ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

გზები და შტრიხები გეოგრაფიის გაკვეთილისთვის

0

ადამიანის ნებისმიერ საქმიანობას აქვს განსაკუთრებული მიზანი. მასწავლებლის მუშაობის მთავარი მიზანი მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის ამაღლება და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ მიზნის მიღწევა ბევრი სასწავლო ამოცანის გადაჭრის საშუალებას გვაძლევს. შედეგად ვიღებთ შესწავლილი მასალის ინფორმაციულ ცოდნას, ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარს, ცხოვრებაში სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების ჩვევას, რომელთა საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ, შემოქმედებითად დაეუფლონ არჩეულ სპეციალობას. ადამიანის შესაძლებლობები საქმიანობის პროცესში ვითარდება. უნარების ჩამოყალიბება ხდება რეგულარულად, დროში განაწილებულ სპეციალურად ორგანიზებულ სიტუაციებში აქტიური მონაწილეობით.

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეთა კოგნიტიური შესაძლებლობების განვითარება მასწავლებლის აქტივობის მიზანია, ხოლო მათი გააქტიურების სხვადასხვა მეთოდი – ამ მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალება. მოსწავლეთა განვითარების მიზნით საჭიროა სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარების დონის გათვალისწინებით.

სწავლა-სწავლის ფორმირება ხანგრძლივი პროცესია. შეუძლებელია ყველა უნარის ჩამოყალიბება თუნდაც ერთ სასწავლო წელს. ამ პროცესმა უნდა გაიაროს გზა მარტივიდან რთული ცოდნისკენ. საყოველთაო საგანმანათლებლო მოქმედებების ფორმირების პროცესის გაგრძელების მიზნით აუცილებელია განვასხვაოთ სწავლა-სწავლის ფორმირების დონე-ეტაპები. ეს დონეები უნდა ჩამოყალიბდეს არა „სრულყოფილად ან ნაწილობრივ ოსტატობის“ ტიპით, არამედ როგორც ინტეგრალური თვისებები, რომლებიც ახასიათებს მარტივიდან რთულისკენ გადასვლას.

სასწავლო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციური უნარების განითარება, რადგან ინფორმაციის სწორად აღქმისა და სხვისთვის სწორად გადაცემის უნარი მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის საფუძველია. მეტყველების უნარის (მოქმედების) ნაკლებობა კონცეფციების შემუშავებაში ხშირად იწვევს მოსწავლეებში ცრუ იდეების ჩამოყალიბებას. საკომუნიკაციო უნარები საგანმანათლებლო საგნების შინაარსის მთავარი საშუალებაა.

სწავლების წარმატება დამოკიდებულია კლასებში მოსწავლეთა კომუნიკაციის ხარისხზე, ბავშვის უნარზე, იმუშაოს სხვადასხვა ტიპის ტექსტებთან. პირველ რიგში, მოსწავლეს უწევს სწავლის პროცესში მათთან გამკლავება, ამიტომ კომუნიკაციის უნარის ფორმირება თითოეული საგნის მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ეს უნარები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლეებს შორის სხვადასხვა ტიპის ურთიერთქმედების ორგანიზების ჭრილში. ეს მოითხოვს საგანმანათლებლო პროცესის საგნების ურთიერთმიმართებას და საკუთარი საქმიანობის ორგანიზებას.

განვითარების ნებისმიერ უფრო რთულ ფორმას მოსწავლე ეუფლება თანამშრომლობით, მერე კი დამოუკიდებლად. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლობაში არსებობს ობიექტური მოქმედებებისა და მეტყველების ფორმების იდეალური შაბლონების ოსტატობა, სხვების გამოცდილება, რაც ხდება რეპროდუქციული-მიბაძვითი საქმიანობის საფუძველზე.

ქმედებები დაკავშირებულია თანატოლებსა და უფროსებთან თანამშრომლობის უნარის განვითარებასთან:

  • ურთიერთქმედების მიზნების, წესებისა და მეთოდების განსაზღვრა, მონაწილეთა ფუნქციების განაწილება;
  • წყვილში მუშაობა ურთიერთდამოკიდებულების წესების შესაბამისად;
  • პარტნიორის პოვნა;
  • მცირე ჯგუფებში მუშაობა ურთიერთქმედების წინასწარ განსაზღვრული წესების საფუძველზე;
  • განსხვავებული აზრის დაშვება და სხვადასხვა პოზიციის კოორდინირება;
  • საკუთარი თვალსაზრისის დაცვა;
  • საერთო გადაწყვეტილების შეთანხმება და მიღება, თუნდაც ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში;
  • საუბარი სხვების შეწუხების გარეშე (წყვილში – ჩურჩულით, ჯგუფში – ვალდებულებით);
  • მეგობრის მოსმენა შეფერხების გარეშე;
  • წესების დაცვა წყვილებში, ჯგუფებში.

კომუნიკაციის უნარის განვითარება გულისხმობს მასწავლებელთან კომუნიკაციასაც, რომელიც ეტაპობრივად ყალიბდება. მთავარია, მოსწავლე ხედავდეს, რომ გაკვეთილი მრავალფეროვანია და ჰქონდეს სიახლეების მოლოდინი. პატარა შტრიხიც კი რადიკალურად ცვლის მოსაწყენ გაკვეთილს. არაერთხელ დამიწერია ხატვით სწავლაზე, თამაშებზე, რომლებიც კოგნიტიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში გვეხმარება. სათამაშო ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას მაძლევს, გავაუმჯობესო მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობა კლასში და კომუნიკაციის უნარი. არ არის აუცილებელი მთელი გაკვეთილის თამაშზე აგება, ხანდახან ერთი პატარა შტრიხიც საკმარისია. განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო ხდება თამაში, როცა მასში მასწავლებელიც მონაწილეობს.

მინდა შემოგთავაზოთ პრაქტიკაში გამოყენებული რამდენიმე ვარიანტი:

მე-7 კლასში ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ და ახალმა სახელმძღვანელომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენ კი ნელა, ყველა პრინციპის გათვალისწინებით, რაც თავიდანვე მოგახსენეთ, მივიწევდით წინ – ხან ვითამაშეთ, ხან ვხატეთ… პარაგრაფი „როგორ გროვდებოდა გეოგრაფიული ცოდნა“ საკმაოდ ინფორმაციული და დიდია. გავანაწილეთ როლები: ზოგი ერატოსთენე იყო, ზოგი – სტრაბონი, ზოგიც – კოლუმბი თუ მაგელანი… პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ უნდა შეეფასებინათ საკუთარი და სხვათა ღვაწლი გეოგრაფიის განვითარებაში. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ყველა „საკუთარი“ ღვაწლის წარმოჩენას ცდილობდა.

აზიმუტის შესწავლისას ეზოში ბურთითაც კი ვითამაშეთ. ცენტრში ერთი მოსწავლე ბურთით ხელში იდგა და ჩემს ინსტრუქციას ელოდა. დანარჩენები წრეზე განლაგდნენ მის გარშემო. მე ვასახელებდი აზიმუტს, რომლის მიმართულებითაც უნდა ესროლა მოსწავლეს ბურთი. შემდეგ წრეში ის მოსწავლე დგებოდა, რომელმაც ბურთი დაიჭირა და მას ახალ ინსტრუქციას ვაძლევდი. უნდა გითხრათ, რომ შემაჯამებელ გაკვეთილზე ყველამ კარგად განსაზღვრა აზიმუტი.

ეზოში აზიმუტის განსაზღვრისას

 

მეორე მაგალითი რელიეფი და რელიეფწარმომქმნელი ფაქტორების განხილვას ეხება. ამ თემას რამდენი წელია ხატვითა და BBC-ს ფილმით განვიხილავთ. პირველ გაკვეთილზე ვაჩვენებ ფილმს „ვულკანები“ და „მთები“. მეორე გაკვეთილზე უკვე სახელმძღვანელოში არსებულ პარაგრაფს განვიხილავთ, ვხატავთ, მოსწავლები ამზადებენ პრეზენტაციებს… მაგრამ წელს გაკვეთილზე „ვაღიარე“, რომ უცხოპლანეტელი ვიყავი და მინდოდა გამეგო პლანეტა დედამიწის აგებულებისა და რელიეფის შესახებ. სულ სხვა მუხტი შემოიტანა ჩემმა „აღიარებამ“. გუნდებმა სახელებიც კი დაირქვეს და პრეზენტაციის დროს ცდილობდნენ, თავი მოეწონებინათ „უცხოპლანეტელისთვის“ – მას ხომ თავის პლანეტაზე წასაყვანი ადამიანები უნდა აერჩია. კიდევ ერთი დეტალი: გეოგრაფიის დარგობრივი სტრუქტურის შესწავლისას შევთანხმდით, რომ თემების შესაბამისად გეოგრაფების როლს მოირგებდნენ: ჯერ კარტოგრაფები იყვნენ, მერე – გეომორფოლოგები, მეტეოროლოგები და ა.შ. ყოველ ჯერზე იხსენებდნენ, გეოგრაფიის რომელი დარგი რას შეისწავლის.

მოსწავლეთა ნამუშევრები

 

მერვე კლასი ჯერ კიდევ ძველი სახელმძღვანელოებით სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს წიგნიც და თემაც, ყოველ წელს ვცდილობ, რამე ახალი მოვიფიქრო. აქაც უმნიშვნელო დეტალის ცვლილებაც კი გვახალისებს. ახლა ესენი გახდნენ ხან კოლუმბები და ხან ლივინგსტონები, მე კი ევროპელი ბანოვანი გახლდით, რომელიც საცხოვრებელს ირჩევდდა.

 

კოლუმბი და მისი ეკიპაჟი

მახსოვს, გასულ სასწავლო წელს როგორ ეძებდნენ ჩემი მეათეკლასელები საკუთარი ქვეყნის შესახებ ახალ-ახალ ინფორმაციას, რათა ემიგრაციაში მიმავალი ქალბატონისთვის შესაფერისი გარემო შეერჩიათ. ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი, მეც თამაშის მონაწილე გავხდი. ქვეყნებს პერიოდულად ვცვლიდით. ყოველ ჯერზე ახალი შტრიხი ემატებოდა „ჩემს პიროვნებას“ და ახალ-ახალი თავსატეხი უჩნდებოდათ ჩემს აგენტებს. იქამდე მივედით, რომ სასურველი ქვეყნების განათლებისა და მიგრანტების შესახებ კანონებიც კი მოძებნეს და თარგმნეს, ყველისა და ღვინის დღესასწაულები აღმოაჩინეს. ასე განვიხილეთ და შევისწავლეთ ქვეყნები.

არის საკითხები, რომელთა „ახსნაც“ მიწევდა. ამ დროს ინტერაქციულ ლექციას ვიყენებდი. თუმცა მიმდინარე წელს ეს ლექციებიც შევამცირე. ასე მოხდა მეათე კლასში ცხოვრების დონის განხილვისას. მოსწავლეებმა ჯგუფებში თავად განსაზღვრეს სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა. ძალიან საინტერესო გამოვიდა, რადგან ბავშვებმა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანალიზის შედეგად შექმნეს წრიული დიაგრამები. მინდა გითხრათ, რომ მათი დიაგრამები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სამომხმარებლო კალათა და მისი ღირებულება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სურათის მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მახასიათებელი რომ არის ეს თავად დაადგინეს.

ევროკავშირისა და ბრექსიტის განხილვისას CNN-ის გადაცემა მომიწყვეს. მინი სტუდია გამართეს და საინფორმაციო გადაცემის მოსმენა გვაიძულეს, ჩართული რეკლამებითურთ. უკვე თავად ეძებენ და იგონებენ პრეზენტაციის გასხვავებულ ფორმებს. მრავალფეროვანი შემეცნებითი ამოცანების სისტემატური გადაწყვეტა მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებაა.

