კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

გზა პიროვნულ-ზნეობრივი უნივერსუმისკენ

0

(ალუდა ქეთელაური)

 ,,ალუდა ქეთელაური” ვაჟა-ფშაველას პოეტური შედევრების რიგს განეკუთვნება. არიან ავტორები, რომელთა პირადი ცხოვრება და შემოქმედება თითქმის ერთი და იგივეა, თვით ავტორი მოქმედი პირია თავის შემოქმედებაში.

 

ეს ეხება ვაჟა-ფშაველას ამ პოემასაც. აღნიშნული იყო, რომ ალუდას სახე ავტორის ხასიათის ორეულია, ალტერ ეგო, მის სულიერ ვნებათა ანარეკლი.

 

ალუდა პირველივე გასროლით კლავს მუცალის ძმას. ამის შემდეგ იწყება ალუდასა და მუცალის ორთაბრძოლა პოემაში. ეს ერთ-ერთი უძლიერესი ეპიზოდია და საოცარი ექსპრესიულობით არის აღწერილი. ამ ბრძოლით იწყება ალუდას საოცარი გარდაქმნა. ალუდას მთელი შემდგომი მოქმედება თითქოს თავისებური განმუხტვაა იმ ჟინიანი შერკინების შემდეგ. მალე მისი ხასიათი სრულიად მოულოდნელი კუთხით იხსნება: იგი დაიტირებს მუცალს (ეს არის დატირების ფორმა, რომელიც ვაჟას სხვა პოემებშიც გვხვდება, მაგრამ აქ ფსიქოლოგიური სიღრმე მიიღწევა იმით, რომ გმირს ტირის მისივე მკვლელი), გვარს დაულოცავს, გამზრდელს შეუქებს და აქვე დასცდება მისივე და თემის შეხედულებებისათვის ყოვლად წარმოუდგენელი ,,ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო” მუცალის მისამართით. ალუდას შინაგანი ხედვა უფრო ღრმაა, ვიდრე მუცალში თანასწორი მეომრის, ვაჟკაცის აღიარება. ალუდა ინსტინქტურად ხვდება, რომ მისი მტერი მისივე მსგავსი ადამიანია. შინაგანი წვდომით იგი იმ აზრამდე მიდის, რომ განსხვავებული სარწმუნოება არ იძლევა ადამიანთა შორის განსხვავების საფუძველს, ამიტომ ლოცავს მოკლულ მტერს და ,,მოუნათლავ გმირად” მიიჩნევს. პოემის გმირი ადათ-ჩვეულებების, ტრადიციების, თემური სიბრძნის ნაცვლად თავის ერთადერთ მრჩევლად საკუთარ გულს მოიხმობს. ქრისტიანი ალუდა თითქოს არღვევს ადამიანებს შორის აღმართულ რელიგიურ კედელს, როცა იმეორებს: ,,იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინა სდებიყო გულადა”.

 

ის, რომ ვაჟასთვის ძირითადად მხოლოდ ადამიანი არსებობს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი და რა სარწმუნოებაც არ უნდა იზიარებდეს, ჩანს ,,ალუდა ქეთელაურში”. ადამიანის სულიერი სიმაღლის, პიროვნული ძლიერების გამომხატველია სხვა ეროვნების წარმომადგენლისადმი პატივისცემა, ისიც, რომ დაპირისპირებული, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებზე მდგომი ადამიანები ერთმანეთის ღირსებებს ხედავენ, არის რ ა ი ნ დ უ ლ ო ბ ი ს გამოვლენის უმაღლესი საფეხური. პოემის მიხედვით, არა მარტო ქრისტიანი შეიძლება იყოს ,,კაი ყმა”, არამედ მაჰმადიანიც, თუ ის გამოირჩევა სათანადო სულიერი სიმაღლითა და ე.წ. ,,სულის რაინდობით”, რაც ვაჟა-ფშაველას მსგავსად მრავალი მოაზროვნისა და მწერლის მიერაა იდეალად დასახული. ასეთი რაინდული მოქმედება ამშვენებს ალუდა ქეთელაურის პიროვნებასაც. შურისძიების გრძნობამ აიძულა იგი მუცალის მტერი გამხდარიყო, მაგრამ შინაგანმა, ზნეობრივმა კეთილშობილებამ არ მისცა უფლება, ვაჟკაცურად დაღუპული მოწინააღმდეგისათვის მკლავი მოეკვეთა. ამგვარად ,,უმაღლეს რწმენად ვაჟა-ფშაველამ ადამიანის ღირსების აღიარება, მისდამი პატივისცემა მიიჩნია, რა ეროვნებასა და სარწმუნოებასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. პოეტმა ამით გამოხატა ახალი დროის უმაღლესი სულიერი სწრაფვის _ ადამიანის ღირსების ცნობის დიდი და საპატიო ეთიკურ-ესთეტიკური წყურვილი” (ი. ევგენიძე).

 

ალუდა ტირილით გამოიგლოვებს ურჯულო მუცალს. ვაჟას თქმით, ხევსურეთში მიცვალებულზე ,,დედაკაცები ზარით ტირიან… კაცები ცრემლს არა ჰღვრიან, მხოლოდ ქვითინებენ და თვალებზე ქუდებს იფარებენ” (ვაჟა-ფშაველა, IX). ტირილი კი ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია ცრემლის დენასთან. ამგვარად, ხევსურეთში მიცვალებულზე ტირილი არ არის კაცის წესი, რაც პოემაში ალუდას მისამართით ნათქვამ სტრიქონშიც ჩანს: ,,ატირდა როგორც ქალიო”. ამ ნიუანსით ვაჟა გვიჩვენებს მუცალისადმი ალუდას ემოციური დამოკიდებულების სიმძაფრეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ,,ალუდას ამ ტირილს რაღაცნაირი კავშირი აქვს რუსთაველის გმირების ტირილთან, რომელნიც პოემის ყველაზე ტრაგიკული, დიდი შინაგანი განცდით აღბეჭდილი სიტუაციების ნიშანდობლივ აკომპანემენტს წარმოადგენს” (თამაზ ჩხენკელი). ამგვარად, მუცალთან ორთაბრძოლის შემდეგ ქეთელაურის ქცევასა და აზრებში ისეთი რამ ჩნდება, რაც მას არასდროს გამოუმჟღავნებია აქამდე და რამაც ის ბოლოს საზოგადოებასთან კონფლიქტამდე მიიყვანა. იმ საზოგადოებისა, რომლის იდეალებსა და ცხოვრების წესსაც ალუდა მანამდე სავსებით იზიარებდა. აშკარაა, მხოლოდ დიდ შინაგან შერყევას შეეძლო, გამოეწვია პიროვნების ასეთი ღრმა გარდაქმნა, რომელიც პოემაში თანდათანობით მიმდინარეობს.

 

ალუდამ ჯერ კიდევ არ იცის საკუთარ გულში დაბადებული ამ ახალი რწმენის მთელი სიღრმე, თუმცა იგი გრძნობს, რომ გაეხსნა რაღაც შინაგანი გულისყური და დაჟინებით უსმენს თავისი არსების სიღრმიდან მომავალ ხმას. ასე შინაგანად შეცვლილი უახლოვდება იგი შატილს, რომელიც ძველებურად უცვლელია და შეურყეველი, სადაც ქავებზე ურჯულოთა ხელები ცხარე მზეზე დნება, სადაც უცვლელია დაპირისპირებულ საზოგადოებათა სასიცოცხლო პრინციპის, მ ტ ე რ ო ბ ი ს, საფუძველზე აგებული ყოფიერება. წუთისოფელში კაცთა დაუსრულებელი და მარადიული მტრობის შემაზრზენ, ჯოჯოხეთურ სურათს გვიხატავს ვაჟა-ფშაველა, სადაც ერთი მკვლელობა ბადებს მეორეს, დაღვრილი სისხლი ახალ სისხლს მოითხოვს. ,,შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია” – ეს დახშული სივრცე უნდა გაარღვიოს ქეთელაურმა, რადგან ისიც ამ მარადი მტრობის მორევშია ჩათრეული. ასეთი იყო ძველი, წარმართული, შურისგების ზნეობრიობა. ამას უპირისპირდება ქრისტიანული, როგორც მიტევების ზნეობრიობა, რადგან შურისგების რეფლექსი ადგილს უთმობს სიყვარულსა და მიტევებას. ეს უკანასკნელი კი შურისგებაზე ძლიერია (თუმცა ამ პოემაში მტერი ასოცირდება პირად მტერთან, რომელზეც ათ მცნებაში ნათქვამია: ,,გიყვარდეს მტერი შენი”. რაც შეეხება სამშობლოს მტერს, მისი სიყვარული წარმოუდგენელია ქართული ქრისტიანული თვალთახედვისა და სინამდვილისათვის).

 

ალუდას უკვე ეეჭვება მისთვის აქამდე უეჭველი რელიგიური და სამართლებრივი მცნებების სისწორე. ის თითქოს კაცობრიობის პირველცოდვის შემეცნებით ვნებული ადამიანია. ალუდას ეეჭვება საყოველთაოდ აღიარებული რელიგიური ჭეშმარიტება თემისა, რომლისთვისაც ჩვეულია ახალთან შეურიგებლობა, ურჯულოსადმი მტრობა და არ მოსწონს ბრმა დოგმატიზმი, უძრავი რელიგიური წესებისადმი ერთგული ხევისბერისა, თუმცა ეს ღვთის ანუ გუდანის ჯვრის ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში დაეჭვებას არ გულისხმობს.

 

სიზმრის (რომელშიც მტრობის-კაციჭამიობის მთელი საშინელებაა ნაჩვენები და სწორედ ამით აიხსნება ხატობაზე ალუდას ტრაგიზმით აღბეჭდილი მოქმედება, როცა ირკვევა, რომ მას მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რაც სიზმრის ფარული აზრის გაცნობიერების შედეგია) ქვეცნობიერის წიაღგამოვლილი ალუდა ხატობაზე ,,ნისლივით მოდგება”. მას შავი კურატი მიჰყავს. ალუდას ახალი რწმენა რელიგიური შინაარსისაა, ამიტომაც საუფლო ჟამს ხატობაზე უნდა გამჟღავნდეს, როცა თემი და ღვთაება საკრალურად ერთიანდებიან, როცა ყმის გული გახსნილია ღვთისადმი (,,უნდა აცნობონ ბატონსა, ვისაც კი რამა სტკიოდა”) და უფალიც მოწყალეა (,,კარგი ყმა უყვარს ბატონსა, წყალობა ემეტებისა”). ხევსურთა თემის რელიგიურ დღესასწაულზე ხევისბერის მიერ ურჯულოსთვის სამხვეწროს დამწყალობნება გაუგონარი მკრეხელობა რომ იქნებოდა, ეს ალუდას უნდა სცოდნოდა. მას უნდა სცოდნოდა ისიც, როგორი იქნებოდა ხევისბერის რეაქცია, თუმცა ალუდა ისეა თავისი ახალი ჭეშმარიტებით აღსავსე, ვერ გრძნობს ამას. ბერდია აღშფოთებულია, ცდილობს გონს მოიყვანოს ალუდა, რომლის საქციელი გაუგებარია მისთვის. ხევისბერი, რაღა თქმა უნდა, უარს ამბობს სამხვეწროს დამწყალობნებაზე. ამგვარად, გუდანის ჯვარი, როგორც ქრისტიანული ღვთაება სხვადასხვანაირად ესმით ხევისბერსა და ალუდას. ალუდას მიერ წვდომილი ღმერთისთვის არ არსებობს მტრად და მოყვრად, რჯულიანად და ურჯულოდ, ცოდვიანად და უცოდველად გაორებული საწუთრო. ყველა ერთი ღმერთის საუფლოშია შეყვანილი.

 

,,ალუდას მიერ შინაგანად განცდილი უნივერსალური ღმერთიც სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ქ რ ი ს ტ ი ა ნ უ ლ ა დ მოაზრებული ღმერთი” (თამაზ ჩხენკელი). ხატობაზე აშკარავდება, რომ მომწიფებული კონფლიქტი ალუდას ახალი რწმენით გაზრდილ პიროვნებასა და შატილის კონსერვატიულად შეზღუდულ საზოგადოებას შორის კულმინაციას აღწევს. ამ საზოგადოების ტრადიციულ ღმერთს უპირისპირდება ალუდა ქეთელაურის ინდივიდუალობა, მისგან მოპოვებული, უშუალოდ განცდილი ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ი ღმერთი და კაცის პიროვნებასაც ამ ღმერთთან მსგავსება ქმნის.

