პარასკევი, მაისი 9, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

მანგროს ტყეების გადასარჩენად

0

მანგროს ტყეები ერთერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხია. ჩემი ბოლო წლების საქმიანობა მთლიანად გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული, ამიტომაც ბევრ საკითხს სხვა კონტექსტით შევხედე და გავითავისე. როგორც ხუმრობით ვამბობ  „ავიკვიატებ“ მეთქი. „აკვიატებულ“ საკითხს განსაკუთრებით ვამუშავებ ხოლმე: ვეძებ რესურსებს და მოსწავლეებთან ერთად ვაკეთებ აქტივობებს. მანგროს ტყეებიც ჩემი ერთერთი „აკვიატებაა“.

მანგროს ტყეებზე და მის მნიშვნელობაზე არაფერს დავწერ, რადგან ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ  მაია ბლიაძის სტატიაში -„ ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები“. მე მხოლოდ დამატებით რესურსს შემოგთავაზებთ ამ საკითხის დასამუშავებლად, როგორ იბრძვიან მანგროს ტყეების გადასარჩენად სხვადასხვა ქვეყანაში. რატომ ავიკვიატე? იმიტომ, რომ მანგროს ტყეები გვხვდება იქ, სადაც სხვა მცენარეები ვერ ხარობს. ის ადაპტირებულია მარილიან წყალთან და ტროპიკულ სიცხესთან. მსოფლიოს 120 ქვეყანაში, თითქმის 14 მილიონი ჰექტარი მანგროს ტყეებია, როგორც ბუნებრივი სანაპირო მცენარეულობის ნაწილი. მანგროს უმეტესობა აზიაშია, შემდეგ მოდის აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა და ოკეანეთი.

ხელუხლებელი და დაცული მანგროს ტყეები შეუცვლელ გავლენას ახდენენ გლობალურ კლიმატზე. მანგროს ფოთლები, რომლებიც წყალში ვარდება, გაცილებით ნელა ლპება, ვიდრე ხმელეთზე. სქელი „საბადოები“ წარმოიქმნა ათასობით წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მანგროებს შეუძლიათ ჰექტარზე 3-დან 5-ჯერ მეტი ნახშირორჟანგის შენახვა, ვიდრე ტროპიკულ ტყეებს. მანგროს ტყეების განადგურება გამოყოფს ათასობით წლის განმავლობაში შენახულ ნახშირორჟანგს და აქცევს “მანგროს კლიმატის სასწაულს” “კლიმატის მკვლელად”.

იუნესკოს გენერალურმა კომისიამ  2016 წელს 26 ივლისი მანგროს მსოფლიო დღედ  გამოაცხადა – ოფიციალურად: „მანგროს ეკოსისტემის დაცვის საერთაშორისო დღედ“, რათა მეტი ყურადღება მივაქციოთ მანგროს ტყის მწვავე საფრთხეს და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ ეკოსისტემის უზარმაზარ ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.

“გადავარჩინოთ ჩვენი მანგროები ახლა!” არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს მანგროს ტყეების განადგურების შეაჩერებას. ინიციატივას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), WWF და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ხელმძღვანელობენ. ისინი მანგროს კონსერვაციის საკითხებზე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, რათა ბუნებისა და ხალხის საჭიროებები შეაჯერონ; ხმას აძლევენ  მიმდინარე ეკოლოგიურ გამოწვევებსა და გადაწყვეტილებებს, რადგანაც მანგროს ტყეების შენარჩუნება მთლიანი ეკოსისტემისთვის არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მანგროს ტყეების მესამედზე მეტი განადგურდა, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოსისტემას. მანგროს ხეებს ჩეხავენ და იყენებენ მშენებლობისთვის, შეშისთვის. გათავისუფლებულ ადგილებზე შენდება ბრინჯის, სოიოს და პალმის პლანტაციები, ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ერთი-ერთი საინტერესო პროექტი არის მანგროს ტყეები Etihad-გან, რომლის მთავარი მიზანია „მანგროს ტყეების შენარჩუნება კლიმატის კრიზისის დასაძლევად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“. პროექტი შემუშავდა აბუ დაბის გარემოს დაცვის სააგენტოსთან ერთად და დაიწყო თებერვალში.

Etihad Airways არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია 2003 წლის ივლისში დაარსდა სამეფო (ემირ) შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაიანის ბრძანებულებით .

Etihad Mangrove Forest აბუ დაბიში ჯუბაილის კუნძულზე მდებარეობს.

ამ ფართომასშტაბიან ბუნებრივ ტყეში მანგროს დარგვით, ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად შევძლოთ CO² -ის შემცირება – თუნდაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მკაცრი კლიმატის პირობებში. ჩვენ გვინდა გავაშენოთ ტყეები ყველა კონტინენტზე, სადაც დავფრინავთ და მოგზაურებს მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ CO2-ის გამოყოფის შემცირებაში“, – თქვა Etihad Aviation Group-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ალ კუბაისიმ.

Etihad Airways-მა პროექტ Abu Dhabi Mangrove Initiative-ს ფარგლებში ახალი ინიციატვის შესახებ განაცხადა: ამიერიდან მგზავრის მიერ დაჯავშნილი ეკონომ კლასის თითოეული ადგილისთვის მანგროს ხე დაირგვება, ეს შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ატმოსფეროში – განმარტავენ Etihad-ში. გამოდის, რომ ერთი მანგრო თავის სიცოცხლეში შთანთქავს იმდენ CO2-ს, რამდენსაც წარმოქმნის თვითმფრინავი 7 საათიანი ფრენის დროს. შედეგად, გადამზიდავის ეკონომ კლასში ადგილები ნახშირბად-ნეიტრალური იქნება.

მგზავრები, რომლებმაც დაჯავშნეს ეკონომ კლასის ადგილები, გამგზავრებიდან 10 დღის განმავლობაში ელექტრონულ ფოსტას მიიღებენ, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ მიიღეს საჩუქრად მანგროს ხე Etihad-ის ტყეში. ელ.ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით ისინი შეძლებენ ვირტუალურად დააკვირდნენ თავიანთ მცენარეს.

“მანგროს ტყეები Etihad-გან“ არის მთავარი ინიციატივა ჩვენი მდგრადობის ძიებაში. ჩვენ გვინდა გავაშენოთ ტყეები ყველა კონტინენტზე, სადაც დავფრინავთ და მოგზაურებს მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ CO2-ის გამოყოფის შემცირებაში“, – თქვა Etihad Aviation Group-ის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ალ კუბაისიმ.

2005 წლის ივლისში ქარიშხალმა მუმბაი გაანადგურა, რასაც 24 საათიანი წვიმის რეკორდული მაჩვენებელიც დაერთო. წყალდიდობას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნანდაკუმარ პავარი, ადგილობრივი მეთევზე და აქტივისტი, როგორღაც გადაურჩა ნგრევას.

პავარი იხსენებს: მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობამ გაანადგურა ქალაქის უმეტესი ნაწილი და ხალხის საცხოვრებელი, ნგრევას  გადაურჩა მისი მეთევზეთა სოფელი ბჰანდუპი, ძირითადად ძირძველთა გარეუბანი, რომელსაც გარს აკრავს მანგროს ტყეები და იცავს მას წყალდიდობისგან.

პავარმა გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა ქალაქში მანგროს საფარის დასაცავად. მან საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად ჩამოაყალიბა Shree Ekvira Aai Pratishthan, ინიციატივა ქალაქის ჭაობების შესანარჩუნებლად.

მას შემდეგ ისინი ასუფთავებენ ნარჩენებისგან, რომლებიც გროვდება მანგროში. ასევე ფხიზლად ეკიდებიან მანგროს ტყეში განხორციელებულ აქტივობებს, რადგან ცდილობენ ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილის გადარჩენას.

მათ შეძლეს მანგროებისა და სანაპირო ზოლის 65 კვ.კმ -ზე გაშლილი ეკოსისტემის გადარჩენა.

შემდეგ სტატიაში სხვა ქვეყნების მაგალითებს გაგიზიარებთ.

რესურსები და გამოყენებული ვებგვერდები:

იფრინეთ უფრო მწვანე Economy Space-ით – https://www.youtube.com/watch?v=CuQ-Corgz_s&t=24s

https://www.oneearth.org/category/mangroves/; ბუნების საოცრება – მანგროს ტყეები – https://mastsavlebeli.ge/?p=31318

ათი საუკეთესო მოთხრობა – “ვწერ მასწავლებლისთვის” – ჟურნალ “მასწავლებლის” სპეციალური ნომერი

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ,  ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ქართველი მწერლებისთვის  გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსის  –  „ვწერ მასწავლებლისთვის“,  სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელი ბმულიდან: 

ათი საუკეთესო მოთხრობა

ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ გამარჯვებული მოთხრობები და სხვა პრიზები

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“  მიერ , ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსი- „ვწერ მასწავლებლისთვის“-  დასრულდასაუკეთესო მოთხრობის ავტორები ცნობილია.  ავტორების  დაჯილდოება  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში   გაიმართა

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ,  რომლის შემადგენლობაში იყვნენ : ზაალ ჩხეიძე გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ნატო ინგოროყვა,ალექსანდრე ლორთქიფანიძე   შეარჩია ათი საუკეთესო მოთხრობა, რომელთაგან  სამი გამარჯვებული გამოვლინდა.  გამარჯვებული მოთხრობის ავტორებს    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და კონკურსის პარტნიორ ლიბერთ ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ:

I ადგილი-  იუნონა გურული „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“ – 1000 ლარი;

II ადგილი –„უახლესი ისტორია “ – ცოტნე ავსაჯანიშვილი – 700 ლარი;

III ადგილი – „მშვიდობიანთკარი“- მიშა ბახსოლიანი–  500 ლარი.

