https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=306&composition=983
https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=306&composition=983
რისი გვეშინია ყველაზე მეტად? ალბათ სიკვდილის, წარმავლობის, დიდი ცვლილებების, განშორების, რაიმე ძვირფასის დაკარგვის, ავადმყოფობის… სია საკმაოდ ვრცელია. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ყველაფერს მაინც ვერც ჩამოვთვლით.
რა გაეწყობა. ადამიანი თავის წარმოსახვასა და ოცნებაშია დიადი, რეალურად კი ერთი სუსტი არსებაა, რომელსაც სიახლის ნელი სიოც კი აკრთობს. ძალისხმევას არ ვიშურებთ ახალ-ახალი ტექნოლოგიების, მანქანების, იარაღის გამოსაგონებლად, ტვინის ყოველი უჯრედი მობილიზებულია ახალი იდეების გენერირებისთვის, რათა როგორმე დავძლიოთ შიში, დავამარცხოთ “მტერი”. გამოვიგონეთ მედიკამენტები, უსაფრთხოების ბალიშები და სხვა საშუალებები, დამცავი სისტემები, ტანკები, თვითმფრინავები, ატომიც კი გავხლიჩეთ. მაგრამ… ყველაზე დიდი მტრის წინაშე უძლურნი ვართ. მასზე ჩურჩულითაც კი არ ვლაპარაკობთ.
რა არის ის, რასაც ასე უსიტყვოდ ვემონებით?
ეს ჟამთაცვლაა!
დრო მიდის, ზოგჯერ მიქრის კიდეც. ვიცვლებით ჩვენ და იცვლება ყველაფერი ჩვენ გარშემო. როგორც ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ, ისე ერთსა და იმავე წამს ორჯერ ვერ იცხოვრებ.
დიახ, ჟამთაცვლამ გაანადგურა უძლეველი იმპერიები, აღგავა პირისაგან მიწისა მრავალი დიდი ცივილიზაცია… რა შემორჩა თუნდაც ძველი ეგვიპტის დიდებიდან? საჰარის უდაბნო და ფარაონთა მარადიული სამყოფელი. პირველი მათგანი ერთ დროს პურის ბეღელი იყო ეგვიპტისა და რომის იმპერიისთვის. პირამიდები კი, თუმცაღა კარშეხსნილნი და გვერდებჩამოქცეულნი, დღესაც დგანან და გვაოცებენ იმდროინდელ ხუროთმოძღვართა სიბრძნით.
რატომ გაუძლეს მათ სხვებზე უკეთ ჟამთაცვლის ქარიშხალს? იმ დროის ძლიერთა ამა ქვეყნისათა ამქვეყნიური სადგომიც მდიდრული, კოხტად ნაგები და ლამაზად მოწყობილი ექნებოდათ, მაგრამ ისინი ისევე შთანთქა დროებამ, როგორც მდაბიოთა უბადრუკი ქოხები… მაშ, როგორ გაუძლეს ჟამთასვლას სამარხებმა? ერთი უბრალო მიზეზის გამო – მათ პირამიდის ფორმა ჰქონდათ!

ხეოფსის პირამიდა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რატომ შეიცავს ნავთობი ნაჯერ ნახშირწყალბადებს და არა უჯერებს. მეთანს, რომელიც ალკანების უმარტივესი წარმომადგენელია, პირამიდის მსგავსი აღნაგობა აქვს. ნახშირბადატომი, ფარაონის მუმიის მსგავსად, ამ პირამიდის შუაგულში “განისვენებს”, წვეროებში კი წყალბადის ატომები მოკალათებულან გუშაგებად. ნახშირბადატომისკენ მიმავალი ყველა ბილიკი ყველა მისადგომიდან ერთნაირია, მოლეკულა უზადოდ სიმეტრიულია და სწორედ ეს უზადო სიმეტრიულობა სძენს მას იმ სტაბილურობას, რომელსაც შეუძლია საუკუნეებს გაუძლოს, მომხდური ნაწილაკები აირიდოს, რეაქციაში არ შევიდეს.
