ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
29 მაისი, ხუთშაბათი, 2025

რა კვებავს შეთქმულების თეორიებს?

0

ამას წინათ უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარა” გადავიკითხე. ადრე, სანამ ქართულად ითარგმნებოდა, ამ შედევრს ინგლისურ თარგმანში ვეზიარე და მას მერე არ მტოვებდა შეგრძნება, რომ იმ დროისათვის ენის არასრულყოფილად ფლობის გამო, რაღაცები გაუგებარი დამრჩა. ქართულად ეკო მშვენივრად იკითხება, რაც, თავის მხრივ, მისი მთარგმნელის, ხათუნა ცხადაძის დამსახურებაა, თუმცა კიდევ ერთი ფაქტორი, რატომაც შესაძლოა უმბერტო ეკო ძალზედ ქართველი მწერალი იყოს, მისი პერსონაჟებია. იქნება ეს ადსო, დიოტალევი, თუ სულაც სიმონე სიმონინი. მათ გულწრფელი აღტაცების უნარი აქვთ და რამდენად განათლებული თუ გაუნათლებელნიც არ უნდა იყვნენ, შეუძლიათ მიამიტად აიტაცონ ყველაზე წარმოუდგენელი იდეებიც კი. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ეკო, ზოგადად, ხშირად ეხება შეთქმულების თეორიებსა და ლეგენდებს, თუმცა “ფუკოს ქანქარა” მაინც ამ ამბების ინსტრუქციაა, ბოლო დროს მომრავლებული თეორიების ფონზე კი, სიონისტ ბრძენთა ოქმები თუ ჟიდომასონური შეთქმულება სულაც უმანკო საბავშვო ისტორიებად მოჩანს. დავფიქრდი, მაინც რატომ ხდება ესა თუ ის შეთქმულების თეორია ასეთი პოპულარული, დამაჯერებელი და ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორების განმაპირობებელიც კი? ადამიანები უარს ამბობენ ამა თუ იმ ტექნოლოგიის გამოყენებაზე, სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიღებაზე, საინტერესო ადგილების მონახულებაზე, თავი რომ დავანებოთ იმას, თუ როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ადამიანები, რომლებიც ასეთივე შეთქმულების თეორიათა წყალობით ერთმანეთის მიმართ სიძულვილით აღივსებიან ხოლმე. ამერიკელებს საბჭოთა ხალხის განადგურება სურთ, საბჭოელები ამერიკას აღგავენ პირისაგან მიწისა, ევროპა გაგვრყვნის და ქართველობას წაგვართმევს, ებრაელები მსოფლიოს მოსახლეობას 500 მილიონამდე დაიყვანენ, ჩინელები კორონავირუსს ავრცელებენ მსოფლიო ბატონობისთვის, ამ ვირუსს 5G ტექნოლოგია ავრცელებს, თუმცა, ამავე დროს, აღნიშნული ტექნოლოგია განვითარების ფაზაშია და ბოლოს ჩვენი დაჩიპვისთვის იქნება გამოყენებული, რომელი დაჩიპვაც, სხვათა შორის, უკვე მოხდა ID ბარათების მეშვეობით, აღნიშნული ბარათების შემოღება მასონების, უფრო მეტად კი მათ უკან მდგომი როტშილდებისა და როკფელერების ინიციატივაა, სწორედ ეს და კიდევ რამდენიმე გვარი ფლობს მსოფლიოს სრულ სიმდიდრეს, ისინი იწყებენ ომებს და ისინი იგონებენ პანდემიებს, რათა კაცობრიობა დამონებული ჰყავდეთ, კაცობრიობა კი იმიტომ უნდა ჰყავდეთ დამონებული, რომ ბოლოს ყველა არასასურველი ინდივიდი მთვარეზე, ან მარსზე გადაასახლონ, თუმცა აქვე, აღსანიშნავია, რომ მარსის მისია სიყალბეა და მთვარეზეც კი არ დაგვიდგამს ჯერ ფეხი, ყველაფერი სტენლი კუბრიკის გადაღებულია, ერთ პავილიონში. კუბრიკმა ამაზე „ფართოდ დახუჭულ თვალებში“ მიანიშნა, მაგრამ არავინ მოუსმინა და საინტერესოა, რომ მალე გარდაიცვალა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ამ საფრთხეს თავიდან ავიცილებთ, თუკი ვაქცინას არ გავიკეთებთ, რადგან ვაქცინაც ჩვენი დაჩიპვისთვის გამოიყენება და ჩვენს ულამაზეს, ბრტყელ დედამიწაზე თავისუფალი სიცოცხლის წლებს გვიმცირებს.

 

და მაინც, რა კვებავს ჩვენ ირგვლივ არსებულ შეთქმულებათა თეორიების ოკეანეს? – ვკითხულობდი უმბერტო ეკოს და ვფიქრობდი და უცებ ეკოს პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი გულწრფელი აღტაცებით წამოვიძახე: „ჩვენ გვჯერა, რომ სხვები ცუდები არიან“. მთელი ლოგიკური ჯაჭვი სადღაც ბოლოში ამ პრიმიტიულ თეზისამდე დავიდა.

 

დიახ, შეთქმულების თეორიები შეიძლება სრულიად ფანტასტიკის სფერო იყოს, ან პირიქით, სიმართლის დიდი მარცვალი ერიოს, შეიძლება გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით, რაღაც ჭეშმარიტის დამახინჯებული ვერსია იყოს, ანდა პოლიტიკური ანტიპიარი და აგიტაცია-პროპაგანდა, შეიძლება ის, შეიძლება ეს, მაგრამ აქ ისაა მნიშვნელოვანი, ჩვენ რატომ ვიჯერებთ ამ ყველაფერს? თუ ფიქრის ამ ჯაჭვს ბოლომდე გავყვებით, სწორედ აქ მოვალთ. ჩვენ გვჯერა, რომ სხვები ცუდები არიან. გვჯერა, რომ ბილ გეითსი ბოროტია და ჩვენი განადგურება სურს, როკფელერები მთლიანად ეშმაკის მოციქულები არიან, თავისი სიმართლე კი არ აქვთ, უბრალოდ ცუდები არიან, ესაა მათი საწყისი სასიცოცხლო მოცემულობა, მასონები, რომლებიც არსებული მონაცემებით მსოფლიოში 6  მილიონამდე წევრს ითვლიან, უბრალოდ კაცთმოძულეები არიან, ყველა, ორმოცივე მილიონი, ანდა მაღალთ ამა ქვეყნისათ უბრალოდ დესტრუქციული, გამანადგურებელი ვნებები აქვთ სხვათა მიმართ. სიმართლე ითქვას, არც როკფელერებს, არც მასონებს, არც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს თუ სხვებს ცოდვები არ აკლიათ, დიახ, ძალაუფლებისკენაც ისწრაფვიან, გამდიდრებისკენაც და სახელ-დიდებისკენაც, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ყველას, ყველა ადამიანს, გუანტანამოში გამოკეტილ სასტიკ რეციდივისტებსაც კი თავისი სიმართლე აქვთ, რომლითაც საკუთარ საქციელს ხსნიან. მით უფრო, არ შეიძლება გვჯეროდეს, რომ არსებობენ უბრალოდ ცუდი ადამიანები, რომლებსაც უნდათ მსოფლიოს განადგურება. ნიჰილიზმისა თუ მიზანთროპიის ეს დონე იმდენად წარმოუდგენელია, რომ თავადაც შეთქმულების თეორიად იქცევა.

 

სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ, თქვენ რომ უმდიდრესი ადამიანი იყოთ, მაგალითად, ბილ გეითსი, ან მსოფლიოს წამყვან ქვეყანას ხელმძღვანელობდეთ, მაგალითად, ჩინეთს, ან მართლაც დედამიწის სადავეები გეპყრათ და მთავარი რუხი კარდინალის სკამი გეკავოთ, როგორც ჩვენს წარმოდგენაში როკფელერს უკავია, რას იზამდით? შესაძლოა, ბევრი რამე გაგეფუჭებინათ, მაგრამ საერთო ჯამში რას იზამდით? თქვენი მთავარი საფიქრალი ხალხისთვის პრობლემების შექმნა იქნებოდა? და თუ ვფიქრობთ, რომ არა, მაშინ რატომ გვგონია, რომ ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ სხვები ცუდები არიან?

ხელოვნების შურისძიება

0

სანამ წერილის წერას დავიწყებდი, კიდევ ერთხელ წავიკითხე სიუზენ ზონტაგის ესე „ინტერპრეტაციის წინააღმდეგ“. მშობლიურ სახლში დაბრუნებასავით იყო – კარგად ნაცნობი, მონატრებული, გულში თუ ხმამაღლა გამეორებული სიტყვები, ფრაზები, მოწოდებები. აი, აქ ავიდგი ფეხი, ამ ხის იატაკზე ბარბაცით გავიარე.

ტექსტმა, რომელსაც წინა საუკუნის ბოლოს გადავაწყდი, მთავარზე მთავარი მასწავლა: რომ ფორმა და შინაარსი დაუნაწევრებელ მთლიანობას წარმოადგენს, რომ ფორმით ყველაფრის გამოხატვა შეიძლება. ამის გამოა, რომ არასდროს მიხარია, როცა მესმის თუნდაც დიდი გულწრფელობით ნათქვამი: კარგი მთხრობელია. ჩემი წარმოდგენით, ეს შეფასება – იმ ინტონაციით, როგორითაც ამბობენ ხოლმე – გულისხმობს მონათხრობის აღმატებულებას ენაზე, სტილზე, გამომსახველობით ხერხებზე; გულისხმობს თავბრუსხვევის, დრამატიზმის დღიური ნორმის მოლოდინს.

მე კი ამბავი, ამბის განვითარების გზა ყოველთვის მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა.

ბებიაჩემი ჩემს მხარესაა, ლიტერატურული ტექსტის შინაარსის მნიშვნელობაზე მაღალი აზრისა არ არის.

აი, რას წერს: „…ვალდებულნი ვართ, თავიდან მოვიშოროთ ხელოვნების დაცვისა და გამართლების ის საშუალებები, რომლებიც უკვე ჩლუნგი, შემაწუხებელი ან უმოქმედო გახდა თანამედროვე საჭიროებებისა და გამოცდილების თვალსაზრისით. ზუსტად ასეთივე მდგომარეობა გვაქვს დღე „შინაარსის“ ცნებასთან დაკავშირებით. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის წარსულში, ახლა ეს ცნება ძირითადად შემაფერხებელი და მომაბეზრებელია, ფარული ან პირდაპირი ფილისტერიზმია“. თავზარდაცემულ მკითხველს გონზე მოსვლას არც კი აცდის, ისე გამოაქვს განაჩენი: „შინაარსის“ ცნების ზედმეტი ხაზგასმა იწვევს ინტერპრეტაციის მუდმივ, დაუსრულებელ პროცესს. და პირიქით, ეს ჩვევა, რომელიც გვაიძულებს, ხელოვნების ნაწარმოებს მხოლოდ მისი ინტერპრეტაციის მიზნით მივუახლოვდეთ, ამკვიდრებს იმ ილუზიას, რომ მართლა არსებობს ისეთი რამ, რასაც ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ჰქვია“ (ნანა დიხამინჯიას თარგმანი, „კინო-ცხელი შოკოლადი“, მე-6 ნომერი, 2007 წ.).