კონკურსის პარტნიორმა,  ლიბერთი ბანკმა მათი რჩეული ავტორიგიორგი შერვაშიძე  მოთხრობისთვის – „ჰეი, ფიზკულტურა“,  სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ლიბერთი ბანკმა ასევე სპეციალური საჩუქრები გადასცა საუკეთესო მოთხრობის ათივე ავტორს .

მასწავლებლის სახლის რჩეული მოთხრობები და ავტორები გახდნენ:

ფიქრია ყუშიტაშვილი – არჩევანი.  გურო დავითლიძე -სომეხა, მარიამ კაშია სკოლის დღე

“საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის” სპეციალური პრიზი სოფო გოგალაძეს გადაეცა მოთხრობისთვის  დილა მშვიდობისა მეგობრებო ანუ guten morgen freunde“

გამომცემლობა “ინტელექტმა” თავის რჩეულ ავტორებ – გიორგი შერვაშიძე „ჰეი, ფიზკულტურა“ ლევან ლორია  „პირველყოფილი“  , სპეციალური პრიზები გადასცა.

გამომცემლობა “სულაკაურმა და მისმა წარმომადგენელმა ნათია ნაფეტვარიძემ ათივე კონკურსანტს საჩუქრები გადასცა და გამომცემლობის რჩეული ავტორებიირმა კახურაშვილი  მოთხრობისთვის  „რატომ არ მოვკალი მიშო“ და ლევან ლორია მოთხრობისთვის „პირველყოფილი“  სპეციალური პრიზებით   დააჯილდოვა.

კონკურსის სიმბოლო გადაეცა კონკურსის გამარჯვებულს – იუნონა გურულს.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი, რომელშიც კონკურსში გამარჯვებული ათი საუკეთესო მოთხრობა შევიდა, გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „„mastsavlebeli.ge-ზე.

აქტივობები პირველკლასელებისთვის

0

სასწავლო წელი ტრადიციულ სასკოლო გარემოში დაიწყო. მრავალფეროვანი იდეებით მოირთო საკლასო ოთახები, განსაკუთრებით კი პირველი კლასელებისთვის. მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პირველი ემოცია სკოლასთან და ზოგადად, სწავლასთან დაკავშირებით. მასწავლებლებზე და ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული, როგორი განწყობით ჩაებმებიან ბავშვები სასკოლო თავგადასავალში.

მალე ანბანის გაცნობა მოუწევთ. „ანბანის შემობრძანება“, „ანბანეთში მოგზაურობა“ და სხვა არაერთი სახელწოდებითაა ცნობილი ის დღე, როდესაც მშობლიური ენის მთავარ ასო-ბგერებს – „აი ია“-ს გაიცნობენ პირველკლასელები.

პატარებს უყვართ ჯადოსნობები. მნიშვნელოვანია, ყველა ასოს გაცნობა და შესწავლა ჯადოსნურ და საოცარ ამბად ვაქციოთ, რათა გაიზარდოს სწავლის მოტივაცია და ცნობისმოყვარე პატარებმა თამაშ–თამაშითა და ინტერესით შეისწავლონ წერა-კითხვა.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც დაგეხმარებათ ანბანის შესწავლა სახალისო და საინტერესო გახადოთ.

 

აქტივობა – იისფერები

გააფორმეთ კლასი იისფერებში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს გაწყობისთვის.

ხელნაკეთი (გამოჭრილი) იები დაგეხმარებათ, გაალამაზოთ ფარდები, ჭერი, დაფა და კედლები, დაატრიალოთ ის აურა, რაც „აი ია“-ს ახსნისას გჭირდებათ. შეგიძლიათ მოიძიოთ დეკორატიული, ქოთნის ია და ვიზუალურადაც აჩვენოთ ბავშვებს, სავარაუდოდ, ეს ყვავილი ბევრ მათგანს ნანახი არ ექნება.

https://www.pinterest.com/pin/757519599837308531/sent/?invite_code=dc257bbf3ee44a40ace72fd02d621967&sender=799459508761171705&sfo=1

https://www.youtube.com/watch?v=zAMKtnQTdFI

 

აქტივობა – კლასში დაპატიჟეთ ადამიანი, რომელმაც „დედაენა“ დაგვიწერა

იაკობ გოგებაშვილის პორტრეტი ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია და მისი ვიზუალური მხარის მთავარი შტრიხებით შექმნა შესაძლებელია. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცით, გაესაუბრონ „ბატონ იაკობს“. თავად უამბოს „ლეგენდა“, თუ რატომ ვიწყებთ ქართული ანბანის შესწავლას, სწორედ „ა“ და „ი“ ასო-ბგერებით.

ვიზუალური ეფექტისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში, შეგიძლიათ ააწყოთ მცირეხნიანი ვიდეო-რგოლი ან მოძრავი ეფექტების გამოყენებით პრეზენტაცია, ლეგენდაზე დაყრდნობით.

ეცადეთ, ყოველი ასო-ბგერის შესწავლისას, კლასში ჯადოსნობა დაატრიალოთ, მოიფიქრეთ საოცარი ამბები, ისტუმრეთ ბავშვებისთვის ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც გააცნობენ შესასწავლ ასო-ბგერებს. ეცადეთ, ბავშვები მუდმივად იყვნენ ინტერესის ქვეშ, თუ რას შესთავაზებს მათი მასწავლებელი მომდევნო ასო-ბგერის შესწავლისას.

ასევე, შეგიძლიათ მცირეხნიანი ვიდეოს ჩვენება, სადაც ანიმაციის სახით არის ნაჩვენები ამ ასო-ბგერების შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=HyiLGBt0V5A

აქტივობა – ფოტოსესია

შეგიძლიათ დაამზადოთ ჩარჩო, იების დიზაინით. ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებთ.

https://www.pinterest.com/pin/7248049392541144/sent/?invite_code=ef2eaf0ed08a48aea950a802ef1ae1e9&sender=799459508761171705&sfo=1

აქტივობა – ვიპოვოთ ია

შესაძლოა კლასში იყვნენ ბავშვები, რომლებმაც უკვე იციან წერა-კითხვა, ან ცნობენ ასო-ბგერების ნაწილს. ეს მარტივი აქტივობა დაგეხმარებათ, ამ მოსწავლეების გახარებაში. ტრიალებთ „აი ია“-ს ირგვლივ. იისფერ ფურცლებზე წინასწარ ამობეჭდეთ სიტყვები, რომლებშიც ურევია სიტყვა „ია“ და სთხოვეთ მოსწავლეებს, მოძებნონ და შემოხაზონ, ან გულებში ჩასვან. მაგ. მზ  ნი.

ია
ია

აქტივობა – ვიპოვოთ ნივთები

შესთავაზეთ ბარათები, სადაც დახატული იქნება სხვადასხვა ნივთი, არსება თუ საგანი, რომელთა სახელებიც იწყება „ა“ და „ი“ ასო-ბგერებზე. შეეცადონ, დაასახელონ ეს სიტყვები და შემდეგ თავადაც მოიფიქრონ.

აქტივობა – დავხატოთ

დაახვედრეთ იისფერ ფურცლებზე წყვეტილად დაწერილი შესასწავლი ორივე ასო-ბგერა, წინადადების სახით – „აი ია“ . ბავშვები გადაავლებენ კალამს და შეუძლიათ გააფერადონ კიდეც.

აქტივობა – ასო-ბგერების ხე

მოსწავლეები ბარათებს ჩამოკიდებენ ხეზე, რომელიც ასო-ბგერების ხე იქნება და შემდეგ შესწავლილი ასოებიც აქ დაიკავებენ ადგილს.

ამ აქტივობაში ხის ნაცვლად შეიძლება გამიყენოთ სხვა ვიზუალიზაციაც. მაგალითისთვის გთავაზობთ:

აქტივობა – წვიმის წვეთები

წინასწარ დაამზადეთ ან მოიტანეთ ნამდვილი ქოლგა, მის ქვემოთ კი უნდა დაამაგროთ წვიმის წვეთები. თუმცა მანამდე, ბავშვებს უნდა ჩამოურიგოთ, მათ უნდა შემოხაზონ წყვეტილად დაწერილი ასო-ბგერა (ან „ა“, ან „ი“, რომელიც შეხვდებათ), რიგრიგობით უნდა გავიდნენ ქოლგასთან და დაამაგრონ ისე, რომ მიიღონ წინადადება „აი, ია“. (იხ. ფოტო). შეგიძლიათ წვიმის წვეთების ფერებიც საკლასო ოთახის ფერებს დაუახლოოთ.

 

შეჯამება – გაკვეთილი რომ ბავშვებისთვის სახალისოდ დასრულდეს, მათ სჭირდებათ შექება, წამახალისებელი შეძახილები და გამხნევება, რომ აქტიურად განაგრძონ ანბანის შესწავლა. ჯილდოდ შეგვიძლია გადავცეთ ფოტოზე მოცემული სახალისო ემოციების ბარათები, რომლებსაც ბუშტები აქვთ დამაგრებული (იხ.ფოტო). ბუშტების ფერები შეგვიძლია ჩვენი გაკვეთილის თემატიკას დავუახლოოთ და ყვითელ-იისფერში შევარჩიოთ. მოსწავლეებს მიეცით უფლება, თქვენთან ერთად გაბერონ ბუშტები და გაკვეთილი მხიარულად, თუნდაც ბუშტების ზევით აყრით დაასრულონ, სიმღერის „აი ია“ ფონზე. შეგიძლიათ, სთხოვოთ მუსიკის პედაგოგს, ან თუნდაც მშობლებს, წინასწარ, ასწავლონ ეს სიმღერა ბავშვებს, რათა შეძლონ აყოლა.

https://www.youtube.com/watch?v=sDDvSvOosEY&t=39s

 

 

ასეთი სახალისო გაკვეთილი თქვენთვისაც საინტერესო ჩასატარებელი იქნება და ბავშვებშიც გააღვიძებთ სასწავლო მოტივაციას.

