ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაწყებითი საფეხურის მუსიკის გაკვეთილებზე

0

      განათლების მოდერნიზაცია გულისხმობს ფოკუსირებას როგორც მოსწავლეების ცოდნის ათვისებაზე, ასევე ინდივიდის შემეცნებით და შემოქმედებით შესაძლებლობების   განვითარებას.  მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობა, სწავლისადმი მათი ინტერესის განვითარება.

თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენება მრავალი განსხვავებული სწავლების მეთოდი, რომლის მიზანია თითოეული ბავშვის შემოქმედებითი ინტერესებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, განვითარება, ზრდა, მისი დამოუკიდებელი პროდუქტიული სასწავლო საქმიანობის სტიმულირება.

პროექტის მეთოდი წარმოიშვა მე-20 საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში. მას პრობლემების მეთოდსაც უწოდებდნენ და მას უკავშირდებოდა ჰუმანისტური მიმართულების იდეები ფილოსოფიასა და განათლებაში, რომელიც შეიმუშავა ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჯონ დიუიმ. იგი სთავაზობდა სწავლის აგებას მოსწავლის აქტიურობით, კონკრეტული ცოდნისადმი მისი პირადი ინტერესის შესაბამისად. ძალზე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებს გამოეჩინათ პირადი ინტერესი შეძენილი ცოდნის მიმართ. ამისათვის საჭირო იყო მოსწავლეებისთვის ნაცნობი და მნიშვნელოვანი, რეალური ცხოვრებიდან აღებული პრობლემა, რომლის გადასაჭრელად უნდა გამოიყენონ მიღებული და ახალი ცოდნა.

სწორედ ამ მეთოდის გააზრება და გამოყენება ახალ სოციალურ-კულტურულ ვითარებაში, სოციალური განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე განათლების მოთხოვნების გათვალისწინებით, საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ სასკოლო პროექტზე, როგორც ახალ პედაგოგიურ ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად მოაგვაროს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის პრობლემები ახალგაზრდა თაობის სწავლებაში.

თანამედროვე პედაგოგიკაში პროექტის მეთოდი აერთიანებს პრობლემაზე დაფუძნებულ მიდგომას, ჯგუფურ მეთოდებს, რეფლექსიურ, საპრეზენტაციო, კვლევას, ძიებას და სხვა მეთოდებს.

 პროექტზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე ხდება აქტიური, დაინტერესებული, თანაბარი მონაწილე, შორდება სტანდარტულ აზროვნებას.

მოსწავლეთა სწავლის, განვითარებისა და განათლების შედეგი დამოკიდებულია სწავლების აქტივობის ხარისხზე. საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სწავლების ისეთ ფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მოსწავლის გაკვეთილზე აქტიურ მონაწილეობას, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობის გაზრდას საგანმანათლებლო მუშაობის პროცესში. ამ ამოცანების წარმატებით გადაჭრა შესაძლებელია პროექტის მეთოდის გამოყენებით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების გააქტიურებას სასწავლო პროცესში.

პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი დღეს სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია. ჩნდება უამრავი კითხვა:

  • როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ აქტივობები?
  • რა თემები ავირჩიოთ, რომ მოსწავლეებს დააინტერესო?
  • რა ტიპის პროექტები არსებობს?

მოსწავლისთვის საპროექტო აქტივობა მოტივირებულია დამოუკიდებლობის სურვილით, მასწავლებლისთვის კი პედაგოგიური პრობლემების გადაჭრის საშუალებაა.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს მოსწავლეების საკუთარი აზრის, გრძნობების გამოხატვას, აქტივობებში აქტიურ ჩართვას, სწავლის პროგრესზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას. განხორციელების პროცესში მოსწავლეები სწავლობენ ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას, გამოცდილების მიღებას შემეცნებით, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში.

მუსიკის გაკვეთილზე, პროექტზე მუშაობის ორგანიზებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე პირობა:

– მუსიკალური პროექტის თემა უნდა იყოს აქტუალური;

– აუცილებელია ყველა მოსწავლის ჩართვა კლასის მუშაობაში, თითოეული დავალების შეთავაზება მისი მუსიკალური კომპეტენციების დონის გათვალისწინებით.

ამ სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეებს შეუძლიათ, მაგალითად, ისაუბრონ კომპოზიტორების შემოქმედებაზე, ნაწარმოებების ან მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის ისტორიაზე, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, შექმნან საკუთარი სცენარები, მოამზადონ კონცერტები, მუსიკალური გაზეთები და ა.შ.

გაკვეთილზე პროექტის მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია ერთდროულად მიავაღწიოთ რამდენიმე მიზანს:

  • გავაფართოვოთ ბავშვების ჰორიზონტები;
  • გავაერთიანოთ შესწავლილი მასალა;
  • შევქმნათ სადღესასწაულო ატმოსფერო გაკვეთილზე;
  • საკლასო ოთახის კედლებზე მოვაწყოთ მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა.

მუსიკის სფეროში ცოდნის დაუფლება პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ანიჭებს სწავლის ხალისს, ზრდის მათ კულტურულ დონეს.

პროექტი ხორციელდება გარკვეული სქემის მიხედვით:

  1. პროექტისთვის მომზადება.

სასწავლო პროექტის შექმნისას უნდა დაიცვან მთელი რიგი პირობები:

  • თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესების, ცხოვრებისეული გამოცდილების წინასწარი შესწავლა;
  • პროექტის თემის შერჩევა, პრობლემის ჩამოყალიბება.
  1. 2. პროექტის მონაწილეთა ორგანიზაცია.

იქმნება მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფები, სადაც თითოეულს აქვს თავისი დავალება. პასუხისმგებლობების განაწილებისას მხედველობაში მიიღება მოსწავლეების მიდრეკილება ლოგიკური მსჯელობისკენ, დასკვნების ფორმირებისკენ, საპროექტო სამუშაოს შემუშავებისკენ.

  1. პროექტის განხორციელება.

ეს ნაბიჯი დაკავშირებულია ახალ, დამატებითი ინფორმაციის ძიებასთან, შეგროვებული ინფორმაციის განხილვასთან და მის დოკუმენტაციასთან, პროექტის განხორციელების გზების არჩევასთან (ეს შეიძლება იყოს ნახატები, მუსიკალური სპექტაკლები, მუსიკოსებისადმი მიძღვნილი გაზეთები და ა.შ.). ზოგიერთი პროექტი შესაძლებელია შექმნან სახლში დამოუკიდებლად, ზოგი კი იქმნება საკლასო ოთახში, იმ შემთხვევაში თუ საჭიროებენ მასწავლებლის დახმარებას.

  1. პროექტის პრეზენტაცია.

მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი სტიმულია პროექტის განხორციელებისას მათი შემოქმედებითობისა და ორიგინალურობის ხარისხი. დამუშავებული მასალა უნდა წარუდგინონ თანაკლასელებს. შემოთავაზებული სწავლების მეთოდოლოგიის ანალიზისთვის მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების და წარდგენის გზები.

5.პროექტის მუშაობის შეჯამება.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება  გულისხმობს მოსწავლეების გააქტიურებას: მათ თავად უნდა შეიძინონ ახალი ცოდნა, მოიძიონ ფოტოები და ნახატები, მუსიკა დაამონტაჟონ და დამოუკიდებლად ჩაწერონ. და ბოლოს, მუსიკალური კომპეტენციის სხვადასხვა დონის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროექტში თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად. მაგალითად, მოსწავლე, რომელსაც აქვს არასაკმარისი მუსიკალური ცოდნა, შეიძლება ჰქონდეს შესანიშნავი კომპიუტერის ცოდნა და ა.შ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე პროექტს:

პროექტი: “ანიმაციური ფილმი”

კლასი: I

პროექტის ტიპი: შემოქმედებითი.

შედეგი: სიმღერის შესრულება ბავშვების მიერ გაკეთებული პრეზენტაციის დემონსტრირებისას.

მიზანი: პრეზენტაციის (ნახატების) შექმნა სიმღერისთვის.

– ბ.გელოვანის სიმღერის “ორი რეზოს” შინაარსის შესწავლის ეტაპზე ბავშვები ქმნიან საკუთარ პროექტს “ანიმაციური ფილმი”. ბავშვებს ჯგუფებში ეძლევათ დავალება დახატონ – სლაიდი სიმღერის გარკვეულ სტროფზე, ჯგუფებში ბავშვები განიხილავენ ვინ რას მოამზადებს, რათა ნახატები არ განმეორდეს.

პროექტი: “ჩემი მუსიკალური ინსტრუმენტი”

კლასი: I I

პროექტის ტიპი: შემოქმედებითი.

შედეგი: მოსწავლეები აკეთებენ საჩხაკუნო-ხმაურიან მუსიკალურ ინსტრუმენტებს, წარუდგენენ კლასს, არგუმენტირებენ არჩევანს და აჩვენებენ დამზადების მეთოდს.

მიზანი: საჩხაკუნო-ხმაურიანი ინსტრუმენტების ჯგუფის შექმნა საკლასო ოთახში, პრაქტიკაში დანერგვის მიზნით.

დავალებები: საჩხაკუნო-ხმაურიანი ინსტრუმენტების დამზადება, ინსტრუქციების მომზადება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ სხვა ბავშვებს იგივე ინსტრუმენტების დამზადება.

პროექტზე მუშაობა:

მასწავლებლის ესაუბრება, რომ წინ არაჩვეულებრივი სამუშაოა, რომელიც საჭირო იქნება ჯგუფებად დაყოფით. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ პროდუქტის მნიშვნელობაზე, რომელიც ბავშვებმა უნდა დაამზადონ: გამოიგონონ და დაამზადონ საჩხაკუნო-ხმაურიანი ინსტრუმენტები იმპროვიზირებული მასალისგან (ქილები, სახურავები, მარცვლეული, ღილები, ერთჯერადი დანა-ჩანგალი), რათა გამოიყენონ ისინი გაკვეთილზე მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით. აუცილებელია ისეთი რეკომენდაციების გაცემა, რომლის მიხედვითაც სხვა მოსწავლეებს შეეძლებათ ზუსტად იგივე ინსტრუმენტების დამზადება.

ბავშვებს სთხოვს, რომ გამოიკვლიონ ყველაფერი სახლში და ქუჩაში, რომელსაც შეუძლია უჩვეულო ხმაურის გამოცემა. ამ კვლევების გამოყენებით, შეეცადეთ გააკეთოთ საჩხაკუნო-ხმაურიანი ინსტრუმენტი. სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ მშობლებს ან მასწავლებელს. აღწერეთ როგორ და რისგან შეიძლება დამზადდეს ერთი და იგივე ხელსაწყო. მოუყევით ბავშვებს გაკვეთილზე თქვენი ინსტრუმენტის შესახებ და აჩვენეთ როგორ ჟღერს.

საბოლოო შედეგო: მოსწავლეებს უვითრდებათ ყურადღება, აზროვნება, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, მხატვრული, შემოქმედებითი უნარები.

პროექტი: “მუსიკალური საიდუმლოებების ქვეყანაში”

კლასი: I I I

პროექტის ტიპი: შემოქმედებითი.

მიზანი და შინაარსი: პროექტი მიზნად ისახავს ბავშვების მიერ გაშუქებული მასალის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანას (მუსიკალური ტერმინები, კომპოზიტორების სახელები, ნაწარმოებების სათაურები და მუსიკალური ჟანრები) სხვადასხვა ტიპის მუსიკალური გამოცანების სახით (კროსვორდი, რებუსი, გამოცანები, და ა.შ.)

პროდუქტი: კედლის გაზეთი მუსიკალური გამოცანებით თემატური კვირისთვის.

პროექტის მიზნები: მუსიკალური გამოცანების შემუშავება და შედგენა, მათგან საუკეთესოების დაპროექტება მუსიკალური კედლის გაზეთების კონკურსში მონაწილეობისთვის.

მასალები: საცნობარო წიგნები, მუსიკის სახელმძღვანელოები, ფორმატის (Whatman) 4 ფურცელი, ფლომასტერებისა და ფერადი ფანქრების ნაკრები.

პროექტი: “მუსიკალური ინსტრუმენტები”

კლასი: I V

პროექტის ტიპი: შემოქმედებითი

თემა: “ექსკურსია – მოგზაურობა ქართული ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრში”

მიზანი: ქართული ხალხური საკრავების გაცნობა. ბავშვების ჯგუფი ამზადებს მოკლე მოხსენებებს ინსტრუმენტების შესახებ და წარდგებიან კლასის წინაშე, ასრულებენ მეგზურის (გიდის) ფუნქციას ილუსტრაციების ჩვენებასას.  სხვა ჯგუფი წარდგება   მუსიკოსების როლში და ასრულებენ მცირე იმპროვიზაციას უმარტივეს ინსტრუმენტებზე (დოლები, საჩხაკუნოები, ჩასაბერი საკრავები). შედეგად, ბავშვები ეცნობიან ქართულ ხალხურ საკრავებს არა პასიურად, არამედ აქტიურად: ისინი სწავლობენ საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მოძიებას, სწავლობენ საუკეთესო მეგზურის (გიდის) არჩევას და ასევე უკრავენ ინსტრუმენტებზე, რომლებიც სახლიდან მოაქვთ.

პროექტი: “მუსიკალური ზღაპარი”

კლასი: V

პროექტის ტიპი: შემოქმედებითი.

თემა: “მუსიკალური ზღაპარი”

მიზანი: ზღაპრების შემუშავება და შედგენა მუსიკის „ჯადოსნური “ძალის შესახებ, მუსიკალური ზღაპრების კრებულის შექმნა.

პროექტის პედაგოგიური მიზნები: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში მხატვრულ-ესთეტიკური შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება, კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება, როლური თამაშის დროს ჯგუფური თანამშრომლობის უნარი, მუსიკისადმი ინტერესის, აქტიური და პოზიტიური დამოკიდებულების გაღვივება.

როლები: ავტორები, მხატვარი-გამფორმებელი, პროექტის ხელმძღვანელი.

ამოცანა: განავითაროთ, შეადგინოთ და გააფორმოთ ზღაპრები, რომლებშიც მუსიკა მთავარ როლს შეასრულებს. გადაწყვიტეთ რისი თქმა გსურთ თქვენს ზღაპარში, როგორ უკავშირდება თქვენი იდეა დავალების ფურცელზე მოცემულ კრიტერიუმებს.

პროექტი: “მუსიკა თეატრში, კინოში, ტელევიზიაში”

კლასი: VI

პროექტის ტიპი: შემოქმედებითი.

მიზანი: შექმნან სიმღერების პოპური ცნობილი საბავშვო ფილმებიდან და მულტფილმებიდან საერთო თემით.

პროექტის პედაგოგიური მიზნები: სკოლის მოსწავლეების მხატვრულ- ესთეტიკური შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება, კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება, როლური თამაშის დროს ჯგუფური თანამშრომლობის უნარი, მუსიკისადმი ინტერესის, პოზიტიური და აქტიური დამოკიდებულების გაღვივება.

