შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

HÖGTIDSDAG – თომას მანი

0
ჩემთვისაც რომ დადგა ნანატრი წუთი, – მადლიერების წუთი, ეს ისედაც ნათელია. და ახლა, როდესაც იგი მოვიდა, როდესაც ეს გადამწყვეტი წამი დამიდგა, იმის საშიშროება ვიგრძენი, რომ სიტყვა უძლურია გრძნობის წინაშე, როგორც ეს ჩვეულებრივ ემართება ხოლმე იმას, ვისაც დაბადებიდანვე არ დაჰკვებებია მჭევრმეტყველების უნარი.
მწერლებს მე საზოგადოდ დაბადებითვე ორატორობის უნარმოკლებულ ადამიანებად ვთვლი: არსებობს ღრმა განსხვავება, უფრო მეტი, წინააღმდეგობაც კი შექმნისა და ზემოქმედების ორატორულ და მწერლურ ხერხს შორის და, თუ გნებავთ, დამჯდარ მწერალს გულსაც კი უმღვრევს იმპროვიზატორული საწყისი, ყოველგვარი ენამჭევრობის, ლიტერატურასთან ამგვარად მიახლოების წესი. ეს ხომ მხატვრული ხარვეზის პრინციპია, რომელიც მნიშვნელოვანწილად, უფრო მეტიც, არსებითად იმედს ამყარებს დამატებითი პიროვნული ზემოქმედების მოხდენაზე.
ჩემს შემთხვევაში ამას უნდა დაემატოს მომენტის უხერხულობაც, რაც ჩემს ტლანქ მჭევრობას წარმატების იმედს ნაკლებად უტოვებს – ეს გახლავთ იმგვარი ვითარება – ამაღელვებელი, თავგზის დამბნეველი და სასიამოვნოდ ამაფორიაქებელი სადღესასწაულო ვითარება – რომელშიც ჩამაყენეთ თქვენ, პატივცემულო ბატონებო, შვეციის აკადემიიდან. რაც მართალია, მართალია! ვერც კი წარმომედგინა, ესოდენ მეხისებრი ძალა და ზეგავლენა თუ ექნებოდა იმ განმადიდებელ ზეიმს, რომელსაც თქვენ ფლობთ და რომელიც უნდა მართოთ. ეპიკური ბუნების კაცი გახლავართ და არა დრამატულისა. ჩემს სურვილებსა და მიდრეკილებებს, არსებითად, აი, რა შეესატყვისება – წყნარად ვართავდე ჩემს ძაფს და ცხოვრებასა და ხელოვნებაში ზომიერებას ვინარჩუნებდე. ამიტომაც გასაოცარი სულაც არ არის: ამგვარი დრამატული ფურორი, რომელიც ჩემეულ განზომილებაში ჩრიდლოეთიდან შემოიჭრა, ჩვეულებრივზე მეტად რომ ზღუდავს ჩემს ორატორულობას.
მას შემდეგ, რაც შვეციის აკადემიის წიაღში მიღებული გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოს ემცნო, მე ვიმყოფები განუწყვეტელ საზეიმო ფაციფუცში, მომხიბვლელ ორომტრიალში, რომლის ფსიქოლოგიურსა და გონებრივ შედეგებს უკეთ განვსაზღვრავ, თუ შეგახსენებთ გოეთეს ერთ საოცრად ნატიფ სატრფიალო ლექსს. იგი მიმართულია თვით კუპიდონისადმი. მხედველობაში მაქვს სტრიქონი – “ჭურჭელი მიგიწევ-მოგიწევია, ყველაფერი გადაგიადგილებია” (პწკარედული თარგმანი, – რედ.). ზუსტად ასე, ნობელის პრემიამ მთელი ჩემი ეპიკური ჯამ-ჭურჭელი და დგამი დაძრა და გადაადგილა. ვიმედოვნებ, არ დავამდაბლებ იმ მაღალ პატივს, რაც დამდეს, თუკი მის ზემოქმედებას შევადარებ მოწესრიგებულსა და გამოზომილ ყოფა-ცხოვრებაზე ვნებიანი სიყვარულის ზემოქმედებას.
და მაინც, რარიგ უჭირს ხელოვანს თვალდაუხამხამებლად გაუძლოს ამგვარ აღიარებასა და პატივისცემას, რაიც ამჟამად თავზე მათოვს. განაღა არსებობს იმგვარი ზნეკეთილი, თვითკრიტიკულად განწყობილი არტისტიზმი, რომელსაც ამ დროს სუფთა სინდისი ექნება? აქ შემწეობა მხოლოდ ზეპიროვნულ, ზეინდივიდუალურ თვალსაზრისს ძალუძს. ინდივიდუალურზე უარის თქმა მუდამ სასარგებლოა, განსაკუთრებით ამგვარ შემთხვევაში. გოეთეს აქვს ამაყი სიტყვები: “მხოლოდ ის არის თავმდაბალი, ვინც არარაობაა” (პწკარედული თარგმანი, – რედ.). ეს გახლავთ ძალიან დიდი ბატონის სიტყვები. ამ სიტყვებით მას ეწადა, ვიღაცის პირმოთნეობისა და ფარისევლობისაგან თავი დაეცვა. ოღონდაც, ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ეს სიტყვები უთუმცაო სამართლიანობას როდი შეიცავს. თავმდაბლობას გონებასთანაც აქვს ერთგვარი დამოკიდებულება.
მე ასე ვფიქრობ: ნამდვილი ყეყეჩია ის, ვინც იმგვარ აღიარებას, რაც მე მხვდა წილად, თვითგანდიდებისა და ყოყოჩობის წყაროდ გაიხდის. სრულიად მსოფლიო ჯილდო, მეტ-ნაკლებად შემთხვევით დაკავშირებული ჩემს სახელთან, უმჯობესია, ფერხთით დავუდო ჩემს ქვეყანასა და ხალხს, იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩემი გონება-განწყობილების მქონე კაცი უფრო მჭიდროდ დაკავშირებულად დღეს გრძნობს თავს, ვიდრე მაშინ გრძნობდა, როდესაც იგი იარაღს აჟღარუნებდა. მაშასადამე, არა მე, არამედ გერმანულ სულს, განსაკუთრებით კი გერმანულ პროზას, მიენიჭა წლევანდელი სტოკჰოლმის მსოფლიო პრემია და ეს განმეორდა მრავალი წლის შემდეგ. და თქვენ, ალბათ, ძნელად წარმოიდგენთ ამ დაჭრილი და ხშირად გარეშეთაგან გაუგებარი ხალხის თანალმობრივ გულისხმიერებას მის მიმართ მსოფლიოსაგან გამომჟღავნებული სიმპათიის ამგვარი ნიშნებისადმი.
მაქვს თუ არა უფლება განვმარტო ამ სიმპათიის აზრი რამდენადმე დაწვრილებით? ყველაფერი, რაც გერმანიაში უკანასკნელ თხუთმეტ წელიწადში სულიერ და მხატვრულ სფეროში შეიქმნა, იქმნებოდა არაკეთილსასურველ ფსიქოლოგიურსა და მატერიალურ პირობებში; არც ერთი ნაწარმოები არ მომწიფებულა და არ დასრულებულა უსაფრთხოებასა და სამშვიდეში, არა, ხელოვნებისა და სულიერი ცხოვრების პირობები – ეს გახლდათ მწვავე საერთო პრობლემების, გაჭირვების, ფორიაქისა და ტანჯვის პირობები, თითქმის აღმოსავლური, თითქმის რუსული მტანჯველი ალიაქოთის ვითარება, რომელშიც გერმანულმა სულმა შეინარჩუნა დასავლური, ევროპული პრინციპი, ფორმის ღირსება. ფორმა ხომ, – და განა ეს ასე არ არის? – ევროპული ღირსების საქმეა!..
კათოლიკე არა ვარ, – დიდად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი ტრადიცია ისევე, როგორც, ალბათ, ყველა აქ დამსწრისა, – ეს გახლავთ ღვთის პროტესტანტული უშუალობა. ოღონდაც მყავს და მიყვარს ერთი წმინდანი. დაგისახელებთ მის სახელს – ეს არის წმინდა სევასტიანე. გაიხსენეთ ბოძთან მდგარი ჭაბუკი, რომელიც, ყოველი მხრიდან ისრებითა და შუბებით დაჩხვერილი, მიუხედავად ტანჯვა-წამებისა, მაინც იღიმის. ტანჯვა-წამებაში მიმზიდველობის შენარჩუნება – აი, გმირობა, რისი სიმბოლოც გახლავთ წმინდა სევასტიანე. ეს ხატოვანი შედარება, შესაძლოა, ერთობ თამამიც კი იყოს, მაგრამ ძლიერ მინდა ამგვარი გმირობა მივაწერო გერმანულ სულს, გერმანულ ხელოვნებას და ვიფიქრო, რომ ამ მაღალ გმირობას სათანადო პატივს მიაგებს გერმანიის სულიერი მიღწევების მსოფლიო აღიარება.
თავისი ლიტერატურით გერმანიამ შეძლო მიმზიდველობის შენარჩუნება. იგი გაუფრთხილდა პოლიტიკურ ღირსებას, როდესაც ტკივილების ანარქიაში კი არ დაიშალა, არამედ შეინარჩუნა თავისი სახელმწიფოებრიობა; მან შემოინახა სულიერი ღირსება, როცა შეძლო ტანჯვის აღმოსავლური და ფორმის დასავლური პრინციპების შეერთება, როდესაც შეძლო ტანჯვა-წამების უღელში შებმულს შეექმნა მშვენიერი.
დასასრულს, ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ მოვიხსენიო საკუთარი თავი. ჩემს პირველსავე მოსაუბრეებს, რომლებმაც ნობელის პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილების გაგების შემდეგ მინახულეს, ვეუბნებოდი, თუ რაოდენ გამახარა და ამაღელვა იმან, რომ ჯილდო ჩემთან მოვიდა, სახელდობრ, ჩრდილოეთიდან, სკანდინავიური სფეროდან, რომელთანაც მე, როგორც ლიუბეკის პირმშოს, სიყრმიდანვე მაკავშირებს ცხოვრების ყაიდის დიდზე დიდი მსგავსება, ხოლო როგორც მწერალს, – აღტაცებული ლიტერატურული სიყვარული ჩრდილოური სულისა და კოლორიტისადმი.
ახალგაზრდობაში დავწერე მოთხრობა, რომელიც ჯერჯერობით ისევ უყვართ ყმაწვილკაცებს – ეს გახლავთ “ტონიო კრიოგერი”. მასში საუბარია სამხრეთსა და ჩრდილოეთზე და მათს შეჯუფთებაზე ერთ პიროვნებაში – რასაც შედეგად მოსდევს კონფლიქტები და ნაყოფიერი აღრევა. ამ მოთხრობაში სამხრეთი გახლავთ მთელი სულიერ-გრძნობადი ავანტიურულობის, მხატვრულობის მთელი ცივი ვნებიანობის სიმბოლო; ჩრდილოეთი, პირიქით, – ყოველგვარი გულითადობის, ყოველგვარი ბიურგერული მამულის, ყოველგვარი ღრმად ფესვებგადგმული გრძნობების, ყოველნაირი იდუმალი ადამიანურობის სიმბოლო. და აი, იგი, ეს ჩრდილოეთი, მთლიანად მომიცავს და თან გულში მიკრავს როგორც სიხარულით ანთებული დღესასწაული, ეს გულის საოცნებო მხარე, ეს ტკბილმშობლიური ჩრდილოეთი!
დიახ, ეს გახლავთ შესანიშნავი, ღირსახსოვარი დღე ჩემს ცხოვრებაში, ცხოვრების ნამდვილი ზეიმი, “ჰöგტიდსდაგ”, როგორც ხატოვნად აღნიშნავს ხოლმე შვედური ენა დღესასწაულს საერთოდ. ნება მიბოძეთ, შვედური ენისაგან უგერგილოდ ნასესხებ ამ სიტყვას თან თხოვნაც მოვაყოლო, რომლის დროც უკვე დადგა. მოდით, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ერთობლივი მადლიერების გრძნობით მივულოცოთ ღვთივკურთხეულსა და საყოველთაოდ მნიშვნელოვან ფონდს, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ ამ შესანიშნავ საღამოს. კეთილი შვედური ჩვეულებისამებრ ნობელის ფონდს ოთხჯერ შევსძახოთ “ვაშა!”

