ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
4 აგვისტო, ორშაბათი, 2025

მოთხოვნითზე ჩამოვალ

0

– თუ შენ არ მეინდომებ, არ გამოვა, ბიძი, – მითხრა მამაჩემის ძმაკაცმა წლების წინ ზუგდიდში, – რაღაცები შენ უნდა მეინდომო ამ ქვეყანაში.

„მონდომებით რომ გამოდიოდეს მარტო…“

– კი, ასპროცენტიანი ხარ, მარტო მაგით არ გამოდის, ბიძი, – სიგარეტი ჩაჭყლიტა პირამდე ავსებულ ურნაზე და კვამლის ბოლო ფთილა სახეში შემაფუტა, – მაგრამ… მაგრამ, სიზარმაცეს და ფეხებზემკიდიობას რომ დაახევინებ უკან, შენს თავში მაინც ხომ დაახევინებ, და ი ტო ხლებ!

„მერე? ორ წუთში გამოვალ, ხო ხედავ, ველაპარაკები…“

– მონდომება და ხელის გამოღება გასწავლის როგორი არ უნდა იყო და რა თვისებები არ დაიტოვო. რაღაცები არ უნდა დაიტოვო! ხელის შემშლელია, ურგებელი.

„გმადლობთ, ქალბატონო მზია, რომ შეწუხდით, უღრმესი მადლობა!“

– ეს ქალაქი რომ ამ დღეშია და ერთმანეთისთვის ამაზე წუწუნით ყურები გვაქვს გამოჭედილი, ჩვენი ბრალია, მეტი არავის. წუწუნის იქით რომ არ წავიდეს კაცი, ასეა ზემოთ ჩაფიქრებული. წუ-წუ-ნი. ნი-ს იქით თუ გადააბიჯა, პიზდეც მარია პეტროვნა.

„მიხარია, რომ მოგეწონათ… იმედი მაქვს, კიდევ გვეწვევით…“

– როცა რაღაცის მოთხოვნას იწყებს, რაღაცაში რომ ეჭვდება და არ მოსწონს, იქ თუ არ მოუხაზეს, თავისუფალი ხდება მერე კაციც და ქალიც…

„მი რე თე კოჩ? ბევრი ლაპარაკი იცის… კარგი საღამო იყო, ძმას ვენაცვალე!“

– ჰოდა, არავის არ სჭირდება უქონელი და თავისუფალი კაცი, ყველას ყელზე ადგას და ყელზე დაკიდებული რომაა, არც თვითონ სიამოვნებს, მაგრამ სხვა გზა არ რჩება – უკვე მოთხოვნებზეა გადასული.

„ვისიამოვნე, ჩემო ზვიად! ბევრი ასეთი ღონისძიება, ხო ხედავ როგორ გვჭირდება ეს, როგორ ჭირდება ქალაქს!“

– ითხოვს ყველაფერს, ბრაზით ძარღვები აქვს დაბერილი, უკან არ იხევს, უკან არავინ ეგულება ტალჩოკის მიმცემი, მაგრამ რახან გაბრაზებულია, ხურდება და გაზს აჭერს.

„ნახევარწუთიანი სინქრონი მინდა, გთხოოოვ, მეჩქარება, საათის ბოლოს მასალა უნდა ავტვირთო.“

– სხვებიც ბრაზდებიან ამასობაში, ისინი, ზემოთ, იმათი შაიკა, გაზის დაჭერა მაგათ იციან თუ იციან, ჰაერში აწევენ, მიწაზე არ დაუშვებენ…

„დღეს გაიმართა ჩვენი ახალი წიგნის წარდგენა, სადაც ავტორი არაერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს…“

– მაგრამ სიკვდილი არ კლავს ხშირად კაცს და შიშმა რა უნდა უყოს, ბიძი. სოფლის ნიავივით არის შიში, თავიდან უცხოა ვითომ, ქალაქიდან ჩამოსული რომ ხარ, მერე შერგე და საამოც კი ხდება.

„მიჭრი-მოჭრი და რაღაც გამოვა ხო, ნათი?“

– შიში თუ არ გაგეკარა და ეს დაინახეს (მაგას უეჭველად დაინახავენ), მკვდარი თუ არ ხარ და ცოცხალი დარჩი, წინ წასული ხარ უკვე. შეგიძლია თამამად თქვა, რომ ცუდად ცხოვრობ და არ მოგწონს ეს ცუდად ცხოვრება.

„მაგას კი არა, მკვდრის და სამი დღის გაპატიოსნებულის სინქრონს ვაწყობთ, ბიჭო“.

– შეგიჭამე ტვინი, მაგრამ გჭამენ ესენიც და შენც სიხარულით ეჭმევინები, როგორც ვატყობ. მამაშენს უხარია შენი ამბავი. მარტივი კაცია და ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა – თავის გემოზე ცხოვრობს. ჩტო ზასლუჟილ, ტო ი პალუჩილ.

„რა გინდა, ტიტიჩ? რას ბურღავ ამ ბავშვს?“

– კი, ბურღვა და ნამეტანი თავის შეწუხებაა, როცა რაღაცაზე უკმაყოფილო ხარ და ლაპარაკს იწყებ. ხუთი-ათი წუთი გიძლებენ, მერე შვილისთვისაც პრობლემა ხდები და ერთხელაც იქნება… მოკლედ, რთული ბაზარია, ბიძი.

სიტყვების მუსიკასა და იმაზე, როგორ უნდა მიენდოს მასწავლებელი საკუთარ ინტუიციას

0

წერილი მისტერ ბრაუნის მაქსიმებზე

არსებობს ერთი ჯადოსნური წიგნი – „საოცრება“. მისი ავტორი რაკელ პალასიოა, კოლუმბიური წარმოშობის ამერიკელი მწერალი, რომელსაც მკითხველი უფრო შემოქმედებითი ფსევდონიმით – არ ჯეი პალასიოდ (R. J. Palacio) იცნობს. წიგნი ერთ ბიჭზეა, სახელად ავგუსტზე. წიგნის ყოველი გვერდი მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის, კეთილშობილების მანიფესტია.

წიგნი ქართულად 2016 წელს გამოიცა. იმ დროს მე არაჩვეულებრივ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) მესამეკლასელებს ვასწავლიდი, რომლებისთვისაც კარგი წიგნი ნამდვილი დღესასწაული იყო. რამდენჯერ გაგვიცდენია ქართული თუ მათემატიკა იმის გამო, რომ წიგნს ვკითხულობდით და ამბავს ვერ მოვწყდით. სხვებს თუ დასვენება იმიტომ უხაროდათ, რომ ერბინათ, ეთამაშათ, ჩემები აიღებდნენ წიგნებს, მოიკალათებდნენ საკლასო ოთახის კუთხეებში, დერეფნის ფანჯრებთან ან ეზოში, ბალახზე, და კითხულობდნენ და კითხულობდნენ. მომხდარა ისეც, რომ კითხვით გატაცებულებს გაკვეთილიც დავიწყებიათ. დავდიოდი და სათითაოდ ვაგროვებდი ხოლმე… ჰოდა, რა თქმა უნდა, „საოცრება“ მაშინვე ვიყიდე და დავიწყეთ კითხვა. ვიცინოდით, ვტიროდით, ვბრაზობდით, გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდით და ვკითხულობდით.

წიგნში ერთი საინტერესო პერსონაჟია, ავგუსტის მასწავლებელი მისტერ ბრაუნი, რომელიც მოსწავლეებს მაქსიმებს სთავაზობს და ამ მაქსიმებზე ესეებს აწერინებს. საქმე ის არის, რომ თითოეულ მაქსიმას თავისი ისტორია და დანიშნულება აქვს, ისინი ზუსტადაა შერჩეული და ბავშვების ურთიერთობებს, პრობლემებს, შინაგან ფორიაქსა და სიტუაციების ანალიზს ესადაგება.

ჩემი მესამეკლასელები ისე აღაფრთოვანა მასწავლებლის ამ იდეამ და მაქსიმების შინაარსმა, რომ მთხოვეს, ჩვენც დავწეროთო. უარი არ მითქვამს, ამოვწერე ყველა მაქსიმა, ჩავყარე ჩვენს დიდ ხის სკივრში და სათითაოდ ამოვაღებინე. ვისაც რომელი შეხვდა იმაზე დაწერა. ზოგმა – ესე, ზოგმა – მოთხრობა, ზოგმა – ჩანახატი. ილუსტრაციებიც დაურთეს და საბოლოოდ წიგნადაც ავკინძეთ, მოვიწვიეთ მშობლები და ჩვენი ნაშრომი წარვუდგინეთ.

ძველი კომპიუტერის ფაილების დალაგებისას რამდენიმე ნამუშევარს წავაწყდი და მინდა, გაგიზიაროთ, როგორც მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მივცეთ მოსწავლეს არჩევანი და თავისუფლება და ასეთი შესანიშნავი ამბები მივიღოთ. მათი ავტორები მესამეკლასელები არიან.

 

ნინია:

„რაც ლამაზია, კარგია და ვინც კარგია, მალე გახდება ლამაზი “.

საფო

საფო შეიძლება ავგუსტს (მომავალ ავგუსტს) გულისხმობდა. მეც თითქოს ვეთანხმები, თუმცა ვინც ლამაზია, ხშირად არ არის კარგი. ავგუსტი ამის კარგი მაგალითია. ის უშნო იყო, დეფექტურს ეძახდნენ, მაგრამ ძალიან კეთილი გული ჰქონდა, ხოლო ზოგიერთ ლამაზს და მდიდარს დიდი ვინმე ეგონა თავი და ამით სარგებლობდა. ვინც კარგია, მალე გახდება ლამაზი – ესეც ავგუსტია. ბოდიში, რომ ხშირად ვახსენებ ავგუსტს, მაგრამ სხვა არავინ ვიცი მისნაირი. თან ის, ფაქტიურად, არავის უყვარდა. ნუ, ჯუნისა და ჯეკის გარდა. თუ ადამიანი უშნოა, არ ნიშნავს რომ კეთილი არ არის. ვინც უშნოა, არ ნიშნავს, რომ ცუდია. ისეცაა, რომ ზოგი შეიძლება მთლად კარგი არც აღმოჩნდეს. ახლა თქვენ მეტყვით: ეგეთი არავინ არსებობსო. არა, შეცდით. მალიფისენტი. მას ორი რაღაც აქვს სიკეთის: 1. აურორა შეიწყალა და 2. მისი კარგად ყოფნა სურდა.

ახლა ალბათ მეტყვით, რომ ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა. უნდა გამოვტყდე, გამომიჭირეთ, ამიტომაც მეორე პუნქტი, მოდით, არ ჩავთვალოთ.

 

ანა:

სიყვარული სხვა რაღა გინდა?

ეს სიტყვები მამამ გარდაცვალების წინ თქვა. ჩვენ ლოურენსების ოჯახი ვართ.

სანამ მამა გარდაიცვლებოდა, სკოლაში ის მატარებდა. ერთხელ კლასშიც შემომყვა და დაინახა, პატარა ბიჭი კუთხეში მოღუშულიყო, სახეზე ფერი არ ედო. აქეთ-იქით იხედებოდა, როგორც ბუზი კრაზანების გარემოცვაში. სანამ გაკვეთილი დაიწყებოდა, მამა მისტერ ტაკუმენთან მივიდა და რაღაცა უთხრა. ეს მაშინ გავიგე, როდესაც გაკვეთილზე ავგუსტთან გადამსვეს. სახეში შეხედვას ვერ ბედავდა. რამდენიმე თვის შემდეგ დავმეგობრდით. კარგი ბიჭი ჩანდა ისეც და სწავლაშიც.

ერთ დღეს ის სკოლაში აღარ დამხვდა. გამიკვირდა. ავგი სკოლას არასდროს აცდენდა. გაკვეთილების მერე მის სახლში მივედი და ავგის დედამ მასთან ოთახში შემიყვანა. ძალიან ცუდად იყო, რომ დამინახა, სახეზე ცოტა ფერი მოუვიდა. ერთი საათი დავრჩი მასთან. ავგი გამოკეთდა, მას ხომ მეგობრის სიყვარული სჭირდებოდა.

როცა სახლისკენ მივდიოდი, მამას ბოლო სიტყვები გამახსენდა: „სიყვარული სხვა რაღა გინდა“.

 

ლიზი:

არ კმარა, მეგობრულად იყო განწყობილი; მეგობარი უნდა იყო.

წარმოიდგინეთ სკოლა, რომელიც ვარდის ფურცლებისგან არის აშენებული, სადაც აფროდიტეს შადრევნები ჩქეფს, მათ გარშემო კი მეგობრობის მარწყვის მათრობელა ტყეა. ამ სკოლაში ერთი განსაკუთრებული გოგო ანანიანია სწავლობდა, მაგრამ ყველა ანანიას ეძახდა. ის სკოლაში ყველაზე უცნაური გოგო იყო, ის ყველასთან მეგობრობდა, დანარჩენები კი მხოლოდ მეგობრულად იყვნენ განწყობილები. ანანიას ბავშვობა იმაზე მეტყველებს, რომ არ კმარა მეგობრულად იყო განწყობილი, მეგობარი უნდა იყო. მაგალითად, მომენტი, როდესაც ანანია ნიანასთან მეგობრობდა (ანანიას მშობლები არ ჰყავს), მისთვის ერთადერთი იყო. სანამ ანანია ნიანას გაიცნობდა, მეგობრულად იყო განწყობილი, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და ისე მოხდა, რომ მეგობარი დაკარგა. ამის შემდეგ ის ცდილობს, ყველასთან იმეგობროს და ყოველ დილას თავის თავს ეუბნება: არ კმარა მეგობრულად იყო განწყობილი, მეგობარი უნდა იყო, მეგობარი.

 

თეკლა:

ცხოვრებაში ყველას უნდა ერგოს ერთი ოვაცია მაინც!

იყო ერთი ელფი. მას ეოვენი ერქვა. ის ისეთი ელფი იყო, რომ თუ ვინმეს თვალწინ წარუდგებოდა, სახეზე აღტაცება არავის ეხატებოდა. უკვე მის საუკეთესო მეგობარსაც კი ეოვენი უნიჭო ეგონა. ერთ დღეს ეოვენს ღონისძიება ჰქონდა, ყველას ლექსი უნდა დაეწერა. ის მასწავლებელს წინ დაუდგა და ლექსი წაუკითხა. უფრო სწორად, მასწავლებელს ეგონა, რომ ის ლექს წაიკითხავდა, ის კი თავის შესახებ მოჰყვა:

– გამარჯობა, მე ეოვენი ვარ. ჩემს ძმას გომერი ჰქვია. ვიცი, ჩემგან ბევრს არ ელით, მაგრამ ცხოვრებაში ყველას ერთი აღტაცება მაინც უნდა ერგოს. – და აი, ის მოჰყვა ყველაფერს თავის ცხოვრებაზე, ტკივილსა და წყენაზე, იმედგაცრუებაზე და სიხარულზე. როდესაც დაასრულა, მაყურებლები ფეხზე ადგნენ და ტაშის ცემას მოჰყვნენ, რის შემდეგაც ეოვენმა გაიფიქრა:

– ცხოვრებაში ყველას უნდა ერგოს ერთი ოვაცია და ტაშის დაკვრა მაინც!!! ერთხელ მაინც!!!

 

 

ნია:

„ადამიანი კუნძული როდია, ცალკე გარიყული“.

ერთ პატარა ქოხში პატარა გოგონა იავი ცხოვრობდა. ის ძალიან კარგ სკოლაში დადიოდა, მაგრამ არავინ ემეგობრებოდა. რატომ? ეს არავინ იცოდა. მისი კლასელები სულ ერთად თამაშობდნენ, მაგრამ იავის არავინ ათამაშებდა. იავი ძალიან, ძალიან კეთილი იყო. ერთხელ იავიმ დაინახა, რომ მისმა კლასელებმა იჩხუბეს: ერთმა მეორე ძირს დააგდო. იავი მაშინვე მასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. წაქცეულმა უთხრა:

– გადი აქედან! მე შენი დახმარება არ მჭირდება!

იავი ნაწყენი წავიდა მერხისკენ.

როდესაც იავი სახლისკენ მიდიოდა, ერთმა გოგომ, სახელად მუკიმ შეამჩნია, რომ იავი მოწყენილი იყო. მუკი მივიდა მასთან და ჰკითხა:

– იავი, რატომ ხარ მოწყენილი?

იავის გაუკვირდა:

– ჩემი სახელი საიდან იცი?

– შენს ჩანთას აწერია…

– მე კლასში არავინ მემეგობრება

– რატომ???

– ეს არავინ იცის.

– იავი, შეიძლება, მე შენი მეგბარი ვიყო?

– მართლა?

– ჰო, მართლა.

იავიმ დაიყვირა:

– ჰოო, მინდა, რა თქმა უნდა მინდა!!!

 

მარიამი:

ჯობს, ზოგიერთი კითხვა იცოდე, ვიდრე ყველა პასუხი.

მე კითხვების დასმა ძალიან მეხმარება. რაში მეხმარება? იმაში, რომ ბევრი რამ გავიგო. აი, მაგალითად, ამ კითხვამ დამაინტერესა: რა საჭიროა სკოლა? ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვკითხე მასწავლებელს. მასწავლებელმა მიპასუხა: რომ ვიყოთ უფრო ჭკვიანები და გონიერები, რომ გვქონდეს ჩვენი საქმე, ჩვენი პროფესია. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი სწავლა მომიწევს იმისთვის, რომ როდესაც გავიზრდები, ჩემი საყვარელი საქმიანობით დავკავდე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს კითხვა უნდა დამესვა და მისი პასუხიც გამეაზრებინა. ერთ ფილმში, სახელად „ანგელოზის სწავლა“, ასეთი რამ ხდება: ერთი ანგელოზი ცხოვრობს საფრანგეთის სასახლეში და ჰყავს მილიონი მოსამსახურე, ლიმუზინები და მოკლედ ძალიან დიდი ქონება აქვს. ერთ მოსამსახურეს დაუსვა იგივე შეკითხვა: რად გვინდა სკოლა? მოსამსახურემ უპასუხა, არ ვიციო. ამ შემთხვევაში ანგელოზს პასუხი ვერ უთხრეს და კითხვაც არასწორ ადამიანს დაუსვა. ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის რა უნდა ვკითხოთ.

 

აქვე მესამეკლასელების რამდენიმე ლიტერატურული შედევრსაც გაგიზიარებთ, რომლებიც საკუთარი სურვილით შექმნეს. რატომ მოუნდათ წერა? შესაძლოა, არც ერთ მეთოდურ მითითებაში ან სწავლების თეორიაში არ ჯდება, მაგრამ ძალიან ხშირად ვკითხულობდით დიდების პოეზიას: გალაკტიონს, ანა კალანდაძეს, ბესიკ ხარანაულს. სიტყვები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა, მთავარი იყო, ჟღერადობა და მუსიკა აღმოეჩინათ. თუმცა აღმოჩნდა, რომ არც შინაარსი ყოფილა მეორეხარისხოვანი. ისმენდნენ და ღრმად ინახავდნენ, მერე კი, აი, ასეთ რამეებს წერდნენ:

 

თეკლა

უსათაურო

თოვლია – თეთრი და ფუმფულა.

სოფელს გადაეფინა ეს თეთრი უცნობი.

მბზინავი სითბო, სადღაა ნეტავ?

არსად! ის გაქრა და სიცივეა ახლა.

განსაკუთრებით მაშინ როცა

მზე მთებს მიღმა ჩავა.

მუხას სცივა.

და საერთოდ ყველა ხეს სცივა.

ბაბუაწვერას სძინავს.

დედამიწასაც სცივა.

თვალი დაეხუჭა და დაიძინა.

 

თეკლა

ჩემი გაზაფხულის ხასიათი

ჩემში გაზაფხული დგას,

მითხარ, მითხარ, რატომ?

ძალიან კარგად ვარ.

თავს მშვენივრად ვგრძნობ.

სიმშვიდეა ჩემში.

მე ვგრძნობ

მე შინაგანად ვგრძნობ

სიკეთეს, სიყვარულს, სილამაზეს.

სიმშვიდეს ვგრძნობ.

ვგრძნობ, ვგრძნობ.

ყველაფერს ვგრძნობ.

ვგიჟდები მოლივლივე წყალზე,

როგორ მიჰქრის ნაზად ნაზი სიო.

როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს ეს დრო.

მიყვარს ჩემი დრო. მიყვარს მთები დათოვლილი.

გზები.

ღრუბლებით მორთული ცა.

ყვავილებით შეკაზმული ხეები.

არასოდეს დავივიწყებ ამ დროს!

როცა თოვს,

ჩემში დარდი დადის. გული მეჩეხება.

ტირილი მინდება.

მახსენდება ჩემი დარდი და გაუკვალავი ცა!!!

 

სოფიო

ჩემში შემოდგომა დგას

ჩემში შემოდგომა დგას,

ახლა ძალიან მშვიდად ვარ.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს სხეულში ფოთლები იზრდება.

შემოდგომა არც ის არის რაც თქვენს ტვინებს ჰგონიათ.

არც ცუდია, არც კარგია, არც საშუალო ბრძანდება.

ან საშუალო როგორ იყოს? ჩემი ხასიათია…

ახლა კარგად ვბრძანდები, ახლა მშვიდად ვბრძანდები.

ჩემში შემოდგომა დგას.

მაგრამ გარეთ ზამთარი.

წელიწადის დრო ტრიალებს ჩემში, ჩემს სხეულში.

არ წვიმს, არც თოვს, ნაზი სიო უბერავს.

ალბათ უკვე კარგად მიხვდით, შემოდგომა რას ნიშნავს.

 

თეკლა

ჭიას

ჩემო ლამაზო პატარა ჭია,

ვიცი, სხვებისთვის არაფერი ხარ,

მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ხარ.

როგორ მომწონს შენი პატარა სიშავე.

ალბათ, არ მოგწონს, რომ დაგცინიან ჩემი მეგობრები.

მაგრამ ნახავ, ჩემო ჭიავ,

ხვალ ინანებენ,

რაც შენზე თქვეს.

მაგრამ არ გეწყინოს,

ჩემო ჭიავ,

მალე შენ გახდები

ლამაზი პეპელა!

 

ლიზიკო

ციცინათელები

უცებ მთვარე დიდმა, უზარმაზარმა, სქელმა ღრუბელმა დაფარა. მე ჩირაღდანი ჩავაქრე, უფრო სწორად, ქარმა დაუბერა და ჩააქრო. ცაზე კი პატრა მოციმციმე ვარსკვლავები ბრილიანტის ციცინათელებად გადაიქცნენ. შემომეხვივნენ და ერთად დავეშვით სიზმრების მთიდან…
ის-ის იყო, მთიდან ჩამოვედით, რომ უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. ციცინათელები ნაპრალზე ხიდად გადაიჭიმნენ და ნელ-ნელა ჩაქრნენ. მხოლოდ იქ ანათებდნენ, სადაც მე ვიდექი. როცა გადავედი, ერთი ხის ძირას ჩამოვჯექით. მოგვიანებით ფრენბურთი ვითამაშეთ, შემდეგ ამბებიც მოვყევით. ამასობაში ციცინათელები გაფრინდნენ. ერთიც აღარ ჩანდა. ახლა უკვე სანატრელი იყო ის ღამე, – ვფიქრობდი მე. უცებ ჩემს მხარზე პატარა მძინარე ციცინათელა შევნიშნე. მივხვდი, ეს გამოსამშვიდობებელი საჩუქარი იყო და ციცინათელებს ვეღარასოდეს ვნახავდი. მაგრამ ჩემთვის ეს ღამეც საკმარისი იყო და ყოველთვის მომენატრებოდა ჯადოსნური ღამე და ჩემი ახალი ბრილიანტის მეგობრები.

 

ნიაკო

***

აღარ გაბედოთ, არ მოჭრათ!

ეს საცოდავი ხეები.

იცით რას გრძნობენ სიკვდილის დროს

ეს საცოდავი ხეები?!

ტირიან, სტკივათ ფეხები…

საცოდავები ისინი.

ტყუილად ფიქრობთ,

რომ მკვდრები არიან ხეები.

არა, ცოცხლობენ, ნამდვილად

ცად აზიდული ხეები.

 

ჰოდა, გვერდზე გადადეთ ყველანაირი მეთოდური სახელმძღვანელო, დახუჭეთ თვალები და მიჰყევით სიტყვის მუსიკას. ის აუცილებლად გაპოვნინებთ მოსწავლეების გულებს.

ჩემს მესამეკლასელებს, ახლა უკვე მერვეკლასელებს, ვუგზავნი უზარმაზარ სიყვარულს. მე მუდამ მჯეროდა და მჯერა თქვენი, ჩემო არაჩვეულებრივო ბავშვებო.

სამოქალაქო განათლებისათვის

0

კეხიჯვარი, რომელიც XIX საუკუნემდე ლეკთა დაუსრულებელი თარეშის გამო მიტოვებულიც კი ყოფილა, ძამის ხეობის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. დღეს ის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, საჯარო სკოლის ჩათვლით, სადაც სჯერათ – აქტიური მოქალაქის აღზრდა-ჩამოყალიბება სწორედ სკოლის კედლებიდან იწყება და სამოქალაქო განათლების საშუალებით ხდება.

კეხიჯვარის სკოლაში იციან, რომ სრულყოფილი პიროვნება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო და გამოწვევებით აღსავსე ზრდასრულ ცხოვრებაში თამამად შეაბიჯო, როდესაც  ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, ღირებულებებით და პოზიტიური ცხოვრებისეული დამოკიდებულებებით აღიჭურვები. სამოქალაქო განათლების მიზანიც ეს არის – ისეთი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში, საზოგადოებრივ საქმიანობასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის პატივისცემის გზით, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

დღეს კეხიჯვარის სკოლის ეზოში ჯგუფებად დაყოფილი შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე-პედაგოგები სტუმრებს ელიან: სამოქალაქო განათლების პროგრამების განმახორციელებელ PH International-ისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მასპინძლებმა მათ სამოქალაქო პროგრამის – „მომავლის თაობის“ ფარგლებში შესრულებული პროექტების შესახებ საკუთარი პრეზენტაციები უნდა წარუდგინონ.

ორგანიზებულად გაშლილ თემატურ სტენდებთან საზეიმო მღელვარება იგრძნობა, მათ შორის ოსიაურის საჯარო სკოლის სტენდთანაც. ამ სკოლის XI კლასის მოსწავლეს, გიორგი ძამანაშვილს მიაჩნია, რომ აქტიური მოქალაქე ისაა, ვისაც სამოქალაქო, იურიდიული, პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობა გააჩნია, აცნობიერებს საკუთარ მოვალეობებს და სხვისი უფლებების დაცვაც შეუძლია მას შემდეგ, რაც პრობლემებს აღმოაჩენს და მათ გადაჭრაზე მშვიდობიანი გზით იზრუნებს. ეს კი მხოლოდ იმ უნარ-ჩვევების დახმარებით და ცოდნითაა შესაძლებელი, რასაც მოსწავლეები სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ინტერაქტიული მეთოდების – დისკუსიების, დებატებისა და პროექტული სწავლების გამოყენებით იღებენ.

გიორგის სტენდთან ხელნაკეთი ფოტოწიგნი – „თავისუფლების მწერლებია“ წარმოდგენილი. აქ, ოსიაურის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მიერ, ბოლო სამი წელიწადში განხორციელებული პროექტების შედეგებია თავმოყრილი.

„ჩვენს კლუბში 30-მდე განსხვავებული ასაკის მოსწავლეა. გვიხარია, რომ ახალი თაობა ახალი იდეებით წამოგვეწია და ახლა შეგვიძლია, მას საკუთარ გამოცდილება გავუზიაროთ. უმეტესად იმ თემებზე ვმუშაობთ, რომლებიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებიან – ძალადობა, გარემოს დაცვა, უფლებები და სხვა. მაგალითად, არჩევნების წელს შევნიშნეთ, რომ მოსახლეობა არჩევნების მიმართ გულგრილი იყო. ცესკოსთან თანამშრომლობით, ჩვენ შევქმენით სპეციალური წიგნაკი ზრდასრული მოსახლეობისთვის, სადაც არჩევნების შესახებ ინფორმაციას თავი მოვუყარეთ. ამავე თემაზე ჩავატარეთ ტრენინგები სკოლის მოსწავლეებთან. გამოვიკვლიეთ პროექტის უკუკავშირი,“ – ყვება გიორგი.

USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამების ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია PH International-მა 2011 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დახმარება გაუწია 1450 სკოლას. სამოქალაქო ინიციატივებში 171980 უფროსკლასელი მონაწილეობდა. მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, სკოლის დირექტორებმა და სხვა საჯარო უწყებების ხელმძღვანელებმა კი 1069 გადაწყვეტილება მიიღეს.

სოფია ქიტიაშვილმა წელს სურამის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასი დაამთავრა. კეხიჯვარში მისი სკოლა ყოფილი პარტნიორი სკოლის სტატუსით დაპატიჟეს. სოფიას სტენდზე წარმატებით განხორციელებული ინიციატივის სახით „მედიაწიგნიერებაა“ მითითებული. ეს პროექტი სოფელში გავერანებული ადგილის ბავშვებისთვის თავისუფალ სივრცედ გადაქცევას მოემსახურა. ის სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. სოფიას თქმით, ადგილობრივი თვითმართველობის დაპირებით, ახლო მომავალში ტერიტორია შემოიღობება და გამწვანდება კიდეც.

სურამის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დალი ბროლიძე ამბობს, რომ ამ პროექტის შესახებ პრეზენტაცია, 2020 წელს მედიაწიგნიერების თემაზე ორგანიზებულ ვენის კონფერენციაზეც კი წარადგინა. დალი მასწავლებელი 1918 პედაგოგს შორის ერთ-ერთია, ვინც პროფესიული განვითარების მიმართულებით, პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, რამდენიმე ტრენინგი გაიარა.

სურამელები ამაყობენ, რომ პროექტის განხორციელება პრაქტიკულად „ცარიელი ხელებით“ დაიწყეს, მაგრამ შედეგი მიიღეს – მოსწავლეებმა საკუთარ ტერიტორიაზე ზრუნვა და მისი მოვლა ისწავლეს. არც შემდგომში აპირებენ უკან დახევას.

აქვე დავამატებ, რომ 2010 წლიდან Initiatives.ge გახდა პირველი ქართული ონლაინ გრანტების პლატფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სკოლებში სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას, რის მერეც საპროექტო მუშაობა ბევრგან ერთგვარ კულტურად დამკვიდრდა.

სულ PH International-ის მიერ მოსწავლეთა, პედაგოგთა და სკოლის დირექტორთა 872 პროექტი დაფინანსდა, რომლითაც 361823 -მა ადამიანმა ისარგებლა. ამისათვის კი ორგანიზაციამ 465053 აშშ დოლარი გასცა.

სამოქალაქო განათლების დაფინანსებულმა პროექტებმა ხელი შეუწყვეს ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაჭრას. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლეთა ინიციატივა მსხვილი კომპანიების ბიზნესინტერესებთან იკვეთებოდა და მისი შესრულება რთულდებოდა. „რუსთავის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, საინფორმაციო კამპანია აწარმოეს და ჰაერის დაბინძურების შესახებ პეტიცია შეადგინეს, ისინი საწარმოებისთვის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ითხოვდნენ, მოამზადეს ბუკლეტები, ვიდეორგოლი. უნდოდათ, რომ მუშა საწარმოებში ჰაერის დაბინძურების მექანიზმი მეტად კონტროლირებული ყოფილიყო. მოსწავლეებმა ასევე მიმართეს რამდენიმე საწარმოს, რათა გაერკვიათ, რა ზომებს მიმართავდნენ ისინი ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, პასუხი მხოლოდ ერთი საწარმოსგან მიიღეს. მოსწავლეებისთვის ესეც საჭირო გამოცდილება იყო“, – იხსენებს „მომავლის თაობის“ პროგრამების ხელმძღვანელი მარინა უშვერიძე.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზოგა­დო­ე­ბას ხან­გრ­ძ­ლი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ აქვს, სამოქალაქო განათლებაც ახალი საგანია და ეს მიუხედავად იმისა, რომ PH International 1989 წლიდან რამდენიმე ათეული პროგრამით ცდილობს  ხელი შეუწყოს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების გაზრდას და დასაქმების ხელშეწყობას, სახალხო დიპლომატიას, სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების განვითარებას და სხვ. სამოქალაქო განათლება მუდმივად მოიცავს აქტუალურ თემებს, მაგალითად, ორგანიზაციის პროგრამები ხშირად არის მიმართული ოჯახური ძალადობის პრევენციაზე და ქალების როლის  გაძლიერებაზე რეგიონებში.

კეხიჯვარის სკოლის ეზოში ჩვენც აღმოვაჩინეთ ქვემო გომის საჯარო სკოლის სტენდზე საკლუბო პროექტი „ქალის ხმა“, რომელზეც მოსწავლეები 2018 წლიდან მუშაობენ.

„პროექტის ფარგლებში რამდენიმე აქტივობა ჩავატარეთ. სოფლის მოსახლეობას დავურიგეთ ბუკლეტები და ფლაერები ოჯახურ ძალადობასა და მასზე რეაგირების შესახებ. ზოგი კარიკატურებით იყო გაფორმებული, რომ მკითხველისთვის ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო. გამოვკითხეთ 50 ოჯახი, გამოიკვეთა ბევრი საყურადღებო ტენდენცია, მაგალითად, 25-მა გამოკითხულმა მამაკაცმა გვითხრა, რომ ქალი მისი ნების უპირობო შემსრულებელი უნდა ყოფილიყო. მოვიწვიეთ მოსახლეობა გენდერულ თანასწორობაზე სასაუბროდ. გვქონდა კვლევის პრეზენტაცია,“ – ყვება ამავე სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე ილია რევაზიშვილი.

კეხიჯვარის სკოლის ეზოში შეკრებილმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მათთვის საპასუხისმგებლო მისიაა მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება.

„გარდა ამისა, სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ბევრი ფერადი და ლამაზი დღე გვაჩუქა, დაგვამეგობრა სხვა სკოლების კოლეგებთან, რომლებთანაც ახლაც ვაგრძელებთ პარტნიორობას. მიხარია, რომ მასწავლებლის შრომა დამიფასდა და განათლების პროგრამის ფარგლებში, მივიღე ჯილდოები, რომლებმაც მომცეს სტიმული, გამეგრძელებინა ჩემი განვითარება და საქმიანობა,“ – ამბობს 2018 წელს სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვის ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგი თეა ლომიტაშვილი.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების რესურსის ხელმისაწვდომობა. რესურსს განსაკუთრებით კარგად იყენებენ პედაგოგები, რომელთაც სურთ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და ინტერაქტიული გამოუვიდეთ.

ცნობისათვის: PH International-ის სამოქალაქო განათლების პროგრამების ფარგლებში პედაგოგებისთვის რამდენიმე ათეული გამოცემა შეიქმნა, მათ შორის ბოლოა (პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში შექმნილი) – „პროექტის წერისა და მართვის სახელმძღვანელო“.

გარკვეული წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგ, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში, სამოქალაქო აღზრდამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. 2006 წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულმა შედარებით ახალგაზრდა საგანმა მოსწავლეთა მოტივაციისა და სასკოლო ცხოვრების ხარისხი უდავოდ აამაღლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავას თქმით, PH International-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ დიდი წვლილი შეიტანა განათლებაში, მით უფრო პროექტული სწავლების კუთხით. ამჯერად, განათლების ექსპერტები კი იმასაც განიხილავენ, ექნება თუ არა მე-10-11-12 კლასებში ამ საგანს საგაკვეთილო ფორმატი, თუ ის სემესტრების განმავლობაში განსახორციელებელი ვრცელი პროექტის სახით იარსებებს.    

„ალბათ გსმენიათ გამოთქმა: „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“. „გამაკეთებინე და გავიგებ“ არის ის, რაც არ უნდა იყოს მხოლოდ „სამოქალაქოს“ კუთვნილება, ის სხვა საგნებსაც უნდა ეხებოდეს და ეს რეფორმა განათლების სამინისტროში უკვე დაწყებულია.

„გულზე მჯიღის ცემით ქვეყანას ვერ ავაშენებთ, ვერც კარგი მამულიშვილები ვიქნებით, ჩვენ  აქტიური მოქალაქეები გვჭირდება, ვინც  ნაბიჯ-ნაბიჯ საქმის კეთებით ააშენებენ ქვეყანას,“ – დარწმუნებულია მარიამ ჩიქობავა და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფინანსური მხარდაჭერა დასრულდა, სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესი ამის გამო არ  განელებულა.

 

ქალაქისოდენა ღამე

0

“ხევსურეთში ჟამიანობის დროს ავადმყოფები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამებში და იქ ელოდებოდნენ სიკვდილს. აკლდამები და ადამიანების ჩონჩხები დღემდეა შემორჩენილი. “შემორჩენილია იქვე, კედლებზე, დატოვებული წარწერებიც.

თეთრად გავათენე. ფიქრმა, დარდმა, შიშმა და სინანულმა ერთად დამრია ხელი. დილით ძლივს ავწიე ტანი ჭილობიდან… ჩემთან ერთად თითქოს „ჩემს სახლს ასტკივდა კედლები და ღია ფანჯრები“. დაყოვნება აღარ შეიძლება… მეც უნდა წავიდე გაღმა სოფელში…

მივედი…

„გარეთ დავტოვე ცხენი. სახლი. ჩემი ბავშვობა“. სახლში კი „სიცოცხლის მძევლად ჩემი ცოლი დავტოვე“.

აქ ბევრნი დამხვდნენ. ბევრნი – ამ პატარა ოთახის კვალობაზე, თორემ კიდევ უფრო მეტი აღარ დამხვდა. თითებზე ჩამოთვლი სოფელში დარჩენილებს. ახლა უმეტესობა აქ ვართ ან უნდა ვყოფილიყავით. სინათლიდან შემოსულს ბნელ ოთახში ხედვა მიჭირს. „ვცდილობ, ფეხი არ დავაბიჯო მკვდარსა და ცოცხალს“.

თვალი ნელ-ნელა ეჩვევა ამ ახალ ყოფასა და სამყოფელს. უკვე სახეებსაც ვარჩევ, თუმცა გაბზარულ ხმებს ვეღარ ვცნობ. თავისუფალი კუთხე მოვხელე და ჩუმად ჩამოვჯექი სულის მოსათქმელად. „ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი აკვანს არწევს – იქ კი გოგოა, წინა ზაფხულს დაბადებული“. მოშორებით „სხედან სიკვდილშეყრილი ქალები, ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ“.

სიჩუმეს ფანდურის ხმა არღვევს… „რა გამღერებს, მინდიავ, სიკვდილს აშინებ?“ – ეკითხება ვიღაც. ეჰ, „მეც სიკვდილი ვარ, ფანდურითა და არყით ხელში“, – მოკლედ პასუხობს და დუმდება ისევ.

„აბა, როგორა ხართ?“ – ვკითხულობ სიჩუმისა და უხერხულობის გასაფანტავად. „სიკვდილში ვდგავარ, სიცოცხლეში – ვეღარ გავიგე“, – მპასუხობს ვიღაც, ბნელ კუთხეში მიწოლილი. „სიკვდილის მძევლები ვართ”, ძმობილო სიკვდილის მძევლები, – გვეხმაურება სხვა. და მე მაოცებს „ჩემი სიმშვიდე – უძირო ტბაში კლდესავით ჩაყუდებული“.

იქით ვიხედები, საიდანაც სინათლის სხივი შემოდის. „სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან და შემობერილ ნიავს თვალებით ეფერებიან“. „სარკმლის გარეთ ჰაერია, შიგნით – სიჩუმე“. „იხმაურეთ“, – ასე ვარიგებთ ბავშვებს, ბეღურებივით შემოსახლებულებს, სიკვდილშეყრილებს“.

„აღარ იტიროთ“, – ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.

„მარტოკაი ხარ, დარეჯან?“ – ვეკითხები იმ სოფლის მეზობელს. „ჩემი შვილებიც აქ არიან. მე აღარ ვსუნთქავ, რომ ჰაერის მარაგი დარჩეს“, – მოკლედ მპასუხობს. თვალს ისევ იქით ვაპარებ, საიდანაც დღის შუქი ძლივს აღწევს. „ამ წვრილ სარკმელში ღმერთიც ვეღარ შემოეტევა“, ჰაერი როგორ შემოაღწევს.

მოულოდნელად ფრთების ფრთხიალი არღვევს სიჩუმეს. „შემოფრენილმა გულწითელამ თითქოს სიცოცხლე შემოიტანა, ისე ავღელდით“.

სანამ მთლად ჩამობნელდება, ფეხმოთრევით მივდივარ კედელში დარჩენილ ღიობთან, ფანჯრის როლს რომ ასრულებს. გარეთ ვიხედები… მომეჩვენა, რომ „გაღმასოფელში ასკილი ყვავის“. „სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები, მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია“. კი, ასეა, აქ „შავ-თეთრი სოფელი მაქვს“. ვუცქერი მზის ჩასვლას და ვხედავ, რომ „ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის“.

ქვევით მდინარეს ჩავხედე. „ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და არ სუნთქავს“, რომ იქნებ როგორმე ჩვენი ხმა მისწვდეს მის ყურს. „ყვავილები [ც კი უთანაგრძნობენ და] არ საუბრობენ“. „ჩვენთან ცოლები სახალხოდ ქმრებს ვერ იტირებენ, ეძებენ ადგილს ბნელს, მივარდნილს“, რადგან ჩვენ „აქ უსაფლავოდ ვარ[თ] დარჩენილი.“

„წყალგაღმა მოჩანს საფლავების თეთრი ლოდები და მათი ჩრდილი აკლდამაშიც გვწვდება და გვფარავს“. იქ „მკვდრებიც სუნთქავენ“, აქ ცოცხლებსაც გვიჭირს სუნთქვა. იქ, იმ სასაფლაოზე, „მკვდრებიც დგებიან და წვებიან, როგორც ჩრდილები“, აქ კი ადგომა და კართან მისვლა ბევრს ენატრება უკვე…

საღამოს „ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა: „ღმერთო“. ჩავაცვით“. მერე „დედა ტიროდა: „ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…“ პირზე სიტყვაშემშრალი ვუცქერდი ხან ერთს, ხან მეორეს „მე – ორჯერმკვდარი“.

ვცდილობ, იმედი არ დავკარგო, თუმცა „მკვდარი რწმენა ვარ“.

დაღამდა… როგორც ამბობენ, „დედის ტკივილით გაჟღენთილი ღამეებია“ აქ.

„მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და ძილი არ გვეკარება…“ „რა სიჩუმეა, სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ“. აღარც გათენებას დაადგა საშველი. „ქალაქისოდენი ღამეა“.

მერე „მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით“. „სიზმარში ვხედავ გაღმადარჩენილებს, მოდიან და სახეზე მკოცნიან, მეფერებიან…“

„წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა ცოცხალი დამიტირა“. „შენ გამაჩინე, დედაჩემო, – შენი ტკივილი“. შენა ხარ „ჩემი მარტოდყოფნის ღმერთი“.

„ვწევარ და სიკვდილს ველოდები, როგორც გაღვიძებას“.

თენდება… „დღეს მგონი ვკვდები. ვეღარ ვსუნთქავ, ვეღარც ვიცინი…“

„…აქ გაღმერთებაც შეიძლება, ოღონდ მოვკვდები“.

 

მინაწერი:

ასე გაღმერთდა ბოლო ანატორელი და დაიბადა თავად ანატორი .

ეს მოხდა სულ ცოტა ხნის წინ, დედაქალაქიდან ხელის გაწვდენაზე, პატარა სოფელში, რომლის მკვიდრთა უმეტესობას ქალაქი თვალითაც არ ენახა, მაგრამ ჰქონდა უმაღლესი მოქალაქეობრივი შეგნება, თანაც ისე, რომ ამისთვის არც სკოლის მერხი და არც ტრენერები თუ მასწავლებლები დასჭირვებია.

მეორე წერილი

0

  ქ. ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის  მე-5 საჯარო სკოლის 11 ა კლასის მოსწავლეებს

 

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, იმედი მაქვს, კარგად ხართ. ვიცი, რომ მეორე წერილი უსაშველოდ გამეწელა, მაგრამ უნდა მაპატიოთ.

მაშ ასე, ახლა პირდაპირ მეორე საკითხზე გადავიდეთ, რომელიც წინა წერილში ასე ჩამოვაყალიბეთ- „როგორ არის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში კაცის კვლის „წყევლა-კრულვიანი“ საკითხი განხილული?“.  ამ თემას, ძირითადად, ოთხი პოემის მიხედვით განვიხილავთ, ესენია – „ალუდა ქეთელაური“,  „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“ და „ბახტრიონი“.

ზოგადად ვაჟა-ფშაველა თავის პოემებში მკითხველ-მსმენელის თანამონაწილეობას ითხოვს და ამიტომაცაა, რომ ყველანი თავს მისი პოემების ერთ-ერთ პერსონაჟად წარმოვსახავთ ხოლმე. ვაჟა ამბის აღმწერია, იგი პირუთვნელად გადმოსცემს ყველას პოზიციას და თავად არ ერევა არაფერში (თუმცა შესაძლოა, გარკვეულ სიმპათიას ავლენდეს, განსაკუთრებით საქართველოს წარსული დიდებისადმი). რით აღწევს იგი ამ ყველაფერს? – რა თქმა უნდა, „დიდი დაეჭვებებით“. სწორედ დაეჭვებებია ის ძირითადი მუხტი, რაც ამოძრავებს მის რომელიმე მთავარ გმირს. თუმცა ეს დაეჭვებაც უმიზეზოდ და უსაგნოდ არ ჩნდება – რაღაც შემთხვევა ესაბაბება ხოლმე. მაგრამ  საინტერესოა, რომ ეს ემართებათ რჩეულებს, რჩეულებს ორი თვალსაზრისით – საკუთარ საზოგადოებაში გამორჩეულებს, ეტალონებს ამავე საზოგადოებისთვის და ამავდროულად,  დიდბუნებოვან ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან რაღაცებში გამოუტყდნენ თავიანთ თავსაც და გარშემომყოფ საზოგადოებასაც – მთელი წარსული ნაღვაწისთვის ხაზის გადასმა რომ მოუწევთ, იმის მიუხედავად.

„დიდი დაეჭვება“ დგება მაშინ, როცა თავად იწყებ აზროვნებას და გრძნობ, რომ ირგვლივ რაღაც ვერ არის. ადამიანი ხომ დაბადებისთანავე გარკვეულ მოცემულობაში ხვდება და შემდეგ სამყაროს აღქმას  იმ მზა კლიშეებით იწყებს, რომლებსაც აწვდიან. ეს კლიშეები სწორი და მართებულიც შეიძლება იყოს და მცდარიც.  გემახსოვრებათ, იოანე საბანისძე როგორ მწუხარებს, რომ დაბადებით ქრისტიანები ისე მტკიცენი ვერ არიან სარწმუნოების მიმართ, ვიდრე ახლადმოქცეული  (ჰ)აბო. რატომ? იმიტომ, რომ  ნებისმიერი რელიგიის მიმდევრების უმრავლესობა იმ რელიგიით ნაკვებ კულტურაში კი იბადება, მაგრამ ეს უკანასკნელი მისი საკუთარი არჩევანი არ არის. მას ეს გაუცნობიერებლად, პატარაობიდანვე მიეცა, ხოლო ვინც თავისი სულიერ-გრძნობიერ-გონებრივი  საწყაოდან გამომდინარე ირჩევს მრწამსს თუ იდეოლოგიას, იგი გაცილებით ერთგულია მისი, არ ეთმობა, რადგან ამისათვის ჯაფა გასწია. ყოველმა ასეთმა ადამიანმა (მუჰამად ალიმ, მალკოლმ იქსმა, ევსტათი მცხეთელმა და ა.შ.) კარგად იცის, თუ რა არის ნიშნეული მათ მიერ შერჩეულ რელიგიაში. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ თქმული ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს  რომელიმე რელიგიის წიაღში დაბადებულ ადამიანს არ ძალუძს მისი ჭეშმარიტების შეგნება ან გულწრფელი ვერ იქნება მისთვის მიყოლაში. მხოლოდ ესაა, გაგება, როგორც ასეთი, იწყება დაეჭვებებით, გამოძიებით, გამოკვლევით, ჩაწვდომითა და ბოლოს, ან გულწრფელი სიყვარულით, ანდა გულწრფელად უარის თქმით.

დაეჭვებები და „დიდი დაეჭვებები“ მხოლოდ რელიგიას არ ეხება. ესაა სტერეოტიპულ აზროვნებათა წინააღმდეგ გალაშქრება, ისეთების, როგორებიცაა მაგალითად, დამოკიდებულება ადამიანებთან, ცხოველებთან, საკუთარ თავთან, სამშობლოსთან, მოყვარესთან დაბოლოს, მტერთან.  ამ უკანასკნელის მიმართ სტერეოტიპი ნეგატიური ხასიათისაა და სტერეოტიპზე მეტად დემონიზაციის ხასიათს ატარებს, ხოლო დემონიზაცია ჩვენს თვალში მოწინააღმდეგის ყოველგვარი ადამიანური თვისებებისაგან დაცლას გულისხმობს. შედეგად, არც მისი კუთვნილი რელიგია შეიძლება იყოს კაცთმოყვარე, უფრო მეტიც, მის ასეთად ყოფნას სწორედ ეს უკანასკნელი უნდა აპირობებდეს.

ალუდაც ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანია. მასაც თემის მიერ ჩამოყალიბებული შეხედულებები უპირობო ჭეშმარიტებად მიაჩნია. მისთვისაც ქისტების თუ ლეკების წინააღმდეგ ბრძოლა, იმავდროულად „არაჭეშმარიტ“ რელიგიასთან ომიცაა, ხოლო მასში გამარჯვება ღვთისმოსაობის ტოლფასია, სიკვდილი კი  – მოწამეობის.  მართალია, თავად მრავალზე „სცადა ფრანგული ფხიანი“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი  მისი შეხედულებების შესაცვლელად, რადგან იგი ჯერ თავისნაირს არ გადაჰყრია. და განგების ნებით თუ შემთხვევის გამოისობით, ასეთ კაცად მუცალი შეხვდება. მუცალთან სროლაში ჩაბმული ალუდა, მოწინააღმდეგის ღირსეულობას მაშინვე აღიქვამს. მუცალის ნასროლი ტყვია ზედ მკერდთან რომ ჩაუვლის და დენთის შესანახ რქას რომ გაუტეხს, ხვდება, რომ შემთხვევით გადარჩა. საინტერესოა მათი ურთიერთშეყივლება „არც ახლა გჭირსა რჯულ-ძაღლო“. რატომ „რჯულ-ძაღლო“ და არა მაგალითად, „მამაძაღლო?!“.  აქაც სწორედ ერთმანეთის რელიგიის დამცირების, უფრო სწორად, არასწორი წარმოდგენიდან გამომდინარე, დემონიზაციის მომენტთან გვაქვს საქმე. თორემ არც ქრისტიანობა ამბობს ასეთ რამეს სხვა რელიგიებზე და არც ისლამი, პირიქით, ისლამისთვის ქრისტიანობა „ზეციურ რელიგიათაგანია“. ბოლოს მაინც ალუდა დასცემს მუცალს.  მუცალი მოასწრებს და კიდევ ერთხელ ესვრის, თუმცა ვერც ამჯერად მოარტყამს, რის შემდეგაც თოფს გადაუგდებს „ახლა შენ იყოს, რჯულ-ძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა“- დააყოლებს.  მუცალისგან რჯულის ეს უკანასკნელი შეხსენება („კიდევ მიხსენა რჯულია”) უკვე აღარაა ღვარძლიანი ამოძახილი, პირიქით, სითბოც კი დაჰკრავს, რადგან იგი ითქმის ისეთ კონტექსტში, რომელიც ალუდას ღირსეულ ვაჟკაცად წარმოაჩენს. ალუდა გაოცებულია მით, რომ კაცი, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრა, მის მიმართ ბოღმის ნთხევის მაგიერ, იარაღს ჩუქნის. ე.ი. თავის მტერში/მკვლელში ადამიანობას პირველი მუცალი ამჩნევს და აფასებს. სწორედ აქედან იწყება ალუდას „დიდი დაეჭვებაც“. მისი ცრემლები („ატირდა როგორც ქალიო“),  მტრობის ყინულის გალღობაა. ალუდა ამ ტირილით მუცალსაც იგლოვს და თავისთავსაც. ხოლო შემდეგ იწყება  ამ ყველაფრის გადააზრება უკვე სახლისკენ მიმავალ გზაში. პირველი ეტაპი არის მტრობა/ სისხლისღვრის უაზრობაზე ჩაფიქრება: („ვისაც მტერობა მოსწყურდეს, გააღოს სახლის კარია“…), მეორე ეტაპი კი იმ დასკვნამდე მისვლაა, რომ მხოლოდ ჩვენი თავის, ჩვენი რელიგიისა თუ ადათების საკრალიზაცია, ხოლო მტრისა თუ სხვისი პირიქით – დამდაბლება არ არის სწორი, რადგან მაშინ მუცალს ასეთი სულიერი სიმაღლე, უშიშარობა, სიმტკიცე, შეგნება არ უნდა ჰქონოდა, არა და აქვს. ალუდა სწორედ  ამას განაზოგადებს. მისი „ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი“ უკვე მონოლითურ მრწამსადაა ჩამოქნილი, რომელსაც უშიშას შეგებებული   შეცხადება – “რას ამბობ? ქისტის ცხონება, არ დაწერილა რჯულადა“ ძვრას ვერ უზამს. ზოგადად უშიშას სახით თემი რელიგიის სახელით სტერეოტიპულად აზროვნებს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყველა რელიგიას საუკუნეთა განმავლობაში ბევრი ისეთი ადათ-წესი თუ ჩვეულება მიეტმასნა, რომელიც „რჯულზე უმტკიცესად“ გვესახება, უფრო მეტიც, რჯულზე უფრო „რჯული“ გვგონია (ამასთან დაკავშირებით მეტად მოსწრებულად, დაახლოებით ასე თქვა ამჟამად კონფლიქტოლოგმა, ხოლო განათლებით თეოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა – „ჩვენი რწმენა ქრისტეს მიმართ უფრო წარმართული წარმოდგენაა“) . ამის მსგავსი  სურათია „ბახტრიონშიც“, სადაც ზეზვა ლუხუმს ამუნათებს, რომ „შენ შაგებრალა ურჯულო, მოგიწყლიანდა თვალები. უთუოდ, საით ენახვე, მოგაფურთხებდნენ ქალები“. იგი ამ მიდგომას ორი არგუმენტით ამყარებს – „ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოთ რისადა?“  და „სიკვდილი თვითონ უფალსა, გაუჩენია მტრისადა“.  პირველი არგუმენტი ეგზისტენციალურია -გადარჩენისთვის ბრძოლას გულისხმობს, ხოლო მეორე ისევ რელიგიის/ღმერთის სახელით მანიპულირებაა. პოემის ფინალში შემზარავი გველისგან – „ადამი ტომის მტრისაგან“ -ლუხუმის შებრალება და მისი მოვლა, ლუხუმის მხოლოდ როგორც სამშობლოსათვის თავგადაგებული გმირის კი არა, მისი იმ ადამიანური თვისების გამოცაა, მოკლული მტრის სიბრალულით თვალები რომ უწყლიანდება.

ახლა გადავიდეთ „სტუმარ-მასპინძელზე“.  ეს პოემა შებრუნებული პერსპექტივაა ალუდა ქეთელაურისა, რადგან   საკითხი იგივეა, ოღონდ ამჯერად ქისტების მხრიდან დანახული. ზემოთ „რჯულისა“ და „ადათების“ ურთიერთმიმართებასა და წინააღმდეგობრიობაზე ვილაპარაკეთ. ქისტების შემთხვევაშიც ასე გვაქვს საქმე. აქაც რელიგიას მიეწერება ისეთი რამეები, რაც ისლამს არ ახასიათებს. ასეთი გახლავთ თუნდაც ადამიანის (ამ შემთხვევაში მტრის) მიცვალებულის საფლავზე მოკვდინება და თან იმ რწმენით, რომ ის იმქვეყნად მსახურად ექმნება მას, ვისთვისაც მოიკლა (გავიხსენოთ ადამიანისთვის მარჯვენა მკლავის მოჭრა და ქავის კარზე მიჭედება, რასაც ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს და ალბათ, მტრის მოკვდინების დასასაბუთებლად სჭირდებოდათ). პლუს ამას ქისტები ზვიადაურს ნელა, ანუ წვალებით კლავენ, რაც ისლამისთვის მიუღებელია. მაშ, რასთან გვაქვს საქმე?  ვაჟას მკვლევარი გრიგოლ კიკნაძე წერს, „სტუმარ-მასპინძელში“ ტრაგედიას ქმნის ის, რომ თემი, ზვიადაურის შემთხვევაში, საკუთარ ადათებსვე ეწინააღმდეგება. მაგალითად, როგორიცაა სტუმრის მიღების ადათი ან შემოხიზნული მოსისხარის ოჯახში ყოფნის დათმენა. იმდროის კანონების მიხედვით, თუ ადამიანი შემოგეხიზნებოდა, ოჯახში შემოდგამდა ფეხს, სანამ შენს ოჯახში იყო მისი მოკვლის უფლება არც შენ გქონდა და არც სხვა ვინმეს.  რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო, უნდა გესმია და გეჭმია მანამ, სანამ თავად არ ინებებდა წასვლას. ხოლო როცა ოჯახს გასცილდებოდა, მერე უნდა გასწორებოდი, თუ ეს გწყუროდა. სტუმრის მკვლელის გვარს სამუდამო შერცხვენა ელოდა, მას კეთროვანივით მოექცეოდნენ. ეს წესი საერთო იყო მთის ქრისტიანებისა თუ მუსლიმებისთვის (სხვათა შორის, როგორც ჩანს, არც იტალიელებისთვის იყო უცხო ეს წესი, რადგან როგორც ფრანგი მწერალი პროსპერ მერიმე თავის ნოველა „მატეო ფალკონეში“ აღწერს, მატეომ ერთადერთ, მცირეწლოვან ვაჟს მის ოჯახში შემოხიზნული სახელგანთქმული ყაჩაღის ჟანდარმებისთვის გაცემა არ აპატია და თვითონვე მოკლა თოფით). თუმცა, მიუხედავად ჯოყოლას ხვეწნისა, რომ ის დღეს სტუმარია მისი,  „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, თემს ეს არ ანაღვლებს. იგი ისეა სიძულვილით დაბრმავებული, რომ არც რელიგიას მიჰყვება და არც თავისივე კანონებს/ადათებს. ამიტომაცაა, რომ შემდეგ სინანულიც შეიპყრობთ, თუმცა ჯოყოლას მაინც ამრეზით უყურებენ – ვერ პატიობენ, რომ ისიც არ გაისვარა მათთან ერთად ამ საქმეში, რომ იგი მართალია და დანარჩენები კი მტყუანნი.

ზემოთ მოცემულ მაგალითებში ვაჟა ადამიანის მკვლელობის შემზარაობას გვითვალცხადებს. მისთვის ეს მით უფრო ძნელი ასატანია, როცა ღირსეულთა შორის მეგობრობის დიდი პოტენციალი ძევს, რაც ბევრი სასიკეთოს საწინდარი იქნებოდა. ვაჟა ამბობს, რომ იქ, სადაც სიძულვილი, გონგადასული ღვარძლი მეფობს, სიყვარულის ადგილი არ არის და ვინც ამ სიტყვას თავში თუ გულში  გაივლებს, ამა თუ იმ გზით მოიშთობა. თუმცა ვაჟა მთლად არც „ერთ ლოყაზე თუ გაგარტყეს, მეორე მიუშვირეს“ კონცეფციას იზიარებს. იგი ამოდის „მშვიდობისთვის იძულების“ (რაც ნატოს დევიზია) პრინციპიდან – როცა შეგონება არ ჭრის, ხელი, დიახაც, უნდა გამოიღო, მაგრამ აქაც დადგენილ მორალურ კანონებს არ უნდა გადაუხვიო. თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ  ოთხივე პოემაში („გველისმჭამელშიც“ და მეხუთე „გოგოთურ და აფშინაშიც“) ქართველები თავდაცვით ომს აწარმოებენ, ანუ მომხვდურებს ებრძვიან (მართალია, „სტუმარ -მასპინძელში“ ზვიადაური მტრის ტერიტორიაზეა, მაგრამ ამჯერად სამტროდ არ მიდის და თან ზოგადად, ის იმიტომ კლავს ქისტებს, რომ თავისი მხარე დაიცვას), თუმცა რეალურად ეს მთლად ასე არ იქნებოდა, ვგულისხმობ, რომ ხევსურები მხოლოდ თავდაცვით ომში არ იქნებოდნენ ქისტების წინააღმდეგ ჩაბმულნი. მაშასადამე, ვაჟა ამ საჩოთირო ამბავს უშვებს და განიხილავს, როგორც უკიდურეს ქმედებას და არ იზიარებს მის გამართლებას რელიგიის სახელით უკვე „გველისმჭამელში“. მინდიას მიერ ცხოველ-ფრინველ-ხეების დამცველობა არ ეპიტნავებათ ხევსურებს და განაქიქებენ:

„ვსთქვათ, სიბრალული კარგია
ხე-ქვა-ბალახთი, ცხოველთი…
კაცის კვლა ყველასა სჭარბობს,
თუნდ მტერი იყოს, ყოველთი.

მაშ აღარც კაცს უნდა ვკლავდეთ,
გეტყვით, მისმინეთ, მე რასა:
მტრისას, ხმლით ნაჭერს, მინახავ
მინდია სდგამდეს გორასა.
რად სჩადის ამას, ხომ რჯულიც
კლვისას არ გვაძლევს ნებასა,
მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა
ჩვენსა დაარღვევს შვებასა,
ან მამულს გვართმევს, ან ცოლსა,
ან გვიშლის რჯულის ცნებასა.
მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს
მტრისად შაქცევას ხელისას.

თუკი „ალუდა ქეთელაურსა“ და „ბახტრიონში“ მტრისადმი დამოკიდებულება „რჯულის“ მოშველიებით იძენს გამართლებას,  „გველისმჭამელში“, ადამიანის, თუნდაც მტრის, მკვლელობას რჯულთან რომ ხელი არ აქვს, ხაზგასმულია. ხოლო სიტყვები: „მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა ჩვენსა დაარღვევს შვებასა მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს…“ უფრო ადამიანური ლოგიკით ნავარაუდები (ნასურვილები) გამართლებაა, რაც ასეც შეიძლება იყოს და არც იყოს.

ზოგადად, მტრისადმი საკადრისი პასუხის გაცემის არაერთი შემთხვევა გვაქვს ბიბლიის „ძველი აღთქმის“ ნაწილში, რომელსაც დიდი წინასწარმეტყველები და პატრიარქები უდგანან სათავეში. მტრის მკვლელობა იქაც ღვთის ნების აღსრულებად არის მოცემული.

დასასრულს, ორი რამ გვახსოვდეს – „სტუმარ-მასპინძელში“ ზვიადაურის მკვლელობა ისლამით ნაკარნახევი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ისლამი ლინჩის წესით მკვლელობებს გმობს, გარდა ამისა პატიებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს (იხ. პირველი წერილი). მეორე კი ის გახლავთ, რომ ადამიანის მკვლელობა ვაჟას ძალიან აწუხებს და ამიტომაცაა, მის უმთავრეს პოემებში ეს თემა სხვადასხვა რაკურსით განხილული. იგი ამ აქტს იაზრებს, როგორც უკიდურეს ქმედებას, სხვა გამოსავლის უქონლობას  და ისიც მხოლოდ თავდაცვის შემთხვევაში.

პ. ს. რა თქმა უნდა, ეს მეორე წერილიც და მეათასეც ვერ ამოწურავს ვაჟას. ნებისმიერი მონოგრაფია თუ დისერტაცია მხოლოდ მცდელობაა მისი დანახვისა. დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენი არგუმენტები გაქვთ და რაღაც-რაღაცებში არ დამეთანხმებით, რაც წინდაწინვე მახარებს.

პატივისცემით, თქვენი მეგობარი

ოქტაი

 

 

 

 

 

მე მშობელი ვარ..

0

მე მშობელი ვარ,

მშობელი ვარ და ვიცი, რომ შვილები დილით უნდა ვასაუზმო და ისე გავუშვა სკოლაში; ვიცი, სკოლიდან რომ დაბრუნდებიან, ჩემი ამბები გავუზიარო და მათი გამოვკითხო; რომ თუ ბავშვს პრობლემა ექნება, დამრიგებელს დავურეკო, შევხვდე, ფრთხილად გავუმხილო ჩემი შიშები და წუხილი; რომ თუ ჩემს შვილებს საშინაო დავალების შესრულება გაუჭირდებათ, უნდა დავეხმარო;  რომ განათლების აუცილებლობის შესახებ ბევრი უნდა ვესაუბრო და მათი სწავლის მოტივაციაც ყოველდღიურად ვკვებო იდეებითა და რესურსებით; რომ სკოლაში წასვლამდე ტანსაცმელი უნდა მოვუწესრიგო და პირად ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო; რომ შვილების ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნო; რომ, როცა სკოლაში „და მი ბა რე ბენ“ უნდა მივიდე; რომ, თუ მასწავლებელს დააგვიანდება ჩემთან დარეკვა, მე თავად შევეხმიანო და ვკითხო – „რას შვრება ჩემი შვილი? როგორ სწავლობს? როგორ იქცევა? რა ნიშნებს იღებს?“

 

მე მშობელი ვარ და არ ვიცი, რა არის ამა თუ იმ თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები; არ ვიცი, რომ სკოლას თავისი გეგმაც აქვს –  სასკოლო გეგმა რომ ჰქვია. და არ ვიცი, რომ თითოეულ საგანში მისაღწევი სტანდარტიც არსებობს. არ ვიცი, ამა თუ იმ წლის ბოლოს რა შედეგებზე უნდა გავიდნენ ჩემი შვილები. და არც მეცოდინება, თუ ამის შესახებ თქვენ არ მეტყვით, მასწავლებლები. რადგან ეს თქვენი პროფესიაა, თქვენ ხართ ამ საქმის მცოდნეები. მე კი, თუ არაფერს მეტყვით ამ გეგმების შესახებ, ისევ ისე ვინერვიულებ, ვიშფოთებ, როგორც გასულ წლებში. ისევ შევიქმნი არაადეკვატურ მოლოდინს, ისევ ვიქნები თქვენით უკმაყოფილო და ისევ წავიყვან ჩემს შვილს რეპეტიტორთან, თუ მესამე კლასის ბოლოსაც არ ამეტყველდა გამართული ინგლისურით.

 

მე მშობელი ვარ და მგონია, რომ სკოლა განათლების მისაღებად არსებობს. ამიტომაც მომყავს ჩემი შვილები თქვენთან. სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრი არ მიფიქრია. ავტომატურად მომყავს, როგორც ყველა სხვას. მგონია, რომ სკოლა იმისთვისაა, რომ მისი დასრულების შემდეგ ჩემმა შვილებმა უმაღლესში გააგრძელონ სწავლა. მე არ ვიცი, რა არის სკოლის სხვა მიზანი. მე არ ვიცი, რომ არსებობს მთავრობის დადგენილი დოკუმენტი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. არ ვიცი, რა წერია ამ დოკუმენტში. შესაბამისად, არ ვიცი, რომ სკოლის მიზანი მხოლოდ ცალკეული საგნების სწავლება კი არ არის, ჩემი შვილებისა და მისი მეგობრების აღზრდა-განვითარებაა იმგვარად, რომ სკოლის დასრულების შემდეგ მათ შეძლონ კრიტიკული და ინოვაციური აზროვნება, შემოქმედებითობა, გუნდურად მუშაობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, ახალი ღირებულებების შექმნა… მითხარით, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს, სადაც გაწერილია სკოლის მიზანი. მითხარით, რომ მათემატიკისა და ქიმიის გარდა, სკოლაში ცხოვრება ისწავლება, ურთიერთობები, პრობლემებთან გამკლავება, სირთულეების გადალახვაც ისწავლება. მითხარით ეს, რომ მშვიდად შევხვდე ჩემი შვილების სასკოლო ყოველდღიურობას და თქვენთან ერთად დავუდგე მათ მხარში, როცა ეს დასჭირდებათ.

 

მე არ ვიცი, რა კანონები მოქმედებს სკოლაში. არ მახსოვს, რა წერია სკოლის შინაგანაწესში, რომელიც სადღაც, რომელიღაც სართულზეა გამოკრული იმ შენობაში, სადაც ჩემი შესვლის და დაყოვნების დრო შეზღუდულია და მკაცრად რეგულირდება. სიმართლე რომ ვთქვა, ისიც არ ვიცი, რა წერია ხელშეკრულებაში, რომელიც სკოლამ გამიფორმა, რადგან ამისთვის დიდი ყურადღება არც მასწავლებლებს დაუთმიათ და არც მე. მე საერთოდ არ ვიცი, რომ სკოლას წესდებაც აქვს და მით უფრო ის, რაში სჭირდება სკოლას ეს დოკუმენტები. არც მეცოდინება, თუ თქვენ არ მეტყვით. მარტო კი არ მეტყვით,  ამიხსნით, რომ სკოლა ორგანიზაციაა, რომელსაც თავისი წესები და კულტურა აქვს და ამის დაცვა ერთნაირად მოგვეთხოვება, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის დირექციას.

მე არ ვიცი, რომ არსებობს მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსი, სადაც ჩემს ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული. გამაცანით ეს დოკუმენტები, რათა ჯანსაღი წარმოდგენა შევიქმნა თქვენზე, სკოლის თანამშრომლებზე და ვიცოდე, როგორია კარგი მასწავლებელი, კარგი დირექტორი, რას ითხოვს თქვენგან სახელმწიფო.

 

მე მშობელი ვარ და ვერასოდეს გავიგებ, რატომ არ უნდა მივაქციო ქულებს იმაზე მეტი ყურადღება, ვიდრე ვაქცევ, რადგან არ ვიცი, რომ განმავითარებელი შეფასებაც არსებობს და ისეთივე ან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განმსაზღვრელი. ვკითხულობ იმას, რაც დანამდვილებით ვიცი. მართალია, არავინ მიშლის ვიკითხო: როგორია ჩემი შვილი იმ სივრცეში, სადაც არ ვარ? როგორ ურთიერთობს თანაკლასელებთან, პედაგოგებთან? შეუძლია გუნდური მუშაობა? ჰყავს მეგობრები? ავლენს კრიტიკულ აზროვნებას? როგორ გამოხატავს ემოციას, როცა იმარჯვებს ან მარცხდება? გავარკვიო, რამდენად იცნობთ ჩემს შვილს ან მე რამდენად ვიცნობ ჩემს შვილს, მაგრამ ეს ჩემთვის რთულია. რთულია, რადგან არ ვიცი, შემიძლია თუ არა ამ შეკითხვების დასმა სკოლაში და ნამდვილად არის თუ არა სწორი ადრესატი მასწავლებელი. აი, ქულებს კი ნამდვილად გავიგებ. მოკლედ მეტყვიან, მცირე დროში და მეც შემექმნება სტანდარტული წარმოდგენა ჩემი შვილის სასკოლო ცხოვრების შესახებ.

 

მე მშობელი ვარ და არ მაქვს დასაკარგი დრო, არ მინდა მივყვებოდე დინებას. ვხედავ, რომ სკოლას სჭირდება მშობლების თანადგომა. ვხედავ, რომ მშობლებს სჭირდებათ სკოლა.

მე მშობელი ვარ, რომელიც თქვენგანაც ვითხოვ მეტ კომუნიკაციას, მეტ ანგარიშვალდებულებას და მეც მინდა, დადებითი წვლილი შევიტანო ჩემი შვილების კეთილდღეობაში, რათა ათწლეულების შემდეგ, ჩვენ მშობლებმა და თქვენ მასწავლებლებმა თვალებში თამამად ჩავხედოთ შვილებს,  მოსწავლეებს და ვუთხრათ:

„ჩვენ ვცადეთ, იდეები გვქონდა, გავისარჯეთ, გამოგვივიდა, ჩვენ შევცვალეთ უკეთესობისკენ თქვენი ცხოვრება!“.

ჩვენ ბევრნი ვართ. დავინახოთ ერთმანეთი!

 

 

 

 

ვისწავლოთ, რათა უკეთესად ვასწავლოთ

0

კარგ მასწავლებლობას ბევრი უნარი სჭირდება. ამ უნარების დასახვეწად პრაქტიკაა საჭირო. ეს საკმაოდ განსხვავდება იმ საგნის კარგი ცოდნისგან, რომელსაც ასწავლით. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ პრაქტიკა ნიშნავს არაერთი კურსის გაძღოლას და შედეგად – დაოსტატებას. ამ გზით შეიძლება ოდნავ უკეთესიც გახდეთ, მაგრამ სწავლების უნარებს მნიშვნელოვნად ვერ გაიუმჯობესებთ, ვიდრე ე.წ. გააზრებულ პრაქტიკაში არ ჩაერთვებით. ამ ტერმინის პოპულარიზაცია უკავშირდება ცნობილი მკვლევრის ანდერს ერიქსონის სახელს.

ამ თემაზეა ჯეფ კოლვინის წიგნი „ნიჭს გადაჭარბებულად აფასებენ: რა განასხვავებს მსოფლიო დონის შემსრულებლებს ყველა დანარჩენისგან“. კოლვინი გვთავაზობს გააზრებული პრაქტიკის სამ მოდელს. ქვემოთ გაეცნობით სამივე მათგანს და ისწავლით, როგორ გამოიყენოთ ისინი.

 

მუსიკის მოდელი

 

წარმოიდგინეთ მუსიკის შესწავლა. როგორც წესი, მუსიკა დაწერილია და თქვენ უნდა ისწავლოთ მისი წაკითხვა და დაკვრა. მუსიკის კარგად დაკვრა რომ შეძლოთ, ბევრჯერ უნდა დაუკრათ და თუ თქვენ მიერ შესრულებული მუსიკა სათანადოდ არ ჟღერს, ესე იგი მეტი პრაქტიკა გჭირდებათ, ვიდრე არ დაოსტატდებით.

მუსიკის მოდელით შეიძლება დაეუფლოთ შემდეგ უნარებს: პრეზენტაცია, საჯაროდ გამოსვლა, გასაუბრების უნარები და ხატვა. ყველა ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გააანალიზოთ, რომელი იქნება საუკეთესო გზა მოცემულ სიტუაციაში და შემდეგ მის ხორცშესხმაში ივარჯიშოთ. მაგ., გასაუბრების დროს ალბათ გექნებათ მთავარი სათქმელი. მანამდე უნდა ივარჯიშოთ მის გადმოცემაში, ვიდრე ამას კარგად არ მოახერხებთ.

 

ჭადრაკის მოდელი

წარმოიდგინეთ ჭადრაკის თამაში. თამაშის დასაუფლებლად მოთამაშეთა უმრავლესობა ფოკუსირდება დიდოსტატებისა და მაღალი დონის მოთამაშეების მიერ ნათამაშები პარტიების პოზიციებისა და სვლების შესწავლაზე. არსებობს უამრავი წიგნი და რესურსი. მრავალი სვლისა და სიტუაციის შესწავლით მოთამაშეები ქმნიან სვლების გონებრივ ბაზას, რომელსაც შემდეგ საჭიროებისამებრ მიმართავენ.

ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ, ფოკუსირდეთ კონკრეტულ უნარებზე ან სისუსტეებზე. შეგიძლიათ შეისწავლოთ ასობით მაგალითი მოცემულ სფეროში და გაიუმჯობესოთ შესაბამისი უნარები.

 

სპორტის მოდელი

წარმოიდგინეთ წარმატებული სპორტსმენები. მათ ორი კატეგორიის ვარჯიშები სჭირდებათ. პირველი ძალაზეა ორიენტირებული: ისინი ვარჯიშობენ, რათა განივითარონ კუნთები, ირბინონ უფრო სწრაფად, იყვნენ ფორმაში და ა.შ.

ძალისმიერ ვარჯიშებთან ერთად სპორტსმენებს სჭირდებათ კრიტიკულ უნარებზე ფოკუსირება. ეს უნარები დამოკიდებულია იმ კონკრეტულ სპორტზე, რომელსაც ისინი მისდევენ. მაგ., ჩოგნის დარტყმა, ისრის სროლა და ა.შ.

ძალისმიერი ვარჯიშების მეშვეობით ხდებით უფრო ძლიერები და მოქნილები. ბიზნესუნარებთან მიმართებით ეს შეიძლება ნიშნავდეს ძირითად პრინციპებთან მიბრუნებას, თანამედროვე თეორიების საქმის კურსში ყოფნას, გონებაში მათ განახლებას, რათა საჭიროებისას გამოიყენოთ. მასწავლებლისთვის ეს შეიძლება იყოს კლასიკური ტექსტების გადახედვა, განტოლებების ძველებურად ამოხსნა, ახალი თეორიებისა და პრაქტიკების ათვისება.

რაც შეეხება კრიტიკულ უნარებს, აქ თქვენ ფოკუსირდებით იმაზე, რისი დახვეწაც გსურთ ან სისუსტეებზე, რომელთა დაძლევაც გინდათ. ეს უნარები, თავის მხრივ, ორ ტიპად შეიძლება დაიყოს. ერთი განმეორებადია, მეორე – არა.

განმეორებადია უნარები, რომლებსაც შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაეუფლოთ, მაგ., ჩაწოდება ტენისში. მათთვის შეგიძლიათ სწავლის მუსიკის მოდელი გამოიყენოთ.

არაგანმეორებადი უნარებისთვის კი სპორტის მოდელი დაგჭირდებათ. ეს უნარები ჰგავს აქტივობებს, რომლებიც, როგორც წესი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებს ოპონენტი. მაგ., დრიბლინგი ფეხბურთში. ამის მარტო სწავლა შეუძლებელია, პარტნიორი ან მწვრთნელი უნდა გყავდეთ. ასეთი უნარები დაგჭირდებათ დინამიკურ სიტუაციებში, არაპროგნოზირებად ოპონენტებთან ან სწრაფად ცვალებად სამყაროში.

 

როგორ გამოვიყენოთ ეს სამი მოდელი სწავლების უნარების გასაუმჯობესებლად

თუ გსურთ, განსაკუთრებული მასწავლებელი გახდეთ, სამივე მოდელი დაგჭირდებათ. ვნახოთ, როგორ დაგეხმარებათ თითოეული.

 

მუსიკის მოდელის გამოყენება

მუსიკის მოდელის გამოყენება შეიძლება საჯარო გამოსვლის, პრეზენტაციის უნარების დასაუფლებლად. შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი აქტივობები:

* ნახეთ სწავლების ხარისხიანი ვიდეოები. იუთუბის ეპოქაში ეს არც ისე ძნელია. უყურეთ კარგ ინსტრუქტორებს, გააანალიზეთ, რას აკეთებენ და შემდეგ გაიმეორეთ.

* განსაზღვრეთ ძირითადი იდეები. გააანალიზეთ საგანი და განსაზღვრეთ ძირითადი იდეები, რომელთა სწავლებაც გსურთ. შემდეგ მოიფიქრეთ თითოეული მიზნის შესაბამისი მეთოდები ამ მიზნის მისაღწევად. დიდხანს იმუშავეთ თითოეულ სექციაზე გადაცემის დასამუშავებლად. შემოიტანეთ ლოგიკური არგუმენტები დასარწმუნებლად, ივარჯიშეთ მართვაში, ემოციურ გადმოცემაში, იუმორსა და რთული იდეების მარტივად გადმოცემაში.

* ჩაიწერეთ საკუთარი გაკვეთილი. უყურეთ მას, გააანალიზეთ და განსაზღვრეთ უნარების გასაუმჯობესებლად საჭირო მოქმედებები.

* დაიხმარეთ მწვრთნელი. გაიმეორეთ მის წინ თქვენი კურსი და სთხოვეთ უკუკავშირი, რომელსაც თქვენი შესრულების დასახვეწად გამოიყენებთ.

* გაზომეთ განსაზღვრული უნარები: მასალა, რიტმი, მკაფიო გადმოცემა და სხვ. დაბალი ქულების მქონე უნარების გასაუმჯობესებლად მოიფიქრეთ სავარჯიშოები.

* მოიპოვეთ ხარისხიანი სავარჯიშო მასალა. მასალის უხარისხობის გამო ნუ გაუშვებთ ხელიდან საკუთარი თავის სრულყოფის შესაძლებლობას.

 

ჭადრაკის მოდელის გამოყენება

ჭადრაკის მოდელი ოსტატებისგან სწავლას გულისხმობს. ისწავლეთ მათი სვლები სისტემურად და მიზნად დაისახეთ მათი განმეორება.

* ჩაერთეთ ტრეინერთა საწვრთნელ კურსებში. ისწავლეთ ნაცადი ტექნიკები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებისგან.

* ნახეთ კარგი ტრეინინგის ვიდეოჩანაწერები და გააანალიზეთ ტრეინერის ქცევა. შედით YouTube-ზე და ნახეთ, ვინ არის საუკეთესო თქვენთვის საინტერესო სფეროში. მოძებნეთ მათი არხები და ნახეთ საუკეთესო ვიდეოები. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რითაა ეს გამოსვლები ეფექტური, რას აკეთებენ ეს ადამიანები სხვებისგან განსხვავებულს? თქვენ უნდა დაინტერესდეთ არა მათი ცოდნით, არამედ გადმოცემის უნარით.

* ისწავლეთ სპეციფიკურ სიტუაციებთან გამკლავება იმაზე დაკვირვებით, როგორ უმკლავდებიან მათ სხვები.

* მოიფიქრეთ ამოხსნა, მერე კი შეამოწმეთ, როგორ იქცევა გამოცდილი ტრეინერი და მოიქეცით შესაბამისად.

* გადახედეთ სავარჯიშოებისა და აქტივობების მონაცემთა ბაზებს. რაც მეტი გეცოდინებათ, მით უკეთესი.

 

სპორტის მოდელის გამოყენება

სპორტის მოდელი ეხება ძალის ვარჯიშს, სპეციფიკური უნარების განვითარებას და იმის სწავლას, როგორ მოვიქცეთ დინამიკურ გარემოში.

* წაიკითხეთ კლასიკური სახელმძღვანელოები სწავლასა და განვითარებაზე. გაეცანით უახლეს აღმოჩენებს, კვლევებსა და მეთოდოლოგიებს.

* წაიკითხეთ მწვრთნელთა საწვრთნელი წიგნები გონებაში ძირითადი პრინციპების განსაახლებლად.

 

წყარო:

https://www.skillsconverged.com/FreeTrainingMaterials/tabid/258/articleType/ArticleView/articleID/1165/Think-Music-Chess-and-Sports-Train-Yourself-to-Train-Others-Better.aspx?fbclid=IwAR3NMrypuj1RD4eXHy45XVRDVExCOiGu7ljpQX_KVLu7PQtY1sNlHTFVmYY

მასწავლებლის მეხსიერების გასავარჯიშებლად

0

გენიალური ლეონარდო და ვინჩი მეხსიერების გასაუმჯობესებლად იღებდა რაიმე საგანს, ყველა მხრიდან შეისწავლიდა და მის ჩანახატს აკეთებდა; ძილის წინ ან დილით ადრე თვალებს დახუჭავდა და წარმოსახვით დიდხანს ათვალიერებდა ამ საგანს, მერე ჩანახატს შეადარებდა და ასე აგრძელებდა, ვიდრე მის წარმოსახვაში პროექცირებული გამოსახულება მაქსიმალურად არ მიემსგავსებოდა ჩანახატს.

მეხსიერების გასაუმჯობესებლად მასწავლებელსაც შეუძლია მსგავსი სავარჯიშოს შესრულება: ვიღებთ ნებისმიერ საგანს, მაგალითად, მობილურ ტელეფონს. ვათვალიერებთ და ვსწავლობთ 7-დან 10 წამამდე. ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი დეტალის დამახსოვრებას. მერე გადავდებთ და წარმოსახვაში აღვადგენთ ყველა დეტალს, არა უმეტეს 30 წამის განმავლობაში. ამის შემდეგ კვლავ ვიღებთ ტელეფონს, ჩვენთვის მოვინიშნავთ, რა ვერ დავიმახსოვრეთ, ისევ განზე გადავდებთ და წარმოსახვით ვცდილობთ დეტალების დანახვას. ამას 3-4-ჯერ ვიმეორებთ. თუ დავალებას თავს კარგად ვართმევთ, დასამახსოვრებელი ნივთების რაოდენობას 2-3-მდე ვზრდით.

მეხსიერება ადამიანის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. მის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის შეცნობა, სწავლა და განვითარება. მეხსიერების მხარდაჭერა და გაუმჯობესება განუწყვეტლივაა საჭირო. ამისათვის მრავალი მეთოდი და სავარჯიშო არსებობს.

უნდა ვიცოდეთ, რომ უფროსებს და ბავშვებს სხვადასხვანაირი მეხსიერება აქვთ. ბავშვის მეხსიერება უმეტესწილად ხანმოკლე და უნებლიეა, ანუ ის ინფორმაციას შედარებით ცოტა ხანს ინახავს. ბავშვი მას უნებურად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იმახსოვრებს. უამრავ მოვლენას, განცდას, გრძნობას და ემოციას, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვიგროვდება და აისახება ჩვენს პიროვნებაზე, მეხსიერება ახარისხებს, ზოგჯერ ძალიან დიდი ხნით ინარჩუნებს, ზოგჯერ კი „არეფრეშებს“.

ტვინის განვითარებისა და ნეიროდისციპლინის მწვრთნელი, Nike-ის, General Electric–ის, Virgin Group-ის თანამშრომლების ქოუჩი, ნიუ-იორკის, ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტების ლექტორი ჯიმ ქვიკი დარწმუნებულია, რომ ადამიანის  ტვინის შესაძლებლობები უსაზღვროა. ამის შესახებ ის თავის წიგნში „უსასრულობა. ამუშავე ტვინი, დაიმახსოვრე უფრო სწრაფად“ წერს და გვასწავლის, სწრაფად როგორ ავითვისოთ წაკითხული მასალა. მისი რჩევები გამოადგებათ მასწავლებლებსაც, რომლებსაც, პროფესიიდან გამომდინარე, აქტიური მეხსიერება ძალიან სჭირდებათ.

 

  1. კონსპექტის შედგენა

დაკონსპექტება გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დიდი მოცულობის ინფორმაცია სწრაფად და უკეთ დავიმახსოვროთ, გავზარდოთ წარმატების შანსი ჩვენს პროფესიულ და შემოქმედებით ცხოვრებაში. გასული საუკუნის შუა წლებში კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა ვალტერ პაუკმა დაკონსპექტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი შექმნა:

  • აიღეთ A4 და გაავლეთ ორი ჰორიზონტალური ხაზი: ერთი – ფურცლის ზედა ნაწილში, სათაურისა და თარიღისთვის, მეორე – ქვედაში, სადაც კონსპექტის შინაარსს შეაჯამებთ. ფურცლის შუა ნაწილი ვერტიკალური ხაზით გაყავით. მარცხენა სვეტი უფრო ვიწრო უნდა იყოს, ვიდრე მარჯვენა. მარჯვნივ თქვენთვის ჩვეული ფორმით გააკეთეთ ჩანაწერები, ხოლო მასალის მოსმენის ან წაკითხვის შემდეგ შეავსეთ მარცხენა სვეტი: გამოყავით ძირითადი იდეები, სახელები, თარიღები. რამდენიმე საათის შემდეგ, შეავსეთ ქვედა ველი: თავი მოუყარეთ ჩანაწერების ძირითად არსს.

ჯიმ ქვიკი დასძენს: „ჩანაწერის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი გვიმარტივებს დასამახსოვრებელი მასალის აღქმას ჩვენთვის მისაღები ლექსიკისა და აზროვნების ფორმატში. თუ სწორად მიუდექით ჩანაწერებიან ინფორმაციას, ის მომავალშიც გამოგადგებათ“.

 

  1. მკითხველის დღიურის წარმოება

ზრდასრულთა უმეტესობისთვის მკითხველის დღიური სასკოლო წარსულთან ასოცირდება: არდადეგებზე წასაკითხი წიგნების სია, ფისოებით გაფორმებული ლამაზყდიანი რვეული, სდაც პირად განცდებს ვიწერდით… მაგრამ, აბა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად დაგამახსოვრდათ იმ წიგნის სიუჟეტი, რომელიც ორიოდე კვირის წინ წაიკითხეთ? რამდენად ხშირად გსურთ გაუზიაროთ მეგობრებს წიგნში ამოკითხული საინტერესო ფაქტები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერაფრით იხსენებთ მათ? აქ მაშველ რგოლად მკითხველის დღიური გვევლინება.

ჩაინიშნეთ ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ: იდეები, სტილებრივად უჩვეულო  ადგილები, მოულოდნელი სიუჟეტური გადახვევები.

ჩაინიშნეთ წიგნის კითხვის დროს გაჩენილი აზრები. აკრიტიკეთ. მოძებნეთ სიმბოლოები, თუ საქმე მხატვრულ ნამუშევარს ეხება, გაავლეთ პარალელები და იპოვეთ ბმულები.

ჯიმ ქვიკი გვირჩევს, მკითხველის პრაქტიკა Teach ტექნიკით გავამდიდროთ: წარმოვიდგინოთ, რომ ამ წიგნის შესახებ დეტალურად უნდა ვუამბოთ ჩვენს მოსწავლეებს და ამისთვის დღიურის ჩანაწერები უნდა გამოვიყენოთ.

„თუ გსურთ, მკვეთრად შეამციროთ სწავლის მრუდი, ისე ისწავლეთ, თითქოს უკვე აპირებთ სხვისთვის თქვენი ცოდნის გაზიარებას, – წერს ჯიმი, – წარმოიდგინეთ, რომ რაღაც თემაზე პრეზენტაციის მომზადებას აპირებთ. საკითხს ისე უნდა მიუდგეთ და ისე  ზედმიწევნით შეისწავლოთ, რომ შემდგომში ამის ახსნა აუდიტორიის წინაშეც შეძლოთ. ამ მიდგომით თქვენ უფრო ყურადღებით დაიწყებთ მასალის შესწავლას. უფრო დეტალურ ჩანაწერებს გააკეთებთ. უფრო გააზრებული კითხვები მოგივათ თავში.  როცა  ასწავლი, მასალას ორჯერ სწავლობ: ერთხელ -როდესაც თვითონ ეცნობი და სწავლობ და  მეორედ – როცა სხვასაც უნდა წარუდგინო“.

 

  1. დაეუფლეთ სწრაფ კითხვას

კონცენტრაციასთან, სწავლასთან, გაუმჯობესებულ მეხსიერებასა და კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად, ჯიმ ქვიკის აზრით, სწრაფი კითხვაც ხსნის ჩვენი ტვინის უსაზღვრო შესაძლებლობებს. ის დარწმუნებულია, რომ ჩქარ კითხვას თუ დაეუფლებით, ყველაფერი თავისთავად მოხდება. ჩქარი კითხვა აიძულებს ტვინს, იმუშაოს. ის აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, გაძლევთ საშუალებას, მოცულობითი ინფორმაცია მოკლე დროში აღიქვათ.

ჯიმ ქვიკი გვთავაზობს ვარჯიშს, რომლისთვისაც დაგჭირდებათ მსუბუქი ლიტერატურა, – ვთქვათ, რომანი, – ფანქარი და საათი ან ტაიმერი. იკითხეთ ტექსტი 4 წუთის განმავლობაში. წაიკითხეთ ჩვეული ტემპით. დროის ამოწურვისას მონიშნეთ ის სტრიქონი, რომელზეც მოგიწიათ გაჩერება – ეს იქნება თქვენი ფინიში.

ახლა დააყენეთ ტაიმერი 3 წუთზე. თქვენი მიზანია ფინიშამდე მანამდე მიხვიდეთ, ვიდრე სიგნალს არ გაიგონებთ. კითხვის დროს დაეხმარეთ თქვენს თავს სტრიქონების გასწვრივ თითის გაყოლებით.

დააყენეთ ტაიმერი 2 წუთზე. ტექსტის გააზრებაზე არ ინერვიულოთ. სცადეთ, ფინიშამდე მანამდე მიხვდეთ, ვიდრე ტაიმერი სიგნალს გამოსცემს. ტექსტს თითი გააყოლეთ, თითს კი – თვალი, რაც შეიძლება სწრაფად.

დაბოლოს – დააყენეთ ტაიმერი 1 წუთზე და იგივე გააკეთეთ.

შეისვენეთ. შემდეგ დააყენეთ ტაიმერი 2 წუთზე. დაიწყეთ იქიდან, სადაც შეჩერდით და წაიკითხეთ ტექსტის ახალი მონაკვეთი. წაიკითხეთ თქვენთვის მოხერხებული სიჩქარით და გაითვალისწინეთ ტექსტის მნიშვნელობა. დაითვალეთ წაკითხული სტრიქონების რაოდენობა, გაამრავლეთ თითო სტრიქონში სიტყვების რაოდენობაზე, მერე კი ეს რიცხვი გაყავით ორზე. ეს არის თქვენი კითხვის ახალი სიჩქარე.

 

  1. სქემატური დამახსოვრება

თანამედროვე დასავლურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია mind map („მენტალური რუკა“). ჩვენი აზრები არაწრფივად ვითარდება: ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ნებისმიერი იდეა უსასრულოდ ყველა მიმართულებით და უფრო ვიწრო დასკვნებამდე მივიდეთ.

განათავსეთ ცენტრში მთავარი იდეა, საიდანაც იწყებთ აზროვნებას. ძირითადი კონცეფცია წარმოშობს რამდენიმე დიდ კონცეფციას, რომელთაგან თითოეულს უფრო და უფრო აკონკრეტებთ. ასე მიიღება რუკა: დიდი და მცირე იდეები, რომლებიც ერთმანეთთან ხაზებით არის დაკავშირებული.

ჯიმ ქვიკს მიაჩნია, რომ ინტერვალური გამეორება მასალის დამახსოვრების ერთ-ერთi ყველაზე ეფექტიანი ტექნიკაა. ალბათ, გიღირთ, შეისწავლოთ მასალა დილით ადრე და გადაიმეოროთ ვახშმის წინ. ასე გააგრძელეთ ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში, მერე კი გადადით სხვა მოცულობითი ინფორმაციის შესწავლაზე ანალოგიური ინტერვალების გამოყენებით.

ინტერვალური გამეორება ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როცა მასალას თანაბარი ინტერვალებით სწავლობთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას საკმარისი დრო დაუთმოთ.

ვაჟა-ფშაველას „კაი ყმიდან“ ბესიკ ხარანაულის “ხეიბარ თოჯინამდე“

0

ბესიკ ხარანაულის მეტაჟანრული მხატვრული ნაწარმოებები მკითხველს გამოღვიძებისა და თვალის ახელისკენ უბიძგებს. ის ეგზისტენციალური თემები (ადამიანის სიცოცხლის აზრი და დანიშნულება, სიკვდილის რაობა, წუთისოფლის წარმავლობა და სხვ.), რომლებსაც ავტორი მხატვრულად ამუშავებს, გონებას „საზრდოს“ უჩენს, ფიქრს „მიდგამ-მოდგამს“, როგორც ილია იტყოდა. ამგვარ საფიქრალ ნაირგვარ კონტექსტს ქმნის ბესიკ ხარანაული თავისი ლირიკული პოემით „ხეიბარი თოჯინა“, რომელიც სარტრისა და კამიუს ფილოსოფიურ-ლიტერატურულ ტექსტებს ეხმიანება სათქმელითა და მიზანდასახულობით.

რა ადგილი უკავია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში მაღალ იდეალებს, ადამიანური ყოფის იმ პარადიგმებს, რომლებიც კლასიკურ ქართულ თუ მსოფლიო პოეზიაში დაამკვიდრეს ცნობილმა და აღიარებულმა მწერლებმა, მათ შორის, უპირველესად, რუსთაველმა და მის მემკვიდრეთაგან გამორჩეულმა ვაჟა-ფშაველამ?

ავტორი სათაურიდანვე ქმნის დაძაბულობის ველს, რომელიც პოემის ფინალამდე არ ქრება, პირიქით, თანდათან იმატებს. მკითხველს კი, სანამ სათაურის ესთეტიკას გაიაზრებდეს, ერთგვარ გზამკვლევად ევლინება ეპიგრაფი – ფრაგმენტი ვაჟა-ფშაველას ლექსიდან „კაი ყმა“:

„უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,

უქმად საფლავში წვებითა“.

ამ ლექსში ვაჟა-ფშაველა რაინდული სულისკვეთების ვაჟკაცს, ავთანდილის, ტარიელისა თუ ფრიდონის დარ კაი ყმის იდეალს ქმნის, რომელიც თავის სულიერ-ზნეობრივ სიმდიდრეს მზესავით უხვად ასხივებს, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც თანაბრად ალამაზებს. კაი ყმები, ალუდა ქეთელაური, ჯოყოლა ალხასტაიძე, ზვიადაური და სხვანი, „შინიდან“ იმისთვის გამოდიან, რომ საკუთარი თავი და სამყარო შეცვალონ და მზად არიან, ამისთვის სიცოცხლეც კი გაიღონ მსხვერპლად. ისინი სინათლის, სიკეთის, სამართლიანობის, სიყვარულის გადარჩენას ეწირებიან. „კაი ყმაში“ პოეტი არა მხოლოდ რაინდობის ერთგვარ „კოდექსს“ ქმნის, არამედ კონტრასტულად წარმოაჩენს თანამედროვეებს, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან კაი ყმის იდეალისგან. ისინი არ ფიქრობენ, „რისთვის დაჩნდნენ“ ან „რისთვის კვდებიან“, თავიანთ „ჯამს ჩასცქერენ“ და „საქვეყნოდ“ არ გამოდგებიან. სწორედ მათი უქმობის ამსახველი სტრიქონები წაუმძღვარა ბესიკ ხარანაულმა თავის პოემას, რომლის ლირიკული გმირი ალექსანდრეც სწორედ ამ უქმობით გატანჯული კაცია. ვაჟა-ფშაველას თანამედროვეთაგან კი იმით განსხვავდება, რომ ფიქრის უნარი, „კაცობის გვირგვინი“ არ დაუკარგავს, თუმცა ვერც მის ღირსეულად მოხმარებას ახერხებს.

ამაღლებულისა და მშვენიერისგან სრულიად დაცლილ ყოფას წარმოაჩენს ბესიკ ხარანაული პოემაში „ხეიბარი თოჯინა“, რომელიც სათაურიდანვე გვიჩენს უსუსურობის, უმწეობის, ხელოვნურობის შეგრძნებას. ეს პოემა მრავალმნიშვნელოვანი მხატვრული კოდებითაა სავსე, რომლებიც მკითხველს გაშიფვრისა და ინტერპრეტაციისკენ უბიძგებს. ის იმგვარი პალიმფსესტური ნაწარმოებია, რომელიც ნებისმიერი მხატვრული გამოცდილების მკითხველს შეუძღვება სამყაროში, სიტყვებით შექმნილ უჩვეულო განზომილებაში, დააფიქრებს წუთისოფლის წარმავლობასა და მარადიულ ღირებულებებზე.

ალექსანდრე ეგზისტენციალური კრიზისით შეპყრობილი ადამიანია, რომელიც განიცდის პიროვნულ რღვევას, რადგან საყრდენები გამოსცლია. პოემა დილის ულამაზესი მეტაფორული სურათით, ადამიანის გამოღვიძებით იწყება. რა თქმა უნდა, კაცმა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, უპირველესად, სულიერად უნდა გამოიღვიძოს, გამოვიდეს პლატონისეული გამოქვაბულის სიბნელიდან, შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო:

„დილავ, მთელი ღამის გემო შენშია,

შენს ენაზეა გამოფენილი.

კვლავ გაიღვიძა ალემ, ალექსანდრემ,

კვლავ გაიღვიძა.

ეს მერამდენედ?

ნეტავი ვის რად აინტერესებს“.

გვახსენდება სარტრის „გულისრევა“, რადგან ამ რომანის მთავარი გმირის ანტუან როკანტენის დღეებიც ისე დამსგავსებია ერთმანეთს, რომ ანტუანი დღიურში ჩაწერს: „სამშაბათი, ვიარსებე“. ამგვარი არსებობა მხოლოდ ფიზიკური, საზრისისაგან დაცლილი ყოფაა, რომელიც ადამიანს არ „შეეფერება“. ბესიკ ხარანაულის გმირიც სიცარიელით იტანჯება, ის კამიუსეული აბსურდის ადამიანია, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში ჩართულა, სიზიფესავით მიათრევს ცხოვრების ლოდს მწვერვალისკენ, რომელიც არა და არ ჩანს. თუ კამიუს სიზიფე მწვერვალზე დგომის წამიერ ბედნიერებას განიცდის, ყოფის აბსურდულობას აცნობიერებს და ამიტომ საკუთარ უბედურებაზე მაღლა დგება, ხარანაულის გმირისთვის ეს წამებიც მიუწვდომლად ქცეულა. ამიტომ მისთვის არდაბადება მოჩანს როგორც საუკეთესო გამოსავალი:

„ის არ მერჩივნა,

დედის საშვილოში რომ ვიჯექი,

როგორც ძველი მინიატურა

ოქროს ჩარჩოში?!“

პოემის ეს ნაწილი, რა თქმა უნდა, ეხმიანება ეკლესიასტეს ცნობილ სტრიქონებს: „უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდი ხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ. და ორივეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება“ (ეკლესიასტე 4:2-3).

დღისეული ფიქრებით შეწუხებულ, „გამოღვიძებულ“ ალექსანდრეს ისევ ძილი ურჩევნია, სიზმრების სამყაროში დარჩენა, სადაც არ არის აუცილებელი რამის კეთება, ვისიმე დაინტერესება, მოხიბვლა, სიცრუე, მლიქვნელობა, პირფერობა, თავის მოჩვენება, ვითომ რაღაცას წარმოადგენ, ვითომ ცოცხლობ, ვითომ ადამიანი ხარ, ადამიანობის უმაღლესი გაგების თვალსაზრისით, რაც უწყვეტ მოძრაობას, განვითარებას გულისხმობს. ადამიანში დაკარგულა ღვთის „ხატება და მსგავსება“, უზენაესის უმთავრესი საჩუქრები, სულის უკვდავების რწმენა და თავისუფალი არჩევანი, გაუფასურებულა, ამიტომაც ხედავს:

„არის ქვეყნად სახეები, რომლებისთვისაც

ერთადერთი ჭეშმარიტი და ბუნებრივი –

სულელური გამოხედვაა.

მრავალი სახე –

არცერთი ხატი“.

ადამიანს აქვს განცდა, რომ ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ლანდივით ჩნდება ილუზია იმედისა, რომ დღეები ხასხასა ფერებითა და სურნელით გალამაზდება, რაღაც შეიცვლება, არადა, ყველაფერი მოსასწრებია, რადგან კაცი უმწეო ფოთოლივითაა, რომელიც ჯერ კიდევ ჰკიდია ყუნწს, მაგრამ „ქარი უკვე გზაშია“ („კარტოფილის ამოღება“). სიკვდილის ეს ულამაზესი მეტაფორა ამძაფრებს განცდას, რომ საშველი არ არის, „თუ გინდა, ჯვარს ეცვი“, როგორც გალაკტიონი წერს.

ასეთი უჩვეულო, მოულოდნელი მხატვრული სახეებით გასაოცრად მდიდარია ეს პოემა. სახეებით, რომლებიც აზრობრივი სიღრმეებისკენ მიუძღვებიან მკითხველს და თან გამოთქმის მშვენიერებას აზიარებენ. ლექსის მხატვრულ სივრცეში თითქოს არაფერი ამღვრევს გუშინდელ პეიზაჟს, თითქოს გაყინულა ყველაფერი, მაგრამ უხილავი ძალა „უბრძანებს“ ცხოვრებას. ეს თვითონ სიცოცხლის კანონზომიერებაა:

„ის მარტო არის,

მარტოდმარტო ოკეანის წინ

და სურს თუ არა – უნდა შეტოპოს“.

„უნდა შეტოპოს“, უნდა სცადოს და გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, ამაზე არ იფიქროს, ღმერთს მიანდოს. როგორც რუსთველი წერს: „ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების“. სამყარო ელოდება ადამიანის გაღვიძებას, შეხებას, თვალის შევლებას, გარდაქმნას, გამოძერწვას, ახალი ფორმის მიცემას, ერთი სიტყვით, უკვე შექმნილის შემოქმედებით გადააზრებას. ხომ სწორედ ეს ნიჭი დაამადლა უფალმა თიხისგან შექმნილ ადამიანს, „შემოქმედების გვირგვინს“, ამიტომაც ჩიტების ჟღურტულში გაისმის კითხვა:

„ვინ გაიღვიძა, ნეტარებო?“

როგორც უწყინარ ტყუილისათვის

ჰკითხეს ჩიტებს იქ, სადაც უცხო სტუმრის მოსვლას

ჰაერის ფერის შეცვლაზე გრძნობენ“.

ალექსანდრემ კი გაახილა თვალი, მაგრამ რეალურად „დახუჭული“ აქვს, მისი გაღვიძება ფერს არ ატყობს გარემოს, არ ცვლის. ის დასნეულებულა უსაზრისობით, უმოქმედობით, უმოძრაობით. ადამიანის „დაკნინება“ სახელების შემოკლება-გადაკეთებაშიც გამოიხატება. სახელი ხომ ის მნიშვნელოვანი რამ არის, რაც საგნისა თუ მოვლენის სულიერსა თუ მატერიალურ მყოფობას ადასტურებს. ჩვენ მხოლოდ იმას აღვიქვამთ, რასაც სახელი აქვს, ამიტომაც დაევალა ადამს სამოთხეში „სახელთა დარქმევა“ და ამის უნარიც მიენიჭა. დღეს კი ზრდასრულ ადამიანებს ერთგვარი მავნე ჩვევით კნინობითი სახელებით მოიხსენიებენ, ამგვარად, ადამიანს „მარადიული ინფანტილურობის“ დაღით აღბეჭდავენ და უნებურად აფერხებენ მის ზრდასა და განვითარებას.

„გიორგის ნაცვლად – გოგი ან გია,

დავითის ნაცვლად – დათო ან დათა,

კონსტანტინე ხომ კოწია ან კოტე იქნება.

გონივრული კომპრომისია,

რადგან, მითხარით,

სად გასწვდება კონსტანტინეს არშინებს კოტე!“

ასე რომ, სახელებშიც ცხადდება ის დამდაბლება, რაც თანამედროვეებმა განიცადეს, რადგან დასცილდნენ კაიყმისეულ „პირველხატებს“.

პოეტის აზრით, გამოღვიძება მეტაფიზიკურ რიტუალად უნდა იქცეს, მაგრამ მატერიალურ სამყარო აბუჩად იგდებს მისტიკურს, მეტაფიზიკურს, ირაციონალურს და რეალურ განზომილებაში არ უშვებს, ამიტომაც მუსიკალურ უაზრო აკორდად აქცევს გამეორებულ სიტყვებსაც:

„კვლავ გაიღვიძა,

კვლავ გაიღვიძა,

არც უფრო ადრე,

არც უფრო გვიან

და მეიმდენედ, რომ კიდევაც დაოსტატდა გაღვიძებაში“.

ეს ირონიული „დაოსტატება“ გამოღვიძებაში კარგად ამხელს იმას, რომ ამ ადამიანს აღარ შეუძლია ნამდვილი გამოღვიძებული სიცოცხლე. მისთვის „დღე დილიდანვე დაღამებულია“, თანაც: „ყველაფერს, რასაც დაინახავ, ან გაიფიქრებ, ამაოება ზედ აკერია“.

ერთ ეპიზოდში ბავშვები თოჯინებით თამაშობენ და მათ სახელებს არქმევენ. ფეხმოტეხილ, გაუბედურებულ თოჯინას ალექსანდრეს უწოდებენ და, ამგვარად, უნებურად, ბავშვური გულუბრყვილობით ზუსტად მოძებნიან კაცის არსის გამომხატველ სიმბოლოს. ალექსანდრე ხვდება, რომ მართლაც „ხეიბარი“ თოჯინაა, უმაქნისი და უაზრო ყოველდღიურიობის ტყვე, რომელსაც იმის ძალაც არ შესწევს, რომ გაიქცეს და გათავისუფლდეს. ის მიჯაჭვულია ყოფის საზრუნავებს, შეჩვეულია რუტინას, ერთფეროვნებას, მტანჯველ გარკვეეულობასა და სიცხადეს და დარწმუნებულია ადამიანურ ბანალურ „სისასტიკეში“:

„რომ, როგორც გინდა ძვირფასი ვიყო,

სულ ერთი არის, ნაგავი ვარ

და ადრე თუ გვიან უნდა გამიტანონ“.

პოემის ქვეტექსტურ სივრცეში ამგვარი „დაკნინების“ ერთ-ერთი მიზეზი სოფელს, ძირებს, მაცოცხლებელ ჯანმრთელ სივრცეს მოწყვეტაცაა. იქ იოლი იყო, ასე ლამაზად გეფიქრა: „მე და ცას ეს ჩიტი გვაერთებს“:

„თითქოს რაღაც მდინარეს ვეძებ ჩემს მახსოვრობაში,

რომლის ნაპირებზეც ბედნიერი ვიყავ,

სადაც პალოებს კი არ ვაძრობდი, თეთრ ვარდებს ვკრეფდი“.

ტრავმირებულია ადამიანი – ჯერ იმით, რომ „სამოთხე“ დაკარგა, მერე ამას ემატება „ბავშვობიდან“ გამოდევნა, რაც ამგვარ გაოცებასაც წარმოშობს: „ბავშვი! როგორ გამოდის ადამიანის ხელიდან მშვენიერების ასეთი კუნწულა?“ ავტორი აპირისპირებს სოფლურსა და ქალაქურ, ურბანულ ყოფასაც, სოფლად თითქოს მეტი აზრი აქვს გაღვიძებას, რადგან შრომობს ადამიანი, მიწას ნაყოფს გამოაცემინებს. არაფრობის განცდას ისიც ამძაფრებს, რომ უჩნდება ცოდვის, დანაშაულის შეგრძნება:

„მე რომ არ ვიყო ამ ქვეყანაზე,

ყველაფერი კარგად, კეთილად იქნებოდა.

მე ვარ მიზეზი ამ სამყაროს მოუწყობლობის

და ამდენ ხალხში არ აღმოჩნდა ერთი მკითხავიც,

რომ მოიშვიროს ჩემკენ ხელი და დაიძახოს:

ეგ არისო, დაიჭირეთ და ჩაქოლეთო!“

ხელმოცარულ ალექსანდრეს ვერაფერი მოუხელთებია ხელჩასაჭიდი. ყოველ დილას ადგება საწოლიდან და მერე რა? არაფერი. ნაცნობი სახლი, მობეზრებული მოძრაობები, დამღლელი ჩვევები, მოსაწყენი სუნები თუ ხმები შემოიჭრებიან და არსად იქნება ბედნიერების განცდა. ამიტომ გაიფიქრებს:

„რა გვეკუთვნის ჩვენ?

იქნებ ეს წამი,

ეს წამი ძილსა და ღვიძილს შუა,

როგორც ორ მტრულ სახელმწიფოს შორის –

ედემი. მერე კი დილაა –

ვარდი ზღვის ტალღაზე!“

ალექსანდრე ავტორის უამრავ „მეთაგან“ ერთ-ერთია, მისი ნიღაბია, ალტერ ეგოა, ამიტომაც მასთან ერთად ცდილობს დაძლიოს ეს მომაკვდინებელი გაუცხოება და ნიჰილიზმი. ამიტომაც შეუძახებს თავის გმირს, ამხნევებს, უბიძგებს. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ, ჟანრის შესაფერისად, რთული კომპოზიცია აქვს პოემას, ლირიკული ნაკადები ერთმანეთს ერწყმის და შორდება, ხან ავტორის ხმა ისმის, ხან ლირიკული გმირისა. რეალობის სუბიექტური და ობიექტური აღქმა ერთმანეთს ენაცვლება და სიზმარ-ცხადის განცდას ბადებს.

ამაო გულის „მაღვიძარას“ რეკა:

„გახსოვდეს, ძილიც სიკვდილისაა,

მისი წვეთია, მისი თმის ღერი…

ადექი, გადი, დაანახე სამყაროს თავი!“

პოემაში შემოიჭრება ღვთის ხმაც. ბიბლიის მიხედვით, უფალი აღტაცებული იყო თავისი შექმნილით: „და თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგია. და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი“ (დაბადება 1:3-4). პოემისეულ სივრცეში კი მის ხმაში სასოწარმკვეთი სევდა ჩაღვრილა, მამა წუხს, რომ უძღებმა შვილმა არ გაუმართლა იმედები:

„ადამიანები იმდაგვარად ცხოვრობდნენ მუდამ,

თითქოს ისინი მე შემექმნას არა თიხისგან,

არამედ ქვისგან და რკინისგან,

ანდა – ქარისგან“.

„ისე მიკვირს და ვერ მივმხვდარვარ,

საიდან არის თქვენში სული

თავის თავზე აღმატებისა,

რა თესლი ანდა რა მარცვალი შემყვა, ნეტავ,

მე იმ თიხაში, რომ თქვენს თავს ვეღარ ყაბულდებით!

მათ მაღლა უნდათ, ჩემთან უნდათ,

მე კი თვით მინდა, რომ იმათი მეხარბებოდეს!“

ალექსანდრე ბუნებით მაძიებელია, მოაზროვნე. ამას მოწმობს მის გონებაში შემოჭრილი ფიქრის ნაკადები, რომლებიც თავგზას ურევენ და უძნელებენ სხვებივით არაფრობით ტკბობას. ის იდენტობის განმსაზღვრელ საყრდენებს გარეთ ეძიებს, აქეთ-იქით ეხლება:

„საიქიოში აღარ მინდა მე ქართველობა,

რომელიმე დიდი ერის შვილი მსურს ვიყო,

რომ ერთი სიტყვით გავაგებინო ყველას, ვინცა ვარ“.

ხანდახან ამგვარი ეგოისტური ფიქრიც ეჩვენება მხსნელად:

„და… თუ იმღერებ, ისევ შენს თავზე იმღერე

და გწამდეს, წმინდა არის თავის თავის სიყვარული“.

ალექსანდრე ორმოცი წლის კაცია. ეს ის ასაკია, როცა საკუთარი თავი უკვე ნაპოვნი უნდა გყავდეს. გვახსენდება თეიმურაზ ხევისთავიც, რომელიც 40 წლის ასაკში 80 წლის მოხუცს დაემსგავსა, რადგან საკუთარი თავი დაკარგა. მართალია, მათი მხატვრული „საცხოვრებელი“ სივრცეების პოლიტიკურ-კულტურული კონტექსტები სხვადასხვაა, მაგრამ ამ ორ პერსონაჟს ის აქვს საერთო, რომ დაგროვილ თეორიულ „სიბრძნეს“ პრაქტიკულ საქმიანობასთან ვერ არიგებენ. „რა არის ჭეშმარიტება?“ – დასდევენ ქარივით მქროლავ ამ კითხვას. სახარებაში არც ქრისტემ უპასუხა პილატეს ამ კითხვაზე, რადგან ჭეშმარიტება გზაა, სულიერი სრულყოფილებისაკენ მიმავალი, რომელიც დაღლას, ჩამოყრდნობას, შესვენებასა თუ გადახვევას არ ცნობს.

„რა არის ორმოცი წლის

კაცის ცხოვრება?

ახალგაზრდობის

უკანასკნელ წრეს უვლის იგი,

და ფინიშთან კი

ყვავილებით არავინ ელის“.

„დიახ, ეს არის ახალგაზრდობის

უკანასკნელი წრე

და ჯოჯოხეთის პირველი გარსი“.

ალექსანდრეს ერთადერთი მხსნელი, რომელიც მის ყოფას ღირებულებას ანიჭებს, სიყვარულია, ისიც – სიყმაწვილის დროინდელი და ნატრობს: „იყო სულელი, მაგრამ იყო თექვსმეტი წლის, როცა გიყვარდა“. ერთ ეპიზოდში იმდენად გაბეზრებული ჩანს არაფრისმომცემი თავისუფლებით, რომ მონობას, უნებობას ნატრობს: „უფრო მკაცრ ეპოქაში მონა ვიქნებოდი, /კარგიც იქნებოდა./მე არ დამჭირდებოდა ტვინის ჭყლეტა, გონებისთვის ძალდატანება,/მივყვებოდი წესრიგს /და მეცოდინებოდა, /რომ მივყვები უმაღლეს ნებას“.

ადამიანის არსებობა, მისი ნებისბისმიერი მოქმედების უაზრობა წარმოჩნდება ამგვარ ირონიაში:

„რა სიმართლე გსურდათ, ნეტა, რომ დაგედგინათ,

რას ელოდით, ან რამდენ ხანს გეგონათ ყოფნა?

დაეტყო ჰაერს თქვენი მათრახი?!“

ამიტომაც არ უჭირს „წასვლა“, არც ხალხის „ყბედობა“ აღელვებს. მთავარი ისაა, რომ: „შუაღამის ბაღმა კი თქვა: „ამაო იყო ყველაფერი,/ რაც აქ ხდებოდა დღის სინათლეზე“. ისევ ეკლესიასტე შემოიჭრება, რადგან ყველაფერი უკვე „ნათქვამია“. რაღა დარჩენია კაცს, გარდა „გამეორებისა“, მაგრამ უსაზღვროა შესაძლებლობა მხატვრული სიტყვისა, რომელიც გაცვეთილ აზრებს, იდეებს ახალ ფორმაში მოაქცევს და თავიდან ბადებს საკუთარი წარმოსახვის განზომილებაში. ამიტომაც ერთადერთი ხსნა მხატვრული სიტყვაა, სანდო თავშესაფარი და არსებობის ერთადერთი გამართლება. ფიქრები კი ფილოსოფიურ-რელიგიურ ნაკადებში მიიკვლევენ გზას და მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებენ:

„ყველაფერი არარსისკენ წასწრაფსწრაფდება,

დარჩება მხოლოდ… ვთქვათ წიგნები, რომლებსაც ექნებათ

დაფა წარწერით: მწერლის გვარით, მწერლის სახელით,

მაგრამ ეს ხომ სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ

და არაფერი აქვს საერთო იმ ცოცხალ კაცთან,

მშვენიერ წიგნებს რომ გვიწერდა,

რათა დაეფრთხო არარსის ლანდი.

ასეთ დროს რაღა მნიშვნელობა აქვს, რამდენს იცოცხლებ,

თუ არ არსებობს იმ წამის ძალით

დღე და საათი, სიხარული და სიყვარული

და ნეტა იმ ბრძენს, რომელსაც ტუჩები შეაცივდა, როცა კოცნიდა,

რადგან მიხვდა, რომ კოცნიდა არარსებულს“.

ალექსანდრეს ამგვარი ფიქრი მკითხველს უჩენს პესიმისტურ განცდას, რომ კაი ყმები აღარ არიან, დარჩნენ მხოლოდ ალექსანდრეს მსგავსი ხეიბარი თოჯინები. მაგრამ სტრიქონებს შორის მაინც მოჟონავს იმედი, რომ მათგან ზოგიერთი, მაგალითად, ბესიკ ხარანაული, შემოქმედი, თავისი „ნაწერებით“ ძნელად, მაგრამ მაინც აფრთხობს „არარსის ლანდებს“; მას და მისნაირებს არ დაუკარგავთ სულიერი კავშირი „წინაპრებთან“ და ტანჯვით, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიკვლევენ გზას უსაზრისობის ლაბირინთებში სინათლის მოსახელთებლად.

წერითი მეტყველების გაუმჯობესებისთვის

0

წერითი მეტყველების განსავითარებლად საუკეთესო გზაა  წერა.

ყოველდღიური წერითი სავარჯიშოები საგრძნობლად აუმჯობესებს აზრების წერილობით მოწესრიგების უნარს. ზოგჯერ მოსწავლეები ირწმუნებიან:

„არ მაქვს წერის ნიჭი“;

„წერა არ შემიძლია“;

„მუზა თუ არ მეწვია, ვერ ვწერ“

 „განწყობა მჭირდება საწერად“.

მე კი ვცდილობ დავაჯერო, რომ წერილობით მოსაზრებების გადმოცემა, საინტერესო თემის დაწერა, მოსაზრებების ფურცელზე გადმოტანა, ფიქრების მოწესრიგება წერილობით ნებისმიერს შეუძლია.  „თუ ყოველდღიურად იმუშავებ წერითი უნარის გაუმჯობესებაზე, საბოლოოდ მიზანს აუცილებლად მიაღწევ. თუ გინდა გააუმჯობესო წერითი მეტყველება, უნდა წერო – ეს ერთადერთი ქმედითი რეცეპტია“.

ჩემი დაკვირვებით, წერა არის ისეთი რამ, რაშიც დახელოვნება შეუძლია ყველას.  „წერის ნიჭი“, „წერის ტალანტი“ და „მწერლად დაბადებული“  – კლიშეებია. რასაკვირველია, ზოგიერთ ადამიანს უკეთ, მარტივად, ძალისხმევის გარეშეც გამოსდის აზრების წერილობით მოწესრიგება, მაგრამ ეს არ არის სპეციფიკური ნიჭი, რომლითაც მხოლოდ რჩეულები არიან დაჯილდოებულები. ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს ფიქრების მოწესრიგება წერილობით, წერითი მეტყველების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით, მონდომებით, სისტემატური მიდგომით.

მოსწავლეებს ეხმარებათ ასეთი შედარებაც – წერაში დახელოვნება ჰგავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ან სპორტული სახეობის ათვისებას.

ვეკითხები: როგორ მოიქცეოდი, ვიოლინოზე დაკვრა რომ გინდოდეს? აიღებ  ვიოლინოს და შეუდგები მეცადინეობას. რამდენიმე ათეული  გაკვეთილის შემდეგ შეძლებ მარტივი მელოდიის დაკვრას.

ცურვა თუ გინდა ისწავლო? წყალში უნდა ჩახტე, ტექნიკას დაეუფლო და ივარჯიშო.

თუ გინდა წერო – უნდა დაჯდე და წერო. ოღონდ – ყოველდღე.

წესები:

დაივიწყე – „მე არ გამომივა“; „ბევრჯერ ვცადე და მაინც ვერ ვწერ“;  „მიცდია დღიურების წერა და არ გამომდის“.

დაიმახსოვრე:

ათასი ლიეს გზა იწყება ერთი ნაბიჯით.

ამ წერილში გთავაზობთ საინტერესო, სახალისო წერითი სავარჯიშოების იდეებს. დღეში 10 წუთის გამოყოფა საწერად, მოცემული თემის მიხედვით მოსაზრებების მოწესრიგება ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს (დამტკიცებულია პირადი გამოცდილებით!)

წერაში გასავარჯიშებლად ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მასწავლებლები უამრავ მეთოდს მიმართავენ. ყოველდღიური ათწუთიანი საწერი სავარჯიშოები უნდა იყოს ხალისიანი და საინტერესო. ეს დავალებები წერითი მეტყველების გაუმჯობესების მსურველმა დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. არა „მასწავლებლისთვის“, არა იმიტომ, რომ დავალებული აქვს, არა იმისთვის, რომ ამისთვის ქულას ან კარგ შეფასებას დაიმსახურებს. ასეთი დავალებები სახალისო შესასრულებელი უნდა იყოს.

აი, რამდენიმე იდეა:

1.დაწერე საკუთარი სახელის შესახებ – რას ნიშნავს? მოგწონს? როგორ დაგარქვეს? არის რაიმე ისტორია ამის შესახებ?რომელი სახელები მოგწონს? რას დაირქმევდი, თავად რომ შეგეძლოს სახელის შერჩევა?

2.მოიფიქრე რაიმე დღესასწაული. ამასთან – დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიცია, რიტუალი, საკვები, რაიმე აქტივობები;

3.დაწერე ექვსი წინადადება, რომლებსაც დაიწყებ სიტყვებით: „არასდროს დამავიწყდება…“

4.აღწერე ადგილი, სადაც დაუყოვნებლივ, ახლა გადაბარგდებოდი, ამის საშუალება რომ გქონდეს. ამ ადგილას ნამყოფი უნდა იყო. მკითხველს მიეცი შესაძლებლობა, შეიგრძნოს, დაინახოს, გაიგონოს ის, რასაც თავად იგრძნობდი, დაინახავდი და გაიგონებდი!

5.დაწნული კალათა, წითელი ბუშტი, ლურსმანი – დაწერე ამბავი, რომელშიც მოიხსენიებ ამ ნივთებს;

6.წარმოიდგინე, რომ შენთვის ნაცნობ რომელიმე ცხოველს საუბარი შეუძლია. რას იტყოდა ის? დაწერე პირველ პირში.

7.როდესაც ვერ იძინებ, რაზე ფიქრობ? ან როგორია შენი ძილის რუტინა?

8.დააკვირდი, რას გრძნობ ახლა. რა ემოცია მძლავრობს შენში? მოძებნე 5 აფორიზმი, რომელიც ამ განცდასთანაა დაკავშირებული. დაწერე და დაურთე კომენტარები.

9.ავტოპორტრეტი

10.გაიხსენე ერთი ადამიანი, ვისი მადლიერიც ხარ. დაწერე ამბავი – მკითხველს წარმოდგენა უნდა შეექმნას, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ ემადლიერები;

11.სიტყვა „მსუქანი“, როგორც წესი, უარყოფითი, უსიამოვნო შეფერილობის სიტყვაა. დაწერე ამბავი, რომელშიც ამ სიტყვას გამოიყენებ და რომელიც მკითხველს სხვა განცდას გაუჩენს;

12.რომელ ცხოველს შეადარებდი საკუთარ თავს? აღწერე, რატომ!

13.რჩევა – დაწერე, ვისგან მიგიღია რაიმე მნიშვნელოვანი რჩევა? რა მოჰყოლია ამ რჩევის გათვალისწინებას ან გაუთვალისწინებლობას?

14.გაიხსენე შენი ბავშვობის საყვარელი წიგნიდან რაიმე ამბავი. უამბე მკითხველს ეს ამბავი.

15.“ისე შემრცხვა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. სახეზე ალმური მომეკიდა…“გაიხსენე ან მოიფიქრე ამბავი, რომელსაც ამ სიტყვებით დაიწყებ;

16.გაიხსენე ორი პერსონაჟი სხვადასხვა წიგნიდან. „შეახვედრე“ ეს პერსონაჟები ერთმანეთს. მოიფიქრე ადგილი, დიალოგი, საინტერესო სიუჟეტი;

17.საკუთარი სახლის სამუდამოდ დატოვება გიწევს. მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღება შეგიძლია. იმის, რასაც ზურგჩანთაში ჩაატევ ან ხელით ატარებ. რას და რატომ წაიღებ?

18.მხოლოდ 20 სიტყვის ამოკრება შეგიძლია. ამ 20 სიტყვის გარდა სხვა სიტყვებს ვეღარასდროს გამოიყენებ. რომელია ეს 20 სიტყვა?

19.შენი სამოსი – რა გაცვია? ვინ გირჩევს სამოსს? რას ამბობს შენი სამოსი შენზე?

20.მოიფიქრე დიალოგი, პერსონაჟები და სიტუაცია. დაიწყე ასე:

– რა გაქვს ხელში? ეს რა არის?

– ჩემია! მე ვიპოვე!

21.ჩამოთვალე 5 რამ, რაც შენთვის მნიშვნელოვანია სხვა ადამიანთან ურთიერთობაში!

22.შენი ყველაზე ადრეული მოგონება ღრმა ბავშვობიდან;

23.შეარჩიე ერთი საინტერესო აფორიზმი. დაწერე 150 სიტყვიანი კომენტარი;

24.რა ისწავლე მშობლებისგან?

25.აღწერე შენი მშობლიური ქალაქის ყველაზე საინტერესო ადგილი, ღირსშესანიშნაობა.

26.შენი ცხოვრების „საუნდტრეკები“. სიმღერები, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენ. მხოლოდ ჩამონათვალი დაუშვებელია;

  1. დაასახელე წიგნი, რომელიც, სასურველია, ყველას ჰქონდეს წაკითხული; რატომ?

28.შენი სახელის თითოეული ასოსგან შეადგინე სიტყვა. ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინე წინადადებები. წინადადებები შეკარი ამბად;

29.სიტყვების კოლაჟი – „მე“. ფურცელზე ჩამოწერე ის სიტყვები, რომლებიც შენ გიკავშირდება. მხოლოდ სიტყვები. ფურცელი გააფორმე სურვილისამებრ. შეგიძლია დააკრა და დააწებო ფურცელზე ის, რაც გსურს.

30.მომდევნო 3 საათის განმავლობაში შენ ხარ უჩინმაჩინი. რას გააკეთებდი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...