შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

წიგნიერების  გაკვეთილები, რატომელასთან ერთად

0

იაკობ გოგებაშვილი წერდა: „ბავშვის მოძრავი ბუნება სრულიად ვერ მშვენობს დიდ ხანს შეჩერებას გრძელის, გაჭიანურებულის პლასტიკური სურათების კითხვასა და გაგებაზედ… ამ გვარის აღწერა ნამდვილს ნაკლულოვანებას შეადგენს საბავშვო მოთხრობებისთვის”.

საბავშვო ლიტერატურას უზარმაზარი  მნიშვნელობა აქვს  ბავშვის ფსიქო-ემოციური და  წიგნიერების უნარის  განვითარებაში.  სასიხარულოა, რომ დებიუტანტი საბავშვო მწერლის,  ინგა თეთრაძის  მიერ შექმნილი  საბავშვო წიგნი “რატომელა”, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა,   უკვე  მოზარდების საყვარელ წიგნად  იქცა.

რატომელა, ცნობისმოყვარე ბიჭი – ასეთია ამ საბავშვო, ფერადი ილუსტრირებული წიგნის სათაური.   ავტორი აღნიშნავს – „წლების მანძილზე ვქმნიდი ალტერნატიულ ტექსტებს, რათა ჩემი მოსწავლეებისთვის  ბუნების გაკვეთილები  შემეყვარებინა.  რატომელას ისტორიების წყალობით ვხედავდი   ბავშვების ცნობისმოყვარეობა როგორ გადაიზარდა ცოდნისმოყვარეობაში. მიხარია, რომ გამომცემლობა დაინტერესდა ამ მასალის წიგნად გამოცემით და რატომელას  ისტორიები ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდა“.   

ათიოდე წლის წინ ავტორის მიერ შექმნილი  პერსონაჟი – რატომელა და მისი ისტორიები  დღეს ყველა ბავშვს შეუძლია გაიცნოს.

წიგნი კარგი რესურსია მშობლებისთვის და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის. დაწყებით კლასებში სხვადასხვა აქტივობისა თუ პროექტის განსახორციელებლად მასწავლებლები ხშირად იყენებენ უცხო ტექსტებს – ანუ ტექსტებს, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოში არ არის შეტანილი. გთავაზობთ  რამდენიმე სახალისო აქტივობას, რომელიც  ამ წიგნის ტექსტების გამოყენებითაა შექმნილი   და სასწავლო პროცესის დიფერენცირების საშუალებას აძლევს მასწავლებელს.

  საყოველთაოდ ცნობილია,  რომ დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს  მოსწავლეთა საჭიროებების,  ინტერესების,  დამოკიდებულებებისა    თუ    ღირებულებების    გათვალისწინებით დაგეგმილ გაკვეთილებს, რომლებშიც ყველა მოსწავლე ჩართულია.

ტექსტის  გასააზრებელი   „ სახალისო სასწავლო მენიუები“,  საკმაოდ გავრცელებული ინსტრუმენტია და გამოიყენება დიფერენცირებული სწავლებისთვის.

სასწავლო მენიუს გამოყენებით მოსწავლეებს  საშუალება ეძლევათ, საკუთარი  სწავლის ტემპის,   ინტერესებისა  და  მზაობის  დონის  მიხედვით შეარჩიონ  სასწავლო  მენიუში მოცემული  აქტივობები.  მოსწავლეებისთვის კითხვებისა და დავალებების მენიუს შეთავაზება და მათთვის სასურველი დავალების არჩევანის შესაძლებლობა, სწავლების დიფერენცირების საშუალებას იძლევა.

გაეცანით რამდენიმე პატარა ტექსტს წიგნიდან და ამ ტექსტზე მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის შედგენილ სახალისო სასწავლო მენიუებს.

 

ვინ არის რატომელა?

კითხულობდა,     ფიქრობდა,     აზროვნებდა,  ხან თავად აღმოაჩენდა პასუხს,  ხანაც – უფროსების დახმარებით, აკვირდებოდა სამყაროს და ისიც ბევრ საიდუმლოს ანდობდა.

მოდით,  ვიმოგზაუროთ რატომელასთან  ერთად ცოდნის სამყაროში  და  ჩვენც  აუცილებლად  ვიპოვით  პასუხს კითხვაზე    „რატომ?“,   რადგან არაფერია იმაზე მშვენიერი,  ვიდრე ის,  რომ შენი ცხოვრების გზა ცოდნით იყოს განათებული.  მაშინ აღარ გეშინია და გიხარია,  რომ ადამიანი ხარ!

 

სახალისო სასწავლო მენიუ – ვინ არის რატომელა?

 

1.    სავალდებულო დავალება

მისწერე წერილი რატომელას

 

2.    არჩევითი დავალება

შეარჩიე ერთ-ერთი დავალება და შეასრულე

ა) ტექსტიდან შეარჩიე 5 სიტყვა და მათი გამოყენებით შექმენი მცირე დიალოგი.

ბ) ტექსტიდან შეარჩიე 5 სიტყვა და ამ სიტყვების გამოყენებით გაუწიე რეკლამა  რატომელას.

3.    არასავალდებულო დავალება

ივარაუდე, ყველაზე მეტად რა თემა დააინტერესებს რატომელას?

 

 

ტყეში

ჩაფიქრებული რატომელა ახლა ტყეში შევიდა და ერთი მაღალი ხის ქვეშ ჩამოჯდა.  უამრავი სხვადასხვანაირი ხის ცქერით ტკბებოდა და სუფთა ჰაერს ღრმად ისუნთქავდა.

ხეები ერთმანეთისაგან       ძალიან       განსხვავდებოდნენ სიმაღლით,  ღეროს სისქით,      ფორმით,      ფოთლების მოყვანილობით. ზოგიერთს

ფოთლების ნაცვლად წიწვები ჰქონდა, ზოგს – იმდენად სქელი ღერო, რომ ადამიანი ხელებსაც ვერ შემოაწვდენდა. ღეროდან ღონიერი ტოტები   იწყებოდა.   სხვადასხვა  ფორმისა  და ზომის ფოთლები შრიალით ესალმებოდნენ პატარა სტუმარს.

 

ამხელა   ხეებს ფესვებიც ძლიერ ღონიერი ექნებათ. აბა, ისე როგორ დადგებოდნენ ხეები ფეხზე, როგორ გაიზრდებოდნენ ასეთი დიდები? – ფიქრობდა რატომელა და შთაბეჭდილებებით სავსე მხიარულად მიაბიჯებდა დედამიწაზე ყველაზე დიდ მცენარეებს შორის.

 

სახალისო სასწავლო მენიუ – ტყეში

 

1.    სავალდებულო დავალება

დახატე ეპიზოდი – რატომელა ტყეში

 

2.    არჩევითი დავალება

შეარჩიე ერთ-ერთი დავალება და შეასრულე

ა) დაფიქრდი და ივარაუდე, რომელი ხეები შეიძლება ენახა რატომელას ტყეში?

ბ)  გაიხსენე და დაასახელე 3-5 სხვადასხვა ხე, რომელთაც განსხვავებული ფორმის და ზომის ფოთოლი აქვთ.

3.    არასავალდებულო დავალება

დაწერე ამ ტექსტის გაგრძელება.

 

 

კითხვის პოპულარიზაციის კუთხით მუშაობა სერიოზული გამოწვევაა სკოლისთვის და  მართლაც, დიდი ძალისხმევაა საჭირო,  მოსწავლეებს ისევ შევაყვაროთ წიგნები, რომლებსაც ასე გაუუცხოვდა ახალი თაობა. კარგი საბავშვო ლიტერატურა კი საუკეთესო საშუალებაა,  მოსწავლეებს აღარ „ეშინოდეთ“ კითხვის და  კითხულობდნენ   სიამოვნებით.

 

 

 

აუტიზმი და ამბის თხრობა, რამდენიმე მიდგომა და აქტივობები

0

აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარების პროცესში აუტისტური სპექტრის აშლილობების დროს ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ პრობლემას თხრობა წარმოადგენს.

წაკითხული ტექსტის გადმოცემა თუ სხვა ტიპის თხრობა ძალიან უჭირთ მოსწავლეებს, მით უმეტეს, როდესაც ტექსტი არის იგავური ჟანრის, ზოგადი დიდაქტიკით სავსე, აბსტრაქტული, მრავალპერსონაჟიანი.

გაგაცნობთ ჩვენი საშინაო სკოლის ტექნიკას, როგორ ვსწავლობთ თხრობასა და ამბის გადმოცემას.

 

ა. ტექსტის რამდენიმესაფეხურიანი წაკითხვა და თხრობის რამდენიმე ეტაპი:

 

  1. ტექსტის წაკითხვა:

 

მოსწავლე კითხულობს ერთხელ. იმისთვის, რომ ტექსტი მისთვის ფონეტიკურად ნაცნობი გავხადოთ, პირველ წაკითხვაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ე.წ. ფონეტიკური გაშინაურება, მოთელვა. რაც შეეხება შინაარსს, ამ ეტაპზე ასეთი მიდგომა გვაქვს – რასაც გაიგებს, გაიგებს.

  1. ტექსტის ჩაღრმავებით წაკითხვა და უცხო სიტყვების განმარტება – თუ დიდი ტექსტია, ვეხმარებით წაკითხვაში.
  2. ტექსტის წაკითხვა მორიგეობით: ერთი აბზაცი – მოსწავლე, მეორე – მასწავლებელი. ვარკვევთ, გავიგეთ თუ არა ამბავი.
  3. ტექსტს ვუკითხავ ინტონაციით, გამომსახველობითი აქცენტებით, სხვადასხვა ხმით.
  4. ტექსტის შინაარსს ვუყვები, თან ვუხატავ ან კოგნიტურ სქემებად ვაქცევ, ან თვითონ ხატავს, მაგალითად:
  • პერსონაჟი – ა, პერსონაჟი – ბ, პერსონაჟი – გ;
  • სიუჟეტი;
  • მოქმედების ადგილი ა წერტილიდან ბ წერტილამდე;
  • მთავარი ამბის გამარტივება;
  • მოთხრობის ცალკეული ეპიზოდის საკვანძო სიტყვების ამოწერა ფურცლებზე და მერე მოთხრობის ქარგის აწყობა.
  1. ამ ნახატის ან კოგნიტური სქემის მიხედვით თვითონ მიყვება ამბავს, თუ დახმარება დასჭირდა, ვეხმარები;
  2. კიდევ ერთხელ ჰყვება ამბავს ნახატის გარეშე.

 

ბ. ამბის გართულება და გამდიდრება, ამბის ჩონჩხი და თანდათანობითი შევსება

 

ეს მეთოდი გვეხმარება როგორც ამბის თხრობაში, ასევე, კომპოზიციისა და სიუჟეტის აგებაში, შეგვიძლია, რომელიმე ტექსტს კი არ მოვარგოთ, არამედ შემოქმედებით სამუშაოდ ვაქციოთ.

იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გავხადო, ყველასთვის ნაცნობი ზღაპრის, „წითელქუდას“ მაგალითზე ვილაპარაკებ.

ამბავს არ გაგახსენებთ, ყველამ იცით.

კარგი იქნება, თუ გვექნება მაგნიტები და დაფა, ან წებოვანი ფურცლები.

ნაბიჯი 1.

ვკითხულობთ „წითელქუდას“.

