ჟურნალი “მასწავლებელი”, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას, საინტერესო და ნაყოფიერ ცხოვრებას გისურვებთ!
მასწავლებლის ბიბლიოთეკა- სწავლების ფსიქოლოგია
სწავლების ფსიქოლოგია ცოდნის მიღებისა და ადეკვატური უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესს სწავლობს. მის ამოცანას კი ამ პროცესის ბუნების, მახასიათებლების, ეტაპების, კრიტერიუმების, სწავლების დონისა და ხარისხის დიაგნოსტირების მეთოდების შემუშავება წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, სწავლების დროს ბავშვის შემეცნებითი განვითარება განხილული იყოს სისტემატური სწავლების პირობებში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია:
– შიდა და გარე ფაქტორების შესწავლა, რომლებიც განაპირობებენ შემეცნებითი საქმიანობის განსხვავებულობას სხვადასხვა დიდაქტიკურ სისტემებში;
– სწავლების მოტივაციური და ინტელექტუალური თანაფარდობის დადგენა;
– ბავშვის სწავლებისა და განვითარების პროცესების მართვის შესაძლებლობათა განსაზღვრა;
– სწავლების ეფექტურობის ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური კრიტერიუმების გამოვლენა და ა.შ.
პრაქტიკულ პედაგოგიკაში მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ კითხვას „როგორ?“
ამ სახელმძღვანელოს მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ. წიგნის ავტორები- ცვატა ბერძენიშვილი და მარიამ გოდუაძე, გვთავაზობენ აქტივობებს და მეთოდურ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც მასწავლებელს დაეხმარება სრულყოს სასწავლო პროცესი.
რედაქტორები:
ნატო ინგოროყვა
მანანა ბოჭორიშვილი
სტილისტი:
ნანა მაჭავარიანი
დიზაინერი:
ბესიკ დანელია
წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან
მარტივი მათემატიკური სავარჯიშოები საბავშვო წიგნებიდან
“თვლა ჩემი ჰობია. მიყვარს დღეების, წუთების, თმის სამაგრების, ფანქრების, მეგობრების და საერთოდ, ყველაფრის დათვლა. ვითვლი ჩემგან დამოუკიდებლად, თავისით. პენალში თოთხმეტი იისფერ ფანქარი მიდევს, თუმცა ჩემი საყვარელი ფერი ლურჯია. მეოთხე სართულიდან უკანა ეზოში გასასვლელად სამოცდარვა საფეხურის ჩავლაა საჭირო, ორმოცდაორი ნაბიჯის შემდეგ კი იმ მახინჯ აბრამდე მიხვალთ, რომელზეც “ტიტენის დასახლება” წერია. ოთხი ათას დღეზე მეტია, რაც ცოცხალი ვარ. ექვა სხვადასხვა ბინაში და სამ სხვადასხვა ქალაქში მიცხოვრია. ხუთ სხვადასხვა სკოლაში ვიარე, სადაც სამი მეგობარი შევიძინე. სამივეს სახელები მ-ზე იწყება. მათგან არცერთთან აღარ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ჩემი საყვარელი ასოა.
…………
ზაფხულის არდადეგები ორმოცდათოთხმეტი დღისგან შედგება. ასე დავითვალე მაცივარზე ჩამოკიდებულ კალენდარში. ორმოცდათოთხმეტი დღე სამოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას სამოც წუთს უდრის. წამებში ჯერ არ გადამიყვანია, მაგრამ ბევრი იქნება. ალბათ რამდენიმე მილიონი” – ეს ინაა, “ჩვენი სამხრეთის” მთავარი გმირი. ამ გადასარევ წიგნზე ადრეც დამიწერია. მგონია რომ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ბევრ დელიკატურ კითხვაზე პასუხის პოვნაა შესაძლებელი ამ საყმაწვილო რომანში. საინტერესო მგონია ინას პრაქტიკაც, ითვალოს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ამის საჭიროება. ეს პრაქტიკა ორი კურდღლის დევნას ჰგავს, თან მოწყენილობას ებრძვი, თან სამყაროს შეცნობის საკუთარ მეთოდს ქმნი და ორი კურდღლის ერთად დაჭერისგან განსხვავებით, ამ ორივეს მოხერხება უფრო მარტივია.
საბავშვო წიგნებში ინას გარდა სხვა პერსონაჟებიც არიან, ვინც რაღაცებს ითვლიან, აღწერენ და აღნუსხავენ.
