პარასკევი, მაისი 30, 2025
30 მაისი, პარასკევი, 2025

აუცილებელი სავარჯიშო google search-ის გამოყენებით

0

კორონავრუსი და რასისტული განწყობები

მაშინ, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯერ კიდევ არცერთი შემთხვევა არ იყო აღრიცხული, სკოლებში ჩვეულებრივი გაკვეთილები ტარდებოდა და ეს მზაკვარი ინფექცია მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ჩინეთის, მართალია, დიდი, ცამეტმილიონიანი, მაგრამ მაინც ერთი ქალაქის პრობლემა ეგონა, ბავშვებს საძიებო სისტემების დახმარებით კონკრეტული პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების რეკონსტრუქციის გზებზე ველაპარაკებოდი. საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ თქვენც მოგიყვებით.

საქმე ის არის, რომ Google-ი, 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის ბოლოს ამზადებს ორწუთიან შემაჯამებელ ვიდეოს, რომელიც გვაჩვენებს, რა მოხდა მნიშვნელოვანი იმ წელს: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, მიგრანტების კრიზისი, ოლიმპიური თამაშები, ნასას ექსპედიციები, ომები, საპროტესტო გამოსვლები, ბრიტანეთის სამეფო კარის ამბები, ბუნებრივი კატაკლიზმები, „ოსკარით“ დაჯილდოებისას წარმოთქმული სიტყვები თუ პოპულარული იუთუბერები – ეს ყველაფერი შეიძლება ნახო ამ მოკლე ვიდეოებში და, რაც მთავარია, გაიხსენო, რომელ წელს რა აღელვებდა და ახარებდა მსოფლიოს დიდ ნაწილს, რა ყოფდა და რა აერთიანებდა, რას გაუმკლავდა და რასთან დამარცხდა. ეს ვიდეოები ახალმა ვირუსმა გამახსენა, რომელიც, მაშინ უკვე ცხადი იყო, მოვლენების მთავარ გმირად იქცეოდა და აუცილებლად შევიდოდა ამ წლის ვიდეოში.

რაც შეეხება გუგლის საძიებო სისტემით დროის კონკრეტული მონაკვეთის რეკონსტრუქციას, ამისთვის არაერთი გზა არსებობს. ყველაზე მარტივი და ბავშვებისთვის ადვილად აღსაქმელი Google trends-ია, რომელშიც 2001 წლიდან დღემდე პოპულარული საძიებო ცნებები, მოვლენები, ადამიანები ქვეყნებისა და თემების მიხედვით შეიძლება გაფილტრო, თუ დროში მოგზაურობას გადაწყვეტ, იმას კი, სად რაზე ფიქრობენ ახლა, რეალურ დროში უყურო დღის განმავლობაში მოძიებული „ტრენდული“ ფრაზების მიხედვით.

ალბათ იცით, რომ Google-მა ჩვენზე ყველაფერი იცის და ყველაფერს, რაც იცის, უზარმაზარ მონაცემთა ბაზებში ორგანიზებულად ინახავს. ის არა მხოლოდ ჩვენი ინტერესების, არამედ ჩვენი შიშების, სტერეოტიპების, სიყვარულებისა და სიძულვილების, ოცნებებისა და სასწორკვეთილი ამოძახილების მცოდნეა და როცა რამის მოძებნას სთხოვ, გეუბნება, რას ეძებდნენ სხვები ამ თემაზე. ეს ერთი შეხედვით არაფრისმომცემი ინფორმაცია კარგად ასახავს სხვადასხვა საზოგადოებაში არსებულ სექსისტურ, რასისტულ, ანტილიბერალურ განწყობებს. არაერთი კვლევა, სტატია და წიგნი არსებობს იმის შესახებ, ერთი მხრივ, როგორ იკვებება Google-ის ალგორითმი ამგვარი განწყობებით, მეორე მხრივ კი თვითონვე როგორ ავრცელებს ამ სტერეოტიპებს, როცა, მაგალითად, “აზიელი გოგოს” ძებნისას მკვეთრად სექსუალიზებულ იმიჯებს გვთავაზობს, “ხელმძღვანელის” ძებნისას – საშუალო ასაკის და სოლიდური გარეგნობის თეთრკანიან მამაკაცს, ხოლო კლიმატის ცვლილებაზე გვეუბნება, რომ მითია. მათი გაცნობა უდავოდ საინტერესოა.

რაც შეეხება მთავარ ამბავს – კორონავირუსს და რასისტულ განწყობებს: ვირუსმა, რომელსაც ჩინეთი რამდენიმე ხანს, დიდი ალბათობით, მალავდა, გამოჩენიდან სულ მალე ააგორა ჩინელების მიმართ რასისტული განწყობების, ინტერნეტმემების და აზიელების მიმართ სიძულვილის ტალღა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ყველა “წვრილთვალებიანს”, მაგალითად, ვიეტნამელებსა და იაპონელებს, უწევდა იმის ახსნა, რომ ჩინელები არ იყვნენ, ჩინელები კი იძულებულები გახდნენ აეხსნათ, რომ საშიშები იყვნენ არა თვითონ, არამედ ვირუსი, რომელიც მათ გარშემო მძვინვარებდა. და თუ ბავშვებს სთხოვთ, მოძებნონ იმიჯები რასისტული განწყობების საილუსტრაციოდ, ნიუსები იმის შესახებ, როგორ გართულდა ჩინელების (და აზიის სხვა ქვეყნებიდან წამოსული ადამიანების) ცხოვრება დედამიწის სხვადასხვა წერტილში, ისინი ბევრ რამეს იპოვიან.

ვირუსი კარგი კატალიზატორი აღმოჩნდა იმაზე დასაკვირვებლადაც, რომელი ქვეყანა როგორ იბრძვის საინფორმაციო ომში. გემახსოვრებათ, როგორ აშენდა ვუჰანში რამდენიმე დღეში სასტუმრო დაავადებულებისთვის. ეს ყველას დაამახსოვრდა. შემთხვევითი შემხვედრები მეუბნებოდნენ, ნახე, რა ყოჩაღები არიან, ჩვენ გზა ვერ დაგვიგია კარგადო. მერე ასევე სწრაფად ნაშენები ჰოსპიტლები დაინგრა და ხალხი მოიყოლა, მაგრამ ეს უკვე ცოტამ ნახა – შრომისმოყვარე და ყოვლისშემძლე ჩინეთის მითში ეს პასაჟი სათანადოდ ვერ ეწერებოდა. ჩინეთს უნდა, ამ ამბიდან ყოჩაღის სტატუსით გამოვიდეს და არავინ იცის, თავისუფლების როგორი შეზღუდვის ფასად დაუჯდათ იქ მცხოვრებ ადამიანებს ვირუსის გავრცელების შეჩერება. მედია წერს იმაზე, როგორ ქრებიან ექიმები, რომლებიც ამ საფრთხეზე ლაპარაკობდნენ, ვიცით, რომ ყველა ინფორმაციას, რაც ჩინეთში ვრცელდება, ხელისუფლება აკონტროლებს. დასავლეთში გვიან იგრძნეს, რომ ამ ვირუსს მართლა არ ჰქონდა ეროვნება და არც სახუმარო რამ იყო. ახლა უკვე საველე ჰოსპიტლებს აშენებენ და გარდაცვლილებს სხვადასხვა ქვეყნებში ათასობით ვითვლით.

უცნაურია და ცოტა სასტიკიც, უთხრა ბავშვებს, რომ უბედურების დროს რასიზმი ყვავის, პროპაგანდისტული მანქანა თავდაუზოგავად მუშაობს და ხალხი განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაგრამ ალბათ ჯობია, იცოდნენ ასეთი ამბებიც, რომ ამ ვერაგი ვირუსის დამარცხების შემდეგ უფრო მეგობრულები, ტოლერანტულები და გახსნილები გავხდეთ, უკეთ ვიგრძნოთ, რომ საერთო უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე განმასხვავებელი, დავინახოთ, რა მყიფეა საზღვრები და რა ხანმოკლე – ადამიანის სიცოცხლე. იქნებ შევძლოთ, უკეთ ვიცხოვროთ.

კორონავირუსს ახლა უკვე საქართველოშიც ახლოს ვეცნობით და გვიწევს, ვირუსთან ერთად თვალებში ჩავხედოთ ჩვენში არსებულ არატოლერანტულ დამოკიდებულებებს, არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებს თუნდაც ჩვენი მეგობარი და მეზობელი ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ამ ვირუსმა ბევრ უბედურებასთან ერთად თუ რამ სიკეთე მოიტანა, ალბათ ესაა: დავინახოთ, რა პირობითია საზღვრები და რა უნივერსალური – ადამიანის სისუსტეები და ამ ბრძოლიდან უფრო ყოჩაღები, მეგობრულები, ჰუმანურები გამოვიდეთ.

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს

0

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ძალადობაზე, დანაშაულსა და ომზე

გრაფიკული გამოსახულებების, შემაშფოთებელი ინფორმაციისა და საზარელი სათაურების სიმრავლეს ბავშვის კეთილდღეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

მასობრივი სროლები; ბირთვული იარაღი; ყაჩაღობა თქვენს მეზობლად მდებარე მაღაზიაში – საიდან დავიწყოთ ამის ახსნა ჩვენი შვილებისთვის? დღესდღეობით, ძალადობით, დანაშაულითა და ომითაა გაჯერებული პოპულარული შოუები, ვიდეოთამაშები, წიგნები, ახალი ამბები და ეს ყველაფერი ყველაზე პატარებამდეც აღწევს. თქვენ შესაძლოა, მოგიწიოთ თქვენს ბავშვთან ყველაზე უარესზე საუბარიც კი და ამისათვის უნდა შეარჩიოთ ასაკის შესაბამისი გზები, რათა ბავშვს ამის გაგებაში დავეხმაროთ და თან ზიანიც არ მივაყენოთ.

 

ცნობილია, რომ ძალადობის თემაზე შექმნილმა თამაშებმა და ფილმებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვებზე. ასევე ცნობილია, რომ ბავშვებს ეშინიათ, ბრაზობენ ან დეპრესიაში ვარდებიან ახალი ამბების გამო. მაგრამ ბოლო წლებში, მსოფლიოში გაზრდილი ტერორისტული აქტების გამო, მკვლევრები იკვლევენ ნამდვილი ძალადობრივი მოვლენების „შორიდან დასწრების“ ეფექტებს. შორიდან დასწრებას ხდება მაშინ, როცა ბავშვს ესმის, რომ რაღაც შემაშფოთებელი მოხდა, მაგრამ უშუალოდ არ გამოუცდია ეს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი გრძელვადიანი შედეგია – მწუხარება, ტრავმა, შიში და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბავშვებზე შეიძლება ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ომისაგან დანგრეული ქალაქების, დასისხლიანებული ლტოლვილი ბავშვების, საერთო სასაფლაოების ნახვამ და დამატებითი დახმარება სჭირდებათ ამასთან გასამკლავებლად.

 

ეს რჩევები და მაგალითები შესაძლოა, დაგეხმაროთ სხვადასხვა ასაკის ბავშვეთან ყველაზე მძიმე თემებზე სასაუბროდ. მიიღეთ მეტი რჩევა შემაშფოთებელ ახალ ამბებზე, რთულ თემებსა და სექსუალურ ძალადობაზე სასაუბროდ (ან – ამ ყველაფრის ასახსნელად).

 

რჩევები ბავშვებთან ძალადობაზე, დანაშაულსა და ომზე სასაუბროდ

 

2–6 წელი

 

ერიდეთ საშინელი ამბების განხილვას ან ნახვას. მაქსიმალურად ეცადეთ, დაელოდოთ ბავშვის დაძინებას, ვიდრე ახალ ამბებს უყურებდეთ ან ისეთი საზარელი ამბების განხილვას დაიწყებდეთ, როგორიც, მაგ. ჩარლზ მენსონის მკვლელობებია.

