შაბათი, ნოემბერი 8, 2025
8 ნოემბერი, შაბათი, 2025

ამბები დუშეთიდან (ნაწილი პირველი)

0

დღეს, საღამოს, საქმეებიდან შინ მობრუნებულმა, უკვე ტრადიციულად, დუშეთში, მახლობელ სოფლებში ვიხეტიალე. ბევრთაგან ერთი კაციც შემომაყარა, მოხუცი, გულზე ახალგაზრდა ბიჭის სურათით. ძროხებს მწყემსდა. მივესალმე. მომესალმა. ,,შენ ის არა ხარ, წიგნებსა რომ წერამო?” კი – მეთქი. გაეცინა. გამეცინა. ,,ჰოდამ, როგორა ხარო?” – მკითხა. ნელ-თბილად – მეთქი. “ეგ როგორიაო?” სახე შეეცვალა. აი – ისე, რა – მეთქი. და მერე მივაგებე: თქვენ, თქვენ როგორ ხართ – მეთქი?

მეო – მიპასუხა და ამოიოხრა – ხან კარგად ვარ და… და ხან უფრო კარგადო!
აბა, ეს კაცი ჩემზე კარგად როგორ იყო, სხვა რომ არაფერი, გულზე გარდაცვლილი შვილის სურათი ეკიდა. მაგრამ სხვა ცოდნა ჰქონდა, გაძლების ხელოვნების ცოდნა. ის ცოდნა, რომელმაც ალბათ აქამდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა. ის ცოდნა, როცა ჭირშიც კარგად ვართ ან უფრო კარგად.

 

—-

გუშინ სასტიკი ქარი იყო დუშეთში. ისეთი – მგლების ყმუილი და მთვარე რომ უხდება გამჭვირვალე ღრუბლის მარლაში, მაგრამ არც მგლები ყმუოდნენ და ღამეც უმთვარეო გამოდგა. არცერთი მეზობელი არ დარჩენილა მახლობლად. მე კიდევ მიყვარს, როცა გრიგალია, მარტო ვარ და შიში მახსენდება. დიახ, მახსენდება. ძველი და უცნაური. მაშინ 7 თუ 8 წლის ვიყავი და ქარები დასჩემდა გურიას. უფროსების მთავარი შფოთვა ეგ მაგონდება, რომ სახურავი არ აეხადა სახლისთვის, ხოლო ჩემი მაშინდელი მთავარი ზაფრა კი მამაჩემი და ერთი უცნაური ლექსი იყო. აი, ის ლექსი, დედისერთას რომ მიუძღვნეს, ლენინთან. როცა, ვწვებოდი და მე მამაჩემის გვერდით ვწვებოდი, ის საგანგებო, ჩურჩულისმაგვარი ხმით იწყებდა:
“გარეთ ცივა, ქრის ქარი
მთვარე ვახშმობს მუხებში,
დახშულია ჭიშკარი,
ადევს კლიტე უხეში.
დედაბერი მიმჯდარა,
ბუხრის ახლოს კუთხეში.
თვალში ცრემლი დამშრალა,
მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?”
მე არ ვიცი ამ ლექსის მოსმენაზე მძაფრი რამ, როცა გარეთ ქარია. და ღამეა. და შენ რვა წლის ხარ. მაგრამ მერე მივეჩვიე. ძალიან მივეჩვიე. და ბოლოს ვეხვეწებოდი, რომ წაეკითხა. და ღმერთს ვთხოვდი, რომ გრიგალი ამოვარდნილიყო. და ვიყავი მშვიდი, ძალიან მშვიდი. ასე მოვათვინიერე პირველი ქარები. მამაჩემთან ერთად. მასე მერე სულ ქარში ვარ. ქარიშხლებში. ვირყევი და მსიამოვნებს. გუშინაც ეგ ამბავი იყო. ცხადად მივხვდი, რომ ეს მარტოობა მჭირდებოდა. რომ ახლა დაკვირვების და ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა. ძველი ქარები მომბეზრდა. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ. მანამდე კი საღამოებს და ღამეებს სხვა სიმშვიდით შევეგებები, რადგან არის დრო ქარიშხლების გამოცდის და არის დრო ამ გამოცდების ჩაბარების. საკუთარ თავთან. თუნდაც გარეთ ნამდვილი გრიგალი ქროდეს და სახლი კანკალებდეს. მე ღიმილით გადავბრუნდები. კედელთან მამაჩემი წევს. მამაჩემი ამბობს:
“გარეთ ცივა, ქრის ქარი!”
და ყველაფერი კარგადაა.

—-

წეღან ერთი კარგი, მშრომელი ბიჭი წავიყვანე მანქანით ჩანადირებიდან, ფეხით მიდიოდა და ვერ ასწრებდა კომენდატ საათამდე საკუთარ სოფელში. არ მგონია, იმ გზებზე ვინმეს შეენიშნა, მაგრამ წესი, წესია – მით უფრო პატიოსანი, გლეხი კაცისთვის. ასე აღმოვჩნდი სოფელ საკრამულში: ამ ჯადოსნურ ტყეში შევაბიჯეთ და ხეების გვირაბი ხომ საოცარი და გამოსვლისას სულ სხვა სამყარო გადამეშალა. სად აღარ მიხეტილია და რა აღარ მინახავს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს სოფელი მართლაც მოულოდნელი რამ გამოდგა. უკანა გზაზე, სავალს ავცდი და ცოტა გამიმრუდდა; ბაზალეთის ტბას მივადექი ზურგიდან – ვერცხლისფერის და იასამნისფერი რბილი ჭიდაობა ცალკე ჯადოქრობა იყო.
დუშეთი არის დაუფასებელი და უცხო. და სასწაული.

 

მარადიული ძიების მოტივი – აკაკი წერეთლის „სულიკო“

0

შემეცნებითი ძიება ინდივიდის არსებობის მთავარი ნიშანია. ადამიანი მუდმივად ეძებს ჭეშმარიტებას, ცდილობს ამოიცნოს, იპოვოს, ჩაწვდეს, მიაგნოს, ამოხსნას. ძიების სემანტიკა თავის თავში მოიაზრებს პოვნის სირთულეს, ამოუცნობის, მოუხელთებლის, განსაკუთრებულის აღმოჩენის აუცილებლობას.  აკაკი წერეთლის „სულიკო” ქართული კლასიკური ლექსია თავისი ფორმით, მეტრითა და რითმით. ლექსის შინაარსი, დაკარგული სატრფოს ძიება, სრულიად შეესაბამება ზოგადსაკაცობრიო, მარადიულ თემებს. სატრფო საიდუმლოებით მოცული სიმბოლურ-ალეგორიული სახეა, ამიტომაც ლექსის ესთეტიკა მრავალჯერ ქცეულა მეცნიერთა განხილვის საგნად: ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს დაკარგულ სატრფოში? ღმერთი? სამშობლო? დაკარგული სიყვარული? დაკარგული თავისუფლება? რას ნიშნავს იდეალური სამსახოვნება, სამბუნებოვნება? რას მიგვანიშნებს ეს სამი სახე-სიმბოლო?

აკაკი წერეთლის „სულიკო“ 1895 წლის 9 ივნისს დაიბეჭდა გაზეთ „კვალში“. ლექსის ავტოგრაფი დაკარგულია. სულიკოს გამოქვეყნებისთანავე აკაკის უთხოვია ბარბარე-ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლისათვის, რომელსაც მანამდე აუმღერებია აკაკის რამდენიმე ლექსი,  რომ „სულიკოსთვისაც“ გამოეძებნა მელოდია. ბაარბარე-ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლისა იგონებს: „აკაკიმ მიძღვნა „სულიკო“ და მითხრა, – შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო. დიდი მგოსნის შეკვეთამ, რა თქმა უნდა, საგონებელში ჩამაგდო. ლექსის მომხიბვლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახეები აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს გიტარის აკომპანიმენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბდა „სულიკოს“ მელოდია. როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა, მამღერა მრავალჯერ, შემდეგ თავისი პორტრეტი მაჩუქა წარწერით: „ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას აკაკისაგან“ (იხ. მოგონებები აკაკიზე, 1990, გვ. 485).

აკაკი წერეთლის „სულიკო“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლიტერატურული რეცეფცია მარადიული ძიების თემაზე. „შემეცნებითი ძიება ინდივიდის არსებობის მთავარი ნიშანია. ადამიანი მუდმივად ეძებს ჭეშმარიტებას, ცდილობს ამოიცნოს, იპოვოს, ჩაწვდეს, მიაგნოს, ამოხსნას. ძიების სემანტიკა თავის თავში მოიაზრებს პოვნის სირთულეს, ამოუცნობის, მოუხელთებლის, განსაკუთრებულის აღმოჩენის აუცილებლობას. აკაკი წერეთლის “სულიკო“ ქართული კლასიკური ლექსია თავისი ფორმით, მეტრითა და რითმით. ლექსის შინაარსი, დაკარგული სატრფოს ძიება, სრულიად შეესაბამება ზოგადსაკაცობრიო, მარადიულ თემებს“ (პოპიაშვილი 2018).

ცნობილი გერმანელი რომანტიკოსის, ადალბერტ ფონ შამისოს (1781-1838) ლექსი, „ხეტიალისას“ თავისი განწყობილებებითა და შინაგანი მიმართებებით სწორედ ძიების, ჭვრეტის თემას ეხება. სიყვარულისგან დამწუხრებული ლექსის ლირიკული გმირი სახეტიალოდ მიდის: „Wohl wandert’ ich aus in trauriger Stund’,/Es weinte die Liebe so sehr (დამწუხრებული ფიქრისაგან მივეხეტები,/სიყვარული ისე ძლიერ ტიროდა).