“- იცი, რამდენჯერ ვითამაშეთ ბეისბოლი წელს, და შარშან, და იმის წინ? სულ ჩაწერილი მაქვს! ათას ხუთას სამოცდარვაჯერ! რამდენჯერ გამოვიხეხე კბილები ათი წლის მანძილზე? ექვსი ათასჯერ! დავიბანე ხელები თხუთმეტი ათასჯერ. მეძინა, სადღაც, ოთხი ათასჯერ, ცოტ-ცოტა ხნით თვალის მოტყუებას თუ არ ჩავთვლით. შევჭამე: ექვსასი ცალი ატამი, რვაასი ვაშლი. მსხალი ორასი ცალი. მსხალზე დიდად არ ვგიჟდები. რაც გინდა, დამისახელე. ყველაფრის სტატისტიკა მაქვს ჩამოწერილი! ზოგი რამე, რაც ათი წლის მანძილზე მაქვს გაკეთებული, მილიარდებამდე ადის.
სულ ოთხასი წიგნი მაქვს წაკითხული. ახლა რა და რა ფილმები მაქვს ნანახი: ბაქ ჯონსის მონაწილეობით – ორმოცი, ჯექ ჰოქსის -ოცდაათი, ტომ მიქსის – ორმოცდახუთი, ჰუთ გიბსონის – ოცდაცხრამეტი, ვნახე კატა ფელიქსის მულტფილმის ას ოთხმოცდათორმეტი სერია, დაგლას ფერბენკსის ათი კინო, რვაჯერ ვნახე „ოპერის მოჩვენება“ ლონ ჩეინის მონაწილეობით, ოთხი კინო – მილტონ სილსის და ერთი რაღაც სიყვარულზე, ადოლფ მენჯუ თამაშობდა, ოღონდ მთელი ფილმის დროს კინოთეატრის ტუალეტში ველოდე, როდის მორჩებოდა ეგ დებილობა, იმიტომ, რომ მერე უნდა დაწყებულიყო „კატა და კანარის ჩიტი“ თუ, არა, „ღამურა“, ის, რომლის დროსაც ყველა ერთმანეთს ებღაუჭება და მთელი ორ საათი შეუჩერებლად კივიან. სეანსების განმავლობაში, ჩემი გამოთვლებით, ასე, ოთხმოცამდე საწუწნი კანფეტი, სამასი შოკოლადის ფილა და შვიდასი ნაყინი „ლოლო“ მაინც მექნება შეჭმული…” – ეს ტომია, რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოდან”. მისი პირიდან გაზიანი წყლის ბუშტებივით იფრქვევა სიტყვები. მას ძმა ჰყავს, დაგლასი, რომელიც მხოლოდ 12 წლის ასაკში მიხვდება იმას, რომ ცოცხალია და ფიქრობს, ყველამ იცის თუ არა სამყაროში, რომ ცოცხალია. ეს წიგნი ზაფხულის მადიდებელი ოდაა, ყველა ასაკში საკითხავი ტექსტი.
კიდევ ერთი ბიჭი მახსენდება, რიცხვებთან გაშინაურებული 15 წლის კრისტოფერი. მან ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და მათი დედაქალაქების სახელები და კიდევ ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე. კრისტოფერს არ უყვარს როცა ეხებიან და ვერ იტანს ყვითელ და ყავისფერი ფერებს, მაგრამ უფრო მეტად ყვითელ ფერს. მას წითელი უყვარს და თუ სკოლისკენ მიმავალს გზად ზედიზედ 4 წითელი მანქანა შეხვდება, ესე იგი, სუპერ კარგი დღე ექნება. თუ 4 ყვითელი მანქანა შეხვდა, ესე იგი, ის დღე სუპერ ცუდი დღეა და უნდა მოერიდოს მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. კრისტოფერიც წიგნის პერსონაჟია: „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები”, ასე ჰქვია მარკ ჰედონის გადასარევ წიგნს, რომელზეც წლების წინაც გიყვებოდით.
რატომ გიყვებით ამ პერსონაჟების აკვიატებების ამბებს? რამდენიმე მიზეზია.
ჩვენში რაოდენობრივი აზროვნება სუსტად განვითარებული უნარია და მგონია, რომ ამ უნარის განვითარება უკეთ ცხოვრებაში კარგ სამსახურს გაგვიწევდა. ჩვენ არ ვითვლით ფულს, რომელსაც სახელმწიფოს ვუხდით, არ ვითვლით დღეებს, რომელსაც უქმად ვკარგავთ, არ ვითვლით ზიანს, რომელსაც უცოდინარობით ვიღებთ, არ ვითვლით ფასს, რაც ცუდი მმართველობა, დაბალი დონის განათლების სისტემა ან გაუმართავი ჯანდაცვის სექტორი გვიჯდება – თითქმის არაფერს არ ვითვლით. არ ის ვიცით, რამდენად არის დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება ჰაერის სისუფთავეზე, ჯანმრთელობა სუფთა წყალზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა ეკოლოგიურად სუფთა საკვებზე, დოვლათი კი ცოდნაზე. არ ვინტერესდებით იმით, რა ცოდნას იღებენ ჩვენი შვილები სკოლაში გატარებულ 12 წელსა და უნივერსიტეტებში გატარებულ კიდევ რამდენიმე წელიწადში და არც იმით, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ძალისხმევა. რაოდენობრივი აზროვნება ფაქტების სწორ ანალიზსა და არგუმენტირებული მსჯელობაში გვეხმარება და სამყაროს შესახებ მცდარი წარმოდგენებისგანაც გვიცავს. თუ ამ ტიპის აზროვნებას და ამგვარ ფიქრს ბავშვობიდანვე მივეჩვევით, მათემატიკაც არ იქნება მხოლოდ რთული სასკოლო საგანი და სტატისტიკაც არ იქნება რთული ლაბირინთები ბევრი რიცხვებით – თუ ამ მიზნის მიღწევაში მარტივი თამაშებით, უცნაური აკვიატებებით და ლიტერატურული პერსონაჟების დახმარებით მივაღწევთ, რატომაც არა.
