ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

ფერისცვალება

0

განა არ ვიცი, რომ ადამიანი საკუთარ წარსულს ეყრდნობა, გუშინდელი დღეების ჯამია და სხვანი, მაგრამ ხშირად ეს შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას. ეგრე მგონია და კიდევ ის, რომ გუშინდელი დღის არდაზუთხვით ვვითარდებით, უცხო გზაზე სიარულით და ხელახლა დაბადებით. მტკივნეული დაბადებით. იმ დაბადებით, როცა დაბადებულს ტკივა, რადგან თვითონვეა დამბადებელი. ფერისცვალების მთავარი არსიც ესაა. ამადაც გვეშინია ფერიცვალების – მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. კი, ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების, უცხოს და რთულის შიშს. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ან გვაქვს და უკან მიდის.

მე გუშინ ქალაქ ოზურგეთის ერთი ჩვეულებრივი სახლის მოხურულაში ვიყუჟებოდი, „უმივალნიკთან“ პირს ვიბანდი და სახეზე ლიმონს ვისვამდი – ვიღაცამ მასწავლა. თან ცალი თვალით ვუყურებდი, მეზობელი სახლში როდის შევიდოდა, მომესწრო და უცებ შემერბინა ოთახში. მეგონა, სამყაროზე დიდი  გამონაყარი მქონდა და ყველაზე მახინჯი ვიყავი. და თან საშინლად მრცხვენოდა გამარჯობის თქმის და ადამიანის მოკითხვის. ეს „სიმახინჯის“ გამო არა, აი, ასე, უბრალოდ მრცხვენოდა. გამონაყართან გაყრის მერეც. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ვინმესთვის სიყვარულის ახსნას შევძლებდი. ეს „სიყვარულის ახსნა“ ხომ მაშინ სკოლის ცხოვრების გარდაუვალი პროცედურა იყო და ჩემი ფიქრებით, ჩემთვის მიუწვდომელი.
ასე ვისწავლე და ყოველ ახალ დღეს წინანდლის მტრად ვაქცევ. დილით რომ სარკეში თავს ვუყურებ, საღამოს ანარეკლს ვაჯიბრებ. მაშინ რომ გზაზე ფეხი მიცდებოდა, ვცდილობ, ფეხსაცმელი გამოვიცვალო – გზას ვერ გამოცვლი, ჩვენი სამყარო პატარაა. ხან ვმარცხდები, ხან ვიმარჯვებ, მაგრამ ერთს არასდროს ვაკეთებ, სხვას არ ვეკითხები ნიშნის მოგებით და წამღერებით – „რას შვებოდი, რატომ, რისთვის, სად იყავი მაშინ?“ რადგან, თუ იმ მხარეს ვიყავი, რომელიც ახლა მეცუდება, ვცდილობ, ახლა აღარ ვიყო. სანამ ცოცხალი ვარ, ამის შესაძლებლობა მაქვს და გაქვს. ამას გვარნახობს ფერისცვალება. ცოცხლების დღესასწაული.

 

მასწავლებელი კლარნეტითა და სამართებლით

0

ამ ზაფხულს ნაბოკოვისას დავარქმევდი. წაკითხული წიგნები თავიდან წავიკითხე, ენციკლოპედიისთვის სტატიები ვთარგმნე მწერლისა და მისი ყველაზე გახმაურებული რომანის შესახებ, ბევრი ვიფიქრე შორეულ ქვეყანას შეკედლებულის არჩევნის სისწორეზე – ენის შეცვლის მეორე, დამანგრეველ მხარეზე და ბოლოს ოქტომბრის რევოლუციის სხვა შედეგით დამთავრება, რუსეთში გატარებული მწერლის ცხოვრებაც წარმოვიდგინე. რას დაწერდა? როგორ?

ვ. გ. ზებალდის „ემიგრანტები“ ავიღე და იქაც დამხვდა, წიგნის ოთხივე ნაწილში. ხან სახელითა და გვარით არის მოხსენიებული, ხან – არა, მაგრამ ადვილად ვხვდებით, ვინ იქნება. ერთ მოთხრობაში მთავარი გმირი, პაულ ბერეითერი ცხოვრების მეგობარს, ლუსი ლანდაუს ასე გაიცნობს: ქალი ბულვარში ნაბოკოვის ავტობიოგრაფიას კითხულობს, კაცი ორჯერ ჩაუვლის, მერე კი „ცოტა ძველმოდური, მაგრამ გამართული ფრანგულით“ გამოელაპარაკება.

სწორედ პაულ ბერეითერზეა ეს წერილი – მასწავლებლად დაბადებულზე, უცნაურსა და თავისებურზე, ბედისწერას დამორჩილებულზე, არჩევნის გარეშე დარჩენილზე. მის  ამბავს მომნუსხველი ენით, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებით გვიყვებიან, ჩემი გულის მოსაგებად კი ისიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ „მას ყველა, ქალიც და კაციც, პაულ ბერეითერად ან მასწავლებელ ბერეითერად კი არა, უბრალოდ, პაულად მოიხსენიებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თანამედროვეთა თვალში ის მუდმივ ბიჭად რჩებოდა და ზრდასრულად არავინ აღიქვამდა“. მთხრობელი მისი ყოფილი მოსწავლეა, რომელსაც წარსულის ბილიკებზე სიარული, მოგონებების მარცვალ-მარცვალ შეგროვება გადაუწყვეტია. თითქოს სასიცოცხლო მნიშვნელობისა გამხდარა იმ კაცის თავს გადამხდარის ბოლომდე შეტყობა, რომელიც ნელ-ნელა დაშორდა ყველაფერს, რაც უყვარდა; ყველას, ვინც უყვარდა.

ირმის ამბავი. მთელი ღამე თოვდა და დილით იმხელა თოვლი დახვდა, რომ სკოლის გზას სადღესასწაულო განწყობით დაადგა. პირველად უნდა შესულიყო კლასში, რომლის დამრიგებლადაც პაული გაემწესებინათ. „მუქი მწვანე პულოვერი მეცვა, რომელზეც ირემი იყო ამოქარგული და საკლასო ოთახში რომ შევაბიჯე, ვიგრძენი, როგორ ცნობისმოყვარედ მომშტერებოდა ორმოცდათერთმეტი თანატოლი. პაულის ხმაც თითქოს შორიდან მომესმა: კარგ დროს მოხვედი, გუშინ ირმის ნახტომზე ლეგენდას მოვყევი და ახლა შენი პულოვერიდან ირმის სქემას დაფაზე გადავიტანო“. მასწავლებელმა პულოვერი გაახდევინა და მოსწავლეებს აჩვენა, როგორ შეეძლოთ სურათის უმცირეს ნაწილებად – პატარა ჯვრებად, კვადრატებად, წერტილებად დაშლა და თავიდან აწყობა.

საშოშიეების ამბავი. „შემაღლებულ ადგილზე არასდროს დამდგარა. თუ მერხთან ან მუშამბის დახეულ მსოფლიო რუკასთან არ იდგა, მაშინ მერხებს შორის დადიოდა, ან გულხელდაკრეფილი, ხელსაწყოების ყუთს მიეყრდნობოდა ხოლმე მწვანე კაფელით მოპირკეთებული ღუმელის გვერდით, ყველაზე მეტად კი კედლის ნიშაში ჩატანებულ სამხრეთის ფანჯარასთან დგომა უყვარდა, საიდანაც არყის ქარხნის ბაღის ბებერ ვაშლის ხეებზე მიმაგრებული საშოშიეები მოჩანდა“.

მელიის ჩონჩხის ამბავი. „პაული გაკვეთილის მეოთხედს მაინც ჩვენთვის იმ ცოდნის გაზიარებას ანდომებდა, რომელსაც სასწავლო პროგრამა არ ითვალისწინებდა. გვასწავლიდა ალგებრის საფუძვლებს, ხოლო ბუნებისმცოდნეობით მისმა გატაცებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ერთხელაც ტყეში ნაპოვნ მკვდარ მელას, მეზობლების თავზარდასაცემად, ძველ ქვაბში რამდენიმე დღე მხოლოდ იმიტომ ხარშავდა, რომ შემდეგ სკოლაში ჩვენთვის ნამდვილი ჩონჩხი გაეკეთებინა“.

მასწავლებელს ხშირად დაჰყავს მოსწავლეები სკოლის შემოგარენის დასათვალიერებლად. რას აღარ მიადგებიან: ელექტროსადგურს, ორთქლზე მომუშავე სამჭედლოს, მოწნული ნაკეთობების საწარმოს, ყველის ქარხანას, შვრიის სალეწ სარდაფს… „სადმე დასასვენებლად რომ ჩამოვსხდებოდით, ბამბის ძველი წინდიდან კლარნეტს ამოიღებდა და ჩვენთვის უცნობი კლასიკური რეპერტუარიდან სხვადასხვა ნაწარმოების ნელ პასაჟებს უკრავდა“. ესეც – კლარნეტის ამბავი.

და ბოლოს, სამართებლის ამბავი. სისასტიკითა და დაუნდობლობით გამორჩეულმა წინამორბედმა, რომელსაც მოსწავლეების დასჯა სიამოვნებდა, ფანჯრები ნახევრად შეათეთრებინა, რომ გაკვეთილზე გულაყრილ ბავშვებს გარეთ არ გაეხედათ. „1946 წელს, სკოლაში მოსვლისთანავე, პაულმა სამართებლის პირით საკუთარი ხელით აფხიკა თეთრი საღებავი, რაც, კაცმა რომ თქვას, აუცილებელი არც იყო: ის ხომ ცუდ ამინდში და ზამთრის ყინვიან დღეებშიც კი ფანჯარას ყურთამდე აღებდა“.

1946 წლამდე ბევრად ადრე პაულ ბერეითერს მასწავლებლობა აუკრძალეს, რადგან მისი სისხლის მხოლოდ სამი მეოთხედი იყო არიული. მერე კი თავი ჯარში უკრეს და ექვსი წელი მექანიზებულ საარტილერიო ბრიგადაში ამსახურეს, ომის მთელი საშინელება აჩვენეს. გადარჩა. სკოლას დაუბრუნდა – სასწავლებლის ყოველდღიურობას, გაკვეთილებს, რომლებიც, მისი წყალობით, ერთმანეთს არასდროს ჰგავდა.

გადარჩა?

დასასრულს იმ ავტორებს ჩამოვთვლი, რომელთა წიგნებსაც სიცოცხლის ბოლო წლებში კითხულობდა: ალტენბერგი, თრაკლი, ვიტგენშტაინი, ფრიდელი, ჰაზენკლევერი, ტოლერი, ტუხოლსკი, კლაუს მანი, ოსიეცკი, ბენიამინი, კესტლერი, ცვაიგი… მანამდე კი ნაბოკოვი იყო და სხვები.

 

დისტანციური  სწავლებიდან  რეალურ  სასკოლო  გარემოში – სირთულეები და დაძლევის გზები

0

ყველამ კარგად ვიცით, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ობიექტური აუცილებლობით იყო განპირობებული და გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლო პროცესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად სხვა გზა ნამდვილად არ არსებობდა, საკითხი დისტანციური სწავლების აუცილებლობის და საჭიროების შესახებ განსჯის ან კრიტიკის საგნად არასოდეს ქცეულა.  თუმცა, ყველამ, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართული ვიყავით დისტანციური სწავლების პროცესში, კარგად ვიცით, რომ რეალურ სასკოლო გარემოში სწავლა-სწავლებას, მთელი თავისი მრავალფეროვნებით,  დისტანციური სწავლება ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს.  სწორედ ამიტომ ველოდებით ყველა, დიდიც და პატარაც, მოსწავლეც და მასწავლებელიც ასე მოუთმენლად რეალურ სასკოლო გარემოში, საკლასო ოთახებში შეხვედრას. მაგრამ,  ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად,  აუცილებელი იქნება იმის გათვალისწინება, რომ ერთი გარემოდან მეორე, თუნდაც ძალიან სასურველ და სანატრელ გარემოში გადასვლა უმტკივნეულოდ და სირთულეების გარეშე ვერ განხორციელდება.

