სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025
11 ნოემბერი, სამშაბათი, 2025

ტექსტოგრაფიული რესურსების როლი ფუნქციური წიგნიერების განვითარებაში

0

სასწავლო პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრული ფორმატის დიდაქტიკური მასალები – შესასწავლი მასალის ტექსტოგრაფიული რესურსები. ელექტრონული სწავლების თანამედროვე ეტაპზე ისინი ადვილად გამოსაყენებელია, რადგან მარტივად აღიქმებიან ეკრანზე. ამ რესურსებს თითქმის არაფერი განასხვავებს წიგნის ბეჭდური გვერდებისაგან, უბრალოდ, გარკვეულ შემთხვევაში უფრო მოსახერხებელია (მაგალითად, როდესაც ტექსტში გვხვდება რაიმე უცხო ტერმინი, ცნება, გაცილებით ადვილია დამატებითი ველის გახსნა და შესაბამისი  ახსნა-განმარტების ჩასმა, მონიშვნა, ვიდრე წიგნის სხვა ფურცელზე განმარტების მოძებნა).

შესასწავლი ობიექტები, ანუ ტექსტოგრაფიული რესურსები  მრავალფეროვანია:  ტექსტური ინფორმაციის შემცველი ცხრილები, ილუსტრაციები, ნახატები, დიაგრამები, ვიდეო-ანიმაციური რესურსები, ანუ ყველაფერი, რაც გამოსადეგია სმენითი და მხედველობითი აღქმისათვის.  ამიტომაა, რომ ტექსტოგრაფიული რესურსები ხელს უწყობს  ფუნქციური წიგნიერების განვითარებასაც (ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, გაანალიზების, ინფორმაციის ეფექტურად გამოყენების, თვითრეალიზაციისა და სხვ. უნარების განვითარებას), რაც, თავის მხრივ, მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება საჭირო დროს და საჭირო მიმართულებით გამოიყენოს.

 

რამდენადაც ფუნქციური წიგნიერების საფუძველი წერა-კითხვის ცოდნაა,  სააზროვნო უნარები კი კონკრეტული კომპეტენციის ინსტრუმენტებია, რომლებიც წერა-კითხვის ცოდნის ხარისხზეა დამოკიდებული, ამიტომ ფუნქციური წიგნიერების განვითარებისთვის ტექსტოგრაფიულ რესურსებზე მუშაობა (მისი ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში)   გულისხმობს საინფორმაციო მასალებთან (ლექსებს, მოთხრობები, საისტორიო წყაროები, მოგონებები, მემუარები, მითები და ა.შ.) კომუნიკაციის ძირითადი მოთხოვნების დაცვას, როგორიცაა:

 

  • ანალიტიკური კითხვა და კრიტიკული შეფასება;
  • ქრონოლოგიური და განმაზოგადებელი ცხრილების შედგენა;
  • ტექსტის ძირითად იდეის პოვნა და შესაბამისი მინიშნებების პოვნა;
  • ლოგიკური სქემების შედგენა;
  • ციფრული ინფორმაციის გარდაქმნა გრაფიკულ სტატისტიკურ ცხრილად და დიაგრამად;
  • ტექსტის ატრიბუცია და მარკირება;
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მოძიება და დადგენა;
  • „მსხვილი და წვრილი შეკითხვების“ გამოყენება;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • მინი-პროექტები;
  • კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება და ა.შ.

 

სხვადასხვა სასწავლო დისციპლინიდან აღებული ცოდნა და უნარები წიგნიერების საფუძველს წარმოქმნიან, რომლებიც დავალებების სახით მიეწოდება მოსწავლეს  (ორგანიზების ფორმა – პრობლემური სიტუაციები). ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია ტექსტოგრაფიული რესურსების აქტიური გამოყენებით მიაღწიოს სხვადასხვა ფორმის წიგნიერების განვითარებას ერთი სასწავლო დისციპლინის ფარგლებშიც.

მოვიყვანოთ მაგალითები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ბლოკიდან  (საბაზო საფეხურის  საგნობრივი სტანდარტების მიხედვით):

 

 

ტიპური ამოცანა მოსალოდნელი შედეგი სასწავლო კომპლექსური დავალება (პირობა)
კითხვითი წიგნიერება
 

– სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ტექსტებში იპოვეთ მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობის დამდასტურებელი დადებითი (+) და უარყოფითი (-) მხარეები.

 

სავარაუდო პასუხები:

1. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის კიდევ უფრო განვითარება და სხვ.

2. მიტოვებული მიწების დამუშავება;

3. სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება ქალაქსა და სოფელს შორის, ახალი გზებისა და ხიდების მშენებლობა, ახალი არხების გაყვანა და ძველის მოწესრიგება და ა.შ.

 

 

– აფასებს მეტ-ნკალებად მნიშვნელოვან მოვლენას; გამოყოფს:

ა) მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობის დამახასიათებელ ძირითად, არსებით ნიშნებს;

ბ) ეკონომიკური და სოციალური ხასიათის მახასიათებლებს;

გ) იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ ღირებულებებს;

დ) აფასებს მოვლენებს ადგილობრივი თუ გლობალური მნიშვნელობის კუთხით.

 

ევროპაში ჩამოყალიბდა სიტუაცია, როდესაც მიწების დიდი ნაწილი გადავიდა მსხვილი მიწათმფლობელების ხელში. ახსენი, როგორ მოხდა ეს?

 

 

– გაეცანით სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ისტორიული ხასიათის ტექსტებს ადრეული შუა საუკუნეების ევროპაში ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ და უპასუხეთ შეკითხვებს:

 

1. რა არის მოცემული ტექსტების მთავარი აზრი?

2. მოძებნეთ ტექსტებში ქვემოთ მოცემული მტკიცებულებების დამადასტურებელი მინიშნებები:  „მონებს აღარ გამოიყენებოდნენ სოფლის მეურნეობაში“; „მონების შრომა აღარ იყო ეფექტური“… „რომში მონების ნაწილმა იცოდა წერა-კითხვა და ანგარიში“

3. და ა.შ.

 

მოსწავლე მოიძიებს და იკვლევს ისტორიული ხასიათის ტექსტებს;

– აღწერს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ცხოვრების წესს;

– მსჯელობისას იყენებს ეპოქის მახასიათებელ ნიშნებს,

– გამოყოფს მიმდინარე პროცესებს, მნიშვნელოვან მოვლენებს;

– ძირითადად ორიენტირებულია ტექსტის შინაარსზე და გაიაზრებს მის მთლიან კონტექსტს;

– პოულობს ტექსტში საჭირო ინფორმაციას.

ძველი რომაელი მწერალი ლუციუს იუნიუს კოლუმელა რომში სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ წერდა: „მონებს ზიანი მოჰქონდათ სასოფლო მიწებისათვის: ცუდად ამუშავებდნენ მიწას, ცუდად მწყემსავდნენ ფარებს და ჯოგებს, ცუდად ხნავდნენ და ცუდად თესავდნენ, არ ზრუნავდნენ, რომ ხორბლის მოსავალი უკეთესი ყოფილიყო, მეტიც, ყველაზე მეტს იპარავნენ თვითონ, არასწორად უთითებდნენ მოსავლის რაოდენობას და ა.შ.“.

–          ახსენი, რატომ და როგორ ხდებოდა ეს?

 

 

 

გლობალური წიგნიერება
განსაზღვრეთ, წარმოდგენილი ინფორმაციიდან  ყველაზე მეტად  რომელი გამოდგება ამა თუ იმ პარტიის შედეგების მხარდასაჭერად, თუ ცნობილია, რომ არჩევნები უახლოეს პერიოდში ჩატარდება.

 

მოიყვანეთ ორი არგუმენტი თქვენი მოსაზრების მხარდასაჭერად.

 

დაასაბუთეთ, რომ მეტ-ნაკლებად ზუსტი პასუხების მიღება შესაძლებელია იმ ვითარებაში, როდესაც:

ა) ახლოა არჩევნების დღე;

ბ) გამოკითხვა ჩატარდება მაქსიმალურად მასშტაბურად;

გ) თუ გამოკითხულებს აქვთ ხმის უფლება.

 

 

 

 

– აგებს ლოგიკურ მტკიცებულებებს, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;

– შეუძლია ზეპირი და წერილობითი მეტყველება; იყენებს მონოლოგებს, კონტექსტურ ცოდნას, აფასებს ქმედების სისწორეს, შეაქვს შესაბამისი კორექტივები.

 

 მოსახლეობაში სამმა საინფორმაციო სააგანტომ ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ერთ-ერთი პარტიის შესაძლო შედეგების განსაზღვრა მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში. გამოკითხვის შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ:

საინფორმაციო სააგენტო 1:

მოცემულ პარტიას მხარს უჭერს გამოკითხულთა 25% (შემთხვევით შერჩეული 1000 ამომრჩეველიდან);

 

საინფორმაციო სააგენტო 2: პარტიას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 20%-მა (შემთხვევით შერჩეული 2500 ამომრჩეველიდან);

 

საინფორმაციო სააგენტო 3: პარტიას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 33%-მა (შემთხვევით შერჩეული 1500 ამომრჩეველიდან, რომლებმაც თავად დარეკეს სააგენტოში და მოისურვეს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება).

–          რამ განაპირობა ამგვარი შედეგები?

 

გამოიყენეთ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ინფორმაცია (მაგალითად, სამართლებრივი განხილვის შესახებ) და უპასუხეთ შეკითხვებს:

 

1 – რა არის ტექსტის მიზანი?

2 – გამოხატეთ თქვენი შეხედულება, რის საფუძველზე უნდა გამოუტანონ განაჩენი დანაშაულის ჩამდენს;

3 – როგორია თქვენი სოციალური გამოცდილება ამ ეტაპზე?

 

 

აგებს ლოგიკურ მტკიცებულებებს, მათ შორის იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;

 

– გადაწყვეტს სასწავლო-შემოქმედებით და სასწავლო-პრაქტიკულ დავალებებს, რომლებიც ითხოვს ტექსტის საფუძვლიან და კრიტიკულ შესწავლას.

 

 

სამართლებრივი განხილვის მაგალითი:

„..მე ვთვლი, რომ სიკვდილით დასჯა არ უნდა არსებობდეს, რადგან კიდევ ერთი ადამიანის დასჯა სიტუაციას ვერ გამოასწორებს. ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უარყოფს მსგავს დამოკიდებულებას სასჯელის მიმართ.

ამავე დროს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ მოსამართლეებიც ადამიანები არიან და ისინიც შეიძლება შეცდნენ სასჯელის გამოტანისას. უმჯობესია, დამნაშავე მოვათავსოთ იზოლირებულად და დავავალოთ რაიმე საზოგადოებრივად სასარგებლო საქმის კეთება. მსხვერპლის ოჯახიც ამ საზოგადოების წევრები არიან. პირდაპირ თუ არაპირდაპირ დამნაშავე შრომობს მათ სასიკეთოდაც.

მაგრამ თუ დამნაშავეებს უბრალოდ ციხეში ჩავსვამთ, აღმოჩნდება, რომ კეთილსინდისიერი გადასახადების გადამხდელები და, დიდი ალბათობით, მათ შორისაა მსხვერპლის ოჯახის წევრებიც, იგივე დამნაშავის შესანახად ხარჯებს გაიღებენ მომდევნო 10, 20 და ა.შ. წლების განმავლობაში.

 

– როგორი უნდა იყოს სასჯელი? რა პრინციპით უნდა მოხდეს სასჯელის შეფარდება?

 

 

ფინანსური წიგნიერება
 

გამოიანგარიშეთ, დაახლოებით რა რაოდენობის თანხა შეიტანა  კლიენტმა ახალ ანგარიშზე?

 

– გადაწყვეტს სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის და სასწავლო-პრაქტიკული ხასიათის დავალებას;

– გამოყოფს ელემენტებს, თუ რა პრაქტიკული ელემენტებისგან შედგება საბანკო სისტემა;

– პოულობს, გაიაზრებს ფინანსური უსაფრთხოებისათვის საჭირო ინფორმაციას.

კლიენტს აქვს ანგარიში ბანკში, რომელზეც ერიცხება ყოველწლიური 5% დანამატი. მას შემდეგ, რაც ბანკმა ახალი რეგულაციები შემოიღო, მან გამოიტანა თანხის ნაწილი და გადაიტანა სხვა ანგარიშზე, სადაც წლიურად ემატებოდა 8%, ძველ ანგარიშზე დარჩენილ ნაწილს 9%. შედეგად შემოსავალი 100 ლარზე მეტით გაიზარდა წინანდელ პერიოდთან შედარებით.

როგორ?

 

 

 

დაადგინეთ: რას მივიღებთ მეურნეობის ამგვარი წარმართვის შემთხვევაში? იარსებებს თუ არა (ან როგორ?) ოჯახი ამ თანხებით;

 

(პასუხი: იმისათვის, რომ გავიგოთ, რას მივიღებთ ამგვარად განაწილებული ბიუჯეტის შედეგად, ჯერ კარგად უნდა დავთვალოთ ოჯახის ხარჯები და  შევადაროთ შემოსავალს.. ამგვარ პირობებში, დიდი ალბათობით, ოჯახს მოუწევს კრედიტის ან ვალის აღება, რადგან საკვებში და სხვა სახის მომსახურებისათვის თანხები ვერ ეყოფა.. შესაძლოა, დროთა განმავლობაში დეფიციტი გაიზარდოს კიდეც).

 

 

ავლენს თეორიულ ცოდნას (ფინანსურ წიგნიერებას), რომელსაც აქტიურად გამოიყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში;

– ადარებს, ვისი და რისი ხარჯები უფრო მნიშვნელოვანია და მის მიხედვით ახდენს პრიორიტეტების გადანაწილებას და ხარჯების რეგულირებას;

-ადგენს ოჯახის ბიუჯეტს.

 

ოჯახის ფინანსური შემოსავალი შეადგენს 1500 ლარს; ყველაზე აუცილებელი გასავალი (კომუნალური გადასახადები) შეადგენს 300 ლარს თვეში, ამას ემატება 200 ლარი ტრანსპორტის ხარჯი; 400 ლარი ბავშვების სასწავლო ხარჯებისთვის, დანარჩენი საკვებისა და სხვა მომსახურებისათვის.

როგორია ამ ოჯახის ხვალინდელი დღე?

 

მათემატიკური წიგნიერება
განსაზღვრეთ, რა შეიძლება გავიგოთ საქართველოს გაერთიანების შესახებ?

 

(სავარაუდო პასუხი: თავდაპირველად არსებობდა 2 უდიდესი გაერთიანება – აღმოსავლურ ქართული და დასავლურ-ქართული; თითოეულს თავისი ცენტრი ჰქონდა, შემდეგ, დროთა განმავლობაში, მოხდა მათი გაერთიანება 1 სახელმწიფოდ, თუმცა, ჟამითი-ჟამად მისი დაშლაც ხდებოდა, ხან – 3 ნაწილად, ხან – 4 ნაწილად და უფრო მეტადაც.

– ამოიცნობს პრობლემას, რომელიც წარმოიქმნება მის გარშემო და რომელიც გადაიჭრება მათემატიკის მოშველიებით;

– მიღებულ შედეგებს შეადარებს თანამედროვე პირობებს და გააკეთებს დასკვნებს;

– დააფიქსირებს, ჩაიწერს შედეგებს და დროდადრო, ვითარების კვალობაზე, შეადარებს სხვადასხვა საუკუნისა და სხვადასხვა ქვეყნის ვითარებას.

