კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

„მსოფლიოში საუკეთესო დედა“

0

თქვენ წინაშეა ფრაგმენტი მალიკა ჩოპრას წიგნიდან „100 დაპირება ჩემს შვილს. როგორ გავხდეთ საუკეთესო მშობელი“. მალიკა ჩოპრა ამერიკელი მწერალი და ბიზნესმენია. ის 1972 წლის 24 ივლისს დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ლინკოლნში. დაამთავრა Concord Academy, Kellogg School of Management და ბრაუნის უნივერსიტეტი. არის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. პარალელურად წერს და აქვეყნებს სტატიებს. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად, რომლებსაც ეძღვნებათ მისი წიგნები.

 

„რამდენიმე წლის წინ, როდესაც შევიტყვე, რომ მალე დედა გავხდებოდი, – იწყებს თხრობას მალიკა ჩოპრა, – საათობით ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი პატარა. ვესაუბრებოდი, ვუმღეროდი, ვეფერებოდი და მეუღლესთან ერთად სამომავლო გეგმებს ვაწყობდი. გამოგიტყდებით, რაც უფრო იზრდებოდა ჩემი შვილი, მით უფრო ვშფოთავდი, როგორი დედა ვიქნებოდი, როგორ მოვუვლიდი ჩემს პირმშოს და, რაც მთავარია, შევძლებდი თუ არა შვილის გაბედნიერებას. როგორ ვასწავლო პატარას, პატივისცემით მოეპყრას სხვებს? როგორ ჩავუნერგო დაცულობისა და სიმშვიდის განცდა? როგორ დავაყენო სწორ გზაზე? და საერთოდ, რა არის ეს სწორი გზა? ეს და სხვა მსგავსი კითხვები მოსვენებას მიკარგავდა. ხშირად ვფიქრობდი იმაზე, როგორ გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას მშობლები, როგორ ახერხებდნენ, რომ მუდმივად სიყვარულისა და სიმსუბუქის გარემოცვაში ვყოფილიყავით, ძალიან გვიადვილდებოდა ერთმანეთთან ურთიერთობა. იმის გამო, რომ მამა სულიერი მოძღვარი და მწერალი იყო, ის მუდმივად გვიზიარებდა საკუთარ ცოდნას, რაც დამეხმარა, მცირე ასაკშივე გამეცნობიერებინა, რომ სიყვარული და თანაგრძნობა არის ცხოვრებაში ყოველივეს საფუძველი.

გადავწყვიტე, ჩამეწერა ყველა ის დაპირება, რომელიც ჩემმა სიყვარულმა და იმედმა ჩამისახა და  რომელიც მე მივეცი საკუთარ თავს და საკუთარ პატარას, ზუსტად ვიცი, რომ თითოეული ეს დაპირება გამიჩნდა სწორედ იმის საფუძველზე, რაც თავად განვიცადე და შევიმეცნე ბავშვობაში. ამავე დროს, მე ვიწერდი სხვადასხვა ისტორიას, მოგონებებს, განცდებს, რომლებიც მინდოდა, რომ შემდგომ ჩემი მომავალი შვილისთვის გამეზიარებინა. შედეგად, მე ვგრძნობდი, რომ დედა-შვილის კავშირი სულ უფრო მყარდებოდა; და ასე გაგრძელდა პატარა გოგონას დაბადების შემდეგაც. მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიყვარული შვილისადმი აისახება ჩემდამი მის სიყვარულში და მე ვიცი, რომ ჩვენ ორივე მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით.

გპირდები არასოდეს დაგიქვემდებარო, სამაგიეროდ, ყოველთვის ვეცდები მხარი დაგიჭირო. -აი, ზუსტად ასე ჟღერს მალიკა ჩოპრას ერთ -ერთი დაპირება შვილისადმი. „როდესაც შენ მიყურებ შენი დიდრონი თვალებით, რომლებიც ითხოვს ჩემგან ჩახუტებას, კოცნას, გამხნევებას და დაცვას, ჩემი გული ბედნიერებისგან დნება და მე მაშინვე შენკენ გამოვრბივარ, რათა იმედი არ გაგიცრუო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების უმთავრესი სურვილი მუდმივად შენი დაცვა და დახმარებაა, მაინც გეტყვი, რომ შენი ჩემზე დამოკიდებულება დროებითი მოვლენაა და ამას ვერსად გავექცევი. შენ ცხოვრებაში შენი დამოუკიდებელი გზა გელოდება. შენ ხარ იმ ყვავილის კოკორი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გაიფურჩქნება და დამოუკიდებელ ლამაზ ყვავილად გადაიქცევა.

ვიცი, რომ დადგება დრო, როდესაც შენ აღარ დამისვამ კითხვებს ნებისმიერ თემაზე, რადგან თავად, ჩემგან დამოუკიდებლად დაიწყებ პასუხების ძიებას. ვიცი, რომ დადგება დრო, როდესაც მე იძულებული გავხდები, ხელი გაგიშვა, რადგან მომიწევს ვაღიარო შენი ზრდასრულობა და უნარი, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები. გპირდები, რომ მე გაგიშვებ შენ და ნებას დაგრთავ, თავისუფლად გაიზარდო, რათა მოიპოვო პიროვნული დამოუკიდებლობა. მაგრამ თუ ოდესმე შენ დაგჭირდება ჩემი რჩევა-დარიგება, ჩემი ჩახუტება და ღიმილი, მე შენს გვერდით გავჩნდები – ყოველთვის გამოვეხმაურები შენს ძახილს, რათა მხარი დაგიჭირო. ვიცი, რომ ზოგჯერ ძალიან გამიჭირდება არ ჩავერიო, და გვერდზე გავდგე, მაგრამ მე ყოველთვის პატივისცემით მოვეკიდები შენს თავისუფლებას და გაჩუქებ ფრთებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებ იფრინო ლაღად, ბედნიერად და უშფოთველად“.

გპირდები, რომ ჩემი რჩევადარიგებები არ იქნება მხოლოდ ფუჭი სიტყვები, ყოველთვის ვეცდები, თვალნათელი მაგალითებით გესაუბრო.

„ჩემი მშობლების ოჯახში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მე ათი წლის ვიყავი, – განაგრძობს ბიზნესმენი ქალბატონი. მაშინ დედ-მამამ გადაწყვიტა, მედიტაცია დაეწყოთ, რის შედეგადაც, სულ რამდენიმე კვირის გავლის შემდეგ მამამ სიგარეტის მოწევას თავი დაანება; მანამდე მშობლები ხშირად კამათობდნენ, რადგან მამას ალკოჰოლური სასმელების გამოყენება უყვარდა. მედიტაციის დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედ-მამა გაცილებით მეტ დროს ატარებდა ერთად. ისინი სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ, დილაობით ვარჯიშობდნენ, ბევრს მხიარულობდნენ; მე და ჩემს ძმას სულ უფრო ნაკლებად გვასწავლიდნენ ჭკუას, ნაკლებ მითითებებს გვაძლევდნენ, თუ რა და როგორ ჯობდა გაგვეკეთებინა და სულ უფრო მეტ დროს ატარებდნენ ჩვენთან საუბრებში. ჩვენი ოჯახი  ძალიან ბედნიერი და სასიამოვნო ადამიანების ერთობა გახდა.

მშობლები მე და ჩემს ძმას არასდროს გვაძალებდნენ მედიტაციას. მე თავად მომინდა, მათთვის მიმებაძა, რადგან დავინახე, რომ მედიტაციამ ჩემი მშობლები დადებითად შეცვალა. როდესაც წამოვიზარდე, მედიტაციას იშვიათად მივმართავდი და ზოგჯერ რამდენიმე თვე საერთოდ არც მახსენდებოდა. მშობლები იშვიათად შემახსენებდნენ ხოლმე, რომ სურვილის შემთხვევაში, შემეძლო მათთან ერთად მევარჯიშა. ამით იმას ვამბობ, რომ დედ-მამა ნებას მრთავდა, თავად გადამეწყვიტა, თუ რის გაკეთება მსურდა და საერთოდ, რა გზას ავირჩევდი სამომავლოდ.

მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ  შვილების ბედის გადაწყვეტაში არ ჩაერიონ, რადგან თავად ზრდასრულები არიან და ამიტომ მიაჩნიათ, რომ მათ გაცილებით უკეთ იციან, თუ რა არის შვილებისთვის უკეთესი. იმისათვის, რომ შვილებმა კარგად გააცნობიერონ საკუთარი არჩევანის სისწორე, მშობლებმა მათ ამის მაგალითი უნდა აჩვენონ და არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება. მკითხველს ვთავაზობ, დაფიქრდეს: რის სწავლა შეუძლიათ შვილებს თქვენი ქცევების მაგალითზე?“

გპირდები, დავიცვა წონასწორობა და ერთმანეთისგან გავმიჯნო შენი და ჩემი ცხოვრება.

ეს კიდევ ერთი დაპირება – „ჩემი, როგორც დედის, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ის გარემოება, რომ აუცილებლად მიმაჩნდა მეპოვა ბალანსი ჩემს პროფესიულ ამბიციებსა და საუკეთესო დედად ყოფნის სურვილს შორის. ძალიან მინდა მაქსიმალურად ახლოს ვიყო შვილებთან, მივიღო მონაწილეობა მათ აღზრდასა და განათლებაში. დიდი დრო გავატარო მათთან, არ მოვაკლო მათ სითბო და სიყვარული. ჩემ გარშემო უამრავ მეგობარს აქვს იგივე დილემა. როგორ მოვახერხოთ კარიერულ კიბეზე სვლა და ამავე დროს, ვიყოთ მსოფლიოში საუკეთესო დედები?

მეგობრები, რომლებსაც აქვთ სამეცნიერო ხარისხი ან არიან პროდიუსერები, ბიზნეს კონსულტანტები ან სხვა დარგის უმაღლესი რანგის სპეციალისტები, რომლებიც წლების განმავლობაში თავაუღებლივ სწავლობდნენ, რათა ამა თუ იმ პროფესიას დაუფლებოდნენ, მუშაობას თავი დაანებეს, როცა დედები გახდნენ. აქვე მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ მეგობრების გარკვეული ნაწილისთვის სულაც არ იყო ეს მარტივი გადაწყვეტილება, მათ მაინც არ მიაჩნდათ დიდ მსხვერპლშეწირვად საკუთარი არჩევანი.

მე ისეთ დედებსაც ვიცნობ, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ, რომ სახლში ჯდომა მათთვის არ იქნებოდა ბედნიერების მომტანი და ისეთებსაც, რომლებიც დაუბრუნდნენ სამსახურს დეკრეტული შვებულების ვადის გასვლისთანავე. ყოველ მათგანს აწუხებდა სინდისის ქენჯნა, რადგან ზუსტად არ იცოდნენ, სწორად იქცეოდნენ თუ არა.

უკვე ორი შვილი მყავს და უნდა ვაღიარო, რომ დღემდე ძალიან მიჭირს მოვძებნო ბალანსი სამსახურსა და საკუთრ შვილებთან დიდი დროის გატარების სურვილს შორის. მე საკუთრი საქციელის მუდმივ გადაფასებაში ვარ. ვცდილობ ვისწავლო საკუთრი თავის პატიება იმის გამო, რომ პროფესიულ წინსვლას სათანადოდ ვერ ვახერხებ, რადგან მინდა, ბევრი დრო დავუთმო შვილებს; მაგრამ ასევე ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ მაშინ შევძლებ მსოფლიოში საუკეთესო დედა ვიყო, თუ ბედნიერი, საკუთრ თავში დარწმუნებული ვიქნები, რასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევ, თუ მოვახერხებ ერთმანეთს შევუთავსო დედობა და პროფესიული საქმიანობა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მე მივხვდი: ჩემთვის კარგი დედობა არ იზომება დროის მათთან გატარებით.

დედობა – ეს არის სიყვარული, ყურადღება და მხარდაჭერა; დედის „ამოცანაა“ – გაანებივროს, მიეფეროს შვილებს, თვალყური ადევნოს მათ ზრდა-განვითარებას, დაეხმაროს მათ და ისიამოვნოს ყველა იმ ძვირფასი მომენტით, როდესაც შვილები ეფერებიან, იცინიან დედასთან ერთად, უზიარებენ  შთაბეჭდილებებს. დედობა – ეს არის შვილებთან ყოფნა სულით, გონებით და სხეულით; დედობა ეს არის, იყო საკუთარი პიროვნებით კმაყოფილი, რათა შვილებმაც შეძლონ იამაყონ და გაიხარონ, რომ მათ გვერდით ბედნიერი მშობელია.

 

განმავითარებელი შეფასება- მოტივაცია და ემოციების გაზიარების საშუალება

0

„ეს მოსწავლე მოტივირებულია“; „ამ მოსწავლეს მოტივაცია აკლია“; „მოტივაცია აუმაღლდა და სწავლის შედეგებზეც დაეტყო“ – არაერთი მსგავსი შინაარსის წინადადება გაგვიზიარებია მასწავლებლებს ერთმანეთისთვის ან ჩვენთვის მაინც გაგვიფიქრებია.

ჩვენ გამუდმებით იმის ფიქრში ვართ, რა საშუალებით ავუმაღლოთ მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია. თავადაც კარგად ვიაზრებთ მოტივაციის არსსა და მნიშვნელობას ჩვენს ყოველდიურობაში, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მცირე ასაკის ადამიანს, მოსწავლეს, რომელიც დიდწილად სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული – როგორ დაეხმარება, რას შესთავაზებს, როგორ გარემოს შეუქმნის, რომ მანაც მოტივაციის ბიძგი მისცეს მოსწავლეს. აქვე, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ცნების არსი, რომელიც, მოგეხსენებათ, ლათინური წარმოშობისაა და გულისხმობს მოძრაობას, მიზნისკენ სწრაფვას, მიმართულების მიცემას. განსაკუთრებით მომწონს ეს უკანასკნელი განმარტება – ,,მიმართულების მიცემა“. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მისიაც, სწორედ ეს არის. მაშ, მოტივაცია ყოფილა პროცესების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს დასახული მიზნისკენ მოძრაობას. იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეისწავლოს ბავშვის მოტივაცია, მან უნდა გაიგოს, რატომ და როდის ისწრაფის მოსწავლე საკუთარი მიზნისკენ. დადგენილია, რომ მოტივაციური პროცესების მართვა შესაძლებელია და ამ პროცესს მოტივირებას უწოდებენ. მოტივირება ნიშნავს, მოსწავლეს მოტივაციის განსავითარებლად შეუქმნა პირობები. მოტივაციის ასამაღლებლად მასწავლებლები სხვადასხვა მიდგომას ვიყენებთ, მათ შორის, ვცდილობთ, მოსწავლეს:

  • გავუჩინოთ წინსვლის სურვილი;
  • დავაინტერესოთ იგი;
  • გავუჩინოთ საგნებისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
  • დავანახოთ, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებული ვართ მისი წარმატებით;
  • და სხვა.

