ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

ისევ კითხვის ხელ შემწყობი საქმიანობების შესახებ

0

   კითხვა
სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
კლასში კითხვისას შემოქმედი და გამოცდილი მასწავლებელი მეტნაკლებად ახერხებს ისეთი საქმიანობების შერჩევას, რომლებიც ტექსტის აღქმასა და გაგებას გაუადვილებს მოსწავლეებს, მაგრამ კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია მოსწავლეები შევაჩვიოთ დამოუკიდებელ კითხვას. კარგ მკითხველად და
არა „გადამკითხველად” ჩამოყალიბებისათვის მოსწავლემ უნდა შეძლოს კლასში
ხელმძღვანელობითი კითხვის დროს გამოყენებული სტრატეგიების გამოყენება დამოუკიდებელი
კითხვისათვის; მაგრამ ვერც მხოლოდ კარგად შერჩეული სტრატეგიებია საკმარისი კითხვის
მიმართ ინტერესის გაზრდისათვის. 
ნაკლებ სავარაუდოა, ყველამ ხალისითა და ინტერესით წაიკითხოს დამოუკიდებლად ტექსტი, რომლის გაგებაც უჭირს. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მოტივაციის დაცემა, კითხვის სურვილის გაქრობა. ტექსტის აღქმისა და გაგების ხარისხი დამოკიდებელია ბევრ ფაქტორზე, კერძოდ, როგორია მოსწავლის კითხვის ტემპი, აქვს თუ არა ტექსტის გაგებისათვის საკმარისი ლექსიკური მარაგი, ლინგვისტური ცოდნა და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია თვით ტექსტის თავისებურებებიც. ამიტომ, სანამ მოსწავლეები კარგ და ინტერესიან მკითხველებად
ჩამოყალიბდებიან, სასურველია, მოსწავლეებს თავად პედაგოგმა მისცემს რჩევები, რა
წაიკითხონ.

       დამოუკიდებელი კითხვისათვის
სარეკომენდაციო
ტექსტების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ასპექტი:

უპირველეს ყოვლისა, რა შინაარსის ტექსტები შევარჩიოთ?

   ამ თვალსაზრისით ანგარიში უნდა გაეწიოს შემდეგ საკითხებს:


·        

რით შეიძლება მოეწონოთ ტექსტი მოსწავლეებს.


·        

იძლევა თუ არა ტექსტის შინაარსი მოსწავლეთა პირად გამოცდილებასთან დაკავშირების საშუალებას.


·        

არის თუ არა ტექსტში ისეთი ელემენტები, რომლებიც აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას.


·        

რამდენად ასახავს ტექსტი იმ ერის კულტურის თავისებურებებს, რომლის
წარმომადგენელიცაა მწერალი
და შეუწყობს თუ არა ხელს ამ კულტურის მიმართ ინტერესის გაღვივებას.


·        

არის თუ არა მისაწვდომი და გასაგები მოსწავლისათვის ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ტექსტი.


·        

არის თუ არა საკმარისი მოსწავლეთა ლინგვისტური ცოდნა ტექსტის გასაგებად. ხომ არ არის
ბევრი უცნობი სიტყვა, რთული სინტაქსური კონსტრუქციები და ა.შ.


·        

ხომ არ არის ტექსტი ძალიან მარტივი; იძლევა თუ არა მოსწავლის თუნდაც მცირეოდენი წინსვლის შესაძლებლობას.

 

 

იმის გათვალისწინება, როგორი რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს?

  კითხვის პროცესში მოსწავლეთა ჩართვასა და წაკითხულის გაგებას დიდწილად განსაზღვრავს მოსწავლეთა რეაქციები ტექსტების მიმართ, კერძოდ:


·        

რას მეუბნება ეს ტექსტი ისეთს, რაც აქამდე არ ვიცოდი (ინფორმაციული).


·        

რას ვგრძნობ წაკითხულის მიმართ, რა ემოციები აღმეძრა (ემოციური).


·        

ვეთანხმები თუ არა აქ გამოთქმულ მოსაზრებას/პოზიციას (აზრის გამომხატველი).


·        

ვგავარ თუ არა რომელიმე გმირს? როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე? ვიცნობ თუ არა ვინმეს, ვინც ასე მოიქცეოდა? (დამოკიდებულება გმირის მიმართ).

 

რამდენად რთული შეიძლება იყოს ტექსტები მოსწავლეებისათვის?

ამ თვალსაზრისით ტექსტების შეფასებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:


·        

იცნობს თუ არა მოსწავლე მსგავსი ტიპის ტექსტს.


·        

იცნობს თუ არა თემას.


·        

არის თუ არა გადატვირთული ინფორმაციული თვალსაზრისით.


·        

არის თუ არა რთული ენობრივად (ლექსიკა და სინტაქსური სტრუქტურა).


·        

არის თუ არა ტექსტი კარგად ორგანიზებული (მკაფიობა, სიცხადე, ერთიანობა და თანამიმდევრულობა).


·        

ხომ არ არის ძალიან დიდი მოცულობით.


·        

როგორია სტილი.


·        

რამდენად რთულია კონცეპტუალური თვალსაზრისით (იდეების სირთულე შეიძლება შეფასდეს იმის მიხევდით, რამდენად არის გათვალისწინებული გადასვლა ნაცნობიდან უცნობისაკენ, კონკრეტულიდანაბსტრაქტულისაკენ, პირადულიდან _ საზოგადოსკენ).


      მოგვიანებით, როცა მოსწავლეებს
დამოუკიდებელი კითხვის ჩვევა ჩამოუყალიბდებათ, არჩევანი თავად მათ უნდა მივანდოთ,
მაგრამ თუ მაინც გვინდა, რომ დამოუკიდებლად საკითხავი მასალა კონკრეტულ მიზნებს
დავუკავშიროთ, ამისათვის სხვადასხვა ხერხი არსებობს.  ერთ-ერთი ასეთი ხერხია ლიტერატურული ვიქტორინა.
მოსწავლეებს წინასწარ ეძლევათ წაკითხი ნაწარმოებების ჩამონათვალი, რომელთა
ფარგლებშიც მომზადდება შეკითხვები და დავალებები. შეკითხვებს  ამზადებს როგორც მასწავლებელი, ისე
გუნდები.  ამასთან, ვიქტორინის ერთ-ერთი
ეტაპი შეიძლება იყოს ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმების
ნაწყვეტების ამოცნობა, გუნდების მიერ 
საშინაო  დავალების წარმოდგენა
(ნაწარმოების რომელიმე მონაკვეთის ინსცენირება) და სხვ. სწორედ ლიტერატურული
ვიქტორინების ჩატარების  რამდენიმეწლიანი
გამოცდილება გავითვალისწინეთ, როცა მონაწილეობა მივიღეთ საპატრიარქოსა და
მეცნიერებისა და განათლების ერთობლივი პროექტის – „წიგნის მეგობარი” – შექმნაში
(პროექტის პილოტირება 2013-2014 სასწავლო წლის სექტემბერშია დაგეგმილი).

   

    იმის დადგენაში, თუ რას და როგორ კითხულობენ დამოუკიდებლად მოსწავლეები, დაგვეხმარება წაკითხულის განხილვისათვის განკუთვნილი ბარათები.

  მოსწავლეთა მიერ შევსებული ბარათები მასწავლებლისათვის მრავალ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, რა დროს ანდომებს მოსწავლე დამოუკიდებელ კითხვას, როგორ არჩევანს აკეთებს (რას კითხულობს), რას აქცევს ყურადღებას კითხვის პროცესში, როგორ იგებს წაკითხულს, რა კომენტარებს აკეთებს.

  ბარათების ნიმუშები იხ. ქვემოთ.

 

ბარათები წაკითხულის განხილვისათვის

მოსწავლის სახელი და გვარი ____________________________

წიგნის ავტორი და სათაური

კითხვის დაწყებისა და დამთავრების დრო

ჩემი კომენტარი წაკითხულზე

 

 

 

 

 

 

 

 

ბარათებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მასწავლებლებს შეუძლიათ მკითხველთა კონფერენციის მოწყობა. ეს არის საუბარი წაკითხული წიგნის შესახებ, წიგნის/ნაწარმოების ან ავტორის კლასის წინაშე წარდგენის საშუალება. მოსწავლე აცნობს წიგნს ან ავტორს თანაკლასელებს და განუმარტავს მათ, რატომ და რით შეიძლება წიგნმა/ნაწარმოებმა დააინტერესოს მკითხველი.

  მკითხველთა კონფერენციები საუკეთესო გზაა, რომლითაც მოსწავლეები ეჩვევიან ნაწარმოებების დამოუკიდებელ კითხვას და წაკითხულის შესახებ მოსაზრებებს თავისუფლად, შეუზღუდავად გამოხატვას. ეს მათ ეხმარება არა მარტო კითხვის, არამედ კომუნიკაციური უნარჩვევების სრულყოფასა და თვითდამკვიდრებაში. ამგვარი საქმიანობით ყალიბდება მკითხველთა ერთობა, რომელთაც ესმით წაკითხული და აფასებენ კითხვის პროცესს.

  მკითხველთა კონფერენციებში იკვეთება ორო როლი: მოსაუბრის და მსმენელის. მოსაუბრეა ის, ვინც წიგნი/ნაწარმოები წაიკითხა და შთაბეჭდილებების, მოსაზრებების გაზიარება სურს აუდიტორიისათვის; აუდიტორიაში კი მოსაუბრის თანაკლასელები და მასწავლებელი იგულისხმება. Mმონაწილეთა როლები ამგვარად ნაწილდება:

 

მოსაუბრემ უნდა:


·        დაასახელოს წიგნის/ნაწარმოების სათაური და ავტორი;


·        გააცნოს აუდიტორიას თავისი არჩევანის საფუძველი (რატომ აირჩია ეს წიგნი/ნაწარმოები);


·        მოკლედ გადმოსცეს, რა ხდება წიგნში/ნაწარმოებში;


·        გააცნოს აუდიტორიას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები/ადგილი და ისაუბროს მათი/მისი მნიშვნელობის შესახებ;


·        

შეარჩიოს ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს, წაუკითხოს აუდიტორიას და გაუკეთოს კომენტარი;


·        

გაუზიაროს აუდიტორიას, რატომ მოსწონს წიგნის/ნაწარმოების კონკრეტული გმირი, ამბავი, თემა, იდეა.

 

აუდიტორიამ უნდა:


·        

ყურადღებით მოუსმინოს მოსაუბრეს;


·        

აიწიოს ხელი, თუ აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩნდა;


·        

გაუზიაროს თანაკლასელებს, რა მოეწონა მოსაუბრის გამოსვლაში;


·        

გაუზიაროს თანაკლასელებს, რით დააინტერესა მოსაუბრის მიერ წარმოდგენილმა წიგნმა/ნაწარმოებმა;


·        

დასვას შეკითხვები.

  თუ შესაძლებელია, მკითხველთა კონფერენციისას, სასურველია, კლასი წრიულად განლაგდეს, რათა ყველა ერთმანეთს ხედავდეს და ერთობის, თანამშრომლობის განცდა გაუჩნდეთ.

სილამაზეში ჩასაფრებული ქიმია

0
საქართველოში ბევრი სანაქებო ადგილია, სადაც დაისვენებ, ბუნებით დატკბები, სიკეთეს მოუტან შენს ჯანმრთელობას. ერთ-ერთი მათგანია ლიკანი. უფრო სწორად, იყო, ამჟამად კი ძველი ხიბლი დაკარგული აქვს და ვისი ბრალია ეს, არ ვიცი. მის სანატორიუმებში დამსვენებლების ნაცვლად დევნილები ცხოვრობენ. დევნილები, ციყვები და თეთრ, ბუთქუნალოყება ჩიტები.

თორმეტი წლის ვიყავი, პირველად რომ ჩავედი ლიკანში. არაფერი მაწუხებდა – მხოლოდ გასაკაჟებლად. დამხვდა ფიზკულტურის ინსტრუქტორი არაორდინარული გარეგნობით, გრძელი, გადაგრეხილი შავი ულვაშითა და ხუჭუჭა თმით. პირველად რომ დავინახე, უნებლიეთ უკან დავიხიე და გავიფიქრე, რომ „ვეფხისტყაოსნის” ქაჯები სწორედ ასეთები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა გული ოქროსი ჰქონდა, იყო საოცრად ენაწყლიანი და იუმორით სავსე. ყოველდღე ავარჯიშებდა ჯგუფებს და მეც ჩავეწერე. ვარჯიშს ასეთი დევიზით ვიწყებდით: მხოლოდ ცრემლით, მხოლოდ ტანჯვით მოვიპოვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას. ჰოდა, ჩვენც საათ-ნახევრის განმავლობაში ვიტანჯებოდით და ვიცრემლებოდით.

კოკო შანელი წერდა ერთგან, ოცი წლისას ის სახე გაქვს, რაც ღმერთმა გიბოძა, ორმოცი წლის კი ის, რასაც იმსახურებო. ჰოდა, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესი სახე დაიმსახუროს. არ იშურებენ არც დროს, ფულს და უსასრულოდ ყიდულობენ კოსმეტიკურ პროდუქციას. ეს თანამედროვე ქალის ახირება სულაც არ არის – ამას ჯერ კიდევ კლეოპატრა აკეთებდა, რომელიც, სხვათა შორის, საიდუმლო რეცეპტით დამზადებული ფერუმარილით სარგებლობდა. სისასტიკით ცნობილ ეკატერინე მედიჩისაც კი უნდოდა, ლამაზი ყოფილიყო, ამიტომ იტალიიდან იდუმალი ნიჭის პატრონი რენე ფლორენციელი ჩამოიყვანა და გვერდიდან არ იშორებდა. ამ კაცს განსაცვიფრებელი მალამოები და შხამები ერთნაირად კარგად გამოსდიოდა.

