სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025
11 ნოემბერი, სამშაბათი, 2025

 რა არის საქართველო?

0

საქართველო ვერ არის ადვილად სალაპარაკო. აბა, საკუთარ თავზე როგორ უნდა ილაპარაკო. თანაც ობიექტურად. ან საერთოდ არსებობს კი ობიექტური ლაპარაკი. არ მგონია. სულ ტყუილია, შეუძლებელი. ამიტომაც საკუთარი თავი უფრო სჯობს აქო, ვიდრე პირიქით. საკუთარი თავი, ანუ საქართველო.

მითხრეს დაწერე ხუთი ამბავი, რაც საქართველოს სხვა გააცნობსო. ეგეთი წერა მე არ მეხერხება და ჩემთვის რა არის, მაგას გეტყვით. კარგს მხოლოდ. ცუდიც ვიცი. ცუდს დავმალავ. ხომ გითხარით, ობიექტურობა მოჭორილი საქმეა.

პირველ რიგში, საქართველო არის ძებნა. ავთანდილისგან ტარიელის. ტარიელისგან ნესტანის. მეგობრობა და სიყვარული. განა ღვთიური და შეუცდომელი. სასიძოს რომ მიეპარება და მძინარეს მოკლავს, ეგ არის ამბავი. ცუდია, მაგრამ ამბავია. იქ ავთანდილი რასაც ჩაატარებს ფატმანთან. ეგეც, ეგეც. მაგრამ ესენი სხვა სიმღერისთვის ნამღერი ამბებია. იმად ნამღერი, რომ იდეალური გმირები არ არსებობენ. და თუ არსებობენ, ვერ ვარგიან. გმირი უნდა იყოს შემცდარი. გმირი უნდა იყოს ამოვარდნილი. და მერე გამარჯვებული. მერე კეთილი. ეგ ბოროტი, რომელსაც კეთილმა სძლია, შენში იყო და შენშივე დაამარცხე. აფორიზმიც ამაზე მგონია. „ვეფხისტყაოსანი“ საკუთარ თავში მოგზაურობის ისტორიაა. იქ არიან ეს გმირები. იქ არის საქართველო.

 

საქართველო არის მურმანი. აი, ის მზაკვარი მურმანი, ეთერს რომ ფეტვს შეაყრის. ერთად ვაძაგოთ ეგ კაცი, აუცილებლად ვაძაგოთ, მაგრამ მერე რა, ლექსს იტყვის?! ფაუსტურს. წამის შეჩერების ამბავში. ან მეტსაც. ,,ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო, ვეხვევი ბროლის გულ-მკერდსა, ვეღარ ვიხილავ მალეო’’ ვაჰ! ვაჰ!

 

საქართველო ალუდა ქეთელაურია. საკუთარ თავზე გამარჯვებული კაცი. ალუდა თემი იყო, იმ თემზე მეტი, ვინც მერე გააძევა. წესებს იცავდა კი არა, მაგალითს აძლევდა ამ წესების დაცვის. მაგრამ ალუდა ადგა და თემი გააძევა გულიდან. გრძელი ამბავია, ორი სიტყვით რატომ და რისთვის – არ გამოდის. ჰოდა, თემს შეეძლო ეცხოვრა ცალკე, ალუდას ცალკე. ერთ სოფელში. ალუდა დაეტეოდა. თემსაც დაატევდა. თემმა არ ისურვა და ახლა ალუდა დედამიწაზე ვერ ეტევა. იმაზე დიდია, რაც ახლა ვართ. იმაზე მეტი შეუძლია.

 

საქართველო ილია ჭავჭავაძეა. ილია ჭავჭავაძე კიდევ რამდენია – მწერალიც არის და ბანკირიც, ბანქოისტიც და მოსამართლეც, თეატრალიც და მოხელეც, რედაქტორიც და დუელიანტიც. ცოცხალიც და მოკლულიც. ძაგებულიც და წმინდანიც. რაღა არ. ვინღა არ. ეს კაცი რომ ბევრია, დამაბნევლად ბევრი – ეგ არის საქართველო.

 

საქართველო არის კოჭლი გენიოსი მერანზე. და ეგ მხედარი კიდევ რას ამბობს, რას გვიბედავს: ,,ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის’’. არ ან ვერ კი არა, ნუო. აი, ეგ გაბედვაა საქართველო.

 

საქართველო ეს ამბებია. ან არ არის და უნდა იყოს.

 

 

XIX საუკუნის პოეტების ლირიკული პორტრეტები XX საუკუნის ტექსტებში

0

მეცხრამეტე საუკუნე ჩვენი მწერლობის განსაკუთრებული ეტაპია რომანტიკული და რეალისტური მწერლობის უმდიდრესი მემკვიდრეობით, ავტორებით, რომლებიც არ ყოფილან მხოლოდ მწერლები, არამედ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს მათ საზოგადო მოღვაწეობას, დაუცხრომელ ბრძოლას მწვავე სოციალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი – ეს სახელები მუდამ ოქროს ასოებით იქნება ამოტვიფრული ქართველი ერის მეხსიერებაში. დრო მათ დიდებას მეტი სინათლითა და შარავანდედით მოსავს. მეოცე საუკუნის ავტორებს, მიუხედავად მათ მიერ შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის მწერლობისა, მაინც წინაპარ ხელოვანთა ჩრდილში უწევდათ ყოფნა და ამას არც თავად უარყოფდნენ. მათ შემოქმედებაში უამრავჯერ გაცოცხლებულა მეცხრამეტე საუკუნის პოეტების ხატები, მათი იდეები, შექმნილა დაუვიწყარი პორტრეტები. გავიხსენოთ გალაკტიონ ტაბიძისეული გადაძახილები. „ძვირფასი ლანდები“ – მის მიერ შექმნილი მხოლოდ ეს ერთი პოეტური ხატი ეპოქალური მნიშვნელობის დამტევი ცხადი ილუსტრაციაა მათდამი გალაკტიონის  დამოკიდებულებისა. მას თავის შედევრებში არაერთხელ გაუმხელია, რომ ბარათაშვილისა და აკაკის პოეტური მემკვიდრეობის გამგრძელებლად წარმოიდგენდა საკუთარ თავს.

რაღაცნაირი „ოქროს კვეთით“ არის დაყოფილი XIX და XX საუკუნეების ქართული მწერლობა. რომანტიზმი და რეალიზმი XIX საუკუნის I-II ნახევარში, მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი XX საუკუნის I-II ნახევარში.  ამ ეპოქებს შორის იდეური ბმა ცხადად შეინიშნება. მიუხედავად სტილური და იდეურ-მხატვრული მრავალფეროვნებისა, უწყვეტი ძაფებით იყვნენ ამ მიმდინარეობის ადეპტი მწერლები ურთიერთდაკავშირებულნი. ვფიქრობ, ცალკე კვლევის საგანია მეცხრამეტე საუკუნის კლასიკოსთა კვალი მეოცე საუკუნის მოდერნისტული მწერლობის საგანძურში. ამჯერად კი ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლირიკის ორი უდიდესი წარმომადგენლის – გივი გეგეჭკორისა და მურმან ლებანიძის დამოკიდებულება მეცხრამეტე საუკუნის პოეტებისადმი. ამ კონკრეტული წერილის თემად საკმარისია ყურადღება შევაჩეროთ ორ ლექსზე, რომლებიც წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებშიც შევიდა. მაშ, ასე: გივი გეგეჭკორის „მეცხრამეტე საუკუნის პოეტები“ და მურმან ლებანიძის „ეტლი“. ორივე ლექსი უაღრესად საინტერესო მასალა იყო აბიტურიენტებისთვის ეფექტური იდეურ-მხატვრული თხზულების დასაწერად, თუმცა მათ სიღრმეებში წვდომა არ გახლავთ იოლი ამოცანა და საიმისოდ, რომ აბიტურიენტს ეს დავალება წარმატებით დაეძლია, დიდძალი პარალელური ცოდნა, ნაკითხობა, გემოვნება და ორიგინალური ხედვა უნდა გამოემჟღავნებინა, უნდა წარმოეჩინა ეპოქებს შორის კავშირები, გაეაზრებინა ფართოპლანიანი ლიტერატურული სარბიელის ესთეტიკა.

მურმან ლებანიძის ლექსი „ეტლი“ ეძღვნება აკაკი წერეთელს, რომელსაც პოეტი წარმოაჩენს, როგორც მამას, ქურუმს, ღვთაებრივს. ლექსი პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ბრწყინვალე ნიმუშია. როგორც ეს პოსტმოდერნისტებისთვის არის დამახასიათებელი, მასში ცოცხლდება მითოსური არქეტიპები. თვით აკაკის სახეც მითოლოგიზებულია. ეტლიც მითოსური ალუზიაა ელია თეზბიტელის ბიბლიური ისტორიიდან. ხოლო „თეთრად ჩაცმული, ფეხშიშველი და დაქანცული 30 ქალწული“, რომელიც ეტლს მიაქროლებს, თითქოს ვესტალები არიან, ქალღმერთ ვესტას ქურუმი ქალწულები, რომელთა მოვალეობა იყო მარადიული ცეცხლის შენარჩუნება ვესტას ტაძარში. ცხადია, ცეცხლის შენარჩუნება სიმბოლურ-ალეგორიულად გამოსახავს XIX საუკუნის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მისიას, რუსეთის იმპერიის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღდგინებასთან დაკავშირებულს. ლექსში იკვეთება სამი მთავარი იდეა: 1) აკაკი არის ღვთაებრივი, უკანასკნელი ორი საუკუნის ქართული ლირიკის მამა და ის ჩვენს აღფრთოვანებას იმსახურებს; 2) მისი შემოქმედება ეროვნული ხსნის იდეებთან არის გადაჯაჭვული; 3) თავისუფლების იდეა არის უზენაესი, მონობა სირცხვილია და პოეტს მითუმეტეს არ შეჰფერის მორჩილება. „სირცხვილი მონას და ისიც მგოსანს!“ – ასე რადიკალური ფორმით ახმოვანებს პოეტი აკაკის იდეურ პათოსს. მწერლობას რომ უდიდესი ძალა აქვს და აკაკის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ რეალობაზე, საზოგადოების ცნობიერებაზე, მოწმობს პოეტის ეს მიმართვა: „სხვა საუკუნე მოდის და მოვა / და წავა შავი წარსულის ჯანღი! / შენ გიყვარს მეტი ქართველი ხალხი!“

გენიალურია ის მეტაფორული სახე-სიმბოლოები, რომელთაც მურმან ლებანიძე აკაკის სახის გამოსაძერწად იყენებს: ღვთაებრივი ჩანგი, თეთრი ვარდის აკიდო, არწივის ჭანგი, მამულის მწყემსი/მწყემსი კეთილი, კისერი – სალამური, ცეცხლად გადაქცეული ლექსი (ეს სიმბოლო ელიას ცეცხლოვანი ეტლების ალუზიად გვესახება), ლომური ჭაღარა, ნისლში აფრიალებული სახელი. ყოველი მათგანი იმდენად ტევადი, ღრმა და გამომსახველია, რომ დეკოდირების განსაკუთრებული მცდელობის გარეშეც დაკვირვებული მკითხველი იოლად ამოიცნობს მათ ქვეტექსტებს. რაც შეეხებათ ახალ ვესტალებს, ისინი თავს არ ზოგავენ პოეზიის მამის დიდების სამსახურში:

„და მიქრის ეტლი, და დაღლილ ქალწულთ

არც შეჩერება, არც ეტლიდან გამოხსნა არ სურთ –

თავს უზენაეს ბედქვეშა რაცხენ… სულმნათო!

შენი მირონი აცხე მათს ნათელ შუბლებს,

მოჰფინონ რათა ათასწლეულებს ძენი თვისნი,

რომ, ოდეს ეტლით შენ ჩაუქროლებ საუკუნეებს,

მათ ყვავილები მოგაყარონ მეტი და მეტი!“

ისინი თითქოს ის ქართველი დედები არიან, რომელთაც ილია ამ მისიას ჩააგონებდა თავის ლექსში „ქართვლის დედას“:

„აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, –
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს…

მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,

და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს“.

გივი გეგეჭკორი და მურმან ლებანიძე ერთი ეპოქის შვილები არიან. ნიშანდობლივია, რომ ორივე ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, 2002 წელს გავიდა ამა სოფლიდან. ასაკობრივი სხვაობა კი მათ შორის მხოლოდ 11 წელი იყო. თუ მურმან ლებანიძის მოცემული ლექსი მხოლოდ აკაკის მონუმენტური სახის დახატვას ისახავს მიზნად, გივი გეგეჭკორის ლექსში ცოცხლდებიან მეცხრამეტე საუკუნის უკვდავი სახელები. საგულისხმოა, რომ ეტლის სახე-სიმბოლო გეგეჭკორის ლექსშიც იხატება, ოღონდ განსხვავებული რაკურსით. თუ აკაკის ეტლს ოცდაათი ტურფა ქალწული მიქროლებდა, აქ ლექსის ლირიკული გმირების მიმართ ავტორის პიეტეტი ასე არის გამოხატული: „…ღამის შრიალში ათიათასჯერ გიხდით ბენეფისს, ეტლში ცხენები გამოვუშვით, უნდა გატაროთ,  ეტლში შევებათ, როგორც ცხენები“… ანუ აქ უკვე საუკუნის ეტლში მეოცე საუკუნის პოეტები ებმებიან. ამით ავტორი იმასაც მიანიშნებს, რომ მწერლები აგრძელებენ მამულის ეტლის ტარების, ეროვნული იდეების მესაჭეობის ფუნქციას. პოეტი ასე ხედავს მეცხრამეტე საუკუნის პოეტების როლს: მათ ცრემლებში თრთოდა საქართველო და მათი ლექსებით გულს იოხებდნენ, ხოლო მათი შარავანდედი „აკვანზე დახრილ ქართლის დედას მუდამ ამკობდა“. ეს იდეა იკვეთება მურმან ლებანიძის „ეტლშიც“ და ზემოთ დამოწმებულ ილიას ლექსში.