პირველ რიგში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ამოსავალ წერტილად მიმაჩნია, გაკვეთილი დაიგეგმოს მოსწავლის ინტერესების შესაბამისად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობის დანახვა. ყოველივე ზემოთ ნათქვამი მინდა, განვავრცო შეფასების ერთ-ერთი ტიპის, კერძოდ, განმავითარებელი შეფასების ჭრილში.

მინდა განვიხილო, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება ერთგვარ დამხმარედ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და გაგიზიაროთ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება ამ კუთხით.

ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ განმავითარებელი შეფასებით მასწავლებელი მოსწავლეთა საქმიანობას ამოწმებს არა მათ განსასჯელად და ქულების დასაწერად, არამედ მათ დასახმარებლად. მასწავლებელი გამუდმებით აკვირდება თითოეულ მოსწავლეს სწავლის პროცესში, სწავლობს მათ საჭიროებებს, რათა თითოეულ მათგანს მაქსიმალურად დაეხმაროს წინსვლაში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება განმავითარებელი შეფასება. მასწავლებლებს შესაძლებლობა გვეძლევა, გამოვიყენოთ ის დამხმარედ, „ოფიციალურ შუამავლად“ ჩვენსა და მოსწავლეს შორის. ამგვარი შეფასებით არამარტო ვეხმარებით მოსწავლეს აკადემიურ წინსვლაში, სწავლის დახვეწასა და განვითარებაში, არამედ, შესაძლებლობა გვეძლევა, უფრო ახლოს ვიკონტაქტოთ მოსწავლესთან, მუდმივად ახლოს ვიყოთ მასთან. გავიზიაროთ, გამოვხატოთ, შევიგრძნოთ და გავუზიაროთ მოსწავლეებს ჩვენი დამოკიდებულება, ემოციები, რომლებიც, აუცილებლად პოზიტიური მოტივატორი იქნება მათთვის. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განმავითარებელი შეფასებები დავტვირთოთ მოსწავლისადმი ჩვენი მხარდაჭერითა და რჩევებით, მივიტანოთ მოსწავლემდე იმედი იმისა, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ და ვეხმარებით, ვგულშემატკივრობთ, ვინტერესდებით მისით. ამგვარი დამოკიდებულებებით გაცემული განმავითარებელი შეფასებები მოსწავლეებს სძენენ როგორც ახალ ცოდნას, ასევე, უმდიდრებენ გამოცდილებას და უუმჯობესებენ უნარებს. ისინი, რაღა თქმა უნდა, იაზრებენ, რა არის მათი ძლიერი მხარე და რა აქვთ გამოსასწორებელი. ეს  უკანასკნელი კი, მოსწავლესთან სწორად გაცემული განმავითარებელი შეფასების სახით მისული, სულაც არ არის მისთვის დამთრგუნველი, პირიქით, უმაღლებს მოტივაციას, გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის, გამოასწოროს ხარვეზები. განმავითარებელი შეფასების საშუალებით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ შემაფერხებელ ფაქტორებზე, რომლებიც მას ხელს უშლიან წარმატების მიღწევაში. მასწავლებლის მიერ შეთავაზებული გამოსავალი და გადაჭრის გზა უნდა უბიძგებდეს მოსწავლეს, თავადაც დაფიქრდეს ამაზე და მისთვის უფრო მოსახერხებელი გზა აირჩიოს და გააგრძელოს საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა.

მრავალფეროვანი, გულწრფელი და ახლობლური, არაოფიციალური განმავითარებელი შეფასება მოსწავლეებში აყალიბებს თვითშეფასებისა და თვითგანვითარების უნარებს და ზრდის მათ ქმედუნარიანობასა და პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს და წარმატებულ პრაქტიკას გიზიარებთ. მაგალითად, როდესაც მოსწავლის მიერ დაწერილ თავისუფალ თემას ვეცნობი, რომლებსაც განმავითარებელი კომენტარი უნდა გავუკეთო, ვცდილობ, სრული გულწრფელობით გავაკეთო ეს ჩანაწერი და ჩემი ემოციები და მოსაზრებები დაწვრილებით გამოვხატო, რომელშიც შექებასთან ერთად აუცილებლად იქნება რჩევაც. ყოფილა შემთხვევა, როდესაც განმავითარებელი კომენტარი თავადაც დამიწყია შეკითხვით – „ხომ ვერ მირჩევდი?…“. მოსწავლე კი დიდი სიხარულითა და მონდომებით მაძლევდა პასუხს.

გიზიარებთ რამდენიმე განმავითარებელ კომენტარს.

ყველა მასწავლებელს, მათ შორის, საკუთარ თავსაც, ვუსურვებ, შევიძინოთ ძალა, საკმარისი გულწრფელობა, ემოცია და თანაგანცდის უნარი, რომ შევძლოთ ჩვენი შენიშვნის მოსწავლემდე მიტანა, რათა მან პოზიტიური შედეგი გამოიღოს.

 

შეუძლებელი არაფერია

0

ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე. ვინაიდან, საგანმანათლებლო პროცესში ბევრი მათგანი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც გამოწვეული შეიძლება იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და სხვა მდგომარეობით, ჩვენი, პედაგოგების ვალდებულებაა, უწყვეტი პროფესიული განვითარება და მომზადება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

ახალბედა მასწავლებლებს, ხშირად აშინებთ ინკლუზიური განათლება და ფიქრობენ, რომ  ვერ შეძლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობას. იყო დრო, მეც მეშინოდა…

როდესაც პირველად შევედი, ჩემს სადამრიგებლო კლასში და 28 ერთნაირი მერხის გვერდით ერთი განსხვავებული მაგიდა და სკამი დავინახე, გული შემეკუმშა. ჯერ შორიდან შევათვალიერე, შემდეგ ფრთხილად მივუახლოვდი და ხელით შევამოწმე, მყარად იდგა თუ არა.  ავღელდი, ავფორიაქდი და გონებაში ათასგვარი კადრი დატრიალდა… როგორ მიპასუხებს კითხვებზე?.. როგორ გამოვა დაფასთან?.. როგორ … როგორ… როგორ…

რა მაშინებდა? არ ვიცოდი, როგორ შევძლებდი, ისე წარმემართა სასწავლო პროცესი, რომ ყველა მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები მაქსიმალურად რეალიზებული ყოფილიყო. თუმცა ღრმად მწამდა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი ზოგადსაგანმანათლებლო, საჯარო სკოლაში.

მახსოვს ის დღე, როცა ერთმანეთი გავიცანით. შემომხედა დიდი, ლამაზი თვალებით და გამიღიმა, თვალებით გამიღიმა… და მას შემდეგ მუდამ ვეძებდი კლასში ამ მოციმციმე თვალებს, რომელიც უსაზღვრო სითბოსა და სიკეთეს ასხივებდა.

თვალებით იცინოდა, ღელავდა, მპასუხობდა კითხვებზე და მიყვებოდა ამბებს…

ბევრი რამ მასწავლა… ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ ერთად… ვუშვებდი შეცდომებს, ვიღლებოდი, მეგონა ვეღარ შევძლებდი, მაგრამ არ ვწყვეტდი ბრძოლას… ბრძოლას პირველ რიგში საკუთარ თავთან…

წლების წინ ეს პროცესი გაცილებით რთული იყო ვიდრე დღეს. ჩვენი სახელმწიფო ცდილობს ინკლუზიური განათლების მიღების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისათვის, როგორც სკოლამდელი, ისე ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით. ტარდება ტრენინგები მასწავლებლების, ასისტენტებისთვისა და  მშობლებისათვის. იწერება, იბეჭდება, ითარგმნება კვლევები, სახელმძღვანელოები, სტატიები, წიგნები…

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის შერონ დრეიპერის „გონების მიღმა“   და ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“. ეს წიგნები „ეძღვნებათ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვს ხედავენ; რომლებიც გვახსენებენ, რომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული; რომლებიც ხელს გვიწყობენ, ვიყოთ გამორჩეულები და არ ვეცადოთ, ერთმანეთს დავემსგავსოთ და ბავშვებს, რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდნენ.“ ახლა, როცა ეს წიგნები წავიკითხე, უამრავი კადრი ამოტივტივდა გონებაში… ალბათ, რამდენი რამ გამომრჩა, ვერ გავიაზრე, ვერ შევამჩნიე…

სკოლაში გატარებულმა წლებმა, პედაგოგიურმა გამოცდილებამ, ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა, თუმცა იმ პედაგოგებს, რომლებიც ახლა აღებენ სკოლის კარს, ჩემსავით კრთიან და შიშობენ პირადი საქმეების გაცნობისას, მინდა ვურჩიო ამ საოცარი წიგნების წაკითხვა.

წიგნის („გონების მიღმა“) მთავარი პერსონაჟი, პატარა გოგონა მელოდი, ცერემბრალური დამბლის დიაგნოზით, ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, ვერც დამოუკიდებლად ჭამს, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო შინაგანი სამყაროს პატრონია და მრავალი პრობლემით დახუნძლული მისი სხეულის მიღმა ჭკვიანი, მგრძნობიარე, მოსიყვარულე და თავმოყვარე გოგონა იმალება.

ავტორი ისე წარმოაჩენს მის ცხოვრებას, რომ მკითხველი ერთდროულად წარმოიდგენს თავს მელოდის წინ და მელოდის „შიგნით“.

„როდესაც ზარი ირეკება, იმის ნაცვლად, ძველებურად ვფიქრობდე, ნეტავ რა ხდება საკლასო ოთახის გარეთ-მეთქი, მეც დერეფანში გავდივარ (ელექტროსავარძლით). იცით რა მაგარია?!

…რა თქმა უნდა, (მასწავლებლის კითხვაზე პასუხი) ვიცოდი, ხელიც ავიწიე, მაგრამ მასწავლებელმა ჩემი ძლივსშესამჩნევი მოძრაობა ვერ  დაინახა. და რომც შევემჩნიე, რა? მე ხომ სხვებივით არ შემიძლია პასუხი წამოვიძახო. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი გულდასაწყვეტია.“

მიუხედავად სასწავლო პროცესში წარმოქმნილი მრავალი სირთულისა, საერთაშორისო კვლევები და მათ შორის ჩემი პირადი გამოცდილება მაძლევს საშუალებას დავეთანხმო შერონ დრეიპერს და დარწმუნებით გითხრათ, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში მიღებული საგნობრივი ცოდნის გარდა ინკლუზიური განათლების უმნიშვნელოვანესი შედეგებია:

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის სოციალური ინტეგრაცია;

(…“სიხარულისაგან კრუნჩხვამ მომიარა. დამხმარეებმა დერეფანში გაგვაგორეს… ჩვენ ჩვეულებრივ საკლასო ოთახში შევდიოდით…

…ამ სულელურ ხუმრობაზე ყველა ჩემთან ერთად იცინის. მიუხედავად იმისა, რომ ხელ-ფეხი ისევ გამირბის და სიცილისაგან ცოტა დორბლიც მდის, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს კლასის სრულუფლებიან წევრად…“

შ. დრეიპერის „გონების მიღმა“  )

  • თვითშეფასების ამაღლება.

(…ჩემი თავის რწმენა მიბრუნდება. ჩემს შესაძლებლობებში ჩემი ოჯახის წევრებიცა და მისის ვინც დარწმუნებულები არიან. აი, დანარჩენ მსოფლიოზე კი ამას ვერ ვიტყოდი.“

შ. დრეიპერის „გონების მიღმა“  )

  • მეტყველების გაუმჯობესება;

(მელოდი ვერ საუბრობს, თუმცა ეძებს გზებს იმისათვის, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა შეძლოს. თავდაპირველად ამას დაფის საშუალებით ახერხებს, სადაც სხვადასხვა სიტყვებსა და მოკლე წინადადებებს აწყობს და საჭიროების შემთხვევაში იყენებს, შემდეგ კი, ასისტენტის დახმარებით  „მედიორატორის“ შესახებ შეიტყობს, რომელიც პატარა კომპიუტერია, გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე სალაპარაკო დაფა. მედიორატორის საშუალებით მელოდი ახერხებს გაახმოვანოს საკუთარი აზრები, ფიქრები და გრძნობები…)

  • სასურველი ქცევის გაუმჯობესება-განმტკიცება;
  • მოტივაციის ზრდა;

აღსანიშნავია, სწორად წარმართული ინკლუზიური განათლების დადებითი ზეგავლენა სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მოსწავლის თანაკლასელებზეც.

  • მნიშვნელოვნად მაღლდება თანაკლასელების სოციალური შეგნება და პასუხისმგებლობა;
  • უვითარდებათ ემპათიის უნარი;
  • უჩნდებათ სურვილი დაეხმარონ ერთმანეთს;
  • სწავლობენ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ადამიანების მიღებას და პატივისცემას.

ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ ელის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. („აქა-იქ ხმამაღლა ოხრავენ. ალბათ ჰგონიათ, მათი სიტყვები ჩემამდე არ აღწევს: ჭირვეული. სულელი. უიღბლო.“) თავად ელის კი ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები ხან პეპლებივით დაფრინავენ, ხან კი ხოჭოებივით დარბიან… (პოსტერის შავი ასოები ხოჭოებს ჰგვანან, რომლებიც კედელზე ერთმანეთის მიყოლებით სადღაც მიდიან. მათი უმეტესობის წაკითხვას ალბათ შევძლებ, მაგრამ ბევრი დრო დამჭირდება. თანაც როცა ვნერვიულობ, ყველაფერი მავიწყდება. ჩემი გონება ცარიელდება, თითქოს დაფაზე რაღაც ეწერა და წაშალეს… მე წიგნს ვშლი, მაგრამ ასოები ხტიან და ცეკვავენ. რანაირად ახერხებენ ნეტა სხვები ამ მოძრავი ასოების კითხვას?“)

ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება რომ, ელის დისლექსია აქვს და დახმარება სჭირდება.~

„- შენ გონიერი ხარ, ელი. კითხვას აუცილებლად ისწავლი.

მთელ სხეულში სიცივე მივლის. სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავუჯერო. უბრალოდ ვეღარ გავუძლებ იმაზე ფიქრს, რომ არაფერი შეიცვლება…

  • იცი, ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა: ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია.

თვალწინ მიდგება ხის ძირას მდგარი გაბრაზებული თევზი, რომელიც ხეს გამეტებით ურტყამს ფარფლებს და წუწუნებს, რომ ზედ აძრომა არ შეუძლია…

და მე მთელი არსებით ვნატრობ, მისტერ დენიელსი არ ცდებოდეს.“

ახალი მასწავლებლის, მისტერ დენიელსის  დამსახურებით, ელი წერა-კითხვას ისწავლის, თვითშეფასება აუმაღლდება („განა წარმოუდგენელი არ არის? შეუმჩნეველი ვიყავი და დაუმარცხებელი გავხდი“), მოტივაცია გაეზრდება და თანაკლასელებისაგან, რომლებიც ადრე უმაქნისად თვლიდნენ, შექებასაც დაიმსახურებს.

