კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

 პორცელანი  – მშვენიერების მონატრება

0

არიან სიტყვები, რომლებსაც რაღაც იდუმალება დაჰყვებათ. ისინი გვატყვევებენ უცხოობითა და ერთგვარი მიუწვდომლობით, იწვევენ შორეული მშვენიერების განცდას. ერთ ასეთ სიტყვად პორცელანი წარმოგვიდგება, რომელსაც კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორიოდე ნიმუშის ჭრილში წარმოვაჩენთ (კონსტანტინე გამსახურდია, ნატო ინგოროყვა). პორცელანი ფაიფურის ხელოვნებაა, რომლის საშუალებითაც დახვეწილ, ნატიფ ჭურჭელს ამზადებდნენ უძველეს ხანაში, ჩინეთსა და იაპონიაში, შემდეგ კი ევროპასა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

მსოფლიო ლიტერატურის არაერთ გამორჩეულ ნიმუშში არის წარმოჩენილი ადამიანის ხელით შექმნილი მშვენიერი ნივთები, რომლებიც გამოხატავენ ეპოქის სულს, ხელოვნების ტენდენციებს, გამოსახვის თავისებურებებს, იმ გზებსა და ხერხებს, რომელთა საშუალებით ხელოვანნი „ღმერთთან გატოლებას“ (გამსახურდია), ბიბლიური იაკობივით მასთან შეჭიდებას ბედავენ, რათა მსხვერპლის, ტანჯვის ფასად რაღაც ისეთი შექმნან, რომელიც სამყაროსავით იდუმალი და მიმზიდველი, მასავით ცოცხალი, ფერადოვანი და შთამბეჭდავი იქნება.

„ჰოი, საკვირველებავ, ისეთი ადამიანებიც რომ მოიპოვებიან, რომელთაც მატერიაში სულის ჩარგვაც ეხერხებათ!“ – ასე გამოხატავს გაოცებას კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა „პორცელანის“ გმირი. მშვენიერი, ჰაეროვანი ჩაის ჭურჭელი ისე დაიპყრობს ამბის მთხრობლის გულს, სულსა და გონებას, რომ მის გარეშე თითქოს სიცოცხლე ვეღარც წარმოუდგენია. ის ყოველდღე დადის როსტრუპების ოჯახში, რადგან აქ შეუძლია შეეხოს ხელოვნების ამ ნიმუშს, სწორედ ამ სიფრიფანა, დახვეწილი, ნატიფი ფინჯნიდან იგემოს სურნელოვანი ჩაი, იგრძნოს კავშირი გარდასულ საუკუნეებსა თუ ადამიანებთან, რომლებიც ძერწავდნენ „პორცელანის ფორმებსა და ფერადებს“. ამგვარად, იგი თითქოს რაღაც უხილავ რიტუალში იღებს მონაწილეობას, მისტერიაში, რომელსაც მშვენიერებასთან ზიარება შეიძლება ეწოდოს.

მწერალი წუხს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ყოფიდან გააქრო ისეთი ნივთები, რომლებსაც უძველესი ოსტატები ხელით ქმნიდნენ და შიგ მთელ თავიანთ ოსტატობას, სულს, გულს, გონებას, ოცნებას აქსოვდნენ, სულს შთაბერავდნენ: „რამდენი სულიერი სიკეთე და სათნოება უნდა გამოეჩინათ ხელებს, რომ ამ პორცელანის სათუთი, რჩეული ყუნწის მსგავსი ხელსაკიდი არ დაემსხვრიათ“. ამგვარი ნივთები გადაალახვინებდნენ ადამიანს დროისა და კულტურის ბარიერებს. მწერლისთვის საცოდაობაა, როდესაც მშვენიერ ნივთებს მუზეუმს აფარებენ: „მუზეუმი სხვა რაღაა, თუ არა უშველებელი სასაფლაო, სადაც ყოველი ერი, ყოველი რასსა თავის გრძნობებს ჰმარხავს…. დიდი საფლავი მიცვალებულ გრძნობათა, დრომოჭმულ ფერადობისა და რითმების… ბარონ როსტრუპის მშვენიერი პორცელანიც, ალბათ, ასეთ ადგილას ასაფლავია სადმე…“.

ადამიანის ესთეტიზმი სხვადასხვანაირად ვლინდება. მაგალითად, ამ ნოველაში ეს ამგვარადაც წარმოჩნდება: „ცხოვრება სხვა რაღაა, თუ არა საგნებისადმი დამოკიდებულების გამომჟღავნება“. სწორედ ხელოვნების მშვენიერ ნივთებს გაჰყავთ ადამიანი „ბანალური რეალიზმის“ ჩარჩოებიდან, მას ფანტაზიის, წარმოსახვის უნარს უვითარებენ, სულიერ თვალს უხელენ, ახალ განზომილებებს შეაგრძნობინებენ. მატერიალურ სამყაროსაც აქვს არა მხოლოდ ხილული, არამედ ფიზიკური თვალისგან უხილავი სივრცეები, რომელთა დანახვასაც პერსონაჟი მიკროსკოპის საშუალებით იხილავს და აღტაცებული ვერ მალავს აღფრთოვანებასა და გაოცებას: „ნამდვილი სინამდვილე მაშინ ვნახე, სულ სხვა ფერადი, სულ სხვა ხაზმოსმა, ვიდრე ის სინამდვილე, რომელსაც ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ“.

ასე რომ, ხელოვნების მოყვარული პერსონაჟი ამის შემდეგ თავის ფილოსოფიურ შეხედულებას, წარმოდგენას რეალობისა და ირეალობის შესახებ ამგვარად აყალიბებს: „ჩვენი სინამდვილე მტკნარი სიცრუე ყოფილა. კიდევ ყოფილა მეორე სინამდვილე. ხელოვნება კი მესამე სინამდვილეა, მხატვრის მიკროსკოპში დანახული“. რა თქმა უნდა, ეს ეხმიანება ხელოვნების შესახებ პლატონისეულ წარმოდგენებს, რომლებზედაც ის დაწვრილებით მსჯელობს თავის დიალოგებში („სახელმწიფო“, „იონი“, „ფედონი“ და სხვა.). მკითხველს გავახსენებთ ქრისტიანულ სწავლებასაც, კერძოდ, პავლე მოციქულის პირველ ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ, რომელშიც ვკითხულობთ: „რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები“ (13,12). სიტყვა „მაშინ“ მრავალმნიშვნელოვნებითაა დატვირთული, ერთგვარი შიფრია, რომელშიც კოდირებულია მიღმური სამყაროს შესახებ ინფორმაცია. ხელოვნებას კი შეუძლია (სიტყვის, ფერის, მუსიკისა და სხვ.) გზით ადამიანს მარადიულის სუნთქვა შეაგრძნობინოს.

ნოველაში აღმოსავლური და დასავლური ხელოვნების განსხვავებულობაზე, უძველესი ჩინური და იაპონური ხელოვნების თავისებურებების შესახებ საგულისხმო თვალსაზრისებია წარმოჩენილი. პერსონაჟები საინტერესოდ მსჯელობენ იმის შესახებ, როგორ გადაილახება ხელოვნების გზით დროსივრცული ბარიერები და როგორ ხდება შესაძლებელი შეხება ირაციონალურ, მისტიკურ, მეტაფიზიკურ სამყაროსთან, კანტისეულ ნოუმენთა „ხილვა“ (ფენომენთა, რადაც გვევლინება ხილული სამყარო, მიღმა „გადახედვა): „იაპონელებისა და ჩინელების მხატვრობა მიყვარს. ისინი არასოდეს ხატავენ ჩიტს ისე, როგოც ეს ბუნებაშია, არამედ ჩიტს – მოძრაობისას, ფრენისას“.

ნოველაში წარმოჩენილია, როგორ იჭრება ყოფაში მატერიალური, პრაგმატული, მომხმარებლური ინტერესები. როსტრუპების ოჯახი უძველეს ჩაის ჭურჭელს ყიდის. მთხრობელი წუხს: „აღარ მესმოდა თხელი, ბუმბულივით მსუბუქი ჩაის სერვიზის ნაზი წკრიალი. ჰაეროვანი ხმა ძველი ჩინური კულტურისა. მის ნაცვლად სუფრაზე ვხედავ ტლანქ, უხეშ, ევროპული ფაბრიკაციის ჩაის ჭურჭელს“. ეს ხდება მიზეზი მთხრობლის საშინელი გულისწყვეტისა და იმედგაცრუებისა: „შენ ერთ წამში ხელიდან გააგდე ძვირფასი საუნჯე, რომელიც მთელი ეპოქის სულიერი სიმდიდრის ჭურჭელიც იყო“.

ნოველაზე ფიქრისას, რა თქმა უნდა ნატო ინგოროყვას ლექსების კრებული გაგვახსენდა, ამავე სახელწოდებით: „PORCELLANAE“ (2015 წ.). ეს ერთგვარი პოეტური კოდია, სიტყვა პორცელანი – თანმხლები ჰაეროვნების, ამაღლებულობის, სინატიფის, შეგრძნებით და უცხო სურნელის შლეიფით. საითკენ გაუძღვება ეს სურნელი მკითხველს? ლექსების წაკითხვის შემდეგ მკითხველი ხვდება, როგორ იმსხვრევა ეს პორცელანი მკაცრ და უხეშ რეალობასთან შეხებისას. პორცელანი სულის სიმბოლოდ აღიქმება, რომელსაც სიყვარულით გაფრთხილება სჭირდება, ან პორცელანი სხეულია, სულის ნატიფი ჭურჭელი, რწმენის მადლით განწმენდილი, რომელშიც იხარებს სული, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?“ (პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, 6, 19). რა თქმა უნდა, ცალკეული სიტყვა, ფრაზა თუ მხატვრული სახე პოეზიის კონტექსტში ინტერპრეტაციების, ფიქრის დაუსრულებელ ნაკადებს აღძრავენ.

კრებულში ამჯერად ყურადღებას იქცევს ლექსი „სიჩუმის ხმაურზე“. ეს ოქსიმორონი თავიდანვე მიგვანიშნებს იმ ქვეტექსტურ წინააღმდეგობაზე, ბზარზე, რომელიც სიტყვას, ლოგოსს (პირდაპირი თუ ფარული, ფილოსოფიური თუ საღვთიმეტყველო მნიშვნელობით) აქვს გაჩენილი:

„იმსხვრევიან სიტყვები

დღისა და ღამის ფაიფურივით“.

აქ დაახლოებით იგივე განწყობა შეიძლება დაეუფლოს მკითხველს, რაც გამსახურდიას ნოველა „პორცელანის“ ფინალის კითხვისას.

არაჩვეულებრივი სიცხადით მეტყველებენ ლექსისეული მეტაფორები, რომელთა საშუალებით ავტორს გულიდან გამოაქვს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თანამედროვე სამყაროსეული ტკივილი, გაუცხოების გამძაფრებულ კრიზისში გამოხატული:

„მესმის უცნაური ხმები მოაქვს

სიტყვების მსხვრევას და

აქ აღარავინ კითხულობს სიჩუმეს“.

„სიჩუმე“ ის სიღრმეა, რომლისკენაც უნდა მიიმართოს მზერა სულიერი ზრდისა და განვითარებისათვის, საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნებისათვის. სიჩუმე თითქოს იმ უხილავი განზომილების კარია, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტებისკენ მიუძღვება. სიჩუმე მატერიალური ხმებისგან განწმენდილი ქროტოპია, რომელშიც ადამიანი შეიძლება ღმერთს შეხვდეს. და თუ სიტყვა დამსხვრეული ან უძლურია, როგორც ბარათაშვილი ამბობს: „მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა“, მაშინ „დუმილიც მიმითვალენ შენდამი ლოცვად“ („ჩემი ლოცვა“). სიჩუმის ანბანის დავიწყება კი ქვეტექსტურად ადამიანის ღვთაებრივი სამყაროსგან მოწყვეტის ტკივილს ამხელს. ამ მეტაფორის მრავალმნიშვნელოვნება მკითხველს სიმბოლური გააზრებისკენ უბიძგებს, როგორც გოეთე წერს „ფაუსტში“:  „ზეაიძრება წარმოსახვა ფრთების სწორებით, მარადისისკენ ლაღად შეკრავს კამარას“. ეს არის კიდევაც პოეზიის, როგორც „სიბრძნის დარგის“ (რუსთაველი) დანიშნულება.

ნატო ინგოროყვას ამ ლექსის აზრობრივი ტონალობის კამერტონია გიორგი ლობჟანიძის სტრიქონები, ეპიგრაფად წამძღვარებული: „ვინ გაბზარა შენი მარტოობის მყიფე ფაიფური?“ ამ მეტაფორასაც ლექსში დამატებითი საინტერპრეატიო სივრცეები და კონტექსტები შემოაქვს. ფიქრის ნაკადების მოძრაობა კი დამოკიდებულია მკითხველის გულსა, სულსა და გონებაზე.