ნაბიჯი 2

ვყოფთ ტექსტს აბზაცებად და ვირჩევთ თითოეული აბზაცის მთავარ ფრაზას.

მაგალითად:

  1. დედამ წითელქუდა გააგზავნა ბებიასთან;
  2. წითელქუდა ტყეში შეხვდა მგელს;
  3. მგელმა შეჭამა წითელქუდას ბებია;
  4. მგელმა შეჭამა წითელქუდა;
  5. მონადირემ გადაარჩინა ბებია და წითელქუდა.

 

ნაბიჯი2

პირველ აბზაცის მთავარ წინადადებას ვყოფთ სიტყვებად და მაგნიტურ დაფაზე ვაკრავთ ცალ-ცალკე სიტყვებს:

 

დედამ წითელქუდა გააგზავნა ბებიასთან

 

მოსწავლესთან ერთად აღვადგენთ მთლიან აბზაცს მთავარი წინადადებისა და დამხმარე კითხვების საშუალებით.

 

 

 

მაგნიტების საშუალებით აღდგენილ წინადადებებს მივამატებთ მთავარ წინადადებას და შევკრავთ პირველი აბზაცის სრულ ტექსტს, ვკითხულობთ და ვყვებით.

ასე დავამუშავებთ ყველა აბზაცს და საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ მთავარი წინადადებების საშუალებით, მოსწავლემ ტექსტის შინაარსიც იცის და თხრობასაც დეტალებისა და მნიშვნელოვანი ფაქტების გამოტოვების გარეშე ახერხებს.

 

 

 

 

Idroo-ს დაფის გამოყენება  სწავლებისას

0

დისტანციური სწავლება საქართველოში რომ გამოწვევაა, ამაზე არაერთხელ დაწერილა და თქმულა. თუ რა იყო და რა გახდა ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლისთვის დისტანციური სწავლება, ამაზე მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.

არ  ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორი რთული იყო უმოკლეს დროში პორტალის ტექნიკურ საკითხებში გარკვევა, როგორი იყო თავად Tims-ის პორტალი თავიდან და როგორ დაიხვეწა და გაიზარდა ჩვენთან ერთად. ეს ისედაც ყველამ იცის. მე უფრო შინაარსობრივ საკითხებზე მინდა შევჩერდე.

და აი, პირველად უნდა ჩავერთო ბავშვებს. წარმოიდგინეთ ჩემი განცდა, როცა  ვზივარ ცარიელ ოთახში, ვატარებ გაკვეთილს და ათას რამეზე ვფიქრობ. იმდენად ბევრზე, რომ მათემატიკა ავტოპილოტით მიდის. რამდენი მესწრება? ნეტა, ვინ მისმენს? ნეტა, ვისი მშობელი მისმენს? ნეტა, როგორ გამოვიყურები (ალბათ ძალიან საცოდავად)? ათას რამეს ვაჭერ ხელს, რომ გავიგო, ვინ შემომემატა და ვინ დაგვტოვა (ძირითადად ინტერნეტის სიჩქარეს რომ ბრალდება ხოლმე მერე). ეს იმიტომ მჭირდება, რომ ამდენ განცდაში მოსწავლეთა სახელები და გვარებიც კი მავიწყდება. მოკლედ, წარმოიდგინეთ ხომ? თუმცა, რად გინდათ წარმოდგენა, ალბათ მასწავლებელთა უმრავლესობა სწორედ ასე იყო სწავლების პირველ კვირაში.

და შემდეგ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს არა მხოლოდ გამოწვევა, შესაძლებლობაც იყო. დავიწყე ახალი ტიპის რესურსების მოძიება, გავეცანი და  ვცადე მათი გამოყენება, რომ უფრო გამომსახველობითი გამეხადა გაკვეთილი. ახალ პორტალებზე  თემების მიხედვით დავიწყე გამოცდილი ადამიანების მიერ შექმნილი რესურსების გაანალიზება და ჩემი საჭიროებების მიხედვით შევქმენი ახლები.  დარგის სპეციალისტებმაც „შემოგვაშველეს“  სხვადასხვა ტიპის დაფები,  მათგან Idroo-ს დაფას მივანიჭე უპირატესობა და  დავიწყეთ ბევრად უფრო საინტერესო, ბევრად უფრო შედეგიანი და ბევრად უფრო სახალისო გაკვეთილები. ნელ-ნელა ის მოსწავლეებიც შემოგვემატნენ, მანამდე არდასწრების ათს მიზეზს  რომ ასახელებდნენ, მათთან  ნელ-ნელა  ინტერნეტის სიჩქარეც გამოსწორდა.

შემიძლია ვთქვა, რომ:

  1. ძალიან ხშირად მივმართავდი ყველა მოსწავლეს სახელით და არაფერს, კატეგორიულად არაფერს ვაკეთებდი ისეთს, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ (წინარე ცოდნის აქტიურ ფაზაში დატოვება);
  2. წინასწარ ვაცნობდი მომავალი გაკვეთილის თემას და ვეუბნებოდი, რა რესურსებს გამოვიყენებდი მომდევნო გაკვეთილებზე (მოტივაციის შექმნა);
  3. ყველა ამოცანისა თუ მაგალითის ამოხსნის შემდეგ მივმართავდი სხვა მოსწავლეს და ვთხოვდი, შეეცვლა ამოცანის პირობა ისე, რომ შებრუნებული ამოცანა გამოსულიყო. ამით მათი ყურადღება და მოტივაცია იზრდებოდა;
  4. ვაძლევდი დაფაზე მუშაობის საშუალებას და სხვადასხვა ფერის ნაწერებით ადვილი იყო მათი ერთმანეთისაგან გარჩევა (შეფასება, ურთიერთ შეფასება);
  5. ერთად ვიხილავდით ნებისმიერი მოსწავლის შეუსრულებელ დავალებას – მაგალითს, ამოცანასა თუ საკითხს (გუნდურობის განცდა);
  6. ვშორდებოდი ვიდეოთვალს ისე, რომ მოსწავლეებს დაენახათ ჩემი სახის მიმიკა მთლიანად და ასევე ხელების მოძრაობა. ასე ვცდილობდი არავერბალური საშუალებების გამოყენებას ინფორმაციის დამახსოვრების ეფექტის გასაძლიერებლად;
  7. ვცდილობდი, პასუხისას ბავშვებს ჩაერთოთ ვიდეოთვალი. მას შემდეგ რაც პორტალზე უკანა ფონის დამატების შესაძლებლობა გაჩნდა, მოსწავლეები აღარ ერიდებოდნენ ვიდეოთვალის ჩართვას არასასურველი ფიზიკური გარემოს გამოჩენის გამო;
  8. თუ რომელიმე მოსწავლისთვის ახსნილ მასალაში რამე გაუგებარი რჩებოდა, ამის შესახებ  პირად შეტყობინებაში მწერდა, ადვილი იყო ჩავრთულიყავი პირადად მასთან და ერთად გაგვევლო პრობლემური საკითხი (დიფერენცირებული, გნებავთ რემედიაციული ჩარევა);
  9. თუ რომელიმე მოსწავლე ვერ გვერთვებოდა, მისთვის შესაძლებელი იყო ჩანაწერით სარგებლობა ან შეეძლო მოეთხოვა პირადი ჩართვა რამდენიმე წუთით (ინდივიდუალური მუშაობა);
  10. რომ არა ეს გამოწვევა, არანაირი მოთხოვნა და დირექტივა ამდენ ახალ პორტალს ვერ  დამამუშავებინებდა და ასე არ „მაიძულებდა“ საგაკვეთილო პროცესის სრულყოფას,  რაც ამ მოკლე ხანში შევძელი.

 

 

აღმოჩნდა, რომ დისტანციურ სწავლებას ჰქონია თავისი დადებითი მხარეები. მნიშვნელოვანია, როგორ მივუდგებით მას, რამდენად შევძლებთ ვაჯობოთ საკუთარ თავს და რამდენად გამოგვივა მოსწავლეების ცნობისმოყვარეობას ისე გამოვდოთ კაუჭი, რომ სასიკეთო მიზნებისკენ მივმართოთ იგი.  სასიამოვნო მომენტი იყო, როცა მოსწავლე სახლიდან მკარნახობდა: „მას, ზედა მარჯვენა კუთხეში ნახეთ ახალი პიკტოგრამა დაამატეს“. ახლა ბევრს ვხალისობთ ასეთ ისტორიებზე.

დასასრულ მინდა ვთქვა, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში ყველაზე მთავარი  სწრაფი ადაპტირების უნარი აღმოჩნდა, რაც ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, აუცილებელი და მნიშვნელოვანი უნარია, ჩვენ ხომ მუდმივად ახალ თაობებთან გვიწევს მუშაობა.

 

ჯადოსნური ფორმულები

0

კაცობრიობის ისტორიაში არაერთი გამოჩენილი პედაგოგი იყო, რომლებმაც თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება თეორიულ შეხედულებათა სისტემად აქციეს და მემკვიდრეობად დაუტოვეს თაობებს. სხვათა ნაღვაწის ამსახველ ამ „ბაბილონის ბიბლიოთეკაში“ (ბორხესი), რა თქმა უნდა, კარგია, აუცილებელია ფიქრიანი გასეირნება სწავლების ჯადოსნური ფორმულების აღმოსაჩენად, მაგრამ საკითხავი ის არის, არსებობს კი ამგვარი „შელოცვა-მეთოდები“, რომლებსაც მასწავლებელმა შეიძლება მიაგნოს და საკლასო ოთახში შემეცნების რიტუალის ჩასატარებლად გამოიყენოს?

ეი ჯეი ჯულიანი, ამერიკელი განათლების სპეციალისტი, თავის წერილში „მზარეული და შეფმზარეული“ მსჯელობს იმ გზებზე, რომლებსაც მასწავლებელი ირჩევს, რათა მოსწავლეები თავისუფალ, დამოუკიდებელ, შემოქმედებით პიროვნებებად აღზარდოს. მეტაფორულად თუ ვიტყვით, ზოგი უკვე არსებული რეცეპტის მიხედვით ამზადებს კერძს, ზოგი კი ცდილობს, ახალი რეცეპტი გამოიგონოს.

თვალისმომჭრელი და მიმზიდველია რეცეპტების რაოდენობა და, რა თქმა უნდა, ცდუნებაც დიდია, თავის აუტკივებლად გამოიყენო რომელიმე ამ ზღვა მასალიდან, მაგრამ შემოქმედებითი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს. მისთვის ექსპერიმენტები, ინგრედიენტებით თამაში, ახალი გემოს სინთეზი უფრო საინტერესოა. გაუკვალავ გზაზე სიარული სახიფათოა, შეცდომათა თუ დაბრკოლებათა რიცხვიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაგრამ შეფმზარეულს ეს არ აბრკოლებს: საბოლოო შედეგი ყველა წარუმატებელი მცდელობით აღძრულ ტკივილს გადაფარავს. რუსთველი, ადამიანის ბუნების დიდი მესაიდუმლე, ამბობს: „ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა“, ან „მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა“. ამ აფორიზმებში ჩანს ადამიანის შემართების, იმედის ფსიქოლოგიური ნიუანსები. ერთი მხრივ, შეცდომათა ხსოვნამ ადამიანს შესაძლოა არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩინოს და წინსვლაზე ფიქრი მიატოვებინოს, ამიტომ დავიწყება ჯობია. მეორე მხრივ, რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო დიდია მისი ამოხსნით მოგვრილი სიხარული.