 

თემა: „საქართველოს გაერთიანება შუა საუკუნეებში“

 

როგორ წარიმართა ეს პროცესი?

 

დაფაზე (ეკრანზე) მივუთითოთ ციფრები: 2-1-3-4-…

 

გამოთვლა:

1.                  XIV საუკუნის II ნახევარში ევროპას შავი ჭირის ტალღამ გადაუარა, რამაც მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. შემცირდა დამოკიდებულ გლეხთა რაოდენობაც. ფეოდალებმა ერთმანეთის გლეხების „გადაბირება“ დაიწყეს. შრომის ბაზარზე გლეხის ფასი გაიზარდა. გლეხებს ძალით კი აღარ მიერეკებოდნენ სამუშაოზე ფეოდალის მამულში, არამედ საკუთარი სურვილითაც გულისხმიერად მუშაობდნენ, რადგან ახლა იმაზე მეტად ხედავდნენ საკუთარი შრომის შედეგს, ვიდრე უწინ. მომდევნო 4 საუკუნის განმავლობაში გლეხთა მდგომარეობა კვლავ დამძიმდა, თუმცა მანუფაქტურების გაჩენამ მათი მდგომარეობა თანდათან შეცვალა – ორთქლით ძრავების გამოყენებამ შრომა კიდევ უფრო რენტაბელური გახადა.

– დაახლოებით რამდენი წელი დაჭირდა გლეხის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას, თუ გლეხთა ფეოდალური დამოკიდებულება ინგლისში XVI საუკუნის ბოლოდან თითქმის აღარ არსებობდა?

– რა შემოსავალი დარჩებოდა ორთქლის ძრავაზე მომუშავე ლონდონის მანუფაქტურის მუშას XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედში, თუ ჯამაგირის 25%-ს ბინის ქირაზე ხარჯავდა, ხოლო ყოველდღიურ ხარჯებს შემოსავლების თითქმის მესამედი სჭირდებოდა?

– პრობლემის ფორმულირებას ახდენს მათემატიკის ენაზე;

– წყვეტს პრობლემებს, რისთვისაც იყენებს მათემატიკურ ფაქტებსა და მეთოდებს;

– ამოიცნობს პრობლემებს, რომლებიც წარმოიშობიან რეალურ სინამდვილეში და შეიძლება გადაიჭრან მათემატიკის გამოყენებით.

 

აღწერეთ სურათი. ორთქლის ძრავით დაინტერესება ძალიან გაიზარდა გვიან შუა საუკუნეების ევროპაში და განსაკუთრებით ინგლისში.

რატომ და როგორ?

სამეცნიერო წიგნიერება (საბუნებიმეტყველო მეცნიერებები)
„ადამიანის ევოლუციის“ სქემაზე დაყრდნობით შესაძლოა პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს:

1.       რა არის მოცემული მასალის ძირითადი იდეა?

2.       თანამედროვე ადამიანს ჰყავდა ორი „უშუალო წინაპარი“. დაასახელეთ ისინი.

 

 

– მოჰყავს მტკიცებულებები, იყენებს ფაქტებს;

– გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან მიღებულ ცოდნას;

– განაზოგადებს მიღებულ ცოდნას და აკეთებს დასკვნებს.

 

ადამიანის ევოლუციის სქემა

 

1. დრიოპითეკი

2. ავსტრალოპითეკი

3. პითეკანტროპი (სინანთროპი)

4. ნეანდერტალელი

5. კრომანიონელი

6. თანამედროვე ადამიანი

 

 

– ხსნის შემდეგ ფაქტებს:

ცვლილებები დაკავშირებულია პირველყოფილი ადამიანის განსახლებასთან უძველეს პერიოდში; ასევე ადამიანის ანთროპოგენეზის ეტაპებთან (ბიოლოგიური, მატერიალური, სოციალური ნიშნების თანხვედრაზე); მოჰყავს არგუმენტი სამეცნიერო ჰიპოთეზის ფარგლებში, გამოჰყოფს „მხარდამჭერ“ და „უარყოფის“ პოზიციებს.

 

– სავარაუდო არგუმენტი: XXI საუკუნის მთავარი გამოწვევა ცხოვრების ინფორმატიზაციაა. ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა დაკავშირებულია ტელეკომუნიციებთან, საინფორმაციო -კომპიუტერულ ქსელთან; ბიოტექნოლოგიის, რობოტექნიკის, გენური ინჟინერიის და გამოთვლითი ტექნიკის სხვა სიახლეები შემეცნების ფორმების ცვლილებებისკენ გვიბიძგებენ. იცვლება ადამიანის ფიზიოლოგიაც და, შესაბამისად, ფსიქოლოგიაც.

 

ახდენს ცოდნის კონსტრუირებას მტკიცებულებებისა და ანალიზური ოპერაციების საფუძველზე;

– ადარებს, ირჩევს, აფასებს, განსაზღვრავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან მიღებულ ცოდნას და პრაქტიკულად იყენებს ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

 

ჩარლზ დარვინი თავის კვლევებში ყურადღებას ამახვილებდა საინტერესო ფაქტზე: უძველესი ეპოქის ქვის ისრის ბოლოები, რომელიც სხვადასხვა ადგილებიდან იყო აღებული, თითქმის იმეორებდა ერთმანეთს. მეცნიერებმა მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთეს.

ამგვარი გაგებით, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევებიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ადამიანის ახალი ევოლუციის კარიბჭესთან ვდგავართ.

 როგორ?

 

 

ტექსტოგრაფიული რესურსებით მუშაობა ხელს უწყობს სხვადახვა ფორმით ინფორმაციის დალაგებას და ტექსტების უკეთესად გაგება-გააზრებას, ვითარდება ფუნქციური წიგნიერებაც და საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლის შედეგებიც გაცილებით ეფექტურია.

 

 

 

დისტანციური სწავლების მრავალფეროვნებისთვის        

0

ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა – მუსიკა

მეცნიერება არის ცოდნის სისტემა, ბუნების, საზოგადოებისა და აზროვნების განვითარების კანონზომიერებათა შესახებ. მას საფუძველი ანტიკურ ხანაში საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილების გამო ჩაეყარა. მისი ადრეული ფესვები ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში გვხვდება. თალესი იყო პირველი, ვინც ბუნების შესწავლა დაიწყო. იგი ჩვ. წ. აღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში მოღვაწეობდა. ის იყო პირველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. მან პირველმა თქვა, რომ ყველაფერს საფუძვლად უდევს უბრალო ფიზიკური წესები.

მეცნიერების ადრეული დარგები იყო ფილოსოფია და მათემატიკა. სოკრატე, პლატონი, არისტოტელე – იყვნენ გამოჩენილი მოაზროვნეები, რომლებმაც თაობებს მსოფლიოს აღქმის თავისებური ხედვა დაუტოვეს…

საუკუნეები დასჭირდა მეცნიერების ერთიან სისტემად ჩამოყალიბებას. მეცნიერების განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა ექსტენციური და რევოლუციური პერიოდები. ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა – „მეცნიერება, ტექნიკა, წარმოება“, რომელშიც წამყვანი როლი მეცნიერებას ეკუთვნის.

მეცნიერება ადამიანის საქმიანობის სფეროა, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. ამავე დროს მეცნიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.

თანამედროვე მეცნიერებები სამ ძირითად დარგად იყოფა. ესენია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), სოციალური მეცნიერებები (ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია) და ფორმალური მეცნიერებები (ლოგიკა, მათემატიკა, თეორიული კომპიუტერიული მეცნიერებები), რომლებიც აბსტრაქტულ ცნებებს შეისწავლიან. დისციპლინები, რომლებიც პრაქტიკული მიზნებისთვის არსებულ სამეცნიერო ცოდნას იყენებენ, მაგ. ინჟინერია, მედიცინა არის გამოყენებითი მეცნიერებები. კულტურული მეცნიერება სწავლობს ადამიანთა საზოგადოების სულიერი განვითარებისა და სრულყოფის სხვადასხვა ასპექტს. მუსიკა – ადამიანის წარმოსახვის აბსტრაქტული გამოხატულებაა, იგი კულტურულ მეცნიერებებს მიეკუთვნება.

ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესისათვის. ჩვენ, ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რომ მეცნიერების დაყოფა საგნებად ხდება არა დანაწევრების, არამედ ერთი მთლიანი იდეის – მეცნიერების განვითარებისა და სრულყოფისთვის.

ფიზიკა შეიძლება დავუკავშიროთ ნებისმიერ სხვა საგანს, რადგან იგი ჩვენი ყოველდღიურობაა. მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, ინტეგრაცია მოახდინოს შინაარსობრივად განსხვავებულ დისციპლინებთან. ასეთი თემატიკა მოზარდებში მეტ დაინტერესებას გამოიწვევს.

დისტანციური სწავლების პირობებში მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება. ონლაინგაკვეთილების შინაარსობრივი გამრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს ფიზიკა – მუსიკა.

გაკვეთილის იდეა ის გახლავთ, რომ მუსიკალური ინსტრუმენტისთვის სიმების დამზადება უკავშირდება არჩეული ნივთიერების არა მარტო ზომას, არამედ სიხისტესა და შესაბამისად, იუნგის მოდულს. მუსიკალური ინსტრუმენტისთვის სიმები ისეთი მასალისგან უნდა დამზადდეს, რომელიც განიცდის მუსიკალური ბგერის გამოცემისთვის საჭირო დეფორმაციას. ასეთი საკითხები მოსწავლეებში განავითარებს ვერბალურ და არავერბალურ უნარებს. ცხრილებზე მუშაობითა და გრაფიკების აგებით მოსწავლეები შეძლებენ ფიზიკური მოვლენის ერთი ნიშანთა სისტემიდან მეორეში გადატანას – შესაბამისად განუვითარდებათ სემიოტიკური უნარები. მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს.

მსგავსი შინაარსის გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მათემატიკური აპარატისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენებას; მოვლენების და პროცესების სათანადო ახსნას სანდო და საკმარის მონაცემებზე დაყრდნობით. მოსწავლეებს განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის მოპოვების, შეფასების, გაზიარების, დისკუსიის და პრეზენტაციის უნარები. ჯგუფური მუშაობა განუვითარებთ ინტერპერსონალურ ინტელექტს.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ ორ დისციპლინას შორის კავშირის დამყარებას.

ფიზიკა – განსაზღვრავს ჰუკის კანონსა და მსჯელობს მყარი სხეულის მექანიკური თვისებების შესახებ.

მუსიკა – ეცნობიან ინდურ მუსიკალურ ინსტრუმენტს, სიტარას და კომპოზიციებს ამ ინსტრუმენტის თანხლებით.

გრძელვადიანი მიზანი: კრიტიკული, ანალიტიკური უნარების განვითარება; ცოდნის ტრანსფერი; წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.

მისაღწევი შედეგი:

ფიზ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედების აღწერა.

  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

მუს.IX.6.მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.

  • შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს/შემსრულებელს/კომპოზიტორს;
  • მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ;
  • მოიძიებს მუსიკალურ (აუდიო-ვიდეო) მასალას, საჭირო აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს.

 

მუს. IX.9. მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.

– ახასიათებს თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მათ ზეგავლენას სამუსიკო ხელოვნებაზე;

– განმარტავს, როგორ შეუძლია გამოიყენოს მუსიკის შესწავლით მიღებული ცოდნა და უნარები სხვადასხვა პროფესიაში.

 

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები:

  1. საკვლევი შეკითხვის დასმა და პრობლემის განსაზღვრა;
  2. მოვლენების და პროცესების სათანადო ახსნა სანდო და საკმარის მონაცემებზე დაყრდნობით;
  3. მოდელების შექმნა და გამოყენება;
  4. მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  5. მათემატიკური აპარატისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენება;
  6. არგუმენტირებული მსჯელობა;
  7. ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და გაზიარება.

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობა 1. (12 წუთი):

მეთოდი – პრეზენტაცია

მუშაობის ფორმა – ინდივიდუალური, ჯგუფური

რესურსი – კომპიუტერი, პროექტორი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების იდეას და გაიხსენებენ წინარე ცოდნას.

გაკვეთილი იწყება საშინაო დავალებად მიცემული პრეზენტაციების წარმოდგენით.

I  ჯგუფის პრეზენტაცია – ბუნების ძალები;

II  ჯგუფის პრეზენტაცია – მყარი სხეულის დეფორმაციის სახეები; დრეკადი და პლასტიკური დეფორმაცია;

III ჯგუფის პრეზენტაცია – ინდური საკრავი სიტარა და ინდოელი მუსიკოს-შემსრულებელი ანუშკა შანკარი.

მასწავლებელი კიდევ ერთხელ განამტკიცებს იმ საკითხებს, რომელთა დაზუსტებაც საჭირო იქნება მოსმენილი პრეზენტაციების შემდეგ. განმარტავს, რატომ შეარჩია ინტეგრირებული გაკვეთილისთვის მოცემული თემა. გაკვეთილის მსვლელობის პროცესში მკაფიო ხდება არსებული კავშირი მოცემული ნივთიერების დეფორმაციის თვისებებსა და მუსიკალური ინსტრუმენტის დამზადების საკითხთან მიმართებაში.

აქტივობა 2. ( 15 წუთი):

მეთოდი  – სადემონსტრაციო ცდა, მინი-ლექცია

მუშაობის ფორმა – ინდივიდუალური, ჯგუფური

რესურსი – რკინის ბურთულა, ღრუბელი, მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, სახელმძღვანელო: ფიზიკა- გ.გედენიძე, ე.ლაზარიშვილი,  მე-9 კლასი.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაერკვევიან ჰუკის კანონის ფიზიკურ შინაარსში; ასევე, რა კავშირი აქვს სხეულის სიხისტეს და იუნგის მოდულს მუსიკალური ინსტრუმენტის სიმების დამზადების დროს.

მასწავლებელი ატარებს მარტივ სადემონსტრაციო ცდას ფოლადის სხეულისა და ღრუბლის გამოყენებით. მოსწავლეების ჩართულობით განმარტავს, რომ ღრუბლის დეფორმაცია მკაფიოა, მაგიდის დეფორმაცია კი არ შეიმჩნევა, მაგრამ ისიც დეფორმირდება და მასში აღიძვრება დრეკადობის ძალა. ანალოგიური დრეკადობის ძალა აღიძვრება ნებისმიერ საკიდში. ყველა ტიპის დეფორმაცია დაიყვანება გაჭიმვისა (კუმშვის) და ძვრის დეფორმაციაზე. დეფორმაცია ხასიათდება აბსოლუტური და ფარდობითი წაგრძელებით. განმარტავს თითოეულ მათგანს; შემოაქვს ჰუკის კანონის განმარტება და შესაბამისი ფორმულა; აზუსტებს, რომ  k არის პროპორციულობის კოეფიციენტი და მუდმივია მოცემული ზამბარისათვის და არა ნივთიერებისთვის.

განხილული მაგალითების საფუძველზე უხსნის მოსწავლეებს, რომ სხეულის სიხისტე პირდაპირპროპორციულია S განივკვეთის ფართობის და უკუპროპორციულია l0 საწყისი სიგრძის; ასევე დამოკიდებულია ნივთიერების გვარობაზე.