მაინც, რა სირთულეებს შეიძლება ველოდეთ აღნიშნულ პროცესში და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის უმტკივნეულოდ წარიმართოს:

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ბავშვის სკოლასთან ხანგრძლივ განშორებას უკავშირდება. თითქმის მთელი ოთხი თვის განმავლობაში ბავშვებს ონლაინ რეჟიმში უწევდათ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ამას შემდეგ მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი დასვენების პერიოდი, საზაფხულო არდადეგები. ვფიქრობ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ საზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს ყოველთვის უჭირდათ სასკოლო რეჟიმთან შეგუება და იმ მდგომარეობაში დაბრუნება, რომელშიც ისინი არდადეგების დაწყებამდე იმყოფებოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ამჯერად მათ ჩვეულებრივზე დიდხანს მოუწიათ სკოლასთან განშორება, დიდი ალბათობით, სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ სასწავლო წლის საწყის ეტაპზე, სკოლასთან ადაპტაციის პროცესში მოსალოდნელი გართულებები შეძლებისდაგვარად ავიცილოთ თავიდან. კარგი იქნება, თუ სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც ბავშვს შევთავაზებთ დღის იმ რეჟიმს, რომელიც მას მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ექნება – ადრე დაწოლა, ადრე ადგომა, უბრალო გართობის და თამაშის ჩანაცვლება შემეცნებითი აქტივობებით. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ მას კვლავ განახლებული რეჟიმით მოუწევს ცხოვრება და რაც უფრო დროულად გადაეწყობა ახალ რეჟიმზე, მით უფრო გაუადვილდება სკოლასთან ადაპტაცია. გავითვალისწინოთ, რომ დისტანციური სწავლების შემდეგ ეს პროცესი ბევრად უფრო რთულად და ბავშვისთვის მტკივნეულად წარიმართება, ვინაიდან ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად მას დილაობით ბევრად უფრო გვიან უწევდა ადგომა, ვიდრე სასკოლო სწავლების პერიოდში, გაკვეთილების ხანგრძლივობაც შემცირებული იყო და არც  საშინაო დავალებებით იყო გადატვირთული, როგორც სკოლაში სიარულის დროს. რა თქმა უნდა, მთელი ოთხი თვის განმავლობაში განსხვავებული სასწავლო რეჟიმით მომუშავე ბავშვისთვის, განსაკუთრებით ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების შემდეგ ადვილი ნამდვილად არ იქნება ადრინდელ რეჟიმზე გადართვა. თუმცა, უფროსების მცდელობა და ძალისხმევა უშედეგო ნამდვილად არ იქნება;

  • მეორე სირთულე ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაში დაფიქსირებულ პრობლემებს უკავშირდება. ონლაინსწავლების პერიოდმა საკმაოდ არასასურველი გავლენა იქონია ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში მოზარდი თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო თანატოლებთან ცოცხალ ურთიერთობას, იმ გარემოს, რომელიც მისი სოციალური განვითარების ხელშემწყობი უნდა გამხდარიყო. ალბათ, ბევრის აზრით 4-5 თვე დიდს არაფერს უნდა ნიშნავდეს ადამიანის ცხოვრებაში. როცა საქმე ზრდასრულს ეხება, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ როცა ბავშვის განვითარებაზე ვსაუბრობთ, 4-5 თვეს კი არა, 2-3 კვირასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე, რომ ადვილი შესაძლებელია სექტემბრიდან მოსწავლეთა უკვე საკმაოდ ნაცნობ ჯგუფებში შემსვლელი პედაგოგები სრულიად ახალი და ამასთან განსხვავებული  სოციალური ურთიერთობების მოწმენი გახდნენ და სერიოზული მუშაობა მოუწიოთ ჯგუფებში მოზარდის განვითარების ხელშესაწყობად და თანატოლთა წრეში  მისი თვითრეალიზებისათვის კომფორტული პირობების შესაქმნელად. გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ახალ, ბავშვისთვის მანამდე უჩვეულო და უცხო სასწავლო გარემოში ყოფნამ სერიოზული გავლენა მოახდინა მის ემოციურ განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობაზეც. ბავშვების გარკვეულ, არცთუ მცირე ნაწილში,  მოიმატა ნევროტულობამ, შფოთიანობამ, დეპრესიამ, გარიყულობის შეგრძნებამ. ამდენად, კარგი იქნება, თუ რეალურ სასკოლო გარემოში დაბრუნებული ბავშვისგან მაღალი აკადემიური მოსწრების მოლოდინი არ გვექნება და, პირველ რიგში, მისი ემოციური მდგომარეობის წონასწორობაში მოყვანით და ემოციური განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნით ვიქნებით დაკავებული;
  • ერთ-ერთი სირთულე შეიძლება თავად პედაგოგებთან იყოს დაკავშირებული, იმასთან, თუ რამდენად მოახერხებენ თავად ისინი რეალური სასკოლო გარემოში უმტკივნეულოდ დაბრუნებას. შეიძლება ეს ბევრს ცოტა უცნაურადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასწავლებლებს არცთუ ისე მცირე ხნის განმავლობაში უწევდათ მათთვის საკმაოდ უცხო და  არცთუ სასურველ გარემოში მუშაობა,  ამასთან, აუცილებლობიდან გამომდინარე ბევრი ისეთი რესურსის შექმნა, რომლის გარეშეც ონლაინგაკვეთილებს  საჭირო დონეზე უბრალოდ ვერ ჩაატარებდნენ, შეიძლება მათ მოინდომონ ონლაინრესურსების გამოყენება რეალურ საკლასო გარემოშიც ისეთივე დოზით, როგორც ამას ონლაინგაკვეთილებზე აკეთებდნენ. მასწავლებლებთან და თანატოლებთან ცოცხალ ურთიერთობებს მონატრებული ბავშვებისთვის ვფიქრობ, ეს ნამდვილად არ იქნება მოსაწონი და მიმზიდველი, რაც ბუნებრივად გაართულებს შეცვლილ სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის პროცესს. ამდენად, კარგი იქნება, თუ პირველ ხანებში მაინც უფროსები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ მოზარდთან ცოცხალ ურთიერთობას და ეს ურთიერთობები  ნაკლებად იქნება გაშუალებული კომპიუტერული ტექნიკით.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ სასკოლო გარემოში დაბრუნების მიუხედავად, ბავშვს იქ მაინც არ დაგვდება ის, რაც მან ონლაინსწავლების დაწყებამდე დატოვა. იმის გამო, რომ სკოლებს ჯერ კიდევ მძვინვარე პანდემიის პირობებში   მოუწევთ მუშაობის გაგრძელება, საჭირო ხდება მთელი რიგი ცვლილებების შეტანა იმ გარემოში, სადაც ყველა ასე მოუთმენლად ელის შეხვედრას. ეს ცვლილებები ბავშვს მორიგ, ახალ სასწავლო გარემოში მოხვედრის და ამ გარემოსთან ადაპტაციის აუცილებლობის  წინაშე აყენებს. თუმცა, იმდენად დიდია მოზარდთა სურვილი სასწავლო პროცესში ცოცხალი ურთიერთობა იქონიონ თანატოლებთან და პედაგოგებთან, რომ უფროსების თანადგომის და  მხარდაჭერის პირობებში ისინი ბევრ სირთულეს უმტკივნეულოდ გადალახავენ.

 

 

 

საერთაშორისო პარლამენტარიზმის გამოცდილება-  ინტელექტუალები პარლამენტარების წინააღმდეგ

0

პარლამენტი მხოლოდ კანონების მისაღებად, ბიუჯეტის დასამტკიცებლად, ხელისუფლების საკონტროლოდ და პოლიტიკურ ორთაბრძოლებში საზოგადოების ურთიერთგანსხვავებული ჯგუფების ინტერესთა დასაცავად არ არსებობს. პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელში არჩეული დეპუტატებიც ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ადამიანებსაც უსმენენ და მათი სათქმელის გათვალისწინებას ცდილობენ.

საერთაშორისო პარლამენტარიზმის პრაქტიკაში არსებობს საპატიო სტუმრის ინსტიტუტი, რაც საკანონმდებლო ორგანოს წევრების საგანგებო სხდომაზე შეკრებას გულისხმობს. საგანგებო სხდომის დღის წესრიგში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი საკითხი დგას. პარლამენტარები მხოლოდ სტუმრის მოხსენების განსახილველად იკრიბებიან. აშშ-ის კონგრესის წინაშე სხვადასხვა დროს სიტყვით უამრავი უცხოელი ლიდერი გამოსულა. კაპიტოლიუმის ბორცვზე თავიანთი იდეები და შეხედულებები წარუდგენიათ ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ შრი ნარენდრა მოდის, რომის პაპ ფრანცისკეს და სხვებს. კონტინენტურ ევროპაში მთავარ პოლიტიკურ არენებზე ჰუმანიტარული სამყაროს ლეგენდად ქცეულ ფიგურებსაც იწვევენ. მინდა, ამ წერილით ორი შესანიშნავი მოღვაწის პარლამენტში სტუმრობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.

1993 წელს რუსეთში საშინელი ამბები დატრიალდა. ქვეყანამ სამოქალაქო ომის ზღვარზე გაიარა. საბჭოთა ეპოქაში არჩეული საკანონმდელო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს – და პრეზიდენტ ბორის ელცინის წარმომადგენლები მოსკოვის ცენტრში იარაღით ხელში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაიწვა უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიღუპა ათეულობით ადამიანი, პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და მისი წევრები დააპატიმრა, ერთ წელიწადში კი საბჭოთა ინსტიტუტის ნაცვლად საფუძველი ჩაუყარა ახალი რუსეთის ახალ პარლამენტს – სახელმწიფო სათათბიროს. 1993 წელს არჩეული დუმის ლიდერებს სურდათ, სამოქალაქო ომის მსგავსი შეტაკებების გადატანის შემდეგ რეპუტაცია აღედგინათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ერთ-ერთ სესიაზე მომხსენებლად ალექსანდრ სოლჟენიცინი მიეწვიათ.

ალექსანდრ სოლჟენიცინი მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად არის მიჩნეული. რუსეთში მისმა პოპულარობამ პიკს 1990-იან წლებში მიაღწია, რადგან მწერალი საბჭოთა რეჟიმთან შეურიგებელი ბრძოლის სიმბოლოდ გახლდათ აღიარებული. „არქიპელაგი გულაგი“ იყო პირველი საყოველთაოდ გახმაურებული ნაწარმოები, რომლითაც მსოფლიომ რიგითი საბჭოთა ადამიანების კანით იგრძნო სტალინური რეპრესიების მომაკვდინებელი სუსხი. ამასთანავე, სოლჟენიცინს სამართლიანობისთვის დევნილ ინტელექტუალად მიიჩნევდნენ. შრომა-გასწორებითი ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ მწერალს მოქალაქეობა ჩამოართვეს და სსრკ-დან გააძევეს. წლების განმავლობაში იგი სამშობლოდან შორს მუდმივცვალებად და არასტაბილურ გარემოში ცხოვრობდა, პატიმრობის დროინდელი ჭრილობები კი ყოველ ნაბიჯზე უქმნიდა საფრთხეს მის ჯანმრთელობას.

დეპუტატთა ნაწილი სოლჟენიცინისგან ამაღელვებელ სიტყვას მოელოდა, რომელიც აღბეჭდილი იქნებოდა შურისძიების ნიშნით. ბევრს ეგონა, რომ დიდი მოაზროვნე ყურადღებას გაამახვილებდა მისი იდეების გადარჩენასა და საბჭოთა კავშირის დაღუპვაზე. მან კი აქცენტი დანგრეული სისტემიდან ცხოვრების ახალ წესზე გადასვლისთვის დამახასიათებელ უბედურებებზე დასვა. მაშასადამე, ნობელიანტმა დრო წარსულის ნაცვლად აწმყოს დაუთმო. შუახნის ადამიანების გახშირებული თვითმკვლელობა, სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, კრიმინალი, ნეპოტიზმი, ძალოვანი სტრუქტურების არაჰუმანური და ძალადობრივი მოქმედება, დაუსჯელობის სინდრომი და უსამართლობა, ხალხის ქონების მითვისება და გაფლანგვა მწერლის მოხსენების მთავარი თემები გახლდათ. დისიდენტმა გააკრიტიკა თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობის მითიც და განაცხადა, რომ ბაზრის, თვითნებური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა ადამიანების ცხოვრებაში სახელმწიფოსაც, მის მიერ დასახულ განვითარების გეგმებსაც უნდა ჰქონოდა მკვიდრი როლი. თავის გამოსვლაში სოლჟენიცინმა ბრწყინვალედ დაახასიათა პოსტსაბჭოთა რუსეთის პოლიტიკური სისტემაც. მის მთავარ ნიშან-თვისებად მწერალმა ხალხისგან, მისი ინტერესებისგან დისტანცირება და გაუცხოება დაასახელა, პარტიებს კი ლიდერთა პირადი ინტერესების გამო გათიშვისა და უსაფუძვლო დაპირისპირებების პროვოცირება დასდო ბრალად. რაც მთავარია, საბჭოეთის მიერ დევნილი კაცი გაოგნებული იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის ორმაგი სტანდარტით. მისთვის წარმოუდგენლად ძნელი გახლდათ ლიბერალთა რიგებში ათობით ყოფილი კომუნისტისა და ნომენკლატურის უნიჭო თანამშრომლის აღმოჩენა.

