისხმევა ესაჭიროება უკეთესი შედეგების მისაღწევად. ეს ინფორმაცია ეხმარება მას მოსწავლეებისათვის დეტალური უკუკავშირის მიწოდებასა და სწავლების შესაბამისად დაგეგმვაში. რუბრიკის მეშვეობით მასწავლებელს უადვილდება მშობელთან კომუნიკაცია და მასთან თანამშრომლობა. რუბრიკის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ცალკეული დავალებების შესაფასებლად, ასევე, თემის შესწავლის პროცესში. იგი მოსწავლის უნარების  განვითარებასა და გამოცდილების ზრდაზეა ორიენტირებული. რუბრიკის შექმნის პროცესი იწყება სასწავლო მიზნის განსაზღვრითა და შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებით. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს ვასწავლით, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება სწავლის დროს, ისინი მომავალში შეძლებენ, რომ თავად განსაზღვრონ კრიტერიუმები, რომლითაც შეაფასებენ საკუთარ და/ან სხვის ნაშრომს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ რუბრიკის შინაარსი გავაცნოთ მოსწავლეებს, უკეთეს შემთხვევაში კი, მათთან ერთად შევიმუშაოთ ის (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. სწავლება და შეფასება. გვ. 72-110. 2008. “საქართველოს მაცნე“).

როგორც ხუნძაყიშვილი (2018) აღნიშნავს, „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევასა და სწორად გამოყენებას, მოსწავლეებისათვის მათი მიზნისა და დანიშნულების გაცნობას“ (გვ. 29). ავტორი გვთავაზობს შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესების, დამოკიდებულებების, წინარე ცოდნისა და გაგება-გააზრების სწრაფად და სიღრმისეულად შეფასებისთვის. ასევე, გვთავაზობს აღწერილობასა და რეკომენდაციას, თუ რა მიზნით, როდის და როგორ უნდა იქნეს გამოყენებული შეფასების ესა თუ ის ინსტრუმენტი. მაგალითად, შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები; სწრაფი წერითი სამუშაო (სწრაფი ჩანაწერი, ერთწუთიანი ესე, ერთწინადადებიანი შეჯამება, დაუსრულებელი წინადადება); დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე; კითხვების დასმა; გაგება-გააზრების სწრაფი შეფასება; „ქვიზი“; ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე; გრაფიკული ორგანიზატორები (მთავარი კითხვა; დისკუსიის რუკა; პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების რუკა; სიტყვის რუკა; საკვანძო საკითხების რუკა; დადებითი, უარყოფითი საინტერესო და სხვა); ორმაგი ჩანაწერების დღიური; მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა; მოსწავლეთა ინტერესების შეფასების ფორმა; შეფასების რუბრიკა (ხუნძაყიშვილი, 2018; თავი 6. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები. გვ. 47-104).

მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას, სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობასა და სკოლის ზოგად წარმატებას. კვლევები ცხადყოფს, რომ წარმატებულ ქვეყნებში, სადაც განათლების დონე მაღალია და მოსწავლეთა შედეგების მიხედვით მოწინავე ადგილებს იკავებენ, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. მასწავლებლებს შორის კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი ურთიერთობა პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა და საერთო მიზნისაკენ სწრაფვას ემსახურება. მასწავლებელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სკოლის პროფესიული გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში. „ახალბედა მასწავლებლებს ხშირად სჭირდებათ დახმარება საგაკვეთილო პროცესის მართვასა და სწავლების უნარების გაუმჯობესებაში. გამოცდილ პედაგოგს შეუძლია მიაწოდოს მათ რჩევა და დაეხმაროს პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში“ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. სასწავლო და პროფესიული გარემო. გვ. 155. 2008.“საქართველოს მაცნე“). თუმცა, ქართულ რეალობას თუ შევხედავთ, მიმდინარე რეფორმების პერიოდში შესაძლოა პირიქით ხდებოდეს, რადგან გამოცდილი მასწავლებლების ერთი ნაწილისთვის რთულია თანამედროვე მიდგომების ფეხის აწყობა. ისინი მიჩვეულნი არიან ტრადიციულ სწავლებას და უჭირთ სიახლეების მიღება და გაზიარება.

მნიშვნელოვანია საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა რეგულარული შეხვედრები გაკვეთილის გეგმების შესადგენად და შეფასების რუბრიკების მიხედვით მოსწავლეთა შესაძლებლობების სწორად შესაფასებლად.

