კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობა და მეგობრობა

0

ნებისმიერ მშობელს სურს, მის შვილს ჰყავდეს მეგობრები და კარგად გრძნობდეს თავს მათ წრეში. მშობლისთვის სასიამოვნოა იმის ყურება, როგორი გატაცებით თამაშობს ბავშვი სხვა ბავშვებთან ერთად. კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა მისი შვილი პოპულარულია თანატოლებს შორის. და პირიქით – მას ძალიან სწყინს, თუ მის პატარას გაურბიან სხვა ბავშვები და ის მარტოსულად გრძნობს თავს. ყველაზე ძლიერი მშობლისთვისაც კი ეს ძალიან მტკივნეულია.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვს ასეთი სირთულეები გაუჩნდა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ პრობლემა, რაც ნამდვილად არ იქნება ადვილი, და ვიპოვოთ თანატოლებთან ბავშვის ურთიერთობის სირთულეების მიზეზები. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ თუ ბავშვს არ ჰყავს მეგობრები, მიზეზი, სავარაუდოდ, უფრო მასშია და არა გარშემო მყოფებში.

ძირითადი მიზეზები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობასა და მათთან დამეგობრებაში:

  • ბავშვის ხასიათის ტიპოლოგიური თავისებურებები – თუ თქვენი პატარა ინტროვერტია, მისთვის უფრო სასიამოვნო იქნება განმარტოება. ასეთი ბავშვი, როგორც წესი, ჩაკეტილია, სხვა ბავშვებმა არაფერი იციან მის შესახებ. მისთვის ბევრად უფრო ადვილია განზე დგომა და დაკვირვება სხვების ქცევასა და საუბარზე, ვიდრე დიალოგში ჩართვა და ურთიერთობა. ის ისე არ ფიქრობს, როგორც სხვები. ხშირად მზად არ არის, მოიქცეს ისე, როგორც სხვები იქცევიან და დაიცვას საერთო წესები, მაგრამ მას არც ის შეუძლია, რომ დააწესოს საკუთარი წესები თანატოლებთან.
  • კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზომო გატაცება – ასეთი ბავშვი უპირატესობას ანიჭებს დროის გატარებას კომპიუტერთან, პლანშეტთან, ტელეფონთან, ნაცვლად იმისა, რომ შეხვდეს თანატოლებს, ითამაშოს, დრო ატაროს მათთან.
  • დროის დეფიციტი – სერიოზული სასკოლო დატვირთვისა და დიდი მოცულობის საშინაო დავალებების გამო ბავშვს შესაძლოა დრო აღარ რჩებოდეს თანატოლებთან ურთიერთობისთვის.
  • ინტერესთა კონფლიქტი – თუ ბავშვი მოხვდა მისი საწინააღმდეგო ინტერესებისა და ღირებულებების მატარებელ თანატოლთა წრეში, გაუჭირდება მათთან საერთო ენის გამონახვა და ურთიერთობა.
  • არაადეკვატურად მაღალი ან არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება – როგორც ერთი, ისე მეორე ბავშვს ძალიან უშლის ხელს თანატოლებთან ურთიერთობაში. არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი, როგორც წესი, უფრო მეტს მოითხოვს გარშემო მყოფებისგან, ვიდრე იმსახურებს. მას მიაჩნია, რომ ძალიან კარგია, ჭკვიანია, გონიერია, მაგრამ სხვები ვერ ამჩნევენ ამას, რადგან სულელები და გაუნათლებლები არიან. საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებზე ასეთი წარმოდგენის, პრეტენზიების მაღალი დონის გამო მას ხშირად აქვს კონფლიქტი სხვებთან. რა თქმა უნდა, თანატოლებისთვის ძნელი იქნება ასეთ ბავშვთან საერთო ენის გამონახვა. არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვს ურთიერთობაში ასევე უშლის ხელს ჩამოყალიბებული და უსამართლოდ განმტკიცებული არაადეკვატური წარმოდგენა საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ასეთი ბავშვი ფიქრობს, რომ ყველა მასზე უკეთესია, აკლია თავდაჯჯერება, მორცხვია, ყოველთვის უკან იხევს, ჩაკეტილია, აკლია გამბედაობა, შესაძლოა ისიც კი ეგეონოს, რომ არ არის მეგობრობის ღირსი და სწორედ ამიტომ არავინ მეგობრობს მასთან.
  • ხასიათის ცალკეული უარყოფითი თვისებები – მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცისთვის შესაძლოა ხელის შემშლელ ფაქტორად იქცეს ისეთი თვისებები, როგორიცაა აგრესიულობა, კონფლიქტურობა, პრეტენზიულობა, ენატანიობა. თუ ბავშვი ხშირად უწყრება თანატოლებს და ელოდება, რომ ისინი მას ხვეწნა-მუდარას დაუწყებენ, მასთან რთული იქნება ურთიერთობა. ბავშვებს ეს ბეზრდებათ და ტოვებენ ასეთ მეგობარს, რადგან უჭირთ მისი გაგება და მასთან შეხების წერტილების პოვნა.
  • ასაკობრივი სხვაობა თანაკლასელებთან – არის შემთხვევები, როცა ბავშვი თანაკლასელებზე უმცროსია იმის გამო, რომ მშობლებმა ადრე შეიყვანეს სკოლაში. ასწავლეს ლექსები, რამდენიმე უცხო სიტყვა, ასოების ცნობა და ჩათვალეს, რომ ლოდინს აზრი აღარ აქვს. სამწუხაროდ, ასეთი მშობლები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ სკოლისთვის ბავშვის მზაობას მხოლოდ ინტელექტუალური დონე არ განსაზღვრავს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური, სოციალური, ფიზიკური და ნებელობითი განვითარების მაჩვენებლებიც. სკოლაში ერთი წლით ადრე შესული ბავშვი, ბუნებრივია, თავისი ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით ერთი წლით ჩამორჩენილი იქნება თანაკლასელებს. მათი ინტერესებიც დროთა განმავლობაში ყოველივე ეს აუცილებლად მიგვიყვანს თანატოლებისგან ბავშვის იზოლაციამდე. მკვეთრი განსხვავება მათ განვითარებაში განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ხდება შესამჩნევი. ამ პერიოდში ასეთი ბავშვები ფიზიკურადაც უფრო პატარები არიან, არა აქვთ ჰორმონული ცვლილებების ხილული ნიშნები. ასეთი ბავშვები უფრო ადვილად პოულობენ მეგობრებს ერთი ან ორი კლასით უმცროსებს შორის.
  • ჰიპერმზრუნველობა – თანატოლებთან ურთიერთობის შემაფერხებელი გავრცელებული მიზეზია მშობლების გადაჭარბებული მეურვეობა, ჰიპერმზრუნველობა, ბავშვის დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ასეთი მშობლები, როგორც წესი, ვერ უქმნიან შვილს სათანადო პირობებს თვითდამკვიდრებისთვის, რადგან უზღუდავენ თანატოლებთან ურთიერთობას და უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მისი დამოუკიდებელი მოქმედებების მიმართ. ხშირად მშობლების ჰიპერმზრუნველობა იწვევს იმას, რომ ბავშვი ხდება პასიური, ნერვული, მშფოთვარე, შეშინებული. ასეთი ბავშვი არ იწვევს თანატოლთა პატივისცემას, ამიტომ მასთან მეგობრობის მსურველის პოვნა არ იქნება ადვილი.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობასა და მეგობრების პოვნაში

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მეგობრულ ურთიერთობებს ბავშვებში სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს და უფროსის როლიც ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობაში სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაა. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბავშვისთვის თანატოლებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნვას, მით უფრო გაუადვილდება მას იმ პერიოდში, როცა უფროსის გავლენა მცირდება, თავი გაართვას მის წინაშე მდგარ სირთულეებს, დამოუკიდებლად შეძლოს თანატოლებთან ეფექტიანი ურთიერთობა და მეგობრების შეძენა. კარგი იქნება, თუ ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში დავეხმარებით ბავშვს ახალი კონტაქტების დამყარებაში, რომ სკოლაში აღარ გაუჭირდეს ამის გაკეთება. დავუკვირდეთ, როგორ იქცევა ბავშვი სათამაშო მოედანზე ან სტუმრად ყოფნისას, როდესაც უცხო თანატოლს ხედავს. ამ დროს მას შესაძლოა უნდოდეს კიდეც მასთან დაახლოება, მაგრამ არ იცოდეს, ეს როგორ უნდა გააკეთოს. აღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია, პირდაპირ ვუკარნახოთ პატარას ფრაზები, რომლებსაც თანატოლებთან ურთიერთობაში გამოიყენებს. მაგალითად: „მე მქვია გიო, შენ რა გქვია? არ გინდა, ერთად ვითამაშოთ?“ „მე შენ მომწონხარ, შენთან ძალიან მხიარულად ვატარებ დროს. მოდი, ვიმეგობროთ“. ეს ის მარტივი ფრაზებია, რომლებიც უნდა იცოდეს და გამოიყენოს ბავშვმა თანატოლებთან ურთიერთობისას, რათა ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე დაამყაროს ახალი კონტაქტები.
  • მეგობრული ურთიერთობის უნარის განვითარებისთვის შეიძლება აქტიურად გამოვიყენოთ როლური თამაშები, სათამაშოები და მათი დახმარებით დავდგათ გაცნობის პატარა სცენები, ბავშვთან ერთად ჩვენი ხმით „ვალაპარაკოთ“ სათამაშო დათუნია, თოჯინები და ა.შ.
  • ხშირად ვესაუბროთ ბავშვს მეგობრობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, ნაცნობ ადამიანებზე, მის თანატოლებზე, ვკითხოთ, რა მოეწონა ამა თუ იმ ბავშვში, რატომ მოეწონა, იმეგობრებდა თუ არა მასთან, რატომ, რას ნიშნავს მისთვის მეგობრობა, რა შეიძლება ეწყინოს ან გაუხარდეს მეგობარს. ხაზი გავუსვათ იმას, რომ თანაგრძნობა, თანაგანცდა, ურთიერთდახმარება ძლიერი და მტკიცე მეგობრობის აუცილებელი კომპონენტებია.
  • წავუკითხოთ ბავშვს ლიტერატურული ნაწარმოებები მეგობრობაზე, ვაჩვენოთ ფილმები აღნიშნულ თემაზე და შემდეგ ვესაუბროთ, მასთან ერთად გავაანალიზოთ ნანახი და წაკითხული.
  • თანატოლებთან ურთიერთობაში სირთულეების შემთხვევაში შევთავაზოთ ბავშვს დახმარება, გავაგებინოთ, რომ ის მარტო არ არის თავის პრობლემასთან, ჩვენ მის გვერდით ვართ, გამოვხატოთ მზაობა მის დასახმარებლად. დავეხმაროთ ბავშვს, არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში, გავიზიაროთ მისი განცდები, მოვუთხროთ ჩვენი ბავშვობისდროინდელი გამოცდილების შესახებ. ამით დავეხმარებით, დაძლიოს იმედგაცრუება და არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში მაშინაც კი, როცა ეჩვენება, რომ გარშემო მყოფები მას არ იღებენ და არ აღიარებენ. ასეთ დროს ჩვენი გვერდით დგომა ბავშვს საკუთარი თავის რწმენას შემატებს.
  • აღვზარდოთ ბავშვი საკუთარი მაგალითით. ბავშვი ჩვენ გვიყურებს როგორც ქცევის მოდელს. დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ვამყარებთ და ვინარჩუნებთ მტკიცე, ძლიერ მეგობრულ ურთიერთობებს, საშუალებას მისცემს ბავშვს, იპოვოს და შეინარჩუნოს მეგობრები. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ბავშვის ქცევა საკუთარი მაგალითით, გადავცეთ მას მნიშვნელოვანი გამოცდილება ნოტაციების კითხვისა და ჭკუისდამრიგებლური საუბრების გარეშე.
  • უარი ვთქვათ ბავშვის უზომო მეურვეობაზე, მისი ნებისმიერი სურვილის უსიტყვო შესრულებასა და ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მან ისწავლოს სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევა და საკუთარ ეგოიზმთან გამკლავება. არიან ბავშვები, რომლებიც ხშირად ითხოვენ მათი წესებით თამაშს, წაგების შემთხვევაში კი განაწყენებულები რჩებიან. ვასწავლოთ მათ სხვა ბავშვებთან ერთად თამაში, მოქმედება სხვისი ხელმძღვანელობით, სხვა წესებით, რათა მოგვიანებით ცხოვრებისეულ სირთულეებს ადვილად გაართვან თავი.
  • არასოდეს ვეჩხუბოთ ბავშვს თანატოლების თანდასწრებით, ვერიდოთ უარყოფით კომენტარებს, უარყოფით შეფასებებს. ცნობილია, რომ ბავშვები იმ თანატოლებთან ურთიერთობისა და მეგობრობის სურვილს უფრო მეტად გამოხატავენ, ვისაც უფროსები აქებენ. თუმცა ზომიერებაც ძალიან მნიშვნელოვანია – ზედმეტი ქებით ბავშვს შეიძლება ისევე გავუფუჭოთ მდგომარეობა თანატოლთა წრეში, როგორც ზედმეტი ძაგებით; ბავშვებს არ უყვართ იმ თანატოლებთან მეგობრობა, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან მათგან.
  • ცუდად ნუ მოვიხსენიებთ ბავშვის მეგობრებს, ყოველ შემთხვევაში, მისი თანდასწრებით მაინც. თუ მოგვიანებით ბავშვი თავად გაწყვეტს მათთან ურთიერთობას, ამაში არაფერი იქნება საგანგაშო, ეს ურთიერთობა მას გამოცდილებას შესძენს და ასწავლის, როგორ განასხვაოს ნამდვილი მეგობრები მოჩვენებითისგან.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის სრულფასოვანი განვითარება ბევრად არის დამოკიდებული მეგობრებთან მის ურთიერთობაზე. მეგობრული ურთიერთობის უნარსა და, აქედან გამომდინარე, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტელექტუალური განვითარებისთვის გაღებული ძალისხმევა. რაც უფრო ადრეულ ასაკში ვასწავლით ბავშვს მეგობრობას, მით უფრო ადვილად შეძლებს ის მომავალში ადამიანებთან ურთიერთობას, მეგობრების შეძენას და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილებას.

