ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

რთული პროფესიაა მასწავლებლობა. თითქოს არდადეგებით უხვი, სინამდვილეში უშვებულებო, თანაც რეგულაციებით სავსე, ხშირად ცვალებადი მოთხოვნებით, მაღალი მოლოდინით და განუზომლად დიდი პასუხისმგებლობით.

არაერთი კვლევა ეძღვნება ბორნაუტს – მასწავლებელთა პროფესიულ გადაწვას.

„არ ვიცი, როდის დადგება ჩვენს ქვეყანაში ის დრო, როცა მასწავლებლებს დასვენების საშუალება ექნებათ, როცა დასვენების კულტურა… ჩვენში განხილვის საგანი გახდება, როცა მშობლები შვილებს ბავშვობას კი არ დავუმახინჯებთ ყველაფრის ერთბაშად თავში ჩატენით, არამედ ზომიერად, დინჯად და ზედმეტი დატვირთვის გარეშე მივიყვანთ ცოდნამდე ისე, რომ სწავლა არ შევაძულოთ. მანამდე კი მინდა უბრალოდ ვთხოვო მასწავლებლებს: ნუ დააყენებთ ფეხზე მოსწავლეებს გაკვეთილის მოყოლისას, თუ მათ ეს არ უნდათ – ცხოვრება ისედაც აიძულებს, თქვენსავით მუდამ ფეხზე იდგნენ“, – დაწერა ერთ-ერთ წერილში ჩვენი ჟურნალის ავტორმა გურამ მეგრელიშვილმა.

მასწავლებლების გამოხმაურება არცთუ ერთგვაროვანი აღმოჩნდა.

„ვითომ რატომ არ დავაყენოთ? მაშინ მე რატომ უნდა ვიდგე გაკვეთილზე სულ ფეხზე? ბევრ უფლებას ვაძლევთ მოსწავლეებს და ამიტომაა მასწავლებელი სულ თითის საშვერი… 90% ამ პრივილეგიებს არამიზნობრივად იყენებს… თუ ისტ-ი იცის, რაღად უნდა სხვა საგანი, ჰა ინტერნეტი და ჰა მოედანი. ცვლილება ბავშვის გატუტუცებას არ ნიშნავს. ისწავლოს, არ იყოს უზრდელი და რაც გვქონდა წესები სკოლაში, დაიცვას. რაც უფრო გაუმარტივებ პირობებს, მით უფრო მეტს მოგთხოვს და გათავხედდება, ბატონო! სკოლაში უნდა იყოს ნორმალური წესების ჩარჩო და არა გადამეტებული“.

„ანუ რა გამოდის: მოსწავლე არანაირად არ უნდა შეწუხდეს, კომფორტის ზონიდან არ უნდა გამოვიდეს… თუ უნდა, ადგება, თუ უნდა, წამოწვება, თუ მოისურვებს, საკლასო ოთახიდანაც გავა და მოგაძახებს, დღეს შენს ხასიათზე არ ვარო… საით მივდივართ, თუ ხვდებით?! მივდივართ კი არა მივექანებით!“

ვაღიაროთ, რომ მასწავლებლებს ერთი ცუდი რამ გვჭირს: „მე“-თი ვიწყებთ და „მე“-თი ვამთავრებთ. ალბათ ასე დაგვამახსოვრდა ჩვენი აღმზრდელებისგან და ასე დაგვიმახსოვრებენ ჩვენი აღზრდილებიც.

„ხშირად მეფიქრება: რატომ? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომლის დასმაც კრიტიკული აზროვნების ნიშანია, კრიტიკული აზროვნება კი უნარია, რომელიც დაგვეხმარება, თავი გავართვათ XXI საუკუნის მოთხოვნებს“, – ამბობდა დევიდ ქლუსთერი.

ვერავინ იფიქრებს კრიტიკულად ჩვენს მაგივრად, ეს პიროვნული საზრუნავია. მაშასადამე, აზროვნება კრიტიკულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია.

უნდა მოვისმინოთ განსხვავებული აზრი. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას და როგორ ფიქრობენ სხვები. წაკითხულის კრიტიკულად გააზრებაც შევძლოთ.

თუ ვინმეს არ ვეთანხმებით, ირონიას ნუ მოვიმარჯვებთ. უმჯობესია, ერთად გავაანალიზოთ შეცდომის მიზეზები. შეცდომა ხშირად სწორი პასუხის ჩანასახსაც შეიცავს.

სხვებსაც მივცეთ შესაძლებლობა, დაგვისვან კითხვები, ნუ შეგვეშინდება პასუხის უქონლობის. ვაღიაროთ, რომ რაღაც არ ვიცით და ვეცადოთ, მათთან ერთად ვიპოვოთ პასუხი.

კრიტიკული აზროვნების სწავლება პასუხისმგებლობის განვითარებასაც გულისხმობს. როცა ამას გავიაზრებთ, „დამნაშავეს“ გარეთ აღარ დავუწყებთ ძებნას და საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით.

და რაც მთავარია, მოსწავლე უნდა გვიყვარდეს და ის საქმიანობაც, რომელსაც თავს მივუძღვნით.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

 

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მანანა რატიანი, მაია ფირჩხაძე, მაია მენაბდე, მაია ჯალიაშვილი, მანანა სეხნიაშვილი, მარიამ გოდუაძე, ქეთო ნინიძე, თეონა ბექიშვილი, თამთა დოლიძე, გიტა თვალაბეიშვილი, თამარ მუსერიძე, თემურ სუყაშვილი, ქეთევან ოსიაშვილი, შორენა ტყეშელაშვილი, გურამ მეგერლიშვილი, ბესო პაპასქუა, მეგი კავთუაშვილი.

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან

313-ე ოთახი

0

ჰატი სტაინბერგი მინეაპოლისის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში ჟურნალისტიკის მასწავლებლად მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა და პულიცერის პრემიის სამგზის ლაურეატმა ტომას ფრიდმენმა საყვარელ მასწავლებელს სტატია მიუძღვნა და გაიხსენა, რომ სტაინბერგი თავის მოსწავლეებს არა მხოლოდ ჟურნალისტიკის საფუძვლებს და გამართულად წერას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანს – პროფესიულ ეთიკასა და საქმის უზადოდ შესრულებას ასწავლიდა.

სკოლის დამთავრებიდან ოთხი ათეული წლის შემდეგ ფრიდმენის მოგონებები კვლავ ჰატის პორტრეტს, მის დაუვიწყარ გაკვეთილებს და იმ საკლასო ოთახს უტრიალებს, სადაც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ პირველად წაიკითხა. 2001 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებული წერილის ბოლოს წარსულს აწმყოს უკავშირებს და გადასხვაფერებულ სამყაროში ბრძენი ადამიანების თუ ძირეული საკითხების მივიწყების მთავარ მიზეზად ციფრულ გლობალიზაციას მიიჩნევს. „ინტერნეტი მეტ ცოდნას გაძლევს, მაგრამ ის ვერ გაქცევს ჭკვიან ადამიანად. ინტერნეტმა შეიძლება, ზღვა ინფორმაციაზე მოგცეს წვდომა, მაგრამ ვერასდროს გეტყვის, მშობელთა კრებაზე რა თქვა. ფუნდამენტური საკითხების ჩამოტვირთვა შეუძლებელია. ისინი შეგიძლია მხოლოდ ატვირთო, ოღონდ ძველმოდურად, სათითაოდ, ისეთ სივრცეში, როგორიც, მაგალითად, სეინტ ლუის პარკის უმაღლესი სკოლის 313-ე ოთახია.“

ჩემი სკოლის მეოთხე სართულზეც იყო ერთი ასეთი კაბინეტი. კიბიდან მარცხნივ და მერე კიდევ მარცხნივ, ნავთისა და ნახერხის სუნით გაჟღენთილ კორიდორს ერთ უსახურ საკლასო ოთახამდე მივყავდით. მის კედლებზე არც ქართველი მწერლების ფოტოები ეკიდა და არც მათი ფრაზები იყო გამოკრული, მაგრამ იმ ოთახზე მიმზიდველი სივრცე მაშინ ჩემთვის არ არსებობდა. ლიკა კაჭარავა 55-ე საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი იყო. არ ვიცი, რა იყო მისთვის სკოლაში სწავლების მთავარი ჟინი და ამოცანა, მაგრამ ცხადია – ჩემთვის სიტყვასთან, ფრაზასთან, ენასთან დამოკიდებულება სამუდამოდ სწორედ მაშინ შეიცვალა. ლიკას გაკვეთილი უინტერესო არასოდეს ყოფილა: მასთან ერთად ვკითხულობდით „ვეფხისტყაოსანს“ და სახარებას, ვსაუბრობდით ღმერთის სიკვდილზე ფილოსოფიასა და ლიტერატურაში, ქვეტექსტებსა და ალუზიებზე, დრამატურგიასა და ფერწერაზე. ყოველთვის მოუთმენლად ველოდი, „მეათე სართულის“ მხატვრებსა და თავის ძმაზე, კარლოზე როდის წამოიწყებდა ლაპარაკს. იმას მაშინვე ვხვდებოდი, რომ ქართულის გაკვეთილზე მხატვრების ხსენება სულაც არ იყო თემიდან გადახვევა, თუმცა ის კი მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ სახვით ხელოვნებაში ტექსტის ძიებამ და ამოკითხვამ პირველად სწორედ იმ პერიოდში გამიტაცა. თანაკლასელებისგან განსხვავებით, ლიკასთან სასაუბროდ და საურთიერთობოდ დამატებითი დროც მქონდა – ჩემი გაურკვეველი კალიგრაფიის გამო გაკვეთილების მერეც ხშირად დავრჩენილვარ, საკონტროლოსთვის დაწერილი თხზულება ხმამაღლა რომ წამეკითხა და ლიკას რჩევით, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი,  სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ფილოლოგიის ფაკულტეტზე ხომ არ გამეგრძელებინა.

ასე არ მოხდა…

ორიოდე წლის შემდეგ, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა, კიდევ ერთი 313-ე ოთახი აღმოვაჩინე. დევის ბეჭვაია ჩემს მეზობლად, მეორე სადარბაზოში ცხოვრობდა და წიგნების სათხოვნელად ხშირად ვსტუმრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახლშიც ბევრი წიგნი იყო, მათ შორის სამეცნიერო ლიტერატურას იშვიათად იპოვიდით. ძია დევისის ბინა ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან მთელი ბავშვობა მის ქალიშვილებთან ვმეგობრობდი. ბეჭვაიების ოჯახში თავშეყრილები თითქმის ყველა ოთახში ვთამაშობდით, გარდა წიგნის თაროებით დახუნძლული კაბინეტისა. გავიდა წლები და ისე მოხდა, რომ დევისი და მე დავმეგობრდით და მათთან სტუმრობისას  ჩემთვის ნაცნობი არცერთი ოთახის კარი აღარ შემიღია. სახლის ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე პირდაპირ მისი კაბინეტისკენ გავემართებოდი ხოლმე. ვიცოდი, მელოდა და დაპირებული წიგნიც უკვე თაროდან ჰქონდა გადმოღებული. პირველი, რასაც აუცილებლად შევავლებდი თვალს, ჩემი საყვარელი რიგის ქუჩა იყო წაბლის ხეებით, რომელიც მისი სარკმლიდან მოჩანდა. შემდეგ ხელნაწერი ფურცლების უზარმაზარი დასტისკენ გავაპარებდი მზერას, საწერი მაგიდის მარჯვენა მხარეს მოწესრიგებულად რომ ელაგა. წიგნს გამომიწოდებდა და სავარძელზე მანიშნებდა, დაჯექი, მომიყევი, შენკენ რა ხდებაო. ჯერ ლექტორების ამბებს გამოვკითხავდი, რა ზნის ხალხია, ძალიან ხომ არ გაგვაწამებენ გამოცდებზე-მეთქი. ძია დევისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიას ასწავლიდა და ჩემს ლექტორებსაც კარგად იცნობდა, თუმცა არ მახსოვს, ვინმეზე აუგი ეთქვას. როგორც წესი, მასთან დიდხანს შევრჩებოდი ხოლმე და ათას რამეზე ვსაუბრობდით. არასოდეს გამჩენია განცდა, რომ საქმეს მოვაცდინე, ყოველთვის გულთბილად მმასპინძლობდა და ყურადღებით მისმენდა. განსაკუთრებით მისი საქმესთან დამოკიდებულება და ფურცელთან ურთიერთობა მხიბლავდა. საწერ მაგიდასთან ყოველთვის კოსტიუმით იჯდა, მაგრამ არა საგარეო სამოსით, არამედ საშინაო, ძველი და შეამხანაგებული პიჯაკით. ალბათ სწორედ იმ ოთახში მითქვამს ყველაზე ხშირად, რომ არჩეული პროფესიით ბედნიერი ვიყავი და ძალიან მინდოდა, მეცნიერი გამოვსულიყავი.