რაღაცების დათვლას თუ დაიწყებს ბავშვი, უფრო ნათელი წარმოდგენა ექნება თავისი და სხვების ცხოვრების წესზე: მაგალითად, რამდენი წუთი ჭირდება სკოლამდე მისვლამდე, როგორ უფრო სწრაფად მიდის, ტრანსპორტით თუ ფეხით? რამდენ ნაბიჯს დგამს დღეში – რომელ დღეებშია მისი ფიზიკური აქტივობა უფრო მაღალი? რაზეა დამოკიდებული აქტიური და პასიური დღეები: სეზონებზე თუ სხვა გარემოებებზე? რამდენ დროს ატარებს ეკრანთან და ამ დროიდან რამდენია გართობისთვის და რამდენი სასწავლო მიზნებისთვის გახარჯული საათები? რამდენი წიგნის წაკითხვას ახერხებს თვეში? რამდენი გვერდის წაკითხვის შემდეგ ეფანტება გონება? რომელ მშობელს უფრო მეტი ფუნქცია აქვს დაკისრებული მის მოვლაში? რა დროს ატარებენ ერთად ოჯახის წევრები? რას აკეთებენ ამ დროის განმავლობაში? რომელი დღისაა ბოლო მოგონება, რომელზეც ეღიმება? რომელზეც უხერხულობას გრძნობს? რაც აბრაზებს? როგორი გართობა მოსწონს? რამდენად ხშირად ახერხებს ისე გაერთოს, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს? რა უშლის ხელს სურვილების ასრულებაში? და ასე უსასრულოდ. ასეთ კითხვებზე პასუხები ბავშვს გარდა იმისა რომ დროის, მოვლენების და სამყაროში მოქმედი წესრიგის უკეთ აღქმაში ეხმარება, უფრო დაკვირვებულსაც ხდის და ამბების განზოგადების უნარსაც უვითარებს.
ხშირად აკვიატებები, რომლებიც ბავშვებს აქვთ, იქნება ეს რაღაცების თვლა, მწერებზე დაკვირვება თუ ქვების შეგროვება, უფროსების მიერ არასერიოზულად აღიქმება. ყველა აკვიატებას რაიმე მიზეზი აქვს და ყველა უცნაური ჩვევის გამოყენება შეიძლება უხერხულობაზე მეტი სიკეთის მომტანი იყოს – ალბათ ესეც უნდა გვახსოვდეს უფროსებს: მეტი ყურადღება, მოთმინება, დაკვირვება და ფანტაზია გვჭირდება ბავშვებთან ურთიერთობისას.
რჩევები ლიტერატურული ესესთვის
არც ისე დიდი ხნის წინ ეროვნული გამოცდების ქართულის ტესტში შეტანილმა ცვლილებებმა დიდი ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იყვნენ მომხრეები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ტესტი გამარტივდა და დაიხვეწა. მოწინააღმდეგეების აზრით, ორი ტიპის ესეს გაერთიანება აბიტურიენტების დაბნეულობას გამოიწვევდა. ასეც მოხდა, არა მარტო მოსწავლეები, მასწავლებლებიც დავიბენით. ერთმანეთს ვურეკავდით, ვეკითხებოდით, როგორი შეიძლება ყოფილიყო სტრუქტურა, განლაგება, მოცულობა ახალი დავალებისთვის. შეფასების კრიტერიუმებისა და დავალების პირობის გაცნობის შემდეგ ვნებათა ღელვამ იკლო და მუშაობას შევუდექით. გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა, რომლის გაზიარებაც კოლეგებისთვის, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება.
ესეს წერისას ძირითადი ორიენტირი უნდა იყოს ოთხი კრიტერიუმი, რომლებსაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს. ესენია: პრობლემის აქტუალობა, მხატვრული ტექსტის ანალიზი (5-5 ქულა), ზოგადი განათლება და დამოუკიდებელი აზროვნება (3-3 ქულა).
ეს ესეც, როგორც ყველა სხვა, შედგება შესავალი, შუა და დასკვნითი ნაწილებისგან.