ზოგადად კი, ნატო ინგოროყვას ამ კრებულის სხვა ლექსები გვაფიქრებს არა მხოლოდ ეგზგისტენციალურ საკითხებზე, არამედ გამოთქმის ხელოვნებაზე, იმაზე, თუ რა აძლევს პოეტურ სიტყვას ძალასა და ენერგიას? ყოველდღიური გაცვეთილი, ფერებგაცლილი ლექსიკონიდან სიტყვების პოეზიის მეტაფიზიკურ სივრცეში გადანაცვალება და მოგზაურობა ხომ გულისხმობს ერთგვარ მისტიკასა და მაგიას, რომელსაც პოეტები, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ფლობენ. ისინი ხან იმპულსურად, შთაგონებისა და ექსტაზის წუთებში, ხან კიდევ განზრახულად სიტყვებს იმგვარად აწყვილებენ, რომ იბადებიან უცნაური, უცხო და მოულოდნელი მხატვრული სახეები და განწყობები. ამ თვალსაზრისით, თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის პოეტური სიტყვის გამორჩეული ხელწერით ყურადღებას იქცევს  ნატო ინგოროყვა. ის ენდობა სიტყვას, ლოგოსს, რომელიც „პირველითგან იყო“, მაგრამ აღარ ენდობა სიტყვას, ადამიანთა ბაგეებზე ამსხლტარს, გაფიქრებულსა თუ განზრახულს. ის გრძნობს, წუთისოფლისეული სიტყვების მეორეულობას, უმადლობას და ცდილობს ამ სიტყვებით, რომლებიც კარნავალის ნიღბებს ემსგავსებიან, მოიხელთოს ყოველდღიურ ადამიანურ შეგრძნებებში გამკრთალი თუ შემოჭრილი იდუმალი, ზესთასოფლიური, სამოთხისეული, მარადიული.

პარადოქსია, მაგრამ პოეტი ნატო ინგოროყვა, თან არ ენდობა სიტყვებს, მათ ცვალებადსა და ყალბ ციალს, თანვე ცდილობს ისევ სიტყვების საშუალებით საგანთა და მოვლენათა შუაგულს, საზრისს ჩასწვდეს. ამიტომაც მკითხველს გაანდობს, რომ მისი საუკეთესო ლექსი „უსიტყვებოა“.  სიტყვა – ის ლექსიკური ერთეულია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ამ კრებულში. ნატო ინგოროყვა ცდილობს და ახერხებს კიდევაც სიტყვებით დაატყვევოს და გამოავლინოს საკუთარ თავთან, ადამიანებთან, სამყაროსთან ურთიერთობისას წარმოშობილი ტკივილი და სიხარული. ის არ იგონებს ახალ სიტყვებს, პოეტური ნეოლოგიზმები არ სჭირდება მას, რადგან ახერხებს ცოცხალი მეტყველების მდიდარი მარაგიდან იმგვარად გამოიყენოს ყოველდღიურობისაგან გაცვეთილი სიტყვები, რომ მკითხველმა მათი საშუალებით შეიგრძნოს რეალური დრო-სივრცის მიღმა არსებული უხილავი განზომილებებები. პოეტი არ ერიდება ენაში სულ ახლახან გაჩენილ სიტყვებსაც, ჯერ კიდევ რომ არ მოუპოვებიათ ქართული ლექსიკონის სახელმწიფოს მოქალაქეობა, მაგრამ ამგვარი ნებართვის გარეშეც ხალისით დანავარდობენ ყოფითი მეტყველების სხვადასხვა სივრცეში. მაგალითად, სიტყვა „დაგილაიქოს“ თავისნაირ არაპოეტურ სიტყვასთან „ადრესატი“ სრულიად თავისუფლად მონაწილეობს კრებულის პირველივე ლექსის ემოციურ-ინტელექტუალური დაძაბულობის შექმნაში („ადრესატი“). ამ ლექსში მინიმალური მხატვრული სახეებით მიიღწევა მარტოობისა და სიცარიელის ძლიერი ტკივილიანი შეგრძნება: „სინათლეს არ ეყო დრო, ჩვენამდე მოეღწია“. ლექსის, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული მოზაიკური ნახატიდან უცებ გამოიკვეთება რომელიმე ფერი, ამ შემთხვევაში ეს სტრიქონი და წარმოაჩენს უსიყვარულო, გაუცხოებულ, სინათლეს მოკლებულ ურთიერთობას.

ვინ არის ამ ლექსების უსახელო ადრესატი? მკითხველი გრძნობს, რომ უმისამართო წერილები სწორედ მისთვის იწერება. პოეტი ღმერთს ადამიანებში ხედავს. მართალია, ეს ადამიანები ხშირად ძალიან მიწიერნი, ყოფითობას მიჯაჭვულნი არიან, მაგრამ მათ არ დაუკარგავთ სიტყვების მოსმენის უნარი.

პორცელანს კიდევ ერთი მხატვრული ტექსტი ამოაქვს მეხსიერებიდან. ეს არის აკუტაგავა რიუნოსკეს „ხინა თოჯინები“, რომელშიც ისეთივე გამოტირებაა მშვენიერებისა, გაფერმკრთალებული ესთეტიკისა, როგორიც გამსახურდიას ნოველაში. „სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი ამ სასწაულს. ფარნის სუსტ შუქზე ვხედავდი სპილოს ძვლის სკიპტრიან იმპერატორს, ბრწყინვალე გვირგვინოსან დედოფალს, მარჯვნივ ციტრუს – ტატიბანს და მარცხნივ – ალუბლის ხეს; პაჟს, რომელსაც გრძელტარიანი, მზის საჩრდილობელი გაშლილი ქოლგა ეპყრა ხელთ; სეფე-ქალს ლანგრით ხელში, ოქროს სახეებიან გაკრიალებულ სატუალეტო მაგიდას და ლაქწასმულ კომოდს; ნიჟარებით გაკოპწიავებულ თეჯირებს, მაგიდებს, ფინჯნებს, მოხატულ ფარანს, ფერადი ოქრომკერდით შეკერილ ბურთულებს“. ამ მოთხრობაშიც გაღარიბებული ოჯახი ყიდის უძველეს იაპონურ სარიტუალო თოჯინებს. სასოწარმკვეთია ნოველის ფინალური ეპიზოდი: „ამ დღეებში, იოკოჰამაში, ინგლისელის სასტუმრო დარბაზში ვნახე ქერათმიანი გოგონა, რომელიც ძველი ხინა-თოჯინის მოგლეჯილი თავით თამაშობდა. შეიძლება იმ თოჯინებსაც, რომელზედაც ამ მოთხრობაშია ლაპარაკი, მწარე ხვედრად ერგოთ, მოხვედრილიყვნენ ერთ ყუთში რეზინების თოჯინებისა და ტყვიის ჯარისკაცების გვერდით“.

ხელოვანნი არიან ის ადამიანები, რომლებიც ცოცხალი სიტყვების საშუალებით დროის, გარემოებისა თუ ათასი სხვა მიზეზით, ადამიანის გულგრილობით, დაუდევრობით დაბზარულსა და დამსხვრეულ მშვენიერებას თავიანთი წარმოსახვის სივრცეში ოქროს ძაფებით, ცოცხალი სიტყვებით, კინცუგის ხელოვნების ოსტატობით კვლავ და კვლავ აწებებენ და პირველყოფილი სინორჩით განგვაცდევინებენ. გვარწმუნებენ, რომ „სამყაროს არსებობა გამართლებულია, როგორც ესთეტიკური ფენომენისა“ (ნიცშე, „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“).

 

მათემატიკა ქიმიაში თუ ქიმია მათემატიკაში?

0

მოსწავლეებთან 15-წლიანი მუშაობის პროცესში ბევრჯერ შევეჯახე ერთ პრობლემას, ეს არის მათემატიკაში მიღებული ცოდნის ქიმიის, ბიოლოგიის ან ფიზიკის გაკვეთილზე გადატანასთან დაკავშირებული სირთულეები. ის მოსწავლეებიც, რომელთაც მაღალი შეფასება აქვთ მათემატიკაში, ერთუცნობიან განტოლებას ,,უცხოსავით“ უყურებენ.  ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს ის მარტივი განტოლებაა, რომელიც მათემატიკის გაკვეთილზე არაერთხელ ამოუხსნიათ. იგივე შეიძლება ითქვას ხარისხის ან პროცენტის გამოყენებაზე. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ხსნარებთან დაკავშირებულ ამოცანებზე, რომლებიც ზოგადი უნარების, მათემატიკისა და ქიმიის ეროვნული გამოცდების პროგრამაშიც შედის.

ხსნარებზე ამოცანის ამოხსნის ბევრი ხერხი არსებობს, ზოგჯერ მათემატიკის გაკვეთილზე ჩაწერილი მზა ფორმულა მოსწავლეებსაც შემოუთავაზებიათ. დისტანციური სწავლების გაკვეთილებზე მუშაობისას კი  ვიპოვე ერთი საინტერესო ხერხი – ამოცანების ამოხსნა გრაფიკულად GeoGebra-ის დახმარებით. ეს რესურსი შეუძლია გამოიყენოს ქიმიის მასწავლებელმა, როგორც გამჭოლი კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებს მათემატიკაში მიღებულ ცოდნას გადაატანინებს ქიმიაში და ამით გაამთლიანებს საკითხს. ასევე მათემატიკის მასწავლებელსაც შეუძლია გამოიყენოს, როგორც ,,კომპლექსური დავალება“, რომელიც აკმაყოფილებს ,,ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნებს. გრაფიკული ხერხის გამოყენება შესაძლებელია ფურცელზეც. გამოცდილების გაზიარების მიზნით გთავაზობთ ხსნარებზე ამოცანის ამოხსნის გრაფიკულ მეთოდს.

ამისთვის აუცილებელია გადავიდეთ ლინკზე https://www.geogebra.org/m/C4M42dr7. გამოჩნდება ოთხი სურათი, რომელსაც აირჩევთ. გთავაზობთ ამ რესურსით სარგებლობის დეტალურ ინსტრუქციას.

  1. ორი ხსნარიდან მიიღება ერთი ხსნარი. არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

ა)  ცნობილია საწყისი ხსნარების მასა და მასური წილი და უნდა დავადგინოთ მიღებული ხსნარის პროცენტული კონცენტრაცია;

ბ) ცნობილია ორივე  საწყისი და მიღებული ხსნარის მასური წილი და მესამე ხსნარის მასა, უნდა ვიპოვოთ საწყისი ხსნარების მასა;

გ) ცნობილია ორივე  საწყისი და მიღებული ხსნარის მასური წილი და ერთი საწყისი  ხსნარის მასა, უნდა ვიპოვოთ  მეორე საწყისი  და მიღებული ხსნარების მასა;

დ) ცნობილია ერთი საწყისი ხსნარის და მიღებული ხსნარის მასა და მასური წილი, უნდა ვიპოვოთ მეორე ხსნარის მასა და პროცენტული კონცენტრაცია.

გთავაზობთ ერთი ამოცანის ნიმუშს: ამოცანა 1. ერთმანეთს შეურიეს  60 გრამი 30%-იანი და 90 გრამი 80 % -იანი ხსნარები. დაადგინეთ მიღებული ხსნარის მასა.

ამოხსნა: 1. აბსცისათა ღერძზე უნდა გადავზომოთ ხსნარის მასა, ორდინატთა ღერძზე –  ხსნარების პროცენტული კონცენტრაცია (სურ.1).

  1. საკოორდინატო სიბრტყეზე ავიღოთ  A წერტილი, კოორდინატებით  (0; W% 2)    და C წერტილი, კოორდინატებით  C ( m 3 ;  W% 1  ). გავავლოთ AC წრფე და მასზე დავიტანოთ B წერტილი, რომლის კოორდინატებია   B ( m ;  W% 3  ). B წერტილია y კოორდინატი უცნობია  (სურ: 2).

ამ ამოცანისთვის: ცნობილია A და C წერტილების კოორდინატები, უნდა ვიპოვოთ B წერტილის y კოორდინატი.   A (0; 80);  C ( 150; 30).   (სურ: 3, 4) .

(სურ: 1)

(სურ: 2)

  1. შევადგინოთ განტოლება y = kx + b ; A წერტილისთვის, დავადგენთ b-ის მნიშვნელობას, შემდეგ C წერტილისთვის, დავადგენთ x-ის მნიშვნელობას. ბოლოს ჩავწერთ ფუნქციას.

ჩვენი ამოცანისთვის :

A წერტილისთვის: 80 = k X 0 + b აქედან b = 80,

C წერტილისთვის:   30 = k X 150 + 80;  საიდანაც k = -1/3

B წერტილისთვის:   y = -1/3 X 60 + 80 = 60

ე.ი. მიღებული ხსნარის მასური წილია 60 % (სურ: 5).

(სურ: 3)

(სურ: 4)

 

 

 

სხვა დანარჩენი ტიპის ამოცანებში წრფის ასაგებად ასევე ვიქცევით. ნებისმიერ შემთხვევაში ცნობილია ორი წერტილის კოორდინატები, გამოვთვლით k-ის და b-ის მნიშვნელობებს. ვიპოვით უცნობ სიდიდეს.