K = S.E / l0 ;

სადაც E არის დრეკადობის, ანუ იუნგის მოდული.

მასწავლებელს შემოაქვს მექანიკური ძაბვის განმარტება და მისი ერთეული, რომელიც ახასიათებს დეფორმირებული სხეულის მდგომარეობას. საუბრობს გავრცელებულ სიმებიან ინსტრუმენტებზე. განმარტავს, რომ სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად იყენებენ კაკლის, თუთის, ნაძვის და ფიჭვის ხის მასალას. განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ინდოეთში გავრცელებულ საკრავ სიტარაზე. უხსნის მოსწავლეებს, რომ ზოგადად მუსიკალური ინსტრუმენტის სიმებს ამზადებდნენ ცხოველების ნაწლავებისგან, თუმცა სიმების ეს ტრადიცია არ არის შენაჩუნებული. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სხვადასხვა თანამედროვე სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტისთვის იყენებენ ლითონის, პოლიკარბონატის, ნეილონისა და აბრეშუმის სიმებს, ასევე აბრეშუმის დაგრეხილ და გასანთლულ ძაფს (ჩონგური). რაც შეეხება სიტარას, მას აქვს, ეგრეთ წოდებული, სიმპათიკური სიმები, რომლებიც მზადდება ლითონისგან. უხსნის მოსწავლეებს, რომ მუსიკალური ინსტრუმენტის სიმებისთვის იყენებენ ისეთ მასალას, რომელსაც აქვს გარკვეული ფიზიკური თვისებები; კერძოდ, სიხისტე და იუნგის მოდული.

ცხრილის გამოყენებით განმარტავს, როგორი უნდა იყოს იმ სხეულის იუნგის მოდული, რომ იგი დასაკრავ ინსტრუმენტად გამოვიყენოთ.

აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ფიზიკის კანონები განსაზღვრავენ და განაპირობებენ ჩვენს ყოფა-ცხოვრებას.

აქტივობა 3. ( 6 წუთი)

მეთოდი: თანამშრომლობითი სწავლება

მუშაობის ფორმა: ჯგუფური

რესურსი: ცხრილის მონაცემები; თაბახის ფურცლები; მარკერები.

აქტივობის მიზანი: მოსწავლე აგებს გაჭიმვის დიაგრამას და არკვევს ჰუკის კანონის სამართლიანობის პირობებს.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში და მასწავლებლის მიერ მიცემული ცხრილების საშუალებით აგებენ გაჭიმვის დიაგრამას. გრაფიკის მიხედვით საუბრობენ ჰუკის კანონის სამართლიანობის საზღვრებზე.

აქტივობა 4. (9 წუთი) გაკვეთილის შეჯამება; მოსწავლეთა შეფასება; ურთიერთშეფასება. საშინაო დავალება

მეთოდი: ვერბალური კომუნიკაცია; შეფასება; ურთიერთშეფასება.

მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური; საკლასო; ჯგუფური.

რესურსი – დაფა; ცარცი; მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაცია; კომპიუტერი; შეფასების რუბრიკები.

აქტივობის მიზანი: ახსნილი თემის შეჯამება; უკუკავშირის მიცემა მოსწავლეთათვის; მოსწავლეთა შეფასება და ურთიერთშეფასება; დავალების მიცემა.

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილის თემას – რა მნიშვნელობა აქვს ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას და იმის გააზრებას, რომ ყველა საგანი ემსახურება კაცობრიობის განვითარებას; ფიზიკის კანონები და აღმოჩენები შეიძლება ყველა სასწავლო დისციპლინაში დავინახოთ.

მასწავლებელი მოსწავლეთა ერთ ჯგუფს სთხოვს, გააკეთოს პრეზენტაცია ლეგენდარული ჯგუფის „Beatles”-ის კავშირზე ინდოეთთან და სიტარასთან. ასევე უხსნის მოსწავლეებს, რომ არანაკლები დაინტერესება შეინიშნება ჯგუფ „Led zeppelin”-ის შემოქმედებაში და მოსწავლეებს ასმენინებს კომპოზიცია „Kashmir”-ის მცირე ფრაგმენტს.

საშინაო დავალება: სახელმძღვანელოს მიხედვით რვეულში ააგეთ გაჭიმვის დიაგრამის გრაფიკი და მომდევნო გაკვეთილზე იმსჯელეთ ნარჩენი დეფორმაციის, დრეკადობის ზღვრისა და სიმტკიცის მარაგის შესახებ.

საკითხი არის საკმაოდ რთული, მისი დაკავშირება მუსიკალურ ინსტრუმენტებთან უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის გაკვეთილს. მუსიკალური კომპოზიციის მოსმენა ფიზიკის გაკვეთილზე არის მეტად ეფექტური და მამოტივირებელი აქტივობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

ფიზიკა- გ.გედენიძე, ე.ლაზარიშვილი,  მე-9 კლასი;

ფიზიკა- ქ.ტატიშვილი, მე-9 კლასი.

გაკვეთილზე გამოყენებული მუსიკალური კომპოზიციები:

https://drive.google.com/file/d/1jdBv2-adscMZWn7SGn1L604aAjTPrQHI/view

https://drive.google.com/file/d/1yt_9noDoGZ10tN7vALUnraMtG8ab0N1-/view

https://drive.google.com/file/d/1-3vRflZDW2ZDa04SbixTt4uPkq97D4A0/view

 

 

 

 

თქვენი შვილის ტელეფონში ურჩხულია

0

არ მახსოვს, რომელი იყო პირველი – „ფორბსი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“ თუ BBC, მგონი სულაც ერთდროულად დაწერეს, მაგრამ თეთრმა სახლმა კი ნამდვილად შემოგვითვალა, ტელეფონებიდან ერთი სახალისო, ჩინური აპლიკაცია სასწრაფოდ წაშალეთო.

თავდაპირველად ეს ამერიკულ-ჩინური „კინკლაობის“ პატარა დეტალი მეგონა. Covid 19-ის პერიოდში დაწყებულ „არა, შენი ბრალია, არა, შენი“-ს გაგრძელება და ამერიკის შტატებში ჰუავეის ბრენდის დაბლოკვის საქმეს მივამსგავსე, მაგრამ შემდეგ უფრო ღრმად გავეცანი საკითხს და გავიგე, რომ ინდოეთმა, კანადამ და რამდენიმე სხვა ქვეყანამ ასევე აკრძალეს ამ აპლიკაციის გამოყენება. მივხვდი, საქმე არცთუ სახუმარო ამბავთან მქონდა. შეერთებულ შტატებში კი საჯარო პირებს დიდი ხანია ეკრძალებათ ამ ჩინური აპლიკაციის გამოყენება, რომელსაც სახელიც კი უწყინარი აქვს: Tik Tok.

კერძო კომპანიები, მათ შორის – გიგანტი Amazon-ი, თანამშრომლებს აფრთხილებდნენ, თუ ამ აპლიკაციას გამოიყენებთ, სამსახურს დაკარგავთო. ონლაინ ვაჭრობის ზოგიერთმა მაღაზიამ კი პასუხისმგებლობაც მოიხსნა იმ მომხმარებლის წინაშე, ვისაც „ტიკ ტოკი“ ჰქონდა და ვისი ელექტრონული ფულიც გაქრებოდა. პეკინში შექმნილი „გასართობი“ და უწყინარი აპლიკაცია (უცნაურია, რომ ჩინეთში ეს ადგილობრივი პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის) თურმე ტელეფონის მფლობელის სრულ ინფორმაციას იყენებს და შეუძლია, ტელეფონიდან დააკოპიროს ფოტოები, ვიდეოები, პაროლები, ტელეფონის ნომრებიც კი. მოკლედ, ყველაფერი, რაც პირად ინფორმაციას შეიცავს.

სწორედ აქ იწყება ყველაზე მნიშნელოვანი რამ, რაც უპირველესად მშობლებისთვის იქნება საყურადღებო.

აპლიკაცია თითქმის მილიარდმა ადამიანმა გადმოიწერა და მათი დაახლოებით ორი მესამედი თინეიჯერი იყო. საერთო ჯამში, თინეიჯერების ტელეფონებში ხშირად ინახება ისეთი ინფორმაცია, რაც შეიძლება გარე მოხმარებისთვის არ იყოს, მაგრამ საკუთარი მოხმარებისთვის კი გამოიყენებოდეს: სარკესთან გადაღებული ნახევრადშიშველი ფოტო, ვიდეოდღიური, სადაც ასევე შილიფად ჩაცმული შეიძლება იჯდეს, მეგობართან გაგზავნილი სხეულის ფოტო და სხვა. ამ ინფორმაციას ავადმყოფი ადამიანები საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ ისე, რომ ამაზე არავის, მოზარდის მშობლებსაც კი არ აქვთ წარმოდგენა.

ხომ საზარელია იმის წარმოდგენა, რომ თქვენი შვილის ერთი შეხედვით უწყინარი ფოტო პედოფილმა საკუთარი ვნებებისთვის გამოიყენოს?! ახლა კიდევ უარესს წაიკითხავთ:

ტიკტოკერობის მთავარი ხიბლი, რაც ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის, მიმდევართა – ე.წ. Follower-თა რაოდენობაა. მათი რიცხვის ზრდა კი გეომეტრიული პროგრესიითაა შესაძლებელი, თუ თამაშის გარკვეულ წესებს მიჰყვები. ტიკტოკერები დახურულ ჯგუფებში, გამოწვევის – Challenge-ის პრინციპით, თამამ და კიდევ უფრო თამამ ვიდეოებს ტვირთავენ იმ იმედით, რომ ინფორმაცია მხოლოდ მათ გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი სანამ ამტვირთავი არ წაშლის. სინამდვილეში კი მსგავსი შინაარსის ვიდეო იმავე წუთას იტვირთება აპლიკაციის სერვერზე (კომუნისტურ ჩინეთში განთავსებული სერვერი) და შემდგომ, არცთუ იშვიათად, პორნოგრაფიულ საიტებზე აღმოჩნდება ხოლმე.

ბრიტანელი ვეტერანი პოლიციელი ჯონ კარი, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვის მიმართ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა, ბოლო თვეებია ამტკიცებს, რომ Tik Tok-ი არის მაგნიტი პედოფილებისთვის.

გამოცდილი, დახელოვნებული ტიკტოკერები უმეგობრდებიან ბავშვებს და აჩვენებენ მათ საკუთარ „შოკისმომგვრელ“, პოპულარობის მომტან ვიდეოებს, უხსნიან, როგორ უნდა მიაღწიო პოპულარობას ისე, რომ „ვერავინ გაიგოს“. ესაა მშობლებისგან უკონტროლო სივრცე, სადაც ადამიანს ბევრი მიმდევრისა და ბევრი ნახვის შედეგად თავი პოპვარსკვლავად წარმოუდგენია. ესაა ირეალური სამყარო, სადაც პოპულარობა შესაძლოა ერთ დღესაც ინტერნეტბულინგმა შეცვალოს, აღტაცება კი დეპრესიამ.

მოზარდებისა და ბავშვების აზრის მართვა წარმოუდგენლად ადვილია, ადვილია მათი დაყოლიება და ერთი თინეიჯერის გადაბირებით მისი გარემოცვის დაზიანებასაც აადვილებს.

პატარები მსგავს საიდუმლოს თითქმის არასოდეს უმხელენ უფროსებს. ჩვენ მათ მოსმენას გადავეჩვიეთ, დრო არ გვაქვს, დიდი უფსკრული გაჩნდა თაობებს შორის. ან, უბრალოდ, მსგავს თემაზე საუბარი მოზარდებს ესირცხვილებათ.

„ტიკ-ტოკის“ საშიშროებაზე უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ისრაელის დაზვერვის სამსახურმა 2019 წელს შეისწავლა ყველა ის საშიშროება, რაც აპლიკაციის თუნდაც ერთხელ გადმოწერას ახლავს თან. იმავე წელს ამერიკის ბავშვთა უფლებების დაცვის კანონის დარღვევისთვის ჩინურმა კომპანიამ 5.7 მილიონი ჯარიმა გადაიხადა, 2020-ში კი აპლიკაციით სარგებლობა უდიდეს რისკთან გაათანაბრეს.

ჩვენი შვილების ტელეფონები საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღების მშვენიერი წყაროა. არ ვემხრობი აზრს, რომ თინეიჯერს ტელეფონი ან ლეპტოპი უნდა ავუკრძალოთ, რადგან ეს შეუზღუდავი ინფორმაციის წყაროა, რომლის საშუალებითაც ის მნიშვნელოვან ფაქტებს ეცნობა, თუმცა შეუზღუდავი ინფორმაციის ნაკადს თან ურჩხულებიც მოჰყვებიან, რომლებიც ამ ვირტუალურ „წყლებში“ შეუმჩნევლად დაცურავენ და ინფორმაციასაც შეუმჩნევლად იტაცებენ ჩვენი გაჯეტებიდან, ან თავად აწვდიან მოზარდებს იმ ინფორმაციას, რომელიც მათთვის ლმიუწვდომელი უნდა იყოს. გაიხსენეთ 15-16 წლის გოგონები, რომლებსაც თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ინტერნეტით პოულობდნენ, ტვინს ურევდნენ და დასავლური ქვეყნებიდან სირიასა და ერაყში წასვლას აიძულებდნენ. ცივილიზებული სამყაროსგან უკონტროლო ტერიტორიაზე ისინი მართლაც ურჩხულის ხახაში ცვიოდნენ – დედის, მამის, მეგობრებისა და დამცველების გარეშე, უკან წამოსვლა კი შეუძლებელი იყო. ასე იქცნენ პატარა გოგონები Jihadi Bride-ებად, სადაც სიყვარულის ნაცვლად წამება, თაფლობის თვის ნაცვლად კი სექსუალური ძალადობა ხვდებოდათ.

სამწუხაროდ, მსოფლიო ისე ვითარდება, რომ დადებითთან ერთად ხშირად უარყოფითი ინფორმაციაც ღვარცოფივით მოედინება მოზარდების ცნობიერებისკენ. მათი გამოუცდელი და დაუცველი ფსიქიკა ხშირად მზად არ არის, გაუძლოს ამ ნაგავს, ამიტომ ზომიერი და ფრთხილი კონტროლი საჭირო და სასარგებლოა.

ფრთხილად იყავით, მშობლებო, შესაძლოა თქვენი შვილის ტელეფონში ურჩხული დასახლდეს და მას გასართობი აპლიკაციის სახელი ერქვას, ან ინტერნეტის უკიდეგანო პრერიებში ჩასაფრდეს ოდესღაც საწოლის ქვეშ მცხოვრები მონსტრი, რომელიც თქვენს შვილს, ჰენზელისა და გრეტელისა არ იყოს, ჯერ „ტკბილეულის სახლში“ მიიპატიჟებს, მერე კი მათი ხორცით სადილობას გადაწყვეტს.

