კვირა, აპრილი 27, 2025
27 აპრილი, კვირა, 2025

როგორ წავიკითხეთ „ორდროშობანა“

0

ტორესა მოსის „ორდროშობანა“ დროში მოგზაურობის ამბავია. სიუჟეტი თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში იწყება და ფარნავაზის ეპოქის მცხეთაში ვითარდება. მთავარი პერსონაჟები ახალგაზრდა მასწავლებლები – ზაზა, ლიზა და მათი 14 წლის მოსწავლე, თომა არიან.

წიგნის დასაწყისში იკვეთება, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების საქმიანობას – მათ გულმოდგინე დამოკიდებულებას პროფესიისადმი – ასაკოვანი მასწავლებლები უნდობლობით ეკიდებიან. ლიზა ისტორიას ასწავლის, ზაზა კი – ფიზიკას. მათი პროფესიული ხედვა კეთებით სწავლებასა და ინდივიდუალურ მიდგომაზეა აგებული.

თომა ცნობისმოყვარე ბიჭია, მარტოხელა დედა ზრდის და დამოუკიდებლად უწევს მოზარდის პრობლემებთან შეჭიდება.

ქალაქი თელავიც პერსონაჟია თავისი კოლორიტული ბაზრით, ქუჩებითა თუ პარკით.

თხრობა დინამიკურია. ზაზა მასწავლებლის გამოგონებული დროის მანქანით ფარნავაზთან ვინაცვლებთ, სადაც პერსონაჟები ძველი ქართული ენით საუბრობენ. მიუხედავად ამისა, ძველი და ახალი ქართულით მოლაპარაკე პერსონაჟების საუბრის გაგება სულაც არ არის რთული, პირიქით, იმაზე დააფიქრებს მკითხველს, როგორი მდიდარი, მრავალფეროვანი ენა გვაქვს.

ფიზიკოსი ზაზას გაუჩინარება ყველაფერს თავდაყირა აყენებს – თანამედროვე საქართველოში დამწერლობა ქრება, რაც დიდ არეულობასა და დაპირისპირებას გამოიწვევს.

წარმოუდგენელ, უტოპიური სიუჟეტში პოსტმოდერნისტულ ჩანართად შეიძლება მივიჩნიოთ ქართული ხალხური ზღაპრების გმირების პერსონაჟებად შემოყვანა. მწერალი ნაცარქექიას, ასფურცელასა და კომბლეს სულ სხვა თვალით დაგვანახებს.

ექსპრესიული თხრობის, ენობრივი თუ დროის დაპირისპირების პარალელურად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისტორიული თუ გამოგონილი პერსონაჟების გამოკვეთილი ხასიათი. კალამოსი – ნახევრად ზებუნებრივი, მითოსური ძალებით შემკული, გონიერი, ბრძნად მეტყველი ადამიანია, რომელიც ფარნავაზისთვის ერთგვარი მენტორის როლს თამაშობს.

რომანის კითხვისას წინ კიდევ მრავალი საინტერესო აღმოჩენა და საფიქრალი გელით. ამ მცირე მიმოხილვის შემდეგ უნდა გიამბოთ, როგორ წავიკითხეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად „ორდროშობანა“.

მეორე სემესტრი ფარნავაზის სიზმრის შესწავლით დავიწყეთ და იდეაც მაშინ დამებადა. მართალია, რომანის ენის გამო მეშინოდა, რამდენად გაართმევდნენ თავს ბავშვები, თუმცა, მეორე მხრივ, სტიმულიც კი აღმოჩნდა, რადგან ამ ასაკში ძველ ქართულ ტექსტებთან ურთიერთობა მათთვის  დიდი გამოცდილებად გადაიქცეოდა. მთავარი იყო კითხვის პროცესში წინამძღოლობა მეთავა.

ჩემი დაბადების დღე თენდებოდა.  წინასწარ შევიძინე 27 წიგნი კლასის ყველა მოსწავლის, დამრიგებლისა და დირექტორისთვის. თითოეულ წიგნს ინდივიდუალური წარწერა გავუკეთე. მეორე დღეს მასწავლებლის მაგიდაზე პირადი წერილები დამახვედრეს, თითქოს ჩემი ფიქრების საპასუხოდ.

პირველი ნაბიჯი მოლოდინის ბარათები იყო. სათითაოდ ჩამოწერეს აზრი, რის შესახებ შეიძლებოდა ყოფილიყო წიგნის სიუჟეტი.

კითხვის პერიოდს სააღდგომო არდადეგები დაემთხვა. დისტანციურად ვხვდებოდი, ტექსტს ვუკითხავდი და ვუამბობდი. ვესაუბრებოდი უცხო სიტყვების, მოვლენების, მთავარი იდეის შესახებ. შემდეგი გაკვეთილისთვის რამდენიმე ფურცლის წაკითხვაზე ვთანხმდებოდით.

კითხვისას ძალიან ბევრი უცნობი თემა გამოიკვეთა. ასე გამიჩნდა სურვილი პროექტის დაწერისა, რომელსაც სახელად „შემეცნებითი სამყაროს გაფართოება ტორესა მოსის „ორდროშობანას“ მიხედვით“ ვუწოდე. ჩამოვწერე საკვლევი თემები, დავწერე პროექტის მიზანი და სამოქმედო გეგმა, კლასი წყვილებად დავყავი და არჩევითობის პრინციპით თემები გადავანაწილე.

„ორდროშობანას“ სიუჟეტის გასაგებად ნამდვილად საჭიროა  ქართული დამწერლობის სახეების, ფარნავაზის ეპოქის შესახებ ისტორიული წყაროების, ძველი ხალხური ზღაპრების, გრაკლიანის წარწერის, ხალხური შელოცვების, ძველი ქართული სიტყვების შესახებ გარკვეული  ცოდნის დაგროვება.

საკვლევი თემების სახელწოდებები ამგვარი იყო:

  1. დროში მოგზაურობა
  2. ფარნავაზის ეპოქის ნივთების გაცნობა – სტუმრად მუზეუმში
  3. ძველი ქართული სიტყვები „ორდროშობანაში“
  4. ფარნავაზი ისტორიულ წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში
  5. ქართული ხალხური ზღაპრები
  6. „ორდროშობანაში“ ნახსენები წიგნები
  7. ქართული დამწერლობის სახეები

მერვე თემა – „ქაჯები ქართულ მითოლოგიასა და ლიტერატურაში“ – ჩემთვის შევარჩიე, რადგან პირადი მაგალითი სწავლების ყოველ ეტაპზე ჰაერივით სჭირდებათ.

თემის არჩევის შემდეგ ინდივიდუალური შეხვედრების დრო დადგა. თითო თემაზე ორი ბავშვი მუშაობდა. წყვილებს სამოქმედო გეგმის დასახვაში დავეხმარე, რაც გულისხმობდა:

  1. საკითხის ირგვლივ ინფორმაციის მოძიებას;
  2. ინტერვიუს სკოლის მასწავლებელთან;
  3. საინფორმაციო პლაკატის მომზადებას;
  4. პრეზენტაციას.

სამი კვირა საკმარისი აღმოჩნდა პროექტზე მუშაობისთვის.

ბავშვები შეხვდნენ ჩვენი სკოლის ქართულის, ფიზიკისა და ისტორიის მასწავლებლებს, ჩაწერეს ინტერვიუები. ქართულ ხალხურ ზღაპრებზე საუბრისთვის მწერალს, დიანა ანფიმიადის, მივმართეთ, ხოლო „ორდროშობანაში“ ნახსენები წიგნების – „შუშანიკის წამების“, „აბო თბილელის წამების“, „ქართლის ცხოვრებისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ – ირგვლივ ფილოლოგი გვანცა შუბითიძე გვესაუბრა.

საინფორმაციო პლაკატის დანიშნულებისა და აგებულების შესწავლას ერთი გაკვეთილი დავუთმეთ.

შემდეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – ერთმანეთის სახლებში სტუმრობა, რამაც ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთმანეთის გაცნობას შეუწყო ხელი.

მთელი წელი მსურდა ბავშვების ეროვნულ მუზეუმში წაყვანა, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ნაწილობრივ მაინც მოვახერხე ჩანაფიქრის განხორციელება. თემა სახელად – „ფარნავაზის ეპოქის ნივთები – სტუმრად მუზეუმში“ – ორ გოგონას ერგო. ერთ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, გარეუბნიდან ქალაქის შუაგულისკენ გავეშურეთ. შთამბეჭდავი იყო სათანადო ექსპონატების ძიება გიდთან ერთად. საბოლოოდ, გოგონებმა 2400 წლის წინანდელი გულსაკიდები, დიადემები და არწივის გამოსახულებიანი ფირფიტები შეარჩიეს. იქვე შექმნეს ნივთების ესკიზები, სახლში დაამუშავეს, გამოჭრეს და საინფორმაციო პლაკატზე განათავსეს.

ერთი დიდი სიამოვნება იყო ჩემს თემაზე მუშაობა. დავიწყე ქართული მითოლოგიდან, მოვიძიე ქართულ დიალექტურ კორპუსში Corpora.co-ზე ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, წავიკითხე ქართული ხალხური ზღაპარი „ამბავი ტარიელისა“, შემდეგ „ვეფხისტყაოსანთან“ გადმოვინაცვლე და ბოლო ტექსტი „ორდოშობანა“ იყო. ვიკვლიე ქაჯების მითოსური თუ ლიტერატურული სახეები.

შედეგი ორიოდე სიტყვით

ბოლოს პრეზენტაციის დღეც დადგა. მოვიწვიეთ სტუმრები – ჩვენი სკოლის მასწავლებლები – და მცირე კვლევა-ძიების შედეგები ერთმანეთს გავაცანით.

  • რას ფიქრობთ სიტყვაზე „ჭინჭრაქა“? – ჰკითხა მარიამმა დიანას.
  • რას იტყვით შუშანიკის ქმარზე, ვარსქენზე? – 11 წლის მარიამმა და თეკლამ მთელი სერიოზულობით გაახმიანეს შეკითხვა გვანცასთან და მათი გულწრფელი ინტერესი დიდ, დაუვიწყარ სიხარულად გვექცა.
  • ყველაზე მეტად „შლეგი“ მომეწონა, ნაგიჟარს ნიშნავს. – გვითხრა პრეზენტაციისას დაჩიმ.
  • წარსულში მოგზაურობა შეუძლებელია, მომავალში კი – დასაშვებია, თუკი მზის სინათლის სისწრაფეს გავუსწრებთ, – დამაჯერებელი ტონით გვიხსნიდნენ დიანა და ანა.
  • ნაცარქექიას, კომბლესა და ასფურცელას ცოლებიც მივუხატე! – ამბის გავრცობას გვთავაზობს მარიამი.

 

დღის ბოლოს ლურჯი ავტობუსით „მაკდონალდსში“ გავეშურეთ. გარეუბნის სიწყნარიდან უშნო შენობებში, სიცხესა და ტრანსპორტით გადაჭედილ გარემოში გადავინაცვლეთ. მაინც გავიხარეთ, ვისაუბრეთ და მომავლის იმედით დავშორდით ერთმანეთს. ავტობუსში უნებურად საუბარს მოვუსმინე – ერთი ქალი მეორეს ეკითხებოდა ნაცნობი მასწავლებლის შესახებ. მოტყდა, აღარ აქვს ისეთი ხალისი და ენერგია, როგორც ადრეო – მოვისმინე პასუხად.

ვიცი, რომ ოდესმე ჩემთანაც დადგება მსგავსი პერიოდი და შემეშინდა.

მანამდე პატარა ნაბიჯებით სიარულს ვაგრძელებ აქ და ახლა.

ისევ მივუბრუნდებით ტორესა მოსის „ორდროშობანას“, რომელმაც ერთი ჯადოსნური თავგადასავლიდან ჩვენს პირად თავგადასავალში გვიწინამძღვრა. წინ ავტორთან შეხვედრა, როლური თამაშები, ვიქტორინა, ახალი პროექტები გველის და თუ მშვიდობა იქნება, სპექტაკლასც გავმართავთ.

წიგნის გაცნობის შემდეგ ავტორის მუსიკალური ჯგუფი „Ambavi” აღმოვაჩინე. დროდადრო ვუსმენ და ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც სპექტაკლისთვის გამოვიყენებ. თვალწინ მიდგას კალამოსად, ფარნავაზად, ქაჯებად გადაქცეული ჩემი მოსწავლეები. აი, კალამოსი „ამბავის“ რიტმის ფონზე პანტომიმის მოძრაობით ბუმბულებს ისარივით ესვრის კაპიუშონიან ქაჯებს; მელაინა დიდი ხნის უნახავი ძმის წინ დგას;  თომა და ქუჯის ასული ნანა მცხეთის საეჭვო უბნებში იკარგებიან, ცოტა ხანში კი გლეხის ქალი გრძნობადაკარგულ მელაინას თავზე შელოცვის სიტყვებს ბუტბუტებს.