მოსწავლეებში ასოციაციური კავშირების განვითარება მუსიკისა და  სახვითი ხელოვნების  საგნების ინტეგრირების  გზით

0

თანამედროვე განათლების სისტემის მთავარი ამოცანაა განათლებული, შემოქმედებითი, კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი პიროვნების ფორმირება და განვითარება.

ბოლო წლებში საქართველოს განათლების სისტემაში  მოხდა საგანმანათლებლო პროცესის ფუნდამენტური ცვლილებები, ვითარდება სასკოლო პედაგოგიური ტექნოლოგიები. ამავე დროს,  ყურადღება ექცევა სოციალურად წარმატებული პიროვნების ფორმირებას. ჩვენს დროში განხორციელებულმა ცვლილებებმა მეცნიერებაში,  სოციალურ ცხოვრებაში გამოიწვია სკოლის მოსწავლეების სწავლებისა და აღზრდის სისტემის ახალი მიდგომების შემუშავების აუცილებლობა. ამ მიზნით იქმნება ახალი გეგმები და პროგრამები, რომლებიც მოითხოვს გაკვეთილების ახალ ფორმებს.

სწავლებისა და აღზრდის  ინტეგრირება მნიშვნელოვანია და თანამედროვეა როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკისთვის. მისი აქტუალობა ნაკარნახევია ახალი სოციალური საჭიროებებით და მეცნიერებისა სფეროში ცვლილებებით.

ინტეგრირებული გაკვეთილები ხელს უწყობს ბავშვებში სამყაროს მთლიანობის სურათის ჩამოყალიბებას, ბუნების, საზოგადოების და  მსოფლიო მოვლენებს შორის კავშირების გაცნობიერებას. ინტეგრირებულ გაკვეთილზე უკეთესად  მიიღწევა დიდაქტიკური მიზნები: შემეცნებითი და საგანმანათლებლო.

ესთეტიკური საგნების ინტეგრირება  საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ ურთიერთკავშირს: ადამიანი – საზოგადოება – ბუნება, რაც გავლენას ახდენს ამ კავშირის ზნეობრივ და ეთიკურ მხარეზე. საუბარია სახვით ხელოვნებასა და მუსიკის ინტეგრირებაზე.

ლადო გუდიაშვილის , ელენე ახვლედიანის, რუსუდან ფეტვიაშვილის  ლირიკული ნახატები უკეთესად აღიქმება გია ყანჩელისა და  ბიძინა კვერნაძის მუსიკაზე,

ბონავენტურა პიტერსის -,,გემის ჩაძირვა ამერიკის სანაპიროზე“  მხატვრული ნამუშევარი ავსებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მუსიკას, რაც საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ  ხალხის ტრაგედიის სრული სიღრმე და სტიქიის მთელი ძალა.

ბონავენტურა პიტერსი -,,გემის ჩაძირვა ამერიკის სანაპიროზე“  

გაკვეთილზე მუსიკისა და სახვითი  ხელოვნების ინტეგრირება  მოსწავლეებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ მოუსმინონ, განავითარონ ფანტაზია და გრძნობები, არამედ თავად ჩაერთონ შემოქმედებით პროცესში.

ინტეგრირება არის სისტემა, რომელიც გულისხმობს ცალკეულ საგანთა საგანმანათლებლო მასალის გაერთიანებას,  გაერთიანებას ერთ მთლიანობაში.  ინტერაქტიური სწავლება მიზანიც არის და სასწავლო საშუალებაც.  როგორც სასწავლო მიზანი, ინტეგრირება  ეხმარება მოსწავლეებს ერთიანობაში აღიქვან სამყარო , ბგერებისა და ფერების საშუალებით შეიცნონ სილამაზე  მთელი თავისი მრავალფეროვნებით.

უნდა აღინიშნოს, რომ  მხატვრობაში  ფერების და მუსიკაში ბგერების თანაარსებობა  მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან . მუსიკაში ტემბრი და ფერწერაში ფერი- კოლორიტი ახლოსაა ერთმანეთთან, (გასაკვირი არ არის, რომ მუსიკათმცოდნეობაში არსებობს ცნება: “მელოდიური სურათი”).

XIX – XX  საუკუნეების მიჯნაზე მოხდა მუსიკის ფერწერული შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაფართოება. მუსიკალური ექსპრესიული და ვიზუალური საშუალებების განვითარება ასოცირდება მრავალი კომპოზიტორის შემოქმედებასთან: კლოდ დებიუსი,  მორის რაველი, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი,  ალექსანდრე სკრიაბინი.

მუსიკის ფერადი ხედვის ფენომენი აღმოაჩინეს რამდენიმე გამოჩენილმა მოღვაწე მუსიკოსებმა . მაჟორისა და მინორის ყველა ტონალობა გარკვეულ ფერებში იყო ასახული. XX  საუკუნის ავსტრიელმა კომპოზიტორმა არნოლდ შონბერგმა ფერები შეადარა სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტების მუსიკალურ ტემბრებს. თითოეული გამორჩეული ხელოვანი   თავის ფერს მუსიკალური ხმების ჟღერადობაში ხედავდა.

თითოეულ ნოტს, ცისარტყელას ფერების მიხედვით, საკუთარი ფერი ენიჭება: დო – წითელი, რე – ნარინჯისფერი, მი- ყვითელი, ფა – მწვანე, სოლ – ლურჯი, ლა – ლურჯი, სი – მეწამული.

ხელოვნების სამყარო სავსეა საიდუმლოებებით და უჩვეულო ფენომენებით, ერთ-ერთი მათგანია ბგერების დანახვის უნარი. ძველ ინდოეთში საუბრობდნენ მუსიკისა და ფერების  განუყოფელ კავშირზე.  ეს დაადასტურა არისტოტელემაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბგერების თანაფარდობა მუსიკალური ჟღერადობის მსგავსია.

პითაგორელებმაც გაითვალისწინეს ეს კავშირი,  მათ სპექტრის ფერები შვიდი ტონად გაათანაბრეს .  გერმანელი ფიზიკოსი ერნესტ ხლადნი ბგერის შესწავლით იყო დაკავებული და ელემენტარული აკუსტიკის ფუძემდებლად ითვლება.  ის მრავალი აღმოჩენის ავტორია  ფიზიკისა და აკუსტიკის სფეროში,რხევითი ფირფიტის ზედაპირზე სამეცნიერო ექსპერიმენტების დახმარებით მან დაამტკიცა ამ ორი ცნების ურთიერთკავშირი და აჩვენა, თუ როგორ შეგვძლია დავინახოთ მუსიკა.

“ფერადოვანი სმენის” შესაძლებლობის წყალობით, ალექსანდრე სკრიაბინმა შექმნა ფერების ტონალობის საკუთარი სისტემა: დო მაჟორი -წითელი, რე მაჟორი – ყვითელი, სოლ მაჟორი – ნარინჯისფერ- ვარდისფერი და ლა მაჟორი – მწვანე. კომპოზიტორის სპეციალურ ცხრილში პირველი ტონალობები მთლიანად იმეორებს ცისარტყელას ფერის მასშტაბს, დანარჩენზე მითითებულია მიღებული ფერები.

ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვს კი   იგივე ტონალობები წარმოდგენილი ჰქონდა თეთრი, ღია  მწვანე და ღია ყავისფერ ფერებში.

სკრიაბინმა, რომელიც ცდილობდა ბგერების მისეული ხედვა   მიეწოდებინა მსმენელისთვის, 1910 წელს წარმატებით მოახერხა ხელოვნების სინთეზის იდეის განსახიერება მუსიკალურ პოემაში “პრომეთე” (“ცეცხლის პოემა”), რომელიც გახდა პირველი ფერადი-მუსიკალური ნაწარმოები მსოფლიო ისტორიაში. პარტიტურაში შუქის სტრიქონი ცალკე სტრიქონშია ჩაწერილი.

 

თითოეულ კომპოზიტორს  ჰქონდა  მუსიკის საკუთარი “შეფერილობის” სისტემა.

მუსიკის გავლენა დამოკიდებულია არა მხოლოდ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების თვისებებზე, არამედ მისი აღქმის ხასიათზე. მუსიკის აღქმა კი  ნიშნავს მისი ხასიათის გარჩევას, ინტონაციის და ხასიათის ცვალებადობის დაკვირვებას.

დაწყებით საფეხურზე   მუშაობის პროცესში მიზანშეწონილია,  მოსწავლეებმა   გამოიყენონ სხვა გაკვეთილებზე მიღებული შთაბეჭდილებები, ცოდნა და უნარები. ამრიგად, სახვითი ხელოვნების გაკვეთილებზე ბავშვები ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისას იძენენ გამოცდილებას; მათ უვითარდებათ შესაძლებლობა, აღიქვან  სამყაროს სილამაზე , შეამჩნიონ ბუნების თავისებურებები წელიწადის სხვადასხვა დროს;  გრძნობენ განწყობას ბუნებაში (მხიარული, სევდიანი, მშვიდი, ცოცხალი); მოსწავლეები ეცნობიან ზღაპრულ-ფანტასტიკური გამოსახულების თავისებურებებს; ეცნობიან ხალხურ შემოქმედებას – ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მუსიკის სრულყოფილ აღქმას.

მელოდია, როგორც წესი, გარკვეულ აზრებსა და გრძნობებს აღძრავს მსმენელში, ავითარებს წარმოსახვის უნარს, განაწყობს ფიქრისთვის,  შემოქმედებისთვის, შეიძლება დახატო კიდეც. კარგ მხატვართან კი თავად ნახატი მუსიკალურობას იძენს, მის მიერ დაწერილი ტილოდან თითქოს მუსიკა ჟღერს.

 

 

ტემბრების მუშაობისას საღებავების გამოყენებით  თემას ვუკავშირებთ   სახვით ხელოვნებას.

ორმხრივი კავშირია სმენით და ვიზუალურ აღქმას შორის. მუსიკას შეუძლია მსმენელში ნათელი ვიზუალური გამოსახულებების გაღვივება, რაც კომპოზიტორებს საშუალებას აძლევს შექმნან  “მუსიკალური ნახატები” (ე. გრიგის “დილა”; კ. დებიუსის “მთვარის შუქი”).

ბავშვების ნახატებში მუსიკის მოსმენით აღძრული  განწყობა უფრო ხშირად გადმოცემულია ფერების კოლორიტის საშუალებით: ჟღერადობის სიძლიერე  სურათის სიდიდის საშუალებით, ტემპი კი მოძრაობების დინამიკის საშუალებით.

მუსიკასა და მხატვრობას შორის ბევრი საერთო გვხვდება , თუნდაც მუსიკოსებსა და მხატვრებს შორის გამოყენებული ტერმინებითაც კი. ორივე საუბრობს ტონალობის, ფერსა და მუსიკალური კომპოზიციების ბრწყინვალებაზე.

მუსიკოსებმა თავიანთი საკუთრება გახადეს სიტყვები, რომლებიც ადრე ითვლებოდა მხატვრების ექსკლუზიურ საკუთრებად: მასშტაბი, ტონი და ნახევარტონი, ჩრდილი და ნიუანსი, მუსიკალური საღებავი, ფერი, ცივი და თბილი ტემბრი, მსუბუქი და პირქუში მელოდიები.

