ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

მასწავლებელი ახალი სასწავლო წლის ზღურბლთან

0

ეს ფერადი, ნეტარი, ლაღი, მზიანი და ხალისიანი ზაფხული თვალსა და ხელს შუა „ვერაგულად“ გაიპარება ხოლმე… დაახლოებით 10 ივლისამდე მასწავლებლებს სკოლაში გვაქვს ახლად დასრულებული სასწავლო წლის ფინალური სამუშაოები, ხოლო პირველი სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი ჩვენთვის უკვე იწყება და რეალურად დასასვენებელი ივლის-აგვისტოს 50 დღე გვეცოტავება საიმისოდ, რომ მოვედოთ სოფლებს, მთებს, ზღვებსა თუ მდინარეებს. გლობალური პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სამშობლოში ჩაგვკეტა და ბევრმა ჩვენგანმა უამრავი საოცარი ადგილი ახლა აღმოაჩინა საკუთარ მიწა-წყალზე. ვერაფერი შეედრება ზაფხულის თვალსასეიროს, თუმცა მასწავლებლის ფიქრები ყოველთვის სკოლას, კლასებს და ბავშვებს დასტრიალებს თავს. აგვისტოს მეორე ნახევარში უზრუნველი დასვენების დღეებს უკვე ცვლის ფიქრები ახალი სასწავლო წლის დაგეგმვაზე. ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი ეპოქაა თითქოს, სავსე სიახლეებით, ახალი მოვლენებით, ახალი საჭიროებებით, ახალი იდეებით. ჩვენი კარიერა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რას და როგორ დავუგეგემავთ საკუთარ თავს, როგორც სასკოლო საზოგადოების ნაწილს. მართალია, ერთიანი საგანმანათლებლო სისტემა და სკოლის ადმინისტრაცია წყვეტს საათობრივ ბადეებს, პროგრამებს, კლასებში განაწილებებს, დამრიგებლობას, ცხრილებს, მრავალ სასკოლო აქტივობას, მაგრამ მასწავლებლებს გვრჩება ჩვენი პროფესიული საქმიანობის მთელი რიგი სქემები ასაგები. მაგალითად, რაო? – იკითხავს საქმეში ჩაუხედავი ადამიანი. როგორი ვიქნები მე, როგორც დამრიგებელი, რას შევთავაზებ ჩემს კლასს ახალ სადამრიგებლო გეგმაში, როგორი ვიქნები, როგორც საგნის მასწავლებელი, რა სიახლეებს და მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს ავაგებ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, როგორ ურთიერთობებს დავამყარებ მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან, რას გავაკეთებ ახალ სასწავლო წელს ჩემი პროფესიული განვითარებითვის, ეს ჩემი საფიქრალია და აქ გადამწყვეტი მასწავლებლის პიროვნული უნარ-ჩვევები, გამოცდილება და გემოვნებაა. უმნიშვნელოვანესია კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება. ხშირად მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებთ თემატურ-კალენდარულ და სადამრიგებლო გეგმებს, წინა წლების გამოცდილებებზე, წარმატებებსა ან განცდილ წარუმატებლობებზე დაკვირვებით ვაშენებთ ახალ წლიურ ინდივიდუალურ გეგმას.

მასწავლებლის შვილი ვიყავი და ბავშვობიდან ვუყურებდი, რომ დედა ისევე განსაკუთრებულად ემზადებოდა საკუთარი მასწავლებლური გარემოს ოპტიმიზაციისთვის, როგორც მოსწავლე ემზადება ხოლმე ერთი საფეხურით მაღლა სასკოლო აქტივობებისთვის. დედა აგვისტოში უკვე მუშაობდა წლიურ გეგმებზე, სახავდა საკლასო ღონისძიებების სქემებს და ამუშავებდა სხვადასხვაგვარ იდეებს, აახლებდა გარდერობს, ზრუნავდა საკუთარ იმიჯზე, ნივთებზე, ამდიდრებდა ბიბლიოთეკას, იმარაგებდა ყველანაირ საკანცელარიო ნივთებს, ითვალისწინებდა, რომ მოსწავლეებითვის უნდა გაენაწილებინა საკუთარი რესურსები.

მთავარი, რაც უნდა გავაკეთო ახალი სასწავლო წლის კარიბჭესთან პრიორიტეტების მიხედვით ასე მაქვს დალაგებული:

  1. ვცდილობ რაღაც ახალი და უკეთესი იყოს ჩემს იმიჯში.
  2. ვიმარაგებ საკანცელარიო ნივთებს. აუცილებლად დამჭირდება ახალი ბლოკნოტები, საკანცელარიო რვეულები, ტესტების ფურცლები. ვაწესრიგებ სამუშაო მაგიდას, სადაც დაუბრკოლებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული რესურსები. უსათუოდ უნდა მქონდეს გამართული კომპიუტერი, პრინტერი, ქსეროქსი, კალმები, საბეჭდი ქაღალდი, მყარი მეხსიერების დისკები, კალმები, ფანქრები, ფლომასტერები, მარკერები, ფერადი ქაღალდები, ფაილები, წებოვანი ქაღალდები, მუყაო, პენალი, ჩასანიშნი ფურცლები, სკოჩები, წებო, ფლიპ-ჩარტის ქაღალდები, მაკრატლები, სტეპლერი, დირაკოლი, საშლელი, სათლელი, შავ-წითელ-ლურჯი კალმები, სხვადასხვანაირი რვეულები, სწრაფჩამკერები, ბაინდერები.
  3. აუცილებელია წინა წლის გეგმების, ტესტების, გამოყენებული რესურსების გადარჩევა, საჭირო რამეების დაარქივება და ზედმეტი ქაღალდების მაკულატურისთვის გადადება.
  4. აუცილებელია სახელმძღვანელოებისა და დამხმარე რესურსების შეძენა-განახლება.
  5. სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელმა უნდა შეადგინოს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, თემატურ-კალენდარული გეგმები, გამოაკრას ცხრილები სკოლასა და საკუთარ სამუშაო ოთახში და ჰქონდეს წლიური კალენდარი.
  6. აუცილებელია სადამრიგებლო გეგმის შედგენა და კლასთან შეთანხმება. წლის მანძილზე განსახორციელებელი სადამრიგებლო აქტივობების გონივრულად დაგეგმვაზეა დამოკიდებული ჩვენი დამრიგებლური რეპუტაცია.
  7. სასურველია, რომ ორივე სემესტრში მასწავლებელმა ყოველ კლასში მოამზადოს მინიმუმ 2-3 გრძელ- და მოკლევადიანი სასწავლო პროექტი, დაგეგმოს მრავალფეროვანი ღონისძიებები, წლიურ კალენდარში მონიშნოს, რომელი ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნას აპირებს კლასებთან ერთად. სასწავლო პროექტების ჩონჩხი სასწავლო წლის დასაწყისში თუ უკვე გვექნება, მათი ხორცშესხმა გაგვიადვილდება, რომ შემდეგ კლასთან შევათანხმოთ და მაქსიმალურად სასურველ შედეგზე გავიდეთ.
  8. ცალკე უნდა შედგეს სკოლისგარეთა გასვლითი ღონისძიებების ნუსხა და მათი მენეჯმენტი ეფექტურად უნდა იყოს გაწერილი მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით. თეატრები, მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები, საჯარო შეხვედრების სივრცეები გველოდებიან. მოსწავლეებს ეს ძალიან ბევრს აძლევს.
  9. მასწავლებლებს პანდემიის პირობებში გვმართებს სასწავლო გეგმების მოდიფიცირება ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში გამოცხადებული ცვლილებებისთვის, ასევე შეძლებისდაგვარად უნდა გაითვალოს ყველანაირი ფორსმაჟორი. მასწავლებლობა კრიზისული სიტუაციების წარმატებული მენეჯმენტიც უთუოდ არის.
  10. უმნიშვნელოვანესია საკლასო ოთახის მოწყობა. ვზრუნავთ კარადების გასუფთავებაზე და ვალაგებთ ახალ ნივთებს. საკლასო ოთახის ფანჯრები, ფარდები და რაფაზე განთავსებული ყვავილები მისახედია. ყვავილებიდან ზოგი გამხმარია და წყალსა და მიწის დამატებას ითხოვს, ზოგი გასაკრეჭია, ტოტები გადასარგავი და ახლად ამოყრილი დაფესვიანებული ნერგები გასამრავლებელი. საკლასო ოთახის კედლებზე კლასის საყვარელ ტილოებს, დეკორაციებს, ბავშვების ნამუშევრებს განვათავსებთ და გარემო დამყუდროვდება, გალამაზდება. უმნიშვნელო დეტალიც კი ზოგჯერ არნახულად ამშვენიერებს გარემოს. ბავშვებს ესთეტიზმის განცდა გამძაფრებული აქვთ. მათი განწყობისთვის ლამაზი საკლასო ოთახი უმნიშვნელოვანესია.

ახალი სასწავლო წელი ახალი იმედების, ძიების, აღმოჩენის, ერთად განცდილი სიხარულისა და თანადგომით დაძლეული სირთულეების პერიოდია.  თითქმის ყოველთვის ყველა საქმეში რთულია სტარტის აღება, საქმის დაძვრა, სისტემის ამუშავება, თუმცა ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ წარმატებული სტარტი გადამწყვეტ როლს თამაშობს გრძელვადიანი პროცესის ოპტიმალური რეჟიმით წარმართვაში. მთავარი მაინც მასწავლებლის განწყობაა, რომ მის გარშემო სივრცეები, გარემო იყოს კომფორტული და სოლიდარული. მასწავლებელი ცენტრია, რომლის ირგვლივ ტრიალებს უამრავი ადამიანი და მის პიროვნულ მახასიათებლებზე დამოკიდებულია ბევრი რამ. სასკოლო საზოგადოებისადმი კეთილგანწყობა ჩვენვე გვეხმარება, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და სწავლების პროცესი რუტინად, ტანჯვად არ გვექცეს. თუ ახალი სასწავლო წლის სასტარტო ეტაპზე მასწავლებელი ითანამშრომლებს კლასთან, მშობელთა კომიტეტთან, კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან, ის შექმნის კომფორტულ გარემოს სწავლა-სწავლების პროცესის მონაწილე ყველა მხარისთვის.

ახალი სასწავლო წელი ახალი წელივით მღელვარე, ფერადი, შემოქმედებითობის ჟამია. რაც არ უნდა საამური იყოს დასვენება, მასწავლებელს მაინც ყოველთვის ენატრება სკოლა, გაკვეთილი, ბავშვების ჟრიამული. სკოლა წესრიგის, დიპლომატიის, ორგანიზებული და შემოქმედებითი საქმიანობის, თანამშრომლობითობის საუკეთესო პრინციპების ალაგია და ის ჩვენგან ითხოვს ინოვაციურ აზროვნებას, მრავალფეროვნებას, ჰუმანიზმის დაუშრეტელ საბადოებს.

ქეითი და მილიონი ხე – გოგონა, რომელმაც უდაბნო ოაზისად აქცია

0

მინდა, ერთი წიგნი გაგაცნოთ: „ქეითი და მილიონი ხე“, – რომელიც თქვენი მოსწავლეების საყვარელ წიგნად იქცევა. ეს არის ამბავი გოგონასი, რომელიც ბუნებაზე იყო შეყვარებული. საათობით იწვა ხეების ქვეშ და შესცქეროდა მათ ვარჯებში მოციმციმე მზის სხივებს. ფოთლებისა და რკოებისგან ულამაზეს სამკაულებს აკეთებდა… მოკლედ, სხვა გოგონები თუ თოჯინებით თამაშობდნენ, ქეითისთვის ყოველდღიურობა ხეებით იწყებოდა და მთავრდებოდა.

ეს ამბავი იმდროინდელია, როდესაც გოგონები იშვიათად დადიოდნენ სკოლაში. მათი ძირითადი საქმიანობა ოჯახის გაძღოლა და სადილის მომზადება იყო. აი, ქეითი კი სხვა გოგონებს არ ჰგავდა. ის ბიჭებთან ერთად იჯდა საკლასო ოთახში და გულისყურით სწავლობდა ბოტანიკას. თავისი მომავალიც ამ დარგს დაუკავშირა.

ქეითი რეალური პიროვნებაა – ქეით ოლივია სეშენსი, რომელმაც შემდგომ ხრიოკი ქალაქი სან-დიეგო მწვანე ოაზისად აქცია. რაც ქეითმა გააკეთა, ნამდვილი  საოცრებაა. ეს ამბავი, გასაგები, მარტივი ენით და ძალიან ლამაზი ილუსტრაციებით, წიგნშია მოთხრობილი. შეგვიძლია, ქეითის ამბავი – პირველივე კლასიდან მეთორმეტის ჩათვლითაც კი – ჩვეულებრივ სასწავლო რესურსად ვაქციოთ, რადგან ეს ისეთი ისტორიაა, ყველა ასაკის ადამიანს რომ დააინტერესებს. შეგვიძლია, ბუნების დაცვის კვირეულში ჩავრთოთ და „მწვანეთითება ტისტუ“ მოვაყოლოთ. ამ ორ წიგნს საერთო იდეა აერთიანებს: ყოველ ჩვენგანს აქვს ჯადოსნური თითები და ამ თითებით სასწაულის მოხდენა შეუძლია. „მწვანეთითება  ტისტუში“ ფენტეზის ელემენტებია, ქეითის ამბავი კი რეალურია. ჟანრობრივი თვალსაზრისით შესადარებლადაც მშვენიერი მასალაა.

ჩემს მეორე- და მესამეკლასელებს ძალიან მოეწონათ ქეითის ამბავი. წიგნი რომ დავასრულეთ, ვნახეთ ნაწყვეტები ქეითზე გადაღებული ფილმიდან, ნამდვილი ქეითის პორტრეტი, მისი ულამაზესი ქანდაკება სან-დიეგოს ბაღში. ბავშვები ძალიან გაოცდნენ, როდესაც გაიგეს, რომ გოგონებს სწავლას უშლიდნენ. ეს ის თემაა, რომლისთვის დახარჯული დროც არ დაგენანებათ. პირიქით, ბევრი ვისაუბრეთ და დღევანდელობასთანაც გავავლეთ პარალელი.