პროექტის  მომზადებისას ბავშვები ჯგუფებში ამზადებენ პასუხებს სასწავლო კითხვებზე:

  • რა საერთო აქვს მუსიკას ლიტერატურასთან?
  • რა მოხდებოდა ლიტერატურა რომ არ იყოს?
  • როგორი იქნებოდა მუსიკა, რომ არ ყოფილიყო პოეზია ან პროზა?

ამ ეტაპზე ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა წყაროებთან მუშაობას და გამოყოფენ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გაკვეთილზე, მიღებული ცოდნის გამოყენებით, ბავშვები პოულობენ პასუხებს პრობლემურ კითხვებზე:

  • რა მოუვიდოდა ლიტერატურას, მუსიკა რომ არ იყოს?
  • მუსიკა და ლიტერატურა მეგობრები არიან თუ მოწინააღმდეგეები?

საგანმანათლებლო და პრობლემურ კითხვებზე პასუხები ეხმარება ბავშვებს უპასუხონ გაკვეთილის მთავარ, ძირითად კითხვას:

  • შესაძლებელია თუ არა ხელოვნებას შორის ზუსტი ზღვარის გავლება მუსიკასა და ლიტერატურას შორის?

გაკვეთილის ბოლოს თითოეული ჯგუფის მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ მუსიკალურ პროექტს: ცნობილი საბავშვო ფილმებიდან და მულტფილმებიდან სიმღერების პოპურის შექმნა. თითოეული ასეთი პროექტი უნდა იყოს როგორც ლექსების ნაკრები, ასევე უნდა ჰქონდეს საერთო თემა და მნიშვნელობა: მეგობრობაზე, სიკეთზე, სკოლაზე და ა.შ.  გაკვეთილზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს, დანარჩენი მონაწილეები ირჩევენ ყველაზე წარმატებულს. ამავე დროს ხდება შინაარსის შეფასება, ლექსის შინაარსობრივი თანმიმდევრობა და ემოციური შესრულება.

პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიზანია შექმნას პირობები, რომლითაც მოსწავლეები დამოუკიდებლად და საკუთარი ნებით შეიძენენ ცოდნას სხვადასხვა წყაროდან (მათ შორის ინტერნეტიდან); ისწავლონ მიღებული ცოდნის გამოყენება შემეცნებით და პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად; გამოუმუშავდეთ კვლევის უნარები (პრობლემის ამოცნობის, ინფორმაციის შეგროვების, დაკვირვების, ანალიზის, განზოგადების, აზროვნების უნარი). სასწავლო პროექტების შესაძლო თემები მრავალფეროვანია, ისევე როგორც მათი მოცულობა.

საპროექტო და კვლევითი აქტივობები მოიცავს მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთობლივ მუშაობას, ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას, საძიებო და კვლევით საქმიანობას, მოსწავლეთა დამოუკიდებლობას. პროექტზე მუშაობის მსვლელობისას, როგორც წესი, ხდება დიდი რაოდენობით საინფორმაციო მასალის დამუშავება და შეჯამება. მოსწავლეები იყენებენ მასალას არა მხოლოდ წიგნებიდან, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, არამედ ინტერნეტ რესურსებიდანაც. პროექტულ სწავლებაში ჩართულია კლასის ყველა მოსწავლე, რაც ხელს უწყობს საგნის ცოდნის მაღალ ხარისხს.

ამრიგად, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეების შემეცნებითი უნარების განვითარებას, ცოდნის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისა და გამოხატვის უნარს. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა გამოსცადოს საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში, მოსწავლის მთელი აქტივობა ორიენტირებულია მისი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ეფუძნება პირად გამოცდილებას. ის თავად იზიარებს პასუხისმგებლობას საკუთარ განვითარებაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://mastsavlebeli.ge/uploads/portfolio/sofiko_lobjanize_2.pdf
  2. https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/sofo.pdf
  3. https://mastsavlebeli.ge/?p=2412
  4. https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/proeqti.pdf

 

 

 

 

შეუძლებელი არაფერია

0

არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც სპეციალურ მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ვიცოდი,რომ სირთულეების მიუხედავად,ძალიან საინტერესო და შინაარსიანი სასწავლო წელი მელოდა.

ეს  გოგონები რომ გავიცანი, ძალიან პატარები იყვნენ. დაახლოებით 14-15 წლის.

მას შემდეგ 5 წელია ერთად მოვდივართ, ერთად დავუმტკიცეთ ყველას,რომ შეუძლებელი არაფერია!

ყრუ და სმენადაზიანებული პირების მთავარ დაბრკოლებად კომუნიკაციის სირთულე რჩება.

სამწუხაროდ სმენადაზიანებული პირების ოჯახის წევრებმა ხშირად არ იციან ჟესტური ენა და თავისი გამოგონილი ჟესტებით უწევთ ურთიერთობა, ეს კი სოციალური პრობლემებითაა გამოწვეული.მშობელმა თუ არ იმუშავა, ვერ არჩენს ოჯახს. ასეთ დროს ბავშვები მთლიანად სკოლის და მასწავლებლების იმედად რჩება.

იმ წელს მეოთხე საჯარო სკოლაში სამი სმენადაქვეითებული მოსწავლე სწავლობდა და მე გადავწყვიტე, რაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მესწავლა მეც და ესწავლათ გოგონებსაც ჟესტური ენა.

სოციალურ საწარმო „თავისუფალ სივრცეში” იყო ჟესტური ენის შემსწავლელი კურსები, იქ დავიწყეთ ერთად სიარული, შემდეგ მერიის ახალგაზრდულ ცენტრში და ბოლოს ერთად აღმოვჩნდით ყრუთა კავშირის აჭარის ფილიალში, სადაც დღემდე დავდივართ. ვართ ყრუთა კავშირის წევრები და ახლა ცირა და ნინო მე მეხმარებიან და მასწავლიან სხვადასხვა ჟესტებს.

მახსოვს პროექტები ” ჩვენ ვირჩევთ პროფესიას” და “ამ პატარა ხელებით”, სადაც ფინალში ყოველთვის ვამბობდი, რომ, ეს ქვეყანა ჩემი,შენი და მათია(შშმ პირების) და მათაც უნდა შეძლონ ფეხზე მყარად დგომა და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება!

კოლეჯ ბლექსის პროფესიონალი პედაგოგების და თარჯიმნის დახმარებით, ცირა და ნინო პროფესიონალი კონდიტრები არიან!

მადლობა პირველ რიგში სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის!

ეს და კიდევ სხვა ბევრი შშმ პირი არის მაგალითი იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია!

ოპრა უინფრის სიტყვებს მოვიშველიებ: „შენ ხდები ის, რისიც გჯერა. და გჯეროდეს, რომ შენ ხარ შექმნილი ძალით, რომელიც შენზე დიდია, ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.”

 

შემაჯამებელი დავალებების ეფექტიანად წარმართვის საშუალებები

0

წინამდებარე სტატიის გაცნობისა და შემდეგ ქართულ ენაზე თარგმნის საჭიროება ჩვენმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ განაპირობა. ჩვენი მიზანი იყო გავცნობოდით  შემაჯამებელი დავალებების პრაქტიკას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში – შემაჯამებელი დავალებები და შეფასების ფორმები უმნიშნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესში. მისი სწორად დაგეგმვა, მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება შემაჯამებელი დავალებების ეფექტურად წარმართვის წინაპირობაა. სწორედ ამ მიზნით, ვფიქრობთ, წინამდებარე სტატიის გაზიარება მასწავლებელთა ფართო საზოგადოებისთვის სარგებლიანი იქნება.

შემაჯამებელ დავალებათა დაგეგმვისას აუცილებელია შეფასების სისტემის სპეციფიკურობის გააზრება და სწორად გამოყენება.  სასწავლო პროცესში მოსწავლეთა შეფასებისთვის ძირითადად ორი  ფორმა გამოყენება: განმავითარებელი და  განმსაზღვრელი. სწავლის შეფასების ეს ორი ფორმა განსხვავებულ მიზნებს ემსახურება. განმავითარებელი შეფასება რეგულარულად  გამოიყენება და მისი  მიზანია, თვალყური ვადევნოთ არა მხოლოდ იმას, თუ როგორ უმჯობესდება მოსწავლეთა შედეგები, არამედ  მასწავლებელის  მიერ წარმართული სწავლების  პროცესიც.

განმავითარებელი შეფასება მოსწავლეების ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების დადგენისა და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობაა.  მისი საშუალებით მყისიერად ხდება  პრობლემების იდენტიფიცირება, განსხვავებით განმსაზღვრელი შეფასებისაგან. განმავითარებელი შეფასების ინსტუმენტებად  შეიძლება გამოვიყენოთ: ზეპირი გამოკითხვა (კითხვების დასმა), ვიქტორინა, თვითშეფასების კითხვარი,  Ed-tech თამაშები (A Combination of “Education” and “Technology”), სწრაფი ე.წ. ერთწუთიანი ჩანაწერი, ვიზუალი მასალა (მაგ. დიაგრამები, სქემები ან რუკები),  გასასვლელი  ბილეთები.

განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება თემატური ერთეულის ან სემესტრის  განმავლობაში განვლილი  მასალის შესაფასებლად. ხშირად შემაჯამებელი შეფასება ასოცირდება საბოლოო პროექტებთან და  სტანდარტიზებულ ტესტებთან. მისი საშუალებით ფასდება შესწავლილი მასალის ცოდნისა  და გააზრების დონე.  შემაჯამებელი შეფასების მაგალითებია: თემატური ერთეულის შესაბამისი ტესტები, საბოლოო პროექტები ან პორტფოლიოები, მიღწევის ტესტები, სტანდარტიზებული ტესტები.

განმავითარებელი შეფასება ძალზე ეფექტურია, როგორც მოსწავლეების ინდივიდუალური სწავლის სტილის მონიტორინგის ინსტრუმენტი. მისი საშუალებით პრობლემა  ადრეულ ეტაპზე გამოიკვეთება  და მისი გადაჭრის გზების ძიებაც იწყება. ის ასევე  უზრუნველყოფს  პრობლემების ადრეულ ეტაპზე დადგენასა და გაანალიზებას. განმსაზღვრელი შეფასება კი  გამოიყენება იმისთვის, რომ შეფასდეს მოსწავლეების  ცოდნის საერთო დონე.

განმავითარებელი შეფასებით შეიძლება გამოვავლინოთ მოსწავლეთა  ძლიერი და სუსტი მხარეები. შეფასების ეს ფორმა  სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირებისა და დროული ცვლილებების შესაძლებლობაა. რაც შეხება განმსაზღვრელ შეფასებას, მას აქვს მთელი რიგი ნაკლოვანებები: სასწავლო პროცესის სრული ანარეკლი არ არის, ნაკლებად იძლევა შემოქმედობითობის შესაძლებლობას, ნამუშევრებში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ამდენად,  განმავითარებელი მეთოდი სასწავლო პროცესის, ხოლო განმსაზღვრელი – ნასწავლი მასალის  შეფასებაა.

     ლონდონის უნივერსიტეტის პერსონალის მიერ ჩატარდა 19 სისტემური კვლევა. კვლევის მიზანი იყო მიმართების დადგენა განმსაზღვრელ შეფასებასა  და მოსწავლეთა  მოტივაციას შორის. მკველვრებმა აღმოაჩინეს, რომ ხშირ ტესტირებას გარკვეული უარყოფითი გავლენა აქვს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებზე. სკოლისა და   მშობლეთა  მხრიდან   ტესტირების  შედეგებთან დაკავშირებით მოლოდინები მაღალია, ეს კი მოსწავლეთა მღელვარებისა და შფოთვის მიზეზი ხდება, რაც საბოლოოდ  მოსწავლეებში  დაბალ  თვთშეფასებას განამტკიცებს.  თუმცა განმსაზღვრელ შეფასებასაც შეიძლება  ჰქონდეს დადებითი გავლენა  იმ მოსწავლეებზე, რომელთათვისაც  ქულით  შეფასება მოტივაციის წყაროა.

განმავითარებელი შეფასების შედეგების გაანალიზებით  შესაძლებელია: 1. ხარვეზების იდენტიფიცირება და კლასის საერთო დონის შემოწმება; 2. დასახული მიზნისა და  გადადგმული ნაბიჯების შეფასება; 3. დაშვებული შეცდომების იდენტიფიციება და მომავალი სასწავლო წლის სწორად დაგეგმვა.      

შემაჯამებლის დაგეგმვის პროცესში ორივე მნიშვნელოვანია, როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასება. პირველი მოსწავლესა და მასწავლებელს ეხმარება გააანალიზონ სწავლა-სწავლების პროცესი, გამოავლინონ  საჭიროებები და შესაბამისად დაგეგმონ პრობლემის დაძლევის სტრატეგიები. განმსაზღვრელი შეფასება პროცესის საბოლოო შეფასების საშუალებას გვაძლევს. შემაჯამებლის წინარე ეტაპის დაგეგმვისას კი უპირატესობა განმავითარებელ შეფასებას ენიჭება. საბოლოოდ ცოდნა კი უნდა შეფასდეს განმსაზღვრელი შეფასებით.

 

      შემაჯამებელი დავალებების ცხრა საინტერესო ფორმა

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებს არ შეუძლიათ სტანდარტიზებული ტესტების სრულად ამოღება სწავლა-სწავლების პროცესიდან,   მათ  შეუძლიათ ისეთი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც, ერთი მხრივ, მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებზე იქნება მორგებული, მეორე მხრივ, კი   საინტერესო გამოწვევა იქცევა მათთვის.

აქტივობები

  1. შემოქმედებითი პროდუქტი

მასწავლებელმა მოსწავლეს შეიძლება დაავალოს კონტექსტზე მორგებული მოკლე პიესა, ფილმი ან სიმღერა

  1. TXT/MSG,

TXT/MSG (Text messaging) საშუალებით შეიძლება მოსწავლეს დაევალოს იმიტირებული ტექსტური შეტყობინებით სრული თემის ან მისი ცალკეული ნაწილების კონცეფციის გადმოცემა;

  1. პოდკასტი

მოსწავლეებმა შეიძ₾ება ჩაწერონ 5-10 წუთიანი პოდკასტი ძირითადი კონცეფციის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფურიც.  გაკვეთილის დასაწყებად ასევე შესაძლებელია ონლაინინსტრუმენტების გამოყენება, როგორებიცაა  MP3 Online ან Vocaroo!

  1. ინფოგრაფიკა

შემაჯამებელი პროექტისთვის დეტალური ინფოგრაფიკის შექმნა ეფექტური გზაა მოსწავლეებისთვის, რათა გაააქტიურონ/განამტკიცონ ის, რაც ისწავლეს, მაგ. დეფინიციები, ძირითადი ფაქტები, სტატისტიკა, კვლევა, ინფორმაცია, გრაფიკა და ა.შ. მასწავლებელს შეუძლია  განათავსოს  ყველაზე შთამბეჭდავი ინფოგრაფიკა  კლასში. დროთა განმავლობაში შეიქმნება  სიღრმისეული, ვიზუალურად მიმზიდველი ინფოგრაფიკის ბანკი.