როგორი მასწავლებელი ვარ?

0
შემოხაზეთ თქვენს მოსაზრებასთან ყველაზე მიახლოებული პასუხი (სამიდან – მხოლოდ ერთი). დააჯამეთ პასუხები შეკითხვის ნუმერაციის მიხედვით.
1. გაკვეთილზე თითქმის არასოდეს ვიგვიანებ.
2. ხშირად მაგვიანდება.
3. დროულად თითქმის არასოდეს მივდივარ.
1. ყოველთვის ვცდილობ გადავამოწმო, ყველა მოსწავლემ დაწერა თუ არა დავალება.
2. დავალებას მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეს ვუმოწმებ.
3. შემოწმებას აზრი არა აქვს.
1. თუ გაკვეთილზე ხმაური და არეულობაა, ესე იგი რაღაც ვერ გავთვალე.
2. თუ გაკვეთილზე ხმაური და არეულობაა, ესე იგი რამდენიმე მოსწავლეს ქცევის პრობლემები აქვს.
3. თუ გაკვეთილზე ხმაური და არეულობაა, ესე იგი მოსწავლეები ცუდად იქცევიან
1. გაკვეთილის დაწყებამდე ვიცი, რის გაკეთებას ვაპირებ.
2. გაკვეთილის დაწყების შემდეგ მახსენდება, რა უნდა გავაკეთო.
3. წინასწარ არაფერს ვგეგმავ.
1. საკლასო ოთახში ერთ პოზიციას იშვიათად ვინარჩუნებ: ხან ვზივარ, ხან ვდგავარ, ხან მოსწავლეებთან ახლოს მივდივარ.
2. უმეტესად მასწავლებლის მაგიდასთან ვზივარ ან ვდგავარ.
3. ფეხზე იშვიათად ვდგები.
1. როცა დაფაზე ვწერ, ვცდილობ დაფისკენ ზურგით ვიდგე და შევინარჩუნო მოსწავლეებთან ვიზუალური და ვერბალური კონტაქტი.
2. როცა დაფაზე ვწერ, დაფისკენ ვარ მიბრუნებული და თან ვლაპარაკობ.
3. როცა დაფაზე ვწერ, მოსწავლეებისკენ ზურგით ვდგავარ და წერის დასრულების შემდეგ განვაგრძობ ლაპარაკს.
1. ჩემს გაკვეთილზე უმეტესად მოსწავლეები ლაპარაკობენ.
2. ჩემს გაკვეთილზე თითქმის თანაბრად ისმის მოსწავლეებისა და მასწავლებლის ლაპარაკი.
3. უმეტესად მე ვლაპარაკობ.
1. ვცდილობ, ყოველი დადებითი შემთხვევისას შევაქო მოსწავლე.
2. კარგი ნიშანი საკმარისია დადებითი შეფასების გამოსახატავად. სიტყვიერად იშვიათად ვაქებ.
3. უმეტესად მოსწავლეების დასჯა მიწევს, შექება – იშვიათად.