რასაკვირველია, გივი გეგეჭკორს არ გამორჩენია თავის წინამორბედთა ჯვარი, თუ რა  რა სირთულეების გადალახვა უხდებოდათ მწერლებს იმპერიის ცენზურის წინაშე: „საცოდავია, ვინც პირდაპირ სათქმელს ვერ ამბობს და იშველიებს ალეგორიებს“… თუმცა ამ თემაზე შეგვიძლია ვეკამათოთ პოეტს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ „ზოგი ჭირი მარგებელია“ და ალეგორიული აზროვნება ჩვენს მწერლობას მეტ იდეურ სიღრმეს, იდუმალებასა და ხიბლსაც სძენდა.

ვინ არიან გივი გეგეჭკორის ლექსის ლირიკული გმირები? მართალია, ავტორი ლექსს ასე ასათაურებს – „მეცხრამეტე საუკუნის პოეტები“ და ამ სინტაგმით ალბათ ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ ტექსტში ის კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ახსენებს, პოსტმოდერნისტული ტექსტებისთვის დამახასიათებელი მანერით, სიტყვების თამაშით, მინიშნებებით, ალუზიებით გვიცოცხლებს თავის გმირებს. გენერლის მუნდირის მატარებელი – ცხადია, ეს ან გრიგოლ ორბელიანი უნდა იყოს ან ალექსანდრე ჭავჭავაძე, თუმცა ვინაიდან აქვე იხსენიება შუამთა – ალექსანდრე ჭავჭავაძის განსასვენებელი, გენერლისმუნდირიანად ალბათ სწორედ „გოგჩის“  ავტორი უნდა მივიჩნიოთ. აქვე იხსენიებიან: მასწავლებელი ქართლის სოფელში – ეს უდავოდ, ვაჟა-ფშაველაა, ხოლო მომრიგებელი მოსამართლე დუშეთის მაზრის ან „ივერიის თანამშრომელი“, ცხადია, ყველამ იცის, რომ დიდი ილიაა. საინტერესო სახეა „ნამესტნიკის მოხელე“, რომელიც, სავარაუდოდ, რაფიელ ერისთავი უნდა იყოს. იხსენიება ლირიკულ გმირთა საფლავები მთაწმინდაზე, დიდუბეში, ქისტაურსა და შუამთაში. ქისტაურში დაკრძალული გახლავთ პოპულარული ლექსის („სამშობლო ხევსურისა“) ავტორი რაფიელ ერისთავი. პოეტის აზრით, მთავარი მახასიათებელი მეცხრამეტე საუკუნის პოეტებისა არის გულწრფელობა და უმანკოება („ო, თქვენი მზერა რა უმანკოა!“), რამაც მათ შემოქმედებას გზა ფართოდ გაუხსნა ხალხის გულებისკენ. პოეტი აღიარებს, რომ მათი „უბიწო და გულუბრყვილო ლექსის ხაფანგში“ ბავშვობიდანვე „გაება“ და ამით ამაყობს კიდეც. როგორც მურმან ლებანიძის ლექსში, აქაც ავტორი ხაზს უსვამს ამ ორი საუკუნის საუკუნის ავტორთა უწყვეტ კავშირს, როცა ლექსის დასასრულს აღნიშნავს, რომ ოდესღაც „ყველა ერთად შეიკრიბება“…

დაახლოებით ისეთსავე მეტაფორულ სახე-სიმბოლოებს იყენებს გივი გეგეჭკორი ლირიკული ხატების გამოსაძერწად, როგორსაც გვთავაზობს მურმან ლებანიძე: მათი შუბლი ეკლესიის თეთრი პორტალია, მათი მეტყველი თვალები ყოვლისმხედველია, ხელებზე დაყრდნობილი ნიკაპი თავდაჯერებისა და ურყევი რწმენის გამომსახველია. შთამბეჭდავი მხატვრული სახეა ამაყი ბოტი, რომელიც კრავების კუნტრუშს დაჰყურებს ზემოდან… მეცხრამეტე საუკუნის პოეტები დევების ქორწილის სტუმრებად წარმოადგინა პოეტმა, რადგან მათ იმპერიის შავბნელ მახინასთან უწევდათ გამუდმებით ჭიდილი, მათი იმედი – მერცხალია, ცრემლები – იაგუნდის ქინძისთავები, ხოლო წიფლის შიმელი, ნორჩი ყლორტი სიახლის, ძიების, ახალი თაობებისადმი იმედის მეტაფორაა. მართალია, მათ გესლავდა ეჭვის მორიელი, ალბათ ეჭვისა იმაზე, შეძლებდა თუ არა ქართველი ხალხი რუსული იმპერიისთვის სახელმწიფოებრიობის გამოგლეჯას, თუმცა საკუთარ თავგანწირვაში სკეპსისი მათთვის უცხო იყო. მათი ჰეროიკული სახეების გარშემო ესთეტიზმისა და შემოქმედებითი აზროვნების უამრავი სიმბოლო ტრიალებს, მაგალითად: ჭრიჭინების კაპელა, ათასი ჩუმი ვარსკვლავი, ჩოხის კალთები, როგორც მაგიური მფარველი ძალა, მათ ამაყ მხრებზე შემომსხდარი კვირიონები, ღაზლის წინდები, მშობლიური რეალობის სახე-სიმბოლო…

ყველასთვის კარგად ნაცნობ ლირიკულ გმირებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს პოეტი, ისინი თითქოს ფანჯრებთან მდგარნი იყურებიან, ხოლო მათი ნაღვლიანი ლექსის სტრიქონი, როგორც კომეტა, ჩაუქროლებს ახალ ეპოქებს. ისინი ქტონური ღმერთებივით ისევ და ისევ მოდიან, უკან ბრუნდებიან „ოცდამეერთე საუკუნის მისადგომებთან“…   ეს ძვირფასი, წუხილის გამქარვებელი სახეები ისედაც მშობლიურია ჩვენი ხალხისთვის, თუმცა როცა თანამედროვე პოეტი ესოდენი სიყვარულით გვიცოცხლებს მათ სახეებს, ეს მკითხველში საოცარ ემოციებს აღძრავს, განსაზღვრავს ახალი თაობების დამოკიდებულებას ამ უკვდავი სახელების მიმართ.

 

 

 

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?

0

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?„დავუსვი ამ ამბავს ბოლო წერტილი, დავუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზეც ვამოწმებ ხოლმე, როგორ მოქმედებს ჩემი დაწერილი ამბები სხვებზე, წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით. მეგონა, თვალები გაბრწყინებული ექნებოდა აღტაცებით. მან კი შეეჭვებულმა მკითხა: – ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები, მამა? – ეგ იყო და ეგ.“

რევაზ ინანიშვილის მოთხრობის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“ ანალიზისას მასწავლებლებს არა მხოლოდ მისი შინაარსი და იდეურ-თემატური მხარე, არამედ მისი მხატვრული ასპექტებიც უნდა აინტერესებდეთ. ისეთი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გარდა, როგორებიცაა შედარება, მეტაფორა, სიმბოლო, აუცილებელია ტექსტის სტრუქტურის, პერსონაჟების და სხვა საშუალებების განხილვაც. ამ მოთხრობის დასასრული კი საშუალებას აძლევს მასწავლებელს, ესაუბროს, განუმარტოს და ასწავლოს მოსწავლეებს რამდენიმე მხატვრული ხერხი და ტერმინი. ესენია: პერსონაჟის ტიპები, მკითხველის ტიპები, ავტორი და მთხრობელი, მხატვრული და არამხატვრული ტექსტი, კომენტარი, მეტაფიქცია. განვიხილოთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი და როგორ რეალიზდება ისინი რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში. ჩემთვის გასაგებია, რომ, მოსწავლეების ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, როცა ისინი ამ მოთხრობას სწავლობენ, რთულია მათთან ყველა იმ საკითხის გავლა, რაზეც წერილში ვისაუბრებ. მაგრამ მასწავლებელი თავად უნდა გაერკვეს კარგად შესასწავლ მოთხრობაში და მოძებნოს ის ფორმა, რომლითაც ზედმეტი სირთულეების გარეშე დააყენებს მოსწავლეებს სწორ გზაზე და ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინებიდან და ხერხებიდან შერჩევით მაინც შეასწავლის ზოგიერთს.

პერსონაჟი – პერსონაჟთა კლასიფიკაციის რამდენიმე გზა არსებობს. როდესაც გვაინტერესებს, იცვლება თუ არა პერსონაჟი მოქმედების განვითარებასთან ერთად, მაშინ ვსაუბრობთ ცვალებად და სწორხაზოვან, სტატიკურ და დინამიკურ პერსონაჟებზე; როდესაც გვაინტერესებს კონფლიქტში მონაწილე მხარეები, ვსაუბრობთ პროტაგონისტსა და ანტაგონისტზე; მაგრამ პერსონაჟთა დაჯგუფებისას უმეტესად მაინც მარტივი პრინციპით ვხელმძღვანელობთ და პერსონაჟებს ვყოფთ მთავარ და არამთავარ, ძირითად და მეორეხარისხოვან პერსონაჟებად. თუმცა არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც და ლიტერატურათმცოდნეები იცნობენ პერსონაჟთა სხვა ტიპებსაც, მაგალითად, სიმბოლურ და არქეტიპულ პერსონაჟებს (არქეტიპული პერსონაჟების შესაქმნელად მხატვრული ლიტერატურა ზღაპრიდან საზრდოობს და თავის წიაღში  შემოჰყავს გმირი-მებრძოლი, ურჩხული, ჯადოქარი, შემწე, მავნე, სულელი, ბრძენი და სხვ.). ზემოთქმული იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პერსონაჟი ერთდროულად შეიძლება იყოს მთავარიც და დინამიკურიც, ან მთავარი და სწორხაზოვანი, ასევე სიმბოლური პერსონაჟი, შესაძლოა, მთავარი პერსონაჟიც იყოს და არამთავარიც, გააჩნია მწერლის სათქმელს და მკითხველის ინტერესს. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის ფაქტი, რომ პერსონაჟები ყოველთვის ადამიანები არ არიან და ზოგჯერ პერსონაჟის როლს მწერალი მხატვრულ ნაწარმოებში ცხოველს, ფრინველს, ბუნებრივ, მეტეოროლოგიურ მოვლენას, ფაუნის ან ფლორის სხვა წარმომადგენელს, საგანს ან ნივთს, აბსტრაქტულ ცნებას აკისრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობენ დამხმარე პერსონაჟები და ისინი იმით განსხვავდებიან არამთავარი პერსონაჟებისგან, რომ ეხმარებიან ავტორს ადრესატამდე სათქმელის უკეთ მიტანაში. თუკი რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში პერსონაჟების კლასიფიკაციას მოვახდენთ, აღმოვაჩენთ, რომ, გარდა კონფლიქტში მონაწილე და კონფლიქტის განვითარებისთვის საჭირო პერსონაჟებისა, მოთხრობას ისეთი პერსონაჟებიც ჰყავს, რომლებიც აბნევენ გულუბრყვილო მკითხველს. ამაზე ბოლო წინადადებიდან აზრის გამოსატანად საჭიროა, გავერკვეთ მკითხველთა ტიპებში.

მკითხველი – მკითხველი, იმის მიხედვით, წამოეგება თუ არა მწერლის ან მთხრობელის მიერ გადმოგდებულ ანკესს, გაებმება თუ არა ამ ორიდან მინიმუმ ერთ-ერთის მიერ დაგებულ ხაფანგში, ორი ტიპისაა – გულუბრყვილო და გამჭრიახი. მკითხველისთვის კითხვის პროცესი, ესთეტიკური სიამოვნების მიღებასთან ერთად, ინტელექტუალური ტკბობაცაა და ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა, როცა მკითხველი აღმოაჩენს, როგორ გამოიყენა მისი გულუბრყვილობა, მიამიტობა ავტორმა ან მთხრობელმა, როგორ ცდილობდა ეს უკანასკნელი, თავგზა აებნია მისთვის, ესარგებლა მისი ნდობით, მაგრამ როგორ გამოიჩინა  გამჭრიახობა და ამოიცნო მწერლის/მთხრობელის ჩანაფიქრი. მკითხველის უნარი, იყოს გამჭრიახი, მხოლოდ მკითხველის ჯილდო კი არა, მწერლის გამარჯვებაცაა, რადგან მწერლის მიზანი არაა მკითხველის დამარცხება, მკითხველის დამარცხება აზრს დაუკარგავდა ლიტერატურას.

ავტორი და მთხრობელი – ყველასთვის გასაგებია, რომ ლიტერატურულ ტექსტს ჰყავს კონკრეტული ავტორი. მაგრამ ავტორმა, შეიძლება ისარგებლოს უფლებით და ნაწარმოებში შემოიყვანოს მთხრობელი, რომელიც სულაც არ იყოს თავად ის. მთხრობელი ხან მესამე პირში უამბობს მკითხველს ამბავს, ხანაც პირველ პირში. საინტერესოა ისიც, რომ მთხრობელის მიმართვის ობიექტი, ადრესატი, ყოველთვის მკითხველი არაა და ის ზოგჯერ პერსონაჟია. იმისდა მიხედვით, თუ ვინაა თხრობის ადრესატი, მთხრობელის თხრობის მიზანიც განსხვავებული იქნება. როცა მთხრობელს პერსონაჟის შეცდომაში შეყვანა უნდა, მისი თხრობა არასანდოა. აი, აქ მართებს მკითხველს მთელი თავისი გამჭრიახობის მოკრება, რათა მთხრობელის ამბის ადრესატი საკუთარ თავთან არ გააიგივოს და ისიც, პერსონაჟთან ერთად, შეცდომაში არ შევიდეს, ანუ გულუბრყვილობა არ გამოიჩინოს. როცა მკითხველი ნაწარმოების ანალიზის პროცესში თავის ადგილს მიუჩენს ავტორს, მთხრობელს და პერსონაჟს, თითქმის წარმოუდგენელი იქნება, მის გამჭრიახობას საფრთხე შეექმნას. მკითხველი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მაშინ დგას, როცა მთხრობელის ხმა პირველ პირში ესმის. ასეთ დროს მკითხველს ავიწყდება, რომ საქმე მხატვრულ ტექსტთან აქვს და მხატვრული ტექსტი არამხატვრულისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ საქმე გამოგონილ ამბავს ეხება. როგორც არ უნდა ამტკიცებდეს მთხრობელი ან ავტორი, რომ წარმოდგენილი ამბავი სინამდვილეა, მისი მარტივად დაჯერება არ ღირს. ავტორი და მთხრობელი სანდონი ან არასანდონი არიან, მაგრამ მათი არასანდოობა სულაც არ აკნინებს მხატვრულ ნაწარმოებს, ალბათ პირიქითაც კი, მწერლის ღირსების ერთ-ერთი საზომი სწორედ ესაა – იმდენად დამაჯერებლად დაწეროს/მოყვეს ამბავი, მწერლის ფანტაზია სიმართლეს დაამსგავსოს. მაგრამ ვერც ვერავინ უსაყვედურებს ავტორს, თუკი ასე არ მოიქცევა. აი, იმ მკითხველს კი, რომელიც მწერლის ფანტაზიას რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანს და საზღვარს გამონაგონსა და სინამდვილეს შორის ვერ შენიშნავს, ნამდვილად ეკუთვნის საყვედური.

