ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

ქუჩუქ-კაინარჯის მეთოდი

0

მგონი მეხუთე კლასში ვიყავი, როცა გერმანულში დავიწყე მეცადინეობა კესო ეფენიასთან. ვერ ვიტყვი, რომ ეს ამბავი დიდხანს გაგრძელდა და ორივე მხარისთვის – მოსწავლე-მასწავლებლისთვის – სასურველი შედეგით დამთავრდა, მაგრამ რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი მაინც შემომრჩა იმ დროიდან.

ეფენიები ჩვენი კარის მეზობლები არიან სოფელ ურთაში, მთელი ზაფხული და შაბათ-კვირები, დედულეთში რომ ჩავდიოდით, შუკაში შევუხვევდით თუ არა, მე და ჩემი ძმა ჯერ ღუბურ ეფენიას სახლის ჭიშკარს შევაღებდით, აივანზე გადმოდგმულ მაგიდაზე ნარდი რომ გვეთამაშა და თამაშს რომ მოვილევდით, მერე შევდიოდით ბებია-ბაბუასთან. კესო ჩვენზე უფროსი კი იყო, მაგრამ არც იმდენად, ზოგიერთ საკითხზე არ შევეამხანაგებინეთ და ერთი-ორჯერ უფროსების მიერ გამართულ ღონისძიებაშიც მიგვაღებინა მონაწილეობა. შემდეგ, დრო რომ გავიდა, ისიც გავიგეთ, რომ გერმანული შეესწავლა კარგად და დედაჩემმა მირჩია, ეგებ ადგე და იმეცადინო მასთან, კესო არ დაგვზარდება და ენაც გეცოდინებაო.

არ მახსოვს, რატომ შევწყვიტე მეცადინეობა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან სახალისო იყო და კესო ცდილობდა უცხო ენა თამაშ-თამაშით ესწავლებინა ჩემთვის. სიტყვების დაზუთხვა ადვილი არ არის და იმ ასაკში კი ღრუბელივით იწოვ ყველაფერს, მაგრამ პარალელურად ინგლისურს ვსწავლობდით და მთლად ასეთ ბეჯითობა-მუყაითობასაც ვერ დავიჩემებდი, ორი ენის შესწავლაზე რომ გამომედო თავი. „Berg მთას ჰქვია გერმანულად, – მეუბნებოდა კესო და რვეულში ვიწერდი ახალ სიტყვას: Berg – მთა. – აი, ბერგი ხო იცი, თოხია მეგრულად. ყოველდღე გვესმის, ვიყენებთ…“

– კიბატონო.

– ჰოდა, ამ მეგრული ბერგის მეშვეობით ადვილად დაიმახსოვრებ გერმანულ მთას. მთა – ბერგი. ბერგი – მთა.

ასეთი ასოციაციები იქამდეც მქონდა მონიშნული ფრაგმენტულად, მაგრამ კესოს მეთოდმა უფრო განმაწყო ამ კავშირების მოსაძებნად. არა, ცხადია, ეს ყოველთვის არ ამართლებს და ზოგჯერ სასაცილოდაც შეიძლება იქცეს, მაგრამ ის სასაცილოც ხომ უფრო გამახსოვრდება.

სკოლაში შესასწავლი მასალა უზღვავია და სუფთა გონებაც კი ვერ ითვისებს თავისუფლად, ბუნებრივი (და არა ხელოვნურად ჩაჩრილი) განტვირთვა სჭირდება, სრულიად განსხვავებული, მაგრამ მათ ინტერესებს მისადაგებული პარალელების მოძიება. გარდა თემატური სიახლოვისა, სხვა ბევრი რამითაც შეიძლება დაიძლიოს ესა თუ ის სირთულე.

მახსოვს, მანანა კაკულიამ რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დეტალებსა და ამ პროცესში ქართული კონტექსის ასახსნელად რამდენჯერმე ახსენა ქუჩუქ-კაინარჯის ზავი. თავში, შუაში და ბოლოში. ეს ომი მართლაც სოფელ ქუჩუკ-კაინარჯში (დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორია) დადებული საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, მაგრამ ჩვენი ისტორიის მასწავლებლის ერთგვარი მიზანი თუ წინასწარგათვლა ალბათ ის იყო, რომ ამ ეგზოტიკური სახელით გაეშინაურებინა ეს რთული თემა, მისი ჟღერადობით მივეზიდეთ და შემდგომ მოეყოლა ომისა და ზავის პერიპეტიები.

არავინ დაიჩემოს, სახელის ეგზოტიკურობა მეორეხარისხოვანიაო. მაშინ რატომ გვიზიდავს დღემდე უჩვეულო ვიზუალურ-აუდიალური მაგნეტიზმით გულანშარო, იოკნაპატოფა და მაკონდო. არც ის არის შემთხვევითი, რომ ვაჟა-ფშაველა თავისი პოეტური შედევრების პირველივე სტრიქონში, ამბის მდინარებასთან ერთად, კონკრეტულ ტიპს და ტოპონიმს გვაცნობს – თითქოს უბრალო ინფორმაციაა, არადა უკვე გაგვიშინაურა ამბავი/პერსონაჟი: „ამბობენ: ბლოელ აფშინა მინდოდაურის გვარისა…“ („გოგოთურ და აფშინა“); „მაცნე მოიდა შატილსა: – ქისტებმა მოგვცეს ზიანი“ („ალუდა ქეთელაური); „ღამის წყვდიადში ჩაფლული, გამტკნარებულის სახითა, მოსჩანს ქისტეთის მიდამო სალის კლდეების ტახტითა“ („სტუმარ-მასპინძელი“); „სასტუმროს იყვნენ ხევსურნი, ლუდი ედუღა წიქასა“ („გველის მჭამელი“).

ისიც ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, რომ მასწავლებლის პიროვნულ მომენტს და არტისტულობასაც თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დოდო კეიდიას მიერ თითქმის ოცდახუთი წლის წინ გონებაში ჩაბეჭდილი გეოგრაფიული ობიექტები, მათი ადგილმდებარეობა რუკაზე და მახასიათებლები ახლაც ზეპირად ვიცი. „აბა, მაჩვენე ჰუდსონის ყურე“ – შთამბეჭდავად წარმოთქმული სიტყვები თითქოს ჩვენში განსხეულდებოდა, ჩვენი გონებიდან მომცრო ზომის ჯოხს გადაეცემოდა სიგნალად და დაფაზე გაკრულ რუკაზე თავისით პოულობდა მითითებულ სახელს. „კარგად შემოხაზე, ნუ გადაეფარები, ჩვენც დავინახოთ, – განაგრძობდა მერხების ბოლო რიგთან მდგომი დოდო კეიდია, – ახლა კი ბერინგის სრუტე და ფრანც იოსების მიწა მაინტერესებს…“

მერე უკვე სტუდენტობისას ზურაბ ცხონდიამ გვაჩვენა მასწავლებლის შინაგან ინტელექტზე/არისტოკრატულობაზე ამოზრდილი პერსონის ხიბლი და ლექტორისგან სტუდენტის შესაძლებლობათა პროვოცირების მაგალითები.

– შვილებო, თქვენ იცით არნოლდ ტოინბის „ისტორიის შემეცნება“, – ისე დაბეჯითებით გვითხრა კულტუროლოგიის მეორე ლექციაზე, რომ მართლა დავიჯერებდი, რომ არა ჩემკენ გადმოხრილი გაკვირვებული ვილგენ ბაგათელიას შეკითხვა:

– მივა, ბოში? – და სანამ მის გაოცებულ სახეს თვალს ვარიდებდი, ჩურჩულით განაგრძო, – კვარა, სი გაჩქვენუ.

არა, ნამდვილად არ ვიცოდი არც ტოინბი და არც მიშელ ფუკოს, ჟან ბოდრიარის, ჟილ დელეზის, ჟაკ დერიდას და კლოდ ლევი-სტროსის სახელები გამეგონა, ზურაბ ცხონდია რომ მოაბნევდა ხოლმე ლექციაზე და რამდენიმე საათში დაგვაახლოვებდა მათთან, თვითონ კი ისე შეამხანაგებული იყო, როგორც თავის ძმაკაცთან – ჯემალ მაღლაკელიძესთან; რაც უფრო დაგვაინტერესებდა, იმაზე იქვე ჩავეკითხებოდით, მე კი ბატონ ზურაბთან შინ წვევის პატივიც მქონდა და ამ მნიშვნელოვან თემებზე შინაურული საუბრების ბედნიერება.

…ალბათ ყველაფერი ინტერესის გაღვივებიდან იწყება და ვინც ამას ახერხებს, ის მოსწავლის გონებაში ახალ (იქამდე დახშულ) კარს ხსნის. მეთოდი ინდივიდუალურია და არც ყველა მოსწავლე აჰყვება, მაგრამ – ვაღიაროთ – გარეგნული ეფექტები ხშირად მიმზიდველია და თუკი მასწავლებლისგან სიღრმისეული ცოდნა და ამ ცოდნის სხვისთვის გადმოცემის უნარი თან დაერთო, საგნის დასწავლისკენ უკვე დიდი ნაბიჯია გადადგმული.

 

დისტანციური სწავლება – რა გამოწვევების წინაშე დავდექით?

0

მყისიერად შეცვლილმა რეალობამ უამრავი სირთულის წინაშე დაგვაყენა. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რის წინაშეც განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანები დადგნენ, სწავლა-სწავლების პროცესის ონლაინ/დისტანციური ფორმატია.

 

ორ მთავარ საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება.

 

პირველი – წლის ბოლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები და მიზნები  – რას ვაპირებთ? ვცვლით გეგმას სპეციალური დადგენილებით, ვთავაზობთ მოსწავლეებს მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სხვადასხვა საგანში, რათა განვსაზღვროთ, რა შედეგების მიღწევას ვგეგმავთ დარჩენილ დროში?

 

მეორე – შეფასებისა და ცოდნის შემოწმების კრიტერიუმები, საშუალება და ფორმატი – რა მინიმალურ ბარიერს ვაწესებთ, რომლის გადალახვაც მოეთხოვება მოსწავლეს და როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიერ მიღწეულ შედეგს?

 

დავიწყებ მეორეთი.

 

ჩემი მოსაზრებით, ამ ექსტრემალურ პირობებში მოსწავლეების მუშაობის შეფასება მხოლოდ განმავითრებელი შეფასებებით უნდა მოხდეს და განმსაზღვრელ შეფასებებსა და ნიშნებზე ონლაინ სწავლა-სწავლების ფორმატის დროს უარი უნდა ვთქვათ.

 

ორ არგუმენტს დავასახელებ:

 

სტრესი – მოსწავლეებს ისედაც სტრესულ გარემოში უწევთ მეცადინეობა და  დამატებით მოზარდი ადამიანის მდგომარეობის დამძიმება ცუდი ნიშნით მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. განმსაზღვრელი შეფასების მაკონტროლებელი ფუნქცია სხვა დროისთვის გადავდოთ. ბოლოს და ბოლოს, როგორც დიმიტრი უზნაძე ამბობდა, „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“  და არა მისი შრომის შეფასებას ოთხდონიანი და ათქულიანი სისტემით.

