ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

ახალი დიალოგი დანტესთან

0

შედევრების ხელახალი თარგმნა, ინტერპრეტაცია აცოცხლებს თანამედროვე ქართულ სალიტერატურო პროცესს. რეალური სამეტყველო სივრცის გათვალისწინებით თარგმნილი ტექსტი უფრო იოლად იკვლევს გზას მკითხველისაკენ. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი და საგულისხმოა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ახალი პროზაული თარგმანი („ჯოჯოხეთი“), რომლის ავტორები ნიჭიერი სტუდენტი და გამოცდილი მეცნიერი არიან: სანდრო ჩემინავა – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი; გიორგი ბუხნიკაშვილი – მონრეალის სიკულო-ნორმანული აკადემიის კულტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის საპატიო აკადემიკოსი.

 

ავტორებმა მოახერხეს და დანტესეული მეტაფიზიკური, ირაციონალური, მისტიკური სამყაროს მხატვრული ექსპრესია, ტროპებში დაქარაგმებული ეგზისტენციალური თემები მკითხველს დახვეწილი, თანამედროვე სალიტერატურო ლექსიკით შესთავაზეს. ისინი შეეცადნენ პროზაულ სიტყვიერ ქსოვილში არ გაფერმკრთალებულიყო ის ნიუანსობრივი ინტონაციები, რომლებიც გამოთქმულ აზრს ნაირგვარ ელფერს სძენენ და პალიმფსესტურობას მატებენ. მართალია, პოეტური ტექსტის ძალმოსილება მაინც სხვაა და კიდევ ბევრი დრო გავა, სანამ ისეთი კონგენიალური თარგმანი გვექნება, როგორიცაა, მაგალითად, დავით წერედიანის მიერ თარგმნილი გოეთეს „ფაუსტი“, მაგრამ ამჯერად ესეც მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია დანტეს ღვთაებრივი სამყაროს შესამეცნებლად.

 

ქართველი მკითხველი აქამდე კონსტანტინე გამსახურდიასა და კონსტანტინე ჭიჭინაძის პოეტური თარგმანით ეცნობოდა მსოფლიო ლიტერატურის ამ გამორჩეულ ნიმუშს. ახლა კი მკვლევრებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იტალიურიდან, უშუალოდ დედნიდან ზედმიწევნით ნათარგმნი ტექსტი, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს, დეტალურად გაიაზროს ყოველი სტრიქონი, რომელიც მაქსიმალურად ინახავს ავტორისეულ ჩანაფიქრს. ამგვარად, თანამედროვე მკითხველს საშუალება აქვს, ცოცხალი დიალოგი გამართოს მწერალთან, რომელიც დაეხმარება გაიკვალოს გზა საკუთარი თავისა თუ სამყაროს შესამეცნებლად. დანტეს ურთულესი ტექსტი, დატვირთული კულტურული კოდებით, თანამედროვე მკითხველისთვის დაშიფრული პოემაა. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის კომენტარები, რომლებიც ტექსტს ახლავს თან. ეს შენიშვნები ხელს უწყობენ მკითხველს, თავისი ინტელექტის, გამოცდილების შესაბამისად, გაერკვეს ისტორიულ, თეოლოგიურ, ფილოსოფიურ საკითხებში. ახალბედა, შედარებით გამოუცდელ მკითხველებს კი დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, თვალსაწიერის გაფართოებაში, ხოლო თუ ვინმე ბორხესივით გურმანი მკითხველია – კიდევ ერთხელ დაიგემოვნოს შედევრი და ახალი ნიუანსების აღმოჩენით დატკბეს. ბორხესი წერს: „იდეა ტექსტისა, რომელიც მრავალგვარი წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა, დამახასიათებელია წინააღმდეგობრივი და რთული შუა საუკუნეებისთვის. ამ ეპოქის დანატოვარია გოტიკური არქიტექტურა, ირლანდიური საგები და სქოლასტიკური ფილოსოფია, სადაც ყველაფერი კამათის საგანი იყო. გარდა ამისა, ამ საუკუნეებმა გვიბოძა „კომედია“, რომელსაც გამუდმებით ვუბრუნდებით და გამუდმებით გვაოცებს; იგი ჩვენს ცხოვრებას გასდევს და სცილდება, უფრო გრძელია. მკითხველის ყოველ თაობასთან ერთად სულ უფრო და უფრო მდიდრდება“ (ბორხესი, „ღვთაებრივი კომედია“, წიგნში: „შვიდი საღამო“).

ტექსტის წინათქმაში გიორგი ბუხნიკაშვილი წარმოაჩენს პოემის პოლიტიკურსა და კულტურულ კონტექსტებს, დანტეს ენობრივ სტრატეგიებს, ამგვარად, ნათელი ხდება მკითხველისთვის, როგორ მატერიალურ-სულიერ გარემოში იქმნებოდა პოემა. სანდრო ჩემინავა კი წერილში „მიღმიერი სამყაროს კარიბჭე“  იმ ძირითად საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მკითხველს დაეხმარება, გაერკვეს დანტეს შექმნილი წარმოსახული განზომილების მრავალფეროვნებაში, ტექსტის სტრუქტურასა და კომპოზიციაში, მთლიანად მხატვრული სამყაროს თავისებურებებში. იგი იმოწმებს ჯაკომო ლეოპარდის თვალსაზრისს: „ეს კლასიკური ქმნილება მხოლოდ პოეზია როდია; ის ჰომეროსის პოემებივით მოიცავს იმ ეპოქის ცოდნას – თეოლოგიას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, ისტორიასა და მითოლოგიას“. ახალი თარგმანის მიზანდასახულობაც ესაა, ტექსტისთვის დართული უმნიშვნელოვანესი კომენტარებით მკითხველმა გზა გაიკვლიოს სიმბოლოებით, ალუზიებით, ინტერტექსტუალური გადაძახილებით დატვირთულ სამყაროში. ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ დიდი შრომა გასწიეს, რათა ცხადად, ზუსტად, ნათლად გამოეკვეთათ ურთულესი თეოლოგიური, ფილოსოფიური თუ ისტორიული საკითხები.

 

დანტეს ეს ახალი თარგმანი დაეხმარება მკითხველს, აღიქვას პოემა, როგორც სამყაროს მწერლისეული მოდელი. თანვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექსტის ზედაპირზე კი არ იტივტივოს, არამედ ღრმად ჩაყვინთოს, გაიაზროს არა მხოლოდ ფაქტები და მოვლენები, იმოგზაუროს ტექსტის ვერტიკალურ ხაზზე, რომელიც თავისთავად დრამატული და შთამბეჭდავია, რადგან ჯოჯოხეთის სანახებს მიმოიხილავს, ცოდვების უფსკრულებს ჩასწვდება, არამედ ჯვარსახოვნების პრინციპის გამოყენებით, შეძლებს ფიქრით მოძრაობას ვერტიკალურ ხაზზე, ქვეტექსტებში ჩაღრმავებას, ამგვარად, სულიერი გზის გაკვალვასაც მოახერხებს. ის საბედისწერო ცხოველები, დაწინწკლულქათიბიანი ჯიქი, მძვინვარე ლომი, გაძვალტყავებული, ხარბი მგელი, ადამიანის ცოდვებისაკენ მიდრეკილებებს რომ განასახიერებენ, განცხრომის, ძალაუფლების, ანგარების ჟინითა და ვნებით რომ აბრმავებენ კაცის გულს, სულსა და გონებას, დღესაც თანამედროვე ადამიანსაც ასეთივე გამძვინვარებით ეღობებიან წინ, სიმშვიდეს უკარგავენ, შიშით თრგუნავენ და ღვთისკენ გზას უხერგავენ. თუ დანტეს ვერგილიუსი მოევლინა უღრან ტყეში მხსნელად, თანამედროვე მკითხველს, უფრო მეტად გაუცხოებულსა და იდენტობის საყრდენების ძიებაში თავგზააბნეულს, თვითონ წიგნი ევლინება მეგზურად. ამიტომ სასიხარულოა, რომ ამ ახალი თარგმანით კიდევ უფრო ახლოს მივა მკითხველი წიგნთან და მასთან ურთიერთობაც უფრო ცოცხალი და სულისმარგებელი იქნება.

 

ჯემალ ქარჩხაძის აზრით, ნამდვილი კლასიკა ყოველთვის იძლევა დიალოგის საშუალებას, ყოველი თაობა მასში რაღაც ახალსა და თავისთვის მნიშვნელოვანს პოულობს. ამ თვალსაზრისს ეხმიანება სანდრო ჩემინავა, როდესაც აღნიშნავს, რომ დანტე ინდივიდუალურად, ყოველ მკითხველთან მართავს დიალოგს: „პოემის პერსონაჟები მუდმივი თანამედროვენი, თანამგზავრნი, თანამოსაქმენი და თანამოფიქრალნი არიან. ნაწარმოებში არაერთგზის დასტურდება ისეთი ეპიზოდები, როცა გვგონია, რომ რომელიმე მოქმედი პირი „ჩვენ“ ვართ და ყველაფერი, რაც მასში არსებობს, „ჩვენშიც“ არის“.

 

ამას პოემის დასაწყისიც მოწმობს: „ჩვენი ცხოვრების შუაგზაზე, სწორ გზას აცდენილი, ერთ დაბურულ ტყეში აღმოვჩნდი. ო, როგორ მიჭირს აღვწერო ის ველური და მიუვალი უღრანი, რომლის გახსენებაც იმ თავზარს მიახლებს… იმდენად მწარეს, რომ მასზე საშინელი სიკვდილი თუ იქნებოდა… და ისიც – ოდნავ. სჯობს უკეთესზე მოგითხროთ“. გამსახურდიასა და ჭიჭინაძის თარგმანში კი „ჩვენ“ არ ჩანს და თითქოს ეს კონტაქტი მკითხველთან უფრო გაფერმკრთალებულია:

„უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე

ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული.

ენა ვერ იტყვის, თუ რამდენად იყო ტყე იგი“.

 

ვფიქრობთ, თარგმანის ღირსებაა ისიც, რომ ავტორები საჭიროებისამებრ მხატვრული ფუნქციით იყენებენ არქაიზებულ მეტყველებასაც, მაგალითად, როცა თარგმნიან ჯოჯოხეთის კარიბჭის წარწერას: „ჩემით შეისვლების ტანჯვის ქალაქსა შინა, ჩემით შეისვლების მარადიულს საწამებელსა შინა, ჩემით შეისვლების დაკარგულს ხალხსა შინა. სამართალმან მოქმედ-ყო უზენაესი მომვლინებელი ჩემი, მქმნა მეუფებამან ღვთიურმან, სიბრძნემან უზენაესმან და სიყვარულმან პირველმან. არაფერი ყოფილ არს ქმნილი ჩემადმდე, თუ არა – ოდენ მარადისობა… და მეც ვარსებობ მარადისსა შინა. მომსვლელნო, აქა დაუტევეთ იმედნი ყოველნი თქუენნი“.

 

ეს ადგილი შთამბეჭდავად აქვთ ნათარგმნი კონსტანტინე გამსახურდიასა და კონსტანტინე ჭიჭინაძესაც:

„ჩემს უკან სუფევს ტანჯვისა და ცრემლთა ქალაქი,

ჩემს უკან სუფევს უნაპირო, უსაზღვრო სევდა,

ჩემს უკან შავი სამყაროა სულთ წარწყმედილთა.

მართლმსაჯულება ფუძედ ჰქონდა ჩემს დიად შემქმნელს*,

მე ვარ ნაყოფი ღვთაებრივი ძალმორჭმულების,

უმაღლეს სიბრძნის და პირველი სიყვარულისა.

ჩემს გაჩენამდე წარმავალი არ არსებობდა,

მარადიული ყოფნა არის ჩემივე ხვედრი.

თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა!“.

 

ახალი პროზაული თარგმანი გამოირჩევა ლექსიკური სიმდიდრითა და დახვეწილობით. იმედია, ავტორები შემდეგ ნაწილებსაც, „სალხინებელსა“ და „სამოთხეს“, ასეთივე წარმატებით გადათარგმნიან. ვფიქრობთ, კარგი გადაწყვეტილებაა, ძველი ტექსტებისთვის დამახასიათებელი ლაკონიური „ანოტაცია“ თავის დასაწყისში, თუ რას უნდა მოელოდეს, ეს მის ცნობისწადილს გაზრდის, დაძაბულობის ველს შექმნის. მაგალითად, „გალობა I- ა) ღამით უღრან ტყეში მყოფ დანტეს გზა აერევა და ალიონზე მზით გაბრწყინებული მთის ძირას აღმოჩნდება; ბ) სამი ნადირის გამოჩენა; გ) დანტეს ვირჯილიო მოევლინება, რომელიც სამოგზაუროდ იწვევს“ და სხვა.