 

ნუ წამოჭრით მსგავს საკითხებს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ბავშვმა რაღაც იცის. არანაირი აუცილებლობა არ არის ბავშვებთან სკოლაში სროლებზე, ტერორისტულ აქტებზე, ომის საფრთხეებსა და სხვა მსგავს საკითხებზე საუბრისა. თუ ეჭვობთ, რომ ბავშვს ასეთი სცენები უნახავს – მაგ. ყური მოჰკარით, როგორ საუბრობდა თამაშის დროს – შეგიძლიათ ჰკითხოთ და გაარკვიოთ, საჭიროა თუ არა რაიმეზე დამატებით საუბარი.

 

დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხოდაა. როცა შემაშფოთებელი ამბის გამო აღელვებული ხართ – მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ის და მისი ოჯახი უსაფრთხოდაა, და ვიღაც ზრუნავს პრობლემის მოსაგვარებლად. ჩახუტებასაც კი საოცრების მოხდენა შეუძლია ხოლმე.

 

გაამარტივეთ რთული იდეები. აბსტრაქტულ იდეებს საქმის გართულება და ბავშვის შეშინებაც კი შეუძლია. გამოიყენეთ კონკრეტული ტერმინები და თქვენი შვილისათვის გასაგები მაგალითები, ზედმეტი (ახსნა) არ მოგივიდეთ. მასობრივი სროლების შესახებ შეგიძლიათ უთხრათ, რომ „ადამიანმა, რომელიც ძალიან დაბნეული და გაბრაზებული იყო, აიღო იარაღი და ადამიანებს ესროლა. პოლიცია მუშაობს, რათა ადამიანების უსაფრთხოებაში დარწმუნდეს”.

 

განასხვავეთ „ნამდვილი” და „ვითომ”. პატარებს მდიდარი ფანტაზია აქვთ და გამონაგონსა და რეალობას ურევენ ხოლმე. შესაძლოა გკითხონ, ეს საშიში ამბავი სიმართლეა თუ არა. იყავით გულწრფელი, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

 

7–12 წელი

 

დაელოდეთ. სანამ ამ საკითხზე შეკითხვას დაგისვამენ, ნუ იფიქრებთ, რომ ვალდებული ხართ, მათ საშინელ ამბებზე ესაუბროთ ან აუხსნათ საზარელი დანაშაულები, როგორიცაა გაუპატიურება, თავის მოკვეთა, დასახიჩრება და ნარკოტიკებით წაქეზებული თავაშვებულობა (განსაკუთრებით ამ ასაკობრივი კატეგორიის ქვედა ზღვარზე მყოფ ან მგრძნობიარე ბავშვებთან). თუკი ბავშვები ავლენენ დისტრესის ნიშნებს მშფოთვარე ქცევით, რეგრესით, ან სხვაგვარად გაგრძნობინებენ, რომ რაღაც არ არის კარგად – მაგ. კარგავენ სკოლაში წასვლის ხალისს – მიდით და შესთავაზეთ საუბარი.

 

ესაუბრეთ და მოუსმინეთ. ამ ასაკობრივი კატეგორიის ზედა ზღვარზე მყოფნი ძალადობასთან, დანაშაულთან და ომთან დაკავშირებულ ამბებს სოციალური მედიის, იუთუბის, ტელევიზიისა და ფილმების საშუალებით ეცნობიან, რაც ინფორმაციის არცთუ ისე სანდო წყაროა ხოლმე. გაიგეთ, რა იცის თქვენმა შვილმა, ვიდრე ახსნას დაუწყებდეთ, თუკი არ გსურთ კიდევ მეტად „დასტრესოთ” ან ახალი პრობლემა შექმნათ. გამოკითხეთ შემდეგნაირად: „რა მოისმინე?”, „სად მოისმინე ეს?”, „რა იცი ამის შესახებ?”, „რას ფიქრობ ამაზე?”.

 

იყავით გულწრფელი და პირდაპირი. ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა წყაროს მიმართონ რაღაცის გასაგებად, თქვენ კი გსურთ სიმართლე თქვენგან მოდიოდეს. არ არის საჭირო, დეტალებს ჩავუღრმავდეთ. ოჯახის შესახებ, რომელსაც თავისივე შვილები მძევლად ჰყავდა, შეგიძლიათ უთხრათ – „ბავშვები მრავალგვარ ძალადობას განიცდიდნენ. მაგრამ ისინი გადაარჩინეს, მშობლები კი დააპატიმრეს. ბავშვებზე ძალადობისას ხშირ შემთხვევაში მშობლები ხშირად გონებრივად ან სხვა დაავადებით არიან ავად”.

 

განიხილეთ სენსაციურობა ახალ ამბებსა და მედიაში. აუხსენით ბავშვებს, როგორ იყენებს სხვადასხვა მედია (ახალი ამბების სააგენტოები, სატელევიზიო შოუები, კინოკომპანიები და თამაშების შემქმნელები) ექსტრემალურ თემებს ყურადღების მისაქცევად. გაიხსენეთ გამოთქმა „რაც მეტი სისხლია, მეტია პოპულარობაც“ და ესაუბრეთ, რატომ შეიძლება მიგვიზიდოს ადამიანის აღმაშფოთებელმა საქციელმა. ეს დაეხმარება ბავშვს, კრიტიკულად იფიქროს იმ საკითხების, სიტყვებისა და გამოსახულებების შეფარდებით მნიშვნელობაზე, რომლებიც აუდიტორიის მისაზიდად გამოიყენება, ასევე მედიაზე, რომელსაც ირჩევენ.

 

აუხსენით კონტექსტი და შესთავაზეთ პერსპექტივა. თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ცოდნა და სიბრძნე შესაძლებლობას გაძლევთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი გარემოება ახსნათ. ეს არის პროცესი, რომელიც საგნებს მნიშვნელობასა და სიცხადეს აძლევს – და ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, შეძლონ აზრის გამოტანა უარყოფითი და უსიამოვნო ამბებიდანაც. იმ მძლავრ ემოციებთან გასამკლავებლად, რომელთა გამოწვევაც ცემის, სისხლის და ადამიანთა ტანჯვის გამოსახულებებს შეუძლიათ, ბავშვებმა უნდა ისწავლონ მსგავსი საშინელი მოვლენებისაგან დისტანცირება, ძირითადი მიზეზების გაგება, და, სასურველია, ჩაერთონ მოვლენათა გაუმჯობესების მნიშვნელოვან გზებში, როგორიცაა დიპლომატია და განათლება.

 

„თინეიჯერები”

 

ივარაუდეთ, რომ იციან, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მათი ცოდნა სრულია. თინეიჯერები ბევრ ინფორმაციას იღებენ ონლაინრესურსებიდან, როგორიცაა, სოციალური მედია ან იუთუბი, რაც შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი ან ყალბი. მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ მათ ცოდნას და სიახლეების დამოუკიდებლად შესწავლის სასარგებლო უნარს, მაგრამ თქვენ მაინც დაგჭირდებათ „სიცარიელეების” ამოვსება და თქვენი ცოდნის გაზიარება.

 

ალაპარაკეთ ისინი. დამამთავრებელ კლასებში თინეიჯერები ხშირად მშობლებს უპირისპირდებიან, უპირატესობას მეგობრების აზრებს ანიჭებენ და ცდილობენ საკუთარი ხმის ჩამოყალიბებას. ეს „განხეთქილება” შეიძლება განსაკუთრებით გამძაფრდეს, როდესაც რაიმე შემაშფოთებელი ხდება. თუ გსურთ, ისე ესაუბროთ, როგორც უფრო პატარა ასაკში ესაუბრებოდით და, ამასთან, შეინარჩუნოთ კავშირი და დარჩეთ რელევანტური, თავი შეიკავეთ დამოძღვრისგან და ამის ნაცვლად ჰკითხეთ აზრი. წაახალისეთ, რომ განამტკიცონ თავიანთი იდეები ლეგიტიმური ახალი წყაროებით და არ გაიმეორონ მხოლოდ ის, რასაც სხვები ამბობენ. უთხარით, რომ შესაძლოა ყოველთვის არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ გაინტერესებთ, რა აქვს სათქმელი.

 

მიიღეთ მათი წყაროები, მაგრამ გააფართოვეთ მათი ჰორიზონტები. ასწავლეთ, კრიტიკულად შეაფასონ ინფორმაცია, საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვები: „ვინ გააკეთა ეს?”, „რატომ გააკეთეს?”, „რა ინფორმაცია არის გამოტოვებული?” და „რას იფიქრებდნენ ჩემი მეგობრები ამაზე?”. მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული ეს შეკითხვები დაეხმარება თინეიჯერებს ინფორმაციის შეფასებასა და საკითხის ღრმად შესწავლაში.

 

მიეცით იმედი. ამ წლებში ბავშვებს განწყობის ცვალებადობა ახასიათებთ. მაგრამ სევდიანმა და დამთრგუნველმა ახალმა ამბებმა, ისევე როგორც ძალადობის, დანაშაულისა და ომის სცენებმა სოციალურ მედიაში, ვიდეოთამაშებსა და ფილმებში, შეიძლება ის ცხოვრებით გადაღალოს. ნუ იქნებით უიმედო, თორემ ბავშვები შეამჩნევენ ამას, მაგრამ ესაუბრეთ გზებზე, რომლითაც უფრო დიდ სიკეთეს შეიძლება ემსახურონ.

 

წყარო: https://www.commonsensemedia.org/blog/how-to-talk-to-kids-about-violence-crime-and-war?j=7617317&sfmc_sub=171275250&l=2048712_HTML&u=140624683&mid=6409703&jb=262&utm_source=media_nl_20200117&utm_medium=email&fbclid=IwAR2X3CsqSy0GjL0CslOByIG7ge05yAYfCgUxFEhoWlvKxxc4mTWqhTaAP38

გაკვეთილის თემა დისტანციურ სკოლაში

0

საშინაო სკოლა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. უკვე ერთი თვეა, რაც დისტანციურ ფორმატში ვასწავლი. ვატარებ ონლაინ შეხვედრებს, ვაგზავნი და ვიღებ დავალებებს, რომლებზეც შემდეგ უკუკავშირს ვაგზავნი. როგორც აღმოჩნდა, დისტანციური სკოლის მასწავლებლობა ბევრად რთულია. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლა, ასე ვთქვათ, ცოცხალი ორგანიზმია და მეტწილად მოსწავლე-მასწავლებელს შორის სისტემატურ კომუნიკაციას ეყრდნობა. ამას გარდა, სასწავლო რესურსების „გაციფრულებას“ და სახეცვლილ სასწავლო მიდგომებზე მორგებას დიდი დრო მიაქვს. თან ამ რესურსებს მთელი გაკვეთილის სამყოფი ხმა უნდა გააყოლო, თითოეულ მოსწავლეს სახლიდან მისწვდე და სამუშაოს შესრულების პროცესში მაშველ რგოლად მოევლინო. მოსწავლეთა სიმრავლის გამო, ყოველდღიური ჩართვების ორგანიზება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დისტანციური დავალებები შედგება მკაფიო ნაბიჯებად გაწერილი საგაკვეთილო ფაზებისგან, რომლებიც მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა გაიაროს. ამისათვის ვიყენებ ყველა ტექნიკურ საშუალებას, რომელზეც ხელი მიმიწვდება: ვიდეო მიმართვებში ვცდილობ სწორი აქცენტების დასმას, თან დავალების ნიმუშებს ვაჩვენებ; ასევე ვახმოვანებ საკითხავ მასალას და განვმარტავ ისეთ ლექსიკურ ერთეულებს, რომელთა მნიშვნელობა შეიძლება ჩემმა სამიზნე ჯგუფმა არ იცოდეს. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეები თითქმის მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ და თუ ისეთ ტექსტს ვკითხულობთ, რომელიც სახელმძღვანელოში არ არის მოცემული, ვთხოვ, მოთხრობის ჩანაწერს მოუსმინონ. ინსტრუქციის დეტალურ ნაბიჯებად გაწერა და ნიმუშების შექმნა კიდევ იმისთვისაა საჭირო, რომ მოსწავლეს თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დავეხმაროთ – შრომის სწორად განაწილება შეძლოს ან რომელიმე დეტალი არ გამორჩეს.

