ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

როგორ ფიქრობთ, გული და გონება – ორი გზაა?

0

თქვენ, ჩემსავით, ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა და გიფიქრიათ: რატომ ვაჯიბრებთ ერთმანეთს გულს და გონებას? ან სად გადის ზღვარი „გულით ნათქვამსა“ და „გონებით ნათქვამს“ შორის. ამ მეტაფორების შემთხვევაში, სოციუმი, განათლება, ოჯახი – გვაჩეჩებს ისევ მორიგ სტერეოტიპს და გვეუბნება: „გონებით ლაპარაკი“ ნიშნავს პრაგმატულობას, ლოგიკას, გამოცდილებას, ხოლო „გულით ლაპარაკი“ – გრძნობებთან დაკავშირებულია. ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება ვართ განხილვაში – გული თუ გონება? რომელს დავუჯეროთ? რომლის გზა უფრო სწორია?

ხშირად მიფიქრია და მიკვლევია – როცა ვლაპარაკობ, როგორ ამოვიცნო, რომელი მოდის გულიდან და რომელი გონებიდან? ვერ მიპოვია მათ შორის ზღვარი. მერე იმაზე მიფიქრია, რატომ ვერ ვპოულობ ზღვარს იქ, სადაც სხვა ადამიანებს დაწესებული აქვთ წესები, რომ რაღაც ეკუთვნის – გულს და რაღაც – გონებას. გულთან დაკავშირებული ფრაზეოლოგიზმები და იდიომები მეც ხშირად გამომიყენებია და ახლაც ვიყენებ: გულის გახსნა, გულის აცრუება, გულის გატეხვა და ასე შემდეგ; „გონების გახსნაც“ არსებობს, მაგრამ არ არსებობს „გონების გატეხვა“…

გულსა და გონებას შორის შეჯიბრი იმთავითვე ყალბი და გამოგონილი მგონია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ან ერთის პარამეტრებში ცხოვრობენ და აღიქვამენ სამყაროს სურათს, ან – მეორის… ადამიანთა ეს ორი ტიპი ერთმანეთს არასდროს არ აღიარებს; ასეთ ადამიანებს უყვართ, ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება. ისინი პინის ერთ მხარეს არიან და ყოველთვის სურთ, გადაწონონ. გაყოფა, ბრძოლა, გამარჯვება – ეს ის პარადიგმაა, რომელშიც გულის და გონების ადამიანები ცხოვრობენ.

სინამდვილეში არსებობს აზრი/იდეა და ამ აზრით გაჩენილი ემოციები, შეგრძნებები, გრძნობები. მეცვლება აზრი და იცვლება შეგრძნებები. მაგალითად, ეს ადამიანი რა მშვენიერია, – ვფიქრობ და გული მეშლება; მაგრამ ამ ადამიანზე შემეცვალა აზრი და ვამბობ: ღმერთო, ეს ადამიანი რა საშინელება ყოფილა და „გული მეკეტება“, შესაბამისად, განვიცდი სხვადასხვა ემოციას, როცა ვფიქრობ: მშვენიერია ან საშინელია. ანუ ჩემი აზრი იწვევს ემოციებს, იმ ემოციებს, რომლებსაც „გულს ვაბრალებ“.

„გულით ნათქვამი“ და „გონებით ნათქვამი“ – ეს ორი მეტაფორა ისე დაიჯერა კაცობრიობამ, რომ ათასგვარი ფრაზეოლოგიზმი შექმნა, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში მყარ დისკზე ჩაწერილები, წარმართავენ ჩვენ მიერ სამყაროს ხედვას;

რატომ უნდა გავყოთ გული გონებისგან? რატომ უნდა ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ ერთი ნაწილით, როდესაც ორივე ნაწილს ვფლობთ? იმიტომ ხომ არა, რომ ადამიანებს უყვართ ყველაფრის დაყოფა, დაპირისპირება, ბრძოლა და გამარჯვება იმ ომში, რომელიც არ არსებობს.  აი, როგორ ხსნის და აფასებს ვახუშტი კოტეტიშვილი  ამ ორ ნაწილს:

გონებამ მხოლოდ ის იცის,

რაც ქვეყნად გაუგონია,

გონება ავწონ-დავწონე,

გული ვერ ამიწონია.

აშკარად გულის უპირატესობისკენ უთითებს პოეტი, როგორც პოეტთა უმრავლესობა; მაგრამ გაიხსენებთ ალბათ, რამდენჯერ გადაგვჩეხა ცალკე გულის გზამ და ცალკე – გონების გზამ. ასე რომ, პრიმიტიულ კითხვაზე – გულს ვუსმინოთ თუ გონებას? – როგორია თქვენი პასუხი?

ჩვეულებრივი ცნობიერების ადმიანი ხან ერთს უსმენს და ხან – მეორეს, მერე იწყებს წვალებას: ცოტა გულს უსმინოს და ცოტა – გონებას და ვერც ამაში პოულობს გამოსავალს.

ეს კი რეი ბრედბერის რჩევაა:

„თუ ჩვენ გონების ხმას მოვუსმენთ, ვერასდროს შევიყვარებთ. არასდროს გვეყოლება მეგობრები. ვერ შევძლებთ ბიზნესის დაწყებას, რადგან ვიტყვით: „არაფერი გამოგვივა“, „ის მე ტკივილს მომაყენებს“, „უკვე მიყვარდა ორჯერ და წარუმატებლად…“ ეს ყველაფერი სისულელეა! ნუ გამოტოვებთ ცხოვრებას! ყოველ ჯერზე გადახტით კლდიდან და სანამ ქვემოთ ეშვებით, გამოშალეთ ფრთები!“.

როგორც ხედავთ, ბრედბერიც გონებაში სოციალურ კლიშეებს გულისხმობს.

ახალი ევოლუციური ცნობიერება ადამიანს განიხილავს, როგორც მთლიანს და ჰარმონიულს, რომელიც არ ჰყოფს აღქმას – გულად და გონებად;

გულისა და გონების მეტაფორა რეალურად შეესაბამება ადამიანის თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების აღქმის პარამეტრებს. მარცხენა ნახევარსფერო – ეს არის მეცნიერების, ლოგიკის, არგუმენტების, ენის, ხაზოვანი დროის, მათემატიკის და ასე შემდეგ, მხარე და მარჯვენა – შემოქმედებითი – ხატვა, მუსიკა, წერა, უდროობა, მეტაფორები…

თუ დავაზუსტებთ, მექანიზმი ასეთია: აზრის მიღების ეს ორი პარამეტრი, აზრის/იდეის/ინფორმაციის „თარგმნის“ ორი განსხვავებული ფორმატია. შეუძლებელი და წარმოუდგენელია ვაღიაროთ ერთ-ერთი ფორმატის უპირატესობა მეორეზე. თუ მაინც ამას მოვინდომებთ, მარცხენა ნახევარსფეროს დომინანტობის პირობებში ჩვენ „მივიღებთ“ ბიორობოტს, რომელსაც ჩატვირთული აქვს პროგრამები და შესაბამისად მოქმედებს, ხოლო მარჯვენა ნახევარსფეროს დომინანტობა – ეს არის დაკარგული ადამიანი, რომელიც ვერ ადაპტირდება რეალობასთან, რადგან დაკარგული აქვს ხაზოვანი დროის შეგრძნება, ლოგიკა და ასე შემდეგ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნიმუშად მომყავს ხოლმე ჰერმან ჰესეს ტექსტი: „ნარცისი და გოლდმუნდი“. სადაც ნარცისი – თავისი მკაცრი წესრიგით წარმოადგენს მარცხენა ნახევარსფეროს არსებას, ხოლო  გოლდმუნდი – თავისი შემოქმედებით დაკარგული ადამიანია. სიკვდილის წინ მათ დიალოგს თუ გაიხსენებთ, დარწმუნდებით, რომ ორივეს ცხოვრება ნაკლოვანია.

„თუ ნარცისი მოაზროვნე და ანალიტიკოსი იყო, გოლდმუნდი მეოცნებე და ბავშვური სულის პატრონი ჩანდა…“  ნარცისს წარმოსახვის უნარი არ ჰქონდა, სურათხატებით და შეგრძნებებით ვერ აღიქვამდა სამყაროს, ხოლო გოლდმუნდისთვის აბსტრაქტული ცნებებით აზროვნება და სამყაროს აღქმა სიცარიელე და დიდი გაუგებრობა იყო. გოლდმუნდი გაოცებული ეკითხებოდა ნარცისს: „… განა ცნებები და აბსტრაქციები, რომელთაც უპირატესობას ანიჭებ, წარმოდგენები და სურათები არ არის? ნუთუ ის სიტყვები გვიყვარს და გვინდა სააზროვნოდ, რომლებითაც მართლაც ვერაფერს წარმოიდგენ? ან კი შეიძლება ისე აზროვნება, რომ ვერაფერი წარმოიდგინო? – კარგია, ამას რომ მეკითხები! – უპასუხა ნარცისმა. თუმცა, ცხადია, შეიძლება, წარმოდგენების გარეშეც იაზროვნო. აზროვნებას წარმოსახვებთან სულ მცირედი კავშირიც არა აქვს. ის სრულიქმნება არა სურათებით, არამედ ცნებებითა და ფორმულებით…… შენთვის სამყარო სახეებით წამოდგება, ჩემთვის – ცნებებით…. – მე მეშინია,- თქვა გოლდმუნდმა, – რომ ვერასდროს შევძლებ, შენს სააზროვნო სამყაროში, სადაც წარმოდგენების გარეშე აზროვნებენ, ცნებათა აზრს ჩავწვდე… სიტყვა „სივრცე“ ჩემთვის არაფერია და ფიქრადაც არ მიღირს, ვიდრე ნამდვილ სივრცეს არ წარმოვიდგენ….“[1]

ახალი ევოლუციური ცნობიერების ადამიანი ჰარმონიული, მთლიანი და განუყოფელია. მისი აღქმა ერთიანია. არცერთ მხარეს არ არის, მას საერთოდ არა აქვს მხარე. სხეული, გული, გონება – აზრის მიმღები ერთიანი სტრუქტურაა, სრულიად განსხვავებული ნერონული ქსელით, რომელშიც ვერ გამოარჩევ – რომელი მოდის გულიდან, ინტუიციიდან და რომელი – გონებიდან.

ვაჟა-ფშაველას მინდიას გაგახსენებთ:

,– ახლებო, სისხლი გიფუისთ,

სჭრითა და ჰკერავთ გულითა,

გულს ათრევინებთ გონებას,

თავს აჭრეინებთ ცულითა,

ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა

მის ვაჟკაცურის რჯულითა!

ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,

გული–დ გონება ძმანია.

მართალი არი ალუდა,

თავს არ დამექცნენ ცანია!“

 

უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ რუსთაველთან:

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან“.

 

ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: არა გული, არა გონება, არამედ მათი სინქრონულობა და სინერგია. და როგორია თქვენი პასუხი და რატომ?

 

P.S. ძვირფასო მასწავლებლებო, მხატვრულ ტექსტებზე მუშაობისას შეგიძლიათ მოსწავლეებში გამოიწვიოთ რეფლექსია ამ თემაზე და გავაცნობიერებინოთ ახალგაზრდებს სტერეოტიპები.

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=18183

 

ოდა უთქმელ სიყვარულს

0

რამდენიმე წლის წინ ვინტაჟური საფოსტო ყუთი ვიყიდეთ. დიდხანს ვერ მიეჩვივნენ ფოსტალიონები გზავნილის ყუთში ჩაგდებას, მაგრამ ბოლო ხანია, კარზე აღარ გვიკაკუნებენ. ჩვენც ყოველ ჯერზე გული სიხარულით გვევსება, როცა კიბეზე ასვლისას ყუთის ჭრილში ჟურნალის ან კონვერტის ფრაგმენტს ვხედავთ. ფეხს ვუჩქარებთ და სახლში შესვლამდე გასაღებების დიდი ასხმიდან ყველაზე მინიატურულს ვირჩევთ.

ჟურნალების ზამთრის ნომრებს უცნაური ბედი აქვთ (ზამთარი კი რთული გამოვიარეთ). დაუსრულებელი საქმეების ან მათზე გაუთავებელი ფიქრის გამო ხანდახან თავიდან ბოლომდე წაკითხვას კი არა,  გადაფურცვლასაც ვერ ახერხებ. ამიტომ მათი უმეტესობა – ზოგი გადაკეცილი, ზოგი ხელუხლებელი, ზოგიც ხელახლა წასაკითხად გამზადებული  – ცალკე თაროზე, უკეთესი დროისთვის გადაინაცვლებს.