თავისი გამოსვლით სოლჟენიცინმა განგაშის ზარი შემოკრა, რომლის ხმაც პოლიტიკური ელიტის უგრძნობლობის წყვდიადში ჩაიკარგა.

ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგმაც უმასპინძლა აღიარებულ ხელოვანსა და დისიდენტს. კომუნისტების მმართველობის დროს აღმოსავლეთი გერმანიის მთავრობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დევნიდა ვოლფ ბირმანს, ბერტოლდ ბრეხტის გზის გამგრძელებელ მუსიკოსს, პოეტს, პუბლიცისტსა და გდრ-ის სისტემის უმწვავეს კრიტიკოსს. საბოლოოდ, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1976 წელს ბირმანს მოქალაქეობა ჩამოერთვა. მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა ინტელექტუალი.

ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად გამართულ საგანგებო სხდომაზე თავისი ნაწარმოებების შესრულების შემდეგ ბირმანმა პირდაპირ მიმართა გერმანიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მემარცხენე ფრაქციას, რომლის წევრებს შორის მრავლად არიან ერიკ ჰონეკერისა და ერიხ მილკეს მიერ შექმნილი რეჟიმის ყოფილი მსახურები. კომპოზიტორმა Die Linke-ს დეპუტატები დამარცხებული, განადგურებული წარსულის, დაძლეული კოშმარის ნარჩენებად მოიხსენია და მთელ ქვეყანას შეახსენა, რომ ერთი ბანაკიდან მეორეში გადანაცვლებით, სინანულის დეფიციტითა და ქედმაღლობით დანაშაულის გამოსყიდვა თუ პასუხისმგებლობისგან გაქცევა შეუძლებელია.

პირდაპირობისთვის ბირმანი ბევრმა გააკრიტიკა. მემარცხენეთა პარტია ჭეშმარიტად ადგას განახლების გზას, ორგანიზაციაში ყოველწლიურად მცირდება „შტაზისთან“ კავშირის მქონე წევრთა რაოდენობა. თუმცა გერმანელებს უყვართ ერთი გამოთქმა: „გვახსოვდეს, რათა აღარ გამეორდეს“. სწორედ ეს სულისკვეთება გამოსჭვიოდა ბირმანის მიმართვაში.

საქართველოში ბევრი ინტელექტუალი არ გვყავს, პოლიტიკური კლასიც ღარიბია ფართო ჰუმანიტარული აზროვნების ადამიანებით. ამიტომ, ვგონებ, ურიგო არ იქნება, თუ ჩვენი პარლამენტიც, მსოფლიოს სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოთა მსგავსად, უმასპინძლებს საპატიო სტუმრებს, რომლებიც თავიანთი სიტყვებით ეცდებიან ჩვენს გამოფხიზლებას.

ბავშვის უფლებათა კოდექსი

0

ბავშვთა უფლებებით მსოფლიო  1923 წელს დაინტერესდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების საერთაშორისო კავშირმა“  ბავშვთა უფლებების შესახებ ხუთი მუხლისგან შემდგარი ჟენევის დეკლარაცია შექმნა, რომელიც 1924 წელს „ერთა ლიგის“ მეხუთე ასამბლეამ დაამტკიცა. 1948 წელს მიღებულ იქნა უფრო ვრცელი ვერსია,  1959 წელს კი – ახალი დეკლარაცია. 1989 წლის 20 ნოემბერს  გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული იურიდიული დოკუმენტია ადამიანის უფლებების ხელშეკრულებათა შორის.

ვინაიდან კონვენციის რატიფიცირება საქართველომაც მოახდინა, თავისთავად აიღო ვალდებულება – დაეცვა ბავშვის უფლებები და შიდა საკანონმდებლო სივრცე შესაბამისობაში მოეყვანა კონვენციასთან. საქართველოში ბავშვის უფლებები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით იყო რეგულირებული (მაგალითად, ბავშვთა უფლებებს მოიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1211 მუხლები) და არ არსებობდა ერთიანი ნორმატიული აქტი.

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს და შესაბამისობაშია ბავშვის უფლებათა კონვენციასთან. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავეცნოთ ამ უკანასკნელს და ვიცოდეთ, როგორ ან რა საშუალებით უნდა დავიცვათ ბავშვთა უფლებები.

ჩვენი ჟურნალის მკითხველი სასკოლო საზოგადოებაა, საინტერესო იქნება ერთად გავეცნოთ კოდექსის იმ თავს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბავშვის უფლებას განათლებაზე.

კოდექსში ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლებას არეგულირებს V თავი. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, მიაწოდოს ბავშვს ხარისხიანი უფასო განათლება. ამავდროულად, ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სკოლაში მიყვანა. მნიშვნელოვანია, რომ 36-ე მუხლში, სადაც საუბარია განათლების მიზნებზე, ჩნდება ტერმინი – არაფორმალური განათლება. ასევე, ყურადღება ექცევა განათლების ინკლუზიური სისტემის მხარდაჭერის პროგრამას, სადაც საუბარია, როგორც სასკოლო ინფრაქსტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ასევე ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნაზე და ა.შ.

კოდექსის 38-ე მუხლი კრძალავს განათლების სისტემაში ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმას. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ევალებათ, შეიმუშაონ ისეთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა, რომელიც არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს. ამავე მუხლის მიხედვით, განათლების მიმწოდებელ დაწესებულებს ევალებათ, შეიმუშაონ და დანერგონ ბავშვის მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა შორის ჩაგვრის, პრევენციისა და შესაბამის ფაქტებზე სათანადო რეაგირების პროგრამები და მექანიზმი.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ევალებათ, შექმნან გასაჩივრების მექანიზმები, რათა ბავშვებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა ადრეული ასაკიდანვე.

კოდექსის სხვა თავებიც გვთავაზობს სიახლეებს. შემოდის მედიაციისა და მედიატორის ცნებები კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით. აღნიშნული ნოვაცია ბავშვებს არიდებს საპატიმრო სასჯელს და შესაბამისად – ნასამართლეობას.

მალე დაიწყება 2020-2021 სასწავლო წელი. კოლეგებს, სკოლებს ვურჩევდი, რომ სასწავლო წლის დასაწყისშივე გაეცნონ ბავშვის უფლებათა კოდექსს და შემდგომში ერთი გაკვეთილი დაუთმონ  მის განხილვას ბავშვებთან ერთად. სკოლა განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს გარკვეული საკითხების გააზრებაში. ბოლოდროინდელ შემთხვევებს თუ გავიხსენებთ (ბავშვზე ძალადობის შემთხვევებს), მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ ძალადობისგან იცავს კანონი და შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს მოძალადეებისგან თავდაცვის მიზნით. სკოლა კი უნდა დაეხმაროს ბავშვს საკუთარი უფლებების გააზრებასა და დაცვაში.

სკოლა – შესაძლებლობა თუ განსაცდელი პირველკლასელისთვის?

0

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს ვერ გავცემთ, რადგან სრულყოფილი მოსამზადებელი პროგრამის გავლის შემთხვევაშიც კი რჩება რისკი, რომ პირველკლასელმა სკოლა განსაცდელად აღიქვას და  საკმაო დრო დასჭირდეს ამ უარყოფითი ემოციის დასაძლევად.

უფროსების – მშობლებისა თუ მასწავლებლების – მცდელობაზე, დიდად არის დამოკიდებული, რამდენად პოზიტიურად განეწყობა ის სწავლისადმი.

ექვსი წლის ასაკი, სპეციალისტთა აზრით,  ეგრეთ წოდებული, გარდამავალი პერიოდია ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების ორ ეტაპს შორის.

ეს არის ზღვარი სკოლამდელის უდარდელ, თავისუფალ ცხოვრების წესსა და მოსწავლის  მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული ცხოვრების წესს შორის. ამ პერიოდში  ინტენსიურად ჩნდება და ვითარდება ის აუცილებელი ფსიქოლოგიური ახალწარმონაქმნები, რომლებიც უზრუნველყოფს  ცხოვრების ერთი ხარისხიდან (უმართავი ქცევიდან) მეორე ხარისხზე (მართულ ქცევაზე) გადასვლას. ამისთვის შემზადება  თანდათან, სკოლამდელ ასაკში ხდება.

ბავშვმა სკოლა  უცხო და დამთრგუნველ გარემოდ კი არა, სასარგებლო შესაძლებლობების გარემოდ რომ მიიღოს, სკოლამდე საჭიროა მისი შემზადება და სკოლაში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა.

წერილი  წინასასკოლო პერიოდს ეხება, რომლის სწორად წარმართვაში მშობელსაც და სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგსაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური პროცესების გააზრება დაეხმარება.

როგორ უყალიბდება ბავშვს მართული ქცევის ელემენტები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მივყვეთ ფსიქოლოგების რჩევას და  გავაანალიზოთ უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვების ძირითადი საქმიანობა – თამაში.  ამ ასაკში ეს საქმიანობა აღწევს განვითარების მაღალ დონეს და სხვადასხვა ფორმით წარმოგვიდგება, მათ შორის, სიუჟეტურ-როლური თამაშისა და წესებზე აგებული თამაშის სახით. წესების მიღება და  გათვალისწინება, როლის მიღება და თანმიმდევრული შესრულება ბავშვისგან ქცევის გააზრებულ მართვას ითხოვს. ზოგჯერ, თამაშის დროს პატარა როლიდან აღძრული სპონტანური  სურვილებისა და მოტივაციების ტყვეობაში ექცევა. ეს ააქტიურებს მოტივაციათა ურთიერთდაქვემდებარების მექანიზმს – ნებისყოფას. აქვე იწყებს გამოკვეთას ადამიანის მორალური სახე, იმის შესაბამისად, თუ რომელი მოტივი მოიპოვებს უპირატესობას.

თამაშშივე ყალიბდება ქცევის მართვის ელემენტები, თუმცა თავად თამაში წარმოადგენს  თავისუფალი, უმართავი მოქმედების  სახეს და მასში ჩართვა მხოლოდ ბავშვის სურვილით ხდება. როლური თამაში ბავშვს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ამ სიამოვნებისთვის მას  განსაცდელის გავლაც უწევს, რადგან ის დაკავშირებულია მიმზიდველი მოდელის ქცევების გამეორებასთან. როცა ბავშვი ლახავს სხვა თანამდევ სურვილებს, თამაშით მიღებული სიხარული უფრო უძლიერდება. მომავალში ემოციურად მიმზიდველი როლის შესრულება მასტიმულირებელ გავლენას ახდენს  იმ მოქმედების შესრულებაზე, რომელშიც როლის ხორცშესხმა გამოიხატება. რაც უფრო მიმზიდველია როლი ბავშვისთვის, მით უფრო მაღალია თვითკონტროლი მის განხორციელებაზე. როცა თამაში ემოციურად დატვირთულია და უშუალოდ  ბავშვის მოტივაცია-მოთხოვნის სფეროს ეპასუხება, მასში ფეხს იკიდებს და მყარდება მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ახალწარმონაქმნები, რომელთა გადატანა   თამაშის მიღმაც ხდება. თანაც თამაშში ბევრად წარმატებულად  ვითარდება და გამომუშავდება ის თვისებები და უნარები, რომელთა გამყარებასაც უფროსები პირდაპირი შეგონებებით, არც თუ წარმატებით ცდილობენ.

შექმნილ სიტუაციაში, როცა სასწავლო წლის დაწყებამდე დიდი დრო აღარ რჩება, ამ ანალიზის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომელ როლში ყოფნა მოსწონთ  ჩვენ სკოლამდელებს და დავეხმაროთ ასეთი როლური  თამაშის განხორციელებაში. სიუჟეტების ინსპირაციისთვის გამოგვადგება ფილმები, მოთხრობები, ნახატები ან ფოტოები, რომლებიც ბავშვისთვის საინტერესო და მამოტივირებელ სფეროს ეხება.

