ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ლექსის სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებით

0

დღეს ყველა ქვეყანაში, მხარესა თუ ოჯახში აქტუალურია პანდემიის საკითხი. პანდემიამ დიდი აღმოჩენებისკენ გვიბიძგა. ვახერხებთ იმას, რასაც ვერც, არც ვიფიქრებდით, თუმცა საჭიროება მოითხოვს, საათობით ვეძიოთ ინფორმაციები, ბმულები, გავიზიაროთ სხვების გამოცდილება, დავესწროთ ლექცია-ვებინარებს, მიღებული ინფორმაცია, აქტივობები ერთმანეთს შევუნაცვლოთ მოსწავლის შესაძლებლობის მიხედვით.

ესგ ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის შესავალ ნაწილში საგნის სწავლების მიზნებზე საუბრობს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია:

  • ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, რეფლექსური აზროვნების უნარი;
  • შევაყვაროთ კითხვა, გამოვუმუშაოთ ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის აღქმისა და გაცნობიერების უნარი.

მოცემულ მდგომარეობაში მიზანი უცვლელია, შეიცვალა სწავლის ურთიერთობის ფორმა. დისტანციური სწავლების დროსაც ცალსახად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის გათვალისწინება, მრავალმხრივი ინტელექტის, დიფერენცირებული სწავლების, კომპლექსური დავალებების მიწოდება.

გთავაზობთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რომლებიც განაპირობებს კლასის აქტიურ ჩართულობას, პოზიტიურ სასწავლო პროცესს. საჭიროა ისეთი აქტივობით მუშაობა, რომელიც შედეგიანი იქნება.

  • ვიმუშაოთ კოგნიტური სქემების გამოყენებით, რაც მოსწავლეს გაუადვილებს აღქმას, ლექსის ერთ სისტემაში წარმოდგენას;
  • ინტერნეტსივრცეში მოვიძიოთ საკითხთან დაკავშირებული ვიდეოები და სხვა სახის მასალები;
  • დავხატოთ ლექსის შინაარსი, შესაძლებელია პოსტერის შექმნა. თუ ლექსი გვაძლევს ამის შესაძლებლობას, დავამზადოთ კომიქსი;
  • სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებმა შეარჩიონ მუსიკალური ნაწარმოები, გაითვალისწინონ ემოცია;
  • ლექსის ემოცია, ხასიათი გადმოვცეთ ფერების გამოყენებით, გავაკეთოთ პრეზენტაცია;
  • შეგვიძლია learningapp-ში შევქმნათ რესურსი, ბარათები, ვიქტორინები, ქრონოლოგიური სახის დანართი;
  • Power-point-ში ავაწყოთ ლექსი, თავად მოსწავლეებმა იმუშაონ პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით’’;
  • მივაწოდოთ ტაეპები არათანმიმდევრულად. ვთხოვოთ, დაალაგონ. მოუფიქრონ სიტყვებს რითმები;
  • ლექსთან დაკავშირებული ილუსტრაციები დაალაგონ თანმიმდევრობით, შეურჩიონ ტაეპები და სტროფები;
  • შევქმნათ კროსვორდი;
  • გავხდეთ პანტომიმის მსახიობები. მოძრაობებით გადმოვცეთ შინაარსი, ემოცია, დავინახოთ კავშირი პოეზიასა და პერფორმანსს შორის;
  • წარმოსახვითი დიალოგი გავმართოთ პოეტთან;
  • შევარჩიოთ ხედვის კუთხე;
  • მოვაწყოთ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ვირტუალურ გალერეაში;
  • შევთავაზოთ მოსწავლეებს, შეავსონ ცხრილი, ტაეპში სიტყვების, მარცვლების, ხმოვნების, რაოდენობის შესახებ;
  • შექმნან ანიმაცია;
  • მასალა დავამუშაოთ კითხვა-პასუხის ფორმატით, ვისაუბროთ ლექსის შინაარსზე, განწყობაზე, ქვეტექსტებზე, მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე, იმაზე, თუ რამ განაპირობა მისი დაწერა.

ვფიქრობ, ჩამოთვლილი აქტივობები, ვებგვერდების გამოყენება სხვა სახის ლიტერატურულ მასალაზე სამუშაოდაც ნაყოფიერია. წინარე აქტივობები ინტეგრირებულია სხვადასხვა საგანთან: მუსიკა, ხელოვნება, მათემატიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

შექმნილი პროდუქტის პრეზენტაცია მოსწავლეს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, გამოხატვის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის განვითარების საშუალებას მისცემს.

ახლა კი გთავაზობთ იმ ვებგვერდებს, რომლებიც დაგვეხმარება ნაყოფიერად მუშაობაში:

გამოყენებული ლიტერატურა:

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels;

ლექსის აწყობა – ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
https://ncp.ge/ge/leqsis-atskoba?resid=153;

პოეზია და პერფორმანსი- პოეტური ნაწარმოების სწავლება | mastsavlebeli.ge
https://mastsavlebeli.ge/?p=14046.

პანდემიური გაკვეთილების გამოცდილება

0

თუ მკითხავთ, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი, ჩემი პასუხია: თანამედროვე მეთოდებზე და ტექნოლოგიებზე მორგებული, მოსიყვარულე, მისთვის სირთულე უბრალოდ გამოწვევა უნდა იყოს და არა პრობლემა.

სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელი უამრავ სირთულეს აწყდება, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მოსწავლის რთულ ქცევასთან, ათვისების პრობლემებთან და ა.შ. რთული სიტუაციიდან მარტივი გზების პოვნა პედაგოგის მნიშვნელოვანი უნარი უნდა იყოს. საკლასო ოთახში შექმნილი სიტუაციებიდან განსხვავებულ, სულ სხვა რთულ სიტუაციაზე მსურს საუბარი.

ეს სირთულე არის პანდემია, რომელმაც მთლიანად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრების რიტმი და საკლასო ოთახმა კომპიუტერის მონიტორთან გადაინაცვლა. სიყვარულით, სითბოთი და გულწრფელი ჩახუტებით სავსე დღეები ვირტუალურმა ურთიერთობამ ჩაანაცვლა. დაიწყო პანდემიური გაკვეთილები, რომლებიც დიდი სიახლე იყო ყველასთვის. ონლაინსწავლების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. უმეტეს შემთხვევაში მათი აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა და ამბობდნენ, რომ მსგავსი სწავლების პროცესი ვერ იქნებოდა შედეგიანი, თუმცა მასწავლებლების შრომამ და მონდომებამ მალე შეცვალა პესიმისტთა შეფასებები.

ონლაინგაკვეთილისთვის პირველი მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყე. ვფიქრობდი, რომელი მეთოდი ამერჩია პირველ კლასთან, რათა დროც დამეზოგა და შედეგიც მიმეღო. აუცილებელი იყო თვალსაჩინოების დამზადება, რომელიც დამეხმარებოდა მათთვის მასალის უკეთ გაგებაში. თავდაპირველად გამოვიყენე: Microsoft Office PowerPoint, Microsoft Word, www.toondoo.com, www.pixton.com, www.kargiskola.ge, https://learningapps.org და სხვა…

პირველი გაკვეთილისთვის ზუსტად ისე მოვემზადე, როგორც საკლასო ოთახში მოვემზადებოდი. სამუშაო მაგიდაზე მქონდა: გაკვეთილის გეგმის ძირითადი აქტივობების მონახაზი, კალამი, აღრიცხვის ფურცელი. წინასწარ, კომპიუტერის სამუშაო ეკრანზე გავამზადე თვალსჩინოებები და დავაჭირე ზარის ღილაკს. თითქოს საკლასო ოთახში პირველი ზარი დაირეკა! Teams-ის ჯგუფი მალე გაივსო ჩემი პატარების ბედნიერი სახეებით.

პირველ დღეს გავეცანით ქცევის წესებს. თუმცა, ეს არ იყო საკლასო წესები. ეს ონლაინქცევის წესები გახლდათ, რომლებიც პატარებმა უსწრაფესად აითვისეს.

  • საუბრის დროს ჩავრთოთ მიკროფონი;
  • გაკვეთილის ახსნის დროს მიკროფონი გვაქვს უხმო რეჟიმში;
  • კითხვაზე პასუხობს მოსწავლე და არა მშობელი (ასეც ხდება ხოლმე);
  • შესრულებული დავალება იგზავნება დათქმული დროის ამოწურვამდე;
  • ჯგუფში შემოვდივართ მასწავლებლის ზარის შემდეგ.

გაკვეთილის მსვლელობაში ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. გაკვეთილის ბოლოს ვაკეთებდით შეჯამებას: რა ვისწავლეთ დღეს? რა იყო რთული? პასუხების მიხედვით ვაკეთებდი ჩანაწერებს, რაზე უნდა მემუშავა ამა თუ იმ მოსწავლესთან. ხდებოდა ინდივიდუალური გასაუბრება/მიმოწერა მშობელთან, სადაც ვთანხმდებოდით, როგორ უნდა გვემუშავა პრობლემის დასაძლევად.

მაოცებდა მშობელთა ჩართულობა და პატარების მონდომება. გვქონდა ჯგუფური სამუშაოები, ვატარებდით ცდებს, იღებდნენ ვიდეოებს და მიგზავნიდნენ სოციალურ ქსელში. დავალებებს ინდივიდუალურად ვუმოწმებდი და წერილობით ვაძლევდი შესაბამის განმავითარებელ შეფასებას, სადაც ყურადღებას ვამახვილებდი დადებით მხარესა და შეცდომაზე შესაბამის ინსტრუქციას ვაძლევდი. დავალების შემოწმების მსგავსი სისტემა საკმაოდ შრომატევადი იყო და ხშირად გრძელდებოდა შუაღამემდე, თუმცა ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შრომა, რადგან მოსწავლეები ხედავდნენ, რომ მათი ნამუშევრები ყოველთვის მოწმდებოდა, ამიტომ აქტიურად ასრულებდნენ დავალებას და ონლაინგაკვეთილებსაც მაქსიმალურად ესწრებოდნენ.

პანდემიური გაკვეთილები იყო მუდმივი სიახლის ძიების, სირთულეებთან გამკლავებისა და უდიდესი გამოცდილების მომცემი ყველა პედაგოგისთვის, რომლებიც არ უშინდებოდნენ სიახლეებს. ყოველი დღე იყო სიყვარულით სავსე. მშობლებმა უკეთ დაინახეს ის შრომა, რომელსაც მასწავლებლები დებდნენ საგანმანათლებლო პროცესში. მოსწავლეებმა შეძლეს სასწავლო პროგრამის დაძლევა და ამ პერიოდში უამრავი ახალი უნარ-ჩვევაც აითვისეს.

რთული იყო პანდემიური გაკვეთილები? – დიახ, თუმცა სირთულეების დაძლევა ადამიანს აძლიერებს!

გაუჭირდათ მოსწავლეებს მსგავს სიტუაციაში სწავლა? – დიახ, რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი!

რა იყო ყველაზე რთული?- სიშორე! ჯანსაღი ურთიერთობა, რომელსაც მოსწავლე საკლასო ოთახში ერთ სივრცეში გრძნობს! თუმცა, ეს ხომ დროებითია? ჩვენ მალე დავუბრუნდებით საკლასო  ოთახებს და თუ კიდევ დაგვჭირდება პანდემიური გაკვეთილები, მზად ვართ ამისთვის და არ გვეშინია!

 

 

 

 

 

 

როგორ „ვაწერინო“, როცა არ „ეწერინება“ ანუ შემოქმედებითი წერის ზოგიერთი ასპექტის შესახებ

0

ყველას აინტერესებს, როგორ წერენ მწერლები – სხედან მაგიდასთან, წვანან მინდორში, იმალებიან სარდაფში თუ აივნიდან ქუჩას გაჰყურებენ, წერენ დილით ადრე, როცა ქალაქს ჯერ კიდეც სძინავს, შუადღის ხმაურსა და აურზაურში, თუ გვიან ღამით, როცა სიჩუმეს მხოლოდ ძაღლის შორეული ყეფა არღვევს, წერენ მაშინვე, როგორც კი თავში აზრი გაუელვებთ, ცოტა ხნის შემდეგ, როცა ეს აზრი მომწიფდება და წინადადებებად იქცევა თუ დიდი ხნის მერე, როცა იმდენ აბზაცად გადაიქცევა, რომ ახალ აზრს ბადებს, წერენ მხოლოდ იმაზე, რაც თავად ნახეს და განიცადეს, იმაზე, რაც არასდროს უნახავთ, მაგრამ განუცდიათ, თუ იმაზე, რისი განცდაც სურთ, წერენ პატარა ბლოკნოტებში, გაყვითლებულ რვეულებში, თაბახის ფურცლებზე თუ ვორდის ფაილებში, წერენ დამშვიდებული გონებით, კონცენტრირებულები და მობილიზებულები, ცხოვრებისგან დაბნეულები და არეულები თუ შეშლილები და უცნაურ ფიქრებს აყოლილები, წერენ, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტეს და უნდა წერონ, იმიტომ, რომ სიტყვები ისედაც არ აძლევენ მოსვენებას თუ უბრალოდ იმიტომ, რომ დასაწერი მართლაც ბევრია.

მაგრამ რამდენად განსხვავებულიც უნდა იყოს მათი წერის მანერა, ერთი რამ საერთო აქვთ – იმპულსი, რომელიც წერის სურვილს აღძრავს და ადამიანში არსებულ მთელ შემოქმედებით ენერგიას ერთად უყრის თავს. მწერლისთვის ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული სამეცნიერო წიგნში ამოკითხული უცნაური ინფორმაციით და დასრულებული უცნობი ადამიანის ღიმილით. მაგრამ რა შეიძლება იქცეს ამგვარ იმპულსად, ბიძგად სკოლის მოსწავლისთვის? რამ შეიძლება, აიძულოს მოზარდი, გამოუხმოს თავის შემოქმედებით უნარებს და დაწეროს თუნდაც პატარა ტექსტი ისე, რომ:

ა) იყოს გულწრფელი, ბ) იყოს ინდივიდუალური, გ) არ მოერიდოს საკუთარი აზრის გამოთქმას, დ) შეაფასოს მოვლენები და ადამიანები, ე) დაინახოს და აღმოაჩინოს დეტალები, ვ) დროებით დაივიწყოს, რომ ტექსტს მასწავლებლისთვის წერს.

როცა ამ პრობლემის წინაშე დავდექი, უპირველეს ყოვლისა მოსწავლეებს შევთავაზე, დაფაზე ერთად დაგვეწერა პატარა, რამდენიმეწინადადებიანი ტექსტი, მაგალითად, აღგვეწერა ჩვენი დილა. ტექსტი დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

„დილით ძალიან ადრე ავდექი, სწრაფად ჩავიცვი და ვისაუზმე. რვეულები მოვძებნე, ჩანთაში ჩავაწყვე, ოჯახის წევრებს დავემშვიდობე და მაშინვე წამოვედი, რადგან სკოლამდე მისასვლელად დიდი დრო მჭირდება, მე კი სულ ვაგვიანდებ. ვჩქარობდი, ამიტომ ჩემს უმცროს ძმას ვერ დაველოდე.“

შემდეგ კი ტექსტის გასამდიდრებლად მათ რამდენიმეეტაპიანი სქემა შევთავაზე:

ა) დაამატე ტექსტს აღწერები (შესაძლოა, მოსწავლემ აღწეროს, როგორია დილა, აღწეროს ოთახი ან რაიმე ნივთი, ფანჯრიდან დაინახოს პეიზაჟი).

ბ) გამოკვეთე პერსონაჟები (სასურველია, მოსწავლემ ნახსენები ოჯახის წევრებიდან გაგვაცნოს რომელიმე, აღწეროს მისი გარეგნობა, გადმოსცეს მისი ნათქვამი).

გ) დაამატე ემოციები და გრძნობები ( შესაძლებელია, მოსწავლემ აღწეროს ემოცია, რაც ეუფლება მაშინ, როცა დილით მაღვიძარა აღვიძებს, ან როდესაც ფანჯრიდან პეიზაჟს ხედავს. ტექსტი უფრო ცოცხალი და ინდივიდუალური გახდება, თუკი გვეცოდინება, რას გრძნობს ის, როცა რაღაცას აღწერს).

დ) ყურადღება გაამახვილე დეტალებზე (მოსწავლეს ავუხსენი, რომ ნებისმიერი ნივთი, მოვლენა ან პერსონაჟი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი, თუკი ყურადღებას მივაქცევთ დეტალებს, მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ რვეულებს, რომელიც პერსონაჟმა ჩანთაში ჩაალაგა, ყდა მოხეული აქვს, რის გამოც სულ შენიშვნას იმსახურებს, ხოლო ძმა, რომელსაც ვერ დაელოდა, ალბათ, განაწყენდება და საღამოს მას არც კი დაელაპარაკება).

