კვირა, აპრილი 27, 2025
27 აპრილი, კვირა, 2025

როგორ ჩამოვაყალიბოთ სასკოლო სასწავლო გეგმის დანართი

0

2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ წინა სასწავლო წლის ბოლოს ყველა მასწავლებელმა, ყველა კათედრამ იმუშავა და წინასწარ მოამზადა 2021-2022 სასწავლო წლის სამუშაო გეგმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის თითოეული კლასისათვის. გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი და საინტერესო სიახლეა ის, თუ რა კომპლექსური დავალებით აპირებს მასწავლებელი კლასში ზოგიერთი საკითხის დაფარვას.
რადგან ზოგად საუბარს კონკრეტული მაგალითების განხილვა სჯობს, მოდით ერთი კონკრეტული გეგმა განვიხილოთ. ძირითადი აქცენტი კი მინდა ამ გეგმის დანართზე, მის ჩამოყალიბებაზე, მის გამართვაზე გავაკეთო.
სასკოლო სასწავლო გეგმის ასაგები ცხრილი ყველა მასწავლებლისთვის უკვე ნაცნობია და მისი დასაწყისი ასე გამოიყურება:

მოვიყვანოთ კონკრეტული ნიმუში, ვთქვათ, მე-3 კლასის ბუნებისმეტყველების კათედრამ ცხრილი ასე შეავსო:

მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, თუ რა თემას გაივლის კლასი სექტემბერსა და ოქტომბერში, რა საკითხებს მოიცავს თემა და რა ქვესაკითხების განხილვა ხდება კონკრეტული საკითხების შესწავლისას. ცხადია, ნებისმიერ მასწავლებელს ექნება საკუთარი გზა და მონახაზი, თუ როგორ, რა კონკრეტული საშუალებებით, მეთოდებით, აქტივობებით დაამუშავებს ის ამ საკითხებს თავის მოსწავლეებთან.
აქვე მოვიყვანოთ, ამ გეგმის მიხედვით აპირებს თუ არა მასწავლებელი რომელიმე საკითხის/საკითხების დამუშავებას კომპლექსური დავალების განხორციელების გზით:

ცხრილიდან ჩანს, რომ დაწყებითი საფეხურის მესამეკლასელებთან ბუნებისმეტყველების მასწავლებელი „სხეულები და მოვლენების“ მიმართულებით საკითხი „სითბოს“ დამუშავებისათვის აპირებს განახორციელოს კომპლექსური დავალება „თბოგამტარები და თბოიზოლატორები“ და ეს მას ნოემბრისთვის აქვს დაგეგმილი. ალბათ ცხრილი უფრო მკაფიო იქნებოდა, თუ ვაჩვენებდით იმასაც, რომ „სითბოს“ ოთხივე ქვესაკითხი მუშავდება ამ კონკრეტული კომპლექსურის ფარგლებში. მაშინ ცხრილი შეიძლება ასე წარმოგვედგინა:

ცხადია, მასწავლებელს მხოლოდ კომპლექსური დავალების სახელი არ მოუფიქრებია მომავალი სასწავლო წლისათვის. მას თავად კომპლექსური დავალებაც უნდა ჰქონდეს მოფიქრებული შემდეგი აუცილებელი მახასიათებლებითურთ:
1. სამიზნე ცნება და მისი მკვიდრი წარმოდგენები;
2. საკვანძო შეკითხვა, რომელიც მოსწავლისთვის ერთგვარი გამოწვევა, შთაგონება უნდა იყოს, რომელიც მას დავალებაზე მუშაობის სურვილს გაუჩენს, რათა სწორედ ამ კითხვაზე შეძლოს პასუხის გაცემა;
3. საკითხები, რომელთა დამუშავება ხდება ამ კომპლექსური დავალების განხორციელებისას;
4. კრიტერიუმები, რომლებიც მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს, ვინაიდან სწორედაც რომ ამ წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურება ამ კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესი და იმის მიხედვით, თუ როგორ გაართმევს მოსწავლე ამ კრიტერიუმებს თავს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა დონეზე გაიაზრა მან ესა თუ ის მკვიდრი წარმოდგენა, აქ, „სხეულები და მოვლენების“ მიმართულებით;
5. თავად პირობა, ჩამოყალიბებული იმგვარად, რომ მოსწავლემ შენიშნოს, რამდენად ცხოვრებისეულია ამ საკითხებზე საუბარი და გაუჩნდეს შეცნობის სურვილი;
6. აუცილებლად პროდუქტი, ხელშესახები რამ, რასაც მოსწავლე შექმნის და მისი საშუალებით წარმოაჩენს თავის ცოდნას არჩეულ საკითხ „სითბოსთან“ დაკავშირებით;
ასევე მასწავლებელს შეუძლია მოიფიქროს დავალების განხორციელების სავარაუდო მსვლელობა (ნაბიჯები), სადაც გასათვალისწინებელია:
7. რესურსები და აქტივობები როგორც სახელმძღვანელოდან, ისე დამატებითი, სხვა წყაროებიდან, საკითხის გააზრებაზე მიმართული და მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონის შესატყვისი;
8. კრიტერიუმზე თავის გართმევაში დახმარების და გზის მითითების მიზნით მოსწავლისათვის დავალების განხორციელების თითოეულ ეტაპზე დასასმელი კითხვები;

ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ პუნქტს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი უკვე ყველა მასწავლებლისათვის კარგად ცნობილ ცხრილში, რომელსაც მატრიცას ვუწოდებთ.
მატრიცაში კი დავალება ნამდვილად საფუძვლიანად გაიწერება, თუ კათედრის წევრები შეიკრიბებიან და ერთად განიხილავენ ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ნიუანსს. თითოეული მათგანის გამოცდილება, იდეა, ხედვა და გამოთქმული აზრი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს მასწავლებლის გეგმას კონკრეტულ კლასთან კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე. მომავალი მოქმედებისათვის, თქვენ ხელთ გექნებათ, კოლეგებთან ერთად შექმნილი, მშვენიერი სცენარი, თქვენი სამოქმედო გეგმის მონახაზი. ეს ნამდვილად გამოვცადე ჩემივე შექმნილი მატრიცების განხილვისას ჩემი კათედრის წევრებთან. ეს გაწერილი დავალება გახდება სასკოლო სასწავლო გეგმის დანართი.
მოდით, ვნახოთ, როგორ გამოიყურება ზემოთ მოყვანილი სასკოლო სასწავლო გეგმის დანართი, ჩანს თუ არა მასში მასწავლებლის გეგმა, მონახაზი, როგორ აპირებს ის კლასთან მუშაობას, რაზე, რა ინსტრუმენტებით, რა გზით:

როგორ ფიქრობთ, რა წარმოდგენას იძლევა მოყვანილი დანართი, გამოდგება თუ არა ის სამოქმედო გეგმის ნაწილად? აკმაყოფილებს თუ არა კომპლექსური დავალებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს?
კომპლექსური დავალების უამრავი ნიმუში დაიგზავნა სკოლებში, წარედგინათ მასწავლებლებს, არსებობს ასევე ზოგადი გზამკვლევი, რომელიც კარგად გვარკვევს მის რაობაში. ამიტომ ამაზე საუბარს და ამ მასალის ციტირებას აქ არ მოვახდენ.
მინდა შემოგთავაზოთ ამ დანართის დასრულებული ვერსია. დარწმუნებული ვარ, კოლეგების ერთობლივი მუშაობით ის ბევრად საინტერესო და დახვეწილი გამოვიდოდა, რადგან მჯერა, თითოეული მასწავლებლის გამოცდილება და მათი შემდგომი თანამშრომლობა შესანიშნავი იდეებისა და გზების დასახვის გარანტია.
მანამდე კი შემოგთავაზებთ ზოგიერთ რეკომენდაციას ამ გეგმის ავტორებისათვის:

1) კომპლექსური დავალების პირობა აუცილებლად უნდა შეიცავდეს და სასურველია დაიწყოს მოსწავლის მაპროვოცირებელი, დამაინტერესებელი მოკლე შესავალი ინფორმაციით, რომელიც მოსწავლის ინტერესის და მზაობის მოსაზიდადაა საჭირო. ამ დავალების ტექსტი კი პირდაპირ იწყება დავალების მიცემით და არ აქვს შესავალი ნაწილი;
2) დავალებას აუცილებლად უნდა ახლდეს საკვანძო შეკითხვა, რომელიც ერთგვარი ინსპირაცია უნდა იყოს მოსწავლისათვის, უჩენდეს მას დავალებაზე მუშაობის სურვილს, რომ დავალების ბოლოს ამ შეკითხვას გაეცეს პასუხი. მაგალითად, „როგორ შემიძლია გამოვიკვლიო სხვადასხვა ნივთიერების თბოგამტარული თვისებები და სად გამოიყენება ისინი ყოველდღიურობაში?“
3) „ახალი სკოლის მოდელში“ საიმისოდ, რომ კომპლექსურმა დავალებამ შუალედური სასწავლო მიზნის როლი შეასრულოს, საჭიროა რიგი ნიუანსების გათვალისწინება.
ა) მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული (და არა ზოგადი) საკითხი/საკითხები, რომლის შესწავლასაც კომპლექსური დავალება ემსახურება;
ბ) მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული შემოქმედებითი პროდუქტი (მაგალითად, კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა), რომელიც მოსწავლემ კომპლექსური დავალების ფარგლებში უნდა შექმნას;
გ) კომპლექსურ დავალებას უნდა ახლდეს შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მას სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებისკენ (ანუ გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირებისკენ) მიმართავს.
4) რაც შეეხება მატრიცის შუა, თეთრი სვეტის შევსებას, ცხადია, ის უკეთესია შეივსოს თავად დავალების განხორციელების პროცესში უკვე შესრულებული ქმედებების მიმდინარეობისას ან შემდგომ. თუმცა, დავალების ავტორს ან მასწავლებელს, ვისაც მისი განხორციელება სურს, ალბათ მოფიქრებული უნდა ჰქონდეს სავარაუდო რესურსები, აქტივობები და შეკითხვები, რომელთა თანმიმდევრული დასმით მოსწავლეს კრიტერიუმებზე თავის გართმევისკენ წაიყვანს.
აქ უცვლელად მოვიყვან ნაწყვეტს ზოგადი გზამკვლევიდან. ეს ნაწყვეტი გვიხსნის, თუ რა არის სასურველი, რომ ჩაიწეროს მატრიცის შუა, თეთრ სვეტში. მნიშვნელოვან ფრაზებს გამოვყოფ მუქი შრიფტით.

„რატომ სჭირდება სკოლებსა და მასწავლებლებს სასკოლო კურიკულუმის შექმნა და განვითარება?

თითოეული სკოლა ყოველწლიურად ქმნის უნიკალურ პრაქტიკას, რომლის აღნუსხვასაც პედაგოგები, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ. მათი ჩანიშვნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას რესურსი, რომელიც მომდევნო წელს დიდ დახმარებას გაუწევს მათ სწავლა-სწავლების პროცესში. სასკოლო კურიკულუმი რეალურ საგაკვეთილო პროცესში ქმედითუნარიანი, დასამახსოვრებელი აქტივობების აღნუსხვას გულისხმობს. აქ არ იწერება გაკვეთილის გეგმები და სცენარები (პასუხი შეკითხვაზე – რა აქტივობებს განვახორციელებ მომავალში?), აქ მასწავლებლები ინიშნავენ და ერთმანეთს უზიარებენ:
 კომპლექსური დავალებების (შუალედური მიზნების) მოდიფიცირებულ ვარიანტებს, რომლებიც მათი მოსწავლეებისთვის გამოდგა უფრო აღქმადი და საინტერესო;
 დამატებით რესურსებს, რომლებიც მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოადგათ;
 შეკითხვებს, რომლებმაც მოსწავლეებს ხელი შეუწყო სასწავლო მასალის გააზრებასა და ახალი ცოდნის შეძენაში.

წლის განმავლობაში ასეთ სტილში გაკეთებული ჩანიშვნები, ერთი მხრივ გამოკვეთს სკოლაში დამკვიდრებულ უნიკალურ პრაქტიკას, მეორე მხრივ კი ქმნის ემპირიულ გამოცდილებაზე დამყარებულ ორიგინალურ რესურსს. სასკოლო კურიკულუმის განვითარება (მისი გამდიდრება ახალი გამოცდილებით) უწყვეტი პროცესია. ამ პროცესის შედეგად დოკუმენტი წლიდან წლამდე დაიხვეწება. „

ახლა კი შემოგთავაზებთ დასრულებული დანართის ასეთ ვერსიას:
პირველ რიგში, დავალების პირობა და კრიტერიუმები:

თბოგამტარები და თბოიზოლატორები

თბოიზოლაცია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ზამთარში სახლმა ბუნებრივად შეინარჩუნოს სითბო, ზაფხულში კი სიგრილე. მთელი წლის მანძილზე ის დაგეხმარებათ გქონდეთ სასურველი ტემპერატურა გათბობა-გაგრილების სისტემების მინიმალური გამოყენებით.

ეგიძლიათ აირჩიოთ სახურავის, იატაკების, კედლების, ფანჯრების, კარების თბოიზოლაცია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი კედლების თბოიზოლაციაა, რადგან ჩვეულებრივ, სახლში სითბოს ყველაზე მეტი ნაწილი სწორედ კედლებიდან იკარგება. მეორე ადგილზე სახურავია, სულ ბოლოს კი ფანჯრები და კარები.
თბოიზოლაციის მასალები სხვადასხვანაირია. ეს შეიძლება იყოს შალის ქსოვილის მსგავსი მატერია, რომელიც ჰაერის ბუშტებს აკავებს. ასევე, გამოიყენება ბამბა და სელიც. თბოიზოლაციის შედარებით იაფი გზა ფანჯრებზე სქელი ფარდების დაკიდებაც შეიძლება იყოს.
ამ საქმეში ხის მასალების გამოყენებაც დაგეხმარებათ. ხის კარი და იატაკი თქვენს სახლს სასურველ ტემპერატურას უფრო მარტივად შეუნარჩუნებს.