  1. დიაგრამები ,

დიაგრამები ძველი, მაგრამ ეფექტური ინსტრუმენტია ვიზუალიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, ასწავლით ისტორიას თუ სოციალურ კვლევებს, ინგლისურსა თუ მათემატიკას,  დიაგრამები დაეხმარება  მოსწავლეებს ვიზუალურად წარმოაჩინონ კავშირი სხვადასხვა საკითხს, თემასა თუ საგანს შორის. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეადარონ წიგნის პერსონაჟები, გეოგრაფიული ადგილები  მსოფლიო მასშტაბით, სამეცნიერო ცნებები და სხვა.

  1. ცოცხალი მუზეუმი,

 ამ აქტივობის დროს მოსწავლეები დაგეგმავენ და მოამზადებენ ექსპონატს, რომელიც გამოხატვავს ცალკეული საკითხის კონცეფციას. აქტივობა შეიძლება განხორციელდეს იმიტირებულ მუზეუმში (საკლასო ოთახში, სკოლის დარბაზში, დერეფანში…). ვთქვათ, თქვენი კლასის მიერ ახლახან შესწავლილი თემატური ერთეული მოიცავს ხუთ ძირითად საკითხს/კონცეფციას. ხუთი მოსწავლე მოეწყობა საკლასო ოთახში,  მასწავლებელი დაათვალიერებს ექსპონატებს, დააკვირდება შეფასების მიზნით. პირველ მოსწავლესთან მისვლისთანავე მასწავლებელი დააჭერს წარმოსახვით ღილაკს და გამოფენას „აცოცხლებს“. მოსწავლე გააკეთებს ორ-სამ წუთიან პრეზენტაციას; შემდეგ მასწავლებელი გადავა მომდევნო ექსპონატის დაკვირვებასა და შეფასებაზე.

7) Ed-Tech (Education Technology) თამაშები.

დღეს  მოსწავლეები აქტიურად იყენებენ სმარტფონებს, ტაბლეტებსა და ვიდეო თამაშებს. ამიტომ მასწავლებლებმა უნდა აჩვენონ მოსწავლეებს, როგორ ისარგებლონ მათ ტექნოლოგიებით ეფექტურად და პროდუქტიულად, მასწავლებლებმა შეიძლება შექმნან და გამოიყენონ ონლაინ თამაშები (მაგალითისთვის, ,,Sheppard Software“,  ,,PBS Kids Games“, ,,National Geographic Kids“, ,,BBC Schools: Games“, ,,Arcademic Skill Builders“ და სხვები). უნდა აღინიშნოს, რომ უფრო და უფრო მეტი პედაგოგი აქტიურად იყენებს ციფრულ ინსტრუმენტებს სასწავლო პროცესში. Pew Research Center-მა გამოკითხა 2462 მასწავლებელი და აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიები დაეხმარა მათ საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეების სწავლებაში: რესურსების მოძებაში, თანამშრომლობაში, გამოცდილების გაზიარებასა და სწავლების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაში;

  1. შეცვალე სამყარო

შეგიძლიათ მოსწავლეებს აჩვენოთ სასწავლო მასალასთან დაკავშრებით ვიდეო ან მისი გარკვეული ეპიზოდი. შესაძლოა, მოსწავლეება ჩანაწერს  უყურონ სახლში. შემდეგ სთხოვეთ მათ წარმოადგინონ პროდუქტი ან შემოქმედებითი ნამუშევარი, რომელიც მათ დაეხმარება სკოლის გარეთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ეს ინოვაციური შემაჯამებელი დავალება არის ის, რაც აუცილებლად მოითხოვს ბევრ ფიქრსა და კრეატიულობას. მაგრამ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა  გააცნობიერონ, რომ მათ შეუძლიათ უზარმაზარი დადებითი გავლენა იქონიონ სამყაროზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

  1. თავისუფალი არჩევანი.

თუ გვსურს განვახორციელოთ შემაჯამებელი სამუშაო, შევამოწმოთ მოსწავლეები ან დავეხმაროთ მათ ცოდნის კონსტრუირებაში, მათ დასჭირდებათ მასწავლებელთა თანადგომა და  თანამშრომლობა მიზნის მისაღწევად. თუ მოსწავლეებს გარკვეული აქტივობების შესრულებისას მეტ თავისუფლებას მივანიჭებთ და გავითვალისწინებთ მათ იდნივიდუალუდ შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ისინი მეტი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან პროცესში და მოტივირებულები მეტად წარმატებით შეასრულებენ დავალებას.

გარდა შემაჯამებელი შეფასების ზემოთ მოყვანილი მაგალითების გამოყენებისა, წარმოდგენილი რჩევები და სტრატეგიებიც დაგვეხმარება პროცესის ეფექტურად წარმართვაში:

   გამოიყენეთ რუბრიკა — რუბრიკები დაგეხმარებათ გამოკვეთოთ სტანდარტი, როგორ უნდა შეასრულოს მოსწავლემ ტესტი თუ დავალება. ისინი ასახავს მთავარ პირობებს, რომლებიც მოსწავლის მიერ  მიღწეული, შესრულებული უნდა იყოს დავალებაში, შეფასების რუბრიკა მოსწავლეებს დაეხმარებათ იმის გაანალიზებაში, თუ რამდენად სიღრმისეული უნდა იყოს ნამუშევარი და რას მოითხოვთ მათგან მაქსიმალური ქულების დამსახურების შემთხვევაში.

    შექმენით მკაფიო, ეფექტური კითხვები — ტესტების შედგენისას მაქსიმალურად გამოიყენეთ ნაცნობი ტერმინები, ფრაზები და გაკვეთილების დროს გამოყენებული მაგალითები. აღნიშნული თქვენს ტესტებს  შესაბამისობაში მოიყვანს განვლილ მასალასთან, რაც მოსწავლეებს დაეხმარება დავალების პირობის უკეთ გააზრებასა და შესრულებაში.

   სცადეთ ბრმა შეფასება – მასწავლებლების უმეტესობას ურჩევნია იცოდეს, ვის ტესტებს აფასებენ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, მიაწოდოთ მოსწავლეებს სრულიად მიუკერძოებელი შეფასებები და უკუკავშირი, სცადეთ ბრმა შეფასება. შეგიძლიათ, სთხოვოთ თქვენს მოსწავლეებს, დაწერონ თავიანთი სახელები  ტესტის ბოლოში ან უკანა მხარეს, ან გამოიყენეთ კოდირების სისტემა.

   შეაფასეთ მასალის ცოდნა – შეეცადეთ, რომ კავშირი სამიზნე მასალასა და ტესტს შორის შესაბამისი, რელევანტური იყოს. მაგალითად, თუ ტესტით გსურთ, გაიგოთ, რა იციან მოსწავლეებმა გეომეტრიასა და სივრცის აღქმის შესახებ, თქვენ უნდა მოერიდოთ კითხვების  შაბლონსა და ალგებრასთან დაკავშირებით.

  შექმენით საბოლოო ტესტი გაკვეთილების სწავლების შემდეგ და არა მანამდე – ,,ნუ დააყენებთ ცხენს ეტლამდე“. სწავლების პროცესზე დაკვირვების შედეგად სამომავლო სტრატეგიები და მიზნები, შესაძლოა, შეიცვალოს და საჭირო გახდეს აქცენტის გაკეთება სხვადასხვა რამეზე საჭიროების შესაბამისად. თუ თქვენ გაქვთ ტესტის მონახაზი, იდეალურია! მაგრამ სასურველია,  რომ დროდადრო მოახდინოთ რევიზია და შეიტანოთ გარკვეულ ცვლილებები.

   სწავლა დააკავშრეთ რეალურ ცხოვრებასთან – რამდენჯერ გსმენიათ მოსწავლეებისგან  კითხვა: „როდის გამოვიყენებ ამას რეალურ ცხოვრებაში?“ ძალიან ხშირად მოსწავლეები  თვლიან, რომ ზოგიერთი საკითხი, ცოდნა გამოუყენებელია რეალურ ცხოვრებაში. ტესტის შედგენისას გამოიყენეთ სიტყვები, კითხვები, ამოცანები საგნის  აქტუალობის საილუსტრაციოდ.

   შექმენით დაბალანსებული შეფასების მოდელი – მთელი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მასწავლებლები დიდ დროს უთმობენ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მასწავლებელი შეფასებათა გარკვეულ ტიპს ანიჭებს უპირატესობას.   სწავლების პროცესის სრულყოფის მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშრებული. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს შესაბამის დროს დასახულ მიზანთან მიმართებით.

წიგნში ,,საკლასო შეფასება მოსწავლეთა სწავლისთვის“ რიჩარდ სტიგინსი, ერთ-ერთი პირველი განმანათლებელი, რომელიც მხარს უჭერს სწავლის შეფასების კონცეფციას, გვთავაზობს სტატიას „დაბალანსებული სისტემა, რომელიც გულისხმობს სწავლის შეფასებასა და შეფასებას სწავლისთვის“. ავტორი აღნიშნავს, თუ ორივეს ეფექტურად გამოიყენებთ, ისინი შეავსებენ ერთმანეთს და შეფასება უფრო მეტი გახდება, ვიდრე უბრალოდ მოსწავლის/ წარმატების მაჩვენებელი. შეფასება ხომ მიზნად ისახავს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას.

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებს შორის განსხვავებას მიზანი და დრო განსაზღვრავს. განმავითარებელი უკუკავშირი აფასებს სწავლების ეტაპებს, იგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ივარჯიშონ და უკეთ შეძლონ, მაგალითად, ველოსიპედით სეირნობა სკოლის დახურულ  ავტოსადგომზე. ეს შეიძლება შევადაროთ სიარულს დამხმარე ბორბლებით. განმავითარებელი შეფასების დროს სწორედ დამხმარე ბორბლებით მოძრაობს მოსწავლე, განმსაზღვრელი შეფასებისას კი მას ყოველგვარი დახმარების გარეშე უწევს გამოწვევებთან გამკლავება.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციები დაეხმარება მასწავლებლებს შემაჯამებელი დავალებები გახადონ უფრო საინტერესო, მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭროებებზე მორგებული. ააგონ სწავლის პროცესი ლოგიკურად და დინამიკურად. აქტივობები, შეფასებები იყოს მიმართული მოსწავლეთა საუკეთესო შედეგების მისაღწევად. უფრო მეტიც, სწორად დაგეგმილი შემაჯამებელი დავალებებით მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ, იპოვონ კავშირი ცოდნასა და ცხოვრებას შორის,რაც უფრო ეფექტურს გახდის სწავლის პროცესს და მეტ ფუნქციურ მნიშნელობას მიანიჭებს ცოდნას.

წყარო:

,,9 Summative Assessment Examples to Try This School Year“

https://www.prodigygame.com/main-en/blog/summative-assessment/?fbclid=IwAR1eRAOQeHJrv0w1eR8u9EaIbh5W9JQB-oeB6wbmFIblDLSLN8q8ZK0wiG4

 

მედიაწიგნიერება სწავლების პროცესში

0

 

XXI საუკუნე დიდ გამოწვევად იქცა განათლების სისტემისთვის. სწავლების ნე­ბის­მი­­რი ახა­ლი მო­დე­ლი ეფუძ­ნე­ბა წი­ნა­რე კვლე­ვებს, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, გუ­ლის­­მობს კონ­­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოკ­ვე­თას და შემ­დეგ მა­თი მოგ­ვა­რე­ბის­კენ გადადგმულ ნაბიჯებს.  ახალი სკოლის მოდელმა სწავლების პრაქტიკაში დანერგა კომპლექსური დავალება. ამ ტიპის დავალების შესრულება სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად მოითხოვს  ინფორმაციის მოძიებას, დახარისხება-დალაგებას, აგება-შექმნას, წარდგენას, მსჯელობას და სხვა.  მთა­ვა­რია, ამ ტიპის დავალებამ მოს­წავ­ლეს მის­ცეს ყვე­ლა­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი, თუნ­დაც ის უნარჩვე­ვა, რომელიც მას განსხვავებული სტილის  ტექ­­ტის წა­კითხ­ვი­სას გა­მო­ად­გე­ბა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საბოლოო ნამუშევრის წარდგენაა.

წერილობით შესრულებული ტექსტების ზეპირი წარდგენა სწავლის პროცესის შემადგენელი ნაწილია.  თითქმის არ მოიპოვება საგანი,  რომელშიც პრეზენტაციას (ლათ. praesentatio — წარდგენა, წარმოდგენა) მნიშვნელოვანი ადგილი არ უჭირავს. პროექტებით სწავლების დროს  მოსწავლემ უნდა შეაფასოს საკუთრი მუშაობის პროცესი, გაანალიზოს, თუ როგორ წარმართა იგი და არის თუ არა კმაყოფილი შედეგით. მოსწავლე ინდივიდუალურად ამზადებს და აზიარებს საკუთარ დავალებას. მოსწავლე იაზრებს, თუ რას და რატომ სწავლობს, სკოლის დამთავრების შემდეგ კი შეეძლება გარემოსთან ადაპტაციისა და შეძენილი უნარების გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, პრეზენტაციის მომზადება მრავალი უნარით აღჭურვას მოიაზრებს.

არა მხოლოდ საკუთარ, არამედ კოლეგათა პრაქტიკაზე დაკვირვებით შევნიშნეთ, რომ მოსწავლეები პრეზენტაციების მომზადებისას ხშირად მარტო რჩებიან ინტერნეტრესურსებთან, არჩევენ მასალას, მაგრამ მათ არ იციან, თუ რას ნიშნავს სანდო და არასანდო წყარო,დეზინფორმაცია, უცნობია პლაგიატის ცნება და მისგან თავის არიდების მეთოდები. ხშირად მოსწავლეებს მხოლოდ „ვიკიპედიის“ საიტზე მოძიებული ინფორმაცია უცვლევად გადმოაქვთ საკუთარ პრეზენტაციაში. წყაროთა კრიტიკული შედარება, დახარისხება, გაანალიზება და შეფასება – ეს ის უნარებია, რომელთა შესახებაც მოსწავლეებს ხშირად ინფორმაცია არ აქვთ.   საკითხით დავინტერესდით და  ამ მიმართულებით სკოლაში ჩავატარეთ კვლევა. სპეციალურად შედგენილი კითხვარით შევაგროვეთ ინფორმაცია როგორც მასწავლებლებისგან, ასევე მოსწავლეებისგანაც. დადგინდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას სანდო წყაროების შესახებ. ისინი ხშირად იყენებდნენ ძებნის შედეგად ინტერნეტში ნაპოვნ პირველივე საიტს და  მასალას არ ამოწმებდნენ.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დავგეგმეთ შემდგომი მუშაობა და ინტერვენციები. საკითხის შესწავლამ ცხადყო, რომ ინტერნეტრესურსების მოხმარების უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად საჭირო იყო მედიაწიგნიერებასთან მიმართებით ცნობიერების ამაღლება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწინიერების უნარები მოსწავლეს ყველა საგნობრივ ჯგუფში უნდა განუვითარდეს. მოსწავლემ უნდა შეძლოს როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე, მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.