ამ წიგნს სხვა ღირსებაც აქვს: აქ უამრავი ჯიშის ხეს შეხვდებით – მუხას, თელას, სეკვოიას, ალეპოს ფიჭვს, იუკას, ევკალიპტს… შეგიძლიათ, თითოეული მათგანი აჩვენოთ ბავშვებს და ესაუბროთ. ჩვენ სკოლის ეზოში ფოთლები შევაგროვეთ და ვცდილობდით გამოგვეცნო, რომელი ხისა იყო, მერე კი მათგან, ქეითის მსგავსად, სამკაულები და ჰერბარიუმები გავაკეთეთ. სოფლად შეიძლება ტყეში გასეირნებაც დაიგეგმოს, თუმცა არც ქალაქებში იქნება შეუძლებელი ასეთი ღონისძიების დაგეგმვა.

ბოლოს ბუკლეტებიც დავამზადეთ, ვხატეთ, ვაფერადეთ, ვჭერით და ვაწყვეთ. ეს წიგნი უნიკალური რესურსია, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს უამრავი აქტივობა, დაწყებული დისკუსიებით და დებატებით (მაღალ კლასებში), დამთავრებული ხელოვნებასთან ინტეგრირებით და ხეების ხატვის შესწავლით. შეიძლება, ბავშვებმა წერილიც მიწერონ ქეითს, ან თავად იქცნენ „ქეითებად“ და რომელიმე ადგილის გამწვანება იკისრონ, თუნდაც სკოლის ეზოსი.

გაგიზიარებთ რესურსებს, რომლებიც ჩემს მოსწავლეებთან გამოვიყენე. შეგიძლიათ, თქვენც მოსინჯოთ.

 

 

 

 

 

თელა

 

იუკა

 

 

 

 

 

 

გიგანტური სეკვოია

 

ალეპოს ფიჭვი

 

 

ევკალიპტი

მუხა

ქეითის ქანდაკება

 

ქეითი ცხოვრებაში

 

 

 

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2020 წლის მესამე ნომერი

0

რედაქტორის წერილი

საინტერესო გამოცდილების  თუ გამოწვევის ერთი სასწავლო სემესტრი ახლა უკანაა. იმედია, ახალ სასწავლო წელს საკლასო ოთახებში დავუბრუნდებით. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეცვალა  თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ ის წესები და წესრიგი,  რომლებსაც ადამიანები მიმართავდნენ ურთიერთობების, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრის, პროექტების შექმნის,  ინფორმაციის გაცვლის, ცოდნის გადაცემის დროს.   პირისპირ სწავლებისა და თანამშრომლობის მდგომარება, საჭიროების შემთხვევაში და ყოველდღიურობაშიც, შესაძლებელი გახდა ჩანაცვლებულიყო დისტანციური ყოფით და ურთიერთთანამშრომლობით.

ცვლილებებმა, ცხადია, დააფიქრა ის ადმიანები,  ვინც განათლების სფეროში მუშაობენ. საფიქრალი გახდა,  თუ რამდენად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და რამდენად ეფექტურია ის მეთოდები და საშუალებები, რომლებსაც ისინი სწავლების, სწავლისა და მართვისთვის იყენებენ. რამდენად შეიძლება მიაღწიონ სწავლების მთავარ მიზანს, რომელიც მოსწავლის დღევანდელ და სამომავლო საქმიანობასა და კეთილდღეობაში  უნდა აისახოს?

ჩვენც ბევრს ვფიქრობთ, როგორ დაგეხმაროთ ისეთი  სასწავლო რესურსებით, რომლებსაც, საკლასო ოთახებში დაბრუნებულები, სასწავლო პროცესში გამოიყენებთ.

„არავის აქვს იმის ფუფუნება, რომ „მოახტეს“ ციფრულ ტალღას და თანაბრად „გადაანაწილოს“ ის ხელმძღვანელობის ყველა ასპექტზე. ლიდერი უნდა გახდეს იმ ცვლილების ინიციატორი, რომელიც თქვენ გსურთ განხორციელდეს განათლებაში, თუმცა, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, ეს ის ცვლილებები იყოს, რომელთაც მოსწავლეები ელიან.“− ამბობს ერიკ შენინგერი წიგნში  „ციფრული მართვა“.

ბევრი რამ არის დამოკიდებული განათლებისა და  სკოლების ლიდერებზე. მათ  უნდა დაიწყონ სამომავლო ხედვისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი ისეთი საკლასო ოთახებისა და შენობების შესაქმნელად, რომლებიც უკეთ ასახავენ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს და პარალელურად, ხელს უწყობენ მოსწავლეების მიერ ახალი, მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენებას.

დიდ მენეჯერებს ოთხი გასაღები აქვთ: თანამშრომლის შერჩევისას ითვალისწინებენ ნიჭს და არა უბრალოდ გამოცდილებას, ინტელექტს ან გამბედაობას; მოლოდინების განსაზღვრისას ითვალისწინებენ  შესაბამის შედეგებს და არა შესაბამის ნაბიჯებს; მოტივირებისას ყურადღებას აქცევენ ღირსებებს და არა ნაკლოვანებებს და თანამშრომლის განვითარებაზე ზრუნვისას ეხმარებიან მას სწორი  გზის პოვნაში და არა უბრალოდ კიბის მომდევნო საფეხურზე ასვლაში,− ამბობს მარკუს ბუკინგემი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს თანამშრომლების პროდუქტიულობის,   ხელმძღვანელობისა და მართვის პრაქტიკის შესახებ.

ჩვენ ვეცდებით,  სწორი გზის პოვნაში თქვენთან ერთად ვიყოთ და საჭირო და სასარგებლო რესურსები შემოგაშველოთ.

ჟურნალი მასწავლებელი #4

 ჟუნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელი ბმულიდან:

ვისი ბრალია?

0

თორმეტი წლისა შარშან გავხდი. მახსოვს, პირველად არ მაჩუქა მამამ სათამაშო და მივხვდი, რომ გავიზარდე. ასე იცოდა ყოველთვის, საჩუქრებითაც კი რაღაცას მასწავლიდა და მიმანიშნებდა ხოლმე და ეს ერთგვარი თამაში იყო ჩვენთვის.

სასექტემბროდ, ახალი წლის დაწყების აღსანიშნავად, კლასის მშობლებმა ექსკურსია დაგეგმეს. არასოდეს მიყვარდა ექსკურსიები, რადგან მგზავრობას ვერ ვიტან და ვერ ვიტან ხმაურს, რომელიც ასეთ მოგზაურობებს ახლავს თან. მე სიმშვიდე და მარტოობა მერჩივნა ყველაფერს, მაგრამ როცა კლასი ერთად მიდის, დედიკოს თქმით, უხერხულია გამორჩე.

მშობლებმა და მასწავლებლებმა გადაწყვიტეს ყველასთვის უცნობი კუთხე, ხევსურეთი გვენახა. ბევრი იყო წინააღმდეგი, მაგრამ ხომ ხდება ასე, რომელიღაც აქტიური დედა ან მამა ყველას დაარწმუნებს, რომ დროა მათმა შვილებმა სამშობლო უკეთ გაიცნონ, ვიღაც მეტი დამაჯერებლობისთვის იტყვის, ვაჟას სამშობლო არ უნდა ნახოს ბავშვმა? სხვა იქაური ხინკლის დაგემოვნების ხათრით აყვება, ძირითადად კი, მაინც მშობლებს უხარიათ ასეთი მოგზაურობა და სწორედ ასე გადაწყდა ჩვენი ექსკურსიის ბედიც.

ყველამ იცის, რომ ორდღიანი მოგზაურობა არ უყვართ სკოლაში. ვიღაცას დრო არ აქვს საკმარისი, სხვა უცხოდ დარჩენის დისკომფორტს იმიზეზებს, ძირითადი და რეალური მიზეზი კი უსახსრობაა – ჩვენ მშობლებს უჭირთ სკოლის ძვირადღირებული ექსკურსიების დაფინანსება, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ დღეში გვენახა სანახავი. საბანაძის მამამ სამი მანქანა მოძებნა, ფოტოები დადო ფეისბუკის საერთო ჯგუფში და სამი დღე არჩევდნენ ფასისა და ხარისხის მიხედვით. ვერაფრით შეთანხმდნენ – ზოგს ეს არ მოსწონდა, ზოგს ის. ბოლოს, კაკულიას დედამ თქვა, მაგ მანქანის ფასად, აგერ ხევსურეთის ტური არის და ბარემ გიდიანად ვიქირავოთ, მოგვიყვება მაინც რამესო.

 

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ჯგუფში დავიმატეთ. მხიარული გოგო ჩანდა. დეტალურად მოგვიყვა რას ვნახავდით, სად ვნახავდით და რატომ უნდა გვენახა ის, სადაც წასვლა გადავწყვიტეთ.

შატილი, ანატორის აკლდამები, მუცოს ციხე. ამბები საინტერესო და საშიში ჩანდა. მე არ მიყვარს სიკვდილის გაგონებაც კი, მაშინებს, მაგრამ ყველა აღფრთოვანდა და ხმის ამოღება ვერ გავბედე. დედას კი ვუთხარი, იქნებ მამრიკიშვილივით ჩვენც არ წავიდეთ-მეთქი. მამრიკიშვილები საერთო მანქანას არ კადრულობენ და სირცხვილიაო, მითხრა. მამას არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი და მეც გავჩუმდი.

უთენია უნდა წავსულიყავით. ხუთზე. ორმა ბავშვმა დააგვიანა. დამრიგებელი ძალიან ბრაზობდა. გიდიც ბრაზობდა, ვერ მოვასწრებთ ნახვას და ჩემი ბრალი არააო. ვიღაცამ თქვა, მოდი არ დაველოდოთო. ფული რომ დადესო? წიკლაურის დედა იმდენს იჩხუბებდა რომ დაგვეტოვებინა, ამად არ ღირდა, ამიტომ მაინც დაველოდეთ.

მანქანა არავის მოეწონა. დედიკომ თქვა, საბურავები არ უვარგაო. ცოტა ხანი იწუწუნეს და აბა, ამ ფასად უკეთესი რა მოგვივიდოდაო, ვიღაცამ თქვა. ახლა ვეღარ გამოვცვლითო, გვითხრა გიდმა და კაი ოცი წუთი ამაზე გავჩერდით.

ახლა თუ ჩაიშლება, მე ვეღარ წამოვალო, მამრიკიშვილის მამამ და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ „რაც იყო, იყო.“

ექვსი ხდებოდა, რომ დავიძარით. გზაში ყავა დალიეს მშობლებმა, წყლები გვიყიდეს ბავშვებს. მე ბოლოდან მესამე წინა ადგილას მომიწია დაჯდომა. ძალიან ვნერვიულობდი – თუ გზას არ ვუყურებ, გული მერევა და არ მინდოდა ბავშვების თვალწინ გული ამრეოდა. დაძაბული ვუყურებდი მძღოლის მხარს და ნათენაძის დედას, სასაცილო ამბებს რომ ყვებოდა მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

ხევსურეთი ძალიან ლამაზია. ჟინვალის წყალსაცავზე ამ სილამაზით სული გიგუბდება. თან თუ ნისლი ხინკლის ქვაბიდან ამოვარდნილი ორთქლივით სქელია და რძის სუნი მოაქვს ხეობიდან, შეიძლება გულის რევაც დაგავიწყდეს. შავი და თეთრი არაგვს შესართავთან ვიკითხე, მალე მივალთ-მეთქი, გიდს გაეცინა, ჯერ ახლა დაიწყო ხევსურეთიო და აღარც დამთავრდა ეს გზა.

 

აღმართი, აღმართი, აღმართი. ტალახი, ტალახი, წვიმა. მოსახვევები და ბევრი მანქანა. ბისოსთან გზას აფართოებდნენ და ლამის საათი ვიდექით. მე გამიხარდა გაჩერება. სუფთა ჰაერმა დროზე მომისწრო და სანამ სხვები ბურგერებით ილუკმებოდნენ, მე ჟანგბადის მარაგს ვმალავდი უბეში. დათვიჯვრის უღელტეხილზე სამჯერ გავჩერდით. უკვე მეოთხე საათი იწყებოდა, რაც გზაში ვიყავით. ვიღაცამ დაიწუწუნა, აქ რომ ადამიანს ზამთარში კბილი ასტკივდეს, ნეტავი რითი ჩავა ექიმთანო. გიდმა გაიხუმრა, ხევსურებს კბილები არ სტკივდებათ ან ითმენენო.

დათვიჯვრის წვერთან კიდევ გავჩერდით. ფოტოებს ვიღებდით და მე კიდევ ერთხელ ამოვისუნთქე. დედიკომ ჩამჩურჩულა, ახლა ხომ არ ნანობ ამ სილამაზეს რომ უყურებო. ხმა არ გამიცია. ხეობაში მდინარესავით გაწოლილ ნისლს გავცქეროდი. მე ასეთი სილამაზე არც მინახავს და არც გამიგონია. დედამ იცის, როგორ მიყვარს ნისლი, ხელი მომხვია და სელფი გადავიღეთ. სურათზე არ ვიღიმი, ფეხქვეშ ღრუბლებია და ჩემი ნარინჯისფერ საწვიმარზე ტალახის წინწკლები მოჩანს – გამვლელმა მანქანამ გაგვწუწა.

არღუნის მოსახვევთან მძღოლმა მეოთხედ გააჩერა. მუხრუჭები გადამიხურდა და უნდა დავასვენოთო. კიდევ ერთხელ გამიხარდა ამ დაკლაკნილი გზის გამო. ნათენაძის მხიარულმა დედამ ხმამაღლა ჩაილაპარაკა, ჩვენ კონდიციონერის ხარისხზე ვდაობდით და ეს მანქანა მგონი ვერც ჩაგვიყვანსო. მძღოლი გაბრაზდა და მერე წვიმის ფარდამდე ძალიან ჩუმად ვიარეთ. აქ საერთო ფოტო გადავიღეთ ბავშვებმა. სამახსოვროდ დაგრჩებათო, გიდმა გვითხრა. ამინდი გამოკეთდა და პირველად დავინახე მზე.

 

შატილის შესასვლელი იცით როგორია? სული გეგუბება და ნერწყვის გადაყლაპვა გიჭირს. აუტანელი თავის ტკივილიც უცბად სადღაც ქრება და სილამაზე ჯობნის შიშსაც და დაღლილობასაც. ორი საათი ვიხეტიალეთ. ისევ წიკლაურის დედას ველოდით. სიარული უჭირდა და ყველაზე გვიან დაბრუნდა. შუადღე ორი საათის მიწურული იყო უკვე. დედიკომ იკითხა, მუცოს და უკან გზას რანაირად მოვასწრებთო. ყველამ წიკლაურს გახედა, მაგრამ გიდმა დაგვამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო და გადავწყვიტეთ საქართველოს ყველაზე უცნაური ციხე-სოფელი მაინც გვენახა.

