ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

სიჯიუტე – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ძნელდ იპოვით ბავშვთან ურთიერთობაში მყოფ და მისი აღზრდით დაკავებულ ადამიანს, რომელიც აღსაზრდელის სიჯიუტის გამოვლინებათა უშუალო მოწმე არ გამხდარა. სიჯიუტე განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება განვითარების კრიტიკულ პერიოდებში, 3-დან 5 და 10-11-დან 15-16 წლამდე. აღნიშნულ პერიოდებში სიჯიუტე „მე“-ს ცნობიერების აღმოცენებას და თვითდამტკიცების, თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას უკავშირდება. არასწორი მიდგომის შემთხვევაში ის შესაძლოა ხასიათის თვისებად ჩამოყალიბდეს და ადამიანის განვითარების ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე იჩინოს თავი.

ბავშვებში სიჯიუტის დასაძლევად, უპირველეს ყოვლისა, მის გამომწვევ მიზეზს უნდა მივაგნოთ.

 

სიჯიუტის მიზეზები

  • აღზრდის ავტორიტარული სტილი და ბავშვის მკაცრი კონტროლი უფროსების მხრიდან – თუ ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები, ზედმეტად მომთხოვნები, ყურადღებას არ მივაქცევთ ბავშვის ინტერესებს, მოთხოვნილებებს, შენიშვნებით, საყვედურებით ავავსებთ და უამრავ აკრძალვას დავუწესებთ მას, აგრესია და სიჯიუტე მისთვის საკუთარი „მე“-ს დაცვის და ემოციური დაძაბულობის მოხსნის ერთადერთი საშუალება გახდება. როდესაც ბავშვი იძულებულია, აკეთოს ის და ისე, როგორც ჩვენ მოვითხოვთ მისგან, მას რჩება ძალიან მცირე სივრცე ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისთვის, მოკლებულია არჩევანის თავისუფლებას, ხმის უფლებას. ვინაიდან არჩევანის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების განვითარებისათვის, როდესაც ბავშვს ვზღუდავთ და არ ვაძლევთ საშუალებას, დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი, ის წინააღმდეგობას უწევს მის პიროვნებაზე „თავდასხმის“ მცდელობას და სიჯიუტით ცდილობს საკუთარი ნების გამოხატვის უფლების დაცვას.
  • ჰიპერმზრუნველობა, ზღვარგადასული მეურვეობა, აღზრდის ზედმეტად რბილი ტაქტიკა – თუ ბავშვს ყველა სურვილს ვუსრულებთ, ის იწყებს მანიპულირებას და ჯიუტობს, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც სურს.
  • უფროსების მიერ ბავშვის ნიჭისა და შესაძლებლობების ექსპლუატაცია – თუ ბავშვს კარგი მუსიკალური სმენა ან ხატვის ნიჭი აქვს და აქტიურად ვზრუნავთ მისი უნარების განვითარებაზე, ზედმეტად ვტვირთავთ პატარას და მოსაწყენ და მოსაბეზრებელ სამუშაოდ ვაქცევთ იმას, რასაც ადრე სიამოვნებით და გატაცებით აკეთებდა, პროტესტის ნიშნად ბავშვი შესაძლოა გაჯიუტდეს და უარი თქვას იმის კეთებაზე, რასაც მისგან მოვითხოვთ.
  • ხშირი კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის და დაძაბული ატმოსფერო იმ გარემოში, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა – ასეთ დროს ბავშვის სიჯიუტე ბუნებრივი რეაქციაა მისთვის ძვირფას ადამიანებს შორის კონფლიქტებზე. ამ გზით ის მათი ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას და მათ შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.
  • ცვლილებები ბავშვის ცხოვრებაში (საცხოვრებელი ადგილის, საბავშვო ბაღის, სკოლის შეცვლა, მშობლების დაშორება) – თუ წინასწარ არ მოვამზადებთ ბავშვს მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, ის შესაძლოა დაითრგუნოს, ისე განიცადოს ცხოვრების ჩვეული წესის დარღვევა, რომ ნებისმიერი ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყოს.
  • უფროსების მიმართ წყენის, ბრაზის გამოხატვის სურვილი – ხშირად სიჯიუტე საუკეთესო საშუალებაა უფროსების მიმართ უკმაყოფილების, ბრაზის, წყენის გამოსახატავად. ამ შემთხვევაში სიჯიუტე შურისძიების იარაღია. ასეთი ქცევა ძალიან კარგად ავლენს პრობლემებს უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობაში.

 

რეკომენდაციები სიჯიუტის დასაძლევად

  • უპირველეს ყოვლისა, ვერიდოთ დაპირისპირებას. არ შეიძლება მოვთხოვოთ პატივისცემა ბავშვს და პატივი არ ვცეთ მას. ვაღიაროთ, რომ ბავშვს აქვს შეცდომის უფლება. კარგი იქნება, თუ ის თავად იგრძნობს თავისი სიჯიუტის არასასიამოვნო შედეგებს. შეცდომების დაშვება და მათი გამოსწორება პიროვნული განვითარების გზაა. ვეცადოთ, დახმარება შევთავაზოთ და არა თავს მოვახვიოთ.
  • მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, მივცეთ საშუალება, თავად, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ შეუძლია, უჩვენოდ აკეთოს რამე, ის კმაყოფილებას იგრძნობს, თავდაჯერება, მიზანდასახულობა, მიზანსწრაფულობა მოემატება, რაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.
  • ვიყოთ მომთმენი. ვერიდოთ ფიზიკური ძალის გამოყენებას, სიმკაცრეს, აკრძალვებს. ნუ დავამცირებთ პატარას და ნუ გავაუფასურებთ მის სურვილებს, მოთხოვნილებებს. ვეცადოთ, შევხედოთ სიტუაციას „ბავშვის თვალით“. ვესაუბროთ მის გრძნობებზე, დავანახოთ, რომ გვესმის მისი – „ვიცი, რომ ნაწყენი ხარ, მეც მემართება ხოლმე ასე, როცა რამე არ გამომდის“.
  • დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიცია; მშრალი აკრძალვები და მოთხოვნები ჯიუტ ბავშვებთან არ ჭრის.
  • მოვაწესრიგოთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, შევქმნათ მშვიდი გარემო. ბავშვის სიჯიუტე როგორც რეაქცია ოჯახურ პრობლემებზე იმის ინდიკატორია, რომ მათ სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება.
  • როგორი დაკავებულიც უნდა ვიყოთ, გამოვყოთ დრო ბავშვთან აქტიური ურთიერთობისთვის. ხშირად იმისთვის ჯიუტობენ, რომ მოუცლელი მშობლების ყურადღება მიიპყრონ. საკმარისია, ბავშვთან მეტი დრო გავატაროთ, რომ მისი ქცევა შესამჩნევად შეიცვლება, თავად ბავშვიც უფრო ღიმილიანი, დამჯერი და გულისხმიერი გახდება.
  • ვერიდოთ გაჯიუტებულ ბავშვთან კონფლიქტს. ამ დროს მასთან კამათი უსარგებლო და უკიდურესად დამქანცველია. ჩხუბით, დაპირისპირებით ბავშვის მორჩილებას ნამდვილად ვერ მივაღწევთ, ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კი გავაუარესებთ.
  • შევუქმნათ ბავშვს არჩევანის ილუზია. თუ ის უარს ამბობს თხოვნის შესრულებაზე, შევთავაზოთ ალტერნატივა. ამასთან, აუცილებელი არ არის, ეს ალტერნატივა რეალური იყოს. მაგალითად: „რა გავაკეთოთ პირველად, ვისადილოთ თუ სათამაშოები დავალაგოთ?“ ამ შემთხვევაში ბავშვი ჩვენს თხოვნას ბრძანებად არ აღიქვამს და მშვიდად შეასრულებს მას.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ბავშვის ჯიუტობა სწორი მართვის პირობებში არც ისეთი საგანგაშოა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. უფრო მეტიც, სიჯიუტე სკოლამდელ პერიოდში ნორმა უფროა, ვიდრე გადახრა. ამდენად, თუ პატარას სიჯიუტე ზიანს არ აყენებს მის ჯანმრთელობას, შეიძლება, მას გარკვეულ საზღვრებში გასაქანიც კი მივცეთ – ამგვარად ის ძლიერი ნებისყოფის, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამიტომ არ ღირს განგაშის ატეხვა; სწორი მიდგომით დროთა განმავლობაში პრობლემა მოგვარდება, ბავშვი თანდათან დაძლევს სიჯიუტეს და კვლავ გამგონი, დამჯერი გახდება.

ფაქტი და მისი აღქმა

0

ფაქტი და მისი ანალიზი, მოვლენა და მისი ინტერპრეტაცია, ტექსტი და მისი მრავალგანზომილებიანი გაგება მნიშვნელოვანი, აუცილებელი უნარებია, რომელიც ყველა საგანმა, მათ შორის, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილმა უნდა განავითაროს.

ამ სტატიაში ორ საინტერესო სავარჯიშოს შემოგთავაზებთ:

 

  1. შეაფასე ერთი ფაქტი სხვადასხვა თვითმხილველის თვალით:

„ერთხელ ასეთი რამ ჩაიდინა: შუა ზაფხულის ცხელ დღეს, დღისით-მზისით,

სახლიდან თოფი გამოიტანა, მივიდა თბილისის მთავარ მოედანზე (ახლანდელ

თავისუფლების მოედანზე) და ლენინის ძეგლს ესროლა“.  – ამონარიდი გურამ რჩეულიშვილის  ბიოგრაფიიდან.

ნაბიჯი 1- წავიკითხოთ და გავაანალიზოთ გურამ რჩეულიშვილის ბიოგრაფია, დროითი და პოლიტიკური კონტექსტი.

დავალება : – შეაფასე მოვლენა სხვადასხვა თვითმხილველის თვალით:

  • თვითმხილველი 1 – ახალგაზრდა სტუდენტი, კითხულობს აკრძალულ ლიტერატურას, ჩუმად უსმენს თანამედროვე მუსიკას, გულში

ოცნებობს დამოუკიდებელ საქართველოზე. – შეფასება

  • თვითმხილველი 2 – პოლიციელი, რომელიც იცავს წესრიგს. –  შეფასება
  • თვითმხილველი 3 – სტუდენტი გოგონა, რომელსაც უყვარს რომანტიკული ლიტერატურა  – შეფასება
  • თვითმხილველი 4 – ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად სეირნობს  –  შეფასება
  • თვითმხილველი 5 – მოქალაქე, რომელიც კომუნისტური პარტიის

მხარდამჭერი – შეფასება

  • თვითმხილველი 6

 – მოიფიქრე, კიდევ ვინ შეიძლება იქ ყოფილიყო?

  • თვითმხილველი 7
  • თვითმხილველი 8
  • თვითმხილველი 9

დავალება 2

  • ამოირჩიე ნებისმიერი თვითმხილველი
  • შეაფასე მოვლენა ამ თვითმხილველის ხედვის წერტილიდან;
  • ზეპირად გადმოეცი, როგორ გადმოსცემდა ესა თუ ის თვითმხილველი ამ ამბავს.
  • ამბავი გადმოეცი პირველ პირში.

 

დავალება 3

როგორ ფიქრობ, რას დაწერდა იმდროინდელი გაზეთი? მაგალითად, „ახალგაზრდა კომუნისტი“?

ფაქტი 2 – ამონარიდი დღიურიდან

გთავაზობთ ერთ ფრაზას ცნობილი ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის დღიურიდან, სადაც ასევე ადამიანის გადარჩენაზეა საუბარი.

„1982 წელი

დღეს ბავშვი გადავარჩინე ზღვაში დახრჩობას. ბედნიერი ვარ!

7 სექტემბერი, ბიჭვინთა“

(ოთარ ჭილაძე, ჩანაწერების წიგნიდან „ცა მიწიდან იწყება“_

დავალება

             როგორც ხედავ, ოთარ ჭილაძე თავის დღიურში სულ ერთი ფრაზით აღწერს

მომხდარ ამბავს, სცადე, აღადგინო იმ დღის ქრონიკა, მე დაგეხმარები:

1. სათაური შეგიძლია ტექსტს თავიდანვე მოუფიქრო ან ბოლოს დაარქვა, მთავარია, რომ იგი მიანიშნებდეს ამბავს, იყოს მოხერხებული და ლაკონიური.
2. აღწერე მოქმედების ადგილი – ზღვა, კურორტი, დამსვენებლები;
3. შეგიძლია მთხრობელი თავად მწერალი, ოთარ ჭილაძე იყოს ან ვინმე სხვა,
თვითმხილველი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს, როგორ გადაარჩინა მწერალმა ბავშვი;
4. შემოიყვანე მთავარი პერსონაჟები – მწერალი და ბავშვი, რა ხნისაა ბავშვი?
რატომ აღმოჩნდა საშიშ ადგილას უფროსების მეთვალყურეობის გარეშე?
იქნებ ცელქია ან მშობლებმა წუთით მოადუნეს ყურადღება? იქნებ მეზობელს
წამოჰყვა ზღვაზე ან უფროს ძმას? რა მოხდა? აღწერე დეტალები;
5. კულმინაციურ ეპიზოდში მოყევი, როგორ გადაეშვა მწერალი წყალში, როგორ
გადაარჩინა ბავშვი;
6. ფინალურ ნაწილში შეგიძლია თვითმხილველების ემოციაც გაგვიზიარო, ან
მშობლების, რომელთა შვილიც მწერალმა გადაარჩინა.