თავად გამოიკვლიეთ, რამდენად კარგი თბოგამტარი ან თბოიზოლატორია სხვადასხვა ნივთიერება და შექმენით ილუსტრირებული ალბომი, თითოეულ ილუსტრაციას დაურთეთ ტექსტი, რომელშიც ახსენით და თვალსაჩინოდ წარმოაჩინეთ:

1) როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან სხვადასხვა ნივთიერება სითბოს გატარების უნარით, დააჯგუფეთ და ცხრილის სახით წარმოადგინეთ ნივთიერებები იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი თბოიზოლატორი (მკ 1, 2)

2) რატომ არის კარგი თბოიზოლატორი ბეწვი, შალი, პენოპლასტი, – რით არის განპირობებული მათი თბოიზოლაციის უნარი (მკ 2,3)

3) როგორ იყენებს ადამიანი თბოგამტარებსა და თბოიზოლატორებს (მკ 2, 3)

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება კრიტერიუმების შესაბამისობას მატრიცაში მოყვანილ სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებთან. თითოეულ კრიტერიუმს ფრჩხილებში აქვს მითითებული, თუ რომელ მკვიდრ წარმოდგენას შეესაბამება ის. ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა არის პროდუქტი დავალებაში, რის საშუალებით წარმოაჩენს მოსწავლე თავის ცოდნას. ცხრილი კი მხოლოდ მონაცემების წარმოდგენის ერთ-ერთი საშუალებაა.

მინდა აღვნიშნო, რომ საკვანძო შეკითხვა შესაძლებელია სხვანაირად და უკეთესადაც დაისვას დაწყებითების გამოცდილი მასწავლებლის მიერ.
რაც შეეხება მატრიცის შუა, ველს, აქ წარმოგიდგენთ ჩემს ხედვას, მონახაზს, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მკვიდრი წარმოდგენების გააზრებისკენ კრიტერიუმებზე თავის გასართმევად:
კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):
I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა
ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?
რა ნივთები დაგჭირდება ილუსტრირებული ალბომის შესაქმნელად?
რესურსი/აქტივობა:
რესურსი:
ქართული საბავშვო ილუსტრაცია:

წიგნის ილუსტრაცია:
წიგნის ილუსტრაცია | ოლესია (ლესია) თავაძე (olesyatavadze.com)

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი
ნაბიჯი 1. როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან სხვადასხვა ნივთიერება სითბოს გატარების უნარით, დააჯგუფეთ და ცხრილის სახით წარმოადგინეთ ნივთიერებები იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი თბოიზოლატორი (მკ 1, 2)
რესურსი/აქტივობა:
რესურსი: სახელმძღვანელო: საკითხები: სითბოს გადაცემა, სითბოგამტარობა.
აქტივობა 1.1:
სხეულების თბოგამტარობაზე დაკვირვება; მონაცემების ცხრილის სახით წარმოდგენა
რიგ-რიგობით შეეხეთ ხელით ბინაში (კლასში) ლითონს, ხეს, პლასტმასს, თიხას, ქსოვილს. სამუშაო ფურცლებზე დახაზეთ ცხრილი. (იხ ცხრილის ნიმუში კითხვებში)
ჩაწერეთ თქვენი შეგრძნებები სხვადასხვა მასალაზე შეხებისას.
შეხებით დაადგინეთ, რამდენად უფრო თბილია/ცივია ერთი სხეული მეორეზე. შემდეგ თერმომეტრით გაზომეთ იმავე სხეულების ტემპერატურები. შეადარეთ ერთმანეთს შეგრძნებით და თერმომეტრით მიღებული მონაცემები. იმსჯელეთ, რომელი მაჩვენებელია უფრო სანდო;
აქტივობა 1.2:
ცხელი წყლით სავსე ჭიქაში რამდენიმე წუთით ერთდროულად მოათავსეთ ხის, პლასტმასისა და რკინის კოვზები და გამოთქვით ვარაუდი, თუ რომელი კოვზის ტარია უფრო ცხელი. შემდეგ კოვზების ტარებზე მოათავსეთ მცირე ერთნაირი ზომის კარაქის, მარგარინის ან შოკოლადის ნაჭრები და შეამოწმეთ თქვენი ვარაუდის სისწორე. იმსჯელეთ, თუ რომელი ნივთიერება/მასალა ატარებს სითბოს კარგად/ცუდად;
ამ აქტივობის შესაბამისირესურსი:



აქტივობა 1.3:
ხის, ლითონის და პლასტმასის ზედაპირებზე ერთდროულად მოათავსეთ ერთნაირი ზომის ყინულის კუბები და დააკვირდით, რომელი როდის გადნება. ახსენით, რომელმა ზედაპირმა გაატარა სითბო ყველაზე უკეთ? ყველაზე ცუდად?
ამ აქტივობის შესაბამისი
რესურსი:

მასალების თბოგამტარობის კვლევა:

ნაბიჯი 2. რატომ არის კარგი თბოიზოლატორი ბეწვი, შალი, პენოპლასტი, – რით არის განპირობებული მათი თბოიზოლაციის უნარი (მკ 2,3)
რესურსი/აქტივობა:
რესურსი: სახელმძღვანელო: საკითხები: ტემპერატურა, თერმომეტრი, სითბოს გადაცემა
აქტივობა 2.1:
საჭირო მასალა: ოთხი ერთნაირი მინის ბოთლი. ორში ცივი, ორში – ცხელი წყალი, ორი ერთნაირი ბეწვის ქურთუკი.
თითო ცივი და ცხელწყლიანი ბოთლი ცალ-ცალკე შეფუთეთ ბეწვის ქურთუკში და დაახლოებით 30 წუთით მოათავსეთ ცალკე მდგომ მაგიდაზე. თითო ცივი და ცხელწყლიანი ბოთლი კი დადგით იქვე შეუფუთავად. იმსჯელეთ, რომელ ბოთლში შენარჩუნდა წყლის ტემპერატურა ყველაზე უკეთ
რატომ „გვათბობს“ შალის ტანსაცმელი:


აქტივობა 2.2:
2 ერთნაირი სისქის შალის და ბამბის (კოტონი) წინდა ჩამოაცვით ერთნაირ ჭიქებს, რომლებშიც ერთნაირი ტემპერატურის თბილი წყალი ასხია. მოცემულ ვიდეოში ეს ტემპერატურაა 40 გრადუსი. 10-20 წუთის შემდეგ შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. რომელმა წინდამ შეუნარჩუნა წყალს ტემპერატურა უკეთ? ვიდეოში 10 წუთში ზომავენ ტემპერატურას. გაიმეორეთ ექსპერიმენტი დასველებული წინდებით (ოდნავ გაწურეთ, როგორც ვიდეოშია).
შესაბამისი რესურსი:

რესურსი:
ცუდი თბოგამტარები:

რესურსი:
საიდან ვიღებთ შალს:

ნაბიჯი 3. როგორ იყენებს ადამიანი თბოგამტარებსა და თბოიზოლატორებს (მკ 2, 3)
რესურსი/აქტივობა:
რესურსი: სახელმძღვანელო: საკითხები: თბოგამტარები, თბოიზოლატორები, მათი გამოყენება
რესურსი:
სად გამოიყენება ცუდი თბოგამტარები:


რესურსი:
რა არის თბოიზოლაცია და რა უპირატესობა აქვს მას:
თბოიზოლაცია – სახლის აუცილებელი კომპონენტი – DORMER
რესურსი:
თბოიზოლატორების გამოყენება

რესურსი:
როგორ დავამზადოთ საკუთარი თერმოსი

აქ წარმოდგენილი ნაბიჯები დავალების მსვლელობის პროცესში, განხორციელებისას შესაძლებელია შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. თუ მასწავლებელი შეადარებს წინასწარ მონახაზს და უკვე ჩატარებულ და პრაქტიკაში გამოცდილ ნაბიჯებს, აუცილებლად მოახერხებს პროცესის ხელსაყრელ ცვლილებას, მოქნილად წარმართვას, გაუმჯობესებას და დახვეწას, ჩაინიშნავს, რა რესურსების გამოყენება იყო უფრო სასარგებლო და ეფექტიანი, რა აქტივობები წაადგათ მოსწავლეებს შემეცნებისა და გააზრების პროცესში და გააუმჯობესებს გზას, რომლითაც სკოლას მოსწავლეთა შემდგომი თაობა კონკრეტული საგნის სამიზნე ცნებების, მაკროცნებებისა და საბოლოოდ, განათლების ეროვნული მიზნებისაკენ მიჰყავს.

ნახატი-ასოციაციები

0

ჯონ სინგერ სარჯენტი (12 იანვარი, 1856 – 14 აპრილი, 1925) თავისი დროის ერთ-ერთი წამყვანი პორტრეტისტი იყო. ამერიკელი კოლონისტების შთამომავალი იტალიაში დაიბადა და 21 წლამდე არ სწვევია ისტორიულ სამშობლოს. გაიარა დიეგო ველასკესის სკოლა, მეგობრობდა იმპრესიონისტებთან, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ნიჭიერ პორტრეტისტად ჩამოყალიბებაში. სიცოცხლის ბოლო წლები ბრიტანეთში გაატარა. 1925 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა ლონდონში გულის შეტევით. მისი ნამუშევრები ამშვენებს მეტროპოლიტენ-მუზეუმს ნიუ-იორკში, ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმს, ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკას, ჰარვარდის ბიბლიოთეკას…
მის ბეატრის ტაუნსენდის პორტრეტზე (1882) მზერის უკვდავების საიდუმლოა:

თუმცა ვნახოთ მეორე ნახატიც, რომელიც ამტკიცებს სარჯენტის ოსტატობას სხვა ჟანრშიც – „ედუარდ დარლი ბოიტის ქალიშვილები“ (1882), რომელიც მან 26 წლისამ, თავისი პოპულარობის გარიჟრაჟზე დახატა. ამერიკელმა მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ჰენრი ჯეიმსმა ამ ტილოს „გასაოცარი“ უწოდა. არის ამ ნახატში ყოფის ფარული მისტიკა, იდუმალება, ადამიანად ყოფნის ჩუმი დღესასწაული და დიდი ფსიქოლოგიური სიღრმე.

მიხაილ ვრუბელი (1856-1910) აღიარებულია არტ-ნუვოს უდიდეს რუს მხატვრად. მისი ორიგინალური მანერის საწყისები გვიანდელი ბიზანტიური და ადრეული რენესანსის მხატვრობაშია საძიებელი. ვრუბელი გამიზნულად განუდგა თავისი დროის მიმდინარეობებს. მისი ნახატები გვატყვევებს ექსცენტრულობითა და ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზით. იგი იყო ტიციან ტაბიძის საყვარელი მხატვარი (,,ისე გხატავდა თამარს ვრუბელი…”).
ამ ნახატს ჰქვია „გოგონა სპარსული ხალიჩის ფონზე“ (1885):

ხოაკინ სოროლია (ესპანელი მხატვარი) – „მოხელთებული წამი“, ბიარიცი, 1906. იქნებ წარსულის ეს გამოძახილი, მაგიურ გაელვებათა მთლიანობაა, რაც აწმყოში ბედნიერების შეგრძნებას გვანიჭებს? ვინ იცის…

სიკეთისკენ სწრაფვა სამოთხისკენ სწრაფვაა. ყოველ ჩვენგანში, თვით ყველაზე დაცემულშიც, დევს ეს. ყველანი ვებღაუჭებით ნათელს ჩვენში, თუნდაც მცირეოდენს. ბნელის ნათლისადმი მორჩილება ხომ, საზოგადოდ, სამყაროს კანონზომიერებაა. ცხოველებთან, ალბათ, ეს ქვეცნობიერის დონეზე წყდება, ადამიანებთან – გააზრებულად. ხშირად მიფიქრია: აბსოლუტური სიკეთე არ იქნება მოსაწყენი და მასში ყოფნა იქნება ისე, როგორც ბავშვობაშია, ყველაფერი რომ გიხარია და გაინტერესებს, დიდი, ცნობისმოყვარე, ოღონდ ძალიან გონიერი თვალებით.
სამოთხეში თუ სევდიანობენ, ნეტა? ვფიქრობ, ეს ღმერთის თვისებაა.
მიხაელ სოვას ამ ნახატზეც სამოთხეა, მგონი…

„როგორ მოვემზადოთ სკოლისთვის“ – სკოლაში ტრანზიციის პროცესი

0

 

ყველა ბავშვისთვის სკოლის დაწყება  და ახალ სასკოლო, საგანმანათლებლო გარემოში ტრანზიცია (შესვლა-გადასვლა), მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ  მოვლენას წარმოადგენს.  . არსებული კვლევებისა და საერთაშორისო  გამოცდილების თანახმად,  სკოლის  პოზიტიურად დაწყება მოსწავლისათვის მომავალი აკადემიური წარმატების და სოციალური  წარმატების  უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. პროცესი, დროული მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა ნეგატიურ გამოცდილებად იქცეს.