ასე რომ, მასწავლებელმა შეიძლება დასვას კითხვა: როგორ მოსწავლეს ამზადებს? ისეთს, რომელიც არსებულ რეცეპტებს იყენებს თუ ისეთს, რომელიც ახალს იგონებს? შესაბამისად, საკუთარ თავსაც უნდა ჰკითხოს: რა ტიპის პედაგოგია? პირველი თუ მეორე? რაც თვითონ არ გაქვს, რა თქმა უნდა, იმას სხვას ვერ გადასცემ, ამიტომ შემოქმედებითობის განვითარებაზე პედაგოგმა გამუდმებით უნდა იფიქროს. თვითკმაყოფილება რომ დამღუპველია და პროგრესის შემაფერხებელი, ყველამ ვიცით. პროფესიული ცოდნა და უნარები არ უნდა გადაიქცეს ჩვევად, მასწავლებელი რობოტსა თუ ავტომატს არ უნდა დაემსგავსოს, ამისთვის კი ახლის ნახვა, შესწავლა და გააზრებაა საჭირო. ყოველი პედაგოგისთვის, განურჩევლად ასაკისა და გამოცდილებისა, სიახლეებისკენ სწრაფვა უნდა იყოს სტიმულის მიმცემი სრულყოფის გზაზე. სრულყოფა კი არასოდეს სრულდება. სანამ ასწავლი, მანამდე თვითონაც გზაზე დგახარ და მოსწავლეებთან ერთად მიიკვლევ უცხო სანახებს სწავლების „ჯადოსნური ფორმულების“ აღმოსაჩენად, თუმცა ხვდები, რომ თვითონ ეს გზაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

საიმონ სინეკი, ცნობილი ორატორ-შთამაგონებელი და ორატორ-მოტივატორი, გახმაურებულ წიგნში „პირველად იყო რატომ“ საუბრობს თავის მიერვე მიგნებულ „ოქროს წრეზე“, რომელიც ნებისმიერ საქმეში აუცილებელია წარმატებისთვის. კარგი იქნება, თუ პედაგოგები გაითვალისწინებენ ამ მახვილგონივრულ მიგნებას. მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ხშირად უნდა შეხედონ ამ წრეს და უპასუხონ კითხვებს: რა? როგორ? რატომ? შეიძლება, წრის შიგნიდან გარეთ მივმართოთ მზერა და ფიქრის ნაკადები ასე წარვმართოთ და შეიძლება პირიქითაც – გარედან შიგნით. ორივე მიმართულება ეხმარება ადამიანს საქმის სიღრმისეულად გაცნობიერებაში.

მასწავლებელმაც და მოსწავლემაც ნებისმიერი საგნის ნებისმიერი საკითხის შესწავლისას უნდა დასვან კითხვა: რატომ? ეს ფუნდამენტური კითხვაა! რატომ? რისთვის არის საჭირო რაღაცის შესწავლა, რამე საქმის გაკეთება, როგორ გამოიყენებს სამომავლოდ? რა შედეგი თუ სარგებელი ექნება? რა ჯილდოს მიიღებს? სარგებელი თანაბრად გულისხმობს სულიერ-მატერიალურ სფეროებს, რადგან ადამიანი ორბუნებოვანია, სულიც აქვს და სხეულიც, მხოლოდ მატერიალური სამყაროთი ვერ შემოიფარგლება, მხოლოდ პრაქტიკულ-პრაგმატული საჭიროებებით ვერ იცხოვრებს. მას შემდეგ, რაც ეს „რატომ“ გაცნობიერდება, პასუხი გაეცემა, გაიოლდება სწავლების პროცესი, აზრი მიენიჭება ყოველივე იმას, რასაც მასწავლებელი თუ მოსწავლე აკეთებენ. ამ კითხვაზე პასუხი რწმენას შემატებს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ეს „რატომ“ გაამართლებს ადრე გაღვიძებასა თუ გვიან დაძინებას, რაღაცაზე უარის თქმას დროისა და ენერგიის დასაზოგავად და მოსწავლეს მიაჩვევს დისციპლინას, მოაწესრიგებს მის ყოველდღიურობას.

მომდევნო კითხვაა: როგორ? რა მეთოდით, ხერხითა თუ ძალისხმევით შეიძლება მივაღწიოთ მიზანს, რა არის საჭირო საკითხისა თუ თემის შესასწავლად, კონკრეტული ამოცანის ამოსახსნელად, დაგეგმილი დავალების შესასრულებლად თუ სრულყოფილი, ღირსეული ცხოვრებისათვის სამომავლოდ?

ყოველდღიურად ეძებ თუ არა რაიმე განსხვავებულ ხერხს, ცდილობ თუ არა გაცვეთილ-გაშაბლონებული, სტერეოტიპული „ინგრედიენტების“ ახალი კომბინაციით დაკავშირებას? გინდა თუ არა, იყო განსხვავებული?

შემდეგი კითხვაა: რა? რას სწავლობ? მაგალითად, მათემატიკას, ბიოლოგიას, ქიმიას, გეოგრაფიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას. როგორ გესმის შესასწავლი საგნის, თემის, საკითხის რაობა? რა დავალებას ასრულებ? რა არის ის, რასაც აკეთებ? რითია მნიშვნელოვანი?

ეს კითხვები სხვებსაც მოიყოლებს, რაც მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას მიაჩვევს. კითხვების დასმა ხომ მთავარია, რათა არჩევანი გააკეთო, გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხაროდ, უამრავი სამეცნიერო გამოკვლევა ადასტურებს, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო კარგავს კითხვების დასმის უნარს, შესაბამისად, უმცირდება შემოქმედებითი უნარებიც. ზოგს სჯერა, რომ შემოქმედებითი უნარი თანდაყოლილია, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ ასე არ არის. რა თქმა უნდა, ნიჭის გარეშე არ იქმნება შედევრები, მაგრამ შემოქმედებითად აზროვნება შესაძლებელია. ამას უნდა მიეჩვიოს ადამიანი, უფრო სწორად, არ უნდა მიაძინოს ეს უნარი, რომელიც საუკეთესოდ წარმოჩნდება ბავშვობაში. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ადამიანები ისეთ რობოტებსაც ქმნიან, რომლებსაც ჩატვირთული აქვთ შემოქმედებითი სამუშაოების შესასრულებელი პროგრამები, შეუძლიათ ნახატისა თუ ლექსის შექმნა, ამოცანის სხვადასხვა გზით ამოხსნა, მაგრამ ამ მანქანებს აკლიათ ემოციები. ამიტომ რობოტი ვერასოდეს ჩაანაცვლებს ცოცხალ მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია, მზერით, ჟესტითა და მიმიკით, სიტყვათა ნიუანსობრივი, ინტონაციური მიმოხვრით ისეთი ინფორმაცია გადასცეს მოსწავლეს, რომლის ციფრულ ენაზე თარგმნაც შეუძლებელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მასწავლებელმა განათლების იოლ გზას, მზამზარეულ რეცეპტებს კი არ უნდა მიაჩვიოს მოსწავლეები, არამედ ყოველ გაკვეთილზე ახლის შექმნისკენ უბიძგოს.

ეს კარგად ჩანს ყველასთვის საყვარელი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მოთხრობაში „პატარა უფლისწული“. დიდები ნახატზე ქუდს ხედავენ და არა იმას, რაც ხატია: მახრჩობელა გველს სპილო გადაუყლაპავს. სამაგიეროდ, ამას ხედავს პატარა უფლისწული. მას ყუთში მჯდომი ბატკანიც მოსწონს, რადგან ის თვითონ უნდა დაინახოს. სკოლამ ბავშვებს წარმოსახვის ეს თანდაყოლილი უნარი არ უნდა ჩაუკლას, სერიოზულ ადამიანებად, „სოკოებად“ არ უნდა აქციოს. როგორც სენტ-ეგზიუპერის ოქროსკულულებიანი პერსონაჟი ამბობს: „მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისთვის, არასოდეს ჰყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, – და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ ის ხომ კაცი არ არის. ის სოკოა!“

პატარა უფლისწული ზრდასრული ადამიანების კიდევ ერთ სამწუხარო ნაკლს ამხელს: „დიდები არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის რაფაზე ნემსიწვერა ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი. მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“, – და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!“

თანამედროვე მოსწავლეები, „ციფრული აბორიგენები“ (როგორც უწოდა მარკ პრენსკიმ, განათლების საკითხების ამერიკელმა მკვლევარმა), ნებისმიერ ინფორმაციას ელექტრონული სახით იოლად და სწრაფად მოიპოვებენ. ისინი მიჩვეულნი არიან მულტიმედიურ გარემოს, შესაბამისად, მასწავლებლისგანაც გაკვეთილზე ამავეს ელიან. ახალგაზრდა პედაგოგებისთვის ეს უფრო იოლია, ასაკოვან მასწავლებელს კი მეტი ძალისხმევა მართებს. ელექტრონულმა სივრცემ მშობლებთან მასწავლებლის ურთიერთობაც გაამარტივა. პედაგოგს შეუძლია, წერილით აცნობოს მშობელს შვილის შესახებ, დაწვრილებით აღუწეროს მისი ქცევა, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, ცოდნა და სხვა. ე.ი. უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მშობელთან ერთად დაგეგმოს მოსწავლის სასიკეთოდ რაიმე ღონისძიება და განახორციელოს კიდეც. მშობელი ვეღარ მოიმიზეზებს უდროობას სკოლაში მიუსვლელობის გასამართლებლად.

წლების წინ პედაგოგები და მოსწავლეები თანაბრად ფლობდნენ ტექნიკას, რომელიც სასწავლო პროცესთან იყო დაკავშირებული. დღეს ასე აღარ არის, მასწავლებელი ხანდახან – და უფრო ხშირადაც – ვეღარ ეწევა მოსწავლეს. ამიტომ მუდმივად უნდა ეცადოს, ახალი უნარები შეიძინოს, გაკვეთილზე გამოიყენოს ვიზუალური ინფორმაცია, მოსწავლეებიც ჩართოს ინტერნეტსივრციდან მრავალფეროვანი რესურსის მოპოვებასა თუ ახალი, დამოუკიდებელი აუდიო- თუ ვიდეომასალის შექმნაში. ასე მასწავლებელიც ბევრ რამეს ისწავლის მოსწავლეებისგან, რასაც შემდეგ მათსავე სასიკეთოდ გამოიყენებს. ასე რომ, ერთადერთი ჯადოსნური ფორმულა შემოქმედებითობაა.

მასწავლებელი უნდა იქცეს მოტივაციის წყაროდ, შთამაგონებლად. ამისთვის მან ყოველი ხერხი და საშუალება უნდა გამოიყენოს, რათა მოსწავლეს გაკვეთილზე დასწრება უხაროდეს. გაკვეთილის დაწყებამდე დრო კი უნდა დაიმუხტოს შეხვედრის იმგვარი მძაფრი მოლოდინით, რომელიც სწავლების პროცესში მონაწილე ორივე მხარეს მიანიჭებს შემოქმედებით სიხარულს.