ხეტიალის მოკრძალებული ხიბლის შესახებ

0

რამდენიმე დღის წინ ქალაქგარეთ ყოფნისას, მანქანა გამიფუჭდა და მაღალმთიანი სოფლის შარაგზაზე შევხვდი დაღამებას. დახმარება კარგა ხანს არ მოვიდოდა, ამიტომ მძღოლის სავარძელი გადავწიე და თვლემა ვცადე, მაგრამ რას ჩაიძინებ სიჩუმეში, მოწმენდილი ცის ყურებისას, მარტო?

ბოლოს ვარსკვლავებიანი ცა როდის დავათვალიერე, არ მახსოვს. ბავშვობაში კი ბევრჯერ გამიყოლებია თითი რომელიმე თანავარსკვლავედისთვის და მიცდია ამომეცნო რას ფიქრობს ახლა ადამიანი, რომელიც იმავე ცას უყურებს.

ურბანულ გარემოში მცხოვრებმა ადამიანებმა თითქოს ესთეტიკის შეგრძნება სადღაც დავკარგეთ, უბრალო რაღაცებით აღარ ვოცდებით და ბუნებასთან კავშირი თითქოს სრულიად გაწყდა, არადა, სადღაც ვკითხულობდი კვლევას ჯანმრთელობას, ამაღლებულ გუნება განწყობილებასა და კვირაში სულ მცირე ორსაათიან სეირნობას შორის, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. კვლევის ავტორი (ჟურნალი Scientific Reports, მაისი) ამტკიცებდა, რომ რამდენადაც კარგი ზეგავლენა აქვს ხეტიალს, მცენარეებთან კონტაქტს, თავგადასავლებს, ოფლის წვეთებს შუბლზე და სასიამოვნოდ დაღლილზე ჟანგბადით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვა ზრდასრულებისთვის, ათჯერ უკეთესად მოქმედებს ყველაფერი ეს ბავშვებსა და გარდამტეხი ასაკის მოზარდებზე.

როგორ მივაჩვიოთ ურბანულ გარემოში გაზრდილი შვილი ბუნებასთან სიახლოვეს? რა ვიღონოთ იმისთვის, რათა ჩვენს შორის კონტაქტი სოციალურმა ქსელებმა და ე.წ. „გაჯეტებმა“ არ ჩაანაცვლონ? ამაზე ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი მუშაობს და თავს იმტვრევს.

გთავაზობთ მოკლე რეკომენდაციებს, რაც აპრობირებული და რეკომენდებულია დარგის ექსპერტების მიერ.

ურბანული გასეირნება

იმისთვის, რომ აქტიური ცხოვრების სტილს მივეჩვიოთ, დაიწყეთ შვილთან ერთად სიარული. არ ვგულისხმობ საქმის გამო ფეხით გადაადგილებას, არამედ ეს უფრო მეტად იყოს „ხეტიალი“. საამისოდ, კარგი იქნება თქვენს ქალაქში რომელიმე თქვენთვის ნაკლებად ცნობილ დასახლებას თუ დაათვალიერებთ ხელახლა. ჩვენს ირგვლივ იმდენი ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი ადგილებია, ვერც წარმოვიდგენთ. აქ ნობელს უცხოვრია ცოტა ხნით, იმ ბინაში ვაჟა ფშაველა ქეიფობდა ხოლმე, აგერ ამ ქუჩაზე უიმედოდ შეყვარებულმა ემერიკმა მუნკის მუზად ცნობილი დაგნი სიცოცხლეს გამოასალმა, მუნკი ვინ იყო? მაგას სიარულისას მოგიყვები…

მსგავსი „ხეტიალი“ სიარულის კულტურას აჩვევს ადამიანს და შემდგომ, უფრო გრძელ და რთულ დისტანციებზე სათავგადასავლოდ წასვლაც აღარ ეძნელება.

ბუნებაში გასეირნება

შემდეგი ეტაპი ბუნებაში გასეირნება იყოს. საამისოდ, აუცილებელი არაა ვერიდან უმალ ჭაუხების „თეთრ ტბამდე“ არბენინოთ შვილი. შეიძლება ჯერ ქალაქის მახლობლად, პატარა მინდორზე გასვლა, მსუბუქი სასუსნავების წაღება, ტელეფონების მანქანაში დატოვება სცადოთ. 1-2 საათი შედარებით წყნარ გარემოში გაატაროთ და თუ სადმე ძველი ანკესი გიგდიათ, თევზაობაც სცადოთ, ისე, გასართობად.

შემდეგი ნაბიჯი შეიძლება უფრო რთული მარშრუტი იყოს. ამჯერად, ყველანაირი გასართობი სახლში დატოვეთ (შეიძლება მხოლოდ ტელეფონი ჩააგდოთ ჩანთაში გამოუვალ მდგომარეობისას, თუ ასეთი შეიქმნა ხმა რომ მიაწვდინოთ ვინმეს) და გრძელი ხეტიალის დღე მოიწყვეთ. რაც უფრო მეტს ივლით, მოიმატებს წუწუნი ურბანულ გარემოში გაზრდილი ბავშვებისგან, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს ერთგვარი თამაშია, ან საწვრთნელი ტურის გავლა (შეიძლება მისიებიც კი დაარქვათ ერთი ლოკაციიდან მეორემდე მისვლას). გზაში არც კი ეცადოთ ტელეფონის ამოღებას, მიეცით პირადი მაგალითი შვილებს და ილაპარაკეთ.

ჩემ უფროს ბიჭს მოსწონს, როდესაც ჩემი ბავშვობიდან (განსაკუთრებით მის ასაკში რომ ვიყავი) რაღაც ისტორიებს ვუყვები ხოლმე. ეს ნამდვილი ამბებია, ზოგიერთი უინტერესო მეჩვენება, ზოგი – საინტერესო, მაგრამ შვილს ყველაფერი მოსწონს, აინტერესებს და იმახსოვრებს.

ბუნებაში ხეტიალი საუკეთესო საშუალებაა მშობლებსა და შვილებს შორის გაწყვეტილი საკომუნიკაციო ჯაჭვის აღსადგენად.

როდესაც ნახევარდღიან ან ერთდღიან „ხეტიალს“ მოიყირჭებთ, შეიძლება სცადოთ 2 დღიანი მარშრუტებიც. ეს გაცილებით რთულია და მცირეწლოვნებთან ერთად ყველა ვერ ახერხებს, თინეიჯერებს კი ძალიანაც მოსწონთ ხოლმე. მთავარი, რაც ამ დროს დაგჭირდებათ, სწორი ეკიპირების წაღებაა (ინსტრუქციას ბლომად ნახავთ Youtube-ზე ან google-ში).

და მაინც, ვინმე იკითხავს, რატომ ვიხეტიალო ბუნებაში, ხომ შეიძლება უბრალოდ წავიდე სუფთა ჰაერზე, გავჩერდე კარგ სასტუმროში და აივნიდან ვისუნთქო სუფთა ჰაერი?

ასეც შესაძლებელია, ცხადია, მაგრამ იმ აივანზე აუცილებლად ამოიღებთ ტელეფონებს, ტაბლეტებს „გაჯეტებს“ და თავს ჩარგავთ ყველა ერთად. ვიღაც facebook-ზე, სხვა ითამაშებს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ბუნებაში ხეტიალს, სხვა, აუცილებელი დამხმარე კომპონენტები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.

მაგალითად:

ბუნებაში ხეტიალი ბავშვისთვის ერთგვარი „განურბანოების“ საშუალებაა. მასში იღვიძებს შეგრძნების, ხედვის, გრძნობის, ყნოსვის, გემოს ისეთი მიძინებული რეცეპტორები, რაც ქალაქში, გამონაბოლქვში, დინამიკურ გარემოში მასში დალექილი იყო.

ასეთი ხეტიალი მშობელი-შვილის ურთიერთობების დასტაბილურებასაც უწყობს ხელს. ისინი, თითქოს თავიდან იცნობენ ერთმანეთს (გაიხსენეთ საკუთარ მაგალითზე, როგორ ახლებურად დაგინახავთ ადამიანი ბუნებაში მოგზაურობის შემდეგ).

ცნობილი მკვლევარი რიჩარდ ლუვი, თავის ცნობილ წიგნში, რომელიც ყურადღების დეფიციტსა და ობესიტს მიუძღვნა, წერს, რომ ბუნებაში ხეტიალი ადამიანს, განსაკუთრებით კი მოზარდებს ეხმარება სწორედ ამ ყურადღების დეფიციტის დარღვევის დაძლევაში. ასევე, მსგავსი „გართობა“ შესანიშნავი საშუალება ყოფილა ჰიპერაქტიური ბავშვების შფოთვითი აშლილობების დასარეგულირებლად. ლუვი, თავის წიგნში ასეთ ტერმინს ხმარობს „ბუნების ნაკლებობით აშლილობა“, რაც, ცხადია სამედიცინო ტერმინი არაა, მაგრამ შესანიშნავი მეტაფორა და მინიშნებაა გარკვეული პრობლემის მოგვარების მსურველთათვის.

რა სარგებელი აქვს ბუნებაში ხეტიალს?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მსგავს გასართობს კარგი შედეგი მოაქვს ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური, კოგნიტიური, ემოციური ფონის მოსაწესრიგებლად. რომ ეს გაცილებით, გაცილებით მაგარი რამეა, ვიდრე საკუთარ ეზოში თამაში, ლაპარაკი აღარაა მანქანებით გაძეძგილ უბანზე ან უარესი – სათამაშო მოედნების არქონაზე, როცა ბავშვები დროის დიდ ნაწილს სახლებში გამოკეტილები ატარებენ.

ასეთ დროს, მოზარდი მუდმივ აქტივობაშია, მისი გონება აღარაა მოდუნებული და ერთ რამეს მიშტერებული (ეკრანს), რაც მის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას შესამჩნევად ეხმარება. ცხადია, არავინ უნდა იფიქროს, თითქოს ბუნებაში ხეტიალი ყველაფრის წამალია და გარკვეულ დაავადებებსაც კურნავს, მაგრამ ის შესანიშნავი „დამხმარე რესურსია“ გავიადვილოთ და გავუადვილოთ ცხოვრება შვილებს.

ციტატა
რიჩარდ ლუვი:
„რასაკვირველია, ბუნებაში სეირნობას მხოლოდ ფიზიკური კონდიციების მოწესრიგება არ მოსდევს. ასეთი ტიპის გასართობი ნაკლებად სტრუქტურირებულია, რაც მოზარდს მეტ თავისუფლებას აძლევს და აჩვევს კიდეც იყოს თავისუფალი თავის არჩევანსა და გადაწყვეტილებაში.
როცა საქმე ეხება სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, ბუნება ეხმარება ბავშვს იყოს უფრო პოზიტიური, ბუნებასთან ახლოს მყოფი, ლაღი ადამიანი“

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა დამწყებ მოხეტიალეებსა და მათ მშობლებს:

1: დაე, დაისვარონ
ხეტიალს ერთი უსიამოვნო ამბავი ახლავს ხოლმე თან, განსაკუთრებით, თუ მცირეწლოვანი შვილები მიგვყავს – რა მანქანებით არ ვიცი, მაგრამ ეს პატარა ონავრები ახერხებ, რომ ავტომობილიდან მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ისე ამოიგანგლონ, მშობელი ვეღარ იცნობს.

ამ დროს დედები მაგრად წუწუნებენ, არც მამები ვაკლებთ და ხშირად, ბავშვს ყველანაირი სურვილი უქრება იყოს ლაღი და თავისუფალი. ჩემი შვილის, მართასნაირი ბრაზიანი ბუტია თუა, სულაც შეიკეტება უკან მანქანაში და განაცხადებს, რომ სახლში დაბრუნება სურს.

სინამდვილეში, არაფერი კატასტროფული არ ხდება თუ ბავშვი გოჭივით ჩატა პირველივე ტალახში. ჩავთვალოთ, რომ გასეირნების ხარკია ასეთი და წასვლამდე შევეგუოთ აზრს, რომ „ტყე-ღრეში“ სასიარულო სამოსი უნდა დაისვაროს ან გაფუჭდეს. ყველას მოგვეძებნება ერთი ხელი ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ დაგვენანებოდა, ჰოდა Voila!

  1. ვინც უფროსია, მისი წესებია?

არ ვიტყოდი ასე. მოდი, წინასწარ შეუთანხმდით შვილებს. რაღაც თქვენი პასუხისმგებლობაა, რაღაც მათი თავისუფლება. თუ მთელი გზა ხის ტოტს დაათრევს რომელიმე ცელქი ბიჭი და ხმალიაო, ათრიოს, მაგრამ თუ სამშვილდეს უფსკრულიდან გადახედვა მოუნდა – ეს თქვენი პასუხისმგებლობა.

3: ვინ მიდის წინ?