მაგალითად, წავუკითხოთ მოთხრობა ,,კესოვიზია“:

,,კესო მოუსვენარი გოგოა. ახალ-ახალი თამაშები უყვარს, მაგრამ ბოლო დროს სულ ტელევიზიობანას თამაშობს. თავად სულ ტელეწამყვანის როლშია. მიკროფონი დედამ აჩუქა. მოიწყობს სტუდიას, მაგიდასთან  დაჯდება, მოიმარჯვებს მიკროფონს, გაშლის ფურცლებს და მაყურებელს უამრავ საინტერესო ამბავს უყვება.

ვინ არიან მაყურებლები?

მისი ორი თოჯინა – მიმი და თეკლა, დათუნია ,,ცალყურა“, გოჭუნა ,,ღრუ-ღრუ“, ფისო ,,ანცი“ და კურდღელი ,,ცანცარა“. სხედან სავარძლებზე  და ყურადღებით უყურებენ და უსმენენ. დათუნია სათვალით ყურებას ამჯობინებს.

კესო თვალს მოავლებს აუდიტორიას და გამოაცხადებს: ,,მეგობრებო, თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ამბები მაქვს. დღეს ვისაუბრებ იმაზე, რომ კომპიუტერთან დიდხანს ყოფნა ბავშვისთვის მავნებელია. პატარებისთვის დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთი საათით შეიძლება  ეკრანის ყურება, თანაც ნაწილ-ნაწილ, რადგან ეს ცუდად მოქმედებს  მხედველობაზე, ნერვულ სისტემაზე. თუ ეკრანს დიდხანს უზიხარ, მერე ვეღარ მოახერხებ მშვიდ და ჯანსაღ ძილს, რაც ბავშვისთვის ენერგიის აღსადგენად აუცილებელია. ამ თემას კიდევ გავაგრძელებთ“, – აიმედებს მაყურებლებს და დროებით ემშვიდობება. ფისო ,,ანცი“ აშკარად უკმაყოფილო დარჩა, მეტის მოსმენა უნდოდა. სამაგიეროდ, მიმის და თეკლას მადლიერების გამომხატველი სახეები აქვთ.

  • რა ვქნა? ყველას ჰყავს უკმაყოფილო და პრეტენზიული მაყურებელი… – ,,ანცის“ გასაგონად იმეორებს კესო  უფროსებისგან მოსმენილ ფრაზას და მომავალი გადაცემის თემაზე ფიქრობს.

თემის შერჩევაში ხომ არ დაეხმარებით?“.

მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დამხმარე კითხვებით ვაზუსტებთ, როგორ გაიგო ბავშვმა მოთხრობის შინაარსი? მოეწონა თუ არა? თავადაც ხომ არ ითამაშებდა ტელევიზიობანას? რა თემაზე მოამზადებდა გადაცემას? რა წესების დაცვა დასჭირდება?

შევთავაზოთ გადაცემის მომზადება სკოლაში ქცევის წესებზე. ამისთვის  მან ოჯახის წევრებს უნდა დაუსვას შეკითხვები სკოლაზე, სასკოლო წესებზე. ეს თამაში მისთვის საჭირო სხვადასხვა თემაზე (ჩემი ეზოს ბინადრები, როგორ მოვუაროთ ყვავილებს, ფერების სამყარო, ჩემი დღის წესრიგი, ჰიგიენის წესები ყველასთვის და ასე შემდეგ) რამდენჯერმე შეიძლება გაიმეოროს და სხვადასხვა სასარგებლო შედეგი მიიღოს – საჭირო ინფორმაცია სკოლის შესახებ, მოსმენილიდან აზრის გამოტანის, კომუნიკაციის, სივრცეში ორიენტაციის (სტუდიის მოწყობა), საკითხზე კონცენტრირებისა და სხვადასხვა  უნარების განვითარება. თუ ოჯახის წევრებიც მოიცლიან და „მაყურებლებს“ შეუერთდებიან, ეს პატარას მეტ პასუხისმგებლობას აგრძნობინებს და უფროსებსაც მიეცემათ დაკვირვების საშუალება, რა მიმართებით არის საჭირო ბავშვის უნარების გაუმჯობესება.

სექტემბრის დადგომამდე, ასეთ თამაშებში მონაწილეობით, ბავშვს წინასასკოლო პროგრამის (რომელზეც ინფორმაცია და რჩევები ჩვენსავე საიტზეც უხვადაა) ყველა მიმართულებით შევამზადებთ, რაც შექმნის წინაპირობას, რომ მომავალმა მოსწავლემ სკოლა სიახლეების შეცნობის, თანატოლებთან ურთიერთობის, თვითწარმოჩენის გარემოდ წარმოიდგინოს და პოზიტიური განწყობით შეუდგეს სასკოლო ცხოვრებას.

 

 

 

ლოგიკური ამოცანები გეოგრაფიაში

0

ცხოვრება უფრო და უფრო მეტი პრობლემის წინაშე გვაყენებს. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა, პირველ რიგში მსჯელობის ჯაჭვია. გამოთვლები, გარდაქმნები, კონსტრუქციები, რომლებიც ხშირად უნდა იქნას გამოყენებული პრობლემების გადასაჭრელად, შეუძლებელია ლოგიკური მსჯელობის გარეშე. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ ლოგიკურად დასაბუთების უნარს. ყველამ უნდა ისწავლოს სწორად აზროვნება.

ლოგიკური აზროვნების განვითარებას, მიზეზების სწორად დასაბუთების უნარს, დასკვნების გამოტანას ხელს უწყობს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა. პრობლემების გადაჭრის უნარი სკოლის მოსწავლეთა განვითარების ერთ – ერთი მთავარი მაჩვენებელია.

ამიტომ, ჩვენი მიზანია ვასწავლოთ მოსწავლეებს ლოგიკურად დასაბუთება, კითხვების ჩამოყალიბება და მსჯელობის ჯაჭვის შექმნა სხვადასხვა პრობლემების გადაჭრისას.

ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის პროცესი შეიძლება დაიყოს 4 ეტაპად. თითოეული საგნის თანმიმდევრული განხილვა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მარტივად მოაგვარონ  სტანდარტული და რთული პრობლემები.

ამ ნაბიჯების გავლა საჭიროა იმისათვის, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს პრობლემის გადაჭრის ძიება, ლოგიკური მსჯელობის განხორციელება.

თითოეული ეს ნაბიჯი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად შეიძლება მოსწავლე არაჩვეულებრივი იდეით ანთებული, გადაახტეს ყველა ნაბიჯს და დაუყოვნებლივ შეუდგეს პრობლემის მოგვარებას. ასეთი პოზოცია მისასალმებელია, მაგრამ ამავე დროს მოსწავლე კარგავს შესაძლებლობას უფრო დეტალურად განიხილოს პრობლემა, გააკეთოს გარკვეული ანალიზი. ყველაზე არასწორია როდესაც ისინი იწყებენ პრობლემის გადაჭრას მისი გაგება-გააზრების გარეშე. პრობლემის გადაჭრის სარგებლობის დიდი ნაწილი შეიძლება დაიკარგოს, რადგან მოსწავლეს არ შეუძლია სწორად შეისწავლოს და გაანალიზოს უკვე მიღებული გადაწყვეტილება.

მრავალ შეცდომას თავიდან აგვაცილებს, თუ კი მოსწავლე შეამოწმებს თითოეულ ნაბიჯს მისი გეგმის შესრულებისას.

პირველი ნაბიჯი – ამოცანა ნათლად უნდა იქნას გაგებული. 

მოსწავლემ უნდა გაიგოს პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, პრობლემის სიტყვიერი ფორმულირება უნდა მოახდინოს. მოსწავლეს უნდა შეეძლოს პრობლემის ძირითადი ელემენტების მითითება. ამრიგად, პირველი ეტაპის კითხვებია:

რა არის მოცემული? რა არის უცნობი? რაში მგომარეობს პირობა?

მეორე ნაბიჯი – მოსწავლემ განმეორებით, სხვადასხვა მხრიდან უნდა განიხილოს პრობლემის ძირითადი ელემენტები. მან უნდა გააკეთოს მონახაზი და მიუთითოს მასზე უცნობი და ნაცნობი მონაცემები.

მესამე ნაბიჯი – დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ყველა შეცდომა, რომელსაც მოსწავლეები უშვებენ არის ის, რომ არ ხდება დავალების პირველადი აღქმა და მის ანალიზი, ამოცანაში ასახული ცხოვრებისეული სიტუაციის სათანადო გაგება და მისი მოკლედ გამოსახვა. თითოეულ მოსწავლეს უნდა შეეძლოს მოკლედ ჩამოწეროს პრობლემის მდგომარეობა და წარმოაჩინოს პირობა დიაგრამის ან ნახატის გამოყენებით. მათემატიკაში ამას მარტივად ვაკეთებდით (პირობის მოკლედ ჩაწერა). მე დღემდე ვიყენებ მოსწავლეობის დროს მიღებულ „მათემატიკურ“ გამოცდილებას.

მეოთხე ნაბიჯი – იმისათვის, რომ თითოეულმა მოსწავლემ გაიგოს პრობლემის არსი, ესმოდეს ეს რა ამოცანებია, გაარკვიოს, თუ რომელი მათგანია საჭიროა, როგორ არის ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული და ასე შემდეგ აუცილებელია, გამოვიყენოთ სიტუაციის მოდელირება.

რას გულისხმობს პრობლემის მოდელირება? სიტყვის ფართო გაგებით მოდელირება არის ჩვეულებრივი ობიექტების მოქმედებების შეცვლა მათი შემცირებული ნიმუშებით, მოდელებით, მაკეტებით, მულაჟებით, აგრეთვე მათი გრაფიკული გამოსახულებებით: ჩვეულებრივი ნიშნებით, ნახატებით, დიაგრამებით, სქემებით. ვიზუალიზება, განსაკუთრებით გრაფიკული, საჭიროა გაკვეთილის მთელი პერიოდის განმავლობაში, როგორც კონკრეტული აზროვნების უფრო რთული ფორმების შემუშავებისა და კონცეფციების ფორმირების მნიშვნელოვანი საშუალება. იგი ხელს უწყობს აქტიური აზროვნების, მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის სხვა გზების ძიებას.

მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის, დასაბუთების უნარის განვითარებისთვის, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის მიზნით, საჭიროა მოსწავლეები დაეუფლონ ამოხსნის მთავარ ეტაპებს.

ლოგიკური პრობლემები კარგად არის ცნობილი თავსატეხების მოყვარულთათვის. ისინი წარმოადგენენ მთელ რიგ პირობებს, რომელთა დახმარებითაც პრობლემის მოგვარება ხდება. ამისათვის შედგენილია სპეციალური ცხრილი, რომელშიც მოცემულია ყველა შესაძლო დასკვნა. შემდეგ, ლოგიკური მსჯელობით, ისინი თანდათან აღნიშნავენ ცხრილში “+” და “-“, რაც ნიშნავს სწორ და არასწორ დასკვნებს. სასურველია ასეთი ცხრილები თავდაპირველად გამზადებული მივცეთ. შემდეგში ისინი თავად მოიფიქრებენ და გააკეთებენ. როგორც ხშირად ხდება ჩვენზე საინტერესო და უცნაურ ცხრილებსა და გრაფიკული გამოსახულებებს ქმნიან.

  • რატომ? როგორ გამოიყენებ? რას ნიშნავს? – მიკითხავს გაკვირვებულს.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს. ამ პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა არა მხოლოდ კარგი ლოგიკური აზროვნება, არამედ გეოგრაფიის ცოდნაც.

მაგალითი 1

A, B, C და D ქვეყნები, რომლებიც  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს თანამეგობრობის წევრები არიან. ეს გასაკვირიც არ არის, რადგანაც A, B და C- ს ოდესღაც D ქვეყნის კოლონიები იყო. პირველ სამ ქვეყანას ასევე აერთიანებს ერთი პარადოქსი: მათი დედაქალაქები არ არიან ამ სახელმწიფოების უდიდესი ქალაქები. A  და C ქვეყნები განლაგებულია სხვადასხვა ბუნებრივ ზონაში, მაგრამ ორივე ქვეყანა დიდი რაოდენობით ხე-ტყის ექსპორტს აწარმოებს. გარდა ამისა, ორივე აწარმოებს ნავთობს, მაგრამ ქვეყანა C- ს ურჩევნია მისი ამოტუმბვა, ხოლო A  ქვეყანას – გათხრა. ქვეყანა D ცდილობდა, რომ სახელმწიფო B მისი მსგავსი ყოფილიყო. მიუხედავად სრულიად განსხვავებული კლიმატისა, ცხვრის მოშენება დაიწყეს. როდესაც D ქვეყანას საკუთარი ნახშირი შემოაკლდა დაიწყო  B ქვეყნის მარაგის ათვისება.