როგორც ესეს სათაურიდან ჩანს, ავტორის მთავარი სამიზნე სწორედ ინტერპრეტაციაა, ინტერპრეტაციის ფესვგადგმული ჩვევა, ბრმა ლტოლვა ანალიზისკენ, ყველაფრისთვის სახელის დარქმევისკენ. რად გინდა სიტყვები, როცა სხეულის ენა არსებობს? – მკითხა მეგობარმა დიდი ხნის წინ. მასაც სიუზენ ზონტაგის სამზარეულოს რძიანი ფაფების სუნი ასდიოდა.

რა არის ინტერპრეტაცია და ინტელექტის შურისძიებაა ხელოვნებაზე, უფრო მეტიც, შურისძიებაა მთელ სამყაროზეო, – ამბობს ავტორი. იმ გამონაბოლქვივით, ქალაქის ჰაერს რომ აბინძურებს, ხელოვნების ინტერპრეტაციის ნაკადები დღეს ჩვენს გონებას წამლავენო. ინტერპრეტატორის ამოცანას კი, არცთუ მოულოდნელად, მთარგმნელისას ადარებს. ახსნისას შენს ენაზე თარგმნი, შენს გამოცდილებას მოიხმობ, შენი გადასახედიდან დანახულს გადმოსცემ. და, როგორ წესი, ეს ხელოვნების ნაწარმოების წაკითხვის ერთადერთ შესაძლებლობად ცხადდება. რამდენიმე წუთით მაინც.

ფორმა და შინაარსი ერთად. ინტერპრეტაციის გარეშე.

რასაკვირველია, ყველა მოკვდავივით, მეც არაერთხელ შემიცოდავს და, მაგალითად, ინგმარ ბერგმანის ფილმებში დანახულისა თუ გაგონილის ახსნა მიცდია. მწერლის ხმა კი საიქიოდანაც მწვდება და მარწმუნებს, რომ „რეჟისორის პრეტენზიული განზრახვები“ უნდა დავივიწყო და ისე ვუყურო „სიჩუმესა“ თუ „ზამთრის შუქს“ – სილამაზე, ვიზუალური ხატების დახვეწილობა დავაფასო. უარი ფალიკური სიმბოლოების ძიებას! უარი ზიგმუნდ ფროიდის ხელით შემოთავაზებულ სიგარებს!

„კარგ ფილმში ყოველთვის არის ის პირდაპირობა, რაც სრულიად აქრობს ინტერპრეტაციის სურვილს“. დაუვიწყარი სიტყვებია – ისევ დიდი სახელების ჩრდილში გარინდებული სტუდენტივით აღვფრთოვანდი.

დაბადებულიც არ ვიყავი, „ინტერპრეტაციის წინააღმდეგ“ რომ დაიწერა და გამოქვეყნდა. ძველია, ათწლეულებგამოვლილი, ათასი მწერლისა და კრიტიკოსის განსჯის საგნად ქცეული, ხელაღებით დაწუნებულიც და მოწონებულიც. სავალდებულო საკითხავად ვაქცევდი სკოლის მასწავლებლებისთვის, უნივერსიტეტის მასწავლებლებისთვის – არა იმიტომ, რომ ხელოვნების ნაწარმოების ინტერპრეტაციისას საფრთხე მკაფიოდ დაენახათ და საკუთარი ხედვის სხვისთვის ჯიუტად თავზე მოხვევა არ ეცადათ. გულუბრყვილოდ დასახული ამოცანა იქნებოდა, ჩიხში მომქცევი.

სიუზენ ზონტაგის ეს ესე და ასევე სავალდებულოდ სანახავი რომელიმე ფილმი, ვთქვათ, ანდრეი ტარკოვსკის „ივანის ბავშვობა“.

ანდრეი ტარკოვსკის „ივანის ბავშვობა“

ამოცანა: გაუძელით ინტერპრეტაციის ცდუნებას, თვალი გაუსწორეთ გამოსახულებას, მერე ნელა გააყოლეთ რაღაც ისეთს, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. ლამაზია? მოგწონთ?

თუ ინტერპრეტაცია ინტელექტის შურისძიებაა ხელოვნებაზე, რა სახეს მიიღებდა ამის საპირისპირო რამ? როგორ მოახერხებდა ხელოვნება არა თავდაცვას, არამედ საპასუხო დარტყმით მოწინააღმდეგის გაუვნებელყოფას? დარწმუნებული ვარ, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იქნებოდა, მაშინ – თითქმის შეუმჩნევლად, ზედმეტი მღელვარებისა და დრამატიზმის გარეშე, ლამაზად, მოსაწონად.

 

ვირტუალური გამოფენა ხელოვნების გაკვეთილისთვის

0

გამოცდილებას თუ ვენდობი, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პროექტებით, ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული სამუშაოებით მეტ ცოდნას იღებენ მოსწავლეები, ვიდრე უბრალოდ მოსმენილით ან წიგნიდან ამოკითხულით.

სწორედ ამიტომ, ამ დისტანციურ და ვირტუალურ საგაკვეთილო სივრცეში გადავწყვიტე, რომ ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის ქართველი მხატვარი, ნიკო ფიროსმანი გამეცნო. სხვა დროსაც განვიხილავს ეს თემა, მაგრამ ახლა უფრო მძაფრად, სიღრმიესეულად გადავწყვიტე მისი შესწავლა.

დასაწყისში მოსწავლეებს ვკითხე, რა იცოდნენ მასზე, რა სმენოდათ. მათი და ჩემი ლექციური სახით მიწოდებული ინფორმაცია შევაჯერეთ. შემდეგ გავუზიარე ჩემი შედგენილი პრეზენტაცია მხატვარზე, თავისი ნახატებითა და  ისტორიებით.

სურვილი ერთი დღე იყოს ნიკო? ხომ არ გინდათ აარჩიოთ რომელიმე მისი ნახატი და თქვენც სცადოთ დახატვა? პასუხი დადებითი იყო. მოსწავლეები შემპირდნენ, რომ ნამუშევრებს გამომიგზავნიდნენ. მე კი შევუდექი ვირტუალური საგამოფენო სივრცის შექმნას. ამისათვის გამოვიყენე   საიტი https://www.artsteps.com/, სადაც შესაძლებელია საკუთარი ვირტუალური საგამოფენო სივრცის შექმნა.

მოსწავლეების გამოგზავნილი ნახატები თემატურად განვათავსე კედლებზე. ვირტუალურ საგამოფენო სივრცეში შეგიძლიათ ნაბიჯებით გადაადგილება, მაუსის დახმარებით. თითოეულ ნახატზე დაწკაპების შემდეგ მისი ავტორი ჩანს. მოსწავლეებს გავუგზავნე მათი ნამუშევრებით შექმნილი ვირტუალური გამოფენა, რის შედეგადაც ძალიან დიდი სიამოვნება მიიღეს.

ვფიქრობ, ჩემს მოსწავლეებს ფიროსმანის ნამუშევრები ყოველთვის გაახსენებთ ამ ვირტუალურ გამოფენას, ერთი დღე მხატვრად ყოფნას.

ჩვენი საგამოფენო სივრცე შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: გამოფენა

თუ თქვენც გაქვთ სურვილი მოაწყოთ ვირტუალური გამოფენა , ამისათვის გთავაზობთ მისი შექმნის ინსტრუქციას:

გამოფენის ვიდეო ინსტრუქცია

 

 

დისტანციური სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები

0

ვფიქრობ საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენს სამყაროში არაფერი და არავინაა იდეალური, უნაკლო, სრულყოფილი. ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერ მოვლენაში დადებითის გვერდით მეტ-ნაკლებად ყოველთვის გვხვდება უარყოფითიც. ძლიერი მხარეების გვერდით ვაფიქსირებთ სუსტ მხარეებსაც, რომელთა დაძლევით ჩვენი დაკვირვების ობიექტი უფრო მეტ მიმზიდველობას და მომხიბვლელობას შეიძენდა. გამონაკლისს ამ მხრივ არ წარმოადგენს არც დისტანციური სწავლება, რომლის ამა თუ იმ ფორმით გამოყენება ჩვენს განათლების სისტემაში დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. ამასთან, როცა დისტანციურ სწავლებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან სტუდენტთა და მოზარდთა დისტანციური სწავლება. აღნიშნული ფორმით სწავლება სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. უფრო მეტიც, თავად სკოლაშიც კი, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე, დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმების გამოყენების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იცვლება. ასე, მაგ. ონლაინ გაკვეთილი სკოლის დაწყებით საფეხურზე და სწავლების მეორე და მესამე საფეხურზე სრულიად განსხვავებული შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მეტი სირთულეების მოლოდინი უნდა გვქონდეს პირველ-მეორე კლასელებთან ონლაინგაკვეთილების ჩატარების დროს, გამომდინარე ამ ასაკის ბავშვების ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან. სწავლების დაწყებით საფეხურზე ბავშვის აზროვნებას თვალსაჩინო საყრდენი სჭირდება. გარდა ამისა, ადამიანს ამ ასაკის ბავშვი მაშინ აღიქვამს მასთან მყოფად, როცა ხედავს და  ელაპარაკება.  ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, როგორ უჭირს პატარას ტელეფონით საუბარი ყველაზე ახლობელ ადამიანთანაც კი, როცა ის მას ვერ ხედავს და ვერ ეხება. თუმცა, იმავე ონლაინგაკვეთილებს სასკოლო სწავლების მეორე და მესამე საფეხურზე ბევრი მოსწავლე დიდი მოწონებით შეხვდა.