თუ ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურობთ, ჯერ თქვენ წადით წინ (ნუ, ან მეუღლე გაუშვით, გააჩნია როგორ გიყვართ Joke), სადმე უსაფრთხო ბილიკზე თუ მისეირნებთ, მოდი წინ შვილმა იაროს, ის იყოს გზის გამკვლევი და მიაჩვიეთ ამგვარად ლიდერობას (ცხადია, თუ ასე სურს თავადაც).

4: მოიგონეთ ამბები

ხეტიალის დადებითი მხარე მხოლოდ ფიზიკურ დაღლაში კი არა, საინტერესო ამბების გამოგონებაშიცაა. ბორჯომის ტყე პარკში ბოდიალისას, ჩვენ წარმოვიდგენდით ხოლმე, რომ აქ ჯუჯების სამფლობელოა და აი, ახლა რომელიმე მათგანს წავაწყდებით. მე ვიგონებ ხოლმე ისტორიებს, როგორ დავიკარგე ამ ტყეში და რანაირად უნდა გააგნოს ადამიანმა გზას, თუ მიმართულება აერია და ასე შემდეგ. ეს ბავშვებსაც მოსწონთ და მშობელიც ერთობა, რაც დროის გაყვანაშიც გვეხმარება ხოლმე.

5: გზის გეგმა, განძის მომპოვებლები

ვიცი მშობლები, ვინც ხეტიალისთვის საინტერესო მეთოდი მოიგონეს. თავად არასოდეს მიცდია, მაგრამ იდეა მომწონს და ვფიქრობ, ურიგო არაა. წასვლამდე, ამობეჭდავთ მიდამოს რუკას და ბავშვს „მიანდობთ“ გზის გაკვლევას. თან, დათქვამთ, რომ განძი უნდა მოძებნოთ, ეს კი შესაძლოა რამდენიმე მარტივი რამ იყოს: ხავსიანი ქვა, „ს-„ს ფორმის ტოტი ან სულაც ჩიტის ბუდე. ამ დროს, ყურადღების კონცენტრაცია ათმაგდება და ამას უკეთესი შედეგიც აქვს.

6: გაანაწილეთ როლები

თუ რამდენიმე ბავშვი მიგყავთ, აუცილებელია მათთვის წინასწარგანსაზღვრული როლების მიცემა. მოდი, დღეს ერთს რუკა ებაროს, მეორე იყოს კაპიტანი, მესამე კი ექიმი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა. არჩევანი შეგიძლიათ მისცეთ კენჭისყრის საფუძველზე.

7: მოგზაურობიდან მოგზაურობამდე

მიეცით დავალება ბავშვებს (შესაბამისი ასაკის გათვალისწინებით) გუგლის საშუალებით მოიძიოს ახალი სამოგზაურო ლოკაცია, შეისწავლოს მიდამოები, თავად დაგეგმოს მარშრუტი და ბიუჯეტი, რაც ამ გზის გავლას დასჭირდება. სულ მცირე, თქვენ მასში მენეჯერულ თვისებებს გამოწვრთნით.

8: გეგმა

და ბოლოს, წაკითხვა და თქმა, რომ ვაუ, ეს კარგი იდეა მოგვაწოდეს, ხვალიდან მთელი წელი ვიხეტიალებთ, უშედეგოა. ყველამ ვიცით, რომ აღფრთოვანება მალე გაივლის ხოლმე და ყოველდღიური რუტინა უფრო მალე გვითრევს, ვიდრე სურვილი რაღაც შევცვალოთ, ამიტომ მოდი ცოტა ვთქვათ და ნაღდი. აიღეთ კალამი, ფურცელი და მთელი წლის მანძილზე დაგეგმეთ სამი, დიახ, მხოლოდ სამი, მაგრამ უსიკვდილოდ ჩასატარებელი „ტური ხეტიალი“. გამოაკარით მაცივარზე და როცა საღამოობით მიეპარებით ხოლმე საჭმელს, შეუსრულებელი დავალება სულ მცირე მადას მაინც დაგიკარგავთ.

განმავითარებელი შეფასება როგორც კომპასი  

0

მასწავლებლები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ განმავითარებელ შეფასებას, თუმცა ზოგჯერ არ გამოყოფენ მას ცალკე, როგორც კომპონენტს. ალბათ ამის გამოცაა, რომ პირად საუბრებში, სემინარებზე, კონფერენციებზე, როდესაც მასწავლებლებს ვეკითხებით, იყენებენ თუ არა განმავითარებელ შეფასებას, ისინი გვპასუხობენ: ვიყენებთ, მაგრამ ბევრი დრო მიაქვს… ასეთი პასუხი ყოველთვის საუბრის გაგრძელების სურვილს ბადებს იმის დასადგენად, მართლა არ იყენებს მას მასწავლებელი თუ იყენებს და პრობლემა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის სახელდებაა… საუბრის გაგრძელება იმის გარკვევის საშუალებასაც იძლევა, რამდენად ინტენსიურად იყენებს მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს და ახდენს შეფასების შედეგებზე ადეკვატურ რეაგირებას.

2021 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა საგნობრივ ჯგუფებში მცირე ონლაინგამოკითხვისას  გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები განმავითარებელ შეფასებას ძირითადად აღიქვამენ როგორც მოსწავლეთა დავალებებზე გაკეთებულ ზეპირ და წერილობით კომენტარს. სულ გამოიკითხა 620 მასწავლებელი. მათი 25,8% ამბობდა, რომ განმავითარებელ შეფასებას ინტენსიურად იყენებდა, 62,9% კი, მათივე თქმით – საშუალო ინტენსივობით.

გამოკითხული მასწავლებლების 71% აღნიშნავდა, რომ ძირითადად იყენებდა ზეპირ კომენტარებს, 12,9% – წერილობითს, ხოლო 12,9%-ისთვის სტიკერები, ჯილდოები და ამგვარები იყო პრიორიტეტული, მათ ესეც განმავითარებელ შეფასებად მიაჩნდათ.

რეალობა მოწმობს, რომ ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად.

მაგალითად, თუ სწავლების ესა თუ ის სტრატეგია ეხმარება მოსწავლეებს:

  1. გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ;
  2. გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები;
  3. ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღებად,

– ეს ყველაფერი შეიძლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად იქცეს.

ერთი და იგივე აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ შეიძლება ემსახურებოდეს განმავითარებელი შეფასების პროცესს, ზოგჯერ კი – არა.

მაგალითად, ზოგ შემთხვევაში კითხვების დასმა ქმნის განმავითარებელი შეფასების საფუძველს, ზოგ შემთხვევაში კი – არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვაძლევს საშუალებას კითხვები, გავიგოთ მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე.

მაგალითად, კითხვა „რას ეწოდება ჰომეოსტაზი?“ არ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას, მაგრამ კითხვა: „იმსჯელეთ იმ ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც იცვლება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს. რა ემართება ამ მაჩვენებლებს ფიზიკური დატვირთვის შეწყვეტიდან ერთი საათის შემდეგ?“ – შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების მიზნით. როცა მოსწავლეებმა ჰომეოსტაზის არსი იციან, ასეთი კითხვა დაგვანახებს, რამდენად ღრმად აქვთ გააზრებული საკითხი.

განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების პროცესის ნაწილად.

მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, ტესტზე მუშაობა ჩავრთოთ განმავითარებელი შეფასების პროცესში, თუ ტესტში ქულებს კი არ დავწერთ, არამედ მოსწავლეებს წყვილებად დავყოფთ და ვთხოვთ, პასუხები შეადარონ, აარჩიონ ის პასუხი, რომელიც, მათი აზრით, უფრო ადეკვატურია და ახსნან, რატომ ჩათვალეს ასე, – ეს უკვე შეიძლება განმავითარებელი შეფასების პროცესად ჩაითვალოს. ამ პროცესის საფუძვლადწორედ განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი იქცა.

 

მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მიზანმიმართულად მიაწოდოს მოსწავლეებს საიმედო უკუკავშირი.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში (B. W. Tuckman, 1999) ერთნაირი მიდრეკილების მქონე მოსწავლეებმა ჩააბარეს საგამოცდო ტესტი ერთსა და იმავე მასალაზე. ტესტირებამდე ამ ჯგუფებში მასწავლებელი სხვადასხვა სტილით მუშაობდა. ერთ ჯგუფს წინასწარ დაანონსებულ ყოველკვირეულ მოკლე ტესტზე ამუშავებდა და ყოველი ასეთი ტესტირების შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლისგან იღებდნენ საიმედო უკუკავშირს. მეორე ჯგუფის წევრებს საშინაო დავალებებს ასრულებინებდა, ხოლო მესამე, საკონტროლო ჯგუფს არც ტესტი და არც დავალება არ შეუსრულებია. ყველა ჯგუფი გავიდა საბოლოო გამოცდაზე. იმ ჯგუფის შედეგები, რომელიც მოკლე ტესტებზე მუშაობდა, 16%-ით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე საშინაო დავალებაზე მომუშავე ჯგუფისა და 24%-ით უკეთესი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფისა. დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა შორის განსხვავება კიდევ უფრო მკაფიო აღმოჩნდა ტესტებზე მომუშავე ჯგუფის სასარგებლოდ. გამოვიდა, რომ ყოველკვირეულ მოკლე ტესტებზე რეგულარულმა მუშაობამ და მასწავლებლის ასევე რეგულარულმა საიმედო უკუკავშირმა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება გამოიწვია (J. Ruscio, 2001; B. Thorne, 2000). აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ ტესტირების განრიგი და თემატიკა. კვლევები მოწმობს, რომ როდესაც მასწავლებელი თუნდაც მცირე ტესტირებას გაუფრთხილებლად და შეუთანხმებლად ატარებს, იზრდება მოსწავლეთა ემოციური დაძაბულობა და ეს ნეგატიურად აისახება შედეგებზე.

 

რით ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს?

განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია, დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და თითოეული ბავშვის მიღწევებზე, იმაზე, თუ რა დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

 

შეიძლება თუ არა, განმავითარებელი შეფასება გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში როგორც კომპასი?

ამ კითხვაზე საპასუხოდ განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები.

ამბავი პირველი (შემჩნევა): მესამე კლასის მასწავლებელმა სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ეზოპეს იგავის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს მისცა წერითი დავალება – „წერილი ეზოპეს“. ნამუშევრების გადახედვისას მან შეამჩნია, რომ მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა დაცული წერილის სტრუქტურა. სიტუაციის რაოდენობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეების წილი კლასში 30% იყო.

ამბავი მეორე (დაგეგმვა): მესამე კლასის მასწავლებელმა გადაწყვიტა, შემდეგ გაკვეთილზე ერთობლივი წერის სტრატეგია გამოეყენებინა და მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი წერილის დაწერა შეეთავაზებინა („კიდევ ერთი წერილი ეზოპეს“).

ამბავი მესამე (განხორციელება): მასწავლებელი კლასს კიდევ ერთხელ შეახსენებს შესწავლილ იგავს, აცნობს დავალებას. ერთობლივი წერის ფორმატში, წერის საფეხურების დაცვით (იდეები, შავი ვარიანტი და ა.შ.) ბავშვები წერენ წერილს.

ამბავი მეოთხე (გადამოწმება): მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა, ერთობლივი ნამუშევრის მიხედვით შინ შეედგინათ წერილის საკუთარი ვერსია (რათა მეორე დღეს, ნამუშევრების გადამოწმებისას, დარწმუნებულიყო, რომ ყველა მოსწავლემ გაითვალისწინა წერილის სტრუქტურა).

 

ამ პროცესებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ თანმიმდევრულ ქმედებას, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებს მასწავლებელი და რომლის გეზურობა განპირობებულია განმავითარებელი შეფასებით:

  1. პრობლემის შემჩნევა;
  2. პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტივობის დაგეგმვა;
  3. დაგეგმილი აქტივობის განხორციელება;
  4. შედეგების გადამოწმება.

იმისთვის, რომ მასწავლებელს არსებითად ჰქონდეს გააზრებული განმავითარებელი შეფასების დანიშნულება, აუცილებელია, მას ჰქონდეს პასუხი კითხვაზე:

– რამდენად აუცილებელია, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი იძლეოდეს მოსწავლეთა გაგება-გააზრების შეფასების შესაძლებლობას?

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ კონკრეტული სიტუაცია: მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს სასწავლო მასალა. შესაბამისად, ბევრ დროს უთმობს გაკვეთილის დაგეგმვას.

ახალი მასალის ახსნისას ის დეტალურ განმარტებებს აკეთებს და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები. პერიოდულად ეკითხება მოსწავლეებს, რამდენად კარგად გაიგეს საკითხი. ისინი უმეტესად პასუხობენ, რომ ყველაფერი გასაგებია.

აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს ტესტირებაზე შეტანილი დავალებების მსგავს დავალებებს.

მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა დიდ ნაწილს შემაჯამებელ ტესტირებაში დაბალი შედეგები აქვს, რაც თავად მოსწავლეებისა და მათი მშობლების უკმაყოფილებას იწვევს. მოსწავლეები ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებელი მათ კარგად ვერ ასწავლის. მასწავლებელიც იმედგაცრუებულია, რადგან მიაჩნია, რომ მის მიერ გაწეული შრომა წყალში გადაიყარა და მოსწავლეებს უბრალოდ არ აინტერესებთ სწავლა.