ასეთია ჩვენი გეოგრაფიის გაკვეთილები.

მეშვიდეკლასელი მარიამის კითხვით დავასრულებ:

– მას, გეოგრაფიაც მეორე სემესტრში ისევე გართულდება, როგორც სხვა საგნები?

ერთმანეთის გასამხნევებლად

0

თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მშობიარობის შემდეგ დეპრესიას – როცა არც შენი განწყობები და არც შენი სხეული დიდად შენ არ გეკუთვნის, ახალ რეალობაში ჯერ არ იცი, როგორ იცხოვრო და ძველი რეალობა აღარასოდეს დაბრუნდება. როცა ზრუნვა, ყურადღება, სიყვარული და მოთმინება მოგეთხოვება, შენ კი სინამდვილეში არაფერი შეგიძლია, ტირილის გარდა. ერთადერთი, რაც გინდა ისაა, გაჩერდე და ღრმად ისუნთქო, მიხვდე, სად ხარ და იქნებ სადმე გასასვლელი დაინახო.

 

ახლა ვიცი, რომ ეს მშობიარობის შემდეგ დეპრესიაზე ბევრად მძიმე გამოცდილებაა და ალბათ ყველაზე მეტად ომს ჰგავს – ისეთ მტერთან ომს, რომელსაც ვერ ხედავ და რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს: შენს სიყვარულებს, თავისუფალ დროს, სილაღეს, ადამიანებს, რწმენას, იმედს და სრულიად მარტოს და დაუცველს გტოვებს შიშებთან, გაჩვევს იზოლაციას და გიკარგავს მომავლის კონტურებს. ეს ომია, რომელსაც მოაქვს სიღარიბე. ომია, რომელიც ბავშვებს სკოლის გარეშე ტოვებს. ამ ომშიც მარტო კვდები და თუ სხვა ომებში შეიძლება არსებობდეს მიზეზი ბრძოლისა და თავგანწირვისთვის, ეს ისეთი ომია, რომელიც ჩვენ არ წამოგვიწყია.

 

როგორც ყველა ომი, ოდესმე ესეც მორჩება და მთავარი ამბებიც მერე დაიწყება – ომში დაკარგულების დათვლა და ცხოვრების ხელახლა დაწყების რთული და მტკივნეული პროცესები, ტრავმების მოშუშებისა და ომის შედეგებთან გამკლავების მცდელობები.

 

ცოტა ხნის წინ ძველ ნაცნობს დავურეკე საქმეზე – იმასაც ორი გოგო ჰყავს, ჩემს შვილებზე ცოტა დიდები – მოვიკითხე და მითხრა, რომ ინტერნეტდამოკიდებული გახდნენ უკვე რახანია, თამაშებში ცხოვრობენ და ვერც ვერაფერს ვთავაზობს სხვას უკეთესს. მე მთელი დღე ვმუშაობ და სახლის საქმეებს ვაგვარებ, არაფრისთვის დრო არ მრჩებაო.

 

ერთი კვირის წინ ხატვის სკოლაში ბავშვებს ველოდებოდი. სხვა ბავშვის მშობელი მოვიდა და მითხრა – რა კარგია, აქ რომ მაინც შეგვიძლია ვატაროთ ბავშვები, ჩემი შვილი მარტოა სახლში, არც და ჰყავს, არც ძმა, უკვე სამი წარმოსახვითი მეგობარი გაიჩინა ბოლო 6 თვეში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავის ტოლებს ნახულობს და მთელი კვირა ამ დღეს ელოდება ხოლმეო.

 

მეგობარი მიყვებოდა, სკოლის მოსწავლეს კიდევ რა უშავს – ხან გაკვეთილს ესწრება, ხან კითხულობს, უმცროსი შვილი, რომელიც ბაღის ასაკის არის, საერთოდ ვერ იგებს ამდენი შეზღუდვებით რატომ ცხოვრობს, კედლებს აწყდება და ჩვენ მთელი დღე სამსახურის საქმეებს ვაკეთებთ, ვერ ვიცლით, რომ იმდენი ხნით გვყავდეს გარეთ, რამდენიც ამ ასაკში მისი განვითარებისთვის არის საჭირო. არ ვიცით, რა ვქნათო.

 

მშობლები გვირეკავენ და გვთხოვენ, ნუ გეშინიათ ჩვენი, გამოუშვით ბავშვები ჩვენთან, ვირუსი რომც დაგვემართოს, ისეთი მავნებელი ვერ იქნება, როგორც მთელი დღეები მარტო ყოფნა და ლოდინი, როდის მოვლენ ბავშვები ჩვენთან და მოიტანენ სიხარულსო – ჩვენ მაინც გვეშინია, თუმცა ისიც გვესმის, რაც უფრო დიდხანს იქნებიან მარტო, მეტი იქნება სევდა და უფრო მტანჯველი მარტოობა.

 

არ ვიცი, რა იქნება მერე, მაგრამ ვიცი, რომ ახლა, თუკი გვინდა ამ ბრძოლაში არ დავმარცხდეთ, უნდა ვიპოვოთ სიტყვები და გზები ერთმანეთის გასამხნევებლად. თვალებში ჩავხედოთ პრობლემებს, რაც ამ დრომ მოგვიტანა და ახლავე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლება შევამციროთ ზიანი. უდანაკარგოდ, უკვე ცხადია, აქედან ვერ გამოვალთ.

 

ბევრი ვიკითხე და ვიფიქრე ცალკეულ, პარტიზანულ ინიციატივებზე, თვითდახმარების ქსელისმაგვარ სისტემებზე, იმაზე, როგორ ამხნევებენ და ეხმარებიან მშობლები მასწავლებლებს, მასწავლებლები – მშობლებს, დასაქმებულები – დამსაქმებლებს, დასაქმებულები – უმუშევრად დარჩენილებს, ბავშვიანი ოჯახები ერთმანეთს, ექიმები მათ, ვინც ჯანდაცვის სისტემის გარეშე რჩება და ექიმებს სხვები, ვინც ჯერ კიდევ ჯანმრთელადაა. მთავარი პრინციპი ერთია, დავინახოთ სხვები ჩვენი პრობლემების მიღმა და ვუთხრათ, რომ გვესმის მათი, ვიცით, რასაც ის გრძნობს და ამაში უჩვეულო არაფერია, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეებითა და შესაძლებლობებით. სისუსტეების არ უნდა შეგვრცხვეს და შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ.

 

მარტივია ვუთხრათ დედას, რომელიც შფოთავს შვილის წარმოსახვითი მეგობრების გამო, რომ ამაში უშვეულო არაფერია და თუკი ბავშვს ისინი ეხმარებიან, უკეთ იგრძნოს თავი, დაე, ჰყავდეს რამდენიც უნდა – ჩვენ შეგვიძლია ისინი გავიცნოთ და ჩვენც ვემეგობროთ.

 

შეგვიძლია მოვუსმინოთ დედას, რომელსაც დრო არ რჩება სამსახურის მიღმა ბავშვების სხვა აქტივობით დასატვირთად, რომ ჩვენც ასე ვართ, უამრავ რამეს ვერ ვასწრებთ და ეს მას, როგორც დედას არ აკნინებს. რომ პირიქით, ამ დროს, როგორც კრიზისულ პერიოდებს ჩვევია ხოლმე, ქალებზე წარმოუდგენლად დიდი დატვირთვა მოდის და შეუძლებელია ვინმე იყოს ერთდროულად ერთნაირად კარგი დედა, კარგი შვილი, კარგი თანამშრომელი, კარგი ცოლი, კარგი მეგობარი და ა.შ.

 

ვუთხრათ მასწავლებლებს, რომ გვესმის, მათ ჩვენზე არანაკლებ რთული დრო აქვთ, გვესმის ონლაინსწავლების გამოწვევები და მადლიერები ვართ მათი ძალისხმევის გამო. სხვებს კი, ვინც ჯერ კიდევ საკლასო ოთახებში ატარებს გაკვეთილებს, ვაგრძნობინოთ, რომ მათი შიშებიც ბუნებრივია, არ გვინდა რისკის ფასად უწევდეთ მუშაობა და ვეცადოთ, ყველანაირად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, მათი ჯანმრთელობის დასაცავად.

 

ბავშვებსაც უნდა ვუთხრათ, რომ ყოჩაღები არიან, როცა ნიღაბს სწორად ატარებენ, ონლაინგაკვეთილებზე წესებს იცავენ და დავალებების შესრულებას არ იზარებენ, როცა ესმით, რომ ყველაფერი არც უფროსებს გამოსდით და იმის მიუხედავად, რომ პატარები არიან, მათ შეუძლიათ ჩვენი გამხნევება. მათთან ერთად ყოფნა ამ პერიოდს უფრო იმედიანს ხდის.

 

ეს სია გრძელია. მთავარია ვიპოვოთ ძალა, მოვუსმინოთ მათ, ვისაც სურს ილაპარაკოს ამ დროის სირთულეებზე და გავამხნევოთ, მისი პერსპექტივიდან დავინახოთ სამყარო.

 

საბავშვო ბაღში ჩემი შვილები მღეროდნენ ხოლმე ერთ კეთილ სიმღერას, სადაც მადლობას უხდიდნენ მზეს, რომელიც ანათებდა, რომლის სხვივების ქვეშაც თამაში უფრო სასიამოვნო იყო, ყვავილები უფრო სწრაფად იზრდებოდნენ და ცხოველები ბედნიერად ცხოვრობდნენ – მაშინ მეცინებოდა ამ გულუბრყვილო ტექსტზე, ახლა ხშირად მახსენდება ხოლმე და ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, სანამ მზე ანათებს და ჩვენ მას ვხედავთ, ყველაფერს ეშველება.

 

ერთმა კარგმა ექიმმა, გასამხნევებელი საუბრისას მითხრა, უხერხულია გამოტოვებულ შვებულებებსა და მოგზაურობებზე ლაპარაკი მაშინ, როცა ხალხმა სიცოცხლე და ოჯახის წევრები დაკარგაო და ვერაფერი ვუთხარი. იმ დროის განმავლობაში, სანამ მე სახლში მყოფ ბავშვებზე ვდარდობდი, ის ადამიანების სიკვდილისგან დახსნას ცდილობდა.

 

ნასტასია არაბული

საინტერესო ვებგვერდი გეოგრაფიისა და STEM საგნების მასწავლებლებისთვის

0

შესავალი

სასწავლო პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რესურსების აქტიურ გამოყენებას.  მრავალფეროვანი რესურსები საჭიროა, როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციური სწავლების პროცესში (განსაკუთრებით ბოლო შემთხვევაში, რადგან საკლასო სივრცეს მოწყვეტილ ბავშვს, რომელსაც ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი ან ზის კომპიუტერის პირისპირ, ონლაინგაკვეთილზე დასწრების ნაცვლად შესაძლოა, კომპიუტერული თამაშებისკენ გაექცეთ თვალი).

პანდემიის გავრცელების შედეგად, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სიკეთედ, სხვადასხვა პლატფორმაზე და საკომუნიკაციო ჯგუფში, ჩემი კოლეგები და განათლების ექსპერტები სამ ფაქტორს ასახელებენ.

  1. თავისუფალ ინტერნეტში არსებული ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენების ზრდა;
  2. ახალი ელექტრონული რესურსების შექმნა;
  3. შექმნილი ელექტრონული რესურსების მოსწავლეებამდე მიტანის გაადვილება (ეკრანის გაზიარების თუ დავალებაში ბმულების სახით გაგზავნა).

ელექტრონული რესურსების გამოყენება ტექნიკურ სიძნელესთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, საკლასო ოთახებში არ არის დამონტაჟებული პროექტორები, ყველა ოთახში არ დგას ინტერნეტზე მიერთებული კომპიუტერი და ა.შ. ასეთი რეალობის მიუხედავად, ცალკეული მასწავლებლები მაინც ახერხებენ რესურსების გამოყენებას, მოსწავლეთა დაინტერესებისა და მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით.