რომანტიული განწყობილებები, სიყვარული და სევდა ერთგვარი უნივერსალური სიმბოლოებია, რაც მუდმივად აისახება ლირიკაში. „შამისოს ლირიკა ევროპული რომანტიზმის კლასიკური ნიმუშია, სადაც ყველა ძირითადი ტენდენცია და მიმართულებაა ასახული“ (შამისო 1981, გვ. 7). შამისოს შემოქმედება ხასიათდება ორი ძირითადი ასპექტით. ერთი მხრივ, შამისო არის სიყვარულის ლირიკოსი, რომლის მთავარი აქცენტი შეყვარებულის გრძნობების გადმოცემაა. მეორე მხრივ, შამისოს შემოქმედება გოეთესეულ რეცეფციებთან არის ახლოს.

სასიყვარულო ლირიკაში შამისოს ლექსების ობიექტი ისეთი სატრფოა, რომელიც ლექსის ლირიკულ გმირს მუდმივად უარს ეუბნება, არ თანხმდება შეხვედრაზე, თავს არიდებს ლირიკულ გმირს, რომელიც თავის მხრივ, სიყვარულის ერთგულია, განიცდის სიყვარულს, სევდიანი და მწუხარეა სატრფოს უარის გამო. ლექსის „ხეტიალისას“ ლირიკული გმირი სეირნობისას ჩიტებს დაინახავს და ეკითხება: „Was singt ihr, ihr Vögel, im Morgenlicht?/Ihr wißt nicht, wie scheiden thut!“ (რას ჭიკჭიკებთ, ჩიტებო, დილით?/თქვენ არც კი იცით, განშორება რარიგ ძნელია!).

ლექსის ლირიკული შეკითხვაა: „რას დაეძებ წუთისოფელში?“ რა არის აქ საძებნელი, ან რისი პოვნა შეუძლია ადამიანს? მარადიული შეკითხვაზე პასუხი შამისოს ლექსში ორიგინალურად არის გაცემული: იმას არ ვეძებ, რაც უკვე ნაპოვნი მაქვს,/იმას არ ვეძებ, რაც უკვე თავს გადამხდენია.

„Was gehst du suchend durch das Land,

Du Müder mit ergrautem Bart? –

Ich suche nicht, was ich schon fand,

Ich suche nicht, was mir schon ward“.

„ – რას ეძებ ნეტავ ტიალ მიწაზე

დაღლილო მოყმევ, ჭაღარა წვერით?

– მე არ დავეძებ განცდილ სიამეს,

მე არ დავეძებ თავს გადახდენილს“.

(თარგმანი: ჩემია, ნ. პ.)

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადალბერტ ფონ შამისოს შემოქმედება თანადროულ ევროპულ ლიტერატურაში ძალზე პოპულარული იყო. შამისოს სასიყვარულო ციკლის ლექსებზე შექმნილია სიმღერები, რომლბიც დღემდე სრულდება. შამისოს ლექსის, „ხეტიალისას“ მუსიკა ეკუთვნის გერმანელ კომპოზიტორს, ჰუგო ვოლფს (1860-1903). ლექსი იმდენად მოსწონებია კომპოზიტორს, რომ მუსიკის ორგვარი ვარიაცია არსებობს, ორი სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები.

აკაკი წერეთლის „სულიკო“ და  ადალბერტ ფონ შამისოს ლექსი, „ხეტიალისას“ ძიების მოტივზე შექმნილი ნაწარმოებებია. სატრფო განყენებული ცნებაა, ერთგვარი არქეტიპია, ის არის ძიების უცვლელი მიზანი. სიყვარულის, მოუხელთებელი სატრფოს, სევდისა და იმედის, მარადიულის ძიების, ჭეშმარიტების შეცნობის, თავისუფლების, ამოუცნობის ამოცნობისკენ სწრაფვა ასაზრდოებს მხატვრულ ლიტერატურას, ქმნის საერთო თემებზე ინტერპრეტაციებსა და რეფლექსიებს.

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მარადიული ძიების თემას ქართულ ლიტერატურაში მრავალმხრივად წარმოაჩენს აკაკი წერეთლის „სულიკო“, რომელშიც უმთავრესი სწორედ ძიების რთული შემეცნებითი და შემოქმედებითი პროცესია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მოგონებები აკაკიზე 1990

მოგონებები აკაკიზე, თბ., 1990

 

შამისო 1981

Adalbert von Chamisso, Werke in zwei Baenden, Band I, Insel-Verlag, 1981

 

პოპიაშვილი 2015

ნინო პოპიაშვილი, ნაციონალური ლიტერატურის კანონი და დიქტატურა (სტალინი და აკაკის „სულიკო“), კრებულში: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები, ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა (სიმპოზიუმი ეძღვნება აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს), მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 2015

 

პოპიაშვილი 2018

ნინო პოპიაშვილი, აკაკი წერეთლის „სულიკო“ ენებსა და სტრიქონებს შორის. წიგნში: აკაკი წერეთლის „სულიკო“ მსოფლიო ხალხთა ენებზე, თბ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018

 

 

 

iსკოლა დისტანციური სწავლებისთვის

0

ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში, ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”– ზე გამოქვეყნდა ათი სტატია, დისტანციური სწავლებისთვის.  წიგნში, “iსკოლა დისტანციური სწავლებისთვის”,  თავმოყრილია ყველა გამოქვეყნებული  სტატია და დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება   როგორც წაკითხვის, ასევე წიგნის ჩამოტვირთვის.

 

iსკოლა დისტანციური სწავლებისთვის

წიგნში წაიკითხავთ:

ნინო ჭიაბრიშვილი „დიადი გადააზრების“, ანუ ერთადერთი ნამდვილისკენ მიბრუნებ ისთვის – დისტანციური
სწავლება და ღირებულებები
ვარდენ ნიქაბაძე – სასწავლო პროცესი და სკოლის მართვა დისტანცი ურ რეჟიმში
თამთა დოლიძე – დისტანციური სწავლების გამოწვევები გაკვეთილზე და როგორ გავართვათ მათ თავი
გიტა თვალაბეიშვილი –  დისტანციური სწავლების კალეიდოსკოპი
მანანა ბოჭორიშვილი  – დისტანციური სწავლება. პრაქტიკული რეკომენდაციები მცირეკონტინგენტიანი სკოლის
მასწავლებლებისთვის
ნინო ლაბარტყავა  – ონლაინ სწავლების დადებითი მხარეები და გამოწვევები განათლების დაწყებით
საფეხურზე ფორსმაჟორულ სიტუაციაში
მეგი კავთუაშვილი – მშობლები გამჭვირვალე „საკლასო ოთახში“
ირმა კახურაშვილი  – მოსწავლეები ონლაინ სწავლის გამოწვევების პირისპირ. რას ფიქრობენ ისინი.
სოფო ფაცაცია – რესურსები და ინსტრუმენტები დისტანციური სწავლებისთვის
ანა ღვინიანიძე – როდესაც ერთმანეთს მანძილი გვაშორებს ანუ დისტანციური სწავლების ფსი ქოლოგია

წიგნის რედაქტორინატო ინგოროყვა

ტექსტების კორექტორინანა მაჭავარიანი

დიზაინერიმარიამ ელიზბარაშვილი

 

ლიტერატურა და სპორტი

0

ჩემი მეოთხეკლასელი გოგონასთვის და მისი მეგობრებისთვის ლიტერატურული თამაში წამოვიწყე. ყოველდღიურობის გამრავალფეროვნების გარდა, წიგნის კითხვისადმი ინტერესის აღძვრა დავისახე მიზნად. საბედნიეროდ, ჩემი გოგონას ორი კლასელი ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობს და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ერთად დიდ დროს ატარებენ.

წიგნის ფესტივალი

პირველი ნაბიჯი წიგნის ფესტივალზე სტუმრობა იყო. წამოწყების შესახებ მშობლებს შევატყობინე. ისინიც ხალისით ჩაებნენ პროცესში და ფესტივალზე ყველა ერთად გავემგზავრეთ.  გოგონებმა დამოუკიდებლად შეიძინეს წიგნები: მარიმ „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ იყიდა, ნიამ – „ველოტური დანიაში“, თეკლამ კი – ენიდ ბლაიტონის „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“.

წაიკითხე ჩემი წიგნი პროექტია, რომელიც ერთმანეთისთვის კითხვას გულისხმობს. გოგოენებმა ადრესატები კენჭის ყრის პრინციპით შეარჩიეს და ყდებზე წარწერებით დაიწყეს ლიტერატურული თამაში. შევთანხმდით, რომ შთაბეჭდილებების გასაზიარებლად და წიგნების გასაცვლელად სამ კვირაში შევხვდებოდით ერთმანეთს. მე პროცესის წარმართვა ვითავე, რაც თავისთავად სამივე წიგნის წაკითხვას გულისხმობდა. გოგონებმა წიგნის თავფურცელზე შემდეგი ფრაზა დააწერეს: „ჩემი საუკეთესო დღე!“ – რაც ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – თქვეს და მალე წიგნები ბარათებითა და წარწერებით აჭრელდა. ერთმანეთს წიგნის გვერდებზე ეკითხებიან, თუ  რას ნიშნავს „კორიანტელი“, „დუქანი“, „კირი“, „უნივერმაღი“, „კონტრაბანდისტი“… პარალელს ავლებენ ყოველდღიურობასთან – სიტყვა „არდადეგები“  მოახლოებული ზაფხულის დღეებს ახსენებთ; ბავშვების სიცილით ჩაბჟირებისას საკუთარი თავი აგონდებათ; ფუნთუშის ხსენებისას ტკბილეულის ჭამა უნდებათ; ცნობილი ხუთეულისგან კარტის ახალ თამაშს, სლეპჯეკს, სწავლობენ; რვა ბავშვის დედის გავლენით ნამცხვრის გამოცხობა და წვეულების მოწყობას გეგმავენ; პერსონაჟებთან ერთად ეშინიათ, ბრაზობენ, უხარიათ, იცინიან და წიგნში ასახულ თავგადასავლებში ერთმანეთს მიიყოლებენ.

შეხვედრა კაფეში

პირობისამებრ წიგნების კითხვა დაასრულეს თუ არა, კაფეში შეხვედრა დავგეგმეთ. ხელი მოვხვიეთ წიგნებს, დღიურებს, კალმებს და კაფეს მოსაძებნად ყველა ერთად გავეშურეთ. ისეთი გახარებული იყვნენ, ყურადღების მოკრება უჭირდათ. რამდენიმე თვეა საგულდაგულოდ ვინახავ ქვითარს, რომელზეც მოკლე ჩანაწერებად მკარნახობდნენ დღის შთაბეჭდილებებს:

22.06.2019

  • წიგნის განხილვა;
  • წიგნის შეყვარება;
  • ტაქსი;
  • კრეპი შოკოლადითა და ბანანით;
  • ფოტოების გადაღება;
  • ამერიკანო;
  • ნაყინი კარამელით;
  • უმი ცომი;
  • ვიქტორინა;
  • მიმტანი;
  • მანათობელი მაგიდა;
  • მენიუ.

თითოეული სიტყვა ამბავს იტევს, რომელიც მათთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად იქცა. როგორც ხვდებით, ამგვარი აქტივობით მოვლენებზე დაკვირვება და მათი შეფასების სწავლება მსურდა. მენიუს წაკითხვა, არჩევნის გაკეთება, უცხო გარემოში ორიენტირება – მედიაწიგნიერების ცნებების განმტკიცებისთვის არაჩვეულებრივი გზაა, თან თუ ამ ყოველივეს წიგნზე საუბრებით გავამყარებთ, კიდევ უკეთესი.

კაფეში ტკბილეულის დაგემოვნების პარალელურად წაკითხულ წიგნებზე ვისაუბრეთ. შემდეგი ნაბიჯად კი ჩვენს ეზოში წიგნების მიხედვით ლიტერატურული თამაშის მოწყობა დავგეგმეთ.

სპორტული აქტივობები, ფერადი ცარცები და წიგნები

ციფრული ტექნოლოგიებით იმდენად დიდი დოზით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, თავისუფალი დრო კითხვისთვის აღარ რჩებათ. დროის მართვა ბავშვებისთვის კიდევ უფრო რთულია. კომპიუტერული თამაშებისგან განსხვავებით კითხვას დიდი ნებისყოფა სჭირდება. ასე რომ, მხოლოდ კითხვის სურვილის გაღვივება საკმარისი არ არის. წიგნიერი მოზარდის ჩამოსაყალიბებლად სურვილი ჩვევაში უნდა გადაიზარდოს. ამ დილემის წინაშე მყოფ მასწავლებლებს დიდი ძალისხმევის გაღება გვიწევს, რათა კითხვის მიმართ ინტერესი აღვძრათ. სწორედ ამ მიზნით ლიტერატურის სპორტულ აქტივობებთან დაკავშირება გულგრილს არავის დატოვებს.

ნაბიჯები

  • წავიკითხოთ ის წიგნები, რომლებიც ბავშვებმა წაიკითხეს;
  • მოვიფიქროთ შეკითხვები;
  • არასწორად თუ სწორად გაცემული პასუხების სანაცვლოდ შევთავაზოთ სპორტული აქტივობები, მაგალითად: სირბილი, ტომრით სრბოლა, იოგას მარტივ პოზაში (ბუ) გაშეშება; წყლით სავსე ბუშტების გახეთქვა, ხეებსა და გრძელსკამებს შორის გაბმულ ძაფებქვეშ გაძრომა, ასკინკილით სიარული, თავზე წიგნშემოდებული სვლა, სავარჯიშო რგოლის ტრიალი, ლახტით ხტუნვა…

 

  • ათი შეკითხვა საკმარისია, რომ თამაში დამღლელი და მოსაბეზრებელი არ გახდეს;

 

  • შევადგინოთ განძის რუკა და თამაშის მონაწილეებისთვის მოვიფიქროთ საჩუქარი.

 

ფერადი ცარცები

 

ასფალტზე ფერადი ცარცებით წინასწარ მოვამზადოთ თამაშის გეგმა, მაგალითად, დავხატოთ სხვადასხვა პიქტოგრამა და შიგნით ჩავწეროთ შეკითხვების ნუმერაცია. შესაძლოა, გამოვიყენოთ დახმარების ნიშანი, რაც გულისხმობს სპორტულ აქტივობებში მეგობრის დახმარებას.

 

შეკითხვების ჩამონათვალი

 

წინასწარ მოვამზადოთ შეკითხვების ჩამონათვალი. რამდენიმე შეკითხვის მოფიქრება დამატებით გვქონდეს მზად.

 

  1. ერთ წუთში ჩამოთვალე 12 პერსონაჟის სახელი წიგნიდან „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“;
  2. გაგვაცანით სამი ბიოგრაფიული დეტალი ენიდ ბლაიტონის ცხოვრებიდან;
  3. რომელი მწერლის სახლ-მუზეუმი ინახულეს დანიაში დიდმა ოჯახმა?
  4. რა ერქვა ქალს, რომელიც დიდედამ დანიაში გაიცნო?
  5. რა მიზეზით მოუწიათ ბავშვებს კირინის ნახევარკუნძულიდან კონტრაბადისტების მწვერვალზე წასვლა?
  6. ჩამოთვალეთ პერსონაჟთა სახელები წიგნიდან „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“;
  7. რა ერქვა მადსის მეგობარს, რომელსაც დიდმა ოჯახმა წვეულება მოუწყო?
  8. რა აჩუქა დიდედამ ახალგაცნობილ მეგობარს?
  9. როგორ გამოხატეს მადლიერება ოჯახის წევრებმა საბარგო მძღოლისადმი, რომელმაც წვიმისას შეიფარა ისინი?
  10. ვინ იყო მთავარი დამნაშავე წიგნში „ხუთეული გვირაბების ლაბირინთში“?

 

თამაშის წესები

ბავშვებთან ერთად ჩამოვწეროთ თამაშის წესები. მათი თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი წესებით თამაში კიდევ უფრო საინტერესოა.

  • კენჭისყრით გამოვავლინოთ თამაშის პირველი მონაწილე, მაგალითად, ვისაც ამოუვა ყველაზე მაღალი რიცხვი ან ვინც ყველაზე სწრაფად იტყვის გამოცანის პასუხს;
  • პირველ მონაწილეს ვუსვამთ პირველ შეკითხვას;
  • ერთი წუთის განმავლობაში უნდა მოიფიქროს პასუხი;
  • თუ ვერ გამოიცნობს, მეგობრის დახმარების დრო დგება;
  • პასუხის გამოცნობის შემდეგ პირველმა მონაწილემ უნდა შეასრულოს რომელიმე სპორტული აქტივობა;
  • თამაში გრძელდება კითხვების ამოწურვამდე.

 

 

სამივე მონაწილე რიგრიგობით უპასუხებს შეკითხვებს, დაეხმარება ერთმანეთს და თან  ძალიან ბევრს იმოძრავებს.

განძის ძიება

ბოლო ეტაპი გეგმის მიხედვით განძის ძიებაა. ეზოში დამალულია  „განძი“, რომელშიც ტკბილეულისთვის განკუთვნილი თანხა დევს. ამჯერად სამივე ეძებს განძს. ჩანაფიქრის მიზანია, ინდივიდუალური თამაში გუნდური პრინციპით დამთავრდეს.

დარწმუნებული ვარ, ამგვარი თამაშით კიდევ გაუჩნდებათ ერთმანეთისთვის წიგნების წაკითხვის სურვილი.

შესაძლოა, თქვენ კიდევ უფრო ლოგიკური და თანმიმდევრული წესები შეიმუშაოთ. სიამოვნებით გავეცნობი თქვენს იდეებს.

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ შევქმნათ კომიქსი

0

ბავშვებს ძალიან მოსწონთ მულტფილმები, რომლებიც მრავალი ნახატისგან შექმნილი ფილმია. ისინი, ვინც მულტფილმს იღებს, ქმნის კომიქსებსაც. რა არის კომიქსი? ის ნახატებისა და ტექსტისგან შექმნილი გამოსახულებაა. კომიქსში პერსონაჟები ერთმანეთს ესაუბრებიან.

სასწავლო პროცესში მოსწავლეები ხალისით ქმნიან კომიქსს. გადავწყვიტე მათთვის კომიქსის სახით ამეხსნა ქართულის ერთ-ერთი თემა, დიალოგი.

სტატიაში აგიხსნით, როგორ შექმნათ კომიქსი. პირველ რიგში google crome-დან უნდა შეხვიდეთ ბმულზე: pixton და გაიარეთ ავტორიზაცია microsoft-იდან სტუდენტის ფოსტით. ამის შემდეგ აირჩევთ for educators    Login in და  აირჩევთ MY COMICS-ს. ამის შემდეგ კი დააჭერთ  New comic-ს. დაარქმევთ სათაურს და დაიწყებთ შექმნას.

  • Background – პირველ რიგში ირჩევთ კომიქსის ფონს.
  • Characters-ზე დაწკაპების შემდეგ ჩამოგიშლით კომიქსის ვარიანტებს.

კომიქსის არჩევის შემდეგ ის აისახება თქვენ მიერ არჩეულ ფონზე, სადაც შეძლებთ სამოსის, თმის ფერისა და სტილის არჩევას.

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი კომიქსი Add Character-ის საშუალებით და გყავდეთ რამდენიმე პერსონაჟი.

  • კომიქსების აწყობის შემდეგ შეგიძლიათ მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრაც, რასაც მას შემდეგ შეძლებთ, როცა Focus-ს ღილაკზე გადახვალთ. შეგიძლიათ აარჩიოთ როგორც შორი, ისე ახლო კადრი.

  • გადავდივართ მნიშვნელოვან ნაწილზე, რაც მოიცავს ტექსტებს. Words-ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ მოგეცემათ საშუალება თქვენი კომიქსები აალაპარაკოთ. ვირჩევთ კომიქს, ვაწკაპებთ  ADD Words-ს და ვწერთ სასურველ ტექსტს.
  • ტექსტის შექმნის შემდეგ შეგვიძლია ავირჩიოთ კომიქსის ემოციები. ამისათვის ვირჩევთ Face ღილაკს.
  • შეგიძლიათ თქვენ კომიქსებს მიანიჭოთ მოქმედებები action-ღილაკზე დაჭერით.

თქვენ უკვე დაასრულეთ კომიქსის შექმნა. ახლა უკვე შეგიძლიათ ის შეინახოთ Done-ღილაკზე დაჭერის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენი შექმნილი კომიქსი ავტომატურად შეინახება თქვენს გვერდზე. შეგიძლიათ მასში რედაქტირება შეიტანოთ ან გააზიაროთ. Share ღილაკი საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი კომიქსი გადმოწეროთ  DOWNLOAD. ამის შემდეგ თქვენი სასურველი კომიქსი უკვე მზად იქნება!  თქვენ შეგიძლიათ კომიქსების სხვადასხვა თემების მიხედვით შექმნა. გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილს.

 

 

ვინ უმკურნალებს მკურნალებს?!

0

მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიის დაწყებისა და ვირუსის საქართველოში გავრცელების გამო ყველანი პანიკამ მოგვიცვა, ბევრ რამეზე დავფიქრდით, ბევრი რამ გადავაფასეთ და ბევრი რამის შეგვეშინდა. თავდაპირველად, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, რა ხერხებით გვებრძოლა ვირუსთან და როგორ გამოგვეჩინა სიფრთხილე. ყველაფერი ნელ-ნელა ვისწავლეთ, მივეჩვიეთ კარჩაკეტილობას, მინიმუმამდე დავიყვანეთ უცხო საგნებთან შეხების რიცხვი, დავივიწყეთ ხელის ჩამორთმევა, პირზე კოცნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია და მოვირგეთ ნაირ-ნაირი პირბადეები, ვინც რა მოვიხელთეთ და ვიშოვეთ. საერთო სახალხო პანიკასა თუ ჩოჩქოლს, თან დაერთო მთელი რიგი ე.წ. მიმების, ინტერნეტ ხუმრობების, კორონათემატური ვიდეორგოლების და ვირუსოშემეცნებითი სტატიების ციკლი. უცნაური ამაში არაფერია. როდესაც ადამიანი საფრთხის წინაშეა, ხშირად სიმღერას იწყებს, ან თუ მარტო არაა – ისტერიულად ხუმრობს. მთელ ამ პროცესში კი ჩვენი დროის სუპერგიმირების კასტაც გამოიკვეთა. ჩვენ საქვეყნოდ გამოვაცხადეთ, რომ სახლში ჯდომა გმირობის ტოლფასი იყო, კამპანია “დარჩი სახლში. გადაარჩინე მსოფლიო” დიდი პოპულარობით გამოირჩა და კმაყოფილება მოგვგვარა, რომ საკუთარ ტახტებზე კოტრიალით რაღაც ისეთ საქმეს ვაკეთებდით, ბრიუს უილისის გმირი რომ სჩადის არმაგედონში, ანდა კაპიტანი ამერიკა თანოსთან ბრძოლისას.

დიახ, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სახლში ყოფნა, ამან შეამცირა ვირუსის გავრცელების რისკი და ბევრი ჩვენგანი გადაარჩინა დაინფიცირებას, თუმცა ჩვენი არხეინობისა და კმაყოფილების მიღმა დარჩა სამოქალაქო სოლიდარობა, თანაგანცდა და პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე დარჩნენ და ვისთვისაც მსოფლიოს გადარჩენა არც ასეთ მარტივ მისიაში გამოიხატებოდა. თავი რომ დავანებოთ ადამიანებს, რომლებიც ვერ დარჩებოდნენ სახლში, რადგან უკიდურეს სიღარიბეში უწევდათ ცხოვრება და ეკონომიკურმა პაუზამ საშინელი საფრთხის წინაშე დააყენა, ანდა ადამიანებს, რომლებიც დარჩებოდნენ სახლში, მაგრამ სახელმწიფო შემწეობის იმედად, მიზერული შემოსავლით, ურთულესი დღეების გადატანა მოუწევდათ, აღვნიშნოთ ადამიანები, რომლებიც გლობალური პანდემიის პირობებში გაათმაგებული დატვირთვით შეუდგნენ საკუთარი საქმის კეთებას. ესენი იყვნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან სტრუქტურებში მომუშავე მძღოლები, ესენი იყვნენ სურსათის მაღაზიების კონსულტანტები, აფთიაქარები, მუშები, სხვები და სხვები, ქვედა რგოლის მშრომელები, რომლებიც, როგორც წესი სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე უჩინარი ჭანჭიკები არიან, მაგრამ როგორც გამოაჩინა კრიტიკულმა მოვლენებმა, ყველაზე მნიშვნელოვანიც. მათი ხმა იშვიათად ისმის, ხანდახან მათ შესახებ მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა შეუსაბამო შრომითი პირობების გამო ხმის ამაღლებას შეეცდებიან ხოლმე, ან მაშინ, როცა არაჰუმანურ გარემოს ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.

და კიდევ იყვნენ ექიმები.

ექიმების, ექთნების, სანიტრების, ეპიდემიოლოგების და სამედიცინო სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის პანდემიურ სამყაროში გმირობის საშუალება სახლში დარჩენა არ ყოფილა, არამედ თითქმის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა, უშუალო შეხება საფრთხესთან და საკუთარი სიცოცხლის გარისკვა (და ზოგიერთი მათგანისთვის, გაწირვაც კი). სინამდვილეში სახლში დარჩენით, უბრალოდ, ხელი არ შევუშალეთ სამყაროს გადარჩენას, ანდა დავანებოთ სამყაროს თავი და ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ. სახლში დარჩენით, უბრალოდ, საქმე არ გავურთულეთ იმ “მეომრებს”, რომლებიც ამ დროს მართლა იდგნენ “ბრძოლის ველზე”, სინამდვილეში ქვეყანა მათ გადაარჩინეს. ჩვენ მათ აპლოდისმენტები შევაგებეთ. მშვენიერი აქცია იყო, ლამაზი. ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი აქციის ხილვა სახლში დაბრუნებული ექთნებისთვის, რომლებიც ახალაღებული ხელფასით შვილებს სურსათს, სათამაშოებს და სხვა საჭირო ნივთებს მიუტანდნენ, ოჯახთან ერთად მოისვენებდნენ ოთახში, დივანზე და თან ტაშის ხმა მოესმებოდათ – რა კარგია. თუმცა მოვლენათა ეს ჯაჭვი ვერ შედგებოდა. რადგან ქვედა რგოლის სამედიცინო მუშაკთა ხელფასი ჩვენს ქვეყანაში მიზერული, არანორმალური და არაადამიანურია. სანიტარს თვის განმავლობაში შეიძლება 200-დან 300 ლარამდე დაუგროვდეს, ექთნის თანაშემწეს საშუალოდ 300 ლარი, ანალოგიური შეიძლება იყოს განყოფილების ექთნის თვიური ხელფასიც, ანდა უკეთეს შემთხვევაში – 500-600 ლარი, რეანიმაციის ექთნისა კი საშუალოდ 700 ლარია, რიგ შემთხვევებში, სტაჟისა და კომპეტენციის გათვალისწინებით 1000 ლარსაც შეიძლება მიაღწიოს. 1000 ლარის მქონე რეანიმაციის ექთანი უმაღლესი კომპეტენციის მქონე პროფესიონალია. დიახ, ეს რიცხვები არ გეჩვენებათ, ეს ჩვენი რეალობაა და დიახ 300-400 ლარია იმ ადამიანების ანაზღაურება, ვინც კორონავირუსს, უწყვეტ სამუშაო რეჟიმს, გადატვირთულ, საბრძოლო განრიგს და სიკვდილის საფრთხეს ჩახედა თვალებში. აი, სადაა აპლოდისმენტები საჭირო, აი საითკენ უნდა მივმართოთ ძალისხმევა, რომ ეს როგორმე შეიცვალოს.

მართალია, ვისაც ვკითხე ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, ყველამ ერთი და იგივე მითხრა, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში საერთოდ არც გვიფიქრია ხელფასებზე, ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობად ჩავთვალეთ, სხვანაირად არც დაგვიშვიაო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, საზოგადოებამ თუ სახელმწიფომ, ბოროტად ვისარგებლოთ მათი გმირობით და კმაყოფილებას მივეცეთ, საკუთარი თავები გმირებად მოვნათლოთ და თვალი დავხუჭოთ, ანდა წავუყრუოთ იმ პრობლემას, რომელსაც სამედიცინო სფეროს, თუ სხვა საკვანძო, მნიშვნელოვანი სფეროების ქვედა რგოლის მუშაკთა არაადამიანური ანაზღაურება ჰქვია. გმირებს სწორი შეფასება და დაფასება სჭირდებათ. არ შეიძლება, რომ ტრიუმფალური დაფნის გვირგვინი 300 ლარი ღირდეს.

რისი შენარჩუნება გვინდა? – კითხვა, რომელიც პასუხს მოითხოვს

0

განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი ყოველი სასწავლო წლის ბოლოს პოულობს დროს გავლილ ეტაპზე დასაფიქრებლად, მიღწეულ-მიუღწევლისთვის სახელის დასარქმევად და მიზეზებში ჩასაღრმავებლად. ის უკუაგდებს ფუჭ და უშედეგო პედაგოგიურ ხერხებს, შედეგიან სტრატეგიებს, მეთოდებსა თუ აქტივობებს კი საგულდაგულოდ მოინიშნავს და ჩაუღრმავდება.

მეტი გულისყური და დაკვირვებაა საჭირო ახლა, ამ უცნაურად წარმართული სასწავლო წლიდან დასკვნების გამოსატანად. მოულოდნელმა გამოწვევებმა ფსიქოლოგებიც კი დააბნია და ჯერჯერობით ვერც ისინი გვთავაზობენ სამომავლო რეკომენდაციებს. ონლაინ სასწავლო პროგრამები შესაბამისი მეთოდებითურთ აქამდეც არსებობდა, მაგრამ არც ისე ბევრი სასკოლო ასაკის სეგმენტისთვის, თანაც ამ მასშტაბით.

