ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026
15 ივლისი, ოთხშაბათი, 2026

სკოლა – განვითარების ლოკომოტივი

0

დედაქალაქში, მთაწმინდის ძირას გაშენებულ ვერის უბანში, უამრავი მშვენიერი პატარა აღმართია. ერთ-ერთ ასეთ აღმართზე, უძველესი ღვინის ქარხნის გვერდით, ოთხსართულიანი მოცისფრო-მომწვანო შენობა დგას. ეს ჩემი სკოლაა… ხშირად მიწევს მის წინ ავლა-ჩამოვლა, კვირაში რამდენჯერმე ვხედავ ამ სასწავლებელს, მის შესასვლელთან შეგროვილ მშვიდ მშობლებსა და ხმაურიან მოსწავლეებს. ერთ დროს მქუხარე გიმნაზიის აქა-იქ ჩამონგრეულ საბჭოთა სტილის ფასადს გულგრილად ვერასდროს ვუყურებ. ალბათ იფიქრებთ, რომ ეს ამ უცნაურად შეღებილ შენობაში გატარებული ბედნიერი თორმეტი წლის ბრალია. ცხადია, არც შეცდებით, თუმცა ჩემს ემოციას აქვს სხვა სერიოზული საფუძველიც.

შუა საუკუნეებსა თუ ახალ ეპოქაში საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველი მთავარი ძალა მხედრული სიმამაცით, სიმდიდრით ან ღვთისმსახურებით გამორჩეული მოქალაქეები იყვნენ. მრავალი მკვლევარი სერიოზული არგუმენტების მოშველიებით ამტკიცებს, რომ დასავლეთში ეს დრო დასრულდა. ათეულობით წელია, ევროპის განვითარების მთავარ ფაქტორს, ლოკომოტივს განათლება წარმოადგენს. ცოდნაზეა დაფუძნებული ეკონომიკა, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო. პროფესიონალთა არსებობისთვის აუცილებელ ნოყიერ ნიადაგს კი, უპირველესად, მაღალი კლასის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ქმნის. საქართველოში, მის ქალაქებსა თუ სოფლებში, სწორედ ამგვარი სასწავლებლების ნახვაზე ვოცნებობ მშობლიური სკოლის დანახვისას.

როგორია თანამედროვე სკოლა ?

ბუნებრივია, სკოლა უპირველესად სწავლების შინაარსით ფასობს. ამ თემაზე პედაგოგიკის სპეციალისტები უკეთ ისაუბრებენ, მე კი მინდა, სასწავლო პროცესისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებზე გავამახვილო ყურადღება:

. თანამედროვე, უბრალო ევროპული სკოლისთვის დამახასიათებელია თავისუფლების მაღალი დონე, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დამოუკიდებელ თანამონაწილეობას გულისხობს. მშობლები, მასწავლებლები და ზედა საფეხურის მოსწავლეები ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ერთობლივად ადგენენ რესურსების განაწილებისა თუ განკარგვის ძირითად გეგმას. სასკოლო საზოგადოების ნება ფაქტობრივად დაუძლეველია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსათვის.

ასეთ სკოლებში ფართო თვითმმართველობის სტრუქტურათა გვერდით აუცილებლად არის ინფორმაციის გავრცელების სპეციალური საშუალებებიც. სასკოლო გაზეთი, რადიო თუ ვებგვერდი საჯარო განხილვების მთავარი ასპარეზია, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები თემში, დასახლებასა თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას ცდილობენ. შედეგად ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმის პირველ გამოცდილებას იძენენ, საზოგადოებას, ირგვლივ მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფს კი მისთვის მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზების საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევა.

სკოლებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია უსაფრთხოებაც. თუმცა განვითარებულ სამყაროში ეს ცნება მოსწავლეთა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ-ემოციურ დაცვასაც გულისხმობს. მაშასადამე, სასკოლო გარემოში ადამიანები დევნისგან, შევიწროებისგან, დაცინვისა და დისკრიმინაციისგან შედარებით თავისუფალნი არიან. უსაფრთხოების გარანტი, დაცვის სამსახურთან ერთად, ფსიქოსოციალური კაბინეტი და თითოეული შემთხვევისთვის საგანგებოდ მოწვეული, მუდმივად განახლებადი ზრუნვის კომიტეტებიც არის.
ყველა მოდერნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ცდილობს უმცირეს კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას. ძნელია იპოვო სკოლა, რომელსაც თეატრალური დასი, მომღერალთა გუნდი ან მინიორკესტრი არ ჰყავდეს. რაც მთავარია, მოსწავლეთა კულტურულ აქტივობას მხარს უჭერენ სახელმწიფო და საზოგადოება.

სასურველ, ოპტიმალურ სასკოლო კლიმატზე მეცნიერები – დისერტაციებს, ხოლო პოლიტიკოსები პარტიულ პროგრამებს წერენ.

ამ თემაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ერთი რამ ნათელია – “ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მხოლოდ მცოდნე კაცია”.

ძლიერი პიროვნების ჩამოყალიბება მხოლოდ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღებ, დაუბრკოლებლად ინფორმირებულ, საზოგადოებრივი პროცესებით დაინტერესებულ, დისკუსიებისთვის გახსნილ, კულტურულად აქტიურ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო საჯარო სკოლას შეუძლია.

ზომიერად პირადული პოსტი

0

ზამთარი ერთი
დიდი დღესასწაულია. არამხოლოდ შობა-ახალი წლის გამო – შობა-ახალი წელი ხომ ტროპიკებშიც
დგება, მიუხედავად მათი სრულიად არატროპიკული ხასიათისა. ტროპიკულ ქვეყნებში მაინცდამაინც
ვერც ბუხრის საჭიროებას ხედავენ, ჰოდა, აბა, რომელი საკვამურიდან ჩამოძვრეს სანტა კლაუსი?!
მაგრამ ახალი წელი ყველგან უნდა დადგეს და სანტასაც მეტი რა გზა აქვს – მარხილსა და
ირმებს სადღაც ლაპლანდიაში ტოვებს და ტროპიკებს სრულიად არასანტურად გამოწყობილი, საცურაო
ტრუსებითა და სერფინგის დაფით სტუმრობს.

ცხელი ქვეყნების
მკვიდრებს ბედმა უმტყუნა – მათთვის ზამთარი დღესასწაული ვერ იქნება, რადგან სუსხი ვერასოდეს
აიძულებთ სახლში, ღუმელთან მოკალათებას და წიგნების კითხვას მაშინ, როცა გარეთ ცოცხალი
თუ არაცოცხალი ინგრედიენტებისგან ვეება ნაყინი მზადდება.

სიმყუდროვის მაძიებლისთვის
მისი პოვნა ყველაზე ადვილი მაინც ზამთარშია. სწორედ ამგვარი სიმყუდროვე მინდოდა საახალწლო
საჩუქრად ძმისშვილისთვის და სულაც არ ვაპირებდი, ის სანტასთვის დამებრალებინა, – ბოლოს
და ბოლოს, ამ კეთილ პაპას ისედაც ურიცხვი დაბრალებული საჩუქარი ჰქონდა მოსატანი. თანაც
საყვარელ ძმისშვილს აუცილებლად საყვარელმა მამიდამ უნდა აჩუქოს ლინდგრენის ახალი ქართული
გამოცემა აურზაურა ბავშვების შესახებ, მერე კი პირველმა თვითონვე წაიკითხოს ეს წიგნი
და თვალდახუჭულმა იოცნებოს, როგორ გამოტენიდა დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამას
ასტრიდ ლინდგრენით. რა თქმა უნდა, პროგრამა სულაც არ არის შემწვარი ბადრიჯანი, რომლის
ნიგვზიანი მასით გამოტენა კარგი დიასახლისის მისიაა და არც ლინდგრენი ჰგავს ნიგვზიან
შიგთავსს, მაგრამ ზოგჯერ მამიდები ძალიან ქარაფშუტულად ფიქრობენ და აზრადაც არ მოსდით,
რომ შესაძლოა, მათმა ძმისშვილებმა ერთ მშვენიერ დღეს ზურგზე პროპელერის მიმაგრება სცადონ
ან, ლოტას მსგავსად, მარტო გადავიდნენ საცხოვრებლად.

 

“ლოტა აურზაურის
ქუჩიდან” ძალიან აურზაურიანი წიგნია. აუცილებელი არ არის, აურზაური ცუდად მთავრდებოდეს;
ლინდგრენის აურზაური კეთილი აურზაურია, მისი ამტეხი ბავშვები კი არასოდეს ისჯებიან
მკაცრად, რადგან ჰყავთ მშობლები, რომლებიც ბავშვობაში ალბათ ასეთსავე კეთილ აურზაურს
ისე მარტივად წამოიწყებდნენ ხოლმე, როგორც შეიძლება წამოიწყო ორნოტიანი სიმღერა. ამ
მშობლებს თავიანთი საყვარელი შვილები: იუნასი – დიდი აურზაურა, მია-მარია – პატარა
აურზაურა და ლოტა – პაწაწინა მჩხავანა, – ყოველ კვირას ქალაქგარეთ, პიკნიკზე მიჰყავთ
და თუ იუნასი შემთხვევით ტბაში ჩავარდა, დასასჯელად მუხლებით აგურის ნაფხვენზე არავინ
დააყენებს. ეგ კი არა, თუ შინ დაბრუნებულ მამას ბავშვების ხმაური არ შემოესმა, აუცილებლად
შეშფოთდება: “აღარ გაბედოთ ჩემი ასე შეშინება! ხმაური და აურზაური მანამდე უნდა
მესმოდეს, სანამ სახლში შემოვდგამ ფეხს, თორემ გული გამისკდება!”

ბედნიერი ბავშვობა
ვისთვის ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული სათამაშოების გორებია, ვისთვის კი – ერთი
შელახული ნაჭრის ღორი, რომელსაც რატომღაც დრუნჩა ჰქვია. ლოტაც, საყვარელი სათამაშოს
სახელი რომ გაამართლოს, ცხოველის ახალ სახეობას, “ღორდათვას” იგონებს და
ჯიუტად ამტკიცებს, რომ მისი ღორდათვა საფრთხობელა კი არა, მსოფლიოში ყველაზე კარგი
ღორდათვაა.

ლოტა, საერთოდაც,
ძალიან ჯიუტია. მას შეუძლია, უარი განაცხადოს ფუმფულა ჯემპრის ჩაცმაზე და ეს სავსებით
საკმარის მიზეზად მიიჩნიოს მარტო საცხოვრებლად. მას შეუძლია, უარი განაცხადოს ხველის
საწინააღმდეგო წამლის მიღებაზე, თუმცა ლოტას მარტო წამლის დალევა კი არა, საღამოობით
დასაძინებლად წასვლაც არ უყვარს, “მაგრამ ეგ მეც არ მიყვარს. საერთოდაც, ვფიქრობ,
რომ დედა ძალიან უცნაურად იქცევა: საღამოს, როცა საერთოდ, აი, საერთოდ არ გვეძინება,
დასაძინებლად გვერეკება, დილაობით კი, როცა თვალების გახელაც კი გვეზარება, დაიჩემებს,
ადექითო”.

რას გაუგებ მშობლებს,
რომლებიც ხანდახან ყველაფერს “უკუღმა” აკეთებენ, შენ კი, სრულიად ბავშვს,
მაგრამ საკუთარ წარმოსახვაში უკვე სოლიდურ, ზომიერად ფერხორციან მამაკაცს/ქალს, ერთადერთი
მისია გაკისრია: “დავატრიალოთ წაღმა უფროსების უცნაურობანი”.

ეს ბავშვები ისეთები
არიან, როგორიც, ძალიან მინდოდა, ბავშვობაში თავად ვყოფილიყავი: ხეზე მწვანე ფანჩატური
მქონოდა და სადილის შემდეგ მორჩენილი მაჭკატები ხის ტოტზევე ფოთლებივით ჩამომეკიდა,
მემღერა მამის ნასწავლები სიმღერა “ფოთლები რა წყნარად შრიალებს”, მერე კი,
მოშივებულს, ეს “ფოთლები” ბეკეკასავით ჩამეხრამუნებინა.

ეს ბავშვები ისევე
უსინდისოდ ატყუებენ ღმერთს საშობაოდ, როგორც მე ვატყუებდი ოდესღაც: “ძვირფასო
ღმერთო, გემუდარები, ახლავე მოვიდეს თოვლი! იფიქრე იმ საწყალ ყვავილებზე, ახლა მიწაში
რომ სძინავთ და თბილ საფარს ნატრობენ… ცოტა ვიცუღლუტე. ღმერთს არ ვუთხარი, რომ თოვლი
სინამდვილეში ჩემი ციგის გამო მინდა”.

ამ ბავშვებს ზუსტად
ისეთი შობა აქვთ, როგორის დადგომასაც მთელი ბავშვობა ვნატრობდი, მაგრამ ჩემ ახლომახლო
არც კარლმანის საკონდიტრო იყო და მეცხრე ბლოკიც წამდაუწუმ გვახსენებდა, რომ ბნელი ოთხმოცდაათიანების
შვილებისთვის შობა მსოფლიოში ყველაზე არაშვედური რამაა.