სტატიაში მინდა, გაგიზიაროთ საინტერესო ვებგვერდი, სადაც განთავსებულია საინტერესო რესურსები და გვთავაზობს კარგ შესაძლებლობებს გეოგრაფიის, მეცნიერების, მოქალაქეობის მათემატიკისა და სხვა საგნის მასწავლებლებს მათი მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებისთვის.

ვებგვერდის ზოგადი მიმოხილვა

ვებგვერდი www.encounteredu.com ქმნის და აწვდის გლობალურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც გარდაქმნის/ცვლის განათლებას საკლასო ოთახებში და მის გარეთ. მათი გამოცდილება მოსწავლეებს მსოფლიოს ყველაზე აქტუალური პრობლემებზე ფიქრისა და მათი გადაჭრის გზების ძიების უნარებს სძენს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9.8 მილიონი მოსწავლე და პედაგოგია რეგისტრირებული.

ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომობისთვის საჭიროა სტანდარტული რეგისტრაციის გავლა. ქვემოთ განთავსებულ სექციებში მიუთითეთ ასაკობრივი ჯგუფი, რომელთაც ასწავლით, დაწესებულება და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

რესურსები/შესაძლებლობები

ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ გექნებათ წვდომა Live-გაკვეთილებზე, მასწავლებლებისთვის განკუთვნილ, მულტიმედია, STEAM და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ელექტრონულ რესურსებზე.

Live გაკვეთილებზე შეგიძლიათ დაასწროთ მთელი კლასი. ამისთვის საჭიროა, შეარჩიოთ თემა და კალენდრიდან დაჯავშნოთ შესაბამისი გაკვეთილი. თემები მოცემულია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. კალენდარში შემოთავაზებულ საკითხებში წააწყდებით საინტერესო გაკვეთილებს, ოკეანეების დაბინძურებაზე, მარჯნის რიფებზე და მათ პრობლემებზე, მარჯნის რიფების სასიცოცხლო ციკლზე, ურბანულ პრობლემებზე, მყინვარების მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. თითოეულ გაკვეთილს მოჰყვება რესურსები რეფლექსიისთვის. თუ ვერ მოახერხებთ Live-გაკვეთილზე დასწრებას, საიტი უზრუნველყოფს ვიდეოჩანაწერის მოწოდებას. თქვენი კაბინეტიდან შეგიძლიათ ეკრანის გაზიარების ფუნქციით გაუზიაროთ მოსწავლეებს. რეალურ საკლასო ოთახში კი ლეპტოპით ან პროექტორის გამოყენებით.

მასწავლებლებისთვის განკუთვნილ რესურსებში, საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, დაჯგუფებულია მზა ელექტრონული რესურსები. გეოგრაფიის განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი თავები: ჩვენი ოკეანე, ოკეანეების დაბინძურება, კლიმატი და ენერგია, გაყინული ოკეანეები და ა.შ. თითოეული თავი მოიცავს გაკვეთილებს, რომლებსაც მოჰყვება მზა პრეზენტაციები. შეგიძლიათ გადმოწეროთ პრეზენტაციები ინგლისურის მინიმალური ცოდნითა და Google Translate-ის გამოყენებით გადათარგმნოთ ქართულად. პრაქტიკაში ყველაზე ეფექტურად სწორედ ამ პრეზენტაციებს ვიყენებ.

მულტიმედია რესურსების განყოფილება მდიდარია შთამბეჭდავი ვიდეოებით, რომლებიც მოსწავლეებს შეუქმნის წარმოდგენას, თუ როგორ სწავლობენ მეცნიერები – არქტიკას, ანტარქტიდას, ოკეანეებს, სხვადასხვა მინერალებს და ა.შ. შეგხვდებათ 360° ხედვის ვიდეოები და მაღალი ხარისხის ფოტოები. ასევე მდიდარია STEAM მიმართულების განყოფილება.

დასკვნა

ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსები იძლევა საგნობრივი ინტეგრაციის კარგ შესაძლებლობას. მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელს შესაბამისი საკითხის ადაპტირებაში შეუძლია დაიხმაროს ინგლისური ენის მასწავლებელი. რესურსები ინგლისურ ენაზეა და მათი გამოყენებით, ერთი მხრივ, მოსწავლეებს მიეცემათ სტიმული, დაძლიონ ენეობრივი ბარიერი, მეორე მხრივ, ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების არაჩვეულებრივი საშუალებაა.

 დისტანციური სწავლება სხვა ქვეყნებში

0

პანდემიის  პარალელურად სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემა ახალ რეალობაში აღმოჩნდა. 2020 წლის აპრილში 192 ქვეყანაში სკოლები დაიხურა, 50-ზე მეტ ქვეყანა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მას შემდეგ ზოგი სახელმწიფო საფუძვლიანად მოემზადა სასწავლო წლისთვის, ზოგმა კი ახალ გამოწვევებს თავი სუსტად გაართვა. კოლუმბიის, პალესტინის, იტალიასა და სამხრეთ კორეაში მცხოვრები ადამიანები ჰყვებიან, როგორ სწავლობენ იქ სკოლის მოსწავლეები დისტანციურად.

 

ალესტინა

ლარა ჰანდალი მასწავლებელია. ის დისტანციურად მეხუთე და მეექვსე კლასის 38 მოსწავლეს ასწავლის. მისი თქმით, პალესტინის მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვეტა სწავლების რა ვარიანტი უფრო მისაღებია. მაგალითად, პალესტინაში 5-11 წლის ბავშვებს შეუძლიათ, სკოლაში იარონ (0-4 კლასები), ასევე მათ მასწავლებლებს. ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა.

ამავდროულად, პალესტინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 5-12 კლასის მოსწავლეები   დისტანციურად სწავლობენ, მაგრამ ზოგიერთ სკოლას გაკვეთილების სკოლაში ჩატარების სპეციალური ნებართვა აქვს. ასეთი ნებართვები ძირითადად გაცემულია მცირე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც შეიძლება საუკეთესოდ იყოს დაცული სოციალური დისტანცირების წესები.

თავდაპირველად დისტანციური სწავლების ექსპერიმენტი პალესტინაში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდებოდა, ბავშვები სკოლას დაუბრუნდებოდნენ.

ლარა ჰანდალის თქმით, დისტანციური სწავლებისთვის ქვეყანა ცუდად მოემზადა:  „მხოლოდ სამედიცინო ინსტრუქციები გაიცა ხელების დეზინფექციისა და დაბანის შესახებ, მაგრამ საერთოდ არ ყოფილა რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ესწავლებინათ ონლაინ“.

დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები, დისტანციური სწავლებით არ არიან  აღფრთოვანებული. ერთი მხრივ, პანდემიის პირობებში დისტანციურად სწავლება მოსახერხებელი და უსაფრთხოა, მაგრამ აშკარაა, რომ ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, რთულია გაკვეთილებზე მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნება.

დისტანციური სწავლების კიდევ ერთი დიდი პრობლემა ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაა. ამ მიზეზით ზოგიერთ ბავშვსა და ოჯახს უბრალოდ არ შეუძლია ონლაინგაკვეთილზე დასწრება.

 

კოლუმბია

იოჰან ჰერანდეზო ამბობს, რომ კოლუმბიაში კორონავირუსული ინფექციის დღეში 8 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ შემოიტანა მკაცრი შემზღუდველი ზომები. სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული.

სექტემბრის დასაწყისიდან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეხსნა კვების ობიექტები, რათა დასუსტებული ეკონომიკა აეღორძინებინა. მას მერე დისტანციის შენარჩუნება და ნიღბების ტარების პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს დაეკისრა.

„ვირუსმა შეცვალა ყველაფერი, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ. განათლება კოლუმბიაში ონლაინ ტარდება. ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. ყველას არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. მთავრობა ცდილობს კოლუმბიელების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ყველას ვერ სწვდება“, – განმარტავს იოჰანი.

კოლუმბიისთვის დისტანციური სწავლება ერთ-ერთი გამოსავალი იყო: „დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის შემდეგ დისტანციური სწავლება ნორმად, ახალ რეალობად იქცევა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ. ის ისედაც არსებობდა, მაგრამ ასეთი ეპიდემიის შემდეგ უფრო მომძლავრდება და ვფიქრობ, ეს შესანიშნავიცაა, რადგან ახლა მთელი ჩვენი ცხოვრება ინტერნეტზეა მიბმული“.

 

იტალია

სილვია იონას ბიძაშვილი სკოლის მოსწავლეა და იძულებულია განათლება დისტანციურად მიიღოს. „ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ მისთვის თანაკლასელებთან განშორება არც ისე ადვილია და მას არ  მოსწონს დისტანციური სწავლება“, – ამბობს სილვია.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეები ხშირად ვერ კონცენტრირდებიან სწავლაზე, აცდენენ ონლაინგაკვეთილებს, დაკავებული არიან სხვა საქმიანობით, რომელსაც სკოლასთან საერთო არაფერი აქვს. ასევე, იტალიაში არსებობს ხარისხიანი ინტერნეტკავშირის პრობლემა, რომელიც თავს შუა გაკვეთილის დროს იჩენს.

ყველაზე მეტად იტალიელებს, დიდებსაც და ბავშვებსაც, ერთმანეთთან ცოცხალი კომუნიკაციის დანაკლისი ადარდებს. მათი აზრით, ცოცხალი ურთიერთობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისათვის.

თავდაპირველად, როდესაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ სკოლებში დისტანციური სწავლება დაინერგებოდა, მასწავლებლების უმეტესობამ შოკი მიიღო. იტალიელები დღესაც მიიჩნევენ, რომ კარგად ვერ მოემზადნენ ასეთი ტიპის სწავლებისთვის.

იტალიაში სწავლა 14 ოქტომბერს განახლდა. განათლების სფეროში მომუშავე ბევრი ჩინოვნიკი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის წინააღმდეგიც კი იყო და ამბობდა, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა სკოლებში სხვადასხვა კლასის სხვადასხვა დროს შეშვება, რაც შეამცირებდა უშუალო კონტაქტების რაოდენობას. ყველა მოსწავლე ცალ-ცალკე მერხზე უნდა მჯდარიყო, საკლასო ოთახი კი რეგულარულ დეზინფექციას ექვემდებარებოდა. კლასის გარეთ მოსწავლეებს ნიღბები უნდა ეტარებინათ. ამჟამად იტალიაში უფროსკლასელები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, უმცროსი კლასის მოსწავლეები კი საკლასო ოთახებში ნიღბებით სხედან.

 

სამხრეთ კორეა

ეს ქვეყანა ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ახალ რეალობასთან ადაპტირება მშვენივრად მოახერხა. აქ მცხოვრები სტუდენტის, აიგანიმ ტოლეულიევას თქმით, სამხრეთ კორეაში კარანტინი არ გამოცხადებულა და ყველა საჯარო ადგილი ღია იყო.

კარანტინის ნაცვლად, კორეის მთავრობამ შემოიღო მკაცრი წესები – ნიღბების ტარების, სკრინინგისა და სოციალური დისტანცირების შესახებ. გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნივერსიტეტები ონლაინგანათლებაში აქტიურად ჩაერთენ. შუა სექტემბრში კი ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა.

აიგანიმი ამბობს, რომ გაურკვეველია, რამდენ ხანს მოუწევთ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ონლაინ სწავლა – ახლა ისინი დისტანციურად სწავლობენ. თუმცა, მცირე კერძო სკოლები და უწყვეტი განათლების ცენტრები ახლაც ღიაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრი მშობელი მუშაობს და ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავთ.

სამხრეთ კორეა ლიდერია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ახლა ქვეყანაში დაახლოებით 5,4 მილიონი ბავშვი დისტანციურად სწავლობს. სახელმწიფო ბევრ ოჯახს  დაჰპირდა უკაბელო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას და ამისთვის 1,2 მილიონი დოლარი გამოყო. ფიჭურმა ოპერატორებმა შეამცირეს მომსახურების ღირებულება სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან EBS-ში (საგანმანათლებლო მაუწყებლობის სისტემა). იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ლეპტოპები და კომპიუტერები, სკოლებმა მისცეს.

მსხვილმა კომპანიებმა – Apple-მა და Samsung-მა – დააწესეს სპეციალური ფასდაკლებები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. ამ წლის მარტში მაღაზიებში ლეპტოპები და პლანშეტები, მაღალი ფასის მიუხედავად, სწრაფად გაიყიდა, მაგრამ ახლა უკვე მოსწავლეებს შეუძლიათ, მიიღონ დიდი ფასდაკლებები პირადობის მოწმობის საფუძველზე. გარდა ამისა, მთავრობამ საჭირო ტექნიკით უზრუნველყო შორეულ ადგილებში მცხოვრები 220 000 სტუდენტი.

„თავდაპირველად, სამხრეთ კორეაში ონლაინგაკვეთილების დროს მასწავლებლები მოსწავლეებს Zoom-ით ან სკოლის ონლაინპლატფორმების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ. მცირედი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სკოლამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და შეეცადა ინტერნეტის პრობლემების მოგვარებას. სამხრეთ კორეაში ტაბლეტებს სკოლის და უნივერსიტეტის პრაქტიკაში პანდემიამდეც იყენებენ. ამიტომ მოსწავლეებმა დიდად ვერ იგრძნეს მნიშვნელოვანი განსხვავება დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას. მათ ისედაც იცოდნენ, რას წარმოადგენს  წიგნების ნაცვლად კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენება“, – აღნიშნავს აიგანიმი.

თუმცა, ახალ სასწავლო პროცესს სამხრეთ კორეაში მინუსებიც ახლდა. მაგალითად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამოუკიდებლად არ შეეძლოთ ონლაინპლატფორმებზე წვდომა, ხოლო მშობლებს მათთან ერთად ჯდომის დრო არ ჰქონდათ, ისინი ვერ აკონტროლებდნენ პროცესს. აპრილში, როდესაც კორონავირუსის სიხშირემ პიკს მიაღწია, საგანგებო საგანმანათლებლო სპეციალურ ცენტრებში (გადაუდებელი დახმარების კლასები) მოსწავლეთა რაოდენობა 4,2%-მდე გაიზარდა. მასწავლებლები დილით მშობლებს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ: „უკვე გღვიძავთ?“, „კავშირზე ხართ?“, „პრობლემები ხომ არ გაქვთ?“. ეს ძალიან ძაბავდა ყველას, ოჯახებსაც და მასწავლებლებსაც.

დიდად სხვა მინუსები არ ყოფილა, რადგან კორეულ კულტურაში ბავშვების განათლება პირველ ადგილზე დგას და მშობლები თავსა და ფინანსებს არ ზოგავენ, რომ შვილებს მხოლოდ საუკეთესო მისცენ. სწორედ ასეთი აზროვნება დაეხმარა კორეას, სწრაფად გამოსწორებულიყო კომპიუტერების დეფიციტის პრობლემა. ისევ და ისევ, კორეული კულტურა, სადაც გუნდური მუშაობა უმაღლესი მიზნის მისაღწევად ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, დაეხმარა განათლების სისტემას ბევრი პრობლემის აღმოფხვრაში.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

დისტანციურ სწავლებაში დანახული ბავშვები, ანუ პანდემიის მოკრძალებული ხიბლი

0

ცხრა თვე გავიდა და პანდემიამ იმ აზრს შეგვაგუა, რომ მოულოდნელი არაფერია და სულ მზად უნდა ვიყოთ თავს დამტყდარი ყველა ცვლილებისთვის და ახალი ჩვევები უნდა მოვირგოთ.

 

როგორც მშობლისთვის ეს პანდემიური ცხრა თვე ყველაზე მძიმე თვეები იყო. ვფიქრობდი, რომ დავკარგე დამოუკიდებლობა და დავკარგე მოსვენების უნარიც, რასაც თან დაერთო უსასრულოდ გაზრდილი პასუხისმგებლობები.  როცა ეს ამბავი ჩაივლის, ჩვენ ყველას, ძალიან დიდხანს დაგვჭირდება საუბარი და ერთმანეთის მოსმენა ამ მძიმე დღეების სირთულეების გასაზიარებლად და ერთმანეთის გასამხნევებლად, თუმცა ვფიქრობ, არც ახლა იქნება ურიგო ამის დაწყება.

 

წელს ჩემმა მესამეკლასელმა შვილმა ორი კვირა იარა სკოლაში. სკოლაში წასვლის ღამეს სიხარულით არ ეძინა, რომ მეორე დღეს მონატრებულ კლასელებსა და მასწავლებლებს შეხვედროდა. შემდეგ როგორც ხდება, ისე განვითარდა ეს ამბავიც“, „კონტაქტების ძიება” დაიწყო და სკოლაც დაიხურა. ესეც მოსალოდნელი იყო. თუმცა ვფიქრობდი, რომ ის ორი კვირაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის, სკოლიდან ბედნიერი და გაბრწყინებული თვალებით დასაბრუნებლად. მაშინვე დავალებების შესრულებას იწყებდა, საკუთარ სამოსზე და სკოლაში წასაღებ სასუსნავზეც წინდაწინ ფიქრობდა…

 

ახლა, როცა მასწავლებლებს, მშობლებსა და თავად ბავშვებსაც დისტანციური სწავლების მხრივ გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავუზიაროთ ერთმანეთს ეს გამოცდილება, რომელიც მეტ-ნაკლებად ძალიან ინდივიდუალურია და პირად გამოცდილებასაც ასახავს. ასახავს იმ პირად მონდომებასაც, რომელიც ამ მხრივ გამოვიჩინეთ ყველამ, მშობლებმა, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და, სიმართლე გითხრათ, ყველა მონდომების შემდეგ პატარა გამარჯვებებსაც ვხედავ და ეს მაძლიერებს.

 

როდესაც დისტანციური სწავლება დაიწყო, საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, უფრო ინერციით მივდიოდით და თან ვფიქრობდი, რომ ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, პანდემია დროებითი მოვლენა იყო, რომლის წამალსაც განვითარებული მსოფლიო მალე იპოვიდა. დიდხანს აღარ ვისხდებოდით სახლებში, მალე ყველა ჩვენ-ჩვენს საყვარელ საქმეს დავუბრუნდებოდით და ა.შ.

 

დისტანციური სწავლების დაწყებისთანავე აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილი, რომელიც მეორე კლასში იყო, საერთოდ არ ფლობდა დამოუკიდებლად სწავლის უნარებს. ან იქამდე როგორ უნდა აღმომეჩინა, როდესაც სახლიდან დილის რვა საათიდან გასულები საღამოს რვა საათზე ვბრუნდებოდით შინ და შემდეგ, როგორც ხდება, საღამოს რუტინა, ისევ ფაცხა-ფუცხით მომზადება მეორე დღისთვის. ცოტა საუბარს თუ მოვასწრებდი შვილებთან, ამისთვისაც მადლობელი ვიქნებოდი იმ დღის.

 

რასაც ამ აჩქარებულ რუტინაში სკოლის მოსწავლის ორივე მშობელი ზედმიწევნით ვასრულებდით, ეს იყო, აქტიურად წაგვეხალისებინა მეორე კლასელი შვილის წერა-კითხვის უნარები და ვფიქრობ, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, შესანიშნავადაც გამოგვდიოდა. ამ მხრივ ვერც საკუთარ თავს ვუსაყვედურებ და ვერც მოსწავლე შვილს. თუმცა, თუ რაიმე არ გამოგვდიოდა, ესეც ცხოვრების წესის ბრალი იყო და ალბათ ჩემი, როგორც მშობლის გამოუცდელობისაც, რომ ზედმეტად მივენდეთ მას, ზედმეტად მივენდეთ იმ ადგილს, რასაც სკოლის „გახანგრძლივებული” ჰქვია, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ საღამომდე რჩებოდნენ, პატარა, ხმაურიან და შემჭიდროვებულ კლასებში, სადაც ძალიან რთული გარემო იყო იმისთვის, რომ ბავშვს რაიმე ესწავლა და გაეაზრებინა. საჯარო სკოლების ამ „ლოდინის ოთახებში” ბავშვები საშინაო დავალებებსაც ასრულებდნენ და მეორე დღისთვის მეტ-ნაკლებად „სუფთა” სინდისით მიდიოდნენ სკოლაში. თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ყველაფერი საერთოდ არ იყო საკმარისი.

 

ახლა, როცა პანდემიურმა რეჟიმმა ძველი ცხოვრების რბოლიდან ამოგვაგდო და ყველა ახალ რეჟიმზე გადაგვაწყო, ვხედავ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს დამოკიდებულებებში. პირველ რიგში შეიცვალა ჩემი შვილის სწავლის მიმართ დამოკიდებულება და შეიცვალა ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება, რომ ყველაფერი კარგადაა ან პირიქით… ახლა საკუთარი თვალით დავინახეთ ბავშვების ყველა ჩავარდნა და ყველა წარმატება და ამან, მე პირადად გამომაფხიზლა.

 

პანდემიური ცხოვრების მეცხრე თვეს, უფრო კარგად ვიცით მოსწავლემაც და მშობელმაც, რაზე გვაქვს მეტი სამუშაო და სად უნდა ვიყოთ უფრო ფხიზლად. ახლა მან უკვე თავად აიღო საკუთარ თავზე ყველა დავალების შესრულება და გახდა უფრო მეტად მოტივირებული, შედარებით კონცენტრირებული; ვხედავ, როგორ ახარებს საკუთარი მიღწევები, როგორ გაჰყვირის გაკვეთილზე მათემატიკის ამოცანების სწორი პასუხის მიგნებისას და უბრალოდ, ამ ყოფაში თავისი ადგილი მოძებნა, თავისი პასუხისმგებლობა უფრო მეტად გაიაზრა, თუმცა ისევ ოცნებობს სკოლაზე და საკუთარ კლასელებთან პირისპირ შეხვედრაზე.

 

მართალია, დისტანციურ სწავლებაში ისევ პრობლემაა ტექნიკური ხარვეზი, „ისევ ჭედავს თიმსი”, ისევ რაღაც ითიშება, მაგრამ მშობელთა უმეტესობამ დავინახეთ ჩვენი შვილები და დავინახეთ მათი პრობლემები, მათი გამარჯვებები და მიღწევები და ამ გამარჯვებებში ცოტათი ჩვენი წვლილიცაა.

 

ძველი სკეპტიციზმი, რომელიც დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მქონდა, დავივიწყე. ახლა, ასეთ რეალობაშიც კი ყველა მონდომება მნიშვნელოვანია, ყველა წახალისება ფასობს და სწავლისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, უკვალოდ არ იკარგება. ახლა, როდესაც ხშირად ჩემი შვილი, ზოგჯერ კამერასაც არ რთავს და ისე ეურთიერთობება კლასს, ვფიქრობ, კარგი იქნება ზედმეტი „ჩაციების” გარეშე დავუტოვო მას ამის უფლება და ვიფიქროთ იმ დროზე, როდესაც პირისპირ ისევ შეხვდება საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს. ცუდი დროა, ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც შეგვიძლია ამ ცუდ დროებაში ჩვენი შვილებისთვის მოვძებნოთ ხელჩასაჭიდი, სინათლის მცირე წერტილები, რომლის გარეშე ყველაფერი უფრო რთული და აუტანელი იქნებოდა ჩვენთვისაც და პატარა ადამიანებისთვისაც.