 

მკითხველს შეიძლება ეუცხოვოს მთარგმნელთა არჩევანი, ქება, როგორც ეს გამსახურდია-ჭიჭინაძეს ჰქონდათ, გალობად რომ თარგმნეს, ან ვერგილიუსი- ვირჯილიოდ. ხოლო „ოსტატი“, რომელსაც დანტე ვერგილიუსს უწოდებს, გადმოაქართულეს, როგორც „მწვრთელი“. მათ რუსთველის ცნობილი აფორიზმი (ტარიელი რომ ეუბნება ავთანდილს) გაითვალისწინეს: „გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს“. ვფიქრობთ, ეს სიტყვა თარგმანის საერთო ლექსიკური სივრციდან არ არის „ამოვარდნილი“, რადგან ავტორები ხანდახან ფუნქციურად იყენებენ სხვა ძველ ფორმებსაც, რათა პერსონაჟთა მეტყველება განსხვავებული იყოს არა მხოლოდ ზოგადად, არამედ იმის გათვალისწინებითაც, თუ რა თემაზე საუბრობენ.

 

კარგი არჩევანია, აგრეთვე, წიგნის გაფორმება შესანიშნავი მხატვრის, გუსტავ დორეს, ილუსტრაციებით. წიგნი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადგომით გამოიცა (გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2021 წ.).

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნოდარ ლადარიამ, დანტეს შემოქმედების მკვლევარმა, დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გამოსცა პროზაული თარგმანი დანტეს „ჯოჯოხეთისა“, რომელიც გამოირჩევა თარგმანის მაღალი ხარისხით.

 

ამგვარად, ქართველ მკითხველს, დიდი არჩევანი აქვს, რომ დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მარადიულ მხატვრულ სამყაროს ეზიაროს, თანამონაწილე გახდეს კითხვის მისტიკური რიტუალისა, რომელშიც დრო და სივრცე ქრება, წინაპარი და შთამომავალი ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ჭეშმარიტების ძიების ტკბილ-მწარე ბედნიერება განიცადონ.

კომპლექსური დავალება – ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვისთვის

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, იქმნება გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე დაფუძნებული გზამკვლევები და ვიდეოგზამკვლევები.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულია ხუთი მნიშვნელოვანი დებულება, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სწავლა-სწავლების პროცესში:

  1. აქტიური სწავლა, როცა ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში;
  2. ცოდნის კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით;
  3. სწავლის სწავლა, როცა მოსწავლემ იცის, როგორ გამოიყენოს მასწავლებლის მიერ ნასწავლები სხვადასხვა სტრატეგია კონკრეტულ სიტუაციაში;
  4. ცოდნის სამი კატეგორია (დეკლარაციული, პროცედურული და პირობისეული), რომლებიც განსაზღვრავს მოსწავლის ცოდნას და გულისხმობს არა მხოლოდ ფაქტებისა და თეორიული მასალის დასწავლას, არამედ ამ ცოდნის დაკავშირებას პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ცხოვრებისეულ სიტუაციებთან;
  5. ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება.

ამ დებულებათა გათვალისწინებით, გზამკვლევებში, თემების მიხედვით, პირველი ნაბიჯიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე, გაწერილია ყველა ეტაპი და აქტივობა.

საგან „მე და საზოგადოების“ მე-3 კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოზე დაფუძნებული გზამკვლევიდან წარმოგიდგენთ ორიგინალურ კომპლექსურ დავალებას, „ბუკლეტის შექმნა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის მიზნით“.

ავტორი გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ექსპერტი, ოზურგეთის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელი ნინო ვაშალომიძე.

 

საგანი: მე და საზოგადოება

თემა: ჩემი ოჯახი

კლასი: III

სამიზნე ცნება: ზრუნვა

ძირითადი საკითხი: ჯანმრთელობა

კომპლექსური დავალების იდეა: ბუკლეტის შექმნა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის მიზნით.

 

დავალების პირობა

ოჯახის წევრების ერთმანეთზე ზრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ჯანმრთელობაა. ყველას სურს, ახლობელი ჯანმრთელად ჰყავდეს. ამისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. შექმენი ბუკლეტი, რომლითაც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და მისი დაცვის მნიშვნელობაზე გაუმახვილებ ყურადღებას ადამიანებს.

 

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • როგორ და რატომ უნდა ვიზრუნოთ ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაზე? (მ.წ. 1, 2)
  • რა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში გეხმარებათ შენ და შენი ოჯახის წევრებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე ზრუნვა? (მ.წ. 3)

 

I ეტაპი. კომპლექსური დავალების ფორმა

როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლი საკითხის შესახებ?

სამიზნე ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • აღწერე, რას ხედავ ფოტოებზე (რესურსი 1).
  • შენი აზრით, ვინ და რატომ შექმნა ისინი?
  • როგორ ფიქრობ, რომელია ბუკლეტის ნიმუში?
  • რატომ ფიქრობ ასე? დაასაბუთე შენი მოსაზრება.
  • რით განსხვავდება და რა აქვს საერთო წარმოდგენილ ბუკლეტებს?
  • რით განსხვავდება ბუკლეტები რეკლამებისგან?
  • შეგიქმნია თუ არა ბუკლეტი? რის შესახებ?
  • რა არის ბუკლეტი?
  • რას უნდა დააკვირდე, რომ ბუკლეტის დამზადება შეძლო?
  • რა დაგჭირდება საინფორმაციო ბუკლეტის დასამზადებლად?
  • რა ნაბიჯები უნდა გადადგა ბუკლეტის შესაქმნელად?
  • როგორ უნდა დაალაგო ფოტოები და ტექსტი, რათა საინფორმაციო ბუკლეტი შექმნა?

 

აქტივობა. ბუკლეტისა და რეკლამის ფოტოებზე დაკვირვება, ბუკლეტის მახასიათებლების გამოკვეთა.

რესურსი 1. ბუკლეტისა და რეკლამის ნიმუშები („კი“ და „არა“ მაგალითები)

 

II ეტაპი. კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1. როგორ და რატომ უნდა ვიზრუნოთ ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაზე? (მ.წ. 1, 2)

სამიზნე ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

  • რას ნიშნავს დღის რეჟიმი? (რესურსი 2, 3)
  • შენ როგორ იცავ დღის რეჟიმს?
  • როგორ უნდა მოახერხო დღის რეჟიმის დაცვა?
  • რაში ეხმარება ბავშვს დღის რეჟიმი?
  • რა საჭიროა ძილი?
  • რას ნიშნავს ცხოვრების ჯანსაღი წესი?
  • რატომ არის აუცილებელი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა?
  • რატომ უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეს დღის რეჟიმი?
  • შეიძლება თუ არა დღის რეჟიმის დარღვევა?
  • როგორ ფიქრობ, დღის რეჟიმის შედგენას და დაცვას მარტო შეძლებ თუ უფროსების დახმარება დაგჭრდება?
  • ვინ გეხმარება დღის რეჟიმის შედგენასა და დაცვაში?
  • შედის შენს დღის რეჟიმში დასვენება, სეირნობა, სპორტი/ვარჯიში?
  • რას ნიშნავს პირადი ჰიგიენა? (რესურსი 4, 5 )
  • რას გულისხმობს პირადი ჰიგიენის დაცვა?
  • როგორ ფიქრობ, რატომ და როგორ უნდა დავიცვათ ოჯახში საერთო და პირადი ჰიგიენა?
  • ჰიგიენის რომელი საგნებით სარგებლობ მხოლოდ შენ და რომლით – ოჯახის წევრებიც?
  • რატომაა აუცილებელი სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა?
  • რამდენად ხშირად უნდა დაიბანო ხელ-პირი?
  • რა არის მიკრობი?
  • როგორ დაიცავ თავს მიკრობებისგან?
  • როგორ ფიქრობ, რატომ და როგორ უნდა დავიცვათ ოჯახში საერთო და პირადი ჰიგიენა?
  • რატომ არ შეიძლება პირადი ჰიგიენის ნივთების სხვისთვის თხოვება?
  • როგორ შეიძლება დავიცვათ კანის სისუფთავე?
  • რატომ არის აუცილებელი ხელების ხშირად ბანა?
  • რატომ არის აუცილებელი პირადი ჰიგიენის დაცვა?
  • შენი აზრით, რა განსხვავებაა ჰიგიენასა და პირად ჰიგიენას შორის?
  • როგორ გესმის გამოთქმა: „თვალისჩინივით გავუფრთხილდები“? (რესურსი 6, 7)
  • რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგი მხედველობა გქონდეს?
  • როგორ უნდა გაუფრთხილდე მხედველობას?
  • რატომ არის საშიში ჭუჭყიანი ხელით თვალის შეხება?
  • ბოლო წლებში თვალის დაავადებების რიცხვი ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა. როგორ ფიქრობ, რატომ?
  • რა შეიძლება იყოს ბავშვებში მხედველობის გაუარესების მიზეზი?
  • როგორ უნდა დაიცვა თვალები უცხო სხეულის მოხვედრისგან?

 

  • რა იცი კბილების მოვლის შესახებ? (რესურსი 8)
  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები?
  • რა წესები უნდა დაიცვა, ჯანმრთელი კბილები რომ გქონდეს?
  • რატომ არის საჭირო ბევრი მოძრაობა? ( რესურსი 9, 10)
  • რატომ არის სასარგებლო სუფთა ჰაერზე ვარჯიში და თამაში?
  • შეიძლება, ჯანმრთელი იყოს ადამიანი, რომელიც ცოტას მოძრაობს და დროის დიდ ნაწილს სავარძელში მჯდომი ან დივანზე წამოწოლილი ატარებს?
  • შენი აზრით, რამდენ დროს უნდა უთმობდეს სკოლის მოსწავლე ფიზიკურ მომზადებას?
  • როგორ წარმოაჩენ ბუკლეტში ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის საჭიროებას?

 

აქტივობები და რესურსები:

აქტივობა 1. დისკუსია: საჭიროა თუ არა დღის რეჟიმის დაცვა? რესურსი 2. სახელმძღვანელო, §20

აქტივობა 2. სავარჯიშო 1, რესურსი 3. მოსწავლის რვეული. I ნაწილი, გვ. 27

აქტივობა 3. მოთხრობაზე „მიკრობების შესახებ“ მსჯელობა, რესურსი 4. სახელმძღვანელო, § 21-22

აქტივობა 4. სავარჯიშო 2, 3-ზე მუშაობა, რესურსი 5. მოსწავლის რვეული, I ნაწ. გვ. 29-30

აქტივობა 5. მხედველობაზე ზრუნვის წესების გაცნობა. რესურსი 6. სახელმძღვანელო, § 23

აქტივობა 6. სავარჯიშო 1, 2. რესურსი 7. მოსწავლის რვეული, I ნაწილი, გვ. 31

აქტივობა 7. კბილების მოვლის წესების გაცნობა, რესურსი 8. სახელმძღვანელო, § 24

აქტივობა 8. მსჯელობა: რატომ უნდა შევიყვაროთ სპორტი? რესურსი 9.

