სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

სკოლის მასწავლებელი ინგლისში

0

რამდენს შრომობს და რა შემოსავალი აქვს ინგლისში სკოლის მასწავლებელს

 

დღეს ინგლისის სკოლის მასწავლებლის მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე მოგითხრობთ – რა ანაზღაურება აქვთ, პროფესიული განვითარების რა ეტაპებს გადიან, საიდან იწყება პროფესიაში შესვლის ზღურბლი და რით არის მიმზიდველი მასწავლებლობა თანამედროვე რიგითი ბრიტანელისთვის.

ბრიტანელი სკოლის მასწავლებლის მუშაობის მთავარი უპირატესობა ხანგრძლივი არდადეგებია. ამის შესახებ ალბათ თქვენც გსმენიათ. ბრიტანელ მასწავლებელს სხვა ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, გაცილებით მეტი მოდუნების შესაძლებლობა აქვს. აქაური მასწავლებლები შვებულებაში ყოველ ორ თვეში ერთხელ გადიან, რის გამოც წელიწადში დასვენების 13 კვირა უწევთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასევე უწევთ, მოერგონ სასწავლო გრაფიკის მჭიდრო ჩარჩოს, რაც არცთუ მარტივია. გარდა ამისა, ხშირად დასვენების ლომის წილს მასწავლებლები ასობით რვეულის შემოწმებასა და საანგარიშო დოკუმენტაციის შევსებაში ხარჯავენ.

ბრიტანულ საჯარო სკოლაში მუშაობა ბევრ მასწავლებელს თავისი სტაბილურობითა და პროფესიული ზრდის აშკარა პერსპექტივით იზიდავს. მასწავლებლის ხელფასს სახელმწიფო განსაზღვრავს და, როგორც კი, მასწავლებელი კარიერაში წინ წაიწევს, მისი ფინანსური შემოსავალიც იზრდება.

მასწავლებლების ნაკლებობა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების სფეროში, მასწავლებლის პროფესიას საკმაოდ საიმედოს ხდის. ქიმიის, ფიზიკის, ინფორმატიკისა და მათემატიკის მასწავლებლები გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მოთხოვნადი არიან. ამ საგნებში ვაკანსია უფრო მეტია, ვიდრე განაცხადი. ასევე,  მასწავლებლობის პირველივე დღეებიდან მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საპენსიო პროგრამაში, რითაც სამომავლოდ თავიანთ სარგებელს უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება პროფესიაში შესვლის ზღურბლს, ინგლისის საჯარო სკოლაში პედაგოგი რომ გახდე, არ არის საჭირო პედაგოგიკის ბაკალავრიატის მიღება. საკმარისია კვალიფიციური მასწავლებლის სტატუსის მოპოვება. მასწავლებლად გახდომის ყველაზე პოპულარული გზაა სპეციალიზებული უმაღლესი განათლების შემდეგ, მასწავლებელთა მომზადების ყოველწლიური პროგრამა PGCE-ის გავლა (Postgraduate Certificate of Education).

ვინაიდან მასწავლებლობა მოთხოვნადი პროფესიაა, ბრიტანეთის მრავალ უმაღლეს სასწავლებელში გათვალისწინებულია სტიპენდიები გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სტუდენტებისთვის. ზოგიერთ სპეციალობაში დაფინანსება მოიცავს არა მხოლოდ სწავლის ღირებულებას, არამედ საცხოვრისისა და ცხოვრების სხვა ხარჯებს. მაგალითად, მაქსიმალური სტიპენდია 2017/2018 სასწავლო წლისთვის დაახლოებით 30,000 £ იყო. უცხოელი სტუდენტები თვითონ იხდიან სწავლის თანხას. თუ ბრიტანელებისთვის სწავლის საფასური 9,250 50 £ შეადგენს, არაევროპული ქვეყნებიდან სტუდენტებისთვის  16,500 £-მდე იზრდება.

ოფიციალურად და ყველაზე ხშირად სასწავლო დღე სკოლაში დილის 8 საათზე იწყება და მთავრდება არაუგვიანეს შუადღის 4 საათისა, ანუ საღამო მასწავლებელს თავისუფალი უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში, ბრიტანეთში მასწავლებლები არანაკლებ ბევრს შრომობენ და ზოგჯერ იმაზე მეტსაც კი, ვიდრე სხვა ქვეყნის მასწავლებლები. ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის ცნობით, საშუალო სკოლის პედაგოგები მუშაობენ კვირაში 63.3 საათს, მიაქვთ რვეულები სახლში დავალებების შესამოწმებლად, შაბათ-კვირას კი ელექტრონული ჟურნალის შევსებით არიან დაკავებული. არ დაივიწყოთ დამატებითი წრეები და ფაკულტატივები, შეხვედრები მშობლებთან, სემინარები და კონფერენციები, მოსწავლეებთან საკვლევი და საპროექტო სამუშაოები და სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესი. ამ ყველაფერზე მასწავლებელია პასუხისმგებელი.

რა ანაზღაურება აქვს ინგლისელ მასწავლებელს? დიდ ბრიტანეთში მასწავლებელთა ხელფასის გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ უბანშია დასაქმებული მასწავლებელი, ანუ სად მდებარეობს სკოლა (ყველაზე მაღალი ხელფასი ქალაქების მიხედვით ლონდონელ მასწავლებლებს აქვთ). რა პედაგოგიურ გამოცდილებას ფლობს და რამდენად იცავს სტანდარტებს – ამაზე დეტალურად ქვემოთ გიამბობთ.

მასწავლებელთა საწყისი ანაზღაურებაა ლონდონში 28,098 ფუნტია და ინგლისში 22 467 £-დან. საბაზოდან უფრო მაღალ სახელფასო შკალაზე გადასვლისას მასწავლებლის მოსალოდნელი ხელფასის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს 46,000 ფუნტამდე. საბაზო განაკვეთს შესაძლებელია მიემატოს 2,064-დან 4,075£-მდე, როგორც პრემია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის (SEN) ან დამატებითი ადმინისტრაციული დატვირთისთვის (TLR) – ამაში შედის საგნობრივი სასწავლო პროგრამის შედგენა, ჩანაწერები ბავშვთა აკადემიური მოსწრების შესახებ და სხვა ადმინისტრაციული მოვალეობები. სისტემის ამგვარი მოქნილობა მასწავლებლისთვის აბსოლუტური ნამდვილი პლუსია, მაგრამ იმისათვის, რომ მასწავლებელმა ისეთივე ხელფასი მიიღოს, როგორც ვთქვათ, ლონდონელმა ოფისმუშაკმა, ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს.

მასწავლებელთა უმეტესობა თავიანთი მუშაობის მთავარ უპირატესობად ასახელებს  შესაძლებლობას, გადასცეს ბავშვებს საგნის ცოდნა და სიყვარული, შეინარჩუნოს ახალგაზრდული სულისკვეთება ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე თაობის გვერდით.  მათ უმრავლესობას სწამს, რომ მასწავლებლობა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე კშემოქმედებითი პროფესიაა, რომელიც „აშენებს“ ადამიანს და რომლის შედეგადაც ყველაზე მეტ კმაყოფილებას იღებენ.

ამავე დროს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პროფესია. მაგალითად, ათი წლის წინ, მასწავლებელთა პროფკავშირის კვლევამ დაადგინა, რომ ბრიტანელ პედაგოგთა შორის თვითმკვლელთა პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფებში. მომატებული შფოთვა, დეპრესია, დაძაბულობა მასწავლებლების დატვირთული გრაფიკისა და კარგ საგამოცდო შედეგზე ორიენტაციის მიზეზიც იყო.

ინგლისში ყველა მასწავლებელმა, ისევე როგორც სკოლებმა, უნდა გაიაროს სპეციალური კომისიის რეგულარული შემოწმება, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის. ეს ხელს უწყობს ბრიტანეთის სკოლებს განათლების მაღალი დონის შენარჩუნებაში, მაგრამ  შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების მოყვარულ მასწავლებლებს გარკვეულ ჩარჩოებში ამწყვდევს.

რამდენი ქვეყანაა დღეს მსოფლიოში

0

მოსწავლეებს და აგრეთვე უფროსებსაც ხშირად დაუსვამთ შეკითხვა: „რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში?” პასუხი არცთუ ისეთი მარტივია. ეს რეალურად დამოკიდებულია იმაზე, როგორ განსაზღვრავთ ცნებას „ქვეყანა”.

მინდა, შემოგთავაზოთ ქვეყნების რაოდენობის დადგენის ექვსი ყველაზე გავრცელებული ვერსია, რომელთაგან ყველა სწორია:

I ვერსია: 195 სუვერენული სახელმწიფო – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემები

„ქვეყანას” პოლიტოლოგები უწოდებენ სუვერენულ სახელმწიფოს, რომელშიც იგულისხმება ტერიტორია საკუთარი საზღვრებითა და სრულიად დამოუკიდებელი მთავრობით. ტერმინს იყენებენ, როგორც ერის (ერთგვაროვანი კულტურული გაერთიანება), ისე სახელმწიფოს (პოლიტიკური ერთეული) მნიშვნელობით. ასეთად ითვლება გაეროს ყველა წევრი და დამკვირვებელი ქვეყანა:

გაეროს წევრი: 193

გაეროს დამკვირვებელი: 2

სულ: 195.

ეს ქვეყნები ერთმანეთს სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებენ და ძირითადად სწორედ ისინი არიან მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გამოსახული. თითქმის ყველა ქვეყანა, რომლის შესახებაც ოდესმე გსმენიათ, არის გაეროს წევრი. გაეროს დამკვირვებელი ორი ქვეყანა კი არის ვატიკანი და პალესტინა, რომელიც სიას 2012 წელს დაემატა. გაეროს სრული წევრების რაოდენობა შეიცვალა 2011 წელს, როდესაც სუდანი გაიყო ორ ნაწილად და სამხრეთ სუდანი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეუერთდა გაეროს.

შენიშვნა: პალესტინის, როგორც გაეროს დამკვირვებელთა სახელმწიფოს დამტკიცება საკამათო იყო. ამიტომ ზოგიერთმა წყარომ შეიძლება გამოტოვოს იგი და მხოლოდ 194 ქვეყანა დაასახელოს.

II ვერსია: 201 სახელმწიფო – ნაწილობრივი აღიარებით

ამ ვერსიაში განიხილება ის არაღიარებული ქვეყნები, რომლებიც ჩვეულებრივ, მსოფლიოს რუკაზე დატანილია, როგორც სადავო ტერიტორიები ან განსაკუთრებული შემთხვევები.

არსებობს ათობით არასუვერენული ტერიტორია, რომლებიც გეოგრაფიულად ქვეყანად შეიძლება იწოდებოდეს, თუმცა მათ სახელმწიფოს სტატუსი არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები არ არიან გაეროს წევრები ოფიციალურად გაეროში მინიმუმ ერთი წევრით არიან წარმოდგენილნი (რასაც „დიპლომატიური აღიარება” ეწოდება).

გაეროს წევრი: 193

გაეროს დამკვირვებელი ქვეყნები: 2

ნაწილობრივი აღიარების მქონე სახელმწიფო: 6

სულ: 201

გაეროს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომელთაც აქვთ ნაწილობრივი აღიარება, არის ტაივანი, დასავლეთ საჰარა, კოსოვო, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი. ყველა ამ  ქვეყანაზე პრეტენზიას აცხადებენ სხვა ქვეყნები, მაგრამ მათ რეალურად ვერ აკონტროლებენ. გაეროს წევრთა რაოდენობა, ვინც ისინი აღიარა განსხვავდება, მხოლოდ ერთი აღიარება აქვს ჩრდილოეთ კვიპროსს, კოსოვოს კი – 100-ზე მეტი.

ჩამონათვალში ასევე შედის კუკის კუნძულები და ნიუე, როგორც ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოები. ეს ორი ტერიტორია ზოგჯერ დამოუკიდებელი ქვეყნების მსგავსად მოქმედებს, მაგრამ მათ არასოდეს გამოუცხადებიათ პრეტენზია დამოუკიდებლობაზე ან გაეროში გაწევრების მცდელობაზე. ისინი ახალი ზელანდიის ასოცირებულ წევრებად ითვლებიან.

1974 წელს ნიუე გახდა თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. ნიუე არის ახალ ზელანდიასთან ასოცირებული წევრი, ამ ტერიტორიას საკმაოდ დიდი ავტონომიური უფლებები აქვს. ნიუეს მმართველია გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II.

III ვერსია: 204-207 დე ფაქტო სუვერენული სახელმწიფო

ეს ექვსი ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანა არ არის, ე.წ. „სეპარატისტული სახელმწიფოები” სრული თვითმმართველობით. სულ მცირე კიდევ სამი თვითგამოცხადებული ქვეყანაა, რომლებიც საერთოდ არ არის აღიარებული გაეროს რომელიმე წევრის მიერ, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს  იმ ქვეყნებისგან დამოუკიდებლად, რომლებსაც გამოეყვნენ. მათ ხშირად უწოდებენ „დე-ფაქტო” სუვერენულ სახელმწიფოებს. ისინი ფაქტობრივად დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, თუმცა არა ქაღალდზე.

გაეროს წევრები: 193

გაეროს დამკვირვებელი ქვეყანა: 2

ნაწილობრივი აღიარების მქონე სახელმწიფო: 6

არაღიარებული „დე ფაქტო“ სუვერენული სახელმწიფო: 3-დან 6-მდე.

სულ: 204-დან 207-მდე.

არსებობს დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებიც ხშირად განიხილება დე ფაქტო დამოუკიდებელ ქვეყნებად, გაეროს წევრი სახელმწიფოების მხრიდანაც კი ყოველგვარი აღიარების გარეშე. ეს ქვეყნებია: არცახის რესპუბლიკა (მთიან ყარაბაღი), დნესტრისპირეთი და სომალილენდი (დედაქალაქი ჰარგეისა) – არაღიარებული ქვეყანა აფრიკის ჩრდილოეთით, სომალის ნახევარკუნძულზე, ბრიტანეთის სომალის ყოფილი კოლონიის ტერიტორიაზე. 2014 წლიდან ამ სიაში კიდევ სამი კანდიდატი იყო, რადგან ისინი აქტიურ საომარ ზონაში მდებარეობენ და მხოლოდ შეზღუდული სამთავრობო სტრუქტურები აქვთ: ე.წ. „ისლამური სახელმწიფო” (ე.წ. ISIS an ISIL), თუმცა მან დაკარგა ტერიტორიები სირიაში, ერაყსა და ლიბიაში; დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, რომლებიც უკრაინისგან დამოუკიდებლობას ითხოვენ.