 

სად არის პრობლემა?

 

აღწერილი მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ მასწავლებელი არ ახორციელებს განმავითარებელ შეფასებას. მის მიერ დასმული კითხვა („გაიგეთ, ბავშვებო?“) ვერ ჩაითვლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, რადგან არ იძლევა მოსწავლეთა გაგება-გააზრების შეფასების შესაძლებლობას. შესაბამისად, მასწავლებელს არ აქვს სრული ინფორმაცია მოსწავლეთა მიერ საკითხის ათვისების დონის შესახებ და არც მათ აძლევს საშუალებას, აქტიურად ჩაერთონ საკუთარი სწავლის შეფასების პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სრულფასოვნად გამოიყენოს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს, განახორციელოს საჭირო ინტერვენცია რეალურ დროში.

 

შევაჯამოთ:

  • განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს.
  • განმავითარებელი შეფასება არის ინტერვენცია რეალურ დროში.
  • განმავითარებელი შეფასება გვეხმარება, დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას, სანამ ქულით შევაფასებთ (ამის საჭიროების შემთხვევაში).

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ 2018-2024
  2. https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf
  3. Trumbull, E., & Lash, A. (2013). Understanding formative assessment: Insights from learning theory and measurement theory. San Francisco: WestEd.
  4. https://www.edutopia.org/blog/tech-friendly-formative-assessment-tools-monica-burns
  5. Marzano, R. (2001).Classroom Assessment and Grading the Work.Alexandria, VA: ASCD.
  6. Ruscio, J. (2001). Administering quizzes at random to increase students’ reading. Teaching of Psychology, 28, 204-206.
  7. Thorne, B. (2000). Extra credit exercise: A painless pop quiz. Teaching of Psychology, 27, 204-205.
  8. Tuckman, B. W. (1999, August). A tripartite model of motivation for achievement: Attitude/drive/ strategy. Paper presented at the Annual Meeting of the American Psychological Association. Boston.

 

 

ვინ გინდა გამოხვიდე?

0
Someone wearing red sneakers

ბავშვებისთვის დასმულ სტერეოტიპულ, გაცვეთილ კითხვათა სიაში ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი შეკითხვაცაა: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ – რომელიც ხშირად ხუმრობის, სიცილისა თუ ირონიული დამოკიდებულების მიზეზი ხდება, რადგან პატარები სამომავლო პროფესიათა შორის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულებს ასახელებენ ხოლმე. მაგალითად, მათ უნდათ, ერთდროულად იყვნენ მეხანძრეებიცა და პროფესორებიც, დამლაგებლებიცა და მფრინავებიც, მოცეკვავეებიცა და ექიმებიც. ეს კი უფროსთა ქირქილსა და ხარხარს იწვევს, რაც სრულიად გაუგებარია ბავშვებისთვის. ისინი თავისუფალნი არიან საზოგადოებრივ შეხედულებათა წნეხისაგან და ამიტომ დარწმუნებულნი არიან, რომ ის უნდა გააკეთონ, რაც მოსწონთ და ახარებთ. რა თქმა უნდა, როცა იზრდებიან, მათი წარმოდგენებიც იცვლება. პროფესიებთან დაკავშირებულ არჩევანსაც ხშირად არა თავიანთი ნებით, არამედ სხვათა (დედ-მამის, ბებია-ბაბუის, და-ძმის, ახლობლისა და მეგობრის) კეთილი რჩევითა თუ გაუცნობიერებელი მიბაძვით აკეთებენ.

ყველა ადამიანის არჩევანი უნიკალური და, შესაბამისად, განსხვავებულია. ზოგს ბავშვობიდანვე იტაცებს რომელიმე პროფესია და მერე მართლაც იმას აკეთებს, რაც გულით უნდოდა. ზოგს კი არ უმართლებს. ცნობილი მსახიობი ჰყვება, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა თეატრის ან კინოს არტისტობაზე, ზოგი დანანებით ამბობს, რომ ექიმობა უნდოდა, მაგრამ მასწავლებელი გახდა და ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება რომ ჰქონდეს, აუცილებლად აირჩევდა სხვა პროფესიას. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მრავალმხრივი ინტერესები აქვთ.

პატარებში რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო გატაცების გამოვლენა ხანდახან უფროსების არაერთგვარ რეაქციას იწვევს. ისინი ცდილობენ, ბავშვი „სწორ გზაზე“ დააყენონ, როგორც წესი, რომელიმე გატაცებას უფრო სერიოზულად მიიჩნევენ მისი სამომავლო კარიერისა თუ კეთილდღეობისთვის, ამიტომ აქტიურად და ხანდახან უხეშადაც ცდილობენ, ხელი ააღებინონ ამა თუ იმ მათთვის მიუღებელ სურვილზე. ეს შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, რომელსაც ერთი პროფესია კი არ ხიბლავს, არამედ ერთდროულად რამდენიმე.

თუ საზოგადოება ბავშვისგან ასე თუ ისე იტანს მრავალ ინტერესს, დიდისგან ეს უკვე მიუღებლად მიაჩნია. ამან შეიძლება ზოგიერთს სამსახურის პოვნაშიც კი შეუშალოს ხელი, არადა, ადამიანი საყვარელ საქმეს თუ არ აკეთებს, იტანჯება, უბედურია, რაც შეიძლება დეპრესიისა თუ ნევროზის წყაროდ იქცეს. უფრო საფრთხილო და გასათვალისწინებელი ისაა, რომ გარედან უხეში ჩარევის შედეგად მულტიპოტენციურ ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ მომავლის შიში, დაკარგონ თავდაჯერება, ეჭვი შეეპაროთ საკუთარ მრავალმხრივ პროფესიულ და შემოქმედებით უნარებში.

სწორედ ამ თემას განიხილავს ემილი ვაპნიკი წერილში „რას ნიშნავს, როცა არ შეგიძლია უპასუხო კითხვას: ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?“ მისი აზრით, ცნობისმოყვარეობით გამორჩეული მოსწავლეები ერთდროულად რამდენიმე საქმით ინტერესდებიან. ასეთებს ემილი ვაპნიკი „მულტიპოტენციურ“ ადამიანებს უწოდებს. ისინი ამგვარები იბადებიან და, როგორც იტყვიან, სხვაგვარად „არ ძალუძთ“. ემილი ვაპნიკმა თავი მოუყარა პრობლემებს, რომლებსაც მულტიპოტენციური ადამიანები ეჯახებიან, დაახარისხა ისინი და მათი გადაჭრის სტრატეგიებიც შეიმუშავა.

პრობლემა (გამოწვევა) 1 – დანაშაულისა და სირცხვილის შეგრძნება;

პრობლემა 2 – დამწყების როლში ხშირად ყოფნა;

პრობლემა 3 – შიში, რომ ვერ გახდები საუკეთესო;

პრობლემა 4 – თვითმარქვიას სინდრომი;

პრობლემა 5 – საზოგადოების კრიტიკა.

კრიტიკულად მაყურებელ თუ შემფასებელ საზოგადოებას შეიძლება წარმოადგენდეს თანაკლასელი, მშობელი, ნათესავი, მასწავლებელი. მათ არ ესმით, როგორ შეიძლება მიატოვო ის, რაც აქამდე გიყვარდა და დაიწყო რაღაც ახალი, შეიცვალო დასახული მიზანი, რომლისკენ სვლაშიც ამდენი ძალა და ენერგია დახარჯე. სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ რადიკალურად შეცვალე სამომავლო გეგმები – რეალურად არც არაფერი მიგიტოვებია, უბრალოდ, სხვა რამემ გაგიტაცა. ემილი ვაპნიკმა წიგნიც გამოსცა ასეთი უცნაური, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდებით: „როგორ ავირჩიო ყველაფერი“ („გზამკვლევი მათთვის, ვინც არ იცის, ვინ უნდა გამოვიდეს“, 2017 წ.). ემილი არის მწერალი, სპიკერი, ბლოგერი, სამოქალაქო ლიდერი და ეხმარება მათ, ვისაც მრავალმხრივი ინტერესები აქვს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი პასაჟი ნაირა გელაშვილის რომანიდან „სარკის ნატეხები“. მთავარი გმირი მსუბუქი იუმორით ჰყვება სკოლაში გატარებული პირველი დღის შესახებ, დეტალურად აღწერს შთაბეჭდილებებს. ყურადღებას იქცევს ფსიქოლოგიური ნიუანსები, რომელთა საშუალებითაც გამოიკვეთება, რა ტრავმულ მოგონებად იქცა ბავშვისთვის დღე, როცა სკოლაში პირველად მივიდა: „დამრიგებელმა“ პასუხის გაცემა მოგვთხოვა კითხვაზე: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ და მთელი უბედურება ის იყო, რომ მე არავინ არ მინდოდა გავმხდარიყავი, ისედაც კარგად ვგრძნობდი თავს (ოღონდ სკოლის გარეთ) და აქამდე სულაც არ მქონდა განცდა, რომ ჯერ არავინ ვიყავი. და ამჯერადაც შინაგანად მომბუზა საკუთარი ნაკლულოვნების შეგრძნებამ, როცა დავინახე, როგორ დგებოდნენ სხვები და სხარტად პასუხობდნენ: „მასწავლებელი!“, „ექიმი!“, „მფრინავი!“ ალბათ, სინამდვილეში არც ამათ უნდოდათ ვინმედ გახდომა, რაკიღა ისედაც იყვნენ და მხოლოდ უფროსებისგან ჰქონდათ თავში ჩაჭედილი მომავალი პროფესიები, მაგრამ ამას რა შეღავათის მოტანა შეეძლო ჩემთვის, როცა უკვე მიახლოვდებოდა პასუხის გაცემის ჯერი“.

როგორც ცნობილია, ამ ასაკში ბავშვები უამრავ უცნაურ შეკითხვას სვამენ და პასუხებს დიდებისგან მოელიან, რომლებიც ხშირად დუმილს არჩევენ, რადგან ან არ იციან, რა უპასუხონ, ან წარმოსახვა ღალატობთ, ამიტომ ეს შეკითხვები აბსურდული ეჩვენებათ. ცხოვრებისეული გამოცდილება ადასტურებს, რომ ზრდასთან ერთად უცნაური შეკითხვებიც იკლებს. ბავშვები კი სხვადასხვა მოვლენას შორის ისეთ აუხსნელ კავშირებს ხედავენ, რომლებიც დიდებს არც დაესიზმრებათ. როგორც ჰამლეტი ეუბნება ჰორაციოს:

„ბევრი რამ ჰხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად,

რაც ფილოსოფთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ“.

ნაირა გელაშვილის გმირიც ასე წარმოიდგენდა მომავალს: „რაც ამ ასაკისთვის ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მქონდა გარკვეული, ეს იყო: დარწმუნებული ვიყავი, დიდი რომ გავხდებოდი, აუცილებლად ვიმოგზაურებდი (თანაც სისტემატურად) წყალქვეშა ნავით, რადგან ვგიჟდებოდი, ისე მაინტერესებდა ზღვის ფსკერი. წყალქვეშეთის გარეშე მიწის ზემოთ ცხოვრება აუტანელი და დაუშვებელი მეჩვენებოდა. და მეორე: აუცილებლად უნდა გამეგო, რა ხდებოდა ცაზე, კერძოდ, ვარსკვლავებზე და საერთოდ, ეს ვარსკვლავები რას წარმოადგენდნენ, რადგან მრავალი საღამოსა და ღამის მანძილზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის უასაკო, შეუიარაღებელი თვალით ჩხრეკამ ჩემი მუდმივი მონუსხულობა ვერანაირი ცოდნით ვერ გაამდიდრა. ასე რომ, ვარსკვლავებიანი ცის ცოდნის გარეშე მიწაზე ცხოვრება ისევე უაზროდ და შეუძლებლად მიმაჩნდა, როგორც უზღვისფსკეროდ“.