რა საერთო აქვთ მუსიკასა და მხატვრობას?


ვასწავლი ბავშვებს შეადარონ მუსიკალური და ფერწერული ნაწარმოებები დინამიკის თვალსაზრისით, რათა მოსწავლეებისთვის გასაგები გახდეს ნახატის წინა პლანზე,  რომელი  ობიექტი “ჟღერს” უფრო ხმამაღლა, უფრო რელიეფურად, რომელია  ფონი. მხატვრობის თვალსაზრისით, რელიეფი წინა პლანზეა წამოწეული , ფონი კი – უკანა პლანზე.   ტერმინოლოგიის შესასწავლად ვიყენებ მუსიკალურ ანბანს:  ”ფერები სურათზე, გამოსახულება ხაზს უსვამს შტრიხის სიზუსტეს”.

 

მუსიკა მხატვრობა
ფელიქს მენდელსონის – სავიოლინო კონცერტი N1.

სოლოს ასრულებს ვიოლინო , რომელიც წინა პლანზეა , ხოლო ორკესტრი  წარმოადგენს მსუბუქ თანხლებას -ფონია.

https://www.youtube.com/watch?v=r92ZMCxTMRs

კლოდ მონეს ნახატი  ,,თივის ზვინი ჟივერნიში”.

თივა წინა პლანზეა , ხოლო სახლები, ყვავილები, ტყე კი უკანა პლანზე,  რომელიც წარმოადგენს ფონს.

 

ეს სივრცითი ცნებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მუსიკაში, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაში.

 

მუსიკა კილო-წყობა მაჟორი-მინორი ტემპი ჩქარა- ნელა რეგისტრი მაღალი – საშუალო – დაბალი დინამიკა
მხატვრობა ტონი ცივი-თბილი ფერი ნათელი-მუქი მასშტაბი დიდი-მცირე დინამიკა

 

მნიშვნელოვანია კონტრასტი, რომელიც  თითქმის ყველა ნაწარმოებშია

 

მუსიკა მხატვრობა
დინამიკური კონტრასტი

ბეთჰოვენი მე-8 სონატა

https://www.youtube.com/watch?v=M_124D_7KoU

სახეობრივი კონტრასტი 

რობერტ შუმანი. საფორტეპიანო ციკლი ,,კარნავალი“  არლეკინი და პიერო

1.       არლეკინი-მგზნებარე, მხიარული

https://www.youtube.com/watch?v=QLK1nmKmEjs

2.       პიერო-მშვიდი

https://www.youtube.com/watch?v=RUg2PJK-2a8

 

გუსტავ კლიმტი ,, ყვავილების ბაღი“.

 

კონტრასტი ასევე არის  იმპრესიონიზმის მიმართულების კომპოზიტორების და მხატვრების უამრავ “პეიზაჟურ ” ნაწარმოებში.

მოსწავლეებს ვესაუბრები კლოდ დებიუსის შემოქმედებაზე , თუ როგორ  უყვარდა კომპოზიტორს  ბუნება, რომელიც მისი შთაგონების  წყარო იყო.

დებიუსის პრელუდიების მოსმენისას მოსწავლეების ამოცანაა – მოუსმინონ “ბუნების სტიქიას” , გაყვნენ ამ სურათს მთელი ნაწარმოების განმავლობაში.  მოსწავლეები ადვილად აღიქვამენ ამ მიმართულების მუსიკალურ, მხატვრულ და ვიზუალურ ნაწარმოებებს.

 

მუსიკა

მხატვრობა
კლოდ დებიუსი, პრელუდია ,, იალქნები“

https://www.youtube.com/watch?v=Xl_R_JQH4MU

ვინსენტ ვან გოგის ნახატი ,, სან მარინის ზღვა“

 

ასეთი სახის გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეების ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას და  მოტივაციის  დონის ამაღლებას.   მოსწავლეები  ინტერესდებიან მუსიკის გაკვეთილით, იყენებენ  მუსიკის და სახვით ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებულ  ცოდნას.

ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანი:

  • მუსიკალური და სახვითი ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება;
  • შეძლონ ფერწერისა და მუსიკალური ნაწარმოების შედარება;
  • გააანალიზონ მრავალფეროვანი კავშირები მუსიკასა და სახვით ხელოვნებას შორის;
  • ასოციაციური კავშირების მოძებნა მუსიკის მხატვრულ გამოსახულებებსა და ხელოვნების სხვა ტიპებს შორის;
  • განასხვაონ ხელოვნების ფორმების დამახასიათებელ ნიშნები ;
  • შეძლონ მუსიკისა და ვიზუალური სურათების საშუალებით გადმოსცენ ადამიანის შინაგანი სამყარო.
  • სხვადასხვა მუსიკალური ინტონაციის აღქმა და შედარება მუსიკის მოსმენის პროცესში.
  • აზროვნებისა და წარმოსახვის უნარის განვითარება;
  • მხატვრული უნარების განვითარება ანალიზი;
  • დამოუკიდებელი შემოქმედების გააქტიურება.

ამრიგად, ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისას, აშკარად შეიმჩნევა  რომ სისტემა წარმოადგენს სწავლების ეფექტურ საშუალებას , რომელიც დაფუძნებულია უფრო თანამედროვე (ახალი) მეთოდების, ტექნიკის, ფორმების, ტექნოლოგიების საფუძველზე.  და რაც მთავარია, ინტეგრირების საფუძველზე იბადება ხარისხიანი  ახალი ცოდნა, რაც წარმოადგენს სამყაროს მთლიანობაში ხედვას.

ინტეგრირება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დაინახონ სასწავლო და შემოქმედებითი თვითრეალიზაცია.

მიღებული შედეგები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მოსწავლეების უმრავლესობას უვითარდებათ კრეატიულობა, ინიციატივა, ახლებურად აზროვნების უნარი, თვითნებურად მიიღებენ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს.  გარდა ამისა, ინტეგრირებული გაკვეთილებზე ბავშვებს ფორმირდებიან  და  სამყაროს აღიქვამენ  ერთ  მთლიანობაში .

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

https://ncp.ge

  1. დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

Click to access %20-%20წლიური%20-%20დაწყებითი%20საფეხური.pdf

  1. ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიური პრინციპები

https://www.youtube.com/watch?v=OPi6qqS33zw

  1. Arnold Schoenberg: “Farben” from Five Pieces for Orchestra https://www.toddtarantino.com/hum/schoenberg_farben.html
  2. Bonaventura Peters

https://artuk.org/discover/artists/peeters-i-bonaventura-16141652

  1. Claude Debussy

https://www.thespectrum.com/story/life/2015/03/06/debussy-composer-color-light/24518545/

  1. The Colorful of Maurice Ravel

https://www.circeinstitute.org/blog/colorful-usic-maurice-ravel

  1. Как Александр Скрябин открыл миру светомузыку

https://www.audiomania.ru/content/art-6285.html

  1. Искусство раскрашивать звуки

https://colormusic.ru/books/article/page06.htm

  1. СОЗДАНИЕ ЭКСПЕРИМЕНТАЛЬНОЙ АКУСТИКИ. ХОЛОДНО

https://alexandr4784.narod.ru/4_7.htm

  1. კლოდ მონე

https://sites.google.com/a/sps.tsu.edu.ge/impressionism/impresionisti-mkhatvrebi/klod-mone

  1. Gustav Klimt

https://www.klimtgallery.org

  1. ვინსენტ ვან გოგი

https://www.vangoghmuseum.nl/en/art-and-stories/art/vincent-van-gogh

 

 

 

 

 

პროგრამები ქართულის ონლაინ სწავლა-სწავლებისთვის

0

უცხოური ენის შესასწავლი ონლაინ აპლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროგრამები ყოველთვის გვხიბლავს სახალისო, შემეცნებითი, საინტერესო შინაარსებითა და აქტივობებით. ნაკლებად განებივრებულები ვართ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლებისას ხელმისაწვდომი ონლაინ რესურსებით, თუმცა საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა გამოყენება და ადაპტირებაც შეგვიძლია, არსებობს.

გთავაზობთ ინტერვიუს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ ხორავასთან.

ის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების პროცესში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების გამოცდილებას გაგვიზიარებს:

თამარ, რა უპირატესობები აქვს ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებასა და მშობლიური ენის შესასწავლად ადაპტირებას?

ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამებით ჯერ კიდევ ე.წ. საგანგებო დაშორებული სწავლების საჭიროებამდე დავინტერესდი. მოგეხსენებათ, ახლანდელი ახალგზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში რა როლი და მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს. როდესაც თავად ვსწავლობდი უცხო ენას, მასწავლებელი ხშირად  იყენებდა ხოლმე ონლაინ რესურსებს. სწავლების პროცესი მეტად სახალისო და საინტერესო ხდებოდა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კი შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ პროგრამებით წარმართული გაკვეთილების განმავლობაში მაღალია ჩართულობისა და კონცენტრირების ხარისხი, მოსწავლისთვის ცხადი და თვალსაჩინოა შესასრულებელი დავალებებიც და შესრულების ხარისხიც. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ონლაინ გაკვეთილების დროს რთულია მოსწავლის მიერ მიღებული ინფორმაციის გრძელვადიან მეხსიერებაში აღბეჭდვა. ეკრანიდან მიღებულ ცნობებს უმეტესობა მხოლოდ მოკლე ხნით იმახსოვრებს. მოცემული ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამები განსხვავებულ მიდგომას იყენებს და მოსწავლეები ამ რისკისგანაც დაცულნი არიან.

სწავლების რა ეტაპზე იყენებთ ხოლმე იმ პროგრამებს, რომლებსაც გვიზიარებთ?

მათ ვიყენებ როგორც ახალი მასალის მიწოდებისთვის, ასევე განვლილი მასალის შესაჯამებლად.

საკუთრივ პროგრამების შესახებ – დეტალურად:

პირველი პროგრამა, რომელიც ძალიან მეხმარება სწავლების პროცესში, არის „Google Jamboard”. ეს არის ინტერაქციული ონლაინ დაფა. ის საშუალებას იძლევა  ერთ გვერდზე ერთდროულად იმუშაოს როგორც მთელმა კლასმა, ისე რამდენიმე მოსწავლემ ან მოსწავლემ და მასწავლებელმა. მასწავლებელს საშუალება აქვს დააკვირდეს მოსწავლის მიერ დავალების შესრულების პროცესს, გაჰყვეს მის მსჯელობას. ოცი გვერდი (მაქსიმალური რაოდენობაა) სავსებით საკმარისია ერთი გაკვეთილისთვის. პროგრამა შეგვიძლია გავაზიაროთ სხვადასხა პლატფორმის საშუალებით, როგორებიცაა “Microsoft Teams”, “Zoom” ან “Google Meet”, რა დროსაც მოსწავლეები შეძლებენ ერთდროულად მსჯელობასაც და ონლაინ დაფაზე მოცემული დავალების შესრულებასაც.

ჯამბორდის მოხმარების წესებისა და მახასიათებლების შესახებ აღარ გავაგრძელებ საუბარს, რადგან ინტერნეტში საკმაო მასალა მოიპოვება ამასთან დაკავშირებით. (მართალია, ქართულად არ იძებნება, მაგრამ ინგლისურად და რუსულად უხვადაა როგორც სტატიები, ისე ონლაინ გაკვეთილები.

მინდა გიჩვენოთ ჯამბორდით მუშაობის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც შევადგინე „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას, რათა მოსწავლეებს გაადვილებოდათ პერსონაჟთა სულიერი მდგომარეობის ამოცნობა. ხშირად მოსწავლეთა ლექსიკა იმდენად მწირია, რომ პერსონაჟთა დახასიათებისას შემოიფარგლებიან მხოლოდ ორი სიტყვით _ კარგი და ცუდი, კეთილი – ბოროტი… მოცემული დავალებები ეხმარება მოსწავლეს შეივსოს ლექსიკური მარაგი.თავდაპირველად ვაწოდებ მოსწავლეებს სიტყვებს, რომელთა ნაწილსაც ამავე გაკვეთილზე გამოიყენებენ პერსონაჟთა დასახასიათებლად. შესაძლოა, რომელიმე უცხო იყოს მათთვის, ამ შემთხვევაში ინტუიციით ან თანაკლასელის დახმარებით დააჯგუფებენ სინონიმებს.

ჩემთვის, ამ კონკრეტულ გაკვეთილზე, მნიშვნელოვანი იყო განესხვავებინათ ერთმანეთისაგან თვისება და სულიერი მდგომარეობა. სხვაობის უკეთ აღსაქმელად ერთი ძირისაგან ნაწარმოები სიტყვები შევარჩიე.