რეალურსა და მხატვრულს შორის ბუნდოვანი, ბაცი, არამკაფიო საზღვრების არსებობის შემთხვევაში მკითხველის მიზანია ამ საზღვრის დადგენა. ავტორის კეთილი ნებაა, დაეხმაროს მას ან არ ჩაერიოს მკითხველის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენაში. პირველ შემთხვევაში ის სხვადასხვა ფორმას მიმართავს, მაგალითად, კომენტარს ტოვებს ტექსტში, შეიჭრება ტექსტში, როგორც პერსონაჟი ან მთხრობელი, მოკლედ – არღვევს ტექსტის ნორმას, ტრადიციულ ფორმას. ამ მოვლენას, მხატვრულ ხერხს მეტაფიქციას უწოდებენ. სიტყვა „მეტაფიქცია“ ორი ნაწილისგან შედგება. „ფიქცია“ (fiction) მხატვრულ ტექსტს აღნიშნავს, ხოლო „მეტა“ ეს არის ბერძნული ზმნისწინი და ითარგმნება, როგორც „მიღმა“, „იქით“. როგორ ამოვიცნოთ მეტაფიქცია? ხშირად მეტაფიქციაში მწერლის კრიტიკული დამოკიდებულება იგრძნობა ტექსტის მიმართ, ანუ მეტაფიქცია ხშირად ირონიული კომენტარია. ასევე ლიტერატურათმცოდნეები გვირჩევენ, დავაკვირდეთ, რამდენად ინტროსპექტულია, რამდენად თვითრეფლექსიურია ავტორი. და ბოლოს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეტაფიქციაში ავტორის თვითკმაყოფილება უნდა იგრძნობოდეს. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რომ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ყველა ერთიმეორისგან გამომდინარეობს.

რა ხდება რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“? ავტორი მოთხრობის დასასრულს მიანიშნებს მკითხველს, რომ მან არ უნდა აურიოს ერთმანეთისგან ამბავი და მოთხრობა. ის ამბობს: „დავუსვი ამ ამბავს წერტილი“ და აგრძელებს თხრობას, ანუ მას მოთხრობა ჯერ არ დაუმთავრებია, მან დაასრულა მხოლოდ ერთი ამბის თხრობა და იწყებს… რა ვუწოდოთ იმას, რაც ახლა, ამ წინადადების შემდეგ დაიწყება? მეორე ამბავი? ჩაშენებული ამბავი? დასრულებული ამბის კომენტარი? თუ პირობითი გამყოფი მოთხრობის პირველ და მეორე ნაწილებს შორის? ამის გასარკვევად მკითხველს დაეხმარება პერსონაჟთა კლასიფიკაცია. მოთხრობის პირველი ნაწილი დასრულებული ამბავია და თუკი მას ცალკე აღებულს წავიკითხავთ, დამოუკიდებელი მოთხრობაცაა, მას მხატვრული სამყარო აქვს. მას ჰყავს პერსონაჟები, პროტაგონისტი და ანტაგონისტი, აქვს სამოქმედო არეალი, დრო, რომელშიც ვითარდება მოქმედება, ისტორიული კონტექსტი. მაგრამ, როგორც ჩანს, მწერალს ეჭვი უჩნდება, რომ მკითხველი სათანადოდ ვერ აღიქვამს გზავნილს, მას არასაკმარისად მიაჩნია დასრულებულ ამბავში გაბნეული სათქმელის ამოსაცნობი ელემენტები, ეშინია, მკითხველმა დეკოდირების გარეშე არ დატოვოს ტექსტი. ამიტომ ის იჭრება ტექსტში, მოთხრობაში და არა ამბავში, რომლისგანაც ის დისტანცირებულია, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. ამიტომაც ის არ ამბობს, რომ მოთხრობას დაუსვა წერტილი, არამედ მკითხველს მიანიშნებს, რომ მოთხრობა ჯერ არ დასრულებულა. ამ პასაჟიდან ირკვევა, რომ დასრულებული ამბავი დასათაურებულიც არაა. მოთხრობის სათაური წერტილის შემდგომ განვითარებული მოვლენების გარეშე, სავარაუდოდ, სხვა იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, ავტორმა მოთხრობას ისეთი სათაური შეურჩია, რომლის დეკოდირებაც თითქმის წარმოუდგენელია მხოლოდ ამბის წაკითხვით, სრული მოთხრობის წაკითხვის გარეშე.

მწერალს დასასრულს შემოჰყავს ახალი პერსონაჟი – „ქალიშვილი“. როგორც მწერლის ბიოგრაფიიდან ირკვევა, მწერალ რევაზ ინანიშვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს. გამოდის, რომ „მწერლის ქალიშვილი“ მოთხრობის გამოგონილი პერსონაჟია. თუკი ეს ასეა, მაშინ ვინ არის მწერალი, ისიც გამოგონილი ხომ არაა თუ ის იგივე ავტორი, ანუ რევაზ ინანიშვილია? თუკი მწერალ რევაზ ინანიშვილს არ ჰყავდა ქალიშვილი, ხოლო პერსონაჟ მწერალს ჰყავს ქალიშვილი, ავტომატურად გამოდის, რომ მოთხრობის პერსონაჟი „მწერალი“ გამოგონილი პერსონაჟი უნდა იყოს. როგორც პერსონაჟ „მწერლის ქალიშვილს“ არა აქვს არაფერი საერთო სინამდვილესთან და ის მხატვრული სამყაროს ნაწილია, სავარაუდოდ, პერსონაჟი „მწერალიც“ არაა ავტორი, ანუ რევაზ ინანიშვილი, და ისიც, პერსონაჟი მწერალიც, მხატვრულ გამოგონილ სამყაროს ეკუთვნის პერსონაჟ „ქალიშვილთან“ ერთად. ვინაიდან თხრობა პირველ პირშია და პერსონაჟი მწერალია, მკითხველი იბნევა და მას უჭირს, შენიშნოს მკრთალი საზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის. ამიტომაც ვთქვი წერილის დასაწყისში, რომ რევაზ ინანიშვილის რამდენიმე პერსონაჟი აბნევს გულუბრყვილო მკითხველს-მეთქი და სანამ მკითხველი კარგად არ გაერკვევა მკითხველის და პერსონაჟების ტიპებში აღნიშნულ მოთხრობაში, მანამდე გაუჭირდება მოთხრობაში ჩაშიფრული მწერლის სათქმელის ამოცნობა.

ვინაა პერსონაჟი „ქალიშვილი“, რომელსაც ეძახის, მოთხრობის დასასრულს უხმობს  პერსონაჟი „მწერალი“ და რა მისიით შემოჰყავს ის ავტორს მოთხრობაში? ეს გამოგონილი პერსონაჟი დამხმარე პერსონაჟია და მისი დახმარების გარეშე წარმოუდგენელია მოთხრობის სრულყოფილად გაგება. პერსონაჟი ქალიშვილი პერსონიფიცირებული მკითხველია. რა სურს ავტორს? რაში უნდა დაიხმაროს ავტორმა დამხმარე პერსონაჟი? ცხადია, მისი ბუნებრივი სურვილია, ნაწარმოების გამოქვეყნებამდე გამოიცნოს მკითხველის რეაქცია. ამ მიზნით მწერალი ახდენს თვითრეფლექსიას და ინტროსპექციას და პერსონაჟი ქალიშვილის ხმით და გამომეტყველებით გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის: ნაწარმოებმა ვერ გაუბრწყინა თვალები ქალიშვილს, ე.ი. მწერალი ხვდება, რომ, მიუხედავად მონდომებისა, მისი მოყოლილი ამბავი ვერ აღაფრთოვანებს კონკრეტულ აუდიტორიას, რადგან მან ვერ მოახერხა და ხმამაღლა გამოთქმით და მკაფიოდ წაკითხულითაც ვერ მიიღო პერსონაჟის სასურველი რეაქცია. პერსონაჟ მწერალს მოსწონს საკუთარი ნაწარმოები (მოთხრობის პირველი ნაწილი); ის თვითკმაყოფილია, მაგრამ რომ არა მოთხრობის ასეთი დასასრული, შესაძლოა, ნაწარმოებს კმაყოფილება არც მწერალ რევაზ ინანიშვილისთვის მოეტანა. სწორედ პერსონაჟის (ქალიშვილის) კრიტიკა, რომელიც ვითომ მას, მწერალ რევაზ ინანიშვილს მიემართება, მაგრამ სინამდვილეში მისი ადრესატი გამოგონილი პერსონაჟი მწერალია, ხდის მოთხრობას ირონიულს და პერსონაჟ მწერლის თვითირონია კმაყოფილებას ანიჭებს უკვე მას, ნამდვილ მწერალს. მკითხველის ირონია, რომელიც იგრძნობა იმ სიტყვებს შორის, რომელთაც წარმოთქვამს პერსონაჟი ქალიშვილი და იმ სტრიქონებში, რომლებიც აღწერს მის ინტერქციას მწერალთან, სინამდვილეში მწერალ რევაზ ინანიშვილის თვითირონიაა. რევაზ ინანიშვილი თვითირონიულიცაა და იმავდროულად დელიკატურად ირონიულია იმ მკითხველის მიმართაც, რომელიც გამოგონილ პერსონაჟ მწერალს გააიგივებს ნამდვილ ავტორთან. ამგვარი მხატვრული ხერხით, არაჩვეულებრივი ლიტერატურული მიგნებით, ის ცდილობს აირიდოს მკითხველის კრიტიკა იმდენად მექანიკურად, რომ მკითხველი ვერც ხვდება, როგორ გაიხადა ავტორმა ის მოკავშირედ. სხვა შემთხვევაში მწერალს, შესაძლოა, მკითხველის რისხვა დაატყდებოდა  თავს, მაგრამ ახლა მკითხველი მას ინდობს, რადგან უნდა, პერსონაჟ ქალიშვილის ულმობელი განაჩენისგან დაიცვას პერსონაჟი მწერალი, რომელიც სულაც არაა მოთხრობის ავტორი და არის მხოლოდ მოთხრობის პირველ ნაწილში მოთხრობილი ამბის გამოგონილი ავტორი. მოკლედ, მოთხრობის პერსონაჟი მწერალი, რომელიც მოთხრობაში მაშინ გამოჩნდება, როცა ამბავს წერტილს დაუსვამს, მოთხრობილი ამბის ავტორია, ხოლო მოთხრობის ავტორი რევაზ ინანიშვილია და გამჭრიახი მკითხველი ამ ორს ერთმანეთთან არ გააიგივებს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობის მეორე ნაწილი პირველ პირშია დაწერილი.

ახლა კი ვნახოთ, როგორ მოახერხა და როგორ გაიხადა ავტორმა რევაზ ინანიშვილმა თავის მოკავშირედ მკითხველი. ამისთვის ავხსნათ, რამდენად სიმბოლური პერსონაჟია (როგორც წერილის დასაწყისში პერსონაჟების ჩამონათვალში აღვნიშნე, პერსონაჟთა კლასიფიკაციისას, შესაძლოა, გამოვყოთ სიმბოლური პერსონაჟები) პერსონაჟი ქალიშვილი. სამწუხაროდ, რევაზ ინანიშვილი მაზე არაფერს არ გვეუბნება, არ აღწერს და არ ახასიათებს მას, მაგრამ მკითხველისთვის წარმოდგენის შესაქმნელად სავსებით საკმარისია ის ინფორმაცია, რაც მოთხრობაში მასზე მოგვეპოვება. პერსონაჟი ქალიშვილი, სავარაუდოდ, ახალგაზრდაა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ქალიშვილის გემოვნება რადიკალურად განსხვავდება მწერლის გემოვნებისგან, ორი თაობის განსხვავებაზე მიუთითებს. ქალიშვილი ახალი თაობის წარმომადგენელია. ეს ახალგაზრდა არის სოციალური ფენომენი, რომელიც ახდენს წმინდას პროფანაციას, ანუ ძველი, ტრადიციული ღირებულებების გაუფასურებას. ამ ტრადიციული ღირებულებების აპოლოგეტია პერსონაჟი მწერალი, რომელიც ასევე სიმბოლური პერსონაჟია. ორი სიმბოლური პერსონაჟის შემოყვანით ავტორი თითქოს გვეუბნება, რომ თანამედროვეობა ზედაპირულია. მისი საშუალებით ის ცდილობს, დაგვაახლოვოს არსებულ აქტუალურ თანამედროვე პრობლემასთან. რის და ვის კრიტიკას ახდენს ამით ავტორი? ძველის, როგორც წმინდასი თუ ახლის, როგორც ზედაპირულის? ვისი კრიტიკა ისმის მოთხრობაში, მწერლის, როგორც ძველი თაობის წარმომადგენლის თუ ქალიშვილის, როგორც ახალი თაობის გემოვნებისა და ინტერესების გამხმოვანებლის? რამდენად შლის მწერალი ზღვარს ელიტურსა და პოპულარულს შორის? როგორ აჟღერებს საზოგადოებაში გაბატონებულ კითხვებს – „იმას – ახალ თაობას – რა მოეწონება“, „ის – ახალი თაობა – რას  გაიგებს“ და „თუ ის – ახალი თაობა – ვერ გაიგებს, რად მინდა ამ საკითხებზე წერა“? ნუთუ ამგვარად ემშვიდობება ავტორი ძველ ღირებულებებს და შემოაქვს ახალი, ახალგაზრდული კულტურის სამყარო? ვისი პერსპექტივიდან გვაჩვენებს პრობლემას?