მუცომდე გზა ორჯერ დაგრძელდა. „აი, ამ მოსახვევის მერეს!“ შემდეგ კიდევ ათი მოსახვევი აღმოჩნდა და ოთხი საათი იწყებოდა, რომ გავჩერდით. მშობლებმა თქვეს აღმართზე ასვლა გაგვიჭირდებაო, მაგრამ მამრიკიშვილის მამამ მოკიდა შვილს ხელი და მუცოსკენ წავიდა. რაკი ველოდით, სხვა რა გზა იყო, სხვებიც წავიდნენ. დედიკომ თქვა, ვერ ავალო, სხვას კი ვერ ვანდობ შენ თავსო და ისე წამოვედით, მუცო არ მინახავს. მუცოს ციხესთან ძალიან გემრიელი ხინკალი ვჭამეთ და უკვე ბინდდებოდა, როცა ანატორის აკლდამებთან გავჩერდით.

მთაში ადრე დაღამება სცოდნია. მზე უცბად იმალება. იმ დროს, როცა ჩემ სოფელში საღამოს გაბანავებისთვის მივდივართ ხოლმე, აქ ცა მოიქუშა, აცივდა და საშიში გახდა ყველაფერი. ნახევარი ჩვენგანი არც ჩასულა მანქანიდან, გიდი ანატორის ამბებს გვიყვებოდა და უკვე შეზარხოშებულ მშობლებთან ერთად ჭაჭის არაყს სვამდა.

უკანა გზაზე გამიმართლა. წინ დამსვეს, დედები და მამები უკან გადავიდნენ და მთელი გზა ცეკვავდნენ და მღეროდნენ. გზაში კიდევ ორგან გავჩერდით. მძღოლმა თქვა, ისევ მუხრუჭების პრობლემააო. მსუბუქად წვიმდა, მაგრამ მივხვდი, რომ ხევსურეთს საშიში წვიმები ეცოდინება, როცა არღუნი კიდევ უფრო ბობოქარი და დაუნდობელი ხდება და გზაზე მიმავალ ადამიანებს, ტუჩზე დარჩენილი საჭმელივით ილოკავს.

ათის ნახევარზე დათვიჯვრის წვერზე ავაღწიეთ. მთავარი ჭირი მოვილიეთ, ახლა საშიში არაფერიაო, დაგვამშვიდა გიდმა და ნელა დავუყევით დაღმართს. გზა თავისუფალი იყო. რამდენჯერმე მსუბუქად მოგვაცურა გზაზე ჩამოდინებულ ღელეებთან. ბისოსთან ისევ გავჩერდით. აქაური თაფლი და ყველი ვიყიდოთო. კიდევ ერთხელ გამიხარდა, აუტანელი მუსიკა და ხმაური ცოტა ხნით შეწყდა და მანქანის ანთებულ ფარებთან ჩაცუცქულ ძაღლს მოვეფერე. დედიკო ძალიან დაღლილი იყო. მანქანიდან არ ჩამოსულა. მივხვდი, რომ ჩემზე მეტად მას გაუჭირდა და სახლში მისვლისას იტყოდა, რომ ეს ამ კლასთან ერთად ბოლო წასვლაა, რადგან შეუძლებელია ასეთი ზედახორის კიდევ ერთხელ ატანა.

თაფლი იყიდეს. ყველის პატრონმა ცოტა გვალოდინა, სასწორი ვერ მოძებნა და როცა მოძებნა, უკვე თორმეტი საათი იწყებოდა.

აქედან ტრასა შორსაა? – ვკითხე გიდს.

არა პატარა გოგო, მალე მივალთ, მითხრა და თმაზე ხელი გადამისვა. ეს ბოლო იყო, რაც ცხადად დამამახსოვრდა.

მერე რაღაცამ იქუხა. მე დედიკოს თავს შევეხეთქე და ყველაფერი დატრიალდა. ჯერ მეგონა, რომ ბოლოს-და-ბოლოს მაინც ამერია გული და საშინლად, საშინლად შემრცხვა გულზე ჩამოწუწული სისველის. მხარიც სველი მქონდა და მერე უცბად გავთბი. მზე გამოვიდა. განათდა და ოდნავ დამცხა კიდეც.

 

ყველამ დაწერა სამძიმრის წერილი. ხელისუფალმაც, ხალხმაც, სკოლამაც.

ტურისტული კომპანია მძღოლს აბრალებდა, სატრანსპორტო კომპანია ტურისტულს ასეთი დიდი მარშრუტის დაგეგმვისთვის, სკოლა ორივეს და ჩემი შავებჩაცმული მამიკო სახელმწიფოს, რაკი ასეთი რთული გზის მონაკვეთზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, ღამე გადაადგილება არ იზღუდებოდა და ხევებთან, დამცავი ქვის ბარიერების დალაგება არავის მოსვლია თავში აზრად, რადგან ეს პროექტის ხარჯებს ძალიან გააძვირებდა.

იტირეს, იგლოვეს და დაავიწყდათ. გაისად და იმის მერეც კიდევ წავა სხვა კლასი და სხვა მანქანა ასე, სპონტანურად. მანქანას არავინ შეამოწმებს, გაუმართავ ტრანსპორტს არავინ გააჩერებს. დაგეგმილ მარშრუტს დეტალურად არავინ განიხილავს, მანქანაში არავინ იცეკვებს და გზის უსაფრთხოებაზე არავინ იზრუნებს.

ვისი ბრალი იქნება ყველაფერი? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?

ალბათ ისევ ჩემი, 12 წლის გოგოსი, ვინც ისე წამიყვანეს სამოგზაუროდ, აზრიც კი არავის უკითხავს.

 

 

როგორ ვითამაშოთ სიტყვებით და გავიმდიდროთ ლექსიკა

0

როდესაც თანამედროვე ახალგაზრდების მეტყველების „ნიმუშებს“ ვკითხულობ (ძირითადად, ეროვნულ გამოცდებზე ან სოციალურ ქსელებში), სულ ვფიქრობ, როგორ ახერხებენ, რომ ნაწილაკი „ლამის“ აქციონ ნაწილაკად „რამის“…. „საქმის კურსი“ ეგონოთ „საქმის ყურში“, ხოლო „ჩემს ამპლუაში ყოფნა“- „ჩემ ამპულაში ყოფნა“ და ბევრი სხვა.

ეს უბრალოდ შეცდომები და წაცდენები არ არის, ყველას რომ გვემართება მეტყველებაში, ეს ნამდვილი უწიგნურობაა. მე თუ მკითხავთ, ესეში რომ ამ სიტყვებს გამოიყენებს აბიტურიენტი, საერთოდაც აღარ უნდა წაიკითხო  და არ უნდა შეაფასო ის ტექსტი. თუმცა მხოლოდ ახალგაზრდების „უპირატესობადაც“ ვერ ჩავთვლიდი მსგავს უცოდინრობას. ამას წინათ ერთი „გამოჩენილი“ მთარგმნელი წერს, რომ „ჰაიდეგერი კითხვას სვავსო“… ჰო და, თავიდან საინტერესო ტექსტი მომეჩვენა, მაგრამ „სვავს“ როგორც კი ჩემს მზერას მოხვდა, კითხვა შევწყვიტე… ასეთი ტიპის ორთოგრაფიული შეცდომები უნდობლობას იწვევს მკითხველში. როგორ უნდა ენდო სტატიას, რომელშიც სვავს, გვანს, კომფერენცია, ბიზმესმენი და სხვა ამგავრი შეცდომებია? ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა სკოლა დაამთავრეს და, სავარაუდოდ, გრამატიკაც ისწავლეს, სავარაუდოდ, ლიტერატურაც და ისევ ასე წერენ და მეტყველებენ… იქნებ მათ მასწავლებლებს აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ უნდა წავაკითხოთ?

არ ვიცი, სად ვეძებოთ გამოსავალი. როდესაც ქართული ენის განვითარებაზეა საუბარი, სულ მახსენდება მერაბ მამარდაშვილის სიტყვები: ენას ავითარებს არა გრამატიკული სწორმეტყველება, არამედ ამ ენაზე მხატვრული და მეცნიერული აზროვნებაო. როდესაც ღრმად აზროვნებ, გამოთქმისთვის სულ უფრო მეტი მხატვრული სახე გჭირდება, მეტაფორული აზროვნება კი ახალ სახეებს წარმოქმნის, ღრმად აზროვნება კი ფორმასაც შესაბამისს განაპირობებს. კარგი იქნებოდა, საერთოდ, რომ სკოლებში მეტაფორული აზროვნება და მეტყველება გვესწავლებინა, რომ ენის წიაღში მეტად შეგვეღწია. პრაგმატული მეტყველება და აზროვნება მშრალი და ზედაპირულია, არ მომდინარეობს ემოციებიდან და შინაგანი გრძნობებიდან, მაგრამ ეს განხილვის სხვა თემაა.

ამ შესავლის შემდეგ მინდა გადავიდე სკოლებში ქართული ენის სწავლებაზე და იმაზე, როგორ შეიძლება გავუმდიდროთ მოსწავლეებს ლექსიკური მარაგი, რომელიც ასეთი მწირი აქვთ. გარდა იმისა, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა ავითარებს ლექსიკას და ზრდის ენობრივ კომპეტენციას და არსებობს უამრავი სხვა მეთოდიც, შეგვიძლია დავამატოთ სახალისო და შემოქმედებითი ფორმებიც.

ლექსიკის გამდიდრების ერთ-ერთი ფორმატი ლექსიკონებზე მუშაობაა; თუმცა მშრალად ლექსიკონებში ძიება მოსწავლეებისთვის სასურველი საქმიანობა არ არის, ამიტომ შეგიძლიათ დაავალოთ შექმნან სახალისო ლექსიკონები, მაგალითად,

  • „ჩემი პოზიტიური სიტყვების ლექსიკონი“,
  • „სიტყვები, რომლებსაც ხშირად ვიყენებ“,
  • „ჩემი დღის ლექსიკონი“, და სხვა ( მასწავლებლის ფანტაზიაზეა);

შემდეგ გამოფენენ ამ „ლექსიკონებს“, დაათვალიერებენ ერთმანეთის ნაშრომებს და შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი, სხვებისგან განსხვავაბული, სიტყვა ჰქონდეთ მარაგში, ერთმანეთის ლექსიკონების გაცნობით კი კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდიან საკუთარ ლექსიკას.

სტილისტიკაში სტუდენტებიც სიამოვნებით ასრულებდნენ ასეთ დავალებას: ბუნების მოვლენათა (ან ნებისმიერი სხვა, თემატური…) ლექსიკა დაძებნონ სხვადასხვა ლექსიკონში და ახლი ლექსიკონი გააკეთონ. მაგალითად: წვიმის ლექსიკონი, თოვლის ლექსიკონი, ყვავილების ლექსიკონი (და სხვა); თქვენ აღმოაჩენთ, განსაკუთარებით სულხან-საბას ლექსიკონში, რამდენნაირი წვიმა არსებობს, ხოლო სხვა ლექსიკონებსაც თუ დაუმატებთ, ერთობ შთამბეჭდავ სურათს მიიღებთ!

მაგალითად, წვიმის ლექსიკონი

ქართულ ენაში წვიმას 64 სახელი აქვს:
არაზანი – თავსხმა
ბუტუტი – თქეშივით
გერილი – მალე გადამღები
დელგმა – კოკისპირული
ზესხმა – ძლიერი წვიმა
ზოველა – დიდი წვიმა
ზღველა – თავსხმა
თოროხაპანი – თავსხმა წვიმა დილიდან
თქეში – მსხვილი წვიმა
თქორი – წვრილი წვიმა
ისხარი – ჩქარი წვიმა
კოხშინშხალი – სეტყვა ქარიშხლიანი
კოხი – მსხვილი სეტყვა
ლეზღმა – დიდი წვიმა
ლელეხი – გადაუღებელი წვიმა
ლეშტერი – სეტყვის ღვარი, ლესტერი
ლეშხი – ჟვავი, ფოთოლთაგან დადენილი
ლიჟღი –
ლოშქრი – ნისლსა და წვიმას შუა
მანანა – რბილი წვიმა
მერეხი – თავსხმა
მზე პირს იბანს – თან მზეა და თან წვიმს
მსთვადი–მცხვედი – დილა–საღამოს მარგებელი წვიმა
ნავერღვენა – თავსხმა
ნამვა –
ნიჟი – ცვართ უმცირესი
ჟანტი – მცირე სისველე
ჟგეთა – ძლიერი თავსხმა
ჟინჟლი – წვრილი წვიმა
ჟიჟმატი – ძალიან წვრილი
ჟუჟუნა – ნელი, ხანგრძლივი
ჟღვიპი – ნისლიან-წვიმიანი ამინდი
ჟღმურტლი – წვრილი, ნისლიანი წვიმა
რეში – დიდი წვიმა
საფურცლო – გაზაფხულის წვიმა
სეტყვა – გაყინული წვიმა
სინსლვა – წვრილი წვეთებით წვიმა ბურუსში
სირსვლა –
სკარხალი – სეტყვა (სვან.)
ფრუტი – ნისლოვანი თქორი
ფუნთხი – თქორივით
ქაშანი – ქარიანი თქეში
ქირსლა – წვრილთოვლნარევი
ღანილი – მცირე ხნით გადაღება
ღვართქაფი – წყალუხვი წვიმა
ღვარნაში –
ღვაფი – ცვართ უმსხვილესი
ღლოფო – დიდი წვიმა
ყელობა – წვიმახშირობა
შხაპი – ჩქარი წვიმა, შხეპა
შხაპუნა – უხვი წვიმა
შხუმფლვა – წვრილი წვიმა
ჩუღუმი – ქარწვიმა
ჩქაფი – თავსხმა
ცაიერადი – თავსხმა
ცვარი – მცირე წვიმა
ცრა – თქორზე წვრილი
ძანძახი – ხანგრძლივი, უსიამო
წინწკლვა – წვრილი წვიმა
ჭოროფა – გაბმული ავდარი
ჭყაპი – თოვლნარევი წვიმა
ჭყიჟორი – წვიმიანი ამინდი
ხორხოშა – მსხვილი სეტყვა, კორკოტა
ხოშკაკალა – წვრილი სეტყვა

ეს „ლექსიკონი შეადგინა ქართველმა ჟურნალისმა ამერიკიდან, მანუჩარ კაჭახიძემ წყარო: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/3165-tsvimis-64-sakheli-qarthul-enashi

თუ გინდათ, მოსწავლეები პოზიტიურადაც განაწყოთ და შემოქმედებითი სტიმულიც მისცეთ, დაიწყეთ ამ მარტივი სავარჯიშოთი. მოსწავლეებს ავალებთ, რომ აირჩიონ ერთი პოზიტიური სიტყვა, შემდეგ ეს სიტყვა დაწერონ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად (კროსვორდის პრინციპით) შეავსონ აუცილებლად იმ სიტყვებით, რომლებიც მათ შთააგონებს და პოზიტიურ განწყობას უქმნის! მაგალითად: ხელოვნება.