დავიწყოთ საკითხის ზოგადი მიმოხილვით, დავსვათ კითხვა: რატომ არის ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალური მოცემული პრობლემა?
პასუხის შემდეგ მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიიდან, რეალური ცხოვრებიდან, ფილმებიდან, ლიტერატურიდან დასაბამიდან დღემდე (თანამედროვეობას აქ არ შევეხოთ). მოცემული მაგალითებით უნდა დავადასტუროთ, რომ ეს პრობლემა აწუხებდათ ადამიანებს ყველა საუკუნეში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. თითო მაგალითის შემდეგ კარგი იქნება შუალედური დასკვნების გამოტანა და მუდმივი აპელირება საკითხის აქტუალობაზე, მაგალითად, ასე: მოცემული ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ადამიანი ემოციური, ინტერაქციული არსებაა და მას მუდმივად აწუხებს სულიერი წონასწორობის დაცვის საკითხი. ასეთი შესავალი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, ქულები მოიპოვონ როგორც პრობლემის აქტუალობაში, ისე ზოგად განათლებაშიც.
მეორე აბზაცში მიმოვიხილოთ მწერლის ეპოქა, მოღვაწეობის ასპექტები, ვუპასუხოთ კითხვას: რითაა ამ შემოქმედისთვის საინტერესო მოცემული საკითხი?
შესაძლოა, საჭირო გახდეს ბიოგრაფიული დეტალების მოყვანაც. ამის შემდეგ გადავიდეთ ტექსტის ანალიზზე. ამისთვის მოცემული ნაწყვეტიდან მოსწავლეებს მოვანიშნინოთ ციტატები, რომლებიც მიემართება სათაურს (კარგი იქნება, სანამ თემის წერას დავაწყებინებთ, ვამუშაოთ ციტატა/კომენტარის სქემით, რათა მიეჩვიონ კომენტარების წერას და პერიფრაზი არ გამოუვიდეთ). აქვე უნდა მოვიყვანოთ პარალელები ზოგადი განათლებისთვის და შუალედური დასკვნები დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმისთვის. მოცემულ ეპიზოდში შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე აბზაცის გამოყოფა.
ბოლოდან მეორე აბზაცში, ვფიქრობთ, უნდა ვისაუბროთ თანამედროვეობაზე, მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, სასურველია სტატისტიკაც, რათა დავადასტუროთ, რომ ეს პრობლემა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თუმცა შესაძლოა იყოს ისეთი საკითხიც, რომელიც ჩვენს ეპოქაში აღარ არის ისეთი მწვავე. ესეც უნდა აღვნიშნოთ და მაგალითებით დავადასტუროთ.
ბოლო აბზაცი იქნება დასკვნა, სადაც მოკლედ შევაჯამებთ ნააზრევს და წარმოვაჩენთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეულ ხედვას.
ასეთი მიდგომით, ჩვენი ვარაუდით, ესე გამოვა 700-800 სიტყვა, რაც საშუალებას მოგვცემს, სიღრმისეულად მიმოვიხილოთ საკითხი და მაღალი ქულაც დავიმსახუროთ.
ქვემოთ გთავაზობთ წერითი დავალების ნიმუშს, რომელიც, რასაკვირველია, იდეალური არ არის, მაგრამ შეიძლება ერთგვარ ორიენტირად გამოადგეთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
შოთა რუსთაველი პოემა „ვეფხისტყაოსანში“ დაგვანახვებს ტარიელისა და ფარსადანის დიდსულოვან დამოკიდებულებას მოღალატე მტრის მიმართ.
იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემული პრობლემა ტექსტში და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.
ადამიანი ეგოცენტრული არსებაა, მას უჭირს თავის სურვილებზე უარის თქმა, კომპრომისზე წასვლა, პატიება. ამიტომაც ხშირია პიროვნებებს, ქვეყნებს შორის დაპირისპირება, რომლის დროსაც მოკვდავები კარგავენ ჰუმანურობას, დიდსულოვნებას და მხეცებად, ტირანებად იქცევიან. ამის მაგალითი მსოფლიომ მრავლად იცის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში „ღვთის რისხვად“ წოდებული ჰუნების ბელადი ატილა არბევს ბალკანეთს, ანადგურებს ქალაქებსა თუ სოფლებს. „ჩემი ცხენის ნატერფალზე ბალახიც კი არ უნდა ამოვიდეს“ – ბელადის ეს სიტყვები ნათელი დადასტურებაა ადამიანთა სისასტიკისა და დაუნდობლობისა. მეათე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ის ბრძანებით 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ასეთი გაუგონარი უმოწყალობის გამო მას ბულგართმმუსვრელი (ბულგართმჟლეტი) უწოდეს. როცა ჰუმანიზმის პრობლემას ვეხებით, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს პირველი და მეორე მსოფლიო ომები – ქვეყნების გლობალური დაპირისპირება, რომელმაც ას მილიონზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს და მრავალი სხვა ფაქტი მაუწყებელია იმისა, რომ ყველა საუკუნეში აკლიათ ადამიანებს სულგრძელობა, პრობლემა მწვავედ დგას მსოფლიოს ნებისმიერ ხალხთან.
