სამშაბათი, ივნისი 2, 2026
2 ივნისი, სამშაბათი, 2026

ხმამაღლა კითხვის აუცილებლობა

0

ამერიკელ მწერალსა და პედაგოგს დუგ ლემოვს მიაჩნია, რომ წიგნების ხმამაღლა კითხვა არა მხოლოდ ლექსიკას უმდიდრებს ბავშვს, არამედ იმაშიც ეხმარება, რომ უფრო ყურადღებიანი გახდეს. გარდა ამისა, კითხვა ავითარებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარს.

როდესაც მკითხველი ამჩნევს, რომ კითხვის დროს რაღაც გამორჩა ან კარგად ვერ გაიგო, წაკითხულს უბრუნდება და გამორჩენილ პასაჟს ან წინადადებას თავიდან კითხულობს. ზოგს მინდვრებზე კომენტარების გაკეთება ან ფანქრით მისთვის მნიშვნელოვანი წინადადებების ხაზგასმა სჩვევია, ზოგი უცხო სიტყვის განმარტებისთვის ლექსიკონს იშველიებს, ზოგი ძილის წინაც კი ფიქრობს იმ ფარგმენტზე, რომელმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და ცდილობს, წინასწარ ამოიცნოს როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო თავში.

კითხვისას რთული სისტემების სიმბოლოთა სწრაფი დეკოდირების უნარი ის უნარია, რომელიც ადვილად შეიძლება განვავითაროთ. დუგ ლემოვის აზრით, ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა წიგნის კლუბის მარტივი ვარიაციის შექმნაა.

„წიგნის კლუბი ნიშნავს წიგნის ერთობლივ და ხმამაღალ კითხვას, რომელშიც მთელი კლასია ჩართული, – ამბობს ის, – კლუბი ხელს უწყობს სწრაფი კითხვის, მეტყველების, კომუნიკაციის უნარის განვითარებას, ლექსიკის გამდიდრებასა და ყურადღების კონცენტრირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებსაც ხშირად უგულებელყოფენ“.

გაგაცნობთ სამ პრაქტიკას, რომლებსაც ლემოვი და სხვა პედაგოგები კლასში ხმამაღლა კითხვის დასაწყებად გვირჩევენ:

  1. წიგნის კლუბი – მასწავლებელი ირჩევს საინტერესო წიგნს და მას ხმამაღლა კითხულობს. ის ამბავზე უფრო ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე მის ანალიზზე. ლემოვის თქმით, ეს პრაქტიკა ნებისმიერ სასკოლო საგანს შეეფერება. „რამდენიმე წლის წინ წიგნის კლუბი Rochester Prep-ის სკოლაში დავნერგეთ. კითხვის პროცესში ყველა მასწავლებელი ჩავრთეთ და შევქმენით მცირე ჯგუფები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურდათ, მეტი ეკითხათ“.

ხმამაღლა კითხვის დროს მასწავლებელი იყენებს გამომსახველობით საშუალებებს და საავტორო პაუზებს, – ამბობს ლემოვი, – რომლებიც ასე აცოცხლებს წიგნს. შეუძლია, დროდადრო მცირე ხნით შეწყვიტოს კითხვა ცალკეული სიტყვების ასახსნელად. ბევრი ბავშვი სწორედ ასე სწავლობს კითხვის სიყვარულს, ივითარებს სწრაფი აზროვნების, ყურადღების კონცენტრირების უნარს, ივსებს სიტყვების მარაგს.

  1. გუნდური კითხვა – საკლასო ოთახში ერთხმად კითხვა ბავშვებისთვის კითხვას პროცესს უფრო სასიამოვნო და ინკლუზიურ პროცესად აქცევს. ეს მეთოდი წარმატებით ენაცვლება ერთმანეთის მიყოლებით წრეში კითხვის მეთოდს, ასევე – მეთოდს, როდესაც მოსწავლეები თავად ირჩევენ, კითხვა ვინ გააგრძელოს. „ჩემ მიერ წაკითხული ოცდაათზე მეტი სტატიიდან, რომლებიც საკლასო ოთახში კითხვას ეხებოდა, მხოლოდ ერთი მიეძღვნა წრიული კითხვის სარგებლობას და მის ვარიაციებს“, – ამბობს ტომ ფინლი, ინგლისური განათლების პროფესორი.

ნიუ იორკის Concourse Village-ის დაწყებითი სკოლა აქცენტს სვამს სწრაფ კითხვაზე და ხაზს უსვამს ერთი და იმავე ტექსტის განმეორებით წაკითხვის მნიშვნელობას. მოსწავლეები ერთად კითხულობენ ტექსტს და იმეორებენ მას მთელი კვირის განმავლობაში საკლასო ოთახში, წყვილებად ან ცალ-ცალკე. ისინი ყოველდღე მუშაობენ ამა თუ იმ უნარის დახვეწაზე: მთავარი იდეის ხაზგასმაზე, კომენტარის გაკეთებაზე, მნიშვნელოვანი დეტალების გამოვლენაზე, ავტორის ოსტატობის ანალიზსა და დასკვნების ფორმულირებაზე. ვინაიდან ერთ რთულ ტექსტს ხუთი დღის განმავლობაში კითხულობენ, ბავშვები ითვისებენ რთული ტექსტების შესწავლის ძალიან მნიშვნელოვან და საიმედო უნარს.

  1. ბოლო ხუთი წუთი – საშუალო სკოლის ასაკის მოსწავლეთა უმეტესობა წიგნებს ხმამაღლა აღარ კითხულობს, არც სკოლაში, არც შინ, – წერს კეისი შორტი, ენებისა და სოციალური მეცნიერებების მასწავლებელი. მისი აზრით, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც მოზარდები ხმამაღლა წაკითხულს ისმენენ, ტექსტის გაგება და რთული ლიტერატურის გააზრების უნარი ეხვეწებათ, სტრესის დონე კი უმცირდებათ.

კლასში კითხვის სიყვარულის განსავითარებლად შორტი თავის მოსწავლეებს ხმამაღლა უკითხავს წიგნს გაკვეთილის ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში. „ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ კითხვისთვის ყოველდღიურად დროის გამონახვას, მაგრამ ეს ხუთი წუთი ნამდვილი საჩუქარია მოსწავლეებისთვის, – წერს შორტი, – მე მათ ვუზიარებ კითხვის სიყვარულს, ვხვეწ ენის სწავლების მეთოდებს და ვაცნობ ახალ ავტორებს, ჟანრებსა და თემებს“.

კლასში წასაკითხ წიგნებს მოსწავლეები არჩევენ. წიგნი არა მხოლოდ საინტერესო, რთულიც უნდა იყოს. კითხვის დროს მასწავლებელს შეუძლია, კითხვაც დასვას, უბიძგოს მოსწავლეებს აზრთა გაცვლა-გამოცვლისკენ, ამ და სხვა ტექსტებს შორის კავშირების აღმოჩენისკენ. ხუთწუთიანი კითხვის შემდეგ კლასიდან გამოსული მოსწავლეები აგრძელებენ წიგნზე საუბარს, ხშირად აინტერესებთ, როგორ გაგრძელდება ამბავი.

არავინ დავობს იმაზე, რომ ბავშვებმა ხმამაღლა უნდა იკითხონ და სწავლის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არ გამოტოვონ, მაგრამ გვჭირდება თუ არა ხმამაღალი კითხვა ზრდასრულებს? თურმე გვჭირდება. ხმამაღალი კითხვა მოზრდილებსაც აძლევს საშუალებას, ნებისმიერ ასაკში განივითარონ გონებრივი და სამეტყველო უნარები.

ხმამაღალ კითხვას უხმოსთან შედარებით აქვს რამდენიმე უპირატესობა, რომლებიც ტვინის მუშაობის მექანიზმებს უკავშირდება: ხმამაღლა კითხვის დროს ადამიანი სხვა რამეზე არ ფიქრობს, მისი ყურადღება ტექსტზეა კონცენტრირებული. თუ ახალი სიტყვები შეხვდა, უნდა გაიგოს მათი მნიშვნელობა და შეამოწმოს წარმოთქმა, ეს კი ზრდის მის აქტიურ ლექსიკონში უცნობი სიტყვების მოხვედრის ალბათობას. გარდა ამისა, წაკითხულ ტექსტს ტვინი სამმაგად ამუშავებს – როგორც ვიზუალურ, ხმოვან და კუნთოვან (ტუჩებისა და ენის მოძრაობები) ინფორმაციას. ტვინის რამდენიმე უბნის (მხედველობითი, სმენითი და მოტორული ქერქის) ერთდროული მუშაობა ბუნებრივად ზრდის წაკითხულის გაგებისა და დამახსოვრების შანსს.

ხუთი წლის წინ მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადასტურეს კოლეგების დასკვნა მეხსიერებასა და ყურადღებაზე ხმამაღალი კითხვის დადებითი გავლენის შესახებ – სიტყვების დამახსოვრების ექსპერიმენტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ხმამაღლა უკითხავდნენ ტექსტებს სხვებს, სწავლაში გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე „თავისთვის“ მკითხველებმა.

ექსპერტები ზრდასრულებს ურჩევენ, იკითხონ ხმამაღლა ისე, როგორც მსახიობები კითხულობენ თავიანთი პროფესიული უნარების დასახვეწად. საკმარისია, დღეში 15 წუთი დავუთმოთ ხმამაღალ კითხვას, რომ რამდენიმე კვირაში შევამჩნევთ, როგორ დაგვეხვეწა მეტყველება.

როდესაც გვესმის ჩვენივე ხმით წაკითხული თუნდაც ლიტერატურული ტექსტი, ვამჩნევთ გამოთქმისა და ინტონაციის იმ თავისებურებებს, რომლებსაც ყოველდღიურ საუბრებში ყურადღებას არ ვაქცევთ და დეფექტების გამოსწორების შანსი გვეძლევა. ხმამაღლა კითხვა კარგი სავარჯიშოა მათთვის, ვისაც საჯაროდ გამოსვლა აშინებს.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთობლივმა და ხმამაღალმა კითხვამ შესაძლოა ისეთი დაავადებებიც კი შეამსუბუქოს, როგორიცაა შაკიკი, ზურგის ტკივილი ან დემენცია. ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ წიგნის ხმამაღალი კითხვა ქრონიკულ ტკივილს უფრო უკეთესად უმკლავდება, ვიდრე პოპულარული კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია. მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის მონაწილეებიც 6 თვის განმავლობაში განიცდიდნენ ტკივილებს. მეცნიერები ყოველკვირა კრებდნენ ასეთ 10-12 ადამიანს და სთხოვდნენ, ერთად წაეკითხათ წიგნი, დაეკავშირებინათ მისი შინაარსი თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. „წიგნის საღამოების“ წყალობით ამ ადამიანებმა შეძლეს ყურადღების გადატანა ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე, მოგონებებზე, ისწავლეს ემოციების მართვა.

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები

0

გთავაზობთ ისეთი ინსტრუმენტების ნაკრებს, რომლებიც ადვილად გამოიყენება სასწავლო პროცესის მსვლელობისას, უშუალოდ გაკვეთილებზე.

ეს ინსტრუმენტები გვეხმარება, სწრაფად გადავამოწმოთ მიმდინარე სასწავლო სიტუაციის ეფექტიანობა.

მათი გამოყენებით შეგვიძლია სწრაფად გავიგოთ, თუ როგორ მოგვყვებიან მოსწავლეები, რას ითვისებენ და რაში სჭირდებათ დამატებითი დახმარება.

  1. ერთწუთიანი პასუხები
  2.   გაკვეთილის  დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები და ისინი  ანონიმურად ბარათებზე აფიქსირებენ პასუხს ორ კითხვაზე:
  1. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე დღეს?
  1. რა კითხვა მიმაჩნია ყველაზე აქტუალურად დღევანდელი გაკვეთილის დასრულების შემდეგ?

კითხვა – რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის?

პასუხი – ასეთი დავალებები  სასარგებლოა იმისათვის, რომ:

ა). მასწავლებელი  მიუბრუნდეს იმ საკითხებს, რომლებიც პრობლემური,  არასწორად ან არასრულად გააზრებული დარჩა.

ბ) მოსწავლისთვის კი ეს საუკეთესო საშუალებაა მოახდინოს იმ გაკვეთილის თვითრეფლექსია

  1. რეაქციის ბარათები

რეაქციის ბარათებიც წერითი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია. მისი გამოყენების ეტაპებია:

პირველი ეტაპი – მოსწავლეებს გაკვეთილის  დასაწყისში  ურიგდებათ ბარათები, ისინი აწერენ თავიანთ სახელებს.

მეორე ეტაპი – გაკვეთილის  მსვლელობისას, ნებისმიერ დროს, აკეთებენ კომენტარს,  მაგ. მასწავლებლის  დასმულ კითხვაზე ან  მოსწავლის კითხვებზე ან კლასში მიმდინარე სასწავლო პროცესზე დაკვირვებებზე და ა.შ.

მესამე ეტაპი – გაკვეთილის ბოლოს ბარათებს აგროვებს მასწავლებელი და მომდევნო გაკვეთილისთვის  მოკლე უკუკავშირით უბრუნებს მოსწავლეებს.