„ჯესიკა ტრიალდება და თითქმის სირბილით გვიახლოვდება. მაშინვე ვხვდები, რაღაც შეიცვალა.

  • მისმინე, მე მგონია, მაგარია დისლექსია, და შენ მართლა კარგი მხატვარი ხარ… ელი, ძალიან ვწუხვარ ყველაფრის გამო, – ტრიალდება და სწრაფად გარბის. დედა მართალი იყო: სიტყვა „ვწუხვარ“ ბევრ რამეს ცვლის.“

მას შემდეგ, რაც პირველად აღმოვჩნდი 28 ერთნაირი და ერთი განსხვავებული მერხის გვერდით, დიდი დრო გავიდა. შიში გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე.

მივხვდი, რომ:

  • შიში უადგილოა, მხოლოდ ხელს გვიშლის და ურთიერთობას გვირთულებს.
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები, ზუსტად ისეთივე ბავშვები არიან, როგორც დანარჩენი „ჩვეულებრივი“ მოსწავლეები.
  • მათი ჩართვა სასწავლო პროცესის ყველა კომპონენტში ისევე აუცილებელია, როგორც სხვა მოსწავლეების. მაგალითად: თუ გადაადგილებას ვერ ახერხებს, სასკოლო სპექტაკლში უნდა შევურჩიოთ როლი, რომელიც ჯდომას მოითხოვს. თუ ქალაქგარეთ მიგვყავს ბავშვები ექსკურსიაზე, ისეთი ადგილი მოვიძიოთ, სადაც ეტლით მისვლა უპრობლემოდ შეიძლება, ტრანსპორტს კი ექნება პანდუსი. თუ მოსწავლე ვერ გამოდის დაფასთან, დამატებითი დაფა უნდა დავამაგროთ მასთან ახლოს, რომლის გამოყენებას მარტივად შეძლებს ისიც და მისი თანაკლასელებიც.
  • ხშირად დაჭიმული ხელებისა და მკლავების მიღმა ნაზი თითები უნდა დავინახოთ, გვერდზე მიბრუნებული სახე და თვალები არ ნიშნავს რომ არ გვიყურებს, ისინი ყურებითაც გვხედავენ და პირის ნაცვლად თვალებით გველაპარაკებიან.
  • არასდროს არ უნდა ვისაუბროთ მათი თანდასწრებით ისე, თითქოს ისინი იქ არ იყვნენ, ან ჩვენ ვერ გვხედავდნენ, რადგან იმაზე მეტი ესმით და გრძნობენ, ვიდრე წარმოგვიდგენია.
  • სასწავლო გეგმის შედგენისას, სასურველია, დავისახოთ ისეთი მიზნები, რომლის დაძლევასაც შეძლებს. მოსწავლის ნიშნით შეფასებისას კი გავითვალისწინოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, კლასი რა სირთულის მასალას გადის. თუ მან, ჩვენი მიცემული დავალება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან გამომდინარე (როგორი მარტივიც არ უნდა იყოს თანაკლასელის დავალებასთან შედარებით) სრულყოფილად შეასრულა, უმაღლესი შეფასება ეკუთვნის.
  • არც მათ, არც მათ მშობლებს, არ სჭირდება ჩვენგან სიბრალული. ისინი თანადგომას, მხარდაჭერასა და სიყვარულს მოელიან.
  • შეიძლება უამრავი დაბრკოლება შეგვხვდეს, შეიძლება ზოგჯერ ვიფიქროთ, რომ ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ გაბედულება სწორედ ის არის, როდესაც ცდი და ცდი და ცდი და ისევ ცდი, ვიდრე ყველაფერი არ გამოგვივა.
  • სასწავლო პროცესში შეიძლება შეგვხვდეს განსხვავებული სპეციალური საჭიროების მოსწავლეები. ყოველ ჯერზე ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. მოთმინებით, ხანგრძლივი დაკვირვებით, საჭირო ლიტერატურის გაცნობით, თვითგანვითარების მუდმივი სურვილით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.
  • როცა საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ, ყველაფერი გამოდის და შეუძლებელი აღარაფერია.

 

 

ჩემი შვილი ინტროვერტია და სხვა

0

სწავლების, დისტანციური სწავლებისა და ზოგადად ცხოვრების სირთულეები

ჩემი შვილი უკვე ოფიციალურად თინეიჯერია. 13 წლის გახდა და ახლა ფიქრობს, რომ ბევრად უფრო ზრდასრულია, ვიდრე დაბადების დღემდე. მთხოვა, დაბადების დღე ვიწრო, ოჯახურ წრეში გადაგვეხადა და არავინ დაგვეპატიჟებინა, რადგან ასე უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრძნობდა თავს. არ იღელვებდა, არ იზრუნებდა მისთვის უაზრო ათას დეტალზე – როგორიცაა ტანსაცმლისა და ვარცხნილობის შერჩევა, იმაზე, რომ დღესასწაული იდეალური გამოსულიყო (თეკლას პრეფექციონიზმისკენ აქვს მიდრეკილება) და ასე შემდეგ. თან მიზეზის პოვნა ძალიან მარტივია: კორონას მეფობის ხანა დგას. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ინტროვერტობის კიდევ უფრო გაღრმავება. მგონი თეკლა იყო იმ ადამიანთაგანია, რომელიც პანდემიამ გააბედნიერა – საკუთარ ოთახში მოეწყო, გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებოდა, უარი თქვა კამერის ჩართვაზეც და ბოლოს გაკვეთილებზეც აღარ აქტიურობდა. ჩემს კითხვებსა და პრეტენზიებზე, პასუხი ერთადერთი იყო: ინტროვერტი ვარ. ამ საკითხზე უამრავი რამ წაუკითხავს და ახლა როლიც შესანიშნავად აქვს მორგებული, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ის მართლაც მარტოობისა და სიმშვიდის მოყვარული, არააქტიური თინეიჯერია, თუმცა ამავე დროს ბობოქარი შინაგანი ბუნებით, პროტესტითა და ინდივიდუალური ხედვით.

ჩემი მასწავლებლური თვალით, დისტანციურმა სწავლებამ მასზე უარყოფითად იმოქმედა. გაკვეთილებს საერთოდ მოსწყდა და, შეიძლება ითქვას, ფორმალურად ეჯდა ხოლმე კომპიუტერის ეკრანს. პარალელურად კი საკუთარი საქმით იყო დაკავებული – ხან ხატავდა, ხან თავის კატას, სიმბას ეთამაშებოდა, ხან რომელიღაც საერთაშორისო ფორუმში, როგორიც “Discord”- ია,  პოსტავდა და გაცხარებული განიხილავდა ისეთ თემებს, როგორიცაა, მაგალითად, თინეიჯერული პრობლემები და მათ შორის უმცირესობის საკითხები. ამ პერიოდშივე რატომღაც დაინტერესდა მოზარდების მენტალური პრობლემებით და საოცარი აღმოჩენებიც კი გააკეთა. ინტერნეტში გაიცნო ადამიანები, რომლთათვისაც სიტყვებს გემო და ფორმა აქვთ, მუსიკას ხედავენ და ფერებს უსმენენ. ამ ყველაფერს შემდეგ ჩემთან განიხილავდა. გვქონდა ძალიან, ძალიან საინტერესო საუბრები, აი, ისეთები ამ ასაკის მოსწავლეებთან გემრიელ გაკვეთილს რომ ჩაგატარებინებს. ყველაზე ხშირად იმაზე ვსაუბრობდით, როგორი მიუღებელია რაიმე ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია.

რა თქმა უნდა, მისგან აქტიურობა არ მომითხოვია, მივეცი თავისუფალი არჩევნის საშუალება და შევთანხმდით, რომ შედეგებზეც თავად აიღებდა პასუხისმგებლობას. მე კი ყველანაირად დავეხმარებოდი, თუ რაიმეს ვერ გაიგებდა ან ახსნა დასჭირდებოდა. გამოტყდა, რომ უჭირს მასწავლებლის მოსმენა ეკრანიდან, რომ ასეთ დროს გონება ეფანტება, რომ რცხვენია ხმის ამოღება და არ მოსწონს, როგორ გამოიყურება, ამიტომ არ სურს კამერის ჩართვა.

რადგან ჯერჯერობით ბატონი კორონა არსად არ წაბრძანებულა და არსებობს დისტანციური სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, მასწავლებლებს გთხოვდით, გირჩევდით – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ ინტროვერტი მოსწავლეების მიმართ, ხშირ შემთხვევაში ასეთი მოსწავლეებს ზარმაცებად და ფუქსავატებად მიიჩნევთ, მათ პასიურობას სიზარმაცეს მიაწერთ, თუმცა ეს მითია. ზარმაცი მოსწავლე არ არსებობს. სიზარმაცეს ყოველთვის აქვს მიზეზი, რომლის გამოც თქვენი მოსწავლე გაკვეთილზე არ აქტიურობს და როგორც იტყვით ხოლმე „სადღაც დაფრინავს“, „გონებაგაფანტულია“, „არაფერი აინტერესებს“ და სხვა მარგალიტები, რომლებითაც უამრავი მოსწავლე შეუმკიათ და ამკობენ. რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს, ხშირად მოსწავლეები ვერ ინტერესდებიან გაკვეთილით, არ მოსწონთ ახსნის სტილი, როცა ის მონოტონური და ლექციურია; არ ერთვებიან მასში, იმიტომ რომ რცხვენიათ;  არ აქვთ საკუთარი თავის რწმენა; ვერ ინტერესდებიან საგნით, ვერაფერი გაუგეს მას და ახლა მათთვის სულ ერთია და ასე შემდეგ, მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აღარაფერს ვამბობ მენტორულ და გამკიცხავ ტონზე და შეურაცხმყოფელ ეპითეტებზე, მგონია, რომ ეს წარსულში მოვიტოვეთ. უმეტესობამ მაინც.

ჰო,  მშობლებსაც მინდა ერთი მითი დავუმსხვრიო: არა, თქვენს შვილს მკაცრი მასწავლებელი კარგად ვერ ასწავლის, სწავლას სიმკაცრე, გაგიკვირდებათ და საერთოდ არ სჭირდება, სწავლას – სწავლების ცოდნა სჭირდება, სტრატეგიებისა და მეთოდების, ასევე მონდომება და პატივისცემა თქვენი შვილებისა. შესაძლებელია მასწავლებელს ყველა ბავშვი, ყველა მოსწავლე ერთნაირად  არ უყვარდეს, მაგრამ ყველა მოსწავლის პიროვნებას პატივს უნდა სცემდეს ეს უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი რამაა სწავლა-სწავლებაში.

მაშ ასე, თქვენი შვილებისთვის გჭირდებათ მასწავლებელი, რომელიც პატივს სცემს მათ აზრს, ღირებულებებს, გადაწყვეტილებებს, რწმენას, ერკვევა თანამედროვე განათლების სტრატეგიებში, და არა მასწავლებელი, რომლის წარბის აწევაც კი საკმარისია, რომ კლასი „ისუსება“ და საზეპიროდ ფიზიკის უამრავ წესს აძლევს. კიდევ ერთი აღმოჩენა: ფიზიკა წესების დაზეპირებით არ ისწავლება, ფიზიკა პირველ რიგში ექსპერიმენტები და გამოცდილებაა, აღმოჩენებია,  ისევე როგორც მათემატიკა, ბუნება, გეოგრაფია, ქართული და სხვა.

თუ საკუთარ თავს მაინც გამოვუტყდებით, შესაძლოა ჩვენც, მასწავლებლებსაც დაგვიშვია შეცდომები, უშეცდომო რობოტებიც კი არ არიან, ხოლო სწავლება შეცდომების აღიარებისა და ამაზე ფიქრის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება.

რადგან ისეთი პროფესია ავირჩიეთ, რომელიც ჩვენგან ყოველთვის ბეწვის ხიდზე სიარულს მოითხოვს, მაშინ უნდა ვეცადოთ, ეს ხიდი არ ჩაგვიტყდეს და თუ ჩაგვიტყდება, გამრთელება შევძლოთ. სიმკაცრით, შენიშვნებით, ჩხუბით  – ზოგს ჰგონია, რომ მარტივია კლასის მართვა. არადა, ამ დროს სწორედ ის ძაფი წყდება, რომლითაც მოსწავლე მასწავლებელთანაა მიბმული, გინდა ნდობა ვუწოდოთ, გინდა ურთიერთპატივისცემა ან სხვა რაიმე ამოუცნობი. ამ დროს კლასი უმართავი ხდება, „მკაცრ“ მასწავლებელს ნელ-ნელა უწევს ხმის, ტონის აწევა, მისი სიტყვები, მიმართვები უფრო და უფრო ხისტი ხდება, შედეგად კი კლასი ან უმართავია, ან შეშინებული. ვერცერთ შემთხევაში ვერ მიიღწევა მიზანი, სწავლება ამ ფორმატში გამორიცხულია. ეს პროცესი ტანჯვა-წამებაა როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. საათზე ორივე ერთნაირად იყურება და დრო ორივე მათგანისთვის საშინლად იწელება. რატომ ვიტანჯებით და ვტანჯავთ ბავშვებს, ისევ და ისევ მოძველებული შეხედულების ან მშობლებისგან აკიდებული მოთხოვნების გამო – იყავი მკაცრი, მართე კლასი. ასე გამორიცხულია.

ეს ხიდების ჩატეხვის და მორალურ-ფსიქოლოგიური მტვრევა-ლეწვის ამბები რომ არ გვქონდეს, იქ სადაც, წესით, სრული ჰარმონია უნდა სუფევდეს, გამოსავალი ერთია – ვიყოთ გაწონასწორებული, მშვიდი,  ვიკითხოთ ბევრი სწავლების სტრატეგიებზე და ვეცადოთ პრაქტიკაში გამოყენების; ნუ მოგვერიდება რჩევების მიღება კოლეგებისგან, თუმცა ერთი რამ მაინც აუცილებელია, ამ ყველაფრის განმსაზღვრელია და ჩვენი მასწავლებლებად ყოფნის არსია: საკუთარი თავის რწმენა ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, თავისუფალი უნდა ვიყოთ ყველანაირი გავლენებისა და დირექტივებისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, თუ ისინი ჩვენს პრინციპებსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. უნდა ვენდოთ ჩვენს ინტუიციას, ჯერ ჩვენ შევიყვაროთ საკუთარი თავები და მერე მოსწავლეებზე ვიზრუნოთ. მასწავლებელი, რომელიც ვერ ენდობა თავს, შეშინებულია, არ არის დარწმუნებული საკუთარი მიდგომების სისწორეში, ის მოსწავლეებს ვერ ასწავლის ყველაზე მნიშვნელოვანს – რომ იყვნენ თავისუფალი – განათლება ხომ თავისუფლებაა.