განწყობისთვის თქვენც გიტოვებთ „ამბავის” ჰოლოზეუმში გამართული  პერფორმანსის ბმულს.

https://www.youtube.com/watch?v=X68trwe3_uI

 

სიყვარულის სახელით

0

ერთხელ შემზარავი სიზმარი ვნახე: ჩემი სოფლის მდინარის პირას, მდინარიდან ზურგით მწკრივში იდგნენ ბიჭები და ზურგებითვე, ფენა-ფენა ეშვებოდნენ მდინარეში, მშვიდად და უხმაუროდ, მწყობრად, რაღაცნაირი გამაშეშებელი წესრიგით…

იმ სიზმრიდან ორ დღეში გავიგეთ, რომ აფხაზეთში, ომის დროს, საჩხერის ბატალიონი მთლიანად განადგურდა. მერე მინდოდა ჩემი სიზმარი აღმედგინა და ყველა ბიჭისთვის შემევლო თვალი, სათითაოდ დამემახსოვრებინა, მაგრამ შეუძლებელს ვერ გადავაბიჯე, ჩემი სოფლის მდინარეს უკვე შთანთქმული ჰქონდა მათი ლამაზი, ნათელი, სევდიანი სახეები…

ეს სიზმარი ცხოვრების დაღად მომყვება, როგორც თავს გადახდენილი ყველაზე ნამდვილი ამბავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოდესმე აუცილებლად შევხვდები მათ, ჩემი ყველა სიზმრის გმირს, რომლებმაც მასწავლეს ხსოვნის გამოფხიზლება და უნახავის მიმართ სიმტკიცე… ეს ცოდნა საზიაროა, ჩვენ, ადამიანები, ამ ცოდნით ვეკვრით ერთმანეთს, ძალასაც მის გამო გამოვცემთ.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. ყოველ 27 სექტემბერს, მახსენდება მწერალ გურამ ოდიშარიას მონაყოლი, როცა ერთ აფხაზ ქალთან ამ თარიღის შინაარსზე ბჭობდა. ქალი ამტკიცებდა, რომ ეს დღე, ბატონი გურამისთვის დამარცხების ტრაგიკული დღე, აფხაზებისთვის გამარჯვებისა და სიხარულის დღეა, ჰოდა რა ეშველებოდა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობას თუნდაც ამ ერთი დღის აღნიშვნის გამო, როგორ მოვახერხებდით მის გააზრებას? გურამ ოდიშარიას ამ დამაბნეველ კითხვაზე სრულიად მკაფიო პასუხი აღმოაჩნდა: 27 სექტემბერი ქართველების და აფხაზების შერიგების დღედ ვაქციოთო!

მჯერა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება, ხოლო მანამდე ხსოვნისა და გონის სიფხიზლე გვმართებს, მანამდე ჩვენი სიზმრებიც ალესილი ხმლებივით გვჩეხავს და გულში იმ სახელებს ჩამოგვათვლევინებს, ვისზეც ამ ომმა გაიარა, ამ წლებმა, უერთმანეთო წლებმა, დროის მდინარეწაფარებულმა ტკივილებმა…

გამიგია ახალგაზრდა კაცის, ზაალ მდინარაძის გმირობის შესახებ, თუმცა დაწვრილებით არაფერი ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ზაალის და, აზა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ბავშვობის კეთილ ჯადოქრად მომევლინა, განა მხოლოდ მე, კიდევ უამრავ ბავშვს და მისმა ორგანიზაცია „მთენმა“ დიდი სიხარულის დღეები გაგვითენა ომგამოვლილ ბავშვებს, გასული საუკუნის 90-იან წლებში… ზაალის ამბავი კი, ორიოდე წლის წინ, აზა მდინარაძემ თავად მიამბო, ზაალის და მათი ღირსეული დედის ამბავი, რომელიც თავისი ამაღლებული შინაარსით „ვეფხვის და მოყმის ბალადის“ სწორია!

22 წლის თბილისელმა ბიჭმა, ზაალ მდინარაძემ, დედას წერილი დაუტოვა, შეჰპირდა, მალე დავბრუნდებიო და თვითონ გაიპარა აფხაზეთში, ოჩამჩირეში, სადაც უკვე კვირაზე მეტი იყო 4 გემიდან გადმოსხმულ სამხედრო დესანტს (რუსებს, კაზაკებს, ჩრდილო კავკასიელებს და მოლდოველებს) უმკლავდებოდა ქართული არმია. ტამიშში მტერს უკვე ალყაში მოექცია ჩვენი ჯარისკაცები, მწყობრიდან გამოსულიყო რაცია და ჩახშობილი იყო ყველანაირი კავშირი დანარჩენ ჯართან. სწორედ ამ დროს მოევლინა სასწაულებრივ მშველელად ზაალი, ალყამდე რამდენიმე კილომეტრი ტყვიების წვიმაში უიარაღოდ ირბინა და თანამებრძოლებამდე მიიტანა რაცია, რომლითაც სასწრაფოდ გადასცეს დამხმარე რაზმს მტრის კოორდინატები და ასე გააღწიეს სასიკვდილო ალყას. სულ ცოტა დააკლდა სამშვიდობომდე ზაალს, როგორც ჰყვებიან – მხოლოდ ერთი მეტრი დააკლდა, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, 18 წლის აფხაზი სნაიპერის, რომელიც იქვე მოკლეს ქართველებმა.

დედას შვილის უკანასკნელი წუთები ასე უამბეს: ერთი კი ჩაიხარა მუხლებში ზაალი, რამდენიმე წამით შეხედა მეთაურს და მერე ძალიან მშვიდად გადაწვა მიწისკენ.

ზაალის დედამ ასე განმარტა: გადაწვა მიწისკენ, დაუჩოქა, თავი მოუდრიკა მშობლიურ მიწას, შუბლით შეეხო, თაყვანი სცა საბოლოოდ…

სამი წლის შემდეგ კი ამ დიდებულმა ქალმა ღია წერილი მისწერა შვილის მკვლელის, 18 წლის აფხაზის დედას. „თქვენს შვილზეც ვდარდობ, აფხაზო დედავ… – სწერდა – თქვენი შვილი, თავისი წარმოდგენით, აფხაზეთის მიწას იცავდა „მომხდურთაგან“, ჩემი შვილიც – ზაალი, აფხაზეთს, ანუ საქართველოს არ ანებებდა… მაშ რომელი იყო მტყუანი? არც ერთი და არც მეორე, მათ არ გაემტყუნებათ თავიანთი საქციელი, რადგანაც ორივენი მამულისთვის დაიხოცნენ… დარწმუნებული ვარ, როდესაც აფხაზეთში ჩვენი შვილების უკვდავსაყოფად აგებულ მემორიალთან მოვალ, სხვებთან ერთად თქვენც იქნებით. მოვძებნოთ ერთმანეთი, მივუსამძიმროთ, დავსხდეთ, ვუამბოთ ერთურთს ჩვენი შვილების ბავშვობისა და ჭაბუკობის ამბები, ვანუგეშოთ ერთმანეთი… მოდით, დედებმა ყველაფერი ვიღონოთ, რათა აფხაზები და დანარჩენი საქართველო კვლავ არ დაუპირისპირონ ერთმანეთს. შთავაგონოთ ჩვენს შვილებს, შთამომავლობას, რომ ძმათამკვლელ ომში იმარჯვებს მხოლოდ სიკვდილი. მაშ, ვილოცოთ დედებმა სიცოცხლისათვის!“ – ზეინაბ მდინარაძე. 1996 წელი.

ამ წერილის ამბავი არ ვიცოდი, როდესაც ჩემი მოთხრობის „ბამბაზიის სამოთხე“ მიხედვით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრისთვის სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა. მაშინ თავისთავად გაჩნდა იდეა, რომ პიესა „ვეფხვისა და მოყმის ბალადაზე“ აგებულიყო და მთავარი გმირებიც – ქართველი და აფხაზი დედები ყოფილიყვნენ, რომლებიც ერთმანეთისგან დახოცილი შვილების საფლავებთან ერთმანეთს ყველაზე ძნელსა და მთავარზე, ყველაზე მართალსა და მტკივნეულზე უნდა დალაპარაკებოდნენ… არ ვიცოდი ამ წერილის ამბავი არც მე და არც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ, თუმცა, ორივეს გვჯეროდა, რომ ჩვენი ნამუშევრის მთავარ გმირებს ნამდვილად ჰყავდათ პროტოტიპები, რომ ისინი არ იყვნენ ცოტანი, და არც მხოლოდ ენგურს აქეთ… მართალია, ზეინაბ მდინარაძის წერილზე არავის უპასუხია, მაგრამ შეუძლებელია, ამხელა ენერგიით დამუხტული სიყვარული არ მოხვდეს საჭირო ადგილას, საჭირო გულში, შეუძლებელია, ამ სიყვარულმა რაიმე არ შეცვალოს…

იმ ჩვენი ორი წლის წინანდელი საუბრისას, აზამ დედამისის ტელეფონის ნომერიც მომცა და შემომთავაზა, თუ გინდა, მისგანვე აიღე ინტერვიუო. ვინ იცის, რამდენჯერ დავაშტერდი ამ ნომერს და ძვრაც ვერ ვუყავი თითებს, რომ ამეკრიფა… ვერც ის სიტყვები მოვიფიქრე, რითაც მასთან ლაპარაკი უნდა დამეწყო. მეგონა, რომ ამ ქალმა ყველაზე ნამდვილი სიტყვები იცის, ყველაზე ნამდვილი ენა და ვაითუ, რამე შემეშალოს და რაღაც ვაწყენინო, უნებლიეთ ვატკინო, ან ვიცრუო თუნდაც დიდი სიმართლის სახელით!..

ასეთ ადამიანებთან ურთიერთობაც ალბათ სიზმარივითაა – ხსოვნის სიფხიზლით და უნახავის ვნებით ხარ შეპყრობილი და ადამიანად ყოფნის გვირგვინებს იდგამ გაოფლილ შუბლზე. მათ სხვა ძალა აქვთ, სხვა ენა იციან, მათ რომ ვუსმენდეთ, ახლა უკვე ისე წინ ვიქნებოდით, ისე წინ და მაღლა!..

ყველა სიზმარს თავისი გმირი ჰყავს, ყველა ცხადს – თავისი მთხრობელი, დღეები კი, ხანდახან ისეთია, გმირი და მთხრობელი ერთად უნდა ჩამოსხდნენ და სიყვარულზე ილაპარაკონ… 28 წელია, ამ დღეების გემოთი ვართ. იმ ნანატრ აფხაზეთამდეც სიყვარულის სახელით მივალთ!

 

 

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები (რეკომენდაციები)

0

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების პრობლემებს კიდევ ერთ სტატიას ვუძღვნი და კვლავ სწავლის პროცესში წარმოშობილ შესაძლო სირთულეებზე გავამახვილებ ყურადღებას.

წერა – შეიძლება ითქვას, ეს „ზებრა“ ბავშვების (ეს ტერმინი ფრანგმა ავტორმა – Siaud-Facchin Jeanne – თავად შეარჩია განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვებისათვის) უმთავრესი სირთულეა, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს, როგორც ცუდი კალიგრაფიით, სწრაფად წერის ჩვევის გამომუშავების სირთულით, რომელმაც თავის მხრივ, განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი შესაძლოა იმ ზომამდეც კი მიიყვანოს, რომ მან საერთოდ უარი განაცხადოს წერაზე. მსგავსი პრობლემის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს:

  • შეუსაბამობა ზეპირ მეტყველებასა და ფსიქომოტორულ განვითარებას შორის. განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს უმეტეს შემთხვევაში მეტყველების თავისუფალი მანერა აქვთ და მათი ლექსიკა საკმაოდ მდიდარია. „ზებრები“ ადვილად სწავლობენ კითხვას, მაგრამ ხანდახან მოტორიკა ჩამორჩება განვითარებაში. ბავშვს უჭირს გრაფიკული უნარების გამომუშავება და ზოგჯერ ეს სწორედ წერის უნარებზე აისახება;
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები სწრაფად ფიქრობენ და აზროვნებენ. იდეები უსწრაფესად გენერირდება მათ გონებაში სულ მცირე ასაკიდანვე. სამაგიეროდ, გრაფიკული, წერითი უნარები ჩამორჩება, რაც ხელს უშლის საკუთარი აზრების „ჩაწერას“. უფრო გასაგები რომ იყოს, „ზებრა“ ბავშვის გონიერება გაცილებით სწრაფი ტემპებით ვითარდება და მას ხშირად უწევს, ასე ვთქვათ, უკან დაბრუნდეს, რომ წერაში ჩამორჩენა აღმოფხვრას. ეს ყველაფერი ძალიან ღლის და თავგზას ურევს ნიჭიერ პატარას. თანდათან შესაძლოა, საერთოდ შეიჯავროს წერა და ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან პირდაპირ ყოველგვარი გრამატიკული წესების დაცვის გარეშე წეროს ან მისი კალიგრაფია სრულებით გაუგებარი გახდეს.
  • ძალიან ხშირად, როდესაც განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი პრაქტიკულად უარს ამბობს წერაზე, ამის მიზეზი არის სკოლა, სადაც მისგან წერითი უნარების ისეთივე სისწრაფით განვითარებას ელიან, როგორსაც ის ავლენს ზეპირი მეტყველების შემთხვევაში. ასეთ სიტუაციაში „ზებრა“ ბავშვი იძაბება და დანაშაულის განცდა უჩნდება, რადგან ვერ გაამართლა მასწავლებლის მოლოდინი.