რადგან სკოლის დაწყება და სწავლის პირველი დღეები ბავშვისთვის, მშობლისთვის და მასწავლებლებისთვის გარკვეულ შფოთვასთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ბავშვის სკოლაში ტრანზიციის გეგმა, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის, ოჯახის და საგანმანათლებლო დაწესებულების მზაობა ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

ამ სტატიის დაწერის ერთ-ერთი მოტივაცია სპეციალური პედაგოგის გამოცდის შედეგები აღმოჩნდა. გამოცდის ერთ-ერთი კითხვა სწორედ ბავშვის ტრანზიციას ეხებოდა, რომელიც მეტნაკლებად ბუნდოვანი და რთული აღმოჩნდა პედაგოგებისთვის.

ყველა ბავშვის ცხოვრებაში სკოლის დაწყება და სკოლის პირველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელთანაც ბევრი დადებითი და ზოგჯერ ნეგატიური გამოცდილებაც ასოცირდება. ცნობილია ის ფაქტიც, რომ სკოლაში მიღებული პოზიტიური გამოცდილება ხშირად მომავალშიც წარმატებულ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობასთან ასოცირდება. ასევე, როცა სწავლება სკოლაში ბავშვისთვის სირთულეებთან და არასასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, შემდგომში სწავლის გაგრძელება და სხვა აკადემიური ხარისხის მოპოვების მოტივაცია ნაკლებია.

ტრანზიციის გეგმა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ხშირად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები სპეციფიკურ მხარდაჭერას და გაძლიერებას საჭიროებენ. ამ პროცესში ჩართულია როგორც ბავშვის მშობელი, ასევე სკოლის ადმინისტრაცია. ამიტომ, მსგავსი გეგმა მათ საშუალებას აძლევს სწავლის პროცესი იყოს ინკლუზიური, მშვიდი, პოზიტიური და ეფექტური.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ტრანზიციის მხარდამჭერი გეგმა ეხება არა მხოლოდ იმ ბავშვებს, ვისაც სწავლასთან და განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ, არამედ სოციალურად დაუცველ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც და იმ ბავშვებსაც, რომელთაც გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესის გადატანა მოუწიათ სხვადასხვა მიზეზების გამო.

 მნიშვნელოვანია ი საფეხურები, რომლიც ოჯახმა და სკოლამ შეიძლება გაიაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების  სკოლაში უმტკივნეულო ტრანზიციის უზრუნველსაყოფად.  ტრანზიციის პროცესი ძირითადი საფეხურებია:

  1. პირველ კლასში ადრეული რეგისტრაცი
  2. ოჯახისა და ბავშვის მზადება სკოლისთვის
  3. სკოლის მზადება ბავშვების უმტკივნეულო ტრანზიციისათვის

როცა მშობელს გარკვეული ეჭვი აქვს ბავშვის სპეციალურ საჭიროებაზე, სკოლის დაწყებამდე შეუძლია მიმართოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარულ გუნდს, ასევე, ისარგებლოს ადრეული ინტერვენციის სერვისით/შეფასებით. განსაზღვროს ბავშვის წინასწარი საჭიროებები და წინასწარ იზრუნოს  საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევაზე. შესაბამისად, ტრანზიციის პირველი ეტაპი მოსწავლის წინასწარი რეგისტრაციაა სკოლაში. 

ხშირად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები სვამენ კითხვას- „მიიღებენ ჩემს შვილს სკოლაში?“ ჩემი პასუხია – „დიახ“, თქვენ ამის კანონიერი უფლება გაქვთ. საქართველოს რატიფიცირებული აქვს გაეროს 2006 წლის  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენცია“, რომლის საფუძველზე ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება მიიღოს განათლება!  მნიშვნელოვანია, მშობელმა წინასწარ მიაწოდოს სკოლას ბავშვის საჭიროებების შესახებ და სკოლამაც დროულად გააცნოს მშობელს მისი სერვისების შესახებ. სწორედ ამას ემსახურება წინასწარი რეგისტრაცია.

ვინ მონაწილეობს ტრანზიციის პროცესში?

ტრანზიციის პროცესში მონაწილეობს:  სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის სპეციალური მასწავლებელი, სპეციალური ასისტენტი, ადრეული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ბაღის პედაგოგი, ბაღის ფსიქოლოგი, ადრეული ინტერვენციის სპეციალისტები და ნებისმიერი სხვა თერაპიის სპეციალისტი, რომელიც თერაპიულ პროცესს ახორციელებდა/ახორციელებს ბავშვთან.

სკოლამ მომავალი პირველკლასელების მიღების გეგმა ერთი წლით ადრე მაინც უნდა შეიმუშაოს. ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს სკოლის სარეგისტრაციო ფორმა, სადაც მშობელი სკოლას მიაწოდებს ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის  თუ სამედიცინო დიაგნოზის შესახებ, ასევე, ყველა მისი სპეციფიკური საჭიროებების შესახებ, რაც სწავლებას და ბავშვის საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, ყველა სკოლას ჰქონდეს საინფორმაციო ბროშურა, რომელშიც ყველა იმ სერვისის ჩამონათვალია შეტანილი, რასაც სკოლა ბავშვებს და მათ მშობლებს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, სკოლამ ხაზი გაუსვას, რას სთავაზობს სპეციალური საჭიროებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, იქნება ეს გარემოს მოწყობა თუ ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, კომპეტენტური პირების დახმარება, რომლებიც ბავშვის სწავლების პროცესში მონაწილეობენ.

ასევე, მნიშვნელოვანია, ყველა სკოლას ვებ-გვერდზე ჰქონდეს განთავსებული ფოტო/ვიდეო რესურსები, სადაც კარგად ჩანს სკოლის ტერიტორია და მოწყობა.

საჭიროა, სკოლამ 1 წლით ადრე განსაზღვროს, ვინ იქნება  სკოლაში ტრანზიციის კოორდინატორი, პირი, რომელიც წარმართავს ამ პროცესს და  მუდმივ მონიტორინგს. სწორედ ტრანზიციის კოორდინატორია ის საშუალო, რგოლი „მედიატორი“ რომელიც აკავშირებს სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა სპეციალისტებს, როგორიცაა ბაღის პედაგოგი, ბავშვის თერაპევტები და ა.შ

ტრანზიციის კოორდინატორი აორგანიზებს ერთობლივ შეხვედრებს, სადაც ბავშვთან დაკავშირებული საჭიროებების განხილვა და შეჯამება ხდება. მნიშვნელოვანია, ასეთი შეხვედრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეორდებოდეს. სკოლის კოორდინატორი ადგენს ბავშვის ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმას, რომელიც მორგებულია თითოეულ ბავშვზე და იქმნება ინდივიდუალურად. გეგმაში შეტანილია მშობლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია, ცნობები და ინფორმაცია ბავშვის დიაგნოზის და საჭიროებების შესახებ. ასევე, ინდივიდუალურ გეგმაში მითითებულია ის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება შეხვედრები და ვინ დაესწრება მათ.

საინტერესოა ის აქტივობები, რომელიც ბაღებმა და სკოლებმა ერთობლივად შეიძლება განახორციელონ ბავშვის სკოლაში ადაპტაციის ხელშესაწყობად: ბაღის ექსკურსია სკოლაში, სკოლის ტერიტორიის დათვალიერება, გაკვეთილებზე დასწრება და ასევე, პირველკლასელების ვიზიტი ბაღში და მათთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი მხიარული თამაშები.

მშობელმა მნიშვნელოვანია იზრუნოს ბავშვის წინასასკოლო უნარებზე და სასკოლო ადაპტაციაზე. ხშირად გაასეირნოს ბავშვი სკოლის ტერიტორიაზე, გააცნოს მომავალი მასწავლებლები, თუ მშობელმა წინასწარ იცის, ვინ იქნება ბავშვის თანაკლასელი, ხელი შეუწყოს გაცნობას და დამეგობრებას.

ხშირად, როცა მშობლები ბავშვთან ერთად წინასწარ აწყობენ ექსკურსიებს სკოლაში, იღებენ ფოტოებს, ვიდეოს და  სახლში ხშირად უყურებენ ბავშვებთან ერთად. უქმნიან წინასწარგანწყობას. თამაშობენ სახლში „სკოლობანას“, „პირველი დღე სკოლაში“, ერთად ყიდულობენ სასკოლო ნივთებს. მათი უფროსი და/ძმების მაგალითზე აჩვენებენ, როგორ დადიან ისინი სკოლაში და რას საქმიანობენ.

იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა წინასწარ იღებს ინფორმაციას ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ, სკოლის ადმინისტრაციას სასწავლო წლის დაწყებამდე შეუძლია სკოლის ფიზიკური გარემოს მოწყობა, როგორიცაა: ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებისთვის კლასის 1 სართულზე განთავსება ან აკუსტიკურად უფრო ხელსაყრელი კლასის შერჩევა სმენის სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის, ასევე ფიზიკური გარემოს მოწყობა, მასწავლებლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების წინასწარი მომზადება.

შევაჯამოთ, ტრანზიციის პროცესი: მშობლის მიერ ბავშვის წინასწარი რეგისტრაცია, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ბავშვის ჯანმრთელობის და საჭიროებების შესახებ, სკოლის მიერ ტრანზიციის კოორდინატორის დანიშვნა, ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმის შემუშავება, გეგმაში მონაწილე პირების ქსელის შექმნა,  სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა, ბავშვის და მშობლის ვიზიტი სკოლაში, გაცნობითი სახის ღონისძიებების ორგანიზება სკოლასა და ბაღს შორის, ბავშვის თერაპევტების ჩართვა სკოლისათვის წინასწარი მომზადების ღონისძიებებში.

მსგავსი მიდგომა ყველა ბავშვს მისცემს საშუალებას, პოზიტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.

 

 

წერილი მოსწავლეს

0

სულ ცოტაც და დაიწყება 2021-2022 სასწავლო წელი. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ ფორმატში მოგვიწევს სკოლაში დაბრუნება. მოგვცემს კი ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საკლასო სივრცეში სრულფასოვანი დაბრუნების საშუალებას? გასული სასწავლო წელი სავსე იყო ფრაზებით – ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და ა.შ. რასაკვირველია, ამ რთული პროცესით ყველაზე დიდი ზიანი თქვენ მოგადგათ. მუდმივად ვფიქრობ – როგორ აგინაზღაუროთ „წართმეული“ დრო და დაკარგული შესაძლებლობები.

ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს იქნება ბოლო წელიწადი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ზოგისთვის პირველი… დანარჩენთათვის – არც ბოლო და არც პირველი. როგორია შენი მოლოდინი? რას მოგიტანს ის? რას შეცვლის კიდევ ერთი კლასისა თუ საფეხურის დაძლევა შენს ცხოვრებაში? როგორ გაუმკლავდებით სირთულეებს?

დამეთანხმებით, რომ ზაფხულის არდადეგები ისეთი მრავალფეროვანი და ხალისიანი აღარ იყო, როგორც ადრე – პანდემიამდე. ალბათ, ადევნებდით თვალს სხვადასხვა აზრის, შეხედულების თუ მსოფლმხედველობის ადამიანთა ჯგუფები როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ყველა საშუალებით ცდილობდნენ საკუთარი პოზიციის „გატანას“.

დაფიქრებულხართ, რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ აქედან? ცხოვრება ხომ საუკეთესო მასწავლებელია?!

  • პირველ რიგში, ეცადეთ, ისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება. არ დარჩეთ მუდმივად პასიური მაყურებლის როლში. არასოდეს აქციოთ ძალადობა პრობლემების მოგვარების გზად და საშუალებად. პირიქით – ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია – აგრესიას, ზიზღი კი – ზიზღს… ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში იყოთ მეტად ემპათიური.

მუდმივი დაძაბული ფონი თქვენზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, გვსურს თუ არა ეს ჩვენ, ფაქტები და მოვლენები ჩვენს ცნობიერში ღრმად ილექება. ისინი „ელოდებიან“ ხელსაყრელ მომენტს, რომ გამოხატვის საშუალება იპოვონ, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ გარე სამყაროს უკეთესობისკენ ცვლილებაში. როგორ? – როგორ და სიკეთე გადამდებია, ამიტომ ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში ეცადეთ უწყვეტად გაავლოთ სიკეთის ხაზი და ასწავლოთ სხვებსაც.

დღეს ახალგაზრდები ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგახართ. სწრაფად ცვალებად სამყაროში გიწევთ მყისიერი ადაპტირება.

სამყარო იცვლება. სამყაროს შეცვლის კვალდაკვალ იცვლება საჭიროებები და მოთხოვნილებები. თქვენ გაქვთ სხვადასხვა ინტერესი და უნარი. მაგალითისათვის, სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, უმეტესობას სურვილი ჰქონდა გამოსულიყო ექიმი, ინჟინერი, იურისტი, მასწავლებელი და ა.შ. ტექნოლოგიების განვითარებამ ახალ-ახალი პროფესიები წარმოქმნა. ვებდიზაინი, კოდირება, რობოტექნიკა ის საქმიანობებია, რომლებიც დღეს ძალიან პოპულარული და მაღალანაზღაურებადია.