ჩემი აზრით, შინ სწავლის პირობებში ფრთხილად  უნდა შევარჩიოთ გაკვეთილის თემაც. ქართულის სახელმძღვანელოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მასში ბევრი ისეთი ტექსტი მოიძებნება, რომელთაც საკლასო დისკუსიის და სწორი აქცენტების დასმის გარეშე სათანადოდ ვერ მიიტან პატარა მსმენელამდე. ჩემი აზრით, სჯობს მსგავსი სასწავლო მასალა სხვა დამხმარე რესურსით ჩავანაცვლოთ და თემებიც მოსწავლეთა ყოველდღიურ ყოფას, ინტერესებს თუ საჭიროებებს მოვარგოთ. მაგალითისთვის გაგიზიარებთ ერთ-ერთ თემატურ კვირეულს, რომელიც შეგიძლიათ მესამე-მეოთხე კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებად გამოიყენოთ.

დღეს სმარტფონი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია სახლში. მათი მეშვეობით ვეკონტაქტებით გარესამყაროს, ხან ,,პოსტებით“ ვსაუბრობთ, ხან კი – ფოტოებით. ოჯახური ფოტოალბომების დათვალიერების ტრადიციამ ციფრულ ეპოქაში გადაინაცვლა. ალბათ ამიტომაც დაიმსახურა ყველაზე დიდი მოწონება თემამ „ფოტოგრაფია“, რომელიც ჩემს მოსწავლეებს დისტანციური სკოლის ერთ-ერთ კვირეულზე შევთავაზე.

ფოტოგრაფიის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ხათუნა კალატოზიშვილის მოთხრობა „ფოტოაპარატი“, რომელიც ორ ნაწილად გავყავი. პირველი დავალება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა – მათ უნდა აერჩიათ ქვემოთ მოცემული ფოტოებიდან ერთ-ერთი და ესაუბრათ თავიანთი არჩევანის მიზეზებზე.

შემდეგი ორი დავალება მთავარ სასწავლო მასალას უკავშირდებოდა. მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ ან მოესმინათ ჩემ მიერ გახმოვანებული მოთხრობის ეპიზოდი, შემდეგ კი ხმოვანი შეტყობინებით ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებზე ეპასუხათ. მათ ასევე უნდა განემარტათ სიტყვები: ჩვეულებრივი, განსაკუთრებული, შეუმჩნეველი, ანუ შეექმნათ „სიტყვის სკივრი“.

ეპიზოდი სრულდებოდა მოთხრობის მესამე გვერდზე დასმულ კითხვასთან – „როგორ უნდა შევამჩნიო შეუმჩნეველი?“. აღნიშნული კითხვა ფიქრისა და ვარაუდების გამოთქმისკენ უბიძგებდა მოსწავლეს და, ბუნებრივია, შემდეგი დავალებაც მისგან გამომდინარეობდა:

როგორც ხედავთ, მოსწავლეს დისტანციური დავალების შესრულების ფორმის არჩევა შეუძლია. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში არჩევანის შეთავაზება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ზოგს ბეჭდვა უყვარს, ზოგი კი კლავიატურაზე უკეთ კალმით წერის ტექნიკას ფლობს. ვისთვისაც არც ერთი ფორმა არ აღმოჩნდება ხელსაყრელი, შეუძლია კითხვებს ზეპირად უპასუხოს და აზრის თანმიმდევრულად და გამართულად ჩამოყალიბების ტექნიკას ამ გზით დაეუფლოს.

მეორე დღეს მოთხრობის კითხვა დავასრულეთ. თემატური კითხვები დავსვი და პასუხებიც სხვადასხვა ფორმით მივიღე. შემდეგ კი მოსწავლეებს „შეუმჩნევლის შემჩნევაში“ გავარჯიშება შევთავაზე. ეს სქემა მოსწავლეებმა საკუთარი სახლისა თუ ეზოს „დაკვირვებული თვალით“ შემოვლის შემდეგ შეავსეს:

ბუნებრივია, აქაც ჰქონდათ არჩევანის საშუალება. შეეძლოთ, თავიანთი აღმოჩენები სქემაში ჩაებეჭდათ, ხმოვანი ჩანაწერი გამოეგზავნათ ან რვეულში შესრულებული დავალების ფოტო აეტვირთათ.

შემდეგ გაკვეთილზე ჩემმა მოსწავლეებმა მოთხრობის მთავარი გმირის – ახალბედა ფოტოგრაფის ბედი გაიზიარეს. ონლაინ ჩართვის დროს ვისაუბრეთ ფოტოების მნიშვნელობაზე, ისტორიაზე, რომელთა ამოკითხვაც ფოტოზე დაკვირვებით შეგვიძლია და ერთი ძველი ფოტოც „წავიკითხეთ“. დავალებად კი ასეთი გამოწვევა შევთავაზე: ბავშვებს თავიანთი სმარტფონებისა თუ პლანშეტების დახმარებით საკუთარ სახლსა თუ ეზოში „აღმოჩენილი“, მათი აზრით, განსაკუთრებული ნივთის ან ცოცხალი არსებისთვის ფოტო უნდა გადაეღოთ და შეედგინათ მოკლე ისტორია, რომლის დახმარებითაც თავიანთი არჩევანის განსაკუთრებულობას დაამტკიცებდნენ.  დეტალურ ინსტრუქციასთან ერთად ჩემს მოსწავლეებს აი, ასეთი ნიმუში შევთავაზე:

როგორც ხედავთ, დეტალური ინსტრუქციის გარდა, უშუალოდ დავალებასთანაც მივამაგრე ე.წ. შუქნიშნები, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი იშვიათად ბრუნდება დავალების სრულ აღწერასთან. ნაბიჯებად დაშლილი ინსტრუქციები კი მას დავალების ტექნიკური კუთხით გამართვას უადვილებს.

შენიშვნა: მოთხრობას „ფოტოაპარატი“ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: https://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade3/fotoaparati.pdf

კვირის ბოლო შეხვედრა ფოტოგრაფიას დაეთმო. სპეციალურად მათთვის მოვამზადე საინფორმაციო ტექსტი, რომელიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის მისაღები ლექსიკისა და მოცულობის გათვალისწინებით შევადგინე. მოვუყევი ძველ ფოტოაპარატზე, რომლებიც სპეციალურ სამფეხა სადგამზე მაგრდებოდა და თავზე ნაჭერგადაფარებულ ფოტოგრაფებზე, რომლებიც დიდხანს ასწორებდნენ კადრს და ბევრს ფიქრობდნენ, სანამ  „ყუთიდან ჩიტს გამოაფრენდნენ“. მოსწავლეები ცოტა ხნით ფოტოგრაფთა „ბნელ ოთახშიც“ შევახედე:

შემდეგ ბოლო დავალების განხილვის დროც დადგა. ბავშვობა გავიხსენე და მოსწავლეებს სტუმრის გასართობ ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებაზე – საოჯახო ალბომზე მოვუყევი. დღეს სუფრის გაშლის მოლოდინში დრო თანამედროვე გასართობებით გაგვყავს. ადრე კი ძნელად იპოვიდით ოჯახს, სადაც საოჯახო ფოტოალბომი არ მოიძებნებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ აგორებენ კამათელს და თამაშით დაღლილები სპეციალურად მათთვის თაროდან გადმოლაგებულ ალბომებს ფურცლავენ. ჩემს მოსწავლეებს ისიც მოვუყევი, ადრე რომ საკუთარი ფოტოპორტრეტის ჩუქება ჩვეულებრივი მოვლენა, მეტიც, სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლინება იყო. ალბათ ამიტომაც ალბომებში ხშირად ისეთი ადამიანების ფოტოებს ვპოულობდით, ოჯახის უხუცესი წევრიც რომ ვერ ცნობდა (ვინ იცის, ვისმა ახალგაზრდა მეგობარმა დატოვა თავისი კვალი საოჯახო ალბომის ისტორიაში). ასეთი ფოტოების შესწავლა და კვლევა-ძიება სტუმრებთან ერთად ოჯახის წევრებსაც ძალიან ართობდა, ამასობაში კი სუფრაც იშლებოდა. ბავშვები ძალიან გაახალისა ჩემმა მოგონებამ, დავალებითაც დაინტერესდნენ. მათ უნდა მოეძებნათ სახლში ძველი ფოტოალბომი (მოსწავლეების უმეტესობა თვითიზოლაციის პერიოდს ბებიებისა და ბაბუების სახლში ატარებს და ფოტოალბომიც აღმოაჩინეს), ოჯახის წევრებთან ერთად დაეთვალიერებინათ (წარმომიდგენია, რამდენ უცხო ადამიანს და საინტერესო ისტორიას მოისმენდნენ), შემდეგ კი აერჩიათ ერთ-ერთი ფოტო, რომელსაც „გააციფრულებდნენ“ და ფოტოისტორიასაც მასზე დაყრდნობით შეადგენდნენ. მათ ამ დავალების ნიმუშიც გავუგზავნე:

კვირის ბოლო შეხვედრაზე მოსწავლეებს თავიანთი დავალებების ერთმანეთისთვის გაზიარებისა და რეფლექსიის საშუალება მიეცათ. ამ შეხვედრამ ცხადად აჩვენა, რომ კვირეულს ფუჭად არ ჩაუვლია. მოსწავლეებს საკუთარი ადგილსამყოფელის დატოვება არც დასჭირვებიათ, ისე აღმოაჩინეს, რომ გარშემო ყველაფერი განსაკუთრებულია, მთავარია, ფიქრისა და დაკვირვებისთვის მოიცალო.

კარგი მშობლის რაობა

0

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ჩემს წინ მიმავალი დედა-შვილის უცნაური დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „შენ მწარედ ინანებ დედასთან ასეთი ტონით ლაპარაკის გამო!“ – აღშფოთებას ვერ მალავდა შვილის საქციელით უკმაყოფილო ქალბატონი. „კი მაგრამ, რა ვთქვი ასეთი, რამ გაგაბრაზა, მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე“, – საოცარი სიმშვიდით ცდილობდა „თავის დაცვას“ 13-14 წლის გოგონა. დედა-შვილის ასეთი საუბარი ჩემთვის უჩვეულო იყო იმდენად, რამდენადაც მსგავს სიტუაციებში, როგორც წესი, მოზარდებს უჭირთ საკუთარი ემოციების კონტროლი მათ ემოციურ განვითარებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების გამო. საინტერესოა, მაინც როგორ, რა საშუალებით აპირებდა შვილის საქციელით უკმაყოფილო ქალბატონი მის დასჯას, ალბათ იმით, რომ აღარ უყიდიდა მისთვის საოცნებო და სასურველ რაიმე ნივთს, არ გაუშვებდა მეგობრის დაბადების დღეზე ან ექსკურსიაზე თანაკლასელებთან ერთად. და, ალბათ კიდევ უამრავი სხვა აკრძალვა შეიძლება დაუწესოს დედამ შვილს, რომლის საქციელითაც უკმაყოფილოა.