არც ასე მოხდა…

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე თვეში, „დილის გაზეთში“ კულტურის განყოფილების კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი რედაქტორი თემურ მეტრეველი იყო, რომლის სახელს და გვარს „ბატონს“ დიდი ხანია, აღარ ვურთავ. ერთხელ თათბირზე მკაცრად გაგვაფრთხილა, აღარ დავინახო სტატიებში გარდაცვლილები ბატონობით მოიხსენიოთ, ბატონყმობა ჩვენი მოგონილია, თორემ იმქვეყნად ყველა ერთიაო. თემურ მეტრეველმა 90-იან წლებში რამდენიმე გაზეთი დააფუძნა და მის მიერ შექმნილ ყველა რედაქციაში არა მხოლოდ მრავლად იყვნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები, არამედ მათ ყოველთვის გულისყურით უსმენდნენ, ენდობოდნენ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ანდობდნენ. ყველაზე ღვთისნიერი ათეისტი რედაქციიდან რედაქციაში ილიას სურათს დაატარებდა და ახალი საქმის კეთებაც კედელზე ლურსმნის მიჭედებით იწყებოდა. სტატიის რედაქტირების შემდეგ არასოდეს დაზარებია შენიშვნები ჟურნალისტთან ერთად განეხილა, საუკეთესო რჩევები მიეცა და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ჩვეული სითბოთი ეთქვა – „მშობლიურო, ჩასვით გვერდში“. ამ ფრაზის გაგონება ყოველთვის ერთნაირად მაღელვებდა, რადგან „დილის გაზეთი“ ჩემი პირველი სამსახური იყო და დაჟინებით ისტორიკოსს ჟურნალისტიკა საკუთარ შეცდომებზე უნდა მესწავლა. მოგვიანებით, როდესაც მედიამენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე, აღმოვაჩინე, რომ საგნების ნახევარი სწორედ თემურ მეტრეველის კაბინეტში მქონდა ნასწავლი, ხოლო ყველა პროფესიული ჩვევა, ურომლისოდაც დღემდე წარმოუდგენელი მგონია მუშაობა, იმ პერიოდიდან მომყვება, მათ შორის,  ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებში მოგვიანებით ამოკითხული Kill your darlings – ზედმეტი ფრაზები თუ პასაჟები, რომლის დასაწერადაც, შესაძლოა, ღამეც კი გაათენე, საკუთარი ხელით უნდა წაშალო.

ასე კი ნამდვილად მოხდა…

თქვენ ახლა ამ ბლოგის განახევრებულ ვარიანტს კითხულობთ.  ის, რაც წავშალე, მხოლოდ ჩემს მეხსიერებას შემორჩება – ვწერდი იმაზე, თუ რატომ ვიცვლიდი  დროდადრო პროფესიას და იმაზეც, რომ ცვლილებების მიუხედავად არჩევანისთვის არასოდეს მიღალატია, რადგან ისტორიაც, ჟურნალისტიკაცა და ლიტერატურაც თხრობის ჟინით შეპყობილთა ძირითადი თავშესაფრებია.

გამთენიისას delete-ის ღილაკმა შეიწირა ისიც, რომ ფრიდმენის მოყოლილ ამბავში ისტორიკოსი მხოლოდ იმით დაინტერესდებოდა, თუ როგორ შეცვალა განათლების იდეა თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ციფრულმა პლატფორმებმა; ჟურნალისტი სწორედ იმას დაწერდა, რისი წაკითხვაც ოცი წლის წინანდელ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ შეიძლება, ხოლო მწერალი… მწერალი საფლავში ჩაყვებოდა ჰატი სტაინბერგს – სამოცი წლის მარტოხელა ქალს, რომელმაც მთელი ცხოვრება მასწავლებლობას მიუძღვნა და თავისი საყვარელი მოსწავლის სტატიებს საქაღალდეში აგროვებდა.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის მოყოლა უკეთესადაც შეიძლებოდა, რადგან მჯერა, მე უფრო მაგარი მასწავლებლები მყავდა, ვიდრე ტომას ფრიდმენს. თუმცა, რას იზამ – ზოგს მოწაფეებში უფრო უმართლებს.

 

როგორ შევაფასოთ მოსწავლე ?

0

უკვე რახანია ჩემი მასწავლებლობის წლების დასათვლელად ცალი ხელის თითები აღარ კმარა. ახლა, როცა მათ დასათვლელად მეორე ხელის აწევაც გახდა საჭირო, მივხვდი, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ასზე მეტი ბავშვის მასწავლებელი ვიყავი. ახლაც ვარ და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველა მათგანი განსხვავებულად მომმართავდა. ზოგისთვის უბრალოდ ქრისტი ან ქრისტინა ვიყავი, რადგან ალბათ რთულია, მასწავლებელო დაუძახო მას, ვინც შენზე სულ რამდენიმე წლით არის უფროსი. მოგვიანებით გავხდი „მასწიც“. კიდევ უფრო მოგვიანებით „მის ქრისტინა”, რადგან ჩემი მოსწავლეები ქართველები არ იყვნენ და ასე მომმართავდნენ. თუმცა არც მე ვიყავი მათთვის მთლად „თიჩერ“ (როგორც ხანდახან მეძახდნენ ხოლმე), რადგან კლასის ასისტენტ მასწავლებლად ვმუშაობდი და უამრავი რამ მევალებოდა, გაკვეთილების ჩატარების გარდა. „მის ქრისტინას“ მერე კი მოულოდნელად „თიჩერ თინად“ ვიქეცი, რომელიც უცხოელი მასწავლებელი იყო ჩინელი ბავშვებისთვის და რომელსაც ძალიან ხშირად ეძახდნენ „მეიგოა ლაოშის“, რაც ქართულად ამერიკელ მასწავლებელს ნიშნავს. რადგან პატარა ჩინელებისთვის სამყარო პირობითად ორ ნაწილად იყოფა: ამერიკად და ჩინეთად. ვინც ჩინელი არ არის, ანუ ვისაც მაღალი ცხვირი და ფართო თვალები აქვს – ამერიკელია, და ვინც ჩინელია.

დღეს კი, ცხრა მთაგადმოვლილი და ცხრა ზღვაგადმოცურული, ერთ პატარა და ძალიან ლამაზ სკოლაში ვმუშაობ, სადაც ქრისტინა მასწავლებლად ვიქეცი დაწყებითი საფეხურის ბავშვებისთვის. სწორედ აქ პირველად დავდექი იმ რთული ამოცანის წინაშე, რასაც ბავშვებისთვის შეფასების დაწერა ჰქვია. აქამდე ჩემს მოსწავლეებს ვაფასებდი სიტყვებით, შექებით, შენიშვნებით, ვარსკვლავებით, გულებით, დამსახურებული სტიკერებით, მაგრამ არასდროს ნიშნებით. არადა, ნიშნების სწორად შერჩევა ისეთი ფაქიზი თემაა, რომ თუ მასწავლებელი ფრთხილად არ იქნება, შესაძლოა ბავშვს სწავლის მოტივაცია მთლიანად დააკარგვინოს და საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენოს, რაც მომდევნო წლებში აუცილებლად სხვადასხვა კომპლექსად იჩენს თავს. მით უმეტეს, როცა საქმე მეხუთეკლასელებს ეხება, რადგან სწორედ მეხუთე კლასიდან იწყება ჟურნალში ნიშნების შეტანა, თუმცაღა ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ბავშვები შედარებით ლოიალურად უნდა შეფასდნენ და არა მკაცრად.

ლოიალური იქნება ეს შეფასება თუ მკაცრი, გარკვეულწილად მნიშვნელობა მაინც არ აქვს.  მიუხედავად იმისა, რომ მე მტკიცედ გადავწყვიტე, ამ სემესტრში რვიანს არ ჩამოვცდე, მაინც, ათიანი ორნიშნა და მსუქანია, უფრო ჯამრთელი და ამაყი ჩანს. ცხრიანი მასთან შედარებით ოდნავ გამხდარია, ცდილობს ისეთივე ამაყი იყოს, როგორც ათიანია, მაგრამ მთლად კარგად ვერ გამოსდის. რვიანს კი აშკარაა, რომ თავდაჯერება აკლია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება, ცოტა დაბნეულია და ფიქრობს, რომ ცხრიანსა და ათიანზე რამდენიმე სანტიმეტრით დაბალია, რაც, მისი აზრით, ტრაგედიაა.

ეს ყველაფერი ბავშვებმა ძალიან კარგად იციან. უფრო სწორად, კი არ იციან, არამედ გრძნობენ, რადგან მე სწორედ მათი წარმოდგენებით აღვწერე ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მაღალი ნიშანი. იმ წარმოდგენებით, რომლებიც მაშინ გამოხატეს, როცა ერთი გაკვეთილის ბოლოს ვთქვი, რომ იმ დღეს ჟურნალში ნიშნებს შევიტანდი.

ასე და ამგვარად, ყველასდა სამწუხაროდ, ათი წლის ბავშვები ნელ-ნელა უნდა გახდნენ იმ სამყაროს ნაწილი, რომელშიც ყველაფერი შეჯიბრის პრინციპით მოქმედებს და სადაც ყველაზე სამართლიანიც კი, რაღაც მხრივ ყველაზე უსამართლოა, თუ გავითვალისწინებთ ბავშვების არათანაბარ შესაძლებლობებს, რაც, პრინციპში, ფრიად უხეში ნათქვამია. უმჯობესია თუკი ვიტყვით, სხვადასხვანაირი შესაძლებლობები, რადგან სინამდვილეში ჩვენ ყველანი და ყველა ჩვენთვის საყვარელი ათი წლის ბაშვი უნიკალური და ინდივიდუალურია, ამიტომ მათი ერთი – ჩარჩოებში მოქცეული სისტემით შეფასება ვერასდროს იქნება ზუსტი და შესაფერისი. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად იქნება მიზეზი გულისწყვეტის, იმედგაცრუებისა და დემოტივაციის.

პირადად მე, დაბალი შეფასების გამო კონკრეტულ საგანზე გული მიცრუვდებოდა და ნიშნის გამოსწორების აღარანაირი სურვილი აღარ მიჩნდებოდა. პარალელურად, თუ რომელიმე მასწავლებელი მაღალ ქულას დამიწერდა, ეს მუდამ პასუხისმგებლობით მავსებდა და უფრო მეტად ვინდომებდი იმ კონკრეტული საგნის სწავლას, რომელშიც ნდობა გამომიცხადეს.  ჩემი ფსიქოლოგია ასე მუშაობდა. ზოგიერთი ბავშვის ფსიქოლოგია მსგავს რამეზე განსხვავებულად რეაგირებს. ზოგიერთ მათგანს მებრძოლი ხასიათი აქვს და სწორედ იქ უნდება დაამტკიცოს, რომ შეუძლია, სადაც ნდობა არ გამოუცხადეს და დაბალი შეფასება დაუწერეს. არიან ისეთებიც, ვინც ჩუმად შრომობს და ხმამაღლა არასდროს ამჟღავნებს თავის ცოდნას, მაშინ, როცა კლასში ისეთებიც მრავლად იქნებიან, ვისი ხელიც მუდამ აწეულია და სულ მზადაა პასუხი სხვის ნაცვლადაც გაგვცეს. ჩართულობა და აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ მასწავლებლები ვართ და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდნის შემოწმება ბევრნაირად შეიძლება, ისე, რომ ბავშვებს თავი არაკომფორტულად არ ვაგრძნობინოთ. ჩვენ უბრალოდ დრო უნდა მივცეთ მათ, წავახალისოთ, და იმის გამო, რომ ჩუმად სხედან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ კლასის სრულუფლებიანი წევრები არიან.