მასწავლებელთა ერთად მუშაობა, ერთი მხრივ, აადვილებს შრომას, ზოგავს დროს, დაზოგილი დრო კი ხმარდება მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული დავალებების, აქტივობებისა და რესურსების შემუშავებას; მეორე მხრივ კი, ხდება იდეების გენერირება და საკუთარი გამოცდილების გაზიარება; წარმატებული მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა.

მარიამ გოდუაძის (2018) სტატიის, „ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნის ძირითადი ასპექტები – თანამშრომლობა“ მიხედვით, თანამედროვე საგანმანათლებლო ფოკუსი მიმართულია აქტიური სწავლა-სწავლების მიდგომების დანერგვისკენ. პრობლემაზე, კვლევასა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს რეალურ ცხოვრებასთან და მოითხოვს მასწავლებელთა შორის მჭიდრო კავშირს. კვლევებმა აჩვენა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა ამ მიდგომების დანერგვას თავს არიდებს, ხოლო მათ, ვინც მიიღო ეს გამოწვევები, ექმნებოდათ მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც მეთოდოლოგიური ცოდნის არქონით იყო გამოწვეული. კოლაბორაციის მეშვეობით კი მასწავლებლებმა არამხოლოდ გაიაზრეს აქტიური სწავლებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების მნიშვნელობა, არამედ წახალისდნენ ჩაეტარებინათ ახალი მიდგომის გაკვეთილები.

მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობაში მოიაზრება განათლების სფეროში განხორციელებული სიახლეების ცოდნა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტრენინგის მოსმენა, მეთოდოლოგიური ლიტერატურის დამუშავება და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების განხორციელება მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ შედგება თანამშრომლობა სხვა მასწავლებლებთან, დაიგეგმება სამუშაო შეხვედრები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებულ გამოცდილებას, დააკვირდებიან ერთმანეთის პედაგოგიურ საქმიანობას და  „კრიტიკული მეგობრის“ სახელით მისცემენ პროფესიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირს.

ამგვარად, სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობა დამოკიდებულია მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ სასწავლო მიდგომებზე, ეფექტურ შეფასებასა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. (2008) „სწავლება და შეფასება“. საქართველოს მაცნე. ISBN 978-9941-0-0674-6.
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. (2008) „სასწავლო და პროფესიული გარემო“ . საქართველოს მაცნე. ISBN 978-9941-0-0674-6
  3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. (2008) „განვითარებისა და სწავლის თეორიები“. საქართველოს მაცნე. ISBN 978-9941-0-0674-6
  4. ხუნძაყიშვილი მ., ბივერი ს., (2018) „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ISBN 978-9941-27-941-6
  5. Brookheart S., (2013) How to Create and Use Rubrics for Formative Assessment and Greading. Virginia: ASCD Members books.

 

 

ორმო

0

ამ სურათზე დიდებისათვის ქუდი ხატია, პატარებისათვის კი – მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებს. ალბათ ყველას გეცნოთ – იგი „პატარა უფლისწულიდანაა“. ნაწარმოებიდან, რომელიც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ იმ დიდებს მიუძღვნა, ერთ დროს რომ პატარები იყვნენ, რადგან „დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.“მართალს ბრძანებს ბატონი ანტუანი. დიდებს ცხოვრება მალე ღლის, გონებას უფანტავს, ზედმეტი დაკვირვების უნარს უბლაგვებს. ამიტომაც „ქუდზე“ მარჯვენა კუთხეში პატარა წერტილს – მახრჩობელა გველის თვალს, ვერ ამჩნევს.
„როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს ვუჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა. მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ – „ქუდიაო“. ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს“ – გულისტკივილით ამბობს სენტ-ეგზიუპერი, თუმცა თავადაც ერთი გაძაღლებული ჭანჭიკის ვერ მოხსნისათვის მკვახედ პასუხობს, რომ არ იცის ხატვა და ვერ დახატავს ბატკანს.

