კვირა, მაისი 4, 2025
4 მაისი, კვირა, 2025

ესმა ონიანის მითოლოგიური აჩრდილები

0

„სვანური ქუდით მზე მოჰქონდა ესმა ონიანს…“

                                                 ჩემი ერთი სონეტიდან

 

ესმა ონიანი ჩემს ცხოვრებაში ბავშვობაში, ფერწერით შემოვიდა. ქართველი მხატვრების რუსულენოვანი ალბომი მქონდა, სადაც თითო მხატვარი თითო ნამუშევრით იყო წარმოდგენილი. მახსოვს, სხვების რამდენიმე ნახატთან ერთად, განსაკუთრებით მომწონდა ალბომში შესული, ესმას დახატული გურამ რჩეულიშვილის პორტრეტი. მაშინ მკვეთრად რეალისტურ ფერწერას ვანიჭებდი უპირატესობას და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მიიქცია ამ პორტრეტმა ჩემი ყურადღება, წესით არაფრით არ უნდა მოვეხიბლე ალისფერ-ნარინჯისფერში ბუნდოვნად მოლივლივე სახეს  და ათლეტური ტორსის (როგორადაც გურამი წარმომედგონა) ოდნავ პრიმიტივისტულ კონტურებს. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ძალიან მომწონდა, ის კი არა, გუაშით ასლიც კი გავაკეთე. მოწონების მიზეზი ან ის ძალა იყო, რომელიც დიდ მხატვრობას გააჩნია და ჯიუტ ნებელობას წამში აცამტვერებს, ან – თვითონ გურამის ფაქტორი, ან – ორივე ერთად. ყოველ შემთხვევაში, ესმა ონიანის ძებნა დავიწყე საბჭოთა ენციკლოპედიაში იმ იმედით, რომ სხვა ნახატებსაც ვიპოვიდი (მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ლექსებსაც წერდა), მაგრამ არ იყო. არადა, თითქოს რატომ არ უნდა ყოფილიყო 1984 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში, სადაც თითქმის ყველაა შესული, ვისაც, სხვადასხვა სფეროში, თითი თითზე დაუკარებია. ესმას კი მაგ დროისთვის თავისი საუკეთესო ნახატები და ტექსტები უკვე შექმნილი ჰქონდა. ამ იგნორის მიზეზი, ცხადია, მის ცხოვრების წესში და შემოქმედებით პრინციპებში უნდა ვეძიოთ. კომუნისტური რეჟიმის მთავარი პრინციპი, რომ რაც კომუნისტური არ არის, ყველაფერი ანტიკომუნისტურია, მის შემოქმედებაზეც ვრცელდებოდა. მის ლექსებში და ნახატებში დისიდენტური არაფერია, მაგრამ ვერც მაგ პერიოდის მთლიან, საბჭოთა ხელოვნების და ლიტერატურის მოზაიკაში მოათავსებ. ცხადია, იყვნენ გამონაკლისებიც და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ესმა ონიანი რომ მარგინალიზებული იყო, ფაქტია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ ჰქონდა. პირიქით, როგორც ოთარ იოსელიანი იხსენებს ერთგან, მისი სახელოსნო იყო სივრცე, სადაც მხატვრები, მწერლები და რეჟისორები იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, დროს ატარებდნენ და ა. შ.

ქართულ ლიტერატურას ახსოვს მწერლები, რომლებიც წერასთან ერთად, თავისუფალ დროს, ხატავდნენ კიდეც, მაგალითად: გალაკტიონი, ტერენტი გრანელი, ლადო ავალიანი, მიხეილ ქვლივიძე… ესენი, ვინც უცებ გამახსენდა, თორემ დარწმუნებული ვარ, სხვებიც იქნებიან. მაგრამ ისეთი, ვინც პროფესიულად მისდევდა ორივე ხელობას, მხოლოდ ორი იყო: ესმა ონიანი და კარლო კაჭარავა.

როცა მრავალმხრივ ადამიანებზე ამბობენ, რომ მათი შემოქმედება ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ, ეს არის ერთგვარი კომპრომისი, ამით, ქარაგმულად, იმას უსვამენ ხაზს, რომ ცალკეულ სფეროებში ისინი სათანადო სიმაღლისანი ვერ იყვნენ. ესმას და კარლოს შემთხვევაში ეს ასე არ არის. მათი პოეზიაც და მხატვრობაც ცალ-ცალკე შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამოუკიდებელი, დასრულებული ღირებულებები. შეიძლება, არ ვარ მართალი, მაგრამ ნერვები მეშლება ხოლმე, როცა ესმას ან კარლოს მთელი შემოქმედების რეპრეზენტირება სინქრონულად ხდება ხოლმე ერთ სივრცეში: გამოფენასთან ერთად ლექსებს კითხულობენ და ა. შ. მათ შემოქმედებას დასაბალანსებელი არაფერი სჭირს.

რამდენადაც ურბანისტულია ესმა ონიანის მხატვრობა, თავისი კოლორიტული პორტრეტებით თუ ქალაქური პეიზაჟებით, იმდენადვე ბევრშრიანია მისი პოეზია: აქ არის ყოფითი და ფერწერული თემატიკა, რელიგიური მოტივები, თითქმის ყველაფერი, რაზეც პოეტი შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მძლავრი მაინც მითოსური და ფოლკლორული მოტივებია. ვაჟა-ფშველას მერე ვერ ვიხსენებ სხვა პოეტს, ვინც მითოსი და ფოლკლორი, ეს ორი უმდიდრესი საბადო, ასე სისტემურად და თანმიმდევრულად გარდაქმნა ორიგინალურ პოეზიად. თუმცა ესმას შემთხვევაში არ ხდება ლოკალიზება ეროვნულ საზღვრებში. არქაისტული თემატიკის ლექსებში ხან სვანები უმღრიან მზეს, ხან შუმერები აღავლენენ ლოცვას აბზუსადმი, ხან მოქანდაკე მიმართავს ნეფერტიტს და ა. შ.

ტექნიკური ბრწყინვალება ესმა ონიანს ნაკლებად აინტერესებდა. აშკარაა, რომ ვერც ფლობდა ვირტუოზულად ვერსიფიკაციას, მაგრამ ეს მის პოეზიაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. წერდა კონვენციურ ლესებსაც, თავისუფალ ლექსებსაც და გარდამავალ ლექსებსაც, სადაც ორივე ფორმა ერწყმის ერთმანეთს.  მის ამ ტიპის ლექსებში ხშირად რიტმი უხეშად ირღვევა, გადადის პროზაულ დინამიკაში, მაგრამ ავტორი ამ ყველაფრის კომპენსირებას სპორადული რითმებით ახდენს, რომლებიც, წამიერი ამოვარდნის შემდეგ, ისევ პოეზიაში გაბრუნებენ.

ხშირად გამოუთქვამთ გულისტკივილი, რომ ესმა ონიანი არ არის სათანადოდ დაფასებული. მე ამას ვერ დავეთანხმები. ვისაც უყვარს პოეზია, შეუძლებელია, ესმას ლექსებს არ იცნობდეს, სიყვარულით კი ისინი ყველას ვერ ეყვარება, ისინი ვერაფრით გახდებიან საყოველთაონი. ესმას პოეზიის გადაფასებას და დაფასებას ინტერნეტმაც შეუწყო ხელი. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ის ერთგვარი ფემინური კულტიც კი გახდა დამწყები პოეტი გოგონებისთვის. ხოლო, ჩემთვის რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა ვხედავ, რომ ჩემს საყვარელ პოეტს კითხულობენ და აფასებენ.

ქირსე (საშობაო ჩანაწერები)

0

1.

თხუთმეტი წუთით მოვიდა ბებიაჩემი. შვიდი კილომეტრი გამოევლო 1993 წლის უტრანსპორტობაში ცაიშიდან ქალაქამდე. რძე და პური მოგვიტანა. რედიკული გახსნა და შოკოლადი ჩამოგვირიგა მე და ჩემს ძმას. არა, ვერ დავრჩები, სოფელში მეჩქარება, საქონელი და ქათმები გარეთ დამრჩებიანო.

 

2.

თამუნა და თამთა – ჩემი ბიძაშვილები – ცაიშის ტაძრის დეკანოზმა ამირან შენგელიამ მონათლა ჩვენთან, სოფლის სახლში. არ ვიცი, რატომ არ წავედით ეკლესიაში იმ გაგანია 1995-ს, მაგრამ ნათლობის და შემდგომ პურობის სცენები სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ზამთარი იყო, გარეთ ციოდა, მისაღები ოთახის შუაში დიდი ტაშტი იდგა და სანთლებით განათებულ ოთახში მღვდელი უჩვეულო, მაგრამ თითქოს ძალიან მშობლიურ სიტყვებს ამბობდა; სტუმრები რომ შექეიფდნენ და ახმაურდნენ, ბაბუაჩემის ალალი ბიძაშვილი, ხარიტონ (ხიხუ) კვარაცხელია გამოიჭრა ოთახის შუაგულში, ხელები გაშალა და ეტყობა ზამთრის სიცივისგან შეწუხებულმა, რეჩიტატივი ჩაუფინა თავის როკვას:

„გაზაფხულდა, ვესნა დადგა,

ცაში ტოროლა ლეტაეტ,

გლეხი გამოდის ყანაში

და ოჩენ ხარაშო რაბოტაეტ!“

იმ დღეს „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“ სულ ზეპირად ჩავაბულბულე. დროდადრო ბაბუაჩემის ამაყ სახეს გავხედავდი და მამა ამირანის კეთილი მზერაც შემომხვდებოდა ხოლმე. გამოსვლა რომ ჩავამთავრე, მოძღვარი წამოდგა, პატარა, ულამაზესი სანაწილე გახსნა, ვერცხლისფერი ჯვარი ამოიღო და გამომიწოდა.

 

3.

მუსტა ქირიას წისქვილში სიმინდი მიმაქვს შობის წინადღეს. რიგია. ურიკა გარეთ დავტოვე და ტომარამოკიდებული შევედი წისქვილში. ჩამოსაჯდომი ვიპოვნე. ჯერ ადრეა. შუახნის კაცები და ქალები ლაპარაკობენ ხმამაღლა, მეწისქვილეც გაეპასუხება ხოლმე. ზოგი მეცნობა, სიტყვებს და სახეებს ვიმახსოვრებ. მეც გამომხედავენ, წამით ჩამაკვირდებიან და ლაპარაკს აგრძელებენ წისქვილის დგანდგარში. ტომარა ტომარას ცვლის, ხვიმირაში იცლება სიმინდი და ქათქათა ფქვილად ავსებს ცოტა ხნით დაცარიელებულ ტომრებს. თვალს ვხუჭავ. დგანდგარი – ღრიანცელი – სიმინდის უხეშად ჩაცლის მომნუსხველი ხმა. ძილში მივიპარები. ისეთი თბილი და სასურველია, ჩემს საყვარელ ზღაპრებში რომ წამიკითხავს. „მიშ რექ, ძიე, სი?“ საიდანღაც ჩამესმის, მაგრამ აღარ მინდა მობრუნება, პასუხისთვის თავის შეწუხება აღარ მინდა, მით უფრო, რომ თვითონვე არკვევენ, ვინ ვარ, – „ვითაართ-ვთოჟირ წანერ ქიუაფუ“ – არა, ცამეტი წლის ვარ-მეთქი, მინდა დავაზუსტო, მაგრამ ძილი და წისქვილის დგანდგარი არ მეთმობა, როგორც თბილი და სუსხშეუღწეველი ლოგინი.

 

4.