ასეთი მეოცნებე, მრავალმხრივი ინტერესების მქონე ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იქნებოდა რაციონალური, ერთმნიშვნელოვანი შეკითხვა. ამიტომ დაიბნა: „რაღაც მანქანებით ყური მქონდა მოკრული, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცის ამბები იციან, „ასტრონომები“ ჰქვიათ… და აი, შეკითხვა: „ვინ გინდა გახდე?“ – უკვე მე მეხებოდა. მეც ავდექი და, ჩემდა საუბედუროდ, ვუპასუხე: „ასტრონომი“. კლასში სიჩუმე ჩამოწვა და მერე მასწავლებელმა შემისწორა: „აა, აგრონომი, ხომ?“ ეს რაღას ნიშნავდა, არ ვიცოდი, მაგრამ ცასთან არანაირ კავშირში რომ არ იყო, ამაზე თუნდაც დამრიგებლის ფამილარული ინტონაცია მეტყველებდა, რომელიც რაღაც ძალიან გასაგებსა და ჩვეულებრივს გულისხმობდა. „არა, ასტრონომი“ – გავიმეორე მე… და პირველი ხითხითიც გაისმა. „გასტრონომი!“ „გასტრონომი!“ – დაიძახა ვიღაცამ და მერე ყველა აჰყვა, და მთელი კლასი დამრიგებლიანად სიცილსა და მხიარულებას მიეცა“. დამრიგებელს ცოტა მეტი გულისხმიერება და განათლება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, კლასის ხარხარს სხვა მდინარებას მისცემდა და ბავშვის ფაქიზ სულს უხეშად არ შეურაცხყოფდა.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია შექმნა და რვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ყოველ მათგანს კი სწავლის შესაბამისი სტილი მიუსადაგა. ადამიანები გარკვეული ნიჭით, მიდრეკილებით იბადებიან. მათ შეიძლება ჰქონდეთ ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური, ნატურალისტური ინტელექტი. სწორედ ამ ინტელექტის შესაბამისად შეიცნობენ საკუთარ თავსა და სამყაროს, პროფესიებსაც ამის შესაბამისად ირჩევენ. არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება რამდენიმე ტიპის ინტელექტი ჰქონდეთ. უამრავი ისტორიაა, როდესაც ცნობილ ფიზიკოსს, მათემატიკოსს, მუსიკოსსა თუ მწერალს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ის პროფესია აერჩია, რომლისკენაც გული მიუწევდა. ამ გზაზე კი სხვადასხვა საქმეს მიმართა, სანამ მიხვდებოდა, რომ გარემოებათა მიზეზით არასწორ არჩევანს აკეთებდა. სასკოლო პერიოდი და სივრცე კი ძიების სულისკვეთებით უნდა იყოს სავსე და ამას, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა უწყობდეს ხელს.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ამ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბრისას ცნობილ ადამიანთა ცხოვრებისეულ მაგალითებს მოიხმობს. აინშტაინი ბავშვობაში ძნელად ითვისებდა სხვადასხვა საგანს, დედამისს კი სურდა, მუსიკოსი გამოსულიყო და ვიოლინოზე დაკვრას აიძულებდა. ჰაინრიხ შლიმანი ჯერ ვაჭრობით გამდიდრდა, მერე კი თავის საოცნებო საქმეს, არქეოლოგობას მიჰყო ხელი და ლეგენდარული ტროა აღმოაჩინა. მიხეილ ჯავახიშვილი თავის წერილში „როგორ ვმუშაობ“ საინტერესოდ აღწერს პროფესიათა ძიების პროცესს: „მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: „თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ, სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. როგორ მოგწონთ? მშვენიერი საქმეა“. მეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც „მშვენიერი საქმე“ მიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი და იმ დღიდან ჩემს მწვალებელ აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი“. ასეთივე საინტერესო მაგალითია კონსტანტინე გამსახურდიას ზიგზაგებით სავსე არჩევანი: „ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო. 1918- 19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ – ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო – რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წ. ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში, და ლამის იყო სანსირის სამხედრო აკადემიაში არ შევედი. მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა… სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ლორდ ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ცხენს“.

ამგვარი მაგალითებით მოსწავლე კარგად გაიაზრებს, რომ არ არის ტრაგედია, თუ ცხოვრების გზაზე რამდენჯერმე შეიცვლის არჩევანს, ან ექიმიც იქნება და მწერალიც ფრანსუა რაბლესა თუ მიხაილ ბულგაკოვივით. მასწავლებელს დაფიქრება და დიდი სიფრთხილე მართებს, როცა კითხვაზე: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ – მოულოდნელ, უცნაურ თუ აბსურდულ პასუხს მიიღებს. მან უნდა იცოდეს მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და მულტიპოტენციურ მოსწავლეებს ხელი არ შეუშალოს, ენთუზიაზმი არ ჩაუხშოს, ტკივილი არ მიაყენოს. მოსწავლეს თავისი მრავალინტერესიანობა თუ გატაცება ტრავმულ მოგონებად არ უნდა ექცეს. მასწავლებელმა ის ნაკლად არ უნდა მიიჩნიოს, პირიქით, ბიძგი უნდა მისცეს მოსწავლეს, რომ მან ლაღად იმოგზაუროს წარმოსახულ მიზანთა მშვენიერ სამყაროში, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს შემოქმედებითად დამუხტული, თავისუფალი, უჩვეულო, არასტანდარტული სურვილებისა თუ ოცნებების დაბადებაში.

 

 

 

 

 

 

 

ვიქტორინა ეფექტური მოსმენისთვის

0

სამყარო სავსეა ხმებით. გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ მუდმივად გვესმის ქარის ზუზუნი, ლიფტის გრუხუნი, შეძახილები ეზოდან… მასწავლებლებს კი იმაზე მეტი სიხშირის ხმის გაძლება გვიწევს, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებს. მუდმივად ვუსმენთ და გვისმენენ. ამგვარია მასწავლებლების ცხოვრების ყოველდღიურობა. ხშირად შიში მიპყრობს – იქნება კი ჩემი ხმა ყველა მოსწავლისთვის გასაგონი?

ეფექტური მოსმენის სწავლა შესაძლებელია. გამუდმებით ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ კარგი მსმენელი ვიყო – ვუსმინო გულისხმიერებითა და ინტერესით და არა ვალდებულების მოხდით. ჩემი დაკვირვებით, ცხოვრების ხარისხიც დიდწილად მოსმენის კულტურაზე დგას. დაჰკვირვებიხართ, ვის უსმენთ დღის განმავლობაში? რას ისმენთ? როგორ ჟღერს სიტყვები, რომლითაც სათქმელს  ვქსოვთ?

ამერიკელი ენათმეცნიერი, ჯონ ვარინერი, თავისი გრამატიკის სახელმძღვანელოში ერთ თავს მოსმენას უთმობს. ის წერს, რომ დღის განმავლობაში იმაზე მეტს ვისმენთ, ვიდრე ვსაუბრობთ; უფრო მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე ვკითხულობთ და ვკითხულობთ მეტს, ვიდრე ვწერთ.

ჯონ ვარინერი ეფექტური მოსმენის სწავლებისთვის პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც გვთავაზობს. მისი აზრით, მოსმენა შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი – როცა გვესმის, მაგრამ არ ვფიქრობთ მის შესახებ; და გაცნობიერებული – როცა ვაანალიზებთ მოსმენილს, ფაქტებად ვანაწევრებთ, კრიტიკულად ვიაზრებთ, საკუთარ დამოკიდებულებას ვაყალიბებთ. მოსმენა – პასიური პროცესია, გაგება (გაცნობიერებულად მოსმენა) კი – აქტიური.

მოსწავლეები ზოგჯერ თავს იკატუნებენ, თითქოს ყურადღებით გვისმენენ და ამ დროს კი მათი გონება სხვა რამეზე ფიქრობს. ამგვარი სიტუაცია ზრდასრულებისთვისაც ნაცნობია.  იმაზე ფიქრმა, თუ როგორი რთულია მოსმენა, ერთი სახალისო ვიქტორინა მომაფიქრებინა. ეს  აქტივობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს თანაბრად უბიძგებს აქტიური მოსმენისკენ.

აქტივობის აღწერა

სახალისო ვიქტორინა შეგვიძლია სხვადასხვა მიზნით გამოვიყენოთ – საშინაო დავალების კითხვისას, თხრობისას… მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ყურადღებით უნდა მოუსმინონ ერთმანეთს. ხელში გვიჭირავს დღიური და მოსწავლის წაკითხულიდან ვინიშნავთ საკვანძო სიტყვებსა ან ფრაზებს. როდესაც ყველა დაასრულებს დავალების წაკითხვას, ვიქტორინის დრო დგება. ვკითხულობთ ჩვენ მიერ ჩაწერილ სიტყვას ან ფრაზას, მანამდე მოსწავლეებს ვაფრთხილებთ, რომ საკუთარი ნათქვამის გაგონებისას ჩუმად იყვნენ, რადგან მთავარი ამოცანაა – სხვამ ამოიცნოს და წამოიძახოს იმ ბავშვის სახელი, რომელსაც ჩვენ მიერ წაკითხული სიტყვა ან ფრაზა ეკუთვნის.

ერთი დიდი ბედნიერებაა ბავშვების სახეებზე დაკვირვება, როდესაც კლასელები მის სახელს ამბობენ. ამგვარად, აქტიური მოსმენის პარალელურად, სოციალურ ურთიერთობების გაღვივებასაც ვუწყობთ ხელს, ერთმანეთის შემჩნევასა და აღიარებას ვასწავლით.

ვიქტორინისთვის მზადებისას მასწავლებლის ყურადღება წამით ვერ მოდუნდება, რადგან მას უწევს რამდენიმე მიმართულებით მუშაობა:

  1. მოსმენა მოსწავლისთვის;
  2. მნიშვნელოვანი დეტალის შერჩევა და ჩაწერა;
  3. ზეპირი განმავითარებელი კომენტარის მოფიქრება და ადრესატისთვის თქმა.

როდესაც მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს მთავარ დეტალზე და ამას ხმამაღლა აჟღერებს, ეს სხვა ბავშვებისთვისაც პირად მაგალითად იქცევა. მოსმენისას მნიშვნელოვანი დეტალების შემჩნევას იწყებენ.

ყველა მოსწავლის მიერ საშინაო დავალების ხმამაღლა წაკითხვას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ სახალისო ვიქტორინის დაგეგმვისას ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ.

მეტი სიცხადისთვის ჩემი დღიურის ჩანაწერებს მოვიშველიებ. რამდენიმე დღის წინ მესამეკლასელებმა ამირანს პირადი წერილები მისწერეს. ისინი კითხულობდნენ, მე კი ჩემს დღიურში საკვანძო ფრაზებსა და სიტყვებს ვინიშნავდი. ზოგი მოსწავლის სახელის გასწვრივ რამდენიმე ფრაზა და სიტყვა მიწერია, რადგან ხშირად მათი აზრები მეორდება და ვიქტორინის დროს არჩევანის საშუალება უნდა მქონდეს. თითოეული ჩანაწერისას ხმამაღლა ვაჟღერებ იმას, რაზეც ყურადღებას ვამახვილებ, მაგალითად, თაკო სიტყვა „აჯიმანიებს“ ამბობს. საშინაო დავალების წაკითხვის შემდეგ თაკოს ვუთხარი, რა კარგია, ამირანი ვარჯიშის სურვილს რომ აღგიძრავს. ყველა ამბობს სიტყვას „აჯიმანია“, მაგრამ სწორი ფორმაა „აზიდვა“ და გთხოვ, ჩაასწორე-მეთქი. ვიქტორინის დროს ვკითხულობ – აბა, რომელმა მოსწავლემ წაიკითხა შემდეგი ფრაზა: „აჯიმანიებს“ ვაკეთებ“ და თითქმის ყველა თაკოს სახელს გაჰყვირის. თაკოს თაფლივით თვალებში სითბო ეღვრება და ღიმილი სახეს უნათებს.

ნატა ერთსა და იმავე შინაარსის ფრაზებს იყენებს, ამიტომ მეც დაქანებული ზვავის სისწრაფეს თითებში ვუხმობ და რამდენიმე ფრაზას ვიწერ. „ყოჩაღ, ამირან!“ – საბოლოოდ ამ ფრაზაზე ვამახვილებ ყურადღებას. მეცინება, ნატა მასწავლებელივით რომ აქებს ქალღმერთი დალის ვაჟს.

ჩანაწერების თანმიმდევრობა ამგვარია:

თაკო – „აჯიმანიებს“ ვაკეთებ.

ნატა – რა მამაცი ხარ! როგორ დაამარცხე სამთავიანი დევი! ყოჩაღ, ამირან!

ანი – მარტოდმარტო… იმედი მაქვს, შენც მომწერ წერილს.

ნუცა – სხვათა შორის;

გაბო – რატომ შეებრძოლე ღმერთს?

ანდრია – მეც მინდა, სამართლიანი ვიყო!

დათუნა – შენსავით ძალები მქონდეს, მონსტრები დავამარცხო.

სოფი – ძალიან მაგარი ხარ, ალბათ, ვარჯიშობდი.

ცოტნე – გამიხარდა, რომ საქართველოში დაიბადე!

დათუნა – დაამარცხე ბოროტება…

საბა – ამირან, შენ ხარ უშიშარი! გაგიძნელდა სამთავიანი ბაყბაყდევის დამარცხება?

ბარბარე – მეც მინდა, შენსავით ძლიერი ვიყო!

თამარი – ღმერთმა რატომ დაგაბა?

საბა – მე მინდა ერთი ძალა, რომ ადამიანებს დავეხმარო.

გოგა – შენ გადაარჩინე ჩვენი ქვეყანა.

მესამეკლასელი გოგა სომეხია და მისი სიტყვები „ჩვენი ქვეყანა“ გულგრილს არ მტოვებს. მიხარია, საქართველოს საკუთარ ქვეყნად რომ თვლის და მითურ ამირანს დევების განდევნას ასე უფასებს.

ამგვარად, თითოეულ მოსწავლეს განმავითარებელ კომენტარს ვაძლევთ. საკუთარი ნაშრომის კლასელების  წინაშე წარდგენით ყველა გახარებულია. ამასთანავე, დაინახეს, რომ სიტყვებით სხვისი ყურადღების მიქცევა შესძლებიათ, და ბოლოს,  სახალისო ვიქტორინა ერთიანობის დაუვიწყარ განცდას ბადებს, შესანიშნავი განწყობა კი საშინაო დავალების დაწერის მოტივაციასაც ამაღლებს.