პირველ ეტაპზე მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით ჩავატარე გაკვეთილი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ვესაუბრე  დეზინფორმაციაზე, მედიაზე, დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე. მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის  ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. მედიაწიგნიერების უნარები ყველა მოსწავლეს უნდა განუვითარდეს, რადგან თანამედროვე სამყარო სხვადასხვა მედიასაშუალებით უამრავ ინფორმაციას ავრცელებს. პრეზენტაციის გაზიარებით მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რას ნიშნავს სანდო  წყარო, პლაგიატი, დამოწმება, აკადემიური კეთილსინდისიერება, შეიტყვეს, რომ პლაგიატად კვალიფიცირდება ნებისმიერი მასალა, ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც მათ არ შეუქმნიათ და სათანადო დამოწმების გარეშე გამოიყენეს დავალებებში.

მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით საკლასო აქტივობის ფარგლებში გთავაზობთ ჩემ მიერ გამოყენებულ ნიმუშს. საგაკვეთილო პროცესზე გამოვიყენე აღნიშნული რესურსი:

  1.  მოუსმინეთ ვიდეოს https://www.youtube.com/watch?v=di2P-alp0wQ და გადმოეცით თქვენი სიტყვებით:
  • რა არის მედიაწიგნიერება?
  • რატომ არის მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანი დღეს?
  • რისთვის არის საჭირო მედიაწიგნიერების უნარების განვითარება?

 დამატებით კიდევ შეგიძლიათ მოუსმინოთ ვიდეოსhttps://www.youtube.com/watch?v=sLc0q–f4qs

……………………………………………………………………………………………………..……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………. ……………………………………………………………………………………………………..………………………………………….……………………………………………………………………………………………………..…………………………………………………………………………………..

  1. წაიკითხეთ ტექსტი და შეასრულეთ დავალებები.

 “ყველა სიახლის” წინა ნომერში 1989 წლის ცხრა აპრილზე ვწერდი და ვიდრე ქრონოლოგიურად გადავალ სხვა უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, მინდა, 1956 წელში გადავინაცვლოთ და გავაცოცხლოთ ერთი ისტორია, რომელმაც სახელმწიფო უშიშროების არქივებიდან რამდენიმე წლის წინ გამოაღწია. იმხანად ახალგაზრდების იმ ჯგუფს, რომელიც მიძინებულ საზოგადოებაში ანტისაბჭოთა განწყობით გამოირჩეოდა, კომუნისტები სარეველებს უწოდებდნენ.

1956 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისის სკოლის მოსწავლეები. ესენი იყვნენ: 47-ე საშუალო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ჯონდო, იგივე თემურ მეტრეველი, 42-ე სკოლის მეათეკლასელი ანატოლი მიქაძე, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათეკლასელი მერაბ კოსტავა, 42-ე საშუალო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ზვიად გამსახურდია, პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: თეიმურაზ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, ვლადიმერ სიხარულიძე.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობისა და “დემოკრატიული განვითარების კურსის” აღების გამო, საქართველოში უკმაყოფილების მუხტმა იფეთქა. აქცენტი სტალინის ქართველობაზე იყო გადატანილი და ამიტომ სტალინის კრიტიკა ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო. 1956 წლის სამი მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში, რომელიც საბჭოთა არმიის ნაწილებმა სისხლში ჩაახშვეს. რუსთაველის პროსპექტი დაღუპულთა გვამებით რომ არ გავსებულიყო, ისინი მტკვარში გადაყარეს. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს თბილისში მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დააშავეს უამრავი ადამიანი.
ამ საზარელი ტრაგედიის გამოძახილი იყო თბილისელი ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების მიერ არალეგალური გაერთიანების ჩამოყალიბება. ამ ორგანიზაციას “გორგასლიანი” უწოდეს და მათ მიერ დაბეჭდილი ანტისაბჭოთა პროკლამაციები 1956 წლის ორ დეკემბერს რუსთაველსა და პლეხანოვზე, საცხოვრებელი სახლების კედლებზე გამოიკრა. ამ დღეს “გორგასლიანის” ორ წევრზე – გურამ დოჩანაშვილსა და ჯონდო მეტრეველზე უშიშროების თანამშრომლების ძალისხმევით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა. 15 დეკემბერს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, “გორგასლიანის” წევრები დააპატიმრეს.

1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ წერილი გრიფით “სრულიად საიდუმლოდ” მოსკოვში გაიგზავნა. ადრესატი სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მალიაროვი იყო. თბილისიდან გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: “1956 წლის ცხრა მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანს საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა წარმოადგენდა. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრა ამ ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი დაპატიმრებული არიან. დაიწყო გამოძიება, რომელიც გამოავლენს ამ დაჯგუფების საქმიანობას, სრულ შემადგენლობას და დაადგენს მათ მოკავშირეებს”.

ზურგში დანით მიყენებული ჭრილობის გამო, გურამ დოჩანაშვილი თბილისის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში დააწვინეს (მკურნალი ექიმი იყო გვარად მესხი). 1957 წლის 30 იანვარს დოჩანაშვილიც დააპატიმრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის 31 იანვარს ორჯერ გაიყვანეს დაკითხვაზე. იმის შიშით, რომ ეს ახალგაზრდა საპატიმროში არ მომკვდარიყო, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს “მდგომარეობის გაუარესების” გამო.
სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის სამი აპრილიდან ხუთ აპრილამდე გაიმართა. სასამართლოს თავმჯდომარეობდა გიორგაძე, მსაჯულები იყვნენ: თამაზაშვილი და ჩხაიძე. ბრალდებულებს სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა: ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ზვიად გამსახურდიას, ოთხ-ოთხი წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. სამ-სამი წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძეს და გურამ დოჩანაშვილს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით.
გაზეთ “კომუნისტის” 1956 წლის 15 დეკემბრის ნომერშივე გამოჩნდა უიშვიათესი წერილი, რომელმაც იმ საშინელი პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველანაირი რეკორდი მოხსნა.

                                                                                                                       ლეილა კვირიკაშვილი

 

  1. ცხრილში ამოიწერეთ პიროვნებებისა და ადგილების სახელები და გადაამოწმეთ, ავტორის მიერაა გამოგონილი ისინი თუ ისტორიულია. თითოეულ პასუხს მიუწერეთ თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის წყარო. მაგალითად:
პირები/მოვლენები ნამდვილია მოგონილია წყარო
       

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1.  ტექსტის მიხედვით, ა მოხდა 1956 წელს თბილისში? რა წყაროს ეყრდნობა ავტორი ამ ინფორმაციის მოწოდებისას? გადაამოწმეთ ისინი სხვა წყაროებში. თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაციას მიუთითეთ წყარო.

……………………………………………………………………………………………………..………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

  1.  იპოვეთ ტექსტში ადგილები, სადაც ავტორი თავადვე ასახელებს ინფორმაციის წყაროს. გადაამოწმეთ, ეს წყარო დოკუმენტურია თუ ავტორის მიერაა გამოგონილი.

……………………………………………………………………………………………………..………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

6. დაწერეთ ტექსტის ანალიზი, შეაჯერეთ თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია და გააანალიზეთ ავტორის მიერ მოწოდებული. იმსჯელეთ, რა იყო ავტორის მიზანი. როგორ ფიქრობთ, ავტორი ობიექტურია თუ ტენდენციური? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება. საიდან ჩანს?

……………………………………………………………………………………………………..………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

გაკვეთილი ბოლოს მოსწავლეებმა ცოდნა შეაჯამეს ჩემ მიერ შექმნილი რესურსით  მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით  https://create.kahoot.it/details/96dd480e-19c1-4136-9a53-61778f96b6f9

ამრიგად, თანამედროვე სკოლა წარმოუდგენელია მედიაწიგნიერებაში გარკვეული მოსწავლის გარეშე. პროექტებით გაკვეთილის დაგეგმვისა თუ  სხვადასხვა სახის პრეზენტაციის მომზადების დროს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • დავაზუსტოთ ინფორმაცია პირველად წყაროსთან;
  • შევამოწმოთ სხვა მედიასაშუალებებიც იმავე ინფორმაციას ავრცელებენ თუ არა;
  • შევამოწმოთ თარიღი;
  • შევამოწმოთ წყარო და ავტორი;
  • ყველაფერს შეხედეთ კრიტიკული თვალით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://writingcentre.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/02/nino-galdavadze-red.-plagiati-da-misi-gamovlenis-athi-shemthkhveva-akademiur-nashromshi.pdf
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=30142
  3. https://medialiteracy.ge/ge/page/id/7/ra-aris-mediawigniereba

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გრძელვადიან სასწავლო მიზანზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი

0

საქართველოს საჯარო სკოლებში მიმდინარე რეფორმა, რომელიც სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე (აქტიური სწავლა-სწავლება, ცოდნის აგება წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, სწავლის სწავლა, ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება, აქცენტი გააზრებაზე და არა დამახსოვრებაზე) დაყრდნობას გულისხმობს ერთგვარი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის. სწრაფად ცვალებადმა გარემომ მოიტანა ახალი მიდგომის აუცილებლობა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ყველა ცვლილება სამ ძირითადი ამოცანას ემსახურება, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესში გრძელვადიანი მიზნების როლის გაზრდა. ამ მიზნით მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყოველწლიური მოკლევადიანი მიზნები (შედეგები და ინდიკატორები) ჩაანაცვლა საფეხურებრივმა გრძელვადიანმა მიზნებმა.  მოსწავლეთა მყარი, გააზრებული და დინამიკური ცოდნით შეაიარაღების ხელშესაწყობად მესამე თაობის სასწავლო გეგმაში სავალდებულოდ განისაზღვრა კონსტრუქტივისტული პარადიგმის ხუთი საგანმანათლებლო პრინციპი. ეროვნული სასწავლო გეგმა ორ ნაწილად გაიყო: საფეხურის სტანდარტები, რომლებიც წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნებს საქართველოს ყველა სკოლისთვის და წლიური პროგრამები, რომლებიც რეკომენდაციებს იძლევა სასკოლო კურიკულუმების განვითარებისთვის.

კონტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმი მოზარდებს სთავაზობს წინარე ცოდნა-გამოცდილებასთან დაკავშირებულ ნაცნობ, ცხოვრებისეულ კონტექსტებს და იწვევს მათ უცნობის, ახლის აღმოსაჩენად; სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებში აძლიერებს ძიების ბუნებრივ წყურვილს და ბიძგს აძლევს სააზროვნო პროცესებს.

ზემოთ აღწერილი პროცესები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუმცა მასწავლებლებისაგან მოითხოვს სასწავლო პროცესის, მიზნების, ინდიკატორების, მეთოდებისა და სტრატეგიების ახლებურ გააზრებას. ეს კი სერიოზული გამოწვევაა. ჩემი პრაქტიკის ნაწილია მუდმივი სიახლეების ძიება, მუდმივი და განუწყვეტელი ორიენტირება განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე. ამიტომ საკლასო ოთახი ექსპერიმენტების ატარების ადგილად, აღმოჩენების სივრცედ იქცა.

ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც მესამე თაობის ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მოგვიტანა არის ცნებაზე დაფუძნებული სწავლება. ცოტა სიღრმისეულად ამ თეორიის განცობის შემდეგ გავაცნობიერე, რომ სხვადასხვა საგნის ცნებები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და ერთ მთლიანს ქმნის. ასე წარმოიშვა ინტეგრირების იდეა.

საკითხი, რომელზეც თქვენი ყურადღების შეჩერებას ვგეგმავ, არის ბუნებისმეტყველებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცნებათა მისაღწევად ერთი სასწავლო აქტივობის გამოყენება. აღნიშნული აქტივობა კი საკლასო ოთახს გასცდა.

წარმოგიდგენთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირს ჩემ მიერ განხორციელებულ აქტოვობებთან

საგანი – ბუნებისმეტყველება

თემა –  ჩემი ქვეყნის ბუნება

სამიზნე ცნებება – სხეული

ინდიკატორი – საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის დანიშნულებაზე მსჯელობა ფიზიკური თვისებების მიხედვით.

საფეხურის საკვანძოო შეკითხვა – რატომ განსხვავდებიან სხეულები თვისებებით და შემადგენელი მასალების/ნივთიერებების მიხედვით? რატომ და როგორ განაპირობებს სხეულის შემადგენელი ნივთიერება მის თვისებებს?

 

მეორე საგანი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სამიზნე ცნებები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტექნიკა

ქვეცნება – ტექნიკა: ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, კონსტრუირება, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა.

ინდიკატორი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტექნიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • ჩანაფიქრის და იდეის გადმოსაცემად შესაბამისი მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება;
  • ნამუშევ­არზე საუბრისას, აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება შესაბამისი ტერმინების გამოყენებით.

სამიზნე ცნება – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები

ქვეცნება – დარგები: მხატვრობა (ფერწერა, გრაფიკა), ქანდაკება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.

ინდიკატორი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებიმოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • ხელოვნების სხვადასხვა დარგში ნამუშევრების შექმნა;
  • ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების ამოცნობა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება, აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება შესაბამისი ტერმინების გამოყენებით.

სტანდარტის შედეგები – სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუ­თარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებ­ლად. ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევ­რის წარდგენა, საუბარი შესაბამისი ტერმინების გამოყენებით   სა­კუ­თარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.

აღნიშნული თემის ფარგლებში მოსწავლეებთან წრმოვადგინე თემა მეთუნეობა. თიხა და მისი მნიშვნელობა საქართველოში. თიხის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში, თიხის, როგორც სამუშაო იარაღის, როგორც საოჯახო სამზარეულოს ნაწილის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ მისი თვისებები. მოვიძიეთ ინფორმაციები თუ სად მოიპოვება თიხა საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით და როგორია მისი დამუშავების ეტაპები ბუნებრივი მოპოვებიდან საოჯახო ჭურჭლად ქვეცამდე.

პარალელურად საგანში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ვისაუბრეთ სახვითი ხელოვნების დარგებსა და ტექნიკაზე. გაკვეთილების ციკლი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბავშვებმა ძალიან საინტერესო ინფორმაცები მოიპოვეს თიხის შესახებ როგორც მისი მნიშვნელობის, მოპოვების ადგილების, ასევე მისი დამუშავების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ იმერეთში თიხის დამუშავება ბავშვებისთვისაც კი უცხო თემა არაა. თითქმის ყველა ბავშვს აქვს ნანახი თიხის დოქი, ყანწი, ფიალა, ქოთანი, კეცი, ჭური. თუმცა მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თიხის დამუშავების პროცესის ვიდეო რგოლების ნახვა. მათი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთი მყარი ჭურჭელი თურმე უნაზესი მასისაგან იქმნება. ასე დაიბადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში სტუმრობის იდეა.

ყოველთვის ვაცნობიერებ, რომ სწავლება ცოცხალი პროცესია და ყოველთვის არის შანსი დაგეგმილი აქტივობა აბსოლუტურად სხვა ტიპის აქტივობაში გადაიზარდოს. მთავარი და მნიშვნელოვანია არ დაგვეკარგოს გრძელვადიანი მიზანი, რომელიც მუდმივი ორიენტირია სწავლებისას. ჩემი მიზანი სწორედ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის დანიშნულებაზე მსჯელობა იყო ფიზიკური თვისებების მიხედვით. ამისათვის კი შროშა საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა.