ცალკეული ადამიანების მიერ გამოცხადებული პაწაწინა „მიკრონიზაცია” ჩვეულებრივ, სერიოზულად არ მიიღება სიაში შესასვლელად. უახლოესი კონკურენტი შეიძლება გახდეს სილენდი, რომელიც მდებარეობს ყოფილ თავდაცვით პლატფორმა — რაფს-თაუერზე, ჩრდილოეთის ზღვაში, ბრიტანეთის სანაპიროდან დაშორებულია 10 კილომეტრით. სილენდი (ინგლ. შეალანდ) — არაღიარებული ქვეყანაა, რადგან სადავოა, ნამდვილად ითვლება თუ არა, რომ ამ პატარა „ერს” აქვს ტერიტორია, ჰყავს თუ არა მოსახლეობა და მთავრობა, ნებისმიერი სახელმწიფოს „მთავარი” ატრიბუტიკით.

ასევე არსებობს მრავალი ტერიტორია (მთლიანად თვითმმართველი ტერიტორიები, როგორიცაა პუნტლენდის შტატი სომალში), რომლებიც არ კონტროლდება არცერთი ქვეყნის მიერ, მაგრამ ამოიღეს სიიდან, რადგან ისინი არ აცხადებენ დამოუკიდებლობას.

IV ვერსია: 206 სახელმწიფო – ოლიმპიური კომიტეტი

უამრავი ადამიანი უყურებს მსოფლიოს ოლიმპიურ თამაშებს. თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ არის ოლიმპიურ თამაშებზე 200-ზე მეტი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ატლასში მხოლოდ 195-ია?

ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნები

ოლიმპიადა არ მოითხოვს, რომ წევრობის კანდიდატები დამოუკიდებელი ქვეყნები იყოს. დამოკიდებული ტერიტორიები, რომლებსაც ნაწილობრივი თვითმმართველობა აქვს, დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ (IOC). ამიტომ ნაწილობრივ აღიარებულმა სახელმწიფოებმაც მოახერხეს გაწევრება და მათი ეროვნული კომიტეტები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშია გაერთიანებული.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები – გაეროს წევრი სახელმწიფოები: 193

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები – გაეროს დამკვირვებელი სახელმწიფოები: 1

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები – ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოები: 2

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები – დამოკიდებული ტერიტორიები: 10 ქვეყანა IOC-ს მიერ აღიარებული ოლიმპიური ერების საერთო რაოდენობა: 206.

ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნებში შედის აგრეთვე აშშ-ის (მაგალითად, პუერტო რიკო) ან გაერთიანებული სამეფოს (ბერმუდის მსგავსი) დამოკიდებული ტერიტორიები. ასევე შედის ნახევრად დამოუკიდებელი „ქვეყნები”, როგორიცაა კუკის კუნძულები (ასოცირდება ახალ ზელანდიასთან) და არუბა (ნიდერლანდების „შემადგენელი ქვეყანა” – 2010 წლის ოქტომბრიდან თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსით).

გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ასევე მონაწილეობს ოლიმპიადაში.  გაეროს დამკვირვებელი ქვეყნებიდან დამოუკიდებელი მონაწილეა პალესტინა,  ვატიკანი კი მონაწილეობს იტალიის გუნდის შემადგენლობაში. რაც შეეხება თამაშებში ორ ნაწილობრივ აღიარებულ ქვეყანას – კოსოვო 2014 წელს გახდა ოლიმპიური კომიტეტის წევრი, ხოლო ტაივანი, რომელიც უკვე დიდი ხანია წევრია, 1980-იან წლებში ჩინეთთან დადებული გარიგების შემდეგ „ჩინური ტაივანის” სახელით გამოდის.

V ვერსია: ფიფა-ის მონაწილე 211 ქვეყნა, რომელსაც უფლება აქვს მსოფლიო თასისთვის იბრძოლოს.

ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია. ყველა საერთაშორისო მატჩი რეგულირდება FIFA-ის ორგანიზაციის მიერ. ფეხბურთის სუპერ გულშემატკივრებმა იციან, რომ FIFA-ი ს მატჩებში 211 წევრი ქვეყანა მონაწილეობს, თუმცა უმეტესობა მსოფლიო თასზე არ გამოდის.

ოლიმპიადის მსგავსად, ფიფა-საც არ სჭირდება წევრების დამოუკიდებლობა ან საერთაშორისო აღიარება. მიღების წესები ცოტა გამკაცრდა, თუმცა 2016 წლის მაისში ორმა ქვეყანამ განსაკუთრებული გარემოებებით შეძლეს გაწევრება: კოსოვო (ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანა) კენჭისყრით მიიღეს მას შემდეგ, რაც გაეროს წევრთა ნახევარზე მეტმა აღიარა მისი დამოუკიდებლობა; გიბრალტარმა (დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული ერთეული) მიიღო ნებართვა, რადგან მან განაცხადი წევრობისთვის მანამდე გააკეთა, ვიდრე მოქმედი წესები გამკაცრდებოდა.

ევროპული ტრადიციის საფუძველზე, FIFA ასევე საშუალებას აძლევს ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას იასპარეზონ დამოუკიდებელ გუნდებად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 200 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს ნაწილი არიან.

გაეროს წევრი სახელმწიფოების გუნდები: 186

გაეროს დამკვირვებელი სახელმწიფოების გუნდები: 1

ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოების გუნდები: 2

გაერთიანებული სამეფოს „ქვეყნების“ გუნდები: 4

დამოკიდებული ტერიტორიების გუნდები: 18

FIFA- წევრთა საერთო ასოციაციები: 211

გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან ყველა წევრი (ძირითადად პატარა ქვეყნები) არ შედის FIFA-ის შემადგენლობაში, დიდი ბრიტანეთი კი ჩანაცვლდა მისი ოთხი შემადგენელი „ქვეყნით”, რომლებიც გაეროს წევრები არ არიან.

VI ვერსია: 249 ქვეყნის კოდი ISO სტანდარტულ სიაში

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ფართოდ ცნობილი, როგორც ISO არის საერთაშორისო სტანდარტის მიმღები ორგანო, რომელიც შედგება სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ის მთელ მსოფლიოში ავრცელებს კერძო სამრეწველო და კომერციულ სტანდარტებს.

ISO არ არის ასოცირებული გაეროსთან, მაგრამ იყენებს გაეროს მონაცემთა ბაზას, როგორც მთავარ უფლებამოსილებას მსოფლიო ქვეყნებისთვის.

ISO სტანდარტი ემყარება გაეროს მიერ დაცულ ოფიციალურ ჩამონათვალს… მაგრამ რატომ არის 249 ქვეყნის კოდი? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე გაეროს წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების საერთო რაოდენობა. სტანდარტულ ჩამონათვალშია სეპარატისტული სახელმწიფოები, რომლებიც არ არის აღიარებული გაეროს მიერ. ამიტომ ISO-ის სია უფრო პასუხობს  შეკითხვას, „რამდენი ქვეყანა და ტერიტორიაა მსოფლიოში?”, ვიდრე „რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში?”

არსებობს „ქვეყნის კოდები” არა მხოლოდ ფაქტობრივი ქვეყნებისთვის, არამედ ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, საზღვარგარეთის კოლონიისთვის, დაუსახლებელი კუნძულისთვის და ანტარქტიდისთვისაც კი! ეს ხდება იმის გამო, რომ ორგანიზაციებს შეიძლება დასჭირდეთ კოდი ნებისმიერი ადგილისთვის, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს.

გაეროს წევრები: 193

გაეროს დამკვირვებელი: 2

ნაწილობრივი აღიარების მქონე სახელმწიფო: 2

დასახლებული ტერიტორიები: 45

დაუსახლებული ტერიტორიები: 6

ანტარქტიდა: 1

სულ: 249

ასე რომ თქვენ გაქვთ ეს მონაცემები!

კითხვაზე – რამდენი ქვეყანაა დღეს მსოფლიოში? – პასუხი არც ისე მარტივია.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://en.wikipedia.org ;

https://www.un.org ;

https://www.polgeonow.com

მორცხვი ბავშვების მინდორი

0

რამდენიმე წელია ვასწავლი და ყველა კლასში ერთმანეთის მსგავსი მდგომარეობა მხვდება – ცოცხალი, ინტერესიანი და მორცხვი ბავშვები ერთად სხედან და ეს უკანასკნელები ხმის ამოღებას ვერაფრით ბედავენ.

 

თითქოს სიმორცხვე ხასიათის ნაწილია, მაგრამ ხშირად მიფიქრია, რომ ხასიათსაც ხომ მხოლოდ ჩვენი ფსიქოტიპები არ ქმნიან. ის, რომ ვიღაც ქოლერიკია და სხვა კი მელანქოლიკი, არ შეიძლება აპრიორი განსაზღვრავდეს იმას, როგორი ვიქნებით საზოგადოების წიაღში.

ამაზე ფიქრმა ჩემი ძვირფასი მოსწავლეების შინაგანი სამყაროს იმ ნაწილის ზევით ამოწევისკენ მიბიძგა, რომელიც მგონია, რომ ხასიათის კი არა, გარემოებების ბრალია.

თუ სწავლება მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიცემაა, მე ასეთ მასწავლებლად დარჩენა არ გამიხარდებოდა. თუ ბავშვის აღზრდაში ოჯახთან ერთად მეც არ ჩავერთე, რაში მჭირდება ცოდნის მიცემა, რომელიც, ჩვენი ტექნოლოგიური საუკუნის წყალობით, ისედაც ხელმისაწვდომია?

განათლების პროცესი ხომ შედეგიდან არასოდეს გამომდინარეობს. ის ჩვენი არსებობის ნაწილია. განა ვინმე იტყვის „გავნათლდი“ და მორჩა ამბავიც და ინტერესიცო? თუ იტყვის, ხომ შემცდარია და თუ დაიჯერებს – სულელიც?

ერთი დიდი სიამოვნებაა ხოლმე მოსწავლეში ადამიანის დანახვა, მისი საინტერესო, შინაარსიანი ბუნების ჭვრეტა, მასთან და მისნაირად ფიქრის მცდელობა, სიტუაციასთან თანაზიარობა და იმ სიმძიმის ცენტრის პოვნა და ხელის ჩაჭიდება, ყველაფერს რომ აგაწევინებს.

მინდა ერთ ჩემეულ გამოცდილებაზე მოგიყვეთ, რომელიც ზოგიერთ პედაგოგს იქნებ რამეში გამოადგეს კიდეც, რჩევა მომცეს, თავისი დაუმატოს და მთელი ეს ერთობლივი კერძი მასწავლებლებმა კლასში შევიტანოთ.

ბევრი შეამჩნევდა, რომ კლასის რომელიმე წევრის ჩაკეტილობა, სიმორცხვე, მორიდებულობა და სხვების წინაშე ხმის ამოღების შიში მთელ ჯგუფზე აისახება. ამიტომაც, როდესაც ახალ ჯგუფთან ვიწყებ მუშაობას, სწორედ ასეთი ბავშვების შინაგანი შებოჭილობისგან გათავისუფლება მიმაჩნია ხოლმე უპირველეს მიზნად.

რაკი ჩემი საქმე მწერლობასთან ერთად კინოცაა, კლასში იმ გამოცდილ მეთოდს ვიყენებ ხოლმე, მსახიობებთან ურთიერთობისას ჯერ კიდევ სტანისლავსკიმ რომ დაუტოვა კაცობრიობამ.

ადამიანს საკუთარი სხეულის, გონებისა და ემოციების გამოხატვის სირცხვილი უნდა დაავიწყო.

მე ასე ვაკეთებ: როდესაც ჯგუფის ყველა წევრს დავალებას გამოვკითხავ ხოლმე და მორიდებული მოსწავლეები ალმურმოკიდებულები და შეშფოთებულები უყურებენ დანარჩენებს, ვხვდები რამხელა სტრესის გადალახვა უწევთ ამ დროს და ჩემი თავი მახსენდება უზარმაზარ საკონფერენციო დარბაზში, სადაც ნაცნობ, დაღეჭილ თემაზე მიკროფონით უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა.

ვიღაცისთვის ეს მდგომარეობა სრულიად ბუნებრივია. თავს ისე გრძნობს, როგორც ღამურა გამოქვაბულში, მაგრამ სხვა იძაბება, ოფლი მოსდის, სუნთქვა უხშირდება და თავბრუსხვევა ეწყება. ასე ემართებათ ადამიანებს კამერის წინაც, რასაც ერთადერთი რამ – შეჩვევა შველის.

მორცხვი მოსწავლეების მდგომარეობის დასაძლევად მარტივი და, ჩემი აზრით, ეფექტიანი საშუალება მოვიფიქრე: ძალიან მარტივ და იოლ შეკითხვებს სწორედ მათ დავუსვამ ხოლმე, რადგან კუთხეში მიმწყვდევა აღარ უწევთ და ადვილად „აღწევენ“ ხოლმე თავს „მძიმე ვითარებას“.

საჯაროდ ხმის ამოღებაში ვარჯიში, ბავშვებში თავდაჯერებას, საკუთარი ძალების რწმენას, „ბარიერის გადალახვით მიღებული სიამოვნების კვლავგანცდისკენ ლტოლვას“ და სულ მცირე გაუბრალოების შეგრძნებას იწვევს.

წვეთ-წვეთობით, დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე და ხან წლიდან-წლამდეც კი ვაკვირდები ხოლმე როგორი თავდაჯერებული და აქტიური ხდება მოსწავლე, რომელიც პირველ შეხვედრაზე სკამზე მოწურული იფშვნეტდა თითებს. ახლა ისინი არ აცლიან ხოლმე ახალმოსულ მორცხვ ბავშვს აზრის გამოთქმას, იწევენ ხელს, იწიწკნიან ყელს მუდარით – „მას, მას, მე ვიტყვი რა!“, აქვთ საკუთარი აზრის დაუზარელად გამოხატვის მუდმივი სურვილი და შინაგან სილაღეს იქნებ მხოლოდ კლასში (რადგან არ ვიცით სკოლიდან რა გარემოში ბრუნდებიან) ავლენენ ხოლმე.

ასეთი ბავშვები სკოლაზე შეყვარებულები ხდებიან. არასოდეს ეზარებათ გაკვეთილზე მოსვლა, რადგან ვის, თუ არა მათ, უძღები შვილივით კარგად ახსოვთ, რომ არსებობდა დრო, როდესაც ყველაფერი გაცილებით რთულად იყო.

როდესაც მორცხვ ბავშვს ხმის ამოღების რცხვენია, სულ მახსენდება ვინსტონ ჩერჩილი, ისტორიის გამორჩეული ორატორი, ვისაც მეტყველების პრობლემა ჰქონდა და სკოლაში სირცხვილით ხმას ვერ იღებდა; ან მერლინ მონრო, დაწყებით კლასებში ენის ბორძიკის გამო ტირილს რომ იწყებდა; მოსეც – ცნობილი ენაბლუ ღმერთმა რჩეულ ხალხთან სალაპარაკოდ რომ გამოირჩია.