 

ალუდა, როცა რწმუნდება, რომ პირს ,,ტყუილად იცვეთს”, მღვდელმოქმედებას თვითონვე კისრულობს, ხელს გაიკრავს ფრანგულზე და თავისი ხელით კლავს მუცალის სულის მოსახსენიენიებელ შესწირავს, როგორც შუამდგომელი საკუთარ თავსა და ღმერთს შორის:

 

,,გაჯავრდა ქეთელაური,

ფერი დაიდვა მგლისაო,

ხელი გაიკრა ფრანგულსა,

შუქი ამოხდა მზისაო.

უქნივა მოზვერს, ქედზედა,

თავი მიგორავს ძირსაო,

თან შეახვეწნა ბატონსა,

ნუ შემიცოდებ შვილსაო,

ალლადა ჰქონდეს მუცალსა,

მაგ მოუნათლავ გმირსაო”.

 

ალუდა უარყოფს არა სარწმუნოებას, არამედ მხოლოდ მის გაქვავებულ ფორმებს, ბრმა დოგმატებს, რომლებიც აღარ შეესაბამება მის მიერ აღმოჩენილი ახალი ჭეშმარიტების შინაარს. ,,ნუ შემიცოდებ შვილსაო” – ალუდა ბატონს ევედრება, ეს საქციელი ცოდვად არ ჩაუთვალოს, რადგან გრძნობს თავისი მოქმედების უჩვეულობას.

 

თემისა და ალუდას ერთად თანაარსებობა შეუძლებელი ხდება. თემი ხევისბერის პირით დაწყევლის და მოიკვეთს ქეთელაურს, როგორც უღირსსა და მისთვის საშიშ პიროვნებას. ალუდა ქეთელაური განდევნილ იქნა თემიდან, მაგრამ განდევნილ იქნა არა როგორც ,,მარჯვენა მკლავის მომკვეთის ტრადიციის დამრღვევი, არამედ როგორც ქრისტიანული მორალის უარმყოფელი. თემი საკითხს წყვეტს არა ნაციონალური, არა სოციალური მოტივით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებრივი ეთიკით” (დ. ბენაშვილი). ვაჟას გმირებს სულაც არა აქვთ წინასწარ განსაზღრული, დაუპირისპირდნენ თემის რომელიმე ადათს და უარყონ იგი, უფრო მეტიც, ,,არა აქვთ ადათთა დარღვევის ცნობიერება. მას შემდეგაც, რაც ისინი თემის მიერ გაკიცხულნი აღმოჩნდებიან” (გრ. კიკნაძე). გავიხსენოთ ტრაგიკულად ამაღლებული ფინალი: ქარბუქში მთის გაუკვალავ ბილიკზე მიდის მგზავრი, მას უკან ქალები მიჰყვებიან. მგზავრი საოცარი სიმშვიდით იღებს თავის ხვედრს, რაც მტკიცე გადაწყვეტილების, რწმენის შედეგია. თუმცა ალუდას ამ თითქოს სულიერი სიმშვიდის მიღმა ღრმა გულისტკივილი იმალება. იგი თავს მოაბრუნებს, რათა უკანასკნელად გამოემშვიდობოს თავის სალოცავებს, მიწა-წყალს, სახლ-კარს. (,,გადვიდნენ, ქედი გარდავლეს, თხრილი აღარ ჩანს კვალისა, ერთი გაისმა შორითა, მწარე ქვითინი ქალისა”). ასეთია ხოლმე ზოგჯერ ბედი მაღლად მხედი კაცისა.

 

ალუდა ქეთელაური ვაჟას უმშვენიერესი გმირია. იგი იბადება თემის კოლექტივიდან, როგორც პიროვნება, არღვევს გაქვავებულ რელიგიურ დოგმებს და აღწევს თავისუფლებას, მიდის ღმერთამდე, ალუდა იბრძვის არა საკუთარ ინტერესთა დასაცავად, თავისი განსაკუთრებული ადგილის დასამტკიცებლად, არამედ სიკეთის, ჭეშმარიტების სახელით გამოდის. იგი ზ ნ ე ო ბ რ ი ვ ი გმირია. მისთვის უცხოა შინაგანი გაორება, მერყეობა, სისუსტე. ის შეგნებული თანმიმდევრულობით მისდევს თავის მიერვე აღმოჩენილ ჭეშმარიტებას და ეწირება მას. ეს არის შემთხვევა, როცა გმირის შეგნება უსწრებს მასის შეგნებას და იგულისხმება, რომ მასა უნდა დაეწიოს გმირს, რომელიც წინამავლის როლში აღმოჩნდა. ალუდა ქეთელაურისნაირი ადამიანები „წარმოადგენენ უკუნის გამარღვეველ სინათლის სხივს. ისინი არიან წინამორბედნი ახალი ცხოვრებისა… მათი ცხოვრების მოწოდებაა გაანაყოფიერონ მსოფლიო, გამოაცოცხლონ სიკეთის ის მარცვლები, რომლებიც უიმათოდ ვერ გაიხარებს. იმის შემდეგ, რაც (ასეთი კაცი) გაივლის ჩვენ წინაშე, ჩვენ მეტად აღარ შეგვეძლება ისეთნაირები ვიყოთ, როგორებიც მანამდე ვიყავით“ (В.джемс, Многообразие гелигиозного опыта ). ,,ალუდა ქეთელაური” დღესაც გვაღელვებს, არ კარგავს ჰუმანისტურ აქტუალობას და ალბათ მანამ შეინარჩუნებს ზემოქმედების ძალას, სანამ ადამიანურ საზოგადოებაში იარსებებს მტრობა, კლასობრივი, ეთნიკური თუ სარწმუნოებრივი ფანატიზმი და ურთიერთდაუნდობლობა.

 

 

 

 

 

 

გეომეტრიული ფიგურები ჩვენ ირგვლივ

0

გეომეტრიული ფიგურები ჩვენ ირგვლივ ყველგან არის. მას ვხვდებით ქუჩაში, სახლში, საკვებშიც კი. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს პირველ რიგში მათი შემჩნევა ვასწავლოთ იმ გარემოში, სადაც არიან. თუ თქვენ კლასის წინაშე დადგებით და იკითხავთ, რომელ გეომეტრიულ ფიგურებს დაასახელებენ ისინი საკლასო ოთახში, რამდენიმე წამი სიჩუმე და დაკვირვება იქნება, შემდეგ კი მოისმენთ: ფანჯარა, დაფა, კარები, მერხი, რვეული, ნათურები და ა.შ.

გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც მათემატიკის გაკვეთილებზე განვახორციელე, კერძოდ კი მაშინ, როცა გეომეტრიულ ფიგურებზე მიდგა ჯერი.

  1. ინფორმაციის მიწოდება ვიდეოს სახით

გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობის დროს შევქმენი ვიდეო, სადაც აღწერილია სხვადასხვა ფიგურის ნიშან-თვისება. ასევე თვალსაჩინოების სახით გამოტანილია თითოეულის ფოტო. შეგიძლიათ აჩვენოთ მოსწავლეებს საინფორმაციო ვიდეო, რაც გაამდიდრებს თქვენს გაკვეთილს. ვიდეო ,,ბრტყელი და სივრცითი გეომეტრიული ფიგურები“, ვიდეო N2

  1. გეომეტრიული ფიგურები ჩვენ ირგვლივ

წინასწარ მოამზადეთ გაკვეთილისთვის თვალსაჩინოებები, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქალაქის, ქუჩისა თუ ღირსშესანიშნაობის ფოტოები. სთხოვეთ მოსწავლეებს დააკვირდნენ აღნიშნულს და თქვან, რომელ გეომეტრიულ ფიგურას ამსგავსებენ მათ. ყურადღება გაამახვილონ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე. ამ აქტივობით მოსწავლეებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშების, ყოფით საგნებში სივრცული ფიგურების ამოცნობის უნარებისა და სივრცული წარმოდგენების განვითარებას შეუწყობთ ხელს.

  1. სივრცითი ფიგურების შექმნა

მას შემდეგ რაც მოსწავლეები გაეცნობიან სივრცით ფიგურებს, გააცნობიერებენ მათ ნიშან-თვისებებს, შეგიძლიათ მათთან ერთად შექმნათ ერთი სივრცული ფიგურა. მაგალითად, კუბი, რომელიც მარტივი შესაქმნელია. დაურიგეთ მოსწავლეებს ფურცლები, სადაც წინასწარ გექნებათ მისი ფორმა ამობეჭდილი და მათთან ერთად შეეცადეთ, შექმნათ კუბი.

ასე ასწავლით მოსწავლეებს სხვადასხვა სივრცითი ფიგურის მოდელის შექმნას.

დაწერეთ სივრცითი ფიგურის სახელები ფერად ფურცლებზე. სთხოვეთ მოსწავლეებს, ამოარჩიონ ერთი. რომელი ფიგურაც შეხვდებათ, მისი მოდელი შექმნან დამოუკიდებლად და შემდეგ გაკვეთილზე წარადგინონ მისი პრეზენტაცია.

  1. გეომეტრიული ფიგურები საკვებში

როდესაც მოსწავლეებს შესწავლილი ჰქონდათ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა. მინდოდა მათ თავად შეექმნათ ისინი, განსხვავებით წინა დავალებისგან. მინდოდა, ახლა უფრო მეტი ორიგინალურობა და შემოქმედებითობა წამოსულიყო მათგან. ამიტომ შევთავაზე, რომ ნებისმიერი საკვებისგან შეექმნათ გეომეტრიული ფიგურა და თან დაერთოთ აღწერა. რა თვისებებით გამოირჩევა, რამდენი წვერო, გვერდი აქვს მათ შექმნილ ფიგურებს. მოსწავლეებისგან ძალიან საინტერესო ნამუშევრები მივიღე და ვფიქრობ, ცოდნის ტრანსფერიც შეძლეს.

ვფიქრობ, ეს აქტივობები დაგეხმარებათ გეომეტრიული ფიგურების უკეთ შესწავლასა და განმტკიცებაში.

ქიმიური ომონიმები

0

სწავლა არ არის ადვილი. ძირი მწარე აქვსო, გაგვიგონია. არ აქვს მნიშვნელობა, რას სწავლობ: ქიმიას, ფიზიკას, ენას თუ ფიცარში ლურსმნის ჩაჭედებას, – ყველაფერს თავისი სირთულე ახლავს, მონდომება სჭირდება, გულმოდგინება და გასაღების მორგება. აი, მაგალითად, უცხო ენის სწავლა რამდენ თავსატეხს უჩენს ადამიანს: აქეთ სიტყვიერი მარაგი უნდა შეივსო, უამრავი ასოთშეთანხმება დაიზეპირო, იქით გრამატიკის წესებს და ფორმულებს თუ ვერაფერი გაუგე, მარტო სიტყვათა მარაგი რას გარგებს – ვერავის გააგებინებ, საკუთარ თავზე ლაპარაკობ თუ სხვაზე, დღევანდელ ამბავს ჰყვები თუ უკვე მომხდარს ან მომავალში მოსახდენს… მაგრამ ეს ყველაფერი არ არის; რაც უფრო მდიდარი, ძველი და ცნობილია ენა, მით უფრო ადვილად აძლევს თავს უფლებას, არად ჩააგდოს დადგენილი ნორმები. სლენგსა და სიტყვების საყველპურო მნიშვნელობებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი – ომონიმებზე შევჩერდები.

ვისაც ინგლისური ენის მოქნილობა, დინამიკურობა, გარემო პირობებსა თუ ტექნოლოგიურ პროგრესზე სწრაფი მორგების შესაძლებლობა უგრძნია, ენის შესწავლისას აუცილებლად წააწყდებოდა Put და Get ზმნების „მრავალსახოვნებას“. რაღა შორს წავიდეთ – ქართულშიც რამდენი ასეთი სიტყვაა. წარმომიდგენია უცხოელი, ქართულს რომ სწავლობს და ცდილობს, გაარკვიოს, მარტივი ორასობგერიანი სიტყვა „და“ როდის დედმამიშვილია და როდის – სიტყვებსა თუ წინადადებებს შორის გადებული ხიდი, „გელა“ როდის მეზობელია და როდის – ფიცრიდან ლურსმნების ამოსაძრობი მოღუნული ორკაპა რკინა.

ქიმიასაც თავისი ენა აქვს ლექსიკით, გრამატიკით, ორთოგრაფიით და ომონიმებით. ყველა მათგანის ჩამოთვლა, ცხადია, შეუძლებელია, ამიტომ ყველაზე ხშირად გაგონილებზე შევჩერდები.