შეგვიძლია დავნერგოთ სასწავლო პროცესში ეს ინსტრუმენტი და  ვიმსჯელოთ, რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის

რეაქციის ბარათი

მოსწავლის სახელი და გვრი ————————————————-

მოსწავლის კომენტარები :

3. საკვანძო იდეების ბარათი

მასწავლებლის თხოვნით, მოსწავლეები თემის, თავის  თუ საკითხის გარშემო მასალის დასრულების შემდეგ,  ავსებენ საკვანძო იდეების ბარათს, ვიდრე შემაჯამებელი დავალება მიეცემათ,  ამ ბარათებზე აყალიბებენ წერილობით იმ საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნიეს.

საკვანძო იდეების ბარათი

1….

2….

3….

დაშ

კითხვა რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის?

ფაქტია, მასწავლებელი იგებს, რამდენად სიღრმისეულად გაიგეს საკითხი მოსწავლეებმა  და რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი ხომ არ  დარჩა მათი ყურადღების მიღმა. მოსწავლე კიდევ ერთხელ გაიაზრებს განვლილ მასალას და დაფიქრდება, ხომ არაფერი გამორჩა.

4. ახალი ცნებების გამოყენება

     გაკვეთილის დასასრულამდე 10 წუთით ადრე, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ დებულებები,  რომლებიც  გაკვეთილის თემასთან   არის დაკავშირებული:

 

    1.როგორც გავიგე, დღევანდელი გაკვეთილის მთავარი საკითხი

(ცნება ან იდეა) იყო …………

    2.ამ საკითხის / იდეის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს

  1. მნიშვნელოვანი ბარათი

დროგამოშვებით მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წერილობით დავალებას, ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს და სთხოვს:

  1. ფურცლის/ბარათის ერთ მხარეს დაწერონ დამუშავებული ტექსტის მთავარი აზრი მაქსიმუმ სამი წინადადებით;
  2. ფურცლის მეორე მხარეს კი დასვან კითხვა ტექსტის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც კარგად ვერ გაიგეს.
დაწერეთ დამუშავებული ტექსტის მთავარი სათქმელი მაქსიმუმ სამი წინადადებით.

1….

2. …

3. …

დასვით კითხვები ტექსტის იმ ნაწილზე, რაც ბუნდოვანია თქვენთვის.

 

 

  1. თორმეტსიტყვიანი  რეზიუმე (შეჯამება)

გაკვეთილის დასრულებისას მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ რეზიუმე (შეჯამება), რომლისთვისაც მხოლოდ 12 სიტყვას გამოიყენებენ. ეს ეხმარება მასწავლებელს იმის დადგენაში, თუ რამდენად აითვისეს მოსწავლეებმა გაკვეთილის მასალა და მისი ძირითადი კომპონენტები.

სიტყვების რაოდენობის შეზღუდვა “აიძულებს” მოსწავლეებს, ყველაზე მნიშვნელოვან აზრებს მოუყარონ თავი. შესაძლებელია სიტყვების ნაცვლად წინადადებების რაოდენობის შეზღუდვაც (მაგალითად, დაწერონ რეზიუმე ორი ან სამი წინადადებით).

  1. ანალოგიები

ანალოგიების მოტანა განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სტრატეგიაა. ამისათვის შესაძლებელია ანალოგიის ქარგის გამოყენებაც:

 

______________ (ცნება, პროცესი, პერსონაჟი) ჰგავს _______________ -ს, ვინაიდან _____________________________________________________ .

ანალოგიების გაკეთებით მოსწავლეები გამოავლენენ იმას, თუ რამდენად სიღრმისეულად გაიაზრეს მოცემული ტექსტი. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ ანალოგია მათთვის უკვე ნაცნობ საკითხსა და ახალ ინფორმაციას შორის.

  1. სამწუთიანი პაუზა

მასწავლებელი გამოყოფს დროს ახალი მასალის გასააზრებლად. ის შეჩერდება და სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ კლასში წარმოდგენილ ახალ ცნებებსა და იდეებზე, დაუკავშირონ ისინი საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას, ახსნან და განმარტონ ისინი. შესაძლებელია წინადადებების ქარგის გამოყენებაც:

მე შემეცვალა წარმოდგენა _______________-ის შესახებ.

მე უკეთ გავიგე _______________.

მე გამიკვირდა, რომ _________________________.

მე _____________ დავუკავშირე ____________-ს.

მე თანაგრძნობა გამიჩნდა _____________-ის მიმართ

  1. ერთწინადადებიანი შეჯამება

მოსწავლეები წერენ შემაჯამებელ წინადადებას, რომელიც პასუხობს თემასთან დაკავშირებულ კითხვებს:

  • ვინ?
  • რა?
  • სად?
  • როდის?
  • რატომ?
  • როგორ?
  1. ერთსიტყვიანი შეჯამება (რეზიუმე)

მოსწავლეები მოიფიქრებენ ერთ სიტყვას, რომელიც ყველაზე უკეთ შეაჯამებს თემას/საკითხს.

  1. ოთხი კუთხე

მასწავლებელი კლასში წარადგენს კონკრეტულ თეზისს (მოსაზრებას). მოსწავლეები ირჩევენ პოზიციას და დგებიან საკლასო ოთახის ერთ-ერთ კუთხეში.

  • პირველი კუთხე: სრულიად ვეთანხმები.
  • მეორე კუთხე: უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები.
  • მესამე კუთხე: უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები.
  • მეოთხე კუთხე: კატეგორიულად არ ვეთანხმები.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები კუთხეებში გადანაწილდებიან, მათ ეძლევათ საშუალება, შეაჯერონ საკუთარი მოსაზრებები და ამის შემდეგ გაუზიარონ ისინი კლასს

  1. შავი ლაქა

ეს არის “ერთწუთიანი მოხსენება” კითხვაზე: “რა იყო დღევანდელი გაკვეთილის შავი ლაქა?” როგორც წესი, აქტივობა ტარდება გაკვეთილის ბოლოს, მასალის ახსნის ან მასწავლებლის მინილექციის დასრულებისას. შესაძლებელია, მასწავლებელმა ასეც დასვას კითხვა:

“რა დაგვრჩა გაურკვეველი _______ საკითხში?”

შესაძლებელია, რომ საუბარი ერთ წუთზე მეტხანსაც გაგრძელდეს.

  1. სიტყვების დახარისხება

მოსწავლეებს ეძლევათ სიტყვების/ცნებების ნაკრები. მათ უნდა დაახარისხონ/ დააჯგუფონ სიტყვები წინასწარ მიცემული ან მათ მიერ მოფიქრებული კატეგორიების მიხედვით.

მაგალითად, ჩამონათვალი დასაჯგუფებელია

სულიერი უსულო

ან ჩამონათვალი დასაჯგიფებელია

ფუძე ოქსიდი მჟავა ოქსიდი ამფოტერული ოქსიდი
  1. პასუხები წრეში

მოსწავლეები (მთელი კლასი ან ჯგუფი) სხდებიან წრეზე. მასწავლებელი წარუდგენს მათ კონკრეტულ შეკითხვას ან დასამუშავებელ საკითხს. ყველა მოსწავლე წერს პასუხს ბარათზე/ფურცელზე. მასწავლებლის სიგნალზე ყველა გადააწვდის თავის ბარათს მარჯვნივ მჯდომ მოსწავლეს. ყველა მოსწავლე აგრძელებს წერას მარცხნივ მჯდომი მოსწავლისგან მიღებულ ბარათზე. ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველას თავისი ბარათი არ დაუბრუნდება. მოსწავლეები ეცნობიან ბარათზე დაწერილ ინფორმაციას, რასაც მოსდევს შემაჯამებელი დისკუსია.

  1. ერთი კითხვა და ერთი კომენტარი

მოსწავლეებს წასაკითხად ეძლევათ ტექსტი (ან ერთი ნაწყვეტი). ტექსტის შინაარსის მიხედვით მათ უნდა მოიფიქრონ ერთი შეკითხვა და ერთი კომენტარი. მოსწავლები მორიგეობით უზიარებენ კლასს (ან ჯგუფს) მოფიქრებულ შეკითხვასა და კომენტარს, რასაც აქტიური დისკუსია მოსდევს. დისკუსიის მსვლელობისას მომდევნო მოსწავლეს შეუძლია ჯერ უპასუხოს წინა მოსწავლის მიერ დასმულ კითხვას ან გამოეხმაუროს კომენტარს, შემდეგ კი თავისი შეკითხვა და კომენტარი წარმოთქვას. აქტიურ ფაზაში შესვლისას მოსწავლეებს შორის სიღრმისეული დიალოგი იმართება და ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება, წაკითხულ ტექსტს ახლებურად შეხედოს.

შეკითხვა კომენტარი
1…

2…

1…

2…

  1. გასეირნება გალერეაში

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დიდფორმატიან ქაღალდზე გადაიტანენ თავიანთ პასუხებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს, ნამუშევრები კლასში გაიკვრება. შესაძლებელია, რომ თითოეულმა ჯგუფმა დანიშნოს `გიდი~, რომელიც ნამუშევართან ახლოს დადგება. მოსწავლეთა ჯგუფები გადაადგილდებიან კლასში, ათვალიერებენ სხვა ჯგუფების ნამუშევრებს და კითხვებს უსვამენ `გიდს~. შემდეგ ბრუნდებიან თავიანთ ჯგუფებში ნამუშევრების განსახილველად და თავიანთ “გიდებსაც” აცნობენ სხვა ჯგუფებისგან მიღებულ ინფორმაციას.

   შესასწავლი  მასალის, საკითხის  სიღრმისეულად გააზრებისა და მეხსიერებაში ხანგრძლივად  შენახვისა და  ტრანსფერულ ცოდნად  გადაქცევისათვის   უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესში ინტენსიურად დავნერგოთ განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ 2018-2024
  2. https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf
  3. Trumbull, E., & Lash, A. (2013). Understanding formative assessment: Insights from learning theory and measurement theory. San Francisco: WestEd.
  4. Green, S., K., Johnson, R., L. Kim, D-H., Pope, N., S., (2007) Ethnics in Classroom assessmentpractices: Issues and Attitudes, Teaching and Teacher Education 23 (2007) 999–1011
  5. HEPPLESTONE, S., and CHIKWA, G., (2014). Understanding how students process and use feedbackto support their learning. Practitioner Research in Higher Education, 8 (1), 41-53

ურბანული სამყარო

0

ერთხელ გაგიზიარეთ აქტივობები ურბანიზაციის საკითხზე. ახლა მინდა, შემოგთავაზოთ რესურსი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ურბანიზაციის პროცესის შესწავლისას. საიტი, რომელზეც ეს სტატია აღმოვაჩინე, შეიცავს არაერთ ინტერაქტიულ რუკასა თუ დიაგრამას, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება. ამავე დროს ნახავთ ამ საკითხის კორელაციას სხვადასხვა საკითხთან.

რატომ ეს საკითხი? ალბათ იმიტომ, რომ დღეს საქართველოსთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია. რადგან ურბანიზაციის საკითხი სხვადასხვა კრიტერიუმის განმსაზღვრელია და მრავალი პროცესის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს.

მოკლედ მივყვეთ სტატიას.

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეს ქალაქში ცხოვრობს. თუმცა, ურბანული პარამეტრები შედარებით ახალი ფენომენია კაცობრიობის ისტორიაში. ამ გადასვლამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების, მუშაობის, მოგზაურობის და სოციალური ქსელების შექმნის გზა.

კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობდა მცირე თემებში. ბოლო რამდენიმე საუკუნეა – განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში – რეალობა მკვეთრად შეიცვალა. მოხდა მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია სოფლიდან ქალაქში.

რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს ქალაქში?

გაეროს შეფასებით, 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში 4.1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა ქალაქში.

ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნახევარზე მეტი (55%) ცხოვრობს ურბანულ გარემოში. გაერო აფასებს ამ საეტაპო მოვლენას – როდესაც ქალაქების მოსახლეობის რაოდენობამ გადააჭარბა სოფლის მოსახლეობას – 2007 წელს.

თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ მონაცემები ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის შესახებ ნებისმიერი ქვეყნისა თუ რეგიონისთვის, ინტერაქტიული სქემის „ქვეყნის შეცვლის“ გამოყენებით.

მონაცემები სწრაფად იცვლება. ნებისმიერ ქვეყანაზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იცვლება ურბანიზაციის მაჩვენებლები დროთა განმავლობაში მრავალი ქვეყნისთვის. თქვენ ხედავთ მოსახლეობის სწრაფ მიგრაციას ქალაქში.

ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ხვედრითი წილი 2020 წელი

რა ვიცით ურბანული მოსახლეობის შესახებ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

უფრო მეტი ადამიანი ურბანულ გარემოში ცხოვრობს, ვიდრე სოფლად (ურბანული ნიშნული 50%–ზე მეტია).

მთელ მსოფლიოში ურბანულ გარემოს მაღალი სიმჭიდროვე ახასიათებს (ზოგჯერ ძალიან მაღალი).

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩანდეს, რომ  დიდი ქალაქები იკავებენ  დედამიწას, მათ გლობალური მიწის მხოლოდ 1% უჭირავთ.

ურბანიზაციის მაჩვენებლები სწრაფად იზრდება ყველა რეგიონში (1800 წელს ყველა რეგიონის მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები ცხოვრობდა ქალაქში).

მოსალოდნელია, რომ ურბანიზაციის მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება შემოსავლების ზრდისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების ხვედრითი წილის შემცირების გამო.