რა ბედნიერებაა, როცა არსებობს მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და რამდენჯერ მეტი სიხარულია ისეთი პედაგოგის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს კიბე, რომლითაც ბავშვი ზეცისკენ მიმავალ გზას დაადგება.

 თეატრი პანდემიაში. მეგობარი და მასწავლებელი.

0

„დიდმა ხარმა დაადგა ფეხი ჩემს ენას. ხმა რომ ამოეღო თავად ამ სახლს, ცხადად იტყოდა; მე, ჩემდათავად, ვინც რამე იცის, მისთვის მაქვს სათქმელი და ვინც არ იცის, მისთვის მეც არაფერი მახსოვს…“ – ვკითხულობთ ესქილეს ტრილოგია „ორესტეას“ პირველ ნაწილში (თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა). ამ სიტყვებს წარმოთქვამს სასახლის ქონგურზე მდგარი გუშაგი, რომელმაც ტროას ომიდან დაბრუნებულ აგამემნონს პირველმა უნდა გაუღოს კარიბჭე. რა იმალება მისი შემზარავად იდუმალი მონოლოგის მიღმა? რა არის ის, რაც არ ითქმის მის ბაგეთაგან და რაც მხოლოდ ციხის ქონგურებზე აბრიალებული ჩირაღდნის ცეცხლმა უნდა შთანთქას?

ჩემთვის ზუსტად ეს იდუმალებაა თეატრი. ფრაზებსა და ქმედებებს შორის ჩამწყვდეული ენერგია, რომელიც „აქ და ახლა“ – განზომილებაში შობს სიცოცხლის ახალ პატერნებს და გმუხტავს ილუზიით, რომ ეს შენი პირადი პროექციაა, ის სინამდვილეა, რომელიც სხვა რეალობათა შორის ყველაზე ცოცხალი, ხელშესახები და ღვთაებრივია.

არ ვიცი, რას იტყოდა ან რას დამალავდა სასახლის გუშაგი, აგამემნონის ლაშქრის ნაცვლად, თანამედროვე დროში, კორონაშეყრილი კაცობრიობის ლეგიონი რომ ეხილა; განჭვრეტდა იმის მომავალს, რისი პირმშოც თავადაა, რის ბინადრადაც აქცია ის საუკუნეების წინ დიდმა ტრაგიკოსმა?!

გუშაგის მონოლოგი ისევ ესქილეს დავუთმოთ, ჩვენ კი მისივე სამზერისკენ გავაპაროთ თვალი და დროის კალენდარზე მოვნიშნოთ ერთი დღე, რომელმაც ახალი რეალობა სრულიად საჩინო გახადა – 2020 წლის 27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე. ეს დღე მსოფლიო თეატრებმა ცარიელ დარბაზებში, უმაყურებლოდ აღნიშნეს.

პანდემიამ ჩვენს პლანეტაზე ახალი დღის წესრიგი შექმნა და შესაბამისად, ეს წესრიგი შეეხო ხელოვნების სფეროებსაც, მათ შორის თეატრს, ამ 26-საუკუნოვან სახელოვნებო დარგს, რომლისთვისაც უმთავრესი – ცოცხალი კომუნიკაცია – შეზღუდვათა და აკრძალვათა ჩამონათვალის პირველ ნომრად იქცა.

ბუნებრივია, თეატრი მოუმზადებელი შეხვდა ამ ახალ გამოწვევას (გნებავთ, განსაცდელს), მას დაჩქარებული წესით მოუწია გამოსავლის გზებზე ფიქრი და მსჯელობა. თუმცა, თეატრი თავად გულისხმობს კრიზისიდან გამოსავალს, ის იდეაშივე ფლობს ძალას, რომელიც ზუსტად ამგვარ გამოწვევებზე და წინააღმდეგობებზე უნდა რეზონირებდეს, ბადებდეს ახალ სივრცეებსა და სიტუაციებს, სადაც ის მუდმივად განახორციელებს თავის მთავარ აქტს – სიცოცხლის აქტს. გამოსავლის გზები გამოინახა, თუმცა ისეთმა პრობლემებმაც იჩინა თავი, რომლებსაც აქამდე აქტიურ ფაზაში მყოფი თეატრალური საზოგადოება ვერ ამჩნევდა.  პანდემიის დასაწყისში თეატრებმა ინტერნეტის საშუალებით სპექტაკლების ონლაინტრანსლირება დაიწყეს. ერთი მხრივ, თეატრმა უამრავი მაყურებელი მოიზიდა, მეორე მხრივ კი, მასთან ცოცხალი კავშირი დაკარგა. ამასთან ერთად, ამ ხელოვნურმა მასშტაბურობამ კიდევ უფრო საგრძნობი გახადა უამრავი ტექიკურ-შინარსობრივი პრობლემა და იყო შემთხვევებიც, როცა სპექტაკლის ონლაინჩვენების დასაწყისში, ეკრანებთან მობილიზებული ათასობით მაყურებლიდან, სპექტაკლის ბოლოს „ინტერნეტ-მრიცხველმა“ მხოლოდ რამდენიმე ათეული დაითვალა.

ახალ ვითარებას ფეხი ქართულმა თეატრმაც შეძლებისდაგვარად აუწყო. თეატრების უმრავლესობამ საკუთარი ვიდეო-არქივი გაასაჯაროვა, შედგა რამდენიმე ონლაინჩვენება (პერფორმანსი, აქცია), მათ შორის სატელევიზიო ეთერში. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, წერილში „თეატრი მორიგი განახლების პირისპირ, ანუ ჰიბრიდული თეატრის ერა იწყება?“ პანდემიის რეჟიმში მომწყვდეულ თეატრალურ პროცესებს ეხება და აღნიშნავს: „პანდემიამ ევროპული თეატრი, როგორც მძლავრი კულტურულ-ეკონომიკურ-ტურისტული ინდუსტრია გააჩერა, მაგრამ წინასწარ შემუშავებულმა თავდაცვის მექანიზმმა ის განადგურებისგან იხსნა. ქართული თეატრი კი თავდაცვის ინსტრუმენტებს არ ფლობს და ამიტომაც COVID-19-მა მას ორმაგი დარტყმა მიაყენა. ზედაპირზე ამოტივტივდა ქართული თეატრის წინაშე მდგარი მწვავე და აქტუალური პრობლემები. ახლა, თვითიზოლაციისას შემოქმედებით სფეროს წარმომადგენლებს (არა მხოლოდ სათეატრო) – დაფიქრების, მსჯელობის, დისკუსიის (რისთვისაც აქამდე თითქოს არ ეცალათ) საშუალება მიეცათ. აღმოჩნდა, რომ მათ წინაშე პანდემიამდეც უამრავი პრობლემა იდგა, რომელთა გადაჭრაზე ფიქრი კულუარებს არ გასცდენია. ახლა კი დაიწყო ხმამაღალი და საჯარო საუბარი რეფორმების აუცილებლობაზე, სათეატრო პოლიტიკის და შემოქმედებითი პროცესის გაჯანსაღებაზე, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე და სხვ.“.

ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ ქართველ რეჟისორებს და მსახიობებს, რომლებმაც თავის თავზე გამოსცადეს კარანტინში „მოყოლილი თეატრის“ ბედი.  ვკითხეთ მათ, თუ რა ტიპის სირთულეებს შეეჩეხნენ თავად, როგორია მათი განცდა პანდემიურ ყოფაში.

იოანე ხუციშვილი (რეჟისორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი): უმთავრეს პრობლემად მაინც მიმაჩნია რეგულაციები და თეატრის, როგორც შემოქმედებითი ორგანიზაციის, არასწორი დამოკიდებულება პანდემიასა და მის რეგულაციებთან. ვერ და არ გამოვიყენეთ ეს დრო ისეთი აქტივობებით, რაც სამომავლოდ უფრო გააძლიერებდა თეატრსა და მის დაბრუნებას ჩვეულ ტემპში. გამონაკლისია რამდენიმე თეატრი, რომელმაც არ შეწყვიტა „მუშაობა”, შიდა შემოქმედებითი პროცესი არ გააჩერა, რაც მიმაჩნია უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად თეატრისთვის და რაც მთავარია, არტისტისთვის – ყველანაირი გაგებით. ეს უმოქმედობა მომავალში უფრო დიდ დანაკარგს გამოავლენს და გვიჩვენებს, რომ სპექტაკლის ართამაშზე მეტად სარეპეტიციო პროცესის შეწყვეტა გაცილებით დიდი ზარალის მომტანია.  არადა, ერთი მხრივ, სახელმწიფოსგან გრძელდება თეატრალური პროექტების დაფინანსება და მეორე მხრივ, ზღუდავს თავისი რეგულაციებით. ვფიქრობ, სწორედ აქ არის გასააზრებელი ოქროს შუალედის პრინციპი და  სახელმწიფოსგან ეს ნაბიჯი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა საბოლოოდ ისე არ გამოვიდეს, რომ მათი ეს დამოკიდებულება მხოლოდ თეატრების და ხელოვანების გასაჩუმებელი პოლიტიკაა და სხვა არაფერი. პრობლემა ჩვენშია…

თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი): მოულოდნელად დაიკეტა თეატრის კარი… დავრჩით უსაქმურები… თავიდან თითქოს ცოტა დავისვენეთ… ვითომ გამოვიძინეთ… პირადად მე კიდევ ერთხელ დამარწმუნა დედამიწის ჩაკეტვამ, რომ თეატრი ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი გადამრჩენელია! მართლაც ზღაპარია, რომელშიც უნდა იმოგზაურო! მეგონა მაქსიმუმ ერთ თვეში გავიხსნებოდით და ამასობაში, სახლში დარჩენით ჩატარებულ კულინარიულ შეჯიბრში გავიდა 8 თვე. ჩვენი პროფესია პროცესის გარეშე ფერს კარგავს და ხუნდება… მეშინია არ შევეჩვიოთ! თეატრი, კოსტიუმი, გრიმი, რეპეტიცია, სპექტაკლი, პრემიერა, მაყურებელი, კომუნიკაცია მენატრება.

ლუკა ინწკირველი (რეჟისორი):  რადგან თეატრი ცოცხალი ხელოვნებაა, ის მთლიანად  დამოკიდებულია მაყურებელთან ცოცხალ კონტაქტზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე მწვავედ პრობლემა ამ კუთხით გაჩნდა და არ ვგულისხმობ მხოლოდ მაყურებლის ფიზიკურად დაშორებას თეატრთან. როცა პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ სხვადასხვა სფერო თანდათან ამოძრავდა, თეატრის არგახსნის მომენტი თითქოს ყველასთვის უმნიშვნელო და შეუმჩნეველი დარჩა. ეს ფაქტი, რომ საზოგადოებამ თეატრის გახსნა არ მოითხოვა, საგანგაშო მესიჯი იყო ჩვენთვის. დაგვრჩა შეგრძნება, რომ მოსახლეობისთვის და სახელმწიფოსთვის ეს სფერო საერთოდ უინტერესოა, რომ მაყურებელი თეატრს მხოლოდ ფიზიკურად არ დაშორებია.  ეს სიმართლე ალბათ ყველა თეატრალისთვის რთულია, მაგრამ ფაქტია.

კითხვაზე, რაიმე „სარგებელი“ თუ ახლავს ამ ახალ გამოწვევას თეატრისთვის, ან რაიმე ტიპის ინსპირაციად თუ იქცა ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, ასეთი პასუხები  მივიღეთ:

თამუნა ნიკოლაძე: ყველაფრის მიუხედავად, ეს დრო მაინც არაჩვეულებრივი საშუალებაა დაფიქრებისთვის, გააზრებისთვის და გაზრდისთვის. ბევრი რამ გადაფასდა და დაფასდა. ბევრი სიახლე და აღმოჩენა გაკეთდა. დედამიწისხელა პრობლემებია ჩვენს სფეროში და დროა ახალი წამოწყებების და მაყურებლის თავიდან მოშინაურების. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ მეშინია მაყურებელი არ გადაგვეჩვიოს! ისედაც დიდი ხანია დაწყებულია ინტერნეტით ადამიანური მეგაბაიტების ამოწურვა. დროა დავფიქრდეთ, რა სჭირდება თეატრში მოსულ ადამიან-მაყურებელს? რით შეიძლება ყველა ასაკის მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება?! ეს კითხვები მიტრიალებს თავში. საკუთარ თავს პასუხს ალბათ მხოლოდ მაშინ გავცემ, როცა თეატრი გაიხსნება!