ჩემი აზრით, პერსონაჟი „ქალიშვილი“ სულაც არაა ზედაპირული. მან გააჟღერა უმთავრესი გზავნილი, ის, რაც სათაურის სახით გამოიტანა უკვე მწერალმა რევაზ ინანიშვილმა და მოთხრობას დაარქვა: ფრთხებიან კი ყვავები დამბაჩის ხმაზე, მამა? ანუ, ამ ფრაზით ქალიშვილი ახმოვანებს პრობლემას – როგორც წესი, საზოგადოებაში ვიღაც ეწირება ამა თუ იმ ღირებულების დაცვას. მაგრამ გამართლებულია მსხვერპლი? თუკი უნებლიე მოწმენი, მოთხრობაში სიმბოლური პერსონაჟები „ყვავები“, ახმაურდებიან და მათ სმენას დამბაჩის ხმა მისწვდება, მაშინ მსხვერპლი გამართლებულია, მაგრამ თუკი სიმბოლურ პერსონაჟებს ვერც დამბაჩა დააფრთხობს და ისინი კვლავინდებურად გააგრძელებენ ცხოვრებას, მაშინ მსხვერპლად შეწირვა უსარგებლო აქტის ტოლფასია.

ამიტომაც რევაზ ინანიშვილის მოთხრობის სწავლებისას საჭიროდ მიმაჩნია მეტაფიქციის, როგორც მხატვრული ხერხის, გაცნობა და სათაურის/ტექსტის დეკოდირება სწორედ მეტაფიქციის მეშვეობით, თორემ ვერ ჩავწვდებით მთავარს, ვერ ამოვიცნობთ ავტორის გზავნილს/ჩანაფიქრს და გადავინაცვლებთ დამარცხებული მკითხველების რიგებში. ეს კი ნამდვილად არ არის მწერალ რევაზ ინანიშვილის მიზანი.

„თუ თქვენ არ იცნობთ საკუთარ შვილებს, მაშინ…“ (გაგრძელება)

0

თუ თქვენ არ იცნობთ საკუთრ შვილებს, მაშინ… აუცილებლად უნდა გაიცნოთ ისინი და ეს უნდა მოახერხოთ ბუნებრივი, მშობლის ინსტინქტის გაღვივების ხარჯზე. ასე ფიქრობენ გორდონ ნიუფელდი (კანადელი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი, პედაგოგი, ფილოსოფიის დოქტორი და მრავალშვილიანი მამა. მის მიერ ვანკუვერში დააარსდა ინსტიტუტი, რომელიც ეხმარება მშობლებს, მასწავლებლებს, თერაპევტებს, აღმზრდელებსა და პედიატრებს, რათა მათ შეძლონ, სიღრმისეულად გაერკვენ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიაში) და გაბორ მათე (უნგრული წარმომავლობის კანადელი ექიმი-თერაპევტი. ექსპერტი ნარკომანიის, ტრავმის და ბავშვთა განვითარების საკითხებში. ის ავტორი და თანაავტორია წიგნებისა, რომლებიც ბეტსელერებად არის აღიარებული).

ბავშვების აღზრდის პროცესში მშობლები და აღმზრდელები უამრავ პრობლემას აწყდებიან და მაინც, მიუხედავად პრობლემების სირთულისა, უფროსების ურთიერთობები აღსაზრდელებთან ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. ბავშვებზე გავლენის მოხდენა შეუძლია უფროსების არა მხოლოდ საუკეთესო განზრახვებს. აღზრდის პროცესში  შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში კი  უფრო მეტადაც აღსაზრდელებზე გავლენას ახდენდეს ის, თუ როგორ იქცევიან უფროსები, როგორი ტონითა და მანერით გამოხატავენ საკუთარ განზრახვას. „ჩვენი მოსაზრება მკითხველისათვის რომ უფრო გასაგები გავხადოთ – აზუსტებენ ავტორები – გეტყვით, რომ მშობლებს ნამდვილად უყვართ საკუთარი შვილები, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ შვილები მშობლების ქცევებში ამოიკითხავენ უამრავ „პირობას“, მაგალითად: „დედიკოს/მამიკოს უფრო მეტად ვუყვარვარ მაშინ, როდესაც…“; „დედიკოს/მამიკოს გაცილებით მეტად ვუყვარვარ, როდესაც მე მათ…“.

„ძალიან რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე, მაგალითად, როდესაც პატარა შვილები გყავს და უამრავი საზრუნავი ერთდროულად დაგატყდება ხოლმე თავს“ –  ეს ფრაზები ხშირად ისმის მშობლებისგან, რომლებსაც ცხოვრებისეული გიჟური ტემპის გადამკიდე ავიწყდებათ, რომ პატარა ადამიანთან მათ ურთიერთობები აკავშირებთ და არა მხოლოდ ცალმხრივი მოვალეობები.

მართლაც, მშობლობა ძალიან რთულია. „პრობლემა ის გახლავთ, რომ – აღიარა ერთმა დედიკომ, რომელიც სამ პატარას ზრდიდა – თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გეგმები აქვს ცხოვრებაში და ზოგჯერ ისე გამოდის, რომ შვილები, როგორც დაბრკოლება ისე აღიქმება მიზნის მიღწევის გზაზე“. გულწრფელი აღიარებაა, ამიტომ აქვე გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება: – განაგრძობენ გორდონ ნიუფელდი და გაბორ მათე – როდესაც ჩვენი შვილები ცუდად იქცევიან, როდესაც მათ უღალატეს ჩვენს ღირებულებებს, როდესაც ჩვენს გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენეს, სწორედ ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი დავანახოთ „ურჩ დამნაშავეებს“, რომ თავად ის არის ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ქმედებები, რომლებსაც  ბავშვი სჩადის და რომ მასთან ურთიერთობები უფროსებისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მისი ქმედებები ან მიღწევები. სანამ მშობელი ბავშვის საქციელის კრიტიკას დაიწყებს, მან უნდა დაიცვას თავისი და შვილის ურთიერთობები. ყველაზე რთულ და უსიამოვნო სიტუაციებში ყველაზე მეტად უნდა ჩაეჭიდოს მშობელი საკუთარ შვილს. ეს საფუძველს შეუქმნის ბავშვს თავის მხრივ მშობელს მიეჯაჭვოს, ხელი ჩაჭიდოს მას. როდესაც ბავშვის აღზრდის პრინციპია: „სათანადოდ ჭკუის სწავლება“, აქ უნდა ახსოვდეს უფროსს, რომ შვილი დიდ საფრთხეს ხედავს, მას ჰგონია, რომ განრისხებული მშობელი დაძაბავს შვილთან ურთიერთობას და ისიც თავის მხრივ ეცდება სხვას მიეჯაჭვოს, რადგან მშობელი მისთვის უკვე აღარ არის სათანადო საყრდენი. ამიტომ მრისხანების მომენტში საუკეთესო გამოსავალია, ზრდასრულმა მოახერხოს საკუთარი ემოციების გაკონტროლება და თავი შეიკავოს რაიმე ტიპის „სანქციებისაგან“.

მშობლების გარკვეულ ნაწილს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მათი მხრიდან მსგავსი თავშეკავება, სავარაუდოდ, არაბუნებრივ სისუსტედ აღიქმება. უფრო ცუდი კი ის არის მათთვის, რომ უფროსები შიშობენ, რომ უმოქმედობა ბავშვების თვალში მსგავსი უდისციპლინობის წახალისებად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთი მშობლები დარწმუნებული არიან, რომ სჯობს არასასურველი ქცევა იმთავითვე სერიოზული განხილვის საგნად აქციონ, რათა ბავშვებმა ზუსტად იცოდნენ, რომ უფროსები არ დაუშვებენ საკუთარი ღირებულებებიდან გადახვევას. მშობლების ასეთი მიდგომები ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ არა მისაღები  – თვლიან ავტორები და აქვე განმარტავენ: ბავშვები ცუდად იქცევიან არა იმიტომ, რომ არ იციან, როგორია კარგი საქციელი. როგორც წესი, ბავშვებმა იციან, როგორ საქციელს მოელიან მისგან ზრდასრული ადამიანები, მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში არ შეუძლიათ სხვანაირად მოქცევა ან არ სურთ, ანგარიში გაუწიონ უფროსების მოთხოვნებს. ბავშვები გაცილებით ნაკლებად მერყეობენ იმ საკითხში, თუ რა ტიპის საქციელს მოელიან მათგან უფროსები, მაგრამ მათ შეუსაბამო ქცევებს განაპირობებს ეჭვი. დიახ ეჭვი – რომელიც ბავშვებს ღრღნის და მოსვენებას უკარგავს, ისინი მშობლების უპირობო სიყვარულში თანდათან სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებული ხდებიან.

როდესაც ბავშვებსა და უფროსებს შორის მიჯაჭულობა არ არის სათანადოდ მტკიცე, მაშინ უფროსისგან ნათქვამი: „ეს ჩვენთვის მიუღებელია“, ბავშვისთვის, სავარაუდოდ, აღიქმება, როგორც „მე მათ აღარ ვუყვარვარ“ ან „მე მათთვის მიუღებელი ვარ, რადგან…“  ან „მე მათთვის სასურველი გავხდები მხოლოდ მას შემდეგ, რაც….“. ადვილი მისახვედრია, რომ როდესაც ბავშვი მსგავს „შეტყობინებებს“ იღებს უფროსებთან მისი ურთიერთობები, შესაძლებელია გაფუჭდეს. მნიშვნელოვანია, უფროსებმა საკუთარ თავთან აღიარონ ბავშვების თავისთავადი პრიორიტეტი და ის უფრო მაღლა დააყენონ, ვიდრე მათივე ქცევები. მშობლები, სამწუხაროდ, ურთიერთობებს, როგორც ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენას ისე აღიქვამენ. მათ ასევე, ავიწყდებათ, რომ მიჯაჭვულობა, ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. მშობლობის ძირითადი ხიბლი ხომ ის გახლავთ, რომ როდესაც შვილებისათვის ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამით საკუთარ თავსაც ყველაფერ საუკეთესოს ვუკეთებთ.

ახლა, გვსურს მშობლებს ერთი კვლევის შესახებ ვუამბობთ, რომელიც ამბობს, რომ: როცა ბავშვი სიარულს და ამავე დროს სამყაროს აქტიურად შემეცნებას იწყებს, მშობლები უზარმაზარ სიყვარულს გამოხატავენ პატარას მიმართ, ეთამაშებიან მას, ზრუნავენ და ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვები დაუწესონ შვილს. შემდეგ თვეებში კი სიტუაცია რადიკალურად იცვლება, რადგან პატარები სულ უფრო მეტად აქტიურდებიან და მშობლები იძულებული ხდებიან ბავშვის დასამშვიდებლად დააწესონ აკრძალვები. და თუ კვლევებს დავუჯერებთ, პატარები თერთმეტი თვიდან ჩვიდმეტი თვის შუალედში აკრძალვებს ყოველ ათ წუთში ერთხელ ისმენენ. მკითხველი თავად დაასკვნის, რომ ასეთი დამოკიდებულებით უფროსები ბავშვებთან ემოციური კონტაქტის დამყარებას კი არ ცდილობენ, არამედ მისი ქცევების მართვას ან მიმართულების საკუთარი ინტერესის მიხედვით მიმართვას ახერხებენ. ამგვარი დამოკიდებულებები შედეგად ბავშვისა და უფროსების ურთიერთმიჯაჭვულობას კი არ ამყარებს – გვიხსნიან ავტორები – არა, ჩვენ ზრდასრულები, მხოლოდ მათ ფიზიკურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველვყოფთ. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ესეც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, ისეთი თბილი და კეთილგანწყობილი გარემოს შენარჩუნება, რომელიც ბავშვსა და მოზრდილს შორის ურთიერთობებს თანმიმდევრულად გააძლიერებს.

მაშ ასე, თქვენ კარგად იცნობთ საკუთარ შვილებს? ანუ იცით, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი? რა ტიპის რიტუალი უნდა არსებობდეს თქვენი და მისი ურთიერთობების ასაწყობად? თქვენ იცით როგორ აღადგინოთ თუნდაც დროებით შეწყვეტილი ემოციური კავშირი შვილებთან? თქვენ იცით როგორ აღადგინოთ ჩატეხილი ურთიერთნდობის ხიდი?

ძვირფასო მშობლებო, აღმზრდელებო, ბავშვების აღზრდის საკითხებით დაინტერესებულო მკითხველო, თქვენ გაეცანით მცირე ნაწყვეტს გორდონ ნიუფელდის და გაბორ მათეს წიგნიდან: „Hold On to Your Kids: Why Perents Need to Matter More Then Peers“ („ჩაეჭიდეთ საკუთარ შვილებს: რატომ უნდა იყვნენ მშობლები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თანატოლები“).

 

კითხვის ტექნიკა მედია შინაარსის კრიტიკული გააზრებისთვის

0

მედიაწიგნიერება ფართოდ შემოიჭრა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ის ნელ-ნელა უმთავრეს ციფრულ კომპეტენციად ყალიბდება. ყოველდღიურად გვესმის სიტყვები: პროპაგანდა, დეზინფორმაცია, Fake news, მანიპულაცია, ტროლები, ბოტები და ა.შ.

ჩვენი მოსწავლეები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან მედიაპროდუქტს (კონტენტს). ზემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას ისინი ხშირად ყოველგვარი კრიტიკის გარეშე აღიქვამენ სიმართლედ, ჭეშმარიტებად და აზიარებენ მას.

დამეთანხმებით, რომ სასკოლო სივრცე მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების კუთხით… პედაგოგების უმრავლესობა დამხმარე რესურსად იყენებს ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ვიდეოებს, ფოტოებს, პოსტერებს, დიაგრამებს და ა.შ. სავსებით შესაძლებელია, კონკრეტული საგნის ჭრილში დამხმარე რესურსად შეთავაზებული რესურსის ირგვლივ დავსვათ ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეებს ამ კომპეტენციას (ინფორმაციის  გააზრებას, დახარისხებას, გაშიფვრას) გამოუმუშავებს.

გთავაზობთ „კითხვის ხუთ ტექნიკას“, რომელიც მოსწავლეებს მედია კონტენტის კრიტიკული გააზრებაში დაეხმარება.

ხუთი კითხვა მედიის შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ – როგორ გავაანალიზოთ და გავაკრიტიკოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, დაწყებული სოციალური მედიის პოსტებიდან და ონლაინსტატიებიდან გაგრძელებული წიგნებით, სატელევიზო ტოქშოუებით, რეკლამებითა თუ ხელოვნების ნიმუშებით. ეს ტექნიკა დაგეხმარებათ მოსწავლეები კრიტიკულად დააფიქროთ იმაზე, თუ რა მიზნით მზადდება მედიაგზავნილი და როგორ მოიხმარენ მას?!