სახელმძღვანელო, § 27

აქტივობა 9 . სავარჯიშო 1, რესურსი 10. მოსწავლის რვეული. I ნაწილი, გვ. 39

 

ნაბიჯი 2. რომელი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში გეხმარებათ შენ და შენი ოჯახის წევრებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე ზრუნვა? (მ.წ. 3)

 

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე (დეკლარაციული, პროცედურული, პირობისეული) ორიენტირებული შეკითხვები:

  • რას და რატომ ვჭამთ? (რესურსი 11)
  • რომელი საკვები გიყვარს: მურაბები, მარილიანი, ცხარე, შემწვარი, შებოლილი?
  • რატომ არ ყიდულობენ მშობლები არაჯანსაღ სურსათს?
  • რომელი პროდუქტებია შენთვის სასარგებლო?
  • რა განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას?
  • ჩამოთვალე, რომელი საკვები გიყვარს. არის თუ არა მათ შორის ისეთი, რომელიც უსარგებლოა შენი ორგანიზმისთვის?
  • შეგიძლია მათზე უარის თქმა?
  • რატომ უნდა გარეცხო ხილი და ბოსტნეული?
  • შენი აზრით, რატომ უწოდებენ წვნიანს პირველ კერძს?
  • როგორ ფიქრობ, სწორად იკვებები?
  • რა პრინციპით ირჩევ საკვებს?
  • ნანახი ვიდეორგოლის მიხედვით რა დასკვნის გამოტანა შეგიძლია, რომელი პროდუქტია შენთვის სასარგებლო? რატომ ფიქრობ ასე? (რესურსი 12, 13)
  • შენი აზრით, რატომ ავადმყოფობს ზოგიერთი ბავშვი ხშირად, ზოგი კი -არა? (რესურსი 14, 15)
  • რას ნიშნავს ჯანმრთელი ადამიანი?
  • ჯანმრთელია თუ არა ბავშვი, რომელიც ავად არ არის, მაგრამ კიბეზე ძლივს ადის?
  • ჯანმრთელია თუ არა ბავშვი, რომელიც დილაობით არ ვარჯიშობს, დადის გაუმართავი, წერს მოხრილი?
  • ჯანმრთელია თუ არა ბავშვი, რომელიც სეირნობის ნაცვლად საათობით ზის ტელევიზორთან, კომპიუტერთან, მერე კი თავის ტკივილს ან ცუდ მხედველობას უჩივის?
  • როგორ ვიყოთ ჯანმრთელები მთელი ცხოვრება?
  • როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას?
  • როგორ დაახასიათებ ჯანმრთელ ადამიანს?

 

როგორ უნდა წარმოაჩინო ბუკლეტის საშუალებით, რა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა?

 

აქტივობები და რესურსები:

აქტივობა 1. მსჯელობა: რატომ უნდა ვჭამოთ ჯანსაღი საკვები?

რესურსი 11. სახელმძღვანელო, § 25-26

აქტივობა 2. ვიდეორგოლის ჩვენება და განხილვა. რესურსი 12. https://www.youtube.com/watch?v=XjU5t4ROjUM

აქტივობა 3 . სავარჯიშოები: 2, 3, 4, 5, 6, რესურსი 13. მოსწავლის რვეული,

I ნაწილი, გვ. 35-36

აქტივობა 4. დისკუსია: როგორ ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით

რესურსი 14. სახელმძღვანელო, § 19

აქტივობა 5. სავარჯიშო 1,2. რესურსი 15. მოსწავლის რვეული, I ნაწილი, გვ. 26

 

შეკითხვები განმავითარებელი შეფასებისთვის:

  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი.
  • აღწერე რა პროდუქტი შექმენი.
  • რა საკითხს შეეხება შენ მიერ მომზადებული დავალება?
  • ახსენი, რატომ შექმენი ბუკლეტი, რისი თქმა გინდოდა მისი საშუალებით?
  • რატომ მიგაჩნია, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ბუკლეტია?
  • შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენ მიერ შესრულებული კომპლექსური დავალებით და რატომ?
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის დროს?
  • რას გააკეთებდი სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • შეგისრულებია მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება?
  • შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი ნაშრომი შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

 

შემოთავაზებული მასალა სარეკომენდაციო ხასიათისაა.

სამიზნე ცოდნის კონსტრუირებისთვის მოცემულია შეკითხვების მაქსიმალური რაოდენობა. მასწავლებელს შეუძლია, ამ პრინციპზე დაყრდნობით, განსხვავებული აქტივობებითა და შერჩეული რესურსებით წარმართოს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, მაგრამ მნიშვნელოვანია, თითოეული ნაბიჯის განხორციელების პროცესში აუცილებლად დასვას სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული დეკლარაციული, პროცედურული და პირობისეული შეკითხვები, იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს სამი კატეგორიის ცოდნის გაერთიანება და უპასუხოს კითხვებს: „რა ვიცი?“ „როგორ შევასრულო?“ „როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?“

როდესაც გრძელვადიან სამიზნე ცნებებზე მუშაობა სწორად გაწერილი ეტაპებით და ნაბიჯებით მიმდინარეობს, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და ხალისით ერთვებიან კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, საგან „მე და საზოგადოების“ გზამკვლევი. (შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტის ნიკო სილაგაძისა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ)
  • „მე და საზოგადოება“ – მე-3 კლასის გრიფირებული სახელმძღვანელო, ავტორი – ნინო ტალახაძე, გამომცემლობა „სიდი“
  • საგან „მე და საზოგადოების“ მე-3 კლასის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული გზამკვლევი. თემა: „ჩემი ოჯახი“. ავტორი – ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნინო ვაშალომიძე

აპლიკაცია – მასწავლებლის ციფრული ასისტენტი

0

სკოლასა და მოსწავლის ოჯახს შორის კომუნიკაცია, სხვებთან ერთად – ციფრული გზითაც, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის სოციალიზაციასა და აკადემიურ წარმატებაზე (პალცი & კალმუსი, 2015).

დღეს სკოლის ელექტრონული მართვის შესაძლებლობა თანამედროვე განათლების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში ელექტრონული ჟურნალი საქართველოშიც ამოქმედდა და ყველა საჯარო სკოლისთვის ხელმისაწვდომია. ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროცესის მართვას უადვილებს, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია:

  • მოსწავლეების ელექტრონული აღრიცხვა და შეფასება;
  • მშობლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების ჩანიშვნა;
  • მოსწავლეების შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება;
  • მოსწავლის შესახებ მშობელსა და მასწავლებელს შორის ინფორმაციის მყისიერი მიმოცვლა;
  • სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებებისთვის თვალყურის დევნება;
  • შვილის შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება.

მრავალფეროვანი შესაძლებლობების მიუხედავად, საქართველოს უამრავ სკოლაში მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების უალტერნატივო (ყველაზე მარტივ და ყველასათვის ხელმისაწვდომ) საკომუნიკაციო სივრცედ კვლავ სოციალური ქსელები მოიზრება. ძალიან ხშირად პედაგოგები ისევ facebook-ის დახურულ ჯგუფებში უზიარებენ მოსწავლეებს საშინაო დავალებებს თუ სასწავლო ელექტრონულ რესურსებს, ბავშვებს კვლავ ასაკისთვის შეუსაბამო საიტებზე შესვლა უწევთ სასწავლო მიზნით, ხოლო მშობლები ისევ ელექტრონული ჟურნალის მიღმა ცდილობენ ბავშვისთვის თუ ბავშვის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებას. საქართველოს საჯარო სკოლებში კომუნიკაციისთვის არც ელექტრონულ ფოსტას იყენებენ აქტიურად, მით უფრო – მოსწავლეთა მშობლებთან ურთიერთობისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს და არასტრუქტურირებულს ხდის ციფრულ თანამშრომლობას.

ჩვენი რეალობის პარალელურად, მრავალი წელია, განვითარებული ქვეყნები უპირატესობას სასკოლო აპლიკაციებს ანიჭებენ.

 

ავსტრიის გამოცდილება

„მასწავლებლის ციფრული ასისტენტი“ – ასე უწოდებენ ავსტრიაში აპლიკაცია SchooFox-ს, რომელიც მშობ­ლე­ბი­სა და სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლობის­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ შეიქმნა და ამ დროისთვის მასში 5000-ზე მე­ტი სკოლაა ჩარ­თუ­ლი. ეს აპლიკაცია სოციალური ქსელის ალტერნატივაა და თავს უყრის ყოველგვარი ტიპის ინფორმაციას. იგეგმება, რომ სამომავლოდ app-ში საბავშვო ბაღებიც ჩაერთვებიან.

რა უპირატესობა აქვს აპლიკაციას?

  • აპლიკაცია სხვადასხვა ენაზე მოქმედებს;
  • ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი;
  • მასწავლებლებს და მშობლებს უზოგავს დროს;
  • უადვილებს დროის მართვას;
  • აქვს ინფორმაციის დაცული არქივის ფუნქცია;
  • დაცულია პერსონალური მონაცემები;
  • იძლევა გადამოწმების საშუალებას, ნახა თუ არა ადრესატმა შეტყობინება ან სხვა რაიმე ტიპის ინფორმაცია;
  • აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია დოკუმენტებისა და ფოტოების გაცვლა. გამოკითხვების ჩატარება;
  • იზოგება ქაღალდი და სხვა რესურსი, რომლის გაფრთხილებაც მნიშვნელოვანია გარემოსთვის (თუმცა სმარტფონებს სჭირდებათ ელექტროენერგია);
  • ამცირებს ბიუროკრატიას;
  • აქვს სასკოლო კალენდრის ეფექტიანად მართვის ფუნქცია;
  • აადვილებს საშინაო დავალებების გადაგზავნას;
  • აპლიკაციით სარგებლობა მარტივი და უფასოა.

როგორც ავსტრიაში განათლების სპეციალისტები ამბობენ, ეს არის მასწავლებლის ციფრული ასისტენტი, რომელიც მალე წარმატებით ჩაანაცვლებს საკლასო კრებებს ან მშობლების დღიურს.

აპლიკაციისთვის ყველა ჩართული პირი იღებს ინდივიდუალურ კოდს, რომლის მეშვეობითაც მართავს სისტემას. ეს აპლიკაცია სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა დაფინანსების ნაწილი ფონდებზე მოდის. თავის მხრივ, განათლების სამინისტრო და კომიტეტები მუდმივად ცდილობენ, თავიანთი მხარდაჭერა დაადასტურონ და აპლიკაციას პოპულარიზება გაუწიონ.

მშობლები შეფასების დროს ხაზს უსვამენ, რომ ეს აპლიკაცია მათ დროს უზოგავს და, ამასთან, ყურადღების მიღმა არაფერი რჩებათ. მასწავლებლები მუდმივად იღებენ უკუკავშირს მშობლებისგან, უფრო სწრაფად ახერხებენ მათთან კომუნიკაციას და ავრცელებენ დავალებებს ბავშვებისთვის, რომლებმაც სკოლა გააცდინეს.

მოსწავლეები (მშობლების სურვილის შემთხვევაში) ასევე ჩართულები არიან აპლიკაციაში, თვალს ადევნებენ თითქმის ყველა პროცესს და პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მასწავლებლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს აპლიკაცია მუდმივად ხელმისაწვდომია და მშობლებს და ბავშვებს სულ თან აქვთ, ისინი პატივს სცემენ მასწავლებლების დროს და ცდილობენ, არასამუშაო საათებში მათთან კონტაქტი არ ჰქონდეთ.

 

ესტონეთის გამოცდილება

მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობის პროცესში ციფრულ კომუნიკაციას ამჯობინებენ ესტონეთშიც. ესტონური სკოლები მეტწილად ორ ვებაპლიკაციას იყენებენ. ესენია eKool და Stuudium.

ამ ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი ინფორმაციის ორგანიზებას ახდენენ. ამ აპლიკაციებით მასწავლებელი უგზავნის მშობლებს შეტყობინებებს, რომლებიც მათი შვილების განათლებას ეხება: საშინაო დავალებები, ნიშნები, მოსწავლის ყოფაქცევა, მასწავლებელთა ჩანაწერები… რაც მთავარია, მშობლებს პირდაპირი კავშირი აქვთ პედაგოგებთან. ესტონელი მასწავლებლების ციფრული კომპტენციები ერთ­-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზეა ევროპულ კონტექსტში. მშობლებთან საკომუნიკაციოდ ისინი იყენებენ eKool-ს, იმეილს, მობილურ კავშირს (ტექსტური შეტყობინება, ზარი). eKool-ის მიმართ მეტწილად დადებითი დამოკიდებულებაა. მშობლები აღნიშნავენ, რომ აპლიკაციაში ეცნობიან სასწავლო მასალებს და ის განსაკუთრებით მაშინაა გამოსადეგი, როდესაც ბავშვს გაკვეთილის გაცდენა უწევს. გარდა ამისა, eKool-ის საშუალებით თვალყურს ადევნებენ მოსწავლის აკადემიურ პროგრესს და შვილებთან განიხილავენ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მასწავლებელსა და მშობელს შორის დიალოგს ხელს უწყობს ელექტრონული ფოსტა. მაგალითად, პედაგოგი აცნობს მშობელს, რით იყო დაკავებული ბავშვი სკოლაში, ხოლო მშობელი წერს ბავშვის საქმიანობაზე სკოლის მიღმა.