ეთერი – კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ის უპირველესად აბესალომის ტანჯულ მეუღლეს ახსენებს ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერიდან, რადიოსა და ტელევიზიაში მომუშავეთათვის სახალხოდ, სხვათა გასაგონ-დასანახად საუბარს ნიშნავს, ქიმიაში კი ნაერთთა ძალიან მნიშვნელოვანი კლასია, ურომლისოდაც ბევრ მცენარეს არ ექნებოდა ისეთი სუნი, როგორიც აქვს, არ იარსებებდა ბავშვის ჰიგიენური საფენები, ლითიუმისიონიანი აკუმულატორები ასეთი პატარა და ენერგოტევადი არ იქნებოდა.

არომატული – ნებისმიერი გამვლელი რომ გააჩერო და ჰკითხო, რას ნიშნავს „არომატული“, უთუოდ გეტყვით, სასიამოვნოდ სურნელოვანსო. დიახ, სუნის ქონება არ არის საკმარისი – არომატად რომ მოიხსენიონ, ის აუცილებლად სასიამოვნოც უნდა იყოს. ქიმიკოსებისთვის კი არომატულობა ელექტრონების თანაცხოვრების ისეთ განსაკუთრებულ ფორმას ნიშნავს, რომელიც ნივთიერებას უზარმაზარ მდგრადობას და სტაბილურობას ანიჭებს. განსაზღვრულმა ნივთიერებებმა სწორედ ამ თვისების გამო გაძლეს რამდენიმე ასეული ათასი წელი და ნავთობის სახით მოაღწიეს ჩვენამდე უცვლელი სახით.

მოლი – ამ სიტყვასაც უამრავი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ მწვანედ მობიბინე მდელოს ნიშნავს, ზოოლოგებისთვის, მორაგბეებისა და ე.წ. „შოპინგ-თერაპიის“ მორწმუნეთათვისაც თავ-თავისი მნიშვნელობა აქვს. ქიმიაში კი მოლი ნივთიერების რაოდენობის საზომი ერთეულია.

დაჟანგვას უბრალო საუბარში ლითონის ზედაპირზე ლაქების გაჩენას ვუწოდებთ, თუმცა ეს ამ ცნების მხოლოდ ერთი, მცირე ასპექტია. ქიმიაში ის ფართო და რთულ პროცესს აღწერს, რომლის თანახმადაც, მარტო ლითონები არ იჟანგებიან.

ჩამონათვალი ვრცელია და რაც დრო გავა, კიდევ უფრო გაიზრდება. ტექნოლოგიური პროგრესი ენის ლექსიკური სიმდიდრის უშრეტი წყაროცაა. ზოგჯერ ახალ სიტყვებს ვიგონებთ, ზოგჯერ სხვა ენებიდან შემოგვაქვს, ზოგჯერ კი უკვე არსებულს ვანიჭებთ ახალ მნიშვნელობას. ასე იბადებიან ქიმიური ომონიმები.

მაგელანი, შტეფან ცვაიგი და ჩვენ

0

„19 ოქტომბერი, 1519 წელი. დღეს ფერნანდო მაგელანმა თავისი ექსპედიციისთვის ხალხის შერჩევა დაიწყო, რომელთა შორის ვიყავი მეც და კიდევ 473 ადამიანი… ამოირჩია 250 საუკეთესო მეზღვაური (ჩემი ჩათვლით) და დაგვავალა, მეორე დღისთვის ჩაგველაგებინა აუცილებელი ნივთები და ნავსადგურში გამოვცხადებულიყავით.

გათენდა 20 ოქტომბრის დილა. დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას შევიყარეთ მეზღვაურები, აგრეთვე – ფერნანდო მაგელანი, ხუან სებასტიან ელ-კანო და ხუთი ხომალდის კაპიტნები.

ჩვენს ხომალდებს ერქვა „ტრინიდადი“, „სან-ანტონიო“, „სანტიაგო“, „კონსეპსიონი“ და „ვიქტორია“. 250 მეზღვაური ამ ხუთ გემზე გადავნაწილდით. სრულიად შემთხვევით მე მაგელანსა და ელ-კანოსთან მოვხვდი. გამიხარდა ამ ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად ყოფნა“…

როგორ ფიქრობთ, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი? ბატონებო და ქალბატონებო, ამ დღიურის ავტორები ჩემი მეშვიდეკლასელები არიან – მანანიკო და ნუცა. მათ ფერნანდო მაგელანის ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, მასთან ერთად გადალახეს ატლანტისა და წყნარი ოკეანეები, აღმოაჩინეს, აღწერეს, იბრძოლეს, გაიმარჯვეს და შთაბეჭდილებებით სავსენი დაბრუნდნენ სამშობლოში.

მოგზაურობა კი კომპლექსური დავალებით დაიწყო, რომლის ავტორიც ჩემი მეგობარი თამარ შალვაშვილია. ეს დავალება საკმაოდ დიდი ხნის წინ შეიქმნა. მას შემდეგ კომპლექსურმა დავალებებმა რამდენჯერმე განიცადა მოდიფიცირება, თუმცა მხოლოდ ფორმა შეიცვალა, ამიტომ უცვლელად გთავაზობთ.

ამ დავალებით ორ ცნებას ვამუშავებთ: გეოგრაფიული მოვლენა და გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი. საკითხი: დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე; ფერნარდო მაგელანის მოგზაურობა. საკვანძო კითხვა: როგორ დავაინტერესო თანატოლები შორეული აღმოჩენების ეპოქის მნიშვნელობითა და შედეგებით კომიქსების საშუალებით?

დავალებაზე მუშაობის დროს მუშავდება შემდეგი ქვესაკითხები: კარტოგრაფია, დრო და სივრცე, ისტორიული ფაქტები, მოდელირება, საზღვაო მოგზაურობა, აღმოჩენები, კოლონიალიზმი, მსოფლიო ოკეანე… მე ქვესაკითხებში სასაათო სარტყლები და თემატური რუკებიც დავამატე. თუმცა ახლა დავალების შესახებ არ ვისაუბრებ, მხოლოდ პირობას და მოსწავლეების მიერ შექმნილ კომიქსებს გაგაცნობთ.

ეს სტატია მაგელანსა და ჩვენზეა, კიდევ – შტეფან ცვაიგზე (ავსტრიელი მწერალი, 1881-1942), რომელმაც მონოგრაფია „Magellan – Der Mann und seine Tat“ (1938) მიუძღვნა პორტუგალიელ მეზღვაურსა და მკვლევარს ფერნანდო მაგელანს.

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ხარ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის ადამიანი, ფერნანდო მაგელანის ექსპედიციის წევრი – მეზღვაური, დიპლომატი, მეცნიერი, ვაჭარი ან უბრალოდ ფათერაკების მაძიებელი.

შექმენი ექსპედიციის წერილობითი დღიური მხატვრული კომიქსებით, ჩანახატებით.

ნაშრომში მკაფიოდ წარმოაჩინე:

  • შორეულ სახმელეთო და საზღვაო მოგზაურობათა დაწყების მიზეზები;
  • დედამიწის გარშემო პირველი მოგზაურობის შედეგები.

დღიურის შექმნისას დაეყრდენი სხვადასხვა წყაროდან, როგორც სახელმძღვანელოებიდან, ისე დამატებითი რესურსებიდან მიღებულ ცოდნას.

ეცადე, დღიურში ჩანდეს, რა მიზნით შეუერთდი ექსპედიციას; რა ინტერესები გამოძრავებდა.

აღწერე შენ მიერ გავლილი გზა, უცხო ქვეყნის მოსახლეობასთან შეხვედრები.

დღიურს დაურთე შენივე ხელით შექმნილი გეოგრაფიული ობიექტების

შემცირებული და განზოგადებული გამოსახულებები. პირობითი

ნიშნების გამოყენებით ასახე ტერიტორიები, რომლებიც აღმოაჩინეთ ამ ექსპედიციის დროს.

მოაწყვე კლასში ნამუშევრის პრეზენტაცია/წარდგენა.

 

აი, ეს არის კომპლექსური დავალება, რომელმაც ჩემს მეშვიდეკლასელებში დიდი აჟიოტაჟი და ფუსფუსი გამოიწვია. იმ პერიოდში ონლაინ სწავლებაზე ვიყავით, ერთმანეთს მხოლოდ დისტანციურად ვიცნობდით, გეოგრაფიაც ახალი საგანი იყო და კომპლექსურ დავალებასაც პირველად ასრულებდნენ. მოკლედ, დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. მეტი კომუნიკაციისთვის კლასი მცირე ჯგუფებად დავყავი. რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში განვიხილეთ რუკები, სასაათო სარტყლები, მოვლენებს გავუსწარით და ახალი წელიც გავიარეთ დროის სარტყლების მიხედვით. მოკლედ, მაგელანის მოგზაურობისთვის ვემზადებოდით და ფეხდაფეხ მივყვებოდით.

შტეფან ცვაიგის გაცნობით დავიწყე. წინასიტყვაობიდან ნაწყვეტი წავუკითხე. ხომ გახსოვთ, რას ამბობს მაგელანის გმირობაზე დაწერილი რომანის შესავალში ავსტრიელი მწერალი – სირცხვილის გრძნობამ დამაწერინაო. კომფორტული საოკეანო ლაინერით ამერიკაში რომ მივცურავდი, მგზავრობა აუტანლად ხანგრძლივი მეჩვენა, მაგრამ, როცა გამახსენდა, რა ტანჯვა-წვალებით მიიწევდნენ წინ ამ გზაზე უბადრუკ ხომალდებში მსხდარი ძველი მეზღვაურები, ჩემი მოუთმენლობის გამო სირცხვილით დავიწვიო.

თავად ცვაიგიც ხომ ბევრს მოგზაურობდა. თვეობით რჩებოდა ბელგიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, იტალიაში, აშშ-ში, კანადაში, ლათინურ ამერიკასა და ინდოეთში, ეცნობოდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, სწავლობდა უცხო ენებს: ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურსა და ესპანურს, – რამაც საშუალება მისცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოსულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ ენაზე წაეკითხა მოხსენება პაციფიზმისა და ჰუმანიზმის შესახებ.

ცვაიგის გავლენით ერთმა „მოგზაურმა“ ცურვას მოსაწყენი და ერთფეროვანი უწოდა. შემპირდნენ, წავიკითხავთო.

საბოლოოდ მივიღე საინტერესო და მრავალფეროვანი, ხელით თუ სხვადასხვა პროგრამაში შესრულებული კომიქსები, ჩანახატები, პრეზენტაციები.

„ოდესღაც შორს სამშობლოდან“ – ასე უწოდა ნინო დომიანიძემ თავის „მოგზაურობას“.

ნატალია ბალარჯიშვილი და ბარბარე ბურგაძე „მამას“ აცილებდნენ და შემთხვევით მოხვდნენ გემბანზე, მსოფლიოს შემოუარეს და დაამტკიცეს, რომ დედამიწა მრგვალია.

„20 სექტემბერი, 1519 წელი

გამარჯობა, ჩემო დღიურო. ჩემი სახელია კლაუსი, მე ცოლი მაყავდა, რომელსაც ჰეილი ერქვა, მაგრამ გარდაიცვალა. მე იმ მეზღვაურთაგანი ვარ, რომლებიც ფერნანდო მაგელანმა აარჩია მოგზაურობისთვის… იქ ახალწვეულებიც იყვნენ, მაგრამ ფერნანდო მაგელანს უფრო გამოცდილი მეზღვაურები სჭირდებოდა… გვითხრეს, მეორე დღეს მივსულიყავით, მანამდე კი კარგად გამოგვეძინა. ყველა შინიდკენ გაეშურა, მაგრამ მე სხვაგან წავედი – მინდოდა, ჩემი კაპიტნის შესახებ რამე გამეგო. თვითონ მას ვერ ვკითხავდი – უხერხული იქნებოდა. სამწუხაროდ, მარტო მისი დაბადების თარიღი და ადგილი გავიგე… გავიგე, რომ ის 1480 წელს დაიბადა საბროზაში, პორტუგალიის სამეფოში… ახლა კი დაგემშვიდობები, დღიურო. როგორც მითხრეს, კარგად უნდა გამოვიძინო“, – წერს „მეზღვაური“ ბარბარე ცხოვრებაძე, რომელიც პატარ-პატარა ამბებს იგონებს სხვა მოგზაურების შესახებ.

ეს კი მაგელანის ეკიპაჟის ყველაზე მხიაული ოთხეულია:

„გამარჯობა, დღიურო. მე ვარ ანასტასია ჭანტურია, 28 წლის. დღეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩემს მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ მივდივარ. ჩემი მიზანია კვლევა. მიყვარს მეცნიერება და ეს ექსპედიცია ჩემთვის კარგი შანსია. ახლა ჩემი მეგობრები გააგრძელებენ წერას.