რა თქმა უნდა, მშობლობა რთულია, ნამდვილად არ არის ადვილი და კიდევ უფრო რთულია იყო კარგი მშობელი, მით უმეტეს დღეს, როდესაც მშობლების მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ როგორმე შეძლონ ბავშვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება – გამოკვებონ, უზრუნველყონ ტანსაცმლით, ნორმალური განათლებითა და აუცილებელი სასწავლო ნივთებით. ასეთ პირობებში დიდი უსამართლობა იქნება განვიკითხოთ მშობელი და ვუსაყვედუროთ მას შვილთან არასწორი მიდგომების გამო მით უმეტეს, რომ შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ყველა შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეცდომა თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემის წინაშე მაშინ ვდგებით, როდესაც ბავშვის ქცევაში ჩვენთვის მიუღებელი ცვლილებების დაფიქსირებისას ვიხსნით პასუხისმგებლობას და ცვლილებების მიზეზებს მხოლოდ ჩვენს გარეთ ვეძებთ  –  „საზოგადოება და ცხოვრებაა დამნაშავე, ჩემი შვილი ასეთი რომ არის“; „სკოლა თავის სიმაღლეზე არ დგას“;  „კომპიუტერმა და ტელევიზიამ გააფუჭა დღევანდელი ბავშვები“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოვისმინოთ საკუთარ შვილებზე განაწყენებული მშობლებისგან. რასაკვირველია საზოგადოებას, სკოლას, ტელევიზიას გარკვეული და არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეაქვს მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. მაგრამ, ოჯახისა და მშობლის როლი განუზომელი და შეუდარებელია, როცა საქმე ბავშვის აღზრდას ეხება.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მშობლის სურვილია, რომ ის კარგი მშობლის სტატუსს ატარებდეს. ამდენად, ვფიქრობ საინტერესო იქნება იმ ქცევითი მახასიათებლების გაცნობა, რომლებიც ასეთ მშობელს სხვა მშობლებისგან გამოარჩევს და ნებისმიერი ბავშვის სანატრელ და საოცნებო მშობლად აქცევს:

  • კარგი მშობელი ბავშვს იღებს ისეთს, როგორიც არის, ყველა თავისი ღირსებით და ნაკლოვანებით, უყვარს უპირობოდ. ბავშვები, რომლებიც მშობლებისგან სიყვარულს გარკვეული პირობით იღებენ („თუ მაღალ ქულებს მიიღებ, თუ კარგად ისწავლი, თუ კარგად მოიქცევი, იმ შემთხვევაში მეყვარები“), იზრდებიან ისეთ ადამიანებად, რომლებიც საკუთარ თავს სათანადოთ ვერ აფასებენ და მუდმივად თვითკრიტიკით არიან დაკავებული. და, პირიქით, ის ბავშვები, რომლებსაც უპირობოდ იღებენ მშობლები და მათ მიმართ სიყვარულს უპირობოდ ამჟღავნებენ, უფრო ჰარმონიულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებად იზრდებიან;
  • კარგ მშობელს გაცნობიერებული აქვს, რომ მიუხედავად უზომო სიყვარულისა, ბავშვი არ არის მისი საკუთრება, არ უყურებს მას როგორც ნივთს. კარგად ესმის, რომ ის სხვა პიროვნებაა, აქვს ოცნებები, ინტერესები, რასაც მშობლის მხრიდან გაგება, გაზიარება, პატივისცემა და მხარდაჭერა სჭირდება;
  • კარგ მშობელს არ უჭირს საკუთარი შეცდომების აღიარება და საჭიროების შემთხვევაში ბავშვისთვის ბოდიშის მოხდაც, რადგან იცის, რომ სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, არც შეცდომის აღიარებაა სისუსტის ნიშანი და ასეთი ქცევა მას სრულიადაც არ უკარგავს ავტორიტეტს შვილის თვალში, პირიქით ეხმარება მის სწორად აღზრდაში. ასეთ დროს ბავშვი თავადაც სწავლობს თვითკრიტიკას. მშობლის გულწრფელობა და უშუალობა პატარას შთააგონებს, იყოს „ნამდვილი“, გულწრფელი, მოკლებული სიყალბეს, გამოიჩინოს თანაგრძნობა, იყოს შემწყნარებელი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების მიმართ;
  • კარგ მშობელს არ უყვარს ნოტაციების კითხვა და ხანგრძლივი ახსნა-განმარტებითი საუბრები შვილთან. საჭიროების შემთხვევაში ის შემოიფარგლება ლაკონური, მოკლე, ნათელი, ცხადი, ადვილად გასაგები რეკომენდაციების მიწოდებით იმისათვის, რომ პატარას ყურადღება არ გაეფანტოს, შეძლოს მისი მოსმენა, გადაცემული ინფორმაციის აღქმა და ცხოვრებაში გამოყენება;
  • კარგი მშობელი არ ცდილობს თავად შეურჩიოს შვილს მეგობრები, რადგანაც იცის, რომ ის ვერ მიუთითებს და ვერ უბრძანებს ბავშვს, ვისთან იმეგობროს. ამასთან ერთად, ის არ აკრიტიკებს შვილის მეგობრებს, რადგანაც არ უნდა ბავშვმა იფიქროს, რომ ისინი მას არ მოსწონს და არ უყვარს. ასეთი მშობელი ყოველთვის ღია, გახსნილი, გულწრფელი და კეთილგანწყობილია იმათ მიმართ, ვისთანაც მისი შვილი მეგობრობს;
  • კარგი მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისაბაძი მაგალითი იყოს შვილისთვის, რადგანაც კარგად იცის, რომ გამართლებული არ იქნება მოვითხოვოთ ბავშვისგან ისეთი ქცევა, რომელიც თავად მშობლისთვის არ არის დამახასიათებელი. თუ მშობელს ბავშვში კარგი თვისებების აღზრდა სურს, თავად უნდა უჩვენოს მაგალითი – თუ მშობელი პატივს სცემს მის გარშემო მყოფ ადამიანებს, ბავშვიც ისწავლის მათ პატივისცემას მშობლის ქცევაზე დაკვირვებით;
  • კარგი მშობელი, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, ყველანაირად ცდილობს, გამონახოს თუნდაც მცირე დრო შვილთან ურთიერთობისათვის, მის მოსასმენად, რადგანაც კარგად იცის ბავშვმა რომ მოუსმინოს, ის თავად უნდა უსმენდეს მას. ამასთან, ძიძების და სმარტფონების ამარა მიტოვებული ბავშვისთვის მშობელი მეგობარი ვერ იქნება. მშობლის ყურადღებას ალტერნატივა არა აქვს. თუ მას არ შეუძლია გახდეს შვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ბავშვი მოძებნის სხვას, ვინც მოუსმენს, გაუგებს, უთანაგრძნობს;
  • კარგი მშობელი ყოველთვის ცდილობს იყოს თანმიმდევრული თავის მოქმედებაში. ის თავისი გუნება-განწყობიდან გამომდინარე არ არღვევს ბავშვთან შეთანხმებულ და დაგენილ წესებს, რადგანაც იცის, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს წესები არც ისე მნიშვნელოვანია და თავადაც არასერიოზულად მიუდგება მათ. ამასთან ერთად, ასეთი მშობელი გარკვეული წესების უსიტყვოდ შესრულებას კი არ მოითხოვს ბავშვისგან, არამედ უხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ წესის დაცვა. ეს ბევრად ამცირებს მისი დარღვევის ალბათობას;
  • კარგი მშობელი „ფრთებს არ უკვეცავს“ შვილს, ყოველთვის ანიჭებს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გარკვეულ ფარგლებში. ამასთან,  დამოუკიდებლად მოქმედების უნარს ის მას პატარობიდანვე უვითარებს, რადგანაც კარგად იცის, რომ ზედმეტი დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა მშობელზე ხელს უშლის მის ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ის საშუალებას აძლევს ბავშვს თავად გაართვას თავი დავალებებს და მაშინაც კი, თუ რაიმე არ გამოუვა, ის ისწავლის თავის შეცდომებზე და წარუმატებლობაზე, დღევანდელი გაკვეთილი მას მომავალში საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად გამოადგება;
  • კარგი მშობელი არასოდეს ადარებს ბავშვს არც საკუთარ და-ძმებს და არც მეგობრების, მეზობლების ბავშვებს. მით უმეტეს არ მოითხოვს, რომ მიბაძოს მათ, რადგან იცის, რომ თითოეული ბავშვი უნიკალური, განუმეორებელია და იმსახურებს, რომ სწორედ ამ უნიკალურობის გამო აღიარებდნენ და პატივს სცემდნენ. ასეთი მშობელი არ იშურებს საქებარ სიტყვებს შვილისთვის სხვების თანდასწრებით ყოველი წარმატებული მოქმედების გამო, საყვედურებს და შენიშვნებს კი აუცილებლად ცალკე, ერთი-ერთზე საუბრისას ეუბნება. ამგვარი დამოკიდებულებით ის ადვილად ახერხებს ბავშვის პატივისცემისა და ნდობის მოპოვებას;
  • კარგი მშობელი საოცარი მოთმინების უნარით გამოირჩევა; მას კარგად ესმის, რომ მოთმინებას ალტერნატივა არა აქვს. ის რჩება მშვიდი ნებისმიერ დამღლელ სიტუაციაში, რადგანაც იცის, რომ მშვიდი ატმოსფერო სახლში ეხმარება ბავშვს ჩამოყალიბდეს ემოციურად გაწონასწორებულ პიროვნებად.

რასაკვირველია, კარგი მშობლის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები ამომწურავი არ არის და ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რაც  კიდევ  ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კარგი მშობლობა საკმაოდ რთულია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარგი მშობლობის სურვილი და მცდელობა მოიპოვოს კარგი მშობლის სტატუსი, ნებისმიერ მშობელს აუცილებლად მოუტანს წარმატებას. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს ყველაზე მეტად მშობელთან ემოციური კონტაქტი სჭირდება. ვერანაირი ძვირადღირებული ნივთი ვერ შეუცვლის მას იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელსაც მშობლისგან ელის. როგორც ერთმა მეექვსეკლასელმა გოგონამ, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებდნენ და თითქოს სანატრელიც კი აღარაფერი შეიძლებოდა ჰქონოდა, რომ არა მშობლების მუდმივი დაკავებულობა და მოუცლელობა შვილთან ურთიერთობისათვის, ჩვენთან საუბარში თავისი გულისტკივილი ასეთი ფრაზით გამოხატა – „მე რომ დედა ვიყო ჩემ შვილს, პირველ რიგში, სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი“.

თვითიზოლაცია, როგორც ერთი დიდი გაკვეთილი 

0

ექსპერტები გვირჩევენ საიზოლაციო სტრესული ყოფის ჩვენსა და ბავშვების სასარგებლოდ ამუშავებას.

ძირითადი ფიზიოლოგიური საჭიროებანი

რა თქმა უნდა, ჩვენს შვილებს შეუძლიათ დამოუკიდებლად კვება, ჩაცმა, კბილების გახეხვა, მაგრამ ეს კომპეტენციები საკმარისი როდია ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. რა შეგვიძლია ვასწავლოთ ისეთი, რის კეთებაც მერე გამოადგებათ?

  • გავაცნოთ ძირითადი და პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტების ფასი;
  • ვასწავლოთ საოჯახო საყიდლების სიის შედგენა;
  • უმარტივესი კერძების მომზადება (კვერცხის შეწვა, ფაფის მომზადება, სალათის დაჭრა, მაკარონის მოხარშვა);
  • ჩაის დაყენება, წყლის სმა საკმარისი რაოდენობით შეხსენების გარეშე;
  • დროულად სადილი;
  • ოთახში სისუფთავის შენარჩუნება;
  • დილის ვარჯიში;
  • სუფთა და ჭუჭყიანი ტანსაცმლის გარჩევა – სუფთა დაკეცონ და შეინახონ, ჭუჭყიანი განათავსონ სამრეცხაო კალთაში;
  • ზრუნვა საკუთარ გარდერობზე.

გამოცდილება ადასტურებს, რომ თვითიზოლაცია რეჟიმში ცხოვრება  ერთმანეთთან თანხვედრაშია. დილაობით საწოლის ალაგება, თმის დავარცხნა, წესრიგის შენარჩუნება, მორიგეობა სამზარეულოში, სისუფთავის დაცვა აბაზანაში – ეს ყველაფერი ფარავს ჩვენს საბაზისო საჭიროებებს და გვეხმარება ჩვეული ფორმის შენარჩუნებაში.