 

ობიექტურობა – ობიექტური შეფასება ათბალიანი სისტემით ჩვეულებრივ რეჟიმშიც დიდად სადავო საკითხია და ონლაინ ფორმატში ნიშნის გამოყვანისას რა კრიტერიუმებს უნდა დაეყრდნოს მასწავლებელი?

 

სამაგიეროდ, განმავითარებელი შეფასებისთვის ზედგამოჭრილი პერიოდია. მოსწავლეებს სჭირდებათ სიტყვიერი გამხნევება და იმის გაცნობიერება, რომ მათი შრომა ფასდება. განმავითარებელი შეფასებისას ხომ მოსწავლის საქმიანობა ფასდება, პროცესი და არა მიღწევის დონე, რომელიც ჩვენ თავად გვაქვს ხელახლა განსასაზღვრი. ჩვენი მიზანიც განსჯა კი არა, ხელშეწყობა და დახმარებაა, რაც ამ რთულ ვითარებაში განსჯასა და შეფასებაზე მნიშვნელოვანია.

 

როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის სემესტრული და წლიური შეფასება?

უკვე არსებული მიმდინარე ნიშნების გამოყვანით.

ამას შეიძლება დაემატოს თვითშეფასების კითხვარები, დაკვირვების ფურცლები და ურთიეთშეფასებაც კი. მასწავლებელი კი ამ მონაცემების გაანალიზებით გამოიყვანს საბოლოო შეფასებას.

 

ცხადია, გაცნობიერებული უნდა გვქონდეს, რომ სემესტრული და წლიური ნიშნის შემადგენელი კომპონენტების გათვალისწინება ვერ მოხერხდება და ეს აღიარებული სქემა შეფასების ყველა კომპონენტს ვერ მოიცავს.

რაც შეეხება შემაჯამებელ სამუშაოებს – საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ მასწავლებელი თვითშეფასების კითხვარს დაურთავს შემაჯამებელ დავალებას. ასე  შემაჯამებელ სამუშაოს შემეცნებითი ფუნქცია გაუჩნდება და არა „მაკონტროლებელი“. სასურველი იქნება, შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო რაოდენობაც სკოლამ(საგნის მასწავლებელმა) თავად განსაზღვროს.

 

რა არის სწავლა-სწავლების პროცესის სხვადასხვა კომპონენტის მიზანი? კარგი იქნება, თუ პასუხი შემეცნებით შემოიფარგლება.

 

სასწავლო გეგმების შესახებ

 

აქ კი ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რას ვაპირებთ და როგორ წარმოგვიდგენია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნებისა და შედეგების მიღწევა.

 

სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აქტიურად განიხილება საგნის სასწავლო გეგმის რევიზია და მოდიფიცირება. ძირითადად, ამას საგნის სპეციალისტების რეკომენდაციებით აკეთებენ, ცხადია.

 

ჩემი აზრით, თითოეული საფეხურისთვის უნდა განისაზღვროს მინიმალური მოთხოვნები, შეჯერდეს მისაღწევი შედეგი და კომპეტენციები.

 

ვფიქრობ, პროცესი მიმართული უნდა იყოს უკვე ნასწავლის განმტკიცებაზე, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ახალი თემები და საკითხები კი სიფრთხილით და ზომიერად უნდა შევიტანოთ.

 

რაც შეეხება პროგრამის დაძლევას და არსებული სასწავლო შინაარსების დაფარვას დარჩენილ დროში – აქაც შეღავათები და მეტი თავისუფლება გვჭირდება.

ონლაინ და დისტანციური სწავლება არ უნდა გავიაზროთ, როგორც სწავლა-სწავლების ტრადიციული პროცესის სრული ჩამნაცვლებელი. ეს დაუძლეველი ამოცანაა და თუ მასწავლებელი მიზნად დაისახავს სახელმძღვანელოში დარჩენილი მასალის ათვისებას და არსებული სასწავლო გეგმის შესრულებას, ეს, სავარაუდოდ, იქნება ფორმალური და პრაქტიკულად მიუღწეველი.

 

აქ აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ განათლების, სწავლა-სწავლების პროცესის საკვანძო პრინციპებს.

 

ვინ დგას სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში?  – მოსწავლე და მისი მიღწეული შედეგი.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ამ შედეგის გათვლისას?  – მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, ასაკობრივი ინტერესები, ჩვენს შემთხვევაში, დამატებით – ის ექსტრემალური პირობები, რომელშიც ამჟამად უწევთ ყოფნა მოზარდებს. ამ პირობებში კი მთავარი ორიენტირი უნდა იყოს არა ცოდნის ოდენობა, არამედ მიღებული ცოდნის ხარისხი, საჭირო უნარ-ჩვევების და სწორი დამოკიდებულებების განვითარება.

 

 

 

 

 

 

 

 

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები კლასში

0

დემოკრატია ევროპის საბჭოს სამი ძირითადი (კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები) საყრდენიდან ერთ-ერთია. სწორედ ამიტომ, ევროპის საბჭოს ეგიდით შეიქმნა დემოკრატიული კულტურის  კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, რომელიც დაყოფილია ოთხ მიმართულებად და აერთიანებს 20 კომპეტენციას.

 

დემოკრატიული ღირებულებებისა და თანმხლები პროცესების გაცნობას მოსწავლეები იწყებენ სკოლიდან. საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც ეხმიანება აღნიშნულს. განათლების სისტემა ხომ მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო პროცესში ჩართულ პირებს აძლევს საშუალებას, ასწავლოს, ისწავლოს ან შეაფასოს განსხვავებული კომპეტენციები. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ სწორედ შეფასების ნაწილზე. იმისთვის, რომ დავადგინოთ თუ სად იმყოფებიან ჩვენი მოსწავლეები, რა მიმართულებით საჭიროებენ გაუმჯობესებას – შემუშავებული იქნა დესკრიპტორები. სკოლა, თავის მხრივ, აქტიურად უნდა ჩაერთოს პროცესში.  გთავაზობთ ორ აქტივობას, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი მოსწავლეების  დამოკიდებულებები, ღირებულებები და ა.შ.

აქტივობა – თვალებახვეული არჩევნები

წინასწარ მოამზადეთ განცხადებები, რომლებზეც ორი პასუხის „ვეთანხმები/არ ვეთანხმები“ დაფიქსირება იქნება შესაძლებელი. განცხადებების შედგენისას იხელმძღვანელეთ დესკრიპტორებით. ისინი შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური.

მოსწავლეებს აუხსენით, რომ ისინი მონაწილეობენ სიმულაციაში. სთხოვეთ, დახუჭონ თვალები. უკეთესია, თან გქონდეთ ფერადი ნაჭრები, რომლითაც აიხვევენ თვალებს. უთხარით, რომ ისინი მოისმენენ რამდენიმე განცხადებას, პასუხები დააფიქსირონ ხელის აწევით. თუ ეთანხმებიან, კონკრეტულ განცხადებას, ასწიონ ხელი.

მაგალითისთვის, გთავაზობთ ღირებულებებისა და დამოკიდებულებების კომპეტენციაზე მომზადებულ რამდენიმე განცხადებას. აქვე დავძენ, რომ მათი შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკსა და მზაობას.

  • ყველა ადამიანის უფლებას ვცემ პატივს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მძიმე დანაშაულისთვის შეიძლება წამება;
  • ვფიქრობ, რომ განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები ერთ სივრცეში არ უნდა იღებდნენ განათლებას;
  • დემოკრატია საჭიროა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში რადიკალური ჯგუფებისთვის უფლებების შეზღუდვა დასაშვებად მიმაჩნია;
  • მიყვარს ის კულტურა, რომლის წარმომადგენელიც ვარ. ასევე, სიამოვნებით ვეცნობი განსხვავებულ კულტურებსაც;
  • ყოველთვის მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე;
  • ჩემს მეზობლად რამდენიმე ქუჩა დაბინძურებულია. ეს პრობლემა მე არ მეხება;
  • ჩემი თანაკლასელი სხვა რელიგიის წარმომადგენელია. მე პატივს ვცემ მათ დღესასწაულებს.

რატომ თვალებახვეული არჩევნები?

  • თავიდან ავიცილებთ თანაკლასელებს შორის გაუგებრობას;
  • მათ არ ეცოდინებათ, ვინ რა პოზიცია დააფიქსირა კონკრეტულ განცხადებაზე;
  • გვეძლევა დიაგნოსტირების საშუალება;
  • სურვილისამებრ, შეგიძლიათ სთხოვოთ, თავიანთი პოზიციების წერილობით არგუმენტირება.

აქტივობის დასრულების შემდეგ თ ქვენ გექნებათ გარკვეული წარმოდგენა, რა მიმართულებით გააგრძელოთ კონკრეტული კლასთან თუ ჯგუფთან შემდგომში მუშაობა.

რიგითობის თამაში/Ranking games

მოსწავლეები გაანაწილეთ ჯგუფებში. დაურიგეთ დესკრიპტორების მიხედვით შედგენილი ერთი და იგივე მოკლე განცხადებები. მიეცით დრო, რომ განცხადებები დაალაგონ ორ ჯგუფად: ყველაზე პრიორიტეტული და ნაკლებად პრიორიტეტული. აქტივობის დასრულების შემდეგ ჯგუფები ასაბუთებენ თავიანთ პოზიციას, რატომ მიანიჭეს პრიორიტეტი ამა თუ იმ განცხადებას.

დისკუსიის დროს თქვენ აკეთებთ ჩანაწერებსა და ჩანიშვნებს:

  • რომელი განცხადებებია კლასში ნაკლებად პრიორიტეტული;
  • რით ასაბუთებენ მათ ნაკლებად პრიორიტეტულობას;
  • რა მოსაზრებებია პრიორიტეტულ განცხადებებთან მიმართებით კლასში.

აღნიშნული აქტივობის შემდეგ თქვენ გექნებათ გარკვეული წარმოდგენა პრობლემურ მიმართულებებზე.

პირველი აქტივობა გვაძლევს საშუალებას, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ მოსწავლეებთან. და აღმოჩენილი პრობლემის მიხედვით დავგეგმოთ შემდგომში მუშაობის პროცესი.

მეორე აქტივობის განხორციელებისას, პრობლემის აღმოჩენის გარდა, შეგვიძლია ამოვიცნოთ, რომელიმე მოსწავლე ზეგავლენას ხომ არ ახდენს დანარჩენებზე.

რადგან საკმაოდ რთულ საკითხს ვეხებით, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ არსებობს პრობლემის მოგვარების ერთი კონკრეტული გზა. სწორედ ამიტომ, მე გთავაზობთ მისი აღმოჩენის საშუალებებს, ხოლო ყველა შემთხვევაში მის მოგვარებას სჭირდება შესაბამისი მიდგომა, ზოგჯერ ინდივიდუალურიც კი. პრობლემის პერსონიფიცირება ასმაგად გაგვიადვილებს მის გადაჭრას. საბოლოოდ კი ინტენსიური მუშაობა სასურველ შედეგს მოგვცემს.