მე ვარ თიკა წულაია, 25 წლის. მე გემის მზარეული ვიქნები. მიყვარს კულინარია და შესაძლებლობა მაქვს, ჩემი კულინარიული ცოდნა გამოვიყენო. მიხარია, რომ გემზე ჩემს მეგობრებთან ვიქნები.

მე ვარ გიორგი ჯოხაძე, 28 წლის. მე ვარ მეზღვაური. ექსპედიციაში მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგან იქ ჩემი მეგობრები არიან და ამან დამაინტერესა.

მე ვარ ნოე უბირია, 28 წლის. მე მეზღვაური ვარ. იმიტომ გადვწყვიტე ამ ექსპედიციაში მონაწილეობა, რომ იქ ჩემი მეგობრები არიან, თანაც ზღვაც მიზიდავს.

ასე, 1519 წლის 20 სექტემბერს 265 ადამიანი 5 გემით წავედით სამოგზაუროდ“.

აი, ასეთი მეშვიდეკლსელები მყავდა. ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ შტეფან ცვაიგსა და მაგელანთან ერთად, მსოფლიო შემოვიარეთ, მერე აფრიკასაც ვესტუმრეთ. ყოველ ჯერზე უფრო ახლოს ვეცნობოდით მსოფლიოსაც და ერთმანეთსაც. უკვე მიმიხაროდა მათკენ, ისინიც მოუთმენლად მელოდნენ (ბოლოს გამომიტყდნენ). ყველაზე მხიარული გაკვეთილის ნომინაციაში ჯილდო გეოგრაფიის გაკვეთილს ერგო.

სასკოლო რეფორმების  მარცხი

0

(პირველი ნაწილი)

 გთავაზობთ ამერიკელი  განათლების სპეციალისტის ჯონათან გელბარტის (Jonathan Gelbart) სტატიას სეიმურ სარასონის წიგნის „სასკოლო კულტურა და ცვლილების პრობლემა“ („The Culture of the School and the Problem of Change“) შესახებ. სტატიაში გადმოცემულია იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის სეიმურ სარასონის (Seymour Sarason) მოსაზრებები სასკოლო კულტურაზე, სასკოლო განათლებასა და მისი რეფორმირების სირთულეებზე. სასკოლო რეფორმების შეუძლებლობის შესახებ სარასონის მოსაზრება სულ სხვა კუთხით გვიჩვენებს სასკოლო სამყაროს, მასწავლებლისა და მოსწავლეთა ურთიერთქმედების თავისებურებებს და სკოლისა და საზოგადოების მჭიდრო კავშირს, რომელიც უმეტესად გამქრალია ზოგადი სასკოლო პოლიტიკიდან და სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული კანონებიდან თუ რეგულაციებიდან.

სათაურიდან გამომდინარე („სასკოლო კულტურა და ცვლილების პრობლემა“), პროფესორ სარასონის წიგნი საჯარო სასკოლო სისტემის ცვლილებას ეხება. პროფესორი განმაიარაღებელი გულწრფელობით გვეუბნება, რომ მე-20 საუკუნეში საჯარო სასკოლო სისტემაში განზრახული ყველა მნიშვნელოვანი (პოზიტიური) ცვლილება ჩაფლავდა.

„სასკოლო ცვლილებების რეალობა გვიდასტურებს, რომ რაც უფრო მეტ ცვლილებას ვახორციელებთ, მით უფრო უცვლელი რჩება საკუთრივ სისტემა – შედეგები არასასიკეთოა და იქ, სადაც ცვლილებებისგან მიღებული სულ მცირე სიკეთე მაინც შეიმჩნევა, ისიც წუთიერი და წარმავალია…“

სარასონის მოსაზრებით, მოდალურ, თავისი ხასიათით ურბანულ სასკოლო სისტემას არ გააჩნია საკმარისი საფუძველი ან ნიადაგი იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ან დაეხმაროს ახალი იდეების თესლის გაღივებას.

მოგვიანებით პროფესორი იმავე მოსაზრებას სხვაგვარად, მეტაფორულად გამოთქვამს: „ცხენოსნობის მასწავლებელი აუცილებლად გეტყვით, რომ ცხენიდან, რომელიც ჯირითის დროს ხელში ჩაგაკვდათ, უნდა გადმოხტეთ“. განათლების პოლიტიკაში ყველაფერი პირიქით ხდება: „მკვდარი ცხენიდან“ გადმოხტომის ნაცვლად, ვეძებთ ახალ მათრახს, ვცდილობთ, ცხენი სხვა მიმართულებით გავაჭენოთ, ვეწვიოთ საჯინიბოს, სადაც მკვდარი ცხენებით ჯირითობენ, გავაუმჯობესოთ მკვდარი ცხენებით ჯირითის სტანდარტები“.

სარანსონის წიგნი, რომელიც 416 გვერდს ითვლის, აკადემიური საზოგადოებისთვისაა დაწერილი და მრავალ საკითხს მოიცავს. ქვემოთ შევეცდებით გამოვყოთ ის მთავარი მიზეზები, რომლებიც, სარასონის თანახმად, შეუძლებელს ხდის ეფექტური სასკოლო რეფორმის ჩატარებას:

 

  1. სკოლები და თემი მტკიცედ არიან გადაჯაჭვულნი ერთმანეთზე

სარასონის მიერ მოყვანილი პირველი (და ალბათ, უმთავრესი) მიზეზი გახლავთ „სკოლა-თემის ურთიერთობა“, რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს საგანმანათლებლო რეფორმის მცდელობის დინამიკაზე.

სასკოლო სისტემის საყოველთაოდ გავრცელებული აღქმა გულისხმობს „ინკაფსულირებულ“ სკოლას: საკუთარი წესებითა და კოდებით მოქმედ ინსტიტუციას, როდესაც სკოლა მთლიანად განცალკევებულია ფართო საზოგადოებისგან. ეს მოსაზრება სრულიად მცდარია.

სარასონის მიხედვით, „საზღვარი, სადაც მთავრდება საჯარო, პოლიტიკური არენა და იწყება საგანმანათლებლო სივრცე, არ არსებობს და არც არასდროს უარსებია“. სასკოლო სისტემის რომელიმე გაცხადებული ცვლილება გავლენას ახდენს არა მხოლოდ სკოლაზე, არამედ ცვლის ურთიერთობებს მასწავლებლებს, ადმინისტრატორებსა და ფართო საზოგადოებას შორის.

ამ კავშირის შედეგად „სკოლებში [მე-20 საუკუნეში] განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები წარმოადგენდა იმ უნებლიე შედეგებს, რომლებიც ფართო საზოგადოებასა და თემში მოხდა. ეს არ ყოფილა ცვლილებები, რომლებიც განათლების პოლიტიკის რომელიმე არტიკულირებულმა რეფორმამ გამოიწვია“. „ესენი გახლავთ ნილ პოსტმენის (ნილ პოსტმენი – ამერიკელი ავტორი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი წიგნისა „განათლების დასასრული – სკოლის ღირებულების თავიდან გააზრება“, 1995) წიგნში აღწერილი მთავარი საკითხები. წიგნში, სადაც ის გვეუბნება, რომ სკოლები საზოგადოების სარკეა“. სარასონი აგრძელებს ამ საკითხის ანალიზს: „უფრო ხშირად, ვიდრე იშვიათად, საჯარო პოლიტიკა უფრო იმ ცვლილების აღიარებაა, რომლებიც უკვე მოხდა, ვიდრე ამ ცვლილებებისთვის განზრახული სტიმული“.

სარასონის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი გახლავთ ის, რომ ცვლილებები სასკოლო სიტემაში გარედან უნდა მომდინარეობდეს. „ნუ ელით, რომ სკოლები, ან სასკოლო სისტემა, როგორებიც დღეს არიან ისინი, შეიძლება შიგნიდან შევცვალოთ“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრადიციული სოციალური სისტემები შიგნიდან არ იცვლებიან, მაგრამ მათი ცვლილება მხოლოდ შიგნიდან ნაკლებად არის მოსალოდნელი – ცვლილება შიგნიდან უნდა უჭერდნენ მხარს, მაგრამ აუცილებელია მძლავრი გარეგანი ზეწოლაც ცვლილებისთვის და ეს ზეწოლა უნდა გამოიხატებოდეს რიცხვებით, გავლენით, საკანონმდებლო და პოლიტიკის შემქმნელი პასუხისმგებლობებით. ამ გარეგანი ზეწოლის გარეშე ნებისმიერი ინსტიტუტი, როგორც ამას ანდაზასავით ვიმეორებ წინამდებარე წიგნში, გააგრძელებს პროცესს, როდესაც რაც უფრო მეტი რამ იცვლება, მით მეტი რამ რჩება უცვლელი.

 

  1. რეფორმატორები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და ნაკლებად ესმით ძალთა დინამიკა და მათი თანაფარდობა

სარასონის მეორე პუნქტი რეფორმების შესახებ ეხება დაინტერესებულ მხარეთა და ძალთა თანაფარდობისა და მათი მართვის მნიშვნელობას საგანმანათლებლო სისტემის ცვლილებათა მცდელობის დროს. „სასკოლო ცვლილებებს სჭირდება ცვლილებები არსებულ ძალთა ურთიერთობებში“, – ამბობს პროფესორი. რეფორმატორებმა დასაწყისშივე უნდა გააცნობიერონ, რომ მათი პროექტის წარმატება დამოკიდებულია იმ ფაქტობრივად პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც მიმდინარეობს თითოეულ სკოლასა და სასკოლო ოლქში. რეფორმატორებმა უნდა ჩამოაყალიბონ გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს იმ ინდივიდების გაძლიერება-განვითარებას, რომელებსაც ყველაზე მეტი პოლიტიკური ძალა და გავლენა აქვთ სასკოლო სისტემაში. რეფორმატორებმა საკუთარ თავს შემდეგი კითხვები უნდა დაუსვან:

– როგორ იქნება მასწავლებლების, ადმინისტრატორების, სასკოლო საბჭოს წევრების და მშობლებისა და მოსწავლეების შესაძლო ან მოსალოდნელი რეაქცია შეთავაზებულ ცვლილებებზე?

– თუ წინააღმდეგობას მოველით, ვინ შეიძლება იყოს ჩემი მხარდამჭერი?

– შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გარანტირებული გვაქვს რომელიმე ჯგუფის ან ინდივიდ(ებ)ის მხარდაჭერა?

– ვინ დაგვიდგება გვერდით, თუ საქმე არც ისე კარგად წავიდა?

– როგორ უნდა შევქმნათ მაქსიმალურად ფართო კოალიცია წარმატების მისაღწევად და ერთეული წარუმატებლობების თავიდან ასაცილებლად?

ხშირად დაინტერესებული მხარეები არ ითვალისწინებენ მასწავლებლებს და მათ მოსაზრებებს. „ყველა ის [ადამიანი], რომელსაც ცვლილებები შეეხება, წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმის ნაწილს და, შესაბამისად, ამ რეფორმების ნაწილად უნდა იქცნეს“, – გვირჩევს სარასონი. „ეს თავაზიანობის ან კეთილი ნების საკითხი არ გახლავთ. ეს იმ მიზნისთვის არის საჭირო, რომლის მისაღწევადაც მრავალი დაინტერესებული მხარის მხარდაჭერაა აუცილებელი“. ხშირად ამომრჩეველთა (ამ შემთხვევაში – ცვლილების მხარდამჭერთა, ლ.ა.) ბაზის მშენებლობას არასაკმარისი ყურადღება ეთმობა, რაც უდავოდ მარცხს გამოიწვევს.

თვით ისეთ დადებით და აშკარად საჭირო წამოწყებაშიც კი, როგორიცაა სკოლის მასწავლებლებისთვის დამხმარეთა (ასისტენტთა) ინსტიტუტის განვითარება (1950-1970 წ.წ.) არ იქნა გათვალისწინებული საკუთრივ მასწავლებელთა მოსაზრებები ამ საკითხზე. „ამ პროგრამაზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებს წარუდგინეს მზა, უკვე გაწერილი პროგრამა და ზოგიერთმა მათგანმა მის შესახებ სულაც ადგილობრივი გაზეთებიდან შეიტყო. არასდროს გაუთვალისწინებიათ მასწავლებელთა მოსაზრებები და არ განუხილავთ ის შესაძლო პრობლემები, რომლებსაც შესაძლოა პროგრამის განხორციელებისას ეჩინა თავი. მასწავლებლების მონაწილეობა ნულოვანი გახლდათ ტრეინინგების ფორმულირების და პროგრამისთვის დამხმარეების შერჩევის საკითხებშიც“.