უსაფრთხოების საჭიროება

ჩვენ კარგი მშობლები ვართ და შვილებზე ვზრუნავთ, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვაც არ უნდა დავივიწყოთ. ამისათვის ხშირად უნდა ვიმეოროთ მშვიდობიანი ცხოვრების დროს მოქმედი უსაფრთხოების წესები და ახალიც დავუმატოთ. მუდმივად შევახსენოთ ბავშვებს:

ხომ არ დაავაწყდათ კარის ჩაკეტვა? ახსოვთ ვის და როდის უნდა გაუღონ? რა უნდა გააკეთოს ბავშვმა, თუ კარი მოულოდნელად ჩაიკეტა ან სახლში ვინმე შემოიჭრა? ხელი თუ დაიწვა? თავი თუ დაარტყა? როგორ გამოვიძახოთ სასწრაფო? რა აბი უნდა დალიოს მუცლისა და თავის ტკივილის დროს? რომელი აბი არ უნდა დალიოს არასოდეს თქვენ გარეშე?

ხშირად ჰკითხეთ: რა ხდება სახლში? რატომ არ შეიძლება სათამაშოების ყველგან დაყრა, როდესაც იატაკი ახალი მოწმენდილია? თქვენს თავსაც შეეკითხეთ – იქნებ ღირს საყოფაცხოვრებო ქიმიის უფრო საიმედო ადგილზე გადანახვა ან დანების სხვა უჯრაში ჩადება?

რაც შეეხება ვირუსის წინააღმდეგ დამცავ ზომებს – როგორ უნდა დაიბანოს ბავშვმა ხელები? როდის უნდა ატაროს ნიღაბი? რატომ არ შეუძლიათ საერთო ჭიქიდან წყლის სმა და საზიარო ჭურჭლის ხმარება? ამის გამეორება არ უნდა გვბეზრდებოდეს.

შესთავაზეთ ბავშვებს, იფიქრონ სახლის ერგონომიკაზე. იზოლაციის პირობებში სახლი ყველასთვის მოსახერხებელი სივრცედ უნდა აქციოთ. დაალაგეთ თაროები და ხშირად გამოსაყენებელი წიგნები ქვედა თაროებზე განათავსეთ. მიეცით უფლება ბავშვებს თვითონ  გადაწყვიტონ, სად უნდა იყოს შენახული მარცვლეული და მაკარონი ისე, რომ არ მოუწიოთ სიმაღლეზე აძრომა.

სიყვარულისა და მიმღებლობის საჭიროება

რადგან კარგი მშობლები ვართ, შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სახლში უპირობოდ კარგი ატმოსფერო შევქმნათ. ბავშვები უნდა გრძნობდნენ – ისინი უყვართ, უსმენენ, აინტერესებთ მათი აზრი და ის, რას აკეთებენ, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ შეასრულეს საშინაო დავალება მათემატიკაში.

შეთანხმდით წესებზე: როდესაც დედა მუშაობს, მას არ შეუძლია ბავშვთან თამაში. როდესაც მამა ჯდება კომპიუტერთან, არ ურთავთ მაღალ ხმაზე მულტფილმებს. როდესაც ხელში ცხელი ტაფა გიჭირავთ, ბავშვი არ უნდა გეხუმრებოდეთ, არ აკეთებდეს უეცარ მოძრაობებს.

დააკვირდით ერთმანეთს. ეცადეთ დღეში მინიმუმ ხუთი დადებითი რამ შეამჩნიოთ, რაც ჩვენს საყვარელ ადამიანებში გულწრფელად აღფრთოვანებას იწვევს: მათი უნარები, ნიჭიერება, ხუმრობა ან ჟესტი. ისაუბრეთ ამ ყველაფერზე, შეაქეთ ერთმანეთი, არ დაიშუროთ კომპლიმენტები.

იფიქრეთ იმაზე, როგორ არ გააღიზიანოთ ერთმანეთი. თუ ოჯახში ვიღაცას სიმღერა უყვარს, ისე იმღეროს, რომ სხვას არ შეუშალოს ხელი.

შეგიძლიათ სახლში ერთი ოთახი გამოყოთ სამარტოო საქმეებისთვის და შეადგინოთ საათობრივი გრაფიკი, რათა ოჯახის ყველა წევრმა საჭიროებისამებრ შეძლოს განმარტოვება დღეში მინიმუმ ორი საათით.

პატივისცემისა და კომუნიკაციის საჭიროება

ოჯახის წევრებს უნდა შეეძლოთ გარე კომუნიკაციისთვის თავიანთი „ჯგუფების“ შერჩევა. საბედნიეროდ, რამდენიმე კვირიანი შიდაპატიმრობა 21-ე საუკუნეში არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა მხოლოდ მამასთან, დედასთან და და-ძმასთან გვაქვს.

გადავამოწმოთ, რა შეუძლია გააკეთოს ბავშვმა ინფორმაციის მისაღებად, საუბრისა და მოსმენის ძირითადი საჭიროების მოთხოვნით:

*მას შეუძლია გახდეს გუგლერი. სთხოვეთ მოიძიოს რამე ინფორმაცია თქვენთვის, მაგალითად, ნამცხვრის რეცეპტი, ამინდის პროგნოზი, ის, თუ რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს. ბავშვი იგრძნობს თავის საჭიროებას.

*მას შეუძლია სრულყოფილად დაეუფლოს მესინჯერს და წარმატებით დაგაკავშიროთ ხოლმე ონლაინ ბებიებთან და ბაბუებთან. ასევე, მოიწვიოს მეგობრები ონლაინწვეულებაზე.

ამ ყველაფრის ორგანიზება ისე უნდა მოხდეს, რომ ხელი არ შეეშალოს მთელ ოჯახს: იხმარეთ  ყურსასმენი, გადით სხვა ოთახში, შეარჩიეთ მოსახერხებელი დრო თქვენი კომუნიკაციისთვის, მჭიდროდ მიიკეტეთ ოთახის კარი. ამ მარტივი წესების გარეშე პატივისცემა და კომუნიკაცია შეუძლებელია.

ცოდნის საჭიროება

ვთქვათ, ბავშვმა უკვე ისწავლა ფაფის მომზადება, დაზარალებულისთვის მარტივი დახმარების აღმოჩენა, გაერკვა თანაცხოვრების წესებში, ახლა შეგიძლიათ ესაუბროთ იმაზე, რატომ ესწრება ის ონლაინგაკვეთილს უხალისოდ.

აქ, სავარაუდოდ, თქვენ გარეშე ვერაფერი გაკეთდება: გაატარეთ რამდენიმე საათი ან თუნდაც რამდენიმე დღე ბავშვთან ერთად გაკვეთილზე, დაადგინეთ რომელ საგნებში მოიკოჭლებს. სცადეთ რამდენიმე ხერხი მის „ამოსაქაჩად“.

მაგალითად, შეადგინეთ სასკოლო საგნების რეიტინგი. თითოეულ საგანში მიღწეული წარმატებისთვის დააწინაურეთ თქვენს რეიტინგში ესა თუ ის საგანი. მხარი დაუჭირეთ „ჩამორჩენილ“ საგნებს და უგულშემატკივრეთ დაწინაურებულ „ფავორიტს“.

შეეცადეთ გასცდეთ სასწავლო გეგმას და თქვენს შვილს სხვა სიმაღლეების გადალახვისკენ უბიძგოთ. გამოკვეთეთ რაიმე თემა, ჩაატარეთ მისი კვლევა, ორივემ იპოვეთ მასში ინსპირაციის წყარო.

სასკოლო საგანი ბავშვისთვის არ უნდა იყოს რაღაც აბსტრაქტული და რეალობისგან მოწყვეტილი. მაგალითად, გაიღრმავეთ ქიმიის ცოდნა სამზარეულოში საჭმელის მომზადების დროს, აბაზანაში, როდესაც ტანსაცმელს ლაქებს მოაშორებთ. დაიხმარეთ გეოგრაფია კორონასშემდგომი მოგზაურობის დაგეგმვაში, მათემატიკა – ოჯახის ბიუჯეტის გაწერის დროს.

სილამაზის საჭიროება

კრეატიულობა – ტვინის განსაკუთრებული ფუნქციური მდგომარეობაა, რომლის გარეშე შეუძლებელია ჰარმონიული განვითარება. ჩვენ ყველას გვიყვარს ნაჩვევი სივრცის გარდაქმნა,  გაუმჯობესება, გალამაზება. მიეცით ბავშვებს საშუალება, რომ აქტიურად იმოქმედონ.

დაე, ბავშვმა შეცვალოს თავისი სამეცადინო სივრცე. გადააადგილოს ავეჯი, მორთოს კედლები დეკორატიული სტიკერებით, დაამზადოს ინტერიერის აქსესუარები. წინასწარ შეთანხმდით იმაზე, რისი გაკეთება შეუძლია და რისი – არა. ერთად შექმენით. ბავშვთან ერთად კერეთ, ხატეთ, ქსოვეთ.

თვითრეალიზება

და, აი, მივადექით პირამიდის მწვერვალს. თვითიზოლაციის დროს შეგვიძლია უკეთ შევამჩნიოთ შვილების ნიჭი. მშვიდობიან დროში, შვილების გასაყოჩაღებლად ჩვენ მათ ორკვირიან მოგზაურობაში ვაგზავნით, სადაც ისინი კარვებში ცხოვრობენ და საჭმელს კოცონზე იმზადებენ, მაგრამ ახლა მათში მსგავსი უნარების გამომუშავება საკუთარ ბინაში შეიძლება. გისურვებთ წარმატებებს!

 

ინტეგრირებული სწავლების ერთ შესაძლებლობაზე 

0

ეს წერილი მეოთხე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის და „მე და საზოგადოების“ ინტეგრირებას ეხება.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ მომზადებულ ქართულის სახელმძღვანელოში მოცემულია ტექსტი „უძველესი ნახატები“, რომელიც ალტამირას გამოქვაბულში უძველესი ნახატების აღმოჩენის ხმაურიან ისტორიაზეა აგებული.

ინტეგრირების წინაპირობა ასეთია: ტექსტი ქართულში ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა სამიზნე ცნების მიხედვით არის დამუშავებული. მოსწავლეებმა რამდენიმე დავალება და უფრო მეტი აქტივობა შეასრულეს მისი გაგებისთვის, ინტერპრეტირებისთვის, მასში მოცემული გრამატიკული კანონზომიერებებისა და თხრობა/აღწერა/შედარება/დასაბუთების, წერისა და ჟანრის სამიზნე ცნებებზე სამუშაოდ. მოკლედ, ქართულში ტექსტი მაქსიმალურად დამუშავებულია.

ამ დროს მეოთხე კლასში, საგან „მე და საზოგადოებაში“, თემა „მედია და ინფორმაციის“ ფარგლებში, ამუშავებენ სამიზნე ცნებებს. მოსწავლეებმა უკვე გაიაზრეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მნიშვნელობა, მისი მიწოდების ფორმები და „ცვლილებებზე“ მუშაობის დროც დადგა.

გავიხსენოთ ცვლილებების სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები:

  • კავშირი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის;
  • ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ყველაფერი იცვლება;
  • ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ცალკეული ნივთები და ტექსტები (ზეპირი, წერილობითი, ვიზუალური) ინახავს.

მათი გათვალისწინებით, მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს საკითხი და დასვას საკვანძო კითხვა; ამ კომპონენტების გათვალისწინებით შეადგინოს/შეარჩიოს კომპლექსური დავალება, რომელიც საშუალებას მისცემს შეაფასოს, როგორ გაითავისეს მეოთხეკლასელებმა ეს მკვიდრი წარმოდგენები. ჩვენს მაგალითში ამ კომპონენტებმა ასეთი შინაარსი შეიძინა:

  • საკითხი – ინფორმაციის გავრცელების საშუალებები ძველად და ახლა;
  • საკვანძო კითხვა – როგორ შეიცვალა ინფორმაციის გადაცემა/გავრცელების ფორმა-საშუალებები (ძველად და ახლა)?