 

არაფორმალური გარემოს როლი  სწავლებაში

0

სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რადგან პიროვნება საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებისა და რეალიზაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს არაფორმალური განათლების გზით იღებს. მას აქვს დამატებითი, ალტერნატიული და შემავსებელი ფუნქცია ფორმალური განათლებისთვის პიროვნების მუდმივი განათლების გზაზე. არაფორმალური განათლება ავითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემისთვის მნიშვნელოვანია: თანამშრომლობითი, გუნდური მუშაობის, დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემათა გადაჭრის, კვლევა-ძიებისა თუ საკომუნიკაციო უნარი. ასეთი გარემო ხელს უწყობს: მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, სწავლის გაუმჯობესებას, შემოქმედებითი, კრიტიკული და სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებას, თვითშეფასების ამაღლებას. არაფორმალური განათლების ამოცანაა მოზარდისათვის ისეთი ცოდნის მიწოდება, რომელსაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა ვერ ახერხებს, ან ვერ ახორციელებს იმ მასშტაბით, რომელიც მოზარდს წაადგება.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს დავგეგმე შემეცნებითი-სასწავლო ექსკურსია ქ. თბილისში, ფიზიკის მუზეუმში, კერძოდ, „ექსპერიმენტორიუმში” https://www.experimentorium.ge/. ამ სასწავლო ექსკურსიის მიზანი იყო, მოსწავლეებს განემტკიცებინათ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესწავლილი საკითხები, მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ტრანსფერი რეალურ გარემოში. ლაბორატორიაში დააკვირდნენ, შეიგრძნეს, განიცადეს ის, რაც გაკვეთილზე თეორიულად ისწავლეს და მიღებული ცოდნა დაუკავშირეს პრაქტიკაში მიმდინარე მოვლენებს. მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი.

მინდა, რამდენიმე სიტყვით მუზეუმის შესახებაც ვთქვა: ის წარმოადგენს საქართველოში ყველაზე უჩვეულო მუზეუმს, რადგან მთლიანად ცვლის საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს მეცნიერებაზე და მუზეუმებზე და სულ სხვა კუთხით გვაჩვენებს სამყაროს. მუზეუმის მიზანია, წარმოდგენილი ექსპერიმენტების მეშვეობით სამყაროში მიმდინარე ფიზიკური პროცესებით მომავალი თაობის დაინტერესება, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია. აქ დაცულია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის 80-მდე ექსპონატი. მოსწავლეებს შეუძლიათ ექსპონატებთან შეხება, მათი დატრიალება, დაგდება, შეგროვება, დაშლა, გამოცდა. პარალელურად ისინი ხედავენ, რომ ფიზიკა და ქიმია სულაც არ არის რთული და მოსაწყენი მეცნიერებები. ისინი ბუნებაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს, მათთვის დამახასიათებელ კანონზომიერებებს ხსნიან, იაზრებენ და აანალიზებენ. ამგვარად ისინი იკმაყოფილებენ ინტერნეტში ნანახ, გაკვეთილზე ან უფროსებისგან მოსმენილ, უამრავ ექსპერიმენტთან დაკავშირებით აღძრულ ცნობისმოყვარეობას. ამ მუზეუმში მოსწავლეებს შეუძლიათ, გაზომონ თავიანთი ყვირილის ძალა, დასხდნენ ლურსმნებიან სკამზე, აწიონ მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭირონ ელვა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, ანუ მათთან შესაძლებელია უკუკავშირი. ასევე, აქ შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამებით წარმოდგენილი ექსპონატები ახდენენ გარკვეული მექანიკური მოვლენების, ენერგიის, ბგერისა თუ ოპტიკური მოვლენების ვიზუალიზაციას. ამ მუზეუმში არის ქიმიის ლაბორატორიაც, სადაც მოზარდებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ქიმიური ცდის ჩატარებაში. კერძოდ, წარმოდგენილი იყო აზოტის, ძალიან საინტერესო და სახალისო შოუ.

თავდაპირველად გადავწყვიტე სასწავლო ექსკურსია ჩამეტარებინა მოსწავლეთა STEAM-ჯგუფთან ერთად, რომელიც აღნიშნულ სკოლაში ჩამოყალიბების პროცესშია. ამისათვის:

  • მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია, როგორც სასწავლო ექსკურსიის მიზნის, ასევე ადგილის შესახებ;
  • გავაცანი სათანადო ქცევის წესები;
  • მოსწავლეები წავახალისე, რათა დაესვათ შეკითხვები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში;
  • ექსკურსიის შემდეგ მოვახდინეთ ექსპერიმენტების შედეგების ანალიზი და მათი ინტერპრეტაცია.

არაფორმალური გარემოს – სასწავლო ექსკურსიის დადებითი მხარეები:

  • მოსწავლეები თვალსაჩინოდ ეცნობიან და რეალურ ვითარებაში ექსპერიმენტებით აკვირდებიან სამყაროში მიმდინარე მოვლენებს და შეისწავლიან მათ;
  • ეს მეთოდი ხელს უწყობს უკვე ნასწავლი საკითხის სიღრმისეულად გააზრებას;
  • ეს ექსპერიმენტები ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს უჩენს მოსწავლეებს და ფიზიკისა და ქიმიის სფეროში უსაფრთხო ცდების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს;
  • მოსწავლეებს თავად ეძლევათ შესაძლებლობა, წამოაყენონ გარკვეული ჰიპოთეზა, გამოცადონ ის ექსპერიმენტით, და რაც უფრო მეტად აქვთ მათ ქმედების შესაძლებლობა, მით უფრო იზრდება მათი ინტერესი საკითხისადმი;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევის, შემეცნებითი, მოტორული უნარები;
  • ვინაიდან მოსწავლე თავად ხდება აღმომჩენი, ახალი ცოდნის შემოქმედი, მაღალია მისი სწავლის მოტივაცია და ჩართულობა;
  • ხელს უწყობს ყურადღების მაქსიმალურად მობილიზებას;
  • მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან მყისიერი და დროული უკუკავშირით;
  • ზრდის მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას. ამ მეთოდის ინტენსიური, თანმიმდევრული და ეფექტიანი გამოყენების შედეგად მოსწავლეთა უბრალო ცნობისმოყვარეობა გადაიზრდება ცოდნისმოყვარეობაში;
  • მოზარდს უჩენს სურვილს, ისწავლოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
  • მოსწავლეები ცხადად ხედავენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
  • გარემო მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს;
  • მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველი ექსპერიმენტის ბოლოს გამოიტანონ დასკვნები და მოახდინონ მიღებული ცოდნის ტრანსფერი.

უნდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ექსკურსიას აქვს უარყოფითი მხარეც, ეს შეიძლება იყოს დაფინანსების მოპოვება. ასევე ასეთ სამეცნიერო მუზეუმში მხოლოდ ერთხელ სტუმრობა არაა საკმარისი. მსგავსი არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც საჭიროა დაკვირვება, მსჯელობა, მოვლენების ანალიზი, შეკითხვების დასმა და პასუხების გაცემა, მოითხოვს მუზეუმში ხშირ სტუმრობას და მეტ დროსაც.

საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად ჩატარებული სასწავლო ექსკურსია ნამდვილად უწყობს ხელს მოსწავლეებში თეორიულად მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და განმტკიცებას, ცოდნის ტრანსფერს, მოსწავლეთა მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საბუნებისმეტყველო მეცნიერების სტანდარტის მიღწევის ეფექტური საშუალებაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის;
  2. ხატია თორდუა. როგორ დავაინტერესოთ ბავშვები მეცნიერებით – ინტერაქტიური სამეცნიერო მუზეუმი.

https://youtu.be/j1jhGqhjcxQ

https://youtu.be/BmK66fLAMW8

 

ბავშვის საკომუნიკაციო პასპორტი

0

სასწავლო პროცესის პოზიტიური დასაწყისი მოსწავლის მხარდაჭერის უმთავრესი ინსტრუმენტია და სკოლაში შესვლის პირველი დღეებიდანვე ტრანზიციის ხელშეწყობის პროცესად განიხილება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვებისთვის სკოლის დაწყების პირველი დღეების დაგეგმვას. სკოლამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველკლასელების დახვედრის სტანდარტული პროცედურა შესაძლოა, ყველა ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს არ ეხმიანებოდეს.

სკოლის თითოეულ წარმომადგენელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ბავშვისთვის შეიძლება სტრესული იყოს ხალხმრავალი და ზედმეტად ხმაურიანი გარემო, პომპეზური და ხანგრძლივი მისალმების ღონისძიება, მშობლის გარეშე უცხო ადამიანების გარემოცვაში აღმოჩენა და სხვა, იმის მიუხედავად, რომ სკოლის დაწყებას წინ შესაძლოა ბავშვის მოსამზადებელი აქტივობები უსწრებდა.