1-8: ნამდვილად გამოცდილი მასწავლებელი ბრძანდებით და კარგად იცნობთ სწავლების თანამედროვე მეთოდიკებსა და მიდგომებს.
9-16: საკმაოდ კარგი მასწავლებელი ბრძანდებით, თუმცა შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებით საკუთარ საქმიანობას. გახსოვდეთ, რომ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი გიჭირავთ. თუ მოსწავლეებს უყვართ და აინტერესებთ საგანი, ეს მასწავლებლის დამსახურებაა, ხოლო თუ იგრძნეს, რომ მათი მასწავლებელი არ არის დაინტერესებული თითოეული მოსწავლის პროგრესით, სწავლის მოტივაცია იკარგება. ეცადეთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ. გამოიჩინეთ ტრეინინგებში მონაწილეობის ინტერესი, გაეცანით პროფესიულ ლიტერატურას. მასწავლებლობა სწავლებასთან ერთად სწავლასაც გულისხმობს. რაც უფრო მეტი მონდომებით მოეკიდებით თქვენს პროფესიას, მით უფრო თვალსაჩინო შედეგს მიიღებთ.
17-23: თქვენთვის მასწავლებლობა მძიმე ტვირთია. პროფესიულ საქმიანობაში პრობლემებს აწყდებით, თუმცა მათ მიზეზს სხვაგან ეძებთ. კარგი იქნება, თუ გადააფასებთ თქვენს პირად შეხედულებებსა და მიდგომებს. გახსოვდეთ, თუ გაკვეთილი ქაოსური და უმართავია, ეს მოსწავლეების ბრალი არ არის. დაწყებამდე კარგად დაგეგმეთ გაკვეთილი, დაფიქრდით, როგორი ფორმით მიაწვდით მოსწავლეებს ახალ მასალას. შეარჩიეთ რაც შეიძლება სახალისო გზები. გამოიჩინეთ მეტი მობილურობა საკლასო ოთახში. არ დაგავიწყდეთ, მიაქციოთ ყურადღება მოსწავლეებს ინდივიდუალური მუშაობის პროცესში. ეცადეთ გამოიმუშაოთ დაფაზე ისე წერის უნარი, რომ წერის დროს დაფისკენ ზურგით იდგეთ და მოსწავლეებთან ვიზუალური კონტაქტი შეინარჩუნოთ (მცირე პრაქტიკის შემდეგ ეს საკმაოდ ადვილი მოგეჩვენებათ). თუ გაკვეთილზე უმეტესად თქვენი ხმა ისმის, ესე იგი მოსწავლეების უმეტესობა არაფერს სწავლობს. მაქსიმალურად შეზღუდეთ თქვენი სალაპარაკო დრო და მიეცით მოსწავლეებს ახალშეძენილი ცოდნის გამოხატვის საშუალება. არასოდეს დაგავიწყდეთ მოსწავლეების შექება. გირჩევთ, მეტი განვითარებისთვის პროფესიულ ცენტრებს მიმართოთ. გისურვებთ წარმატებებს!

ქიმია და კოსმეტიკა

0

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge ” და ‘პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია” პარტნიორობის საფუძველზე, გთავაზობთ სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის სერიას.

 

სრულად

ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებების ისტორიულ-კულტურული ანალიზი