რატომ ითხოვს პატარა უფლისწული მაინც და მაინც ბატკნის დახატვას? რატომ არ სთხოვს დამიწერე რამეო? ნახატით, ფანქრის ერთი მოსმით, იმხელა ამბის მოყოლა შეიძლება, რომლის დაწერას შეიძლება თვეები შევალიოთ. ზედა ნახატშიც რამოდენა ისტორიაა მონათხრობი – ის, რომ მახრჩობელა გველები ძალიან დიდები და საშიშები არიან, ისინი რომ მსხვერპლს მთლიანად სანსლავენ, მათ შორის სპილოებსაც კი და შემდეგ მთელი ექვსი თვე გაუნძრევლად წვანან და ინელებენ საკვებს… კიდევ უფრო დიდი ამბის მაუწყებელია „ბატკნის“ სურათი, რომელსაც დიდებისათვის ყუთის ფორმა აქვს…

კიდევ ერთ ნახატს შევხედოთ. ეს ორმოა, უფრო დაზუსტებით – პოტენციური ორმო. მარტივი ნახატია ხომ? ფურცელზე ფანქრით განაფხაჭნს უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე ღირებულს. არადა ამ სურათის შექმნას საუკუნეები დასჭრიდა. იგი ბუნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ კანონს აღწერს, რომელიც გვიყვება, თუ როგორ უკავშირებენ ატომბირთვები ერთმანეთს ბედს და ამით როგორ ქმნიან სამყაროში ჩვენთვის ყოველსა – თვალით ხილულსა და უხილავსა.

ვინაიდან დიდები ნახატებს ტექსტებს ვამჯობინებთ, ამიტომ ზემოთ მოცემულ ორმოს სურათს დავამატოთ მცირეოდენი ტექსტური განმარტებები.

და მაინც რას გვეუბნება ეს სურათი?
სამყაროში რომ რაიმე წარმოიქმნას საჭიროა ატომბირთვები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ატომთა შორის კავშირის გაჩენისათვის, პირველ რიგში, მათი ერთმანეთთან მიახლოებაა საჭირო. თუმცა მარტო ფიზიკური სიახლოვე არ განაპირობებს კავშირს, მით უფრო მდგრადი ბმის ჩამოყალიბებას. ამისათვის ატომბირთვებს ურთიერთობის დიდი ხელოვნების გამოვლინება უწევთ, რაც მათ შორის ზუსტი დისტანციის შერჩევა-შენარჩუნებაში გამოიხატება.
დააკვირდით ორი წყალბადის ატომს მარჯვენა მხარეს. მათ შორის დიდი მანძილია და შესაბამისად ურთიერთქმედებაც (მიზიდვა-განზიდვა) ნულის ტოლია. თუ დავიწყებთ მათ ერთმანეთთან დაახლოებას, გრაფიკს ოდნავ მარცხნივ გადავწევთ, მათ შორის აღიძვრება მიზიდულობის ძალა და ბოლოს, ორივე პოტენციური ორმოს ფსკერზე აღმოჩნდება, თუმცა მათ შორის გარკვეული დისტანცია (ადამიანებს შორის ურთიერთობაში რიდს რომ ვეძახით) ნარჩუნდება. დააკვირდით, რა მოხდება, თუ მოვინდომებთ და ატომებს კიდევ უფრო მეტად დავაახლოებთ ერთმანეთს? ისინი განზიდვას იწყებენ. და რაც უფრო მეტად ვაახლოებთ, მით უფრო განიზიდებიან. უფრო მეტიც, ზღვარს გადასული (ჰორიზონტალური წყვეტილი ხაზი) მიახლოებისას განზიდვის ძალა ბევრად აღემატება იმ მიზიდვის ძალს, რომელმაც ისინი ერთმანეთს შეჰყარა.

კიდევ რა არის საინტერესო ამ სურათზე? ორ ატომს შორის კავშირი (ქიმიური ბმა) არასოდეს არ არის ხისტი. ატომბირთვები ერთმანეთის მიმართ მუდმივად ირხევიან, თითქოს ზამბარით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ამ მუდმივ ბორგვაში ისინი ერთმანეთს ზომაზე ცოტა მეტად უახლოვდებიან ან შორდებიან, მაგრამ აღძრული საპირისპირო ძალა მაშინვე აბრუნებს წონასწორობის წერტილში (პოტენციურ ორმოში).

ასეთია ორ ნაწილაკს შორის სტაბილური კავშირის დამყარების კანონი იმისდა მიუხედავად, ისინი წყალბადის ატომბირთვის ოდენებია, თუ პლანეტების.

„პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა მხოლოდ“. (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი).