(სურ: 5)

 

II ხსნარს ვამატებთ მარილს

ა)ცნობილია საწყისი ხსნარის მასა და პროცენტული კონცენტრაცია, ასევე დამატებული მარილის მასა;

ბ) ცნობილია მიღებული და საწყისი ხსნარის მასური წილი, ასევე მიღებული ხსნარის მასა, უნდა დავადგინოთ საწყისი ხსნარის და  დამატებული მარილის მასა;

გ) ცნობილია მიღებული და საწყისი ხსნარის მასური წილი, ასევე საწყისი  ხსნარის მასა, უნდა დავადგინოთ მიღებული  ხსნარის და  დამატებული მარილის მასები;

დ) ცნობილია მიღებული ხსნარის  მასური წილი და მასა, ასევე დამატებული მარილის მასა, უნდა დავადგინოთ საწყისი ხსნარის მასა და მასში გახსნილი ნივთიერების მასური წილი.

ამოცანა 2: 80 გრამ 50 %-იან ხსნარს დაამატეს 20 გრამი მარილი. გამოთვალე მიღებული ხსნარის მასა და მასური წილი.

საკოორდინატო  სიბრტყეზე   ავიღოთ  A წერტილი, კოორდინატებით  (0; W% 2), სადაც  W%  ეს არის დამატებული მარილის ,,კონცენტრაცია“,  ანუ 100 %    და C წერტილი, კოორდინატებით  C ( m 3 ;  W% 1 ), სადაც m 3. არის მიღებული ხსნარის მასა.  გავავლოთ AC წრფე და მასზე დავიტანოთ B წერტილი, რომლის კოორდინატებია   B ( m 1 ;  W% 3  ). B წერტილის y კოორდინატი უცნობია.

ამ ამოცანისთვის: ცნობილია A და C წერტილის კოორდინატები.  A (0; 100);  C ( 100; 50).

ჩვენი ამოცანისთვის:

A წერტილისთვის: 100 = k X 0 + b აქედან b = 100,

C წერტილისთვის:   50 = k X 100 + 100;  საიდანაც k = -1/2,

B წერტილისთვის:   y = -1/2 X 80 + 100 = 60,

ე.ი. მიღებული ხსნარის მასური წილია 60 %  (სურ: 6).

(სურ: 6)

 

სხვა დანარჩენი ტიპის ამოცანებში წრფის ასაგებად ასევე ვიქცევით. ნებისმიერ შემთხვევაში ცნობილია ორი წერტილის კოორდინატები, გამოვთვლით k -ს და b-ს მნიშვნელობებს. ვიპოვით უცნობ სიდიდეს.

III  ხსნარს ვამატებთ წყალს

ა) ცნობილია ხსნარის მასა და პროცენტული კონცენტრაცია, ასევე დამატებული წყლის მასა. უნდა დავადგინოთ მიღებულ ხსნარში ნივთიერების მასური წილი;

ბ) ცნობილია საწყისი და მიღებული ხსნარების  პროცენტული კონცენტრაცია, მიღებული ხსნარის მასა. უნდა ვიპოვოთ დამატებული მარილის კონცენტრაცია;

გ) მოცემულია საწყისი ხსნარის მასა და პროცენტული კონცენტრაცია, მიღებული ხსნარის მასური წილი, უნდა ვიპოვოთ დამატებული წყლის და მიღებული ხსნარის მასები;

დ) ცნობილია მიღებული ხსნარის მასა და მასური წილი, დამატებული წყლის მასა. უნდა ვიპოვოთ საწყისი ხსნარის მასა და მასური წილი.

 

განვიხილოთ ამოცანა: 100 გრამ 80%-იან ხსნარს დაამატეს 60 გრამი წყალი. დაადგინე მიღებულ ხსნარში გახსნილი ნივთიერების მასური წილი.

საკოორდინატო  სიბრტყეზე   ავიღოთ  A წერტილი, კოორდინატებით  (0; W% 2), სადაც  W%  ეს არის დამატებული წყლის  ,,კონცენტრაცია“  ანუ 0 %    და C წერტილი, კოორდინატებით  C (m 3 ;  W% 1), სადაც m3 არის მიღებული ხსნარის მასა.  გავავლოთ AC წრფე და მასზე დავიტანოთ B წერტილი, რომლის კოორდინატებია   B (m ;  W% 3 ). B წერტილის y კოორდინატი უცნობია.

ამ ამოცანისთვის:  A (0; 0);  C (160; 80).

ჩვენი ამოცანისთვის:

A წერტილისთვის: 0 = k X 0 + b აქედან b = 0,

C წერტილისთვის:   80 = k X 160 + 0;  საიდანაც k = ½,

B წერტილისთვის:   y = 1/2 X 100 + 0 = 50.

ე.ი. მიღებული ხსნარის მასური წილია 50%  (სურ: 7)

სხვა დანარჩენი ტიპის ამოცანებში წრფის ასაგებად ასევე ვიქცევით. ნებისმიერ შემთხვევაში ცნობილია ორი წერტილის კოორდინატები, გამოვთვლით k-ის და b-ის მნიშვნელობებს. ვიპოვით უცნობ სიდიდეს.

(სურ: 7)

 

IV ტიპის ამოცანაში  ვაორთქლებთ წყალს.

ა) მოცემულია საწყისი ხსნარის მასა და პროცენტული კონცენტრაცია, ასევე აორთქლებული წყლის მასა. უნდა დავადგინოთ, რას უდრის მიღებულ ხსნარში  გახსნილი ნივთიერების მასური წილი;

ბ) ცნობილია საწყის ხსნარში გახსნილი ნივთიერების მასური წილი, მიღებული ხსნარის მასა და მასური წილი. უნდა ვიპოვოთ საწყისი ხსნარის მასა და დამატებული წყლის მასა;

გ) ცნობილია საწყისი ხსნარის მასა და მასური წილი, ასევე მიღებულ ხსნარში ნივთიერების მასური წილი. უნდა ვიპოვოთ დამატებული წყლისა და მიღებული ხსნარის მასა;

დ) ცნობილია მიღებული ხსნარის მასა და მასში გახსნილი ნივთიერების მასური წილი, ასევე დამატებული წყლის მასა. უნდა ვიპოვოთ საწყისი ხსნარის მასა და მასში ნივთიერების მასური წილი.

განვიხილოთ ამოცანა: საწყისი ხსნარიდან ააორთქლეს 70 გრამი წყალი და მიიღეს 80 გრამი 60%-იანი ხსნარი. რას უდრის საწყისი ხსნარის მასა და მასში გახსნილი ნივთიერების მასური წილი.

ამოცანის პირობის მიხედვით ცნობილია მიღებული ხსნარის მასა და აორთქლებული წყლის მასა, ე.ი. m = 80 გ;   m 1 = 80 + 70 = 150გ.

საკოორდინატო  სიბრტყეზე   ავიღოთ  A წერტილი, კოორდინატებით  (0; W% 2), სადაც  W%  ეს არის აორთქლებული წყლის ,,კონცენტრაცია“  ანუ 0 %    და B  წერტილი, კოორდინატებით  B (m 1 ;  W% 3), სადაც m 1. არის საწყისი  ხსნარის მასა.  გავავლოთ AB წრფე და მასზე დავიტანოთ C  წერტილი, რომლის კოორდინატებია   C (m ;  W% 1). C წერტილის y კოორდინატი უცნობია.

ამ ამოცანისთვის: ცნობილია A და B წერტილის კოორდინატები.  A (0; 0);  B ( 150; 60);  C (70; y).

ჩვენი ამოცანისთვის:

A წერტილისთვის: 0 = k X 0 + b აქედან b = 0,

B წერტილისთვის:   60 = k X 150 + 0;  საიდანაც k = 60/150= 2/5,

C წერტილისთვის:   y = 2/5 X 80 + 0= 32,

ე.ი. მიღებული ხსნარის მასური წილია 32%  (სურ: 8).

სხვა დანარჩენი ტიპის ამოცანებში წრფის ასაგებად ასევე ვიქცევით. ნებისმიერ შემთხვევაში ცნობილია ორი წერტილის კოორდინატები, გამოვთვლით k-ის და b-ის მნიშვნელობებს. ვიპოვით უცნობ სიდიდეს.

(სურ: 8)

 

გამოყენებული ლიტერატურა: https://www.geogebra.org/m/C4M42dr7#material/vhQtMXrF

ციფრული საგანმანათლებლო რესურსი – ვსწავლობთ თამაშით

0

დაწყებით კლასებში დიდი როლი უკავია თამაშით სწავლებას. ერთ-ერთი საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით“ სწორედ მას ემსახურება. ის განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის I-IV  კლასის მოსწავლეებისთვის. მისი გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა საგანში: ქართულში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, ხელოვნებაში, მუსიკაში, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ინტეგრირებულად.

ამ რესურსის გამოყენებით მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ჩვევა. ის მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც.

„ვსწავლობთ თამაშით“ სარგებლობისთვის უნდა შეხვიდეთ ბმულზე, საიდანაც შეძლებთ თამაშის გადმოწერას. მას შემდეგ, რაც თამაშს გადმოიწერთ და დააყენებთ თქვენს მოწყობილობაში, შეგეძლებათ მისი სარგებლობა. მისი კიდევ ერთი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ გადმოწერილ რესურსს აღარ სჭირდება ინტერნეტის მხარდაჭერა. მის გამოყენებას ინტერნეტის გარეშეც შეძლებთ. ასევე თქვენ გექნებათ წვდომა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რომელიც რესურსშივეა ჩაშენებული.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა ამ რესურსის აღმოჩენა და მუშაობა, რადგან მან საშუალება მომცა, მომერგო ის სხვადასხვა საგანზე. ის იდეალური საშუალება აღმოჩნდა მოსწავლეების დაინტერესებისთვისაც.

ბუნებისმეტყველების თემის ფარგლებში მოსწავლეებს ვთხოვე, შეექმნათ ორი ნამუშევარი:

  1. შინაური ფრინველები და ცხოველები;
  2. გარეული ფრინველები და ცხოველები.

მოსწავლეებს შევთავაზე ვიდეო-ინსტრუქცია, რომელიც დაეხმარათ რესურსის გამოყენებაში. თემის ფარგლებში მათ თავად უნდა მოეფიქრებინათ  გარემო, დაეჯგუფებინათ ფრინველები და ცხოველები, გარემოზე დაედოთ შესაბამისი ხმა. გამოეყენებინათ მოცემული ინსტრუმენტები. დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარი, მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი. დავალების შესრულების პროცესი  მათთვის ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

გთავაზობთ რამდენიმე ნამუშევარს, რომელიც მოსწავლეებმა შექმნეს:

 

ვარ მადლობელი

0

სანამ მთავარ სათქმელს ვიტყოდე, წერა ფერზე უნდა დავიწყო, თუმცა ნაწერი ფერადი ვერაფრით იქნება.

ფერზე წერა ადრეც ვცადე. ახლა ძველ სტატიებს საგანგებოდ გადავხედე და თითქმის ყველა ფერზე დამიწერია, აქედან ზოგიერთზე ორჯერაც კი.

მწვანე მწვანე

წითელი – წითელი

იისფერი – იისფერი

ცისფერი – ცისფერი

მზისფერი – მზისფერი

ცისარტყელა – ცისარტყელა

შავზე არაფერი მიწერია. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან არ მიყვარს. ტანსაცმელსაც კი, მთლიანად შავს, ყოველთვის  ვერიდებოდი… რადგან, შავი გლოვის და სიკვდილის სიმბოლოა. ანარქია და ქაოსიც შავია და ღრმა მწუხარებას უკავშირდება.  ძველ მექსიკაში მსხვერპლშეწირვის ცერემონიაზე ქურუმის სახე შავად ყოფილა შეღებილი. ფილმებშიც ავის მომასწავებელი პერსონაჟები შავით  არიან შემოსილნი.

კრიმინალური სამყაროც შავია, შავი გაგება აქვს და შავ საქმეებს სჩადის.

თუმცა, მოდაში ის დახვეწილობის, ელეგანტურობისა და კლასიკურობის სიმბოლოა. კოკო შანელის აზრით, „პატარა შავი კაბა“ ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს. შავი ფერი საქმიან ადამიანთანაც ასოცირდება, ძალიან პრაქტიკულია და ყველა სხვა ფერს იოლად ეხამება. უნივერსიტეტის დასრულებისას სტუდენტები სპეციალური შავი ფერის სამოსით იმოსებიან.

არაბულ ენაში გამოთქმაა „თვალის სიშავე“, თურმე სატრფოს დანახვას ნიშნავს, „გულის სიშავე“ კიდევ – სიყვარულს… კაცია და გუნება…

აფრიკის რაღაც რეგიონებში შავი ღრუბელი კარგი ყოფილა, რადგან წვიმას და შესაბამისად, ბევრ მოსავალს მოასწავებს.

აი, სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომისას კი, 1991-ში ათასობით ჭაბურღილის  აალების გამო, ჰიმალაიზე შავი თოვლი მოვიდა. ასეთმა თოვლმა არა მხოლოდ ვიზუალურად დაამახინჯა გარემო, არამედ მზის გამოსხივების მაღალი შთანთქმის გამო პრობლემები შეუქმნა ფლორასა და ფაუნაში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს.