დავუბრუნდეთ ინტროვერტებს, ეს საოცარი და ძალიან საინტერესო არსებები შექებაზე, წახალისებაზე, პირდაპირ რომ ვთქვა, გიჟდებიან. მათი მოტივაცია მაშინვე იზრდება, მზად არიან მწვერვალების დასაპყრობად. სულ რაღაც რამდენიმე სიტყვამ, წახალისებამ, გამხნევებამ შეიძლება თქვენი ინტროვერტი მოსწავლე სულ სხვანაირად წარნოაჩინოს, შესაძლებელია მასში ისეთი რამეები აღმოაჩინოთ, რომ გაოცდეთ. ყოველ შემთხვევაში თეკლა ასეთია – თუ რომელიმე მასწავლებელი თბილად მიმართავს, წაახალისებს, თუ აღნიშნავენ მის ძლიერ მხარეს – მაშინვე გაგიჟებით უყვარდება მასწავლებელიც და საგანიც. ამ ასაკში ხომ მოზარდებს ზღვრის დაცვა ძალიან უჭირთ – ან უყვართ, ან ეზიზღებათ. მათთვის შუალედი არ არსებობს.

დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ინტროვერტი მოსწავლის ნამუშევარზე რამდენიმე სიტყვა თქვათ, ახსენოთ – ამით მას აგრძნობინებთ, რომ გახსოვთ და ზრუნავთ მასზე. ხშირად მიმართეთ სახელით. იფიქროს, რომ გაინტერესებთ და გჭირდებათ მისი ჩართულობა. გაკვეთილის შემდეგ პირადშიც გაესაუბრეთ, მოიკითხეთ, ჰკითხეთ რამე ხომ არ სჭირდება. თეკლას ძალიან გაუხარდებოდა, თუ მასწავლებელი მის საყვარელ კატაზე რაიმეს ეტყვოდა, თუნდაც „რა საყვარელიას“, ან ჰკითხავდა „რა ჯიშია?“  და სხვა. აი, ასეთი მარტივი რამეები აბედნიერებთ ინტროვენტებს. შეიძლება იფიქროთ, რომ ამისთვის დრო არ გრჩებათ, მაგრამ რას იზამთ, საჭიროა. მასწავლებლობა რომ რთულია, ამას ალბათ უკვე მიხვდით.

ყველაზე მთავარი გამომრჩა, არაფრით, არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ კამერის ჩართვა, ამით მას უზარმაზარ სტრესს მიაყენებთ.

დაბოლოს, რადგან წერილში რამდენიმე მითი დავამსხვირიე, კიდევ ერთ მითს მივამსხვრევ და ბარემ გავასამებ.

ჩვენთან ისეა მიღებული, რომ როგორც კი მოზარდი სკოლას დაამთავრებს, მაშინვე უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში. წლის დაკარგვა უზარმაზარ ტრაგედიად აღიქმება. ამიტომ მშობლები წელზე ფეხს იდგამენ, იხდიან უზარმაზარ თანხებს რეპეტიტორებთან, აიძულებენ ბავშვებს, ღამეების გათენებას. უმრავლესობა ბავშვებს არც ეკითხება – სად უნდა?, რა უნდა? ოღონდ სადმე მოხვდნენ, აბა წელს ხომ არ დაკარგავენ? ირჩევენ  ოც ერთმანეთისგან აცდენილ სპეციალობას. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, თუმცა გამონაკლისები. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ამინდს ვერ ქმნიან.

ამ კარანტინის დროს, ერთ-ერთი გულახდილი საუბრისას, თეკლამ გამომიცხადა რომ სკოლის დამთავრებისთანავე არ აპირებს ჩაბარებას, რომ უნდა დაისვენოს, „ცხოვრება ნახოს“, რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაუროს, ცოტა იმუშაოს და იქნებ ფულიც დააგროვოს. ამასობაში კი გადაწყვიტოს, სად უნდა და რა უნდა, თუმცა ოცნებობს „დინსეის“ ან „პიქსარის“ ანიმატორობაზე. მთხოვა, ანიმაციის სკოლებიც დაგვეთვალიერებინა ევროპაში, ამერიკასა და კანადაში. ჩავხედეთ პროგრამებსაც, ოღონდ ეს მერეო, როცა ამოვისუნთქებ და თავისუფლებით დავტკბებიო.

ჰოდა, იქნებ შეგვეწყვიტა ეს თავგადაკლული რბოლა წლის დაკარგვის შიშით, იქნებ ამით მით უფრო ბევრს ვაკარგვინებთ ჩვენს შვილებს, ვიდრე ერთი წელია? იქნებ შევწყვიტოთ შიშებში ცხოვრება და საბჭოთა სტანდარტებით ხედვა. იქნებ მოვუსმინოთ შვილებსაც და ვკითხოთ: რა უნდათ? ეს ამბავი მკაცრი მასწავლებელივითაა, რომ ჰგონიათ, კარგს უკეთებენ, სინამდვილეში კი ძალიან, ძალიან აშავებენ.

მოკლედ წერილი ვრცელი და ცოტა არ იყოს ქაოსური გამოვიდა, ისეთივე, როგორიც ცხოვრებაა, ვეცადე მასში ბოლოდროინდელი ნაფიქრალი გადმომეცა. მადლობა თეკლას, რომ არსებობს და მისი არსებობა რომ ბევრ რამეზე მაფიქრებს. რომ გაიგოს მასზე დავწერე, ძალიან გაბრაზდება და მეტყვის – კაი რაა დეე, არ დამთაგო მაინც.

 

მიწა

0

სიტყვა მიწაზე რა გახსენდებათ? – მიწა ვართ და მიწად ვიქცევითო… დედა-მიწაო, ანუ  დედაა და გულშიც ჩაგვიკრავსო. თუმცა, მანამდე  გვარჩენს და საზრდოსაც მოგვაწვდისო.

„ერთ ჩემს ნაცნობ მედოქესთან ვიყავ გუშინ დილას,

ჯერეთ მიწა მოთხარა და მერე ფეხით ზილა.

მას ფეხებქვეშ აუყვირდა მიწა –

ჰეი, ძმაო, მეც შენსავით კაცი ვიყავ ერთ დროს,

ცოტა ფრთხილად!…“ (ომარ ხაიამი).

 

დღეს მიწაზე ვისაუბრო? ან იქნებ  მიწების აღმოჩენაზე  დავწერო… მოგზაურებზე კი არა,  ლანთანოიდების მიწებზე, ანუ მათ ოქსიდებზე.

სანამ ისტორიას ჩავუღრმავდებით, ვთქვათ, რომ ისინი პერიოდული სისტემის მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ელემენტებია. ყველა მიეკუთვნება იშვიათ მიწა ელემენტების ოჯახს. ლანთანოიდები სრულ მსგავსებას ამჟღავნებენ ლანთანთან. მათი ატომური და იონური რადიუსები ახლოა ერთმანეთთან. ლანთანისა და ლანთანოიდების ელემენტთა ატომების ელექტრონულ სტრუქტურებში განსხვავება მხოლოდ გარედან მესამე შრეში მჟღავნდება, რომელიც უმნიშვნელო გავლენას ახდენს ამ ელემენტთა ქიმიურ თვისებებზე. ამიტომ, ლანთანისა და მისი მსგავსი ლანთანოიდების ბუნებრივი ნაერთებიდან დაცალკევება, თავისუფალი სახით გამოყოფის მიზნით, რთულია. ნაერთებში ლანთანისა და ლანთანოიდების დამახასიათებელი ჟანგვის ხარისხია: +3 (იშვიათად, +2 და +4), საკოორდინაციო რიცხვია 9-14 ფარგლებში.

ლანთანოიდები ორ ჯგუფად დავყოთ: იტრიუმისა და ცერიუმის ჯგუფებად. ცერიუმის ჯგუფში შედიან ელემენტები ცერიუმიდან ევროპიუმამდე.  იტრიუმის ჯგუფში კი  თავად იტრიუმი ბრძანდება, ასევე  გადოლინიუმი ლუტეციუმამდე.  მიაქციეთ ყურადღება, რომ  იტრიუმი ლანთანოიდების ოჯახში არ შედის. ის თავად პერიოდულ სისტემაშია და არა ცალკე გამოტანილ მწკრივში. ლანთანიც ლანთანოიდი არ არის. ისიც თავად პერიოდულ სისტემაშია მოთავსებული. ლანთანოიდებს უწოდებენ 14 ელემენტს, რომლებიც ლანთანის შემდეგ მდებარეობენ. ლანთანოიდების ოჯახში ელემენტების თვისებები ერთმანეთის მსგავსია, ასევე სვეტში სკანდიუმი, იტრიუმი, ლანთანი, აქტინიუმი, თვისებები ერთმანეთს  ემსგავსება.

1787 წლის 17 სექტემბერს ამერიკის კონსტიტუციაზე მუშაობა დასრულდა. საფრანგეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ამავე წლის 28 ნოემბერს ვერსალში საფრანგეთსა და ვიეტნამს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. 24 აგვისტოს რუსეთ-თურქეთის ომი გაჩაღდა.

სწორედ ამ დროს კი სტოქჰოლმის ახლოს  მწვანეში ჩაფლულ სოფელ იტერბიუში სვანტე არენიუსმა შავი ქვა იპოვა. ქვას იტერბიტი უწოდა.

1794 წელს ფინელმა ქიმიკოსმა იოჰან გადოლინმა იტერბიტისგან, ე.წ. იტრიუმის მიწა მიიღო. ის ფიქრობდა, რომ ეს უცნობი ელემენტის ოქსიდი იყო. თუმცა, მარტინ ჰენრიხ კლაპროტმა მოგვიანებით იტერბიტს გადოლინიტი უწოდა. მისი შემადგენლობა შემდეგი გახლდათ: FeO•2SiO2•2BeO•(Y,Ce,La,Di)2O3.

იმ დროს სხვადასხვა ელემენტის ოქსიდებს მიწებს უწოდებდნენ.

1797 წელს შვედმა აქსელ ეკებერმა იტრიუმის მიწიდან ელემენტი გამოყო, რომელსაც იტრიუმი უწოდა. ამის შემდეგ, 1843 წლამდე, დიდი შესვენება დაიწყო. იტრიუმსაც პრაქტიკული გამოყენება არ ჰქონდა და მისი წარმოებაც ძვირი ჯდებოდა. შემდეგ კი კარლ მასანდერმა აღმოაჩინა, რომ იტრიუმის მიწა რამდენიმე ელემენტის ოქსიდის ნარევია. მან გამოყო იტრიუმის, ერბიუმის და ტერბიუმის ოქსიდები. იტრიუმმა, ერბიუმმა და ტერბიუმმა სახელწოდება სოფელ იტერბიუს პატივსაცემად მიიღეს.

1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დასრულდა და აჭარა საქართველოს შემოუერთდა. ჟან შარლ მარინიაკს კი ამ დროს სხვა საზრუნავი ჰქონდა – მინერალ გადოლინიტისგან იტერბიუმის მიწის გამოყოფით იყო დაკავებული. გამოდის, რომ კიდევ ერთი ელემენტი იყო მსგავსი სახელით. მოგვიანებით ეს მიწა  ორად გაჰყვეს, იტერბიუმი და სკანდიუმი. ამავე წელს გამოყვეს ლუტეციუმის მიწაც.

1879 წელს ჟაკ ლუი სორემ სპექტრომეტრიის დახმარებით აღმოაჩინა, რომ  ერბიუმის მიწაში კიდევ რაღაც შეიძლებოდა ყოფილიყო. კვლევა შვედმა ქიმიკოსმა კლევემ გააგრძელა და ერბიუმის მიწიდან ჰოლმიუმი გამოყო. ელემენტს ეს სახელი სტოკჰოლმის პატივსაცემად უბოძეს. სტოკჰოლმს ძველ დროში ლათინურად ჰოლმია ერქვა. ერბიუმის მიწიდან თულიუმის ფრაქციაც გამოიყო.  ეს სახელი სკანდინავიის ძველი სახელის თულიას გამო მიეცა. ლეკოკ დე ბუაბოდრანმა ჰოლმიუმის მიწის ანალიზისას დისპროზიუმი აღმოაჩინა.

1803 წელს კლაპროტმა გერმანიაში და ბერცელიუსმა შვეიცარიაში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცერიუმის მიწა გამოყვეს. ეს  ცერიუმის ოქსიდი იყო. შვედეთის ერთ პატარა ქალაქში მძიმე მინერალი ცერიტი აღმოაჩინეს (Ce, Nd, Pr, La)2(SiO4)3. თავდაპირველად ამ მინერალში ვოლფრამს ეძებდნენ. ბევრი კვლევის შემდეგ, შეელემ და ლუერმა დაადგინეს, რომ მინერალში ვოლფრამი არ იყო. ცერიუმი მცირე პლანეტა ცერერას პატივსაცემად უწოდეს. თავად  პლანეტა 1801 წელს იქნა აღმოჩენილი.

ბერცელიუსის თანამშრომელმა კარლ გუსტავ მოსანდერმა 1826 წელს ცერიუმის მიწაში ახალი ელემენტის მიწა აღმოაჩინა და მას ლანთანი უწოდა. სახელი ლათინურად დამალვას ნიშნავდა. ანუ, გამოდის, ლანთანი ცერიუმის უკან იმალებოდა. მოსანდერმა სამი წლის შემდეგ ლანთანის მიწიდან ახალი ელემენტის მიწა დიდიმი გამოყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დიდიმში (ეს სახელწოდება შემდეგ აღარ გამოიყენებოდა) რამდენიმე ელემენტი იყო თავმოყრილი.

1879 წელს ლეკოკ დებუაბოდრანმა სპექტროსკოპიის მეშვეობით ახალი ელემენტი აღმოაჩინა, რომელსაც სამარიუმი ეწოდა. ის მინერალ სამორსკიტიდან მიიღეს. 1885 წელს დიდიმი კიდევ ორ მიწად გაჰყვეს, პროზეოდიმი (ლათინურიდან ითარგმნება ღია მწვანე) და ნეოდიუმი (ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც ახალი). სამარიუმის მიწიდან კიდევ ახალი გადოლინიუმის მიწა იღებს სათავეს. სახელი იუჰან გადოლინის პატივსაცემად დაერქვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ელემენტს სახელი მეცნიერის პატივსაცემად ეწოდა. 64 წლის შემდეგ ასევე გამოჩნდა ელემენტი კიურიუმი, შემდეგ ეინშტეინიუმი და ა.შ. ანუ, მეცნიერების სახელის მატარებელი ელემენტები.