სახალისო ვიქტორინა ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ თხრობის დროსაც. მთავარია, მოვიფიქროთ საკვანძო შეკითხვა და მათი პასუხები ჩავიწეროთ, მაგალითისთვის მახსენდება მოთხრობა „ფუღურო“. თითოეულ მოსწავლეს მოყოლის შემდეგ ვეკითხებოდი, სად დაასახლებდა ობობას და ბოლოს უნდა გამოეცნოთ ერთმანეთის პასუხები, რომლებიც მხოლოდ ერთი სიტყვისგან შედგებოდა.

თუკი მოსწავლეებს ხმამაღლა ვუკითხავთ, მოვიფიქროთ ერთი მთავარი შეკითხვა და ვთხოვოთ წერილობით პასუხის დაფიქსირება. ჩვენ კვლავ ვინიშნავთ მათ პასუხებს. მაგალითად, ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდის“ უკანასკნელ თავში ჯადოქარი მუმინების ხეობის ბინადრებს ერთ სურვილს უსრულებს. ხმამაღალ კითხვასა და მოსმენას წერილობითი აქტივობით ვანაცვლებ და წინადადების დასრულებას ვთხოვ.

„მე ჯადოქარს ვთხოვდი…“ –  მათი პასუხები კი ამგვარი იყო:

ბარბარე – ოჯახის ბედნიერებას;  დათო – კარგად სწავლას; გაბო – ფრთებს; საბა – მოტოძრავას 125 ძრავით; ნუცა – ლელა მასი სულ ჩვენთან იყოს; ნატა – ძაღლს; ცოტნე – ახალ ტელეფონს; გოგა – ჩემი ოჯახი არ იყოს მოწყენილი; თაკო – ოჯახის ჯანმრთელობას; ანდრია – კავკასიურ ნაგაზს; დათუნა – მე და საბას ერთად გვეცხოვრა; ანი – სულ გაზაფხული იყოს; სოფო – დედას საქმეები აღარ ჰქონდეს; ნიკო – სოფლის სახლს.

რა არის ამაზე უკეთესი, როდესაც ბავშვები საკუთარ სურვილებს გიზიარებენ, ხმამაღლა გიკითხავენ, ერთმანეთს უსმენენ და ხედავენ, რომ მასწავლებელიც გულდასმით უსმენს მათ?

სახალისო ვიქტორინას კი მეტი სიცხადისთვის  კონკრეტული სახელი სჭირდება. ძვირფასო მკითხველო, დიდი სიხარულით მოვისმენდი თქვენს ვერსიებს. რა შეიძლება დავარქვათ სახალისო ვიქტორინას, რომელიც გვასწავლის ეფექტურ მოსმენას და სასწავლო პროცესს სიხარულით ავსებს?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. John Warriner, English Grammar and Composition, 1965, Listening;

ომი და ბავშვები

0

1996 წლის 26 აგვისტოს გაეროს გენერალურმა მდივანმა გენერალურ ასამბლეას წარუდგინა კვლევა – „შეიარაღებული კონფლიქტების გავლენა ბავშვებზე“ – რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენლის მანდატის შექმნას (Office of the Special Representative of the Secretary-General for Children and Armed Conflicts (OSRSG-CAAC)). საინტერესოა, რომ კვლევა მომზადებული იყო ყოფილი მასწავლებლისა და მოზამბიკის განათლების მინისტრის, გრასა მაშელის მიერ[1].

აღნიშნული კვლევა წარმოაჩენდა, რამდენად ნეგატიური გავლენა აქვს შეიარაღებულ კონფლიქტებს ბავშვებზე და მათ ყველაზე დიდ მსხვერპლად მოიხსენებდა[2]. შესაბამისად, სპეციალური წარმომადგენლის მანდატის შექმნა მიზნად ისახავდა შეიარაღებული კონფლიქტებისას ბავშვების უსაფრთხოების გაძლიერებას, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერებას ამაღლებასა და ბავშვთა უფლებების დაცვის განვითარებას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დიდი წინსვლა ნამდვილად არ არის…

სპეციალური წარმომადგენელი გენერალურ ასამბლეასა და ადამიანის უფლებათა საბჭოს არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტებისას ბავშვთა უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევები ავღანეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სომალში, სირიასა და იემენში ფიქსირდებოდა[3].

წლების განმავლობაში დაკვირვებისა და ანგარიშების მიხედვით, გამოიკვეთა 6 ყველაზე მძიმე დარღვევა ბავშვების მიმართ[4]:

  • დაჭრა და მკვლელობა;
  • ჯარისკაცებად რეკრუტირება და გამოყენება;
  • სექსუალური ძალადობა;
  • მოტაცება;
  • განათლებისა და ჯანდაცვის უფლების ხელყოფა, რაც გამოიხატება სკოლებისა და ჰოსპიტლების დაზიანებასა თუ განადგურებაში;
  • ჰუმანიტარულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

როგორც ვხედავთ, რუსეთის აგრესიის შედეგად, ჩამოთვლილიდან ყველა თუ არა, თითქმის ყველა მიმართულებით ირღვევა უკრაინაში მცხოვრები 7.5 მილიონი ბავშვის უფლება. ბოლო დღეებია ვრცელდება ძალიან მძიმე ვიდეო რგოლები დაღუპული, მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ; მშობლების შესახებ, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში ემშვიდობებიან თავიანთ შვილებს. ქალების შესახებ, რომლებსაც საშინელ პირობებში უწევთ მშობიარობა, დაბომბილი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ და ა.შ. ბუნებრივია, ამ მოვლენებს არამხოლოდ ფიზიკური, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხითაც ძალიან ნეგატიური გავლენა აქვს ბავშვების განვითარებაზე[5].

არ დარჩენილა ორგანიზაცია, რომელიც არ მოუწოდებს რუსეთს, გაითვალისწინოს და დაიცვას ბავშვთა უფლებები. მეორე მხრივ, რომელ ბავშვთა უფლებებზეა საუბარი, როდესაც თავიანთ ქვეყანაში უმძიმეს დანაშაულებს სჩადიან. პირველი, რაც რუსეთმა საგანმანათლებლო სისტემაში განახორციელა ეს იყო პროპაგანდის კიდევ უფრო გააქტიურება[6]. კონკრეტულად, მასწავლებლებს მიეწოდათ ზუსტი ინსტრუქციები, როგორ ისაუბრონ ომის შესახებ, რა მასალები უნდა გამოიყენონ[7]. გარდა ამისა, ჩახშულია კრიტიკული აზრი, რომლის გამოთქმაც მოსწავლეებსაც კი ეკრძალებათ[8], მაგ: ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბავშვების შესახებ. ასევე, კარგად არის ცნობილი, როგორ ცდილობენ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტვინები გამოურეცხონ ბავშვებს. საოცარია ისტორია 12 წლის კირილის შესახებ, რომელიც მასწავლებელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ შეეწინააღმდეგა, რის შემდეგაც თავი პოლიციაში ამოყო (მეტი დეტალი იხ. ქვემოთ).

„მოსკოვში მე-6 კლასის მოსწავლემ ისტორიის გაკვეთილზე თავისი აზრი გამოთქვა უკრაინაში ომის შესახებ, რის შემდეგაც ის პოლიციაში გამოიძახეს, წერს „ნოვაია გაზეტა“.

12 წლის კირილის დედის თქმით, ისტორიის გაკვეთილზე მან მასწავლებელს უკრაინის ომზე დაუსვა შეკითხვები. ისტორიის მასწავლებელმა თქვა, რომ ბრალდებები რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრისა და მიტინგებზე ომის მოწინააღმდეგეების ცემის შესახებ არის ფეიკი და გამოგონილი უკრაინელი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ, მან უკრაინელებს ნაცისტები უწოდა.

„მეექვსეკლასელი კირილი არ დაეთანხმა მასწავლებელს, გაკვეთილის შემდეგ კი დაიყვირა – „დიდება უკრაინას! (რადიო თავისუფლება).

ამ ინფორმაციას ის „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს, რომელშიც ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მუშაობდა, აშუქებდა ჩეჩნეთში რუსეთის აგრესიას და, რომელიც არაერთი მცდელობის შემდეგ, პუტინის დაბადების დღეზე მოკლეს.

ასევე კარგად ჩანს, თუ რამდენად მძიმე შედეგები აქვს განათლებაში ვიწრო პარტიული პოლიტიკის შეტანას და ამ მიზნებით ხელმძღვანელობას. ამ კუთხით ჩვენც ბევრი გამოწვევა გვაქვს, თუმცა ამაზე სხვა დროს იყოს.

საბოლოოდ, ამ სტატიის მთავარი არსი ალბათ ისევ სოლიდარობაა უკრაინელი ხალხისადმი და რა სასიამოვნოა, რომ ჩვენი მასწავლებლების სოლიდარობის გამომხატველი ვიდეოები მათაც გააზიარეს და დიდი მადლობა გადაუხადეს ჩვენს მასწავლებლებს.

რა თქმა უნდა, ომი დასრულდება და დასრულდება უკრაინის გამარჯვებით და როგორც ახლა, მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მასწავლებლებისა და საზოგადოების სოლიდარობა და მხარდაჭერა.

#StandWithUkraine #СлаваУкраїні #СлаваГероїв

 

[1] ბევრ მიღწევასთან ერთად, გრასა მაშელი იმითაც არის ცნობილი, რომ ერთადერთი ქალია, რომელიც ორი სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედი იყო. თავის დროზე ჯერ მოზამბიკის პრეზიდენტის, სამორა მაშელის (1979-1986), ხოლო შემდგომ უკვე სამხრეთ აფრიკის პრეზინდენტის, ნელსონ მანდელას მეუღლე იყო (1998-2013).

[2] https://www.un.org/ga/search/view_doc.asp?symbol=A/51/306&Lang=E&Area=UNDOC

[3] https://www.un.org/ga/search/view_doc.asp?symbol=S/2021/437&Lang=E&Area=UNDOC

[4] https://childrenandarmedconflict.un.org/six-grave-violations/

[5] https://abcnews.go.com/International/mental-health-effects-ukraine-war-zone-children/story?id=83203801

[6] Tyan, A. The Kremlin forces schools and theaters to uphold Putin’s invasion propaganda. Coda Story. 01.03.2022 https://www.codastory.com/disinformation/kremlin-schools-propaganda/

[7] გვინდაძე, ს. პატრიოტიზმის გაკვეთილები” – რას უყვებიან რუსეთში მოსწავლეებს პუტინის ომზე? რადიო თავისუფლება. 04.03.2022

https://www.radiotavisupleba.ge/a/31736436.html?fbclid=IwAR34x-C3dCks2ePFmCNVnNbPXVqH_ZaOUHxMhWNiLMNoM2IqqzhIqa-BC-k

[8] ლუკიანოვა, ი. Диссидент из 6-го «А» На уроке истории московский школьник высказал свою позицию по поводу «спецоперации». После этого к нему домой пришла полиция и отключила электричество. Novaya Gazeta. 09.03.2022. https://novayagazeta.ru/articles/2022/03/07/dissident-iz-6-go-a

გამოყენებული ილუსტრაცია: https://mobile.twitter.com/nexta_tv/status/1505033676152885255/photo/1

LAB: Ecology – რესურსი ეკოლოგიის გაკვეთილისთვის       

0

დისტანციური სწავლება ჩვენი ყოველდღიურობაა. მეც ვფიქრობ, რომ პირისპირ სწავლება უკეთესია, თუმცა ზოგიერთი საგნის სპეციფიკისა და საჯარო სკოლების რესურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობის გამო დისტანციურ სწავლებას გარკვეული უპირატესობები აქვს. ეს ეხება რესურსებს. გაცილებით მარტივია სიმულაციების გამოყენება Teams-პლატფორმაზე ჩატარებული გაკვეთილების დროს, ვიდრე პირისპირ სწავლებისას. აქ ჩნდება მეორე დაბრკოლება, ინტერნეტ-სივრცე სავსეა რესურსებით, თუმცა უცხო ენაზეა და მასწავლებლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმულაციებს, რომლითაც მოსწავლეებს წარმოდგენა ექმნებათ პროცესზე, რომელიც რეალურ დროში რთულად დასაკვირვებელია.

გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას რამდენიმე რესურსთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებს და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან მუშაობის დროს. რესურსის გამოყენება შესაძლებელია ფიზიკის გაკვეთილთან ინტეგრირებისას, როცა მუშავდება ენერგიის მუდმივობის კანონი.

სიმულაცია 1:  https://bit.ly/3cv1PSq კვებითი ჯაჭვი და ქსელი

ეკოსისტემა არის რთული და ძალიან ფაქიზი კომპლექსი ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტებისა. ერთი სახეობის დამატება ან გადაშენება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა სახეობების შემდგომ ცხოვრებაზე. სიმულაციაში შეგიძლია თავად ააწყო საკუთარი ეკოსისტემა და გამოიკვლიო სახეობების ურთიერთდამოკიდებულება.