ლექსიკური მარაგის გაცნობის შემდეგ მნიშვნელოვანია სწორად ესმოდეთ მათი მნიშვნელობა. ამაში შემდეგ გვერდებზე მუშაობა გვეხმარება:

აქ ვთხოვ მოსწავლეებს შეუსაბამონ განმარტებებს ორი ერთმანეთის სინონიმი (ცისფერი და ვარდისფერი რიგიდან)

ამის შემდეგ ვთხოვ, მოცემულ მონაკვეთებს შეუსაბამონ შემოთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთი:

ბოლო ეტაპზე მოწავლეებმა თვითონ უნდა მიუწერონ რა სულიერი მდგომარეობა ჩანს მოცემულ მონაკვეთებში( რასაკვირველია, ამ გაკვეთილზე განხილული მასალის საფუძველზე):

ბოლოში დავურთე პასუხები, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰქონოდათ მოგვიანებით გადაეხედათ მასალისთვის და შეემოწმებინათ თავიანთი ცოდნა.

ონლაინ გაკვეთილის დრო შეზღუდულია. მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რა დრო დასჭირდებათ მოსწავლეებს ამ აქტივობისთვის…

მოცემული დავალების შესრულებას გაკვეთილზე დახლოებით 15-20 წუთი სჭირდება. რამდენიმე ასეთი გაკვეთილი და მოსწავლეები მსჯელობისას, თემების წერისას უკვე იყენებენ ახალ ცოდნას.

რა დრო დასჭირდება მსგავსი გაკვეთილის მოსამზადებლად მასწავლებელს?

როგორც ნებისმიერი გაკვეთილის მომზადება, ესეც საკმაო დროს მოითხოვს. მაგრამ თუ მასალა მზად გაქვთ, მისი პროგრამაში გადატანა 1 საათზე მეტ დროს არ წაგართმევთ. სამაგიეროდ, საინტერესო და ნაყოფიერ გაკვეთილს მიიღებთ.

სხვა რესურსებზეც გვიამბეთ…

კიდევ ერთი, მოსწავლეების საყვარელი საგანმანათლებლო პლატფორმა არის „Kahoot”, რომელიც არის ინტერაქციული თამაში. პირადად მე მას ძირითადად გრამატიკის გაკვეთილებზე ან თემის შეჯამებისას ვიყენებ.ასევე ხშირად მივმართავ მას მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად. ყოველთვის ხალისით მიმდინარეობს გაკვეთილი, რომელზეც კაჰუტს ვიყენებ. ალბათ, იმიტომ, რომ თამაშს ჰყავს გამარჯვებული და ყველა იბრძვის გამარჯვებისთვის. ეკრანზე ვაზიარებ შეკითხვას, მოსწავლეებს ვთავაზობ ოთხ სავარაუდო პასუხს, რომელთაგან სწორი უნდა შეარჩიონ შეზღუდულ დროში. თუკი გაკვეთილს „კაჰუტით“ დაიწყებთ, მოსწავლეთა ჩართულობა გარანტირებულია.

 

ზემოთ განხილული პროგრამების გამოყენების ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

და ბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს ძვირფას კოლეგებს ნაყოფიერ, წარმატებულ, საინტერესო და შემოქმედებით წელს ვუსურვებ.

 

 

 

 

 

 

„ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში

0

კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტი

 საქართველოში გასული საუკუნის ბოლოს დაწყებულმა გარდაქმნებმა,  დღის წესრიგში დააყენა დამოუკიდებელი, ძლიერი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენება. ამის დასტურად იქცა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია და ასოცირების პროცესი, რაშიც თითოეული მოქალაქე აქტიურად უნდა მონაწილეობდეს.  ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ცოდნა და მოლოდინები ევროკავშირის, ევროინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მიმართ. ინტერესი ასოცირების პროცესებისადმი დიდია, თუმცა ის ეფუძნება არა ცოდნას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სპეციფიკისა და დინამიკაზე არამედ ტელევიზიებიდან მიღებულ მხოლოდ ზედაპირული ხასიათის ინფორმაციებს.

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა მრავალი წელია ახორციელებს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კომპლექსურად მოიცავს ევროკავშირსა და საქართველო-ევროპის ურთიერთობებს. დღეს არსებული გამოწვევების პირობებში, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ უნივერსიტეტის მესამე მისიის შესრულება და ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო ცოდნის გატანა საჯარო სკოლებში Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) მეშვეობით. პროექტის მიზანი – დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა, მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA შესახებ, საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის. მათი თანადგომითა და მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა პროექტით გათვალისწინებული ვორქშოფების ჩატარება სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში, ასევე  დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები – სამართლის დოქტორი ეკატერინე ქარდავა, ისტორიის დოქტორები გურანდა ჭელიძე და ზურაბ ბრაგვაძე, ასევე ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

Covıd-19-ით გამოწვეული პანდემიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ურთულეს პირობებში განხორციელდა პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები. ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა 20-მდე ღონისძიება, მათ შორის შეხვედრები ახალციხისა და მარნეულის ქართულ, ქართულ-რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ, ასევე თბილისის აფხაზეთის N3 დევნილთა სკოლასა და 104 საჯარო სკოლაში (სომხურენოვანი). საერთო ჯამში, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდა 800-ზე მეტი ბენეფიციარი. შეხვედრები ჩატარდა ქართულ ენაზე. ევროპული ასოცირების პროცესების შესახებ ცოდნის  მიღებასთან და აღნიშნული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ტრენინგები მიზნად ისახავდა ეთნიკურ უმცირესობაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავებას.

სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრებზე განხილული საკითხები პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული „მოქალაქეობის“ სტანდარტს.  შეხვედრების შედეგებმა, ასევე პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა მოსწავლეთა ესეების კონკურსმა „მე დავინახე ევროპა საქართველოში“, ცალსახად დაგვანახა, რომ მოსწავლეებმა თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად აღიქვეს; მათ შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაში  პოზიტიური ცვლილებების განხორციელება; კანონის უზენაესობის დაცვა, აქვთ დემოკრატიის პრინციპების გათავისების უნარი; უყალიბდებათ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კულტურა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან ერთად ბევრი იმუშავეს მასწავლებლებმაც. სამუშაო პროცესში ისინი ხელმძღვანელებდნენ ტრენინგის მასალებით და პროექტის ფარგლებში მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოთი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის, „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“.  სახელმძღვანელო ქართული და ინგლისური ენების გარდა, ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით, ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.  სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიები განთავსებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და პროექტის ვებ-გვერდზე, ფეისბუქ-გვერდზე. სახელმძღვანელოს ელ-ვერსია სოციალური მედიის საშუალებით გააზიარეს  სხვა ორგანიზაციებმაც, რომლებიც ასევე მუშაობენ საქართველოში ევროინტეგრაციისა და ევროპული ასოცირების პროცესებზე. უაღრესად მნიშვნელოვანია. რომ სახელმძღვანელო შეისწავლა და დადებითად შეაფასა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რეკომენდაცია გაუწია მასწავლებელთა მიერ სახელმძღვანელოს იმპლემენტაციას სასწავლო პროცესში და სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი გახადა ცენტრის ელექტრონული რესურსების პორტალზეც. დიდი იყო ინტერესი სახელმძღვანელოს მიმართ, ამიტომ კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული პრეზენტაციის გარდა, მასწავლებლების წინაშე სახელმძღვანელო წარვადგინეთ ონლაინ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით. საინტერესოა, რომ სახელმძღვანელოს იმპლემენტაცია სასწავლო პროცესში დაიწყო არა მარტო პროექტის ბენეფიციარმა სკოლებმა, არამედ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა, რომლებმაც არაერთი გამოხმაურებით აღნიშნეს პროექტით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და ამ საქმეში დამხმარე სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე, გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. ეს კი სერიოზული საფუძველია იმისათვის, რომ ამ ტიპის პროექტების განხორციელება დაიწყოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

თუმცა ხაზგასმითაა აღსანიშნავი პროექტის შეფასების ცალკეულ ეტაპებზე მიღებული შედეგები – მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მიერ მიღებული ფუნდამენტური ცოდნა მათთვის წარმოადგენდა სიახლეს. მწირია ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან დახმარებების პოლიტიკის თაობაზე. ეს კი ასეთი სემინარების აუცილებლობის მაჩვენებელია, მაგრამ მათ, მხოლოდ დონორების დახმარებით, ეძლევა ფრაგმენტული ხასიათი, რაც კიდევ უფრო მეტად გვაფიქრებს სახელმწიფო პოლიტიკის ამ მიმართულებით გაძლიერების აუცილებლობაზე.  ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობათა პოპულარიზება და ევროკავშირისადმი ნდობის ხარისხის ამაღლება, აშკარად საჭიროებს განგრძობად და უწყვეტ, ახალ ინფორმაციულ წყაროებს, ამავდროულად, პედაგოგთა კორპუსის სერიოზულ გადამზადებას. აგრეთვე, სკოლებში იგრძნობა ტექნოლოგიური ინვენტარისა და მათი მოხმარების უნარ-ჩვევების ნაკლებობა, რაც  ინფორმაციული საზოგადოებისა  და თანამედროვე უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდობის განვითარების  შემაფერხებელი ფაქტორია.

პროექტის განხორციელებამ დაგვანახა, რომ ყველა რეგიონში მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს. განსაკუთრებულად რთული იყო მარნეულის აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მუშაობა, სადაც ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ ევროპასთან დაახლოების საკითხს, ასევე ვერ ფლობენ  ქართულ ენას. რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან იყო მზაობა,  შეხვედრების გარკვეული ნაწილი წარმართულიყო მათთვის გასაგებ ენაზე, თუმცა უდავოა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. დღის წესრიგში კვლავ რჩება ეთნიკურ უმცირესობებში ევროპული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხი სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებასთან ერთად. ამისათვის აუცილებელია სკოლებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა, ზოგადად იმ ევროპული გამოცდილების გაზიარება, რასაც ევროპარლამენტი განათლებაში ევროკავშირის სწავლების განზომილების დამკვიდრების მხარდაჭერით გამოხატავს. საქართველოშიც სახელმწიფოებრივ დონეზე  მხარდაჭერის არსებობა უფრო მეტად შეუწყობს ხელს, TEESS პროექტის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებას სამომავლოდ სხვა ახალგაზრდული პროგრამების რეალიზებაში, ევროკავშირის სახელმწიფოების გამოცდილების Erasmus in Schools დანერგვას, სასკოლო კონკურსების საერთო ეროვნულ დონეზე ჩატარებას, სამიზნე ჯგუფებში არა მხოლოდ უფროსკლასელებთან მუშაობის ორგანიზებას, არამედ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებასაც, რაც უფრო მეტად წაახალისებს მოსწავლეთა ინტერესს ევროპის მიმართ, გაზრდის  პასუხისმგებლობას თავადაც მიიღონ მონაწილეობა საქართველოში ასოცირების პროცესების განხორციელებასა და დანერგვაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ დავგეგმოთ დისტანციური გაკვეთილი

0

თითოეულ გაკვეთილს თავისი მიზანი აქვს, რომლის შესრულებისთვისაც მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობით ამდიდრებენ საგაკვეთილო დროს. დისტანციური სწავლების დროს გაკვეთილის დაგეგმვა ორმაგ შრომას მოითხოვს, რადგან საგაკვეთილო დრო შემცირებულია და მასწავლებელმა უნდა მოახერხოს, მცირე დროში მოსწავლეებს ძირითადი ინფორმაცია გადასცეს, მათგანაც მიიღოს უკუკავშირი და ასე დაგეგმოს მომავალი შეხვედრა.

როგორ დავგეგმოთ დისტანციური გაკვეთილები? ეს კითხვა ალბათ ბევრი მასწავლებლის ფიქრში იკავებს ადგილს. გაგაცნობთ ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც დისტანციური გაკვეთილების დაგეგმვის დროს ვიყენებ. თვალსაჩინოებისთვის შემოგთავაზებთ ვიდეოინსტრუქციასაც, სადაც პრაქტიკულადაა ნაჩვენები მისი განხორციელების გზა.

გაკვეთილისთვის აუცილებლად ვამზადებ Microsoft PowerPoint Presentation-ში პრეზენტაციას, სადაც მოცემულია საგაკვეთილო თემა და სავარჯიშოები. იმისთვის, რომ ტექსტის პრეზენტაციაში გადატანა გამარტივდეს,  ვიყენებ ელექტრონული წიგნის რესურსს. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ვეძებ ინტერნეტსივრცეში ან თვითონ ვბეჭდავ ტექსტს. სავარჯიშოებისთვის გადამაქვს  სახელმძღვანელოში მოცემული დავალებები. თავადაც ვქმნი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სავარჯიშოებს, რომლებიც მოსწავლეთა რაოდენობაზეა გათვლილი. დამატებით ჰიპერბმულის საშუალებით ვურთავ მოსასმენ ან საყურებელ რესურსს.