მაინც რა არის დისტანციურ სწავლებაში ისეთი, რაც თავისუფლად შეიძლება სწავლების ამ ფორმის ძლიერ მხარეებად ჩაითვალოს და რაც მოზარდებშიც მოწონებას იმსახურებს:

  • დროის ეკონომია. ბევრი მოსწავლე დისტანციური სწავლებით კმაყოფილია უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ არ უწევს სკოლაში წასვლა-წამოსვლაზე დროის ხარჯვა, გაკვეთილის ხანგრძლივობა შემცირებულია. ყოველივე აღნიშნულის წყალობით მას გამოუთავისუფლდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ მისთვის საინტერესო საქმიანობით დაკავდეს. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით პედაგოგებზე, რომელთა შრომა დისტანციური სწავლების პროცესში ფაქტობრივად გაორმაგებულია. იმისათვის, რომ დღეს პედაგოგმა დისტანციურად სწავლება შეძლოს, ის უნდა დაეუფლოს შესაბამის, აქამდე მისთვის უცხო პროგრამას და თანაც ისეთ დონეზე, რომ გაკვეთილის ჩატარების პროცესში პრობლემა არ შეექმნას. მას ასევე ესაჭიროება გაკვეთილის მომზადება და ახალი სასწავლო რესურსების მოძიება, რადგანაც მის ხელთ უკვე არსებული რესურსი შეიძლება დღეს არასაკმარისი ან სწავლების ახალი ფორმისთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პედაგოგი კარგად დაეუფლება დისტანციური სწავლების პროგრამას და პრაქტიკაში მის თავისუფლად გამოყენებას შეძლებს, ასევე დააგროვებს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო საკმარის რესურსს, თავისუფლად შეიძლება მოზარდების მსგავსად პედაგოგმაც დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ძლიერ მხარედ სწორედ დროის ეკონომიის შესაძლებლობა გამოყოს.
  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ახალი, მანამდე უცნობი შესაძლებლობების გაცნობა-გამოყენება. მოზარდებისთვის ეს საკმაოდ მომხიბვლელი და მიმზიდველი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ის არც პედაგოგისთვის იქნებოდა ნაკლებ მიმზიდველი, რომ არა ერთი გარემოება – მას საოცრად სწრაფი ტემპებით უწევს ახალი ტექნოლოგიების, პროგრამების გაცნობა-დაუფლება და მეორე დღესვე პრაქტიკაში გამოყენება, რაც ბუნებრივია მარცხისა და წარუმატებლობის შიშის გამო ნერვული სტრესისა და შფოთიანობის გამომწვევი ხდება.
  • ცხოვრების ექსტრემალურ სიტუაციებში სწავლა-სწავლების უწყვეტობისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. დისტანციური სწავლების ყველაზე დიდი პლუსი და ძლიერი მხარე, ვფიქრობ, სწორედ ის არის, რომ ცხოვრების გართულებულ სიტუაციებში ის ჩვენი საქმიანობის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას, როგორც მოზარდებს, ასევე მშობლებსა და პედაგოგებს ცალსახად დადებითი დამოკიდებულება აქვთ და მიესალმებიან თუნდაც ამ ფორმით სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელებას.
  • დამოუკიდებლად სწავლის, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. არ შეიძლება არ ითქვას, რომ დისტანციური სწავლება დამოუკიდებლად მოქმედების უნარ-ჩვევების გამომუშავების კარგ შესაძლებლობას აძლევს მოზარდს. თუმცა, ამისთვის აუცილებელი წინაპირობა იქნება სწავლა-სწავლების პროცესის სწორად, რაციონალურად და ეფექტიანად დაგეგმვა.
  • მრავალფეროვნება სწავლა-სწავლებაში. როგორც მოზარდები აღნიშნავენ რეალურ სასკოლო გარემოში სწავლა-სწავლება უკვე კარგად ნაცნობი და ხანდახან მოსაბეზრებელიც კია. დისტანციური სწავლება კი მათთვის ახალი, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე უფრო საინტერესო და სახალისოც კი აღმოჩნდა.
  • დისტანციური სწავლება და კონკრეტულად ონლაინგაკვეთილები ცალკეული კატეგორიის (მორცხვი, დაკომპლექსებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი, შფოთიანი, დაბალი თვითშეფასების, ასევე თანატოლთა ჯგუფში დაბალი სოციალური სტატუსის მქონე) ბავშვებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის კარგი საშუალება აღმოჩნდა. თუ რეალურ საკლასო ოთახში ეს ბავშვები ძალიან პასიურობდნენ, ისხდნენ თავიანთთვის ჩუმად, წყნარად და გაურბოდნენ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, ონლაინგაკვეთილებზე, მართალია, ზედმეტი აქტიურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ დავალებებს ყოველთვის ასრულებენ, აქვთ შესრულებული დავალების წარდგენის სურვილი, მასწავლებლის შეკითხვებსაც სიამოვნებით პასუხობენ და მისგან დადებით კომენტარებსა და შეფასებებსაც იმსახურებენ. თუმცა, თანაკლასელების წინაშე გამოჩენას გაურბიან და ვიდეოკამერა მუდმივად გათიშული აქვთ. ვფიქრობ, სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ისინი ამ დაბრკოლების გადალახვასაც მოახერხებენ. კარგად მესმის, რომ ზემოაღნიშნული კატეგორიის რამდენიმე ბავშვზე დაკვირვება მონაცემების განზოგადებისა და რაიმე კანონზომიერების  დადგენის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ალბათ მაინც დასაფიქრებელია და საკორექციო მუშაობის ერთ-ერთ საშუალებად მისი გამოყენება ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი.

დისტანციურ სწავლებაზე საუბრისას, მის ძლიერ მხარეებსა და დადებით მომენტებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმას, რაც შეიძლება ერთგვარ  დამაბრკოლებად მოგვევლინოს აღნიშნული ფორმით სწავლა-სწავლების პროცესში:

  • უპირველეს ყოვლისა, დისტანციური სწავლების დროს არსებობს ერთგვარი ასაკობრივი შეზღუდვები და მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ერთნაირი ეფექტურობით ვერ მოხერხდება;
  • დისტანციური სწავლებისას, დროში შეზღუდულობისა და ხანმოკლე ონლაინგაკვეთილების ჩატარების გამო, შეუძლებელი ხდება იმ სასწავლო პროგრამის სრულყოფილად გავლა, რომლითაც პედაგოგები რეალურ საკლასო გარემოში ხელმძღვანელობდნენ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დისტანციური სწავლების შემთხვევაში  საჭირო გახდება სასწავლო პროგრამების სერიოზული მოდიფიცირება;
  • კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულობის გაძლიერება დისტანციური სწავლების დროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს. თუ აქამდე მშობლები კომპიუტერთან გატარებულ საათებსა და წუთებს უთვლიდნენ მოზარდს, ხშირად უთიშავდნენ  და უმალავდნენ კიდეც კომპიუტერულ ტექნიკას, რომ როგორმე დაეცვათ შვილი ტექნიკის უარყოფითი გავლენისაგან, ახლა თავად მოითხოვენ ბავშვისაგან, რომ ჩართოს კომპიუტერი, დაესწროს ონლაინგაკვეთილს, მოამზადოს დავალებები. კომპიუტერული ტექნიკის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისტემატური მოხმარება დროთა განმავლობაში აუცილებლად ჰპოვებს უარყოფით ასახვას ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე;
  • დისტანციური სწავლების ერთ-ერთ სისუსტედ შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ სწავლების ეს ფორმა ბავშვის სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვისაც კი შეიძლება სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინოს, განსაკუთრებით დღეს როდესაც სოციალური კონტაქტების წრე და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა საკმაოდ შეზღუდული გვაქვს  დიდსაც და პატარასაც.

როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, დისტანციურ სწავლებას, რომელიც დღეს ასე აქტიურად გამოიყენება, აქვს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები, მასში შეიძლება, როგორც ბევრი დადებითის, ასევე უარყოფითის პოვნაც. აქ საინტერესო იქნებოდა ერთი მეშვიდეკლასელი გოგონას სიტყვების მოშველიება, რომელმაც ერთხელ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავისთავად კარგი ან ცუდი, დადებითი ან უარყოფითი არავინ და არაფერია. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა ვიღაცის ან რაღაცის მიმართ დადებითი ან უარყოფითი და ის ჩვენ მიერ კარგად ან ცუდად აღიქმება. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა დისტანციური სწავლების ეფექტიანობის გაზრდა, შევეცადოთ სწავლების ამ ფორმის ძლიერ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება და მისი საშუალებით სუსტი მხარეების დაძლევაზეც ვიზრუნოთ.

 

 

მასწავლებლის ფიქრები ქართული ლიტერატურის ერთი გაკვეთილის შესახებ

0

შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ბიჭები“ და „იყო ერთი გოგო“ – ამბები მამაც და ძლიერ ქართველ ქალებზე

ერთ-ერთი გამომცემლობის ქართული ენისა და ლიტერატურის მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ბიჭები“. „ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად/ იბადებიან ზოგჯერ ბიჭებიც“, – წერს პოეტი და წუხს, რომ ამ ბიჭებს, თითქმის ბავშვებს, უხდებათ თავის გაწირვა, მთელი ქვეყნის იმედი კი მათ ბავშვურ მკლავებშია მოქცეული. ასხამს მათ ხოტბას, უძღვნის „ათას დაფნას“, წიგნსა თუ მოლბერტს და სამომავლოდაც მოელის გმირებს, ოღონდ – ისევ მხოლოდ ბიჭებს. აქვე ახსენებს პაატა სააკაძესაც, რომელმაც თავი საქართველოს შესწირა.

„წადით, ბიჭებო, სახლებში წადით,

წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ…

მაგრამ ბიჭები დროის წადილით

ისტორიისთვის წერენ განაჩენს…“

რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ისტორია ბიჭებს შეუქმნიათ და ქვეყანა მათ გმირობაზე, მათ თავდადებაზე დგას. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეფე ქალი იყო და სხვა უამრავი გოგო გმირიც გვყავს, რომელთა სახელები და საქმეები მიჩქმალული და მივიწყებულია. სწორედ ასეთი მიდგომის, ასეთი ხედვის გამო.

საინტერესოა სახელმძღვანელოს შემდგენელთა მოსაზრება – რატომ მიიჩნიეს საჭიროდ ამ წიგნში ლექსის შეტანა. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც თითქოს ყველაზე მეტად უნდა ვერიდებოდეთ რომელიმე სქესის თანდაყოლილ უპირატესობაზე საუბარს. მეტადრე – წარმოუდგენლად გახშირებული ფემიციდის ფონზე, როდესაც ქალებზე ძალადობა ჩვეულებრივ ამბად იქცა, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულა. ჯერ კიდევ ვდავობთ, სამართლიანია თუ არა, რომ ბიჭებს ამდენის უფლება აქვთ და გოგონებს ამდენი ეკრძალებათ. ჯერ კიდევ არსებობს ცნებები კაცური ტვინი და ქალური ლოგიკა და ასე შემდეგ.

მოზარდობა საკმაოდ მგრძნობიარე ასაკია. ღირებულებები ჯერ კიდევ არეული და დასალაგებელია. ბავშვები განიცდიან უამრავ ზეგავლენას, ჰყავთ ავტორიტეტები, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა პოეტი ან ქართულის მასწავლებელიც აღმოჩნდეს.

თუ მაინცდამაინც ვერ შეელია ამ ლექსს სახელმძღვანელოს ავტორი, თუნდაც მხატვრული ღირებულების გამო, კარგი იქნებოდა, იმავე წიგნში ლადო ასათიანის „საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიც“ შეეტანა, რომელიც ბავშვებს გმირ ქალებს – მაია წყნეთელს, თამარ ვაშლოვნელს, თინა წავკისელს გააცნობდა.