სიმულაცია აღწერს კვებით ჯაჭვსა და კვებით ქსელს. მოსწავლე დააკვირდება, როგორ იცვლება  კვებითი ჯაჭვის თითოეულ რგოლში ინდივიდების რაოდენობა. ქვედა ნაწილში წარმოდგენილი დიაგრამა იხაზება განსხვავებული ფერის მრუდებით. თითოეული ფერის მრუდი შეესაბამება კონკრეტული სახის ინდივიდებს. მოსწავლეები ინსტრუქციის მიხედვით იმუშავებენ სიმულაციაში და შეავსებენ სამუშაო ფურცელს N 1.

ინსტრუქცია: მუშაობის დაწყებამდე და მონაცემების შერჩევამდე სიმულაცია ასე გამოიყურება (სურ. 1):

 

თუ აირჩევთ Food Web-ს (სურ.2), მოინიშნება ერთი კონკრეტული კვებითი ჯაჭვი.  Run ღილაკზე დაწკაპებით დაიწყება მრუდების ხაზვა. მწვანე ფერით აღნიშნულია მცენარე, ნარინჯისფრით – ბალახისმჭამელი, ცისფრით კი ნაირმჭამელი ინდივიდი.

სურათზე (სურ 3) წარმოდგენილია ნაწილობრივ შევსებული სქემა. ყავისფერ ფონზე დაწკაპებით ჩამოიშლება სამი სახის მცენარე, სურვილის მიხედვით შეარჩევთ მხოლოდ ერთს ან ნებისმიერ ორ ან სამივე ვარიანტს.

საკვების ასარჩევად ჩამოშლით  (სურ. 4) სურათზე მოცემულ ველს და აირჩევთ მცენარეს ან ცხოველს, იმის მიხედვით, თუ კვებითი ქსელის რომელ რგოლს ირჩევთ. შესაძლებელია რომ ერთ სახეობას შეურჩიოთ სხვადასხვა საკვები. ყურადღებაა გასამახვილებელი იმაზე, რომ მოსწავლემ გაითვალისწინოს რომელია მცენარიჭამია, რომელი ხორციჭამია და რომელი ნაირმჭამელი ორგანიზმი.

უკვე აიწყო კვებითი ქსელი და სიმულაციის ჩასართავად  აწკაპებ Run-ზე (სურ. 5).

მას შემდე, რაც დააწკაპებთ Run ღილაკს (სურ. 6), დაიწყება მრუდების ხაზვა. მოსწავლე დააკვირდება კვებითი ქსელის შემადგენელი ინდივიდების რაოდენობის ცვლილებას. თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეს აჩვენოს, რომ რაც უფრო მეტი სახის საკვებით იკვებება ინდივიდი, მას გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ამისთვის კვებითი ქსელის აწყობისას ერთ შემთხვევაში სთხოვეთ რგოლების რაოდენობა ცვალოს და თავად გააკეთოს დასკვნა.

სიმულაცია 2https://bit.ly/2L81Yjy ინსტრუქცია

ბმულის  გახსნისას გაიხსნება გვერდი, რომელიც ასე გამოიყურება (სურ.  7).

მწვანე ბურთულის გადაადგილებით შეძლებთ მცენარის რაოდენობის შეცვლას, ლურჯი ბურთულის გადაადგილებით შეიცვლება ლურჯი ინდივიდების რაოდენობა, ნაცრისფერი ბურთულით კი – ნაცრისფერი ორგანიზმების რიცხვი. სიმულაციის ჩასართავად  დააწკაპეთ Run Simulation-ს.

სიმულაცია გამოსახავს ეკოსისტემაში კონკურენციას. ლურჯ და ნაცრისფერ ორგანიზმებს სჭირდებათ ერთი საკვები. ამიტომ ერთმანეთის კონკურენტებს წარმოადგენენ.

სიმულაციის დაწყების შემდეგ დაახლოებით ასეთ სურათს მიიღებთ (სურ. 8)  სურათზე მარჯვენა ზედა კუთხეში წარმოდგენილია გრაფიკი, სადაც გამოსახულია ინდივიდების რაოდენობა თაობების განმავლობაში

დანართი 1-ში წარმოდგენილია ენერგიის, რიცხვთა და ბიომასის პირამიდებთან დაკავშირებულ სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქციები.

დამხმარე საკითხავი მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

კვებითი ჯაჭვები და ქსელები – https://bit.ly/3r4LD14;

ენერგიის ნაკადი – https://bit.ly/3r6hMW1;

პროდუცენტები – https://bit.ly/3o3o2vQ;

კონსუმენტები და რედუცენტები – https://bit.ly/3KLamzz.

 

კალისგან დამზადებული ჯარისკაცი…

0

მუდმივად ჟურნალ „მასწავლებლის“ სტატიებზე ვფიქრობ. მარტში იუბილე ჰქონდა, 10 წლის გახდა და პატივად ვთვლი, რომ დაბადებიდან ვიცნობ. მის გასაცნობად მეგობარმა კოლეგამ წამიყვანა. ასეთი და ასეთი „გოგო“ დაიბადაო და წამოდი, გაიცანი, წერა ხომ გეხერხებაო. წერა ბავშვობიდან გამომდის, რაღაცების მოფიქრების უნარიც, იცოცხლე – მაქვს. მთავარია, რამეს მოვეჭიდო და ამბავს ნამდვილად შევთხზავ.

 

ჰო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ჟურნალი ჩემს თვალში „გოგოა“. ოღონდ, ძლიერი და საზრიანი. არავის რომ დაეჩაგვრინება და სხვების დაუხმარებლად „არამკითხემოამბეს“ მშვენიერ პასუხს მიაგებს.

 

ჰოდა, მის სტატიებზე ფიქრი უკვე ჩვევად მექცა. გარეთ სულ ხალხს და საგნებს ვაკვირდები. სად რა ხელმოსაჭიდი ვიპოვო და შემდეგ რომელ ქიმიურ ამბავს დაუკავშირო.

 

აი, ერთხელ სამარშრუტო ტაქსით საცობში ვიდექით. თავს იმითღა ვირთობდი, რომ ზეცას ვუჭვრიტინებდი. მაშინ თურმე კარგი დრო მედგა, სახლში დედა მელოდებოდა და ტელეფონიდან მამხნევებდა:

  • მოდი, დედა გენაცვალოს, მალე მოდი…

 

ოჰ, ნეტა იცოდეთ, როგორ მაკლია ეს ფრაზა… რას არ გავიღებდი, ეს ხმა კიდევ რომ გამაგონა…

 

თუმცა, ახლა თემას გადავუხვიე და ისევ საცობს დავუბრუნდები. ცაზე ღრუბლებს უჩვეულო ფიგურები გამოესახათ და მეც ჩემდაუნებურად, დევების და ციკლოპების ბრძოლებს შევადარე. შედეგად, ეს წერილი დაიწერა:

mastsavlebeli.ge

ასეთი ფესვები აქვს ყველა წერილს, სადღაც რაღაცის გადაწყდომა-დაკვირდებით იწერება. იმ დღესაც ოდნავ ჩამძინებოდა, რომ „მესენჯერის “ ხმებმა გამაღვიძეს. დავხედე და ფატი მწერდა, ჩვენი ადრინდელი უნივერსიტეტის ერთი უკარგესი ქალბატონი. ბატონი როზლანდი ხომ გახსოვსო, ჰოდა, დარეკვა სურს შენთან და ნომერი შემახსენე, რომ მივცეო. ახლავე-მეთქი, გამოვფხიზლდი, ადრე სულ მე ვეკითხებოდი ბატონ როზლანდს ათას რამეს, მოსიარულე ენციკლოპედიასაც კი ვეძახდით და ახლა როგორ დავზარდებოდი რამეს.

 

გულთბილი მოკითხვის შემდეგ როზლანდმა კალაზე მკითხა რაღაც. ჰოდა, მეც მაშინვე მივხვდი, რომ შემდეგი სტატიის თემა ეს მეტალი იქნებოდა.

კალა იმ ელემენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც კაცობრიობა ერთ-ერთ პირველს გაეცნო. მას იღებენ კალაქვის-კასიტერიტის ნახშირით, ანუ ორგანული ნივთიერებების აღდგენით. მიღების პროცესი შედარებით ადვილია და ამით აიხსნება, რომ ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე 6000 წლის წინ იყო ცნობილი. ბუნებაში გვხვდება, როგორც თვითნაბადი, ისე ნაერთების სახით. ძირითადად, დიოქსიდის SnO2-კასერიტის სახით, რომელიც თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა.

 

კალაქვას ხშირად ახლავს კალის კოლჩედანი -Cu2S·FeS·SnS2. თვითნაბადი კალა ძირითადად ოქროსთან ერთად გვხვდება.

მეტალურ კალას იღებენ სპეციალურ ღუმელებში კალაქვის ნახშირით აღდგენის გზით:

SnO2+2C=Sn+2CO

SnO2+2CO=Sn+2CO2

ამ გზით მიღებული კალა მთელ რიგ მინარევებს შეიცავს. მინარევებისგან განთავისუფლების მიზნით მიღებულ მასას ადნობენ. კალა როგორც დაბალი დნობის ტემპერატურის მქონე მეტალი გადადის თხევად მდგომარეობაში. ამით მას გამოყოფენ სხვა მინარევებისგან და შედარებით სუფთა სახით იღებენ.

მრეწველობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კალის რეგენერაციას – გამოყენებული კალის ისევ აღდგენისა და წარმოებისთვის ისევ დაბრუნებას. მაგ. კონსერვის ქილა 2-3% კალას შეიცავს. მისი გამოყოფისთვის ქილის ნაჭრებს ჩაუშვებენ ტუტის ხსნარში (ანოდი) და ელექტროლიზის გზით კათოდზე კალას გამოყოფენ.

კალა მოვერცხლისფრო თეთრი ბრჭყვიალა მეტალია, კარგად იჭედება, იგლინება და მისგან ძალიან თხელი ფურცლების დამზადებაა შესაძლებელი. გამლღვალი მდგომარეობიდან მისი გაცივებისას კალა კრისტალდება ტეტრაგონალური კრისტალების სახით (თეთრი კალა). 161 ცელსიუს გრადუსზე რომბულ მდგომარეობაში გადადის. ეს ფორმა მყიფეა, ადვილად იმსხვრევა და ფხვიერდება. კალის მესამე მდგომარეობა ნაცრისფერი კალაა, რომელიც -13,2 ცელსიუს გრადუსსა და უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ფხვიერი მასის სახით მიიღება. ამიტომ კალისგან დამზადებული საგნები დაბალ ტემპერატურაზე ფხვიერ მასად იოლად იშლება.

კალის ნაცრისფერ მოდიფიკაციაში გადასვლა მით უფრო სწრაფად ხდება, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა. თეთრი კალის ნაცრისფერ მოდიფიკაციაში გადასვლას აჩქარებს თეთრი კალის ნაცრისფერთან შეხება. ამიტომ თეთრი კალისგან დამზადებულ ნაკეთობებს ეს ადვილად გადაედებათ (დაახლოებით კოვიდის ან სხვა ვირუსული დაავადების მსგავსად). ამ მოვლენას ადრე „კალის ჭირი“ ეწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ -13,2 ცელსიუსზე ზემოთ გათბობისას ნაცრისფერი კალა ისევ თეთრ კალაში გადადის.

ჩვეულებრივ პირობებში კალა ჟანგბადისა და სინესტისადმი მდგრადია, მხოლოდ გახურების შემდეგ შედის რეაქციაში ჟანგბადთან და SnO2 წარმოიქმნება.

ქიმიური თვისებებით საკმაოდ აქტიურია. ჰალოგენების მოქმედებით მიიღება ტეტრაჰალოგენკალა SnX4. ფთორი ოთახის ტემპერატურაზე კალაზე არ მოქმედებს, გაცხელებით კი რეაქცია აალებით წარიმართება. ქლორი და ბრომი ჩვ. ტემპერატურაზე, ხოლო იოდი ოდნავ გაცხელებით შედის კალასთან რეაქციაში. კალა ენერგიულად რეაგირებს გოგირდთან, სელენთან, ტელურთან. ფოსფორთან კი გაცხელებით შედის რეაქციაში.

კალა ადვილად იხსნება კონც. მარილმჟავაში:

Sn+2HCl=SnCl2+H2

კალა ენერგიულად რეაგირებს კონც. აზოტმჟავასთან, რის შედეგად წარმოიქმნება წყალში უხსნადი ბეტა-კალამჟავა.

Sn+4HNO3=H2SnO3+4NO2+H2O

კალა სამეფო არაყშიც იხსნება. ამ შემთხვევაში, თეზაფი მარილმჟავას ჭარბი რაოდენობით შეიცავს.

2Sn+18HCl+3HNO3=3H2[SnCl6]+4NO+8H2O

მეტალური კალა იხსნება ცხელ ძლიერ ტუტეებში ჰექსაჰიდროქსისტანატების წარმოქმნით:

Sn+2KOH+4HOH=K2[Sn(OH)6]+2H2.

მეტალური კალა მართლაც საუკეთესო თვისებებით ხასიათდება – კარგი ჭედადობა, პლასტიკურობა, დაბალი ლღობის ტემპერატურა, ჟანგბადისადმი და სინესტისადმი მდგრადობა. ეს თვისებები კალის პრაქტიკაში გამოყენებას ზრდის.