0
XXI საუკუნემ საგრძნობლად შეცვალა სამყაროსადმი ადამიანების დამოკიდებულება. თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად მომთხოვნი, კრიტიკული და თავდაჯერებულია. ახალმა რეალობამ საშუალება მოგვცა, გადაგვეფასებინა განვლილი გზა და თვალნათლივ დაგვენახა დაშვებული შეცდომები.
საუკუნის მიღწევებმა და ტექნიკურმა პროგრესმა დააჩქარა ცხოვრების რიტმი, ადამიანებიც უფრო პრაგმატულები გახდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მარადიული თემები და კითხვები დღესაც ისევე აღელვებს საზოგადოებას, როგორც ადრეულ ეპოქებში. თავისუფლებისკენ სწრაფვა, საკუთარი თავის ძიება და არსებობის გამართლება – ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც გამუდმებით ფიქრობს თითოეული ჩვენგანი.
ხელოვანები, მწერლები ამ თემებით განსაკუთრებით არიან დაიტერესებულნი, რადგან სამყაროს შემეცნება და ამოხსნა შემოქმედებითად მოაზროვნე ინდივიდებს უფრო ხელეწიფებათ. ჩვენი მიზანია, მათი მონაპოვარი და ნაღვაწი ზედმიწევნით და ზუსტად გადავცეთ ახალ თაობას. ბავშვმა მცირე ასაკიდან უნდა შეიყვაროს წიგნი, მწერალი და ის ჯადოსნური სამყარო, რომელშიც მას ავტორი ამოგზაურებს. ვფიქრობ, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან ზიარება საუკეთესო საშუალებაა მოზარდისთვის მრავალმხრივი ინტელექტის განსავითარებლად. ჰოვარდ გარდნერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანს საყოველთაოდ ცნობილ რვა ინტელექტთან ერთად შესაძლოა ჰქონდეს მეცხრე, ეგზისტენციალური ინტელექტიც, რომელიც ფილოსოფიურ აზროვნებას გულისხმობს. ამგვარ საკითხებზე ფიქრის შესაძლებლობას ქმნის მდიდარი ლიტერატურული ცოდნა. ლიტერატურა არის მუსიკა, რომელსაც უსმენ და ყველა კითხვაზე პოულობ პასუხს.
საქართველოს მრავალი თვალსაჩინო მწერალი ჰყავს. შემოქმედის ყველაზე უტყუარი საზომი დროა. ხშირად აღიარება გარდაცვალების შემდეგ მოდის, მაგრამ მწერლის უკვდავების საზომი ის ნაწარმოებებია, რომლებმაც დროს გაუძლო.
ბოლო რამდენიმე წელია, სასკოლო პროგრამაში შეტანილია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა “იგი”. მწერლისა და მისი შემოქმედების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ბევრს ის არ მოსწონს. ვფიქრობ, მიზეზის ძებნა შორს წაგვიყვანს, რადგან ავტორის, მისი შემოქმედების გაგება რთულია, როდესაც ვერ სწვდები მის შინაგან სამყაროს. ლიტერატურას სჭირდება ჩაღრმავება, შიდა შრეების გახსნა და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.
მოზარდის მიზანი ნაწარმოების გადაკითხვა არ უნდა იყოს; მთავარი მისი გაგება და ანალიზია. ბენჯამენ ბლუმმა აზროვნება დონეებად დაყო, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულია. მარტივი ცოდნა არაფერია, თუ ადამიანი ვერ ახერხებს ნასწავლის შეფასებასა და ანალიზს. ამგვარად, რთულია გაიგო “იგი”, თუ არ იცი, საიდან იწყება მისი ამოხსნა.
უნდა დავიწყოთ თავიდან. სწორედ ამიტომ, შევეცდები, უფრო ღრმად განვიხილო ის მეტად მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დიდმა ქართველმა მწერალმა თავისი შემოქმედების ბაზისად გამოიყენა.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ჯემალ ქარჩხაძის ბიოგრაფიას, რადგან მწერალი მისი ცხოვრებით არის საინტერესო.
დაიბადა 1936 წელს უხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სულიერ ნათესაობას ნიკოლოზ ბარათაშვილთან გრძნობდა, უყვარდა დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება. საგულისხმოა, რომ პირველი ავტორი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში წაუკითხავს, ყოფილა ჰომეროსი, ამიტომ შემთხვევითი როდია მის ნაწარმოებებში მითისა და რიტუალის ენა. მისი მოთხრობები და რომანები უკვე თარგმნილია რუსულ, ჩეხურ და გერმანულ ენაზე და დღესაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ჯემალ ქარჩხაძის პირველი მოთხრობა 1960 წელს დაიბეჭდა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მეტად რთულ და კრიტიკულ დროს დაემთხვა. როგორც ნამდვილმა კალმის ოსტატმა, ისტორიული მოვლენები ფრთხილად და მოზომილად გააცოცხლა თავის ნაწარმოებებში. ცნობილია, რომ ერის თვითმყოფადობა და წინსვლა მის კულტურულ და ისტორიულ განვითარებაზეა დამოკიდებული. ქვეყნის შიდა პოლიტიკა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა, კულტურათა გაცვლა ხშირად განსაზღვრავს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს. როდესაც კულტურულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი, რომელიც ერთიან, უწყვეტ ჯაჭვს ქმნის და რომელსაც მწერალი გვერდს ვერ აუვლის. ჯემალ ქარჩხაძე არ მიუთითებს კონკრეტულ დროს, ეპოქას, მაგრამ გონიერი მკითხველი აუცილებლად დაინახავს კავშირს ისტორიულ სინამდვილესთან. გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული და უკვე თანდაყოლილი პრობლემები ისე შევისისხლხორცეთ, რომ ზოგჯერ მგონია, მათი გადაჭრა, მათგან თავის დაღწევა აღარც კი გვინდა.
ქარჩხაძის გმირები გამოირჩევიან ჰუმანურობით, სამყაროს განსაკუთრებული სიყვარულით. ისინი ხშირად არღვევენ დადგენილ წესებს. ყველას უყვარს სიცოცხლე, ადამიანი. მწერალი თავის პერსონაჟებში ცოცხლობს, მათი პირით გვესაუბრება და მკითხველს ყველა კარს უღებს.
ავტორი მთელი თავისი არსით ცდილობს ამოიცნოს ქართული ხასიათის თავისებურებანი. გავიხსენოთ მისი შესანიშნავი მოთხრობა “გუბე”, რომელიც იმდენად ქართულია თავისი კომპოზიციით, გმირებითა და სიუჟეტით, რომ შეუძლებელია არ შეგრცხვეს და არ გაწითლდე. კოსტა – ისიც ამ კულტურის ნაწილია – ბევრი ქართველია ერთად, რომელთაც ქვეყნის ორომტრიალში საკუთარი თავი დაუკარგავთ, აღრევიათ ღირებულებები და ბედის ანაბარა დარჩენილან.
მწერალი არ ერიდება კრიტიკას და სხვადასხვა პერსონაჟის საშუალებით ქართველების მანკიერ თვისებებს ამხელს. ამის ნათელი ილუსტრაციაა მოთხრობა “რაჰათ-ლუხუმი”, რომელშიც მწერალი იხსენებს ჩვენი ქვეყნის წარსულს და ღალატისადმი ქართველთა უცნაურ მიდრეკილებას. მოთხრობაში მოხუცი თურქი ძალიან კარგად ახასიათებს ქართველებს, მაგრამ მწერალი უპირისპირებს მას მღვდლის სახეს და აჩვენებს, რომ ყველა ქართველი მოღალატე როდია.
მწერალი უცხო თვალით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და დასკვნები ისე გამოაქვს. შემოქმედის მოვალეობაა, დასვას კითხვები და ნაწილობრივ გასცეს მათ პასუხი, საბოლოო დასკვნების გამოტანა კი მკითხველს მიანდოს. მაშინ არის მწერალი დიდი და საინტერესო.
ქართული ხასიათის შტრიხები გამოიკვეთა მოთხრობაში “ანტონიო” და დავითი”. საყოველთაო გულგრილობა, ზრუნვა მხოლოდ პირადზე და თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი – აი, რა ამოძრავებთ სოფლის მკვიდრთ. მათი ბატონი კი “ჭეშმარიტი” ქართველია, რომელსაც ძალაუფლება ყველაზე ძვირად უღირს.
“იგი” პალეოლითის ხანის ადამიანია, თითქოს ისიც ქართველი, მაგრამ საკუთარ თავსა და “საზოგადოებაზე” გამარჯვებული. იგი ერთდროულად არის ერთიც და მრავალიც, ვინც აერთიანებს ადამიანურსა და ღვთაებრივს. უკვე არსებული და შობილი ხელახლა იბადება, რათა ადამიანის გონს, სულს უმღეროს სადიდებელი.
ჯემალ ქარჩხაძის ყველა გმირი პიროვნებაა, რომელიც ებრძვის ბრბოს და იმარჯვებს. “იგი” ადის დიდი დაძინების ქარაფზე, მაგრამ არ ეშინია. მან იცის ის, რაც არ იციან სხვებმა, თვით ბელადმაც კი. იცის წუხილი, სევდა, ტკივილი, სიყვარული და ღიმილი, რომელიც არ ჰგავს თანთმოძმეთა ავისმომასწავებელ კბილთა ღრჭენას; მას სითბო ეფინება სახეზე და გრძნობს რაღაც კარგს. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა? ის უკვე თავად სრულყოფილებაა, რომელიც არასდროს შეწყვეტს არსებობას. ასეთივეა დავითი (“ანტონიო და დავითი”) – ოდესღაც სოფლის მტერი, კაცთმოძულე და ურწმუნო, სრულიად გარდაისახება და ცხოვრების აზრს სიკეთის მსახურებაში ხედავს. ის აჯანყებული გმირია, რომელიც ბრბომ მკვლელად აქცია, მაგრამ განგებამ მოუვლინა ანტონიო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა იგი საუკუნო სატანჯველისგან.
როდესაც მწერალს ჰკითხეს, როგორ უნდა გადაირჩინოს ადამიანმა სულიო, მან უპასუხა: “ბოლოს და ბოლოს, არც სიხარბეა ისე ძნელი დასამარცხებელი, არც პატივმოყვარეობა, არც ამპარტავნობა თუ სხვა ზადი და ბიწი, რომ ადამიანმა საკუთარი სულის გადარჩენა ვერ შეძლოს”. შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს, რომელთა დასტური თვით ჯემალ ქარჩხაძის გმირები არიან.
1988 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა ჯემალ ქარჩხაძის “მონოლოგი”, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქვეყნის ბედი და იმედი ადამიანებმა მწერლობას ჩააბარეს. “ჩვენში ყოველი კაცი სიტყვის შემოქმედია”, – ამბობდა იგი. მართლაც, მწერლები ის უიარაღო ჯარისკაცები არიან, რომელთაც არაფერი გააჩნიათ, სიტყვის გარდა. სიტყვის ძალა კი განუზომლად დიდია. ნიშანდობლივია, რომ ჯემალ ქარჩხაძის გმირები ემორჩილებიან ამ ძალას. “იგი” სულიერ ამაღლებას იწყებს მას შემდეგ, რაც მის არსებაში იჭრება გაცნობიერებული, ხორცშესხმული სიტყვა. ანტონიო ებრძვის დავითს, მაგრამ უიარაღოდ, სიტყვით, და სძლევს მას, დაეხმარება შიშის დამარცხებაში. მწერლის მიზანიც ეს არის – კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს საკუთარ სიმართლეში.
ვცადე, ამ პატარა წერილში კიდევ ერთხელ წარმომეჩინა ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების რამდენიმე ასპექტი, თუმცა ნაწარმოებები თავად მეტყველებენ მასზე. ყველა მოთხრობა იდუმალებით სავსე და მეტად მრავალფეროვანია, ყოველ მათგანში გაშლილია კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე არსებული ყველა კითხვა, თავმოყრილია ადამიანური, ზოგადი და პირადი, ცნობიერი და შეუცნობელი, ერთმანეთს ერწყმის მისტიკა და რელიგია, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობს და ერთ მთლიანობას ქმნის.