რა არის A ქვეყნის მეორე ოფიციალური სახელმწიფო ენა?

დავალების შესრულების მიზნით, შეავსეთ ცხრილი.

  დედაქალაქი არ არის უდიდესი ქალაქი ხე-ტყის ექსპორტი ცხვრის მოშენება ქვანახშირის მოპოვება ნავთობის მოპოვება
A          
B          
C          
D          

 

პასუხები: A – კანადა; B – ავსტრალია; C – ნიგერია და D – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

A ქვეყნის (კანადის) მეორე ოფიციალური ენა არის ფრანგული.

მაგალითი 2

A, C და D ქვეყნები ადრე B ქვეყნის უდიდესი კოლონიები იყო. სახელმწიფოები C და D ერთსა და იმავე კონტინენტზე მდებარეობს, მაგრამ საერთო საზღვრები არ აქვთ.  A და B ქვეყნებს ყოფს ოკეანე, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მეტროპოლიის დედაქალაქის A ქვეყანაში “გადატანას” მე -19 საუკუნის დასაწყისში.

A ქვეყანას აქვს ყველაზე დივერსიფიცირებული ეკონომიკა: მოიპოვება ნავთობი, მოყავთ ყავა, შაქრის ლერწამი, ბამბა და ციტრუსი. უფრო მეტიც, ყავისა და შაქრის ლერწამის მოსავლით A სახელმწიფო მსოფლიო ლიდერია. C ქვეყანაში იზრდება შაქრის ჭარხალი, ციტრუსები და ბამბა, ხოლო  D ქვეყანაში მოყავთ ბამბა და ყავა. D ქვეყანაში, ისევე, როგორც A ქვეყანაში, ნავთობი მოიპოვება. მათი ყოფილი მეტროპოლია განთქმულია ზეთისხილისა და კორპის მუხის მოშენებით.

დამხმარე ცხრილი

  კონტინენტები ყავა ბამბა ციტრუსი შაქარი ნავთობი
A            
B            
C            
D            

 

პასუხი: A – ბრაზილია; B – პორტუგალია; C – მოზამბიკი და D – ანგოლა.

1808 წელს პორტულაგიაში ნაპოლეონის შეჭრის შემდეგ პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დედაქალაქი ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა.

მაგალითი 3

ოთხივე ქვეყანა იმყოფება მსოფლიოს ერთსა და იმავე ნაწილში. უფრო მეტიც, A და C ქვეყნები, დამოუკიდებლობის მიღწევამდე, წარმოადგენდნენ ერთ ტერიტორიას და ამის შემდეგ, ისინი იყოფა რელიგიური პრინციპების მიხედვით. ქვეყანა A ჩვენთვის კიპლინგის ზღაპრებიდანაა ცნობილი.

A, B და C ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პირველ ათეულშია. B ქვეყნის  მოსახლეობის ეროვნული უმრავლესობა D ქვეყანაში რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა. სახელმწიფოები A, C და D ფედერაციული მოწყობისაა. C და D ქვეყნებს აქვთ ერთი რელიგია.

სახელმწიფოები A და D მსოფლიო ბაზარზე ცნობილია, როგორც ბუნებრივი კაუჩუკის მიმწოდებლები. მაგრამ A, B და D ქვეყნები ასევე აწარმოებენ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ პროდუქტს მსოფლიოსთვის.

დამხმარე ცხრილი

  > 100 მილიონი კაცი ფედარაციები ეთნოსები რელიგია ბუნებრივი კაუჩუკი
A          
B          
C          
D          

 

პასუხი: A – ინდოეთი; B – ჩინეთი; C – პაკისტანი  და D – ინდონეზია.

მაგალითი 4

ამ ოთხი ქვეყნის დედაქალაქები განლაგებულია მსოფლიოს ამ ნაწილის ერთ – ერთი უდიდესი მდინარის ნაპირზე. საერთო ჯამში, ეს მდინარე მიედინება 10 ქვეყანაში. ის რაც A, B, C და D ქვეყნებს აერთიანებს არის ის ფაქტი, რომ XX საუკუნის დასაწყისში მათ შექმნეს ერთიანი იმპერია. ამჟამად არცერთ მათგანს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.

A, B და D ქვეყნების ეროვნებები მიეკუთვნებიან ინდოევროპულ ენობრივ ოჯახს, ხოლო C ქვეყნის მკვიდრთა ენა ძალიან განსხვავებულია და სხვა ენობრივი ოჯახის წევრია.

B, C და D ქვეყნების დედაქალაქები ყველა ერთი ასოთი იწყება.

ოთხი ქვეყნიდან მხოლოდ ქვეყანა A არის ფედერალური სახელმწიფო, თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ B ქვეყნის დედაქალაქი ფედერაციული ქვეყნის დედაქალაქი იყო.

შეავსეთ ცხრილი და უპასუხეთ დამატებით კითხვებს.

  ინდოევროპული ენობრივი ოჯახი დედაქალაქების სახელწოდება ერთი ასოთი იწყება ფედარაციები
A      
B      
C      
D      

 

  1. რომელ მდინარეზეა საუბარი და რომელ ქვეყნებში მიედინება ის?
  2. რომელ ენობრივ ოჯახს მიეკუთვნება C ქვეყნის ერი?
  3. მოაწყეთ ოთხი ქვეყნის დედაქალაქები ისე, რომ მდინარეზე დინების მიმართულებით მოგზაურობის დროს ესტუმროთ მათ.

პასუხი: A – ავსტრია; B – სერბეთი; C – უნგრეთი  და D – სლოვაკეთი.

  1. მდინარე დუნაი;
  2. C ქვეყნის ოფიციალური ენა უნგრულია. იგი არის ფინურ-უნგრული ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენას.
  3. ქ. ბრატისლავა – ქ. ბუდაბეშტი – ქ. ბელგრადი.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://nsportal.ru/shkola/geografiya/library/2020/08/04/logicheskie-zadachi-v-geografii; https://nsportal.ru/shkola/algebra/library/2012/06/11/razvitie-logicheskogo-myshleniya-s-pomoshchyu-resheniya .

 

ფიქრები ხმამაღლა „უცხოზე“…

0

არ ვიცი დღევანდელი თემა  მოერგება თუ არა „მასწავლებლის“ მიზნებსა და ფორმატს, თუმცა ამ ინტერნეტ გაზეთის დანიშნულება მთლიანად გასცდა ჩარჩოებს და დღეს მას მთელ მსოფლიოში (დიახ, არ მოგესმათ) სხვადასხვა პროფესიის ადამიანები კითხულობენ. ისიც თითქმის ყველა პრობლემას დაუღალავად ეხმიანება.  სწორედ ამიტომ, დღეს კვლავ „უცხოზე“  უცხოსთან“ ბრძოლის მსოფლიო დღე  ვწერ. „უცხო“ ავთვისებიანი სიმსივნეა და 21-ე საუკუნეში  მთელ მსოფლიოში გრიპივითაა მოდებული.

მე „უცხოს“ გამო ჩემი  ყველაზე ძვირფასი  ადამიანი დავკარგე. მანამდე, ორი წელი ომში ვიყავით ჩაბმული. ომი პირწმინდათ წავაგეთ, თუმცა შიგა და შიგ ბრძოლებში გამარჯვებულები გამოვდიოდით… ერთი ბრძოლის მოგებაც კი  პატარა ბავშვივით მიხაროდა.

დღეს კი  ჩემი ნაფიქრალი მინდა გაგიზიაროთ. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მრავალი შემეკამათოს კიდეც, მაგრამ ეს ჩემი, ერთი ადამიანის ხმამაღლა ნაფიქრია და რაც არ უნდა მეკამათოდ, აზრს ვერ შემაცვლევინებთ, რადგან მე ჩემი  ჯოჯოხეთი მაქვს გამოვლილი!…

მაშ ასე…

 

ფიქრები ხმამაღლა #1

ექიმთა უმრავლესობა „უცხოს“ შეჩვეული  და გულგრილია.

 

დიახ, გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ იმდენად მცირე რაოდენობით, რომ თითებზე ჩამოთვლით  და ეს საკმარისი არ არის.

„უცხოსთან“ მიჩვევაა აბა რა, როდესაც „ჩინ-მედლებ“ მხრებ-დამშვენებული  ექიმი გეტყვის, რას განიცდი, რა სახსრებს ხარჯავ, დაჯექი და დაელოდეო.

-რას დაველოდო, ბატონო თქო, სიკვდილსო კაცო, სიკვდილსო!…

გულგრილობაა, მაშ რაა, როდესაც ძალიან პოპულარული ექიმი უმძიმეს და უძვირეს პრეპარატს უწყვეტად დაგალევინებს, მთლიანად დაგაგნგრევს და მოგსპობს, შემდეგ კი უდარდელად იტყვის:

-ვაჰ, ხედავ შენ, არ მოუხდაო….?! არადა, ონკოლოგიურ დონეზე კი იმუშავა, ხომ იციო.

ამიხსენით, რას ნიშნავს წამლის ონკოლოგიურ დონეზე მუშაობა? მეტასტაზები, რომ ყველგან წავა, იმას??…

შემდეგ, სხვა ექიმებმა (აი, კარგები, რომ არიან, მაგრამ ცოტანი) გულწრფელად გაიოცეს, რატომ მისცა ამ  მდგომარეობასა და ასაკში, ასეთი მძიმე წამალიო?… რა ვიცი, იქნებ მავან შემომტანს გასაღებაში დაეხმარა??…უნებურად ასეთი ეჭვნარევი აზრებიც მოდიან თავში.

ერთ მოწყენილ, თუმცა სახელოვან, ექიმსაც შევხვდი. დილაუთენია სადღაც ქალაქის ბოლოს ვეახელი (დრო და ადგილი მისი შერჩეული იყო),  მსუყე ჰონორარიც გადავიხადე, ქვითრით შეიარაღებულმა ორი გამშვები პუნქტიც წარმატებით გავიარე. ოთახში მელანქოლიურ განწყობაზე მყოფი ახალგაზრდა კაცი დამხვდა… აბა, რაღა ექნა, თორემ ჩემს მოსმენას ძილი ერჩია…  მისი მოწყენილობა  არ შევიმჩნიე და ბეჯითი ხუთოსანი მოსწავლესავით ყველაფერი ჩამოვუჭიკჭიკე, ყველა ანალიზი და სურათი ვაჩვენე…მის კომპიუტერში საკუთარი ხელით ჩავდე სულ ბოლოს გადაღებული  კომპიუტერული ტომოგრაფიის დისკი და ჯოხით (ჩემს შემთხვევაში ქოლგით) დავადექი თავზე, რომ კარგად ენახა.  პასუხად, ერთი ამოიხვნეშა და მკითხა:

-და მაინც რაზე გსურთ ჩემთან საუბარიო…

-ჰმ… – მეც არ დავიბენი და მივუგე-სირანო დე ბერჟერაკის პოეზიაზე თქო… ჰო, აბა, სახელგანთქული ფტიზიატრი, რომ ხარ, დილაუთენია სადღაც ქალაქის იქეთა ნაწილში, რომ მოგადექი,შენს ნახვაში მსუყე ჰონორარი, რომ გადავიხადე, სხვა რაზე უნდა მსურდეს ბაასი,  სირანოს ლექსები გავარჩიოთ, აბა რა…

ამაზე ცოტა გამოფხიზლდ-გამოცოცხლდა და რა ვიციო, კლასიკური სურათიაო…

-და გამოსავალი შენი ჭირიმე თქო, რამე მითხარი, რითი შევამსუბუქო თქო…ლამისაა, დავუჩოქე…

-მმმმმ-ო, არ ვიციო,  ერთი კიდევ დაამთქნარა და მივხვდი, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა.

მოდით, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ჩემი ომის  გზაზე ენერგიული და გულიანი ექიმებიც შემხვდნენ. ის პატარა ბრძოლებიც, სწორედ მათი მეშვეობით მოვიგე.