შოთა რუსთაველი მე-12 საუკუნის მოღვაწეა. ეს ის ეპოქაა, როდესაც თამარ მეფის მმართველობით ქვეყანა განვითარების მწვერვალს აღწევს და „ოქროს ხანად“ იწოდება. მიუხედავად ამისა, ამ დროშიც აქტუალური რჩება ისეთი მარადიული ზოგადსაკაცობრიო საკითხები, როგორებიცაა სიყვარული, მეგობრობა, კაცთმოყვარეობა, პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი.
„ვეფხისტყაოსნის“ მოცემულ ეპიზოდში საინტერესოდაა წარმოჩენილი დამარცხებული მოწინააღმდეგის მიმართ ტარიელისა და ფარსადანის დამოკიდებულება. ხატაეთის ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ამირბარი ხელს არ ახლებს მოსახლეობას:
„მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით“.
ტარიელის გადაწყვეტილება ისევე აოცებს ადამიანს, როგორც ქრისტეს საქციელი. ასეთი მიმტევებელი ხომ მხოლოდ განკაცებული ღმერთია, რომლის სიტყვები: „მამაო, შეუნდევ, რამეთუ არ იციან, რას იქმან“, – სამარადისო გაფრთხილებად უნდა ქცეოდა კაცობრიობას. მაცხოვარი უფალს იმ ადამიანთა შენდობას სთხოვს, რომელთაც ჯვარს გააკრეს, ამით მიტევების საოცარ მაგალითს უტოვებს კაცთა მოდგმას. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მიბაძვის სურვილი იშვიათად უჩნდებათ ადამიანებს. ტარიელი კი ზეადამიანს განასახიერებს, რომელიც ქრისტეს მიემსგავსება. ამას ავტორის დამოკიდებულებაც ცხადყოფს, როდესაც ამბობს, მისი მსგავსი დედამიწაზე არავინ დაიბადებაო:
„მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი“.
ინდოეთის მხედართმთავარი ურყევად ასრულებს ქრისტეს მცნებას: „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი“. დიდი მოკრძალებითა და პატისცემით ექცევა ხატაელებს და ამბობს:
„ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: ,,იყვენით თქვენ უკრძალავად,
მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად“.
ვფიქრობ, მკითხველთა უმეტესობისთვის ასეთი საქციელი წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. თუმცა საქართველოს ისტორიიდანაც შეიძლება მსგავსი მაგალითების გახსენება. მეათე საუკუნის მოღვაწე თორნიკე ერისთავი ბარდა სკლიაროსის დამარცხების შემდეგ ბრძანებს, ყველა მეომარს თანაბრად დაეხმარონ, რადგან იცის: „ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა“.
ტარიელის მიერ მტრის მიმართ ღირსეული, დიდსულოვანი მოპყრობის შემდეგ, ჩემი აზრით, აღარ არის გასაკვირი ფარსადან მეფის სულგრძელი, შემწყნარებლური ქცევა:
„ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე“.
ის არა მხოლოდ უმასპინძლდება მოღალატეებს, არამედ საჩუქრებითაც ამკობს მათ:
„მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია,
შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია“.
ინდოეთის ხელმწიფე არ ბღალავს რამაზ მეფის ღირსებას და შეწყალებულს, ნაპატიებს აბრუნებს სამშობლოში. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, რომელშიც მთავარი გმირი წაქცეულ ყიზილბაშს ფეხზე წამოაყენებს, ვაჟკაცობას შეუქებს და ამ სიტყვებით გაუშვებს: „შენი თავი შენი ვაჟკაცობისთვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო“. ასე იქცევა ნამდვილი ვაჟკაცი – დამარცხებულს არ შეურაცხყოფს, არ ქედმაღლობს.
ტარიელისა და ფარსადანის ჰარმონიულ ურთიერთობაზე მეტყველებს ამ უკანასკნელის კითხვაც, შეუნდონ თუ არა მოღალატე რამაზს. ამირბარის პასუხი ძალიან თავმდაბლურია:
„…ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა“.
უდავოა, ინდოეთის მმართველი სრულყოფილი ვაჟკაცი, ღირსეული რაინდი, ზნესრული ადამიანია, შეუძლია სხვის ადგილას თავის წარმოდგენა, გააზრებული აქვს წუთისოფლის ცვალებადობა. მან იცის, რომ, თუ დღეს გამარჯვებულის ამპლუაშია, ხვალ შესაძლოა დამარცხებული იყოს. ეს ხაზს უსვამს ტარიელის სულიერ სიმაღლეს, უდიდეს ჰუმანურობას, უნარს „სამოცდაათჯერ შვიდგზის“ მიუტევოს თავის მსგავს ქმნილებას, რათა განკითხვის ჟამს მასაც მიეტევოს.