სათაური

(ჩაწერეთ სტატიის, ვიდეოს, ბლოგის ან სხვა ტიპის მედიაპროდუქტის დასახლება)

მედიის ტიპი

(სოციალური მედია, ტელევიზია, ონლაინჟურნალი/გაზეთი, ბლოგი)

წყარო

(მიუთითეთ წყარო, რომელსაც ეყრდნობა მედიაგზავნილი, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში დატოვეთ ცარიელი)

     
  კითხვების ნიმუშები თქვენი კომენტარი
1.       ავტორობა ვინ არის ავტორი?

(შექმნილია ინდივიდუალურად, ჯგუფის, ორგანიზაციის, კომპანიის თუ სახელმწიფოს  მიერ)

 
2.       მიზნები რატომ შეიქმნა ეს გზავნილი?

ა. რა არის ამ შეტყობინების მთავარი გზავნილი – ინფორმირება? გართობა? ვინმეს დარწმუნება? გადარწმუნება?

ბ. ვინ წარმოადგენს სამიზნე აუდიტორიას?

 
3.       სარგებელი ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ შეტყობინებით?

ა. ვის შეიძლება მიაყენოს ზიანი?

ბ. ჩემთვის ან ჩემნაირი ადამიანებისთვის არის თუ არა ეს შეტყობინება კარგი? რატომ?

 
4.       ტექნიკა როგორ ცდილობს მედიაგზავნილი თქვენი ყურადღების მოპოვებას?

ა. რა ტექნიკაა გამოყენებული ადამიანების ყურადღების მისაპყრობად (ხმა, ინტონაცია, ფერები, გრაფიკა და ა.შ.)?

ბ. რა ტექნიკაა გამოყენებული ხალხის ყურადღების შესანარჩუნებლად (ხმა, ინტონაცია, ფერები, გრაფიკა და ა.შ.)?

 
5.       ინტერპრეტაცია სხვადასხვა ადამიანმა განსხვავებულად შეიძლება გაიგოს ეს შეტყობინება?

ა. მედიარესურსი იძლევა განსხვავებული დასკვნების გაკეთების საშუალებას?

ა. ვისი თვალსაზრისითა და ხედვითაა წარმოდგენილი გზავნილი/შეტყობინება?

ბ. ვისი თვალსაზრისი და ხედვა აკლია?

 
დასკვნა

(ჩამოაყალიბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება, ამ კითხვების დასმის შემდეგ მედეაგზავნილების მიმართ)

 

 

  • შემოთავაზებული შეკითხვები თქვენ შეგიძლიათ უცვლელად გამოიყენოთ ან დაამატოთ/შეცვალოთ შესასწავლი საკითხისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად;
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს რომ მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხები;
  • გახსოვდეთ, რომ საბოლოო მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეებმა ამ კითხვების დასმა თავად შეძლონ.

 

მაგალითისთვის გთავაზობთ რამდენიმე მედიაგზავნილს:

  • ფოტოები სოციალური ქსელიდან;

სტატია სათაურით – ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან საფასურის გადახდა მოუწევთ

ვიდეო – შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „DOVE“-ს 2014 წლის რეკლამა ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით

პრაქტიკაში გავარჯიშების შედეგად მოსწავლეები შემდგომში თავად დასვამენ ამ შეკითხვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც შეხება ექნებათ მედიაგზავნილებთან. შედეგად – თავიდან ავიცილებთ ისეთ საფრთხეს, როგორიცაა პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და სხვა სახის მანიპულაციის გავლენის ქვეშ მოქცევა.

შენიშვნა – მედიაგზავნილები განსხვავებულია. სავსებით შესაძლებელია, თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტის თავისებურებიდან გამომდინარე ზოგიერთ შეკითხვაზე მოსწავლეებმა პასუხი ვერ გასცენ. ასეთ შემთხვევაში სთხოვეთ, რომ გრაფა დატოვონ ცარიელი.

 

გამოყენებული წყაროები

სტატია მომზადებულია KQED-ის ონლაინ კურსის „მედიის ანალიზი და შეფასება საკლასო ოთახისთვის“ მასალების მიხედვით.

 

ფუნქციური ცოდნის ნიუანსები

0

ფუნქციური სწავლება, ზოგადი მნიშვნელობით, გულისხმობს სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის რეალურ  ცხოვრებაში გამოყენების უნარს, რომელსაც ადამიანი სკოლაში იძენს. ცოდნის შეძენის ორი მთავარი წყაროა: სკოლა (ნებისმიერი სახისა, სადაც პედაგოგები გადასცემენ სხვადასხვა ტიპის ცოდნას) და თვითონ ცხოვრება, რომელიც გამოცდილების სახით ეძლევა ადამიანს. ყოველდღიური ყოფა (ოჯახი, გარემო, დრო, სივრცე, ტრადიცია და სხვ.) უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ეს კარგად არის გამოხატული ილია ჭავჭავაძის სიტყვებში: „არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა, მაგრამ მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის“.

ადამიანი  ორ განზომილებაში ცხოვრობს: ეს არის პრაქტიკული, რაციონალური, რეალური სამყარო და ფიქრის, წარმოსახვის, ოცნების, რწმენის სამყარო. გონიერი კაცისთვის ორივე მნიშვნელოვანია.  ეს გონიერება განაპირობებს სწორედ იმას, რომ ადამიანს შეუძლია ნაფიქრის ხორცშესხმა, წარმოსახულ იდეათა რეალურ სამყაროში განხორციელება. ცოდნა, რომელიც არა მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის ფლობას, არამედ მისი კრიტიკული გადამუშავების უნარსაც გულისხმობს, თანამედროვე სამყაროში იმ სოციალურ-კულტურულ გარემოში შეიძინება, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ჰქვია. ყველა ადამიანი მიისწრაფვის ბედნიერებისაკენ, შინაგანი ჰარმონიისკენ, ეს კი პირადაპირ არის დაკავშირებული მატერიალურ კეთილდღეობასთან. ისევ ილია ჭავჭავაძის  გაუცვეთელი და დღესაც აქტუალური, ნათლად  ჩამოყალიბებული თვალსაზრისი გავიხსენოთ: „ცოდნა, სწავლა-განათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხ-ხუთ საათს. შესაძლოა კაცს სიმდიდრე თვალ წინ ედოს და ვერა ჰხედავდეს უცოდინარობით და ან ჰხედავდეს და არ იცოდეს, როგორ და რა გზით აიღოს და შინ შეიტანოს, და მცოდნე კაცი-კი ქვასაც წყალს გამოადენს, სიმდიდრის წყაროს იქ ამოახეთქებს, საცა უცოდინარს სიზმარშიაც არ მოეჩვენება“ („ისევ განათლების შესახებ“).

მოსწავლეს და მასწავლებელს ხშირად არ „უყვართ“  ერთი და იგივე რამ, ამიტომ, ამ შემთხვევაში, პედაგოგმა უპირატესობა მოსწავლის ინტერესს უნდა მიანიჭოს. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებაც, უპირველესად, იმას გულისხმობს, რომ მოსწავლემ კარგად გაიაზროს, ნებისმიერი თეორიული ცოდნა იმისთვისაა საჭირო, რომ კომპლექსური ცხოვრებისეული პრობლემები გადაჭრას. ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებელი ეი ჯეი ჯულიანი როდესაც კოლეგებს უზიარებს გამოცდილებას, დეილ კარნეგის ციტატა იმოწმებს: ”პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი და ნაღები, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ რატომღაც, უცნაური მიზეზით, თევზები მატლებს ამჯობინებენ. ასე რომ, როდესაც სათევზაოდ დავდიოდი, არ ვფიქრობდი იმაზე, რაც მე  მინდოდა, არამედ ვფიქრობდი იმაზე, რაც თევზებს სურდათ. სათევზაო კაუჭზე მე არ ვკიდებდი  მარწყვსა და ნაღებს, არამედ ჭიაყელას ან მწერს“. მასწავლებლები ხომ ერთგვარი მებადურებიც არიან, რომელთაც „მოსწავლე“ უნდა დაიჭირონ, ამიტომ კარგად უნდა შეარჩიონ „სატყუარა“. ამას ისიც აძნელებს, რომ ამ „სატყუარას“ ხშირი ცვლა  და, შესაბამისად,  დიდი შემოქმედებით-გამომგონებლური უნარი სჭირდება.

როგორც დიმიტრი უზნაძე წერს: „სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“. ამიტომაც წარუმძღვარეს ავტორებმა სწორედ ეს სიტყვები ეროვნულ სასწავლო გეგმას.

ფუნქციური ცოდნა იმასაც გულისხმობს, რომ ადამიანმა თანაბარი ინტენსივობით შეიგრძნოს თავისი შინაგანი მრავალფეროვნების არსი, ფიქრისა და მოქმედების შეთანხმებულობა. ფიქრი და შეგრძნება ხშირად არაცნობიერის წიაღიდან მოედინება, ამიტომ აუცილებელია მათი კონტროლის უნარის გამომუშავება: „გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, /რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან“, _ წერს რუსთაველი.  ამ შემთხვევაში, პოეტი გულის, ე.ი. ირაციონალური, ინტუიციური ძალის უპირატესობას აღიარებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია იმ ძალების განვითარება, რომლებიც ადამიანს ფიქრების ანალიზში დაეხმარება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში კარგად ჩანს, როგორ უნდა შეამოწმოს მასწავლებელმა, აქვს თუ არა მოსწავლეს ფუნქციური ცოდნა. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს შემაჯამებელი დავალებების შედგენისას. ეს უნდა იყოს კომპლექსური, განსაზღვრული შესწავლილი თემების მიხედვით და წარმოადგენდეს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოსწავლისგან მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას; ამგვარი დავალებების მოსაფიქრებლად და შესარჩევად პედაგოგს დიდი ძალისხმევა მართებს.

ორი ძირითადი საკვანძო სიტყვა, როგორც გასაღები, უნდა იქცეს იმის სიღრმისეულად გასააზრებლად, რასაც ფუნქციური ცოდნა ჰქვია, ესენია: დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დამოუკიდებლობა გულისხმობს სხვათა დახმარების გარეშე საკუთარი შესაძლებლობის გააზრების უნარს, სწორი ინტერესების განსაზღვრას. კონკრეტული საგნის შესასწავლი ინდივიდუალური ტექნიკის გამომუშავებას.

თავისუფლება ნიშნავს ნებისმიერი არჩევნისა და გადაწყვეტილების შესაძლებლობას, შეცდომის დაშვების შიშის დაძლევას. ეს მასწავლებელმა უნდა მოახერხოს იმ გზით, რომ  მოსწავლეს გააცნობიერებინოს საკუთარი არჩევნის უნიკალურობა და ღირებულება, იმის განცდა ჩაუნერგოს, რომ შეცდომის დაშვების უფლება აქვს, რომ შეცდომა დანაშაული არ არის და ამის გამო სიტყვიერი შეფასებითა თუ ქულათა სკალით არ „დაისჯება“.

რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორად  შეფასებას, რომელმაც უნდა გამოავლინოს სწავლის შედეგი (აქ იგულისხმება თვითშეფასება, სხვათა თუ მასწავლებლის შეფასება). ამიტომაც მოსწავლის შეფასების (განმსაზღვრელი და განმავითარებელი)  მიზნები, პრინციპები და ამოცანები ეყრდნობა იმას, რომ  აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან და შესაბამის  კონტექსტებში.

შეიძლება პედაგოგს ცხოვრებას „ურთულებს“, მაგრამ მოსწავლეს „უადვილებს“ ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვისაც ითვალისწინებს ამ პირობას:   „მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის აუცილებელია ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ალტერნატიული მიზნების შეტანა, რომლებიც  ყოველდღიური სასიცოცხლო ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავებას უზრუნველყოფენ“.

მოსწავლემ არა მხოლოდ უნდა თეორიულად იცოდეს რაღაც, არამედ მისი გამოყენება შეძლოს ყოფის ორივე განზომილებში: სულიერსა და მატერიალურში, რადგან ცხოვრება, რეალობა ორივეს თანაბრად გულისხმობს. ფიქრის სამყაროსაც ისევე სჭირდება მოწესრიგება, კლასიფიცირება, როგორც რეალურს. ადამიანი უნდა გაიწვრთნას იმისთვის, რომ ჯერ იფიქროს, აწონ-დაწონოს და მერე გადადგას ნაბიჯი.  მაგალითად, მათემატიკის ცოდნით მოსწავლეს  უნდა შეეძლოს: კანონზომიერებების შემჩნევა და აღწერა ჩვენს გარემომცველ სამყაროში. ფიზიკის ცოდნა საშუალებას უნდა აძლევდეს, ნივთიერებების ფიზიკური მახასიათებლების ცოდნა დაუკავშიროს სხვადასხვა პროფესიასა თუ საქმიანობის სფეროს; უნდა შეძლოს დიფუზიის მოვლენის როლის შეფასება ბუნებასა და ყოფა-ცხოვრებაში; არა მხოლოდ უნდა იცოდეს, როგორ  მიიღება ელექტროენერგია, არამედ ელექტრული დენის მაგნიტური თვისებების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში რაციონალურად და უსაფრთხოდ გამოყენებაც უნდა შეეძლოს.

თეორია და პრაქტიკა ისე ბუნებრივად უნდა გადაეწნას ერთმანეთს, როგორც ყოველდღიურ ყოფაშია. მოსწავლემ თავისუფლად უნდა იმსჯელოს, თუ რა გამოყენება აქვს სიჩქარის ცნებას ან  რა მნიშვნელობა აქვს ატმოსფერული წნევის ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში,  რა როლს ასრულებენ  მცენარეები და ცხოველები ადამიანის ყოფაში, რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა,   როგორ წარმოქმნება დამოკიდებულება  მავნე ნივთიერებებზე (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აქროლადი ტოქსიკური ნივთიერებები) და როგორ უკავშირდება ეს ჯანმრთელობას. ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნამ მოსწავლეს უნდა შეაძლებინოს ნებისმიერ თემაზე სწორი მეტყველება და წერა. ნაფიქრის სიტყვიერ ქსოვილში გადატანა,  ჩამოუყალიბდეს  ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება მხატვრულ ტექსტებთან, გამოუმუშავდეს და განუვითარდეს ქვეტექსტის (იმპლიციტური ინფორმაციის) წვდომის,  მასალის კონტექსტში გააზრებისა და ინტეპრეტაციის, კრიტიკული აზროვნებისა თუ წაკითხულის შეფასების უნარები. მოსწავლემ ისე უნდა დაუკავშიროს წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს, რომ მხატვრულ ტექსტში გაანალიზებული სიტუაციები დაეხმაროს მატერიალურ ცხოვრებაში მსგავსი პრობლემების გადაწყვეტისას.