 

 

ინტერნეტსივრცეში გაჩნდა კიდევ ერთი სასარგებლო რესურსი ganmarteba.ge, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ენის ლექსიკის შემოქმედებითი და კრეატიული სწავლებისთვის. შეგიძლიათ მოსწავლეებს დაავალოთ ისეთი სიტყვების მოძიება, რომლებიც შეიცავს სხვა სიტყვასაც (ფრჩხილებით გამოჰყოფენ), კარგი იქნება, თუ საერთოდაც, ორაზროვან ფრაზებს შექმნიან. მაგალითად:

(სხ)ეული

ევა(კუაცია)

სიყვარულში (გა)დაშვება, (გად)აშვება, (გადა)შვება…

კედელს ცერცვი შევაყ(ვ)არე

ლექსიკონი დაგეხმარებათ, მისცეთ სასურველი მარცვლები ძებნაში და ამ მარცვლის შემცველ სიტყვებს ამოგიყრით პროგრამა, მერე კი ფრაზაც შეგიძლიათ გამართოთ:

 

 

ასე რომ, ვეძიოთ ახალი ლექსიკა და ჩავიდით ენის სიღმეებში სახალისო სავარჯიშოებით!

 

 

 

მათემატიკის გაკვეთილი დისტანციურად

0

ჩემი სტატიები აქამდე თუ საკლასო აქტივობებს ეხებოდა, ახლა, ვფიქრობ, ისეთი დავწერო, რაც სოციალური იზოლაციისა და დისტანციური სწავლების პირობებში გამოადგებათ მასწავლებლებს.

მეც, სხვა მასწავლებლების მსგავსად, ჩართული ვიყავი  სწავლა-სწავლების პროცესში, რომელიც დისტანციურად მიმდინარეობდა.

როდესაც გაკვეთილს ვგეგმავ, ვცდილობ, წინასწარ მოვიძიო ან თავად შევქმნა ისეთი რესურსები, რომლებიც ახსნაში დამეხმარება. როგორც საკლასო მუშაობის, ისე დისტანციური სწავლების დროსაც თვალსაჩინოებას დიდ ადგილს ვუთმობ.

მათემატიკაში ორნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლების ახსნას ვაპირებდი. ამისთვის სკოლაში წინასწარ დავხაზავდი დაფაზე უჯრიანი რვეულის მოდელს, ჩავწერდი რიცხვებს, მათ განლაგებას და ავუხსნიდი მოსწავლეებს, მაგრამ რაკი ეს ყველაფერი დისტანციურად მიწევს, გადავწყვიტე, მოდელი ელექტრონულად შემედგინა. ამისთვის წიგნში მოცემული სავარჯიშოები გამოვიყენე და მათ ელექტრონული ფორმა მივეცი.

გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეებს ჩემი შედგენილი პრეზენტაცია გავუზიარე. რიცხვებში დავასახელეთ ერთეულები და ათეულები, გავახსენე შეკრების წესები. მოსწავლეები ეკრანზე ხედავდნენ უჯრებში ჩაწერილ მაგალითს, რომელიც ანიმაციის საშუალებით ნელ-ნელა ივსებოდა. ამით მოსწავლეებს ვაჩვენე ქვეშმიწერით შეკრება-გამოკლების მოდელი. ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში ისინი ჩართული იყვნენ მაგალითის განხილვაში, რამაც მათ გააქტიურებას შეუწყო ხელი.

მეორე თემა, რაც მათემატიკაში განვიხილეთ, იყო „შესაძლო, შეუძლებელი და აუცილებელი“. მოსწავლეებისათვის ჩავწერე ვიდეო,  სადაც მათ ავუხსენი ახალი თემა. შემდეგ ვთხოვე, ჩაეწერათ ვიდეო, სადაც თვითონ ამიხსნიდნენ ამ გაკვეთილს. მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება. მათ მიერ გამოგზავნილმა ვიდეოებმა კი მკაფიო წარმოდგენა შემიქმნა იმაზე, რამდენად გაიგეს ახსნილი გაკვეთილი.

ვფიქრობ, ასეთი სახალისო სავარჯიშოები გაკვეთილის ათვისებასა და გაგებას უწყობს ხელს.

  მსოფლიოს საოცარი ეროვნული პარკები

0

ყველა განვითარებული ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბუნების დაცვას. ამ პრობლემის მოგვარებაში დიდ როლს ასრულებს ეროვნული პარკები.

 

იაპონიის წყალქვეშა პარკები

წყალქვეშა სამყაროს დაცვა ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. იაპონელი მკვლევრების ცნობით, ბუნებრივი წყალქვეშა ლანდშაფტი სანაპირო რაიონებში უკვე იშვიათობად იქცა და ამიტომაც აქ  დიდი ყურადღება ექცევა წყალქვეშა პარკების შექმნას. ქვეყანაში მათი რიცხვი საკმაოდ დიდია  და თითქმის ყველა პრეფექტურას თავისი ეროვნული პარკი აქვს.

მსოფლიოში პირველი წყალქვეშა პარკი კარიბის ზღვაში 1962 წელს გაიხსნა. მოგვიანებით იაპონიაში შეიქმნა საზღვაო პარკების მოწყობის კომიტეტი, რომელთა ძალისხმევით ქვეყანაში ზღვის სანაპირო პარკები შეიქმნა, მათ შორის ზღვის ფსკერზეც კი. შემთხვევითი არ არის, რომ იაპონიაში დიდ ყურადღებას უთმობენ საზღვაო პარკებს, რასაც ქვეყნის კუნძულოვანი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს. აქ  იაპონიის წყალქვეშა პარკები საოცარი სანახავია. ჩრდილოეთის შედარებით ცივი წყლის სამყაროს სამხრეთის თბილი ტროპიკული წყლები ცვლის, სადაც გავრცელებულია აქტინია, მარჯნები, რომლებიც წყალქვეშა სამყაროს საოცარ ეფექტურ იერს აძლევს. გრანდიოზულ სანახაობას ქმნის ლამინარიების ტყე და სხვადასხვა წყალმცენარეები.

იაპონიის ერთ-ერთ წყალქვეშა ნაკრძალში, კუნძულ მიკიმოტოზე მოწყობილია ლაბორატორია, სადაც ხელოვნური მარგალიტები გამოჰყავთ. ეს ადგილი  მარგალიტის ინდუსტრიის ცენტრია. 1919 წელს მსოფლიო ბაზარზე ამ წყალქვეშა პარკში  გამოყვანილი პირველი ხელოვნური მარგალიტიც გამოჩნდა.

იაპონიაში ტურისტებს შეუძლიათ დაათვალიერონ ოკეანოგრაფიული მუზეუმი, დელფინების თეატრი, სადაც „ზღვის ფსკერის ეს ინტელიგენტები“ მაყურებლებს აცვიფრებენ: თამაშობენ ფრენბურთსა და კალათბურთს, ხტებიან ალმოდებულ რგოლში და სხვადასხვა ილეთს ასრულებენ. მათი სიღრმიდან მარგალიტის შემცველი ნიჟარების ამოღებასაც კი ასწავლიან..

წყალქვეშა სამყაროს დასათვალიერებლად, იაპონიაში უკვე დიდი ხანია, რაც მინის ფსკერიან კატარღებს იყენებენ. მისი ცენტრალური ნაწილი მინისაა და მგზავრები გზადაგზა წყალქვეშა სამყაროს ხილვით ტკბებიან.

ყვითელი კლდეების ნაკრძალი

1804 წელს მდინარე მისურის აუზის გამოსაკვლევად ამერიკული ექსპედიცია უ. კლარკისა და მ. ლიუსის მეთაურობით გაემგზავრა. ექსპედიციამ მდინარე მთლიანად გამოიკვლია შესართავიდან სათავემდე. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო ვინმე ჯონ კოლტერი, რომელიც 1807 წელს გამოეყო ძირითად ჯგუფს და დამოუკიდებლად დაიწყო უცნობი ადგილების გამოკვლევა. ჯ. კოლტერს გაუმართლა და ერთ მშვენიერ დღეს  კლდოვანი მთების მიყრუებულ ადგილას, მდინარე იელოუსტოუნის ზემო დინებაში მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: რამდენიმე ადგილას დედამიწიდან წყლის ძლიერი ნაკადი იფრქვეოდა, ღრმა და  ვიწრო კანიონები სავსე იყო ჩანჩქერებით, ცისფერი ტბის ზედაპირზე კი ხშირი ტყე ირეკლებოდა.

დიდხანს არავის სჯეროდა კოლტერის მონათხრობის და მდინარე იელოუსტონის საოცრება გამოგონილი ეგონათ. საბოლოოდ 1869 წელს ამ ადგილების დეტალურად გამოსაკვლევად ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციამ დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის კონგრესს წინადადებით მიმართა მდინარე იელოუსტონის ზემო დინება ნაკრძალად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 17 თვის შემდეგ  (1872 წელს) დაამტკიცა კონგრესმა კანონპროექტი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ასევე მსოფლიოში  პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.

ადგილობრივი ინდიელები იელოუსტონის პარკს „ყინულის, ცეცხლის,  წყლის და ორთქლის ქვეყანას“ უწოდებენ. პარკის ფართობის 1/10-ზე ათასამდე ცხელი წყარო და რამდენიმე ასეული გეიზერი მდებარეობს. პარკის საოცრებად კი მაინც დედამიწის უდიდესი გეიზერი „ექსელსიორი“ ითვლება. მისი წყლის სვეტის დიამეტრი 8-10 მ-ს, სიმაღლე კი 100 მ-ს აღწევს.

ძნელია მდინარე იელოსტოუნის კანიონის სილამაზის აღწერა.  კლდოვანი მთების ქედებსა და ხეობებს თუ ზემოდან გადმოვხედავთ, თვალწინ ყინულების სამეფო გადაიშლება. მუდმივი თოვლით დაფარული მთების წვეტიანი მწვერვალები თვალისმომჭრელად ბრწყინავენ მზის სინათლეზე. მყინვარების თეთრი ენების გვერდით ყვავილების ნაირფერი ხალიჩით დაფარული ალპური საძოვრები ანდამატივით იზიდავენ ტურისტებს.

აქვეა თავმოყრილი ტბებიც, რომელთა ფერიც ირგვლივ მდებარე მთების და ამგები ქანების ფერის მიხედვით იცვლება – ცისფერიდან იისფრამდე.  მართალაი, კანიონის ციცაბო კალთები სხვადასხვა ფერის ქანებითაა აგებული, მაგრამ გამეფებული ფერი მაინც ყვითელია, ამიტომაც  აქაურობას „ყვითელი ქვების ქვეყანას“ ეძახიან.  ქედების კალთების შუა ნაწილი ხშირი მუქწიწვოვანი ტყითაა დაფარული, თუმცა ხის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა. აქაა რბილი და შავი ფიჭვი, ბალზამის ნაძვი, აქა-იქ კი ფოთოლმცვენი ვერხვი, ჯუჯა ნეკერჩხალი, თხმელა. მთათა შორის ქვაბულებში ფართო საძოვრებია გადაჭიმული.

კანიონი თითქოს ამ ტერიტორიის გეოლოგიურ ისტორიას გვიამბობს. ოდესღაც აქ ვიწრო ხეობებით დანაწევრებული მაღალი მთების ჯაჭვი ყოფილა, რომელიც ლავურ ღვარებს შემდგომში შედარებით მოუსწორებია. ამჟამად პარკის დიდი ნაწილი ვულკანურ მწვერვალებიან ლავურ პლატოს წარმოადგენს. აქა-იქ ხეობის კალთებზე, 50 მილიონი წლის წინათ ვულკანური ფერფლის ქვეშ გაქვავებულმა გოლიათმა ხეებმა დღემდე მოაღწია.

იელოუსტოუნის პარკი მხოლოდ გეიზერებითა და კანიონებით როდია ცნობილი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოოლოგიური ნაკრძალიცაა. აქ ბინადრობენ ისეთი ძვირფასბეწვიანი ცხოველები, როგორიცაა: ამერიკული თახვი და ამერიკული სიასამური, მრისხანე დათვი „გრიზლი“, გრაციოზული ანტილოპა – ვილოროგი, ამერიკული ირემი ვაპიტი. მთებში, დიდ სიმაღლეზე გვხვდება თოვლის თხა და დიდრქებიანი ცხვარი. პარკში ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატებში შემორჩენილი ბიზონების ერთადერთი ჯოგი, ასევე 250-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ვარხვი და გედი.

ბუნების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წყალობით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი თავისებურ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება, სადაც მეცნიერები გამოკვლევებს აწარმოებენ გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ეკოლოგიაში.

პარკის პოპულარობაზე მეტყველებს მნახველთა რიცხვიც – 2 მილიონზე მეტი ტურისტი წელიწადში. პარკის დასათვალიერებლად მის ტერიტორიაზე გაყვანილია თითქმის 500  კმ. სიგრძის გზა და 1500  კმ. სიგრძის ბილიკი. აქ მოწყობილია კემპინგები, სასტუმროები, პარკინგები, მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სამეცნიერო-სასწავლო მუზეუმები. პარკს აქვს საკუთარი ტელეცენტრიც.

იელოსტოუნის ეროვნული პარკი, 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურისა და ბუნების მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს  და მას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

 

ჰავაის ვულკანური პარკი

საოცარია ჰავაის ვულკანური პარკი. ტურისტები ფოტო და ვიდეოაპარატებით მომზადებულნი სუნთქვაშეკრულნი შეჰყურებენ ვულკან მაუნა-ლოას კრატერს, საიდანაც მოლურჯო-მოშავო ფერის ორთქლი ამოდის. დროდადრო მიწისქვეშა გუგუნი ისმის და მიწის მსუბუქი რყევაც იგრძნობა, თუმცა ტურისტები მაინც ელოდებიან ვულკანის ამოფრქვევას და ყველა მოულოდნელობისთვის მზად არის, მაგრამ ვულკანის ყელიდან ამოვარდნილი ცეცხლის სვეტი, გავარვარებული ქვები, ლავა და ფერფლი მაინც მათ დიდ შიშსა და გაოცებას იწვევს. ირგვლივ ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმის, შეშფოთებული ტურისტები გამალებულნი ატრიალებენ ვიდეოკამერებს, ჩქარობენ გადაიღონ ბუნების ეს მრისხანე და, ამავე დროს, დიდებული მოვლენა. მაუნა-ლოა კი მოქმედებას განაგრძობს: ისვრის გავარვარებული ქვების ახალ-ახალ პარტიას, ანთხევს ლავას, აფრქვევს ფერფლს.