ფილოსოფია და პოეზია

0

აღიარებულია,
რომ რომანტიზმმა შეიმუშავა პიროვნების ახლებური კონცეფცია და, კერძოდ, გამოავლინა ადამიანის
სულიერი სამყაროს მთელი წინააღმდეგობრიობა
და სირთულე. რომანტიკული ლიტერატურაში პიროვნების “მე” გარკვეული სიმრავლის
(რამდენიმე “მე”-ს) სახით წარმოგვიდგა, რამაც საფუძველი დაუდო ე.წ. “ორეულების”
პოეტიკის” დამკვიდრებას.

ვრცლად

ბავშვები და მათი „უნიკალური“ თვისებები

0

გამოვლენისა და სწავლების მსოფლიო პრაქტიკა, ხელშემწყობი ფაქტორები, კვლევის შედეგები

ცნებები “ნიჭიერი” და “ტალანტური”ყოველდღიურ მეტყველებაში ზოგჯერ სინონიმებად გამოიყენება, თუმცა ეს ორი განსხვავებული ფენომენია.ნიჭიერებისცნება მოაიზრებგანსაკუთრებულზოგადუნარებს, ხოლო ტალანტი არის სპეციფიკური უნარი/შესაძლებლობაკონკრეტულსფეროში, მაგალითად, მუსიკაში ანლიტერატურაში.ბავშვებ,რომლებმაცტალანტიძალიან ადრეგამოამჟღავნეს, ვუნდერკინდებს უწოდებენ.ამისნათელი მაგალითია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. თუმცა ისიც ცხადია, რომ ნიჭიერი ბავშვები ხშირად ტალანტურებიც არიან. ვინაიდანამ ორი ფენომენის ერთმანეთისგანდიფერენცირება პრაქტიკაში საკმაოდრთულია,დამკვიდრებულია ტერმინინიჭიერი და ტალანტური.

ის საფუძველზე შეიძლებადავასკვნათ, რომ ბავშვი ნიჭიერი და ტალანტურია?

პრაქტიკაში ნიჭიერებად მოიხსენიებენ ბავშვებს, რომლებიც მაღალქულებს იღებენ ინტელექტის ტესტებშიდარომლებსაც მასწავლებლებინიჭიერმოსწავლეებს უწოდებენ.მაგრამხშირად უფროსები ასეთებადმიიჩნევენ ბავშვებს, რომლებსაც აქვთსწავლის მაღალი მოტივაცია და კარგიაკადემიური მოსწრება. აქერთპრობლემას ვაწყდებით, მოსწავლეებს, რომლებიც არიან ნიჭიერები ან ტალანტურები, მაგრამ არგამოირჩევიანაკადემიური მოსწრებით,ხშირად არ მიაკუთვნებენ ამ ჯგუფს.როსტმა და ჰანსესმა (Rost&Hanses,1997)გამოკვლევაჩაატარეს.მათ პედაგოგებს სთხოვეს, ნიჭიერების მიხედვით რეიტინგულად შეეფასებინათ 7000 მესამეკლასელი მოსწავლე.კვლევამ გამოავლინა, რომნიჭიერი, მაგრამ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა ორი მესამედიყურადღების მიღმა აღმოჩნდა.

ამ კუთხით პრობლემას ვერც მხოლოდინტელექტის ტესტებაგვარებს.ტესტის შესრულებისხარისხზეარაერთი ფაქტორი ახდენს გავლენა:დაღლილობა, მოტივაციისუქონლობა, ამგვარი ტესტების შესრულებისგამოცდილების ქონა ან უქონლობა,ცდისპირისა და ექსპერიმენტატორის პიროვნება

საინტერესო პრაქტიკა არსებობს აშშ-ში. შეერთებული შტატების სახელმწიფო კანონის თანახმად (91-230), ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა შემდეგი კრიტერიუმებით ხდება:

. ზოგადიინტელექტუალური უნარები;

.სპეციფიკური უნარები რომელიმე აკადემიურ დისციპლინაში;

.შემოქმედებითი აზროვნება;

.ლიდერობა;

.განსაკუთრებული უნარებიხელოვნების რომელიმე სფეროში;

.ფსიქომოტორული უნარები.

ფსიქოლოგებმა რანზულიმ, რაისმა და სმიტმა (Ranzulli, Reis&Smith, 1981) დაადგინეს, რომ ნიჭიერება მოიაზრებს შემდეგი სამი ფაქტორის კომბინაციას:

. კარგი აკადემიური მოსწრება/მაღალი ქულები ინტელექტის ტესტში;

. შემოქმედებითი უნარები (რაც გამოიხატება ახალი იდეების წამოყენებითა და პრობლემური ამოცანების არასტანდარტულად გადაჭრით);

. მიზანდასახულობა.

მიიჩნევა, რომ რანზულის მიერ შემუშავებული პიროვნული მახასიათებლების სკალა კარგი რესურსია ნიჭიერი მოსწავლეების გამოსავლენად. ამ სკალაზედაყრდნობით რანზულიმ და მისმაკოლეგებმა დაადგინეს, რომგანსაკუთრებული ნიჭიერებით ბავშვების 20% გამოირჩევა.

გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმ ფაქტორს, რომ კულტურა მიშვნელოვანწილად განაპირობებს ნიჭიერებას. კერძოდ, თუ კულტურაში ნიჭიერება და ტალანტურობა მნიშვნელოვან თვისებებად განიხილება, მის განვითარებაზე სათანადოდ ზრუნავენ.

ნიჭიერი ბავშვების სწავლების პრაქტიკა

ნიჭიერი ბავშვების სწავლებისადმი ორი ძირითადი მიდგომა არსებობს: აქსელერაცია და გამდიდრება. ორივე მიდგომის გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივ კლასში, ისე განსაზღვრული პროფილის სკოლებში.

აქსელერაციის პროგრამის დროს ბავშვები დაჩქარებულად გადიან სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას, გამდიდრებული პროგრამით კი ნიჭიერ მოსწავლეებს დამატებით მასალებსა და მომსახურებას სთავაზობენ.

გამდიდრებული პროგრამით სწავლებისას ბავშვებს შეუძლიათ, საგაკვეთილო პროცესის მიღმა საკუთარი შესაძლებლობების კვალობაზე აირჩიონ სასურველი წრე/წრეები. გარდა ამისა, სკოლებს აქვთ რესურს ოთახები, სადაც ბავშვებს შეუძლიათ, იმუშაონ ამა თუ იმ პროექტზე. მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია. ბავშვს შეუძლია, სურვილისამებრ დატოვოს ან შეიცვალოს წრე.

აქსელერაციის პროგრამის ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევა მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით (Gross, 1992), აქსელერაციის პროგრამაში ჩართვამდე მოსწავლეები მოწყენილობასა და ფრუსტრაციას (წინააღმდეგობას მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზაზე) უჩიოდნენ, პროგრამაში ჩართვის შემდეგ კი მათ აუმაღლდათ თვითშეფასება და პრეტენზიის დონე. ეს პრაქტიკა დღემდე პოპულარულია ჩინეთსა და ავსტრალიაში. მაგრამ ამ მიდგომას მრავალი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მას ხშირად აკრიტიკებენ. საქმე ის არის, რომ მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანისას ორიენტაციას იღებენ მხოლოდ წარსულ მიღწევებზე, არ ხდება სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, კონკრეტულ მოსწავლეზე მორგება. თანაც მოსწავლეებს სწავლა უხდებათ მათზე უფროსი ბავშვების გარემოცვაში, რაც ხელს უშლის მათ სოციალიზაციას და დაბრკოლებას უქმნის თანატოლებთან “სოციალურ ჰარმონიას”.