სამართლიანად არის მიჩნეული[1], რომ ტრანზიციის პროგრამით განსაზღვრული იყოს პირველი დღის ღონისძიებები და პირველი სასწავლო დღეების ფარგლებში ბავშვებისა და მშობლებისთვის გასაწევი მხარდაჭერა. ტრანზიციის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა:

  • როგორ არგებს სკოლა პირველ დღეს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს (როდესაც განსაკუთრებული საჭიროება იკვეთება);
  • როგორ რეაგირებს სკოლა, თუ ბავშვი პირველ დღეს/დღეებში სტრესს განიცდის;
  • როგორ რეაგირებს სკოლა, როცა ბავშვს უჭირს გაკვეთილზე/გაკვეთილებზე მშობლის გარეშე დარჩენა;
  • როგორ უწყობს ხელს სკოლა ბავშვს, როცა მას თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება უჭირს;
  • რა ღონისძიებებს ატარებს ის მშობელთან თანამშრომლობითი ურთიერთობის დასამყარებლად სკოლის დაწყების პირველივე დღეებიდან.

სკოლაში პირველი დღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს ბავშვების მიერ ერთმანეთის გაცნობა. ცალკეულ პედაგოგსა თუ სკოლას შესაძლოა მოსწავლეების მიერ ერთმანეთის გაცნობის განსხვავებული ფორმატი ჰქონდეს შემუშავებული, თუმცა, აუცილებელია, რომ თანატოლების გაცნობისა და საკუთარი თავის წარდგენის აქტივობა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს კლასში მყოფი ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით კომუნიკაციისა და საკუთარი თავის წარდგენის სირთულე აქვთ, თანატოლებისთვის ბავშვის გაცნობის ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს საკომუნიკაციო პასპორტი, რომელიც მარტივი, პოზიტიური და ყველასათვის მისაწვდომი ფორმით შეჯამებულად ასახავს ინფორმაციას ბავშვის შესახებ, მის ხედვებს, ინტერესებს, ძლიერ მხარეებს, საჭიროებებს, ბავშვთან კომუნიკაციის დამყარების ყველაზე ეფექტურ გზებს და სხვა. საკომუნიკაციო პასპორტი ბავშვის შესახებ ინფორმაციასთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს შესაბამის ვიზუალურ მასალასაც. ამრიგად, ეს არის სასარგებლო, ინფორმაციული და სახალისო დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მომზადდეს მშობლის მიერ ბავშვის ჩართულობით.

საკომუნიკაციო პასპორტის მომზადება დამრიგებელმა მშობელთან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა შეათანხმოს და სკოლის პირველ დღეს ბავშვს მისი საშუალებით კლასისთვის თავის გაცნობაში დაეხმაროს.

მაია წულაძის მიერ მომზადებულ გზამკვლევში, „მზად ვარ პირველკლასელების დასახვედრად“, რომელიც არის ბავშვების სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერის სახელმძღვანელო, სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად მკაფიოდ და ნათლად არის გაწერილი საკომუნიკაციო პასპორტის არსი, მიზანი და შევსების ინსტრუქციები.

აღნიშნული მასალის გაზიარება მნიშვნელოვნად გვესახება ფართო სასკოლო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისათვის. გზამკვლევის თანახმად:

 

 

 

 

 

 

[1] წერილში გაზიარებულია მაია წულაძის მიერ მომზადებულ გზამკვლევში, „მზად ვარ პირველკლასელების დასახვედრად“ არსებული მასალა. https://inclusion.ge/res/docs/2022031015125583574.pdf გვ 31.

სწავლის ახალ რეჟიმზე გადასვლა

0
Illustration

ყველაზე ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგების მიწურულს ბევრ მოსწავლეს უჭირს ჩვეულ სასწავლო რეჟიმში დაბრუნება. ზოგს სიზარმაცე ეძალება, ზოგი კი უბრალოდ გადაჩვეულია ყოველდღე სწავლას. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ მშობლები გონივრულად მიუდგებიან ამ საკითხს, შეძლებენ შვილების დახმარებას, რათა მათთვის ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს. მით უფრო, რომ ადაპტაციის პრობლემის ამოცნობა ბავშვებში საკმაოდ მარტივია – უმეტესობას აღენიშნება ქცევის დარღვევა, განსაკუთრებით სწავლის დაწყების პირველ კვირაში. ეს ნორმალურია და შეშფოთების მიზეზს არ იძლევა, – ამბობენ ისინი, მაგრამ თუკი ბავშვს მეორე ან მესამე სასწავლო კვირაში კვლავ გაუჭირდება თუნდაც დილით ადრე ადგომა, აუცილებელი გახდება მშობლის ჩარევა.

გამოუძინებელ ბავშვებს ნამდვილად უმძიმთ სკოლასთან ადაპტაცია, ამიტომ სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე თქვენ უკვე უნდა დაიწყოთ ზრუნვა სკოლის ძილ-ღვიძილის რეჟიმის დაბრუნებაზე. პირველი ნაბიჯი გახლავთ არა დილაადრიან ბავშვის გაღვიძება, არამედ მისი დროულად დაძინების რეჟიმის მოწესრიგება. თუ ბავშვი მიჩვეულია შუაღამისას დაძინებას, დროის ორი საათით გადაწევას აზრი ეკარგება – ის მაინც ვერ დაიძინებს. უმჯობესია დღეს მან დაიძინოს 23:40 წუთზე, ხვალ კი – 23:20 წუთზე და ასე ოც-ოცი წუთით ადრე. შემდეგ ნელ-ნელა ის ჩვეულზე ადრე დაიწყებს გაღვიძებას.

თუ ბავშვს გაკიცხავთ იმის გამო, რომ გვიან იღვიძებს ან გვიან წვება, ეს მას მხოლოდ სტრესს გაუმწვავებს, თქვენი ურთიერთობაც გაუარესდება, სიტუაცია გამწვავდება. მშობლის ამოცანაა, დაეხმაროს ბავშვს რეჟიმის გაკონტროლებაში და დროის სწორ ორგანიზებაში.

დროდადრო თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად განიხილოთ მომავალი სასწავლო წლის გეგმები. აგვისტოში ბავშვების უმეტესობა თავს დასვენებულად გრძნობს და საღად აზროვნებს. ჰკითხეთ თქვენს შვილს: კმაყოფილია ის გასული სასწავლო წლით? რის გაკეთება სურს ახალი სასწავლო წლის განმავლობაში? სავსებით შესაძლებელია, რომ მას ეს ნაკლებად ადარდებდეს. კლასში ცოტა მეგობარი ჰყავდეს და ამაზე უფრო მეტად დარდობდეს… შეახსენეთ, რომ სწავლის დროს მას შეუძლია ყოველთვის მოგმართოთ დახმარებისთვის.

თუ ბავშვი ახალ სკოლაში გადადის ან იმავე სკოლაში კლასს იცვლის და თქვენ გრძნობთ, რომ ეს აწუხებს, ესაუბრეთ ამაზე. ზოგჯერ შფოთვა მხოლოდ ახლისაგან თავდაცვის მექანიზმია. აუხსენით, რომ გონივრულ შფოთვაში ცუდი არაფერია და ის დროთა განმავლობაში გაივლის. მიეცით ბავშვს საშუალება, ისაუბროს და განიხილოს თავისი შიშები. აი, აქ კი შეგიძლიათ საკუთარი გამოცდილების მოშველიება – მოუყევით, როგორ მოგიწიათ ახალ სამსახურში გადასვლა, როგორ განიცდიდით ამას, მაგრამ ყველაფერი დალაგდა.

არდადეგების დროს ბევრი ბავშვი დიდ დროს უთმობდა ტელეფონებსა და გაჯეტებს. ახლა კი ზუსტად ის დროა, როდესაც უნდა განიხილოთ მათზე დახარჯული დროის შემცირება. სწავლის დაწყებამდე დარჩენილი დღეები გარდამავალ პერიოდად უნდა ვაქციოთ და ბავშვებს ნელ-ნელა უნდა შევუზღუდოთ ტელეფონებსა და გაჯეტებზე ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, ეს რთულია, თანამედროვე ბავშვი ხომ ტელეფონთან ერთად იღვიძებს და იძინებს, მაგრამ მცდელობად ღირს. სკოლაში მას ტელეფონით გართობის დრო ნაკლებად ექნება.

ამავდროულად, გაჯეტების სრულად აკრძალვაც წარმოუდგენელია. უბრალოდ, ბავშვს უნდა შეუთანხმდეთ გონივრულ დროზე.

ზედმეტად მშფოთვარე მშობლები ზოგჯერ აიძულებენ ბავშვებს, წინასწარ გაიარონ ერთი თვის სასკოლო პროგრამა. ისინი აიძულებენ მეცადინეობას და ამით საკუთარ თავს იმშვიდებენ, ბავშვებს კი უვითარდებათ ნევროზი. დასვენების ნაცვლად, ბავშვები „ცოდნის მონები“ ხდებიან. თუ ბავშვს თავად აინტერესებს, რას ისწავლის მომავალ წელს, მაშინ ეს სხვა საქმეა.

კარგი იქნებოდა, რომ ზაფხული ბავშვებს დასვენებისა და აქტივობის მონაცვლეობით ჩაემთავრებინათ. მაშინ ისინი ნაკლებად იგრძნობდნენ არდადეგებიდან სამუშაო დღეებში გარდამავალ პერიოდს. როგორც აღვნიშნეთ, არ არის აუცილებელი ბავშვის ზედმეტად გადატვირთვა. ეფექტიანი ისიც იქნება, თუ ბავშვი ადრე ნასწავლ მასალას გაიმეორებს. თუმცა, თუ შევამჩნიეთ, რომ ესეც კი ქანცავს მას, ნურაფერს დავაძალებთ. მისთვის ხომ ზაფხული ნანატრი თავისუფლება იყო, ჰოდა, შევარგოთ!