ლანთანოიდებიდან კი, სულ ბოლოს, 1901 წელს,  ევროპიუმი აღმოაჩინეს. მანამდე, კრუკსმა, ჯერ კიდევ 1864 წელს სამორსკიტის მინერალის სპექტრი შეისწავლა და გამოყო ახალი სპექტრული ზოლი, რაც  ახალი ქიმიური ელემენტის აღმოჩენაზე მიანიშნებდა.

პრომეთიუმზე არაფერი მითქვამს, ის ბუნებაში პრაქტიკულად არ არის, მისი ყველა იზოტოპი რადიოაქტიუარია. ამიტომ, მეცნიერები მას ვერ პოულობდნენ. 1947 წელს ხელოვნური გზით მიიღეს და პრომეთეუსის სახელი უწოდეს.

სხვა ლანთანოიდები მინერალ მონაციტის ქვიშებში, სილიკატებსა და ალუმინოსილიკატებშია გაბნეული. ეს უკანასკნელნი ზემოთ არაერთხელ ვახსენეთ.

ზოგადად, დედამიწის ქერქში ლანთანი 6,5-ჯერ მეტია, ვიდრე იოდი და 1000-ჯერ მეტი, ვიდრე ოქრო.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რამე გამოყენება თუ აქვთ ლანთანოიდებს?

ლითონური ლანთანი, მისი შენადნობები და ქიმიური ნაერთები ტექნიკის სხვადასხვა დარგში გამოიყენება. მექანიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ლანთანს უმატებენ თუჯს, ფოლადს და ფერადი ლითონების შენადნობებს. ლანთანის მარილები მინის მრეწველობაში გამოიყენება. ლანთანის ოქსიდი (მიწა), ჰიდროქსიდი და ჰალოგენიდები გამოიყენება, როგორც კატალიზატორები. ლანთანოიდების მცირე რაოდენობით დამატება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უჟანგავი, სწრაფმჭრელი, თერმომდგრადი ფოლადისა და თუჯის ხარისხს.

სანთებელის დასამზადებლად რკინასა და ლანთანთან ერთად ცერიუმის შენადნობი გამოიყენება. ცერიუმის შემცველი მინა რადიაქტიური სხივების მოქმედებით არ მკრთალდება და ატომურ ტექნიკაში გამოიყენება. ლანთანოიდები ოპტიკური მინების შემადგენლობაში შედის. ლანთანოიდების მიწები გამოიყენება ფაიფურის, ჭიქურისა და მინანქრის შესაფერადებლად.

ლანთანოიდების ნაერთები გამოიყენება ინსექტიციდებად და მიკროსასუქებად სოფლის მეურნეობაში.

გადოლინიუმი, სამარიუმი და ევროპიუმი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში, როგორც თბური ნეიტრონების შთანმთქმელები.

მარტივი ნივთიერებების სახით ვერცხლისებრ თეთრი, ძნელდნობადი, ჭედადი, წევადი, დაბალი სიმაგრის ტიპური ლითონებია. მათი სიმაგრე ატომური ნომრის მატებასთან ერთად იზრდება. ამავე მიმართულებით იზრდება მათი სიმკვრივეც. გამონაკლისია, სამარიუმი, ევროპიუმი და იტერბიუმი. ეს მათი ატომური მოცულობების დიდი მნიშვნელობებით არის განპირობებული. ლანთანოიდების უმეტესობა ხასიათდება პარამაგნიტური თვისებებით და აქტიური აღმდგენია.

 

სიტყვა აქტიურზე გამახსენდა – როგორი უნდა იყოს სიცოცხლე? აი, ხომ არის მავანი ზის და მთელი ცხოვრება თვლემს, სხვა კი ხმაურობს, მოძრაობს და არასოდეს ჩერდება. ასეთები ზოგი ქიმიური, ზოგიც რეალური მიწების აღმოჩენით არიან დაკავებული.  მავანს სიცოცხლე უხარია, ის სხვა კი ზანტად იზმორება და ვერ გაუგია, საერთოდ რისთვის მოვიდა ამქვეყნად. ასეთები სიცოცხლეს სასწაულად არ მიიჩნევენ და ეს ასეც უნდა იყოსო, ამბობენ.

არადა, ის, რომ სუნთქავ, დადიხარ, აზროვნებ უკვე საოცრებაა და…

„… რადგან სიცოცხლე მოწყალებას არ არს ჩვეული,

მოილხინე და დაივიწყე ხვედრი წყეული;

ჭკუით იცხოვრე, რადგან შენი ტურფა სხეული

მხოლოდ მიწაა და მტვერია წყალს შერეული“. (ომარ ხაიამი).

პანდემიის გაკვეთილებიდან

0

ტექნოლოგიის განვითარების ტემპი იმაზე სწრაფია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ოცდამეერთე საუკუნეში ასი წლის შესაბამისი პროგრესის ნაცვლად ოცი ათასი წლის შესაბამის პროგრესს ვიხილავთ“.

 

სტატიაზე მუშაობის დროს გავეცანი რეი კრუზველის საინტერესო წერილს ადამიანისა და მანქანის შერწყმაზე. შესაძლოა, მის ყველა იდეას არ ვიზიარებდეთ, მაგრამ ზემოთ მოყვანილ ციტატას ალბათ მიაქცევთ ყურადღებას. ტექნოლოგიების პროგრესი შეუქცევადია და ისინი დღითი დღე უფრო და უფრო მტკიცედ იკიდებენ ფეხს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს მომავალი ციფრულია.

კარჩაკეტილობის პერიოდმა ფიქრის, განსჯისა და დასკვნების გამოტანისკენ გვიბიძგა. მან დღის სინათლეზე გამოიტანა ჩვენი განათლების სისტემის შესაძლებლობები. მასწავლებელთა არმია ექიმებთან ერთად საზოგადოების სამსახურში წინა ფლანგზე დადგა. ამ სტატიით მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ დანახული პრობლემები, რომლებიც სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებას უკავშირდება.

საინფორმაციო ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება. რამდენად ვუწყობთ ფეხს ამ ცვლილებებს? არიან მზად ჩვენი მოსწავლეები, კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ თანატოლებს? ჩვენ ხომ კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა გვჭირდება. დღეს საქართველოში ბევრი კომპანია ჩივის, რომ ადგილობრივ შრომის ბაზარზე ვერ პოულობენ კომპიუტერული ტექნოლოგიების სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს და ამიტომ საზღვარგარეთიდან უწევთ მათი მოწვევა.

დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეები დავალებებს უმთავრესად ვორდში ასრულებდნენ, ამზადებდნენ პრეზენტაციებს; მათი უმეტესობა წერდა ფურცელზე, უღებდა ფოტოს და პირადი შეტყობინების სახით აგზავნიდა სასაუბროში. ყველამ ვიცით, რომ XXI საუკუნის მოსწავლე მრავალი ციფრული უნარით უნდა იყოს აღჭურვილი. დღეს ტექსტებისა თუ დავალებების გაციფრულების/ პოსტერების, საინფორმაციო ბროშურების, ანიმაციებისა და ვიდეოების სახით პროექტების შესრულების უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ვიცით, თუმცა კონკრეტული და დეტალური ინსტრუქციები შესაძლოა უცბად ვერ მოვიძიოთ და ეს ბუნებრივიცაა.

მოდი, ერთად დავსვათ გულწრფელი კითხვები: რატომ იქცა საინფორმაციო ტექნოლოგიები დისტანციურ სწავლებაში ჩართული მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ გარემოებად?

დაწყებითი საფეხურის V-VI კლასებში ისწავლება საგანი „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“. აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა საკმარისი რამდენიმე მიზეზის გამო: მოსწავლეების უმეტესობას აღარ აქვს პრაქტიკა სწავლების ზედა საფეხურებზე, მხოლოდ ორი აკადემიური წლის განმავლობაში შესწავლილი საკითხები თუ შეძენილი უნარები კი არ არის მდგრადი. ჩვენი ზოგადი განათლების სისტემა არ არის ორიენტირებული ციფრული კომპეტენციებით აღჭურვილი მოსწავლის აღზრდაზე. საბაზო და საშუალო საფეხურებზე უკვე ცალკეული საგნის მასწავლებლის მოხალისეობრივ მონდომებასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული, რამდენად ჩაერთვებიან მოსწავლეები თუნდაც მედიაწიგნიერების საკითხებზე მუშაობის პროცესში.

რა მოხდება, თუ პირველიდან XII კლასამდე ცალკე საგნად ვასწავლით საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ციფრულ წიგნიერებას და ეს ცვლილება საგაკვეთილო ბადეში აისახება?

შედეგი მალევე დადგება და:

* მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, თავდაპირველად მარტივი პროგრამები ისწავლონ;

* შემდგომ საფეხურებზე გაივლიან ვიდეოგადაღების, მონტაჟის, ანიმაციის აწყობის, პოსტერების/ბუკლეტების დამზადების, ფოტოების გადაღებისა და დამუშავების, ბლოგების შექმნისა და მართვის კურსებს;

* საშუალო საფეხურზე ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ვებდიზაინი, აპლიკაციების აწყობა და რობოტექნიკის შექმნა. მნიშვნელოვანია, „ბავშვები გავზარდოთ არა ტექნოლოგიების მომხმარებლებად, არამედ შემქმნელებად“!

თავი უკეთესად ვიგრძენი, როცა შინ ყოფნის დროს შევძელი სხვადასხვა ონლაინკურსის გასავლელად დროის გამონახვა. ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა KQED-ის მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი პროგრამები. დავრეგისტრირდი ისეთ ონლაინპროგრამებზე, როგორებიცაა:

* ვიდეოს შექმნა საკლასო ოთახში;

* მედიის ანალიზი და შეფასება საკლასო ოთახში;

* ინფორმაციის მოძიება და შეფასება;

* უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა მონაწილეობით კულტურებში;

* დეზინფორმაცია და პროპაგანდა.

დროის სიმცირის გამო რამდენიმე საინტერესო კურსის გავლა ვერ მოვასწარი. მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თვითმართვადი კურსების მეშვეობით სწავლობდნენ მედიაწიგნიერებისა და საინფორმაციო წიგნიერების საკითხებს. ფორუმზე თვალს ვადევნებდი მათ დისკუსიას, სადაც დისტანციური სწავლების პროცესში წარმოშობილ სირთულეებზე მსჯელობდნენ. ჩვენი და მათი პრობლემები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან…

უკვე არსებობს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების სწავლების მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება. თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა წარმატებული კურსის ქართულ რეალობასთან ადაპტირება.

ამ იდეის სრულყოფილი რეალიზება დღეს საქართველოში მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ საჯარო სკოლებს შეუძლიათ. აუცილებელია კომპიუტერული ლაბორატორიების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რაც, სავარაუდოდ, დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

დაწყებით საფეხურზე შესაძლებელია პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში მიღებული ლეპტოპების/ნოუთბუქების გონივრული გამოყენება. სამწუხაროდ, ისინი მალე ფუჭდება. სახელმწიფომ უნდა შეძლოს და პირველკლასელებს ისეთი კომპიუტერები გადასცეს, რომლებიც რამდენიმე წელი გამოადგებათ, არა ისეთი, როგორიც ახლაა…

რა გავაკეთოთ მაღალ კლასებში? ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება მობილური ტელეფონები იყოს.

მობილური ტელეფონის საშუალებით შესაძლებელი იქნება ამ საკითხებზე მუშაობა, თუმცა არა მგონია, ადვილი იყოს, ყველა მოსწავლე სრულფასოვნად ჩავრთოთ სწავლის პროცესში და მობილური კლასში გასართობ ნივთად არ გვექცეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზო საფეხურის ესგ (2018-2024) ითვალისწინებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტს VII-VIII კლასებისთვის (2020-2021 წელს უკვე ემატება VII კლასში). ასევე ახალი სკოლის მოდელით გათვალისწინებულია სხვადასხვა აქტივობები ამ მიმართულებით.

ჩვენ არ ვართ ნავთობით მდიდარი ქვეყანა, არ გაგვაჩნია რაიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი. მხოლოდ ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულებით საიმედო მომავალს ვერ შევქმნით.

რით შეიძლება წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე 10, 15, 20, 50 წლის შემდეგ?

საინფორმაციო ტექნოლოგიები – ეს ის მიმართულებაა, რომელსაც ჭკვიანური დაგეგმვის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია, პატარა ქვეყანასაც მოუტანოს დიდი წარმატება. მაგალითი? ესტონეთი!

საზოგადო და საკუთარი

0

რამდენიმე წლის წინ პარიზში, სენის სანაპიროზე ნაჭრის ჩანთა ვიყიდე, წარწერით –  „სენის ბუკინისტები“ და თეთრთმიან, ასაკოვან ბუკინისტს, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, „ტიპს, ტიპურ გარემოში“, ვთხოვე, ჩემთან ერთად ფოტო გადაეღო. სიამოვნებით დამთანხმდა, რომელიღაც ძველი ფრანგული გამოცემა აიღო, ხელი გადამხვია და საკმარისადაც გაიღიმა. ის ფოტო ახლაც მაქვს. ვდგავარ თვითკმაყოფილი გამომეტყველებით და სახეზე მაწერია, რომ ყველაფერი კარგადაა, მას – რომ ამაში არაფერია ნამდვილი. შემწყნარებლური მზერით მაგრძნობინებს, რომ საკუთარი ილუზიების ტყვე ვარ, მორიგი ტურისტი რუკით ხელში, რომელიც სადაცაა ქუჩას გადაჭრის და კუთხის წითელ ბულანჟერიაში დალევს ჭიქა ყავას კროასანთან ერთად, რადგან ყველგან წერია, რომ პარიზში ასე უნდა მოიქცე. მეც საკუთარ თავს იმედს არ ვუცრუებ და ვიქცევი ისე, როგორც ათასობით ადამიანი ჩემამადე და ჩემ შემდეგ – ყავა გემრიელია, კროასანი ახალი, პარიზი – ქარიზმატული. თავადაც ვერ ვხდები, რომ ეს უკვე სხვების გათელილი გზაა, მე კი ჩემი უნდა ვიპოვო და ჩავუსაფრდე მომენტებს, როცა ნამდვილი ვარ, მაგალითად, როცა ქუჩებში ხეტიალისას მოულოდნელად წავაწყდები წარწერას – „სენტ ჟენევიევ“ – და გონებაში ამოტივტივდება ბავშვობაში დიდი ფრანგი მწერლის წიგნში ამოკითხული და აკვიატებული, ნევ-სენტ-ჟენევიევის ქუჩა. შევყვირებ კიდეც და რამდენიმე გამვლელს ჩემკენ მოვახედებ. არ შემიძლია მათ ჩემი სიხარული გავუზიარო. არადა, თითქოს, ძველ მეგობარს შევხვდი და ხელი მოვხვიე.