მაუნა-ლოა ჰავაის არქიპელაგის ყველაზე აქტიური ვულკანია. იგი საშუალოდ სამ წელიწადში ერთხელ ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას. სწორედ ამ დროისთვის იკრიბებიან აქ იშვიათი სანახაობის მოყვარული ტურისტები.

 

კომოდოს ეროვნული პარკი

კომოდოს ეროვნული პარკი  ინდონეზიაში, მცირე ზონდის კუნძულებზე მდებარეობს. პარკი სამ  დიდ (კომოდო,  პადარი,  რინკაჰი) და 26 პატარა კუნძულს მოიცავს. მათი საერთო ფართობი 1 733 კმ²-ია. 1980 წელს პარკი კომოდოს ვარანის – მსოფლიოში უდიდესი ხვლიკის დაცვის მიზნით შეიქმნა. მოგვიანებით, დაცვის ქვეშ მოექცა სხვა სახეობებიც. პარკის მშრალი და ცხელი კლიმატი, სავანის ტიპის ვეგეტაცია, ენდემური სახეობის – კომოდოს ვარანის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ისინი ბინადრობენ კუნძულებზე: კომოდო (1 700 ცალი), რინკაჰი (1 300 ც), გილი-მონტაგი (100 ც), ფლორესი (2 000 ც). გადაშენებულია კუნძულ პადარზე.

პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა, ხასიათდებიან გორაკ-ბორცვებით, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 735 მეტრზე მდებარეობს. კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია მთელ ინდონეზიაში, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 800 მმ-ია. ოქტომბერში, ტემპერატურა  40°C-ს აღწევს. პატარა ტყეები 500 მეტრის მაღლა ვრცელდება, მაგრამ საუკეთესო პირობებს ქმნის ფლორის რამდენიმე ენდემური სახეობის გავრცელებისათვის. სანაპიროს მცენარეულობა  მანგროს ტყეებს მოიცავს.

პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 4 000 ადამიანი ცხოვრობს. აქ პოპულარულია დაივინგი, რადგან წყალქვეშა მცენარეულობა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მთავრობის მთავარ სტრატეგიას ზღვაზე დაფუძნებული  ეკოტურიზმის განვითარება წარმოადგენს. 1991 წელს იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეყვანა.

 

 

ლიტერატურული გამოძიება – ვინ მოკლა პატრიარქი?  

0

„სროლა კარგად რომ მესწავლა, ბიზონებს ვხოცავდი”, _ უთხრა მეგობარმა ცნობილ ავაზაკს ბილ ჰარიგანს, რომელმაც მშვიდად უპასუხა: „მე მაგ საქმისთვის ადამიანებს ვესვრი”. ვკითხულობთ ბორხესის მოთხრობაში „გულგრილი მკვლელი ბილ ჰარიგანი” წიგნიდან „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია”. ასეთი ისტორია ქართველი გულგრილი და მშვიდი მკვლელების ამბებითაც შეიძლება „გამდიდრებულიყო”. მათ შორისაა დღემდე გაუხსნელი საქმე საქართველოს კათალიკოსის, კირიონ მეორისა (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილისა), რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში 1918 წლის 26 ივლისს მოკლეს მარტყოფში. თუმცა, მაშინდელმა გამოძიებამ თვითმკვლელობის ვერსია აღიარა,  საზოგადოებამ არ დაიჯერა. თავზარდამცემ ამბავს პატრიარქის არანაირი სულიერი აშლილობა თუ რამ მსგავსი მიზეზი არ უძღოდა, რაც ერის სულიერ მოძღვარს ამ ნაბიჯისკენ უბიძგებდა ან გახდებოდა საბაბი ამგვარი სულისწარმწყმედი მოქმედებისა. გათავისუფლებელ საქართველოში ის თავის დიდ საქმეებს აღასრულებდა. მას მძიმე და ძნელი გზა გამოევლო პატრიარქობამდე, გადაელახა უამრავი დაბრკოლება, ხიფათი, გაეძლო გადასახლებისა და დევნისთვის. და ახლა, როცა, მთელმა ერმა უდიდესი ნდობა და სიყვარული გამოუცხადა, სრულიად წარმოუდგენელი იყო, სიცოცხლე ამ გზით მოესწრაფა და ღვთის ნებას შეწინააღმდეგებოდა. როგორც არისტოტელე წერს, ისტორია მხოლოდ იმას აღწერს, რაც მოხდა, ხოლო ლიტერატურა იმას, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მსოფლიო ლიტერატურას კი აქვს არაერთი მაგალითი იმისა, როდესაც ლიტერატურული გამოძიება უფრო ახლოს მიდის სიმართლესთან, ის რეალობას აღემატება და მომხდარს წარმოსახულ განზომილებაში ახალი ლოგიკური ახსნა და მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც მკითხველი მწერალს უფრო უჯერებს, ვიდრე ისტორიკოსს. ცნობილი ამბავია, როცა თომას მანმა თავის მდივანს დასრულებული რომანი „იოსები და ძმანი მისნი” გადააბეჭვდინა, ქალმა მადლიერების გრძნობით, გაოცებულმა და აღტაცებულმა უთხრა, ძლივს არ გავიგე, სინამდვილეში რა მოხდაო. ქართულ სინამდვილეში ისტორიის „ცარიელი” ფურცლების „შევსების” წარმატებული მაგალითია კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა”, რომელმაც მკითხველი დააჯერა გამოგონილი ამბის რეალურობაში. ამ შემთხვევაშიც, თუმცა,  ფაქტობრივმა გამოძიებამ თვითმკვლელობა დაადგინა, არსებული საეჭვო გარემოებები მოწმობდნენ, რომ პატრიარქი  თავს ვერ მოიკლავდა. და როცა რეალობა უძლურია ტრაგიკული გამოცანების ამოსახსნელად, მაშინ მშველელად ჩნდება რომელიმე შერლოკ ჰოლმსი, ყველგანშეღმწევი მზერით, გამჭრიახი გონებით, უცნაური ლოგიკითა და მაგიური ანალიზით, რომელსაც მკვლელობის საქმის გახსნამდე მივყავართ.

ამგვარ „გამომძიებლად“ გვევლინება თანამედროვე მწერალი ლაშა იმედაშვილი, გამორჩეული ხელწერისა და მხატვრული აზროვნების ავტორი, რომლის შემოქმედებაც მკითხველის ყურადღებას იქცევს ამბავთა მრავალფეროვნებითა და თხრობის ოსტატობით.  მისი რომანის, „პატრიარქის შემოდგომის”, მთავარი ამბავიც ესაა _ გამოძიება და დადგენა, ვინ, რატომ, რისთვის, რა მოტივით ჩაიდინა მკვლელობა.  მწერალი ამ რომანში ქმნის ახალ მხატვრულ განზომილებას, რომელშიც „პეპლის ეფექტით”, პრინციპით, რა შეიძლება მომხდარიყო, დრო რომ უკან გადაგვეხვია, არკვევს მოვლენათა თანამიმდევრობის ლოგიკას. მას ამ საქმის დიდი გამოცდილება აქვს, ამაზე მეტყველებს მის მიერ „გამოძიებული” იმგვარი ცნობილი, რეზონანსული საქმეები, როგორებიცაა: მაცხოვრის ჯვარცმა, ილია ჭავჭავაძის, ვანო მაჩაბლის და სხვა მსგავსი  გაუგონარი მკვლელობების ლიტერატურული გამოძიება.

ამგვარ შეჭრას რეალურ ისტორიაში მწერალი პოსტმოდერნისტული სტრატეგიებით ახორციელებს, მისი ამოცანაა დროის პალიმფსესტის იმ შრემდე მიღწევა, რომელსაც მკვლელობაში მონაწილე პიროვნებათა კვალი აშკარად ატყვია. ცნობილ დეტექტიურ რომანთაგან განსხვავებით, როცა უკვე ჩადენილ დანაშაულს იკვლევს რომელიმე გონებამახვილი ადამიანი, ამ ნაწარმოებში თვითონ მოვლენები და ამბები იხატება, რომლებიც მკითხველს მკვლელობის თანადამსწრედ და მაყურებლად აქცევენ.

მწერალი შესანიშნავად ხატავს ეპოქას. ახალი, როგორც რობაქიძე იტყოდა, „დემონოკრატიული” (და არა დემოკრატიული) ბოლშევიკური, ტოტალიტარული  იდეოლოგიის დამკვიდრებას საქართველოში. მართალია, ჯერ 1918 წელია, მაგრამ უკვე მზადდება 1921 წელი, როცა წითელი არმია შემოიჭრა ქვეყანაში და ქვეყანას სამწლიანი თავისუფლება ხანმოკლე სიზმრად უქცია. მარქსისტულ-ლენინური ანტირელიგიური პროპაგანდა ამქვეყნიური სამოთხის ყალბი დაპირებით მრევლს იმრავლებდა. დგებოდა კომუნისტური ცრურწმენების ეპოქა, რომელსაც ადამიანური ყოფა აბსურდამდე მიჰყავდა. ღვთისუარყოფა დასავლურ სამყაროში თავისით იკაფავდა გზას, იქ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობანი ედო საფუძვლად. ნიცშეს ზარატუსტრას ნაქადაგევი ღვთის სიკვდილის ამბავი მთელ მსოფლიოს მოსდებოდა და ადამიანური გონებისთვის ახალი დამაბნეველი გამოცანა მიეცა.

რომანის სათაური, რა თქმა უნდა, ასოციაციურ გადაძახილს იწვევს გაბრიელ გარსია მარკესის „პატრიარქის შემოდგომასთან”, თუმცა ეს გადაძახილი მხოლოდ სათაურების სიბრტყეზე რჩება და არანაირი  სხვაგვარი განზომილება და სიღრმე არ გააჩნია.  მარკესი ძალაუფლების ფსიქოლოგიურ ასპექტებს წარმოაჩენს მარადიული პრეზიდენტის, იგივე პატრიარქის სახით, რომელიც ყოველმხრივ ებღაუჭება დესპოტიზმის საჭეს, რათა გახდეს არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ კოსმიური ძალების მბრძანებელი. მისთვის სამშობლო „მხოლოდ კარგი გამოგონებაა”, რათა ხალხი ვაიპატრიოტიზმის ყალბი სულიკვეთებით დააბრმავოს, დაიმონოს და მართოს. ის თავის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ცდილობს ბუნების ყოველი სასიცოცხლო ენერგია, ცრურწმენები, ტრადიციად შეჩეჩებული დამახინჯებული დღესასწაულები (ისეთივე შენიღბული, როგორც დედამისისის ფერადებით შეღებილი ჩიტები, რათა ბაზარში მყიდველი ჭრელაჭრულა ბუმბულს მიეზიდა და გაესაღებინა) და უახლესი ტექნოლოგიები საკუთარი უკვდავებისთვის გამოიყენოს, თუმცა ერთადერთი, რასაც საბოლოოდ მაინც ვერ იმორჩილებს, დროა, რომელიც მასაც ისევე აქცევს მტვრად და ნაცრად, როგორც ადამიანური მოდგმის ყველა სხვა ნაშიერს. ის გამოგონილი, კრებითი სახეა სულიერად დამახინჯებული, მარტოსული და განწირული ყველა დიქტატორისა. მისი შემოდგომა ლპობისა და სიკვდილის მაუწყებელია.

ლაშა იმედაშვილის პატრიარქი კი ისტორიული პიროვნება, ერის ნამდვილი სულიერი წინამძღოლია. მისი ზაფხული კი ივლისში მის მკვლელობას გულისხმობს. საგულისხმოა ისიც, რომ სათაურით გამოწვეული  მკითხველის მოლოდინი არ მართლდება იმ მხრივ, რომ პატრიარქი ამ რომანის მთავარი გმირი არ არის. თუმცა ყველა გზა მისკენ მიიმართება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რომანი მკითხველს აუცილებლად  უბიძგებს, გაეცნოს ამ შესანიშნავი პატრიარქის ნაწერებს, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ  ისტორიულ დოკუმენტებს.

არსებობს ფსიქოლოგიური კანონი, რომლის მიხედვითაც, დიდსა და აბსურდულ ტყუილებს ადამიანების თვალში მეტი დამაჯერებლობა ენიჭება. ამგვარ ტყუილად იქცა ქრისტიანული სამართლიანობის ელფერით შენიღბული მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგია, რომელიც ადამიანური თანასწორობის, სამართლიანობის იდეით ბანგავდა და აბრუებდა ნეოფიტებს, რომელთაც კომუნიზმის იდეალებს რელიგიურის სანაცვლოდ სთავაზობდა. ეს მით უფრო ითქმის ისტორიის იმ გზაჯვარედინებისთვის, რომლებიც განაპირობებდნენ არა მხოლოდ კერძო ადამიანების, არამედ ქვეყნების არჩევანს. რაც მეტია არჩევანი, მით მეტია დაბნეულობაც. სწორედ ამგვარი პოლიტიკურ-სოციალური თუ კულტურული წინააღმდეგობებით გამოირჩეოდა მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედი, კლასიკოსებთან (ილიას, ვაჟა, აკაკი) გამომშვიდობებისა და ახალი ესთეტიკის დამკვიდრების ქარტეხილებით (სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი და იზმების არნახული სპექტრი – (თავისუფალი არჩევნის უფლებით) ხანა.