ურბანული მოსახლეობის რაოდენობა სადავო ხდება, რადგან წარმოიქმნება უთანხმოება განსაზღვრების განსხვავებებიდან გამომდინარე. რატომ ხდება დასახლებული პუნქტი ქალაქი?

მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობაზე უთანხმოება შეიძლება შეუსაბამოდ გამოიყურებოდეს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ქალაქი, მისი ურბანიზაციის მაჩვენებელი, ადამიანების განაწილება და სიმჭიდროვე. რესურსების განაწილება – დაწყებული საცხოვრებლითა და ტრანსპორტით, ჯანდაცვით, განათლებითა და დასაქმების შესაძლებლობებით – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად იცხოვრებენ ადამიანები. მოცემულ ქვეყანაში ადამიანების განაწილების ცოდნა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი რესურსები და მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს იქ, სადაც საჭიროა.

გაეროს მე-11, მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) არის „ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო, მოქნილი და მდგრადი განვითარება“. თუ ჩვენი მიზანია, რესურსებს ეფექტური გადანაწილება, ინკლუზიური ქალაქების განვითარება-დაგეგმარებისთვის აუცილებელია იმის გაგება, რამდენი ადამიანი უნდა უზრუნველყონ ამ რესურსით.

მოდით, შევხედოთ ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იმის შესახებ, რამდენად ურბანულია ჩვენი სამყარო და საიდან მოდის ეს განსხვავებები.

ერთი შეხედვით პასუხი მარტივია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ციფრები პირდაპირ პასუხს იძლევა.

1960 წელს ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა სოფლად (2 მილიარდი), ვიდრე ქალაქში (1 მილიარდი). 2007 წელს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა თითქმის თანაბარი, 3.33 მილიარდი იყო. 2016 წელს ურბანული მოსახლეობა გაიზარდა 4 მილიარდამდე; მაშინ, როდესაც მსოფლიოს სოფლის მოსახლეობა მხოლოდ მცირედით 3.4 მილიარდამდე გაიზარდა.

გაეროს შეფასებები იუწყება, რომ მსოფლიოში 2016 წელს მოსახლეობის 54% ცხოვრობდა ქალაქში. გაეროს ურბანიზაციის პერსპექტივების პროგნოზებით, 2018 წელს ეს არის მსოფლიოს 55%-ზე ოდნავ მეტი.

გაეროს მონაცემები ყველაზე ფართოდ გამოიყენება. მასში მოყვანილია მონაცემები გლობალური ურბანიზაციის შესახებ. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში, ვიდრე ამას ციფრები გვიჩვენებს.

როგორ განისაზღვრება ურბანული ტერიტორია?

ამჟამად არ არსებობს უნივერსალური განმარტება, თუ რას ნიშნავს „ურბანული“. გაერო აქვეყნებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ურბანული გარემოს განმარტებას. პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ურბანული გარემოს განსაზღვრება სხვადასხვაა. ზოგი ქვეყანა იყენებს მოსახლეობის მინიმალური რაოდენობის კრიტერიუმს, ზოგი – მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, დასაქმების ტიპს ან უბრალოდ წინასწარ განსაზღვრული ქალაქების მოსახლეობის რაოდენობას.

ვებგვერდზე ცხრილში მოცემულია სხვადასხვა ქვეყნის ურბანიზაციის რაოდენობრივი მაჩვენებელი. გაეროს მსოფლიო ურბანიზაციის მონაცემთა ბაზა ასევე იძლევა სტატისტიკური „განმარტებების“ სრულ  ჩამონათვალს თითოეული ქვეყნისათვის.

მაშინაც კი, თუ ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ერთი მაჩვენებელი განმარტებისთვის – როგორიცაა დასახლების მოსახლეობის მინიმალური რაოდენობის ზღვარი – ქვეყნებმა მიიღეს ძალიან განსხვავებული ბარიერის დონე.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ჩვენ შევადგინეთ მოსახლეობის მინიმალური ბარიერი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამას იღებენ „ურბანული“ განსაზღვრების ფარგლებში. 2000 და 5000 მოსახლე ერთობლივად იყო ყველაზე ხშირად მიღებული ბარიერი. თუმცა, განსხვავება ქვეყნებს შორის არის ძალიან დიდი. შვედეთმა და დანიამ ეს ბარიერი მხოლოდ 200 მოსახლეზე დაიყვანეს; იაპონიამ 50,000-ზე.

გაეროს ამჟამინდელი კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ურბანიზაციის“ ასეთი მრავალფეროვანი განმარტებები იწვევს მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის მნიშვნელოვან დაქვეითებას. მაგალითად, ევროკომისიის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ადამიანების 85%  ცხოვრობს ქალაქებში.

ევროკომისიამ გამოიყენა დასახლებების უნივერსალური განმარტება ყველა ქვეყნისთვის:

ურბანული ცენტრი: უნდა ჰყავდეს მინიმუმ 50,000 მცხოვრები პლუს მოსახლეობის სიმჭიდროვე უნდა იყოს არანაკლებ 1500 ადამიანის კვადრატულ კილომეტრზე ან ასაშენებელი ფართობის სიმჭიდროვე 50%-ზე მეტი.

ურბანული კლასტერი: უნდა ჰყავდეს მინიმუმ 5,000 მცხოვრები პლუს მოსახლეობის სიმჭიდროვე უნდა იყოს არანაკლებ 300 ადამიანის კვადრატულ კილომეტრზე (კმ 2 ).

სოფელი: 5000-ზე ნაკლები მოსახლე.

ამ განმარტებების გამოყენებით იგი იუწყება, რომ მსოფლიოს 52% ცხოვრობდა ურბანულ ცენტრებში, 33% ქალაქურ კლასტერში და 15% სოფლად. 2015 წ. კონტინენტების მიხედვით ურბანული წილი ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში.

ევროკომისიის შეფასება გააკრიტიკეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც ხსნიან, რატომ არის ასეთი მაჩვენებელი ძალიან მაღალი: სოფლის მეურნეობის დასაქმების მაჩვენებლის მიხედვით, მათი შეფასებით, ურბანული მოსახლეობა არ შეიძლება აღემატებოდეს 60%-ს; ევროპული კომისიის მიერ მიღებული ურბანული სიმჭიდროვის მაჩვენებლის დაბალი ბარიერი ნიშნავს, რომ მთელი მიწათმოქმედი რეგიონები კლასიფიცირდება, როგორც ურბანული; ამავე დროს ეს დაბალი  ბარიერი შეუსაბამოა ქალაქების განაპირა დასახლებების გამოც.

ოდესმე მიიღწევა კონსენსუსი ურბანული მოსახლეობის განსაზღვრებაზე?

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დონეზე აშკარად განსხვავდება შეფასებები, ეროვნულ დონეზე ურბანიზაციის საერთო ტენდენცია (მიუხედავად მათი განსაზღვრისა) მაინც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ინდოეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ 1990 წლიდან 2016 წლამდე მისი ურბანული მოსახლეობა გაიზარდა 148 მილიონით. ამ ცვლილების მაჩვენებელი მნიშვნელოვანია პროგრესის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ეროვნული დაგეგმარების შესაფასებლად. გლობალურ დონეზე განმარტების კონსენსუსის არარსებობამ არ უნდა დაჩრდილოს ის, რაც განსაზღვრული და მისაღებია ეროვნულ დონეზე.

ქვეყნებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ, რას მიიჩნევენ ქალაქად და სოფლად. ერთი შემოთავაზებული ვარიანტია ეროვნული ინდივიდუალური განსაზღვრებების შენარჩუნება.

მიიღებს თუ არა სამყარო სტანდარტიზებულ განსაზღვრებას? გაეროს სტატისტიკის სამმართველო მიზნად ისახავს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევას (24 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლების ჩათვლით) ამ წლის ბოლოს, რათა კონსენსუსის მიღწევა სცადონ.

ამან შეიძლება ერთი ნაბიჯით დაგვაახლოოს შეთანხმებამდე იმის შესახებ, თუ რამდენად ურბანულია სამყარო სინამდვილეში.

 

გამოყენებული ვებგვერდი:

https://ourworldindata.org/urbanization#urban-populations-tend-to-have-higher-living-standards

 

მანანა სეხნიაშვილი

,როგორ განვავითაროთ მოსწავლის კრეატიული და კოგნიტური აზროვნება ისტორიის გაკვეთილზე

0

 

2018-2023 წწ. ესგ-ის საბაზო საფეხურის ისტორიის სტანდარტი მოსწავლისგან ისტორიული ეპოქის აღქმა/ანალიზს მოითხოვს, რაც სხვადასხვა ისტორიული ეპოქის არსებითი მახასიათებლების (სოციალურ-კულტურული განვითარება, რელიგია და მსოფლმხედველობა, სახელმწიფოებრივი განვითარება და პოლიტიკა) გამოკვეთას, ეპოქის უნიკალურობის ჩვენებას, თანამედროვეობასთან პარალელების გავლებას გულისხმობს. მასწავლებელს შეუძლია, ეფექტურად გადაჭრას სტანდარტის მოთხოვნები, თუ სწავლის პროცესში აქტიურად ჩართავს შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს.

როგორც ვიცით, შემოქმედებითი ხასიათის დავალებებიდან ძირითადად გამოიყოფა დავალებების ორი ჯგუფი: კოგნიტური (შემეცნებითი, აღქმითი) და კრეატიული დავალებები.

კოგნიტური დავალებები (შემეცნებითი, აღქმითი) მიმართულია მოსწავლის შემეცნებითი უნარების (შეკითხვების დასმის, მოვლენათა მიზეზების მოძიების, ექსპერიმენტების ჩატარების, გარემომცველი სამყაროს შეგრძნების) ფორმირებასა და განვითარებაზე, ხოლო კრეატიული დავალებები უზრუნველყოფს პიროვნების კრეატიული თვისებების ფორმირებას: ვარაუდის, ფანტაზიის, ახლის მოფიქრების უნარის განვითარებას.

როგორ შეიძლება მასწავლებელმა კოგნიტური და კრეატიული დავალებებით გავიდეს სტანდარტის შედეგებზე და თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი მოსწავლეებისათვის საინტერესოდ და სახალისოდ გააკეთოს.

I – კოგნიტური დავალებები

საგანი: ისტორია, კლასი: VII თემა: „ძველი აღმოსავლეთი

VII კლასში შედეგების მიღწევის შეფასების ინდიკატორებია: ძველაღმოსავლური პერიოდისთვის/ბრინჯაოს ხანისთვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების (დამწერლობა, სახელმწიფოებრიობა, რელიგიური სისტემები, „კომპლექსური საზოგადოება“) გამოკვეთა (ისტ. საბ.1,2,3,5,7,8,9,10,11,12).

 სავარაუდო აქტივობები:

1: ა) წაიკითხეთ ტექსტი. შეადგინეთ 3 შეკითხვა მოცემული ტექსტის გამოყენებით მიმართებაში; ბ) გადმოეცით, როგორ აიგო და რა მახასიათებლებით გამოირჩევა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – ეგვიპტის პირამიდები; გ) რატომ არ დაკარგა გამოთქმამ – „ყველას ეშინია დროსი, ხოლო დროს ეშინია პირამიდების“ თავისი მნიშვნელობა დღესაც კი?

მაგალითი 2: „აღწერეთ კოგნიტური სქემა“: მოსწავლეები, მასწავლებლის მითითებით, ინფორმაციული ტექსტების დამუშავებისას ასრულებენ მსგავსი ტიპის დავალებებს (იხ. სურ.1):

1) ჯერ ავსებენ პირველ სვეტს – „სიტყვა/ცნება“ (აღსანიშნავია, რომ კოგნიტური სქემა გაკვეთილის სამივე ფაზაზე ივსება, აქედან პირველი სვეტი – გამოწვევის ფაზაზე);

2) შემდეგ მეორე სვეტს„მე მგონია“ და აქტიურად წამოაყენებენ ყველა იდეას, რომელიც თემას უკავშირდება, გამოთქვამენ ვარაუდებს;

3) ტექსტის კითხვისას მოინიშნავენ ყველა იმ ადგილს, რომელიც კოგნიტური სქემის შევსებისთვის სჭირდებათ და ავსებენ მესამე სვეტს – „ტექსტი ამბობს“;

4) მეოთხე სვეტში – „ილუსტრაცია“ – დაამატებენ თემის /საკითხის შესაბამის ვიზუალურ მასალას/ ნახატს/სიმბოლოს;

5) – ბოლოს მოსწავლეებს „გამოაქვთ დასკვნა“ და მოიყვანენ არგუმენტს, რატომ ფიქრობენ ასე.

სა /ცნება მე მგონია… ტექსტი ამბობს ილუსტრაცია გამომაქვს დასკვნა
სახელმწიფო      
უმაღლესი მმართველი      
სოციალური ფენები      
ჯარი/არმია      
ენა/დამწერლობა      
რელიგია და კულტურა      

 

          სურ. 1 – კოგნიტური სქემის ნიმუში ძველ ეგვიპტეზე

მოცემული აქტივობა – კოგნიტური სქემის აღწერა – შინაარსობრივად კომპლექსური ხასიათისაა. ის დიაგნოსტირების საშუალებას აძლევს მასწავლებელს და ეხმარება მოსწავლეს საკუთარი შედეგი დაინახოს „გარედან“, ამდიდრებს მოსწავლის ლექსიკურ მარაგს, ააქტიურებს აზროვნებას, გაგება-გააზრების-აღქმის უნარებს. შესაძლებლობას აძლევს მას, ამოიცნოს ძირითადი ინფორმაცია და მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი – ნასწავლი მასალა დააკავშიროს ყოფით ცხოვრებასთან. ამავე დროს დავალება აქტიური ინტერაქციით მიმდინარეობს, რადგან მისი შესრულების პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყნებენ როგორც ვერბალური, ისე არავერბალური აზროვნების უნარებს, ანუ მუშაობენ შემოქმედებითად.