ცხადია მასწავლებელზეც ბევრი რომ არის დამოკიდებული. მას შეუძლია, შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი განსხვავებულად დაანახოს და მიაწოდოს მოსწავლეებს, დისკუსიას, მსჯელობას მისცეს ბიძგი და გოგო გმირებზე ინფორმაციის მოძიებაც შესთავაზოს. პოეტი ხომ ხელშეუხებელი, კვარცხლბეკზე მდგომი ღვთაება არ არის, მისი კრიტიკა დასაშვებია, ხშირად – სასარგებლოც კი მოზარდის აზროვნების სტილის ჩამოყალიბებისთვის.

ამ ლექსის სწავლებისას და, საზოგადოდ, ამგვარი საკითხების განხილვისას, ვფიქრობ, მასწავლებელს დაეხმარება ძალიან კარგი კრებული „იყო ერთი გოგო“, რომელშიც თავმოყრილია 21 ამბავი ჭკვიანი და მამაცი ქალების შესახებ. თანამედროვე მწერლები ჰყვებიან ქალებზე, რომლებმაც ქვეყნის ისტორია შეცვალეს, მაგრამ რომელთა გმირობაზე ლექსებს იშვიათად წერენ და ხოტბასაც იშვიათად ასხამენ. ან იქნებ მათ ამბებს ბიჭი გმირების ამბები ფარავს…

კრებულში შესულია ალექს ჩიღვინაძის, დათო ტურაშვილის, დიანა ანფიმიადის, ეკატერინე ტოგონიძის, თეა თოფურიას, თეონა დოლენჯაშვილის, მაია სარიშვილის, მაკა ლდოკონენის, ნესტან ნენე კვინიკაძის, ნინია სადღობელაშვილის, ტორესა მოსისა და პაატა შამუგიას ზღაპრები. თანამედროვე ქართულით, საოცრად დაწერილი ქართველი ქალების ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი ისტორიები. მათი ტექსტების პერსონაჟები ნაცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ქალები არიან: კოლხი მედეა, მარო მაყაშვილი, ანა ბაჯი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქამრიანი სონა და სხვები. ამ ქალების კეთილშობილება, სიმამაცე, სიკეთე, მიზანდასახულობა, სიბრძნე, სიმართლისთვის ბრძოლა გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს მოზარდებს და შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი გმირიც კი აღმოაჩინოს, საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცოს, ბოლოს და ბოლოს სიამაყე აგრძნობინოს იმ ფაქტმა, რომ გოგოდ დაიბადა და გოგოსაც შეუძლია თურმე ქვეყნისა თუ საყვარელი ადამიანების გადარჩენა.

„ვაშლოვანშიც შემოიჭრნენ მტრები, ააოხრეს მთელი სოფელი და გლეხები ტყვედ წაიყვანეს. თამრომ გადაწყვიტა, რაზმი შეექმნა და თანასოფლელები გაეთავისუფლებინა“ („მაგრამ ასე ერჩია (თამარ ვაშლოვნელი)“, მაია სარიშვილი).

„მზით განათებულ ველზე თმაგაშლილი მაია ყველაზე გმირულად იბრძოდა. სპარსელებთან ომი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა და მეფე ერეკლემ მაია იხმო: – ვინ ხარ, მათე ბიჭო? – მაია წყნეთელი ვარ, მეფეო. მომიტევეთ, თავიდანვე რომ არ გითხარით, მაგრამ ეს რომ მეთქვა, მეომრად ვინღა მიმიღებდა?..“ („მზის მეომარი მაია“, თეონა დოლენჯაშვილი)

„მარომ მარტომ ათრია დაჭრილი ჯარისკაცი და სამშვიდობოს სული რომ მოითქვა, მერეღა შეხედა სახეში. შეხედა და გაშრა. წითური ბიჭი იცნო. ბიჭი, რომელიც დედას შეჰპირდა, აუცილებლად დავბრუნდებიო, სისხლისგან იცლებოდა. მაროს აღელვებისგან ყელში ბურთი მოებჯინა და ხელები აუკანკალდა. სწრაფად მოიკრიბა ძალა, ცრემლები მოიწმინდა და ჭრილობები მჭიდროდ გადაუხვია“ („ნუ მეძებთ თვალით, როცა გულში ვარ“, ეკატერინე ტოგონიძე).

წიგნი გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women-მა გამოსცა და უფასოდაა ხელმისაწვდომი საიტზე: https://saba.com.ge/books/details/12916/%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D

აქვე დავურთავ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ანიმაციური ფილმის „ქალი გმირების“ ბმულს:

https://youtu.be/wb7kjFpgX3M

იქნებ ასეთი მიდგომით მომავალმა თაობამ მაინც დაძლიოს ის მძიმე სენი, ის სტერეოტიპები, ის ჩაკირული შეხედულებები, რომლებიც საბოლოოდ ქალთა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფუძველი ხდება.

პროფესია – ფილოლოგი

0

დღეს ერთი კარგი და ნიჭიერი გოგო, საოცრად შთამებეჭდავი ლექსების ავტორი, ფეისბუქზე წერდა: „დაკვირვებული ვარ, ყველას განსაკუთრებით უყვარს და ახსოვს თავისი ქართულის მასწავლებელი. ყველას ჰგონია, რომ მისია გამორჩეული და საუკეთესო“…

ყველა საგნის მასწავლებელს სჭირდება განსაკუთრებული უნარები, რომ ცოდნა მოსწავლეებს რაც შეიძლება ეფექტურად გადასცეს, მაგრამ ლიტერატურის მასწავლებელი სულ სხვაა. პროფესიული სიამაყით ვიტყვი და ალბათ დამეთანხმებიან კოლეგებიც, რომ ჩვენ უპირატესობას გვანიჭებს საგანი, რომელსაც ვასწავლით. ლიტერატურა სამყაროს ყველაზე დიდი ხელოვნებაა… სიტყვას, ლოგოსს უდიდესი ძალა და მაგია აქვს და ამაზე თითქმის არავინ დავობს, ამის უარყოფა უბრალოდ ძნელია. მხოლოდ ეს სიტყვები საკმარისია ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად: „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“…  ამაზე აღარ გავაგრძელებ. სიტყვა ფილოლოგიც საოცარი სემანტიკის მატარებელია. ჩემი, როგორც ქართული ლიტერატურის მასწავლებლის სიამაყე, უპირველესად ამ სიტყვიდან იწყება. ფილოს ლოგოს – სიტყვის სიყვარული. ამ პროფესიის სახელიც კი იტევს მის შინაარსსა და სიღრმეს.

მათემეატიკისა და სხვა ტექნიკური დისციპლინების მოყვარული ფილოლოგებიც არსებობენ, ასეთებს მეც ვიცნობ, მაგრამ ძირითადად ფილოლოგებს არ გვიყვარს ზუსტი მეცნიერებები, რადგან სიტყვათა ჯადოქრულ სამყაროში ხეტიალი შორსაა სწორხაზოვნების, ურყევი ლოგიკისა და სიზუსტისგან. აქ მთავარი უსასრულო ფიქრი, ძიება, ჭვრეტა, შეგძნებები, განცდები, ემოციები და ფსიქოლოგიზმია, რაც ადამიანს იდუმალის, შეუცნობლის, მისტიკურის კარებთან აყენებს ხშირად…

წლების წინ ერთ კერძო სკოლაში მუშაობისას მათემატიკოსი კოლეგა და მეგობარი მყავდა, ასაკითაც ტოლები ვიყავით და ბევრი საერთო გამოვნახეთ. აქტიური, შემოქმედებითი და საუკეთესო მასწავლებელია. ერთხელ ვუთხარი, როგორ მშურს შენი მათემატიკური ტვინის, რა რთულ სააზროვნო სისტემებს მკლავდები? ნეტავ ამის ნიჭი მეც მქონდეს-მეთქი….

  • რას ამბობ! – მითხრა მან მღელვარედ, – მათემატიკის მწყობრი სისტემების დასწავლას რა უნდა? ყველაფერი ითვლება, ყველაფერი ლოგიკას ემორჩილება, ყველაფერი ფორმულებში ჯდება. რთული და საოცნებო სწორედ ის უნარებია, რომელთაც ფილოლოგები ფლობთ. რომ არაფერი იზომება და იანგარიშება, ყველაფერი ინტუიციას, განცდასა და ემოციას ეფუძნება… ასეთი იდუმალი სამყაროს წვდომა არის ჩემი აზრით მიუღწეველი ფუფუნება. გამართული მეტყველება. წერილობითი ტექსტების შედგენის ნიჭი. ამაზე კარგი რა უნდა იყოს? ასე რომ, მეგობარო, დატკბი იმით, რასაც შენი პროფესიული უნარები გაძლევენ…

ალბათ მათემატიკოსისა და ფილოლოგის ეს დიალოგი იმის გამომხატველია, რომ ადამიანებს სწორედ ის გვენატრება ხშირად, რაც არ გვაქვს ან ნაკლებად გვაქვს. რასაკვირველია, იმ აზრზე ვარ, რომ რა ცოდნაც კაცობრიობას შეუქმნია სხვადასხვა დისციპლინებში, აბსოლუტურად ყველა არის უნიკალური, ღრმა, საინტერესო, მიმზიდველი და ინდივიდებიც ჩვენი კოგნიტური უნარებისა და ინტერესების მიხედვით ვირჩევთ ამ დისციპლინებს, შემდეგ კი – პროფესიებს.

სამაგიეროდ ლიტერატურული აზროვნებით აღფრთოვანებული ჩემი მათემატიკოსი კოლეგის თვალსაზრისს კატეგორიულად ემიჯნება ჩემი ერთი მოსწავლე, რომელიც ისტორიით არის დაინტერესებული. როგორც კი  ახალი მხატვრული ნარატიული ტექსტის ახსნას ვიწყებთ გაკვეთილზე, ჩემი მოსწავლე, რომელსაც პირობითად ბექას დავარქმევ, უპირველესად იმას მეკითხება: მასწავლებელო, ეს ტექსტი რეალურ ამბავს ეფუძნება თუ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია?