მკითხველს, კარგად მოეხსენება, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წერის სწავლებას – განაგრძობს ფრანგი ფსიქოლოგი. სწავლის საწყის ეტაპზე მასწავლებლებისა და მშობლების კონფლიქტის ძირითად მიზეზად სწორედ „ზებრა“ პატარას ძალიან ულამაზო და ნელი წერა ხდება. მომდევნო კლასებში კალიგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მძაფრდება, რაც შეიძლება მასწავლებლების მხრიდან უსამართლო შენიშვნების, ზოგჯერ დასჯის მიზეზადაც კი იქცეს. ყველაზე ცუდი არის ის, რომ საბოლოოდ, კოლეჯშიც კი, სხვადასხვა გამოცდებზე წერასთან დაკავშირებული გაუგებრობა დაბალი აკადემიური შეფასების გამომწვევი ხდება.

მშობლებმა და პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს არ აქვს წერის პრობლემა. ზოგიერთი მათგანი პირიქით, დიდი სიამოვნებით წერს და ეს პროცესი სიხარულსა და სიამოვნებასაც კი ანიჭებს. ასეთი ბავშვების ნაწილი ლექსებს, მოთხრობებს, ესეებს წერს – ასე განსაჯეთ მათთვის ლიტერატურული ზეიმია მსგავსი გასართობები და საკუთარი მოსაზრებების გაზიარება გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

მინდა, გაგიზიაროთ მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გამოცდილება – ამბობს  Siaud-Facchin Jeanne: „ახლა კარგად მივხვდი განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების პრობლემებს. თავდაპირველად, როდესაც მთელ კლასს დაფაზე დაწერილი დავალების გადაწერას ვავალებდი, აღმოვაჩინე, რომ ნიჭიერები გაცილებით დიდ დროს ანდომებდნენ ამ რუტინულ საქმიანობას. მე უკვე ვიწყებდი ახალი მასალის ახსნას, ისინი ისევ გადაწერას აგრძელებდნენ. შემდეგ შევიმუშავე რამდენიმე მეთოდი. კერძოდ: გაკვეთილის დაწყებამდე თავად ვამზადებ ყველა მოსწავლისათვის დავალების ქსეროასლს; ან ვირჩევ ერთ „დამხმარეს“, რომელიც სწრაფ წერაშია გაწაფული. ის თანაკლასელებისთვის ქსეროქსებს აკეთებს. მიმაჩნია, რომ ურთიერთდახმარების ამგვარი პრინციპი ბავშვებს აჩვენებს, რომ მათი „ზებრა“ კლასელი სულაც არ არის „ზეადამიანი“ და მასაც სჭირდება ხოლმე თანადგომა. კიდევ ერთი რჩევა ჩემი კოლეგებისთვის: განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლის ცოდნის შემოწმებისთვის ზოგჯერ წერილობითის ნაცვლად ზეპირ გამოკითხვას ვიყენებ – ამ დაშვებას ძირითადად სასწავლო წლის დასაწყისში ვიყენებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავრწმუნდე, რომ მოსწავლე მართლაც სრულყოფილად ითვისებს ჩემს საგანს. „წერა ცოტას მოიცდის“, მიმაჩნია მე. თან დავაკვირდი, რომ თუ მასწავლებელი ითვალისწინებს ნიჭიერი მოსწავლის სირთულეებს, ბავშვი ძალიან დიდი გულისხმიერებით ეკიდება ამ მიდგომას და თავადაც ცდილობს, გააუმჯობესოს წერის სისწრაფე და კალიგრაფიის ხარისხი. სასწავლო წლის დასრულებისათვის კი, მათ გაცილებით უფრო ხელშესახები შედეგები აქვთ“.

მასწავლებლები ყურადღებით უნდა მოეკიდონ წერის პრობლემებს ბავშვებში, როცა პატარა ნამდვილად ცდილობს წერის უნარების გამოსწორებას, მაგრამ მაინც არ ჩანს რაიმე საგრძნობი შედეგი. როცა ბავშვი განიცდის, რომ მას არაფერი გამოსდის, მის მიერ შესრულებული წერითი დავალება სულ გადაჯღაბნილია და გამოიყურება ისე, როგორც, ე.წ. „შავი ნაწერი“, მაშინ შესაძლოა რაიმე ტიპის მნიშვნელოვან მიზეზთან გვქონდეს საქმე და აუცილებელია სპეციალური დიაგნოსტიკა, რომ სკოლამ და პედაგოგებმა, მისი კორექტირება ადრეულ ეტაპზევე შეძლონ. ამ პრობლემის შეუმჩნევლად გატარებას, სავარაუდოდ, მომავალში უფრო სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია.

Siaud-Facchin Jeanne განმარტავს, რომ ნიჭიერ ბავშვებში ყველაზე მეტადაა გავრცელებული დისლექსია, (დისლექსია -ბერძ. δυσ „დის“ — დასუსტებული; λέξις „ლექსის“ — სიტყვა — კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო გაგებით — სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება), რომელიც დისგრაფიასთან (დისგრაფია – ბერძ. δυσ „დის“ — დასუსტებული + γραφος „გრაფოს“ — წერა), წერის უნარის დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან. ადამიანებს დისგრაფიით შეუძლიათ თავისუფლად კითხვა, თუმცა კოორდინაციის ნაკლებობის გამო, წერენ მხოლოდ გარკვეულ დონეზე) და ეს უფრო მეტად ნიჭიერ ბიჭებს ეხებათ. დისლექსიასა და დისგრაფიას, ძირითადად აკავშირებენ ინფორმაციის შემდგომი გადამუშავების უნართან. მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ როდესაც „ზებრა“ ბავშვი კითხულობს, ის ტექსტს ერთგვარად „ზემოდან უყურებს“ და ნაწერის შინაარსს აღიქვამს მთლიანობაში, ხოლო თითოეული ასო-ნიშნის დეკოდირება მისთვის შედარებით რთულია. მაგალითად, თუ მასწავლებელი კარნახობს მოსწავლეს სიტყვას „გემი“, მის გონებაში ეს სიტყვა არა კონკრეტული სიტყვის შემადგენელი ბგერების თანამიმდევრობად აქტივირდება, არამედ წარმოდგება, როგორც ტალღებზე მოცურავე გემი. ეს ხატი უსწრაფესად იცვლება დამატებითი ასოციაციებით, რომლებიც ასევე დაკავშირებულია ზღვასთან, ცურვასთან, თოლიებთან, უკანასკნელ არდადეგებთან… ამიტომ სიტყვის ჩაწერისთვის განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს უწევს, ასე ვთქვათ, „უკან დაბრუნება“, რათა წარმოსახვითი ხატი კონკრეტულ სიტყვად იქცეს. გარდა ამისა, მასწავლებელი აგრძელებს კარნახს და ნიჭიერი უკვე ჩამორჩება მის ტემპს.

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვისთვის შინაარსი ყოველთვის ფორმაზე მეტად მნიშვნელოვანია. ნებისმიერ სიტუაციაში პატარა „ზებრა“ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რისი ჩაწერა უწევს, ფორმა კი მისთვის უმეტესად ზედმეტ უსარგებლო შეზღუდვად აღიქმება. შეგვიძლია, დავეხმაროთ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს და გავაცნოთ მას კალიგრაფია, იეროგლიფები და მხატვრული წერის ნიუანსები, ანუ სხვა სიტყვებით წერა შემოქმედებად, ხელოვნებად ვაქციოთ. მაშინ წერის პროცესი აზრს შეიძენს და აღარ იქნება აღქმული როგორც მხოლოდ, რაღაც უფრო სერიოზული რამის მიღწევის საშუალება.

სტატიის დასასრულ, – დასძენს ფრანგი ფსიქოლოგი – გვინდა, მკითხველს გავუზიაროთ ადრეულ ეტაპზე  ნიჭიერი ბავშვების „ამოსაცნობი“ რამდენიმე ნიშანი. ჩამონათვალს არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია, მაგრამ თუ მაინც მოახერხებთ და შეამჩნევთ მსგავს შტრიხებს, კარგი იქნება ბავშვის შემდეგი დიაგნოსტირებისათვის მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. მაშ ასე, გულდასმით გაეცანით ამ ჩამონათვალს.

„ზებრა“ ბავშვთან გვაქვს საქმე, როცა:

  • ბავშვი სწავლობს არათანმიმდევრულად, ანუ გასულ წელს ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა რომელიღაც საგანში და ახლა საერთოდ ხელი აიღო მასზე, ან შესაძლებელია პირიქით ხდებოდეს. კონკრეტული საგნის სწავლა დამოკიდებულია „ზებრას“ ემოციურ დამოკიდებულებაზე კონკრეტული საგნის მასწავლებელთან. განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლე ცდილობს, შეამოწმოს პედაგოგის ზოგადი ერუდიცია. მისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლისადმი ნდობითა და პატივისცემით იყოს განწყობილი;
  • ბავშვი მასწავლებლისგან მუდმივად ითხოვს მისი მოსაზრების მართებულობის დადასტურებას. ის ნებისმიერ ქმედებაში საზრისს ეძებს და სანამ საზრისი მისთვის ბუნდოვანია, ვერ ახერხებს ვერანაირი დავალების შესრულებას;
  • მოსწავლე გაკვეთილზე ან მუდმივად აქტიურობს ან სრულიად უმოქმედოდაა და საკუთარ თავში იკეტება. ეს დამოკიდებულია ცოდნის მიღების სურვილზე, რომელიც ან ისევ შენარჩუნებული აქვს ან სრულიად ამოეწურა;
  • ზოგჯერ მოსწავლე გაკვეთილზე შეუსვენებლად ლაქლაქებს, ზოგჯერ ზედმეტად აგზნებულია, ზოგჯერ ოცნებებში გადავარდება, მაგრამ მაინც ისმენს გაკვეთილს. შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს ყურადღება უცნაურად აქვს მოწყობილი: იმისათვის, რომ გულდასმით მოსმენა შეძლოს, პარალელურად სხვა რამეც უნდა აკეთოს;
  • ბავშვს არ შეუძლია განმარტოს, როგორ ამოხსნა ამოცანა და როგორ მიიღო სწორი პასუხი. ის დასკვნებს ინტუიციურად, ანალოგიებით აკეთებს;
  • დიდი უფსკრულია ბავშვის ზეპირ და წერილობით მეტყველებას შორის;
  • მოსწავლე დასვენებებზე მუდამ მარტოა, მას უჭირს თავისი ინტერესების შესაბამისი მეგობრის მოძებნა;
  • მოსწავლე უცაბედად უარს აცხადებს პასუხების გაცემაზე ან თემიდან გადახვევით პასუხობს, მაგრამ აშკარაა, რომ საკითხი სრულყოფილად აქვს ათვისებული.

თქვენ გაეცანით ნაწყვეტს Siaud-Facchin Jeanne (დაბ. 26 მარტი, 1957წ. საფრანგეთი) წიგნიდან: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი. როგორ დავეხმაროთ მას წარმატების მიღწევაში“ . ფრანგი პრაქტიკოსი კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი – Siaud-Facchin Jeanne – არის ასოციაცია Zebra-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე და ასევე ასოციაცია Cogito-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ასოციაცია მუშაობს მოზარდი მოსწავლეების ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკასა და მოგვარებაზე. Siaud-Facchin Jeanne არის რამდენიმე ფსიქოლოგიური ბესტსელერის ავტორი.

 

თარგმანი მოამზადა

ქეთევან კობალაძემ

 

 

 

ამბროზ ბირსი: გველების მოჯადოება

0

წიგნი, რომელიც თან  სულს მოგათქმევინებს და გულიანადაც გაცინებს. ხვდები, სწორედ ეს გინდოდა დილით მარცხენა ფეხზე ამდგარს, უმიზნოდ და უხალისოდ მობორიალეს.