ერთხელაც იყო, მაყვალა არქანია – ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის კოლორიტული თანამშრომელი – განაწყენებული დამხვდა. ღონისძიებას რომ ატარებ და თბილისიდან სასახელო ხალხი ჩამოგყავს, აქ იქნება თუ სხვაგან, ქალაქში, იცოდე, მე არ უნდა გამომტოვო, შენი არავიზე ნაკლები გულშემატკივარი მე არა ვარო. დამირეკე ან დააბარე ვინმეს, – მითხრა და თვალები დამიბრიალა, – თორე ხომ იცი, წყენა პატარიდან იწყება. – ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რომ მომიბრუნდა და ღიმილიანი გაბრაზებით მოაყოლა, – თქვენ ვინა ხართ საერთოდ, ამხელა კაცი, ამერიკის ელჩი იყო ჩამოსული, გულში ჩამიკრა და მაკოცაო.

„ტეფტიქ მაჯუნუ“ – რამდენჯერაც გამახსენდება და გავიცინებ, წამში სევდა და სინანული შემომაწვება ხოლმე, ბიბლიოთეკაში მისული ქალბატონ მაყვალას რომ ვერასოდეს შევხვდები.

5.

ლუკას სახარების ფერადი გამოცემიდან გაგიცანი. წერა-კითხვა რომ ვისწავლე, იმდროინდელი ამბავია. ყოველ შობას და აღდგომას შუქს რომ ჩართავდნენ და ორი დღე არ ქრებოდა, შენზე გადაღებულ ფილმებს ვიყავი დადარაჯებული. გამოსახულებებს ვადარებდი წიგნებში თუ ჟურნალ-გაზეთებში ნანახს, მოგვიანებით კი უკვე ტაძრის კედლებზე აღმოჩენილს. ერთადერთი ხარ, ვისაც ყველა მარცხის, გაჭირვების, უიმედობისა და დაცემისას მოვუხმობ და მხოლოდ იმ სიტყვებს ვიმეორებ, დიდი ხნის წინ რომ მირჩია და მასწავლა ბებიაჩემმა – „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ვიმეორებ, ვიმეორებ, ვიმეორებ. დაუსრულებელ დღეთა განსაცდელში თავჩარგულმა ისე შეგიყვარე, რომ სინანულით ვიხსენებ ყველა იმ წუთს, როცა ბედნიერებითა და სიხარულით რეტდასხმულს დამვიწყებიხარ, ჩემად გამისაღებია ის, რაც მომენიჭა. შენ უწყი, შენ ჩვენი გულების მეუფე ხარ და იცი იმათი მოსახვევები, იმათი ფეთქვის აზრი და საიდუმლო, ამიტომ გევედრები, მიიღო ლოცვა, ჩემი ლოცვა, წრფელი და დაჩეხილი, როგორც ჩემი ფიქრის ფთილები. მიიღო და მადლით აავსო. ბეთლემის ბაგაში შობილო იესო ქრისტე, გაძლება და გადარჩენა მასწავლე.

სამი საშობაო მოთხრობა

0

ყველა რელიგიურ დღესასწაულში ყოველთვის სიკეთის, სიყვარულისა და თვითჩაღრმავების იდეაა ჩადებული, მაგრამ ალბათ თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ყველაზე, ყველაზე კეთილი დღესასწაულია შობა. ქრისტეს შობა ასოცირდება მოწყალებასთან, სიკეთესთან, ცვლილებებთან, სიახლეებთან.

მეცხრე კლასის ლიტერატურის პროგრამით გათვალისწინებულია ნიკო ლორთქიფანიძის იმპრესიონისტული ჩანახატები, მინიატურული პროზის შედევრებად აღიარებული „საშობაო მინიატურები“, რომლებიც არასდროს კარგავს აქტუალობას. ეს ჩანახატები ბავშვებს დააფიქრებს სიკეთის, ნოსტალგიის, თანალმობის, ეროვნული თვითშეგნების უკვდავ თემებზე. ამავე დროს შეუძლებელია მასწავლებელმა ამ ტექსტებზე მუშაობის პროცესში ლიტერატურული პარალელების სახით არ ჩართოს შობის თემებზე შექმნილი პარალელური ტექსტები.

ჩვენ მიერ მოძიებულ საშობაო ტექსტებს შორის ბავშვებმა რამდენიმე გამოარჩიეს და სინთეზირების უნარების განსავითარებლად გამოვიყენეთ შემდეგი ნაწარმოებები: ვაჟა-ფშაველას პოემა „საშობაო ამბავი“ და მისივე „საშობაო მოთხრობა“, სადაც მწერალმა ფშავის ეთნოგრაფია გააცოცხლა, თეოდორ დოსტოევსკის უსაზღვრო ტრაგიზმით ნასაზრდოები „საშობაო მოთხრობა“, ჩარლზ დიკენსის საშობაო მოთხრობების სერიის შედევრი „საშობაო სიმღერა“, ო’ჰენრის ცნობილი ნოველა „საშობაო საჩუქარი“ და პოლ ოსტერის „ოგი რენის საშობაო ამბავი“.

„ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი!“ – იტყვის ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერის“ გმირი, წრიპა ტიმ კრაჩიტი და მოთხრობაც ამ ფრაზით დასრულდება. დიახ, ყველა ეპოქის მხატვრული ტექსტების მთავარი თემა ყოველთვის იყო, არის და იქნება – ადამიანი! თავისი ვნებებით, მშვენებით, დაცემით, აღდგომით… ტიმ კრაჩიტისთვის შობა იმედისა და რწმენის დღეა, ადამიანთა გაკეთილშობილების დღეა, ამ იმედით ეუბნება ის მამას: „იმედი მაქვს, ხალხმა ეკლესიაში დამინახა და რადგან ხეიბარი ვარ, ჩემს შემხედვარეს, ამ შობა დღეს გაახსენდებოდათ ის, ვინც დავრდომილებს ფეხზე აყენებდა და ბრმებს თვალს უხელდა“…

„ხანდახან რა სჯობია ბავშვად ყოფნას და როდის, თუ არა შობას, რომლის უძლეველი დამფუძნებელიც ბავშვი იყო,“ – გვეტყვის ჩარლზ დიკენსი „საშობაო სიმღერაში“. ამ სიტყვებმა შთაგვაგონა მე და ჩემი მოსწავლეები, როცა საშობაო ტექსტების ესთეტიკასა და მოტივებზე ვსაუბრობდით.

ამ წერილში საუბარი გვექნება ონლაინ-გაკვეთილებზე საკლასო დისკუსიების თემატური ვარიაციების გარშემო საშობაო ტექსტებთან მიმართებაში. ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურების“ პროლოგად და ეპილოგად გვევლინება დაუვიწყარი რეფრენი: „იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი… აქ კი… დღეს…“ ამ სიტყვებში ცნაურდება შობის თემაზე შექმნილი მოთხრობების მთელი პათოსი… ყველა პარალელურ ტექსტში, რომელიც შევარჩიეთ დისკუსიისთვის, თემატური მეინსტრიმი დაკავშირებულია სამ პრობლემასთან:

  1. სოციალური სიდუხჭირე;
  2. ქრისტესმიერი თანალმობა;
  3. ქრისტეს მაგალითის ძალით პერსონაჟის მეტამორფოზა და კათარზისი.

გადავწყვიტეთ უპირველესად ამ ტექსტებს შორის პარალელური იდეურ-თემატური აქცენტები გამოგვეკვეთა და ისინი ასე დავაჯგუფეთ:

ტექსტები, სადაც გაუსაძლისი სოციალური სიდუხჭირე აისახება:

I პარალელი – ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“ და თეოდორ დოსტოევსკის „საშობაო მოთხრობა“

„საშობაო მინიატურების“ ციკლის ორ ნაწარმოებში – „სარეცელზე“ და „ბრმა თერძი“ ქართველი მწერალი ჩვეული იმპრესიონისტული სტილით, მინიმალისტურად და ტევადი ფრაზებით, აღწერს გულის გამგლეჯ ისტორიებს მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალური პრობლემებზე. სულისშემძვრელია მომაკვდავი შვილის სარეცელთან მყოფი უმწეო და სასოწარკვეთილი დედის ტრაგედია, ასევე უმუშევრად დარჩენილი, დამშეული ოჯახის მამის, ბრმა თერძის, ლევანას,  ტკივილი და ტანჯვა იმის გამო, რომ შვილის ყოლაც კი ამ სასტიკ საუკუნეში დანაშაულია, თუკი მისი გამოკვებაც კი არ შეგიძლია. ეს უკვე ნაცნობი ტკივილია ნ. ლორთქიფანიძის მინიატურების წაკითხვის შემდეგ და როცა დოსტოევსკის მივუბრუნდებით, ჩემი მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ მისი მოთხრობის გმირი ბიჭუნას ხვედრი გულის გამგმირავია. შობას მას დედის თბილი და მომღიმარი სხეულის, მისი ხელით გამომცხვარი ნამცხვრების ნაცვლად საყვარელი ადამიანის გაყინული ცხედარი ერგო, პატარა ბიჭმა ვერც კი გააცნობიერა სიკვდილი, ხოლო ქუჩაში გასულს არავინ გაუღო კარი და არ გაუწოდა მზრუნველი ხელი… შიმშილითა სიცივით გაწამებულ პატარას ჩაეძინა და… ფანტასმაგორიულად განათებულ სივრცეში ბედნიერ პატარას უთხრეს, რომ „ეს ქრისტეს ნაძვის ხეა, შობას ქრისტე მუდამ დგამს ნაძვის ხეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც დედამიწაზე არ ჰქონდა ის“…

ბავშვები ასკვნიან, რომ XIX და XX საუკუნეების ქართული და რუსული რეალობა ძალიან გავს ერთმანეთს… ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ 1910 წელსაც, როცა ნიკო ლორთქიფანიძე დასტიროდა ადამიანთა ტრაგედიებს და „საშობაო მინიატურებს“ წერდა, ჩვენი სამშობლო ჯერ კიდევ რუსეთის განუვითარებელი იმპერიის ტყვე იყო… ასევე იხსენებენ ამავე ავტორის ნოველას „ტრაგედია უგმიროთ“, რომელიც ეპოქის დოკუმენტია ისევე, როგორც ფრანგი მწერლის, ოქტავ მირბოს ნოველა „მუქთამჭამელები“.