იოანე ხუციშვილი: პანდემიამ ბევრი კარგი რამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თეატრალური ხელოვნების შესაძლებლობებში და მის უალტერნატივო ცოცხალი ხელოვნების თვისებების სიჭარბეში. იმაში, რომ ყველაზე ცოცხალი ხელოვნება არის თეატრი და მის სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს ადამიანი – მსახიობი/მაყურებელი ცოცხალ პლანში! პანდემიამ ასევე ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა ქართული (და არა მარტო) თეატრის, თუ რამდენად უნდა ქართულ თეატრ(ებს)ს სიცოცხლე ანუ მოქმედება, თუ სურს ხელფასით იყოს უზრუნველყოფილი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია?!… აქტივობები უფრო მეტად იგრძნობა დამოუკიდებელ არტისტებში და არა სახელმწიფო თეატრებში, არადა ამ თეატრებს ახლაც ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვთ ამ პრობლემებთან გამკლავებისა. პანდემიამ გამოავლინა ბევრი თეატრის არაშემოქმედებითი უნარი და მისი აუცილებლობა. პანდემიამ პირველ საწყისებთან დააბრუნა თეატრი და მისი შენობიდან გამოსვლამ ბევრი კარგი იდეის შესაძლებლობა გაუჩინა, თუმცა ბევრი თეატრი ისევ უმოქმედოდ დარჩა შენობებში. პანდემიამ გამოავლინა, რომ თეატრალური სამყარო ჩვენს ქვეყანაში არაა თანმიმდევრული და პროტესტის უნარის მქონე პრობლემასთან მიმართებაში და  მას არ შეუძლია ბევრ საკითხში/ზე დიალოგი და შეთანხმება. ამიტომ, ლოგიკურად ვხდებით დამოკიდებული იმ გამოსავალზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს ზოგადად კულტურის და განსაკუთრებით თეატრის მიმართ. პანდემიამ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოგვცა შანსი საკუთარი თავის აღმოჩენის და თეატრში ჩვენი ფუნქციური არსებობის აუცილებლობაზე დაფიქრებისა, ან პირიქით. ეს არის თვითკრიტიკის ყველაზე მძაფრი და საჭირო დრო, სადაც გეძლევა საშუალება გადააფასო საკუთარი თავი, თეატრალურ ხელოვნებასთან მიმართებაში და არა მარტო… ეს პერიოდი აუცილებლად იქონიებს გავლენას მომავალში და უფრო მძაფრად გაგვააზრებინებს ბევრ ისეთ თემას, რომლებიც დღეს თითქოს დრომოჭმულია. სამყაროში ყველა კრიზისი საინტერესოა, რადგან ადამიანის ლუსტრაციის ხარისხი და მისი რეაგირება კრიზისზე უფრო დიდია. ერთგვარი ახალი ფორმების დაბადების შანსია ხელოვნებაში! რადგან თეატრში მაინც უმთავრესი მოქმედებაა! უმოქმედობა კი სიკვდილია, თუმცა ესეც პოზიციაა… პანდემია, მისი კატეგორიულობის მიუხედავად, მაინც გვიტოვებს არჩევანს… და არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა…

ლუკა ინწკირველი: ალბათ ისევ ძიება და ამ პრობლემაზე ფიქრი მიგვიყვანს იქამდე, როგორ შეიძლება გახდეს თეატრი მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, პანდემიის არაპროგნოზირებადობა და არასტაბილური მოცემულობაც არის პრობლემა, რომელთანაც, სამწუხაროდ,  რთული აღმოჩნდა გამკლავება და ეს მარტო ჩვენს ქვეყანას არ ეხება. პირადად მე ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც გათვლილი იყო ყველა მოცემულ რეგულაციაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ აქტიური გახდა და პრემიერამდე 1 კვირით ადრე მოგვიწია თითქმის მზა სპექტაკლის გაჩერება გაურკვეველ დრომდე, რაც, ბუნებრივია, ძალიან რთულია შემოქმედებითი ჯგუფისთვის. ის ენერგეტიკა, რაც ახლავს პროცესს და მით უმეტეს დასრულების ეტაპზე, თითქოს გაქრა. იმედია, სულ ცოტა ხანში თეატრიც და მთელი პლანეტაც შეძლებს დაუბრუნდეს იმავე ტემპს, მაგრამ იმ პრობლემების გადააზრება კი აუცილებლად უნდა დავიწყოთ, რაც ამ ვირუსმა გამოავლინა.

 

როცა სასახლის ქონგურზე გადმომდგარი აგამემნონის გუშაგი ხელს ანტიკური პათოსით მოიჩრდილავს და საუკუნეთა მიღმიდან გამოხედავს კარიბჭისკენ მომავალ ლეგიონს, ისევ რაღაც იდუმალი აზრი მოუვა თავში და სწორუპოვარ ექსპოზიციას უკარნახებს ვინმე დრამატურგს, ჩასაფრებულს ყველა ქონგურთან, საიდანაც მომავლის კონტურები მოჩანს.

და ეს იქნება თეატრი. თეატრი ყოველთვის იქნება, თუ ის თავის საიდუმლოს შეინარჩუნებს.

 

ქების ბნელი მხარე ანუ როგორ შევაქოთ სწორად

0

„ყოჩაღ, ძალიან კარგია“, „რა ჭკვიანი ხარ“, „ეს ყველაზე მშვენიერი ნახატია, რაც კი მინახავს“, – ამ და სხვა საქებარ სიტყვებს ხშირად ვიყენებთ. ვაქებთ შვილებს, მოსწავლეებს და მიგვაჩნია, რომ ამით მათ მოტივაციას და თვითშეფასებას ვუმაღლებთ, ვეხმარებით, შემდგომში უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და აკადემიურ წარმატებას  მიაღწიონ. ქება, რომელიც ყველა ბავშვისთვის სასიამოვნო სოციალური სტიმულია, შესაძლოა, მავნე ფსიქოლოგიურ აბებად იქცეს და ჩვენი მოლოდინის საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

მაინც როგორი ქება ვნებს ბავშვს? – გადაჭარბებული, არარელევანტური, არასწორად ფორმულირებული და არაგულწრფელი. არასწორი ქების დროს აქცენტირებულია პიროვნება („ძალიან ჭკვიანი ხარ“), შეფასება გაზვიადებულია („მეორე პიკასო ხარ“), ქება ორიენტირებულია შედეგზე, ზოგადია და ხშირად არაგულწრფელი („შეუდარებელი ნამუშევარია“).

კვლევები მოწმობს, რომ ქება დადებითად მოქმედებს ბავშვზე, მის ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე, მაგრამ არა ყოველთვის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის ფორმასა და შინაარსს. სტენფორდის უახლესი კვლევის თანახმად, ბავშვის განვითარებაზე ქება მაშინ ახდენს დადებით გავლენას, როდესაც ხაზს უსვამს ძალისხმევას და არა ნიჭს. მოტივაციის ამაღლებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ემსახურება, როდესაც ემყარება რეალურ მიღწევას და არა ყალბ შეფასებას. სიყალბეს ბავშვები გრძნობენ, ეს კი თვითშეფასებისა და მოტივაციის დაქვეითების საფრთხეს ქმნის. საინტერესოა, რომ გულწრფელმა, მაგრამ პიროვნულ მახასიათებლებზე აქცენტირებულმა ქებამაც შეიძლება ასეთივე შედეგი გამოიღოს. პიროვნებაზე ცენტრირებული ქების დროს („ძალიან ნიჭიერი ხარ“) ბავშვის ყურადღება „მე“-სკენ მიემართება და როდესაც ის რიმე საქმიანობაში მარცხს განიცდის, ამ წარუმატებლობასაც საკუთარ „მეს“ მიაწერს („მე უნიჭო ვარ“), ნაცვლად კონკრეტული ქმედებისა („ნაკლები ძალისხმევა გამოვიჩინე“). დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებს კი ქებისას პიროვნული მახასიათებლების ხაზგასმა კიდევ უფრო უქვეითებს თვითშეფასებას და თვითრწმენას.

რა შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებულმა, ყალბმა, უშინაარსო და მხოლოდ ნიჭსა და პიროვნებაზე აქცენტირებულმა ქებამ?

* არაადეკვატურობის განცდა. ბავშვებს არასწორი წარმოდგენა უყალიბდებათ საკუთარ თავზე. სინამდვილეში ისინი არასოდეს არიან საკუთარი თავით კმაყოფილი, რადგან ქება, რომელსაც იღებენ, ცარიელი და ყალბია. საბოლოოდ კი მათ შეცდომის შიში უჩნდებათ.

* ნარცისიზმი. ნარცისული განწყობები ბავშვს ხელს უშლის სხვისი წარმატებების დანახვასა და აღიარებაში და ის საკუთარ თავზე ცენტრირებულ, მუდმივად პერსონალურ წარმატებებზე მეოცნებე ადამიანად ყალიბდება.

* იმედგაცრუება. სახლის ან საკლასო ოთახის გარეთ ბავშვი, შესაძლოა, არავინ შეაქოს ისე მგზნებარედ, როგორს მიჩვეულია. ამ შემთხვევაში იმედგაცრუება გარდაუვალია. რეალური სამყაროს გამოწვევებს ბავშვი მოუმზადებელი ხვდება.

* მოტივაციის დაქვეითება. კოლუმბიისა და სტენფორდის უნივერსიტეტების კვლევათა მიხედვით, ბავშვების ქება მათი ინტელექტის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის გამო მხოლოდ მცირე ხნით ცვლის სწავლის ხარისხს. რეალურად ის ამცირებს გამოწვევებისადმი ბავშვის მდგრადობას და ცვლილებების სურვილს.

* ქებაზე დამოკიდებულება. ამ დროს უპირატესი განცდა არა პროცესით, არამედ ქებით მოგვრილი სიამოვნებაა და მთელ აქტივობასაც ეს დამოკიდებულება განაპირობებს და არა შინაგანი მოტივაცია.

* შეჯიბრებითობის გადაჭარბებული განცდა. ბავშვს იმდენჯერ აქვს მოსმენილი ქება, რომ აღიარების მუდმივი დეკლარირება სჭირდება საკუთარი „მე“-ს ხატის გასაძლიერებლად. ამავე დროს, ის სხვისი შესაძლებლობებისა და მიღწევების დაკნინებით თავს უკეთ გრძნობს.

* აღიარების მუდმივი მოთხოვნა და მოლოდინი. ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ ბავშვი ელის ან ითხოვს აღიარებას და ქებას, რომლის გარეშეც ის კმაყოფილებას ვერ გრძნობს.

* ცვლილებების სურვილის უქონლობა. არარეალური და ყალბი „მე“-ს ხატის რღვევის შიშით ბავშვი გამოწვევებს და ცვლილებებს თავს არიდებს.

* სასკოლო მოსწრების დაქვეითება. „სოციალური და კლინიკური ფსიქოლოგიის ჟურნალის“ თანახმად, როდესაც მკვლევრებმა სცადეს დაბალი მოსწრების მქონე მოაწავლეთა შედეგების გაუმჯობესება და მათ აჩვენეს დადებითი კომენტარები, რაც მათი თვითშეფასების ამაღლებას ისახავდა მიზნად, შედეგები გაუარესდა.

* სირცხვილის განცდა და დაბალი თვითშეფასება. როდესაც დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვის ქებისას მის პიროვნულ შტრიხებს ვუსვამთ ხაზს („რა არაჩვეულებრივი, რა გასაოცარი ხარ“) და არა მის ძალისხმევასა და სიმტკიცეს, ამას ის ნაკლები ემოციით ხვდება. დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვები ასეთმა ქებამ შესაძლოა უფრო მეტად დაამორცხვოს და თვითშეფასება უფრო მეტად დაუქვეითოს. მსგავსი შეფასება მაღალ სტანდარტებს და მოლოდინებს უწესებს ბავშვს, რის გამოც ის შფოთავს და მოტივაციას კარგავს.

 

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად?

* მეტად დააკონკრეტეთ აზრი და გამოიყენეთ აღწერითი უკუკავშირი. მაგალითად, „კარგია“, „არაჩვეულებრივია“ ვერ ეხმარება ბავშვს იმის გაცნობიერებაში, სახელდობრ რა გააკეთა კარგად. ამ სიტყვებს დაამატეთ „რადგან“ და შემდეგ დააზუსტეთ, კერძოდ, რა მოგეწონათ („ძალიან კარგია, რადგან ყველა მითითება წაიკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე წერა“).

* ეცადეთ, სათქმელი მოკლედ თქვათ. სიტყვამრავალი ქება მოტივაციას ვერ ამაღლებს. პირიქით, შესაძლოა მრავალსიტყვაობამ ქებას ძალა დაუკარგოს კიდეც. სამაგიეროდ, სწორად ნათქვამ ერთ წინადადებასაც კი შეუძლია მოტივაციის ამაღლება.

* იყავით გულწრფელი. ბავშვები გრძნობენ სიყალბეს. შეუქეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად საქებარია.

* გამოიყენეთ „მე“: „[მე] ძალიან მეამაყება, რომ დავალება ბოლომდე შეასრულე“, „[მე] გამიხარდა, რომ მეგობარს სათამაშო ათხოვე…“

* დაუსვით კითხვა. ქების ნაცვლად შეგიძლიათ ჰკითხოთ, რას ფიქრობს თავად, რას გრძნობდა, როდესაც ამას აკეთებდა. მაგალითად, ასე: „როგორ მოახერხე ბალანსის შენარჩუნება და ველოსიპედის ისე ტარება, რომ არ წაქცეულიყავი?“; „როგორ მოიქეცი, რომ სწორი პასუხი მიგეღო?“

* შეაქეთ ქცევა და არა პიროვნება. ხაზი გაუსვით ბავშვის ძალისხმევას და არა მის ნიჭს („ვხედავ,სირთულემ ვერ შეგაშინა, არ დანებდი და ბოლომდე შეასრულე დავალება“).

* შეუქეთ ის, რაც ბავშვის კონტროლს ექვემდებარება. მისი ძალისხმევა ნამდვილად მის ხელთაა, რაც ავტონომიურობის განცდას განუმტკიცებს.

* უფრთხილდით ქების გაუფასურებას. გაუფასურებული ქება, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ხელს უწყობს „ქების ადიქციის“ ფორმირებას – ამ დროს ბავშვი იმპულსურად ახორციელებს კონკრეტულ ქცევას, რათა ქება მიიღოს.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა ქება, არამედ ის, რომ ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. აქტივობას, რომელშიც ჩართულები არიან, მათთვის კმაყოფილების განცდა მოჰქონდეს, ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია, შეეგებონ სხვადასხვა სირთულის გამოწვევებს, გამოიჩინონ სიმტკიცე და ძალისხმევა და იგრძნონ პროცესით მოგვრილი სიამოვნება, ნაცვლად შედეგის მოლოდინით გამოწვეული შფოთვისა. ამისთვის გადაჭარბებული ქება უსარგებლოა. ცოტაოდენი წინდახედულება და შემოქმედებითობა დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ ქების ბნელ მხარეს და ვიპოვოთ ის ერთი სიტყვა, რომელიც ბავშვს შინაგან მოტივაციას გაუღვიძებს და სხვადასხვა აქტივობით სიამოვნების მიღებაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Dweck, S. C. (1999). Caution – Praise Can Be Dangerous. American Educator https://www.aft.org/sites/default/files/periodicals/PraiseSpring99.pdf (6.11.20)

Smith, F. (2018, March) The effects of Praise on Young People. Psychology Postgraduate Affairs Group https://www.psypag.co.uk/wp-content/uploads/2013/06/PsyPag-106-final-proof.pdf#page=16 (6.11.20)

Brummelan, E., Thomaes, S., Nelemans A. S. et al. (2015, March) Origins of Narcissism in Children. Proceedings of the National Academy of Sciences https://www.pnas.org/content/112/12/3659 (6.11.20)

Firestone, l. (2013, Dec. 10) Are We Overpraisinig Our Children? Psychology Today https://www.psychologytoday.com/us/blog/compassion-matters/201312/are-we-    overpraising-our-children (6.11.2020)

Shaw, M. (2011). Good! Great! Terrific! Examining the Overuse of Praising Children https://open-circle.org/images/pdf/OpenCirclePraise.pdf (6.11.20)

Brummelman, E., Thomaes, S., Bushman, B. et al., (2014) On feeding Those Hungry for Praise: Person Praise Backfires in Chidren With Low S elf-Esteem. Journal of Experimental Psychology: General https://www.apa.org/pubs/journals/releases/xge-a0031917.pdf (6.11.20)

Underwood, L. P. (2020, Aug. 13). Are You Overpraising Your Child ? The New York Times https://www.nytimes.com/2020/08/13/parenting/praising-children.html (6.11.20)

Borba, M. (2013, March. 13) Dangers of Over-Praising Kids. https://micheleborba.com/are-you-a-praise-aholic/ (6.11.20)

პანდემიის გაკვეთილები

0

პანდემია დაიწყო თუ არა, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ წინ ხანგრძლივი და დამღლელი პერიოდი გველოდა. შიშის, მარტოობის, უსუსურობის და გაურკვევლობის, ახალი ჩვევების გამომუშავების და ძველი ჩვევების მონატრების დღეები, თვეები, ვინ იცის, წლებიც. ცხადი გახდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ცხოვრება, სანამ ამ ყველაფერს უკან არ მოვიტოვებდით, თუმცა პანდემიაზე საუბარი ალბათ არც წარსულ დროში იქნება ადვილი.