საბოლოო ჯამში, სხვადასხვა საგანში მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბების გზით ადამიანმა სამყარო უნდა გაიაზროს, როგორც ერთი მთლიანი სასიცოცხლო სივრცე თავისი მრავალფეროვნებით, როგორც რუსთაველი ამბობს: „სამყარო გვაქვს უთვალავი ფერითა“. ამ უთვალავ ფერს გაფრთხილება სჭირდება. ასე რომ, ფუნქციური ცოდნა  ადამიანს შეაგრძნობინებს იმას, რომ თვითონაც ერთი „ფერია“ და საერთო უზოგადესი კანონზომიერების ნაწილია, რომ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია თუ სხვა საგნები ერთ რომელიმე ფერს შეისწავლიან, სამყაროს მოზაიკის ნაწილებს უღრმავდებიან, რომლებსაც დამოუკიდებელი ღირებულებაც აქვთ, თანვე, ერთიანი დედამიწისეული სასიცოცხლო სისტემის შეუცვლელ კომპონენტებად გვევლინებიან. ამგვარი განცდა კი მოსწავლეს დაიცავს იმგვარი ფიქრისაგან, რომელიც   რომელიმე საგნის  „ზედმეტობისა“ თუ  „უსარგებლობის“ განცდისგან იბადება. ფუნქციური ცოდნა მოსწავლეს   იმ მომხმარებლური სულისკვეთებისაგანაც გაათავისუფლებს, რომელიც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დედამიწას, არამედ კოსმოსს. ამგვარად, ის არა მხოლოდ ცალკეული საგნის ფუნქციურ ღირებულობას გაიაზრებს, არამედ იმ ურთულეს საკითხსაც ჩაუფიქრდება, რომელსაც საკუთარი, ინდივიდუალური, პიროვნული  არსებობის ფუნქციის გარკვევა ჰქვია.

 

ხაზის გასეირნება

0

ხელოვნების გაკვეთილები, ალბათ სწორედ ახლა, როგორც არასდროს, მოსწავლეებისთვის ყველაზე მეტად მხარდამჭერი, გამამხნევებელი და გამახალისებელი უნდა იყოს.

სანამ სწავლა დაიწყებოდა, მეგობარმა ხელოვნების ნიმუშების ფრაგმენტებით დაპრინტული ულამაზესი პირბადეები მაჩუქა. ფერად-ნახატებიანი პირბადით გაკვეთილზე რომ შევდივარ, ბავშვები ყოველთვის აღნიშნავენ და უხარიათ როცა მიქელანჯელოს ნახატს, რაფაელის ანგელოზს, კიტ ჰარინგის კაცუნებს ამოიცნობენ ჩემს სახეზე გადაკრულ ქსოვილზე. ეს პირბადეები განსაკუთრებით ახალგაცნობილ მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გამომადგა, თითქოს ხელოვნებასთან შეხების და ახალი ურთიერთობების პირველი ძაფები უფრო ადვილად გავაბით. აი, ფერადი ან ყვავილებიანი ერთჯერადი ხელთათმანები კი ჯერ ვერსად ვიპოვე…

საკლასო ოთახებში ხელოვნების სწავლა სახალისო გაკვეთილებით დავიწყეთ – ხელოვნების ძირითადი ელემენტების გაცნობით, ხაზებით თამაშით.

ერთერთი სავარჯიშო, რომელიც გავაკეთეთ „ბრმა კონტურით“ ხატვა იყო, როცა ხატვის დროს ფურცელს არ უყურებ, მაგრამ აკვირდები საგანს და ფურცელზე ხელით შემოხაზავ მის კონტურს. ასეთი ხერხით ხატვა დაკვირვების, წარმოსახვის, თვალის და ხელის გასავარჯიშებლად სასარგებლო და თან მხიარული აქტივობაა.

მაგრამ სანამ თვალს და ხელს გავივარჯიშებთ, შეიძლება პირველი ასეთი ნახატი ძალიან სასაცილო გამოგვივიდეს. თანდათან კი აღმოვაჩენთ, რომ შესაძლებელია გამოსახულება დახატო ფურცელზე ისე, რომ ხელი თვალს ემორჩილებოდეს.

ასეთ დროს, სანამ მუშაობას შევუდგებით, საგანს შევხედავთ და ვირჩევთ ერთ წერტილს, საიდანაც ხატვას ვიწყებთ. თვალით, ნელ-ნელა მივუყვებით და ვაკვირდებით საგნის სილუეტს, ხელის მოძრაობაც თვალს მიჰყვება და ხატავს. როცა ფურცელს დავხედავთ, ვნახავთ რომ ცოტა სხვანაირი, ან შეიძლება აბსტრაგირებული გამოსახულება გამოვიდა, ჩვენს მიერ არჩეული საგანი ნახატში ახალ ფორმას იძენს.

მერე დავაკვირდეთ, დეტალები მოვნიშნოთ, რომლებიც შეგვიძლია გავაფერადოთ. ან იქნებ რამე ახალ ფორმას გვაგონებს – თევზს, ხეს, ჩიტს? დავუმატოთ შტრიხები, წერტილები, ფერები. წარმოსახვას გზა მივცეთ. ხატვის პროცესი ძალიან სახალისოა, შეგიძლია მეგობრის, ოჯახის წევრის პორტრეტი ან რაიმე საგანი დახატო. მთავარია, ხატვის დროს არ დახედო ფურცელს და ფანქრით, ფლომასტერით ან მარკერით დაწყებული კონტური არ გაწყვიტო.

მოსწავლეები გამხიარულდნენ და სამუშაოდ მოემზადნენ.

ამ სავარჯიშოს შესასრულებლად თეთრი ფურცელი და უბრალო ფანქარი მოვიმარჯვეთ, საშლელი გვერდზე გადავდეთ, რადგან არ ვაპირებდით კონტურების „გასწორებას“. ფერადი ფანქრები ან პასტელებიც გვქონდა, დეტალების გასაფორმებლად.

სანამ ბავშვები ხატვას დაიწყებდნენ, ჯერ შევთანხმდით, ვინ რას დახატავდა. ზოგმა მეგობრის პორტრეტი აირჩია, ზოგმა თავისი პენალი, ზოგმა კედელზე მოწიკწკე საათი. ხატვის პროცესში ყველას გაღიმებული სახე ჰქონდა, მოუთმენლად ელოდნენ მომენტს, რომ ენახათ რა გამოუვიდათ ხაზების ასეთ გასეირნებაში.

როცა უწყვეტი ხაზებით ნახატი დაასრულეს, დახედეს და კიდევ უფრო გამხიარულდნენ. პორტრეტის შემთხვევაში, უცნაურად გადაკვეთილ ხაზებში თვალები, ცხვირი აცდენილი იყო სახეს, საათის ისრები და ციფრები სადღაც „გარბოდნენ“, წყლის ბოთლი ბოთლს არა ჰგავდა, უცნაური ფორმის კოშკი უფრო იყო, ვიდრე ბოთლი; ყვავილი ობობის ქსელით დაფარულ ლაქას დაემსგავსა და ა.შ. მერე, ამ მხიარულ ნახატებზე სასურველი ფორმა რომ მიეღოთ, ზოგი ადგილი გაამუქეს, ზოგი გააფერადეს, რამდენიმე დეტალი დაამატეს და სათაურებიც შესაფერისი მოუფიქრეს. (სურ. 1)

„გაასეირნე ხაზი“ – ასე ამბობდა მეოცე საუკუნის დიდი მხატვარი პაულ კლეე, როცა ბაუჰაუზში, 1921-31 წლებში, თავის სტუდენტებს ხელოვნებას ასწავლიდა.

„აქტიური ხაზი სეირნობს თავისუფლად, მიზნის გარეშე“ – წერდა კლეე თავის ჩანაწერების წიგნში¹, რომელიც სტუდენტებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო იყო. აქ რამდენიმე გვერდი ეთმობა ხაზის ამ საყოველთაოდ ცნობილ განმარტებას, სხვადასხვა ტიპის ხაზს. ყოველ ნიმუშს დიაგრამა ახლავს, რომელსაც კლეე, ალბათ, დაფაზე ხატავდა ლექციის დროს.

კლეეს გაკვეთილები მოსწავლეებს უამრავ გზას უხსნიდა, რომლის საშუალებითაც წერტილი შეიძლება გახდეს ხაზი, ხაზი შეიძლება სიბრტყედ გადაიქცეს და ა.შ. კლეე თავის სასწავლო მეთოდს დაახლოებით ისე აგებდა, როგორც ბავშვი იწყებს კითხვის სწავლას. ჯერ ასოებს, შემდეგ სიმბოლოებს, ბოლოს კი, კითხვას და წერას სწავლობს. ასოების გადანაცვლებით შეგიძლია სხვადასხვა სიტყვა ააწყო, კლეეც სტუდენტებს ერთიდაიგივე ფორმის ყველა შესაძლო მდგომარეობაში განმეორებას სთხოვდა. ასეთი დავალებები საფუძველს უყრიდა მომავალ ნამუშევრებს ხელოვნებასა და დიზაინში, და საჭირო იყო მათი კარგად დაუფლება, სანამ ნახატს ტონი და ფერი შეეხებოდა.

როდესაც მოსწავლეები მხატვრის სახლში ესწრებოდნენ გაკვეთილებს, კლეე ხშირად სთხოვდა მათ, მის დიდ აკვარიუმში მოცურავე ტროპიკულ თევზებს დაკვირვებოდნენ. კლეე შუქს ხან ჩააქრობდა, ხან აანთებდა, თევზიც ხან ცურავდა, ხან იმალებოდა, სტუდენტები კი ყურადღებით იხატავდნენ მის მოქმედებებს.

შეიძლება ასეთი გაკვეთილი ერთი შეხედვით უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ კლეეს აინტერესებდა კომპოზიციაში მოძრაობის შექმნა. და ის ამბობდა, რომ ხელოვნების ნაწარმოები, თუნდაც აბსტრაქტული, ბუნებისგან, ბუნების ფორმებისგან უნდა იყოს შთაგონებული. „ბუნებისგან სწავლებით თქვენ შეძლებთ საკუთარი ფორმების შექმნას და ბუნების მსგავს შემოქმედებად იქცევით“- წერს მხატვარი.

კლეე მცენარეების ტოტებს, ორგანულ სისტემებს და წყლის მოძრაობას გულდასმით აკვირდებოდა და სწავლობდა. მას შემდეგ, რაც სტუდენტები ხაზებს და სიბრტყეებს დაეუფლებოდნენ, და ამ ფორმების ბუნებაში პოვნას შეძლებდნენ, მხოლოდ მაშინ გააცნობდა ფერს.

კლეეს გაკვეთილები ფერის შესახებ მეცნიერულ სიზუსტეს მისტიციზმის ღრმა გრძნობასთან აერთიანებს. მისი თეორიები გოეთეს ფერების ბორბალს ეყრდნობა, რომელიც საუკუნით ადრე 1809 წელს შეიქმნა და გვთავაზობს იდეას, სადაც წითელი მწვანის საპირისპიროა, ნარინჯისფერი – ლურჯის, ყვითელი – იასამნისფრის. კლეემ ახალი განზომილება შესძინა ამ დიაგრამას, სფეროდ გადააქცია, თეთრი და შავი დაუმატა. კლეე მოსწავლეებს საკუთარი ფერების დიაგრამის შექმნასაც ავალებდა, სადაც ვიზუალურად უნდა აეწონათ ერთი ფერი მეორის მიმართ. მეცნიერებაში ჩაძირული კლეე რომანტიკოსიც იყო. ის ყოველთვის აკავშირებდა ერთმანეთთან ფერს და მუსიკას, ხსნიდა, რომ ფერების კომბინაციები (მუსიკალური ნოტების მსგავსად) შეიძლება იყოს ჰარმონიული ან დისონანსული, ეს დამოკიდებულია შეწყვილებაზე. ზოგჯერ ვიოლინოზეც უკრავდა თავისი სტუდენტებისთვის.

დიდი მხატვრების ნახატებში, კლეე გვირჩევს დავაკვირდეთ ხაზს, ფორმას, ფერს და ჩვენც, ბავშვებთან ერთად, მისი ნახატების თვალიერებისას შევეცადეთ ამოგვეცნო,  რაშია მაგია, რა ხდის მის ნახატებს ასე განსაკუთრებულს, მომაჯადოვებელს. ბავშვების დაკვირვება კი ასეთია: „ფაქიზი ხაზები აქვს, მეც მინდა ვცადო ხაზების ასეთი ამოძრავება!“, „რა სიმშვიდეა მის ფერებში!“, „ალბათ, თვალდახუჭულიც ასე კარგად ხატავდა…“ და ა.შ.

გაკვეთილზე ბავშვებმა მისი ნახატების ინტერპრეტაციები შეასრულეს. ასე შეიქმნა მარიამის და ტასოს აბსტრაქტული კომპოზიციები, ნატალიას „წითელი ბუშტი“ და აჩის „სენესიო“ (სურ.2).