შესაბამისად, დღეს თქვენნაირი ახალგაზრდების წინაშე გადაშლილია ცხოვრების ფართო ობიექტივი. საკუთარი თვალით ხედავთ, როგორი სისწრაფით იცვლება მოვლენები. ცოტა ხნის წინ, სკოლა განათლების მიღების ერთადერთი და უკონკურენტო სივრცე იყო. პანდემიამ იგი სხვა თვალით დაგვანახა. ახლა გაქვთ სწავლის უამრავი გზა და საშუალება. მათი უმეტესობა სკოლის კედლებს მიღმაა. სასურველი ცოდნის მიღება ინტერნეტთან მიერთებული ისეთი ტექნიკური საშუალებებით შეგიძლიათ, როგორიცაა თქვენი ჭკვიანი ტელეფონი. ის ხომ მთელ მსოფლიოსთან გაკავშირებთ…

საკუთარ თავზე მუდმივი, გაუჩერებელი მუშაობისა და სწავლის გზა არის უალტერნატივო. არსებული მდგომარეობა იძლევა საკმარის დროს თვითგანვითარებაზე ორიენტირებისთვის. ნებისმიერი არასასურველი რეალობის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ თაობებს შეუძლიათ.

მინდა, რომ არ დანებდეთ. ამ „ბრძოლაში“ თქვენ უნდა იყოთ წამყვანი ძალა ვინც, არათუ ფეხს აუწყობს არსებულ გამოწვევებს – არამედ დაძლევს მათ. გახსოვდეთ, რომ კაცობრიობამ აქამდე დაამარცხა უამრავი პანდემია, გადაიტანა დამანგრეველი ომები. საფუძვლიანი მოტივაციისთვის კარგ მაგალითს მოგიყვანთ – ებრაელები, გარდა იმისა, რომ გენოციდს გადაურჩნენ, მათ შეძლეს ძალიან მცირე დროში უძლიერესი სახელმწიფოს აშენება. როგორ მოახერხეს ეს? –  მათ აქცენტი განათლებაზე გააკეთეს! გერმანელებმაც, თავის მხრივ, აღიარეს დანაშაული და შექმნეს სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები ყველაზე ღირებული ფასეულობაა.

აღნიშნულ ისტორიულ ფაქტებს ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორმხრივი გონიერების ნათელი და ხელშესახები მაგალითია, მეორეც, ორივე სახელმწიფო არაფრისგან საუკეთესოს შექმნის მზა რეცეპტია და შეგვიძლია მივბაძოთ.

ძველი წიგნების ხიბლი

0

იატაკიდან ჭერამდე წიგნის თაროებია. სკამს ვიდგამ, რომ სულ ბოლო თაროს მივწვდე. იქ მეგულება ჩემი ძველი მეგობრები, დახეულები, ყდაშემოცვეთილები, გაყვითლებული ფურცლებითა და საოცარი სურნელით. ვშლი, მტვერს სულს ვუბერავ და ვიწყებ…

 

ჩემი ზაფხულები ძველი წიგნებით იყო სავსე. მაშინ ახალი წიგნები იმდენად დიდი ფუფუნება იყო, იშვიათად თუ ვინმე მაჩუქებდა ან მათხოვებდა, სამყარო ჩემი მეგონა. დიდხანს ვყნოსავდი ახალდაბეჭდილი ფურცლებს. მათი სურნელი დღესაც იმხელა სიხარულთან ასოცირდება, რომ საგანგებოდ შევდივარ ხოლმე წიგნების მაღაზიებში ამ სურნელის ჩასასუნთქავად. შეიძლება ითქვას, წიგნს პირველად ყნოსვით შევიგრძნობ. გარდა ამისა, ამ ამბავმა ერთი ტრავმა, კომპლექსი თუ ამოჩემება დამიტოვა: უამრავ წიგნს ვყიდულობ, განსაკუთრებით – ახალგამოცემულებს. ფესტივალებიდან დახუნძლული ვბრუნდები. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბიუჯეტის დიდი ნაწილი წიგნებს მიაქვს და სახლში უკვე ყველა თაროსა და ყუთის შესაძლებლობა ამოვწურე, იატაკიღა დამრჩა.

ვაგროვებ, ვაგროვებ ამ ახალთახალ წიგნებს. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ყველას მაშინვე ვკითხულობ-მეთქი, – ზოგიერთი თვეობით წაუკითხავი მრჩება უდროობის გამო, მაგრამ გული მშვიდად მაქვს: მთავარია, ჩემთან არიან.

90-იანელებს სხვა რამეების მიმართაც გვაქვს ასეთი დამოკიდებულება – ბავშვობის დროინდელი დანაკლისის შევსებას ახლა ზედმეტობით ვცდილობთ. და ეს არ არის სახუმარო რამ. ეს იმ შიშისა და შფოთვის ნაყოფია, წლების წინანდელმა უპურობამ, უწიგნობამ, უნამცხვრობამ, უკარაქობამ და უშოკოლადობამ რომ დაგვიტოვა.

ჰო, არ ყოფილა ჩემს ბავშვობაში ახალი, ნაირ-ნაირი წიგნები, მაგრამ იყო ძველები და დამტვერილები. მათაც ჰქონდათ სუნი, ოღონდ უფრო მძაფრი და სიძველით, მტვრით, მოგონებებით სავსე. ამდენი წლის შემდეგ ისინი კვლავ არსებობენ და აი, ჩავედი ჩემი ბავშვობის სახლში, გადმოვაწყვე საყვარელი წიგნები და ჩემს თინეიჯერ შვილს ვუხმე, რომელმაც ბოლო დროს წიგნებზე გული აიყარა. მისი ოთახი ავავსე უამრავი ლამაზყდიანი, ილუსტრირებული, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნით, მაგრამ ვერა, ვერც ერთს ვერ დაუდო გული. ვუხმე და გადმოვულაგე ეს ჩემი ძველი საგანძური, იქნებ აქედან აგერჩია-მეთქი. პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ დაყნოსა. ვაიმე, რა კარგი სუნი აქვსო! მერე გადაშალა, რა ყვითელი ფურცლებიაო! და უნდა წავიკითხოო.

ჰოდა, გადავწყვიტე, ამ წერილით მივიწყებულ წიგნებზე მოგიყვეთ, სულის შებერვით მტვერი გადავაცალო და გავაცოცხლო. წიგნი ხომ მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როდესაც კითხულობენ.

მაშ ასე, თქვენ წინაშე არიან ჩემი ზაფხულების განუყრელი მეგობარები, უამრავი ცრემლისა და ღიმილის მიზეზები.

იქნებ რომელიმე მათგანი თქვენს ძველ ბიბლიოთეკაშიც აღმოაჩინოთ და თქვენს თინეიჯერ შვილებსაც მოუნდეთ მათი წაკითხვა.

 

რეზო ჭეიშვილის უზარმაზარი კრებული „ცისფერი მთები“. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1983

დაახლოებით 25 წლის წინ, ზაფხულის პაპანაქებაში, შუადღისას, იატაკზე ლეიბები გვქონდა გაშლილი – საკითხავადაც და დასასვენებლადაც მოხერხებული იყო. მამიდაჩემმა უზარმაზარი თეთრი წიგნი გადმოიღო კარადიდან და მირჩია, წამეკითხა. წიგნში ემოციების ქარბორბალა დამხვდა, ჩემთვის უცხო და უცნაური სიტყვები, რომლებიც ამ ქარბორბალას მიმართულებებს უცვლიდა.

„…ქარი უბერავდა წინანდებურად. სადღაც როიალს უკრავდნენ. მაღალი სახლის მოღიავებული ფანჯრის მოცისფრო, გამჭვირვალე ფარდას აწვებოდა ქარი და როიალის აკორდებს არწევდა ზეფირში.

ბოლოს კაკლის ის მორიც გაქრა. კაკალმა, ჩემთან ერთად რომ იზრდებოდა, ჩანდა, მოიხადა უკანასკნელი ვალი, ფერფლად და ნაცრად მოეყარა იზაბელას ძირებს, ბოლი კი სამუდამოდ შეუერთდა მარადისობას.“ („მუსიკა ქარში“).

 

ჰენრიკ იბსენი, „დრამები“. „ნორა ანუ თოჯინების სახლი“

ზოგიერთი წიგნი, გაგიკვირდებათ და, ჩემთვის გემოებსა და სასუსნავებს უკავშირდება. „ნორას“ კითხვის დროს სულ ნუშის ნამცხვარზე ვფიქრობდი, არასოდეს გამესინჯა და თბილისში უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, პირველი, რაც გავაკეთე – ნუშის ნამცხვარი მივირთვი. გარდა ამისა, ამ ტექსტმა გამახედა მოჩვენებითი ბედნიერების მიღმა და ჩემი მაშინდელი შეხედულებები სულ თავდაყირა დააყენა. ამ ტექსტმა მომცა ქვეცნობიერი მუხტი, მებრძოლა მიზნებისთვის და ყოველთვის მქონოდა მხოლოდ ჩემით შექმნილი სამყარო, რომელსაც ვერავინ წამართმევდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ურთიერთობებში საკუთარი თავის შენარჩუნება მასწავლა. წლების შემდეგ, როდესაც მაგისტრატურაში ვსწავლობდი, ერთი ლექტორი გვესაუბრა „ნორაზე“ და როგორ ვამაყობდი, რომ წაკითხული მქონდა!

„სანამ მამის სახლში ვცხოვრობდი, ის მიზიარებდა ხოლმე თავის შეხედულებებს და მეც ისეთივე შეხედულებები მქონდა. ხოლო როცა განსხვავებული აღმომაჩნდებოდა, ვცდილობდი დამემალა, რადგან მამაჩემს არ მოეწონებოდა. თავის თოჯინას მეძახდა და ჩემით ისე ერთობოდა, როგორც მე – ჩემი თოჯინებით. მერე შენს სახლში მოვხვდი…“

 

ჯონ ტენერი, „ოცდაათი წელი ინდიელთა შორის“

ეს არის პირველი წიგნი, რომელიც ჩემმა დამ თავიდან ბოლომდე წაიკითხა და აღფრთოვანებული დარჩა. წიგნი თორმეტტომეულის პირველი ტომია. მასში მოთხრობილია ამბები, რომლებიც თავს გადახდა მეთვრამეტე საუკუნეში მოტაცებულ ცხრა წლის ბიჭუნას. ბიჭუნა ჩრდილოეთი ამერიკის ინდიელებმა იშვილეს და მათთან თითქმის ოცდაათი წელი გაატარა. წიგნი სავსეა ეგზოტიკური და უცნაური ამბებით, რომლებიც გულგრილს ვერ დატოვებს მკითხველს. ინდიელთა წეს-ჩვეულებები, მათი ცხოვრების დეტალები ისეთი საოცარია, ისეთი განსხვავებული…

„საგალობლები, რომელბსაც ასრულებენ ხოლმე სამონადირეო ჯადოსნობის დროს, დაკავშირებულია ინდიელთა რწმენასთან. ხშირად ამ საგალობლებით მიმართავენ სულს, რომელსაც ნა-ნა-ბუ-შუ ან ნა-ნა-ბუში ჰქვია და შესთხოვენ, იყოს შუამავალი და მათი ვედრება დიად სულს გადასცეს. ზოგჯერ მოუხმობენ ხოლმე მე-სუკ-კუმ-მიკ-ო-კვის, ესე იგი მიწას, ყველა ცოცხალი არსების დედამთავარს“.

 

რიჩარდ რაიტი, „ამერიკის შვილი“. ნაკადული, თბილისი, 1971

ჩემი ყველაზე მძაფრი ემოციები ამ წიგნს უკავშირდება. კითხვისას ერთდროულად მეუფლებოდა ბრაზი და სიბრალული, ზიზღი და გაოცება. ამბავი ამერიკის სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდის ეხება, იმ დროს, ამერიკა მხოლოდ თეთრების რომ არაა და აფროამერიკელები (წიგნში – ზანგები), საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას რომ იწყებენ. ავტორიც აფროამერიკელია და მთელი გულით შეიგრძნობს მათ გასაჭირს, ემოციებს, შიშებს, იმედებს. ისინი თანაგრძნობას არ ითხოვდნენ, უბრალოდ ისეთივე უფლებები სურდათ, როგორიც თეთრკანიანებს ჰქონდათ. „ბიძია თომა“ მათთვის დამამცირებელი მეტსახელი იყო და სამოქალაქო ომის შემდგომმა თაობამ თავის დევიზად აირჩია გამოთქმა: „ბიძია თომა მოკვდა“. „ამერიკის შვილის“ მთავარ პერსონაჟს ბიგერ თომასს თეთრკანიანი მერი დოლტონი შემოაკვდება. ბიგერი შეძრწუნებულია და დანაშაულს დანაშაულს უმატებს. ამის შემდეგ იწყება ზანგის სტერეოტიპებითა და სიძულვილით სავსე სასამართლო.

„ბიგერ, ისინი, ვისაც თქვენ სძულხართ, ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც თქვენ, ოღონდ ისინი ზღუდის გადაღმა იმყოფებიან. თქვენ ზანგი ხართ… სხვებზე მეტად ზანგები იჩაგრებიან, რადგან ისინი ამბობენ, ზანგები ადამიანთა ყველაზე მდაბალი, ყველაზე უარესი მოდგმააო“.

 

ალბათ რამდენიმე წერილიც არ ეყოფა ჩემი ძველი წიგნების გაცოცხლებას, მაგრამ გული არ გამიძლებს, მაინ რიდით არ დავასრულო. მაინ რიდის რომანები იყო პორტალი, საიდანაც რაინდებისა და მზეთუნახავების, მებრძოლებისა და მოგზაურების სამყაროში ხვდებოდი. ჩვენთვის ეს წიგნები იყო ფილმებიც, სერიალებიც და თეატრიც. წარმოსახვა კი ეკრანის როლს ასრულებდა, რომელსაც არც ელექტროენერგია და არც ინტერნეტი არ სჭირდებოდა. ერთ პატარა, იმ დროს ყველასგან მიტოვებული ქვეყნის რვთისა და კაცისგან მივიწყებულ რაიონში ცხოვრობდნენ ბავშვები, რომლებიც შუაღამისას ხან თეთრი რაშით დაჯირითობდნენ, ხან ბურუსით მოცულ საიდუმლოს უკირკიტებდნენ, ხან ოკეანის ტალღებს ებრძოდნენ და ბედნიერი დასასრულით ხარობდნენ. თანამედროვე გამომცემლები ალბათ უნდა დაფიქრდნენ მაინ რიდის ხელახლა, თანამედროვე ქართულით თარგმნაზე.

დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე – ფრაგმენტით რეზო ჭეიშვილის მოთხრობიდან „მუსიკა ქარში“, რომელიც კარგად გამოხატავს იმას, რისი თქმაც ამ წერილით ვცადე:

„როცა ლურჯი ფრინველი გააკეთებს ირაოს გლუვი გორის ზედაპირზე, ყორღანიდან გათავისუფლებული ჩრდილი როცა დაეცემა მიწას, მაშინაც მხოლოდ ამ დღეებს მოვიგონებ, გავიხსენებ მუდარით ჩემკენ მზირალ, ყელმოღრეცილ თეთრ თიკანს, მშვიდი სახის ბიჭს, ხელში რომ მზით განათებული, გადაშლილი წიგნი ეჭირა“.

 

 

კომპლექსური დავლება – ლაპაროსკოპი, რევოლუცია ქირურგიაში

0
Human Hands Hold Tablet Control Robot Arms Surgeon Making Surgery Patient on Operating Table. Nanorobot Treats Blood Cells on Screen. Vector Robotic Surgery. Nano Technology Intervention Illustration

ყველა სტატიის იდეა ჩემს ყოველდღიურობას უკავშირდება, ზოგჯერ იდეის ავტორები ჩემი შვილები არიან. ისინი დაწყებით საფეხურზე სწავლობენ. მიუხედავად მცირე ასაკისა, დიდ ინტერესს იჩენენ საკმაოდ რთული საკითხების მიმართ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ასაკის მოსწავლეებს არც ტერმინების დამახსოვრება უჭირთ და თემასაც იაზრებენ, თუ მათი ასაკის შესაბამისად არის განმარტებული.  ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ადვილად, ძალდატანების გარეშე მუშაობს საკითხზე, როცა იაზრებს, რაში გამოადგება მისი ცოდნა. ნებისმიერ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობასაც მასწავლებელი სწორედ ამ ეტაპით იწყებს. მოსწავლეს აცნობს, როგორ უკავშირდება საკითხი ყოველდღიურ ცხოვრებას, რაში გამოადგება ის. გთავაზობთ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ერთ კომპლექსურ დავალებას.

(მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ჯერ არ დაწყებულა საშუალო საფეხურზე, ამიტომ ახალი სტანდარტიც არ არსებობს. ამ ეტაპზე საბაზო საფეხურის სტანდარტში მოცემულ მკვიდრ წარმოდგენებს და სამიზნე ცნებები გამოვიყენებ).

დავალების შესრულებისთვის ვიმუშავე შემდეგ საკითხებზე:

ბიოლოგია: საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემების აგებულება და ფუნქცია (მიმოხილვა);

ქიმია: ნახშირორჟანგის, ჟანგბადის, ჰაერის, ქსენონის, ჰელიუმის, არგონის და აზოტის მონოოქსიდისა და დიაზოტის ოქსიდის გამოკვლევა აგებულებისა და ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიხედვით;

ფიზიკა: სრული შინაგანი არეკვლა, ჩაზნექილი ლინზა და სინათლის წყაროები.

საგანი: მეცნიერება (პირობითად)     ინტეგრირებული დავალება : ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია
კლასი: 10/11/12
სამიზნე ცნება:

მატერია;

ჯანმრთელობა და დაავადება;

მეცნიერება და ტექნოლოგია;

კვლევა;

მიმართულება: მეცნიერება და ტექნოლოგიები:

ქიმ/ბიოლ/ფიზ.საბ.11. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება;

ქიმ/ბიოლ/ფიზ.საბ.12. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

დავალების პირობა: 65 წლის დიაბეტით დაავადებულ ადამიანს სჭირდება ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა). ქირურგი ურჩევს ოპერაციას ლაპაროსკოპიული მეთოდით. თუმცა პაციენტი სკეპტიკურად უყურებს საკითხს და ღია წესით ოპერაციის ჩატარებს მოითხოვს. არ სჯერა, რომ მანიპულაცია უსაფრთხოა და ხარისხიანი. საპრეზენტაციო სისტემაში მოამზადე მასალა, სადაც წარმოადგენ:

⮚       ნივთიერების რა თვისებებია გათვალისწინებული ოპტიკური ხელსაწყოს – ლაპაროსკოპის  დამზადების პროცესში (ფიზ.საბ.1);

⮚       რა კავშირია ოპტიკური მოვლენების პრინციპების ცოდნასა და მედიცინას შორის (ფიზ.საბ.10,11,12).

⮚      რა მნიშვნელობა აქვს ლაპაროსკოპიას ადამიანის რეპროდუქციული და სისტემის მდგომარეობის (ჯანმრთელობის დაცვა, უშვილობის დაძლევა, დაავადებები, ხელოვნური განაყოფიერება, მედიცინა, იმუნოლოგია) შესწავლასა და გაუმჯობესებაში (ბიოლ.საბ.11,12,13).

⮚      რატომ გამოიყენება ლაპაროსკოპიაში კონკრეტული ნივთიერებები და რა კავშირია მათ მოლეკულურ შედგენილობას,  ქიმიური ბმის ტიპსა და მათ  გამოყენებას შორის (ქიმ საბ.2).

 

რეკომენდაციები დავალების შესრულებისას:

დავალების შესრულებამდე იმუშავე სიმულაციებში:

https://bit.ly/3iNAnlz

https://bit.ly/3iK7V4e

https://bit.ly/2Xp3Mu9

https://bit.ly/3CR879V

გაეცანი ლიტერატურას, რომელიც მოცემულია ჰიპერლინკების სახით: ლაპაროსკოპის აგებულება და გამოყენების ისტორია;

პრეზენტაციის მომზადებისას გაითვალისწინე:

⮚      ფიზიკის რომელ აღმოჩენებს ეფუძნება ლაპაროსკოპის მუშაობა;

⮚      რამდენი ტიპის ლაპაროსკოპი არსებობს და რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან;

⮚      რა უპირატესობა და შეზღუდვები ახასიათებს მას;

⮚      რომელი ორგანოების კვლევისთვის და ოპერირებისთვის გამოიყენება ლაპაროსკოპიული მეთოდი;

⮚      რა მნიშვნელობა აქვს ლაპაროსკოპიული პროცედურის წინ პაციენტის  მომზადების ეტაპს;

⮚      რომელი გაზები გამოიყენება მანიპულაციის დროს და რატომ;

⮚      რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის ასაკის გათვალისწინება;

⮚      რატომ არის მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადების, შაქრიანი დიაბეტის გათვალისწინება.

 

დავალებაზე მუშაობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები. პირველი სურათი გამოსახავს მუცლის ღრუს ლაპაროსკოპით გადიდებულ და საწყის მდგომარეობაში. მეორე სურათი გამოსახულებებს შორის სხვაობას, როცა მანძილი ორგანოსა და მუცლის ღრუს კედელს შორის 4 და 12 სმ-ია. მესამე სურათი გამოსახავს გამოსახულებებს შორის  სხვაობას, როცა სინათლის ინტენსივობაა 1500 ლუქსი და 20000 ლუქსი.

  1. შეარჩიე იდეალური გაზი ლაპაროსკოპიული მანიპულაციის დროს

ლაპაროსკოპიული ოპერაციის ან დიაგნოსტირების ტიპის გათვალისწინებით პაციენტს სთხოვენ, არ მიიღოს საკვები ოპერაციამდე  6-12 საათის განმავლობაში.

ლაპაროსკოპიული მანიპულაციის ჩასატარებლად, დიაგნოსტიკის ან ოპერაციის დროს, საჭიროა სივრცე, ამიტომ აუცილებელია პნევმოაბდომინალური ღრუს მოცულობის გაზრდა. მასში არ უნდა მოხდეს სინათლის შთანთქმა. ლაპაროსკოპიის განვითარების ისტორიის მანძილზე მრავალი გაზი მოსინჯეს, მათ შორის ჰაერი, აზოტის ოქსიდები, ჟანგბადი, ჰელიუმი, არგონი და ნახშირორჟანგი.

რესურსი მასწავლებლისთვის:

ძალიან კარგ ვარიანტად ითვლებოდა დიაზოტის ოქსიდი და აზოტის მონოოქსიდი. ისინი უფეროა, სისხლში ადვილად იხსნება, ფილტვებით მათი ამოსუნთქვა ადვილია. არა აალებადი და იაფია. მიუხედავად ამისა, მათი გამოყენება საშიშია. რადგან ხდება მათი უკონტროლო აბსორბცია სისხლის ნაკადში.

ჰაერი და ჟანგბადი არასასურველია, რადგან ისინი ადვილად აალებადი აირებია, არ შთაინთქმებიან სისხლით. მათი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტის თრომბოემბოლიით სიკვდილი დადგეს.

ჟანგბადისა და ჰაერის დიდი კონცენტრაციის შემთხვევაში მეთანთან შეერთებამ შესაძლოა მუცლის ღრუს  „აფეთქება“ გამოიწვიოს.

ნახშირორჟანგის შემთხვევაში ემბოლიის რისკი დაბალია. ის აინჰიბირებს წვას, ადვილია მისი რეაბსორბცია, ამოისუნთქება ფილტვების საშუალებით, იაფია, ქსოვილებისთვის „ნაცნობი“ გაზია.

ჰელიუმის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ადაპტორების გამოყენება. ამას გარდა, წამლის სააგენტო კრძალავს მის გამოყენებას სამედიცინო მანიპულაციების დროს.  ზოგჯერ გამოიყენება ნახშირორჟანგის და არგონის ნარევი. ეს ნარევი ადამიანის ჰემოდინამიკას არ ცვლის.

ლაპაროსკოპიული ქირურგიის უპირატესობები და შეზღუდვები

უპირატესობები შეზღუდვები
⮚      ამცირებს სისხლდენას, ამიტომ სისხლის გადასხმის საჭიროება ნაკლებია;

⮚      ნაკვეთი მცირე ზომის არის და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და შეხორცების დროს;

⮚      პოსტ-ოპერაციული პერიოდი ხანმოკლეა;

⮚      არ სჭირდება ან იშვიათად სჭირდება ტკივილ გამაყუჩებლები;

⮚      ოპერაციის დროს გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია;

⮚      ჰოსპიტალიზაციის პერიოდი ხანმოკლეა;

⮚      ინფექციის განვითარების რისკი დაბალია.

⮚      საჭიროა პნევმოპერიტონიუმის მოცულობის გაზრდა;

⮚      სამოძრაო არე ნაკლებია;

⮚      ხელით მანიპულაცია არ ხდება და ტაქტილური შეგრძნებების შემოწმება შეუძლებელია;

⮚      ინსტრუმენტის ბოლო წერტილები მოძრაობს ქირურგის ხელის მოძრაობის საპირისპიროდ, ამიტომ მანიპულირება საკმაოდ რთულია და ქირურგის მხრიდან წინასწარ ხანგრძლივ მომზადებას მოითხოვს;

⮚      ზოგჯერ საჭიროა ღია ჭრილობის გაკეთება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://bit.ly/3m3udQi

https://bit.ly/3CNcfYr

უძვირფასესი

0

ოქროსა და ვერცხლს ერიდეთო, არ დაემონოთო, – ჯერ კიდევ როდის შეგვაგონებდნენ. არ შევისმინეთ. ვინ მოთვლის, რამდენი ოფლი და სისხლი დაღვრილა ამ ორი მეტალის გულისთვის მათი აღმოჩენის დღიდან, რამდენ ადგილას გაუფატრავთ დედამიწის გულმკერდი, რამდენი ადამიანი გაუწირავთ მათ მისხალ-მისხალ შესაგროვებლად, ხაზინებისა თუ მიწისქვეშა საგანძურების ასავსებად, ზეპურთა დარბაზებისა თუ ძვირფასეულობის მოტრფიალეთა სხეულის ვიტრინების შესამკობად…

რატომ გავაფეტიშეთ მაინცდამაინც ეს ორი ქიმიური ელემენტი? ვითომ მართლა ყველაზე ძვირფასია?

ამჟამად 118 ელემენტია ცნობილი. ცხადია, ყველა მათგანი მეტალი არ არის, მაგრამ საკუთარი ღირებულება ყველას აქვს.

ოქრო-ვერცხლის პოპულარობას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო. უპირველეს ყოვლისა – იმან, რომ, სხვა მეტალებისაგან განსხვავებით, ბუნებაში თავისუფალი სახით მოიპოვებოდა. საკმარისი იყო წერაქვი და მკლავში ძალა, „თვალნი ქორებულ მხედავნი“ და ცოტაოდენი იღბალიც. რკინის, სპილენძის, ალუმინისა და სხვა მეტალების მიგნებას და მეტალად ქცევას კი ქიმია-მეტალურგიის ცოდნა სჭირდებოდა. მეორე ფაქტორი ამ ელემენტთა ინერტულობაა: მიწაშიც და ზარდახშაშიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ინახება, ჟანგი მათ გულს არ ეკარება. კიდევ ერთი ფაქტორი მათი ადვილად გალღობის უნარი და პლასტიკურობა იყო – მარტივი ნახშირის ღუმლის მცხუნვარება საკმარისი გახლდათ ოქროსა და ვერცხლის „მდინარეების“ მისაღებად. ჩაქუჩსაც ადვილას ემორჩილებოდა, დამყოლი და დამჯერი მასალები იყო. ამავე ჯგუფის კიდევ ერთ ელემენტს, პლატინას, სწორედ ამ საკითხში არ გაუმართლა – მასაც რიყის ქვებივით ადვილად მოიპოვებდნენ, მაგრამ ღუმელში ჯიუტდებოდა, ამიტომ ვერაფერი მოვუხერხეთ და ზურგი ვაქციეთ მანამდე, სანამ პირიდან ცეცხლის მფრქვეველი დანადგარები არ მოვიგონეთ.