არ ვიცი, მერამდენედ ვეუბნები ბექას, რომელსაც უკვე ზედიზედ 5 წელია ვასწავლი, რომ ლიტერატურისა და მკითხველისთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, ტექსტში მოთხრობილი ამბავი ნამდვილია თუ გამონაგონი. მერამდენედ შევახსენებ უილიამ სომერსეტ მოემის სიტყვებს: „არცერთი ნამდვილი ამბავი არ არის გამოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი“, მაგრამ ბექას ამასთან შეგუება ჯიუტად არ სურს თუ არ ძალუძს. მისთვის ფასეულია მხოლოდ ის ამბავი, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და შეულამაზებლად წარმოაჩენს სინამდვილეს. რამდენიმე თვის წინ მე და ბექა ცალკე ვსაუბრობდით ამაზე, საუბარი ცხარე კამათში გადაგვეზარდა და მან ამ კამათის კულმინაციისას მითხრა: ესე იგი, თუ მწერლის მონათხრობი სინამდვილეს დაშორებულია და მისი ფანტაზიის ნაყოფია, ეს ამბავი ზღაპარი გამოდის და თქვენ…

  • დიახ, ბექა, მე ზღაპრის მასწავლებელი ვარ, ზღაპრებს გასწავლი და მიიღე ეს ზღაპრები, როგორც სინამდვილის უნივერსალური ტრანსფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, ბევრად ახლოს იყოს სინამდვილესთან, ვიდრე კონკრეტულ დროსა და სივრცეში კონკრეტულ პირებს გადახდენილი ამბავი…

ბექა სახტად დარჩა. მას დღემდე არ სურს შეგუება იმასთან, რომ მწერლები ამბებს ზოგჯერ იგონებენ და ვერაფრით აუხსნია, რა საჭიროა ამბის გამოგონება, როცა უამრავი რეალური თუ წარსულში მომხადარი ისტორიული ამბავი არსებობს? მე შევეგუე იმას, რომ ბექასთვის მთავარი ისტორიზმის პრინციპია. ის რეალისტია ამ სიტყვის ყველაზე რეალისტური გაგებით. ეს მისი ხედვა და არჩევანია, რომელიც, ვფიქრობ, უმჯობესია შეცვალოს, რადგან ასე ხელოვნების აღქმა ზოგადად გაუჭირდება, ხოლო ადამიანი ხელოვნების შემეცნების უნარის გარეშე ზედმეტად ბიურგერულ რეალობაში იცხოვრებს. თუმცა არჩევანის თავისუფლება მისია. მე და ბექას ჯერ კიდევ წინ გვაქვს სასწავლო სემესტრები და დიდი იმედი მაქვს, რომ ისიც გაიგებს ზღაპრის მასწავლებლის სულისკვეთებას – მოსწავლეებთან ერთად ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში  დაუვიწყარ მოგზაურობად აქციოს ყოველი გაკვეთილი.

იყო დრო, არაპრესტიჟული და არაკომერციული პროფესია იყო. როცა ეს პროფესია ავირჩიე, ბევრ კეთილისმსურველს უთქვამს, რომ თავს ვწირავდი ღარიბი მასწავლებლის არასასურველი ყოფისთვის, რომ ძნელია ამ პროფესიით კარიერის გაკეთება, რომ არასერიოზული საქმეა მხატვრული ტექსტების სიყვარული, მათი ახსნა და სწავლება.

რა შესაძლებლობები აქვს დღეს კარგ ფილოლოგს? ის ყოველთვის საჭიროა სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის/ლექტორის პოზიციაზე. ასევე მას შეუძლია იყოს მკვლევარი, მეცნიერი, კრიტიკოსი. ფილოლოგები ძირითადად კარგად წერენ, აქვთ პუბლიცისტის, ბლოგერის, ესეისტის, ლიტერატურათმცოდნე კრიტიკოსის წერილობითი უნარ-ჩვევები, რაც თანამედროვე ბაზარზე კარგად იყიდება. თუ საინტერესო პროდუქტს შექმნი, ინტერესი მისადმი დიდია, კვლევის არეალი – უკიდეგანო, შემოქმედებითი თავისუფლება – უსაზღვრო… მიდი, გაშალე იალქნიანი ნავი და შეცურე მსოფლიო ლიტერატურის ოკეანეში… შენი ნავი შეგიძლია ვეშაპმჭერ გემად აქციო, ითევზაო ამ სიტყვის საუკეთესო მეტაფორული გაგებით და ამ პროცესით არა მხოლოდ შენ დატკბე და გამდიდრდე, არამედ სარგებლობა და სიამოვნება მოუტანო სხვებსაც. ყველას აინტერესებს ტექსტების ინტერპრეტაციები. საზოგადოების ცხოველ ინტერესს იწვევს ტექსტების წაკითხვები, ე.წ. დეკოდირება, სახეობრივი თუ იდეური ანალიზი, ლიტერატურული პარალელების ძიება, რაც ევრისტიკის უაღრესად მიმზიდველ საიდუმლობებს გვაზიარებს.

რამდენი მკითხველიც ჰყავს ტექსტს, იმდენნაირად განსხვავებული შეიძლება იყოს მისი აღქმა. ეს უაღრესად სუბიექტური და, ვიტყოდი, ინტიმური პროცესია, როგორც ღვთის შემეცნება. ლიტერატურის სახეობრივი ბუნება სიმბოლურ-ალეგორიული ძიებების დაუშრეტელ წყაროებს იძლევა. აი, მაგალითად ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ერთი მცირე ფორმის ლირიკული ტექსტი. ვერავინ და ვერაფერი ამოწურავს მისი სახეების ქვეტექსტებს, ფსიქოლოგიურ წიაღსვლებს, რადგან ყოველ წაკითხვაზე ახალ-ახალი ემოციებით გამამდიდრებელია. შორს რომ არ წავიდეთ, მარად ახალი ჩვენი „ვეფხისტყაოსანი“ გავიხსენოთ, რომელსაც ლამის 900 წელია ვუკირკიტებთ და არ გველევა აღმოჩენები, მიგნებები. ყველაზე საინტერესო კი სწორედ ეს განსხვავებული ინტერპრეტაციებია.

კიდევ რა უპირატესობა აქვს ფილოლოგს? ის ენის სპეციალისტია და სალიტერატურო ენის ნორმებს კარგად ფლობს. ორთოეპიისა და ორთოგრაფიის უნარების დახვეწა კი ყოველთვის ყველას სჭირდება, მიუხედავად პროფესიისა თუ დაკავებული თანამდებობისა. კარგი ფილოლოგი ყველგან საჭიროა, როგორც სტილისტი, კორექტორი, რედაქტორი. ამ მხრივაც ჩვენი პროფესიის ადამიანებს თვითრეალიზაციის ფართო ასპარეზი აქვთ.

პროფესია ფილოლოგი – მიხარია, რომ დღეს ვერავინ უწოდებს მას არარეალიზებული ადამიანების თავშესაფარს, არასერიოზულს, უპერსპექტივოს. მართალია, ჩვენს განვითარებად ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა პროფესიებში, ჯერჯერობით ანაზღაურება შრომის შესაბამისი არ არის არც კერძო და არც საბიუჯეტო სექტორში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუკი ფილოლოგს მუშაობა არ დაეზარება, სამუშაო ყოველთვის არის და საუკეთესო სპეციალისტებს სანთლით ეძებენ. ბოლო დროს ჩემს მოსწავლეებშიც ვამჩნევ მზარდ ინტერესს ამ პროფესიისადმი, რაც განსაკუთრებით მახარებს და სიამოვნებით დავულოცავ გზას ახალგაზრდა კოლეგებს. როგორც შემეძლება, შევეცდები ჩემი პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილება ყველა რესურსით გავუზიარო. აი, ხედვის, აღმქმელობის, ენისა და ლიტერატურის საკითხებისადმი მიმართებების გაზიარება კი ჩვენს პროფესიაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესია პროფესიული ზრდის გზაზე. ხოლო თუ ვინმე ამ წერილს პროფესიული ეგოიზმის გამოხატულებად ჩამითვლის, ვუპასუხებ, რომ მე ჩემი პროფესიისა ვთქვი, სხვამ თავისი თქვას…

ვაჟა-ფშაველა სატირისა და იუმორის შესახებ

0

ვაჟა-ფშაველას სამყარო ჰეროიკულია. მასში იშვიათად შეხვდებით მოცინარ, მხიარულ პერსონაჟებს, რადგან მწერალი, ძველ ბერძენ ტრაგიკოსთა მსგავსად, ერიდება კომედიურ ტიპაჟებს და თუ მაინც იშველიებს მათ, ისევ ტრაგიკული პათოსისგან მკითხველის შესასვენებლად, როგორც თუნდაც შექსპირი.

ასე რომ, ვაჟას სატირა და იუმორი სპეციფიკურია და უფრო მის პუბლიცისტურ ფელეტონებში გვხვდება, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებებში. დავით კლდიაშვილისა არ იყოს, ვაჟას სიცილიც ცრემლიანია. ის ამგვარად ეთხოვება წარსულს, რომელიც ვეღარ ინარჩუნებს ძველ შინაარსს აწმყოს მიერ შეთავაზებულ ახალ ფორმაში. სწორედ ეს დარღვეული ჰარმონია აღძრავს სიცილს. აი, მაგალითად, ვაჟას აზრით, ფშაური პოეზია ორ ნაწილად იყოფა – ძველი და ახალი დროისად. ძველი ლექსები ვაჟკაცობას, ზნეობრივ სიმაღლეს, ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური სილამაზის ჰარმონიას ასხამს ხოტბას, მასში იდეალური ტიპებია გამოყვანილი, ისეთები, როგორიც უნდა იყოს ადამიანი, ახალი კი რეალისტურია და მათში „ჰკვნესის სატირული ნაღველი“. ამ ლექსების გმირები ისეთები არიან, როგორიცაა ადამიანი სინამდვილეში. აქ წუხილია (რომელიც „ცინიკობამდე მიდის“) ადამიანის დაკარგულ ბუნებაზე, იმაზე, რომ ხალხურ თქმულებებში გაქრნენ დიადი ადამიანები და მათი ადგილი უფრო დაჩიავებულმა, სატირის ობიექტმა დაიკავა. ვაჟა წერს, რომ სატირას ბადებს ცხოვრების ცვლილება, ერთი წყობიდან მეორეში გადასვლა, ისეთში, როგორიც იყო მისი თანადროულობა. ამ ეპოქის ხალხური ლექსებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი იდეალიზმის შერწყმა უკიდურეს რეალიზმთან.