ჩემი სკოლის ბიბლიოთეკა

0

უცნაური თვისება მაქვს, არ ვიცი, შეძენილი თუ თანდაყოლილი: ყველა წიგნი მახსოვს სად წავიკითხე – ჩვენი ოჯახის წიგნის თაროდან ჩამოვიღე, საჯარო ბიბლიოთეკაში ვნახე, სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, სასახლისა იყო თუ უნივერსიტეტის.

ფსიქოლოგები ალბათ რაიმე ლათინურ სახელს დაარქმევდნენ ჩემს ამ მეხსიერებას. იქნებ არც არაფერი ერქვას, – მთავარია, რომ ტექსტი, რომელიც რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში თავს მახსენებს, იმ ადგილის ხსოვნასაც ინახავს, სადაც მას ვკითხულობდი. ამ თვისების წყალობით ვპოულობ ხოლმე დაკარგულ წიგნებს…

ჩემს სკოლას არცთუ დიდი, მაგრამ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა, განსაკუთრებით – საბავშვო, და მე მისი ხშირი სტუმარი ვიყავი. ზოგჯერ პირველ გაკვეთილზე გამოტანილ წიგნს გაკვეთილების ბოლოს უკანვე ვაბრუნებდი წაკითხულს (ბევრი უინტერესო გაკვეთილი გვიტარდებოდა და რა უნდა მექნა).

სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე ჩემი ბავშვობის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი წიგნი – პატარა მაწანწალას სევდიან ამბავზე, ლონდონის ჯურღმულებში გატარებულ დღეებზე, ცირკის მსახიობ უსახლკარო ბიჭსა თუ პარიზელ გავროშზე, რომელიც დიდხანს რჩებოდა ჩემთვის ფრანგული რევოლუციის სიმბოლოდ.

ამ ბიბლიოთეკამ გამაცნო მერი პოპინსი და ვარსკვლავიანი თაფლაკვერები, მაწანწალა რასმუსი და შესანიშნავი ოჯახის საზაფხულო ისტორიები სალტკროკაზე.

სკოლის ბიბლიოთეკამ მაჩუქა რეზო ინანიშვილის მოთხრობების უკეთილშობილესი გმირები, გურამ რჩეულიშვილის ამაყი და სიცოცხლით სავსე პერსონაჟები, არჩილ სულაკაურის “სალამურას თავგადასავლის” საოცარი სამყარო, ციცინათელებისა და ჭიამაიების მწყემსი გოგო-ბიჭი, გოდერძი ჩოხელის სევდიანი სიკეთე და გიორგი ლეონიძის პროზის წყალუხვი და ფერუხვი ქართული.

ბიბლიოთეკის წიგნები იყო ჩემი გაუმხელელი სიყვარულის თანაზიარი – ინგლისური რომანები, ფრანგული პროზის შეყვარებული ქალები, მერე – ანა კარენინა, ტატიანა ლარინა, მიხეილ ჯავახიშვილის ხევსური ხათუთა.

მერე თანდათან ვიზრდებოდი, სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებიც იცვლებოდა. ცოტა ჰემინგუეი, დოსტოევსკი, ჩეხოვის პიესები, მერე – აღმოსავლური მწერლობა, მაშინ ჩემთვის ასე უცხო და საინტერესო აკუტაგავა, აქვე – თომას მანიც, ჰესე, ფოლკნერი…

მახსოვს ის დღეები – მივიდოდი დილით, გამოვიტანდი წიგნს (ბიბლიოთეკარი თაროებთანაც მიშვებდა ხოლმე), მერე ვიჯექი კლასში და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა გაკვეთილზე ვკითხულობდი. კლასში კი ახალი ფარდების ყიდვისა თუ საშინელი, მხრჩოლავი “კერასინკისთვის” ნავთის მოტანის საკითხი განიხილებოდა.

მე ამ დროს ნატაშა როსტოვას პირველ მეჯლისზე ვცეკვავდი, აღდგომის კუნძულების საიდუმლოებს ვიკვლევდი ან კორფუს მზეს ვეფიცხებოდი ჯერალდ დარელის უსაყვარლესი წიგნის სხვა პერსონაჟებთან ერთად.

მოკლედ, დედაჩემის მერე, რომელიც, მას შემდეგ, რაც კითხვა ვისწავლე (5 წლისა გამართულად ვკითხულობდი), მირჩევდა და მთავაზობდა წიგნებს, მკითხველი ჩემში ჩემი სკოლის ბიბლიოთეკამ გაზარდა.

ცოტა ხნის წინ ასეთი ამბავი შემემთხვა:

ბუკინისტების აქტიური სტუმარი ვარ, ხშირად დავხეტიალობ წიგნის მტვრით დაბინდულ მათ მაღაზიებსა თუ ქუჩაში გამოდგმულ, უძვირფასესი განძით დატვირთულ თაროებთან.

ერთ ჩვეულებრივ, მზიან დღეს ხალხით სავსე ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე წიგნის გამყიდველთან შევჩერდი – დავინახე ზოგიერთი ძალიან ნაცნობი წიგნი, ასე ვთქვათ, უცვლელი რეპერტუარი, როგორიცაა რომან მიმინოშვილის მიერ პროზად ნათარგმნი ილიადა, ან კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა”. ასეთი წიგნები ზემოდან აწყვია ხოლმე, სხვა, უფრო საინტერესო საკბილო მათ ქვეშ უნდა ეძებო.

ჰოდა, რამდენიმე წიგნის ქვეშ ვიპოვე გაცრეცილი, უამრავი მკითხველის ხელში გამოვლილი ჟიულ ვერნის “საიდუმლო კუნძული”. არ ვიცი, რით მიმიზიდა, – ალბათ ბავშვობაში ამ წიგნზე დათენებული ღამეების გამო… შუაში გადავფურცლე, მერე – კიდევ, მერე თავფურცელთან დავბრუნდი და აღმოვაჩინე ბეჭდიანი წარწერა – “N სკოლის ბიბლიოთეკა”. ეს წიგნი ჩემი სკოლისა იყო… არ ვიცი, იქ როგორ მოხვდა…
შიშმა შემიპყრო – ნეტავ ისევ არსებობს ჩემი სკოლის ბიბლიოთეკა?
. . .
სკოლა უბიბლიოთეკოდ იგივეა, რაც ქალაქი – მთავარი მოედნის, მოედანი – მთავარი საათის, საათი – დიდი ისრის გარეშე; დრო გაჩერებულია და მას ვერაფერი დაძრავს. ამის თქმა მინდოდა მხოლოდ.

უკუკავშირი, როგორც მეთოდი

0
(ნაწილი პირველი)
მეთოდის მოკლე აღწერა:

უკუკავშირი არის პროცესი, როდესაც მოსაუბრე იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა აღქმული მის მიერ გაცემული შეტყობინება. მაშასადამე, უკუკავშირი ღია პასუხია პერსონის ან ჯგუფისადმი, თუ როგორ იქნა გაგებული  მისი ქცევა  სხვათა მიერ. ამ ტექნიკის სისტემატიური გამოყენება ქმნის მეტ ღიაობას და სიცხადეს ურთიერთობაში და მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. 
მეთოდის ისტორიული განვითარება:

უკუკავშირის კონცეფციის დანერგვა და მისი შემდგომი განვითარება უკავშირდება ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგის კურტ ლევინისა და მისი კოლეგების სახელს. სოციალურ ფსიქოლოგიაში ტარდებოდა სემინარი. სემინარის ყოველი დღის დასრულების შემდეგ მონაწილეები ხვდებოდნენ ერთმანეთს და აანალიზებდნენ, ინტერპრეტაციას უკეთებდნენ და აფასებდნენ სემინარის მიმდინარეობისას  ხელმძღვანელის, თითოეული წევრისა და მთელი ჯგუფის ქცევას. მომდევნო დღეს ხდებოდა სემინარის შემდგომ შეხვედრებზე განხილვის შედეგად მიღებული დასკვნების გათვალისწინება, რაც ხელს უწყობდა როგორც თითოეული წევრის განვითარებას, ასევე ქმნიდა ჯგუფის საერთო დინამიკას და უზრუნველყოფდა უკეთეს შედეგს.    მკვლევარები მიხვდნენ, რომ ეს იყო ახალი, საკმაოდ ეფექტური მეთოდი.  

მეთოდის თეორიული დასაბუთება:

კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში უკუკავშირი ფართოდ გამოყენებადი მეთოდია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც თითოეული პიროვნების, ასევე მთლიანად ჯგუფის განვითარებას. თვითდაკვირვებით მონაწილეები სწავლობენ უკეთ მართონ საკუთარი ქცევა. მეთოდის მიზანია ასევე ადამიანებს შორის ურთიერთობებში ღიაობისა და ნდობის განვითარება, როგორც წინაპირობა ჯანსაღი ურთიერთობებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ამგვარი კომუნიკაციით ურთიერთობები ხდება უფრო ტრანსფარენტული და პატიოსანი. ეფექტური კომუნიკაციის ხელის შემშლელი ფაქტორები ადვილად მჟღავნდება და იქმნება  მისი ერთობლივად დაძლევის  შესაძლებლობა. უთანხმოებები დასაწყისშივე გამომზეურდება და მოგვარდება მანამ, სანამ იგი აგრესიამდე და წინააღმდეგობის გაწევამდე მიგვიყვანს. მეთოდის გამოყენება ასევე ამცირებს უნდობლობის ხარისხს და მცდარად ინტერპრეტირებულ აღქმას.   მის სასარგებლოდ უნდა ითქვას ისიც, რომ იგი საკმაოდ ადვილად განსახორციელებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომელთა შესახებ მეტად მწირი ცოდნა გაგვაჩნია. ჩვენ გვსურს ვიცოდეთ მათი შეხედულებები, ინტერესები, ხასიათი, რაც გაგვიადვილებს მათთან ურთიერთობას და აგვარიდებს კონფლიქტურ სიტუაციებს, გაუგებრობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის დროს ჯგუფური მუშაობისას. უკუაკავშირის ტექნიკების გამოყენება საუკეთესო საშუალებაა როგორც საკუთარი ქცევის, ასევე ჯგუფის დანარჩენი წევრების ქცევის ადექვატურად აღსაქმელად. 

უკუკავშირის ეფექტიანობა პლასტიკურად არის ახსნილი ჯოჰარის ფანჯრის დახმარებით. ჯოჰარის ფანჯარა გრაფიკული მოდელია, რომელიც შეიქმნა 1955 წელს ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგების  იოსებ ლუფტისა და ჰარი ინგჰამის მიერ და წარმოადგენს ჯგუფური პროცესის მიმდინარეობისას საკუთარი თავის შეცნობისა და სხვათა მიერ შენი აღქმის ცვალებადობას. აქ გვაქვს ოთხი ველი, თითოეული მათგანი ადამიანის განსაზღვრული ქცევის სფეროს წარმოადგენს:

ჯოჰარის ფანჯრის აგებულება:

სფერო A

საჯარო სივრცე

 

სფერო C

ბრმა ლაქა

სფერო B

 

პირადი სივრცე

სფერო D

გაუცნობიერებელი

 

 

A სფერო წარმოადგენს პიროვნების საჯარო სფეროს. აქ ქცევის
გარემეობები ცნობილია როგორც თავად ჩემთვის, ასევე ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის.

B სფერო განასახიერებს პირად სივრცეს, მაშასადამე ქმედების
სფეროს, რომელიც ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის ცნობილია, მაგრამ რომელსაც სხვებისთვის
შეგნებულად არ ვხდი მისაწვდომს და ამიტომ ის მათთვის დაფარულია. პიროვნების ასეთი კერძო
ასპექტები უპირველეს ყოვლისა თვითშეტყობინებით ხდება თვალსაჩინო. ეს მიიღწევა მაშინ,
როცა პიროვნებას ჯგუფისადმი უჩნდება ნდობა.

C სფერო არის ე.წ. ”ბრმა ლაქა” – საკუთარი ქცევის სფერო,
რომელიც სხვებისთვის თვალსაჩინოა, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად ცნობილი. აქ საქმე გვაქვს
თავდაცვით და გაუცნობიერებელ ქცევასთან, რაც ხელს უშლის ჯგუფის მუშაობას, ართულებს
კომუნიკაციას. ზუსტად ამ სფეროში, როდესაც ადამიანი საკუთარ ქცევას ვერ აღიქვამს და,
შესაბამისად, ვერ აკონტროლებს, უკუკავშირის ტექნიკის გამოყენება იქნება დიდი დახმარება.

მეოთხე D ე.წ. გაუცნობიერებელი სფერო მოიცავს ისეთ ქცევას,
რომელიც როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვის უცნობია მაგ. დაფარული ტალანტები, გამოუყენებელი
მონაცემები და სხვ.