ეკონომიკის კანონები თუ ოდნავ მაინც ესმის ადამიანს, ლოგიკური კითხვა გაუჩნდება: რატომ უნდა იყოს ოქრო სპილენძზე, რკინასა და ალუმინზე ძვირი? ოქროს მოსაპოვებლად საკმარისია, დაიხარო და აიღო, რკინისა და ალუმინის მისაღებად კი ტონობით ნედლეული უნდა მოთხარო, წაიღო, უზარმაზარ ღუმელში ჩაყარო, ცეცხლი შეუნთო და რამდენიმე საათს ათუხთუხო.

პასუხს ისევ ეკონომიკის კანონებში ვიპოვით, რომელიც მარტივი ენით ასე გამოითქმის: „ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირადო“. ოქრო კი საკმარისი რაოდენობით მოიპოვებოდა დედამიწაზე, მაგრამ სპილენძი, რკინა და ალუმინი კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდა. თუმცა მათი სიიაფე უმთავრესად მაინც ქიმიური ტექნოლოგიის დამსახურებაა – მათი მიღების მარტივი მეთოდები მოვიგონეთ, თორემ იყო დრო, ელემენტთა პერიოდულობის კანონის დიდ შემოქმედს მენდელეევს დამსახურების აღსანიშნავად ვერცხლთან ერთად ალუმინის თასიც მიართვა ქიმიურმა საზოგადოებამ.

და მაინც, რომელია ყველაზე ძვირფასი ელემენტი? დღეისთვის ცნობილ ელემენტებს შორის ოქროს მხოლოდ მე-19 ადგილი უკავია. ის ერთი ნაბიჯით უსწრებს პლატინას და ასევე ერთი ნაბიჯით ჩამორჩება პალადიუმს. მათი ღირებულება კილოგრამზე 50 000 დოლარის ფარგლებში ვარირებს. ოქროზე ცოტა ძვირია ირიდიუმი და ცეზიუმი. ტექნეციუმი კი მთელი 100 000 დოლარი ღირს. როდიუმი 147 000-იანი ნიშნულით მე-14 ადგილს იკავებს. სიის კენწეროსკენ ელემენტების ღირებულება ასტრონომიულ რიცხვებს აღწევს: მეოთხე-მეხუთე ადგილებს კალიფორნიუმ-249 და ბერკლიუმ-249 იყოფენ (185×109 დოლარი), მესამეზე ტექნეციუმ-99-ის მეტასტაბილური იზოტოპია (1.9×1012 დოლარი), მეორეზე – აქტინიუმ-225 (29×1012 დოლარი), პირველზე – პოლონიუმ-209 (49.2×1012 დოლარი).

ნახშირბადი, რომელიც ანთრაციტის წვით მიიღება, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ქლორი. ეს უკანასკნელი ყველაზე იაფ ელემენტად არის შეფასებული. დაუჯერებელია? იგივე აღებ-მიცემობის კანონები ამას მარტივად ხსნის: ქლორი თანაური პროდუქტის სახით მიიღება ნატრიუმის ჰიდროქსიდის წარმოებისას და ვინაიდან ნატრიუმის ტუტეზე მოთხოვნა დიდია და აუარება იყიდება, ქლორის ფასი, გაცილებით დაბალი მოთხოვნის გამო, მნიშვნელოვნად ეცემა. უფრო მეტიც – ზოგჯერ იმდენი გროვდება, რეზერვუარებს ავსებს და მწარმოებლები სულაც უფასოდ გაგატანენ, თუ წაიღებთ და წარმოებას გაჩერებას გადაარჩენთ.

25 ელემენტი (At, Rn, Fr, Ra, Pa, Es, Fm, Md, No, Lr, Rf, Db, Sg, Bh, Hs, Mt, Ds, Rg, Cn, Nh, Fl, Mc, Lv, Ts, Og) ჯერაც ფასდაუდებელია – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ არ იწარმოება.

ყიდვა-გაყიდვის კანონების თანახმად, საქონლის ფასს მისთვის დახარჯული რესურსი კი არა, მისი ხელში ჩაგდების სურვილი განაპირობებს და პირიქით, ერთი ნივთით რაც უფრო დიდ რამეს იყიდი, მისი ღირებულებაც მით უფრო დიდია.

თუ მართლა ასეა, მაშ, ვერცხლი ყოფილა ყველაზე ძვირფასი მეტალი, რადგან ყველა დროის ყველაზე დიდი გარიგება ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში შედგა და მაშინ მთელი კაცობრიობის სინდისი და ნამუსი 30 ვერცხლად გაიყიდა…

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხები

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი სიახლეა კომპლექსური ხასიათის დავალებებზე მუშაობა. ერთი შეხედვით ეს თითქოს განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული დავალება სინამდვილეში სრულიადაც არაა დამღლელი და რთული. მასწავლებელს შეუძლია აქტიურად გამოიყენოს კომპლექსური დავალების შექმნის სხვადასხვა ხერხი და მარტივად მოახერხოს „ჩვეულებრივი“ დავალებების ადაპტირება კომპლექსური ტიპის დავალებად.

N1 ხერხი – ზოგადად, უმჯობესია, კომპლექსური დავალება ღია ტიპისა იყოს. ამიტომ I ეტაპზე იქმნება ღია ტიპის დავალება, II ეტაპზე კი უზრუნველვყოფთ მის კომპლექსურობას (დავალება აიგება ისე, რომ მოსწავლეს მიეცემა ამოხსნისთვის მრავალი სხვადასხვა ცოდნისა და უნარ-ჩვევის ერთობლივად, ურთიერთკავშირში გამოყენების საშუალება), ბოლო ეტაპზე კი ამოცანა ჩაისმება საყოფაცხოვრებო/პრაქტიკულ კონტექსტში, რათა მოსწავლეს დასჭირდეს ცოდნის ტრანსფერი.

ამისათვის დახურული ტიპის ამოცანის მიხედვით/საშუალებით ვქმნით შესაბამის ღია ტიპის ამოცანას, რისთვისაც განვიხილავთ მოცემულის შებრუნებულ ამოცანას. განვიხილოთ მაგალითების ნიმუშები ისტორიის სწავლების საბაზო საფეხურის სტანდარტის შედეგების გათვალისწინებით (ისტ. საბ. 1; 2; 3; 7; 9).

მაგალითად, დახურული ტიპის ამოცანებია:

1. შემოხაზე, რომელია ძველი მსოფლიოს ცნობილი ბრძოლები?

ა) საგუნტუმის, ქარხემიშის, გავგამელას, იერუსალიმის;

ბ) ფარსალოსის, კანეს, ქადეშის, ალეზიის;

გ) მაგნეზიის, ტრასიმენის, ზამას, აიუნ ჯალუთის;

დ) ელ-ალამეინის, ნინევიის, მემფისის, პერსეპოლისის.

2.რომელს დაამატებდი ძველი მსოფლიოს ბრძოლების სქემას?

3.რომელი ეპოქის მეომრებს ხედავთ ნახატებზე?

           

4.რუკაზე დაიტან მარშრუტი, რომლითაც შეძლებდი ათენიდან პირდაპირ შუშანში მოხვედრას?

 დაწერე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების რიგით მომდევნო წევრი:

ძველი ეგვიპტე; ასურეთი; ბაბილონი; ხეთები; ურარტუ; მიდია; სპარსეთი; ……..

4.ზემოთ მოყვანილი რუკის მიხედვით ჩამოწერე ძველი მსოფლიოს ისტორიული რეგიონები.

შესაბამისად, I-ელი ეტაპის ღია ტიპის ამოცანები იქნება ასეთი:

  1. დაშალე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით;
  2. გაგვაცანი ძველი მსოფლიოს ომები სქემის სახით;
  3. დახატე სამი სხვადასხვანაირი ეპოქის მეომარი და აღწერე, რა აქვთ მათ განსხვავებული;
  4. დახატე ძველი მსოფლიოს რუკა და დაიტანე მასზე ათენიდან შუშანამდე მისასვლელი შესაძლო მარშრუტები;
  5. დაწერე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოთა ისეთი მიმდევრობა, რომელიც შემდეგი კანონზომიერებით იქნება დალაგებული: „ასურეთი, ურარტუ, მიდია, სპარსეთი, საბერძნეთ-მაკედონია…. “.
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით შეადგინე ძველი მსოფლიოს ორი რეგიონის სქემატური რუკა.

II ეტაპი – მიღებული ღია ტიპის დავალებები გადავაქციოთ კომპლექსურ დავალებებად. მოცემული მაგალითების შესაბამისი კომპლექსური დავალებებია:

 

  1. დაშალე/განიხილე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით; განიხილე მინიმუმ სამი განსხვავებული შემთხვევა. შედეგი წარმოადგინე ცხრილის ან სქემის სახით;
  2. გაგვაცანი ძველი მსოფლიოს ომების სქემა. გამოიყენე შესაბამისი პერიოდის სამხედრო აღჭურვილობის მოდელები/ფიგურები;
  3. დახატე სამი სხვადასხვა ეპოქის მეომარი. აღწერე, რა აქვთ მათ განსხვავებული; დაარქვით მათ სახელები განსაკუთრებული თვისებების მიხედვით;
  4. დახატე ძველი მსოფლიოს რუკა და დაიტანე მასზე ათენიდან შუშანამდე მისასვლელი რამდენიმე მარშრუტი; აღწერე, რა საერთო აქვთ ამ მარშრუტებს?
  5. ჩამოწერე თანმიმდევრობით ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც იმავე კანონზომიერებით იქნება დალაგებული, როგორც შემდეგი მიმდევრობა: „ასურეთი, ურარტუ, მიდია, სპარსეთი, საბერძნეთ-მაკედონია….“.
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით დახაზე ძველი მსოფლიოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სქემატური რუკა, ისე, რომ თითოზე სულ ცოტა 2 რეგიონი მაინც იყოს დატანილი.

III ეტაპი – მიღებული ამოცანა ჩავსვათ საყოფაცხოვრებო/პრაქტიკულ კონტექსტში, რათა მოსწავლეს დასჭირდეს ცოდნის ტრანსფერი.

შესაბამისი საყოფაცხოვრებო/პრაქტიკული კონტექსტის მქონე დავალებებია:

  1. დაშალე/განიხილე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით, ისე, რომ წარმოადგინო – რომელი ბრძოლა მოახდენდა განსაკუთრებით დიდ გავლენას კაცობრიობის ბედზე, სხვა შედეგით რომ დასრულებულიყო. განიხილე მინიმუმ სამი განსხვავებული შემთხვევა. შედეგი წარმოადგინე ცხრილის ან სქემის სახით;
  2. წარმოადგინე ძველი მსოფლიოს ისტორია შესაბამისი პერიოდის სამხედრო აღჭურვილობის მოდელების/ფიგურების გამოყენებით; რომელმა საომარმა იარაღმა მოახდინა განსაკუთრებული გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე?
  3. დახატე სამი სხვადასხვა პერიოდის მეომარი. ახსენი, რითაა განპირობებული მათი განსხვავებულობა?
  4. დახაზე ძველი აღმოსავლეთის, ძველი ბერძნული სამყაროსა და ძველი ხმელთაშუაზღვისპირეთის სქემატური რუკა, შემდეგ კი შეეცადეთ, გამოჭრათ ისინი. მიღებული „ნაჭრები“ მაგიდაზე განალაგეთ ისე, რომ მიიღოთ ძველი მსოფლიოს რუკა. ახსენით, რატომ განალაგეთ ისინი ასეთი თანმიმდევრობით?
  5. მეშვიდეკლასელ გურამს ლოტოში მიმდევრობით მოუვიდა ზემოთ მოცემულ რუკაზე არსებული ქალაქების სახელები: ათენი, ფილიპე, ეფესო, ტარსოსი, ანტიოქია, ბაბილონი, შუშანი. დაწერე, რა სახელები მოუვიდოდა მის თანაკლასელებს, მათი ქალაქების სახელების მიმდევრობაც იმავე კანონზომიერებით რომ დაელაგებინათ, როგორც გურამის?
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით დახატე/დახაზე ძველი მსოფლიოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რეგიონი, ისე, რომ თითოს ესაზღვრებოდეს როგორც ზღვა, ასევე მაღალი მთები.

N 2 ხერხი – დახურული ტიპის ტექსტური ამოცანის მიხედვით/საშუალებით ვქმნით შესაბამის ღია ტიპის ამოცანას, რისთვისაც განვიხილავთ მოცემული ამოცანის მოდიფიკაციას არასრული მონაცემებით. მაგალითად, განვიხილოთ დახურული ტიპის ამოცანა:

  • „მუზეუმში ისტორიკოსმა უამრავი სხვადასხვა სახის საომარი იარაღი დაათვალიერა. რამდენი ეპოქის საომარ იარაღს უნდა გაეცნოს ისტორიკოსი, რომ ძველი მსოფლიოს სამხედრო ხელოვნების შესახებ სრული წარმოდგენა შეექმნას?“

შესაბამისი ღია ტიპის ამოცანაა:

  • „მუზეუმში განთავსებულია პრეისტორიული, ბრინჯაოს, ანტიკური და გვაინანტიკური პერიოდის საომარი იარაღები. რომელი პერიოდის საომარი იარაღი უნდა შეისწავლოს ისტორიკოსმა, რომ წარმოიდგინოს, რა სახის იარაღებით იბრძოდნენ ალექსანდრე მაკედონელის მეომრები გავგამელას ბრძოლაში. მოიყვანე არგუმენტი, დაასაბუთე, რატომ ფიქრობ ასე?