ნიშნის დაწერისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ბავშვს, რომელიც კლასში გვიზის კარგად ვიცნობდეთ. მათთან ხშირი კომუნიკაციის გარდა, ამის საუკეთესო გზაა, იმაზე დაკვირვებაა, როგორი რეაქცია ექნებათ ნიშნებზე პირველი შეფასების შემდეგ. თუკი ათიანი ზარმაცდება, ე.ი დროა ცხრიანმა მეგობრულად ჰკრას მხარზე ხელი. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, რვიანის ჩარევა საჭირო აღარ გახდება. თუმცა შეიძლება მაინც დაგვჭრდეს, რომ მოვუხმოთ. თუკი შეატყობთ, რომ რვიანის დაწერის შემდეგ ბავშვი მაინც აქტიურია და ძალიან ცდილობს, დაუწერეთ უფრო მაღალი ნიშანი. მენდეთ, საოცარ შედეგზე გახვალთ. ხოლო თუკი რვიანის დაწერის შემდეგ შენიშნავთ, რომ მოსწავლეს მოტივაცია წაერთვა, სასწრაფოდ იმოქმედეთ, რადგან ამან შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

მანამდე კი, სანამ ქულების მიმართ თითოეულის დამოკიდებულებას კარგად ამოვიცნობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ყველა გაკვეთილის ბოლოს გავუმეოროთ მათ, რომ არ არსებობს არანაირი ქულა, რომელიც მოახერხებს, ზუსტად შეაფასოს ის უნიკალურობა, თითოეულ მათგანს რომ აქვს. არ დაგვავიწყდეს ვასწავლოთ, რომ შეჯიბრი ცუდია, კარგია თანადგომა. ნიშნები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის ცოდნა, რომელსაც ამ ნიშნების მისაღებად იძენენ. რომ რაღაცის არცოდნის სტადიიდან ცოდნის სტადიამდე გადასვლაში მხოლოდ ყოველდღიური ნაბიჯები გვაშორებს, რაც არც ისე რთული გადასადგმელია, თუკი ყველაფერს ეტაპობრივად მივყვებით. რომ შეცდომის დაშვება ტრაგედია არ არის და არც ის არის ტრაგედია, თუ აღმოვაჩენთ, რომ რაღაც საკმარისად კარგად არ გვცოდნია. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ, და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ უფლებებთან ერთად ვალდებულებებზეც ვესაუბროთ, რათა ვასწავლოთ პასუხისმგებლობა. არ დაივიწყოთ და ხშირად ვუმეოროთ, რომ ყოჩაღები არიან. აუცილებლად უნდა შეაქოთ მათი სულ მცირე აქტიურობაც კი. ეს სიტუაციას ყოველთვის სასიკეთოდ ცვლის. მეტიც! უთხარით: ძვირფასო მეხუთეკლასელო, მადლობა, რომ ასე ცდილობ; მადლობა, რომ არასდროს გავიწყდება დავალების დაწერა; მადლობა, რომ ასე კარგად გისწავლია ყველაფერი; მადლობა, რომ დღეს წიგნი აღარ დაგრჩა; მადლობა, რომ მისმენ, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

იქნებ ასე მაინც გახდეს უმნიშვნელო ის ქულები, რომლის დაწერაც აუცილებლად გვიწევს, მიუხედავად იმისა, გვსურს თუ არა ეს.

პაანაჯავრის ეროვნული პარკი

0

ბორეალურ (ტაიგა) ტყეებში „ხეტიალისას“ პაანაჯავრის ეროვნული პარკი აღმოვაჩინე, რომელიც ფენოსკანდიაში კარელიის მთიან ნაწილში მდებარეობს.  ფენოსკანდია – ასე ჰქვია ფიზიკურ-გეოგრაფიულ ტერიტორიას, რომელიც ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულების, ფინეთისა და კარელიის ტერიტორიებს მოიცავს.

ტაიგა, ანუ ბორეალური ტყე ხომ პლანეტის უდიდესი ტყის წარმონაქმნია, სადაც მრავლადაა ტბები და ჭაობები მყინვარული ეროზიკული მოქმედების შედეგად წარმოქმნილ ჩაღრმავებებში და ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიას მოიცავს.

პარკი სტუმრებისთვის ღიაა მთელი წლის განმავლობაში… ზაფხული და ზამთარი პაანაჯავრში ორი განსხვავებული ზღაპარია. არც თქვენ დარჩებით გულგრილი ამ ადგილების მიმართ.

პაანაჯავრის ეროვნული პარკი კომპაქტური ბუნების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არეალია.

კარელიის რუკაზე პარკი დიდ და ძალიან მწვანე ლაქად გამოიყურება. პარკი მდებარეობს რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე „ველურ” და ხელშეუხებელ რეგიონში – ლუჰსკში. პარკის დასავლეთი საზღვარი ემთხვევა რუსეთ-ფინეთის საზღვარს, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ოულანკის ეროვნული პარკი უერთდება. ეს არის ორი სასაზღვრო ეროვნული პარკი, რომლებიც ერთად თანაარსებობენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ტაიგის რაიონში. პაანაჯავრის ეროვნული პარკი მდებარეობს რუსეთის კარელიის რესპუბლიკის ჩრდილოეთით, ხოლო ულანკის ეროვნული პარკი ფინეთის მხარეს. პაანაჯავრის სახელი, სხვათა შორის, ფინურიდან ითარგმნება როგორც „ტბის გზა”. ტერიტორიის სამი მეოთხედი ტყითაა დაფარული.

აგვისტოს ბოლოდან შესაძლებელია ჩრდილოეთის ციალზე დაკვირვება (პოლარულ ნათებაზე), რომელსაც არაერთი ლეგენდა უკავშირდება იმ ქვეყნებში, რომლებშიც ის განსაკუთრებით ხშირია.

პარკის საზღვრები პრაქტიკულად ემთხვევა ოლანგას პარკის მთავარი მდინარის წყალშემკრები აუზისა და პარკის მარგალიტის – პაანაჯავრის ტბის საზღვრებს. პარკის პეიზაჟები უკიდურესად თვალწარმტაცია – აქ მთის მწვერვალები გამოყოფილია ღრმა ხეობებით, მრავალრიცხოვანი ტბებით, სხვადასხვა ჭაობითა და მღელვარე მდინარეებით, ციცაბო ფერდობებითა და  ხმაურიანი ჩანჩქერებით. მთის კალთები და მდინარის ხეობები დაფარულია თითქმის ხელუხლებელი ტყეებით, რომელთა შორის ჭარბობს ნაძვის ტყეები. მთაში, 400–500 მ სიმაღლეზე მათ არყის იშვიათი ტყეები ცვლის.

პაანაჯავრის ეროვნული პარკის მთავარი მიზანი იყო პაანაჯავრის ტბისა და მდინარე ოლანგას უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების შენარჩუნება და მათი გამოყენება ბუნების დაცვის, რეკრეაციული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის.

პარკში დაახლოებით 120 ტბაა, რომლებიც გამოირჩევა ღრმა, ვიწრო, კლდოვანი ნაპირებითა და სუფთა წყლებით. წყლის ზოგიერთი ნაწილი მთის მწვერვალებზეც კი მდებარეობს. ნაკადულები და მდინარეები სავსეა წყაროს წყლით.

პაანაჯავრის კიდევ ერთი სიამაყეა მთის ტუნდრა, რომელიც განვითარებულია კლდეების უზარმაზარ ადგილებში. ნიადაგის თხელი ფენა მხოლოდ არაღრმა ხეობებში გვხვდება.

მთის ტუნდრა ყველაზე სამხრეთულია ფენოსკანდიაში. მას ახასიათებს თავისებური არქტიკული მცენარეები, სპეციფიკური სახეობის შემადგენლობით. რადგან პარკში ირემი იშვიათია, პარკის ლიქენების ფენა შესანიშნავ მდგომარეობაშია.

მთების ფერდობებზე შეიმჩნევა ტყის ზონის წარმომქმნელი სახეობების ენდემური სუბარქტიკული სახეობები. შოტლანდიურ ფიჭვს ანაცვლებს ლაპლანდიის ფიჭვი, დაღმა არყი – სუბარქტიკულ არყამდე, ნაცრისფერი მურყანი – კოლას მურყნამდე. აღმოსავლეთ კალთებზე იშვიათი არ არის დროშის მსგავსი ხეები, რომელთაც ტოტები მხოლოდ დასავლეთ მხარეს აქვთ. მთის ტყეები ძალიან თავისებურია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი ტყეა ნურაუნენის მთის დასავლეთ კალთაზე.

პარკში შეგიძლიათ, ნახოთ ტაიგის ყველა მკვიდრი – მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, მელა, თეთრი კურდღელი და ყველანაირი ტყის „წვრილფეხობა” – კვერნა, ხუჭუჭა, მახინჯი, ციყვი. აგრეთვე შეხვდებით კანადის წავსა და ირემს.

აქ დაახლოებით 150 სახეობის ფრინველია გავრცელებული. ყველა ეს ფრინველი ვერ იტანს ქალაქთან ახლოს ცხოვრებას. ამიტომ, მათი ნახვა დიდი წარმატებაა მეტროპოლიის თანამედროვე მკვიდრთათვის.

პარკის დაარსებიდან ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია ბიოლოგიური მრავალფეროვნების მკაცრი დაცვა. დღეისათვის ტურიზმი ხდება ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პარკში ტურიზმის განვითარებას საფუძვლად უდევს დაცული ველური ბუნება, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. პარკის პოლიტიკა ტურისტების მიმართ გამოიხატება არა მხოლოდ მეტი ვიზიტორების მოზიდვის სურვილში, არამედ მათთვის დაგეგმილ საინტერესო და ინფორმაციულ აქტივობებში, რომლებიც არ აზიანებს ეკოსისტემებს.

ვფიქრობ, კომპლექსური დავალებისთვის რესურსად გამოდგება. დამატებითი რესურსების მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტგვერდებიდან:

https://www.alem-tour.ru/nacionalnye-parki-karelii/paanojarvi-park/;

https://snowbob.ru/ka/platya/the-paanajarvi-national-park-lake-paanajrvissss/;

https://paanajarvi-park.com/gornye-tundry/ ; https://paanajarvi-park.com/o-parke/

 

 

 

 

სამძიმრის წიგნი – ანზორი და გურამი

0

ანზორ ერქომაიშვილი და მე უკანასკნელი ორი წელია, რაც დავმეგობრდით.

თუ შეგვიძლია სიტყვა „ეპოქალური“ უბორძიკოდ და იოლად ვახსენოთ – ეს ამ ადამიანის მოღვაწეობაა. ქართული ხალხური სიმღერა თუ არსებობს – ამ კაცის მიერაა კარდაკარ ნაგროვები. ის ამ სიმღერით სუნთქავდა, ფიქრობდა, აზროვნებდა – 80 წლის ადამიანი, მოგონებები რომ ათასისა აქვს და შეუძლია ბუხართან იჯდეს წარსულისკენ მოღიმარი, ისევ მომავალს უმზერდა და დაუცხრომელ ძიებაში გახლდათ – დღეში ორჯერ მირეკავდა და ახალ მიგნებებს მიზიარებდა. საათობით ვიჯექით და პარიზიდან, ,,პატეს” არქივებში გაბნეული ქართული ჩანაწერების ჩამოტანაზე ვმსჯელობდით. ორმა ადამიანმა დამაკავშირა ქართულ ფოლკლორს ამ ძალით – პირველად ზურაბ კიკნაძემ უნივერსიტეტში და მეორედ ბატონმა ანზორმა, სულ ახლახან. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში აუცილებლად შეიქმნება მისი კუთხე, ჩემს ოთახში კი მთელი კარადა მელის არქივის – ახლა სწორედ მისი მონოგრაფიის წინასიტყვაობაზე ვმუშაობდი. ბევრი რამ არის სიმბოლური. ძალიან ბევრი. მათ შორის ისიც, რომ მის ამ ქვეყნიდან წასვლას გურიაში შევხვდი. მაგრამ ეს ჩემთვისაა მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი. თვითონ უკვე ზეცაში მიიკვლევს გზას – იქ გზად ,,ჩაკრულო” შემოხვდება. შემოხვდება და წაიღიღინებს. ეს იქნება მისი სამოთხის საშვი. სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ვერც იქნება. მე ვეცდები მისი ყველა დანაბარები შევასრულო – არ ვიცი, შევძლებ თუ არა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი – თვითონ დამეხმარება.

 

 

ეპოქალური დანაკარგების დღეებია – ერთი გიგანტური ქართველის დაკრძალვის დღეს, მეორე გიგანტური ქართველი დავკარგეთ.

გურამ დოჩანაშვილთან, უკიდურესად მოკრძალებულ ბინაში, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, თუ გინახავთ ეს საოცარი მწერალი, როგორ ასხამდა ჩაის, როგორ ჭრიდა პურს მის საყვარელ მეუღლესთან, ნათელასთან ერთად, როგორ უწყლიანდებოდა თვალები სრულიად უბრალო ამბების თხრობისას, მიხვდებოდით – ასეთი ადამიანები ბავშვობიდან კი არ მოდიან, საერთოდაც არასდროს მიდიან ბავშვობიდან.

ასეთ ბავშვებს უზარმაზარი ამბები ახლავთ ხოლმე თან – პროკლამაციის გაკვრისთვის დაჭერილი ახალგაზრდა გურამი, მოგვიანებით მოიგონებს, როგორ თათბირობდნენ მეგობრები ბინაში, მათ შორის კოსტავა და გამსახურდია; როგორ აშრობდნენ ახალდაბეჭდილ სველ ფურცლებს, როგორ დაასხდნენ უნებლიეთ და როგორ აჰყვათ შარვლებზე ფურცლები. ეს სცენა, ეს სასაცილო და ცოტა ყოფითი სცენა იყო ის მაგიური რეალიზმი, სადაც მერე დოჩანაშვილმა იცხოვრა და ბევრი გვაცხოვრა. ამ უცნაური სცენით დაიწყო ის დიდი ისტორია, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე, გურამი კი დიდ ლიტერატურამდე მიიყვანა. კაატინგები ბლომად შემოხვდა, მაგრამ ამ კაცს ლიტერატურა უყვარდა და ლიტერატურა კიდევ კაატინგებს ისედაც გულისხმობდა.

წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი. ის წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი – სწორედ გურამმა გვისახსოვრა. უბრალოდ ჩვენ ამ წამის შემჩნევამდე ვიძინებთ ხოლმე.

 

 

შეგიძლია, სახლში წახვიდე

0

2019 წელს „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტოს“ მიერ თემურ ჩხეტიანის რედაქტორობით გამოიცა ია ჯინჭარაძის მეოთხე პოეტური კრებული „შეიძლება, სახლში წავიდე, ბატონო?..“…

 

ასე დავიწყე ამ წერილის წერა ორიოდე კვირის წინ, მაგრამ ამის იქით სიტყვაც ვერ მივამატე. ვიწვალე, თავი არ დავზოგე, თუმცა – სრულიად უშედეგოდ. ასეთი რამ ძალიან იშვიათად მემართება და მიზეზი სხვადასხვაა. ამ შემთხვევაში მიზეზი სევდა იყო. სევდა, რაც კრებულის წაკითხვამ დამიტოვა. წიგნში აკუმულირებულ სევდას კი ყველაზე ფაქიზი რამ – სამშობლოს მონატრება განაპირობებს. თავიდან საკუთარ თავს შევეწინააღმდეგე, იქნებ ეს სევდა წინასწარ შექმნილი განწყობის შედეგია, რადგან ვიცი, რომ ავტორი, ქმართან და შვილებთან ერთად, უცხოეთში ცხოვრობს-მეთქი. რაღაც დროის მერე, როცა პირველმა ემოციამ გადამიარა, წიგნს ისევ მივუბრუნდი, ამჯერად შევეცადე, უფრო მახვილი თვალით, ავტორის ბიოგრაფიისგან დისტანცირებულად წამეკითხა, თუმცა შედეგი იგივე იყო. დიახ, ეს წიგნი სამშობლოს, აქ დატოვებული ძვირფასი ადამიანების თუ იმ ხალხური ზღაპრების პერსონაჟთა მონატრების წიგნია, ბავშვობიდან რომ თან გვდევს ხოლმე. ოღონდ ეს არ არის ემიგრანტული სადღეგრძელო-ლექსები.

 

პოეზია ხომ უნიკალური რამეა, თითქოს ჰერმეტული და კამერულია, თითქოს მასობრივი არ არის, სინამდვილეში კი, განურჩევლად ინტელექტისა, ადამიანის სენსუალურ-მედიტაციური რყევების რეალიზაციის უნიკალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წამიკითხავს ხანგრძლივ ფორსმაჟორულ ხათაბალაში გახვეული (მაგ: ციხეში მჯდომი) ადამიანების ლექსები. არადა, გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ადამიანების პოეზიასთან სიახლოვეს წარმოვიდგენდი კი არა, იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, წერა-კითხვა რომ იცოდნენ გამართულად. სწორედ ასეთი ფორსმაჟორული ხათაბალაა ემიგრანტობა. ნოსტალგიამოძალებული ადამიანები ლექსების წერას იწყებენ და ამაში ცუდი არაფერია. თან „ფეისბუქმა“ საქმე გაამარტივა: მკითხველიც ადვილად ხელმისაწვდომია. მაგრამ თუ პროფესიონალურ კრიტიკაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღნიშნული ტექსტებისა და მათი ავტორების სეგრეგაცია მკაცრი მხატვრული კრიტერიუმებით, ყოველგვარი კომპრომისისა და შეღავათის გარეშე, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

 

იას ეს კრებული კი, როგორც უკვე აღვნიშნე, არც – ფორმით და არც – შინაარსით, არ არის ტიპური ემიგრანტული პოეზია. ეს არის გამოკვეთილი ხელწერის მქონე პროფესიონალი პოეტის წიგნი. აქ ოსტატურად არის ვუალიზებული ნოსტალგიური სევდა. ეს სევდა იგრძნობა თითქმის ყველა ლექსში, მათ შორის ისეთებში, თემატურად სრულიად სხვა რამეს რომ ეხებიან. თუმცა წიგნში არის რამდენიმე ლექსი, სადაც ეს სათქმელი დაუფარავადაა გამოკვეთილი:

 

„ შენი მკლავები

ისეთი მსუბუქია – ფრთებივით,

შენთვის თავს იკლავენ,

რომ მოგეხვიონ და გაკოცონ,

ვიდრე ჩემი ძმები

კოცონთან ძვლებს ითბობენ,

ვზივარ და შეშლილ თმებზე

გეფერები“. („სამშობლო“).

 

ანდა:

 

„ზოგჯერ ხელებს ვშლი

და მგონია –

შენ ხარ ჩემს მკლავებს შორის

მოქცეული ქარი

და თეთრი გვირაბი,

მე რომ მირჩევნია

ყველა გატკეპნილ თოვლს,

თუ მდინარე –

აღმა გაქცეული

ადამიანების საშველად,

მათ კი ვერ გაუგეს“. („საქართველოო ლამაზო“).

 

 

ზოგჯერ ეს გრძნობა ასე უცნაურადაც კი ტრანსფორმირდება:

 

„გამიცვალე სამშობლო!

როგორც ბავშვები

უცვლიან ერთმანეთს პუდინგებს

და მოქარგულ ხელსახოცებს.

როგორ მინდა,

ამ დინგებით გადათხრილმა მიწამ

მოიხდინოს ზეთისხილის ბაღები

და ლავანდის მინდვრები“.

 

ზოგჯერ კი ასეთ ლოკალურ სახეს იღებს:

 

„ერთი სიზმრის მჯერა

ყველაზე მეტად –

როგორ მივყავარ პაპაჩემს,

ხელჩაკიდებული,

თავისი სახლის სანახავად.

დგას და დაბნეული იმეორებს –

აქ უნდა იყოს,

ამ დანგრეული

ეკლესიის გვერდით“.

 

ლექსების ლირიკულ გმირს ერთი სული აქვს, სახლის რუტინული საქმეები მოილიოს და თავის სტიქიაში გადავარდეს, თუნდაც ფანჯარა გამოაღოს და ჩიტები ათვალიეროს. თუმცა ეს ორნითოლოგიური დაინტერესება როდია, ჩიტი არის თავისუფლების სიმბოლო, რომელიც იქ გაფრინდება, სადაც მოესურვება, და რომელსაც ლირიკული გმირის ქვეცნობიერში მყარი იდიომატური („ჩიტივით თავისუფალი“) საფუძველი აქვს. ჩიტის სახე ლექსიდან ლექსში გადადის ცალკეულად თუ ჯგუფ-ჯგუფად, და ლირიკული გმირის მშვიდ ცხოვრებაში შემოჭრილი პოზიტიური აჟიოტაჟის ეფექტს ქმნის. ერთხელ ლირიკულმა გმირმა „ჩიტების ღმერთიც“ იპოვა:

 

„მე ვნახე ჩიტების ღმერთი,

ფლორენციაში,

დუომოს მოედანზე,

მოლბერტზე დახრილი

ლაბირინთს ხატავდა.

– მე ვიცი, ვინ ხარ – გავიფიქრე.

– ყველა იმას ხედავს, რაც უნდა –

თქვა თავაუღებლად,

და მხრები ოდნავ შეარხია.

არასდროს მინდოდა ღმერთობა.

აი, ხე კი ვიქნებოდი,

წყლის სინათლეში

გავწვებოდი განაკაწრივით.

განა ასე მკაცრი იქნებოდა

ცხოვრება,

ხე რომ ვიყო,

ჩიტების ხმის შემფარებელი“.

 

ლირიკული გმირის წარმოსახვაში, ჩიტების გარდა, ანგელოზებიც ლევიტირებენ საკმაო ინტენსივობით (ლექსები: „ ანგელოზი კასიონის მთიდან“, „ ჩემი ანგელოზი“, „ქვის ანგელოზი“ და სხვა.) წიგნში ასევე გვხვდება არაერთი მეტატექსტური ლექსი, ანუ ლექსი ლექსის/ლექსების შესახებ. ერთ ასე ლექსში ვკითხულობთ:

 

„ჩემი ლექსები ითარგმნება,

აი ასე – ქართულიდან ქართულად“.

 

მე კი ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ია ჯინჭარაძის ეს წიგნი, აქა-იქ მიმობნეული უცხოური ტოპონიმებისა და აქა-იქ გაელვებული უცხოელი პერსონაჟების მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე ქართული წიგნია, ამ ეპითეტის საუკეთესო გაგებით.

გაკვეთილი პარალელების ძიებაში

0

მიხა ხელაშვილის „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ და რევაზ ინანიშვილის „დედა“ –

ვინც სკოლაში მუშაობს ან ადრე ჰქონია მსგავსი გამოცდილება, დამეთანხმება, საგაკვეთილო პროცესი ყოველთვის ისე ვერ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. ხანდახან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ( ვთქვათ,  ცოტა მოსწავლეა და დაგეგმილი მასალის ახსნას აზრი არა აქვს, ან კოლეგა ავადაა და კლასების შეერთება გვიწევს, ან, სამწუხაროდ, კლასის უმეტესი ნაწილი მოუმზადებელია და დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესისათვის აუცილებლად გვჭირდება მათი მზადყოფნა და ა.შ ) მასწავლებელს უწევს იმპროვიზაცია და ასეთ დროს ყველაზე მოსახერხებელია მცირე ზომის ტექსტები, რომლებიც საშუალებას იძლევა კლასშივე წავიკითხოთ, მოვაწყოთ განხილვა, რაც შეიძლება მეტად უზრუნველვყოთ კლასის თითოეული წევრის ჩართულობა და ასეთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა თუ გამოცდილება სამომავლო მოტივაციად ვაქციოთ. მსგავსი ტიპის იმპროვიზაციული გაკვეთილი დღეს, ციფრულ ეპოქაში, მეტად შესაძლებელია, რადგან მასწავლებელთა დიდ ნაწილს ხელი მიუწვდება თუნდაც მობილურ ინტერნეტზე და ტექსტების უცებ მოძიება პრობლემა არაა.

შევეცდები ერთი ასეთი გაკვეთილის თემა მოგაწოდოთ. ვფიქრობ, იგი გამოსადეგი იქნება როგორც  საბაზო საფეხურზე, ასევე – საშუალოზე და პედაგოგი თავად შეძლებს კლასის მომზადების დონის მიხედვით გაართულოს ან გაამარტივოს ტექსტების ანალიზი.

მახსოვს ბავშვობაში განსაკუთრებულად მიყვარდა ვახტანგ კოტეტიშვილის მიერ შედგენილი კრებული „ხალხური პოეზია.“ ფოლკლორული კრებულები სხვაც გვქონდა, მაგრამ ეს, ყავისფერი, საშუალო სისქის სქელყდიანი წიგნი რაღაცით გამორჩეული იყო, ალბათ, უპირველესად, შემდგენლის გემოვნებით. ახლა ეს წიგნი აღარა მაქვს, სადღაც გაიბნა, ალბათ ვინმემ ითხოვა და არ დააბრუნა, მაგრამ მისი, როგორც ნივთის სიყვარული, დღემდე მომყვება.

აი, ამ კრებულში, როგორც მახსოვს, დასაწყისშივე დაბეჭდილი იყო მიხა ხელაშვილის „ლექსო ამოგთქომ ოხერო, “  დაბეჭდილი იყო როგორც ხალხური ნაწარმოები, თუმცა მამა გვიყვებოდა, რომ სინამდვილეში ლექსს ავტორი ჰყავდა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში იბრძოდა, საბჭოთა ხელისუფლებას ეომებოდა და მისი, როგორც ხალხისა და სახელმწიფოს მტრის ლექსების დაბეჭდვა არ შეიძლებოდა. ამ სახით აერიდა ვახტანგ კოტეტიშვილი ცენზურას, ლექსი მაინც გადაარჩინაო. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინ ქაქუცა ჩოლოყაშვილზეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდით და წითელი არმიისთვის გაწეულ წინააღმდეგობაზეც. თუმცა თავისთავად მომხიბვლელი და რომანტიკულ ელფერში გახვეული იყო ორივე სახელი, როგორც ყველაფერი აკრძალული და ანტისაბჭოთა.

ვფიქრობ, ეს ისტორია, მიხა ხელაშვილის ტრაგიკულ ბედისწერასთან ერთად, საშუალებს მისცემს მასწავლებელს გააჩინოს ინტერესი და უახლოეს ტოტალიტარულ გამოცდილებაზე გაუმახვილოს მოსწავლეებს ყურადღება, რადგან მტრების მიერ მისთვის დედის მოკვლის ამბავი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანთა უგუნურება.