 

  1. ძნელია „დიდი იდეების“ ხელშესახებ „წესებად“ „თარგმნა“

წიგნის ამ ნაწილში სარასონი რეფორმების განუხორციელებლობის კიდევ ერთ მიზეზს ამხელს. ის ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმ „რეგულარულ წესებზე“, რომლებიც რეფორმის შედეგად უნდა შეიცვალოს, დაემატოს ან გაქრეს სკოლის ცხოვრებიდან, რადგან ნებისმიერი რეფორმა ამასაც გულისხმობს.

„რეგულარულ წესებს“ ავტორი უწოდებს რუტინული პროცესის იმ ასპექტებს, რომლებიც ნებისმიერი დამკვირვებლისათვის აშკარაა. ესენია შესვენებების განრიგი, მოსწავლეთა დაყოფა ასაკის მიხედვით, კლასში მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ დასმული შეკითხვების რაოდენობა თუ ინტენსივობა, „სტუდენტების მიერ რიცხვებთან ყოველდღიური მუშაობისთვის გამყოფილი დრო“ და მსგავსი ყოველდღიური საკითხები.

ნებისმიერი რეფორმა ან მისი მცდელობა მკაფიოდ უნდა აღწერდეს, რა სახის ცვლილებებს გამოიწვევს ის სკოლის რეგულარულ წესებში. კერძოდ, ფართოდ წარმოდგენილი მიზნები სისტემის ცვლილების შესახებ უნდა ითარგმნოს და ნათლად წარმოაჩინოს, როგორ აისახება ცვლილებები საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესზე“ ასეთი სიცხადის გარეშე რეფორმირების მცდელობა „არაანალიზებად აბსტრაქციად“ გადაიქცევა.

იქვე სარასონი ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც მიუთითებს: „საფუძველს მოკლებულია დაშვება იმისა, რომ ვინმეს შეუძლია, „კალენდარულად“ მისდიოს პროექტის განხორციელებას. აქ იგულისხმება შემდეგი: ვთქვათ, პროექტის დაწყება 7 სექტემბერს, ოქტომბრის შუაში – საპროექტო ქვემიზნის მიღწევა, თებერვალში – კიდევ ერთ ქვემიზნის შესრულება, სასწავლო წლის ბოლოს – ცვლილების განხორციელების დასრულება და შემდეგ ანგარიშის დაწერა ჩვენი წარმატების შესახებ“.

დასასრულ, სარასონი აღნიშნავს რომ რეფორმირების მცდელობებსა და აქტივობებს თან უნდა ახლდეს „თვითგაუმჯობესებისა და უკუკავშირის პროცესის მახასიათებელი ნიშნები“. ცვლილების ყოველი დისკრეტული მცდელობა წარმოადგენს მხოლოდ „მიახლოებას“ (ან „აპროქსიმაციას“), რომელიც უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანს და იგი არ არის „მოდელი“.

 

  1. მასწავლებელთა განათლება ვიწროპროფილური და არაეფექტურია

საჯარო სკოლებში არსებული მრავალი პრობლემის მიზეზებს სარასონი საუნივერსიტეტო განათლებაში ეძებს. მაგალითად, იგი ამბობს, რომ ზოგიერთი მკვლევრის მიერ შესწავლილმა პროცესებმა აჩვენა, რომ „წლების განმავლობაში, სწავლებას უარყოფითი გავლენა ჰქონდა [ცვლილებებზე]: რაც უფრო დიდხანს ასწავლის მასწავლებელი, მით უფრო მცირეა პროექტის მიერ მიზნების მიღწევის ალბათობა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მოსწავლეების შედეგები გაუმჯობესდება. უფრო მეტიც: მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლებმა, ნაკლებად მოსალოდნელია, შეცვალონ თავიანთი პრაქტიკა და გააგრძელონ პროექტის მიერ შემოთავაზებული მეთოდების გამოყენება ფედერალური დაფინანსების დასრულების შემდეგ“.

სარასონის აზრით, „მასწავლებლები, რომლებსაც საუნივერსიტეტო პროგრამებით მიღებული განათლება აქვთ, სკოლასა და სასკოლო სისტემებზე უაღრესად ვიწრო ხედვით გამოირჩევიან“, იშვიათად ინტერესდებიან იმით, თუ რა ხდება სხვა საკლასო ოთახებში, ცოტას ესაუბრებიან სკოლისა თუ ოლქის ადმინისტრაციას და იშვიათდ ესწრებიან სასკოლო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს. ავტორის თანახმად, თუ პროცესს ბეისბოლს შევადარებთ, უნივერსიტეტდამთავრებული მასწავლებლების ნაწილი მათ ჰგავს, ვინ ცდილობს გაერკვიოს ბეისბოლის არსში მხოლოდ ერთი მოთამაშის ყურებით.

სარასონი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად განსხვავებულია მისი პოზიცია როგორც ლიბერალური (აშშ-ს დემოკრატების პარტია), ისე კონსერვატიული (ამერიკელი რესპუბლიკელები) ბანაკებისთვის. სარასონი სასკოლო სისტემას სთავაზობს რომ სკოლადამთავრებულებს უნივერსიტეტში შესვლამდე მისცენ მასწავლებლის შეგირდობის მრავალწლიანი პროცესის დაწყების უფლება. ეს მოსაზრება კრიტიკას იწვევს, რომელსაც სარასონი შემდეგ არგუმენტებს აგებებს: ბევრი მასწავლებელი გრძნობს, რომ მათ მიერ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არასაკმარისი და არაადეკვატურია. კრიტიკოსების შესახებ კი პროფესორი სარასონი გვეუბნება: „მათ არ იციან, რომ ათწლეულების განმავლობაში, როგორც გარსულ, ისე მიმდინარე საუკუნეში მათ, ვინც მასწავლებლები გახდნენ, სულ რაღაც ოთხწლიანი უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული. 50-იან და 60-იან წლებში, მოსახლეობის უპრეცედენტო ზრდის პირობებში, აშშ-ში მასწავლებელთა სერიოზული დეფიციტი იყო. ადამიანებს უფლება ეძლეოდათ, პროფესიული გამოცდილების გარეშეც დაეწყოთ სწავლება“. სარასონის თქმით, „მასწავლებელთა საზოგადოება კარგად აცნობიერებდა, რომ მათი საუნივერსიტეტო სწავლის გამოცდილება უმეტესად ნაკლებად მიესადაგებოდა მათ სამუშაოს“.

(პირველი ნაწილის დასასრული)

თავისუფლება როგორც ქვეყნის ძირითადი ფუნქცია

0

გონების მომწამვლელ ვირუსთა კატეგორიას (რომლებიც სკოლაშიც აღწევს) მიეკუთვნება მითი იმპერიაში ცხოვრების უპირატესობებზე, კეთილდღეობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ გვღირსებია. ამ ვირუსის გავლენა ჩემს თაობაზეც დიდია, ტვინის უჯრედების ინფიცირების სერიოზული უნარი აქვს და ძირითადად რამდენიმე ისეთ სტერეოტიპულ არგუმენტზე დაყრდნობით ვრცელდება, როგორიცაა უკეთესი ეკონომიკა, მაღალი ზნეობრიობა, თვითმფრინავის ბილეთების ხელმისაწვდომობა კონკრეტული მიმართულებით და ა. შ.

თუ ამ მომწამვლელი ვირუსის გავლენას განვიცდით, უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც პირველ რიგში უნდა მოვიმოქმედოთ მისგან გასათავისუფლებლად, არის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე ჩვენეული მცდარი წარმოდგენის გადაფასება. არ არსებობს იმაზე მძლავრი ანტივირუსი, ვიდრე სწორად აღქმული თავისუფლების იდეაა. თავისუფლების სწორად გაგება კი სულაც არ არის მტრის ხატის შექმნით დასაწყები; ეს ცოდნა თავისუფლების არსში გარკვევის შემდეგ ბუნებრივად მოდის.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წიწამურთან ილიას ესროლეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო კაცი, რომლის ყოველი საზოგადოებრივი აქტივობა ემსახურებოდა ერთ მიზანს – ჩაკლული ეროვნული ცნობიერების გაცოცხლებას. სკოლაში გაკვეთილების მარტო წარმართვის არავითარი გამოცდილება არ მქონდა, როცა გადავწყვიტე, დავყრდნობოდი ყველაზე ძლიერ კაცს მათ შორის, ვინც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს და ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე გაეხსენებინათ, რა მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა 1907 წელს. ნაწილს აღმოაჩნდა პასუხი და მითხრა, რომ ეს ილიას მკვლელობის წელი იყო.

დიახ, ნაწილობრივ მართალია, თუ დავუშვებთ, რომ სიკვდილი შეიძლება მოერიოს კაცს, რომელმაც გაუგონარი რამ ჩაიდინა და მკვდარმაც განაგრძო თავისი საქმის კეთება. ამიტომ მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ტყვია ჩემს მოსაკლავადაა საკმარისი, მაგრამ ილიასნაირებს ის ვერ კლავს. იმიტომ, რომ იდეას ხორცი არ გააჩნია. ილია კი იდეაა. ეს არც იმ ხალხს ჰქონდა გააზრებული, ვინც საგურამოდან გამოსულ კაცს მკვლელები ჩაუსაფრა და ეგონა, მისი ფიზიკური განადგურებით ყველაფერს დაამთავრებდა. არადა, ეს სიკვდილი ეძღვნებოდა თავისუფლების დაბადებას. გავა წლები და საქართველო რესპუბლიკა გახდება; სამიოდე წელიწადში დაკარგული დამოუკიდებლობისა და 70-წლიანი ტკივილის მიუხედავად, თავის თავში არ ჩაკლავს იდეას, რომელიც ეროვნული მოძრაობის საფუძველი გახდება და სხივივით გამოანათებს იმ ლოზუნგებსა და ტრანსპარანტებში, თავისუფლებისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს რომ უჭირავთ ხელში. შეიძლება ითქვას, რომ ილია თავისი სიკვდილიდან რამდენიმე ათეული წლის თავზე მიაღწევს მიზანს.

ტექსტის წასაკითხად თუ ანბანის ცოდნაა საკმარისი, ქვეტექსტის წასაკითხად ეს უნარი არ კმარა. ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილი ტექსტები გვიყვება ამბებს, რომლებსაც ერთი ქვეტექსტი აქვს: რომ დიდი ხნის წინ თავისუფლება ჩვენი არჩევანი იყო და ამ არჩევანის დასაცავად იმდენი სისხლი ვღვარეთ, ბოლოს ის ვალდებულებად გვექცა. ჩვენი ერის მოვალეობა და ძირითადი ფუნქციაა, იყოს თავისუფალი. მაშ, როგორ შეიძლება, ფუნქციადაკარგულ მდგომარეობაში თავს კარგად გრძნობდე? ამიტომაცაა, რომ მათ მიმართ, ვინც თან საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას განიცდის და თან თავის პატრიოტულ გრძნობებზე გველაპარაკება, უნდობლობა გვიჩნდება. საბჭოთა კავშირი და შენი ქვეყნის სიყვარული სასწორის ორ პინაზე მოსათავსებელი სიმძიმეებია და შენ იმისკენ ხარ, რომელიც გადაწონის. შეუძლებელია, ილიასკენაც იყო, იმ ხალხისკენაც, რომელიც სიცოცხლეს სწირავდა თავისუფლებისთვის ბრძოლას და იმისკენაც, ვინც შენი თავისუფლების წინააღმდეგია.

ისტორიული მეხსიერება უაღრესად საჭირო და გამოსადეგი რამ არის, 26 მაისის დილა კი მით უფრო ლამაზია, რაც უფრო მეტი ბავშვისგან იღებ მოლოცვას, რომელშიც უფროსები უდიერად არ ერევიან: „თორე აგვაშენა ახლა დამოუკიდებლობამ!“ არადა, სკოლას ხშირად უწევს ამ არასწორად ფორმირებულ ცნობიერებასთან გამკლავება. მათი წინდაწინ შექმნილი წარმოდგენების გაბათილებას იმ მოცემულობით ვიწყებ, რომელსაც გადამოწმება არ სჭირდება: რომ ერი თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენი ფუნქციაა, თავისუფლები ვიყოთ, თავისუფლებისთვის ბრძოლა კი – პირდაპირი მოვალეობაა. ათასი რამის გამო შეიძლება დაგმო საბჭოთა იმპერია, მაგრამ ხშირად, უფრო საინტერესო და ბავშვებისთვის გასაგები რომ ყოფილიყო, მაგალითი სპორტიდანაც მომიყვანია.