ლიტერატურასა და ისტორიაში ცნობილია ისეთი დანაშაულები, როდესაც მკვლელობის შთამაგონებელნი დაუსჯელნი რჩებიან. მამისმკვლელობასაც მითოლოგიური ძირები აქვს. ერი  თუ კერძო კაცი კლავს მამას, რათა მისი ადგილი დაიკავოს. ილია მოკლეს და საქართველოს „ასაოხრებლად მარქსიზმს გზა გაუხსნეს” (სპირიდონ კედია). კირიონიც ერის მამა იყო, მისი მკვლელობით ერს თითქოს სულიერი განვითარების გზა გადაუკეტეს. ეს მკვლელობა რეალურად წინ უძღოდა საქართველოს მკვლელობასაც, ამგვარი მეტაფორით შეიძლება გავიაზროთ 1921 წელს საქართველოს ძალადობრივი ანექსია. შეიძლება ითქვას, რომ ასრულდა ვაჟა-ფშაველას წინასწარმეტყევლება, ილიას მკვლელობის გამო ნათქვამი: „ილიას მკვლელებს, რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ”. ვაჟა ვერ მოესწრო თავისი წინასწარმეტყველების ასრულებას, ილიას მკვლელებმა კი საქართველო მოკლეს და 70 წლის მკვდარი, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, სამყაროს სამართლინობის უნივერსალური კანონის ძალით, კვლავ აღორძინდა ლაზარესავით.

ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ დიდ ადამიანთა მკვლელობას რაიმე დიადი მიზანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისტორიის არაერთი მაგალითი ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. რომანში პატრიარქის მკვლელობის მოტივაციის გამჟღავნება ფარდას ხდის ახალი ძალის, სოციალ-დემოკრატების სულიერ სიღატაკესა და გონებრივ უმწიფარობას. თავის დროზე ნოე ჟორდანიამ ილიას მკვლელობა ამგვარი ანდაზით გაამართლა: „ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები ცვივაო”. მან ილიას სიცოცხლეს ნაფოტის ღირებულება მიანიჭა და ამგვარად გასცა თავისი ნამდვილი სახე. დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის საზიზღარ გაუგონარ მკვლელობებს კირიონისაც დაემატა, როგორც დასტური ამქვეყანაზე ბნელი, სატანური ძალის დამადასტურებელი უძლეველობისა.

რომანის კითხვისას მკითხველს კაფკასეული აბსურდის განცდა გაუჩნდება, თითქოს ავტორი მას ადამიანის დაბინდული ცნობიერების ლაბირინთებში ამოგზაურებს, სადაც სინათლის რაიმე ნასახი, აზროვნების სახით, არსად არ ჩანს, არც ლაბირინთის ბოლოს. თხრობა ირონიულ-პაროდიულია, პოსტმოდერნისტული ხრიკების თანხლებით, რაც  ფარულსა და ზედაპირულ ირონიას, ძველი ტექსტების გადათამაშებას და ამ გზით  მიღწეულ არტისტულობას გულისხმობს. ლაშა იმედაშვილის მხატვრული ენა მდიდარი და გამომსახველია. ის დასამახსოვრებელ ტიპაჟებს ქმნის და, რაც უნდა აბსურდული იყოს მის მიერ დახატული ამბავი, მკითხველზე ზემოქმედების ძალას ბზარები არ უჩნდება. მას კარგად ეხერხება უმცირესი დეტალების ხატვა, იმგვარებისა, რომლებიც ადამიანის ხასიათის ამა თუ იმ თვისებას სიღრმისეულად გამოკვეთენ. ხანდახან ერთი გონებამახვილური ფრაზითაც ისე შთამბეჭდავად გამოკვეთს პერსონაჟის ბუნებას, სხვას მთელი გვერდები რომ დასჭირდებოდა აღსაწერად, შეიძლებოდა ამგვარი ეფექტისთვის მაინც ვერ მიეღწია.

რომანის პირველსავე ფრაზას შევყავართ უცნაური ლოგიკისა და აზროვნების ატმოსფეროში: „თუკი ცენზურა არ არსებობს, გამოდის, რომ ყველა სიტყვა უცენზურო ყოფილა, საკუთარ თავს გამოუტყდა პირველი უბნის პროკურორის თანაშემწე, ლეო კიკაბიძე, და მატარებლის ფანჯრიდან თბილისის შემოგარენის იმ მოსაწყენ სერებს გახედა, რომელიც მაშინაც არაერთგზის ჰქონდა ნანახი, როდესაც რუსული ცენზურა დაუნდობლად მძვინვარებდა”. ეს საუკეთესო ხერხია იმისთვის, რომ ავტორმა მკითხველი თავიდანვე აიყოლიოს და ბოლომდე არ მოუდუნოს ცნობისმოყვარეობა, რათა ტექსტი სულმოუთქმელად ჩააკითხოს, კომიკურისა და ტრაგიკულის მიჯნაზე, ბეწვის ხიდზე ატაროს, ჯერ ფიქრის ორმოებში ჩააგდოს და იქიდან მზერაგახსნილი ამოიყვანოს იმისთვის, რომ ყოფითსა და უმნიშვნელო დეტალებს მიღმა სამყაროს ზოგადი და უნივერსალური კანონზომიერებები დაინახოს, „გონება” ავარჯიშოს, „სულს საზრდო” მისცეს, „ზრის “აღებ-მიცემობით” (ილია)  გამდიდრდეს.

მართალია, რუსული ცენზურა აღარ არსებობს, რევოლუციების ქარიშხალმა რუსეთის იმპერია შეარყია და მის ერთ პროვინციულ გუბერნიასაც, საქართველოს სახით, ამოსუნთქვის საშუალება მისცა, მაგრამ უმეცრების ცენზურას ხომ დროისა და სივრცის საზღვრები არა აქვს. სწორედ ამგვარი ცენზურის ტყვეობაში აღმოჩნდა ეს ჩვენი პატიოსანი გამომძიებელი ლეო კიკაბიძე, რომელსაც იმდენი გამჭრიახობა კი ჰქონდა, ერთი პატარა საქმე როგორღაც გამოეძიებინა. სწორედ ამ საქმემ დააახლოვა ის მწერალ არსენ საგანელიძის ოჯახთან (მწერლის კონდიტერი ვაჟი იხსნა ყალბი ბრალდებისა და შესაბამისი სასჯელისგან). არსენ საგანელიძე კი მალე მის სულიერ მამად იქცა, მან მონათლა თავისი მჭევრმეტყველების ემბაზში და პატრიარქის მკვლელობა შთააგონა. მაგრამ ეს თანდათან მოხდა. ამ თანდათანობაში კი მწერალმა არაჩვეულებრივად დახატა მაშინდელი საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული ყოფა. არსენ საგანელიძისა და ლეო კიკაბიძის დამეგობრების ამბავს, როგორც თხრობის მთავარ მაგისტრალსა თუ საყრდენს, უერთდებიან წვრილ-წვრილი ამბების ნაკადულები, რომლებსაც მოაქვთ ცოცხალ პერსონაჟებთან შეხვედრის ელდა და ის გატაცება, რომელიც მკითხველის წარმოსახვის გაშლას და მოუთხრობელი ამბების თავისი ფანტაზიით შევსება მოსდევს. მწერალი თითქოს მკითხველს გასაღებების აცმულას აძლევს და პერსონაჟთა დაკეტილი გულებისკენ გზას უკვალავს. მხოლოდ ამგვარი მონაწილეობით, იმის განცდით, რომ შენ თვითონ, დამოუკიდებლად აღებ გამოუცნობის კარს, მიიღწევა მხატვრულ ტექსტთან დიალოგის, რეალური ურთიერთობის განცდა.

რომანში კარგად იხატება როგორც არსენ საგანელიძის, მკვლელობის იდეოლოგის, სახე, ასევე ლეო კიკაბიძის, ერთი პროვინციელი გულუბრყვილო, გაუნათლებელი ადამიანისა, რომლის დაუმუშავებელი გონება ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა საგანელიძის შხამიანი მარცვლების აღმოსაცენებლად და გასახარებლად. აბსურდულ-კომიკურია ვაიმწერლის, უნიჭო, მაგრამ მიზანდასახული, საკუთარ თავში დარწმუნებული არსენისა და უმარტივეს ჭეშმარიტებებში გაუთვიცნობიერებელი ლეოს დიალოგი სუფრასთან, ერთგვარ საიდუმლო სერობასთან, რომელმაც მთავარი საიდუმლოს ბეჭდები დაანახვა მომავალ ადამიან-იარაღს. საგანელიძე მიხვდა, რომ იოლად შეძლებდა ლეოს ზომბირებასა და მართვას. მართალია, დიდი ჭკუით არც თვითონ გამოირჩეოდა, მაგრამ იმდენი კი შეეძლო, რომ სხვისთვის საკუთარი ბნელი აზრები მოეხვია და ყალბი რელიგიური წარმოდგენების ქსელში გაეხვია.

საგანელიძე, ქამელეონივით მოძრავი და ცვალებადი, კლასიკური მედროვის სახეა, ყველა მთავრობას რომ ერგება და მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას. მის მიერ სხვადასხვა ფსევდონიმის არჩევაც მოწმობდა, რომ ფიქრი იმისკენ ჰქონდა მიმართული, როგორმე მოეტყუებინა რედაქტორები, რათა მისი გონების უბადრუკობას, სიტყვიერ ქსოვილში შეფუთულს, ლექსს, მოთხრობასა თუ პიესას, როგორმე დღის სინათლე ღირსებოდა, მაგრამ ცერბერი რედაქტორები მაინც ცნობდნენ, ამხელდნენ, დასცინოდნენ და ამგვარ შეფასებებსაც არ იშურებდნენ: „ორპირელს: “დედინაცვალი ერთ დღეს გამიწყრა, თავში მირტყამდა”… ამის შემდეგ ხომ არ დაგჩემდათ წერა?” “აქილესს: უცნაურს ბრძანებთ: “გონიერი ზღვის ტალღებში მძიმე საგანივით იძირება და უმეცარი მჩატესავით ტივტივებსო, აბა სცადეთ!” გულნატკენ საგანელიძეს სჯეროდა  თავის მიერვე გამოთქმული ამგვარი სიბრძნისა: „თანაგრძნობა მუქთი გახლავთ, შურს კი დამსახურება უნდა”, ამიტომ ბევრს ეცადა თუ ცოტას, რაღაცების დაბეჭდვა მაინც მოახერხა, მაგრამ, ცხოვრების მართლმსაჯულებას მაინც ვერსად დაემალა და „კრიტიკოსმა მოკლა”, რომელმაც ერთო კერძო საუბარში „ერთი-ორი თბილი სიტყვით მოიხსენია და პირდაპირ ასე თქვა: ეს ჩვენი არსენი დიდი შემოქმედებითი იმპოტენციალის მქონე მწერალიაო”, „ბატონმა არსენმა ამ ამბიდან ორიოდე კვირაში წერა შეწყვიტა”. მას თავში ვაშლი ან რაიმე მსგავსი რამ არ დასცემია, მაგრამ  სათავისო ჭეშმარიტება მაინც აღმოაჩინა, რევოლუციურად განწყობილ მწერალთა რელსებზე გადავიდა.

მწერალს რომანში გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად, რეალურნიც შემოჰყავს. მათი სახელების ხსენებით აღწერილ ამბავთა და მოვლენათა დამაჯერებლობის ილუზიას უქმნის მკითხველს. ლეო კიკაბიძის, პროვინციიდან თბილისში ჩამოსული, სახელისა და საზოგადოებაში ადგილის მოსაპოვებლად მაძიებელი ადამიანის დასახასიათებლად მწერალი შესანიშნავ ეპიზოდებს ხატავს. მაგალითად, კომიკურ-აბსურდულია სიტუაცია, როდესაც სასტუმრო „ენგლეტერის” ევროპულად გამართულ საპირფარეშოში განმარტოებული ლეო, იქაური სიწყნარით, სისუფთავითა და სუნამოს სუნით გაბრუებული, ოცნების ხასიათზე დაყენებული, სასტუმროში შეკრებილ რევულუციონერ, პროლეტარ მწერალთა ხმამაღალ სჯა-ბაასსა და დისკუსიებს აყურადებს. ისინი მსჯელობდნენ ქართველ მწერალთა წარმატებებსა თუ ბევრ სხვა იდუმალ საქმეებზე, ამიტომ ლეოს მწერალთა ახლო გაცნობის, მათს სამყაროში უფრო ახლოს შეხედვის წყურვილი ჰკლავდა. ადამიანებზე, ასე თუ ისე, დაგეშილმა საგანელიძემ კი მაშინვე იყნოსა ლეოს სიბრიყვე და გამოცდილი მეძებარივით მიჰყვა სავარაუდო მსხვერპლის კვალს.

მთავარი აბსურდი კი მკვლელობის მოტივია – ერთი შეხედვით, დაუჯერებელი და გამაოგნებელი, მაგრამ მხატვრულად დამაჯერებელი და ეპოქის სულისკვეთების, რაობისა და არსის საუკეთესოდ გამომხატველი. ყველაფერი კი იქიდან შემზადდა, რომ საგანელიძემ ლეოს სუფრაზე დაუჯერებელი საიდუმლო გაუმხილა, თურმე  საქართველოს ეკლესია, მისი მღვდელ-მსახურნი, დიდნი და მცირენი, ხალხს არ უმხელენ სიმართლეს, რომ ადგილი აღარც სამოთხეში და აღარც ჯოჯოხეთში აღარ არის. გაკვირვებისგან პირდაღებულ ლეოს საგანელიძე ამ და მსგავს სისულელეს უხვად სჩრის სულსა, გულსა და გონებაში. ისიც  ღრუბელივით ყველა სიტყვას შეიწოვს და გამხმარი ყამირივით იჟღინთება მისი არსება ანტირელიგიური სულისკვეთებით. მაინც რა არგუმენტები აქვს საგანელიძეს? მისი აზრით, მართალია, მთავრობა გამოიცვალა, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეკლესიამ – ავტოკეფალია, უბრალო ხალხისთვის მაინც არავინ არის – მას ტყუილში აცხოვრებენ და მთავარი დამნაშავე ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელია (ამ დროს პატრიარქი კირიონ მეორეა, რომელიც აღსაყდრდა  1917 წლის 17 სექტემბერს). კირიონ მეორე დიდი ქველმოქმედი და ეროვნული მოღვაწე იყო, ამიტომაც ეკლესიის შიგნით თუ გარეთ მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა. საგანელიძე ასე აბრუებს ლეოს: „სული რომ სამოთხეს მიაკითხავს და ადგილს ვეღარ იპოვის, რაღა უნდა ქნას?! ჯოჯოხეთს მიუკაკუნებს, მაგრამ ადგილი აღარც იქ დაუხვდება. ისღა დარჩება, უკან დაბრუნდეს და ადგილის ძებნა ბუნებაში დაიწყოს. ბინად ყველაფერი გამოდგება: ხე, ცხოველი, წყალი, სხვა რამ ნივთი. ჩვენი ეკლესია კი ამას უარობს, ჰგონია, რომ საიდუმლოს გულმოდგინედ ინახავს, დაბრმავებულ ხალხს გონებას ურევს და მონობაში ამყოფებს”. ლეოსთვის საგანელიძის ეს ლოგიკა რკინისაა, და შესაბამისად, დაურღვეველი.  საგანელიძის მიზანი არა მხოლოდ ლეოს, არამედ მისთანების, ესე იგი, ხალხის ეკლესიის წინააღმდეგ ამხედრებაა. ლეოს კითხვაზე: „რომ არ გამოგყვნენ, – რომელსაც, ამ შემთხვევაში, საკუთარი ბედ-იღბალი მეტად აღელვებდა, ვიდრე ხალხისა”, საგანელიძემ ქედმოუხრელად უპასუხა: „სხვა რა გზა ექნებათ, ყველა გაითელება, ვინც ახალ ცხოვრებას წინ გადაუდგება!”