 

 

ჯანსაღი კვების გაკვეთილი

0

პროექტი: ჯანსაღი საკვები

ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ ფერად-ფერად კანფეტებზე ან ტკბილეულით სავსე ხელებზე უარის თქმა, როცა ისინი ასე უგემრიელესად გამოიყურებიან! იცით, ჯანსაღი საკვები რა არის, მაგრამ არჩევანს უმეტესად მაინც არაჯანსაღზე აჩერებთ. ჩვენ ხშირად ვესაუბრებით მოსწავლეებს იმაზე, რამდენი უნდა ვჭამოთ, მაგალითად, ტკბილეული. შეგვიძლია თუ არა, საუბარზე მეტი გავაკეთოთ, რათა მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ მათ ჯანსაღი საკვების შესახებ?

გთავაზობთ პროექტს, რომელიც „მე და საზოგადოების“ საგანში განვახორციელე.

გავაერთიანე საგაკვეთილო თემები: ჯანსაღი კბილები და ჯანსაღი კვება. მოსწავლეებს დავუსვი რამდენიმე მაპროვოცირებელი შეკითხვა: რა იცით კბილების მოვლის შესახებ? როგორ უვლით კბილებს? რა ჰქვია კბილის ექიმს? კითხვა-პასუხის შემდეგ წავუკითხე სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, ვიმსჯელეთ მის შესახებ, ბოლოს კი მივეცი პროექტზე მუშაობის ინსტრუქცია – მათ სამუშაო რვეულში მოყვანილი ინსტრუქციის მოდიფიცირება მოვახდინე და ჩემ მიერ გაერთიანებულ საგაკვეთილო თემებს მოვარგე.

პროექტის მიზანი: გავარკვიოთ, რითია მავნებელი კანფეტები, რა ითვლება ჯანსაღ საკვებად.

პროექტის განხორციელების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილებში (პანდემიის გამო მოსწავლეებს მივეცი უფლება, თავად აერჩიათ, ინდივიდუალურად ემუშავათ თუ დისტანციურად წყვილში).

ხანგრძლივობა: 3 კვირა.

სამუშაოს ეტაპები: ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, საპრეზენტაციო მასალის შექმნა, გამოკითხვა, ექსპერიმენტი, რეფლექსია.

პროექტისთვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფორმატი, კალამი, ფანქრები, წებო, ფოტომასალა, კანფეტები, წყალი, ჯამი.

პროექტის გეგმა (სრულდება ექვსი სხვადასხვა დავალება): მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, გაფორმება და პრეზენტაცია; ჩატარებული ექსპერიმენტის გადაღება და ანალიზი; პროექტის შეჯამება.

 

პირველი აქტივობა: კანფეტები

მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ ინფორმაცია კანფეტების შესახებ და გაეცათ პასუხი შემდეგ კითხვებზე: რატომ უყვართ ბავშვებს კანფეტები? რისგან ამზადებენ მათ? რამდენად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის? მოძიებული ინფორმაცია უნდა დაეხარისხებინათ, გადაეტანათ ფორმატზე, გაეფორმებინათ და მოეხდინათ ნამუშევრების პრეზენტაცია.

 

მეორე აქტივობა: კვების პირამიდა

მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელე შემდეგ საკითხებზე: რა გვგონია ჯანსაღი/არაჯანსაღი საკვები? როგორ ვიკვებებით? რას ვჭამთ და რისთვისაა საჭირო საკვები? მივაწოდე ინფორმაცია ჯანსაღი კვების შესახებ. განვიხილეთ სიტუაციური მაგალითი, რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული. ვისაუბრეთ იმაზე, რისთვისაა სასარგებლო რძის ნაწარმი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და სხვ.

ყურადღება გავამახვილეთ ჯანსაღი კვების პირამიდაზე. განვიხილეთ, რატომ იყო მასზე მოცემული ზოგიერთი საკვები – მცირე, ზოგი კი დიდი რაოდენობით (მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა გამოეტანათ დასკვნა, რომ პირამიდის ზედა საფეხურზე დალაგებული პროდუქტები მცირე რაოდენობით უნდა მივიღოთ).

ამის შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეექმნათ კვების პირამიდა. ამისთვის შეეძლოთ გამოეყენებინათ კომპიუტერული პროგრამები „ვსწავლობთ თამაშით“ და „Paint“ ან უბრალოდ დაეხატათ. ამ აქტივობით მოსწავლეები განიმტკიცებდნენ შეძენილ ცოდნას.

მესამე აქტივობა: ჯანსაღი კბილების მოდელი

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გარკვეული ცოდნა დაუგროვდათ ჯანსაღი კბილებისა და მათი მოვლის შესახებ, შევთავაზე შემდეგი აქტივობა: დავურიგე ამობეჭდილი ფურცლები, რომლებზეც ეხატა გახარებული და მოწყენილი კბილები, ასევე – გასაფერადებელი ფურცლები საკვების გამოსახულებით. მოსწავლეებს უნდა გაეფერადებინათ დახატული საკვები და კბილებზე ისე გადაენაწილებინათ, რომ ჯანსაღი პროდუქტები გახარებულ კბილთან მოხვედრილიყო, ხოლო არაჯანსაღი – მოწყენილთან. მოსწავლეებმა საკმაოდ ადვილად გაართვეს თავი დავალებას, პრეზენტაციის დროს კი ნამუშევარზე იმსჯელეს.

 

მეოთხე აქტივობა: გამოკითხვა

პროექტის

 

განხორციელების პარალელურად მათემატიკაში ვსწავლობდით მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს. მოსწავლეებს ვთხოვე, გამოეყენებინათ ამ საგანში შესწავლილი თემა და ჩაეტარებინათ თანაკლასელებს შორის გამოკითხვა, ვის რომელი ტკბილეული უყვარდა ყველაზე მეტად და რამდენს მიირთმევდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით: Teams-ით, მობილურით (დარეკვით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით) და ა.შ. – შეაგროვეს მონაცემები და წარადგინეს დიაგრამის სახით:

 

მეხუთე აქტივობა: ექსპერიმენტი

მოსწავლეებს ვთხოვე, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, რომლისთვისაც დასჭირდებოდათ კანფეტი, წყალი და ჯამი. ჯამში უნდა მოეთავსებინათ კანფეტი, დაესხათ წყალი და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკვირვებოდნენ, მიღებული შედეგი კი ჩაეწერათ. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ კანფეტებმა ფერი იცვალა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ნაწარმი საღებავ დანამატს შეიცავდა, მისი ჭარბი მიღება კი საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

 

მეექვსე აქტივობა: პროექტის შეჯამება

მოსწავლეებს ვთხოვე, თითოეული აქტივობა შეეფასებინათ. დაფაზე ჩამოვწერე აქტივობების სახელწოდება და ვთხოვე, დაეწერათ, რა ისწავლეს თითოეულიდან. ამის შემდეგ გავმართეთ დისკუსია შემდეგ საკითხებზე: რა ეტაპები გავიარეთ პროექტის განმავლობაში, რა იყო მათთვის საინტერესო და როგორ გამოიყენებდნენ მომავალში პროექტის მეშვეობით მიღებულ ცოდნას.

ვფიქრობ, ჩემი მოსწავლეებისათვის პროექტი საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა.

ავტოაგრესია – როგორ გავუმკლავდეთ

0

ბავშვობასა და მოზარდობაში ადამიანში ემოციების – აგრესიის, რისხვის, სასოწარკვეთის – ნამდვილი ქარიშხალია. ხშირად მოჭარბებულ გრძნობებს ის სწორად ვერ უმკლავდება, რასაც სავალალო შედეგი მოსდევს. ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვინახავს ბავშვი, რომელიც ემოციურ ფონზე თვითდაზიანების მიყენებას ცდილობს – სცემს საკუთარ თავს, იკაწრავს სახეს, კბენს, თმას იგლეჯს. ასეთ ქმედებას სპეციალისტები ავტოაგრესიას უწოდებენ.

ავტოაგრესია საშიშია როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც. მისი სიმპტომების სპექტრი საკმაოდ ფართოა: შინაგანი ჩაკეტილობიდან სუიციდურ მიდრეკილებამდე.

„ავტოაგრესია“ ლათინურად საკუთარ თავზე თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგთა ნაწილი მასში საკუთარი თავისკენ მიმართული ნეგატიური ემოციების ნაკრებს მოიაზრებენ, მაგალითად, ბრაზს, რისხვას, გაღიზიანებას. ფსიქოლოგთა სხვა ჯგუფი კი მას თვითგანადგურების ქცევად განმარტავს, ანუ როდესაც საკუთარ თავს, საკუთარ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ წონასწორობას ძლიერ ზიანს აყენებ. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ავტოაგრესია ადამიანისთვის შეიძლება იყოს საპასუხო რეაქცია, ერთგვარი დამცავი მექანიზმი გარკვეულ გარე ფაქტორებზე.

ავტოაგრესია არ არის თანდაყოლილი. მაგალითად, ერთი წლის ბავშვი, რომელმაც არ იცის, რა არის თავის მართლება, არ ნერვიულობს დაშვებული შეცდომების გამო, ავტოაგრესიას არ მიმართავს.

როდესაც ბავშვი იწყებს აზროვნებას, საკუთარი თავის გაანალიზებას, მას ავტოაგრესიის ნიშნებიც უჩნდება. ბავშვი უკვე არჩევს ცუდს და კარგს. უნდა, რომ არასწორი ქცევა მოიცილოს, რისთვისაც ყველაზე ნაცნობ და გასაგებ მეთოდს მიმართავს – მშობლების ქცევის კოპირებას. იგულისხმება დასჯით სწავლება, როდესაც მშობლები ბავშვს  დასჯით უხსნიან რაღაცას. ამდენად, გარკვეულ სიტუაციაში, ბავშვი თვითონაც სწავლობს საკუთარი თავის საყვედურს, თავისებურად სჯის საკუთარ თავს ცუდი საქციელისთვის, შეცდომისთვის. დროთა განმავლობაში კი ასეთი „თვითგანათლება“ ჩვევად ყალიბდება.

საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესია არასასიამოვნო სანახავია და ნებისმიერ მშობელს აშინებს. თუმცა, მთავარია, სწორად ამოვიცნოთ, რასთან გვაქვს საქმე – ავტოაგრესიასთან თუ სხვა ქცევასთან.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ავტოაგრესიაზე მშობლის მხრიდან საპასუხო, გადაჭარბებული ემოცია ძალიან ცუდია, რადგან ის პროვოცირებას უწევს ბავშვის ამ ქცევას და ავტოაგრესიის დამატებით აფეთქებას განაპირობებს, ანდა შეიძლება ისე დასტრესოს  მოზარდი, რომ მომავალში მან დაუმალოს მშობელს თვითდაზიანებები.

ავტოაგრესია სხვადასხვა ფორმით ვლინდება: კვებითი აშლილობა (ანორექსია, ბულემია), თვითდაზიანება – ჭრილობები, ტატუები, პირსინგი, ნაჩხვლეტები, ექსტრემალური სპორტით გატაცება, ფანატიზმი – დესტრუქციულ რელიგიურ კულტებში მონაწილეობა, მსხვერპლის როლის მორგება და მსხვერპლის ქცევა, ქიმიური დამოკიდებულება (ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი), აუტისტური ქცევა – საკუთარ თავში ჩაკეტვა, საზოგადოებისგან განცალკევებით ყოფნის სურვილი, სუიციდური ქცევა (აუტოაგრესიის უკიდურესი ფორმა).