1981 წელს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო. ამ უდიდესი წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ თბილისელთა გუნდის მთავარშემოქმედი და ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დავით ყიფიანი, ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. რატომ? ძნელი არ არის, ამ კითხვას პასუხი მოუძებნო. დათო ყიფიანს თამაშს ნამდვილად ვერ დაუწუნებდნენ. საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი არა, ვარსკვლავებით გადაჭედილ ნებისმიერ გუნდში იპოვიდა თავის ადგილს. მიზეზი ის იყო, რომ არ სურდათ, კარიერის პიკზე მყოფ ქართველ ათიანს ნაკრების სხვა წევრები დაეჩრდილა. მერე ამას ათასგვარი ფსევდომიზეზი უპოვეს – თითქოს ტრავმა ჰქონდა და თამაში არ შეეძლო. სიმართლე კი ის არის, რომ გულაცრუებულმა, იმავე წელს, 31 წლის ასაკში დაანება თავი ფეხბურთის თამაშს ისე, რომ გამოსათხოვარი მატჩიც არ გაუმართავს. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, როცა იმპერია ბოროტად სარგებლობდა თავისი შესაძლებლობით, წაერთმია ჩვენთვის სცენა. არადა, ყიფიანი თავისი საქმის ხელოვანი იყო და ამ სცენაზე თავის წარმოსაჩენად მხოლოდ ბურთი სჭირდებოდა.

იტყვიან: ოცდაათი წელია დამოუკიდებლები ვართ და განა წინათ უკეთესი ფეხბურთელები არ გვყავდაო?

გვყავდა, როგორ არა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნაკრების წარმატება არასდროს აღქმულა საქართველოს წარმატებად, ეს ყოველთვის რუსულ აქტივში ჩაწერილი ქულები იყო, დღეს კი ჩვენი მარცხი ნამდვილად ჩვენია, რომლის გამოსასწორებლადაც ბევრი მუშაობაა საჭირო. და ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი მარცხი სხვის გამარჯვებას სჯობია.

სკოლების დეპოლიტიზებისთვის

0

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ  ქმედითი ნაბიჯები არ  გადადგმულა, რომ საჯარო სკოლებს რეალური ავტონომია მინიჭებოდა. შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულებები უმეტესწილად დღემდე პოლიტიკური გავლენის ქვეშ რჩება. ასეთ ვითარებაში, სკოლაში დასაქმებული ადამიანების (დირექტორი, მასწავლებელი და სხვა პერსონალი) ტვირთი იზრდება.

ჩემი ხედვით, მთლიანად სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებლისა და მოსწავლის განვითარებაზე, ახალი პროგრამების, გრანტებისა თუ პროექტების მოზიდვაზე. საბედნიეროდ, გვაქვს მაგალითები, სადაც ნაკლებია სისტემური ჩარევები. ასეთი სკოლების ხელმძღვანელები ორიენტირებულნი არიან ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, რაც პირდაპირ აისახება მოსწავლეთა შედეგებზე, მასწავლებლები აღწევენ წარმატებას ადგილობრივ თუ გლობალურ კონკურსებში…

განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტის „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“.

პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვასა და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას.

თავის მხრივ, ნდობის ჯგუფების შექმნა ემსახურება, განათლების სფეროში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების, ზეწოლის, ან/და საარჩევნო პროცესებში არამართლზომიერი ჩართვის ფაქტების იდენტიფიცირებას, რეაგირებასა და ადგილებზე მათი მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

ნდობის ჯგუფების საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, რომლის ფარგლებშიც ხდება ინფორმაციის გავრცელება ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირების უფლებების, ვალდებულებებისა და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ, მათ შორის საარჩევნო/პოლიტიკური უფლებების კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონებს, სადაც სკოლაში დასაქმებული პირების მოწყვლადობა მაღალია. რეგიონებში შექმნილი ნდობის ჯგუფები აერთიანებს სამოქალაქო აქტივისტებს, აქტიურ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ანონიმურობის დაცვის პრინციპით, მოისმინონ ადგილებზე მასწავლებლების პრობლემები და დაიცვან სასკოლო თემის წარმომადგენელთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტს აქვს გრძელვადიანი მიზნები და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე არ არის გათვლილი. სკოლების დეპოლიტიზების პროცესი დაკავშირებულია სირთულეებთან. შეიძლება წლები დასჭირდეს იმას, რომ მასწავლებლებმა დაძლიონ შიში და ხმამაღლა ისაუბრონ ზეწოლაზე. სწორედ ამიტომ, რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება და ერთიანი ქსელის შექმნა გახდება სამომავლო მდგრადობის ერთ-ერთი ინდიკატორი.

რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • რეგიონებში არსებული სკოლების მონიტორინგი პოლიტიკური გავლენების იდენტიფიცირებისთვის;
  • ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ/საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მათი უფლება-მოვალეობების შესახებ და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით, არსებული დარღვევების შესწავლა/გამოვლენა და ფაქტების პროექტის მმართველი გუნდისთვის მიწოდება;
  • დარღვევებზე რეაგირება პროექტის გუნდთან ერთად წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის მიხედვით;
  • პროექტის გუნდის მხარდაჭერით ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განათლების დეპოლიტიზების საკითხებში;
  • ადგილობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

აღსანიშნავია, რომ სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობა იზიარებს შემდეგ პრინციპებს:

  1. სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობა წარმოადგენს კეთილი ნების ადამიანების ერთობას, რომელთა მიზანია სკოლის დაცვა არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენებისგან;

 

  1. დეპოლიტიზების მოძრაობა არის აპოლიტიკური დამოუკიდებელი ერთობა და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ  ძალასა თუ სახელისუფლებო ორგანიზაციას;

 

  1. მოძრაობა მოწოდებულია, დაიცვას სკოლა ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ზეწოლისგან, მიუხედავად პოლიტიკური ძალის სახელისუფლებო თუ ოპოზიციური კუთვნილებისა;

 

  1. მოძრაობის საქმიანობის მთავარი ორიენტირია სასკოლო თემის სამოქალაქო და პოლიტიკური  უფლებების დაცვა;

 

  1. მოძრაობა განსაკუთრებულად აქტიურია საარჩევნო პერიოდში, თუმცა განათლების სისტემის დეპოლიტიზებისთვის იგი ორიენტირებულია გრძელვადიან და თანმიმდევრულ საქმიანობაზე მუდმივ რეჟიმში;

 

  1. მოძრაობა სასკოლო თემის მხარდაჭერასთან ერთად, ასევე, ზრუნავს ისეთი ცვლილებების განხორციელებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს  ზეწოლის ბერკეტების აღმოფხვრასა და სისტემურ დონეზე პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებას.

 

უნდა ესაუბრებოდეს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეებს პოლიტიკაზე, სახელმწიფოზე და დემოკრატიული პრინციპებზე? რა თქმა უნდა, კი! მაგრამ, ის თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგან.

მაგალითისათვის განვიხილოთ ასეთი სიტუაცია. მე მასწავლებელი ვარ და წინასაარჩევნოდ აღმოვჩნდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ. მეორე დღეს მაქვს გაკვეთილი მე-9 კლასელ მოსწავლეებთან, სადაც უნდა განვიხილოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ან დემოკრატიის ისეთი პრინციპები, როგორებიცაა ხმის ფარულობა, არჩევნები, როგორც ხელისუფლების გადარჩევის საუკეთესო მექანიზმი… დავსვათ შეკითხვა: რამდენად ვიქნები ასეთ სიტუაციაში მათთან პირნათელი? რამდენად შეძლებს ასეთი მასწავლებელი აღზარდოს თავისუფალი მოქალაქეები? ისეთი მოქალაქეები, რომელთა ჩამოყალიბებისკენაც ისწრაფვის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები?! ამიტომ, ვისურვებდი არაპოლიტიზებულ სასწავლო გარემოს, სადაც გაიზრდებიან თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები და ააშენებენ ძლიერ სახელმწიფოს.

 

 

 

ჩვენი კარგი გაბრიელი

0

„მშვიდობით, ქალავ, დე არხვატს დარჩეს

ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი! – ეს ჩვენი კარგი გაბრიელისაა, ჯაბუშანურის“, – ასეთ რამეს ვკითხულობთ ლადო ასათიანის ჩანაწერებში. რამდენი სითბო იღვრება ამ ერთი პატარა, ინფორმაციული წინადადებიდან. მათ, მთელ იმ ლეგენდარულ თაობას, სწორედ ასეთი სიყვარული აკავშირებდა ერთმანეთთან. გაბრიელ ჯაბუშანური თაობის გამორჩეული პოეტი იყო. იმ თაობის ყველა საუკეთესო პოეტი პროვინციიდან გახლდათ ჩამოსული. ყველა მათგანი, რამდენადაც შესაძლებელი იყო, შეეთვისა დედაქალაქს, გაბრიელ ჯაბუშანურს კი ყველაზე მეტად გაუჭირდა ურბანულ გარემოსთან შეგუება, ის მთის და თავისუფლების კაცი იყო და მუდამ იქით გაქცევისკენ ეჭირა თვალი:
„აი, ეს შენა

და ეს მე,

ჩემი გუმანის ბარგითა:

– გაბრიელ, ქალაქს დაეხსენ,

ვერ შაეწყობი,

არ გინდა!

ფიქრობ:

ბარს თავზე დაესხე,

ჩონგურ შასცვალო ჩანგითა?”.

 

ეს პათოსი ლაიტმოტივად გასდევს მთელ მის პოეზიას. კაცობრიობისა და, განსაკუთრებით, ჩვენს ცნობიერებაში, ისტორიული ემპირიით შეძენილი, მთის და ბარის ანტითეზურობის ხატი მასთან მთელი სისავსით ვლინდება – მთა, ლანდშაფტური სირთულიდან გამომდინარე, როგორც მიუდგომლობის, დაუპყრობლობის და თავისუფლების სიმბოლო, და ბარი, როგორც მორჩილების და ქედის მოხრის სიმბოლო. ბარი ჯაბუშანურისთვის ერთგვარ ცინიკურ დამოკიდებულებასაც იმსახურებს, გავიხსენოთ პატარა ლირიკული შედევრი „მზეწვია“:

 

„იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია

ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, –

ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია,

მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი!
არაგვმა უკვე ლახტი აიღო,

თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,

და დაგიბარეს: – კაცო, რა იყო

ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო“.

 

ამ ლექსის ფინალით ყველაფერი ნათქვამია, ბარი არის ადგილი, სადაც მთის კაცი დიდხანს არ უნდა „დაეყუდოს“. თვითონაც ხომ ასე იყო, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მთაში გაატარა, მაგრამ, საბოლოოდ, ბედის ირონიით, სწორედ ბარში გარდაიცვალა, მისი პოეტური ნატურისთვის შეუფერებლად (გავიხსენოთ მურმან ლებანიძე: „რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!“).

 

ბარიდან გაქცევის დაუოკებელი სურვილი ესკაპისტური კაპრიზი არ ყოფილა, ის მთაში ჩვეულებრივი გლეხკაცის მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდა, გამოცადა უმძიმესი პირადი ტრაგედიები, ეს ყველაფერი, ცხადია, მის პოეზიაშიც კონვერტირდა. მთაში  მცხოვრები კაცის ცხოვრების, ერთი შეხედვით, პრიმიტიული წესი ბარიდან მაცქერალისთვის, ხშირ შემთხვევაში, სამარცხვინო დასკვნების გაკეთების მოტივი ხდება. თავის დროზე ვაჟა-ფშაველა უბირი და უწიგნური ეგონათ თეთრსაყელოიან, დაბანილ და დავარცხნილ ქალაქელ იდიოტებს. არც ჯაბუშანური იყო მხოლოდ ნიჭს მინდობილი სახალხო მთქმელი, ის ბევრს კითხულობდა მხატვრულ თუ ფილოსოფიურ ლიტერატურას, კარგად იცნობდა და თარგმნიდა უცხოელ პოეტებს… მისი პოეზია მთის და ბარის პოეტური გამოცდილებების სრულიად გააზრებული შეჯვარებაა:

 

  1. მთის კილო, ხალხური პოეზიის ენა და მეტაფორიკა, დაბალი შაირი;

 

  1. სალიტერატურო ენა, ქართულ პოეზიაში არცთუ დიდი ხნით ადრე შემოტანილი თუ არსებული გამომსახველობითი საშუალებები.