სასწავლო წლის პირველ დღეებში ან უქმეებზე შესაძლებელია ფიზიკური აქტივობების შენარჩუნება: ეზოში სეირნობა, მარტივი საშინაო საქმეების შესრულება. მშობლების კომპეტენტური და მგრძნობიარე ქცევა მნიშვნელოვანი პირობაა ბავშვის სასკოლო ყოველდღიურობასთან დროული ადაპტაციისთვის. თუმცა, ვიღაცისთვის სახლის დალაგებაც შეიძლება დატვირთვა იყოს და, თქვენი დაკვირვებით, თუ საჭიროა, პირიქით, ცოტა ხნით შეგიძლიათ გამოათავისუფლოთ ბავშვი სახლის საქმეებისგან.

ასევე, არ არის ცუდი პოზიტიური დატვირთვის შეზღუდვა სწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეგრევე ნუ გავამწესებთ ბავშვებს წრეებსა და სექციებში. ნებიერი ზაფხულის შემდეგ ბავშვს გაუჭირდება ყველაფრის ერთად კეთება – გაკვეთილები, ფეხბურთი, ცეკვა, მუსიკა… ჩვეული ცხოვრების წესს ისინი თანდათანობით უნდა დაუბრუნდნენ.

შეგიძლიათ სკოლაში წასვლამდე შვილთან ერთად სასიამოვნო შოპინგი მოიწყოთ; ერთად განიხილოთ, რა უნდა იყიდოს სკოლისთვის, რა სჭირდება. ეს შეიძლება იყოს სასკოლო ტანსაცმელი, რვეულები, ზურგჩანთა, საკანცელარიო ნივთები. მიეცით ბავშვებს არჩევანის თავისუფლება, დაე, აირჩიონ ის, რაც მოსწონთ. ახალი ტანსაცმელი და სასკოლო აქსესუარები დაეხმარება ბავშვს, მეტი სიხარულით წავიდეს სკოლაში, იყოს მეტად თავდაჯერებული. დამოუკიდებელი არჩევანი – ბავშვის მოტივაციის დიდი წყაროა.

სწავლის დასაწყისში ნუ გაკიცხავთ ბავშვს, თუ ვერ დაიმსახურა მაღალი შეფასება. ეცადეთ, ხშირად შეაქოთ. ასე უფრო იგრძნობს პასუხისმგებლობას. გვახსოვდეს, რომ ოჯახური სითბოთი და ზრუნვით გარშემორტყმულ ბავშვს შეუძლია ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეს.

ნელ-ნელა ბავშვი დაუბრუნდება ჩვეულ რიტუალებს: საღამოს ჩანთის ჩალაგებას, გარკვეულ დროს საშინაო დავალების შესრულებას და სხვ. რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვანია მშობლის სიმშვიდე და ბავშვის რეჟიმის კონტროლი. შემდეგ, როდესაც ყველაფერი ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება, მშობელი თავის კონტროლს შეამცირებს.

მშობლის განწყობა ბავშვს ყოველთვის გადაეცემა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შვილი თქვენგან გრძნობდეს სიმშვიდეს, პოზიტიურ დამოკიდებულებას სასწავლო წლის დასაწყისის მიმართ. ბავშვის თანდასწრებით სხვა უფროსებთან საუბრისას არ არის აუცილებელი ახალი სასწავლო წლის მიმართ შიშისა და უარყოფითი ემოციების, სკოლის ან მასწავლებლის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, მით უმეტეს, აურზაური და პანიკა. გაატარეთ ეს დრო სტაბილურად, ალიაქოთის გარეშე.

სკოლაში წასვლამდე სასურველია, ბავშვებს მხედველობა შეუმოწმოთ. თანამედროვე სკოლის მოსწავლეები ხშირად ძალიან ახლოდან უყურებენ გაჯეტებს და ტელეფონებს, რაც აზიანებს მხედველობას.

ასევე, დაჯავშნეთ პროფილაქტიკური შეხვედრა სტომატოლოგთან, განსაკუთრებით თუ ბავშვმა მთელი ზაფხული სოფლად გაატარა და ბევრ ხილსა და კენკრას მიირთმევდა – ის მინანქრისთვის საზიანო მჟავებს შეიცავს. იქნებ ბავშვს არც არაფერი აწუხებს, მაგრამ თუ ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენთ რაიმე პრობლემას, მისი გადაწყვეტა მარტივი იქნება.

ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის მომზადება სასკოლოდ. ეს მოითხოვს სათანადო კვებას. ქოლინი და ლეციტინი ნერვული სისტემის დამცავია. ისინი გვხვდება ისეთ საკვებში, როგორიცაა თევზი, რძე, ღვიძლი და ითვლება „ტვინის საკვებად“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკვებში იყოს მაგნიუმი. ის გვხვდება თხილში, წიწიბურაში, კარტოფილში, ბანანში, მწვანილში.

 

 

ქალაქი და ბავშვი: როგორ გარემოს ქმნიან ქალაქები ბავშვებისათვის?

0

„ბოგოტაში ჩვენი მიზანი ბავშვებისათვის ქალაქის შექმნა გახლდათ. კარგი ქალაქის საზომია ის, რომ ნებისმიერ ბავშვს ქალაქის ნებისმიერ კუთხეში ველოსიპედით უსაფრთხო გადაადგილება შეუძლია. თუ ქალაქი კარგია ბავშვებისათვის, ის კარგი იქნება ყველა დანარჩენისათვის. ბოლო 80 წლის განმავლობაში ჩვენ ვქმნიდით ქალაქებს უფრო ავტომობილის თავისუფლად გადაადგილებისთვის, ვიდრე ბავშვების ბედნიერებისთვის“.

ენრიკე პენიალოსა, კოლუმბიელი

პოლიტიკოსი, ავტორი, ქ. ბოგოტის ყოფილი მერი

ქალაქები, იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ჩვენთვის ჩვეულებრივი მოცემულობაა, დაახლოებით ექვსი – ათი ათასი წლის წინ გაჩნდნენ. ალბათ ყველას გექნებათ გაგონილი ისეთი უცნაური და საიდუმლოებით აღნიშნული სახელები, როგორებიცაა, ტელ-ბრაქი, იერიქონი, ერიდუ, ურუკი, მოჰენჯო-დარო და მრავალი სხვა. ქალაქების დაბადებამ უმალ შეცვალა ადამიანის ცხოვრების პირობები და მათ შორის ურთიერთობების ნორმები ადამიანებს შორის. ქალაქებმა დასაბამი მისცეს თანაცხოვრების ისეთ წესებს, რომლებიც უცხო იყო სოფლებისათვის, ან მომთაბარე ხალხების დროებითი დასახლებებისათვის. სოფლებში ყველა ერთმანეთის ნაცნობი და უმეტესწილად, ნათესავი იყო და ყველამ კარგად იცოდა ერთმანეთის ავი და კარგი. ქალაქებში კი ქალაქელთა და ქალაქში ჩამოსულთა უმეტესობა ერთმანეთისთვის უცნობი და, უფრო მეტიც, უცხოც კი იყო. შესაბამისად, ქალაქურმა გარემომ, ქალაქის საქმიანობამ და საკუთრივ ქალაქის კულტურულმა სივრცემ ადამიანთა ასეთ დასახლებებში მათი სრულიად განსხვავებული და ურთიერთობის სპეციფიკური წესების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ქალაქი გახდა ანონიმების თანაცხოვრების ადგილი. რა მოიტანეს ქალაქებმა, როგორც ახალმა საცხოვრებელმა სივრცეებმა, ბავშვებთან მიმართებაში? რამდენად მოსახერხებელია მშობლებისათვის ბავშვის გაზრდა ქალაქის პირობებში? რამდენად კარგი და ხელსაყრელია ბავშვების ცხოვრება ქალაქში? ეს ის კითხვებია, რომლებზეც თავიანთ მოსაზრებებსა და პასუხებს გვთავაზობენ დოქტორები – ნაიჯელ ბარბერი და პიტერ გრეი.

თავის ერთ-ერთ წერილს, ირლანდიელი მკვლევარი, ფსიქოლოგიის დოქტორი ნაიჯელ ბარბერი, ერთი შეხედვით პროვოკაციული შეკითხვით იწყებს: „რამდენად მნიშვნელოვანია [ადამიანისთვის] გამრავლების (ამ შემთხვევაში, რეპროდუქციის, ლ.ა.) უფლება? სწორედ ამ საკითხით იწყებს თავის წერილს დოქტორი ბარბერი. „ყველაზე განვითარებულ ქალაქებში, როგორებიცაა, სინგაპური, ჰონგ-კონგი და ნიუ-იორკი, გარემო ბავშვების გაჩენის მიმართ მტრულია, რაც შესაძლოა, ქალებს იძულებულს ხდის, აღარ გათხოვდნენ ან არ გააჩინონ ბავშვები“.

ამასვე ამბობს ანურადჰა შროფი, სინგაპურის Civil Service College-ის წამყვანი მკვლევარი, კონსულტანტი და ფასილიტატორი. ის აღწერს სინგაპურის სოციალურ გარემოს, სადაც უმჯობესია, იყო დაუქორწინებელი და შეეცადო, არ გყავდეს ბავშვები. ალბათ სწორედ ამიტომაც, სინგაპურელი ახალგაზრდა ქალები მეგობრულ ურთიერთობებს უმეტესად ელექტრონული ქსელების მეშვეობით ამყარებენ, ნაცვლად იმისა, რომ შექმნან ოჯახები. ისინი მთლიანად კარიერული საქმეებით, წინსვლითა და მატერიალური კეთილდღეობით არიან შეპყრობილნი, ბავშვების ყოლისა და აღზრდის ნაცვლად.