ცხოვრებაშიც ასე ხდება – ვიცით, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაღაცის თქმა აუცილებელია და ნაცნობ გზას მივყვებით მაშინ, როცა შეიძლება, მართლა მნიშვნელოვანი და ინდივიდუალური დაგვავიწყდეს ან გამოგვეპაროს.

– ქაოსია კლასში! – შემოვძახებ ენერგიულად.  (ყველა ხვდება, რომ გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წამიღა დარჩა, კლასში აქეთ-იქით და წრეზე სირბილი უნდა შეწყდეს და იმის მიუხედავად, გრძელი ფეხები აქვს თუ მოკლე, მერხთან შეიყუჟოს).

– მხოლოდ მე მიყურებთ! (ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ნებისმიერი დიალოგი და დისკუსია დასრულდა და ახალი მასალის ახსნას ვიწყებ, რაც მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს).

– ყველამ საკუთარი თავი გააჩუმოს! (ადეკვატური რეაქცია გვქონდეს შენიშვნაზე და სხვაზე არ მივუთითოთ, სიტყვებით: მე რატომ, მას? ისიც ლაპარაკობდა!).

– გელოდებით! (ვგულისხმობ, რომ სანამ ჭამა, ხითხითი, ფხუკუნი და რომელიმე საჭირბოროტო ცხოვრებისეული საკითხის განხილვა არ დასრულდება, გაკვეთილს ვერ დავიწყებ, თუნდაც ზარი დაირეკოს).

ვინ იცის, თავადაც რამდენჯერ გამიგონია ეს სიტყვები! ალბათ, ამიტომ მეჩვენება, რომ არაუშავს, თუკი თავადაც გავიმეორებ, ორჯერ, ათჯერ, ოცჯერაც ვიტყვი, გავცვეთ თუ გავამრავალფეროვნებ, ისევ ავურევ ერთმანეთში „საზოგადოსა“ და „საკუთარს“.

შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ გავექცეთ ზოგადს, დამკვიდრებულსა და გათავისებულს და ვიპოვოთ ჩვენი, პირადი და განსაკუთრებული, რაც ასე რთულია, ვიწყებთ რაღაცის შექმნას, გამოგონებას, აგებას. ხანდახან ვჯდები და უბრალოდ ვწერ. შესაძლოა, არ ვიცოდე, რაზე უნდა დავწერო, ან აქვს თუ არა აზრი იმ ყველაფერს, რასაც ვწერ, მაგრამ თითქოს ვალდებული ვარ, დავჯდე და აღვწერო ყოველდღიურობის თითოეული დეტალი, ყველა ადამიანი, რომელმაც გვერდით ჩამიარა და კვალი დატოვა ჩემში, ან სულაც, სრულებით ვერ მოახდინა შთაბეჭდილება. მაგალითად, აღვწერო ლამაზად ჩაცმული ბავშვი ძვირადღირებული სათამაშოების მაღაზიის წინ, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, რომელი სათამაშო უნდა, რადგან ისედაც უამრავი აქვს, მაგრამ რამდენიმე წამიც და მაინც მოითხოვს რომელიღაც მანქანის რომელიღაც კოლექციის ბოლო მოდელის განსხვავებული ფერს, რადგან ჩვენ ყველანი სტერეოტიპების, ტენდენციების, შეხედულებების მსხვერპლი ვართ და გვჯერა, რომ არსებობს ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა გვქონდეს, საქმეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და იდეები, რომლებმაც ყოველ ეჭვს გარეშე უნდა გაგვინათონ გონება. მე კი ასეთ დროს ვფიქრობ აუცილებლად საკითხავ წიგნებზე, რომლებიც ნამდვილად მეგულება, რადგან ზოგ წიგნს მართლა შეუძლია, ჩვენს კითხვებს პასუხი გასცეს და რაღაც შეცვალოს ჩვენში, აუცილებელ ხურდა ფულზე, რომელსაც ჯიბეში ვიყრით, რომ კუთხეში მიმჯდარი რომელიმე თავჩახრილი მოხუცისგან ერთი ცალი ლიმონი ვიყიდოთ და ჩემს ნაცნობზე – ცნობილ, გემოვნებიან, „ბომონდში“ გარეულ ფოტოგრაფზე, რომელიც პარასკეობით სოფელში მიდის, რომ მიწა მოხნას, რადგან ყველაზე მეტად იქ ემსგავსება საკუთარ თავს.

ადაპტაცია ანუ „სხვა გზა“, რომელიც ყოველთვის არსებობს

0

მეტისმეტად ნუ შეიყვარებ საკუთარ გამარჯვებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, პროაქტიულად უნდა გააგრძელო იმის ძიება, რამაც შესაძლოა მომავალში ბოლო მოგიღოს“.

ადაპტაციის უნარი AQყველა ჩვენგანისთვის საჭირო უნარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ძალიან სწაფად ვითარდება. ცვლილებებთან შეგუება კი ისე გვჭირდება, როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში“.

ნატალი ფრატო

 

დღეს სამყარო ახალი გამოწვევების წინაშეა. ეს არ არის საუკუნის ან ათწლეულის გამოწვევები. მესამე ათასწლეული სრულიად განსხვავებულ რეალობას გვთავაზობს. უფრო სწორად, გვთავაზობს გაურკვეველ რეალობას. დღეს ბევრი ადამიანია დაბნეული: არ იცის, რა იქნება ხვალ, ამიტომ ვერ გადაუწყვეტია, რა გააკეთოს დღეს, რომ ხვალესთან თავსებადი იყოს…

იცვლება მსოფლაღქმა, ცხოვრების პარადიგმა… და რა შეგვიძლია ჩვენ ამ ვითარებაში? პარადიგმის შიგნით ცვლილებებს და გადაწყობას აზრი არ აქვს. თითქოს ძველ სამყაროს საყრდენი გამოეცალა… სწორედ ეს სიტუაცია ქმნის წინაპირობას, რომ ადამიანები ჩვეული მდგომარეობიდან გამოვიდნენ და ყველაფერს „უცხო თვალით“ შეხედონ. უცხოპლანეტელებივით დააკვირდნენ საკუთარ ქცევებს. ალბათ რამდენ გაუცნობიერებელ და გაუაზრებელ საქციელს აღმოაჩენდნენ… ავტომატურ ქმედებებს, რუტინას, უსიხარულობას… ალბათ საკუთარ თავზეც გაბრაზდებიან… რატომ… რატომ… რატომ ამდენი მექანიკა და ნაკლები შემოქმედებითობა? ყველა ადამიანი ხომ დაბადებით შემოქმედია?

ჰოდა, სწორედ ის დროა, ახალი შესაძლებლობები, ახალი უნარები აღმოვაჩინოთ. და როგორ მოვახერხოთ ეს? პირველ რიგში, სტერეოტიპული ხედვებისგან უნდა გავთავისუფლდეთ! რამდენჯერ გვითქვამს, რომ რაღაც „არ შეიძლება!“, „ეს როგორ შეიძლება?!“, „ასე არ გამოვა!..“ ამ სიტყვა-რწმუნებებით კი საკუთარი კარი ჩაგვიკეტავს, ცხრა ბოქლომი დაგვიდვია და შიგნით შევყუჟულვართ, რომ უფრო დაცულად გვეგრძნო თავი. ახალმა სამყარომ ყველა კარი შემოაღო და ახლა ან შიშით მოვიკუნტებით, ან ყველა კარს ფართოდ გავაღებთ და „გარეთ“ გავიხედებით – ჩვენი შესაძლებლობების კვანტურ ველს დავათვალიერებთ.

მთავარი ფრაზა იქნება „სეზამ, გაიღე!“ – და თუ ეს ნამდვილად გვინდა, ჩვენ წინ განუმეორებელი პერსპექტივა გადაიშლება.

ადამიანს კვანტური ცნობიერება აძლევს უნარს, სუპერპოზიციაში დადგეს და ყველა შესაძლებლობა ერთად დაინახოს. ბუნებრივია, ადამიანს არ შეუძლია ყველა შესაძლებლობით ცხოვრება, მაგრამ შეუძლია, არჩევანი გააკეთოს და, ამავე დროს, ყოველთვის დაიტოვოს გზა, ხელახლა დაბრუნდეს სუპერპოზიციაში ახალი არჩევანისთვის – ცვლილებები ხომ სპირალისებურია და არასდროს სრულდება. ჩვენ კი ჩაკეტილ სივრცეში კი არა, ღია სივრცეში უნდა ვიმოძრაოთ, წრეზე კი არა, – სპირალზე!

ადაპტაციის უნარი მეტაფორულად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სუპერპოზიციაში ყოფნა, როცა სტერეოტიპებისგან თავისუფლდები და უამრავ გზას ხედავ.

ადაპტაციის უნარი, პირველ რიგში, გულისხმობს შესაძლებლობების დანახვას, ცვლილებების მიღებას და გამბედაობას, რომ ყველაფერი შეიძლება დაიწყო თავიდან, რომ ყველაფერი შეიძლება დაიწყო ნულიდან და რომ „ნული“ საუკეთესო ადგილია მშენებლობისთვის. მაგრამ…. მაგრამ ამ წერტილში ვერ მოვხვდებით, სანამ მყარი დისკიდან ძველ ცოდნას არ წავშლით. ჩვენს დისკს თავისი შესაძლებლობები აქვს და ძველი ინფორმაციის წაუშლელად მასზე ახალი ვერ ჩაიწერება. თუ ჭიქაში წყალი ასხია, ღვინოს ვერ ჩაასხამ – ჭურჭელი ჯერ უნდა დაიცალოს და შემდეგ აივსოს სხვა სითხით.

მაგრამ რა უყოს ადამიანმა ამდენ „ნაგროვებ“ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც გუშინ შესაძლოა მუშაობდა, მაგრამ ახალ სამყაროში სრულიად გამოუსადეგარია, რადგან სხვა მსოფლხედვა, სხვა კანონები და კანონზომიერებები მოქმედებს? მე მზად ვარ, ყველაფერი მოვნიშნო, თითი delete-ს დავაჭირო და კოსმოსის სანაგვეზე გავისტუმრო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უკვე აღარ მუშაობს. თქვენ?

ადაპტაციის უნარი თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ყველას აქვს – როგორც ჩაწერილი, მაგრამ გაუაქტიურებელი პროგრამა. ის დროა, პროგრამა ამოქმედდეს და ჩვენში განუსაზღვრელი შესაძლებლობების სივრცეში გაგვიყვანოს.

ნატალი ფრატო Tedx-ზე ადაპტაციის უნარის შესახებ გვიყვება: ადაპტაციის უნარი AQ ყველა ჩვენგანისთვის საჭირო უნარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად ვითარდება. ცვლილებებთან შეგუება კი ისე გვჭირდება, როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში.

ადაპტურობის გასაზომავად ის 3 ხერხს გვთავაზობს.

პირველი: სამსახურებრივ გასაუბრებაზე, როგორც წესი, სხვადასხვა ვარიაციით სვამენ კითხვას: „მიამბეთ იმ დროზე, როცა…“

ადაპტურობის გასაზომ ინტერვიუში კი აქცენტი წარსულის ნაცვლად მომავალზე დაისმის. ასეთ დროს „რა მოხდება, თუ…“ ტიპის შეკითხვებს ვსვამ. მინდა, მან, ვისაც ვესაუბრები, მომავლის რეალობის სხვადასხვა შესაძლებლობა დაინახოს. მისი პერსპექტივები თუ სხვადასხვა სცენარის განვითარების დანახვის უნარი ძალიან სასარგებლო ინფორმაციას მომაწვდის ამ ადამიანზე.

თავისუფლად შეიძლება, ეს ხერხი მასწავლებელმაც გამოიყენოს ლიტერატურის გაკვეთილზე, მაგალითად, მოსწავლეებს მივცეთ ასეთი დავალება:

  • რა მოხდებოდა, „ოთარაანთ ქვრივში“ გიორგი რომ არ მომკვდარიყო?
  • რა მოხდებოდა, ლუარსაბ თათქარიძეს სიზარმაცე რომ დაეძლია?
  • რა მოხდებოდა, წითელქუდა მგელს რომ არ გადაეყლაპა?
  • რა მოხდებოდა, ხევისბერ გოჩას შვილი რომ არ მოეკლა?
  • რა მოხდებოდა, ჯაყოს მარგო რომ ვერ დაეპყრო?

– და ასე შემდეგ.

ტექსტების მსგავსი ინტერპრეტაციები მოსწავლეებს განუვითარებდა მრავალმხრივი ხედვის და ადაპტაციის უნარს.

IQ ტესტი გცდის, რა ინფორმაციას იღებ და როგორ იმახსოვრებ მას, ხოლო AQ გამოცდა ნიშნავს, რაღაც ჩარჩოში მოქცევისას როგორ შეძლებ სიტუაციით მანიპულირებას კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

მეორე ხერხია ადამიანის იმ თვისებაზე დაკვირვება, რომელსაც შეგვიძლია ძველი ცოდნის დაკარგვისა და მისი ახლით შევსების პროცესისთვის მზაობა ვუწოდოთ. ჩვენი ტვინის ახალი ინფორმაციით შევსება ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან მასაც კომპიუტერის დისკივით სჭირდება გასუფთავება.

რაც შეეხება მესამე ხერხს, ეს არის ადამიანში აღმოჩენის სურვილის აღმოჩენა.

ის, რაც ცოტა ხნის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა, შესაძლებელი აღმოჩნდა. მაგალითად, პანდემიამდე ვერ ვიფიქრებდით, რომ სკოლები და უნივერსიტეტები ასე სწრაფად გადავიდოდნენ ონლაინ პლატფორმაზე; მიუხედავად ტექნიკური ხარვეზებისა, ეს გზა ეფექტური აღმოჩნდა იმ პირობებში, როდესაც სამყარო „შინ შეიკეტა“. პრობლემური სიტუაციები ერებსაც და კონკრეტულ ადამიანებსაც აიძულებს, იფიქრონ და ყველაფერს „სხვა თვალით“ შეხედონ, „სხვა სამყარო“ აღმოაჩინონ, „სხვა კანონზომიერებები“ შეიცნონ და აირჩიონ „სხვა გზა“, რომელიც ყოველთვის არსებობს, მაგრამ ვერ ვხედავთ.

სოლო ტაქსონომია – სწავლებაზე დაკვირვების შესაძლებლობა

0

წლების წინ, სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დროს, ერთ-ერთი ფსიქოლოგი, ვინც უპირობოდ გავიგე და მივიღე, ბენჯამინ ბლუმი იყო. ტრენინგებზეც ყველაზე მეტ აქცენტს ბლუმის საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიაზე ვაკეთებდი.