თქვენ გენაცვალეთ, კიდევ კარგი, რომ ასეთებიც ხართ, მაგრამ ცოტანი ხართ და არ არის საკმარისი!

 

ფიქრები ხმამაღლა #2

უცხოსდიაგნოზი განაჩენი არ არის???

 

„განაჩენი არ არის“-ჩემთვის ნიშნავს, რომ იმკურნალებ, მორჩები და დაივიწყებ. მაგ. ბავშვობაში წითელაზე მიმკურნალეს და დავივიწყე… ოქროსხელება პავლე ბარელაძემ გლანდები ამომაჭრა და  მისი თანმდევი მთელი „თაიგული“ დაავადებები დავივიწყე… ან, ვინმეს ნაღვლის ბუშტი, რომ ატკივა, ოპერაციას დასტაქარი ხვიჩა ექიმი გაუკეთებს და დაავიწყებს… ბოლოს და ბოლოს, ტიფი დაივიწყეს და დღეს C ჰეპატიტს ივიწყებენ უკვე!….

ეს „უცხო“ კიდევ მოდის და აღარ მიდის. ისევ და ისევ ბრუნდება, ან მოლოდინში ხარ, რომ დაბრუნდება და სულ ამ განცდით ცხოვრობ. თანაც, „უცხოსთან“ ბრძოლაში იმდენი სახსარი გჭირდება, რომ ამაზე მთელ მსოფლიოში   უარს არავინ იტყვის! ახლა არ მითხრათ პაციენტებისთვის პროგრამებიაო. იმ პროგრამაში მოხვედრას და რამის დაფინანსებას სულ მცირე ჩემნაირი გულშემატკივარი ჭირდება, რკინის ქალამნებს, რომ ამოიცვამს და კარებს, რომ მიუკეტავენ ფანჯრიდან შევა. თანაც, რა მნიშვნელობა აქვს, ამ პროგრამასაც ხომ რაღაც ფონდი აფინანსებს და მავანი თავის ფულს მაინც არ კარგავს. ამიტომ, დიდი დიდი დრო გაწელონ, თუმცა დროსაც გააჩნია, ზოგს დრო 20 წელიც ეწელება, რაც, ბუნებრივია კარგია. საბოლოოდ, კი „უცხო“ ყოველთვის ბრუნდება, სტატისტიკიდან ასეა… ან კიდევ, მხოლოდ ადრეულ სტადიებზე იკურნებაო…რატომ ხალხნო, ამ მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნეში შემდეგ სტადიებზე რატომ არ უნდა იკურნებოდეს?

ანუ, იცით რას ვგულისხმობ? მთელი შემდგომი წლები მზადყოფნის რეჟიმში, უნდა იყო… აი, ისე ტარიელ ჭანტურია, რომ წერს თავის ლექსში.

 

„მესროლა ერთხელ! – ამცდა!

მეორედ! – ისევ ამცდა!

ახლაც მიზანში ვყავარ!

შიშით მოველი ამ ცდას!” (ტარიელ ჭანტურია)

 

ფიქრები ხმამაღლა #3

ესაუბრეთ ტაქსის მძღოლებს.

 

დიახ, არ მოგესმათ, „შმაქსის“ აკადემიის იდეა ურიგო სულაც არ იყო. მგზავრობისას ჩუმად ნუ იქნებით. უთხარით მძღოლს თქვენი საფიქრალის შესახებ და შესაძლოა თავისი ან სანათესაოს გამოცდილება გაგიზიაროთ.

ასე გავიგე ერთი თეთრი ტაქსის მძღოლისგან ისეთი შარდმდენი პრეპარატის შესახებ, რომელიც მართლაც ეფექტური აღმოჩნდა. არა, ასეთი პრეპარატები ადრეც ვიცოდით, მაგრამ ისინი არ მუშაობდნენ, ამიტომ პლევრაში დაუსრულებლად სითხე დგებოდა და ღრმად პატივცემული  თორაკალური ქირურგიც დაუღალავად იღებდა. არადა, თურმე არ შეიძლება, შეხორცებებს აჩენს თურმე… და ეს ოხერი შარდმდენი უნდა შეაშველო, რომ იმუშაოს! რაც იმ დალოცვილ მძღოლს შევხვდი, სითხეც დარეგულირდა, მაგრამ რად გინდა, უამრავი შეხორცება იყო უკვე…

სხვა მძღოლმა ალბუმინის გადასხმა მასწავლა…როგორო?…ამდენ სითხეს უღებთ, ღვიძლს უკვე ასე უჭირს და ალბუმინს არ უსხამთო??? რა ვქნა, ჩემი კლასიკური ქიმიური განათლება საკმარისი არ აღმოჩნდა გამეგო, რა როდის უნდა გადამესხა… ონკოლოგმა (დამანგრეველი წამლების მოყვარულ  ონკოლოგზეა საუბარი)  და თორაკალურმა კი  დუმილი ამჯობინეს.

სიკვდილის ლოდინი, რომ მირჩია, ის ექიმი, ხომ გახსოვთ? ჰოდა, ჩემს ერთ მორიგ შეკითხვაზე, მომწერა, მე ნუ მეკითხები,  ამერიკის  ონკოლოგიური საზოგადოების ვებ გვერდზე ნახეო. ისე მართალი მითხრა, თვითონ მხოლოდ ერთი სიტყვა იცოდა-დ ა ე ლ ო დ ე-მე კიდევ მთელი ფრაზების წარმოთქმას ვთხოვდი…

ვნახე ის გვერდი, რეკომენდაციები  წავიკითხე  და მივხვდი, რომ სულ საწინააღმდეგოდ უნდა მოიქცე!!!…თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

მოკლედ…

 

ფიქრები ხმამაღლა #4

„უცხოსთან“ შესახვედრად მის გამოჩენამდე უნდა მოემზადო… და თუ უკვე მოვიდა, შეუტიე, ოღონდ სწორი კვებით!!!

 

იმას სულაც არ ვამტკიცებ, რომ კლასიკურ, სწორად და გულისხმიერებით დაგეგმილ მკურნალობაზე უარი უნდა თქვა, მაგრამ ამის პარალელურად სწორად კვებაა აუცილებელი. და ეს იმ განწყობით  უნდა დაიწყო, ვითომ უკვე მოვიდა, შედეგად კი თითქმის გარანტირებული იქნები, რომ არ მოვა.

ყველაფერი სისუფთავით იწყება… ნაწლავების სისუფთავით. ამას ჯერ კიდევ ალქიმ იკოსი  ანდრეას ლიბაუ მეთექვსმეტე  საუკუნეში მიხვდა და სიცოცხლის ელექსირად ინგლისური მარილი გამოაცხადა. ინგლისური მარილი ნატრიუმის სულფატია, ჩახედეთ აბა აფთიაქში ნაყიდ ნებისმიერ თანამედროვე კუჭის მოქმედების წამალს, აქტიური ნივთიერება ან ნატრიუმის სულფატია ან ჰიდროსულფატი. თუმცა, ბუნებრივი საშუალებები უფრო მეტია და ამაზე ჯერ კიდევ იბნ სინა წერდა სამედიცინო ტრაქტატში. ერთი კივი უზმოზე, ან ქატოს წყალხსნარი დღეში სამი ჭიქა, მერე ორი და ბოლოს თითოც საკმარისი იქნება, ჭარხლის წვენი ან მისი სალათები, რაც მეტი, მით უკეთესი. თანაც ჭარხალი მოხარშულიც არ კარგავს თავის თვისებებს, უმზე აღარაფერს ვამბობ. დიდი რაოდენობით მწვანე მასა და დღეში ორი თუ არა, ლირტა ნახევარი წყალი მაინც.

„უცხო“ გლიკოლიზზეა დამოკიდებული, ეს კი ნიშნავს, რომ „უცხო“ შაქრის მეტაბოლიზმს შეჰყურებს.  მისით იკვებება და სულდგმულობს. მისი უჯერედები ჯანმრთელთან შედარებით 10-12-ჯერ მეტ გლუკოზას შთანთქავს. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა მკერდის კიბოს რისკის მატებას იწვევს. PET-ის ანუ, პოზიტრონულ ემისიული ტომოგრაფიის დროს პაციენტს რადიაქტიურ გლუკოზას შეუყვანენ ორგანიზმში, კიბოს უჯრედები კი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაეძგერებიან გლუკოზას და სწორედ ამის გამო, მათი ადგილსამყოფელი ნათელი ხდება.

ახლა კი, ზემოთ ნახსენებ ვებ გვერდს დავუბრუნდები. მათ მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა, რბილად, რომ ვთქვა, გამაოცა. წერენ, მზეს მოერიდეთო… და D ვიტამინი საიდან მივიღოთ? არადა, ეს ვიტამინი აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მზეს არ უნდა მივეფიცხოთ პიკის დროს, შუადღის 12-დან საღამოს 6 საათამდე, მანამდე და შემდეგ კი მზის სხივი აუცილებელია თქო. D ვიტამინს საკვებიდანაც მივიღებთ, კი ბატონო, მაგრამ რამდენი და როგორ შეიწოვება კიდევ საკითხავია, ასე კი თავად გამოვიმუშავებთ.

არ იქნება D ვიტამინი ვერ შეიწოვება კალციუმი. არადა, ქიმია და ჰორმონი, როგორ ცლის ძვლოვან ქსოვილს კალციუმისგან, იცით? და თუ ძვალში მეტასტაზი წავიდა? მერე პრეპარატ ზომეტას გადასხმას დანიშნავენ, რომელიც თუ არასწორად გადაასხი, იცით, რა მოხდება? მე ვიცი, რადგან „დაელოდე“ ექიმმა სწორად ასე ნაჩქარევად გადაგვასხმევინა და შედეგებს დაელოდა.

დღეში ორ პორცია ალკოჰოლზე მეტი არ მიიღოთო, ვებ გვერდზე წერენ…რაო? „უცხოს“ სტუმრობისას ალკოჰოლი საერთოდ არ შეიძლება! თუ მაინც და მაინც, კვირაში ორჯერ წითელი ტანინიანი ღვინო მიიღეთ, ისიც ერთ ჯერზე მხოლოდ  50მლ. ევრი-შხამია… მცირე-წამალი…

გენმოდიფიცირებული პროდუქტები, რომ სახიფათოა, ეს დადასტურებული არ არისო. ჰმ…არაფერს ვიტყვი, თავად გადაწყვიტეთ.

დღეში ორ ნახევარი პორცია ბოსტნეული მიირთვითო. აჰა, ანუ ალკოჰოლიც ორი პორცია და ბოსტნეულიც…გაცილებით მეტი უნდა მიიღოთ მწვანე მასა, სადღაც 5-7 პორცია მაინც. ჰო, მცენარეებიდან სოიოს მოერიდეთ, პირიქითა ეფექტი აქვს. არ მოერიდოთ ნუშს და მასზე უფრო ვრცლად აქ წაიკითხეთ ნუშისა და ბრინჯის რძე

შაქრის მოხმარება შეამცირეთო. კი არ უნდა შეამცირო, საერთოდ უარი უნდა თქვა (აქ რაფინირებულ შაქარზეა საუბარი). უნდა აშიმშილო ეს დაუპატიჟებელი სტუმარი. თუმცა, ზოგჯერ მაინც მოგინდება ეს ოხერი და შაქარი აგერ აქ არის ზიანის მოყენების მხრივ დახასიათებულნი

მურაბასავით ტკბილი…  

ხმაურზე, შაქარზე და ათას წვრილმანზე…

ორგანული საკვების უპირატესობა დადასტურებული არ არისო… აბა, პესტიციდ ჰერბიციდებიანი და სუფთა პროდუქტი ერთნაირია? „ორგანული“ საკვები

  „სიმღერით“ გადათქერილი ბოსტანი…  

შავსა ძაღლსა გადავკიდე…

„უცხოს“ უჯრედებს სისხლი ჭირდებათ და ამისთვის საკუთარი სისხლძარღვების ფორმირებას იწყებენ. ტერმინი თუ გსმენიათ-ანგიოგენეზი? ანგიო-სისხლძარღვებს ნიშნავს, გენეზი-რაღაც ახლის ფორმირებას, ანუ ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას. ეს ჯანმრთელ ორგანიზმს ისედაც ახასიათებს, მაგრამ „უცხოს“ საკუთარი ჭირდება. ქიმიო თერაპიის ერთი მიმართულება სწორედ ახალი, მხოლოდ „უცხოსთვის“ განკუთვნილი სისხლძარღვების წარმოქმნას უშლის ხელს. ანუ, ანტი ანგიოგენური მოქმედება ახასიათებს, „უცხოს“ მკვებავ სტრუქტურას ებრძვის.  თუმცა, ძალიან მძლავრი ანტი ანგიოგენური ნივთიერებები ბუნებაშიც არის და სწორედ ისინი უნდა იყოს ჩვენს რაციონში. ეს ძირითადად კომბოსტოსებრნი, იგივე ჯვაროსნებია-ყვავილოვანი, ბრიუსელის, ჩვეულებრივი კომბოსტო და ბროკოლი.  მათ მუდმივ გამოყენებას შეუძლია შეაჩეროს კეთილ თვისებიანი სიმსივნის გადასვლა ავთვისებიანში, რადგან უზარმაზარ იმუნიტეტსაც აძლევენ ორგანიზმს. ოღონდ, იბნ სინა უმად მირთმევას გვირჩევდა და ავიცენას (მისი მეორე, ევროპული სახელია) მე უჯერებ.