სანთლის შუქი, ფანქრიანი ხელი  

0

ახალი წაკითხული მქონდა იურგენ ტორვალდის „კრიმინალისტიკის ასი წელი“, ანდრაშ ბერკეშის „ნიმფიანი ბეჭედი“ და კიდევ ერთი ნათხოვარი, მოცვეთილყდიანი წიგნი, რომლის ავტორსა და სათაურსაც ვერ ვიხსენებ – მზვერავების სახიფათო საქმიანობაზე იყო, მათ ზეადამიანურ გამძლეობაზე. სკოლისთვის იჯარით გადაცემულ ვაშლის ბაღში წაგვიყვანეს და გაშიშვლებულ, გაშავებულ ხეებთან დაგვაყენეს – ამიერიდან მათზე მზრუნველობა ჩვენ, მეცხრეკლსელებს გვევალებოდა. საგანსაც ვსწავლობდით, მეხილეობა ერქვა. და ზამთრის იმ ქარიან დღეს მ.მ. რომ გაჯიუტებულიყო და არ დამხმარებოდა, ჩემი ხისთვის მიწა რომ არ შემოებარა, კიდევ ერთხელ დამრევდა ხელს ყველაფრისგან გაქცევის სურვილი – რაც თავის სხვა მხარეს შებრუნებას მაიძულებდა, ნელ-ნელა მამძიმებდა და მახრჩობდა.

მ.მ.-მ ბარი ხეზე მიაყუდა. დასასვენებლად ჩამოჯდა. იქვე, ცივ მიწაზე.

ვუთხარი, თეატრის მსახიობობა გადავიფიქრე, გულმა უფრო დიდი საქმისკენ გამიწია-მეთქი. წაკითხულ წიგნებზე მოვუყევი, „ინტელიჯენს სერვისის“ საქმიანობაზე, მზვერავების, ჯაშუშების წარმოუდგენელი საფრთხეებით სავსე ცხოვრებაზე. გარდასახვის ხელოვნება იქ ფასდებოდა, თუ ფასდებოდა. და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაზე რთული დავალებების შესრულებასაც კი შევძლებდი, ბოლომდე სამშობლოს ერთგული ვიქნებოდი (რომელი სამშობლოს – დიდი ბრიტანეთის? ფიქრებში, ძილის წინ გაწელილ წუთებში სწორედ ბრიტანელების სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე ვზრუნავდი), წამებას, შიმშილს, წყურვილს გავუძლებდი…

– ვიცი, არ გჯერა, მაგრამ ძალიან ბევრის ატანა შემიძლია, – ვთქვი და შევხედე.

ჩამუქებული სახე ჰქონდა, უკმაყოფილო.

– კაგებეშნიკობა გინდა, გოგო? – მკითხა ბოლოს.

*

წლების შემდეგ, დიდი უშუქობის ხანაში, როცა რუსულ არხზე დევიდ ლინჩის „ტვინ პიქსს“ ვუყურებდი, მეგობარს ხელს არ ვუშვებდი – შეიძლებოდა შუქი ნებისმიერ წუთს ჩამქრალიყო და სერიალიც ყველაზე საშიშ ადგილას გაწყვეტილიყო. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ მშიშარაც ვიყავი და სიბნელეში შვიდთავიანი ურჩხულების დამნახავიც. „ბუები არ არიან ისინი, რადაც ჩანან“, – მეორდება და მეორდება ამ ფილმში. თითქოს არსებითი გამხდარა, რომ ეს მუდმივად გვახსოვდეს, რომ ფეხქვეშ მიწის გამოცლას ყოველ წუთს ველოდეთ.

*

„1945 წელს ჩვენი მშობლები ქვეყნიდან გაემგზავრნენ და ჩვენი თავი იმ ორ კაცს ჩააბარეს, ვინ შეიძლებოდა სულაც ბოროტმოქმედები ყოფილიყვნენ“, – ასე იწყება ბუკერის პრემიის ლაურეატის, მაიკლ ონდააჩის ბოლო რომანი „Warlight“, რომლის სათაურიც ქართულად მეტად პოეტურად თარგმნეს: „ომის წილი სინთლე“. და-ძმას, 14 წლის ნათანიელსა და 16-ს მიტანებულ რეიჩელს ზაფხულის ერთ დილას მშობლები გაუმხელენ, რომ სამუშაოდ ძალიან შორს, სინგაპურში მიდიან, მათ კი ლონდონში ტოვებენ – ცხადია, უმეთვალყურეოდ არა. ეს უცნაური ადამიანები შვილებს სანდოდ დასახულ, თუმცა კი და-ძმისთვის თითქმის უცნობ კაცებს ჩააბარებენ. და რას საქმიანობენ ეს კაცები? რის გადაფარვას ცდილობენ სიტყვებით, ქმედებებით? რამდენად შეიძლებოდა მათი ნდობა, ვისი თითოეული გადაწყვეტილება, თითოეული გაქრობა თუ გამოჩენაც იდუმალებითაა მოცული? კითხვების ძაფი აქ არ წყდება, უფრო დიდი გამოცანისკენ მიდის: ვინ არიან, ბოლოს და ბოლოს, ნათანიელისა და რეიჩელის მშობლები? მართლაც სინგაპურში არიან თუ სადმე სხვაგან? და რა საქმის ერთგულებამ აიძულათ, რომ შვილები უცხო ხალხთან ამდენი ხნით დაეტოვებინათ?

„ომის წილი სინათლე“ საიდუმლოებით, ძნელად პასუხგასაცემი კითხვებით სავსე წიგნია, სადაც ყველა და ყველაფერი გადასხვანაირებული სახით მოჩანს. ხანძარი ბეიკერ-სტრიტზე, საფოლკის სოფლის სახლები, ხამანწკების საჭერი ნავი, ბიბისის რადიოს შაბათის გადაცემა… არაფერია ის, რადაც ჩანს და ამის შესახებ მუდმივად გვაფრთხილებენ, სხვადასხვაგვარად მიგვანიშნებენ.

„ახლა, წლების შემდეგ, როცა ეს ყველაფერი ფურცელზე გადმომაქვს, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს სანთლის შუქზე ვწერ, თითქოს ქაღალდისა და ფანქრიანი ხელის გარდა, სხვა ყველაფერი ბნელშია დარჩენილი და საერთოდ ვერ ვხედავ“, – ეს ნათანიელის სიტყვებია, იმ აწმყოში აღმოჩენილის, რომელში თავის დასანახადაც წარსულის სურათის აღდგენა, მთავარ კითხვებზე ახალი პასუხების პოვნა დასჭირვებია. პატარა ბიჭი აღარ არის და ხვდება, რომ სიმართლის ბოლომდე გარკვევა, მკაფიო სურათის დანახვა ვერ მოხერხდება. რაღაც სამუდამოდ გაუჩინარდა. რომელიღაც კვალი სასოწარმკვეთად ჩაიკარგა დავიწყებულ წვრილმანებში, სახეშეცვლილი მოგონებების ქარვისფერ შუქში.

*

წლების წინ, ზამთრის იმ გაცრიატებულ დღეს, ვფიქრობდი, რომ მ.მ.-ს იმედი გავუცრუე, წიგნების კითხვით შეპყრობილ, მეოცნებე კლასელზე შექმნილი წარმოდგენა გავუცამტვერე. კმაყოფილიც ვიყავი – ისეთი არა ვარ, როგორადაც ვეჩვენებოდი-მეთქი.

 

   ბენ-ტოვიტი  ტკივილის გზაჯვარედინზე

0

სახარებისეული ამბები მხატვრულ ლიტერატურასა თუ, ზოგადად, ხელოვნებაში ათასგვარი ინტერპრეტაციით გვხვდება. თუ როგორ აღიქვამდნენ ქრისტეს თანამედროვენი, ეს ოთხივე სახარებაში კარგად ჩანს. მწერლებსაც აინტერებთ ეს თემა, მაგალითად, ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა იესო ქრისტეს სახე მისი თანამედროვე 77 სხვადასხვა ადამიანის თვალთახედვით წარმოაჩინა  („იესო, ძე კაცისა“). გვახსენდება, აგრთვე,  მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ნიკოს კაზანძაკისის „იესო კვლავ ჯვარს ეცმის“,  ჟოზე სარამაგოს „იესოს სახარება“, ერიკ ემანუელ შმიტის „პილატეს სახარება“, სელმა ლაგერლოფის „ლეგენდები ქრისტეზე“ და სხვა მრავალი.

ამ თვალსაზრით, გამორჩეული და საინტერესოა ლეონიდ ანდრეევის მოთხრობა „ბენ-ტოვიტი“, რომელშიც სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოჩნდება ცნობილი სახარებისეული ამბავი. ამ ნოველაში, მწერალი ხატავს ადამიანის სულიერ-ზნეობრივ თუ ყოფით სამყაროს, აინტერესებს წარმავალი და მარადიული როგორ გადატყდება მის გულსა თუ გონებაში.  ზოგადად, ლეონიდ ანდრეევისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური თემები და მათი ორიგინალური ინტერპრეტაციები, მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ მისი „იუდა ისკარიოტელი“, რომელშიც სახარებისგან განსხვავებული სრულიად უჩვეულო იუდას სახეა დახატული. ის თავის შემოქმედებაში წარმოაჩენს ადამიანის მრავალსახოვან ბუნებას, თუ როგორ არჩევანს რა გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მოტივაციით აკეთებს ამა თუ იმ სიტუაციაში.

შესაძლებელია თუ არა ადამიანმა ვერ აღიქვას სიკეთე, ან უფრო უარესი, სიკეთე ბოროტებად მოეჩვენოს? ნიცშეს თუ დავუჯერებთ, ადამიანი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა, რადგან საყოველთაოდ აღიარებული ეს ცნებები ფარდობითია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იცვლიან შინაარსს. ქრისტიანულმა რელიგიამ სიკეთესა და ბოროტებას მკაცრად, ნათლად გამოკვეთილი მნიშვნელობები მიანიჭა. ამიტომ არსებითია კონტექსტი, რომელშიც ადამიანის ქცევას განვიხილავთ. ჯემალ ქარჩხაძის აზრით: „კეთილისა და ბოროტის გარჩევა იოლია, არჩევაა ძნელი“ („ანტონიო და დავითი“).

დავით გურამიშვილმა ადამიანთა მიერ ბოროტისა და კეთილის განურჩევლობა ამგვარად წარმოაჩინა ქრისტეს ჯვარცმის აღწერისას:

„ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმედლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!“ (გურამიშვილი. „დავითიანი“).

ლეონიდ ანდრეევი ბენ-ტოვიტის სახით გვიხატავს ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც საკუთარი საზრუნავებით ცხოვრობს და არანაირი სურვილი თუ პრეტენზია არა აქვს  იმგვარ საზოგადო საქმეებში მონაწილეობისა, რომლებიც მის პირად ცხოვრებას არ ეხება. ეს, ერთი შეხედვით, ბუნებრივია, მაგრამ ამგვარი ყოფა ადამიანს თანდათან უხშობს სულიერ თვალს და აქცევს მატერიალური სამყაროს ჩარჩოში, წაერმავალის ტყვეობაში.

ზოგადად, ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრობს რამდენიმე განზომილებაში, რომლებსაც მისი ფიქრები, განსჯანი თუ ქმედებანი ქმნიან, შესაბამისად, მრავალფეროვანია ის კონტექსტები, რომლებშიც ის თავის პიროვნულობასა თუ ხასიათს ავლენს. ყოველ ადამიანს აქვს თავის შემოსაზღვრული სივრცე, საკუთარი თავით, ოჯახით, მეგობრებით, ნაცნობებითა და იმ ლოკალური სივრცით განპირობებული, რომელშიც ფიზიკურად მოძრაობს და ხვდება სხვა ადამიანებსა თუ ჯგუფებს. ყოველი ადამიანი თავისი სუბიექტური გადასახედიდან აფასებს მოვლენებს, რომლებიც ქვეყანასა თუ მთელ მსოფლიოში ხდება, ამიტომ ყველაფერი ფარდობითია. კერძო თუ საზოგადო მოვლენებიც იმგვარია, რომელთა შეფასება დროული დისტანციის გარეშე რთულია, ვგულისხმობთ იმას, რომ ბევრ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს რაიმე მოვლენის ღირებულება ობიექტურად.

ყოველდღიურად უამრავი რამ ხდება ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ბენ-ტოვიტის შემთხვევაშიც ასეა. მწერალი მოთხრობის უჩვეულო დასაწყისიდანვე შეაცბუნებს  მკითხველს, რადგან  აწყვილებს  იმგვარ სხვადასხვა მოვლენას, რომლებსაც ერთმანეთთან თითქოს საერთო არაფერი აქვთ: „იმ საშინელ დღეს, როცა მსოფლიო უსამართლობა აღსრულდა და გოლგოთაზე ყაჩაღებთან ერთად იესო ქრისტე აცვეს ჯვარს, – იმ დღეს სისხამ დილას გაუსაძლისად ასტკივდა კბილები იერუსალიმელ ვაჭარ ბენ-ტოვიტს“.  თუმცა, ქვეტექსტურად, აქ საერთო ტკივილია, ერთი კერძო და მეორე _ზოგადი, უნივერსალური. არადა, მწერალი სწორედ ამით იწყებს, რომ „მსოფლიო უსამართლობა“ აღსრულდა. ადამიანები ღმერთს „კლავენ“. ამგვარად, „თავსაც“ იკლავენ, თუმცა ამას ვერ ხვდებიან. როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ტკივილი გადაკვეთს ერთმანეთს _  სტკივა „იესოს“, სტკივა „სამყაროს“ და სტკივა ბენ-ტოვიტს. ამ ტკივილებს მკითხველები ვხედავთ შორიდან და ამიტომ ჩვენთვის იოლია განსჯა და შეფასება. მწერალმა კი ბენ-ტოვიტის თვალთახედვა წამოსწია წინა რიგში. ჩვენ, მკითხველებს, პერსპექტივის ამგვარი დარღვევა გვეხამუშება.

ავტორი რატომ მოიქცა ასე? მწერალმა უბრალო ადამიანი დაგვანახვა შიშვლად, საკუთარ საზრუნავებში ჩაფლული. ბენ-ტოვიტი ყველა ადამიანში გაჩნდება, როცა „კბილი ასტკივდება“.  ეს ტკივილი ძალიან კერძო და სხეულებრივია, მეორე_ სამყაროული, საიდუმლო, მისტერიული, თუმცა ერთი ტკივილი მეორეს ეხმიანება. მწერალი მიგვანიშნებს, რომ თუ ადამიანი სულიერად მკვდარია, ე.ი. ისეა ჩაფლული მატერიალურ ყოფაში, რომ საერთოდ დაკარგული აქვს სულიერი ცხოვრება, მაშინ ვერც ქრისტეს  დაინახავს, ვერც მის ჯვარცმას აღიქვამს და მას ჩვეულებრივ ყაჩაღებს „მიათვლის“.  ტკივილი მაინც იბადება, ერთი შეხედვით, არაფერი რომ არა აქვს საერთო ჯვარცმასთან, მწერალს ამ გზით პერსონაჟის „გაღვიძება“ სურს, თუმცა ამას ვერ აღწევს. გასაგებია მისი მცდელობა, რომ ამგვარად მას უფრო მეტად  მკითხველის „გაღვიძება“ სურს. იგი მოთხრობაში საკუთარი ტკივილის მიღმა სხვისი ტკივილის დანახვის სიძნელეს წარმოაჩენს. ბენ-ტოვიტს კბილი სტკივა და ამიტომ სრულიად დაკარგვია  უცხოს თანგრძნობის ძალა. მაგრამ მის ცოლსა და სხვა ადამიანებს ხომ არ სტკივათ კბილები, მაშ, რატომ მიჰყვებიან დასასჯელად მიმავალ იესოს ღრიანცელით. ცოლი ქმრის „გართობასაც“ კი ცდილობს, როცა ეუბნება: „შეხე, ყაჩაღები მოჰყავთ. იქნებ მათ ცქერას გული გადააყოლო“.