აღსანიშნავია, რომ თეოდორ დოსტოევსკის „საშობაო მოთხრობის“ ფინალური სიტყვები ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურების“ ზემომოყვანილ რეფრენს წვეთი წყალივით ჰგავს იდეურად:  „და მაინც, რატომ გამოვიგონე ამგვარი ამბავი, რომელიც სულაც არ ჰგავს ჭკვიანურად დაწერილ, ჩვეულებრივ, თანაც მწერლის დღიურს? საქმე ისაა, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო, – ის, რაც სარდაფსა და დაჩეხილ შეშასთან მოხდა, ხოლო ქრისტეს ნაძვის ხესთან დაკავშირებით არც კი ვიცი რა გითხრათ, შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო? მაგრამ რომანისტიც ხომ იმისთვის ვარ, რომ გამოვიგონო?“

II პარალელი – ვაჟა-ფშაველას „საშობაო ამბავი“ და ო’ჰენრის „საშობაო საჩუქარი“

ვაჟა-ფშაველას ნაკლებად ცნობილი პოემა „საშობაო ამბავიც“, როგორც ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“, 1910 წელს დაიწერა, იმ წელს, როცა ნოველის დიდოსტატი ო’ჰენრი გარდაიცვალა. შობის თემებზე შეთხზულ უკვდავ ტექსტებზე საუბრისას ვასკვნით, რომ ვხვდებით არა მხოლოდ ლორთქიფანიძისა და დოსტოევსკის ნაწარმოებების მსგავს პესიმისტურ ტექსტებს, მამხილებელ პათოსს, სამყაროს უსამართლოდ მოწყობაზე ხაზგასმას, არამედ – იმედიან, სულიერებით, სიყვარულითა და ჰუმანიზმით გამთბარ ნაწარმოებებს, სადაც სიღარიბე ადამიანებს ხელს არ უშლით, რომ გასცენ, აკეთონ სიკეთე, მოიფიქრონ დაუვიწყარი საშობაო საჩუქრები. ო’ჰენრი თავისი მოთხრობის ფინალში იტყვის: „მოგვები ის ბრძენკაცები იყვნენ, რომლებმაც პატარა იესოს ბაგაში მიართვეს საჩუქრები. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი საშობაო საჩუქრების მირთმევის ხელოვნებას. მათი საჩუქრებიც უდავოდ მათსავით ბრძნული იყო. მე თქვენ იმ ორი სულელი ბავშვის ამბავი მოგითხრეთ, რომლებმაც უჭკუოდ გაიღეს ერთმანეთისათვის ყველაზე დიდი ძვირფასეულობები. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ, მათ შორის, ვინც კი საჩუქრებს გასცემს, ისინი ყველაზე გონიერნი აღმოჩნდნენ. ჭეშმარიტად ბრძენია ყველა ადამიანი, ვინც ასევე გასცემს და იღებს საჩუქრებს. ისინი მოგვები არიან“…

ეს სიტყვები ეძღვნებათ ჯიმის და დელას, ამაღელვებელი სიყვარულით დაკავშირებულ წყვილს, რომელთაც საყვარელი ადამიანისთვის ემეტებათ ყველაზე ძვირფასი, რაც კი რამ აბადიათ, თუმცა არ ვიცი, რამდენად შეგვიძლია ისინი შევადაროთ ბიბლიურ მოგვებს, ხოლო ვაჟას პოემის გმირი გეგენა ნამდვილად ქრისტესმიერი სიყვარულით გასხივოსნებული პერსონაჟია, რადგან უღარიბესი გეგენაც და მისი ოჯახის ყველა წევრიც მზადაა გაიღოს უცხო სტუმრისთვის ყველაფერი, რაც კი რამ აბადიათ… საშობაო ამბების მთავარი მოტივიც სწორედ ესაა – უნაპირო ქრისტესმიერი სიყვარული, რომელიც ჩვენსავე სულს ამზიანებს და ალაღებს, გვაძლიერებს მორალურად და გვზრდის პიროვნულად… სტუმარი თვით ქრისტეა და ამ სიკეთისთვის გეგენას ოჯახს ეძლევა ყველაფერი. ვაჟა იმედიანია. მისი პოემა სასარგებლო ტექსტია ასევე კონტრასტული პარალელისთვის, რომლის გამოსახვა ვენური დიაგრამის დახმარებით უაღრესად საინტერესო აქტივობაა. სოციალური თანალმობა და მისი დეფიციტი ვაჟას გეგენას და ჩარლზ დიკენსის უკვდავი გმირის, ებენეზერ სკრუჯის სახეების მიხედვით.

მოცემულმა სქემამ წარმოაჩინა პერსონაჟის სახეზე დაკვირვების უნარ-ჩვევები. მოსწავლეები აღიარებენ, რომ კონტრასტი ყოველთვის უფრო მკვეთრად წარმოაჩენს ორი დაპირისპირებული სახის იდეურ სიღრმეს. საერთო ნიშან-თვისებების ნაწილში სკრუჯი გეგენას ენათესავება მეტამორფოზის შემდეგ, ხოლო პერსონაჟის სულში მომხდარი ძვრები, მისი გარდაქმნა, ახლებური ხედვა ყოველთვის იწვევს მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს.

საშობაო ნაწარმოებებზე მუშაობის ბოლო, ყველაზე საინტერესო ნაწილი იქნება გმირის მეტამორფოზა, როგორც უაღრესად დამაინტრიგებელი, ჩამაფიქრებელი და ემოციური მხარე ტექსტში. ჩვენი ინტერესი გამოიწვია ამ ორი გმირის სახელთა ეტიმოლოგიამაც. სკრუჯის სახელი ებენიზერ ჩარლზ დიკენსმა ისესხა ბიბლიიდან და პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „დახმარების ქვას“. როგორც „საშობაო სიმღერის“ ნიკოლოზ ალექსიძისეული თარგმანის სქოლიოშია აღნიშნული (ჩარლზ დიკენსი, საშობაო სიმღერა, გამომცემლობა პალიტრა L, რედაქტორი ირმა ჩინჩალაძე, თბილისი, 2019, გვ. 27), დიკენსს ეს სახელი თავისი გმირისთვის შემთხვევით არ დაურქმევია, რადგან მისი ებრაული მნიშვნელობა თავის თავში მოიცავს სკრუჯის გარდასახვის ამბავს. ვფიქრობთ, არ არის შემთხვევითი ვაჟას გეგენას სახელის წარმომავლობაც. ის ფონეტიკური ასოციაციით „გეენას“ მოგვაგონებს, ხოლო ეს სიტყვა არამეულ, ებრაულ და არაბულ ენებში, ბიბლიასა და ყურანში, ქრისტიანობასა და იუდაიზმში აღნიშნავს მიწიერ ჯოჯოხეთს. გეგენა, რომელიც „ღარიბი არი, როგორც ზამთარში მინდორი“, სიყვარულსა და იმედს მაინც არასდროს კარგავს. პოეტი მას ასე გვიხატავს: „წამს მოსვენება არა აქვს გეგენას, წელში მოხრილსა, ცოდვას არ იზამს არაფერს, ღმერთი აშინებს ძალიან, ლოცულობს გულ-მხურვალედა, დროს რომ იხელთებს, სცალიან. ღარიბებისა ღვთის მიმართ მას ესმის აურ-ზაური,  თვით არ ემდურის, თუნდ წლამდე ვერსად იშოვოს შაური“… ამგვარი იობის მოთმინება გეგენას ქრისტიანულ მორალში გვარწმუნებს, მიწიერმა ჯოჯოხეთმა ვერ გაბზარა გმირის სული, რის საპირისპიროც არის სკრუჯი, თუმცა ვიქტორიანული ეპოქის დიდმა მთხრობელმა თავისი გმირის მეტამორფოზით განავრცო ფრანგი წინამორბედის, ონორე დე ბალზაკის „გობსეკში“ წამოჭრილი თემა. ცნობილია, რომ დიკენსი განიცდიდა ბალზაკის გავლენას და აი, მან გობსეკის მონათესავე სული მკვდრეთით აღადგინა. თუ გობსეკი საკუთარ სიძუნწე-სიხარბეში იხრჩობა, სკრუჯი ახერხებს ბოროტ ბუნებაზე გამარჯვებას. ჩემმა მოსწავლეებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტში მოძიებულ ვიზუალურ რესურსებში სკრუჯისა და გობსეკის სახეებს იდენტურად გამოსახავენ. გრძელი ცხვირით, წაგრძელებული წვრილი ნიკაპით, ბოროტად მოელვარე თვალებითა და ნავსი მზერით. რეჟისორ რობერტ ზემეკისის მიერ დიკენსის მოთხრობის მიხედვით 2009 წელს გადაღებულ  ფილმშიც, სადაც ებენიზერ სკრუჯის როლს ჯიმ ქერი განასახიერებს, კინოგმირი სწორედ ასე გამოიყურება. ფილმის ნახვა საინტერესო საშინაო დავალებაა.

შობის თემაზე შეთხზულ ქმნილებებს შორის საუკეთესოდ ვაღიარეთ თანამედროვე ამერიკელი მწერლის, აბსურდისა და ეგზისტენციალური თემების დიდოსტატის, პოლ ოსტერის „ოგი რენის საშობაო ამბავი“, რომელიც, მცირე მოცულობის მიუხედავად, დისკუსიისთვის წარმოუდგენლად მდიდარ მასალას იძლევა. ამ მოთხრობამ საშუალება მოგვცა დავკვირვებოდით, თუ რამდენად იცვლება ეპოქების მიხედვით საშობაო თემატიკისადმი ავტორთა მიმართება. ეს ცვლილებები ასე გამოვსახეთ:

XIX საუკუნის I და II ნახევარი ტრაგიზმის გამოსახვა
XIX საუკუნის II ნახევარი პიროვნების გარდაქმნა
XX საუკუნის I ნახევარი იმედისა და რწმენის გაჩენა
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ფილოსოფიური ხედვა

 

„ოგი რენის საშობაო ამბავი“ მრავალპლანიანი ტექსტია. აქ დასმულ იდეურ აქცენტებს შორის გამოიკვეთა ადამიანის მარტოსულობის, სამყაროზე დაკვირვების, ქურდობის, როგორც მწვავე მორალურ-ეთიკური პრობლემის, შობის, როგორც სიკეთისა და მოწყალების დღის თემები. ოგი რენი, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ტიპი, ხიბლავს პოლ ოსტერს, რომელიც მოულოდნელად ტექსტში პერსონაჟადაც იქცევა ისე, რომ საკუთარ სახელსაც კი არ ცვლის, უპირველესად ადამიანებისადმი მიმართებით. ის ყველაზე უცნაური გმირია იმით, რომ 15 წელი ქალაქის ერთ წერტილს ერთსა და იმავე დროს, გამთენიისას უღებდა ფოტოს, რათა ამ წერტილიდან კოსმიური უსასრულობისა და სრულქმნილების მიკრომოდელი აესახა, ღრმად ჩაკვირვებოდა და „წაეკითხა“ ბევრი ისეთი რამ, რასაც ყოველდღიური რუტინით დაბრმავებული ადამიანები ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. ამგვარი ფილოსოფიური ხედვის თემები შესაძლოა ვინმეს ნაადრევი მოეჩვენოს მეცხრე კლასისთვის, თუმცა „საშობაო მინიატურების“ შემდგომი თემატური ბლოკი ლიტერატურის პროგრამით გახლავთ „ადამიანი საკუთარი თავის ძიებაში“, რომელიც იხსნება ყველა დროის უბრწყინვალესი შედევრით, ოთარ ჭილაძის ლექსით „ადამიანი გაზეთის სვეტში“. ამ ნაწარმოებს თანამედროვე მხატვრულ ბიბლიას ვუწოდებდი თამამად. ოგი რენი ნამდვილად ენათესავება ოთარ ჭილაძის კრუს ხიმენესს მოყვასისთვის თავგანწირვის უნარით. ოგის შეუძლია მარტოსული, მიტოვებული მოხუცი ბრმა ქალის თამაშს აჰყვეს და მას უკანასკნელი შობა გაუფერადოს, ხოლო საშობაო თემაზე შეკვეთილი მოთხრობის წერის აბსურდულობით აწრიალებულ მწერალს ინსპირაცია მისცეს, მოუთხროს ისეთი საშობაო ამბავი, რომელიც დელიკატესების ბარში თხრობის დროსაც კი უკვე დასრულებული ქმნილებაა. მართალია, გაუგებარია, ნამდვილია ის თუ გამოგონილი, მაგრამ ლიტერატურის ჯადოსნური სამყაროსთვის ხომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს… გამოგონილი და სრულიად დაუჯერებელი ამბები აქ ნამდვილზე ნამდვილი ხდება! როგორ? მარტივად! – სიტყვის მაგიის ძალმოსილებით…

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

0

ჩვენო ერთგულო მკითხველებო !

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები –  ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”,  სამეცნიერო -რეფერირებადი ჟურნალი  “განათლების მეცნიერება” და  ჟურნალი  “სკოლის მართვა”

გილოცავთ დამდეგ  შობა- ახალ წელს!

ჩემს სურვილებში ისევ განვმეორდები და გეტყვით : ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ყვავილებს არ უნდა ყიდიდეს მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ჩასართავად.

არც საუკეთესო სკოლის დირექტორი და საუკეთესო მასწავლებელი უნდა ხარჯავდნენ ასე მიღებულ ჯილდოს.

რას ვისურვებდი საახალწლოდ? განათლება ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, ყველა მასწავლებელს ჰქონდეს შესაფერისი სამუშაო გარემო და, რაც მთავარია, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას!

მოულოდნელად აღმოჩენილი უნარი ლიტერატურის გაკვეთილზე

0

ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება ტერმინი „სწავლის უნივერსალური დიზაინი“.  ის განისაზღვრა, როგორც ერთგვარი ჩარჩო, რომლის მიზანია, ბავშვებისათვის არსებული შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრა, მოქნილი საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა და მულტიმოდალური სასწავლო გარემოს ფორმირება. ზოგიერთ ქვეყანაში სწავლის უნივერსალური დიზაინის გზამკვლევებიც კი შეიქმნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი სწავლის უნივერსალური დიზაინის სამი ძირითადი ელემენტი, სამი სახელმძღვანელო პრინციპი:

  1. სასწავლო მასალის მრავალნაირად მიწოდების, რეპრეზენტაციის უზრუნველყოფა;
  2. მოქმედებისა და გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებების უზრუნველყოფა;

III.      საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, მოტივირების მრავალგვარი საშუალების უზრუნველყოფა.

პანდემიის პირობებში ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებულად მწვავედ დაისვა ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის არსებობის საკითხი, თუმცა სწავლებაში მულტიმოდალური მიდგომისა და სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას დისტანციური თუ კონტაქტური სწავლებისას ალტერნატივა მართლაც არ აქვს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლიტერატურასთან ურთიერთობამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება.

ვფიქრობ, ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს თითოეულ მოსწავლეში არსებული ინდივიდუალური და შემოქმედებითი უნარის  გამოვლენას.

სწორედ ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე, ტექსტის გააზრებისას, მოსწავლე წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და სათქმელს  თავისებურად გადმოსცემს.

სწავლებისას ვცდილობ, მოსწავლემ გაიაზროს და შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში აღწერილი რეალური პრობლემები, ლიტერატურა დაუკავშიროს რეალობას.

 

ვაჟა-ფშაველა

 

ის კი არ არის ბიჭობა,

რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე.

ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,

თავისთავადა ჰვარგობდე.

მითხარ, ვის უთქვამს ბიჭობად

დამჩაგვრელებსა სწყალობდე?

აბა, ბიჭობა ის არი,

დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

 

ამ ლექსის წაკითხვისას, მესამეკლასელების უმრავლესობა ამბობს, რომ ავტორი „მაგარ ბიჭობაზე“ წერს.

ლექსის მთავარ სათქმელამდე მისაყვანად გამოვიყენე ანიმაცია, რომელიც  ამბავს ძალადობის შესახებ ხმის გარეშე გადმოსცემდა, მხოლოდ მოქმედებებით. (you tube არხიდან Mission CISD)

მოულოდნელად, ვიდეოს ყურებისას, ერთ-ერთი მოსწავლის ხმა გავიგონე, რომელმაც ეპიზოდი მთელი ემოციით გაახმოვანა და შემდეგ მიკროფონი გათიშა.

გაკვეთილის დასრულებისთანავე მშობელს დავუკავშირდი და ვთხოვე, ხომ არ ისურვებდა რატი ამ ვიდეოს თავიდან ბოლომდე გახმოვანებას. ძალიან გაუკვირდა და გაოცებული ხმით მითხრა: „ვცდით“.

ცდად ღირდა:

რატი ბადაშვილი სსიპ ქ. თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის 106 საჯარო სკოლის მესამე დ კლასის მოსწავლის შესრულებული გახმოვანება.

მცდელობის შემდეგ კი ოჯახიდან წერილი მივიღე.

კიდევ ერთი მაგალითი პრაქტიკიდან, რომ ყველა მოსწავლეს აქვს განსაკუთრებული  ნიჭი და უნარი რომელიც ან აქვს აღმოჩენილი, ან სკოლამ უნდა მისცეს საშუალება აღმოაჩინოს. მოსწავლეებს სჭირდებათ თავისუფალი გარემო აზრების, ფიქრების და ემოციების წარმოსაჩენად.

 

უკაცრავად, თქვენ პარაცელსუსი ხართ?

0

(ადრინდელი ამბის გახსენება)

რვა წლის ასაკიდან ახალი წელი აღარ მეხალისება. აუცილებლად გადასაგორებელი ღონისძიებების სიაში მაქვს გადატანილი. სულ ვცდილობ, გავიგო, რას ვულოცავთ ერთმანეთს. კი ბატონო, სიახლეებს, ახალ განწყობას, ახალ იმედებსო, მეტყვით. ჰო, მაგრამ არ ვიცით, ეს ახალი რა იქნება და წინასწარ ისიც არ ვიცით, მოსალოცად გვექნება საქმე, თუ არა. ალბათ უფრო ლოგიკურია გასული წლის მშვიდობიანად დამთავრება აღნიშნოს ადამიანმა, თუმცა, კაცია და გუნება.

შარშანდელი ახალი წელი ხომ გახსოვთ. ტრადიციული აჟიოტაჟი და ყიჟინა იდგა. შუშხუნებსაც ჩვეულებრივად უშვებდნენ, თუმცა, ერთი რამ გამოგვრჩა… 2020 წელი დგებოდა…

დიახ, საშინელი წელი, რომელმაც დედამიწა გააჩერა. უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეკონომიკა დაანგრია, შიშს აყოლილი ადამიანები კიდევ უფრო შეაშფოთა, სახლებში გამოგვკეტა და ნიღბებიც აგვაფარა.

მე ამ ვირუსის არც თავიდან შემშინებია და არც ახლა მეშინია. „არ მეშინია“ ნიშნავს, რომ სახლში ახალი ამბების მოსმენისას ვერ ვიცახცახებ. ვერც ქუჩაში ვივლი შფოთვით, რადგან, რაც მოსახდენია, მაინც მოხდება და შიშით შეიძლება ყველაფერი კიდევ უფრო დავამძიმო. გარდა ამისა, საკუთარ თავზე რამდენჯერმე მაქვს გამოცდილი, რომ რაც მეტად გეშინია კონკრეტული რამის, ის რაღაც უეჭველად თავს გადაგხდება. ამიტომ, თავს პირობა მივეცი, რომ არასოდეს აღარაფრის შემეშინდება და თუ მთლად „უშიშარი ვითარცა უხორცო“ ვერ გავხდები, საშუალო დონის „უშიშრობა“ მაინც ვაიძულო თავს.

თუმცა…

„არ მეშინია“ არ ნიშნავს ბედის გამოცდას და სიფრთხილე ყოველთვის მნიშვნელოვანია.

რა, ქიმიურ ლაბორატორიაში არ უნდა იფრთხილო?

საჭესთან ყოფნისას არ უნდა იფრთხილო?

ქუჩაში ფეხით სიარულისას არ უნდა იფრთხილო?

პაციენტის მკურნალობისას არ უნდა იფრთხილო?

ექიმის შერჩევისას არ უნდა იფრთხილო? (შეიძლება ისეთს გადაეყარო, სისხლში კალციუმის ნორმალურ დონეს ვერ არჩევდეს).

აღელვებულ ზღვასთან თამაშისას არ უნდა იფრთხილო?

და ასე უამრავი „არ უნდა იფრთხილოს“ ჩამოთვლა შემიძლია.

ზუსტად ასევე, აუცილებელია სიფრთხილე ვირუსებთან და პათოგენებთან. ოღონდ, მათ გააქტიურებამდე გაცილებით ადრე უნდა იმოქმედო. მე იმუნიტეტის გაძლიერებაზე ვსაუბრობ და თუ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მაინც მოხვდება, ის მისივე იმუნიტეტმა უნდა „შეჭამოს“. იმუნიტეტზე ზრუნვას კი ხანგრძლივად და მუდმივად მუშაობა სჭირდება.

ერთი უცხოური არხის ყურებისას იაპონელი ექიმების მიერ ჩატარებულ კვლევებზე ჰყვებოდნენ. ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულ ადამიანებს მიკროელემენტ თუთიის ნაკლებობა აღენიშნებოდათ. ამ რისკჯგუფში ყველაზე მეტად მძიმე წონიანი და დიაბეტიანი ადამიანები ყოფილან. სხვათა შორის, დიაბეტის ზოგიერთი ფორმის დროს ვითარდება ცინკურია, ანუ ორგანიზმიდან შარდით თუთია ირეცხება.

თავად სახელწოდება მიკროელემენტი გვეუბნება, რომ მისი მიღება მიკროდოზებით არის აუცილებელი და ეს დღე-ღამეში 15მგ-ს შეადგენს.

თუთია, როგორც კოფაქტორი, შედის რამდენიმე ასეული ფერმენტის შემადგენლობაში. ეს ფერმენტები ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში მონაწილეობენ. ამიტომ, თუთია ადამიანის საკვების შეუცვლელი კომპონენტია. ჰორმონი ინსულინი პანკრეასის უჯრედებში გროვდება თუთიასთან წარმოქმნილი კომპლექსის სახით.

თუთია მონაწილეობს ენისა და ცხვირის ღრუს რეცეპტორების მიერ გემოსა და სუნის შეგრძნების აღქმაში.

რამე გეცნოთ? ახალი კორონა ვირუსის ერთ-ერთი ინდიკატორი ხომ სწორედ ეს არის – გემოს და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

ამ მეტალს, შესაბამის ფერმენტებთან ერთად, შეუძლია ვირუსის რნმ-ის რეპლიკაციის დათრგუნვა. ანუ, ვირუსის გამრავლების ბლოკირება. ასევე ორგანიზმში თუთიის ერთ-ერთი ფუნქცია ჩვენი დნმ-ის სტაბილიზაციაა.  თუთიადამოკიდებული ფერმენტების ერთი ქვეჯგუფი კი ქსოვილიდან ნახშირორჟანგს იღებს და ხელს უწყობს გაზთა ცვლას. თუთია ჰემოგლობინის სინთეზშიც მონაწილეობს. ღვიძლში ფერმენტებს ააქტიურებს, რომლებიც, თავის მხრივ, დეტოქსიკაციაში მონაწილეობენ. თუთიადამოკიდებული ფერმენტები კოლაგენის სინთეზს ააქტიურებენ, რაც ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ნიშნავს.

თუთიის შემცველობის მიხედვით ჩემპიონი პროდუქტი ხამანწკებია, ნორმის მისაღებად დღეში მხოლოდ 16 გრ. პროდუქტია საჭირო. თუმცა, ჩვენს რეალობაში ხამანწკები მეეჭვება ყოველდღიური მენიუს შემადგენლობაში ჩავრთოთ. შემდეგი საქონლისა და ფრინველის ღვიძლია, დღიური ნორმაა 100გრ. ბუნებრივია, ხორცის შემადგენლობაშიცაა, რადგან თუთია 300-ზე მეტი ფერმენტის ნაწილია. ფერმენტი კი ცილას წარმოადგენს, რომელიც ხორცში დიდი რაოდენობითაა.

მცენარეული პროდუქტებიდან ყველანაირ ბურღულეულში, ასევე ხორბლის ღივებში გვხვდება, ეს უკანასკნელი დღიურად 121გრ. არის აუცილებელი. არის წითელ ლობიოში, ზღვის კომბოსტოსა და ოსპში, შეიცავს გოგრის თესლი (დღიურად ერთი ჩაის კოვზია საჭირო).