წერილში სინგაპურელი ქალბატონებისადმი, ქ-ნი შროფი შემდეგს წერს: „ცხოვრების მაღალმა ღირებულებამ, განათლების მიღების სიძვირემ, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების გაურკვევლობამ და მიღებულმა მოსაზრებამ, რომ „სამუშაოსა და ოჯახის შეთავსების სირთულეების შედეგია გვიანი ქორწინებები და ბავშვების არყოლა“, შედეგად მოიტანა ახალი ტიპის ეკოსისტემა, რომელშიც ბავშვების არყოლა ყველაზე მიღებული და უპირატესად გაზიარებული ქცევა გახლავთ“.

სხვა სიტყვებით, ახალგაზრდა ქალები უბავშვობას ირჩევენ არა საკუთარი სურვილით ან რაიმე მოსაზრებით, არამედ ამას ეკონომიკური სიდუხჭირე აიძულებთ. აღსანიშნავია, რომ ქ-ნი შროფი დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მის ცხოვრებას თან სდევს „შიშები, გამუდმებული მიმდინარე ფინანსური ხარჯებისა და მშობლების სხვა ვალდებულებების გათვალისწინება“.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი-ქვეყანა სინგაპური, გამოირჩევა განსაკუთრებული სიძვირით, ამას ნებისმიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კვლევაში ნახავთ. პრობლემის ნაწილს კი ის წარმოადგენს, რომ ქალაქ-ქვეყანაში, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დასახლებული, ბინების ფასები ასტრონომიულად იზრდება.

ცნობა – სინგაპურის მოსახლეობა: 5.8 მილიონი ადამიანი; მთლიანი ფართობი: 728 კვ. კმ, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის მთლიან ფართობზე, 502 კვ. კმ-ზე ცოტათი უფრო მეტია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე: 7,900 ადამიანი, ურბანიზაციის ხარისხი: 100% ურბანული, მოსახლეობის საშუალო ასაკი: 42.2 წელი – 2020 წელი, მსოფლიო ბანკის მონაცემები, ლ.ა.).

შედეგად, სინგაპურის რეალობიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, მაღალმა ხარჯებმა საცხოვრებელსა და განათლებაზე და ზოგადად, ცხოვრების სიძვირემ, ოჯახის შენახვა-პატრონობასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებთან ერთად, შედეგად მოიტანა ის, რომ სინგაპურში ბავშვების ყოლა ფუფუნებად გადაიქცა. აქ იგულისხმება ის, რომ მათი დაბადება, აღზრდა, განათლება და უზრუნველყოფა სრულწლოვანებამდე ხელმისაწვდომია მხოლოდ ძალიან მდიდრებისათვის, ან სამსახურებში სრულ განაკვეთზე ინტენსიურად მომუშავეთათვის. მართლაც, ამერიკელი მკვლევრისა და რედაქტორის, ბ-ნი ჯოელ კოტკინის გამოკვლევის თანახმად (J. Kotkin, 2012), სინგაპურში ერთი ბავშვის გაზრდა 17 წლის ასაკამდე დაახლოებით $515,000 აშშ დოლარი ჯდება, რაც ორჯერ აღემატება აშშ-ს მაჩვენებელს!

მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურში ამ სერიოზულ პრობლემას აღიარებენ და მთავრობა ცდილობს ფერტილურობისა და გამრავლების პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურ ფინანსურ მონაწილეობას (გაიცემა დაახლ, $135,000 დოლარის გრანტი, ბავშვების პირველი შვიდი წლის ხარჯების დასაფარად), შეთავაზებული დახმარება, ერთი ბავშვის გაზრდისათვის აუცილებელი, რეალურად არსებული ხარჯების მხოლოდ მეოთხედს ფარავს და ინიციატივას ნაკლებად ეფექტურად აქცევს. სინგაპურში არსებული გამრავლების (მოსახლეობის რეპროდუქციის) ტემპები სასურველი დემოგრაფიული მაჩვენებლების (რაც მოსახლეობის არსებულ რაოდენობას შეინარჩუნებდა დღევანდელ ნიშნულზე, ლ.ა.) მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ნაყოფიერების (ქალთა ფერტილურობის) მაჩვენებელი აშშ-ში სინგაპურზე ორჯერ უფრო მაღალია, რაც პირდაპირ კორელაციაშია ბავშვის გაზრდის არსებული ხარჯების მაჩვენებლებთან (აშშ-ში ხარჯი ორჯერ ნაკლებია).

ამ შემთხვევაში, როდესაც სინგაპურზე მონაცემები მოვიყვანეთ, საუბარი გვაქვს ეკონომიკური გამოწვევების, დემოგრაფიული მდგომარეობისა და მოსახლეობის იძულებითი დემოგრაფიული ქცევის ექსტრემალურ შემთხვევასთან განვითარებულ [კაპიტალისტურ] ქვეყნებში. დღევანდელი რეალობა ნათლად გვიჩვენებს, რომ ბავშვის გაზრდა განვითარებულ ქვეყანაში, მაღალი სიმჭიდროვის ქალაქში ბევრად აღემატება ბავშვის გაზრდაზე გაწეულ ხარჯებს სასოფლო-სამეურნეო და ნაკლებად ურბანიზებულ დასახლებებში, რაც პირდაპირ არის ასახული ქალების მიერ ბავშვების გაჩენის საშუალო რაოდენობაზე, ქალის ფერტილური ასაკში.

შენიშვნა: ძალიან განსხვავებული მდგომარეობა იკვეთება სოციალისტურ ჩინეთში, სადაც ეკონომიკური წყობა ახლოს არის საბაზრო-კაპიტალისტურ მოდელთან; იხილეთ განსხვავებები ნაყოფიერების ინდექსში – ქალის მიერ, ფერტილურ ასაკში გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა – აზიის, ამერიკის და ევროპის ქვეყნებში: სინგაპური: 1.2; სამხრეთ კორეა: 1.1; ტაივანი: 1.1; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – 1.7; საქართველო: 2.1; ტაჯიკეთი: 3.6; ავღანეთი: 4.6; ბრაზილია: 1.7; არგენტინა: 2.3; ბოლივია: 2.8; მექსიკა: 2.1; კუბა: 1.6; აშშ: 1.8; კანადა: 1.5; ლ.ა.).

სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე აფრიკულ ქვეყნებში (ნიგერი, ბურკინა-ფასო, ნიგერია, სომალი, მალი, ჩადი), სადაც ქალები, მიუხედავად ამ ქვეყნების შეჭირვებული მდგომარეობისა, დიდ ოჯახებში კვლავ ბევრ ბავშვებს აჩენენ ფერტილურ ასაკში (დაახლოებით 5.4 – 7.0 ბავშვი ერთ ქალზე). აქ ოჯახები მდიდრად ითვლებიან, თუ მათ აქვთ კერძო მიწა, რომელზეც შესაძლებელია ახალი საცხოვრებლის აშენება, ადგილებზე ხელმისაწვდომი, იაფი (ან სრულიად უფასო) ბუნებრივი მასალებითა და რესურსებით. აფრიკაში, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებზე ოჯახის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდეს (როგორც ეს დასავლეთშია), ისინი აქტიურად მონაწილეობენ მათი დიდი ოჯახების ცხოვრებაში და ხშირად, მუშაობენ სასოფლო ნაკვეთებზე, სამზარეულოში და უმცროსი და-ძმების მოვლაში, მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ მშობლების სამუშაო დატვირთვასა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

დღეს ფაქტობრივად ისეთი მდგომარეობაა, რომ სასოფლო-სამეურნეო თემებში, ბავშვების რაოდენობა ოჯახში დადებითად კორელირებს ოჯახის რეალურ დოვლათთან. ეს დიამეტრულად განსხვავდება თანამედროვე ქალაქების, როგორიც სინგაპურია, ეკოსისტემის შინაარსისგან, სადაც ბავშვები მნიშვნელოვან ფინანსურ „ვალდებულად“ განიხილებიან.

 

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

მე ვარ რვეულის ბოლო გვერდზე

0

ვხატავდი ყვავილებს, სახლებს, ადამიანის სახეებს, მათ პროფილებს… ვხატავდი ჩარჩოებს, ჩუქურთმებს, სიმეტრიულ ფიგურებს… ზოგს მელნითვე ვაფერადებდი, ზოგსაც თეთრად ვტოვებდი.

სწორედ მე, მოსწავლე, გაკვეთილზე ვხატავდი მელნის ბურთულიანი კალმით საგნის რვეულების ბოლო გვერდებზე. ხატვისას ვფიქრობდი, თან ვუსმენდი მასწავლებელს ან არ ვუსმენდი. შეიძლება, არც ვფიქრობდი და ვუსმენდი არა თანაკლასელებს, არამედ მხოლოდ მასწავლებელს – თვალდახრილი, ხელში ბურთულიანი კალმით, რომელსაც ფრთხილი მოძრაობით ჩქამსაც არ გამოვაცემინებდი, ვუსვამდი ფურცელს, რათა ჩემი წარმოსახვითი სიმშვიდე გამომეხატა – აუცილებლად სიმეტრიული გამოსახულებებით.