ვაჟა პირველი შეეხო სატირისა და იუმორის მნიშვნელობასა და ადგილს ფშაურ ხალხურ პოეზიაში. მან ჩაწერა და განიხილა ამ ჟანრის შესანიშნავი ნიმუშები. სატირისა და იუმორის გამოვლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ ამ მხრივ განსხვავებაა საერთოქართული და ადგილობრივი, ცალკეული კუთხეების ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს შორის. ფშავ-ხევსურული პოეზიის ენა სპეციფიკურს ხდის ამ ნიმუშებს. ამიტომაა, რომ ისინი საქართველოს სხვა კუთხეებში არ გავრცელებულა. ფშავსა და ხევსურეთს არ გაუვლია საზოგადოებრივი განვითარების ის საფეხურები, რომლებიც საქართველოს სხვა კუთხეებმა გაიარა. სატირისა და იუმორის განვითარების თვალსაზრისით პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ კუთხის პოეზიის ნიმუშებს და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ვითარდებოდა აღნიშნული ჟანრი საზოგადოების განვითარებასთან ერთად. როგორც ვაჟა გადმოგვცემს, მელექსეები ერთმანეთს აყვედრიდნენ პირად ნაკლოვანებებს, ყველგან ცნობილსა და გამოაშკარავებულს. თუ პირადი აუგი არ იყო, მოპირდაპირე მხარე ეძებდა მიზეზს საგვარეულოში; თუ საგვარეულოშიც არ იყო – თემში; თუ თემშიც არ იყო – სოფელში. ვაჟა გვაცნობებს, რომ ფშავში განთქმული მელექსე იყო მისივე ღვიძლი ბიძა პარასკევა, მრავალი სატირული ლექსის ავტორი. პარასკევამ წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ მისი ნაწერები წერილობით არ შემონახულა, თუმცა ეს ლექსები დღემდე ცოცხლობს და ცნობილია ხალასი იუმორით. პარასკევა არ ყოფილა ამ განსხვავებული კილოს, რიტმის ლექსების პირველშექმნელი. ვაჟა ასევე ახსენებს ორ ფშაველ მელექსეს: მერცხალას (გამიხარდის) და ჯაბანს. ის საგანგებოდ ჩერდება მერცხალას რეპერტუარზე, რომლის ძირითად თემატიკას ახალი ცხოვრება და კლასობრივი ჩაგვრა წარმოადგენდა. ფშავში განსაკუთრებით გავრცელებული იყო მერცხალას სატირული ლექსები მამასახლისზე. ლექსებს მათი გმირის ყურამდეც მიუღწევია, შეხვედრიან კიდეც ერთმანეთს მერცხალა და მამასახლისი და მერცხალაც „წაკაფიავებია“.

ვაჟას ფელეტონებში, რომლებშიც გამხატვრულების მიზნით ავტორი ხან ერთი ფესვდონიმით გამოდის, ხან – მეორით, საზოგადოდ ქართული ლიტერატურისთვის და კერძოდ თერგდალეულებისთვის დამახასიათებელი „მართლის თქმის“ პრინციპია წამყვანი. „ასეა თუ ისე, ჩვენ სიმართლეს მაინც ნუ ვუღალატებთ, სიმართლეც ვთქვათ, ცილს მოვერიდოთ, გადაჭარბებას, ჭირი გამოვააშკარაოთ, რადგან დაფარული, დამალული ჭირი უფრო მავნებელია, ვიდრე ნათქვამი და გამოცხდებული“ („თიანური ფელეტონი“) – ესეც ილიასეულია და ეს მჭრელი ირონიაც: „ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“. ქართველმა მეფელეტონემ და კორესპონდენტმა ეს ანდაზა კარგად უნდა დაიხსომოს, ღრმად ჩაიჭდიოს, ჩაინერგოს გულში, თორემ გაჭირდა საქმე: თუ სადმე რამ ნაკლი ჰნახე სოფლად, დაბად, ან ავი ხმა გესმა, უნდა თვალი მოარიდო და ყურიც მოიყრუო; უნდა ხმა-კრინტი არ დასძრა. იტყვი და – ვაი შენი ბრალი მაშინ!.. ვისაც უფრო ბუბმბულიანი ცხვირი აქვს, უწინარეს ყოველთა და ყოვლისა, ის გაატანს წყალსა და ღვარს შენს ნათქვამ-ნაწერს. რით და როგორ? დაგაბრალებს პირადობას, მორჩა და გათავდა. შეიძლება გულუბრყვილო მკითხველი კიდევაც დაითანხმოს, ჩაითრიოს“.

ვაჟა დიდი რეალისტია, კარგად ხედავს, როგორ ირღვევა ადამიანის ზნეობრივი იდეალები, ამიტომ მისი სატირის ობიექტიც სწორედ ცივილიზაციით შენიღბული სულიერი დეგრადაციაა. ვაჟა დიდი ჰუმანისტია და ის არასდროს იქნება ღვარძლიანი, დამცინავი მოვლენასა თუ ადამიანთან მიმართებით. ის წუხს, რომ გარკვეულ გარემოებებში სასაცილო ხდება ბუნების საუკეთესო ქმნილება -ადამიანი. ამიტომ ვაჟას სიცილი, სატირა თუ იუმორი ნაღველთან წილნაყარია, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს ტრადიციული გაგებით ეს ტანდემი. აქ შემამსუბუქებელი მისი პუბლიცისტიკის მხატვრულობაცაა, რომელიც არაფრით უშლის ხელს მის რეალისტურობას. წერილში „ბიუროკრატის ჩივილი“ მწერალი სტატსკი სოვეტნიკის პირით გადმოგვცემს მისივე აზრებს,  ბიუროკრატიისადმი მის „ტრფობას“, ოღონდ ირონიის მიღმა შეფარულად, მაგრამ აშკარად ჩანს მწერლის პოზიცია.

ვაჟას აზრით, იუმორის გაგებას თავისებური ნიჭი და უნარი სჭირდბა, მისი აღქმის უნარი ყველას არ აქვს ან შეგნება არ ჰყოფნის. იუმორის სირთულეშიცაა საქმე, რადგან ის მკითხველისგან მოითხოვს შინაგანი კულტურის გარკვეულ დონეს. სატირა უფრო უმოწყალოა ცხოვრების მახინჯი მოვლენების მიმართ, ვაჟა კი ლმობიერია, მის სატირას ტრადიციული სიმძაფრე აკლია. შესაძლოა, მისი სატირა არცაა სატირა – კრიტიკის უკიდურესი ფორმა; უფრო იუმორია და გონებამახვილური მხატვრულობა. აქვე უნდა ითქვას, რომ ვაჟა სხვაგვარად ამხელს ნაკლს მხატვრულ ნაწარმოებებში და სხვაგვარად – პუბლიცისტურ წერილებში. ეს უკანასკნელნი უფრო მახვილი და მძაფრია. მაგალითად, წერილში „ხმა მთიდამ“ მგელა ხინკალჭამიაშვილი, რომელსაც „გაბერტყვით“ ემუქრება ერთი მოხელე და რომელიც მანდილოსნების ქოქოლასა და რისხვას იმსახურებს, თავად ვაჟა-ფშაველაა. მწერალი, რომელიც ყველაფერს დიდი ჰუმანისტის თვალით უყურებს, იუმორშიც ფაზიქია, სიცილშიც ეძებს ესთეტიკას. მისთვის უცხოა ქირდვა და შეურაცხყოფა, ვისიც არ უნდა იყოს, თუმცა დაუფარავად ამხელს ნაკლს. მისი გულისწყრომა კეთილშობილურია: „ღმერთმა დალოცოს თიანური ინტელიგენტი მაშინ, როდესაც „რეჩს“ ამბობს. „რეჩები“ და „რეჩები“, მერე რა „რეჩები“. ყველაფერზე „რეჩებს“ ამბობენ ესენი… თითქმის კალმახსაც არ სტოვებენ ისე, რომ ქება-დიდება არ მიუძღვნან. სადილზე თითო პირი ათჯერ სიტყვას ამბობს და ნეტავი ერთს საქმეს მაინც აკეთებდეს“ („სოფელი თიანეთი“).

ვაჟა-ფშაველა იმხელა მოვლენაა, რომ ცალკეა საკვლევი მისი შემოქმედების სხვადასხვა მხარე. ჩვენ აქ განხილული მეტად სპეციფიკური და საინტერესო საკითხის მხოლოდ ზოგიერთი ნიუანსი წარმოვაჩინეთ.

ვწერ მასწავლებლისათვის-თათია მთვარელიძე

0

თათია მთვარელიძე- მწერალი, მთარგმნელი

მე, როგორც სხვები ამბობენ, მასწავლებელი ვარ, როგორც მე ვამბობ – მოსწავლე.

ორივე ჩემი პროფესიაა – ორივე ძვირფასი და საფრთხილო:

მოსწავლე ვარ მაშინ, როდესაც ჩემს სტუდენტებს ვუსმენ. და ეს შვებას მგვრის.

მასწავლებელი ვარ ალბათ მაშინ, თუ ვგრძნობ, რომ ჩემი სტუდენტები მისმენენ და ეს მაშინებს.

მაშინებს იმიტომ, რომ მე – როგორც მათ მაწავლებელს ბევრი რამის ცოდნა მომეთხოვება, სინამდვილეში კი ძალიან ცოტა რამ ვიცი.

მაშინებს იმიტომ, რომ ჩემმა სტუდენტებმა იმაზე მეტი იციან, ვიდრე მოეთხოვებათ.

მაგალითად, მათ იციან, რომ ჩვენი რწმენა და აზრები არასდროსაა მდგრადი, ისინი მუდმივი ცვალებადობის ურყევ კანონს ემორჩილებიან და ეს სამყაროს ყველაზე მშვენიერი თვისებაა.

 

მე, როგორც სხვები ამბობენ, მასწავლებელი ვარ, როგორც მე ვამბობ – მოსწავლე.

მასწავლებელი ვარ მაშინ, როდესაც ვამბობ,  რომ არ ვიცი.

მოსწავლე ვარ მაშინ, როდესაც ვამბობ, რომ არ მჯერა.

და ორივე ვარ მაშინ, როდესაც არცოდნისა და დაეჭვების მდინარეები ერთმანეთს ერთვის და წერას ვიწყებ.

ამ დროს მე ვწერ მასწავლებლისათვის, ვწერ იმაზე, რაც არ ვიცი. ვწერ იმაზე, რისიც არ მჯერა. და როდესაც წერას ვამთავრებ, უკვე ვიცი და უკვე მჯერა, რომ არსებობენ ჯადოსნური ადგილები, რომლებიც ადამიანებსა და მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს მნიშვნელობებს უასმაგებენ. ეს სიტყვები მარადიულ შესაქმეთა საწინდარია. ამ სიტყვებს ძალუძთ გარდაქმნან, შექმნან, ააშენონ სამყაროები. უკეთესი სამყაროები.

მე ვწერ მასწავლებლისთვის, იმიტომ რომ ეს ადგილი შესაქმეა იმ ახალი სამყაროსი, რომელშიც მე – როგორც მოსწავლე და მე – როგორც მასწავლებელი სიამოვნებით ვიცხოვრებდი – მეორედაც, მესამედაც… მეათასედაც…

 

თათია მთვარელიძის წერილები

 

ტექსტის ინტერპრეტირება. მატრიცული სწავლების კვალდაკვალ

0

დღეს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მიმართულია ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტისკენ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი მარიამ ჩიქობავას განმარტებით, „პროექტის მთავარი მიზანია, ვაქციოთ სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლისთვის სახალისოდ, ისე, რომ ყველა მოსწავლე იყოს ჩართული, დაინტერესებული, არ არსებობდნენ ე.წ. აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები. ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს ისეთი კომპლექსური/პროექტული დავალებების შეთავაზებას, რომელთა შესრულებაშიც ყველა მოსწავლე ჩაერთვება და ყველა გამოავლენს თავის შესაძლებლობებს. რაც მთავარია, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ, რა კომპლექსური დავალება უნდა შეასრულონ თემის გავლის შემდეგ და ამისთვის რა ახალი საკითხების შესწავლა დასჭირდებათ. ეს არის მთავარი და ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი“ (https://www.mshoblebi.ge/).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტის, ქალბატონი თამარ ჯაყელის შეფასებით, პროექტი პიროვნებაზე ორიენტირებულ ხედვას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და სკოლამ შეძლონ მოსწავლეებზე, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული ისეთი სასკოლო სასწავლო გეგმის, სასკოლო კურიკულუმების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც რეალურად იქცევა მოსწავლის განვითარების გზად.