ზაფხულის საკითხავებს შორის აღმოჩნდა „ნიუ იორკერის“ თებერვლის ნომერიც, რომლის 49-ე გვერდზე ერთი დიდებული ამბავია მოთხრობილი.

ეს ის დროა, როდესაც ორწლიანი მუშაობის შემდეგ ავიაინჟინრებმა ბოინგ 707 ააგეს, ნიუ-იორკში ჯორჯ ბალანჩინმა ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“ დადგა, მაიამიში „ბურგერ კინგის“ პირველი რესტორანი გაიხსნა, პენსილვანიაში პოლიომიელიტზე ბავშვების მასობრივი იმუნიზაცია დაიწყო, ჩრდილოეთ კაროლინას ქარიშხალმა ჰაზელმა შეუტია, ელვის პრესლიმ პირველი სინგლი – That’s all right – ჩაწერა, ჯოზეფ მიურეიმ პაციენტს თირკმელი პირველად გადაუნერგა, მერლინ მონროს გული ბეისბოლისტმა ჯო დიმაჯომ მოიგო, ტელევიზიით პირველად აჩვენეს „მის ამერიკა“ და უზენაესმა სასამართლომ სეგრეგირებული სკოლები არაკონსტიტუციურად ცნო… იმავე წელს ოდრი ჰეპბერნი ბროდვეის დაუბრუნდა და ჟან ჟიროდუს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მელ ფერერთან ერთად ითამაშა. სექტემბრის ბოლოს კი ოდრი და მელი დაქორწინდნენ.

ახლა კი ჟურნალში გამოქვეყნებულ პოლ როჯერსის გრაფიკულ ამბავს და თანდართულ ტექსტს მივყვეთ, რომელიც დაგ რომსის წიგნს – „Take Five: პოლ დესმონდის საჯარო და პირადი ცხოვრება“ – ეფუძნება:

პოლ დესმონდი დეივ ბრუბეკის კვარტეტის ალტ-საქსაფონისტი იყო 1951-1967 წლებში. სწორედ მისი დაწერილია  ჯგუფის ყველაზე ცნობილი ჰიტი – Take Five.

პოლი მთელი ცხოვრება ოდრი ჰეპბერნს ეტრფოდა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.

1954 წლის გაზაფხულზე ოდრი 46-ე ქუჩის თეატრის სპექტაკლში „უნდინა“ მთავარ როლს ასრულებდა.

ბრუბეკის კვარტეტი  კი იმ დროს იქვე, ბეისინ სტრიტზე, ღამის კლუბში უკრავდა.

პოლი ბრუბეკს შესვენებას ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს სთხოვდა.

დესმონდი ღამის კლუბს სწრაფად ტოვებდა და „ტაიმს სკვერს“ კვეთდა.

ჩიხში მალულად დგებოდა და შორიდან აკვირდებოდა, როგორ გამოდიოდა ოდრი მსახიობებისთვის განკუთვნილი შესასვლელიდან და თავის ლიმუზინში ჯდებოდა.

იმავე წელს პოლმა დაწერა კომპოზიცია „ოდრი“, რომელიც შევიდა ალბომში „Brubeck Time“.

პოლი 1977 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. დაქორწინებული არასოდეს ყოფილა და არც ის იცოდა, მოსმენილი ჰქონდა თუ არა ოდრის მისთვის მიძღვნილი მელოდია.

1993 წელს, როდესაც ჰეპბერნი გარდაიცვალა, მისმა ყოფილმა ქმარმა ანდრეა დოტიმ დეივ ბრუბეკს დაურეკა და სთხოვა,  გაეროს შენობაში ხსოვნის საღამოზე  კვარტეტს „ოდრი“ შეესრულებინა.

დეივი გაოცდა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა,  ანდრეამ ამის შესახებ რამე თუ იცოდა.

იცით, ჩემი ცოლი ამ კომპოზიციას ყოველ ღამით უსმენდა ძილის წინო, უპასუხა დოტიმ.

***

იმას ვამბობდი, რომ ზამთარი რთული გამოვიარეთ და როგორც ყველა ომის, წყალმოვარდნის თუ პანდემიის დროს, ნაღმებს გვერდი ვერ ავუარეთ – ყველა სიყვარული გავთქვით, ყველა ქრაშს ფარულად ვანიშნეთ. ასეა, რაც უფრო მძიმეა დრო, მით უფრო გვეშინია, რომ რაღაცას ვეღარ მოვასწრებთ და ყოველ ახალ დღეს გულგადაშლილები ვეგებებით. გრძნობების გამოსათქმელად სიტყვებსაც ადვილად ვპოულობთ და ისიც გადასარევად მოგვეხსენება, რომ ხშირად ვეღარც unsend შველის ნათქვამის უკან წაღებას.

თუმცა არსებობს უფრო მშვიდი დრო, როდესაც უკიდურესი გადაწყვეტილებებით არ გვიწევს ცხოვრება და იმასაც ადვილად ვეგუებით, რომ ყველა გული  ვერ მოიკრებს გამბედაობას. ვინ იცის, იქნებ ოდრისა და პოლის ერთად ყოფნა სულაც არ ყოფილიყო ისეთი მწველი და ამაღელვებელი, როგორიც ეს ბლუზია. მათი ამბავი ერთდროულად სევდიანიც არის და მშვენიერიც, მაგრამ ალბათ პოლზე უკეთ არავინ იცოდა, რომ თაყვანისცემაც ნიჭია და მხოლოდ ამ ნიჭით დაჯილდოებულს შეუძლია, უძღვნას ოდა უთქმელ სიყვარულს.

P.S. თანამოსასმენი –  Dave Brubeck Quartet – Audrey

 

ბავშვი და ოჯახური კონფლიქტები

0

 

ვფიქრობ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტებს ნებისმიერ ოჯახში აქვს ადგილი და ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. აზრი იმის შესახებ, რომ ბედნიერ ოჯახში უთანხმოებას და აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არა აქვს – მცდარია. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან თავისი ინტერესებით, შეხედულებებით, ინდივიდუალური თავისებურებებით, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, შეიძლება ითქვას – გარდაუვალია. უფრო მეტიც, კამათის სწორად წარმართვის საშუალებით ადამიანები ხშირად არკვევენ გაუგებრობებს ურთიერთობებში და ოჯახურ პრობლემებსაც კი წყვეტენ. თუ ურთიერთობების გარკვევა არ მოიცავს ერთმანეთზე „თავდასხმებს“, შეურაცხყოფას, ადამიანის ღირსების შემლახავი სიტყვების და ფრაზების გამოყენებას საუბრის დროს და ორი მოკონფლიქტე მხარიდან ერთი მაინც მოახერხებს კონფლიქტური სიტუაციის ეფექტიან მართვას, სრულიად შესაძლებელი იქნება პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრა, ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ასევე შიდაოჯახური დამოკიდებულებების სტაბილიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირებამ შეიძლება საშიში სახე მიიღოს და  ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზიც კი გახდეს.

სამწუხაროდ, ოჯახის შიგნით გართულებულ და უმართავ კონფლიქტურ სიტუაციებში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. მშვიდობიანი გარემო სახლში, ოჯახში ბავშვებისთვის ბედნიერების სინონიმია. ამის საპირისპიროდ, ოჯახური ჩხუბი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენაა. სულ პატარა ბავშვებიც კი  გრძნობენ, ხვდებიან „საფრთხის მოახლოებას“, როცა ოჯახში ვითარება იძაბება და მტკივნეულად რეაგირებენ ასეთ ცვლილებებზე. ბავშვის ქცევა ოჯახში მიმდინარე კონფლიქტების დროს ბევრად არის დამოკიდებული მის ასაკზე, ტემპერამენტზე, თვითშეფასებაზე, სტრესგამძლეობაზე, აქტიურობასა და კომუნიკაბელურობაზე.

ოჯახურ კონფლიქტებში ბავშვთა ქცევის ძირითადი მოდელები:

  • სკოლამდელი პერიოდის ბავშვები, მშობლებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ცდილობენ „დაიმალონ“, რომ არ გაიგონ ყვირილის ხმა – გარბიან სხვა ოთახში, კეტავენ კარს, ხუჭავენ თვალებს, ყურებზე ხელებს იფარებენ, ცდილობენ გაექცნენ არასასიამოვნო სცენებს მათთვის უმარტივესი გზით – „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის“;
  • ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები არ წყვეტენ მგრძნობიარე რეაგირებას მშობლების ურთიერთობების ცვლილებებზე, მაგრამ ამჯერად ისინი კი არ გარბიან, არამედ იწყებენ „ჩარევას“ კონფლიქტში და ხშირად მღელვარებით, აკანკალებული ხმით ეკითხებიან უფროსებს: „ჩემ გამო ჩხუბობთ“? იმის გამო, რომ ვერ იგებენ რატომ არ შეუძლიათ უფროსებს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ბავშვები ავტომატურად საკუთარ თავს ადანაშაულებენ ოჯახურ უსიამოვნებებში;
  • ბავშვების გარკვეული ნაწილი გაუცნობიერებლად ან საკმაოდ გააზრებულად ცდილობს მშობლების „შერიგებას“ და მათ შორის კონფლიქტის მოგვარებას. ყველა ის გრძნობა და ემოცია, რომელსაც ეს ბავშვები განიცდიან, ადრე თუ გვიან, მათ ავადმყოფობაში პოვებს ასახვას. თავისთავად ეს ავადმყოფობა პირობითად „სასურველიც“ კი ხდება, რადგან ის კონფლიქტში მყოფი უფროსების ყურადღებას სხვა მიმართულებით გადართავს და ავიწყებს მათ შორის არსებულ დაძაბულობას. ძალიან ხშირად ასეთ ბავშვებს უვითარდებათ სერიოზული დაავადებები – ბრონქიალური ასთმა, ეგზემა; ასევე ხშირია ნევროლოგიური სახის დარღვევები: მოუსვენარი ძილი და სირთულეები ჩაძინებისას, ღამის კოშმარები, ენურეზი, ენაბლუობა, ნერვული ტიკები. თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ან ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დარღვევები უფიქსირდება, გავაანალიზოთ ოჯახში არსებული სიტუაცია. შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობასთან და ავადმყოფობასთან დაკავშირებული მიზეზები ოჯახურ კონფლიქტებში და ხშირ ჩხუბში ვიპოვოთ. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ბავშვის გარშემო მშვიდი გარემოს შექმნა მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად;
  • ზოგიერთი ბავშვი მშობლებს შორის ჩხუბის დროს უფრო „სუსტი“ და „დაჩაგრული“ მშობლის მხარეს იკავებს. ასეთი ბავშვი ცდილობს დაიცვას „დაჩაგრული“ მშობელი ოჯახურ კონფლიქტებში და ამას მის მხარეზე გადასვლით და მეორე მშობლის სრული ბლოკირებით ცდილობს. თუ ოჯახი ხშირად იმყოფება კონფლიქტურ მდგომარეობაში და ასეთი ქცევა ტიპურია ამ ოჯახში მყოფი ბავშვისთვის, მომავალში ეს გახდება მისთვის მუდმივი წარუმატებლობის მიზეზი პირად ცხოვრებაში;
  • მშობლებს შორის ურთიერთობის გამწვავების დროს ზოგიერთი ბავშვი იკეტება საკუთარ თავში, იკავებს ნეიტრალურ პოზიციას, ცდილობს არ მიიღოს მონაწილეობა ოჯახურ კონფლიქტებში. ის შეიძლება შინაგანად ძალიან განიცდიდეს საკუთარ უუნარობას „კონფლიქტების მოგვარებაში“, მაგრამ გარეგნულად არ გამოამჟღავნოს ემოციები, დაშორდეს ახლობელ ადამიანებს, დისტანცია დაიკავოს ოჯახთან, ჩაიკეტოს საკუთარ თავში, განმარტოვდეს და არავინ ჩაახედოს საკუთარ შინაგან სამყაროში. ასეთ მოზარდს ძალიან გაუჭირდება ადაპტირება თანატოლთა ნებისმიერ ჯგუფთან, შემდეგ კი უფრო ფართო საზოგადოებაში ექნება ანალოგიური პრობლემა. მომავალში მისი მუდმივი თანამგზავრი იქნება დეპრესია, ემოციური არამდგრადობა, შფოთიანობა, შიდაპიროვნული კონფლიქტები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიშები, დაქვეითებული თვითშეფასება. გარდატეხის ასაკში ასეთი ბავშვები ხდებიან უემოციო და ჩაკეტილები. ისინი ხშირად სიმშვიდეს პოულობენ იმაში, რაც აკრძალულია – სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმლის მიღება, ნარკოტიკების გაკეთება, სახლიდან წასვლა და ა.შ.

ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვზე ნეგატიურ გავლენას მხოლოდ ღია კონფლიქტები ახდებს, ის კონფლიქტები, რომლებიც ოჯახში მისი თანდასწრებით მიმდინარეობს, რომელთა მოწმეც თავად ხდება. მაგრამ, ფარული, გადაუწყვეტელი კონფლიქტების არსებობა ასევე აყენებს ზიანს ბავშვის ფსიქიკას. ფარული დაძაბულობა, რომელსაც გარეგნული კამათის და ჩხუბის სახე არა აქვს, მოჩვენებითი თავაზიანობა, როდესაც მშობლები ღიად ბრალს არ სდებენ, არ ადანაშაულებენ ერთმანეთს, მაგრამ ოჯახში მეფობს გაუცხოება, მტრობა და სიცივე ურთიერთობებში, ბევრად უფრო გამანადგურებელია ბავშვის ფსიქიკისთვის, ვიდრე ღია სკანდალები. ასეთ „ცივ ომს“ შეუძლია თანდათან გაანადგუროს ბავშვის ფსიქიკა, წარმოშვას ახალ-ახალი პრობლემები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ბუნებრივად ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოჯახური კონფლიქტების მოგვარება მათ ქრონიკულ მდგომარეობამდე მიყვანის გარეშე და, თუ კონფლიქტი წარმოიშვა, რა ზომები უნდა იქნეს მიღებული ოჯახის წევრებზე და განსაკუთრებით ბავშვებზე მისი ფსიქომატრავმირებელი ზემოქმედების გასანეიტრალებლად.

     რეკომენდაციები ბავშვებზე ოჯახური კონფლიქტების ნეგატიური ზეგავლენის შესასუსტებლად:

  • გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ გრძნობებით ოჯახის შენარჩუნება ადვილი არ არის. აუცილებელია მეუღლეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და კომპრომისზე დროულად წასვლა;
  • მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების გამიჯვნა და ოჯახის წევრების შეთანხმება თავისი წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად;
  • მოვერიდოთ პირველობისთვის ბრძოლას. იქ, სადაც ლიდერობისთვის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს, სკანდალები გარდაუვალია. სხვადასხვა საკითხის, პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტა ურთიერთობებში გართულებების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება;
  • პატივი ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებს, ფასეულობებს, პოზიციებს, ნუ შეგვაშინებს მეორე ადამიანის, თუნდაც ჩვენი აზრისგან სრულიად განსხვავებული აზრის აღიარება. გავითვალისწინოთ, რომ აღიარება არ ნიშნავს დათანხმებას;
  • ჩხუბი, კამათი, რომელიც იწყება ბავშვების თანდასწრებით, უნდა დასრულდეს დადებითად, რათა პატარებმა დაინახონ, რომ მშობლები შერიგდნენ და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ბავშვს მუდმივად უნდა შევუნარჩუნოთ დაცულობის შეგრძნება;
  • აუცილებელია, რომ უფროსებს შორის ურთიერთობების გარკვევა ბავშვის თანდასწრებით არ მიმდინარეობდეს, მაგრამ, თუ ბავშვი მშობლებს შორის ჩხუბის და უსიამოვნო საუბრების უნებლიე მოწმე გახდება, შევეცადოთ მეტად გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, ქცევა,  ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა. რა თქმა უნდა ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ბავშვები ყველაფერს პირდაპირ და სიტყვასიტყვით აღიქვამენ. ისინი იმახსოვრებენ, რომ დედამ მამას უწოდა „უგრძნობი“, „უხეში“. ამან კი შეიძლება გავლენა მოახდინოს მშობლისა და ბავშვის დამოკიდებულებაზე, გააღვიძოს მასში „დაჩაგრულის დაცვის“ და „დამნაშავის წინააღმდეგ აჯანყების“ სურვილი მაშინაც კი, თუ ეს „დამნაშავე“ მისთვის საყვარელი ადამიანია.

     მართალია ბედნიერ ოჯახებშიც კი დგება რთული მომენტები, როდესაც დაგროვილი ემოციები ჩხუბში პოვებს გამოსავალს, მაგრამ იმისათვის, რომ კონფლიქტები არ გახდეს მტანჯველი განცდების და ფსიქოლოგიური ტრავმების მიზეზი ბავშვებში, უფროსებმა მეტი ყურადღება უნდა გამოვავლინოთ იმის მიმართ, თუ რას გრძნობენ ბავშვები, როცა მათი მშობლები უყვირიან ერთმანეთს.

გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის მშობელი არც მხოლოდ დედაა და არც მხოლოდ მამა. მისთვის ორივე ძვირფასი და საყვარელია. მშობელი ბავშვისთვის ორი ადამიანის ერთიანობაა  და, როდესაც ერთიანობა ირღვევა ერთმანეთთან ჩხუბით და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობით, ბავშვისთვის ეს გამანადგურებელია. მშობლებს შორის კონფლიქტებს ის სამყაროს ნამდვილ განადგურებად და აღსასრულად აღიქვამს.

ბავშვებისთვის მოჩხუბარი მშობლების ურთიერთობა ხშირად გაუგებარია – ხმამაღალი ტონით საუბარი, ერთმანეთზე თავდასხმები ბრალდებებით, ერთმანეთის უპატივცემულობა, გამოხატვის ფორმებზე დაუფიქრებლობა. ხშირად ბავშვებს არ ესმით რა ხდება და თუ არავინ აუხსნის მათ სიტუაციას, უთქმელობა და გაურკვევლობა გადაიზრდება შინაგან შიშში. ბავშვები დაიწყებენ ფიქრს ყველაზე უარეს სცენარზე – მშობლები გაშორდებიან, დედა ან მამა დატოვებს ოჯახს, წავა სახლიდან, მათ კი მოუწევთ არჩევა ვისთან იცხოვრონ. ასეთ სიტუაციაში ბავშვები ოჯახში უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ თავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავამშვიდოთ ისინი, გასაგები ენით და მარტივი სიტყვებით ავუხსნათ, თუ რა მოხდა ჩვენ შორის, რატომ ვიჩხუბეთ. ამასთან, გამოვხატოთ ჩვენი წუხილი იმის გამო, რომ ისინი ამის მოწმე გახდნენ. ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში და პატიება ვთხოვოთ ბავშვს მომხდარის გამო, განსაკუთრებით საჭიროა ეს იმ შემთხვევაში, თუ ის ყვირილის და ჩხუბის მოწმე გახდა.

გვახსოვდეს, რომ ბავშვთან დაკავშირებული ძალიან ბევრი, როგორც ქცევითი, ისე სასწავლო პრობლემა ოჯახში მშობლებს შორის მოუგვარებელ და დაძაბულ ურთიერთობებს უკავშირდება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემა, ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება შეიძლება სურვილის შემთხვევაში. და, თუ ბავშვი დაინახავს, რომ მშობლები ამას ახერხებენ, თავადაც გაუადვილდება მომავალში პრობლემებისათვის თავის გართმევა, რაც, თავის მხრივ, ბავშვთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ სირთულეს აგვაცილებს.

რას ჰყვებიან საბავშვო წიგნები ცუდი მმართველების შესახებ

0

 

“ჩემო ძვირფასებო! ჩემო უთავბოლო, ხმაურიანო, უგუნურო ქვეშევრდომებო! ყველამ  ის მიიღეთ, რაც თქვენი შესაფერისია, მეტს თქვენ არ იმსახურებთ!” – ასე  მიმართავს ტუვე იანსონის წიგნის, “მამა მუმინის მემუარების” გმირი, თვითმპყრობელი თავის ხალხს, რომელზეც დიდი წარმოდგენის მქონე არ არის.  თვითმპყრობელი სახალხო ზეიმებს თავის დაბადების დღეებზე აწყობს ხოლმე და თუკი მის ტერიტორიაზე ვინმე გამომგონებელი გამოჩნდება, ცდილობს თავის სამსახურში ჩააყენოს – რამე ისეთი გააკეთებინოს, რაც მის ხალხს არ უნახავს, რამაც შეიძლება ეს უგუნური და უიღბლო ხალხი, როგორც თვითონ ეძახის, აღაფრთოვანოს. ასე აღმოჩნდება მამა მუმინის მეგობარი ფრედრიქსონი თვითმპყრობლის სამსახურში – მან უნდა გააკეთოს გემი, რომელიც წყალზეც ივლის, მიწაზეც და ჰაერში ფრენაც შეეძლება. მამა მუმინი კი, რომელიც თავს თავგადასავლების მაძიებლად მიიჩნევს, ხვდება, რომ მეგობარი ხელიდან გამოეცალა. მეფის სამსახურში ჩამდგარ ფრედრიქსონს თავგადასავლებისთვის აღარ ცალია.

“დაფიქრდით! სხედხართ თქვენ-თქვენს სოროებში, ყნოსავთ თუთუნს, რაღაცას ხრავთ, რაღაცაში იქექებით, უსაქმოდ ფაციფუცობთ და სისულელეებს ჩმახავთ. ჩვენ კიდევ თქვენგან მაინც დიდი საქმეების კეთებას ველით. ჩვენო ბედკრულო, უიღბლო, საყვარელო ქვეშევრდომნო! ეცადეთ, ჩვენს ბორცვებს ცოტა სხივი და დიდება შემატოთ, მაგრამ თუ ეს არ შეგიძლიათ, ბოლოს და ბოლოს, ამ დღის გმირს “ვაშა!” მაინც შესძახეთ” – ესეც თვითმპყრობლის მიმართვაა მისი ხალხის მიმართ, როცა ფრედრიქსონი ისეთ გემს ააგებს, რომელიც მიწაზეც დადის, წყალშიც და ცაშიც დაფრინავს. თვითმპყრობელი ამ გემის აფრენისთვის რიგგარეშე სახალხო დღესასწაულს აწყობს.

 თვითმპყრობელი მუმინების ამბავში მნიშვნელოვანი პერსონაჟი არ არის, სულ რამდენიმე ეპიზოდში ჩანს.  ამ ეპიზოდებში ჩანს ისიც, როგორ განიცდის მთავარი გმირი, მამა მუმინი იმედგაცრუებას მისი ნახვისას – მას სურდა მეფე დიდებული, სხვებზე ჭკვიანი და ხალხზე მზრუნველი ყოფილიყო, მაგრამ მეფე, რომელიც მან გაიცნო, ასეთი არ აღმოჩნდა.

 

  • როგორები არიან მეფეები და მმართველები, რომელსაც ზღაპრებში, საბავშვო ამბებში ვხვდებით?
  • რა აქვთ მათ საერთო და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
  • რაზე დგას მეფეების ძალაუფლება – ტახტზე, რომელზეც სხედან თუ მორჩილი ხალხის სიმრავლეზე?
  • როდის ხვდება ხალხი, რომ აღარ მოსწონთ, როგორც მართავენ?
  • ვინ ახერხებს დაანახოს ცუდ მმართველს, რომ სწორ გზას არ ადგას?
  • ვის შეუძლია დაამარცხოს მეფე, რომელიც ხალხისთვის უბედურების მომტანია?

 

ეგეთ კითხვებზე პასუხების მოძებნით ვირთობთ ხოლმე თავს მე და ჩემი შვილები, როცა თვითმპყრობლის მსგავსი პერსონაჟები გვხვდება წიგნების კითხვისას. ეს თამაში და ცუდი მმართველების სიის შედგენა მაშინ დაივიწყეთ, როცა ჯელსომინო გავიცანით, ცრუთა ქვეყნიდან. ამ ქვეყნის კანონებით, ყველა ვალდებულია იცრუოს და ვაი მას, ვისაც სიმართლის თქმაზე წაასწრებენ, ტყავს გააძრობენ ჯარიმებით.

ჯელსომინო ჯანი როდარის პერსონაჟია. ცრუთა ქვეყნის ამბავი კი ასე იყო: ერთმა მეკობრემ, სასტიკმა და გაიძვერა ჯაკომონმა, სიბერის მოახლოება რომ იგრძნო, გადაწყვიტა მეკობრეობისთვის თავი დაენებებინა და რაიმე წყნარი საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი, მაგალითად რომელიმე კუნძული დაეპყრო და იქ სხვა მეკობრეებთან ერთად არხეინად ეცხოვრა. კუნძულები, რომელსაც დასაპყრობად არჩევდა, ეპატარავებოდა და ბოლოს ჯაკომონი ერთ სახელმწიფოს დაიპყრობს, სადაც იმდენი ბანკი, კინო და თეატრი იყო, რამდენსაც მოისურვებდი. ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ჯაკომონმა მეფე ჯაკომონ პირველი დაირქვა და ბრძანა, ლექსიკონის რეფორმა გაეტარებინათ მის საბრძანებელში იმისთვის, რომ ვეღარავის ვეღარასოდეს ვერ ეთქვა სიმართლე ყაჩაღსა და მეკობრეზე.