კომუნიკაცია ხდება უმთავრესად დამრიგებლის, მასწავლებლის და ზოგჯერ დირექტორის მხრიდან. გამოიყენება ელექტრონული დღიური, ელექტრონული ფოსტა, ზოგიერთი პედაგოგი ურეკავს მშობლებს, ზოგს კი წერილობითი კომუნიკაცია ურჩევნია. მშობელს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, შეხვედრის დრო და კომუნიკაციის ქსელი აირჩიოს, ეს დამოკიდებულია ურთიერთშეთანხმებაზე. სასწავლო დაწესებულებები მზად არიან უკუკავშირის მისაღებად და შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

 

ამერიკის გამოცდილება

აშშ-ს სკოლები მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ მშობლებთან თანამშრომლობისთვის.  ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მშობლები იღებენ ინფორმაციას მასწავლებლებთან კომუნიკაციის გზებისა და ფორმების შესახებ. მასწავლებელთან ინტენსიური და ყოველდღიური კომუნიკაციისათვის გამოიყენება სხვადასხვა აპლიკაცია, ელექტრონული ფოსტა და სკოლების მიერ შექმნილი სპეციალური პორტალი, სადაც მშობლებს საკუთარი ანგარიში აქვთ. მშობელი ამ პორტალის საშუალებით, გარდა იმისა, რომ უკავშირდება სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებელს, თვალს ადევნებს შვილის აკადემიურ მოსწრებას, ყოველდღიურად მიღებულ ნიშნებს, შესრულებულ დავალებებს, ეცნობა მასწავლებლის დახასიათებებს, შენიშვნებს, რეკომენდაციებს, იღებს ინფორმაციას შესასრულებელი დავალებების შესახებ. ასეთი პორტალი ყველა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. საოლქო სკოლები იყენებენ სპეციალურ ონლაინ აპლიკაციას, რომელზეც პირადი ანგარიში აქვს თითოეული მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. აღნიშნულ პლატფორმაზე მშობლები ნებისმიერ დროს ამოწმებენ შვილების აკადემიურ მოსწრებას, ყოველდღიურად მიღებულ შეფასებებს, დავალებებს, მიღწევებს, ასევე საშუალება აქვთ, დაუკავშირდნენ მასწავლებლებს და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ მათთან. მშობელთა ინფორმირებისთვის სკოლა იყენებს SCHOOL MESSENGER სისტემას. ეს არის Online აპლიკაცია, რომელშიც მშობელი თავად ირჩევს, რა სახით სურს სკოლისაგან ინფორმაციის მიღება, მოკლე ტექსტური შეტყობინებები იქნება ეს, ხმოვანი შეტყობინებები თუ სხვა. სკოლა მშობელს უგზავნის ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

როგორც ხედავთ, მშობელს მინიმალური ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული შვილის მდგომარეობის, მიღწევების და, საზოგადოდ, სასკოლო ცხოვრების შესახებ.

კომუნიკაციის საშუალებები მაქსიმალურად მრავალფეროვანია და არც ერთი კატეგორიის მშობელი არ რჩება სიახლეების მიღმა. აღსანიშნავია, რომ სკოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლების დროულად და წინსწრებით ინფორმირებას, რადგან ითვალისწინებენ მათი დროის დეფიციტს და ამცირებენ რისკს, რომ მშობლებმა დროის უქონლობის გამო უარი თქვან ამა თუ იმ მიმართულებით ჩართულობაზე.

განვითარებულ ქვეყნებში სკოლები ზრუნავენ და ხელს უწყობენ მშობელთა ინფორმირებისა და ჩართულობის ზრდას, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე.

შანხაი – დასავლეთის სარკმელი ჩინეთში -ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

0

მეორე ნაწილი

„შანხაის აღზევება ან დაცემა ნიშნავს მთელი ერის დაბადებას ან სიკვდილს“.

ჩან კაი-ში (1887-1975, ჩინეთის გომინდანის მთავრობის პროეზიდენტი, ტაივანის ჩინეთის რესპუბლიკის ყოფილი მეთაური)

 

შანხაის დახასიათებისას სინოლოგები ხშირად აღნიშნავენ მხოლოდ შანხაის მცხოვრებთათვის დამახასიათებელ „შანხაის სულს“, კერძოდ, შანხაიელების ერთგვარად ქედმაღლურ დამოკიდებულებას სხვებისადმი. ეს ის ქედმაღლობა არ გეგონოთ, როდესაც მედიდურობ ან არავის იკარებ. ეს უფრო, როგორც ჩინელი სწავლულები წერენ, „ბრიტანულ“ ქედმაღლობას ჰგავს, როდესაც ადამიანები მათდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ითხოვენ, რაც ჩინურ ვერსიაში გულისხმობს იმას, რომ შანხაიელი არ არის ჩვეულებრივი ჩინელი. შანხაიელი არ შეიძლება აგერიოთ პეკინის მცხოვრებში, შანხაიელი მხოლოდ შანხაიელია. ეს იგრძნობა, როგორც ამბობენ, შანხაის უნივერსიტეტებშიც, სადაც იქ ჩამსვლელს პირდაპირ შთააგონებენ, რომ ეს ელიტური ადგილია და უნივერსიტეტიც ელიტურია.

შანხაის უნივერსიტეტებიდან ალბათ უნდა გამოიყოს ფუდანის უნივერსიტეტი, შანხაის უცხო ენათა ინსტიტუტი, შანხაის ძიაო ტონგის უნივერსიტეტი და შანხაის უნივერსიტეტი, რომლებიც მსოფლიო რეიტინგებშიც უმაღლესი განათლების წამყვან სკოლებად ითვლება.

ვინც შანხაიშია ნამყოფი, ვერ იტყვის, რომ ჩინეთი ნახა. არა, მას მხოლოდ შანხაი ექნება ნანახი, რომელიც, მიუხედავად უზარმაზარი ტერიტორიისა, მაინც არ არის „ჩინური“ ქალაქი. ის უფრო გლობალური მეტროპოლიაა, რომელშიც ჩინელები ცხოვრობენ და მთელი მსოფლიოს კორპორაციები „აკეთებენ ფულს“. ნამდვილი ჩინეთი სხვაგვარია. კი, იქაც ნახავთ თანამედროვე ცათამბჯენებს, მინა-ბეტონის ოფისებსა და გიგანტურ სავაჭრო მოლებს, მაგრამ მათ მიღმა, ყველგან, სუპერთანამედროვე შენჟენსა თუ პროვინციულ გუილინში, შეხვდებით ჩინეთის იმ ნაწილს, რომელიც ბავშვობიდან აღბეჭდილა ჩვენს გონებაში – აპრეხილსახურავიან სახლებს, ვიწრო, ალიზით შელესილ ქუჩებს, მწვანეში ჩაძირულ ტბისპირა პარკებსა და მეთევზეთა ვიწრო, წაგრძელებულ ნავებს ზღვისპირა სოფლებსა თუ ქალაქებში. თუ ჩინეთის ნახვა გსურთ, აჯობებს, თავიდანვე განსაზღვროთ თქვენი მოგზაურობა: ან შანხაიში წახვიდეთ და იქ რამდენიმე თვე ან ნახევარი წელი გაატაროთ შანხაის სულისა და ამ ქალაქის დასავლურ-ჩინური ცხოვრების წესის შესაგრძნობად, ან ქვეყნის რომელიმე სხვა ადგილი მოინახულოთ ნამდვილი ჩინეთის გასაცნობად. შანხაი და ჩინეთი, როგორც ამბობენ, ერთი და იგივე არ არის. თუ ჩინეთის დიდი მცოდნე არ ხართ (და ეს უმეტესად ასეა), გაგიჭირდებათ პეკინელის გარჩევა, ვთქვათ, სიჩუანელისგან, მაგრამ შანხაიელს ყველასგან გამოარჩევთ. უპირველესად, ყურადსაღებია ის, რომ შანხაიში ყველაზე ლამაზი გოგონები დაიარებიან – მაღლები, კარგად აწყობილები და სპორტულები. ეს, როგორც ჩინელები ამბობენ, შემთხვევითი არ არის – მრავალი სისხლის შერევის შედეგია. მეორე კი ის გახლავთ, რომ შანხაიელებს ხშირად, სხვებისგან განსხვავებით, ხაზგასმულად ლამაზად აცვიათ. როგორც კომერციული წყაროები გვეუბნებიან, შანხაიში მსოფლიოში ყველაზე მეტი ძვირიანი ბუტიკია და მოდის ყადრიც კარგად ესმით.

მესამე და ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება კი ის გახლავთ, რომ შანხაის მცხოვრებნი თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ. ეს ის ენა არ არის, რომელსაც პეკინში მოისმენთ. ეს დიალექტიც კი არ არის, ეს სხვა ენაა! რა თქმა უნდა, შანხაიელები თავისუფლად გაგიგებენ, თუ მათ პუტუნხუაზე (ჩრდილოურ ჩინურზე) გაესაუბრებით – ეს ტელევიზიისა და რადიოს ენაა, მაგრამ თვითონ ამ ენაზე იშვიათად ლაპარაკობენ. შანხაიელის მოსმენისას (რა კარგადაც უნდა ფლობდე პუტუნხუას) ბევრს ვერაფერს გაიგებთ და არ გაგიკვირდეთ, თუ შანხაიელებმა გაიოცეს, რატომ არ ისწავლეთ ჯერ შანხაის ენა – ვუ.

ჩინური ენების თანამედროვე მდგომარეობაში გასარკვევად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩინეთში ყველაზე გავრცელებული ენები შემდეგია: მანდარინი (პუტუნხუა) – 800 მილიონამდე ადამიანი; სამხრეთული მინი (ტაივანის, ფუძიანის, აღმოსავლეთ გუანდუნისა და კუნძულ ჰაინანის მცხოვრებთა ენა) – 75 მილიონი ადამიანი; ვუ – ე.წ. შანხაიური ენა – 70-75 მილიონი ადამიანი; იუე ან კანტონური, რომელზეც ჰონგ-კონგის, მაკაოს, გუანდუნისა და გუანშის პროვინციებში მცხოვრებნი ლაპარაკობენ – 68-70 მილიონამდე ადამიანი – და ჰაკა, რომლის მატარებელნი მთელ ჩინეთში ცხოვრობენ და რომელზეც ლაპარაკობს ჩინეთის უცხოური აზიური დიასპორის დიდი ნაწილი, სულ 50 მილიონამდე ადამიანი. გარდა ამისა, ჩინეთში არსებობს 50-მდე ოფიციალური ენა, რომლებსაც ეთნიკურ უმცირესობათა ენები ჰქვია. მათ შორის აღსანიშნავია რამდენიმე ჩვენთვის ცნობილი ენა: მონღოლური (ჩინეთის შიდა მონღოლეთში), ტიბეტური (ტიბეტელების ენა ავტონომიურ ოლქში, სინგჰაისა და სიჩუანში), უიღურების ენა (თურქული ჯგუფის ენა არაბული დამწერლობით) და ჟუანგი (ჩრდილოეთ ტაილანდურის მონათესავე ენები და დიალექტები ჩინეთის იუნანისა და გუანშის სამხრეთულ პროვინციებში).