პრეზენტაციას ყოველთვის ვაფორმებ თემატურად, რომ მრავალფეროვნება შევძინო. ამასთან, ტექსტი უნდა იყოს მოცემული ისეთი შრიფტითა და ზომით, რომ მოსწავლეებს არ გაუჭირდეთ მისი აღქმა. ეცადეთ, მეტისმეტად არ გადატვირთოთ გვერდები. თანაბრად გადაანაწილეთ -ისე, რომ მოსწავლეებმა მარტივად შეძლონ მისი გაგება. სავარჯიშოები დანომრეთ, რათა მოსწავლისთვის გაგიადვილდეთ მინიშნება, რომელ დავალებას აკუთვნებთ მათ. შეეცადეთ, თითოეული აქტივობა, რომელსაც გეგმავთ, ასახოთ პრეზენტაციაში, შექმნილი პრეზენტაცია კი გაუზიარეთ მოსწავლეებს და ისე წარმართეთ გაკვეთილი. დასრულების შემდეგ  ატვირთეთ ჯგუფში, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა და ცოდნის განმტკიცების მიზნით შეძლოს მისი გამოყენება.

ვიდეოინსტრუქცია: როგორ დავგეგმოთ ონლაინგაკვეთილი პრეზენტაციის სახით

კომპლექსური დავალება – ჩაატარე კვლევა შენ მიერ დამზადებული მანქანებით

0

თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ 21-ე საუკუნეში მოსწავლეები ამბობენ, რომ ისინი ცოდნას იღებენ, მათ ბევრი რამ იციან, თუმცა საჭირო დროს ვერ ახერხებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ზოგჯერ უჭირთ საკუთარი თავის წარმოჩენა, ერიდებათ.

რას ცვლის „ახალი სკოლის მოდელი?“

„მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“ – კონფუცის ცნობილი გამონათქვამის ბოლო ნაწილი – „გამაკეთებინე და გავიგებ“ – არის ფუნდამენტი, რომელსაც ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა.

კეთებით სწავლების პროცესის შუალედური რგოლია კომპლექსური დავალება. მოსწავლე ქმნის შემოქმედებით პროდუქტს, მისი საშუალებით ადასტურებს თავის ცოდნას საგნობრივ საკითხთან მიმართებაში და ამას აკეთებს ხალისით, ძალდატანების გარეშე.

გთავაზობთ ორიგინალური კომპლექსური დავალების ნიმუშს, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, „ახალი სკოლის მოდელის“ მათემატიკის მიმართულების საგნობრივი ექსპერტის, ქეთი ცერცვაძისა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ შექმნილი გზამკვლევიდან, რომელიც დამუშავების პროცესშია, თუმცა მასწავლებლებს დიდ დახმარებას გაუწევს, როგორ ჩაატარონ კვლევა მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული მანქანებით.

 

მიმართულება – რიცხვები

კლასი – III -IV

სავარაუდო დრო -2 კვირა

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

ზომა და ზომის ერთეულები

შედეგები: 1-4 კლასები მათ.დაწყ.(I).4 მათ.დაწყ.(I).13

 

მინიშნება: ზომა და ზომის ერთეულები მუშავდება როგორც რიცხვებში ( დრო, მასა, ფული), ასევე გეომეტრიაში (სიგრძე, პერიმეტრი, ფართობი, მოცულობა)

მკვიდრი წარმოდგენები:

სტანდარტული ერთეული საშუალებას გვაძლევს აღვწეროთ, შევადაროთ, მოვლენა, სიდიდე სხვადასხვა მახასიათებლით (მ.წ.1)

გაზომვის შედეგად მიიღება სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით. (მ.წ.2)

გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება. (მ.წ.3)

 

საკითხი: ზომის ერთეულები

ვესაკითხები:

  • დრო
  • მანძილი
  • შესაბამისობის გამოსახვა ცხრილის საშუალებით.

 

საკვანძო შეკითხვა / ზოგადი შეკითხვები:

რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ავტომობილის სწრაფი გადაადგილება?

 

კომპლექსური დავალების პირობა / შეფასების კრიტერიუმები:

 

შენი დავალებაა:

ჩაატარო კვლევა შენ მიერ დამზადებული მანქანებით.

 

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • რას იღებთ კვლევისშედეგად და რატომ არის გაზომვები მნიშვნელოვანი? (მ.წ.2)
  • როდის არის სანდო გაზომვის შედეგები? რატომ?(მ.წ.3)
  • რატომ არის სტანდარტული ერთეულები მნიშვნელოვანი? (მ.წ. 1)

შენიშვნა: მ.წ. აღნიშნავს მკვიდრ წარმოდგენას.

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • იმსჯელოსგაზომვის შედეგად მიღებული სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივ მახასიათებლებსა და შესაბამის ერთეულებზე.
  • იმსჯელოს, გაზომვის შედეგების სანდოობაზე. გაიაზროს, რომ გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება.

 

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

საკვანძო შეკითხვა: რას გულისხმობს შესასწავლი საკითხი?

რა შემოქმედებითი პროდუქტის საშუალებით უნდა დავადასტურო, რა ვისწავლე ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

სათამაშო მანქანები

ალბათ ხშირად დაკვირვებიხარ სხეულების მოძრაობას, გიცდია სათამაშო მანქანების შეჯიბრება. ეს პროცესი უფრო მეტად საინტერესო რომ გავხადოთ, ჩავატაროთ კვლევა, რისთვისაც გთავაზობ თავად დაამზადო მანქანები (ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით).

 

ეტაპი II. მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება კომპლექსური დავალების შესრულებისთვის  საჭირო საკითხების გახსენებით

 

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

სიგრძის საზომ რა ერთეულებს იცნობ?
კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

შეავსე გამოტოვებული ადგილები

5სმ.= მმ.

300სმ.= მ.

 

ეტაპი III – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა და დასრულების შემდეგ წარდგენა

საკითხის/საკითხებს დამუშავება სამიზნე ცნებების მიხედვით, მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებაზე მუშაობა და ცოდნის განმტკიცება.

 

ქვესაკითხი 1. დრო

 

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

●       დროის რა ერთეულებს იცნობ?

●       როგორ უკავშირდება დროის ერთეულები ერთმანეთს?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

●       როგორ გავზომოთ დრო?

●       როგორ გამოვსახოთ 130 წთ. საათებითა და წუთებით? პასუხი დაასაბუთეთ

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

 

●       რა ახდენს გავლენას სიჩქარის ცვლილებაზე?

●       რა მოხდებოდა მაშინ, სიჩქარე რომ არ იცვლებოდეს?

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას: ●       სტანდარტული ერთეული საშუალებას გვაძლევს, აღვწეროთ, შევადაროთ, მოვლენა, სიდიდე სხვადასხვა მახასიათებლით. (მ.წ.1)

●       გაზომვის შედეგად მიიღება სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით. (მ.წ.2)

 

 

ქვესაკითხი  2. მანძილი

შესაბამისობის გამოსახვა ცხრილის საშუალებით.

 

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

●       რა არის მანძილის საზომი ერთეული?

 

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

●       როგორ არის Შესაძლებელი  დიდი მანძილის მოკლე დროში დაფარვა?

●       რა ახდენს გავლენას სწრაფ გადაადგილებაზე?

 

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

 

პროპელერიანი მანქანა უფრო სწრაფია, თუ ჰაერისბუშტიანი? ახსენი შენი მოსაზრება შენ მიერ შევსებული ცხრილის გამოყენებით.

გავლილი მანძილი 5 წამში გავლილი მანძილი 10 წამში გავლილი მანძილი 15 წამში
პროპელერიანი მანქანა
ჰაერისბუშტიანი მანქანა
რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას: ●       გაზომვის შედეგად მიიღება სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისი ერთეულით. (მ.წ.2)

●       გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება. (მ.წ.3)

 

 

კომპლექსური დავალების წარდგენა

ეტაპი IV – თუ მოსწავლემ ვერ დაძლია პროგრამა, განმავითარებელი შეფასების შემდეგ, სასურველია, შეასრულოს დავალება თავიდან (მინიშნება: შემდეგი კომპლექსური დავალების წარდგენამდე უნდა შეძლოს პარალელურად წინა კომპლექსურის ხარვეზების აღმოფხვრა).

 

მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:

სასურველია, კითხვები დაისვას ისე, რომ მოსწავლემ გაიაზროს, რას ნიშნავს პრობლემის/საკითხის გადაჭრა (გთავაზობთ, კითხვები დასვათ პოლიას მეთოდით).

 

  1. პრობლემის/საკითხის გაგება
  • რა იყო შენი დავალება?
  • რა იყო საჭირო მის შესასრულებლად (რისი ცოდნა არის საჭირო არსებული პრობლემის გადასაჭრელად)?

 

  1. გეგმის შემუშავება
  • როგორ დაგეგმე სამუშაო?
  • რა ნაბიჯი დაგეგმე თავდაპირველად? რატომ?
  • რა ნაბიჯები გადადგი შემდგომ?

 

  1. გეგმის მიხედვით მუშაობა
  • რა არის პირველი, რის გაკეთებასაც აპირებ?
  • რა დაგეხმარა გეგმის მიხედვით მუშაობაში? აღწერე სამუშაო პროცესი.

 

  1. შეფასება
  • რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ დავალების შესრულებისას? რა მოგეწონა?
  • რატომ გადაწყვიტე აღნიშნული ფორმით დავალების წარმოდგენა?

 

 

დავალების ბარათი

 

მიმართულება რიცხვები

სასწავლო თემა:

ზომის ერთეულები

 

 

სამიზნე ცნება:

ზომა და ზომის ერთეულები

 

STEAM

მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება.

 

NGSS

კლასი: მე-3

დრო 2 კვირა

ზომის ერთეულები

⮚     დრო

⮚     მანძილი

⮚     შესაბამისობის გამოსახვა ცხრილის საშუალებით.

 

საკვანძო კითხვა:

რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ავტომობილის სწრაფი გადაადგილება?

 

დავალების პირობა

 

 

სათამაშო მანქანები

 

 

 

 

 

ალბათ ხშირად დაკვირვებიხარ სხეულების მოძრაობას, გიცდია სათამაშო მანქანების შეჯიბრება. ეს პროცესი უფრო მეტად საინტერესო რომ გავხადოთ, ჩავატაროთ კვლევა, რისთვისაც გთავაზობ, თავად დაამზადო მანქანები (ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით).

შენი დავალებაა:

●        გააბა 3მ-იანი სიგრძის თოკი ან 3მ-იანი სიგრძის საზომი ხელსაწყო და შენი დამზადებული მანქანით დაიწყო დაკვირვება, რამდენი მეტრი გაიარა პროპელერიანმა მანქანამ მოძრაობაში მოყვანიდან 5 წამში, 10 წამში, 15 წამში და ა.შ. ეს დამოკიდებულება აღწერე ცხრილში.

●       იფიქრე, რაზეა დამოკიდებული სისწრაფე? რა სიდიდეებს უნდა დავაკვირდეთ სისწრაფის აღსაწერად?

●       ექსპერიმენტის საფუძველზე გამოიტანე დასკვნა – რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ავტომობილის სწრაფი გადაადგილება?

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

●       რას იღებთ კვლევის შედეგად და რატომ არის მნიშვნელოვანი გაზომვები? (მ.წ.2)

●       როდის არის სანდო გაზომვის შედეგები? რატომ?(მ.წ.3)

●       რატომ არის სტანდარტული ერთეულები მნიშვნელოვანი? (მ.წ. 1)

●       რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ავტომობილის სწრაფი გადაადგილება?

 

 

შეფასება მოსწავლემ უნდა შეძლოს:

●       იმსჯელოს გაზომვის შედეგად მიღებული სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივ მახასიათებლებსა და შესაბამის ერთეულებზე.

●       იმსჯელოს, გაზომვის შედეგების სანდოობაზე. გაიაზროს, რომ გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება.

 

 

რეკომენდაციები მასწავლებელს  

მანქანის მოძრაობაში მოყვანა – STEM

 

იმისათვის, რომ გაზომო რამდენ სმ-ს გადის თითო წამში, აიღეთ სახაზავი, ან სანტიმეტრი, დადეთ მანქანის დასაწყისში შემდეგ გაუშვით ხელი და დააფიქსირეთ, რამდენს გადის ყოველ წამში ან 5-5 წამში:

 

 

 

 

 

მანქანის აწყობის ინსტრუქცია:

საჭირო რესურსები

1.      პლასტიკატის ბოთლები 2

2.      3 – ჩხირი

3.       6 – ბოთლის სახურავი

4.      წებო

5.      მაკრატელი

6.      მუყაო – მყარი ქაღალდი

 

ვიდეო ინსტრუქცია

1) პლასტიკატის ბოთლისგან

2) ბურთის მეშვეობით – ჰაერის მეშვეობით მოძრაობაში მოყვანა

3) მარტივი კონსტრუქცია რეზინით მოძრაობაში მოყვანა

 

 

 

 

 

მსგავსი დავალებები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://math.ge/.