 

” – საჭიროა ყველა სიტყვის შეცვლა, – გასცა ბრძანება ჯაკომონმა. – მაგალითად, სიტყვა “მეკობრე” უნდა ნიშნავდეს პატიოსან კაცს. ჰოდა, როცა ვინმე იტყვის ჯაკომონი მეკობრეაო, ახალ ენაზე ამას ისე გაიგებენ, რომ მე პატიოსანი კაცი ვარ.

 – ვფიცავთ ყველა ვეშაპს, რაც კი გვინახავს, როცა ზღვაზე დავნავარდობდით, ბრწყინვალე აზრია! – ერთხმად დაეთანხმნენ მინისტრები. – თქვენი სიტყვები ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს”.

მეფე ჯელსომინომ ლექსიკონის რეფორმის გატარების შემდეგ გამოსცა კანონი, რომლითაც სიცრუე სავალდებულო გახდა და როგორც ავტორი ამბობს, ამის შემდეგ ყველაფერი აირია. მხოლოდ ფრინველები და თევზები დარჩნენ ბედნიერები ამ ქვეყანაში – ჩიტებს ჭიკჭიკისთვის ვერავინ იჭერდა, თევზებს პირში წყალი ჰქონდათ დაგუბებული. ამ ქვეყანაში ძაღლები კნაოდნენ და კატები ყეფდნენ, ნამდვილ ფულზე არავინ არ ვაჭრობდა და არც არაფერს არ ეძახდნენ ნამდვილ სახელს – თუკი ვინმე წესს არღვევდა, დილეგში აგდებდნენ. ამ ქვეყანაში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, ვისაც აგიჟებს ძაღლების კნავილი, კატების ყეფა და ტყუილი ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ეს ხალხი ბოლოს ტყუილზე იმარჯვებს, ქვეყანას იბრუნებს, თუმცა ეს მარტივი ამბავი არ არის.

ლექსიკონის რეფორმა, როგორც მოვლენა, თავისთავადაც საინტერესოა და ენობრივ სავარჯიშოდ ან თამაშადაც გამოდგება. თუ ბავშვებს ამ [და სხვა] კითხვებს დაუსვამთ, საინტერესო მსჯელობა გამოგივათ.

 

  • რა ხდება მაშინ, როცა მოვლენებს იმ სახელს არ ვარქმევთ, რაც ეკუთვნის?
  • რატომ ვალამაზებთ ხოლმე რეალობას, როცა ის ლამაზი არ არის?
  • არსებობს ტყუილი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გამართლება?
  • რისი გაყალბება შეიძლება მცდარი სახელდებებით: წარსულის, რეალობის, ჩვენი მოლოდინების, იმედების, სიყვარულების?
  • როგორია მმართველების ენა, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ – როგორ მეტაფორებს იყენებენ, როგორ წინადადებებს აგებენ, როგორია მათი ტონი ხალხთან ლაპარაკისას?
  • არის ენა ბრძოლის იარაღი? შესაძლებელია “ლექსიკონის რეგორმით” რეალობის მოდელირება?
  • რა მეთოდებს იყენებენ მმართველები თავიანთი ავი საქმეების მისაჩქმალად?

ჯელსომინოს თავგადასავალი მუდმივმოქმედ დავალებადაც გამოდგება – იპოვო ახალ ამბებში ამბავი, სადაც სიმართლეზე მეტი სიცრუეა, სადაც აღსანიშნი აღმნიშნველს არ მიემართება. დააკვირდე გარშემომყოფების მეტყველებას, რამდენად ახერხებენ ისინი სიზუსტით აღწერონ მოვლენები, არ დაარღვიონ კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, არ შეცდნენ სახელდებებისას.

 

“ამქვეყნად, ისეთი რამეც არსებობს, რაც ადამიანმა მაინც უნდა გააკეთო, მიუხედავად იმისა, საშიშია თუ არა, თორემ ის ადამიანი კი არა, არარაობა იქნება” – ასე ამხნევებს ძმები ლომგულებიდან ერთ-ერთი მეორეს. ეს ასტრიდ ლინდგრენის ალბათ ყველაზე მეტად “პოლიტიკური” და თან “ქრისტიანული” წიგნია, სადაც ყველაზე სასტიკი და საძაგელი მმართველი, თენგილი შეგხვდებათ და პატარა ბიჭები, რომლებიც მოყვასისთვის თავს სწირავენ ყველგან, სადაც მოხვდებიან. იქ, სადაც თენგილია მთავარი, შიმშილი და შიში ბატონობს. თენგილი საშინელი ურჩხულის, კატლას ხელით და შიშით მართავს ხალხს, რომელთა ნაწილიც უკვე მიეჩვია მუდმივ თვალთვალში, შიშსა და უსამართლობაში ცხოვრებას.

როგორც ყველა კარგ საბავშვო წიგნში, ბოლოს ბოროტი, ანუ  თენგილი აქაც მარცხდება. მას თავისუფლებისმოყვარე, შეუდრეკელი ხალხი ამარცხებს, თუმცა ყველა ბრძოლას თან ახლავს დანაკარგები და ეს წიგნი იმაზე საუბარსაც ამარტივებს ბავშვებთან, როგორი რთულია თანამებრძოლების სიკვდილი, როგორი სასტიკია ომის კანონები და როგორი ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი, თუკი თავის სიბოროტეს აყვება, თუკი ბოროტების იმპერიის მშენებლობისას სათანადო წინააღმდეგობას არ გაუწევენ, თუკი თავს გაუვა.

ლინდგრენის “ომის დღიურების” წინასიტყვაობაში წერია, ძმებ ლომგულებში აღწერილი ურჩხულები ასტრიდისთვის ფაშიზმისა და ბოლშევიზმის სიმბოლოებიაო და ალბათ ასეცაა. ამ ცოდნის გარეშეც, თენგილი და კატლა ისე კარგად დახატული ავი პერსონაჟებია, მათი დახმარებით ნებისმიერი ავტორიტეტული მმართველის შესახებ შეგვიძლია ბავშვებს მათთვის გასაგებად ავუხსნათ რა ხდება იქ, სადაც ძალაუფლებას ერთი ვინმე იგდებს ხელში, ხალხის თავის თავს ვეღარ ეკუთვნის. სადაც ოცნებებს და სიხარულს შიში და სასოწარკვეთა ანაცვლებს.

 

ემოცია და გრძნობა

0

 

(ვიკვლევთ გმირის „სულიერ-ემოციურ“ მდგომარეობას)

ერთი და იგივეა?

რას ნიშნავს ემოცია?

რას ნიშნავს გრძნობა?

როგორ ამოვიცნო ემოცია?

ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ გმირების სულიერ-ემოციურ მდგომარეობაზე, განწყობაზე, გრძნობებზე, მორალურ-ეთიკურ მხარეებზე, ღირებულებებზე. ახლა შევეცადოთ ჩავუღრმავდეთ ემოციისა და გრძნობების საკითხს. დავაკვირდეთ, რა ვიცით ემოციებსა და გრძნობებზე.

*ევოლუციურად ემოციას მიიჩნევენ გრძნობაზე ადრინდელ წარმონაქმნად. ადამიანების გარდა ემოციებს ავლენენ ცხოველებიც. გრძნობა აზროვნებასთან ერთად წარმოიქმნა და განვითარდა. ემოციები – მანამდელია.

*ემოცია წამიერად შეიძლება წარმოიშვას, მოიცვას ადამიანი, სწრაფადვე შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა, საპირისპირო ემოციით. გრძნობა მეტად ხანგრძლივადაა ფესვგადგმული, მეტად „მდგრადია“.

*ემოცია კონკრეტულ სიტუაციასაა მიბმული. ერთგვარი რეაქციაა გარე გამაღიზიანებელზე. ემოცია ზემოქმედებს, ცვლის ჰორმონალურ ფონს. ემოცია არის ენერგია. ფსიქიკური ენერგია. ფიზიკის კურსიდან გვახსოვს, რომ ენერგია არ შეიძლება არსაიდან შეიქმნას და არსად გაქრეს. მას შეუძლია იცვალოს ფორმები, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადინდეს. ემოცია, ეს ფსიქიკური ენერგია, გამოვლენისთანავე იძენს გარკვეულ ძალას და მიემართება რაიმესკენ.

*ემოცია ვლინდება გარეგნულად – მიმიკა, პოზა, ჟესტი, ინტონაცია. მხატვრულ ტექსტებში ავტორები სწორედ ამ მეთოდებს იყენებენ გმირის შინაგანი მდგომარეობის გამოსახატავად. ემოცია ხან ადვილად ამოსაცნობია, ხან – არა. ზოგჯერ მწერლები მკითხველის გამჭრიახობასა და გამოცდილებას მიანდობენ ხოლმე გმირის ემოციური მდგომარებოს ამოცნობას. ეს ყოველთვის საინტერსოა.

*გრძნობა რთული და კომპლექსური განცდაა. გრძნობისთვის დამახასიათებელია სუბიექტურობა, ინტენსივობა, სიმტკიცე/მდგრდადობა. მაგალითად, ადამიანის მიმართ შეიძლება გვქონდეს გრძნობა – გვიყვარდეს ის. სიყვარული სუბიექტური, მტკიცე, ინტენსიური განცდაა. ხანგრძლივი. ამავე ადამიანის მიმართ შეიძლება გაგვიჩნდეს წარმავალი ნეგატიური ემოციური განცდა – მისი რომელიმე ქცევის მიმართ გამოვხატოთ რისხვა, ზიზღი…

* „გრძნობის ერთ-ერთ თავისებურებას მისი დროში განფენილობა ანუ ხანიერობა წარმოადგენს“ – დიმიტრი უზნაძე, „ზოგადი ფსიქოლოგია“.

ფილოსოფიური ლექსიკონის თანახმად (1987წ.), „ემოცია ეწოდება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელიც გამოხატავს მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროს მოვლენებთან“.

ენციკლოპედია ,,ბრიტანიკა”  ემოციას განიხილავს, როგორც ფსიქიკური და სხეულებრივი შეგრძნებების კომპლექსურ გამოცდილებას, რეაქციას, რომელიც აისახება პიროვნების ქცევაში.

მხატვრული ილუსტრაცია:

გურამ დოჩანაშვილი რომანში „სამოსელი პირველი“ ასე აღწერს ერთ-ერთი გმირის ემოციურ მდგომარეობას:

„სახეზე აიფარა ხელები. დაფიქრებულმა, თვალები მოიფშვნიტა, თავი ჩარგო, მიწას დააცქერდა, ფეხზე წამოდგა, გაიარ-გამოირა, ხიდან ფოთოლი მოწყვიტა და ზედ არც დაუხედავს, ისე გაწიწკნა…“

გასაგებია, რომ პერსონაჟი აღელვებულია, აფორიაქებული. მწერალი მოგვიანებით ხსნის მისი ამგვარი ემოციური მდგომარეობის მიზეზს, ამ კონკრეტულ ამონარიდში კი მას საოცრად დინამიკურად, თვალნათლივ, ხატოვნად აქვს აღწერილი გმირის ემოციური მდგომარეობა.

სიმონ დე ბოვუარის „სასოწარკვეთილ ქალში“ მკითხველი ხანშიშესული წყვილის ცხოვრებაში „იჭრება“. თხრობა პირველ პირშია. ცოლ-ქმარს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარს. ქალი ფანჯრიდან იცქირება და სამსახურში მიმავალ ქმარს მზერით აცილებს: „ანდრეს თვალი გავაყოლე…როცა ვხედავ, როგორ მშორდება, საოცრად მძაფრად ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა…მისი მაღალი სილუეტი თანდათან პატარავდებოდა, თითქოს, ნაბიჯებით ხატავდა გზას, რომლითაც ისევ შინ უნდა დაბრუნებულიყო…თვალს მიეფარა. მომეჩვენა, რომ ქუჩა უკაცრიელი გახდა“…

ქალის გრძნობა ქმრისადმი ძლიერი, მტკიცე, ღრმაა. მკითხველს მისი გრძნობის „ხანიერობასა“ და ინტენსივობაში ეჭვი არ ეპარება. ბოვუარი კარგად ახერხებს ამ ძლიერი გრძნობის ამბივალენტურობის გადმოცემას. იმავე წიგნში, რამდენიმე გვერდის შემდეგ, ვკითხულობთ:

„ანდრე საწოლში მოკუნტულიყო. ეძინა. ძველებური აღმაფრენა არ დამეუფლა. ჩემი გული ყინულივით ცივი იყო, მასში წყვდიადს დაესადგურებინა, ისე, როგორც ძველ, მიტოვებულ ქოხში, რომლიდანაც სინათლის სუსტი სხივიც კი არ გამოსჭვიოდა…როცა საყვარელ ადამიანს უბრაზდები, ურთიერთსაწინააღდეგო გრძნობები გტანჯავს. სიყვარულისგან შობილი ეს მრისხანება სიყვარულსვე კლავს…“

პროტაგონისტი ამ კონკრეტულ ეპიზოდში ქმარზე გაბრაზებულია. თვალსაჩინოა მისი ამბივალენტური განცდები – ერთ მხრივ, სიყვარული, მეორე მხრივ – ბრაზი, მრისხანება.