გასაგებია, თოვლი ჭვარტლისა და ნახშირის ნაწილაკებით გამო გაშავდა.

ნახშირი დანალექი მყარი საწვავი სასარგებლო წიაღისეულია. ნახშირი შედგება ორგანული ნივთიერებებისგან, მინერალური მინარევებისგან და ტენისგან. ნახშირი დედამიწის ქერქში გვხვდება ფენობრივი და ლინზისებური ბუდობების სახით. აქვს მიწისებრი, მასიური, შრეებრივი ან მარცვლოვანი სტრუქტურა. ყავისფერი, მუქი ან ყავისფერია, ან შავი. ორგანული ნივთიერებების წარმოშობის მიხედვით, ნახშირი სამ ჯგუფად იყოფა: ჰუმოლითებად, საპროპელიტებად და საპროჰუმოლითებად. ჰუმოლითები შედგება ჭაობში, ტბაში, თხელი ზღვის ყურესა ან ლაგუნაში დალექილი უმაღლესი მცენარეების ნაშთებისგან.

საპროპელიტები ტბებსა და ლაგუნებში დალექილი უდაბლესი მცენარეებისა და პლანქტონური მიკროორგანიზმების გარდაქმნის პროდუქტია. საპროჰუმოლითები გარდამავალი სახესხვაობაა და შედგება, როგორც უმაღლესი, ისე უდაბლესი მცენარეების გარდაქმნილი ნაშთებისგან. ნახშირის წარმოქმნის საწყის სტადიაში მცენარეული ნაშთები გარდაიქმნება ტორფად. ტორფი განამარხების შემდეგ, შედარებით დაბალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, მურანახშირად გაირდაიქმნება.  ეს უკანასკნელი გადიდებული წნევისა და ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ქვანახშირად გარდაიქმნება. ქვანახშირი კი ანთრაციტად. ამ დროს თანდათანობით იზრდება ნახშირბადის შეფარდებითი შემცველობა, რასაც თან სდევს ნახშირის თბოუნარიანობის ზრდა.

ნახშირი ერთ-ერთ ძირითად ენერგეტიკულ ნედლეულს წარმოადგენს. ამას გარდა, მას იყენებენ მეტალურგიასა და ქიმიურ მრეწველობაში. საქართველოში ნახშირის საბადოებია: ტყიბულ-შაორის და ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო, ასევე  ახალციხის მურა ნახშირის საბადო.

2019 წლის მონაცემებით ნახშირს მსოფლიო ბაზარზე ღირებულების მიხედვით  მე-16 ადგილი ეჭირა. უმსხვილესი მომწოდებლები იყვნენ: ავსტრალია 39%, ინდონეზია 16%, ამერიკა 8,7%, კოლუმბია 6,3%. უმსხვილესი შემსყიდველები: იაპონია 16%, ინდოეთი  16%, ჩინეთი 15%, სამხრეთ კორეა 11%.

ქვანახშირის გამოყენება მრავალმხრივია. იყენებენ, როგორც საწვავს (სახლშიც და წარმოებაშიც), ქიმიური და მეტალურგიული წარმოების ნედლეულს. მისი ჰიდროგენიზაციით თხევად საწვავს აწარმოებენ. ერთი ტონა ნავთობის მისაღებად 2-3 ტონა ქვანახშირი იხარჯება. ქვანახშირისგან იღებენ ხელოვნურ გრაფიტს.

ნახშირს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც იყენებენ. მაგალითად, არსებობს შავი ნაყინი. პირველად იაპონელებმა გააკეთეს და შირბახტის მარცვლები (ლათ.  Sesamum) შეურიეს. თანამედროვე შავ ნაყინში გააქტიურებული ნახშირია დამატებული. ის დამწვარი ქოქოსისგანაა მიღებული. იაპონიის შემდეგ,  შავი ნაყინი პირველად ამერიკაში გამოჩნდა. ასეთ ნაყინშიც არის ცხიმი, მაგრამ მისი 15% არ შეიწოვება მასში ნახშირის შემცველობის  გამო. ასევე, ნახშირი ორგანიზმიდან  სხვადასხვა შლაკს გამოდევნის.

გააქტიურებული ნახშირი ფოროვანი ნივთიერებაა. იღებენ ნახშირისგან, ქოქოსის ნაჭუჭისგან და სხვა ნახშირბადშემცველი მასალისგან. მათ ჯერ უჰაერო სივრცეში ახურებენ, შემდეგ დამატებით ქიმიურად გადაამუშავებენ. საბოლოო ჯამში, გააქტიურებული ნახშირი სხვადასხვა ზომის ფორების უამრავ რაოდენობას შეიცავს. შესაბამისად, შეხების დიდი ზედაპირი აქვს. პირველად გააქტიურებული ნახშირი აირწინაღისთვის ზელინსკიმ დაასინთეზირა. მოგვიანებით, ის გამოიყენეს უკვე მრეწველობასა და მედიცინაში. გააქტიურებული ნახშირი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან  შხამების, ტოქსინების ადსორბციისთვის. გამოიყენება შთანთქმისთვის. ამიტომ, მოწამვლის ნიშნებისას ჯერ კუჭი უნდა ამოვირეცხოთ და მაშინვე ნახშირი უნდა დავლიოთ. ნახშირი ცუდად შთანთქავს მჟავებს, ტუტეებს, რკინის მარილებს, ციანიდებს, მეთანოლს და ეთილენგლიკოლს. ამიტომ, ალკოჰოლური მოწამვლისას ის ფაქტობრივად გამოუსადეგარია. თავად ნახშირი ორგანიზმის მიერ არ შეიწოვება. რამდენსაც დალევთ, იმდენივე გამოვა ორგანიზმიდან. ინსტრუქციიდან ამოვიკითხე, რომ მოზრდილებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 8 გრამი ყოფილა, ეს 16 აბია. თუმცა, ძალიან მძიმე მოწამვლისას 20-30 გრამსაც ასმევენო.

ახლა, მითხარით, იცოდით, რომ თეთრი ნახშირიც არსებობდა? მართლა იცოდით? მე კი ცოტა ხნის წინ გავიგე და გამიკვირდა. ჩვეულებრივი თეთრი ფერის აბია. მასში ნახშირი არაა. ერთი აბი შეიცავს ამორფული სილიციუმის დიოქსიდს და მიკროკრისტალურ ცელულოზას. სიტყვა ნახშირი მარკეტინგული გადაწყვეტილებაა, რომ გაგვაგებინოს, ნახშირის მსგავსად ესეც ტოქსინებს შთანთქავსო. მწარმოებელი იმასაც გვარწმუნებს, რომ თეთრ ნახშირს შთანთქმის უფრო ფართო ზედაპირი აქვსო. ამიტომ, უფრო ნაკლები რაოდენობით შეიძლება მისი დალევა. თეთრ ნახშირში შემავალ სილიციუმის დიოქსიდს შემდეგნაირად იღებენ: სილიციუმის ქლორიდს, წვავენ წყალბადის და ჟანგბადის თანაობისას სპეციალურ ღუმელში. შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის ნაწილაკი. შემდეგ, სილიციუმის დიოქსიდს სხვადასხვა ფრაქციებად ყოფენ. ეს ფრაქციები სხვა განყოფილებებში მიდის. თეთრი ნახშირისთვის გამოიყენება ფრაქცია ფორის ზომით 7 ნმ.

SiCl4+2H2+O2=SiO2+4HCl

თეთრი და შავი ნახშირის თითო აბი გავხსნათ წყალში და დავაკვირდეთ. შავი ნახშირი გახსნას მაშინვე იწყებს, თუმცა კარგად და ბოლომდე ვერ იხსნება და საბოლოო ჯამში წყალში გაუხსნელი გროვები რჩება. თეთრი ნახშირის აბი კი გახსნას შედარებით ნელა იწყებს, თუმცა თითქმის მთლიანად გადანაწილდება გამხსნელში და ვიღებთ სუსპენზიას.

რა გამოდის? შავი ნახშირი გახსნას პირის ღრუშივე დაიწყებს და თან ხომ წერენ, რომ რამდენიმე აბი უნდა დაილიოს ერთად, დალევის დროს ცოტა დისკომფორტს შექმნის ალბათ. თუმცა, დაულეველი არაფერია, მეც უპრობლემოდ დამილევია. თეთრი კი გვიან იწყებს გახსნას და სავარაუდოდ, იქ მოხდება მისი გახსნის პროცესი, სადაც აუცილებელია და არა პირის ღრუში. მიღებული სუსპენზია კი შეხების ფართო ზედაპირის გამო ტოქსინებს უფრო ენერგიულად შთანთქავს. ამას, ახლა ეს ჩემი ვარაუდია, თორემ თეთრი ნახშირი მე პირადად არ დამილევია.

ასეა, თუ ისე, თეთრიც და შავიც (ნახშირს ვგულისხმობ) ჩვენს ჯანმრთელობას იცავს. ჯანმრთელობა კი, ისეთი რამაა მხოლოდ დაკარგვისას, რომ აფასებს ადამიანი.

არადა…

 

„ხშირად არ მახსოვს, რომ ვარ დიდი განძის

მფლობელი,

და, რაც არ მახსოვს, იმისათვის ვარ მადლობელი;

არ მახსენდება ორი თვალი, რომლითაც ვხედავ,

არც ორი ყური, გაგონებას რომლითაც ვბედავ,

არც უძვლო ენა, ფიქრისა და სიტყვის გამყოფი,

დუმილისა და საუბრისთვის მუდამ მზად

მყოფი,

არ მახსენდება, ორი ფილტვი რომ მაწვდის

ჟანგბადს,

არც – ჩემი ტვინი,

ყველაფერს რომ იოლად შთანთქავს…“ (ვარ მადლობელი, ია სულაბერიძე).

 

იყო მადლობელი, დიდი ნიჭია. გიფიქრიათ კი, რისი მადლობელი ხართ?

მე ბოლო დღეებში დავფიქრდი და…

 

წარმოგიდგენიათ? დაბადების მომლოდინე უამრავი სულიდან, მაინცდამაინც შენ რომ ამოგარჩევს და ქვეყნად სრულიად ჯანმრთელს მოგავლენს… მერე მთელ ცხოვრებას, რომ მოგიძღვნის და შენი სუნთქვით ისუნთქებს… ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად რომ ეყვარები და იმქვეყნად მიმავალი ისევ შენზე რომ იდარდებს, როგორ იქნებიო…

ჰოდა… ყველაფრისათვის ვარ მადლობელი!

თამაში არაქართულ სექტორზე, ლექსიკური მარაგის გასაუმჯობესებლად

0

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისას, მასწავლებლები დიდ დროს ვუთმობთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეების ლექსიკის გამდიდრებას…

სწავლების ტრადიციული მეთოდებით (დაწყებით და საბაზო საფეხურზე) მასწავლებელი ინტერნეტიდან მოიძიებს ილუსტრაციებს, შემდეგ ფაილებად ჰყოფს, აჯგუფებს, ახარისხებს შინაარსის მიხედვით და დიდ ეკრანზე უჩვენებს მოსწავლეებს. მასწავლებელი წარმოთქვამს სიტყვას, მარცვლავს, შემდეგ მოსწავლეებთან ერთად იმეორებს/ამეორებინებს და ასე რამდენჯერმე… აღნიშნული მეთოდით მოსწავლე იაზრებს ახალ ლექსიკურ ერთეულს, შეუძლია მისი გამეორება და პრაქტიკაში გამოყენება.

დაწყებით და საბაზო საფეხურზე ლექსიკის (გააზრებული) სწავლებისას,  თვალსაჩინოება ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდადაა მიჩნეული, თუმცა საშუალო საფეხურზე უცხო სიტყვების სინონიმური გარჩევა ხდება და მოსწავლე კითხვის, წერის, ტექსტზე მუშაობის პროცესში უფრო ეფექტურად სწავლობს.

მაგალითად:

ქარიშხალი – ძლიერი ქარი; წვიმა ქართან ერთად; დამანგრეველი ქარი.

ციცაბო – დახრილი ზედაპირი; მთის/კლდის გვერდი, რომელზე ასვლაც რთულია.

 

უზნაძის „განწყობის თეორიიდან“ გამომდინარე, თამაში არის ქცევა, რომლის ძირითადი ფუნქცია მოსწავლისთვის სიამოვნების მინიჭებაა.

შესაბამისად, მოსწავლე სწავლობს და სწავლა მისთვის სასიამოვნოა – თუ:

  1. შეთავაზებული თამაში სხარტია, სახალისო;
  2. თამაშში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აკადემიური მიღწევის მოსწავლე;
  3. თამაშში გათვალისწინებულია მოსწავლეთა შესაძლებლობები და ინტერესები;
  4. დაცულია თამაშის პრინციპები და წესები. (მოსწავლეებს აქვთ თანაბარი უფლებები – თითოეულ მოსწავლეს შეუძლია წარმოდგენილი რესურსის/ნივთის გამოყენება).