შანხაის კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოაჩნდა – ის ყველაზე სწრაფად გადავიდა „ახალი“, ოცდამეერთზე საუკუნის საბაზრო ეკონომიკურ რელსებზე და სახეც ისე შეიცვალა, რომ მისი შედარება ოთხმოციანი წლების შანხაისთან დღეს უკვე წარმოუდგენელია. ქვემოთ გთავაზობთ ცნობილი სინოლოგის, პროფესორ ალექსანდრ მასლოვის მოგონებას შანხაიში მის პირველ მოგზაურობაზე: „შანხაიში პირველად 1989 წელს ჩავედი. მაშინ ახალი ჩინეთი ჯერ მხოლოდ იბადებოდა. ფორმალურად კი მთელ ჩინეთში უკვე მთელი სისრულით მიმდინარეობდა იქაური ეკონომიკური „პერესტროიკა“. შანხაი იმ დროს გახლდათ ქალაქი, რომელიც სავსე იყო შავ ან მუქ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანებით. იმ დროს იქ სხვა ფერს იშვიათად თუ ნახავდით. ეს იყო ქალაქი, სადაც იმისთვის, რომ ავტობუსი გაჩერებაზე ტროტუარს მიახლოებოდა, კონდუქტორი ფანჯრიდან უკაკუნებდა ავტობუსის კორპუსს, რათა ხალხი გაწეულიყო და მანქანას გაჩერება შესძლებოდა. სატრანსპორტო სიტუაცია მართლაც საშინელი იყო. შანხაი უკვე მაშინ ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გახლდათ, საითაც მთელი ჩინეთიდან მიემართებოდა პროვინციელების უწყვეტი ნაკადი. ეს იმიტომ, რომ შანხაიში უკეთესად იხდიდნენ. ეს გახლდათ ქალაქი, სადაც შეხვდებოდით ქცევის, ინტერესების, სახეების და დიალექტების აბსოლუტურ მრავალფეროვნებას. იმ წლებში შანხაის დღეს უკვე სახელგანთქმული ცათამბჯენები (შანხაი თაუერი – 630 მ, შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი  – 500 მ, ჯინ მაო თაუერი – 420 მ, შანხაის სატელევიზიო ანძა „აღმოსავლეთის მარგალიტი“ – 468 მ) ჯერ მხოლოდ შენდებოდა, ქალაქის ძირითადი შენობები კი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული იაპონური სახლები იყო. ბევრგან შეხვდებოდით გერმანულ შენობებს – მყარად ნაშენებ სამ-ოთხსართულიან სახლებს, ნახევრად დანგრეულ ჩინურ ქოხმახებს და ესპანურ-პორტუგალიურ შენობებს, რომლებსაც დრომ განაჩენი უკვე გამოუტანა – ერთი ძლიერი ქარი და მათ ალბათ ვეღარაფერი უშველიდათ. პირველი, რაც ამის შემხედვარემ გავიფიქრე, ეს იყო: „შენობების ამ მასას როგორ უნდა მოუარო?!“ შანხაის იმდროინდენლი მოსახლეობა ნაკლებად განათლებული იყო და ცუდად ერკვეოდა საერთაშორისო ცხოვრებაში. როდესაც ვუთხარი, რომ „საბჭოთა კავშირიდან“ ვიყავი, აღმოჩნდა, რომ სიტყვათა ეს შეთანხმება კი გაეგონათ, მაგრამ მათი ცოდნა აქ მთავრდებოდა… იმ დროს ძნელი წარმოსადგენი იყო რომ მალე შანხაი განათლების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი გახდებოდა…“

მე შანხაიში ორჯერ მოვხვდი. პირველად – 2007 წელს (ერთ-ერთ სატელევიზიო ბაზრობა-ფესტივალზე), მეორედ – 2012-ში (საერთაშორისო გამოფენაზე). სასტუმრო „მეტროპოლს“, რომელშიც პირველი ჩასვლისას გავჩერდი და შანხაიური „ბუნდის“ (ევროპული კვარტლის) მიდამოებში იდგა, მეორე ჯერზე ვეღარ მივაგენი – ქალაქი ისე შეცვლილიყო, რომ შებინდებისას შანხაის ვიწრო ქუჩების აბლაბუდაში ვეღარ გავბედე მისი ძებნა.

ამ გიგანტურ ქალაქში მოხვედრილს, გამუდმებით გეუფლება შეგრძნება, რომ მას პირველად ხედავ. შრომისმოყვარე ჩინელებს ხუთ წელიწადში ქალაქში უამრავი ახალი შენობა აეგოთ, დამატებითი გზები და ესტაკადები გაეყვანათ და ერთხელ უკვე ნანახი მეგაპოლისის ნახვა თავიდან მომიწია. მაგრამ რას ნახავ?! შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 101 კმ გაიარა! დიახ, ას ერთი! დაახლოებით დიღმიდან ქარელში რომ ჩახვიდე… თანაც, გაითვალისწინეთ, ქალაქი ამ სასტუმროსთან არ მთავრდება. პირიქით, სასტუმრო „მეტროპოლი“ შუაგულ შანხაიში დგას და მის მიღმა ქალქის მეორე, დასავლეთი ნაწილია გადაშლილი…

შანხაიში ყოფნისას ბევრს ვეცადე, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება, თბილისიდან ზესტაფონამდე მანძილზე ერთი ქალაქი იყოს გაშენებული.

რატომ უნდა ვიცოდეთ ფიზიკა

0

ამოცანა 1 (3). გვაქვს სხვადასხვა ფორმის (საოჯახო) ჭურჭელი. ვიპოვოთ მისი მოცულობა.

მათემატიკის მეთოდი. თუ ჭურჭელს აქვს რომელიმე წესიერი სივრცითი გეომეტრიული ფიგურის ფორმა, მაშინ მისი მოცულობის გაგება შესაძლებელია მეტრული გაზომვებით.

იხილეთ სტატაია ვრცლად :

რატომ უნდა ვიცოდე ფიზიკა

რა არის ეპიგენეტიკა?

0

ეპიგენეტიკა ბიოლოგიის მიმართულებაა. მისი შესწავლის საგანია გარემოსა (საკვები, ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა) და ქცევის გავლენა გენების გამოვლენაზე (ექსპრესიაზე). უჯრედის მემბრანებზე უამრავი რეცეპტორია. მათი ქცევა ჰგავს სატელიტის ქცევას და ინფორმაციას სიგნალების სახით უგზავნიან ერთმანეთს. უჯრედები პასუხობენ მიღებულ ინფორმაციას. მაგალითად, სისხლში ინსულინი მაშინ გამოთავისუფლდება, როცა გლუკოზის კონცენტრაცია მაღალია. უჯრედები მრავლდებიან მაშინ, როცა ბევრი უჯრედი კვდება და მათი რიცხვი შემცირებულია. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ უჯრედის კონტროლის ცენტრი მემბრანაა და არა ბირთვი, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვი შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას. ასე რომ, შესაძლოა გვქონდეს გენი, მაგრამ თუ უჯრედი შესაბამის სიგნალს არ მიიღებს (არ მოხდება ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია), გენი გამორთული დარჩება. ადამიანის ორგანიზმში არსებობენ ონკოგენები, მაგრამ შესაძლოა ადამიანმა ისე იცხოვროს, რომ მისი მოქმედება საერთოდ არ გამოვლინდეს. გენების ექსპრესიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესი. მოზარდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დიეტა, თამბაქოს მოხმარება, ენერგეტიკული სასმელები, ზოგჯერ ალკოჰოლიც. გაკვეთილებზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მათი მავნებლობის შესახებ. წარმოგიდგენთ ერთ-ერთი გაკვეთილის გეგმას, სადაც მოსწავლე გარემოს გავლენას იდენტური ტყუპების მაგალითზე შეისწავლის.

გაკვეთილის მოკლევადიანი მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ეპიგენეტიკის შესახებ. გაიაზრებენ გარემოს როლს ადამიანის გენომის პასუხზე.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დიეტის, სტრესორების, ფიზიკური აქტივობების, ტოქსინების გავლენას გენების ექსპრესიაზე.

საკვანძო შეკითხვა: ცნობილია, რომ იდენტური ტყუპების დნმ აბსოლუტურად ერთნაირია. დროთა განმავლობაში ისინი ფიზიკურად განსხვავებული ხდებიან. რატომ? იდენტური ტყუპების განსხვავებულობის მიზეზი ეპიგენომია.

 იდენტური ტყუპები, მარკ და სკოტ კელები ასტრონავტები არიან. ორივემ გარკვეული დრო გაატარა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში. სკოტმა უფრო მეტი – ერთი წელი. ტყუპების შემთხვევა საუკეთესო შესაძლებლობა იყო გენების გამოვლენაზე გარემოს გავლენის შესასწავლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა გავლენას ახდენს უწონობა დნმ-სა და გენების ექსპრესიაზე.

 

აქტივობა 1: მოსწავლეებს გააცანით ინფორმაცია ნასას ტყუპების შესახებ

 

ტელომერები: ქრომოსომის ბოლოებზე არსებული დნმ-ისა და ცილის კომპლექსია, რომლის მიზანია ქრომოსომების შეწებების თავიდან აცილება. ყოველი რეპლიკაციის შემდეგ ტელომერები მოკლდება. აღმოჩნდა, რომ ცხოვრების წესი, საკვები, სტრესი გავლენას ახდენს ტელომერების დამოკლების სიჩქარეზე. სკოტის ტელომერების სიგრძის ცვლილების სიჩქარე შეიცვალა ფრენის დროს და დაშვებიდან რამდენიმე დღეში. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გრძელვადიანი რისკების შესამცირებლად.

იმუნიტეტი: სკოტმა გაიკეთა გრიპის სამი ვაქცინა. ორი დედამიწაზე (გამგზავრებამდე და ჩამოსვლის შემდეგ) და ერთი კოსმოსურ სადგურში. სამივე შემთხვევაში სკოტის ორგანიზმი სათანადოდ რეაგირებდა ვაქცინაზე. ამით მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია კოსმოსში, ხანგრძლივი ექსპედიციების შემთხვევაში.

გენების ექსპრესია: ცვლილებები გამოვლინდა გენების ექსპრესიაშიც. მარკის გენების გამოვლენაშიც მოხდა ცვლილება, თუმცა ისე არა, როგორც სკოტის შემთხვევაში. ცვლილებების 91.3% საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა დედამიწაზე დაბრუნებიდან მოკლე პერიოდში.

კოგნიტური უნარები: რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სკოტის შემეცნებითი უნარები (სიფხიზლე, სივრცეში ორიენტაცია, ემოციების აღქმა) ძირითადად უცვლელი დარჩა. რეაქციის დროისა და სიზუსტის შემცირება გამოვლინდა დედამიწაზე დაშვებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ვარაუდობენ, რომ ეს გრავიტაციასთან ადაპტაციის შედეგია.

ბიოქიმია: ფრენის დროს მისი სხეულის მასა შემცირდა 7%-ით. სავარაუდოდ, ეს გამოიწვია ვარჯიშმა და კალორიებით კვებამ. ის იღებდა 30%-ით ნაკლებ კალორიას, ვიდრე მკვლევრები ვარაუდობენ. მისი ძვლების განახლება უფრო სწრაფად ხდებოდა პირველი ექვსი თვის განმავლობაში, რადგან ნაკლებს ვარჯიშობდა. ფრენის წინ მის სისხლში დაბალი იყო ფოლიუმის მჟავას კონცენტრაცია, ფრენისას კი მისი რაოდენობა გაიზარდა. სავარაუდოდ, ეს საკვებთან იყო დაკავშირებული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ არსებობს კავშირი ფოლიუმის მჟავას რაოდენობასა და ტელომერების სიგრძის ცვლილების დინამიკას შორის. ეს კი ადასტურებს იმას, რომ კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კოსმოსშიც და დედამიწაზეც.

მიკროფლორა: ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაზე მიუთითებს ჯანმრთელი და მრავალფეროვანი მიკროფლორა. სკოტის ნაწლავების მიკროფლორა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ფრენის დროს და ფრენის შემდეგ. სავარაუდოდ, ეს გაყინულ საკვებთან არის კავშირში.

მეტაბოლიზმი: არტერიის კედლის შიდა ზედაპირებზე დაგროვდა ქოლესტერინი. ეს დადასტურდა ულტრაბგერითი გამოკვლევებითა და სისხლისა და შარდის ანალიზით.

 

ეპიგენომი: გავლენა დნმ-ის მეთილირებაზე – სკოტის და მარკის დნმ-ის ცვლილება მსგავსი იყო, თუმცა სკოტის დნმ-მა ცვლილება მისიის მეორე ნახევარში განიცადა. ამით მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ხანმოკლე მისიები დნმ-ის მეთილირებაზე გავლენას არ ახდენს. სისხლის თეთრ უჯრედებში აღმოჩენილია გენები, რომელთა მეთილირება გაძლიერდა ფრენის დროს, დედამიწაზე დაბრუნებისას კი დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. ეს რეგიონები განსხვავდება მარკის დნმ-ის მეთილირებული რეგიონებისგან.