მოსწავლეები შროშაში საჭირო ცოდნით შეიარაღებულები ჩავიდნენ. სასწავლო ვიზიტი ერრთ-ერთი გლეხის ოჯახში განხორციელდა, რომელიც ეთნო ტურიზმითაა დაკავებული. ბავშვებმა მასპინძელი გააოცეს თავიანთი მსჯელობით, მოპოვებული ინფორმაციით და იმ ცოდნით, რომელიც მათ საკლასო ოთახში ჰქონდათ დაგროვებული. მასპინძელმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა ადგილები, სადაც ხდება თიხის მოპოვება. ბავშვებთან ერთად დაამუშავა და ნივთის გასაკეთებლად მოამზადა თიხის მასა და თავად მოსწავლეებს შესთავაზა მონაწილეობა მიეღოთ ნივთების დამზადების პროცესში. ეს იყო კულმინაციერი ემოცია. ერთმანეთს ცვლიდნენ პატარა თითები და ნაკეთობაზე თავიანთ კვალს ტოვებდნენ. საბოლოოდ მათ მართლაც შთამბეჭდავი შედეგი მიიღეს. ძალიან საინტერესო და ორიგინალური ფორმის ჭურჭელი დაამზადეს.

საკლასო ოთახში ერთობლივი ნამუშევარი საპატიო ადგილას განთავსდა. მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნახელავი. იმსჯელეს მისი კეთების პროცესზე. ამოციურად ისაუბრეს შროშაში ვიზიტზე და იმ დღეს თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა და თიხის დამუშავება ყველაზე საინტერესო ტექნიკა.

რა მივიღეთ ამ ამ აქტივობით. იყო თუ არა ეს ციკლი კონსტრუქტივისტული, მოვახერხეთ თუ არა სამიზნე ცნებების დამუშავება, გამოვეხმაურეთ და საკუთარი წვლილი ჩავდეთ თუ არა საფეხურის შეკითხვაზე პასუხის გაცემაში და ზოგადად რა მიიღო მოსწავლემ, როგორც ფორმალური ასე არაფორმალური განათლების ნაწილში.

დამეთანხმებით კეთებით სწავლება ყველაზე მეტად გამოირჩევა დამახსოვრების ეფექტით. ვერც ერთი ტიპის აქტივობა, ვერანაირი აღწერა ან ვიდეო რგოლის ჩვენება ვერ ჩაანაცვლებდა იმ პირველად ემოციას, რაც მოსწავლეებს დაეუფლათ თიხის მოპოვების თუ დამუშავების პროცესში. საკლასო ოთახში დაბრუნებულები ერთი ორად მოტივირებულები იყვნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საინტერესოდ წარმოედგინათ თავიანთი ნააზრევი და ნამუშევარი. მოსწავლეებმა ემოციასა და შთაბეჭდილებებთან ერთად პრაქტიკულად დაინახეს თუ რა შრომასთანაა დაკავშირებული თითოეული ნივთის შექმნა. მასპინძელი მათ ესაუბრა იმაზეც თუ რა იწვევს ნაკეთობების სხვადასხვა ფერს. აუხსნა და ანახა სხვადასხვა შემადგენლობის ნაზავები. ესაუბრა მათ თითოეულის უპირატესობაზე. ასე პრაქტიკული ნაბიჯებით გაეცა პასუხი საფეხურებრივ შეკითხვას თუ რატომ განსხვავდებიან სხეულები თვისებებით და შემადგენელი მასალების/ნივთიერებების მიხედვით? რატომ და როგორ განაპირობებს სხეულის შემადგენელი ნივთიერება მის თვისებებს?

კონსტრუქტივიზმი სწორედაც რომ ნასწავლ და ნაცნობ მასალაზე ახლის დაშენებას გულისხმობს. კეთებით სწავლა, ინტეგრირებულად საგნების სწავლება, ცხოვრებისეულ და პრაქტიკულ სიტუაციებზე დაკვირვება არის ის გასაღები რასაც ცოდნის მესამე სახე – პირობისეული ანუ ფუნქციური ცოდნა გულისხმობს. გრძელლვადიან მიზანზე ორიენტირება კი ერთიორად ზრდის სწავლების შედეგებს.

სწავლების ახლებური გააზრება ფორმალური (საგაკვეთილო) და არაფორმალური (კლასგარეშე) კომპონენტების გამოყენებით თითოეულ მოსწავლისთვის მრავალფეროვან საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნას გულისხმობს. პრაქტიკაში განახორციელებული კონკრეტული მაგალითები კი მყარი და დინამიკური ცოდნის მაკონსტრუირებელი და კომპლექსური აზროვნების განმავითარებელი სასწავლო პროგრამის შეუცვლელი ნაწილია.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა

https://mes.gov.ge/uploads/files/zogadi-ganatlebis-xelshecyoba.pdf

  1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი გზამკვლევები

 

მშობლის „თეთრი დროშა“ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის

0

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები თუ მასწავლებელს რაღაც მიზეზით არ მოსწონს/ამოჩემებული ჰყავს რომელიმე მოსწავლე?

თუ ბავშვი უჩივის მასწავლებელს, მშობლებმა უნდა დაამშვიდოს და მოაგვაროს ეს სიტუაცია. შესაძლოა მასწავლებელს ბავშვი ამოჩემებული ჰყავს ან ის შურს იძიებს მასზე, მაგრამ ისეც ხდება, რომ ბავშვი ცუდად იქცევა გაკვეთილზე, შლის საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელი ვერ უმკლავდება ამას და შემდეგ მოსწავლე „იმსახურებს“ მასწავლებლის ამგვარ რისხვას. როგორ გავერკვეთ, რა ხდება სინამდვილეში და როგორ გავუმკლავდეთ შექმნილ მდგომარეობას?

სამწუხაროდ, დღესაც კი ზოგიერთი მასწავლებელი შეფასებას მოსწავლეზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. მოსწავლესთან ომში ნიშნებს იარაღად მოიხმარს. ცხადია, ეს ომი არ ემსახურება ცოდნის მიღებას. როგორ გავიგოთ, მასწავლებელი შეფასებებს ცოდნაში წერს თუ პირადი მტრობის გამო? მშობლებო, ყურადღება მიაქციეთ:

  • მასწავლებელი ბევრ დავალებას ხომ არ აძლევს ბავშვს? თუ საშინაო დავალების შესრულებას საათზე მეტი დრო სჭირდება, ეს არის გადაჭარბებული დატვირთვა, რომელიც საშუალო მოსწავლის ძალებს აღემატება.
  • მასწავლებელი ბევრს ითხოვს? როდესაც მთელ კლასს ან თითქმის ყველას აქვს დაბალი ქულები, ე.ი. შეფასების სისტემა არ შეესაბამება ბავშვების რეალურ დონეს. დიახ, ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ცოდნის ხარვეზები, მაგრამ ეს მიდგომა აგდებს სწავლის მოტივაციას. კარგი მასწავლებელი არ მიმართავს ამ მეთოდს, როცა სურს ასწავლოს მოსწავლეებს.

ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ ბავშვის პრეტენზია არ არის უსაფუძვლო და ღირს მასწავლებელთან გასაუბრება. შესაძლოა, მას აქვს კარგი მასწავლებლის რეპუტაცია, მაგრამ საკითხავია, რის ფასად.

მასწავლებლის ნეგატიური დამოკიდებულება ყოველთვის არ გამოიხატება შეფასებებში. არსებობენ წარჩინებული მოსწავლეები, რომლებიც მაინც განიცდიან მუდმივ ზეწოლას მასწავლებლის მხრიდან. ასეთი პრეტენზიების სიტყვებით გადმოცემა უფრო რთულია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

  • ბავშვი უფრო ეჭვიანი გახდა, როცა საქმე კონკრეტულ გაკვეთილს ან საგანს ეხება. როგორც ჩანს, ის ელოდება რაღაც უსიამოვნოს.
  • ბავშვი იკეტება, როცა ეკითხებით ამ მასწავლებელზე ან მის გაკვეთილებზე, თუმცა დანარჩენზე საკმაოდ ცხადად და გასაგებად პასუხობს.
  • ბავშვს ეშინია შეცდომების დაშვების და ზედმეტ დროსა და ძალისხმევას უთმობს ამ გაკვეთილისთვის მომზადებას.
  • ბავშვს აქვს ნერვული ტიკები და სხვა გაუგებარი რეაქციები მასწავლებელზე ან საგანზე საუბრისას.

ასეთ დროს სავსებით შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა. შესაძლოა, მან ეს განზრახ არ გააკეთა და ვერც კი გაიგო რა მოხდა, მაგრამ მისი ზოგიერთი კომენტარი ან ქცევა ბავშვისთვის მტკივნეული აღმოჩნდა და ახლა ის ვერ უმკლავდება თავის ემოციებს.

როდესაც ვსაუბრობთ მოსწავლის ამოჩემებაზე, ვგულისხმობთ უსამართლობას და იმას, რომ მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული მოსწავლის უმნიშვნელო ნაკლოვანებებზე. მასწავლებლის მხრიდან ნამდვილად აქვს ადგილი ბავშვის ამოჩემებას, თუ მას არ აქვს შეცდომები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამოცანის პასუხზე, მაგრამ მასწავლებელი კი არ აქებს მოსწავლეს, არამედ ყურადღებას ამახვილებს უმნიშვნელო ხარვეზზე, ანდა ბავშვი მუდმივად იღებს ნიშნებს „მინუსით“. მასწავლებელს არ შეუძლია უბრალოდ მაღალი ქულა დაუწეროს. მასწავლებელი მუდმივად მიუთითებს ბავშვს, რომ მან ვერ მიაღწია მაღალ ქულას.

ასეთი დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მოტივაციაზე. მით უმეტეს, თუ ის ხედავს, რომ თანაკლასელმა ასეთივე სამუშაოსთვის უფრო მაღალი ქულა მიიღო.

გაესაუბრეთ მასწავლებელს სამუშაოს შეფასების კრიტერიუმებზე. არის შანსი, რომ მასწავლებელმა უბრალოდ ზუსტად ვერ განსაზღვრა თავისი პრიორიტეტები და კრიტერიუმები. და თუ საკითხი/სიტუაცია აშკარად პირად ამოჩემებას ეხება, სთხოვეთ მასწავლებელს, რომ დაიწყოს საკუთარი თავის კონტროლი.

გასაკვირი არ არის, როცა მშობელი წუხს შვილის შრომის უსამართლო შეფასებაზე და ცდილობს, გამოიძიოს, მასწავლებელი შეგნებულად აკლებს ბავშვს ქულას თუ არა. კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რას მივაქციოთ ყურადღება:

  • ბავშვი დიდ დროს უთმობს საგანს, ასრულებს ყველა საშინაო დავალებას, მაგრამ მაინც დაბალი შეფასებები აქვს;
  • ბავშვი კარგად წერს, აქვს კარგად გაფორმებული საგნობრივი რვეული, მაგრამ ეს არ მოქმედებს მის აკადემიურ მოსწრებაზე;
  • ბავშვს სხვა საგნებში კარგი შეფასებები აქვს.

პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია:

  • გაარკვიეთ მასწავლებლის მოთხოვნები. დაუსვით ეს შეკითხვა კლასის დამრიგებელს და სთხოვეთ წერილობით ჩამოაყალიბოს, რა და რა კრიტერიუმებით არის შეფასებული თქვენი შვილის ნაშრომი;
  • შეამოწმეთ თქვენი შვილის ცოდნა და გაარკვიეთ სამართლიანად ფასდება თუ არა ის.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ბავშვი ნამდვილად არ იყოს უდანაშაულო მსხვერპლი. ზოგიერთი მოსწავლე აბუჩად იგდებს მასწავლებლებს. მასწავლებელს შეიძლება გაბრაზების წონიანი მიზეზი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არაპროფესიონალურია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თინეიჯერები არ არიან ანგელოზები. არც უფროსები არიან ყოველთვის მართლები. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

  • გსმენიათ, როგორი დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენებს თქვენი შვილი და მისი მეგობრები რომელიმე მასწავლებელს?
  • თქვენამდე მოაღწია ინფორმაციამ მასწავლებლის რაიმე სახის დაცინვის შესახებ, რამაც მასწავლებელი გააღიზიანა?
  • თქვენი შვილი მიდრეკილია მანიპულაციებისადმი და ხშირად სხვებს ადანაშაულებს საკუთარ დანაშაულში?

არ არის საჭირო ბავშვის შერცხვენა და დადანაშაულება. უმჯობესია მშვიდად ესაუბროთ იმაზე, რაც გაკვეთილზე ხდება. თუ ბავშვს სძულს მასწავლებელი, მშვიდად ჰკითხეთ – რატომ? თქვენი ამოცანაა, არ მიუშვათ ბავშვი იმ ფიქრამდე, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია. ეს მას მომავალში არანაირ სიკეთეს არ მოუტანს.

მაშინაც კი, თუ თქვენ პირადად დარწმუნდით, რომ მასწავლებელი ნამდვილად ცუდად ასწავლის და არაპროფესიონალურად იქცევა, არ მისცეთ ბავშვს მასწავლებლის დაბულინგების უფლება. ბულინგის ყველა მონაწილე და თანამზრახველი მიიღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას ადამიანზე ძალადობის გამო.

გახსოვდეთ, რომ ბულინგის ნებისმიერი მონაწილე დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანია. ამიტომ ესაუბრეთ ბავშვს საკუთარ თავზე. ასწავლეთ ადეკვატურად, ღირსეულად რა უპასუხოს მასწავლებელს.

და როგორ უნდა უპასუხოს მოსწავლემ მასწავლებელს თუ ის ამცირებს მას?

თუ ბავშვი გთხოვთ, არ ჩაერიოთ არაფერში და თქვენ ვერ ხვდებით, რა ხდება, ყურადღება მიაქციეთ ლოკალურ სიტუაციებს, რომლებზეც ბავშვი საუბრობს. მისი ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ კონფლიქტი შეიძლება ჩაქრეს, თუ მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. თუ მასწავლებელი შეურაცხყოფს ბავშვს, მაგრამ ის გიკრძალავთ ჩარევას, ასწავლეთ, როგორ უპასუხოს სწორად.

  • საზღვრების დაწესება. ყოველთვის კარგია იმის თქმა, რომ ისმენთ სხვის აზრს, მაგრამ თქვენიც გაგაჩნიათ.
  • დანაშაულისა და სირცხვილის საფუძველზე მანიპულირების შეწყვეტა. თუ ბავშვს მუდმივად აბრალებენ წარუმატებლობას და ა.შ. თქვენ უნდა ასწავლოთ ბავშვს თქვას „გაჩერდი“ და საკუთარ თავს მაინც უმეოროს, რომ ეს არის სხვა ადამიანის ემოციები, მისი აზრი და არა სიმართლე.
  • განაცხადოს საზღვრების შესახებ. ასწავლეთ თქვენს შვილს ისაუბროს საკუთარ საზღვრებზე. მასწავლებელი კი არ დაადანაშაულოს, არამედ ისაუბროს მხოლოდ საკუთარ თავზე. მაგალითად, არ მსიამოვნებს, როცა ჩემს მშობლებზე ცუდს ამბობენ. ვბრაზობ, როცა ჩემს გარეგნობას აკრიტიკებენ.