 

 

 

 

 პოეტი-ფენიქსი    თამაზ ბაძაღუა

0

„მზე ჩადის… ჩადის და შენც ასევე

ჩადიხარ, როგორც უსასრულობა“, _ ვკითხულობთ სტრიქონებს და გამოუცნობი სევდა გვეუფლება.   27 წლის იყო თამაზ ბაძაღუა, როდესაც მოულოდნელად შეაღო სიკვდილის შავი კარი, თუმცა მანამდე პოეზიის გზით მოხილული ჰქონდა მისი სანახები. ისიც იმ ხელოვანთა  დასში ჩაეწერა, რომელთა ამქვეყიური სიცოცხლე ხანმოკლე იყო, მაგრამ თავიანთი შემოქმედებით გააფართოვეს არსებობის საზღვრები და მხატვრული დრო-სივრცის მარადიულ თანამგზავრებად იქცნენ. მისი ლექსები, პიესები, თარგმანები თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ფურცლებს ქმნიან. მის პოეზიასთან ყოველი შეხება მკითხველს დაანახვებს მხატვრული აზროვნების ამოუწურავ შესაძლებლობებს, ამიტომაც დაუვიწყარი ხდება ის განცდა, ფიქრი, ემოცია, რომელიც მასთან „დიალოგისას“ ჩნდება. იდუმალ სამყაროსთან მედიუმი მისი ლექსებია, რომლებიც უცნაური მაგიით გიზიდავენ, გაღვიძებენ და უხილავის დანახვისათვის აღგძრავენ.

ის, ვისკენაც გამუდმებით მიისწრაფვის თამაზ ბაძაღუას ლექსების ლირიკული გმირი,  განფენილია მთელ სამყაროში. მის გამოჩენას, უფრო სწორედ, აღმოჩენას ხელს უშლის  ყოფის ჯოჯოხეთი, მაგრამ იგი  თავისი პოეტური „ხილვებით“ გაარღვევს ამ ბურუსს და მიაგნებს იმას, რაც სიცოცხლის საყრდენად ექცევა. ამ დიდი და პატარა სინათლეების აღმოჩენაზეა დაწერილი მისი ლექსები:

„შენ არ გიცხოვრია ვარდების ფერისა და ცისფერის საუკუნეებში,

იამბიკოსა და მაღალი შაირის სამლოცველოში,

არ გიკრეფია ღვთის გულიდან წმინდა ყვავილი,

არ ჩაგიყვინთავს ქრისტიანი ბავშვის სიზმარში.

შენ ფრთა ხარ_ ჩუმი და მოტეხილი,

რომლის ბოლოში განუწყვეტლივ შრიალებენ

ძველი ქარები და დროშები.

შენ იმ მიწიდან, ფესვებიდან ამოთხრილი ყვავილი ხარ,

რომელსაც დილით წყალს თუ დაუსხამ,

ოთახშიაც მშვენივრად გაძლებს,

მშვენივრად გაძლებს და იყვავილებს,

სანამ ფესვები გულში ამოვა“.

რაც მთვარია, ხან პირდაპირ, ხან კი უცხო მეტაფორებად, შედარებებად, ეპითეტებად თუ სხვა მხატვრულ სახეებად გარდაქმნილი მისი გრძნობა, ემოცია გამოძახილს პოულობს მკითხველის გულში, სულსა და გონებაში და მასაც მოანატრებს შორეულსა და მიუწვდომელს. ის გაჯერებს, რომ მისთვის ხელის გაწვდენაზეა `წმინდა სამოთხე~:

`მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები,

თუმცა ისინი არასოდეს აქ არ მინახავს~ (`მარტვილის მონასტერთან~).

ეს განცდა გადაედება მკითხველსაც და ისიც `წყნარად, წყნარად მაღლდება დაკარგული სიხარულისკენ~, მიიკვალავს გზას ირაციონალურის, მისტიკურის, მეტაფიზიკურისკენ. აქ მოიხსნება ის სიძნელე, ბარათაშვილი რომ ასე გამოთქვამდა: „აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან, /მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!“ („შემოღამება მთაწმინდაზედ“).

მისი პოეზიიდან სამყარო შემოგვცქერის მირიადი თვალებით, ელის ჩვენს შეხებასა და შეხმიანებას. ლირიკული გმირი  ლაღად და თავისუფლად უსმენს სულიერისა თუ უსულოს ჩურჩულს და  მკითხველს გამოუთარგმანებს საოცარი, ექსპრესიული მეტაფორებითა და სხვა მხატვრული სახეებით:

„ფანჯარამ ღამეს გადასძახა, ღამემ_ ვარსკვლავებს

და შენს თვალებში არ დატოვა არცერთი ლოცვა.

მე იმ თვალების სიღრმეებში ყაყაჩოების სისხლს ვუმატებდი,

რომ ცრემლს სიმძიმე დაეკარგა… მე იმ თვალების ცარიელ ღამეს

მარტო შევრჩი და ვარსკვლავებმაც მაშინ მიბიძგა

ლოცვასა და არაფერს შორის დარჩენილი ვიწრო ფანჯრისკენ,

რომელსაც ჰქვია სიყვარული, ბრმა ფრინველივით

რომ ეხეთქება საკუთარ ფრთებს სინათლის ცაში“

ეს უსათაურო ლექსები თითქოს თავშესაფარს დაეძებენ მკითხველთა გულებში. ლირიკული გმირი, მარტოსული და სასოწარკვეთილი, მარადიულ განზომილებაში მოიპოვებს უბადრუკი არსებობის გამართლებას, ამიტომ ლექსებში ბუნებრივად შემოიჭრება ფიქრი უზენაესზე. აქ სამყაროს შემოქმედი ხან პირდაპირ არის დასახელებული, უფრო ხშირად კი მინიშნებაა მასზე. მეორე ნაპირი, რომელსაც მიელტვის პოეტი, ხან შავი, სულისშემხუთველი მიწაა  და ხან ცისფერი, გამჭვირვალე ლაჟვარდი, თუმცა ორივე მშვენიერია და მიმზიდველი და იმაზე უკეთესი, როგორიც რეალობის სახით წარმოუდგება ლირიკულ გმირს, პოეტის ალტერ ეგოს.  იქ, სიტყვებით „შექმნილ“ მიწასა თუ ზეცაში, ფიქრს ვერაფერი შეაჩერებს, განსხვავებით აქაურობისაგან, სადაც ხელშესახები, აღსაქმელი საგნები მზერას ეღობებიან, აბრკოლებენ, თუმცა, უპირველესად, სწორედ ამ წინააღმდეგობას გადალახავს პოეტი, წარმოსახვის ჩარჩოებსა და ბარიერებს იოლად არღვევს, ამიტომაც ჩნდებიან  მისი პოეზიაში აბსტრაქტული, ერთგვარი სიურეალისტული, სიზმრისეული სახეები, ფერებისა და ხმების გრადაციებით:

„წამოდი ჩემკენ, _კვნესოდა მგზავრი,_

მე უფრო ღრმა ვარ და საიმედო,

ჩემი მკერდი უფრო გრილია,

მთრთოლვარე და იდუმალი,_

შავ ანთრაციტზე მისხლტება ფეხი.

მეორე ქვეყნის ნაპირიდან იღვრება სხივი.

_თურმე ის მგზავრი იყო ბალახი,

ის ბალახი კი დედამიწის სიტყვები იყო“ .

თამაზ ბაძაღუას პოეზიაში იგრძნობა საოცარი სისავსე. მასაც შეეძლო, ბარათაშვილივით ეთქვა, `მაგრამ მე სული გვამში ვეღარ მომთავსებია~ („ნაპოლეონ“).  მასაც სხეული, როგორც ჩარჩო, როგორც მცირე ჭურჭელი  ევიწროება, სუნთქვა უძნელდება, ამიტომაც უხარია მხოლოდ მაშინ, როდესაც პოეზიის გზით თავს დააღწევს ამ ტყვეობას, ამ დროს თითქოს მისი ხორცის სამანები მოირღვევა და ოთხი ელემენტი: ჰაერი, მიწა, წყალი, ცეცხლი,  ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად იწყებს  მოძრაობას, ასე გაიშლება თუ გაიფანტება პოეტი მთელ სამყაროში და მოიხილავს მის  უჩინარ ჰორიზონტებს.  ამ დროს უმძაფრდება შეგრძნებები, იგი თანაბრად აღიქვამს მზის, მთვარის ვარსკვლავების ფეთქვასა თუ ბალახის შეკრთომას.

ყოველდღიური ერთფეროვნებით მოქანცულ პოეტს პოეზია მოევლინება მშველელად. თუმცა ეს უფრო ამძაფრებს კონტრასტის შეგრძნებას.   შავისა და თეთრის, ამაღლებულისა და დაცემულის შეხლიდან იბადება შთამბეჭდავი ექსპრესიული სახეები, რომლებიც მის ნებისმიერ ლექსს სიცოცხლეს მატებენ.  ყველა ლექსი ძნელი, ციცაბო აღმართებით მწვერვალზე ასვლას მიაგავს, ტანჯვით მიიწევს წინ და ბოლოს მაინც შეიგრძნობს სიმაღლეს:

`ათასი კაცი ვარ თვითონ,

და ათასივე მარტო კვნესის,

სანამ პატარა ჩიტი შობს დილას~.

ჩიტის მიერ დილის შობა იმგვარი მეტაფორაა, რომელიც ხილვას ედარება, რადგან ამ სახით პოეტი სამყაროს გამოუთქმელ, გონებით მიუწვდომელ, სიცოცხლის განმაპირობებელ ეგზისტენციურ  კანონზომიერებას მოიხელთებს.

ყოფის უდაბნოში მას  წინ მიუძღვის უცხო მგზავრი _ ეშმაკი თუ ანგელოზი? ეს ეჭვიც ხშირად გაკრთება მის პოეზიაში, მაგრამ სასოება, სიყვარული და რწმენა მის შერყეულ სულს წონასწორობას უბრუნებენ.  და პოეტი მოულოდნელად აღმოაჩენს: Aეს მგზავრი თვითონ მიწაა, სიმშვიდეს და სიყვარულს რომ ჰპირდება.

გრძელდება ჭიდილი მიწასა და  ცას შორის, თუმცა მიწა ხომ თვითონვეა, რადგან მისგან მოიზილა მისი სხეული, ამიტომაც, სინამდვილეში მიწა და ცა განუყოფელია, როგორც ცოცხალ ადამიანში სული და მატერია. სიმშვიდის მომგვრელია ამის განცდაც: `და ზეცასავით იხსნება მიწა და მიწასავით ღამდება ზეცა~.

ლექსებში წარმოჩნდება თანამედროვეობის სულიერი კრიზისი, უსაშველო სიცარიელის განცდა, ილუზიების მსხვრევა, რეალობასა და წარმოსახულს შორის გაჩენილი უფსკრულები:

„ნუ მეუბნებით, ნუ მატყუებთ_

რომ ოდესმე ვარსკვლავები ჩაეხვევიან

ჩვენს ნაფეხურებს და ზეცისკენ გაგვიტაცებენ,

ნუ მეუბნებით, ნუ მატყუებთ, _

რომ ოდესმე გაიფოთლება სიყვარულის ბერწი მცენარე,

ის უკვე ნაყოფს ვერ გამოისხამს,

არამედ ცივ და შხამიან ეკლებს

და იმ ეკლიდან ჩვენს სამსხვერპლო ჯვარს გამოთლიან“ („შესაძლებლობა“).