და მაინც, რატომ იზიანებენ თავს ბავშვები და მოზარდები? ყველაზე ხშირად, ისინი ოჯახური ან პირადი კონფლიქტის მძევლები ხდებიან. ზოგჯერ მიზეზი მასწავლებლებთან ან თანატოლებთან უთანხმოებაა. ასეთი ქცევის განვითარების ძირითადი მიზეზებია: უფროსების აგრესიული ქცევა მოზარდის მიმართ, ინდივიდუალური პიროვნული თვისებები, ოჯახური ურთიერთობები, დასჯის შიში, ყურადღების დეფიციტი.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ არაფერი გამორჩეს? – ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის ან მოზარდის სხეულის ნებისმიერ დაზიანებას: ნაკაწრებს, სისხლჩაქცევებს, ნაჩხვლეტებს. მშობელმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და დაინტერესდეს, რატომ აქვს ბავშვ ისინი, მით უფრო, თუ დაზიანებები მატულობს. უთხარით მოზარდს, რომ ამის გამო არ უსაყვედურებთ და თქვენი მიზანი მხოლოდ მასზე ზრუნვაა.

ასწავლეთ მას, რომ ნეგატიური ემოციები სოციალურად მისაღები გზით გამოხატოს, თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე. განუმარტეთ, რომ მას აქვს  ბრაზის, გაღიზიანების უფლება, ისევე, როგორც სიხარულისა და სიამოვნების მიღების.

დაე, ნუ შეაშინებს ემოციების სიტყვიერად გამოხატვა. აუხსენით, რომ ბრაზი არ არის ძალადობა. თუ მოზარდი ემოციების სწორად გამოხატვას ისწავლის, თავისა და სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ავტოაგრესიული რეაქცია აღარ ექნება.

შეაჩვიეთ მოზარდი, რომ მან მცირე ასაკიდანვე მოუაროს ნაკაწრებს, ჩამოიბანოს, დაიმუშავოს სპირტით, იოდით. ასწავლეთ სხეულის სიმრთელეზე ზრუნვა.

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის სხვებთან ურთიერთობას. იქნებ მან    ასეთი ქცევა მეგობრებისგან ან პოპულარული თანატოლებისგან გადაიღო და ამ გზით ცდილობს საკუთარი გამორჩეულობის პოზიციონირებას. უმეტესად ასე დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვები და მოზარდები იქცევიან. ასეთ შემთხვევაში მშობელმა ბავშვის თვითშეფასების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს.

ზოგჯერ აუცილებელია, მივმართოთ ფსიქოლოგს. ის არ ჩაგთვლით ცუდ მშობლად. პირიქით, გაიგებს, რა კავშირშია ზიანის მიყენების ტენდენცია მოზარდის ისეთ მახასიათებლებთან, როგორიცაა ჩაკეტილობა, პედანტიზმი, მორცხვობა.

შესაძლებელია თუ არა აუტოაგრესიის პრევენცია? რა თქმა უნდა, შესაძლებელია!

ფსიქოლოგები გვირჩევენ ოჯახში მგრძნობიარე და სანდო ურთიერთობების დამყარებას, ბავშვის პრობლემებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. მოზარდს უნდა ჰქონდეს საკუთარი ადგილი და დრო დასასვენებლად, განსამუხტად, სადაც შეძლებს ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლებას.

მთავარია, მშობელი ყურადღებით იყოს. არ დარჩეს გულგრილი ბავშვის პრობლემების მიმართ, ასწავლოს აგრესიის „გარეთ გამოტანა“, მაგალითად, ბალიშზე დარტყმის გზით, ფურცლების დახევით ან სათამაშო ისრების მიზანში სროლით.

ნაკლებად გააკრიტიკეთ მოზარდი, მეტად შეაქეთ, ესაუბრეთ თქვენს ემოციურ რეაქციებზე. ამით აჩვენებთ, რომ მანაც უნდა გაგიზიაროთ თავისი პრობლემები, გამოხატოს საკუთარი გრძნობები, არ დააგროვოს ისინი.

უფრო ხშირად ჩაეხუტეთ, თუმცა, თუ წინააღმდეგობას გაგიწევთ, თავს ნუ მოაბეზრებთ. ეს მხოლოდ გაამწვავებს ავტოაგრესიის გამოვლენას.

ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ბავშვისთვის საინტერესოა და ხელს შეუწყობს მისი ყურადღების სხვა საგანზე გადატანას: „სად შეგვიძლია წავიდეთ შემდეგ უქმეებზე“, „მოდი, შენი საყვარელი სიმღერა ვიპოვოთ ინტერნეტში“, „გინდა, რამე გემრიელობას მოგიმზადებ?“

შეგიძლიათ ძილის წინ მასთან რამდენიმე წუთით დაყოვნდეთ. მოზარდებს ეს უფრო ხშირად სჭირდებათ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ…

თუ იცით, რომ მოზარდი მიდრეკილია ავტოაგრესიული ქცევისკენ, ეცადეთ ტაქტიანად ესაუბროთ ამ ჩვევაზე. მაგალითად, გაუზიარეთ, რომ ბევრმა ადამიანმა შეძლო უარის თქმა ამ თვითგამანადგურებელ ქცევაზე, ისწავლა დარდისა და რისხვის მართვა.

ნუ აჰყვებით მოზარდის შანტაჟს, თუ ის ეცდება, რომ ავტოაგრესიული ქმედებებით რამე პირადი სარგებელი ნახოს. მკაცრად მოუწოდეთ, დაასრულოს თავისი საშიში ქცევა.

ავტოაგრესიის ყველაზე ხშირი მიზეზი მშობლების დაუდევრობაა. ამიტომ ეცადეთ ბავშვთან სრული ემოციური კონტაქტის დამყარებას, მის მხარდაჭერას, მასთან მეტი დროის გატარებას.

როგორ მოვქცეთ თუ თვითდაზიანების ქცევას შევესწარით?

– უპირველეს ყოვლისა, არ ავყვეთ პანიკას. ამ მდგომარეობაში შეიძლება ბავშვი ზედმეტად აღგზნებული იყოს და თქვენმა რეაქციამ დამშვიდების ნაცვლად შესაძლოა, კიდევ უფრო განუმტკიცოს თვითდაზიანების ჩვევა და ის ემოციური გათავისუფლების გზად ექცეს;

– ეცადეთ, დაამშვიდოთ ბავშვი საუბრით. ეს შფოთის დაძლევის საუკეთესო გზაა. მიუჯექით, ჩაეხუტეთ მანამდე, ვიდრე არ მოდუნდება და ყურადღებას სხვა რამეზე არ გადაიტანს. მოგვიანებით გაესაუბრეთ მომხდარზე: ახსენით, რომ ზოგჯერ ადამიანები თავს ვნებენ იმის გამო, რომ იწყენენ ან ცუდი აზრები ძლევთ. აუხსენით, რომ ასეთი ქცევა არ გაათავისუფლებს მას შფოთვისგან. უთხარით, რომ ყოველთვის მზად ხართ, მოუსმინოთ, უბრალოდ, მასთან ერთად იყოთ.

– თუ მოზარდმა თავს სერიოზული ზიანი მიაყენა და ფიქრობთ, რომ უმჯობესია ექიმს მიმართოთ, არ გადადოთ ვიზიტი. არ გირჩევთ ბავშვზე გაბრაზებას ან მის დაშინებას საავადმყოფოთი. უთხარით, რომ გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა, რომ ზოგჯერ ადამიანები, როდესაც თავს ცუდად გრძნობენ, სისულელეებს აკეთებენ. აუხსენით, რომ თქვენც შეშინდით და შეწუხდით, მაგრამ უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ექიმთან მისვლა.

პირველივე შესაძლებლობისას სერიოზულად გაესაუბრეთ მას და აუხსენით, რომ ასეთი ქმედებები შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.

– ამის შემდეგ, ისე ნუ მოიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა. ზოგჯერ მშობლებს ჰგონიათ, რომ ურეაქციობა თავიდან ააცილებთ მათ ამ საშინელი ეპიზოდის განმეორებას.  სინამდვილეში, მოზარდი ამას თავისი პრობლემების უგულებელყოფად აღიქვამს. აჩვენეთ, რომ ყურადღებიანი ხართ და ღელავთ მის გამო. გახსოვდეთ, რომ მოზარდები მიდრეკილი არიან მკვეთრი ემოციური რეაქციებისკენ და რთულ სიტუაციებში განსაკუთრებით სჭირდებათ ემპათიური დამოკიდებულება.

 

 

 

 

.

 

ბლოგი როგორც მოსწავლეთა ნამუშევრების „საგამოფენო სივრცე“

0

ახალი სკოლის მოდელის დანერგვის კვალდაკვალ მოსწავლეები   ინტენსიურად მუშაობენ კომპლექსურ დავალებებზე. რაც დრო გადის, მით უფრო ხვეწენ საჭირო უნარებს  და საინტერესო/მნიშვნელოვანი პროდუქტების სახით ქმნიან და წარადგენენ  ხარისხიან დავალებებს, თუმცა დღეს ამის გაკეთება უმეტესად ონლაინ რეჟიმში უწევთ, ეკრანის გაზიარების ფუნქციით.

პირისპირ სწავლების პროცესში ჩვენს მოსწავლეებს დავალებების შექმნა-წარდგენის უფრო მეტი საშუალება ჰქონდათ. ხშირად ვმართავდით კვლევითი პროექტების საბოლოო შედეგების პრეზენტაციას სასკოლო თემისთვის, მოწვეული სტუმრებისთვის და ა.შ. სამწუხაროდ, პანდემიამ ამის შესაძლებლობა დროებით შეგვიზღუდა.

მეც, როგორც ჩემი კოლეგები, გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება იყოს სასწავლო პროცესში დამატებითი მოტივაციის წყარო. დამეთანხმებით, მოსწავლეებს სიამოვნებთ, როდესაც მათი შრომის ნაყოფს ამჩნევენ. როცა პედაგოგის მხრიდან დადებით მოლოდინს გრძნობენ, იმატებს მათი მოტივაცია და ჩართულობა, საგნისა და კონკრეტული საკითხისადმი პოზიტიური განწყობა…

ამიტომ დავიწყე ჩემს მოსწავლეებთან იმაზე მსჯელობა, რა ფორმით შეიძლებოდა მათი შემოქმედების, ბლოგი იქნებოდა ეს თუ სხვა რამ, ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება.

ბლოგი ქართული რეალობისთვის არ არის ახალი. უკვე დიდი ხანია, მას უამრავი  მასწავლებელი თუ მოსწავლე იყენებს საკუთარ პრაქტიკაში. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საერთო აკადემიური სივრცე, სადაც მოსწავლეები თავიანთი სურვილით განათავსებდნენ შესრულებულ დავალებებს, წერილებს, ჩანახატებს, კვლევით პროექტებს. ბლოგს ექნებოდა რამდენიმე ჩანართი, მაგალითად, სოციალური გამოკითხვა, გაიმართებოდა ინტელექტუალური ონლაინ თამაში სხვადასხვა საგანში.

პლატფორმას სამომავლოდ ასევე აქტიურად გამოვიყენებთ პრობლემურ საკითხებზე  მოზარდების მოსაზრებების, შეხედულებებისა თუ დამოკიდებულებების გასაზიარებლად.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დაიბადა ბლოგის „თემო მასწავლებლის მოსწავლეები“  შექმნის იდეა.