პირველი დღეებიდანვე, საგანგებო რეჟიმსა და ონლაინ გაკვეთილებში ჩართული, ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, ამ ცუდი გაკვეთილიდან კარგი გაკვეთილი მიგვეღო, დავფიქრებულიყავით იმაზე, რაზე საფიქრალადაც მანამდე ვერ ვიცლიდით, დაგვენახა, ვისაც ვერ ვამჩნევდით და გამოგვესწორებინა შეცდომები, რომელთა დაშვებითაც, გვეგონა, არაფერს დავაშავებდით. ახლა, როცა უკვე მეორე სასწავლო წელი დაიწყო და ჩვენ ისევ ეკრანებთან ვართ, მეტია სევდა და ნაკლები – იმედი, რომ პანდემიისგან რამე ვისწავლეთ ან ვისწავლით.

თუკი რამ შეგვეძლო დაგვენახა ამ ვერაგი ვირუსის წყალობით, საზოგადოებისთვის ერთი, ცალკე აღებული ადამიანის მნიშვნელობაა. ის, რომ ერთი შეცდომა, ერთი უპასუხისმგებლობა დომინოს ეფექტს იწვევს და ბევრ სხვა რამეზე ახდენს გავლენას. შეგვეძლო, ისევ გვერწმუნა, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია, რამე მნიშვნელოვანი გააკეთოს საზოგადოებისთვის და ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს, განურჩევლად იმისა, როგორ იქცევიან სხვები.

პანდემიამ აშკარა გახადა ისიც, რომ სისტემების არარსებობა სწორედ ინდივიდებს იწირავს და სისტემა, რომელიც ინდივიდებს ვერ ხედავს, ცენტრალიზებულად მოქმედებს და ყველას ერთნაირად უდგება, ცუდი სისტემაა. ინდივიდუალური მიდგომა ახლა ალბათ საუკეთესო გზაა იზოლაციის, შიშის, უსუსურობის განცდის ტყვეობაში დიდხანს ყოფნის მავნე შედეგების შესამცირებლად – თუ გვინდა, ჯანსაღი ფსიქიკით დავაღწიოთ თავი ამ პერიოდს, კონკრეტული მოცემულობიდან ყველაზე უმტკივნეულო გამოსავლის პოვნა უნდა შევძლოთ.

სკოლები ალბათ საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს და რა საზიანოა ცენტრალიზებულად მოქმედი სისტემა. დღეს, თუკი განათლების სისტემას რამე აცოცხლებს, ცალკეული მასწავლებლების ცოდნა, ენთუზიაზმი და მონდომებაა, ნებისმიერ ვითარებაში იყვნენ ბავშვების გვერდით, გაამხნევონ, ასწავლონ და აუხსნან, მოუსმინონ და დააკვირდნენ. თუკი რამე გვაზიანებს, სისტემაა, რომელიც ერთნაირად ელაპარაკება, მაგალითად, ყველა დიდ ქალაქში მდებარე ყველა სკოლას, ყველა კლასის ყველა მოსწავლეს, ყველა მასწავლებელს ასაკის, გამოცდილებისა და უნარების მიუხედავად, მათ მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ უსმენს, არ ეკითხება, არ სწავლობს მათ საჭიროებებს და არ ცდილობს დაეხმაროს, გააძლიეროს, ანუგეშოს.

გაზაფხულზევე ჩანდა, რომ შემოდგომა და ზამთარი მძიმე იქნებოდა. სასწავლო წლის პირველმა დღეებმა ამაში უფრო მეტად დაგვარწმუნა. ერთი მხრივ, გვესმის საუბარი ამ ხნის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე, მეორე მხრივ, ამავე პერიოდში მიღებული საკუთარი გამოცდილება გვეუბნება, რომ იზოლაცია საშიშია, ბავშვებს კომუნიკაცია სჭირდებათ, თანამედროვე სამყაროში განათლების მრავალი გზა არსებობს და სკოლის კლასიკური მოდელი შესაძლოა არც კი იყოს მათ შორის საუკეთესო, მაგრამ სოციალური უნარების განვითარებისთვის

მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობა, შენნაირებსა და შენგან განსხვავებულებთან თანაცხოვრების სწავლა და თუ ეს ადრეულ ასაკში არ მოახერხე, მერე უფრო და უფრო რთულდება. ამავე გამოცდილების მიხედვით, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა ოჯახებსა და სკოლებს შორის – აუცილებელი და ჩვენი სასწავლო პროგრამები ტექნოლოგიებთან ერთად გაზრდილი ბავშვებისთვის ხშირად მოძველებული და სრულიად უინტერესოა. მეტი ავტონომია განსაკუთრებულ ვითარებაში ყველას სჭირდება – სკოლებსაც და ოჯახებსაც. შეუძლებელია, ერთ თარგზე მოჭრილი სწავლება ყველასთვის ეფექტური იყოს.

ამ მძიმე შემოდგომას და ზამთარს თუკი რამე შეგვიმსუბუქებს, ალბათ ცალკეული ადამიანების ინიციატივები იქნება, იმის შესახებ, როგორ გადავრჩეთ, ვისწავლოთ, ვასწავლოთ, დავეხმაროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მე და ჩემი შვილების მეგობრების მშობლები კვირაში ერთ დღეს ერთმანეთის ბავშვებს ვიტოვებთ ხოლმე, ერთმანეთს საქმე რომ შევუმსუბუქოთ. ხანაც რომელიმე ჩვენგანის სახლში ვიკრიბებით, დიდები ვმუშაობთ, პატარები კი თამაშობენ. ერთი შეხედვით, დიდი არაფერი, მაგრამ მაინც შვებაა. სხვები ჯგუფებს ქმნიან, სადაც ონლაინსწავლების მეთოდებს და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. ვიღაც სასწავლო რესურსებს აქართულებს და თავისუფლად ავრცელებს, სხვა ქმნის და ასე. ზოგჯერ ისიც საქმეა, რომ ვიღაც გისმენს, ვიღაც გხედავს, ვიღაც გეუბნება, რომ იცის, რასაც გრძნობ. სანამ შევძლებთ, სისტემამ ცალ-ცალკე აღგვიქვას, სანამ ერთი ხელის მოსმით იხსნება და იხურება ყველა სკოლა, სანამ სისტემის მიღმა ცხოვრება არ შეგვიძლია, ისღა დაგვრჩენია, საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ. იქნებ უკეთესი მიკროსისტემებიც კი შევქმნათ. შესაძლოა, ესეც არ იყოს ცუდი გაკვეთილი.

„კაცია და გუნება…“

0

ამქვეყნად სამი ტიპის ადამიანები არსებობენ. ზოგიერთები გარეგნობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და სალონიდან სალონში ისტერიულად დარბიან. იგრძელებენ თმებს, იკეთებენ ხელოვნურ წამწამებს, სახეში ნემსებს იკეთებენ და სხვადასხვა ადგილს ისე იდიდებენ, რომ ზოგჯერ ნამეტანი მოსდით.

სხვები, ასევე აქცევენ გარეგნობას ყურადღებას, მაგრამ უფრო ზომიერად, როგორც კახეთში იტყვიან „მძიმე-მძიმედ“. ზოგი კი საერთოდ არაფერზე დარდობს და შეუძლია გარეთ სულაც თმადაუვარცხნელი გამოვიდეს.

ეს თავის დროზე ეტყობა კოკო შანელმაც შეამჩნია და დაასკვნა – 20 წლის ქალს ღმერთისგან ბოძებული სახე აქვს, 40 წლისას კი აქვს ის, რაც დაიმსახურაო.

სამივე ტიპის ადამიანი თავისებურად მართალია და სწორედ ისე ცხოვრობს, როგორც ეგუნებება.

ვაჰ, ძალაა?… კაცია და გუნება…

თუმცა, სიბერისგან გაქცევის მცდელობა არც კოკო შანელის დროიდან მოდის და არც მხოლოდ ჩვენი დროის საზრუნავია.

სილამაზეზე ფიქრი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ქემეიას მიმდევარი ქურუმების დროს იწყება. სწორედ ისინი ამზადებდნენ ამ მხარეში ერთ-ერთ პირველ ნელსაცხებლებს, რათა იქაურ ლამაზმანებს სახეზე წაეცხოთ.

იმავე დროს, ძველ ეგვიპტეში თეთრი ქათქათა კბილები ასევე სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. ეს პრობლემა დღესაც მკვეთრად დგას და გამოსავალი სტომატოლოგების მიერ შეთავაზებული ვინილები, ცირკონები და ათასი სხვა თანამედროვე მასალაა, რომელიც არნახული წამებით მაგრდება პირის ღრუში. თუმცა, თანამედროვე გაუტკივარების ტექნოლოგია ამ წამებას ფაქტობრივად შეუმჩნეველს ხდის და თუ ექიმს თან ხუმარა და მოხითხითე დამხმარეც ჰყავს, სულ სიცილ-კისკისით მოირგებთ ახალ კბილებს. თუმცა, ეს ყველაფერი უძვირესი პროცედურებია და სჯობს, კბილებს ბავშვობიდან გავუფრთხილდეთ.

აი, ძველ ეგვიპტეში კი საქმე უფრო მარტივად იყო და ჯანსაღი, თეთრი კბილებისთვის დაფქულ თაგუნებს იყენებდნენ. დიახ, თაგვებს კლავდნენ, ახმობდნენ და ფქვავდნენ. მერე რა, რომ ასეთი ადამიანი სულ მალე სეფსისით ან სხვა ინფექციით იღუპებოდა, სამაგიეროდ, თეთრი კბილები ჰქონდა. ექიმები, კი გავრცელებულ დაავადებებს თაგვებს კი არა, ადამიანების სუსტ ჯანმრთელობას აბრალებდნენ.

ძველი რომაელები ამავე მიზნებისთვის საკუთარი შარდის გამოვლებასაც არ ერიდებოდნენ. შარდს ჯერ დააძველებდნენ, შემდეგ პირში ივლებდნენ. ასეთ შარდში ამიაკი გამოიყოფოდა, რომელიც მართლაც ათეთრებდა კბილებს.

მეშვიდე საუკუნიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში სახის კრემის ნაცვლად ტყვიის აცეტატს იყენებდნენ. მისგან ჯაბირ იბნ ჰაიამი მათეთრებელს ამზადებდა და ეს რეცეპტი ჯვაროსნული ომების შედეგად ევროპაშიც გავრცელდა. როცა ტყვია მოდიდან გადავიდა, მეცხრამეტე საუკუნეში კანის მოვლის ახალი საშუალება გამოჩნდა – დარიშხანი. კანს მოცისფრო ელფერს აძლევდა და აქედან წამოვიდა გამოთქმა – „ცისფერსისხლიანი“. თუმცა, დარიშხანი კლავდა. ვინმე ექიმ მაკენზის, დარიშხანით სახის ლოსიონი და კრემიც კი დაუმზადებია. ამ ნელსაცხებელსაც ისვამდნენ და სუფთა სახითაც სვამდნენ სისხლის გასაუმჯობესებლად… მცირე დოზებით იწყებდნენ და რაოდენობას ზრდიდნენ. შხამი ორგანიზმში გროვდებოდა და ერთ დღესაც თავის სიტყვას ამბობდა.

შემდეგ, დაბერების საწინააღმდეგოდ ნელსაცხებლებთან ერთად სახესა და მკერდში ინექციების კეთება დაიწყეს. თავიდან ამისთვის პაციენტებისვე ცხიმს იყენებდნენ. სამწუხაროდ, ის მალევე გაიწოვებოდა და ამიტომ პარაფინის გამოყენებას მიჰყვეს ხელი.

გამლღვალ პარაფინს ქალბატონებს სახეში ნაოჭების ადგილას უკეთებდნენ ნემსის სახით. ასევე სხვადასხვა ადგილების გასადიდებლადაც იყენებდნენ. პარაფინი კანქვეშ მძიმე მასად მყარდებოდა და გუსაძლის ტკივილს იწვევდა. ზოგჯერ სიბრმავესაც… მოგვიანებით, ვაზელინის ზეთის გამოყენება დაიწყეს. თუმცა, ცოტა ხანში ინექციის ადგილას შეუხორცებელი ჭრილობები ჩნდებოდა.

ჰკითხეთ მოსწავლეებს, რას ამზადებენ პარაფინისგან? დიახ, სანთლებს. პარაფინი მყარი ალკანების ნარევია (C13-C35). ხშირად, ნაჯერ ნახშირწყალბადებს, ანუ ალკანებს პარაფინებსაც უწოდებენ.

მაშ ასე, პარაფინები ნახშირწყალბადებია (ალკანები). მათ ჰომოლოგიურ რიგში ნახშირბადატომთა რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება დნობის, დუღილის ტემპერატურა და სიმკვრივე. ჩვეულებრივ პირობებში ამ რიგის პირველი ოთხი წევრი აირია – სითხეები C15H32–ის ჩათვლით, უმაღლესი წევრები კი მყარი ნივთიერებებია. სხვათა შორის, თუ ცხიმოვან მჟავას კარბოქსილის ჯგუფს ჩამოვაცილებთ, ერთ-ერთი პარაფინი შეგვრჩება ხელში.

როგორ დავრწმუნდეთ, რომ პარაფინი ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისგან შედგება.

ჩავატაროთ ცდა:

სინჯარაში მოვათავსოთ პარაფინის ნაჭერი, ბამბა და უწყლო თეთრი ფერის შაბიამანი. ჭიქაში კირიანი წყალი ჩავასხათ. სინჯარა გავახუროთ. რეაქციის შედეგად CuSO4 წყლის მოლეკულებს დაუკავშირდება და ცისფერი კრისტალჰიდრატი მიიღება. კირიანი წყალი კი ნახშირორჟანგის გამოყოფის გამო შეიმღვრევა. წარმოიქმნება ნალექი – კალციუმის კარბონატი.

CO2-ის გამოყოფა ამტკიცებს ნაერთში ნახშირბადის ატომების არსებობას. H2O-კი წყალბადის ატომების არსებობას.

რაც შეეხება ვაზელინს, ნავთობის გამოხდის პროცესში სარექტიფიკაციო სვეტში სამას გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გამოხდით ნავთობის პროდუქტები იშლება, ამიტომ ამ პროცესს შემცირებული წნევის პირობებში (ვაკუუმში) აწარმოებენ. ამგვარი გამოხდით მაზუთიდან სხვა პროდუქტებთან ერთად ვაზელინი მიიღება, რომელიც მყარი და თხევადი ნახშირწყალბადების ნარევია.

ნემსების კეთება მეოცე საუკუნეშიც გაგრძელდა… ბოტოქსით.

ბოტოქსი ცილების კომპლექსია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნეიროტოქსინი A. ფიზიოლოგიურ პირობებში იგი იშლება და ბოტულინის ტოქსინს გამოათავისუფლებს. მოქმედების პირველ ეტაპზე ტოქსინი პრესინაფსური მემბრანის მოლეკულებს უკავშირდება (ამას 30 წუთი სჭირდება), მეორე ეტაპზე ციტოზოლში გადადის, მესამე ეტაპზე გამოყოფილი აცეტილქოლინის ბლოკირებას ახდენს. პროცესის შედეგი კი მიმიკური კუნთების გათიშვაა. არ არის მიმიკა – არ არის ნაოჭი; არ არის ნაოჭი – არ არის სიბერე! აი ასე, მარტივად და სწრაფად. თუმცა, მოდი, გვერდითი მოვლენების შესახებაც ვიკითხოთ: მიკროჰემატომები, ტკივილის შეგრძნება ინექციის ადგილებში, საერთო სისუსტე, იშვიათად, თვალის ირგვლივი ნაოჭების საწინააღმდეგო ინექციების დროს – ცრემლდენა, გართულებები თვალის მიდამოში. ყოველ შემთხვევაში, ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის მონაცემებით ასეა.

დღეს ნემსებს ისევ იკეთებენ, ოღონდ სხვადასხვა ფილერებს, ანუ შემავსებლებს ხმარობენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინექცია ჰიალურონის მჟავით არის, რომელიც სინამდვილეში გლიკოზამინოგლიკანია (ჰეტეროპოლისაქარიდი) და მჟავას იმიტომ უწოდებენ, რომ D-გლუკორონმჟავას და N-აცეტილგლუკოზამინს შეიცავს. შემაერთებელ ქსოვილში ჰიალურონმჟავა უჯრედშორისი ნივთიერების ძირითადი კომპონენტია. დიდი რაოდენობით წყლის შეკავშირება შეუძლია, რის შედეგადაც უჯრედშორისი ნივთიერების სიბლანტე მატულობს და ჟელესმაგვარი მატრიქსის სახეს იღებს.

1930 წელს ამერიკის პრესაში რეკლამა გამოჩნდა.

  • ლამაზი ხარ? არა? მაშინ ჩვენ ერთ საოცარ ამბავს შეგთავაზებთო…

ეს საოცრება კი რადიოაქტიური კოსმეტიკა გახლდათ. თორიუმის და რადიუმის ქლორიდებისგან დამზადებული ნელსაცხებლები უნივერსალურ საშუალებად ითვლებოდა ნაოჭების საწინააღმდეგოდ. ნახშიროორჟანგის აიროვან აბაზანებს კი ჭორფლის მოსაცილებლად იყენებდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

21-ე საუკუნეში ყველა მეთოდი უფრო და უფრო უსაფრთხო და დახვეწილია და თუ ადამიანს საშუალებაც აქვს, თავს უეჭველად უნდა მოუაროს. თუმცა… სარკეში ჩახედვისას სახეზე თუ მაინც ნაოჭებს დავითვლით, ესეც უნდა მივიღოთ, რადგან…

„…ჩემო თავო, რაც ხარ ეს ხარ…

ვერ გადახვალ ბუნებას,

ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ,

კაცია და გ.უნებ“. (შოთა ნიშნიანიძე)

 

 

 

 შეკითხვების დასმა და  ტექსტის გააზრება

0

„ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა“

კითხვა – რატომ? – როგორც უსასრულო ფიქრის დასაწყისი

მაღალი კლასის მოსწავლეთათვის „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე თავი უკვე ნაცნობია, გნებავთ ნასწავლი, თუმცა მაინც უძნელდებათ ტექსტის იდეური გზავნილის – „ავთანდილის ანდერძის“ – გააზრება. მიუხედავად იმისა, რომ წინარე ცოდნა მეტ-ნაკლებად აქვთ, თან არსებობს ტექსტის სხვადასხვა გამოცემები, რომლებიც მოსწავლეებს შინაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება, ნაწარმოების ინდივიდუალური გააზრება  მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რა დასამალია, რომ მასწავლებლებიც ძნელად შეელევიან კორიფეთა ნააზრევს. არაა ადვილი, შენეული ხედვით „გასინჯო“ ის, რასაც რუსთველოლოგია, როგორც მეცნიერება, დღემდე შეისწავლის. ვინაიდან  სწავლების თანამედროვე მიდგომები და მაღალი სააზროვნო უნარები შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული, პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა იყოს ამგვარი აზროვნების მაგალითი. სხვაგვარად ვერც დააინტერესებს და ვერც დაარწმუნებს მოსწავლეებს, რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა. ამ ურთულეს საქმეს გონებით, სიახლეების ძიებით უნდა მივუდგეთ და არა მხოლოდ აღიარებული ინტერპრეტაციებით.

   ტექსტის აღქმისა და გააზრების პროცესი წარმოუდგენელია შეკითხვების გარეშე. ამისათვის კი შეკითხვებს – რას და ვისთვის აკეთებს ავთანდილი? რას ამბობს? რას ელოდება? – უნდა შევუნაცვლოთ: რატომ ამბობს? რატომ მიდის? რატომ  არ ეშინია სიკვდილის და ა. შ.

  • რატომ ითხოვს ავთანდილი მეფისაგან შენდობას?
  • რატომ არის დარწმუნებული, რომ ამგვარი წერილით შეიძლება როსტევანის მოსალოდნელი „ქმედებების“ თავიდან არიდება?

ზეციური და მიწიერი მეუფების წინაშე („ორთა მათ ჩვენთა უფალთა“) ავთანდილი იაზრებს მიწიერი მეუფის, როგორც ზეციურისგან ხელდასხმულის როლს და ამით როსტევანის არა მარტო მიწიერ ძალაუფლებას, არამედ ზეციურთან წილნაყარობას ადასტურებს. სავარაუდოდ, სამყაროს ჰარმონიულ განვითარებაში პიროვნების როლის განუზომლობის მიუხედავად, ავთანდილს მეფისადმი, მისი კანონებისადმი მორჩილება არანაკლებ საგულისხმო-პატივსაცემად მიაჩნია. „ძებნად ჩემგან საძებრისად“ – ამით ავთანდილი ერთი კონკრეტული ადამიანის ნება-მოვალეობას წამოსწევს წინა პლანზე და, ფაქტობრივად, შეახსენებს მეფეს, რომ ზეციური მეუფისათვის ადამიანი უფლის ხატია. მას აქვს მიწაზე ღვთაებრივი როლის შესრულების უფლება, რამეთუ, სამყაროში ღმერთსა (ასევე მიწიერ მეფეს) და ადამიანს თავ-თავისი მისია აკისრიათ. კაცობრიობის გონებრივი  და ესთეტური განვითარება მხოლოდ მეფეებზე არ ყოფილა დამოკიდებული. მეტიც, მეფეს მამობრივი როლი უნდა შეესრულებინა ერთან დამოკიდებულებაში და ეს სულიერებაზე ზრუნვასაც მოიაზრებდა. საინტერესოა, რომ ავთანდილის ღვთაებრივი ნების „ობიექტი“, ანუ ტარიელი შეფარულადაა მის მიერვე გაცხადებული. რატომ? ძნელია, რუსთაველის დიდოსტატობას ახსნა გავუბედოთ და ჩვენი ვერსიის ნამდვილობა დაბეჯითებით ვამტკიცოთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ესეც მიზანმიმართული მხატვრულობაა – კონკრეტულ სახელებს არა აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანის (სრულქმნილ ადამიანს ვგულისხმობ) დახმარებაა აუცილებელი, ე. ი., ასეც უნდა მოხდეს.  ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ ტარიელი არაა რიგითი პიროვნება, ის ინდოეთის მეფეა და ავთანდილს სურს, დაუბრუნოს ის ობიექტურ სინამდვილეს. სამომავლოდ კი ინდოეთში ისტორიული სამართლიანობაც აღდგეს. ფაქტობრივად, ავთანდილი არა მარტო მიჯნურ ტარიელს, არამედ ინდოეთის მეფეს ეხმარება. და თუ ყოველი მეფე უფლისაგან ხელდასხმულია, მაშინ ღვთიური სამართლის აღდგენასაც მოიაზრებს „ძებნად ჩემგან საძებრისად“, „ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად“ წასვლა.

  • რატომ აირჩია ავთანდილმა „კაცი ბრძენი“ საკუთარ ეპითეტად?
  • რატომ უნდა ესმოდეს „მოყვრის“ გაწირვა-არგაწირვის საკითხი სიღრმისეულად მას და არა სხვას?

ავთანდილი ადამიანის გონების მწვრთნელად, უპირველეს ყოვლისა, ცოდნას მოიაზრებს. როსტევანს იგი მოკრძალებით მიმართავს – „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ“… პლატონის ფილოსოფიური ნააზრევის მოხმობით ის მაღლდება მკითხველის თვალში, რამეთუ ისეთი არგუმენტი მოჰყავს, შეკამათება ძნელია. სიმართლეს არ შეიძლება დაუპირისპირდეს სიცრუე, რადგან, როგორც აღვნიშნე, ღვთიური წესრიგი მხოლოდ სიმართლეს ეყრდნობა. ის ერთხელ და სამუდამოდ აღიარებული წესრიგია, შეცვლას არ ექვემდებარება. სამაგიეროდ, ადამიანს ჰმართებს გაილაშქროს სიცრუისა და ორპირობის წინააღმდეგ, რათა ამით აქაც და იქაც არ დააკნინოს მისი როლი. თუ ადამიანი სულის კანონებს არ გაიხდის აუცილებელ შესასრულებლად, მხოლოდ მეფეთა კანონები ვერ აზიარებს მას ადამიანის უმთავრესი დანიშნულების არსს.

მეორე არგუმენტიც – „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ – უკონტრარგუმენტოა, რადგან ფილოსოფიური შეხედულებები თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებად არ ვაქციეთ, მაშინ ისინი გინდ ყოფილა და გინდ არა! „განა ყოველი“ არ იცის მეფემ, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ყმა ბედავს „ურჩობას“, არგუმენტები „მეფის მცნებებზე“ მაღლა უნდა დადგეს. მეფის კანონები სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ძლიერებას განაპირობებენ, უპირველესად, ფილოსოფია კი აზროვნების შეცვლისა და განვითარების წინაპირობაა, ამდენად: „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“, ანუ ჩვენი ქცევით სამყაროს უზენაეს წესრიგს, ზეციურ ჰარმონიას უნდა შევუერთდეთ (უფალს მივუახლოვდეთ). ზეციური ჰარმონია კი თავად ადამიანის მოსაპოვებელია, ის მეფეთა წყალობის საგანი არ არის, ამიტომაც ასე ზედმიწევნით ხსნის ავთანდილი ანდერძში წასვლის აუცილებლობას.

  • ხომ არ იყო ეს წერილი, ამავდროულად, შოთას ანდერძი თამარ მეფისადმი?

თუ მივემხრობით იმ კრიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოემა ეძღვნება არა თამარ მეფეს, არამედ დავით აღმაშენებელს, მაშინ იმის დაშვებაც შესაძლებელია, რომ ავტორი დავითის იდეურ კონცეფციას უტოვებს თამარ მეფეს ანდერძად, ანუ შოთა რუსთაველი დავითის იდეურ-პოლიტიკური შეხედულებების ერთგულია, მისი ხაზის გამგრძელებელი, რაც ძალიან მოკლედ ასეა ფორმულირებული – „ვეფხისტყაოსანი“ ჰიმნია პიროვნების ღირსებისადმი მიძღვნილი. თუ ეს ვერსია დასაშვებია, მაშინ, „ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია… მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია“,  ხომ არ გვეუბნება იდეურ „შეფარვაზე“?!  და იქნება ამიტომაც დევნიდნენ პოემასა და მის ავტორს, რომ თამარს  გაუბედა და „მიუთითა“?! იქნებ ავთანდილი თავად ავტორია, რომელიც ტარიელს, ანუ იდეას თუ არ დაეხმარება, არ გადაარჩენს, მაშინ ისტორიული სამართლიანობის – პიროვნების ღირსების დაცვის გზა – დავით აღმაშენებლის იდეური გზა „დაჭკნება“?!

ავთანდილს არ შეუძლია წაუსვლელობით როსტევანს ასიამოვნოს. ჰერმან ჰესეს „პოეტი“ გაგვახსენდება – არ უნდა ჰან ფოკს მამის წყენინება, მაგრამ ჭეშმარიტი ხელოვნება მოითხოვს მსხვერპლს – ყველასა და ყველაფერზე უარის თქმასა და აბსოლუტურ განმარტოებას. ავთანდილის სამწლიანი მოგზაურობა ასეთივე ძიების გზაა. მანაც უნდა იპოვოს ტარიელი, რომ „უცხო მოყმის“ ფენომენის ახსნით ახალ აზროვნებას ჩაეყაროს საფუძველი, მან უნდა აირჩიოს თავისუფლება, კიდევ გავიმეორებ, პიროვნული თავისუფლება – „ჩემთა სახმილთა გზნებისა“, ანუ საკუთარი ნებისამებრ უნდა იმოქმედოს. აღარ დაეძებს რა მოუვა, მთავარია, ტარიელს დაეხმაროს. სწორედ ამიტომ მიდის მარტო, თორემ არ გაუჭირდებოდა საუკეთესო მეომრების შერჩევა. ტარიელი როგორ მოიქცა, როცა ნესტანი იყო მოსაძებნი?! დიახ, ავთანდილი სულიერ სრულყოფილებას მიელტვის, ეს გზა კი ტარიელის გზისაგან განსხვავდება, ეს გზა მარტოა გასავლელი. ავთანდილს ვერავინ დაეხმარება. ჰან ფოკიც ასე მოიქცა და განსაცდელის მიუხედავად, შეძლო სამყაროს უზადო ხატება უფრო უზადო გაეხადა თავის შემოქმედებაში. გავიმეორებ, სამყაროს სრულქმნილი ქმნილებაა ტარიელი და არ შეიძლება მისი უარყოფა, ეს ხომ ღვთის უარყოფის ტოლფასი იქნება.