 

პრაქტიკის გაზიარება

სიტყვებით თამაში

კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური

თამაშის წესები:

  • თამაშის წესების მიხედვით შეგვიძლია, გამოვიყენოთ მხოლოდ არსებითი სახელები.
  • პირველ ტურში სიტყვის მოსაფიქრებლად გვაქვს 7 წამი, ნახევარფინალში 6 წამი, ფინალში 5 წამი.
  • თამაშს წამყვანი იწყებს. (წამყვანი შეიძლება იყოს, როგორც მასწავლებელი ასევე მოსწავლე).
  • სახელდება კონკრეტული სიტყვა, მაგალითად: „სკოლა“.
  • შვიდი წამის შემდეგ თამაშს ხსნის პირველ მონაწილე მოსწავლე, რომელმაც უნდა დაასახელოს სიტყვა, რომელიც დასახელებული სიტყვის ბოლოსწინა ასოზე იწყება.
  • მოსწავლემ მოისმინა სკო-ლ-ა; შესაბამისად მოსწავლე ასახელებს სიტყვას – ასო „ლ“-ზე, მაგალითად: ლექსი. ამავე პრინციპით შვიდი წამის შემდეგ მეორე მოსწავლე ასახელებს სიტყვას ახლა უკვე ასო „ს“-ზე.
  • მოსწავლე ეთიშება თამაშს, თუ გაიმეორა დასახელებული სიტყვა; თუ ვერ მოასწრო სიტყვის მოფიქრება შვიდ/ექვს/ხუთ წამში ან თუ დაასახელა სხვა მეტყველების ნაწილი. (მაგალითად, ზედსართავი სახელი, ზმნა და სხვ).
  • თამაშს აქვს ნახევარფინალი და ფინალი.
  • ნახევარფინალში გადადის სამი მოსწავლე, მათ სიტყვის მოსაფიქრებლად 6 წამი აქვთ. (თუმცა შეუძლიათ, გამოიყენონ პირველ ტურში დასახელებული სიტყვები).
  • ფინალში ორი მოსწავლე ეჯიბრება ერთმანეთს, მათ მხოლოდ 5 წამი აქვთ სიტყვების მოსაფიქრებლად.
  • გამარჯვებული ჯილდოვდება მხურვალე ტაშით!

 

აღნიშნული თამაში სახალისო და აზარტულია, თითოეულ მოსწავლეს სურს, გავიდეს ნახევარფინალში და ფინალში. თამაშით მოსწავლეები ხდებიან კონცენტირებული, უსმენენ და იმახსოვრებენ დასახელებულ სიტყვებს, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. თამაშით მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა კოგნიტური უნარი, რაც დადებითად აისახება მათ აკადემიურ მიღწევაზე.

 

დაუმიზნე და თქვი!

კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური ან წყვილური

თამაშის წესები:

  • დაფა გაყოფილია სამ სვეტად, მასზე ჰკიდია სამი კალათა, კალათების ქვეშ კი 11-11 ასოა გაბნეული.
  • თამაშის წესების მიხედვით ქაღალდის ბურთი უნდა ჩავაგდოთ სასურველ კალათში. ჩაგდების შემთხვევაში კი უნდა მოვიფიქროთ სიტყვები იმ ასოების დახმარებით, რომლებიც კალათის ქვეშ წერია.
  • გუნდებს შეუძლიათ, შეადგინონ ნებისმიერი სიტყვა ქართულ ენაზე.
  • კლასში ინიშნება ადგილი, საიდანაც უნდა მოხდეს ბურთის დამიზნება.
  • გუნდის წევრები (რიგ-რიგობით) ისვრიან ბურთს კალათში, თუ მოახერხეს ჩაგდება, 15 წამის განმავლობაში ადგენენ სიტყვას გაბნეული ასოებისგან. (მაგალითად: კ-ა-ხ-ყ-ქ-ჰ-ი-ლ-ვ-ქ-ნ-ჟ = ნალი, ქალი და სხვ.).
  • 15 წამის შემდეგ სვლა გადადის მოპაექრე გუნდზე, რომელთაც შეუძლიათ, ამავე კალათაში მოათავსონ ბურთი (თუ მათ მოფიქრებული აქვთ უკვე სიტყვა), ან ისროლონ დანარჩენი ორი კალათიდან ერთ-ერთში.
  • გუნდს არ ეთვლება ქულა, თუ არასწორად დაასახელებს სიტყვას (გამოიყენებს სხვა ასო-ბგერას, თუმცა მათ შეუძლიათ დროის ამოწურვამდე კიდევ სცადონ).
  • თამაში 10 ქულიანია.
  • იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.
  • გამარჯვებული ჯილდოვდება მხურვალე ტაშით!

 

აღნიშნული თამაში მოითხოვს თანამშრომლობას, გუნდურობას. მოსწავლეები არიან კონცენტირებულნი. თამაში ხალისითა და ჯანსაღი კონკურენციით მიმდინარეობს. მოსწავლეები ივითარებენ სხარტი აზროვნების უნარს. იხსენებენ და იუმჯობესებენ ლექსიკურ მარაგს, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ენის სწავლების პროცესში.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს, საშუალება აქვს მოიფიქროს სახალისო, სააზროვნო და ლოგიკური ხასიათის თამაშები, რომლებიც ლექსიკური მარაგის დახვეწა-გამდიდრებას შეუწყობს ხელს.

სახალისო თამაშები მოსწავლეებს არა მხოლოდ მოტივაციის ბიძგს მისცემს, არამედ მათ პიროვნულ და აკადემიურ ზრდასაც შეუწყობს ხელს.

 

ბავშვებთან სალაპარაკო ბევრი გვაქვს

0

გიკითხავთ ბავშვებისთვის, რა აბედნიერებთ მათ? უამრავ პასუხს მოისმენთ – ახალი ველოსიპედი, კომპიუტერული თამაშები, თავგადასავლები, ახალდამეგობრებულებთან და საერთო ინტერესების მქონე თანატოლებთან ურთიერთობა, ზაფხული და შეუზღუდავი დრო, სასიამოვნო სიახლეები, უცნობი და საინტერესო ადგილების აღმოჩენა და ა.შ.

 

ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ბევრ ბავშვსა და მოზარდს შეიძლება აბედნიერებდეს, მაგრამ არის კიდევ რაღაცები, როცა ასე პირდაპირ არ ან ვერ გვეუბნებიან და მისი გამოცნობა თავად გვიწევს, როცა ვხდებით მათი დამკვირვებელი, მათი პატარა წუხილებისა და სევდების გამომცნობი. ერთი სიტყვით, თუ მათ მოუსმენ, მიხვდები, რა ახარებთ, რა სწყინთ და იმასაც მივხვდებით, ჩვენ რა როლი გვაკისრია.

 

ზაფხულის გრილ ღამეს, როცა ბავშვებს უნდა ეძინოთ, ჩემმა შვილებმა აივანზე „პუფები” გაიტანეს და მთხოვეს, დასაძინებლად არ გამეგზავნა. ზაფხულში მაინც, როდესაც არდადეგებია, გულის გამაწვრილებელი რუტინის დაცვას რა აზრი აქვს, თან პანდემიამ და მისგან გამოვწეულმა ურეჟიმობამ მაინც აგვრია. ჩემს შვილებს უნდოდათ ვარსკვლავებისთვის ეცქირათ. გაიტანეს პლედები აივანზე და ითვლიდნენ კაშკაშა ვარსკვლავებს, არქმევდნენ მათ თავიანთ სახელს და ზოგჯერ იმაზეც ჩხუბობდნენ – არა ეს ვარსკვლავია ჩემი და არა ესო. საბოლოოდ შეთანხმდნენ, კამათს მორჩნენ და მათი სახელობის ვარსკვლავები შეემატა ცის კაბადონს.

 

ნელ-ნელა თხოვნა შემომაპარეს – მეც გავსულიყავი აივანზე და მათთან ერთად მეყურებინა ცისთვის. აღარ გავაწბილე და მათ გვერდით მოვკალათდი ვარსკვლავების საყურებლად. მომახვიეს თბილი პლედი და თბილისიდან სახელდახელოდ წამოღებული სანთელიც აანთეს. ბევრი ვილაპარაკეთ, რაზე აღარ, ხან ვარსკვლავებზე, ხან ჩვენს პლანეტაზე, კარგ და ნათელ დღეებზე, ჩვენს პასუხისმგებლობებზე და უბრალოდ იმ სასიამოვნო განცდაზე, რომელსაც იმწუთას სამივე ვგრძნობდით და ძილი აღარც გვეკარებოდა.

 

მივხვდი, ამ სამყაროში მე ვარ მთავარი” – საუბრის დასასრულს თქვა რვა წლის შვილმა და ბედნიერმა გამომხედა. ზაფხულის გრილი ღამე, ვის არ განაწყობს ფილოსოფიურ თემებზე საფიქრად, თუმცა ამის მოსმენა ჩემთვის მაინც მოულოდნელობა იყო ბავშვისგან, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა.

 

ადამიანები იშვიათად ვწვდებით სამყაროსა და პიროვნებას შორის არსებულ კავშირს და ზოგჯერ, ძალიან დიდხანსაც გვიჭირს სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნა, საკუთარი თავის დანახვა და შეცნობა იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში, რომელშიც ვიმყოფებით. ალბათ, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბავშვებისადმი ის იქნება, თუ უფროსები სწორედ ამ კავშირს აღმოვაჩენინებთ ჩვენს შვილებს, დავეხმაროთ თავიანთი ადგილი იპოვონ სამყაროში, რაღაც ჩასაჭიდი მოძებნონ, მოეჭიდონ და დააშენონ მასზე თავიანთი ცხოვრება.

 

დიდხანს ვიჯექით აივანზე და ვუყურებდით, როგორ ინთებოდნენ და ქრებოდნენ ციცინათელები. გვსიამოვნებდა ცაცხვის სურნელი, რომელიც გრილ სიოს მოჰქონდა. იმ ღამით მითხრეს ჩემმა შვილებმა, რომ ყველაზე ბედნიერები იყვნენ იმ წუთას, რაკი მეც მაქციეს თავიანთი თავგადასავლის თანამოზიარედ. მეც მიხაროდა მათ თავგადასავალში ყოფნა და დაუსრულებლად ვუსმენდი მათ გულამომჯდარ საუბარს.

 

სწორედ ეს მოსმენა – შეუზღუდავი, როცა არც გავრბივართ, არსად მიგვეჩქარება, არსად გვაგვიანდება და შეგვიძლია მათი აზრები ბოლომდე ვისმინოთ, სწორედ ეს სჭირდებათ ყველაზე მეტად მათ. მოსმენა ჯადოსნური ინსტრუმენტია ბავშვების გულებთან დასაკავშირებლად, მათი სიხარულისა თუ სევდების ამოსაცნობად. სკოლაშიც ხომ ყველაზე მეტად ღია გაკვეთილები გვიყვარდა, სადაც ზღვარი იშლებოდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ის დაძაბულობა, რომელიც სხვა გაკვეთილებზე იყო, ქრებოდა და თავს უფრო ლაღად ვგრძნობდით. საუბარი, ხომ მარტო საუბარი არ არის და საყვარელი ადამიანისთვის ნაფიქრალის გაზიარება თერაპიასავით მოქმედებს, გულიდან დიდ დარდს და სევდებს გვაცილებს. ბავშვებთან კი სალაპარაკო მართლაც ბევრი გვაქვს, ან პირიქით, მათ აქვთ ბევრი მოსაყოლი ჩვენთვის. შემდეგ ჩვენც შეგვიძლია ვთხოვოთ, მოგვისმინონ. მთავარია, მოვიცალოთ მათთვის, მოვუსმინოთ შეუზღუდავად და შემდეგ, მთლიანად მოგვენდობიან.

 

ახლა, როცა პანდემიის დროს უფრო მეტად გამოგვითავისუფლდა დრო და მეტი დრო გამოჩნდა ჩვენი შვილებისთვის, ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ თემებზე, რომლებზეც სასაუბროდაც ვერ მოვიცალეთ, ოღონდ ალბათ ჯობია, ჯერ მოსმენით დავიწყოთ.

 

 

 

 

 

 

ქართული ენის დისტანციური სკოლა, ფესვები სამშობლოსთან

0

2016 წლიდან სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წარმატებით ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით „ქართული ენის დისტანციური სკოლა“, რომელიც გულისხმობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის სინქრონული ონლაინგაკვეთილების ჩატარებას, სადაც ვირტუალურ სივრცეში მასწავლებელსა და მოსწავლეებს პირისპირ კომუნიკაცია შეუძლიათ.

„ქართული ენის დისტანციური სკოლის’’ პროექტის შესახებ გვესაუბრებიან:

ქ-ნი მარიკა სიხარულიძე, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი.

პროექტი 2013 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაიწყო, თუმცა ხორცი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში 2016 წელს შეესხა.

თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით შეირჩა პირველი ჯგუფი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებით დაკომპლექტდა. ახლა სკოლას 36 ქვეყნიდან 400-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს.