გამდიდრებული პროგრამის სასარგებლოდ კი იგივე არგუმენტი მეტყველებს, რაც აქსელერაციის პროგრამის საწინააღმდეგოდ: ამ დროს ზიანი არ ადგება მოსწავლის სოციალურ განვითარებას, ბავშვი სწავლობს თანატოლების წრეში, ოღონდ ეძლევა შესაძლებლობა, გაიღრმაოს ცოდნა ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას მოსწავლის შესაძლებლობათა და ინტერესთა გათვალისწინებით ადგენენ. ამ გეგმაში გაწერილია ბავშვის სწავლების ფორმა, მეთოდები, მასალა, აგრეთვე – სტრატეგიები მეტაკოგნიტური უნარებისა და მოტივაციის განვითარებისთვის.

ნიჭის გამოვლენის/განვითარების ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიჭიერი ბავშვების სწავლებისას ძალზე მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაციის შენარჩუნებაზე ზრუნვა, ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ცხოვრებაში წარმატებას ვერ აღწევენ. მეცნიერები თორანსი და სისკი (Torrance&Sisk, 1997) ამ ფაქტს შემდეგი მიზეზებით ხსნიან: მშობლებს ხშირად მხოლოდ ის აინტერესებთ, რა ნიშანი მიიღო მათმა შვილმა და არა ის, რა იცის მან. ხშირად წარმატების განმსაზღვრელად სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ტესტის წარმატებით ჩაბარება მიიჩნევა; სწავლების პროცესი ნიჭიერი ბავშვებისთვის ან ძალზე მოსაწყენია, ანდა, გამდიდრებული პროგრამისა და მოსწავლეთა შესაძლებლობებით გატაცების შემთხვევაში, მათ აწვდიან წმინდა მეცნიერულ, თეორიულ ცოდნას, რომლის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობასაც მოსწავლეები ვერ ხედავენ, ან იგი არ შეესაბამება მათ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასაკს და არ ითვალისწინებს სწავლის ინდივიდუალურ სტილს.

ოჯახური გარემო

წარმატების ხელშემწყობი ფაქტორების დასადგენად თორმანმა და ოდენმა (Terman&Oden, 1959) 100 წარმატებული მოსწავლის მონაცემები 100 ნაკლებწარმატებული მოსწავლისას შეადარეს. განსხვავება უმთავრესად ოჯახურ გარემოში აღმოჩნდა. წარმატებულ მოსწავლეთა მშობლები თვითონაც ბევრს კითხულობდნენ, ხელს უწყობდნენ ბავშვების შემეცნებითი ინტერესების გაღვივებას (ხალისით პასუხობდნენ მათ შეკითხვებს, აწვდიდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას), ზრუნავდნენ ინიციატივის, დამოუკიდებლობის განვითარებაზე, ადეკვატური პრეტენზიის დონის ჩამოყალიბებაზე უფრო მეტად, ვიდრე იმ მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც ნაკლები წარმატებით გამოირჩეოდნენ.

საკლასო გარემო

მიიჩნევა, რომ ნიჭიერება და კრეატიულობა შეიძლება წაახალისოს საკლასო გარემომ – სწავლების მეთოდებმა (დიკუსია, გონებრივი იერიში, როლური თამაშები, ინტერაქციული ლექცია) და მართვის სტილმა, რომელსაც მიმართავს პედაგოგი (მაგალითად, დემოკრატიული – მოსწავლეზე ცენტრირებული ან ავრორიტარული – მასწავლებელზე ცენტრირებული).

ჰედონმა და ლიტონმა (Haddon&Lytton, 1968) აღწერეს ორი ტიპის სკოლა, რომლებსაც პირობითად “ფორმალური” და “არაფორმალური” უწოდეს. “ფორმალური” სკოლები ცენტრირებულია მასწავლებელზე. დავალებები სრულდება ინდივიდუალურად, მოტივაცია უმთავრესად გარეგანია – ნიშნები; ანუ, ეს არის სწავლების იმგვარი სტილი, რომელსაც ჩვენ დირექტიულს ვუწოდებთ.

“არაფორმალური” სკოლები კი მოსწავლეზეა ორიენტირებული (კონსტრუქტივისტულია). აქ გათვალისწინებულია სწავლის სტილი, კლასში მოსწავლეები თავად ირჩევენ, სად დასხდნენ, თვითონვე ირჩევენ საკითხის ფარგლებში საპრეზენტაციო თემებს და მოტივაციაც აქ უფრო მეტად სწავლა-სწავლების პროცესით სიამოვნების მიღებაა. დიდი დრო და ყურადღება ეთმობა თვითრეგულაციის უნარებისა და პიროვნულ-ზნეობრივ განვითარებას.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ “არაფორმალურ” სკოლებში მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარი მათზე მეტად აქვთ განვითარებული, ვინც განათლებას “ფორმალური” ტიპის სკოლებში იღებს.

მასწავლებელთა მოლოდინების გავლენა მოსწავლეთა წარმატებებზე

არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მოლოდინმა გავლენა მოახდინოს რეალობაზე. ამ მიმართულებით როზენტალმა და ჯეიკობსონმა (Rozenthal&Jacobson, 1968) საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს. მათ სკოლის მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს ახასიათებთ უცაბედი “გამოცოცხლება”. ამის შემდეგ მათ ინტელექტის ტესტი ჩაუტარეს მოსწავლეებს და მიღებული შედეგები მასწავლებლებს გააცნეს, მაგრამ მაღალი ინტელექტით გამორჩეულ მოსწავლეთა გვარების ნაცვლად მათ მიაწოდეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული მოსწავლეთა გვარები. წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები, რომელთაგანაც მასწავლებლები კარგ შედეგებს მოელოდნენ, გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით, თანაც იმავე ტესტის გამეორებით ჩატარებისას ინტელექტის უკეთეს მაჩვენებლებს წარმოაჩენდნენ. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ თვალშისაცემი გაუმჯობესება მხოლოდ პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებში გამოიკვეთა.

ეს ექსპერიმენტი სხვა მეცნიერებმა მრავალჯერ გააკრიტიკეს. ამასთან, როდესაც იგი სხვა მეცნიერებმა გაიმეორეს, შედეგები ასეთივე არ აღმოჩნდა, მაგრამ განათლების ფსიქოლოგიაში ცნობილია აგრეთვე ბროფისა და გუდის (Brofy&Good, 1974) გამოკვლევები, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა: თურმე პედაგოგები უფრო მეტს ელიან იმ მოსწავლეთაგან, ვინც მეტად დამჯერე და მოწესრიგებულია და პედაგოგთანაც უფრო ახლოს ზის, ვიდრე იმათგან, რომლებიც ნაკლებად მოწესრიგებულნი ცხადდებიან გაკვეთილზე და ხშირად არღვევენ დისციპლინას. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: განსხვავებულია მოლოდინები გოგონებისა და ვაჟების მიმართ. ბევრს მიაჩნია, რომ გოგონები უკეთ უნდა სწავლობდნენ ჰუმანიტარულ საგნებს, ვაჟები კი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, შეიძლება დავასკვნათ: ნიჭიერი და ტალანტური მოსწავლეების (და არამხოლოდ მათი) მოტივირება დიდად არის დამოკიდებული სასწავლო გარემოზე, მშობლების ჩართულობასა და მასწავლებელთა მოლოდინზე. მიიჩნევა, რომ რაც უფრო დადებითად ვართ განწყობილნი პატარების მიმართ, რაც უფრო უკეთეს შედეგს მოველით მათგან, ბავშვებიც მით მეტად არ იშურებენ ძალ-ღონეს, რომ თავიანთი “უნიკალური” მხარეები წარმოაჩინონ.