ბლუმის მიერ შექმნილი ტაქსონომია სასარგებლო იყო გასული საუკუნის შუა პერიოდში საგანმანათლებლო სტანდარტების შეფასების, არსებული მეთოდებისა და ახალი მეთოდების შესამუშავებლად. მასწავლებლები მას ჯერ კიდევ იყენებენ, რადგან ბლუმის ტაქსონომია გვაფიქრებინებს დავალებების შემეცნებით სიღრმეზე. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი მარტივი კლასიფიკაციით შეუძლებელია მოსწავლის აზროვნების შეფასება.

თავად ბლუმი ლიტერატურაში არაერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იგი არასწორად იყო გაგებული. მისი კლასიფიკაცია არ მიუთითებს დეტალურ მიზნებზე, რომლებისთვისაც მხოლოდ სწავლების ერთი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული“ (Bloom, 1994). ბლუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასწავლებელს სასწავლო პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას მეთოდური ტექნიკის ფართო არჩევანი უნდა ჰქონდეს. ტაქსონომიაში მხოლოდ გარკვეული მიზნების მაგალითებია განსაზღვრული სხვადასხვა დონეზე. მრავალფეროვანი მეთოდების არჩევისას, მასწავლებლებმა უნდა აირჩიონ ის, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ცოდნის გამოყენებაში, ცხოვრებაში უცნობი პრობლემების გადაჭრაში. თუ მასწავლებელი ასეთი მეთოდებით ხელმძღვანელობს, მაშინ მოსწავლე დაცულია ისეთი საგანმანათლებლო მიდგომისაგან, რომელიც მზა მასალას ასწავლის – მიიჩნევს ბლუმი. სწორედ ამიტომ მომწონს ბლუმის ტაქსონომია.

მას შემდეგ, რაც ბლუმმა და მისმა კოლეგებმა 1956 წელს გამოაქვეყნეს პირველი ტაქსონომია, შეიქმნა 19-ზე მეტი ალტერნატიული სისტემა, რომლებიც ცდილობენ საგანმანათლებლო მიზნების კლასიფიკაციას (Anderson & Krathowl, 2001). დღეს სულ მცირე 30 ასეთი სისტემაა ცნობილი. სასწავლო გეგმის მისაღწევი მიზნების გასაანალიზებლად ყველაზე პოპულარული მაინც ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსიაა.

ამჟამად გამოყენებული ტაქსონომიების შეფასებისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანი გამიზნულია ერთი კონკრეტული მიზნისთვის, მაგრამ არ არსებობს ერთადერთი სწორი, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ყველგან. ზოგი ტაქსონომია კარგად ემსახურება სწავლის ახალი სტანდარტების შემუშავებას, ზოგი კი არსებული სტანდარტების შესაფასებლად გამოიყენება (ედმუნდ ვანაგსი).

განათლების თეორიებში კონსტრუქტივიზმის იდეების გაჩენასთან ერთად მოსწავლეები შეეცდებიან, აქტიურად შექმნან ცოდნა და მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ თითოეულმა მოსწავლემ უნდა მიაღწიოს გარკვეულ პროგრესს, რომლის შეფასებაც ძალზე მნიშვნელოვანია (პიკარდი, 2007). თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ სწავლა საკმაოდ რთული პროცესების ჯაჭვია (დევისი, სუმარა და ლუი-კაპლერი, 2018).

მოსწავლეთა სწავლის შეფასების ბევრად უფრო ცნობილი ტაქსონომიაა სოლო (SOLO) ტაქსონომია, რომელიც 1982 წელს ჯონ ბიგსმა და კევინ კოლისმა შექმნეს. ბიგსის თქმით, „სოლო ტაქსონომია, რომელიც წარმოადგენს დაკვირვებული სწავლის შედეგის სტრუქტურას, სწავლის შედეგების კლასიფიკაციის საშუალებაა“.

სოლო ტაქსონომია არის კიდევ ერთი პოპულარული მოდელი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კოგნიტური განვითარების დონის განსაზღვრა სწავლის პროცესში (Biggs & Collis, 1982; Biggs, 1992). ეს თეორიული მოდელი მიუთითებს შემეცნების დონის სხვადასხვა განზომილებებზე: პრესტრუქტურული, უნისტრუქტურული, მულტისტრუქტურული, მიმართებადი (რეგულირებადი) და გაფართოებული აბსტრაქტული. მოდელის ფარგლებში, გადაწყდა მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონის დადგენის სირთულე, რაც წინა ტაქსონომიების უდიდესი ნაკლი იყო. სოლო მოდელი მეტწილად გამიზნულია სასწავლო პროცესში მოსწავლეთა კოგნიტური ზრდის შესაფასებლად (Biggs, 1995), მაგრამ ეს საკმარისი არ არის სასწავლო გეგმის შემეცნებითი მოთხოვნების გასაანალიზებლად (Brabrand and Dahl, 2009). სოლო ტაქსონომიის მოდელის საშუალებით შეგვიძლია უკეთესად გავიგოთ, როგორ ესმის მოსწავლეს, რასაც სწავლობს და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მას სასწავლო პროცესის დროს. სოლო მოდელი მეტ ყურადღებას აქცევს კოგნიტურ პროცესებს, ვიდრე მისაღწევ შედეგებს. ამ მოდელის გამოყენებით, მასწავლებელს შეუძლია, უკეთ გააანალიზოს მოსწავლის პასუხები და გაიგოს, რა სირთულის გადალახვის შედეგად მიაღწია მან მას, ან რა არის კონკრეტული ინდივიდის აზროვნების პროცესის პროგრესი. ასევე, მოდელი საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, გამოიყენონ იგივე ტერმინები მოსწავლის დაკვირვებული ქცევის (შესრულების) შესახებ დროის გარკვეულ პერიოდში.

ტაქსონომიების მოდელები გამოიყენება მოსწავლეთა წინსვლისა და სწავლის შესაფასებლად, მაგრამ, მეორე მხრივ, მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს კლასიფიკაციები ხელოვნურია და არ შეიცავს პროცესის ყველა ეტაპს. თუ შეფასებისა და სწავლის პრაქტიკა უახლესი თეორიების შესაბამისად იცვლება, მაშინ ცვლილებები დაფუძნებული უნდა იყოს სწავლის თეორიულ მოდელებზე, რაც მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, უკეთ გააცნობიერონ მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების არსი და აირჩიონ მათ მისაღწევად ყველაზე შესაფერისი მეთოდი (პელეგრინო, ჩუდოვსკი და გლაზერი, 2001). თეორიამ პედაგოგებს უნდა გაუკვალოს გზა ყველა ასპექტში თანმიმდევრულობის მისაღწევად – სასწავლო გეგმის შინაარსში, შეფასებასა და პედაგოგიკაში (ბიგსი, 1996).

ტაქსონომიის ჩარჩო უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა სფეროს კონტექსტში – ისინი არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მზა რეცეპტები სასწავლო ან სწავლის არჩევისთვის. სასწავლო მიზნების ტაქსონომიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია არასწორი წარმოდგენა, რომელსაც ქმნიან მასწავლებლები. მაგალითად, რამდენიმე საკვანძო სიტყვა მარტივი დიაგრამების სახით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აზროვნება არის სწორი და მასწავლებელმა მიზნის მისაღწევად საკმარისია, შეასრულოს თითოეული ეს ნაბიჯი. თანამედროვე შემეცნებითი და ნევროლოგიური მეცნიერებები კარგად აჩვენებს, რომ სწავლის შესახებ წინა ვარაუდები მცდარია და აზროვნების პროცესები არ არის ასე მარტივი, როგორც ეს გამოსახულია ტაქსონომიაში (მაგ., ჰატი, 2016; Illeris, 2018). ტაქსონომია შეიძლება გამოყენებულ იქნას აზროვნების, სასწავლო გეგმის გაგების, სასწავლო მეთოდების, შეფასებისა და მათ შორის არსებული რთული ურთიერთკავშირის შექმნის მიზნით.

ტაქსონომია შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთო ტერმინოლოგიის დანერგვისა და საერთო ცნობიერების განვითარებისათვის. ამასთან, მათი გამოყენება შეუძლებელია, როგორც წამყვანი თეორია, რომელიც განსაზღვრავს, რა და როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა კლასში. „60 წელზე მეტი ხნის წინ ბენჟამინ ბლუმის განზრახვა იყო წესრიგის აღდგენა ქაოსში, რომელიც განათლების სფეროში მეფობდა. განათლების თანამედროვე ქაოსი მხოლოდ იზრდება, ამიტომ ტაქსონომიების გამოყენება კიდევ უფრო უნდა დაფასდეს”, (ანდერსონი, 2001).

სოლო ტაქსონომია უზრუნველყოფს კოგნიტური სწავლის შედეგების გააზრებას. ეს იერარქიული მოდელი არის ყოვლისმომცველი (ობიექტური კრიტერიუმებით), რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგანში, დავალებების განსხვავებული ტიპებით (Hattie & Purdie, 1998). მასწავლებლები სარგებლობენ იმით, რომ სოლო წარმოადგენს საკმაოდ მრავალფეროვან მასალას, აღზრდის სტრუქტურული სირთულის ეტაპზე, რომლებიც აჩვენებს თანმიმდევრობას ამოცანების შესაბამისად. გარდა ამისა, მოსაზრების ზედაპირული ან ღრმა დონეების დაგეგმვა და შეფასება შესაძლებელია მოსწავლის აზროვნების წარმოდგენის კოდირებით. ვიზუალური სიმბოლოების გამოყენება სოლო ტაქსონომიაში გაგების დონის წარმოსადგენად საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ, „სად უნდა წავიდეთ შემდეგ?“ გადაწყვეტილებები და აზროვნების ინტერვენციები უფრო ზუსტად მიზნად ისახავს მოსწავლის სწავლის საჭიროებების დადგენას. ეს უზრუნველყოფს უშუალოდ სწავლის შედეგებთან დაკავშირებულ უკუკავშირს.

სოლო მოდელის უპირატესობა ბლუმის ტაქსონომიის მიმართ, მოსწავლეთა სწავლის შეფასებაა. ეს უპირატესობები ეხება არა მხოლოდ ცოდნის შეძენასა და ქულას, არამედ მოიცავს შეფასების პროცესის თავისებურებებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები და როგორ სწავლობენ მასწავლებლები, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს, პროგრესულად გამოიყენონ უფრო რთული შემეცნებითი პროცესები.

შეფასებამ უნდა მართოს სწავლა. ის არის დინამიკის მაჩვენებელი, სადაც მასწავლებლებმა და მოსწავლემ შეიძლება ერთად იმუშაონ საგნის ან თემის შესახებ საკუთარი ცოდნის გასაუმჯობესებლად. შეფასება უნდა იყოს ავთენტური.

სოლო სტრუქტურა ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზროვნების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაში; „ისწავლოს სწავლა“ და დაეხმაროს სკოლებს, სწავლის შედეგები გახადონ თვალსაჩინო მოსწავლეებისთვის. სოლო ტაქსონომია ეხმარება სკოლებს, შეიმუშაონ:

  1. სასწავლო პროცესი (სოლო და ძირითადი კომპეტენციები);
  2. სკოლებში გამოყენებული სწავლების ენა. (სოლო სასწავლო ზმნები);
  3. სწავლის მიზნები და სწავლის შედეგები (სოლო დიფერენცირებული სწავლის გამოცდილება);
  4. სასწავლო პროცესის თვითშეფასება (სოლო დიფერენცირებული თვითშეფასების რუბრიკები);
  5. ინტერვენციები, რომლებიც აძლიერებენ სწავლის დროს ღირებულების ჩამოყალიბებას (სოლო დიფერენცირებული ჩარევები).

სოლო ტაქსონომია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

  • დიფერენციაციის გეგმის შემუშავება;
  • თვითშეფასების რესურსების შემუშავება;
  • ინოვაციური სასწავლო გეგმის შედგენა;
  • ასახავს სწავლის პროცესებსა და შედეგებს;
  • ელექტრონული სწავლებისა და აზროვნების სტრატეგიების ინტეგრირება.

სოლო ტაქსონომიის გამოყენება ნამდვილად აძლევს პედაგოგებსა და მოსწავლეებს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ღრმად შეისწავლონ ის თემატიკა, რომელშიც ისინი მონაწილეობენ და შეაფასონ სწავლა სასწავლო პროცესში.

სოლო ტაქსონომიის ერთ-ერთი დადებითი მხარეა ის, რომ მასწავლებლებს გაუადვილდებათ დონის განსაზღვრა და დაეხმარებიან მოსწავლეებს სასწავლო პროცესის წარმართვაში.

სოლო ტაქსონომიის ხუთი დონე:

პრესტრუქტურული დონე – მოსწავლეს არ ესმის ინფორმაცია, ამიტომ ვერ ახერხებს გაგებას. ამ დონეზე არაფერია ცნობილი დავალების შესახებ;

უნისტრუქტურული დონე – მოსწავლეს ამ დონეზე აქვს მხოლოდ ძირითადი კონცეფცია საგნის ან დავალების შესახებ; მას შეუძლია მარტივი და აშკარა კავშირის დამყარება, მაგრამ ინფორმაციის ფართო მნიშვნელობა არ არის გაგებული.

მულტისტრუქტურული დონე – მოსწავლეს ამ დონეზე შეუძლია გააცნობიეროს საგნის ან დავალების რამდენიმე ასპექტი, მაგრამ თემის გარშემო იდეებსა და ცნებებს არ აქვთ ურთიერთკავშირი. მოსწავლეს შეუძლია მთელი რიგი კავშირების დამყარება, კლასიფიცირება, მაგრამ მთლიანობის მნიშვნელობა არ არის გასაგები. ცნობილია რამდენიმე შესაბამისი დამოუკიდებელი ასპექტი. მოსწავლეს შეუძლია ჩამოთვალოს, განსაზღვროს, აღწეროს, დააკავშიროს, შეუსაბამოს ან გააკეთოს ალგორითმები. ამ დონის შეფასება, პირველ რიგში, რაოდენობრივია.

მიმართებადი დონე – მოსწავლეს ამ დონეზე შეუძლია გააცნობიეროს ნაწილების მნიშვნელობა მთლიანთან მიმართებაში. იდეები და კონცეფციები უკავშირდება ერთმანეთს და ისინი ქმნიან მთლიანობის თანმიმდევრულ გაგებას. მოსწავლეთა სწავლის შედეგები აჩვენებს შედარების, მიზეზ-შედეგობრივი აზროვნების, თანმიმდევრობის, ანალიზის, მთლიანი აზროვნების, ანალოგის, გამოყენებისა და კითხვების ფორმულირების მტკიცებულებებს. ეს ის დონეა, რომელიც საგნის ადეკვატურ გაგებას გულისხმობს.

გაფართოებული აბსტრაქტული – ამ დონეზე მოსწავლეს შეუძლია შეასრულოს კავშირები არამარტო მოცემულ საგნობრივ ჭრილში, არამედ ასევე შეუძლია კავშირი დაამყაროს მის მიღმა. მას შეუძლია განაზოგადოს და გადაიტანოს პრინციპები და კონცეფციები ახალ განსხვავებულ კონტექსტში; შექმნას ახალი იდეები და კონცეფციები; შეუძლია პროგნოზირება, განზოგადება, შეფასება, თეორიზაცია, ჰიპოთეზირება, შექმნა და ასახვა.