 

 

 

მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩა. მათი შერჩევისას გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების უნარი, ასევე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების სპეციფიკის ცოდნაც. ამჟამად პროექტს ჰყავს 31 პედაგოგი. მათ კონსულტაციას ქართული ენის სწავლებისა და ტექნოლოგიური მიმართულების გამოცდილი კონსულტანტები, ქ-ნი ნინო შარაშენიძე და ქ-ნი ხათუნა ციხელაშვილი უწევენ.

აღსანიშნავია, რომ მადლიერი მშობლებისგან უამრავ წერილსა და გამოხმაურებას ვიღებთ. გვაქვს ბევრი ვიდეომიმართვაც. ძალიან ძნელია, ამ დროს ემოციის შეკავება. მოსწავლეები, რომლებიც ძირითადად ზაფხულობით ჩამოდიან საქართველოში ოჯახებთან ერთად, ხშირ შემთხვევაში თავიანთ მასწავლებლებსა და შეძლებისდაგვარად – ვირტუალურ თანაკლასელებსაც ხვდებიან.

პანდემიისა და კარანტინის პირობებში საგანმანათლებლო პროგრამების შეზღუდვის ფონზე, როცა მთელი ძალისხმევა სასკოლო გამოწვევებისკენ გადაიტყორცნა, ჩვენმა პედაგოგებმა გამოიჩინეს უპრეცედენტო კეთილი ნება და არ შეწყვიტეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებთან დისტანციური გაკვეთილების სერია.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართული ენის დისტანციური სკოლა მომდევნო სემესტრში ახალი შემართებით დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

ქ-ნი ხათუნა ციხელაშვილი, ქართული ენის დისტანციური სკოლის  ისტ მიმართულების კონსულტანტი

2016 წელს მივიღე საინტერესო შემოთავაზება, რომ  ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით დავხმარებოდი ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამას. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ არსებობდა. დიდი მონდომებით დავიწყეთ სისტემის აწყობა. შეირჩა პლატფორმა, გაკვეთილები ტარდებოდა Skype for buziness პროგრამის გამოყენებით.  სირთულე ბევრი იყო. მოდელის აწყობა, მასწავლებლების შერჩევა, მათი გადამზადება, პირველი გაკვეთილისთვის მზადება.

პირველი გაკვეთილი. ამაღელვებელი დღე იყო. შევიკრიბეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ვემზადებით პირველი ჩართვისთვის. ჩვენი მოსწავლეები დიდი ბრიტანეთიდან არიან. გულის ფანცქალით  გაიარა  ოცდახუთმა წუთმა და დასრულდა პირველი წარმატებული გაკვეთილი. დაუვიწყარი ემოცია იყო.

გამოვიდა, მაშ ვაგრძელებთ!

2016 წელს დავიწყეთ 2 მასწავლებლით და 8 მოსწავლით. 2017 წელს მოხდა პროექტის გაფართოება, დაგვემატა 15 მასწავლებელი, ხოლო წლის ბოლოს უკვე 33 მასწავლებელი ატარებდა დისტანციურ გაკვეთილებს პატარა ემიგრანტებთან.

ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით დახმარებას საჭიროებენ, როგორც მასწავლებლები,  ასევე – მშობლები. მუდმივად მზადმყოფნაში ვარ, შევიდე ნებისმიერ გაკვეთილზე და დახმარება გავწიო ტექნიკური პრობლემის მოგვარებისთვის. ასევე ვახორციელებ მოსწავლეების განაწილებას ჯგუფებში, ინსტრუქციების გაგზავნას, სტატისტიკის წარმოებასა და მონიტორინგს.

შეიკრა მასწავლებლების არაჩვეულებრივი გუნდი. თითოეული მათგანი ყოველთვის მზად არის, გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებს. ყველა მასწავლებელს შექმნილი აქვს

 

საკუთარი პორტფოლიო Teams-ის აპლიკაციაში, სადაც იტვირთება თითოეული გაკვეთილის პრეზენტაცია და ჩანაწერი. შეიქმნა რესურსების არაჩვეულებრივი საცავი, რომელზეც პროექტის ყველა მასწავლებელს აქვს წვდომა.

2019 წელს გაკვეთილების ჩატარება დავიწყეთ Teams-ის გამოყენებით, რამაც კიდევ უფრო გაგვიმარტივა გაკვეთილების ჩატარების პროცესი, თუმცა სტრუქტურა იგივე დარჩა.

მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო თითოეული მასწავლებლის მიმართ, რადგან 2020 გლობალური პანდემიის პირობებში, როცა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შეიზღუდა, მათ არ შეუწყვეტიათ დისტანციური გაკვეთილების ციკლი და სასწავლო წლის ბოლომდე განაგრძეს მოხალისეობრივი საქმიანობა.

გვჯერა, რომ ახალი სასწავლო წლიდან ქართული ენის დისტანციური სკოლა ჩვეულებისამებრ გააგრძელებს ფუნქციონირებას და უამრავი ემიგრანტი შეძლებს რეგისტრაციას ბმულზე:

ქართული ენის დისტანციური სკოლა

 

ქ-ნი ნინო შარაშენიძე, ქართული ენის დისტანციური სკოლის  კონსულტანტი

ხშირად მიფიქრია, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქართული ენისთვის უნდა გაკეთდეს? პრობლემა უამრავია, მით უფრო ახლა, ჩვენს ეპოქაში, როცა დიდ ენებსაც კი უჭირთ, სრულყოფილად და დაუბრკოლებლად წარმართონ ენის ფუნქციონირების პროცესი… ქართული მცირერიცხოვანი ერის ენაა, მაგრამ მართლაც უძველესი, უმშვენიერესი და უმდიდრესი ენა… და მაინც, რამ უნდა აცოცხლოს და განავითაროს ეს ენა? ბევრ მთავარ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარია მისი პოპულარიზაცია, ქართული ენის ცოდნის მსურველთა რიცხვის მუდმივი ზრდა… განსაკუთრებით მაშინ, როცა თავისუფლებამ ბევრი ემიგრანტი და შერეული ოჯახები წარმოშვა… ასე რომ, ლოგიკურად გამოიყო ის სფერო, რაც ქართული ენისათვის უმნიშვნელოვანეს სამსახურად ითვლება… ეს ლოგიკური, სასურველი, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი „ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამამ“ დაიტია… მიზანი ასეთია – რაც შეიძლება მეტმა ისწავლოს ქართული, იმ ადამიანებმა, რომლებიც ფესვებით არიან დაკავშირებული საქართველოსთან და იმ ადამიანებმაც, რომლებსაც მხოლოდ ინტერესი აკავშირებთ ქართულ კულტურასთან და სამართლიანად თვლიან ენას ამ კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად…

სწორედ ამ ყველაფრის გამო მეძვირფასება „ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა“…

რა გაკეთდა? – ბევრი რამ… ყველაზე დიდი – გაჩნდა ქართულის შესწავლის ინტერესი და შესაძლებლობა იმ ადამიანებში, რომლებიც ბედისა თუ საჭიროებების გამო სხვა ქვეყნებში აღმოჩნდნენ, მაგრამ მაინც უნდათ შვილებს ეს „ძვირფასი სამყარო“ გადასცენ… შეიქმნა დიდი ჯგუფი მასწავლებლებისა, დაიხვეწა პროგრამა, გამოიკვეთა შესაძლებლობა მეთოდურად გამართული სისტემით სწავლებისა, მასწავლებელთა ერთგულებამ და სიყვარულმა გააძლიერა ინტერესი და გაჩნდა ახალი წრე – ქართული ენის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანებისა, რომელთაგან ზოგი მოსწავლეა და ზოგი მასწავლებელი.

რას ვაპირებთ? – ამ პროგრამის ფარგლებში ახალი და საინტერესო სწავლების სისტემისა და ინტერაქტიური სახელმძღვანელოს შექმნას,  რომელიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს და, მეორე მხრივ, ენის ყველა მიმართულებას მოიცავს…

რა მინდა? – მინდა პროგრამა უფრო განივრცოს, გაფართოვდეს, მეტად მოქნილი გახდეს, ბევრი იდეა და შესაძლებლობა გააცოცხლოს, მეტად შეუწყოს ხელი ქართული ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღვივებას. მინდა ახალი მიმართულებები – საზაფხულო ბანაკები, სწავლისა და გაცვლის ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. მინდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს პროგრამა, რადგან ის ქართული ენის სამსახურს ნიშნავს და ქართული ენის სიყვარულის იდეას  აძლიერებს…

რაზე ვოცნებობ? – „ქართული ენის სწავლების დისტანციური პროგრამა“ ისე გაიზარდოს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს, რომ ბევრი დაინტერესდეს ქართული კულტურის შესწავლით, რომლის გასაღები სწორედ ენაში დევს. არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტების შთამომავალთათვის, არამედ სხვებისთვისაც გაიხსნას პროგრამა, იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც საქართველო და ქართული ენა საინტერესოა და მისი შესწავლა შესაძლებელი გახდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

ვიმედოვნებ, ,,ქართული ენის დისტანციური სკოლა’’ სექტემბერში აუცილებლად გააგრძელებს საქმიანობას, რომელსაც მოუთმენლად ელოდებიან პროგრამაში ჩართული ემიგრანტები და სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები.

 

 

„ხელმოცარული აღმაფრენის” გადამალვა

0

2018 წელს „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ“ და ლიტერატურულმა სააგენტომ გამოსცა გიო ლომიძის სადებიუტო კრებული „სიმშვიდის პაროდია”, რომლის რედაქტორი გახლავთ გაგა ლომიძე. ცხადია, პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ეფექტურად გაფორმებული ყდაა. უკვე ნახსენები ნოდარ დუმბაძის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვიშველიოთ: „რა არის წიგნი?! წიგნი, თავისთავად, არაფერია, მთავარია წიგნში რა არის!”. გიოს ეს წიგნი კი ნამდვილად სავსეა იმით, რითაც მხატვრული ტექსტების კრებული უნდა იყოს სავსე – სიცოცხლით და ნამდვილი ლიტერატურით.

 

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ კონკურსები არ არის ავტორისთვის რელევანტური, ჩვენში წიგნის წარმატება სწორედ კონკურსების ნომინანტობით ან კონკურსებში გამარჯვებით იზომება. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენში ლიტერატურული ცხოვრება სულს ღაფავს, ეს განსაკუთრებით პოეზიას ეხება. დივიდენდი, საფასური, რაც ქართველმა პოეტმა შეიძლება ლექსის სანაცვლოდ მიიღოს, ფეისბუქლაიქებია, უკეთეს შემთხევაში – რამდენიმე თვეში ერთხელ ლიტერატურული ჟურნალების ბუბლიკაციებიდან მიღებული მიზერული ჰონორარი. პოეტი სოციალური ქსელების ტყვეა. კრიტიკა, ფაქტობრივად, მკვდარია, არ ხდება ლიტერატურული რეზულტატის თეორიული ფიქსაცია. ამას ემატება გაურკვეველი მოტივით გაბოროტებული კრიტიკოსების ნაწილში მომძლავრებული ტრენდი – ქილიკი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, ქართველი მწერლების არაფრად ჩაგდება (თითქოს უცხოელ მწერლებს არ ეძინოთ იმაზე ფიქრით, თუ რა აზრის არიან მათზე ქართველი კრიტიკოსები). თან, არც გვყავს ისეთი ავტორიტეტული კრიტიკოსები, როგორიც იყო, მაგალითად, გურამ ასათიანი, რომელიც დაუფასებელ დიდ პოეტზე იტყოდა: „ეს კაცი დიდი პოეტია”, და ის კაცი მეორე დილით დიდ პოეტად გაიღვიძებდა (როგორც ბესიკ ხარანაულის შემთხვევაში). გამომცემლობები ერიდებიან პოეტური კრებულების გამოცემას, რადგან არ იყიდება. პოეტის ხელობა მთლიანად ენთუზიაზმს ემყარება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არ ხდება ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში ისეთი არაფერი, რომ კონკურსების მნიშვნელობამ მეორე პლანზე გადაინაცვლოს. ქართული ლიტერატურა კონკურსებიდან კონკურსებამდე ცხოვრობს, ამიტომ, გვინდა თუ არ გვინდა, მნიშვნელოვანია კონკურსები და პრემიები. გიოს პოეზიის სირთულიდან გამომდინარე, არც მეგონა, რომ მისი კრებულის საკონკურსო გზა დიდი გამარჯვევებით დაგვირგვინდებოდა, მაგრამ, როგორც მინიმუმ, საფინალო მოკლე სიებში მოხვედრას მაინც ვუწინასწარმეტყველებდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. „სიმშვიდის პაროდია” ორივე ცნობილი პრემიის ფინალს მიღმა დარჩა, სამაგიეროდ რამდენიმე ისეთი, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო მხატვრული ღირებულების წიგნი გავიდა, რომ გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ როგორც ძველი მაკრონები იტყოდნენ: „ჟიურის წევრებიც ადამიანები არიან”.