დისტანციური სწავლებისას მასწავლებლები მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებენ. მრავალი მათგანი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი პასიური მოსწავლე საოცრად გააქტიურდა და საინტერესო შედეგები აჩვენა. მოხდა პირიქითაც: „ვარსკვლავებმა“ ბრწყინვალება დაკარგეს და ერთგვარად მიყუჩდნენ. ნაწილმა კი ჩვეული მდგომარეობა შეინარჩუნა. პატარებს მშობლებისგან მეტი დახმარება დასჭირდათ, უფროსებმა, რომლებსაც ტექნოლოგიებში არ უჭირდათ, გაკვეთილების ჩაშლა დაიწყეს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ როცა პირველმა ეტაპმა გაიარა, მონდომებულმა მოსწავლეებმა დამოუკიდებელი სწავლის თვალსაზრისით ახალი ნაბიჯები გადადგეს.

მიმდინარე პროცესი რაღაცით შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდს ჰგავს, მაგრამ მაინც განსხვავებულია.

„თიმსში“ გაშინაურების შემდეგ მასწავლებელმა გარედან (ვიდეოჩანაწერში) შეხედა საკუთარ თავს და მიხვდა, რომ მონოლოგის რეჟიმში დარჩენა სიკეთეს არ მოუტანს, ჯობია, მხოლოდ აუცილებელ განმარტებებს დასჯერდეს, დანარჩენი დროის განმავლობაში კი მოსწავლეებს მოუსმინოს, მისცეს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება (ჯგუფებში, დისკუსიებში, ჩათში…). საჭიროა როლებისა და სიტუაციების ცვლა, მონოლოგი, რაც უნდა საინტერესო იყოს, მოსაწყენი ხდება და ინტერესიც იკარგება.

ხანმოკლე სასწავლო შეხვედრები მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს, რომ მოახერხოს მოსწავლის დაკვალიანება, განწყობა უფრო ხანგრძლივი დამოუკიდებელი სწავლის პროცესში ჩასაბმელად, მერე კი მას შეუნარჩუნოს „ხმის უფლება“, რომ შესრულებული დავალება წარმოადგინოს. დომინანტის (მოლაპარაკის) როლიდან მასწავლებელი ფასილიტატორის (მრჩევლისა და მსმენელის) როლში გადადის; ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა.

სკოლა ყოველთვის საუბრობდა ა მშობლების ჩართულობის დეფიციტზე. ამ ვითარებაში მშობლები უფრო გააქტიურდნენ. მრავალ მათგანს ახლაღა მიეცა საშუალება, ახლოს მისულიყო შვილის სწავლის პროცესთან. ზოგიერთი დაინტერესდა, რა ხდება საკლასო ოთახში. განსაკუთრებით გასახარია, რომ პროცესში შინ გამოკეტილი მამებიც ჩაერთნენ.

სკოლის დირექციების მიდგომებიც განსხვავებულია. ზოგიერთმა ნულოვანი მხარდაჭერის პირობებში მასწავლებლებისგან მაქსიმუმი მოითხოვა (ეს პოზიცია სამინისტროს რეკომენდაციებმა შეარბილა), სხვებმა მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერისა და მათთვის სასკოლო თუ პირადი რესურსის გაზიარების გზა არჩიეს, ბევრმა ელექტრონული მართვის სისტემის აწყობაზე დასვა აქცენტი…

კარგი მართვის პრაქტიკის მქონე სკოლებმა მალევე წამოიწყეს შიდა კვლევები, რომ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის რეალური სურათი დროულად დაენახათ, საჭიროებები განესაზღვრათ, მერე კი მხარდაჭერაზე ეზრუნათ.

ახლა, როცა სასწავლო წელი მიიწურა, გავლილი ეტაპის შეფასების დროც დადგა. სასურველია, ამ შეფასებას მცირე კვლევები (კლასის დონეზე, სკოლის დონეზე) დაედოს საფუძვლად. ელექტრონული გამოკითხვების წარმართვის პრაქტიკა მასწავლებლებს უკვე აქვთ და ეს მათ საქმეს გაუადვილებს. ამით მომავალი საქმიანობის დასაგეგმავად საჭირო ინფორმაციას მოუყრიან თავს. გამოკითხვა შეიძლება სხვადასხვა ჯგუფთან ჩატარდეს.

მოსწავლის კითხვარი შეიძლება ასეთ კითხვებს მოიცავდეს:

  1. იყავი თუ არა ჩართული დისტანციურ სწავლებაში (თიმსის ან ზუმის შეხვედრები, ტელესკოლა)?
  2. თუ არა, რატომ?
  3. მოგწონს თუ არა სწავლების ეს ფორმა?
  4. რა შეიცვალა შენთვის? სწავლა გაგიოლდა? გაგიძნელდა?
  5. რას შეცვლიდი დისტანციურ სწავლებაში, უფრო საინტერესო და სახალისო რომ გამხდარიყო?
  6. რისი შენარჩუნება გინდა ამ პროცესიდან, როცა ჩვეულებრივ სასწავლო პროცესზე გადახვალ?

მასწავლებლისთვის:

  1. იყავით თუ არა ჩართული დისტანციურ სწავლებაში?
  2. თუ არა, რატომ?
  3. მოგწონთ თუ არა სწავლების ეს ფორმა?
  4. რა მოგწონთ? რა არ მოგწონთ?
  5. რას შეცვლიდით, რომ უფრო საინტერესო და სახალისო გამხდარიყო?
  6. შეიცვალა თუ არა თქვენი დატვირთვა? გაიზარდა? შემცირდა?
  7. შეიძინეთ/განივითარეთ თუ არა ახალი პროფესიული უნარები?
  8. დისტანციურ გაკვეთილებზე თქვენ უფრო აქტიურობდით თუ მოსწავლეები?
  9. რა გავლენა მოახდინა დისტანციურმა სწავლებამ თქვენი მოსწავლეების სასწავლო შედეგებზე?
  10. ჩვეულებრივი სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენებთ თუ არა ამ გამოცდილებას? კერძოდ, რას და როგორ?

მშობლებისთვის:

  1. იყო თუ არა თქვენი შვილი ჩართული დისტანციურ სწავლებაში?
  2. რა პრობლემებს წააწყდით (ტექნიკური ან სხვა)?
  3. სჭირდებოდა თქვენს შვილს დახმარება თუ დამოუკიდებლად ართმევდა თავს ტექნოლოგიებს?
  4. რა გავლენა მოახდინა დისტანციურმა სწავლებამ თქვენი შვილის სწავლაზე, მის შედეგებზე?
  5. პირადად თქვენ რა გაიგეთ ახალი სასწავლო პროცესზე?
  6. რას შეცვლიდით, მასწავლებელი რომ ყოფილიყავით?
  7. ისურვებდით თუ არა ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას? კერძოდ, რა ფორმით?
  8. მისაღებია თუ არა თქვენთვის მასწავლებელსა და სკოლასთან ელექტრონული კომუნიკაცია?

ამ გამოკითხვის ჩატარება და შედეგების ანალიზი მასწავლებლისა და სკოლისათვის საჭირო მინიშნებების წყაროდ იქცევა. როგორ ვაგრძელებთ სწავლა-სწავლებას მომავალში? – ეს კითხვა პასუხს მოითხოვს:

  • გავაგრძელოთ ძველებურად, თითქოს არაფერი მომხდარა?
  • დავიწყებას მივცეთ ამ ეტაპზე გააქტიურებული ჩვენი და მოსწავლეების ტექნოლოგიური უნარები?
  • დისტანციური სწავლებიდან რომელი აქტივობები შევინარჩუნოთ ახალი უნარების განსამტკიცებლად და სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად? (მაგალითად, დავალების ელექტრონულად გადაგზავნის და დაბრუნების გამოცდილება; სასწავლო თუ სოციალურ პროექტებში დისტანციური შეხვედრების გამართვის გამოცდილება; მშობლებთან ელექტრონული კომუნიკაციის გამოცდილება);

აუცილებლად გადასარჩენი და განსამტკიცებელია მოსწავლეთა დამოუკიდებელად სწავლისა და მასწავლებლის ფასილიტატორის როლში გადასვლის გამოცდილება, რომელზეც მოთხოვნა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ რეალურად მისი ხორცშესხმა იშვიათად ხერხდება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დისტანციურმა სწავლებამ მოისნა, სწავლებაში ელექტრონული რესურსების გამოყენებაა, რადგან სკოლების უმრავლესობას პროექტორები არ ჰყოფნის და ეს რესურსი ფაქტობრივად მხოლოდ „საჩვენებელ“ გაკვეთილებზე გამოიყენება.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დისტანციურმა პროცესებმა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ფართო პერსპექტივა წარმოაჩინა და ზღვა რესურსი დააგროვა. მასწავლებელს შეუძლია, თავისთვის მოხერხებულ დროს ამ რესურსებს გაეცნოს.

დისტანციური სწავლების გამოწვევამ განათლების სფეროს ახალი შესაძლებლობები გადაუშალა. ამ შესაძლებლობებს დანახვა და გამოყენება სჭირდება.

ვირტუალური ექსკურსია მუზეუმში

0

ექსკურსიები, რომლებიც მრავალფეროვან უნარებს უვითარებს მოსწავლეებს, ძალიან საინტერესო მოგონებებს უტოვებს მათ, წელს თითქმის შეუძლებელი გახდა. ბევრმა მასწავლებელმა დაიწყო ვირტუალური ტურების ძებნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უნდა ვაღიარო და მეც სიამოვნებით ვეწვიე ამსტერდამის ზოოპარკსა თუ სხვა ცნობილი ქვეყნების მუზეუმებს, მაგრამ ისინი მიუწვდომელი აღმოჩნდნენ კარანტინისა თუ წინასწარ დაკავებული რიგების გამო. მათი მომსახურება, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ფასიანია. რაოდენ სასიამოვნო იყო, როდესაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის facebook-ის ოფიციალურ გვერდს ვეწვიე და ვირტუალურ ტურთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხი მყისიერად მივიღე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი არა მხოლოდ გპასუხობს კითხვაზე, არამედ გეხმარება,  რომ უფრო საინტერესო გახადოს მუზეუმთან ურთიერთობა ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის. მასწავლებლებო, ეროვნული მუზეუმი არაჩვეულებრივ რესურსებს გვთავაზობს კარანტინის რეჟიმში სრულიად უფასოდ და ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინებით. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, ესტუმროთ ვებგვერდს და ისიამოვნოთ მუზეუმის სხვადასხვა მომსახურებით. ამასთანავე დაგეგმოთ საინტერესო გაკვეთილები და დავალებები აქ მიღებული ცოდნის საფუძველზე.

მე კი დღეს შევეცდები, მოგიყვეთ, როგორი შევძელი  კიდევ ერთი დავუწყარი დღე ჩემი მოსწავლეებისთვის მომწყო, მუზეუმის არაჩვეულებრივი თანამედროვე რესურსების დახმარებით.

ეროვნული მუზეუმის მთავარ გვერდს თუ ეწვევით, აუცილებლად  მოიძიეთ ბლოკი „ვირტუალური ტური“.  აქ 9 ვირტუალურ დარბაზს ნახავთ, რომლის დათვალიერება შეგიძლიათ უფასოდ, ასევე გიდით და წინასწარ ჩაწერითაც. გიდის მომსახურება ფასიანია. ვირტუალურ დარბაზში მოგზაურობა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. ვიდრე ვირტუალურ  ტურს დაიწყებდეთ, შეგიძლიათ ესტუმროთ თქვენთვის სასურველი ტურის გვერდს და გაეცნოთ ჩანართს „გამოფენის შესახებ“.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ეს გვერდი ნამდვილად ბევრს მოგიყვებათ სასურველ ტურზე. სასურველ დარბაზში მოგზაურობთ პროგრამით Matterport. ვირტუალური ტურის ნახვა შესაძლებელია ტელეფონშიც, ხელმისაწვდომია VR  ყურსასმენის პარამეტრები და Google მუყაო. ტურისთვის განკუთვნილ ოთახში გადაადგილება შეგიძლიათ როგორც თაგუნას დახმარებით, ასევე კლავიატურაზე გამოსახული 6 ღილაკით, რომელთაგან ისრები გაძლევენ მიმართულების, ხოლო „+“ და „-“ ნიშნები მოახლოება-დაშორების შესაძლებლობას.  გარწმუნებთ თითოეულ ექსპონატთან მიახლოება დიდ ემოციას იწვევს მნახველში.

ეროვნულ მუზეუმში ბევრი რამაა გასაოცარი, მაგრამ განსაკუთრებით გაახარებთ პატარებს „განათლების“ ბლოკში, „ჩვენი პროგრამების“ განყოფილების საჩუქარი, რადგანაც თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მცირეწლოვან დამთვალიერებელს: ამოუბეჭდოთ ან ჩამოუტვირთოთ  არაერთი ექსპონატის გასაფერადებელი ვერსია. გაფერადებაში პროგრამა Paint -იც შეგიძლიათ დაიხმაროთ.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ინტერაქტიული გვერდიდან შეძლებთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სახალისო თამაშის „ციფრული რესტავრაციის“  ჩამოტვირთვას საკუთარ კომპიუტერში. თამაში თქვენს კომპიუტერში პროგრამა WinRAR-ის დახმარებით შეგიძლიათ  გახსნათ.

წარმოიდგინე, რომ 2400 წლის წინათ შენს თანატოლს წყაროზე  გაუტყდა ეს მშვენიერი დოქი და დღეს შენ კომპიუტერით ეხმარები აწყობაში, დამერწმუნეთ უცნაური გრძნობაა.

 

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

გარდა ამისა, მუზეუმი გთავაზობთ ახლოდან დაათვალიეროთ ინტერაქტიული ჰერბარიუმი,  რომლის თითოეული ექსპონატის არამხოლოდ მოახლოებაა შესაძლებელი, არამედ მის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობაც. ვირტუალური ჰერბარიუმის დათვალიერების შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ბავშვებს საინტერესო საზაფხულო დავალება მისცეთ: გადაიღეთ თქვენი სოფლის (ქალაქის, კუთხის) უმშვენიერესი ფლორის წარმომადგენლები, ჩაინიშნეთ გადაღების თარიღი, მოიძიეთ მის შესახებ ინფორმაცია (სახელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თესლი და გავრცელების არეალი, დააკვირდი მისი ფოთლების ფორმას, ღეროს, თესლს. გაეცანი მცენარის სასარგებლო თუ მავნე თვისებებს, გააკეთე მისი ნახატიც და  სკოლაში დაბრუნდი დიდი ფოტოალბომით, თუმცა შეგიძლია მიბაძო მუზეუმს და ნამდვილი ჰერბარიუმიც გააკეთო. სექტემბერში სკოლაში შევძლებთ თქვენი დახმარებით საინტერესო გამოფენის მოწყობას).

აქვე ჩამოგითვლით იმ უნარებს, რომლებიც ამ დავალების შესრულებისას  განუვითარდებათ თქვენს მოსწავლეებს: ბუნებისადმი ინტერესი და სიყვარული, ბუნების თითოეული წარმომადგენლისადმი პატივისცემა, დაკვირვების, კვლევის, დახარისხების, ტრანსფერისა და შეფასების უნარი, გაუჩნდებათ ბუნების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება, რაც ასე გვჭირდება დღეს ყველას!

ამასთანავე ისწავლიან, რომ მუზეუმი არაა მხოლოდ წინაპართა საოცარი მიგნებების სავანე, არამედ თანამედროვე მუზეუმი ადგილია, სადაც უახლესი მიგნებები და ორიგინალური წარსული განუმეორებელ სინთეზს ქმნის. ეს ორმაგი კრეატივი თქვენს მოსწავლეებში არა მარტო გაამდიდრებს თეორიულ ცოდნას, არამედ მიანიჭებს ესთეტიურ სიამოვნებას,  დააფიქრებს და აიძულებს მათ, გააანალიზოს წინაპართა მიღწევები და შეცდომები.  და ვინ იცის რამდენისთვის გახდება ახალი იდეების წყარო…

ალბათ, გაგიჩნდებათ შეკითხვა: როგორ და რა პროგრამაშია ამ ექსკურსიის მოწყობა შესაძლებელი? საქართველოს ეროვნული მუზეუმი ვირტუალურ ტურებს პროგრამა zoom-ში გთავაზობთ, თუმცა მე ვირტუალური ექსკურსია, 27 მაისს, სწავლის დასრულების ბოლო დღეს, Teams პროგრამით განვახორციელე. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ ერთი დარბაზის დათვალიერებას ნახევარი საათიდან ერთ საათამდე სჭირდება. ამიტომ უმჯობესია ერთჯერადად მხოლოდ ერთი თემა შეარჩიოთ და მასზე კონცენტრირდეთ. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ბავშვებსაც მეტი რამ დაამახსოვრდებათ. ასევე შეგიძლიათ ჯგუფში დატოვოთ თქვენ მიერ მომზადებული მასალა  იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც რაღაც მიზეზის გამო ვერ შეძლეს თქვენთან ერთად ვირტუალურ ტურში მონაწილეობა, ან კიდევ ერთხელ სურთ, დატკბნენ ზოგიერთი ექსპონატის დეტალური დათვალიერებით.

შეიძლება, ვინმემ  მკითხოს, რა კავშირშია პირველი კლასი და ეროვნული მუზეუმიო? მაგრამ თამამად გიპასუხებთ: ორ თვენახევრიანი შინაპატიმრობის შემდეგ ნამდვილად დიდი და ფერადი გასეირნებაა ეროვნული მუზეუმის ტურები. ხოლო პირველკლასელებისთვის, რომლებმაც ბუნების სახელმძღვანელოში ახლახან დაიწყეს ფლორისა და ფაუნის გაცნობა, სწორედაც უპრიანია, იცნობდნენ საკუთარი ქვეყნის გადაშენებულ, წითელ წიგნში შეტანილ თუ გადარჩენილ წარმომადგენლებს, რათა გააცნობიერონ, რა ზიანის მოტანა შეუძლია, ბუნებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. ასევე მნიშვნელოვანია, იცნობდე და შეგეძლოს იმ რესურსების სწორად გამოყენება, რომლებსაც ეროვნული მუზეუმი ასე უხვად და უშურველად გვთავაზობს. ძალიან ბევრი რესურსი გაზიარდა კოვიდ-19-ის პერიოდში, მაგრამ სასურველია, პედაგოგთა ფართო საზოგადოებამ მიზნობრივად  გამოიყენოს მუზეუმის თანამედროვე შესაძლებლობები, რომლებიც სწორედ ამ რთული პერიოდის დასაძლევად შეიქმნა.

მუზეუმში გასეირნებამ მომავალი წლისთვის საჭირო და საინტერესო აქტივობაც აღმომაჩენინა: OFFICE@SABUKO.GE,  გაეცანით და გამოიყენეთ უამრავი საინტერესო, სახალისო და საზოგადოებისთვის სასარგებლო რესურსი. მერწმუნეთ,  არ ინანებთ არც თქვენ, არც თქვენი მოსწავლეები და, მით უმეტეს, არც მათი მშობლები!

 

 

 

 

მოვლენათა მოდელირება – დისტანციური გაკვეთილის ერთი სცენარი

0

იმღერე და ღამის აღარ შეგეშინდებაო, ბავშვობაში მასწავლა მამაჩემმა.  თავიდან ცოტა ძნელი ამოცანა ჩანდა, მაგრამ მესამე ცდაზე უკვე კარგად გამომივიდა. უფრო მეტიც, შიშთან ბრძოლის ეს გზა თუ მოდელი, სიბნელის გარდა, სხვა შემთხვევებზეც გადავიტანე და ნამდვილად მეხმარებოდა თუ მათავისუფლებდა. კორონობა რომ დაიწყო, მაშინაც გამახსენდა მამაჩემის ეს მეთოდი, მაგრამ უკვე კარგა ხანია ვიცი, რომ სიმღერა არაა საჭირო, ისედაც აღარ მეშინია, მით უფრო, თუ წესებს ვიცავ და ინსტრუქციებს მივყვები.

იმ დღეებში მამაჩემის შეგონებასავით ალბერტ კამიუს „შავი ჭირი“ მახსენდებოდა. წიგნი, რომელიც თავის დროზე, ძალდატანებით წავიკითხე და მაშინ არც კი მომფიქრებია, მასში აღწერილი დავიდარაბა ფაშიზმსა თუ სხვა რეჟიმებზე გადამეტანა. კოვიდ-19-ის გავრცელებიდან მალევე New York Times-ში გამოჩნდა ამერიკელი ფილოსოფოსის, ალეინ დე ბოტონის  საგულისხმო სტატია – „კამიუ კორონავირუსის შესახებ[1],  რომელმაც ამ ტექსტთან ხელახლა არაერთხელ დამაბრუნა. ახლა ერთ პასაჟზს გავუსვამ ხაზს: წიგნის დასასრულს ექიმ რიეს ყურში სიხარულის ყიჟინა ჩაესმის, რადგან ერთი წლის თავზე ქალაქმა დიდ უბედურებაზე გაიმარჯვა. ეჭვგარეშეა, ალბერტ კამიუ ნებას დაგვრთავდა, მისი წიგნის ეს სათაური განგვეზოგადებინა მოვლენად, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმა აქვს და სახელიც განსხვავებული ჰქვია.  აკი იგი ექიმს კვლავაც შეახსენებს, რომ ამ სიხარულს საფრთხე ელის, რადგან შავი ჭირი არასდროს კვდება. იგი აუცილებლად მოდელირდება[2]. არავინ იცის, როგორ და რა სახით. ამის ამოკითხვა მკითხველმა ტექსტის ღრმა უჯრედებიდან თავად უნდა შეძლოს და ამ ჭირს ბიოლოგიური კოვიდ-19, ებოლა ან სხვა რამ დაარქვას.
ქართული ნახატი ფილმი „ჭირი“ თუ არ უნახავთ, თქვენს ბავშვებსაც აუცილებლად აჩვენეთ და მასში მოდელირებული ამბები ალბერტ კამიუს „შავ ჭირსა“  და ალიენ დე ბოტონის ზემოთ ხსენებულ წერილს შეძლებისდაგვარად დაუკავშირეთ/ დააკავშირებინეთ.

 

„ისევე, როგორც ყველა არ სეირნობს აუცილებლობის გამო, ასევე ყველა არ წუხს სხვების მიმართ თავისი უპირატესობის ჩვენების გამო: ზოგი – იმიტომ, რომ ეშინია, ზოგი – იმიტომ, რომ მართლა ადარდებს ეპიდემიის გავრცელება. სეირნობის მოტივებივით ბევრია წუხილის მოტივებიც. თუმცა უმრავლესობას, აქეთაც და იქითაც ერთი მიზეზი აქვს“ [3]. თუ  ბავშვებსაც დავაფიქრებთ, რა შეიძლება იყოს ეს მოტივები და მათი გამომწვევი  ერთადერთი მიზეზი, იქნებ გვიპასუხონ, რომ შიშია. მაშინ კი სჯობია, მასზე ბევრი ვისაუბროთ, Microsoft Teams-ის დაფაზე, ფურცელსა თუ გონებაში ბევრი თვალსაზრისი ჩამოვწეროთ, უცნაურიც და საცნაურიც, ნაფიქრიცა და საფიქრიც. მოკლედ, ყველა მხრიდან განვიხილოთ, ვთქვათ, რომ ჩვენი ფარული მმართველია, მაკონტროლებელი ძალაა, პირველი თუ ფლობის გრძნობაა, ის მეორეა და დაკარგვას უკავშირდება. გავიხსენოთ შიშთან დაკავშირებული ჩვენი გამოცდილებები, გზები, რომლებითაც მშობლები თუ სხვა ახლომყოფი ადამიანები მისგან თავდაცვას გვასწავლიდნენ. მოკლედ, ვისაუბროთ ჩვენს შიშებზე გულწრფელად და ხმამაღლა. ისეთი მაგალითების გახსენებაც შეიძლება,  როგორ სძლია არაქნოფობიით (ობობების შიში) შეპყრობილმა 24 წლის ამერიკელმა ადამ ლიმ საკუთარ შიშს, როცა მასთან საბრძოლველად გინესის რეკორდის დამყარების სურვილი გამოიყენა და საჰაერო ბუშტებით მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობა შექმნა. კარგი იქნება, თუ სხვა ადამიანებსაც/პერსონაჟებსაც გავიხსენებთ, ვინც შიშის გრძნობას როგორღაც სძლიეს.

ახლა კიდევ ერთი ამონარიდი განვიხილოთ ვაჟას პუბლიცისტური წერილიდან „ფიქრები (ქოლერის გამო)“ და ცოტა ვაჟას შიშზეც ვისაუბროთ:

აბა, გადავავლოთ ჩვენს მხარეს თვალი, აბა, კარგად დავუკვირდეთ ჩვენს გარემოებას, ჩვენს წამხდარს საქმეს, თუ მართლა უარესის ხოლერით არ ვიყოთ ავად. ამ ხოლერას ვერ უპოვნეთ ვერსაიდამ წამალი, იმაზედ არც სისუფთავე სჭრის, არც დეზინფექცია. აბა, ხოლერა, ნამდვილი ხოლერა ეს გახლავსთ. ეს ისეთი ხოლერაა, რომ განა 2 ათასში ათასს მოჰკლავს და ათასი გადაჰრჩება?! არა, ყველას იმსხვერპლებს, მთელს ერს მუსრს გაავლებს

დღეს ერთი ხოლერა მიიპარება, თითქმის გაიპარა კიდეც; გვრჩება მხოლოდ მეორე ჯურის ხოლერა და ახლა იმას ვებრძოლოთ, იმის წამალიც მოვძებნოთ, იმაზედაც ვიფიქროთ: გაზეთებმაც დროა, პირველს თავი დაანებონ და მეორეს მიაპყრონ თვალი, იმ ჩუმად მძრომელს, რომელიც სისხლს არ აჩენს, მაგრამ მკვდრებს კი ამრავლებს. ეგები ესეც მოვიშოროთ თავიდანაქაც საჭიროა ყაყანი და იგივე ყაყანი; მასთან ერთად ხელებისა და ტვინის ფათურიც, თორემ მარტო ცარიელს ყაყანში არაფერი მოიხვეტება, როგორც კალიისგან განადგურებულს მიწაზე“.

დავსვათ შეკითხვები:

  • ქოლერა რომ კოვიდ -19-ზე გადმოგვეტანა, ექნებოდა თუ არა დღეს ვაჟას იგივე სათქმელი ჩვენთვის?
  • რას დაარქმევდით მას, რაზეც „არც სისუფთავე ჭრის და არც წამალი“ და, ამავდროულად, „მკვდრებს კი ამრავლებს“?
  • როგორ დაეხმარებოდით ვაჟას, დაეძლია „მეორე ჯურის ხოლერა“?

სხვა შიშების სანახავად ქართული ენის ნაციონალურ კორპუსს ვეწვიოთ.  „შიშს“ აქ აღწერილი ტექსტების 272 გვერდი და თითოეულ მათგანზე 31 სიტყვა-სტატია იმოწმებს. ბევრმა უკვე იცის, რომ ავტორთა და ტექსტის სახელწოდებების ნახვაც იქვე, სიტყვა „შიშზე“ დაწკაპებითაა შესაძლებელი.  და ეს, რაც მხოლოდ ქართული ლიტერატურული ტექსტებიდანაა.  აქვეა ბმულიც: https://gnc.gov.ge/gnc/concordance.

აქ თითოეული ამონარიდის წაკითხვა გაგვახსენებს ტექსტებს, რომლებშიც სხვადასხვაგვარადაა მოდელირებული შიშის ფენომენი და ყველა შემთხვევა უაღრესად საინტერესოა, რომ აღარაფერი ვთქვათ მარგარეტ ეტვუდის „ადამისს ტრილოგიის“, დენ ბრაუნის “ინფერნოს“[4], ლუის ველშის „ჭირის ტრილოგიის“, ედგარ ალან პოს „წითელის სიკვდილის ნიღბის“, დანიელ დეფოს „ჭირის ჟურნალის“, ბოკაჩოს „დეკამერონისა“ და სხვა ტექსტების შესახებ, რომელთა შიშები BNC[5]-ში ჩაუხედავადაც  შეიძლება გაგვახსენდეს.

ეს ტექსტები რომ ერთ ფრაზად დავწუროთ, ვფიქრობ, ასე იჟღერებდა: არსებობა ბედნიერებაა, თუ მისი რაობა კარგად გვესმის. ხოლო თუ ერიხ ფრომი სადმე მაინც ჩაგეკითხებათ, ფლობა თუ არსებობაო,  მგონი, ღირს, მასავით უპირატესობა მეორე კონცეპტს  მივანიჭოთ, რადგან ეს შიშის კარგვის და ბედნიერების მოპოვების ერთადერთი საიმედო გზაა.

 

 

[1] წერილის ნახვა შესაძლებელია აქ:

https://www.nytimes.com/2020/03/19/opinion/sunday/coronavirus-camus-plague.html

[2]

[3] ბარაკ კოენი, პანდემიის ფსიქოლოგია, გვ. 224., თბილისი, ნიუ-იორკი, 2014.

[4] რაც იტალიურად ‘ჯოჯოხეთს’ ნიშნავს

[5] ბრიტანეთის/ ინგლისური ენის ნაციონალური კორპუსი

მოზარდების სიცოცხლისთვის

0

დაახლოებით ორი ათეული წლის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში შემზარავი ამბავი მოხდა – მეცხრეკლასელმა ბიჭმა თავი მოიკლა. დარწმუნებული ვარ, ბევრი იტყვის: „რა საჭიროა შორს წასვლა, მოზარდთა სუიციდი დღესაც ხომ ხშირიაო“. ასეა, მაგრამ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ, ჩემი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, საშუალება მომეცა, დეტალურად გავცნობოდი მომხდარ ფაქტს, მესაუბრა შემთხვევასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ ადამიანებთან, ფსიქოლოგიურად გამეანალიზებინა მოზარდის ქცევა, მომემზადებინა დასკვნები და რეკომენდაციები. ამ შემთხვევამ კარგად წარმოაჩინა გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის ფსიქოლოგია, აჩვენა, რა უკიდურეს ზომებს შეიძლება მიმართოს თინეიჯერმა უფროსების „დასასჯელად“, როცა მისი ღირსება ილახება და მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება აღნიშნული შემთხვევის გახსენება და მასზე დაფუძნებით მოზარდთა სუიციდის საკითხებზე საუბარი.