შოთა რუსთაველი ამგვარად ეხმიანება მოცემულ პრობლემას და ტარიელისა და ფარსადანის სახით დაგვანახვებს იდეალურ ადამიანებს, ღირსების უზენაეს გამოვლინებას.
21-ე საუკუნეში, დროში, რომელშიც უკვე აღარავინ იბრძვის ხმლებითა და ცხენებით, კვლავ აქტუალური რჩება ჰუმანიზმის, მოწინააღმდეგის მიმართ დიდსულოვანი დამოკიდებულების პრობლემა. დღეს ღირსება, სულგრძელობა იშვიათია. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები ვირტუალურ თუ რეალურ სამყაროში თვალსაჩინოა. მიუხედავად დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისა, მსოფლიო უფრო ჰუმანური რომ არ გამხდარა, ამას კვლევებიც ადასტურებს – ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობამ ათ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად გაიარა დაახლოებით ას ორმოცდაათი სამოქალაქო ომი. საქართველოში მომხდარი სალარიძისა და შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობებიც მოწმობს დღევანდელი ახალგაზრდების ერთმანეთისადმი არაჰუმანურ და დაუნდობელ დამოკიდებულებას. საკითხის სიმწვავეს წარმოაჩენს რუსეთ-უკრაინის ომის დროს განვითარებული მოვლენები.
საბედნიეროდ, დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ ღირსეული, სულგრძელი ადამიანები და მათი საქციელი ამ სასტიკ სამყაროში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სანტანდერის ტრიატლონის მონაწილე ესპანელი სპორტსმენის დიეგო მენტრიდას საქციელი. მან შეამჩნია, რომ კონკურენტმა შეცდომა დაუშვა. ესპანელი ტრიატლონისტი დაელოდა ინგლისელს, სამართლიანი გამარჯვება დაუთმო მას და ფინიშის ხაზი გადააკვეთინა. უდავოა, ასეთი ადამიანური დამოკიდებულება სპორტში, პოლიტიკასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში იდილიურს გახდიდა ჩვენს ყოფას.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ჰუმანიზმი, დანდობა, პატიება ყველა დროისა და ეროვნების ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ძლიერ, ჯანსაღ საზოგადოებას სწორედ სულგრძელი, კაცთმოყვარე პიროვნებები ქმნიან. ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება ჰუმანური მოქალაქეები, რათა ადამიანზე მორგებული, დემოკრატიული სახელმწიფო შეიქმნას.
მომხმარებლური სამყაროს მეტაფორა – თხამ ვენახი შეჭამა?
ხშირად მიფიქრია, რა შეიძლება იყოს ამ ლექსის/სიმღერის იდეა? ერთი შეხედვით, თითქოს და, არაფერი… მაგრამ თუ უფრო ღრმად წავალთ, ადამიანის ბუნებასთან მივალთ. მთელი ლექსი იგავია, მაგრამ ამ იგავში მთავარი აზრი ის არის, რომ სამყაროში ყველა ყველას ჭამს… მაგრამ უფრო მთავარი ისაა, რომ ყველა მჭამელს თავისი მჭამელი გამოუჩნდება და ასე… უსასრულოდ გრძელდება… აი, თხამ რომ ვენახი შეჭამა, მერე თხა მგელმა შეჭამა, მგელი – თოფმა და ასე შემდეგ. გავიხსენოთ ეს ტექსტი და შევეცადოთ ავხსნათ, რატომ ხდება ასე და შეიძლება თუ არა სხვაგვარადაც მომხდარიყო ან მოხდეს?
რა კვებავს „თხა და ვენახის“ იდეას? მომხმარებლური სამყარო თუ ადამიანის ბუნება?
„მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი;
მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი.
მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა;
მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ მგელი, რამ შეჭამა მგელი;
მიველ ვნახე მგელი, თოფმა ჭამა მგელი.
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ თოფი, რამ შეჭამა თოფი;
მიველ ვნახე თოფი, მიწამ ჭამა თოფი.
მიწამ თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა;
მიველ ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა.
თაგვმა მიწა, მიწამ ჟანგი,
ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი,
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა.
მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი;
მიველ ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი.
კატამ თაგვი, თაგვმა მიწა,
მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი,
თოფმა მგელი, მგელმა თხა,
თხამ ვენახი შეჭამა“.