ხეოფსის პირამიდასაც ალბათ მრავალი ჭურვი მოხვედრია თავის დროზე. ნავთობსაც არაერთი მძიმე დღე გადაუტანია მიწის წიაღში საუკუნეების განმავლობაში მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე…
მეთანის სტაბილურობას, სიმეტრიულობასთან ერთად, განაპირობებს ის “სიმშვიდეც”, რაც ამ მოლეკულის შიგნით სუფევს (თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სიმეტრიულობა უშუალო კავშირშია ამ მდგომარეობასთან). ნახშირბადი მართლაც მეფური სიდინჯით დაბრძანებულა თავის ტახტზე. სიმშვიდის საფუძველს მას ის ატომები (წყალბადატომები) აძლევს, გარს რომ ახვევია. “მეფესა” და “მცველებს” შორის თითქმის იდეალური ჰარმონიაა – ამ ელემენტთა მცირედ განსხვავებული ელექტროუარყოფითობა მათ დამაკავშირებელ სიგმა ბმას უმნიშვნელოდ პოლარულს ხდის, ამიტომ ნახშირბადი მისი პირამიდის სიახლოვეს ჩავლილი თავზეხელაღებული იონების მიმართ სრულიად ინდიფერენტულია. ერთადერთი მომხდური, რომელსაც შეუძლია პირამიდის ერთიანობა (სიმეტრიულობა) დაარღვიოს, რადიკალია, ისიც – მაღალი ენერგიისა. ასეთ ნაწილაკებთან შეხვედრისას პირამიდის წვეროებში დადარაჯებული წყალბადატომები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვიან და უცხო ატომებს იგერიებენ. მაგრამ ზოგჯერ მეთანის პირამიდა ამ ბრძოლაში მარცხდება. მაშინ ნახშირბადის ამალიდან ერთ-ერთი წყალბადის ატომი თავს წირავს – თავის ადგილს მომხდურს უთმობს. ახალი ატომი არღვევს იმ ერთიანობას, იმ იდილიას, იმ სიმეტრიას, რომელიც მანამდე სუფევდა ამ “სამეფოში”, ამიტომ მეთანის მოლეკულა შემდგომ გარდაქმნებს ადვილად ემორჩილება – მოლეკულის შიგნით არსებული დაძაბულობა უმალ აისახება მის ხასიათზე. ასეთი მოლეკულა ადვილად იღებს ახალ გამოწვევებს და ახალ “კონფლიქტებში” ებმება.
ზოგჯერ მეთანის ციხესიმაგრის ასაღებად ტროას ცხენსაც იყენებენ. თუ ვინმემ უფრო დიდი სამეფოს შექმნა მოინდომა, ვიდრე ერთი ციცქნა მეთანის მოლეკულაა, მაშინ მეთანის პირამიდაში ჯერ ტროას ცხენი უნდა შეგზავნოს. მაგალითად, მეთანისგან მიიღოს ეთანი:

რეაქციის ამ ფორმით წარმართვას დიდი დღე არ უწერია. მაგრამ თუ მაინც გვინდა, მეთანისგან ეთანი მივიღოთ, მაშინ ჯერ ქლორმეთანის სინთეზია საჭირო:

კიდევ არაერთი მსგავსი ანალოგიის პოვნა შეიძლება. ეს იმიტომ, რომ, როგორც ხშირად მითქვამს, მაკრო და მიკრო სამყაროები ერთიანი სამყაროს ნაწილებია და ერთიან კანონებს ემორჩილება.
ბავშვობაში, როდესაც მუსიკის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ მესმოდა, ჩემთვის სულერთი იყო, რას ვუსმენდი. უბრალოდ, მსიამოვნებდა ის ხმაური, რომელიც ძველი ხმის გამაძლიერებლებიდან მოდიოდა. დიახ, სახლში მეც ძველი საბჭოთა „პრაიგრივაწელი” მქონდა, აი, ფირფიტები რომ იდება, ის. ხანდახან ნემსის გაწმენდა ან სულაც გამოცვლა რომ სჭირდებოდა, ერთი ზოლიდან მეორეზე ნორმალურად რომ გადასულიყო და შეუფერხებლად დაეკრა.