თუმცა, მცენარეულ წყაროში შედიან ფიტინის მჟავას წარმოებული ფიტატები. ეს უკანასკნელნი ელემენტებთან და მათ შორის, თუთიასთან მყარ კომპლექსნაერთს წარმოქმნიან. ამის გამო, თუთია მცენარეული წყაროდან მთლიანად ვერ შეიწოვება. შედარებით გამონაკლისს გოგრის თესლი წარმოადგენს და სტატიის წერისას სწორედ მისი კნაწუნით ვარ გართული. სხვათა შორის, თუთიას, ადამიანების არ იყოს, თავისი პატარა მტერიც ჰყავს, მარტივი შაქარი, გლუკოზა. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი ტკბილის მიღება თუთიის შეთვისებას ბლოკავს.

ასევე ცუდად შეითვისებს ორგანიზმი კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას.

მოდით, კორონავირუსს შევეშვათ და უბრალოდ, წარმოვიდგინოთ ქალი, რომელსაც თუთიის დეფიციტი აქვს.

ფრჩხილები დაბზარული და თეთრი წერტილებით სავსე ექნება (ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში). ეს ფრჩხილის ლაქის ქვეშ სულ იოლად დაიმალება, არა? ტუჩის კუთხეები დაუწითლდება და შესაძლოა ნახეთქებიც გაუჩნდეს. თუმცა, ესეც იოლი დასამალია ნიღბის ქვეშ.

კიდევ?

გემოს შეგრძნებას დაკარგავს.

მადა გაქრება და ასეთი ქალბატონი უეჭველი ერთ ათეულ კილოგრამს მაინც დაემშვიდობება. ჭარბწონიანობისას შეიძლება ეს სიმპტომი კარგიც იყოს, თუმცა ნორმალური წონის ადამიანისთვის უკვე საგანგაშოა.

აკნე, ეგზემა, დერმატიტები იჩენს თავს, ძნელად შეხორცდება ჭრილობები (თუმცა, ამ უკანასკნელთ ბევრი სხვა გამომწვევი მიზეზიც აქვს).

თუთიის დეფიციტისას ვიტამინ A-ს შეთვისება მცირდება. თმები ცვენას იწყებს, თუმცა, ესეც არ არის პრობლემა, დაგრძელებაა შესაძლებელი.

მიხვდით, ალბათ… ყველაფრის შენიღბვაზე მსუბუქი ირონიით ვწერ. თუმცა, არსებობს ისეთი საგანგაშო ნიშნებიც, რომელთა შენიღბვა შეუძლებელია. მაგ. ორგანიზმის თავდაცვის უნარის მკვეთრად შესუსტება.

ახლა ზემოთ ნახსენები შიში გავიხსენოთ. რა არის შიში? სტრესული მდგომარეობა. სტრესის გრძნობას სტეროიდული ბუნების ჰორმონი კორტიზოლი იწვევს. ის თირკმელზედა ჯირკვლის გარეთა შრეში გამომუშავდება და თუთიის მოქმედებას ბლოკავს.

გარეთ ზამთარი უკვე იგრძნობა. ზამთარში დაბადებული, ზამთარს ვერ ვიტან. რაღაცნაირი სევდა მიპყრობს. არც ზამთრის თბილისი მიყვარს, ტატოს ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ სიცივეში „თბილისი ქალაქია სევდისა და ჯავრის აღმძვრელი”. ახლა ეს სევდა ერთი-ორად მომატებულა და ზოგჯერ გარეთაც იპარება. თუმცა, ჯიუტად მაინც უკან ვაბრუნებ, რადგან ხალხს შენი განწყობა არ აინტერესებს, ხალხს ყოველთვის მოღიმარი სჭირდები.

ფეხით მივდივარ, სხვა რა გზა მაქვს, არაფერი მოძრაობს. სახეზე ნიღაბი მაქვს აფარებული და ზამთრის სუსხი მხოლოდ ლოყების დაუფარავ ნაწილზე მხვდება. ჩემს წინ კვლავ ვიღაც კაცი მიდის. იქნება ასე 70 წლის. ისიც მისეირნობს.

-ჰმ, გარეთ გამოსულა, არ ეშინია… ჩემდა უნებურად მიელვებს თავში.

სწრაფი სიარული მჩვევია, უცებ ჩამოვიტოვებდი უკან, მაგრამ მინდა, კარგად შევათვალიერო. ჯერ ოდნავ გავუსწრებ, მერე მოვტრიალდები და ცოტა ხანს უკან გავყვები. სრული ტანისაა, მაღალი არ ეთქმის, ნიღაბი მთელ სახეს უფარავს და მხოლოდ მკაცრად მომზირალი თვალები ჩანს. ვერც კი ამჩნევს, რომ ათვალიერებენ. მე კი მინდა, მივიდე და ვკითხო:

– უკაცრავად, თქვენ პარაცელსუსი ბრძანდებით? როგორ უმკურნალეთ ქოლერის ეპიდემიას საფრანგეთში? მაშინ რით იცავდით თავს?…

არ ვეკითხები. ვერ გაიგებს, იუარებს, შეგეშალათო, და მთელი დღის განმავლობაში მოჰყვება, ამ მართლაც უცნაურ დროში, რა უცნაურობა დასჩემდა ხალხსო.

თქვენც რამე რომ არ დამწამოთ, გეტყვით, რომ პარაცელსუსი ალქიმიკოსი იყო. ეს სახელიც ფსევდონიმად აქვს აღებული, თორემ ისე ფილიპ აურეოლ თეოფრასტუს ფონ ჰოჰენჰეიემი ერქვა. მეათე საუკუნის იტალიელ ექიმს ავლუს კორნელიუს ცელსს ეჯიბრებოდა და ამტკიცებდა, მასზე აღმატებული ვარო. ჰოდა, დაირქვა პარაცელსუსი, ანუ ცელსზე აღტაცებული. ფილოსოფიურ ქვად თუთიას, სუფრის მარილს და წყალს ცნობდა…

პარაცელსუსზე ადრე უკვე დავწერე  უკაცრავად, თქვენ პარაცელსი ბრძანდებით?..თუმცა, მომკალით და დღესაც შემხვდა ქუჩაში.

მომეჩვენა ვითომ? არადა, შეიძლება, მართლაც პარაცელსუსი იყო, დროსა და საუკუნეებში ჩაკარგული, თავადაც, რომ აღარ ახსოვს ვინ არის.

 

სწავლის მოშინაურება

0

მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. 1-4 კლასელ ადამიანებთან ვურთიერთობ და მუდმივად იმის ფიქრში ვარ, როგორ დავაჭერინო ამ პატარა ასაკის ადამიანებს   „სწავლის ხიბლი“.

დისტანციური სწავლება რომ შედგეს, საჭიროა მასწავლებლები მარტონი არ დავრჩეთ ეკრანის წინ. ახლა როგორც არასდროს, მინდობილნი ვართ ოჯახებზე და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე, რომ შემოგვიერთდნენ და სასწავლო პროცესი არ ჩავარდეს.

აქტიურად მეფიქრება ბავშვების განწყობაზე, მოტივაციაზე, ემოციებზე და ასევე, ოჯახის, მშობლების ემოციურ მდგომარეობაზე, შვილისადმი თანაგრძნობისა და გაგების გამოხატვასა და მიდგომებზე.

 

ამჟამად პირველკლასელ ადამიანებთან და მათ ოჯახებთან ვთანამშრომლობ და ასევე, აქტიური ურთიერთობა მაქვს მე-3 და მე-4 კლასელებთან.

მინდა, ჩემი წარმატებული გამოცდილება და მიდგომები გაგიზიაროთ, რამაც დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა განწყობასა და სასწავლო მოტივაციის შექმნაზე და შესაბამისად, პოზიტიური და შემართებული გახდა მათი ოჯახების განწყობაც.

სწავლება, რომელიც ახარებს მოსწავლეებს!”

მუდმივად თავში მიტრიალებს ეს წინადადება, თავისი არსით, მიზნით, შემდეგ ფიქრებში რომ წარმოვიდგენ ბედნიერღიმილიან მოსწავლეებს, უფრო მეტად მომწონს!

ჩემი აზრით, კარგი მასწავლებელი მაშინ ხარ, როდესაც, გაკვეთილზე ყველა მოსწავლის გახარებას, გაღიმებას შეძლებ!

ამას კი შევძლებთ მაშინ, როცა არა საკუთარ, არამედ მოსწავლის ინტერესებზე ვიფიქრებთ!

ამ „ჩაქუფრულ” სამყაროში მასწავლებლის ყველაზე დიდ მიღწევად მისი ქმედებებითა და დამოკიდებულებებით გახარებული მოსწავლეების სიმრავლე მიმაჩნია!

მოვიშველიებ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლის, შალვა ამონაშვილის სიტყვებს:

„ამ ახალ თაობას როგორი პედაგოგიკა უნდა? გამოადგებათ თითის ქნევის პედაგოგიკა, ნიშნების პედაგოგიკა? აბა გაკვეთილი მომიყევიო, ამის პედაგოგიკა გამოადგებათ?  არა!  ახალ ბავშვს ახალი პედაგოგიკა უნდა. ახალი პედაგოგიკა წიგნებში კი არ არის, მასწავლებლის სულსა და გულშია“.

სინამდვილეში, უფრო მარტივი მგონია გულწრფელ, ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების პროცესი!

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჟამად, პირველი კლასის მასწავლებელი ვარ. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ნაშრომებს ვეცნობი, გული და სული ამაღლებული განწყობით მევსება: პატარა ხელებით, მრავალფეროვანი, დაუსაზღვრავი აზროვნებითა და ფიქრებით, ყოველდღე რაღაც მნიშვნელოვანს რომ ამატებენ საკუთარ შესაძლებლობებს. პატარა ხელებით შექმნილი ნაშრომები მუდმივად მახსენებს, რომ

„1+0″-ითა და ,,აი ია”-თი დაწყებული მნიშვნელოვანი წარწერების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ გულგრილად  დაწერილი „საშინაო დავალება”.

ყველა ჩვენგანი ხომ სწორედ აქედან მოვდივართ. ასე ვიწყებთ და შემდეგ გრძელდება…

ამიტომ:

პირველი და უმთავრესი, პოზიტიური ურთიერთობისთვის არის ის, რომ არ დავივიწყოთ, რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით მოსწავლეები, ჩვენც ვცდილობდით, ჩვენთვისაც იყო ბევრი სირთულე, დაბრკოლება, ნუ დავივიწყებთ იმდროინდელ ემოციებსა და ფიქრებს და თანაგრძნობა და გაგებაც თავისთავად მოვა!

დღევანდელი სამყაროს „ჩამუქებულობა” თანმდევი უსიამოვნო, დაუნდობელი, უიმედო, გულსატკენი, იმედგამაცრუებელი ფაქტორებით, უფრო მეტად უნდა გვიბიძგებდეს მასწავლებლებს, გავხდეთ ჩვენი მოსწავლეების საყრდენი, თანამგრძნობი, გამზიარებელი.   შევცვალოთ, შევამსუბუქოთ, გავალამაზოთ, გავამარტივოთ, ძვირფასი გავხადოთ ყველაფერი ის, რაც სიმძიმის, დამთრგუნველობის მატარებელია.

მეორე უმთავრესი რამ აღმოვაჩინე:

ჩემი აზრით, ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა გავაცნობიერებინოთ საკუთარი დანიშნულების, მიზნების, გეგმების აღქმა. დაე, ისმენდნენ ჩვენგან გამამხნევებელ შეძახილებს, რომ „მათაც აქვთ საქმე, რასაც აუცილებლად გაუმკლავდებიან, შეძლებენ!”  პატარაობიდანვე იცოდნენ, რომ „ჰაერიდან“ არაფერი ცვივა, დაუმსახურებლად არაფერი გვეძლევა!

ყველა ასაკს აქვს თავისი შესაფერისი საქმე და ეს ფაქტი სულაც არ არის ცუდი და მოსაწყენი.

პირიქით!

მახსოვს, როცა ტერმინი „საშინაო დავალება” „სახლის საქმით” შევცვალე, რამდენიმე მშობლისგან პირად შეტყობინებაში შექება მივიღე. ამან მოწონება დაიმსახურა, რადგან დავალება უფრო მძაფრად ჟღერს და აბა, რომელ პატარას უხარია დავალებების მიღება. „სახლის საქმე“ კი ყველა ოჯახის წევრს აქვს. პატარებს კი მუდმივად აქვთ მოთხოვნილება, „დიდური ამბები” მათაც შეეხოთ.

ჩემი აზრით, მასწავლებლები და ოჯახები ძლიერი ვიქნებით მაშინ, როდესაც შევძლებთ, რომ  ჩვენმა ბავშვებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ სწავლით! დიახ, ისიამოვნონ იმ მომენტებით, როცა საკუთარი თავით იამაყებენ – „ეს მე გამომივიდა!”, „ეს მე შევძელი”, „ნახე, რა მაგარი ვარ!” გაბედნიერდებიან ჩვენგან მიღებული შექებით, სიურპრიზითა და ჯილდოთი!

და ამ ყველაფერთან ერთად თანდათან აღიჭურვებიან განათლებით!

სწავლა რაში გამომადგება? –

როცა გავიზრდები, კარგი სამსახური რომ მქონდეს! – პასუხობენ ხოლმე ბავშვები. და ეს პასუხი გაუცნობიერებლად და უგულოდ ჟღერს ამ პატარა ადამიანების ბაგეებიდან, უმრავლესობას სულაც არ უფიქრია ამაზე. რა სამსახური, რა მომავალი, მათთვის ხომ ეს სრულიად აბსტრაქტული და რთულად წარმოსადგენი რამეა. აბა წარმოიდგინეთ, როგორ მიუდგება ადამიანი საქმეს, როცა იცის, რომ ამას აკეთებს რაღაც გაუცნობიერებლისთვის, რომელზე ფიქრიც მისთვის რთულია. უბრალოდ, ასე ესმის უფროსებისგან და ამ პასუხმაც მყარად გაიდგა ფესვები მის გონებაში და ყოველ ჯერზე, კითხვაზე: „რატომ სწავლობ? – ინსტიქტურად პასუხობს, „კარგი სამსახური რომ მქონდეს…“, ან მსგავსი შინაარსის პასუხს სცემს, რომელიც უმეტესად სამომავლო გეგმებითაა დატვირთული. გეგმებით, რომლებიც ისევ უფროსებმა შეუდგინეს…

ბავშვებს „სწავლა უნდა მოვაშინაურებინოთ“. გავაცნობიერებინოთ, დავანახოთ, რომ სწავლა ახლაც ადგებათ ბევრ რამეში, მეტიც, ყველა ბედნიერი წამის, მხიარული და მშვიდი მომენტის მომტანი სწორედ რომ სწავლაა!.. ამ აბზაცის დასაწყისში ჩამოთვლილი არასრული ფაქტორების დაფასება ვასწავლოთ და გავაცნობიერებინოთ, რომ ყველა ის მომენტი, როცა საკუთარი თავით ამაყობ და შენით ხარობენ შენი საყვარელი ადამიანები, ეს  სწავლისგან მიღებული ამჟამინდელი სარგებელია! და რომ ეს შესანიშნავია!

 

 

ბავშვებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა, თანაგრძნობა, გაგება!

რთულია მათთვის დღევანდელი სასწავლო რეალობა. საუბარი მაქვს, განსაკუთრებით, პირველკლასელ ადამიანებზე, რომლებმაც ჯერ ვერც კი გააცნობიერეს, რა ხდება მათ თავს, სახლში არიან და თან სკოლის მოსწავლეები ჰქვიათ. სახლიდან გაუსვლელად აღმოჩნდებიან ხოლმე დილაობით „ვირტუალურ სკოლაში”. მათი თავისუფალი დრო შემცირდა და ეს საქმეებმა დაიკავეს.

უფროსებმა მიდგომები უნდა შევცვალოთ. წახალისებით ყველაფერი გამოვა!

მშობლებო, თქვენ უკეთ იცით შვილის ხასიათი, ჩაეჭიდეთ ძლიერსა და პოზიტიურს, რაც შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ, თუნდაც ამისთვის დაგჭირდეს ჯილდოების, სიურპრიზების გაკეთება, ჯერ ასეა საჭირო. შემდეგ კი შრომა ბავშვებს ჩვევაში გადაუვათ, პასუხისმგებლობაც გაეზრდებათ.

ახლა, როგორც არასდროს, სკოლას ისე სჭირდება ოჯახის თანადგომა!

ბავშვი დღეს თითქმის მთელ დროს ოჯახში ატარებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრების დამოკიდებულებები და მიდგომები:

  • გაამხნევეთ, გვერდში დაუდექით. შეგეშალა? არაუშავს, კიდევ სცადე, მეც მეშლება.
  • როგორი რთულია და შენ რა ადვილად დაწერე!
  • როგორ მიხარია, ასეთი შრომისმოყვარე რომ ხარ!
  • ყოველ ჯერზე უკეთესად გამოგდის!
  • ვიცი, რომ ძალიან მოინდომე!
  • შენ ეს გამოგივიდა!

და მსგავსი შექებები აბედნიერებთ ბავშვებს. მუდამ ვუმეოროთ ასეთი რამეები, რომ დაილექოს და ღრმად გაუჯდეთ!

„შეძახილმა ხე გაახარა” – შევცვალე ცნობილი გამონათქვამი, რადგან ღრმად მჯერა, რომ თუ გახმობა შეუძლია, გახარებასაც შეძლებს.

მოუყვანეთ თქვენი მაგალითი. ხომ მუშაობთ? მანაც უნდა იშრომოს და შრომით მიიღოს ის ყველფერი, რაც მას აბედნიერებს. აქედანვე დავაფიქროთ და ჩავუნერგოთ, რომ მცირე სასიკეთო ქმედებაც დაუფასდება. თუ დროს სწორად გაანაწილებს, ნახავს, რომ თამაშის დროც დარჩება და ამის შემდეგ კი ოჯახის წევრების გახარებასაც შეძლებს, შექებას დაიმსახურებს, მისით იამაყებენ. ჯილდოებსა და სიურპრიზებსაც ნუ მოაკლებთ, ეს უფროსებსაც გვიყვარს და გვახარებს და პატარებს ხომ საერთოდ.

მოგიწოდებთ თქვენც და საკუთარ თავსაც:  მოსწავლეებს გავაცნობირებინოთ, რომ სწავლა არ არის მათგან განცალკევებული რამ, რომ დაძალებით, ინერციით ან ვიღაცების ხათრით კი არ უნდა ისწავლონ, არამედ ბედნიერებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად.  ჯერ გაურკვეველი მომავლისთვის კი არა, ახლანდელი დროისთვისაც კარგი და საჭიროა, რათა მიიღო ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და საკუთარი თავი მეტად შეიყვარო!

ხშირად შევახსენოთ შვილებსა და მოსწავლეებს იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც ისინი ყოველდღიურად სასწავლო პროცესში ჩართულობით იღებენ, ნათლად დავანახოთ მათ განათლების საჭიროება, „მოვაშინაურებინოთ სწავლა”, და განწყობაც ამაღლდება!

 

 

 

ტრეისი ბიკერი და ზედსართავი სახელები

0

ტრეისი ბიკერი 10 წლის გოგოა, ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს, რომელსაც „ბავშვთა ნაგავსაყრელს” ეძახის. ხშირად ჩხუბობს და აბუჩად იგდებს სოციალურ მუშაკებს, რომლებიც მის დახმარებას ცდილობენ. ტრეისი ყოველ შაბათს ჯიუტად ელოდება დედას, რომელიც არა და არ მოდის. გოგონა დარდობს და ეს დარდი აუტანელი რომ არ გახდეს, თავის ამბებს წერს, თანაც კარგად, სხარტად და გასაგებად, ისე, რომ ყველა სხვა ბავშვი ერთი ამოსუნთქვით კითხულობს მას.

 

მიხვდებოდით, ტრეისი ბიკერი წიგნის გმირია და მისი თავგადასავალი იმგვარია, ბავშვებს ერთდროულად ბევრ რამეზეც რომ დააფიქრებს და თან ადვილად წაეკითხებათ – ბევრი ნახატით, სევდითა და თავგადასავლით. ტრეისისთან ერთად თავშესაფარში რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის ჯასტინ ლიტლვუდი, რომელიც გაბედავს და ტრეისის საუკეთესო მეგობარს დაუმეგობრდება. ამის შემდეგ ტრეისის მარტოობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება. ჯასტინი კი მის მტრად იქცევა, რომელსაც ეჩხუბება, სცემს და სახელსა და გვარს შორის სხვადასხვა ზედსართავ სახელს უმატებს იმის მიხედვით, რა ამბავს ჰყვება მასზე და როდის როგორ იქცევა ჯასტინი. ასე გვხვდება სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვანაირი ჯასტინი.

 

ჯასტინ-სულელი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-კირკიტა-ლიტლვუდი;

ჯასტინ-ამრევი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-მეტიჩარა-ლიტლვუდი;

ჯასტინ-შურიანი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-ჩემი მოქიშპე-ლიტლვუდი;

ჯასტინ-ჩემი მეგობრის ქურდი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-შურით დაბრმავებული – ლიტლვუდი;

ჯასტინ-წარმოუდგენლად საძულველი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-არასაიმედო-ლიტლვუდი;

და ასე დაუსრულებლად.

 

ტრეისი ბიკერის წიგნის ქართულად გამოცემა კარგად დაემთხვა იმ დროს, როცა ჩემი შვილი ზედსართავ სახელებს სწავლობდა და ამაზე მარტივად მგონი არასოდეს არაფერი დაუმახსოვრებია – ყველაფერი, რაც ჯასტინ ლიტლვუდის გვარსა და სახელს შორის არის, ზედსართავი სახელია. გვეხმარება უფრო კარგად დავახასიათოთ ადამიანები, საგნები და მოვლენები და ჩვენი მეტყველება უფრო მდიდარი გავხადოთ. ფაქტობრივად, ინსტრუმენტია სამყაროს უკეთ შესაცნობად, იმის განსასაზღვრად, რა როგორია და რას რა სახელი მოუხდება. წიგნი უცბად შეისანსლა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერთობით ჩვენი გამოგონილით თამაშით, რომლის წესებიც უმარტივესია:

 

ვირჩევთ კარგად ნაცნობ ადამიანს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი და მის ხასიათთან ახლოს მყოფი ზედსართავი სახელი ჩავსვათ მის სახელსა და გვარს შორის – ტრეისი ბიკერისგან ის განგვასხვავებს, რომ დადებითი კონოტაციის მქონე ზედსართავები სჭარბობს უარყოფითს და ალბათ ბუნებრივიც არის, ჩვენ ხომ ძირითადად მეგობრებზე ვლაპარაკობთ ხოლმე და არა „მოსისხლე მტრებზე” ან „მოქიშპეებზე” და თანაც ვცდილობთ მათი ყველაზე უფრო სახასიათო თვისებები გამოვხატოთ ზუსტად შერჩეული ერთი სიტყვით – მონატრებულ მეგობრებს და ამბებსაც ვიხსენებთ და ენის ოსტატურად ფლობაშიც ვვარჯიშობთ.