თუმცა, ბოსტნეულის თავში მაინც ნიორია და მას ცალკე წერილი დიდი ხნის წინ უკვე მივუძღვენი

არც ერთი ვამპირი არ გაგვეკარება….

 

სახლის კარები თავისით გაიღო და ოთახში  სიკვდილი შემოვიდა. ცივი და სველი იყო და რაღაცნაირად ხშირად სუნთქავდა, ტანი სისხლჩაქცევებით ქონდა აჭრელებული, ხელის მტევნები კი ლურჯი და უსიცოცხლო.  ჩემი  აღშფოთებული ყვირილი აინუნშიაც არ ჩაუგდია, გვერდზე  ჩამიარა და მოვემზადოთო, უთხრა. ჰოდა, ეს წერილიც მის წინააღმდეგ არის, რადგან  სულაც აღარ მაშინებს, სახეზე ვცნობ, ცივი და სველია!

 

 

ვულკანიზაცია

0

ამ სიტყვას პირველად შორეულ ბავშვობაში მოვკარი ყური: ორი მოსაუბრე შეთანხმდა, ხვალ ვულკანიზაციასთან შევხვდეთო. საგონებელში ჩავვარდი. სკოლაში გეოგრაფიას, რა თქმა უნდა, გვასწავლიდნენ და ვეზუვი და ეტნაც გამეგონა და პომპეის ამბავიც ვიცოდი, მაგრამ საქართველოში?! ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ დავასკვენი, რომ გურჯაანში, სადღაც ახტალის ბალნეოლოგიურ კურორტთან აპირებდნენ შეხვედრას, თუმცა „ზაცია“ მაინც არ მაძლევდა მოსვენებას და ულმობლად აცამტვერებდა ყოველგვარ მიგნებას.

გამოხდა ხანი. ზაფხულის ერთ ცხელ დღეს სოფლის ყვითელი „პაზიკის“ საბურავმა ვეღარ გაუძლო მგზავრების სიმძიმეს და მზის მცხუნვარებას და „აფეთქდა“. ავტობუსში თუ მის გარეთ მტვრის ისეთი კორიანტელი დადგა, რამდენიმე წუთი ხელის ცეცებით ვეძებდით ერთმანეთს იმის გასარკვევად, ხომ ყველა მრთელი და უვნებელი იყო. გულგადახსნილი საბურავის გვერდით მდგომის, გადარჩენილის, ამაგით მივღოღდით ერთ გარაჟის ტიპის „დაწესებულებასთან“, სადაც თავით ფეხებამდე მტვერში ამოსვრილი ორი ოსტატი მუშაობდა. ფარდულთან მიმოფანტულმა ძველმა საბურავებმა და რეზინის ნაკუწებმა მიმახვედრა, რომ ჩვენი მხსნელი სწორედ ის ორი „შავი კაცი“ იყო… ავტობუსი შეჩერდა და მგზავრები სულის მოსათქმელად დაბლა ჩამოვიხვეტეთ. შევხედე საბურავების აღმდგენ საამქროს და რას ვხედავ? – რკინის ვეება კარის თავზე ვიღაცას გაკრული ხელით წაუწერია: „ვულკანიზაცია“.

ახალი თავსატეხი გამიჩნდა. „ზაციას“ მნიშვნელობა ნათელი გახდა, მაგრამ ახლა „ვულკანმა“ დაკარგა აზრი. კისერი წავიგრძელე და ცალი თვალით შიგნით შევიხედე, იქნებ რამე მოთუხთუხე, გამლღვალ მასას მოვკრა-მეთქი თვალი, მაგრამ მტვრისა და ბუღის მეტი ვერა დავინახე რა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, კიდევ დიდხანს დარჩა ეს რებუსი ამოუხსნელი. არ იყო მაშინ ინტერნეტი, ბიძია გუგლისთვის რომ მეკითხა, ჩემ გარშემო კი იმაზე მეტი არავინ იცოდა, რასაც თავადაც მივხვდი – ვულკანიზაცია რეზინის საბურავების დაწებებას ნიშნავდა. მაგრამ სად ვულკანი და სად გახვრეტილი საბურავი?! სად ეტნა ან ვეზუვი და სად ეს ფარდული?!

არადა, ტერმინი 1839 წლიდან იღებს სათავეს და ჩარლზ გუდიარის აღმოჩენას უკავშირდება. ეს ის დროა, როცა ტექნიკასა და ყოფა-ცხოვრებაში ახალი მასალები იწყებს გამოჩენას. სამხრეთი ამერიკის ტროპიკული ტყეების ნაჟურმა ჩრდილოეთ ამერიკამდეც მიაღწია. ჰევეას „რძის“ გაცხელებით მანამდე არნახული თვისებების რბილი, ელასტიკური მასა მიიღებოდა. ამან არაერთი მეწარმე თუ გამომგონებელი მონუსხა. საუცხოო ლანჩები გამოდიოდა მისგან, ტყავზე გაცილებით რბილი და იაფი, მაგრამ… პირველ წვიმამდე და მცხუნვარე მზემდე, მერე კი ადვილად კარგავდა ფორმასა და დანიშნულებას. მისი ასეთი მეტამორფოზა ძვირად დაუჯდა ბევრ მეწარმეს; ვინც მთელი კაპიტალი ამ ნედლეულში დააბანდა, ყველა გაკოტრდა, ერთის გარდა, და ის ერთიც მხოლოდ თავისი სიჯიუტისა და მიზანსწრაფულობის წყალობით გადაურჩა ეკონომიკურ კოლაფსს. სწორედ ეს გახლდათ ჩარლზ გუდიარი.

ჩარლზი ქიმიკოსი არ ყოფილა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა ბუნებრივი კაუჩუკის თვისებების გაუმჯობესებას. თუკი რამ რეაქტივი მოხვდა ხელში: მჟავა, ტუტე, მარილი, – ყველაფერი მოსინჯა, მაგრამ სასურველი შედეგი იგვიანებდა, ვალები კი იზრდებოდა, ამიტომ ექსპერიმენტებს შორის ინვესტორებსაც აკითხავდა, მაგრამ კაუჩუკს ისე ჰქონდა გატეხილი სახელი, რომ ბანკის კრედიტოფიცრები რბილი მასის დანახვისთანავე მტკიცე უარზე დგებოდნენ. ერთ-ერთი ვიზიტის დროს გუდიარსაც უმტყუნა ნერვებმა და, გაბრაზებულმა, გოგირდში ამოვლებული კაუჩუკი იქვე, ღუმელში მოისროლა. გოგირდი კაუჩუკის ზედაპირზე ათუხთუხდა და ჩაქრა, კაუჩუკმა კი უმალ იცვლა ფერი. ჩარლზი მიხვდა, რომ რაღაც ახალს მიაგნო, გამოიღო ცეცხლიდან კაუჩუკის შავი ნაჭერი და გაღუნა. ისევ ელასტიკური აღმოჩნდა, თუმცა გაცილებით მკვრივი და მაგარი. ეს უკვე აღარ იყო კაუჩუკი – მოგვიანებით მსოფლიო მას რეზინის სახელით გაიცნობს.

გუდიარმა ჯერ კიდევ ცხელი რეზინი ჯიბეში ჩაიდო და ისე სწრაფად დატოვა ბანკის შენობა, რომ კრედიტოფიცერს მორიგი უარი პირზე შეაშრა.

ბანკიდან ჩარლზი პირდაპირ ლაბორატორიაში წავიდა, ცდები გააგრძელა და კაცობრიობას ახალი მასალა დაუტოვა.

გოგირდის დახმარებით კაუჩუკის მოლეკულები „იკერება“ – პოლიმერის მაკრომოლეკულები გოგირდის ხიდითა და კოვალენტური ბმებით უკავშირდება ერთმანეთს. ეს საგრძნობლად უცვლის თვისებებს ბუნებრივ კაუჩუკს (ლატექსს), ანიჭებს მას მექანიკურ სიმტკიცეს, გამძლეობას ცვეთისა და გარემო ფაქტორების მიმართ.

გუდიარის ამ აღმოჩენის შემდეგ ქიმია ბევრად წინ წავიდა. დღეს ვულკანიზაცია აღარ ნიშნავს მხოლოდ კაუჩუკისა და გოგირდის ურთიერთქმედებას. მსოფლიოს არაერთი ქიმიკოსი მუშაობს პოლიმერების ქიმიაში და საინტერესო თვისებების უამრავი მასალაც შეიქმნა მათი ხელით. ბუტადიენის უფროსი ძმების – ნეოპრენისა და პოლიქლოროპრენის – ვულკანიზაცია გოგირდის ნაცვლად მეტალის ოქსიდებით (ZnO, MgO, Pb3O4) მიმდინარეობს, სილიკონის სახელით ცნობილი ზოგიერთი მასალის გაკერვისთვის კი ატმოსფეროში არსებული ტენიც საკმარისია (მცირე რაოდენობის კატალიზატორის თანხლებისას). თუ ვინმეს გამოგიყენებიათ სილიკონის წებო ან ჰიდროსაიზოლაციო საშუალება, აუცილებლად იგრძნობდით ძმარმჟავას მძაფრ სუნს. ეს სილიკონის შემადგენლობაში შემავალი აცეტოქსისილანი იშლება ძმარმჟავას გამოყოფით.

კიდევ რითაა რეზინი საინტერესო? ყველამ ვიცით, რომ მოლეკულა ძალიან პატარა ნაწილაკია. უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო, რომ ნანონაწილაკის ზომას მიაღწიოს. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ „ნედლი“ რეზინისგან ვულკანიზაციით საბურავის მიღებისას მასში შემავალი კაუჩუკის მოლეკულები მინიმუმ ერთი გოგირდის ხიდით დაუკავშირდება ერთმანეთს, გამოვა, რომ რეზინის მოლეკულაც ისეთივე ფორმისა და ზომისაა, როგორსაც თვალით ვხედავთ მოცემულ მომენტში.

