შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

პრაქტიკულ საქმიანობაში ასახული უწყვეტი განათლება

0

გერმანელი მწერლის, მიხაელ ენდეს, რომანი „დაუსრულებელი ამბავი“ ოთხი წლის წინ წიგნის ფესტივალზე აღმოვაჩინე და ჩემი რაჭველი მოსწავლეებისთვის ვიყიდე.

11 წლის ბასტიანს დედა გარდაცვლილი ჰყავს, ცოლის დაკარგვით გამოწვეული დარდის გამო მამას მისთვის არ სცალია. ბიჭს ბევრი პრობლემა აქვს: თანატოლები ჩაგრავენ, ჭარბი წონის გამო დასცინიან, სწავლაშიც ხელმოცარულია. ბასტიანი სკოლას ციხეს ადარებს. ამ სიმარტოვესა და გაუცხოებას კითხვით ებრძვის. „დაუსრულებელი ამბავი“ არის რეალობასა და ფანტაზიას შორის მიმოსვლა. ბასტიანს ამ მოგზაურობისას წონასწორობის შენარჩუნებას მაღაზიიდან გატაცებული წიგნი ასწავლის.

„დაუსრულებელი ამბის“ მიხედვით დავამზადე დიორამა და ლიტერატურულ კაფეში წარვადგინე. შემდეგ ჩემი მოსწავლე, 12 წლის მარიამი, დაინტერესდა, „დაუსრულებელი ამბის“ შესახებ სლაიდშოუ ააგო და მომდევნო ლიტერატურულ კაფეში თანატოლებს გააცნო. ფენტეზის ჟანრის რომანი სხვებმაც წაიკითხეს. ორი წლის შემდეგ წიგნის გერმანული გამოცემა შტუტგარტის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე. სასიამოვნოდ გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ წიგნი ქართულ გამომცემლობას ზუსტად გერმანული გამოცემის მიხედვით უთარგმნია და გამოუცია, რადგან წიგნს აზრს სწორედ მისი განსხვავებული დიზაინი სძენს. „დაუსრულებელ ამბავს“ სურათი გადავუღე და წიგნიერების დონის ასამაღლებელი ვიქტორინისთვის მომზადებულ სლაიდშოუში ჩავსვი. საზაფხულო სკოლაში კი რაჭველ მოსწავლეებს ვაჩვენე. მიზნად დავისახე ლიტერატურის ძალის წარმოჩენა და კითხვის მულტიკულტურული მნიშვნელობის გააზრება – მაღალმთიანი სოფლის პატარა სკოლის მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ წაკითხული წიგნი როგორი მნიშვნელოვანია მწერლის სამშობლოში. ყოველივე ამას კი წიგნიერების რაობის გააზრებამდე მივყავართ, კერძოდ, კითხვა და ლიტერატურა სხვა ქვეყნის კულტურული სამყაროს გასაცნობად საუკეთესო საშუალება რომ არის. ეს ამბავი იმით გაგრძელდა, რომ ჩემმა თბილისელმა მოსწავლემ მიხაელ ენდეს „დაუსრულებელი ამბის“ რაჭულ-შტუტგარტული ისტორიის მოსმენის შემდეგ გერმანიაში იმოგზაურა და სკოლაში წიგნის გერმანული გამოცემით დაგვიბრუნდა. ვიცი, რომ მიხაელ ენდეს ლურჯ და წითელმელნიანი რომანი კიდევ ბევრ ამბავში გაგვხვევს.

~

(წიგნის მიხედვით დამზადებული დიორამა / „დაუსრულებელი ამბავი“ – ქართული გამოცემა)

(„დაუსრულებელი ამბავი“, გერმანული გამოცემა / შტუტგარტის ახალი ბიბლიოთეკა)

 

“Please, sir, I want some more!” – ამ ფრაზას ჩარლზ დიკენსის ოლივერ ტვისტი ამბობს და მთავარი კონფლიქტიც აქედან იწყება, რომელიც პატარა ბიჭს გაბედულ თავგადასავალში ჩააბამს. წიგნი ხუთი წლის წინ სიმბოლურად ვიყიდე ჩემი პირველი ხელფასით. მაშინ ქალაქ ონში იყო გაზეთების ჯიხური, სადაც თბილისიდან ყოველკვირეულად წიგნებიც ჩამოდიოდა. შემოდგომის ერთ მზიან ხუთშაბათს კატიწვერას დათოვლილი მყინვარი მოახლოებულ ზამთარს გვამცნობდა. მასწავლებლები სკოლის წითელი ავტობუსით ონიდან უწერისკენ მივრახრახებდით. მე საგულდაგულოდ ჩამებღუჯა სქელტანიანი „ოლივერ ტვისტი“. მაშინ რას წარმოვიდგენდი, როგორ თავგადასავალს დაატრიალებდა ეს წიგნი ჩვენს ცხოვრებაში.

მალევე პირველი ლიტერატურული კაფე გავმართეთ. წიგნის წარდგენის ფორმად პოსტერი შევარჩიეთ. ჩემი არჩევანი „ოლივერ ტვისტი“ იყო. პოსტერზეც ოლივერი დავხატე და მცირე ინფორმაციულ ტექსტთან ერთად ფრაზაც “-Please, sir, I want some more!” დავწერე. წიგნმა მოგზაურობა დაიწყო და ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველი ხელფასით ნაყიდი წიგნი ორი წლის შემდეგ დამიბრუნდა. მოგზაურობის კვალიც მოიყოლა: ბავშვების სიყვარული და კითხვისას განცდილი ემოციები. თითქოს ოლივერ ტვისტთან ერთად ჩვენც ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ დავიწყეთ სვლა: ვებრძოდით შიშებსა და სირთულეებს, ვიღრმავებდით ცოდნას, ვსწავლობდით ერთმანეთისგან და ოლივერის მსგავსად თანდათან გაბედულები ვხდებოდით.

ორი წლის შემდეგ მოულოდნელად ლონდონიდან სოფელში სტუმარი გვეწვია. ქალბატონი ლელა ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მედიათეკის ოთახში სიმბოლურ საჩუქრებს რომ გვანახებდა, მოულოდნელად ბავშვები აყიჟინდნენ. საყოველთაო სიხარული ჩარლზ დიკენსის მოთხრობების კრებულმა გამოიწვია, რომლის ყდაზე სწორედ ის ეპიზოდი იყო გაცოცხლებული, როცა მეგობრების წაქეზებით შეგულიანებული ოლივერი ზედამხედველს ხის ჯამით მიადგება და ულუფის დამატებას სთხოვს. რაჭველი გოგო-ბიჭები კი ლონდონიდან ჩვენთვის ჩამოფრენილ, ნაქერალას უღელტეხილგადმოვლილ წიგნის ილუსტრაციას დაჰყურებდნენ და Please, sir, I want some more-ს ამბობდნენ.

ორი წლის მერე სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელე. ანგლო-ამერიკული რომანის ლექციაზე ჩარლზ დიკენსის შესახებ სულგანაბული ვისმენდი. უეცრად ლექტორმა ჩვენთვის საკრალურად ქცეული ფრაზა რომ ახსენა, ემოციების გამოხატვისგან თავი ვერ შევიკავე. მე და ჩემს მოსწავლეებს ახალწამოწყებული გვქონდა პროექტი სახელად „მიმოწერილი მთა და ქალაქი“, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პირად წერილებს ვწერდით და ფოსტით ვუგზავნიდით. წერილებში წიგნებზე, სწავლაზე, ლექციებზე, ქალაქურ ცხოვრებაზე ვამახვილებდი ყურადღებას. ჩარლზ დიკენსის, ოლივერ ტვისტისა და ჩემი ლექტორის შესახებ საგანგებოდ მივწერე ბავშვებს. მიზანი ახლაც იგივე იყო: კითხვით წამოწყებული თავგადასავლების მნიშვნელოვნება, ჩვენი ინდივიდუალური ამბებით ცხოვრების გამრავალფეროვნება, ლიტერატურით სხვადასხვა სოციუმში თვითდამკვიდრება.

      

უწყვეტი განათლების შედეგად პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია აღვწერო, თუმცა სიღრმისეული გააზრებისა და ანალიზისთვის აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მიმოხილვა.

მასწავლებლის ყოველდღიური რიტმი სწრაფი, მოუხელთებელი და ულმობელია, რაც მუდმივ შფოთვას იწვევს. შინაგან დაძაბულობას ხშირად მრავალი ფორმალური თუ არაფორმალური, დაგეგმილი თუ დაუგეგმავი საქმე, სამსახურეობრივი და პირადი ვალდებულებები ქმნის.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მართლაც გაუსაძლისი იქნებოდა, რომ არა ის კომფორტისა და სიამოვნების განცდა, რაც მუდმივ ძიებას, კვლევას, ჩვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებასა და უწყვეტ განათლებას მოაქვს.

უწყვეტი განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლას გულისხმობს. შეგვიძლია უწყვეტი განათლების სინონიმად სიტყვა მაძიებლობაც გამოვიყენოთ. განათლების სფერო მაძიებელს ახალბედა მასწავლებელს უწოდებს, რომელიც პროფესიაში დამკვიდრებამდე ამ სტატუსს ატარებს. თუმცა ჩემთვის მაძიებლობა უწყვეტი სტატუსია და მასწავლებლის საქმიანობა სწორედ მაძიებლობაზე დგას. მასწავლებლობა პიროვნული განვითარების, ემოციების მართვისა და ინტელექტის მუდმივი წრთობაა. რომ გავცეთ, უნდა მოვიპოვოთ. რომ ავივსოთ, უნდა ვიმოქმედოთ. შერლოკ ჰოლმსივით დედუქციურ მეთოდს მივყვებით თუ დეტალებიდან ავაგებთ ჩვენეულ სამყაროს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გამადიდებელი შუშა მოვარგოთ თვალებს, პროფესიული ინტუიცია გავიმახვილოთ, შედეგად კი იდეები არასდროს გამოგველევა.

როგორც უკვე აღვნიშნე, უწყვეტი განათლება – მაძიებლობა – პრაქტიკულ საქმიანობას საინტერესოს ხდის და სწავლა-სწავლების პროცესს მუდმივ წრებრუნვად აქცევს. აქ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: რა მიზნით ვასწავლით? წარმატებული მომავლის შესაქმნელად თუ თვითშემეცნებისთვის, რომელიც თავისთავად ქმნის წარმატებულ მომავალს.

ჩემ მიერ დასმულ კითხვას ფრანგი მწერალი, მასწავლებლობის ოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე დანიელ პენაკი, რომანში „სკოლის სევდა“ ასე ეხმიანება:

„როცა ცხოვრება გვართმევს იმ როლს, რომელიც ასე კარგად მოვირგეთ და ვხდებით ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვართ, ჩვენ ხშირად არარაობას ვემსგავსებით – ჩვენ არავინ ვხდებით. ეს განცდა ისეთი მტკივნეული და ისეთი მძაფრია, რომ მზად ვართ, სიცოცხლეც მოვისწრაფოთ. აი, აქ ვლინდება ჩვენი აღზრდის ნაკლოვნება, მთავარი ბზარი და დეფექტი“.