¹ https://monoskop.org/images/1/15/Paul_Klee_Notebooks_Vol_1_The_Thinking_Eye.pdf

 

დისტანციური სწავლება და ,,სასწავლო გაჩერებები“

0

,, სასწავლო გაჩერებები“ – აქივობების ერთობლიობაა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს: მიაღწიოს დასახულ მიზანს, შეუქმნას მოსწავლეებს  სახალისო და საინტერესო გარემო, აამაღლოს მოტივაცია, გაზარდოს ჩართულობა მოსწავლეთა შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით.  ამ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი ეფექტურად გამოიყენებოდა რეალური სასწავლო პროცესის დროს,  ასევე  მარტივად შესაძლებელია მოვარგოთ დისტანციურ სწავლებას.  ამისთვის მასწავლებელმა კლასის შიგნით უნდა შექმნას იმდენი ჯგუფი, რამდენი გაჩერების გავლასაც გეგმავს გაკვეთილზე, ყველა ჯგუფს თავიდან ახვედრებს კონკრეტულ დავალებას. შემდეგ უცვლის დავალებებს, დავალებების ატვირთვა შესაძლებელია თავიდანვე Fails -ში. სასურველია ყველა დავალებას დაარქვას სახელი: გაჩერება 1 ; გაჩერება 2 და ა.შ. მოსწავლეები თავიდან შემოვლენ Teams -ის ძირითად ჯგუფში, შემდგომ გადანაწილდებიან ჯგუფებში ინსტრუქციის მიხედვით.

გაჩერებების რაოდენობას და თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობას განსაზღვრავს მასწავლებელი, გაკვეთილის მიზნიდან და კლასის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად განსაზღვროს თითოეულ ,,სასწავლო გაჩერებაზე“ მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული დრო.   აქტივობების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია, რომ ყველა გაჩერებას დაეთმოს თანაბარი დრო, მასწავლებელმა აკონტროლოს მოსწავლეთა ,,გადაადგილება“ გაჩერებებზე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დროის ლიმიტის დაცვას.  მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის სხვადასხვა მეთოდი არსებობს.ერთ-ერთი ფორმაა 1-4 ზე გათვლა (მოსწავლეები გაითვლიან იმდენზე, რამდენი გაჩერებაც არის),  მასწავლებელი ოსწავლეებს აძლევს მითითებას რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულონ დავალებები.  პირველი ჯგუფი ასრულებს დავალებას   ,,გაჩერება 1“, , მეორეები-  ,,გაჩერება 2“ ,  მესამეები – ,,გაჩერება 3“  და მეოთხეები-  ,,გაჩერება 4“. ამის შემდეგ უცვლის დავალებებს.  პრეზენტაციისთვის  შესრულებულ დავალებებს მოსწავლეები  გააზიარებენ ძირითად ჯგუფში.

 

გაკვეთილის თემა: ორგანიზმის ჰომეოსტაზი

 

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ადამიანის ორგანიზმის ჰომეოსტაზის მნიშვნელობის გაანალიზება. ჰომეოსტაზის ჩამოყალიბებაში მონაწილე ორგანოების და ორგანოთა სისტემების როლის განსაზღვრა.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ერთი საკითხის ირგვლივ არსებული მონაცემების შეგროვება და ამბის სახის გადმოცემა (პოსტერის შექმნა).

ესგ – ს სტანდარტი

  • კვლევის საფუძველზე ორგანიზმის ჰომეოსტაზის (წყლის ბალანსი, ტემპერატურა) შენარჩუნების მნიშვნელობის დადგენა და ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების (კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერატურის მატება, ფაგოციტები, იმუნიტეტი) შესახებ მსჯელობა (ბიოლ.საბ.1,2, 4,5,6,7,8,9,10);
  • კვლევის საფუძველზე გარემოს ცვლად პირობებში ორგანიზმში მიმდინარე  ცვლილებების (მაგ., პულსის აჩქარება-შენელება, სუნთქვის სიხშირის შეცვლა, ოფლიანობა, წნევის მომატება) დადგენა (ბიოლ.საბ.1,2,4, 5,6,8,9,10);

 წინარე ცოდნა და უნარები: მოსწავლეებმა იციან საჭმლის მონელების, სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის და გამომყოფი ორგანოთა სისტემების აგებულება და ფუნქცია. შეუძლიათ მოდელზე ორგანოების ამოცნობა, დიაგრამის ანალიზი იდენტიფიცირება – ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენებით.

რესურსები:  სამუშაო ფურცლები, კომპიუტერი, შეფასების რუბრიკები, ელექტრონული რესურსი.

შეფასება:  განმავითარებელი –  ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვება, ერთი ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფის ნამუშევრის შეფასება.

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა 1.  შექმენით  პოზიტიურ სასწავლო გარემო (გააცანით  გაკვეთილის მიზანი, შეფასების ფორები შეახსენეთ  ქცევის წესები). (2 წთ)

აქტივობა 2. მოსწავლეთა ახალი საკითხით დაინტერესების მიზნით   აჩვენეთ  ადამიანსა  და გარემოს შორის სითბოს მიმოცვლის სურათი. (სურ 1). სთხოვეთ მოსწავლეებს  გამოთქვან ვარაუდები სითბოს გადაცემის მიმართულებებს შორის. გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით  დააფიქსირეთ მოსწავლეების მოსაზრებები,  დაახარისხეთ იდეები.

მოსწავლეებს სთხოვეთ  გაიხსენონ  რა არის ,,ჰომეოსტაზი“? რას ნიშნავს ტერმინი? როგორ ხდება ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნება? (4 წთ)

კლასი დაყავით  ოთხ ჯგუფად. გააცანით ,,სასწავლო გაჩერებების“ მეთოდის ინსტრუქცია.   ყველა ჯგუფი დაიკავებს ერთ რომელიმე გაჩერებას, შეახსენეთ დრო. მოსწავლეები გაივლიან   ოთხ ,,სასწავლო გაჩერებას“: თითოეული გაჩერების ხანგრძლივობა –  6 წთ.

ყოველი გაჩერების გავლის შემდეგ ჯგუფს სთხოვეთ სამუშაო ფურცელი გადაიტანოს მომდევნო გაჩერებაზე. მათ ევალებათ ოთხი გაჩერების გავლის შემდეგ ააწყონ პოსტერი.

გაჩერება 1: მოსწავლეები  იმუშავებენ  სამუშაო ფურცელ N 1 -ზე , სადაც  იმსჯელებენ როგორ მუშაობს კანის სხვადასხვა სტრუქტურა გარემოში მაღალი და დაბალი ტემპერატურის საპასუხოდ.

გაჩერება 2: მოსწავლეები  განიხილავენ ვიდეოს , https://www.youtube.com/watch?v=xNrD8uPPf4w. შემდეგ შეავსებენ სამუშაო ფურცელ N 2 -ს. იმსჯელებენ რა ცვლილებებს განიცდის ორგანიზმი მასში უცხო სხეულის შეჭრის დროს;

გაჩერება 3:  მოსწავლეები  ჯგუფში ჩაატარებენ ექსპერიმენტს. ჯგუფის წევრების ნახევარი იქნება მოხალისის როლში. მეორე ნახევარი – დამკვირვებლის როლში. დამკვირვებლები მოხალისეებს დაუთვლია პულსს და გაუზომავენ წნევას. ჩაინიშნავენ მონაცემებს სამუშაო ფურცელ N 3-ში. შემდეგ მოხალისეები გააკეთებენ ბუქნებს 1 წთ-ის განმავლობაში. დამკვირვებლები დაითვლიან მოხალისეების პულსს და წნევას. მონაცემებს ჩაინიშნავენ სამუშაო ფურცელ N 3-ში. დასასრულს იმსჯელებენ როგორ შეიცვალა სისხლის წნევა და პულსი ფიზიკური დატვირთვის გავლენით.

გაჩერება 4: მოსწავლეები  იმუშავებენ სიმულაციაზე,  https://phet.colorado.edu/sims/html/ph-scale/latest/ph-scale_ka.html, სადაც შეძლებენ აირჩიონ სხვადასხვა სითხე, დაადგინონ pH  და pH-ის დამოკიდებულება  სითხის კონცენტრაციაზე.  აქტივობის ბოლოს იმსჯელებენ იმ ორგანოს ფუნქციონირებაზე, რომელიც ადამიანის სხვადასხვა სითხეს pH -ს მეტნაკლებად მუდმივობას განაპირობებს.

მას შემდეგ რაც მოსწავლეები გაივლიან ოთხივე გაჩერებას დაასრულებენ პოსტერის აწყობას. სთხოვენ გააკრან კედელზე. მოსწავლეებს სთხოვეთ გადაადგილდნენ კლასში ქცევის წესების დაცვით და დაათვალიერონ სხვა ჯგუფების მიერ მომზადებული   ნამუშევრები. დროის ამოწურვის შემდეგ გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით შეარჩიეთ ჯგუფი, რომელიც გააკეთებს პოსტერის პრეზენტაციას. დანარჩენ სამ ჯგუფს სთხოვეთ ყურადღებით მოისმინონ პრეზენტაცია  და გააკეთონ შეფასება სამ- სამი წინადადებით.

შეფასება: მასწავლებლის მიერ ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვების რუბრიკა ( გვ)

ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფის მუშაობის შეფასება კომენტარით:

  1. ჩემი აზრით ……………….
  2. სასურველი იქნებოდა ……………………………………..
  3. საბოლოოდ ………………………………………………….

სამუშაო ფურცელი N 1

შეავსეთ ცხრილი. როგორ პასუხობს კანის სხვადასხვა სტრუქტურა და ჩონჩხის კუნთები გარემოს დაბალ და მაღალ ტემპერატურას.

  პასუხი დაბალ ტემპერატურაზე პასუხი მაღალ ტემპერატურაზე
კანის არტერიოლების გლუვი კუნთები    
საოფლე ჯირკვლები    
თმის ამწევი კუნთი    
ჩონჩხის კუნთები    

 

სამუშაო ფურცელი N 2

ვიდეოში დააკვირდით როგორ პასუხობს ორგანიზმი მასში უცხო სხეულის მოხვედრას და შეავსეთ ცხრილი

ფაგოციტები

 

 
ლორწოვანი გარსები

 

 
სხეულის ტემპერატურა

 

 

 

ვიდეოს ტრანსკრიპტი:

  1. ეს იმუნური უჯრედებია, რომლებიც ,,ჭამენ“ და ინელებენ ბაქტერიას. მწვანე ჩხირი კი ბაქტერიაა.
  2. ესენი არიან სისხლის თეთრი უჯრედები – მაკროფაგები;
  3. მათი საქმეა გაანადგუროს უცხო სხეული, რომელიც შენ ორგანიზმში მოხვდა. ამ პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება;
  4. ბაქტერია გამოჰყოფს ცილებს, რომლებიც აფრთხილებს მაკროფაგებს საკუთარი მდებარეობის შესახებ;
  5. მაკროფაგები ემაგრებიან ბაქტერიას;
  6. ბაქტერია ჩახლართული და დაბმულია სხეულში, რომელსაც ფაგოსომა ჰქვია;
  7. სპეციალური მომნელებელი ფერმენტები ბაქტერიას ყოფენ ნაწილებად;
  8. უწყინარი ნაწილები ან გამოიყენება უჯრედის მიერ, ან გარეთ გამოიყოფა.

 

სამუშაო ფურცელი N 3:

შეავსეთ ცხრილი

  პულსი დატვირთვამდე პულსი დატვირთვის შედეგ წნევა დატვირთვამდე წნევა დატვირთვის შემდეგ
I  მოხალისე        
II მოხალისე        
III მოხალისე        

 

დასკვნა:

რა გავლენას ახდენს ფიზიკური დატვირთვა პულსზე, წნევაზე და სუნთქვითი მოძრაობის სიხშირეზე?

 

 

სამუშაო ფურცელი N 4:

გახსენი ლინკი.

https://phet.colorado.edu/sims/html/ph-scale/latest/ph-scale_ka.html

აირჩიე ქვემოთ მოცემული საი პიქტოგრამიდან Macro. გამოჩნდება pH -ის სკალა. ჭურჭელი. ორი ონკანი, პიპეტი და სითხის ასარჩევი პიქტოგრამა.

აირჩიე სხვადასხვა სითხე და ჩაინიშნე მათი pH –ის მნიშვნელობები. შემდეგ მოუშვი წყლის ონკანი და გააზავე წყლით. დააკვირდი pH -ის ცვლილებას.

მოიფიქრეთ, როგორ არეგულირებს ჩვენი ორგანიზმი შინაგანი გარემოს pH -ს მეტნაკლებად მუდმივ დოეზე? პასუხი დაასაბუთეთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ,,განმავითარებელი შეფასება , დიფერენცირებული სწავლება“ – მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი – 2018 წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  2. ბიოლოგია 8 კლასი – მოსწავლის წიგნი – ნ.ზაალიშვილი, ნ.იოსებაშვილი, გამომცემლობა ,,ტრიასი“ – 2012 წელი
  3. ჯგუფური მუშაობა teams-ში – ნანა დაბრუნდაშვილი https://www.youtube.com/watch?v=1QanK51hFAI&t=254s
  4. https://www.youtube.com/watch?v=xNrD8uPPf4w

 

„ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი“

0

საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად უკვე ერთი კვირაა ესეების ქვეკონკურსი გრძელდება, სადაც მონაწილეობას უფროსკლასელები იღებენ. ყოველ კვირას ცხადდება ესეს ახალი თემატიკა და მოსწავლეები თავიანთ აზრებს გვიზიარებენ წიგნისა და ლიტერატურის შესახებ.

კონკურსის პირველი კვირის თემა „ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი“ იყო. მრავალ საინტერესო ესეს შორის კონკურსის პირველი კვირის გამარჯვებული ლევან არდოტელის ტექსტი გახდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს.

 

ლევან არდოტელი

სკოლა “ქორალის” X კლასის მოსწავლე

 

ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი

 

ბავშვის გონება საკმაოდ ფაქიზი და სათუთი რამაა. ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც ის აღიქვამს, უზარმაზარ გავლენას ახდენს და განსაზღვრავს მის მსოფლმხედველობას გარკვეულ ასაკში. ჩემი აზრით, ბავშვის გონებაზე ყველაზე მეტად წიგნები ზემოქმედებს, რადგან ის ფილმებსა და მულტფილმებთან შედარებით უფრო მეტადაა გაჟღენთილი ინფორმაციითა და ემოციებით. ხშირ შემთხვევაში, ბავშვის არჩევანს საკითხავ ლიტერატურასთან დაკავშირებით, მშობლებისა და მასწავლებლების სურვილი განსაზღვრავს.