ბენ-ტოვიტი იერუსალიმელი ვაჭარია, თავისი ყოველდღიური საზრუნავებით.  ის დილაც, მწერალი რომ გვიხატავს, მისი ცხოვრების ჩვეულებრივ დღედ გაგრძელდებოდა, რომ არ სტკიებოდა კბილები. მწერალი პარალელურად ხატავს, როგორ განიცდის პატარა ადამიანი თავის ტკივილს და სამყარო _ ღვთის ძის ჯვარცმას. სხვადასხვა ტკივილის ამგვარი დაწყვილება მკითხველში ტრაგიკომიკურობის განცდას იწვევს.  ეს შფოთვა ბენ-ტოვიტის არსებაში გაუცნობიერებელი სახით იჭრება: „ალიონზე კი მშფოთვარებამ შეიპყრო, თითქოს ვიღაც ძალზე მნიშვნელოვან საქმეზე უხმობდა“, მაგრამ მას არ შეუძლია ამ განცდაში ჩაღრმავება, რადგან  მიწიერი კაცია, ამიტომ სრულიად მოწყვეტილი მისტიკურს, ირაციონალურს. ის ბედნიერია, რომ გუშინ ბებერი სახედარი სარფიანად გადაცვალა ახალგაზრდა და ღონიერ ვირზე, ამიტომ „ავბედითი ნიშნები“ ვერ იკვალავენ გზებს  მისი გონებისა და გულისკენ: „კბილები რომ არ მტკიოდეს, ჩემზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ იქნებოდაო“, _ ეს მისი გულწრფელი ფიქრია. მკითხველი ხედავს, რა მარტივად ცხოვრობს, რა იოლად განიცდის ბედნიერებას.

მწერალი ხატავს, ერთი მხრივ, ბენ-ტოვიტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ ტკივილზეა კონცენტრირებული და, მეორე მხრივ, მაკროკოსმოსს, სამყაროს, რომელიც არსობრივად იცვლება, რადგან ბიბლიაში, ახალ აღთქმაში აღწერილი უმნიშვნელოვანესი მისტერია ახლოვდება: ქრისტეს ჯვარცმა.  „აი, ასე, რწევა-კვნესით შეხვდა ბენ-ტოვიტი მზის პირველ სხივებს, რომელთაც ბედად ეწერათ გოლგოთაზე აღმართული სამი ჯვარი ეხილათ და თავზარისა და მწუხარებისაგან სინათლე დაშრეტოდათ“. მზეს თავზარს სცემს ჯვარცმა, რომელიც სრულიად შეუმჩნეველი რჩება ბენ-ტოვიტს, რადგან მას თავზარს სცემს კბილის ტკივილი. უცნაური და თვალშისაცემი მკითხველისთვის ისაა, რომ პერსპექტივა მთლიანად შეცვლილია, უმნიშვნელო მოვლენა წინა რიგშია, მნიშვნელოვანი კი _ფონია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე.

„ბენ-ტოვიტი გულკეთილი, კარგი ადამიანი იყო, არ უყვარდა უსამართლობა“,_გვამცნობს მწერალი.  სიტყვები „გულკეთილი“, „კარგი“ ირონიულად აღიქმება, პირიქით, მკითხველს მოთხრობის ბოლოს უჩნდება განცდა, რომ სიყალბეა მისი სიკეთე. მას არ უყვარდა უსამართლობა კი არა, ხელს უწყობდა თავისი სიბრმავით ამ უსამართლობას, სინათლეს სიბნელედ გადააქცევდა თავისი ფიქრით, განსჯითა და ქცევით.

რეალურად, ბენ-ტოვიტიც იქაა, იმ ბრბოსთან  ერთად, ჯვარცმის გზაზე სასეიროდ რომ მიჰყვება ქრისტეს. საკუთარი სახლის ბანიდან იგი ხედავს: „ერთმა დამნაშავემ, რომელსაც გრძელი ქერა თმა ჰქონდა და დაგლეჯილი, გასისხლიანებული კვართი ემოსა, ქვაზე წაიბორძიკა და დაეცა. ყვირილმა იმატა და ბრბო ზღვის ნაირფერი წყალივით შემოეჯარა დაცემულს“. მას არანაირი თანაგრძნობა არ უჩნდება ტანჯული უცხო ადამიანის მიმართ. მწერალი წარმოაჩენს, რომ: „ბენ-ტოვიტი უეცრად ტკივილმა შეაკრთო – კბილში ვიღაცამ თითქოსდა გავარვარებული ნემსი ჩაასო და დაუტრიალა; ბენ-ტოვიტმა დაიკვნესა: „უ-უ-უ“ – და მოაჯირს მოშორდა ზიზღით სავსე, გულგრილი და გაბოროტებული“. თითქოს იესოს ტკივილი უნდა გადასდებოდა და საკუთარი დავიწყებოდა, ოდნავ მაინც რომ ჰქონოდა სულში ნაპერწკალი, ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ეს ტკივილი უფრო მეტად უხშობს სულიერ თვალს. მისი ეს შეგრძნება: „ზიზღით სავსე, გულგრილი და გაბოროტებული“ _ არაჩვეულებრივად წარმოაჩენს სიკეთისა და სინათლის ვერცნობის ტრაგედიას. იგი თითქოს მოკლებულია ემპათიის უნარს.

მკითხველის თვალწინ ერთი თითქოს უბრალო, უბოროტო ადამიანი კონტურებს იცვლის და ურჩხულად გარდაიქმნება: „მან წარმოიდგინა, როგორ ჰქონდა ხალხს პირი დაბჩენილი, – იმ ადამიანებს კბილები არ სტკიოდათ, და შურით თქვა: – როგორ გაჰყვირიან! ო, როგორ დაიყვირებდა თვითონაც, ავად რომ არ ყოფილიყო!“. მას იმაზე სწყდება გული, რომ თვითონ იქ არ არის, გაავებული არ მისდევს ქრისტეს, მაგრამ, რეალურად, იქაა.  ის სიმბოლოა იმგვარი ადამიანისა, რომელიც გულუბრყვილოდ, სინდისის ქენჯნის გარეშე დაიყვირებს: „ჯვარს აცუ, ეგე“, ისე, რომ არ ეცოდინება,  რა დანაშაულისთვის ითხოვს უცხო ადამიანის ჯვარცმას. მთავარია, რომ სხვებთან ერთად ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე იზიარებს მათ გადაწყვეტილებას. ირონიულია ბენ-ტოვიტის დამოკიდებულება ქრისტეს სასწაულებთანაც: „ამბობენ, ბრმებს ჰკურნავდაო, – უთხრა ცოლმა, რომელიც მოაჯირს არ სცილდებოდა, და კენჭი იქითკენ ისროლა, სადაც ნელ-ნელა მოიწევდა მათრახების ცემით ფეხზე წამომდგარი იესო.

– რაღა თქმა უნდა! ერთი ჩემი კბილის ტკივილიც მოერჩინა, – ირონიულად მიუგო ბენ-ტოვიტმა და გულფიცხად, მწარედ დასძინა: რა მტვრის ბუღს აყენებენ, თითქოს ჯოგიაო! ყველანი ჯოხით უნდა დაიფრინო აქედან!“

ბენ-ტოვიტი ჩვეულებრივი ნარცისული ტიპის კაცია, თავის ეგოს მიჯაჭვული.  ამ ჩაკეტილ წრეში, რომელსაც მისი სურვილები, ოცნებები  ქმნიან, ვერ შემოვა სხვა. ის პრაგმატული, ანგარიშიანი ადამიანია და მხოლოდ პირადი სარგებლით ზომავს ყველაფერს, ეს განსაზღვრავს მის ფიქრსა და ქცევას. ამიტომ თუ ვიღაც უცხო პირადად მას  მოურჩენდა კბილის ტკივილს, მაშინ აღიარებდა მის ძალას.

მოთხრობაში გვხვდება ტრადიციული საღვთისმეტყველო სიმბოლიკა, რომელიც გამჭვირვალედ წარმოაჩენს მწერლის სათქმელს: „მზე, რომელსაც წილად ხვდა ამ საშინელ დღეს ქვეყანა ენათებინა, უკვე შორეული ბორცვების მიღმა ჩაესვენა და აღმოსავლეთით სისხლიანი ნაკვალევივით ენთო მეწამულ-წითელი ზოლი“. მზე, საღვთისმეტყველო მნიშვნელობით,  ღვთის სახეა, რომელმაც მისცა ადამიანებს თავისუფლება არჩევნისა და მათ ბოროტი აირჩიეს, მხსნელი ვერ იცნეს და ჯვარს აცვეს, ამიტომაც არის „საშინელი დღე“, ამიტომაც რჩება „სისხლიანი ნაკვალევი“. როგორც გურამიშვილი ამბობს: „ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო“. მოთხრობა ამ  მრავლისმეტყველი სიმბოლური ფრაზებით სრულდება: „ხოლო ღრმა ხეობიდან, გადამწვარი დაბლობებიდან მოიწევდა შავი ღამე, თითქოსდა სურდა ცის თვალთაგან დაემალა დედამიწის დიდი ბოროტმოქმედება“. ეს „შავი ღამე“ ადამიანის სულია, ღვთაებრივ სამყაროს მოწყვეტილისა. ისევ გურამიშვილის „მოთქმა“ გავიხსენოთ:

„ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო“.

ადამიანები ხომ ჯვარცმის დანაშაულის შემდგომ დროში ვცხოვრობთ. ეს არის ცოდვა, რომელიც ყოველთვის უნდა ახსოვდეს ზნეობრივ ადამიანს: „ცოდვაი წინაშე ჩემსა არს მარადის“ (50-ე ფსალმუნში  ბიბლიური დავით მეფე ადამის პირველცოდვას გულისხმობს). ცოდვის ხსოვნა აფხიზლებს ადამიანს. ამგვარი ნაწარმოებებიც აფრთხილებენ ადამიანს, რომ უდროო დროს არ ჩაეძინოს, უგუნური ქალწულებივით სიძის მოსვლა არ გამოეპაროს. თუ ეს დაემართათ თვით გამორჩეულ მოციქულებს, პეტრეს, იაკობსა და იოანეს ფერისცვალების ეპიზოდში, მაშინ რაღა მოეკითხება უბრალო ადამიანს? „ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი“ (ლუკა, 9, 32).

ბენ-ტოვიტი ჯვარცმის ადგილასაც მიდის, მაგრამ მისი გულგრილობის კოშკი მაინც არ ინგრევა, ისე მკვიდრად აქვსს ნაგები თავისი „ეგოს“ აგურებით: „შემდეგ ცნობისმოყვარე სარას თხოვნით ბენ-ტოვიტი და სამუელი გოლგოთაზე წავიდნენ ჯვარცმულების სანახავად. ….გზად ბენ-ტოვიტი სამუელს უყვებოდა, გუშინ მარჯვენა ყბაში როგორ იგრძნო წიწკნა, შემდეგ ღამით როგორ გააღვიძა საშინელმა ტკივილმა… ცხოველი ბაასით, ავიდნენ გოლგოთაზე…ბენ-ტოვიტმაც თვალი შეავლო ჯვრებს, სამუელს მკლავში ხელი გაუყარა და ფრთხილად შემოაბრუნა სახლისკენ“. მას კბილის ტკივილი მაინც გაუქრა. მკითხველს აქვს შეგრძნება, რომ ეს ტკივილი იესო ქრისტემ მოურჩინა, რადგან თავისი ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანთა ცოდვები. მას უყვარდა ადამიანები, ამიტომაც ჯვარზე გაკრულმა შეღაღადა მამა ღმერთს: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან” (ლუკა 23, 34). ბენ-ტოვიტმაც „არ იცის“, რას იქმს თუ ფიქრობს. მისი ტრაგედია სწორედაც უფიქრელობაა. ფიქრი ძალისხმევას მოითხოვს, საკუთარი თავის გაჩხრეკასა და განსჯას, თვითშემეცნების რთულ გზაზე დადგომას.

მწერალი მოთხრობაში, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად ცვლის თხრობის პერსპექტივას.  უმნიშვნელოვანეს მოვლენას ფონად წარმოაჩენს, უმნიშვნელოს კი წინა რიგში ვხედავთ. ეს ერთგვარად, პოსტმოდერნისტული ხერხია, რომელსაც ხშირად ვხვდებით თანამედროვე ლიტერატურაში. ამგვარად, ლეონიდ ანდრეევმა დახატა ყოველთვის აქტუალური პრობლემა სულისა და ხორცის ჭიდილისა. როდესაც საზოგადოებაში ამოყირავებულია ღირებულებათა სისტემა, მეორეხარისხოვანი, წვრილმანები ფარავენ უმთავრესს.

რა პასუხი შეიძლება გაეცეს კითხვას: ბენ ტოვიტი კეთილია თუ ბოროტი? იქნებ გვეთქვა გრიშა კეჟერაძესავით, რომ ის „ცუდ-კარგია“ (გურამ დოჩანაშვილი), მაგრამ არ ვიქნებით მართალნი. ბენ-ტოვიტი საწყალი, უბედური, უბადრუკი  ადამიანია, რადგან ბრმაა. ასეთ ბრმად ნებისმიერმა შეიძლება იგრძნოს თავი, თუკი  დაიხშობს სულისა და გონების თვალებს (ეს კარგად არის წარმოჩენილი ჟოზე სარამაგოს რომანში „სიბრმავე“). ბოროტებაა ეგოს ჩარჩოში გამოკეტვა და სულიერი მზერის დახშობა. ცხოვრება გზაზე  გამუდმებით გვახვედრებს ტკივილის გზაჯვარედინებს, ჩვენი არჩევანი კი განსაზღვრავს საით წავალთ _ სიკეთისა თუ ბოროტებისკენ.

ეს მოთხრობა წლების წინ მე-12 კლასის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში შეიტანეს ავტორებმა. ვფიქრობთ, კარგი იქნება ამ გამოცდილების გაზიარება.  სასურველია, თუ ამ მცირე მოთხრობას აუცილებელ  წასაკითხად და განასასჯელად აქცევენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.

 

ტექსტური დოკუმენტის შესაძლებლობები, როგორც სასწავლო რესურსი

0

რედაქტირების ფუნქციები, ტექსტი, განმარტება და შემაჯამებელი დავალება

როცა ვწერთ, ვკითხულობთ ან ვმეცადინეობთ, ხშირად გვჭირდება ვიღაც, ვინც საქმეს გაგვიმარტივებს, შთაგონებას გაგვიახლებს, მიმართულებას გვაჩვენებს… არა, მშობელზე არ გიყვებით, რომელიც ჩვენ ნაცვლად მეცადინეობს; არც მასწავლებელსა თუ რეპეტიტორზე; არც უფროს ძმაზე, რომელსაც ძალიან ეზარება მათემატიკის რთულ ფორმულებს გაზიაროთ; არც დაზე, ვის გარეშეც ქიმია ისეთი რთული მეცნიერებაა… დაიბენით? მაშ, ვისზე მოგახსენებთ? მუზას ვგულისხმობ, მეფისტოფელს თუ ანგელოზს, რომელიც ჩვენს მხარზე მოკალათებულა?