წინათ სილამაზეს მსხვერპლად მართლაც ეწირებოდნენ. ფერმკრთალი სახე სილამაზისა და არისტოკრატული წარმოშობის ნიშნად იყო მიჩნეული, ამიტომ ბევრი ზეპური ქალბატონი არაბი ალქიმიკოსის ჯაბირ იბნ ხაიამის, იმავე გებერის მიერ გამოგონილ მალამოს ისვამდა. მალამო სახეს არაამქვეყნიურ სიფითრეს სძენდა. ძვირად უჯდებოდათ ამგვარი სილამაზე, რადგან რამდენიმე ხნის შემდეგ სახე სისხლიანი იარებით იფარებოდა. მათ დასამალავად სულ უფრო მეტი მალამოს წასმა იყო საჭირო, იარებიც, კი არ შუშდებოდა, უფრო და უფრო ღრმავდებოდა. მერე კი სილამაზეს მოწყურებული ქალბატონები იხოცებოდნენ. ყოველივე ეს მალამოს შემადგენლობაში შემავალი ტყვიის ბრალი იყო – მათეთრებელი ეფექტიც, იარების გაჩენაც და სიკვდილიც მისი დამსახურება გახლდათ.

რა ხდება დღეს? ახალი არაფერი, კოსმეტიკური ნაწარმი კვლავაც შეიცავს ქიმიას. გახილებით ნაკლებს, მაგრამ მაინც. ჰო, კინაღამ დამავიწყდა – დღეს ფერუმარილისგან არავინ კვდება. ესეც საქმეა, არა? მომხმარებლის მოვალეობა ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვა და საშიში ქიმიური დანამატების ცოდნაა.

მაშ ასე, რომლებია ეს ქიმიური დანამატები?

ლაურილი, იგივე ნატრიუმის სულფატის ლაურატი – შამპუნებს ამატებენ, რადგან კარგად ქაფდება. ნავთობპროდუქტების გადამუშავების შედეგად მიიღება, თუმცა ფსევდონატურალური კოსმეტიკის ანოტაციაში ხშირად წერენ, რომ ქოქოსისგან არის მიღებული. აღიზიანებს თვალებს, თავის კანს, იწვევს ალერგიას. საყოფაცხოვრებო ქიმიაში იგივე ნივთიერება უხეში ზედაპირის სარეცხ საშუალებებში შედის.

დი- და ტრიეთანოლამინი – მალამოებში ემულგატორად გამოიყენება. იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რაც კანზე არასასიამოვნო გამონაყარით ვლინდება. თვალების ირგვლივ წასმისას კონიუნქტივას აღიზიანებს. შესაძლოა, ამ ყველაფერს კანის სიმშრალეც დაერთოს.

მინერალური ზეთი – ამატებენ მალამოებს როგორც დამარბილებელ, დამატენიანებელ საშუალებას. იღებენ ნავთობპროდუქტებისგან, კერძოდ, თხევადი ნახშირწყალბადების ნარევს წარმოადგენს. ასეთი მალამოები კანზე ჰიდროფობიურ აპკს წარმოქმნიან და ტენს კანის უჯრედებში კეტავენ. შედეგად კანი თითქოს ნოტივდება, სინორჩეს იბრუნებს. სინამდვილეში კანის უჯრედებში ტენთან ერთად გამოკეტილი რჩება ტოქსინები, ნახშირორჟანგი და მეტაბოლური პროცესის სხვა პროდუქტებიც. არადა, მათ ორგანიზმი სწორედ კანიდან უნდა დატოვონ. შედეგად კანი შრება და ნაოჭებიც უფრო ადრე უჩნდება.

ოქსირანი – იზოლირებულ მდგომარეობაში სტაბილურია, თუმცა ადვილად შედის რეაქციაში წყალთან, ფუძეებთან, მეტალებთან, მჟავებთან, ალკოჰოლთან, ტუტე მეტალებთან, ამიაკთან. ცეცხლსაშიშია. ჰაერთან უშუალო შეხებისას ფეთქებადია. კანცეროგენულია, რეპროდუქციულ ფუნქციას აქვეითებს, ლორწოვანს აღიზიანებს. მისი ორთქლი ტოქსიკურია.

კალიუმის პიროფოსფატი – წყალში კარგად ხსნადი უფერო კრისტალებია. ზოგიერთ სარეცხ საშუალებასა და კბილის პასტაში ემულგატორად იყენებენ. თუ ასეთი სარეცხი ფხვნილი შემთხვევით შევისუნთქეთ, სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გაგვიღიზიანდება. ასევე, აღიზიანებს ღრძილებს.

ნატრიუმის ფთორიდი – თეთრი კრისტალებია. შედის პირის ღრუს ანტიბაქტერიული მოვლის საშუალებათა შემადგენლობაში. მოლეკულის აქტიური ნაწილი ფთორის იონია, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას მართლაც უშლის ხელს და პირის ღრუს მათი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი მინერალური მჟავების მოქმედებისგან იცავს, თუმცა ტოქსიკურია, იწვევს კანის გაღიზიანებას, სიწითლეს და ტკივილს. ცოტა არ იყოს, ვერაგიცაა, რადგან უარყოფით თვისებებს მაშინვე არ ამჟღავნებს…

ლანოლინი – სინთეზური პოლიმერია და გამოიყენება როგორც ემულგატორი, დამარბილებელი, დამატენიანებელი. მას ცხიმების გასუფთავების გზითაც იღებენ. ღია ყვითელი სუბსტანცია ცვილს წააგავს. იზოლირებულ მდგომარეობაში სტაბილურია, თუმცა ადვილად შედის რეაქციაში წყალთან, ფუძეებთან, მეტალებთან, მჟავებთან, ალკოჰოლთან, ტუტე მეტალებთან, ამიაკთან. ცეცხლსაშიშია ჰაერთან უშუალო შეხებისას – ფეთქებადი. კანცეროგენულია, აქვეითებს რეპროდუქციურ ფუნქციას, იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას. მისი ორთქლი ტოქსიკურია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ნივთიერება ტუჩების დამარბილებელი იაფფასიანი ბალზამების შემადგენლობაში შედის.

იზობუტილპარაბენი – მიიღება სინთეზური გზით. აფერხებს პირის ღრუში მიკროორგანიზმების გამრავლებას. ასევე გამოიყენება პროდუქტების ხანგრძლივი შენახვისთვის. იწვევს ალერგიულ დერმატიტს. გამოიყენება ღამის მკვებავი საცხებისა და კბილის პასტების წარმოებაში.

პარაბენები – პარაოქსი ბენზომჟავას ეთერებია. კოსმეტოლოგიაში იყენებენ მეთილ-, ეთილ- და პროპილპარაბენს როგორც კონსერვანტებსა და ანტიმიკრობულ საშუალებებს. სხვადასხვა მონაცემებით, მათმა ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა კიბოს განვითარებისთვის კარგი ნიადაგი მოამზადოს.

21-ე საუკუნეში ბოტოქსის მოყვარულები მომრავლდნენ. ახალგაზრდობის ამ ელექსირს ყველა ეტანება – ქალიც და კაციც. ბოტოქსი ცილების კომპლექსია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნეიროტოქსინი A. ფიზიოლოგიურ პირობებში იგი იშლება და ბოტულინის ტოქსინს გამოათავისუფლებს. მოქმედების პირველ ეტაპზე ტოქსინი პრესინაფსური მემბრანის მოლეკულებს უკავშირდება (ამას 30 წუთი სჭირდება), მეორე ეტაპზე ციტოზოლში გადადის, მესამე ეტაპზე გამოყოფილი აცეტილქოლინის ბლოკირებას ახდენს. პროცესის შედეგი კი მიმიკური კუნთების გათიშვაა. არ არის მიმიკა – არ არის ნაოჭი; არ არის ნაოჭი – არ არის სიბერე! აი, ასე მარტივად და სწრაფად. თუმცა, მოდი, გვერდითი მოვლენების შესახებაც ვიკითხოთ: მიკროჰემატომები, ტკივილის შეგრძნება ინექციის ადგილებში, საერთო სისუსტე, იშვიათად, თვალის ირგვლივი ნაოჭების საწინააღმდეგო ინექციების დროს – ცრემლდენა, გართულებები თვალის მიდამოში. ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის მონაცემებით, 2003 წელს ბოტოქსის ინექციას 28 სასიკვდილო შემთხვევა ახლდა თან. https://en.wikipedia.org/wiki/Botulinum_toxin https://ru.wikipedia.org/wiki

„გიოცნებია ნუკრის თვალებზე? გყვარებია მერცხლიანი თვალები? ძვირფასი სახის დამარმარება? მარიტას სახე მართლაც სინათლე იყო! ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე! მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!”

მართლაცდა, სად მიდის სილამაზე? სად იკარგება დროსთან ერთად? წარმავალი რომაა, ამიტომ ხომ არ ვაფასებთ ასე და ყველაფერს ვაკეთებთ მის შესანარჩუნებლად? თუმცა, გარეგნულ ხიბლს გამოდევნებულებს, ხშირად სულიერი სილამაზე გვავიწყდება. არადა, დაფიქრებად ღირს!

ფიზიკა ამოცანებში – სტატიკა

0
ნიუტონის მეორე კანონის თანახმად ნივთიერი წერტილის აჩქარება ნულის ტოლია, თუ მასზე მოქმედი ძალთა ტოლქმედი ნულის ტოლია. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ნივთიერი წერტილი წონასწორობაშია. წონოსწორობის კონკრეტული სახეა ნივთიერი წერტილის უძრაობა.  მაშასადამე ნივთიერი წერტილის უძრაობის პირობა არის მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედის ნულთან ტოლობა. ეს პირობა არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი, როდესაც ვიხილავთ იმ სხეულის წონასწორობის პირობებს, რომელსაც ვერ მიუყენებთ ნივთიერი წერტილის მიახლოებას. საქმე ის არის, რომ როდესაც სხეულზე მოქმედებენ გარეშე ძალები, იგი განიცდისდეფორმაციას, ხოლო მისი  შემადგენელი ნაწილები ერთმანეთზე მოქმედებენ ძალებით, რომელსაც ხშირად შიდა ძალებს უწოდებენ. თუ გავიხსენებთ ნიუტონს მესამე კანონს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთი ძალები წყვილ–წყვილად აბათილებენ ერთმანეთს. თუ დეფორმაციები მცირეა (როგორც ეს ხშირად პრაქტიკაში ხდება, მათი უგულებელყოფა შესაძლებელია (ამ დროს არ იცვლება სხეულის გეომეტრიული ზომები, მისი ფორმა). ასეთ სხეულებს აბსოლუტურად მყარ სხეულებს უწოდებენ. ასეთი სხეულების წონასწორობის პირობების განხილვა შედარებით ადვილია. 

 ვრცლად

სიმშვიდისაკენ და სინათლისკენ

0
– ვისია ეს მიწა, ქართველების თუ აფხაზების? – ჰკითხეს ტაძრის ეზოში შეცვენილმა მეომრებმა მოძღვარს.
– ეს უფლის მიწაა.
კომანში მოწამებრივად დაღუპული მამა ანდრია ყურაშვილის ამ სიტყვებში არა მხოლოდ რწმენისთვის, არამედ სამშობლოსთვისაც თავდადადებული ადამიანი ჩანს. მისთვის მიწა გაცილებით მეტია, ვიდრე ტერიტორია, რადგან მიწა, ტერიტორიისგან განსხვავებით, ასე იოლად არ იკარგება, მას ვერც პოლიტიკოსები გააჩუქებენ და ვერც სამხედრო ძალა მიისაკუთრებს. მიწის ხსოვნა და ამ ხსოვნის ძალა წლებით არ იზომება, არც მხოლოდ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მიღწეული შეთანხმებებით, – ეს იდუმალი, საუკუნეების წინ ჩათქმული და გადაწყვეტილი ამბავია.

– ნუ, ბლაგასლავი, სვიატოი ატეც, – ეს კი მანამდე უთხრეს, გამარჯვებულებმა, და სანამ ტაძრის აღმდგენელს, იპოდიაკონ გიორგი ანუას გაიყვანდნენ კონდახების ცემით, მისმა ქალიშვილმა მანანამ სწორედ ეს სიტყვა – „გამარჯვებულები” – და მათი იმწუთიერი ფსიქოლოგიური განწყობა – „გამარჯვების ეიფორიაში მყოფები” – დაიმახსოვრა ზუსტად და მკაფიოდ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც მანანა ანუას მონოლოგს ვკითხულობდი წიგნში „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლივიეს სოფელსა”, გამიჩნდა აზრი, ჩემს მშობლიურ ქალაქში გამემართა ამ ბრწყინვალე წიგნის წარდგინება. მთელი კრებული მამა ანდრია ყურაშვილის თანამედროვეთა მოგონებებზეა აგებული, დალაგებულია მისი ოჯახის წევრების, ნათესავების, საერო და სასულიერო პირების მიერ მოყოლილი ამბები და სულმოუთქმელადაც იკითხება.

მოძღვრები დიდად არ იჩენდნენ ინტერესს ჩვენ მიერ ჩატარებული ლიტერატურული საღამოებისადმი – ერთი-ორი თუ გვესტუმრებოდა ხოლმე დროდადრო და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ძნელია, უამრავი ყოფითი და სამსახურებრივი პრობლემისგან გადაღლილი კაცი წიგნით „შემოიტყუო”, ამ სრულიად არასანახაობრივი და, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი საგნით. შესაძლოა, ზოგჯერ მათთვის მისაღები და თემატურად საინტერესო რამეც ხდებოდა, სტუმრებიც მეტ-ნაკლებად საპატიოები და ანგარიშგასაწევები იყვნენ, მაგრამ…

– კორცხელში ავიდეთ, მეუფეს ავუტანოთ წიგნი და მოსაწვევები, – მითხრა ჩემმა მეგობარმა ჯაბა გერსამიამ და სანამ გაკვირვებული რამეს ვიტყოდი, უკვე მიტროპოლიტი გერასიმე გველაპარაკებოდა და გვპირდებოდა, მეც მოვალ და ვისაც ხმას მივაწვდენ, ყველას მოვიწვევო.