მერე ავირჩიე პროფესია. ახლა ვერაფრით ვპასუხობ, რატომ მაინცდამაინც ფილოლოგია – ქართული ენა და ლიტერატურა. მაშინ მექნებოდა არჩევანის ახსნა. ოღონდ არავინ მეკითხებოდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ახსნა არაფრით მიესადაგებოდა რვეულების ბოლო გვერდზე დახატული სურათების შინაარსსა და მათი შექმნის მაშინდელ არაცნობიერ მიზეზს.

სინამდვილეში მასწავლებელი გავხდი – მეტისმეტად აკურატული საჯარო მოხელე. საკუთარი თავის მკაცრი შემფასებელი, დამადანაშაულებელი და დამსჯელი. ყოველდღიურად ზედმიწევნით ვითხოვ საკუთარი თავისგან მაქსიმალურად მომზადებულობას, უზადო პროფესიონალიზმს.

ბავშვობიდან გავითავისე ეს საქმე. აკი „მასწავლებლობანას“ სახლშიაც ვთამაშობდით. 5 წლის დას ვამეცადინებდით მე და ჩემზე უფროსი და. 10-11 წლისანი „სავალდებულო“ გაკვეთილებს ვუტარებდით; სახლში, მწვანედ შეღებილ კედლებზე, თეთრი ცარცით მანამ ვჯღაბნეთ და მშრალი ჩვრით ვასუფთავეთ, სანამ წერა-კითხვა, ელემენტარული არითმეტიკა და რუსული ასოებიც კი არ დავასწავლეთ, ისე, რომ პირველ კლასში უკვე გამართულად კითხულობდა. მახსოვს, ჩემს ხუთი წლის დას არ ახალისებდა იძულებითი მოსწავლეობა, სამაგიეროდ ჩვენ, უფროსები ვიყავით კმაყოფილი…

შემდეგ იყო რა? – მე, უკვე მასწავლებელს, მინახავს კი, როგორ არა, მოსწავლეების რვეულების ბოლო გვერდზე შესრულებული ნამუშევრები – ტლანქი თუ მკაფიო კონტურით. უფრო მეტიც, ჩემ თვალწინაც დაუხატავს მოსწავლეს მაშინ, როცა გაკვეთილზე სხვა რამ ხდებოდა… შემიხსენებია: – ეცადეთ, ყურადღება აქტივობისკენ მიმართოთ! – დიახ, მცირე საყვედურის ტონითაც მითქვამს, ისე, რომ არ გამჩენია სურვილი, მეკითხა – რა დახატა.

სამაგიეროდ, ყოველ ჯერზე წერითი დავალების შესაფასებლად აგროვებული რვეულები ბოლოდან გადმომიფურცლავს, ამოხეული ბოლო ფურცლების ნაწიბურებიც დამითვლია – ერთი, ორი, სამი. ან შიგნით ჩატოვებული სურათები დამხვედრია და ინტერესით დავკვირვებივარ სურათებს – უსახურს თუ სახიანს. გამღიმებია და მომგონებია: – მეც ვხატავდი!

ახლა ვერ გავცემ ზუსტ პასუხს, რას და რატომ გამოვსახავდი. აი, მაშინ… მაშინ, რომ ეკითხა ვინმეს, მექნებოდა სათქმელი.

მაინც რა არის გაკვეთილი? – სწავლისათვის განკუთვნილი დროის სტრუქტურირებული პერიოდიაო, მოგვაწოდებს განმარტებას ლექსიკონი. მოსწავლეც ვყოფილვარ და მასწავლებელიც. არ მაგონდება „გაკვეთილის“ რაობით დავინტერესებულიყავი. ახლა ვასკვნი, რომ ეს სიტყვა იმდენად ორგანულად მკვიდრდება მეხსიერებაში, რომ შინაარსს არ ვეძიებთ. ის ერთ-ერთი პირველთაგანია ბავშვის ლექსიკურ გუდაში და იქ ისევე ბუნებრივად ინახება, როგორც „დედა“, როგორც „წყალი“, როგორც „მინდა“.

„მოსწავლეობანა“ არ დაარქვეს საშინაო თამაშს. – რატომ? – იმიტომ, რომ ბავშვი უმეტესად წარმოსახულ, იმიტირებულ გარემოში თამაშობს და თავად არის მასწავლებელი, ხოლო მოსწავლეებად აღქმული ჰყავს ავეჯი, თოჯინები, ფუმფულა ცხოველები. ჩემს ბავშვობაში მოსწავლის როლი სასიამოვნო არც ნამდვილ გაკვეთილზე იყო და არც თამაშში. აი, „მასწავლებლობანა“ უფრო შეესაბამებოდა განწყობასა თუ როლურ მოქმედებას.

ასე იყო მაშინ – 1983-1994 წლებში.

რეალურად გაკვეთილი მოსწავლისთვის ფსიქოლოგიური თერაპიის საუკეთესო დროა. სკოლა კი ამ პროცესის შეუცვლელი ადგილი. ესაა სივრცე და პერიოდი, როცა ბავშვი იკვლევს საკუთარ თავს, ეძებს მას მოცემულ გარემოში, პოულობს, ეცნობა, „მეს“ შეყვარებას ახერხებს. გამოხატავს თავს, აჩვენებს გარშემო მყოფებს, ათავისუფლებს ფსიქიკას ემოციებისგან, იგერიებს შფოთვას, ბრაზს… ააშკარავებს მიზნებს, სვამს კითხვებს, უღრმავდება პასუხებს…

რვეულის ბოლო „დაჯღაბნილი“ გვერდიც ესაა – პიროვნებად ფორმირების გზა.

ჰოდა, თუ აქამდე არ გასჩენია ამ სტატიის მკითხველს ინტერესი, ენახა მოსწავლის საკლასო და საშინაო დავალებათა რვეულების ბოლო გვერდი, დაიწყეთ დღეიდან.

  • ჩემი მოსწავლეები არ სვრიან ბოლო გვერდს! – ფიქრმა არ დაგამშვიდოთ. ხატონ! ჯღაბნონ!

„მე“ არის რვეულის ბოლო გვერდზე, ხოლო გაკვეთილი საუკეთესო თერაპიაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„არასწორი წესები“ და ბავშვის ქცევა

0

„არასწორი წესები“ ვფიქრობ, უკვე „სწორ წესებად“ იქცა მკითხველებისთვის, რადგან ადვილი მისახვედრია, რომ ეს წესები სრულიად მისაღები და გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ, კვლავ განვაგრძობ ამერიკელი ავტორის: Heater Shumaker-ის მოსაზრებების გაცნობას.

Heater Shumaker ცნობილი ამერიკელი ავტორი, სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის საკითხების ექსპერტია. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიაში. მაგისტრის ხარისხი დაიცვა მიწათმოქმედების რესურსებში ვისკონსინის უნივერსიტეტში. პროფესიული მოღვაწეობა 1996 წლიდან დაიწყო. წერს სტატიებს რადიოსა და ჟურნალ-გაზეთებისთვის. თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: New York Post, Huffington Post, Parenting, Pregnancy და სხვა. ის არის ორი წიგნის ავტორი, რომლებიც, როგორც თავად Heater Shumaker ამბობს, „არასწორ აღზრდას“ ეძღვნება. ამ წესების შემუშავების საფუძველი გახდა მის მშობლიურ ქალაქ კოლუმბუსში (ოჰაიოს შტატი) მოქმედი უნიკალური საბავშვო ბაღის ფილოსოფია, რომელიც თავისუფალ, არასტრუქტურირებულ თამაშებს უწევს პროპაგანდას. ეს წესები ეხება როგორც საბავშვო დაწესებულებებს, ასევე ოჯახებს. თავად ავტორი ამჟამად, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად მიჩიგანში ჩრდილოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

უფროსების აზრით, ჩხუბი, წიხლების ქნევა, კბენა და მსგავსი ქცევები სრულიად დაუშვებელია. დიახ, ეს ასეა – ადასტურებს ამერიკელი ქალბატონი და განაგრძობს: მაგრამ ხანდახან თქვენს შვილებს სჭირდებათ საკუთარი ემოციების გამოხატვა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ შესაძლოა ჩხუბში, რაიმე ნივთების დაზიანებაში, წიხლების ქნევაში გამოიხატოს. უფროსების ამოცანაა, მოძებნონ ისეთი ხერხები, რომ ბავშვების მიერ ნეგატიური ემოციების გამოხატვა შედარებით უსაფრთხო და ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. არსებობენ ბავშვები, რომლებსაც დასამშვიდებლად აუცილებლად სჭირდებათ ფიზიკური ენერგიის გარეთ გამოტანა. ანუ, როდესაც ის გაბრაზებულია, მისთვის ვიღაცის ან რაღაცის დაზიანებაა ერთ-ერთი გამოსავალი და სწორედ ამის გამო უნდა შესთავაზოს უმცროსს უფროსმა რაიმე უსაფრთხო გამოსავალი. მაგალითისთვის „არასწორი წესების“ მიხედვით შესაძლოა პლასტილინის ნივთებისა და რბილი სათამაშოების სროლა, იქვე სადმე ახლოს დაგდებული ბურთისთვის ან ქაღალდის ყუთისთვის მთელი ძალით ფეხის დარტყმა. პატარებს ბალიშების და ფუმფულა ნივთების ცემა-ტყეპაც უყვართ. მოკლედ, ბავშვები საკუთარ ვულკანისებურ ემოციებს აქტიური ქმედებებით გამოხატავენ, რაშიც უფროსებმა ხელი უნდა შეუწყონ.