მიხა ხელაშვილი ბიოგრაფია და სახელი ასევე  შესაძლებლობას იძლევა ყაჩაღობის, ტყეში გავარდნილობის მოტივებისა და კონტექსტის გასააზრებლად.  მით უფრო, რომ ფოლკლორში ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ნიმუში „არსენას ლექსი,“ რომელიც ნამდვილ პიროვნებას ეძღვნება, გვაქვს ამავე თემატიკის  მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი,“ ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“ და ბევრი და ბევრი. თუნდაც სისონა დარჩიას გმირული საქციელი რად ღირს, როცა ის დევნილი, ყაჩაღი, გავარდნილი კაცი ძმის სატირალში მაინც მიდის:

„სისონაი დარჩიაი

ნაქებია ბიჭობაში,

შევიდა და ძმა იტირა,

არ შეშინდა ამდონ ხალხში

შენ მკვდარი და მე ცოცხალი,

რაფერ გავერიო ხალხში?“

ასევე შეგვიძლია მსოფლიო გამოცდილებიდან გავახსენოთ რობინ ჰუდი, რომლის შერვუდის ტყის ზღაპრული სამყაროს შესახებ თანამედროვე ბავშვებმა, როგორც წესი, კინოფილმიდან იციან.

ვფიქრობ, ყაჩაღების სახელებს მოზარდები ისედაც ხვდებიან და აუცილებელია, იცოდნენ კონტექსტი, რა განაპირობებდა მათ რომანტიზაციას, რატომ უყვარდათ ისინი და რატომ უთანაგრძნობდნენ, უნაწილებდნენ უკანასკნელ ლუკმას, იფარებდნენ და თავიანთ თავებს საფრთხეში იგდებდნენ?

ამგვარი მცირე ბიოგრაფიულ-ეპოქალური ექსკურსის შემდეგ შეგვიძლია წავუკითხოთ თვითონ ლექსი, თუ პროექტორის საშუალებაა, გავუშვათ ეკრანზე და ანალიზისათვის ვუბიძგოთ, დაყონ ნაწილებად. მივეხმაროთ, რომ გამოყონ ოთხი ძირითადი აზრობრივი მონაკვეთი.

  1. ლექსი, მისი ამოთქმის, დატოვების ამბავი:

“ ლექსო, ამოგთქომ ოხერო,

თორო იქნება ვკვდებოდე,

და შენ კი ჩემებრ სახსოვრად,

სააქაოსა რჩებოდე.“

თუ ნასწავლი აქვთ, შეგვიძლია შევახსენოთ გურამიშვილი, რომელიც საწუთროსთან საბრძოლველად სწორედ თავის „დავითიანს“ „იღერებს“. ასევე შეიძლება გალაკტიონის მთაწმინდის მთვარეზე საუბარი ( „ … და გაჰყვება საუკუნეს თქვენგან ჩემი ქნარი );

  1. დატირების ამბავი, კითხვა, ვინ იგლოვებს მას და პასუხი, რომ ყველას გლოვა წუთისოფელივით წარმავალი იქნება:

„მეორე დღესა ისიცა სხვისა ჭირს გაალხინებსა“;

  1. დედა, როგორც ერთადერთი მარად მგლოვიარე ადამიანი:

„მე დედის გულში ვიქნები, ძილსაც არ დაიძინებსა“;

  1. შვილების დანაშაული დედისადმი:

„დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, ამიტომ წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა.“

დატირების ამბავთან დაკავშირებით, მისი მნიშვნელობის საჩვენებლად, შეგვიძლია თავად ავტორის საქციელზე გავუმახვილოთ ყურადღება, რომ მანაც, როგორც სისონა დარჩიამ, დიდი რისკის ფასად დაიტირა საყვარელი ადამიანი, ის მივიდა დედის გასვენებაში,  დაემშვიდობა  და შემდეგ მიუძღვნა საოცარი დრამატიზმითა და ჰუმანიზმით სავსე ლექსი „დედის სიკვდილზედ“, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „მტერიც არ შეხვდა მტრისფერი“ და იქვეა პატიება, პატიება თუ არა შურისძიებაზე უარის თქმა დედის მკვლელებისადმი:

„შინაურების დათოფვა,

არ ეკადრება გმირსაო!“

ლექსზე საუბრის დასასრულს აუცილებლად განსახილველია მნიშვნელობა სიტყვებისა: „ დედა არ გვახსოვს შვილებსა.“ ამის საილუსტრაციოდ კარგი იქნება „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგის წასვლა გავახსენოთ:

„ დედას გულმა ტეხა დაუწყო.

_უკან აღარ მოიხედა! _ დაიკვნესა დედამ, _ ჩემგან მიდის, თითქოს ძაფიც არ იჭერს; სხვაგან მიდის, თითქოს თოკით ეწევიანო.“

კლასის მზაობის მიხედვით შეგვიძლია ბიბლიურ მოტივებზეც ვიმსჯელოთ. ერთი მხრივ, მშობლებისგან გამოყოფასა და ცოლთან ან ქმართან შერთვაზე და მეორე მხრივ, უძღები შვილის არაკზე, სადაც მამასთან, ღმერთთან დაბრუნებაზეა საუბარი, თუმცა მისი განხილვა მშობლისა და შვილის ურთიერთობის ჭრილშიც შეიძლება.

ვფიქრობ, ლექსის ანალიზის შემდეგ, მასწავლებლის მიერ სწორი მიმართულების მიცემის საშუალებით და მოწაფეების ჩართულობით,   კლასმა უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ შვილები მარადიულად მიდიან მშობლებისაგან და ეს ერთადერთი სწორი გზაა გაზრდისა და საკუთარი თავის პოვნის, მაგრამ, ამავე დროს რჩება მარადიული გრძნობა დანაშაულისა, რადგან ვტოვებთ მათ, ვინც ცხოვრება გვაჩუქა.

მიხა ხელაშვილის ლექსის „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ ანალიზის შემდეგ მივაწოდოთ რევაზ ინანიშვილის „დედა“, რომელიც პროზაული ტექსტია, თუმცა მცირე ზომისაა და გაკვეთილზე წასაკითხად მოსახერხებელია. ეს ნაწარმოები საკმაოდ პოპულარულია თუნდაც სოციალურ ქსელებში, მაგრამ ძირითადი აქცენტი ყოველთვის დედაზეა, რომელიც რჩება სინათლით ხელში და მარადიულად უნათებს შვილს გზას. თუმცა შვილის გრძნობები, მისი დანაშაული, მისი გაქცევა დედისაგან, როგორც წესი, მიჩქმალულია ხოლმე. ამ საკითხზე არც თავად ავტორი წერს ღიად და ყველასთვის დასანახად. ისედაც მცირე ტექსტში სულ ორი მინიშნებაა:

„ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორეს მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი.“

„დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს…“

ვფიქრობ, ლექსის გაანალიზების შემდეგ მოსწავლეები უკვე სრულიად დამოუკიდებლად შეამჩნევენ ამავე დანაშაულის გრძნობას „დედაში“  და გააანალიზებენ, რომ რეზო ინანიშვილის გმირი სინამდვილეში დედასთან რომაა, მაშინაც უკვე წამოსულია მისგან, უკვე გაწყვეტილია მისი კავშირი მშობელთან, ის ეზო-ყორე მაცოცხლებელი, აუცილებელი გარემო აღარაა, მისი სახლი უკვე სადღაც სხვაგან არის და ფუსფუსი სწორედ ამ გაუცხოების დასაფარავად სჭირდება.

ამ ტიპის აღმოჩენები ტექსტში სერიოზული ლიტერატურული გამოცდილებაა. როცა  მოზარდს შეუძლია ამოხსნას და დაინახოს მინიშნებებით დახატული მარადიული სევდა, ის უკვე ჩართულია მხატვრული ლიტერატურის შეუცვლელ ველში და ვფიქრობ, ამგვარი წარმატებული გამოცდილება დაეხმარება, ჩამოყალიბდეს ნამდვილ მკითხველად და  მზად იყოს ახალი და ახალი ლიტერატურული ამოცანების ამოხსნისათვის.

 

 

 

 

 

მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის სახეები, გავლენები, შედეგები, შესაძლებლობები…

0

რა გავლენას ახდენს მოსწავლის წარმატებაზე მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა? საკმარისია კი საგნის ეფექტურად სწავლება, რომ მასწავლებელმა თავისი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს, თუ ეს უფრო ღრმა და კომპლექსური პროცესია?

მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ნამდვილად მნიშვნელოვანი და კომპლექსური საკითხია. მოდით, ვნახოთ, კონკრეტულად რა ფენომენია ის.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლის სასკოლო ცხოვრების (და არა მარტო სასკოლო ცხოვრების) ხარისხთან და წარმატებასთან. ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა კვლევის გაცნობა და გააზრება დაგვეხმარება, გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი მოსწავლის ცხოვრებაში და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამ ურთიერთობაზე. სტატიაში აღნიშნული საკითხი განხილულია სხვადასხვა კვლევასთან მიმართებაში. შევეცადე იმის ხაზგასმას, რომ ეს კომუნიკაცია მრავალმხრივია, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს და მთლიანობაში ქმნის მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენას – მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას.

აუცილებელია განვმარტოთ, კონკრეტულად რა იგულისხმება მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში. რას მოიაზრებენ სხვადასხვა მკვლევრები საკითხის შესწავლისას დადებით ურთიერთობებში და რა იგულისხმება მის ნეგატიურ ნაწილში. პოზიტიურ ურთიერთობაში მოვიაზრებთ მოსწავლის ღია, ახლო და თბილ კომუნიკაციას მასწავლებელთან, რა დროსაც პედაგოგი მოსწავლისთვის საიმედოობისა და უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს. ხოლო ნეგატიურში კი იგულისხმება კონფლიქტური, რეგულარული უთანხმოებებით სავსე ურთიერთობა და ასევე, გადაჭარბებული დამოკიდებულება მასწავლებელზე, მის დახმარებაზე (Rudasill, K.M. Turnbull, K. P. Kaufman, S. R. 2006).

მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცემა-მიღება. ის გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებისა და სწავლის ადრეულ ეტაპზე. სწორედ ამ დროს დადებითი ურთიერთობები გრძელვადიან გავლენას ახდენს ბავშვის ქცევით-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე. ამ საკითხს არაერთი კვლევა უსვამს ხაზს. ბავშვები ადრეულ ეტაპზე ეძებენ საიმედო უფროსს, რომლის მიმართაც უყალიბდებათ მიჯაჭვულობა. საიმედო მასწავლებელი კი მათთვის საიმედო გარემოსა და კონტექსტს ქმნის, რაც მასწავლებლის მიმართ მიჯაჭვულობის ფორმირებას უწყობს ხელს. მხოლოდ ამ საიმედო გარემოში შეუძლია ბავშვს თამაში, სწავლა, შემეცნება… ადრეულ ასაკში მსგავსი ურთიერთობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ბავშვს უყალიბდება ინტერპერსონალური ურთიერთობების შინაგანი მოდელი და ის განზოგადდება რწმენების სქემის სახით. აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევები, ხაზს უსვამს სოციალური კომპეტენციების მნიშვნელობას მოსწავლე-მასწავლებლის პოზიტიური ურთიერთობების დროს. ამ გამოცდილებისას შეძენილი უნარები ბავშვის ქცევის ნაწილი ხდება და ის მათ ოჯახურ გარემოშიც განაზოგადებს.

ამდენად მოსწავლე-მასწავლებლის კარგ ურთიერთობას დიდწილად განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წარმატება, მისი სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა, მოტივაცია და ქცევა. განსაკუთრებით საგრძნობია ეს იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა სასკოლო ცხოვრება მაინცდამაინც წარმატებული არაა. პედაგოგთან კარგი ურთიერთობაში მყოფ მოსწავლეებს აქვთ უკეთესი მაჩვენებლები სასკოლო მუშაობაში, ტესტების შედეგში და უფრო მოწესრიგებული არიან სწავლის ფორმალურ ნაწილსა და სასკოლო წესების დაცვაში, ვიდრე მოსწავლეები, რომლებსაც მასწავლებელთან არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება. მათ შემთხვევაში ვლინდება სასკოლო მუშაობის ჩვევების დეფიციტი და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი. პედაგოგებთან კარგ ურთიერთობაში მყოფ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ქცევითი სირთულეები და უკეთესად ურთიერთობენ თანაკლასელებთან. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კარგი ურთიერთობა ბავშვების დაბალი დონის ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულეების პრედიქტორია და გრძელვადიან პერსპექტივაში ინტერნალიზებული ქცევითი პრობლემების დამცავ ფაქტორად გვევლინება (O’Connor et al, 2011).