 

ემოციების პალიტრა

ემოციები, მათი გამოვლინება, განცდა, გასიგრძეგანება, გაცნობიერება, მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მათი გამოხატვის ხერხები და საშუალებები ავლენს ჩვენსავე მიმართებებს სამყაროსადმი, სხვა ადამიანებისადმი, ავლენს ჩვენს ხასიათს.

„ისეთი აღტყინებული ვიყავი, ლამის გული გამხეთქვოდა, გრძნობები შემომაწვა, დავსნეულდი და სისხლი უცნაურად ამიჩქროლდა – თან ამემღვრა და თან აღტაცებაში მომიყვანა. სისხლი მომაწვა სახეზე, განსაკუთრებით ცხვირის არეში, სადაცაა, უნდა ამოეხეთქა. და ისე ვიტანჯებოდი, თითქოს ალმოდებული ღუმელი მედგა თავის მაგივრად“ – სოლ ბელოუს დაუვიწყარი პერსონაჟი, ჯინ ჰენდერსონი,  ემოციური, მოუსვენარი, სულსწრაფი გმირი, არაჩვეულებრივად აღწერს საკუთარ ემოციურ მდგმომარეობას ამ ამონარიდში (წიგნიდან „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“).

ვიცით ხოლმე თქმა – ემოციური ადამიანია – და ვგულისხმობთ, რომ ვიღაც დაუფარავად, შენიღბვის გარეშე, ღიად ავლენს ემოციებს. ან – უემოციოა – და ვგულისხმობთ, ძნელად თუ მიხვდები, რას გრძნობს, რას განიცდისო.

რამდენად ზუსტად შეგვიძლია პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის ამოცნობა აღწერილის მიხედვით?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე საინტერესო სავარჯიშო მინდა შემოგთავაზოთ და კითხვასაც ასე შემოვატრიალებ – რამდენად ზუსტად შეგვიძლია  ს ა კ უ თ ა რ ი  ემოციური მდგომარეობის ამოცნობა? ( რადგან თუ საკუთარი გუნება-განწყობის, „სულიერ-ემოციური“ მდგომარეობის ამოცნობას ვერ შევძლებ, როგორ შევძლებ პერსონაჟის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის გრძნობა-ემოციებში გარკვევას?)

ეს სავარჯიშო მეტად სასარგებლო სავარჯიშოა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად ამსუბუქებს მდგომარეობას ზუსტი შესატყვისის მოძიება, საკუთარი განცდის „სიტყვიერად მოხელთება“. თუ შევძელი და ფორიაქის, შფოთვის, შიშისა ან რაიმე მსგავსი ძლიერი ემოციის დროს ზუსტად მივაგენი აღმნიშვნელს, პროცესი მეტად ცნობიერად, ნაკლებად დამაზიანებლად მიმდინარეობს, რთული ემოციური შემოტევების სიმძლავრე იკლებს, გონება სხეულზე კონტროლს „იბრუნებს“.

სავარჯიშო კი ასეთია:

1.ფურცელზე ჩამოწერეთ ემოციების სახელდებები. ყველა, რაც გაგახსენდებათ.

2.შეავლეთ თვალი ჩამონათვალს, რომელსაც ქვევით გთავაზობთ, შეავსეთ თქვენი „პალიტრა“.

3.ყველა ის ემოცია, რაც ადრე (ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ, უახლოეს წარსულში..) განგიცდიათ, აღნიშნეთ „წ“ ასოთი, ის ემოციები, რასაც ახლა განიცდით, აღნიშნეთ „ა“ ასოთი, ხოლო ის ემოციები, რასაც საკუთარ თავს მომავალში უსურვებდით, აღნიშნეთ „მ“-თი.

აი, ემოციების ჩამონათვალი. თანმიმდევრობა შემთხვევითია. გრადაციას ან სხვა რაიმე კანონზომიერებას არ გულისხმობს.

სიხარული

მწუხარება

ბრაზი

შიში

ბრალეულობა

წყენა

გულგრილობა

ზიზღი

ინტერესი

გაკვირვება

სასოწარკვეთა

გაოცება

მოწყენილობა

შური

ეჭვიანობა

სიძულვილი

სიყვარული

გლოვა

გამძვინვარება

სევდა

ზაფრა

აღფრთოვანება

კმაყოფილება

უიმედობა

 

აღელვება

უხერხულობის განცდა

შეცბუნება

გულგატეხილობა

პატიება

ექსტაზი

აღტაცება

აღტკინება

აღშფოთება

გაღიზიანება

ბრაზი

იმედიანი განწყობა

 

დააკვირდით თქვენს პალიტრას. საინტერესო სურათია.

რა სჭარბობს აწმყოში? რატომაა ასე?

რა კონკრეტული მოცემულობა განაპირობებდა იმ ყველაფერს, რაც „წ“-თია აღნიშნული?

რას ისურვებდით სამომავლოდ?

და მთავარი კითხვა – რას ვაკეთებ აქ და ახლა იმისთვის, რომ „მ“-თი აღნიშნული რეალობად იქცეს?

ერთი სიტყვით, საინტერესო თამაში-ჩაღრმავებაა საკუთარ თავში. ამგვარი აზრობრივი ვარჯიშს, ფიქრს, გაცნობიერებას საჭირო გადაწყვეტილებებამდე და ქმედებებამდე მივყავართ ხოლმე.

კითხვები და რჩევები

სტატიის ბოლო, პრაქტიკული და სასარგებლო ნაწილი.

როგორ ამოვიცნო, რას გრძნობს პერსონაჟი? რას მივაქციო ყურადღება, როცა მეუბნებიან – იმსჯელე გმირის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე?

მწერლები პერსონაჟების განწყობას, გრძნობებს, მდგომარეობას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ხოლმე. გააზრებული კითხვისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს:

როგორ გამოიყურება პერსონაჟი? გარეგნობა ბევრის მთქმელი შეიძლება იყოს.

რას ამბობს მასზე ავტორი?

რას ამბობენ/ფიქრობენ მასზე სხვა პერსონაჟები? როგორ გრძნობენ სხვა პერსონაჟები თავს მის გვერდით?

როგორ იქცევა გმირი? ქმედებებს, მოძრაობას, საქციელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე. დააკვირდით ჟესტიკულაციას, სხეულის ენას, მიმიკებს.

რა ვითარებაშია აღწერილი პერსონაჟი? ( ბუნების სურათი, არეული ოთახი, ზედმიწევნით მოწესრიგებული სივრცე…)

იპოვე ერთი კონკრეტული დეტალი, რომელიც მკაფიო, ნათელ, არაორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებს გმირზე. მიმოიხილე. გამოთქვი მოსაზრება.

ყურადღებით შეარჩიე ზედსართავები, დააკვირდი, რა ინტენსივობის ემოციას ან გრძნობას გამოხატავს ესა თუ ის სიტყვა. პერსონაჟი გაბრაზებულია? ნაწყენი? განრისხებული? სასოწარკვეთილი? უიმედო? სასომიხდილი? გულდაწყვეტილი? გახსოვდეს, თითოეულ აღმნიშვნელს კონკრეტული „აღსანიშნი“ შეესატყვისება.

„ისაუბრე და დაგინახავ“ – ამბობდა სოკრატე. ყურადღება მიაქციე, როგორ მეტყველებს გმირი. ასევე – რა სასვენ ნიშნებს იყენებს მწერალი? ( ბევრი სამწერტილია? ბევრი ძახილის ნიშანი? თითოეულს თავისი დანიშულება აქვს…)

ნათლად და მკაფიოდ, გასაგებად გამოხატეთ თვალსაზრისი. „თავს ცუდად გრძნობს“ – აბსტრაქტულია. ზოგადი. არაფრისმთქმელი. შეეცადე, ჩაუღრმავდე, ჩასწვდე, რას გულისხმობს ეს „ცუდად ყოფნა“.

მუდმივად იზრუნეთ ლექსიკის გამდიდრებაზე. ხშირად გამოიყენეთ ნეიმანის „სინონიმთა ლექსიკონი“

 

 

წიგნის თარო: საზაფხულო ბიბლიოთეკა

0

 

ზაფხულის მოახლოება სანატრელ დასვენებასთან ერთად ნიშნავს ბევრ თავისუფალ დროს, რომლის ეფექტურად გამოყენება, მოზარდებს კი არა, უფროსებსაც გვიჭირს. საზაფხულო დავალებების მიმართ მოსწავლეთა უარყოფითი დამოკიდებულება სულაც არაა გასაკვირი, რადგან სტანდარტული, ცოდნის განმტკიცებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები რუტინული და მომაბეზრებელია. კითხვის პროცესის სავალდებულო აქტივობად ქცევაც ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს.

ჩემი აზრით, საზაფხულო საკითხავის შედგენის პროცესში მოსწავლეებიც უნდა ჩავრთოთ, შეთავაზებული წიგნების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გავუზიაროთ, საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ… სხვა შემთხვევაში, აუცილებლად გაჩნდება კითხვა: „რატომ უნდა წავიკითხო?!“ აქედან გამომდინარე, საკითხავ მასალას კონკრეტული კლასის, პოტენციური მკითხველების ინტერესების მიხედვით ვადგენ. ამას გარდა, მივმართავ წიგნის თაროების გაცვლის ხერხსაც (მოსწავლეები წყვილდებიან და ერთმანეთის ბიბლიოთეკიდან ირჩევენ საზაფხულო საკითხავს). თუმცა მხოლოდ წაკითხვა ხომ არ კმარა?! ტექსტის იდეურ თუ შინაარსობრივ დონეზე სათანადოდ გასააზრებლად ერთგვარი გზამკვლევია საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ წიგნის სათაურების ჩამონათვალი საზაფხულო დავალებად არაფრის მომცემია.

თუ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს კითხვასთან მიმართებაში ერთგვარი ინდიკატორების სახით ჩამოვაყალიბებთ, წიგნების შერჩევა უფრო გაგვიადვილდება. აი, მაგალითად:

სასურველია, საზაფხულო წიგნის თარო შევავსოთ:

  • ქართული და უცხოენოვანი (თარგმნილი) წიგნებით;
  • ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი თხზულებებით, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა;
  • შეძლებისდაგვარად, სეზონური განწყობის მატარებელი (ვაჟა-ფშაველას „სათაგურს“ მაინცდამაინც ზაფხულში ნუ წავაკითხებთ) ტექსტებით;
  • საკითხავით, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას (ტექსტის მორგება-გარდაქმნა შემოქმედებითი თვალსაზრისით);
  • წიგნებით, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ ამა თუ იმ  უნარ-ჩვევის განვითარებას (ლექსიკის გამდიდრებას, წარმოსახვითი აზროვნების გავარჯიშებას, სწრაფი კითხვის ტექნიკის განვითარებას და ა.შ.).

პირველ რიგში, მოსწავლეებს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ, ანუ ჩვენი სია თემატურად, ჟანრობრივად და ავტორების თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი უნდა იყოს. სასურველია, თითოეულ წიგნს დავურთოთ მოკლე აღწერა, რათა მოსწავლეებს არჩევანის გაკეთება გაუადვილდეთ ან, მინიმუმ, მოცემული თხზულებების შესახებ მეტის გაგების სურვილი გაუჩნდეთ. აღწერაში ასევე შეგვიძლია ჩავრთოთ ამონარიდები წიგნებიდან (აფორიზმები/გამონათქვამები), ილუსტრაციები, წიგნის გარეკანის ფოტო და ა.შ.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ამონარიდს ჩემ მიერ შედგენილი ერთ-ერთი საზაფხულო საკითხავის ინსტრუქციიდან.