არა, უფრო მარტივ რამეს ვამბობ – ისე აგებულ სასწავლო მასალას, რომ ტექსტშივე ჩაშენებული დამხმარე, ე.წ. „ფასილიტატორი“, ანუ შრომის გამმარტივებელი ჩვენ გვერდით, აქვე იქნება.

კიდევ უფრო დაიბენით? ასეთი რამ სად ნახოთ? მარტივზე მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ის, რის გარეშეც არცერთი დღე არ თენდება – დიახ, დიახ, ჩვეულებრივი ტექსტური ფაილი, Word ან მისი სხვა შემცვლელი, რომელიც თქვენთვის ყველაზე კომფორტულია.

ტექსტის ასე დამუშავების იდეა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას მომივიდა, ერთია, როდესაც ტექსტს ახლავს სქოლიო, უცხო სიტყვების განმარტება, პარალელური თარგმანი, მეორე კი ის, რასაც გაკვეთილზე ვაკეთებთ – მნიშვნელოვან დეტალებზე ყურადღებას ვამახვილებთ, ერთმანეთს ემოციას ვუზიარებთ, აზრებს ვცვლით, რთულ დეტალებს ვხსნით, მაგრამ გაკვეთილი მაინც გაკვეთილია, რამდენი რამე შეიძლება გამოგვრჩეს. ჰოდა, ავდექი და წინასწარ დავამუშავე ტექსტი, გამოვიყენე Microsoft Word”-ის ტექსტური დოკუმენტის რედაქტირებისა და კომენტარების მითითების ფუნქცია.

 

რას უნდა გავაკეთოთ წინასწარ:

  1. შევარჩიოთ სასწავლო ტექსტის ადეკვატური, გადამოწმებული ვერსია და ჩავსვათ ტექსტურ დოკუმენტში;
  2. მნიშვნელოვანი სიტყვები, ფრაზები გავამუქოთ ან გავაფერადოთ;
  3. კომენტარის ფუნქციის საშუალებით განვმარტოთ უცხო სიტყვები;
  4. კომენტარის ფუნქციის საშუალებით მივუთითოთ ლიტერატურული პარალელები, რემინისცენცია, ალუზია, მაგალითად, ტარიელის ჩაცმულობის აღწერისას გამახსენდა ცნობილი ხალხური ლექსი:

„შავი ხარ, შავსა ცხენს ზიხარ,

შავი თექალთო გიგია,

კუპრის პერანგი გაცვია,

ზედ ნავთის ღილი გიგია,

გამოხვეულხარ ფარ-ხმალში,

შუბლზე ალმასი გიგია“. და იქვე მივუთითე, ასევე, იქვე ვახსენე  პარალელური ლიტერატურული პერსონაჟები, რომლებიც სასწავლო ტექსტის გააზრებაში დამეხმარებოდა. ვთქვათ, ტარიელის შემთხვევაში სხვა გმირები, გილგამეში, აქილევსი ან თუნდაც რამინი.

  1. ამავე კომენტარის საშუალებით იქვე, ტექსტის კონკრეტულ სიტყვასა თუ ეპიზოდთან დავსვი კითხვები, მაგალითად, ასეთი:

ა. რომელ პერსონაჟს გაგონებს ეს ეპიზოდი?

ბ. კიდევ სად შეგხვედრია ბუნების მსგავსი აღწერა?

გ. გაამახვილე ყურადღება, ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელიც პოემის სხვა ნაწილების გააზრებაშიც დაგეხმარება;

დ. ეს ზმნის ძალიან საინტერესო ფორმაა, ძველ ქართულში ზმნა ასე გამოიყენებოდა;

ე. აბა, დათვალე, რამდენმარცვლიანია სტრიქონი, როგორაა განაწილებული მარცვლები;

ვ. ეს არქაული სიტყვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ქართულში არ გამოიყენება…

 

და ა.შ.

 

  1. ამავე ფორმატში გავუზიარე მკითხველის ემოციები:
  • როგორ ზუსტად აღწერს არა?
  • ნახე, როგორი საოცარი დეტალია?
  • როგორ კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას!
  • ეთანხმები? შენ როგორ მოიქცეოდი?
  • კიდევ ერთხელ, ხმამაღლა წაიკითხე და მოუსმინე, როგორი ფონეტიკაა!
  • ჩემი აზრით, გენიოსი მწერალია, მეთანხმები?

და ა.შ.

 

  1. აქვე მივუთითე დავალებები:
  • გაიხსენე პერსონაჟის აღწერა იმ ნაწარმოებიდან, რომელიც ბოლოს წაიკითხე;
  • თუ ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია არსებობს, მოძებნე კადრი, სადაც ეს პერსონაჟია გამოსახული და მაჩვენე;
  • აღწერე დავალებაში მოცემული ეპიზოდის მიხედვით პერსონაჟი ისე, რომ გამოიყენო მხოლოდ ვითარებითი ზედსართავი სახელები;
  • მოძებნე ამა და ამ აფორიზმის შინაარსის გამომხატველი ქართული ანდაზა;
  • სწორად მოიქცა თუ არა ამ ეპიზოდში პერსონაჟი? დაასაბუთე რატომ?

და ა.შ.

 

  1. კომენტარების ფუნქციის გამოყენება შესანიშნავად შეიძლება შემაჯამებელი დავალებისას. მაგალითად, აიღებთ ორ სტროფს ტექსტიდან და წინასწარმომზადებული დავალება-კითხვების პაკეტით მოსწავლეს მოუწევს, იმუშაოს ამავე ფორმატში, განმარტოს, დასვას შეკითხვები, გამოხატოს თავისი აზრი და გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები. უკუკავშირსაც ამ დოკუმენტის კომენტარების საშუალებით მიიღებს.

 

 

 

მწვანე კარები

0

„მწვანე კარებს შევაღებ და ეზოში შევალ. ამ ეზოში თავი სხვადასხვა დროს მახსოვს… მახსოვს, ბილიკზე როგორ მივრბივარ ყვირილით, რომ ბებო ჩემია. ამ დროს სამი წლის ვარ, თბილისიდან მომავალს დეიდაშვილები მანქანაში მაბრაზებენ და მიმტკიცებენ, რომ ბებია მათია. ჰოდა, მეც კარებში შესული ბილიკზე თავ-პირის მტვრევით ვეშვები და ბოლო ხმაზე გავკივი,  მხოლოდ ჩემია თქო. მჯერა, რომ ბებოსთან პირველი ვინც მიასწრებს, სწორედ მისი იქნება…“

ასეთი შესავალი გამიკეთებია 2015 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული წერილისთვის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ https://mastsavlebeli.ge/?p=4342

წერილი მოგონებებით გრძელდება, კიდევ რას ვხედავ. ახლა ამ მოგონებებს ახალი დაემატა. დედას ვხედავ, რომელიც ეზოში საგულდაგულოდ დამაგრებულ მაგიდასთან ზის და ჩემს მიერ ბეჯითად  მოკრეფილ  ლეღვს ელოდება.  განსაკუთრებულად სწორედ ეს ლეღვი უყვარს  და მერე რა, რომ უკვე აღარ ეჭმევა, მაინც ელოდება…

მე და ამ სახლს ერთმანეთი გვიყვარს. ბევრი საერთო მოგონება გვაქვს და იმიტომ.

დღეს კარებს კვლავ მწვანედ ვღებავ. საღებავი  ამჯერად რაღაცნაირი კაშკაშა  გამოდგა. გამიმართლა, რომ 21-ე საუკუნეა და ახალი თაობის საღებავი მაქვს. ძველი დრო, რომ იყოს, ამაღამ ვერ გავატანდი, მოვიწამლებოდი…

მეთოთხმეტე საუკუნის სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანის მოწამვლა სიკვდილით ისჯებოდა. კაცებს ბორბალზე სვამდნენ, ქალებს ახრჩობდნენ, ოღონდ ჯერ აწამებდნენ.

მე პერიოდული სისტემის  #33-ე ელემენტის გამო მოვიწამლებოდი. სხვადასხვა დროს მისი ნაერთები გამოიყენებოდა, როგორც წამალი და როგორც შხამი.  ძველი დროიდან  ცნობილია, პირველად ეგვიპტელმა ზოსიმამ აღწერა, მერე ალბერ მაგნუსმა და მხოლოდ   1789 წელს ლავუაზიემ დარიშხანი დამოუკიდებელ ქიმიურ ელემენტად აღიარა.

დარიშხანი ლითონური ბზინვარებით ხასიათდება. ჩვეუბებრივ პირობებში შედარებით მდგრადია, ე.წ. ლითონური, ანუ რუხი დარიშხანი. მყიფე კრისტალური მასა, ჰაერზე სწრაფად მკრთალდება, რადგან თხელი ოქსიდური შრით იფარება. დარიშხანის ორთქლის კონდენსაციის დროს ცივ ზედაპირზე წარმოიქმნება ყვითელი დარიშხანი – გამჭირვალე, ცვილივით რბილი კრისტალები.  სინათლის მოქმედებით ან გახურებით იგი რუხ დარიშხანად გადაიქცევა. ცნობილია აგრეთვე, დარიშხანის მინისებრ-ამორფული მოდიფიკაციები – შავი და წაბლისფერი დარიშხანი. ისინი გახურებით რუხ დარიშხანად გარდაიქმნება.

როდესაც ამბობენ, რომ ვიღაც დარიშხანით მოწამლეს, სუფთა მეტალურ დარიშხანზე ფიქრობენ. სინამდვილეში სიტყვა „მოწამვლაში“  დარიშხანის ოქსიდით მოწამვლა იგულისხმება. თავისუფალი სახით დარიშხანი ბუნებაში ფაქტიურად არ გვხვდება. არსებობს მისი ყვითელი მინერალი აურიპიგმენტი As2S3,  წითელი რეალგარი As4S4. NiAsS გერსდორფიტი, რომელიც ნიკელის სულფოარსენიდია.  არსენოპირიტი, იგივე დარიშხანის კოლჩედანი FeAsS.  ის ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო დანიშნულების  დარიშხანის მინერალია. კობალტინი ავსტრალიაში მოიპოვება და იშვიათობას წარმოადგენს CoAsS.  ერითრინიც Co3(AsO4)2•8H2O იშვიათია და პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, სამაგიეროდ ლამაზი იისფერია. ასევე, ინდიკატორია, რომ სადღაც ახლოს კობალტის და თვითნაბადი ვერცხლის საბადოებია.

ლაბორატორიაში თავისუფალი დარიშხანის მიღება შემდეგნაირად შეიძლება. ეს ისე, უბრალოდ ვიცოდეთ, თორემ გაკვეთილზე  ან კლუბურ მეცადინეობაზე დარიშხანით რაიმე ცდების გაკეთება მთლად კარგი აზრი ვერ იქნება. ან ერთი ვარიანტია, მოსწავლეებიდან  საპატიო მანძილზე, მხოლოდ მასწავლებელი აკეთებს, ისიც ამწოვ კარადაში.

ავიღოთ სინჯარა და შიგნით ნახშირთან ერთად  საგულდაგულოდ არეული    დარიშხანის ოქსიდი  მოვათავსოთ. შემდეგ სინჯარა  გარედან გავაცხელოთ. შედეგად, სუფთა დარიშხანი მიიღება. მას სინჯარის  შიგნითა ზედაპირზე სარკისებრი ბზინვარებით ამოვიცნობთ.

ამ რეაქციას კრიმინალისტები დიდი ხანია იყენებენ, როცა ადამიანის დარიშახნით მოწამვლაზე აქვთ ეჭვი და როდესაც მოწამლულის კუჭში ფაიფურის მაგვარ ნამცეცებს პოულობენ. As2O3+3C=2As+3CO

თავისუფალი დარიშხანის მიღება შემდეგი რეაქციითაც შეიძლება.

3SnCl2+2AsCl3=As+3SnCl4

კიდევ ერთი მეთოდია, დარიშხანის ქლორიდის და ნატრიუმის ჰიპოფოსფიტის ურთიერთქმედება.

2AsCl3+3NaH2PO2+3H2O=2As+3NaH2PO3+6HCl

თუ დარიშხანის გალღობას დავაპირებთ, არაფერი გამოვა. პირდაპირ სუბლიმაციას დაიწყებს, ანუ მყარი მდგომარეობიდან აირადში გადავა.

ჰაერზე დარიშხანი კარგად იწვის.

4As+3O2=2As2O3

დარიშხანით მოწამვლას შემდეგი ნიშნები აქვს: მეტალური გემო პირში, ღებინება, მუცლის ტკივილი. შემდეგ იწყება კრუნჩხვები,  პარალიჩი და …

მის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალება რძეა, უფრო სწორედ, მასში შემავალი ცილა კაზეინი. ის დარიშხანთან  უხსნად ნაერთს წარმოქმნის, რომელიც  სისხლში არ შეიწოვება.

რაც არ უნდა საშიში იყოს დარიშხანი, ის ყველა ცხოველურ და მცენარეულ ორგანიზმშია. ითვლება, რომ მისი მიკრო დოზა მავნე მიკრობების მიმართ ორგანიზმის სიმდგრადეს განაპირობებს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება დარიშხანით ქრონიკულად იწამლებოდეს. მაგალითად, თუ მუდმივად სვამს წყალს ჭიდან, ან მიწიდან ამოსულ რაიმე წყაროს იყენებს, რომლის შემადგენლობაც გარკვეული არ არის. დარიშხანი შეიძლება სამრეწველო ნარჩენებიდან მოხვდეს მიწისქვეშა  და ჩამდინარე წყლებში და დააბინძუროს ჭის წყალი,  ან ე.წ. დაბურღული წყლის შემადგენლობაშიც შეერიოს.   თუ ასეთი წყალი სარწყავად გამოიყენება, მაშინ ის ხილსა და ბოსტნეულშიც აღმოჩნდება, ასევე ხორცში და რძე/რძის ნაწარმების შემადგენლობაში.

ნიადაგში დარიშხანის შემცველი მინერალები თავისთავად არის და თამბაქოს ფურცლები მას დიდი რაოდენობით ყველაზე კარგად ითვისებს. შესაბამისად, მწეველების ორგანიზმშიც  ბევრია. დარიშხანი ნელ-ნელა გროვდება შინაგან ორგანოებში. თმებში, ფრჩხილებში.

 

 

დარიშხანის ოქსიდი, რომ მარილმჟავაში გავხსნათ და კალიუმის იოდიდი დავამატოთ, დარიშხანის იოდიდს მივიღებთ. ის აგურისფერია.

As2O3+6HCl+6KI=2AsI3+3H2O

მეოცე საუკუნემდე მას კანის დაავადებების  სამკურნალოდ იყენებდნენ.