 

 

გამოყენებული წყაროები:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო – I და II ტომი.

 

დისტანციური სწავლებისთვის – თვალის პატარა საიდუმლო

0

წლების წინ  ქიმიაში დისტანციური სწავლებისთვის ორი პროგრამა შევქმენი. ჯერ იდეა მოვიდა, შემდეგ დაფინანსება მოვიპოვე და სამუშაო ჯგუფი შევკარი. ურიგო შემადგენლობა სულაც არ გამოვიდა, ქიმიკოსებიდან მე და ნინო კუპრაშვილი ვიყავით, პროგრამისტებიდან ილია რაზმაძე და რევაზ ზატუაშვილი გახლდათ. მანამდე, ილიასთან ერთად „ვირტუალური ბიოქიმია“ უკვე მქონდა გაკეთებული. ახლა კი ჯერი ზოგად, არაორგანულ და ორგანულ ქიმიაზე მიდგა. დრო ორი წელი იყო, მასალა ზღვა.

2008 წელი იდგა. ეს რა დრო გახლდათ იცით? ზოგიერთი ასაკოვანი  პროფესორი კომპიუტერს ჯერ კიდევ „ეშმაკის მანქანას“ უწოდებდა. კომპიუტერული პროგრამის ლექცია-სემინარზე ან სკოლის გაკვეთილზე გამოყენებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. უბრალოდ, საკმარისი კომპიუტერები არ არსებობდა, თითო-ოროლა თუ იდგა სადმე. სიტყვა -დისტანციური სწავლება კი ღიმილის მომგვრელი გახლდათ. ჰოდა, მავანთ ნამდვილად გაუკვირდათ, რომ „ვირტუალური ქიმიის“ შექმნის დაფინანსება მოვიძიე და საქმეს შევუდექი. მაშინ ვინმეს, რომ ეთქვა რაღაც ვირუსის გამო, სასწავლო პროცესს სწორედ დისტანციური სწავლა გადაარჩენსო, ბევერი გულიანად გაიცინებდა.

ზემოთ ვთქვი, ზღვა საქმე იყო თქო და ყველაფერი შევძელით. ორ წელიწადში მთლიანი პროგრამა დავდეთ. სხვათა შორის, ბევრი მასწავლებელი მას დღესაც წარმატებით იყენებს, როგორც დამხმარე თვალსაჩინო მასალას ჩვეულებრი ნორმალური სწავლების დროსაც კი.

პროგრამამ არა ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე გულწრფელი მოწონება დაიმსახურა. მე პირადად, სამ საერთაშორისო კონფერენციაზე მაქვს წარდგენილი მისი ინგლისურენოვანი ვერსია და სესიის ბოლოს რიგი იდგა ხოლმე, რომ კომპიუტერიდან გადაეწერათ.

ერთხელ, ერთმა შვედმა პროფესორმა პროგრამის პრეზენტაციის ბოლოს იკითხა, რამდენ ხანში შექმენითო. ორ წელიწადში-თქო.

-რაო? ყველამ გაიოცა,

-რამდენი იყავითო?-დააზუსტეს,

-ოთხი ადამიანი თქო…

აღარ მითქვამს, რომ ჩვენ ე.წ. ორ ცვლად ვმუშაობდით, დღისით მე და ილია, საღამოს ნინო და რეზო.

აღარ მითქვამს, რომ ჩვენ შაბათ-კვირასაც ვმუშაობდით…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ისიც არ მითქვამს, რომ დღესასწაულების დასვენების დღეებშიც კი კომპიუტერებთან ვისხედით.

შედეგად…მე სათვალე დამჭირდა…

ჰოდა, დღეს, როდესაც ყველანი, კომპიუტერის ეკრანებთან გაორმაგებული დოზით ვართ მიმსხდარნი, ჩვენს თვალებს ორმაგი ზრუნვა ჭირდებათ.

მხედველობისთვის, პირველ რიგში, A ვიტამინი, იგივე რეტინოლია აუცილებელი. ეს ვიტამინი ახალგაზრდობის ვიტამინადაც ითლება, რადგან ცილა კოლაგენის სინთეზში მონაწილეობს, თუმცა ამჯერად ჩვენ თვალები გვაინტერესებს.

მის ალდეჰიდურ ნაწარმს, რეტინალს, შეიცავს მხედველობის პურპური, რომელიც მხედველობის ნერვის დაბოლოებებში, ძირითადად ჩხირებშია. მხედველობის პურპური, ანუ ცილა როდოპსინი, ფოტოქიმიური სენსიბილიზატორია. სინათლისადმი თვალის მგრძნობელობა როდოპსინის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

სინათლის ზეგავლენით როდოპსინი იშლება ცილა ოპსინად და ტრანს-რეტინალად. რეაქციას თან ახლავს გარკვეული კონფორმაციული ცვლილებები, რომელიც იწვევს ჩხირების მემბრანაში კალციუმის იონების არხის გახსნას და ნერვული იმპულსის გადაცემას.

A ვიტამინს მხოლოდ ცხოველური პროდუქტები შეიცავს, განსაკუთრებით მდიდარია თევზის ქონი, კარაქი, რძე, კვერცხი, ღვიძლი. ის კი არა, ძველი ეგვიპტელები ქათმის ღვიძლს მუდმივად მიირთმევდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თვალები ჯანსაღი ექნებოდათ.

თუმცა, ზოგიერთი ვეგეტარიანელია და ცხოველურ პროდუქტებს არ ეტანება. გარდა ამისა, ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი საკმაოდ კალორიულია და აბა, წარმოიდგინეთ სახლში ყოფნით და კომპიუტერთან ჯდომით ზედმეტ კილოგრამებს დააგროვებთ.

ამიტომ, მცენარეული პროდუქტები განსაკუთრებით საინტერესოა. თუმცა, აქ რეტინოლი წინამორბედის -ალფა-კაროტინის სახით შედის, რომელიც წვრილ ნაწლავში A ვიტამინად გარდაიქმნება.

მცენარეული პროდუქტებიდან შედის სტაფილოში, გოგრაში, პომიდორში, ყვითელ ატამში (ეს მომავლისთვის ვიცოდეთ) და ყურადღება!… ტკბილი კარტოფილი, ბატატი მას წინამორბედის კი არა, მზა ვიტამინის სახით შეიცავს. ეს ე.წ. „ბრაზილიური კარტოფილია“, ჩვენს სუპერმარკეტებში უხვად იყიდება და რეალურ  კარტოფილთან ნაკლები შეხება აქვს, თუმცა ასე ქვია. მასში ვიტამინი რეტინოლი უამრავი რაოდენობითაა. დღეში ამ პროდუქტის  სულ 30გრ. აუცილებელი.

ერთი ამერიკული კვლევით, ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ადამიანების უმრავლესობას  ნარინჯისეფერი მოსწონს. თვალს ახარებს ეტყობა, სულს გითბობს და კარგ ხასიათზე გაყენებს. მცენარეებში ნარინჯისფერი კაროტინით  არის გაპირობებული. ეს შეიძლეობა იყო ალფა, ბეტა კაროტინი, ზეაქსანტინი და ა.შ. ანუ, კაროტინოიდების ჯგუფი, რომელიც დაახლოებით 700 წევრს აერთიანებს. საკვებთან ერთად, კაროტინოიდების  40 სახეობას  ვიღებთ.  კაროტინოიდები მკერდის კიბოს განვითარებას უშლიან ხელს.

 

შემდეგი, რაც კარგი მხედველობის (ან, რაც გვაქვს, იმ მხედველობის) შენარჩუნებაში გვეხმარება, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებია. თვალის ბადურის უწვრილესი კაპილარების საღად შენახვაში გვეხმარება. ეს მჟავები ათეროსკლეროზის პრევენციაში მონაწილეობენ, ის კი თავის მხრივ,პირველ რიგში.  წვრილ კაპილარებს აზიანებს.  ეს მჟავები უფრო მეტი რაოდენობით ოკეანისა და ზღვების შედარებით ქვედა შრეებში მცხოვრებ თევზებშია, მაგ. ორაგულში.

არსებობს ომეგა-3 კვერცხები, რომლებიც ჩვეულებრივი ქათმის კვერცხია და სავარაუდოდ მათ პატრონ ქათმებს ომეგა-3-ით  გამდიდრებულ საკვებს აძლევენ. თუმცა, მცენარეული პროდუქტებიდან, ყველაზე მარტივი სელის თესლია. დღეში სულ 10გრ. სელია აუცილებელი.

შემდეგი პიგმენტი კაროტინოიდები ლუტეინი და ზეაქსანტინია. ისინი ბადურას ასაკობრივი დეგენერაციისგან იცავენ.  თვალს სიმახვილეს უნარჩუნებენ, თავისუფალი რადიკალებისგან და ულტრა იისფერი სინათლისგა იფარავენ.

ზეაქსანტინი და მისი მსგავსი ნივთიერებები ბუნებაში საკმაოდ გავრცელებულია და მცენარეული სამყაროს ოქსროსფრად გაფერადებაში დიდი წვლილი აქვთ. ზეაქსანტინი კაროტინთან ერთად სიმინდს აფერადებს. დიდი რაოდენობით არის მანგოში. შედის კვერცხის გულში, ფორთოხალსა და მოცვში. ეს უკანასკნელი თვალებისთვის ნამდვილ საბადოს წარმოადგენს, ოღონდ ახლა არ არის.

მანგოსაც ახლა სად შეიძენთ, სიმინდი ჯერ არ შემოსულა და დაკონსერვებულის მირთმევას აზრი არ აქვს, ფორთოხლის დრო უკვე გადის. ამიტომ, მწვანე სალათი და ისპანახი სცადეთ, ოღონდ უმად უნდა გაწიწკნოთ.

ოდნავ შეუსაბამობა გამოდის, სალათიც და ისპანახიც მწვანეა, ზეაქსანტინი კი ოქროსფერს ანიჭებსო, ზემოთ დავწერე. საქმე იმაშია, რომ აქ მეორე პიგმენტი, სახელად ლუტეინიც შედის და სწორედ ამიტომ სალათიც და ისპანახიც მწვანე შეფერილობისაა (ფოლიუმის მჟავას  და სხვა B ჯგუფის ვიტამინებსაც შეიცავს). დღეში 30 გრ-ია აუცილებელი, ანუ ისპანახის 50 და სალათი 10 ფოთოლი.

ამ ჟამიანობისას ერთი პროგრამა  ჯიუტად მეხვეწება, რომ ტელეფონში გადმოვტვირთო.

-შენს ტელეფონში მამყოფე და ფოტოებს ისე გაგილამაზებ, სხვები კი არა, თავად ვერ იცნობ საკუთარ თავსო.

-შენს ტელეფონში მამყოფე და ფოტოებს ისე გაგიფერადებ, ცისარტყელას ფერებად იღვრებოდეს ეკრანიდანო.

არ გადმოვწერე…

ჯერ ერთი ბევრ ადგილს წაიღებდა და ტელეფონის ენერგიას „შეჭამდა“.