დაუჯერებელი ჩანდა და მაშინ ვიფიქრე, რამხელა ძალა აქვს მსხვერპლსა და თავდადებას, რწმენისა და სამშობლოსადმი თავგანწირვას, ზნეობრივ შეუდრეკლობასა და სულიერ სიმტკიცეს; ძალა, რომელმაც შეიძლება უბრალო ადამიანი, გნებავთ, სასულიერო პირი, თანამედროვეობისა და შთამომავლობისთვის სამაგალითო გახადოს.

როგორც მახსოვს, ცირა ყურაშვილს, პოეტს და მამა ანდრია ყურაშვილის სახელობის მკითხველთა მოძრავი კლუბის დამფუძნებელს, იმ დღეს თავისი საუკეთესო ლექსი არ წაუკითხავს. კლუბის წევრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები კითხულობდნენ ფრაგმენტებს მღვდელმონაზონ ანდრიასადმი მიძღვნილი წიგნიდან, მე კი სულ ის სტრიქონები მიტრიალებდა გონებაში:
„მეტად აღარ დამიძახო რაბი
ეს გვირაბი არ მთავრდება რაბი
ეს სიზმარიც არ მთავრდება რაბი
ეს ეკლებიც არ მთავრდება რაბი…”
დანიშნულ დროს უამრავი ხალხი მოვიდა, ამდენს ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, არტგალერეის დარბაზი გადაიჭედა, ცხელოდა და ბევრმა შემოსასვლელთან არჩია დგომა. მეუფე გერასიმეს მოსვლამდე ეპარქიის თითქმის ყველა მღვდელი დარბაზში იყო. უცებ ჯაბა ამომიდგა გვერდით: „მზად ხარ?” – მერე თვალი მოავლო დარბაზს და მეუბნება: – „ბიჭო, წიგნის პრეზენტაციაა თუ სინოდის კრება?” ვიღაცას საგალობლები ჩაერთო და კუთხეში მიდგმული მაგნიტოფონიდან ისმოდა. მე კი, გონებაში, ისევ და ისევ:

„ჩემი სახე შვიდი მშვიდი გველით
ჩემს სარკეში ჩახატული გროტესკით
შვიდი გველი აძრულია რაბი 
ერთმანეთზე უფრო უბოროტესი…” – 
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვმარცვლავდი სტრიქონებს და ბოლომდე არ მჯეროდა, უფრო სწორად, ადამიანური თვალით, ურწმუნო ადამიანის გონებით ბოლომდე ვერ გამეცნობიერებინა, რომ ოცდაშვიდი წლის კაცს, ბერს, შეეძლო, თავისი მოღვაწეობითა და ტრაგიკული აღსასრულით უფრო მეტი ეჩვენებინა და ესწავლებინა ჩვენთვის, ვიდრე ერთად აღებულ ყველა „მოღვაწეს”, რომლებიც ერისკაცისა და ერის გადამრჩენლის სახელით ეცნობოდნენ ხალხს და ოთხ წელიწადში ერთხელ უყოყმანოდ ცვლიდნენ პარტიას პარტიაზე, წამდაუწუმ უარყოფდნენ თავიანთ მრწამსსა და შეხედულებებს. ზოგიერთი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ არც სასულიერო პირებთან დაახლოება გასჭირვებია, მათთან გაშინაურება და წყალობათა მოხვეჭა, მაგრამ ცოტას თუ ესმოდა ქრისტეს ეკლიანი გზა მამა ანდრიასავით:
„მე მეგონა დაგიუნჯე რაბი
მე მეგონა მტრედებად დაგიუნჯე
მე მეგონა ჩემი იყო რაბი
ნეკნებს შორის დარჩენილი სილურჯე…”
ამიტომაც მგონია, მგონია კი არა, მწამს, რომ სანამ მამა ანდრია ყურაშვილის მოწამებრივი სახე გვიდგას თვალწინ, „სიმშვიდისაკენ და სინათლისკენ” მიმავალ მის ნაბიჯებს შევყურებთ, არც ძალადობის წაქეზება შეიძლება და არც სასულიერო პირების ჩამორჩენილ, ბნელ ძალად გამოცხადება – ეს არ არის გამოსავალი იმ რთული და სახიფათო მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება ამჟამად. გამოსავალი ერთმანეთის მოსმენა და შეყვარებაა, შეცდომების საკუთარ თავში ძიება და სინანულისა და ღვთის სიყვარულის მხურვალე განცდა, დაახლოებით ასეთი:
„სულ ციცაბოს სულ ქარაფზე მდგარი
სულ მძრწოლვარე
სულ დევნილი ძაბუნი
მე არა ვარ შენი ღირსი რაბი
მეტად აღარ დამიძახო რაბუნი”.

ჩემი პირველი შერცხვენის შესახებ, ანუ გულახდილობის გაკვეთილი

0
ჩემი აზრით, ადამიანებამდე მისასვლელი ყველაზე მოკლე გზა  გულახდილობაზე გადის. მგონი, მასწავლებლისა და მოსწავლეების დაახლოებისთვის კარგი იქნებოდა, ხშირად თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც ტარდებოდეს ე.წ. გულახდილობის გაკვეთილი, სადაც არავინ დაისჯება აღიარებული ტყუილისა და ცელქობისთვის. აბა, წარმოიდგინეთ, კედელთან მიწეული მერხები, იატაკზე მოკალათებული მასწავლებელ-მოსწავლეები, მეტი სითამამისთვის, ახვეული თვალები, ჩურჩულით გამხელილი და სულიდან მძიმე ლოდივით ჩამოხსნილი დანაშაულის გრძნობა, აღიარებისთვის კი, ჯილდოდ,  გემრიელი ტკბილეული… თუ ვინმეს ჩემი იდეა მოეწონება, ვჩუქნი. რაც უფრო მეტი ასეთი გაკვეთილი ჩატარდება, მით უფრო მეტი ლოდი მოწყდება პატარა სულებს.
თვითონაც მიკვირს, რამ გამახსენა ჩემი პირველი შერცხვენის ამბავი. მგონი გუშინ დამესიზმრა, რომ მასზე მოთხრობას ვწერდი და გადავწყვიტე სიზმარი ცხადად მექცია… შეიძლება ასეც იყო, დღემდე მიჭირს სიზმარ-ცხადის ერთმანეთისგან გარჩევა (ვინმემ იცის, ახლა სად ვარ?). 

სულაც არ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არასდროს ვიტყუები, ალბათ  ცოტ-ცოტა უწყინარ ტყუილს (ბოროტი ტყუილისგან ღმერთმა დაგვიფაროს), უნებლიედ თუ მიზანმიმართულად, ყველანი ვამბობთ. აი, სწორედ ასეთ პატარა, ერთი შეხედვით, უწყინარ ტყუილზე მინდა გიამბოთ, რომელმაც იგორა, იგორა და ერთ დღესაც ზვავად თავზე დამემხო.

ამბავი შვიდი წლის გოგოს ვერდაწერილ ლექსსა და გაზეთში მოულოდნელად ნაპოვნი გამოსავალზე
მეორე კლასი დავამთავრე და დასასვენებლად კურორტ ბახმაროში წამიყვანეს. იქ პატარა ხის კოტეჯი გვქონდა, რომლის უკანაც ტყე იწყებოდა. ზაფხული ამ პატარა ხის სახლის და მთების გამო მიყვარდა. საითაც არ უნდა გაგეხედათ,  ყველგან ნაძვებს დაინახავდით (ჩემი ბავშვობის მწვანე). ეს ნაძვნარი ჩემთვის უსასრულობის ხელშესახები შეგრძნება იყო, როგორც  არსაიდან ჩამოწოლილი სქელი ნისლი და ჩემი პირველყოფილი შიში, რომელსაც ჯაჭვების ჩხრიალის ხმა ჰქონდა. ძალიან მიყვარდა საღამოობით, ჩვენი სახლის წინ აგიზგიზებული კოცონი და ადამიანები, რომლებთან ერთადაც ადვილი იყო სიყვარული და სიძულვილი, შეცდომების დაშვება და დავიწყება, რადგან ჩვენ ერთმანეთს ერთ კონკრეტულ ზაფხულში ვტოვებდით, ოდესმე ნახვის იმედთან ერთად.
ამ სამოთხეში მაინც ახერხებდა შემოჭრას ისეთი მუდმივი “კოშმარები”, როგორიცაა _  უამრავი საშინაო დავალება, სასარგებლო საკვები, განსაკუთრებით კი _ საუზმე, რომელიც დილის კოშმარად მექცა (ძალიან მიჭირდა რძესთან და განსაკუთრებით, ფაფასთან შეგუება) და რაც მთავარია, ლექსები, რომლის წერაც, გაგიკვირდებათ და,  ჩემი ერთ-ერთი საზაფხულო დავალება გახლდათ. ვის ვემართლები, ჩემი ბრალი იყო. ერთხელ, სკოლაში,  გავსულელდი და საკლასო სამუშაოს ნაცვლად რაღაც ლექსის მსგავსი დავწერე, ჩემმა მასწავლებელმა კი გადაწყვიტა, რომ “ხელის გავარჯიშება” ნამდვილად არ მაწყენდა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ,,მოულოდნელ ნიჭთან” დაკავშირებით ჩემი თანატოლების რეაქცია საკმაოდ მწვავე იყო. იმ ბავშვების უმეტესობამ, ვისთანაც ვმეგობრობდი, ჩემი ,,გაპოეტების” ამბავი  გაიგო თუ არა, იმ წამსვე ,,შემიძულა”, ვინც ვერ გაბედა სიძულვილი და არც სიყვარულისთვის ეყო ძალა, უფრო მარტივი გზა გამონახა და დამივიწყა (ახლა მესმის მათი, ბავშვებისთვის ხომ ის ვინც განსხვავებულია, საშიშიცაა). უფროსებს კი, პირიქით, ეამაყებოდათ ,,ნიჭიერი”  შთამომავალი, მოსწავლე თუ მეზობელი და რადგან წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, როგორ იწერება ლექსი (თუმცა ვინმემ იცის ეს?), ლექსის წერაში ვარჯიში განტოლების ამოხსნასავით სავალდებულო რამ ეგონათ. 
სასწავლო წლის დასასრულს, ადგა ეს ჩემი ძვირფასი მასწავლებელი და ზაფხულის სხვა დავალებებთან ერთად, ათამდე თუ მეტი ლექსი ,,მომცა” დასაწერად. მაშინ უკვე პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა ყველაფერ სავალდებულოს მიმართ და ეს ,,დავალება” არდადეგების მიწურულამდე ,,გადავაგორე”. ჰოდა, ერთ დღესაც დამსვა დედამ მაგიდასთან, რვეულიდან ფურცელი ამოხია, ნეკისტოლა ფანქართან ერთად მომაწოდა და მარტო დამტოვა. 
ამ გალეული ფანქრის იმედი როგორ უნდა მქონდეს-მეთქი, გავიფიქრე და ფანჯარა გამოვაღე. გარეთ ერთკვირიანი წვიმის შემდეგ ძლივს ამოსული ნანატრი მზე ჩახჩახებდა, ალბათ ტყეში ბევრი სოკო ამოვიდოდა… თითქოს დავინახე კიდეც ჩვენი უბის ბავშვები რეზინის ბოტებითა და მოწნული კალათებით ხელში სიმღერ-სიმღერით როგორ მიხტუნაობენ ნაძვნარში…  ლექსი კი არა და არ იწერებოდა.
უცებ ჩემი ყურადღება მიიქცია მაგიდის კუთხეში დადებულმა გაზეთის ფურცელმა, რომლის ერთ ნახევარზე კარტოფილის ნაფცქვენები ეყარა, მეორეზე კი პატარა ორსტროფიანი საბავშვო ლექსი ეწერა. გაუაზრებლად გადავწერე ეს ლექსი ფურცელზე. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, რას ვაკეთებდი. თავში მხოლოდ კოცონზე შემწვარი ახალი სოკოს სურნელი მიტრიალებდა. როცა გადაწერა დავამთავრე, გაზეთი ნაფცქვენებიანად ნაგვის ურნაში ჩავაგდე და ტყისკენ გავიქეცი.
რას წარმოვიდგენდი, რომ მალე შემოქმედ ბავშვთა სტუდიაში დავიწყებდი სიარულს და ამ ლექსს დედა ჩემს მასწავლებელს მიუტანდა, ის კი ერთ-ერთ ჟურნალში დაბეჭდავდა და ზვავიც  ჩამოწვებოდა. ის, რასაც ყურმილიდან გაბრაზებულმა და იმ დროისთვის საკმაოდ გავლენიანმა ხმამ (ყოველ შემთხვევაში, დედაჩემისთვის ასე იყო) ტყუილი და უფრო საშიში სიტყვაც კი (ალბათ თავად მიხვდებით) უწოდა, ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების საფასური იყო.
ზვავს რას ვერჩი, მისი ერთ-ერთი თვისება გზების ჩახერგვაა და ჩახერგა კიდეც. ჩემი ,,ცოცხლად დამარხვის” მოკლე ამბავი კი ასეთია. არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა ტელევიზორში გამოჩენა, ისე გამომაწყვეს ლამაზ კაბაში და დამსვეს სახლის კართან დიდი წარმატების მოლოდინში. მერე ტელეფონმა დარეკა და როცა დედამ ყურმილი დადო, მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, სადღესასწაულო კაბა სასწრაფოდ უნდა გამეხადა. უცნაური კი ისაა, რომ საყვედურიც კი არ უთქვამს. უბრალოდ, მას შემდეგ არასდროს უთხოვია, ლექსი დაწერეო… მაგრამ მე მაინც ვწერ.

დიახ, სადა და მარტივი წიგნები!