 

დისტანციურ რეჟმში არაფორმალური განათლების შეთავაზება გართულდა. ჩვენი მოსწავლეები სასკოლო სივრცესთან ერთად მოსწყდნენ სპორტულ და სახელოვნებო წრეებს.  თუმცა სირთულეებთან ერთად გაჩნდა დამატებითი შესაძლებლობებიც.

სახლის პირობებში საკლუბო მუშაობის წარმართვისთვის ბლოგერთა კლუბის (მედიაკლუბის) ჩამოყალიბება შესანიშნავი იდეაა. მე და ჩემს კოლეგას დიდი ხანია გვინდა ბლოგერთა კლუბის შექმნა, თუმცა ამ ჩანაფიქრისთვის ხორცის შესხმა გარემოებათა გამო აქამდე ვერ მოვახერხეთ.

შეჯამების სახით შემიძლია ვთქვა, რომ ბლოგის იდეამ იმდენად გაამართლა, 2021 წლისთვის ახალი მიზანი – ბლოგერთა კლუბის დაარსება – დავისახეთ.  ვფიქრობთ სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების აქტიურად ჩართვას ბლოგის განვითარებასა თუ პოპულარიზაციაში. აღსანიშნავია, რომ ბლოგს ამ მოკლე ხანში საკმაო რაოდენობის ვიზიტორი გაუჩნდა.

ვინ არის რეპეტიტორი?

0

ყველა დიდი მოაზროვნე ოდესღაც მაინც იყო მასწავლებელი, ან მასწავლებლობამ უბიძგა მათ უფრო ღრმად ეფიქრათ, რადგან ადამიანის აღზრდა ის ფუნდამენტური სიკეთეა, რომელიც „ლესვაში არ სწორდება“ და ფაქიზ, დეტერმინირებულ და ამავე დროს, შემოქმედებით მიდგომებს მოითხოვს, სწორედ ამიტომ, მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაცია ოდითგანვე იყო პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული ინდივიდუალური მეთოდოლოგია და შედეგი, გამორჩეული შედეგი იმ შემთხვევაში დგებოდა, როცა მოსწავლეს ინდივიდუალური მწვრთნელი ჰყავდა ხოლმე.

ეს წესი, რასაც ჩვენთან რეპეტიტორობის ინსტიტუტს ვეძახით და რაღაცნაირად დაკნინებული და ვიტყოდი, გაუფასურებულიცაა (რადგან ფინანსურ ინტერესთან ასოცირდება და არა ცოდნის ტრადიციის გადაცემასთან), სათავეს უძველესი ცივილიზაციიდან იღებს, როცა მასწავლებელი მოსწავლეს განსაკუთრებულად (უფრო ზუსტია – ინდივიდუალურად) ზრდიდა. სოკრატე წვრთნიდა პლატონს, პლატონი არისტოტელეს და არისტოტელე მაკედონელს.

განათლებას თავისი რთული და საინტერესო ევოლუციური პროცესი აქვს, რომელიც ეპოქებისა და კულტურების მიხედვით საინტერესოდ ვითარდებოდა, ამ საკითხზე ძალიან საინტერესო ნაშრომები აქვთ დაწერილი მარკ ჯოიალს და იან მაკდუგალს, რომელთა OPUS Magnum-ად „რომაული და ბერძნული განათლება“ ითვლება.

ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა უძველესი ცივილიზაციების გამოცდილება ამ მიმართულებით და რაკი კლასიკური განათლების აკვნად მაინც საბერძნეთი მესახება, სწორედ ამ ნაწილით დავიწყებდი.

ძველ საბერძნეთში გოგონები და ვაჟები განსხვავებულ განათლებას იღებდნენ. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ქალებს რაიმე განსაკუთრებული ცოდნა არაფერში არგიათ და მთავარ გასაკეთებელს კაცებიც კარგად აუვიდოდნენ, ამიტომაც გოგონების განათლება ძირითადად ხელსაქმესა და პრაქტიკული გამოყენებით ცოდნაზე გადიოდა. მხოლოდ ძალიან შეძლებულ ოჯახებში დაბადებულ ქალებს შეეძლოთ და მასწავლებელი, ახლანდელი გაგებით, რეპეტიტორი შინ დაექირავებინათ.

მაშინდელ საბერძნეთში ოჯახის წევრებს და ალბათ თვითონ გოგოებსაც არ სჯეროდათ, რომ ნათელ გონებას სქესი არ აქვს და სრულებით შესაძლებელია დიდი მოაზროვნე ქალიც და კაციც ერთნაირად ყოფილიყვნენ.

ეს სეგრეგაცია მხოლოდ სქესის მიხედვით არ იყო, რადგან უმაღლესი და ძვირი განათლების მიღება არც იმ ბიჭებს შეეძლოთ, მათი მშობლები დაბალ სოციალურ ფენას რომ მიეკუთვნებოდნენ. მოკლედ, საუკეთესო განათლება მხოლოდ მდიდარი ბიჭების საქმე იყო.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში, პირველი, ვინც განათლების, როგორც ფუფუნების საგნის ცნება შემოიტანა საბერძნეთში, იზოკრიტე იყო. პლატონის თანამედროვე ეს უდიდესი მოაზროვნე და ბრძენი კაცი ხშირად საყვედურობდა თანამედროვეებს, რომ თქვე კაი დედმამიშვილებო, მოსწავლეებს უმთავრეს და უძვირფასეს მოცემულობას – სიბრძნეს ასწავლით და ამას ორ გროშად აკეთებთ. რანაირი სიბრძნეა კაცს ოქროს მოპოვება ასწავლო და შენ პურის ფული არ გქონდესო.
იზოკრიტე თვლიდა, რომ მხოლოდ იმ განათლებას მოაქვს შედეგი, სადაც მენტორი ფინანსურადაც და სულიერადაც კმაყოფილი და ძლიერიაო. მისი აზრით, მშიერი და აღსაზრდელის ოჯახის მიმართ შინაგანად უარყოფითად განწყობილი მენტორი კაი ვერაფრის მსწავლებელი იყო აღსაზრდელისთვის და ამას, ვიწროდ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

იზოკრიტე და მისი მიმდევრების მიერ შემუშავებულ საგანმანათლებლო სისტემას ბერძნებმა პაიდეია (Paideia) უწოდეს, რაც განათლების ღრმა ბავშვობიდან მიღებას (რამდენადაც ვიცი პაიდია ბავშვს ნიშნავს) გულისხმობდა.
იზოკრიტები თვლიდნენ, რომ ბიჭების სრული ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღება უნდა მოეხერხებინათ და ყველა ვაჟი უნდა ყოფილიყო მზად საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო და სამხედრო ტვირთი აეღო თავზე.

მაგრამ პაიდეას იდეა არ ეხებოდათ ქალებს, რადგან ძველ საბერძნეთშიც თვლიდნენ, რომ სახელმწიფო და სამხედრო საქმე ქალს არ ეხებოდა.

 

განათლების სისტემის სტანდარტი

როდესაც ჰომეროსის „ოდისევსი“ და „ილიადა“ დაიდგა, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები მოხდა, რადგან თანამედროვე პედაგოგებმა, თამასა კიდევ უფრო ასწიეს და ყმაწვილების განვითარება რაღაც კონკრეტული, დაწერილი სქემების მიხედვით დაიწყეს.

ოდისევსი, როგორც მოდელი, როგორც „ცოცხალი“ მაგალითი გმირობის, სამხედრო უნარების, საზრიანობისა და მორალური სიმტკიცისა უძველესმა ბერძენმა მენტორებმა იმთავითვე დანერგეს. ყმაწვილებიც, მისაბაძ ადამიანებად სწორედ მათ თვლიდნენ და არა რომელიმე თანამედროვე წარმატებულ მხედართმთავარს ან სახელმწიფო მმართველს.

ოდისევსის მსგავსი გმირის აღზრდას უბრალოდ ჭკვიანი ადამიანი ვერ მოახერხებდა, ამიტომ, ტრაგედიამ უდიდესი როლი ითამაშა განათლების მიცემისა და მიღების სისტემურ ჩამოყალიბებაზე. ძველ ბერძნებმა დაიწყეს ფიქრი, როგორი სკოლა შეექმნათ, სადაც ყმაწვილები ერთბაშად და ერთნაირად ჯანსაღად განვითარდებოდნენ და რა ასაკიდან უნდა მომხდარიყო „გმირების გამოჭედვა“.

ათენელებმა ეს ასაკი 16 წლიდან განსაზღვრეს, ეს იყო პირველი ნამდვილი საჯარო სკოლა და სწორედ ამ დროს იწყებოდა ბიჭის მამაკაცად გადაქცევის რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი.

რაკი ყველა ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ერთნაირი არ არის, ძველ ბერძნებმა აქაც საინტერესო სეგრეგაცია მოიფიქრეს, ათენის სკოლა თუ აქცენტს გონებრივ შესაძლებლობაზე აკეთებდა, სპარტის აღმზრდელები ყმაწვილებს სწორედაც რომ საპირისპიროდ, ფიზიკურად ავითარებდნენ. ამიტომაც, ითვლებოდა, რომ სპარტის სკოლაგამოვლილი ბიჭები, როგორც წესი მეომრები უნდა ყოფილიყვნენ და მათ, სახელმწიფო სადავეებთან არავინ მიუშვებდა.

თანამედროვე სამყაროში ალბათ ეს ერთგვარი დისკრიმინაცია იქნებოდა, მაგრამ ძველ ბერძნებმა იმთავითვე განსაზღვრეს ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა – შეიძლება განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ის არაფრისდიდებით უნდა გაუფასურდეს (უნებლიედ გაგვახსენდება 90-იან წლებში ლამის ყველა სადარბაზოში გახსნილი „უნივერსიტეტი“ და უმაღლესი განათლების სრულიად გაუფასურებული ცნება).

იმიტომ, რომ ძველი ბერძენი (და შეგვიძლია ეს ფორმულა თითქმის ყველა უძველეს ცივილიზაციას მოვარგოთ) განათლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამის სადემონსტრაციო მაგალითი ისაა, თუ როგორი რუდუნებით არჩევდნენ ისინი მასწავლებელს, ვისთვისაც შვილის აღზრდა უნდა მიებარებინათ. ასეთი პედაგოგი, როგორც წესი, ოჯახისთვის უახლოესი და სანდო ასაკოვანი მამაკაცი იყო, ვინც მოსწავლეს საზოგადოებისთვის სათნო ყველა სიქველეს ასწავლიდა, რაც იმ დროს იყო მიღებული.

მენტორისა და აღსაზრდელის ურთიერთობა არ იყო ფორმალური, მექანიკური და აღზრდის ეს წესი, მოგვიანებით ქრისტიანულმა კულტურამაც საუკეთესოდ შეითავსა (ერთი სული ზრდის ერთ სულს). იმისთვის, რომ შედეგი ყოფილიყო საფუძვლიანი და განათლება ხარისხიანი, მასწავლებელს მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდაზე და „მაცივრის გავსებაზე“ კი არ უნდა ეფიქრა, მისი საზრუნავი დაკისრებული პასუხისმგებლობის სრულყოფილად აღსრულება იყო, რაც, ცხადია, გაწეული შრომის ადექვატურ ანაზღაურებაში გამოიხატებოდა (ძნელია აქაც არ გაგვახსენდეს ჩვენი რეალობა, როდესაც „რეპეტიტორი“ ერთ ბავშვს რომ გაისტუმრებს, შეუსვენებლად მეორესთან გარბის ან შინ იღებს, რომ „მეტი მოასწროს“, რადგან სხვაგვარად, მისი ფინანსური უზრუნველყოფა ვერ მოხდება).