მეორეც, ხელოვნურად მიფერადებულ-მოფერადებულს, ხომ მაინც მიცნობდნენ და პროგრამის ნამოქმედარსაც იოლად მიხვდებოდნენ.

მე თუ მკითხავთ, ბუნებრიობას არაფერი ჯობია, რაცა ხარ ეგა ხარ და მორჩა!…

ცხოვრებაში კი, ზოგადად,  ფერის წინააღმდეგი სულაც არ ვარ. პირიქით, ფერადი ყველაფერი მიყვარს, გარემოც, სამოსიც, სულიც და ადამიანებიც.

ოღონდ, ფერადი სამყაროს დასანახად ჯანსაღი თვალებია აუცილებელი.

 

საით მივყავართ ციფრულ რეალობას…?

0

გახდება თუ არა ადამიანი კიბორგი?

კრიზისი, რომელშიც ახლა იმყოფება პლანეტა, სამყაროს განვითარების განსხვავებულ პერსპექტივებს გვთავაზობს. ეს დაახლოებით ისე გამოიყურება: ჭიქა ნახევრადსავსეა თუ ნახევრადცარიელი? ერთნი თვლიან, რომ – ეჰა, ჩამოდგა აპოკალიფსი თავისი ყველა ნიშნით და მეორენი: აჰა, როგორც იქნა, დაიწყება სამყაროს განახლება!

ვინ იცის, იქნებ უფრო რთულადაც/იოლადაც კი შეიძლება იყოს საქმე, ვიდრე ამ კრიზისის შუაგულიდან ჩანს…  ვერ ვიტყვით, რომ ამაზე წერა და ფიქრი კაცობრიობამ ახლა დაიწყო, მაგრამ ახლა თითქოს ყველა სცენარი ერთბაშად გაცოცხლდა და გაიშალა; კვანტური რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, სუპერპოზიციაში.

ადამიანთა შიშებით, შეგრძნებებით, პროგნოზებით აივსო სოციალური ქსელებიც! #დარჩისახლში – გახდა მოწოდება, რომელმაც კიდევ ერთხელ გაათანაბრა პოლიტიკოსი და ამომრჩეველი, პროფესორი და სტუდენტი, ბანიკირი და მოსამსახურე… თუმცა გამონაკლისები აქაც არის: სამედიცინო პერსონალი, პოლიცია, ჯარისკაცები – რომლებიც კორონასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ.

„სახლში ჯდომამ“ – შეცვალა ადამიანი და მისი მიმართება სამყაროსთან…. დროის აღქმა შეიცვალა, „ადამინი – გარეთ“ ტრანსფორმირდა „ადამაინი-შიგნით“-ად; ეს კი ორი განსხვავებული პარადიგმაა. ვიღაცამ ფაზლი დაშალა და ხელახლა უნდა ააწყოს… ჩვენ შინ ვსხედვართ და ველოდებით…

ჯერ ბოლომდე გააზრებაც კი გვიჭირს… აი, ასე… ერთი ხელის აღებით, ერთი ხელის მოსმით, კაცობრიობა შეიკეტა სახლებში! ვინ იფიქრებდა? ალბათ ჩვენში არსებული აპოკალიპტური სცენარებიდან ეს სიზმარშიც კი განუხორციელებელ და ფენტეზურ სცენარად წარმოგვედგინა; არა და, ეს მოხდა!

გაჩნდა ეჭვებიც: ეს კორონა მართლა კორონაა? იქნებ მასმედია აჭარბებს? ან იქნებ ვიღაც ადგა და მეგა-შოუ დადგა კაცობრიობისათვის, ერთი გემრიელად რომ შეეჯანჯღარებინა…? პოლიტიკურ და შეთქმულების თეორიებზე აღარ გადავალ. ან სულაც…  იქნებ გვძინავს…?

ფეისბუქი ჩამოვსქროლე და აგერ, ჩემი მეგობარი, არტისტი, გიორგი გაგოშიძე, ასეთ სახალისო ვერსიას გვთავაზობს:

Giorgi Gagoshidze ცხოვრებაში ერთხელ ყველამ უნდა შეადგინოს ერთი კონსპირაციული თეორია. ჰოდა, აგერ ჩემიც: მე მჯერა, რომ ეს ვირუსი არის ფართომასშტაბიანი თეატრალური წარმოდგენა. მაგალითად, მარინა აბრამოვიჩმა მიუძღვნა ულაის გარდაცვალებას/ხსოვნას ან რამე ეგეთი. მე შენ გეტყვი, გაუჭირდებოდა მარინას სხვადასხვა ქვეყანაში არტისტების არჩევა დაავადებულებების და მკვდრების როლზე განსამწესებლად. თან აშკარად მაგ ქალის სტილია, დროში გაწელილი დესტრუქციული სცენარი აპოკალიფსური ელფერით. უბრალოდ, ბოლოს როგორ მთავრდება, ეგაა საინტერესო, მკვდრები აღსდგებიან საფლავებიდან/ფერფლიდან და ბისზე გამოვლენ? ნეტავ ფინალურ სცენას აღდგომას ხომ არ უმიზნებს?

კორონავირუსი ერთნაირად შეეხო მდიდარს და ღარიბს, მსახიობს, პოლიტიკოსს, მიწის მუშას, მასწავლებელს… მოკლედ, „მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი“.

ყველა გრძნობს და ხედავს, რომ „კორონავირუსი“ – ეს უბრალოდ ვირუსი არ არის, რომელიც თავის თავს ამოიჭამს და გაქრება. ის თითქოს სამყაროების გასაყარზეა… ცვლილებებისთვის გვამზადებს… ყველა თანხმდება, რომ „სამყარო კორონავირუსის შემდეგ ის აღარ იქნება, რაც მანამდე იყო“, მაგრამ ზუსტად არავინ არ ვიცით, ასე რატომ ვფიქრობთ… საიდან მივედით ამ ლოგიკურ თუ ინტუიციურ დასკვნამდე?

კიდევ ერთი ვერსია: ხომ არ გავხდებით რობოტები ან კიბორგები მომავალში? ან ხომ არ დასრულდა ადამიანის ერა და იწყება რაღაც სხვა…?

ალბათ დროზე უნდა გადავწყვიტოთ, როგორი სამყარო გვინდა მომავლისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს, გაერკვეს პლანეტაც – რა ჰქნას? ეგეც არის: ჩვენ რას ვწყვეტთ, არ ვიცით…? ვითომ მართლა შეგვიძლია, რამე გადავწყვიტოთ…? გარეთ გასვლა ვერ გადაგვიწყვეტია… „დარჩით სახლშიო“… დავრჩით!

კორონა-კრიზისმა დაგვანახა, როგორი უმწეოები და დაუცველები ვართ. სახლი – გახდა ერთადერთი დაცული თავშესაფარი. ეს „შინ“ მეტაფორადაც შეგვიძლია განვიხილოთ და სახლიდან „შინ“ შევიდეთ. ავტომატური ყოველდღიურობიდან ამოვარდნილებმა, დროა გავაცნობიეროთ: რა ხდება „შინ“? – ჩვენს ცნობიერებაში? შექმნილ კონტექსტს შეუძლია ახალ-ახალი რესურსი გამოავლინოს, მანამდე კი ფიქრი მოგვიწევს… ფიქრი იმაზე, რაც ხდება, რატომ ხდება და როგორი დაგვხვდება სამყარო, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება?

კორონა-კრიზისმა კომპიუტერს და სოციალურ ქსელებს კიდევ უფრო მიგვაჯაჭვა. შეიცვალა ჩვენი შრომის, სწავლების, მომსახურების, გართობის პლათფორმა – მთლიანად ელექტრონული გახდა. ჩვენ ვსხედვართ შინ და შეგვიძლია გამოვიძახოთ „შონ მოატნით“, რაც გვსურს და სანამდეც თანხა გავგვწვდება; შეგვიძლია, საწოლიდან მხოლოდ ჭამის გამო ავდგეთ… გავისეირნოთ საძინებლიდან მისაღებამდე და აივანი თუ გვაქვს ხომ სუფთა ჰაერსაც „ჩავყლაპავთ“. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ციფრული ეპოქა მთელი თავისი შესაძლებლობებით თავს დაგვატყდა, სხვა გზა არ დაგვიტოვა და უცებ დავეუფლეთ (დაგვეუფლა): დისტანციური სწავლების პლათფორმებს, ვიდეო-ურთიერთობას და ასე შემდეგ; შინ კიდევ იმდენ ხანს მოგვიწევს „ჯდომა“, რომ ეჭვი მაქვს, ჩვენი სოციალური ქცევებიც მალე შეიცვლება; სტუდენტებმა მითხრეს, რომ ისე მოეწონათ დისტანციური ლექციები, რომ შეიძლება სულ ეს ფორმატი მოუნდეთ, რადგან ზოგავენ დროს და ენერგიას, სადაც არიან, იქიდან თავისუფლად ერთვებიან ლექციებზე… იმის თქმა მინდა, რომ ბევრი რამ ჩვენ თვითონ აღარ მოგვინდება, როცა ეს ყველაფერი დასრულდება და გადაივლის.

ასე ნელ-ნელა, ჯერ მხოლოდ მეტაფორულად (რაღა მეტაფორულად?), მაგრამ მივდივართ რობოტიზაციისკენ და კიბორგიზაციისკენ.

ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა გაუწიოს ხელოვნურ ინტელექტს და რობოტიზაციას კონკურენცია ჩვეულებრივმა ადამიანმა? ვიცით, რომ ბევრი პროფესია გაქრება, რომ მომავალში პროფესორებად, ჟურნალისტებად და ასე შემდეგ, თავსუფლად შეიძლება, რომ ავატარები მოგვევლინონ (უკვე არიან კიდეც). ხელოვნური ინტელექტი იმხელა ცოდნის ბანკია, ცოდნით და ინფორმაციით ვერ აჯობებ… უფრო შორსაც მიდის და შემოქმედებითიც შეუძ₾ია იყოს, ასე განსაჯეთ, ლექსების წერაც კი შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს…

 

და აი, ასპარეზზე გამოდის კიბორგი… ტექმნოლოგიებთან ნაჯვარი ადამიანი. უნდა ვაღიაროთ, რომ ახლაც ჩვენ ცოტა-ცოტა კიბორგებიც ვართ. მართალია, ჯერ სხეულში არაფერი ჩაგვიმონტაჟებია, მაგრამ ეგ დროც შორს არ არის. ახლა თუ გაჯეტები ჩვენი სხეულის დამატებაა, შესაძლოა, სხეულებშიც შევასახლოთ და თვალებში ჩამონტაჟებული ლინზებით ვმართოთ გუგლი… სიტყვებიც კი არ დაგვჭირდება, გაფიქრება საკმარისი იქნება, რომ ეკრანზე სასურველი ინფორმაცია გამოვიტანოთ. ეს კიბორგიზაციის  ძალიან მსუბუქი ფორმაა… უფრო რთული ფორმებიც არსებობს და ადამინი-კიბორგებიც არსებობენ.