მოსწავლე-მასწავლებლის პოზიტიური ურთიერთობა მჭიდროდ უკავშირდება ქცევის საკითხს. ადრეული განათლების ერთ-ერთმა გრძელვადიანმა კვლევამ აჩვენა, რომ თანატოლების მიმართ აგრესიული ქცევა მკვეთრად შემცირდა იმ ბავშვებში, რომლებმაც შეიცვალეს მასწავლებელი და აღმოჩნდნენ უფრო სანდო მასწავლებელთან (სანდოში იგულისხმება ემოციური მხარდამჭერის მქონე კეთილგანწყობილი მასწავლებელი). ამის შემდეგ გაიზარდა მათი პროსოციალური ქცევა. აღნიშნულმა კვლევამ ნათლად გამოავლინა მასწავლებლის პოზიტიური ურთიერთობების გავლენა მოსწავლეების სოციალურ-ემოციურ სფეროზე, თანატოლებთან ურთიერთობის ხასიათსა და ხარისხზე.

ჩვენი აღქმები და წინასწარგანწყობები ხშირად გავლენას ახდენს სხვებთან ჩვენს კომუნიკაციასა და დამოკიდებულებებზე. ამ ურთიერთობებზე გავლენა აქვს პიროვნულ მახასიათებლებსაც. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობებზე გავლენას ახდენს ბავშვის ტემპერამენტი, პედაგოგის აღქმა და მისი მოლოდინები. რამდენიმე კვლევის მიხედვით (J.Y.Choi, J. D. Oates, 2016), კონფლიქტი უფრო ხშირია ბიჭ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს პედაგოგების მიერ გენდერისა და კონფლიქტის შესახებ აღქმებსა და წინასწარგანწყობებს.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ბიჭები უფრო არიან მიდრეკილი ექსტერნალიზებული ქცევითი სირთულეებისკენ, ვიდრე გოგონები, რომლებთანაც უმეტესად ინტერნალიზებულ ქცევით პრობლემებს ვხვდებით. ასევე, არსებობს ვარაუდები, რომ მასწავლებლებს ნაკლებად აქვთ კონფლიქტი გოგონებთან, რადგან ისინი ნაკლებად ავლენენ ქცევით პრობლემებს. თუმცა, აქვე, მკვლევრების ნაწილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმაც შესაძლოა გამოავლინონ რთული ქცევა, მათ აქვთ უნარი მასწავლებელს ასიამოვნონ (“teacher-pleasing skills”), მათთვის მისაღებად მოიქცნენ, რაც შეიძლება ხსნიდეს პედაგოგების დამოკიდებულებებსა და აღქმებში გენდერის ნიშნით არსებულ განსხვავებას. აქვე, საინტერესოა, რომ მასწავლებლების ქცევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა ბავშვის მხრიდან გამოვლენილი ცუდი ქცევით, არამედ მისი ქცევითი ისტორიით. პედაგოგები წინდაწინ მეტ გაფთხილებას აძლევენ მათ, ვისგანაც ქცევით სირთულეებს მოელიან. აქედან კი ჩანს, რომ მასწავლებლის ბავშვთან ურთიერთობაზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს წინა გამოცდილებით განპირობებულმა განწყობებმა და აღქმებმა.

რამდენიმე სხვადასხვა კვლევის მიხედვით (J.Y.Choi, J. D. Oates, 2016), მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას დიდად განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორი: რაც მაღალია მასწავლებლის დეპრესიის დონე, მით უფრო ცუდი ურთიერთობა აქვს მას მოსწავლეებთან. დეპრესიული მასწავლებელი ნაკლებად თბილ ურთიერთობაშია მოსწავლეებთან.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა მრავალი კომპონენტისგან შედგება. ის ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. ამ ურთიერთობაში თავისი როლი აქვს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც. ხშირად მასწავლებლის მიერ ინიცირებული ურთიერთობა შეიძლება განპირობებული იყოს მოსწავლის მხრიდან გამოვლენილი ინიციატივით. როგორ და რამდენად ხშირად იქნება მოსწავლე ინტერაქციის ინიციატორი, ეს დამოკიდებულია მის ტემპერამენტსა და პიროვნულ მახასიათებლებზე; ასევე, სითამამეზე. მორცხვი, გულჩათხრობილი ბავშვები ნაკლებად იჩენენ მასწავლებელთან ურთიერთობის ინიციატივას. თუმცა მორცხვი ბავშვები კონფლიქტურ ურთიერთობაშიც არ არიან მასწავლებლებთან, მაშინ, როდესაც, მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად აკონტროლებენ თავიანთ ქცევას, ხშირად ეხვევიან კონფლიქტურ სიტუაციებში. ასეთ შემთხვევებში ურთიერთობების ინიციატორი მასწავლებელია, თუმცა, ის ძირითადად, კონტროლის ხასიათს ატარებს და პოზიტიურ ჭრილში ვერ განიხილება. ბავშვები კი, რომლებიც გამოირჩევიან მტკიცე ხასიათით, უფრო ახლო ურთიერთობაში არიან მასწავლებელთან.

როგორც ვხედავთ, პედაგოგისა და ბავშვის ურთიერთობა ერთდროულად სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება და მასწავლებლის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებას მოითხოვს. რა შეიძლება გააკეთონ მასწავლებლებმა იმისათვის, რომ ამ კომუნიკაციის დროს ყველა ფაქტორი გაითვალისწინონ, მათმა ურთიერთობამ მოსწავლეებთან შეინარჩუნოს პოზიტიური ხასიათი და მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და ქცევაზე.

  • მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს ბავშვის განვითარების ეტაპებს, ტემპერამენტის ტიპებსა და პიროვნულ მახასიათებლებს;
  • რეფლექსია ეხმარება მასწავლებელს, გააანალიზოს, რატომ ახორციელებს ამა თუ იმ ქცევას მოსწავლე ან რატომ იქცევა თავად პედაგოგი ისე, როგორც იქცევა. ამ დროს, მან შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო დეტალები აღმოაჩინოს და თავისი ქცევა ამ აღმოჩენის შესაბამისად შეცვალოს;
  • მასწავლებელი ყურადღებიანი დამკვირვებელი უნდა იყოს, რაც დაეხმარება მას, განსაზღვროს მოსწავლის ტემპერამენტი, შეაფასოს მისი ქცევა. ეს პედაგოგს ეხმარება, სპონტანური და იმპულსური პასუხების ნაცვლად, ქცევა დაკვირვების შედეგად მიღებულ ცოდნას დაუქვემდებაროს. მაგ. ბავშვის მხრიდან გამოვლენილი რთული ქცევის დროს მიმართოს გზებს, რომლებიც დაეხმარება მას ამ ქცევის ახსნაში, შემთხვევის გაანალიზებასა და მის პოზიტიურად გადაწყვეტაში;
  • ბავშვის რთული ქცევა, ან დაბალი აკადემიური შედეგი არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი მასწავლებელი ხართ და თავს ვერ ართმევთ თქვენს საქმეს. ნუ მიიღებთ ამას პიროვნულ შეურაცხყოფად და დამცირებად. საქმიანად შეხედეთ. მიიღეთ ეს, როგორც გამოწვევა, როგორც სამუშაო საკითხი და ინფორმაცია, რომლის მიზეზებიც და მიზნებიც უნდა აღმოაჩინოთ და მოსწავლეს საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმაროთ;
  • მასწავლებელი უნდა იყოს პროაქტიული. სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს ყოველთვის, და არა მხოლოდ მაშინ, როცა ურთიერთობა რთულდება. ეს მოსწავლეებს ეხმარება, გააცნობიერონ თავიანთი და სხვისი ემოციები და ქცევები და იმოქმედონ ამ ცოდნის შესაბამისად;
  • შექმენით სწავლისთვის სასიამოვნო სასწავლო გარემო. თუ შეცდომის დროს მოსწავლე დაინახავს, რომ თქვენ სწორედ ამას ელოდით; თუ თქვენ ვერ დაინახავთ მასში წინსვლის პოტენციალს და მასაც აგრძნობინეთ ამას, მაშინ მისგან მომავალში დიდ წარმატებას ნუ დაელოდებით. დაანახეთ მას, რომ მხოლოდ კარგს ელოდებით მისგან და შეცდომა ტრაგედია არაა;
  • მხარი დაუჭირეთ ყველა ბავშვს, მიუხედავად წარსულში მისი ქცევებისა;
  • შექმენით გარემო, სადაც კითხვები და პასუხები, თუნდაც მცდარი, მისაღებია;
  • ნუ იყოლიებთ ფავორიტებს;
  • ქცევა შეაფასეთ პოზიტიური კომენტარებით. მასწავლებლები ცუდ ქცევას უფრო ხშირად აღნიშნავენ, კარგი კი შეფასების გარეშე რჩება. მოსწავლეს სჭირდება თქვენი შეფასება მაშინაც, როცა კარგად იქცევა. სწორედ ამ დროს იზრდება მოტივაცია, რომ მომავალში უკეთ მოიქცეს;
  • იყავით ენთუზიასტი სწავლების პროცესში. უნდა ჩანდეს, რომ თქვენ გაინტერესებს ის, რასაც ასწავლის;
  • აჩვენეთ მოსწავლეს, რომ თქვენ არა მარტო ასწავლით მას, არამედ ზრუნავთ კიდეც მასზე;
  • თავი აარიდეთ მუქარასა და დასჯას. რთული ქცევის დროს გამოიყენეთ წინასწარ შერჩეული სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ სპონტანურ და აფექტურ რეაგირებებს. წინასწარ იცოდეთ, როგორ მოიქცევით რთული შემთხვევების დროს.

სტატიაში მიმოხილული ინფორმაცია, იმედია, დაეხმარება მასწავლებლებს მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. თუ მასწავლებელი გააცნობიერებს რამდენად დიდ გავლენას ახდენს მისი და მოსწავლის ურთიერთობა ბავშვის ცხოვრებაზე, ის მოძებნის საკუთარ თავში ძალას, გამოცდილება და ცოდნა კი სტრატეგიის შერცევაში დაეხმარება და ამგვარად შეძლებს მოსწავლესთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას, რომელიც მას საუკეთესო თვისებების გაღვივებაში დაეხმარება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Rudasill, K. M. at all. (2020 ). Promoting Higher Quality Teacher-Child Relationships: The INSIGHTS Intervention in Rural Scholls. International Jounral of Envirnomnetal Research and Public Health

file:///C:/Users/emis/Desktop/article/ijerph-17-09371.pdf (18.03.21)

Choi, J. Y., Oates, J., D. (2016). Teacher-Child Relationships: Contribution of Teacher and Child Characteristics. Journal of Research in Childhood Education

file:///C:/Users/emis/Downloads/2016ChoiDobbs-Oates%20(1).pdf (18.03.21)

Koles, B., O’connor, E.E., Collins. B. A. (2013). Associations Between Child and Teacher

Charactaristicns and Quality of Teacher-Child Relationships. Case of Hungary. European Early

Childhood Education Research Journal

file:///C:/Users/emis/Desktop/article/Associations_between_Child_and_Teacher_C.pdf (18.03.21)

O’ Conner, E., E. Dearing, E., Collins, B., A. (2011). Teacher-Child Relationship Trajectories: Predictors of behavior problem Trajectories and Mediators of Child and Family Factors. American Educational Reaserch Journal

file:///C:/Users/emis/Desktop/article/oconnor_dearing_collins_AERJ_2011.pdf (18.03.21)

Rudasill, K., M. (2011). Child Temperament, Teacher-Child interactions and Teacher-Child relationships: A Longitudinal Investigation from First to Third Grade. Early Childhood Research Quarterly

file:///C:/Users/emis/Desktop/Child_temperament_teacher-child_interactions_and_t.pdf (18.03.21)

Rudasill, K., M. Turnbull, K., P. Kaufman, S., R. (2006). Temperament and Language Skills as Predictors of Teacher-Child Relationship Qualiy in Preschool. Early Education and Development

file:///C:/Users/emis/Desktop/Temperament_and_Language_Skills_as_Predictors_of_T.pdf (18.03.21)

Flannery, D. Vazsonyi, A., T. (2002). The Role of aggression and social competence in Children’s perception of The Child-Teacher Relationship. Psychology in The Schools

file:///C:/Users/emis/Downloads/Flannery_2002_Theroleofaggressionandsocialcompetence.pdf (18.03.21)

Kesner, J., E. (2000). Teacher Characteristics and the Quelity of Child Teacher Relationship. Journal of School  Psychology

file:///C:/Users/emis/Desktop/article/Teacher_Characteristics_and_the_Quality.pdf (18.03.21)

Birch, S.,H. Ladd, G., W. (1997). The Teacher-Child Relationship and Children’s Early School Adjustment. Journal of School Psychology

file:///C:/Users/emis/Downloads/The_teacher_child_relationship_and_child.pdf (18.03.21)

Claire, C.,H. Hamilton, E. Matheson, C., C. (1994). Children’s Relationship with Peers: Differential

Associations with Aspects of the Teacher-Child Relationship. Child Developmet,.

https://www.jstor.org/stable/1131379?seq=1#metadata_info_tab_contents (18.03.21) (წვდომა ელ.ვერსიაზე მხოლოდ საუნივერსიტეტო მეილით).