„აბორიგენები – სრულიად ზედმეტი ადამიანები, რომლებიც ახლად აღმოჩენილ მიწებზე დატანტალებენ, თუმცა მალევე წყვეტენ ტანტალს და ამავე მიწების განოყიერებას იწყებენ“.

ამბროზ ბირსი, „ეშმაკის ლექსიკონი“.

ლექსიკონებისა და ენციკლოპედიების კითხვას ის სიხარულიც ახლავს, რომ შეგიძლია მშვიდად გადაშალო ნებისმიერ გვერდზე, შემთხვევით შერჩეულ სტრიქონებს თვალი გააყოლო – სწრაფად ან ზანტად; თვითონ ააბა არაერთგვაროვანი ბურთულები და მძივის სიგრძე-სიმოკლეც თავადვე განსაზღვრო. მოსაწონს, საინტერესოს აუცილებლად იპოვი, რაღაც უსამართლოდ მივიწყებულიც გაგახსენდება – ძველი განცდა, გახუნებული სურათი.

„ფილოსოფია – მრავალი ბილიკისაგან შემდგარი გზა, რომელსაც არსაიდან არარასკენ მივყავართ“.

ზოგიერთი განმარტება ისეთი ზუსტია, სიტყვასაც ვეღარ დაამატებ. ნეტავ ჩემი ფილოსოფოსი მეგობარი რას იტყოდა?

მწერლის წარმოდგენით, მელანი უმთავრესად იდიოტობის ინფექციას ავრცელებს, თუმცა ინტელექტუალური დანაშაულის გამოსასყიდადაც გამოიყენება.

და აქვე ენა – „მუსიკა, რომლითაც სხვისი საუნჯის მოდარაჯე გველებს ვაჯადოებთ“.

1906 წელს დიდ ბრიტანეთში გამოცემულ ამ წიგნში გასაკვირად ბევრი რამ მოგვეჩვენება ისეთად, რაც თითქოს სწორედ ახლა შეიძლებოდა გვეთქვა, ოცდამეერთე საუკუნის ქაოსში, ბოლო ორი წლის ამობრუნებულ სამყაროში. თუმცა ის სიტყვებიც მრავლადაა, ყველა დრო რომ გაამართლებს.

„აღფრთოვანება – ჩვენი მხრიდან თავაზიანი აღიარება იმისა, რომ სხვა ადამიანი ამა თუ იმ ნიშნით გვგავს“.

სხვათა შორის, წიგნს თავიდან „ცინიკოსის ლექსიკონი“ ერქვა.

„სულელი – ყველგანმყოფია, ყველგანმძრომი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე. სწორედ მან გამოიგონა დამწერლობა, ბეჭდვა, რკინიგზა, თბომავალი, ტელეგრაფი, ბანალურობა და მეცნიერების უკლებლივ ყველა დარგი. პატრიოტიზმსაც მან ჩაუყარა საფუძველი, სხვადასხვა ერს ერთმანეთთან ბრძოლა სწორედ მან ასწავლა. ისაა თეოლოგიის, ფილოსოფიის, სამართლის, მედიცინისა და ჩიკაგოს დამაარსებელი. […] ჟამთა გარიჟრაჟზე ის პირველქმნილ ბორცვებზე იჯდა და სამყაროს უმღეროდა, ხოლო ისტორიის ზენიტში კაცობრიობის აღლუმს ედგა სათავეში. მისმა დიდედისებრ სათუთმა ხელმა ჩვენი ცივილიზაციის ჩამავალ მზეს საბანი ჩაუკეცა, ვახშმად კი კაცობრიობას რძისა და ზნეობის მარგებელ ულუფას უმზადებს, თან მეორე ხელით სამყაროს აკლდამის ჭიშკარს უხსნის და მას მერე, რაც უკანასკნელი ჩვენგანი სამუდამო მივიწყების ღამეში ჩაესვენება, ის კაცთა მოდგმის ისტორიის საწერად დაჯდება“.

ამბროზ ბირსი არც პოლიტიკოსებს ინდობს. საკვირველიც კი იქნებოდა, შედარებისას სულ ცოტა გულმოწყალებაც რომ გამოეჩინა. მერე რა, რომ საუკუნეზე მეტია გასული – დროს ბევრი არაფერი შეუცვლია…

„პოლიტიკოსი – იმ ფუნდამენტური შლამის ბინადარი გველთევზა, რაზეც მთელი ორგანიზებული საზოგადოების ნაგებობა დგას. როცა კი იკლაკნება, საკუთარი კუდის ცახცახს მთელი ნაგებობის რყევად მიიჩნევს. სახელმწიფო მოხელისაგან განსხვავებით და თავისდა საუბედუროდ, ცოცხალია“.

მწერალი ემიგრანტებსაც გადასწვდება – რა მიმიტობაა, ერთი ქვეყანა მეორეზე უკეთესი რომ ჰგონიათო. გზას კი მიწის იმ ზოლად გვისახავს, რომლითაც შეგიძლია იქიდან, სადაც ყოფნამ დაგღალა, იქით წახვიდე, სადაც წასვლას აზრი არა აქვს.

შერჩეული სიტყვების განმარტებები „ეშმაკის ლექსიკონის“ ქართული თარგმანიდან ამოვწერე. ისიც წარმოვიდგინე, რა სახალისო სახე შეიძლება მიეღო ლიტერატურის გაკვეთილებზე ამ წიგნის კითხვას, ამ ტექსტით შთაგონებულ სხვადასხვა თამაშს.

„მაიმუნი – ხის ბინადარი ცხოველი, გენეალოგიურ ხეებზეც რომ სჩვევია გაშინაურება“.

მაიმუნობა ლექსიკონით. მაიმუნობა სალექსიკონო ერთეულებით. ხეებისკენ მიმართული ფხიზელი მზერა.

„ყაჩაღი – ფრთხილი, საქმიანი კაცი“.

ლიტერატურის ქვაბულებს შეხიზნული ყაჩაღები. ქართველები. ამერიკელები.

გადაშალეთ ამბროზ ბირსის „ეშმაკის ლექსიკონი“. თავის შესაქცევადაც  და რაღაც ნამდვილის მოსახელთებლადაც.

 

 

ტრანსფერი წარსულიდან ანუ როგორ მოვიქცეთ, როცა პერსონაჟი დროს აცდენილია

0

დროს აცდენილი  პერსონაჟები -დროის მსხვერპლნი თუ, დროთა მრავალფეროვნების მიუხედავად, მხატვრულად გაჩერებული დრო?! ქართული ლიტერატურა ღრმა და მრავალფეროვანია, ის ყოველთვის ამბობს თავის სათქმელს, თუმცა არც ისე ადვილია, ყოველთვის ის დაინახოს ნაწარმოებში მკითხველმა, რაც მწერალმა ჩაიფიქრა ან თავად ისურვებდა „ბატონი დრო“. რა ვქნათ, როგორ წავაკითხოთ მოსწავლეებს ის, რაც, მათი აზრით, უბრალოდ, ძალიან ჩამორჩა თანამედროვე შეხედულებებს? როგორ გავაგებინოთ, რომ კესო არ არის „საზიზღარი“ ქალი და არც ოთარაანთ ქვრივია სიკეთის დამყვედრებელი? არც გიორგია გულუბრყვილო?

რთულ გზაზე გვჭირდება არგუმენტები, არგუმენტები და კიდევ არგუმენტები, რათა ავუხსნათ, როგორ იბადებიან ღვთის გზაზე მავალნი და რატომ არ ეშინიათ მათ არავისი და არაფრის. ღვთის მადლსა და სიგიჟეს შორის დაჭერილი წამის სიტყვიერი „წარმოსახვის“ მცდელობა იქნება, რასაც ახლა შემოგთავაზებთ.

ოთარაანთ ქვრივის სიკეთე უცნაურია – თუ არც სამაგიეროს ითხოვს და არც ენანება გასაკითხი, მაშინ რად უნდა ასეთი მწარე სიტყვა მარილად?!

სიტყვა უკვდავია, ის მუდამ ცოცხალია და მის სიცოცხლეს განაპირობებს მისივე საჭიროება, მაგრამ ყველას როდი აქვს უფლება, სიტყვას სული ჩაბეროს, გააცოცხლოს. სხვა თუ არაფერი, სიტყვის კაცი უნდა იყოს; სიტყვა ტყუილად არ დახარჯოს, წამალივით გასცეს და განკურნოს; მსმენელს აზრი დაუფრთხოს, სხვაგვარი ფიქრისკენ წარმართოს; გულისა და სულის სიტყვები ჰქონდეს და საკუთარ თავს ელაპარაკებოდეს მაგ გაუთქმელი სალაროს მადლითა. განა სულხან-საბამ წამლად არ გამოიყენა სიტყვა და „სიცრუით“ არ ატარა გულიდან-გულში?! ილიაც მაგას აკეთებს, ოღონდ სიცრუე დროის მხატვრულ მდინარეში ჩაუშვა და იქიდან დაწმენდილ-მონათლული ოთარაანთ ქვრივთან დააბინავა, სათავისოდაც და საქვეყნოდაც. ასეა, მწერლის სიტყვა ყველასია და ყველამ უნდა „იშვილოს“, რომ ზნეობისა და ღირსების მასწავლებლობა დაეკისროს.

ოთარაანთ ქვრივისთვის სიტყვა წამალია, ტკბილი და დაშაქრული კი არა, მწარე, მაგრამ თუ აზრსაც დაატან, გატკბილდების. თუ გაიწვრთნები და ისწავლი, „სწავლის ძირს“ რომ მოსწყდები და კენწეროსკენ გაიხედავ, გიამება. „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს“. განა ყველას „კენწლავდა“ ოთარაანთ ქვრივი, არა, მხოლოდ იმათ, ვინც „თვალში არ მოუვიდოდა“. არადა, ტკბილი სიტყვა რომ ეთქვა, ასეთნი არცა ყოფილან: „ძნელად იქნებოდა, რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვისმე“. არგუმენტიც აქვს და არც ისე უმნიშვნელო: „ამ გამწარებულს წუთისოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის ფხანა რაღა დარდუბალაა!“ „გამწარებულს წუთისოფელშიო“ – ე. ი. წუთისოფლის მსახურია სიტყვა, როგორც გულისა და გონების „ნაყოფი“ და როცა გამწარებულა წუთისოფელი სიტყვის არასწორობითა, ვინმემ ხომ უნდა იტვირთოს სიტყვის გაპატიოსნება წუთისოფლისათვის სიმწრის დასაამებლად?! ოთარაანთ ქვრივისნაირი სოფელს ერთი ჰყავს, განა როდის იყვნენ ბრძენნი მრავლად და როცა მრავლად არიან გასაკიცხნი, იქნება კი გაჩუმება ბრძენისა?

ვიცი, ფიქრის კითხვას მომაწევთ, სად ოთარაანთ ქვრივი და სად სიბრძნეო, მაგრამ განა მარტოა პერსონაჟი; მის უკან, წინ, გვერდით – ყველგან ილია ჭავჭავაძეა. და თუ ასეა, მაშინ ნურც მწარე სიტყვა გაგვიკვირდება და ნურც სიბრძნის მხატვრული შეფერილობა, თუ პირიქით.

მეორე არგუმენტი უფრო „მხატვრულია“, მაგრამ უფრო კარგად დაგვანახვებს, რამდენი უფიქრია ქვრივს სიტყვის ფუნქციაზე, სიტყვა სიბრძნისად მოუსაზრისებია და გულის „ადგილიდამ დასაძრავად – „სიტყვა… მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება… გული ადგილიდამ უნდა მისძრა-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა“.

სიკეთეა სიტყვა! სიკეთეა სიტყვა! კაცის სიკეთისთვის აუცილებელია სიტყვა მართალია და არა გულის მოსაფხანი, საამებელი. უქმის კაცისაა მოსაფხანი სიტყვა, ძილის მომგვრელია ასეთი სიტყვა. წუთისოფელიც ხომ იმას ელოდება, როდის მოუხუჭავს ადამიანი თვალს, რომ გათელოს.

მაშ, რატომ ამბობდა სოფელი, ქვრივს გულის მაგიერ ქვა უდევსო“ და დღეს ჩვენს მოსწავლეებს რატომ ჰგონიათ, რომ დღეს ამგვარი თქმისთვის არც დროა და არც ადგილი? შევატრიალოთ კითხვა: ვართ კი დღეს ღვთის, საქმის, საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე ისეთი მშრომელი, სიმართლის დამცველი, მშიერისა და გლახას გამკითხავი, როგორიც ქვრივი იყო?! ერთდროულად გვჭირს ყველა სიკეთე?! ჰოდა, მოდით, ჯერ ეგ ვისწავლოთ და მერე ჩვენის გამწარებულის წუთისოფლისაცა შევიგრძნოთ და ვინ იცის, იქნება ჩვენც სიტყვა წამლად გავიხადოთ, სხვათა განსაკურნებლად მოვიხმოთ! ღვთის მადლი რომ გადმოვა ადამიანზე და ქრისტეს გზას დააყენებს, და ისიც ამ გზაზე მტკიცედ, „რკინის ჯოხითა“ ივლის, იქნება ქრისტეს მცნებებიც ძლიერ ჰყოს, „ვითარცა რკინა“, და როცა ამას მივაღწევთ, გავუგოთ ოთარაანთ ქვრივს.