საით მივყავართ ციფრულ რეალობას…?

როგორც პლანეტის „სახლში დაჯდომა“ ვერ წარმოგვედგინა და მოულოდნელად ეს მოხდა, ასე მომავალში ბევრი მოულოდნელობის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ასე რომ, მომზადებულები შევხვდეთ ამ ამბავს, ის აჯობებს. მომზადებაში ვგულისხმობ ინფორმირებულობას, თორემ ტექნოლოგიების საუკუნეს ვერაფერი შეაჩერებს, თუ პლანეტის განვითარების რომელიმე ვერსიაში უცხოპლანეტელებმა არ დაგვიპყრეს და გაგვითიშეს ინტერნეტი.  ჩვენი ფანტაზიებიც მდიდრდება არსებულ კრიზისში და რეალური ნარატივისა და ფენტეზური დისკურსის ნაზავს წარმოადგენს.

ჰო, კიდევ ამბობენ, ჰოლოგრამები ისე დაიხვეწება, რომ შეეძლება დისტანციური გადააგილება ისე, რომ ცნობიერებასაც „თან გაიყოლებს“. და შენი ჰოლოგრამა იმოგზაურებს დედამიწის ნებისმიერ ადგილას და ამავე დროს, შეიგრძნობს და განიცდის ყველაფერს, რაც ხდება. შენ წამოწვები აგერ ტახტზე და აქაც იქნები და იქაც… აქ აუცილებლად ფილმი „სუროგატები“ გაგახსენდებათ, ვისაც არ უნახავს, აუცილებლად უნდა ნახოს. ჰო, ის ფილმიც გაგახსენდებათ, „ცისფერი მთები“, ციტატით: „გამაგებინეთ, ბოლოსდაბოლოს, მე აქ ვარ თუ იქ?“

გგონიათ, ზღაპრებს ვყვები ხომ…? კორონავირუსმა რომ დედამიწა გააჩერა, ეგ ზღაპარი არ არის…? ასე რომ, ახლა იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ რა შეგვიძლია და რაშია ჩვენი ძალა ტექნოლოგიების მეფობის საუკუნეში, რომელიც ადამინს უკვდავებასაც კი პირდება, ოღონდ ეგ ადამიანის უკვდავება იქნება თუ ტექნოლოგიების, გასარკვევია და კიდევ ბევრი რამეა გასარკვევი, ვიდრე კორონა გადაივლის…

 

 

როგორ ვასწავლოთ კვლევა

0

  საიდან იწყება კვლევა?

გაოცებისგან და, რა თქმა უნდა, ამ დროს გაჩენილი კითხვიდან: „რატომაა ეს ასე და არა სხვანაირად?“ ამ კითხვის გაჩენის წუთიდან ადამიანი უკვე აღარ კმაყოფილდება მზა სქემებით და თავად ცდილობს, იპოვოს პასუხი. ესაა სწორედ ძიების, კვლევის დასაწყისი.

მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ისეთი გარემო შექმნას გაკვეთილზე, რომ მოსწავლეებს გაუჩნდეთ კითხვების დასმის და მასზე პასუხების მოძებნის სურვილი და მოტივაცია, ანუ ხელი შეუწყოს მათი კვლევითი საქმიანობით დაინტერესებას.

კვლევითი საქმიანობა ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა სამყაროს შესახებ წარმოდგენების შესაქმნელად. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ამოცანებია:

 

  1. ვასწავლოთ მოსწავლეებს კვლევის დაგეგმვა, მისი ეტაპების თანამიმდევრობით განხორციელება; გავიყვანოთ ისინი რეალურ შედეგზე (სამეცნიერო ნაშრომის დაწერა, სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლა და სხვ.);
  2. ვასწავლოთ მოსწავლეებს თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში ორიენტირება;
  3. განვუვითაროთ მოსწავლეებს ციფრული წიგნიერების კომპენტენციები;
  4. განვუვითაროთ მოსწავლეებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, პროექტული და კვლევითი საქმიანობის უნარები, ავუმაღლოთ ცოდნის სოციალური სტატუსი;
  5. განვუვითაროთ მოსწავლეებს ინტეგრირებული მიდგომები პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას;
  6. განვუვითაროთ მოსწავლეებს დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.

 

გარემო მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და სირთულით, ბუნება და იქ მიმდინარე მოვლენები და პროცესები გეოგრაფიული კვლევის მთავარი ობიექტია. გეოგრაფია სწორედ ის სასკოლო საგანია, სადაც მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია, მიიღოს არასტანდარტული გადაწყვეტილებები, ეძიოს თანამედროვე კაცობრიობის განვითარების  ლოკალური, რეგიონალური და თვით გლობალური პრობლემების გადაწყვეტის გზებიც კი.

გეოგრაფიული კვლევა პირობითად  5 ძირითადი ეტაპად შეიძლება დაიყოს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გეოგრაფიული კვლევა ეს არის სურვილი და შესაძლებლობა, მოსწავლემ დასვას და უპასუხოს კითხვებს გეოსივრცითი ფენომენების შესახებ. ძირითადი გეოგრაფიული კითხვებია: სად მდებარეობს? რატომ მდებარეობს იქ და არა სხვაგან? რა მნიშვნელობა აქვს ამ მდებარეობას?  რას ჰგავს ესა თუ ის ადგილი? რასთან ასოცირდება იგი? როგორი იყო და  როგორ შეიცვალა? შესაძლოა თუ არა, მომავალშიც შეიცვალოს? რაში გამოიყენება? მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ ამა თუ იმ  კითხვის შესაძლო პასუხები, რის შედეგადაც ყალიბდება ჰიპოთეზები, რომლებიც ეხმარება მათ ინფორმაციის მოძიებაში.

გეოგრაფიულ  საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ გეოგრაფიული ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან. გეოგრაფიული ინფორმაცია  ნებისმიერი  მასალა და რესურსია, რომელიც ამა თუ იმ ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიული და საზოგადოებრივი მახასიათებლების შესახებ მონაცემებს მოიცავს.

მოძიებული  ინფორმაციის შემდეგ საჭიროა მონაცემების ორგანიზება,  სისტემატიზება და სხვა ფორმით გამოსახვა, რაც მოსწავლეებს ანალიზისა და მნიშვნელობების გადმოცემაში დაეხმარება. სხვადასხვა სახის მონაცემები შეიძლება დაჯგუფდეს  და გამოისახოს  ვიზუალური ან გრაფიკული სახით, ციფრული და ნაბეჭდი რუკების საშუალებით, სხვადასხვა  გეოსივრცითი სურათების (მაგალითად, ფოტოები, აერო-ფოტო სურათები, ზონდირებული და სკანირებული გამოსახულებები), გრაფიკების, ჭრილების, კლიმატოგრამების, დიაგრამების, ცხრილებისა და კარტოგრამების ფორმით. დოკუმენტებში ასახული ტექსტური ინფორმაცია შეიძლება გამოსახულ იქნას თემაზე ფოკუსირებული ციტატებით ან ცხრილების სახით. გეოგრაფიული ინფორმაციის ასახვა შესაძლებელია გეოინფორმაციულ სისტემებშიც.

გეოგრაფიული ინფორმაციის ანალიზი მოვლენების სისტემატურ თანმიმდევრობას, მათი ურთიერთკავშირების, მსგავსება-განსხვავების დადგენას,  მნიშვნელოვანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენას მოიცავს, რის შედეგადაც მოსწავლეებს თავისი დაკვირვებებისა და  ანალიზის  საფუძველზე ურთიერთ და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, ტენდენციების, თანმიმდევრულობის დადგენა  და დასკვნების გამოტანა შეუძლიათ.

კვლევა იმით სრულდება, რომ მოსწავლეებმა  შეძლონ მკაფიოდ და ნათლად გასცენ პასუხი დასმულ გეოგრაფიულ კითხვას. მათ უნდა  შეძლონ თავიანთი ნააზრევის სხვადასხვა ეფექტური და შთამბეჭდავი საშუალებებით გამოხატვა. ეს შეიძლება იყოს ციფრული სურათების, რუკები, გრაფიკები, ვიდეოები ან პრეზენტაცია  სხვადასხვა მულტიმედიური საშუალებებით. გეოგრაფიული ინფორმაცია ასევე შეიძლება მოწოდებულ იქნას ლექსების, კოლაჟების, ჟურნალების, დებატების და ესეების სახით.

გეოგრაფიულ კითხვებზე პასუხის გაცემა ყოველთვის არ წარმოადგენს კვლევის საბოლოო ეტაპს, რადგან ეს პროცესი, როგორც წესი, დასკვნებიდან და განზოგადებიდან გამომდინარე ახალი გეოგრაფიული კითხვების დასმით  გრძელდება.

განვიხილოთ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მაგალითი თემაზე „აფრიკა“.

კლასი იყოფა  6 ჯგუფად. მასწავლებელი ყველა ჯგუფს ურიგებს კონტინენტების წინასწარ მომზადებულ  ატლასს ან  6 ცალ ბაინდერს, რომელშიც აწყვია სხვადასხვა რუკები, კერძოდ მსოფლიოს  ფიზიკური, კლიმატური, ბუნებრივი ზონების და პოლიტიკური რუკები,  აფრიკის ფიზიკური, კლიმატური, პოლიტიკური, ბუნებრივი ზონების. ბაინდერში ასევე მოცემულია სხვადასხვა  დიაგრამა (მაგ; აფრიკის რამდენიმე პუნქტის კლიმატური დიაგრამა); ფოტოები (მაგ; აფრიკის  კონტინენტზე გავრცელებული მცენარეების და  ცხოველების, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მოსახლეობის საქმიანობის შესახებ და სხვ.).

ყველა ჯგუფის დავალებაა, უპასუხონ შეკითხვას: რით განსხვავდება აფრიკის კონტინენტი სხვა კონტინენტებისგან, თუმცა ამავე დროს თითოეულმა  ჯგუფმა უნდა იმუშაოს თავისთვის განკუთვნილი კონკრეტული მიმართულებით.  მაგ: პირველმა ჯგუფმა აფრიკის კონტინენტის გეოგრაფიული მდებაროებაზე; მე-2 ჯგუფი მუშაობს აფრიკის რელიეფზე; მე-3 – კონტინენტის კლიმატზე; მე-4 –  ჰიდროგრაფიაზე; მე-5 ჯგუფი – ბუნებრივ ზონებზე, ხოლო მე-6 – აფრიკის ქვეყნებზე.

თითოეული ჯგუფი ატლასიდან ან ბაინდერიდან თავად ირჩევს  თავისთვის საჭირო რესურსს, უკეთებს ორგანიზებას, აანალიზებს და ამზადებს პრეზენტაციას ძირითად გეოგრაფიულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ოღონდ, რა თქმა უნდა, კონკრეტულ  საკითხზე.

რა აერთიანებს ამ ჯგუფებს?  მათი ამოცანაა  მოცემული რესურსების შერჩევისა და ანალიზის საშუალებით  უპასუხონ საკვლევ შეკითხვას – გამოავლინონ აფრიკის კონტინენტის ის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული თავისებურებები, რომლითაც ის გამორჩეულია და განსხვავდება სხვა კონტინენტებისგან.