 

მადლობა ტრეისი ბიკერ შენი თავგადასავლის ოსტატურად მოყოლისა და ახალი თავშესაქცევისთვის!

 

თუ ტრეისი ბიკერი თქვენ და თქვენ გარშემო მყოფ ბავშვებსაც მოეწონებათ და შეუყვარდებათ, კიდევ ერთი გასართობიც შემიძლია გირჩიოთ. მის შესახებ რამდენიმე წიგნი არსებობს, ერთ-ერთში თვითონ ხდება დედა და თანაც სრულიად შესანიშნავი – გასართობიც ეგ არი, ტრეისი ბიკერისა და მისი შვილის, ჯესის წვეულების ნაკრებები, რომელიც სახლის პირობებში წვეულების მოსაწყობად ყველა საჭირო ინსტრუქციას მოიცავს ფლეილისტიდან დაწყებული სასუსნავების მომზადებით დამთავრებული და თან ინგლისურში გასავარჯიშებლადაც გამოდგება.

 

 

 

როგორ აღვზარდოთ „დამჯერი“ შვილები

0

პატივცემულ მშობლებს შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ ამ სტატიის სათაური გარკვეულ ირონიას შეიცავს, რადგან სწორედ „დამჯერი“ შვილების აღზრდაა ის, რაც რობერტა კავალოს და ანტონიო პანარეზეს მიზანი არ არის, – აი, ასე უნდა დავიწყოთ კიდევ ერთი ნაწყვეტის წარდგენა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ავტორების წიგნიდან „ნუ დააპროგრამებთ შვილებს: გავლენა, რომელსაც ჩვენი სიტყვები ახდენენ ბავშვებზე“.

 

„ბავშვებს არ ევალებათ კარგად მოქცევა, მათ ევალებათ, იყვნენ თვითმყოფადები“.

არ შეგეშინდეთ, მშობლებო, ეს პროვოკაცია არ არის. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, ჯიუტად, ნებისმიერ ფასად არ მისდევდეთ საკუთარ პრინციპებს, რომლებიც განპირობებულია შიშებით, კონფორმიზმით და აბსტრაქტული კულტურული რაციონალიზმით. ჩვენ უბრალოდ იმედს ვიტოვებთ, რომ დაეხმარებით შვილებს, შეინარჩუნონ საკუთარი უნიკალურობა, პიროვნული განუმეორებლობა. ამისთვის მზად უნდა იყოთ, მიიღოთ მათი შეცდომები, ამბოხი, ყველასა და ყველაფრისადმი პროტესტი. ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს „კარგად მოქცევა“ და „დამჯერობა“? ან რატომ ითხოვენ უფროსები ბავშვებისგან სიყოჩაღეს და „კარგ ბიჭობას (გოგოობას)“? ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.

პირველი მიზეზი სწორედ ის არის, რომ მშობლები რობოტებივით იმეორებენ იმას, რასაც მათ ბავშვობაში ეუბნებოდნენ. მაგალითად, ყველას ემახსოვრება ის სიტუაცია, როდესაც სადმე წასვლის წინ უფროსები თბილ ტანსაცმელს აცმევდნენ და თანაც აფრთხილებდნენ: „აბა, შენ იცი, კარგად მოიქეცი/იყოჩაღე“. ვფიქრობთ, – განმარტავენ ავტორები. – მშობლები ამით მოვალეობას იხდიან და თავს უფრო მშვიდად გრძნობენ მაშინ როდესაც შვილები მათი თვალთახედვის არეში არ არიან. აქ, ჩვენი დაკვირვებით, ერთი საყურადღებო გარემოება იჩენს თავს. მშობლები მსგავს ფრაზებს ამბობენ მაშინ, როდესაც შვილები სხვა უფროსების გარემოცვაში აღმოჩნდებიან. აბა, გაიხსენეთ: როცა ბავშვი თანატოლებთან სათამაშოდ მიდის, მაშინ მას ასე მოძღვრავენ: „არ იცელქო; შორს არ წახვიდე; ტანსაცმელი არ დაისვარო; დროზე დაბრუნდი, თავი არ მაძებნინო!“

მეორე მიზეზი ის არის, რომ მშობლებს ძალიან ეშინიათ, არ შერცხვნენ სხვების წინაშე, თუ მათი შვილი სათანადოდ არ მოიქცევა. ამ წინადადების წაკითხვისას მშობლების გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, პროტესტს გამოთქვამს და იტყვის, რომ მას შვილის გაფრთხილება უბრალოდ ჩვევად აქვს ან ამ სიტყვების წარმოთქმისას ერთადერთი სურვილი ამოძრავებს: ცუდი არაფერი მოხდეს და ბავშვი კარგად იყოს. მსგავს სიტუაციაში მყოფ მშობლებს რობერტა კავალო და ანტონიო პანარეზე სთავაზობენ, დაფიქრდნენ: რა სიღრმისეული მიზეზები ალაპარაკებს მშობელს ამგვარად? შესაძლოა, მშობლების ნაწილი ასეთ ფრაზებს სრულიად ინსტინქტურად ისროდეს, უბრალოდ ასეთი პირობითი რეფლექსი ჰქონდეს გამომუშავებული. ან იქნებ ასეთ „ჭკუის სწავლებას“ მართლა სერიოზული დატვირთვა აქვს და მშობლებს ძალიან უნდათ, მათ შვილები კარგად იქცეოდნენ, განსაკუთრებით – ისეთი ადამიანების წინაშე, რომელთა აზრსაც უფროსებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს? თუ მართლაც ასეა, ეს ნიშნავს, რომ მშობლების თვითშეფასება ძალიან დაბალია.

არაადეკვატური თვითშეფასება ხშირად ბავშვობიდან მოსდევს ადამიანს. მას მიაჩნია, რომ სხვაზე უარესია, ამიტომ გამუდმებით ცდილობს, გარშემო მყოფთა ქება დაიმსახუროს და ძალიან ეშინია საკუთარ თავზე უარყოფითი აზრის მოსმენის. ამიტომ არის, რომ ზრდასრულ ასაკში იწყება საზოგადოების პოზიტიური შეფასების ძიება, უფროსები ცდილობენ სოციუმის მოლოდინის გამართლებას, შედეგად კი სხვანაირად იქცევიან შინ და სულ სხვანაირად – უცხო ადამინების გარემოცვაში. შემდეგ ჩნდებიან შვილები, რომლებიც თავისთავად აღმოჩნდებიან ასეთ მანკიერ  წრებრუნვაში.  ჩვენი შვილები ჩვენივე ძალისხმევის შედეგები არიან!  თუ მათი აღზრდილები წესიერად იქცევიან, არ ავიწყდებათ „ბოდიში“, „თუ შეიძლება“, „უკაცრავად“, „გმადლობთ“, მშობლები  მშვიდდებიან და გამოდის, რომ შვილები ავსებენ იმ სიცარიელეს, რომელიც მშობლებს საკუთრი დაბალი თვითშეფასების შედეგად გაუჩნდათ.

მესამე მიზეზი: „ჩვენ გვეშინია, რომ მოლოდინს ვერ გავამართლებთ. თუ ბავშვობაში გვეჩვენებოდა, რომ მშობლები მეტისმეტად მკაცრად გვექცეოდნენ და მეტისმეტად ბევრს ითხოვდნენ ჩვენგან, დიდი ალბათობით, ჩვენი შფოთვის მიზეზი სწორედ ეს ვერგამართლებული მოლოდინია“, – განმარტავენ ავტორები და განაგრძობენ: ადამინები გამუდმებით სწავლის რეჟიმში არიან. შეცდომები ნორმალურია და ბუნებრივი, ადამინები თვითმყოფადები უნდა იყვნენ; არ არის სავალდებულო, ისინი თავიანთ მშობლებს ჰგავდნენ. მაგრამ როდესაც მშობლები რაღაცას მოელიან შვილებისგან, ისე ხდება, რომ მათი მოლოდინები არ შეესაბამება რეალობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სხვებისგან სრულყოფილების მოლოდინი ორპოლუსიანია. ერთ პოლუსზე იდეალისკენ წრაფვაა, მეორეზე – განკითხვა, რაც თან ახლავს იდეალის მიღწევის შეუძლებლობას. ანუ მშობლები მუდამ უკმაყოფილოები იყვნენ შვილებით, ისინი კი უნიათობის გამო თავს იდანაშაულებდნენ. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზრდასრულია ადამიანი, ის მაინც დათრგუნულია და თან ამ სქემით აგრძელებს ცხოვრებას –  ასევე ექცევა შემდგომში საკუთარ შთამომავლებს.

ხშირად ჩვენი მისამართით ისმის ასეთი გამოხმაურებები: გასაგებია, რომ უმჯობესია შვილები დამოუკიდებელ, თვითმყოფად პიროვნებებად აღვზარდოთ. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვები ამის გამო ცუდად მოქცევას დაიწყებენ? ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ჩვენთვის – უფროსებისთვის. ჩვენ ხომ მიჩვეულნი ვართ სხვების მიერ შემოთავაზებული სქემებით ცხოვრებას, ჩვენ ხომ იმას ვაკეთებთ, რაც გარშემო მყოფებმა მოგვახვიეს თავს და გამუდმებით ვცდილობთ ვიყოთ ისეთები, როგორებადაც სოციუმს უნდა რომ გვხედავდეს. ამ ორომტრიალში სულ გვავიწყდება, რომ შეგვიძლია, თავად ავირჩიოთ, როგორები ვიყოთ და როგორ წარვმართოთ საკუთრი ცხოვრება. ყველაზე კარგი კი იქნებოდა, მშობლები „ყოჩაღებად“ თვლიდნენ შვილებს, თუ ისინი:

* დარწმუნებულნი არიან, რომ მათ უსმენენ;

* შეუძლიათ საკუთრი ემოციებისა და მოთხოვნილებების ადეკვატურად გამოხატვა;

* იცნობენ საკუთარ ძლიერ მხარეებს, აქვთ სამომავლო გეგმები;

* შესწავლილი აქვთ საკუთარი სისუსტეები და განუწყვეტლივ არ იმუნათებენ თავს ამის გამო;

* უყვართ საკუთრი თავი, იციან, როგორ დატკბნენ ცხოვრების სიკეთეებით და სრულფასოვნად შეუძლიათ თავისუფალი დროის გატარება;

* თანამიმდევრულად სწავლობენ საკუთარი შიშებისა და ნაკლოვანებების მიღებას, მათთვის თვალის გასწორებას და მათთან გამკლავებას;

* აქვთ საკუთრი თავის რწმენა და ცხოვრებას რეალისტურად უყურებენ;

* შესწევთ უნარი, თამამი ნაბიჯები გადადგან, საკუთარი მოსაზრების შესაბამისად;

* დარწმუნებული არიან, რომ მათი შესძლებლობები უსაზღვროა;

* ზუსტად იციან, რომ არიან თვითმყოფადები და არ ჰგვანან სხვებს; შეუძლიათ, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში საკუთარი გადაწყვეტილებების ერთგული დარჩნენ.

ამგვარად მშობლები საფუძველს ჩაუყრიან დიდ ნდობასა და პატივისცემას. გარდა ამისა, ბავშვები შეძლებენ, თავისუფლად გამოხატონ ემოციები, იქნებიან გულწრფელები და იძულებულები არ იქნებიან, იცრუონ. რთულ სიტუაციებში დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მშობლებს მიმართავენ. გაცილებით მეტი ხალისით დაეხმარებიან საოჯახო საქმიანობაში და ისე ძალიან აღარ გაუჭირდებთ უფროსების თხოვნების შესრულება.