ახლა კი ჩვენს მოსწავლეებს ვთხოვოთ, თანამედროვეთა შორის ოთარაანთ ქვრივი მოძებნონ და მერეც თუ იტყვიან, ასეთი ქალი (გნებავთ, კაცი) არა გვჭირდებაო, მერე დავიწყოთ სხვაგვარ ახსნაზედ ფიქრი. ილიამ ოთარაანთ ქვრივს ყველა დროისა და მარადიული წუთისოფლის მარადიულ სიმწარეზე გამარჯვების იარაღი ჩააბარა და ვისაც უფრო ტკბილად შეგვიძლია სიმართლის თქმა, მოვუკიდოთ ჩანგალს ათასთა სიკეთისთვის.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი,” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას! გისურვებთ, რომ მალე დავუბრუნდეთ საკლასო ოთახებს და თითოეულ ჩვენს მოსწავლეს ჰქონდეს  განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა და ჩვენი სასკოლო ცხოვრება ჩვეულ გარემოს დაუბრუნდეს!

„მისასალმებელი“ აქტივობები დისტანციურად

0

ახალი სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში განახლდა. როგორც ჩანს, ისევ ჰიბრიდული ფორმატით მოგვიწევს მუშაობა. ონლაინ სწავლების გარკვეული გამოცდილება ქართულმა სკოლამ უკვე შეიძინა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი გამოწვევებისთვის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მასწავლებელი და მოსწავლე მზადაა. არ უნდა დაგვავიწყდეს მაღალმთიანი რეგიონები და, ზოგადად, სოფლის სკოლები, სადაც არათუ ინტერნეტი, ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებებიც (გზა, ტრანსპორტი და ა.შ.) კი მოსაწესრიგებელია. სკოლა ხომ მხოლოდ ცოდნის გადაცემისთვის შექმნილი სივრცე არაა?! ე.წ. დაშორებული სწავლებისას ფსიქოსოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაც ფერხდება. აქედან გამომდინარე, ყველა მასწავლებლის თავსატეხად ქცეულა კითხვა: როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ზემოაღნიშნული უნარების შეძლებისდაგვარად განვითარებაში?! გთავაზობთ რამდენიმე იდეას/აქტივობას, რომელიც ონლაინ-სივრცის საკომუნიკაციო ელემენტებით გამდიდრებას უკავშირდება:

შესვენებები ონლაინ – კლასის დამრიგებელს შეუძლია შესვენებებზე მოსწავლეთა შეხვედრების ორგანიზება. ხუთწუთიან შეხვედრებს დისტანციურ ფორმატში ვერ გადავიტანთ, ამიტომ „დიდი შესვენების“ იდეას შემოგთავაზებთ. პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა შექმნას ციფრული ოთახი ონლაინ პლატფორმაზე (Teams, Zoom, Google Meet…) და მოიწვიოს მოსწავლეები. უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, სასურველია, შესვენებას კლასის დამრიგებელიც ესწრებოდეს, ამიტომ შეხვედრის დრო მისაღები უნდა იყოს, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამრიგებლისთვისაც. საკომუნიკაციო სივრცე შეიძლება დაეთმოს კლასისთვის აქტუალურ თემებზე მსჯელობას, შთაბეჭდილებების გაზიარებას, მუსიკის მოსმენას, თამაშებს, რომლებსაც არ სჭირდება ერთ სივრცეში ყოფნა ან რაიმე დამხმარე რესურსი და ა.შ.

სტუმარმასპინძლობანა – სამწუხაროდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არასასურველია ხალხმრავალ ადგილებში სიარული, სტუმრად წასვლა ან მეგობრების მოწვევა. დისტანციურ გაკვეთილებზე კი ძალაუნებურად ვხდებით სტუმრებიც და მასპინძლებიც – ვიხედებით ერთმანეთის ოთახებში, ვეცნობით (შემთხვევით) ოჯახის წევრებს, ვხედავთ ერთმანეთს სხვანაირ, შინაურულ გარემოში. მაშინ რა გვიშლის ხელს, ეს მოვლენა საინტერესო აქტივობად ვაქციოთ?! შეგვიძლია გამოვიყენოთ ზემოაღნიშნული საკომუნიკაციო სივრცე და „ვეწვიოთ“ ერთ-ერთ თანაკლასელს. ის, ვინც სტუმრის როლს მოირგებს, წინასწარ უნდა მოემზადოს – მიალაგოს მისი ოთახი/სახლი, მოელაპარაკოს ოჯახის წევრებს, რომლებსაც სტუმრობის დროს გავიცნობთ. მასპინძელს შეუძლია საოჯახო ელექტრონული ალბომიდან შეარჩიოს სურათები და დაათვალიერებინოს სტუმრებს, ასევე მოუყვეს რამდენიმე სახალისო ამბავი ოჯახური თავგადასავლებიდან. შინაური ცხოველების/ფრინველების გაცნობაც არ დაგავიწყდეთ! როგორც წესი, მათი ოჯახში მოყვანის ისტორია ბავშვებს ძალიან აინტერესებთ. სტუმრებს კი, სასურველია, თუ წინასწარ ექნებათ მომზადებული კითხვები, რომლებსაც მეგობარს ან მისი ოჯახის წევრებს დაუსვამენ. აქტივობის მსვლელობისას სტუმრებსაც და მასპინძლებსაც მოეთხოვებათ დიალოგის წესების მიხედვით წარმართვა, რიგითობის პრინციპის და ეტიკეტის ნორმების დაცვა.

ჯგუფური მუშაობა დისტანციურად – ე.წ. დაშორებული სწავლების პერიოდში ყველაზე მეტად კეთებით (პროექტული) სწავლების და ჯგუფური მუშაობის პროფილი იჩრდილება. არადა, აღნიშნული მიმართულება ურთიერთსწავლების, მიზნობრივი კომუნიკაციის, ცოდნის კონსტრუირების და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული. ონლაინ სივრცეში შესაძლებელია ჯგუფებისთვის სამუშაო ოთახების შექმნა, თუმცა წინასწარ უნდა განვსაზღვროთ მოსალოდნელი ტექნიკური ხარვეზები (ინტერნეტი, კომპიუტერი) და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელთა გამოც, შესაძლოა შეფერხდეს ჯგუფის სამუშაო პროცესი. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ მოსწავლეთა მოტივირებაზე (დავალების თემა უნდა იყოს საინტერესო, აქტუალური და ა.შ.), მივაწოდოთ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი (დამხმარე რესურსები). ასევე გასათვალისწინებელია დროის ფაქტორი (შეხვედრის თარიღი, დრო, ხანგრძლივობა). ჯგუფებს დასჭირდებათ ე.წ. მეთვალყურეები, რათა თავიდან ავირიდოთ შესაძლო უთანხმოება და, საჭიროებისამებრ, დავეხმაროთ მათ მუშაობის პროცესში. 4-5 ჯგუფად დაყოფილ კლასის შეხვედრებს ერთი საგნის მასწავლებელი ფიზიკურად ვერ გასწვდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება დაგვჭირდეს თანამშრომლობით დაინტერესებული მშობლების, კოლეგების ან უფროსკლასელი მოსწავლეების დახმარება.

თანატოლების გარდა, მოსწავლე-მასწავლებელს შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისთვის ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო წლის პირველი გაკვეთილის და საკომუნიკაციო შეხვედრების ისე დაგეგმვა, რომ მოსწავლეებს ვირტუალური ფანჯრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება შეეცვალოთ, მინიმუმ, კიდევ ერთხელ შემოხედვის სურვილი გაუჩნდეთ. ამგვარ შეხვედრებზე ყოველთვის ვამზადებ ე.წ. მისასალმებელ აქტივობებს, რომელთა მიზანსა და შინაარსს, ბუნებრივია, კონკრეტულ კლასს ვარგებ. აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე მათგანს:

ჩვენი სკოლის ფაზლი – ეს აქტივობა შეგიძლიათ ჩაატაროთ I-II კლასებში. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს სკოლაში არსებული კაბინეტების (საკლასო ოთახი, სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი, სასადილო ოთახი და სხვ.) ფოტოებს და მათ რამდენიმე ნაწილად ჭრის. მოსწავლეები აკვირდებიან ფაზლის თითოეულ დეტალს. მათ ფოტოს გამთლიანებამდე უნდა ამოიცნონ სასკოლო სივრცეები, შემდეგ კი იმსჯელონ ამ ოთახების დანიშნულებაზე. შეგვიძლია გამოვიყენოთ მინიშნებები, რათა ახალბედა მოსწავლეებს გამოცნობა გაუადვილდეთ. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი თითოეული კაბინეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის ბავშვებს.

კითხვების დროა – ეს აქტივობა გაცნობითი ხასიათისაა და მას უცნობ კლასთან პირველი შეხვედრისას ვიყენებ. სახელების ჩხირების დახმარებით ვაწყვილებ მოსწავლეებს და ვაძლევ გარკვეულ დროს, რათა მოიფიქრონ  და დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ წარმართონ „ინტერვიუ მასწავლებელთან“. სასურველია, წინასწარ განვსაზღვროთ აქტივობის დრო და შეკითხვების რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს შეკითხვების ფორმულირებასა და დიალოგის წარმართვაში.

მეგობრობის დღიური – ეს აქტივობა ასევე დაგეხმარებათ მოსწავლეების უკეთ გაცნობაში. მისი გამოყენება შესაძლებელია მესამე კლასიდან. მასწავლებელს შეუძლია შეადგინოს ნამდვილი დღიურის ელექტრონული ვარიანტი, რომელსაც, თითოეულ მოსწავლეს გაუგზავნის და შეავსებინებს (შეგვიძლია გამოვიყენოთ Google Forms). მოსწავლეთა დაინტერესების შემთხვევაში, ერთი შეხვედრა დღიურის წაკითხვას დაეთმობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ურთიერთგაზიარებისა და ერთმანეთის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.

ვითამაშოთ სიტყვებით – ეს აქტივობა I-II კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. იგი გამოდგება, როგორც შემაჯამებელ (I კლასი), ასევე მისასალმებელ (II კლასი) აქტივობად. ვიქტორინის ფორმატში ვაწყობ რამდენიმე თამაშს, რომელიც კითხვის საწყისი უნარების გააქტიურებას უწყობს ხელს, ესენია: სიტყვების ან საგნების (ფოტომასალა) დახარისხება მარცვალთა რაოდენობის მიხედვით; არეული ასო-ბგერების/სიტყვების სიტყვად/წინადადებად გამთლიანება; მარჯვნიდან მარცხნივ (არაბული) სიტყვების ამოკითხვა; მარცვლებგადანაცვლებული სიტყვების ამოცნობა; ყირამალა სიტყვების წაკითხვა, სიტყვის თანხმოვნებით ამოცნობა და სხვ.

გამოიცანით ხმები – მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს სხვადასხვა საგნების, ცოცხალი არსებების, ბუნების ხმების ჩანაწერები, შემდეგ კი მოსწავლეებს რიგრიგობით სთხოვოს მათი გამოცნობა. აღნიშნული აქტივობა შეგვიძლია წარვმართოთ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ვფიქრობ, ახალი სასწავლო წლის პირველ შეხვედრას „ზაფხულის ხმების“ შეგროვებასთან დაკავშირებული თამაში ძალიან მოუხდება.

კომპლიმენტი – ალბათ დამეთანხმებით, რომ ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შორის დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ეს აქტივობა სწორედ ზემოაღნიშნულ მიზანს ემსახურება და მისი ჩატარება ნებისმიერ საფეხურზე შეგიძლიათ. გამოიყენეთ სახელების ჩხირები, დააწყვილეთ მოსწავლეები, შემდეგ კი სთხოვეთ, უთხრან ერთმანეთს მინიმუმ ერთი კომპლიმენტი, ანუ დაასახელონ მეწყვილის დადებითი თვისება, რომელიც მას რეალურად აქვს და თავიანთი მოსაზრება გაამყარონ შესაბამისი არგუმენტებით.

ასოციაციობანა – ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი თამაში სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად: მოსწავლეებს სთხოვეთ, ჩაიფიქრონ ადგილი, სადაც არდადეგების დროს იმოგზაურეს და აუხსნან მეწყვილეს ერთი სიტყვით (საჭიროების შემთხვევაში, თითო-თითო სიტყვა მიაშველონ). მოთამაშე უნდა შეეცადოს ჩაფიქრებული ადგილის რაც შეიძლება ნაკლები მინიშნებით ამოცნობას.