ჯგუფური შეხვედრების მიმდინარეობისას შეიძლება დავაკვირდეთ,
როგორ იცვლება ცალკეულ კვადრატთა სიდიდე. თუ დასაწყისში ჯოჰარის ფანჯრის თანახმად დომინირებენ
B და C სფეროები, A სფერო კი მეტად პატარაა

A

 

C

B

 

D

უკუკავშირის მეთოდის ეფექტიანად გამოყენების შედეგად დასაწყისში დომინირებული სფეროები B და C მცირდება და მათ ხარჯზე A სფერო იზრდება. მაშასადამე,  თანდათან ნათდება ”ბრმა ლაქაც”.

ჯგუფის თითოეულ წევრს შესაძლებლობა ეძლევა ადექვატურად შეაფასოს როგორც საკუთარი, ასევე ჯგუფის სხვა წევრების ქმედება. ჯგუფის მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორები მცირდება, რაც ხელს უწყობს როგორც ჯგუფის ცალკეულ წევრთა, ასევე მთლიანად ჯგუფის წარმატებას.  

მეთოდის პრაქტიკული დასაბუთება

ადამიანები გადაეჩვივნენ ღიად გამოხატონ თავიანთი აზრები და გრძნობები, ამის მიზეზი შედეგების და სანქციების შიშია, თუმცა სწორედ ამ ღიაობას აქვს დიდი მნიშვნელობა ურთიერთობებში წარმატებული კომუნიკაციისთვის. 

ჩვენ ხშირად პიროვნებას მხოლოდ ერთი რომელიმე კუთხით აღვიქვამთ, ჩვენს აღქმულს ვუკეთებთ საკუთარ ინტერპრეტაციას და გამოგვაქვს განაჩენი. მას მიკრული აქვს ჩვენს მიერ იარლიყი, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ დაშვებაა და არა რეალობა. მხოლოდ ღია უკუკავშირის ამოქმედების შედეგად ხდება შესაძლებელი ჯგუფის ყველა წევრმა ადექვატურად აღიქვას საკუთარი თავი და ერთმანეთი. ეს კი მათ აძლევთ შანსს, გადაიაზრონ თავიანთი ქმედებები, შეცდომები და გამოასწორონ ისინი. თუ მე ღია უკუკავშირის საშუალებით შევიტყობ, როგორ ვმოქმედებ სხვებზე, შვძლებ უკეთ გავიგო სხვების რეაქცია ჩემს მიმართ და საკუთარი ქმედება მიზანმიმართულად ვმართო. მაშასადამე, უკუკავშირი ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო, რომელიც გვეხმარება პოზიტიურად აღვიქვათ კრიტიკა, მივხვდეთ, რომ ის როგორც პირადად ჩემ, ასევე საერთო საქმის სასიკეთოდ ხდება. 

იორგ ფენგლერი გვთავაზობს უკუკავშირის ფუნქციების სიას, რომელიც 13 პუნქტისაგან შედგება:

1.უკუკავშირი გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში;
2.უკუკავშირი მართავს ჩვენ ქმედებას;
3.პოზიტიური უკუკავშირი გვამხნევებს;
4.უკუკავშირი გვეხმარება შეცდომების ძებნაში;
5.უკუკავშირი გვეხმარება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში;
6.უკუკავშირი ამაღლებს მოტივაციას;
7.უკუკავშირი გვეხმარება მიზანმიმართულად ვიმუშავოთ;
8.უკუკავშირი გვიმუშავებს სხვათა დახმარების უნარს;
9.უკუკავშირი ზრდის ურთიერთგავლენას ინფორმაციის მიმღებსა და გამცემს შორის;
10.უკუკავშირი გვაახლოვებს საქმესთან;
11.უკუკავშირი გვეხმარება შემოთავაზებულის სწორად შეფასებაში;
12.უკუკავშირი გვეხმარება პროფესიული განვითარების დაგეგმვაში;
13.უკუკავშირი გვეხმარება გადაწყვეტულებების ხარისხის ამაღლებაში.

დღევანდელ მასალაში ვისაუბრეთ უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობაზე, გაგრძელებაში კი ვისაუბრებთ პრაქტიკაში მის გამოყენებაზე და ასევე უკუკავშირის ტექნიკის ცალკეულ მეთოდებზე.   

მეტაკოგნიცია საკლასო ოთახში

0
“რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი სკოლაში”.
დევიდ პერკინსი

1887 წელს იაკობ მანსვეტაშვილი სკოლის შესამოწმებლად მიავლინეს სოფ. დიდ თონეთში, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. ჩანაწერი შემოწმების მასალებიდან:
“სასიამოვნო სანახავი იყო ღია, მხიარული, ცოცხალი სახე ყმაწვილებისა, მასწავლებელს თამამად ეპყრობიან, ამასთანავე დისციპლინაც დაცულია, ეტყობა,მასწავლებელს შიშით კი არა, სიყვარულით მოუნადირებია თავისკენ. ყმაწვილები ფიქრობენ და პასუხს ისე იძლევიან, ეტყობა, ესმით კიდეც, რაზედაც პასუხს ამბობენ და არა თუთიყუშებივით დაუზეპირებიათ…”
მცირე ექსკურსი წიგნიდან 
“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”
სასკოლო პრაქტიკასთან ერთად ბევრი სხვა რამ მოწმობს წერილის ეპიგრაფად წამძღვარებულ შეხედულებას, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა პერკინსმა გამოთქვა წიგნში “გონივრული სკოლა”. “გონივრული” სწორედ რომ შესაფერისი განსაზღვრებაა, რადგან თუ სწავლა-სწავლების პროცესი გააზრებული არ იქნა, არ დაეფუძნა მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობასა და ნდობას, ყოველგვარი ცდა უშედეგო აღმოჩნდება. ძალადობაზე დამყარებული სასკოლო და საკლასო დისციპლინა დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანს ვერ აღზრდის. ამის უნიკალური საბუთია ეს მცირე ექსკურსიც ქშწკგს-ის ისტორიიდან.
დღეს, როდესაც სასკოლო რეფორმის შედეგად გადაიხედა, შეფასდა და გადაფასდა საკითხთა წყება, მნიშვნელოვნად მიმაჩნია აქცენტის დასმა მოსწავლეთა მეტაკოგნიციაზე. ბუნებრივია, მასწავლებლის დახმარების, მის მიერ მიცემული გეზის გარეშე მოსწავლე ვერ შეძლებს, უკეთეს შემთხვევაში კი გაუჭირდება საკუთარი შემეცნებითი პროცესების კონტროლი.
სწავლა სწავლებაზე ძნელია, ხოლო მოსწავლეობა, როგორც ერთმა პედაგოგმა შეაფასა, ყველაზე რთული

პროფესიაა. როგორც არ უნდა შევუმსუბუქოთ მოსწავლეებს ეს პროცესი, მათ სწავლის სამივე საფეხურზე უწევთ სერიოზული სირთულეების დაძლევა. მეტაკოგნიცია კი დაეხმარება, უკეთ დაგეგმონ, აკონტროლონ, მოიპოვონ, დააახარისხონ, გაუზიარონ და შეარჩიონ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე დავალებები.

ჩემი პედაგოგიური გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მოსწავლეთა სამ ტიპს გამოვკვეთდი.

შემეცნებით პროცესებზე დაკვირვებას, როგორც იტყვიან, “თვითკონტროლს”, მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს; უმრავლესობა გაზვიადებულად წარმოიდგენს რეალურად არსებულ მდგომარეობას: მიაჩნიათ, რომ ერთი წაკითხვით სწავლობენ, ვინაიდან გაგება და სწავლა ერთი და იგივე რამ ჰგონიათ, ეს კი ცოდნის მოჩვენებითობას იწვევს. 

უნდა ითქვას, რომ ასეთი ვითარება სწავლის მხოლოდ დაწყებით საფეხურზე არ არის, – თუმცაღა უფროსკლასელთა შემეცნება და აზროვნება არსებითად განსხვავდება უმცროსკლასელთაგან, აქაც უჭირთ იმაზე ფიქრი, რა და როგორ იციან.

მეორე უკიდურესობაა არასრულფასოვნების კომპლექსი. ამ კომპლექსით შეპყრობილ მოსწავლეებს არ სჯერათ საკუთარი თავის, ჰგონიათ, რომ არ შეუძლიათ ახალი მასალის სრულყოფილად გაგება და სწავლა, აზრადაც არ   მოსდით, თვითონაც სცადონ რამის შექმნა, კლასის წინაშე წარდგენა, მიმდინარე აქტივობების დაგეგმვა ან შეფასება.

სამწუხაროდ, ხშირად ეს მოსწავლის წარუმატებლობისადმი მასწავლებლის, მშობლებისა და ამხანაგების არასათანადო დამოკიდებულების შედეგია.

რა დასამალია, მოსწავლეები თითქმის მუდამ ცდილობენ, ისეთებად წარმოგვიდგინონ თავი, როგორებიც ჩვენ გვინდა იყვნენ (ეს ჩვეულებრივი რამ არის; ასე ვართ ჩვენც, უფროსები); რატომღაც ჰგონიათ, თუ მასწავლებელმა მათი სუსტი მხარე დაინახა, ეს მათ ავტორიტეტს დააკნინებს. არადა, პირიქით უნდა იყოს; მიმაჩნია, რომ თუ ისინი გვენდობიან, დარწმუნდებიან, რომ ჩვენ მხოლოდ მათი დახმარების სურვილი გვამოძრავებს, უფრო უკეთ განუვითარდებათ მეტაკოგნიციის უნარი, რაც უდავოდ აისახება მათსავე შედეგებზე.
მეტაკოგნაციის უნარის გამომუშავება ნიშნავს, მოსწავლემ ყოველი აქტივობის შემდეგ გაიაზროს:

სასწავლო-შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეს მეტაკოგნიციის უნარის გამომუშავებაში დაეხმარება
შეფასება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასების პროცესი, საბჭოთა სკოლისგან განსხვავებით, სავსებით გამჭვირვალეა, რადგან მასწავლებელი ხელმძღვანელობს შეფასების სქემებითა და რუბრიკებით, რომლებშიც დეტალურად არის გაწერილი ათქულიანი სისტემის ყოველი დონის მახასიათებლები. ამდენად, მოწავლისთვის გასაგებია, რატომ აფასებენ ასე და არა სხვაგვარად. მიმაჩნია, რომ შეფასება არცთუ მარტივი პროცესია. მოსწავლის ცოდნის გასაზომავად არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ყოველთვის მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა კონკრეტულ მომენტში მიღებული შეფასება მოსწავლის შემდგომი მიღწევების საფუძვლად. მოსწავლის მოტივაციისა და ინტერესის ასამაღლებლად კარგია მათი ჩართვა შეფასების რუბრიკის შემუშავებაში.

თვითშეფასების შემთხვევაშიც სუბიექტივიზმისგან შეფასების სქემები დაგვიცავს. კარგად შედგენილი სქემა და დიაგრამა ე. წ. სვოტ-ანალიზიც არის, რადგან ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოკვეთს. მოსწავლეები პერიოდულად რედაქტირებას უკეთებენ თავიანთ დავალების რვეულებს. ახლახან VII კლასის მოსწავლეთა საშინაო დავალების რვეულების წარმოება არ მომეწონა. მათ უკომენტაროდ ვთხოვე, დაეწერათ კომენტარი საკუთარი თავისთვის. მაშინვე მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე, გაუჭირდათ, მაგრამ მაინც დაწერეს. მათ შენიშვნებს მე თითქმის ვერაფერი დავამატე. შემოვიღეთ ასეთი რუბრიკაც: “სამახსოვრო”, – რომელშიც დროდადრო შეგონებებსა და მითითებებს იწერენ. ასეთი მეტაკოგნიტიური გადახვევები მოსწავლეს დააფიქრებს, უვითარებს თვითკრიტიკის უნარს, ეხმარება წარმატების მიღწევაში.

მოსწავლეთა თვითშემეცნების ასამაღლებლად საუკეთესო საშუალებაა ურთიერთშეფასება. თავდაპირველად მოსწავლეებს უჭირთ ერთმანეთის ობიექტურად შეფასება – ჩვეულებრივი ამბავია, არ სურთ, აწყენინონ თანაკლასელს, უფრთხიან ურთიერთობის დაძაბვას, უჭირთ იმის გააზრება, რომ მითითებებსა და შენიშვნებს მხოლოდ დახმარების მიზნით აძლევენ ერთმანეთს. აქ მეხმარება ე.წ. “სენდვიჩის” მეთოდი: ჯერ – ღირსების ხაზგასმა, მერე – შენიშვნა, რეკომენდაცია, მითითება, რჩევა, ბოლოს – ისევ დადებითი მხარის წარმოჩენა. როდესაც მოსწავლეებს ეს მეთოდი ვასწავლე, ისიც ვუთხარი, რომ ბუნებაში იშვიათია უშეცდომო, იდეალური ნამუშევარი და თუ ამ ფორმით ერთმანეთის დახმარებას შეძლებენ, ძალიან კარგი იქნება.
თვითშემოწმება

ეს პროცესი ეფექტურია ცოდნის კონსტრუირების დროს. მოსწავლე ინიშნავს, რა ვერ გაიგო, რა დარჩა მისთვის ბუნდოვანი, რის განმარტება სჭირდება, როდის შეასრულებს დავალებას სრულყოფილად, იცის თუ არა, რა ინფორმაცია უნდა მოიძიოს და მისთ. ცხადია, ამ დროს ყველაზე მარტივი და ეფექტურია საკითხის შესახებ თანაკლასელთან ან მასწავლებელთან ერთად მსჯელობა. ჩემი გამოცდილების საფუძველზე დავასკვენი, რომ მასწავლებელი სისტემატურად უნდა ახსენებდეს მოსწავლეებს: თუ რამე არ ესმით, ეს პოზიტიური გამოხმაურებაა იმაზე, რომ მოტივირებულნი არიან, საკითხი ბოლომდე გაიგონ და გაიაზრონ. მოსწავლის მიერ კითხვის დასმა ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური აქტივობაა. არაერთხელ მითქვამს: ყველაფერი “ესმის” მას, ვინც საკითხის არსი ყველაზე ნაკლებად გაიაზრა. ეს სიტყვები ერთგვარად ათამამებს მათ და წაახალისებს, ყურადღებით მოისმინონ და მსჯელობაშიც ჩაერთონ. 

სასკოლო რეფორმის ფონზე შეიცვალა დამოკიდებულება გაკვეთილის მოყოლის სტანდარტისა და ფორმატის მიმართაც, და მაინც, თუ მოსწავლე თავს ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს, იცის, რომ მასწავლებელი არ მოაყოლებს დასწავლილ მასალას, – გადაკითხვასაც დასჯერდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იკვეთება ლიტერატურის სწავლებისას. პირადად მე ხშირად ვიყენებ ასეთ მეთოდს, რომელსაც პირობითად “კოლექტიური თხრობა” ვუწოდე: თხრობას იწყებს ერთი და, ჩემი მითითებით, აგრძელებს სხვა. შესაძლოა, მხოლოდ თითო წინადადება ვათქმევინო, მაგრამ ამ მეთოდის წყალობით მოწაფე მოტივირებულია და ისმენს, რათა ნებისმიერ მომენტში მზად იყოს თხრობის გასაგრძელებლად (ამ დროს მოსწავლეები ხელს არ იწევენ). ამ გზით 4-5 წუთში მივიღებთ საჭირო ინფორმაციას მოსწავლეთა მზაობის შესახებ, ისინი კი ობიექტურად შეძლებენ საკუთარი თავის შეფასებას. ბოლოს მასწავლებელი ან მოსწავლე ერთწუთიან შეფასება-კომენტარს აკეთებენ.
მოსწავლის ძალისხმევის გაძლიერება

ფსიქოლოგმა ბერნარდ უაინერმა პედაგოგიკაში პოპულარული გახადა ძალისხმევის დაფასებისა და ეფექტურობის თეორია, რომლის თანახმადაც, რწმენა იმისა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, უფრო ეფექტურს ხდის ადამიანის მოქმედებას ნებისმიერ სფეროში. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანი წარმატებას, წესისამებრ, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ფაქტორს უკავშირებს: უნარს, ძალისხმევას, სხვა ადამიანებს, იღბალს. ამ ფაქტორთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რადგან მის გარეშე თვით უნარიც კი აუთვისებელი რჩება. სხვა ადამიანებსა და იღბალს მინდობილი კი ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი და, შესაბამისად, ვერც წარმატებას მიაღწევს.

ძალისხმევის მონიტორინგი შეიძლება დღიურის, ე.წ. თვითანგარიშის მეშვეობითაც. ამ დღიურში ჩაინიშნავენ, როგორ აღწევენ ინდივიდუალურ თუ საერთო მიზნებს, აღწერენ მიღწევებსა თუ შეცდომებს.

შემაჯამებელ წერებზე გაკეთებული ნებისმიერი კომენტარი მოსწავლეთა სათანადო გამოხმაურებასა და შეცდომების გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს. არადა, ყოველთვის ასე არ ხდება. მოსწავლეთა მოტივაციისა და გამოწვევის ასეთ ხერხსაც მივმართე: წავიკითხე მეცხრეკლასელთა ნამუშევრები, ჩავინიშნე მათი შეცდომები, დავუწერე სათანადო ქულები და გაუსწორებლად დავურიგე. ერთხმად გაიკვირვეს, რომ მათი ნაწერები გაუსწორებლად იყო შეფასებული. ავუხსენი მათ, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი აქტივობა იყო და მინდოდა, დამხმარებოდნენ. გამაოცეს – შეცდომების 80% აღმოაჩინეს და მათი კლასიფიკაციაც მოახდინეს. გაკვეთილის ბოლოს დაფაზე დავწერეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რათა სამომავლოდ გაეთვალისწინებინათ. 
მოსწავლის ძალისხმევის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ისტ-ის გამოყენება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინტერნეტს მოსწავლეები ყველაზე ნაკლებად სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნით იყენებენ. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი საკუთარ ბლოგზე განათავსებს ისეთ დამხმარე და დამატებით მასალებს, რომლებიც მოსწავლეს სასწავლო თემის ათვისებაში დაეხმარება – ეს გაზრდის სასწავლო ფუნქციით ინტერნეტსივრცეში ჩართულობას. მოსწავლეს შეუძლია, ამ ფორმითაც მოახდინოს მეტაკოგნიტიური პროცესების მართვა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოზარდები უკვე მეხუთე-მეექვსე კლასებში ეუფლებიან პრეზენტაციის მომზადებასა და წარმართვას. ისინი ამ სამუშაოს ხალისითა და ინტერესით, ცნობისმოყვარეობითა და საქმისადმი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

საგანმანათლებლო სოციალური ქსელი “edmodo” (edmodo.com) უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, მრავალმხრივად ვითანამშრომლოთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან. ამ ქსელში ჩართვა არ არის რთული, დაცულია მოსწავლის შედეგების კონფიდენციალურობა. იგი გვაძლევს დაკვირვებისა და კვლევის არაჩვეულებრივ საშუალებას, მოსწავლეებს სწავლის სწავლაში დაეხმარება, ჩვენ, მასწავლებლები, კი ვირტუალურად ვაწარმოებთ საგნმანათლებლო-პედაგოგიურ საქმიანობას დასახული გეგმით. სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართვა ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა; მშობელთა იმ კატეგორიას, რომელსაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე (და ასეთი უკვე უმრავლესობაა), ნებისმიერ დროს მივაწვდით საჭირო ინფორმაციასა და რესურსს.

მოსწავლის ძალისხმევისა და წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა მაგალითების მოყვანა ცნობილ ადამიანთა ცხოვრებიდან. მაგალითად, სტივ ჯობსის განცხადებით თვითონვე გაოცებული დავრჩი. წავიკითხე მისი უკანასკნელი წერილი, რომელშიც ნათქვამია:

“სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა, რამეთუ ძველისგან განწმენდს და გზას უხსნის ახალს… ჩემთვის სულერთია, ვიქნები თუ არა სასაფლაოზე ყველაზე მდიდარი ადამიანი; ის უფრო მნიშვნელოვანია, გავაკეთე თუ არა რაიმე განსაცვიფრებელი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე!”

მეტაკოგნიცია სწავლების მეთოდი არ არის, – ეს პროცესია, რომელზეც განვითარებისა და სწავლის ნებისმიერი თეორიით ხელმძღვანელობისას უნდა ვიფიქროთ. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო მეტი გვრჩება შესასწავლი. ამიტომაც თქვა ბრძენმა სოკრატემ: “მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო”. არსებობს მეორე უკიდურესობაც – როგორც გ. დოჩანაშვილის მოთხრობის პერსონაჟი იტყოდა, ის, ვინც მხოლოდ “რობინზონ კრუზო” წაიკითხა, თავს განათლებულ ადამიანად მიიჩნევს, რადგან არც კი იცის, ამქვეყნად სხვა რამე ღირებული თუ შექმნილა. ჩვენ, მასწავლებლები, უნდა ვეცადოთ, მოსწავლეებმა გაითავისონ სოკრატეს სიტყვები, ამაში კი სწავლების სოკრატული მეთოდიც დაგვეხმარება. 

ყველაზე ძლიერი ქართული NGO

0

რაც მეტს ვკითხულობ და ვუკვირდები, მით უფრო ცხადი
ხდება, რომ წარსულიდან ყველაზე ახლობელი ჩვენთვის მაინც მეცხრამეტე საუკუნეა. ეს
ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, განსაკუთრებით კი მაგიური სახელებით.

ერთ-ერთი ასეთი სახელია “წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოება” – საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც თავიდანვე მასშტაბური მიზნები ჰქონდა.

როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციებს
კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვთ დასახული, ამოცანაც განსაზღვრული აქვთ, სამიზნე
ჯგუფიც, მოსალოდნელი შედეგებიცა და ბიუჯეტიც. 1879 წლის 15 მაისს თბილისის
გუბერნიის საადგილმამულო ბანკის შენობაში დაარსებულ საზოგადოებას კი, მიუხედავად
იმისა, რომ ყველაფერი გათვლილ-გაანგარიშებული ჰქონდა, მაინც მოუხდა
გაუთვალისწინებელი, მეტიც – რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა. წესდებაში, რომელიც
დასამტკიცებლად მეფისნაცვლის მთავარმმართველობის უფროსს სტაროსელსკის წარედგინა,
დამფუძნებლები თავს იზღვევდნენ: “თუმცა ჩვენი საზოგადოება იწოდება
წერა-კითხვის გამავრცელებლად, მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, ვითომ მის
დამაარსებლებს სახეში ჰქონებოდეთ მხოლოდ წერა-კითხვის სწავლებაო”, ჩვენი
გულითადი სურვილია სკოლის როგორც კულტურის კერის შექმნა, კულტურა კი ქვეყნის
სულიერ და ნივთიერ განვითარებას გულისხმობსო.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი
ნებისმიერი პროექტის ბიუჯეტში ერთი აუცილებელი პუნქტია: “გაუთვალისწინებელი
ხარჯები”. იმ დროს, მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, ქართულ
კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმდენმა გაუთვალისწინებელმა პრობლემამ მოიყარა თავი, რომ საზოგადოების მესვეურებმა
ბუნებრივად დაუკავშირეს ერთმანეთს გიმნაზიებისა და სახალხო სკოლების გახსნა და
სათავადაზნაურო ბანკის დაფუძნება, ქართული ენის სახელმძღვანელოს
შედგენა-გავრცელება და მეცენატობის ინსტიტუტის გაძლიერება, სტამბის დაარსება,
ყოველდღიური გაზეთების გამოცემა და
ფოლკლორული მასალების, ხალხური
სიმღერების შეკრება.

სხვათა შორის, “წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების” მიმართულებათა განსაზღვრას პოლემიკის გარეშე არ ჩაუვლია.
თავადი გრიგოლ ორბელიანი და აზნაური დიმიტრი ყიფიანი ერთ მნიშვნელოვან საკითხზე
გამოედავნენ ერთმანეთს. ორბელიანი ამტკიცებდა, რომ საზოგადოების ძირითადი ზრუნვის
საგანი ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, ყიფიანს კი მიაჩნდა, რომ ანგარიში
საქართველოში მცხოვრები სომხებისთვისაც უნდა გაეწიათ. კამათში გრიგოლ ორბელიანის
ავტორიტეტმა გადაწონა და საზოგადოების სახელს წინ კიდევ ორი სიტყვა დაემატა:
“ქართველთა შორის”.

 

დროთა განმავლობაში არ დარჩენილა ქვეყნის მასშტაბით
არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაშიც საზოგადოებას მონაწილეობა არ
მიეღოს, რაც, თავისთავად ცხადია, ოფიციალურ სამთავრობო წრეებში გაღიზიანებას
იწვევდა. იმპერიული პოლიტიკა მიზანმიმართულად ცდილობდა სახელი გაეტეხა,
ერთმანეთისთვის გადაემტერებინა “წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების” წევრები, ხელი შეეშალა მათი გეგმებისთვის ან, უკიდურეს
შემთხვევაში, ფიზიკურად გაენადგურებინა ისინი.

მეცხრამეტე საუკუნე იმითაც არის შინაური და
ახლობელი, რომ სააშკარაოზე გამოიტანა ქართული საზოგადოების ყველა ნაკლი და
მანკიერი მხარე. იმ დროს დაწყებული სასიკეთო რეფორმები საბჭოთა წყობილების
დამყარებამ და სამოცდაათწლიანმა მონობამ შეაყოვნა, რის შედეგადაც დასახიჩრებული და
მორალურად მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

ფასადები შეიცვალა, ქუჩებსა და გამზირებს სხვა
სახელები ჰქვიათ, ტანისამოსიც გამოვიცვალეთ, მაგრამ დღესაც, როგორც მეცხრამეტე
საუკუნის 80-იან წლებში, აქტუალურია სულიერი და ფიზიკური გადარჩენის პრობლემა,
საშუალო და უმაღლესი განათლების მიღების პრობლემა, ეთნიკურ და რელიგიურ
უმცირესობებთან კომუნიკაციის პრობლემა, უანგარო მეცენატობისა და ნივთიერად
ხელმოკლე ადამიანების თანადგომის პრობლემა, თაობათა შორის ხელოვნურად შექმნილი
პრობლემები (მაშინ, როცა ენის საკითხებზე მკვეთრად დაპირისპირებული “მამათა”
და “შვილთა” ბანაკი საგანგებოდ მორიგდა, რომ საზოგადოებას ყველასთვის
გასაგები და მისაღები სახელი რქმეოდა), დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივად
მოაზროვნე პრესის პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემა… ანუ ის
პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მიზნად დაისახა “წერა-კითხვის
გამავრცელებელმა საზოგადოებამ” –   ყველა დროის ყველაზე ძლიერმა
NGO-მ საქართველოში. 

რას ვუსმინოთ?

0

ეს ჩემი პირველი პოსტია 2013-ში. გასული წელი ჩემთვის მეტ-ნაკლები წარმატებით მიილია. დადებითი წელი იყო, რამდენიმე მართლაც კარგი მოგონება დამიტოვა, მათ შორის – მუსიკალურიც. რაც მთავარია, ამ ინტერნეტგაზეთში წერა და იდეების თქვენთვის გაზიარება დავიწყე. საკმაოდ ბევრი პოსტი დამიგროვდა და ეს უფრო მეტად მახარებს.

ვფიქრობ, 2013 მუსიკალურად უფრო დატვირთული უნდა იყოს. ახლო მომავალში მეგობრებთან ერთად ერთი საინტერესო პროექტის პრეზენტაციას ვგეგმავ, სადაც მუსიკოსის როლში თავად მოგევლინებით 🙂 ასევე ველოდები რამდენიმე კარგ ფესტივალს და, რაც მთავარია, აგვისტოში Pink Floyd-ის ბასისტის, როჯერ უოტერსის კონცერტზე მივდივარ სტამბულში, ლეგენდარულ “კედელს” უნდა მოვუსმინო ცოცხლად. ბილეთები უკვე ნაყიდი მაქვს, ისღა დამრჩენია, ყველაფერი დავგეგმო და დაველოდო, როდის გავა 8 თვე.

თუმცა აგვისტომდე შორია და მოდი, დღეს სხვა თემაზე ვისაუბრებ.

პოსტის სათაურზე დიდხანს ვფიქრობდი. არ მინდოდა, ზედმეტად დამრიგებლური გამოსულიყო, რომ მკითხველი არ გაეღიზიანებინა. ბოლოს მაინც გადავწყვიტე, გამერისკა და ამ პუბლიკაციისთვის “რას ვუსმინოთ?” დამერქმია. მინდა, თავიდანვე აღვნიშნო: გემოვნებაზე დავას არ ვაპირებ, რადგან ჩემთვის თავისუფალ არჩევანზე უპირატესი უფლება არ არსებობს. უბრალოდ მიმაჩნია, რომ მუსიკის ზოგიერთ ჟანრს ჩვენთვის როგორც ინდივიდებისთვის ოდნავ მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

მუსიკა პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას რომ ახდენს, ამაში პირადმა გამოცდილებამაც დამარწმუნა. ასაკის მატებასთან ერთად ამჩნევ, როგორ გეხვეწება გემოვნება და პოულობ ახალ ჟანრებს, რომლებიც გაინტერესებს. მერე ეს ინტერესი უფრო და უფრო ძლიერდება და ღრმად გითრევს, სანამ ემოციურად ბოლომდე არ ამოგწურავს და ახლის ძიებას არ დაიწყებ.

რისთვის ვუსმენთ მუსიკას? იმისთვის, რომ თავი იმაზე უკეთ ვიგრძნოთ, ვიდრე მოცემულ მომენტში ვართ. ემოციურად დატვირთულ მოზარდობის წლებში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სიტუაციას სწორად მორგებული მუსიკა დიდ დახმარებას გიწევს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებასა თუ ამოცანის შესრულებაში.
ალბათ ხშირად გინახავთ მოსწავლეები თუ სტუდენტები, რომლებსაც ყურსასმენები მუდამ თან დააქვთ. მუსიკა, რომელსაც ისინი უსმენენ, მრავალფეროვანია; ახალგაზრდები ძირითადად თანამედროვე პოპს, ე.წ. R&B-ს (რომელსაც, ვფიქრობ, აღარაფერი აქვს საერთო ძველ “რიტმ ენდ ბლუზთან”), ჰიპ-ჰოპსა და ალტერნატიულ მუსიკას ეტანებიან, გარკვეული კატეგორია ქალაქურ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას… ნაკლებად უსმენენ ბლუზს, თუმცა ამ მიმდინარეობასაც ჰყავს თავისი მსმენელი ახალგაზრდებში.

მოდი, თავს უფლებას მივცემ და ჩემს შეხედულებას გაგაცნობთ იმის თაობაზე, მუსიკის რა ჟანრები იქნებოდა სასარგებლო მოსწავლეებისთვის:

ეს აფრიკული ქვეყნის, მალავის, ერთ-ერთი სოფლის, ზოლოკერეს, საეკლესიო გუნდია. სიმღერას “Tawonga” ჰქვია, რაც ქართულად “მადლიერების გამოხატვას” ნიშნავს. ლამაზი ჰარმონია აქვთ მალავიში, არა?

მიმაჩნია, რომ არ იქნება ურიგო, თუ მოსწავლეები ადრეულ ასაკში სხვადასხვა ხალხის ეთნომუსიკას გაეცნობიან, წარმოდგენა რომ შეექმნათ როგორც ქართული, ასევე საზღვარგარეთული კულტურის აუთენტურ ნამუშევრებზე. დიდ პატივს ვცემ ქართულ ეთნომუსიკას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოსწავლეები არ უნდა იზრდებოდნენ იმ განცდით, რომ მათი კულტურა ვინმესაზე უპირატესია. ქართული მუსიკა ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო კულტურაში, მაგრამ სხვა ხალხებსაც არანაკლებ საინტერესო და ღირებული ნამუშევრები აქვთ, რომელთა გაცნობაც ნამდვილად ღირს. მაგალითად ზემოთ მოყვანილი ჩანაწერიც კმარა. კულტურული მრავალფეროვნების აღქმა მოზარდებს უცხო ერების მიმართ პატივისცემას ჩაუნერგავს და ნიდაგს მოამზადებს მათი თანამედროვე საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებისთვის.

 

ის, რაც ახალგაზრდას ნამდვილად უნდა ჰქონდეს, პიროვნული თავისუფლებაა (“თავისუფლება და არა თვითნებობა”, როგორც ერთ-ერთი ჩემი ლექტორი იტყოდა), ამიტომ კარგი იქნება, თუ მოზარდები 15-17 წლიდან დაინტერესდებიან ისეთი ხელოვნებით, რომელიც მათ მეტ თავისუფლებას, ჩარჩოებიდან გაღწევას შესთავაზებს. მუსიკაში ასეთი მიმდინარეობა ბევრია: კლასიკით დაწყებული, ჯაზით დამთავრებული. პირადად მე კი მიმაჩნია, რომ თავისუფლებას როკმუსიკასთან აქვს პირდაპირი კავშირი. პანკ-როკი იქნება ეს, 60-70-იანების მუსიკა, ალტერნატივა, ინდი თუ სხვა რამ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გემოვნების ამბავია.

ემოციათა დაბალანსება ყველასთვის ერთნაირად საჭიროა, ამიტომ ურიგო არ იქნებოდა, თუ მასწავლებლებიც აქტიურად მოუსმენდნენ მუსიკას, რომელიც საჭირო ემოციების მიღებაში გვეხმარება. მზა რეცეპტს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – გაკვეთილი მშვიდმა, გაწონასწორებულმა და კეთილგანწყობილმა, კარგ გუნებაზე მყოფმა ადამიანმა უნდა ჩაატაროს. ყურადღების კონცენტრირებისთვის და საკუთარ თავში დასარწმუნებლად კარგია როგორც კლასიკური მუსიკა, ასევე ბლუზი და სოული. შეიძლება, შიგადაშიგ ჯაზიც შეურიოთ – მერწმუნეთ, მოგეწონებათ.

 

რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება სუბიექტურია, საბოლოოდ ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუმცა მე რომელიმე კონკრეტული ჟანრის მოსმენისკენ არც მოგიწოდებთ, – ჩემი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ სწორად შერჩეული მუსიკა თქვენს ცხოვრებას ნამდვილად უკეთესს გახდის.
ჰო, მთავარი კინაღამ დამავიწყდა: უსმინეთ მუსიკას თქვენი სიამოვნებისთვის და არა იმიტომ, რომ ის პოპულარულია.

 

ცოდნის ფორმირება, იდეათა მოწესრიგება და სასკოლო პრაქტიკა

0
მაია ფირჩხაძე

ცნობილია, რომ ადამიანური ცოდნის ბუნება მონაცემებზეა დაფუძნებული. მონაცემები თავისებური ფაქტები და ციფრებია, გადაუმუშავებელი ინფორმაცია და კონცეფცია, რომლებიც შემდეგ ფაქტების მეშვეობით ფორმულირდება. ამ დროს დიდი  მოცულობის მასალა ურთიერთდაკავშირებულ მცირე ნაწილებად გარდაიქმნება. გადამუშავებული მონაცემები უკვე ინფორმაციაა, რომელიც ჩამოყალიბდება მონაცემთა გაანალიზების გზით, მონაცემების სინთეზის საფუძველზე კი ფორმირდება უფრო დიდი და რთული (მოდელებზე დაფუძნებული) სტრუქტურები, სწორად გაიწერება პროცესები და განისაზღვრება შესაძლო მოქმედების მაგალითებიც. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ცოდნა სინთეტიკური ინფორმაციაა, და რამდენადაც იგი მთელი პროცესის შედეგია, ამიტომ ცოდნის სხვადასხვა ხარისხს დონეც სხვადასხვა შეესაბამება.

ცოდნის დონეები

I. ცოდნის დაბალი დონეა ფაქტები, რომელთა კონსტატირებაც შესაძლებელია. ისინი გადმოიცემა ასევე ცხრილის სახით, დიაგრამით, ილუსტრირებულად და გრაფიკულადაც;

II. შემდეგი დონეა გაგება, რომლის არსიცაა განზოგადება ანუ ობიექტების, სიმბოლოების, პროცესებისა და მოვლენების საერთო ატრიბუტების ახსნა და განმარტება; 

II. ცოდნის შემდეგი დონეა წესები, რომელთა გამომუშავება ხდება ფაქტების ანალიზისა და გაგების გზით. წესები წარმოადგენს ნაკრებს პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული პროცესებისა, რომლებიც ძირითადად პასუხობს ფორმულას: “თუ ასეა, მაშინ…”.

 ასეთ ცოდნას ევრისტიულსაც უწოდებენ. იგი უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის, ვინაიდან ეფუძნება ინდივიდუალურ ემპირიულ წესებს ანდა “სისტემურ მიგნებებს” და მეტწილად დამოკიდებულია აღმოჩენებისა და ინოვაციების მეთოდებზე, ადრე შესწავლილი წესებისა და ახალი ფაქტების სინთეზსა და გაგებაზე. ევრისტიული ცოდნა განკუთვნილია იმ ამოცანების ამოსახსნელად, რომელთა შესაძლო ამოხსნის გზებიც გამოკვეთილი არ არის.

ცოდნა შეიძლება მივიღოთ წიგნებიდან, სამეცნიერო ნაშრომებიდან, ჩანაწერებიდან, გამოკვლევათა მასალებიდან, აუდიო- და ვიდეოჩანაწერებიდან და ა.შ., მაგრამ ცოდნის წყაროს, უპირველესად, წარმოადგენენ მკვლევარები და, რაც მთავარია, მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც ყველაზე ხშირად იყენებენ სისტემურ ცოდნას და ცოდნას სისტემატიზაციისთვის.

მაშასადამე, ცოდნა სისტემური ხასიათისაა. ეს ის სისტემებია, რომლებიც ინტელექტის იმიტირებას ახდენს (ექსპერტული სისტემები, ჰიპერმედია, ჰიბრიდული სისტემები და სხვ.); ესაა ხელოვნება, რომელიც გამოიყენება მეცნიერების განვითარებისთვის. ხოლო ის უნარები, რომელთა გამოყენებაც ხდება ამ დროს, მოიცავს ცოდნას შემეცნების ისეთი დარგების შესახებ, როგორიცაა ინფორმატიკა, კოგნიტური ფსიქოლოგია, ქცევის თეორია, კონკრეტული საგნის განსაზღვრული კომპეტენცია და ა.შ.

როგორც ვხედავთ, ცოდნის ანუ ინფორმაციის გადამუშავებისას ხდება ინდივიდების, ადამიანთა ჯგუფების, კულტურის ანუ, საზოგადოდ, ცოდნის ფორმირება. შემდეგ ამ ცოდნას ადარებენ სხვა ცოდნას, რითაც მიიღწევა გაგება და ამის საფუძველზე – შესაბამისი, წარმმართველი გადაწყვეტილებების მიღება.

მიღებული ცოდნა ფასდება იმით, რომ იგი აისახება ღირებულებებში, კანონებში, პროფესიულ სტანდარტებში. არსებული ცოდნის საფუძველზე იღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებებს, ამრიგად, ცოდნა გადადის ხარისხში – სიბრძნეში, რომელიც ცოდნის რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ, როგორც ვხედავთ, თავად მონაცემების შეკრება, ინფორმაციის ანალიზი, სინთეზი და მისი გარდაქმნა სიბრძნედ ერთი მთლიანი იერარქიული პროცესია. ამ პროცესის, მთლიანი სრტრუქტურის საფუძველზე ცოდნა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც მოდელი, რომელიც გამოიყენება ინტერპრეტაციისთვის, პროგნოზირებისა და მართვისთვის და რომ ის წარმოადგენს დეკლარაციული (ფაქტები) და პროცედურული (მეთოდები) მტკიცებულებების ნაერთს.

აქედან პირველი, დეკლარაციული ცოდნა, საგნის რომელიმე მხარის აღწერით წარმოდგენას გულისხმობს. ეს არის ზედაპირული ცოდნა იმისა, რას წარმოადგენს საგანი, როგორ გამოიყურება და რას აღნიშნავს იგი. მისგან განსხვავებით, პროცედურული ცოდნა წარმოადგენს ინტელექტუალური შესაძლებლობების ნაერთს, რომელიც მიმართულია იმისკენ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ რამე (მაგალითად, როგორ მოვამზადოთ ფირმის წლიური ანგარიში შემოსავლისა და გასავლის შესახებ და ა.შ.). პროცედურული ცოდნას ძირითადად მოქმედების განსაზღვრისთვის ვიყენებთ.

დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის ნაკრებია ასევე ცოდნის განსაკუთრებული სახე, რომელსაც საღ აზრს უწოდებენ. იგი ადამიანთა სიმრავლისთვის არის დამახასიათებელი და დროთა განმავლობაში ფორმირდება. საღი აზრი, რომელიც “ინფორმაციულ ნაერთებზეა” აგებული, წარმოადგენს ცოდნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც “ყველამ უნდა იცოდეს”. ასეთ ცოდნას საერთო ცოდნასაც უწოდებენ და იგი მიმართულია სხვადასხვა (პროფესიული) დავალების ეფექტური შესრულებისკენ.

ფაქტები და ცნებები მეტწილად დეკლარაციულ ცოდნას მიეკუთვნება, წესები და ალგორითმები კი უკვე პროცედურული ცოდნის მაგალითებია. დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის ხარისხი დამოკიდებულია ადამიანის გამოცდილებაზე, მის აღზრდასა და განათლებაზე.

საზოგადოდ, დეკლარაციული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ცოდნის სისტემებში შემავალი კატეგორიაა.

    ცოდნის სისტემებში შემავალი  ხუთი  კატეგორიის საგნობრივი ცოდნა:

1.სიტყვათა მარაგი და ფრაზები;
2.დეტალები;
3.იდეათა მოწესრიგება;
4.უნარები და ტაქტიკა;
5.პროცესები.

პირველი სამი კატეგორია ინფორმაციული და მტკიცებითი ცოდნის სახელით მოიხსენიება, ორი უკანასკნელი კი უფრო პროცესზეა ორიენტირებული და პროცედურული ცოდნის სახელითაა ცნობილი (ამ დროს, მოცემული ტიპის ცოდნის მოსწავლეებისთვის გადასაცემად, მასწავლებელს შეუძლია, კონკრეტული მეთოდი შეარჩიოს /იგულისხმება, რომ ცოდნის სხვადასხვა ტიპს სწავლის და, შესაბამისად, სწავლების სხვადასხვა მეთოდი უკავშირდება/). 
დეკლარაციული ანუ მტკიცებითი ცოდნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტიპია განზოგადებასა და პრინციპებთან დაკავშირებული იდეათა მოწესრიგება.

კერძოდ, რა არის განზოგადება და პრინციპი?

განზოგადებული ცნება ისეთი ლოგიკური ოპერაციაა, როდესაც აზრი მიემართება, მიედინება კერძო შემთხვევიდან სახეობის ცნების გაგებისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სააზროვნო მომენტია, რადგან მეცნიერული შემეცნების პროცესში არაერთხელ წარმოიშობა აუცილებლობა პატარა ინფორმაციის განზოგადებისა კერძო შემთხვევიდან სახეობის ცნებამდე. მაგალითად, ცნება “რიცხვი” თავიდან მოიცავდა მხოლოდ მთელ რიცხვებს, მოგვიანებით ამ ცნებაში შემოიტანეს მსგავსი, უარყოფითი, ირაციონალური, წილადი და კომპლექსური სიდიდეები, რითაც ცნება “რიცხვის” განზოგადება მოხდა: “მთელი რიცხვი” გადაიქცა “ზოგადად რიცხვად” (ანდა: “ყვავილი” – “მცენარე” – “ცოცხალი ორგანიზმი”; “ადამიანი ისეთია, რომ ის სტუდენტია და მოწინავეა” – “ადამიანი ისეთია, რომ ის სტუდენტია” და ა.შ.).

განზოგადება არის მტკიცებულება, რომლის საბუთიც არსებობს. მაგალითად ავიღოთ შემდეგი მტკიცებულება: “შუა საუკუნეების ფეოდალურ ქვეყნებში მეფის მოხელეები, როგორც წესი, მდიდარი და გავლენიანი ოჯახებიდან იყვნენ”. ეს არის განზოგადება და მის საბუთად შეიძლება მაგალითებიც მოვიყვანოთ.

განზოგადება ხშირად ერევათ ფაქტებში, რომლებითაც კონკრეტული ადამიანების, ადგილების, სულიერი და უსულო საგნებისა და მოვლენების მახასიათებლების იდენტიფიკაცია ხდება. განზოგადება ზოგჯერ აბსტრაქტულ ცნებათა მახასიათებლების იდენტიფიცირებასაც ახდენს, უფრო სწორად, აბსტრაქტული ცნების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის განზოგადების ფორმით არის წარმოდგენილი. მაგალითად: “წიგნი, რომელსაც მე ვკითხულობ, საინტერესოა”, – ეს მტკიცებულება ფაქტია, ხოლო “წიგნი ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია” – განზოგადება.

მახასიათებლების მიხედვით შეიძლება განვასხვაოთ განზოგადების შემდეგი ტიპები:

. ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “იმისთვის, რომ ფოტოგრაფის პროფესიას დაეუფლოს, ადამიანს ექვსთვიანი მომზადება მაინც სჭირდება”);
. ადგილების სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “დიდ ქალაქებში მაღალია ტოქსიკური გამონაბოლქვის დონე”);
. სულიერი და უსულო საგნების სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “იარაღის ტარების საკითხი საკამათოა”);
. მოვლენათა სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “არჩევნები ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენაა”);
. აბსტრაქტულ ცნებათა სხვადასხვა კატეგორიის მახასიათებლები (მაგალითად, “სიყვარული ყველაზე ძლიერი ადამიანური გრძნობაა”).

განზოგადებები ცოდნის უფრო ფართო საფუძველს უვითარებს მოსწავლეს, რადგან ის სხვადასხვა სიტუაციაში აწყდება მათ და მათი გამოყენება სჭირდება, ამიტომ განზოგადებული მტკიცებულებების დამახსოვრება ისევე საჭიროა მოსწავლისთვის, როგორც, მაგალითად, სიტყვებისა და დეტალებისა (ცოდნის სისტემებში შემავალი სხვა საგნობრივი ცოდნის ძირითადი ნიშნებისა).
სასწავლო პროცესში მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ:

1. იდეათა მოწესრიგების შესახებ მოსწავლეებს თავდაპირველად, როგორც წესი, არასწორი წარმოდგენა აქვთ, რომლის შეცვლაც ადვილი არ არის;
2. მოსწავლეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რეალურად მოახდინონ იდეათა მოწესრიგება;
3. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ განზოგადებებისა და პრინციპების ცხადად წარმოდგენა და რამდენიმე მაგალითის მოყვანა;
4. მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ განზოგადებისა და პრინციპების გაგებასა და სწორი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში.

როგორ უნდა გააკეთოს ეს მასწავლებელმა? ცხადია, უპირველესად არასწორი წარმოდგენის კორექტირებით, ამისთვის კი საჭიროა:

. წინარე ცოდნის გააქტიურება, ანუ მოსწავლეებს უნდა ვთხოვოთ, გაიხსენონ, რა იციან იდეათა მოწესრიგების კონკრეტული მეთოდის შესახებ;
. დისკუსია (მოსწავლეებს ვთხოვოთ იმის განხილვა, რაც იდეათა მოწესრიგების კონკრეტული საშუალების შესახებ იციან. განხილვის პროცესი მოსწავლეებს ახალი მიდგომების აღმოჩენისა და იდეების გენერირების საშუალებას მისცემს);
. არგუმენტაცია, როდესაც მოსწავლეებს საკუთარი პოზიციის დასაცავად კონკრეტული არგუმენტების მოშველიება უწევთ, ან როდესაც წარმოვუდგენთ ძლიერ არგუმენტებს მოწესრიგების კონკრეტული ფორმის შესახებ (ყველაზე დიდი კონცეპტუალური ცვლილება ხომ, საზოგადოდ, არგუმენტაციის პროცესს უკავშირდება);
. მოსწავლეებს “შევაძლებინოთ” იდეათა რეალური მოწესრიგება, განზოგადებისა და პრინციპების ურთიერთმისადაგება.
. მასწავლებელმა იდეათა მოწესრიგების მეთოდების გამოყენებას მეტი დრო უნდა დაუთმოს, ვიდრე იმის ახსნას, რას გულისხმობს იდეათა მოწესრიგება (რა თქმა უნდა, აუცილებელია, მოსწავლეებს ესმოდეთ, რა არის განზოგადება და პრინციპები);
. საჭიროა, მოსწავლეებმა დაიწყონ აქტიური ვარჯიში იდეათა მოწესრიგების საშუალებების სხვადასხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად.

მოვიყვანოთ შესაბამისი მაგალითები.

I. ავიღოთ ასეთი მტკიცებულება: “ცალკეული ბრძოლები სხვადასხვა, ხშირად არაპროპორციულ გავლენას ახდენს ომის საბოლოო შედეგზე”. ამ მაგალითის საფუძველზე მოსწავლე იღებს ცოდნას, რომ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომისდროინდელმა ბრძოლებმა, დიდმა თუ პატარამ, ორივე ფრონტსა თუ სხვადასხვა კონტინენტზე, საბოლოოო ჯამში, გავლენა მოახდინა ომის შედეგებზე; ანდა, მაგალითად, თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ომში საქართველომ რამდენიმე დიდი თუ პატარა ბრძოლა გადაიხადა. დავით IV-ის მიერ გადახდილი დიდგორის ბრძოლაც ამ ომის ნაწილი იყო. კონკრეტულმა ბრძოლებმა საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგზე – ქვეყანა თურქ-სელჩუკთა ბატონობისგან გათავისუფლდა, რასაც სხვა დადებითი შედეგებიც მოჰყვა.

II. მომდევნო მტკიცებულება, მაგალითად, “ბრძოლების შესახებ განზოგადება ყველა ომს შეიძლება მივუსადაგოთ”. მაგალითად, დიდგორის ომი კონკრეტული მოვლენაა და შეუძლებელია, ის პირდაპირ მოვარგოთ სხვა სიტუაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დეტალები არ არის მნიშვნელოვანი და პირიქით.

მაშასადამე, იმისთვის, რომ ჩასწვდეს განზოგადების არსს, აუცილებელია, მოსწავლეს შეეძლოს კონკრეტული მაგალითების მოყვანა განზოგადების საილუსტრაციოდ (ზემომოყვანილი მაგალითის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ გვინდა, მოსწავლეებმა გაიაზრონ წინა აბზაცში მოყვანილი განზოგადება, მათ უნდა შეეძლოთ საილუსტრაციო მაგალითების დასახელება, რომელთა შორის შეიძლება დიდგორის ბრძოლაც იყოს).
და რა არის პრინციპი? პრინციპი არის განზოგადების კონკრეტული სახეობა, რომელიც ურთიერთობებს ეხება.
სკოლასთან დაკავშირებულ დეკლარაციულ ცოდნასთან პრინციპების მხოლოდ შემდეგი ორი ტიპი ასოცირდება: მიზეზშედეგობრივი პრინციპები და კორელაციური პრინციპები.

მიზეზშედეგობრივი პრინციპები მიზეზშედეგობრივ ურთიერთობებზეა დამყარებული. მიზეზშედეგობრივი პრინციპის გაგება მიზეზშედეგობრივი სისტემის კონკრეტული ელემენტების ცოდნას და იმ ურთიერთობათა შესახებ ინფორმაციის ფლობას გულისხმობს, რომლებიც მიზეზშედეგობრივი სისტემის ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

მაგალითად, წინადადება “კონფლიქტი თავისი ბუნებით ომს იწვევს” ნიშნავს, რომ კონფლიქტსა და ომს შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირის გასაგებად ადამიანს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს თავად სისტემაში (ამ შემთხვევაში – კონფლიქტის ბუნებაში) მიმდინარე მოვლენათა თანამიმდევრობაზე, სისტემის ელემენტებზე, ელემენტებს შორის არსებული ურთიერთობების ტიპსა და სიძლიერეზე.

აქედან გამომდინარე, მიზეზშედეგობრივი პრინციპის გაგება დიდი მოცულობის ინფორმაციის ფლობას გულისხმობს.

კორელაციური პრინციპები კი იმ ურთიერთობებს აღწერს, რომლებიც მიზეზობრივი არ არის, მაგრამ ერთი ელემენტის ცვლილება მეორის ცვლილებას უკავშირდება.

მაგალითად, “ეკონომიკური პროცესების მნიშვნელოვანი წინსვლა საზოგადოების კულტურული აღმავლობის ზრდის პირდაპირპროპორციულია” – ამ პრინციპის გასაგებად მოსწავლეს ელემენტებს შორის არსებულ ურთიერთობათა კონკრეტული დეტალების ცოდნა სჭირდება; მან უნდა იცოდეს ამ ურთიერთობების ზოგადი პარადიგმა – რომ კულტურის განვითარების ზრდის მაჩვენებელი იმავე სიხშირით იცვლება, როგორითაც ეკონომიკური პროცესების განვითარებისა.

ახლა ავიღოთ ასეთი მაგალითიც: ამერიკის სამოქალაქო ომის გამომწვევი მიზეზები მიზეზშედეგობრივ თანამიმდევრობაში ერთიანდება. ეს მიზეზები მხოლოდ ამერიკის სამოქალაქო ომს (ერთ კონკრეტულ სიტუაციას) ეხება. მიზეზშედეგობრივი პრინციპი კი, რომელიც კონფლიქტსა და კონფლიქტის ბუნებიდან გამომდინარე ომს ერთმანეთთან აკავშირებს, ეხება მრავალ სიტუაციასა და მოვლენას (მკვლევარები ამ პრინციპს სხვადასხვა სიტუაციისა და მოვლენის მიმართ იყენებენ).

აქედან გამომდინარე, მიზეზშედეგობრივ პრინციპსა და მიზეზშედეგობრივ თანმიმდევრობას შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ პირველი მრავალ სიტუაციას ეხება, ხოლო მეორე – ერთ კონკრეტულს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იდეათა მოწესრიგება როგორც ცოდნის სისტემებში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნობრივი ცოდნა სასკოლო პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ხელს შეუწყობს მოსწავლესა და მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესის პოზიტიურად წარმართვაში.

…მშვენიერია თქვენი ჟესტი თავისთავად – ივან ბუნინი

0
თქვენო აღმატებულებავ, მოწყალეო ქალბატონებო, მოწყალეო ბატონებო!

ცხრა ნოემბერს, შორს, გადაკარგულში, ძველებურ პროვანსულ ქალაქში, ღარიბ სოფლურ სახლში ტელეფონმა მამცნო შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილება. გულწრფელი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, როგორც ჩვეულებრივ ამბობენ ხოლმე მსგავს შემთხვევაში, თითქოს ეს იყო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მთელს ჩემს ცხოვრებაში. სამართლიანად თქვა დიდმა ფილოსოფოსმა, რომ სიხარულის გრძნობა, რაგინდ ძლიერიც უნდა იყოს იგი, თითქმის არაფერია მწუხარების ასეთივე გრძნობასთან შედარებით. სრულიადაც არ მინდა სევდა მოვფინო ამ ზეიმს, ზეიმს, რომლის წარუშლელ მოგონებას, სიცოცხლის ბოლომდე, სამუდამოდ შემოვინახავ, მაგრამ მაინც თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ უკანასკნელ თხუთმეტ წელიწადში განცდილმა მწუხარებამ დიდად გადააჭარბა სიხარულს და ეს მწუხარება პირადი როდი იყო, – სრულიადაც არა! თუმცა იმის თქმაც მტკიცედ შემიძლია, რომ მთელს ჩემს სამწერლო ცხოვრებაში განცდილ სიხარულთაგან თანამედროვე ტექნიკის ამ პატარა საოცრებამ, – ტელეფონის ამ ზარმა სტოკჰოლმიდან გრასში – მე, როგორც მწერალს, ყველაზე უფრო სრული კმაყოფილება მომანიჭა.

თქვენი დიდი თანამემამულის ალფრედ ნობელის მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემია ჭეშმარიტად არის მწერ­ლის შრომის უმაღლესი დაგვირგვინება! პატივმოყვარეობა თითქმის ყველა ადამიანს, ყველა ავტორს ახასიათებს და მეც უდიდესი სიამაყე დამეუფლა, როცა ეს ჯილდო მივიღე ეგზომ კომპეტენტურ და მიუკერძოებელ მსაჯულთაგან. მაგრამ ცხრა ნოემბერს განა მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი? არა, ეს მეტისმეტი ეგოისტობა იქნებოდა.

პირველი მოლოცვებისა და ტელეგრამების ნაკადის გამო მხურვალედ განცდილი მღელვარების შემდეგ, ღამის მდუმარებასა და მარტოობაში დარჩენილი ვფიქრობდი შვეციის აკადემიის საქციელის ღრმა მნიშვნელობაზე. ნობელის პრემიის დაარსების დროიდან თქვენ პირველად მიანიჭეთ იგი დევნილს. მაშ, ვინა ვარ მე? დევნილი, რომელიც სარგებლობს საფრანგეთის სტუმართმოყვარეობით, რისთვისაც სამუდამოდ მადლიერი ვიქნები მისი. ბატონო აკადემიის წევრებო, ნება მომეცით, მოგახსენოთ, რომ არაფერი ვთქვათ პირადად ჩემსა და ჩემს ნაწარ­მოებებზე, რაოდენ მშვენიერია თქვენი ჟესტი თავისთავად. მსოფლიოში უნდა არსებობდნენ სრული დამოუკიდებლობის სფეროები. უეჭველია, ამ მაგიდის ირგვლივ სხედან ყველანაირი აზრის, ყველანაირი ფილოსოფიური და რელიგიური რწმენის წარმომადგენლები. მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც ურყევი, ჩვენ ყველას რომ გვაერთიანებს: აზრისა და სინდისის თავისუფლება, ის, რასაც ცივილიზაციას უნდა ვუმადლოდეთ. მწერლისთვის ეს თავისუფლება განსაკუთრებით აუცილებელია, – მისთვის იგი დოგმატია, აქსიომაა. თქვენმა ჟესტმა კი, ბატონო აკადემიის წევრებო, ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ თავისუფლების სიყვარული არის შვეციის ჭეშმარიტი ნაციონალური კულტი.

კიდევ ორიოდე სიტყვა – ამ მოკლე გამოსვლის ბოლოს. მე მხოლოდ დღეიდან როდი ვაფასებ ასე დიდად თქვენს სამეფო კარს, თქვენს ქვეყანას, თქვენს ხალხს, თქვენს ლიტერატურას. ხელოვნებისა და ლიტერატურის სიყვარული მუდამ ტრადიცია იყო შვედეთის სამეფო კარისათვის, ისევე, როგორც მთელი თქვენი კეთილშობილი ერისათვის. დიდი მეომრის მიერ დაარსებული შვედური დინასტია ერთ-ერთი სახელოვანია მსოფლიოში. დაე, მისმა უდიდებულესობა მეფემ, გმირი ხალხის გმირმა მეფემ, ინებოს და ნება დართოს უცხოელს, თავისუფალ მწერალს, შვედეთის აკადემიის ღირსყოფილს, გამოთქვას მისდამი უდიდესი პატივისცემის უგულითადესი გრძნობები.

ტესტური დავალების ტიპები და პედაგოგიური ტესტის შექმნის მნიშვნელოვანი პროცედურები

0

მანანა ბოჭორიშვილი

ტესტი შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მისი მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, რა და როგორ ისწავლეს მოსწავლეებმა, რა უნარ-ჩვევები განუვითარდათ მათ.

ყოველი ცალკეული შემთხვევისა და მიზნისთვის წინასწარ კარგად უნდა განისაზღვროს ტესტის ფორმატი, დავალებების ტიპები და შინაარსი, ასევე ისიც, რისთვის სჭირდება მასწავლებელს/სკოლას ტესტირების შედეგები.
პედაგოგიური ტესტების შედგენისას დაცულ უნდა იქნეს ოთხი პრინციპი:

1. დავალებები უნდა მოიცავდეს მხოლოდ იმ საკითხებს, რომელთა შემოწმებაც ტესტირებით სურთ;
2. პედაგოგი წინასწარ ადგენდეს სწორ პასუხებს, რომელთა მიხედვითაც ერთმნიშვნელოვნად გაასწორებს დავალებებს;
3. სწორ პასუხს ანიჭებდეს ქულას, დახურული კითხვების შემთხვევაში – თითოეული სწორი პასუხისთვის ერთს;
4. ადგენდეს დროის ლიმიტს.

განურჩევლად იმისა, რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:

. უნდა იყოს ვალიდური და სანდო. ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად, შეფასების შედეგები კი ნებისმიერ შემთხვევაში იდენტური იყოს;

. უნდა იყოს გაზომვადი. მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობაც სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს;

. განსაზღვრულ დროზე უნდა იყოს გათვლილი. დროის ფაქტორის გათვალისწინება და იმის ცოდნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტესტის შესრულება, არამედ გამოყოფილ დროში ჩატევაც, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც დროის უფრო ეფექტიანად გამოყენებას აჩვევს;

. უნდა იყოს გამჭვირვალე. მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა ფორმატისაა ტესტი, რას ამოწმებს, რამდენი დროა მისთვის გამოყოფილი და როგორია შეფასების მექანიზმი.

დახურული და ღია კითხვებზე აგებული ტესტები
ტესტური კითხვები ღიაც შეიძლება იყოს და დახურულიც. დახურული კითხვების შემთხვევაში მოსწავლემ მოცემული შესაძლო პასუხებიდან მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოს, ღია კითხვების შემთხვევაში კი ასეთი არჩევანი არ არსებობს, მოსწავლემ პასუხი თვითონ უნდა მოიფიქროს.

დახურულ კითხვებზე აგებული დავალებების
ტიპებია:

· ოთხი შესაძლო პასუხიდან აირჩიე და შემოხაზე სწორი პასუხი.

ასეთი ტესტების შედგენისას გასათვალისწინებელია შემდეგი:
ü შეკითხვა ან პრობლემა მკაფიოდ უნდა იქნეს ჩამოყალიბებული;
ü შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს უარყოფით ფორმას;
ü სწორი პასუხი მუდამ ერთსა და იმავე პოზიციაში არ უნდა იყოს /მაგალითად, არ უნდა იყოს შესაძლო პასუხების ჩამონათვალში ყოველთვის პირველი ან ბოლო/.

· მიუსადაგე /დაუკავშირე ერთმანეთს სიტყვები/ციფრები/დებულებები

ამ ტიპის ტესტებში გასათვალისწინებელია შემდეგი:
ü მითითება უნდა იყოს გასაგები, მოსწავლემ მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რა მოეთხოვება;
ü დასაკავშირებელი სიტყვები მართლაც ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს;
ü ჩამონათვალი არ უნდა იყოს მოკლე, რათა თავი დავიზღვიოთ სწორი პასუხის შემთხვევითი აღნიშვნისგან.

· გამოიცანი, სწორია თუ მცდარი წინადადება.
ამ ტიპის ტესტებში გასათვალისწინებელია შემდეგი:
ü კითხვაში მოცემული მსჯელობა უნდა იყოს სწორი ან მცდარი;
ü კითხვები არ უნდა იყოს ორაზროვანი;
ü კითხვებს არ უნდა ჰქონდეს ირელევანტური და ტრივიალური ხასიათი;
ü მსჯელობა არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული უარყოფითი ფორმით;
ü მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს სახელმძღვანელოს ენა;
ü მტკიცებულების მოდელები ნაკლებად უნდა შეიცავდეს სიტყვებს: “ყოველთვის”, “არასდროს”.

ღია კითხვებზე აგებული დავალებების ტიპებია:
·უპასუხე შეკითხვებს.
ყველა თემა არ იძლევა ობიექტური ტესტის შედგენის საშუალებას, ამიტომ, თუ პედაგოგს სურს ტესტის ეფექტის მიღება (შეფასების თვალსაზრისით), რეკომენდებულია ე. წ. ტესტ-კითხვარის გამოყენება. ტესტი ალტერნატიულ პასუხებს არ შეიცავს, მაგრამ დასმულ კითხვებზე ლაკონიური პასუხების გაცემას მოითხოვს. ამ ტიპის ტესტები უფრო მეტად ამჟღავნებს მოსწავლის პოტენციალს, ვიდრე ობიექტური ტესტები, რადგან არ გვაძლევს მზა პასუხებიდან არჩევის საშუალებას. მოსწავლემ კითხვაზე საპასუხოდ ადეკვატური ინფორმაცია უნდა გადმოსცეს, ამასთან, ლაკონურად და სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით.

·შესავსები ტესტი
მოცემული საკითხები გარკვეული ინფორმაციის ჩაწერას, პასუხს ან ტესტში შეცვლას მოითხოვს. ამ ტიპის ტესტების შედგენისას გასათვალისწინებელია შემდეგი:
ü უნდა გამოირიცხოს სახელმძღვანელოს ენა;
ü შეკითხვები უნდა გულისხმობდეს ზუსტ პასუხებს.

·ტესტი-დავალება
შეფასების ეს მეთოდი ტესტის სახეცვლილი ფორმაა, რომელიც, ტესტ-კითხვარისგან განსხვავებით, არა კითხვებისგან, არამედ დავალებებისგან შედგება. მაგალითად, “გაიხსენეთ”, “აღწერეთ” და სხვა.

·ესე
ესე სწავლის შედეგების შეფასების (ანალიზი, სინთეზი, ცოდნის შემოქმედებითად გამოყენების უნარი) საკმაოდ ეფექტური მეთოდია. ესე (Essai) ფრანგულად ნიშნავს “მცდელობას”, “მონახაზს”. ეს თავისუფალი კომპოზიციის მცირე ზომის თხზულებაა, რომელიც გადმოსცემს ავტორის თვალსაზრისს კონკრეტული საკითხების შესახებ.
სასკოლო ესე მოწაფეს განსახილველი თემის შესახებ საკუთარი აზრის, სუბიექტური შეფასების გამოხატვის, მასალის არასტანდარტული (შემოქმედებითი), ორიგინალური გზით გაშუქების საშუალებას აძლევს. შეფასების სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ესეს მიზანია მოსწავლის შემეცნებითი საქმიანობის ნაყოფიერი და შემოქმედებითი ნაწილის დიაგნოსტირება, რაც გულისხმობს ინფორმაციის ანალიზის, მისი ინტერპრეტაციის, არგუმენტების აგების, ფაქტების, მიდგომებისა და ალტერნატივების შედარების, დასკვნების ფორმულირების უნარების შეფასებას.
სწავლებისას ესეს გამოყენება მოსწავლეებს აჩვევს აზრის მკაფიოდ და გამართულად, ლოგიკური თანამიმდევრობით ჩამოყალიბებას, ტერმინოლოგიით მეტყველებას, მაგალითების, ციტატების გამოყენებას. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა:

1) დამოუკიდებელი შემოქმედებითი მუშაობა მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ თემაზე (კეთდება როგორც საშინაო დავალება);
2) 30-წუთიანი წერითი დავალება შესწავლილი საგანმანათლებლო მასალის
ირგვლივ;
3) 10-წუთიანი თავისუფალი წერა ახალი მასალის უკეთ გასაგებად და დასამუშავებლად;
4) 5-წუთიანი თავისუფალი თემა ლექციის შესაჯამებლად და თემის შესახებ ჩამოყალიბებული აზრებისა და დასკვნების დასაფიქსირებლად (ყველაზე ხშირად მოსწავლეებს ავალებენ დაწერონ, რა გაიგეს ახალი მოცემულ თემაზე და დასვან ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მიუღიათ).

·პრობლემის მოგვარება
მათემატიკური ამოცანა ალბათ პრობლემის ყველაზე ტიპობრივი მაგალითია, მაგრამ სხვა საგნებშიც არის პრობლემური სიტუაციები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა არგუმენტირებული მსჯელობა, მასალით მანიპულირება /კვლევის დაგეგმვა, ჩატარება, შედეგების ანალიზი/ და ა.შ.
იმისდა მიხედვით, რის გაზომვა და შეფასება სურს პედაგოგს, ტესტი შეიძლება შედგებოდეს როგორც მხოლოდ ღია ან მხოლოდ დახურული, ისე ორივე ტიპის კითხვებისგან. დახურული კითხვები კარგად ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას, ხოლო ღია კითხვებით შეიძლება შემოწმდეს როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ისე ანალიზის, მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის უნარი.
განვიხილოთ ტესტური დავალების ტიპები, მაგალითები, მათი უპირატესობა და ნაკლი.

ტესტური დავალების ტიპი

მაგალითი

ა.ჭეშმარიტია – მცდარია

ბომბეი ინდოეთის დედაქალაქია

. ჭეშმარიტია

. მცდარია

ბ.შესაბამისობის

უპოვეთ სიტყვებს ანტონიმები:

ნასვამი: მძინარე: ნაღველი

მხიარული . . . . . . . .

ფხიზელი . . . . . . .. .

გ.კლასიფიკაციის

შეავსეთ ცარიელი ადგილები:

საფრანგეთი პარიზი ევროპა

………………… კენია აფრიკა

შრი ლანკა ……….. …………

დ. მრავლობითი არჩევანის შემცველი ტესტი

რომელწინადადებაშიაშეცდომა?

) ბიჭიმარტოდარჩადამწარედატირდა.

) ვახშამიუხალისოდგრძელდებოდა.

) უნებლიედ მათისაუბარიგავიგონე.

) ცხოვრებადუნედმიედინებოდა.


ტესტური დავალებები, რომლებიც პასუხის შერჩევას მოითხოვს:

ტესტური დავალების ტიპი

უპირატესობა

სისუსტე

ა. ჭეშმარიტია -მცდარია


·

ადვილი შესადგენია


·

ადვილი შესაფასებელია


·

ადვილია სასწავლო კურსის მრავალფეროვნების ასახვა


·

შემოიფარგლება ერთმნიშვნელოვანი არჩევანით


·

პასუხი ინტუიციურად არცთუ ადვილი ამოსაცნობია (50%)

ბ. შესაბამისობის


·

სასარგებლოა კავშირთა და მიმართებათა ტესტირებისთვის


·

ადვილი შესაფასებელია


·

ადვილი შესადგენია


·

რთულია ინსტრუქციების სიტყვიერი ფორმულირება

გ. კლასიფიკაციის


·

ადვილი შესაფასებელია


·

ადვილი შესადგენია


·

სასარგებლოა ფაქტობრივი ხასიათის მასალისთვის


·

სასარგებლოა მარტივი მიმართების ტექსტებისათვის


·

შემოიფარგლება ფაქტების დახარისხებით


·

შემოიფარგლება ერთმნიშვნელოვანი ფაქტებით

დ. მრავლობითი არჩევანის შემცველი ტესტი


·

მრავალფეროვანია – გამოიყენება სხვადასხვა კოგნიტური პროცესის გასაზომავად


·

ამცირებს სუბიექტური შეფასების ალბათობას


·

შედეგების ანალიზი გვაწვდის დიდი ოდენობით დიაგნოსტიკური ხასიათის ინფორმაციას


·

ადვილია ქულების მინიჭება


·

არ ხდება კრეატიული აზროვნების სტიმულირება


·

მის შესამუშავებლად ბევრი დრო იხარჯება,


·

ძნელია მცდარი პასუხების ფორმულირება

ტესტური დავალებები, რომლებიც პასუხის კონსტრუირებას მოითხოვს

ტესტური დავალების ტიპი

მაგალითი

ა. მოკლე პასუხის მქონე ტესტური დავალება


·

მოიფიქრე წაკითხული მოთხრობისათვის საუკეთესო სათაური

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .


·

რა მოიმოქმედა გიორგიმ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . .


·

რატომ გაბრაზდა მარი?

. .. . . . . .. . . .. . . . ……… ..

ბ. შეავსეთ ცარიელი ადგილები – წინადადების დასრულება


·

16+39 = . . . . . .


·

საქართველოს …………. მხრიდან ესაზღვრება რუსეთი

გ. დახურული, მოდიფიცირებული ტესტური დავალებები

მოცემულია /შესწავლილი/ ტექსტი, სადაც ყოველი მეხუთე სიტყვა გამოტოვებულია/ან სიტყვის გამოტოვება კონკრეტული რეგულარობით არ ხდება

დ. განვრცობილი პასუხები

დაწერეთ მოკლე თხზულება, რომელშიც შეჯამებულია ფეირბანკის შეხედულება ოპიუმის პირველ ომზე, რა სახითაც ის ამ ნაწყვეტშია მოცემული

ე. პრობლემის გადაჭრა


1.

მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის… ამოცანები


2.

ვანომ გასაყიდად გამოიტანა 3 საზამთრო და 3 ნესვი და ერთ მწკრივად დააწყო. მაღაზიის მეპატრონემ შენიშვნა მისცა – უკეთესი იქნება, თუ მონაცვლეობით დააწყობო. ვანოს ძალიან ეჩქარება და ურჩიეთ, სულ ცოტა, რამდენ მათგანს შეუცვალოს ადგილი, რომ საზამთრო და ნესვი მონაცვლეობით განლაგდეს?

ტესტური დავალებები, რომლებიც პასუხის კონსტრუირებას მოითხოვს

ტესტური დავალების ტიპი

უპირატესობა

სისუსტე

ა. მოკლე პასუხის მქონე ტესტური დავალება


·

ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას


·

მინიმუმამდე დაჰყავს პასუხის ინტუიციურად ამოცნობის ალბათობა


·

ადვილი შესადგენია


·

ადვილი შესაფასებელია


·

არ გამოდგება რთული ინფორმაციის გასაზომად


·

მოსწავლეს ადვილად მოსდის შეცდომა

ბ. შეავსეთ ცარიელი ადგილები- წინადადების დასრულება


·

ახდენს ფაქტობრივი ცოდნის ტესტირებას


·

მინიმუმამდე დაჰყავს პასუხის ინტუიციურად ამოცნობის ალბათობა


·

ადვილი შესადგენია


·

ადვილი შესაფასებელია


·

ძნელია მაღალი რიგის უნარ-ჩვევების გაზომვა


·

მოსწავლეს ადვილად მოსდის შეცდომა

გ. დახურული, მოდიფიცირებული ტესტური დავალებები


·

ადვილი შესადგენია,


·

კარგად ზომავს სიტყვების ცოდნას


·

ამოწმებს ნაწყვეტის გაგების უნარს


·

არჩევანის მრავალ შესაძლებლობას მცირე ღირებულება აქვს

დ. განვრცობილი პასუხები


·

იძლევა მაღალი რიგის უნარების შემოწმების საშუალებას


·

ადვილი შესადგენია


·

ხელს უწყობს კრეატულ და კრიტიკულ აზროვნებას


·

შეუძლია გაზომოს დასწავლის ეფექტი


·

შეფასება ბევრ დროს მოითხოვს


·

სხვადასხვა შემფასებლის შეფასებები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს

ე. პრობლემის გადაჭრა


·

იძლევა მაღალი რიგის უნარების შემოწმების საშუალებას


·

ადვილი შესადგენია


·

ხელს უწყობს კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას


·

შეუძლია დასწავლის ეფექტის გაზომვა


·

შეფასება ბევრ დროს მოითხოვს


·

ზოგჯერ ძნელია შეფასების სტაბილური კრიტერიუმების დადგენა

რეალობა ხშირად ორგვარია; არის შემთხვევა, როდესაც ტესტურ დავალებებს ქმნის პედაგოგი ტესტირების მიზნიდან გამომდინარე. ხშირად მასწავლებელი გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ან ტესტების კრებულებიდან ტესტირების მიზნის შესაბამისად არჩევს ტესტურ დავალებებს და ადგენს ტესტს, რომელიც 45 წუთზეა გათვლილი, შეიცავს ცოდნის შესამოწმებელი დახურული კითხვების გარკვეულ რაოდენობას და ცოდნისა და უნარების შესამოწმებელი ღია ტესტური დავალებების გარკვეულ რაოდენობას. მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც ტესტის სპეციალისტები მასწავლებელს აძლევენ, ასეთია: ტესტური დავალებები დალაგდეს მარტივიდან რთულისკენ, ტესტურ დავალებებში არ ჩაიდოს ერთი და იგივე სტიმულები, რათა ტესტირებისას მსგავსმა სტიმულებმა არ გამოიწვიოს მოყირჭება. როგორც ცნობილია, ტესტის შედგენისას დიდი მნიშვნელობა აქვს სტიმულს. ხშირად გამოიყენება დირექტიული და ინსტრუქციული ხასიათის სტიმულები.

დირექტიული ხასიათის სტიმულია ტესტში შემავალი ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სჭირდება ტესტირების მონაწილეს, რათა გაიგოს ტესტური დავალება, რომელიც უნდა ამოხსნას/ტესტის დავალების ღერძი, ბირთვი, ან თემა დეტალური ესესთვის/.

ინსტრუქციული ხასიათის სტიმულია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იბეჭდება ტესტში და რომელსაც ითვალისწინებენ ტესტირების მონაწილენი ტესტში მოცემულ კონკრეტულ კითხვაზე საპასუხოდ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ტესტის დაგეგმვის სქემა შემდეგ სახეს მიიღებს:

ტესტის დაგეგმვის სქემა

1.ტესტირების მიზნის განსაზღვრა

2.ტესტის სპეციფიკის განსაზღვრა

3. შესატყვისი პუნქტების შერჩევა

4. ცალკეული პუნქტების მომზადება

5. ტესტის შედგენა

6. ტესტის შემოწმება

7. ტესტის შეფასება

8. შედეგების გამოყენება


 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...