 

ლექსის წერა ყველამ ისწავლა. ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ლექსი არ დაუწერია, კონვენციურს ვერა, მაგრამ მკაცრი რიტმული კარკასის მქონე ისეთ ვერლიბრს დაგიწერს, გადაირევი კაცი. დავით წერედიანის თქმისა არ იყოს, ამ დომხალში ნიჭიერის და უნიჭოს გარჩევა პროფესიონალ თვალსაც უჭირს, რადგან უნიჭოებმა კარგად მოტყუება ისწავლეს, მხოლოდ დრო თუ გაფილტრავს ყველაფერს. დღეს, როცა უკვე ყველამ იცის, როგორ დაწეროს ლექსი, რომელიც ფეისბუქზე ბევრ ლაიქს მოაგროვებს და ყველა ერთმანეთს ჰგავს, ინდივიდუალიზმი სანთლით საძებარია. ამ თვალუწვდენელ ზღვაში გიოს ნამდვილად აქვს თავისი კუნძული, ოღონდ ეს კუნძული კლდოვანია, ალაგ-ალაგ თუა დაფარული თვალისთვის სასიამოვნო მწვანე საფარით. მისი პოეზიის მატრიცაში, სიტყვებით აგებული სვეტების ტყეში, ღამურასავით (ფუი, ეშმაკს! ამ კორონავირუსიანობისას რა დროს ღამურა იყო), ექოლოკაციის უნარი უნდა გქონდეს და არეკლილი ბგერითი ტალღების მეშვეობით უნდა შეგეძლოს ლავირება.

 

ასე წერა გიოს ჯიუტი არჩევანია, მას „სხვანაირად”, „ყველასთვის გასაგებ” ენაზე წერაც შეუძლია, მაგრამ მისი სააზროვნო პოეტური აპარატი ასეა მოწყობილი, ის საკუთარ თავს არ ღალატობს. ეს რთული, იმედგაცრუებებით სავსე გზაა: მუდმივი კამათი სიცხადის მოყვარე რედაქტორებთან (და მე მათიც მესმის), „ვერგაგების” მოტივით მუდმივად ცოტა მკითხველი ისედაც ცოტა მკითხველში და კიდევ ათასი რამ. მეც მაქვს ასეთი, არა – „გასაგები”, არამედ – „საგრძნობი” ტექსტები და ვიცი, რომ ეს ყველასთვის არაა. ამ დროს არჩევანი უნდა გააკეთო: რა გიჯობს, წერო ისე, რომ ყველას ესმოდეს და საკუთარ თავთან მართალი არ იყო, თუ პირიქით – წერო ისე, რომ ყველამ ვერ გაიგოს, მაგრამ საკუთარ თავთან მართალი იყო?!

 

„სიმშვიდის პაროდია” მნიშვნელოვანი სადებიუტო კრებულია და, გამოცემიდან ორი წლის გასვლის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ გამოხმაურებები გიორგი ლობჟანიძის კარგი წერილით და, ბლოგის ფორმატიდან გამომდინარე, ამ პატარა წერილით არ შემოიფარგლება და სხვებიც იტყვიან სათქმელს.

 

გიოს ამ კრებულში არის ერთი ექვსლექსიანი ციკლი „მალაყი (ქამარი)”, რომელშიც, ერთგავარად, კონდენსირებულია მთელი მისი პოეტიკა, აზროვნების და წერის სპეციფიკა. ციკლის ოთხი ლექსი სპორადულად გარითმული ვერბლანია, ორი კი – ჰეტეროსილაბური, მცირე ბესიკურის და შავთელურის შემთხვევითი მონაცვლეობით დაწერილი, ურითმო ლექსი. ეს ციკლი არის ერთგვარი „კრებული კრებულში”. ციკლის მესამე ლექსში ასეთ რამეს ვკითხულობთ:

 

„სამაგიეროდ მონდომებით ათავისუფლებ

გაუცხოებულ ბავშვობიდან ჩამქრალ ოცნებას,

ხელმოცარული აღმაფრენის გადასამალად”.

 

გიოსთვის პირად საუბრებშიც მითქვამს და აქაც გავიმეორებ: ყველა პოეტის ხვედრია „ხელმოცარული აღმაფრენა”, მაგრამ იმ გზაზე, რომელსაც გიო ადგას, უფრო მეტ აღმაფრენას მოეცარება ხელი, ბევრი იქნება იმედგაცრუება და გულისტკივილი, მაგრამ ამ ყველაფრის დამსახურებულ საფასურად, თავის დროზე, გიოს დარჩება გარდაუვალი გამარჯვება.

 

სკოლა და მისი მართვა ციფრულ ეპოქაში – ცვალებადი პარადიგმები ცვალებად დროში (ნაწილი პირველი)

0

სტატიათა ციკლი ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის ერიკ შენინგერის წიგნიდან „Digital Leadership“ (2019, Corwin).

თანამედროვე ბავშვებზე, სტუდენტებზე, სასკოლო და, საზოგადოდ, თანამედროვე განათლებაზე ფიქრისას პირველი, რაც ნებისმიერ მასწავლებელსა და მშობელს წარმოუდგება თვალწინ, ალბათ ყურსასმენებიანი, სმარტფონზე თავდახრილი ბავშვია.

დიახ, ეზოში ბურთით თამაშის ან ველოსიპედით სეირნობის ნაცვლად ბავშვები და მოზარდები (და არამხოლოდ) დღეს უმეტესად პერსონალური კომპიუტერის, პლანშეტის ან სმარტფონის ეკრანს შეჰყურებენ და ციფრულ სამყაროში ატარებენ დროის დიდ ნაწილს. მაშასადამე, შეიძლება ვივარაუდოთ (და მერე დავიჯეროთ), რომ სწავლების ობიექტი, მოსწავლე თუ სტუდენტი, უპირატესობას ციფრულ სამყაროს ანიჭებს და მისი ინტერესი, ყურადღება თუ ცნობისმოყვარეობა ციფრული ტექსტის, ნახატისა თუ ვიდეოგამოსახულებისკენაა მიმართული.

ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდებისთვის ელექტრონული გამოსახულების სივრცე, ციფრული პლატფორმები თუ ონლაინაქტივობები ჩვეული სამყაროა. ეს ის ადგილია, სადაც ისინი მშობლების და, მით უმეტეს, მასწავლებლების ზედამხედველობისა და კონტროლის გარეშე პოულობენ იმას, რაც აინტერესებთ, იზიდავთ, მოსწონთ, ართობთ.

ხშირად ისმის კითხვები: რა გავლენას ახდენს ბავშვებზე ციფრული ტექნოლოგიები? მავნეა სმარტფონისა თუ კომპიუტერის ეკრანთან ამდენი დროის გატარება თუ არა? რა ვქნათ, როდესაც ელექტრონული მედია ბავშვების საყვარელ მედიუმად იქცევა და სკოლისადმი ინტერესს აკარგვინებს?

ეს კითხვები ალბათ ასე არ უნდა დავსვათ, რადგან შეფასებისას უკეთესი იქნება, დავფიქრდეთ იმაზე, რას ვაფასებთ: პრობლემას, რომლის მასშტაბის, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების გაცნობიერება გვსურს თუ რეალობას, რომელიც უკვე დადგა, ჩვენ კი გვეხამუშება და არ გვსურს მივიღოთ?

რას ნიშნავს ბავშვებისთვის ციფრულ ეკრანთან გასატარებელი დროის შეზღუდვა? როგორ იღებენ ასეთ შეზღუდვებს თვითონ ბავშვები?

რატომ იზიდავს ბავშვებს ციფრულ სივრცეში წაკითხული, ნანახი თუ მოსმენილი ასე ძლიერად?

შესაძლებელია ამის გამოყენება სწავლით ბავშვების დასაინტერესებლად?

ეს ის საკითხებია, რომლებიც საინტერესოდ და ვრცლად არის განხილული სპიკერის, განათლების სპეციალისტის და აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის ყოფილი დირექტორის, ერიკ შენინგერის წიგნში „Digital Leadership“.

შენინგერის წიგნი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მასწავლებლებისა და სასკოლო ადმინისტრატორებისთვის, რომ 2019 წელს მისი შევსებული მეორე რედაქცია გამოიცა.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან.

 

წინასიტყვაობა

ავტორი – ნიუკასლის უნივერსიტეტის, პროფესორი სუგატა მიტრა/ Sugata Mitra

 

წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ სკოლის აშენება და მისი მართვა ქალაქში, მის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ან რომელიმე სოფელში. ახლა ამოცანა ცოტათი გავართულოთ: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სკოლა ძველი და პატივსაცემი ინსტიტუტია, მაგრამ ხვდებით, რომ საჭიროა მისი რეკონსტრუქცია, რათა ის თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

სულ რაღაც 25 წლის წინ, 90-იანი წლების შუაწელზე, ზემოთ დასახული ამოცანის შესრულებაში წარსულის გამოცდილება დაგეხმარებოდათ. იმ დროს უკვე არსებობდა სტანდარტული პროექტები (დიზაინი) საკლასო ოთახებისა და კორიდორებისთვის, რომლებიც ერთმანეთს ზემოთ და ქვემოთ მიმავალი მრავალი კიბით უკავშირდებოდა. არსებობდა ასეთივე სტანდარტული დიზაინი სკოლის სპორტული მოედნებისთვის, ხატვისა და მუსიკის საკლასო ოთახებისთვის და საერთო შეკრებისთვის განკუთვნილი „სააქტო დარბაზებისთვის“. იმ დროს ადვილი იყო განსწავლული მასწავლებლების სკოლაში მოზიდვა და მზად იყო სასწავლო კურიკულუმი, რომელსაც შესაბამისი სამინისტრო წერდა, თაობიდან თაობას გადაეცემოდა ის მეთოდებიც, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მოსწავლეთა კარგი მოსწრების შენარჩუნება მეტ-ნაკლებად აპრობირებული, სტანდარტიზებული საგამოცდო ტესტების მიხედვით.

ამ დროს თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა – რამდენიმე სარეკლამო განცხადება გაზეთში, ნაცნობებში ჩაგდებული სიტყვა – და მშობლებსაც სიხარულით მოჰყავდათ ბავშვები თქვენს სკოლაში.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. დღეს, 2020 წლის დამდეგს, ახალი პროექტის დაწყებამდე ალბათ შეჩერდებით, დაფიქრდებით და შესაძლოა, საკუთარ თავს ჰკითხოთ: „როგორ შენობა უნდა ჰქონდეს ჩემს სკოლას? საჭიროა საკლასო ოთახები? რა უნდა ხდებოდეს იქ? სპორტული მოედანი მთავარ გზასთან მეტისმეტად ახლოს ხომ არ არის? რა ვიყოთ ეზოში ჰაერის დაბინძურებას? როგორი მასწავლებლები დამჭირდება? სად ვიპოვო ისინი? საჭიროა ცალ-ცალკე სივრცეები მუსიკისა და ხელოვნებისთვის? როგორი უნდა იყოს შრომის ოთახი? ახლა ყველაფერი ციფრულია, იქნებ შესაძლებელი იყოს მათემატიკის გაკვეთილების ჩატარება მუსიკის გაკვეთილისთვის განკუთვნილ ოთახში? რა ვუთხრა მშობლებს და როგორ მოვაგვარო მათთან კონტაქტის საკითხი? რატომ გადაწყვეტენ მშობლები თავიანთი შვილების ჩემს სკოლაში მოყვანას? რისთვის არის, საზოგადოდ, ეს სკოლა განკუთვნილი?“

ბოლო სამასი წლის განმავლობაში ტრადიციული სასკოლო მოდელი სტატიკური მოვლენა გახლდათ; მეტიც – რაც უფრო ძველი იყო სკოლა, მით უფრო სანდო და უკეთესი ჩანდა.

ახლა, როგორც ჩანს, მისთვის ახალი, გააზრებული მოდელის გამოგონებაა საჭირო. ძველი სკოლების რეპუტაცია უკვე აღარ ჭრის. ამ წიგნის ძალა ისაა, რომ მან შესაძლოა ვერ გვითხრას, როგორი უნდა იყოს სკოლის ახალი მოდელი, მაგრამ დაგვეხმარება იმ კითხვების დასმაში, რომლებიც სკოლის ჩვენი, საკუთარი მოდელის შესაქმნელად გამოგვადგება.

სწორედ ამ წუთის დადგომისას უნდა წაიკითხოთ ერიკ შენინგერის ეს წიგნი.

COVID19 – გამოწვევები ადრეული და სკოლამდელი სწავლების მიმართულებით

0

ადრეული წლებში თანატოლებთან ურთიერთობები, ყურადღებიანი აღმზრდელები და პედაგოგები ქმნიან ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობის საფუძველს.  კვლევებით დადასტურებულია, რომ უწყვეტი და ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლება  ადამიანის მომავალი წარმატების საწინდარია.
COVID19  პანდემიის გამო დაიხურა საბავშვო ბაღები, რამაც ბავშვებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურობა შეცვალა. ამ პერიოდში მშობლებს მოუწიათ აღმზრდელების როლის მორგება საიმისოდ, რომ ხელი შეეწყოთ შვილების უწყვეტი განათლებისა და განვითარებისთვის. საქართველოში არაერთმა საჯარო ბაღმა გამოთქვა მზაობა, მხარდაჭერა გამოეჩინათ აღსაზრდელებისა და მათი მშობლებისთვის. ტრადიციული რუტინისა და მიდგომების დისტანციურ რეჟიმში გადატანა ბაღის თანამშრომლებისთვისაც საინტერესო გამოწვევად იქცა.