 

ჩაალაგეთ ზურგჩანთა – ამ მისასალმებელი აქტივობის დახმარებით, მოსწავლეები შეძლებენ მოგზაურობასთან დაკავშირებული ემოციების გადმოცემას. შეუძლიათ გვაჩვენონ თავიანთი ზურგჩანთები, რომლითაც არდადეგების დროს იმოგზაურეს. დაგვისახელონ ნივთები, რომლებიც თან წაიღეს და განგვიმარტონ მათი დანიშნულება. ასევე ვისაუბრებთ ე.წ. ზედმეტი ნივთების პრობლემაზე, რაც ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს. ამ თემასთან დაკავშირებით მახსენდება ნინო სურმავას შესანიშნავი მოთხრობა „როგორ ემზადებოდა ბიძია იონა გასამგზავრებლად“, რომლის წაკითხვაც, ვფიქრობ, ჩვენს დისტანციურ შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

იმედს ვიტოვებ, რომ მოსწავლე-მასწავლებლები ახალი სასწავლო წლის დიდ ნაწილს სკოლის კედლებში გავატარებთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა სიტუაციაში შეგვიძლია გამოსავლის მოძებნა, მთავარია, ერთმანეთთან მისალმების სურვილი არ გაგვინელდეს.

ლეღვის დამწიფებამდე

0

თბილისში ისე ვბრუნდებოდით, ჩვენს ეზოში ლეღვი დამწიფებას ვერ ასწრებდა. წამოსვლის წინა დღეს დასამშვიდობებლად თამარა კვეჟიასთან უნდა შეგვევლო. თამარა გვარად რუხაძე იყო, მაგრამ იმერეთში სახელს კილს (გასაკილს, საგინებელს) დაურთავენ ხოლმე განაყოფებისგან ანუ ძმათა შთამომავლებისგან – მაგალითად, ბუნდღებისგან, ლობიებისგან ან კვატატიებისგან – გასარჩევად. თამარა სახლის წინ იჯდა ხოლმე, კალთაში წიწილები ესვა და ხმელი პურის ნაჭრებს უფშვნიდა. რადგან თვალის ჩინი ჭიშკრის სიშორემდე არ უჭრიდა, შორიდანვე გავძახებდით – „ჩვენ ვართ!“ გახარებული კალთას გაითავისუფლებდა, თავსაფარს გაისწორებდა და ხელჯოხით ჯორკოებზე მიგვანიშნებდა. ჩვენც ჩამოვუსხდებოდით, ხან ქალაქის ამბავს ვეტყოდით, ხან სოფლისას, ხანაც წყალტუბოს სასკოლო ბაზრობაზე ნაყიდი თეთრი მაქმანის საყელოებისას. თამარა თვალებში არასოდეს გვიყურებდა, ამიტომაც ალბათ არც შეუმჩნევია, დაჟინებით როგორ ვაკვირდებოდი მის დამჭკნარ ხელებს, ქათქათა თმას, დანაოჭებულ სახეს, დაშვებულ ქუთუთოებს და თვალების უნებლიე, ხშირად უმისამართო, მოძრაობას. მე და ჩემი და არდადეგებს სანახევროდ კვეჟოსთან ვატარებდით და სტუმრობისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ გვჭირდებოდა. აბა, რა გასაკვირია, რომ მისთვის არც ბებიაჩემისგან გატანებული მოსაკითხის მირთმევა დაგვზარებია ოდესმე და არც ძველ ფარდულში დაბინავებული აბრეშუმის ჭიებისთვის ბჟოლის ფოთლების წაღება. თამარას ოდას აღმოსავლეთით მრავალწლიანი ნაძვები ერტყა, ამიტომ დღისითაც კი მის ფანჯრებში მზის სხივები ძნელად აღწევდა. დიდ ოთახში თამარაზე ხნიერი და ჯანშერყეული „მოლაპარაკე“ მაგიდა იდგა. საგანგებოდ დათქმულ დღეს დამწკრივდებოდნენ მეზობლები, ძველი მაგიდის ზედაპირს ხელებს დააბჯენდნენ და დასაოჯახებელთა ბედის გამოსარკვევად თუ დაკარგული ნივთების საპოვნელად  მინიშნებებს გარინდებულები ელოდნენ. მაგიდაც ხან ჭრიალით ეტყოდა დასტურს, ხანაც მდუმარე უარით გამოისტუმრებდა. სხვა დროს კი თამარას სამისნოს მოხუცი ქალის ყოფა-ცხოვრების მოკრძალებული სამხილების გარდა არაფერი ეტყობდა. მკითხავ მაგიდაზეც კი ხიდან ჩამოვარდნილი ორიოდე ვაშლი და წყლით სავსე გრაფინი ისე იდო, ვითომ არაფერი. ზოგჯერ თუ უმწიფარი ხილის ჭამა მუცელს აგვატკიებდა, გვრემას ისევ თამარას ეზოში დაკრეფილი სამკურნალო ბალახის ნაყენით გვიამებდნენ. ჩემს მეხსიერებას იქაურობაც სამი ფერით შემორჩა – მწვანე კოინდარი, საადრეო წითელი ვაშლი და ვარდკაჭაჭას ცისფერი ყვავილები.

ზაფხულის ბოლოს წამოვიდოდით თბილისში და სწავლის დაწყებამდე ახლა აქაურ ბებიას ვსტუმრობდით ხოლმე ავლაბარში. საბადურის ქუჩის კუთხეში, „ვაენი გარადოკის“ წინ, ერთ მოწითალოდ შეღებილ კართან დედას სირბილით მივასწრებდით. ორნამენტულ რიკულებს შორის ხელს შევყოფდით დასაკაკუნებლად, ბებია ურდულის გასაღებად თოკს ზემოდან გამოქაჩავდა და კიბის თავზე ნანატრი სილუეტიც გამოჩნდებოდა. როგორც კი  მივესიყვარულებოდით, თვალი თეოს ფანჯრებისკენ გაგვექცეოდა. თეო იმავე ეზოში, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა. შესაბამისად, ჩვენი შუშაბანდები ერთმანეთს ირეკლავდა. სანამ ბებია სადილს მოამზადებდა, თეოს მოსანახულებლად გავიქცეოდით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გაქცევას მორიდებული ბავშვებისთვის თან ერთი დიდი უხერხულობა ახლდა – იქამდე მისასვლელად ყველა მეზობელს სათითაოდ უნდა მივსალმებოდით. თეო იმ ასაკში იყო, როდესაც აღარ იცვლებიან და იმის წარმოდგენაც გიჭირს, უწინ როგორ გამოიყურებოდა. მეგონა, თეო სულ ამ ძველ თბილისურ ეზოში ცხოვრობდა და ყოველთვის ასეთი იყო –  სქელმინებიანი სათვალით, ჭაღარა თმითა და თბილი წინდებით. თეოს სახლში ყველაფერი მიზიდავდა – ოთახიდან ოთახში გამავალი ფანჯარა, კედელზე დაკიდებული პაწია ბალიში სხვადასხვა ზომის ნემსით, ფაიფურის ფიგურები და, რაც მთავარია, ტახტი, რომელზეც ქვეშაგებელი ჭერამდე ელაგა. ერთ-ერთი საბნის კიდეს ხელს მორიდებით შევახებდი და წარმოვიდგენდი, როგორ მიადგამდა ღამით თეო ტახტს კიბეს, როგორ მოკალათდებოდა ჭერთან ახლოს დასაძინებლად და ალიონზე მსუბუქად როგორ დაეშვებოდა ეზოს კატების დასაპურებლად. უხმო ნაბიჯების გამო მეგონა, რომ თეო ზუსტად იმდენს იწონიდა, რამდენსაც ერთი კარგად აფუმფულებული ბალიში. ქვეშაგებლის ამბავი ასე იყო: დაშლიდნენ ხოლმე ქალები ზაფხულობით საბან-ლეიბებს, ეზოში მატყლს გარეცხავდნენ, კარგად გააშრობდნენ, წკეპლით გაპენტავნენ და აბრეშუმისა თუ სატინის პირებით ახლიდან შეკერავდნენ. კერვა კი თეომ კარგად იცოდა, ახალ-ახალ ფასონებსაც იგონებდა და არც მეზობელ ქალებს ეუბნებოდა უარს მოდური კაბების შეკერვაზე. ერთხელაც თეოს სახლში სამახსოვრო ნივთებს შორის ნავის ფორმის, მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა მოგვტაცა თვალი. იმდენ ხანს ვუტრიალეთ, თეომ წამოსვლის წინ კართან დააგვაწია, თქვენი იყოსო. ხელნაკეთი საფერფლე აღმოჩნდა, პატიმარი შვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი. რაღა დაგიმალოთ, თიხის მინიატურულ ფეხსაცმელში ფეხის ჩაყოფაც არაერთხელ მიცდია და ეს ამბავი, ყოველგვარი ზღაპრული ალუზიის გარეშე, ჩემი განსაკუთრებულად შერჩევითი მეხსიერების ზედაპირზე არაერთხელ ამოტივტივებულა.

სწავლა რომ დაიწყებოდა და ბებიებთან წასვლას იშვიათად ვახერხებდით, ჩვენს მეზობელ მერის ვსტუმრობდით. მერი ბარნოვის ქუჩაზე, ჩვენი სადარბაზოს მეორე სართულზე, ცხოვრობდა. სიარული უჭირდა და ამიტომ კიბეზე სვენებ-სვენებით ადიოდა ხოლმე. ცალი ხელით მოაჯირს ეყდნობოდა, მეორეს კი მუხლზე იფენდა. ხმაურიანი ასვლა იცოდა – არ ვიცი, შემხვედრ მეზობელს ესაუბრებოდა, საფოსტო ყუთთან გაზეთს ხმამაღლა კითხულობდა თუ საკუთარ თავს შემოუძახებდა, მაგრამ მისი ხმის გაგონებისთანავე სადარბაზოში ყიჟინით გავცვივდებოდით. ჩვენს დანახვაზე გახალისდებოდა, გულთბილად მოგვიკითხავდა, თვალით ზემოთ მიგვანიშნებდა, ჩემთან ამოდითო და ჩვენც ფეხდაფეხ ავედევნებოდით. მერის, თეოსგან და თამარასგან განსხვავებით, ტალღოვანი თმა ყავისფრად ჰქონდა შეღებილი და რაღაცით ტელევიზორში ნანახ ერთ ქალს მაგონებდა, საერთაშორისო ახალ ამბებში დიდი პატივით რომ ესალმებოდნენ. ცხადად გახსენება მიჭირს, განსხვავებულად მეტყველებდა თუ ს-ს ჩვენთვის საგანგებოდ არბილებდა, მაგრამ ერთი კი ნამდვილად მახსოვს – მისი ლაპარაკის მოსმენა ძალიან მიყვარდა. ხანმოკლე სტუმრობისას ხშირად ჩაის დალევაც ვერ მოგვისწრია – ან დედა ამოგვაკითხავდა ან მერის შვილი დაბრუნდებოდა სამსახურიდან. ჩვენ კი რატომღაც მოხუცების დამარტოხელება გვიყვარდა და იმ განსაკუთრებულ სივრცეში, სადაც მხოლოდ ბავშვები და უხუცესები არსებობდნენ, ნებისმიერი ადამიანის შემოჭრა შეგვაცბუნებდა და დავიმორცხვებდით ხოლმე. ერთხელ მერის ვაჟმა ჩვენი გულის მოსაგებად  პატარა სუვენირიც კი გვაჩუქა – ფერადი ნაღვენთი პლასტმასით შექმნილი ზაფხულის პეიზაჟი, ზღვის ტალღები, პალმა, თოლიები და კრიალა ცა, რომელზეც გაკრული ხელით ეწერა – Гагра. ეს სუვენირი სამზარეულოში რადიოს თავზე წლების განმავლობაში გვედო და ყოველი შეხებისას, მაშინაც კი, როდესაც მერის აღარ ვსტუმრობდით, შორეული მოგზაურობა – სულ ერთი სართულით ზემოთ – ხშირად გამხსენებია.