 

კომპლექსური დავალება

ქართულში შესწავლილი ტექსტის „უძველესი ნახატები“ და თქვენი პირადი ცოდნა-გამოცდილების საფუძველზე შეავსეთ მოცემული ცხრილი:

 

მედიისა და ინფორმაციის ცვლილებები

ეპოქა ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების საშუალებები და პირობები
გამოხატვის

საშუალებები

გავრცელების

საშუალებები

გავრცელების ხანგრძლივობა გავრცელების არეალი უკუკავშირი
ქვის ხანა   კედელი    

გამოქვაბული

 

 
მე-19 საუკუნის ბოლო ნახატი,

ნაბეჭდი ტექსტები, ფოტოები

 

 

    მკითხველმა შეიძლება ფოსტით გაგზავნოს გამოხმაურება
დღეს     წამები, თუ ტელეფონით გადაიღებ და მაშინვე გაავრცელებ სოცქსელებში    

 

სავარაუდო პასუხები წარმოდგენილია დანართ 1-ში.

 

წარმოადგინე ცხრილი და ახსენი:

  • რა კავშირს ხედავ ვერტიკალურ სვეტებში მოცემულ ინფორმაციებს შორის?
  • ჰორიზონტალურად განთავსებული მონაცემებიდან ერთის ცვლილება განაპირობებს თუ არა სხვების ცვლილებას? შენი აზრით, რატომ?
  • მომავალშიც არის მოსალოდნელი ცვლილებები? როგორ ფიქრობ, რა შეიძლება შეიცვალოს?
  • თუ ჩვენს ნამუშევარს განვაზოგადებთ, რა შეგვიძლია დავასკვნათ?

აქვე დავძენთ, რომ, კლასის მოცემულობიდან გამომდინარე, მასწავლებლის გადასაწყვეტია, ცხრილს სულ ღია უჯრებით შესთავაზებს თუ მოდელირებით.

დავალება იძლევა დიფერენცირების საშუალებასაც: მოსწავლე შეიძლება მხოლოდ ცხრილის შევსებით დაკმაყოფილდეს, შეიძლება პირველ კითხვას უპასუხოს, შეიძლება ორს და ასე შემდეგ, თავისი შესაძლებლობის მიხედვით.

შეგვიძლია, შეხედულებისამებრ გადავწყვიტოთ, ეს ინდივიდუალური სამუშაო იქნება თუ ჯგუფური, მართულ პრაქტიკას მივმართავთ თუ დამოუკიდებელს.

კონკრეტულ მაგალითში ინტეგრირება გულისხმობს, რომ „მე და საზოგადოების“ სამიზნე ცნებებზე მუშაობისას ჩვენ ვეყრდნობით ქართულში მიღებულ ცოდნასა და უნარებს და თან ვავითარებთ ქართულის სხვადასხვა სამიზნე ცნების (გაგება, ინტერპრეტირება, თხრობა, აღწერა, შედარება, წერა…) მკვიდრ წარმოდგენებსაც.

ნებისმიერი მიდგომის შემთხვევაში, ამ დავალების შესრულებას წინ უნდა უძღვოდეს მოსამზადებელი და დამხმარე აქტივობები:

აქტივობა 1. ჩემი აზრით …

ინსტრუქცია:

კიდევ ერთხელ გაეცანი ,,უძველესი ნახატების“ ტექსტს და დაწერე/გვითხარი:

  • შენი აზრით, შეიძლება თუ არა, კედლის გამოსახულებებს ვუწოდოთ ინფორმაციის გადაცემის ადრეული მაგალითები? რატომ?
  • როგორ ფიქრობ, რა ინფორმაციას შეიძლება გვაწვდიდეს მღვიმეში აღმოჩენილი ნახატები?
  • ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების რა საშუალებები ჰქონდათ ხელთ ქვის ხანის ადამიანებს?

აქტივობა 2. ჯგუფური სამუშაო

  • მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე „როგორ გავრცელდა ალტამირას აღმოჩენის ამბავი“.
  • ტექსტში მოიძიეთ ფრაზები, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებას ეხება.
  • თქვენი აზრით, რას ნიშნავს ფრაზა „ეს ყვირილი მალე მთელმა მსოფლიომ გაიგო“? როგორ გაიგებდა მსოფლიო ამ ყვირილს, ასეთი ძლიერი ხმა ჰქონდა მარიას?
  • როგორ გესმით წინადადება „ფარნების შუქმა ათასწლეულების მანძილზე ბნელით მოცული მღვიმე გაანათა და მთელ მსოფლიოს მანამდე უცნობი ხელოვნების აღმოჩენის ამბავი ამცნო?“
  • ვინ გააგებინა მსოფლიოს ეს ამბავი და როგორ?
  • რა ცვლილებები განიცადა ინფორმაციის გამოხატვისა და გადაცემის ფორმებმა?

ჯგუფური ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ ხდება შეჯამება იმ ცვლილებების გამოსაკვეთად, რაც მედიაში მე-19 საუკუნეში მოხდა.

აქტივობა 3. მუშაობა წყვილებში – „თქვენ რომ ალტამირას მხატვრობა აღმოგეჩინათ…“

  • წარმოიდგინეთ, რომ მარიას ადგილას თქვენ ხართ და დღეს გახდით ამ აღმოჩენის მონაწილე. როგორ და რა ფორმით გაავრცელებდით ამ სიახლეს. ვის გააგებინებდით? რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ? გადაიტანეთ პოსტერზე თქვენი სათქმელი და წარმოადგინეთ.

ამ აქტივობების შესრულების შემდეგ, რასაც, სავარაუდოდ, 2-3 გაკვეთილი დასჭირდება, მოსწავლეებმა უკვე უნდა შეძლონ კომპლექსური დავალების დამოუკიდებლად შესრულება და მისი პრეზენტაცია.

პრეზენტაცია აუცილებლად წარმოაჩენს მოსაზრებების დაზუსტების, შევსების, შეჯერების აუცილებლობას, რაც კომპლექსურ დავალებას შეფასებით ფუნქციასთან ერთად სწავლების ფუნქციასაც გაუაქტიურებს.

იგივე ტექსტი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა. მომდევნო წერილი სწორედ ამ საკითხს შეეხება.

 

დანართი 1.

მედიისა და ინფორმაციის ცვლილებები (სავარაუდო ვარიანტი)

ეპოქა ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების საშუალებები და პირობები
გამოხატვის

საშუალებები

გავრცელების

საშუალებები

გავრცელების ხანგრძლივობა გავრცელების არეალი უკუკავშირი
ქვის ხანა ნახატით, ფორმით, ფერით კედელი წლები, საუკუნეები, სანამ კედელთან არ მივა მნახველი გამოქვაბული

 

შეუძლებელი
მე-19 საუკუნის ბოლო ნახატი,

ნაბეჭდი ტექსტები, ფოტოები

გაზეთი, ჟურნალი

 

დღეები, კვირები… სანამ შეიტყობენ, სანამ დაწერენ, სანამ დაიბეჭდება, სანამ მკითხველამდე მივა სადაც გაზეთის, ჟურნალის ტირაჟი ვრცელდება; მკითხველმა შეიძლება ფოსტით გაგზავნოს გამოხმაურება
დღეს მანამდე არსებულს + აუდიო, ვიდეო, 3 d გამოსახულება… გაზეთი, ჟურნალი, რადიო, ტელევიზია, სოციალური ქსელები წამები, თუ ტელეფონით გადაიღებ და მაშინვე გაავრცელებ სოცქსელებში სადაც სოციალური ქსელები მისაწვდომია ინფორმაციის მიმღებს მაშინვე შეუძლია, დასვას დამატებითი კითხვები, დაამატოს ან დაიწუნოს ინფორმაცია

 

როგორ დავამზადოთ ხელნაკეთი წიგნი

0

ორი წლის წინ შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდი. რვასართულიანი თანამედროვე ბიბლიოთეკის ყოველი სართული შიდა კიბით უკავშირდება ერთმანეთს. თეთრ ფონზე წიგნების ფერადი ყდები თვალს იზიდავს. საბავშვო სივრცე მულტიმედიურია – შეგიძლიათ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, ნაბეჭდი წიგნები დაათვალიეროთ, ხელნაკეთი წიგნების თაროსთან ჩამოდგეთ და თვალი ვერ მოსწყვიტოთ პატარა ადამიანების ნაფიქრს.

ჩემთვის სწორედ ხელნაკეთი წიგნები აღმოჩნდა დაუვიწყარი. ძალიან ბევრი ფოტო გადავუღე ერთად თუ ცალ-ცალკე ფერადი ძაფებით შეკერილ ყდებს, მინიმალისტურ ტექსტებს, ალაგ-ალაგ ხელით დაბეჭდილ ასოებსა და ილუსტრაციებს, რომელთა შესრულების ტექნიკას ვერ მივაკვლიე.

ერთი თვის წინ ჩემმა ათი წლის გოგონამ მოინახულა შტუტგარტის ბიბლიოთეკა. ჩემი თხოვნით, მეგობარმა ხელნაკეთი წიგნების თაროსთან მიიყვანა. შინ დაბრუნებული მიზიარებდა შთაბეჭდილებებს. მაშინ დაგვებადა ხენლაკეთი წიგნის შექმნის იდეა.

 

ყდა

გაზაფხულის ქარიანი დღე მუყაოს ყუთის საძებნელად გარეთ გასვლას გამორიცხავდა. აივანზე შემონახული ზეთის მარაგი გამახსენდა. ყუთი ამოვაცარიელეთ და სახატავი რვეულის ფურცლებზე ოდნავ დიდი ზომის ყდები გამოვჭერით.

ცალკე  ჩამოვწერეთ ყდის მახასიათებლები:

ავტორები, სათაური, ილუსტრაცია, გამომცემლობა, გამოცემის წელი.

ჯერ ამბავი გვქონდა მოსაფიქრებელი, ამიტომ ყდის გაფორმება ბოლო ეტაპად შემოვინახეთ.

 

სათაური

სათაური ამბავს განსაზღვრავს. ცხადია, გასათვალისწინებელია ხელნაკეთი წიგნს რა ასაკის ბავშვისთვის ვქმნით. ჩვენი წიგნის მკითხველები 7-10 წლის ბავშვები არიან. რადგან 7 წლის პირველკლასელი ბიჭი წერა-კითხვას ახლა სწავლობს, სათაურმა და ამბავმა მისი სამყაროს ირგვლივ დაიწყო ტრიალი. გაგვახსენდა მისი საყვარელი სათამაშო – პანდა. გამოვიტანეთ, მაგიდაზე  ქაღალდებსა და ფანქრებს შორის დავსვით და ჩავფიქრდით. პანდას გვერდით ჩაის ჭიქა იდო. ასე დაიბადა სათაურიც: „პანდა ჩაის სვამს“.

 

ამბავი

ხელნაკეთი წიგნისთვის აუცილებელია ამბავი და მისი სიუჟეტური განვითარება. მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში ისეთი რამ უნდა მოხდეს, რაც მას გაამხიარულებს, ან უკეთესს გახდის, ან დააფიქრებს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ამბავი სათაურიდან დაიწყო. თითო თაბახის ფურცელზე ერთი ან ორი წინადადება იწერება. სასურველია, ბავშვების იდეებს მხარი დავუჭიროთ. თუ ძალიან ასცდნენ სიუჟეტის მთავარ ხაზს, შეკითხვებით შეგვიძლია მივახვედროთ და ამბისკენ მოვაბრუნოთ. მთავარია, პროცესს ვუხელმძღვანელოთ, დავიწყოთ, ვაჩვენოთ, ავიყოლიოთ და ნელ-ნელა ჩამოვეცალოთ, პასიურ მონაწილედ ვიქცეთ და მაყურებლის როლი მოვირგოთ.

ჩვენი ხელნაკეთი წიგნის ამბავი ამგვარია:

პანდა ჩაის სვამს

ერთხელ პანდა ტყეში ქოხს წააწყდა.

ქოხში შეიხედა და დაინახა ის, რაც თვალით არასდროს ენახა.

ბუხართან გამხდარი და თმათეთრი ბებია იჯდა და ხელში „რაღაც“ ეჭირა.

ეს „რაღაც“ ჭიქა იყო. მას გარედან პანდა ეხატა.

პანდა ქოხში შეცუნცულდა,  ბებოსთან მისუნსულდა და ჭიქაში დრუნჩი ჩაყო.

ბებო მოულოდნელობისგან შეხტა.

ბებოს პანდა ნანახი არ ჰყავდა.