 

დამეთანხმებით, ამგვარად შესწავლილი საკითხები მოსწავლეებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ და ვინ იცის, რამდენი იქნება მათ შორის მომავალი მათემატიკოსი და გამომგონებელი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, მათემატიკის გზამკვლევი – შედგენილია „ახალი სკოლის მოდელის“ მათემატიკის საგნობრივი ექსპერტის, ქეთი ცერცვაძისა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

ludus – მშვიდი თავშესაფარი

0

უძველეს დროს სკოლა ნიშნავდა ბავშვებისთვის ბედნიერ ადგილს. ის ლათინურიდან ითარგმნება, როგორც დასვენება. იან ამოს კომენსკი (კომენიუსი) ამბობდა: „ლათინურად, სკოლას ზოგჯერ უწოდებენ „ludus”, ე.ი. თამაშს; ის …მშვიდი თავშესაფარია, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მეცნიერული ცოდნის მისაღებად, სულაც არ არის მძიმე და დამღლელი, თამაშის მსგავსად მხოლოდ სასიამოვნოდ და მარტივად ვარჯიშობს გონება და სხეული”.

დიდი ჩეხი მეცნიერისა და მოაზროვნის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე პედაგოგიკის ფუძემდებლის, იან ამოს კომენსკის (1592-1670 წწ) შეხედულებები ბავშვის განვითარებისა და აღზრდის შესახებ რადიკალურად განსხვავდებოდა შუა საუკუნეების იდეებისგან. მას სჯეროდა, რომ შესაძლებლობები, რომლებსაც ყველა ბავშვი დაბადებიდან ფლობს, არის „ღვთის საჩუქარი“, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ განათლების პროცესში ვითარდება. კომენიუსს სჯეროდა აღზრდის უზარმაზარი როლის ადამიანის განვითარებაში და ამტკიცებდა, რომ აღზრდის წყალობით „ყველა ბავშვი შეიძლება, იქცეს პიროვნებად“, რომ ყველა ბავშვი პედაგოგიური მიდგომით შეიძლება გახდეს განათლებული.

კომენიუსს სჯეროდა, რომ მიწიერი სიცოცხლე იყო „მხოლოდ სამზადისი მარადიული სიცოცხლისთვის“ და ცდილობდა, აღეზარდა მორწმუნე ქრისტიანი. მისი იდეალი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ფიქრი, მოქმედება და საუბარი. ამიტომ ის საჭიროდ მიიჩნევდა ბავშვების სულიერ და ფიზიკურ განვითარებას.

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საზოგადოება პიროვნების შეცვლით. სწორ აღზრდას შეუძლია შეცვალოს ადამიანი; დაეხმარეთ მას მუდმივად წინსვლაში – ეს იყო კომენიუსის სოციალური თეორიის ბირთვი. მას კარგად ესმოდა საზოგადოებასა და განათლებას შორის ურთიერთდამოკიდებულება.

კომენიუსის ფიქრით, სწორი აღზრდა ბუნებასთან მეგობრული უნდა ყოფილიყო. ის თამაშს ბავშვისთვის აუცილებელი აქტივობის ფორმად მიიჩნევდა. მან მოითხოვა, რომ მშობლები არ ჩარეულიყვნენ ბავშვთა თამაშებში, მხოლოდ მათში მონაწილეობის მიღებით მიეცათ სწორი მიმართულება: „დაე (ბავშვები) იყვნენ ის ჭიანჭველები, რომლებიც მუდამ დაკავებულნი არიან: ისინი რაღაცას ახვევენ, ატარებენ, აათრევენ, კეცავენ, ცვლიან; თქვენ უბრალოდ უნდა დაეხმაროთ ბავშვს ისე, რომ ყველაფერი გონივრულად გააკეთოს”.

„თამაშის დროს გონება კვლავ ინტენსიურად არის დაკავებული და იხვეწება“, – წერდა კომენსკი. მან ასევე აღნიშნა განათლების როლის შესახებ თამაშებით ბავშვის თანატოლებთან დაახლოების საქმეში და რეკომენდაცია მისცა მშობლებს, მოეწყოთ და წაეხალისებინათ ბავშვების ერთობლივი თამაშები და გართობა ერთმანეთთან.

კომენსკის მითითებებს მორალური განათლების სფეროში ჰქონდა რელიგიური საფუძველი, მაგრამ მისი ზოგიერთი მითითება მორალური განათლების ამოცანებსა და საშუალებებთან დაკავშირებით იმ დროისთვის ახალი და ძალიან პოზიტიური იყო. კომენიუსი ურჩევდა ბავშვებს საკუთარ თავში ადრეული ასაკიდანვე გაეღვივებინათ აქტივობის სურვილი, სიმართლის თქმა, გამბედაობა, სისუფთავე, ზრდილობა, უფროსების პატივისცემა. მან დიდი ყურადღება დაუთმო მათში სიყვარულისა და მუშაობის უნარების დანერგვას, რომელიც მჭიდროდ უნდა დაეკავშირებინა თამაშებთან.

მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო განათლების პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენებოდა ფიზიკური დასჯა, მისი წინადადება იყო სასჯელის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შესთავაზა გამოყენება.

კომენიუსი თვლიდა, რომ სიცოცხლის პირველ ექვს წელიწადში ბავშვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროდან უნდა შეესწავლა, რა არის ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა, წვიმა, თოვლი, ყინული, ტყვია, რკინა და სხვა; ასტრონომიის სფეროდან – ის, რასაც ცა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჰქვია; გეოგრაფიიდან – ადგილი, სადაც ის დაიბადა და სადაც ცხოვრობს (სოფელი, ქალაქი, ციხე); რას წარმოადგენს მთა, ხეობა, მდინარე, ქალაქი, სოფელი და ა.შ. გარდა ამისა, მას უნდა სცოდნოდა დროისა და სეზონის დასახელებები (საათი, დღე, კვირა, თვე, წელი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი).

კომენიუსს სჯეროდა, რომ ყველა ბავშვი დაჯილდოებული იყო აღქმის უნარით. მას სურდა, „ყველას ყველაფერი ესწავლა”. მან მოითხოვა საყოველთაო განათლება გავრცელებულიყო როგორც მდიდრებზე, ისე ღარიბებზე, როგორც ბიჭებზე, ასევე გოგონებზე: ყველა უნდა ყოფილიყო განათლებული. ორივე სქესის ბავშვების უნივერსალური განათლების ეს იდეა უდავოდ იყო მოწინავე, დემოკრატიული მოთხოვნა, რომელიც აკმაყოფილებდა მასების ინტერესებს. კომენსკი თვლიდა, რომ სკოლას უნდა უზრუნველეყო ბავშვების ყოვლისმომცველი განათლება, რომელიც განავითარებდა მათ გონებას, ზნეობას, გრძნობებსა და ნებას. ის ოცნებობდა სკოლაზე, რომელიც იქნებოდა „ხალხის ნამდვილი სახელოსნო, სადაც მოსწავლეთა გონება განათებულია სიბრძნის ბრწყინვალებით“.  კომენიუსმა მკაცრად დაგმო სკოლები, სადაც სწავლის პროცესი შედგებოდა ბავშვებისათვის გაუგებარი ჩხუბისაგან და მოითხოვა მათი რადიკალური გარდაქმნა.

კომენიუსის აზრით, მოსწავლეების მიერ მასალის ათვისების შეუცვლელი პირობა იყო მათი დაინტერესება და სწავლისადმი ყურადღება. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსწავლეებში ცოდნის წყურვილის გაღვივებას და ამ საკითხთან დაკავშირებით იძლეოდა რიგ კონკრეტულ მითითებებს:  აუცილებელი იყო მოსწავლეებს სცოდნოდათ, რატომ სწავლობდნენ და რა სარგებელი მოჰქონდათ მათ ცოდნას. გარდა ამისა, აუცილებლად მიაჩნდა მასწავლებლებისგან მათი ცნობისმოყვარეობის წახალისება, რომ სწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო ხალისიანი და მარტივი გამხდარიყო.

კომენიუსის მეთოდი იყო სწავლება მარტივიდან რთულისკენ.

კომენიუსმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მასწავლებელს. მასწავლებლობა საპატიო საქმედ მიაჩნდა, „ისეთივე შესანიშნავად, როგორც მზე“. ეს იყო ახალი, პროგრესული შეხედულება მასწავლებლის პროფესიის მიმართ, რადგან მას, განსაკუთრებით დაწყებით სკოლაში, პატივს არ სცემდნენ. კომენიუსმა მოითხოვა, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობა მასწავლებელს პატივისცემით მოქცეოდა, ხოლო, მეორე მხრივ, მასწავლებელს თავად უნდა გაეგო, რა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ის საზოგადოებაში. მასწავლებელი, – წერდა ის, – უნდა იყოს პატიოსანი, აქტიური, დაჟინებული, სათნოების ცოცხალი მაგალითი. მას უსაზღვროდ უნდა ჰყვარებოდა თავისი საქმე, სწორედ მას უნდა გაეღვივებინა ცოდნისადმი ინტერესი მოსწავლეში. „მასწავლებლის უპირველესი საზრუნავია მოსწავლეების მოხიბვლა მაგალითით“.

„მათ, – წერდა ის, – დაეკისრათ შესანიშნავი მისია, რომელზე დიადიც არაფერია ამ მზის ქვეშ”. კომენსკის სჯეროდა, რომ სკოლის წარმატება დამოკიდებული იყო მასწავლებელზე, რომელიც უნდა  ყოფილიყო ოსტატი თავის ხელობაში და სრულყოფილად დაუფლებოდა სწავლების ხელოვნებას. ყველაზე გამოცდილ მასწავლებლებს პატარებისთვის უნდა ესწავლებინათ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის პირველი ნაბიჯების წარმართვა. მასწავლებელი უნდა ყოფილიყო მაგალითი მისი მოსწავლეებისთვის როგორც გარეგნულად, ასევე სულიერად და ქცევის თვალსაზრისით. ამიტომ აუცილებელია, რომ პატიოსანი და აქტიური ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი პროფესია და გამუდმებით ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, გახდნენ მასწავლებლები.

ასე ფიქრობდა XVI-XVII საუკუნეში მცხოვრები ადამიანი.

რას ვირჩევთ ჩვენ დღეს?

როგორ ვასწავლით?

როგორ უნდა ვასწავლოთ?

 

გამოყენებული ვებგვერდები: https://genia.ge/?p=7096#more-7096https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/104925 ; https://mastsavlebeli.ge/?p=2322 .

 

დილა, გულივერი    

0

ზაფხულის არდადეგები ახალი დაწყებული იყო. ბალიშიდან თავი წამოვწიე და მზის შუქით განათებული ოთახი მოვათვალიერე. ღია ფანჯრები თხელი ფარდებით, ეზოში აყეფებული ჩემი შავყურა ძაღლი… იმ დილის ყველა წვრილმანი მახსოვს. სახლში არავინ ჩანდა – სადღაც წასულიყვნენ, კარი კი დაუკეტავად დაეტოვებინათ. პირის დაბანა არც გამხსენებია, ოთახებში დავბორიალებდი, უმიზეზო სიხარულით გულავსებული. მერე საძინებელში შევბრუნდი და იქ რაღაც უცხო შევნიშნე – წიგნი უნდა ყოფილიყო, კომოდის თავზე ალბათ ჩემს დასანახად დადებული.

ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“ აღმოჩნდა, რომლის ილუსტრაციებმაც მიმახვედრა, რომ ხელთ ფასდაუდებელი განძი ჩამეგდო. კითხვა მაშინვე დავიწყე, აულაგებელ საწოლზე გაწოლილმა, მრავალი ხიფათით სავსე შორეულ მოგზაურობაში წასასვლელად გამზადებულმა…

*

სამუშაო მაგიდაზე „გულივერის მოგზაურობის“ ახალი გამოცემა მიდევს, იმ ძველი, საბჭოთა საქართველოში დაბეჭდილი თარგმანისაგან მეტად განსხვავებული, ზომითაც – შეუდარებლად დიდი. თუ ჩემი ბავშვობის წიგნში მხოლოდ ორი ამბავი იყო მოთხრობილი – ლილიპუტებისა და გოლიათების მხარეებში მამაცი ექიმის, გულივერის გასაოგნებელი ყარიბობისა, აქ სხვა ისტორიებიცაა – მთავარი გმირი ხან მფრინავ კუნძულზე აღმოჩნდება და ხანაც იაპონიაში. თანამემამულეებისადმი, ზოგადად, ადამიანთა მოდგმისადმი მისი დამოკიდებულება კი საგულისხმოდ იცვლება ერთი თავგადასავლიდან მეორემდე.