ე) შეეცადე, დაასრულო ამბავი, რომლის მოყოლასაც იწყებ, შექმნა ისტორია (მოსწავლე შეეცდება, რომ გააგრძელოს ერთად დაწყებული ამბავი, შესაძლოა, დაწეროს, როგორ დასრულდა ერთი კონკრეტული დღე).

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემოქმედებითი სამუშაოს შესრულებამდე გავაფრთხილე მოსწავლეები, რომ კარგი იქნებოდა, ეწერათ მხოლოდ იმ თემებსა და ამბებზე, რაც კარგად იცოდნენ, აღეწერათ განცდები, რომელიც თავად განეცადათ და ადამიანები, რომლებსაც იცნობდნენ, თუნდაც იმ სქემებისა და ისტორიისგან დამოუკიდებლად, რაც მანამდე შევთავაზე (ამ ეტაპისთვის ძალიან რთულია გამოგონილი სამყაროს ან უცხო პერსონაჟების შესახებ წერა).

აქვე დამეხმარა დაფაზე ჩამოწერილი კითხვები:

მე, ამ კონკრეტულ ადამიანს, რა მაინტერესებს და რა მაღელვებს?

არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ, რის შესახებაც სხვას სიამოვნებით მოვუყვებოდი?

არიან ჩემს ცხოვრებაში ადამიანები, რომელთაც სხვებს გავაცნობდი? როგორ აღვწერდი მათ?

რა გადამხდენია ყველაზე საინტერესო?

რით ვარ მე საინტერესო?

მე რომ მწერალი ვყოფილიყავი, როგორ აღვწერდი საკუთარ თავს?

ეს თითქოსდა ეგზისტენციალური კითხვები, გაკვეთილზე მათი განხილვა და სავარაუდო პასუხების მოსმენა დაეხმარება მოსწავლეს, საკუთარ თავს გარედან, უცხო თვალით შეხედოს და დაინახოს ის, როგორც შესაძლო პერსონაჟი, რომელსაც უამრავი რამ აქვს სათქმელი. შედეგად შეიძლება მივიღოთ:

ა) ტექსტი, რომელშიც გულწრფელადაა მოყოლილი ისტორია, არის ფაქტებიც და აღწერებიც.

ბ) ფატებთან და აღწერებთან ერთად, ტექსტში ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე, კონკრეტულ ადამიანებზე.

გ) ტექსტში იგრძნობა ინდივიდუალიზმი, რადგან მოსწავლემ შეძლო, გაემიჯნა საკუთარი პერსონა მთხრობელისგან, თავისუფლად გამოთქვა აზრი, ისიამოვნა წერის პროცესითაც.

ცხადია, ამ ტიპის გაკვეთილებსა და დავალებებს არ აქვს მუდმივი სახე, ის იშვიათი და  მოულოდნელია, მაგრამ ყოველთვის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი, რადგან ის, რაც ასეთ დროს იწერება, არსად იკარგება, ერთიორად ზრდის მოსწავლის თავდაჯერებულობას და საკუთარ განსაკუთრებულობაში არწმუნებს მას.

 

 

 

ვამეცადინოთ თუ არა ბავშვები ზაფხულში: დამხმარე მობილური აპლიკაციები

0

იმაზე მსჯელობისას, მივცეთ თუ არა ბავშვებს დავალებები არდადეგებისთვის, ჩემი სკოლის პირველი წლებიდან სულ ორი რამ მახსენდება:

 

მეორე კლასში რომ გადავდიოდი, დედამ ჩათვალა, რომ იმ ზაფხულს აუცილებლად უნდა მესწავლა ლამაზად წერა. აიღო მაშინ პედაგოგიკაში ფართოდ გამოყენებული „წერის დედანი” და არც კი ვიცი ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერ გადამაწერინა. ვიჯექი ცხელ დღეებში მაგიდასთან, ვწერდი, მესმოდა გარედან ბავშვების ჟრიამულის ხმები და ვფიქრობდი, რა საჭიროა მაინცდამაინც ლამაზად წერა შემეძლოს, უნაკლო ფორმების მიცემა ასოებისთვის და თუკი დავუშვებთ იმას, რომ საჭიროა, რაღა ამ ზაფხულის მშვენიერ დღეებში უნდა ვივარჯიშო ამაში, როცა უამრავი სხვა უფრო საინტერესო გასართობი არსებობს-მეთქი. დედამ მიზანს მიაღწია, იმ ზაფხულის ბოლოს უნაკლოდ ლამაზი ფორმები ჰქონდა ჩემს ნაწერს. მე ჩემს კითხვას მოგვიანებით გავეცი პასუხი: ახლა, როცა ჩემი 8 წლის შვილი არც ისე ლამაზად წერს, ვირჩევ, ზაფხული ზღვებისა და მდინარეების პირას თამაშსა და ჭყუმპალაობაში, ტყეებში სიარულში, მდელოზე კოტრიალში, ახალი ადგილების, ხალხის, ისტორიების გაცნობაში გაატაროს, ვიდრე წერაში ივარჯიშოს;

 

მესამე კლასში რომ გადავდიოდი, კლასის დამრიგებელმა, რომელიც ქართულსაც გვასწავლიდა, ჩათვალა რომ იმ ზაფხულს აუცილებლად უნდა მესწავლა სწრაფი კითხვა, ისე, როგორც „დიდი ადამიანები კითხულობენ” – წუთში 80 სიტყვა. ვიჯექი ცხელ დღეებში, ვკითხულობდი და ვცდილობდი უფრო სწრაფად მეკითხა, უფრო მეტი სიტყვის წაკითხვა მომეწრო ერთ წუთში და ვერაფერს ვერ ვიგებდი იმ ტექსტებიდან, რომელსაც ვკითხულობდი. მაგრამ „წერის დედანის” გადაწერასთან შედარებით ეს მაინც უფრო საინტერესო დავალება იყო. შიგადაშიგ რაღაც წინადადებას ვეჭიდებოდი, მერე ამბების გაგება დავიწყე. ზაფხულის შუაწელი იქნებოდა, უკვე საკმაოდ სწრაფად ვკითხულობდი, შემოდგომაზე კი ზუსტად ისე – როგორც ნორა მასწავლებელს გაუხარდებოდა.

 

იმ ზაფხულს მიღწეული კითხვის ტემპის დამსახურება იყო ის, რომ მომდევნო წლები, ზაფხულებიც და ზამთრებიც წიგნებში თავჩარგულმა გავატარე. მაშინ ასეთი გასართობი და ნუგეში სხვა არაფერი მეგულებოდა. მეხუთე კლასის ბოლომდე ყველა ახლოს არსებული „საბავშვო” წიგნი წაკითხული მქონდა. ამიტომ სადიდო წიგნების კითხვაც ადრე დავიწყე. ალბათ კითხვა მაინც მეყვარებოდა, რომ არა იმ ზაფხულის დავალება, მაგრამ ახლა, როცა ჩემი 8 წლის შვილი დიდად კარგად ვერ კითხულობს და ამ დრომდე სქელტანიან წიგნებს მე ვუკითხავ, შიგადაშიგ ვფიქრობ ხოლმე წუთში წასაკითხ 80 სიტყვაზე.

 

ჩემს შვილს გაუმართლა, ახლა ქართულად ბევრად მეტი და უფრო თანამედროვე საბავშვო წიგნია ნათარგმნი და მეც სიხარულით ვუკითხავ ყველაფერს, რასაც მოისურვებს. თუმცა როგორც დედების წესია, შიგადაშიგ ვჯავრობ იმაზე, რომ ჯერაც არ შეუძლია დამოუკიდებლად სწრაფად კითხვა, მარტო გადაშვება წიგნების სამყაროში.

 

მოთმინება, მოთმინება” – ვუმეორებ თავს კარლსონივით და მაინც ვფიქრობ, რომ არდადეგებზე და მით უმეტეს ზაფხულში, ბავშვებს მტკივნეულად შესასრულებელი დავალებები არ უნდა ჰქონდეთ. თუმცა ეს ბევრი თავისუფალი დრო ახალი აღმოჩენების, დაკვირვებებისთვის და ცოდნის მიღებისად ნამდვილად უნდა გამოიყენონ. ვინაიდან თანამედროვე ბავშვებზე ვლაპარაკობთ, რომლებსაც ჩვენგან განსხვავებით, წიგნების გარდა, სხვა ბევრი გასართობი და ნუგეში აქვთ, აი რამდენიმე აპლიკაცია, რომელთან დამეგობრებაც არდადეგებს უფრო საინტერესოს გახდის. თანამედროვე ბავშვებს, ფურცელზე წერისა და წიგნიდან კითხვის გარდა, სხვა, ციფრული მოქალაქეებისთვის შესაბამისი უნარებიც სჭრიდებათ და მათ გამომუშავებაზე ორგანიზებულად და სისტემურად ჯერ კიდევ ძალიან ცოტა საგანმანათლებლო ინსტიტუციაში ზრუნავენ.

 

to do list – ეს აპლიკაცია მოხმარებისთვის განსაკუთრებით მარტივია ამ ტიპის აპლიკაციებს შორის და ამიტომაც გირჩევთ, თუმცა შეგიძლიათ, ბავშვის ასაკისა და ინტერესების მიხედვით გასაკეთებელი საქმეების სიის სხვა, უფრო შესაფერი აპი იპოვოთ. მე მომწონს, როცა ბავშვებს რაიმე საქმეს მივუჩენ. მანამდე ვისმენ მათ აზრს – რისი გაკეთება უნდათ, რას გეგმავენ, რა გაუხარდებოდათ; რა უნდათ, რომ მოვასწროთ ამ დღეს, კვირას, თვეს, ზაფხულს და ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. შესაბამისი აპლიკაციაც იმიტომ მომწონს, რომ ბავშვებს შეუძლიათ, თვითონ შეადგინონ თავიანთი დღის განრიგი, შესასრულებელი ამოცანები და მერე გაჰყვნენ მას. შეიძლება ყოველთვის არც დაიცვან, მაგრამ ჩვევა გამოუმუშავდებათ.

 

google maps – ზაფხული ალბათ მოგზაურებისა და გადაადგილებების თვალსაზრისით ყველაზე აქტიური პერიოდია და როდის, თუ არა ზაფხულში ღირს, ბავშვი მიეჩიოს რუკის გამოყენებას, მარტივ ნავიგაციას, მის სიახლოვეს საინტერესო ადგილების მოძებნას, მანძილის გაზომვას, დროის განსაზღვრას, შემოვლითი გზების დათვალიერებასა და ლანდშაფტების თავისებურებების დაკვირვებას ციფრულ რუკაზე.

 

Duolingo kids – თუკი ბავშვს ენების ინტერესი აქვს, დულინგვოს აპლიკაცია დაეხმარება  ელემენტარული საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებაში და მცირე ლექსიკური ბაზის მარტივად შექმნაში. თუ ყოველდღიურად ცოტას ივარჯიშებს, რამდენიმე თვეში შეიძლება მხალხის მოკითხვა, კაფეში შეკვეთა, პატარა ამბების მოყოლა, გულითადი სალამი, გულწრფელი ბოდიში და თბილი დამშვიდობება მაგალითად ესპანურად, იტალიურად, თურქულად ან რომელიმე სხვა ენაზე.

 

seven – სავარჯიშო აპლიკაციაა, რომელიც მე, მაგალითად, ჩემთვის გადმოვწერე, მაშინ, როცა პანდემიამ მთელი ქვეყანა ჩაკეტა. თუმცა ჩემს შვილებს ისე მოეწონათ, მგონია, რომ სხვა ბავშვებსაც გაახალისებთ. პრინციპი მარტივია: დღეში ერთხელ 7 წუთი ვარჯიშისთვის – პერიოდულად ტელეფონი გეკითხება, გაქვს თუ არა ზედმეტი 7 წუთი იმისთვის, რომ შენს სხეულზე იზრუნო. ვარჯიშებიც მარტივია, ნებისმიერი ფიზიკური ძალისა და მომზადების პატრონი თავს ადვილად გაართმევს და რამდენიმე თვის შემდეგ უკვე იარსებებს ვარჯიშის ჩამოყალიბებული კულტურა. ამ პერიოდში რამდენიმე სხვა რამეც ვცადეთ – ბავშვებისთვის განკუთვნილი იოგის გაკვეთილები და ნაბიჯების მთვლელი აპლიკაციები. რაც უფრო ადრე გავიგებთ ჯანმრთელი სხეულის მნიშვნელობასა და ფასს, მით უკეთესი იქნება ჩვენივე ჯანმრთელობისთვის.

 

დაბოლოს, ასევე პანდემიის დროს აღმოჩენილი მნიშვნელოვანი გასართობი ჩემი შვილისგან – ფრინველებზე დაკვირვება. გაზაფხული და შემოდგომა ამ მხრივ განსაკუთრებით კარგი პერიოდია და თუკი პატარების ჩიტებით დაინტერესებას გადაწყვეტთ,  ფრინველებზე დაკვირვება ფანჯრიდანვე შეგიძლიათ დაიწყოთ. შემოდგომისთვის კი ეზოს ბინადარი ფრინველების უპირატესობებს გაეცანით და მოამზადეთ თქვენი ეზო და გარემო ისე, რომ ჩიტებისთვის მაქსიმალურად მოხერხებული იყოს. ჩვენ, მაგალითად, ჩიტებისთვის აუზის გაკეთებას ვაპირებთ.

 

ცოტა დიდი ბავშვებისთვისაც მაქვს ერთი რესურსი: pixton – კომიქსები ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე საკლასო აქტივობებისთვის.

 

 

 

 

 

 

პერსონაჟები, რომლებიც ჩიბუხმა აღმომაჩენინა

0

ივანე კოტორაშვილი, ექიმი ლივსი, ბილბო აბგელი, ბატონი კორეანდორი, ღვთისუნელი, ჯო გარჯერი, ჰაკლბერი ფინი და ჯიმი, ტინიტო, პენკროფი, მერი სვოუპი, სვოუკი ლოუნსამი – რომელიმე პერსონაჟის სახელი ხომ არ გეცნოთ? რა უნდა აკავშირებდეთ ერთმანეთთან სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ლიტერტურულ გმირს? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს არის ჩიბუხი – სიტყვა, რომელიც წიგნიდან წიგნში დამყვება. გადავწყვიტე, პერსონაჟთა გალერეა ჩიბუხის ირგვლივ გავშალო.

ყველაფერი კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო, როცა ვაჟა-ფშაველას პოემას ხმამაღლა ვკითხულობდი.  ექვსი წლის გაბრიელი ყურადღებით მისმენდა. რა თქმა უნდა, შინაარსი კარგად ვერ გაიგო და მოყოლა მთხოვა. მეც დროდადრო ვჩერდებოდი და ივანე კოტორაშვილს ვაცნობდი. ზოგიერთ სიტყვას ან ეპიზოდს კი არშიებზე ვუხატავდი. ერთგან შემდეგი სიტყვები ამოვიკითხე:

„იჯდის ქუდჩამოფხატული,

დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდის

და ხშირს წარბებს ქვეშ თვალები

ცეცხლის ალივით ჰბჟუტავდის“.

-რას ნიშნავს ჩიბუხი? – მკითხა გაბრიელმა. ახალის სიტყვის განმარტების შემდეგ კითხვა განვაგრძეთ. გამიკვირდა, ბოლომდე რომ მოისმინა პოემა. რამდენიმე დღის შემდეგ ძველი თბილისის სანახავად წავედით. ღია ცის ქვეშ დახლებზე გამოფენილ სუვენირებში ჩიბუხი იცნო და დახლთან მიმარბენინა, ივანე კოტორაშვილთან რომ შეგვხვდა, ის სიტყვა უნდა გაჩვენოო.

ივანე კოტორაშვილი

ძლიერი, სამართლიანი, სიტყვაძვირი, კეთილი, მამაცი – ასეთია ვაჟას ივანე კოტორაშვილი. პიროვნულ ღირსებებს საქმით ამტკიცებს. გულს სინათლით აგივსებთ მისი გაცნობა. ერთმა ეპიზოდმა განსაკუთრებულად მომხიბლა. ივანეს დედა ერეკლე მეფესთან დაიჩივლებს, სულ გარე-გარე დარბის, ოჯახს გულს ვერ უდებსო. ერეკლე ხუმრობით იარაღს აჰყრის ივანეს. მეფის ერთგულს გულს მოუკლავს ამგვარი უსამართლობა, მაგრამ მეფის ნებას დამორჩილდება:

„- კოტორაშვილი აბჯართა

სხვას კი მისცემდა არვისა,

შენ კი მეფე ხარ, ნება გაქვს

მოჭრაც უბრძანო თავისა.