როგორც უკვე აღვნიშნე, უფროსების მიერ წარმართული პროცესი განსაზღვრავს ინდივიდის ამ მეტად მნიშვნელოვან არჩევანს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა უფროსების აზრმა ჩემზე პირიქით იმოქმედა და პროტესტი გამიჩინა იმ ,,შესანიშნავი” წიგნების მიმართ, რომელთაც ისინი უწევდნენ რეკომენდაციას. ამან კი საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით აბსოლუტურად სხვა გზას დავადექი და ათი წლის ასაკში გავეცანი ლიტერატურის იმ მეტად სპეციფიკურ და მნიშვნელოვან მხარეს, რასაც დოკუმენტალისტიკა ეწოდება.

ასე და ამგვარად წიგნი, რომელსაც შეიძლება ჩემი ბავშვობის წიგნი ვუწოდო არის ფიდელ კასტროს ბიოგრაფია. ეს იყო წიგნი გამომცემლობა “პალიტრა L”-ის სერიიდან “50 პერსონა”, წიგნი მოიცავდა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფიდელ კასტროს შესახებ, მოკლედ რომ ვთქვათ, ტიპური დოკუმენტური ნაწარმოები იყო კონკრეტულ პერსონაზე, მაგრამ ამ წიგნის აღმოჩენა, რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად აღვიქვი. ჩემთვის (და ალბათ ბევრი ჩემი თანატოლისთვის) მშრალი ფაქტებითა და ისტორიული ჩანაწერებით გაჯერებული წიგნი საკმაოდ უცხო რამ იყო, ვინაიდან ლიტერატურის იმ მხარეს, რომელსაც ვსწავლობდით, ძირითადად ლექსები, ზღაპრები, იგავ-არაკები ან მოთხრობები მოიცავდა. შესაბამისად, ნაწარმოები რომელიც არა ავტორის ფანტაზიაზე, არამედ რეალურ ისტორიაზე იყო დაფუძნებული ერთდროულად განსხვავებული და აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ჩემთვის.

წიგნს დამატებითი ხიბლი იმანაც შესძინა, რომ მოცემული ინფორმაცია ჩემი ბავშვური გონებისათვის ზედმეტად რთული აღსაქმელი იყო. ეს წინააღმდეგობა კი იმ უსაზღვრო მოტივაციის განმაპირობებელი გამოდგა, რომელიც ჩემში აღიძრა ამ წიგნის კითხვის დროს. წიგნი ისეთ რთულ თემებს მოიცავდა, როგორიცაა მაგალითად: ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა კუბაში, კუბის რევოლუცია, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა, ასევე მომიწია საკმაოდ ადრეულ ასაკში გამეაზრებინა თუ რა იყო ცივი ომი, პარალელი გამევლო მმართველობის სხვადასხვა ფორმებს შორის, მოცემული ინფორმაციის აღსაქმელად უამრავი გონებრივი რესურსის გაღება მომიწია, რამაც შესაბამისი შედეგიც გამოიღო, წიგნმა უდიდესი გამოცდილება შემძინა, ამავე დროს კი განსაზღვრა ჩემი ინტერესები, თუმცა ამ წიგნის მთავარი ღირებულება ის არის, რომ საკუთარი თავი მაპოვნინა, მოცემულმა ინფორმაციამ ჩემში მეამბოხე გააღვიძა, ხოლო წიგნის კითხვის პროცესი დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ ამ ყველაფერს უფროსებისთვის კი არა საკუთარი თავისთვის ვაკეთებდი.

 

შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება, მომავალ კვირაში იხილავთ ახალ გამარჯვებულ ესეს თემაზე „პერსონაჟი, რომელიც მე ვარ“, სწორედ ეს არის ამ კვირის საკონკურსო სათაური.

დაინტერესებულ მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა 18 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე essays@karchkhadze.ge.

 

 

 

მედიაწიგნიერება და საბავშვო ლიტერატურა

0

ცოტა ხნის წინ ჩემს შვილებს იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის წიგნი „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში” წავუკითხე. ჯანი როდარი, რომელიც ამ წიგნში ცრუთა ქვეყნის შესახებ გასაოცარ ამბებს გვიყვება, მეტაფორებით გველაპარაკება. ამბის მთავარი პერსონაჟი ჯელსომინოა, უჩვეულოდ ძლიერი ხმის პატრონი, რომლის ხმაზეც ფანჯრიდან მინები იმსხვრევა და შენობებიც ინგრევა. ამ გამორჩეულობის გამო ჯელსომინო იძულებული ხდება გადაიკარგოს საკუთარი სოფლიდან. ტანად პატარა, მაგრამ მჭექარეხმიანი ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე – ჯაკომონია გამეფებული. ჯაკომონმა, იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავს, ყველა წესი შეცვალა და ქვეყანაში სიცრუე დაამკვიდრა.

 

ცრუთა ქვეყანაში პურს – მელანი ჰქვია, ყველს – საშლელი; ამ ქვეყანაში კატები ყეფენ, ძაღლები კნავიან, გალიაში ჩამწყვდეული ზოოპარკის ლომი ვალდებულია თაგვივით იწრიპინოს, ხოლო თაგვები ლომებივით ბრდღვინავდნენ; ცრუთა ქვეყანაში საგიჟეთში ამწყვდევდნენ სიმართლის მთქმელ ადამიანებს და ქვეყნის მთავარ გაზეთს: „სამაგალითო მატყუარა” ჰქვია.

 

ამბის დასასრულს ჯელსომინო საკუთარი მჭექარე ხმით საგიჟეთს ანგრევს, იქიდან სიმართლის თქმისთვის დასჯილი ადამიანები გამოჰყავს, მეფის სასახლესაც ზედ მიაყოლებს და გაგულისებული ხალხი იმ სვეტის დანგრევასაც სთხოვს, რომელზეც მეფე ჯაკომონის ცრუ „საქმენი საგმირონია” გამოსახული. სინამდვილეში კი ჯაკომონს არათუ საგმიროდ, გამეფების შემდგომ სასახლიდან ცხვირიც კი არ გამოუყვია და ერთადერთი რაც ადარდებს, საკუთარი ქაჩალი თავი და პარიკებია.

 

კაცმა რომ თქვას, სვეტმა ვის რა უნდა დაუშაოს? სვეტზე გამოსახული სიცრუე ხალხს იმ დროს გაახსენებს, როცა ქვეყანას უსირცხვილო მატყუარა განაგებდა და ერთი კარგი სიმღერასაკმარისი იყო, რომ მისი სახელმწიფოდან ქვა ქვაზე აღარ დარჩენილიყო”, – ამბობს ჯელსომინო.

 

ამ მოტივით ჯელსომინო ხალხს არწმუნებს, რომ სვეტი ამიერიდან მათ ვერაფერს დაუშავებს და ჯობია, შემოინახონ სიცრუის გასახსენებლად.

 

რატომ გვჭირდება მედიაწიგნიერება დღეს ისე ძალიან, როგორც არასდროს?

 

2011 წელს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, მედიაწიგნიერებას განსაზღვრავს, როგორც გამჭოლ კომპეტენციას. გეგმის თანახმად, მოსწავლემ უნდა შეძლოს, როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა – გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე მედიასამყაროში ორიენტირება.

 

დღეს როდესაც ასე ძალიან განვითარდა ციფრული მედია და ყველა ციფრულმა მოქალაქემ ინფორმაციის გამავრცელებლის ძალა შეიძინა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ნამდვილი ამბების მნიშვნელობა და საჭიროება. თანამედროვე ადამიანები, რომლებიც ციფრული მედიაინსტრუმენტებით ვსარგებლობთ, არა მარტო მომხმარებლები ვართ მედიაკონტენტის, თავადაც ვქმნით მას. ამიტომ ამბის სანდოობა და უტყუარობა ჩვენი პასუხისმგებლობაც გახდა. მართალია, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენს მედიასივრცეში აღვკვეთოთ სიცრუე და „სიცრუის სვეტები”, მაგრამ თუ გაცნობიერებული ვიქნებით ამის შესახებ, უფრო მეტად შევძლებთ მედიაგზავნილების სკეპტიკური პოზიციიდან შეფასებასა და მათ „გაფილტვრას”. და რახან სიცრუის სვეტების ნაკლებობას არ ვუჩივით, საჭირო გახდა ისეთი უნარების შეძენა და გამოყენება, რომლებიც ამ უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკადში სწორი მიმართულებით გაგვიკვალავს გზას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვიყოთ მედიაწიგნიერი მოქალაქეები და ეს უნარები გამოვუმუშაოთ მოსწავლეებსაც და ვასწავლოთ მათ არსებული მოვლენების განსხვავებული რაკურსიდან დანახვა და ობიექტურად შეფასება.

 

რატომ საბავშვო ლიტერატურა?

 

ლიტერატურა რთული თემების ასახსნელად და სასაუბროდ საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით კი საბავშვო ლიტერატურა, რომელიც ამას ისე შეფარულად ახერხებს, რომ რთული თემები მარტივად მოგვაწოდოს და ასე დაგვაფიქროს იმაზე, რაც ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა.

 

ვფიქრობ, საბავშვო ლიტერატურა ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიაწიგნიერების უნარების განსავითარებლად. ბავშვებისთვის დაწერილ ამბებში კი სიცრუისა და სიმართლის დაპირისპირებაზე ბევრს შევხვდებით და ამ ყველაფერს გაწაფული მკითხველი, რომელიც თავიდანვე მიჩვეულია ტექსტის კრიტიკულად აღქმასა და მასზე დაკვირვებას, უფრო იოლად მოახერხებს მის ირგვლივ არსებული ტყუილ-მართლის გარჩევას.

 

დღეს, როდესაც ინფორმაციის ნაკადი გაიზარდა და ინფორმაციის უზარმაზარ მორევში ვტრიალებთ, საჭიროა გვქონდეს უნარები, გავარჩიოთ სწორი და არასწორი ინფორმაცია ერთმანეთისგან, გამოვიცნოთ ის ნიშნები, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ახასიათებს, გავიგნოთ გზა ამ უზარმაზარ მორევში და ბავშვებსაც ვასწავლოთ, როგორ გაარჩიონ ერთმანეთისგან ცრუ და მართალი.

 

მედიაგზავნილები შეიძლება იყოს ყველგან

 

ამბები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, სხვადასხვა მიზნით ვრცელდება. ასეა ფეისბუქშიც, ჩვენს მედიაშიც და ასევე არის ლიტერატურაშიც.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში” საბავშვო ლიტერატურაა, თუმცა იქ ბევრი პოლიტიკური მედიაგზავნილი შეგვიძლია ამოვიცნოთ. გაწაფული მკითხველი ადვილად აღმოაჩენს მეტაფორებს ტექსტში – ყოფილი მეკობრე მეფე გახდა; მეფეს ფერადი პარიკები სჭირდება სიქაჩლის დასაფარად; ჯელსომინოს ძლიერი ხმა შენობებსაც ანგრევს და ა.შ. ჯაკომონი, ყოფილი მეკობრე, რომელიც სიცრუის დიქტატურას ამყარებს სამეფოში, მეტაფორულად თანამედროვე ტროლსაც ჰგავს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გამიზნულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრზე მოახდინონ გავლენა და ბევრი დაუქვემდებარონ სიცრუის კონტროლს.

 

მედიაწიგნიერი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, კრიტიკულად შეაფასოს ამბავი, გაფილტროს ინფორმაცია, იოლად არ მოექცევა სხვისი დეზინფორმაციული კონტროლის ქვეშ. ერთი სიტყვით მოსწავლეებს ისიც შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ამბავს არასდროს შეხედონ მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან, არამედ ბევრჯერ შემოუარონ ირგვლივ, დასვან ბევრი შეკითხვა, რაც სიმართლის დადგენაში დაეხმარებათ.

 

რა ველაპარაკე ჩემს შვილებს?

 

ჩემი შვილები ხუთი და რვა წლის არიან. უფროსთან ყველა თემაზე შემიძლია საუბარი და მისთვის რთულად ასახსნელი არ ყოფილა, რომ ზოგიერთ ხელისუფალს ისეთი ვნება შემოერევა, რომ სურს, ყველაფერი ცრუ საბურველში გაახვიოს, სხვებიც საკუთარ „სიმართლეში” დაარწმუნოს და ისინი ამას ნამდვილად მიზანმიმართულად აკეთებენ. ასეთი ხელისუფალი არც ისე ცოტაა და ასეთები მხოლოდ წიგნებშიც არ არიან. უმცროსს კი ის ვუთხარი, რატომ არის მნიშვნელოვანი სიმართლე და როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ისეთ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა, როგორიც ცრუთა ქვეყანაა. ამიტომ არის საჭირო, თავად მოქალაქეები გავხდეთ ისეთ გონიერი, რომ ვერავინ მოგვატყუოს. ჩემს შვილებს ასევე ვესაუბრე იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანებს აქვთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მათი ფუნდამენტური უფლებაა და მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ თავისუფალი სიტყვა იქაურ ხელისუფალთ, ისინი დაცული უნდა იყვნენ. შემდეგ პარალელი გავავლეთ წაკითხულ ტექსტთან, სადაც ყველა სიმართლის მთქმელ ადამიანს იჭერენ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამწყვდევენ. რამდენიმე შეკითხვაც დავუსვი:

 

  • რატომ მალავს მელოტ თავს ჯაკომონი?

 

  • რისი სიმბოლოა ჯელსომინო?

 

  • რატომ არის საჭირო ჩვენს ცხოვრებაში სიმართლე და როგორ ამბავს დაუჯერებდნენ ისინი?

 

რა თქმა უნდა, ბოლოს სამივე შევთანხმდით იმაზე, რომ სიმართლე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენთვის და რომ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ.

 

თანამედროვე ონლაინსივრცე მართლაც ძალიან წააგავს ცრუთა ქვეყანას, სადაც ბევრი ცრუ ამბავი ვრცელდება და ყოველდღიურად უფრო რთული ხდება ორიენტირება. ჩვენს ირგვლივ ადამიანებიც ყოველდღიურად ხდებიან ცრუ ინფორმაციის მომხმარებლები, შემდეგ თავადაც ხდებიან გამავრცელებელი და მანკიერი წრე უფრო მეტად იზრდება. მედიაწიგნიერების განსავითარებლად საბავშვო ლიტერატურა და ზოგადად ლიტერატურა, საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდან მიეჩვიონ ტექსტზე დაკვირვებას, მის გაანალიზებას და კრიტიკულად შეფასებას. მდიდარი ლიტერატურული გამოცდილება კი ნამდვილად შექმნის ნოყიერ ნიადაგს, კიდევ სხვა დამატებითი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...