კალა დიდი რაოდენობით გამოიყენება, ე.წ. თეთრი თუნუქის დასამზადებლად. ამისთვის რკინის ფურცელს გოგირდმჟავათი დაამუშავებენ (ოქსიდების მოსაცილებლად), შემდეგ ჩაუშვებენ გამლღვალ კალაში (მოკალვა). კალა რკინას კოროზიისგან იცავს.

ის საკონსერვო ქილების დასამზადებლად გამოიყენება. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს სუფთა კალა, რომელიც არ შეიცავს ტყვიას. კალა სხვადასხვა შენადნობშიც გვხვდება. მაგ. ბრინჯაო 10% კალას და 90% სპილენძს შეიცავს. გამოიყენება ასევე მეტალის მეტალთან მირჩილვისთვის (50% კალა და 50% ტყვია). მას იყენებენ სასტამბო შენადნობის დასამზადებლად (5-30% კალა, 10-20% სტიბიუმი, დანარჩენი კი ტყვია).

სხვათა შორის, 2000 კონსერვის ქილის გადამუშავებით 1კგ. კალის მიღება შეიძლება. 1809 წელს ფრანგმა მზარეულმა ფრანსუა აბერმა პროდუქტების ხანგრძლივად შენახვის მეთოდი, ანუ კონსერვირება გამოიგონა. კონსერვების ქილები კი თეთრი თუნუქისგან უნდა დამზადებულიყო, რომელიც კალით იქნებოდა დაფარული. ასეთი ქილების გადამუშავებით მეორადი კალა მიიღება და როგორც მეცნიერები ფიქრობენ, კალის მარაგი დაახლოებით 40-50 წელი კიდევ საკმარისად არის.

რვა წლისას დედამ კალისგან ჩამოსხმული რამდენიმე ჯარისკაცი მაჩუქა. მახსოვს, სულ გამორჩეულ ადგილას იდგნენ ხოლმე. ახლა კი ვეღარ ვპოულობ, ცხოვრების წლებმა სად გადახვეწეს, ვერც კი გავიგე.

ანდერსენის ზღაპარი ალბათ ყველას გახსოვთ. პატარა ბიჭს 25 პატარა ჯარისკაცი აჩუქეს. ისინი ერთი თუნუქის კოვზიდან ჩამოასხეს, თუმცა სულ ნაბოლარაზე კალა საკმარისი არ აღმოჩნდა და მხოლოდ ერთი ფეხით დარჩა. თუმცა, ამ ცალ ფეხზე მყარად იდგა. ბიჭმა ყველა ჯარისკაცი მაგიდაზე განათავსა. ამავე მაგიდაზე სხვა ბევრი სათამაშოც იყო, მათ შორის სასახლე ტბითა და გედებით. სასახლეში ერთი მზეთუნახავი ცხოვრობდა, რომელსაც ამ ცალფეხა ჯარისკაცმა თვალი მოკრა თუ არა, მაშინვე შეუყვარდა.

ღამე, როდესაც ბიჭი იძინებდა, სათამაშოები ცოცხლდებოდნენ და ცხოვრებისეულ ფერხულში ებმებოდნენ. ჯარისკაცს რომ მზეთუნახავი შეუყვარდა, ტროლს არ გამოჰპარვია. ჰოდა, ერთ-ერთ ღამესაც ომი გამოუცხადა. შემდეგ ათასი რამ მოხდა, ჯარისკაცი ქუჩაში გადავარდა, იქ ხელნაკეთი ნავით საკანალიზაციო წყლებში იმოგზაურა, საიდანაც ზედაპირულში (ანუ მდინარეში) გადავიდა, სადაც თევზმა შესანსლა. ეს თევზი მებადურმა დაიჭირა და პატარა ბიჭის დედას მიჰყიდა. ასე აღმოჩნდა ბიჭის სამზარეულოში, სადაც მუცლის გაფატვრისას ჯარისკაცი იპოვეს და უკან მზეთუნახავთან დააბრუნეს.

ბოლოს კი მაინც ყველაფერი ცუდად დასრულდა, მზეთუნახავიც და ჯარისკაციც ბუხარში გადაცვივდნენ, სადაც ერთი დაიწვა, მეორე კი დადნა, მაგრამ გულის ფორმა მიიღო.

კალაზე ზღაპრის დაწერა და ასე სევდიანად და ლამაზად დასრულება, ალბათ მხოლოდ ანდერსენს შეეძლო.

მე კი ვიტყოდი, რომ კალისგან დამზადებულმა ჯარისკაცმა უშიშრად, ლამაზად და საინტერესოდ იცხოვრა… ზუსტად ისევე, როგორც ეს ელემენტი გადის სამყაროში თავის დაუსრულებელ გზას.

რუსეთ-უკრაინის ომის თემა სკოლაში

0

ამ წერილს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას ვწერ. დღეს, 13 მარტს, უკრაინაში, ირპენში მოკლეს „ნიუ-ორკ ტაიმსის“ ჟურნალისტი, ზურგიდან ესროლეს რუსმა სამხედროებმა, როდესაც კოლეგებთან ერთად გაქცევას ცდილობდა.

ეს არის ბოლო ინფორმაცია, რომელიც ომიდან ამ წუთას ვიცით.

არ არსებობს ომზე დიდი ბოროტება და ყველა, ვინც ომს რამენაირად ამართლებს, ბოროტების მხარეს დგას.

როცა მოძმე ქვეყანაში ომია, როცა ბავშვებსა და ქალებსაც კი ხოცავენ, როცა მილიონობით ადამიანმა დაკარგა ახლობელი, სახლი, ქონება, აქ, საქართველოში წერა და ლაპარაკი იმაზე, როგორ განვიცდით, როგორ ველით თითოეულ სიახლეს, უხერხულიც კია. თუმცა ჩვენთან ერთად განიცდიან ჩვენი ბავშვები, ჩვენი მოზარდები, ჩვენი მოსწავლეები. მასწავლებლების უმეტესობას გვიწევს მათთან ამ საკითხებზე საუბარი. მნიშვნელოვანია, დისკუსიები ომის შესახებ სწორად წარიმართოს.

ერთი მხრივ, უკრაინელმა ხალხმა გამოაღვიძა მხედრული, იდეალისტური სული ევროპაში, რომ უნდა დაიცვა შენი სამშობლო, რომ რამეს თუ აქვს აზრი დედამიწაზე, ეს სწორედ „განწირული სულისკვეთებაა“. გამოაღვიძა ევროპა და ჩვენი მოსწავლეებიც უფრო გრძნობენ სამომავლო პასუხისმგებლობას, უყვარდეთ და დაიცვან სამშობლო, თუ საჭირო გახდა, შეებრძოლონ ურჩხულს, შეებრძოლონ გოლიათს, რადგან თუ შენკენაა რწმენა და სიმართლე, საბოლოოდ ბოროტება ყოველთვის მარცხდება.

მეორე მხრივ, საშინლად მძაფრდება მტრის ხატი. ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ვაჟა-ფშაველა, ქართველების ვაჟკაცობისა და ადამიანობის უპირველესი მასწავლებელი, მოსახლეობის დიდ ნაწილს მცდარად აქვს გაგებული. თავისთავად ცხადია, მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, სტუმარ-მასპინძლობა, მტრისათვის შესაფერისი დახვედრა, ადამიანის, პიროვნების როლი და მნიშვნელობა.

მოზარდებისათვის განსაკუთრებით საფრთხილოა, არ მიმართონ თავიანთი აგრესია რუსი ეროვნების ადამიანებისადმი, რომელთა სიმრავლე თვალშისაცემია. თავისთავად ცხადია, რუსეთის მოქალაქეობა არ ნიშნავს, რომ შენ ვინმეზე ნაკლები ადამიანი ხარ. ახლაც, ამ 13 მარტს, მოსკოვის მოედნიდან ვრცელდება კადრები, როგორ აპატიმრებენ საშუალო ასაკის მამაკაცს, რომელიც ომონის მანქანაში ჩატენვამდე განწირულად, ხმის ჩახლეჩამდე მღერის უკრაინის ჰიმნს. ეს მამაკაცი ნამდვილი ადამიანია, ის ისეთივე გმირია, როგორიც უკრაინელები. მას რუსულ ციხეში ცემა და წამება ელის და მაინც მღერის. ასევე ყველამ ვნახეთ რუსი ბებიის დაპატიმრების სცენაც, ორი ტრანსპარანტით ხელში რომ იდგა, თუმცა ისიც ვიცით, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი პროპაგანდით ტვინგამორეცხილია და პუტინის აგრესიას მხარს უჭერს.

თავისთავად ცხადია, ვინ როგორი მოქალაქე და ადამიანია, ამას დღეს ჩვენ ვერ გავარჩევთ. კარგი იქნებოდა, ამის გარჩევის პასუხისმგებლობა აეღო ჩვენს მთავრობას და შერჩევით შემოეშვა რუსეთის მოქალაქეები (რა თქმა უნდა, აქცენტი გაეკეთებინა მათზე, ვისაც იქ რეალური საფრთხე ემუქრება).

მეთერთმეტე კლასში ჩვენს სკოლებში „ბახტრიონს“ სწავლობენ. ვაჟასთვის უპირველესი გმირი ლუხუმი, მტერს თან ხოცავს და თან არასდროს უუხეშდება სული, მუდმივად სდის ცრემლი ყოველი მოკლულის გამო.

„შენ შეგებრალა ურჯულო,

მოგიწყლიანდა თვალები,

უთუოდ, საით ენახე,

შეგაფურთხებდენ ქალები“ _

ეუბნება მას ძმობილი ზეზვა გაფრინდაული. ზეზვა გაფრინდაული გმირია, დიდი გმირიც, მაგრამ მისი ფილოსოფია სხვაა:

„ვისაც ჩვენ არ ვებრალებით,

ჩვენ შავიბრალოთ რისადა,

სიკვდილი თვითონ უფალსა

გაუჩენია მტრისადა“.

 

თავისთავად ცხადია, ჩვენთან შემოსული რუსეთის მოქალაქეები იარაღით არ მოდიან, მაგრამ ისინი მტრული სახელმწიფოს შვილები არიან. ვფიქრობ, მათ ამ ქვეყანაში უნდა იგრძნონ გარკვეული დისკომფორტი თავიანთი სახელმწიფოს გამო. ვინც ანტიპუტინისტური განწყობისაა, სწორად გაიგებს და თავადაც იგივე ფიქრი ექნება, ვინც არა, დაე, იგრძნოს თავი უხერხულად.

ამის გაკეთება, ვფიქრობ, ძალადობისა და უპატივცემულობის გარეშეც შესაძლებელია. მაგ. ყველას გვქონდეს რაღაც ატრიბუტი, რომელიც მათ ჩვენთვის წართმეულ 20 პროცენტს ან უკრაინის ომს გაახსენებს. მაგრამ ამგვარი გამოხატვის დროსაც არ უნდა დაგვავიწყდეს ლუხუმის ცრემლები, ტკბობაში არ უნდა გადავცვივდეთ, უნდა თავადაც გვაწუხებდეს, რომ სხვას ვარცხვენთ, ვახსენებთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის შვილია, რომ ის სხვა, შეიძლება, ჩვენზე ნაკლები ადამიანი არაა:

„ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტონ ჩვენ გვზრდიან დედანი“.

ჩვენი თვითგამოხატვა ეროვნული ღირსების დაცვა უნდა იყოს და არა სხვისი სიძულვილი.

ვფიქრობ, ამ თემებზე დისკუსიები დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია ქართულ სკოლაში. მასწავლებელმა უნდა შეძლოს ეროვნული ღირსების ისე გაღვივება, რომ მტრის სიძულვილმა ადამიანის დანახვის საშუალება არ დაუკარგოს მომავალ თაობებს.

პ. ს. რახან „ბახტრიონს“ შევეხე, აქვე კვირიასაც გავიხსენებ, ყველაზე ღატაკ გმირს. მას არაფერი აბადია – არც მიწა, არც ცოლი, არც შვილი, არც მშობლები. მისი ბრძოლა და თავგანწირვა ყველაზე უანგაროა. ლელაც კი, რომელიც მასთან ერთად უეჭველ სიკვდილზე მიდის, პირადი შურისძიების გრძნობითაცაა სავსე. ამ დღეებში გავრცელდა ფოტოები, როგორ აგროვებენ უკრაინელი მაწანწალები ბოთლებს და აკეთებენ მოლოტოვის კოქტეილებს. მათაც ალბათ სამშობლოს იდეის იქით არაფერი აბადიათ, ისინიც ჩვენი კვირიასავით ყველაზე უანგაროდ ირჯებიან. არ მინდა ომის რომანტიზაცია გამომივიდეს, მაგრამ რა მაგარია, როცა ნაგვისგან შეგიძლია შექმნა შენი სამშობლოს დასაცავი იარაღი, ჩვეულებრივს ჯადოსნური ძალა მიანიჭო, როგორც ზღაპრებშია.

დიდი იმედი მაქვს, ზღაპრის გმირებივით უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ.

 

გამოყენებული ილუსტრაცია –  https://www.facebook.com/photo/?fbid=516842973336901&set=pb.100050336086693.-2207520000..

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...