ძვირფასო მშობლებო, თქვენ ხომ იცით, რომ ყველა ბავშვი ასეთია! და თუ მათ დაპროგრამებას კი არ შეეცდებით, არამედ დაეხმარებით მათ, ასეთებადვე დარჩებიან. დახმარება კი, აი, რას გულისხმობს:

* პატივი ეცით შვილების პირად სივრცეს, მათ ბიოლოგიურ რიტმს, მოთხოვნილებებს და ხასიათის თავისებურებებს;

* თავი არიდეთ უსაგნო განსჯას და უსამართლო დამცირებას (ყვირილს, დასჯას, მანიპულაციებს);

* მიიღეთ ბავშვების მოტივები და ემოციები მწვავე კრიტიკისა და მტრული დამოკიდებულების გარეშე;

* ყურადღებით ადევნეთ თვალყური შვილებს და უსმინეთ მათ.

 

თქვენ გაეცანით კიდევ ერთ ფრაგმენტს წიგნიდან: „ნუ დააპროგრამებთ შვილებს: გავლენა, რომელსაც ჩვენი სიტყვები ახდენენ ბავშვებზე“.

ავტორი: რობერტა კავალო – პედაგოგი, ფსიქოლოგი, აღზრდის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი და თანაავტორი. იტალიაში მისი ყველა წიგნი გამოსვლისთანავე ბეტსელერად იქცა. როგორც თავად რობერტა კავალო აღნიშნავს, მან საკუთრ თავზე იწვნია ის წნეხი, რასაც მშობლების სტერეოტიპები ახდენს ბავშვებზე და მიაჩნია, რომ თუ ადამიანს სურს, ცხოვრებაში მიზანს მიაღწიოს, მან საკუთარ ოცნებებზე უარი არ უნდა თქვას.  რობერტა კავალოს აქვს საკუთარი ცენტრი „Bimbiveri“, სადაც უხსნის მშობლებსა და აღმზრდელებს, რამდენად მნიშვნელოვანია, მისცენ ბავშვს საშუალება, საკუთრ მისწრაფებებსა და სურვილებთან ჰარმონიაში იყოს, ბავშვებს კი ეხმარება, განივითარონ პოტენციალი, გარშემო მყოფებთან გაფუჭებული ურთიერთობები აღიდგინონ და განამტკიცონ. თავად რობერტა ამბობს, რომ ის ეხმარება მშობლებს ბავშვების ქცევის „საიდუმლო გზავნილებისა“ და „მინიშნებების“ ინტერპრეტაციაში, რათა მათ წარმატებით მოახერხონ შვილების განათლებისა და ქცევის მართვის პრობლემების გადაჭრა.

წიგნის თანაავტორია მწერალი ანტონიო პანარეზე.

საბავშვო ბაღის შექმნის იდეა და თანამედროვე გამოწვევები

0

ვერიდებოდი, მაგრამ წერილის დაწყება მაინც პანდემიაზე აქცენტებით მიწევს. ჩემი სტატიების მკითხველებს ემახსოვრებათ ბოლო სტატია, სადაც საბავშვო ბაღებში ონლაინ სწავლების გამოცდილებასა და გამოწვევებზე ვწერდი COVID19 – გამოწვევები ადრეული და სკოლამდელი სწავლების მიმართულებით. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია საბავშვო ბაღებში დისტანციური სწავლების განახლების შესახებ. თემატურ ჯგუფში ამ საკითხს საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ვრცელი დისკუსია მოჰყვა. აღმზრდელთა ნაწილს მიაჩნია, რომ მშობლებთან ან აღსაზრდელებთან ელექტრონული კომუნიკაცია არაფრის მომცემია, ხოლო ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის. თუმცა აქ მეორე საკითხი იჩენს თავს: თუ გაურკვეველი დროით ისევ სრულიად შევწყვეტთ საგანმანათლებლო პროცესს და ამას დავუმატებთ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში შეწყვეტილი სწავლის ხანგძლივობას, გაუზვიადებლად შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველოში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების თითქმის ერთი წელი დაკარგულია.

ამის თაობაზე დარდში ხელახლა დავფიქრდი საბავშვო ბაღების ბედსა და არსებობის საჭიროებაზე. ვინ ან რატომ მოიგონა საბავშო ბაღი? იქნებ მართლა არც ისეთი საჭიროა, როგორიც გვგონია, იქნებ მართლა ბავშვების მეთვალყურეობის ადგილია მანამდე, სანამ მშობლები მუშაობენ?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გუგლის საძიებო სისტემამ დაახლოებით 2-3 საუკუნით უკან მამოგზაურა.

ისტორია იწყება 1782 წელს, როცა შორეული გერმანიის ცენტრალურ ნაწილში, ტურინგენში, დაიბადა ფრიდრიხ ფრობელი. ფრიდრიხი 9 თვისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამას მარტოს მოუწია სამი შვილის გაზრდა და, ბუნებრივია, ბავშვებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა. ამ უგულებელყოფის განცდისგან თავის დასაღწევად პატარა ფრიდრიხი უმეტეს დროს მარტო, სახლის ახლოს მდებარე ბაღებში თამაშში ატარებდა. სწორედ ამან გაუღვივა ბუნების სიყვარული და უბიძგა, შეექმნა დაწესებულება, რომლის იდეაც ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

როგორც წყაროებიდან ირკვევა, იმხანად გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვების განათლებაზე ზრუნვა დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგან მათ ემოციურ და კოგნიტიურ უნარებს ვერ განვუვითარებთ. შესაბამისად, არც 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლები არსებობდა. თუმცა იყო ბავშვთა მოვლის ცენტრები, რომლებსაც “მოსაცდელი სკოლები”, “ახალშობილთა თავშესაფრები” ან “ახალშობილთა სკოლები” ერქვა. ამ დაწესებულებებს მხოლოდ ბავშვების მოვლა და ზიანისგან მათი დაცვა ევალებოდა, სანამ მათი მშობლები მუშაობდნენ. ამ ტიპის სკოლებს ძირითადად ეკლესია მფარველობდა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ბავშვებისთვის რაც შეიძლება ადრე ჩაენერგა რელიგიური მოწიწება.

1805 წელს ფრიდრიხ ფრობელმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ფრანკფურტის ერთ-ერთ უძველეს სკოლაში, სადაც ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგისა და განათლების რეფორმატორის იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის იდეებს მისდევდნენ. პესტალოცის მიაჩნდა, რომ ბავშვებს თავიანთ განათლებაში აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ. მისი დევიზი იყო “სწავლა თავით, ხელებით და გულით”. ფრიდრიხ ფრობელმა ეს მიდგომა გაიზიარა, 1806 წელს სამსახური მიატოვა და ერთ-ერთი ფრანკფურტელი ოჯახის სამი შვილის კერძო აღმზრდელი გახდა. მათმა მშობლებმა ფრობელს აჩუქეს მიწა, რომელიც ბავშვების სათამაშო ტერიტორიად უნდა გამოეყენებინა. 1808-დან 1810 წლამდე ფრიდრიხმა ამ ბაღში არაერთი სასწავლო სესია ჩაატარა. შედეგებმა ის დაარწმუნა, რომ ბავშვების განათლებისთვის პირდაპირი დაკვირვება და შემოქმედებითი მიდგომა იყო საჭირო. პესტალოცისა და ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიაზე დაყრდნობით მან ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების გეგმა შეიმუშავა.

 

პირველი საბავშვო ბაღი

1837 წელს ტურინგენში, ქალაქ ბლანკენბურგში, ფრობელმა გახსნა პირველი სკოლა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომელსაც პატარა ბავშვების განვითარების ინსტიტუტი ერქვა. 1840 წელს დაწესებულებას სახელი შეუცვალა და “საბავშვო ბაღი” (kindergarten) დაარქვა. ფრობელი ბავშვებს პატარა ყვავილებს ადარებდა. მას მიაჩნდა, რომ თუმცაღა ბავშვებს მოვლა სჭირდებათ და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თითოეული მათგანი ლამაზია თავისთავად და როდესაც ერთად იყრიან თავს, მომხიბვლელ გარემოს ქმნიან.

ფრიდრიხ ფრობელი მიიჩნევდა, რომ ბავშვები თამაშით სწავლობენ, საბავშვო ბაღი კი ის ადგილი უნდა იყოს, სადაც თამაშს შეძლებენ. და რადგან თამაში სწავლას ნიშნავს, უფროსებისთვის საბავშვო ბაღი უნდა იქცეს ადგილად, სადაც ისწავლიან, როგორ შეუქმნან სათანადო პირობები ბავშვებს. მისი ფილოსოფია ემყარებოდა იდეას, რომ ბავშვები უნდა განისწავლებოდნენ მუსიკის, მოთხრობების, დრამატული თამაშის და ბუნების შესწავლის გზით. თავის საბავშვო ბაღში ფრობელმა შემოიღო ე.წ. “წრის დრო”, რათა ბავშვებს ჯგუფურად ესწავლათ. მანვე შექმნა განმავითარებელი სათამაშოების სერია “საჩუქრები”.

ფრიდრიხ ფრობელის სწავლების ფილოსოფიაზე უფრო ვრცლად იხ. ანა ჯანელიძის სტატიაში – ფრობელის კვალდაკვალ

ფრობელი იყო პირველი, ვინც საბავშვო ბაღში ხელსაქმის შემოიღო. ამას საფუძვლად ედო მისი თეორია, რომ ბავშვებს უკვე აქვთ ცნობისმოყვარეობის სურვილი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური და შემეცნებითი უნარების შესაძენად. ფრობელს სჯეროდა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, ისწავლონ ყველაფერი, რაც აინტერესებთ. აღმზრდელს კი მათთვის ამ შემეცნებითი გზის გაკვალვა ევალება.

ფრობელი ფიქრობდა, რომ ქალებს უკეთ გამოსდიოდათ პატარების მეთვალყურეობა და შეეძლოთ, უკეთ დახმარებოდნენ მათ ემოციური უნარების განვითარებაში ბუნებრივი მგრძნობიარობისა და სხვა ქალური თვისებების გამო. ამ მიდგომის გასამყარებლად მან დააარსა სატრენინგო სკოლა მხოლოდ ქალებისთვის, რომლის მიზანი საბავშვო ბაღის მასწავლებლების მომზადება იყო. ფრობელმა შეიმუშავა პროგრამა, სადაც ხაზგასმული იყო ის აქტივობები, რომლებიც ბავშვის შესაძლებლობებს შეესაბამება.

როგორც ყველა სხვა სიახლეს, ფრიდრიხ ფრობელის მიდგომებსაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები სამშობლოში, თუმცა XIX საუკუნეში მთელ მსოფლიოში არაერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

1852 წელს ფრიდრიხ ფრობელი გარდაცვალა და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში პირველად შეიტანეს სიტყვა kindergarten.

ფრიდრიხ ფრობელის მიდგომები საფუძვლად უდევს დღევანდელი საბავშვო ბაღების ფუნქციონირებას.

ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ საბავშვო ბაღის შექმნის იდეა რომ რევოლუციური იყო, დღეს უკვე აშკარაა. ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში სწავლების დისტანციური კომპონენტის შემოტანაც, ვფიქრობ, რევოლუციურია, მის შედეგებს კი მოგვიანებით დავინახავთ.

 

„People die, but people stay. So let us plant the seed that will bear fruit that will bring blessings to the future“.

Friedrich Froebel

 

„ადამიანები იხოცებიან, მაგრამ ადამიანები რჩებიან. მოდი, ჩავაგდოთ თესლი, რომელიც მომავლისთვის სასარგებლო ნაყოფს გამოიღებს“.

ფრიდრიხ ფრობელი

 

 

წყარო:

https://www.friedrich-froebel-online.de/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...