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

1940 წლის აგვისტო

ერნესტ ჰემინგუეი
აქ იყო, ნიუ იორკში, თავისი ყველაზე გრძელი რომანის ბოლო კორექტურას კითხულობდა სკრიბნერის
გამომცემლობაში ჩასაბარებლად. რომანს ერქვა “ვის უხმობს ზარი”. ვისაც ხელნაწერი წაკითხული ჰქონდა, ამბობდა, ეს
ყველაფერს სჯობს, რაც აქამდე დაუწერიაო.

 ჰემინგუეი  კორექტურის წასაკითხავად  ნიუ იორკში თითქოს იმიტომ დარჩა, რომ საქმეს არ
მოსცდენოდა, მაგრამ მოწყენით არც აქ იწყენდა. ბარკლის სასტუმროში, მის ოთახში, მუდამ
ალიაქოთი იდგა. პატარა მაგიდაზე ელექტროჩაიდნის გვერდით ყინულის ბალონი და ვისკის ბოთლები
ელაგა. ვისკი იატაკზეც ეწყო, ისე,  რომ ერთბაშად
რამდენიმე სკამიდან ხელით მისწვდებოდით. ვექილები, ძველი მეგობრები, ჯარისკაცები –
მოდიოდნენ და  მიდიოდნენ. ტელეფონი ლამის გაბმით
რეკავდა…

– ჩვიდმეტი თვე  ვიმუშავე, – მითხრა ჰემინგუეიმ თავის ახალ რომანზე,
– კარგი უნდა გამოვიდეს. თუ  არადა,  წერაზე ხელი უნდა ავიღო, რადგან ბოლო ნაწარმოებმა
– “ქონა თუ არქონა” ვერ ივარგა. ჩვიდმეტი თვის განმავლობაში  ფულისთვის ერთი მოთხრობა ან წერილიც არ დამიწერია.
გროშიც არ ამიღია ჰონორარი. დავიღალე. ყოველ დილით რვის ნახევარზე  ვიწყებ მუშაობას და დაახლოებით სამის ნახევრამდე
ვწერ. რომანზე  მუშაობისას, პირველ ყოვლისა,
უკვე დაწერილს გადავხედავ ხოლმე, მერე სიტყვებს ვალაგებ აგურებივით. აუჩქარებლად ვწერ.
ერთხანს ვცადე, სწრაფად მეწერა და მერე ნაწერი დამემუშავებინა. არ გაამართლა. როცა ჩქარობ, საბოლოოდ წიგნი  ან გამოვა, ან არა  და შეიძლება სწორედ სიჩქარემ გააფუჭოს.

– დღეში  რამდენს წერთ?

– რა ვიცი. ხან ბევრს,  ხან ცოტას. გეგმის მიხედვით არასოდეს ვწერ, როცა
ვიწყებ, წინ სუფთა ფურცელი მიდევს და ის გადამაქვს, რაც იმ წუთში ვიცი. ხშირად ვბორძიკობ…
“ქონა თუ არქონა” იმიტომ არ ვარგა, რომ  ნოველებისგან შედგება. ჯერ ერთი
ნოველა დავწერე,  მერე – ესპანეთში – მეორე.
მერე დავბრუნდი, ჰარი მორგანი შემხვდა და მესამე ნოველის დაწერა მომინდა. საბოლოოდ
რომანი გამოვიდა,  მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთისგან  განსხვავებული ნოველები იყო. ამის მერე არ ვიცი,
რას  ვიზამ, ამბობენ, ორმოცს რომ გადააბიჯებ,
იმდენი  რამ კი უნდა გქონდეს ნანახი, რომ კარგი
რამეები დაწეროო. ალბათ, ასეა.

– თქვენზე ამბობენ,
მწერალი კი არა,  ჟურნალისტიაო.

– რა მოგახსენოთ.
გაზეთებისთვის ხშირად მიწერია, მაგრამ თავი მწერლად მიმაჩნია.  ამას საბოლოოდ დრო გაარკვევს – ჟურნალისტიკა ერთი
დღის საქმეა, მწერლობა უფრო გრძელი პერიოდისთვისაა განკუთვნილი. თუ  ჩემს ნაწერებს ორმოცი, ორმოცდაათი წლის შემდეგაც  წაიკითხავენ, ესე იგი,  მწერალი  ვყოფილვარ (იცინის). ერთი კია  – მაინცდამაინც  ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ მითქმა- მოთქმას.  ეს უფრო სალონებში თავმოსაწონებლად,  საკუთარი ვითომ-ინტელექტუალობის ხაზგასასმელად ნათქვამი
ფრაზებია ხოლმე. კიდევ ერთი: როგორც წესი, ყოველთვის ყველაფერს იწუნებს და ცხვირს  უბზუებს ის, ვისაც თვითონ არასდროს არაფერი გაუკეთებია.

– ერთი სიტყვით, თქვენთვის  სულერთია, როგორ შეგაფასებენ?

– არა,  სულერთი ნამდვილად არ არის, ოღონდ გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს, ვინ  გაფასებს.  არიან ადამიანები, ვის  აზრსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, არიან ადამიანები,
ვისი აზრიც საერთოდ არ მაღელვებს.

– მათ შორის ჰერტრუდ
სტაინიც ხომ არ არის?

– (იცინის) ეგ თქვენ
თქვით, მე არ მითქვამს.

– მისტერ ჰემინგუეი,
ხშირად მოგზაურობთ ევროპაში. Bევრ თქვენს ნაწარმოებში  მოქმედება ევროპაში  ხდება. რა არის თქვენთვის  ევროპა?

– მგონი, ამ  კითხვის პასუხი  ჩემი ნაწერებია. ევროპა არ არის ჩემი სახლი, მაგრამ
ესაა ადგილი, სადაც  ძალიან ბედნიერი ვიყავი,
სადაც  ბევრი დღესასწაული მქონდა. ესაა ადგილი,
რომელზეც ხშირად ვფიქრობ და მენატრება.

–  ევროპელები ამერიკელებს ხშირად ცხვირს  უბზუებენ.
როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?

– ალბათ, ამერიკელის
ის სტერეოტიპი, რომელიც დამკვიდრდა ევროპაში – ბრიყვულად მომღიმარი, მოსულელო ტურისტი,
რომელიც ყველაფერს ხალისით ათვალიერებს, გაუჩერებლად ლაქლაქებს და ფოტოაპარატს აჩხაკუნებს.

– თქვენ ხომ არ გიგრძვნიათ
ოდესმე ამგვარი  დამოკიდებულება?

– არა,  არასოდეს. ამას გრძნობს ის, ვინც იმსახურებს.

– იქნებ ევროპელთა
ქედმაღლობის მიზეზი ისიც  იყოს, რომ მათ უფრო
ძველი კულტურა და ტრადიციები აქვთ?

– ყველა  ქვეყანას თავისი  წილი  სიმდიდრე  აქვს. ტრადიციები არც  ამერიკელებს აკლიათ. უბრალოდ, ეს უფრო ახალი ქვეყანაა.
საერთოდ, მხოლოდ წარსულით სიამაყე სასაცილოა. მთავარია დღეს ვინა ხარ.

– თქვენს შემოქმედებაში
ესპანეთს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ასე რით მოგხიბლეს ესპანელებმა?

– საკუთარი ღირსების
შეგრძნებით, შინაგანი კულტურით, რაც ყველაფერში მჟღავნდება – ქცევებში, მეტყველებაში,
თავდაჭერაში, სისადავეში.

– სისადავე  თქვენთვის, ალბათ, ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ცნებაა.

– დიახ.

– თქვენი ნაწერები
მართლაც სადაა…

– ყველაფერი გენიალური
სადაა (იცინის).

– დღევანდელ ლიტერატურაში
სისადავისგან დაშორების ტენდენცია მძლავრობს. თქვენ რა აზრის ბრძანდებით გასაგებად
რთულ და ძნელად საკითხავ  წიგნებზე?

– ექსპერიმენტი  იმის  ექსპერიმენტია,  რომ  ხან
გაამართლოს, ხან არა.  ამ მძიმე  ნაწერებს მე ლიტერატურად არ აღვიქვამ. იყოს, რაც
გნებავთ – ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ოღონდ არა ლიტერატურა. თუმცა ყოველგვარი
ექსპერიმენტის დრო თავისთავად ჩაივლის. არ შეიძლება, ტვინის ჭყლეტამ დიდი  ხნით დაიმკვიდროს ადგილი. დარჩება…

– სადა და მარტივი  წიგნები?

– დიახ, სადა და მარტივი
წიგნები!

 

1950 წლის სექტემბერიამჯერად  ჰემინგუეისთან  შეხვედრისას ასე გადავწყვიტეთ:  მე თემებს მივცემდი,  თვითონ მოსაზრებებს  გამოთქვამდა. ეს უცნაური ინტერვიუ ცოტათი დაემსგავსა
ჩანაწერებს ზოგად საკითხ- ებზე, მაგრამ მაინც ვიფიქრე,  რომ  მკითხველისთვის
საინტერესო იქნებოდა.

კითხვები მნიშვნელოვან
თემებზე:

– ღმერთმანი, არ ვიცი,
როგორ უნდა ვუპასუხო ასეთ კითხვებს. თითქმის ნებისმიერი დიდი  სურათის წინ (ისევე,  როგორც მნიშვნელოვანი კითხვების წინაშე) ვიბნევი
– გამონაკლისია ტინტორენტოს “ჯვარცმა” ვენეციაში.

თანამედროვე თემები:

– სიტყვა “თანამედროვე”  გაუგებარია. მარადიული თემებია სიყვარული, უსიყვარულობა,
სიკვდილი, მისთვის დროებით თავის არიდება, რასაც სიცოცხლეს ვეძახით, სულის უკვდავება
ან წარმავლობა, ფული, ღირსება, პოლიტიკა. ეს თემები მეორდება ყველა ეპოქაში, თუმცა
ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს, დამიწერე 150 000 სიტყვა მოცემული თემების ამდილანდელ
მდგომარეობაზეო.

 

ქვეყანა, კულტურა,
პოლიტიკა:

რომანისტი წერს ქვეყანაზე,
რომელსაც იცნობს, რომელიც გულში აქვს. კულტურა (თუკი გაქვს) კარგია, მაგრამ უნდა გქონდეს  შენი პოზიცია, შენი ბრძოლის ველი და გახსოვდეს,  რომ  არ
არსებობს კულტურა, რომელიც სხვას ჰგავს.

ჩვენ იძულებული  ვართ, ამ დროში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ, ყველაზე უარეს დროში,  რაც კი ოდესმე  ყოფილა, მაგრამ  მაინც შეგიძლია, უამრავი  სასიხარულო რამ მოძებნო – თან იცოდე, რა უვარგის
დროში ცხოვრობ.

პოლიტიკაზე მირჩევნია
არაფერი ვთქვა. მასთან ყოველი შეხება ერთადერთ შეგრძნებას
მიტოვებს – თითქოს ბინძური ჭურჭლიდან რაღაც სისაძაგლე დავლიე. თავდაჯერებული პატრიოტი,
სხვა ადამიანების ცხოვრებისა თუ  რწმენის წარმმართველი
– ასეთი გამომეტყველება  აქვს ფოტოებზე  პოლიტიკოსთა უმეტესობას. სენატმა შეიძლება გაამრავალფეროვნოს ეს სურათი, თუ ერთობლივ ფოტოს
გადაიღებენ.

 

პოეზიაზე:

ზოგი წერს  და  ზოგი
ცდილობს წერას… მაგრამ  დღემდე არ არსებობს
კანონი,  რომლის  მიხედვით კაცს აუცილებლად უნდა მოსწონდეს, ვთქვათ, ტ.ს. ელიოტი.

 

რომანზე:

– შეიძლება ვინმემ
თქვას, წიგნში “მდინარის გადაღმა” არაფერი ხდებაო, მაგრამ ხდება უამრავი
რამ. კიდევ, იქ არის კაცი, რომელსაც ერთი გოგო უყვარს და კვდება.

წერასთან  არითმეტიკის, გეომეტრიისა და  ალგებრის გავლით მოვედი და ახლაც სულ გამოთვლებში
ვარ. თუ რაღაცას ვერ ვხვდები, თავს ვანებებ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. თავს არ დავიდარდიანებ
და არ დავიწყებ გამოკითხვას – რას  ამბობენ!
დაე, ილაპარაკონ.

 

1954 წლის 7 ნოემბერი

8 ოქტომბერს ჰავანაში
მშვიდი, სასიამოვნო ამინდი  იდგა. უამრავმა
ხალხმა  მოიყარა  თავი კუბის დედაქალაქის გარეუბანში, ჰემინგუეის  სახლთან. ამ დღეს  ოფიციალურად გამოცხადდა, რომ  ჰემინგუეის ნობელის პრემია მიანიჭეს.

ახლა ტელეფონით ველაპარაკები
მწერალს. ყურმილიდან აფორიაქებული ხმები ისმის, შეძახილები, როგორც ჩანს, ოთახში უამრავი
ხალხია. თვითონ ჰემინგუეის მშვიდი ხმა აქვს – არც გახალისებული, არც გულგრილი. მშვიდი.  მზადაა, ერთი-ორი სიტყვა მითხრას.

– მწერალმა უკიდურესად
გულწრფელად წერა უნდა  სცადოს. მწერალი პროზას
თხზავს  იმისგან, რაც იცის, რათა თქვას რაღაც
– არა  ფოტოგრაფიული ან ნატურალისტური, ან რეალისტური,
არამედ რაღაც ისეთი, რაც სრულიად ახალი იქნება, რასაც საკუთარი გამოცდილებითა და წარმოსახვით  შექმნის.