ამის შემდეგ ძალიან ცოტა დრო გავა და მოირღვევა ეკლესიათა საუკუნეებს გადარჩენილი გუმბათები, ჩამოიხსნება ჯვრები, გაითელება ხატები და საკურთხევლების ადგილას აბანოები, სპორტდარბაზები, პირუტყვთა თავშესაფრები მოეწყობა ხალხის ბედნიერების სახელით. ახლა კი ჯერ ისევ ლეოსა და საგანელიძის საუბარს ვუსმენთ, ლეო რა, მხოლოდ მსმენელია, საგანელიძეა დავარდნილი ქადაგად. მან არაერთი მაგალითი მოუყვანა ლეოს იმის თვალსაჩინოდ წარმოსადგენად, თუ როგორ იტანჯებიან სამოთხე-ჯოჯოხეთს გარეთ დარჩენილი სულები, როგორ დაბორიალობენ, დახეტიალობენ და ხან ვის, თუ ან რას შეესახლებიან. ხოლო „ვოლოდარსკის წიგნი”, რომელშიც ეს ამბებია მოთხრობილი, ეკლესიამ აკრძალა და დაარბია და თუ სადმე მის წამკითხველსაც მიაგნო, თავ-ბედს აწყევლინებს. და ამ გაურკვეველ ვითარებაში, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, საგანელიძემ ლეოს, როგორც „რელიგიის პროკურორის”, დანიშნულება და მისია გამოკვეთა. ვითარებას მეტი აბსურდის ელფერი ედება, როდესაც საგანელიძე ლეოს ამ საქმეში ჩახედულ, „ექსპერტ”, ლოთ, წითელი დროშის პირველ ამფრიალებელს, ლეონტი არსენიძეს გააცნობს, რომელიც კიდევ უფრო ღრმად ჩაახედებს მას სამოთხისა და ჯოჯოხეთის „გადავსებულობის” საქმეში. თუ საგანელიძე რელიგიურ-მისტიკური მაგალითების მოხმობას დასჯერდა, ამან ლეოს თავბრუ დაახვია ისტორიისა და მეცნიერების „უეჭველი საბუთებით”.

რომანის სამოქმედო ასპარეზზე კიდევ ერთი პერსონაჟი ჩნდება, ტერორისტ-ექსპოპრიატორი, ამჟამად კი სულით ავადმყოფთა თავშესაფრის ზედამხედველი, იროდიონ ვაჩიბერიძე, მეტსახელად ახო, რომელთან საუბარში მკვლელობის მთავარი გეგმა და მიმართულება გამოიკვეთება.  საგანელიძეს სჯეროდა, რომ ლეო ისე უნდა დაემუშავებინათ, რომ მას მკვლელობა დავალებით კი არა, თავისი ღრმა რწმენით ჩაედინა. პარალელურად, თხრობაში შემოიჭრება ისტორიულ-დოკუმენტური კადრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. შთამბეჭდავია სოციალ-დემოკრატ კარლო ჩხეიძის  საჯარო ლექცია (მან „მარქსისა თუ მარქსიზმის სიყვარულის გამო ნათლობის სახელი ალექსანდრე მიივიწყა და ტყვიასავით მოკლე „კარლო” დაირქვა”).

რომანში ყველაფერი ისეა, როგორც კარგ დეტექტივში. მალე ლეოს მკვდარს იპოვიან. საგანელიძე და მისი მეგობრები ისე მოაწყობენ საქმეს, რომ ეს მკვლელობა სიყვარულის ნიადაგზე თვითმკვლელობად გაასაღონ. თუმცა რომანის ბოლოს მკითხველს კიდევ ერთი შეცბუნება ელის, როდესაც ლეო, მკვდრეთით აღმდგარი, ანაფორაში გამოწყობილი, მარტყოფის მონასტერში ბერ იობის სახით გამოეცხადება. გამომძიებელთან საუბარში ის ამაყად განაცხადებს, რომ ქვეყანას წურბელა მოაშორა (რა თქმა უნდა, ყველას გაახსენდება ბერბიჭაშვილის ამგვარივე სიამაყე ილიას მკვლელობისათვის). იმასაც გაამხელს, რომ მოკლული ნამდვილი მამა იობი იყო, მისდა საბედისწეროდ, გარეგნობით ლეოს მსგავსი (მზაკვრობის არსიც ეს იყო, თავიდანვე, პატრიარქთან დაახლოებული, ბერ იობის მსგავსი კაცი მოძებნეს და ეს ლეო აღმოჩნდა), მისნაირად შენიღბული, რათა კვალი  თუ თავგზა აერიათ ყველასთვის. ლეომ კი, რევოლუციური იდეით, და ხალხისა და კაცობრიობის გაბედნიერების წყურვილით გულანთებულმა, ბერ იობის სამოსით, „გულგრილად” გამოასალმა სიცოცხლეს მწყემსი სრულიად ქართველთა დაბნეულთა ცხვართა. გამომძიებელსა და ლეოს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: „ის მაინც თუ გახსოვთ, როგორ მოკალით პატრიარქი? იობი: ოთახში შევიპარე, მძინარეს დავადექი თავს. ზურგზე იწვა, ერთხანს ვაკვირდებოდი, დრო მინდოდა შემერჩია, მერე პირზე ხელი დავაფარე, მარჯვენა გვერდზე ჩავაბრუნე, სროლის ხმა რომ ნაკლები ყოფილიყო და მიჯრით ვესროლე”. „მიქელაძე: საგანელიძე დაგპირდათ რამეს? იობი: გვარიან გასამრჯელოს და მთავარი პროკურორის ადგილს ნამდვილად განახლებულ საქართველოში. მიქელაძე: თუ ეგრე ნანობდით, მაშინვე რატომ არ განაცხადეთ? იობი: ვინ თქვა, რომ ვნანობ? მწარედ მომატყუეს და ის მაწუხებს. მიმაგდეს, ხელი არ გამიმართეს, აღარც გასამრჯელო მაღირსეს. თანაც, მე რომ სამოთხე-ჯოჯოხეთის ადგილები შევსებული მეგონა, ეგ ადგილები საერთოდ არ ყოფილა და არც ღმერთი არსებულა ამქვეყნად”. იობ-კიკაბიძე სულიერ ავადმყოფად მიიჩნიეს და საგიჟეთში მოათავსეს. მართალია, მან საგანელიძე და ამ საქმის სხვა მონაწილენი დაასახელა, მაგრამ ვერავის ვერაფერი დაუმტკიცეს. ბედისა თუ  მართლმსაჯულების უკუღმართობით კი, საგანელიძის რეპუტაცია არ შელახულა. როგორი პატივისცემითაც სარგებლობდა სიცოცხლეში, ასევე პატივით დაკრძალეს დიდუბეში. ირონიით წერს მწერალი: „ბოლშევიკებმა ლეოს სამსახური არ დაუფასეს, საგიჟეთიდან არ დაიხსნეს, თუმცა კი იოლად შეეძლოთ. ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარი გიჟებიც ბლომად ჰყავდათ და მეტის დამატება აღარ უნდოდათ”. ლეო საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. ავტორი მის აღსასრულს ასეთი მახვილგონივრული შეფასებით აღწერს: „იცხოვრა ისე, თითქოს არც არასდროს მოკვდებოდა, მოკვდა ისე, თითქოს არც არასდროს ეცხოვრა”.

„გეშინოდეთ ცხვრის ტყავში გახეული მგლებისა”. ამ სახარებისეულ შეგონებას, მარადის აქტუალურს, მიუხედავად მარტივი და იოლად შესამეცნებელი სიბრძნისა, გასაოცარია,  მაგრამ ადამიანური გონების ყრუ კედლები მაინც ვერ გაუბზარავს და ტვინის სააზროვნო სივრცეში ვერ შეუღწევია. ამიტომაცაა, რომ ასე თავისუფლად დათარეშობენ ადამიანი-მგლები და საკაცობრიო სიკეთის სახელით უამრავ ბოროტებას ჩადიან.

მწერალი, მართალია, მორალისტი  არ არის, მაგრამ მის სიტყვას მაინც ნებისმიერი მაღალი  ამბიონიდან მქადაგებლის სიტყვაზე მეტი ძალა აქვს. და ერთადერთი, რასაც ვერანაირი მზაკვრული გეგმა ვერ კლავს, ეს მხატვრულ სიტყვაში განხორციელებული სიმართლეა.

 

გარდატეხის ასაკი – ნინველები და ყრმები

0

როდესაც ჩვენ გვერდით მორიგი ტრაგედია დატრიალდა და ახალგაზრდა ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტეს თანატოლებმა, ფეისბუქს სხვადასხვა სახის შეზღუდვების დაწესების, აკრძალვების, კონტროლის მექანიზმების შემოღების მოთხოვნების შემცველი პოსტებისა და კომენტარების დიდმა ტალღამ გადაუარა („უფროსი ადამიანების ახლომახლო დასწრების გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი…“, „წვეულებისთვის სახლის გაქირავება 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის უნდა აიკრძალოს…“). მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც კონტროლი და აკრძალვა, ცოტა არ იყოს, აფრთხობს. ალბათ იმიტომ, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობდი თითქმის მეოთხედი საუკუნე. ჩემთვის ისიც გასაგებია, რომ ბევრი შეზღუდვა, მაგალითად, მანქანის წინა სავარძელში მჯდომი მგზავრისთვის ღვედების შეკვრის აუცილებლობა, გადასასვლელებზე შუქნიშნების დამონტაჟება, საზოგადოების სასიკეთოდ არის მოფიქრებული. თუმცა ისიც კარგად ვიცი, ამგვარი აკრძალვებითა და შეზღუდვებით ადამიანებს როგორ აჩვევენ მზრუნველ ხელს და მერე ნელ-ნელა ეს მზრუნველი ხელი როგორ უწყებს მათ მოხრჩობას. შესაძლოა, ამიტომაც იყო, რომ იმ ტიპის შეზღუდვები, აკრძალვები და კონტროლი, რომელსაც პოსტების ავტორები მოითხოვდნენ, ძალიან მაბრაზებდა. ასე მეგონა, ამ ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ოდესღაც თვითონაც იყვნენ იმ ასაკში, როცა აღიზიანებდათ უფროსების მეთვალყურეობა და როცა მათი საყვარელი სათავგადასავლო წიგნები იყო ამბები იმის შესახებ, ბავშვები რომ სახლიდან იპარებიან, დაკარგული ბავშვები რომელიღაც უკაცრიელ ადგილზე, იდუმალი ქოხების პოვნა ან აშენება მივარდნილ ადგილებში. ეს ამბები კეთილად სრულდებოდა და არ მეგულება არცერთი ბავშვი, გულის სიღრმეში რომ არ უნდოდეს, თუ ასევე კეთილად დასრულდება მათი ამბავი, მათაც განიცადონ უფროსების კონტროლისგან  დროებით მოშორების სიამოვნება.