II – კრეატიული დავალებები

ასეთივე განსაკუთრებულ შემოქმედებითობას მოითხოვს კრეატიული დავალებების შესრულება. ამ დროს სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს დავალებების შესრულების სპეციფიკა და მოუყვანოს ნიმუშები. მაგალითად, კრეატიული დავალების კლასიკურ მაგალითად ითვლება შემდეგი პირობა: „1874 წელს პარიზში სამხატვრო გამოფენაზე წარადგინეს კლოდ მონეს ნახატი – „შთაბეჭდილება. ამომავალი მზე“. კრიტიკოსმა ლერუამ უარყოფითად შეაფასა ნახატი და თავის სტატიაში დამცინავად, „იმპერსიონისტებად“ (ფრანგულად impression – „შთაბეჭდილება“) მოიხსენია გამოფენის ყველა მონაწილე. ნახევარი საუკუნის შემდეგ მხატვრები ცდილობდნენ, მიეღოთ მსგავსი შეფასება არამარტო კრიტიკოსებისაგან, არამედ მხატვრობის მოყვარულთა მხრიდანაც.

დავალება: ა) თქვენი აზრით, თავის მხრივ, რა გააკეთეს იმპრესიონისტებმა კრიტიკოსების საპასუხოდ? ბ) რით გააკრიტიკებდნენ იმპრესიონისტები კრიტიკოსებს?

კრეატიულობაზე, აღქმაზე ორიენტირებული შემოქმედებითი დავალება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გაიაზროს საკუთარი მიზანი, დაინახოს საკუთარი ზრდა და სწავლის შედეგი, შეაფასოს თანაკლასელების საგანმანათლებლო პროდუქტი.

მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაინახავს, როგორია მიდგომა კრეატიული დავალების შესრულების მიმართ, შესაძლებელია კონკრეტული დავალებების მიცემაც.

მაგალითი საბაზო საფეხურის ისტორიის სწავლების კურსიდან

კლასი – VII, თემა: ანტიკური და გვიანანტიკური ხანა (ისტ.საბ.1,2,4, 6, 8)

მას შემდეგ, რაც დაამუშავებენ თემას და გაივლიან საკითხს – რატომ მიმდინარეობდა დიდი ომიანობა ეგრისში“, მასწავლებელი მიმართავს კლასს – „დიდი ომიანობის“ დროს გუბაზ მეფის მკვლელობამ კოლხებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აიეტსაც და ფარტაძესაც თავ-თავიანთი მხარდამჭერი ჰყავდათ. ზოგი აიეტს უჭერდა მხარს და ზოგიც – ფარტაძეს. თქვენმა თანაკლასელმაც მოამზადა აიეტისა და ფარტაძის სიტყვების ანალიზი, რომელშიც გამოსჭვივის მისი შეხედულება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

დავალება:

ა) ეთანხმებით თუ არა თქვენი თანაკლასელის ამგვარ შეფასებას?

ბ) როგორ გრძნობებსა და ასოციაციებს იწვევს აიეტისა და ფარტაძის სიტყვები თითოეულ თქვენგანში?

გ) როგორ ფიქრობთ, რამდენად ასახავს ასეთი მიდგომა საქმის რეალურ ვითარებას?

გაკვეთილის უმნიშვნელოვანესი ეტაპია შეფასება. როგორ შევაფასოთ კრეატიული და კოგნიტური ხასიათის დავალებები? რადგან მოცემული ტიპის დავალებები შემოქმედებითი ხასიათისაა, ამიტომ პირველ რიგში შეფასებისთვის გამოიყენება განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები.

1) კომპლექსური ხასიათის დავალების დამუშავების ეტაპების სამახსოვრო (რამდენადაც კოგნიტური დავალებები ზოგადად კომპლექსური ხასიათისაა):

 

შეკითხვები რეფლექსიისთვის პასუხი
დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება სამიზნე ცნებებს, მკვიდრ წარმოდგენებს, საკვანძო შეკითხვებსა და შერჩეულ საკითხს? დიახ/არა
დაგეგმილი აქტივობები ხელს უწყობს კომპლექსური დავალების შესრულებისთვის საჭირო ცოდნის აგებასა და განმტკიცებას? დიახ/არა
დაგეგმილი აქტივობები ორიენტირებულია ცნებების ფორმირებასა და განზოგადებათა ჩამოყალიბებაზე? დიახ/არა
საკლასო შეფასების (განმავითარებელი ან/და განმსაზღვრელი) სტრატეგიები და საშუალებები შესაფერისია? დიახ/არა
დაგეგმილი აქტივობები ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სწავლების დიფერენცირებას ან/და რემედიაციულ სწავლებას? დიახ/არა
გენდერული ბალანსი დაცულია? დიახ/არა
ინკლუზიური განათლების პრინციპები დაცულია? დიახ/არა

 

 

ან – 2) ჩვენ თვითონ შევაქმნევინოთ მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედებითობის შესაფასებელი მარტივი რუბრიკა, სადაც ხაზგასმული იქნება მათი სიმწყობრის, მოქნილობის, შეფასების, რისკის გაწევის, გამოწვევების მოძებნის, და შემუშავების უნარები.

მოსწავლის შემოქმედებითობის შესაფასებელი მარტივი რუბრიკის ნიმუში:

 

4 3 2 1
სიმწყობრე მე ბევრ იდეაზე ვფიქრობ. მე რამდენიმე იდეაზე ვფიქრობ. სხვისი დახმარებით მე შემიძლია ვიფიქრო იდეებზე. მე მიჭირს იდეებზე ფიქრი.
მოქნილობა მე ვამჩნევ, რა  არის გამაოგნებელი, უჩვეულო და საინტერესო საყოფაცხოვრებო ნივთებსა და

სიტუაციებში.

 

მე ჩემ გარშემო უჩვეულო მოვლენებს და ნივთებს ვამჩნევ.

 

როდესაც ვინმე მიმანიშნებს, მე ვამჩნევ უჩვეულო მოვლენებსა და ნივთებს ჩემ გარშემო.

 

მე ძალიან იშვიათად ვამჩნევ უჩვეულო მოვლენებს ან ნივთებს ჩემ გარშემო.

შეფასება მე ვიცი რამდენიმე სტრატეგია, რომ გადავწყვიტო, რომელი იდეა ღირს

დასამუშავებლად.

 

მე შემიძლია ვთქვა, რომელი ჩემი იდეა ღირს დასამუშავებლად.

სხვისი დახმარებით მე შემიძლია ვთქვა, თუ რომელი ჩემი იდეა ღირს დასამუშავებლად.  

მე არ ვიცი, რომელი  ჩემი იდეა ღირს დასამუშავებლად.

რისკის გაწევა მე მიყვარს ახალი პროექტებისა და იდეების ცდა.

 

მე არ ვღელავ შეცდომების დაშვების გამო

სწავლის დროს.

მე ვცდი ახალ პროექტებსა და იდეებს.

 

მე არ ვღელავ შეცდომების დაშვების გამო სწავლის

დროს.

 

ხანდახან მე არ ვახორციელებ ახალ პროექტებსა და იდეებს, რადგან მეშინია შეცდომების დაშვების.

 

მე არასოდეს ვახორციელებ ახალ პროექტებსა და იდეებს.

გამოწვევების ძიება მე თავს ვუსახავ ისეთ ჩემს თავს ვუსახავ ისეთ მიზანს, მე მხოლოდ ისეთ მიზნებს ვისახავ, რომელიც იოლად მიღწევადია.  

მე ჩემს თავს მიზნებს არ ვუსახავ.

4 3 2 1
მიზანს, რომელიც სხვების აზრით რთულია. რომელიც რთული, მაგრამ ჩემთვის მიღწევადია.
შემუშავება როდესაც ვიცი, რომ კარგი იდეა მაქვს, ვამატებ დეტალებს, რომ

გავაუმჯობესო.

ჩვეულებრივ შემიძლია იდეას დავამატო დეტალები და

გავაუმჯობესო.

 

ხანდახან ვერ ვხვდები, როგორ გავაუმჯობესო იდეა.

 

მე არ ვიცი, როგორ გავაუმჯობესო იდეები.

 

კოგნიტური და კრეატიული დავალებების შემდეგ შესაძლებელია, მოსწავლეებს შევთავაზოთ კომპლექსური შემაჯამებელი დავალებაც, სადაც მაქსიმალურად გამოვლინდება გაწეული მუშაობით მიღწეული შედეგი.

 

კომპლექსური შემაჯამებელი დავალების მაგალითი – „სასკოლო გამოფენის დაგეგმვა“

 

დავალების პირობა: „წარმოიდგინე, რომ მუზეუმის თანამშრომელი ხარ და უნდა მოამზადო ექსპოზიცია ძველ აღმოსავლეთზე. გამოფენამ სრული შთაბეჭდილება უნდა შეუქმნას დამთვალიერებლებს ძველი აღმოსავლეთის შესახებ: როგორ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რას საქმიანობდნენ, როგორ აღიქვამდნენ სამყაროს, როგორი საბრძოლო თუ სამუშაო იარაღებით სარგებლობდნენ, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა მათი საქმიანობა, როგორი საცხოვრებელი და სატაძრო ნაგებობები ჰქონდათ. ამისთვის უნდა ჩამოწერო იმ ნივთების სია, რომლებიც გამოფენის მოსაწყობად გჭირდება (ნივთებში იგულისხმება როგორც არტეფაქტები, ისე რუკები, პოსტერები, მაკეტები, შეგიძლია გამოიყენო ისტორიის გაკვეთილებზე შექმნილი და გამოყენებული კოგნიტური სქემები, ცხრილები, ნახატები და საინფორმაციო ხასიათის ტექსტებიც).

 

სიის შედგენის შემდეგ შენი საგამოფენო ექსპონატები უნდა აღწერო და დაასაბუთო, რატომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი მათი წარმოდგენა.

 

შეგიძლია, დავალება წერილობით შეასრულო და თან ნახატებიც დაურთო, ან მოამზადო პრეზენტაცია PPT-ფორმით. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რაშიდაგეხმარადაგეგმვა;
  • როგორ, რა პრინციპით გაანაწილედაგეგმვისთვისსაჭიროაქტივობები;
  • რამოხდებოდარომელიმე აქტივობის გამოტოვებისშემთხვევაში.

 

რჩევები:

რადგან შენს ნამუშევარში უნდა ჩანდეს ცოდნა, რომელიც ამ თემის განხილვისას შეიძინე, ამიტომ მუშაობის დაწყებისას დაფიქრდით და უპასუხეთ კითხვებს:

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება (მაგალითად, ხომ არ არის საჭირო დავალების შესრულებამდე მუზეუმს ესტუმრო, ან ინტერნეტით მოიძიო და დაათვალიერო ძველი აღმოსავლეთის ამსახველი საგამოფენო სივრცეები)?

 

კოგნიტური და კრეატიული ხასიათის დავალებები ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევას, მოსწავლის წინსვლას, მისი შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდას და წარმატებით გამოიყენება სწავლებაში.

 

მგლის კბილის შემკვრელი

0

ჩემი სახლის გადაღმა ფრიალო კლდის პირას აშოლტილი ბალამწარა იდგა. ბავშვობაში არ ვიცოდი, რომ ხის წითლად აღუდღუდებული ნაყოფი შეიძლებოდა მწარე ყოფილიყო. ერთხელაც, კლდის ქიმზე თითისწვერებზე მდგარი, ვცდილობდი ტოტის მიწვდენას. ვწვალობდი, თუ მივწვდებოდი, ერთი ხელით, ტოტი დაბლა უნდა დამექაჩა და მეორეთი ნაყოფი მომეწყვიტა.

  • მანდ აღარ დადგე! თორემ ეშმაკი ხელს გკრავს და ხევში გადაგაგდებს, – მომესმა ზურგს უკან ცივი და მბრძანებლური ხმა. ტოტს ისე გავუშვი ხელი თითქოს ჭრელი გველი ყოფილიყო და მოვტრიალდი. შვინდის სახრეზე დაბჯენილი მოხუცი ქალი დავინახე. შემეშინდა ქალს კერპი სახე ჰქონდა, იმ კლდესავით კერპი.. გამოვიქეცი.

რამდენი წლის შემდეგ, როცა მეზობლის ძაღლმა დამგლიჯა და ღამე ტირილით ვიღვიძებდი, ბებიაჩემმა ნახშირი გამოიღო ღუმლიდან, ხელი მომკიდა და მაროსთან წამიყვანა. იმ მაროს სახლში ვნახე პირველად თაღიანი კედლები და ბუხარი. მარომ დამიყვავა, ნაზუქები მაჭამა. შემდეგ კი კალთა გადამაფარა სახეზე, კრუხი წიწილებს რომ გადააფარებს ხოლმე. მახსოვს, კალთას საქონლისა და რძის სუნი ასდიოდა, მარომ ლოცვის ბუტბუტი დაიწყო.

როცა ლოცვას მორჩა, ბებიაჩემს ნახშირი დაუბრუნა. ბებიაჩემმაც ნახშირი უმძრახი წყლით სავსე ჭიქაში ჩააგდო და ჭიქა კი ღამით, მთვარისა ვარსკვლავების დასახედად სარკმელთან დადო. დილით წყალში დამბალ ნახშირზე კბილი სამჯერ დამაჭერინა, ნალოცი წყალი მომასმევინა და პირი მომბანა. მახსოვს, არ მომეწონა – წყალში ნახშირის ნაფხვენები ეყარა, ბებიაჩემის კოჟრიანი ხელებიც დაბანისას სახეს მიკაწრავდა. ჩემი ღამეული კოშმარები გაჰყვა კია, ნაბან წყალს..

როცა მოვიზარდე, გავიგე, რომ მაროს მგლის კბილის შეკვრაც შეეძლო. ახლა უკვე დიდი, მე თვითონ მივადექი, საქონელი მყავდა დაკარგული.. თითქოს ცას ჩაეყლაპა, ვერსად ვაგნებდი სამ გრძელ დღეს მათ კვალს.

მარომ ახლა ხის სავარცხელი აიღო და შავი ძაფის ზედ შემოხვევა დაიწყო. ამჯერად ვარჩევდი ბუტბუტს:

„თეთრცხენიანო წმინდა გიორგი, შენ აუკარი მგელს ყბა, სულიერის ნამცეცი არ მოუხვედრო პირში…“. დანარჩენი ვერ გავიგე, მარო მიხვდა, რომ დადარაჯებული ვიყავი… როცა შელოცვას სხვა აყურადებს ძალა ეკარგება თურმე… იმასაც მივხვდი, რომ თურმე ერთ გადახვევა ძაფსაც თავისი ფასი აქვს…

საქონელი ჩაიყლაპა, ვერ ვიპოვე.. ალბათ იმიტომ, რომ შელოცვის არ მჯეროდა… რისიც გჯერა, ის გიხდება მშველელიც და წამალიც.

ნუ მოკლედ ასე იყო…

მე ახლაც სულ რაღაცის მიწვდენას ვცდილობ, მგონია, რომ ის რაღაც მწარე არ იქნება და პირში გატკბება. სანამ პირი გამიმწარდება ნეტავ დამესიზმროს მარო და მითხრას, რას აპირებს ეშმაკი..

 

 

 

 

 

 

 

 

 

განათლების ბაღი – ახალი სივრცე სკოლაში

0

გარემო, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ცოცხალი პროცესები, უფრო მეტად იძლევა განვითარების ასპარეზს. სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა მოტივაციის ამაღლების კარგი საშუალებაა.

ხშირად გაგვიგონია, რომ ახალგაზრდებს არ უყვართ სასკოლო გარემო, მისთვის თავის არიდება ურჩევნიათ. საკუთარი მოსწავლეობა რომ გავიხსენო, ჩვეულებრივი გაკვეთილები ჩემთვისაც მოსაწყენი და დამღლელი იყო, ერთი სული მქონდა, ზარი დარეკილიყო და სათამაშოდ გავვარდნილიყავი.

ახლაღა დავიწყე იმაზე ფიქრი, რა შეიცვლებოდა, ჩვეულებრივი გაკვეთილების გვერდით რომ ყოფილიყო სხვა პროექტებიც, სადაც მე ვიქნებოდი მნიშვნელოვანი ადამიანი. სწავლა გასცდებოდა სკოლის კედლებს, დაუკავშირდებოდა რეალურ ცხოვრებას და თამაშს.

ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, დღეს მოზარდებს უამრავ თავშესაქცევს სთავაზობს ინტერნეტი. დღეს უფრო რთულია, მოსწყვიტო მოსწავლე მისთვის ჩვეულ ყოველდღიურ გასართობს.

პრობლემის დანახვა წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი სასკოლო პრაქტიკა მოსწავლეებისთვის სწორედ ისეთი გარემოს შეთავაზებაზეა ორიენტირებული, სადაც მთავარ როლს თვითონ ირგებენ. ამაში სკოლის დირექცია მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, სკოლაში არაფორმალური განათლების სერვისის მიწოდება არ შეწყვეტილა.

ერთ-ერთი საკლასო ოთახის ფანჯარა სკოლის უკან არსებულ მყუდრო სივრცეს გადაჰყურებს. ეს ადგილი ბუნებრივად არის იზოლირებული: ცალ მხარეს მოსახლის მიერ აშენებული კედელია, მეორე მხარეს – სკოლის საწყობი და სკოლის შენობა. როცა ამ ოთახში ვატარებდი გაკვეთილს და უკანა ეზოში ვიხედებოდი, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო ეს ადგილი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი მათივე პროდუქტიულობის გასაზრდელად.

 

როგორც კი დათბა და შესაძლებელი გახდა გაკვეთილების ღია ცის ქვეშ ჩატარება, მაშინვე გავედით გარეთ. ძველ, ჩამოწერილ სკამებზე დავსხედით ალუბლის ჩრდილში. სკოლის წინა ეზო უმეტესად მოსწავლეებითაა სავსე. დიდკონტინგენტიანი სკოლის პირობებში იქ გაკვეთილის ჩატარება წარმოუდგენელია. ბავშვებს ვუთხარი: „ჩვენ გვაქვს აუთვისებელი ფართი, სადაც შეგვიძლია, მყუდრო ადგილი მოვაწყოთ“. მოსწავლეებმა მაშინვე გამოთქვეს სურვილი, მოგვეტანა კუნძები, დაგვერგო ყვავილები და ა.შ. ნელ-ნელა სხვა იდეებიც გაჩნდა. ინტერნეტში წავაწყდით პალეტებისგან აწყობილი ლამაზი მაგიდებისა და სკამების ფოტოს. დავიწყეთ პალეტების ძიება. ამ პროცესში მთელი სკოლა ჩაერთო. ერთ-ერთი მასწავლებლის ძალისხმევით თემში არსებულმა საწარმომ 16 პალეტი გვაჩუქა. ეს იყო ჩვენი პირველი მიღწევა, რომელმაც მოტივაცია შეგვმატა.

 

შემდეგ მაგიდებისა და სკამების დამზადება დავიწყეთ. ამაში სპორტის მასწავლებელი დაგვეხმარა. მისმა დამოკიდებულებამ მთელი სკოლა აღაფრთოვანა.

პარალელურად გრძელდებოდა ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა. მცენარეების დასარგავად გვჭირდებოდა ნაყოფიერი მიწა. მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან დაიწყეს თანამშრომლობა, მათ კი საქმეში მშობლები ჩართეს. ჩვენს სკოლაში მარნეულის მიმდებარე სოფლებიდანაც დადიან ბავშვები. შორი გზიდან უმეტესად მშობლებს მოჰყავთ. ერთი კვირის განმავლობაში დიდებს თუ პატარებს მოჰქონდათ მიწა და ნერგები საკუთარი ეზო-ბაღებიდან, ქოთნები და მოძველებული ნივთები. სკოლის მიერ ჩამოწერილ ნივთებს შორის აღმოვაჩინეთ ბევრი ძველი დაფა, რომლებითაც მოსწავლეებმა სივრცე შემოღობეს და შემდეგ თავიანთი სურვილით მოხატეს. ნახატებით გაფერადდა სკოლის უკანა კედელიც, რომელიც მანამდე სტანდარტული რუხი ფერის იყო.

პირადად მე საკუთარი ავტომობილით ვეზიდებოდი კახეთიდან ხის კუნძებს, ხის მასალას ჩიტების სახლებისთვის, ნაყოფიერ მიწას ყვავილებისთვის და სხვა.

პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იბადება ახალ-ახალი იდეები, თუმცა უკვე ორიგინალური სახე მიიღო სკოლის უკანა ეზომ.

ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს პროცესი, რომელშიც მთელი სასკოლო თემი ჩაერთო: დირექტორი, მანდატური, დამლაგებელი, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სტუდენტები, რომლებმაც ჩვენი სკოლა დაამთავრეს. მთავარი მოქმედი გმირები კი მოსწავლეები იყვნენ. რომ არა მათი ენთუზიაზმი, მოტივაცია და მონდომება, ჩვენი ბაღის იდეა ხორცს ვერ შეისხამდა.

ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით სივრცე, რომელსაც „განათლების ბაღი“ ვუწოდეთ და სადაც საზაფხულო სკოლის ფორმატში ვმასპინძლობთ სტუმრებს.

„განათლების ბაღი“ არდადეგებზეც სავსე იყო მოსწავლეებით. სამოქალაქო აქტივისტები, სკოლის მასწავლებლები და უცხოელი მოხალისეები სხვადასხვა პროექტს ახორციელებდნენ. იმდენი მსურველი იყო, რომ რეგულაციების დაცვით მოსწავლეები ნაკადებად დავყავით. როცა ძალიან დაცხა, ჩვენი ბაღი პედაგოგების მიერ ნაჩუქარი ფერად-ფერადი ქოლგებით აივსო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შემოგვიერთდეს მარნეულის მეორე საჯარო სკოლის უკანა ეზოს „განათლების ბაღში“. არ გადაყაროთ ძველი ნივთები, გვაჩუქეთ და ჩვენ მათ ახალ სიცოცხლეს მივცემთ.

განათლების ბაღის კონცეფცია და იდეა გასცდა ჩვენი სკოლის ფარგლებს, მოვიპოვეთ გრანტი სივრცის კეთილმოწყობისა და დამატებითი ინვენტარის შესაძენად. მოსწავლეები სიამოვნებით დადიან მათივე ხელით შექმნილ სივრცეში, უვლიან ყვავილებს და ნაყოფიერად ატარებენ თავისუფალ დროს.

თანამედროვე სკოლის მართვა

0

წიგნი „თანამედროვე სკოლის მართვა“ აერთიანებს იმ თეორიულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება დამწყებ თუ გამოცდილ დირექტორებს წარმატებულ საქმიანობაში. ავტორთა ჯგუფი წარმოგიდგენთ ლიდერობის თეორიებთან, სკოლის დისტანციურ მართვასთან, განათლებაში მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვასთან, სკოლაში ადამიანური რესურსების მართვასთან, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება-დანერგვასთან, საგაკვეთილო პროცესის დაკვირვებასთან, სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვასთან, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასთან, უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფასთან, დემოკრატიული კულტურის განვითარებასთან და სკოლის ფინანსურ მართვასთან დაკავშირებულ საერთაშორისოდ აპრობირებულ თუ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ წარმატებულ გამოცდილებას.

 

წიგნის ავტორები: ბერიკა შუკაკიძე, ნატო ინგოროყვა, მანანა რატიანი, ხათუნა ბარაბაძე, ეკატერინე კვირიკაშვილი, სოფიკო ლობჟანიძე, ნათია ნაცვლიშვილი.

სახელმძღვანელოზე ასევე მუშაობდნენ: ვარდენ ნიქაბაძე, თამარ ლოსაბერიძე, ზაზა ჭანტურია, დიმონ არახამია, სულხან ჯიჯელავა, ნონა ჟვანია, ეკა თაბუაშვილი

დიზაინერი: ბესიკ დანელია

ტექსტების რედაქტორი: ნანა მაჭავარიანი

წიგნი გამოიცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

თანამედროვე სკოლის მართვა

რატომ უნდა ვისწავლოთ გეოგრაფია

0

მეთვრამეტე  საუკუნის რუსი სატირიკოსის დენის ფონვიზინის გმირის, მადამ პროსტაკოვას სიტყვების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, „რა საჭიროა გეოგრაფია, თუ საჭირო მისამართზე მძღოლი მიგვიყვანს?“   მით უმეტეს დღეს, როცა არსებობენ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ადამიანები, უთვალავი რუკა, გზამკვლევები, ვიდეოფილმები, GPS-მიმღებები,  ტურისტული ფირმები და, რა თქმა უნდა, ინტერნეტი?

ჩვენი აზრით, გეოგრაფიის არცოდნა იდეალური, დახვეწილი უცოდინრობის მაჩვენებელია. რაც ყველაზე საინტერესოა, ის ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებიც უკვე ყველგან იყვნენ, სადაც კი პოპულარულია სტუმრობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჰყვება, რა კარგად დაისვენეს, მაგალითად, ტაილანდში, რუკაზე არათუ ტაილანდს, ევრაზიასაც კი ვერ გიჩვენებთ, იმიტომ რომ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება მას არ დასჭირვებია: ისწავლა – მოყვა, წიგნი გადადო – დაივიწყა.

მაგრამ გეოგრაფია ხომ მხოლოდ რუკის ცოდნა არ არის?

გეოგრაფია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნებისმიერ ობიექტს, პროცესს და ფენომენს მათი სივრცული კანონზომიერებების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანია ყველა ასაკისა და ყველა პროფესიის ადამიანებისთვის, თუნდაც ზოგჯერ ამას ვერ ვამჩნევდეთ, ისევე როგორც ვერ ვამჩნევთ ჰაერს.  გეოგრაფია იძლევა თავდაჯერებას, არა უმწეობას, არამედ ყველაფრის  ხედვის სიდიადეს – გეოგრაფია ადამიანის მსოფლმხედველობის საფუძველია, ის გვასწავლის დედამიწაზე ცხოვრებას.

მაინც რატომ უნდა ვისწავლოთ გეოგრაფია?