 

ასე მარტივად, ორ ნაწილად, შეიძლება, დავყოთ გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია, სხვა ყველაფერი – თემატური თუ ფორმალისტური მისწრაფებები – ამ დიქოტომიის განშტოებებია. შეუძლებელია, გაუაზრებელი ქმედება იყოს მისი ზოგიერთი პროსოდიული ძიება, პოლიმეტრიით დაინტერესება, მუშაობა რითმის შესაძლებლობების გასაფართოებლად, მისი ბგერწერული და ალიტერაციული პასაჟები…

 

„ჩემს ლექსებსა, პოემებსა და ბალადებში ცხოვრებისეულ სინამდვილეს ფანტაზია და წარმოსახვა სჭარბობს ყოველთვის, – ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ქმნილებანი გაივლიან პოეტურ ჯოჯოხეთსა და განსაწმენდელს, მე მათში ასახული ამბები უეჭველ, ნამდვილად მომხდარ ცხოვრებისეულ ფაქტებად მეჩვენებიან“, – ასეთ რამეს ვკითხულობთ მის ჩანაწერებში. დიდი გვატემალელი მწერლის, მიგელ ანხელ ასტურიასის ერთი ინტერვიუ მახსენდება, სადაც ის ამბობს, რომ ნამდვილი ლიტერატურა იწყება მაშინ, როცა ტექსტი ავტორზე იწყებს ზემოქმედებას. პროზაზე ნათქვამი ეს ჭეშმარიტება შეიძლება, პოეზიაზეც განვავრცოთ. რასთან გვაქვს საქმე, თუ არა – ტექსტის პრევალირებასთან, როცა ავტორი მის მიერვე შექმნილი,  ფიქციური სამყაროს ნამდვილობას იჯერებს?! ეს არის სწორედ ჭეშმარიტი  ლიტერატურა, ეს არის მხატვრული სიმართლე. სწორედ ამიტომ მიმართავს ჯაბუშანური მკითხველს ერთ ლექსში ასე:

 

„თუმც მგოსანს ხშირად მხუთავს ნიღაბი,

ვწერ ჩემს წვასა თუ სხვათა ნავროზზე,

მაგრამ სიკვდილზე უფრო სიყალბის

მე მეშინია შენს სამსჯავროზე“.

 

ეს უბრალოდ გარითმული სიტყვები არ არის, ესაა ჯაბუშანურის შემოქმედების მთავარი იმანენტური შტრიხი, სწორედ ამ სიმართლის გამოა მისი პოეზია დღემდე ცოცხალი, ამ სიმართლეს იმხელა ზემოქმედების უნარი აქვს, რომ არ გაძლევს საშუალებას, მინუსად ჩაუთვალო ავტორს გაცვეთილი პოეტიზმები, პოეტური კლიშეები, აქა-იქ გაპარული ხელოვნური მეტაფორები, ზოგან სათქმელის ზედმეტი პოეტიზაცია…

 

ჯაბუშანური კლასიკური გაგებით დისიდენტი პოეტი არასოდეს ყოფილა, მოგვიანებით დაწერილ „ინვექტივა-მონუმენტს“ თუ არ ჩავთვლით, ადრეულ წლებში ანტისაბჭოთა არაფერი დაუწერია, მაგრამ ის, თავისუფლების დაუოკებელი სიყვარულის გამო, პიროვნული და შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის მაღალი ხარისხის გამო, ვერაფრის დიდებით ვერ მოთავსდებოდა მაშინდელ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ კონიუნქტურაში. მას რომ 37 წელს საკმარისი ლიტერატურული კაპიტალი ჰქონოდა დაგროვებული, საკმარისად ცნობილი რომ ყოფილიყო, ეჭვი მაქვს, რეპრესიებს ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. სწორედ ამიტომ გახდა იგი ერთგვარი იკონური პერსონა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერებისთვის და, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიასთვის…

 

„თქვენ თუ გსმენიათ სახელი „მზექალ“,

ვინც ჯერ აღმაზო და მერე მომსრა,

თავზე რომ მეხი გადამეჭექა…“.

 

მიმართავს ჯაბუშანური, ერთგან, მარიობისთვის ყვავილებს. ადრესატებად მკითხველები რომ ვიგულისხმოთ, მე არ მგონია, იყოს ჩვენში პოეზიის მოყვარული, რომელსაც ჯაბუშანურის მითოლოგიზებულ სიყვარულზე და ლეგენდარულ მუზაზე არ სმენოდეს რამე. მზექალი ქართული სატრფიალო ლირიკის ზოგად სახე-ხატად იქცა, ასეთი საყოველთაოდ ცნობადი სახე-ხატები ქართულ პოეზიას ძალიან ცოტა ჰყავს.

 

გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას ავანგარდულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა, მისი ლექსები ყოველთვის უყვარდათ ახალგაზრდებს, სიცოცხლის ბოლოსაც, ლოგინად ჩავარდნილს, ხშირად ნახულობდნენ ახალგაზრდები. მისი პოეზია დღესაც უყვართ სწორედ იმ შინაგანი თავისუფლების გამო, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მისი პოეზიის ლირიკული ვექტორი ჩვენკენ და, ჩვენი გავლით, მომავალი თაობებისკენ არის მომართული და მიმართული.

 

ამ ათიოდე წლის წინ ჩემმა ძმაკაცმა ახმეტელის თეატრში გაბრიელ ჯაბუშანურის ხსოვნის საღამო გამართა. მე არ მეგულება თანამედროვე, თუნდაც ფეისბუქზე ბევრი ლაიქის მომგროვებელი პოეტი, რომლის საღამოზეც იმდენი ხალხი მოვა, რამდენიც ჯაბუშანურის საღამოზე იყო.

 

 

 

 

პერსონაჟები, რომლებიც შევიყვარეთ

0

ბავშვებთან ერთად საბავშვო ლიტერატურაში მოგზაურობა მათთან ერთად ახალ თავგადასავლებში ჩაბმასაც ნიშნავს – ახალი კუნძულის აღმოჩენას, განძის ძიებას, საინტერესო თამაშის მოფიქრებას და ახალ ადამიანებთან დამეგობრებას. ეს სამყაროც, თავისი შესაძლებლობებით, უსაზღვროა და ათას საინტერესო ამბავს გვთავაზობს, შთაბეჭდილებებით და დადებითი ემოციებით გვავსებს. ხშირად ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც არ მღლის, სწორედ ამ სამყაროში შვილებთან ერთად მოგზაურობაა.

ყოველთვის, როდესაც შვილებისთვის ახალ წიგნს ვარჩევ, ვფიქრობ, როგორი მოგზაურობა გამოგვივა, რას ვისწავლით ახალს, რა მოახდენს ჩვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას, რა აგვაღელვებს და რომელი ემოცია გამოგვყვება წიგნიდან. პერსონაჟები, სანამ წიგნს ვკითხულობთ, ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან, ჩვენი მეგობრები. გარემო, რომელშიც წიგნის მოქმედება ვითარდება, შინაურ ადგილად გადაიქცევა და თავს ისე კარგად ვგრძნობთ, თითქოს სათამაშო ადგილისთვის მიგვეგნოს სოფლის სახლის სხვენზე, სადაც ვერავინ გვიპოვის. მზად ვართ, სახურავი ავხადოთ ყველა დამალულ სკივრს და საოცარ ამბებში თავით გადავეშვათ. აქ ყველაფერი მყუდროა და საინტერესო.

 

ახლახან პიტერ პენს ვკითხულობდით, ჯეიმს მეთიუ ბარის უკვდავ ნაწარმოებს. ვენდი, ჯონი და მაიკლი ყველაზე იღბლიანი ბავშვები არიან, რადგან სწორედ მათ გაუმართლათ და შეხვდნენ პიტერ პენს, მოხვდნენ არლანდიაში და ფერია წკრინკარდალა და დაკარგული ბიჭებიც გაიცნეს.

პიტერ პენის შესახებ მულტიპლიკაციური ფილმები ბევრი გვინახავს, წიგნის ადაპტირებული ვერსიაც ბევრჯერ წაგვიკითხავს, მაგრამ ახლა პირველად შევეხეთ ამბავს სრულყოფილად, ხოლო დასასრულმა ისე აგვაღელვა, ყველა ერთმანეთისგან მალულად ვიწმენდდით ცრემლებს. ერთი ბავშვი საბანში ჩამძვრალი ტიროდა, ერთიც – თავის ნახატში თავჩარგული, მე კი სახეზე წიგნაფარებული ვცდილობდი, ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი გადამეყლაპა და დამძიმებული ხმა ოდნავ შემემსუბუქებინა (ვის ვატყუებდი, ნეტავი, რომ შემიძლია, რიხიანად წავიკითხო ის, რაც ასე ძალიან მაღელვებს?!) ასე რომ არ გვექნა, უფრო მეტად ავტირდებოდით, ისედაც ძლივს ვუძლებდით ინტენსიურ ემოციებს.

აი, რაზე აგვეტირა:

„ის ოთახი ახლა ჯეინისა იყო, რადგან მისმა მამამ სამ პროცენტად იყიდა ვენდის მამისგან, რომელსაც კიბეები აღარ უყვარდა. მისის დარლინგი უკვე მკვდარი იყო და დავიწყებული. ახლა ბავშვების ოთახში მხოლოდ ორი საწოლი იდგა – ჯეინისა და გადიისა. უხულა აღარ იყო, რადგან ნენაც მიიცვალა“.

ზემოთაც ამას ვამბობდი – წიგნის კითხვისას ოჯახის წევრებივით ვუშინაურდებით პერსონჟებს, მათთან ემოციურ კავშირს ვამყარებთ და ჩვენს ცხოვრებაში ვუშვებთ. ამიტომ მეც და ბავშვებსაც გაგვიჭირდა საყვარელ პერსონაჟებთან გამოთხოვება. ვეღარ ვიპოვეთ ფერია წკრინკარდალა, ვენდი დარლინგიც გაიზარდა, დაქორწინდა, ჯეინი გააჩინა და უფრო და უფრო იშვიათად ახსენდებოდა პიტერ პენი. რა ეშველება პიტერს ვენდის გარეშე? – ფიქრობდნენ ბავშვები, – ან წკრინკარდალას გარეშე როგორ იცხოვრებს? უფრო მარტოსული იქნება და უფრო მეტად გაჯავრდება დედებზე? დაკარგული ბიჭებიც გაიზარდნენ, მუშაობა დაიწყეს… როგორ გაგრძელდება ცხოვრება არლანდიაში? კიდევ ვისთან იბრძოლებს პიტერი?

ასეა, Ზოგჯერ წიგნები კითხვებს გვიტოვებს, ზოგჯერ კი პასუხებსაც გვაპოვნინებს.

იმ საბავშვო წიგნებისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი ბედნიერად სრულდება, პიტერ პენის თავგადასავლის პერსონაჟები გვტოვებენ და ეს ძალიან, ძალიან სევდიანი ამბავია პატარა მკითხველისთვის – მან ხომ უკვე შეიყვარა წიგნის პერსონაჟები, მათი ცხოვრებით იცხოვრა, მათი გრძნობები გაიზიარა… როგორ უნდა იყოს ადვილი მასთან გამოთხოვება, ვინც შეიყვარე, როგორ უნდა შეგუო იმას, რომ ვეღარ შეხვდები?.. ასეთ დროს თავს იმით ვინუგეშებთ, რომ ხშირად ვიხსენებთ იმაც, რაც ერთმანეთთან გავაკავშირებს, რაც გვაერთიანებს, რაც ჩვენთვის ძვირფასი იყო…

წლების შემდეგ, როდესაც ჩემი შვილები პიტერ პენს გაიხსენებენ, აგვისტოს ის საღამოც გაახსენდებათ, როცა ისე დასევდიანდნენ, რომ დიდხანს იყვნენ ჩაკრულები დედასთან, რომელსაც მათი გულის ამბები ესმოდა.

ოსკარ რომეროს თავგანწირვა

0

საქართველოში ძალიან ცოტა რამ ვიცით ლათინური ამერიკის ქვეყნების შესახებ. მთელი ჩვენი ყურადღება მხოლოდ გლობალური ჩრდილოეთისკენ არის მიმართული და აქედან გამომდინარე, იშვიათად გვაინტერესებს, რა გზა გამოიარეს შედარებით ღარიბმა და განვითარებადმა სახელმწიფოებმა ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებამდე. მათი გამოცდილების გათვალისწინება ქართულ საზოგადოებას ნამდვილად არ აწყენდა, ეჭვი არ მეპარება, რომ ცენტრალური ამერიკის ისტორიაში ბევრი სოციალურ ჯგუფი, ინსტიტუტი საკუთარი განახლების რესურსებსაც აღმოაჩენდა.