 

 

აქტივობა 2: შეუსაბამე ტერმინი აღწერილობას; მოსწავლეები იმუშავებენ სამუშაო ფურცელ N 1-ზე. შეგიძლიათ ისარგებლოთ პასუხების ფურცლით.

აქტივობა 3: კლასი დაყავით ორ ჯგუფად. მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ წარმოადგენს ტყუპის ცალს და მეორე ჯგუფიდან უნდა მოძებნოს მეორე ტყუპი. ამისთვის მოსწავლეები შეავსებენ სამუშაო ფურცელ N 2-ს. აქტივობის ბოლოს წარდგებიან წყვილები. გააკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას. დაასაბუთებენ ცხოვრების წესის მნიშვნელობას გენების ექსპრესიაზე.

აქტივობა 4: აქტივობების ბოლოს მოსწავლეები შექმნიან სლოგანებს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით და გააკეთებენ გამოფენას სკოლის დერეფნებში.

 

 

 

 

 

 

 

როგორ ვუშველოთ მოსწავლის შფოთვას

0

( რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია)

 

მეცადინეობის დროს შფოთვა ბავშვებში ძალიან ხშირია, ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, იქნებ მეტისმეტად ბევრს ვითხოვთ ბავშვისგან? იქნებ შეცდომების შიში ჩვენ ჩავაგონეთ? იქნებ თვითშეფასების პრობლემა აქვს. დღემდე არ ვიცი, რატომ ნერვიულობს ასე ჩემი შვილი, გიორგი, წერითი დავალების შესრულებისას, რატომ განიცდის პატარა გადაცდომასაც კი.

ერთი შეცდომა თუ დაუშვა, დავალების დასრულების მოტივაცია საერთოდ უქრება. თითქოს არასდროს მომითხოვია მისთვის იდეალურობა, საუკეთესოდ და უშეცდომოდ წერა, თითქოს ყველა მის აქტივობას ვაქებ და ვაფასებ.  მგონია, კარგად ვიქცევი, მაგრამ…

მოკლედ, მიზეზების ძიება შორს წამიყვანს. ახლა ამ შფოთვის უბრალო, ადვილი წამლის გაზიარებას ვაპირებ, ზოგჯერ საიდუმლო უფრო მარტივია, ვიდრე წარმოვიდგენთ:

ეს ჩვეულებრივი, უბრალო კალამია, რომელსაც წაშლის ფუნქციაც აქვს. თურმე ჯადოსნურიცაა,  უცებ აგვარებს პრობლემას, აღარც შეცდომის შიშია და აღარც უსასრულო ზეგისთვის გადადებული დავალებები. გიორგი დამშვიდდა და  წერისგან სიამოვნებასაც იღებს. ასეა, ყოფით დეტალებს დააკვირდით, სწორედ დეტალებშია დამალული ცხოვრების მთავარი საიდუმლო.

 

2.

იქნებ იმიტომ შფოთავს, რომ გაგება უჭირს? იქნებ ამიტომაცაა მეცადინეობა მისთვის  ასეთი სტრესული? იქნებ გაამარტივებამ უშველოს? ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით აუტიზმის სპექტრის დროს, ძალიან სასარგებლოა დაკონკრეტება, ვიზუალიზაცია, ილუსტრაციის, კოგნიტური რუკის, ფორმულის, ნახაზის შექმნა. არასდროს დაიზაროთ, დახატეთ მათემატიკისა თუ ფიზიკის ამოცანა, მოთხრობა თუ ისტორიის პარაგრაფი, რომელიმე საკითხი ბუნებაში თუ ექსპერიმენტი, ყოველთვის შედეგიანია!

 

ის, რაც თქვენთვის შეიძლება სულ არ იყოს პრობლემური, ბავშვისთვის ძალიან დიდი შფოთვისა და სტრესის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ უთხარით, რომ ერთი საათის განმავლობაში უნდა წაიკითხოთ, ყოველი ზედმეტი წუთი გააღიზიანებს მას. თუ უთხარით, რომ ახლა ქართულის სამეცადინოდ ჯდებით, არ დააწერინოთ მას მათემატიკა და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.  ასევე, თუ შემთხვევით ადრე დაასრულა მეცადინეობა, ნუ დაუმატებთ ახალ მასალას. დაე,  როგორც უნდა ისე გამოიყენოს, თავისუფალი დრო, რომელიც მოიპოვა.

 

  1. მშვიდად ხართ, როცა ბევრი სამუშაო გაქვთ? როცა დედლაინები გახრჩობთ, ყველაფრის მოსწრებას ცდილობთ და ვერ ახერხებთ? არც ისე, ხომ მართალია?

ახლა წარმოდგინეთ, რომ თქვენი მხრები კიდევ უფრო სუსტია, კონცენტრაცია გიჭირთ, მეგობრებთან თამაშს ეშურებით, ისედაც სამსახურში  დაიღალეთ. კარგით, სამსახურში არა, სკოლაში.

მოკლედ, ბავშვი ხართ, რომელსაც უამრავი სამეცადინო აქვს, დრო კი- ცოტა. არადა, დავალების გარეშე სკოლაში მისვლის უფლებას თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობაა არ მოგცემთ. მოკლედ, შფოთავთ, ვერ ისვენებთ, დაძინება გიჭირთ.

სასკოლო შფოთვის მიზეზი შეიძლება დიდი მოცულობის საშინაო დავალებაც იყოს. ამიტომ მასწავლებლებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ.

 

 

 

საინტერესო და სახალისო რესურსი- შეიძლება ზაფხული ზამთარში იყოს?

0

საგანმანათლებლო ვებგვერდზე „გააციფრულე სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ (https://school.emis.ge/) განთავსებულია დამხმარე ელექტრონული რესურსები, რომლებიც შექმნილია I-VI კლასების სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.

ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად. რესურსები მოიცავს სხვადასხვა თამაშს და სახალისო აქტივობას.

ვებგვერდზე ჩაშენებულია ჩეთბოტის ფანჯარა. მისი დახმარებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ გაესაუბრონ ხელოვნურ ინტელექტს, დასვან კითხვები რესურსების თემატიკაზე და მიიღონ პასუხები.

მსურს, გაგიზიაროთ საინტერესო და სახალისო რესურსი „შეიძლება ზაფხული ზამთარში იყოს?“

https://school.emis.ge/Nature-Lessons/N-1366-05-2.html

ანა და დათო ესაუბრებიან მეგობარს, მარის, რომელიც ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად. საუბრის დროს აღმოაჩენენ, რომ საქართველოში შემოდგომაა, ავსტრალიაში კი ცხელა, ზაფხულის არდადეგები იწყება. ბავშვების გაოცებას საზღვარი არა აქვს. დასახმარებლად მიმართავენ მეგობარ კომპიუტერს, „კოტიკოს“, რომელიც ბავშვებს სთავაზობს, წელიწადის დროების ცვლილების მიზეზები გამოიკვლიონ.

კვლევის სქემა ამგვარია:

  1. კითხვის დასმა.
  2. ვარაუდის გამოთქმა.
  3. პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვა, ჩატარება, დაკვირვება და აღწერა.
  4. მიღებულ შედეგებზე დაფიქრება და დასკვნის გამოტანა.
  5. შევადაროთ ჩვენს ვარაუდს.
  6. გავუზიაროთ მეგობრებს.

კითხვის დასმა:

– რატომ არის ავსტრალიაში ზაფხული, ჩვენთან კი ზამთარი?

– წელიწადის დრო დამოკიდებულია მზის სითბოზე.

 

ვარაუდის გამოთქმა:

– ანა, ვფიქრობ, ზამთარში მზის სითბო უფრო ნაკლებია, ხოლო ზაფხულში – მეტი.

– მზე ხომ ვარსკვლავია! ის სულ ერთნაირად ასხივებს.

– დიახ, მაგრამ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, გახსოვთ? იქნებ სწორედ აქ არის პასუხი!

– გირჩევთ, ექსპერიმენტები და დაკვირვება დედამიწის მოდელზე ჩაატაროთ.

– რა ნაბიჯებისგან შედგება კვლევა, კოტიკო?

– კვლევის დროს ჩვენ ვსვამთ კითხვებს და ვეძებთ პასუხებს. ჯერ გამოვთქვამთ ვარაუდებს, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო პრობლემის მიზეზი. შემდეგ შევეცდებით, გამოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხი. გამოძიების შედეგებზე დავფიქრდებით და გამოვიტანთ დასკვნას.

 

პრაქტიკული სავარჯიშოები

იპოვეთ, სად შეიძლება ჩასვათ კვლევის სამი ნაბიჯი:

 

სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ფრაზა: „ყოჩაღ, სავარჯიშო შესრულებულია!“

სავარჯიშო: მზის სითბოს გავრცელებისა და დედამიწის მოძრაობის კვლევა.

მოსწავლეები აკვირდებიან დედამიწის მოძრაობის გზებს მზის გარშემო, ამოწმებენ, ნახაზებიდან რომელი შეესაბამება მათ ვარაუდს და შერჩეულ პატარა წრეზე აწკაპებენ მაუსის ღილაკს. სწორი პასუხის შემთხვევაში წრე გამწვანდება.

 

– კოტიკო, მივხვდით! თუ დედამიწა ასე მოძრაობს, გამოდის, რომ როცა ახლოს არის მზესთან, მაშინ ზაფხულია, როცა შორს – მაშინ ზამთარი! გამოვიცანით!

– საინტერესოა, თქვენი მეგობრები რას იტყოდნენ?

 

სავარჯიშო: შენ როგორ ფიქრობ, სწორია თუ არა, ანასა და დათოს მიგნება?

სავარჯიშოს სწორად შესრულების შემდეგ მოსწავლეები ხვდებიან, რომ დათო და ანა სწორად არ ფიქრობენ.

 

– ვაი, დავიბენით, ეგ როგორ?

– როცა მზისგან შორს არის, მაშინ არის ზაფხულიც და ზამთარიც დედამიწაზე?

– დაფიქრდით! დედამიწის დაშორება არ ყოფილა მთავარი!

– კოტიკო, დედამიწა ხომ თავის გარშემოც ბრუნავს?

– ნამდვილად ასეა, ამიტომაც გვაქვს დღე და ღამე.

– კოტიკო, რის გარშემო ბრუნავს დედამიწა?

 

სიტყვა „ღერძზე“ დაწკაპებისთანავე ეკრანზე ჩნდება დამატებითი მასალა:

დედამიწის ღერძი

  • ღერძს უწოდებენ პირობით ხაზს, რომელიც აერთებს დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს.
  • სწორედ ამ ხაზის გარშემო ბრუნავს დედამიწა ბზრიალასავით.

დავალება: იპოვეთ სიმულაციით დედამიწის ისეთი მდგომარეობა, როცა მარის უფრო სცხელა, ვიდრე დათოს და ანას და პირიქით.

დააკვირდით დედამიწის ღერძს და დაფიქრდით: თუ მზის სითბოზეა დამოკიდებული ზამთარი და ზაფხული, როგორ უნდა იდგეს დედამიწა, რომ მისი ერთი ნაწილი უფრო მეტ სითბოს იღებდეს, ვიდრე მეორე?

მაუსის ღილაკისა და პატარა წრის მოძრაობით მოსწავლეებს შეუძლიათ სიმულაციური ამოცანის შესრულება.

 

დასკვნა: საქმე დედამიწის მდგომარეობაშია.

– ვიპოვეთ! დედამიწის ღერძია დახრილი. ამიტომ ახლა ჩვენთან, ჩრდილოეთში, მზე ნაკლებად გვათბობს, მარიამთან, სამხრეთში, კი ცხელა.

– გეთანხმებით და თქვენ მზად ხართ, წელიწადის ყველა დროის მოდელი შექმნათ.

გახსოვთ მზისა და დედამიწის ურთიერთგანლაგება? ეს მოდელის შექმნაში დაგეხმარებათ.

 

ვარაუდთან შედარება

წელიწადის დროების ცვლილების მოდელი.

დავალება: მოცემული ნახატებიდან ააწყვე წელიწადის დროების ცვლილების სქემა, რომელიც ახსნის ბავშვების მიერ წამოჭრილ პრობლემას.

როგორ იცვლება სეზონები და რატომ არის ერთდროულად ზამთარი და ზაფხული დედამიწის სხვადასხვა ადგილას?

 

გაზიარება – „სულ არდადეგების“ კალენდრის შექმნა.