 

 

 

მოცულობითი ტექსტები და კომპლექსური დავალებები

0

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ ჩვენს სკოლებში ამ ეტაპზე მხოლოდ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ინერგება. გაისად მას საშუალო საფეხურიც ეზიარება, 2024 წლისთვის კი სრულად დაფარავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს.

ჩვენი კოლეგები ხშირად გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე განხორციელებულ კომპლექსურ დავალებებს უხვად გვიზიარებენ, საშუალო საფეხურის მასალები კი არ მოგვეპოვება. ვფიქრობ, სანამ პროექტი საშუალო საფეხურზეც ოფიციალურად შემოვა, შეგვიძლია საბაზო საფეხურის სამიზნე ცნებებით ვიხელმძღვანელოთ და მაღალ კლასებშიც შევთავაზოთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალებები. სტატიაში გაგიზიარებთ ჩემს მოკრძალებულ გამოცდილებას ამ მიმართულებით.

მეათე კლასში ვსწავლობთ ძველ ქართულ ტექსტებს, მათ შორის, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანსაც“. სანამ უშუალოდ ტექსტის კითხვას დავიწყებდით, მოვიფიქრე რამდენიმე კომპლექსური დავალება, რომელთაგან თითოეული უნდა შესრულდეს გარკვეული თავების მიხედვით, მთელი პოემის ტექსტის შესწავლის განმავლობაში ვმუშაობთ მხოლოდ ერთ დავალებაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში გაწერილია ყველა დავალება, რომლებსაც ამ ტექსტის ფარგლებში ვამუშავებთ. პირველ სვეტში მოცემულია კომპლექსური დავალებები, მეორეში – სამიზნე ცნებები, რომლებიც იფარება ამ დავალებების ფარგლებში, მესამე სვეტში კი – საკითხები, რომლებიც მუშავდება ამა თუ იმ კომპლექსური დავალების საშუალებით. საინტერესოა, რომ შევარჩიე ისეთი დავალებები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავიდეთ შვიდსავე სამიზნე ცნებასა და მათ მკვიდრ წარმოდგენებზე (როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშუალო საფეხურზე ჯერჯერობით ვსარგებლობთ საბაზო საფეხურის სამიზნე ცნებებით).

კომპლექსურ დავალებებს მოსწავლეებს ვაცნობ ელექტრონული ფორმით (საპრეზენტაციო პროგრამა Sway), სადაც ერთ სივრცეშია მოქცეული დავალების პირობა, კრიტერიუმები, აგრეთვე, ძირითადი და დამატებითი რესურსები.

 

ცხრილში მოცემულ კომპლექსურ დავალებათაგან მოსწავლეებმა ამ ეტაპისთვის წარმოადგინეს პირველი ოთხის პრეზენტაცია. რაც შეეხება მეშვიდე დავალებას, პერსონაჟის ფეისბუქპროფილს, მასზე მუშაობა დავიწყეთ ტექსტზე მუშაობის დაწყებისთანავე, ხოლო დავასრულებთ მაშინ, როცა მის კითხვას მოვრჩებით.

პირველი კომპლექსური დავალება წარმოსახვითი ინტერვიუ როსტევან მეფესთან  https://sway.office.com/IL3Ppoo82TspFQAm

 

მოსწავლის ნამუშევარი

თქვენო უდიდებულესობავ, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და დამთანხმდით ინტერვიუზე! როსტევან მეფევ, რამდენიმე დღის წინ თქვენ მიიღეთ არაბეთის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება – სამეფო ტახტზე დასვით ქალი, თანაც, თქვენსავე სიცოცხლეში. თუ შეიძლება გვითხარით, რა იყო ამის მოტივი?

პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისთვის! მინდა, ყველასთვის გასაგები იყოს, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ თინათინი ჩემი ერთადერთი შვილია. შესაბამისად, სამეფო ტახტიც კანონიერად მას ეკუთვნის. ვინაიდან აქამდე ხელმწიფედ ქალი არასდროს ყოფილა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ თავი წამოეყოთ ხელისუფლებას დახარბებულ დიდგვაროვნებს და თინათინისთვის პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, მოვხუცდი, „სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელი“ და ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში ვარ. სანამ ცოცხალი ვარ, თვალს მივადევნებ თინათინის მეფობას. მისი ახალგაზრდული ენერგია და ჩემი გამოცდილება ერთმანეთს შეავსებს, ბევრს ისწავლის ჩემგან და მომავალში ქვეყნის მართვა არ გაუჭირდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თინათინს აქვს ყველა ის თვისება, რომლებიც ძლიერ ხელისუფალს სჭირდება. გეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა ქალის მეფობა, მაგრამ ეს არ არის მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევა. გავიხსენოთ საქართველოს მეფე თამარი, რომელიც, ასევე, სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა და მამამისმა თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. თამარი ძლიერი და ძალიან წარმატებული მეფეა. ასე რომ, სქესს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ხელისუფალი იყოს ჭკვიანი და გონივრულად მართავდეს ქვეყანას.

– თქვენო უდიდებულესობავ, თინათინის თვისებები ახსენეთ. დაგვიხასიათეთ, როგორია თქვენი ასული. როგორ ფიქრობთ, რომელი თვისებებით გგავთ და რომელი თვისებები დაეხმარება ახალგაზრდა მეფეს ქვეყნის მართვაში?

თინათინი არაჩვეულებრივი ადამიანია: ჭკვიანი, უხვი, თავმდაბალი, ყურადღებიანი. ყოველთვის დამჯერი შვილი იყო. ბავშვობიდან ვასწავლიდი, რომ ხელგაშლილი ყოფილიყო. უზომოდ მახარებს, რომ გამეფების ცერემონიალზე მთლიანად გასცა უფლისწულობისას დაგროვილი ქონება. ამ თვისებით მე დამემსგავსა. ვფიქრობ, სიუხვე მეფისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მოგეხსენებათ, „უხვი ახსნილსაც დააბამს“. თუ გასცემ, აუცილებლად გემორჩილებიან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თინათინს აქვს პრობლემის გადაჭრის საოცარი უნარი. როცა უცხო მოყმე გაუჩინარდა და ვერსად მივაგენით, სწორედ ჩემმა ქალიშვილმა დამარწმუნა, რომ უაზრო სასოწარკვეთაში ჩავარდნას საქმის მოგვარება სჯობია და, მისივე რჩევით, ყველგან გავგზავნე ჩემი კაცები უცხო მოყმის საძებრად. გარდა ამისა, ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია. მთელმა არაბეთმა ნახა, როგორ ტიროდა გამეფების ცერემონიალზე, რადგან „მამისა ტახტზე საჯდომად თავი არ ეღირსებოდა“.

– როსტევან მეფევ, რამდენადაც ვიცი, თინათინის გამეფების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიგიღიათ?

რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებდი. მთელი არაბეთი მიცნობს, როგორც სამართლიან, დემოკრატ მეფეს. გავმართე თათბირი ვეზირებთან, ავუხსენი ჩემი გადაწყვეტილების მოტივები. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ თინათინის „შუქთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია“ და რომ, ქალობის მიუხედავად, როგორც ხელმწიფის შვილს, სამართლიანად ერგება სამეფო ტახტი.

            – მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე არაბეთში მშვიდობაა, მაგრამ საფრთხის ქვეშ რომ დადგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საჭირო გახდეს საომარი მოქმედებების განხორციელება, თქვენი აზრით, ქალი მეფე შეძლებს ჯარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მითითებების გაცემას?

არაბეთს ჰყავს მრავალრიცხოვანი, კარგად გაწვრთნილი ჯარი და უძლიერესი სპასპეტი ავთანდილის სახით. სწორედ მისი პროფესიონალიზმი, საომარი ტაქტიკის სიღრმისეული ფლობა და თინათინის გონიერება მიმაჩნია არაბეთის ძლევამოსილი სახელმწიფოს ძლიერებისა და ერთიანობის გარანტად.

– და ბოლო შეკითხვა: რას უსურვებდით ახალგაზრდა მეფესა და არაბ ერს?

– თინათინს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მოთმინებას, ჩემს ხალხს – მშვიდობას, კეთილდღეობასა და აღმშენებლობას!

– თქვენო უდიდებულესობავ, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის!

მეორე კომპლექსური დავალება – ავთანდილის წერილი შერმადინს https://sway.office.com/ZCSVrGYhpVgX79SD

 

მოსწავლის ნამუშევარი

გამარჯობა, შერმადინ, ჩემო ერთგულო და ჩემთვის თავდადებულო!

როგორ ხარ, ჩემო კარგო ადამიანო? როგორ მრცხვენოდა, პირველად რომ გაგანდე ჩემი ხვაშიადი – თინათინისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული. სულ მახსოვს, როგორ იღვრებოდი ცრემლად, როცა გაუწყე უცხო მოყმის მოსაძებნად წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. როგორ მთხოვდი გაყოლას. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მზად იყავი ჩემდამი ერთგულებისა და თავდადების დასამტკიცებლად.

ჩემო მეგობარო, ჩემო გაზრდილო და ჩემთან თანაშეზრდილო, სხვას ვერავის ვანდობდი ჩემს ქალაქს, ყმებსა და ლაშქარს. ამ მხრივ მშვიდად ვარ. ვიცი, რომ იზრუნებ ჩემს ყმებზე და ჩემს სამფლობელოს უვნებელს დამახვედრებ.

საგონებელში ჩავვარდი. ნათქვამია: „ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“. მართლაც, გატეხილ სახელს ვერაფერი აღადგენს. აუგიან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. ხელმოცარული როგორ დავბრუნდე, თინათინს თვალებში როგორ შევხედო? მაგრამ სამი წელიწადიც რომ ამოიწურება? არ ვიცი, როგორ მოვიქცე!

გუშინწინ შემთხვევით გადავეყარე ვაჭარს, რომელიც ამ დღეებში არაბეთის გავლით სავაჭროდ გამგზავრებას გეგმავს. ამ წერილს მას გამოვატან. ასე მითხრა, არაბეთში სულ ერთ საათს დავყოფო. ამიტომაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი წერილი შენამდე მოაღწევს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სანამ ეს ვაჭარი არაბეთში მოხვდება, ამასობაში სამი წელიც შესრულდეს, მკვდრად ჩამთვალო და გლოვა გამოაცხადო.

მოკლედ, ძალიან დავიბენი, ჩემო შერმადინ, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. მოხდეს, რაც მოსახდენია.

გემშვიდობები, ჩემო უერთგულესო მეგობარო – უცხო მოყმის ნახვის, არაბეთში დაბრუნებისა და თინათინთან და შენთან შეხვედრის იმედით!

დიდი სიყვარულით, შენი ავთანდილი

12 აპრილი, 1187 წელი

 P.S. ეს-ესაა ვიპოვე უცხო მოყმის სამყოფელი. პირადად ჯერ არ მინახავს. მეტს ვერაფერს გწერ. მაპატიე! მთავარია, იცი, რომ ცოცხალი ვარ და მალე დავბრუნდები. გთხოვ, თინათინს შეატყობინე!

 

მესამე კომპლექსური დავალება რეპორტაჟი ინდოეთიდან – ხვარაზმელი უფლისწულის მკვლელობის ადგილიდან  https://sway.office.com/Qf9ALiDpYxjuLCYi

რეპორტაჟი გახლდათ ჯგუფური სამუშაო. დავალების ფორმატი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მოსწავლეთათვის, პანდემიის მიუხედავად, შემეთავაზებინა ჯგუფური დავალება, ვინაიდან, ძირითადად, ღია სივრცეში უწევდათ ჩაწერა. ჰყავდათ წამყვანები საინფორმაციო გადაცემების სტუდიაში, ჩართეს ჟურნალისტები შემთხვევის ადგილიდან და თვითმხილველებთან ინტერვიუებიც ჩაწერეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ დამატებით ბეჭდური რეპორტაჟიც წარმოადგინა.

მოსწავლის ნამუშევარი

მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფარსადან მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დატრიალდა საზარელი მკვლელობა. მოკლულია ხვარაზმშას სახელმწიფოს უფლისწული, რომელიც, ინდოეთის მეფის მოწვევით, წუხელ ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და, მეფის ბრძანებით, სპეციალურად მისთვის გაშლილ კარავში მოსასვენებლად იმყოფებოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გახლავთ ინდოეთის ჯარების ამირბარი, სარიდან მეფის ძე, ფარსადან მეფის შვილობილი, ტარიელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი გახლდათ ნესტან-დარეჯანის სიყვარული. სწორედ ნესტანის დავალებით მოკლა ტარიელმა ხვარაზმელი სასიძო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირბარმა დახოცა მდევრებიც. თვითონ მიმალვა არც უცდია. ამჟამად მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფება. როგორც მაცნობებენ, ამ წუთებში სახლი სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული და რამდენიმე წუთში დაიწყება ამირბარის აყვანის სპეცოპერაცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ მეფე ფარსადანმა ამირბარ ტარიელისა და დიდებულთა მონაწილეობით გამართა თათბირი, რომელზეც განიხილეს ნესტან-დარეჯანის გათხოვების საკითხი. აღნიშნულ თათბირზე ნესტანის საქმროდ შეირჩა ხვარაზმშას მეფის ძე. სწორედ საქორწილოდ ჩამობრძანდა ინდოეთში ხვარაზმელი უფლისწული, რომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ტარიელს, სავარაუდოდ, აყვანისთანავე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტოში ჩანიშნულია ბრიფინგი. სულ მალე ჩვენ ამ ბრიფინგიდან ჩაგერთვებით და საქმის შესახებ უახლეს ინფორმაციას მოგაწვდით.