ის მიელტვის სამყაროს დასაბამიერს, პირველსაწყისს, განუყოფელს, ამიტომაც მოძრაობას, ცვალებადობას განიცდის, როგორც სიკვდილს. პოეზიით უბრუნდება იმ ბიბლიურ, შესაქმისეულ  ჟამს, როცა სული იქცეოდა წყალთა ზედა. თვითონაც ამიტომაა `წყლის კაცი~:

„მე წყლის კაცი ვარ და ზეციურ წყლისკენ მაბრუნებს

ჩემი გუგუნის ცივი ექო_ სასოწარკვეთა,

რომელსაც გული წინასწარ გრძნობს, როგორც პირუტყვი

მიწისძვრას, როგორც ზამთარს მერცხალი,

მაგრამ სად არის თბილი ქვეყანა, სად არის წყარო, სად არის ჩრდილი,

სად არის სიტყვა მინერალების შუქივით სუფთა და პირველქმნილი“.

წყალი მის პოეზიაშიც განახლების, მეორედ შობის სიმბოლოა. ამ დასაბამიერი სისავსის მოპოვება  განაცდევინებს მას სამყაროს, როგორც ერთ მთელს, ამიტომაც ქარი, ვარკვლავი, მთვარე მისი სხეულის ნაწილებია, გრძნობის ორგანოებია: `ნისლით ვცდილობ გაღიმებას~ და გვახსენდება ვაჟას `ნისლი ფიქრია მთებისა~. მთები და ადამიანი ერთი გზით გამოხატავენ თავიანთ შინაგან მღელვარებას: ადამიანი ნისლის სახით იღიმება, მთები ნისლის სახით ფიქრობენ, და სწორედ ამგვარი განცდების აღძვრისას  სამყარო მისტიკურად მთლიანდება და მკითხველს ეუფლება ჩუმი სიხარულის, ჰარმონიის განცდა. ისიც მონაწილეა პოეტის `აღმოჩენისა~:

„ჯერ ნუ დამიტირებ, სიყვარულო,

ნუ გამოშლი შუაღამისფერ თმებს ჩემს ჭიშკართან,

იქ ბროწეული აყვავდა წუხელ,

თითქოს წითელმა ქარმა დაკოცნა სველი ტუჩებით.

ჯერ მას უწამლე უნუგეშოდ გაწვდილ ტოტებზე _

მარტოობის გრძელ სიმღერაზე“.

თამაზ ბაძაღუას პოეზიის კითხვისას მკითხველსაც  უჩნდება სამყაროსთან ამგვარი უშუალო ურთიერთობის სურვილი. ისიც  ერთვება პოეტური სამყაროს  მძლავრ მიმოქცევაში და იწყებს გარემომცველ საგანთა გადასხვაფერებას. ეს მძლავრი იმპულსი თუ მუხტი შეიგრძნობა მისი ლექსების კითხვისას და გასაგები ხდება ელიოტისეული ფრაზა: `პოეზია მანამ მოდის ჩვენამდე, სანამ გავიგებდეთ~.

ვერლიბრის ფორმა აქ უაღრესად დახვეწილია. მისი სტრიქონების რიტმულობას, მუსიკალურობას განაპირობებს რაღაც ძლიერი შინაგანი მუხტი, თითქოს სიტყვები თავისუფლდებიან, ნაჩვევ შინაარსებს ძველი სამოსივით იხდიან და მკითხველის წინაშე სრულიად ახალი სახით ჩნდებიან:

„ღამის ქალაქი_

მაწანწალა ძაღლების ჰიმნი,

და იმ ჰიმნის ქვეშ მაღალი და ლურჯი ხეები,

იმ ხეების ქვეშ ჩვენი ჩრდილები,

ჩვენი ჩრდილების დასასრულს კი მდინარე მიდის“.

თამაზ ბაძაღუას პოეტური ფილოსოფია და ესთეტიკა ეფუძნება ქართული და მსოფლიო პოეზიის მდიდარ ტრადიციას. ძნელია  კაცობრიობის გამოცდილების ამ უკიდეგანო  სივრცეში საკუთარი ხმით გამორჩევა, მაგრამ ის ამ სიძნელეს გადალახავს და თავის მშვენიერ ინდივიდუალურ ანაბეჭდებს ტოვებს მკითხველის გულში.

თამაზ ბაძაღუა წარმოჩნდება, როგორც პოეტი – ფენიქსი, რომელიც ყოველ ლექსში იფერფლება და აღდგება, იტანჯება და განიწმინდება და მკითხველსაც ამგვარად განაცდევინებს სიკვდილისა და სიცოცხლის სიტკბო-სიმწარეს:

„მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი,

და უიმედოდ ვებღაუჭები

იმ ძველ ფურცლებში ჩაყვითლებულ სტყვებს: სიმშვიდე,

სიხარული, თანაგრძნობა,აღფრთოვანება,

ვინ, ვინ მაგემა მომავალი შიშის სურნელი“ (ლექსები დამოწმებულია კრებულიდან „სიზმარში მაინც ვხვდებით ერთმანეთს“, თბ. 2009).

დაიწყო ფოთოლცვენა, მაას? – ანუ გაკვეთილი გისოსებს მიღმა

0

 

“დაიწყო ფოთოლცვენა, მაას?”, “მას, აცივდა არა გარეთ?” – მეორე გაკვეთილია მეკითხებიან  ჩემი მოსწავლეები ერთ-ერთი გამოსასწორებელი დაწესებულებიდან და თითოეული კითხვა მტკივა. მერე კი უბრალოდ თავს ვიმშვიდებ და უფრო მეტად მიყვარდება ჩემი საქმე, – საქმე, რომელშიც არც თუ ისე დიდიხანია ჩავერთე და ყოველი გაკვეთილი მიხარია. მიხარია ის, რომ გზა, რომელსაც ვადგავარ, გზა, რომელ გზასაც მივყვები, იქ მიდის, სადაც გზიდან შემთხვევით აცდენილი ადამიანი დგას და ხელები აქვს გამოწვდილი ჩასახუტებლად; მიხარია, რომ იქ ვდგავარ, სადაც უნდა ვიდგე, – უიმედოდ, მარტოდ დარჩენილ ადამიანთან.

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოხალისე მასწავლებლად მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილით გადავწყვიტე. ამ გადაწყვეტილების მისაღებად არ დამჭირვებია არც ფიქრი და არც რაიმეს აწონ-დაწონვა. ქვეყანაში, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ორი ჯგუფს ვასწავლი. პირველი გაკვეთილის ღელვა ახლაც მახსოვს. თუმცა, გაკვეთილის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ღელვა უკან მოვიტოვე, ეს ბავშვების დამსახურებით შევძელი და  პირველ გაკვეთილზევე მოვახერხე ის, რომ მათი მასწავლებელი კი არა, მეგობარი გავხდი.

არაფერი იყო ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის, ამაზე დიდი სტიმული.

ნეტა, როგორია იქ მზის ამოსვლა, ჰა?! – ვფიქრობ ხოლმე ჩემთვის. არ ვიცი, წარმოდგენაც არ მაქვს. და საერთოდ, რამდენ რამეს ვფიქრობ, ვინ მოითვლის. როცა მათ ელაპარაკები, სულ ფიქრში ხარ. ყველა სიტყვას თოთო ბავშვივით უფრთხილდები და უვლი. ერთი კვირის წინ, საგაკვეთილო პროცესში, ჩემს ფანჯარას მზე მოადგა. მომერიდა და მუქი ფარდა უცბად ჩამოვაფარე. როგორც ჩანს, ვერ მოვასწარი ამინდის დამალვა და მალევე მომესმა ეკრანიდან მომღიმარი ბიჭის ხმა: დაცხა, არა, მაას? ჰო, დაცხა-მეთქი, ვუპასუხე და გავუღიმე. თვალები აუწყლიანდა, შევატყვე. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

“იმედი მაქვს, წიგნი ცხოვრებისკენ შემომატრიალებს“, − მითხრა დღეს ერთ-ერთმა მოსწავლემ და მე მას მოვუყევი ამბავი, როგორ არ მომცა სიკვდილის უფლება წიგნმა, როგორ გამომაცოცხლა და როგორ შემომაბრუნა ცხოვრებისაკენ  და იმ მიზნებისაკენ, რომლებიც დავისახე.  რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივცე ის, რაც მე არ/ვერ მქონია-მეთქი, – ამას ვამბობ უკვე წლებია და სულ  ვცდილობ, იქ ვიდგე, სადაც სიცარიელეში დარჩენილი ადამიანია.

მიჭირავს ხელში წიგნი და არაფერი სხვა. მიჭირავს წიგნი, იარაღი ჩემი და მგონია, რომ ესაა საწყისიც და დასასრულიც; ესაა სინათლე და გზა სინათლემდეც. სწორედ ორ ყდას შორის მოქცეული სამყაროა გზა გადარჩენამდე, – და ეს გადარჩენა გვჭირდება ყველას, ეს გადარჩენა შემოგვაბრუნებს ცხოვრებისაკენ მაშინ, როცა არაფერია გარშემო სასიკეთო.

და თუ მე შევძელი,  თუნდაც ერთი ადამიანის  შემობრუნდა ჩემკენ, და თუ მე შევძელი, თუნდაც ერთ ადამიანს დავხმარებოდი საკუთარი თავის პოვნაში,  გადამეტების გარეშე ვიტყვი, რომ ღირდა, – ღირდა, რომ გადავლახე. და ეს არა ჩემი ცოდნითა თუ გამოცდილებით, არამედ სხვისი მოგონილი სამყაროთი, – წიგნით შევძელი.

მე კი ვიდგები კვლავაც ამ გზაზე და შევეცდები,  მთელი გულითა და სულით შევეცდები, მათ არასდროს  მოაკლდეთ გაფერადებულ ქუჩებში ხეტიალის ბედნიერება, არასდროს მოაკლდეთ შემოდგომის ამინდები.

 

 

ქცევის წამყვანი ფორმა და მისი როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

0

ერთხელ, ორ ახალგაზრდა ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „არ მესმის რა ხდება,  ჩემი პატარა საბავშვო ბაღში დამყავს და ისეთი განცდა მაქვს თითქოს სკოლის მოსწავლეა – ასწავლიან წერას, კითხვას, უცხო ენას, კონტინენტებს და ადამიანის აგებულებასაც კი“ – აღშფოთებას ვერ მალავდა 5 წლის გიოს დედა. „თუკი ამდენ რამეს ასწავლიან, რატომ არის ეს ვითომ ცუდი, ჩემი მარიამი სკოლის მოსწავლეა და მთელი გაკვეთილი თამაშით არიან დაკავებული, მასწავლებელს რომ ვუსაყვედურე, დამამშვიდა,  თამაში სწავლების ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდიაო“ – მეორეკლასელი მარიამის დედიკომ მეგობარს შესჩივლა თავისი გასაჭირი. „მე ნამდვილად არ ვიქნები უკმაყოფილო, თუ ჩემს შვილს ბევრი ეცოდინება“ – თავს იმშვიდებდა გიოს დედა – „მაგრამ, მაინც მაინტერესებს, ეს ნამდვილი ცოდნაა, თუ ბავშვი უბრალოდ თუთიყუშივით იმეორებს იმას, რასაც მასწავლებელი ეუბნება, ან საერთოდ სჭირდება კი ამ  ასაკის ბავშვს წერა-კითხვის, უცხო ენის და მითუმეტეს გეოგრაფიის და ბიოლოგიის ელემენტების სწავლა, ამით მას ბავშვობას ხომ არ ვართმევთ, ხომ არ აჯობებდა სკოლაში სწავლის დაწყებამდე ის უფრო მეტად თამაშით ყოფილიყო დაკავებული“.