მზასა ვარ… მაინც სიკვდილზე

ნაკლები აღარც ეს არი,

სულ კი უბრალოდ დამადე

დღეს სამარცხვინო ბეგარი“. – ეტყვის ერეკლეს და ტყეში გაიჭრება. შენი სიმართლე გააჟღერო და თან დამორჩილდე პატივისცემის, მოვალეობის გამო საკმაოდ რთულია, ივანეს სიტყვებმა და მისმა საქციელმა ფიქრები ამიშალა. ეს პერსონაჟი ამ ეპიზოდის გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა.

ექიმი ლივსი

„განძის კუნძულის“ კითხვა დავიწყეთ და ჩიბუხიც მალევე გამოჩნდა. ამჯერად მისი პატრონი ექიმი ლივსია. ფუნდუკ  „ადმირალ ბენბოუს“ შემოხიზნული მოხუცი მეზღვაურის თავხედობას მხოლოდ ექიმი ლივსის სიტყვა შეაჩერებს. ექიმი ლივსი ჩიბუხს ეწევა და მის ქმედებას წინასწარი ფიქრი განსაზღვრავს. ჩვენ ძალიან შეგვაყვარა თავი უშიშარმა, მამაცმა, ჭკვიანმა ექიმმა.

ბილბო აბგელი

„განძის კუნძულის“ კითხვა რომ დავასრულეთ, „ჰობიტი“ დავიგულეთ და დაღამებას დაველოდეთ. მალევე გავიცანით ბილბო აბგელი, რომელსაც ერთ ღამეს კაპიუშონიანი ჯუჯები და ჯადოქარი განდალფი დაუპატიჟებლად დაადგებიან თავს და თავდაგასავალში გახვევას აიძულებენ.

„- შესანიშნავი დილაა სუფთა ჰაერზე ჩიბუხის გასაბოლებლად! თუ ჩიბუხი თან გაქვთ, შეგიძლიათ ჩემი თუთუნი მოსწიოთ. ნურსად იჩქარებთ, მთელი დღე წინაა! – ბილბო იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე შემოიდო და ჩიბუხიდან ნაცრისფერი რგოლები გამოუშვა, ბოლი ნარნარად აიჭრა ზემოთ და ჰაერში გაცურა.

-ძალიან ლამაზია, – შენიშნა განდალფმა, – მაგრამ ამ დილას ბოლის რგოლებისთვის არ მცალია. ისეთ ვინმეს ვეძებ, ვინც თავგადასავალში მონაწილეობაზე დამთანხმდება, თუმცა, ძალიან კი გამიძნელდა ასეთი ვინმეს პოვნა“.

განდალფისა და ბილბოს დიალოგის ფონზე ჩიბუხის აღმოჩენით ვხარობთ და სიტყვას არშიაზე ვხატავთ.

ბილბო აბგელი საკუთარი ნების წინააღმდეგ იწყებს სვლას და ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით ჯადოსნურ თავგადასავალში. მას დროდადრო ეშინია, ივანე კოტორაშვილისა და ექიმი ლივსის მსგავსად სიკვდილს თვალებშიც ჩახედავს და საკუთარი სახლიდან ოდისევსის მსგავსად დაიწყებს ხიფათით სავსე მოგზაურობას. ბილბო აბგელი იქცევა სიმბოლოდ იმ ადამიანებისა, რომლებიც კეთილი ძალების დახმარებით საკუთარი ფარული ძალების აღმოჩენას შეძლებენ. წონასწორობის შენარჩუნებაშიც მუდმივად ჰყავს ხშირად უჩინარი, მაგრამ ყველგან მყოფი განდალფი. ჩვენ მოგვწონს შემწვარ ერბო-კვერცხზე მეოცნებე მშიშარა ბილბო და ვოცნებობთ მის მსგავსად გადაგვხდეს სახიფათო, მაგრამ შინაარსიანი თავგადასავალი.

ბატონი კორეანდორი

12 წლის ბასტიანს წონის პრობლემა აქვს, დედის გარდაცვალების შემდეგ მამაც ვეღარ აქცევს სათანადო ყურადღებას, სკოლამდე მისასვლელი გზა მისთვის ჯოჯოხეთად ქცეულა, რადგან თანატოლი ბიჭები მუდმივად ჩაგრავენ, ნაგვის ბუნკერშიც კი უკრავენ ხოლმე თავს.

ბასტიანი ბატონი კორეანდორის წიგნის მაღაზიაში იმ დროს შევარდება, როცა მორიგი თავდასხმის თავიდან არიდებას შეეცდება. წიგნის მაღაზიაში კი ბატონი კორეანდორი ზის და ჩიბუხს აბოლებს.

„დაუსრულებელი ამბის“ კითხვა „ჰობიტის“ დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ. ჩიბუხიანი პერსონაჟის აღმოჩენა ისევ გვახარებს და ყურადღებას ვამახვილებთ, როგორ დაგვყვება სიტყვა „ჩიბუხი“ წიგნიდან წიგნში.

ბატონი კორენადორი წიგნის დასაწყისში პირქუში, გულჩათხრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, წიგნის ბოლოს რაღაცით განდალფსაც გვაგონებს. სწორედ ის იქცევა ბასტიანის მეგზურად, რათა დაამარცხოს შიში და თავდაჯერებული გახდეს. ბოლო გვერდებზეც ჩიბუხს აბოლებს და ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ეუბნება ბასტიანს:

„-არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერასდროს შეძლებენ ფანტაზიის სამეფოში შეღწევას; მაგრამ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მიდიან და სამუდამოდ იქ რჩებიან. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიდიან, შენსავით უკან ბრუნდებიან და ორივე სამყაროს აჯანსაღებენ“.

ადვილი მისახვედრია, როგორი მადლიერებით ავივსეთ ამ პერსონაჟისადმი. სიამოვნებით ვიმეგობრებდით მასთან. სამყაროს გაჯანსაღების საუკეთესო გზა კითხვა რომ არის, ამაში ბატონ კორეანდორს მთელი გულით ვეთანხმებით.

ღვთისუნელი

ამჯერად შვილების გარეშე ვაგრძელებ კითხვასა და უნებურ დაკვირვებას, რომელსაც მათაც დაუყონებლივ ვუზიარებ. ღვთისუნელი ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში აღმოვაჩინე. ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი კი, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ჩიბუხია. მოთხრობას „გასამართლებული ჩიბუხი“ ჰქვია და წაკითხვის სურვილიც სათაურის ამოკითხვისას გამიჩნდა.

ჩიბუხთან ერთად მეორე ნაცნობ სიტყვასაც ვპოულობ: „ჰსუტავდა ჩიბუხს და თან თვალებსა ჰკულავდა. ყრილობაში, სახლში, გარეთ საქმეში, ყველგან და ყოველთვის, საცა ჩიბუხი იყო, ღვთისუნელიც იქ იყო თავის ტყავის, კინკრიხოზე დაკრულის ქუდით და სადაც ღვთისუნელი – იქვე ჩიბუხი თავის ავლადიდებით“.

„ჰსუტავდა“ ივანე კოტორაშვილს მახსენებს. სამწუხაროდ, ღვთისუნელისა და ჩიბუხის მეგობრობა კარგად არ დამთავრდება. ღვთისუნელი გულუბრყვილო გლეხია. ოჯახის წევრების, თანასოფლელების გულისწყრომა მისი უგულისყურობისადმი სამართლიან თანაგრძნობას იწვევს. პერსონაჟის სახელიც მის ხასიათზე წარმოდგენას გვიქმნის. იუმორით, მსუბუქი ირონიით დაწერილი მოთხრობა წარმოდგენას გვიქმნის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიურობას  გამოსტაცონ დრო საკუთარ თავთან დიალოგისთვის.

ჯო გარჯერი

მჭედელი ჯო გარჯერი ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედებიდან“ გავიცანი. იშვიათია ჯოსნაირი კეთილშობილი პერსონაჟი. ავტორი ჰერაკლეს ადარებს, თუმცა, ფიზიკური ძალა ბოროტად არასდროს გამოუყენებია. კეთილი ჯო ჩიბუხს უკიდურესი ნაღვლიანობის დროს ეწევა. მთავარი პერსონაჟი, პიპი, მისი ცოლისძმაა. სიღარიბეს, დის უდიერ მოპყრობას, ცხოვრების უეცარ ფათერაკს პიპი სახლიდან გაურბის. დიდ იმედებს ადევნებული პიპი ჯოსაც, ყველაზე ერთგულ ადამიანს, უარყოფს. ჯო, კეთილი და მორჩილი ჯო, ჩიბუხს აბოლებს და ყველა შეცდომას პატიობს პიპს.

ჰაკლბერი ფინი და ჯიმი

გახსოვთ მისისპის იმედად დარჩენილი ჰაკლბერი, კუნძულს რომ შეაფარებს თავს? მალევე ჯიმს გადააწყდება და იწყება  ხიფათებით აღსავსე მოგზაურობა მდინარე მისისიპზე. ჯიმი ჰაკს გამოპარვის მიზეზს გაანდობს და დაწვრილებით მოუყვება, როგორ აიპარა შუაღამისას ტივზე. მალევე მდინარეში ჩამალვა მომიწია და ცურვა-ცურვით მოვაღწიე კუნძულამდეო, „ჩიბუხი, ცოტაოდენი თამბაქო და ასანთი წინდაწინ, ქუდში მქონდა დამალული. კიდე კარგი არ დასველებულა, ამაში მაინც გამიმართლა“. – ჰაკლბერისთან ერთად მოვუსმინე ჯიმს და ვინ იცის, მერე, როცა ჰაკ ფინი სინდისთან გააბამს ბრძოლას, სწორედ ჩიბუხის ერთობლივი მოწევის რიტუალი არ მისცემს ნებას კანონს დაემორჩილოს და ჯიმი დააბეზღოს. თავისუფლების მაძიებელი ორი მეგობარი ჩიბუხის მოწევისას ანდობდნენ ერთმანეთს შიშს, ფიქრებსა თუ საიდუმლოს.

ტინიტო

ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟებისგან განსხვავებით ტინიტო ეშმაკია. მისი გამოჩენა ჭაბუკას ცხოვრებაში სულაც არ იწვევს შიშს, პირიქით, ბიჭისთვის მფარველადაც იქცევა. ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ სიუჟეტის, მხატვრული ენის, ამბის მრავალფეროვნების, მარადიული თემების პარალელურად თავს სწორედ ამ პერსონაჟით – ტინოტოთი დაგამახსოვრებთ.

ტინიტო ლევან დადიანის მსახურად გააცნობს თავს ჭაბუკას და მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ჯადოსნური სიტყვების ძალით გამოხმობილს ჩიბუხის მოწევა ენატრება. ჭაბუკა ბაბუამისის თამბაქოს მოუტანს და ასე დაიწყება მათი მეგობრობა. ეშმაკ ტინიტოს ადამიანებთან ყოფნა კეთილი საქმეების ჩადენისკენ უბიძგებს. ცხადია, ეშმაკის, როგორც ლიტერატურული პერსონაჟის, ფერისცვალება საკვირველია.

პენკროფი

ასანთის ერთი ღერი, ხორბლის ერთი მარცვალი, აეროსტატით გაქცეული ტყვეები, იდუმალი მფარველი, ჯუპო – ეს სიტყვები ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძულს“ გაგახსენებთ. ვკითხულობდი ამ სათავგადასავლო რომანს ზაფხულის ცხელ დღეებში და სტატიისთვის კიდევ ერთი პერსონაჟი აღმოვაჩინე –  გულფიცხი, ემოციური, ზღვაზე ხეტიალისგან გაუხეშებული პენკროფი. უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილ ხუთ ადამიანს თავის გადასარჩენად ნადირობა, თევზაობა, თავშესაფრის ძიება უწევს, პენკროფი კი ჩიბუხზე ოცნებობს. უბედური შემთხვევისა და საერთო გასაჭირისგან დამეგობრებული ადამიანები თვითგადარჩენისთვის მუხლჩაუხელად შრომობენ. თანდათან ტინის სასახლეში მყუდრო ბინას გამართავენ, აგურსაც გამოწვავენ, ღუმელსაც ააგიზგიზებენ, რკინას, მინას, დენთს დამზადებენ, მაიმუნს მოიშინაურებენ, ამ მუდმივ შრომას კი ფონად გასდევს პენკროფის ოცნება თამბაქოზე. სულმოუთქმელად ველოდებოდი, როდის იპოვიდნენ თამბაქოს.

პარალელურად ბავშვებს ვუამბობ, რომ კიდევ ერთი  ჩიბუხისმოყვარული  პერსონაჟი გავიცანი. უკვე გვამხიარულებს იმის წარმოდგენა, რამდენი პერსონაჟი გაგვაცნო ამ ერთმა სიტყვამ. ამასობაში გედეონ სპილეტსა და ჰერბერტს ფეხდაფეხ დავყვები კუნძულზე და ფლორასა და ფაუნას დიდი ინტერესით ვეცნობი. თამბაქოს აღმოჩენა კი პენკროფზე არანაკლებ მახარებს. საუზმის შემდეგ აქეთ-იქიდან რომ ამოუდგებიან მეზღვაურს და თამბაქოთი დატენილ ჩიბუხსა და ნაკვერჩხალს მიაწოდებენ, მეც უდიდესი სიხარულით მავსებს. მერე ამ ეპიზოდს თეკლას და გაბრიელს ვუამბობ. თუ სიტყვა  „ჩიბუხის“ აღმოჩენისას 2019 წლის გაზაფხული იდგა და ჩემი ბიჭი ექვსი წლის იყო, ახლა უკვე 2020 წლის ზაფხულია. გაბრიელი შვიდი წლის არის და „საიდუმლო კუნძულის“ წაკითხვაზე ოცნებობს. მერე, როცა ახალი წიგნის კითხვას შევუდგები, ღიმილით მაფრთხილებს, ახლა მანდაც ჩიბუხი რომ აღმოაჩინოო. ჯუპიც უნდა ვახსენოთ, მაიმუნი, რომელიც კუნძულელებმა გამოწვრთნეს. ერთ დღეს პენკროფს ჩიბუხს მოპარავს და ფეხმორთხმული გააბოლებს. პატარა ბიჭმა ამ ეოიზოდზე ბევრი იცინა.

მერი სვოუპი

რობერტ მაკკამონის „ბიჭის ცხოვრება“ ნოემბერში გვაჩუქეს.  ექვსასგვერდიანი წიგნისთვის ივლისში მოვიცალე. 12 წლის კორი პირველ პირში მოგვითხრობს ქალაქ ზეფირის ცხოვრებაზე – ოჯახზე, მეგობებზე, სკოლაზე, მასწავლებლებზე, ფერადკანიანი ადამიანების პრობლემებზე, მკვლელობაზე, ზაფხულზე. კითხვის პროცესში თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ყველა მასწავლებლის წასაკითხი წიგნი აღმოვაჩინე. სამხრეთ ამერიკის ქალაქი აუცილებლად გაგახსენებთ თბილისს.

ქალაქ ზეფირის მერი, სვოუპი, ჩიბუხს ეწევა. წარმოიდგინეთ, მერი, რომელიც 12 წლის ბიჭს საკუთარ კაბინეტში იმისთვის დაიბარებს, რომ სიგელზე დაბეჭდილ სახელსა და გვარში ერთი ასო შეცდომით წერია და წინასწარ გააფრთხილოს უხერხულობის თავიდან ასაცილებლად. მერი სვოუპი წერის კონკურსის ჟიურის წევრია. ის ამაყობს კორის წარმატებით და მთელი გულისყურით ეკიდება დაკისრებულ პასუხისმგებლობას. პირველად ჩიბუხთან ერთად წყალდიდობისას გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. სიუჟეტის განვითარებისას ინტერესით ვაკვირდებოდი, როგორი ხასიათით გაგვაცნობდა მას ავტორი. ქალაქის არცერთი მოვლენა მის გარეშე არ ჩაივლის. ის ნამდვილად არის საჯარო მოხელე, რომლის იმედი შეიძლება რომ გქონდეს. ამგვარად, მერი სვოუპი ქალაქ ზეფირიდან კიდევ ერთი დაუვიწყარი ნაცნობი გახდა ჩიბუხის მოყვარულ პერსონაჟებს შორის. რა თქმა უნდა, ჩიბუხის წყალობით მას ჩემი შვილებიც იცნობენ.

 

ასეთი პატარ-პატარა ეპიზოდები ნამდვილად საუკეთესო გზაა ბავშვების ინტერესის გასაღვივებლად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩიბუხი პერსონაჟებისთვის ფიქრის, საკუთარ თავთან თუ მეგობართან საუბრის საშუალებაა. ცხოვრებას გამოგლეჯილ თავისუფლებად მონათლული ნაკუწებს ისე კარგად ვერაფერი ასახავს, როგორც რომ ჩიბუხი.

ვიცი, რომ ეს სიტყვა თუ საგანი კიდევ ბევრ პერსონაჟს აღმოგვაჩენინებს. შეგვიძლია,  ამგვარი ლიტერატურული მაძიებლობა ნებისმიერი ნივთის შესახებ წამოვიწყოთ და შვილებთან თუ ბავშვებთან ურთიერთობას გამორჩეული ამბები შევმატოთ, მაგალითად, რომ არა ჩიბუხი, ამგვარი შინაარსის შეტყობინებას არასდროს დავწერდი: „გაბრიელს უთხარი, რომ  403-ე გვერდზე ერთი კაცი ჩიბუხს ეწევა და დააკვირდი, როგორ ჩაეღიმება“.

მაწანწალა სმოუკს ვგულისხმობდი წიგნიდან „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“. ეს პერსონაჟი გაუმხელელი სიყვარულითა და უპატრონო ბიჭუნასთან მეგობრობით დაგამახსოვრებთ თავს. რატომღაც ისე ხდება, რომ ყველა პერსონაჟი, რომლებიც ჩიბუხმა გაგვაცნო, კეთილშობილებით გამოირჩევა. გისურვებთ, რომ თქვენც წამოიწყოთ ამგვარი მაძიებლობა. საინტერესოა, ვის გაიცნობთ და ვინ აღმოჩნდება თქვენს პერსონაჟთა გალერეაში!

როგორ დავგეგმოთ, თუ არ ვიცით, რისთვის ვგეგმავთ

0

ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება სკოლა შემოდგომაზე, მაგრამ მასწავლებლებს შეუძლიათ მოქნილი გეგმების შემუშავება, რომლებიც დისტანციური სწავლებისთვისაც გამოდგება და საკლასო ოთახშიც.

 

როგორ დავგეგმოთ, როდესაც არ ვიცით, რისთვის ვგეგმავთ? მასწავლებლებს აინტერესებთ – როგორი იქნება მომდევნო სასწავლო წელი და სიმართლე ისაა, რომ არ ვიცით, რა გველოდება. ზუსტად არავინ იცის.

 

და მიუხედავად ამისა, მასწავლებლებს მაინც შეუძლია რაღაცების გაკეთება, მაგ. კლასის (საკლასო ოთახის) მოწყობა ისე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოდგეს: პირისპირ, შორით ან შერეული სწავლებისას.

 

გაიხსენეთ, რომ მოქნილი ხართ და ასეთები არიან თქვენი მოსწავლეებიც. იცოდეთ, რომ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებთან იყოთ. თუ თქვენ წლის დასაწყისიდანვე დაგეგმავთ მოქნილ კომპონენტებს, მოსწავლეების გამოცდილებაც უკეთესი იქნება.

 

ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯები გადადგათ მომდევნო სასწავლო წლის დასაგეგმად. დაიწყეთ იმით, რისი კონტროლიც შეგიძლიათ.

 

შექმენით კომუნიკაციის გეგმა

 

დიდი ალბათობით, თქვენ გქონდათ კომუნიკაციასთან დაკავშირებული ესა თუ ის გამოწვევები გასულ წელს. იფიქრეთ ამ გამოწვევებზე.

 

დაწერეთ გეგმა: აბობოქრებულ ზღვაში  მშობლების, მოსწავლეებისა და კოლეგების ყურადღება თქვენკენ იქნება მოპყრობილი, გემი რომ მავსადგურში მიიყვანოთ.

გაავრცელეთ ის: თქვენი გეგმა შუქურაა. შეახსენეთ მოსწავლეებსა და მშობლებს, როგორ და როდის შედგება კომუნიკაცია. თქვენმა გეგმამ უნდა შექმნას საძირკველი მთელი შემდგომი კომუნიკაციისათვის.

შეინარჩუნეთ თანმიმდევრული კომუნიკაცია: მიჰყევით თქვენს გეგმას. თავდაპირველად ამას დამატებითი ძალისხმევა შეიძლება დასჭირდეს. მაგრამ როგორც კი რამე შეიცვლება, თქვენ კმაყოფილი იქნებით გაწეული ძალისხმევის გამო.

განიხილეთ ელფოსტის ალტერნატივები: Remind-ის მსგავს ტექსტურ სერვისებში სიმბოლოების რაოდენობა შეზღუდულია და ყურადღება შეტყობინებებზეა გადატანილი. გაითვალისწინეთ ოჯახები, ვისთვისაც მობილური მოწყობილობები წვდომის ძირითადი საშუალებაა.

 

მოახდინეთ შინაარსის ორგანიზება

 

გახსოვდეთ, რომ თქვენი ონლაინ სწავლების გარემო ხელს უნდა უწყობდეს პირისპირ სწავლებას და პირისპირ სწავლება ონლაინ სწავლების გარემოს უნდა უწყობდეს ხელს. როდესაც ისინი ერთმანეთს ავსებენ, ორივე უფრო ძლიერდება.

 

მითითებები სწავლებისათვის:

 

  1. დაანაწილეთ სასწავლო მასალა მცირე “ულუფებად”: გაკვეთილებად, მოდულებად, კვირებად.
  2. შექმენით სტრუქტურა ამ “ულუფებს” შორის.
  3. შეინარჩუნეთ თანმიმდევრული სტრუქტურა.
  4. თითოეულ “ულუფაში” შეიტანეთ სწავლების ყველა ელემენტი (წინასწარი შეფასება, კვლევა, სწავლება, პრაქტიკა, შეფასება).

 

როდესაც ონლაინ კონტენტი ორგანიზებულია, იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ გააერთიანოთ მისი ნაწილები პირისპირ სწავლებასთან.

 

მუდმივად შეაფასეთ თქვენი ინსტრუმენტები

 

ყოველი ნაწილის დასრულების შემდეგ დაფიქრდით იმ ელექტრონულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც გამოიყენეთ. დაუსვით თავს კითხვები: მქონდა თუ არა დავალების შესაბამისი ინსტრუმენტი? შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა სწავლების მიზნების მიღწევა?

 

არასწორი ინსტრუმენტის გამოყენებას მაშინვე შევამჩნევთ: მიზანს ვერ ვაღწევთ. და სწრაფადვე ვაგრძელებთ. როდესაც სწორ ინსტრუმენტს ვიყენებთ, ის უხილავია. ის მარტივია, ინტუიტიური და აძლიერებს სწავლებას. ჩვენ ისევ გსურს მისი გამოყენება. გადახედეთ ინსტრუმენტებს და წაშალეთ ისინი, რომლებიც ვერ მუშაობს. გახსოვდეთ, ინსტრუმენტი, რომელიც კარგია თქვენი კოლეგისათვის, შეიძლება თქვენ არ გამოგადგეთ და ეს ნორმალურია.

 

დაგეგმეთ აქტივობები ნებისმიერ სივრცეში ურთიერთობის ასაგებად

 

თანატოლებთან ონლაინ ნორმალური ურთიერთობა რომ ჩამოუყალიბდეთ, მიეცით მოსწავლეებს იქ ყოფნის რეალური მიზეზი.

 

ჩამოაყალიბეთ პოზიტიური საკლასო თემი ციფრული მოქალაქეობის გაკვეთილების ჩართვით და გარდაქმენით თქვენი ონლაინ შეხვედრები, რათა შესთავაზოთ აქტივობები, რომლებიც ურთიერთობებს ქმნის. ჯგუფში როლების განაწილებას შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვნობის განცდა და სტუმრების შემოყვანას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს რეალური ურთიერთობების დამყარებაში.

 

ურთიერთობებთან დაკავშირებული საუკეთესო აქტივობები ისინია, რომლებიც მოსწავლეებს ინდივიდუალურობის გამოვლენის საშუალებას აძლევს. მაგ. პრეზენტაცია “ყველაფერი ჩემ შესახებ”.

 

დაგეგმეთ აღმოჩენის აქტივობები ძირითად ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით

 

აღმოჩენის აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ისწავლონ, როგორ გამოიყენონ ინსტრუმენტი ვიდრე კონტენტის შესწავლაზე გადავიდოდნენ. მასწავლებლებს ასევე შეეძლებათ თავიდანვე ისაუბრონ მოლოდინებზე.

 

აღმოჩენა სამ ნაწილს შეიცავს: მასწავლებლის მითითება, თუ როგორ გამოიყენონ ინსტრუმენტი, მოლოდინების მონახაზი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის და მარტივი დავალებები, სადაც მოსწავლეები ინსტრუმენტების გამოყენებაში გაიწაფებიან.

 

აღმოჩენისას, მიეცით ურთიერთობის საშუალება; ერთმანეთთან და თქვენთან საუბრისას, თქვენ წინასწარ შეგიძლიათ გადაჭრათ პრობლემები, სანამ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას დაიწყებდეთ.

 

თუ არ იცით, როგორ დაიწყოთ, დაიწყეთ იმ სამი ძირითადი ინსტრუმენტის ჩამოთვლით, რომელსაც სწავლებისას გამოიყენებთ. შემდეგ დაგეგმეთ აღმოჩენის აქტივობა თითოეული მათგანისთვის. შემდეგ კი მოიფიქრეთ, სად ჩართავთ ამ აქტივობებს სწავლებისას.

 

შექმენით რუტინები, რომლებიც თანმიმდევრული იქნება  ყველა სივრცეში

 

ონლაინ თუ პირისპირ, მოსწავლეებისათვის შექმენით თანმიმდევრული რუტინა, რომელიც არჩევანისა და საკუთარ ტემპში მუშაობის საშუალებას მისცემს მათ.

 

ქვემოთ – რუტინა ნებისმიერი გარემოსათვის:

 

  1. განცხადებების შემოწმება
  2. სიის ამოკითხვა
  3. გახსენით მოდული და დაიწყეთ პირველი დავალება.

 

როდესაც შექმნით, მოახდინეთ ამ პროცესების ილუსტრირება გრაფიკული ორგანაიზერებით. განათავსეთ ისინი თქვენს სწავლების ორგანიზების სისტემაში (LMS) და რეალურ საკლასო ოთახში და მიამაგრეთ ისინი განცხადებებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დაიყვანეთ ცვლილებები – მოსწავლეებს თანმიმდევრულობა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ვიდრე ოდესმე.

 

მომავალ სასწავლო წელთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, ადვილია გადაიტვირთოთ. დაიწყეთ იმით, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ.

 

source: https://www.edutopia.org/article/how-plan-when-you-dont-know-what-plan

 

 

ციხის მეტაფორა და მისი სუროგატები

0

1980-იან წლებში, როცა სსრკ-მ საზღვრები „გახსნა“, საბჭოთა მოქალაქეებს, ყველას არა, მაგრამ ნაწილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მანამდე არნახული ბედნიერება მოგვენიჭა. მე, თსუ სტუდენტს, გამიმართლა და გაცვლითი პროგრამით აღმოვჩნდი ვილიამს კოლეჯში. იქ დავუახლოვდი რამდენიმე სტუდენტს. თბილისში დაბრუნებულმა გავიგე, რომ ერთმა მეგობარმა, მამამისის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ნეიროქირურგისა და ჰარვარდის ეკლესიის მრევლის დახმარებით, მოიძია თანხები, რათა ჩემი ზამთრის კურსებზე გავმგზავრებულიყავი სასწავლებლად პასადენაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავის ბილეთს ვერაფრით ვერ  ვყიდულობდი, ვინაიდან მონატრებული ემიგრირებული ამერიკელი მოქალაქეები თავისთან ეპატიჟებოდნენ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ახლობლებს და აეროფლოტის რეისებზე ბილეთების შოვნა თითქმის წარმოუდგენელი იყო. მამაჩემის კლასელი ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში მაღალი თანამდებობაზე მუშაობდა, ამიტომ მას მეტი წვდომა ჰქონდა ყველანაირ ჯავშანზე, ვიდრე ჩემს ოჯახს. მან მარტივად აიღო ჩემთვის თვითმფრინავის პირველი კლასის ბილეთი, ალბათ ვერც წარმოედგინა, რომ იაფფასიანი ბილეთიც დამაკმაყოფილებდა. ასე ვიფრინე ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად პირველი კლასით. მამაჩემის კიდევ ერთი კლასელი, თბილისიდან ნიუ იორკში ოჯახითურთ ემიგრირებული ებრაელი იყო. კოლეჯიდან დავურეკე რობერტ აჯიაშვილს და სწავლის დასრულების შემდეგ ერთი კვირით ნიუ იორკში მის სახლში გავჩერდი. არ ველოდი, რომ აჯიაშვილების ოჯახში შევხვდებოდი მამაჩემის იმ მეგობრის, რომელმაც ამერიკაში გასაგზავრებელი ნანატრი ბილეთი მიშოვა, ოჯახის წევრებს. სამკურნალოდ ჩამოსულ უნარშეზღუდულ ბიჭს დედა და ბიძა ახლდნენ. მათგან მოვისმინე, ჩემი ამერიკული შთაბეჭდილებებისგან განსხვავებული, ამბები ამერიკაზე. მათი გაოცება უკავშირდებოდა ქუჩაში, სკვერში, ტრანსპორტში, მუზეუმში, კაფეში ლაღად გამოსულ ეტლით მოსარგებლე უნარშეზღუდულებს. მე კი მხოლოდ ამ ამბების მოსმენის შემდეგ გავიაზრე, თურმე რა მაოცებდა – 1. არ ვიცოდი, რომ მამაჩემის კლასელს უნარშეზღუდული შვილი ჰყავდა და ჩვენი ამერიკაში ყოფნის პერიოდი დაემთხვეოდა; 2. საბჭოთა კავშირში არასოდეს მენახა ეტლიანი ადამიანები, რომლებიც იღიმოდნენ. მგონი, ეტლიანებიც არ მენახა. მაშინ დავუსვი ჩემს თავს კითხვა: „ყველა ახალგაზრდა რომც ჯანმრთელი ყოფილიყო სსრკ-ში, მეორე მსოფლიო ომში დასახიჩრებული ადამიანები მაინც რატომ არ მხვდებოდნენ ქუჩებში, სად იყვნენ ისინი?“. მხოლოდ წლების შემდეგ გადავაწყდი ინგლისურად სტატიას იმის შესახებ, რომ სისტემას იმაზეც უზრუნია, საბჭოთა მოქალაქეებისთვის გამარჯვებით მოგვრილი ბედნიერება არ გაეფერმკრთალებინა ომის 2.6 მილიონ ხეიბარს. მერე ხომ ვერ განაცხადებდა ამაყად „საბჭოთა კავშირში ინვალიდები არ არიანო“ 1986 წელს ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, როდესაც მას პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ დაუსვეს კითხვა?! ამიტომაც 1948 წელს ომის ვეტერანთა დიდ ნაწილს, ე.წ. სამოვარებს ამპუტირებული კიდურებით, თავი უკრეს ვალაამის არქიპელაგზე გაუქმებულ მონასტერში. ამ ადგილას ვერავინ შევიდოდა სპეციალური ნებართვის გარეშე. შესაძლოა, მათ სამჯერადი კვება ჰქონდათ, მაგრამ დატუსაღებული ადამიანების უსიხარულო ყოფა დიდად არ განსხვავდებოდა ციხის პატიმრების მდგომარეობისგან… ამდაგვარი სპეციალური მისიით შექმნილი ადგილები სხვა ადგილებშიც იყო. გავიხსენოთ თუნდაც ბირთვულ ფიზიკაში მომუშავე ფიზიკოსების ქალაქი. ოღონდ ფიზიკოსებს, ვეტერანებისგან განსხვავებით, მაღალი ხელფასები ერიცხებოდათ. მაგრამ ვის რად უნდა ციხე-ქალაქში მაღალი ხელფასი, როცა თავისუფლად ვერ სუნთქავ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაკონტროლებენ და მუდმივი თვალთვალის ქვეშ ცხოვრობ?

რუბენ გალიეგოს „თეთრით შავზე“ (ნინო ბექიშვილის თარგმანი ინტერნეტში იოლი მოსაძიებელია) ის ნაწარმოებია, რომლის წაკითხვასაც ყველა ჩემს მოსწავლეს და სტუდენტს ვთხოვ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათში თანალმობის უნარი გავაღვიძო. თუმცა ამის გარეშე როგორ იქნება?! არც იმიტომ, რომ უკეთ გაიგონ, რამხელა ბოროტება იყო საბჭოთა სისტემა. თუმცა არც ეს ფაქტორია უმნიშვნელო. ჩემთვის ამ ნაწარმოების ანალიზი, წმინდა ლიტერატურული თვალსაზრისითაც, მეტად საინტერესოა. და, აი, რატომ: პირველ პირში დაწერილი ნაწარმოები იმ უნარშეზღუდული ადამიანის მოგონებებს წარმოადგენს, რომელიც ასაკის შესაბამისად ერთი ბავშვთა სახლიდან მეორე ბავშვთა სახლში გადაჰყავდათ, ბოლოს კი, როცა სრულწლოვანი გახდა, იმიტომ რომ მისნაირი ადამიანებისთვის გარე სამყაროში ადგილი არ მოიძებნებოდა, მოხუცთა თავშესაფარში გაამწესეს. თხრობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის მომენტი, რომ მკითხველმა იცის, მთხრობელი, რომელიც თავს გადახდენილ  ამბებს ჰყვება, თავადაა ავტორი. მოგონებების წიგნი განსხვავდება დღიურისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის, შესაძლოა, დღიურის ჩანაწერებსაც ეფუძნებოდეს. ვინაიდან ამბების გახსენებისას ავტორი მეტწილად მეხსიერებას ეყრდნობა, გასათვალისწინებელია, რომ მეხსიერება არაა ყოველთვის სანდო და, შესაძლოა, ის, რაც გულუბრყვილო მთხრობელს ნამდვილი ჰგონია, სულაც არ იყოს რეალობა და ფანტაზიის ნაყოფი იყოს. ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის, როცა გალიეგოს ნაწარმოების შესწავლისას მეხსიერების ტიპებს გაეცნობიან, რადგან მათ მანამდე ალბათ არ სმენიათ ჩაშენებული მოგონებების შესახებ. მოვლენათა სუბიექტური აღქმა, მით უმეტეს, როცა დრო გასულია და წარსულს აწმყოს პრიზმაში ატარებ, აუცილებლად გამოადგებათ მოსწავლეებს ისტორიის შესწავლის პროცესშიც. გალიეგოს პერსონაჟის მოგონებები სანდოა, მის მიერ აღწერილი შემზარავი ფაქტები არაა გამოგონილი. კითხვისას მკითხველი იაზრებს, რომ საბჭოთა რეჟიმს არ უყვარდა ადამიანები, მით უფრო ისეთები, რომლებსაც ვერ ჩასვამდა „ბედნიერი“ მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყნის საერთო სურათში. სიუჟეტი მარტივია: მიტოვებულ ხეიბარ ჩვილს სახელმწიფომ, ზრუნვის საბაბით, თავი უკრა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც, თუ კარგად დავაკვირდებით, ციხის სუროგატია. მკითხველი თავისდა უნებურად აკავშირებს ამ და მსგავს დაწესებულებებს – სამხედრო ყაზარმებს, საავადმყოფოებს – ციხესთან.

მკითხველი პირველივე გვერდებზე ეცნობა მთხრობელის ადრეულ მოგონებებს, მაგრამ დაფიქრებისთანავე ხვდება, რომ ეს მოგონებები ვერ იქნება ნამდვილი მოგონებები, რადგან მანეჟში გამომწყვდეული ბავშვის ემოციებს ასახავს. მოზრდილს, წესით და რიგით, არ უნდა ახსოვდეს, რას გრძნობდა ის მანეჟში და რას ხედავდა მანეჟის კედლების მიღმა. მოზრდილი შეძლებისდაგვარად აღადგენს რეალობას. როცა მკითხველს გარკვეული აქვს, როგორ უნდა წაიკითხოს პირველ პირში დაწერილი მოგონებები, მას გაუჩნდება კითხვა, რატომ იტყუება მწერალი და რატომ არქმევს მოგონებას აღდგენილ რეალობას – მერე რა, რომ ეს ტყუილი სიმართლესთანაა მიახლოებული და ის უწყინარია? მწერლის მიზანი ამ კონკრეტულ ნაწარმოებში არაა ის, რომ დაუმტკიცოს მკითხველს თავისი უპირატესობა და დაანახოს, რაოდენ გულუბრყვილო შეიძლება იყოს მკითხველი. მწერლის მიზანია, მკითხველს გაუადვილოს ციხის სუროგატი მეტაფორების აღქმა. ციხის მეტაფორის პირველი სუროგატი მანეჟია. მანეჟი იმიტომ მოიგონეს, რომ ის, ერთი მხრივ, ჩვილს იცავს გარე სამყაროში ჩასაფრებული ხიფათისგან. მეორე მხრივ, ის საქმით დაკავებულ მშობლებს აძლევს თავისუფლებას, რადგან მათ სჯერათ, რომ სხვა საქმის კეთებისას, როცა მათი ყურადღება მთლიანად ამ საქმისკენ უნდა იყოს მიმართული და ფოკუსში, ბავშვის ნაცვლად, ეს საქმე უნდა მოექცეს, შეუძლიათ წყნარად იყვნენ – მანეჟის ოთხ კედელს შორის მოთავსებული პატარა  უსაფრთხოდაა. გალიეგოს ნაწარმოებში მანეჟს, ციხის პირველ სუროგატს, ხან საავადმყოფო, ხან სკოლა-ინტერნატი, ხან ბავშვთა სახლი და ხან მოხუცთა თავშესაფარი ცვლის. ყველა მათგანი ციხის მეტაფორის სუროგატებია. ბედნიერი მოქალაქეების თვალთაგან მოშორებული ზემოთ ჩამოთვილი ადგილები თითქოს იქ მოთავსებული ადამიანების სასიკეთოდაა აგებული, მაგრამ სინამდვილეში იქ მყოფი ადამიანები არავის სჭირდება გარეთ და მათი გაუხარელი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი ძიძების და მომვლელების უკმაყოფილება და ზიზღია ზოგჯერ სიბრალულით შეზავებული. ეს სიბრალული გაამეტებინებს ადამიანებს გამუდმებით მშიერი ხეიბარი ბავშვებისთვის ხან კანფეტს და ხან სხვა პროდუქტს. მკითხველს, რომელიც იცნობს საბჭოთა კავშირის ისტორიას და იცის, როგორი რთული იყო მაღაზიებში სასურსათო პროდუქტის შოვნა რიგითი მოქალაქეებისთვისაც, როგორ დეფიციტს წარმოადგენდა ნებისმიერი სასუსნავი, არ აკვირვებს, რატომ შიათ გამუდმებით ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. მაგრამ ლიტერატურის ენაზე ეს შიმშილი მხოლოდ კუჭის ძახილი არ არის, ეს დამშეული და საჭმელს დახარბებული ბავშვების ლტოლვაა გარე სამყაროსკენ; კედლების მიღმა არსებულ სამყაროსთან კავშირის დამყარების ერთადერთი საშუალებაა მობეზრებული გემოებისგან განსხვავებული გემოს შეცნობა. მკითხველი რუბენ გალიეგოს თითო მოგონებაში ახალ პერსონაჟს ეცნობა. დაუვიწყარია ეს სახეები და სულის შემძვრელია ყველა მოგონება. ემპათიის განსავითარებლად ამაზე უკეთესი საკითხავი იშვიათია. ისტორიებით, რომლებსაც პერსონაჟი მოგვითხრობს, გალიეგო გვაჩვენებს, როგორი იყო ნამდვილი საბჭოთა კავშირი, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში კი ამოვიკითხავთ, მაგრამ ეს სახელმძღვანელოები მშრალი ფაქტებით ვერ აგვიჩუყებენ გულს, ვერ შეგვძრავენ თხემით ტერფამდე.

დავუბრუნდეთ ციხის და მისი სუროგატების თემას. საქმე ისაა, ავტორის მიზანია, მკითხველმა მიკროციხეების ამოცნობით შეძლოს სხვა უფრო დიდი ციხის ამოცნობა. ეს ციხეა სსრკ, რომელიც დიდი კი არა, გიგანტურიც კია – მიკროციხეებში არსებული შემზარავი რეალობის მასშტაბების გაზრდით ვიღებთ სსრკ-ს.

თუკი ზემოთ ჩამოთვლილ მეტაფორებს (მანეჟი, სამხედრო ყაზარმა, სკოლა, ბავშვთა სახლი, მოხუცთა თავშესაფარი, საავადმყოფო) და სხვა, ოთხი კედლით შემოსაზღვრულ მეტაფორებს (ოთახი, კუბო და სხვ.) კუნძულის (ან ნებისმიერი იზოლირებული გეოგრაფიული პუნქტის) მეტაფორასაც დავუმატებთ, მივხვდებით, რომ ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას უყვარს ციხის და მისი სუროგატების მეტაფორებად გამოყენება, როცა სასტიკ პოლიტიკურ რეჟიმებზე და ცუდ მმართველობაზე გვესაუბრება, თუმცა პარალელურად თითოეული მათგანი ამქვეყნიური ცხოვრების მეტაფორაცაა. ამ მეტაფორების გახსნა თითქოს არაა რთული, მაგრამ როდესაც თითოეულ მათგანზე ვიმსჯელებთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ერთი მეორისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც იმეორებენ და მათ განმასხვავებელი ნიშნებიცა აქვთ. სწორედ ამ განსხვავების მიგნებაა სასარგებლო მოსწავლეებისთვის, რათა შეძლონ, უკეთ დაინახონ არა მარტო პოლიტიკური რეჟიმების სიავე და ცუდი მმართველობა, არამედ დაინახონ დიდი მოაზროვნეების თვალით დანახული სიცოცხლეც. თანდართულ გამოხშირულ სიაში გთავაზობთ თითოეულ დასახელებულ მეტაფორაზე მაგალითებს ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან, მათ შორის, პოპულარული კულტურიდან, რომლებიც მოსწავლეებს გაუადვილებთ ზემოთ თქმულის გააზრებას.

მანამდე კი სკოლაზე, როგორც თავისუფლების შეზღუდვის ადგილის მეტაფორაზე შევჩერდები. რატომაა სკოლა ნეგატიური მეტაფორა, როცა ის სიკეთე უნდა იყოს? ცხადია, სასკოლო ფორმები, რეჟიმი და რუტინა, დაზეპირება, წინასწარ შედგენილი პროგრამა იმის საფუძველს იძლევა, რომ სკოლამ ციხე მოგვაგონოს, ციხე კი, როგორც წესი, ნეგატიური მეტაფორაა. თუმცა, როგორც მონეტასა აქვს ორი მხარე, ნეგატიური მეტაფორებიც კი შეიძლება დადებით მეტაფორად იქცეს ნიჭიერი შემოქმედის ხელში. არც ამის აღნიშვნა უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ჩვენს მოსწავლეებს ვესაუბრებით. მაგალითად, მარტოობაში გატარებული წლები პიროვნული ზრდისა და განვითარების საშუალებაა. ადამიანი ხშირად დროს ვერ პოულობს და იზოლაცია მისთვის დროის გამოთავისუფლების ერთგვარი იძულებითი, მაგრამ სასარგებლო საქმეა.

ციხე – მხატვრული ლიტერატურა: ალექსანდრე სოლჟენიცინის „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“, ჭაბუა ამირეჯიბის „გორა მბორგალი“; მხატვრული ფილმი: „გაქცევა შოუშენკიდან“, „მწვანე გზა“

საავადმყოფო – მხატვრული ლიტერატურა: თომას მანის „ჯადოსნური მთა“, კენ კიზის „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“; მხატვრული ფილმი: „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“

ბავშვთა სახლი – ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტი“, რუბენ გალიეგოს „თეთრით შავზე“

მოხუცთა თავშესაფარი – რუბენ გალიეგოს „თეთრით შავზე“

სკოლა – მხატვრული ლიტერატურა: შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“, ჩარლზ დიკენსის რომანები; მხატვრული ფილმი: „საფრთხობელა“; სიმღერა: პინქ ფლოიდის „მორიგი აგური კედელში“

ოთახი, სახლი, სასახლე – ედგარ ალან პოს „წითელი სიკვდილის ნიღაბი“

კუბო – ტერენტი გრანელის „ღამის სტრიქონები“

კუნძული – დედალოსის, კრეტის მეფე მინოსის და ლაბირინთის რეცეფცია ოთარ ჭილაძის რომანში „აველუმი“ და იკაროსის მითი; დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზო“. აქვე შევნიშნავ, რომ ოთარ ჭილაძემ უარი თქვა გაყინულ მეტაფორებზე და  თავის ყველა რომანში ახალი მეტაფორები მოუძებნა საბჭოთა კავშირს, როგორც ციხეს.

 

 

 

 

 

 

 

ნარცისის ქრონიკები

0

დედის წიაღში მყოფმა ბავშვმა არ იცის არავინ საკუთარი თავის გარდა და მისი ეს მდგომარეობა ბუნებრივი და ლოგიკურია.

როდესაც ადამიანი ამ პირველყოფილ „სამოთხეს“ ტოვებს, მას ბევრი იმედგაცრუება მოუწევს, სანამ შეეგუება აზრს, რომ მარტო აღარაა. მისი ეს სხვასთან „თანაცხოვრება“ იძულებითია და რომ გადარჩეს, სულ მცირე დედა მაინც უნდა იყოს გვერდით, ძუძუ რომ მისცეს ატირებულს.

გადის დრო და ჩნდებიან დედ-მამიშვილები, ახლობლები, კლასელები, კურსელები, თანამშრომლები, თანაქალაქელები, თანადედამიწელები და ადამიანიც, ნელ-ნელა სწავლობს სხვასთან ერთად თანაცხოვრებას და ამ სწავლის პროცესში, საკუთარი ეგოიზმის დასაძლევად მან ობიექტის შეყვარებაც უნდა მოახერხოს, რათა არსებობა გაიადვილოს და გაუადვილოს სხვასაც.

ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი ამას ეტაპობრივად, ბევრი „კისრის წატეხვისა“ და ცხოვრებისეული წვრთნის შედეგად ახერხებს, ზრდასრული, მაგრამ ინფანტილურობაშო ჩარჩენილი კი ერთგვარ ჩაკეტილ წრეში რჩება და არ აღიარებს სხვის არსებობას, საკუთარი თავით ტკბობას მისცემია და ცდილობს დედამიწა იმსახუროს, როგორც სამსხვერპლოზე დაბრძანებულმა კერპმა, რომლის სტომაქიც არასოდეს, არასოდეს ამოივსება ნაკერპავით.

 

 

მსოფლიო ისტორიამ იცის დაუნდობელი მმართველების შესახებ ის, რომ ეს უკანასკნელნი რეალობის საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვლას ცდილობდნენ. მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, ადამიანური ძალა კი ვერ წინაღუდგებოდა ბოროტებას, რომელსაც ისინი თესავდნენ რაიმე იდეის, სახელმწიფოს ან ღმერთის სახელით.

 

ეს ნამდვილი ფსიქოზი იყო. ფსიქოზი კი ნარცისიზმის უკიდურესი ფორმაა, როცა ადამიანი რეალობასთან სრულიად წყვეტს კავშირს და ცენტრში საკუთარ ფიგურას, როგორც კერპს აყენებს,

 

ნარცისიზმი, ამათუიმ ფორმით დამახასიათებელია ყველა ადამიანისთვის. საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს რომ ჰკითხო გაუცვლიდა თუ არა სხეულს სხვა უფრო მშვენიერი აღნაგობის ადამიანს, უარს მიიღებთ, რადგან არასრულფასოვნების კომპლექსის მიუხედავად, ადამიანს საკუთარი გარსი მაინც განსაკუთრებულად მოსწონს. ეს ბუნებრივი ფენომენია და ითვლება, რომ ადამიანური გაგებით ნორმაა, მაგრამ როდესაც თვითტკბობაში მყოფი ადამიანი ვეღარ ავლებს ზღვარს საკუთარ სურვილებსა და სხვის შესაძლებლობებს შორის, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაც ხდება.

რამდენჯერ გვქონია შემთხვევა, როდესაც ერთი შეხედვით ნორმალური თანამოქალაქე რაღაცით გვაწუხებს, თითქოს ენერგიას გვაცლის, გვძაბავს, არადა ერთი შეხედვით განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, აი, მასთან კონტაქტი კი ერთი დიდი უსიამოვნებაა.

წარმოიდგინეთ ადამიანი, ვინც ურეკავს კბილის ექიმს და სთხოვს მიღებას. ექიმი პასუხობს, რომ დღეს ყველა საათი გაწერილი აქვს, მაგრამ პაციენტი ითხოვს მის მიღებას არგუმენტით, რომ იქვე ახლოს ცხოვრობს და უცბად მიირბენდა კლინიკაში. ეს, ცხადია, ექიმის დროის საკითხს არ წყვეტს, ირიბად იგულისხმება, რომ პაციენტი სხვა პაციენტის ნაცვლად მის მიღებას ითხოვს ისე, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებს. თუ ექიმს ფსიქიატრიული განათლება აქვს მიღებული, ადვილად მიხვდება, რომ საქმე უაღრესად ნარცისულ ადამიანთან აქვს, რომელსაც ექიმისა და საკუთარი დროისა და ვითარების გარჩევა უბრალოდ არ შეუძლია. ის თვლის, რომ ცოტა დრო დასჭირდება ვიზიტისთვის, მას დასჭირდება, იგია ამ სიტუაციაში მთავარი და დანარჩენი სხვა ყველა მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან. ექიმი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება არ არსებობს, თავის მოთხოვნილებებითა და დროის განრიგით (თუნდაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ლუდის დასალევად ან შვილების მოსაფერებლად წასვლა რომ მოუნდომებია). უარის შემთხვევაში, ასეთი პაციენტი გულწრფელად გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩება და ვერავინ გადაარწმუნებს, რომ თუ მისთვის მოსახერხებელი იყო ექიმთან ამა და ამ დროს ვიზიტი, ექიმს რანაირად შეიძლებოდა არ სცლოდა?

მეორე მაგალითი შეყვარებული ნარცისის ლოგიკაა. თუ ასეთი კაცია, მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება საპასუხოდ არ უყვარდეს ქალს. ამიტომ, მისი ლოგიკა შემდეგშია: განა არ ვუყვარვარ, ვერ აცნობიერებს გრძნობას, რომელიც ჩემ მიმართ აქვს. ეშინია საკუთარი გრძნობების სიდიადის და ამიტომ ცდილობს ჩაკლას თავში ეს განცდა. თუკი არ მოვეშვები, აღიარებს და გრძნობებს გასაქანს მისცემს. უნდა რომ დამტანჯოს, რადგან ასეა მიღებული და ასე შემდეგ.

 

ნარცისიზმის ამოცნობა რამდენიმე საშუალებითაა შესაძლებელი – თუ ადამიანი უდიდეს დროს ატარებს სარკესთან საკუთარ თავზე დაკვირვებით, აქვს იპოქონდრიული შიში ჯანმრთელობის გაუარესებასთან მიმართებით, მისი ნარცისიზმი უკიდურესად გამწვავებულია. ასევე საინტერესო და ღრმად დაფარული ნარცისული მიდრეკილებებზე მეტყველებს სიტუაცია, როცა ადამიანი საკუთარ სახელსა და მორალურ „კოდექსს“ გამალებული იცავს „ცოდვებისგან“. „რამე ხომ არ შევცოდე, რამე ხომ არ დავაშავე? რას იფიქრებს ჩემზე ეს თუ ის ადამიანი, სიმართლე რომ ეგონოთ?“ მსგავსი მორალური იპოქონდრიის უკანაც ნარცისული ფენომენის მოძებნა შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად და თავად ამ ადამიანისთვისაც ყველაფერი ეს უაღრესად მორალური, მორწმუნე პიროვნების იმიჯს ატარებდეს. ფარული ნარცისიზმი ვლინდება იქაც, როცა ერთი ადამიანი მეორეს ან ადამიანთა ჯგუფს რამეში ეხმარება და ამ პროცესში მას საკუთარი როლი მოსწონს და აღაფრთოვანებს. ქრისტიანული „დაე შენმა მარჯვენამ არ იცოდეს რას იქმს მარცხენა“ მზა ფორმულაა იმ შემთხვევების გასააზრებლად, როცა ადამიანს საკუთარი სინდისიც კი ატყუებს.

მაგალითი მესამე: არის ასეთი ანეგდოტი მხატვარი ხვდება ნაცნობს და უყვება საკუთარი წარმატების შესახებ. დამშვიდობებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი წყვეტს ლაპარაკს და ამბობს: სულ ჩემზე ვილაპარაკეთ, მოდი ახლა შენზეც ვთქვათ ორი სიტყვა, როგორ მოგეწონა ჩემი ბოლო გამოფენა?

როგორ ამოვიცნოთ ნარცისი? არიან ადამიანები, ვინც საუბრისას რამდენიმე სიტყვას მიუგდებენ თანამოსაუბრეს და ამით მიანიშნებენ, რომ მან მთავარი სათქმელი იგულისხმა და მსმენელმა (!!!) კეთილი უნდა ინებოს და მიხვდეს რას გულისხმობდა მთქმელი.

ნარცისულ ტიპს არ შეუძლია დასაბუთებული კრიტიკის მიღება, რეაგირებს მძაფრად, ხისტად ან სულაც დეპრესიულად, განრიდებით, საკუთარ თავში ჩაკეტვით.

ნარცისულ ტიპად განიხილავენ მორჩილების იმ ფორმასაც, რომელშიც სუბიექტი საკუთარ თავს ტკბობისა და განდიდების ობიექტად აყენებს. მე გმორჩილებ შენ (თუნდაც მონასტრულ ცხოვრებაში), რადგან ვტკბები იმ როლით, რომელიც გარესამყაროსთან საკომუნიკაციოდ გამოვუნახე საკუთარ თავს. ერთგვარი თავმდაბლობა, რომელსაც ასეთი ადამიანი ავლენს, სინამდვილეში ნარცისული ტკბობის შედეგია „მე არ მჭირდება საკუთარი განსაკუთრებულობის აღიარება გარე სამყაროს მხრიდან, რადგან ჩემი გამორჩეული მე ისედაც საკმარისად კვებავს პატივმოყვარეობას!“

ასეთი ადამიანების პოვნა ადვილია საერთო შეკრებების დროსაც, როდესაც ადამიანი არც თავად ჭამს და მხიარულობს და არც სხვას აძლევს ამის საშუალებას, რადგან მთავარი შეკრებაში არც საკვები და არც საზოგადოება, არამედ ღია ან ლატენტური ნარცისია.

 

ნარცისიზმის გამოსავლენად აუცილებელი არაა პიროვნება საკუთარი მთლიანობით იწონებდეს თავს, არამედ ხშირად, ნარცისული გამოვლინებები მარტივ, მაგრამ ამოსაცნობ ფორმებში იჩენს თავს – ადამიანი ცალკეული თვისებით ან მიღწევით იწყებს ტკბობას.

ვიღაცას საკუთარი თმა აღაფრთოვანებს, სხვა დაწერილ ლექსებით ცდილობს ნარცისული მეს დაკმაყოფილებას, ერთი შეხედვით თავმდაბალი, ჩუმი ნარცისი კი შეიძლება ტკბობაში იყოს იმით, როგორი ბუხრის აშენება შეუძლია ან სულაც საკუთარ შვილზე მოახდინოს „მე“-ს გადატანა და სწორედ შვილის „მიღწევებით“ ამაყობდეს და ამ სიამაყეში ვერ რეალიზებული ნარცისული მე მეტია, ვიდრე ობიექტური რეალობა, რომელიც სულაც მშობელმა მოახვია შვილს თავს.

 

ხშირად, რომ ჰკითხოთ ადამიანს თუ რა არის მისი არსი, ვინაა ის თავად, შესაძლოა უცნაური პასუხიც კი გაგცეთ, რომ მისი ღირსება, გვარი, ადამიანობა, სიმდიდრე, ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, სახელი ან სხვა რამაა. არის შემთხვევები, როცა ნარცისი ტკბობას იწყებს ისეთი უცნაური, ერთი შეხედვით, დამამცირებელი თვისებით, რაც სხვისთვის საამაყო სულაც არაა (საკუთარი შიშებით, ავადმყოფობისკენ მიდრეკილებით და სხვა).

მთლიანიდან ამოგლეჯილი ეს ცალკეული თვისებები ძალიან ჰგავს ძველი ათენის კერპების პანთეონს, სადაც ყველა ღირსებას თავისი საკუთარი ღმერთი ჰყავდა.

 

საინტერესოა, რომ ნარცისული მიდრეკილებების მქონე ადამიანი, არაცნობიერად მალავს ან გადატანას ახდენს საკუთარი „მე“-სი ისეთ ობიექტებზე, რაც თითქოს სხეულს გარეთაა: ჩემი სახლი, ჩემი პროფესია, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები. ეს უკანასკნელი, ყველაზე გავრცელებული ფორმაა და სწორედ აქ იღებს სათავეს ეროვნული ნარცისიზმის ჯაჭვის უწყვეტობა, რომელზეც ოდნავ ქვევით უფრო დეტალურად დავწერ.

„ჩემი შვილი უკეთესია, გაცილებით კარგად დაუკრა კონცერტზე, მწვრთნელი ვერ ამჩნევს, თორემ აშკარად უკეთესი თავდამსხმელია, ვიდრე სხვა და ა.შ.“ რამდენი მსგავსი ფიქრი მოსდის მშობელს, ვინც საკუთარი თვითტკბობის გადატანას შვილებზე ახდენს და მათით იწყებს არაცნობიერ, მაგრამ შესამჩნევ მანიპულაციას.

მეორე ცხადი მაგალითი სასიყვარულო ურთიერთობებისას სუბიექტის მიერ ობიექტზე საკუთარი მეს გადატანაა, როცა მას, ვინც გიყვარს, საკუთრებად თვლი, მიაწერ ისეთ თვისებებს, რაც შენში მოგეწონებოდა, აღმერთებ და ამით თავში დამალულ, ღრმად დამალულ ნარცისიზმს კვებავ. გინახავთ ალბათ წყვილი, ერთი ძალიან ლამაზი, მეორე არც-თუ-ისე, იფიქრებ, ალბათ ლამაზი როგორ ტკბობაშია, რაკი მეორე მხარე ასე ეპყრობა, ქმნის მისგან კერპს და თითქოს ემსახურება იმის გამო, რომ „დაიმსახურა“ ასეთი გამორჩეული მეწყვილეო, სინამდვილეში კი, საქმე სულ სხვანაირად შეიძლება იყოს, ვინც ჩვენ უფრო შეუხედავი, უფრო უვიცი გვგონია, შეიძლება იყოს კიდეც ამ წყვილში მთავარი ნარცისი, ვინც ობიექტზე საკუთარი ვერ რეალიზებული „მე“-ს გადატანით ტკბობას მისცემია.

 

ეს კი იზოლაციაა, მარტოობაა, თაყვანისმცემელთა ჯარის მიუხედავად, მაინც მარტოდ დარჩენა და დესტრუქციის გზაა, რადგან ბუნების კანონები ისეა მოწყობილი, რომ ადამიანს მარტო გადარჩენა ძალიან გაუჭირდებოდა. ხომ სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ ინდივიდები ჯგუფებად, რომ უკეთესად დაეცვათ თავი, ერთობლივი ძალებით გაეტანათ თავი გამოქვაბულებში და მერე კი მარსზეც გაფრენილიყვნენ, მაშ, რანაირად იკვებება ნარცისიზმი და როგორ ახერხებს თავის გადარჩენას?

მას შემდეგ, რაც ადამიანმა საკუთარი „მე“-ს გაიგივება მოახერხა ოჯახთან და შვილებთან, კოლექტიური ნარცისიზმიც აღარ გახდა შეუძლებელი. „ჩემი განსაკუთრებული სახელმწიფო, რელიგია, კოლექტივი, გვარი, კუთხე და ა.შ“ ნარცისული ენერგიის წყაროდ იქცა. მე და ჩვენ გაერთიანდა და სადაც ჩვენს-ს ვამბობთ, სწორედ იქ იგულისხმება მე-ც და ამ მე-ს დამახინჯებული, ავადმყოფური ფორმებიც.

ჯგუფური ნარცისიზმი უკვე ინდივიდის არსებობას დაემუქრა და „ჩვენ“ ასე ვფიქრობთ, რადგან ასეა მართალი გახდა საბაბი ინდივიდზე დომინაციის გამართლებისა.

ჯგუფური ნარცისიზმი ინდივიდუალურისგან განსხვავებით, გაცილებით საშიშია, რადგან აქ მასშტაბი დიდია და შეიძლება სხვა ისე დააზიანო, კოლექტივის ნაწილად იგრძნო თავი და პასუხისმგებლობა ვერასოდეს გაინაწილო.

„ჩემი ქვეყანა ყველაზე ლამაზია, ყველაზე დიდი კულტურის, ყველაზე დიდი ისტორიისა. ჩვენი მეომრები ერთი კაცი ათს ამარცხებდა, ჩვენნაირი ღელე არსად ჩამოდის, აქ რომ საკვებია, დედამიწის ზურგზე არსად მოიპოვება მსგავსი. კაცობრიობა აქ დაიბადა და სხვა“ – ეროვნული ნარცისიზმის ცხადი და საშიში მაგალითებია, რომელსაც სკოლის ასაკიდან მოყოლებული ჩვენ თვითონ ვკვებავთ და ვასაზრდოვებთ შვილებში. ცხადია, არც ობიექტური რეალობის შეფასება უნდა დაივიწყოს ადამიანმა, თვითგვემასა და ჯგუფურ არასრულფასოვნების კომპლექსს არ უნდა მიყვეს, მაგრამ თვითტკბობის ასეთი საშიში ნარცისული ენერგია, ერის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ასეთი მდგომარეობა ლოთი ან წამალდამოკიდებული ადამიანის ეიფორიაში „ქადაგებას“ ჰგავს. ის ცდილობს მაღალფარდოვანი, ბრძნული და თვითგანმადიდებელი აზრების ფრქვევას და გარშემომყოფებს არაფრად აგდებს, მიაჩნია, რომ მათ უბრალოდ არ ესმით იმ რეალობისა, რომელსაც თვითონ მიაღწია.

ინდივიდუალური და ჯგუფური ნარცისიზმისთვის მიუღებელია ჯანსაღი კრიტიკა და შეკითხვების დასმა იქაც კი, სადაც ეს თითქოს ბუნებრივია. ნარცისულად განწყობილი საზოგადოება მტრულად ხვდება ობიექტურ შეფასებას და ამას „ეროვნულ იდენტობაზე“ შეტევად აფასებს, რაც, სინამდვილეში, ჩვენთან გაიგივებულ მე-ზე შეტევის ტოლფასია.

ეს მძიმე საკითხი განსაკუთრებით ნიშანდობლივია ქართულ მაგალითზე, რადგან ძალიან საინტერესო განსხვავების პოვნა შეგვიძლია თუ ეროვნული ნიშნით დაკვირვებას მოვახდენთ, მაგალითისთვის, როდესაც ქართველი ადამიანი ლაპარაკობს დავით აღმაშენებელზე, გორგასალზე, ვაჟა ფშაველაზე ან შოთა რუსთაველზე ან თუ ის ქრისტიანია, რომელიმე წმინდანზე, კონკრეტული ინდივიდის უკან აუცილებლად საკუთარ „მე“-საც მოიაზრებს, ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის კრიტიკულ ან ობიექტურ შეფასებას და სიამოვნებს ისეთი არარეალური ფაქტების მიწერა „ეროვნულ ან რელიგიურ“ გმირზე, რომელიც არასოდეს მომხდარა.

მქონია შემთხვევა, როდესაც ისტორიისა და ქართულის პედაგოგებთან შეხვედრისას ჩამოვარდნილ საუბარში საერთო ეროვნული სიამაყის შესახებ იმ ფაქტებსაც გავუსვი ხაზი, რომელიც ერთის მხრივ არაფრით აკნინებდა გმირს, მაგრამ მის იდეალურობას კი (მსმენელის აზრით) ჩრდილს აყენებდა.

მაგალითად, თუ შოთა რუსთაველი უდიდესი პოეტია (ობიექტურად), ის ვერ იქნება მშიშარა და ლაჩარი, ვაჟა ფშაველა ძუნწი, დავით აღმაშენებელი სადისტი და ერეკლე მეორე არასოდეს დაუშვებდა შეცდომას. წმინდანად შერაცხულ (ქართველ) მეფეს არასოდეს ამხელდნენ საკუთარ რძალთან ინცესტურ ურთიერთობაში და მეორე მეფე მხოლოდ იღლიაში მუხანათურად ნასროლი ისრით თუ მოკვდებოდა აქილევსივით, რადგან მისი დამამარცხებელი სხვა მეომარი უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.

ამბობენ, რომ მცირე ერებს ეს ნარცისული თვითგანმტკიცება სჭირდებათ, მაგრამ საინტერესოა, რომ მაგალითად მეორე მცირე ერის, ებრაელების შემთხვევაში (რომელსაც საკუთარი თავით ტკბობა არ აკლია), როდესაც ის ლაპარაკობს სოლომონზე, გულისხმობს სოლომონს და არ მიაწერს საკუთარ სურვილებს, სისუსტეებს ან ძალას. სოლომონის კრიტიკა კი პირად კრიტიკად არასოდეს მიაჩნია, რადგან თვითიდენტიფიკაციას არ ახდენს სხვა პერსონასთან.

 

ეთნიკური ნარცისიზმი განსაკუთრებით მწვავედ ვითარდება იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო ვერაა. ამ დროს, საკუთარი სიღარიბის საკონპენსაციოდ, ადამიანთა ჯგუფები იწყებენ საკუთარი რასით, ეროვნებით, გვარითა თუ სხვა ჯგუფური იდენტობით ტკბობას და ამით ახდენენ ვერ რეალიზებული სურვილების დაკმაყოფილებას. „შეიძლება წარმატებული არ ვარ, არც მდიდარი, მაგრამ მთავარია სუფთა ჯიშის ქართველი ვარ და ღმერთმა დამიფაროს რასობრივი და ეროვნული შერევებისგან, მეტიც, სხვა კუთხიდან არ მოვაყვანინებ ცოლს ჩემ შვილს!“ – მსმენია ასეთი ნათქვამები საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ეს სრულიად ადამიანურია, არ ნიშნავს, რომ ჩვენ „გვჭირს“ რამე და სხვას არ უნახავს მსგავსი. მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი დეპრესიის პერიოდმა წარმოშვა ამერიკის სამხრეთში რასიზმი და კანის ფერის ნიშნით ადამიანებზე უპირატესობის განცდა. მეორე მსოფლიო ომი და ფაშიზმი დიდი გაჭირვებებისა და დამარცხებების შემდეგ ჩამოყალიბდა გერმანიასა და იტალიაში. სიღატაკემ და გაუნათლებლობამ ააგორა ახალი რასობრივი ზიზღის ტალღა ამერიკის მდიდარი სახელმწიფოს ღატაკ ფენებში, აფრიკელი შავკანიანებიც ზევიდან და ზიზღით უყურებენ მათ კონტინენტზე მომუშავე თეთრებს. ვინაა დამნაშავე ჩემ წარუმატებლობაში? – რასაკვირველია ის, ვინც ჩემი წევრი არაა და სხვა ერთობას ეკუთვნის, მისი მოძებნა კი რთული არაა.

სამწუხაროდ, ეთნიკური ნარცისიზმის საკვები, ხშირად ის პოპულიზმია, რითაც საზოგადოებას მისი არაჯანსაღი წევრები უწყვეტ ჯაჭვად ვკვებავთ: მასწავლებლები, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები თვითკეკლუცობის ისეთ დაფარულ ფორმებს მიმართავენ, რითიც ხალხის გულის მოგება ადვილია და ამით თავად მათ ეგოსაც სიამოვნებს.

„მე და ჩემი ოჯახი ვართ საუკეთესოები დედამიწაზე. ჩვენზე მაგარი კულტურა არავის შეუქმნია, ჩვენნაირი ღირსეულები არ დაბადებულან, ჩვენისთანა ვაჟკაცები არცერთ ოჯახში არ ცხოვრობენ, არც ჩვენი აშენებული სახლი შეიძლება თქვენ ხუხულებს შევადაროთ და ზოგადად, რომც არაფერი გაგვეკეთებინა, რომ ვარსებობთ, მხოლოდ ამიტომ უნდა იყოს მადლიერი მსოფლიო!“ – ეს სიტყვები რომ რომელიმე ინდივიდმა თქვას, საყოველთაო დაცინვას და ზიზღს გამოიწვევს. მას ალბათ სულიერად აშლილადაც გამოაცხადებენ და ეს სავსებით ლოგიკური იქნება, მაგრამ „მე“-ს ნაცვლად თუ პიროვნება „ჩვენ“-ს დააყენებს და ილაპარაკებს ერისა და ბერის სახელით, ჯგუფური ნარცისიზმი სულ სხვა იერს შეიძენს და სასაცილო კი არა საამაყო ამბად გადაიქცევა. პოლიტიკოსთა ნაწილმა ეს ამბავი გონებით ან ინტუიციით იცის და წარმატებითაც იყენებს ამომრჩეველთან ურთიერთობისას, რითაც საკუთარ და საზოგადო ნარცისიზმთან, ამ გაუმაძღარ კერპთან შესაწირი მიაქვს.

ეროვნული ნარცისიზმი უხიფათო მოვლენა არაა, თვითგამოხატვის და თვითაღტაცების „ჩვენ კარგები ვართ, ისინი ცუდები“, „ჩვენ დიდი კულტურის ერი ვართ, მეზობლები არა!“, „ჩემ ეზოში მუხა უფრო დიდი ასაკისაა, ვიდრე ზოგი სახელმწიფო, ამიტომ“ უწყინარი გამოხატულება შესაძლებელია საშიშ ფორმებში გადაიზარდოს. არც სტალინურ და ჰიტლერულ რეჟიმებს ჰქონდათ ერთი შეხედვით უგვანი ჩანაფიქრი: ერთი კომუნიზმის და ამ იდეოლოგიის ქუდის ქვეშ გაერთიანებული ჯგუფის სახელით მსოფლიოს გაკეთილშობილებას და ძმობის, ერთობისა და თანასწორობის სისხლითა და მახვილით დამკვიდრებას ცდილობდა, მეორე არიული რასის დომინანტობის იდეით მილიონობით თანამემამულეს არწმუნებდა, რომ არსებობენ ისინი და დანარჩენები, ამ დანარჩენების ამოძირკვით კი არცა რა დაშავდება, განა სახლში მომრავლებულ ტარაკნების დახოცვაზე ოჯახის წევრებმა უნდა იდარდონ?

ეროვნული ნარცისიზმის ნებისმიერი ფორმით გაღვივება ძალიან, ძალიან საშიში მოვლენაა. თუ ინდივიდუალური პოზიტიური, ზომიერი ნარცისიზმი ერთგვარი გადარჩენის ინსტიქტია და რაღაც მომენტამდე ადამიანურია, ინდივიდუალური შხამიანი ნარცისიზმი კი ერთ ადამიანს და მის გარშემო არსებულ მცირე ჯგუფს ვნებს მხოლოდ, ეროვნული, რელიგიური ნარცისიზმის ნებისმიერი ფორმა ადამიანთა მთელ ჯგუფს აფერხებს და აზიანებს. ეთნიკური და რელიგიური ნარცისიზმის ამოცნობა ძალიან რთულია, მხოლოდ გამორჩეული მოაზროვნეები ბედავენ და შემოგვძახებენ ხოლმე გამოსაფხიზლებლად, ამისთვის სხვადასხვა დროსა და საშუალებას ირჩევენ და როგორც წესი, მათი ათეულობით წლის გასვლის შემდეგ გვესმის.

ყოველდღიურობაში კი, ასეთი მაფხიზლებლის ფუნქცია მასწავლებელმა უნდა იტვირთოს. საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც უნდა შეახსენოს მთავარი ადამიანური ამბავი – პიროვნული განვითარება და ცხოვრებაში რეალიზებულობა არ გადის ჯგუფურად თვითტკბობის ხაზზე. „ჩვენ“ თუ კარგები ვართ, არც სხვა არის „ჯაბანი“ და საკუთარის განდიდების ხარჯზე სხვისი დაკნინება უკეთეს შემთხვევაში ჩიხი, უარეს მდგომარეობაში კი – უფსკრულია.

სწორედ მასწავლებელმა უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა როდესაც უმთავრეს რამეს – ეროვნულ საკითხებს მიადგება. მხოლოდ ზომიერება, სწორი ანალიზი, კარგისა და ცუდის გარჩევადობა, დადებითის შექება და უარყოფითის დამალვა კი არა, განსჯა უნდა გახდეს პედაგოგისთვის ის საჯილდაო ქვა, რომელსაც მოსწავლესთან ერთად ფრთხილად და აუცილებლად დაეჭიდება.

მასწავლებელი გონიერი ექიმივით უნდა იქცეოდეს, ავადმყოფობისას წამალს რომ აძლევს პაციენტს და არა კანფეტებს, აქაოდა მთავარია ახლა, ამ წამს დამიკრან ტაში და მერე კისერიც უტეხიათო. სწორედ სკოლიდან უნდა დავიწყოთ ეროვნულ და რელიგიურ ნარცისიზმზე უარის თქმა, რომ ჯანსაღ, განვითარებაზე ორიენტირებულ, იქნებ ღარიბ, მაგრამ მშრომელ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ. ის, რომ „დიდი წინაპრები გვყოლია“ არ ნიშნავს, რომ ახლაც დიდები ვართ. ექვთიმეები, ილიები, აღმაშენებლები და ხანძთელები კი გვყოლია და გვეყოლება, მაგრამ ეს ეროვნულ კეკლუცობის უფლებას არ გვიტოვებს როცა სადარბაზოში ადგილობრივი ნაგავს ყრის და ქალის კისერზე მცხოვრები კაცი უბანში დომინოს უჭახუნებს. ადამიანი, საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურად აგებს პასუხს ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე და საერთო ეროვნული ნარცისიზმი ცუდი ქოლგა არ აღმოჩნდეს იმ საშინელი რადიაციული მზისგან გაფლანგული ცხოვრება რომ ქვია.

ყველა მასწავლებელმა უნდა ივარაუდოს, რომ სწორედ მისი აღზრდილი მოსწავლე შეიძლება დადგეს რომელიმე ტრიბუნასთან და საკუთარი ეროვნული გამორჩეულობის სახელით კანფეტები არიგოს წამლის ნაცვლად.

“ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოდ ჩვენ გვზრდიან დედანი,
ჩვენა ვსცხონდებით,ურჯულოთ
კუპრში მიელით ქშენანი.
ამის თქმით ვწარამარაობთ,
ხთიშვილთ უკეთეს იციან..
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან ?!”

დავუჯეროთ ვაჟას. იცოდა.

სკოლა და მისი მართვა ციფრულ ეპოქაში – ცვალებადი პარადიგმები ცვალებად დროში

0

 

(სტატიათა ციკლი ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის ერიკ შენინგერის წიგნიდან „Digital Leadership“)

 (ნაწილი მეოთხე)

„დღევანდელი ბავშვები ციფრულ სამყაროში იბადებიან – მედიით გაჯერებულ, ქსელურად ურთიერთდაკავშირებულ, უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროში“ .

Edutopia, 2012

 

მეცნიერების განვითარებამ და ტექნოლოგიებმა ბევრჯერ შეცვალა ჩვენი სამყარო და საზოგადოება. ბუნებისა და სამყაროს შესახებ ადამიანის ცოდნის გაფართოებამ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობამ, ახალი კონტინენტების აღმოჩენამ, ვაჭრობის განვითარებამ და წყლისა ორთქლის ძალის გამოყენების დაუფლებამ ნელ-ნელა მოამზადა ნიადაგი პირველი სამრეწველო (ინდუსტრიული) რევოლუციისთვის, რომელიც დასავლეთ ევროპაში XVII-XVIII საუკუნეებში დაიწყო და რომელმაც წვრილი ხელოსნური შრომა უფრო ფართო მასშტაბის, ქარხნულ-ფაბრიკული შრომით (ე.წ. მანუფაქტურის შრომით) შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა სავალდებულო სასკოლო განათლების სისტემები დასავლეთ ევროპაში.

საქარხნო წარმოებამ მეტ-ნაკლებად კვალიფიციური მუშახელის საჭიროება წარმოშვა. სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ ახალგაზრდა არისტოკრატებს (ე. წ. ჯენთრი), რომლებსაც, იმდროინდელი ინგლისური კანონებით, მემკვიდრეობა არ ეკუთვნოდათ (ყველაფერი უფროს ვაჟს რჩებოდა, – ლ.ა.) და რომლებიც ბედის საძიებლად მეტროპოლიაში ან იმდროინდელი ძლიერი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია) კოლონიებში მიდიოდნენ, სჭირდებოდათ მინიმალური ცოდნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, დაეკავებინათ რომელიმე საზედამხედველო თანამდებობა სამშობლოში ან ოკეანის გაღმა, რომელიმე კოლონიურ ადმინისტრაციაში.

რაღაც დონის ცოდნა (წერა-კითხვა, არითმეტიკა) სჭირდებოდათ ახალგაზრდა გლეხებსაც, რომლებიც სიღარიბესა და შიმშილს ქალაქებში გაურბოდნენ და ძირითადად ახალგაჩენილი ევროპული კაპიტალისტური მანუფაქტურის მუშათა რიგებს ავსებდნენ ინგლისში, საფრანგეთსა თუ გერმანიაში.

მარტინ ლუთერის რეფორმამ და პროტესტანტიზმის აღზევებამ ახალგაზრდა პროტესტანტებისთვის სავალდებულო გახადა წერა-კითხვის ცოდნა – ყოველი პროტესტანტი ვალდებული იყო, თვითონ ეკითხა ლუთერის გერმანულენოვანი სახარება და სხვა რელიგიური ტექსტები.

განათლებამ, შრომის წესის შეცვლამ და შრომის უფრო ღრმა სპეციალიზაციამ დასაბამი მისცა პირველ მსოფლიო ინდუსტრიულ რევოლუციას, რომელმაც ფეოდალური სამყარო კაპიტალიზმის რელსებზე გადაიყვანა და კარი გაუღო XVII-XX საუკუნეების განმანათლებლობის, სამრეწველო სიახლეებისა და დიდი სამეცნიერო აღმოჩენების ეპოქას.

დღეს ადამიანთა საზოგადოება უკვე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის კარიბჭესთან დგას – ციფრული ტექნოლოგიები, ინფორმაციული ნაკადები ნელ-ნელა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში იჭრება და სრულიად ახალ მოთხოვნებს უყენებს XVIII საუკუნეში, პირველი ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად გაჩენილ სასკოლო სისტემას.

 

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია

ცვლილებები კი არ მოდის, არამედ უკვე ჩვენს ზღურბლთან დგას. მოგწონთ ცვლილებები? თუ კი, ჩვენს თავბრუდამხვევ სინამდვილეში ცხოვრება თქვენთვის ერთი სიამოვნება იქნება, ხოლო მათ, ვისაც ეს ცვლილებები არ ეპიტნავება, ვურჩევთ, კარგად მოემზადონ, რადგან ისღა დარჩენიათ, შეეგუონ უპრეცენდენტო ინოვაციებს, რომლებიც ტექნოლოგიური სიახლეების გეომეტრიული პროგრესიით ზრდის შედეგი გახლავთ. ვერავინ გაექცევა და დაემალება ამ რეალობას.

ჩვენს სამყაროში მიმდინარე რევოლუცია თუ ევოლუცია (გააჩნია შემფასებლის ხედვას და აღქმას) იმ ყველაფრის ტრანსფორმაციისკენ არის მიმართული, რაც აქამდე ვიცოდით. მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ ამ ახალ სამყაროსთან ადაპტაციაში… თუმცა ალბათ უმჯობესია, ახალგაზრდები ამ სრულიად ახალ და სრულიად არაპროგნოზირებად საყაროსთან შესახვედრად მოვამზადოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში!

წიგნში „ტრანსფორმირებული სწავლება“ (Learning Transformed, Eric C. Sheninger, Thomas C. Murray, 2017), შევეცადეთ დაგვენახა იმ მოულოდნელ ცვლილებათა დეტალები, რომელთა მოწმეებიც ვართ დღეს ყველა და განგვეჭვრიტა მომავალი, რომელიც ჯერ არ დამდგარა. გთავაზობთ ამონარიდს ამ გამოცემიდან: „ტექნოლოგიური ცვლილებების დღევანდელი სიჩქარე განსაცვიფრებელია და ამ სიახლეებს, თავიანთი მასშტაბურობით, ისტორიული პრეცედენტი არ გააჩნია“.

შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლები კარგად არიან გათვითცნობიერებულნი თანამედროვე საკომუნიკაციო და ციფრულ მოწყობილობებში, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის, რობოტების, ავტონომიური ავტომობილების, საგნების ინტერნეტის[1] (the internet of things – IoT), ნანოტექნოლოგიების თავისებურებები და კომპონენტები ჯერ კიდევ უცნობია ადამიანებისთვის. ეს სიახლეები ტექნოლოგიათა იმ გურუების სამყაროდ რჩება, რომლებიც თავისუფლად დაცურავენ ნულებისა (0) და ერთიანების (1) ოკეანეში[2].

ასეთი ტექნოლოგიების ურთიერთქმედება და განვითარება როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურ სამყაროებში ერთ დროს შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ დღეს ახალი ინდუსტრიული რევოლუციის სათავესთან ვდგავართ და მომავალი სამყარო ნელ-ნელა, სიტემატურად შეცვლის ჩვენი ცხოვრების, შრომისა და ურთიერთობის წესებს. ეს ახალი ერა გავლენას მოახდენს სამყაროს ჩვენეულ აღქმაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანმა წლებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ტექნოლოგიების გამოყენებასა და გარე სამყაროსთან ჩვენს კავშირში, მომავალი ტრანსფორმაციული ცვლილებები ისეთი იქნება, როგორიც ადამიანს აქამდე არასდროს გამოუცდია (Schwab, 2016).

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რომლის წინაშეც ვდგავართ როგორც საზოგადოება, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკშია, მაგრამ მისი ზრდა გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობს. ტექნოლოგიების განვითარება ცვლილებებისკენ უბიძგებს ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს და ყველა ქვეყანას. ვეღარც ფიზიკური და ვეღარც პოლიტიკური საზღვრები უკვე ვეღარ ახდენს გავლენას ტექნოლოგიური ცვლილებებისა და მათი განვითარების სიჩქარეზე.

დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის სამყაროში, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ისეთი ტექნოლოგიების განვითარებამ, რომელთა მეშვეობით ფიზიკური, ბიოლოგიური და ციფრული ეკოსისტემები ერთმანეთთან ურთიერთქმედებს და ერთმანეთს ფარავს.

ამ ახალ ეპოქას ზოგჯერ Industry 4.0-ის სახელითაც მოიხსენიებენ. მისი შესაძლებლობებისთვის გაჩნდა შემდეგი განსაზღვრებაც: „საწარმოო სექტორის „გაციფრების“ მომდევნო ფაზა, რომლის მამოძრავებელია შემდეგი ცვლილებები:

  • მონაცემთა მოცულობის (რაოდენობის), გამოთვლითი შესაძლებლობებისა და უერთიერთდაკავშირებულობის ხარისხის უპრეცედენტო ზრდა;
  • ანალიტიკური ინფორმაციისა და ბიზნესინფორმაციის გადამუშავება-შენახვის შესაძლებლობების სწრაფი ზრდა (ცნება „ბიზნესინფორმაცია“ (BI – business intelligence systems) გულისხმობს იმ აპლიკაციებს, პრაქტიკას და ტექნოლოგიებს, რომლებიც აუცილებელია ბიზნესთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პრეზენტაციისთვის, – ლ.ა.)
  • გაჩენა „ადამიანი-მანქანა“ ურთიერთქმედების ახალი ფორმებისა, რომლებიც მოიცავს ე.წ. შეხებით ინტერფეისებსა (touch interfaces) და დამატებული რეალობის[3] (ე.წ. augmented-reality) სისტემებს;
  • პროგრესი ისეთი ციფრული ინფორმაციის გადაცემა-შენახვა-გამოყენებაში, რომელიც ემსახურება რობოტექნიკას ან, ვთქვათ, სამგანზომილებიან (სივრცულ) ბეჭდვას, ე.წ. 3-D printing-ს (Baur & Wee, 2015).

ავტომატიზაციის ასეთი სისტემები იძლევა ფიზიკური სამყაროს უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობას, ფიზიკური საგნების ეკრნზე ვირტუალური რეპლიკაციის შესაძლებლობას, პროცესების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მათი მიმდინარეობისას და ა.შ.

მანქანებს არ შეუძლიათ ფიქრი, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა დიდი მონაცემების (Big Data, დიდი მოცულობის ინფორმაცია – კლიმატური, ჰიდროლოგიური, ატმოსფერული და სხვა) მიღება-გადამუშავებისთვის არსებული ალგორითმები შესაძლებლობას გვაძლევს, გავაანალიზოთ ასეთი მონაცემები, ორგანიზება გავუწიოთ ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

იმისთვის, რომ მოსწავლეები სწორად და ეფექტურად მოვამზადოთ მეოთხე ან თუნდაც მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციისთვის, აუცილებელია, შეიცვალოს განათლების როგორც კონცეფციის შინაარსი და მასშტაბი.

ის ცვლილებები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, ერთ რამეს გვასწავლის: სკოლებმა ბავშვები უნდა მოამზადონ ყველაფრისთვის და არა რამისთვის. რწმენა იმისა, რომ ახლანდელი ან მომავალი თაობები სწავლების ჩვეულებრივ გზას გაივლიან და სკოლას „წარმატებით დაამთავრებენ“, აღარ იმუშავებს. ის ფაქტი, რომ ამ წესმა ჩვენთვის „იმუშავა“, არაფრით არ ნიშნავს, რომ ის „იმუშავებს“ ან, საზოგადოდ, სასარგებლო იქნება ახალი თაობის მოსწავლეებისთვისაც.

მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციის ეპოქაში შესვლა არ ნიშნავს ჩვენი საზოგადოების დასასრულს. ამ ცვლილებისთვის მზადების იდეა ნიშნავს ჩვენს პროაქტიურ (და არა რეაქტიულ) ქმედებას და იმის გაცნობიერებას, სად შეგვიძლია ვიპოვოთ საგანმანათლებლო სისტემების განვითარებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობები ჩვენს პლანეტაზე.

 

[1] The Internet of things (IoT) –  ახალი ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც აერთიანებს ურთიერთდაკავშირებულ კომპიუტერულ მოწყობილობებს: მექანიკურ და გამომთვლელ მანქანებს, საცხოვრებელი სახლის, სამზარეულოს, საძინებლის, გარაჟის, ავტომობილის ელექტრონულ დანადგარებს, რომლებიც ქსელის მეშვეობით ერთმანეთს უცვლიან მონაცემებს და ურთიერთობენ ერთმანეთთან „ადამიანი-მანქანა“ და „ადამიანი-ადამიანი“ ფორმატით ურთიერთქმედების გარეშე.

[2] აქ საუბარია ნუმერაციის ბინარულ (ორობით) სისტემაზე, რომელიც გამოიყენება ციფრული მონაცემების „0“-სა და „1“-იანის საშუალებით ჩასაწერად.

[3] augmented-reality  –  ახალი ციფრული სისტემები, რომლებსაც ადამიანის (სმარტფონის, კომპიუტერის მომხმარებლის) აღქმის  ველში შემოაქვს დამატებითი სენსორული ინფორმაცია მოცემული რეალობის უკეთ და უფრო სრულად აღსაქმელად. მაგალითად, დისპლეიზე მოცემული ახალი ან დამატებითი ციფრული ინფორმაცია – ადგილის კოორდინატები, სიმაღლე, ტემპერატურა, მანძილი რომელიმე ობიექტამდე, ანთროპოლოგიური ან სპორტული ინფორმაცია და სხვა.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

მშობლობა ანუ შესასრულებელი დაპირებები

0

გთავაზობთ კიდევ ერთ მცირე ამონარიდს მალიკა ჩოპრას წიგნიდან „100 დაპირება ჩემს შვილს. როგორ გავხდეთ საუკეთესო მშობელი“. მალიკა ჩოპრა ამერიკელი მწერალი და ბიზნესმენია. ის 1972 წლის 24 ივლისს დაიბადა აშშ-ში, შტატ მასაჩუსეტის ქალაქ ლინკოლნში. დაამთავრა Concord Academy, Kellogg School of Management და ბრაუნის უნივერსიტეტი. მალიკა ჩოპრა რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. იმავდროულად, წერს და აქვეყნებს სტატიებს. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად. მალიკა ჩოპრას წიგნები სწორედ მათ ეძღვნებათ.

 

მინდა, დავპირდე შვილებს, რომ ვასწავლი, ცხოვრებას მეტისმეტად სერიოზულად არ შეხედონ.

ეს დევიზი მე და ჩემს ძმას მშობლებისგან გვერგო მემკვიდრეობად. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტივად, ქარაფშუტულად და ბანალურადაც კი ჟღერს, ცხოვრებაში მისი შესრულება უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ დევიზმა ჩემთვის სპეციფიკური შინაარსი შეიძინა: „ნუ აღიქვამ ცხოვრებას მეტისმეტად სერიოზულად“ ნიშნავს – წყენას გულში ნუ ჩაიდებ; ეცადე, ყველას აპატიო შეცდომა; არ გაგიჭირდეს, დასცინო საკუთარ თავს და აღიარო, რომ ხანდახან თავადაც მოგდის შეცდომები; ისწავლე საკუთარი მრისხანების მართვა; არ არის აუცილებელი, ცდუნებას აჰყვე და შემდეგ გარშემო მყოფებს დაანთხიო ბრაზი.

ჩემი დაკვირვებით, წყენის საფუძველია გადაჭარბებული თვითშეფასება და მცდარი წარმოდგენა, თითქოს ვინმე ვალდებულია, პატივი გცეს იმის გამო, ვინც ხარ და არა იმის გამო, რაც გაგიკეთებია ან რასაც ახლა აკეთებ. მინახავს, როგორ ბრაზობენ ადამიანები, როცა გარშემო მყოფები სათანადო პატივისცემით არ ეპყრობიან, ან როცა ვინმე არ იცავს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ჩემი ბრაზის მიზეზი ჩემივე პიროვნების ის ნაწილია, რომელიც სინამდვილეში ეთანხმება თანამოსაუბრის კრიტიკას. შევამჩნიე ისიც, რომ ადვილია ვინმეზე გულში წყენის ჩადება, რადგან ამგვარად თავს ვარიდებთ აშკარა კონფლიქტს, თანაც ადვილად ვადანაშაულებთ სხვას იმაში, რომ რაღაც ისე არ მოხდა, როგორც საჭირო იყო. ამით ჩვენ საკუთარ კომპლექსებს გავურბივართ, რადგან მათთან შეხვედრა არცთუ სასიამოვნოა. გაცილებით ადვილია, ბრაზი სხვას დაატეხო თავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: არც საკუთარ თავს უნდა მოვეკიდოთ მეტისმეტად სერიოზულად. ჩვენ გვაქვს უფლება გავღიზიანდეთ, გავბრაზდეთ, ეჭვი შევიტანოთ საკუთარ თავში, ვიყოთ არადეკვატურები და მერყევები, გვჭირდებოდეს გამხნევება, ვეძებდეთ თანაგრძნობას და ნუგეშს. უნდა მივცეთ საკუთარ თავს გლოვის, დარდის, ტირილის უფლებაც, გავუზიაროთ ახლობლებს ჩვენი გარძნობები და განცდები, მერე კი, როდესაც ვნებათა ღელვა ჩაივლის, წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და ცხოვრება გავაგრძელოთ. კვლავ ვიცინოთ, ვიმხიარულოთ. ამქვეყნად იმდენი შესანიშნავი რამაა, რასაც ჩვენი ცხოვრების გაფერადება შეუძლია! რა დროს ზედმეტი სერიოზულობაა?!

 

მინდა, დავპირდე შვილებს, რომ ვასწავლი მათ საკუთარი თავის ნდობას.

დარწმუნებული ვარ, ყველა ყურადღებიანმა მშობელმა კარგად იცის, რა ძლიერ გავლენას ახდენს მათ შვილებზე მათი სიტყვები; იცის, რა მძაფრად აღიქვამენ ბავშვები საკუთარ ღირსებებს და სისუსტეებს. სამწუხაროდ, მშობლები ვერ გააკონტროლებენ იმას, რაც მათ შვილებს გარშემო მყოფი ადამიანებისგან ესმით, ამიტომ აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს, ენდონ საკუთარ თავს და არავის მისცენ უფლება, ღირებულებები და პრინციპები შეურყიონ.

მინდა, ეზოპეს (ეზოპე ძველი ბერძენი მეიგავე) ერთი იგავი შეგახსენოთ, რომელიც ჩემს მოსაზრებას ეხმიანება და რომლის მოყოლაც თქვენი შვილებისთვის სასარგებლო იქნება.

„ერთხელ მშიერი მელა სამ ყვავს გადააწყდა, რომლებსაც ნისკარტით ყველის მოზრდილი ნაჭერი ეჭირათ. მელამ ხერხი იხმარა და ერთ-ერთ ყვანჩალას გამოელაპარაკა: „მშვენიერო ჩიტუნავ, შენზე მომხიბვლელი ფრინველი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავსო“. ამის გაგონებაზე ყვავმა გადაწყვიტა, ქვედა ტოტზე გადაენაცვალა, რომ უკეთ წაეკეკლუცა მელიის წინაშე. „ნეტავი შენი ხმაც მომასმენინაო“, – დათაფლული ხმით განაგრძო მელიამ. ყვანჩალამ პირი გააღო და ყველის ნაჭერი დაუვარდა. მელია ეცა და წამსვე გადასანსლა გემრიელი ლუკმა.

მეორე ყვანჩალამ, რომელიც ამ სცენას თვალს ადევნებდა, გაიფიქრა, ეს საზიზღარი მელა მე ვერაფრით მომატყუებსო. მელაკუდამ ტაქტიკა შეცვალა და ყვავს მიმართა: „შენსავით შეუხედავი და ბინძური ფრინველი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავსო“. ყვანჩალა ისე განრისხდა, თავი ვეღარ შეიკავა და აჩხავლდა. რა თქმა უნდა, ყველის ნაჭერი დაუვარდა, რომელიც მყისვე გადასანსლა მელაკუდამ.

მესამე ყვავის ჯერიც დადგა. „შენ რა, თავი ყველაზე ჭკვიანი გგონია? სინამდვილეში სულელი ხარ და ცხოვრებისა არაფერი გაგეგება!“ – დამცინავად ასძახა მელიამ. ყვანჩალამ პასუხად გაუღიმა და ყველის ჭამას შეუდგა. მელაკუდამ ხმა დაითაფლა და ყვავს მიმართა: „მართლაც ჭკვიანი ყოფილხარ, თუ დავმეგობრდებით, მთელი ტყის ბატონ-პატრონები გავხდებითო“. არც ამ სიტყვებმა იმოქმედა ყვავზე. მელაკუდა და ორი მოტყუებული ფრინველი შურით შესქცეროდნენ, როგორ შეექცეოდა ნუგბარს გონიერი ყვავი“.

თქვენ როგორ იგავებს უყვებით შვილებს? როგორ ღირებულებებს უნერგავთ მათ?

პირობას ვდებ, დავანახო ჩემს შვილებს, რომ ცხოვრებისეული ღირებულებები შეიძლება ნამდვილი წარმატების საფუძვლად იქცეს.

მე და ჩემს ძმას მშობლებმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გვასწავლეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ: არასოდეს ვუღალატოთ საკუთარ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ. ეს ღირებულებები ჩვენთვის თავს არასოდეს მოუსვევიათ, პირიქით, ჩვენც, როგორც სხვა ბავშვები, ვაკვირდებოდით, როგორ ეპყრობოდნენ მშობლები საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს. რაც უფრო გვემატებოდა ასაკი, მით უფრო მტკიცედ ვითვისებდით ღირებულებებს, რომლებმაც განსაზღვრა, სად გვესწავლა, რა პროფესია აგვერჩია, როგორ წარგვემართა ჩვენი პირადი ცხოვრება და ადამიანებთან ურთიერთობა.

ყოველ დილით, ლოცვისა და მედიტაციის დროს, ვფიქრობდით ყველაზე მნიშვნელოვან, ღირებულ განცდებზე, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ჩვენს დროს შეავსებდა; ეს განცდები ეხებოდა მეგობრობას, სიმშვიდეს, მხიარულებას, შემოქმედებას, სწავლას, ჰარმონიას… მინდა გითხრათ, რომ როდესაც მშვიდად ვუსმენდით საკუთარ გულისხმას, ყოველთვის ვრწმუნდებოდით, რომ ყველაზე ღირებული ის განცდები იყო, რომლებიც კარგ განწყობას გვჩუქნიდა, საშუალებას გვაძლევდა გვერწმუნა, რომ ბედნიერები, უდარდელები და გარშემო მყოფებისთვის ძვირფასები ვიყავით. ეს ყველაფერი გვეხმარებოდა, გამუდმებით გვეგრძნო კავშირი სხვა ადამიანებთან, მოვქცეოდით მათ ისე, როგორ მოქცევასაც მათგან ვისურვებდით. გარდა ამისა, ჩვენ შეგევქმნა საკუთარი წარმოდგენა სამყაროზე, რომელშიც ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებსაც ისევე ძლიერად სურდათ წარმატება და თვითრეალიზაცია, როგორც ჩვენ.  რაც მთავარია, ჩვენ თავად შეგვეძლო საკუთარი ბედის წარმართვა, შემოქმედებითი ხედვის ჩამოყალიბება და უბრალოდ ყოველი დღით აღფრთოვანება.

მშობლებს სურთ, შვილებს ის ღირებულებები ჩაუნერგონ, რომლებიც მათ საკუთარი თავის რწმენას შესძენს, ასწავლის, პატივისცემით და სიყვარულით მოეპყრონ მოყვასს. ვასწავლოთ შვილებს, ყური მიუგდონ საკუთრ განცდებს და გაიგონ, რა არის მათთვის კარგი, რომ შემდეგ ეს განცდები გარშემო მყოფებს გაუზიარონ.

განსჯისათვის: შეძლებთ, ჩამოთვალოთ ათი ღირებულება, რომლებიც თქვენთვის იმდენად ძვირფასია, რომ მოგინდებათ, ისინი შვილებსაც გაუზიაროთ პირადი მაგალითით?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...