შეადგინეთ სხვადასხვა ქვეყანაში თქვენი მოგზაურობის კალენდარი ისე, რომ სულ ზაფხულში ხვდებოდეთ.

გააკეთეთ მონიშვნები კალენდარში.

 

დამხმარე ელექტრონული რესურსი-თამაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დისტანციური სწავლების პროცესში, თუმცა მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება პირისპირ სწავლა-სწავლების დროსაც, რადგან კომპიუტერულ ოთახში ჩატარებული გაკვეთილები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. იმავდროულად, ამ ტიპის გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

 

გამოყენებული რესურსები:

ელექტრონული საგანმანათლებლო ვებგვერდი: https://school.emis.ge/ „გააციფრულე სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ (იდეის ავტორი – სანდრო ასათიანი, რედაქტორი – გიორგი ლომსაძე)

ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდი“ – კლასის საკითხავი წიგნი

0

აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა რვა წლის ბიჭმა მკითხა, შენი აზრით, ყვითელ პეპელას თუ დაინახავ, როგორი ზაფხული გექნებაო. გაბრიელმა „ჯადოქრის ქუდი“ ჩემს წიგნებში აღმოაჩინა, ილუსტრაციებს გადახედა და კითხვა დაიწყო. პასუხად ვარაუდები გამოვთქვი, მაგრამ ჩემი ბიჭი მრავლისმეტყველად იღიმოდა და დუმდა. წაიკითხე და გაიგებო, მიპასუხა. უკვე მესამე თავს ეჭიდავებოდა, კითხვა რომ დავიწყე. ვიფიქრე, გაბრიელისთვისაც სტიმული იქნებოდა, დედა რომ ამავე წიგნს წაიკითხავდა, თან შეკითხვა ყვითელი პეპლის შესახებ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის. ასე დავიწყე „ჯადოქრის ქუდის“ კითხვა და ვეღარ მოვწყდი. ყვითელი პეპლის სიმბოლოსაც მალე მივაგენი და მასწავლებლური ალღოთი მივხვდი, რომ „ჯადოქრის ქუდი“ ბავშვებისთვის საინტერესო საკითხავი იქნებოდა. წიგნის კითხვისას ბევრი იდეა დამებადა, შემდეგ ჩემს მესამეკლასელებსაც საკითხავ წიგნად შევთავაზე და ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიმიღია.

მასწავლებლები ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ეს წიგნი, ვფიქრობ, თქვენც აღგიძრავთ კითხვის სურვილს და გიბიძგებთ, რომ „ჯადოქრის ქუდთან“ ერთად სასკოლო ცხოვრება გაიხალისოთ.

ტუვე იანსონი ფინელი მწერალია. დაიბადა ფინეთის იმ ნაწილში, რომელიც შვედეთს ესაზღვრება. ადრე აქ შვედები დასახლებულან და ახლა ფინეთის მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. მწერალს გვარიც შვედური აქვს. ტუვე იანსონი შვედურად წერდა. მან გამოიგონა მუმინების საოცარი, გამორჩეული სამყარო და ილუსტრაციებსაც თავად ხატავდა.

მუმინების ხეობაში დგას სახლი, რომელშიც დედა და მამა მუმინები შვილთან, მუმინტროლთან,  ერთად ცხოვრობენ. მათი კარი სტუმრებისთვის მუდამ ღიაა. სწორედ გულღია მასპინძლობის გამო მიდიან და მათთან საცხოვრებლად რჩებიან ჰემული, ფრეკენ სნორკი და მისი ძმა – სნორკი, სნიფი, ონდატრა, სნუსმუმრიკი, ტოფსლა და ვიფსლა…

მუმინები ზამთრობით იძინებენ, გაზაფხულის დადგომისთანავე იღვიძებენ და ზამთრისპირამდე მღელვარე თავგადასავლებში ეხვევიან. მუმინები ხასიათითა და ქცევით ადამიანებს ჰგვანან და თითოეულ მათგანში ადვილად გააიგივებთ საკუთარ თავს, კარის მეზობელს, შვილსა თუ დედას. მათი ღირებულებები იმდენად დასაფასებელია, რომ მიბაძვის სურვილი გიჩნდება. პერსონაჟების სიმრავლე თავბრუდამხვევია, მაგრამ სიუჟეტის დინამიკურობის ფონზე მკითხველი სირთულეს ადვილად უმკლავდება. მე და ჩემი ბიჭი დიდხანს ვიკვლევდით, ვინ იყო მუმინტროლისთვის სნიფი ან ჰემული. სწორი პასუხების ძიება წიგნთან  გვაბრუნებს.

 

მშობლებს წიგნი სემესტრის დასაწყისში გავაცანი. იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ახალშობილი და-ძმა ჰყავთ სახლში და მათ მშობლებს სახლიდან გასვლა უჭირთ, წიგნები მოვიმარაგე. მთელი კლასისთვის შევარჩიე განსხვავებული დღიური. პირველი ნაბიჯი ყდის გაფორმება იყო, სახელიც მოვიფიქრეთ – „მე და მუმინები“, შემდეგ იმის შესახებ დაწერეს, რასაც წიგნიდან ელოდებოდნენ. კითხვას რომ დავასრულებთ, გამოთქმულ მოსაზრებებს მივუბრუნდებით.

რჩევის სახით აღვნიშნავ:

  1. ჩემ მიერ ჩამოთვლილ აქტივობებ მხოლოდ და მხოლოდ საკლასო გარემოში ვასრულებთ, რადგან ბავშვების ნამუშევრებს დამოუკიდებლობა და ინდივიდუალიზმი ეტყობოდეთ. თუკი რამეს ვერ იგებენ, იქვე მეკითხებიან, აზუსტებენ და ისე აგრძელებენ მუშაობას;
  2. ყოველი ინსტრუქცია რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება და მარტივი შესასრულებელია, სანაცვლოდ კი თავისუფალ აზროვნებას, აზრის ჩამოყალიბებას, ფიქრს, წინადადების შედგენას სწავლობენ, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, უვითარდებათ ფანტაზია;
  3. „ჯადოქრის ქუდის“ თითოეული თავი საკმაოდ ვრცელია. ამიტომ სასურველია მშობლის ჩართულობა. სთხოვეთ მათ, კვირის განმავლობაში ხმამაღლა იკითხონ ბავშვებთან ერთად.

 

წიგნის შესავალში ავტორი გვაცნობს, რომ მუმინებს ზამთარში სძინავთ და ამ დროს დაკარგულად სულაც არ მიიჩნევენ, რადგან სიზმრებს ხედავენ. ინსტრუქციაც ამ ეპიზოდს მოვარგე:

  • გაიხსენე შენი ყველაზე უცნაური სიზმარი, აღწერე და დახატე სათანადო ილუსტრაცია.

 

ან ეს:

 

  • წარმოიდგინე, რომ მწერალი ხარ და მთავარ პერსონაჟს სიზმარი უნდა დაასიზმრო. მოიფიქრე უცნაური, საინტერესო ან საშიში ამბავი და დაწერე. დახატე სათანადო ილუსტრაცია.

 

გაზაფხულზე მუმინებთან ერთად ხის სულებს ვეცნობით – „აქა-იქ ტოტებზე ჩამომსხდარიყვნენ და ჩამოშლილ თმას ივარცხნიდნენ…“.  ხის სულების გავლენით, მოსწავლეებს წყარიშდიდა გავაცანი ქართული მითიური გმირებიდან (გამომცემლობა „არტანუჯი“), რომელსაც ვარლამ ჯმუხაძის ულამაზესი ილუსტრაცია ამშვენებს. „წყარიშდიდა – წყლის დედოფალია მეგრულ მითოლოგიაში. იგი მდინარეში ცხოვრობს, თეთრი ტანი და კოჭებამდე თმა აქვს, წელს ქვემოთ კი – ფარფლები“. წყარიშდიდა თევზებს იცავს.

  • მოიფიქრე პერსონაჟი, რომელსაც ექნება გამორჩეული ძალა. დაარქვი სახელი და დახატე. – ასეთი იყო დავალების ინსტრუქცია, რომელიც ხის სულებიდან წყარიშდიდას გაცნობისას დაიბადა.

პერსონაჟთა სიმრავლის გამო, მუმინების სერიის ერთ-ერთმა მთარგმნელმა,  ლიკა ჩაფიძემ, მირჩია ბმული, რომელიც მუმინების ხასიათის გზამკვლევად გამოვიყენე და პერსონაჟებიც სათითაოდ გადმოვიხატე, ამოვჭერი და ბავშვებს გავაცანი.

წიგნის კითხვისთვის კვირაში ერთი დღე და წყვილი გაკვეთილი გამოვყავი. კვირის განმავლობაში ბავშვებს უნდა წაეკითხათ ერთი თავი. აქტივობებიც წაკითხულის მიხედვით შევარჩიე.

უცხო სიტყვებზე დაკვირვება პირველი ეტაპია. კითხვისას მარკირების მეთოდს იყენებენ და მათთვის უცნობ სიტყვებს ხაზავენ.

სიტყვის ლოტო ერთ-ერთი სახალისო და საყვარელი აქტივობაა. წინასწარ ვარჩევ 9 სიტყვას და ცხრილში ვათავსებ. ბარათები რამდენიმე სიტყვით განსხვავდება. თითოეულ მოსწავლეს სიტყვის ბარათს ვურიგებ. ქისიდან, რომელშიც შერჩეული სიტყვებია მოთავსებული, სათითაოდ ვიღებ ერთ სიტყვას და ხმამაღლა ვუკითხავ. გამარჯვებულია ის, ვინც ბარათზე განთავსებული სიტყვებიდან ყველას გადახაზავს.

წიგნის დასაწყისშივე ჩნდება სათაურში გაჟღერებული მთავარი დეტალი – ჯადოქრის ქუდი, რომელსაც ჯადოსნური ძალა აქვს – მასში მოთავსებული ნივთები ფორმას იცვლიან, მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭები ღრუბლებად გადაიქცევა, მდინარე – კომპოტად; ერთხელაც მუმინტროლი დაიმალება მის ქვეშ და ყველაფერი, რაც პატარა აქვს – გაუდიდდება. პირვანდელი სახის დაბრუნებას მხოლოდ დედა შეძლებს. დედა მუმინი სახეზე მოავლებს ხელებს, თვალებში ჩახედავს და იტყვის: „ჩემს პატარა შვილიკოს მაინც ყოველთვის ვიცნობ!“.

  • წარმოიდგინე, რომ ჯადოქრის ქუდი იპოვე, შიგნით ჩაგივარდა რომელიმე ნივთი. მოიფიქრე, ნივთის სახელი და ისიც, რად გადაიქცეოდა იგი. დახატე ილუსტრაცია.

 

  • როგორ გიცნობდა დედა, მუმინტროლივით რომ შეცვლილიყავი?

 

  • წარმოიდგინე, რომ შენც მუმინებთან ერთად შემოსკუპდი ღრუბლებზე. სად წახვიდოდი და ვის ნახავდი?

 

ერთხელ კი მუმინტროლმა მეგობრებთან ერთად ჯადოქრის ქუდში ჭიანჭველალომი გამოამწყვდია, თავზე  „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ დააფარა. ჭიანჭველალომი ზღარბად გადაიქცა, ქუდიდან უცხო სიტყვები წყლის ნაკადს გადმოჰყვა და მთელ ოთახში მიმოეფინა. ამ ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე სიტყვების ამოწერა საბავშვო ატლასიდან და სიტყვებიანი ბარათები დაფასთან მიმოვაბნიეთ, თითქოს ჩვენი საკლასო ოთახი მუმინების სახლი იყო და თითქოს ჩვენთანაც დაცურავდნენ უცხო სიტყვები.

სიტყვათწარმოებაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, მაგალითად, ჭიანჭველალომმა მხიარული აქტივობა მომაფიქრებინა. ჯერ დავაკვირდით ორი სიტყვისგან შედგენილ სიტყვას, შემდეგ დაფაზე დავხატეთ დიდი, ლომისებრი ჭიანჭველა და ინსტრუქციაც გავაცანი:

  • მოიფიქრე სიტყვა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ფრინველისა და ცხოველის, ან მწერისა და ფრინველის, ან თევზისა და ცხოველის სახელები. მიანიჭე განსაკუთრებული ძალა და დახატე სათანადო ილუსტრაცია.