ვფიქრობ, ზემოაღნიშნულ სიტუაციაში წარმოდგენილი ქალბატონები გამონაკლისები ნამდვილად არ არიან. უკანასკნელ ათწლეულში საბავშვო ბაღებში აქტიურად მიმდინარე სასწავლო პროცესმა საგონებელში ჩააგდო ბევრი მშობელი, რადგანაც მათ საკუთარ თავზე იწვნიეს, თუ რას ნიშნავს წერა-კითხვის მცოდნე ბავშვის შეყვანა პირველ კლასში, სადაც პატარები სასწავლო გეგმის მიხედვით ასოებს  და მარცვლებს სწავლობენ, ცალკეული ბავშვები კი უკვე გამართულად კითხულობენ. როგორც წესი, ასეთი ბავშვების დიდ ნაწილს ადვილად ეკარგება ინტერესი სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ, რაც მშობლებსა და პედაგოგებს უკვე ახალი პრობლემის წინაშე აყენებს. რომ არაფერი ვთქვათ მოვლენების ასეთ განვითარებაზე, სამართლიანად ჩნდება შეკითხვა, თუ რამდენად მიზანშეწონილი და საჭიროა ქცევის სხვადასხვა ფორმების გამოყენება ცალკეულ ასაკობრივ საფეხურზე.

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ადამიანის ფსიქიკური განვითარება ყველა ასაკობრივ საფეხურზე სხვადასხვა სახის ქცევის მიმდინარეობის პროცესში ხორციელდება. სწორედ ქცევის, მოქმედების დროს ეუფლება პატარა იმ ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც დაგროვილი აქვს კაცობრიობას – ითვისებს ცოდნას, იძენს ადამიანისთვის დამახასიათებელ ფსიქიკურ თვისებებს და უმუშავდება საჭირო უნარ-ჩვევები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქცევის ცალკეულ ფორმებს (თამაში, სწავლა, შრომა) განვითარების ყველა ასაკობრივ საფეხურზე ერთნაირი მნიშვნელობა არა აქვს ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის. ბავშვის განვითარების თითოეულ ასაკობრივ საფეხურზე ქცევის რომელიმე ერთი ფორმა ხდება წამყვანი, დომინანტური. ის მთავარ როლს თამაშობს კონკრეტულ ეტაპზე ბავშვის განვითარებაში. ქცევის სხვა ფორმები მას ემორჩილებიან და მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ. ქცევის წამყვანი ფორმა მთელ ასაკობრივ საფეხურს თავისებურ იერს აძლევს და ამ ასაკობრივი საფეხურის თავისებურებათა გასათვალისწინებლად მის შესწავლას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ბავშვის განვითარებაში ქცევის სხვადასხვა ფორმის ხვედრითი წილის შესაფასებლად აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ქცევის წამყვანი ფორმა განვითარების ამა თუ იმ საფეხურზე ის კი არ არის, რომელიც უბრალოდ ყველაზე ხშირად გვხვდება, ან რომელსაც ყველაზე დიდ დროს უთმობს ბავშვი, არამედ ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ასეთი ფორმის ქცევის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. როგორც წესი, ის ხასიათდება სამი მთავარი ნიშნით:

  1. ქცევის წამყვანი ფორმის შიგნით ჩნდება და ვითარდება ქცევის სხვა ფორმები, რომლებიც შეიძლება მოგვიანებით, განვითარების შემდგომ ეტაპზე თავად გახდნენ დომინანტური და შეიძინონ წამყვანი ქცევის მნიშვნელობა. ასე მაგ. სწავლა თავდაპირველად თამაშის ფორმით იჩენს თავს –  ბავშვი სწავლას, როგორც წესი თამაშით იწყებს და სწორედ თამაშის პროცესში სწავლობს კიდეც;
  2. ქცევის წამყვანი ფორმა ცალკეული ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშემწყობი ხდება. კერძოდ თამაშით ვითარდება ხატოვანი აზროვნება, წარმოსახვა, სწავლის პროცესში კი – ლოგიკური აზროვნება;
  3. წამყვან ქცევაზე დამოკიდებულია ბავშვის პიროვნების ფორმირება, ძირითადი ცვლილებები მის პიროვნულ განვითარებაში კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე. მაგ. თამაშის პროცესში სკოლამდელი, ერთი მხრივ, ითვისებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ქცევის ნორმებს, წესებს, მეორე მხრივ კი, სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას, მათთან საკუთარი მოქმედების შეთანხმებას.

სკოლამდელ პერიოდში ქცევის წამყვან, დომინანტურ  ფორმას თამაში წარმოადგენს. სწორედ თამაშის პროცესში ხდება ბავშვის, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური განვითარება. რაც შეეხება სასკოლო ასაკს, ქცევის მთავარი ფორმა, რომელიც მთელ ასაკობრივ საფეხურს სპეციფიკურ სახეს აძლევს და ბავშვის განვითარების ხელშემწყობი ხდება, სწავლაა. სწორედ სწავლა იქცევა ამ პერიოდში ქცევის ძირითად, წამყვან, დომინანტურ ფორმად. მაგრამ, სწავლა სხვა ასაკობრივ საფეხურზეც გვხვდება და ნამდვილად არ შეიძლება იმის თქმა, რომ სწავლა მხოლოდ სასკოლო ასაკში იწყება. ყოველდღიურ მეტყველებაში სწავლის ცნებას ადამიანები ბავშვის დაბადების პირველივე დღეებიდან ვიყენებთ მის განვითარებაში წინსვლის და წარმატების არა ერთი მომენტის დასაფიქსირებლად  – ბავშვი ჭამას, სიარულს, ლაპარაკს სწავლობს, ცოტა მოგვიანებით პატარ-პატარა ლექსების, ზღაპრების და კიდევ ბევრი სხვა რამის სწავლას ახერხებს. თუმცა, ამ პერიოდში სწავლა თამაშის ისეთი ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება, რომ ის თამაშის ერთ-ერთ სახედ უფრო ითვლება, ვიდრე ნამდვილ სწავლად. სკოლამდელ პერიოდში სწავლას მექანიკური ხასიათი აქვს და მას სწორედ ასე – მექანიკური სწავლის სახელწოდებით მოიხსენიებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის სწორი მიმართულებით განვითარების ხელშესაწყობად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ ქცევის რომელი ფორმაა კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე წამყვანი, მთავარი, დომინანტური და ჩვენი ურთიერთობა ბავშვთან, მისი განვითარებისკენ მიმართული ქმედებები სწორედ ქცევის აღნიშნული ფორმის თავისებურებების გათვალისწინებით განვახორციელოთ.

 

 

 

 ევროპეიზმი, როგორც ეროვნული კონცეფცია

0

საქართველო ყოველთვის იყო ნაწილი ევროპული აზროვნებისა და კულტურისა. ამას გვაფიქრებინებს ჩვენი ხასიათის ისტორიული ჰუმანიზმი, ქრისტიანული ასპექტები ჩვენი ეროვნულობისა, ქალის მიმართ ჯერ კიდევ წარმართობიდან მომდინარე კრძალვა და პატივისცემა, ტოლერანტულობა სხვა ერების მიმართ და ა.შ. თუ ეს ჩვენი ზნეკეთილობა საუკუნეების შედეგ გამრუდდა და დღეს ისე სახარბიელოდ აღარ გამოიყურება, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის ბრალია. საქართველო ყოველთვის ასრულებდა საპატიო მისიას ქარისტიანული ქვეყნების განაპირა გოდოლისა, რომელიც თავის თავზე იღებდა და ევროპის ქვეყნებს აცილებდა გაავებული მაჰმადიანური აღმოსავლეთის შემოტევებს, თვითონ კი ზიანდებოდა, ირღვეოდა, ზნეც უკნინდებოდა. ევროპის ნაწილად მივიჩნევდით თავს მაშინაც, როცა დიდი სულხან-საბა იმედგაცრუებული ბრუნდებოდა ვერსალიდან, საკუთარი ქვეყნის უპერსპექტივობით დაღლილი და განადგურებული. ამიტომ არც უნდა გაგვკვირვებოდა და გვესაყვედურა ერეკლესთვის მისი იმ იძულებითი, ისტორიული გადაწყვეტილების გამო. ტყუილად არ იყო ჩვენი ეკლესიის წიაღში ბაგრატიონთა ღვთაებრივი წარმომავლობის თეორია. საქართველოში მეფობა არ იყო მხოლოდ პრივილეგია, ტარიგობაც იყო. ამდენი წმინდანი, ერს შეწირული მეფეც ამიტომაა ჩვენს წარსულში. ერეკლე მეფე სანიმუშოა მათ შორის, ყველაზე დიდი ტვირთის _ მძიმე არჩევნის მტვირთველი და მორიგი მსხვერპლი სისხლით გაუმაძღარი დროთა სვლისა.. და ეს არჩევანი იყო გარდაუვალი, ნაყოფი და ნაწილი ჩვენი ავი ბედისწერისა.

დღესაც აქტუალურია ევროპის ოჯახში შესვლა. ევროინტეგრაციის პროცესი მნიშნველოვან როლს თამაშობს საქართველოს განვითარებისა და შიდა პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში. ევროინტეგრაცია და ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა უპირველესი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია საქართველოსთვის.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება სრულად ძალაში შევიდა 2016 წლიდან. ამასთან საქართველომ შეასრულა ვიზის ლიბერაზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, მათ შორის მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა.

ამ საკითხისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად ცოდნა და სწორი ორიენტირებია საჭირო. გადარჩენისათვის განუწყვეტელმა ბრძოლამ გიორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ და თუნდაც დღევანდელობაში არასწორი ფორმა მიიღო. ხმალამოღებული ბრძოლის უკვე უპერსპექტივობამ ქართველს გულსიყური, ნებისყოფა მოუდუნა, გააპასიურა და მფარველის მოლოდინის ბანგში გახვია, დაავიწყა, რომ ხსნა მხოლოდ გარეთ არ უნდა ეძებოს კაცმა, რადგან ის ხშირად საკუთარ თავშია. სწორედ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაა ერად ყოფნის წინაპირობა. მოდი, ჩვენი ერის ღირსებას, ილია ჭავჭავაძეს მოვუსმინოთ: “ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით თუ ხორცით. …გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ”. სწორედ ამ მოვალეობისგან თავის არიდებას ემსგავსება ევროპისაკენ ინერციული, ბრმა სწრაფვა, მაშინც როცა ზუსტად ვერც გაგვირკვევია, რა არის ევროპა, რასთან ასოციირდება ის. ეს საკუთარი თავისგან გაქცევასაც ჰგავს.  ევროპა, ევროპული ტრადიცია დგას, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული და თავისუფალი აზრის დაცვის გარანტად, რომელიც არ ერიდება საკუთარი თავის კრიტიკას. ამიტომ ევროპისთვის განსაკუთრებით უცხოა გაუცნობიერებლად რამის მიღება. ამიტომ ევროპეიზმი იქნებოდა არა კრიტიკის ცინიზმი, დაცინვა და იარლიყების მიწებება, არამედ ევროპული ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარება. ევროპისა და დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფუძველი სწორედ ჰუმანიზმია, რომელიც ქრისტიანული საწყისებიდან მოდის. ჩვენ დიდი ხანი ვიყავით რუსეთის იმპერიის ნაწილი და სწორედ ,,პატარა” ქვეყნის კომპლექსია ის, რომ ბრმად და ავტომატურად მივიღოთ ყველაფერი ევროპული. არ არსებობს უნაკლო სახელმწიფოებრიობა, რადგან ამ უკანასკნელში გარკვეული ბოროტება ოდითგან ჩადებულია. ამიტომ ევროპაშიც შეიძლება იყოს ისეთი მოვლენები და აქცენტები, რაც მიუღებელია. ამის აღიარება სულაც არ ნიშნავს განვითარებული მსოფლიოს თანამედროვე ტენდენციებისგან ჩამორჩენას, ნამდვილი ევროპელობა საკუთარი თავის, კულტურის, თვითმყოფადობის დაფასება და პატივისცემაცაა სწორედ და არა სირცხვილი ამის გამო. ევროპულობის საქართველოში შემომტანი ნიკო ნიკოლაძე წერდა: ,,ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს“.ევროპა არ შეიძლება იყოს მხოლოდ ლიბერალური რეფორმების გატარება: მაგალითად, გენდერული ბალანსის ხელოვნური მიღწევა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, პოლიტკორექტულობაზე მუდმივი აპელირება და სხვ. ევროპა შეიძლება იყოს სწორედ ტრადიციულის, ეროვნულის, ქრიტიანულის პატივისცემა და ეს სულაც არ არის ევროპული კონტექსტიდან ამოვარდნილი. ევროპელობა არც, უბრალოდ, განათლების საზღვარგარეთ მიღება ან შენობებისა და ქალაქების არქიტექტურის ფსევდო-ევროპულ ყაიდაზე მოწყობაა. ის ადამიანთა აზროვნების, ყოფის, თუნდაც ცხოვრების წესია, რომელიც ძვალსა და რბილშია გამჯდარი. ,,ევროპა უფრო საშუალებაა, მექანიზმი, რომლის დახმარებითაც გრძელვადიან სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელთან ერთად, უნდა განვიმტკიცოთ ის ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ნამდვილ ევროპულს ვუწოდებთ. სამწუხაროდ, ხშირად ეს იდეალები და ღირებულებები ჩვენთან ლოზუნგებს და სლოგანებს არ ცდება.” – წერს ჟურნალისტი ედიშერ ბაღათურია.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ევროპასთან ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების გზით და სახელმწიფო ინტერესებით განპირობებული სტრატეგიული არჩევანია, ჩვენი ქვეყნის მშობლიურ გარემოში დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კულტურაში არც აღმოსავლური წილია ნაკლები, ჩვენ მასაც პატივი უნდა მივაგოთ და არ დავივიწყოთ, რომ ვართ იბერიულ-კავკასიური, სწორედ ევროპული კულტურის, ცივილიზაციის საწყისებთან მდგარი მოდგმა. ჩვენ ევროპელები ვიყავით, როდესაც მივიღეთ ქრისტიანობა და მაშინაც, როდესაც ელინისტური სამყაროს ნაწილად მოვიაზრებოდით.

უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპა არ იქმნება ხელშეკრულებებისაგან (მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც რუსეთი და კიდევ უამრავი დაბრკოლებაა ამ მხრივ), იგი ადამიანთა გულებში ყალიბდება. ევროპულ ფასეულობებს საკუთარ თავში უნდა ვეძებდეთ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მზის გამყინვარება

0

ეს იყო 2004 წელს. მეორე კურსზე ვიყავი მაშინ. მობილური არ მქონდა და სახლის ტელეფონის გულის გამაწვრილებელმა ხმამ გამაღვიძა. ძალიან ადრე იყო, ამიტომ წავუყრუე და ძილის შებრუნება გადავწყვიტე. ყველა წასული იყო, მარტო ვიყავი სახლში. ტელეფონი კი აგრძელებდა რეკვას, ისევ და ისევ, ისევ და ისევ. როცა სადმე რეკავ და რამდენიმე ზარის შემდეგ არ გაგონებენ, თიშავ, ლოგიკურია, მაგრამ ჩემმა ძმაკაცებმა იცოდნენ ტელეფონთან ჩემი დამოკიდებულება და ერთ ჯერზე თუ არავინ უპასუხებდათ, მეორე და მესამე ჯერზე რეკავდნენ, თუ სახლში არ ვიყავი, ხომ კარგი, მაგრამ თუ სახლში ვიყავი, ეს განუწყვეტელი ზარები იმას ნიშნავდა, რომ რომელიმე ძმაკაცი იყო და მშვიდად უნდა ამეღო ყურმილი. ამჯერადაც მივხვდი, რაშიც იყო საქმე, ბუზღუნით ავდექი და ავიღე ყურმილი. არც შევმცდარვარ, ერთ-ერთი ძმაკაცი რეკავდა. არც მომსალმებია, ისე მითხრა, დათა გულუა დამესიზმრა და საფლავზე უნდა მივიდეთო. გამიკვირდა, რადგან მანამდე არასდროს გამოუხატავს დიდი დაინტერესება დათას პოეზიით. რამდენიმე თვით ადრე დათას პირველი კრებული, რომელიც ახალგამოსული იყო მაშინ, ჩემმა ერთმა კურსელმა მათხოვა, თან დააყოლა: გარდაცვლილიაო. წავიკითხე ეს კრებული და, სიმართლე გითხრათ, არაფრად მეპიტნავა. მაშინ მხოლოდ ლექსის ზედაპირს ვამჩნევდი, სიღრმეებში ჩასვლა ნაკლებად შემეძლო, ამ ლექსების ზედაპირი კი, რბილად რომ ვთქვათ, სრულიადაც არ ბრწყინავდა. თუმცა, რაღაც სიმპათია გამიჩნდა: თვრამეტი წლის ბიჭი. პოეტი. ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ხოდა, ეს ჩემი ძმაკაციც, რომელიც მირეკავდა, ზუსტად ჩემნაირი აზრის იყო, ამიტომაც გამიკვირდა. თუ რომანტიკა მოგეძალა და რომელიმე პოეტის საფლავზე გინდა დალევა, დიდუბეში წავიდეთ ან, სულაც, მთაწმინდაზე ავიდეთ-მეთქი, ვუთხარი. არაო, დაიჟინა, დათას საფლავზეო. არც ვიცოდით, სად იყო დაკრძალული. ბოლოს იმ ჩემმა კურსელმა დაგვაკვალიანა, წიგნი რომელმაც მათხოვა.

ლექციებზე არ წავსულვარ. არაყი და მსუბუქი მისაყოლებელი ვიყიდეთ და ავედით ნარიყალას ეკლესიაში. რაღაცნაირი დილა იყო, ჯანღიანი და ნისლიანი. დათას საფლავი მოვძებნეთ. ეს სურათი ისე მიდგას თვალწინ, თითქოს მე კი არ გადამხდა, არამედ შორიდან ვუყურებდი, როგორ ილოცებოდნენ და სვამდნენ ჩემი თავი და ჩემი ძმაკაცი. იმ სიზმრის შინაარსი არც მახსოვს, მგონი არც მოუყოლია, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ იმ საფლავში მწოლ ბიჭთან საოცარი სულიერი სიახლოვე ვიგრძენი.

იმ დღეებში ჩემს კურსელს ისევ გამოვართვი კრებული და თავიდან წავიკითხე, ეს ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს წინა ჯერზე კითხვა ხეირიანად არ ვიცოდი და ახლა ვისწავლე, ვისწავლე და ყველაფერი გასაგები გახდა, ზედაპირის მიღმა ჩავიხედე და ლექსებით ისეთი ტკბობა განვიცადე, როგორსაც ჩემი საყვარელი პოეტების კითხვისას განვიცდიდი ხოლმე. აი, მას მერე, ინტერვალებით (ინტერვალი შეიძლება წლებიც გაგრძელდეს) ვუბრუნდები ხოლმე დათა გულუას პოეზიას. ასაკი მომემატა, გემოვნება დამეხვეწა, მეტი წავიკითხე, ლექსის თეორია ავითვისე, რასაც მანამდე ინტუიციით ვხვდებოდი, პროფესიული ლექსიკით იმისი არტიკულირება ვისწავლე, მაგრამ დათას პოეზიისადმი სიყვარული არ გამნელებია.

სანამ ამ წერილის დავწერდი, ისევ გადავხედე დათას ლექსებს, ჩემი ჭკუით, რაღაც ციტატების და პასაჟების მონიშვნა მინდოდა აქ გამოსაყენებლად. საშინელებაა, როცა კარგს ტექსტს ან ტექსტებს იმისთვის კითხულობ, რომ წერილი გაქვს დასაწერი, მოვალეობის და აუცილებლობის განცდა გამძიმეს და პირწმინდად გიხერგავს სიამოვნების მიღების ყველა გზას. მითუმეტეს, ამ ტიპის პოეზიის ფრაგმენტაცია, უბრალოდ, არაფრის მომცემია, ის მთლიანობაში უნდა აღიგქვა, თუ შეგწევს უნარი, თავ-ფეხით უნდა გადაეშვა და უწყვეტად უნდა იცურო შიგნით.

ორი სიტყვით რა შეიძლება ითქვას დათა გულუას პოეზიაზე?! მე არ ვიცი, დათა რამდენად იცნობდა მიშა გოგუაძის პოემებს, მაგრამ მისი პოეზია, ყველაზე მეტად, სწორედ მიშა გოგუაძის პოემებს ენათესავება. მიშა გოგუაძის პოემები მთლიანად ინპერსონალურია, იქ „ლირიკულ მეს“ ვერ იპოვი, დათას ლექსებში კი ყველაფერი ლირიკული გმირის, იგივე ავტორის, ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ისინი სხვა მხრივ არიან მონათესავენი: ეს არის ვიზიონერობა, ხილვები, კადრები და ამ კადრების ქაოტური, ულოგიკო დამონტაჟება, ამ მხრივ მათი ტექსტები გოდფრი რეჯიოს და რონ ფრიკეს დოკუმენტურ ფილმებს ენათესავება, სადაც, ფსიქოდელიური მუსიკის ფონზე, კადრები ენაცვლებიან ერთმანეთს და მაყურებელი მეტარაციონალურ სამყაროში გადაჰყავთ.  დათა გულუას ლექსების „ლირიკული მე“ სინქრონულადაა პოეტის ოთახშიც, დედამიწის ნებისმიერ წერტილშიც (რომელიც იმ მომენტში ამოხტება პოეტის ქვეცნობიერიდან) და კოსმოსშიც.

დათას ლექსებს არ ახასიათებთ ტექნიკური ბრწყინვალება, ხშირად გადააწყდები მარტივ, ღარიბ და სუსტ რითმებს. ხშირად ირღვევა ლექსის სილაბური სიმწყობრე და იქვე ხვდები, რომ ეს არაა ავტორის მხრიდან პოლიმეტრიით ან ტონური ლექსით დაინტერესების შედეგად მიღებული რეზულტატი… თუმცა, ამ ლექსებს ახასიათებთ უმთავრესი რამ: ემანაცია, დამაბრმავებელი გამოსხივება, რომელიც გარწმუნებს, რომ საქმე გაქვს დიდი პოეზიასთან. ზემოთ ხაზგასმული ტექნიკური დეტალები მეასეხარისხოვანია და სულაც არ არის განპირობებული ავტორის პატარა ასაკით, მე დარწმუნებული ვარ, დათას სიბერემდეც რომ ეცოცხლა, მაინც ასე დაწერდა, რადგან მისთვის ფორმა არაა რელევანტური. თვრამეტი წლის ბიჭმა სასწაული შეძლო: შექმნა თავისი პოეტური მითოლოგია და სამყარო.

არ ვიცი, შეიძლება, ამ გადასახედიდან მისი პოეტური შესაძლებლობების ცოტა უტრირებასაც ვახდენთ, მაგრამ ეს გასაგებიცაა, სხვა რომელი ქართველი პოეტი გეგულებათ, ვინც თვრამეტი წლის გარდაიცვალა და ასეთი პოეზია დატოვა. უტრირების და ჰიპერბოლიზების მიუხედავად ფაქტია, რომ დაგვრჩა სრულიად უნიკალური პოეზია, რომელიც მასობრივი ვერასდროს იქნება, მაგრამ, სანამ ქართული ენა იარსებებს, თავისი წილი მკითხველი მუდამ ეყოლება.

წერილს კი დათას ერთი სტროფით დავასრულებ:

„წუხელ ვებრძოლე ჭრელ სიზმრებში გარდაცვალებას,

რუხ სივრცეებში გავიყვანე სულის გვირაბი.

დრო გააჩერეთ! და ისრები მორჩნენ წვალებას,

მზე გამეყინა, ისევ გავხდი ტუნდრის ფირალი.“

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...