შარშან გაზაფხულზე, პანდემიის დაწყებისას, როდესაც ბავშვები ვირუსის მთავარ გამავრცელებლებად მიიჩნიეს, მოხუცებისა და პატარების განცალკევების აუცილებლობამ ყველაზე მეტად დამაფიქრა. მაშინვე თამარა, თეო და მერი, მათთან გატარებული უძვირფასესი დრო და დაუვიწყარი მეგობრობა გამახსენდა. იმ დროს ჩვენი ბებიები ჯერ კიდევ არ ჰგავდნენ წიგნის ილუსტრაციებსა და ნახატ ფილმებში ნანახ ბებიებს – ახალგაზრდები, ლამაზები და სიცოცხლით სავსეები იყვნენ. ჩვენთვის კი დიდ ბებიებთან ურთიერთობას განსაკუთრებული სიმშვიდე მოჰქონდა. მოხუცების დანაოჭებული სახეები სიცოცხლის გრძელ გზაზე მიგვანიშნებდა და კიდევ იმაზე, რომ მათ მიერ გამოტანებულ საგზალს თუ გამოვიზოგავთ, იმ ასაკამდე გვეყოფა, მთელი გულით რომ გვლოცავდნენ – ჩვენი ხნისა მოიყარეთო.

მე თუ მკითხავთ, სოფელში ლეღვის დამწიფებამდე უნდა დარჩე.

 

რუსუდან (ნადუღა) რუხაძე

 

უჩვენოდ იყოს კარგად..!

0

ჭრილობების პირველი აღწერა და მათი მკურნალობის მეთოდები ერთ ძველ ეგვიპტურ პაპირუსშია აღწერილი. ჩვ. ერამდე დაახლოებით 1600 წლით თარიღდება. თუმცა ძველი დროის ყველაზე ყოჩაღი ქირურგები ინდუსები ყოფილან. ასე მაგ. ერთ-ერთ ინდურ ტრაქტატში 300-მდე ოპერაციაა აღწერილი და 125 ქირურგიული ინსტრუმენტია დასახელებული.

ძველი ბერძნულიდან ქირურგია ითარგმნება, როგორც ხელებით მომუშავე. ის ძალიან რისკიანი საქმეც ყოფილა. აი, მაგ. თუ პაციენტი მეფე იყო და მთლად სწორად ვერ გაკერავდნენ, ქირურგს ხელებს კვეთდნენ. ჩვ. ერამდე მეხუთე საუკუნეში სპარსეთის ბრძანებელი ცხენიდან ჩამოვარდნილა და ტერფი დაუზიანებია. დასახმარებლად ეგვიპტელი ექიმისთვის მიუმართავს. ეგვიპტელებს ამ საქმეში ბადალი არ ჰყავდათ. ჰოდა, მოკლედ ექიმს ტერფი გაუსწორებია და მედიცინის კუთხით ყველაფერი სწორად გაუკეთებია, თუმცა მეფეს ეტკინა და ლამის თავის ქვეყანაში მყოფი ყველა ეგვიპტელი გააჟლეტინა. ძლივს გადააფიქრებინეს. ვა, მეტკინაო. გადააფიქრებინა ბერძენმა ექიმმა დემოკედმა, რომელმაც ატკივებული სახსარი დაუმშვიდა. როგორ დაუმშვიდა? დაწექი ერთი კვირაო, უთხრა, ფეხი დაასვენეო. დასვენებამ მართლაც უშველა, რადგან ტერფი უკვე გასწორებული იყო. ჰოდა, ეს ბერძენიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ექიმად იქნა აღიარებული. ვაჰ, ხუმრობა საქმეა? დაისვენეო, უთხრა.

თუმცა, მასზე ცნობილი ჰიპოკრატე იყო და, ჩემი აზრით, უცნაური აზრები ჰქონდა. რასაც წამალი არ შველის, იმას დანა უშველისო. დანა რასაც ვერ მოერევა, იმას ცეცხლი უშველისო (დაშანთვა) და რასაც ესეც ვერ მოერევა, მოურჩენელია და ეგ არისო. ანუ, თუ გამოუვალი სიტუაცია იყო, ჰიპოკრატეს გაიდლაინის თანახმად, ექიმი ავადმყოფს ჭრილობაზე გახურებულ რკინას ადებდა… ისიც უნდა ითქვას, რომ ასე, ე.წ., მოწამლულ ჭრილობებს მკურნალობდნენ. მათი აზრით, იქ რაღაც შხამი უნდა ყოფილიყო.

მე-14 საუკუნის ბოლოს კი ცეცხლსასროლი იარაღი შექმნეს და მედიცინაშიც გადატრიალება მოხდა, საქმეც მეტი გაჩნდა და ჭრილობაც განსხვავებული იყო, დანით მიყენებულს არ ჰგავდა. 1497 წელს გერმანელი ქირურგი და აფთიაქარი ვინმე ბრუნშვიგი აქვეყნებს წიგნს და ფიქრობს, რომ დენთშიც არის რაღაც შხამი.

ჰოდა, რადგან შხამია, გაიდლაინის თანახმად, უნდა დაიშანთოს. 1537 წლის ნოემბერში იტალიის ომის დროს ფრანგული ჯარი მორიგ ბრძოლაში დამარცხდა და ბევრი დაჭრილი ჰყავდა. საველე ჰოსპიტალში 26 წლის ექიმი ამბროაზ პარე მუშაობდა. ჭრილობებს პაციენტებს ადუღებული ცხიმით უშანთავდა. ცხიმს ადუღებდნენ რაღაც ბალახებთან ერთად, შემდეგ მასში ტამპონებს ასველებდნენ და საბრალო პაციენტს ჭრილობაზე ადებდნენ. შემდეგ ეტაპზე უკვე დამწვრობის მკურნალობა იყო საჭირო. კვერცხის გულს, ვარდის ზეთს, სალბს და კიდევ რაღაცებს იყენებდნენ. ჰოდა, იმ ღამეს ბევრი დაჭრილი მიიყვანეს და ადუღებული ზეთი ყველას არ ეყო. რაღას იზამდა პარე, ვისაც ზეთი არ შეხვდა, ჭრილობიდან ტყვიები ამოუღო და კვერცხის გული და ვარდის ცივი ზეთი წაუსვა. მეორე დილით ყველა, ვინც დამდუღრა, მკვდარი დახვდა. აი, ვინც არ დამდუღრა, გადარჩა. მოკლედ, ჰიპოკრატეს გაიდლაინმა ვერ გაამართლა.

კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება იყო იმ ძველ დროში და ამ უცნაურობას უნებურად ჰიპოკრატემ დაუდო საფუძველი. ასე თქვა, სულაც არ ვარ ვალდებული, ვინმე დანით გავჭრა, როცა ამისთვის სხვა ხალხი არსებობსო. მე ვმკურნალობ, ისინი ჭრიანო. ეს სხვა ხალხი, ე.წ., ყასბები იყვნენ, ანუ ქირურგები. შუა საუკუნეებში ეს ხიდჩატეხილობა უფრო გამწვავდა, ექიმები იყვნენ უნივერსიტეტდამთავრებულები და ქირურგები, დალაქების მსგავსად, უბრალოდ ხელობას ფლობდნენ.

მე-16 საუკუნეში საფრანგეთის მეფემ ფილიპე IV ლამაზმა აზრი გამოთქვა, რომ ქირურგები იყვნენ თაღლითები და ქურდები. კი, თაღლითები ქირურგიაში ბლომად იყვნენ. მივიდოდნენ რომელიმე სოფელში, იტყოდნენ ცნობილი ქირურგები ვართო, ხალხიც უჯერებდა. არც ინტერნეტი იყო და არც ტელეფონი, რომ გადაემოწმებინათ. ჰოდა, მიჭრიდნენ-მოჭრიდნენ ხალხს, ფულს წამოკრებდნენ და უკანმოუხედავად გარბოდნენ.

მოკლედ, ხალხს ქირურგები არ უყვარდა, ან რატომ უნდა ჰყვარებოდა, როცა გაუტკივარების გარეშე ჭრიდნენ და აღრიალებდნენ. დიახ, ნარკოზი ჯერ კიდევ არ არსებობდა. სიტყვა „ანესთეზია“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც მგრძნობელობის დაკარგვა. ძველ ჩინეთში ამისთვის ჰაშიშს და თავში მძიმე საგნის ჩაბრახუნებას იყენებდნენ. ბერძნები ღვინოს და შხამიან მანდრაგორებს სვამდნენ. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საქმეში ქიმიური ნაერთები ჩაერთო. შოტლანდიელი ექიმი ჯეიმს იან სიმპსონი ქლოროფორმს ყნოსავდა. დაასკვნა, რომ გონების დაბინდვისთვის კარგი რამე იყო. ის კი არა, ქლოროფორმის საღამოებიც კი იმართებოდა. მიხვიდოდი სტუმრად, მიიტანდი ქლოროფორმს, ან სულაც მასპინძელი დაგახვედრებდა, ჩაყნოსავდით ერთად და იყავით მინაბული და ბედნიერი. ზოგისთვის კი ეს ბოლო სტუმარ-მასპინძლობა იყო. ამავე დროს ინგლისელი ქიმიკოსი ჰამფრი დევი აღმოაჩენს, რომ ანესთეზიისთვის გამოდგება ნახშირორჟანგის და აზოტის ჟანგის ნარევი. აქ მამხიარულებელ გაზზეა საუბარი… სტუმრობისას მასაც იყენებდნენ. წარმოიდგინეთ, მიხვედით სტუმრად, მასპინძელთან და სხვა სტუმრებთან ერთად ჩაყნოსეთ გაზი და მიდიი… იცინე გულის წასვლამდე.

1824 წელს ერთმა ინგლისელმა ქირურგმა ოფიციალურად მოითხოვა ნარკოზი ადამიანებზე გამოეცადათ, თუმცა პარიზის მედიცინის აკადემიამ და ბრიტანეთის სამედიცინო საზოგადოებამ უფლება არ მისცა. ხალხზე კი არ იზრუნეს, მამხიარულებელი გაზი არასერიოზულად მიიჩნიეს.

1844 წელს ამერიკელმა სტომატოლოგმა ჰორეს უელსმა პირველად გამოიყენა ეს გაზი სიბრძნის კბილის ამოღებისას. რაღაც დგუშიც კი მოიგონა შესასხურებლად, თუმცა, ნარკოზმა არ იმუშავა, შეიძლება ცუდად შეასხურა ან დგუში იყო ცუდი. მოკლედ, პაციენტის ღრიალი ახლომახლო ყველამ გაიგონა. ამ ყველაფერს სხვა სტომატოლოგი აკვირდებოდა, გვარად მორტონი. თავისთვის გულში გადაწყვიტა, რომ ნარკოზისთვის რაიმე სხვა აპარატი მოეფიქრებინა. ასეც მოიქცა, აპარატი დახვეწა და მამხიარულებელი გაზი ეთერით შეცვალა. კარბონმჟავების და სპირტების (ან ფენოლების) ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ ნივთიერებები – ეთერები და ესთერები უამრავი არსებობს, თუმცა სამედიცინო მიზნებისთვის მაშინაც და ახლაც დიეთილის ეთერს იყენებენ.

1846 წლის 16 ოქტომბერს მასაჩუსეტის ზოგადი პროფილის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მორტონმა ეთერით დააძინა პაციენტი ედუარდ ებატი, რომლისთვისაც კისრიდან სიმსივნური წარმონაქმნი უნდა ამოეჭრა. ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა. სწორედ ეს დღე ითვლება ანესთეზიის დაბადების დღედ.

1891 წელს ინგლისის მთავრობამ ეთერი საწამლავად გამოაცხადა და თავისუფალი გაყიდვიდან ამოიღო. თანამედროვე ანესთეზია რთული პროცესია, მთელ ქიმიურ კოქტეილს შეიცავს და ოპერაციის დროს ქირურგზე არანაკლებად მნიშვნელოვანი ანესთეზიოლოგი გახლავთ.

მე-19 საუკუნეში ჰიგიენას მიაქციეს ყურადღება. ეს ახლა არის საოპერაციოებში განსაკუთრებული სისუფთავე და ახლა იყენებენ ქირურგები ერთჯერად გასტერილებულ აღჭურვილობასა და ინსტრუმენტებს, თორემ ადრე ქირურგს ეცვა შავი ხალათი ან შავი ტყავის წინსაფარი ჰქონდა აფარებული, რომ მასზე წინა ოპერაციების შემხმარი სისხლი არ გამოჩენილიყო. საოპერაციო მაგიდაც შავი გახლდათ. ინსტრუმენტებს წყალს გადაავლებდნენ ხოლმე და არც ხელებს იბანდნენ.