შეელეს მწვანესაც დიდი პოპულარობა  ქონდა. 1775 წელს შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ კაშკაშა მწვანე საღებავი შექმნა. მის მისაღებად კალიუმის მეტაარსენიტი უნდა შევურიოთ შაბიამნის ხსნართან, წარმოიქმნება სპილენძის (II) ჰიდრო არსენიტი, იგივე „შეელეს მწვანე“. მას მწვანე პიგმენტად იყენებდნენ საღებავებში. ამ საღებავმა გადატრიალება მოახდინა და ძალიან მოდური გახდა, რადგან დროთა განმავლობაში პიგმენტი ძნელად  ხუნდებოდა. მალე მისი გამოყენება ქაღალდის წარმოებაში და მრეწველობაშიც დაიწყეს. ადამიანებმა ამ საღებავით კედლების შეღებვასაც მიჰყვეს ხელი, სახლს  მწვანე ფარდებით რთავდნენ და მწვანე ქსოვილისგან შეკერილი სამოსით იმოსებოდნენ. სპილენძის არსენიტი (შეელეს მწვანის კომპონენტი) კი დროთა განმავლობაში იშლებოდა და დარიშხანს ანთავისუფლებდა https://mastsavlebeli.ge/?p=21962

გადასახლებაში მყოფი ნაპოლეონის ოთახშიც კედლები ამ საღებავით იყო შეღებილი. ფიქრობენ, რომ ბონაპარტი სწორედ მისი მსხვერპლი გახდა.

კიდევ ერთი ნაერთი-„პარიზის მწვანეა“. შაბიამნის ხსნარს დაუმატოთ ძმარი, შემდეგ კი კალიუმის მეტაარსენიტი.

4CuSO4+2CH3COOH+6AsO2=Cu(CH3COO)2•3Cu(AsO2)2+H2SO4+3K2SO4

„პარიზის მწვანესაც“ საღებავებში უმატებდნენ. ის ერთ-ერთი ყველაზე მომწალავი ნივთიერებაა, რომელსაც იყებენენ თაგვების, მწერების და ვირთხების საწინააღმდეგოდ.

დარიშხანის იონებზე თვისებითი რეაქციები შემდეგია. სინჯარაში არსებულ ნატრიუმის არსენატის ხსნარს დავამატოთ ვერცხლის ნიტრატის ხსნარი. შედეგად წარმოიქმნება ვერცხლის ორთოარსენატის ყავისფერი ნალექი.

Na3AsO4+H2O+3AgNO3=Ag3AsO4+3NaNO3+H2O

ახლა კალიუმის არსენიტი ავიღოთ და კვლავ ვერცხლის ნიტრატი დაუმატოთ.

წარმოიქმნება ყვითელი ფერის ვერცხლის არსენიტი.

KAsO2+H2O+AgNO3=AgAsO2+KNO3+H2O

დარიშხანს სამხედრო საქმეშიც იყენებენ. მაგ. გაზი არსინი AsH3, რომელიც ვიეტნამთან ომში იქნა გამოყენებული.  საკმარისია ხუთი წუთი ისუნთქო ჰაერი, რომელშიც შედის 0,00005გ/ლ არსინი და რამდენიმე დღეში გამგზავრებული ხარ. კონცენტრაცია 0,005გ/ლ კი  მაშინვე კლავს.

აქტივირებული ნახშირი არსინს ვერ შთანთქავს, ამიტომ ჩვეულებრივი აირწინაღი ამ გაზთან უძლურია.

 

წერისას ხმაური მესმის. საშიში კი არაფერია, მაგრამ მაინც ვაყურადებ. ფხაკუნივით ხმებია, ჩემთან სულ ახლოსაა. მერე სასაცილოდ აწკეპილი ყურებით და წვრილი ფეხებით თაგუნა მოძვრება და წინ მიდგება. ჰმ…თავში მაშინვე აზრი მიელვებს, რომ ეს თაგუნა „ნოდარია“. აი, უხდება რაღაცნაირად ეს სახელი.

-მომისმინე, „ნოდარ“, გაცუნცულდი ახლა აქედან, თორემ უჯრაში „პარიზის მწვანით“ დამუშავებული  მარცვლებით სავსე ტოპრაკი მიდევს. ზედმეტად არ მიხტუნაო წინ, თორემ მოვხსნი თავს და ეგ არის…

საინტერესო სამხრეთული ამბები

0

სამხრეთ ნახევასფეროში ყველაფერი განსხვავებული და საოცარია, ამიტომაც რამდენიმე საინტერესო ამბავი მინდა გაგიზიაროთ.

  1. არგენტინას ეს სახელი ლეგენდარული ვერცხლის მთის საპატივცემულოდ დაერქვა.

სახელი არგენტინა წარმოდგება ლათინური სიტყვიდან „ვერცხლი“ – Argentum. პირველი გადმოსახლებული ევროპელები ფიქრობდნენ, რომ ტერიტორია მდიდარი იყო ვერცხლით. ევროპელ კოლონიალისტებს შორის არსებობდა ლეგენდა, რომ არგენტინას ჰქონდა ვერცხლის მთელი მთა.

  1. არგენტინა ყველაზე დიდი ესპანური ქვეყანაა მსოფლიოში.

კოლონიური დროიდან არგენტინაში ესპანური ენა იყო მთავარი. რადგან არგენტინა ტერიტორიულად დიდია და ესპანურენოვანია, ამიტომაც იგი ყველაზე დიდი ესპანური ქვეყანაა მსოფლიოში!

არგენტინა იყო ესპანეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი რევოლუციური ქვეყანა, თუმცა არგენტინელებმა შეინარჩუნეს ესპანური, როგორც ოფიციალური ენა.

ბოლო საყოველთაო აღწერით დადგინდა, რომ ქვეყანაში ადამიანთა 95% ევროპული წარმოშობისაა.

  1. ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი

მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი უშუაია, რომელიც მდებარეობს  კუნძულ ცეცხლოვან მიწაზე. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქი გარშემორტყმულია ულამაზესი პეიზაჟებით: აყვავებული მწვანე მდელოებითა და თოვლიანი მთებით. მისი ბუნება უამრავ ტურისტს იზიდავს.

ქალაქი უშუაია

ანტარქტიდისკენ მიმავალი გემები მის ნავსადგურთან ჩერდებიან, რადგან აქედან მხოლოდ 900 კმ-ით არის დაშორებული. ქალაქის ეკონომიკური საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს თევზაობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, მეცხვარეობა და ეკოტურიზმი.

უშუაია ითვლება დედამიწის ყველაზე სამხრეთ ქალაქად, მაგრამ არა ყველაზე სამხრეთ დასახლებად. სოფელი პუერტო უილიამსი უფრო სამხრეთით მდებარეობს.

პუერტო უილიამსი

კიდევ უფრო სამხრეთით მდებარემოსალეობაობს ჩილეს მეთევზეთა პატარა სოფელი პუერტო ტორო, კუნძულ ნავარინოზე, სადაც დაახლოებით 36 ადამიანი ცხოვრობს – მეთევზეები და მათი ოჯახები.

  1. იგუაზუს ჩანჩქერი – მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი

„საწყალი ნიაგარა!” – წამოიძახა ელეონორ რუზველტმა, როდესაც პირველად იმყოფებოდა იგუასუს ჩანჩქერზე.

ის შედგება 275 ჩანჩქერის კომპლექსისგან. 1984 წელს იგაუსუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია ქვეყანაში. 2011 წლიდან იგუასუს კომპლექსი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს მეშვიდე ბუნებრივი საოცრება.

  1. მესის სახელი აკრძალულია

ლიონელ მესი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება და დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მისი მშობლიური ქალაქის, როზარიოს ხელისუფლებამ მშობლებს შვილებისთვის მისი სახელის დარქმევა აუკრძალა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ერთნაირი სახელის მქონე იქნებოდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან ბევრ დაბნეულობასა და გაუგებრობას გამოიწვევდა.

პერუ

– ქვეყანა ცნობილია ინკების ქალაქით – მაჩუ პიკჩუ. დღეის მდგომარეობით, ეს ისტორიული ძეგლი მსოფლიოს საოცრებაა.

1532 წელს მაჩუ-პიქჩუს მკვიდრმა მოსახლეობამ დატოვა ქალაქი. დღემდე მათ კვალს ვერ მიაგნეს და მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დაადგინონ, რა მიზეზმა აიძულა მოსახლეობა დაეტოვებინათ მშობლიური ქალაქი.

– ლიმა პერუს დედაქალაქია, რომელიც ესპანელმა კონკისტადორმა ფრანცისკო პისარომ დააარსა. მან ბრძანა ინკების ლიდერის სიკვდილით დასჯა და ამით ვირტუალურად გაანადგურა ამ ხალხის იმპერია.

– საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ყოველწლიურად პერუში სულ მცირე ერთი დიდი მიწისძვრა ხდება.

– ქალაქ ლიმას უნიკალური კლიმატი აქვს. აქ პრაქტიკულად არ წვიმს, თუმცა, ქალაქში, როგორც წესი, შეფარდებითი ტენიანობა მაღალია (98%), რის გამოც ზაფხულში დილაობით ნისლია. ლიმას კლიმატის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ჰუმბოლდტის ცივი დინება და სამხრეთ წყნაროკეანური ანტიციკლონი. ლიმას კლიმატი (ისევე როგორც თითქმის მთლიანი პერუს სანაპირო ზოლისა) კარდინალურად იცვლება ელ-ნინიოს მოვლენისას. ამიტომაც ხასიათდება ეს მშვენიერი ქალაქი უჩვეულო კლიმატით.

ქალაქი ლიმა

– პერუში სიმინდი აქტიურად მოჰყავთ. ამ კულტურის 50-ზე მეტი სახეობა, რომელიც აქ იზრდება, განსხვავდება როგორც ზომით, ასევე შეფერილობით.

– ლიმას დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი აქვს, რომელმაც ფუნქციონირება XVI საუკუნეში დაიწყო.

– პერუს სახელმწიფო ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედი ჯუნგლებითაა დაფარული.

– საინტერესოა, რომ პერუში 3000-ზე მეტი სახეობის კარტოფილი გამოიყვანეს.

– პერუს სიდიდით მეორე ქალაქ არეკიპასთან (თეთრი ქალაქი) ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონია, რომელსაც კოლკა ჰქვია. მისი სიღრმე 3500 მ-ზე მეტია. იგი ორჯერ უფრო ღრმაა, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მსოფლიოში ყველაზე ღრმა დიდი კანიონი. მისგან განსხვავებით, კანიონ კოლკას ნაწილია დასახლებული – კოლუმბიური ტერასული ტერიტორიები სოფლის მეურნეობისა და ადამიანის საცხოვრებლად გამოიყენება.

კანიონი კოლკა

კოლკა ველი ცნობილია სხვადასხვა სახელით: ინასის დაკარგული ხეობა, საოცრებების ხეობა, ცეცხლის ველი და კონდორის ტერიტორია.

– საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი ტიტიკაკას ტბა, რომელიც ყველაზე მაღალი მთის ტბაა დედამიწაზე.

– პერუს ეროვნული სამზარეულო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ის გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს.

– ინკების მიერ აშენებული გზები ხარისხით აღემატებოდა რომისა და ევროპის გზებს.

ეს ის სამხრეთული ამბებია, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიქცია.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://nsportal.ru/shkola/geografiya/ ;

https://ka.traasgpu.com/travel-guide-to-colca-canyon

დაგეწამლე

0

ბუმბერაზი კაცი იყო ლუი, ყველა ნომრიან თუ უნომრო ლუიზე დიდი.

მეტყავის ოჯახში დაიბადა. ყმაწვილკაცობა საფრანგეთის პროვინციულ ქალაქებში გაატარა. მამამისი მდიდარი არა, მაგრამ გონიერი კაცი კი იყო. შვილს შეძლებისდაგვარად კარგი განათლება მისცა. ლუიც მუყაითი მოსწავლე აღმოჩნდა. მართალია, განსაკუთრებულ ნიჭიერებას არ ამჟღავნებდა თუ ვერ ამჩნევდნენ, მაგრამ ტოლს არავის უდებდა. სხვა თანატოლებისგან ერთი იმით გამოირჩეოდა, რომ ხატვა ეხერხებოდა, მაგრამ შეუჩნდნენ და ხელი ააღებინეს, ხატვით თავს ვერ ირჩენო. სკოლის დამთავრების შემდეგ ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხის მოპოვების გზაზე ჰუმანიტარულ საგნებში, როგორც წესი, „კარგი“ ეწერა, „მეორეხარისხოვან“ საბუნებისმეტყველო საგნებში კი – „ძალიან კარგი“. ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მისი განათლების ვექტორი კიდევ შეიცვალა – ლუიმ ბუნებისმეტყველების შესწავლას მიჰყო ხელი. კრისტალების აღნაგობასა და შუქტეხას ჩაუღრმავდა. მართალია ახალი ხარისხის მოპოვებას დაგეგმილზე ერთი წლით მეტი მოანდომა, მაგრამ ღირდა წვალებად. მანამდე სინათლის გადახრა კრისტალების სტრუქტურას ბრალდებოდა, ლუიმ კი ახალი სიტყვა თქვა – სინათლის გარდატეხა მოლეკულაში ატომთა განლაგების ბრალიაო. ხარისხიც მიიღო და უნივერსიტეტში ფიზიკის პროფესორის თანამდებობაც. ფიზიკის შესწავლას მალევე დაანება თავი და ახლა ქიმიითა და ბიოქიმიით დაინტერესდა. იმხანად ბევრ მეწარმეს ღვინის შენახვის პრობლემა აწუხებდა. როცა ამ საკითხს ჩაუღრმავდა, ლუიმ მიკროსამყაროს მიგნო. აღმოაჩინა, რომ დუღილის პროცესი რაღაც პატარა არსებების დამსახურება იყო, თანაც ისეთების, რომლებსაც უჟანგბადო გარემოშიც კი შეეძლოთ სიცოცხლე და გამრავლება. კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ თუ ღვინოს 50-60°C-მდე გააცხელებდა, ეს არსებები დაიხოცებოდნენ და ღვინო აღარ დაძმარდებოდა. ეს მეთოდი დღესაც ფართოდ გამოიყენება, თანაც არა მარტო ღვინის შესანახად. მას, აღმომჩენის პატივსაცემად, მისივე გვარისგან წარმომდგარ სახელს – პასტერიზაციას ვუწოდებთ.

ლუის მომდევნო გამოწვევა აბრეშუმის ჭიების ექიმობა იყო. სამხრეთ საფრანგეთში მეაბრეშუმეობას ისე გაედგა ფესვი, რომ ეროვნულ სიამაყედ ითვლებოდა. ჰოდა, ერთ დღესაც ჭიებმა ადგილ-ადგილ მასობრივად დაიწყეს ხოცვა. მეწარმეები და ვეტერინარები რომ ვერაფერს გახდნენ, დახმარებისთვის ლუის მიადგნენ. ლუის აბრეშუმის ჭია თვალით არ ენახა. ჭია კი არა, აბრეშუმის პარკიც არ მჭერია ხელში, რით გიშველოთო, – შეიცხადა, მაგრამ ეროვნული საქმე იყო და მანაც, პატრიოტიზმის წყალობით, ხელი მოჰკიდა პრობლემის შესწავლას. არც აქ გამოდგა ჯაბანი. მთელი სამი წელი გაატარა საფრანგეთისა და იტალიის სოფელ-სოფელ ხეტიალში და ბოლოს მაინც მიაგნო თვალით უხილავ „პარაზიტებს“.