მახსოვს, ბევრი ფირფიტა გვქონდა, თუმცა იყო მათ შორის ერთი, რომლის მოსმენაც განსაკუთრებით მსიამოვნებდა. რუხი გარეკანი ჰქონდა, შუაში ფოტოთი, რომელზეც ოთხი ადამიანი იყო აღბეჭდილი. შიგნით შავი ფირფიტა იდო წითელი ეტიკეტით და რუსული წარწერით „Мелодия”.
სწორედ ამ ფირფიტის მოსმენისას გავიგონე პირველად განსხვავებული ჟღერადობა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

ფოტოზე აღბეჭდილი ოთხი ადამიანი ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი იყვნენ, ფირფიტას კი ორ ენაზე ეწერა: „The Beatles. A Taste of Honey/Битлз. Вкус Меда”. თითქმის დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ექნებოდა შინ ასეთივე ფირფიტა (რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმღერების ნაკრები ყოფილა და „Beatles”-ს ამ სახელწოდების ალბომი საერთოდ არ გამოუშვია).
არაბუნებრივი და ძალიან სასიამოვნო – აი, როგორი განწყობა მეუფლებოდა ჯგუფის მოსმენისას. მერე გავიზარდე და უკვე მაგნიტოფონი საშუალებით, აუდიოკასეტაზე ვუსმენდი „ბიტლზს”. მერე იყო კომპაქტდისკი, კომპიუტერი… ახლა კი ეს ბენდი ჩემი iPod-ის განუყოფელი ნაწილია კლასიკურ ჯაზთან, ბლუზთან, „Pink Floyd”-სა და კიდევ რამდენიმე მართლაც ეპოქალურ მუსიკალურ მოვლენასთან ერთად. ასე რომ, შეიძლება ითქვას, „The Beatles”-ს ყოველდღე თან ვატარებ.
ოთხ ლივერპულელ ახალგაზრდაზე ბევრი თქმულა და, სავარაუდოდ, უფრო მეტი დაწერილა, ახალს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ რამდენიმე საინტერესო დეტალზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.
ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ „Beatles”-მა როგორც ჯგუფმა ამ შემადგენლობით სულ ათი წელი იარსება. ხოჭოები იმდენად პოპულარულები იყვნენ, რომ ლენონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, ჩვენ მსოფლიოში ქრისტეზე მეტად ცნობილები ვართო. მართალია, ამით მათ არაერთი რელიგიური ორგანიზაციის გულისწყრომა დაიმსახურეს, ხოლო სამხრეთ აფრიკაში მათი მუსიკა 1971 წლამდე აკრძალულიც კი იყო, მაგრამ „ბიტლზის” პოპულარობის დონის განსაზღვრა ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
აკრძალული გახლდათ „ბიტლზის” მუსიკა საბჭოთა კავშირშიც. ჩემ მიერ უკვე ნახსენებმა სტუდია „მელოდიამ”, რომელიც 60-იან წლებში ერთადერთი სტუდიური მწარმოებელი იყო საბჭოეთში, უარი თქვა ჯგუფის ჩანაწერების გამოშვებაზე. მიზეზი: „მათნაირი მუსიკოსები, რომლებიც მუსიკალური ხელოვნების ფსკერზე არიან დაცემულნი, საბჭოთა ჩანაწერებში ადგილს არ იმსახურებენ”. თუმცა ჩანაწერებმა, მიუხედავად ყველაფრისა, როგორღაც მოახერხა „რკინის ფარდის” გარღვევა. ბიტლომანებმა სწრაფად გაამრავლეს და გაავრცელეს აუდიომასალა. საბჭოეთისთვის ეს სერიოზული პრობლემა იყო, რადგან ხალხი იმას აკეთებდა, რაც არ სურდა მმართველ ძალას: უსმენდა თავისუფალ მუსიკას – კლიშეებისგან, სტანდარტებისა და ჩარჩოებისგან თავისუფალს. BBC-ს ერთ-ერთ სიუჟეტში ისიც კი ითქვა, რომ „ბიტლზმა” დიდი როლი შეასრულა საბჭოთა ხალხში ანტიტოტალიტარული აზროვნების ჩამოყალიბებაში. შესაძლოა, სწორედ მათი და შემდეგ სხვა, უკვე საბჭოთა ჯგუფების გავლენა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სისტემის რღვევა გამოიწვია. ამ მოსაზრებას შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება უარვყოთ კიდეც. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მნიშვნელოვან ფაქტორად განვიხილავთ კულტურას საზოგადოებისთვის. პირადად მე მას ძალიან დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი.