ვასწავლოთ თვითშეფასება ( წერილი N1)

0

მგონი, აღარავინ კამათობს იმაზე, რომ თვითშეფასების უნარი და ზომიერი თვითკრიტიკა აუცილებელი პირობაა პიროვნების სწორად ჩამოყალიბებისთვის და რომ ამ უნარების გამომუშავება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
ჩემს მეექვსეკლასელებს, შარშან რომ სანიმუშოები იყვნენ ქცევით, წელს ვეღარ ვცნობ. გაკვეთილზე კონცენტრაციაც უჭირთ და არც ერთმანეთთან დამოკიდებულება აქვთ სახარბიელო.
შენიშვნის მიცემის შემთხვევაში აუცილებლად სხვისკენ იშვერენ ხელს ან თვლიან, რომ მათი ბრალი არაფერია. უყვართ ფრაზა: ,,მარტო მე შემამჩნიეთ, მასწავლებელო?!“ ხშირად მიწევს ახსნა, თუ რატომ მივეცი შენიშვნა და დამტკიცება, რომ ის ნამდვილად სამართლიანი იყო.
არასოდეს მენანება დრო ასეთ პრობლემებზე სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ საუბარი არაფრისმომცემია, არც მათი საქციელის მხოლოდ შეფასებაა ეფექტური. მივხვდი, რომ საკუთარ თავზე, ქცევაზე დაკვირვების სხვადასხვაგვარი მეთოდი უფრო შედეგისმომცემი იქნებოდა და დავიწყე კიდეც ამაზე ფიქრი.
როცა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარებზე მუშაობას შევუდექი, 2 მიზანი მქონდა: 1) ბავშვებს დავხმარებოდი საკუთარი თავზე დაკვირვებასა და გაკვეთილის განმავლობაში ქცევის მართვაში;
2) უფრო მეტად დაკვირვებოდნენ თავიანთ კლასელებს, მათ დადებით მხარეებს.
ჩავთვალე, რომ ეტაპობრივად უნდა მიმეჩვია ისინი საკუთარ თავსა და სხვაზე დაკვირვებას. ამიტომაც ვეცადე, რომ პირველი თვითშეფასება მარტივი და სახალისო ყოფილიყო. ეს იყო ღიმილაკების წყება, რომლებსაც მოკლე აღწერა ახლდა. მაგალითად: ,,ბრავო, ყველაფერი კარგად გამომივიდა გაკვეთილზე“ ან ,,ბევრი რამ გაუგებარი იყო ჩემთვის ამ გაკვეთილზე“. ბავშვებს, უბრალოდ, დღეების მიხედვით უნდა აღენიშნათ, თითოეულ გაკვეთილზე ის ღიმილაკი, რომელიც უფრო შეეფერებოდა კონკრეტულ გაკვეთილზე. არ იყვნენ შეზღუდული რაოდენობაში, შეეძლოთ რამდენიმე მოენიშნათ, თუ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ გამორიცხავდა.
მერე ისეც მოხდა, რომ ერთი საჭირო ღიმილაკი, რომლის აუცილებლობაც დაინახეს, თვითონვე მიახატეს.

მეორე ეტაპი იყო თვითშეფასების პირამიდები, რომლებიც ოთხ ძირითად დონედაა დაყოფილი. თითოეული დონე აღნიშნულია და მოცემულია აღნიშვნის შესაბამისი ტექსტი (საჭიროებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ტექსტი შეცვალოთ):
A – ვიყავი ყურადღებით და მთლიანად ვერთვებოდი გაკვეთილში, შეკითხვებსაც ვუპასუხე;
B – ყურადღებით ვიყავი, ვისმენდი, მაგრამ ნაკლებად ვაქტიურობდი, მხოლოდ 1-2- ჯერ ავწიე ხელი;
C – არ ვლაპარაკობდი, მაგრამ არ ვიყავი გაკვეთილში ჩართული;
D – ვიყავი უყურადღებოდ, ძირითადად არ ვუსმენდი გაკვეთილს და შენიშვნებიც დავიმსახურე.
ბავშვებს მხოლოდ უნდა გაეფერადებინათ ის დონე, რომლის შესაბამისადაც იქცეოდნენ გაკვეთილზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 4 დონე საკმარისი არ ყოფილა სრულყოფილი თვითშეფასებისთვის და ცოტა უკმაყოფილო დარჩნენ ამის გამო. ამიტომ სხვა კლასში გამოყენებისას აუცილებლად დავამატებ 2 დონეს მაინც.