რატომ ვწერ მასწავლებლისთვის?

0

დიანა ანფიმიადი – მწერალი

  1. ჩემი ამბავი ადრე დაიწყო, ის ვარსკვლავთვალება, მესამეკლასელი მოსწავლე იყო, დიდი ხანი გავიდა მას მერე.

მეც ახალბედა მასწავლებელი ვიყავი, 20 წლის. ჯერ კალიგრაფიაში შევნიშნე უცნაურობა, არცერთ ხაზს არ მიჰყვებოდა, პატარა ასოთი იწყებდა და შეიძლებოდა სხვა ასო მთელი რვეულის გვერდის ხელა ყოფილიყო, კალამს ისე ღრმად არჭობდა ფურცელს, რომ თხრიდა. ერთ დღეს ძლივს გავაშველე, მეორე, მხიარული ბავშვი უჩხიკინებდა და ამან ხელი წაავლო – დამანებე თავი, დამანებე თავი – უყვიროდა. ბოლოს გაირკვა, რომ ამ პატარა, მესამეკლასელ წერტილს თავისი თვალით ჰქონდა ნანახი,  როგორ მოკლა მამამისმა დედამისი.

დიახ, როგორ დაჭრა მამამისმა დედამისი.

ეს გვიან გაირკვა, მანამდე კი საღამოობით, იმ გარდამავალ წუთში, სამუშაო დღეზე ფიქრისას, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ გაცილებით მარტივი იქნებოდა, ვარსკვლავთვალება  რომ ჩემს კლასში არ ყოფილიყო.

ჩვენ  პრობლემას იშვიათად  ვუღრმავდებით, კითხვებს იშვიათად ვსვამთ, შედეგებს ვებრძვით,  ნესტითა და ობით გამოჭმულ კედელს ყვავილებიან შპალერს რომ ააკრავ ისე და დამთავრდა.

აი, ამიტომ ვწერ „მასწავლებლისთვის“.

  1. დღემდე ყველაზე ცუდ სიზმრებში სკოლაში ვარ, ბნელ დერეფანში მივბოდიალობ და განავალში ფეხი მედგმევინება. არადა, თითქოს არც ისე რთული ბავშვობა მქონდა, კარგადაც ვსწავლობდი, არც გამორჩეული დაცინვისა თუ ჩაგვრის მსხვერპლი ვყოფილვარ ( რამდენიმე გულისმომკვლელი ამბავი ყველას გვაქვს), მაგრამ მაინც, ყველა სიზმარში სკოლაში ვარ. მერე, მასწავლებლობისას ამას სხვა სიზმარი დაემატა, როგორ ვცდილობ დირიჟორის ჯოხის აქნევით დავადუმო აფრთხიალებული კლასი და როგორ ვერ ვახერხებ, კიდევ კარგი, რომ ვერ ვახერხებ.

აი, ამიტომ ვწერ მასწავლებლისთვის.

  1. “მაგათთვის ცალკე სკოლა უნდა არსებობდეს, ისეთმა რომ ჩემს შვილს დაარტყას, მერე ვის მოვკითხო?”
    “ააბა, ბავშვებო, მოდი ინკლუზიურსაც ვკითხოთ რამე”
    “რა შავი ფრჩხილები აქვს, მაგან ხომ ხელი მომკიდოს ხომ ავაწანი ეგრევე”
    “ავადმყოფია? სულ არ ეტყობა”
    “გოგო ხომ არა ხარ, რას მეხუტები”
    “8 წლისაა ჩემი შვილი, ხშირი თმა აქვს მკლავებზე, დასცინიან და ეპილაცია უნდა გავუკეთო”
    ” ბიჭისთვის გინდათ? ცისფერი ხო?”
    “სახლში რომ მიგიყვან ისე უნდა გცემო, ისე გცემო, მამაშენმა ვერ გიცნოს”
    “ხელი არ დამიკარებია, უბრალოდ ყური მოვქაჩე”.

აი, ამიტომ ვწერ მასწავლებლისთვის.

  1. -დე, რამის გეშინია?
    -კი, ძალიან ბევრი რამის ( ჩამოვუთვალე, სიბნელე, ჭიაყელები, თაგვები, ძაღლები, ობობები, სიტყვა “განჯინა”)
    რატომ მეკითხები, შენ რისი გეშინია, გიო?
    -მე მეშინია ბავშვების.

კიდევ ამიტომ ვწერ მასწავლებლისთვის.

დიანა ანფიმიადის წერილებს მასწავლებლისათვის წაიკითხავთ ბმულზე:

დიანა ანფიმიადის წერილები

 

არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ბგერების სწორი აღქმა და წერითი უნარების გაუმჯობესება

0

არაქართულენოვანი მოსწავლეები, რომელებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და გაბმულ მეტყველებაში იშვიათად ან საერთოდ არ უშვებენ შეცდომას, მათ მაინც უჭირთ ბგერების სწორი აღქმა, წარმოთქმა და  წერითი დავალებების შესრულება. საქმე ისაა, რომ ქართულ ენაში არის სპეციფიკური ბგერები, რომლებიც უცხო ენაში არ გვხვდება და არაქართველი მოსწავლისთვის ერთი ჟღერადობით აღიქმება, ამასთანავე  მათი ყელის საარტიკულაციო აპარატისთვისაც რთულად წარმოსათქმელია.

მაგალითად სიტყვა  კარადა – აზერბაიჯანელმა მოსწავლემ შესაძლებელია გაიაზროს,  როგორც -არდა, პეპელა-ეფელად, ტრაქტორი-რაქდორი – თ-რაქთორი. და ა.შ. შესაბამისად, ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი ვალდებულია მოსწავლეს შესთავაზოს წერითი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებელი აქტივობები, რომელიც ნათლად იქნება გაწერილი გაკვეთილის გეგმაში.

გაბმული მეტყველების დროს, როდესაც მოსწავლე საუბრობს მისთვის არამშობლიურ ენაზე და უშვებს ბგერით შეცდომებს კონტექსტიდან გამომდინარე შინაარსი (მსმენელისთვის, ამ შემთხვევაში პედაგოგისთვის) მეტ-ნაკლებად გასაგებია, ხოლო, როდესაც საშინაო, საკლასო დავალებას კითხულობს პედაგოგი ხშირად მოსწავლის ნაწერი (სწორედ ბგერათა აღრევის შედეგად) რთულად გასაშიფრია.

ქ-უდი  -> კ-უდი     ტ-აფა  ->  დ-აფა

ჩ-ირი -> ჭ-ირი  გ-ირი -> კ-ირი დ-ირე -> ტ-ირე

აღნიშნული ბგერების აღრევის შედეგად აზრის არასწორი გაგება ხდება. მაგალითად: ა) ნახატზე მე ვხედავ კ-უდს. ბ) ნახატზე მე ვხედავ ქ-უდს.

ჩვენ გარშემო ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ისინი ამთავრებენ სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ სკოლებს და საერთო ჯამში მაინც უჭირთ სახელმწიფო ენაზე გამართულად მართლწერა.

საქმე ისაა, რომ არაქართველისთვის, თუნდაც მას ქართული სკოლა ჰქონდეს დამთავრებული და ქართული ითვლებოდეს მისთვის, როგორც მშობლიური ენა (მაგ: კასპის რაიონის მკვიდრი მოსახლეობა, სადაც ქართულენოვანი სკოლებია) – უმეტეს შემთხვევაში,  ბგერათა აღრევის მხრივ ეჭვგარეშედ ექმნებათ პრობლემა. სწორედ ამიტომ მოსწავლეებს უჭირთ წერითი დავალებების შესრულება… (სახელმწიფო თუ სხვ. გამოცდებზე, ოლიმპიადებზე (წერით ნაწილში) მათი ქულათა მაჩვენებელი დაბალია).

პრობლემად შეგვიძლია მივიჩნიოთ უმეტესი არაქართველი აბიტურიენტის თავშეკავება  პირველი  კურსის მისაღებ გამოცდაზე. ისინი არ / ვერ რისკავენ და თავს იკავებენ და არჩევანს მოსამზადებელ კურსზე აკეთებენ. (მათ უმეტესობას დიდ თავსატეხად მიაჩნიათ ქართული ენის გამოცდაზე – ესესა თუ ტექსტის ანალიზის წერა, ასევე აბზაცის რედაქტირებაც).

დავსვათ პრობლემატური კითხვები:

  1. რატომ უნდა წერდეს, მეტყველებდეს გამართული ქართულით აზერბაიჯანელი ან და სომეხი მოსწავლე, როცა მისთვის ქართული არამშობლიური ენაა?
  • ვინაიდან შეძლოს ინტეგრაცია მისივე სამშობლოში, არეალში სადაც მულტიკულტურული გარემოა, ცხოვრობს ქართველი, სომეხი, რუსი თუ სხვ;
  • იყოს პროდუქტიული, შეძლოს თვითდამკვიდრება და ჰქონდეს შემეცნების შესაძლებლობა;
  • სახელმწიფო ენაზე შეძლოს საკუთარი სიტყვის აზრის დაფიქსირება;
  • სახელმწიფო ენაზე შეძლოს ფაქტის ანალიზი, კრიტიკა, სინთეზი თუ შეფასება;
  • იყოს აქტიური და ჩართული სოციალურ ქსელში, ბლოგსა თუ სხვ. მასმედიურ საშუალებაში;
  1. რა შეიძლება გამოიწვიოს (მსგავსი მუსიკალური ჟღერადობის) ბგერათა აღრევამ და რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს მოსწავლეს (მასწავლებლის მხრიდან) ფაქტის უგულებელყოფამ ან / და არასწორმა მეთოდოგოლიამ?
  • სახელმწიფო ენის შესწავლისადმი დემოტივაცია;
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის კომპლექსი;
  • ფსიქლოგიური ტრამვა – ბულინგი;

შენიშვნა: (მოსწავლე შეიძლება გახდეს დაცინვის მხსვერპლიც, რაც შესაძლოა მტკინვეულად აისახოს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე).

როგორ გადავჭრათ პრობლემა?!

უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა აქტუალური დავალებები. უმეტესი მათგანის შექმნა მოსწავლეებთან ერთად თავადაც შეგვიძლია.

მოსასმენი (აუდიო-რგოლებით) დავადგენთ:

  • მათთვის არამშობლიური – რომელი ბგერების აღქმა-პერცეფციის პრობლემა აქვთ მოსწავლეებს ყველაზე მეტად;
  • მსგავსი მუსიკის მქონე ბგერათა აღრევის პროცენტულობას;
  • გავარკვევთ – რთული (ერთ ან ორხმოვნიანი) სიტყვების მოსმენის შემდეგ წარმოთქმის სიზუსტეს;
  • 3 – 5 სიტყვიანი თავსატეხის 5 – 7 მოსმენის შემდგომ გამეორების სიზუსტეს;

ამ ყოველივეს შემდეგ უნდა მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ აქტიური კითხვის აქტივობა/აქტივობები: – ნაცნობი ლექსიკისგან შემდგარი ტექსტის, ასევე ნაკლებად ნაცნობი და ბოლოს ყველა უცნობი სიტყვისგან შედგენილი ტექსტის შექმნა – კითხვა – წარმოთქმა – წერა.