ქართველი ბიტლომანებისთვის „ხოჭოების” ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია, ალბათ, „Back in The USSR”-აა („უკან, საბჭოთა კავშირში”), რომლის ტექსტში საქართველოც არის მოხსენიებული: „Georgia’s always on my mind” – „საქართველო მუდამ ჩემს გონებაშია” (ფრაზა აღებულია რეი ჩარლზის ცნობილი ტრეკიდან, რომელიც ბლუზის ლეგენდამ შტატ ჯორჯიას მიუძღვნა, „ბიტლზმა” კი ის საბჭოთა კავშირს მოარგო და ჩვენებურ „ჯორჯიაზე” იმღერა). პოლ მაკარტნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ ეს არის სიმღერა რუს ჯაშუშზე, რომელიც დიდხანს იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, მერე კი თავის ქვეყანას დაუბრუნდა.
სხვათა შორის, დღემდე არსებობს მოარული აზრი, რომ „ბიტლზმა” საბჭოთა კავშირში საიდუმლო კონცერტი გამართა საგანგებოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკთა შვილებისთვის. ბევრს ჰგონია, რომ ზემოხსენებული სიმღერა სწორედ ამ კონცერტისთვის შეიქმნა. რუსეთში „ბიტლზის” ზოგიერთ ფანს ამ ვერსიისა დღესაც სჯერა, თუმცა რამდენად რეალურია იგი, ძნელი სათქმელია.
როგორც უკვე გითხარით, „ბიტლზის” მუსიკის აღსაქმელად მთავარი პირადი ემოციებია. პოსტის ბოლოს სწორედ მათ გაგანდობთ:
არასოდეს შევიტან ეჭვს ფრაზაში „მიეცით შანსი მშვიდობას” („Give Peace a Chance”),
ყოველთვის მწამს, რომ „რაც გვჭირდება, სიყვარულია” („All You Need Is Love”)
და ვერასოდეს ვიპოვი საყვარელი ადამიანისთვის გრძნობის გაზიარების უკეთეს საშუალებას, ვიდრე ეს სიმღერაა:
უძველეს ცივილიზაციებში წიგნიერება პიქტოგრამებისა და სასცენო კოლაჟების ამოკითხვას, ამ გამომსახველობითი ფორმებით წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებასა და გააზრებას მოითხოვდა. შუმერულ და ასურულ ცივილიზაციებში ამ უნარ-ჩვევას მხოლოდ მეცნიერთა და სასულიერო პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ფლობდა. მოგვიანებით, კლასიკურ საბერძნეთსა და რომში, წერა-კითხვა და საბაზისო მათემატიკური კომპეტენცია საზოგადოების შეძლებული ფენის პრივილეგია გახდა. შემდეგ, შუა საუკუნეების ევროპაში, სასულიერო სწავლების გავრცელებას, რენესანსსა და ბეჭდვითი ტექნიკის განვითარებას წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის მატება მოჰყვა, მე-19 და მე-20 საუკუნეებში კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სავალდებული სასკოლო განათლების პოლიტიკამ წერა-კითხვის ფართო მასებში გავრცელება მოიტანა.