სოლო ტაქსონომიას რეალური უპირატესობები:

  • ეს უპირატესობები ეხება არა მხოლოდ საგნების სწავლებასა და ქულას, არამედ მოიცავს შეფასების პროცესის თავისებურებებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები და როგორ ასწავლიან მასწავლებლები, რათა მოსწავლეებს დაეხმარონ უფრო რთული კოგნიტური განვითარების პროცესში;
  • როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები ხშირად გადადიან უფრო ღრმა კონსტრუქციებზე და ეს ხდება სოლო ტაქსონომიის დონეზე;
  • დონეების ინტერპრეტაცია შესაძლებელია მოსწავლეთა ცოდნის შესაბამისად. ექვსი წლის მოსწავლეს შეიძლება ვასწავლოთ ზოგადი პრინციპები და ჰიპოთეზების წამოყენება, თუმცა განსხვავებული აბსტრაქციისა და დეტალების განსხვავებულ დონეზე. სოლო მეთოდის გამოყენებით, ამგვარი აბსტრაქციების შესაფასებლად გაცილებით მარტივია შეფასების კრიტერიუმების შექმნა.
  • ბლუმის ტაქსონომიასთან დაკავშირებული ზოგიერთი გამოცდილებისგან განსხვავებით, სოლო დონის იდენტიფიცირება და კატეგორიზაცია შედარებით ადვილია.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://znanio.ru/media/obzor_veduschih_obrazovatelnyh_kontseptsij-298402 ; https://edqualt.tj/ru/

https://pamhook.com/solo-taxonomy/;

https://blogs.edweek.org/edweek/finding_common_ground/2014/02/whats_our_best_taxonomy_blooms_or_solo.html ; https://www.nwlink.com/~donclark/hrd/Bloom/SOLO_taxonomy.html

ყველაზე ღირებული კავშირისა და კომუნიკაციის შენარჩუნება – ონლაინსაგანმანათლებლო პლატფორმები

0

ვერავინ იფიქრებდა, რომ 2020 წელი ასეთი დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებდა. დარწმუნებული ვარ, ეს წელი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თითოეული ჩვენგანის მოგონებათა ყუთში. სკოლისა თუ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლები COVID-19-მა საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესო გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც კიდევ ერთხელ დასვა ციფრული ინტელექტის (Digital Intelligence) ქონის აუცილებლობის საკითხი როგორც მასწავლებლებში, ასევე შემსწავლელებში. დადგა აუცილებლობა გაგვერღვია დროისა და სივრცის საზღვრები და ვყოფილიყავით ყველგან და ყველასთან; ვყოფილიყავით უფრო ხელმისაწვდომი, შემოქმედებითი და მეტად ყურადღებიანი ჩვენი შემსწავლელების და ჩვენი საკუთარი პიროვნული და პროფესიული განვითარების მიმართ.

თავდაპირველად, ალბათ ყველა ჩვენგანს დაეუფლა შიში და მღელვარება ახალი ფრიად საინტერესო გამოწვევის მიმართ, რაც ლექციებისა და გაკვეთილების ონლაინრეჟიმში ჩატარებას გულისხმობს. ბევრ ჩვენგანს გაუჩნდა უამრავი შეკითხვა, რომლებზე პასუხიც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა, მით უმეტეს მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემაც იმავე უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დადგა.

  • როგორ შევინარჩუნო მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილზე?
  • როგორ გავზარდო მოსწავლეთა მოტივაცია, ენთუზიაზმი და ცნობისმოყვარეობა?
  • როგორ მოვახდინო მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგი, როცა მხოლოდ მათ სახეებს ვხედავ და არ ვიცი, სინამდვილეში ეკრანის წინ რას აკეთებენ, მართლა ასრულებენ თუ არა დავალებებს?
  • როგორ მივცე მოსწავლეებს ეფექტური უკუკავშირი?
  • როგორ მოვარგო ონლაინგაკვეთილების აქტივობები მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს? და საერთოდ, როგორ გამოვყო მათი ინდივიდუალური საჭიროებები მაშინ, როცა ჩვენ შორის დიდი სივრცე და მხოლოდ კომპიუტერის/მობილური ტელეფონის/ტაბლეტის ეკრანია?
  • როგორ უზრუნველვყო ჯგუფური/წყვილში მუშაობა და როგორ ვაწარმოო მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგი ამ დროს?
  • როგორ დავეხმარო მოსწავლეებს სირთულეების დაძლევაში?
  • როგორ დავეხმარო და მივაწვდინო ხმა იმ მოსწავლეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ან საერთოდ არ აქვთ ის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც გაკვეთილზე ჩაერთვებიან?

დაბოლოს, როგორ გადავრჩე, რომ ემოციურად და ფიზიკურად არ გადავიწვა?

ინტერნეტი ხომ საოცარი რამაა. ჩაწერეთ საძიებო ველში ნებისმიერი ამ შეკითხვათაგანი და უამრავ სტატიას აღმოაჩენთ, მაგრამ რომელი ინფორმაცია მოვარგოთ ჩვენს საჭიროებებს ჩვენს რეალობაში? რომელი რჩევები გავითვალისწინოთ და რა რესურსები გამოვიყენოთ, რომ ჩვენს კონკრეტულ შეკითხვებს გავცეთ პასუხი? ამის გააზრება ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევას შეიარაღებული შევხვდეთ.

ნებისმიერი ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და ჩვენს რეალობასთან ადაპტირების გარდა, ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი, რაც საკლასო ოთახსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებში გვაქვს შემსწავლელებთან – ეს არის კომუნიკაცია და  ურთიერთთანამშრომლობითი ატმოსფერო, რომელიც ონლაინგაკვეთილებზეც შესაძლებელია შევქმნათ და შევინარჩუნოთ, მიუხედავად ისეთი ბარიერებისა, როგორიცაა ფიზიკური კონტაქტის ნაკლებობა, სხეულის ენის ამოცნობის შესაძლებლობის ნაკლებობა, მოსწავლეთა ანთებულ თვალებში მათი საჭიროებების ამოკითხვა, ან ზოგიერთი მათგანის ჩამქრალი მზერის კვლავ ანთება. მთავარია, მუდამ გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი კომუნიკაციაა.

მინდა, ინგლისური ენის მასწავლებლებს (და არა მხოლოდ) და ჩემს კოლეგებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვურჩიო, დავივიწყოთ ფოკუსირება იმაზე, რა გვაკლია და რამდენი სირთულის წინაშე ვდგავართ და ჩვენი ფიქრების პროექცია მოვახდინოთ იმაზე, რაც გვაქვს და როგორ შეგვიძლია ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენება ეფექტური და ჯანსაღი სასწავლო პროცესის შექმნისთვის. ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვაქციოთ მთელი მსოფლიოს წინაშე არსებული ასეთი უპრეცედენტო გამოწვევები ახალ საინტერესო შესაძლებლობებად და როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში ახალი რესურსები ისე, რომ ონლაინგაკვეთილზე ყველა სტუდენტისა და მოსწავლის ხმა გავაჟღეროთ.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა, აღვნიშნო, რომ ის სტუდენტები, რომლებიც აუდიტორიაში შედარებით პასიურობდნენ, ონლაინლექციებზე საგრძნობლად თამამი და გახსნილი გახდნენ და ამან ჩვენი ეფექტური კომუნიკაციის ხარისხიც საგრძნობლად გაზარდა. იგივე ტენდენცია შევამჩნიე ჩემს თინეიჯერ მოსწავლეებს. სწორედ მაშინ დავფიქრდი იმაზე, როგორ ვკონცენტრირდე ონლაინსწავლების დადებით მხარეებზე და როგორ ვაქციო ისინი ჩემს მეკავშირედ.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე ღირებული კავშირისა და კომუნიკაციის შენარჩუნებაა, რაც არა მხოლოდ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობას ეხება, არამედ კოლეგებთან ურთიერთობასაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს ისე, როგორც არასდროს და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა – ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, სასწავლო რესურსები, სხვადასხვა ონლაინსაგანმანათლებლო პლატფორმები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის და ლექტორებისთვის გამეზიარებინა ძალიან პრაქტიკული და ეფექტური ონლაინსაგანმანათლებლო პლატფორმები, რომლებსაც ვიყენებ გაკვეთილებსა და ლექციებზე და რაც მეტად შეიარაღებულსა და შესაბამისად, მეტად თავდაჯერებულს გაგხდით სწავლების პროცესში. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი რესურსი შესაძლებელია სხვა საგნის მასწავლებლებმაც მოარგონ საკუთარ საჭიროებებს.

  1. https://puzzlemaker.discoveryeducation.com/

აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ძალიან სწრაფად და მარტივად შეადგინოთ კროსვორდები, ლაბირინთები, კრიპტოგრამები და სხვადასხვა ქვიზი, რომლებიც დაგეხმარებათ, უფრო მეტად ჩართოთ მოსწავლეები, ამუშაოთ ისინი წყვილებში/ჯგუფებში და შეამოწმოთ მათი ცოდნის დონე. საიტზე ნავიგაცია ძალიან მარტივია. რაც მთავარია, არ გჭირდებათ ვებგვერდზე რეგისტრაცია, ან თანხის გადახდა.  მაგალითისთვის გაჩვენებთ ჩემ მიერ შექმნილ კროსვორდსა და სიტყვების საძიებო აქტივობას. მე ამ აქტივობებს ძირითადად ახალი სიტყვების გამეორებისთვის ვიყენებ. შესაძლოა, თქვენ მათ ახალი ფუნქციაც მოუძებნოთ.

Across

  1. ​too easily upset or offended
  2. that can be trusted to do something well
  3. too interested in things that do not involve you, especially other people’s affairs
  4. very direct; saying exactly what you think without trying to be polite
  5. willing to listen to, think about or accept different ideas
  6. not given or giving willingly; not generous, especially with money
  7. determined to be successful, rich, powerful, etc.
  8. criticizing them too quickly

Down

  1. annoyed by somebody/something, especially because you have to wait for a long time
  2. involving the use of skill and the imagination to produce something new or a work of art
  3. ​putting a lot of effort into a job and doing it well
  4. enjoying spending time with other people
  5. ​having a lot of confidence in yourself and your abilities

 

  1. https://www.studyblue.com/

აღნიშნული ვებგვერდი დაგეხმარებათ, შექმნათ ფლეშქარდები, სიტყვებს დაურთოთ განმარტებები და სურათები და ავარჯიშოთ მოსწავლეები ახალ სიტყვებზე. საიტს აქვს სხვადასხვა ქვიზის შედგენის ფუნქციაც, რომელსაც თქვენ არ ქმნით და გამზადებულ ფლეშქარდებზე თვითონ ავტომატურად ადგენს სხვადასხვა ტიპის ქვიზების მრავალფეროვანი ტიპის შეკითხვებით. ფლეშქარდების შექმნა ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. თქვენ დაგჭირდებათ საიტზე მარტივი რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც უფასოდ შეძლებთ ფლეშქარდების მომზადებას, სხვადასხვა folder-ბის (საქაღალდეების) შექმნას სხვადასხვა კლასის ან უნივერსიტეტის ჯგუფის მიხედვით და ნებისმიერ დროს მიუბრუნებას ამავე ფლეშქარდთან. გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ აღნიშნული ფლეშქარდები ერთმანეთს გაუზიარონ და თავადაც შექმნან ისინი, რაც მათ ჩართულობას კიდევ უფრო გაზრდის. გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილ რამდენიმე ფლეშქარდს:

 

აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით შეძლებთ, მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავები მისცეთ, რომელზე წვდომაც სრულიად უფასოდ ექნებათ. შეგიძლიათ მათთან ერთად შეარჩიოთ სასურველი ჟანრი, სირთულის დონე და დაეხმაროთ მათ მკითხველად ჩამოყალიბებაში. საიტზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ გამზადებული შეკითხვები და ქვიზები ტექსტებიდან. შეგიძლიათ ქვიზები თავადაც შეადგინოთ, ან მოსწავლეებმა თვითონ შექმნან ერთმანეთისთვის სხვადასხვა სახის შეკითხვები. საიტზე ნავიგაცია ძალიან მარტივია და არ მოითხოვს რეგისტრაციას ან თანხის გადახდას.

 

  1. https://www.storyboardthat.com/

აღნიშნული ვებგვერდი ძალიან საინტერესოს და შემოქმედებითს ქმნის სასწავლო პროცესს. მისი საშუალებით შესაძლებელია განვლილი ლექსიკური და გრამატიკული მასალის სინთეზირება და მოსწავლეებისთვის პროექტის სახით მიცემა. მისი სასწავლო პროცესთან მორგება მრავალმხრივ შეიძლება. ქვემოთ იხილავთ ციფრული სთორითელინგის მაგალითს. აღნიშნული ვებგვერდი დაგეხმარებათ, განავითაროთ მოსწავლეებში ისეთი შემოქმედებითი უნარებიც, როგორიცაა წერა.

რაც შეეხება მოსმენის უნარ-ჩვევის განვითარებას, ამისთვის ხშირად ვიყენებ National Geographic-ის, TED talk-ის youtube არხებსაც მოსწავლეთა დონისა და საჭიროებების მიხედვით. ასევე, ვიყენებ ისეთ საიტებსაც, როგორიცაა https://www.esl-lab.com/. როგორც ხედავთ, უამრავი საშუალება არსებობს, გავხადოთ სასწავლო პროცესი საინტერესო და შემოქმედებითი ონლაინ სწავლების დროსაც. რაც მთავარია, აღნიშნულ სტატიაში თქვენთვის მარტივი ონლაინპლატფორმები შევარჩიე, რომელთა გამოყენებაც დიდ დროსა და ენერგიას არ წაგართმევთ და რაც ყველაზე მთავარია, განუვითარებს მოსწავლეს ავტონომიურობასა და შემოქმედებით უნარებს. სტატიაში არცერთი ისეთი პლატფორმა არაა წარმოდგენილი, რომელსაც თავად არ ვიყენებ სტუდენტებთან ან მოსწავლეებთან ინგლისური ენის სხვადასხვა დონეზე.

მინდა, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის, რომ ჩვენ გარშემო დიდი სამყაროა, რომელიც არც თუ ისე შორსაა ჩვენგან, როგორც შეიძლება გვეჩვენოს. მასში არსებულ რესურსებს კი ნათლად მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როცა დავიწყებთ ფიქრს არა იმაზე, რა არ გვაქვს, არამედ ვფოკუსირდებით იმაზე, რაც გვაქვს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...