„ლემუელ გულივერის, თავდაპირველად დასტაქრის, შემდგომში კი რამდენიმე გემის კაპიტნის მოგზაურობა არაერთ შორეულ მხარეში“ – აწერია წიგნს. ძველებურად მიჩქარდება გული ამ სიტყვების წაკითხვისას და ვგრძნობ, რომ ისევ მზად ვარ, თავი სადღაც სხვაგან ამოვყო, უცნაური არსებებით დასახლებულ ადგილას, ამოყირავებული სამყაროს საკვირველ სოფლებსა და ქალაქებში. რა თქმა უნდა, არ დამავიწყდება, რომ რასაც ვკითხულობ – სატირაა, რომ ავტორს სიმართლესთან მკითხველის მისაახლოებლად მიხვეულ-მოხვეული გზები აქვს არჩეული. და მაინც, ძნელად ამოსაცნობი არ არის, რას დასცინის, რა აღიზიანებს, როგორ ხალხში უნდა ცხოვრება.

„ლილიპუტეთში უკვე საუკუნეებია, რაც მეცნიერების ყველა დარგი ყვავის, – ვკითხულობთ პირველ ისტორიაში, – ერთი ეგაა, ფრიად უცნაურად წერენ: არც ევროპელებივით მარცხნიდან მარჯვნივ, არც არაბებივით მარჯვნიდან მარცხნივ და არც ჩინელებივით ზემოდან ქვემოთ, არამედ გარდიგარდმო, ფურცლის ერთი კუთხიდან მოპირდაპირემდე – როგორც ეს მავან ინგლისელ ქალბატონებს სჩვევიათ ხოლმე“.

თავად გულივერი, ერთი შეხედვით, მიმნდობ, გულუბრყვილო კაცად რომ გვეჩვენება, ენების შესწავლისას გასაოცარ გონიერებას იჩენს – ორი-სამი კვირა და უკვე თავისას აგებინებს უცხო ქვეყნის მოსახლეებს, მათგან გაგონილსა და საკუთარი თვალით ნანახს კი დაუვიწყარ ამბებად აქცევს.

„სახლები ერთობ უნიათოდ აქვთ ნაშენები: კედლები დაბრეცილია და ვერცერთ ოთახში ვერ ნახავთ თუნდაც ერთ სწორ კუთხეს, – მოგვითხრობს მთავარი გმირი მფრინავი კუნძულის, ლაპუტას შესახებ. – ამგვარი უთავბოლობის მიზეზი მათივე ამრეზილი დამოკიდებულებაა გამოყენებითი გეომეტრიის მიმართ, რაც მეტისმეტად უბრალო და დამიწებულ დარგად მიაჩნიათ, ხოლო მშენებლებისთვის მიცემული მითითებები იმდენად დახვეწილი და ღრმააზროვანია, მუშებს თავი-ბოლოს გაგება უჭირთ და შესაბამისად, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. მართალია, ფურცელზე შესანიშნავად ემარჯვებათ სახაზავის, ფანქრისა თუ ფარგლის ხმარება, მაგრამ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში მე იქაურებზე უფრო მოუქნელი, დაბდურა და უნდილი ხალხი ჯერ არსად შემხვედრია“.

მეტად სახალისოა ბალნიბარბის დედაქალაქ ლაგადოში მდებარე დიდი აკადემიის აღწერა, სადაც უამრავ წარმოუდგენელ ექსპერიმენტს ატარებენ: კიტრიდან მზის სხივის გამოყოფა უნდათ, რომ მერე „საგულდაგულოდ დახშულ-დაგმანულ ჭურჭელში“ მოაქციონ და სწორედ ამ ჭურჭლით გაათბონ ჰაერი ცივსა და წვიმიან ზაფხულში; ვიღაც ყინულის დენთად გადადნობის საქმეს შესდგომია, მას შემდეგ, რაც ალის დაჭედვის შესაძლებლობა გულმოდგინედ უკვლევია; ვიღაცას კი სახლის აშენების ახალი ხერხი მოუგონებია: მშენებლობას სახურავიდან იწყებს და ნელ-ნელა დადის საძირკვლამდე. ამ მიგნების უპირატესობას ორი ჯიშის მწერის – ფუტკრისა და ობობას ბრძნული მაგალითებით მისაბუთებდაო, – ამბობს გულივერი. და ღორის დინგებით მიწის გადახვნის ხერხიც ხომ იმსახურებს აღნიშვნას? „საქმეს მხოლოდ ის ართულებს, რომ ჯერჯერობით არცერთი მათგანი არაა მიყვანილი სრულყოფილებამდე, ამასობაში კი მთელი ქვეყანა პარტახდება, სახლები ინგრევა, ხალხი კი მშიერი და ჩამოძონძილი დაიარება“, –  ვკითხულობთ წიგნის იმ ნაწილში, სადაც ბალნიბარბის ამბებია მოთხრობილი.

რა აღარ ირეკლება ჯონათან სვიფტის დაბრეცილ სარკეებში. რა აღარ გვახსენებს, რომ თავის მოსაწონებლად ბევრიც არაფერი გვაქვს.

*

იმ დღიდან, როცა პირველად გადავშალე „გულივერის მოგზაურობა“, მეტი აღარაფერი მახსოვს. ალბათ დავამთავრე და ისევ თავიდან დავიწყე. ალბათ ეზოშიც ჩავედი ჩემი შავყურა ძაღლის მოსაფერებლად.

 

 

ჰაკლბერი ფინის ,,ისტორიის გაკვეთილი ‘’- ერთი სახალისო აქტივობის შესახებ

0

მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კითხვა  ჩემთვის უპირველესად  ინტელექტუალური  სიამოვნების რამდენიმე დღეა. თუმცა როგორც მასწავლებლისთვის შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოებები მხიარული და შემეცნებითი აქტივობების დასაგეგმადაც ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენენ.  ამ მხრივ ალბათ უფრო ჰუმანიტარული მიმართულების საგნების მასწავლებლებს გაუმართლათ, თუმცა  შემოქმედებითი მასწავლებლები სხვა საგნებშიც მოახერხებენ მსგავსი აქტივობების მოფიქრებას და განხორციელებას.

ლიტერატურული ნაწარმოებების გამოყენებით სასწავლო აქტივობებზე ამ სივრცეში ბევრჯერ დაიწერა ( მეც დავწერე ორიოდე სტატია). ყველა მათგანი საინტერესო და გამომწვევი მომეჩვენა მოსწავლეებისთვის და რამოდენიმე  ჩემს პრაქტიკაშიც გამოვიყენე, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალური სასწავლო პროცესის დროს. ყურადღებას გავამახვილებ ორ მიზანზე, რომელთა    მიღწევაში დაგვეხმარება მსგავსი აქტივობები. პირველი გახლავთ სასწავლო პროცესში საინტრესო სიახლეების შეტანა, მოსწავლეების მოტივირება და შემოქმედებითი უნარების გაააქტიურება – განვითარება. მეორე,  უფრო გრძელვადიანი მიზანი გახლავთ და   ე. წ. ,,გაჯეტების თაობის“ წიგნებისკენ მიბრუნებას გულიხმობს. ამ თემაზე ადრეც გვისაუბრია და  ახლა აღარ განვავრცობთ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების სასწავლო პროცესში შემოტანა ნადვილად იქნება ერთი ნაბიჯი მოსწავლეების წიგნებისკენ მიბრუნებისათვის.

ამჯერად ასეთი სახალისო აქტივობისაკენ ჩემი და ბევრი თქვენთაგანის ბავშვობის ერთ-ერთმა უსაყვარლესმა პერსონაჟმა მიბიძგა,  გენიალური ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაჟი – ჰაკლბერი ფინი ( რომელსაც ჩემი თაობა ჰეკლბერი ფინად იცნობდა, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი). სანამ უშუალოდ სასწავლო აქტივობაზე ვისაუბრებთ, მინდა გრძნობების ის ფეირვერკი  გავიხსენო, რაც ამ ნაწარმოების პირველად წაკითხვისას მეწვია.  ეს გახლდათ ერთმანეში არეული  აღტაცება, სიამოვნება, წუხილი, მხიარულება, სევდა, გაბრაზება, გაკვირვება და ა.შ.  როცა ამ ნაწარმოებს პირველად ვკითხულობდი, ჩემთვის ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი ამერიკაში მონობის შესახებ, ამიტომ განსაკუთრებულად  მახსოვს  გაუგებრობის  გრძნობაც, რომელიც დროდადრო მეუფლებოდა, როცა ჰაკლბერი თავს იდანაშაულებდა   ჯიმის გაქცევაში გაწეული დახმარების გამო.  საოცარად შთამბეჭდავი და დამაფიქრებელია ჩვენი პატარა გმირის საკუთარ თავთან ბრძოლის მომენტები.    თავისუფლების მოყვარული პატარა მაწანწალა  თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე დიდად არ იწუხებს თავს კანონიერების და წესიერების დაცვით, მაგრამ მონობას აღიარებს და თავის უფროს მეგობარს  პატრონის საკუთრებად მიიჩნევს.  სხვა არასახარბიელო  ქცევებისა და ჩვევებისგან  განსხვავებით მას სინდისი მხოლოდ ამ შემთხვევის გამო აწუხებს. მწერლის ოსტატობა მომხიბვლელია ჰაკლბერის შინაგან სამყაროში მიმდინარე  განცდების აღწერისას, რომელიც   არა უსამართლო კანონიერების, არამედ მეგობრობისა და ჰუმანურობის გამარჯვებით მთავრდება. რაც შეეხება ამ ნაწარმოების სხვა საოცარ გმირებს, დაუვიწყარ პასაჟებს და მარკ ტვენისთვის დამახასიათებელი გასაოცარი იუმორით სავსე ფრაზებს, ამაზე აღარ შევჩერდები და  დავუტოვებ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინ ელოდება.

ახლა კი  აქტივობას წარმოგიდგენთ. ახლახანს ახალი თარგმანის ხათრით ,,ჰაკლბერი ფინი“  შემომეკითხა. მრავალი წლის შემდეგ ამერიკელი მწერლის შედევრის   ხელახლა წაკითხვის სიამოვნებასთან ერთად ერთი  სასწავლო აქტივობის იდეაც გამიჩნდა.