მოსწავლეებისთვის სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა ამ თვითშეფასებებზე მუშაობა. გამოიკვეთა, რომ ბავშვები, რომლებიც გაკვეთილზე დაუდევრად იქცევიან, არც ისე აგდებულად მიუდგნენ თვითშეფასების კითხვარებს. უფრო მეტიც, რამდენიმემ ქცევა საგრძნობლად გამოასწორა და მათი თვითშეფასებები სანიმუშოც კი გახდა, როგორც ობიექტური და გულმოდგინე ნამუშევარი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ არ არიან მოსწავლეები, რომლებისთვისაც თვითშეფასებაც ისეთივე უინტერესო აღმოჩნდა, როგორც გაკვეთილები.
ყველაზე მეტად კვირის შემაჯამებელი ანალიზი უჭირთ, რადგან აქ უნდა დაწერონ გაბმული ტექსტი, რომელშიც შეაფასებენ საკუთარ ქცევას კვირის განმავლობაში. თავიდან ძალიან მოკლედ წერენ ხოლმე, მაგრამ გარკვეული მითითებების მერე ეჩვევიან ( ნამუშევრების გადახედვის შემდეგ, მთელ კლასს მივეცი მითითება, რომ ყურადღება მიექციათ თავიანთი ნაწერებისთვის, არ ეჩქარათ, რადგან სიჩქარის გამო წინადადებები ხშირად გაუმართავია). თითოეულ თვითშეფასებას ვუთმობთ 2 ან მაქსიმუმ 5 წუთს – ეს შეფასების ტიპზეა დამოკიდებული.
ყოველი კვირის ბოლოს მიმაქვს ნაშრომები და ვამოწმებ, ვინ რამდენად სწორად გაიგო თვითშეფასების პრინციპი, რამდენად ობიექტურად შეაფასა საკუთარი თავი. ჩემეული ანალიზი მათთვის არანაკლებ საინტერესო და სახალისოა. ყოველთვის აღვნიშნავ, ვის ნამუშევარს ეტყობოდა განსაკუთრებული გულმოდგინება. რადგან უმნიშვნელოვანესია, ბავშვები აგდებით არ მოეკიდონ თვითშეფასებას.
ამის შემდეგ გადავედით არა საკუთარი ქცევის, არამედ გაკვეთილის შეფასებაზე, რომელიც ერთდროულად საკუთარი თავის, კლასელებისა და მასწავლებლის შეფასებასაც კი მოიცავს, რადგან მოსწავლე აკვირდება ზოგად სიტუაციას გაკვეთილზე, როგორია კლასის განწყობა, მასწავლებლის მზაობა. მასწავლებელმაც იცის, რომ ეს ფურცელი მის შეფასებასაც გულისხმობს.
ვიზუალი ამ შეფასების ფურცელს არაბავშვური, აკადემიური აქვს. ბავშვებს ვაძლევ ინსტრუქციას, რომ დაშტრიხონ ის მეოთხედი, რომელიც, მათი აზრით, კონკრეტულ გაკვეთილს შეესაბამება. ასევე აქვთ უფლება, გაამუქონ არა 1, არამედ 2 ნაწილი, თუ სურთ, სანახევროდაც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ სამი კვირის შემდეგ, ჩავთვალე, რომ უკვე უნდა გადავსულიყავი ურთიერთშეფასებებზე.
მაგრამ როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნე, ბავშვებს ერთმანეთის მიმართ ჩასაფრებული პოზიცია ჰქონდათ და მათი ობიექტურობა ძალიან მეეჭვებოდა. ამიტომ შემოვიღე ცნება ,,საიდუმლო მეგობარი“. ბავშვები გაკვეთილის განმავლობაში უნდა დაკვირვებოდნენ ერთ ამორჩეულ კლასელს, შეეფასებინათ და ამავდროულად დაეწერათ თავიანთი თვითშეფასებაც. ეს რომ მარტივად გამოსვლოდათ, მათთვის ნაცნობი ვენის დიაგრამა ავიღე, რომელიც გაუადვილებდა, ერთმანეთის ქცევებს შორის პარალელის გავლებას და მსგავსება- განსხვავებების დანახვას. ასევე მინდოდა, რომ ამჯერად თვითშეფასებისა და შეფასების თავიანთი სიტყვები შემოეტანათ და არ ყოფილიყო, მხოლოდ სიმბოლოებით აღნიშვნა. ჩემდა სასიხარულოდ, მშვენივრად გაართვეს თავი. პირნათლად იცავდნენ ,,საიდუმლოს“ მთელი კვირის განმავლობაში. კვირის ბოლოს, ვისაც სურდა, მხოლოდ იმან გაამჟღავნა საიდუმლო მეგობრის ვინაობა.