ბოლოს, ფონეტიკური სავარჯიშოები/დავალებები, კერძოდ:

  • სწორი სიტყვის ამოცნობას. (ტესტირება, რომელიც მოიცავს ხშირად გამოყენებად 50 სიტყვას);
  • კარნახს;
  • საშუალო სირთულის ტესტს – (ორთოგრაფიული შეცდომების გასწორებას);
  • აუდიო-ტექსტის მოსმენას;
  •  წინადადების, თავსატეხის გამეორებას;
  •  ლაპარაკს.

 

  • თავდაპირველად მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ მათ შესაძლებლობებზე გათვლილი სავარჯიშოები, (აქტივობები), რომელთაც ადვილად გაართმევენ თავს… ამ ყოველივეთი შეიძენენ გაბედულობას, აიმაღლებენ მოტივაციას და განიმტკიცებენ თვითშეფასებას.
  • უნდა დავსახოთ შესაბამისი სტრატეგიები, რითაც გადავჭრით ფონეტიკური ხასიათის პრობლემებს. მოსწავლეებს ინტენსიურად უნდა ვაკითხოთ დამატებითი საკითხავი ლიტერატურა, მოვასმენინოთ მათთვის საინტერესო ვიდეო-რგოლი (წინასწარ ჩვენ მიერ ჩაწერილი ან ინტერნეტიდან მოძიებული), გავამეორებინოთ სხვადასხვა ფონემა, ენის გასატეხი, კერძოდ მრავალთანხმოვნიანი სიტყვები: ფრცქვნა, ბჭე, ზღმარტლი, ბრდღვნა, ფრთოსანი და ა.შ
  • მოსწავლეებს დავეხმაროთ, რათა შეძლონ აღქმა მსგავსი ჟერადობის ბგერების, მათი სწორი წარმოთქმა და მართლწერა, მივცეთ პოზიტიური უკუკავშირი, შევქმნათ ჰარმონიულ გარემო, რათა ვაგრძნობინოთ თუ როგორი დადებითი მოლოდინი გვაქვს მათ მიმართ, რაც დამეხმარება მათ დასახული მიზნის მიღწევაში.

მსგავსი პრობლემის გადაჭრისთვის პედაგოგებს შემიძლია მივცე შემდეგი რეკომენდაციები:

  • გაზომონ პრობლემა, აირჩიონ ფოკუს ჯგუფი;
  • დაგეგმონ მოსწავლეთა შესაძლებლობაზე მორგებული აქტივობები.
  • მოიძიონ სათანადო ლიტერატურა;
  • იმუშაონ მოსწავლეებთან შეთანხმებულად, რათა ინტერესითა და მოტივაციით იყოს ჩართული თითოეული მათგანი.

ვაჟა-ფშაველა სწავლა-აღზრდაზე

0

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის, როგორც ბავშვის სულის  მცოდნის, შეხედულებებს ბავშვებსა და სწავლა-აღზდაზე. გარდა იმისა, რომ ვაჟამ  საბავშვო ლიტერა­ტურა (იგი პირველი მინიატურის შემქმნელიცაა, ამავე დროს) უბადლო ნაწარმოებებით გაამდიდრა, იგი პედაგოგიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1879 წელს შევი­და გორის სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც ბევრი პროგრესული შეხე­დულება შეითვისა თავისთვის სასურველ გარემოცვაში. 1882 წელს კი უკვე დაასრულა კურსი. ვაჟა, როგორც მომავალი პედაგოგი, დიდი მონდომებით სწავლობდა პედაგოგიკასა და მის მონათესავე დისციპლინებს. ამის შემდეგ იგი გარკვეული ხნით სახალხო მასწავლებლის მოვალეობასაც ასრულებდა. 1886 წლის ოქტომბერში, პირადი განცხადების საფუძველზე, ვაჟა მასწავ­ლებ­ლად დაინიშნა დიდი თიანეთის სკოლაში. გარდა ამისა, საკუთარ შვი­ლებზე ზრუნვამაც ბევრჯერ ჩააფიქრა და საინტერესო აზრები გაუჩინა, გამოათქმევინა აღზრდის საკითხებზე, ზოგადად. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატმა მოხელეებმა ვაჟა პედაგოგიკურ საქმიანობას ჩამოაცილეს, მწე­რალმა თავისი მხატვრული ქმნილებებითა თუ წერილებით შეძლო თავისი შეხედულებები სწავლა-აღზრდაზე ქართველი ახალგაზრდობის გონებრივი და ესთეტიკური აღზრდის წყაროდ ექცია. ეს მასალა  საშუა­ლებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი საკითხები მწერლის სამწერლო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ვაჟა-ფშაველას აქვს ცნობილი მასწავლებლის, ლადო ბზვანელისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც მასწავლებლის ბედზეა და დღევანდე­ლო­ბასაც შეესატყვისება, როგორც ყველა დროზე გათვლილი კლასიკოსის ნაკალმევი:

„მასწავლებლისა ბედზედა

მრავალჯერ დამიკვნესია…

რა ვუყოთ, მასწავლებელი

დღეს არა ფასობს ჩვენშია.

თუმცა ხსნა ჩვენის ერისა

მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია”.

(მასწავლებელს ლ. ბზვანელს)

 

თავისი ქვეყნის სიყვარულითა და პატივისცემით შთაგონებული პო­ეტი სწავლა-აღზრდას დიდ ეროვნულ საქმედ თვლიდა, რასაც მასწავლე­ბლის ღვაწლს უკავშირებდა, ხოლო საქმით ამ ყველაფრის ცხოვრებაში გამტარებელი იყო.

ვაჟა-ფშაველა ახალი სკოლის შექმნას ქართველი პედაგოგიკის კლასი­კო­სის, ი. გოგებაშვილის, შეხედულებებს უკავშირებდა. იგი ასევე მხარს უჭერდა სკოლისა და ცხოვრების კავშირის იდეას. ვაჟა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მთაში განათ­ლების საჭიროებას. ვაჟა წერს, რომ განათ­ლების მხრივ ხევსურეთზე ჩამორჩენილი არცერთი კუთხე არ არის: „მე ასე ვფიქრობ, პატარა ხევსურებს უყვართ სწავლა, სწავლას, ცოდნას იმათ თვალში ფასი სძევს, ცოდნის ქონა მადლი და სახელია, ხოლო უცოდინრობა კეთილის მოკლება, სირცხვილი, სატი­რელი და სავალალოა…დიდებს ეჯავრებათ სკოლა, ხოლო პატარებს უყ­ვართ. ეს საკვირველი არ არის, რადგან ამისთანა ბნელს ხალხში პატარები უფრო არ არიან ცრუმორწმუნენი, არ გასჯდომიათ ჯერ ძვალ-რბილში მშობელთა და მეზობლების ამაო რწმენანი. ჯერ იმათი ტვინი გაურყვნელია და აი სწორედ ეხლაა დრო მთესველისა” (ერთი კვირა ხევ­სურეთში) [4, 69]. ვაჟას აზრით, განათლება განაპირობებს ხალხის, ერის ბედს და ამბობს, რომ საანდაზოდ გახდება ის ხალხი, ვინც უარყოფს რიგიან აღზრდასა და განათ­ლებას. თავის წერილში ,,ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა” იგი სთხოვს წერა-კითხვის გამავრცე­ლებელ საზოგადოებას, დააარსოს, ე.წ. მოძრავი სკოლები, რადგან თუნდაც ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ამის აუცილებლობაზე მეტყველებს. საზოგადოებაც, რასაც სკოლებზე ხარჯავდა, იმ ფინანსებით, შეძლებს ბევრად მეტი წერა-კითხვის მცოდნე ჰყავდეს, თუმცა ამას არ დაგიდევს და ამიტოა შესაბრალისიო.

მარტო სიტყვით ან ცოდნით არ იცნობა კაცი და მისი ღირსება – პრაქტიკით. საქმით უნდა შემოწმდეს. ანუ ცოდნა არა ცოდნისთვის, არამედ საქმეში გამოყენებული. ასეთ საქმედ მას თუნდაც საბავშვო მწერლობა მიაჩნია. საინტერესოა ვაჟას აზრი ამ უკანასკნელსა და შიო მღვიმელზე – „ჩვენი შიო, ჩვენი შიო და არავინ ფიქრობს იმას, რომ ეს პატარა კაცი იმავე დროს ძალიან დიდი კაცია; მისი ღვაწლი დიდმნიშვნელოვანია. ვინც ბალღებს კეთილგონიერად ზრდის, იგია აღმზრდელი და გამაბედნიერე­ბე­ლი ერისა, ვინაიდგან სიყრმის დროს დათესილი კეთილი თესლი დიდო­ბაში უხვად გამოიღებს ნაყოფს. ამიტომ აძლევს ჭეშმარიტი პედაგოგიკა უდიდეს მნიშვნელობას დაწყებით სწავლას, სიყრმის დროს მიღებულ შთაბეჭდილებათა; ამ შთაბეჭდილებათა ანკარა წყარო კი ეს „ჩვენი შიო” გახლავს” (შიო მღვიმელი) [3, 278]. ნიშანდობლივია სწორედ ვაჟას აზრი იმაზე, რომ ურთულესია საყმაწვილო ნაწარმოების წერა, ეს მხოლოდ ღვთიური ნიჭით მირონცხებულსა და სულით მდიდარ ადამიანს შეუძლია.