როდესაც ბავშვს კონფლიქტი აქვს ზრდასრულთან, უმჯობესია ის სხვა ზრდასრულმა მოაგვაროს. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ამის შეხსენება ბავშვისთვის, თუნდაც მან იძახოს, რომ ყველაფერი რიგზეა.

როგორ ესაუბროთ მასწავლებელს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ან დაამცირა ბავშვი?

ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ბავშვი ესაუბროს მასწავლებელს, რომელიც მას ტკივილს აყენებს. მშობლები ამ სიტუაციაში უნდა დამშვიდდნენ, შემდეგ კი მასწავლებელთან დიალოგში შევიდნენ. ნუ დაადანაშაულებთ მას, არამედ შეეცადეთ, პრობლემის გაცნობიერება. მაშინაც კი, თუ მასწავლებელმა ბავშვს შეურაცხყოფა უნებურად მიაყენა, სიტუაცია უნდა გაირკვეს, რომ ყველა დამშვიდდეს.

  • მიმართეთ მასწავლებელს პატივისცემით.
  • განაცხადეთ, რომ სიტუაცია აუცილებლად უნდა გაირკვეს.
  • ჰკითხეთ მასწავლებელს, მისი აზრით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
  • აუხსენით მასწავლებელს, როგორ ხედავს ბავშვი ამ სიტუაციას, თუ თვითონ მას არ სურს, დაესწროს ამ საუბარს.
  • მოუყევით მასწავლებელს ბავშვის აღქმის შესახებ, მისი ემოციები თქვენი სიტყვებით გამოხატეთ.
  • ნუ სთხოვთ მასწავლებელს იმის აღიარებას, რომ ის ცდება. შესთავაზეთ, მოიძიოს შვილთან საუბრის გზები, რათა ბავშვმა გაიგოს მასწავლებლის თვალსაზრისი და მოტივები.

ამ სიტუაციაში ბავშვს არ აინტერესებს ფორმალური ბოდიშები, არამედ ის ფაქტი, რომ მის ემოციებს ფასი აქვს, რომ მათ ამჩნევენ. ამიტომ გირჩევთ, გამართოთ ისეთი საუბარი, სადაც ყველა შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას.

თუ მთელ კლასს პრეტენზია აქვს მასწავლებელთან, მაშინ პრობლემა დიდი ალბათობით მასშია. მასწავლებლის შეცვლა ზოგჯერ რთულია, მაგრამ, როგორც წესი, სკოლის ადმინისტრაცია დათმობებზე მიდის, რომ სკანდალი არ მოხდეს.

 

 

 

ინდოეთის განათლების სისტემა: წარსული, აწმყო და მომავალი

0
Book in library with open textbook,education learning concept

(პირველი ნაწილი)

 „განათლება, რომელიც ერთმანეთისგან არ განასხვავებს კარგსა და ცუდს, ითვისებს ერთს და თვალს ხუჭავს მეორეზე – სიმახინჯეა“.

მაჰათმა მოჰანდას განდი (1869-1948) – ადვოკატი, მოაზროვნე, ინდოეთის ანტიკოლონიური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი

 „მცირე ცოდნა ჭიქაში ჩასხმულ წყალს ჰგავს: გამჭვირვალესა და სუფთას; ღრმა ცოდნა კი ზღვის წყალია: მუქი, იდუმალი და გაუმჭვირვალი“.

რაბინდრანათ თაგორი (1861-1941) – ინდოელი მწერალი და ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში

დასაწყისი

ძველ დროს ინდოეთში განათლების სისტემა „გურუკულას“ წესებს ემყარებოდა. ამ დროს ნებისმიერი, ვისაც სწავლა სურდა, მასწავლებელთან (ინდ. გურუსთან) მიდიოდა და სთხოვდა მისთვის ესწავლებინა. თუ გურუ მოსწავლეს დათანხმდებოდა, მაშინ მოსწავლე გურუსთან რჩებოდა და მონაწილეობას იღებდა მასწავლებლის ოჯახის ცხოვრებაში. ასეთი წესი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ძლიერ კავშირს წარმოშობდა და ამავე დროს, მოსწავლე ყველაფერს სწავლობდა სახლის (ოჯახის) მეურნეობის გაძღოლისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. გურუ ახალგაზრდას ასწავლიდა ყველაფერს, რაც ბავშვს სურდა, სანსკრიტიდან (ჰინდუთა ძველი ენა და დამწერლობა) და წმინდა წერილებიდან დაწყებული, მათემატიკითა და მეტაფიზიკით დამთავრებული. მოსწავლე მასწავლებელთან იმდენ ხანს რჩებოდა, რამდენიც მას სურდა, ან მანამდე, სანამ გურუ მას ყველაფერს ასწავლიდა. გურუკულას წესებით სწავლება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბუნებასთან და ცხოვრებასთან და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ინფორმაციის დაზეპირებით.

სასკოლო სისტემა ინდოეთში (ინგლისური ენის გამოყენების ჩათვლით) ბრიტანულ კოლონიზაციასა და ლორდ თომას ბებინგტონთან (ინგლისელი ისტორიკოსი, დიპლომატი და სახელმწიფო მდივანი, ბარონი მაკოლეი) ერთად გაჩნდა, დაახლოებით 1830-იან წლებში. სასკოლო სასწავლო კურიკულუმი შემოფარგლული იყო „თანამედროვე“ საგნებით, როგორებიც იყო „მეცნიერება“ და „მათემატიკა“, ხოლო ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა მეტაფიზიკა და ფილოსოფია, ბრიტანელების მიერ არასაჭიროდ იქნა მიჩნეული. სწორედ ლორდ ბებინგტონს ეკუთვნის გამოთქმა „გამოყენებადი სწავლება“ (useful learning), რომლითაც მან ხაზი გაუსვა იმდროინდელი „ევროპული განათლების“ შეუდარებელ უპირატესობას, ინდოელთა (მისი სიტყვებით) „წარმოსახვით შრომებთან“ შედარებით (აქ საუბარია უძველეს ვედურ ლიტერატურაზე, ვედებზე, ბრაჰმანასა და უპანიშადებზე, რომლებიც ძვ. წელთაღრიცხვის 1500-დან – ახალი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნემდე პერიოდია აღწერილი სანსკრიტზე დევანაგარის ანბანით, ლ.ა.). გარდა სანსკრიტული ტექსტებისა, ინდოეთის სუბ-კონტინენტზე უძველესი დროიდან არსებობს ბენგალური, ტამილური, ტელუგუს, გუჯარათის, კანანდას, პალის ენებზე დაწერილი რელიგიური და ფილოსოფიური ტექსტები, რომელთა გამოყენება და გათვალისწინება ინდური განათლების სისტემაში ბრიტანული კოლონიალიზმის პირობებში თითქმის არ მომხდარა.

ქედმაღალი ინგლისელი ლორდის სიტყვებით, ინდოელთა „წარმოსახვითი“ ცოდნა არაფერს წარმოადგენდა ევროპელთა „ფაქტებით გამყარებულ“ ცოდნასთან შედარებით. ლორდი ბაბინგტონის ანგარიშის შემდეგ ბრიტანეთის კოლონიაში (ინდოეთში) „სასკოლო ენად“ ინგლისური განისაზღვრა, რადგან ლორდის აზრით, სანსკრიტზე, სპარსულ ან არაბულ ენებზე შეუძლებელი იყო ინდოეთის სუბ-კონტინენტის მცხოვრებლებისთვის „გამოყენებადი განათლების“ გადაცემა. კოლონიური საგანმანათლებლო რეფორმის შემდეგ, მთელმა სასკოლო სწავლებამ ეზოდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლა და კავშირი ბუნებასთან გაწყდა… იგივე დაემართა მჭიდრო კავშირს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.

საბოლოოდ, საშუალო სასკოლო განათლების პირველი საბჭო ინდოეთში 1921 წელს უტარ-პრადეშში (ახალ ინდოეთის ერთ-ერთი შტატი) შეიქმნა. სწორედ ამ საბჭოს მეშვეობით დაიწყო სასკოლო განათლების პირველი ინფრასტრუქტურის შექმნა ცენტრალური ინდოეთის პროვინციებში. მოგვიანებით, 1929 წლიდან დაწყებული, რამდენიმე ასეთივე საბჭო შეიქმნა ინდოეთის სხვა შტატებშიც.

აღსანიშნავია, რომ 1952 წელს (ინდოეთის ბრიტანული მმართველობიდან განთავისუფლების შემდეგ) აღნიშნული საბჭოები კონსტიტუციით გაუქმდა და ჩანაცვლებულ იქნა საშუალო განათლების ცენტრალური საბჭოთი, რომელიც მთელი ინდოეთის მასშტაბით განაგებდა სასკოლო საქმიანობას (პროგრამები, კურიკულუმი, საგნობრივი სახელმძღვანელოები და საგამოცდო წესები).

დამოუკიდებელი ინდოეთის ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიზანსა და ოცნებას წარმოადგენდა 6-14 წლის ბავშვებისთვის უნივერსალური, სავალდებულო განათლების სისტემის შექმნა. ეს მიზანი დღეს ინდოეთის კონსტიტუციაშია აღნიშნული და საშუალო განათლება ყოველი ინდოეთის მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა. პრობლემების, საჭირო კვალიფიციური პერსონალისა და ქვეყნის სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე, საშუალო განათლების სისტემაში არსებული პრობლემები კვლავ მძიმეა. ასევე პრობლემად მიიჩნევა განათლებისთვის გამოყოფილი სახსრების სიმცირე, რომელიც ინდოეთის მშპ-ს მხოლოდ 4.3%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია (შედარებისთვის 2006-2020 წლების საშუალო მონაცემები ქვეყნების მიხედვით: კუბა – 12.8%, ნამიბია – 9.4%, ბოტსვანა – 8.4%, ისლანდია – 7.7%, შვედეთი – 7.2%, ფინეთი -6.6%, ყირგიზეთი – 6.2%, აშშ – 6.1%, გერმანია – 4.7%, აზერბაიჯანი – 4.3%, რუსეთი – 3.7%, საქართველო – 3.6% (2021), თურქეთი – 3.4%, სომხეთი -2.8%, წყარო: მსოფლიო ბანკის მონაცემები, 2022 )

ინდოეთის სასკოლო სისტემა

დღეს ინდოეთი ოცდარვა შტატად და ე.წ. შვიდ „საკავშირო ტერიტორიად“ არის დაყოფილი. ყოველ შტატს თავის მიერ არჩეული მთავრობა ჰყავს, ხოლო საკავშირო ტერიტორიებს ინდოეთის ცენტრალური მთავრობა მართავს, თითოეულ ასეთ ტერიტორიაზე პრეზიდენტის მიერ დანიშნული ადმინისტრატორის მეშვეობით (ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები, ლადაკჰი, ჯამუ და ქაშმირი, ქ. დელი, ჩანდიგარჰი და რამდენიმე სხვა ერთეული).

ინდოეთის კონსტიტუციის თანახმად, სასკოლო განათლების შეთავაზება ადრე შტატების კომპეტენცია იყო. 1976 წელს ეს სისტემა შეიცვალა და ამჟამად, განათლების პროგრამებისა და პოლიტიკის შეთავაზება-განსაზღვრა ინდოეთის მთავრობის მიერ ხდება, თუმცა შტატებს პროგრამების განხორციელებაში დიდი თავისუფლება აქვს მინიჭებული.

ამავე დროს პოლიტიკისა და პროგრამების ეროვნულ დონეზე წარდგენის შემდეგ, მონიტორინგისა და განვითარების ფუნქციები ენიჭება განათლების ცენტრალურ სამეთვალყურეო საბჭოს (The Central Advisory Board of Education), CABE-ს.

გარდა ამისა, ინდოეთში არსებობს ეროვნული მასშტაბის ორგანიზაცია – განათლების კვლევისა და სწავლების ეროვნული საბჭო-National Council for Educational Research and Training (NCERT), რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ეროვნული ჩარჩო-კურიკულუმის შემუშავებაში.

თითოეულ შტატს ჰყავს NCERT-ის საშტატო საბჭო – SCERT, რომელიც უშუალოდ სთავაზობს შტატის განათლების განყოფილებას, განათლების სტრატეგიას, კურიკულუმებს, პედაგოგიურ სქემებსა და შეფასების მეთოდოლოგიას. ამ დროს შტატებს ენიჭებათ თავისუფლება პროგრამების განხორციელებისას.

კონსტიტუციით და რამდენიმე სამთავრობო აქტითა და პროგრამით, ინდოეთის მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს უფასო და სავალდებულო საშუალო განათლება თოთხმეტ წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის. მთავრობა ასევე იღებს ვალდებულებას სამიზნე მაჩვენებლად ჰქონდეს მშპ-ს 6%-ის ოდენობის თანხის მიმართვა განათლებაზე, რომლიდანაც თანხის ნახევარი საშუალო განათლებაზე უნდა დაიხარჯოს.

ინდოეთის სასკოლო სისტემა ოთხდონიანია: ქვედა პირველადი (6-დან 10 წლამდე), ზედა პირველადი (11-დან 12 წლამდე), ზედა დონის (13-დან 15 წლამდე) და ზედა დონის მეორადი (17-18 წელი). ქვედა პირველადი სკოლა დაყოფილია ხუთ „სტანდარტად“, ზედა პირველადი – ორ სტანდარტად, ზედა დონის – სამ სტანდარტად და ზედა მეორადი – ორ სტანდარტად.

მოსწავლეები ვალდებულნი არიან ისწავლონ საერთო პროგრამით (გარდა რეგიონული ცვლილებებისა მშობლიურ ენებზე), საშუალო სკოლის ყველა დონის დამთავრებამდე. გარკვეული დოზით შესაძლებელია სპეციალიზაცია ზედა მეორად დონეზე. მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვალდებულნი არიან, ისწავლონ სამი ენა (ინგლისური, ჰინდი და მშობლიური ენა), გარდა იმ რეგიონებისა, სადაც ჰინდი მშობლიურია. ასევე არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

ინდოეთში, სასკოლო განათლების სამი ტიპი არსებობს. ამათგან ორის კოორდინაცია ხდება ეროვნულ დონეზე, საშუალო განათლების ცენტრალური საბჭოს – Central Board of Secondary Education, CBSE-ის მიერ, რომელთაგან ერთი განკუთვნილი იყო ცენტრალური მთავრობის მომსახურეთა ბავშვებისთვის, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა შტატში გადაჰყავდათ, მათი მშობლების საქმიანობიდან გამომდინარე. ამ ტიპის „ცენტრალური სკოლების“ (ინდ. Kendriya Vidyalayas) გარკვეული რაოდენობა შეიქმნა ქვეყნის ყველა ცენტრალურ და მსხვილ ურბანულ რეგიონში და მათი პროგრამა და მუშაობის გრაფიკი ისე შემუშავდა, რომ ნებისმიერ მოსწავლეს შესძლებოდა ასეთი „ცენტრალური“ტიპის ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლა, სხვადასხვა შტატსა თუ ქალაქში – ამ სკოლების სასწავლო პროგრამები ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში იყო.