ოთხი წლის გიორგი გამუდმებით იკბინებოდა, იფურთხებოდა, ჩხუბობდა და წიხლებს იქნევდა. საბავშვო ბაღის აღმზრდელები ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ბავშვს, რომ მას საკუთარი მრისხანების შეკავება ესწავლა. გაგიკვირდებათ და ყველაზე მეტად გიორგის ბაღის ეზოში მდგარი ნაძვის ხის გარშემო სირბილი დაეხმარა. ბავშვი წრეებს ურტყამდა ხეს და ემოციებს აფრქვევდა. როდესაც სიარულისგან დაიღლებოდა, მაშინვე მშვიდდებოდა. საბოლოოდ, გიორგიმ ისწავლა ბრაზთან გამკლავება მანამდე, სანამ ის უკიდურესობამდე გამწვავდებოდა – ბავშვი დამოუკიდებლად იწყებდა ნაძვის ხის გარშემო სიარულს. ოთხი წლის ბიჭუნამ ისეთი გაკვეთილი შეითვისა, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება. მოზარდობაში და შემდგომ ზრდასრულ ცხოვრებაშიც გიორგის ეცოდინება, რომ ბრაზის გამოსახატად საჭიროა ალტერნატიული გზების გამონახვა.

იმ მომენტში, როდესაც ბავშვები ადრენალინის მოზღვავებას განიცდიან, მათი დამშვიდება ამ დროს ჯერ კიდევ ადრეა. ისეთი პატარა, როგორიც გიორგია, იმდენად ბრაზობს ხოლმე, რომ განსჯის უნარს კარგავს, მით უმეტეს ის ვერ შეძლებს რაიმე კოგნიტიური ქმედების განხორციელებას კონფლიქტის განსამუხტად. ამიტომ, პირველ რიგში, ბავშვისთვის აუცილებელია, მოწოლილ ენერგიას გაუმკლავდეს. გაარიდეთ პატარა იმ ადგილს, რათა მან შეძლოს ხმამაღლა და აქტიურად გამოხატოს ემოცია. არ დაივიწყოთ ოქროს „არასწორი წესი“: დასაშვებია ნებისმიერი რამ, რაც ზიანს არ მიაყენებს ადამიანებსა და კერძო საკუთრებას. ბავშვს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, აქტიურად იმოქმედოს. ფიზიკური დაძაბულობა, დაღლილობა ეხმარება ბავშვს ემოციების დაოკებაში, რაც მათ საშუალებას აძლევს თანდათანობით დამშვიდდნენ. სწორედ, ამის შემდეგ უკვე შეიძლება ბავშვს პრობლემის მოგვარებაზე ვესაუბროთ.

„არასწორ წესებს“ სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის, რადგან ისინი სწავლობენ, რომ:

არ შეიძლება ადამიანების ცემა; შესაძლებელია გაბრაზდე, მაგრამ მრისხანება სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა გამოხატო; არსებობს ხერხები, გამოხატო უარყოფითი დამოკიდებულება ისე, რომ არავინ დააზიანო; როდესაც ძალიან გაბრაზებული ხარ, სურვილი გიჩნდება ვინმე გალახო, მაგრამ შენ უკვე იცი, რომ სხვანაირადაც შეიძლება მრისხანებისგან გათავისუფლება; შენს მშობლებს მუდამ ეყვარები, მიუხედავად შენი სიბრაზეებისა და ქცევებისა; შენი უსაფრთხოების გარანტია შენი მშობლები არიან; შენ შეგიძლია ყოველთვის და ყველაფერში დავეყრდნო მათ; როდესაც თავად ვერ შეძლებ საკუთარი გრძნობების შეკავებას, უფროსები დაგეხმარებიან.

ვფიქრობ, მკითხველი დაინტერესდება ჩემი არგუმენტაციით იმის შესახებ, თუ რატომ არის „არასწორი წესები“ ასეთი საჭირო და ქმედითი – განმარტავს Heater Shumaker და განაგრძობს: ოთხი წლის ასაკში ჩემი ვაჟი ძალიან ხშირად ბრაზობდა და ამ ბრაზს ყველანაირი მეთოდით მკვეთრად გამოხატავდა. ეს პერიოდი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბავშვი ნებისმიერი სერიოზული მიზეზით თუ სრულიად უმნიშვნელო წვრილმანის გამო წყობიდან გამოდიოდა და მაშინვე ხელ-ფეხის ქნევას, კბენას და სხვა მიუღებელ ქცევებს მიმართავდა. ჩემი რეაქცია მყისიერი იყო. „მე შენ ჩემი ცემის უფლებას არ მოგცემ“ – ვეუბნებოდი შვილს და მისი ხელი მტკიცედ მეჭირა საკუთარ ხელში. „ადამიანების ცემა არ შეიძლება. თუ შენ გჭირდება რამეს ხელი დაარტყა, აი აქ არის ტახტი და მას დაარტყი“.

შესაძლოა, მკითხველი ფიქრობს, რომ: „თუ მეც ასევე უფლებას მივცემ ჩემს შვილს მრისხანების მომენტში, მაგალითად, სავარძელს ურტყას ხელები, ამით უფრო მეტად ხომ არ გავაღვივებ მასში ბრაზს? ჩვენ ხომ არ გვინდა, უფრო მეტად გავაუარესოთ სიტუაცია და წავახალისოთ ძალადობა?“

ამერიკელი ავტორი ურჩევს მშობლებს, განიხილონ მსგავსი სიტუაციები ერთგვარად, როგორც „ორთქლის გამოშვება“. დაფიქრდით, მაშინ, როდესაც თქვენს შვილს სთავაზობთ, ხელები სავარძელს ურტყას, ყოველი დარტყმის შემდეგ, მისი ემოციები თანდათან სუსტდება და მისი ფიზიკური ენერგიაც მცირდება. ფსიქოლოგები თვლიან, რომ პატარა ბავშვებისთვის ფიზიკური აქტივობა საუკეთესო ხერხია ნეგატიური ემოციებისგან გასათავისუფლებლად. ზოგიერთ ბავშვთა ფსიქოლოგს კაბინეტში სპეციალური ბალიშებიც კი აქვს, რომლებსაც პატარები სიბრაზის აფეთქებისას მუშტებს ურტყამენ. უფროსებიც ხომ გარკვეული ფიზიკური აქტივობებით ცდილობენ სტრესისგან გათავისუფლებას? ისინი დარბიან, ხისტ, უხეშ თამაშებს თამაშობენ და ამით დაგროვილი ნეგატიური ენერგიის განმუხტვას ახდნენ. რა თქმა უნდა, გაბრაზებული უფროსები, საკუთარ დაძაბულობას სიტყვების მეშვეობითაც არანაკლები ინტენსივობით გამოხატავენ. პატარები, სხეულს უფრო მეტი მოქნილობით იყენებენ, რადგან მათთვის მეტყველება ჯერ მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია. თანდათან ასაკთან ერთად ბავშვები სწავლობენ საკუთარი ბრაზის სხვადასხვა ხერხით გამოხატვას. მათ შორის ხატვით, საუბრით.

განრისხებული ბავშვი ზოგჯერ, ველურ ცხოველს ემსგავსება. მისი მრისხანება შიშისმომგვრელია უფროსებისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავის მოტყუება. ამ დროს ბავშვი თავად არის შეშინებული და სწორედ ამიტომ ხდება უკონტროლო. ის ცდილობს, უფროსებს შეტყობინება გაუგზავნოს: „მე ვერ ვმართავ საკუთარ თავს! მეშინია!“ როდესაც პატარა ვიყავი თავად ვაწყობდი ხმამაღალ სკანდალებს – იხსენებს ავტორი – „ვტიროდი, ვყვიროდი, იატაკზე ვგორაობდი, ფეხებს ვიქნევდი და ხან რას ვურტყამდი და ხან რას. ეს ისტერიკები საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და ამიტომ კარგად მახსოვს. ამ ყველაფრის მიზეზი რაიმეს მიღება არ იყო, მე უბრალოდ დაბნეული და შეშინებული ვიყავი. ემოციები ისე მაწვებოდა, რომ თავდაპირველი საბაბი სრულიად აღარ მახსენდებოდა. მხოლოდ ის მინდოდა ვიღაც ჩარეულიყო, სიტუაციაზე კონტროლი დაემყარებინა, დავეცავი და საკუთარი თავისგან გადავერჩინე“. მშობლები მზად უნდა იყვნენ, რომ შვილების „გადასარჩენად“ ბავშვი ფიზიკურად შეაკავონ, რათა მან ვინმე ან რამე არ დააზიანონ. ისევ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ: „ჩემს შვილებთან მრავალი ფიზიკური მეთოდის გამოყენება დამჭირვებია. მათთვის ხელებიც გამიკავებია და ეს ყველაფერი უცხო ხალხის თანდასწრებითაც მომხდარა. სამწუხაროდ, ეკლესიაში კვირის მესაზეც კი იყო ასეთი შემთხვევა.

ზოგ შემთხვევაში უკეთესი იქნება თუ ბავშვს ისეთ ადგილას გავიყვანთ, სადაც ის შეძლებს საკუთარი ემოციის განმუხტვას თავისუფლად და უსაფრთხოდ. მას შემდეგ, რაც ბავშვი დამშვიდდება, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მის შიშებსა და ემოციებს.

„არასწორი წესების“ მიხედვით, გაფრთხილება მშობლებს: მხარი დაუჭირეთ, გაამხნევეთ შვილები. ასწავლეთ მათ, რომ არ უნდა ეშინოდეთ საკუთარი ემოციების. თქვენს შვილებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ მშობლები მუდამ გვერდით იქნებიან და მათ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას.

 

სტატია მოამზადა:

ქეთევან კობალაძემ

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...