ნაწარმოების უამრავ ბრწინვალე პასაჟს შორის არის ერთი სახალისო ადგილი, როცა ჯიმის გულწრფელად შეაქვს ეჭვი მათ ტივზე შემოკედლებული მაწანწალა არამზადების   დიდგვაროვნებაში. თვითმარქვია მეფისა და ჰერცოგის  უსაქციელობით შეწუხებული ჯიმი ჰაკლბერის შესჩივის,  რომ არც ბებერი მაწანწალა  ჰგავს მეფეს და არც ახალგაზრდა ჰერცოგს. მახვილგონიერ ჰაკლბერს ტივზე ამ არამზადებთან ღია  დაპირისპირება არ უნდა და ცდილობს ჯიმის ეჭვები გააქარწყლოს. სწორედ ამ დროს  იწყება მისი საოცარი ,,ისტორიის გაკვეთილი“ ჯიმისათვის. ჰაკლბერის სურვილია, ჯიმი დაარწმუნოს, რომ ყველა  მეფე და დიდგვაროვანი არამზადაა, შესაბამისად არც   მათი უნებლიე თანამეტივეები იქნებოდნენ გამონაკლისები. მოდით გავიხსენოთ ეს მონაკვეთი : ,, წაიკითხე ერთხელ მათ შესახებ და გაიგებ, მაგალითად ჰენრი VIII, ჩვენი მეფე იმასთან შედარებით საკვირაო სკოლის ზედამხედველია. თუნდაც კარლოს II, ლუი  XV, იაკობ  II, ედუარდ   II, რიჩარდ   III და ორმოცი კიდევ სხვა. ახლა კიდევ საქსონელი მეფეები, რომლებიც ძველ დროში სულ ძარცვა-გლეჯას უნდებოდნენ. არა, შენ მოხუცი ჰენრი VIII უნდა გენახა ახალგაზრდობაში. აი, ის იყო, რაც იყო. ყოველდღე ახალი ცოლი მოჰყავდა, რომელსაც მისი ბრძანებით ჯალათი თავს კვეთდა. ამას ისე გულგრილად აკეთებდა, თითქოს საუზმეს უკვეთსო. ,,მოიყვანეთ ნელ გუინი“, – იტყოდა იგი. მოუყვანდნენ. მეორე დილით იტყოდა : ,,მოკვეთეთ თავი!“ და მოკვეთდნენ. ,,მოიყვანეთ ჯეინ მორი „, – იტყოდა იგი. მოუყვანდნენ. მეორე დილით იტყოდა : ,,მოკვეთეთ თავი!“ და მოჰკვეთდნენ. ,,დარეკეთ, მომგვარონ მშვენიერი როზამუნდი“. მშვენიერი როზამუნდი ეხლებოდა, მეორე დილით იტყოდა : მოჰკვეთეთ თავიო. თითოეულ მათგანს ღამე თითო ზღაპარს ათქმევინებდა და სულ ამ ამბავში იყო, სანამ ათას ერთი ზღაპარი არ დააგროვა. მერე ყველას ერთ წიგნში მოუყარა თავი და ,,საშინელი სამსჯავროს“ წიგნი უწოდა. კარგი სათაურია და საკმაოდ შესაფერისიც. შენ არ იცნობ მეფეებს, ჯიმ, მე კი ვიცნობ. ეს ჩვენი ბებერი იმ მეფეებს სჯობია, ისტორიაში რომ შემხვედრია. აი, მაგალითად, ჰენრიმ ამერიკასთან წაჩხუბება მოიწადინა, როოგორ გგონია, რა ქნა? გაგვაფრთხილა? არა! უეცრად, რაც ჩაი იყო ბოსტონის ნავსადგურში, სულ ზღვაში გადაუძახა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოაცხადა, თანაც დააყოლა, ვნახოთ რას გაბედავთო. ასე იცოდა, გასაქანს არავის აძლევდა. ერთხელ ეჭვი მიიტანა თავის მამაზე, უელინგტონის ჰერცოგზე, და რა ქნა, როგორ გგონია? თავის გამართლება სთხოვა? არა, კატასავით ღვინის კასრში ჩაახრჩო. ფული რომ დაგეტოვებინა გამოსაჩენ ადგილას , იცი , რას სჩადიოდა? იჯიბავდა, დაგპირდებოდა რამის გაკეთებას, ფულს მისცემდი, თუ იქვე არ იყავი და არ უყურებდი, იცი, რას იზამდა? უთუოდ მოგატყუებდა. პირს რომ გააღებდა, თუ მაშინვე არ მოკუმავდა, სულ ტყუილებს ლაპარაკობდა. აი, რა ხარაბუზა გახლდათ ის ჰენრი და, ჩვენი მეფეების მსგავსად ის რომ ყოფილიყო, გაცილებით მეტად გააცურებდა ამ ქალაქს …………….. მეფეები ძალზე საზიზღარი ხალხია, რა ვუყოთ, ასე არიან აღზრდილი.“

ამ ისტორიულ-ლიტერატურულ  ვაკხანალიაში  იმალება სწორედ ჩვენი აქტივობის გასაღები, რომელიც   ორ ეტაპად შეიძლება განხორციელდეს. აქვე ვიტყვით, ეს აქტივობა მეცხრე – მეათე  კლასის მოსწავლეებისთვის გვაქვს მოაზრებული და მისი განხორციელება  სასწავლო წლის მანძილზე სხვა საინტერესო აქტივობებთან ერთად  ერთხელ ნამდვილად მიგვაჩნია შესაძლებლად. თავდაპირველად სწორედ ამ მონაკვეთს გავაცნობთ მოსწავლეებს და შევთავაზებთ მათ, გამოიცნონ ჰაკლბერის დაშვებული შეცდომები.   თავდაპირველად მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ გამოიცნონ   ისინი, ასეთ შემთხვევაში შეცდომები  შეიძლება სხვადასხვა გზით გასწორდეს. მაგ; მივუთითოთ მოსწავლეებს შეცდომაზე და ვთხოვოთ სწორი ვერსია თავად მოიძიონ. შესაძლოა მათ არც მივუთითოთ შეცდომებზე და ვთხოვოთ თავად  შეეცადონ თუნდაც ერთი შეცდომის აღმოჩენა და მისი სწორი ვერსიის მოძიება. მთავარია, მოხდეს ჰაკლბერი ფინის შეცდომების აღმოჩენა და მისი სწორი ვერსიების მოძიება, ხოლო ეს რა გზით მოხდება,  მასწავლებლის გადასაწყვეტია. კლასის მზაობიდან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე ვერსია შემოგთავაზეთ. სანამ ჩვენი აქტივობის მეორე ფაზაზე გადავალთ, მინდა დავაფიქსირო, რომ უკვე დასაწყისიც ძალიან სახალისო და შემეცნებითი გამოვიდა, მოსწავლეები ალბათ კარგად გაერთობიან ჰაკლბერი ფინის ,,აბდაუბდა“ ისტორიით, რაც მთავარია აღმოაჩენენ დაშვებულ შეცდომებს, მოიძიებენ სწორ ვერსიებს, რითიც გაიფართოვებენ საკუთარ ცოდნას, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ წაკითხული ეს შესანიშნავი ნაწარმოები, იმედია, მისი წაკითხვის სურვილიც გაუჩნდებათ.

თუმცა როგორც ვთქვით, ჩვენი აქტივობა აქ არ სრულდება. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვთ, უკვე ნასწავლი მასალიდან თვითონვე შექმნან მსგავსი ,,ისტორიის გაკვეთილები“. აქაც შემოგთავაზებთ ვერსიას, როგორ შეიძლება ეს განხოციელდეს, თუმცა მასწავლებელმა შესაძლოა ეს განსხვავებულად გააკეთოს. მაგ: მოსწავლეებს ვყოფთ ჯგუფებად და ვთხოვთ რომელიმე განვლილ საკითხზე  ,,ისტორიის გაკვეთილი“ მოამზადონ, რომელშიც დაშვებული იქნება შეცდომების წინასწარ დათქმული რაოდენობა. ჯგუფები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ ნამუშევრებს და შეეცდებიან ერთმანეთის დაშვებული შეცდომების პოვნას და გასწორებას. შესაძლოა აქტივობას ვიქტორინის ფორმაც მივცეთ და თითოეული  აღმოჩენილი შეცდომა და გასწორებული ვერსია ქულებით შეფასდეს და გამოვლინდეს გამარჯვებული გუნდი. თუმცა როგორც ვთქვით, როგორ განხორციელდება ეს აქტივობა, მასწავლებელი უკეთ გადაწყვეტს თავისი კლასისთვის, მთავარია, მოსწავლეებმა შექმნან თავიანთი შეცდომებიანი ,,ისტორიის გაკვეთილები“ და შეეცადონ სხვების შექმნილ მსგავს პროდუქტებში იპოვონ დაშვებული შეცდომები.

დასასრულს იმასაც დავძენთ, რომ მსგავსი აქტივობა მასწავლებლებმა შესაძლებელია სხვა წიგნების  დახმარებითაც გააკეთონ, მთავარი პრინციპი ისაა, რომ მათში პერსონაჟების მიერ შეცდომები უნდა იყოს დაშვებული, რომლებსაც მოსწავლეები გამოასწორებენ და თან ერთი კარგი წიგნიც შემოეკითხებათ.

 

მძიმე არ იწერება

0

(იდეები ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულისთვის)

 

ძალადობა, ჩაგვრა, ბულინგი, დაცინვა – ეს ის სიტყვებია, რომელთა გაგონებისას ყოველთვის ვშფოთავთ და ვნერვიულობთ, მიუხედავად იმისა, სკოლის მოსწავლეები ვართ, მასწავლებლები თუ დიდი ხანია, ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ სასკოლო სისტემასთან. ეს ის სიტყვებია, რომელთა აღსანიშნები ენაში რომ არ არსებობდნენ, ადამიანები ბედნიერები  იქნებოდნენ, ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდებოდა, საზოგადოება  იქნებოდა შემწყნარებელი და ბედნიერი.

თითქმის ყოველდღე, ტელევიზიითა თუ სოციალური მედიით, ქუჩაში თუ სახლში, სკოლაში თუ ტრანსპორტში ძალადობის ამბები გვესმის, სულ ახლო წარსულშიც შეიძლება გავიხსენოთ ძალიან მძიმე, უმძიმესი ფაქტები.

იდეა, რომ გრამატიკული საკითხების სწავლება ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულთან შემეზავებინა, ბოლო დროს გამიჩნდა, კონკრეტულად, 5 ივლისის ამბების მერე.  გახსოვთ ალბათ, სოციალურ ქსელში გავრცელებული მოწოდება, რომ „ძალადობის მერე მძიმე არ იწერება“, მართლაც, არაფერი ამართლებს სხვის წინააღმდეგ აღმართულ ხელს.  ეს მოწოდება კი თავისი სიზუსტის და ლაკონიურობის  გამო ძალიან პოპულარული გახდა.

როგორ გავხადოთ ეს საკითხი კიდევ უფრო თვალსაჩინო? როგორ ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ ძალადობას მხოლოდ ძალადობა მოაქვს, რომ ეს ისეთი ზვავია, რომელიც თუ დაგორდა, ქვეშ ყველას მოიყოლებს, არცერთი ნიშნით არ განარჩევს.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, როგორ შეიძლება ეს საკითხები გავააქტიუროთ გრამატიკის სწავლებისას.

  1. ძალადობის ანბანი არ არსებობს!

პირველი, რაც ამ თემაზე მახსენდება, დამწერლობები და ანბანია, ამ საკითხებზე საუბრისას, შეიძლება მოსწავლეებს ვესაუბროთ, რომ კაცობრიობის ისეთი მიღწევა, როგორიც ანბანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩავინიშნოთ, დავიმახსოვროთ და სხვებსაც გავუზიაროთ ჩვენი აზრები, არ შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ, ძალადობის წასახალისებლად გამოვიყენოთ. ქართული ანბანი, რომლითაც შოთა რუსთველისა და ვაჟა-ფშაველას გენიალური ტექსტები დაიწერა, არ იმსახურებს ბოროტების იარაღად გამოყენებას.

  1. სიყვარული არსებითი სახელია!

არსებითი სახელების ჯგუფებზე საუბრისას შეგვიძლია ასეთი სლოგანები მოვიფიქროთ, გამოვყოთ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არსებითი სახელები, როგორიცაა, სიყვარული, თანადგომა, პატიება და სხვა.

  1. უარყავი ძალადობა!

ეს სლოგანი ზმნის უარყოფითი ფორმის წარმოებისას გამოგვადგება,  როდესაც გრამატიკულ საკითხებს მოამთავრებთ, უარყოფით კონსტრუქციაში ჩასვით ყველა ის მოქმედება, რომელიც არ შეიძლება. მაგ: მე არ ვძალადობ! მე არ დავცინი! მე არ ვჩაგრავ და ა,შ. ასეთი ფორმით წარმოდგენილი თვალსაჩინოება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

  1. ძალადობას დროის ფორმა არ აქვს!

კიდევ ერთი საკითხი, რომელზე საუბარი ზმნის ახსნისას შეგიძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზმნას სამი დრო აქვს, ნურცერთს ნუ გამოვიყენებთ ძალადობისთვის.

  1. ძალადობისთვის არ არსებობს თურმეობითი!

მესამე სერიის ფორმებზე ლაპარაკისას შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, რომ ყველა ძალადობას ჰყავს კონკრეტული მსხვერპლი, ყველა ძალადობა მტკივნეული ფაქტია და არ არსებობს მისთვის თურმეობითი მწკრივი.

  1. ძალადობის მერე მრავალწერტილი და კითხვის ნიშანიც არ იწერება

მძიმის არ იყო, ვერც მრავალწერტილს გამოიყენებთ და ვერც კითხვის ნიშანს, ძალადობა დასრულებული მოქმედებაა, რომლის შედეგი ყოველთვის სასტიკია.

 

ჩამონათვალს გავაგრძელებდი, მაგრამ ვფიქრობ, თემასა და სლოგანს თქვენ უკეთ მოიფიქრებთ. კვირეულს შეიძლება საერთოდაც ასე დავარქვათ, „ენა ძალადობის წინააღმდეგ“, ენა ყოფიერების სახლია, ის ჩვენი ყოფნის არეალია, ჩვენი ყოველდღიურობა, ჟანგბადი, რომლითაც ვსუნთქავთ, რაღაც საოცარი მოწყობილობა, რომელიც ჩვენთვის გასაგებად თარგმნის სამყაროს. ჰოდა, პირველი იარაღი, რითაც ძალადობას უნდა ვებრძოლოთ სწორედ ენაა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების მთავარი მიზანი ხომ უკეთესი ადამიანების აღზრდაა- ჰუმანური, ტოლერანტი და ემპათიური ადამიანების, რომლებიც ყველა შესაძლო ენობრივი საშუალებით მხოლოდ  სიყვარულს ავრცელებენ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...