 

მეოთხე კომპლექსური დავალებაღირებულებათა სქემა/გერბი და საჯარო გამოსვლა თემაზე „ღირებულებები წინათ და ახლა“ https://sway.office.com/OuQ6KULEUAsawg61

მოსწავლის ნამუშევარი

 

კომპლექსური დავალება – პერსონაჟის ფეისბუქპროფილი https://sway.office.com/9PQ9mlRhOopksBUv

როგორც უკვე აღვნიშნე, პერსონაჟის ფეისბუქპროფილზე მუშაობა გრძელდება მთელ ტექსტზე მუშაობის განმავლობაში. მოსწავლეები თავიანთი პერსონაჟების პროფილებზე ძალიან აქტიურობენ. ამ გამოცდილებას ვირტუალური როლური თამაშის დასრულების შემდეგ ცალკე სტატიაში შემოგთავაზებთ.

„ახალი სკოლის მოდელით“ სწავლებას ბევრი სიკეთე მოაქვს: აღძრავს მოსწავლის ინტერესს, არის ცოდნათა ურთიერთდაკავშირების ანუ მათი კომპლექსურად გამოყენების საშუალება, უვითარებს მოსწავლეს შემოქმედებით უნარებს, სიღმისეულად ააზრებინებს საკითხს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მოსწავლე ხდება სასწავლო პროცესის სუბიექტი – სწავლობს კეთებით, ხოლო ის, რასაც კეთებით ვსწავლობთ, მოგეხსენებათ, მარტივად და ხანგრძლივად გვამახსოვრდება.

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ მოსწავლეებთან – როგორია თქვენთვის კარგი სკოლა

0

დავიწყებ ჩემი მოსწავლეობის დროინდელი ისტორიით:

მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა ბიოლოგიის ოლიმპიადის მესამე ტურში გავედი და 10 მაქსიმალური ქულიდან მხოლოდ სამი ავიღე. ძალიან შემრცხვა ჩემი ბიოლოგიის მასწავლებლის, რომელიც ორი წელი მიღებდა საკუთარი სახლის კარს და მისი ოჯახის ყველა წევრი ყოველთვის სიხარულით, სითბოთი სავსე თვალებით მხვდებოდა. ალბათ მიხვდებით რამდენად მერიდებოდა მასწავლებელთან მისვლა. ორი გაკვეთილი გავაცდინე, მესამე გაკვეთილზე ძალით მივათრევდი თავს. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ამეწია თავი. ალბათ ეს სახეზეც მეტყობოდა. მივედი და მასწავლებელთან ერთად დამხვდა მისი მეუღლე, რომელიც იმ წუთას ჩემი „გადამრჩენი“ აღმოჩნდა. ასეთი წინადადება მითხრა: „რას ნერვიულობ, არ არსებობს ცუდი მოსწავლე. არსებობს ცუდი მასწავლებელი (თუმცა ჩემი ყველა მასწავლებელი საუკეთესო იყო). ალბათ კარგად ვერ გასწავლა და შენც ვერ დაწერე“. ამ დროს უბედნიერესი ვიყავი. გავთავისუფლდი სინდისის ქენჯნისგან. დავიჯერე, რომ მასწავლებლის ბრალი იყო ყველაფერი.

უკვე თექვსმეტი წელია მასწავლებელი ვარ და ეს სიტყვები დღეში იმდენჯერ მახსენდება, რამდენჯერაც ჩემს მოსწავლეს რაღაც კარგად არ გამოუვა. ამ დროს ყურში ჩამესმის: „არ არსებობს ცუდი მოსწავლე“. ფაქტობრივად ეს უდიდესი გამოწვევაა და მოსწავლისთვის შენიშვნისა და საყვედურის თქმის ნაცვლად იმაზე ვიწყებ ფიქრს, რა ვერ გავაკეთე სწორად, რა შევცვალო. ეს მეხმარება პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში.

ახალგაზრდების მოსმენა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უდავოა. ძალიან ხშირად ვთხოვ მათ ჩემი შრომის შეფასებას, ზოგი თავისუფლად გამოხატავს აზრს, რამდენიმე თავს იკავებს ხოლმე. ამ სტატიის მომზადებისას მოსწავლეებს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი და მინდა მათი ნააზრევი თქვენამდე მოვიტანო (ანონიმურად დარჩენა არჩიეს).

  1. როგორი წარმოგედგინა სკოლა აქ მოსვლამდე?

– ჩემს თანატოლებთან ურთიერთობის აწყობა გამიჭირდებოდა, რადგან სერიოზული დამოკიდებულება მქონდა მათგან განსხვავებით (სათამაშო სივრცედ არ წარმომედგინა);

– სკოლის შესახებ გარკვეული წარმოდგენები ბაღში უკვე შემიქმნეს, ამიტომ წინასწარ რამე განსაკუთრებულს არ წარმოვიდგენდი;

– ეს 11 წლის წინ იყო და არც კი მახსოვს.

  1. გამართლდა მოლოდინი?

– მოლოდინები გამართლდა, მაგრამ განსხვავებულობა შევინარჩუნე;

–  უფრო რთული მეგონა, ვიდრე იყო, პირველი რამდენიმე კლასი მაინც. უფრო მხიარული იყო, თუმცა ჩემს შემთხვევაში პირველი დღეებიც განსხვავებული იყო და მრავალი უსიამოვნებით სავსე. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ გამართლდა.

  1. სკოლის როგორი მოდელია შენთვის იდეალური?

– მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობა. სკოლა, სადაც მასწავლებელი მყვირალა პერსონა არ იქნება;

– ჩემი აზრით, ის საკითხები, რომელთა ცოდნაც ყველასთვის აუცილებელია, გარკვეული დოზით სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. საშუალო საფეხურზე კი უნდა ისწავლებოდეს არჩევითი საგნები. დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს დისციპლინას. სასწავლო გარემო ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად სახალისო უნდა იყოს;

– ჩემი აზრით, მოსწავლისთვის ამ კითხვის დასმა ცოტა აბსურდულია, რადგან ყველას პასუხი საკუთარ „მეზეა“ მორგებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თითოეულს არ უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. აუცილებელია, რომ ძირითადი საგნების გარდა, იყოს დამატებითი წრეები და კლუბები, რომლებზეც ბევრ მოსწავლეს მიუწვდება ხელი. არაფორმალური განათლების მხრივ ბევრი რამ არის დასანერგი. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც თითოეული ადამიანი საკუთარი ინტერესების მიხედვით განვითარებას შეძლებს.

  1. როგორია შენს წარმოდგენაში კარგი მასწავლებელი?

– მასწავლებელი, რომელიც ვითარდება და ერთ დროს უკვე მიღებული, ფიქსირებული ცოდნით არ შემოიფარგლება;

– კარგი მასწავლებელი ჩემთვის პირველ რიგში განათლებულ ადამიანთან ასოცირდება. როგორც პიროვნება, ის უნდა იყოს გამგები და ტოლერანტი. ამავდროულად შეეძლოს ყველა მოსწავლეს თავისებურად მიუდგეს, კარგი ურთიერთობა დაამყაროს მათთან;

– კარგი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს საქმის პროფესიონალი. საგნის კარგად ცოდნის გარდა, აუცილებელია, იცოდეს ბავშვის ფსიქოლოგია და მასთან სწორი ურთიერთობის დამყარება შეძლოს. ითვალისწინებდეს ბავშვების აზრს და მათთან ერთად იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ღია უნდა იყოს ახალი შემოთავაზებებისთვის და მუდმივად ცდილობდეს განვითარდეს. არ მიაჩნდეს, რომ ყველაფერი იცის და უშეცდომოა, რადგან არავინაა უშეცდომო. რაც მთავარია, უნდა შეეძლოს უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული მოსწავლისთვის, რათა მათ საკუთარი აზრის გამოხატვა შეძლონ.

  1. რას ურჩევდი შენს მასწავლებლებს?

– არ განასხვავონ ბავშვები აკადემიური მოსწრების მიხედვით, არ იყვნენ ტოქსიკური მოსწავლეებთან ურთიერთობაში;

– ვურჩევდი, რომ ხშირად შესულიყვნენ მოსწავლის მდგომარეობაში. სკოლა, ჩემი აზრით, არაა ადგილი, სადაც მხოლოდ მატერიალური განათლება უნდა მიიღონ, ბავშვის აღზრდა ჯერ ოჯახში და შემდეგ სკოლაში ხდება;

– როგორც ყველა მოსწავლე, ისე მასწავლებლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. ზოგი მზად არის მოუსმინონ ბავშვს, ზოგი – არა. ზოგი მასწავლებელი შედის მოსწავლის მდგომარეობაში, ზოგიც – არა. ვიცი, რთულია ყველა მოსწავლე ერთნაირად დააინტერესო, თუმცა ცდად მაინც ღირს. ჩემი ბევრი მასწავლებელი ცდილობს, რუტინული გაკვეთილები უფრო საინტერესო გახადოს და მიუხედავად იმისა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვყავარ, ამ იდეებს მაინც მივესალმები. ჩემი რჩევა იქნება ეცადონ, მოსწავლეები ერთმანეთს არ შეადარონ. რთულია, მაგრამ ინდივიდუალური უკუკავშირი აუცილებელია, რათა მოსწავლემ საკუთარ ძლიერსა და სუსტ მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება და არა ზოგადზე.

  1. სწავლების რომელ მოდელს ანიჭებ უპირატესობას – დისტანციურს თუ პირისპირ სწავლებას? რატომ?

– ადრეულ ასაკის მოსწავლისთვის უპირატესობას ვანიჭებ საკლასო სივრცეში სწავლებას, რადგან ვფიქრობ, ამ ასაკში მოსწავლემ სწავლის, წესრიგის ჩვევა უნდა გამოიმუშაოს, ხოლო მაღალი კლასის მოსწავლისთვის პრიორიტეტულია ონლაინსწავლება;

– პირადად მე, დისტანციური სწავლება მომწონს, რადგან უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ვფიქრობ, სწავლის ხარისხიც უფრო მაღალია;

– პირისპირ სწავლებას ვამჯობინებდი, რადგან გარემო უფრო ოფიციალურია და კონცენტრირებაში მეხმარება. ამას გარდა, ცოცხალი ურთიერთობები უფრო მიზიდავს. თუმცა ამჯერად დისტანციურ სწავლებაზე ვარ. სუბიექტური მიზეზების გამო ეს მოდელი ავირჩიე. ისეთ მოსწავლეებთან ვარ, სადაც კონკურენტული გარემოა და სხვადასხვა უნარის განვითარებისთვის კლასგარეშე აქტივობებს მეტ დროს ვუთმობ. თუ მოსწავლეს აქვს რესურსი და მონდომება, ჩემი აზრით, ორივე მოდელის ფარგლებში შეძლებს სწავლას.

  1. როგორ გეხმარება თანამედროვე ქართული სკოლა მოქალაქედ ჩამოყალიბებაში?

– ვფიქრობ, ნაწილობრივ მეხმარება, რადგან დროის უმეტესი ნაწილი შემაჯამებლებში გადის. შეიძლება ითქვას, რომ თეორიული ცოდნის შემოწმება კარგია, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზეა პრაქტიკული სამუშაოების კეთება;

– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი რამ დასახვეწია, ჩვენს მოქალაქედ ჩამოყალიბებაში ქართული სკოლები გადამწყვეტ როლს თამაშობს;

– ჩემი აზრით, არ ეხმარება. დიახ, შესაძლოა ცოდნას ზოგადად აწვდიდეს კონკრეტული საკითხების შესახებ, რომელთა ცოდნაც ხშირად საერთოდაც არ არის აუცილებელი, მაგრამ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება სჭირდება. აქ არ ვგულისხმობ ჯგუფურ სამუშაოებს, რომლებშიც მხოლოდ ორი მოსწავლე აკეთებს დავალებას; ან კონკურსებს, სადაც ბავშვებს მათი სურვილის მიუხედავად წერენ. არამედ აქტივობები, რომლებიც სწორედ მოსწავლეების სურვილის საფუძველზე იქმნება და მათში მონაწილეობის მიღების სურვილი და მოტივაციაც უფრო მაღალია.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...