პანდას ეს სურნელოვანი და ტკბილი სითხე ძალიან მოეწონა.

ეს სითხე ჩაი იყო.

ბებია პანდას ჩაით გაუმასპინძლდა.

ჩაიმ  ბებო და პანდა დაამეგობრა.

 

ხელნაკეთი წიგნის დამზადება რომ წამოვიწყეთ, ჩემი გოგონას მეგობარიც ჩვენთან იყო. ნიაკო დიდი მონდომებით ჩაება ამბის თხზვის პროცესში. ვიწონებდით და ვითვალისწინებდით ერთმანეთის აზრს, ვაძლევდით რჩევებს, ვცვლიდით  სიტყვებს და ვალამაზებდით წინადადებებს. ამბავი რომ „გავასრულეთ“, მისი ქაღალდზე გადატანის დრო დადგა.

ახლა, როცა პირველკლასელებს წერას ვასწავლი, კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, როგორ უჭირთ უფროსკლასელებს ასოთა სწორად მოხაზვა. თაბახის ფურცელზე წერა მშვენიერი ხერხია ხელწერის დასახვეწად.

ილუსტრაციები

მაშ ასე, სათაური მოვიფიქრეთ, ტექსტი დავწერეთ, ახლა ილუსტრაციების შექმნის დრო დგება. შტუტგარტის ხელნაკეთ წიგნებში მინიმალისტური ნახატებია. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებს არ გამოსდით. პანდა სტენსილარტით დავიტანეთ ფურცლებზე და თეთრი საღებავით ავაჭრელეთ. ოთხი ადამიანის მოფიქრებულ ტექსტს განსხვავებული ილუსტრაციები ამშვენებს. რამდენიმე ადამიანის ხელწერის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ, თუმცა, ვფიქრობ, ზუსტად ეს ქმნის ხელნაკეთი წიგნის განსაკუთრებულობას.

აკინძვა

სული დაგველია, სანამ აკინძვის დრო დადგებოდა. ილუსტრაციებზე ნახატები გაშრა, ყდა გავაფორმეთ, ფურცლები დავნომრეთ და წიგნი ასაკინძად მოვამზადეთ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნს, რომელიც ქართველი ხელნაწერების ისტორიას გვაცნობს, ყდის ჯაჭვური კერვის ნიმუში აქვს თანდართული. ვეცადეთ, მივყოლოდით კერვის აღწერილობას, მაგრამ სულ სხვაგვარი ნაკერი გამოგვივიდა. სქელი მუყაოსა და ათზე მეტი თაბახის ფურცლის გახვრეტა ხელის ბურღით მოვახერხეთ. ნასვრეტებში მწვანე ძაფი გავუყარეთ.

 

გვიან ღამით დავასრულეთ მუშაობა. ჩემი გოგონას მეგობარი ჩვენთან არ იყო. წიგნის თვალიერებისას მისი ნამუშევრები, ხელნაწერი ასოები ნიაკოს ჩვენთან ყოფნას გვახსენებდა. გადავწყვიტეთ, რომ ის ისევ ჩვენთან იყო.

 

ხელნაკეთი წიგნის მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის –  ერთად ფიქრი, ერთად ყოფნა, ერთად ფუსფუსი, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, დროის ნაყოფიერად გატარება. ინტელექტუალური პროდუქტის შექმნით კი  ბავშვების ინდივიდუალიზმი ვითარდება, სწავლობენ წიგნის მახასიათებლებს, წერას სწავლობენ და თაროზე ჩნდება ერთად შექმნილი წიგნი.

მოგონილი ამბავი მულტიფუნქციურად შეიძლება ვაქციოთ: შევქმნათ დიორამა, მოვხატოთ ჩანთა ან მაისური, სამზარეულოს ხელსახოცის რგოლით პანდა დავამზადოთ, გავმართოთ ჩრდილების თეატრი, უმცროსკლასელებისთვის რესურსად გამოვიყენოთ.

 

ვწერ მასწავლებლისთვის -ზვიად კვარაცხელია

0

ზვიად კვარაცხელია- მწერალი

შვიდ წელზე მეტია ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლისთვის“ ვწერ. ეს საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ საქმის სურვილი და ერთგულება გამოსცადო – ან გამოეცალო, ანაც მეტი მზადყოფნა და ახალი უნარები აღმოაჩინო საკუთარ თავში. ახალი თემებიც. დრო გადის, უსწრაფესად ცვალებად სამყაროში ინფორმაცია კი ხვავდება, მაგრამ მათი გადამუშავება, სამსჯელო და სასარგებლო საგნად ქცევა კვლავაც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.

მეც შევიცვალე. რაღაც მომაკლდა, რაღაც შევიმატე – ცხადია, მარტო წონა არა (უბრალოდ, ჩემი ძველი ბლოგებისთვის დართულ ფოტოთა გადათვალიერებისას პირველი ეგ მომხვდა თვალში). ვცდილობდი, ჩემს ბლოკნოტებში „მასწავლებლისთვის“ მოსამზადებელი მასალისთვის საჭირო ჩანაწერები, მონახაზები ხშირად ყოფილიყო ყოველდღიურად „დასაპლუსებელი“ საკითხების გვერდით. ხან გამომდიოდა, ხანაც ვცდილობდი თავისთვის არ დამეძალებინა – ხელოვნურად რამის გამოჩორკნისგან ჯობია თავი შეიკავო ხოლმე.

ბევრი რამის გამო მომწონს და მიხარია ამ პლატფორმისთვის წერა. ყალბი თავმდაბლობის გარეშე – მიმაჩნია, რომ ჩვენი საგანმანათლებლო და სამოქალაქო სივრცისთვის მნიშვნელოვან, სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ; აქ აკადემიურობაც ჩანს და ნოვატორობაც; ამა თუ იმ თემაზე სიღრმისეულ ანალიზსაც შეხვდებით და ბრწყინვალე მხატვრულ-დოკუმენტურ ტექსტებსაც; ნებისმიერ დროს გამოსადეგი რჩევებიც გამოულევადაა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა მიერ ახსნილ-განმარტებული უახლესი ტენდენციებიც. რაც მთავარია, ჩემს თავზე გამომიცდია მკითხველის ინტერესიც და გულწრფელი შეფასების ძალაც. ჩანაფიქრი ბევრი მაქვს, ცხოვრებაც არ გვაკლებს საცდელ-საფიქრალს და თქვენც ხომ ჯანმრთელობას გისურვებთ, და ჩემთვისაც იმავეს ვისურვებდი, ჩვენეული, პატარ-პატარა საქმეების მისახედად.

 

ზვიად კვარაცხელიას წერილები

მხატვრული ლიტერატურა და დისტანციური განათლება

0

კრიზისის რამდენიმე განმარტებას შორის ყველაზე შესაბამისი არსებულ ვითარებაში არის „გადამწყვეტი ხასიათის ცვლილება“. კრიზისი, როგორც ცვლილება, რომელსაც არსებითი, გადამწყვეტი, უმნიშვნელოვანესი როლი და მნიშვნელობა აქვს. კრიზისის მართვის  პროცესში მნიშვნელოვანია კრიზისის იდენტიფიკაცია და ანტიკრიზისული რესურსების ამოქმედება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიტერატურა ყველაზე სანდო ანტიკრიზისული რესურსია. ლიტერატურამ ონლაინ პლატფორმაზე  უკვე დაიმკვიდრა ადგილი. წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზნითა და სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში შექმნილი ონლაინ გამოცემები იზოლირების პირობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მასალაა როგორც სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებისათვის, ისე კრიზისის მართვის პროცესში. დისტანციური განათლების ეტაპზე კი, ექსპერიმენტული მეთოდებით მუშაობისას, სწავლების მიზნის მისაღწევა, მხატვრული ლიტერტურა შესაძლოა იქცეს უმთავრეს საყრდენად.

რატომ არის ლიტერატურა სასარგებლო რესურსი?

განათლების უმთავრესი კომპონენტი, ცოდნა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დამატებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, როგორებიცაა გაცნობიერება, შემეცნება,  კანონზომიერებების დადგენა, ფაქტებისა და მოვლენების განზოგადება, სწავლება და სხვა. ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს მხატვრული ლიტერატურა, რომელიც თეორიული, მხატვრული სამყაროსთან ერთად, თავის თავში მოიცავს პრაქტიკულ დიდაქტიკურ და პედაგოგიურ მიმართულებებს, ცოდნასთან და გაცნობიერებასთან ერთად, დამატებით ჩვევებსა და უნარებს ავითარებს.

სასწავლო დანიშნულებასთან ერთად ლიტერატურას აქვს საგანმანათლებლო და კულტურული, ასევე, სოციალური მნიშვნელობა. ბოლო ხანს აქტიურად ვსაუბრობთ ეკონომიკურ კონცეპტებზე ლიტერატურაში, ლიტერატურასა და პოლიტიკაზე, ლიტერატურასა და იდეოლოგიაზე.  ლიტერატურაში ასახულია ის გამოცდილება, რომელიც კაცობრიობამ შეიმუშავა, დააგროვა და ის ისეთივე ფართო და მრავალფეროვანია, როგორიც სამყარო.

პედაგოგიური შემეცნების სისტემა წარმოადგენს ყველა დროისა და საზოგადოების აქტუალურ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან სფეროს.  ცოდნა გაცნობიერების გარეშე, მაგალითებისა და ნიმუშების გარეშე, არ არის რელევანტური. მაგალითად, ენის მატარებელი, ჩვეულებრივ, ავტომატურად და, შესაძლოა, უშეცდომოდ საუბრობს, მაგრამ არ შეუძლია გრამატიკული კატეგორიების გამოყოფა, არ იცის ფონეტიკური მოვლენები და სხვა. სწავლება გულისხმობს საილუსტრაციო მასალას, მაგალითებზე დაყრდნობით შემეცნებას. ლიტერატურული ნაწარმოებების, მათ შორის, კლასიკური ან თანამედროვე ლიტერატურული ტექსტების თემატური ხაზი, დრამატიზმი, კომიზმი, სიუჟეტური განვითარება ემსგავსება ცხოვრებისეულ ტენდენციებს, როგორც არისტოტელე ამბობდა, ბაძავს და ასახავს მას, გვაძლევს მხატვრულად გადმოცემული ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის, ხასიათის, თვისების განზოგადების საშუალებას, რომელიც უკვე უნარსა და ჩვევას წარმოადგენს.

პედაგოგიური მეთოდების მიხედვით, საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება მხატვრულ ლიტერატურაში ასახულ სიუჟეტურ, თემატურ ასპექტებს, როგორც არა იმდენად კონკრეტულ, ისტორიულ, ფაქტობრივ მონაცემებს, რომლებიც რეალურად მოხდა და მისი ფაქტობრივი შედეგი დამდგარია, არამედ თეორიულად, პირობითად, ზოგადად არსებულ მასალას, რომლის გადაადგილება, განვითარების თანმიმდევრობა, დასასრული, მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირების ცხოვრება შესაძლებელია სრულიად შეიცვალოს.

ლიტერატურა, როგორც მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი, საინტერესო და მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით:

  • ემოციები, შთაბეჭდილებები, ფიქრები და აზრები ასახოს დამატებით ტექსტში, ნახატში, პიესაში, მუსიკაში;
  • მხატვრული ლიტრატურის მაგალითზე შესაძლებელია გრამატიკის, მეტყველების კულტურის და სხვა მომიჯნავე საგნებისა და თემების განვითარება და დამუშავება;
  • შესაძლებელია ნორმირებული და ექსპერიმენტული მუშაობა;
  • ლიტერატურული ტექსტების დახმარებით ლოგიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
  • მრავალმნიშვნელოვნების, გარდასახვის, შედარებისა და ალეგორიების იდენტიფიცირება და გამოსახვა;
  • ესთეტიკური მახასიათებლების, შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • ინდივიდის ფორმირების ფსიქო-სოციალური პროცესების ილუსტრაცია და აქცენტირება;
  • ლიტერატურული ნაწარმოებების დახმარებით საერთოსა და ინდივიდუალურის გამოყოფა;
  • ფაქტებისა და მოვლენების განმეორებითობისა და მისი კანონზომიერებების ილუსრაცია;
  • სოციალური როლების, მათ შორის, გენდერული, ნაციონალური და ინტერკულტურული ასპექტების გაცნობიერება;
  • მხატვრულ ლიტერატურას, როგორც აბსტრაჰირების, განზოგადების უმთავრეს საბადოს, შეუძლია ცოდნის ფორმირება და გაცნობიერების ხელშეწყობა, რასაც სასწავლო, ანუ პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს.