თითქმის ყოველ დღე ვადევნებდი თვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს და უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში. ზოგ შემთხვევაში, მიკვირდა, როგორ შეძლეს ასე სწრაფად ადაპტირება, ზოგ შემთხვევაში, ვხალისობდი და მიხაროდა, ამდენ მოტივირებულ აღმზრდელს რომ ვუყურებდი. ხოლო როცა აღსაზრდელების პირადი სივრცის დარღვევის ნიშნებს ვხედავდი, ვბრაზობდი კიდეც. თუმცა, ის ფაქტი, რომ აღმზრდელებმა ყოველგვარი ვალდებულებისა თუ წინასწარი მზაობის გარეშე ამხელა მოტივაცია აჩვენეს, უერთგულეს პროფესიას, აღსაზრდელებსა და მათ ოჯახებს, ნამდვილად ღირს აღნიშვნად და დაფასებად.

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, რაღაც ტიპის გამოცდილებები დაგროვდა. გადავწყვიტე ონლაინ გამოკითხვა გამევრცელებინა. დავინტერესდი, როგორ, ვისი ინიციატივით დაიწყეს დისტანციური მუშაობა, რა დაბრკოლებებს წააწყდნენ, რა აღმოაჩინეს ახალი და მსგავსი სიტუაციის განმეორების შემთხვევაში, რა ტიპის მხარდაჭერას ისურვებდნენ.

 

აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ელექტრონული სწავლების ტრანსფერს ადრეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვინაიდან მშობლების/აღმზრდელების/ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ასაკში დისტანციური მეცადინეობები არ არის საჭირო ან ზიანის მომტანია ბავშვებისთვის, რადგან იზრდება ეკრანთან მიჯაჭვულობის რისკი. საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS, 2018-19 წ.), ბავშვის ადრეული განვითარების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ციფრულ მედიასთან მიჯაჭვულობის პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ელექტრონული საშუალებების გამოყენება ანაცვლებს ფიზიკურ აქტივობას, უშუალო გამოცდილების მიღებას და რეალურ სამყაროსთან პირისპირ ურთიერთობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწავლისათვის. 2-დან 5 წლის ასაკამდე ბავშვების შემთხვევაში ეკრანის გამოყენება და მაღალი ხარისხის პროგრამების ყურება ყოველ დღე არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს. ამ დროის განმავლობაში კი  მშობლებმა შვილებთან ერთად უნდა უყურონ პროგრამებს, რათა დაეხმარონ მათ ნანახის აღქმაში და რეალურ გარემოში მათ გამოყენებაში. გონივრულად გაწერილი კურიკულუმის შემთხვევაში ეს დრო საკმარისია აღსაზრდელების სოციალიზაციისთვის პანდემიის პირობებში. რაც შეეხება მშობლების დახმარებას ბაღში არსებული ყოველდღიური რუტინის სახლის პირობებში გადატანაში, მათთან ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს აღსაზდელების ჩართულობის გარეშე.

 

ონლაინ გამოკითხვაში 65-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათგან 69% ატარებდა დისტანციურ მეცადინეობებს. ამისთვის, მათი უმრავლესობა შეხვედრებს კვირაში სამ დღეზე ნაკლებს უთმობდა, რისთვისაც სოციალურ ქსელს, Facebook, იყენებდა. დისტანციურ სწავლებაში ჩართული რესპონდენტების 80% აღნიშნავს, რომ ვიდეო დავალების მიცემის შემდეგ ინტერესდებოდნენ თითოეული აღსაზრდელის მიერ შესრულებული დავალებით. კითხულობდნენ, ხომ არ გაუჭირდათ კონკრეტული აქტივობის განხორციელება, ინტერესდებოდნენ ბავშვების მიერ გამოვლენილი დამოკიდებულებებით. აღმზრდელების 58% საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინსტრუქციებს აძლევდა იმ მშობლებს, რომლებიც ბავშვებთან კომუნიკაციისას პრობლემებს აღმოაჩენდნენ ან რომელიმე აქტივობის განხორციელება უჭირდათ.
გამოკითხვაში მონაწილეთა 31% დისტანციური სწავლების შეფერხების ძირითად მიზეზად ასახელებს ტექნიკურ პრობლემებს (როგორც პირად, ასევე აღსაზრდელების ოჯახების მხრიდან) და დისტანციური სწავლების არასათანადო ინსტრუქციებს. ასევე, მათი უმეტესი ნაწილი არ თვლიდა საჭიროდ დისტანციურ სწავლებას ან თავი აარიდა, ვინაიდან არ იყო სავალდებულო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო საჯარო ბაღების თანამშრომლებს პანდემიის პერიოდში სრულად შეუნარჩუნდათ ანაზღაურება.

 

დისტანციური სწავლების მიგები – რა ვისწავლეთ ახალი?

პროცესში ჩართული რესპონდენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ დისტანციური სწავლების დროს იძულებულნი გახდნენ, უფრო მეტი დრო დაეთმოთ პროფესიული უნარების გაუმჯობესებსა და თვითრეფლექსიისთვის, რამაც დადებითი შედეგები გამოიღო. მაგალითად, აღნიშნავენ, რომ გაიუმჯობესეს პრეზენტაციისა და კრიზისულ სიტუაციაში ადაპტირების უნარები. აღმოაჩინეს, რომ სწავლება შესაძლებელია არა მარტო ჯგუფში და ჩვეულ გარემოში, არამედ დისტანციურადაც, თითქმის იგივე შედეგით და დასახული მიზნების მიღწევით. უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩემი აქტივობები და მომავალში უფრო ბევრს გავუკეთებ, ვიდრე აქამდე. დრო მქონდა გავცნობოდი სხვადასხვა ინფორმაციას ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

ცირა კოპაძე
აღმზრდელი
ქ. გორის მე-15 ბაგა-ბაღი

 

მშობლების ჩართულობა
საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევის (2018) ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშობლებთან კომუნიკაცია ძირითადად დასკვნითი ღონისძიებებით შემოიფარგლება და არ უკავშირდება ყოველდღიურ პრაქტიკასა თუ სკოლამდელი დაწესებულების პოლიტიკას. შესაბამისად, კომუნიკაციის ნაკლებობა ქმნის უნდობლობას სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებსა და მშობლებს შორის. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, აჩენს ბარიერს და ბავშვის სათანადო განვითარებას აფერხებს, ვინაიდან, არ არის ბმა ბაღში მიმდინარე აქტივობებსა და ოჯახში მიღებულ ინფორმაციას შორის. პრობლემა, რომელზეც 2018 წლის კვლევაშია საუბარი, თავი იჩინა დღეს, COVID-19-ის პირობებში, როდესაც საბავშვო ბაღებს აღსაზრდელების განვითარების უწყვეტობისთვის მოუწიათ, რეალური ნაბიჯები გადაედგათ მშობლებთან ურთიერთობებში.

 

პანდემიის პერიოდი უნიკალურ შესაძლებლობად იქცა საბავშვო ბაღებისთვის, აღსაზრდელების ოჯახებთან ურთიერთობები გაეღრმავებინათ ისეთ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია პოზიტიურ მშობლობასა და ადრეულ წლებში ბავშვის განვითარების სხვადასხვა სტადიებთან. დისტანციურ სწავლებაში ჩართული აღმზრდელების გამოცდილებები ამ კუთხით ორად გაიყო. აღმზრდელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მშობლები არასერიოზულად უდგებოდნენ პროცესს, უჭირდათ მათთვის სწავლების გაგრძელების საჭიროების დასაბუთება და მათი მოტივაციის შენარჩუნება. რესპონდენტების მეორე ნაწილი ამ კუთხით პოზიტიურ მიგნებებს გვიზიარებს. ისინი თვლიან, რომ სირთულეების მიუხედავად, მშობლებისა და აღმზრდელების ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც დადებითად აისახება აღსაზრდელების  პოზიტიურ განვითარებაზე.

 

“ამ სამი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი აღმოაჩინეს მშობლებმაც საკუთარ თავში. თურმე შესძლებიათ მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, ხატვა, ძერწვა, ბუნებრივი მასალებით უამრავი ლამაზი ნაკეთობის შექმნა ბავშვებთან ერთად, ერთმანეთში გამოცდილების გაცვლა-გაზიარებით.

სხვაგვარი, საქმიანი კომუნიკაცია დამყარდა ბავშვსა და მშობელს შორის, ასევე პედაგოგთან. მშობლები იყვნენ ჩემი სრულუფლებიანი ,,თანაშემწეები”. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ მათგანაც ვისწავლე, მით უმეტეს პრაქტიკა ნამდვილად არ მაკლია. ბევრი მშობელი უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. მეტად დავაფასეთ და შევაფასეთ ერთმანეთის შრომა. მათ ისწავლეს უამრავი რამის კეთება, რომლიც მათთვის აღმოჩენა იყო. მიხარია, რომ ერთი დღეც არ დამიტოვებია ჩემი მშობლები და ბავშვები, ყოველდღიური მუშაობით ბევრი ახალი უნარი შევიძინეთ, რომელიც მომავალში გამოგვადგება, განსაკუთრებით კი ჩემს ,,ფუსფუსებს,” რომლებიც სკოლაში გაფრინდნენ. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის ვალია, ყველა გამოუვალ სიტუაციაში ვიპოვოთ გამოსავალი და გამოვიყენოთ სასიკეთოდ, მით უმეტესეს თუ საკითხი ჩვენს მომავალ თაობას ეხება.”

ელზა ჩინჩახაშვილი
აღმზრდელი
ქ.თბილისის 205-ე საბავშვო ბაგა-ბაღი

 

დისტანციური სწავლების გამოწვევები – რის გაუმჯობესებას ვისურვებდით?

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ვთხოვე, გაეზიარებინათ,  დისტანციური მუშაობის  გაუმჯობესებისთვის, რა ტიპის მხარდაჭერას ისურვებდნენ იმ შემთხვევაში, თუ განმეორდება მსგავსი ეპიდ-სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ უმოკლეს დროში არაერთი საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნა მშობლებისა თუ ადრეული განათლების სპეციალისტებისთვის, გამოკითხვაში მონაწილე საბავშვო ბაღის თანამშრომლების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათთვის რთული იყო ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებსაც სახლის პირობებში მარტივად განახორციელებდნენ.  მათ სურვილი აქვთ  დისტანციურ სწავლებაში, კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაში ტრენინგები გაიარონ და მსგავსი სიტუაციის განმეორების შემთხვევაში, სურთ, მიიღონ უფრო დეტალური ინსტრუქციები. ის, რომ საჯარო საბავშვო ბაღების უმრავლესობაში არ არის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა (კომპიუტერი, მიკროფონი, პრინტერი), მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი ინფორმაციების მოძიებასა და უკვე არსებული სხვადასხვა რესურსის სწავლების პროცესში დანერგვის  შესაძლებლობებს.

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS, 2018-19 წ.) მიხედვით, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების დასწრების მაჩვენებელი ქალაქებში 84%, ხოლო სოფლად ამ ასაკის ბავშვების 68% შეადგენს. დასწრების წმინდა მაჩვენებელი სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში (საბავშვო ბაღი) უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ყველაზე ღარიბი კვინტილური ჯგუფისათვის (87% და 61%). რაც ამ კუთხით, პანდემიამდე პერიოდში არსებულ უთანასწორობაზე მიუთითებს.
ამ დროისთვის არ გვაქვს საერთო მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი აღსაზრდელი იღებდა უწყვეტ განათლებას პანდემიის პერიოდში, ჩემი მცირემასშტაბიანი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რეგიონში მყოფ აღსაზრდელებთან კომუნიკაციის დამყარება ინტერნეტის და სამუშაო მასალების არ არსებობის გამო შეუძლებელი ან შეფერხებული იყო (ისეთ საჭირო დროს იწურებოდა მეგაბაიტები მობილურზე, რომ პრობლემები მექნებოდა მშობლებთან და ბავშვებთან დაკავშირებისას; ინტერნეტი ხშირად ითიშებოდა, რამდენიმე დუბლის გადაღება მიწევდა, რა დროსაც ხშირად მიჯდებოდა ტელეფონი, ბავშვიც იღლებოდა ამ პროცესით; უმეტესი ნაწილი ვერ ერთვებოდა; ინტერნეტი არ ჰონდათ”).  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიის პერიოდში სკოლამდელ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობამ იკლო და გაიზარდა უთანასწორობის მაჩვენებელი.
ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ და განმავითარებელი საგანმანათლებო აქტივობების შემცირებამ (უარეს შემთხვევაში სრულად შეფერხებამ) რა გავლენა მოახდინა ბავშვების განვითარებაზე, კვლევის საგანია, თუმცა პროგნოზები ამ მიმართულებით, არც თუ ისე სახარბიელოა.

სტატიაში გამოყენებული კვლევის (MICS) მონაცემები და ანალიზი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://mics.unicef.org/surveys

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...