როგორ გავიაზროთ ავთანდილის სიტყვები:„თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად: მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად“?

ტექსტის თითოეული სტროფი ახალ რეალობას, ახალ თვალთახედვას ავითარებს. ავთანდილი არც მეტი, არც ნაკლები, ეუბნება მეფეს, რომ მათი არჩევანი განსხვავებულია – მეფეს მხიარულება, დიდება და სიმდიდრე უსურვა, როგორც ამქვეყნიური ძლიერების „სიამენი“, საკუთარი თავისთვის კი სახელი და დიდება აირჩია, რომელსაც ტარიელის გვერდით ყოფნით მიაღწევს. ერთ მხარესაა ამქვეყნიური ნეტარება, ხოლო მეორე მხარეს – ზეციური ნეტარებისაკენ სწრაფვა, მოყვასის სიყვარულით ნასაზრდოები. მეფესა და ავთანდილს შორის კონფლიქტია, ღირებულებათა კონფლიქტი და სპასპეტი საკუთარი გზის ჭეშმარიტებაზე იმიტომ უყვება მეფეს, რომ ამ გზის გარდაუვალობა დაანახვოს, მეტიც უანდერძოს.

ამ გადაწყვეტილების სისწორეში ავთანდილი იმდენად დარწმუნებულია, რომ მზის დარი ხელმწიფის სამსახურში არ ერიდება ხიფათს. საინტერესოა ისიც, რომ დროს, როგორც ფილოსოფიურ კატეგორიას ისე უყურებს – ტარიელის დახმარება ახლა და ამ წუთასაა აზრის მატარებელი, თორემ მერე, უკან მიდევნებული ლამპარი გზას ვერ გაუნათებს ვეფხისტყავიან მოყმეს – „რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასვლა-გვიანსა!“. ასეთ საქმეში ფეხის თრევა კაცისთვის ლაჩრობაა და სხვა არაფერი.

  • რატომ ვერ დაუწუნებს როსტევანი ავთანდილს ანდერძს, იგივე თათბირს?!
  • განა მეფეა და არა აქვს მომადლებული „ერთი კაცის უფლება?!
  • ვერ დაადევნებს ავთანდილს მდევარს და ვერ მოაბრუნებს სამეფოში?
  • ვერ დაადანაშაულებს მეფის დაუკითხავად სამხედრო საქმის შერმადინისთვის გადაბარების გამო?!

ეტყობა რუსთაველის ლიტერატურული ესთეტიკა მხოლოდ გამოგონილის ესთეტიკა არაა – არაბეთს სურს რაღაც ახალი, რამეთუ თუ წინ არ მიდიხარ, უკან მიიწევ (მდგომარე მდგომარეობა არ არსებობს). უცხოს მიერ დანახვებული სამყარო სხვაგვარია – დაუნდობელი, მუხანათი, ცრემლიანი, ტკივილიანი, უსამართლო, მკვლელი… თუ ეს სამყარო იმძლავრებს, მაშინ არაბეთის კეთილდღეობა იქნება ვიწრო მსოფლხედვაზე, ეგოიზმზე დაფუძნებული. ავთანდილი არაბეთს უღებს სულიერ კარებს, რადგან  მაგალითი მისცეს დანარჩენ სამყაროს. როგორ ჰგავს ბარათაშვილის „მერანის“  კონცეფციას: „მოძმესა ჩემსა სირთულე გზისა გაუადვილდეს“. გამოცდილების დასაგროვებლად ბევრი რამაა საჭირო, სულიერი გამოცდილების შესაძენად –  მით უფრო; განა ნაკლებღირებულია მეგობრისთვის სიკვდილი, ვიდრე დიდძალი სიმდიდრის ფლობა. ისინი ერთმანეთს არ ეცილებიან, მაგრამ პირველი მეორის გარეშე მომაკვდინებელი ძალისაა.

  • ეს ის ავთანდილი არაა, რომელიც ჭაშნაგირს უცერემონიოდ, ცივსისხლიანივით კლავს?
  • განა ასე უგულოდ გამეტება კაცის – „შეურივა ტვინი თმასა“- იმ მაღალ ზნეობრიობაზე მიგვანიშნებს, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ?

არა! მაშინ ახსნაც უნდა ვუპოვოთ. ტარიელი პირადი ღირსებით გამორჩეულია, მზესავით (ღმერთივით) ბრწყინვალეა. სამართლიანადაც მას ეკუთვნის ინდოეთის მეფობა. ავთანდილი ტარიელში უფლისმიერი სამართლიანობისა და წესრიგის დამრღვევთა მსხვერპლს ხედავს. ასე რომ ჭაშნაგირი არაა მაღალზნეობრივი ადამიანების კატეგორიიდან, არ ეკუთვნის მათ, ვინც ღვთიურობას ასხივებენ. ბუნებრივია, ეს არ ამართლებს მის მკვლელობას, მაგრამ ავთანდილის მსხვერპლი  ისეთი „მტკივნეული“ არაა მკითხველისათვის, რომ ნაწარმოების ემოციური ფონი შეცვალოს. ტარიელს შეუძლია „ქმნა მართლისა სიმართლისა“, ის სამყაროს სიმართლეა, რომელმაც ახალ სამყაროს უნდა გაუხსნას გზა. მას რომ არ გასჭირვებოდა, ეს გზა არასდროს გამოჩნდებოდა და ვერც ავთანდილი იტყოდა -„მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე“. ტარიელი სპასპეტის ფიქრში დასახლდა და ის ვერ გადაასახლებდა მას, რადგან „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

  • სადა გაქრა ამ დროს გამიჯნურებული ავთანდილი, რატომ გადაინაცვლა თინათინმა მეორე ადგილას?!

იქნებ აქ ადგილების მიკუთვნება ხელოვნურია და ავთანდილი თინათინის მეფობის დაკავშირებას „სხვა“ არაბეთთან ფიქრობს, რომელიც ახალი აზროვნებით, მოყვრობის, მეგობრობის ფილოსოფიური ხედვით გაჯერებულ-გასხივოსნებული იქნება. რა მოხდება, თუ ავთანდილს მუხთალი ბედი არ დაინდობს და მოკვდება?! ალბათ, ამიტომაცაა საჭირო ანდერძი, რომ მისი იდეური გზა გააგრძელოს სხვამ და ის სხვა, შესაძლოა, მეფეა ან თუნდაც შერმადინია. როგორც ალუდასი მინდია, ასეა „ვეფხისტყაოსანშიც“, ავთანდილის „გამგრძელებელია“ შერმადინი… განა შემთხვევითია, რომ ავთანდილი ეუბნება ყმას: „იყავ ვითამც ავთანდილი“. ყოველწამიერი სიკვდილის მოლოდინისთვის ავთანდილი მზადაა – „სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად“.

საწუთროს უპირისპირდება ავთანდილი, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ შეიძლება ამ დაპირისპირებაში საწუთრომ „გაიმარჯვოს“ და  დარჩეს უცხო მხარეში, აღზრდილთა და ახლობელთაგან დაუტირებელი. აი, მაშინ ითხოვს კვლავ შებრალებას მეფისაგან, ლმობიერი და მოწყალე გულის პატრონისაგან.

  • რატომ ქველმოქმედება სიკვდილის შემდეგ და არა მანამდე?
  • წასვლამდე რატომ არ გაანაწილა ავთანდილმა თავისი აუწონელი ქონება?!

სულზე ზრუნვა ამქვეყნად არყოფნის შემდეგაც გრძელდება. აქ გაცხადებულია, რომ სული მუდმივად ითხოვს მიწიერ შესაწირს. თუ როსტევანი გაამდიდრებს უპოვართ, გაათავისუფლებს მონებს ავთანდილის სახელით, მათი ლოცვა მის სულს მიეწევა. უპოვართა გულმხურვალე ლოცვამ სიკვდილის შემდეგაც უნდა შეუნარჩუნოს ავთანდილს სულიერი განუმეორებლობა. მიწიერი ცოდვებისაგან გათავისუფლებისთვის არაბეთის სპასპეტი გაიღებს ყველაფერს, ურიცხვსა და ვერ ანაწონებს. ე. ი. ავთანდილი მიდის „საომრად“, მაგრამ არა მტრების, არამედ მოყვასთა „დასალაშქრად“.

სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებისათვის უფრო მეტად საინტერესო რომ გახდეს, პირველ რიგში, მასწავლებლები უნდა გახდნენ მაძიებლები, შემოქმედნი. მოზარდისათვის მასწავლებლის აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც პატივი ვცეთ საკუთარ აზრებს, ბუნებრივია, ამ დროს მთავარი, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ტექსტი და ტექსტის გააზრების თანამედროვე მეთოდების, სტრატეგიების ცოდნა და ფლობა.

 

 

ხმა

0

დალოცვილი რამაა ეს არაგვი. მოჰქუხს, მოჰყეფს, მთელი ძალით ეხეთქება ნაპირებს და თითქოს მაღლა, ჭალაზე ამობობღებას ლამობს. თავის მიხვეულ-მოხვეულ კალაპოტში ზოგან კლდეს ეხეთქება, ზოგან მურყნის შიშველ ფესვებს ეთამაშება, ლოდებს თავზე ევლება და მთელი ძალით ენარცხება ძირს. თუ მიუახლოვდები და ჩაიმუხლებ, შენც გაგეთამაშება, ტალღას მოიქნევს და ყინულივით ცივ წყალს შემოგაშხეფებს, თითქოს შენი გამოფხიზლება უნდაო, თან გაფრთხილებს, განიშნებს, რომ ცოტა უკარებაა.

თუ სტუმარი ხარ და ყური მიუჩვეველი გაქვს, დილაბნელზე, ახალგამოღვიძებულს, გაფიქრებინებს, რომ გარეთ თავსხმაა და იმ დღეს შინიდან ცხვირის გაყოფა არ გიწერია. ცოტა რომ მოთენდება და თვალი შორეული ხეების სილუეტებს დალანდავს, მიხვდები, რომ დარიანი დილა თენდება და ბუნებას აზრადაც არ მოსვლია გაწვიმება. უფრო მეტად გიყვარდება ეს მადლიანი მდინარე და ერთი სული გაქვს, ჩაირბინო, არაგვის ნაპირზე მოხასხასე ყვავილებთან ერთად გაიგრილო სახე, საბოლოოდ დააღწიო თავი ღამის მოთენთილობას.

არაგვის  ხმა მარტო ჭალაში როდი ისმის: მთას თუ შეუყვები, მწვერვალამდე მიგაცილებს, თუ დაღმა ეშვები – ტყიანში, ბილიკის მეტი რომ არაფერი ჩანს, დარჩენილ მანძილს მიგახვედრებს.

კიდევ ერთი უცნაური ჩვევა აქვს არაგვს: თუ გინდა, გაღმა მყოფს შეეხმიანო, მდინარესთან მისვლას აზრი არ აქვს. ნაპირთან რაც უფრო ახლოს დადგები, მით უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდება მისი ქუხილის დასაჯაბნად. არადა, საკმარისია, შენც და შენმა თანამოსაუბრემაც უკან გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი და ხმასაც ადვილად მიაწვდენთ ერთმანეთს.

რა არის მაინც ეს ხმა? როგორ მოგზაურობს მოსაუბრეებს შორის? ბუნებისმეტყველების კანონების თანახმად, ხმას რხევა წარმოშობს, რომელიც ტალღის სახით ვრცელდება. ასევე ვრცელდება სინათლეც და რადიო- თუ სატელეფონო სიგნალიც, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა. სინათლეს და რადიო- თუ სატელეფონო სიგნალს გავრცელება ყველგან შეუძლია – ჰაერში, ელექტრო- თუ ოპტიკურ სადენში, კოსმოსშიც კი, სადაც “სრული სიცარიელეა”, ხმის გავრცელებას კი მედიატორი სჭირდება – რაიმე მასალა: ჰაერი, სითხე, თუნდაც მიწა ან ლითონი. დიახ, სათქმელს სხვასთან მოლეკულებს ვატანთ. ჩვენს გულისნადებს ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფ მოლეკულას ვუმხელთ, რომელიც გვერდით მდგომს გადასცემს ჩვენს დანაბარებს, ის – თავის გვერდით მდგომს და ა.შ. ასე, ესტაფეტასავით მიდის ინფორმაცია ადრესატთან. შიკრიკი მოლეკულების სტუმრობას ჩვენი ყური ჩაქუჩის უზანგზე დაკვრით აღნიშნავს, მერე კი ხმა შიგნითა ყურის ტალანებში მიიკვლევს გზას და უკვე არა ფიზიკოსების, არამედ ფსიქოლოგებისა და ფიზიოლოგების საზრუნავი ხდება…

თუმცა ხმასა და მის ფენომენს ამ განსწავლულ ხალხთან ერთად თითოეული ჩვენგანი დაბადებიდანვე აკვირდება და სწავლობს. ყველას საკუთარი ხმების კლასიფიკაცია აქვს, თუმცა არსებობს ხმები, რომლებსაც ყველა ჩამონათვალში შეხვდებით.

პირველი წამოტირება – ხმა, რომლითაც სამყაროს ვამცნობთ ჩვენს შემობრძანებას. ეს ჩვენი პირველი ბოდიშიცაა იმ ტკივილისთვის, ჩვენი დაბადებით მშობელს რომ მივაყენეთ.

დედის იავნანა – დედის ხმა ის ხმაა, რომელიც პირველ ჩასუნთქვამდე ჩაგვესმოდა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მერეც, დიდობაში, უკვე ათასგვარ ხმოვანებას შეჩვეული ჩვენი ყურისთვის ის ისეთივე საამური და ნეტარების მომგვრელია, როგორიც ბავშვობაში იყო.

ნაბიჯების ხმა – თუ ვინმეს მოსვლა გიხარია, სანამ მის სილუეტს დალანდავ, ჯერ მისი ნაბიჯების ხმა გესმის.

სუნთქვის ხმა – ჰაერის ფილტვებში დინჯი ჩასვლა-ამოსვლის თანმხლები ხმოვანება, რომელსაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით აყურადებ და გახარებს – ეს ხომ სიცოცხლის ხმაცაა.

ცხადია, სია ვრცელია, მაგრამ ყველა ხმას ერთი რამ აქვს საერთო: ყველა მათგანი ისმის, ყველა აკუსტიკური რხევების საშუალებით გადაეცემა, მოლეკულებს მიაქვს ერთი პუნქტიდან მეორემდე.

მაგრამ არსებობს ორი უხმო ხმაც.

ერთი შინაგანი ხმაა. ხმა, რომელიც მხოლოდ შენ გესმის, მხოლოდ შენთვის არის განკუთვნილი. ხეირიანად ვერც კი ხვდები, ვინ გელაპარაკება, მაგრამ იცი, რომ შენს გასაგონად ლაპარაკობს.