ზაფხულის მხიარულად გასატარებლად საინტერესო წიგნები შეგირჩიე. თითოეულ წიგნთან მოკლე აღწერა დაგიტოვე, რათა არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეს. თუ რომელიმე წიგნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება მოგინდება, გადახედე მის ანოტაციას (წიგნის მოკლე მიმოხილვა), რომელიც, როგორც წესი, გამოცემის უკანა ყდაზე იბეჭდება ან ინტერნეტის დახმარებით შეგიძლია მოიძიო (გამოიყენე Google-ის საძიებო სისტემა). იმედი მაქვს, ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რამდენიმე წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებს და შენი ზაფხულის თარო ახალი შთაბეჭდილებებით შეივსება:

  1. რევაზ ინანიშვილის „კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები“ – შენ უკვე კარგად იცნობ ამ ავტორს. თუ „ღუდღუდა“ ქართული სიტყვების შეგროვება და საინტერესო პერსონაჟების გაცნობა მოგინდება, მაშინ აუცილებლად მოიძიე ამ შესანიშნავი მწერლის მოთხრობები. 
  2. დავით ჯავახიშვილის „ბიძია სევას ამბები“ – თუ სასაცილო ისტორიები გიყვარს, ეს წიგნი იმედს არ გაგიცრუებს. თანაც მისი მთავარი პერსონაჟი რეალური პიროვნებაა. თურმე ბიძია სევა თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა და თავისი ბავშვური, გულუბრყვილო იუმორით ულამაზებდა ცხოვრებას უფროს თუ უმცროს მეგობრებს.
  3. ნოდარ დუმბაძის „ხაზარულა და სხვა მოთხრობები“ – ნოდარ დუმბაძე ძალიან საინტერესო მთხრობელია. ის ხშირად გვიყვება რეალურ, ავტობიოგრაფიულ ისტორიებს და მისთვის მნიშვნელოვან ადამიან-პერსონაჟებს გვაცნობს. ამ კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ხან მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებს, ხან კი სასაცილო თავგადასავლებით გაგახალისებს.
  4. ზაზა თვარაძის „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ – თუ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა გიყვარს, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად მოგეწონება. აქ გზის გასაგნებად სპეციალური რუკა ან კომპასი არ დაგჭირდება, რადგან გარემოც და ამბავიც შენი ქალაქივით მშობლიურია, იმ განსხვავებით, რომ აწმყოს წარსულის სარკეში დაინახავ.
  5. თეა თოფურიას „პარადიის არდადეგები“ – მშობლებთან ერთად სანატრელ მოგზაურობაში წასული ეკი უჩვეულო სახელწოდების სასტუმროში დაბინავდება და დაუჯერებელი ამბებიც გადახდება თავს. თუ გინდა გაიგო, რა შეემთხვა ეკის, „ჩექმებიან კატას“ (სასტუმრო) უნდა ესტუმრო.
  6. ნატო დავითაშვილის  „ამბავი ლილე იროელისა“ – თუ მითოლოგიური ისტორიები გიზიდავს და ქართული მითების პერსონაჟების გაცნობა გინდა, მაშინ ეს წიგნი შენთვისაა. ქართული ფენტეზის სამყაროში ღვთიშვილებს, დევებს, ქაჯებს და ვის აღარ შეხვდები…

ზემოაღნიშნული ჩამონათვალი თხუთმეტამდე კრებულს და მოკლე მინაწერებს მოიცავს. თითოეულ მათგანს დავურთე ე.წ.ლინკები, რომელთა დახმარებითაც წიგნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის (გამომცემლობა, ფასი, ანოტაცია/წიგნის მიმოხილვა და ა.შ.) მიღება შეიძლება.

საზაფხულო გამოწვევა

კითხვის პროცესი რომ უფრო საინტერესო და აზარტული გავხადოთ, სასურველია, მოსწავლეები ერთგვარ გამოწვევაში ჩავაბათ. შეიძლება გამოწვევას ინტელექტუალური თამაშის სახე მივცეთ – მოსწავლეებს წაკითხულ წიგნებსა და მათ ავტორებზე სააზროვნო კითხვების მოფიქრება ვთხოვოთ, არდადეგების შემდეგ კი საკლასო „რა, სად, როდის“ ჩავატაროთ. სჯობს, აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ მოსწავლეები წინასწარ მოვამზადოთ, დავყოთ გუნდებად და საკითხავი მასალის გადანაწილებისა თუ თამაშის სტრატეგიის დასახვისთვის გარკვეული დრო გამოვუყოთ. ასევე სასურველია, თამაშამდე მოსწავლეების მიერ მოწოდებული შეკითხვების რედაქტირება, რათა თავიდან ავირიდოთ სტილისტურად გაუმართავი ან აზრობრივად ბუნდოვანი ტექსტით გამოწვეული გაუგებრობა.

გამოწვევების თვალსაზრისითაც არჩევანის შესაძლებლობას მივემხრობი. თუ ზოგიერთ მოსწავლეს, ვთქვათ, წიგნის რეკლამირებასთან დაკავშირებული პროექტი დააინტერესებს, სჯობს, ამ მიმართულებით იმუშაოს. თან,  ზემოაღნიშნული აქტივობის დახმარებით, პროდუქტის რეკლამირებისთვის საჭირო ორატორულ უნარ-ჩვევებს განივითარებს, ისწავლის დროის მართვას და სხვ. სასწავლო საფეხურის გათვალისწინებით, წიგნის ე.წ. მენეჯერები მკაფიო ინსტრუქციებით უნდა აღვჭურვოთ, რათა არც მათ გაუჭირდეთ აღნიშნული სამუშაოს შესრულება და არც ჩვენ – მათი ნამუშევრების შეფასება.

წიგნის თაროს პროექტებად ასევე შეიძლება გამოგვადგეს „მკითხველთა დუელი“ (ბლიც გამოკითხვა, სადაც წუთში ყველაზე მეტი სწორი პასუხის მფლობელი გაიმარჯვებს), „ციფრული წიგნების თარო“ (ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, ანუ ბეჭდური გამოცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ილუსტრირება, გახმოვანება), მხატვრული კითხვა (მკითხველთა თეატრი) და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სჯობს, მოსწავლეების საზაფხულო საკითხავი მათივე ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული წიგნებითა და სახალისო და თან შემეცნებითი დავალებებით შევავსოთ. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია საკითხავი მასალისადმი გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, რასაც ხელს უწყობს ავტორიტეტული ადამიანების (მასწავლებელი, მშობელი, მეგობარი…) მოსაზრებების/ შთაბეჭდილებების მოსმენა, ერთგვარი სატყუარას გადაგდება ანუ წიგნის ყველაზე საინტერესო ეპიზოდის ხმამაღლა წაკითხვა და, რაც მთავარია, არჩევანის შესაძლებლობა, რაც საზაფხულო დავალებას თავად სიტყვა „დავალებისგან“ გაათავისუფლებს.

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

ძნელია, ადამიანს რამე დააძალო. მით უფრო – ის, რაც აშინებს. რაც არ ესმის, რის შესახებაც საკმარისი ცოდნა არ აქვს. კიდევ უფრო ძნელი ასახსნელია შიშის მიზეზი, თუმცა გაურკვევლობაც, არცოდნაც მის მიზეზებს შორისაა.

მე სიმაღლის მეშინია. არ მახსოვს, როდის და როგორ გაჩნდა ეს შიში. არადა, არ მეშინოდა. მთის წვერზეც შემიდგამს ფეხი და არცთუ ცოტა მიფრენია ქვეყნიდან ქვეყანაში.

მეშინია, მაგრამ ხანდახან მაინც შევუდგები ხოლმე მთებისკენ მიმავალ გზას. არც ფრენაზე მითქვამს უარი. ხდება ასეც – შიშს ჯიბრში უდგები, ან ის უფრო მეტად გიყვარს, რაც ამ შიშის დაძლევას მოჰყვება.

პანდემია მხოლოდ კინოსა და ლიტერატურის ნაწილი მეგონა, გაზვიადებული წარმოდგენით მის შესაძლებლობაზე.

ახლა ვირუსი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია.

ყოველი დღე სავსეა შიშით და მოლოდინით, კიდევ რამდენი ადამიანი დავკარგეთ.

გარდაცვლილების თვლაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ვგრძნობ, ნელ-ნელა ვეჩვევით.

ვეჩვევით ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას და შორიდან ნათქვამ სამძიმარს.

ვეჩვევით ონლაინ სამყაროში ცხოვრებას, დისტანცირებული სამყაროს მოქალაქეებად ყოფნას.

მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც „ნეტავი კიდევ რამდენის“ ყოველდღიური გადამოწმებაა.

რაოდენობა უკვე 60-ს უახლოვდება. საათში ორზე მეტი ადამიანი გვეცლება ხელიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველდღე ტერაქტია. ერთი განსხვავებით: აფეთქების ხმა არ ისმის. ჩუმად ვიხოცებით. საყვარელი ადამიანებისგან შორს.

ამ მძიმე დღეებზე, ამ დღეების გამოწვევებსა და ტკივილებზე ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ ჩემს მთავარ სათქმელს, ხმაურში რომ არ ჩაიკარგოს, აქვე გეტყვით:

შიშზე საუბრით დავიწყე. მაგრამ სიმაღლის შიში არაფერია იმ შიშთან შედარებით, ვინმეს ავად გახდომის მიზეზად არ ვიქცე, უნებურად არ მივუტანო სიკვდილი მას, ვისაც ვირუსთან ბრძოლის ძალა არ აღმოაჩნდება და ამიტომ ავიცერი. ავიცერი თითოეული ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება შევეხო, უწინარესად კი მათთვის, ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ.

თქვენც იმავეს გთხოვთ. დავძლიოთ ეს შიში და დავიჯეროთ, რომ სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. მათი სიცოცხლისა, ვისაც უნდა ვასწავლოთ და ვისგანაც უნდა ვისწავლოთ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ყდის ილუსტრაცია – მარიამ ელიზბარაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, თამთა დოლიძე, გიტა თვალაბეიშვილი, თემურ სუყაშვილი, ცირა ბარბაქაძე, ზვიად კვარაცხელია, ალექსანდრე ლორთიფანიძე, ინა იმედაშვილი, ოქტაი ქაზუოვი,  თამარ მურუსიძე,  ქეთევან ოსიაშვილი, ქეთევან კობალაძე, რუსუდან რუხაძე,   ნინო ლომიძე,  ლელა კოტორაშვილი.

ნომრის ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხები

0
notepad with compass on wood board and blurry background. Using wallpaper or background travel or navigator image.

 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი სიახლეა კომპლექსური ხასიათის    დავალებებზე მუშაობა. ერთი შეხედვით ეს თითქოს განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული დავალება სინამდვილეში სრულიადაც არაა დამღლელი და რთული.  მასწავლებელს შეუძლია  კომპლექსური დავალების შექმნის სხვადასხვა ხერხები აქტიურად გამოიყენოს და მარტივად მოახერხოს  „ჩვეულებრივი“ დავალებების  ადაპტირება კომპლექსური ტიპის დავალებებად. 

N1 ხერხი – ზოგადად, უმჯობესია, კომპლექსური დავალება ღია ტიპისა იყოს. ამიტომ I ეტაპზე იქმნება ღია ტიპის დავალება, II ეტაპზე კი უზრუნველვყოფთ მის კომპლექსურობას (დავალება აიგება ისე, რომ მოსწავლეს მიეცემა  ამოხსნისთვის მრავალი სხვადასხვა ცოდნისა და უნარ-ჩვევის ერთობლივად და ურთიერთკავშირში გამოყენების საშუალება), ბოლო ეტაპზე  კი ამოცანა ჩაისმება საყოფაცხოვრებო/პრაქტიკულ კონტექსტში, რათა მოსწავლეს დასჭირდეს ცოდნის ტრანსფერი.

 

ამისათვის  დახურული ტიპის ამოცანის მიხედვით/საშუალებით ვქმნით შესაბამის ღია ტიპის ამოცანას, რისთვისაც განვიხილავთ მოცემულის შებრუნებულ ამოცანას. განვიხილოთ მაგალითების ნიმუშები ისტორიის სწავლების საბაზო საფეხურის სტანდარტის შედეგების გათვალისწინებით (ისტ. საბ. 1; 2; 3; 7; 9).

მაგალითად,  დახურული ტიპის ამოცანებია:

  1. შემოხაზე, რომელია  ძველი მსოფლიოს ცნობილი ბრძოლები? 