 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისის ერთ-ერთი სკოლის მეცხრეკლასელებმა „შატალოზე“ წასვლა გადაწყვიტეს, გაკვეთილები მიატოვეს და სკოლიდან გაიპარნენ. სკოლის დირექციამ ყველა ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარა, თუმცა მეორე დღეს მთელი კლასიდან მხოლოდ ერთის დედა გამოცხადდა შვილის საქციელის გამო საყვედურების მოსასმენად, იმისა, რომელსაც თანაკლასელები დაცინვით „დედიკოს ბიჭს“ ეძახდნენ. კლასის ხელმძღვანელთან საუბრისა და შვილის სწავლასა და ქცევასთან დაკავშირებით არცთუ ისე სასიამოვნო ინფორმაციის მიღების შემდეგ დედამ გადაწყვიტა, გაკვეთილს დასწრებოდა და უშუალოდ სასწავლო პროცესში დაკვირვებოდა ბავშვის ქცევას. შეწუხებული მოზარდი კართან გადაეღობა და სთხოვა, განზრახვაზე უარი ეთქვა. დედამ შვილი განზე გასწია, ოთახში შევიდა და თავისუფალი მერხისკენ გაეშურა. ბიჭუნა დაუკითხავად გავარდა საკლასო ოთახიდან, ელვის სისწრაფით ჩაირბინა კიბე და გარეთ გავიდა. მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. შინ დაბრუნებულმა დედამ შვილი ეზოში მდგარ ფარდულში ჩამომხრჩვალი იპოვა.

ბევრი ალბათ არ დაიჯერებს, რომ ასე, ერთი შეხედვით არაფრის გამო, მოზარდმა ხელყო საკუთარი სიცოცხლე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენ წვრილმანი გვგონია, მოზარდისთვის შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყოს. გარდამავალი ასაკი გარეგანი ფაქტორების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია. მოზარდებთან თავს იჩენს ოპოზიციური ქცევა უფროსების მიმართ. ისინი ცდილობენ, თავიანთი დამოუკიდებლობა დაამტკიცონ. სუიციდი ამის ერთ-ერთი გზაა. ნაცვლად იმისა, რომ არასასურველი სიტუაცია შეცვალოს, მოზარდი უარს ამბობს სიცოცხლეზე. ამას, როგორც წესი, ხელს უწყობს ისეთი ასაკობრივი თავისებურებები, როგორებიცაა მომატებული მგრძნობელობა, შთაგონებადობა, იმპულსურობა.

მოზარდთა სიცოცხლის ხელყოფა გაცილებით რთული საკითხია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. როგორც წესი, ეს არის მოზარდის რეაქცია გარემოზე, რომელში ცხოვრებაც მისთვის შეუძლებელი ხდება.

სიცოცხლის ხელყოფას  სხვადასხვა მიზეზი აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში – რამდენიმეც. ესენია:

  • ყურადღების მიპყრობის სურვილი – ცალკეულ შემთხვევებში მოზარდები თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას იმისთვის იღებენ, რომ უფროსების ყურადღება თავიანთ პრობლემებს მიაპყრონ ან პროტესტი გამოხატონ მათი გულგრილობის მიმართ;
  • საკუთარი თავისა და სხვების დასჯის სურვილი;
  • ოჯახური კონფლიქტები და არაკეთილდღეობა, შვილის მიმართ მშობლების სასტიკი დამოკიდებულება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მშობლების სიყვარულის ნამდვილი ან მოჩვენებითი დაკარგვა, ეჭვიანობა, მშობლების დაშორება ან გარდაცვალება;
  • მშობლების მიერ ერთი შვილის გამორჩევა და მისთვის უპირატესობის მინიჭება;
  • მშობლების სისასტიკე და ავტორიტარული აღზრდა. მოგვიანებით ასეთი ბავშვი თავად იწყებს აგრესიის გამომჟღავნებას, მაგრამ თუ აგრესიის ობიექტი ვერ იპოვა, აგრესიულ იმპულსებს საკუთარი თავისკენ მიმართავს;
  • კონფლიქტები მშობლებთან, მასწავლებლებთან, თანაკლასელებთან, მეგობრებთან;
  • შთაგონებადობა, მიმბაძველობა, მისწრაფება, დაემსგავსოს სხვებს; მეგობრის, ფილმის ან წიგნის გმირის თანაგრძნობა, მათი ქცევის მოდელირება, იმიტაცია;
  • დანაშაულის, სირცხვილის, შეურაცხყოფილი თავმოყვარეობის გრძნობა;
  • შერცხვენის, დაცინვის, დამცირების, დასჯის შიში;
  • ცალმხრივი სიყვარული;
  • რთული სიტუაციიდან გაქცევის სურვილი;
  • მარტოობის, გაუცხოების განცდა, მომავლის შიში;
  • სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის დაბალი დონე, გამოცდების შიში – მოზარდებს ზოგჯერ ცუდი ნიშანი კატასტროფად მიაჩნიათ;
  • დაბალი თვითშეფასება და თვითგამოხატვის სირთულეები;
  • გახანგრძლივებული დეპრესიული მდგომარეობა;
  • ალკოჰოლი, ნარკოტიკები, კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტი;
  • ახლობლის ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება;
  • მშობლის ორიენტირებულობა მაღალ სტანდარტებზე; მოთხოვნა, მოზარდმა შეასრულოს ცხოვრებისეული პროგრამა სწორედ ისე, როგორც მშობელს სურს, როგორც ის ხედავს; იყოს სუპერწარმატებული. როცა მოზარდი გრძნობს, რომ არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს, თავს იდანაშაულებს, რომ მშობლების იმედი და მოლოდინი ვერ გაამართლა.

 

სიცოცხლის ხელყოფის განზრახვაზე მიგვანიშნებს:

  • გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას ისეთი ფრაზების ხშირად გამოყენება, რომლებიც სიცოცხლის სურვილის უქონლობაზე მიუთითებს: „ჯობდა, მოვმკვდარიყავი“, „აღარ მინდა სიცოცხლე“, „მალე ჩემ გამო ნერვიულობა აღარ მოგიწევს“, „ნეტავი დავიძინო და აღარ გავიღვიძო“, „მე ვერავინ დამეხმარება“, „მალე ყველაფერი დამთავრდება“;
  • ფიქსაცია სიკვდილის თემაზე ლიტერატურაში, მხატვრობაში, მუსიკაში;
  • ხშირი საუბარი თვითმკვლელობაზე, სუიციდის ხერხებზე ინფორმაციის შეგროვება ინტერნეტში, წიგნებში;
  • აქტიური მომზადება სუიციდისთვის (მაგალითად, აბების შეგროვება, მომწამლავი ნივთიერებების შენახვა);
  • მომავლის იმედის დაკარგვა, გაღიზიანებადობა, დათრგუნულობა, გარშემო მყოფების წინაშე დანაშაულის, შიშის, უიმედობის, უსუსურობის, სასოწარკვეთის, მარტოობის განცდა, ფრაზები: „ჩემი არავის ესმის“, „მე არავის ვჭირდები“;
  • უჩვეულო, კონკრეტული მოზარდისთვის არადამახასიათებელი ქცევა – იმპულსურობა, აგრესიულობა, მისწრაფება განმატოებისაკენ, სოციალური აქტივობის შემცირება, გაკვეთილების გაცდენა, სწავლაში ჩამორჩენა, საშინაო დავალებების შეუსრულებლობა;
  • უძილობა, ან ზედმეტი ძილი, უმადობა ან უზომო მადა.

ორი ან სამი ნიშნის არსებობაც კი იმაზე მიუთითებს, რომ მოზარდს დახმარება სჭირდება.

 

რეკომენდაციები მოზარდთასიცოცხლის ხელყოფის თავიდან ასაცილებლად:

  • ყურადღებიანი ვიყოთ მოზარდის მიმართ, ვაგრძნობინოთ, რომ გვიყვარს, ვესაუბროთ გულახდილად და მასაც ყურადღებით მოვუსმინოთ.
  • ნუ დავტოვებთ მოზარდს მარტოს საკუთარ საზრუნავთან, ნურც გავაუბრალოებთ მას. ის, რაც ჩვენ უმნიშვნელო და სასაცილოც კი გვეჩვენება, ბავშვისთვის შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს. შევთავაზოთ კონსტრუქციული მიდგომა მის გადასაჭრელად.
  • მოვერიდოთ ნოტაციების კითხვას და ჭკუის დარიგებას, ასევე – კამათს და დამამშვიდებელი სიტყვების უადგილოდ გამოყენებას.
  • ვაჩვენოთ მოზარდს, რომ მის გვერდით ვართ და ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დავუჭერთ.
  • ჩავუნერგოთ თავდაჯერება, საკუთარი ძალების რწმენა.
  • დავეხმაროთ კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარის გამომუშავებაში.
  • ვასწავლოთ გრძნობების, ემოციების გამოხატვა.

 

მოზარდთა სიცოცხლის ხელყოფა  – ის შემთხვევაა, რომელიც გარედან ჩარევას მოითხოვს. ბავშვს სჭირდება ადამიანი, რომელიც სიტუაციის შეცვლას და მის დახმარებას შეძლებს. ემოციური განცდების სიღრმის შეფასება და დახმარება ყველაზე უკეთ ახლობელს შეუძლია. ამიტომ ძალიან ყურადღებიანები და გულისხმიერები უნდა ვიყოთ მოზარდის მიმართ, რომ უბედურება თავიდან ავიცილოთ.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...