კრიტიკაზე ვეკითხები
და პასუხს მაძლევს:

– კრიტიკამ ბევრი
რამ მასწავლა. გულწრფელმა, უშუალო კრიტიკამ. სხვაგვარი კრიტიკა არ არსებობს. მაგალითად, როცა ჩემზე წერდნენ,  ამპარტავანია და  ამაყიო ან ათასნაირ ცოდვას მომაწერდნენ,
ამას არაფრად ვაგდებდი. საერთოდ, კრიტიკოსებმა ბევრი არაფერი იციან  ლიტერატურული ნაწარმოების  ალქიმიაზე.  აბა, რა იციან, რომ  კაცმა გულიანად უნდა  წეროს  და
სცადოს, თავისი ნაწერით თქვას, რა სწამს, რისი სჯერა.

შევახსენე,  რომ  იტალიელმა
მწერალმა  იგნასიო სილონემ კითხვაზე, ისტორიაში
რომელია  ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თარიღიო,
უპასუხა:  “ოცდახუთი დეკემბერი,  წელიწადი – ძერო”. ჰემინგუეიმ თქვა:

– მე არ მაქვს მნიშვნელოვანი
თარიღები. არასდროს მჯეროდა არც ასტროლოგიის, არც ოკულტური მეცნიერების. მე  არ ვიცი, რა არის ადამიანი  (ამ  სიტყვის
ფართო გაგებით).  ვიცი, რა არის კაცი, რას  ნიშნავს, იყო კაცი და იმედი მაქვს, რაღაცები ვისწავლე
ქალებსა და ცხოველებზე.

– ახლა რაზე მუშაობთ?

– დავიწყე მუშაობა  სამ ნოველაზე აფრიკის შესახებ მოთხრობათა კრებულისთვის.
ამ წიგნის  გამოქვეყნებას ჩარლზ სკრიბნერი აპირებს.
კრებულში შევა შვიდი გამოუქვეყნებელი მოთხრობა. თუმცა ჯერ არ ვიცი, რა გამოვა. ცუდია
და ძნელი იმაზე ლაპარაკი, რას  წერ.

– ნობელის პრემიაზე  რას  იტყვით?

– არ შემიძლია სინანული
არ გამოვთქვა იმის გამო, რომ ეს პრემია არ მიუციათ მარკ ტვენისთვის და ჰენრი ჯეიმზისთვის
(მხოლოდ ჩემს თანამემამულეებზე ვლაპარაკობ). უკეთეს მწერლებსაც არ მიუღიათ ეს ჯილდო.

დღეს უფრო ბედნიერი
ვიქნებოდი, პრემია რომ მიეღო ისეთ მშვენიერ მწერალს, როგორიცაა ისაკ დარნესენი ან ბერნარდ
ბერენსონი, რომლებმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს მხატვრობაზე დაწერილ საუკეთესო წიგნებს.
უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თუ  გავიგებდი, რომ  პრემიით დაჯილდოვდა კარლ სენდბერგი.

თუმცა… მადლობის
მეტი რა მეთქმის შვედეთის აკადემიის  მიმართ.

ვინ ხართ თქვენ ნინა ალექსანდროვნა?(ნამდვილი ამბავი)

0
ძველ, ნიკოლოზის დროინდელ სასტუმროში გავიზარდე, კომუნისტებისგან საცოხვრებლად გადაკეთებულში. ორი დიდი ოთახი, ოთხმეტრიანი ჭერი, ცენტრალური გათბობა, გადატიხრულ საკუჭნაოში გამართული საოცრად მოუხერხებელი ტუალეტი, მერცხლის ბუდესავით გარედან მიდგმული სამზარეულო და მეზობლის სახურავი, რომელიც პირდაპირ შუშაბანდის კარიდან იწყებოდა. 

არის ერთი ესპანურ ენოვანი მწერალი დღეს, პოპულარული კაცია და უგზოუკლოდ განათლებული, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, არტურო პერეს რევერტე ქვია, გაგონილიც გქონდეთ იქნება. ჰოდა, არტუროს უწერია თავის რომანში, არიან უნუგეშო ქვრივები და არინ ქვრივები, რომლებსაც ნებისმიერი მამაკაცი სიამოვნებით ანუგეშებდაო.

ნინა ალექსანდროვნა ალბათ უნუგეშოთა რიგში ჩაეწერებოდა. ორმოციან წლებშიც და მერეც თბილისში სრულიად სპეციფიური კასტა ჩამოყალიბდა მკერავების, მე ძლივს მოვესწარი,  წინა თაობას, ან იმის წინას კიდევ უკეთესად ახსოვს ეს უცნაურად ჩუმი ხალხი. 
ნინა ალექსანდროვნა მამით გერმანელი იყო, დედით ქართველი, გვარი არასდროს მიკითხავს, ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად. დაგრეხილი და მუდამ ჩაბნელებული დერეფნის ბოლოში. მე სულ კაფანდარა მახსოვს, მსუქანი არც არასდროს ყოფილა, კი არ დადიოდა დაფარფატებდა უფრო. კლიენტები ბევრი ყავდა ნინა ალექსანდროვნას, ჩემს მახსოვრობაშიც და იქამდე ხომ მით უმეტეს. ჩემსობას ძირითადად ასაკოვანი, ზომიერად შეღებილი, რუსულ–ქართულად მოლაპარაკე ქალები მოსდიოდნენ ხოლმე. ნინა ალექსანდროვნა მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბებს კერავდა, წელში ოდნავ გამოყვანილებს, აი ისეთებს, რომელთა სურათებიც ,,საბჭოთა ქალის” ბოლო გვერდებზე იბეჭდებოდა და რომლებზეც ბოროტი ენები ამბობდნენ, გდრ–ული მოდის ჟურნალებიდანაა ამოღებულიო. 

ჩვენ ვმეგობრობდით, მე ნინა ალექსანდროვნას ვეძახდი, ის აუცილებლად ზაალს, შესამჩნევი უცხოური აქცენტით, სხვანაირად არასდროს არ მიგვიმართავს ერთმანეთისთვის. ყავა პირველად მასთან დავლიე. მახსოვს, წიგნის თაროებს ვათვალიერებდი მისაღებ ოთახში, თვითონ კოპლებიან კაბას კერავდა, სამკუთხედი ცარცი ეჭირა ხელში, ბრტყელი, ხელის დალეულ საპონს გავდა, ნაჭერს ხაზავდა, მე იშვიათად თუ გავაპარებდი მზერას მისკენ და უცებ:
– რამდენი წლის ხარ, ზაალ?
ცამეტის–მეთქი. მერე ადგა, სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ორი სავსე ფინჯანით დაბრუნდა უკან. ყავა იყო საოცრად მწარე, ჰოდა, დღემდე ვერ ვსვამ სხვანაირს. მახსოვს რა ფრთხილად ვწრუპავდი სრულიად უცხო, მუქ სითხეს და როგორ მეშინოდა თავი არ შემერცხვინა. იმ დღეს პირველად გამატანა ნინა ალექსანდროვნამ სახლში წიგნი, ჰენრი სენკევიჩის ,,ჯვაროსნები”. 

სკოლას ვამთავრებდი უკვე, როცა გავუბედე და ლექსებს ვწერ–მეთქი, ვუთხარი, გაუკვირდა. ექვსი იანვარი იყო, ნაახალწლევი, უკვე სხვაგან ვცხოვრობდით ჩვენ, მე ნინა ალექსანდროვნას შევუარე. ჰოდა ლექსებს ვწერ–მეთქი, ყურადღებით დამაკვირდა, მიყურა, მიყურა, მერე ახმატოვას კრებული აიღო, მაგიდაზე რომ ედო სულ, ვითომ შემთხვევით, და ჩემკენ გამოაცურა, ორჯერ აათამაშა თითები ზედ, მეტი არც იყო არაფერი საჭირო. მერე ამბავს მოყვა.

იყო და არა იყო რა, იყო ათიოდე წლის გოგო, მამადახვრეტილი და დედაგადასახლებიდანმალედაბრუნებული. ხდებოდა თბილისში მასე, ის დიდი ომი რომ დაიწყო, დახვეტეს გერმანელები, პოლიტიკურად არასანდონი, გაუყენეს ციმბირისკენ გზას. ცოლებიც მიაყოლეს ბევრს. ვინც ჩამობრუნდა, შიმშილით უნდა მომკვდარიყო, ასე გადაეწყვიტა იქ სადღაც ვიღაცას, არა სამსახური, არა სამუშაო, ნაციხარს კი არა, ჭეშმარიტ, დამსახურებულ საბჭოთა მოქალაქეებს არ ჰყოფნიდათ მაშინ ერთ ადამიანზე გამოყოფილი ულუფა, 200 გრამი შავი პური. 

და მიყვებოდა ნინა ალექსანდროვნა, როგორ იძინებდა ციმბირიდან დაბრუნებულ დედასთან ერთად საღამოსპირზე, რომ შიმშილი ნაკლებად ეგრძნოთ. მიყვებოდა, როგორ იპოვა 1943 წლის 25 მარტს დილით, სკოლაში წასვლის წინ საკუთარი კარის ზღურბლთან ,,კომუნისტში” გახვეული 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, ორი ნაჭერი პური და ცოტა თევზის ქონი. ეს ის დროა, როცა ადამიანებს ჯეროდათ, ბავშვი თევზის ქონს თუ ჭამს, ჭლექი აღარ დაემართებაო.  როგორ შეეშინდა მაშინ დედა–შვილს, როგორ იფიქრეს ბევრი და სანამ რამეს გადაწყვეტდნენ, პირველი ამბიდან მესამე დღეს, როგორ დახვდათ გაზეთში გახვეული ახალი ულუფა ისევ. მერე ნინა ალექსანდროვნამ მოყვა, როგორ ეშინოდათ თავისი თავის კი არა, იმ უცნობი სამარიტელის გამო, ვინმეს რომ დაენახა, ვინმეს სხვას, ისეთს… ჰოდა, გაწითლებულმა გამიმხილა, როგორ ჩაამტვრია ერთ დღესაც სკოლიდან დაბრუნებულმა ჩვენს დერეფანში დაკიდებული ორივე ნათურა. გატეხილის გამთელებაზე კი არც მაშინ და არც მერე არავის უზრუნია, ჯერ ერთი ომი იყო და ჩატეხილი ნათურები ვის ანაღვლებდა, მეორეც… კიდევ წელიწადს მოგვდიოდა ძღვენიო, ნინა ალექსანდროვნამ, მერე დედას უშუამდგომლა ერთმა და ფაბრიკაში მიიღესო.

ჰოდა, იმ დღეს ბავშვებმა, ჩემებმა, ზოგმა პარიზში მინდა ცხოვრებაო, ზოგმა ლონდონშიო, სხვებმა ოკეანეც გადაცურეს. ზოგმა მულენ რუჟი იცოდა, დიდები არიან უკვე, ზოგმა სოჰო და ყველამ მანჰეტენი. თბილისი–მეთქი? და თბილისი რაო, უსახო ქალაქიაო. რამე ამბავი მოყევით–მეთქი, რამე ამბავი სათბილისო. მე ეგრე მჯერა, თუ ცხოვრობ კაცი სადმე, უნდა იცოდე კიდეც სადაც ცხოვრობ. ვერ მოყვნენ, გავჯორე. ერთმა, ისტორიას რომ ეწყობა ისეთმა, გაბრაზებულმა მითხრა, ეგ რა ქალაქია, 37–ში ერთი ნახევარი ხალხისა მეორე ნახევარს სასაკლაოზე აგზავნიდა, აქაოდა ლამაზი ცოლი და კარგი ბინა აქვთო, სხვები ხელს იბანდნენო, ბოლოს კიდევ თავიანთი ჯალათისთვის ჯერ ცრემლი ღვარეს, მერე თქვენ რომ ცხოვრობდით, იმ სახლის წინ ჩაიხოცნენ დიდის ამბითო. გავშრი. ვიჯექით ჩუმად გაკვეთილის ბოლომდე, ენა ვეღარ მომიბრუნდა, ან რა უნდა მეთქვა. მივედით ისევ მეორე დღეს კლასში. ბავშვები ცოტა დარცხვენილები, ბოდიშის მოსახდელად გამზადებულები, მე შეშინებული. მეთქი მომისმინეთ, და იმ დღეს ჩემებს ჯერ ის ამბავი მოვუყევი, როგორ ერქვა თბილისში ქუჩებს ტერორისტების სახელები, ბოროტი ენები ამბობენ, მსოფლიოს ყველა სხვა ქალაქს ჯობდა მაგითიო და მერე ეს ამბავი მივაყოლე, ნინა ალექსანდროვნასი. შევყევით, ამ სოფლისაც ვთქვით და იმ სოფლისაც და ბოლოს ერთი ძველი ესპანური ნოველის მორალით დავამთავრეთ, სალადინზე და იმის ვეზირებზე როა, სამი რაინდიდან უმამაცესი რომ უნდა აირჩიონ, ეგრეც დავასკვენით, ნამდვილი ადამიანური სილამაზე ბაზრად არ არი გამოფენილი არასოდეს, რომ უფალს გავს, თუ დანახვა გინდა მისი, ჯერ კეთილი უნდა ინებო და შეიყვარო. ბოლოს მოვიდა ის ძალიან ჩემი და მასო, რაცა ვთქვი, საწყენად არ მითქვამსო. ჰო, ვიცი, არ იჯავრო შენ ეგა, არაფერი მე არ მწყენია–მეთქი. მეთქი, წადი და კვირის თავზე ამბით მოდი. მოვიდა. 
ჰო, კიდევ, ნინა ალექსანდროვნა ამ შვიდიოდე წლის წინ გარდაიცვალა. ნათესავებმა უპატრონეს, გააპატიოსნეს. მე ვერ ვიჯავრე მაშინ, არ მეყურებოდა სიკვდილი, ახლაღა ვეჩვევი ნელ–ნელა, იმდენი გამეცალნენ გზიდან. დღემდე მაქვს ანა ახმატოვას ის ტომი, ფურცლის ნაგლეჯით ჩანიშნული. ეგრეც გამომატანა და ეგრეც არი აქამდე. ერთი ლექსი წერია მანდა, აღელვებულ ქალს ხელთათმანის ჩაცმა რომ შეეშლება, მარცხენა ხელზე მარჯვენისას რომ ჩაიცვამს, ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, აი, მაგ ლექსთან დევს ნინა ალექსანდროვნას ჩატოვებული ერთიანად ჩაყვითლებული გაზეთის ნაკუწი.  

კატალოგი მუზეუმისთვის და მუზეუმი კატალოგისთვის

0
მე თურქეთი არ მიყვარს.  თითოეული თურქული ქუჩის სახელწოდებაც კი ცუდად მხდის. საერთოდ არ მაღელვებს მისი მაღალარქიტექტურული და ძველი შენობები, გამჭვირვალე ჭიქებით მორთმეული ჩაი  თუ მეჩეთებიდან გამომავალი ექოს მისტიკა. ჩემთვის ის ჩემს ორკილოიან ლეპტოპზე მძიმე ქვეყანაა და ძალიან მიკვირს, როცა თურქეთის მოყვარულები ამ გულგრილობას წარბების აზიდვით ეხმაურებიან. ჩემი წარბები არასდროს იმჩნევენ ირლანდიის არმოყვარული ადამიანების არსებობას. ამავე დროს, მე შემიძლია, გულგრილი არ ვიყო ორჰან ფამუქისადმი, არადა, რთულია, წარმოვიდგინოთ  მისი სქელტანიანი რომანები სტამბულის გარეშე. აი, ჩუქურჯუმაში გახსნილი უმანკოების მუზეუმიც, რომელიც მთელს ეპოქას ინახავს და აი, “უმანკოების მუზეუმი”– ე.წ. კატალოგი,– ყველა ნამდვილ, სრულფასოვან მუზეუმს ხომ საკუთარი კატალოგი, “ნივთთააღმწერელი” უნდა ჰქონდეს. ვერაფერს იტყვი, სქელტანიანი “კატალოგი” კი გამოუვიდა. 

“უმანკოების მუზეუმს” ბევრი სიმსუქნეს უწუნებს, თითქოს წიგნი კი არა, ქელეხის სუფრაზე მიტანილი ხაშლამა იყოს,  გურმანები რომ ზედმეტ ქონს აყვედრიან. ბევრისთვის საპნის ჩვეულებრივი ოპერაა, მათთვის  ქემალი და ფუსუნი რომელიმე მორიგი ხუანი და რომელიმე მორიგი მარია არიან. ზოგისთვის ფამუქი, უბრალოდ, პოპულარული ნობელიანტი მწერალია, რაც ავტომატურად აიძულებთ, აუგად არასდროს მოიხსენიონ. ვისთვის ის სიყვარულია, აი, ისეთი, ტელევიზორის ყურებისას რომ გახსენდება და მუცელი გგვრემს. ასეთი სიყვარულიც არსებობს: პერიოდულად, კუჭის თავი გეწვის და გული ისე გიფართხალებს, ხელით იჭერ. არადა, ჩვეულებრივი გული გაქვს, რომელისთვისაც ადრე არასდროს შეგინიშნავს ფრთოსანი არსებების დამახასიათებელი ნიშნები.
ეს არის მდინარესავით რომანი. მდინარესავით იმიტომ, რომ სხეულს ვერ უპოვი: მიდის, მიჰყვები. ამ მდინარის კალაპოტი სტამბულია, რომელიც ორჰან ფამუქის გარეშე არ მიყვარს. ფამუქი ჩემი ერთადერთი საყვარელი პედანტია: მხოლოდ მას შეუძლია, დეტალურად მიამბოს ყველა შეგრძნება, ყველა ადამიანი, ყველა კაფე, ყველა პროსპექტი, ყველა ნივთი, სიგარეტის ყველა ნამწვი, ტელევიზორის ყველა ყურება, ყველა შეხება, ყველა წელი და თვე და დღე და საათი. მას შეუძლია, მიამბოს დრო. 


მისი დრო კი, ერთი შეხედვით, გაყინულია. იცვლება მხოლოდ ტელევიზორზე დასადები ფაიფურის ძაღლები, ხოლო დანარჩენი უცვლელია. იცვლება სტამბულიც, თუმცა ყველა ცვლილება ფასადურია: კაფეებს დროდადრო ევროპულ დასახელებებს უცვლიან და ევროპული კინოს გადაღებაზე ოცნებობენ,  ევროპულ განათლებას იღებენ და გათხოვებას მაინც  უპირობო ბედნიერებად მიიჩნევენ. შემდეგ კი, როცა თაფლობისთვე მთავრდება, ან– თაფლობის წელი, მამაკაცის ღალატს უკვე სრულიად ბუნებრივად აღიქვამენ და “თვალს ხუჭავენ”. ქალწულობა ტაბუდადებული თემა აღარ არის, მაგრამ გოგონები მაინც იმ მამაკაცს უნდა გაჰყვნენ ცოლად, ვისთანაც პირველად ჰქონდათ სქესობრივი კავშირი.  ერთი სიტყვით, ეს არის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თურქეთი, რომელიც საკუთარ თავში ვერ გარკვეულა და არაორგანულ ცვლილებებს მაინც მონდომებით ირგებს. 
საერთოდაც, წიგნში დახუჭული თვალების პრინციპი აქტუალური და მტკივნეულია. გარშემო ყველამ კარგად უწყის ფუსუნის და ქემალის მრავალწლოვანი სიყვარულის შესახებ, გარშემო ყველამ კარგად იცის ფუსუნის ქმრის, ფერიდუნის რომანი მსახიობ ქალ ფაფათიასთან, გარშემო ყველა მშვენივრად ამჩნევს დაკარგული ნივთების მიერ დატოვებულ ცარიელ ადგილებს და ქემალის გულუბრყვილო კლეპტომანია– შეაგროვოს ყველაფერი, რაც ფუსუნს უკავშირდება, არავისთვის გახლავთ ახალი და გასაოცარი ამბავი. 
“უმანკოების მუზეუმი” დროის და ცარიელი ადგილების რომანია. ქემალის ცხრაწლიანი სიყვარული ტოვებს ცარიელ ადგილებს ქესქინების სახლში და სრული არარაობის, უმწეობის, უადამიანობის განცდას ქემალის უფუსუნო ცხოვრებაში. თუმცა ყველა ადგილი მაშინ ივსება, როცა ქემალი ქესქინებთან ფუსუნის საღამოობით ნახვასა და ახალნაყიდი ნივთების მიტანას დაიწყებს. ამ ხელოვნური ჩანაცვლებით ყველა კმაყოფილია. მკითხველის გარდა. მკითხველი მეტისმეტად განიცდის. მკითხველი მეტისმეტად შეურაცხყოფილია ქემალის უანგარო სიყვარულის გამო. მკითხველს ფუსუნი არ უყვარს. მკითხველს ქემალი ეცოდება. მკითხველი გაბრაზებულია. ასეა.

არადა, სტამბული და დრო ისეთივე ხორციელი პერსონაჟები არიან, როგორც– შეყვარებულები. მათი ნაბიჯები ქემალის იმ ნაბიჯებზე მტკიცეა, რომლითაც ის ქესქინების სახლიდან შეყვარებულის უხასიათობის ჟამს გამოდის. მათი ნაბიჯები მიდის წინ, იმის მიუხედავად, რამდენს ფიქრობენ თითოეულის გადადგმისას. ქემალი დგას. ფაიფურის სტატუეტივით. ჩუქურჯუმაში თაჩინ ეფენდის საათობით გაჩერებული მანქანასავით. თუთიყუში ლიმონის გალიასავით. ფუსუნის ვერგანხორციელებული ოცნებასავით. ფუსუნის ვერშემდგარი კარიერასავით.
ის მეტისმეტად დიდხანს დგას იმისთვის, რომ ათეული წლების შემდეგ ცარიელი ადგილის ნაცვლად მსოფლიოს ერთ– ერთი ყველაზე სასურველი მუზეუმი არ დატოვოს. 
 

ირმა რატიანი – ძალიან მინდა, სენსეის საქართველოშიც აფასებდნენ

0

“მასწავლებელმა მარტო საგანი კი არ უნდა ასწავლოს მოწაფეს, არამედ კარიც გაუღოს იმ ძირითადი ღირებულებებისკენ, რომელთა გარეშე ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელობა ეკარგება. შესაძლოა, ახალგაზრდებს თავდაპირველად პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ, მაგრამ გონიერი ადამიანი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მასწავლებელი მართალია. ასეთ მასწავლებელს უწოდებენ იაპონიაში სენსეის, და ძალიან მინდა, სენსეის საქართველოშიც აფასებდნენ”, – ამბობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირმა რატიანი.

20 წლია, ქალბატონი ირმა უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნეობას ასწავლის. არის 3 მონოგრაფიის, 4 სამეცნიერო ნაშრომის, 60-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფართო მკითხველი კი მას იცნობს “ასი უძველესი იაპონური ლექსის” თარგმანით, რომელიც სამჯერ გამოსცა გამომცემლობა “სიესტამ” და გამომცემლობა “საარის” მიერ 2000 წელს დასტამბული პუბლიცისტურ-ესეისტური კრებულით “იაპონური დღიურები”.

უმაღლესი სასწავლებლების სხვა პროფესორ-მასწავლებელთა მსგავსად, სასწავლო პროცესის ბოლო 20 წლის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად ირმა რატიანიც აღნიშნავს, რომ ყველაზე ცხადი სიმპტომი, სამწუხაროდ, სტუდენტთა ერუდიციის დონის შემცირებაა.

– მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული პროფილის სტუდენტებთან ვმუშაობ, მათი საერთო თუ ლიტერატურული განათლების დონე, რბილად რომ ვთქვათ, არ მაკმაყოფილებს. ამ პრობლემის მიზეზად ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიჩნევ სტუდენტს; პრობლემის ძირი უფრო ღრმაა და განათლების სისტემის პრობლემებისკენ მიემართება. ახალი თაობა ძალიან ნიჭიერია, მოტივირებული და მიზანმიმართული და თუ მას აკლია განათლება, ეს არ არის მათი პირადი ნაკლოვანებების შედეგი – ეს სისტემის ნაკლოვანებათა შედეგია. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხის ერთგვარ მოუწესრიგებლობას, თავად სახელმძღვანელოების ხშირად არადამაკმაყოფილებელ დონეს და ბოლოს – სკოლის მასწავლებლების კვალიფიკაციას. ამას ემატება ისიც, რომ საქართველომ გამოიარა უმძიმესი 90-იანი წლები და 2000-იანების დასაწყისი, როცა მრავალი ოჯახი იბრძოდა ელემენტარული საარსებო მინიმუმისთვის – როგორ ეყიდათ პური, გადაეხადათ გადასახადები, გაეთბოთ სახლი. შვილებს კი მშობლების ყურადღება აკლდათ. ამ ბავშვებს არც შინ და არც გარეთ არ შეექმნათ პირობები ამ სირთულეების დასაძლევად. ვსვამ კითხვას: რამდენად გამართლებულია ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასეთი სტუდენტების ყოფნა? მათთან მუშაობისას ასეთი რამ მოვიფიქრე: სალექციო კურსის დასაწყისში ვაძლევ აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიას, რომელთა წაკითხვის შემდეგ მათთან მუშაობის საშუალება მეძლევა, რადგან ძნელია ესაუბრო სტუდენტს რენესანსზე, თუ მას ამ ეპოქისა არაფერი წაუკითხავს.

– ახალგაზრდების ერუდიციაზე უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები ზრუნავთ, მაგრამ ვინ და რა ფორმით უნდა იზრუნოს პედაგოგებზე?
– მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა პედაგოგების მიმართ და ვთქვა, რომ აქ ვერ ვხედავ მხოლოდ მათ ბრალეულობას. მასწავლებლობა მუდმივად განვითარებადი პროფესიაა და ამ საქმეს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. ამ ადამიანთა საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფა უნდა შეესაბამებოდეს მათ სოციალურ სტატუსს. მასწავლებლობა კი ძალიან სერიოზული სტატუსია. სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმაა, მიეცეთ მათ საშუალება, მუდმივად გადაამზადონ საკუთარი თავი და ამაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს პროფესიონალთა გუნდი – მათი, ვინც იცის მეცნიერებაში მომხდარი ცვლილებები, იცის, როგორ შეიცვალა მიდგომა სხვადასხვა საკითხისადმი, რა განვითარდა, რა შეფასდა ან გადაფასდა, მაგალითად, როგორია გალაკტიონის ამა თუ იმ ლექსის თანამედროვე ინტერპრეტაცია, როგორ ესმით რუსთაველი დღეს, ანდა როგორ კითხულობს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობა “ჯაყოს ხიზნებს”. თანამედროვე სასკოლო სწავლების მეთოდები ძალიან კარგია, მაგრამ თუ ამ მეთოდებით ძველი ინფორმაცია ასწავლე, რა აზრი აქვს ახალი მეთოდის არსებობას? როცა მასწავლებელი აუდიტორიაში ახალი ცოდნით, ახალი დასკვნებითა და განმარტებებით, ახალი ინტერპრეტაციით აღჭურვილი შედის, იგი იმსახურებს მოსწავლეთა ნდობას და აღწევს შედეგს. ეს შედეგი მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ვინც ამ ბავშვებს უნივერსიტეტში ველით.

მასწავლებელი ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო პროცესებში. ლიტერატურულის ინსტიტუტი ამ მიზნით რამდენიმე წელი მუშაობდა მასწავლებლებთან სპეციალური პროგრამით და კვლავაც იმუშავებს. პროგრამას “მეცნიერება სკოლებისათვის” ბევრი მსმენელი ჰყავდა, ხოლო იქ წაკითხული ლექციები ჩაიწერა და აიტვირთა ლიტერატურის ინსტიტუტისა და თსუ-ს ვებგვერდებზე. იანვრიდან ისევ ვიწყებთ ამ პროგრამას, რომელიც გაფართოვდა და მოერგო სიახლეებს. ლიტერატურის ინსტიტუტი ის ადგილია, სადაც მიმდინარეობს ქართული ლიტერატურის კვლევა, სადაც ვგრძნობთ ლიტერატურის მაჯისცემას. ეს ცვალებადი პროცესია და აუცილებელია მასზე როგორც სამეცნიერო წრეების, ისე პედაგოგთა რეაგირება.

ლიტერატურის ინსტიტუტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს 51-ე საჯარო სკოლასთან. ეს სკოლა გალაკტიონის სახელობისაა და ინსტიტუტში არსებული გალაკტიონოლოგიის კვლევის ცენტრი მათთვის იქცა იმ ორგანიზაციად, სადაც ბევრ საინტერესო და ახალ ამბავს იგებენ. პედაგოგებს მოჰყავთ მოსწავლეები, მართავენ პრეზენტაციებს. 17 ნოემბერს ერთობლივად გავმართეთ გალაკტიონის დღე. მარტში კიდევ იგეგმება საერთო ღონისძიება. ეს მნიშვნელოვანია სკოლისთვისაც და ჩვენთვისაც, ამით ვხვდებით, რა სჭირდებათ პედაგოგებს.

გარდა იმისა, რომ გვაქვს კურსები, ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ყოველი წიგნი, უპირველეს ყოვლისა, პედაგოგებზეა გათვლილი. სტუდენტებსა და ლიტერატორებთან ერთად ამ გამოცემათა სამიზნე აუდიტორია პედაგოგებიც არიან. გამოცემების ნუსხა უკვე განთავსებულია ინსტიტუტის ვებგვერდზე, ხოლო წიგნები დაცულია ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. რეალურად, ინსტიტუტმა ბოლო 6 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე აიღო ქართული ლიტერატურის გადაწერის მისია. გამოვიდა ძველ ქართული ლიტერატურის ე.წ. გზამკვლევის სერია, გამოვეცით “წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა” და “იაკობ ცურტაველის “შუშანიკის წამება და ადრექრისტიანული კულტურა”, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე კვლევებსა და შეხედულებებს და მოიცავს ყველა ასპექტს – კულტუროლოგიურ პარალელებს, სახისმეტყველებას, თარგმანებს, ახლავს სრული ბიბლიოგრაფიები და სრული ტექსტები. ამ სერიით უახლოეს ხანებში გამოვა “აბოს წამება”, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” და “მთაწმინდელთა ცხოვრება”. ასევე დაიწყო გამოცემათა სერია “ქართული მწერლობის პერიოდები და მიმართულებანი”. უკვე გამოვიდა ორი წიგნი: “ქართული რომანტიზმი” და “XVI-XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურა აღმოსავლურ-დასავლური პროცესების გზაშესაყარზე”. მესამე ტომი ქართული რეალიზმის შესახებ იქნება. ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურ-კულტუროლოგიური პროცესების კვლევა, – ყველაფერი, რაც თანამედროვე მკითხველისთვის მნიშვნელოვანია, განხილულია საერთაშორისო პროცესების ჭრილში.

ჩვენი გამოცემების მესამე სერია, რაც ასევე შესაძლოა პედაგოგებისთვის საინტერესო იყოს, ქართველ კლასიკოსთა სიუბილეო კრებულებია: ილია-170, აკაკი- 170, ვაჟა-150 , სულხან-საბა-350 და ოთარ ჩხეიძე და რევაზ ინანიშვილი-90. ეს კრებულები უნიკალურია იმით, რომ არც ერთი სტატია აქამდე არსად გამოქვეყნებულა და სრულიად ახალ კვლევებს წარმოადგენს. არ შეიძლება, მასწავლებელს ეს სიახლეები წაკითხული არ ჰქონდეს. სერია “ლექსთმცოდნეობა” კი მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიას ეძღვნება. გამოვეცით ანა კალანდაძე, ლადო ასათიანი, გიორგი ლეონიძე, მუხრან მაჭავარიანი, მზადდება ცისფერყანწელები. ეს გამოცემები ექსპერიმენტულია იმით, რომ შეიცავს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების – დამწყები ლიტერატურათმცოდნეების – წარმატებულ ნაშრომებსაც.

რაც მთავარია, ინსტიტუტი ამზადებს სახელმძღვანელოს “მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა”, რომელზეც ორი წელია ვმუშაობთ და ერთ წელიწადში დასრულდება. პრინციპულად მიმაჩნია, რომ ქართული ლიტერატურა დიდი მოვლენაა, რომელიც ჯგუფებად და ბლოკებად გამოცემას იმსახურებს.

ლიტერატურის ინსტიტუტის გალაკტიონოლოგიის განყოფილებაში ათი წელია მიმდინარეობს გალაკტიონის შემოქმედების კვლევა და უკვე მე-6 ტომი გამოიცა თემურ დოიაშვილის ხელმძღვანელობით. ამ კვლევებს გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, ვინც გალაკტიონზე რაიმეს დაწერას აპირებს.

თეორიული ლიტმცოდნეობის ბლოკში გვაქვს რამდენიმე გამოცემა, რომლებითაც სწავლობენ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები, თუმცა კი მიმაჩნია, რომ “ლიტმცოდნეობის შესავალი” და “ლიტერატურის თეორია. მე-20 საუკუნის სკოლები და კონცეფციები”, რომელსაც თან ახლავს ფასდაუდებელი ლექსიკონი, სადაც განმარტებულია ყველა ახალი მუშა ტერმინი, სამაგიდო წიგნები უნდა იყოს ყველასათვის, ვინც სწავლობს ანდა თვითონ ასწავლის ლიტერატურას. ამასთან ერთად, უკვე დაისტამბა “ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის” ორი ტომი – ჩაფიქრებულია 5 ტომად; მუშავდება ასევე “ლიტერატურის თეორია ანტიკური ეპოქიდან მე-20 საუკუნემდე”, რომელიც მზის სინათლეს 2013 წლის ბოლოს იხილავს. ამავე ბლოკში გამოვიდა რუსუდან ცანავას “მეტაფორა”, ირმა რატიანის “ჟანრის პოეტიკა” და “ფაბულა და სიუჟეტი”, თამარ ბარბაქაძის “ლირიკის ჟანრები”, მალე მზად იქნება “მე-20 საუკუნის ლიტერატურული მიმდინარეობები”.

ჩვენ ვაწვდით პედაგოგებს თანამედროვე კვლევებს ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის მიმართულებით და ვფიქრობთ, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, ის არის, რომ პედაგოგები მიეჩვიონ ამ წიგნებით მუშაობას. საკუთარ თავზე მუშაობა, პედაგოგიური გადამზადება და სახელმწიფოს მხარდაჭერა თუ იქნება, წარმატებაც არ დააყოვნებს. შედეგად მივიღებთ თანამედროვე ცოდნით აღჭურვილ პედაგოგებს და განათლების დამაკმაყოფილებელი დონის მქონე ახალ თაობას.

– თავად რა გზა გაიარეთ წარმატებამდე და რა შეგიძლიათ ურჩიოთ ახალგაზრდებს?

– ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ ერთი წინადადებით: მე ყოველთვის ვაკეთებ ჩემს საქმეს. მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს, რა უნდა. ამის მიხვედრა ძალიან ძნელია, მაგრამ სწორედ ამის ცოდნაა წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. მას შემდეგ, რაც გაარკვევ, რა გინდა, უნდა აამოქმედო უნარები, დაიწყო შრომა. ჩემთვის ყოველგვარი საქმე შრომაა და თანაბრად ფასეულია, დღეში 4 საათს დავუთმობ ჩემს საქმეს თუ ნახევარს, მთავარია, რომ არ გავა დღე, ჩემს თავზე არ ვიმუშაო. მე ასე მწამს: მეცნიერი პროცესიდან თუ ამოვარდა, ხელახლა ჩართვა გაცილებით მეტად გაუჭირდება.

მთავარია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, რა უნდათ – თუ ექნებათ შრომის საოცრად საჭირო ჩვევა, ისინი აუცილებლად მიაღწევენ მიზანს. უშრომლად არაფერი გამოვა. და კიდევ: მთავარი, რაზაც უნდა გაიაროს ადამიანმა თავისი სურვილისკენ მიმავალ გზაზე, არის ზნეობა. როდესაც არისტოტელე რიტორის თვისებებს ჩამოთვლის, ამბობს, რომ მთავარია ერთი რამ – რიტორი იყოს ზნეობრივი. ჩემთვის მიუღებელია კომპრომისი საკუთარ თავთან, სიმართლესთან, ღირებულებებთან. მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებული არასდროს მგონია. პირიქით, იქ, სადაც არ ხარ ღირსეული და ზნეობრივი, არც დამაჯერებელი ხარ და ძნელია, სხვა დაარწმუნო, რომ რასაც აკეთებ, რაიმედ ღირს.

მე უცებ არაფრისთვის მიმღწევია. წარმატება თანდათანობით მოდის. ისე არ ხდება, რომ დაიძინო და წარმატებულ მეცნიერად გაიღვიძო. ეს აკუმულირებული ცოდნაა; იზრდები, ფართოვდები… ნაყოფის მისაღებად დროა საჭირო და თუ ვინმეს საქმე სხვაგვარად ჰგონია, ან ცდება, ან თავს იტყუებს.

– ინსტიუტის ხელმძღვანელი ბრძანდებით. ეს მეცნიერულ შრომაში ხელს არ გიშლით?

– ძალიან მიშლის, რადგან არ მყოფნის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დრო, და ამიტომ დროის სწორად გადანაწილება დამატებით საქმედ იქცევა. მე ღამით არ ვმუშაობ; ვდგები დილით ადრე, მოვდივარ ინსტიტუტში და ვიდრე თანამშრომლები მოვლენ, ის 1-2 საათი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერია. შაბათ-კვირას ინტენსიურად საკუთარ თავზე სამუშაოდ ვიყენებ. გარდა ამისა, მაქვს პრივილეგია, სამუშაო მივლინებით წავიდე ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი საქმე მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული მუშაობაა. ასე ვიყავი იაპონიაში, ინგლისში, ბულგარეთში. ეს მხოლოდ მეცნიერებისთვის დათმობილი დროა, რასაც მე სამუშაო ოთახში გამოკეტვას ვეძახი. რა თქმა უნდა, მაქვს ზაფხულის შვებულების ერთი თვე, რომელსაც მთელი წელი ველოდები, რათა ჩემს მასალაზე ვიმუშაო. აგვისტოში უდიდესი სიამოვნებით დავწერე სტატია “მსხვერპლისა და მსხვერპლშეწირვის ანთროპოლოგიური თეორია ალექსანდრე ყაზბეგის პროზაზე დაყრდნობით”. საერთოდ, ნელა ვმუშაობ, ერთ მონოგრაფიას 8 წელი ვწერდი, მეორეს – 6 წელი. ამის გამო საკუთარ თავს ლოკოკინას ვეძახი.

– ფართო მკითხველი კი თქვენ იაპონური ლექსების მთარგმნელად გიცნობთ…

– იაპონიაში ყოფნისას ვთარგმნე 100 უძველესი ტანკა, რომლებიც სამჯერ დაიბეჭდა. იქვე შეიქმნა “იაპონური დღიურიც”, რომელიც შეიძლება სულ მალე განმეორებით გამოიცეს. მე ხუთი წელი ვცხოვრობდი იაპონიაში და ვმუშაობდი ოსაკის უნივერსიტეტის ლიტერატურის დეპარტამენტში. ის წლები ჩემთვის ყოველმხრივ პროდუქტიული იყო – როგორც მეცნიერული ზრდის, ისე ახალ კულტურასთან ზიარების თვალსაზრისითაც. დიდი სითბო გამომყვა იაპონიიდან, არ ვწყვეტ იქაურ კოლეგებთან ურთიერთობას, რამდენიმე სამეცნიერო ვიზიტით მერეც გახლდით ოსაკის უნივერსიტეტში. იქ ჩასულ მეცნიერებს იაპონელები უქმნიან სასათბურე პირობებს, სადაც მათ სხვა არაფერი ევალებათ, გარდა მუშაობისა, და ამას აკეთებენ საოცარი სტუმართმოყვარეობის ფონზე. იაპონური კულტურა განსაკუთრებული ფენომენია და თუ ჩემი თარგმანითა და წიგნით ქართველი მკითხველის მასთან დაახლოება შევძელი, თავს ბედნიერად ჩავთვლი. ეს არის ძალიან ღრმა და ფილოსოფიური კულტურა სამყაროსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, რომელთან ზიარება გამდიდრებს. იაპონელისთვის სამყარო არის მოცემულობა, რომლის შეცვლისკენ კი არ მიისწრაფის, არამედ მასთან საკუთარი თავის ადაპტაციას ცდილობს.

– და ეს ფილოსოფია როგორ ეთავსება ტექნიკურ პროგრესს?

– მე იაპონიაში შევიტყვე, რომ იაპონელებს არასდროს არაფერი გამოუგონიათ, ისინი მხოლოდ აუმჯობესებენ, რაც მათ ფილოსოფიას თანხვდება… ძალიან მიყვარს კინო და თუ ოდესმე მთხოვეს, ერთი ფილმი ავირჩიო, ეს ოძუს “იაპონური ამბავი” იქნება.

– ვის მიიჩნევდით თქვენს მასწავლებლებად და რა მოგცეს მათ?

– ჩემს მასწავლებლად მიმაჩნია ბატონი თენგიზი კიკაჩეიშვილი. მეორე კურსიდან მისი ხელმძღვანელობით ვმუშაობ. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდამ დარჩება ჩემი უღრმესი პატივისცემის ობიექტად. ის განასახიერებს მასწავლებლის მოდელს, რომელიც მე სრულყოფილ მოდელად მიმაჩნია. კერძოდ, მასწავლებელმა მარტო საგანი კი არ უნდა ასწავლოს მოწაფეს, არამედ კარიც გაუღოს იმ ძირითადი ღირებულებებისკენ, რომელთა გარეშე ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელობა ეკარგება. შესაძლოა, ახალგაზრდებს თავდაპირველად პროტესტის გრძნობა გაუჩნდეთ, მაგრამ გონიერი ადამიანი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მასწავლებელი მართალია. ასეთ მასწავლებელს უწოდებენ იაპონიაში სენსეის, და ძალიან მინდა, სენსეის საქართველოშიც აფასებდნენ.