კახეთი. ზაფხულის სოფლური, მსუყესურნელიანი საღამო. მე და თომა მაღაზიიდან ვბრუნდებით ჩიპსით, ორცხობილათი და ათასგვარი სხვა სასუსნავით არცთუ ისე დამძიმებულები (კარგა ხანია დავასკვენი: სასუსნავს წონა არ აქვს და ყოველთვის ცოტაა). თომა პატარაა, ექვსი წლის, და, მე რომ მკითხოთ, სულ თოთოა, ჰოდა, მით უმეტეს, ძალიან მიკვირს, როგორ შეუძლია ამ თოთო თომას, მესაუბროს ჰარი პოტერის ფენომენზე და შეჩვენების წმინდა ქართულ ფენომენზე კიდევ ერთხელ დამაფიქროს. თომას პოტერიადა კეთილია და მიხარია. და ვინაიდან თომა ჩემი ძმისშვილია და მასზე არა მხოლოდ მზე და მთვარე, არამედ ყველა პლანეტა თუ ვარსკვლავი ამომდის, ჩემთვის ის ბრძენია, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმგრძნობი. მაგრამ შესაძლოა მანაც არ იცოდეს, რატომ დარჩა კნუტი უდედოდ: სოფლის შარაზე თაგვისოდენა, ჯერ კიდევ თვალაუხელელი კნუტი დაბობღავს. ვიღას ახსოვს ყოვლისშემძლე ჰარი, – უსუსური კნუტის ბედი გვაწუხებს. დედაჩემს ვურეკავ, წამოვიყვან, თორემ ან მანქანა გადაუვლის, ან ნიავი წაიღებს-მეთქი. მაგრამ რაკი დედაჩემს კატებზე ალერგია აქვს, კნუტს ნიავისა და მანქანების პირისპირ ვტოვებთ. თომა ტირის. მე ვამშვიდებ ისევე, როგორც თქვენ დაამშვიდებდით თქვენს შვილებს, ძმისშვილებსა თუ დისშვილებს: „დედიკო მოვა და წაიყვანს, აქ არ დატოვებს”. მაგრამ რადგან თომა ბრძენია, ჩემი ერთი სიტყვისაც არ სჯერა.
|
„წითელი პორნოგრაფი” – ასე უწოდეს კრიტიკოსებმა მწერალს, რომლის მიმართაც მკითხველს იშვიათად რომ ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდეს. ის ან უყვართ, ან სძულთ. სძულთ ისეთივე გაშმაგებით, როგორითაც ხოტბას ასხამენ მწერლის ერთი შეხედვით დეპრესიულ პროზას. სძულთ მორალისტებს, ნეოფაშისტებს, ანტიფემინისტებს, მორწმუნეებს, ალბათ კაცებსაც (ზოგიერთს მაინც), სძულთ მათ, ვინც წიგნებისგან ესთეტიკურ ტკბობას, მშვენიერი გამოგონილი სამყაროს აღწერას მოელის.
ავსტრიელი მწერლის ელფრიდე იელინეკის წიგნებში კარგი ამბავი იშვიათად ხდება. „კარგიც” პირობითი ცნებაა. ბრიგიტა პატრონს ჩაბარდა, პაულამ თავი აიშვა… ვერ ვხვდებით, გაგვიხარდეს თუ გვეწყინოს. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, გაგვეღიმება მაინც და გაგვახსენდება, რომ ერთი ასეთი ამბისთვის ჩვენც მოგვიკრავს ყური – საქართველო ხომ ქვეყანაა, სადაც გათხოვება, კარგ ბედში ჩავარდნა ქალის ცხოვრების მიზნად მიიჩნევა. უცნაური მხოლოდ ის არის, ავსტრიაშიც ასე რომ ყოფილა და ალბათ ასევე იქნება არგენტინასა და უგანდაშიც, ჰომო სავეტიკუსის ფსიქოლოგია არაფერ შუაში ყოფილა. ვაშა!!!