ამ სკოლებში საგნების ერთი ჯგუფის (სოციალური საგნები – ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო სწავლება) სწავლება ყოველთვის ჰინდიზე მიმდინარეობს, ხოლო სხვა საგნებისა – ინგლისურად. აქ (Kendriya Vidyalayas) შესაძლებელია სხვა ბავშვების მიღებაც (თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში). საგნების ყველა წიგნი NCERT-ის მიერ არის დაწერილი, სერტიფიცირებული და გამოცემული. გარდა მთავრობის მიერ მართული ამ სკოლებისა, CBSE-ის დადგენილ წესებს ემორჩილება ზოგიერთი კერძო სკოლაც, თუმცა მათ აქვთ უფლება სხვა საგნობრივი სახელმძღვანელოები გამოიყენონ და ჰქონდეთ სხვა სასწავლო გრაფიკი. CBSE, გარდა ინდოეთისა, სწავლების ამ წესს იყენებს მსოფლიოს 21 ქვეყანაში არსებულ 141 სკოლაში, სადაც ინდური წარმოშობის მოსწავლეები იღებენ განათლებას.

მეორე, ე.წ. „ცენტრალური სქემის“ მქონე სკოლების ტიპს წარმოადგენს სკოლა საშუალო განათლების ინდური სერტიფიკატით – Indian Certificate of Secondary Education (ICSE). ეს სისტემა შემუშავდა 1952 წელს არსებული კოლონიური წარსულის Cambridge School Certificate-ის შესაცვლელად.

მისი იდეა იყო ის, რომ კემბრიჯის სკოლის სასერტიფიკატო გამოცდები ჩაენაცვლებინათ საერთო ინდური გამოცდებით (All India Examination).

საბოლოოდ, დამამთავრებელი სასერტიფიკაციო გამოცდების წესმა მიიღო სახე, რომელიც დამტკიცდა დელის სასკოლო განათლების აქტით და შეიქმნა საშტატო ერთეული, რომელიც ჩაატარებდა საყოველთაო სასკოლო გამოცდებს. დღეს კერძო სკოლების უმეტესობა დაკავშირებულია ამ საბჭოს მიერ შემუშავებულ სისტემასთან. ეს სკოლები ძირითადად კერძოა და ემსახურება მდიდარ ინდოელთა ოჯახების შვილების საჭიროებებს.

ზოგადად, ორივე, CBSE და ICSE საბჭოების ფუნქციაა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო სასკოლო გამოცდების ჩატარება მათ მიერ შემუშავებული წესებით. ეს გამოცდები ტარდება ორჯერ, სასკოლო სწავლების მე-10 და მე-12 წლის შემდეგ (ზედა მეორადი სკოლა). ჩვეულებრივ, მე-11 კლასში მიღება დამოკიდებულია საყოველთაო სასკოლო გამოცდების შედეგებზე. ეს ბუნებრივია, დიდი წნეხს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის, თუმცა ჯერჯერობით სწავლების მე-11 წელს გამოცდები ჯერ კიდევ ძალაშია.

(სტატია ეყრდნობა დოქტორი ვ. სასი კუმარის/Dr. V. Sasi Kumar ნაშრომებს)

n -განზომილებიანი კუბის წინაღობის გამოთვლა კოორდინატთა ხერხით

0

 

ნაწილი 2. ოთხ და…n  -განზომილებიანი სიმეტრიული კუბის წინაღობის გამოთვლა კოორდინატული ხერხით.

  1. ოთხგანზომილებიანი კუბის მიღება, წარმოსახვა.

ა) წრფეზე მდებარე მონაკვეთს ვუწოდოთ ერთგანზომილებიანი კუბი.

როგორ მივიღოთ ერთგანზომილებიანი კუბი (მონაკვეთი)? ამისათვის საჭიროა წრფეზე მდებარე ნებისმიერი A წერტილი პარალელური გადაადგილებით, იმავე წრფეზე ავსახოთ a-მანძილზე. მიღებული AA1- მონაკვეთი იქნება ერთგანზომილებიანი კუბი – მონაკვეთი (ნახ.1)

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ფიზიკა X სხვადასხვა ავტორთა აკრედიტებული სახელმძღვანელოები.
  2. ფიზიკის ამოცანების მოქმედი და ადრეული ამოცანათა კრებულები.
  3. მასალები ინტერნეტსივრციდან.
  4. ზურაბ ბართაია – პერკინსის, უზნაძის, ბლუმის თეორიები და აზროვნების განვითარება ფიზიკის გაკვეთილზე, 21 იანვარი 2021 წ.
    https://mastsavlebeli.ge/?p=28344
  5. ზურაბ ბართაია – რატომ უნდა ვიცოდეთ ფიზიკა? 10 მაისი, 2021 წ.

https://mastsavlebeli.ge/?p=29415

  1. ზურაბ ბართაია – რატომ უნდა ვიცოდეთ ფიზიკა? ( მე-2 ნაწილი), 13 იანვარი. 2022 წ.

https://mastsavlebeli.ge/?p=31616

  1. ზურაბ ბართაია „ბიჰევიორიზმის კონცეფცია და მისი გამოყენება სწავლებაში“. 5 თებერვალი, 2020 წ.

https://mastsavlebeli.ge/?p=24606

  1. ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადები–გამომცემლობა „ინტელექტი“ თბილისი 2015 წ რედაქტორი კ.კუდავა.
  2. გოფმანი გ. „კანონები, ფორმულები, ამოცანები ფიზიკაში“ მოსკოვი 1985 წ. რუსულ ენაზე.
  3. გოლდფარბი. გ. „ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებული ფიზიკაში“ მოსკოვი 1987წ რუსულ ენაზე
  4. ჟურნალი „კვანტი“ 1986წ N 1, 5, 6, 7, 8. 1987წ N 2, 3.
  5. ზურაბ ბართაია „n ..განზომილებიანი კუბის წინაღობის გამოთვლა კოორდინატული ხერხით“https://mastsavlebeli.ge/?p=35479&fbclid=IwAR3-kuyJ-WRBHNZjtdp214oqOQGdMDG4bU3_c9G59SR1qZ50GXPsbAtqGbw

 

 

ხმამაღალი ფიქრი, როგორც მოდელირების სტრატეგია

0

 

ფიქრი ადამიანის ის თვისებაა, რომლითაც ის განსხვავდება ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისაგან. ეს საკმაოდ რთული პროცესია. კიდევ უფრო რთულია საკუთარი ფიქრების სწორად და ნათლად გადმოცემა. მაგრამ მიზანი მიღწევადია, რადგან არსებობს მიდგომები, წესები, “გასაღებები” და კანონებიც კი, რომლებიც გვეხმარებიან, ჩვენი მოსაზრებებიდან გონივრულად ავაგოთ მსჯელობები, ტექსტები.

  • და მაინც რა არის ფიქრი?
  • რა ნიშნებით გამოირჩევა აზროვნების ეს ტიპი?
  • რაშია მისი განსაკუთრებულობა?
  • როგორიამისი აგებულება?
  • როგორია მისი მთავარი კითხვები?

ფიქრი ადამიანის გონებაში მიმდინარე უხილავი პროცესია, რომელიც მნიშნელოვანი ინსტრუმენტია ტექსტის გაგება- გაზრებისათვის.   ფიქრი იგივე სიტყვაა, რომელიც მხოლოდ შენ გესმის, სანამ გაახმოვანებ, სანამ სხვას გაუზიარებ.

მნიშვნელოვანია მოსწავლეებს “ვასწავლოთ ფიქრი” და ამის  საუკეთესო საშუალებაა  მასწავლებლის მიერ ფიქრის მოდელირება – ,, ხმამაღალი ფიქრის მეთოდი“.  იგი  გამჭვირვალეს ხდის კოგნიტურ პროცესებს. გაკვეთილებზე მასწავლებლის მიერ ხმამაღალი ფიქრის დემონსტრირება ფრიად საინტერესო პროცესია მოსწავლეთათვის; განსაკუთრებით, თუ ეს პროცესი პაუზებით კითხვის დროს მიმდინარეობს. ხოლო თუ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შემდეგი პაუზების დროს თვითონ გააგრძელონ ხმამაღლა ფიქრი, მაშინ ისინი აცნობიერებენ ამ სტრატეგიის მნიშვნელობას და ასიტყვებენ თავიანთ ფიქრებს, განცდებს,   ,,აგემოვნებენ“  წაკითხულის გაგების პროცესს.

მოსწავლის ხმამაღალი ფიქრი ანელებს კითხვის პროცესს და მასწავლებელს ეხმარება დააკვირდეს მოსწავლის გააზრების პროცესს,  თუ რამდენად სწორი და ლოგიკურია ის. აქვე იბმება ძაფები ფიქრს, კითხვასა და წერას შორის. ამავდროულად, მოსწავლე ხდება ეფექტური მოდელი მეორე მოსწავლისთვის.  ხმამაღალი ფიქრის მეთოდის გამოყენება დადებითად აისახება მოსწავლის შედეგებზე.

ხმამაღალი ფიქრის მეთოდით მოდელირება ეფექტურად შეიძლება გამოიყენო ნებისმიერ გაკვეთილზე. წარმოგიდგენთ ხმამაღალი ფიქრის გამოყენების ნიმუშებს ქართულისა და მათემატიკის გაკვეთილებზე დაწყებით კლასებში:

იაკობ გოგებაშვილი – მეზობლები

ერთხელ ივანეს ცხენი მეზობლის ყანაში გადავიდა. მეზობელი გაბრაზდა, დაიჭირა ცხენი და პატრონს ზარალი ერთი სამად გადაახდევინა.

გავიდა რამდენიმე დღე. ახლა იმ მეზობლის ხბო გადმოვიდა ივანეს ბოსტანში და მწვანილი სულ გაუოხრა.

ივანემ დაიჭირა ხბო, მიუყვანა მეზობელს და უთხრა: – აი შენი ხბო, ჩემი ბოსტნიდან მოგიყვანე. ჩაიბარე, მეზობლებს ჩხუბი არ შეგვშვენისო .

გაახსენდა მეზობელს თავისი საქციელი, შერცხვა და ივანეს გადახდილი ფული უკანვე დაუბრუნა.

ბავშვებო, დღეს მე გამოგზაურებთ ჩემი ფიქრების სამყაროში, დაგანახებთ, რა ხდება ჩემს გონებაში, როცა მე ვიწყებ კითხვას. ყველა კარგი მკითხველი სათაურზე ფიქრით იწყებს კითხვას.

ფიქრები სათაურთან დაკავშირებით   იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის სათაურია ,,მეზობლები“, ალბათ,  ეს მოთხრობა მეზობლების ურთიერთობაზე იქნება, სად ცხოვრობენ? სოფელში თუ ქალაქში? ჩემი მეზობლები ძალიან მიყვარს და მეიმედება. თავისუფალ დროს მათთან ერთად ვატარებ.
I ეპიზოდი.ერთხელ ივანეს ცხენი მეზობლის ყანაში გადავიდა. ალბათ გააოხრებს ყანას, მეზობელი კი ძალიან გაბრაზდება, წაეჩხუბება ივანეს. ერთი წამით თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ სოფელი, სიმინდის ყანა, რამდენი მოვლა ჭირდება და მერე ცხენი რომ გაგვიოხრებს, როგორ ხასიათზე დავდგებით? მაინტერესებს , გამართლდება ჩემი ვარაუდი? მოდი, წავიკითხავ.
II ეპიზოდი.მეზობელი გაბრაზდა, დაიჭირა ცხენი და პატრონს ზარალი ერთი სამად გადაახდევინა. ასეც ვიცოდი, რომ გაბრაზდებოდა, მაგრამ სამმაგად თუ გადაახდევინებდა ზარალს, არ მეგონა! მე ასე ვერ გავაკეთებდი, ვერ გავიმეტებდი მეზობელს, მასთან ურთიერთობა ხომ უნდა გავაგრძელო?

გავაგრძელებ კითხვას.

III ეპიზოდი

გავიდა რამდენიმე დღე. ახლა იმ მეზობლის ხბო გადმოვიდა ივანეს ბოსტანში და მწვანილი სულ გაუოხრა.

 ძალიან მაინტერესებს, ივანე როგორ მოიქცევა. ალბათ ისიც წაეჩხუბება და ზარალს აანაზღაურებინებს.    შეიძლება აპატიოს კიდეც, ან ის მეზობელი რას იტყვის, ნეტა თუ შერცხვება?

როგორ მაინტერესებს! ერთი სული მაქვს გავიგო…

 

 

                                                                                                                                                    

V ეპიზოდი

ივანემ დაიჭირა ხბო, მიუყვანა მეზობელს და უთხრა: – აი შენი ხბო, ჩემი ბოსტნიდან მოგიყვანე. ჩაიბარე, მეზობლებს ჩხუბი არ შეგვშვენისო

 

რა კეთილშობილი ადამიანი ყოფილა ივანე, ნამდვილი მეზობელი, გონიერი და წინდახედულია, იცის, რომ მეზობელი კარისა- სინათლეა თვალისა. მეზობელთან ისე არ უნდა მოიქცე, რომ შენვე შეგრცხვეს.  მაინტერესებს, თუ მიხვდება შეცდომას მეზობელი?

VI ეპიზოდი

გაახსენდა მეზობელს თავისი საქციელი, შერცხვა და ივანეს გადახდილი ფული უკანვე დაუბრუნა.

 

თურმე მიხვდა და გამოასწორა თავისი დანაშაული.  რა ბედნიერებაა ივანესნაირი მეზობლები რომ გყავს!

ვიყოთ კეთილები და არ ვაწყენინოთ მეზობლებს! ადამიანებს შორის თბილი დამოკიდებულება  ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!

              მათემატიკის გაკვეთილზე ხმამაღალი ფიქრის  მეთოდის გამოყენებისას  მასწავლებელს ზედაპირზე ამოაქვს რთული სააზროვნო პროცესები. იგი მოსწავლეებს უჩვენებს, რომ პრობლემის/ამოცანის გადასაჭრელად შეიძლება დასჭირდეს ერთზე მეტი ნაბიჯის განხორციელება, რამდენიმე ოპერაციის თანმიმდევრულად  შესრულება, და თუ ის ამას მასწავლებლის მსგავსად განახორციელებს, ამოცანის ამოხსნა სულაც არ იქნება მისთვის შეუძლებელი  და მიუწვდომელი.

მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ხმამაღლა ფიქრისას განიხილავდეს რამდენიმე ალტერნატიულ გზას, ან რაიმეს დაშვებას, რომლის გამორიცხვაც შეიძლება  გზადაგზა მოუხდეს.

 

1 ამოცანა 1-ელი კლასი

 

8+4

როგორ მივუმატო 8-ს    4? ერთის ბიჯით რომ მივუმატო: 9,10,11,12. პასუხი 12-ია. უი, ასე შარშან ვაკეთებდი, გამახსენდა! ათეულამდე შევსებით უფრო მაგარია!   8  ათეულამდე რომ შევავსო,  მჭირდება 2. აგერ მეორე შესაკრები  4 უნდა დავშალო:  4 შედგება 1-ისა  და 3-სგან, მაგრამ 8 რომ ათამდე შევავსო, ამისთვის 2 გამომადგება,  ანუ 8 +4=8+2+2.  10-თვის 2-ის მიმატება ადვილია, მივიღე 12.