ონლაინსწავლების დროს გამოყენებული სასწავლო მეთოდების ეფექტიანობა

0

ნებისმიერმა პედაგოგმა, განურჩევლად იმისა, ის დამწყებია, თუ უკვე კარგად გამოცდილი, საკმაოდ დიდი პედაგოგიური პრაქტიკის მქონე, იცის, რომ ჩატარებული გაკვეთილის წარმატება-წარუმატებლობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გამოყენებული სასწავლო მეთოდების შესაბამისობა საგაკვეთილო მიზანთან და მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის, კლასის საჭიროებებთან. რეალურ საკლასო გარემოში მუშაობის დროს პედაგოგს იმის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ სასწავლო მეთოდების მრავალფეროვნებაში შეარჩიოს და და საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოს ის მეთოდი, რომელიც   საგაკვეთილო მიზნების უფრო ადვილად მიღწევის და კონკრეტული კლასის საჭიროებების გათვალისწინების საშუალებას მისცემს. პარალელურ კლასებში ერთი და იმავე ასაკის მოზარდებთან მომუშავე ნებისმიერი საგნის გამოცდილი პედაგოგი, ალბათ დამეთანხმება იმაში, რომ ხშირად შეუძლებელი ხდება ორ პარალელურ კლასში ერთი და იმავე თემაზე, საკითხზე გაკვეთილის ერთნაირად ეფექტიანად ჩატარება და საგაკვეთილო მიზნების მიღწევა ერთნაირი ხარისხით, ერთი და იმავე მეთოდებით, აქტივობებით, მოსწავლეთა ორგანიზების ერთი და იმავე ფორმებით და სასწავლო რესურსებით.  ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან ჩვენ მოსწავლეთა განსხვავებულ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, განსხვავებული ინტერესების, ღირებულებების, შესაძლებლობების, მოტივაციის ჯგუფებთან.  ცნობილია, რომ თანატოლთა ჯგუფი სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე, მის სასწავლო მოტივაციაზე, რაც ძალიან კარგად ვლინდება, როცა ბავშვი ამა თუ იმ მიზეზის გამო კლასს იცვლის. ასეთ დროს ერთ კლასში საკმაოდ დაბალი სასწავლო მოტივაციის მქონე მოსწავლე შეიძლება პარალელურ კლასში გადასვლისას ბევრად უფრო მოტივირებული  და დაინტერესებული გახდეს. ასე, რომ პარალელურ კლასებში მომუშავე პედაგოგს კონკრეტულ თემაზე გაკვეთილის დაგეგმვისას, როგორც წესი,  უწევს მოსწავლეთა არა მხოლოდ ინდივიდუალური თავისებურებების, არამედ ჯგუფის ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება. რეალურ სასკოლო გარემოში მუშაობისას პედაგოგს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს გაკვეთილის ეფექტიანად  ჩასატარებლად არა მხოლოდ სასწავლო მეთოდების, არამედ აქტივობების, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმების  და სასწავლო რესურსების შესარჩევადაც.

რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით დისტანციური სწავლების დროს, როდესაც პედაგოგს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლების კონკრეტული ეტაპის დასრულებისთვის შედეგად სამი აუცილებელი პროდუქტის მიღება ევალება – მის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა, უნარები და განწყობა-დამოკიდებულებები. ეს იმ დროს, როცა გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ის საკმაოდ შეზღუდულია, როგორც უკვე აღინიშნა, არა მხოლოდ სასწავლო მეთოდების, არამედ საგაკვეთილო აქტივობების, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმებისა და სასწავლო რესურსების შერჩევისას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, რომლებიც დისტანციური სწავლების დაწყებამდე სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიებში ატარებდნენ გაკვეთილებს. თუმცა, ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის საგაკვეთილო სასწავლო პროცესში ბავშვში სოციალური და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების  განვითარება დისტანციური სწავლების პროცესში მალე შეიძლება მხოლოდ საოცნებო გახდეს. და ამაში, ვფიქრობ, არც არაფერია გასაკვირი, ვინაიდან, როგორც დაკვირვება და შექმნილი სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, ონლაინსწავლების ერთ-ერთი სუსტი მხარე სწორედ ის არის, რომ მისი ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაში სერიოზული პრობლემების დაფიქსირებამდე მიგვიყვანოს. ასეთ დროს, ალბათ კარგი იქნება, თუ საგაკვეთილო პროცესში გამოსაყენებელი მეთოდების შერჩევისას და გაკვეთილის დაგეგმვისას ისეთ სტრატეგიებზე ვიქნებით ორიენტირებული, რომლებიც ზემოაღნიშნული ხარვეზების კიდევ უფრო გამწვავების ნაცვლად, მის ერთგვარ კომპენსირებას მოახდენს. რასაკვირველია, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ გარემოში, მოდიფიცირებული სახით მაინც, შეიძლება ამა თუ იმ სასწავლო მეთოდის გამოყენება, მაგრამ საუბარია მის ეფექტიანობაზე და მისი დახმარებით სასწავლო შედეგების უფრო ადვილად მიღწევაზე.

რომელია ის სასწავლო მეთოდები, რომლებზეც პედაგოგები უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს ონლაინსწავლებისას და როგორია მათი გამოყენების ეფექტიანობა:

  • პრეზენტაცია – როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დისტანციური სწავლების პერიოდში, პრეზენტაცია ონლაინგაკვეთილებზე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდია. გამომდინარე იქიდან, რომ თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალა, სადაც ძირითადად მნიშვნელოვან და არსებით მომენტებზეა გამახვილებული ყურადღება, მოკლედ და ლაკონურად არის გადმოცემული სათქმელი, არა მხოლოდ ბავშვს, არამედ ზრდასრულსაც ბევრად უფრო უადვილებს სასწავლო მასალის გაგებას და დამახსოვრებას. სწორედ ამიტომ, დისტანციურ სწავლებამდეც ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენებოდა არა მხოლოდ მოზარდთა, არამედ ზრდასრულთა სწავლებაშიც.  მაგრამ, თუ ბავშვი 5-6 ონლაინ გაკვეთილს ესწრება და  ყველა გაკვეთილზე მასწავლებლის ან თანაკლასელის მიერ, PowerPoint-ში მომზადებული და ეკრანზე გამოტანილი საპრეზენტაციო მასალის ყურება და პრეზენტატორის მოსმენა უწევს, ძნელი არ იქნება იმის მიხვედრა, თუ ასეთ დროს, დისტანციური სწავლების პირობებში როგორ შეიძლება დაზარალდეს მისი, როგორც სოციალური, ასევე ემოციური განვითარება.  ასე, რომ მართალია ამ მეთოდის გამოყენებას, განსაკუთრებით ცალკეულ საგნებში, ონლაინგაკვეთილებზე გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ მისი გამოყენების დროს გარკვეული პირობების დაცვა აუცილებლად მოგვიწევს; უპირველეს ყოვლისა, კარგად განვსაზღვროთ საპრეზენტაციო მასალის მოცულობა და ის დრო, რა დროის განმავლობაშიც მისი ჩვენება მოგვიწევს. ამასთან, კარგი იქნება, თუ ზედმეტად არ გაგვიტაცებს საპრეზენტაციო მასალის დემონსტრირება და აუდიტორიასთან მუდმივად გვექნება ინტერაქტიური კავშირი და იმის შემოწმების შესაძლებლობა, თუ როგორ იგებენ ისინი მიწოდებულ მასალას, ან უბრალოდ რამდენად საინტერესოა მათთვის ის, რასაც ვუჩვენებთ და რამდენად არიან ჩართული  საგაკვეთილო პროცესში;
  • ლექცია – ონლაინგაკვეთილებზე, პრეზენტაციის შემდეგ, ასევე საკმაოდ ხშირად გამოყენებად მეთოდთა შორის მოიაზრება ლექციური მეთოდი. ვფიქრობ, დისტანციური სწავლებისდროს ამას თავისი გამართლება მოეძებნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ონლაინგაკვეთილის ხანგრძლივობა საკმაოდ შემცირებულია, მასწავლებელს კი სრულიად განსხვავებულ სასწავლო რეჟიმზე გათვლილი პროგრამის გავლა უწევს, ლექციური გაკვეთილი შეიძლება კარგი გამოსავალი აღმოჩნდეს, რადგანაც ლექციის ძლიერი მხარე სწორედ ის არის, რომ დიდი მოცულობის სასწავლო ინფორმაციის მცირე დროში გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანების მეხსიერებას მოცულობა აქვს და ამასთან, ბავშვის მეხსიერების მოცულობა ზრდასრულის მეხსიერების მოცულობასთან შედარებით ბევრად უფრო მცირეა, მოზარდებთან ონლაინგაკვეთილის ჩატარების დროს ლექციური მეთოდის გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა მოვახერხოთ, ნამდვილად არ იქნება ეფექტიანი. თუმცა, აღნიშნულ მეთოდზე საერთოდ უარის თქმაც  არ არის გამართლებული. არის შემთხვევები, როცა საგაკვეთილო პროცესში ლექცია შეიძლება საუკეთესო სასწავლო მეთოდად იყოს აღიარებული, მაგრამ აქ მოიაზრება ინტერაქტიური ლექცია, მინი ლექცია  და არა ტრადიციული ლექცია. ასე რომ ლექციური მეთოდის გამოყენების დროსაც საჭირო იქნება გარკვეული პირობების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, დროის კონტროლი, რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს და მოსწავლეები არ „მივაძინოთ“ და ასევე მივცეთ ჩვენ სალექციო საუბარს ინტერაქტიური სახე, რომ მუდმივად ვგრძნობდეთ აუდიტორიის „მაჯისცემას“;
  • კითხვა-პასუხი – სწორად დაგეგმილ და კარგად ორგანიზებულ გაკვეთილზე მოსწავლეთა გააქტიურების, მათი ჩართულობის გაზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს კითხვა-პასუხის მეთოდი. მისი მნიშვნელობა და ღირებულება კიდევ უფრო იზრდება ონლაინგაკვეთილზე, სადაც ჩვენი ურთიერთობები ბავშვთან საკმაოდ შეზღუდულია და სასწავლო პროცესის კითხვა-პასუხის რეჟიმით წარმართვა ურთიერთობის დეფიციტის ერთგვარად შევსების კარგ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, რასაკვირველია აღნიშნული მეთოდის გამოყენებაც გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს; უპირველეს ყოვლისა, შეკითხვების სწორად შერჩევა, სავარაუდო პასუხებზე წინასწარ დაფიქრება და ყოველი მომდევნო შეკითხვის ამის გათვალისწინებით ფორმულირება;
  • დისკუსია – დისკუსიას, როგორც სასწავლო მეთოდს ბევრი პედაგოგი დისტანციურ სწავლებამდეც აქტიურად იყენებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეთოდი ბევრი ისეთი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი ხდება, რომელთა განვითარებაც სხვა სახის სასწავლო მეთოდების გამოყენებით ნამდვილად გაჭირდებოდა. თუმცა, იმის გამო, რომ დისკუსიის ჩატარება საკმაოდ რთულია და გარკვეულ შემთხვევებში ის კლასის მართვის მიმართულებით სერიოზულ პრობლემებს ბადებს, არცთუ ისე იშვიათად პედაგოგები თავს არიდებენ სასწავლო მეთოდად მის გამოყენებას. მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ ონლაინსწავლების დროს ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების მიმართულებით დაფიქსირებული ხარვეზების კომპენსირების ძალიან კარგი საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს დისკუსია, როგორც  სასწავლო მეთოდი.

რასაკვირველია, განხილული მეთოდების გარდა პედაგოგმა შეიძლება უამრავი სასწავლო მეთოდი გამოიყენოს სწავლების პროცესში, უბრალოდ, ამჯერად მკითხველის ყურადღება გავამახილეთ იმ მეთოდებზე, რომლებიც დღეს, ონლაინსწავლების პირობებში ყველაზე გამოყენებად მეთოდებად ითვლება. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ ფაქტს, რომ არ არსებობს ერთი უნიკალური მეთოდი, რომელიც ერთნაირად ეფექტიანი იქნებოდა ნებისმიერ სასწავლო გარემოში, მოსწავლეთა ნებისმიერ ჯგუფთან გამოყენებისას. მეთოდის შერჩევისას სასურველია დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად მოგვცემს ის სასწავლო მიზნების მიღწევის საშუალებას და რამდენად გაზრდის მოსწავლის სასწავლო მოტივაციას. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთფეროვნება სასწავლო პროცესში საკმაოდ აქვეითებს ბავშვის სასწავლო ინტერესს და მოტივაციას. როგორი მოსაწონი და მისაღებიც არ უნდა იყოს ესა თუ ის სასწავლო მეთოდი, მუდმივად, ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში ბავშვისთვის ის კარგავს მიმზიდველობას და მომხიბვლელობას. ასე რომ, რაც უფრო მეტ მრავალფეროვნებას შევიტანთ საგაკვეთილო პროცესში სასწავლო მეთოდების გამოყენებაში, მით უფრო ადვილად აღვძრავთ და შევინარჩუნებთ მოსწავლის დადებით დამოკიდებულებას გაკვეთილის მიმართ. თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, ბავშვის ინტერესს სასწავლო პროცესის მიმართ და ჩატარებული გაკვეთილის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოზარდისა და პედაგოგის ურთიერთდამოკიდებულება. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო და საყურადღებო იქნება ერთი მოსწავლის სიტყვები, რომელმაც ჩვენთან საუბრისას ასეთი რამ განაცხადა: „თუ გაკვეთილს ჩემი საყვარელი მასწავლებელი ატარებს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა მეთოდებს გამოიყენებს ის“. ასე რომ, ვიყოთ ბავშვისთვის საყვარელი მასწავლებელი და ეს ჩვენ მიერ ჩატარებული გაკვეთილის ეფექტიანობის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...