2019 წლიდან მხარდამჭერი ჯგუფების დახმარებით საპილოტე სკოლებში მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმის დანერგვა, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე სტრუქტურითაც აბსოლუტურად განსხვავდება ამ დრომდე არსებული გეგმებისგან.

რა უპირატესობა აქვს კურიკულუმს, ანუ მატრიცულ სწავლებას?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ბატონი ნიკოლოზ სილაგაძე, განმარტავს, რომ სასკოლო კურიკულუმი არის დოკუმენტი, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და სწორედ იმ გზას და იმ საგანმანათლებლო სერვისს ასახავდეს, რომელსაც კონკრეტული სკოლა ქმნის და სთავაზობს თავის მოსწავლეებს.

კურიკულუმი ახალი ტიპის სასწავლო პროგრამაა, რომელშიც გაწერილია კონკრეტული თემისა და ტექსტის სიღრმისეული შესწავლის ეტაპები. ცოდნის აქტიური კონსტრუირება ხდება სამიზნე ცნებებისა და მკვიდრი წარმოდგენების კვალდაკვალ.

ანბანის შემდგომი პერიოდიდან მეოთხე კლასის ბოლომდე ქართული ენის მატრიცაში წარმოდგენილია შემდეგი სამიზნე ცნებები:

  1. ტექსტის გაგება;
  2. ინტერპრეტირება;
  3. ერთ-ერთი ფუნქციური სამეტყველო მოქმედება შერჩევით (თხრობა, აღწერა, შედარება, საკუთარი აზრის გამოხატვა-დასაბუთება);
  4. გრამატიკული კანონზომიერების აღმოჩენა;
  5. წერა და ჟანრი.

თითოეულ ცნებას ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავს, სახელდობრ რა უნდა იცოდნენ აღნიშნულ ცნებებთან მიმართებით I-IV კლასების მოსწავლეებმა.

თითოეული თემატური მატრიცის დანიშნულებაა კონკრეტული ტექსტის კომპლექსურად, სიღრმისეულად შესწავლა ყველა ცნებასთან მიმართებით და, ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ერთი გაკვეთილის გეგმა – ის გაწერილია 10-12 აკადემიურ საათზე.

 

რა არის კომპლექსური დავალება?

თითოეული ცნების დამუშავების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კომპლექსური დავალება.

„კომპლექსური, შინაარსიანი აქტივობების (კვლევითი პროექტი, სიმულაცია, ლაბორატორიული სამუშაო, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა და სხვა) შესრულების პროცესში მოსწავლე სწავლობს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქციულად და ურთიერთდაკავშირებულად გამოყენებას და სააზროვნო პროცესის კომპლექსურად მართვას. ცოდნის გამოყენებას ახერხებს არა ის, ვინც დაქუცმაცებულად დაისწავლის ცოდნათა ცალკეულ კომპონენტებს, არამედ ის, ვინც ცოდნის კომპონენტების ინტეგრირებულად გამოყენებაშია გაწვრთნილი. ამგვარი ვარჯიშის შედეგად მოსწავლე იძენს დინამიკურ ცოდნას“ (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა).

ჩემი როგორც პროექტის მხარდამჭერი გუნდის წარმომადგენლის კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის თვალით დანახული რეალობა ამგვარია: პროექტში ჩართულ მასწავლებელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ რადიკალურად შეიცვალა მათი დამოკიდებულება მრავალრიცხოვანი ტექსტების შესწავლის მიმართ. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ანუ კურიკულუმის შესაბამისად, მასწავლებლებს აღარ უწევთ „გადარბენით“ სწავლება – ისინი მუშაობენ პარალელებთან ერთად შეჯერებული 15-18 ტექსტის სიღრმისეულად შესწავლაზე ყველა ცნებასთან მიმართებით და, როგორც აღვნიშნეთ, თითოეული ტექსტის დამუშავება გაწერილია 10-12 აკადემიურ საათზე.

თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში (დირექტორი – ლიანა ფუტკარაძე) წარმატებით მიმდინარეობს ახალი სკოლის მოდელის დანერგვა. მინდა, გაგიზიაროთ დაწყებითი კლასების მასწავლებლის ფიქრია ცერცვაძის წარმატებული გამოცდილება – მეორეკლასელების მიერ შესრულებული კომპლექსური დავალება, რომელიც მან წარადგინა ზოგადი განათლების რეფორმის პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელ ფორუმზე.

ძირითადი რესურსი: ლელა ცუცქირიძის „ღრუბელი, რომელიც არ წვიმდა“

ლ. ქისტაური, ი. იაშვილი, ნ. მესხორაძე, ხ. რაზმაძე. ქართული ენა და ლიტერატურა. გამომცემლობა „ტრიასი“

დამატებითი რესურსი: „ავგიას თავლა“, „გოგონა და თოვლის გუნდა“

თემა: მეგობრობა და ზრუნვა

შესაძლო დამატებითი თემატიკა: პასუხისმგებლობა, ბუნებრივი მოვლენები

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

◦ ინტერპრეტირება. ჟანრი – კომიქსი

(ამ შემთხვევაში დაწყვილებულია ორი სამიზნე ცნება: ინტერპრეტირება და ჟანრი)

ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე შემიძლია:

  • ტექსტის მნიშვნელობის ახსნა;
  • ახალი იდეების შემუშავება;
  • ტექსტის წარმოდგენა ახალი კუთხით, განსხვავებული ფორმით.

◦           კომიქსი

  • ამბავი მოყოლილია ნახატებით და „ღრუბლებში“ ჩასმული სიტყვებით.
  • „ღრუბლებში“ ჩასმულია ის სიტყვები, რომლებითაც პერსონაჟები ელაპარაკებიან ერთმანეთს, მათი ფიქრები და ოცნებები.
  • ნახატები ხშირად გამოხატავს პერსონაჟების გრძნობებს, განწყობას.

საკითხი/საკითხები/ქვეცნებები:

თემა, პერსონაჟი, ტექსტის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, სიუჟეტი, დიალოგი

საკვანძო კითხვა:

როგორ გამოვიყენო ჩემი ცოდნა-გამოცდილება და ფანტაზია ტექსტის ახლებურად, განსხვავებული ფორმით/კუთხით წარმოსადგენად?

შენიშვნა: ინტერპრეტირების ცნების დამუშავებამდე მასწავლებელმა მოსწავლეებს ტექსტი სიღრმისეულად შეასწავლა გაგების ცნებასთან მიმართებით, რომელსაც სამი აკადემიური საათი დაუთმო და ამის შემდეგ გადავიდა მეორე სამიზნე ცნების – ინტერპრეტირების დამუშავებაზე.

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები:

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

საკვანძო შეკითხვა: რას მოითხოვს ჩემგან ეს დავალება? რას შევძლებ დამოუკიდებლად? რაში დამჭირდება დახმარება?

ბავშვებო, ჩვენ შევისწავლეთ პატარა ჯიუტი ღრუბლის ამბავი. დღეს თქვენ გელოდებათ ძალიან საინტერესო კომპლექსური დავალება: უნდა წარმოიდგინოთ, რომ ამ მოთხრობის პერსონაჟები ხართ და პატარა ღრუბელს ელაპარაკებით. თქვენი მიზანია, დაარწმუნოთ „გაბუტული“ ღრუბელი, რომ აუცილებლად უნდა გაწვიმდეს. მოიყვანთ არგუმენტებს და აუხსნით, რა მოჰყვება მის სიჯიუტეს. კომიქსის სტილში დახატავთ თქვენს საუბარს „გაბუტულ“ ღრუბელთან და ეცდებით, გადაწყვეტილება შეაცვლევინოთ.

 

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა. სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება

საკვანძო შეკითხვა: ტექსტის მინიშნებებსა და ჩემს ცოდნა-გამოცდილებაზე დაყრდნობით რა და როგორ შემიძლია შევცვალო?

მულტფილმის ჩვენება, ინტერაქცია მულტფილმზე, კითხვები მულტფილმის შესახებ:

– ვინ არიან მეგობრები?

– როგორ ერთობა ერთად ორი სრულიად განსხვავებული მეგობარი – გოგონა და თოვლის გუნდა?

– რა აქვთ მათ საერთო?

– როგორ მოახერხა თოვლის გუნდამ მეგობართან დაბრუნება?

– როგორ შეხვდა გოგონა წვიმად დაბრუნებულ თოვლის გუნდას?

– გაგრძელდა თუ არა მათი მეგობრობა და როგორ?

– მულტფილმის მიხედვით, რას ნიშნავს, იყო მეგობარი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მეგობრებს ერთმანეთთან?

 

ტექსტის ენა

–           როგორ/როგორი ენით მეუბნება ტექსტი?

–           როგორ აღმოვაჩინოთ სიტყვის სამყარო?

აქტივობები:

◦ დაფაზე განლაგებულია ღრუბლის ფორმის ფურცლები, რომლებზეც წერია სიტყვები მოცემული ტექსტიდან: კოკისპირული, ჟუჟუნა, ლეგა, ჯიუტი, თავნება, წიწკანა, დაიბუხუნა.

◦ მოსწავლე თავის მეწყვილესთან ერთად ირჩევს ერთ მათგანს და განმარტავს. ყველა სიტყვის განმარტების შემდეგ დაფაზე ჩნდება „გაბუტული“ ღრუბელი.

◦ მასწავლებელი მოსწავლეებს უნაწილებს შვიდ სიტყვას. ისინი ადგენენ „სიტყვის პირამიდას“ თითოეულ შეთავაზებულ სიტყვაზე.

 

ჟანრის ამოცნობა

მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება კომიქსებზე. ეკითხება, ვის რომელი კომიქსი უყვარს. მოსწავლეები ასახელებენ თავიანთ საყვარელ კომიქსებს.

მასწავლებელი სახელმძღვანელოდან აჩვენებს კომიქსს „ავგიას თავლა“, მოსწავლეები ამოიცნობენ, როდის ოცნებობს (ფიქრობს) პერსონაჟი და როდის ესაუბრება ორი პერსონაჟი ერთმანეთს.

–           საიდან ვიცით, რომ ეს კომიქსია?

 

უნდა გამოიკვეთოს კომიქსის ძირითადი ჟანრობრივი მახასიათებელი:

◦ ამბავი მოყოლილია წარწერებიანი ნახატებით.