N 3 ხერხი – შესაძლებელია თავიდანვე მივაღწიოთ დავალების კომპლექსურობას იმის საშუალებით, რომ ერთ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეს რამდენიმე დავალება მივცეთ, ისე, რომ ეს ერთი საკითხი მრავალი სხვადასხვა მხრიდან/კუთხიდან განიხილოს და გამოიკვლიოს, მათ შორის საყოფაცხოვრებო/გამოყენებითი თვალსაზრისითაც.

მაგალითად, შევთავაზოთ,  შეავსოს ორი ან მეტი უჯრა/მეოთხედი, ე.წ. ფრეიერის სქემაზე:

სქემის შევსების ინსტრუქცია:

  • ზედა მარცხენა კუთხეში მოსწავლეები წერენ ცნების განმარტებას თავიანთი სიტყვებით ან ლექსიკონის დახმარებით (მოცემულ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მაგალითად, ცნება/სიტყვა „ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი“, ან „სამხედრო აღჭურვილობა“ და სხვ.);
  • ზედა მარჯვენა კუთხეში წერენ მახასიათებლებს ახალ ცნებასთან დაკავშირებით (სურვილისამებრ, შეუძლიათ დაურთონ ილუსტრაცია) (მაგალითად, ზღვისპირა, მთიანი, წამახვილებული, ლითონის…);
  • ქვედა მარცხენა კუთხეში წერენ ზუსტ მაგალითებს (მაგალითად, ეგვიპტე, მიდია, შუბი, ფარი, მუზარადი…).
  • ქვედა მარჯვენა კუთხეში წერენ არაზუსტ მაგალითებს (მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკი…).

 

შესაძლებელია, აგრეთვე, შევთავაზოთ,  შეავსონ ორი ან მეტი უჯრა/მეოთხედი მოდიფიცირებულ სქემაზე:

ფრეიერის სქემის მოდიფიკაცია

 

საკითხი

ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი

 

მაგალითი თანამედროვეობიდან

მცირე აზია..

გამოსახულება (დიაგრამა, სქემა, სურათი)

…….

ჩემი ახსნა-განმარტება

…….

 

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევებშიც, ისევე როგორც ზოგადად, ესგ შედეგების ინდიკატორების საფუძველზე შეიქმნება ის კრიტერიუმებიც, რომლებიც აზუსტებს მოთხოვნებს მოსწავლის ნამუშევრის მიმართ. ეს კრიტერიუმები პირობასთან ერთად შექმნის კომპლექსური დავალების ერთიან ჩარჩოს. შესრულებული კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას მოსწავლეებს მოეთხოვებათ, აგრეთვე, სიტყვიერად აღწერონ/დაასაბუთონ ნამუშევარი, რაც დამატებითი კრიტერიუმის საშუალებით ფიქსირდება კომპლექსური დავალების ერთიან ჩარჩოში.

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხების გამოყენება ხელს უწყობს მასწავლებელს დავალებების შექმნისთვის განკუთვნილი დროის ეკონომიურად და ეფექტურად გამოყენებაში, რაც წარმატებული საგაკვეთილო საქმიანობის მნიშვნელოვანი პირობაა.

 

 

 

 

პირველკლასელების პირველი ონლაინ გაკვეთილი

0

 

 

სამყარო მართლა შეიშალა. სულ რაღაც სამი წლის წინ, სამეცნიერო ფილმებს პოპკორნთან ერთად რომ ვუყურებდით და მძაფრი სიუჟეტისგან ადრენალინიც ჭარბად გამოგვეყოფოდა, აი, ამ სიუჟეტებმა და სამეცნიერო ფანტასტიკამ გადმოინაცვლა დღეს, ჩვენს ყოველდღიურობაში,  გადმოინაცვლა და ასე მიყოლებით დაიწყეს ფილმებმა და შიშებმა ახდენა. თანმიმდევრობით, ნელ-ნელა, ოღონდ ისე, რომ ამ ყველაფერს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

ცუდი დროება დაგვიდგა, ძალიან ცუდი და მძიმე. თითქოს ყველა ბოროტებამ და უძველესი დროების კოშმარებმა ჩვენს ეპოქაში დაიდეს ბინა, თითქოს რომელიღაც ბნელმა ძალამ გაიღვიძა და შურისძიება მოწყურებული ართმევს ადამიანებს ყველაზე ძვირფასსა და სანუკვარს: ერთმანეთს, იმედს. სანაცვლოდ კი  შიშებითა და შფოთვებით ამარაგებს, მარტოობას და საკუთარი ნებითა და სურვილებით გამოკეტვას აიძულებს. სიხარული მიაქვს, მის ადგილას კი გაურკვეველ, ჰიბრიდულ გრძნობას გვიტოვებს. ეს გრძნობა რაღაც ახალია, აქამდე გამოუცნობი და არარსებული, შიშისა და უმწეობის, სასოწარკვეთისა და მბჟუტავი იმედის ერთობლიობა. იქნებ არც არის ახალი და ეს გრძნობა ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად სამყარო, იქნებ ომებგამოვლილთათვის ძალიანაც ახლობელი და ნაცნობია.

ჰოდა, ბნელმა ძალებმა ბავშვების გამოკეტვა და მარტოობის მისჯა დააპირა. სიხარულისა და ბედნიერების წართმევა, მათ ნაცვლად კი იმედგაცრუებისა და მოწყენილობის ჩანერგვა.  აი, აქ კი, ბნელ ძალებს არ გაუმართლათ, თან ძალიან არ გაუმართლათ! რადგან არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც სინამდვილეში სუპერ გმირები არიან, ოღონდ ეს მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცის, როცა დრო მოდის, როცა ერთ ბავშვს მაინც სჭირდებიან, სუპერ ძალები თავისთავად იჩენენ ხოლმე თავს და დიახ, შეუძლებელი უკვე შესაძლებელი ხდება. ეს თითქოს ჩვეულებრივი სამყარო, სინამდვილეში სავსეა სასწაულებით, როგორც ერთი ყოფილი ბავშვი და მწერალი-მფრინავი ამბობდა: მთავარი უხილავია, კი, გულით დასანახი თვალით დასანახად რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

რაც უფრო ახლოვდება სწავლის დაწყების დღე, რაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა დისტანციური სწავლება დიდ ქალაქებში, მას მერე, სოციალურ ქსელებში, მასწავლებლების თითქმის ყველა ჯგუფში დიდი ფუსფუსი და ალიაქოთია. ეს ჩვენი, თითქოს ჩვეულებრივი, მასწავლებლები წამიერად გარდაისახნენ განსაკუთრებული ძალების მქონე არსებებად, მათი მთავარი მიზანია: ბავშვებმა არ მოიწყინონ! ბავშვები არ დადარდიანდნენ! შეინარჩუნონ სიხარული და ბედნიერების განცდა. განსაკუთრებით ის მასწავლებლები დაქრიან ჯგუფებში და საგანმანათლებლო ფეისბუქ გვერდებზე, რომლებიც პირველ კლასს ელოდებიან, თან ონლაინ! წარმოგიდგენიათ, რამხელა მისია აკისრიათ? წარმოგიდგენიათ, რა რთული იქნება ბოროტ ძალებთან გამკლავება?!  სიხარულის წართმევის და იმედგაცრუების ყველაზე დიდი საფრთხე ხომ იმ ბავშვებს ემუქრებათ, რომლებმაც ეს ესაა უნდა შედგან ფეხი სკოლაში და ეს ესაა უნდა გაიჩინონ ძალიან, ძალიან ბევრი მეგობარი. აი, ამ მოლოდინებსა და იმედებს შეუდგა წყალი. ჰოდა, ეძებენ მასწავლებლები ისეთ ჯადოსნურ რესურსებს, ისეთ აქტივობებს, რომ პირველკლასელებისთვის სუპერ მასწავლებლად იქცნენ და ჯადოსნური ჯოხით უკან დაახევინონ ბოროტ ძალებს.

ვკითხულობ და ვკითხულობ, რას გეგმავენ, როგორ გეგმავენ, როგორ ეძებენ, რას ეძებენ, როგორ ემზადებიან ბავშვებთან ეკრანის მიღმა და ეკრანით შეხვედრებისთვის.

ჰოდა, ვიფიქრე, აბა მეც ვცადო, რას გავაკეთებდი, პირველკლასელებთან პირველი შეხვედრა რომ მიწევდეს ონლაინ?

რას გავაკეთებდი დაა…

შეხვედრას დავიწყებდი ძალიან, ძალიან ეფექტურად და თვალისმომჭრელად. აი, მაგალითად,  გავხსნიდი Google earth – გვერდს: https://earth.google.com/web/ და მათ თვალწინ დავაბზრიალებდი დედამიწას. დაე, იცოდნენ, რომ მასწავლებლებს ჯადოსნური ძალა გვაქვს! ვეტყოდი, მოგესალმებით, ჩვენი ყველას საერთო სახლიდან: დედამიწიდან! მერე რაა, რომ  ერთ ოთახში არ ვართ, მერე რაა, რომ ეკრანია ჩვენ შორის, ჩვენ ერთი დიდი სახლის მაცხოვრებლები ვართ და ეს გვაერთიანებს. ამის შემდეგ მაუსით გადავლახავდი ოკეანეებსა და კონტინენტებს და მივადგებოდი ჩვენს მშობლიურ ევრაზიის კონტინენტს, სხვათა შორის, ვახსენებდი, რომ ეს ჩვენი კონტინენტია, ისე გაკვრით, შემდეგ კიდევ უფრო დავაახლოებდი და საქართველოს აღმოვაჩენდი! ამას კი ხმამაღლა და მკვეთრად განვაცხადებდი, რომ ეს საქართველოა, ჩვენი სამშობლო, ხოლო ბოლო ნაბიჯი იმ ქალაქის, რაიონის, სოფლის ჩვენება იქნებოდა სადაც ჩვენი სკოლაა, იმდენად დახვეწილია ეს აპლიკაცია, რომ სკოლის ნახვის შესაძლებლობაც კია და აი, ეკრანს იქით და აქეთ მსხდომი მასწავლებელი, მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ზემოდან დავხედავდით და მოვინახულებდით ჩვენს რეალურ სკოლას.

მერე ვთხოვდი, რომ აბა, კარგად მოკალათებულიყვნენ საკუთარ მაგიდებთან და დაეხატათ სკოლა – როგორიც მათ წარმოუდგენიათ, ოღონდ  აუცილებლად შიგნით საკუთარი თავებიც დაეხატათ, სად იქნებიან ნეტა? რომელ მერხზე? რომელ ოთახში? როგორ გამოიყურება მათი წარმოსახვით საკლასო ოთახი, შიგნით რა ნივთები აწყვია?

როგორი ეზო აქვს სკოლას? ან აქვს თუ არა? და აი, როცა ყველა ბავშვი შეასრულებს დავალებას, დრო არ დაგვენანოს, რომ ბავშვებმა ისაუბრონ,  წარუდგინონ კლასელებს წარმოსახვითი სკოლები და მოყვნენ, რას ფიქრობენ, როგორი სკოლა სურთ. საერთოდაც, კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლებისას, ძირითადად ბავშვები ეკრანთან კი არ იმუშავებენ, არამედ მის მიღმა, ფურცლით და ფანქრებით. ვეცდებოდი, ეკრანი მხოლოდ შეხვედრებისთვის და გაკვეთილის ჩატარების საშუალებად მექცია.

და აი, მოვიდა დრო, მეც გავეცნო ჩემს მოსწავლეებს. ვინ ვარ მე? წინასწარ მომზადებულ საინტერესო და სასაცილო პრეზენტაციას ან ანიმაციას წარვუდგენდი ჩემ შესახებ, რომელი მულტფილმი მიყვარს? რომელი ზღაპარი? რომელი ფერი? რომელია ჩემი საყვარელი პერსონაჟი? ანუ ის ყველაფერი, რაც ბავშვებს ძალიან, ძალიან აინტერესებთ და უნდათ, რომ იცოდნენ, თან არ დაგვავიწყდეს, პატარები უზომოდ ცნობისმოყვარეები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებელს არ იცნობენ პირისპირ, არადა როგორ აინტერესებთ!