დაუდუმებელი ხმა ადამიანისა – უილიამ ფოლკნერი

0

ასე მგონია, მე კი არა, შემოქმედებას აჯილდოებენ-მეთქი – შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების ჯაფასა და მოწამებრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად ან, მით უმეტეს, გამორჩენისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ასე რომ, ამ ჯილდოს მხოლოდ ნდობის გამოცხადებად ვთვლი. ძნელი არ იქნებოდა პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამომეყენებინა და გამეცა მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მსურს ამ წუთით ვისარგებლო და ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად, რათა ხმა მივაწვდინო იმ ჭაბუკებსა და ქალი­შვილებს, ვისაც ამგვარივე ტანჯვა-წამებისათვის გადაუდია თავი. მათ შორის უკვე იქნება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აქ იდგება, მე რომ ვდგავარ.

ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშია, რაც იმდენი ხანია გვაძრწოლებს, რომ ლამის შევეჩვიოთ კიდეც. სულიერ პრობლემებს ვიღა ჩივის. ყველას ერთი კითხვა აკვიატებია, როდის გააცამტვერებენ. ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მწერლებმა მიივიწყეს მთავარი – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან, ურომლისოდაც ღირებული ვერაფერი შეიქმნება, რადგან მხოლოდ ესაა დაწერის ღირსი, ღირსი ტანჯვისა და ოფლის ღვრისა.
ეს ყოველივე მწერალმა თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ყველაზე სამარცხვინო გრძნობაა, შეიგნოს და სამუდამოდაც დაივიწყოს იგი, არაფერი დაიტოვოს თავის სახელოსნოში, გარდა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა – სიყვარულისა, პატიოსნებისა, ლმობიერებისა, სიამაყისა, თანაგრძნობისა და თავგანწირვისა, ურომლისოდაც ყოველი ნაწარმოები წარმავალი და განწირულია. უამისოდ მწერ­ლის ღვაწლს მადლი არ ექნება. სიყვარულზე კი არ დაწერს, არამედ ავხორცობაზე ან მარცხზე, სადაც არაფერი ღირებული არ იკარგება; ან გამარჯვებაზე, რომელსაც სასოების ნატამალიც არ ახლავს და, რაც ყველაზე სავალალოა, არც თანაგრძნობა ახლავს და არც სიბრალული. მის ვაი-ვიშს ქვეყნის სატირალი არ გაერევა და ვერც ჭრილობას დააჩნევს გულში. ჯირკვლებზე დაწერს, გულზე კი არა. ვიდრე ყოველივე ამას ხელახლა ჩასწვდებოდეს, ისე დაწერს, თითქოს მოწმე იყოს კაცობრიობის აღსასრულისა.
ხოლო მე კაცობრიობის დაღუპვას ვერ შევეგუები. სათქმელად იოლია, ადამიანი უკვდავია თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს გაუძლებსო; მომაკვდავი საღამოს მეწამულ ფერებში უბადრუკ, პიტალო კლდეზე საბედისწერო ბოლო ზარი რომ ჩამორეკეს და მიჩუმდა, მაშინაც გაისმის ხმა, სუსტი, დაუდუმებელი ხმა ადამიანისაო. მაგრამ ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც.
ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს. პოეტის, მწერლის ვალი ამაზე წერაა. მისი დანიშნულებაა შეეწიოს ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, თავგანწირვას – დიდებით რომ მოსავდა ადამიანის წარსულს. პოეტის ხმა უსარგებლოდ არ უნდა იხარჯებოდეს, საყრდენად, ბურჯად უნდა ედგეს ადამიანს, შეეშველოს და გააძლებინოს.

როცა მესამე საჭიროა

0

ეს ამბავი რამდენიმე თვის წინმეგობართან სტუმრობისას გადამხდა. იგი მხატვარია. მასთან მისულს, იქ მისი კიდევ რამდენიმე ჩემთვის უცნობი მეგობარი დამხვდა. ისინი ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელები იყვნენ, ზოგი მხატვარი, ზოგი არქიტექტორ-მოქანდაკე,ზოგიც – ისტორიკოსი თუ დრამატურგი.მე შედარებით გვიან შევუერთდი მათ თავყრილობას. მასპინძელმა მათ წინაშე წარმადგინა როგორც ქიმიკოსი.ვიგრძენი, ზოგიერთმა მხოლოდ თავაზიანობის გამო დამიკრა თავი. სტანდარტული წარდგინება-მისალმების შემდეგ მათ გატაცებით გააგრძელეს საუბარი. საუბრის თემა შეკრებილი საზოგადოების შესაფერისი იყო: ვან გოგი და როდენი, მონტესკიე და შექსპირი, რამზესები და პირამიდები. მე ჩუმად ვიჯექი და გულისყურით ვუსმენდი მათ აღტყინებას, განესაზღვრათ ყოფიერება და უკვდავება. მოულოდნელად ერთი-ერთი მათგანი მომიბრუნდა და, როგორც ქიმიკოსს, მკითხა:

 

– ქიმიაში ამდენი ელემენტი რომ არსებობს, მათ შორის რაიმე წესრიგი არის? რატომ არ შედიან ერთმანეთთან რეაქციაში ყოველთვის?  როგორ თანაარსებობენ?  ერთმანეთს ეხებიანშეხებას გრძნობენ თუ ვერა?

ცოტა დავიბენი, ალბათ უფრო კითხვის მოულოდნელობის გამო, თუმცა პუბლიკის შესაფერისი პასუხი ვიპოვე: ვერ გრძნობენ, საერთო ენას ვერ პოულობენ, კატალიზატორი სჭირდებათ-მეთქი.

– როგორ, მოლეკულები ადამიანებს ჰგვანან? – მორიგი კითხვით შემომიტია და პასუხის მოლოდინში გაკვირვებული მომაჩერდა.

– უფრო სიყვარულს, – იყო ჩემი პასუხი.

ჩვენიანი ყოფილხარო, – გამოიტანეს ცოტა არ იყოს გაოცებულებმა ვერდიქტი. მას შემდეგ მე „მათიანი” ვარ, ხოლო ისინი – „ჩემიანები”, ანუ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, კონტაქტი შედგა.

მომიტევოს მკითხველმა, თუ შესავალი ცოტა გამიგრძელდა. შესაძლოა, ბლოგის წერას გადავეჩვიე (ერთი თვე გამხდარა, არ შეგხმიანებივართ) ან მონატრებული ენად გავიკრიფე…

მართლაც, ვგავართ კი მოლეკულებს? თუ კარგად დავაკვირდებით მათ ბუნებას, აღნაგობას, ქცევის წესებს, დიდ მსგავსებას ვიპოვით. კონსტანტინე კაპანელი წერს ერთგან: დედაბუნება ვერ ხედავს განსხვავებას ნაპოლეონებსა და სუსუნატის ჩხირებს შორისო. ეს მოსაზრება უფრო მეტადაც შეიძლება გაფართოვდეს და თამამად ითქვას: გამჩენისთვის ერთნი ვართ ჩვენცა და მოლეკულებიც. ვინც მოლეკულების ბუნებას ღრმად ჩასწვდება, ვინც ისწავლის მათთან სასაუბრო ენას, დაინახავს, რომ ისინი უფრო მოწესრიგებულად ცხოვრობენ და იქცევიან, ვიდრე ჰომო საპიენსები.