ჩემი თანატოლებისათვის ეკლესია ფუფუნებასა და ელიტებთან თანამშრომლობასთან ასოცირდება. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ინსტიტუტს არ შეუძლია სამართლიანობისთვის ბრძოლა, გაჭირვებულთა გამხნევება, მჩაგვრელი სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული არაერთი ახალგაზრდა ეკლესიაში მხოლოდ ძვირფასეულობით სავსე მდუმარე მუზეუმს ხედავს, სადაც ღვთის სიტყვის მომაკვდინებელი მოწყენილობის გარეშე ქადაგება თითქმის არავის შეუძლია; სადაც სიმდიდრესა და ძალაუფლებას ეთაყვანებიან. ცხადია, მსოფლიოს ყველა კუთხეში ამგვარი ვითარება არ არის შექმნილი. ბევრგან მღვდლები ხალხის მხარდამხარ იბრძვიან და ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირთ. ისინი ავტორიტეტის მოხვეჭას თავგანწირვით ცდილობენ. დასავლეთ ნახევარსფეროში ყველა მებრძოლი სასულიერო პირისთვის მისაბაძი მაგალითი და მთავარი სიმბოლო ოსკარ რომერო გახლავთ.

ვინ იყო ოსკარ რომერო?

2018 წელს პაპმა ფრანცისკემ ოსკარ რომერო წმინდანად შერაცხა. კათოლიკე მოძღვარი 1977 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სათავეში ედგა ლათინური ამერიკის პატარა ქვეყნის, სალვადორის ეპარქიას. მთავარეპისკოპოსის მოღვაწეობის წლები სალვადორის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპოქას დაემთხვა. 70-80-იან წლებში ქვეყანას მუდმივი არეულობის პირობებში უწევდა ცხოვრება, დაძაბულობა რამდენჯერმე ისე გამწვავდა, რომ ხალხი სამოქალაქო ომის მორევში გადაეშვა. ლათინური ამერიკის სხვა რესპუბლიკების მსგავსად,  სალვადორის კონფლიქტშიც ორი ძირითადი მხარე მონაწილეობდა. ერთ მხარეს იდგნენ მსხვილი კაპიტალის წარმომადგენლები, ოლიგარქები, უცხოეთის ქვეყნებთან დაკავშირებული კულტურულ-ინტელექტუალური წრეები, რომელთაც ზურგს კარგად შეიარაღებული სამხედრო და საპოლიციო ძალები უმაგრებდნენ. მეორე ბანაკში კი ძირითადად სოფელსა და ქალაქში მცხოვრები ღარიბი, უმიწაწყლო, მიზერული ანაზღაურების ფასად მომუშავე მოქალაქეები ერთიანდებოდნენ. ოლიგარქებისა და გენერალიტეტის თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული ხუნტა საზოგადოების ყველა პროტესტს სისხლში ახშობდა, ხალხის ყველა გამოსვლას საბჭოეთის დაფინანსებულ ღონისძიებად აცხადებდა და ოპოზიციური ბანაკის წარმომადგენლებს გაზეთების გამოცემას, არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა. სამხედრო-ოლიგარქიული დიქტატურის სრული კონსოლიდაციისა და საზოგადოებაში მასობრივი შიშის გავრცელების მიზნით, მალე სალვადორის დასახლებებში, ე.წ., „სიკვდილის ესკადრონებიც“ გამოჩნდნენ.

არქიეპისკოპოსის თანამდებობაზე ახლად დანიშნული ოსკარ რომერო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. მას არ სურდა პარტიულ ბრძოლებში ჩართვა, სამოქალაქო დაპირისპირების გამწვავების ხელშეწყობა. თუმცა, არც ის შეეძლო, რომ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფასა და მასობრივ სიღატაკეზე თვალი დაეხუჭა. არქიეპისკოპოსმა მიზნად დაისახა, რომ ეკლესიას საზოგადოებისთვის მაგალითი მიეცა, პატიოსანი სამღვდელოება კი პოლიტიკოსებისათვის შთაგონების წყარო გამხდარიყო.

დიდი ხნის განმავლობაში კონსერვატიული შეხედულებების მქონე არქიეპისკოპოსი დანის პირზე გავლას ცდილობდა, ღიად არ ესხმოდა თავს დიქტატორს. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ღარიბთა რჩეული მღვდელი, თეოლოგიურ დისკუსიებში ოსკარ რომეროს ოპონენტი – მამა რუტილიო გრანდე მოკლეს. რუტილიო გრანდე სოფლად ცხოვრობდა და სახარების საფუძველზე ღარიბი გლეხების სამოქალაქო თვითგამორკვევასა თუ ორგანიზებაზე ზრუნავდა. ცხადია, უპოვარი ფერმერების მოძღვარი ხშირად უპირისპირდებოდა მსხვილი მიწათმფლობელების პოზიციებს, აპროტესტებდა პლანტაციებში მომუშავე ადამიანების ღირსების შემლახავ ანაზღაურებას. მღვდელმა თავისი მოღვაწეობის შედეგად დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა, ის რეალურ საფრთხედ იქცა ოლიგარქიისთვის. ერთ-ერთ სოფელში საღამოს მესაზე მიმავალი რუტილიო გრანდე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

შემზარავმა ფაქტმა არქიეპისკოპოს რომეროს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა. თავდაპირველად, სასულიერო იერარქმა უარი განაცხადა ოფიციალურ ღონისძიებებში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობაზე. შემდეგ კი ბრძანა, რომ მთელ ქვეყანაში პატარა ეკლესიებში შეეჩერებინათ წირვა-ლოცვა. მან ყველა მოქმედი მღვდელი დედაქალაქის საკათედრო ტაძარში მოიხმო და მათთან ერთად აღავლინა საპროტესტო ლიტურგია. ღვთისმსახურებას ასი ათასამდე ადამიანი დაესწრო, ქადაგებაში მომავალში წმინდანად შერაცხილმა რელიგიურმა ლიდერმა რუტილიო გრანდეს გარდაცვალების დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა.

რეჟიმი წლიდან წლამდე უფრო რეპრესიული და სასტიკი ხდებოდა. ნელ-ნელა ყველა ლეგალური და ნამდვილი ოპოზიციური ორგანიზაცია ბოლომდე გაანადგურეს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და პარტიზანულ ბრძოლას მიჰყვეს ხელი. ერთადერთი ადგილი, საიდანაც ოლიგარქებისა და სამხედროების ანტიჰუმანურ, სისხლიან მმართველობას ღიად აკრიტიკებდნენ, სალვადორის მთავარი ეკლესიის საკურთხეველი გახლდათ. ოსკარ რომეროს ქადაგებები რადიოთი გადაიცემოდა, იგი ყველა გამოსვლაში ითხოვდა სისხლისღვრის შეწყვეტას, ავტორიტარიზმის დემოკრატიით ჩანაცვლებას, სიმდიდრის უფრო სამართლიანად გადანაწილებას, ასევე თანადგომას უცხადებდა დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს.

ოსკარ რომეროს ხმის ჩასახშობად ხელისუფლებამ ქრისტიანული რადიოსადგურები მიწასთან მოასწორა. პროტესტის ნიშნად ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს საკვირაო მესაზე შეკრება. 1979 წელს არქიეპისკოპოსმა მორიგი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, მან პირადად მიმართა ჯიმი კარტერს, აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტს და სალვადორისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოძღვარი კარტერს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ვითარებასაც აცნობდა და „სიკვდილის ესკადრონების“ ალაგმვაში დახმარებას სთხოვდა.

ხუნტის მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც ოსკარ რომერომ 1980 წელს ახალგაზრდებს უკანონო ბრძანებების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა: „მივმართავ ეროვნულ გვარდიასა და პოლიციას. ძმებო, თქვენ ჩვენი ხალხის ნაწილი ხართ და თქვენსავე ძმებს, გლეხებს ხოცავთ ბოროტმოქმედთა ბრძანებით, რაც  ღვთის კანონის – „არა კაც კლა” ღალატია… არცერთი ჯარისკაცი არ არის ვალდებული, დაემორჩილოს ბრძანებას, რომელიც ღვთის კანონს ეწინააღმდეგება… ზნეობის საწინააღმდეგო კანონი არ უნდა შეასრულოთ! უკვე დროა, აღიდგინოთ სინდისი და უპირველეს ყოვლისა, მას დაემორჩილოთ, ვიდრე ცოდვის ბრძანებას.. “.

მეორე დღეს, საეკლესიო საავადმყოფოს სამლოცველოში, ქადაგების დროს არქიეპისკოპოს რომეროს ფანჯრიდან ტყვია ესროლეს და ზუსტად გულში მოარტყეს. მესაზე შეკრებილმა მრევლმა თავისი თვალით იხილა საკურთხეველზე, სისხლის გუბეში წაქცეული რელიგიური ლიდერი.

სამართლიანობისთვის მებრძოლი ავტორიტეტის გარდაცვალებამ ორ მნიშვნელოვან პროცესს მისცა ბიძგი.

რომეროს დაკრძალვა რეჟიმის საწინააღმდეგო გრანდიოზულ დემონსტრაციად გადაიქცა. დაკრძალვის ცერემონიალის ჩასაშლელად ხელისუფლებამ ტერორისტული აქტი განახორციელა და მგლოვიარე ხალხს ყუმბარები დაუშინა. არქიეპისკოპოსის სიკვდილმა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ახალი ენერგია, შეუპოვრობა შესძინა. მიუხედავად ოპოზიციის თავგანწირული წინააღმდეგობისა, სამწუხაროდ, სამოქალაქო კონფლიქტში კვლავ ოლიგარქიამ და სამხედრო ელიტამ მოიპოვა გამარჯვება.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, ნოამ ჩომსკი თავის წიგნში „თანხმობის წარმოება“ დაწვრილებით აღწერს ოსკარ რომეროს საქმის გამოძიების მიმდინარეობას. ცხადია, ხუნტამ უარი თქვა სიმართლის გარკვევაზე. მუქარისა და თავდასხმის შემდეგ მოსამართლე ატილიო რამირესი ქვეყნიდან გაიქცა. დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად სალვადორში დემოკრატიის მომხრე იურისტებმა და ჟურნალისტებმა მალევე გამოიძიეს და დაასაბუთეს, რომ არქიეპისკოპოსის მკვლელობის მთავარი შემკვეთი სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი რობერტო დ’ობიუზონი გახლდათ. დ’ობიუზონის ოდიოზურობაზე ყველაზე უკეთ მიანიშნებს მის მიერ ერთ-ერთი გერმანული გამოცემისათვის მიცემული ინტერვიუ, სადაც „სამართალდამცველმა“ განაცხადა: „გერმანელები მაგარი ჭკვიანი ხალხი ხართ! მიხვდით, რომ კომუნიზმს ებრაელები ავრცელებდნენ და გაწყვიტეთ ისინი!“. ოსკარ რომეროს მკვლელობისთვის რობერტო დ’ობიუზონი არასდროს დაუსჯიათ. პირიქით, 1980-იანი წლების დასაწყისში ჯალათი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს, მას ცოტა დააკლდა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის მოპოვებამდე. არჩევნების მხოლოდ მეორე ტურში მოხერხდა მისი დამარცხება. მკვლელის ტრიუმფალურმა წინსვლამ მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ ამხილა სალვადორის მმართველი ელიტის სისასტიკე. რომეროს მკვლელის დაუსჯელობამ გააორკეცა სალვადორის დემოკრატიული ძალების საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც გარდატეხისთვის, საუბედუროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი.

ნაცისტების მიერ წამებული მღვდელი, დიტრიჰ ბიონჰოფერი ამბობდა: „თუ ეკლესია ხედავს, რომ სახელმწიფო ან აკლებს, ან აჭარბებს თავის უფლებასა და დისციპლინას, მაშინ მან არა მხოლოდ უნდა აკრიფოს სახელმწიფო მანქანის ბორბლებქვეშ მოყოლილი მსხვერპლნი, არამედ თვითონ უნდა ჩაუვარდეს ბორბლებქვეშ მანქანას“. ოსკარ რომერო თავად ჩაუვარდა ბორბლებში დიქტატურის მანქანას, მისმა მსხვერპლშეწირვამ კი სიცოცხლე შესძინა ეკლესიას, სამუზეუმო სივრციდან ადამიანთა სულისა და ხორცისთვის მებრძოლ საკრებულოდ აქცია ის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...