  1. გეოგრაფიის ცოდნა ნებისმიერი პროფესიის აუცილებელი კომპონენტია. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მსოფლმხედველობის, მეცნიერული აზროვნების ლოგიკის, ინტელექტუალური და პროფესიული შეხედულებების, წამყვანი დებულებების ფორმირება, პიროვნების პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბება.
  2. გეოგრაფიის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისთვის. გეოგრაფიას შეუძლია დაადგინოს უმუშევრობის მიზეზები და შედეგები, განსაზღვროს თანამედროვე პროფესიებზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე, ჩამოაყალიბოს მოსაზრება საზოგადოების მიერ მოთხოვნილი შრომითი რესურსების ხარისხის შესახებ.
  3. გეოგრაფიის შესწავლა მნიშვნელოვანია წარმატებული კარიერისთვის. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციების, ადათ-წესების, კულტურისა და ვალუტის ცოდნა აუცილებელია კარიერული ზრდისთვის. დღეს არსებობს ბევრი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც თანამშრომლობენ სხვა ქვეყნებთან და იმისთვის, რომ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ, ყველაფერი უნდა იცოდეთ ამ ქვეყნების შესახებ.
  4. გეოგრაფიის ცოდნა გვეხმარება საკუთარი ბიზნესის მართვაში. განურჩევლად საწარმოს მოცულობისა, უნდა ვიცოდეთ ჩვენს პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის, რესურსუზრუნველყოფის, გასაღების ბაზრის, შრომითი რესურსების გეოგრაფია.
  5. აფართოებს ჰორიზონტს – გეოგრაფიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა გვეხმარება კონკურსებში, ტესტებში, კროსვორდების ამოხსნასა და, უბრალოდ, ხალხთან საუბარში.
  6. ხელს უწყობს ცხოვრების კომფორტულობას. სასურსათო საქონლის შეძენა, მაღაზიებისა და ბაზრების მონახულება გულისხმობს მსოფლიოს ქვეყნების გეოგრაფიის ცოდნას და გვეხმარება მაღალი ხარისხის პროდუქციის არჩევაში მწარმოებელი ქვეყნებისა და შრომის საერთაშორისო განაწილების ცოდნის მიხედვით.
  7. გვეხმარება რთული მდგომარეობიდან მარტივად გამოსვლაში. თუ უცხო ადგილას დაიკარგეთ, მაგრამ იცით ორიენტაციის ელემენტარული საფუძვლები, თამამად გამოხვალთ რთული მდგომარეობიდან.
  8. ტურისტულ-რეკრეაციული ადგილების გეოგრაფიის ცოდნა, ამინდის მიხედვით ჩაცმის ჩათვლით, ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, საჭირო გამაჯანსაღებელი ადგილის სწორად შერჩევას… გეოგრაფიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამინდის პროგნოზირება, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმის როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარების პერსპექტივებზე.
  9. გვეხმარება, დავიცვათ თავი ისეთი არასასურველი ბუნებრივი მოვლენებისგან, როგორიცაა მიწისძვრა, მეწყერი, ტაიფუნი, ცუნამი, ღვარცოფი, გვალვა, მშრალი ქარი, წვიმა, წყალდიდობა… მათი წარმოშობის მიზეზების ცოდნა და ამ ფენომენების განმსაზღვრელი ხელსაწყოების, მათგან თავის დასაცავად საჭირო წესების ცოდნა (და გეოგრაფიაც ამასაც სწავლობს), გვეხმარება, გადავურჩეთ კატაკლიზმებს.
  10. გვანიჭებს ახლისა და იდუმალის შეცნობის სიხარულს. გეოგრაფია ავითარებს წარმოსახვას, გვაძლევს სასაუბრო თემებს (ბუნებრივი მოვლენებით დაწყებული, პოლიტიკური პროცესებით დამთავრებული), ავითარებს პრობლემის ძიების, იდენტიფიცირების, მიზეზების გაანალიზების, გადაჭრის გზების ძიების, კრიტიკული აზროვნების უნარებს.
  11. გვეხმარება დროსა და სივრცეში ორიენტირებაში. შესაძლოა შეგვედავოთ: “ნავიგატორების და ელექტრონული რუკების ხანაში?”. გეოგრაფიის გარეშე არ არსებობს გეოგრაფიული კოორდინატები, რომლებზეც დაფუძნებულია ყველა სანავიგაციო სისტემა.
  12. ხელს უწყობს ადამიანისათვის უსაფრთხო ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას. გეოგრაფიის შესწავლისას ჩვენ ვეძებთ გლობალური, რეგიონული, ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის გზებს. დღეს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მეცნიერებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი.
  13. ხელს უწყობს სხვა სასკოლო საგნებით დაინტერესებას. გეოგრაფიის გარეშე მოსწავლეებისთვის უინტერესოა ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა ბიოლოგია, ისტორია, ასტრონომია.

როგორ არის ინტეგრირებული გეოგრაფია სხვა მეცნიერებებთან?

. ბიოლოგია – ვსწავლობთ ბუნებრივ ზონებს, ფიტო და ზოოგეოგრაფიას;

. ეკოლოგია – ვაანალიზებთ ბუნების დაცვას და კაცობრიობის გლობალურ პრობლემებს;

. ფიზიკა – ვეცნობით ატმოსფერულ წნევას, მეტეოროლოგიურ მოწყობილობებს და ვაკვირდებით ამინდს;

. ქიმია – ნიადაგის, წყლის, ჰაერის, წიაღისეულისა და ქანების შემადგენლობა;

. ისტორია – ვსწავლობთ გეოგრაფიულ აღმოჩენებს, მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ცვლილებებს და მათ მიზეზებს, გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ისტორიას ვეცნობით ისტორიული რუკების მიხედვით;

. სოციალური კვლევები – ვსწავლობთ მმართველობის ფორმებს და სახელმწიფო სტრუქტურას, მოსახლეობის რაოდენობრივ, სქესობრივ-ასაკობრივ მაჩვენებლებს, მიგრაციებს, რემიტასებს, რელიგიებს, კულტურას, წეს-ჩვეულებებს;

. მათემატიკა – კოორდინატებისა და მასშტაბის გამოთვლა, მანძილების, ფართობების, სიმაღლეებისა და სიღრმეებიის გამოთვლა, ცხრილების, გრაფიკების, დიაგრამების აგება და ანალიზი;

. ეკონომიკა – მეურნეობის დარგები, მათი როლი ქვეყნის ეკონომიკაში, ქვეყნის განვითარების დონე, მშპ, ჰგი, გლობალიზაცია;

. ენები – გეოგრაფიული ობიექტების დასახელებათა მართლწერა, ენათა ოჯახები;

. სიცოცხლის უსაფრთხოება – რელიეფი და საშიში ბუნებრივი მოვლენები;

. ესთეტიკა – რუკის წაკითხვა და შედგენა ავითარებს ხაზისა და ფერის ჰარმონიის შეგრძნებას, უყალიბებს ესთეტიკის ელემენტებს, სიფაქიზეს, გემოვნებას და სხვა.

გეოგრაფიის გარეშე არ იქნებოდა მოგზაურობები, კულტურული მცენარეები, თანავარსკვლავედები და, რა თქმა უნდა, ადამიანი კოსმოსში ვერ გაფრინდებოდა (ის მაინც ხომ უნდა განისაზღვროს, სად დაბრუნდება ხომალდი?).

გეოგრაფია ძალიან დიდია. ეს არის ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მასშტაბები, ეს არის ჩვენი უზარმაზარი პლანეტა. გეოგრაფიის შესწავლისას თქვენ ხართ გეომორფოლოგი, კარტოგრაფი, ეკონომ-გეოგრაფი, მეტეოროლოგი, გეოლოგი, ოკეანოლოგი, ჰიდროგრაფი, ტოპოგრაფი და, საერთოდ, შეგიძლიათ თავი  ნებისმიერი პროფესიონალის ადგილზე წარმოიდგინოთ.

სავალდებულოა თუ არა გეოგრაფიის შესწავლა? პრინციპში, არა, მაგრამ სად ხარ გეოგრაფიის გარეშე? – არსად!


გეოგრაფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბავშვისთვის არა მარტო მთელი სამყაროს, არამედ მათი პატარა სამყაროს: სამშობლოს, მხარის, ქალაქის, სოფლის სიყვარულის, გაგებისა და დაცვის სწავლება. სწორედ   აქედან იწყება საქართველო და მთელი დედამიწა.

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.smore.com/bcs1

https://www.portal-slovo.ru/pedagogy/44557.php

https://media1.osstarigrad.edu.rs/2012/03/GEOGRAFIJA.jpg

https://www.vitamarg.com/article/causes/678-prichini-uchit-angliyskiy

https://prowines.ru/ka/nalogi-i-platezhi/d-fonvizin—satiry-smelyi-vlastelin-satiry-smeloi-vlastelin.html

გელა ჩარკვიანის ალგორითმი

0

– მოდით, ჯერ მითხარით, რა ალგორითმი გვაქვს დღეს, – ასე იწყებოდა ყოველი შეხვედრა, რომელსაც მალე წიგნი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მანამდე გელა ჩარკვიანის დისციპლინა და პასუხისმგებლობა შენც იძულებულს გხდიდა, მისი თამაშის წესებს მიჰყოლოდი.

„ალგორითმი“, ცხადია, მზად მქონდა. წიგნის რედაქციას ეხებოდა ეს თუ ახალ გამოცემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, მკითხველთან შეხვედრას თუ ტელევიზიებში სტუმრობას, გელა ჩარკვიანი ყველაფრისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვინც ასე პატივს სცემდა თავის საქმეს და ნათქვამ სიტყვას, შეთანხმებას. პირველ „ნაგერალაში“ უწერია კიდეც: „საქართველოში სიტყვის შეუსრულებლობის ნამდვილი პანდემიაა. ელემენტარული შეპირებაც კი, ისეთი, როგორიცაა „გადმოგირეკავ“, სრულდება დაახლოებით 10 პროცენტით. იმისათვის, რომ ჩვენს ცხოვრებას რამე დაეტყოს, ეს ციფრი 70-მდე მაინც უნდა ავიყვანოთ.“

ცხოვრების მთავარი წიგნის – „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ დაწყებამდე დამირეკა და მასთან მისულს რამდენიმე გაძეძგილი ყუთით დამხვდა. აჭრელებული გვერდების დასტა გამომიწოდა და მითხრა, – აქ არის თითქმის ყველა საკითხი, რაც არ უნდა გამომრჩეს. ამისთვის საჭიროა მივუბრუნდე იმ თანადროულ ჩანაწერებს, რასაც 90-იანებში, შევისთან მუშაობის დროს ვაწარმოებდი ყოველ დღე. მეხსიერებას ვერ ენდობი. ამიტომ როგორც კი დავრწმუნდი, რომ ეპოქალური მოვლენების ინსაიდერი ვიყავი, გადავწყვიტე, ყველა დღე ჩამეწერა იმ საღამოსვე. როგორც ვატყობ, ეს გამომადგა. დღეიდან ვიწყებ. ყოველდღე ერთ გვერდს დავწერ და პერიოდულად გამოგიგზავნი.

ეს იყო შრომისმოყვარეობისა და ჩანაფიქრის ზედმიწევნით შესრულების შთამბეჭდავი მაგალითი. წიგნი ნანას მიუძღვნა, ცხოვრების მთავარ სიყვარულს. განსაკუთრებით ემზადებოდა ეპილოგის დასაწერად, სადაც ამ სიყვარულის ცნობიერი, გამხელილი თუ გაუმხელელი იმპულსები უნდა ამოეწია, და ეს უმთავრეს ამოცანად ესახებოდა, – ერთი ამოსუნთქვით უნდა დაიწეროს და მკითხველმაც ასევე უნდა წაიკითხოსო.

ჯოისი და ჰაქსლი უყვარდა, „ულისე“ და „კონტრაპუნქტი“. ამიტომაც არ გამკვირვებია, ავტობიოგრაფიულ რომანშიც და ჩანაწერებში რიტმს, დინამიკურ სტილსა და პერსონაჟების ხატვის არაორდინარულ მანერას რომ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. და კიდევ – ადამიანის ბუნების შავ-თეთრი პერსპექტივიდან კი არა, სწორედ მრავალფერი შინაგანი პრიზმიდან დანახვას: „დიდი მენიუს მოყვარული ვარ. მიყვარს მრავალფეროვნება. მომწონს, როცა ბუკიას ბაღთან ინკები ცეკვავენ.“

ყოველ 18 მაისს, თავის ბინაში, მეუღლის – ნანა თოიძის დაბადების დღეს იხდიდა. პატიჟებდა უახლოეს ადამიანებს, ნანას მეგობრებს, კლასელებს, თავის თანატოლებს. ეს ტრადიციასავით იყო – მეუღლეს სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ. თბილი და უშუალო ურთიერთობები, სიმღერა და სხვადასხვა თაობის ადამიანების მხრიდან ერთმანეთისადმი გამოჩენილი ყურადღება სამუდამოდ დამამახსოვრდა იმ დღეებიდან.

– გელა, გელა, კლუბნიკა გასინჯე? –  ერთხელ ნანას მეგობარი მიადგა დიდი თეფშით სავარძელში ჩამჯდარ, ცოტათი შეზარხოშებულ მასპინძელს.

– ოოო, – თვალები გაუბრწყინდა ბატონ გელას, მეც მომიბრუნდა, – არ გინდა? – თავი დავუკარი.

– ეს ხომ შენი გამომცემელია, გელა? ხოდა, იდეა მაქვს: შენ ხომ გააკეთე „ნაგერალა 1“, „ნაგერალა 2“, „ნაგერალა 80“ და ახლა გააკეთა ნა-გელა-რა. ხო კაია? – გელა ჩარკვიანმა გულიანად გაიცინა თავისი საფირმო სიცილით.

ისკეიპიზმი და შეთავაზება გამომცემლობიდან – ხშირად ამბობდა, რომ სწორედ ამ ორმა მიზეზმა გადააწყვეტინა წიგნების დაწერა. პირადი აპოკალიფსები – ირაკლის და ნანას გარდაცვალება – რეალობიდან გაქცევისკენ უბიძგებდა. ზოგი ამ დროს სერიალებში ჩაიძირება, ზოგს მულტფილმები გაიტაცებს, მე გადავწყვიტე, მეწერაო. ეს იყო მისი ალგორითმი: რამდენიმე წიგნში მოექცია თავისი უნიკალური გამოცდილება – ორი სისტემის შვილის, საოცარი ბიოგრაფიის კაცის, აღიარებული დიპლომატის, სიყვარულის მეცნიერებათა დოქტორის, ერთგული მეგობრის და თანამებრძოლის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ლიბერალური ღირებულებების პოპულარიზატორის, უამრავი პოლიტიკური ივენთის თვითმხილველის, ინგლისური ენის განუმეორებელი მცოდნისა და მასწავლებლის გამოცდილება.

„ივენთი“ – ეს სიტყვა უყვარდა. ამტკიცებდა, რომ მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ორი სრულიად განსხვავებული ივენთი: პრეზიდენტ კლინტონთან შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში და თავისი კატის – ფისო ივანიჩის ყოველდღიური თავგადასავლები.

თქვენობით მელაპარაკებოდა. ვერც ერთხელ ვერ შევბედე, გადამერწმუნებინა. სხვათა შორის, ამაში ძვირფას არიანე ჭანტურიას ჰგავდა – უმაღლესი რანგის ანგლისტს, მაგრამ გელა ჩარკვიანისგან სრულიად განსხვავებულ, ანაქორეტ კაცს.

ყეენაზე (მერაბ კოსტავა) და აკულაზეც (ზვიად გამსახურდია) ხშირად გვისაუბრია. დაუწერია კიდეც, მაგრამ პირადი საუბრებისას უფრო ჩავეძიებოდი ხოლმე. ჩემი კლასელები საქართველოს ეროვნული გმირები არიან და მთაწმინდაზე განისვენებენო, – სიამაყით იტყოდა. თვითონ ზვიად გამსახურდიას მტრისა და მოწინააღმდეგის ბანაკში მოუწია ყოფნამ, მაგრამ ის ორი ეპიზოდი – ზელიმხან იანდარბიევის სტუმრობა შევარდნაძესთან პირველი პრეზიდენტის საქართველოში დაკრძალვის თხოვნით („ნაცნობ ქიმერათა ფერხული“) და ლევან გურჩიანის (ავტორის პროტოტიპი „მერმისის ჭაღარა მთვარეებიდან“) შეფასებები ზვიად გამსახურდიას ღვაწლსა და დამსახურებაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობისა მგონია.

„ნაგერალა 80“ ასე დაასრულა: „ოთხმოცი წლის შევსრულდი, ჩემოდნებს ვალაგებ და მიხარია, რომ შთამომავლებს ისეთ საქართველოს ვუტოვებ, სადაც არ დასჭირდებათ ჩემსავით ცეკაში სირბილი ჩეხური კაფელის საშოვნელად.“ თანამედროვე და მომავლის საქართველოზე ფიქრი და თავისი პროგრესული მოსაზრებების ახალი თაობისთვის გაზიარება გელა ჩარკვიანის ყოველდღიური საქმე იყო. ამ მხრივ, განსაკუთრებით ფასეულია მისი რეკომენდაცია:

„ჩვენი ახალგაზრდები ფხიზლად უნდა იყვნენ, იმისათვის, რომ არ დაკარგონ ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება. ისეთი არავინ უნდა წამოისკუპონ თავზე, ვინც შეძლებს საქართველო ისევ შეათრიოს სადღაც და ამ გზით გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ფხიზლად უნდა იყვნენ, მაგრამ იმისთვის, რომ არ მოტყუვდნენ, უნდა იყვნენ განათლებულები. პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის. უნდა იკითხონ რაც შეიძლება მეტი და თავის პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად, ვურჩევდი კარგად შეისწავლონ ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია. უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მოწყობის მოდელები და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ასე გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი ყოველგვარი სოციალური თუ სხვა ტიპის დემაგოგიის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენ არამარტო შევინარჩუნებთ ჩვენს მონაპოვარს, არამედ გავზრდით და განვავითარებთ მას.“

სხვადასხვა დროს ქვეყნის სამ პრეზიდენტთან ურთიერთობა – ზვიად გამსახურდიას კლასელობა, ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრობა თერთმეტი წლის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლობა და ოთხწლიანი ელჩობის პერიოდი ლონდონში, და რა თქმა უნდა ის, რაც მისი ცხოვრების ბედისწერად და საჩუქრად იქცა: „მეფის შვილი და მეფის მამა“. სწორედ ამ ავტოგრაფით უსახსოვრებდა თავის წიგნებს ახალგაზრდა მკითხველს და თან დაამატებდა, – სენდვიჩივით ვარ მათ შორისო.

წლების განმავლობაში მისი ოფიციალური ფეისბუკგვერდის მართვამ დამარწმუნა, რომ სულ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, ვისაც ამგვარი პატივისცემა, სიყვარული და აღიარება ხვდა წილად სიცოცხლეში. ყოველი ახალი პოსტი მოვლენად იქცეოდა სოციალურ ქსელში, ინბოქსი ვერ იტევდა აღმატებულ ეპითეტებს ნაცნობი თუ სრულიად უცნობი ადამიანებისგან. ბატონ გელასთან ვათანხმებდი ხოლმე ფეისბუკპოსტების თემატიკას, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ოდნავ პროვოკაციულებს. მახსოვს, რა აჟიოტაჟი გამოიწვია „ნაგერალადან“ აღებულმა ციტატამ: „მამიდათმავალი გახლავართ, თუ გყავთ სიმპათიური მამიდა, გამაცანით“. შუახნის და შუახანს გადაცილებული ქალების სიყვარულის ტალღამ ნიუსფიდი წალეკა.

წერილების ნაკადი არ წყდებოდა – ითხოვდნენ ავტოგრაფებს, მასთან სტუმრობას, მის სტუმრობას რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, საჯარო ლექციებს, ყველაზე ხშირად კი ინგლისურში მომზადებას ან სულ მცირე, რჩევას და დაკვალიანებას ამ მიმართულებით.

„English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ თეონა და ნანა ჩარკვიანებს მიუძღვნა. ქალიშვილს და შვილიშვილს. მათ, ვისზე ზრუნვასაც პირადი აპოკალიფსების შემდეგ თავისი სიცოცხლის გამართლებად და აზრად მიიჩნევდა. ალბათ სიმბოლურიცაა, რომ უკანასკნელი წიგნი ატარებს იმ  გზავნილს, რაც გელა ჩარკვიანის ცხოვრების მიზანი იყო: ლინგუა ფრანკას სწავლება ნოვატორული მეთოდით და მისი მეშვეობით სამყაროს სხვადასხვა მხარეში მყოფი მილიონობით ადამიანის ერთმანეთთან დაახლოება.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნანას ოდესმე ჩემზე მეტი ეცოდინებოდა. დღეს ასეა, მან იცის, რა არის არყოფნა“ – ჩაიწერა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ უბის წიგნაკში. დღეს გელა ჩარკვიანიც უკვე მათთანაა – მონატრებულ ნანასთან და ირაკლისთან ერთად, „საბოლოო ჭეშმარიტებაში, იქ, სადაც სრული სიცხადეა“.

სულის ლაბირინთები

0

ავგუსტ სტრინდბერგი იმ მწერლებს მიეკუთვნება, რომლებსაც შეუძლიათ, როგორც უილიამ ბლეიკი იტყოდა, „ქვიშის მარცვალში მარადისობა დაინახონ“. ის მკითხველს აოცებს ადამიანის სულის, როგორც მრავალშრიანი პალიმფსესტის, ექსპრესიული წარმოჩენით. სტრინდბერგის ესთეტიკა მოდერნისტულია, თუმცა ნატურალისტური სტილის პიესებიც აქვს. მას კარგად იცნობენ საქართველოში, რადგან მისი არაერთი თარგმანი გვაქვს („წითელი ოთახი“, „ჰემსელები“, „მამა“, „ფრეკენ ჟული“, „ზმანება“, „მასზე ძლიერი“, „ფარია“). ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ დადგა „მამა“ (1998 წ.), ხოლო დათა თავაძემ – „ფრეკენ ჟული“ სამეფო უბნის თეატრში (2014 წ.). მისი ფსიქოლოგიური სიღრმით გამორჩეული ნაწარმოებები ძლიერ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. ახლახან კი შვედურიდან ნათია მერებაშვილმა  თარგმნა პიესა „სიკვდილის ცეკვა“. ცნობილია, რომ ეს ნაწარმოები მწერალმა თავისი მუზის, დაგნი იუელის, სიკვდილის შემდეგ დაწერა. პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე, დაგნი იუელის ცხოვრება და იდუმალებით მოცული მკვლელობა ქართველ და უცხოელ მწერალთა შემოქმედებით იმპულსად იქცა. მშვენიერი გარეგნობის მწერალი ქალი ისეთი ცნობილი შემოქმედების შთამაგონებელი იყო, როგორებიც იყვნენ: ედვარდ მუნკი, (რომელმაც დაგნის არაერთი პორტრეტი დახატა), კნუტ ჰამსუნი და ჰენრიკ სენკევიჩი. დაგნი იუელი თბილისში, სასტუმრო „გრანდ ოტელში“ მოკლა საყვარელმა (1901წ.). მისი თბილისში „გამოქცევის“ ერთ მოტივად მკვლევრები ქმართან უთანხმოებასაც ასახელებენ.

ავგუსტ სტრინდბერგის პიესაში „სიკვდილის ცეკვა“ მთავარი ინტრიგა ოჯახურ გარემოში იხატება. სიკვდილი სიცოცხლის ჩრდილად წარმოჩნდება. მინიმალისტურ სტილში დახატულ სცენაზე ვითარდება ცოლ-ქმრის დრამატული ისტორია. ადამიანები თითქოს საკუთარ თავს, ახლობლებსა და სიკვდილს ეთამაშებიან, ამ თამაშში კარგავენ „მეს“ და ისევ პოულობენ. მათ ურთიერთობაში ეროსისა და თანატოსის ერთდროული არსებობაც თვალნათლივ გამოიკვეთება. როგორც სტრინდბერგის სხვა ნაწარმოებებში, აქაც მნიშვნელოვანია ქალისა და კაცის ურთიერთობა, დაძაბულობის ის ველები, რომლებიც მათი ერთად ყოფნისას იქმნება. ამ პიესაშიც ერთგვარ რიტმს ქმნის მღელვარებით დამუხტვისა და სიმშვიდით განმუხტვის მძაფრი სცენები. მკითხველის თვალწინ იმართება უხილავი დუელები და ორთაბრძოლები, რომელთა აქტორები ცოლ-ქმარი, მათი შვილი და მეგობარი არიან.

„მე ცხოვრებისეულ სიამეს მძაფრ, პირქუშ შეტაკებებში ვხედავ და ვტკბები, როცა რაღაცას ვიძენ, რაღაცას ვსწავლობ“, – წერს ავგუსტ სტრინდბერგი „ფრეკენ ჟულის“ წინასიტყვაობაში. ამ პიესაშიც სიყვარულის, სიძულვილის, ერთგულების, ღალატისა და შურისძიების გრძნობები ერთმანეთშია ჩაწნული. ტოლსტოის რომანის „ანა კარენინას“ ცნობილი დასაწყისი გვახსენდება: „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი უბედურია თავისებურად“. ამ ოჯახის უბედურებაც თავისებურია, რომლის ხლართებში პიესის განმავლობაში მკითხველი ცდილობს გარკვევას.