ა)  საგუნტუმის,  ქარხემიშის, გავგამელას,  იერუსალიმის;

ბ)  ფარსალოსის, კანეს, ქადეშის, ალეზიის;

გ) მაგნეზიის, ტრასიმენის, ზამას, აიუნ ჯალუთის;

დ) ელ-ალამეინის, ნინევიის, მემფისის, პერსეპოლისის.

  1. ძველი მსოფლიოს  ბრძოლების სქემას  რომელს დაამატებდი?

 

  1. რომელი ეპოქის მეომრებს ხედავთ ნახატებზე?

 

 

  1. რუკაზე დაიტანე მარშრუტი, რითაც  შეიძლებოდა ათენიდან პირდაპირ მოხვედრილიყავი შუშანში?

 

  1. დაწერე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების რიგით მომდევნო წევრი:

ძველი ეგვიპტე; ასურეთი; ბაბილონი; ხეთები; ურარტუ; მიდია;  სპარსეთი; ……..

  1. ზემოთ მოყვანილი რუკის მიხედვით ჩამოწერე ძველი მსოფლიოს ისტორიული რეგიონები.

შესაბამისად, I ეტაპის   ღია ტიპის ამოცანები იქნება ასეთი:

  1. დაშალე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით;
  2. გაგვაცანი ძველი მსოფლიოს ომები სქემის სახით;
  3. დახატე სამი სხვადასხვა ეპოქის მეომარი და აღწერე, რა აქვთ მათ განსხვავებული;
  4. დახატე ძველი მსოფლიოს რუკა და დაიტანე მასზე ათენიდან შუშანამდე მისასვლელი შესაძლო მარშრუტები;
  5. დაწერე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოთა ისეთი მიმდევრობა, რომელიც იგივე კანონზომიერებითაა შედგენილი როგორც მიმდევრობა: „ასურეთი; ურარტუ; მიდია; სპარსეთი; საბერძნეთ-მაკედონია; …. “
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით შეადგინე ძველი მსოფლიოს ორი რეგიონის სქემატური რუკა.

II  ეტაპი – მიღებული ღია ტიპის დავალებები გადავაქციოთ კომპლექსურ დავალებებად. მოცემული მაგალითების  შესაბამისი კომპლექსური დავალებებია:

 

  1. დაშალე/განიხილე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით; განიხილე არანაკლებ სამი განსხვავებული შემთხვევა. შედეგი წარმოადგინე ცხრილის ან სქემის სახით;
  2. გაგვაცანი ძველი მსოფლიოს ომების სქემა. გამოიყენე შესაბამისი პერიოდის სამხედრო აღჭურვილობის  მოდელები/ფიგურები;
  3. დახატე სამი სხვადასხვა ეპოქის მეომარი. აღწერე, რა აქვთ მათ განსხვავებული; დაარქვით მათ სახელები განსაკუთრებული თვისებების მიხედვით;
  4. დახატე ძველი მსოფლიოს რუკა და დაიტანე მასზე ათენიდან შუშანამდე მისასვლელი რამდენიმე  მარშრუტი; აღწერე, რაც აქვთ ამ მარშრუმეტბს საერთო?
  5. ჩამოწერე თანმიმდევრობით ძველი ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოები, რომელიც იგივე კანონზომიერებითაა შედგენილი როგორც მიმდევრობა: „ასურეთი; ურარტუ; მიდია; სპარსეთი;  საბერძნეთ-მაკედონია; …. “
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით დახაზე ძველი მსოფლიოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სქემატური რუკა ისე, რომ თითოზე სულ ცოტა 2 რეგიონი მაინც იყოს დატანილი.

III ეტაპი მიღებული ამოცანა ჩავსვათ საყოფაცხოვრებო/პრაქტიკულ კონტექსტში, რათა მოსწავლეს დასჭირდეს ცოდნის ტრანსფერი.

შესაბამისი საყოფაცხოვრებო/პრაქტიკული კონტექსტის მქონე დავალებებია:

  1. დაშალე/განიხილე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით ისე, რომ წარმოადგინო – რომელი ბრძოლა მოახდენდა განსაკუთრებით დიდ გავლენას კაცობრიობის  ბედზე, სხვა შედეგით რომ დასრულებულიყო. განიხილე არანაკლებ სამი განსხვავებული შემთხვევა.  შედეგი წარმოადგინე ცხრილის ან სქემის სახით;
  2. წარმოადგინე ძველი მსოფლიოს ისტორია შესაბამისი პერიოდის სამხედრო აღჭურვილობის მოდელების/ფიგურების გამოყენებით; რომელმა საომარმა იარაღმა  მოახდინა განსაკუთრებული გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე?
  3. დახატე სამი სხვადასხვა პერიოდის მეომარი. ახსენი, რითაა განპირობებული მათი განსხვავებულობა?
  4. დახაზე ძველი აღმოსავლეთის, ძველი ბერძნული სამყაროს და ძველი ხმელთაშუაზღვისპირეთის სქემატური რუკა, შემდეგ კი შეეცადე, გამოჭრა ისინი. მიღებული „ნაჭრები“ მაგიდაზე განალაგე ისე, რომ ძველი მსოფლიოს რუკა მიიღო. ახსენი, რატომ განალაგე ისინი  ასეთი თანმიმდევრობით?
  5. მეშვიდეკლასელ გურამს ლოტოში მიმდევრობით მოუვიდა ზემოთ მოცემულ  რუკაზე არსებული ქალაქების სახელები: ათენი, ფილიპე, ეფესო, ტარსოსი, ანტიოქია, ბაბილონი, შუშანი.  დაწერე, რა  სახელები უნდა მოუვიდეთ თანმიმდევრობით  მის თანაკლასელებს, რომ მათი ქალაქების სახელების მიმდევრობაც იგივე კანონზომიერებით იყოს შედგენილი, როგორიც გურამის მიმდევრობა?
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით დახატე/დახაზე ძველი მსოფლიოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რეგიონი ისე, რომ  თითოს  ესაზღვრებოდეს როგორც ზღვა, ასევე მაღალი მთებიც.

N 2  ხერხი – დახურული ტიპის ტექსტური ამოცანის მიხედვით/საშუალებით ვქმნით შესაბამის ღია ტიპის ამოცანას, რისთვისაც განვიხილავთ მოცემულის ამოცანის მოდიფიკაციას არასრული მონაცემებით. მაგალითად, განვიხილოთ დახურული ტიპის ამოცანა:

  • „მუზეუმში ისტორიკოსმა უამრავი სხვადასხვა სახის საომარი იარაღი დაათვალიერა. რამდენი ეპოქის საომარ იარაღს უნდა გაეცნოს ისტორიკოსი, რომ ძველი მსოფლიოს სამხედრო ხელოვნების შესახებ   სრული წარმოდგენა შეექმნას?“

შესაბამისი ღია ტიპის ამოცანაა:

  • „მუზეუმში განთავსებულია პრეისტორიული, ბრინჯაოს, ანტიკური და გვაინანტიკური პერიოდის საომარი იარაღები. რომელი პერიოდის საომარი იარაღი უნდა შეისწავლოს ისტორიკოსმა, რომ წარმოიდგინოს, რა სახის იარაღებით იბრძოდნენ ალექსანდრე მაკედონელის მეომრები გავგამელას ბრძოლაში. მოიყვანე არგუმენტი, დაასაბუთე, რატომ ფიქრობ  ასე?

N 3 ხერხი – შესაძლებელია თავიდანვე მივაღწიოთ დავალების კომპლექსურობას იმის საშუალებით, რომ ერთ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დავალება მივცეთ ისე, რომ ეს ერთი საკითხი მრავალი სხვადასხვა მხრიდან/კუთხიდან განიხილოს და გამოიკვლიოს, მათ შორის საყოფაცხოვრებო/გამოყენებითი თვალსაზრისითაც.

მაგალითად, შევთავაზოთ,  შეავსოს ორი ან მეტი უჯრა/მეოთხედი  ე.წ. ფრეიერის სქემაზე:

სქემის შევსების ინსტრუქცია:

  • ზედა მარცხენა კუთხეში მოსწავლეები წერენ ცნების განმარტებას თავიანთი სიტყვებით ან ლექსიკონის დახმარებით (მოცემულ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მაგალითად,  ცნება/სიტყვა „ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი“, ან „სამხედრო აღჭურვილობა“ და სხვ.);
  • ზედა მარჯვენა კუთხეში წერენ მახასიათებლებს ახალ ცნებასთან დაკავშირებით (სურვილისამებრ, შეუძლიათ დაურთონ ილუსტრაცია) (მაგალითად, ზღვისპირა… მთიანი..წამახვილებული..ლითონის..);
  • ქვედა მარცხენა კუთხეში წერენ ზუსტ მაგალითებს (მაგალითად, ეგვიპტე…მიდია..შუბი.. ფარი..მუზარადი..).
  • ქვედა მარჯვენა კუთხეში წერენ არაზუსტ მაგალითებს (მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღი…ტანკი...).

 

შესაძლებელია, აგრეთვე შევთავაზოთ, შეავსოს ორი ან მეტი უჯრა/მეოთხედი მოდიფიცირებულ სქემაზე:

ფრეიერის სქემის მოდიფიკაცია

 

საკითხი

ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი

მაგალითი თანამედროვეობიდან

მცირე აზია..

გამოსახულება (დიაგრამა, სქემა, სურათი)

…….

ჩემი ახსნა-განმარტება

…….

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევებშიც, ისევე როგორც ზოგადად, ესგ შედეგების ინდიკატორების საფუძველზე შეიქმნება ის კრიტერიუმებიც, რომელიც აზუსტებს მოთხოვნებს მოსწავლის ნამუშევრის მიმართ. ეს კრიტერიუმები პირობასთან ერთად შექმნის კომპლექსური დავალების ერთიან ჩარჩოს. შესრულებული კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას მოსწავლეებს მოეთხოვებათ, აგრეთვე, სიტყვიერად აღწერონ/დაასაბუთონ ნამუშევარი, რაც დამატებითი კრიტერიუმის საშუალებით ფიქსირდება კომპლექსური დავალების ერთიან ჩარჩოში.

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხების გამოყენება ხელს უწყობს მასწავლებელს დავალებების შექმნისთვის განკუთვნილი დროის ეკონომიურად და  ეფექტურად  გამოყენებაში,  რაც საგაკვეთულო საქმიანობის წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა.

 

 

 

რას ვფიქრობ „ვეფხისტყაოსანზე“ მე და რას ფიქრობენ ისინი

0

 

ხშირად, როცა „ვეფხისტყაოსანის“ სწავლებას ვიწყებ, ვხედავ, როგორ უქრებათ ჩემს თოთხმეტ-თხუთმეტი წლის „სამიზნეებს“თვალებში სხივი, ექუფრებათ სახე, ხელებს უღონოდ ჩამოყრიან, მძიმედ სუნთქავენ და უხერხულად იშმუშნებიან. ამ დროს, თითქოს, მათ თავში ვზივარ და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც ვიცი, რას ფიქრობენ:

სანდრო: მთელ სამყაროში ყველაზე დიდი ნაწარმოებია, არა, ყველაზე დიდი ლექსი და უკვირთ, რატომ არ მიხარია მისი სწავლა.

თიკო: სულ ძველი და გაუგებარი სიტყვები, სულ გამოცანები…

ნიკა: უნდა თარგმნო, რა! მთარგმნელი კი არ ვარ, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ! რამე ქართულად დაწერილი მასწავლეთ!

თემო: ნახევარს კი არა, ნახევარზე მეტს ვერ ვიგებ! თავს ზრდილობისთვის ვიქნევ!

ანდრია: ისევ იგივე, მთელი წელი ერთი და იგივე!

ანა: ვიცით, რომ რაღაც დიდებულია, გავიგეთ!

მაგრამ სინამდვილეში სულაც არაფერი იციან! მაგალითად, არ იციან, ვინ იყო ეს საოცარი კაცი, რომელმაც ისე დაწერა ამხელა ნაწარმოები, ერთხელაც არ გადაუხვევია არჩეული გზიდან, საკუთარ თავში ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი! სად მიიღო ასეთი მრავალმხრივი განათლება, ვინ იყვნენ მისი მასწავლებლები? როგორ შეძლო, ერთ ტექსტში მოეყარა თავი შუასაუკუნეობრივი, რენესანსული, აღმოსავლური, დასავლური თუ ყველა ტიპის აზროვნებისთვის? როგორ დაიცვა ბალანსი პირად, სახელმწიფოებრივ და ლიტერატურულ-კულტურულ ინტერესებს შორის? როგორ დაწერა წიგნი ერთდროულად სიყვარულზე, სიძულვილზე, ადამიანობაზე, არაადამიანობაზე, ვნებებზე, განსჯებზე, გადარჩენაზე, მკვლელობებზე, ჰარმონიასა და რღვევაზე? რამდენი ხანი წერდა, ერთი წელი თუ ათი?