დავალება პატარა ბარათებზე უნდა დაეწერათ. ერთ გაკვეთილზე ყველამ მოასწრო რამდენიმენაბიჯიანი ინსტრუქციისთვის თავის გართმევა, საკუთარი ნაშრომის კლასის წინაშე წარდგენა, უკუკავშირის მიღება და რჩევების გათვალისწინება.

ასე გამოიგონეს ახალი არსებები: ძროხალომი, ცხენირემა, ზღარბირემა, ლომჩიტა, ფუტკარლომი, ვეშაპფუტკარა, ლომმარტორქა, მგელირემა, არწივვეფხვა, ღორპეპელა, დელფინშაშვა, ზღარბჭიანჭველა, დელფინპინგვინა, ლომვეფხვა, ჭიანჭველადათვი.

(ბავშვების ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სკოლის ბლოგზე).

ცხადია, თითოეული აქტივობის შეთავაზებისას თავად ვაჩვენებ, რა როგორ უნდა გააკეთონ, ვფიქრობ, ვიგონებ და ვხატავ. რამდენიმეწამიანი ბიძგი საკმარისია მათი გონებრივი შესაძლებლობების ფეიერვერკად ამოსაფრქვევად.

 

„ჯადოქრის ქუდში“ ერთი პერსონაჟია – ჰემული, რომელიც შემგროვებლობით არის გატაცებული. წიგნის დასაწყისში მარკების კოლექციას ავსებს. მეგობრები მას ახალი ნივთების შეგროვებისკენ უბიძგებენ. ჰემული ბოლოს გადაწყვეტს, რომ ჰერბარიუმისთვის მცენარეები მოაგროვოს. ჰემული ჰერბარიუმში პირველ ნიმუშად Gagea Lutea-ს შეიტანს. რა იცის ჰემულმა, როგორ მიყვარს მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, მწერებისა და ქვების ლათინური სახელწოდებების ძებნა. Google-ში მოვიძიე Gagea Lutea, რომელიც ხახვი აღმოჩნდა. ერთგან ჰემული ჯადვარს დაიგულებს ჰერბარიუმისთვის. ამ ერთმა სიტყვამ მე საიათნოვას ლექსი „შუაღამის ვარსკვლავივით“ გამახსენა. ამ ძიების შესახებ ბავშვებსაც ვუამბობ.

ჰემულმა ნივთების შეგროვებაზე დაგვაფიქრა:

  • რა არის შენი ჰობი? რას შეაგროვებდი? დაწერე ნივთის სახელი და პასუხი დაასაბუთე.

ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს კოლექციებს ერთმანეთს გავაცნობთ. მარკების შექმნაც გადავწყვიტეთ.

  • გამოჭერი საფოსტო მარკა, დახატე შენი საყვარელი პერსონაჟი, მულტფილმის გმირი, ქალაქი, მწერი, ცხოველი…

მარკებმა ხელნაკეთი ღია საფოსტო მარკების შექმნისკენ გვიბიძგა. საჩვენებლად მოსწავლეებს ვთავაზობ ღია საფოსტო ბარათის ნიმუშს. ბარათს ვუგზავნით რომელიმე პერსონაჟს, მაგალითად, მუმინტროლს. ერთ მხარეს ვხატავთ მას, მეორე მხარეს ვწერთ ადრესატისა და ადრესანტის მისამართებს და ვფიქრობთ მოკლე, სხარტ გზავნილზე –  „ჰეი, გულკეთილო მუმინტროლ, გვესტუმრები სკოლაში?“. შემდეგ სათითაოდ ფიქრობენ ღია საფოსტო ბარათის ყველა ნიუანსზე:

  • მოიფიქრე, ვის გაუგზავნი ღია საფოსტო ბარათს. რომელ პერსონაჟს დახატავ? რას მისწერ?

(გაეცანით ბავშვების ნამუშევრებს).

ერთხელაც მუმინები პიკნიკის მოსაწყობად გამოქვაბულში წავლენ. შუაღამისას ქარიშხალი ამოვარდება და დილას ნაპირზე გამორიყულ ნივთებს იპოვიან.

  • წარმოიდგინე, რომ ზღვის ნაპირზე გამორიყული ნივთი იპოვე. მოიფიქრე ერთი განსაკუთრებული ნივთის სახელი და შეუსაბამე ზედსართავი სახელი, მაგალითად, ასე: ბორბალი  – ცისფერი ბორბალი.

ნავის პოვნა და მისთვის სახელის შერჩევაც შესანიშნავი ეპიზოდია სახალისო დავალებისთვის:

  • წარმოიდგინე, რომ ნავი იპოვე. რას დაარქმევდი?

 

იდუმალი გარიელი – ჩემი ვერსიაა. გარიელების შესახებ სტატია წავიკითხე National Geographic-ის ბოლო ნომერში, რომელიც ტაბაწყურის ტბაზე ბინადარ, გადაშენების პირას მყოფ, იხვებს – გარიელებს – ეძღვნებოდა. ცისფერთვალება შავი იხვების შესახებ ინფორმაცია ბავშვების ცნობისმოყვარეობაზე ძლიერად მოქმედებს.

წიგნის ბოლოსკენ ორი პატარა არსება – ტოფსლა და ვიფსლა – ჩნდება. ისინი უცნაურად ლაპარაკობენ – სიტყვებს  სამ ასოს „სლა“-ს ამატებენ. ბავშვებს მთელი გულით უყვარდებათ მოხერხებული ტოფსლა და ვიფსლა, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ კულმინაციასა და კვანძის გახსნაში. ზაფხულზე გაბრიელმა მათი ენა შეისწავლა და „ჯადოქრის ქუდი“ რომ არა, სლა-თი ლაპარაკიც ვერ გაალამაზებდა ჩვენს ყოველდღიურობას. მაშინვე დავიწყეთ ოცნება იმაზე, როგორ ავიყოლიებდით ბავშვებს და განსხვავებულ „ენაზე“ დავიწყებდით საუბარს.

  • დაამატე ყოველ სიტყვას დაბოლოება „სლა“ და ისე ისაუბრე. ჯერ წერილობით სცადე.

კიდევ ბევრი აქტივობის მოფიქრება შეიძლება. „ჯადოქრის ქუდი“ იდეებისთვის ნამდვილი საბადოა. წიგნის ბოლოს მუმინები ხეობაში წვეულებას მართავენ. მამა მუმინი პუნშს ამზადებს, დედა მუმინი ჩვეული მზრუნველობით ფუსფუსებს – მაჭკატებისთვის ცომს აბაზანაში ზელს და სარდაფიდან მურაბების ქილებს ეზიდება. როცა წიგნის კითხვას დავასრულებთ ჩვენც ვიდღესასწაულებთ – ლიტერატურულ კაფეს გავმართავთ, გვექნება ბევრი ტკბილეული, საბავშვო პუნში, ფეიერვერკად კი ჩვენი ემოციები გამოდგება. ლიტერატურულ კაფეში რამდენიმე თვის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაშლილ აქტივობებს კომპლექსურ დავალებებად გადავაქცევთ და  არაფორმალურ გარემოში წარვადგენთ.

 

 

 

 

 

 

„ენი“ – თოვლიანი მხარე

0

ერთ სერიაში „თავცეცხლა რობერსპიერს“ უწოდებენ. სერიალის მთავარ გმირს თითქოს მართლაც ცეცხლი მოსდებია, რაც აიძულებს, მუდმივად ეძებოს გამოსავალი, წარმოუდგენელი წარმოიდგინოს, იფიქროს და ნაფიქრი სიტყვებად დააწყოს – თავისთვისაც და სხვებისთვისაც, ვინც კი იმ კუნძულზე ცხოვრობს.

ზამთრის უძალო მზით განათებული, თოვლით დაფარული სახლები და ეზოები. თვალი სითეთრეს მისჩვევია, ხელი – ყინვაში საქმის კეთებას.

ტყეში მელია დადის და რაღაც სათავისოს ეძებს. ზუსტად ისე, როგორც ეს გოგო – ენი, ხანში შესულმა და-ძმამ რომ იშვილა შორეულ პრინს ედუარდის მიწაზე.

განწირული. უმშობლებო.

კანადური სერიალი „Anne with an E“ 1908 წელს გამოსული რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც საბავშვო ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. კანადელი მწერლის, ლუსი მოდ მონტგომერის „Ann of Green Gables“ – სათაურს უთარგმნელად ვტოვებ, მიუხედავად იმისა, რომ ვარიანტებზე კარგა ხანს ვიფიქრე.

წიგნი არ წამიკითხავს, სერიალი კი ერთმა კარგმა გოგომ მირჩია – მოგეწონებაო. და აი, ის დღეც დადგა, როცა გაზეთის მკითხველის დასარწმუნებლად სიტყვებს ვარჩევ: თოვლიანი პეიზაჟების სილამაზე ერთია და მკაცრი სამყაროს ამბებისა – მეორე.

მოზარდობის გამოცდილება ყოველთვის, ყველა კონტინენტზე გულისხმობს რაღაც ისეთისთვის თვალის გასწორებას, რაც ბევრად უფროსებს და გამოცდილებსაც აშინებს. წესებს სწავლობ – სხვა რა გზაა, მაგრამ გეჩვენება, რომ ისინი არც არაფერში გეხმარება.

გაუძლებს ენი? იპოვის ძალას, რომ გაყინულ მიწაზე სიარული გააგრძელოს?

არა, ზამთარი უსასრულო არ არის, შორეულ კუნძულზეც კი. ის, ვინც ერთ დროს გული გატკინა, შესაძლოა გამორჩეულად საყვარელ ადამიანად გაგიხდეს, რომელსაც შენს უბედურებაზე მოუყვები, გრძნობით სავსე თვალებით შეხედავ. არაფერია ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული. სიმართლე ხაზის აქეთაც არის და იქითაც.

ცეცხლისფერთმიან გოგოს მეგობრები ჰყავს, მელია ჰყავს. ოთახიც აქვს სახურავზე, სადაც გრძელ მონოლოგებს კითხულობს წარმოსახვითი მაყურებლის წინ.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოზარდებზე გადაღებულ სერიალს თვალს ვერ მოვწყვეტდი.

სხვებიც არიან, რომლებსაც ნელ-ნელა დაუახლოვდება. მისი თანატოლები, მასავით თავგზაარეულები. გილბერტი, დაიანა, ჯერი…

სკოლა ისეთია, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელს შეუძლია საცოლე მოსწავლეებიდან შეარჩიოს, გაკვეთილებს შორის ეფეროს და ბოლოს მისი ხელიც სთხოვოს მშობლებს. დიდად არავინ გაიკვირვებს, ჯვრისწერის სამზადისსაც გულმოდგინედ შეუდგებიან.

რაღაც ნიშნით კლასელის ამოჩემება და ჩაგვრაც ჩვეულებრივი ამბავია. განსხვავებული ხარ? – ფასი უნდა გადაიხადო.

მეშინოდა, რომ სერიალის შემქმნელები ცდუნებას ვერ გაუძლებდნენ და უფრო მეტად შეეცდებოდნენ იმის გამოკვეთას, რაც უფრო დღევანდელი სადარდებელია, რაც უცხო და უცნაური იქნებოდა იმ ხანისათვის; ან თანდათანობით გაამარტივებდნენ მთავარი გმირების ყოველდღიურობას და იმ მცდარ დასკვნამდე მიგვიყვანდნენ, რომ ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ. ცხოვრება მაინც მშვენიერია. ნიავმა აყვავებული ხეების სუნი მოიტანა.

რა თქმა უნდა, ხანდახან ენსაც ეხვევა თავბრუ სიხარულისაგან. ამას არ ვგულისხმობ.

ყოველი ახალი სერია იმ ვარაუდს მიმყარებს, რომ არ ავიწყდებათ, საიდან დაიწყეს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სანახავი.

მომწონს, როცა გმირების სიმართლე ჩემი სიმართლეა.

მომწონს, როცა მეუბნებიან: აი, სამყარო და დანარჩენი შენ იცი!

მომწონს, როცა საითაც გაიხედავ, ყველგან თოვლი ბრწყინავს და სახლების საკვამურებიდან ამოსული ბოლი რაღაც უცნაურს ჰყვება.

 

მინაწერი: „ენი“ – ამ სახელით მოძებნეთ ქართულ ვებგვერდებზე.  

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...