„ოცდაერთ წლამდე ადამიანები ავკრძალოთ საერთოდ“ – მელანო დურმიშიძის ირონიული პოსტი რომ წავიკითხე, მივხვდი, ჩემი სტუდენტიც ჩემსავით ბრაზობდა. მაგრამ ამ პოსტის ქვეშ მიწერილმა კომენტარმა, რომელიც მელანოს მასწავლებელს, ანა ბენდელიანს ეკუთვნოდა, ჩემთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა. „შექსპირი საერთოდ აძინებდა, მგონი, 21 წლამდე! მოიცა, ჩავხედავ ზუსტად, „მექანიკურ ფორთოხალს აქვს წამძღვარებული“. სანამ კომენტატორი წიგნს მოიძიებდა, შეძლებისდაგვარად ვთარგმნე ფრაზა ინგლისურად, დავგუგლე და შექსპირის ციტატას მივაგენი: „I would there were no age between sixteen and three-and-twenty, or that youth would sleep put rest; for there is nothing in the between but getting wenches with child, wronging the ancietry, stealing, fighting” („ნეტა არ არსებობდეს ასაკი თექვსმეტიდან ოცდასამამდე; ან ნეტა ყმაწვილები ძილში ატარებდნენ ამ დროს; რამეთუ ეს ის პერიოდია, როცა ისინი ნაბუშრებს ამრავლებენ, მშობლებს ეურჩებიან, იპარავენ, ჩხუბობენ…“) – თურმე ამ სიტყვებს უილიამ შექსპირის კომედიაში „ზამთრის ზღაპარი“ მწყემსი ამბობს. მგონია, რომ შემთხვევითი არაა, რომ შექსპირმა ასეთი თამამი აზრი მწყემსს ათქმევინა. ერთი მხრივ, თითქოს უბირ მწყემსს ეპატიება სისასტიკე და დაუნდობლობა, მეორე მხრივ კი, მწყემსი საინტერესო მეტაფორაა და ხან მეფეს, ხანაც მასწავლებელს აღნიშნავს. სანამ მე შექსპირის კომედიას ვეცნობოდი, ამასობაში ანამაც მიაგნო ენტონი ბერჯესის რომანის ეპიგრაფს. შესაძლოა, ბევრისთვის შეუმჩნეველიც კი დარჩენილიყო მწყემსის სიტყვები, რომ არა ეს ეპიგრაფი. ინტერნეტში განთავსებულ რომანის, „მექანიკური ფორთოხალი“, ტექსტს აკლია გვერდი, რომელზეც ეპიგრაფი უნდა იყოს; არც ინგლისურ ორიგინალს ამშვენებს ეპიგრაფი ელექტრონულ ფორმატში. როგორც მოგვიანებით დავადგინე, მიზეზი ისაა, რომ მწერალი შექსპირის კომედიის პერსონაჟის გაბედულ სიტყვებს პიესად გადაკეთებული ვერსიის წინასიტყვაობაში ციტირებს. ზოგიერთ გამოცემაში ეს პასაჟი დატოვებულია, ზოგიერთს კი, სამწუხაროდ, აკლია. თანაც საინტერესოა ისიც, რომ ენტონი ბერჯესმა კომედიის პერსონაჟის სიტყვები გადააკეთა და ათვლის ქვედა ზღვარი შეცვალა, როცა ის თექვსმეტიდან ათ წლამდე ჩამოიყვანა: „ვისურვებდი ათიდან ოც წლამდე ასაკი არ არსებობდეს, ან ყმაწვილებს მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძინოთ; თორემ რა გამოდის, სწორედ ამ წლებში სხვა საქმე არა აქვთ გარდა გოგონების გაუპატიურებისა და ნაბუშრების გაჩენის, მოხუცების შეურაცხყოფის, ქურდობისა და ჩხუბის…“ მხოლოდ ამ ციტატის სათანადო გააზრების შემდეგ ხვდება მკითხველი, რომ რომანის აცვენილი ყმაწვილი პერსონაჟების ენა, რომელსაც ნადსატი ჰქვია, რუსული აფიქსია, რომელიც რიცხვით სახელებს დაერთვის თერთმეტიდან ცხრამეტამდე, ანუ ასაკთან წყვილში ის იქნებოდა ინგლისური „teen”-ის ეკვივალენტია, იმ განსხვავებით, რომ ინგლისურ ენაზე ეს სუფიქსი ცამეტიდან ცხრამეტამდე რიცხვით სახელებს დაერთვის. ინგლისური სუფიქსიდანაა ნაწარმოები სიტყვა თინეიჯერიც, რომელიც “teen”-ის ასაკს აღნიშნავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაგები ხდება, რატომ გადააკეთა და დასწია ენტონი ბერჯესმა შექსპირის ციტატაში ასაკი. მან რუსული აფიქსი გაითვალისწინა. ზედა ზღვარი მწერალმა შექსპირისეულად დატოვა, ხოლო პასპორტის მიხედვით სრულწოვანება თავისებურად გამოხატა – რომანი „მექანიკური ფორთოხალი“ 21 თავისგან შედგება და ეს შემთხვევითი არაა. იმავე წინასიტყვაობაში მწერალი წერს: „წიგნი, რომელიც მე დავწერე, სამი ნაწილისგან შედგება, თითო ნაწილი კი შვიდ თავად დავყავი. ამოიღეთ ჯიბის კალკულატორი, დააჯამეთ ციფრები და მიხვდებით, რომ გამოდის ოცდაერთი თავი. 21 ადამიანის სრულწლოვანების სიმბოლოა, ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს, რადგან ამ ასაკში ვიღებთ პასპორტს და არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას მოვიპოვებთ, ესაა ასაკი, როცა ზრდასრულის პასუხისმგებლობას ვიძენთ. გამომცემელმა მთხოვა რომანის შემოკლება, მაგრამ არ დავთანხმდი, ასე ვერ მოვიქცეოდი – ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ ოცდაერთი“. იქვე მწერალი აღნიშნავს, რომ ათიდან ოცდაერთ წლამდე თხზავდნენ მოცარტი და მენდელსონი უკვდავ ნაწარმოებებს, ხოლო რახმანინოვმა, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი „პრელუდია დო დიეზ მინორში“ იცნობს, ეს თხზულება სწორედ ოცდაერთი წლის ასაკში დაწერა. სხვათა შორის, კომპოზიტორს გული მოსდიოდა იმის გამო, რომ ვიღაცები მას ადრეულ ასაკში შექმნილი ნაწარმოებით აფასებდნენ. რას ნიშნავს რახმანინოვის გულისწყრომა ბერჯესისთვის? ალბათ იმას, რომ მოზრდილი ადამიანები ძველი, შლეიფივით აკიდებული სახელის გამო არც უნდა შევაქოთ და არც გავკიცხოთ; ადამიანები იცვლებიან, სავარაუდოდ, უკეთესობისკენ. უხერხულია მათი გასამართლება თინეიჯერობის ასაკში ჩადენილი საქციელის გამო. მოცარტის, მენდელსონის და რახმანინოვის მაგალითები დადებითი მაგალითებია, რისი გაკეთებაც მოზარდებს შეუძლიათ. სამწუხაროდ, ეს მაინც იშვიათობაა და ყველაზე მეტი შეცდომა ადამიანებს სწორედ გარდატეხის ასაკში მოსდით, გარდატეხის ასაკი რომელიც იმდენხანს გრძელდება, რომ, საუბედუროდ, ბევრი შეცდომის მოსწრება შეიძლება. ამიტომაც არ ღირს არასრულწლოვნებიდან გამოსულადამიანებს დიდობაში გავუხსენოთ და წამოვაძახოთ ძველი ცოდვები – ჩვენც ხომ გავიარეთ ეს საბედისწერო ასაკი ნინველობიდან ყრმობამდე, ჩვენც ხომ გვეშლებოდა ბევრი რამ? მოდით, ჩავიხედოთ ჩვენს გულებში.

ადამიანის სრულწლოვანება კულტურიდან კულტურაში და ეპოქიდან ეპოქაში განსხვავებულია. სულხან საბა ორბელიანი სიტყვის კონაში განმარტავს: ხუთი წლით ვიდრე ათ წლამდე ვაჟსა უსუარი და ქალსა უსუარა (ეწოდების). ათი წლით ათხუთმეტამდე ვაჟსა ნინველი და ქალსა ნინველა. ათხუთმეტი წლითგან ვიდრე ოცამდე ვაჟსა ყრმა და ქალსა ყრმაი. ოცი წლითგან ვიდრე ოცდაათამდე ვაჟსა ჭაბუკი და ქალსა ჭაბუკა. და შემდგომად სრული კაცი ვიდრე ორმეოცდაათამდე და შემდგომად ეწოდებს ვაჟსა მოხუცებული და ქალსა მოხუცებულა. და შემდგომად ვაჟსა ბერი და ქალსა ბებერი, რომელ არს მამაბერი და დედაბერი. და შემდგომად მიხრწნილი ეწოდების და წუერთეთროსანსა ჭარმაგი და მხცოვანი ეწოდების.

ახლა, როცა ლიტერატურის მაგალითებით ზოგადი წარმოდგენა შევიქმენით ასაკის თავისებურებებზე და გადავავლეთ თვალი დიდი შემოქმედების ზოგჯერ ირონიულ, ზოგჯერ შემწყნარებლურ, ზოგჯერ კი გამკიცხავ დამოკიდებულებას, ჩვენი, მასწავლებლების სირთულეებიც გავიხსენოთ – სკოლის წლები ხომ ძირითადად ნინველობიდან ყრმობამდე სახიფათო ასაკს მოიცავს და ჩვენ, მასწავლებლებს შეხება გვაქვს ამ ასაკის ყმაწვილებთან. მოდით, რა თქმა უნდა, ოჯახების თანადგომით, ისეთი მიმართულება მივცეთ ნინველობიდან ყრმობამდე გატარებულ ცხოვრებას, რომ უკან მოხედვის შემდეგ სკოლის პერიოდის დღეები და ამბები გასახსენებლად ნაკლებად მტკივნეული და მტანჯველი იყოს ჩვენი მოსწავლეებისთვის.

ფინანსური განათლების ელემენტები მათემატიკის გაკვეთილზე

0

,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“.

         ფულის მიმართ სწორი დამოკიდებულება მცირე ასაკიდან ყალიბდება. ბუნებრივია, აქ გადამწყვეტი როლი მშობლებს აქვთ, რომლებიც მცირეწლოვანს გამიზნულად ან უნებლიეაჩვენებენ, რას ნიშნავს ფინანსები. თუმცა, ფულთან ურთიერთობის (ფულს სჭირდება თვლა, ანგარიში) და მოსწავლეებში მცირე სოციალური პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მასწავლებელს დაწყებით საფეხურზე მათემატიკის გაკვეთილზეც შეუძლია. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა ჩემ მიერ გაკვეთილი თემაზე: ,,შეკრება-გამოკლების ერთობლივი შესრულება ფულთან მიმართებაში’’. გთავაზობთ გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერას.

V კლასი.

დაწყებითი საფეხური

მიზნები/სწავლის შედეგები (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულება)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • შეკრება-გამოკლების ოპერაციების ერთობლივი შესრულება;
  • გამოთვლების ტექნიკის დახვეწა;
  • მიღებული ცოდნის გამოყენება სხვა სასწავლო დისციპლინებსა და ცხოვრებისეულ სიტუაციებში;
  • ფულთან ურთიერთობა – ფულის საზომ ერთეულებს შორის კავშირზე დაყრდნობით.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები

მათ.5. 3. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • მოსწავლე გამოსახავს და ასახელებს ნატურალურ რიცხვებს;
  • იყენებს ამ ცოდნას პრაქტიკაში. კერძოდ, ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და იყენებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედების შესრულების ადეკვატურ ხერხს.

მათ. 5.4. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.

  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს დროის, მასისა და სხვა სიდიდეების ერთეულებს.

მათ. V.6. მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამარტივება ამოცანის ამოხსნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ

  • მოსწავლე ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები

  • ნატურალური რიცხვები და მათზე მოქმედებები;
  • ზომის ერთეულები;
  • რიცხვითი გამოსახულებები;
  • შეკრების კანონები.

გაკვეთილის აღწერა

I აქტივობა: 1. ორგანიზაციული საკითხის მოგვარება – მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა;

  1. გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა (4 წთ).

II აქტივობა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ სლაიდებზე წარმოდგენილ სხვადასხვა სახის დავალებებს. კერძოდ, წაიკითხავენ მრავალნიშნა რიცხვებს (სლაიდი 1); ზეპირად, შეკრების კანონების გამოყენებით იპოვიან ჯამის მნიშვნელობებს მოცემულ მაგალითებში (სლაიდი 2); ამოხსნიან პრაქტიკულ ამოცანას. (სლაიდი 3). ამ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდებათ ზეპირი გამოთვლების, ლოგიკური აზროვნების – მოთხოვნასა და საჭიროებას შორის არჩევნის გაკეთების უნარი (6 წთ).

                                

III აქტივობა: პროვოცირების მიზნით, მოსწავლეებს მოვასმენინებ მაკარის სიმღერას ქართული ფილმიდან ,,ქეთო და კოტე“ (სიმღერა არის ფულზე), მოსწავლეები უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:

„რა კავშირში იქნება წარმოდგენილი მასალა ჩვენი გაკვეთილის შემდეგ აქტივობასთან?“ მოსწავლეები გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას. მასწავლებელი ფულის ბანკნოტებზე გამოსახულ გამოსახულებებზე ეკითხება: – რა იციან ფულის ბანკნოტებზე გამოსახული პიროვნებების შესახებ? შეხვედრიათ თუ არა მათზე ინფორმაცია სხვა სასწავლო დისციპლინებში და რასთან მიმართებაში? (10 წუთი).

ამ აქტივობით და წარმოდგენილი რესურსების გამოყენებით, მოსწავლეები გაამახვილებენ ყურადღებას საგანთშორის კავშირებზე, შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია შემდეგი აქტივობისთვის და ხალისით შეუდგებიან მის შესრულებას (10 წთ).

IV აქტივობა:  მოსწავლეებს ვაჩვენებ შექმნილ თვალსაჩინოებას (გადასახადის ქვითრებისგან), რომელიც გაუძლიერებთ მათ ინტერესს შესასრულებელი დავალების მიმართ.

შემდეგი დავალება მიეცემათ წყვილებში სამუშაოდ: რიგებს მიეცემათ სამი განსხვავებული დავალება – სლაიდი 1-2, 3-4, 5-6 (კლასში მერხები განლაგებულია სამ რიგად).

 

შეფასდება შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული სამი წყვილი, რომლებიც პირველები შეასრულებენ (სხვადასხვა) დავალებას. მოსწავლეები გააკეთებენ შესრულებული დავალების პრეზენტაციას.

ამ აქტივობით მოსწავლეები, ამა თუ იმ ამოცანის ან ცხოვრებისეული სიტუაციის რაოდენობრივად გადაწყვეტის დროს, ეჩვევიან მიღებული მათემატიკური ცოდნის გამოყენებას; ფულთან ურთიერთობას და მცირე სოციალური პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა (15 წთ).

საშინაო დავალება   

 

 გამოთვალეთ (მშობლების დახმარებით) თანხა, რომელიც სჭირდება თქვენს ოჯახს სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით კომუნალურ გადასახადებში: ცალ-ცალკე (წყალი, ელექტროენერგია, გაზი, დასუფთავების სამსახური) და ერთად (მათი ჯამი).

 

დანართი 1

გამოიანგარიშეთ ზეპირად:

64 + 20 +36

505 + 42 + 495   

1099 – 51 – 99

8 ლ. 29 თ. – 7 ლ. 20 თ.

დანართი 2

თეოს სადილისთვის ყოველთვის აქვს 3 ლარი. ამ თანხით მას შეუძლია შეიძინოს ხაჭაპური ან ფუნთუშა. თეოს უყვარს ხაჭაპური, მაგრამ მას ძალიან სწყურია, წყლის ჭურჭელი კი სახლში დარჩა. ხაჭაპური 3 ლარი ღირს, ფუნთუშა -1 ლარი და 50 თეთრი, წყალი კი – 60 თეთრი. მისი რომელი გადაწყვეტილება იქნება უფრო გონივრული?

 ა. იყიდოს მხოლოდ ხაჭაპური;

 ბ. იყიდოს ფუნთუშა და წყალი.

დანართი 3

გამოთვალეთ, ცხრილში მოცემული პირველი 6 პრეპარატის ახალი ფასების ჯამი.

რამდენი ლარით იაფია ტერაფლუს საწყისი ფასი სტრეპსილსისაზე?

რას უდრის კორეგასა და ტერაფლუს ახალ ფასებს შორის სხვაობა?

მითითება: ფასდაკლების სვეტს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

 

დანართი 4.

იპოვეთ მოცემული სახეობების საწვავის ფასების ჯამი.

რომელი საწვავია ყველაზე ძვირი? იაფი?

რას უდრის მათ ფასებს შორის სხვაობა?

დანართი 5

იპოვეთ მოცემული ბოსტნეულის სახეობების ფასების ჯამი.

რისი ტოლია ვაზის ფოთლისა და ბოლოკის ფასებს შორის სხვაობა?

ცხრილში მოცემულ თანხებს შორის რომელია ყველაზე დიდი? მცირე?

რამდენი ლარით იაფია თეთრი კარტოფილი წითელზე?

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...