მეორე – საარჩევნო ხმაა, შენი სოციალური ვალდებულება. და სანამ ამ ხმას გაიღებდე, უამრავი სხვა ხმა გაქვს მოსმენილი, მაგრამ ფურცელზე კალმის წვერის შეხებისას მაინც იმ პირველ უხმო ხმას უჯერებ და იმაზე მეტს ამბობ, ვიდრე ოდესმე გითქვამს თუ დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში იტყვი.

კოვიდითა და სიყვარულით მასწავლებლის ინფიცირება

0

(ჩანაწერები ინფიცირებულთა პალატიდან)

მცხეთა. სამხედროების ქუჩა. მცხეთის სამედიცინო ცენტრი. პალატა 307.  ნარეკვავის ტყე, რომელზეც ადრე მხოლოდ „დიდოსტატის მარჯვენიდან“ მსმენოდა, ახლა თავზე დამყურებს და მაცოცხლებელი ჟანგბადით მამარაგებს. მცხეთობას, 14 ოქტომბერს, PCR ტესტირებით კოვიდინფექცია დამიდასტურდა. ინფიცირების წყარო იყო მოსწავლე, რომელიც კერძო გაკვეთილზე მყავდა. მისი ოჯახის ყველა წევრიც ინფიცირებული აღმოჩნდა დაუდგენელი წყაროდან. ბავშვი სასტიკად განიცდიდა, რომ უნებლიედ იქცა ინფექციის გადამტანად, მაგრამ ამას ჩვენ ვინ გვეკითხება? მან არაფერი იცოდა საკუთარ დაავადებაზე. ჩემთან ერთად კიდევ ერთი მოსწავლეც დაინფიცირდა. სამნი გადაურჩნენ ვირუსს. ეს იყო ხუთშაბათს. პარასკევს ჩვეულებრივ გამოვცხადდი სკოლაში, კოლეგებსაც შევხვდი და მეხუთე კლასში გაკვეთილიც ჩავატარე, რაც სკოლის დახურვის საბაბად იქცა. მადლობა უფალს, რომ სიმპტომების გამოვლენამდე გადამტანი არ ვყოფილვარ და იმდღევანდელი ჩემთან კონტაქტებით არავინ დაინფიცირებულა.  მდგომარეობა ნელ-ნელა მიმძიმდებოდა. სიცხე, წნევა, სახსრების აუტანელი ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ყელ-ყურისა და თავის ტკივილი, მოკლედ, ასეთ წამებას მტერსაც არ ვუსურვებ. სახლში მარტო დავრჩი. მეუღლე სხვაგან გადავიდა, რომ ისიც არ დაინფიცირებულიყო. ფსიქოლოგიურად მანგრევს მარტოობის შიში. სასწრაფო რომ გამოვიძახე, წნევაც კი არ გამიზომა, თუ თქვენი აპარატი არ გაქვთ, ჩვენსას ვერ გამოვიყენებთო. ამან სულ დამზაფრა. როგორც კი ამაზე დავწერე ფეისბუქზე, უცებ მეზობელმაც მომიტანა ჭიშკართან წნევის აპარატი და მეუღლემაც ნახევარ საათში მომირბენინა. ხალხის თანადგომა არის უპრეცედენტო და ეს მაძლიერებს. ვინ არ მირეკავს? ვინ არ მწერს? ვერ ავუდივარ პასუხების გაცემას. ვინ რას მთავაზობს, ვერც კი ვიაზრებ.

თბილისის კლინიკები გადაჭედილია და ბევრი ახლობელი მპირდება, რომ დამეხმარება ადგილის მოძებნაში, მაგრამ ამაოდ.  მოსწავლის დედა მირეკავს და მეუბნება, რომ ადგილები თავისუფლდება მცხეთის სამედიცინო ცენტრში და თუ არ ვარ წინააღმდეგი, იქ გადაყვანა შეიძლება, მისი ოჯახის წევრები იქ მუშაობენ და მელოდებიან. სიხარულით დავთანხმდი და სასწრაფო გამოვიძახე. 15 ოქტომბრიდან აქ ვარ, მზრუნველი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობენ ფილტვის 7-ქულიან დაზიანებაზე, სისხლძარღვების პრობლემაზე. 19 ოქტომბრის საღამოს კრიზისის კულმინაცია მქონდა. ძლივს გადამარჩინეს და ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. მესამე დღეა კარგად ვარ. ყველა სიმპტომი მომეხსნა. გავდივარ ანტიბიოტიკოთერაპიას ფილტვის პრობლემის აღმოსაფხვრელად. 25-ში კიდევ ერთხელ გამოიკვლევენ სისხლს, ჩამიტარებენ ფილტვების განმეორებით კომპიუტერულ ტომოგრაფიას, PCR ტესტირებაც ჩამიტარდება და… ჩიტივით თავისუფალი ვიქნები. ამ ავადმყოფობამ ბევრი მასწავლა, სულ სხვაგვარად ამიხილა თვალი. ახლა ვიდეოკონსულტაციებს ვუწევ ახლად ინფიცირებულ საყვარელ მეგობრებსა და ნაცნობებს, ვუზიარებ გამოცდილებას და ფსიქოლოგიურად ვეხმარები პრობლემის გადალახვაში. უმრავლესობა ვერ ახერხებს სტაციონარში ყოფნას და ბინაზე მკურნალობა თავისთავად სტრესულია.

წევხარ ტკივილით გათანგული და რამდენ რამეზე ფიქრობ?! უცებ გამახსენდა 2011 წელს რეჟისორ სტივენ სოდერბერგის მიერ გადაღებული პოპულარული ფილმი „ინფიცირება“. ადრე სულ სხვა თვალით ვუყურე და ახლა… რამდენი ცოდნა შეიძინა კაცობრიობამ, მაგრამ სამყაროს წარმოშობის საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა, მისი მომავალიც, მისი საზღვრებიც მარად ამოუცნობი საიდუმლოა, რომელიც თქვენი არ ვიცი და მე ყოველთვის საშინლად მაწამებს. თუ ვინმეს შეუძლია ამ კოსმიური საიდუმლოებების ლაბირინთში რამის შეცნობა, ეს ალბათ არა მეცნიერები, არამედ ისევ და ისევ ხელოვანები არიან, რომელთა ინტუიტური ჭვრეტა, ფანტაზია და შემოქმედებითი წვა უფრო მეტს წვდება, ვიდრე მეცნიერული გონება. ასე რომ არ იყოს, აბა საიდან მოიფიქრეს 2011 წელს რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა და სცენარისტმა, მწერალმა ენტონი სკოტ ბერნსმა სურათი, რომელიც გასაოცარი სიზუსტით გათამაშდა 2020 წელს დედამიწაზე?! საიდან მოიფიქრეს, რომ ინფიცირების წყარო იქნებოდა ღამურა? საიდან დაამთხვიეს, 9 წლის შემდეგ მოსახდენ მოვლენებს საზოგადოების დამოკიდებულება პანდემიისადმი? ეკონომიკური კრიზისის ანატომია, თაღლითების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეალობა, სამთავრობო სამსახურების ყოფა. თითქოს ვიღაცამ 2020 წლის ამ ამბების აქტორებს წინასწარ დაუწერა, აჩვენა, რა როგორ უნდა წარმართულიყო. ამ ფილმმა მძიმედ იმოქმედა ჩემზე. არასდროს მსურს შეთქმულების თეორიების დაჯერება, ფიქრი იმაზე, რომ ვირუსული ინფექციები სადღაც ლაბორატორიებში სპეციალურად მზადდება, რომ დედამიწაზე პოპულაცია შეამცირონ, რომ სახელისუფლებო და საფინანსო ელიტების ინტერესებისთვის ხდება ეს ყველაფერი. თუმცა ამ ფილმმა ამგვარი ეჭვები გამიმძაფრა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არსებობს იატაკქვეშა კონსპირაციული ყოვლისშემძლე ჯგუფები, რომელთაც კაცობრიობის ბედით თამაში შეუძლიათ. გამახსენდა, როგორ ფიქრობდა ბარათაშვილის პოემაში ბრძენი მსაჯული სოლომონ ლეონიძე ერეკლე მეფეზე: „მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას, ერთ კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას, და მის ერთს სიტყვას მონებენ ერნი, განურჩეველად სულელნი, ბრძენნი, და იგი მათს ბედს ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!“

არ ვიცი, ათამაშებს თუ არა ვინმე ბოროტი გენია ჩვენს ბედს, როგორც კამათლებს, მაგრამ ამ ფილმის წინასწარმეტყველურმა პათოსმა სრულიად გამანადგურებელი ემოციური ზემოქმედება მოახდინა ჩემზე.

ზოგი დაავადებას მალავს, ინფორმაციის გავრცელებას ერიდება, ავადმყოფობის დროს იკეტება. ჩემში მასწავლებლური ვნებები ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. მიუხედავად მწვავე ტკივილებისა და საშინელი განწყობისა, სულ წერა და ყველაფრის გასაჯაროება მინდოდა. ვწერდი პოსტებს, რომლებიც პოპულარული გახდა და ორ ტელეშოუშიც კი მიმიწვიეს. ვავრცელებდი ჩემი მოსწავლეების მიერ გადმოგზავნილ ვიდეოებს, მათი ნებართვით, რასაკვირველია. ეს პროცესი სამ რამეში მეხმარებოდა: 1. ჩემს შესახებ ინფორმაციას მარტივად ვაწვდიდი ყველას, ვის წინაშეც საქმიანი ვალდებულებები მქონდა; 2. საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ვეხმარებოდი სხვებს, ვხედავდი, რომ ინტერესი დიდი იყო და უამრავ შეკითხვას მაყრიდა ხალხი საჯაროდ თუ პირად მიმოწერაში, ბევრმა მითხრა, რომ ამშვიდებდა ასე დაწვრილებით კლინიკური სურათის აღწერა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას იძენდა; 3. ჩემი პოსტების კომენტარებსა და გამოხმაურებებში ხალხის მიერ გამოჩენილი სრულიად გაუგონარი თანადგომა, სიყვარულის დაულეველი ფლუიდები, საუკეთესო სურვილები პირდაპირი მნიშვნელობით მაცოცხლებელი იყო და არის ჩემთვის.

მართალია, ავადმყოფობამ სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან, მაგრამ უზარმაზარი ენერგიით ამავსო ხალხის სიყვარულმა. ჩემი ერთადერთი საზრუნავი შეწყვეტილი სასწავლო პროცესია. უძილობა მაწუხებს, მაგრამ როგორც კი თვალს მივლულავ, ეგრევე გაკვეთილები, ჩემი მოსწავლეები, საკლასო ოთახები, კოლეგები, სამასწავლებლო, სწავლასთან დაკავშირებული აქტივობები მესიზმრება, თითქოს სიზმარი არც კი არის, რეალური ამბებია, ჩემი ცხოვრება, ყოველდღიურობა სწორედ ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ სამუშაო რუტინულ დღეებში მაქვს. მოსწავლეები დაუსრულებლად მწერენ და მწერენ, მეკითხებიან ყველაფერს, მიზიარებენ საკუთარ ამბებს, მიგზავნიან სიახლეებს, მართობენ, მახალისებენ და მეც სიტყვები არ მყოფნის მათ მოსაფერებლად.

სიყვარული რომ მასწავლებლის მოურჩენელი „ინფექციური დაავადებაა“, ისედაც ვიცოდი, მაგრამ კოვიდინფიცირებულობასთან ერთად გაასმაგებული ძალით ვიგრძენი სიყვარულით ინფიცირების ტკბილი ნექტარი. სწორედ ეს არის ის უძლეველი ძალა, რომელიც გვაცოცხლებს, სოციალურ ფუნქციას გვანიჭებს, მისიას გვასრულებინებს, სასურველს გვხდის.

ფაქტია: დედამიწა ჩვენ თვალწინ იცვლება. სამყაროში გრანდიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ახლა ძნელი ასახსნელია, როგორც ის კოსმიური საიდუმლოებანი, აქამდე რომ ვერ ამოგვიცნია, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ გლობალურ კრიზისს დიდი აღდგომა და განახლება მოჰყვება, რაღაც უნდა გადაეწყოს, „დარეფრეშდეს“, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდეს. დედამიწას აქვს საკუთარი იმანენტური კანონები, თავისი ღრმა წიაღიდან გამომუშავებული, რომელთა რეალიზაცია ახლა ალბათ აუცილებელია მისი პროგრესისთვის, თვითრეანიმირებისთვის.

კოვიდით ინფიცირებაც და სხვა ყველა სატკივარიც ახლა სიყვარულით განიკურნება უპირველესად. ეს კრიმინალის მოჭარბება, საზოგადოებაში გამეფებული აგრესია, ცინიზმი, ანტაგონიზმი სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მხოლოდ სიყვარულის ფლუიდებით დაიძლევა. აქ ყოველ ჩვენგანის როლი გადამწყვეტია. სამყაროს გადარჩენაში საკუთარი მოკრძალებული მისიის შესრულება ყველას შეგვიძლია, ყველას, დიდსა თუ პატარას. ამის იმედსა და რწმენას მაძლევს თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩემმა პატარა მოსწავლეებმაც კი გააცნობიერეს საკუთარი როლი სხვათა თანადგომის საქმეში. მათაც ისევე წარმატებით მიმკურნალეს სიყვარულის თერაპიით, როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის ახალგაზრდა ექიმებმა და მედდებმა, არაჩვეულებრივმა, თავდადებულმა, პასუხისმგებლობითა და ჰუმანიზმით სავსე ადამიანებმა. მადლიერი ვარ ბედის, რომ ეს ყველაფერი გამომაცდევინა და ასე შემივსო ყოველდღიური ერთფეროვნებით გადაღლილი სული. რაც ხდება, ღვთის ნებით ხდება და მხოლოდ უკეთესობისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო! კოვიდით არა, სიყვარულით ინფიცირებას, რაც საბოლოოდ ამ ვირუსსაც განდევნის და ამოისუნთქავს ჩვენი მწვანე პლანეტა, ახალი ფერებით ახასხასდება. კოვიდინფიცირებულთა შორისაა ასევე ჩვენი ჟურნალის ავტორი თეონა ბექიშვილი, რომელიც მიუხედავად ავადმყოფობისა, მაინც მუშაობს დისტანციურად. რედაქციის თანამშრომლები, ავტორები, რედაქტორი, როგორც ყოველთვის, უზომოდ ყურადღებიანი და პოზიტივებით გამამხნევებლები არიან. მადლობა ყველას, ყველას… ღირდა ეს წამება ამ სიყვარულის გამოსაცდელად…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...