 

2. ამოცანა  მე-2 კლასი

 

დაასახელე 27-ის უახლოესი ათეული.

როგორ ვიპოვო 27 -ის უახლოესი ათეული? გამოვიყენებ რიცხვით სხივს, აი, რიცხვით სხივზე 27 მდებარეობს 20-სა და 30-ს შორის. ანუ მისი მეზობელი ათეულებია 20 და  30.  27 დან 30-მდე რომ მივიდე,  3 ნაბიჯია, 27 დან 20-თან რომ დავბრუნდე – 7. სწორი იქნება: 27 -ის უახლოესი ათეული არის 30.
3. ამოცანა მე-6 კლასი

ნავის სიჩქარე ტბაზე  17         კმ/სთ-ია, მდინარის სიჩქარე  2კმ/სთ.

რამდენ კმ-ს გაივლის ნავი მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით 3 საათის განმავლობაში?

 

ტბაში წყალი არ მოძრაობს, მდინარის წყალი კი დაღმართს მიყვება, ესე იგი, მდინარის წყალს აქვს სიჩქარე. მაშინ გამოდის, რომ ნავის სიჩქარე ტბაზე იგივეა, რაც მისი საკუთარი სიჩქარე- 17 კმ/სთ.

მაგრამ როცა ნავი მდინარეში მიცურავს,   მას მდინარის სიჩქარე ეხმარება, რომ უფრო სწრაფად იმოძრაოს. ამოცანაში წერია  მდინარის სიჩქარე 2 კმ/სთ-იაო, ეტყობა არც ისე დამრეცი კალაპოტი აქვს და მდორედ მიედინება.  მაგრამ რადგან ნავი მდინარის საწინააღმდეგოდ მიცურავს, წყლის სიჩქარე მას ხელს კი არ უწყობა, არამედ უშლის, ანელებს 2 კმ/სთ-ით.

აქ უკვე ნავის სიჩქარე 17-2 , ანუ 15 კილომეტრი იქნება, 3 საათში კი ნავი მდინარის დინების საწინააღმდეგოდ გაივლის 15 x 3=45 კმ-ს.

4. ამოცანა   მე2 კლასი

ოთახის სიგრძე მეორეკლასელი ნინოს 14  ნაბიჯის ტოლია, გადაზომა სიგრძე მაღაზიაში 14 ნაბიჯით დედამ და  მოიტანა ხალიჩა, რომელიც ოთახში არ დაეტია! თუ არის შესაძლებელი  ასეთი რამ? რატომ?

 

 

 

 

 

 

ამოცანაში წერია, რომ ოთახის სიგრძე   ნინოს 14 ნაბიჯის ტოლია.   ხალიჩის სიგრძეც 14 ნაბიჯია,  მაშინ რატომ არ დაეტია ხალიჩა? მაგრამ ეს  ხომ დედის ნაბიჯებითაა გაზომილი. დედის ნაბიჯები უფრო დიდი იქნება.  დავფიქრდი, გამახსენდა,მე რომ პატარაობისას დედას გვერდით მივყვებოდი, მის თითო ნაბიჯზე მე ორის გადადგმა მიწევდა, რომ დავწეოდი. ამიტომაც არ დაეტია ხალიჩა ოთახში, შესაძლებელი ყოფილა ასეთი რამ. სხვა დროს ჯობია ზუსტი საზომით- მეტრით გაზომონ ოთახის და ხალიჩის სიგრძე.

 

ხმამაღალი ფიქრის სტრატეგია ეფექტურად შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა, ასევე,  შესაძლებელია მასალის ვიზუალიზება ტექნოლოგიების გამოყენებით,  რაც კიდევ უფრო  გაუადვილებს მოსწავლეებს მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრებას.

 

 

 

კომპლექსური დავალებების ეფექტიანი გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში

0
Young people group reading books. Study, learning knowledge and education vector concept

განათლების სფეროში მიმდინარე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული ყველა მასწავლებელი.  შემოვიდა ახალი მიდგომები, ცნებები, ტერმინები. განხორციელდა უამრავი კომპლექსური დავალება ყველა საგანში, რომელთა შედეგების შესახებ ჩატარდა და კვლავ ჩატარდება სამუშაო შეხვედრები და კონფერენციები. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე პრობლემური, თემის დამუშავების დასკვნითი ეტაპი – გასიტყვებაა. გამომდინარე იქიდან, რომ, პროდუქტის შექმნისა და წარდგენისშემდგომი აუცილებელი განმავითარებელი შეფასება, ყველა მოსწავლემ თანაბრად უნდა მიიღოს, ამის სრულფასოვნად განხორციელება კი, თითქმის შეუძლებელია.

აღნიშნული პრობლემის ერთგვარი ეფექტური გამოსავალი გასიტყვების არა ვერბალურად, არამედ წერით გადმოცემაა, მით უფრო, რომ წერით აზრის თანმიმდევრულად გადმოცემის უნარის განვითარება, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში. აქედან გამომდინარე, კომპლექსური დავალების პროდუქტად ესე, ანუ თხზულების დაწერა ძალიან მომგებიანია. პროცესი უნდა განხორციელდეს გაკვეთილზე, დავალების ხანგრძლივი და ღრმა დამუშავების დასკვნით გაკვეთილზე და შესაბამისად, ამ სამუშაოზე შემაჯამებელი სამუშაოს კვალიფიკაციის მინიჭებაც, უფრო სამართლიანი იქნება.

ქვემოთ წარმოდგენილია კომპლექსური დავალება – ფერმენტების „ფაბრიკა“

ერთი ნიმუში, თემაზე: საჭმლის მომნელებელი სისტემა. კლასი მე-8.

საკვანძო კითხვა: როგორ წარმოვადგინო  ესეს  საშუალებით,   საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება და მნიშვნელობა?

სამიზნე ცნებები: სტრუქტურა და ფუნქცია

                                სასიცოცხლო თვისებები

                                კვლევა

პირობა:

წარმოიდგინე, რომ  პაწაწინა ფერმენტი ხარ, სახელად ,,ამილაზა’’, რომელიც საჭმლის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მუშაობს. შენთან ერთად მუშაობენ შენი მეგობარი ფერმენტებიც (მაგ ,ლიპაზა, პროტეაზა და სხვები). ისინი თავდაუზოგავად შრომობენ, რომ საკვები ზედმიწევნით კარგად გადამუშავდეს. გაეცანი საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულებასა და ფუნქციებს, კვების თავისებურებას, გაეცანი    საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დამატებითი ინფორმაციას და  აღწერე  ერთი სამუშაო დღე საკვების მიღებიდან მის საბოლოო გადამუშავებამდე. აღწერა წარმოადგინე თხზულების სახით.

 

თხზულებაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა ნაწილებისაგან შედგება საჭმლის მომნელებელი ტრაქტი? (სტრუქტურა და ფუნქცია.მკ.წ.1)
  • როგორია საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულების თავისებურება? (სტრუქტურა და ფუნქცია.მკ.წ.1)
  • როგორ შეესაბამება საჭმლის მომნელებელი სისტემის სტრუქტურა მის ფუნქციას? (სტრუქტურა და ფუნქცია.მკ.წ.1)
  • რატომ ითვლება კვება სასიცოცხლო თვისებად? (სასიცოცხლო თვისება. კვ.წ.1)
  • რატომ არის მნიშვნელოვანი დაბალანსებული კვება ადამიანის ჯანმრთელობისთვის? (ჯანმრთელობა და დაავადება. მკვ..4)

 

მოსწავლის ნამუშევარი.       

გამარჯობა, მე ფერმენტი ვარ, სახელად ამილაზა. ვცხოვრობ პირის ღრუში, კერძოდ, ენისქვეშა, ყბისქვეშა და ყბაყურა ჯირკვლებში. მყავს პატარა ოჯახი, რომელსაც მეორენაირად ,,ნერწყვი“ ჰქვია. ოჯახში ყველას ჩვენ-ჩვენი ფუნქცია გვაქვს გადანაწილებული: დედას წყალს ვეძახით, ის ჩვენი ოჯახის ძირითად საყრდენს წარმოადგენს და ყველაზე დიდი წილი (98%) სწორედ მისია ნერწყვში. მამა ლიზოციმია. ის ჩვენ და ადამიანის ორგანიზმს იცავს საკვებიდან შემოღწეული არასასურველი ბაქტერიებისგან და შლის მათ კედელს. ჩემს პატარა ძმას კი – მუცინი ჰქვია. ის ნერწყვს სიბლანტეს ანიჭებს, რისი მეშვეობითაც დარბილებულ საკვებს ხახაში გადასვლისას უმცირდება ხახუნის ძალა.

პირის ღრუში გვყავს მეგობრებიც. მათ კბილები ჰქვიათ. ისინი სამსართულიან ,,კორპუსებს“ წარმოადგენენ. პირველი და მეორე სართულები არ ჩანს, რადგანაც მათ ღრძილი ფარავს. პირველ სართულს ფესვი ჰქვია, მეორეს ყელი, ხოლო მესამეს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ – გვირგვინი. ამ სართულებს მაცხოვრებლებიც ჰყავთ, რომლებიც მეტად პრეტენზიულები გახლავთ. ისინი სისხლძარღვებსა და ნერვულ დაბოლოებებს წარმოადგენენ და პულპებს ვეძახით.

სწორედ აქ, პირის ღრუში ხდება საკვების მექანიკური დამუშავება, ნერწყვით დასველება და ნახშირწყლების დაშლა ტრისაქარიდებად და დისაქარიდებად (ნახშირწყლებს მე ვშლი, ხშირად ვიკვეხნი კიდეც ამ ფუნქციისა და უნარის გამო.). ამის შემდეგ, საკვები მიემართება საყლაპავისკენ, სადაც პერისტალტიკით მიემართება კუჭისკენ.  აქ მოხვედრა ყველაზე ნაკლებად მიყვარს, რადგანაც აქ მჟავა გარემოა, მე კი თავს კომფორტულად მხოლოდ ტუტე გარემოში ვგრძნობ. აქ, კუჭში ხდება ცილების დაშლა. ეს პროცესი ჩემი ნაცნობი პროტეაზა – პეფსინის მეშვეობით ხდება. მარილმჟავა პეფსინს ააქტიურებს, ,,ააგიზგიზებს“ და ისე ,,დაერევა“ ხოლმე გაცელქებული პეფსინი ცილებს.   ოღონდ, არც ცილები იშლება აქ ბოლომდე.

მას შემდეგ, რაც პროტეაზები გულს იჯერებენ ცილების ,,წვალებით“, გადამუშავებული საკვები მიემართება თორმეტგოჯა ნაწლავში. აქ იწყება ყველაზე ჭირვეული ორგანული ნივთიერების –  ცხიმის დაშლა, ანუ ემულგირება. ამას ნაღვლის  წვენი გააკეთებს.  თორმეტგოჯაში ცხიმის დაშლის პროცესში მონაწილეობს პანკრეასის წვენიც. ეს პროცესი ყველაზე მეტად მიყვარს. აქ ჩვენ ვეცნობით უამრავ ფერმენტს, გავდივართ ბევრ საინტერესო გზას და ბევრი მილით გვესხურება სხვადასხვა წვენი და ფერმენტი. აქ ისევ ტუტე გარემო იქმნება, ამიტომ მე ისევ გავაქტიურდები და ნახშირწყლების მოკლე ფრაგმენტებს უკვე გლუკოზამდე დავშლი.                                                                                                                როდესაც ნივთიერებების გარდაქმნა დასრულდება, საკვების მასა მიემართება წვრილი ნაწლავებისკენ, სადაც ხდება საჭირო ნივთიერებების შეწოვა ხაოებით. ის ერთგვარი ხალიჩასავით აკრავს ნაწლავს შიგნიდან და მასში გავლისას ცოტა ,,გვეღუტუნება“ კიდეც. რადგანაც ყველა ნივთიერება სასარგებლო არაა და მათი სისხლში გაწოვა ორგანიზმს კარგს არაფერს მოუტანს, ღვიძლი ახერხებს და ამ არასასურველ ნივთიერებებს უვნებლად გარდაქმნის. ამ პროცესს დეტოქსიკაცია ეწოდება. ღვიძლის ამ თვისების გამო, ყველა მისი მადლიერი ვართ. წვრილი ნაწლავების შემდეგ, საკვები პერისტალტიკით გადადის მსხვილ ნაწლავებში. აქ არ ხდება აქტიური გარდაქმნები, თუმცა წარმოიქმნება ვიტამინები, რადგან მუშაობას იწყებენ სასარგებლო ბაქტერიები. სულ ბოლოს, ნარჩენები გამოიდევნება ორგანიზმიდან, რასაც დეფეკაცია ჰქვია.

პროცესების სრულყოფილი წარმართვისთვის, ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული კვება, საჭირო რაოდენობით ცილები, ცხიმები (ლიპიდები), ნახშირწყლები, მინერალური მარილები და ყველაზე მთავარი – წყალი!  როდესაც ადამიანი არ გვაწვდის საკმარის საკვებს, ან თუნდაც არასწორი შეფარდებით იღებს ორგანულ ნივთიერებებს, ამ დროს ჩვენ, ორგანიზმის მაცხოვრებლები ვცდილობთ, რომ სხვადასხვა გზით მივახვედროთ ადამიანს, რომ ჩვენ გასაჭირში ვართ და დასახმარებლად ,,რაზმი“ გამოგზავნოს, რომელიც ხშირად ვიტამინის პატარა აბებია-ხოლმე. ისინი ბიოლოგიურად აქტიური, ძალიან ცელქი ნივთიერებებია. როგორც კი ორგანიზმში მოხვდებიან, მაშინვე აქტიურდებიან და მალევე გაიცნობენ, დაუახლოვდებიან ხოლმე ყველას.

ცოტა ხნის წინ, ჩემი მეზობელი კბილები იყვნენ შეუძლოდ. რადგანაც მათ არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობის C ვიტამინი. ამ დროს ძვლები ხშირად ტირიან და წუწუნებენ ხოლმე.                                                                                                                                 ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება ენერგია იმისთვის, რომ გადაადგილდეს, შეასრულოს მუშაობა, რაც პირდაპირკავშირშია არსებობის უნართან. ამ ენერგიას კი სწორედ რომ, მიღებული საკვების დაჟანგვით ვიგებთ, ასე რომ, მოვუწოდებდი ადამიანებს, ჯანმრთელობა მათი ინტერესებისა და მიზნების ყველაზე პირველ საფეხურზე მოაქციონ!

თამარ იორდანიშვილი.

მე-8-ბ კლასი.

დასკვნააღნიშნული თხზულება სრულად მოიცავს პირობაში მოცემულ კრიტერიუმებს. მათი შეფასების რუბრიკებად გამოყენება, ასევე, საშუალებას იძლევა მოსწავლე შეფასდეს განმსაზღვრელი  შეფასებით.  აგრეთვე უნდა ითქვას, რომ ესეს დაწერა საბუნებისმეტყველო საგნებში ავითარებს შემოქმედებით უნარებს და კიდევ უფრო შესაძლებელს ხდის საგანთაშორისი ინტეგრირების გაგებას, რაც კარგად ჩანს კიდეც აქ წარმოდგენილ მოსწავლის ნამუშევარში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...