ადამიანი, რომელმაც დაკარგა ღირებულებები და რომლის მთავარი მოთხოვნილება დაკმაყოფილებაა, ჩართულია ამ წრებრუნვაში. „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ და ამიტომ უნდა დაგასწროს შეჭმა, რადგან მატერიალიზმით დაავადებულ ცნობიერებას ჰგონია, რომ თავად შეჭამ მას… გაგიგიათ ხომ: „ვიდრე შენ შემჭამ, მე შეგჭამ…“. უბრალოდ, ასეთი „მჭამელი“ მხედველობიდან ტოვებს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რაც ამ ტექსტის იდეაცაა: რომ აუცილებლად მასაც გამოუჩნდება შემჭმელი.
მომხმარებლური სამყაროს ამ სევდიან ისტორიაზე ბევრი მიფიქრია… ნუთუ მხოლოდ „აღუვსებელი და დაუკმაყოფილებელი“ სურვილების მანქანაა ადამიანი?
„მაინც რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..“.
შვეიცერის აზრით, „ინდივიდი საზოგადოებიდან იღებს მზა იდეებს და ხდება მათი მომხმარებელი, რითაც საზოგადოება შთანთქავს ინდივიდს. შვეიცერის აზრით, ეს შუა საუკუნეების თავისებურების აღდგენაა, როდესაც რელიგია ცხადდებოდა ყოველგვარი განაზრებისაგან თავისუფალ სფეროდ და ბატონობდა აბსოლუტური დოგმატიზმი. თანამედროვე ვითარებაში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ ეძიებს ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, მათ ადგილს იჭერს პროპაგანდა; ჭეშმარიტებისადმი რწმენა დაკარგულია.
თანამედროვე ადამიანის ყველაზე არსებით ნიშნად შვეიცერი მიიჩნევს საზოგადოების მიერ პიროვნების ნიველირებას. საზოგადოება მას მზა სახით აწვდის ეროვნულ, პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებს. ადამიანი დაემსგავსა უხეირო ბურთს, რომელსაც ყოველი დარტყმის შემდეგ უჩნდება ჩანაზნექი“.
სტრუქტურა, რომელშიც ადამიანი ინდივიდი კი არა დანომრილი ჭანჭიკია, მოქმედებს ავტომატურად და სწორედ ამგვარი ავტომატიზმის შედეგია ადამიანი, რომელიც სიტყვებით მანიპულირებს, მაგრამ არსს დაშორებულია. ყველაფერი ხდება „სიყვარულის სახელით“ და არა სიყვარულით, ლიბერალიზმის სახელით და არა ლიბერალური ბუნებით, პატრიოტიზმის სახელით და არა შინაგანი პატრიოტობით… სამყარო იქცა ცარიელ ნიშანთა სისტემად, რომელსაც გაწყვეტილი აქვს კავშირი არსთან; სწორედ ამიტომ ყველა ყველას ჭამს…
როცა ამაზე ვფიქრობდი, ერთმა აზრმა გამიელვა: რა იქნებოდა, რომ თხას ვენახი არ შეეჭამა? როგორ საზოგადოებას მივიღებდით მაშინ….? ან რაკი უკვე ყველამ ყველა შთანთქა, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ყველა კადრი უკან დაბრუნდეს?
ამ ფიქრში ვიყავი და მოულოდნელად ჩემი მეგობარი, პოეტი დავით რობაქიძე, კითხულობს ლექსს „ვენახნანახი“, რომელშიც ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ამ შემთხვევამ გადამაწყვეტინა, თქვენთვის საფიქრალად ეს ორი ლექსი შემომეთავაზებინა… ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია გამოვიდოდა.
აგერ ეს ლექსიც:
„გამოფენაზე წარმოდგენილი მოტორიანი თხა
მგელმა შეჭამა, ვაზის პატრონმა არ ამოიღო ხმა,
მგელი შეჭამა ორლულიანმა თოფმა – არ უნდა თქმა,
თოფი შეჭამა ჟანგმა თავისი სიტყვა ჟანგბადმაც თქვა,
ჟანგი შეჭამა მიწამ, უკეთესს რას შეგიჭამდა სხვა,
მიწა შეჭამა თაგვმა თხილივით არ უტკენია ყბა,
თაგვი შეჭამა კატამ, ეგონა დიდი ამბავი ქნა,
კატას აჭამა ვაზის პატრონმა პირაწყობილი რქა.
კატის თავიდან თაგვი ამოხტა, თაგვმა თხილივით შვა
მიწა, მიწიდან ჟანგი გამოჩნდა, ჟანგმა თოფს მიცა გზა,
თოფი შერიგდა მგელთან, მგელმა კი აღარ შეჭამა თხა,
თხამ დაუბრუნა პატრონს ვენახი ტირის, დასრულდა სხვლა“.
ჩემი წერილის გზავნილი კი ასეთია: თუ თქვენ „შეგჭამეს“, თქვენ სხვას ნუ შეჭამთ და თქვენს შემჭმელს სხვა უფრო დიდი მჭმელი ისედაც გამოუჩნდება… მხოლოდ ამ დამოკიდებულებით შეიძლება დაძლიოთ „მჭამელი“ თქვენში.