საინტერესოა, რომ აღზრდის ამგვარი სისტემა საქართველოსთვისაც არ უნდა ყოფილიყო უცხო და გაუგებარი „ზნენი სამამაცონის“  365 თავი (თავის დროზე სისტემურად თავმოყრილი კახაბერ ზარნაძის მიერ) სწორედ აღზრდის ამგვარ „მემკვიდრებითობას“ ეფუძნებოდა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, განა სპორტშიც, წარმატების მიღწევა ინდივიდუალურ წვრთნაზე არ დგას და როგორ შეიძლება მაიკ ტაისონი გამხდარიყო ის, ვინც გახდა, ბრუკლინის რომელიმე კრივის დარბაზში 50 მოყვარულთან ერთად რომ გაეგრძელებინა ვარჯიში?

ნეტარ ავგუსტინეს მტკიცედ სჯეროდა, რომ ეკლესიისთვის „ყრმა სულების“ მოძიებას თავდაუზოგავი და ინდივიდუალური შრომა ჭირდებოდა ბავშვებთან. იმისთვის, რომ საფუძვლიანად და სწორად აღვზარდოთ ჩვენი შვილები, საჭიროა მათთვის მეტი ინდივიდუალური დროის დათმობა, რაც შესაძლოა მთელი ცხოვრების მიძღვნადაც კი დაგვჭირდესო, ამტკიცებდა დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და პედაგოგი.

მართლაც ასეა. რასაც ზერელედ ვუდგებით და ვაუფასურებთ, ხშირად ნამდვილ ფასს ნამდვილად კარგავს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ე.წ. „რეპეტიტორის“ იდეის წინააღმდეგია, რადგან უმთავრესად ეს „ერთი სულის მიერ ერთი სულის აღზრდა“ ფინანსურ ტვირთად და განათლების სისტემისთვის ხელოვნურ ბარიერად აღიქმება, მაგრამ თუ საკითხს სხვა კუთხითაც შევხედავთ, იქნებ ღირდეს დაფიქრებად, რას აძლევს ერთი ზრდასრული ადამიანი მეორეს, როდესაც მისი აღზრდის პროცესში სრულადაა ჩართული?

ხშირად მახსენდება და არაერთხელ დამიწერია, რომ წერა მას შემდეგ დავიწყე, რაც წითელი ნავთქურით გამთბარ ოთახში თემქაზე, ჯერ კიდევ სტუდენტი გოგოს, ნატო ცერცვაძის დაუღალავი შრომის ესწავლებინა ჩემთვის ქართული ენა შრომამ შედეგი გამოიღო და მწერალი გავხდი. ან კიდეც ჩემი „რეპეტიტორის“ ზაურ გოგრიჭიანის შესახებ, გაყინულ თბილისში, მთელ თექვსმეტ სართულს რომ ამოივლიდა ხოლმე ფეხით (რათა მე, მოსწავლეს დრო არ დამეხარჯა სიარულში). განა ჩვენი მეცადინეობები მათემატიკური ამოცანების მექანიკური შესრულება იყო? რომ არა ეს უდიდესი პედაგოგი, არც კი ვიცი რა იქნებოდა ჩემი ცხოვრების მთავარი საფიქრალი.

ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.

ფიზიკისა და ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილი

0

მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს მოზარდების დაინტერესებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას. პედაგოგმა ინოვაციური, სახალისო, ინტეგრირებული გაკვეთილი თემატიკის შესაბამისად უნდა დაგეგმოს. ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას ბევრი დადებითი მხარე აქვს და ამაზე განათლების სპეციალისტები ხშირად საუბრობენ.

ზოგადად, ნებისმიერი საგანი კავშირშია რომელიმე სხვა მომიჯნავე საგანთან. მაგალითად, ფიზიკა და მათემატიკა; ქიმია და ბიოლოგია. სასურველია, მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილოს ასეთ საკითხებზე და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა მოსწავლეებს ესაუბროს მეცნიერებაზე, როგორც ერთ დიდ მთლიანობაზე. განსაკუთრებით საინტერესოა განსხვავებული საგნობრივი მიმართულების საკითხების ინტეგრაცია. ასეთი ტიპის გაკვეთილები მოსწავლეს ახალისებს, აღაფრთოვანებს. შესაბამისად, სასწავლო პროცესისადმი ინტერესიც ეზრდება.

გაგაცნობთ ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს ფიზიკასა და ისტორიაში. აქვე, მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის  სსიპ წალკის N1 საჯარო სკოლის ისტორიის წამყვან მასწავლებელს, მარეხ წერედიანს.

გაკვეთილის თემა: ფიზიკა წონასწორობა

                   ისტორია როგორ იყოფდნენ ძალაუფლებას შუა საუკუნეებში ქრისტიანული ეკლესია და სახელმწიფო

გაკვეთილის მიზანი:

სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის დისციპლინების ინტეგრირება

ფიზიკა – მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის წონასწორობის პირობების ცოდნა;
  • სხეულთა მდგრადი წონასწორობის პირობებზე, საყრდენი წერტილისა და ბრუნვის ღერძის მქონე სხეულების შემთხვევაში;
  • რა არის ტემპერატურა და რას ნიშნავს სითბური წონასწორობა;
  • სხეულთა (სისტემების) წონასწორობის პირობების კავშირზე სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან.

 ისტორია – მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს:

  • პაპების ძალაუფლებასა და მასთან დაკავშირებულ რელიგიურ თუ სხვა მოტივებზე;
  • პაპებისა და რომის იმპერატორების ურთიერთდამოკიდებულების საკითხებზე;
  • პაპსა და იმპერატორს შორის ორი ძალაუფლების გამიჯვნაზე (ძალაუფლების წონასწორობა).

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი:

მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დაკვირვების, აღწერის, შედარების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის უნარ-ჩვევებს.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან ფიზიკაში:

ფიზ. საბ. 1. მატერიის დახასიათება მისი ფიზიკური თვისებების მიხედვით;

ფიზ. საბ. 4. ფიზიკური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევის (ცდა, ექსპერიმენტი) დაგეგმვა (ჰიპოთეზების შემუშავება, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, კვლევის პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა);

ფიზ. საბ. 11. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება;

ფიზ. საბ. 12. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან ისტორიაში:

ისტ. საბ. 7.  ისტორიული ეპოქის მახასიათებლების (სოციალურ-კულტურული განვითარება, რელიგია და მსოფლმხედველობა, სახელმწიფოებრივი განვითარება და პოლიტიკა) გამოყოფა, ეპოქის უნიკალურობის ჩვენება;

ისტ. საბ. 8. ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დანახვა/შეფასება კონკრეტულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის თვალით;

ისტ.საბ. 10 ქვეყნის წარსულის აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრება.

გაკვეთილის მსვლელობა:

ინტეგრირებული გაკვეთილის იდეის ფორმულირება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეების მომზადება ინტეგრირებული გაკვეთილის იდეის განსახორციელებლად.

აქტივობის აღწერა: ფიზიკის მასწავლებელი იწყებს საუბარს დაგეგმილი ინტეგრირებული გაკვეთილის იდეისა და განხორციელების გზების შესახებ. განმარტავს, რომ გაკვეთილი არის შემაჯამებელი ხასიათის და ეყრდნობა ფიზიკასა და ისტორიაში მიმდინარე სასწავლო წელს განხილულ საკითხებს. კონკრეტულად:

ფიზიკა – წონასწორობა; სითბური წონასწორობა;

ისტორია – როგორ იყოფდნენ შუა საუკუნეებში ძალაუფლებას ქრისტიანული ეკლესია და სახელმწიფო.

მასწავლებელი აზუსტებს, რომ მოგვიანებით გაიხსენებენ  სხეულთა (სისტემების) წონასწორობის სახეებსა და პირობებს. მანამდე კი საუბრობს წონასწორობაზე, როგორც უფრო ფართო ცნებაზე. განმარტავს, რომ ამ ტერმინს იყენებენ როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. არსებობს თერმოდინამიკური,  ქიმიური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, პოლიტიკური წონასწორობა. სწორედ ამიტომ ვატარებთ ისტორიასთან ინტეგრირებულ გაკვეთილს.

მასწავლებელი აკონკრეტებს, რომ მეტად საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულების თემატიკის ინტეგრაცია, რაც კიდევ უფრო დაგვარწმუნებს მეცნიერების იდეაში, ემსახუროს ზოგადად კაცობრიობის განვითარებას.  დანაწევრებულად სხვადასხვა საგნის დასწავლა ემსახურება სწორედ აზროვნებისა და მეცნიერების, როგორც ერთი მთლიანის სისტემის სრულყოფას.

ნასწავლი მასალის გააქტიურება ფიზიკაში

აქტივობის მიზანი ცოდნის კონსტრუირება

აქტივობის აღწერა:  ფიზიკის მასწავლებელი უკვე ნასწავლი საკითხის ირგვლივ სვამს განმამტკიცებელ შეკითხვებს. ინტერესის გაღვივების მიზნით პრეზენტაციის საშუალებით წარმოადგენს ნიუ-იორკში  432 პარკ ავენიუს ფოტოს და ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ირხევა ეს უზარმაზარი შენობა. მოსწავლეების ჩართულობით აზუსტებს, რომ ასეთი რხევები სულაც არ არის საშიში.

ფიზიკის მასწავლებელი კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში განიხილავს არამბრუნავი და მბრუნავი სხეულის წონასწორობის სხვადასხვა მაგალითს. მოსწავლეები ასახელებენ წონასწორობის სახეებს, მათი არსებობის პირობებს. თითოეულს განმარტავენ  ძალების ტოლქმედისა და ენერგიის მუდმივობის კანონის საფუძველზე. აქცენტს აკეთებენ იმ მომენტზე, რომ ბრუნვითი მოძრაობის შემთხვევაში სხეულის წონასწორობისთვის არ არის საკმარისი, რომ მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი ნულის ტოლი იყოს.

 მოსწავლეები საუბრობენ ბრუნვითი ღერძის მქონე სხეულის წონასწორობაზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში, ასევე სიმულაციების საშუალებით მსჯელობენ სხვადასხვა ფორმის სხეულის წონასწორობის პირობებზე.

გაკვეთილზე  მოსწავლეები წარმოადგენენ შემდეგ მინი-პრეზენტაციებს:

  1.  პიზის კოშკის შესახებ;
  2. როგორ ახერხებს მაიკლ ჯექსონი დახრას ისე, რომ წონასწორობას არ კარგავს.

ასევე, წარმოადგენენ მოდელს შენობის ან რაიმე სივრცული სხეულის წონასწორობის პირობებზე.

შემდეგ ფიზიკის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება სითბური მოვლენების შესახებ და სვამს კითხვებს:

  • რა არის ტემპერატურა?
  • რას ზომავს თერმომეტრი?
  • რას ნიშნავს და როგორ მყარდება სითბური წონასწორობა?

კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები აზუსტებენ, რომ სითბური წონასწორობის დასამყარებლად სისტემაში შემავალ სხეულთა ტემპერატურა ერთმანეთს უნდა გაუტოლდეს.

ბოლოს ფიზიკის მასწავლებელი ამთლიანებს განხილულ საკითხებს – მექანიკური წონასწორობის დროს სხეული ინარჩუნებს სიჩქარეს, სითბური წონასწორობის დროს კი სხეულების ტემპერატურა უცვლელია. შემდეგ აზოგადებს საუბარს წონასწორობის შესახებ – სად ვიყენებთ ან შეიძლება შეგვხვდეს სიტყვა – წონასწორობა.

აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის:

მოსწავლე წარმოადგენს მოდელს შენობის ან რაიმე სივრცული სხეულის წონასწორობის პირობებზე.

ნასწავლი მასალის გააქტიურება ისტორიაში

აქტივობის მიზანი: ნასწავლი საკითხების ირგვლივ მსჯელობა, განმტკიცება და ცოდნის კონსტრუირება.

აქტივობის აღწერა: ისტორიის მასწავლებელი სვამს კითხვებს უკვე ნასწავლი საკითხების ირგვლივ, რაშიც ერთვებიან მოსწავლეები.

მასწავლებელი და მოსწავლეები კითხვა-პასუხისა და განხილვის რეჟიმში ისაუბრებენ პაპების ძალაუფლებისა და ავტორიტეტის განმაპირობებელ მიზეზებზე.

მოსწავლეები განიხილავენ ორი ძალაუფლების გაწონასწორებას და მის შედეგებს (პაპის ძალაუფლება და იმპერატორის ძალაუფლება).

შემდგომ ამისა, ორი მოსწავლე წარმოადგენს პაპსა და იმპერატორს (შესაბამისი გვირგვინებით) და შესაბამისი წყაროების საფუძველზე წარმოადგენენ კლასის წინაშე იმპერატორისა და პაპის შეთანხმებას, რომელიც ეხება მათ შორის ორი ძალაუფლების გამიჯვნას. როლური წარმოდგენის შემდეგ, მოსწავლეები დაფაზე გაკრულ რესურსზე (ფორმატის ქაღალდზე მოსწავლის მიერ შესრულებული ნახატი: სასწორი, რომლის ერთ მხარეს პაპის ტიარაა გამოსახული, მეორეზე კი იმპერატორის გვირგვინი), სასწორის პინაზე, ჩამოწერენ იმ ვალდებულებებსა და უფლებებს, რომლებიც გაინაწილეს იმპერატორმა და პაპმა და ამით მათ გამიჯნეს და გააწონასწორეს მათი ძალაუფლება.

დასასრულ მოსწავლეები ამ ისტორიული სიტუაციას თანამედროვეობას ადარებენ.

აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის: სსსმ მოსწავლე წარმოადგენს თავის მიერ შექმნილ ვიზუალურ სასწავლო რესურსს (პაპის ტიარა და იმპერატორის გვირგვინი).

შეჯამება შეფასება

აქტივობის მიზანი: მასწავლებლების მიერ გაკვეთილის შეჯამება/შეფასება, მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვა და ეფექტური უკუკავშირის მიწოდება. მოსწავლეთა უკუკავშირი – გასასვლელი ბილეთი.

აქტივობის აღწერა: ფიზიკისა და ისტორიის მასწავლებლები აფასებენ მოსწავლეთა ჩართულობას და მოსწავლეებს  განმავითარებელ  შეფასებას აძლევენ.

უკუკავშირის მიღების მიზნით სთხოვენ მოსწავლეებს, შეავსონ გასასვლელი ბილეთები, რომლებსაც პრობლემების ხეზე გააკრავენ.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შეეძლებათ მსჯელობა სხეულთა მდგრადი წონასწორობის პირობებზე. ამოიცნობენ, რა შემთხვევაში იქნება წონასწორობაში დამაგრებული ბრუნვის ღერძის მქონე სხეული, როცა მასზე რამდენიმე ძალა მოქმედებს. ახსნიან, რა არის ტემპერატურა და რას ნიშნავს სითბური წონასწორობა.

დაახასიათებენ და ერთმანეთს შეადარებენ პაპებისა და იმპერატორების ძალაუფლებას.  იმსჯელებენ სახელმწიფოსა და რელიგიურ ინსტიტუციას შორის არსებულ დაპირისპირებასა თუ თანამშრომლობაზე. პარალელს გაავლებენ თანამედროვეობასთან.

ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარება მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ინტერესის გასაღვივებლად სასწავლო დისციპლინების შესასწავლად. მოსწავლეებს უვითარდებათ როლურ თამაშებში მონაწილეობის უნარ-ჩვევები. იაზრებენ, რომ სისტემატური მეცადინეობით იოლად მოახერხებენ ასეთ ინოვაციურ გაკვეთილებში აქტიურად ჩართვას და გაკვეთილის იდეების გააზრებას, რაც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების ხელშემწყობი პირობაა.

 

მსუქანი წინადადებები

0

შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში სასწავლო საგნების ერთ-ერთი ციკლი, ტრივიუმი, მოიცავდა სამ დისციპლინას: გრამატიკას, დიალექტიკასა და რიტორიკას.

„რიტორიკა – მჭევრმეტყველების თეორია; მეცნიერება ორატორული ხელოვნების შესახებ;

არგუმენტაციის ფორმა; საუბრის კონკრეტული ფორმების გამოყენება მეორე ადამიანისთვის შენი აზრის ვალიდურობისა და უპირატესობის დასამტკიცებლად“.

 

რა შემთხვევაში ჰყავს ორატორს ბევრი მსმენელი?

პასუხი მარტივია, როცა ის საინტერესოდ და გასაგებად საუბრობს.

 

სამწუხაროდ, მოსწავლეები ზეპირმეტყველების ან წერითი დავალებების შესრულების პროცესში, ხშირად, მარტივ, მოკლე ფრაზებს იყენებენ. შესაბამისად,  მათი საუბრით მსმენელი ნაკლებად ინტერესდება. ასევე არ უსმენენ ისინი სხვების მონათხრობს, როცა მთხრობელი ვერ ფლობს ლამაზად საუბრის ხელოვნებას.

 

ჩემს მეექვსეკლასელებს პერიოდულად ვაძლევ დავალებას, წინასწარ შერჩეული ან სასურველი თემატიკის გამოყენებით დაწერონ მცირე მოცულობის მოთხრობა ან ზღაპარი. გულწრფელად მიხარია, როცა ვხედავ, დღითიდღე როგორ აუმჯობესებენ ბავშვები ნამუშევრებს, თუმცა, ურთიერთშეფასების პროცესში მესმის:

 

  • კარგად გადმოსცემ ამბავს, მაგრამ თითქოს „მარილი აკლია“…
  • „მსუქანი წინადადებები“ სად არის?..
  • კარგად გიწერია, მაგრამ ნამუშევარში არ ჩანს „მწერლის ენა“…

 

ყოველთვის მიხარია და ღიმილს მგვრის „პატარა დიდების“ მიერ გაკეთებული სწორი დასკვნების მოსმენა, მაგრამ, უფრო მეტად სასიხარულოა, როცა მოსწავლეებს მართლაც გათავისებული აქვთ მწერლის ენა და მათი ლექსიკური მარაგი არ შემოიფარგლება მწირი სიტყვებით და ამბავი გადმოცემულია  „მსუქანი წინადადებებით“.

 

უამრავი სტრატეგია არსებობს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად.

 

გთავაზობთ  მარტივ, სახალისო და საინტერესო სტრატეგიას, რომელიც პირველ კლასშიც შეგვიძლია შევთავაზოთ მოსწავლეებს.

თავდაპირველად, დაფაზე/ეკრანზე განვათავსებთ ერთი კონკრეტული სიტყვის შესაბამის ილუსტრაციას და მოსწავლეებს ვეკითხებით:

– რას ვხედავთ დაფაზე/ეკრანზე?

– გთხოვთ, შეადგინეთ ამ სიტყვის გამოყენებით წინადადება.

ძირითადად, პირველი-მეორე კლასების მოსწავლეები წერენ 3-4-სიტყვიან წინადადებებს.

– მე მარწყვი მიყვარს.

– მარწყვი ძალიან გემრიელია.

შეიძლება რამდენიმე ასეთიც იყოს:

– დედამ მარწყვის ნამცხვარი გამოაცხო.

 

ამ აქტივობის დასრულების შემდეგ, გრაფიკული სქემის დახმარებით მოსწავლეებს ვთხოვთ, დამხმარე კითხვების საშუალებით გაიხსენონ მარწყვის მახასიათებლები:

– რა ფერის არის მარწყვი?

– როგორი გემო აქვს?

– ხილია თუ ბოსტნეული?

– სად უნდა დავრგოთ?

– კიდევ სად გინახავთ მარწყვი?

– რომელ სეზონზე მწიფდება?

 

შემდეგ დაფაზე/ეკრანზე თანდათან ვამატებთ ილუსტრაციებს:

 

თითოეული ილუსტრაციის დამატების შემდეგ დავსვამთ შესაბამის კითხვას:

– რა არის ეს?

– სად გინახავს?

– როგორ კეთდება?

– შენ რას დაამატებდი კიდევ?

– რატომ გიყვარს?

– როგორ უნდა გავაშენოთ ბაღი?

– რა განსხვავებაა პირველ და მეორე ილუსტრაციას შორის?

– რა მსგავსებაა?

-კიდევ რისი მომზადება შეიძლება მარწყვისგან?

 

შენიშვნა: ონლაინსწავლების პროცესში ბევრად  მეტი რესურსის მოძიებაა შესაძლებელი.

ამ აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ, ილუსტრაციები ერთმანეთთან დააკავშირონ და შეადგინონ „მსუქანი წინადადებები“. ცხადია, ამ ეტაპზეც ვეხმარებით დამაზუსტებელი კითხვებით.

მაგ: „- მე კოკა-კოლა მიყვარს, მაგრამ დედა მეუბნება, რომ მარწყვის წვენი უფრო სასარგებლოა“.

 

 

 

„- ჩემს დაბადების დღეზე ძალიან ლამაზი მარწყვის ტორტი მომართვეს“.

 

„- სოფელში მარწყვი დავრგეთ და დიდი ბაღი გავაშენეთ“.

 

 

,,-მარწყვი დავკრიფეთ, კალათა გავავსეთ და  გემრიელი მურაბა გავაკეთეთ.’’

 

და ასე შემდეგ, მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა ილუსტრაციის ერთმანეთთან დაკავშირება-გასიტყვებას და  მრავალფეროვანი წინადადებების შედგენას.

 

ცხადია, აღნიშნული სტრატეგია განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის მარტივი და თანმიმდევრული მეთოდი მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად,  ზეპირმეტყველებისა და წერითი უნარების გასავითარებლად.

 

მომდევნო კლასებში, ასაკის შესაბამისად,  ილუსტრაციების რაოდენობას გავზრდით და ასე დაიწყებენ ჩვენი მოსწავლეები „მსუქანი წინადადებებით“ საინტერესო, პატარა ამბების შეთხზვას, შემდეგ ისწავლიან საკუთარი მოსაზრების არგუმენტებით დასაბუთებას და ჩამოყალიბდებიან კარგად მეტყველ მოსაუბრეებად.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...