 

იმდროინდელ ბევრ სატკივარზე წერს ვაჟა, რომლებიც ჩვენი დღევან­დელობის მოარული სენიცაა. აი, რა ემართებათ ადამიანებს ცალკე უწიგნუ­რობისგან, ცალკე „ვაი, ჭკუისაგან”- „შემოგვჩივით და შემოგვტირით ჟურ­ნალ-გაზეთების რედაქტორნი და გამომცემელნი – ხელის მომწერლები არა გვყავსო. თქვე დალოცვილებო, ვინც ქართული წერა-კითხვა არ იცის, იმას რა ეგაზეთება, და ვინც იცის და იმას კიდევ არ უნდა ქართული გაზეთი, მორჩა და გათავდა! ძალადობა ხომ არ არის? ასეა: წყალი ნაყე – წყალია. შეაყარე ცერცვი კედელს, იქ რა დააყენებს? ხეზე შასვი ალალიო, რაც არ არი, არ არიო!…” (თიანური ფელეტონი) [3, 204] – აქ ვაჟას ცრემლიანი იუმორია, რომელზეც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ… როგორ შე­იძ­ლება, არ გვენიშნოს, როცა ვაჟა იმ საბჭოურ მენტალიტეტზე წერს, მისი დრო­იდან მოყოლებული ფესვგადგმული რომაა ჩვენს საწყალ ცნობიე­რებაში. განათლებასა და ახალ­გაზრდობის სწორ აღზრდაზე ზრუნვას შეგნებულ საზოგადოებაში აზრი დაეკარგა –  მშობლები შვილს იმიტომ აძლევენ განათლებას, რომ „მოხელე” გამო­ვიდეს. მით უფრო ბედნიერია მშო­ბელი, რაც მეტ ფულს იშოვის მისი შვილი, სწავლას კომერციული თვალ­საზ­­რისით უყურებენ და ამ უკანას­კნელს მათი თვალთახედვით საფუძველი და ღირსება აღარ აქვს: ,,ჩინოვნიკობა”, თუნდაც არაფერი იცოდე, პრესტიჟულია. მთავარია, თავს არგო და ქვეყანა წყალსაც წაუღია. ან უსწავლელობით თვალახვეული ადამიანი როგორ მიხვდებაო ქვეყნის წყლულსა და სატკივარს? (ცოტა რამ ჩვენის ცხოვ­რების ავ-კარგისა) – ამ სატკივრის მსხვერპლნი არ ვართ დღესაც ჩვენც და ჩვენი ქვეყანაც?!…

სწორად შენიშნავენ, ვაჟამ ცხოველთა, მცენარეთა, ფრინველთა სამ­ყა­რო ბავშვთა სულიერ სფეროს დაუნათესავაო. რომ დავუკვირდეთ, რამ­დენი რამით ემსგავსებიან ვაჟას პერსონაჟები ბავშვებს: სიფაქიზით, უცოდ­ველო­ბითა და უბოროტობით, ბავშვურად ადვილად დასაჩაგრაობითა და შთა­ბეჭ­დი­ლებიანობით. ასევე, შთაბეჭდილების ადვილად მიღება და ძნელად და­­ვიწყება, ყველაფრის მტკივნეული განცდა – აი, რა არის მათთვის დამახა­სია­თებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ მწერლის ყველა პედაგოგიკურ შეგო­ნებას სჯობს მისივე პიროვნული მაგალითი – „მაგრამ მაინც მიყვარხარ, მგე­ლო…” – ეს მწერლის სიყვარული, სიბრალული, თანაგრძნობაა. ვაჟას ნა­წარ­მოებებში პერსონაჟის უარყოფითი მხარეები არ გამორიცხავს მის, ვთქვათ, თანაგრძნობას, ხოლო მათი ობიექტისადმი მტრული დამოკიდე­ბუ­ლე­ბა არ გამორცხავს მათ მოწონებასა და სიყვარულს. ვაჟა შეგნებულად არ სთხოვს პასუხს თავის პერსონაჟებს იმიტომ, რომ საგნებსა და მოვლენებს ერთი მხრიდან, მათი გამოყენება-სარგებლიანობის თვალსაზრისით არ უდგება, არა­მედ ყოველ მხრივ სინჯავს და საკუთარ ინტერესზე მაღლდება, ივიწყებს მას…

 

ვაჟას პედაგოგიკურ შეხედულებებს (თუნდაც მის კითხვას: – „ნუთუ მუდამ სწავლა ტანჯვა უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?”) არა მარტო ისტორიული, თა­ნად­როული რეზონანსი და მნიშვნელობა აქვს. ერის მომავლის საძირკველი ბავშვის აღზრდაა, მისი მეცნიერული ცოდნით გამდიდრება. ეს კარგად ჰქონდა ვაჟას შეგნებული და მთელი მისი შემოქმედებაც ამას ემსახურება…

 

 

“ცის ნათელს მღერის ლაზარე” – დავით წერედიანზე

0

შარშანდელი წელი სამწუხაროდ დასრულდა: გარდაიცვალა კლასიკოსი, ცოცხალთა შორის უპირველესი მთარგმნელი და ერთ-ერთი უპირველესი პოეტი, დავით წერედიანი.

 

ქართულ მთარგმნელობით პოეტურ კულტურაში იყო შემთხვევები, როცა კონგენიალური თარგმანები ორიგინალურ პოეზიაზე ახდენდნენ გადამწყვეტ გავლენას, მეტიც – კალაპოტსაც კი უცვლიდნენ მას. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ შექსპირის დრამების მაჩაბლისეული თარგმანები. მათმა ენამ და ინტონაციამ მეოცე საუკუნის ათიანი და ოციანი წლების ქართული მოდერნისტული პოეზია მნიშვნელოვნად განსაზღვრეს. ასეთია, ჩემი აზრით, დაუფასებლად მივიწყებული ორი დიდი მთარგმნელის, გივი გაჩეჩილაძის და გიორგი ნიშნიანიძის მიერ თარგმნილი ინგლისური ხალხური ბალადები, რომლებმაც საკმაო გავლენა მოახდინეს და ახდენენ ქართულ პოეზიაზე, მათ შორის, კონკრეტულად, ჩემს პირველწიგნამდელ და პირველ წიგნში თავმოყრილ ტექსტებზე. ასეთია ჯემალ აჯიაშვილის მიერ თარგმნილი ებრაული პოეზიის ნიმუშები, ასეთია რეზო თაბუკაშვილის მიერ თარგმნილი შექსპირის სონეტები, ასეთია თამაზ ჩხენკელის თარგმანები, განსაკუთრებით – „გიტანჯალი”, რომელმაც, ფაქტობრივად, სათავე დაუდო შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიას და მისი გავლენა, გაუცნობიერებლად, დღემდე გრძელდება. დაბოლოს: ასეთია დავით წერედიანის მთელი მთარგმნელობითი მემკვიდრეობა ვიიონით დაწყებული და, აგერ, ახლახან გამოცემული ლორკას „ბოშური რომანსეროთი” დამთავრებული, რომელიც აუცილებლად შეიჭრება ორიგინალური ქართული პოეზიის სივრცეში და რომლის გამოცემასაც, სამწუხაროდ, მთარგმნელი ვერ მოესწრო.

 

წერედიანის მიერ თარგმნილი ვიიონის ლექსების ირონიას, ინტონაციებს, სინტაქსურ კონსტრუქციებს, არათუ მისივე თაობის პოეტების შემოქმედებაში, არამედ თანამედროვე პოეტების ლექსებშიც დაინახავს კაცი.

 

და მაინც: დავით წერედიანი უფრო დიდი მთარგმნელი იყო თუ უფრო დიდი პოეტი?! არის ხალხი, ვინც მიიჩნევს, რომ უფრო დიდი მთარგმნელი იყო, მე კი (და არა მარტო მე) მგონია, რომ ის თანაბარი სიძლიერის მთარგმნელი და პოეტი იყო. ის დიდი იყო იმიტომ, რომ მის თარგმანებში მისი ორიგინალური ლექსების პოეტიკის ნასახიც არ ჩანს და პირიქით. წერედიანის მცირე მოცულობის ორიგინალური პოეზია აბსოლუტურად თვითკმარი, მკვეთრად შემოსაზღვრული სამყაროა ენობრივად, ტროპული აზროვნებით და არც ისე მრავალფეროვანი მეტრული ინვენტარით. მისი საყვარელი საზომი, რომელსაც ის საფუძვლიანად ამუშავებს და ლექსების უმეტესობაში მიმართავს, შემდეგია: 5 / 3 / 5 / 2 („– ცხრა განწირული ძახილი საბლად ჩავკიდე შავეთს”). ასევე მიმართავს, ასე ვთქვათ, განვრცობილ მცირე ბესიკურს, როცა ლოგაედებს შორის, ერთის ნაცვლად, ორი მეორე პეონი გვხვდება: 5 / 4 / 4 / 5 („ქაღალდის ნავი მაღალ წყალში შევაცურეთ, ძველი ტრირემი”), აქტიურად იყენებს ასევე ყბადაღებულ მცირე ბესიკურს და შავთელურ ათმარცვლიანს, იშვიათად სრულიად ორიგინალურ პოლიმეტრულ სალექსო კარკასს გვთავაზობს, იყენებს კონვენციასთან შეჯვარებულ ვერბლანსაც.

 

ყველა ამ საზომში: მანამდე ნაკლებად დამუშავებულ, გავრცელებულ, თუ მის მიერვე მოგონილში, წერედიანი საოცრებებს ახდენს. გაცვეთილი საზომები მის ხელში სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენენ, უნებლიეთ ბროდსკის სიტყვები გვახსენდება: „დიდი პოეტი ისაა, ვინც გაცვეთილ საზომში თავის ინტონაციას შეიტანსო”. (პერიფრაზია). წერედიანი ამას ყოველ ფრაზაში, ყოველ სინტაგმაში ახერხებს. უჩვეულოა მისი ტროპული აზროვნება, იგრძნობა სამეტყველო ინტონაციების სიუხვე („იქნებ კიდევაც ნაღვლობდეს, არ კი ეტყობა, რა ვი…”), უყვარს ანტინომიური თქმები („სადაც სპეკალში შორეული ცრემლი ისმის, ვარსკვლავი ისმის”; „ცის ნათელს მღერის ლაზარე…”; „…თუ გაზაფხულმა ბრძანა”.). ამ და სხვა ინგრედიენტებით ვიღებთ წარმოუდგენელ შედეგს, ეს არ არის ჰერმეტული პოეზია, მაგრამ ყველაფერი გასაგები როდია. მეტწილად იმასაც კი ვერ ხვდები, რაზეა ლექსი. ივანე ამირხანაშვილს რომ დავესესხოთ: „ყველაფერი გესმის, მაგრამ ახსნა გიჭირს, რადგან ეს აზრის მუსიკაა”.

 

„აზრის მუსიკასთან” ერთად ამ ლექსებში იგრძნობა ექსპრესია, სიცოცხლე. აქ სიყალბის ნასახს ვერ ნახავ, ეს არ არის გაკეთებული ლექსები, სადაც თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ ლექსი მკვდარია და წაკითხვის შემდეგ არაფერი გრჩება. აქ არის წერედიანისეული „ნათელი ბუნდოვანების” მაგია.

 

დავით წერედიანი თითზე ჩამოსათვლელ იმ პოეტთა რიგს განეკუთვნებოდა, ვინც ქართულ ლექსს, ქართულ ვერსიფიკაციას ამობრუნებულს, მარტივ მამრავლებად დაშლილს იცნობდა. თანამედროვე ქართველი პოეტების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი იმასაც კი ვერ გეტყვის, თუ რამდენი ტერფია ქართულ ლექსში. მუხრან მაჭავარიანივით ჯადოსნურად ფლობდა ენას. ენის ნებისმიერი შრიდან შეეძლო საჭირო მადნის ამოზიდვა და საჭირო ადგილას ზუსტად გამოყენება. მისი, სულ რაღაც რამდენიმე ათეული ლექსი ბევრის ტომეულებს გადაწონის.

 

ბოლოსკენ კი, მინდა შევეხო მისი არა მთაწმინდის, არამედ მახათას პანთეონში დაკრძალვის საკითხს: არა მგონია, რომ მას ეს საკითხი დიდად აწუხებდა, ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სად არის დაკრძალული. სადაც გენიოსი განისვენებს, ეს იქნება მახათას მთა თუ ლოტკინის გორა, ყველა ადგილი წმინდაა.

 

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...