ედგარი, ციხესიმაგრის არტილერიის კაპიტანი, მეუღლესთან, ყოფილ მსახიობ ალისასთან ერთად განმარტოებით ცხოვრობს. ორივეს აწუხებს სულიერი ტრავმები, ორივე უკმაყოფილოა საკუთარი თავითა და ცხოვრებით. რეალურად, მათ სძულთ ერთმანეთი. მათი დახშული, ჩაკეტილი სივრცის შემინული კარიდან ჩანს ზღვა, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, რომელიც ასე აკლია ორივეს. სულიერ-მატერიალური სიცარიელისაგან დაღლილებსა და მოწყენილებს 25-წლიანი ცოლქმრობის როლური თამაში მოსწყენიათ, „ვერცხლის ქორწილის აღნიშვნა“ მხოლოდ უბედურებას დაფარავდა, რადგან გამქრალია ვნება, გატაცება, სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა. ახლა მხოლოდ ჩუმი, ფარული ჭიდილია და ერთმანეთის „ჭამა“, მცირე მიზეზის გამო ღიზიანდებიან და ყველაფერში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხოლოდ გულგრილობა და ყოველივეს მიმართ სრული განურჩევლობა მოციქულობს მათ შორის. შემოდგომაა გარეთაც და მათ სულშიც, ჭკნობისა და სამყაროს მიძინებისთვის მზადების ჟამი. მათ გაუწყვეტიათ კონტაქტი საზოგადოებასთან, რადგან სიყალბეს, მოჩვენებითობას ხედავენ გარეთ, თუმცა საკუთარ ფარისევლობას, თვალთმაქცობას ვერაფერს უხერხებენ. ქალი ქმარს ტირანობასა და კარიერის შეწყვეტაში ადანაშაულებს. შვილებზე ფიქრიც კი არ აერთიანებთ, რადგან ეს მათი თანხმობისა და შერიგების კი არა, გაუთავებელი კონფლიქტის მიზეზი ხდება, რადგან განსხვავებულად წარმოუდგენიათ მათი მომავალი.  ალისას ბიძაშვილის, კურტის, კარანტინის უფროსის, გამოჩენამ თითქოს უნდა შეარხიოს ამ ოჯახის დამყაყებული, უმოძრაო სივრცე. ასეც ხდება, მაგრამ ეს უფრო მეტად წარმოაჩენს ამ ურთიერთობის სიმყრალეს, რომელიც ორივეს სულს უხუთავს და ქმრის სიკვდილსაც იწვევს. ამ ოჯახის სასოწარმკვეთი გაუცხოება და პერსონაჟთა სიმარტოვე კარგად ჩანს კაპიტნის სიტყვებში: „შამპანურზე გამახსენდა! ორი ბოთლი უნდა იყოს დარჩენილი. გინდა, ამოვიტანოთ და თავი მოვიკატუნოთ, ვითომ სტუმრები გვყავს?“. თავის მოტყუება გამხდარა მათი მთავარი იარაღი ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებთან დაპირისპირებისას. მწერალი სწორედ იმ ეპიზოდებს ხატავს, როცა ისინი ნიღბებს იხსნიან და ერთმანეთის წინაშე სულიერად გაშიშვლებული წარდგებიან. ეს კი მათ მტკივნეულ გაღვიძებას იწვევს. გამოფხიზლებას კი ბუნებრივად მოსდევს არსებული ვითარებიდან თავდაღწევის სურვილი, მაგრამ მალევე ხვდებიან, რომ წლების განმავლობაში თვითონვე უშენებიათ გაუცხოების ცხრაკლიტულები, რომელთა გასაღებები დაუკარგავთ ან დავიწყებიათ მათი შენახვისა თუ გადამალვის ადგილები. 15-წლიანი უნახაობის შემდეგ კურტთან შეხვედრა ძველ, თითქოს მოშუშებულ ჭრილობებს ხსნის. მათი მტანჯველი ურთიერთობის იარათა ტკივილებიც განახლდება. კურტის პირადულ პრობლემათა შემოტანით მწერალი აფართოებს პიესის საკითხთა წრეს. ასე ჩნდება მეგობრობის, ერთგულების, ღალატის, ძალაუფლების, სოციალიზაციის, თაობათა ურთიერთობის თემები. მნიშვნელოვანია, რომ კურტი ძველ მეგობრებთან სტუმრობისას ერთგვარ შეხუთულობას იგრძნობს: „თითქოს იატაკქვეშ გვამი გდიაო და აქ ისეთი სიძულვილია, სუნთქვაც კი მიჭირს“. პერსონაჟების მცდელობა, ძველი დრო გაიხსენონ, ქვეცნობიერიდან წამოატივტივონ ურთიერთობის ლაღი, ბედნიერი სურათები, დაუკრან, იცეკვონ, კრახით სრულდება. ამიტომაცაა, რომ კაპიტნის ცეკვას, თავისუფლებისაკენ სწრაფვას რომ გამოხატავს, მისი გულისწასვლა მოჰყვება, როგორც სიკვდილის რეპეტიცია.

ეგოიზმის ტყვეობაში ედგარი თავს დაცულად გრძნობს და თავისი ფილოსოფიით აანალიზებს ცხოვრებას: „მთელი ჩემი ცხოვრება, ირგვლივ მხოლოდ მტრები მეხვია, მაგრამ ამან ზიანი კი არ მომაყენა, გამაძლიერა! ერთხელაც, როცა სიკვდილი მომაკითხავს, შემიძლია ვთქვა, რომ არავისთან ვალში არა ვარ, რომ მე, ამქვეყნად, უფასოდ არაფერი მიმიღია და ყველა ნამცეცი, რაც ჩემია, ბრძოლითა მაქვს მოპოვებული!“. ედგარის შინაგან სამყაროსა და ბუნებაზე კარგად მეტყველებს მისი კურტისეული დახასიათება: „ის ყველაზე ამაყი კაცია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. „ვარსებობ, მაშასადამე, ღმერთიც არსებობს“. ედგარი გვაგონებს როტმისტრს (სტრინდბერგის „მამა), რომელსაც ურყევად სჯეროდა საკუთარი თავისა, მაგრამ მცირე ეჭვი ურჩხულად ექცა, მისი ნებისყოფის ხერხემალი გატეხა და სული დაუშალა, ისე დაიპყრო, საბოლოოდ გაანადგურა. ალისა იხსენებს ქმრის ნათქვამს: „მაჩვენე ის კაცი, რომელზეც მე უნდა ვიეჭვიანო!“. ალისას ავადმყოფურად მიაჩნია ქმრის სიამაყე: „ის ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას! სამყარო მისი პირადი მოხმარებისთვის არის შექმნილი! მზე და მთვარე იმიტომ ამოდის, რომ მისი დიდება ვარსკვლავებს ამცნოს!“. აქ ჩანს ედგარის ერთგვარი მეგალომანიაც, რომელიც მის ფსიქიკას უფრო ანგრევს.

ალისაც და ედგარიც ნარცისული ტიპის ადამიანები არიან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვამპირებივით სწოვს სისხლს და ფსიქოლოგიურად ძალადობს. ცოლ-ქმრის დიალოგები ნელ-ნელა უფრო გამოკვეთენ ადამიანებს, როგორც დემონებს და მათ მიერ ერთმანეთის საწამებლად შექმნილ ჯოჯოხეთს. შურისძიებით შეპყრობილი ალისა აღარ ერიდება არაფერს და ედგარს მიახლის: „შენ, ვინც მეტისმეტად ამაყი ხარ საიმისოდ, რომ იეჭვიანო, შენ ვერასოდეს ხვდებოდი, როგორ გმართავდი და როგორ გატრიალებდი იქით, საითაც მინდოდა, რომ გაგეხედა!“. კაპიტნის ქედმაღლობა და თვითდადანაშაულების უუნარობა მის სიკვდილისწინა სიტყვებშიც წარმოჩნდება: „მიუტევე მათ, რადგან არ იციან რას აკეთებენო“. თუმცა ჯვარცმულის სიტყვების გამეორებით მისი შინაგანი ტანჯვაც წარმოჩნდება.

კურტის გამოჩენა ააშკარავებს ალისასა და ედგარის სულისშემხუთველ გაუცხოებას: „ჩემთვის ის უცხო კაცია. ისეთივე უცხოა, როგორც ოცდახუთი წლის წინათ იყო! მე არაფერი ვიცი ამ კაცზე“; „მთელი ცხოვრება ამ კოშკში ვიყავი გამომწყვდეული და მდარაჯობდა კაცი, რომელიც ყოველთვის მძულდა. ახლა კი, ისე უსაზღვროდა მძულს, მისი სიკვდილის დღეს, ჩემი სიცილით ჰაერიც კი აზრიალდება“; „ერთმანეთს ვართ შეტყუპულები და გაცალკევება არ გვიწერია. ერთხელ, ჩვენსავე სახლში, ხუთი წელი ვიყავით გაყრილები… ახლა კი, ჩვენი დაშორება, მხოლოდ სიკვდილს თუ ძალუძს და ჩვენც ვსხედვართ და ველოდებით, როდის მოგვიტანს თავისუფლებას!“.

ცოლ-ქმარი გრძნობს და აღიარებს, რომ წლების განმავლობაში მათი სიძულვილი იმდენმა რამემ ასაზრდოვა, რომ ირაციონალურ ფენომენად იქცა. მათი შემყურე კურტი კი დაასკვნის: „ამას სიყვარულის სიძულვილი ჰქვია და ერთიც და მეორეც ქვესკნელის შვილია!“. ამ ურთიერთობის ერთადერთ მახასიათებლად უბედურება იქცა: „ერთი უბედურება მეორეს იზიდავს. ბედნიერება კი უბედურებას გვერდს აუქცევს ხოლმე. ამიტომაც არის, რომ ჩვენ, უბედურების გარდა, ვერაფერს ვხედავთ!“.

დროის ვერტიკალური ჭრილებით პიესის სტატიკური გარემო მრავალფეროვნდება. მწერალი, ჩვეული ფსიქოლოგიზმით მიუძღვება მკითხველს პერსონაჟთა სულის ლაბირინთებში. სტრინდბერგის ამ პიესაშიც ჩანს პერსონაჟთა საუბრისა თუ ქცევის მრავალფეროვანი მოტივაცია. ზოგი ზედაპირზეა და იოლი მისახვედრია, ზოგი კი სიღრმეშია და ბოლომდე ამოუცნობი რჩება. მწერლისთვის ადამიანი გამოცანაა, რომელსაც ბოლომდე ვერ ამოხსნი. იგი წერდა: „მრავალფეროვანია ადამიანის სულიერი სამყარო… „ცოდვას“ მეორე მხარეც აქვს, რომელიც ძალიან წააგავს სათნოებას“.

ეს პერსონაჟები არ არიან ცალმხრივნი, არამედ ხასიათთა მრავალფეროვნებას ამჟღავნებენ. სტრინდბერგი ერთგან ასე თვალსაჩინოდ წერდა ადამიანური ქცევის ბოლომდე ჩაწვდენის შეუძლებლობაზე: „ჩემთან ქმედების მოტივაცია არაა მარტივი და მოვლენების ხედვის პერსპექტივაც არაა მხოლოდ ერთი. ნებისმიერი ცხოვრებისეული მოვლენა – და ეს, შედარებით ახალი აღმოჩენაა, – გამოწვეულია მეტ-ნაკლებად ღრმა მოტივების მთელი წყებით“, „ადამიანმა თავი მოიკლა! ბურჟუა იტყვის, ალბათ საქმე ჩაუვარდაო! სიყვარულში არ გაუმართლაო! – იტყვიან ქალები. რაღაც დაავადება სჭირდაო! – იტყვის სნეული. მოლოდინი გაუცრუვდაო! – იტყვის უიღბლო. თუმცა, შესაძლებელია, რომ ამ საქციელის მოტივი იყოს ეს ყველაფერი ერთდროულად, ან სულაც – არცერთი, რადგან თვითმკვლელმა ნამდვილი მოტივი გადამალა და წინ სულ სხვა რამ წამოსწია, რომ მასზე სიკვდილის შემდეგ აუგი არავის ეთქვა!“ („ფრეკენ ჟულის“ წინასიტყვაობიდან). ამ პიესაშიც მკითხველის გონებაში პერსონაჟთა ქმედების მოტივაციის მრავალფეროვანი სპექტრი იშლება.

სტრინდბერგმა იცოდა, რომ მკითხველი ადამიანის დაფარული მხარის, მისი „ნაქარგობის“ შიდა პირის, დაბლანდული ძაფების დანახვას ესწრაფოდა, სულის „მექანიზმის“ შესწავლას, ზარდახშის ორმაგი ფსკერის დათვალიერებას, ჯადოსნური ბეჭდისთვის ხელის შეხებას, სხვის ბანქოში ჩახედვის ცნობისმოყვარეობა კლავდა, ამიტომაც არც ამ პიესის კითხვისას გაუცრუვდება მკითხველს იმედი და პერსონაჟთა სულის სწორედ ამ უხილავ ლაბირინთებში იმოგზაურებს.

პიესაში გამოიკვეთება მშობლებისა და შვილების ეკლექტური, შინაგანი წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობა. როგორც კაპიტანი ამბობს: „მშობლებს იშვიათად ესმით, რა არის უმჯობესი მათი შვილებისთვის!“. ნაწარმოების ერთგვარ წყვდიადში სინათლის სხივივით შემოიჭრება კურტის ვაჟსა და იუდიტს შორის (რომელიც ალისასა და ედგარის ქალიშვილია) დაბადებული სიყვარული, ცინცხალი და სუფთა. ამიტომაც იტყვის ალისა შვილზე: „თურმე ყვავილი, ნაგავშიც შეიძლება გაიზარდოს!“. მკითხველმა კი იცის, ეს სიყვარულიც განწირულია იმისთვის, რომ დაიტიოს სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთდროულად, თუკი მასში რაიმე ფარული სულიერი თუ მატერიალური, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ანგარება გაერევა. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ, როგორც კაპიტანი ამბობს, „მცირე წარმატება სიკეთეს გვმატებს, წარუმატებლობა კი მგლად გვაქცევს“.

მრავალმნიშვნელოვანია ალისას სიტყვები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ წარმოთქვამს: „მე ეს კაცი უნდა მყვარებოდა და მძულებოდა“. მკითხველს სჯერა მისი გულწრფელობისა. ცხოვრება ყოფითი დრამების, მათ შორის, ამ ოჯახის, მთავარი რეჟისორია, ხოლო ადამიანები თამაშობენ თავიანთ როლებს და საბოლოოდ, სანამ ფარდა დაეშვება, სიკვდილის როკვასაც ასრულებენ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...