შემომხედე!
ვალიკო
შემომხედე!
გული არ ხუცდება! და რეიზა არ ხუცდება, თუ იცი? ნამეტარი პატარა დროა ბაღნობიდან სიბერემდე. უნდა იცეკვო და იცეკვო. ბაღნობა იყო ხმელა პური და კარაქი. ომის კუდში ვცხოვრობდით. ბაღნობა იყო ცხენი, ხარი. მერე იყო პაპიროსის თესვა. თამბაქოსი. და ცეკვა.
ადრე ხომ ვცეკობდი? ახლა, ცოტა მუხლი აღარ მიჭრის, მარა უფრო ვცეკობ. იცი რაფერ? სიბერე არის ახალგაზრდობის გულში გამეორება. უკუღმა რეპეტიციასავით გამოდის რაცხა.
სიცოცხლე არის, რას შევადარო ახლა, სიცოცხლეა რა. კარგად თუ ხარ – კაია, თუ გაჭირვებული ხარ – აფერი არაა. სულ აგია სიცოცხლე.
სიცოცხლე ხომ აფერი არაა და სიკვდილი კიდო უფრო აფერი არაა. კტები და ქრები, მეტი აფერი. მარა, მეიცა. არ მინდა, თლა მასე იყოს. სიკვდილი მოი უფრო უკეთესი იყოს. სიკვდილი იყოს ასე, რომე კტები და ცეკვავ. ცეკვავ და ცეკვავ.
მარა ჯერე სიკვდილამდე რა დროისაა. ხორუმი ხომ გახსოვს? მაქანე რომ ხელს მიიდობ შუბლზე და გახედავ შორს, შორს – მასეა სიკვდილი. დილით გამოვალ, ხელს მივიდობ მასე და დასავლეთისკენ ვიყურები. შორს კი არა, სულ არ ჩანს. და არც გამოჩნდება კაი ხანი.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
უკუკავშირი
მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი არ გქონდათ, მადლობა, რომ ჩემთან იყავით. თავს მეტად აღარ შეგაწყენთ, მინდა მომწეროთ, ჩვენი ლექციებიდან რა გახსოვთ კარგად და რა – ცუდად.
ნინო
……….
დავალება
იმ სკოლაში, რომელშიც მე ვმუშაობ, მეათეკლასელები საერთოდ არ მოვიდნენ შემაჯამებელი დავალების დასაწერად. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მერე თქვენ გამახსენდით და დალაპარაკება ვცადე. გამომივიდა! იმასაც მივხვდი, რომ ადამიანური უნდა ვიყო და არასოდეს დავუპირისპირდე ბავშვებს. საერთოდაც, ვცდილობ, ისე მივმართო, როგორც თქვენ მოგვმართავთ ხოლმე ჩვენ. ხშირად ვიხდი მადლობას, როგორც თქვენ. უკვირთ და თან ძალიან უხარიათ. ეს მე თქვენ მასწავლეთ.
კარგად ვერ ვსწავლობ, ვიცი. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინოდა ეს სკოლა და მასწავლებლობა-მეთქი, მაგრამ მერე ამ უბედურ ქვეყანას რომ ვუყურებ, მეცოდება და მინდა, ამ ბავშვებმა უკეთესში იცხოვრონ. ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა დაცული იქნება ნებისმიერის ძალმომრეობისგან.
ამის გამო გავხდი მასწავლებელი..
თქვენ გამო და ერთი ადამიანის გამო, რომელსაც ვუყვარვარ, ამ კურსს დავამთავრებ და გპირდებით, რომ ვეცდები, ეს სამყარო სულ ოდნავ მაინც უკეთესი გავხადო.
ცუდს ვერ ვიხსენებ, არაფერი მახსენდება კარგის მეტი.
04.02. 2022 წ.
დავწერე თქვენი ლექციის შემდეგ
დათია
……….
დათია, რა საოცარია ეს სამყარო! რა საოცარია, რომ ის სიტყვები მომწერეთ, რომლებიც ძალიან მჭირდებოდა და მაშინ, როცა რაღაცები ისე დამიმძიმდა და ვეღარ ვუძლებდი!
ზუსტად ვიცი, რომ ამ სამყაროში უმიზეზოდ და შემთხვევით არ მოვდივართ! ზუსტად ვიცი, რომ ბევრი კარგი გოგო-ბიჭის ცხოვრებას გაანათებთ! ზუსტად ვიცი, რომ გულში და ფიქრებში მეყოლებით და სხვა თუ ვერაფრით, ფიქრებით დაგეხმარებით!
ღმერთი გფარავდეთ ყველა კეთილ საქმეში!
მუდამ თქვენი ნინო