მოუსვენარი ლუი მეცნიერების ახალ მატარებელს შეახტა და იმუნოლოგიის სადგურზე ჩამოვიდა. აიჩემა, ღვინის დაძმარებას და აბრეშუმის ჭიების ავადობას საერთო საფუძველი აქვს და ამავე მეთოდით უფრო დიდი არსებებიც შეიძლება განვკურნოთო. ჯერ ციმბირის წყლულის ბაცილას დაადგა თვალი, მერე კი ცოფისას. ორივეგან გაიმარჯვა. მიხვდა, რომ თუ ამ მიკროორგანიზმებს რამდენჯერმე გადათესავდა ერთი ბულიონიდან მეორეზე, იმდენად დასუსტებოდნენ, რომ დაავადების გამოწვევას ვეღარ შეძლებდნენ. უფრო მეტიც, თუ მათ ჯანმრთელ ორგანიზმში შეიყვანდა, ამ უკანასკნელს ცოფი ვეღარ მოერეოდა. ცხოველებსა და ფრინველებზე ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. ადამიანებზე გამოცდას ლუი ვერ ბედავდა, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, ბოლოს დაჰყვა ზეწოლას და ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა მედიცინაში ამოყო თავი. არადა, ნემსის გაკეთებაც კი არ შეეძლო – სხვები უწევდნენ ასისტირებას.

ამას მოჰყვა წარმატებული და წარუმატებელი ექსპერიმენტების სერია. ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას – არა. მაგრამ გონიერ ადამიანს ორივე შედეგისგან შეეძლო დასკვნების გამოტანა, რომლებსაც ლუი სამუშაო რვეულებში იწერდა და არავის უმჟღავნებდა. ასეთი ახირება ჰქონდა. ის კი არა, ანდერძად დაუტოვა ოჯახის წევრებს, არავის აჩვენოთო. მიუხედავად ამისა, გვასწავლა ვაქცინის შექმნისა და ვაქცინაციის მეთოდი, რომელმაც უამრავი ადამიანისა თუ ცხოველ-ფრინველის სიცოცხლე იხსნა…

პასტერმა ვაქცინაციის მეთოდით ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყო ხელი. მანამდე, ეპიდემიებისა და პანდემიების დროს, ვირუსის დასუსტებას (პასაჟირებას) წლები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, პასტერის მეთოდით კი დროც საგრძნობლად შემცირდა და სიკვდილიანობაც მინიმუმამდე დავიდა.

ქართულ ენაში მიმართვის არაერთი „თბილი“ ფორმა გვაქვს, რომლებიც შინაარსობრივადაც და იმუნოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: „შენ გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“ და სხვა. აი, ფშავში კი გეტყვიან, „დაგეწამლეო“.ჰოდა, სანამ კოვიდ-19-ის ვაქცინას შექმნის ვინმე, ჩვენ უნდა დავეწამლოთ ერთმანეთს.

რამდენიმე გზა კითხვის სწავლებისთვის

0

წერა-კითხვა ის ფუნდამენტური უნარებია, რომელთა განვითარებასაც დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიზეზი მარტივია – მათ გარეშე შეუძლებელია განათლების მიღება. არაერთხელ მომიკრავს ყური მოსაზრებისთვის, რომ მშობლიური ენის სწავლა-სწავლება ძალიან მარტივია, რადგან ეს ენა დაბადებიდან გვესმის და კომუნიკაციის დროს თავისუფლად ვიყენებთ. თუმცა ასე მარტივადაც არაა საქმე. კითხვის პროცესი რამდენიმე კომპონენტს (ფონოლოგიური უნარ-ჩვევა, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული კითხვა, წაკითხულის გაგება-გააზრება) მოიცავს და თითოეული მათგანის დაუფლებას საკმაო ძალისხმევა სჭირდება (კომპლექსური უნარების ერთობლიობას წარმოადგენს წერის პროცესიც). ზემოაღნიშნული კომპონენტები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და თუ რომელიმე მათგანი სათანადოდ არ განვავითარეთ, კითხვასთან დაკავშირებული სირთულეები მალევე იჩენს თავს.

და მაინც, რის ცოდნას/შეძლებას გულისხმობს გაწაფული კითხვის უნარი?! პირველ რიგში, ბგერის (რაც გესმის, რასაც წარმოთქვამ) ასო-ნიშანთან დაკავშირებას. ანბანის შესწავლასთან ერთად, მოსწავლეს სიტყვის, წინადადების, ტექსტის სტრუქტურის აღქმაც უნდა შეეძლოს, რასაც ფონეტიკური უნარების (სიტყვის ასო-ბგერებად/მარცვლებად დაშლა-გამთლიანება და ა.შ.) განვითარება და მცირედი გრამატიკული ინფორმაციის (რა არის სიტყვა, წინადადება, სასვენი ნიშანი და სხვ.) გააზრებაც სჭირდება. კითხვის პროცესის ტექნიკურად გამართვის (ასოების/მარცვლების – სიტყვებად, სიტყვების წინადადებად გამთლიანება, კითხვის ტემპი, ინტონაცია…) გარდა, წაკითხული მასალის შინაარსიც უნდა გვესმოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ ენას ვსწავლობთ, ლექსიკური მარაგის შევსება მაინც გვჭირდება, რადგან კომუნიკაციის დროს  სამწერლობო ლექსიკას იშვიათად ვიყენებთ. ყველა ზემოაღნიშნული კომპონენტის დაუფლება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წაკითხული მასალა სიღრმისეულად გავიაზროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

საუკუნეების განმავლობაში წერა-კითხვის სწავლებასთან დაკავშირებით საკმაო გამოცდილება დაგროვდა, თუმცა დღემდე ვერ თანხმდებიან, რომელი გზაა უფრო ეფექტური.  ამ საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა თანამედროვე სახელმძღვანელოებშიც შეიმჩნევა. ზოგიერთი მათგანი ეფუძნება სინთეზურ (ნაწილების შეერთება, გამთლიანება) მეთოდს, რაც გულისხმობს ნაწილიდან მთელისკენ, ანუ ასო-ბგერიდან – მარცვლისკენ, შემდეგ კი სიტყვისკენ სვლას. აღნიშნული მეთოდის თანახმად, მოსწავლე ჯერ დაასახელებს შესასწავლ ასო-ბგერას და წაიკითხავს ასოებად დაშლილ სიტყვას, რომელიც, ახალთან ერთად, ნაცნობი ასო-ბგერებისგან შედგება. შემდეგ ამავე სიტყვის ამოკითხვას დამარცვლით შეეცდება, ბოლოს კი გაამთლიანებს.

მასწავლებელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაცილებით ეფექტურია მთლიანიდან დეტალებისკენ მიმავალი გზის გამოყენება, მაგალითად – მოსწავლეს ჯერ აჩვენებ/უკითხავ წინადადებას და მასაც ამეორებინებ. ამის შემდეგ იწყებ სიტყვებზე დაკვირვებას – მიუთითებ კონკრეტულ სიტყვაზე, წაიკითხავ და მასაც ათქმევინებ. შემდეგ კი ამ სიტყვის დეტალებზე დაკვირვების პროცესი იწყება. მოსწავლეს ეკითხები, რომელ ასო-ბგერაზე იწყება მის მიერ დასახელებული სიტყვა, რამდენი ასო-ბგერისგან შედგება და ა.შ. აღნიშნულ მეთოდს ანალიზურსაც უწოდებენ.

კითხვის სწავლების ორივე გზას –  სინთეზურ (აღმავალ) და ანალიზურ (დაღმავალ) მეთოდებს თავიანთი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავთ. თუმცა დღემდე ორივე მათგანი აქტიურად გამოიყენება წერა-კითხვის სწავლების პროცესში. სინთეზური მეთოდის გასაკრიტიკებელ ელემენტად დღემდე რჩება დაშლილი სიტყვების გამთლიანებასთან დაკავშირებული სირთულეები (ბავშვების გარკვეულ ნაწილს მთლიანი სიტყვის ხატის ცნობა და დასახელება უფრო ეადვილება, ვიდრე ასოებად/მარცვლებად ამოკითხული სიტყვის გამთლიანება). გარდა ამისა, უინტერესო, ერთმანეთთან აზრობრივად დაუკავშირებელი ფრაზების ამოკითხვა მოსწავლეთა კითხვის მოტივაციას მნიშვნელოვნად აქვეითებს.  ანალიზური მეთოდი სწორედ ამ სირთულეების აღმოფხვრას ცდილობს. მისი მამოძრავებელი ძალა ენის მთლიანობაა. ასაკის შესაბამისი ლექსიკისა და შინაარსის მქონე პატარა ტექსტების მოსმენით, ფრაზების/წინადადებების მრავალჯერ გამეორებით, ინტუიციის და ანალოგიის პოვნის თანდაყოლილი უნარების დახმარებით, მოსწავლეები ახერხებენ ფონოლოგიური უნარების განვითარებას და სიტყვის/ტექსტის სტრუქტურის გააზრებას. კითხვის მოტივაციაც იზრდება, რადგან საკითხავი მასალა ბავშვებისთვის საინტერესო საკითხებს მოიცავს და მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების ასპექტების გამოვლენის საშუალებასაც აძლევს. თუმცა აღნიშნული მეთოდით სწავლებისასაც შეიძლება წააწყდეთ გარკვეულ სირთულეებს. მათგან ყველაზე ხშირია ნაცნობ ტექსტს მოცილებული ცალკეული სიტყვების ამოკითხვის/ცნობის პრობლემა.

კითხვის სწავლების ორივე გზის დაბალანსების და მათი საუკეთესო დეტალების გაერთიანების შედეგია ანალიზურ-სინთეზური მეთოდი (მაგ., იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა“). მეოცე საუკუნის ბოლოს კი კითხვის სწავლების კიდევ ერთი გზა გაიკვალა.  კომბინირებული მეთოდების მიმდევრები ბავშვის განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით ცდილობენ ეფექტური მიდგომების შერჩევას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთი სფეროების განვითარებას, როგორიცაა ფონემური ცოდნა, გაწაფული კითხვა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ტექსტის მახასიათებლების ცოდნა და წაკითხულის გააზრება.

წერა და კითხვა თითქმის თანადროული პროცესია, თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენელთა აზრი ამ მიმართულებითაც არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ წერა-კითხვა სინქრონულად უნდა ისწავლებოდეს, რადგან ორივე მათგანი მიმართულია საერთო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ზოგჯერ კი  მათ აცალკევებენ და კითხვის სფეროში გარკვეული ცოდნის დაგროვების შემდეგ იწყებენ წერის მიმართულებით მუშაობას (აზრთა სხვადასხვაობას სახელმძღვანელოების მაგალითზეც კარგად დაინახავთ), რადგან ანბანის ცოდნის, ფონეტიკური უნარების თუ სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების გარდა, წერის პროცესი სივრცის აღქმას, საწერ ბადეში ორიენტირებას, წერის მიმართულების გააზრებას/დაცვას, ასოთა სწორად მოხაზვას და სხვა ტექნიკური კომპონენტების დაუფლებასაც გულისხმობს.

საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ვფიქრობ, უმჯობესია, კითხვის სწავლების პროცესი წერისთვის მომზადების ეტაპად გამოვიყენოთ. პირველკლასელთა უმრავლესობას, როგორც წესი, დასახვეწი აქვს წვრილი მოტორიკა. აქედან გამომდინარე, სჯობს, მოსწავლეებს ამ უნარის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები მივაწოდოთ. აღნიშნული საქმიანობა თავისუფლად შეგვიძლია დავუკავშიროთ შესასწავლ ასო-ბგერას, მაგალითად – ასო ,,ს“-სთან დაკავშირებული ტექსტის კითხვისას, მოსწავლეებს წერტილებით აწყობილი სპილოს კონტური გავამთლიანებინოთ და გავაფერადებინოთ, ან ასო-ბგერების კონტურების გამთლიანება-გაფერადების გზით ანბანის წიგნაკები შევაქმნევინოთ; ბავშვებს ასევე ძალიან მოსწონთ ასო-ბგერების, სიტყვების, წინადადებების გამოძერწვა, ქვიშაში წერა, ასოების ჰაერში მოხაზვა და ,,ასოების მასაჟი“. მსგავსი თამაშების დახმარებით ახალბედა მოსწავლეები ასოების მოხაზულობასაც გაეცნობიან და რვეულის ბადეში მათი გადატანის დროს უფრო თავისუფლად იგრძნობენ თავს.

ქართულ რეალობაში უმეტესად ისევ წერა-კითხვის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეყრდნობიან, სახელმძღვანელოთა უმრავლესობასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გათანამედროვებული „დედა ენა“. თუმცა სიტყვა „თანამედროვე“ ნაკლებად შეეფერება საანბანო პერიოდის ტექსტებს. რას ვიზამთ, რაც არ უნდა მოვინდომოთ, ვერაფრით გავამდიდრებთ საანბანო ტექსტების („აი თითა, აი თათი, აი ათი თითი“ და სხვ.) შინაარსს. ამიტომ, კითხვის მოტივაციის ამაღლების და ანბან-ქალაქთან გაშინაურების მიზნით, ხშირად ვიყენებ ე.წ. საანბანო წიგნებს. ამას გარდა, ასო-ბგერათა ზოგიერთ თავგადასავალს თავადაც ვიგონებ. მე დასაწყისების მწერალი ვარ, მოსწავლეები კი ჩემს მონათხრობს სხვადასხვა დასასრულს უსადაგებენ. სახელდახელო ამბებს ფონეტიკური სავარჯიშოებიც უხდება. ამ წერილსაც ერთ-ერთი ასო-ბგერის შესახებ მოთხრობილი პატარა ისტორიით და ფონეტიკური თამაშით დავასრულებ:

ანბანის სახლში, მეორე სართულზე, ანის და ინის მეზობლად ერთი ახალი ასო-ბგერა – თანი დასახლდა. თანი ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა და თავისი ახალი საცხოვრებელი ადგილი ძალიან მოსწონდა. იგი ძალიან მხიარული ვინმე იყო, სულ თამაშისკენ მიუწევდა გული. განსაკუთრებით კი სიტყვობანას თამაში მოსწონდა და ვიდრე ქალაქში სხვა ასო-ბგერები დასახლდებოდნენ, ანის და ინის დახმარებით რამდენიმე სიტყვა ააწყო. მოდი, ჩვენც ვითამაშოთ სიტყვობანა…

შენიშვნა: თამაშისთვის საჭიროა მოძრავი/მაგნიტური ანბანი.

ინსტრუქცია: მოსწავლეებს ვუხსნით, რომ მოცემული ასო-ბგერების (ა, ი, თ) სიტყვაში საჭიროებისამებრ განმეორებით გამოყენების უფლება აქვთ.

სავარაუდო სიტყვების ჩამონათვალი:  ათი, თათი, თითა, თითი, თათია, თათა, თაია…

მარცვლებად დაშლილი სიტყვების აწყობა:  თამაშის ეს ვარიაცია ეფექტურია საკითხავი მასალის დამუშავების პროცესში. დაფაზე არეული თანმიმდევრობით ვაკრავთ წებოვან ქაღალდებზე დაწერილ მარცვლებს და ვყვებით, როგორ დაუბერა ანბანის ქალაქში ძლიერმა ქარმა და სიტყვებს მარცვლები სულ აუწეწა. შემდეგ კი მოსწავლეებს ვთხოვთ, მარცვლებს ერთმანეთის პოვნასა და სიტყვებად გამთლიანებაში დაეხმარონ.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...