„თუ ვინმეს ბედი ჰქონია, კაცი ყოფილა. თუ ბედი ეღირსა, ქალია”; „სამწუხაროდ, ცხოვრება ხშირად მანქანით ჩაიქროლებს ხოლმე, ველოსიპედით ვერ დაეწევი”, – წერს იელინეკი და მისი ქალებიც ყოველ ღონეს ხმარობენ, ყველა ღირსებას გამოფენენ, რომ კარგ ბედში ჩავარდნენ. არც თავის დამცირებას თაკილობენ. მთავარია, ცხოვრებამ სხვებივით გვერდით არ ჩაუქროლოთ და სანამ ბაზარზე გამოტანილი მათი სხეული ჯერ კიდევ ქორფაა, სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ სხვებთან კონკურენცია, გასაღდნენ. დრო არ ითმენს – ბაზარზე ხომ სხვა სხეულებიცაა გამოფენილი; ვაითუ ცხოვრებამ გვერდით ჩაუქროლოთ და მათ დაემსგავსონ, ვისთვისაც ბედმა ფაბრიკისა და აზღუდების კერვის მეტი ვერაფერი გამოიმეტა.
მწერალი რომან „საყვარლებში” ამბობს რომ , მამაკაცებს ყოველთვის სჭირდებოდათ ქალი და მოიხმარდნენ კიდეც, მაგრამ თვითონ არაფრით უნდათ უკვე ასეთი ქალის შეძენა და მოხმარება. პროსტიტუცია არ არსებობს, მაგრამ არსებობს უთვალავი უკანონო ბავშვი, რომელთა გაჩენაც არ შეიძლებოდა, ჰოდა, იდგეს ახლა და თვითონ აკეთოს ყველაფერი. ის საქმეც, რაც კაცის გასაკეთებელია – შევედავოთ? ვფიქრობ, გაგვიჭირდება. იელინეკის პროზა ცივ შხაპს ჰგავს, რომელიც მასკულინურ საზოგადოებას საკუთარ სისუსტეებს შეახსენებს.
მწერლის დაუსრულებელ ნეგატივზე აგებულმა რომანებმა შესაძლოა ფსიქოზამდეც კი მიიყვანოს მკითხველი. სუსტი ნერვების პატრონებს და იუმორის გრძნობას მოკლებულებს იელინეკის რომანების კითხვას არ ურჩევენ. მათში მთელი სიმძაფრით წარმოჩნდება ადამიანთა ზიზღი და თვითგადარჩენის ინსტინქტი. თუმცა ამ ყველაფერზე ელფრიდე იელინეკი შესანიშნავად წერს. მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებიც და კრიტიკოსებიც ერთხმად აღიარებენ, რომ იელინეკი დიდოსტატია. ის არც მდაბიური ენის გამოყენებას ერიდება – მისი გმირები ასე მეტყველებენ, მაშ, ვის უნდა ვეკეკლუცოთ ლიტერატურული ენის სიწმინდით?
ელფრიდე იელინეკის „საყვარლები” ქართულად ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა. თარგმანი გოეთეს ინსტიტუტის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა და ერთ-ერთ საუკეთესო ქართულენოვან თარგმანადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. თავად იელინეკი რომანს ასე აფასებს: „ეს პატრიოტული რომანი არაა. არც სასიყვარულო რომანია, თუმცა ჰგავს კია. თუმცა, ერთი შეხედვით, სამშობლოსა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, ის სამშობლოსა და სიყვარულს არ ეხება. ეს არის რომანი საგნის, პაულას შესახებ”. და ბრიგიტას შესახებაც, რომელმაც ერთ დღეს ქალობა გადაწყვიტა, ნამდვილი ქალობა, ერთი ტიპისთვის, რომელსაც ჰაინცი ჰქვია. პაულასაც ჰყავს თავისი კაცი – ერიხი. ბრიგიტაც და პაულაც მთელი რომანის განმავლობაში ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ თავიანთი კაცები ჰყავდეთ. კაცი როცა გყავს, მერე გასუქებაც შეიძლება და დიდად აღარც მუშაობა გიწევს. სამუშაო ხომ, თუნდაც სიამოვნებით ასრულებდე, განსაცდელია. ამას ის მცდარი ცხოვრებაც სჯობს, დიასახლისობა რომ ჰქვია და მიგიწებებს, თუ გაბრიყვდი და მიეკარე.