აღზრდის მთავარი დეფექტი კი სიხარულს მოკლებული, მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებაზე ორიენტირებული სწავლებაა, რომელიც ბავშვებს სკოლას აძულებს. სწავლის დაკავშირება თვითშემეცნებასა და სიხარულთან მოსწავლე-მასწავლებლის ცხოვრებას სწორი მიმართულებით წარმართავს. კვლავ ისმის კითხვა: როგორ მოვახერხოთ მასწავლებლებმა რუტინულ ყოველდღიურობაში ამ კონკრეტული მიზნისთვის აქტივობების მორგება? აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სწავლების პროცესში ცნობისმოყვარეობის როლზე, რომელიც მაძიებლობასთან დაგვაბრუნებს. ცნობისმოყვარეობა, ახლის აღმოჩენისა და სწავლის სურვილი, მასწავლებელს მუდმივ მაძიებლად აქცევს. ყოველივე ამას მასწავლებელი მოსწავლეებსაც უნდა გადასცემდეს.

ცნობისმოყვარეობის ფენომენის მეცნიერული კვლევა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყეს. ის ყველა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და კატებს (აქ ლუის კეროლის ელისი და მისი ფისო – დინა გაგახსენდებათ). ცნობისმოყვარეობის აღძვრას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება, თუმცა აქაც გარკვეული ზომიერების დაცვაა საჭირო. დიდი დოზით აღძრულმა ცნობისმოყვარეობამ შეიძლება არასწორი გზით განავითაროს მოზარდის ქმედება. მართალია, სასწავლო პროცესში მასწავლებელმა უნდა აღძრას ინტერესი, თუმცა თავადაც მიბმული უნდა იყოს ამ პროცესთან, რათა არ დაკარგოს კავშირი მოსწავლესთან.

ცნობისმოყვარეობის მოკლე განმარტება ამგვარია: ადამიანი ცნობისმოყვარედ ითვლება, როცა დაინტერესებას იჩენს სიახლეების მიმართ და როცა ენთუზიაზმს არ იშურებს თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

ასე რომ, თვითშემეცნების გასაღვივებლად ცნობისმოყვარეობის აღძვრაა საჭირო, შემდეგ კი წამოწყებული კვლევა-ძიების გაძღოლის დრო დგება. კვლევა-ძიებაზე ორიენტირებული სწავლება კონსტრუქტივიზმს გაგვახსენებს, სწავლების იმგვარ მოდელს, როდესაც მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებს ახალ ცოდნას.

სწორად წარმართული კონსტრუქტივისტული სწავლებისას სწავლა კმაყოფილებასა და სიხარულს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს ამერიკელი ფსიქოლოგი, მიჰალი ჩიკსენმიჰალის დინების თეორია (Flow Theory), რომელიც წიგნში დინება: ბედნიერების ფსიქოლოგია“ დაწვრილებით აღწერა. მიჰალი ჩიკსენმიჰალის თეორიის მიხედვით:

 

  • სიამოვნებას უნდა იღებდე კეთებისგან;
  • ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა და გქონდეს პროგრესისკენ მიმართული მიზნები;
  • შენს საქმიანობას უნდა ჰქონდეს მყისიერი უკუკავშირი (სხვა დააინტერესო, მოიზიდო, ჩართო);
  • გამოწვევა და მიზანი უნდა შეესაბამებოდეს შენს შესაძლებლობებს;
  • ძლიერ უნდა იყო ფოკუსირებული აწმყოზე.

 

ჩემი, როგორც ქართულის მასწავლებლის, თვითმიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისთვის ზრუნვაა, რადგან სწავლა-სწავლების ეფექტიანობას სწორედ წიგნიერება განსაზღვრავს. საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც არგუმენტად უნდა დავიმოწმოთ.

2015 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფმა მათემატიკაში სახელმწიფო შეფასების ანგარიში მოამზადა. კვლევამ 166 სკოლის 4226 მოსწავლე მოიცვა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რა შედეგები აქვთ ქართველ მოსწავლეებს საბაზო საფეხურის დასრულებისას, მე-9 კლასის ბოლოს. კვლევის შედეგად საინტერესო ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ, როგორ მოქმედებს წიგნიერება მათემატიკური უნარების განვითარებაზე. მასწავლებლების აზრით, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც წერა-კითხვის კარგად სწავლებას. (სახელმწიფო შეფასება, მათემატიკა, 2015)

აღნიშნული კვლევა ამტკიცებს, როგორი მნიშვნელოვანია წიგნიერებაზე ზრუნვა და რომ სწორედ წიგნიერებაზე დგას სხვა დანარჩენი უნარის განვითარება.

რადგანაც სწორედ წიგნიერების განვითარებისკენ არის მიმართული ჩემ მიერ აღწერილი პრაქტიკული საქმიანობის კონკრეტული მაგალითები, სახელმწიფო შეფასების შედეგების გათვალისწინებით ვრწმუნდებით, როგორი სიღრმისეული როლი აქვს მასწავლებლის ზრუნვას უწყვეტი განათლებისთვის, თვითგანვითარებისთვის (წიგნიერების მიმართულებით) და პირადი მაგალითის პრაქტიკულ საქმიანობაში წარმოჩენას, რის შედეგადაც მოსწავლეებიც მაძიებლები ხდებიან.

დროთა განმავლობაში მასწავლებლის მაძიებლობა პირად მაგალითად იქცევა მოსწავლისთვის, უღვივდებათ ცნობისმოყვარეობა. შემდეგ ჩვენ მეგზურად მივყვებით კვლევა-ძიების გზაზე და წარვმართავთ ცოდნის აგების პროცესს. უწყვეტი განათლება ერთიან ჯაჭვად აერთიანებს თითოეულ რგოლს და სწავლა-სწავლებაც სიამოვნებას, სიხარულს უკავშირდება. ყოველივე ამის შედეგად კი მიჰალი ჩიკსენმიჰალის თეორიის ძირითად მახასიათებლებს ადვილად აღმოვაჩენთ როგორც ჩვენს, ისე ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში.

პ.ს. ორი წლის შემდეგ ჩემმა ათი წლის გოგონამ მამასთან ერთად შტუტგარტის ბიბლიოთეკა მოინახულა. გერმანიაში წასვლამდე მიხაელ ენდეს „დაუსრულებელი ამბავი“ წაიკითხა და ქართული გამოცემა თან გაიყოლა. ისე მოხდა, რომ წიგნი ბიბლიოთეკაში დაკარგა. ბევრი ძებნის მიუხედავად, ვერ იპოვეს. მას შემდეგ სულ ვფიქრობთ, ნეტავ, ვინ იპოვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი წითელყდიანი წიგნი ან სად მიუჩინა ადგილი?

ამ წიგნის ისტორია სათაურს ჰგავს – ამბები არ სრულდება მის ირგვლივ და ცნობისმოყვარეობაზე აგებულ ურთიერთობას ჰგავს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ინტერნეტჟურნალი mastavlebeli.ge. „უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის” , ვერიკო ხელისუფალი, 2016 წელი, 27 აპრილი.

უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის

 

კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, USAID G-PRIDE, 2015, თბილისი;

სახელმწიფო შეფასება, მათემატიკა – IX კლასი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 2015. თბილისი;

პენაკი, დანიელ. 2015. „სკოლის სევდა“. თბილისი: „დიოგენე“;

Day, H.I. 1982, May. “Curiousity and The Interested Explorer”. York University. NSPI Journal.

 

 

 

თემა – ურთიერთობები

0
  1. თემატური საკვანძო კითხვა – როგორ ვრეაგირებთ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე?

ოცდამეერთე საუკუნის უნარები და განათლება  

0

სკოლა 2006 წელს დავამთავრე ჰერეთში. ალბათ ყველა ჩვენგანს ახსოვს, როგორ მოგვიწოდებდნენ პედაგოგები სწავლისკენ, ცოდნის შეძენისკენ: „მოვა დრო და ჩემს სიტყვებს გაიხსენებ, ისწავლე!“

რატომ უნდა მესწავლა, არ მესმოდა. თითქოს რაღაც მუხტს მივყვებოდი.

ახლა მე თვითონ ვარ პედაგოგი და ვცდილობ, სწავლის საჭიროებასთან ერთად ყურადღება გავამახვილო ოცდამეერთე საუკუნის უნარების განვითარებაზე.

ვფიქრობ, კარგი იქნება, ბავშვებს იმის გააზრებაში დავეხმაროთ, რისთვის ისწავლონ, რაში გამოიყენონ ნასწავლი და როგორ დაუკავშირონ ყოველდღიურ ცხოვრებას სკოლაში მიღებული ცოდნა.

პანდემიამ ჩვენი რეალობა შეცვალა. დღეს შეიძლება რამდენიმე თვეში აითვისო ის, რასაც ადრე თვეები სჭირდებოდა. დისტანციური რეჟიმში მუშაობა ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა. Covid-19-ის გავრცელების შემდეგ მსოფლიომ იგრძნო, რომ გარანტიები არ არსებობს; ყველაფერი უცებ იცვლება, რაღაც მთავრდება და ახალი სივრცე ახალ უნარებს მოითხოვს.

რა შეიძლება ვასწავლოთ ახალგაზრდებს? – ეს კითხვა საუკუნეებია არსებობს. ყველა საუკუნეს თავისი პასუხები აქვს. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, სამყაროს წესრიგი მოითხოვს ცოდნას, რომელიც იმისთვის მივიღეთ, რომ ცხოვრებაში გამოვიყენოთ:

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“.

გურამიშვილი უსწავლელ ადამიანს უკლანჭო ვეფხვს ადარებს:

„ეგრეთ ჭკვიანი უწვრთნელი ვერ მიხვდეს, რასა ნდომობდეს“.

რა არის ცოდნა და რა არის სწავლა დღეს? საბჭოთა დაზუთხვის მეთოდები თითქოს უარვყავით, მაგრამ ბევრგან შემორჩენილია. რა უნდა მისცეს სკოლამ მოსწავლეს? გვესმის, რომ პედაგოგი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, მომავალი სახელმწიფოს ქვაკუთხედი.

რა უნდა შეეძლოთ მომავალ მოქალაქეებს?

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მომავალ თაობას უნდა შეეძლოს ცვლილებების ეფექტური წარმართვა. ამიტომ სასკოლო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, მოამზადოს ახალგაზრდა ცხოვრებისთვის, წარმოდგენა შეუქმნას მოთხოვნებზე, რომლებიც შეიძლება დახვდეს იმ სფეროში, სადაც თავის დამკვიდრებას გადაწყვეტს.

ახლა გვყავს უამრავი დიპლომიანი და უმუშევარი სახელმწიფოში. რატომ?

რა უნარებია საჭირო XXI საუკუნეში წარმატების მისაღწევად? საკუთარი თავის რეალიზებისთვის? თვითდამკვიდრებისთვის? რას ნიშნავს თქვენთვის განათლება დღეს? ეს კითხვები ყოველთვის თან სდევს ფორმალურ თუ არაფორმალურ სასწავლო პროცესს.

რა არის ოცდამეერთე საუკუნის უნარები და რატომ არის მათი განვითარება მნიშვნელოვანი?

ოცდამეერთე საუკუნის უნარები თორმეტ კომპონენტს მოიცავს. თორმეტივე მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. მათ სამ მიმართულებად ყოფენ. ესენია:

  1. სწავლის უნარები
  2. წიგნიერების უნარები
  3. ცხოვრებისეული უნარები

სწავლის უნარები (4C) მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, კრეატიულობას, თანამშრომლობას და კომუნიკაციას. ეს უნარები აცნობს მოსწავლეებს პროცესებს, რომლებიც საჭიროა თანამედროვე სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციისთვის.

წიგნიერების უნარები მოიცავს ინფორმაციულ წიგნიერებას, მედიაწიგნიერებას და ტექნოლოგიურ წიგნიერებას. ჩამოთვლილი სამი უნარი მოსწავლეებს ეხმარება, ამოიცნონ სანდო წყარო, გამოყონ სარწმუნო ფაქტობრივი მასალა იმ დეზინფორმაციიდან, რომლითაც სავსეა ინტერნეტი და თავად იყვნენ მედიაპროდუქტის აქტიური შემქმნელები.

მესამე მიმართულება, ცხოვრებისეული უნარები, მოიცავს მოქნილობას, ლიდერობას, ინიციატივას, პროდუქტიულობას და სოციალურ უნარებს. ეს უნარები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კონცენტრირდნენ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე, აადვილებს საზოგადოებაში დამკვიდრებას. ყველა მათგანი უნიკალურია და ერთი რამ აერთიანებს: ინტერნეტის ეპოქაში მათი საჭიროება.

როგორ ვასწავლოთ და განვავითაროთ ეს უნარები სკოლაში?

თავდაპირველად გავაცნოთ მოსწავლეებს თორმეტივე, მერე კი შევთავაზოთ ასეთი ცხრილი:

უნარები, რომლებიც მაქვს უნარები, რომლებიც მინდა რომ მქონდეს უნარები, რომელთა შესახებ არ მაქვს ინფორმაცია
     
     
     
     

ამ აქტივობის შემდეგ თვითონვე მიხვდებით, რა მიმართულებით სჭირდებათ თქვენს მოსწავლეებს მხარდაჭერა.

მომდევნო ნაბიჯია ოცდამეერთე საუკუნის უნარების უკეთ გააზრება და პრეზენტაციების მომზადება. პრეზენტაციაში მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ, სად და რა ვითარებაში ვლინდება ესა თუ ის უნარი.


აქვე გიზიარებთ ქართულად თარგმნილ სტატიებს, სადაც დეტალურად განხილულია სწავლის უნარები, წიგნიერების უნარები და ცხოვრებისეული უნარები.

მნიშვნელოვანია, მათი განვითარება ხდებოდეს სასწავლო პროცესის პარალელურად. სასკოლო კურიკულუმები ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზე იყოს ორიენტირებული.

ოცდამეერთე საუკუნის უნარების განვითარებაზე ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, რათა სწრაფი გლობალიზაციის პირობებში შევძლოთ კონკურენტუნარიანი თაობების აღზრდა.

სტატიაში გაზიარებული რესურსები შემუშავებულია მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე. პროგრამის პარტნიორია ტალინის უნივერსიტეტი.

 

გამოყენებული წყაროები:

რა არის 21-ე საუკუნის უნარები? – https://www.aeseducation.com/blog/what-are-21st-century-skills

სახელმძღვანელო „21-ე საუკუნის უნარები საშუალო სკოლებში“ – https://info.aeseducation.com/hubfs/premium/ultimate-guide-to-teaching-21st-century-skills-secondary-schools.pdf?hsCtaTracking=e01bbc60-e853-4af9-bf11-971173907ae2%7C9455cde0-4c94-4160-b52d-5b031ccdba63

მაკბეტი XXI საუკუნეში

0

უილიამ შექსპირი უკვდავია. მის უკვდავებას ტრაგედიებში განხილულ საკითხთა მარადიულობა და უნივერსალურობა განაპირობებს. ყველა ეპოქისთვის, ყველა ერისთვის, ყველა კლასისთვის ადვილად აღსაქმელი და მარტივად გასააზრებელია პრობლემები, რომლებსაც შექსპირი თავის ნაწარმოებებში განიხილავს. დროსთან ერთად იცვლება ფორმები, მეთოდები, გარეშე ფაქტორები, მაგრამ ადამიანის უმნიშვნელოვანეს ამოცანათა შინაარსი უცვლელია. ამ ელემენტარული ჭეშმარიტების უტყუარობაში ჩემთვის კარგად ნაცნობის ერთი ახალგაზრდა გოგოს ნამუშევარმა დამარწმუნა.

სამხატვრო აკადემიაში თეატრის მხატვრის სტატუსის მოსაპოვებლად სადიპლომო ნაშრომის შესრულებაა აუცილებელი. სტუდენტები ირჩევენ კლასიკური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს და თავიანთი ესკიზებით, მოდელებით ცდილობენ ისინი სცენაზე გააცოცხლონ. წარმოიდგინეთ რამხელა გასაქანი ეძლევა უფროსკურსელთა ფანტაზიას? დიპლომის დასაცავად ისინი დროში მოგზაურობენ, თავისი გემოვნების მიხედვით რთავენ წარმოსახვით დარბაზებსა თუ ციხე-კოშკებს, ნაირ-ნაირი ნაჭრებით მოსავენ პერსონაჟებს, ცდილობენ სიცოცხლე შთაბერონ წიგნებში გამომწყვდეულ სიუჟეტებს, სიმბოლოებს … ზოგიერთი უფრო მეტს ბედავს და რისკზე მიდის, რათა საუკუნეთა წინ შექმნილი შედევრები ციფრულ საზოგადოებასთან დააკავშირონ.

მარიამმაც რისკიანი ნაბიჯი გადადგა და „მაკბეტის“ გათანამედროვება გადაწყვიტა.

რის შესახებ მოგვითხრობს „მაკბეტი“?

შექსპირის დასახელებული ტრაგედიის მთავარი თემა ფუჭი პირადი ამბიციების საფუძველზე ადამიანის ცდუნება და ცდუნების შედეგად სინდისის, მეგობრის, ქვეყნის ღალატი გახლავთ. თავდაპირველად, მთავარსარდალი მაკბეტი პატიოსან და ღირსეულ რაინდად წარმოგვიდგება, რომელიც თავგანწირვითა და სიმამაცით იბრძვის სახელმწიფოსა და მეფის დასაცავად, დაუნდობლად უსწორდება ორგულ თანამებრძოლებსა და მტრებს. გულად მხედართმთავარს იღბალი წყალობს და ომიდან გამარჯვებული ბრუნდება. ის ბედნიერია, ბოროტმოქმედების გარეშე აპირებს ზეიმს, უხარია, რომ ხელმწიფეს გამოადგა, სამშობლო დაიცვა. თუმცა, პირველი პატარა გამარჯვებისთანავე ჩნდება ნარცისიზმის, საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებულად შეფასების საფრთხე. სამეფო კარისკენ მიმავალ გზაზე სარდალს კუდიანები ხვდებიან და არწმუნებენ, რომ პატარა გამარჯვება უმაღლეს საფეხურამდე დაწინაურების წინაპირობა შეიძლება გახდეს. კუდიანები მაკბეტს უქმნიან ილუზიას იმისა, რომ იგი შეიძლება დუნკანზე უკეთეს მონარქად ჩამოყალიბდეს; რომ იგი გვირგვინს უპირობოდ იმსახურებს; რომ მის მიერ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალების გამოყენება გამართლებულია. ალქაჯების შეგონებას კვერს დაუკრავს ლედი მაკბეტიც და ნაწარმოების მსვლელობისას რაინდი ამბიციურ, ყველაფრის მკადრებელ, ნახევრად შეშლილ მკვლელად გადაიქცევა, რომელიც სიცოცხლეს უბადრუკად დაასრულებს.

მარიამს შეეძლო შუა საუკუნეების ეპოქა გაეცოცხლებინა, სცენაზე შემზარავად შემოსილი დედაბრები გამოეყვანა, ფოლადის მძიმე აღჭურვილობებით, ფარებითა და შუბებით, კავალერიით დაებრმავებინა მნახველთა თვალი. თუმცა, ის უკეთეს გზას დაადგა და „მაკბეტის“ სიუჟეტი ოცდამეერთე საუკუნისთვის დამახასიათებელ ტიპურ ოფისში გაათამაშა.

წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მისი და მისი მასწავლებლის საერთო საქმის მოგვარებაში არც თუ ისე უმნიშვნელო როლი შეასრულა. ბიჭიც და მისი ხელმძღვანელიც კმაყოფილნი არიან მიღწეული შედეგით, ერთად აპირებენ გამარჯვების აღნიშვნას. შეკრებისკენ მიმავალი მთავარი პერსონაჟი ცოტა ხნით მარტო რჩება ოფისში. მოულოდნელად მისი პერსონალური კომპიუტერი და „სმარტფონი“ ახმაურდებიან. სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან ჩვენს გმირს უწყვეტად მოდის შეტყობინებები. შეტყობინებების საშუალებით უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები, ახლობლები და შორეული ნათესავები პირველ ბრძოლაში გამარჯვებით გამოსულ ახალგაზრდას შთააგონებენ, რომ ის საუკეთესოა; რომ მას უკვე შეუძლია ყველაზე მეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება; რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია. სოციალური ქსელის კომენტატორები დამწყებ პროფესიონალს მასწავლებლის მესაკუთრესთან დაბეზღებისკენ მოუწოდებენ. არწმუნებენ, რომ ხელმძღვანელის მოსაცილებლად შეუძლია მისი მაკომპრომეტირებელი მასალის ყალბი ანგარიშიდან გავრცელება. ყველაზე მეტად დამწყებს მისი შეყვარებული აგულიანებს. ბიჭიც აჰყვება შეგონებებსა და ამბიციებს, ბოლოს კი მესაკუთრეს მის ნაცვლად სხვა მოჰყავს სამსახურის უფროსად, ის კი სრულიად მარტო რჩება.

უილიამ შექსპირის დროს სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები არ არსებობდა. თუმცა, მაშინ ადამიანთა წარმოდგენებში არსებობდნენ ბოროტი ჯადოქრები, რომლებიც პატიოსან და კეთილ ადამიანებს დანაშაულისა და მოყვასის განადგურების გზაზე აყენებდნენ. მაკბეტის ოფისში გადმოტანით სტუდენტმა გვითხრა, რომ დღევანდელ ხანაში ალქაჯებისა და კუდიანების ფუნქციას Facebook-ი და მისი მონათესავე აპლიკაციები ასრულებენ. იცვლება ფორმა, შინაარსი კი მარადიული რჩება.

ვისაუბროთ საკუთარ მოთხოვნილებებზე

0

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ფრაგმენტს გერშენ კაუფმანის, ლევ რაფაელის და პამელა ესპელანდის წიგნიდან „შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“. წიგნი ისეა დაწერილი, რომ მკითხველისთვის ნათელი ხდება ავტორების მიზანი, დაელაპარაკონ მოზარდებს და მათ მშობლებს რაც შეიძლება მარტივი და გასაგები ენით. თხრობა გაჯერებულია რეალური ამბებისა და სიტუაციების აღწერით, რაც წიგნს საინტერესოდ საკითხავს და ადვილად აღსაქმელს ხდის.

ჩვენ ხშირად ვხმარობთ სიტყვას „საჭიროა“. ჩვენ გვჭირდება სწრაფი ინტერნეტი, ბრენდული ტანსაცმელი, ახალი ვარცხნილობა… მაგრამ ეს არ არის მოთხოვნილებები. ეს საჭიროებებია და განსხვავდება მოთხოვნილებებისგან, რომლებზეც საუბრობენ ავტორები წიგნის ამ თავში:

  1. სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება
  2. ფიზიკური ურთიერთობის (შეხების, ჩახუტების) მოთხოვნილება
  3. ერთობის, თანაზიარობის მოთხოვნილება
  4. სხვებისგან განსხვავებულობის მოთხოვნილება
  5. სხვა ადამიანებზე ზრუნვის, მათი მხარდაჭერისა და დახმარების მოთხოვნილება
  6. საკუთარი ღირსების, მნიშვნელოვნებისა და საჭიროების შეგრძნების მოთხოვნილება
  7. საკუთრი ცხოვრების და სოციუმში არსებული ურთიერთობების მართვის მოთხოვნილება.

გრძნობები, ისევე როგორც მოთხოვნილებები, არ შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი, კარგი ან ცუდი. უბრალოდ, დიდებმაც და პატარებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ რაც უფრო მეტი იციან საკუთრ მოთხოვნილებებზე, მით უფრო უკეთ შეძლებენ, სხვებსაც გააცნონ ისინი, რითაც პიროვნულად უფრო მეტად გაძლიერდებიან.

. სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება ადამიანს დაბადებისთანავე აქვს. ჩვენ ყველას გვახასიათებს ერთმანეთზე ზრუნვის მოხოვნილება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვნები, სასურველები და განსაკუთრებულები ვართ. თანამედროვე დასავლური კულტურა მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ადამიანი იყოს დამოუკიდებელი, თვითკმარი და არ სჭირდებოდეს სხვისი დახმარება. სინამდვილეში კი, – განმარტავენ ავტორები, – დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ სხვა ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შევინარჩუნოთ. ზოგჯერ ძალიან ძნელია, იყო და, ძმა, შვილი. ხოლო როდესაც დრო გავა – ცოლი, ქმარი, პარტნიორი და მშობელი. სწორედ ახლობელი ადამიანები გვეხმარებიან, საჭიროების შემთხვევაში გავძლიერდეთ ჩვენს როლში, რომელშიც გვინდა ვიყოთ საკმარისად კომპეტენტურები და თანაგრძნობით აღსავსეები იმისთვის, რომ არ განვიკითხოთ ისინი, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. თუ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა, ეს არ არის სისუსტე, ეს ძლიერებაა. ემოციური მხარდაჭერის საჭიროება ძლიერების წყაროა. მას, ვისაც შეუძლია, გულახდილად აღიაროს, რომ ემოციური მხარდაჭერა სჭირდება, უფრო მეტი შანსი აქვს, იყოს ბედნიერი.

 

რეკომენდაციები უფროსებისათვის

ურჩიეთ შვილებს, დაფიქრდნენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებზე და იქნებ ჩაინიშნონ კიდეც. დაფიქრდნენ იმაზე, ვინ არის მათი ზრუნვის მთავარი ობიექტი და ვინ უფრო მეტად ზრუნავს თავად მათზე. ურჩიეთ ბავშვებსა და თინეიჯერებს, დრო დაუთმონ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს, რითაც ურთიერთობის საკუთრ მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებენ და მერე იქნებ ისიც ჩაინიშნონ, რას აკეთებდნენ ერთად და რას გრძნობდნენ ამ დროს.

. ფიზიკური ურთიერთობის (შეხების, ჩახუტების) მოთხოვნილება – ჩვილებს, პატარა ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებს, ასაკოვან ადამიანებს დროდადრო სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე, ჩახუტება, რითაც ისინი ურთიერთსიმპათიას გამოხატავენ. შეხება და ჩახუტება ამშვიდებს ადამიანს. დადასტურებულია, რომ ჩვილები, რომლებიც არასაკმარისი ფიზიკური ურთიერთობების პირობებში იზრდებიან, ფიზიკურად და გონებრივად სათანადოდ ვერ ვითარდებიან. ფიზიკური ურთიერთობის ან, როგორც ფსიქოლოგები უწოდებენ, ტაქტილური ურთიერთობის მოთხოვნილებას ასაკი არ აქვს, რადგან ამ დროს ადამიანი უსაფრთხოებას, კომფორტს და სიყვარულს გრძნობს. ასევე, მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ ფიზიკური ურთიერთობა ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას ახდენს, აძლიერებს იმუნიტეტს, ზოგად ჯანმრთელობას და ემოციურ  მდგომარეობას.

ამ საკითხზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: მშობლების ნაწილს მიაჩნია, რომ თინეიჯერები უკვე იმ ასაკში არიან, როდესაც ჩახუტება და მსგავსი ფიზიკური კონტაქტი აღარ არის საჭირო. ეს თანამედროვე დასავლური კულტურის პრობლემაა. ბავშვებმა და მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ შეხება და იცოდნენ, როგორ გაარჩიონ ისინი ერთმანეთისგან. თუ ვინმე ცდილობს, შეეხოს ბავშვს და ამ დროს ეს უკანასკნელი თავს უხერხულად გრძნობს ან საერთოდაც ეშინია, საჭიროა, დაუჯეროს საკუთრ შეგრძნებებს და უარი უთხრას ასეთ ადამინს, ვინც არ უნდა იყოს ის, ნებისმიერი სახის ფიზიკურ კონტაქტზე, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს იმ ადგილს და შემდეგ მოუყვეს ამ შემთხვევის შესახებ ადამინს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა.

. ერთობის, თანაზიარობის მოთხოვნილება – მათეს სურს, მამასავით ძლიერი გაიზარდოს. ლიზას დედიკო ძალიან ჭკვიანია, ამიტომ მასაც უნდა, დედას დაემსგავსოს. დემეტრეს უფროსი ძმა ექიმია და ისიც ოცნებობს, მასავით ექიმი გამოვიდეს, ელენეს კი საკუთრი ძალიან განათლებული მასწავლებელი ჰყავს ეტალონად. ვატოს უნდა, თავის კუმირს, ცნობილ  ფეხბურთელს დაემსგავსოს.

ადამიანების უმრავლესობას ადრეული ბავშობიდანვე ჰყავს აღფრთოვანების ობიექტი, ცდილობს, მასავით ჩაიცვას, მისნაირი მანერები ჰქონდეს, მასავით ილაპარაკოს და მოიქცეს. ამით ადამიანები და განსაკუთრებით ბავშვები კუმირთან ერთიანობის, თანაზიარობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ცდილობენ.

ერთიანობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების კიდევ ერთი გავრცელებული ხერხია გაერთიანება სხვადასხვა რეალურ თუ ვირტუალურ ჯგუფში, სპორტულ თუ თეატრალურ სექციაში, გუნდში, რომელშიც მისაბაძი ობიექტი დადის. უფროსებს უნდა ესმოდეთ პატარების და მხარს უჭერდნენ მათ. შეიძლება, შესთავაზონ მოზარდ შვილებს, გაიხსენონ მათთვის მისაბაძი სამი ადამიანი. დაფიქრდნენ იმაზე, რატომ მოსწონთ ისინი, რატომ სურთ, მაინცდამაინც მათ დაემსგავსონ. ასევე მნიშვნელოვანია დაფიქრება და იმის გაცნობიერება, რატომ იზიდავს მოზარდს ესა თუ ის ჯგუფი, კლუბი, სექცია გაერთიანება თუ ორგანიზაცია.

. სხვებისგან განსხვავებულობის მოთხოვნილება – ადამიანს აქვს მოთხოვნილება, იყოს უნიკალური. მოდი, ვაღიაროთ: ნებისმიერი ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე არ ცხოვრობს ზუსტად ასეთივე მეორე ადამიანი. ამის აღიარება და სხვებისთვის თქმა მნიშვნელოვანია: „მე განსხვავებული ვარ, მე არავის ვგავარ“. უფროსებმა, სავარაუდოდ, იციან და პატარებსაც უნდა აუხსნან, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ორჭოფობაშია ერთობის, თანაზიარობის მოთხოვნილებასა და სხვებისგან განსხვავებულობის მოთხოვნილებას შორის. აქვს მომენტები, როდესაც მთელი არსებით ცდილობს სათაყვანებელი კერპის კოპირებას და მომენტები, როცა მხოლოდ საკუთრი თავის სჯერა, თუმცა საბოლოოდ აუცილებლად იპოვის ცხოვრებაში უნიკალურ, მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ადგილს.

 

მოთხოვნილებათა ბოლო სამი ტიპის შესახებ ავტორთა მოსაზრებას მომდევნო სტატიაში გაგიზიარებთ.

ფოფითის გამოყენება სასწავლო პროცესში

0

ჩემი მოსწავლეები ძალიან დიდი ინტერესით მისმენენ, როდესაც საგაკვეთილო პროცესში მათთვის ნაცნობ თემას შევეხები. მათემატიკის გაკვეთილზე კი მათივე საყვარელი სათამაშო- ფოფითი გამოვიყენე. რისთვის? – ქვემოთ მოგიყვებით.

პირველ რიგში გეტყვით, რა არის ფოფითი, რომელსაც ბავშვებში ხშირად შეამჩნევთ. ფოფითი არის  სილიკონის ბუშტის ფიჯეტის სათამაშო, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმა, ფერი, ზომა. მიიჩნევა, რომ ის ერთგვარი სტრესთან გასამკლავებელი სენსორული სათამაშოა. გამოყენებისთვის თქვენ უბრალოდ აჭერთ ბუშტებს თითს, ისინი მცირედით გამოსცემენ ხმას და იცვლიან მიმართულებას. სულ ეს არის. ბავშვებს კი ძალიან მოსწონთ ეს სათამაშო, მაგრამ ალბათ გიჩნდებათ კითხვა – რა კავშირშია ეს მათემატიკასთან? ან საერთოდ გაკვეთილთან?

როდესაც ჩემს რამდენიმე მოსწავლეს შევამჩნიე, რომ ამ სათამაშოს მიმართ არ იყვნენ გულგრილი, დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა ის გამომეყენებინა სასწავლო პროცესში? გადავწყვიტე, რომ იგი მომერგო მათემატიკის გაკვეთილისთვის.

  1. გამრავლების ტაბულა და ფოფითი:

იმისათვის, რომ ფოფითი მოვარგოთ გამრავლების თემას, საჭიროა ავიღოთ მართკუთხედის ფორმის ფოფითი. მოსწავლეებთან ერთად ვითვლი სიგრძესა და სიგანეზე განთავსებულ ბუშტუკებს და ვსვამ შეკითხვებს:
რამდენი ბუშტუკია სიგრძეზე?  მოსწავლეები მპასუხობენ, რომ ექვსია.

რამდენჯერ არის აღებული 6-ბუშტუკიანი სვეტი? ვითვლით და მოსწავლეებისგან ვისმენ პასუხს – ექვსი.

ე.ი 6 X 6 = 36    პასუხის გადამოწმების მიზნით მოსწავლეებთან ერთად ვითვლი  მთლიან ფოფითს.

 

  1. ფოფითი და გეომეტრიული ფიგურები:

დასაწყისში აღვნიშნე, რომ ფოფითი არის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის გეომეტრიული ფიგურებიცაა. ვიღებ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ფოფითს და მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:

  • რომელი გეომეტრიული ფიგურის ფორმის ფოფითი მიკავია ხელში?
  • რამდენი წვერო აქვს? გვერდი?
  • რამდენი გვერდი ექნება ორ რვაკუთხედს, თუ მათ ერთ გვერდს გავაერთიანებ? და ა.შ

 

  1. ფოფითი და ფერები

ფოფითის გამოყენება თქვენ შეგიძლიათ არამხოლოდ მათემატიკის გაკვეთილზე, არამედ ხელოვნების და თუნდაც ინგლისური ენის გაკვეთილზეც. მაგალითად, თუ გსურთ, მოსწავლეებს განვუმტკიცოთ ფერების ცოდნა, მაშინ ამაშიც დაგეხმარებათ ფოფითი. აარჩიეთ ისეთი ფოფითის სათამაშო, რომელიც ან სხვადასხვა ფერია, ან სხვადასხვა ფერის ბუშტუკები აქვს. თავდაპირველად ჩამოთვალეთ ფერები, რომლებიც მოცემულია სათამაშოზე და შემდეგ მოსწავლეებს დაუსვით შეკითხვა.

ფოფითის გამოყენებით ჩემს მოსწავლეებს კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი შევთავაზე. ვიგრძენი, რომ თუ  სხვა დროს რომელიმე აქტივობისას მთელი კლასი არ იყო ჩართული, ახლა პირიქით, ყველა ინტერესით ისმენდა და ელოდებოდა თავის ჯერს, როდის გამცემდა პასუხს დასმულ შეკითხვაზე.

„დიდები უცნაურები არიან“ – ფიქრობდა პატარა პრინცი და გზას მიუყვებოდა…“

0

 ფიქრები ეგზიუპერის წიგნის კითხვისას

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა ყველაზე ჯადოსნური და გამორჩეული ამბავი პატარა უფლისწულზე ასაკოვან ადამიანს მიუძღვნა და ამით მკითხველებს მინიშნებაც მოგვცა, რომ საკუთარ თავებში აღმოვაჩინოთ ის პატარა ბავშვი, წლების წინ რომ ვიყავით. ყველა დიდი ოდესღაც პატარა იყოო, ამის ცოდნა, არდავიწყება წარმოადგენს კარგი მასწავლებლობის, მშობლობისა და ადამიანობის საფუძველს.

„პატარა უფლისწული“, რომელიც ახალ ქართულ თარგმანში „პატარა პრინცად“ იქცა (მე მაინც უფლისწულად მოვიხსენიებ, არა წოდების სიზუსტის, არამედ სიტყვის ეტიმოლოგიის გამო: უფლის + წული (შვილი, ძე)), ერთი დიდი სახელმძღვანელოა ჩვენთვის, როგორ გავუგოთ ბავშვებს, როგორ გავხდეთ უკეთესი, როგორ შევიყვაროთ, როგორ ვემეგობროთ და როგორ გვწამდეს, სასწაულების როგორ ვირწმუნოთ.

ჩემთვის, უზარმაზარ ტრაგედიაგამოვლილი დედისთვის ეს წიგნი ცხოვრების მთავარ წიგნად იქცა და იმ კითხვებზე გამცა პასუხი, რომლებიც გამუდმებით მტანჯავდა. მიუხედავად იმისა, ბავშვობაში რამდენჯერმე მქონდა წაკითხული, მის არსს მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც ძალიან დამჭირდა. სწორედ მაშინ გადამიშალა საკუთარი გული და მაჩვენა, აღმომაჩენინა მთავარი ჭეშმარიტება – როგორ მერწმუნა. სხვა, დედებს, რომელთა შვილებმაც ეს სამყარო მიატოვეს და მარადიულ მოგზაურობას შეუდგნენ, ხშირად უთქვამთ, რომ „პატარა უფლისწულმა“ მათ მინიშნებები მისცა. მინიშნებებთან კი იმედებიც და საკუთარი ვარსკვლავებიც აპოვნინა, მილიარდობით მოციმციმე ვარსკვლავს შორის.

„პატარა უფლისწული“ მართლაც ჯადოსნური წიგნია. ნებისმიერი მკითხველისთვის ის ზუსტად იმ სიტყვებად, იმ ნარატივად გარდაიქმნება, ძალიან რომ სჭირდება. ამიტომაა ალბათ თაყვანისმცემელთა არმია რომ არ აკლდება, ვინ იცის, რამდენ ადამიანს შეუღო გულის კარი ან/და პირიქით რამდენი ადამიანისთვის იქცა თავად თავშესაფრად.

მაშ ასე, „პატარა უფლისწული“ მშობლებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარ შვილებში დაფარული ნიჭები. არ უთხრან მათ: „მახრჩობელა გველების ხატვას, გიჯობს გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და გრამატიკას მიხედეო“.

წლების წინ ერთი მოსწავლე მყავდა – 8 წლის ლაშა, თვალებბრიალა, საოცრად მგრძნობიარე და ემოციური ბიჭუნა. მაღალი, მსხვილი აგებულების, ძლიერი. შეეძლო კლასში „ყოჩი“ ყოფილიყო, თუმცა ეს არ ანაღვლებდა. ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდა, საოცრად კეთილი და კეთილშობილი. ხატავდა ფანტასტიურად, ისეთ ფერთა პალიტრას იყენებდა, გაოცებისგან სიტყვებს ვერ ვუყრიდი ხოლმე თავს. მათემატიკის ან ქართულის გაკვეთილზე გავხედავდი და თავი ჰქონდა ჩარგული მერხის ქვემოთ. ჩუმად ხატავდა, რაღაც არაამქვეყნიურ სიუჟეტებს. ბებია, დედა, მამა ძალიან წუხდნენ. უნდოდათ მათემატიკა სცოდნოდა ძალიან კარგად, მათემატიკაში ყოფილიყო ძლიერი. ამზადებდნენ კიდეც, დაჰყავდათ უამრავ წრეზე, მაგრამ ლაშას მხოლოდ ხატვა უნდოდა, სხვა არაფერი.

ჰოდა, გავიდა წლები, ერთ-ერთ გამოფენაზე, ჩემი ყურადღება ჯადოსნური ფერებით შექმნილმა ფერწერამ მიიქცია, ზღაპრული სიუჟეტი იყო, ფერადი ცა და ყვავილების წვიმა. ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი მოსწავლე ლაშა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მშობლები დანებდნენ და მისცეს გასაქანი, არც შემცდარან.

დღეს ლაშა ძალიან წარმატებული, ახალგაზრდა მხატვარია. მშობლებს რომ არ დაეთმოთ, არ გაეგოთ მისთვის, ახლა ალბათ ძალიან უბედური და წარუმატებელი, ჩვეულებრივი მოხელე იქნებოდა, ეკონომიურზე ან საბანკო საქმეზე ჩააბარებდა და მთელი ცხოვრება საძულველი რიცხვების თვლაში გაატარებდა, ფერები კი ოცნებად, სიზმრად ექცეოდა. რა თქმა უნდა, არაფრით არ ვაკნინებ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს. ვიღაცისთვის რიცხვებია საოცრებათა სამყარო,. ვიღაც რიცხვებით ცხოვრობს, ვიღაც – ლექსებით, ვიღაც – ფერებით, ვიღაც – ამბებით და ასე დაუსრულებლად, აი ეს არ უნდა გამოგვეპაროს, ამას უნდა ჩავეჭიდოთ და არ გავუშვათ. უნდა გავიგოთ, „რით ცხოვრობს“ ჩვენი შვილი.

„პატარა უფლისწული“ მასწავლებლებსაც ეხმარება, მოსწავლეების ფანტაზიას გასაქანი მისცეს და სახელმძღვანელოში მოცემული მშრალი ფაქტები არ ამეორებინოს. თუ მოსწავლეს პატარა პრინცზე მოყოლა მოუნდება, არ ჩაეკითხონ, რომელ ასტეროიდზე ცხოვრობდა? ვინ აღმოაჩინა? რომელ წელს? ვის პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი? არ დააყარონ მსგავსი მომაბეზრებელი, გაქვავებული კითხვები. მოისმინონ და ისიამოვნონ, რომ პატარა პრინცი ძალიან ლამაზი იყო, რომ იცინოდა და ბატკანს ნატრობდა, დაიჯერონ, ირწმუნონ. მერე რა, თუ ერთ, ძალიან მორცხვ, მგრძნობიარე, მაგრამ ძალიან თავმოყვარე გოგონას თარიღები სულ აღარ ახსოვს. სამაგიეროდ, ისე ლამაზად აღწერს მზის ჩასვლას უფლისწულის პლანეტაზე…

პატარა უფლისწული ჩვენ, დიდებსაც შეგვაძლებინებს ყოველი წამით ტკბობასა და შეუმჩნევლის შემჩნევას. სიყვარულს სულ სხვანაირს აღმოგვაჩენინებს და ნამდვილ მეგობრობაზე ფიქრს დაგვაწყებინებს.

იქნებ პოლიტიკოსებსაც გამოადგეთ, თუ წაიკითხავენ (მაგრამ მეეჭვება, პატარა უფლისწულის ამბების წაკითხვის შემდეგ ისევ მოუნდეთ პოლიტიკოსობა), და ასტეროიდის ერთ-ერთ მეფეს ძალიან გონიერი ბრძანებების გაცემაშიც მიბაძავენ.

რა სასაცილოები არიან დიდები უფლისწულის თვალში! ამპარტავანი მეფე – რომელსაც ქვეშევრდომები არ ჰყავს, მაგრამ მაინც გასცემს ბრძანებებს; ლოთი – რომელიც იმიტომ სვამს, რომ დაივიწყოს რომ ლოთია; ვარსკვლავების „მფლობელი“ ბიზნესმენი, სქელტანიანი წიგნების მწერალი გეოგრაფი – საკუთარი პლანეტის რომ არაფერი გაეგება, ეს რომ მკვლევრების საქმედ მიაჩნია. სულ ერთი წუთით გამოვუშვათ გარეთ ჩვენში არსებული ბავშვი, რომ ჩვენს ცხოვრებას შეხედოს, შეხედოს საკუთარ გაზრდილ ვარიანტს. ნეტა რას იტყოდა? ერთს გემრიელად ხომ არ გადაიხარხარებდა, ან ხომ არ მოიწყენდა? თუ პირიქით ძალიან გაიხარებდა? აბა სცადეთ, ოღონდ აუცილებლად მოუსმინეთ მას.