 

ცალკე უნდა გამოიყოს მხატვრული ლიტერატურის ჟანრებისა და პოეტური ენის საკითხები, რაც შესაძლებელია ლიტერატურული ტექსტების დაკვირვების საფუძველზე.

კრიზისების მართვა პედაგოგიკაში, მათ შორის სასწავლო პროცესში, პირველ რიგში, პრობლემის იდენტიფიკაციას მოითხოვს. ობიექტური მიზეზების გამო სწავლების შეცვლილ პარადიგმაში, არათანმიმდევრული, ტექნიკური ხარვეზებით მიმდინარე სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია მდგრადი რესურსი, რომელიც მოგვცემს თანმიმდევრულობისა და სტაბილურობის საყრდენებს. სწორედ ასეთი რესურსი არის მხატვრული ლიტერატურა, რომელიც მიუხედავად სასწავლო პროცესში არსებული ხარვეზებისა, შეიძლება იყოს განგრძობითად, თანმიმდევრულად არსებული სასწავლო მასალა. მხატვული ტექსტი, რომელიც დისტანციური განათლების პირობებშიც აფართოებს ცოდნას, არის მძლავრი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო და შემეცნებითი რესურსი.

 

კორნაპის სერის მისტიკა

0

ერთ ღრუბლიან დღეს პოეტი კაცი ავიდა სერზე, რომელიც მის სოფელს გადმოჰყურებდა. უცებ იელვა სერის თავზე, მუქ ღრუბლებში, ჯვარი გამოისახა…

 

ეს პასაჟი ძალიან ჰგავს ადრექრისტიანულ პერიოდში ურჩი წარმართების დასარწმუნებლად გარდმოვლენილ ღვთიურ სასწაულს, მაგრამ ამ ამბის თვითმხილველი წარმართი ან ათეისტი არ ყოფილა, სულით ხორცამდე მორწმუნე ქრისტიანი იყო. პოეტმა კაცმა ჩათვალა, რომ ეს მინიშნება იყო, ამიერიდან, ფსევდონიმად „კორნაპელი” აიღო, სერზე ჯვარი აღმართა და, ანდერძის თანახმად, იმ სერზევე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

სანამ გიორგი კორნაპელი გახდებოდა, გიორგი კაპანაძე იყო. დაიბადა 1932 წლის 23 იანვარს, ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში და იქვე გარდაიცვალა სიმსივნით 67 წლის ასაკში (და არა 65 წლის, როგორც ვიკიპედიაშია მითითებული). მართალია, არაპრივილეგირებული პოეტის ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ წიგნების გამოცემა არასოდეს გასჭირვებია (კომუნისტების დროს კი ეს რთული საქმე იყო), საბჭოთა პერიოდში არაერთი წიგნი გამოსცა. პრესაშიც ბეჭდავდნენ და ანთოლოგიებშიც შეჰქონდათ. იმ წითელყდიან, უშველებელ „ქართული საბჭოთა პოეზიის ანთოლოგიაშიც” არის წარმოდგენილი რამდენიმე ლექსით. ამ წიგნს ბავშვობიდან ვკითხულობდი, მაგრამ მის ლექსებს არასოდეს მიუქცევიათ ჩემი ყურადღება და ეს ლოგიკურიცაა. ის არ არის ანთოლოგიების პოეტი, ანუ, ის არ არის პოეტი, რომელიც შეიძლება რამდენიმე ლექსით შეაფასო, დააფასო და შეიყვარო. მისი შემოქმედება ერთი მთლიანი, მონოლითური, უსწორმასწორო ზედაპირიანი ლოდია, რომლის ყველა დეტალი თუ არ გაქვს შესწავლილი, ცალკეული ფრაგმენტი ვერაფერს გეტყვის, უბრალოდ აიღებ და მოისვრი.

 

გიორგი კორნაპელი იმ პოეტთა რიცხვს განეკუთვნება, ვისი შემოქმედებაც უაღრესად თანმიმდევრული და სისტემურია. ეს არის ერთიანი პოეტიკა, პოეტური სისტემა, სადაც სიმბოლოები, მეტაფორები, სახეები, გამაოგნებელი ვიზიონები ლექსიდან ლექსში გადადის. რთულია ამ უაღრესად ჰერმეტულ ხლართებში გზის გაკვლევა, აქ რაციონალური მიდგომა აღარ ჭრის, ინსტინქტებს უნდა მიენდო. შეუძლებელია ეს მეტაფიზიკური, კოსმიური ხილვები ერთმანეთთან დააკავშირო და ჩვეულებრივი ლოგიკით ახსნა. ზომიერი არქაიზმებით გაჯერებულ ამ უცნაურ ენობრივ კონსტრუქციებს, უჩვეულო ტაეპობრივ არქიტექტონიკას, ანტინომიური თქმების კორიანტელს გაგება არ სჭირდება. ჯერ ერთი: მათი გაგება არაფერს მოგვცემს (მეტიც: გაგებამ შეიძლება ესთეტიკური ზემოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც საფრთხის ქვეშ დააყენოს), და, რაც მთავარია: მათი გაგება შეუძლებელია, ისინი, უბრალოდ, უნდა იგრძნო. ამ ტიპის პოეზია ლუდივითაა (მაპატიეთ ეს უხეში შედარება, ლუდი ძალიან მიყვარს): პირველი დალევისას არ მოგწონს და მეორედ აღარასოდეს სვამ, ან მეორედ სვამ მცირედი ძალდატანებით და უკვე მისი სამუდამო მოტრფიალე ხდები. ამ ტიპის პოეზია არაა ბრჭყვიალა, ზედაპირი უხეში და მატყუარაა: უმალ ავტორის დაბალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს, ვიდრე დიდ პოეტობაზე. მაგრამ თუ ამ ზედაპირის მიღმა ჩაიხედე, იქ დარჩები სამუდამოდ, ვეღარასოდეს ამოხვალ, რაც არ უნდა გემოვნება შეგეცვალოს. რაღაც ეტაპზე, სრულიად სხვა ტიპის პოეზია რომც გახდეს შენთვის რელევანტური და პრიორიტეტული, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ მაინც შეგახსენებს თავს და თავისთან მიგაბრუნებს.

 

ქართული პოეზიის ამ ხაზს შეიძლება მოკლედ ვუწოდოთ „კოსმიურ-მისტიკურ-მეტაფიზიკური” ხაზი, ვრცლად კი – „კოსმიურ-მისტიკურ-მეტაფიზიკური, გაჯერებული წარმართულ-არქეტიპული, ღრმად ქრისტიანული და მითოლოგიური მოტივებით”. ამ ხაზს განეკუთვნებიან: ნიკო სამადაშვილი, გიორგი კორნაპელი, ესმა ონიანი, აპოლონ ადონია, თამაზ ბაძაღუა (ნაწილობრივ), მიშა გოგუაძე (ნაწილობრივ) და, თუ ამპარტავნებაში არ ჩამეთვლება, ამავე ხაზს განეკუთვნება ჩემი პირველი პოეტური კრებული და მეორე კრებულის რამდენიმე ლექსი.
ჩამოთვლილ ავტორებს ბევრი რამ აქვთ საერთო, რადგან მათ რთული ამოცანა დაისახეს: ქვეცნობიერიდან ამომხტარი მეტაფიზიკური ხილვების პოეზიად, სიტყვებად გადმოთარგმნა. საერთო აქვთ, მაგრამ უფრო მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და უნიკალურ, განუმეორებელ პოეტურ სამყაროებს ქმნიან (ვინმეს მხრიდან შარის მოდება რომ გამოვრიცხოთ, დავაკონკრეტებ: ჩემს თავს არ ვგულისხმობ). ჩამოთვილთაგან გიორგი კორნაპელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტია. მისი ლექსების ციტირებას აზრი არა აქვს, ისინი უნდა წაიკითხო და იგრძნო. კორნაპელი მეინსტრიმული, საყოველთაო პოეტი არასოდეს ყოფილა და ვერც ვერასოდეს იქნება, ამ ხაზის პოეტების შემოქმედება ცოტასთვისაა, ყველა გემოს ვერ ჩაატანს. თუმცა, კორნაპელს ქება-დიდება სიცოცხლეშიც არ მოჰკლებია, რამდენიმე პროფესიონალი და პატივსაცემი ლიტერატორი მას სიცოცხლეშივე უწოდებდა დიდ პოეტს და გენიოსს.

 

ამ ბლოგს კორნაპელის შემოქმედების დეტალური გაანალიზების პრეტენზია არ აქვს, ამისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ნაირა გელაშვილის, მარსიანის (გია ბენიძის) და სხვების წერილები, მე უბრალოდ, როგორც მისი ორთოდოქსი თაყვანისმცემელი და მოსწავლე (თუმცა, პირადად არ ვიცნობდი), სპონტანურ განცდებს გიზიარებთ.
ყოველთვის საინტერესოა დიდი პოეტის ადამიანური მხარე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, პოეტის, მწერლის ადამიანური თვისებები ჩვენ მიერ წარმოსახულ იდეალს როდი ემთხვევა. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე, რადგან არ მიყვარს იმედგაცრუებები. სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ გიორგი კორნაპელი არც ამ მხრივ ჩამოუვარდებოდა თავის შემოქმედებას: იყო უშუალო, ხუმარა, მიწას მიჯაჭვული, მშრომელი მარტოკაცი, რომელიც მეზობლებს ძალიან უყვარდათ. ხშირად ვიხსენებ ხოლმე, როგორ მოთოვა სვირში, ისე მოთოვა, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდა. კორნაპელმა აიღო ნიჩაბი და საკმაოდ გრძელი გზა თოვლისგან გაწმინდა, რომ მეზობლებს ზესტაფონის ბაზარში წასვლა, რაღაცების გაყიდვა და სახლში ლუკმა-პურის მოტანა შეძლებოდათ. ან როგორ არიგებს ბავშვებს, რომ შაშვები არ დახოცონ, რადგან შეიძლება მშიერი ბარტყები ელოდებათ და ისინი შიმშილით დაიხოცებიან. არადა, ჰემინგუეიზე აქვს ბრწყინვალე ლექსი, სადაც ნადირობისადმი ჰემინგუეის სიყვარული ერთგვარად რომანტიზებულია. თვითონ ვერ იტანდა ნადირობას. ინტერნეტში ზესტაფონის ტელევიზიის მიერ მასზე გაკეთებული ერთადერთი სიუჟეტი და რამდენიმე სურათი იძებნება და, რაღაცით, ჰემინგუეის თუ არა, ჰემინგუეის მოხუც მეზღვაურს უეჭველად ჰგავს.
ამჟამად მისი სახლი მიტოვებული და დაკეტილია. ვერაფრით ამიხსნია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურის ინერტულობა. ძნელი არ უნდა იყოს მიტოვებული სახლის მოწესრიგება და სახლ-მუზეუმის გახსნა. რა დიდი გამჭრიახობა უნდა იმის მიხვედრას, რომ კორნაპელის სახლ-მუზეუმს ოდესმე აუცილებლად გახსნიან და ჯობია ეს პატივი ხელიდან არ გაუშვა.

 

და კიდევ ერთი: უკვე დროა, რომ გამომცემლობებმა ამ დიდი პოეტი-მისტიკოსის ნაწარმოებების სრულად გამოცემაზე იფიქრონ. დამიჯერეთ, ამასაც ოდესმე აუცილებლად გააკეთებს ვინმე და არც ამ პატივის ხელიდან გაშვება ღირს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...