აქვე ვენის სამშობიარო სახლის ამბავი უნდა მოგითხროთ. ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი, ერთგან უბრალოდ მშობიარობას იღებდნენ, მეორე ნაწილში კი მომავალი ექიმი-სტუდენტები გვამების გაკვეთაშიც ვარჯიშობდნენ და მშობიარეებსაც ეხმარებოდნენ. თუმცა, ამ მეორე ნაწილში ნამდვილი სასაკლაო იყო მოწყობილი, ქალების 30% იღუპებოდა, მაშინ, როცა პირველ ნაწილში სიკვდილიანობის მხოლოდ 4% იყო. დიდი ფიქრის შემდეგ მიხვდნენ, რომ საქმე სეფსისში იყო, რადგან გვამებთან მუშაობის შემდეგ ინსტრუმენტებს არ რეცხავდნენ და ხელებსაც არ იბანდნენ. გვამის შხამი კადავერინი კი მშობიარის ორგანიზმში ხვდებოდა და სისხლის მოწამვლას იწვევდა. 1847 წლის 15 მაისს საავადმყოფოს კარებზე წარწერა გაჩნდა, რომ – დღეიდან გვამებთან ურთიერთობის შემდეგ სპეციალურად მოწყობილ დასაბანში ქლორიანი წყლით ხელები უნდა დაიბანოთო. ასევე დაიწყეს თეთრეულის დამუშავებაც.

თავად გვამის შხამი, კადავერინი, იგივე ბიოგენური ამინია. ბიოგენური ამინები ადამიანის ორგანიზმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ისინი ამინომჟავების დეკარბოქსილირებით წარმოიქმნებიან.

ორგანიზმში სამი ამინმჟავასგან განსაკუთრებით საშიში ამინები, ანუ პტომაინები წარმოიქნება: არგინინსგან აგმატინი, ლიზინისგან კადავერინი, ორნითინისგან პუტრესცინი. ცოცხალ და ჯანმრთელ ადამიანს გვამის შხამი ძალიან მცირე რაოდენობით წარმოექმნება და მისი განეიტრალების სისტემა არსებობს. გვამში კი მისი წარმოქმნა იზრდება და დაგროვების ეფექტი აქვს.

მოგვიანებით, ექიმმა ლისტერმა ქლორთან ერთად დეზინფექციისთვის კარბოლის მჟავას გამოყენებაც გადაწყვიტა. მის ნაჯერ ხსნარს ოთახებში და საწოლებზე ასხურებდნენ, იბანდნენ ხელებს და ამუშავებდნენ იარაღებს. ეს ყველაფერი კი ძლიერ დამწვრობასა და მოწამვლას იწვევდა. მოგვიანებით დამკვიდრდა ტერმინი – ლისტერიზაცია, რაც ზედაპირის ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავებას ნიშნავდა. ეს ექიმ ლისტერს უკავშირდება.

კიდევ უფრო მოგვიანებით ბაქტერიებს და ვირუსებს მაღალი ტემპერატურით ებრძოდნენ და ამისთვის ავტოკლავს იყენებდნენ. დღეს ქირურგები სრულად სტერილურ პირობებში მუშაობენ.

მთელი ამ ტექსტის კითხვისას ერთ ფაქტს თუ დაუკვირდით? ქიმია წითელი ხაზივით გასდევს ქირურგიის განვითარებას. მეც სწორედ ამიტომ გავბედე ამ თემაზე საუბრის წამოწყება, თორემ მე და ქირურგიას დათვისა და რაჭველის ურთიერთობა გვაქვს… ქირურგია ჩემთან არ მოდის და დიდი იმედი მაქვს, მეც და თქვენც არასდროს მივალთ მასთან.

უჩვენოდ იყოს კარგად, სადმე შორს!

როგორ ავაგოთ ბიოლოგიის საგნობრივი კურიკულუმი

0

სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის მასწავლებელს ოთხ შეკითხვაზე სჭირდება მკაფიო პასუხი:
1. რა მიზნით ვასწავლი? (სწავლა-სწავლების მიზნები);
2. რა მასალაზე დაყრდნობით ვასწავლი? (სასწავლო საკითხები და რესურსები);
3. როგორ ვასწავლი? (სწავლა-სწავლების მეთოდები და სტრატეგიები);
4. როგორ ვაფასებ მოსწავლეების მიღწევებს? (შეფასება).
ამ მიმართულებით ზოგად ორიენტირებს ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს (მინისტრის ბრძანება 40/ნ, 18 მაისი, 2016) – გრძელვადიანი მიზნები განსაზღვრულია შესავალ ნაწილში და ჩამოყალიბებულია ზოგადი კომპეტენციების, საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით;
ესგ – ის ზოგად კონცეპტუალურ ნაწილში ჩამოყალიბებულია ხუთი პედაგოგიკური პრინციპი, რომელსაც სწავლა-სწავლება და შეფასება უნდა ეფუძნებოდეს. სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში მთავარი აქცენტი სკოლასა და პედაგოგებზე გადადის. სკოლა ქმნის სასკოლო კურიკულუმს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად მოთხოვნებს მოსწავლის განვითარების კონკრეტულ გზად აქცევს. სასკოლო კურიკულუმის შემადგენელი დოკუმენტებია საგნობრივი კურიკულუმები, რომლებიც იქმნება კათედრაზე, მასწავლებლების მიერ.

ვიდრე განვიხილავთ საგნობრივი კურიკულუმის შექმნის/აგების პროცესს, წარმოვიდგინოთ არქიტექტორი, რომელიც ადგენს ამა თუ იმ ობიექტის გეგმას. მან ზუსტად იცის, თუ როგორ, როდის და რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რა რაოდენობის რესურსი სჭირდება გეგმის განსახორციელებლად. არქიტექტორს შეუძლია ერთი და იმავე გეგმით ისარგებლოს და ააგოს მრავალი შენობა მსგავსი შედგენილობისა და სტრუქტურის მიწის ნაკვეთზე. მაგრამ განსხვავებული მიწის ნაკვეთის შერჩევისას მას უთუოდ მოუწევს გარკვეული ცვლილებების შეტანა პირვანდელ გეგმაში. პარალელი გავავლოთ სწავლებასთან. იგი ცოცხალი პროცესია და მოქნილია, რადგან საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება ცვლილებებს. ცოდნის აგების პროცესში დიდ როლს თამაშობს ემოციები, ინტერესები, ღირებულებები, მოტივაცია და სხვა. და მაინც… თავისთავად არაფერი ხდება… ვინ არის ამ პროცესების შემოქმედი, თუ არა მასწავლებელი. ახლა წარმოვიდგინოთ, ერთი კონკრეტული კლასის ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც იღვწის მოსწავლეებში გარკვეული ცოდნისა და გამოცდილებების სისტემის ასაგებად. თუ გავითვალისწინებთ, რომ კლასში სხვადასხვა შესაძლებლობის, ინტერესებისა და საჭიროებების მოსწავლეები სწავლობენ, მაშინ მასწავლებლისთვის რთული იქნება ერთი კონკრეტული გეგმით სარგებლობა და მიზნის მიღწევა. საკლასო დონეზე ამ პროცესებს მასწავლებელი დიფერენცირებული მიდგომებით არეგულირებს. ახლა წარმოვიდგინოთ ერთი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლები, რომელთაც აქვთ განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობა, ბიომრავალფეროვნება, ეკოლოგიური პრობლემები და სხვა. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად საინტერესო და ახლობელი იქნება თითოეული რეგიონის სკოლისთვის ერთი და იმავე გეგმის მიხედვით აგებული სასწავლო პროცესი. ამიტომ, თითოეულ სკოლაში იქმნება ორიგინალური კურიკულუმები. საგნობრივი კურიკულუმის აგების დროს სტანდარტით შემოთავაზებული სავალდებულო თემების ფარგლებში მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს მისი მოსწავლეებისთვის საინტერესო და საჭირო საკითხები, მათზე დაფუძნებით შექმნას კომპლექსური დავალებები (ან შეარჩიოს კომპლექსური დავალებების ბანკიდან) და დაგეგმოს მათი განხორციელება სასწავლო წლის მანძილზე საორიენტაციო ვადებში.

საბაზო საფეხურზე ბიოლოგიის სავალდებულო თემებია:

VII კლასი
• მიკროორგანიზმები
• სოკოები
• მცენარეები
• ცხოველები
• სასიცოცხლო ციკლი
VIII კლასი
• სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები
• ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
• ნივთიერებათა მიმოცვლა და ტრანსპორტი
• ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები
IX კლასი
• ადამიანის მარეგულირებელი სისტემა
• შეგრძნების ორგანები
• რეპროდუქციული სისტემა და ჯანმრთელობა
• უჯრედის მეტაბოლიზმი
• ეკოსისტემა, სახეობა, პოპულაცია (ესგ 2018-2024)

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მასწავლებელი თავად განსაზღვრავს, რა დრო სჭირდება თითოეული თემის დამუშავებას, რა რაოდენობით და რომელ საკითხებსა და კომპლექსურ დავალებებს შესთავაზებს მოსწავლეებს. დღეისათვის, ზოგადი განათლების რეფორმისა და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის გუნდი მასწავლებლებს ნიმუშების სახით სთავაზობს თემატურ მატრიცებს. თითოეული მათგანი მოიცავს საკითხებს, კომპლექსურ დავალებებს, სამიზნე ცნებებს, მკვიდრ წარმოდგენებსა და საკვანძო შეკითხვებს. თემატური მატრიცები დაეხმარება მასწავლებლებს საგნობრივი კურიკულუმის აგების პროცესში. უნდა ითქვას, რომ ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი არის კომპლექსური დავალებებით სწავლება – სვლა კომპლექსურიდან კომპლექსურისკენ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საგნობრივი კურიკულუმის აგების დროს.

განვიხილოთ მე-7 კლასის ბიოლოგიის კურიკულუმის ნიმუში . იგი შექმნილია 2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. საგნობრივი კურიკულუმი ყოველწლიურად განიცდის მოდიფიცირებას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
• შესაძლოა შეიცვალოს საკითხთა ჩამონათვალი მასწავლებლის სურვილისა და მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების მიხედვით
• შესაძლოა შეიცვალოს სასწავლო თვეების თემების მიხედვით გადანაწილების განრიგი
• შესაძლოა შეიცვალოს სასწავლო თემების თანმიმდევრობა
• რეკომენდებულია ყოველი თემის ფარგლებში დაიგეგმოს კომპლექსური დავალებების განხორციელება კონკრეტულ საკითხთან ან საკითხთა ჯგუფთან მიმართებით

სასწავლო წელი -2021-2022
კათედრა – საბუნებისმეტყველო
საგანი – ბიოლოგია
კლასი – VII



(მოცემული ცხრილი არის გარდამავალი დოკუმენტი, რომლის მსგავსად აიგო ბიოლოგიის კურიკულუმი მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართული სკოლების პედაგოგების მიერ 2021-2022 სასწავლო წლისათვის; აქვს მხოლოდ ნიმუშის, გზამკვლევის ხასიათი, რომელიც მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარ სკოლაზე მორგებული ბიოლოგიის საგნობრივი კურიკულუმის შექმნაში)

პირველ სვეტში მოცემულია სასწავლო თვეების ჩამონათვალი, რომელსაც მასწავლებელი ანაწილებს მეორე სვეტში მოცემული სავალდებულო თემების მიხედვით. მესამე სვეტში მასწავლებელი განათავსებს საკითხთა ჩამონათვალს, რომელსაც დაამუშავებს სასწავლო წლის მანძილზე. მეოთხე სვეტში კი განათავსებს კომპლექსური დავალების/დავალებების სათაურს. კომპლექსური დავალება აიგება რომელიმე კონკრეტულ საკითხზე ან საკითხთა ჯგუფზე.
ცხრილის სტრუქტურიდან და შინაარსიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიოლოგიაში, ყველა სკოლისათვის მე-7 კლასის კურიკულუმში საერთო იქნება მხოლოდ მეორე სვეტი – სავალდებულო თემები, რომელიც რეგულირდება ესგ – ის ბიოლოგიის სტანდარტის მიერ, ხოლო დანარჩენი ნაწილი იქნება განსხვავებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თითოეული სკოლა ქმნის ბიოლოგიის ორიგინალურ გზას – კურიკულუმს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. საგულისხმოა, რომ თითოეულ სკოლაში ერთი კლასისთვის(მიუხედავად იმისა, თუ რამდენი პარალელური კლასია), ბიოლოგიის მასწავლებელთა საგნობრივი ჯგუფის მიერ იქმნება ერთი სასწავლო კურიკულუმი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მეოთხე სვეტში, კომპლექსურ დავალებას მიეთითოს, თუ რომელ კლასში უნდა განხორციელდეს იგი. (მაგ., ბუნების დიდი მესაფლავეები დანართი 1. VII ა VII ბ). კომპლექსური დავალების პირობა და შეფასების კრიტერიუმები დანართის სახით დაერთვება VII კლასის ბიოლოგიის საგნობრივ კურიკულუმს. მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების ბიოლოგიის კურიკულუმებით დგება საბაზო საფეხურის ბიოლოგიის საგნობრივი კურიკულუმი, რომელიც სასკოლო კურიკულუმის შემადგენელი კომპონენტია.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-24)
2. ზოგადი განათლების რეფორმის, მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის გუნდის მიერ მომზადებული მასალები

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...