ახლა მოსწავლეები უნდა გავიცნოთ, ამ აქტივობას ისე წარვმართავდი, რომ ბავშვებს ერთმანეთში საერთო ინტერესები აღმოეჩინათ, ეს ძალიან, ძალიან საჭირო და აუცილებელია, განსაკუთრებით ონლაინ სწავლებისას. აქაც წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია დამეხმარებოდა, მოვამზადებდი ძალიან შთამბეჭდავ ფერებში, ანიმაციებით და საყვარელი გიფებით, ასეთი შეკითხვებით: ვის უყვარს ნაყინი? ვის უყვარს მოანა? ვის უყვარს მეფე ლომი? ვის წაუკითხავს „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“? ვის აქვს ცისფერი თვალები? შავი თმა? ვისი სახელი იწყება ასო-ბგერა მ-ზე? ვისი გვარი იწყება ასო-ბგერა ნ-ზე? ვინ იყო ამ ზაფხულს ზღვაზე? ვინ იყო ამ ზაფხულს სოფელში? ვის ჰყავს სახლში ძაღლი? ვის ჰყავს სახლში კატა? ვისი საყვარელი ფერია მწვანე? წითელი? და, რა თქმა უნდა, ბავშვები დაიწყებენ, დაიწყებენ და ზუსტად ვიცი, გაკვეთილის დროს გადავაჭარბებთ, რადგან ყველას მოუნდება თავის თავზე რაღაც თქვას, ყველას მოუნდება წამოიძახოს: მეც მყავს ძაღლი, ჩემს ძაღლს ჩარლი ჰქვია! მე ამ ზაფხულს ცურვა ვისწავლე!, ლოტა ჩემი საყვარელი პერსონაჟია ან პეპი უფრო მომწონს. და ის ყინულიც გალხვება, რომელიც ეკრანმა გააჩინა. ჰოდა, მგონია, რომ ბედნიერება მათთან დარჩება, ოღონდ შემდეგ შეხვედრებზე ამ ბედნიერების შენარჩუნებისთვის ბრძოლა მომიწევს. თუმცა, მთავარი დასაწყისია, მთავარი პირველი შეხვედრა და პირველი გაკვეთილია.

მერე რაა, რომ პანდემიაა, მერე რაა, რომ ფიზიკურად ვერ შევხვდით, ჩვენ ხომ ერთი სახლი გვაქვს, ჩვენ სახლს დედამიწა ჰქვია და ის ისევ ბზრიალებს…

 

მაღალი შესაძლებლობების ადრეული და სკოლამდელი კურიკულუმი

0

 

წინა სტატიაში (https://mastsavlebeli.ge/?p=30102) ვახსენე, რომ მაღალი შესაძლებლობების სკოლამდელი კურიკულუმი (Highscope preschool curriculum) გამოიყენეს კვლევაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია ადრეულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამ წერილში მინდა აღნიშნულ კურიკულუმზე უფრო ვრცელი ინფორმაცია გაგიზიაროთ. ტექსტი ნათარგმნია ინგლისურიდან.

მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმი ემყარება დიდი ხნის კვლევას ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ და დამტკიცდა სასწავლო გეგმის პირდაპირი შეფასებით. 0-3 და 3-5 წლის ასაკის ბავშვთა განათლების მხარდაჭერის აღნიშნული პროექტი ემყარება განვითარების 58 მნიშვნელოვან ინდიკატორს (KDI), რომელიც შესაბამისია ადრეული სწავლის ეროვნულ და სახელმწიფო სტანდარტებთან (მათემატიკისა და ინგლისური ენის შესწავლის მაღალი დონის აკადემიური სტანდარტი (Common Core) და (ELOF) ჰედ სტარტი).

ადრეული განათლების კურიკულუმი

სანდო ურთიერთობების მხარდაჭერა ბავშვებში

როგორ ასწავლიან?

ჩვილებს სჭირდებათ ისეთი უსაფრთხო და სანდო გარემო, რომ შეძლონ ისწავლონ მთელი სხეულით და შეგრძნებებით. მაღალი შესაძლებლობების ადრეული განათლების პროგრამაში აღმზრდელები ფოკუსირდებიან მხარდამჭერ ურთიერთობებზე. ქმნიან მდიდარ და საინტერესო გარემოს, რომელიც ბავშვს აღმოჩენებისა და ძიების სტიმულს უქმნის; აღმზრდელები ბავშვებს ეხმარებიან ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა სფეროს განვითარებას. აღნიშნული კურიკულუმის განმახორციელებელი გუნდი თვლის, რომ ბავშვის პირველი აღმზრდელები მშობლები არიან. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობენ ოჯახებთან, უზიარებენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ცოდნას, რომ უკეთ შეძლონ თავიანთი შვილების მოვლა და მათი ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა. შედეგად, პროგრამა ამყარებს ძლიერ კავშირს ბავშვს, მშობელსა და მეურვეს შორის.

აქტიური სწავლა არის ის ფუნდამენტი, სადაც პატარა ბავშვები ცოდნას იძენენ თამაშით, გარემოსთან, შემთხვევებთან და ადამიანებთან ინტერაქციით.

დაკვირვება

 ბავშვისა და სასწავლო პროგრამის უწყვეტი დაკვირვება/შეფასება არის მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ბავშვზე ობიექტური დაკვირვება მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს მიზნობრივი ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები და ბავშვს ხელი შეუწყოს ხარაჩოს პრინციპით* ძველ ცოდნას დააშენონ ახალი, გაახანგრძლივონ აღმოჩენების/სწავლის პროცესი.

უფროსის და ბავშვის ინტერაქცია

ძიძები, პასუხისმგებლობიანი  აღმზრდელები უზრუნველყოფენ ჩვილის პირველად მოვლას და მოვლის უწყვეტობას მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით. უფროსისა და ბავშვის ინტერაქციის საკვანძო სტრატეგიებია შეხება, მზრუნველობა, ჩვილი ბავშვის ტემპითა და განვითარების დონის შესაბამისად თამაში,  სიტყვიერი და არავერბალური კომუნიკაცია ემოციების/საგნების გაცვლისას, ბავშვის არჩევანის პატივისცემა, მათი შესაძლებლობების წახალისება, ბავშვის ძლიერი ემოციების გააზრება და პატარების ჩართვა კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

დღის განრიგი და რუტინა

თანმიმდევრული, თუმცა, ამავე დროს, მოქნილი რუტინა ჩვილებს და პატარებს აძლევს დაცულობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდას, რაც ქმნის სანდოობას ბავშვსა და მეურვეს შორის. ამავდროულად, პატარას სძენს დამოუკიდებლობას, ვინაიდან, ბავშვი ჩართულია მის გარშემო მიმდინარე პროცესებში. თითოეული რუტინა დაშენებულია ყოველდღიურ შემთხვევებსა და მზრუნველ აქტივობებზე, რომელიც პატივს სცემს ჩვილებისა და პატარების სწავლის ტემპერამენტს.

სასწავლო გარემო

ფიზიკური გარემო არის კომფორტული, უსაფრთხო, განვითარების სხვადასხვა სფეროების შესაბამისად ადვილად გადასაადგილებელი და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული. სივრცე დაყოფილია სათამაშო და მოვლის ზონებად, რომელიც ეხმიანება ჩვილებისა და პატარების მოთხოვნილებებს, აღჭურვილია სხვადასხვა სახის სენსო-მოტორული მასალებით. აღნიშნული ნივთები ადვილად ხელმისაწვდომია პატარებისთვის, რათა აღმოაჩინონ გარემო და ითამაშონ ისე, როგორც მოესურვებათ.

რას ასწავლიან?

ბავშვის განვითარების თანამედროვე თეორიისა და კვლევის საფუძველზე, მაღალი შესაძლებლობების ადრეული განათლების კურიკულუმი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული. 0-დან 3 წლამდე ჩვილებისა და პატარების სწავლის მხარდამჭერი ჩარჩო დოკუმენტი ემყარება განვითარების 42 ინდიკატორს. სწავლა ფოკუსირებულია შემდეგ 6 მიმართულებაზე:

  • სწავლის მიღწევები
  • სოციალური და ემოციური განვითარება
  • ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობა
  • კომუნიკაცია, მეტყველება და წიგნიერება
  • კოგნიტური განვითარება
  • შემოქმედებითი ხელოვნება

 ადრეული განათლების კურიკულუმის შინაარსი

ადრეული სწავლა და განვითარება ზემოთ ჩამოთვლილი 6 მიმართულებით შესაძლებელია 42 ძირითადი ინდიკატორის გამოყენებით, რომელიც ფოკუსირებულია სკოლასა და ზრდასრულობაში წარმატების მიღწევაზე.

სკოლამდელი განათლების კურიკულუმი

მაღალი შესაძლებლობების სკოლამდელ კურიკულუმში სწავლება ფოკუსირებულია 8 მიმართულებაზე:
1. სწავლის მიღწევები

  1. სოციალური და ემოციური განვითარება
  2. ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობა
  3. ენა, წიგნიერება და კომუნიკაცია
  4. მათემატიკა
  5. შემოქმედებითი ხელოვნება
  6. მეცნიერება და ტექნოლოგიები
  7. სოციალური სწავლება

კურიკულუმის შინაარსი

აღნიშნული 8 მიმართულებით სწავლება მოიცავს განვითარების 58 ძირითად ინდიკატორს. თითოეული მათგანი აწესებს მნიშვნელოვან სასწავლო მიზანს ბავშვისთვის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბავშვის ნორმალური განვითარება და სწავლა ფართოდ ვარირებს 8 კატეგორიაში და 58 ძირითადი ინდიკატორი მოიცავს ამ ფართო მოლოდინებს. აღნიშნული კურიკულუმი აღმზრდელებს ეხმარება სასწავლო პროგრამა ყველა ბავშვს მიაწოდონ ისე, რომ ყველა მიმართულებაში მიაღწიონ სათანადო შედეგს.

მაღალი შესაძლებლობების განვითარების ძირითადი ინდიკატორები

 

  • აღმზრდელებს აწვდის ბავშვის განვითარების “ფილტრს” იმისთვის, რომ დააკვირდნენ და აირჩიონ ინდივიდუალურად, ბავშვზე მორგებული, აქტივობები
  • აღმზრდელებს ეხმარება ბავშვის ქცევა და მეტყველება განმარტონ განვითარების უწყვეტობის გათვალისწინებით
  • აღმზრდელებს საშუალებას აძლევს, ბავშვების მიმართ შეინარჩუნონ გონივრული მოლოდინები
  • აძლიერებს ბავშვების თამაშს, როგორც სწავლის ძირითად მექანიზმს
  • ამ რესურსებით აღმზრდელები ხდებიან მეტად კომპეტენტური და საშუალება აქვთ, ყოველდღიურად დაგეგმონ ინდივიდუალური განრიგი როგორც ბავშვებისთვის, ასევე მთლიანად ჯგუფისთვის.

 

შეფასება

ბავშვის განვითარების უწყვეტი შეფასება არის მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმის ფუნდამენტი. ბავშვის აქტივობებსა და თამაშზე ობიექტური დაკვირვება აღმზრდელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს ბავშვის პროგრესი და დაგეგმოს მორიგი სასარგებლო აქტივობები.

უფროსის და ბავშვის ინტერაქცია

აღმზრდელები მოქმედებენ, როგორც მშობლები. მუშაობენ ბავშვების გვერდით. იმისთვის, რომ წაახალისონ ბავშვის სწავლის სურვილი,  მათთან კომუნიკაციაში აქტიურად შედიან როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად.  მთავარი ამოსავალი უფროსსა და ბავშვს შორის ურთიერთობაში არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები, ბავშვთან ისე მოქცევა, როგორც თანასწორ ადამიანთან, თამაშის წახალისება არა დაჯილდოების პრინციპით, არამედ შინაგანი მოტივაციის და ინტერესის გაზრდით. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვები სწავლობენ კონფლიქტების მოგვარებას და პრობლემების გადაჭრას.

ყოველდღიური რუტინა

დღის განრიგის ჩარჩოს წარმოადგენს ბავშვისთვის დაბალანსებული, მაგრამ ამასთან, მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარება და შესაძლებლობების აღმოჩენა. ბავშვები ერთვებიან როგორც ინდივიდუალურ, ასევე მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში. მონაწილეობას იღებენ დალაგებაში, უვითარდებათ თავის მოვლის უნარები. ყოველდღიური რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია “დაგეგმე-განახორციელე-შეაფასე” მიდგომა და მისი თანამიმდევრულობა, რომელშიც ბავშვები იღებენ გადაწყვეტილებებს, რას გააკეთებენ, შემდეგ განახორციელებენ თავიანთ იდეებს და ბოლოს განიხილავენ თავიანთ საქმიანობას უფროსებთან და სხვა ბავშვებთან ერთად. ეს უმაღლესი დონის სააზროვნო უნარები დაკავშირებულია ლიდერული უნარების განვითარებასთან, რაც საჭიროა სკოლასა და ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

 

სასწავლო გარემო

აქტიური სწავლისა და პროგნოზირებადი გარემოს შესაქმნელად აღმზრდელები კლასს აწყობენ მრავალფეროვანი და ე.წ. ღია მასალებით, რომლებიც დაკავშირებულია მათ ოჯახებთან, კულტურასა და ენასთან. ოთახი მოწესრიგებული, ნივთები კი სახელდებულია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს და წაახალისოს ბავშვები თავიანთი იდეების განხორციელებაში.

მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმი არის აკადემიური საფუძვლებით გამდიდრებული რესურსი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობის, პრობლემების გადაწყვეტის და შემოქმედებითობის უნარების განვითარებას. ამ მიზნების მისაღწევად აღმზრდელები აქტიურად თანამშრომლობენ მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან. კურიკულუმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მშობლებს, აცნობენ ადრეული სწავლების სტრატეგიებს, ეპატიჟებიან საკლასო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად, განიხილავენ ბავშვების მიღწევებს და უზიარებენ ცოდნას, რათა საკლასო სწავლება გაგრძელდეს სახლშიც. შედეგად, აღმზრდელები აღნიშნავენ, რომ მშობლები უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთი შვილების განვითარების ეტაპებსა და მიღწევებს.

 

წყარო –  https://highscope.org/

*” „ხარაჩოს მეთოდი” – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დამოუკიდებლად გაუძნელდებათ. მასწავლებელი ეხმარება, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ, მოსწავლე თავად ახერხებს დავალების შესრულებას.” თამარ კაციტაძე, https://mastsavlebeli.ge/?p=2323

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...