 

მათი ნამუშევრებისა და ჩემგან მიცემული მითითებების შემდეგ კიდევ ერთი, ახალი ეტაპი დაიწყო მათ შემფასებლურ ცხოვრებაში. ამჯერად გვერდით მჯდომი უნდა შეეფასებინათ. საკუთარი თავისაგან მოისვენეს და მთლიანად მეგობრის შეფასებაზე გადავიდნენ. ახლა დასამალი აღარაფერი იყო, წინა შეფასებებმა მაჩვენა, რომ მათი ობიექტურობის ნდობა შეიძლებოდა. ამ შეფასებებში აქცენტი მხოლოდ დადებით ქცევაზე კეთდებოდა, ხოლო გამოსასწორებელი რაც ჰქონდა, ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახით წერდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მათი რეკომენდაციები იყო ყოველთვის ლაკონური, მაგრამ საჭირო და აუცილებლად გასათვალისწინებელი. მაგალითად: ,, დავალება ცოტა მონდომებით და სახლში დაწერე! უფრო იაქტიურე გაკვეთილზე. და მინდა გითხრა, ცოტა ცელქობ!“
,, ბევრს ლაპარაკობ და პასიური ხარ, თუმცა დავალება ყოველთვის გაქვს. იმედია, მალე გამოსწორდები.“
,, აღარ იყვირო ხელის აწევის დროს და ბევრი არ ილაპარაკო…“


თუმცა სახალისო რეკომენდაციებიც უხვადაა: ,, არ იმაიმუნო და სწავლა გამოასწორე“, ,,იუმორი უნდა გამოასწორო იმიტომ, რომ უკბილო ხუმრობებზე ძაან ხმამაღლა და დიდი ხანი იცინი“, ,, მე ჩამიშვა და გავუბრაზდი და აღარ ჩამიშვას“, ,,გაკვეთილზე არ უნდა იცინო და ჩუმად არ უნდა ჭამო, გაკვეთილში ჩართული უნდა იყო…“ და სხვა მრავალი ,,მარგალიტის“ ამოკრება შეიძლება.
ახლა ტაიმაუტი აქვთ აღებული, ვიფიქრე ცოტა ხანს მოვასვენებ- მეთქი, მაგრამ თვითონ ვერ ისვენებენ, ისევ უნდათ განაგრძონ თვით – და სხვის შეფასებაზე მუშაობა. ყოველდღე მეკითხებიან, როდის მივუტან შეფასების ფურცლებს.


სწორედ სტატიის წერის დროს მომივიდა აზრად, რომ ერთ გაკვეთილს დავუთმობ ,, წაღმა – უკუღმა უბის წიგნაკების“ შექმნას. ფერადი ფურცლებითა და სტეპლერით შექმნიან თხელ უბის წიგნაკს, რომელსაც უკვე 2 კვირის განმავლობაში შეავსებენ. წაღმა- უკუღმა იმიტომ იქნება, რომ ერთი მხრიდან საკუთარ თავზე დაწერენ, მეორე მხრიდან მეგობარზე. უფრო მეტიც, მივცემ არჩევანის უფლებას, ვისაც ენდომება, მე შემაფასებს. ეს ,,უპირატესობა“ ერთგვარი სიურპრიზი იქნება და ერთგვარად მათი გაბედულების გამოცდაც. მივცემ მითითებას, რომ ამ უბის წიგნაკში შეუძლიათ დაწერონ დაკვირვებები არა მხოლოდ გაკვეთილზე, არამედ გაკვეთილის გარეთაც. ამ უბის წიგნაკს სახლშიც წაიღებენ ( თვითშეფასების ფურცლები სახლში არ მიჰქონდათ) 2 კვირის შემდეგ, ორშაბათის 1 გაკვეთილი დაეთმობა მათ თითო- თითო წუთიან მონოლოგს, რომელშიც შეაჯამებენ თავიანთ დაკვირვებებს საკუთარ თავზე, მეგობარზე თუ მასწავლებელზე. დროის კონტროლისთვის გამოვიყენებთ ქვიშის საათს ან ტაიმერს – ლეპტოპის ეკრანზე, რათა თვალსაჩინო იყოს.
საინტერესო გამოვიდა თუ არა, რა სირთულეები გაჩნდა და კიდევ იმას, შედარებით დიდებთან რა ფანდები გამოვიყენე, საკუთარ თავსა და საქციელზე დაკვირვება რომ მესწავლებინა, ამას შემდეგ წერილში მოგიყვებით.
მომავალ წერილამდე, მეგობრებო!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...