მათ არც ის იციან, რომ ავთანდილი ყველაზე დიდი მოგზაურია მათ შორის, ვის შესახებაც ოდესმე სმენიათ, მარკო პოლოსა და  ამერიგო ვესპუჩიზე უფრო დიდიც კი. ხოლო მისი თავგადასავალი ყველაზე  უცნაური თავგადასავალია, რაც კი შეიძლება ერთ ადამიანს თავს გადახდეს, უფრო უცნაური, ვიდრე ოკეანეში დაკარგვა, უკაცრიელ კუნძულზე გარიყვა და წყალქვეშა გემის აღმოჩენა.

არ იციან, რომ ქალს, რომელიც ქვეყნის მმართველადაა აღზრდილი, შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის, მართოს, ააშენოს, გასცეს, შეიწყალოს, განურისხდეს, საბრძოლველად აამხედროს ან მოსაკლავად გაიმეტოს, მაგრამ იგივე ქალი თავს დახრის და ერთ სიტყვასაც ვერ იტყვის საყვარელი მამაკაცის წინაშე, ან უსიტყვოდ აიტანს ლოდინს და მარგალიტის მძივს გაატანს მთელს გულისნადებს.

მაგრამ როცა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებას ვასრულებ, უკვე აღარ ვიცი, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე, ამიტომ მათ მოსაზრებებს ვისმენ, ვიწერ და ყოველთვის გაოცებული ვრჩები.

გვანცა: ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ამხელა ტექსტის მთლიანად შესწავლა. მე პირადად ძალიან მიყვარს ძველი ნაწარმოებები, რადგან ასე ვხსნით იმდროინდელ ეპოქას, იდეოლოგიას, პოლიტიკასა თუ სახელმწიფოებრივ მდგომარეობას, რაც შემდეგ მეხმარება, მეტი გავიგო წარსულზე. „ვეფხისტყაოსანშიც“ ასე იყო, ვცდილობდი, არცერთი დეტალი არ გამომეტოვებინა და ტვინში ყველაფრისთვის ჩემებური ახსნა მომეძებნა, რაც სწავლას მიმარტივებდა. მიუხედავად ამისა, ბევრი რაღაცის გაგება გამიჭირდა, მაგალითად, ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის. მასწავლებელთან ხშირად ვკამათობდი ამ თემაზე, რატომ იყო მათი სიყვარული ასე ამაღლებული და რატომ ჰქონდათ ყველაფრის უფლება? მერე მასწავლებელს თავს ვაჩვენებდი, თითქოს, დამარწმუნა, მაგრამ მათი გრძნობები ჩემთვის მაინც ამოუხსნელი დარჩა. შეიძლება, გავიზარდო და უკეთ გავიგო? არა მგონია!

ყველაზე მეტად ავთანდილის პერსონაჟმა დამაინტერესა, მისმა გონებამ და მისმა შესაძლებლობებმა გამაოცა. ათი ნაბიჯით მაინც უსწრებდა ყველას, თითქოს, წინასწარ გრძნობდა, რა მოხდებოდა, ყველას შიგნიდან იცნობდა, ხან ფრთხილობდა და ხანაც ეშმაკობდა. რაღაც მომენტში ამან ჩემში აღტაცება გამოიწვია. მაგრამ ასე მგონია, ბოლომდე მაინც არ ვიცნობ ამ პერსონაჟს. ადვილი არ იყო, მაგრამ არ ვნანობ, რომ ეს წიგნი წავიკითხე.

ელენე: პირდაპირ ვიტყვი (რადგანაც მასწავლებელი ამას ითხოვს ჩემგან), რომ არ არის საჭირო, სკოლაში „ვეფხისტყაოსნი“ ისწავლებოდეს სრულად. ჩემთვის ტექსტი არ იყო იმდენად რთული, რამდენადაც განწყობა და მოლოდინი, რომ ისევ „ვეფხისტყაოსანს“ ვხსნით. მაგრამ უნდა ვაღიარო, სულ მაინტერესებდა, ყოველ გაკვეთილზე ხდებოდა რაღაც ისეთი, რაც ჩემს ყურადღებას იქცევდა. მაგალითად, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ტარიელი, ასეთი ძლიერი მებრძოლი და მომავალი მეფე, ასეთი, თითქოსდა ყოვლისშემძლე კაცი, იჯდა და ტიროდა მიჯნური გამო (თუნდაც ეს ტირილი სიმბოლურად კიდევ სხვა რამეს ნიშნავდეს). ამ ტექსტმა დამარწმუნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა კაცის მდგომარეობას, თანამდებობას ან წოდებას, მას შეუძლია საყვარელი ქალის გამო იტიროს. და ეს არის GIRLS POWER!

არის თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ძალიან დიდია და კითხვისას ხანდახან ვიღლებოდი ან ვიწყენდი. მაგრამ მერე ისევ ვიპოვიდი რაიმე საინტერესოს, ახალ ინტრიგას, ახალ საიდუმლოს და ისევ მინდოდა გაგრძელება.

ლუკა: ვერ ვიტყვი, „ვეფხისტყაოსანი“ თავიდან ბოლომდე წავიკითხე-მეთქი, უფრო ვისმენდი და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებს ვკითხულობდი. რთულია, როცა, შინაარსის გასაგებად წინ ორი წიგნი უნდა გედოს, თან განმარტებებში იყურო, თან წერო. მგონია, რომ მთავარი პრობლემაც ესაა, ეს წიგნი ძალიან ბევრ დროს ითხოვს. სამაგიეროდ საინტერესო იყო პერსონაჟებზე მსჯელობა და მათი საიდუმლოებების ამოხსნა. მაგალითად, ერთხელ გავითამაშე ფარსადან მეფის როლი და იმდენ შეკითხვას ვუპასუხე, ბოლოს ლამის მართლა მჯეროდა, რომ ფარსადანი ვიყავი და გაბრაზებული ვიცავდი ჩემს პოზიციებს. ფარსადანზე უმეტესობას ცუდი წარმოდგენა აქვს, ამიტომ ყველა თავს მესხმოდა, მაგრამ სინამდვილეში არც ისე ცუდი პერსონაჟია. ასეთმა ამბებმა „გადაარჩინა“ ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“, თორემ ისე ვერ გავუძლებდი, მართლა ძალიან დიდია.

ნინი: შორიდან ყოველთვის მაშინებდა ეს წიგნი, ვიცოდით, რომ ერთხელაც ათასსტროფიანი ლექსი უნდა გვესწავლა, მაგრამ ახლოდან ისეთი საშიშიც არ აღმოჩნდა. ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ ტექსტში – პერსონაჟების გრძნობები და ემოციები სულ იცვლება, ხან ბედნიერები არიან, ხან იტანჯებიან, ნადიმობენ ან ტირიან, ზოგი უყვართ და ზოგი სძულთ. მომეწონა, რომ ასეთი აქტიურები იყვნენ, ნამდვილ ადამიანებს ჰგავდნენ. სულ ვფიქრობდი, მერე რა იქნება? რატომ მოეწონათ ასე უცხო ადამიანი? რას გლოვობს როსტევანი? რატომ გაუშვა თინათინმა ავთანდილი? პასუხებიც ჩემებური მქონდა – იმიტომ, გაუშვა, რომ აინტერესებდა, რისი გამკეთებელი იყო, გამოსცადა, იმიტომ წავიდა, რომ დაემტკიცებინა, ყველაფერი შემიძლიაო, ერთგვარი ადრენალინიც იყო ორივესთვის.

ხანდახან უბრალოდ სასიამოვნოა, რომ ერთ საკითხზე განსხვავებული აზრი გვაქვს!

როგორ მუშაობს ტუმბო – გული?

0
Human heart shape single line pulse trace heart health shape line design background.

 

წინა სტატიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და ფიზიკაში გულის ციკლი შედარებული იყო შიგა წვის ძრავას ოთხტაქტიან ციკლთან. ახლა გთავაზობთ რამდენიმე ელექტრონულ რესურსსა და მათი გამოყენების შესაბამის აქტივობას გულის, როგორც ტუმბოს და მის მუშაობაზე მოქმედი ფაქტორების განსახილველად. (აქტივობების ნუმერაცია არ შეესაბამება მათ თანმიმდევრობას).

აქტივობა 1 გულის აგებულების გაცნობა – სამგანზომილებიანი გამოსახულებების ჩვენება:

https://bit.ly/2Vdw8qJ   გულის აგებულება. ბმულის გახსნისას გამოჩნდება გულმკერდის ჩონჩხი და ყოველ მომდევნო წერტილზე დაწკაპებით ჩნდება: ფილტვები, არტერიები, ვენები, ნერვები. ისინი ბრუნავს და მოსწავლეს საშუალება აქვს, დაათვალიეროს თითოეული სტრუქტურა სამ განზომილებაში.

ამავე ბმულზე განხილულია სარქვლების მუშაობის პროცესი.

აქტივობა 2: გულის ციკლის განხილვა

https://bit.ly/3ltkRNz ბმულის გახსნით მოსწავლე შეძლებს, დააკვირდეს გულის ციკლს როგორც ნორმალური მუშაობის დროს (პულსი დაახლოებით 70), ასევე მისი შენელებული მუშაობის დროს.

აქტივობა 3: გულის მუშაობის სიმულაცია –  https://sites.google.com/site/biologydarkow/cardiovascular-model

სიმულაცია 1 – ზომავს თითოეულ საკანში სისხლის მოცულობას (მლ); პირველი გრაფიკი გამოსახავს არტერიული სისხლის რაოდენობის დამოკიდებულებას წნევაზე. მასში გამოსახულია, როგორ გადადის სისხლი წინაგულიდან პარკუჭში, პარკუჭებიდან სისხლძარღვებში. მოსწავლე გაიგებს, რა განსხვავებაა ელექტროკარდიოგრამის კომპონენტებს შორის. (გრაფიკი 1, გრაფიკი 2, გრაფიკი 3, გრაფიკი 4).

სიმულაცია 2 – ზომავს სისხლის რაოდენობას პარკუჭებში და გულიდან გამომავალი სისხლის რაოდენობას (სისხლის გამავლობა). გულის სიხშირე იცვლება 0-დან 10-ის ჩათვლით. გულიდან გამომავალი სისხლის მოცულობა არ არის მისი სიჩქარის ავთენტური.

გულის გამავლობა = გულის სიხშირე X პარკუჭის მოცულობა;

გულის გამავლობა= 72 დარტყმა/წუთი X 70 მლ/დარტყმა= 5 040 მლ/წუთი;

ამ მოდელში გულის გამავლობა = 5 დარტყმა/ წუთიX  70 მლ/დარტყმა = 350 მლ/წუთი.

სიმულაცია 1-ის მიხედვით ცხრილის ცარიელ უჯრაში ჩაწერე სისხლის რაოდენობა პარკუჭებში. გრაფიკი 1, გრაფიკი 2, გრაფიკი 3.

მოსწავლე სხვა გრაფიკების აგების შემდეგაც შეაგროვებს მონაცემებს და შეავსებს ცხრილს.

ფიზიკური აქტიურობა გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  0 გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  1 გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  2
ფიზიკური აქტიურობა – 0      
ფიზიკური აქტიურობა – 0.30      
ფიზიკური აქტიურობა- 0.63      

 

მსგავსი ცხრილების შევსება შესაძლებელია დაავადებების შემთხვევაში: ათეროსკლეროზის, ფიბრილაციის, დეფიბრილაციის და სხვა. მაგალითად:

  1. წინაგულების ფიბრილაციის გავლენა სისხლის გადინებასა და მის საერთო მოცულობაზე:
წინაგულების ფიბრილაცია (გულის სიხშირე პირობითად 0) სისხლის გამავლობა მლ/დარტყმა სისხლის მოცულობა მლ/წთ
0    
0.5    
1    

 

წინაგულების ფიბრილაცია (გულის სიხშირე პირობითად 0.5) სისხლის გამავლობა მლ/დარტყმა სისხლის მოცულობა მლ./წთ.
0    
0.5    
1    

 

წინაგულების ფიბრილაცია (გულის სიხშირე პირობითად 1) სისხლის გამავლობა მლ/დარტყმა სისხლის მოცულობა მლ./წთ.
0    
0.5    
1    

მსგავსი ცხრილების შედგენა შეიძლება სხვა დაავადებების დროსაც. მოსწავლე თავად გააკეთებს დასკვნას და გაიაზრებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...