„საყვარლები” არ არის კლასიკური რომანი. ის განსხვავებულია – ფორმით, სტრუქტურით, ენით, და თუ ლიტერატურა თქვენთვის კონსერვატიულ სივრცეს არ წარმოადგენს და ეძებთ წიგნს, რომლის კითხვა სიამოვნებას მოგანიჭებთ, უკეთესს ალბათ ვერაფერს გირჩევთ ცხელ ზაფხულში წასაკითხად.
რაც შეეხება თავად მწერალს. ელფრიდე იელინეკს 2004 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიანიჭეს, თუმცა მან ძლიერი სოციალური კლაუსტროფობიის გამო შვედეთში ჩასვლა ვერ შეძლო, სამადლობელი სიტყვა კი ვიდეოჩანაწერის სახით გაგზავნა. კარგი და კეთილი ამბები არც მაშინ მოუყოლია. საჯარო ლექციაზეც დაუზარლად ჩააწერინა ჟურნალისტებს თვითმკვლელობის იდეალური რეცეპტი და დასძინა, ყველა წინა მცდელობა უიღბლო მქონდა, ეს თვალებსაც კი არ დაგისივებთო. მწერალი ქალთა მიმართ ძალადობაზე ყურადღების გასამახვილებლად ხშირად მიმართავს რადიკალურ პროტესტს. პერფორმანსებს მართავს და ამ გზით ცდილობს ქალთა უფლებების დაცვას. იელინეკის შემოქმედების მთავარი თემები ქალთა სექსუალობა და ავსტრიის საზოგადოებაა, რომლისთვისაც ნაცისტური წარსული დღემდე ვერ უპატიებია. 1974-დან 1991 წლამდე ავსტრიის კომუნისტური პარტიის წევრიც იყო, თუმცა დღეს კომუნისტებიც სძულს, ისევე, როგორც მემარჯვენე ექსტრემისტები.
აი, ასეთია „წითელი პორნოგრაფი”, რომლის კიდევ ერთი რომანის, „პიანისტი ქალის” ქართული თარგმანსაც მოიძიებთ წიგნის მაღაზიებში.
|
უცხო სიტყვათა ლექსიკონში „ექსკურსია” ასეა განმარტებული: კოლექტიური დათვალიერება რისამე; გამგზავრება, გასეირნება სასწავლო, სამეცნიერო, სპორტული ან გართობის მიზნით.
მშობლებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ, მათი შვილები კარგად სწავლობდნენ. ისინი ზრუნავენ შვილების წარმატებაზე და მზრუნველობის ერთ-ერთი საგანი საშინაო დავალების შესრულებაა.
რა მოგდით პირველად თავში მოზარდის ხსენებისას? აღმოჩნდა, რომ უფროსების უმრავლესობა მათ ზედაპირულებად, ჯიუტებად, ზარმაცებად იხსენიებს, მაგრამ მშობლებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ყველა მოზარდი ერთნაირი არ არის. მრავალი მათგანი მშვიდი ხასიათით, სწავლისადმი ინტერესითა და კარგი დისციპლინით გამოირჩევა. მოსაზრება, რომ ყველა მოზარდი ზარმაცი და უპასუხისმგებლოა, ერთგვარი სტერეოტიპია. ამ სირთულეთა მიზეზი მხოლოდ გარდატეხის ასაკი არ არის, ხოლო კონკრეტული ასაკისთვის დამახასიათებელი კრიზისი ფიზიკური, გონებრივი თუ სოციალური თვალსაზრისით განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელია.