პარასკევი, აპრილი 10, 2026
10 აპრილი, პარასკევი, 2026

გიორგი მოსიძე – რა? სად? როდის?

0

დავიბადე თბილისში, ვერაზე. დავამთავრე 183-ე, ძველი, ტრადიციული სკოლა. არ ვყოფილვარ წიგნიერებით გამორჩეული მოსწავლე და არც მაშინდელ წიგნის მოყვარულთა საზოგადოებაში ვირიცხებოდი, რომელიც დაკავშირებული იყო კომკავშირთან. რა თქმა უნდა, ვკითხულობდი, მაგრამ ჩემს სკოლაში იყვნენ ბავშვები, რომლებიც ჩემზე სამჯერ მეტს კითხულობდნენ. მოკლედ, წიგნის ჭია არ ვყოფილვარ. სამაგიეროდ, საბჭოთა ტელევიზიის ცენტრალურ არხზე “რა? სად? როდის?” თამაშებს არ ვტოვებდი. ინტელექტუალური თამაშის გამართვის იდეა პირველად პირველ-მეორე კურსზე გამიჩნდა. დასასვენებლად ვიყავით გორის რაიონში, სანატორიუმში. სწორედ იქ ვითამაშეთ მეგობრებმა. ოფიციალური თამაში კი სამედიცინო ინსტიტუტში, 1992 წლის შემოდგომაზე გავმართეთ. ფაქტობრივად, იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი ქართულ ინტელექტუალურ თამაშს. ხოლო თავად “რა? სად? როდის?” იმ ფორმატით, რომელსაც დღეს ქართველი ტელემაყურებელი უყურებს, ჩავატარეთ 1994 წელს. გაისად ოცი წლის იუბილე გვაქვს”, – ასე იხსენებს საკუთარ ბავშვობას და საქართველოში ყველაზე პოპულარული ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” დაბადებას mastsavlebeli.ge-სთან ინტერვიუში გადაცემის ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე.

– ბატონო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ წიგნის უსაზღვროდ მოყვარული არ ყოფილხართ. მაშ, როგორ გახდით საქართველოში ინტელექტუალური თამაშის ფუძემდებელი?

– მე მიყვარდა თამაში. თამაში ხომ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მიყვარდა როგორც სპორტული თამაშები, – დავდიოდი კალათბურთზე, ფეხბურთზე, – ისე ინტელექტუალურიც. საზოგადოდ, მოთამაშე გახლავართ. ცხოვრებას, როგორც თამაშს, ისე ვუყურებ. დიდხანს ვეძებდით მე და ჩემი მეგობრები, თუ იმართებოდა ამგვარი თამაშები საქართველოში. როცა ვერ აღმოვაჩინეთ, ჩვენ თვითონ შევქმენით. დღეს კი “რა? სად? როდის?” ამდენი მოთამაშე ერთ სულ მოსახლეზე არც ერთ ქვეყანაში არ არის. მოკლედ, ინტელექტუალური თამაშების ყველაზე მეტად მოთამაშე ერი ვართ.

– თამაში გიყვართ. რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია და არა, ვთქვათ, მსახიობისა?

– ჩემი ოჯახი იყო ამის წინააღმდეგი. ჩემი მამა-პაპა ექიმი იყო და მეც ამ გზას გავუყევი. თუმცა არ ვნანობ. მე მაინც ის გავხდი, რაც მინდოდა, სამედიცინო განათლებით კი ბევრად უფრო ფართო თვალსაწიერი შევიქმენი. ცოტა ხნის წინ ვიყავი ამერიკაში, ნიუ-იორკის კინოაკადემიაში ტელეშოუებისა და კინოსერიალების პროდიუსერთა კურსები დავამთავრე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ პროდიუსერი. როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდი, საწუხაროდ, საქართველოში ასეთი სასწავლებელი არ არსებობდა და მგონი, დღესაც არ არსებობს.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ქართველობა ყველაზე მოთამაშე ერია. რით ახსნით ამას?

– არ ვიცი, ეს ფენომენია, რომელსაც ვერავინ ხსნის. ისრაელიდან იყვნენ ჩამოსული მოაზროვნეები, რომლებსაც უნდოდათ ამოეხსნათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. უკრაინა, რუსეთი წიგნის მკითხველი ქვეყნები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მათ გავასწარით. რა თქმა უნდა, არა საერთაშორისო შედეგებით, რადგან ისინი რუსულ, მშობლიურ ენაზე თამაშობენ, ჩვენ კი გვიჭირს რუსულ ენაზე კონკურენციის გაწევა, მაგრამ ინტელექტუალური თამაშების ისეთი ბუმი, როგორიც საქართველოშია, არც ერთ ქვეყანაში არ არის.

– მოთამაშეთა ხარისხს როგორ შეაფასებდით?

– ხარისხი დრომ მოიტანა. ათწლიანი რეგულარული თამაშის წყალობით საკმაოდ მაღალი დონის გუნდები გვყავს. მაგალითად, თბილისის სუპერლიგა, რომელიც თვეში ერთხელ თამაშობს და იქ ყველა ტელესახეს ნახავთ, საკმაოდ ძლიერია. საერთაშორისო შედეგიც სახეზეა – ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. გიორგი ბაქრაძემ მოიგო ისრაელში ფინალი. შარშან მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ რუსეთისა და უზბეკეთის ნაკრებების შემდეგ. ეს – იმის გათვალისწინებით, რომ “რა? სად? როდის?” ყველა ქვეყანა რუსულად თამაშობს, მათ შორის – აზერბაიჯანიც და სომხეთიც. ჩვენ კი ეს თამაში გავაქართულეთ, გავაეროვნულეთ. ჩვენი პროგრამაც ამით განსხვავდება სხვებისგან და ამიტომაც არის პოპულარული. სხვა ქვეყნების თამაშების ვერსიებისგან განსხვავებით, სადაც მსოფლიო ინტერნეტიდან შეგროვებული კითხვებია, საქართველოში გვაქვს კითხვები ვაჟა-ფშაველასა და სხვა ქართველი მოღვაწეების შემოქმედებიდან. წელს გალაკტიონის წელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი კითხვა მოდის გალაკტიონის შესახებ. გვქონდა ილიას, აკაკის, ვაჟას წლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამორიცხავს იმას, რომ ამ კითხვებმა ადრე უკვე გაიჟღერა. “რა? სად? როდის?” მსოფლიო პრობლემაა უკვე გათამაშებული კითხვები, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვთამაშობთ ქართულად და ქართულ თემატიკაზე, ჩვენი კითხვები გაცილებით ორიგინალურია.

– ბოლო ხანს ხშირად გაიგონებთ, რომ წიგნიერების დონე საქართველოში დაეცა, თუმცა ინტელექტუალური თამაშების რაოდენობა საპირისპიროზე მეტყველებს…

– პოსტულატს, რომ საქართველოში წიგნიერების დონემ დაიწია, არ ვიზიარებ. ვერ გეტყვით, რომ 80-იან წლებში, როდესაც ვსწავლობდი, წიგნიერება უფრო მაღალ დონეზე იყო. პირიქით. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო აქტიურად დადიან ჩვენს თამაშებზე. თბილისის კლუბში ათი ათასამდე ახალგაზრდა მოდის. პარალელურად თამაშები იმართება ბათუმსა და ქუთაისში და იქაც არანაკლები აქტიურობაა. ეს ძალიან დიდი რიცხვია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. ეს ის ახალგაზრდები არიან. ვინც გაითავისა, რომ განათლება, პროფესიონალიზმი და საქმის კეთება არის მომავალი კარიერისა და ცხოვრების მოწყობის საწინდარი. გარდატეხა ჩვენს ერში მოხდა. ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ყველაფერი განვითარებისკენ მიდის. მითი, რომ მშობლები შეგინახავენ, ნათესაობა გიშველის, რომ შეგიძლია, კრიმინალის მხარეს წახვიდე და შენი ცხოვრება მაინც შედგება, დაიმსხვრა. გაიზარდა ახალი თაობა, რომელსაც ესმის, რომ საკუთარი ნიჭის, საკუთარი განათლების შესაბამისად შეგიძლია მოიწყო კარიერა და, ამის კვალობაზე, ცხოვრება. აქედან გამომდინარე, დაიწყო განათლებაში ჩაღრმავება.

– ალბათ, ყოველივე ამის შედეგია, რომ “რა? სად? როდის?” ძალიან პოპულარულია სკოლებში…

– სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შარშან ინტელექტის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 69 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად გაიმართა “რა? სად? როდის?” გათამაშება, რომელშიც ქვეყნის ყველა სკოლის ნაკრები მონაწილეობდა. ამ გზით გამოვლინდა 69 ჩემპიონი. დასკვნითი თამაში კი თბილისში ჩატარდა. 2012 წელს პირველ ადგილზე ბათუმი გავიდა, მეორე-მესამე ადგილები თერჯოლამ და ჩხოროწყუმ გაიყვეს. მეოთხეზე გავიდა გარდაბანი, მეხუთეზე კი ვაკე-საბურთალოს კომაროვის სკოლა. წელს ინტელექტუალური თამაში მუნიციპალიტეტებში 13 აპრილს გაიმართება, 11 მაისს კი თბილისში, სასტუმრო “შერატონში”, ჩატარდება ფინალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 69 გუნდი. ეს არის უნიკალური ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს მომავლის შეკრებაა. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ცოტა ხანში თავიანთ სიტყვას იტყვიან ეკონომიკაში, მედიცინაში, მეცნიერებაში…

– იმისთვის, რომ “რა? სად? როდის?” კარგად თამაშობდე, წიგნიერება ალბათ არ არის საკმარისი..

– პირველი – საჭიროა განათლება, ნაკითხობა; მეორე – გუნდური მუშაობის უნარი, ანუ ადამიანს, რომელიც თამაშობს “რა? სად? როდის?”, უნდა შეეძლოს, ხუთ სხვა, მასავით ამბიციურ, განათლებულ, ყველაფერზე საკუთარი აზრის მქონე ადამიანთან ეფექტურად იმუშაოს. მესამეა რეაქცია – ადამიანმა ერთ წუთში უნდა მოასწროს თავისი ყველა რესურსის ამოიღება. ჩაძინებული ცოდნა თითქმის ყველას აქვს. მეხსიერებაში ბევრი რამ ინახება – წაკითხული, ნანახი, გაგონილი; ამის ერთ წუთში ამოღება და სწორად გამოყენებაა მნიშვნელოვანი. მეოთხე – აუცილებელია ინტუიცია. ხდება ისეც, რომ გაუმართლებს მოთამაშეს, მაგრამ საბოლოოდ უძლიერესი იმარჯვებს. და მეხუთე – ყოველივე ამას სჭირდება ”რა? სად? როდის?” თამაშის სპეციფიკური ნიჭი. ეს ჭადრაკივით არის – სვლები ყველამ ვიცით, მაგრამ დიდოსტატები ერთეულები ხდებიან.

– მასწავლებლის როლი როგორ წარმოგიდგენიათ ამ თამაშში?

– თუ მასწავლებელი სათანადო ცოდნას გაძლევს, მის საგანში ძლიერი ხარ. მე, მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელი მყავდა ძალიან მომთხოვნი და ეს საგანი ვიცოდი კარგად. ვიღაცამ ისტორია იცის, ვიღაცამ – მათემატიკა… მასწავლებელი ორგანიზატორი და მწვრთნელია, რომელიც ამეცადინებს ბავშვებს და ასე ვითარდება გუნდი. https://moazrovne.net – ამ საიტზე უამრავი კითხვაა, მასწავლებლებს შეუძლიათ, ამოიღონ და ამეცადინონ მოსწავლეები.

– რას ურჩევთ “რა? სად? როდის?” ახალბედა მოთამაშეებს?

– იკითხონ ბევრი, ითამაშონ “რა? სად? როდის?” და ნუ დაემორჩილებიან შაბლონს, გაიფართოონ თვალსაწიერი, გამოვიდნენ საზღვრებიდან და თავისუფლად, ლაღად იაზროვნონ.

როგორ დავეხმაროთ მოზარდს პროფესიის არჩევაში

0

ყველა მოზარდის ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც მან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი უნდა გადადგას – თავისი მომავალი განსაზღვროს, პროფესია აირჩიოს, თუმცა მოზარდების უმრავლესობა მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, რადგან არც საკუთარ არჩევანშია დარწმუნებული და არც იმაში, რომ ეს არჩევანი გაამართლებს. რას ნიშნავს “სწორი არჩევანი” და რა მოეთხოვებათ სკოლას, მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მოზარდს მის გაკეთებაში დაეხმარონ? ამის თაობაზე ვესაუბრეთ და გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ გრაცის უნივერისტეტის პროფესორს, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, განათლების ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქალბატონ მანუელა პეხტერს

და ამავე დეპარტამენტის მკვლევარს სილკე ლუტენბერგერს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ამ საკითხებზე მუშაობენ.

                                                                                                      

-ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანი. რას გულისხმობს ცნება “სწორი არჩევანი” და რა ახდენს გავლენას მოზარდის პროფესიულ არჩევანზე?

– პროფესიის არჩევა მოზარდის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ეს არ არის მარტივი პროცესი. არჩევანის გასაკეთებლად მოზარდმა, ერთი მხრივ, უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ინტერესების სფერო და რა უნარები და კომპეტენციები აქვს ამ სფეროში, მეორე მხრივ კი თანხვედრაში მოიყვანოს ისინი სასურველი პროფესიის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი გულისხმობს სწორედ სრულ თანხვედრას ამ სამ ფაქტორს – “მინდას”, “შემიძლიასა” და “საჭიროას” – შორის.

ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი შეიძლება განვიხილოთ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების ჭრილში. ხშირად ესა თუ ის პროფესია სხვებზე მეტად მოთხოვნადია და ახალგაზრდებიც მას ირჩევენ, თუმცა ეს არჩევანი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სწორი შესაძლოა არ იყოს.

სოციალურ-კოგნიტიური თეორია (Lent, Brown, & Hackett, 1994) ამ პროცესის უკეთ გასაგებად გვთავაზობს თეორიულ მოდელს, რომლის თანახმადაც პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბებასა და პროფესიულ ქცევაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ისინი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: კოგნიტიურ-პიროვნულ ფაქტორებად, როგორიცაა თვითშეფასება, მოლოდინები, მიზნები, მოტივები, და კონტექსტურ ფაქტორებად, როგორიცაა სქესი, მშობლებისა და თანატოლების მხარდაჭერა, პროფორიენტაცია და სხვა.

– რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზარდის სასურველი პროფესია თანხვედრაში უნდა იყოს მის პიროვნულ და პროფესიულ ინტერესებთან (Holland, 1997). პროფესიული ინტერესები დროში შედარებით სტაბილურია და ადვილად არ ექვემდებარება ცვლილებებს, ამიტომ მცდარმა არჩევანმა შესაძლოა ხანგრძლივი არასასურველი შედეგი მოგვიტანოს პროფესიით უკმაყოფილებისა და არარეალიზებულობის განცდის სახით. ამის კვალობაზე, პირველი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯი ის არის, რომ პროფესიის არჩევამდე მოზარდმა გააცნობიეროს თავისი ინტერესები და გადაწყვეტილება მათზე დაყრდნობით მიიღოს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს მოზარდის არჩევანზე, არის ინდივიდის თვითეფექტურობის განცდა. ეს არის საკუთარი ძალების რწმენა, რწმენა იმისა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ის წარმატებას მიაღწევს. თვით ეფექტურობის განცდას უშუალო კავშირი აქვს პროფესიით კმაყოფილებასთან და მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს ინდივიდი საკუთარი პროფესიის პრაქტიკაში რეალიზებას (Bandura, Barbaranelli, Caprara, & Pastorelli, 2001), ამიტომ მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებაა.

ამასთანავე, ხშირად ახალგაზრდებს არ აქვთ რეალური ინფორმაცია პროფესიების შესახებ, არ იციან, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ამა თუ იმ პროფესიის წარმატებით დასაუფლებლად და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი კონკრეტული პროფესიის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ხშირად ეყრდნობიან პროფესიებზე სტერეოტიპულ შეხედულებებს. სწორედ ამის ბრალია, რომ ახალგაზრდები ძირითადად იმ პროფესიებს ირჩევენ, რომლებიც ტიპობრივი და პრიორიტეტულია მათი სქესისთვის. რეალისტური და სწორი არჩევანის გასაკეთებლად კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა, გვქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია პროფესიების შესახებ.

აი, ეს არის სამი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი წარმატებული არჩევანის გასაკეთებლად.

– რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რის გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?

– პრინციპში, სკოლის მთავარი და პრიორიტეტული მიზანი უნდა იყოს, მოზარდს ყოველგვარი პირობა შეუქმნას ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების წარმატებით განხორციელებისთვის. არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომელსაც სკოლა უნდა სთავაზობდეს მოსწავლეს, მაგალითად, პროფორიენტაციული შეხვედრები, ინფორმაციის მიწოდება პროფესიების ტიპებსა და თავისებურებებზე, ექსკურსიები სხვადასხვა პროფესიულ გარემოში, სხვადასხვა ორგანიზაციაში სტაჟირება და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ სკოლამ უნდა წაახალისოს მოსწავლე, დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია სასურველ პროფესიებზე, გააცნობიეროს თავისი პრიორიტეტები და შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და უნარები ამ პროფესიის მოთხოვნათა ჭრილში.

გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია, დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებაში.

– რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

– მოსწავლეთა პროფესიული არჩევანი ნაწილობრივ სწორედ მშობლებისა და მასწავლებლების გავლენით აიხსნება. კვლევები (მაგ., Miller, 1994) გვიჩვენებს, რომ მშობლები ხშირად თვითონ წარმოადგენენ შვილებისთვის პროფესიული ინტერესების, პროფესიული წარმატებისა და არჩევანის მაგალითს. წარმატებული და პროფესიულად შემდგარი მშობელი კარგი მოდელია შვილისთვის. მოზარდები ხშირად ირჩევენ მშობლის პროფესიის ანალოგიურ პროფესიებს. თუმცა ეს გავლენა ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. ის დამოკიდებულია იმაზეც, გრძნობს თუ არა მოზარდი მშობლის მხარდაჭერას თავისი ინტერესების შესატყვისი არჩევანის გაკეთებაში. როდესაც ამ პროცესში მშობელთა ჩართულობაზე ვსაუბრობთ, გვახსოვდეს, რომ მშობელი ორიენტირებული უნდა იყოს შვილის ინტერესებსა და უნარებზე და არა საკუთარ სურვილებსა და კულტურულ სტერეოტიპებზე.

აქვე შევჩერდებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მოზარდ ასაკში, როგორც ვიცით, წამყვანი ქცევა პიროვნული ურთიერთობებია და მოზარდის სოციალური კავშირებიც ფართოვდება. მშობლებთან ერთად მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ თანატოლები და სხვა ავტორიტეტული პირები. მოზარდის პროფესიულ არჩევანზე ხშირად თანატოლების გავლენა უფრო მეტია, ვიდრე მშობლებისა ან ოჯახისა. მეგობარი, რომელსაც მომავლის საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, შესაძლოა ძლიერ კატალიზატორად იქცეს მეორე მოზარდის ასეთივე ამბიციური გეგმების ჩამოყალიბებისთვის და პირიქით – მეგობარი, რომელსაც არცთუ დიდ იმედს ამყარებს საკუთარ თავსა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაზე, შესაძლოა ცუდი მოტივატორი აღმოჩნდეს მეორე მოზარდის პროფესიული არჩევანისთვის.

– რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით ავსტრიაში და რას აკეთებს სკოლა, საზოგადოდ, განათლების სისტემა სწორი არჩევანის გაკეთებაში მოზარდის დასახმარებლად? როგორ მუშაობს პროფორიენტაციის სისტემა ავსტრიის სკოლებში და, თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული იგი?

– ჩვენი აზრით, ავსტრიის სკოლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოზარდს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ. ჩვენ გვაქვს ევროპის მასშტაბით უნიკალური სისტემა. მე-7 და მე-8 კლასებში ყველა საშუალო სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს პროფორიენტაციის კურსებს. ამ პერიოდში მოსწავლეები 13-15 წლისანი არიან. კურსი კვირაში 1 საათს მოითხოვს. გვაქვს მოსამზადებელი პროფესიული სკოლებიც (მე-9 კლასი). ამ სასწავლებლებში უმთავრესად ის მოზარდები სწავლობენ, რომლებიც მომავალში რაიმე ხელობის შესწავლას აპირებენ. ეს სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ პროფორიენტაციულ სერვისს უკვე კვირაში 2 საათის დატვირთვით.

თავად სკოლებში პროფორიენტაციული სერვისი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სკოლის ტიპზე, მის სპეციფიკასა და პროფილზე. ჩვენ გვაქვს სასკოლო განათლების ძალიან დიფერენცირებული სისტემა. კერძოდ, მერვე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლე არჩევანის წინაშე დგება, სად და რა ტიპის სკოლაში გააგრძელოს სწავლა. ამრიგად, პროფესიული თვალსაზრისით პირველი გადაწყვეტილების მიღება მას ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში უწევს. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია – მას შეუძლია, სწავლა გააგრძელოს ზოგადსაგანმანათლებლო აკადემიური ტიპის სკოლაში (AHS), მაღალი საფეხურის ტექნიკურ ან პროფესიულ სკოლაში (HBS), საშუალო პროფესიულ სკოლაში (MBS) ან მოსამზადებელ პროფესიულ სკოლაში (PS). შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, როგორ დავეხმარებით მოსწავლეს, ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს ამ გადამწყვეტ ნაბიჯს.

თუმცა პროფორიენტაციული სერვისის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნაკლოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სერვისი გაუმჯობესებას მოითხოვს. პირველი, რაზეც ფოკუსირება უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ აკადემიური ტიპის საშუალო სკოლებში სხვა სკოლებზე ნაკლები ყურადღება ექცევა პროფორიენტაციის საკითხს, რადგან იგულისხმება, რომ მათი მოსწავლე მომდევნო საფეხურზეც ამავე ტიპის სკოლაში გააგრძელებს სწავლას. ამ ტიპის სკოლები კი ორიენტირებულნი არიან საუნივერსიტეტო განათლებაზე და მიაჩნიათ, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მე-8 კლასში პროფორიენტაციის კურსი. ეს საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.

საყურადღებოა ისიც, რომ პროფორიენტაციის კურსი ძირითადად მოსწავლის ინფორმირებაზეა ორიენტირებული და ნაკლებად ზრუნავს მის პიროვნულ მხარეზე. სასურველია, უფრო ძლიერი აქცენტი დაისვას დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე.

რას ურჩევდით მასწავლებლებსა და მშობლებს, რით შეიძლება დაეხმარონ ისინი მოზარდს სწორი არჩევანის გაკეთებაში?

– მასწავლებელი მოტივირებული უნდა იყოს, გამუდმებით უბიძგოს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების გაცნობიერებისკენ, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეების გააზრებისაკენ. მან უნდა წაახალისოს მოზარდი, მისი არჩევანი თანხვდებოდეს მის შესაძლებლობებსა და პიროვნულ ინტერესებს. ასევე სასურველია, მასწავლებელმა იმუშაოს მოსწავლის თვითეფექტურობის განცდაზე. ეს შეიძლება განხორციელდეს სასწავლო პროცესისგან დამოუკიდებლადაც, პროფორიენტაციის კურსის ფარგლებში სპეციალური მოდულითა და რეკომენდაციებით (Luttenberger & Paechter, 2012). მაგრამ მასწავლებელმა ეს რომ შეძლოს, იგი უნდა იცნობდეს მოსწავლის ოჯახურ ფონს, მაშასადამე, თანამშრომლობდეს მშობელთან.
მშობელმა კი ამ კუთხით ზრუნვა ადრევე უნდა დაიწყოს და არა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების წინ. იგი შვილს გამუდმებით უნდა უწყობდეს ხელს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს საკუთარი თავის შესახებ, აძლევდეს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში მოსინჯვის საშუალებას, ხშირად ესაუბრებოდეს პროფესიულ გეგმებზე და ამგვარად შეამზადოს იგი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მისაღებად. ნუ გავაკეთებთ არჩევანს შვილის მაგივრად. გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და ელიტური პროფესიის არჩევა წარმატებული მომავლის გარანტია არ არის.

კუნძული შუა გზაზე

0

გინახავთ, რა ლამაზები და მხიარულები არიან პატარა ალბატროსები?

გაგიგონიათ რამე კუნძულ მიდვეის შესახებ, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, კალიფორნიასა და იაპონიას შორის, ზუსტად შუაში (სახელიც ამას ნიშნავს – “შუა გზა”)?

გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, სად მიდის ჩვენ მიერ გამოყენებული და გადაყრილი პლასტმასის ნივთები?

მაშინ მე მოგიყვებით ამბავს იმის შესახებ, როგორ ცხოვრობენ ღუნღულა ალბატროსები დაუსახლებელ, უახლოესი კონტინენტიდან 2 000 მილით დაშორებულ კუნძულ მიდვეიზე, სადაც სხვა უნიკალური ჯიშის ცხოველები და ფრინველებიც ბინადრობენ და რა ზიანს ვაყენებთ გარემოს ჩვენ მიერ გადაყრილი ნაგვით. უფრო სწორად, მე მოგიყვებით ამბავს იმ არაჩვეულებრივი ფილმისას, რომლის გადაღებაც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე საკმაო რეზონანსი გამოიწვია და რომელმაც, ძნელია, ვინმე გულგრილი დატოვოს.

 

ფილმზე მუშაობა კუნძულ მიდვეიზე სამი წლის წინ დაიწყო კრის ჯორდანმა და დასრულებული ნამუშევარი 2013 წელს უნდა გამოვიდეს ეკრანებზე.

ის, რაც რეჟისორის ყურადღების ცენტრში მოექცა, სრულიად შემაძრწუნებელია:

კუნძულზე, სადაც ყველაზე მეტი ალბატროსი ცხოვრობს, ზღვის ამ ფრინველის 21 სახეობიდან 19 გადაშენების პირასაა. ყოველი მესამე ალბატროსი მათ სხეულში მოხვედრილი პლასტმასის ნარჩენებისგან კვდება. ზღვის ფრინველებს უჭირთ ფერადი ნარჩენების საკვებისგან განსხვავება და წყალში მოტივტივე ან ქვიშაზე გამორიყულ პლასტმასის ნივთებს, რომლებიც კუნძულზე ყოველ ნაბიჯზეა, ყლაპავენ.

არაორგანული ნარჩენები, რომელთა გადამუშავებასაც ათასობით წელი სჭირდება, საფრთხეს უქმნის როგორც ალბატროსების, ისე კუნძულზე მცხოვრები სხვა ცოცხალი არსებების სიცოცხლესაც. გარემოში გაფანტული პლასტმასა საშიშია არა მხოლოდ იმით, რომ ცხოველები და ფრინველები მას საკვებთან ერთად ყლაპავენ, არამედ იმითაც, რომ ტოქსინებს წარმოქმნის და  გარშემო ყველაფერს წამლავს და აბინძურებს. განსაკუთრებით მავნეა მისი ზემოქმედება წყალში, სადაც პლასტმასის ნივთების გარშემო წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები მომაკვდინებლად მოქმედებს ზღვებისა და ოკეანეების ფლორასა და ფაუნაზე.

პლასტიკური ნარჩენები, რომლებიც ნაგვის 15%-ს შეადგენს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარემოსთვის მარადიული შხამია. ეს არის ბომბი, ჩადებული დედამიწის წიაღში, რომელსაც არაერთი ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვა შეუძლია. მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც არ ამბობენ უარს მის მასიურ წარმოებაზე (ეს პროცესი მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო). შეიძლება ითქვას, პირიქითაც, ვინაიდან 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში უფრო მეტი პლასტმასა იქნა წარმოებული, ვიდრე მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიეთილენის ნივთების უმეტესობა ერთჯერადია, ანუ ის, რითაც სულ რამდენიმე დღე ან საათი ვსარგებლობთ, შემდეგ საუკუნეების განმავლობაში განუსაზღვრელ ზიანს გვაყენებს.

საზღვაო ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ცენტრის გამოკვლევის თანახმად, გარემოში დაგროვილ მავნე ნივთიერებათა ზემოქმედების გამო 370-ზე მეტი სახეობის ცხოველსა და ფრინველს ემუქრება გადაშენება. ცენტრი 2004 წლიდან აკვირდება ოკეანეებში დაგროვილი პლასტიკური ნივთიერებების ზემოქმედებას გარემოზე.

შედეგები შემაძრწუნებელია და ეკოლოგები მოითხოვენ, პლასტმასა გარემოსთვის საშიშ ნივთიერებად იქნეს აღიარებული, რაც საშუალებას მისცემს გარემოს დამცველებს, მის მიმართ ამკრძალავი ღონისძიებები მოითხოვონ. ამჟამად იგი, როგორც იაფი და მსუბუქი ნივთიერება, ამკრძალავი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო შეუზღუდავად იწარმოება და გამოიყენება.

ჯერჯერობით უცნობია, რა საფრთხეს შეიცავს ადამიანისთვის ზღვის იმ პროდუქტებისგან მომზადებული საკვები, რომელსაც შხამიანი ნივთიერებებით გაჯერებულ წყალში მოიპოვებენ. ასევე უცნობია, რამდენად უსაფრთხოა გაფილტრული წყალი, რომლის დიდი ნაწილი პლასტიკატის უმცირესი ერთეულებითაა გაჯერებული.

ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფოების მიერ პლასტიკური ნაგვის გადამამუშავებელ საწარმოებში მეტი ფულის ინვესტირება, გარემოს დამცველთა კიდევ უფრო აქტიური პროპაგანდა პლასტმასის წარმოების შესამცირებლად, მოქალაქეთა მხრივ კი გარემოზე ზრუნვა და რაც შეიძლება ნაკლები მავნე ნივთიერების გამოყენება და გადაყრა. და რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანის გამოჩენა, როგორიც ფილმის რეჟისორი კრის ჯორდანია (ასეთ ხალხს შესწევს ძალა, ამა თუ იმ საკითხზე ღრმად დაგაფიქროს).

მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ნაჭრის ჩანთა, რომლითაც ივლით საყიდლებზე და ნაცვლად ცელოფნის პარკებისა, რომლებსაც მომსახურების ობიექტები გვთავაზობენ და რომლებიც განუსაზღვრელი რაოდენობით დაფრინავს ჩვენ ირგვლივ, ამ ჩანთით მოიტანოთ შინ პროდუქტი, ან შეიძინოთ ლამაზი ბოთლი და ნაცვლად ერთჯერადისა, ამ ბოთლით ატაროთ თან თქვენი სასმელი. რაც მთავარია, ამასვე მიაჩვიოთ თქვენი პატარები და მოსწავლეები და თუმცაღა გარემოში დაგროვილ პლასტმასას ამით არაფერი დააკლდება, გეცოდინებათ, რომ არც მიემატება და თქვენ მიერ გადაყრილი ნივთებით სადღაც, დედამიწის რომელიღაც წერტილში, ღუნღულა ალბატროსები და გიგანტური კუები არ დაიხოცებიან.

და კიდევ, აუცილებლად აჩვენეთ ეს და სხვა ასეთი ფილმები ბავშვებს, ვინაიდან ნანახს ხშირად მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე სიტყვიერ შეგონებებს.

აუტიზმი – სასჯელი თუ განსხვავებულობა?

0
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთი, როცა უმწეობა და უიმედობა რეალობის შეგრძნებას გვაკარგვინებს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი ლოდი, რომელიც სასოწარკვეთილების ორმოდან ამოსვლაში ხელს გვიშლის. დასასრულის შიში კი იმდენად ძლიერია, რომ ორმოს თავზე ცას ვეღარ ვამჩნევთ.

ალბათ იკითხავთ, ვინ ვარ და რატომ უნდა წაიკითხოთ ჩემი ამბავი. თუ გავიხსენებ, რომ “არავინ და არაფერი ჩნდება ამქვეყნად ერთადერთი და პირდაპირი დანიშნულებით”, ამ კითხვაზე პასუხი არც ისე ადვილი აღმოჩნდება, მაგრამ რაკი ამ წერილის “მთავარი გმირი” ჩემი შვილია, გაგეცნობით როგორც დედა, რომელსაც პირველად გაუჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე აუტიზმთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებაზე ღიად საუბრის სურვილი.

ჯობს, თხრობა იმ დღიდან დავიწყო, როცა თბილისის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან უპასუხო კითხვებითა და უიმედობის განცდით სავსე გამოვედი. აღარ მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექი ქუჩაში და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: “ახლა საით?.. საით?..”

დღეს, როცა უკან ვიხედები და შვიდწლიანი გამოცდილების სიმაღლიდან ჩემს თავს ვაკვირდები, მახსენდება ის წყვდიადი, რომელშიც ყველა დედა შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მასაც უპასუხოდ დატოვებენ კითხვების უსიერ ტევრში. 
* * *
აუტიზმი! დღეს საქართველოში ამ ნეირობიოლოგიურ დაავადებაზე საკმაო ბეჭდური და ინტერნეტმასალა მოიპოვება, მაგრამ შვიდი წლის წინ ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად მოუმზადებელი ახალგაზრდა დედისთვის, რომლის ოთხი წლის შვილსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, “აუტიზმი” იყო ასო-ნიშნების უცნობი ჯამი, რომელიც დედა-შვილს უიმედობის უფსკრულისკენ მიაქანებდა. 

ზოგადი წარმოდგენისთვის: აუტისტური სპექტრის აშლილობა არის გარე სამყაროსადმი გულგრილობა; ბავშვს უჭირს კომუნიკაციის დამყარება ყველაზე ახლობელ ადამიანთან, დედასთანაც კი, შესაბამისად, არ აქვს განვითარებული სოციალური უნარები და მისი ქცევაც პრობლემურია.

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ ბავშვი ჩუმი და უპრეტენზიოა, “თვითონ ირთობს თავს” და ხელს არავის უშლის, პრობლემაც არ არსებობს. ასეთ დროს მშობელს შეუმჩნეველი რჩება შვილის მიდრეკილება სტერეოტიპული ქცევისადმი (ერთი და იმავე მოქმედების ხანგრძლივი, მრავალჯერადი განმეორება). მეც სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, არ დავაკვირდი ბავშვის თამაშს, მის მეტყველებას, ქცევას და ოთხ წლამდე, სანამ გარემოსთან კავშირი კატასტროფულ მინიმუმამდე არ შეამცირა და ემოციური ფონი არ დაუმძიმდა (უძილობა, ჭირვეულობა, შფოთვა, მუდამ შეწუხებული გამომეტყველება), პრობლემის არსებობა არ ვაღიარე.

გვერდს ვერ ავუვლით გარეფაქტორებს, რომლებმაც ასევე შემიშალა ხელი პრობლემის გააზრებასა და აღიარებაში:
. ინფორმაციულ ვაკუუმს (არაფერი ვიცოდი მსგავს დაავადებებზე, სპეციალურ ცენტრებზე, პრობლემის გადაჭრის გზებზე);
. განსხვავებულობისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას;
. სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციის “თავის არიდების” სტრატეგიას;
. საზოგადოდ, “პრობლემური ბავშვებისადმი” მასწავლებლების დამოკიდებულებას (რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ და მხოლოდ ტვირთი არიან).

ახლა ვხვდები, რა დიდი როლი ითამაშა საზოგადოების არასწორმა მიდგომამ გაურკვევლობისა და უფუნქციობის პერიოდის გახანგრძლივებაში. როდესაც ნაცნობებს ბავშვის მდგომარეობის შესახებ ვუყვებოდი და რჩევას ვეკითხებოდი, ისინი სინანულით გადააქნევდნენ თავს და სიბრალულის გამომხატველ ფრაზებს არ იშურებდნენ: “უი, შე საწყალო! ახლა რა გეშველება?” – და ა.შ. კითხვებზე პასუხი მხოლოდ ფსიქოლოგებთან მისვლის შემდეგ მივიღე.

საკმაო ხანი დამჭირდა საკუთარი შვილის გასაცნობად. ფსიქოლოგებთან ხანგრძლივი ვიზიტების შედეგად, უპირველესად, შევცვალე მიდგომა, ვაღიარე, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია, განვითარების განსხვავებული ტემპი აქვს და მსგავსი პრობლემის აღიარება მისი საზოგადოებრივი ცხოვრების დასასრული კი არა, დასაწყისია.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სატელევიზიო და ბეჭდურ საინფორმაციო სივრცეს იშვიათად უთმობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე საუბარს. თბილისში დღეისათვის საკმაო რაოდენობის სპეციალური სასწავლო (სპეცსკოლა, დღის ცენტრი) და სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს. მშობელს აღარ გაუჭირდება ინკლუზიური სწავლისადმი კეთილგანწყობილი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პოვნაც, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. მე სიბნელეში ხელის ცეცება ცოტა მეტხანს მომიხდა, მაგრამ, საბედნიეროდ, დროულად ვიპოვე ის საგანმანათლებლო და სამედიცინო სივრცე, რომელმაც ჩემი შვილის “გამოღვიძებაში” უზარმაზარი როლი ითამაშა.

დავიწყებ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით: მახსოვს, ლუკა პირველად ოჯახისგან მალულად მივიყვანე ბაღში. ბავშვის მდგომარეობისადმი არასწორი მიდგომა – უუნაროს იარლიყის მიკერება – ხშირად ოჯახიდან იწყება. სწორედ “ცოდოა-დაჩაგრავენ” დამოკიდებულების გამო დავმალე ჩემი გადაწყვეტილება. სიტყვა მეტისმეტად გამიგრძელდება, რომ ჩამოვთვალო, რამდენმა პრობლემამ იჩინა თავი, როგორ გაუჭირდა ბავშვს უცხო გარემოსთან შეგუება და მისი სრული იგნორირების გზით როგორ ცდილობდა საკუთარ თავში ჩაბრუნებას. სამწუხაროდ, შვიდი წლის წინ ინკლუზიის დანერგვა სასწავლო დაწესებულებებში ახალი დაწყებული იყო, მაგრამ ბევრი ძებნის შემდეგ მაინც მივაგენი საჭირო ბაღს და მასწავლებლებს, რომლებსაც აღმოაჩნდათ თანდაყოლილი ალღო და ჰუმანურობა, რამაც პირველი ნაყოფი გამოიღო.

დღემდე მახსოვს ის საახალწლო ზეიმი, როცა ჩემი შვილი პირველად ჩადგა თანატოლებთან ერთად წრეში და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაც არ დაუძრავს, მისი ეს საქციელი დიდ წარმატებად მიმაჩნდა.

ასე დაამყარა ლუკამ პირველად საზოგადოებასთან კონტაქტი. ნელ-ნელა ალაპარაკდა კიდეც. თავდაპირველად მესამე პირში და მხოლოდ პირადი საჭიროების გამო გველაპარაკებოდა (როცა შიოდა, სწყუროდა ან რაიმე ნივთი უნდოდა). გარკვეული ხნის შემდეგ ძალიან დამძიმდა, გამუდმებით შფოთავდა და წუხდა. ისევ ჩაიკეტა. ერთ დღესაც პირად ფსიქოლოგს გამოუცხადა, რომ “ლუკა იღუპება” და სთხოვა, უშველეთო. იმ დღის შემდეგ გარე სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. წინსვლის პროცესს თან ახლდა მუდმივი შფოთვა, უძილობა და უხასიათობა, მაგრამ გაუთავებელ რბოლას “გადარჩენისკენ” უკვალოდ არ ჩაუვლია. მიუხედავად ქცევასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეებისა, ექვსი წლის ლუკა სკოლაში მიიღეს. თავიდან სკოლის ადმინისტრაციამ აქტიურად ჩამრთო სასწავლო პროცესში. ვესწრებოდი გაკვეთილებს და ვეხმარებოდი მასწავლებლებს. თანდათან ლუკას ქცევა და ემოციური ფონი მეტ-ნაკლებად მოუწესრიგდა და შესაძლებელი გახდა მისი სკოლაში მარტო დატოვება. რა თქმა უნდა, დღესაც ვაწყდებით სირთულეებს, მაგრამ დაგროვილი გამოცდილების ფონზე მათი გადალახვა გაცილებით ადვილია. რაც მთავარია, ბავშვი თავს გრძნობს იმ საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რომელშიც საკმაოდ დიდი დროს ატარებს.

მე როგორც მშობელს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გირჩიოთ: გულწრფელად უნდა გვჯეროდეს, რომ განსხვავებულობა არ ნიშნავს სასჯელს, რადგან ყველა ცოცხალ არსებას აქვს განვითარების უნარი. მაგალითად კი საკმარისი იქნება, გავიხსენოთ აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე გამოჩენილი ადამიანები (ბილ გეიტსი, ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი, სტივენ სპილბერგი, ბობ დილანი, ჯეკ ნიკოლსონი, დერილ ჰანა…), რომელთა საქმიანობაც დღემდე საზოგადოების აღტაცებას იწვევს.

ჯონ ჰოლტი – “როგორ მარცხდებიან ბავშვები”

0

ჯონ ჰოლტის ინოვაციურ წიგნში “How Children Fail” (პირველი გამოცემა – 1964, შემდეგი გამოცემები – 1982, 1995, გაიყიდა მილიონზე მეტი ეგზემპლარი, ლ. ა.) ავტორი სკოლაში და თამაშის დროს ბავშვებზე დაკვირვებით ასახელებს იმ მიზეზებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავს ახალგაზრდების წარუმატებლობას და რომლებიც ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემისგან მომდინარეობს.

ჰოლტი ამტკიცებს, რომ ბავშვები უპირველესად იმიტომ განიცდიან მარცხს, რომ ეშინიათ, სწყინდებათ და იბნევიან. ეს სამი მოზეზი, მცდარ სასწავლო სტრატეგიებსა და სკოლის გარემოსთან ერთად, რომელიც დაშორებულია რეალობასა და “რეალურ სწავლებას”, გვაძლევს სასკოლო სისტემას, რომელიც კლავს სწავლისადმი ბავშვის თანდაყოლილ სურვილს.
ჰოლტის წიგნის ერთ-ერთი კომენტატორი, ბავშვთა განათლების სპეციალისტი, ფანდ-რეიზერი და მოხალისე, ამერიკელი ალექს მაკნეილი (Alex McNeil), აღნიშნავს, რომ ჯონ ჰოლტის წიგნი, რომელიც ავტორის ხანგრძლივი სამასწავლებლო კარიერის დროინდელ ჩანაწერებსა და კვლევას ემყარება, წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის კრიტიკულ ანალიზს. ჰოლტის თანახმად, – წერს მაკნეილი, – სისტემა მოსწავლეებს უბრალოდ ცუდ სამსახურს უწევს, იგი ართმევს ბავშვებს ბუნებრივ გონიერებასა და ცნობისმოყვარეობას. სისტემა ზედმეტად არის დამოკიდებული სტანდარტიზაციაზე და სრულიად დაცლილია იმ პრაქტიკისგან, რომელიც ადამიანს აღმოჩენისა და კვლევისადმი სწრაფვას უნდა შთააგონებდეს.
ქვემოთ მოყვანილია ჯონ ჰოლტის დასკვნების შეჯამება:
1. შიში და წარუმატებლობა: სკოლები ხელს უწყობენ შიშის ატმოსფეროს დამკვიდრებას – წარუმატებლობის შიში, დამცირების შიში, დაწუნების შიში ყველაზე უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ინტელექტუალური ზრდის უნარზე. გარე მოტივაციები, ნიშნები თუ ოქროს ვარსკვლავები, აძლიერებს ბავშვის შიშს გამოცდის წარუმატებელი ჩაბარებისა და კიცხვისადმი. მოსწავლე, ნაცვლად გაკვეთილის შინაარსისა, დამცირებისთვის თავის არიდებას სწავლობს. შიშის ეს ატმოსფერო მხოლოდ სწავლის სიყვარულსა და ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას კი არ თრგუნავს, არამედ ნამდვილი სწავლის გაღვივებისთვის აუცილებელი რისკების შიშსაც უნერგავს ბავშვს.
2. მოსაწყენი შინაარსი: მოსაწყენობა მეორე დაბრკოლებაა, რომელიც თრგუნავს როგორც სწავლისადმი თანდაყოლილ მოტივაციას, ისე სწავლის სიყვარულს. სკოლაში შესვლამდე ბავშვები თავისუფლად გრძნობენ თავს და იკვლევენ თუ აღმოაჩენენ იმას, რაც აინტერესებთ, მაგრამ როგორც კი ბავშვი თანამედროვე სასკოლო სისტემის ნაწილად იქცევა, ორივე, ინსტიტუტი და მშობლები, გაუცნობიერებლად საბოტაჟს უწევენ მის განათლებას.
სკოლები ბავშვებისგან ითხოვენ მოსაწყენი, განმეორებადი დავალებების შესრულებას, რომლებიც მხოლოდ შეზღუდულ მოთხოვნებს უყენებს ბავშვთა მრავალფეროვან შესაძლებლობებს, და ეს მოთხოვნები ყოველთვის როდი შეესაბამება ცალკეული ბავშვების ინტერესებსა თუ საჭიროებებს.
სკოლები, ნაცვლად იმისა, რომ განუვითარონ მოსწავლეებს სწავლისადმი ბავშვებისთვის დამახასიათებელი სიყვარული, რაც მათი ინდივიდუალური ნიჭისა და უნარების გაძლიერებას მოემსახურებოდა, აძლევენ მათ უნიფორმულ, ე.წ. “Cookie-cutter” (ამერიკ. ინგლისურში: ორიგინალობის ან განსხვავებულობის ნაკლებობა, ლ.ა.) განათლებას, რომლებიც ბავშვებს “ლამაზი და საძაგელი ჯილდოებისთვის” ერთმანეთთან შეჯიბრებას აიძულებს.
ბავშვების სისტემასთან ადაპტირების ნაცვლად, რაც სწავლას მათთვის პირქუშ და მტკივნეულ ამოცანად აქცევს, ჰოლტი მხარს უჭერს ისეთი პირობების შექმნას, სადაც ბავშვები ისწავლიან ბუნებრივი ცნობისმოყვარეობისა და ინტერესების შესაბამისად, შიშისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე.
3. იმედგაცრუება: სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვები ხშირად აღმოაჩენენ, რომ მათ ისეთ რამეს ასწავლიან, რაც ეწინააღმდეგება ადრე მშობლებისგან ან სხვა უფროსებისგან ნასწავლს. უფრო მეტიც – უფროსები სკოლაში მათ ისე არ ექცევიან, როგორ ქცევასაც შინ, თავისიანებისგან იყვნენ ჩვეულნი.
ბავშვის შეცბუნება კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც იგი იგებს, რომ ცნობისმოყვარეობა, რომელიც, როგორც მან ოჯახიდან იცის, დადებითი და საქებარი თვისებაა, სკოლაში შესაძლოა მასწავლებლებისა თუ თანაკლასელების მხრივ დაცინვისა და აბუჩად აგდების მიზეზად იქცეს. ჰოლტმა დაკვირვების შედეგად გამოარკვია, რომ ბავშვების უმეტესობა დაცინვის თავიდან ასაცილებლად 10 წლის ასაკისათვის წყვეტს კითხვების დასმას.
4. ნამდვილი სწავლა: ჰოლტის აზრით, “ნამდვილი სწავლა” სულაც არ ნიშნავს წერა-კითხვასა და არითმეტიკის საბაზო ცოდნაში დახელოვნებას. იგი უფრო მაშინ ვლინდება, როდესაც ბავშვს ხელს უწყობენ თავისი ინდივიდუალური ტალანტისა და უნარების განვითარებაში. ყველა ექსპერტს განსხვავებული მოსაზრება აქვს იმის შესახებ, რა უნდა შედიოდეს სასწავლო პროგრამაში. გარდა ამისა, საგნების უმეტესობას, რომელთაც სკოლაში ასწავლიან ბავშვებს, ყავლი გასდის იმ დროისთვის, როდესაც ბავშვს ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება დასჭირდება. ეს ამყარებს ჰოლტის მტკიცებას, რომ არ არსებობს ინფორმაციის ერთეული სახეობა, რომლიც ყოველმა ბავშმა უნდა ისწავლოს.
ავტორის ციტატა: “იმის სასწავლად რაც ბავშვებს სურთ ან სჭირდებათ, საუკეთესო ადგილი ის არის, სადაც სულ ცოტა ხნის წინ თითქმის ყველა ბავშვი სწავლობდა: თვით სამყარო”.
5. სტრატეგიები: სწავლის დღევანდელი სტრატეგიები ბავშვებში დამცირების შიშის კულტივირებას უწყობს ხელს და მათ ზიანს უფრო აყენებს, ვიდრე მათ საჭიროებათა დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს შიში მოსწავლეებს აიძულებს, გამოიმუშაონ შეგუების სხვადასხვაგვარი სტრატეგია და თადაცვის მექანიზმი – ბუტბუტი, თავის მოჩვენება, თითქოს არ ესმით, ზედმეტი ენთუზიაზმის გამოჩენა, რათა არ გაიძახონ და სხვა, რაც უფროსების მოთხოვნებისთვის თავის ასარიდებლად ან თანაკლასელების მხრივ დამცირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.
ჰოლტი ასკვნის, რომ მათ შორის, რაც იცის ბავშვმა და რაც გვგონია იცის, დიდი სხვაობაა. გაკვეთილის შინაარსის ნაცვლად ბავშვები იმას სწავლობენ, როგორ მოიქცნენ, როგორ გადარჩნენ ან შეცვალონ მასწავლებლის შეკითხვა, რათა მდგომარეობას მინიმალური დანაკარგით ან დამცირებით დააღწიონ თავი. თითქმის ყველაფერი, რასაც სკოლებში ვაკეთებთ, იქით არის მიმართული, რომ ბავშვები შეკითხვაზე იყვნენ კონცენტრირებულნი და არა პრობლემის გადაწყვეტაზე, ეს კი, თავის მხრივ, უნებლიეთ იწვევს იმას, რომ მათ აკლდებათ უნარები, რომლებიც “რეალურ სამყაროში” ცხოვრების დროს გამოადგებოდათ.
“ბავშვებს დაბადების დღიდან 3 წლამდე სწავლის, მიხვედრისა და შემოქმედების უზარმაზარი უნარი აქვთ”. უფროსები თავიანთი საქციელით ან ბავშვების საქციელის გადამეტებული დიქტატით ანგრევენ მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების უდიდეს ნაწილს. ბავშვის ამ უნარებს უმეტესად შეშინებით ვანადგურებთ. შეშინებით ან მათი მცდარობის ჩვენებით.
ჰოლტის გამოკვლევა დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის შესახებ წარმოადგენს კრიტიკულ და შორსმჭვრეტელურ ნაშრომს, რომელიც გვაიძულებს, უფრო ახლოდან შევხედოთ იმ გაკვეთილებს, რომლებსაც უნებლიეთ გადავცემთ ჩვენს ახალგაზრდებს.
კომენტარის ავტორი: კა იინგ ჩუ (Kah Ying Choo)

Holt, J. How Children Fail – Classics in Child Development (September 1995) Perseus Pr; ISBN: 0201484021
თარგმანი და კომენტარები ლევან ალფაიძისა

ზაქარია გიუნაშვილი – როგორ შევადაროთ მონაცემები და ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი

0

სასკოლო მათემატიკის კურსში გვხვდება ზოგიერთი ისეთი საკითხი, რომლის სრულყო­ფილი შესწავლა შეიძლება მოითხოვდეს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც სცდება სასკოლო მათემატიკით გათვალისწინებულ შინაარს. თუმცა, მათზე წარმოდგენის შექმნა და მათთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა, მოითხოვება მათემატიკის საგნობრივი პროგრამით. ამის ერთ-ერთი მაგალითია კორელაციის კოეფიციენტი და საუკეთესო მისადაგების წრფე.

 

 ვრცლად

ამანიტა კაესარია გაგიგიათ?

0

გურმანი მეთქმის. თუ სადმე თბილისში ფეხს შევადგამ, მენიუში ორად ორ რამეს ვათვალიერებ თავიდან, ბოლონიურ სტეიკს (ძროხის ხორცის საშუალოდ შემწვარ ნაჭერს ან ობიანი ყველის, ან კიდევ ალუბლის სოუსით) და ჯეიმსონს.

სოკო თუ მიყვარს? ვგიჟდები, ოღონდ ჭამაზე არა, პოვნაზე. ამანიტა კაესარია გაგიგიათ? რა ჯობია, დილით უთენია ტყეში ბილიკზე შემდგარს სადმე მუხის ფესვებქვეშ წითელი ოდნავ გაშლილი თავი რომ შემოგანათებს. მიხვალ, კოკორი თუ დაგხვდა, ცოდოა, გაზრდით მეტი მაინც აღარ გაიზრდება, ბებიაჩემი ასე იტყოდა, კაცის თვალი წყენსო, გამომიცდია, მართალი თქმაა. უფრო, მეტისმეტად პატარებზე მართლდება, მთლად თავმოთეთრებულ, კვერცხის ცილისფერ და ცილისავე მსგავს ტყავში გახვეულებზე, პარკი რომ არ შემოურღვევიათ ჯერ, თვალი რომ არ გამოუხელიათ, არ გამოუჭყეტიათ. აი წამოზნექილი თუა უკვე, მაშინ ერთ რამედ ღირს მისი ნახვა. თავმოსველებული, ჩამავალი მზისფერი, თეფშზე დახლილი კვერცხისგულისფერი სიმრგვალე შემოგეფეთება ახალგათენებულზე. რა ჯობია, მოჭრისას ტოტს რომ მოებღოტები გვერდით (დანით უნდა მოიჭრას სოკო უეჭველად, ასე მასწავლიდა მამაჩემი, დანით თუ მოჭრი, მომავალ წელს ისევ ამოვა ამისთანაო) და ის ტოტიც უსინდისოდ მთელი ღამის ნაგროვებ ცვარს თავზე რომ ჩამოგაბერტყავს.

კარგი ადგილია ჩემი სოფელი, ტყე, ტყე, ტყე, მიდიხარ, მიდიხარ, არ თავდება, რო მოინდომო მგელს უფრო იოლად შეხვდები, ვიდრე კაცს. სოკოც იმდენია, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემი ეზოს თავზე ამოდის, ნიყვი ქვია მაგ სოკოს, ლათინურად Amanita caesaria. ენციკლოპედაში წერია იმერეთის მუხნარში ამოდისო, მართალია ეგეც. ორეული ჰყავს ამანიტა კაესარიას თავისი, ყველა სოკოს ჰყავს თავისი ორეული, მე რაც მინახავს. თხელია მისი ორეული კაფანადარა, ღეროც სუსტი აქ, რომ გადმოაბრუნებ შიგნიდან გულზეც ღარები უფრო ფართე, თავიც უფრო თხელი. ნამდვილი ხორციანია რაღაცნაირად, ღარებიც დანის პირებივით ჩალაგებული აქვს, თავიც და ღეროც სქელი, სქელი, რძიანი. არაფერი იმ შეგრძნებას არ ჯობია, ნაპოვნ ამანიტას თავზე ხელს რომ გადაუსვამ ვითომ შერჩენილი ფოთლის მოსაშორებლად, თან ჩვენკენ ორჯერ შემოდის ამანიტა წელიწადში, ერთხელ აგვისტოს შუაში იცის მოსვლა, მეორედ ჰე, ჰე, როდის როდის, ოქტომბრისკენ. მოლევაც რაღაცნაირი იცის, ერთ ღამეში გაიპარება, გაქრება და წინა დილით 10 რომ გქონოდა შეთვალიერებული, მეორე დღეს ერთს ვეღარ მიაგნებ წამლად. გულის დაწყვეტა იცის ძალიან.

სახლი მაქვს იქით, დასავლეთში, ძველი, ათი და თორმეტი შვილისთვის აშენებული, ცხენი გაჭენდება იმხელაა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ მოდაზე მოფერადებული, მოცისფრო–მოლურჯო კედლებით და შუაში ერთ ხაზზე მიხატული ბუთქუნა ჩიტებით. ძველ საღილეებში, საყანწე განჯინებში, ბუხრის თავებზე, სურათების საგვარეულო ალბომებში ყოველთვის შეიძლება უცნაურ ჩანაწერს გადააწყდე, წერილს, საჩივარს, ქვითარს, ან ზანდუკში საგულდაგულოდ მიმალულ ჯადოს. ჰოდა, ძველი ამბავი მინდა მოგიყვეთ, პაპაჩემის პაპისდროინდელი.

საგვარეულო სურათებთან ნაპოვნი წერილი

 

,,ჩვენ, ამ სოფლის მაცხოვრებლები, ორმოცი კომლი, ტალახაძეები, კიკნაძეები, ყიფიანები, ჩხეიძეები, ფოცხვერაძე პირობას ვდებთ, რომ სოფლის ბოლოს, ფოშტის გზის პირზე ავაშენებთ სკოლას, ჩვენის ხარჯით, ორ კლასიანს.

აფრასიონ ტალახაძეს, მამია ტალახაძეს, ბიქტორ ტალახაძეს, მამია კიკნაძეს ავალიათ კედლის ფიცრების ჩამოტანა ნუნისის მთიდან, მათი ხარებით და მათი ხარჯით.

სპირიდონ ტალახაძეს, მურმან კიკნაძეს, ალმასხან კიკნაძეს, გუგული ყიფიანს, გრიგოლ ყიფიანს ავალიათ ქვის მოზიდვა კედლების ამოსაყვანად.

დომენტი ყიფიანს, ბესარიონ ყიფიანს, ლავრენტი ტალახაძეს, შიოლა ფოცხვერაძეს ავალიათ ჭერის კოჭების ჩამოტანა, რამდენიც საჭირო იქნეს.

რაჟდენ ყიფიანს, სამსონ კიკნაძეს, ვანო ჩხეიძეს ავალიათ ყოველგვარი სხვა მასალა გოუმზადონ სკოლას, ლურსმანი იქნება, ჩანგალი თუ სხვა რამე, დროით მოიტანონ ქალაქიდან. ხელი გოუმართონ ვასილ ყიფიანს კრამიტის მოჭრაში.

ვასილ ყიფიანს ავალია, უსასყიდლოდ მოუჭრას სკოლას სამყოფი კრამიტი.
აშენების მერმისს, ვიყოლიებთ მასწავლებელს ერთს, ჩვენის ხარჯით მივცემთ ბინას და ჯამაგირს, რამდენიც საჭირო იქნეს და რამდენსაც გავწვდებით”…

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

მე მინახავს ეგ სკოლა, ახლაცაა ფოსტის გზა და ახლაც ისე მისდევს ჩხერიმელას გვერდით, როგორც მაშინ, საუკუნის და ცოტა მეტის ხნის წინ კიდევ. ოღონდ ბავშვები აღარ დადიან სკოლაში. ჩემს ბიჭობაში კიდევ ჰქონდა შერჩენილი ფანჯრები, ახლა მიტოვებული მოხუცივითაა, ჯერ ფეხსალაგი წაიქცა ეზოში, მერე ბოძზე ჩამობმული ზარი დაიკარგა, მერე ფიცრებს შუა ამოვიდა ბალახი, ლეღვი ამოიბარდა კედლის უკან. ბავშვები აღარ დადიან მეთქი, ბავშვი აღარაა, სამია სულ სოფელში და სამი ბავშვისთვის სკოლა მეტისმეტია. შორს უფრო, სამი კილომეტრის იქით გადაიტანეს სასწავლებელი, დაიარებიან იქ, ორი ბიჭია და ერთი გოგო, დაადგებიან დილით გზას და მიდიან დროით, ჯანი მოსდევთ და გაღმა სოფელში გასვლასაც 40 წუთს თუ მოუნდება კარგი მოსიარულე, მეტს არა.

პს. ამას წინათ, ამერიკაში ვიღაც გადარეულმა სკოლაში რომ ბავშვები ამოხოცა, ხომ გახსოვთ? ჩემებმაც თანაგრძნობაო და აქეთ მოდგნენ, იქით მიდგნენ, მოახელკეთილეს ამბავი ბოლოს, იმდენი მოახრეხეს, მადლობის წერილიც მიიღეს ამერიკის ელჩისგან. გახარებულები იყვნენ. მე კიდე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ არსებობს ასეთი სოკო, agaricus, მოევროპულე ხალხისთვის შამპინიონი რომ ქვია და ჩვენში შინაურულად ქამას რომ ეძახიან. მშვენიერი სოკოა ეგეც, ერთი ნაკლი აქვს, სათბურში მოდის კარგად. ჰოდა, ახალწლებზე გავიგე, უყიდია ვიღაცას ის ჩემი მინგრეული ნასკოლარი და შამპინიონის სათბური გაუმართავს შიგნით.


დიდი ხნის უნახავ და ოდესღაც ნაჩუმათევად ნაყვარებ გოგოს ქუჩაში შემთხვევით რომ შეეფეთები, ის რომ ფეხმძიმედაა და გაბრწყინებული რომ გეკითხება, როგორ ხარო, შენ კიდე მარცხნივ ისე გექაჩება რაღაც, ლამისაა წაიქცე, ზუსტად ეგეთი რამე დამემართა იმ დღეს. ბავშვებს ვეღარ ვუთხარი ვერაფერი, ან რა უნდა მეთქვა.

სახეში გალაწუნების საქმე

0

ისეთი დღეა, მჟავე სუნი რომ ასდის ერთნახადი არყის. სახდელი ორე. ღელე. წითელი ტალახი. წვიმა, თავის თავსაც რომ ძლივს ამჩნევს. ასეთი დღეები მე სოფელში მახსოვს. ამ სოფელს სურები ჰქვია. ოდესღაც ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ასწავლიდნენ.

ბაღის ასაკისა ვიყავი. პირველად იქ ვნახე, რომ მასწავლებელს შეეძლო, მოსწავლისთვის სახაზავი დაერტყა, საფეთქელთან თმა მოეწიწკნა ან ყური აეწია. შევედი ჩემს სკოლაში და იქაც – ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. რასაკვირველია, ყველა მასწავლებელი ასე არ იქცეოდა, მაგრამ ყველა მოსწავლე კი იღებდა, როგორც ბუნებრივ მოცემულობას.
ამ პატარა სტატიას იმისთვის კი არ ვწერ, რომ ვინმე გავკიცხო და სამაგალითოდ ვაქციო, ანდა მეთოდიკურ–პედაგოგიკური რჩევები მოგცეთ – ეს სხვებს უფრო ხელეწიფებათ; უბრალოდ, მინდა გავიხსენო და თქვენც გაგახსენოთ მარტივი რამ: ძალადობა შობს ძალადობას. იყო სისტემა, რომელიც თავისებურად ანაწილებდა როლებს და მისი მონაწილეებიც, ნებით თუ უნებლიეთ, ამ ადათს მისდევდნენ: მასწავლებელი – აგრესიისას, მოსწავლეები – თმენისას.
ახლა ამბობენ, საქმე ამ მხრივ უკეთააო – ვერ ვიჯიუტებ, მეგობრებს ვენდობი. მე ძველ ამბებს გიყვებით.
სახეში გაურტყამთ და გამირტყამს კიდეც – მოზარდობა და ცხოვრება, სამწუხაროდ, ამასაც გულისხმობს. გარდა ამისა, სულ სამი–ოთხი ხელი თუ მომხვედრია. ერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მე კი სულ ცოცხლად მიდგას თვალწინ, ფიზკულტურის გაკვეთილზე ჩამოგვამწკრივებდა და ვინც თვალში არ მოუვიდოდოდა, გაულაწუნებდა. მე ცრემლი მომაწვა და მთელი ღამე ვაწამებდი იმ კაცს, სადღაც ხეზე მიბმულს. სიზმარში, ცხადია. მერე, წლების მერე, მატარებლის სადგურზე შემხვდა, მოტეხილი და დაჩაჩანაკებული; არყის ფული ისე მთხოვა, თითქოს იმ გაკვეთილებისთვის ბოდიშს მიხდიდა… მივხვდი, ამ კაცს შეეძლო, სულ სხვანაირი მასწავლებელი ყოფილიყო, უფრო მეტად მომთმენი მაინც. იქნებ გამხდარიყო კიდეც ასეთი, თავის დროზე ვინმე ზემდგომს სათანადო ინსტრუქცია რომ მიეცა ან რომელიმე მოსწავლეს ცხადი და არგუმენტირებული პროტესტი გამოეხატა. იმას კი არ ვამბობ, რომ წესები ადამიანებს ცვლის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ დინებისკენ უბიძგებს, – თუ არ გინდა, ნაპირზე გახვალ. ამ კაცისთვის ვინმეს რომ ესწავლებინა ეს, სად იქნებოდა დღეს, ვერ გეტყვით, მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, ასე უცნაურად არ დაასრულებდა სიცოცხლეს.
მთავარი ალბათ სხვა რამეა – როლები. მასწავლებელი უსათუოდ მსახიობიცაა. მას საკუთარი სცენა აქვს, იქ ათასგვარი იმპროვიზაცია შეუძლია, ხანდახან – ჩამოსვლა და მაყურებლებში გარევაც კი, მაგრამ როლიდან არ უნდა ამოვარდეს. ამას შესაძლოა მეორე უკიდურესობაც კი სჯობდეს – აი, ის ლეგენდა, საპირფარეშოში რომ არ დადიან და სხვანი. როლის შექმნას კი სცენარისტი სჭირდება და რეჟისორი. სხვათა შორის, ჩვენც ჩვენი ამ სტატიებით იმავეს ვცდილობთ – ცოტა რომ სიტყვა დავღვლარჭნოთ, წარეჟისორებას თუ წასცენარისტებას.
თან ისეთი დღეა, არყის გამოხდას რომ მოგაგონებს. ასეთ დღეებში ორესთან, ღელის პირიდან, რჩევების მიცემა უყვარს კაცს…

მარიონეტების ფაბრიკა. სკოლის მასწავლებლის აღსარება (მეორე ნაწილი)

0

განვაგრძობთ საუბარს ჯონ ტეილორ გატოს წიგნზე, რომელიც კრიტიკულად განიხილავს საჯარო განათლების სისტემის მანკიერ მხარეებს. ის გვირჩევს, დავფიქრდეთ და ვიკითხოთ, სადამდე მიიყვანს ჩვენს შვილებს ეს გიჟური, კონკურენციაზე დაფუძნებული ბრძოლა სკოლაში თუ საზოგადოებაში “წარმატებისა და სოციალური სტატუსისათვის”. დავუკვირდეთ, რა უწყობს ხელს და რა აფერხებს მათ განვითარებას. იქნებ ჩვენ უკვე ვიწვნევთ მწარე შედეგებს ძალადობის მატებით, ნარკომანიით, ინფანტილიზმით და უამრავი სხვა პრობლემით? გატო ცდილობს, დანერგოს თავის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნება, ანალიზის უნარი, თუმცა აცნობიერებს, რომ უნებურად მაინც უწევს განათლების სისტემის “ფარული მიზნების” (ფარული კურიკულუმის) გატარება.

“ფარული კურიკულუმი” განათლების სისტემის თანმხლები მოვლენაა. ეს არის ცოდნა, ღირებულებები და უნარები, რომლებსაც ბავშვებს გადავცემთ არაპირდაპირი გზით, ჩვენი მაგალითით, სკოლაში დამკვიდრებული რეალური და არა გაცხადებული ღირებულებებით. ფარულ კურიკულუმზე ლაპარაკობს ჯონ გატოც და “საგნებად” მოიხსენიებს ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა უსისტემო სწავლება, დახარისხება, გულგრილობა, ემოციური დამოკიდებულება და ა.შ. (Hidden curriculum – https://en.wikipedia.org/wiki/Hidden_curriculum )

სწორედ ამ კუთხით დაგვანახვებს ის თავის მოღვაწეობას, გვიყვება, რას აკეთებს კლასში არასწორად.
“არსებობს შვიდი “საგანი”, რომლებსაც ყველა სკოლაში ასწავლიან. ეს “საგნები” უფრო მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე, ვიდრე წარმოგვიდგენია, ამიტომ საჭიროა, კარგად ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს მათი არსი. საერთოდ არ მინდა ამ საკითხის ირონიზება, მაგრამ სწორედ ამ “საგნებს” ვასწავლი მე სკოლაში და სწორედ ამაში იხდიან მშობლები ფულს. თავად განსაჯეთ:
პირველი გაკვეთილი – “უსისტემობა”
პირველი, რასაც ბავშვებს ვასწავლი, არის უსისტემობა. ყველაფერი, რასაც ისინი სწავლობენ, კონტექსტის გარეშეა. მე მათ ვასწავლი ბევრ სხვადასხვა რამეს – ვუყვები პლანეტების მოძრაობაზე, დიდ რიცხვებსა და მონობაზე; ვასწავლი ძერწვას, ცეკვას, ტანვარჯიშს, სიმღერას; როგორ მოიქცნენ სტუმრებთან, უცხოებთან, რომლებსაც ალბათ არასოდეს შეხვდებიან, ხანძრის დროს; ვასწავლი კომპიუტერთან ურთიერთობას, ვაჩვევ ტესტების წერას, ვაძლევ ასაკობრივი სეგრეგაციის გამოცდილებას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ ცხოვრებასთან… რა კავშირი აქვს ერთს მეორესთან?

თუ დავაკვირდებით, საუკეთესო სკოლების სასწავლო პროგრამებიც კი ულოგიკოა და ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. საბედნიეროდ, ბავშვები სიტყვებით ვერ გამოხატავენ იმ დაბნეულობასა და გაღიზიანებას, რომელსაც განიცდიან, როცა მათ ხარისხიანი სწავლების სახელით ურღვევენ მოვლენების ბუნებრივ განვითარებას. სასკოლო სისტემის მიზანია, მოსწავლეს მისცეს ზედაპირული ცოდნა ეკონომიკაში, სოციოლოგიაში, სხვა მეცნიერებებში და არა ხელი შეუწყოს რომელიმე მათგანით გატაცებას. ხარისხიანი განათლება გულისხმობს ღრმა შესწავლას. ბავშვებს სკოლებში აშფოთებთ სიმრავლე უფროსებისა, რომლებიც მარტო, ერთმანეთთან კავშირის გარეშე მუშაობენ და პრეტენზია აქვთ, გადასცენ მათ თავიანთი გამოცდილება, რომელიც ხშირად თვითონაც არ გააჩნიათ.

ადამიანებს შინაარსი აინტერესებთ და არა მხოლოდ ფაქტები. განათლება მათ საშუალებას აძლევს, გადაამუშაონ ინფორმაცია და იპოვონ მასში შინაარსი. ადამიანის სწრაფვა, ყველაფერში ეძებოს შინაარსი, ძნელი შესამჩნევია სასკოლო პროგრამებისა და თვითონ სკოლის, ფაქტებისა და თეორიებისადმი აკვიატებული ლტოლვის მიღმა. მეტადრე – დაწყებით კლასებში, სადაც სასწავლო პროცესი ეფუძნება უვნებელი, მარტივი მოწოდებების – მაგ., “მოდი, გავაკეთოთ ეს”, ან “მოდი, გავაკეთოთ ის” -შესრულებას. ეს მოწოდებები გულისხმობს განსაზღვრულ შინაარსს, ხოლო თვითონ ბავშვები ჯერ ვერ ხვდებიან, რა მცირე კავშირი აქვს ამ თამაშს რეალობასთან. წარმოიდგინეთ ისეთი მოვლენები, როგორებიცაა დაბადება და ადამიანის განვითარება, მზის მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, გლეხების, მჭედლების, მეწაღეების საქმიანობა, საშობაო სუფრის სამზადისი – თითოეული მათგანის ესა თუ ის ეტაპი სრულ ჰარმონიაშია დანარჩენ ეტაპებთან, ამართლებს მათ, განაპირობებს კავშირს წარსულთან და განსაზღვრავს მომავალს. სკოლის თანამიმდევრობებში ასეთი ჰარმონია არ არის – არც ერთი გაკვეთილის ჩარჩოებში, არც მთლიანად დღის განრიგში. სასკოლო განაწესი არანორმალურია. შიდა დაკვირვების შემდეგ მიხვდები, რომ მასში არ დევს არავითარი აზრი. იშვიათად თუ რომელიმე მასწავლებელი გაბედავს სკოლის წესების გაკრიტიკებას, რადგან ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც იყო მრავალი წლის განმავლობაში.

მე ყველაფერს ვასწავლი ფრაგმენტულად, ერთმანეთისგან მოწყვეტით, რაც საპირისპიროა მთლიანისა; ის, რასაც მე ვასწავლი, სატელევიზიო არხების არჩევის პროცესს უფრო ჰგავს, როდესაც პარალელურად აყენებ უამრავ სხვადასხვა არხს, – ვიდრე ერთიან წესრიგს. სამყაროში, სადაც სახლი გადაიქცა მოჩვენებად, იმიტომ რომ ორივე მშობელი მუშაობს, ან ერთ-ერთი მათგანი ზედმეტად ამბიციურია, ანდა სულაც სხვა მიზეზით – ყველა მეტისმეტად დაბნეულია, რომ ნორმალური ოჯახური წესრიგი შეინარჩუნოს. ამ ყველაფერს ემატება სკოლა, რომელიც აჩვევს ბავშვებს, მიიღონ ქაოსი როგორც გარდაუვალი რამ, როგორც თავიანთი ბედისწერა. ეს არის პირველი გაკვეთილი, რასაც მე ვასწავლი.
 
მეორე გაკვეთილი – “დახარისხება”
მე ვასწავლი ბავშვებს, რომ ისინი უნდა დარჩნენ იმ კლასში, რომელშიც გაანაწილეს.

არ ვიცი, ვინ ანაწილებს მათ კლასებში, ეს ჩემი საქმე არაა. ისინი თითქოს დანომრილები არიან. თუ რომელიმემ გაძვრომა მოახერხა, მაშინათვე კლასში დააბრუნებენ. მრავალი წლის განმავლობაში მოსწავლეთა კატეგორიზაციის მეთოდები ისე იცვლებოდა, რომ მათთვის მიკრული იარლიყების უკან რეალური ადამიანის გარჩევა გაჭირდა. ადამიანთა კატეგორიზაცია გავრცელებული და მომგებიანი საქმეა, ოღონდ მისი აზრი მე არ მესმის. იმასაც ვერ ვხვდები, რატომ აძლევენ მშობლები სკოლას ამის ნებას.

ასეა თუ ისე, მე, სკოლის მასწავლებელს, ეს არ მეხება. ჩემი ამოცანაა, მოვიქცე ისე, რომ ბავშვებს მოსწონდეთ კლასში იმ ბავშვებთან ერთად ჩაკეტვა, რომლებიც მსგავს იარლიყებს ატარებენ, უკიდურეს შემთხვევაში, მედგრად იტანდნენ ამას. ჩემი ამოცანა შესრულებულად ჩაითვლება, თუ მათ აზრადაც არ მოუვათ, რომ ახლა სხვა კლასში ყოფნა შეუძლიათ, რადგან მე მათ ვასწავლი, შურდეთ მათზე ძლიერი მოსწავლეების და ქედმაღლურად უყურებდნენ სუსტებს. ასეთი დისციპლინის დროს მოსწავლეები თვითონ ახდენენ საკუთარი თავის გრადაციას. ამგვარად მე მათ ვასწავლი, რომ ადამიანები ჯგუფებად უნდა დაყონ. ასეთია ნებისმიერი კონკურენტული გარემოს გაკვეთილი, რომელთა რიცხვსაც, სამწუხაროდ, მიეკუთვნება სკოლა.

მიუხედავად საზოგადოდ მიღებული აზრისა, რომ მოსწავლეთა 99% უნდა დარჩეს იმ ჯგუფში, რომელშიც ისინი უფროსებმა გაანაწილეს, მე მოვუწოდებ მათ, მიაღწიონ სწავლაში უკეთეს შედეგებს და უფრო ძლიერ ჯგუფებში გადავიდნენ. მე ხშირად ვასწავლი, რომ მათი პროფესიული წარმატებები იმაზეა დამოკიდებული, რა ნიშნებს მიიღებენ სკოლაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ასე არ არის. აშკარად არასოდეს ვიტყუები, მაგრამ გამოცდილებამ დამარწმუნა , რომ გულწრფელობა და სკოლაში სწავლება არსით შეუთავსებელია, რასაც ამტკიცებდა სოკრატე ათასი წლის წინათ.

სეპარაციის შედეგია ის, რომ ყოველი ბავშვი პირამიდაში იკავებს განსაზღვრულ ადგილს და იქიდან მხოლოდ შემთხვევით თუ ამოვარდება. სხვაგვარად ის იქვე დარჩება, სადაც გაანაწილეს.

მესამე გაკვეთილი – “გულგრილობა”
მესამე, რასაც მოსწავლეებს ვასწავლი, საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებაა. ფაქტობრივად, მე ვასწავლი მათ, არაფერი აკეთონ მთელი გულით და ამას საკმაოდ დახვეწილად ვაკეთებ. მე ვითხოვ, ისინი ბოლომდე დაიხარჯონ ჩემს გაკვეთილზე, მოუთმენლობისგან ადგილზე იხტუნონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს ჩემი ყურადღების მოპოვებაში. ამის შემხედვარე, გულს უხარია. ეს ჩემზეც კი ახდენს შთაბეჭდილებას. როდესაც მოწოდების სიმაღლეზე ვარ, არაჩვეულებრივად ვაღწევ ენთუზიაზმის გამოვლენას. მაგრამ, როგორც კი სკოლის ზარი დაირეკება, მე ვითხოვ, შეწყვიტონ ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით და სასწრაფოდ შემდეგ გაკვეთილზე გაიქცნენ. ისინი უნდა ჩაირთონ და გამოირთონ, როგორც ელექტრონული მოწყობილობები. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს პროცესი, რომელიც გაკვეთილზე ხდება, ზარი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. შედეგად, ისინი არასოდეს არაფერს შეიმეცნებენ ბოლომდე. ჭეშმარიტად, სკოლის ზარი ასწავლის, რომ არც ერთი საქმე არ ღირს იმად, ბოლომდე მიიყვანო. მაშ, რატომღა ვინერვიულოთ რამეზე? სკოლის ზარი წლების განმავლობაში აჩვევს ყველას, ძლიერთა გარდა, რომ ამქვეყნად არაფერია განრიგზე უფრო მნიშვნელოვანი. ზარი სასკოლო დროის ფარული ლოგიკის გამომხატველია. მისი ძალაუფლება სასტიკია. ზარი ანადგურებს წარსულსა და მომავალს, ისევე, როგორც რუკაზეა ერთნაირი ყველა მდინარე და მთა, თუმცა სინამდვილეში ისინი საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. ზარი ყოველ წამოწყებას გულგრილობით ავსებს.

 
მეოთხე გაკვეთილი – “ემოციური დამოკიდებულება”
ვარსკვლავების, წითელი ხაზების, ღიმილების, მოწყენილი სახეების, პრიზებისა და სასჯელების საშუალებით მე ვაჩვევ ბავშვებს, თავიანთი ნება ჩემს ბრძანებას დაუმორჩილონ. სკოლაში ბავშვებს გასაჩივრება არ შეუძლიათ, რადგან ნამდვილი უფლებები აქ არ არსებობს. არც სიტყვის თავისუფლებაა სკოლაში ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე. როგორც მასწავლებელი, მე ვიჭრები უამრავი პირადი გადაწყვეტილების სფეროში, ვეხმარები მათ, ვინც, ჩემი აზრით, ამის ღირსია და ვადებ დისციპლინარულ სასჯელს მათ, ვინც თავისი საქციელით ძირს უთხრის ჩემს ძალაუფლებას. ბავშვები და მოზარდები გამუდმებით იჩენენ ინიციატივას, მაგრამ მე სწრაფად ვუსწორდები მათ. ინდივიდუალურობის გამოვლენა ეწინააღმდეგება დახარისხების პრინციპს და ამიტომ ნებისმიერი კლასიფიკაციური სისტემისთვის წყევლასავითაა. გავრცელებული სიტუაცია: ბავშვი გთხოვს გაკვეთილიდან გათავისუფლებას ტუალეტში გასასვლელად ან უბრალოდ წყლის დასალევად. ვიცი, რომ არც ერთი უნდა და არც მეორე, მაგრამ ვაძლევ საშუალებას, “მომატყუოს”, რადგან ამ შემთხვევაში ის დამოკიდებული ხდება ჩემს კეთილგანწყობაზე – უბრალოდ კი არ აკეთებს ამას, არამედ აკეთებს ჩემი ნებართვით. ხანდახან ბავშვები სხვისი ბრძანების გარეშე გამოხატავენ ბრაზს ან სიხარულს, მაგრამ მასწავლებელი მათ ხშირად ვერ მისცემს ამის უფლებას. ამ უფლებას ის მხოლოდ ზოგიერთს აძლევს, ისიც – გამონაკლისის სახით, და თუ მოწაფე ცუდად მოიქცა, მალევე წაართმევს”.
დასაწყისი იხ. https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=173
გაგრძელება იქნება

უკუკავშირის მეთოდები(მეორე ნაწილი)

0

წინა სტატიაში ჩვენ განვიხილეთ უკუკავშირის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა სასწავლო პროცესის/თემის საწყის ეტაპზე. ამჯერად გაგაცნობთ მეთოდებს, რომელთა გამოყენება მიზანშეწონილია სასწავლო პროცესის/თემის მიმდინარეობისას.

განხილული მეთოდები ადაპტირებულია წიგნიდან: Bastian J., Combe A., Langer R., (2007) Feedback-Methoden, Weinheim und Basel : Beltz
პირველი მეთოდი – კლასის მიმდინარე ევალვაცია/შეფასება უკუკავშირის ჟურნალით
მეთოდის აღწერა:
მასწავლებელი თავის ჟურნალში ყოველდღიურად ინიშნავს მოსწავლეთა მხრივ როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ უკუკავშირს – სიხარულისა თუ უკმაყოფილების რეაქციებს, მღელვარებას ჯგუფში, მოსწავლეთა საუბრების/დისკუსიების მნიშვნელოვან ფრაგმენტებს და სხვ. ეს დოკუმენტაცია გვემსახურება როგორც წყარო შემდგომი საკლასო დისკუსიისა და განხილვისთვის.

ვარიანტები:

მოსწავლეები პერიოდულად (მაგ., არდადეგების წინ, თემის დამუშავების, პროექტზე მუშაობის პროცესში) იძლევიან თავისუფალ უკუკავშირს საკლასო კლიმატზე, სასწავლო წარმატებებსა თუ სირთულეებზე, მასწავლებლის მიდგომებზე, გამოყენებულ სასწავლო მეთოდებზე, მერე კი მასწავლებელთან ერთად აანალიზებენ შედეგებს და ამის საფუძველზე აყალიბებენ შემდგომ სამუშაოს.

მეთოდის უპირატესობა:

სისტემატური აღრიცხვით გვერდითი უკუკავშირებიც კი არ იკარგება და საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ, რამდენად გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში მთელი წლის განმავლობაში ანალიზის შედეგების გათვალისწინება.

საყურადღებოა:

მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა აუხსნას, რა მიზანს ემსახურება ჩანიშვნები, რაში და როგორ დაეხმარება იგი მასწავლებელს თუ მოსწავლეებს.
მეორე მეთოდი – სამი ან ოთხი კუთხე

მეთოდის აღწერა:

ოთახის სამ ან ოთხ კუთხეში კიდია ფლიფჩარტები, რომლებზეც წერია შეხედულებები განსახილველი საკითხის შესახებ (თითოზე – თითო). მოსწავლეები კითხულობენ მათ და იკავებენ ადგილს რომელიმე ფლიფჩარტთან, ან ფლიფჩარტებს შორის, იმის მიხედვით, რომელ შეხედულებას/შეხედულებებს უფრო ემხრობიან. ერთმანეთთან ახლოს მდგომი მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს. თითოეული ჯგუფი მართავს დისკუსიას: “რატომ ვდგავარ მე აქ?”. შემდეგ ზედა ფლიფჩარტები იხსნება და ქვედაზე ჩნდება ასევე განსხვავებული შეხედულებები საკითხის სხვა ასპექტის შესახებ. მოსწავლეები აკეთებენ იმავეს, რასაც პირველ წრეზე გააკეთეს. რჩევა მასწავლებელს: სასურველია მაქსიმუმ სამი წრის გაკეთება. ბოლოს იმართება ერთობლივი დისკუსია თემაზე “რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ჯგუფური დისკუსიიდან, რა მომცა მე ამ სამუშაომ”. სასურველია, შემაჯამებელი/ერთობლივი დისკუსიის საკვანძო საკითხები მოდერატორის (მოდერატორი შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლეც) მიერ დაფაზე იყოს პროტოკოლირებული, რაც მას შემდეგ დაანახვებს, რატომ არის ესა თუ ის საკითხი მოსწავლეთათვის მისაღები თუ მიუღებელი. შედეგების ანალიზი და მათი გათვალისწინება მასწავლებელს სასწავლო პროცესის დახვეწაში დაეხმარება.

მეთოდის უპირატესობა:

მეთოდი ნათლად წარმოაჩენს ცალკეულ მოსწავლეთა შეხედულებებს საკვანძო საკითხების შესახებ. პროცესი სახალისოდ მიმდინარეობს, რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. მეთოდი გამოიყენება ცალკეულ თემათა გასაღრმავებლად.

საყურადღებოა:
მეთოდი მოსწავლისგან მოითხოვს საკუთარი შეხედულების ქონის, მისი გამოხატვისა და არგუმენტირებულად დასაბუთების უნარს. ის ტექნიკურად არცთუ იოლად შესასრულებელია, ამიტომ მასწავლებლისგან მოითხოვს წინასწარ მომზადებას და ფასილიტაციის დახვეწილ უნარებს. ეს მეთოდი გამოდგება იმისთვის, რომ მოსწავლეებმა “თემა გახსნან და გონება ახალი იდეებისა და შეხედულებებისთვის მოამზადონ”.
მესამე მეთოდი – გამოცდილებაზე დაფუძნებული პრობლემის ანალიზი

მოსწავლეები და მასწავლებლები ერთობლივად ამუშავებენ ხშირად წამოტივტივებულ, ტიპურ პრობლემას. ეს მეთოდი კარგია ცალკეულ თემათა გაღრმავებული დამუშავებისთვის.
მეთოდის აღწერა:

1. მოსწავლეები მცირე ჯგუფებად იყოფიან და ავსებენ დასამუშავებელ კითხვარს:
. რა არის უშუალოდ პრობლემა?
. რა მიზეზებმა/გარემოებებმა წარმოშვა იგი?
. ასეთი ქცევით ჩვენ კარგი გამოცდილება ვერ შევიძინეთ, ასეთი საქციელი პრობლემას ართულებს.
. ეს არის ჩვენი რჩევა, რაც პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.
2. ჯგუფები ერთმანეთს წარუდგენენ თავიანთ პასუხებს.
3. საერთო დისკუსიის დროს მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ქმნიან აქტივობათა კატალოგს, რომელშიც აღნუსხულია, ვინ რას აკეთებს პრობლემის მოგვარებაში წვლილის შესატანად.
 

აქტივობათა კატალოგი

რა პრობლემაა

ვინ

ვისთან ერთად

შედეგი

რა ვადაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეოთხე მეთოდი – ტიპური გაკვეთილი

მეთოდის აღწერა:
1. მოსწავლეები იყოფიან მცირე ჯგუფებად და ამუშავებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ, ტიპური გაკვეთილისთვის დამახასიათებელ სიტუაციებს

2. ჯგუფები გაითამაშებენ მათ მიერ დამუშავებულ საგაკვეთილო სიტუაციებს. ყოველი გათამაშების შემდეგ იმართება მოკლე დისკუსია, რომელიც ოთხი ძირითადი კითხვით არის სტრუქტურირებული:
. ამ სიტუაციაში მე ეს მომწონს და ამიტომ მომწონს…
. ამ სიტუაციაში მე ეს არ მომწონს და ამიტომ არ მომწონს…
. ჩვენ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ…
. პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ ასე მოვიქცეოდით…
ყველა გამოთქმული შეხედულება ფლიფჩარტზე/დაფაზე დახარისხდება ამ ძირითადი კითხვების მიხედვით.

3. შემაჯამებელი დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამონათქვამებს:
. ჩვენ ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რათა გაკვეთილზე კარგად ვიგრძნოთ თავი და ნაყოფიერად ვიმუშაოთ;

. ამისთვის განსახორციებელია შემდეგი აქტივობები, შესამუშავებელია შემდეგი წესები…

ერთობლივი დისკუსიის დროს ხდება შეხედულებათა შეჯერება, რომლებიც შემდეგ ფლიფჩარტზე გადაგვაქვს და საკლასო ოთახში ვკიდებთ. შეიძლება, მოსწავლეთაგან აირჩეს ე.წ. “მსაჯების” ჯგუფი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს, როგორ ასრულებენ დაგეგმილ აქტივობებს და იცავენ შემუშავებულ წესებს.
მეთოდის უპირატესობა:

ამ დროს მოსწავლეები თავად გაითამაშებენ სიტუაციას, მსჯელობენ იმის თაობაზე, რა იგრძნეს, რა იყო მათთვის მისაღები თუ მიუღებელი, განსაკუთრებით პრობლემური. ასეთი მიდგომით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები, განცდები, ემოციები, რაც ზრდის მეთოდის ეფექტიანობას.
საყურადღებოა:

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლე ერთობლივ დისკუსიაში აქტიურად იყოს ჩართული, გონივრულად მიიჩნევდეს განსახორციელებელ აქტივობებებს და მისდევდეს მათ.
მეხუთე მეთოდი – სურათებით საუბარი

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს საგაკვეთილო სიტუაციების ამსახველ სიმბოლოებით დატვირთულ ნახატებს ან ფოტოებს. თითოეული მოსწავლე ირჩევს ორ სურათს: ერთს ისეთს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს, ხოლო მეორეს – რომელიც განსაკუთრებით არ მოსწონს. იმართება დისკუსია, რატომ არის თითოეულისთვის ესა თუ ის სურათი მისაღები თუ მიუღებელი. რას და როგორ შეცვლიდნენ მათთვის მიუღებელ სურათზე, მისაღები და მოსაწონი რომ გაეხადათ.

სურათები მოსწავლეთათვის შესანიშნავი სტიმულია, გამოხატონ აზრი და ჩაერთონ მსჯელობაში.
მეექვსე მეთოდი – მოსწავლეები გეგმავენ და ატარებენ გაკვეთილს

მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ირჩევს თემას, იღრმავებს ცოდნას ამ თემის ირგვლივ, გეგმავს და შემდეგ ატარებს გაკვეთილს (უმჯობესია, მისი ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 30 წუთს) ამ თემაზე. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს მომზადებასა და დაგეგმვაში, თუმცა გაკვეთილის სტრუქტურირებაზე მას უშუალო გავლენა არ აქვს. მოსწავლეები თავად წყვეტენ, რომელი დიდაქტიკური ხერხებით გადასცენ მასალა თანაკლასელებს, კლასის მართვის რა სტილი აირჩიონ. როგორც მასწავლებელი, ისე დანარჩენი თანაკლასელები გამოდიან მოსწავლეების როლში. დასასრულ, თანაკლასელები და მასწავლებელი ჩატარებულ გაკვეთილზე იძლევიან უკუკავშირს. მოსწავლეთა ის ჯგუფი, რომელმაც მოამზადა გაკვეთილი, თავადაც აკეთებს თვითშეფასებას. შემაჯამებელ დისკუსიაში მთელი კლასი მასწავლებელთან ერთად აყალიბებს, რას და როგორ შეცვლიდნენ ჩატარებულ გაკვეთილში.

მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ამგვარი მიდგომით მოსწავლეები ეჩვევიან ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებას, დაგეგმვას, ეფექტურ პრეზენტაციას, გამოიმუშავებენ როგორც თვითშეფასების, ისე ურთიერთშეფასების უნარებს; მასწავლებლის უკუკუკავშირი მოსწავლეებს უკეთ დაანახვებს მის თვალთახედვას, მოსწავლეთა უკუკავშირით კი მასწავლებელი გაიგებს, როგორი გაკვეთილი მოსწონთ მათ, რასაც შემდეგ ორივე მხარე ითვალისწინებს.

მეშვიდე მეთოდი – “ძალთა ველის” ანალიზი

ძალთა ველის ანალიზის მეთოდი მოსწავლეებს ეხმარება პრო- და კონტრარგუმენტების ანალიზისას.
მეთოდის აღწერა:

1. მოსწავლეები კონკრეტული თემის შესწავლისას ინდივიდუალურად გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორების მიმართ. მაგალითად
. რა მიწყობს ხელს სწავლაში?
. რა მიშლის ხელს სწავლაში?
. რა მიშლის ხელს გაკვეთილში აქტიურ მონაწილეობაში?
. რა არის საჭირო, გაკვეთილში აქტიური მონაწილეობა რომ მივიღო?
. რისი თქმა შემიძლია კიდევ?

2. შემდეგ მოსწავლეები ერთიანდებიან მცირე ჯგუფებად და ადარებენ ინდივიდუალური მუშაობის შედეგებს. აქ მათ დაეხმარება შემდეგი კითხვები:
. რა არის ჩვენს “ძალთა” შორის საერთო?
. რაშია განსხვავება?

. რა შესაძლებლობებს ვხედავთ სწავლაში სირთულეთა აღმოსაფხვრელად?
3. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს, აჯგუფებენ სასარგებლო და ხელის შემშლელ ასპექტებს, რომლებიც მასწავლებელს ფლიფჩარტზე გადააქვს.

4. დასასრულ, იმართება საერთო საკლასო დისკუსია, სადაც არკვევენ, როგორ შეიძლება სიტუაციის გაუმჯობესება, რა შეიძლება გაკეთდეს “სასარგებლო ძალების” გასაძლიერებლად და “ხელის შემშლელთა” შესასუსტებლად, რა წვლილი უნდა შეიტანონ ამაში მასწავლებელმა და მოსწავლეებმა.

მეთოდის უპირატესობა:
მოსწავლეები ხედავენ ერთმანეთის არა მხოლოდ სუსტ, არამედ ძლიერ მხარეებსაც.
გასათვალისწინებელია, რომ ეს მეთოდი ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ მისი დანერგვა უნდავოდ ღირს იმ პრობლემების წარმოსაჩენად, რომლებიც არ არის გამჭვირვალე, მაგრამ რომელთა მოგვარება უმრავლესობის ინტერესებში შედის.
მომდევნო სტატიაში გაგაცნობთ უკუკავშირის მეთოდებს, რომელთა გამოყენება სასარგებლოა სასწავლო პროცესის/თემის დასარულს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...