იმ დედებისთვის, პატარები რომ გაუფრინდათ, პატარა უფლისწული ნამდვილი ნუგეშია:

„- შემიძლია გემზე შორს წაგიყვანო, – უთხრა გველმა და ოქროს სალტედ შემოეჭდო კოჭებზე პატარა პრინცს“.

  • ვისაც კი შევეხები, მყისვე მშობელ მიწას ვუბრუნებ, – თქვა მან, – მაგრამ შენ უცოდველი ხარ, თანაც სხვა ვარსკვლავიდან მოხვედი“.

ჰო, უცოდველი პატარა უფლისწულები საკუთარ პლანეტებს უბრუნდებიან.

ეგზიუპერი ნამდვილი ჯადოქარი იყო. ამოიცნო ადამიანთა მოდგმის უბედურება, მიუხვდა მათ მთავარ სატკივარს:

„ადამიანები? რამდენიმე ჯერ კიდევ შემორჩა, ექვსი ან შვიდი. დიდი ხნის წინ ვნახე. ვერავინ გეტყვის, სად უნდა ეძებო. ქარი აქეთ-იქით დაათრევს. ფესვები არა აქვთ, ამიტომ ძალიან უჭირთ“.

„რა უცნაური პლანეტაა! – გაიფიქრა პატარა პრინცმა, – გამომშრალი, წვეტიანი, მლაშე. ადამიანებს წარმოსახვის უნარი აკლიათ…“.

„- ადამიანებს აღარ ახსოვთ ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელამ, – შენ კი გახსოვდეს. მუდამ პასუხს აგებ იმისთვის, ვინც მოიშინაურე“.

„დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ. მთავარი – თვალით უხილავია“.

პატარა უფლისწულო, მიდი, იარე უდაბნოში ჭისკენ, რომ სახლში დასაბრუნებელი გზა გაიკვლიო. ვარსკვლავები, ის ერთადერთი, წკრიალა ზანზალაკები კი უფროსებს დაგვიტოვე, იქნებ რაღაცას მაინც მივხვდეთ, იქნებ ოდესმე მაინც გამოვფხიზლდეთ და გულის თვალით ხედვა ვისწავლოთ. იქნებ, ბოლოს და ბოლოს ვიპოვოთ ის ერთადერთი, უკიდეგანო, უკუნ ცაზე მარად მოკაშკაშე სინათლის წერტილი. ვიპოვოთ და ხანდახან, საღამოობით, ყოველდღიური ცხოვრებისგან გადაღლილებს, გაგვახსენდეს უდაბნოში მოხეტიალე პატარა ბიჭუნა. და თუ ძალიან მოვინდომებთ კოსმოსის ხვეულებიდან ათასი ზანზალაკის ხმაც გავიგონოთ. შენ კი სიკვდილის გავლით, შენს პლანეტაზე დაბრუნდი. ჰო, სხეულს თან როგორ წაიღებ, ძალიან მძიმეა, ბებერი ხის ქერქივით ეგდება მიწაზე.

P.s. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერზე ვიკიპედიაში ვკითხულობთ: „1943 წელს ფრანგულ საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში მონაწილეობდა. 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

დიდი ხნის განმავლობაში სენტ ეგზიუპერის დაღუპვის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა. მხოლოდ 1998 წელს მარსელთან ახლოს ზღვაში ერთმა მეთევზემ იპოვა სამაჯური, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო: «Antoine», «Consuelo» (ასე ერქვა ანტუანის ცოლს) და «c/o Reynal & Hitchcock, 386, 4th Ave. NYC USA». ეს უკანასკნელი იმ გამომცემლობის მისამართი იყო, რომელშიც სენტ-ეგზიუპერის წიგნები გამოიცემოდა. 2000 წლის მაისში მყვინთავმა ლიუკ ვანრელმა განაცხადა, რომ 70 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა ნარჩენები თვითმფრინავისა, რომელიც შესაძლოა სენტ-ეგზიუპერს ეკუთვნოდა. გამოძიებამ ეს ვერსია დადასტურდა. თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი დღესაც არ არის ცნობილი”.

თქვენც ის გაიფიქრეთ, რაც მე?…

ჰო, მთავარი უხილავია.

 

 

ლინგოპერსონოლოგია და ენობრივი პიროვნება

0

განვიხილოთ ლინგვისტიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი – ენის არსებობის ფორმები და მისი გამოყენების მეთოდები. ამ მხრივ საინტერესოა ,,ენობრივი პიროვნების” ცნების შემუშავება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ის წარმოადგენს ხერხემალს ნაციონალური ენის აღწერისას და მის საფუძველზე ხდება შესაძლებელი ენის შესახებ ცოდნის ახალი სინთეზი, რომელიც ენის პიროვნულობის სტრუქტურაში გარდატყდება.

 

რა უნდა იცოდეს მკითხველმა, როგორც ენობრივმა პიროვნებამ? რა არის მის ხელთ – სტილისტიკა თუ ენობრივი წყობის აღწერა? იქნებ ეს ენის ფსიქოლოგია ან ისტორიაა? აქ მოცემულია სწორედ სინთეზი ამ საკითხებისა, პიროვნების ინტელექტუალური განვითარებისა, ენასა და მის ემოციურ ასპექტებთან დაკავშირებით, ანუ სულიერება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, პიროვნებათაშორისი ურთიერთობის საკითხები და ა.შ. პიროვნებაში ერთიანდება ინტერესი ყველა მეცნიერებისა ადამიანის შესახებ. არ არის გადაულახავი საზღვრები სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიას, სოციალურ ფსიქოლოგიასა და ეთნიკური თვითშემეცნების შესწავლას შორის და ა.შ. ენობრივი პიროვნება – ეს სწორედ ის გამჭოლი იდეაა, რომელიც (როგორც ამას მისი ანალიზისა და აღწერის გამოცდილება აჩვენებს) აღწევს ენის შესწავლის ყველა ასპექტში და ამავდროულად, არღვევს საზღვრებს იმ დისციპლინებს შორის, რომლებიც ადამიანს შეისწავლის, იმდენად რამდენადაც არ შეიძლება ადამიანის შესწავლა მისი ენის გარეშე.

 

რა უნდა ვიგულისხმოთ ენობრივ პიროვნებაში? როგორია ამ გაგების ზოგადი შინაარსი? ამ ამოცანის გადასაწყვეტად აშკარად საჭიროა, ამოვიდეთ თანამედროვე მეცნიერებიდან პიროვნების შესახებ. ფსიქოლოგიაში პიროვნება ახსნილია, როგორც შედარებით სტაბილური ორგანიზება სამოტივაციო ვარაუდებისა, რომლებიც ჩნდება საქმიანობის პროცესში ბიოლოგიური სწრაფვებისა და სოციალურ-ფიზიკური გარემო პირობებისგან. ყოველდღიური გაგებით, პიროვნებაზე საუბრისას, ვგულისხმობთ ინდივიდის ცხოვრების სტილს ან ცხოვრებისეულ პრობლემებზე რეაგირებას. შედეგად მიიღება, რომ განსაზღვრებითა და შექმნილი კვლევითი პრაქტიკის მიხედვით, პიროვნების შესწავლისას ფსიქოლოგიაში მკვლევართა ყურადღების ცენტრში არიან ადამიანის არაკოგნიტური ასპექტები, ანუ მისი ემოციური ხასიათი, ნებისყოფა და არა ინტელექტი და შესაძლებლობები. ამ უკანასკნელთ, რასაკვირველია, შეუძლიათ, იყვნენ ფსიქოლოგის კვლევის ობიექტი, მაგრამ თავისთავად, ადამიანისგან განკერძოებით, უპიროვნოდ. რაკიღა ანალიზის ობიექტი ენობრივი პიროვნებაა, მისი ინტელექტუალური დახასიათება წინა პლანზე წამოიწევა. ინტელექტი მეტ-ნაკლებად ინტენსიურად წარმოჩინდება ენაში და ენის საშუალებით გამოიკვლევა. ორდინარული ენობრივი სემანტიკის, სიტყვათა შორის კავშირების დონეზე, მათი შეთანხმებითა და ლექსიკო-სემანტიკური ურთიერთობებით ჯერ კიდევ არ გვეძლევა პიროვნების გამჟღავნების საშუალება. უკიდურეს შემთხვევაში, ამ დონეზე ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ არასტანდარტულობა, განუმეორებლობა ვერბალური ასოციაციებისა, რომლებიც თავისთავად ვერ გვაწვდის ცნობებს ენობრივ პიროვნებაზე, მისი ორგანიზების უფრო რთულ დონეებზე. ენობრივი პიროვნება იწყება ჩვეულებრივი, რუტინული ენის იმ მხარეს, რომლიდანაც თამაშში ერთვება ინტელექტუალური ძალები. საჭიროა (ნულოვანი დონის შემდეგ) მისი შესწავლა – გამჟღავნება, აზრთა და ღირებულებათა იერარქიის დადგენა მის სამყაროს სურათში, მის თეზაურუსში (ამა თუ იმ ენის ლექსიკის სრული მარაგი; მისი სიტყვების ამომწურავი ლექსიკონი). დამთავრებული, ერთმნიშვნელოვნად მისაღები სამყაროს სურათი სახილველია მხოლოდ ცალკეული ენობრივი პიროვნების აზრებისა და ღირებულებების იერარქიის დადგენის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, გარკვეული დომინანტა, განსაზღვრული ეროვნულ-კულტურული ტრადიციებითა და საზოგადოებაში გაბატონებული იდეოლოგიით, არსებობს და სწორედ ის განაპირობებს საერთოენოვან სამყაროს სურათში მისი ბირთვული, ზოგადმნიშვნელოვანი, ინვარიანტული (უძრავი) ნაწილის გამოყოფას. ეს ბოლო ალბათ უნდა შეფასდეს, როგორც ანალოგი ან კორელატი (თანაფარდი) სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებული (არა საყოველთაოდ მიღებული) საბაზისო პიროვნების გაგებისა, რომელიც გულისხმობს პიროვნების სტრუქტურას (წყობა, ტენდენციები, გრძნობები), საერთოს საზოგადოების ყოველი წევრისთვის და ოჯახური, აღმზრდელობითი, სოციალური გარემოთი ფორმირებულს. რომ ენობრივი პიროვნება არ წარმოადგენს ისეთივე ნაწილობრივ-ასპექტობრივ კორელატს, ზოგადად, პიროვნებისა, როგორადაც წარმოგვიდგება, მაგალითად, სამართლებრივი, ეკონომიკური ან ეთიკური პიროვნება. ენობრივი პიროვნება – ესაა ჩაღრმავება, განვითარება, დამატებითი შინაარსით გამდიდრება, ზოგადად, პიროვნების გაგებისა.

 

არსებობს და ვითარდება რა აქტუალურ დროში (ცვალებადი ნაწილი) პიროვნება, რომელიც საკუთარი თავის იდენტურია, წარმოდგება, როგორც ზედროული არსება (სტაბილური ნაწილი). ეს პარადოქსი, ზოგადად, პ ი რ ო ვ ნ ე ბ ი ს ა თავისებურად გადატყდება ენობრივი პიროვნების სტრუქტურაში, რომელიც თავისი ორგანიზაციის ყოველ დონეზე დროულიცაა და ზედროულიც. ყველანაირი განსჯა ნაციონალური ხასიათის შესახებ, რომელსაც აქვს პრეტენზია მეცნიერულობაზე, შეიძლება დაეყრდნოს ისტორიას. ხოლო ისტორიული ენობრივი პიროვნების სტრუქტურაში ემთხვევა მის ინვარიანტულ ნაწილს, და ამგვარად საჭიროა დაისვას თანაბრობის ნიშანი ისეთ გაგებებს შორის, როგორებიცაა: ,,ისტორიული”, ,,ინვარიანტული” და ,,ნაციონალური”, ენობრივ პიროვნებასთან მიმართებით.

 

ენობრივი პიროვნებისთვის არ შეიძლება მოვიყვანოთ პირდაპირი პარალელი ნაციონალურ ხასიათთან, მაგრამ სიღრმისეული ანალოგია მათ შორის არსებობს. ის გულისხმობს, რომ ნაციონალური საწყისის მატარებლად ორივე შემთხვევაში გამოდის დროში შედარებით მდგრადი, ანუ თავად პიროვნების მასშტაბით ინვარიანტული ნაწილი მის სტრუქტურაში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს პროდუქტს ხანგრძლივი ისტორიული განვითარებისა და ობიექტს თაობათა შორის გამოცდილების გადაცემისა. ნაციონალურითაა გაჟღენთილი ენობრივი პიროვნების ორგანიზების ყველა დონე, ყოველ მათგანზე ის იძენს განხორციელების განსაკუთრებულ ფორმას, და გაყინული, სტატიკური და ინვარიანტული ეროვნული ხასიათი ენობრივი პიროვნების სტრუქტურისა გადაედინება თავად ენაში, მის დინამიკურ, ისტორიულ შემადგენელ ნაწილად.

ჩვენ მიერ განხილული ცნებებისა და გაგებების დაახლოების შესახებ გამოთქმული შემდეგი ეჭვი ამგვარია. როცა ჩვენ ვამტკიცებთ ენობრივი პიროვნების ნაციონალურ თავისებურებას და ვსაუბრობთ რომელიმე ეროვნების ენობრივ პიროვნებაზე, ხომ არ იქმნება გაუგებრობა: კულტურული, ნაციონალური და ენობრივი იდენტურობის შერევისა? რა არის, ვთქვათ, კანადელების შემთხვევაში, რომლებიც ფრანგულად საუბრობენ და რომელ ენობრივ პიროვნებას წარმოადგენს რომანულ ენაზე მოსაუბრე ბელგიელი, ავსტრიელი ან შვეიცარიელი? როგორია ეროვნული ხასიათი თითოეული მათგანის შემთხვევაში? კითხვები, რასაკვირველია, არაა მარტივი და ეჭვი საფუძვლიანია. თუმცაღა, არავითარი აღრევა არ ხდება. ენობრივი პიროვნების თავისებურება განისაზღვრება ენით, რომელსაც ის იყენებს, ამიტომაც კვებეკელი კანადელებიც, ბელგიელებიც წარმოადგენენ ,,ფრანკოფონურ” ენობრივ პიროვნებებს (ეროვნებაზე რომ იყოს საუბარი, შეიძლება, ვუწოდოთ ფრანგებიც).

 

ნაციონალური ხასიათი, როგორც არაერთხელ აღინიშნა, გამოიხატება არა მხოლოდ და არა უპირველესად ენით, რადგანაც ენის გვერდით ეთნოსის უმთავრესი ნიშანია კულტურული ფასეულობებისა და ტრადიციების ერთობა. ამგვარად, მოცემულ მაგალითებში საქმე გვაქვს ბელგიურ, კანადურ და ა.შ. ნაციონალურ ხასიათთან. გასაგებია, რომ ცნობილი – და თითოეულ შემთხვევაში თავისებური, ე.ი. არა ერთი და იგივე – წვლილი მათ ფორმირებაში შეიტანა ყოველ მათგანში განსაკუთრებულად განხორციელებულმა ფრანგულმა ენამ. ამის შესახებ უფრო დეტალურად საუბარი, დაუფიქრებლობა იქნებოდა, რადგან აქ განვითარებული მოსაზრების კონკრეტული მტკიცებულებებისთვის აუცილებელია ეროვნული ხასიათის კუთხით სპეციალური კვლევები, რომლებიც ჯერ არ დაწყებულა. რაც შეეხება ნაციონალური მიკუთვნებულობის მიმართებას პიროვნების ამა თუ იმ კულტურაში ჩართულობასთან, აქ კარგი იქნება ისევ დ. ლიხაჩოვს დავეყრდნოთ, რომელიც ამბობს:

 

„Мне кажется, следует различать национальный идеал и национальный характер. Идеал не всегда совпадает с действительностью, даже всегда не совпадает. Но на­циональный идеал тем не менее очень важен. Народ, создающий высокий национальный идеал, создает и гениев, приближающихся к этом идеалу. А мерить культуру, ее высоту мы должны по ее высочайшим достижениям, ибо только вершины гор возвышаются над веками, создают горный хребет культуры”.[1]

 

ამგვარად, ნაციონალური იდეალი ესაა კულტურის იდეალი. კულტურა ყოველთვის ნაციონალურია, როგორც არ უნდა გავიგოთ ის – ფილოსოფიურად, რუტინულად თუ ანთროპოლოგიურად. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ზოგადადამიანური კულტურა, მაგრამ მასში არაფერია ისეთი, რასაც ვერ ვნახავდით ეროვნულ კულტურაში. ენობრივი პიროვნება, ზოგადად, შეიძლება მივაკუთვნოთ საერთო, ზოგადადამიანურ კულტურას, მაშინ, როცა ნაციონალური ენობრივი პიროვნება საჭიროა მივაკუთვნოთ ნაციონალურ კულტურას.

რჩება კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კითხვის ნიშანს უსვამს ენობრივი პიროვნების კორელაციას ნაციონალურ ხასიათთან. როგორ უნდა მოვიქცეთ ორენოვნებისა და მრავალენოვნების შემთხვევაში, რომელ ,,ეროვნულ” ზედსართავთან უნდა შეუღლდეს მრავალენოვანი პიროვნება და როგორია მისი ნაციონალური ხასიათი? რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია. ზემოთქმულიდან გამომდინარე: ნაციონალური ხასიათი განისაზღვრება ეთნოსთან მიკუთვნებულობით, ნაციონალურ კულტურაში ჩართულობით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრებითა და ა.შ. მაგრამ რომელი ,,ენობრივ-ეროვნული” ზედსართავი უნდა ვიხმაროთ პიროვნების დასახასიათებლად, მაგალითად, ტაჯიკისა დუშამბედან, ერთნაირად კარგად მფლობელისა ტაჯიკური, რუსული და უზბეკური ენებისა? ეს დამოკიდებულია მრავალენოვნებისა და ორენოვნების ტიპზე. ლინგვოდიდაქტიკაში ასხვავებენ მრავალენოვნების ორ ტიპს: დომინანტურს, რომლის შემთხვევაშიც ერთი ამ ენათაგანი არის საფუძველი, ამოსავალი, განმსაზღვრელი და თუ ჩვენს მაგალითში დომინანტურია ტაჯიკური (ან ნებისმიერი სხვა), პრობლემა არ იქმნება. ხოლო მეორე თანაბარუფლებიანი ტიპი მრავალენოვნებისა არის ის, რომლის შემთხვევაშიც არცერთი ამ ენათაგანი არაა უპირატესი. უკანასკნელ შემთხვევაში ენობრივი პიროვნების შესაბამისი კვალიფიკაციის საკითხი, როგორც ჩანს, ღიად რჩება.

 

მიუხედავად ამისა, აქ გამოთქმული მოსაზრებები ერთიანობაში ამტკიცებს იმ ფორმულირების მართებულობას, რომ ენობრივი პიროვნება ღრმად ნაციონალური ფენომენია და უნდა განიხილებოდეს ეროვნულ ენასთან დაკავშირებით.

 

[1] Лихачев Д.С. Заметка о русском. М., 1981. С. 56

ემოციები ჩვენს ცხოვრებაში

0

ერთხელ ორ ახალგაზრდა ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. მეოთხეკლასელი თამუნას დედა მეგობარს თავის გულისტკივილს უზიარებდა – „იცი, დღეს ბავშვთან ვიყავი სკოლაში. მაინტერესებდა, რაიმე პრობლემა ხომ არა ჰქონდა, რომ დროულად მეზრუნა მის გადაწყვეტაზე. ყველა ემადლიერება, მონდომებული, ბეჯითი, მოწესრიგებული ბავშვიაო. თუმცა, კლასის ხელმძღვანელმა ერთ „ნაკლზე“ მაინც გაამახვილა ყურადღება – ძალიან ემოციური ბავშვია და შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემები შეექმნას თანატოლებთან ურთიერთობაშიო. არ გამკვირვებია, რადგან ამას მეც ვამჩნევ. სიხარულსაც და მწუხარებასაც ზედმეტად ემოციურად გამოხატავს. სულ ვეხვეწები, რომ ჩაახშოს თავისი ემოციები და მშვიდად შეხვდეს ყველაფერს, მაგრამ არაფერი გამოსდის“.

ვფიქრობ, აღწერილი შემთხვევა გამონაკლისი არ არის, რადგან ხშირად ზრდასრული ადამიანებიც აძლევენ ერთმანეთს მსგავს რჩევებს – „მოდი ემოციების გარეშე ვილაპარაკოთ“; „შეეშვი ემოციებს და ცივი გონებით გააანალიზე შექმნილი სიტუაცია“; „ემოციები დაგღუპავს შენ“. – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც არცთუ იშვიათად შევხვდებით ადამიანთა შორის ურთიერთობისას.

მართლაცდა რაში გვჭირდება ემოციები, ხშირად ისინი ხომ გვირთულებენ კიდეც ცხოვრებას და მათ გარეშე შეიძლება უფრო გონივრული გადაწყვეტილებებიც კი მიგვეღო.

  • ემოციების გარეშე ადამიანის ცხოვრება და განვითარება წარმოუდგენელია. განურჩევლად იმისა, პოზიტიურია, თუ ნეგატიური, ისინი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში;
  • ემოციები ჩვენი რეაქციებია ყველაფერ იმაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. მათი საშუალებით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას, როგორც ამა თუ იმ მოვლენის, ასევე ცალკეული ადამიანების მიმართ. ემოციები ჩვენი ფსიქიკის მნიშვნელოვანი და აუცილებელი მექანიზმია გადარჩენისთვის;
  • ემოციები გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობის სწორი მიმართულებით წარმართვაში, ეფექტიან კომუნიკაციაში. ჩვენში აღმოცენებული ნებისმიერი ემოცია სიგნალია გარშემომყოფებისთვის – ის მათ აწვდის ინფორმაციას ჩვენი მდგომარეობის შესახებ. თავად ჩვენც სწორედ ამ სიგნალების დახმარებით ვიგებთ, რა განწყობა აქვს ადამიანს, რა მდგომარეობაშია, ღირს თუ არა მასთან ახლა საუბარი, ხომ არ აჯობებდა ჩვენი შეხვედრა სხვა დროისთვის გადაგვედო. ემოციები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ადამიანის მდგომარეობა და პროგნოზირება გავუკეთოთ მასთან ჩვენს ურთიერთობას.

გარშემომყოფთა ემოციების სწორად ამოცნობის უნარი გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში და წარმოადგენს სოციალური წარმატების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ ურთიერთობისას ემოციებით უფრო მეტ ინფორმაციას გავცემთ, ვიდრე სიტყვებით, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი ემოციების „წაკითხვა“, უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე სამსახურეობრივ საქმიანობაში და პირიქით, გარშემომყოფთა ემოციების ამოცნობის უუნარობა სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია ადაპტირების პროცესში.

  • ემოციები გვიბიძგებს მოქმედებისკენ. როგორც წესი, ისინი ჩვენი ნებისმიერი ქცევის აღმძვრელია. სწორედ ემოციები გვაიძულებს ვიმოქმედოთ. თითოეული ემოცია საკუთარ თავში მოქმედების სურვილს მოიცავს, მაგ. შიში გვაიძულებს, გავიქცეთ ან დავიცვათ თავი; მოწონება, გატაცება კი სტიმული ხდება ჩვენთვის, რომ უფრო ახლო კონტაქტი დავამყაროთ ადამიანთან, რომლის მიმართაც აღნიშნულ ემოციას განვიცდით;
  • ემოციები არეგულირებს ჩვენს ქცევას. სწორედ ემოციები გვანიჭებს ძალას და სიმტკიცეს მოქმედებისთვის, ან პირიქით – გვაიძულებს, უარი ვთქვათ ჩანაფიქრზე, ჩვენს განზრახვაზე. რაც უფრო კარგად გვესმის ჩვენი ემოციები, მით უფრო უკეთესად ვმართავთ ჩვენს ქცევას;
  • ემოციები გვეხმარება სამყაროში ორიენტირებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მაორიენტირებელი ფუნქცია აქვთ ადამიანისათვის. თითოეული ემოცია არის სიგნალი ჩვენთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე, მაშინაც კი, თუ ის არ მოგვწონს. ემოციები გვეხმარება გარემოსთან ადაპტირებასა და გადარჩენაში.

ემოციები ჩვენი დიდი მოკავშირე, დამხმარე და მეგობარია. თითოეული ემოცია რაღაცას გვეუბნება. თუ ყურს დავუგდებთ ჩვენს ემოციებს, ვიგრძნობთ მათ, ეს დაგვეხმარება, პირველ რიგში, საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში და, მეორე მხრივ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, ჩვენთან კონტაქტში მყოფი ადამიანების განწყობა-დამოკიდებულების განსაზღვრაში. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ფსიქიკისთვის ყველა ემოცია მნიშვნელოვანი და ღირებულია. ამდენად, არანაირი გამართლება არა აქვს იმ აღმზრდელის ქცევას, რომელიც უკრძალავს ბავშვს ემოციების, განსაკუთრებით კი ნეგატიური ემოციების – შიშის, ბრაზის, აღშფოთების და ა.შ. გამოხატვას. თუ ეს ხშირად მეორდება, სერიოზულად ვაზარალებთ  ემოციებთან ბავშვის დამოკიდებულებას:

  • დიდი ალბათობით მას განუმტკიცდება აზრი, რომ ემოციები რაღაც ზედმეტი, არასაჭირო, და ხანდახან სასირცხვო და სახიფათოც კია. ასეთი დამოკიდებულებით პატარას გაუჭირდება ემოციებთან დამეგობრება, მათში გარკვევა და თავის სამსახურში ჩაყენება;
  • ემოციების გამოხატვის აკრძალვით, განურჩევლად იმისა, თუ რა სახის ემოციაზეა საუბარი, ჩვენ ბავშვს შეუსრულებელი, განუხორციელებელი ამოცანის წინაშე ვაყენებთ. პატარა არ ებრძვის შიშის განცდას იმის გამო, რომ ვუთხარით – „ნუ გეშინია!“. ასევე არ წყვეტს გაბრაზებას იმ იმედით, რომ მის დამშვიდებას შევეცდებით სიტყვებით – „ნუ ბრაზობ!“. ერთადერთი, რაც შეიძლება მან გააკეთოს ის არის, რომ თავს მოგვაჩვენებს თითქოს „არ ეშინია“ ან „არ ბრაზობს“. ნამდვილი ემოცია მასში ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება, არ გაქრება;
  • ჩვენი მხრიდან ემოციების დათრგუნვის მოთხოვნის შემთხვევაში, იმის ნაცვლად, რომ „არ ეშინოდეს“ და „არ ბრაზობდეს“, ბავშვი უბრალოდ დაიწყებს თავისი ემოციების დაფარვას ჩვენგან და ფიქრს იმაზე, რომ მას რაღაც ემართება, რაღაც პრობლემა აქვს სხვა ადამიანებისაგან განსხვავებით. მისი ლოგიკა ძალიან მარტივია: „მეუბნებიან, რომ არ უნდა მეშინოდეს, არ ვბრაზობდე, არ ვტიროდე, მაგრამ მე მეშინია, ვბრაზობ, ტირილი მინდა, ე.ი. რაღაც მჭირს, მე არ ვარ სრულფასოვანი, რაღაც პრობლემა მაქვს“. განუხორციელებელ მოთხოვნებს ბავშვი მიჰყავს თვითშეფასების დაქვეითებამდე, თავს იჩენს სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა. გამომდინარე იქიდან, რომ ისინიც გარკვეულ ემოციებს წარმოადგენენ, ბავშვს მათი დამალვაც მოუწევს, ეს პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს;
  • ემოციების დათრგუნვის მოთხოვნამ შეიძლება დაარღვიოს ბავშვის კონტაქტი მშობლებთან. ვის მოეწონება ურთიერთობა ადამიანთან, რომლის წინაშეც მუდმივად განიცდი სირცხვილს და დანაშაულს, რომელთანაც საკუთარი ემოციების დაფარვა გიწევს. 11-12 წლამდე პრობლემა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ მოზარდობის ასაკში ის სრული ძალით გამოვლინდება;
  • ბავშვი გრძნობს, რომ ის თავის განცდებთან, ემოციებთან მარტო, ერთი-ერთზე რჩება. უფროსები არ დაეხმარებიან შიშთან, ბრაზთან და ცრემლებთან გამკლავებაში, რადგან მისგან ამ ყველაფრის იგნორირებას და დათრგუნვას მოითხოვენ. ეს რასაკვირველია, სერიოზულად დააზარალებს მშობლებთან ბავშვის დამოკიდებულებას;
  • ასეთი დამოკიდებულებით ბავშვი ვერ სწავლობს ემოციებთან გამკლავებას. ამის ნაცვლად კარგად ითვისებს, რომ არ უნდა შეიმჩნიოს, იგნორირება გაუკეთოს, ჩაახშოს ემოციები. შედეგად სულიერი ცხოვრება ასეთი ბავშვისთვის საიდუმლოებით მოცული ხდება; გრძნობებს კი ამჩნევს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი (იმის გამო, რომ უჭირს მათი მართვა) გარეთ გამოდის, ვლინდება და ყველასათვის თვალსაჩინო ხდება.

უკეთესი იქნება, თუ ემოციების ჩახშობის, დათრგუნვის მოთხოვნის ნაცვლად ბავშვთან საუბრისას აქტიურად გამოვიყენებთ მსგავს ფრაზებს: „მე მესმის შენი, შეიძლება გეშინოდეს, ხანდახან მეც მეშინია“; „მოდი დაველაპარაკოთ შენს შიშს. ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“; „სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და განაწყენდი, მესმის შენი“; „ვხედავ, რომ ბრაზობ, მომიყევი შენი ბრაზის შესახებ, შევეცდები გაგიგო“. ან „ვხედავ, რომ გახარებული ხარ, შეგიძლია ასეთი ხმაურიანი თამაშები შენს ოთახში ითამაშო“. ბავშვთან ურთიერთობისას ასეთი ფრაზების გამოყენებით ის იგრძნობს, რომ ჩვენ ვამჩნევთ მის ემოციებს და ხმამაღლაც კი ვლაპარაკობთ ამაზე. ჩვენ კი არ ვუკრძალავთ ამ ემოციების გამოხატვას, პირიქით – ვასწავლით, როგორ მოიქცეს საკუთარ ემოციებთან. შედეგად ჩვენ მივიღებთ სრულიად განსხვავებულ სურათს:

  • ბავშვს ვუსახავთ რეალისტურ, შესრულებად ამოცანას;
  • კონტაქტი უფროსთან მარტივდება. ბავშვი გრძნობს მხარდაჭერას, მიმღებლობას, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწავლობს საკუთარი თავის მიღებას;
  • ბავშვი სწავლობს ქცევის წესებს. აკრძალვების ნაცვლად ის იღებს ინსტრუქციას, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში, მაგ. ითამაშოს ხმაურიანი, მხიარული თამაშები თავის ოთახში და არა იქ, სადაც დაღლილი ბებო ისვენებს;
  • ბავშვი სწავლობს საკუთარ განცდებთან, ემოციებთან სწორ დამოკიდებულებას. შედეგად ის შეძლებს, დაასახელოს თავისი ემოციები და გაიგოს, რა ხდება მის თავს.

გაუმართლებელია ემოციების დათრგუნვაზე, ჩახშობაზე ფიქრი და მოწოდებები აღნიშნული მიმართულებით. გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ ემოციებთან კონტაქტს დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ კონტაქტს საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან, კავშირს სხვა ადამიანებთან, რეალობის ადეკვატურად შეფასების უნარს, სიტუაციასთან შეგუების უნარს, რაც თავის მხრივ ხელს შეგვიშლის ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში და ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში. ემოციები ხომ მთელ ჩვენს ცხოვრებას მართავს, ისინი ჩვენი რეაქციაა ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და საერთოდ რა იქნებოდა ჩვენი სამყარო ემოციების გარეშე, ალბათ ძალიან უფერული და უინტერესო რამ. სწორედ ამიტომ, გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ემოციებს და ჩახშობის ნაცვლად შევეცადოთ, ვმართოთ ისინი.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...