◦ დაკვირვება „ღრუბლებში“ ჩასმულ სიტყვებზე იმის გამოკვეთით, რომ ამ სიტყვებით ორი პერსონაჟი ელაპარაკება ერთმანეთს.

◦ დაკვირვება ნახატებზე (რას გამოხატავენ ისინი? – პერსონაჟის მდგომარეობას )

◦ დაკვირვება კავშირზე ნახატებსა და მათ შესაბამის წარწერებს შორის.

 

წყვილებში მუშაობა

წარმოიდგინეთ, რომ ამზადებთ კომიქსს მოთხრობის იმ ნაწილისთვის, რომელშიც მშობლები ელაპარაკებიან პატარა ღრუბელს.

ამისთვის:

◦           წაიკითხეთ საუბარი პატარა ღრუბელსა და მის მშობლებს შორის;

◦           ხაზი გაუსვით იმ სიტყვებს, რომლებსაც წარმოთქვამენ პერსონაჟები და უნდა ჩაიწეროს „სიტყვების ღრუბელში“;

◦           დაწერეთ, რომელი პერსონაჟი წარმოთქვამს ხაზგასმულ სიტყვებს.

მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ ფურცლებზე, რომლებზეც ასახულია:

I – საუბარი დედა და შვილ ღრუბლებს შორის;

II – საუბარი მამა და შვილ ღრუბლებს შორის.

 

პრეზენტაციას წარადგენს წყვილის თითო წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენი წყვილები – მხოლოდ განსხვავებულ ვარიანტებს. მოსწავლეები ამბობენ, რომელ სიტყვებს ჩაწერენ „სიტყვის ღრუბელში“, რომლებს გამოტოვებენ და რატომ.

 

კომპლექსური დავალების შესრულება

მოსწავლეები ქმნიან კომიქსს ინტერპრეტაციით. მათ არგუმენტებით უნდა დაარწმუნონ გაბუტული ღრუბელი, რომ აუცილებლად გაწვიმდეს და აუხსნან, რა მოჰყვება მის სიჯიუტეს. „სიტყვების ღრუბლებში“ უნდა ჩაწერონ, რას ეტყვის პატარა ღრუბელი და რას ეტყვიან მოსწავლეები, რომ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

 

ეტაპი 3. კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

საკვანძო შეკითხვა: როგორ უნდა წარმოვადგინო კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის შედეგები ისე, რომ ეს მსმენელებისთვის საინტერესო და გასაგები იყოს?

წარდგენის წესზე შეთანხმება (შევთანხმდით შემთხვევითი შერჩევის წესზე)

მსმენელის დღიური (რა შეკითხვას დაუსვამ პრეზენტატორს?)

დავალების პრეზენტაცია და განხილვა

მოსწავლეთა თვითრეფლექსია

რას ნიშნავს იყო ნამდვილი მეგობარი, ამ ტექსტების მიხედვით? რით ჰგავს ეს ტექსტები ერთმანეთს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

 

შეფასების კრიტერიუმები:

◦ მოსწავლეს შეუძლია ტექსტში მოცემული ინფორმაციისა და პირადი ცოდნა-გამოცდილების დაკავშირების საფუძველზე მოვლენათა წარმოდგენა განსხვავებული ფორმით/კუთხით, იდეების გენერირება.

◦           მოსწავლეს შეუძლია მოცემული ტექსტის საფუძველზე კომიქსის შექმნა და ნამუშევრის წარდგენა.

 

ახალი სკოლის მოდელის პროექტი ერთადერთია, სადაც მასწავლებელი დროში არ არის შეზღუდული. ტექსტის ინტერპრეტირებაზე მუშაობა მიმდინარეობდა ორი აკადემიური საათის განმავლობაში. მასწავლებელს შეუძლია, დაამატოს იმდენი საათი, რამდენიც საჭიროა. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება, რომ აუჩქარებლად, გააზრებულად და სიღრმისეულად მოხდეს ტექსტის შესწავლა სამიზნე ცნებასთან მიმართებით.

თბილისის 133-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ფიქრია ცერცვაძემ ინტერპრეტირების ცნების დამუშავება დაასრულა შემოქმედებითად გადაწყვეტილი ორიგინალური ფინალით, გაკვეთილის ინტერპრეტირებული დასასრულით და მოსწავლეთა ძალისხმევით საწვიმრად მომზადებულ ღრუბელს ქოლგა შეაგება.

ვკითხოთ ბავშვებს

0

მსოფლიოს ნაწილი ვართ. შესაბამისად, ჩვენც, სამყაროს დანარჩენი ნაწილის მსგავსად გვიწევს ამ განსხვავებულ რეალობაში ცხოვრება. დავრჩეთ სახლში! დღეს ეს არის ყველაზე სწორი ქმედება, რითაც შეგვიძლია დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დავტოვოთ ბავშვებიც სახლში, ეს რთული გასაგებია პატარებისთვის. მას შემდეგ, რაც დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადავედით, მუდმივად იმის ფიქრში ვარ, როგორ გავუმრავალფეროვნო ყოველდღური ყოფა ჩემს მოსწავლეებს, თან ისე, რომ მათი აზროვნება მუდმივად აქტიური იყოს და სასწავლო რეჟიმიდან მთლად არ ამოვარდნენ.

მე 27 წლის მასწავლებელი ვარ, მუდმივად ვცდილობ, რომ ჩემი მოსწავლეების ემოციებს, ფიქრებს, მისწრაფებებს არ ავცდე, ჩასაფრებული ვაკვირდები ხოლმე ჩემს მიერ შეთავაზებული რომელი დავალება, აქტივობა, პროექტი აღძრავს მათში კმაყოფილებას, აღვივებს მოტივაციას და უბრწყინებს, უფართოვებს თვალებს. ამჟამად მეოთხე კლასში ვართ. უკვე დიდები და საკმაოდ განვითარებული არიან, მათ იციან, რომ მათგან ბევრს ვსწავლობ და ეს უხარიათ, სიამოვნებთ, თვითშეფასებას უმაღლებთ და ჩვენ შორის, ბარიერს თითქოს ანგრევს ასეთი დამოკიდებულება.

ბავშვებს მოსწონთ, როცა უფროსები ვეკითხებით, მათგან ველით რჩევას, გვაინტერესებს მათი აზრი, დამოკიდებულება რაიმე საკითხისადმი. მით უმეტეს, ეს საკითხი ან თემა თუ მათაც ეხებათ და მათთვისაც აქტუალურია.

ჩვენ ვისმენთ ექიმების, პროფესიონალების, მთავრობის რეკომენდაციებს ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ისინი ძირითადად, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას, რა თქმა უნდა, სახლში დარჩენასთან ერთად. ვიფიქრე, რატომ არ უნდა მოვისმინოთ თავად ბავშვების მოსაზრებებიც, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ სახლში ყოფნას, რა რჩევებს მისცემენ თანატოლებს, რას ფიქრობენ დღევანდელ რეალობაზე, მათი მოსაზრებები ძალიან საინტერესო იქნებოდა. თანაც, დღევანდელი რეალობა მათაც ეხებათ, ისინიც ხომ საზოგადოების წევრები არიან. რატომ არ უნდა დავაკისროთ მათაც რაიმე მოვალეობა, დღევანდელ შეზღუდვებთან ბრძოლაში?! 

ამის გაფიქრება და მოსწავლეებისთვის გაზიარება ერთი იყო. რადგან ჩემს მოსწავლეებს დღიურის წერის გამოცდილება უკვე აქვთ, ვიფიქრე ამ იდეას დღიურის ფორმატით მივიტანდი მოსწავლეებამდე.

ამ იდეას წავუმძღვარე ასეთი ინსტრუქცია:

პირველ ეტაპზე შექმენით ან თუ უკვე გაქვთ, დღიურისთვის მოამზადეთ ბლოკნოტები, სადაც არაფერი ეწერება, მხოლოდ დღიურს დავუთმობთ.

და სახელად დაარქვით:

 

,,ჩემი რჩევები სახლში გამოკეტილ ბავშვებსროგორ გავუმკლავდეთ ვირუსს მხიარულად და წარმატებულად(ეს სახელი მაგალითისთვის შემოგთავაზეთ, შეგიძლიათ, თქვენ თქვენი ვარიანტი მოიფიქროთ, ან ეს გამოიყენოთ).

 

ამ დღიურში თქვენ მოჰყვებით, როგორ ატარებთ თქვენს დღეებს ამ პერიოდში, როცა სახლში გიწევთ ყოფნა. აღწერთ, რას შვებით, როგორ ცხოვრობთ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, რა იცით ამ ვირუსის შესახებ? რით ერთობით, როგორ ებრძვით ვირუსს? რა რჩევებს მისცემთ თქვენს თანატოლებს მთელს მსოფლიოში და ა.შ.

 

დღიურის წერა უკვე დაიწყეთ. შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაშალოთ ბლოკნოტი და ჩაიწეროთ რაიმე, რაც გინდათ, რომ აღმოჩნდეს თქვენს ჩანაწერებში. ეს დღიური და თქვენი ნაწერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მასში დაწერთ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რამაც მსოფლიო მოიცვა და აღწერო, როგორია შენი დღეები ამ პერიოდში.

არ დაგავიწყდეს, ჩანაწერებს დააწერო თარიღიც.

გახსოვდეთ, ამ მდგომარეობაში მხოლოდ თქვენ არ ხართ. ყველა თქვენი თანატოლი სახლშია გამოკეტილი და შეეცადეთ თქვენი რჩევები სხვებმა გამოიყენონ.

 

ეს დავალება შესაძლებელია მასწავლებელმა თავისი სურვილისამებრ განავრცოს ან ცოტა განსხვავებული ფორმატი მისცეს.

ვფიქრობ, ამ ტიპის  დავალება, თავისი პოზიტიური მიზნით,  რომ ბავშვებმა საჭიროდ იგრძნონ თავი, საკუთარი ფიქრები და მოსაზრებები თამამად გამოთქვან ფურცელზე, ჩანაწერებში, არ დაითრგუნონ, არამედ გაგვიზიარონ, მათი ნაპოვნი გამოსავლები იმ დროს, როცა სახლში გვიწევს ყოფნა და ა.შ. –  არის თავის მხრივ ძალიან სასარგებლო ამ არდადეგების დროს, როგორც მათი თანატოლებისთვის (რადგან, მაგალითად, ჩემი მოსწავლეები მწერენ, როგორ მოიფიქრეს ოჯახური თამაშები, გასართობები, სააზროვნო აქტივობები; მწერენ, რა კარგია, როცა ყველა სახლშია, ერთმანეთთან ურთიერთობით როგორი ბედნიერი არიან), ასევე უფროსებისთვისაც, რადგან შეგვიძლია გავიგოთ, ბავშვების ფიქრები ასეთი დაძაბული პერიოდის დროს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...