მოდი, ჯერ ზოგად პრინციპებს გადავავლოთ თვალი. ელემენტები, რაც უფრო შორს არიან ერთმანეთისგან პერიოდულობის ცხრილში, მით უფრო იოლად პოულობენ საერთო ენას და ადვილად წყვილდებიან “შორით დაგვა, შორით ალვის” პრინციპით. წყალბადი და სხვა ტუტე მეტალები ადვილად შედიან რეაქციაში ჰალოგენებთან. მაგრამ როგორ იქცევიან კეთილშობილი აირები? შეურიეთ ერთმანეთს წყალბადი და ჰელიუმი. რამდენიც არ უნდა ვემუდაროთ, რა ძალისხმევაც არ უნდა გამოვიჩინოთ, ჰელიუმი წყალბადთან რეაქციაში არ შევა – “არა შეჯდა მწყერი ხესა”…

კიდევ უფრო საინტერესოდ იქცევიან ორგანული მოლეკულები. ორგანულ ნაერთთა მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები კლასებად ერთიანდებიან მათთვის დამახასიათებელი ზნე-ჩვეულებების მიხედვით, რომლებსაც კლასის ქიმიურ თვისებებს ვუწოდებთ.

ტუტე მეტალებს ნახშირწყალბადებში ინახავენ. ისინი ერთმანეთის მიმართ წლების განმავლობაში ინდიფერენტულნი რჩებიან. მაგრამ საკმარისია, იგივე მეტალები ნახშირწყალბადების ჰალოგენნაწარმებს შევახოთ, რომ ენერგიულად ეკვეთებიან ერთმანეთს.

მაგრამ მარტო მოლეკულების წადილი, შევიდნენ ერთმანეთთან რეაქციაში, არ არის საკმარისი. გარდა ერთმანეთისადმი ლტოლვისა, აუცილებელია მათ შორის კონტაქტიც. თუ მოლეკულები ერთმანეთს არ შეხვდნენ, მათ შორის არც ქიმიური რეაქცია მოხდება. სინჯარაში, კოლბაში, რეაქტორში, გარემოში, ჩვენს ორგანიზმში მოლეკულები გამუდმებით ირხევიან, გამუდმებით ღელავენ, ეჯახებიან ერთმანეთს და თუ ამ შეხვედრისას მათ შორის გაჩნდა სურვილი ურთიერთობისა, დაწყვილდებიან და სხვა ნაერთებად გარდაიქმნებიან, თუ არა – გააგრძელებენ ხეტიალს მათთვის (და არა მარტო მათთვის) უკიდეგანო სამყაროში შესაფერისი პარტნიორის პოვნამდე.

და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც რეაქციის წარმართვას განაპირობებს…

მოდი, ჯერ ამ რეაქციას დავაკვირდეთ:

CH3CH2OH + HOCH2CH->  CH3CH2-O-CH2CH3+ H2O

ეთილის სპირტის ერთი მოლეკულა ეთილის სპირტის მეორე მოლეკულასთან შევიდა რეაქციაში და ეთერად გარდაიქმნა, ხოლო თითოეული მოლეკულიდან გამოდევნილმა H და OH ჯგუფმა ერთად პოვა ნავსაყუდელი წყლის მოლეკულის სახით. ერთი შეხედვით, ამ რეაქციაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ თაროზე შემოდებულ ეთილის სპირტის ბოთლში არსებული მოლეკულებიც ხომ ასევე ბორგავენ და ეჯახებიან ერთმანეთს. რატომ არ მიმდინარეობს მათ შორის რეაქცია? საქმე ის არის, რომ მათ არ ჰყავთ „მასწავლებელი”. ზემოთ მოყვანილ რეაქციაში ერთი “პატარა” უზუსტობაა: არ არის მითითებული კატალიზატორი – ნაერთი, რომელიც ამ მოლეკულებს ერთმანეთთან ურთიერთობის გზას ასწავლის. კატალიზატორიც ისეთივე ჩვეულებრივი მოლეკულაა, როგორიც მორეაგირე კომპონენტები, მაგრამ მას ხელთ თითქოს ჯადოსნური ჯოხი უკავია, რომლის ერთი მსუბუქი აქნევით მოლეკულებს მიახვედრებს (ზოგჯერ აიძულებს), როგორ მოეპყრონ ერთმანეთს. კატალიზატორის “ჯადოსნობა” იმითაც გამოიხატება, რომ თავად ამ დროს უცვლელი რჩება – თითქოს პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდეს.

მოლეკულები, რაც არ უნდა დიდი იყოს მათ შორის ურთიერთქმედების წადილი, ახალი ნაერთის წარმოქმნამდე გრძელ გზას გაივლიან. ჯერ მათ შორის პირველი “გრძნობა” უნდა აღიძრას და ერთმანეთს ხელი ჩასჭიდონ, შემდეგ ხელიხელჩაკიდებულებმა დიდი მთა გადაიარონ (ქიმიაში ამას აქტივაციის ენერგიის გადალახვა ჰქვია). ამ ბარიერის გადალახვა ყველას არ შეუძლია. ზოგს ეს სიმაღლე იმდენად აშინებს, ნაბიჯსაც არ გადადგამს მის გადასალახავად (მაგალითად, პარაფინი და წყალი). ზოგი შედარებით გაბედულია, მაგრამ გზის სირთულეს სათანადოდ ვერ აფასებს და აღმართზე სიარულით დაღლილი მალევე ბრუნდება უკან. მაგრამ არსებობენ მოლეკულები, რომლებსაც იმდენი ენერგია აქვთ, რომ აქტივაციის ბარიერის მთას სულმოუთქმელად გადაირბენენ ხოლმე. ამ სამი ტიპის ნაერთიდან რომელს სჭირდება კატალიზატორი? პირველი ტიპის მოლეკულებთან იგი უძლურია. მესამე ტიპისას შესაძლოა დათვური სამსახური (ისე, რა დააშავა ამ დათვმა) გაუწიოს – მეტისმეტი სიჩქარისგან კისერი მოატეხინოს. აი, მეორე ტიპის “ზანტ” მოლეკულებს კი იგი ნამდვილ მხსნელად ევლინება. ის მათ იმ მოკლე გზას ასწავლის, რომლითაც უფრო მარტივად, უფრო მცირე სიმაღლეზე ასვლით გადალახავენ ამ უღელტეხილს.

მოლეკულების, ისევე როგორც ადამიანთა უმეტესობას ამგვარი მეისრე სჭირდება. მოლეკულათა ურთიერთობაში მათ კატალიზატორები ჰქვიათ, ადამიანთა ურთიერთობაში კი – მასწავლებლები.

მასწავლებელი სწორედ ის კატალიზატორია, რომელიც განათლების მწვერვალისკენ მიმავალ მოსწავლეებს (განურჩევლად მათი ასაკისა) გზას შეუმსუბუქებს, სწორ მიმართულებას მისცემს. და კიდევ ერთი: ასეთი მასწავლებელ-კატალიზატორები მარტო განათლების მისაღებად არ არის საჭირო; ისინი ჩვენ თითქმის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გვეხმარებიან.

P. S. ქიმია ექსპერიმენტული მეცნიერებაა და ყოველ თეორიასა თუ მოსაზრებას ექსპერიმენტული მტკიცებულება სჭირდება. მე ამ კატალიზატორების გამოყენებით ასეულზე მეტი ახალი ნივთიერება მივიღე და საუკეთესო მეგობარი შევიძინე.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...