ცნების შინაარსში წვდომის პროცედურები ინდუქციური და დედუქციური სწავლებისას

0

სწავლა/სწავლების ძირითადი
მიზანი განათლებული და უნარიანი ახალგაზრდების აღზრდაა. სწორედ ეს განაპირობებს სწავლების
იმ მრავალფეროვან მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც მიზნის მისაღწევად იყენებს
პედაგოგი. ზოგადად, სწავლის მეთოდიკა პასუხს გვაძლევს კითხვაზე: რა გზით შეგვიძლია
მივღწიოთ სათანადო შედეგებს სწავლებისას? ხოლო სწავლების ტექნოლოგია გვპასუხობს კითხვაზე:
როგორ გავხადოთ შედეგი გარანტირებული? ამიტომ ნებისმიერი დიდაქტიკური ამოცანის ეფექტურად
გადაწყვეტა, მეტწილად, ტექნოლოგიების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული.

ამგვარი გაგებით, ნებისმიერი
მეთოდიკა შეგვიძლია ტექნოლოგიებამდე დავიყვანოთ. იგი გვაძლევს კორექტირების, უფრო სრულყოფილი
დიდაქტიკური და მეთოდური მიდგომების გამოყენების საშუალებას; შეგვიძლია საჭიროებისამებრ
შევცვალოთ და  დავაზუსტოთ მეთოდური პარამეტრები
და სხვ. როგორც თეორიული და პრაქტიკული კვლევები ცხადყოფს, ყველაზე ეფექტურ საშუალებას
სასურველი შედეგის მისაღწევად სასწავლო პროცესში ინდუქციური და დედუქციური მეთოდების გამოყენება წარმოადგენს.
მეცნიერებაში შემეცნების ეს ტექნოლოგიები იზოლირებულად
არ გამოიყენება. უფრო მეტიც, ინდუქციური მეთოდის გამოყენებისას გარკვეულწილად “ფარულადაც”  კი ხდება დედუქციის გამოყენება.   

დედუქცია და ინდუქცია

დედუქცია შემეცნების ისეთი მეცნიერული მეთოდია, რომელიც გულისხმობს საერთო ნიშან-თვისებიდან
კერძო ნიშნების გამოყოფას.
ამ დროს აზროვნება ისე მიმდინარეობს,
რომ ყოველი კომპონენტი ლოგიკურად გამომდინარეობს წინა აზრიდან. დედუქციური მეთოდი საშუალებას
გვაძლევს, გამოვიტანოთ სწორი დასკვნა, გამოვყოთ საერთო პრინციპები და კანონები, რომლებიც
არ მოგვცემს შეცდომის დაშვების უფლებას: ისინი კონკრეტული მოვლენის ფაქტობრივი სინამდვილის
დადგენაში გვეხმარება. 

ინდუქცია კი შემეცნების ის ფორმაა,
რომელიც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ძირითადი დასკვნა ცალკეული ფაქტების საფუძველზე,
ანუ ესაა აზროვნების მოძრაობა კერძოდან ზოგადისაკენ.
ინდუქციის მეთოდები გამოიყენებ ობიექტებსა და მოვლენებს შორის ემპირიული კავშირების დასადგენად. ეს მეთოდებია:


1.     

ერთადერთი
მსგავსების მეთოდი
(რომელიმე შემთხვევაზე ან მოვლენაზე დაკვირვებისას
გამოიკვეთება მხოლოდ ერთი საერთო ფაქტორი
. ცხადია, რომ ეს ერთადერთი ფაქტორი
წარმოადგენს მოცემული მოვლენის მიზეზს);


2.     

ერთადერთი
განსხვავების მეთოდი
(თუ არსებობს გარკვეული პირობები რაღაც მოვლენის ან
გარემოების წარმოშობისა, თუ ყველა მათგანი თითქმის ერთმანეთის მსგავსია და მხოლოდ ერთი
ფაქტორით განსხვავდება, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ფაქტორი არის კიდეც მოცემული
მოვლენის წარმოშობის მიზეზი);


3.     

მსგავსებისა
და განსხვავების დაკავშირების მეთოდი
(იგი წარმოადგენს
ორი ზემოთ მითითებული მეთოდის კომბინაციას);


4.     

თანმხლები
ცვლილებების მეთოდი
(თუ ერთი მოვლენის ცვლილებები მუდმივად იწვევს გარკვეულ
ცვლილებებს სხვა მოვლენებში, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ამ მოვლენებს შორის არსებობს
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი);


5.     

“ნარჩენების”
მეთოდი
(ესაა რთული შემთხვევა “მრავალფაქტორიანი მიზეზისა”.
თუ რომელიმე ფაქტორთაგანი ცნობილია, როგორც მოცემული მოვლენის რომელიმე ნაწილის მიზეზი,
აქედან მივიღებთ დასკვნას: სხვა ნაწილების მიზეზებს შეიძლება სულ სხვა ფაქტორები განაპირობებდეს,
რომლებიც ერთიანობაში მოცემული მოვლენის საერთო მიზეზი იქნება).

ინდუქციური და დედუქციური მეთოდები ყველაზე ეფექტურად  გამოიყენება სწავლის დროს ცნებების სწორად გაგებისთვის,
ცნებების წვდომისა
და ათვისებისთვის. “ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია, წყლის ერთი
წვეთით გააკეთოს დასკვნები ატლანტიკის ოკეანის ან ნიაგარას ჩანჩქერის არსებობაზე, თუნდაც
არც ერთი არ ჰქონდეს ნანახი;… ფრჩხილის, ფეხსაცმლის, სახის გამომეტყველების და სხვა
“წვრილმანი” დეტალებით ძნელი არაა, გამოიცნო ადამიანის პროფესია”, – ეს სიტყვები შერლოკ
ჰოლმსს ეკუთვნის, რომელსაც შეეძლო, პატარა დეტალებიდან (ცნებების სწორად გაგების გზით)
ლოგიკურად აეგო მოვლენათა ჯაჭვი, რისთვისაც იყენებდა დედუქციურ მეთოდს.

დედუქციური
მსჯელობის მაგალითი:
 


1)     

თუ წვიმს, დედამიწა დასველდება / წვიმს. / მიწა სველია;     


2)     

თუ ჰელიუმი ლითონია, ის ელექტროგამტარია. / ჰელიუმი
ელექტროგამტარი არაა. / ჰელიუმი ლითონი არაა;


3)     

ყველა ადამიანი მოკვდავია. /Yყველა ბერძენი ადამიანია.
/ მაშასადამე, ყველა ბერძენი მოკვდავია;


4)     

“თუ ნეტარება სხვა არაფერია, ვიდრე მარადიული ცხოვრება,
ხოლო მარადიული ცხოვრება – ეს ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებაა, მაშინ ნეტარება –
ეს სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტების შეცნობა” (ორიგენე).

ინდუქციის მაგალითია:


1)     

ვენესუელა რესპუბლიკაა, ეკვადორი რესპუბლიკაა. / არგენტინა,
ბრაზილია, ვენესუელა, ეკვადორი ლათინოამერიკული სახელმწიფოებია. / ყველა ლათინოამერიკული
სახელმწიფო რესპუბლიკაა; 


2)     

იტალია რესპუბლიკაა, პორტუგალია რესპუბლიკაა, ფინეთი რესპუბლიკაა,
საფრანგეთი რესპუბლიკაა. იტალია, პორტუგალია, ფინეთი, საფრანგეთი დასავლეთევროპული
ქვეყნებია. / ყველა დასავლეთევროპული ქვეყანა რესპუბლიკაა.

მოყვანილი მაგალითებით უკეთ გასაგებია შემდეგი ცნებები: სველი მიწა; ლითონი; ადამიანი; მოკვდავი; ნეტარება;
მარადიული ცხოვრება; ლათინოამერიკული სახელმწიფოები; დასავლეთევროპული ქვეყნები.

ზოგადად, ცნება – ესაა აზროვნების ფორმა, აზრი,
განზოგადება, ჰიპოთეზა, ინტერპრეტაცია, რომელშიც ასახულია საგნის არსებითი ნიშნები.
საგნის ნიშნებს უწოდებენ იმ ნიშნებს, რითაც
საგნები ჰგვანან ერთმანეთს ან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. არსებითია ის ნიშნები,
რომლებიდანაც თითოეული, ცალკე აღებული,
უცილებელია საგნის
დასახასიათებლად და ყველა ერთად  აღებული  კი საკმარისია, რომ მოცემული საგანი (მოვლენა) განვასხვავოთ
დანარჩენებისაგან და განვაზოგადო
ერთგვაროვანი
საგნები
. არაარსებითი, მეორეხარისხოვანია ის
ნიშნები, რომელთა შეძენით ან დაკარგვით საგანი რჩება იგივე (
მაგალითად,
ცნება “ადამიანი”-ს არაარსებით ნიშანს წარმოადგენს მისი ხმა, წონა, სიმაღლე და სხვ);ანუ ზოგადად
, ცნებები გამოიხატება
ტერმინებით და საშუალებას გვაძლევს
, მაზე
დაყრდნობით ავხსნათ ფაქტების შინაარსი
_ დამოკიდებულება,
გრძნობა, საგნის რაობა.

                    ცნება,როგორც
ჭეშმარიტება               

ცნების,
კონცეფციის ღირებულება ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება კი ისეთი ინტერპრეტაციაა, რომელიც
წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე.
ამიტომაა, რომ ცნებას, როგორც ასეთს, გრძნობითი და რაციონალური ხასიათი აქვს. განვიხილოთ
რამდენიმე მაგალითი:

მაგალითად,
ცნება “ვაშლი”
გულისხმობს შემდეგ მახასიათებლებს:
წითელი, მრგვალი, ტკბილი. მოცემულია სამი ცნება: ფერის, ფორმის და გემოვნების აღმნიშვნელი
(მართალია, ცნება “ფერი” ბევრ სხვადასხვა ფერს გულისხმობს, მაგრამ ამ შემთხვევაში მითითებულია
წითელი). ამ კერძო შემთხვევაში ინდუქციურ/დედუქციური მეთოდი დაგვეხმარა, სწორი წარმოდგენა
შეგვექმნა ცნება “ვაშლის” რაობაზე და ეს მოხდა საერთო ნიშან-თვისებებიდან კერძო ნიშნების
(წითელი ვაშლი, ტკბილი ვაშლი…) გამოყოფით (და პირიქით).

ცნება “მოსწავლე” გულისხმობს ისეთ ნიშნებს,
როგორებიცაა: “ახლის შეცნობა”/ “მასწავლებლის მეთვალყურეობით მეცადინეობა”/ “სკოლაში
წასვლა”;
ხოლო ცნება “კარგი მოსწავლე” გულისხმობს:“ახლის შეცნობას”/ “მასწავლებლის მეთვალყურეობით მეცადინეობას”/  “სკოლაში წასვლას”/ “კარგი შეფასების მიღებას”/
“შესრულებას, პასუხისმგებლობას”/ “მოვალეობას, აღზრდას”. ცნება “მდინარე” მოცულობითია, მოიცავს მდინარეთა სიმრავლეს, როგორც ასეთს.
მაგალითად, იგი თავის არსში მოიცავს მდინარეებს – მტკვარს, ნილოსს, სენას და ა.შ.

როგორც ვხედავთ, ცნების მოცულობა და შინაარსი ურთიერთდამოკიდებულია, უფრო მეტიც,
ერთი განაპირობებს მეორეს. მაგალითად, ავტომობილისატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც აქვს ძრავა, ბორბალი და სამართავი მოწყობილობა.
ისინი ქმნიან ცნების შინაარსს, მის მოცულობას, რაოდენობრივ შინაარსს კი წარმოადგენს
ყველა ავტომობილი, რაც კი არსებობს. ასევე, “მოსწავლე”მოიცავს თავის თავში ყველა მოსწავლეს, რომელიც ოდესმე ყოფილა მოსწავლე, ან ყველა მოსწავლეს,
რომელიც ან სწავლობს, ან მომავალში ისწავლის. თუ ერთი ცნება მეორეზე ფართოა, მაშინ
პირველი შინაარსობრივად უფრო ღარიბია, ვიდრე მეორე. თუ პირველი ცნება უფრო მცირეა მოცულობით,
მაშინ ის მეორეზე უფრო მდიდარია შინაარსობრივად. მაგალითად, ცნება “რომბი”-ს შინაარსია
ორი საერთო ნიშანი –”პარალელოგრამი” და “თანაბარი მხარეები” და ისინი ერთმანეთს განაპირობებენ
ყველა იმ მაჩვენებლით, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ.

მოვიყვანოთ პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორ შეიძლება
ისტორიის გაკვეთილზე ცნების უკეთ გაგება ინდუქციისა და დედუქციის გზით:


სასწავლო პროცესში დედუქციური და ინდუქციური მეთოდების
გამოყენების თვალსაზრისით, ეფექტურია ე.წ. “ცნებების რუკის” გამოყენება. იგი ეხმარება მოსწავლესნფორმაციისა და ცნებების
ორგანიზებაში. ამ მეთოდით მუშაობის პროცესში მოსწავლეს მოუწევს კლ
სებსა და კატეგორებზე, ნიშან-თვისებებსა და
მახასი
თებლებზე, ნიმუშებსა და მაგალითებზე
ფიქრი. მეთოდის გამოყენება ეფექტურია ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და მნიშვნელოვანი
ცნებების ათვისებისათვის.

“ცნების რუკაზე” მუშაობა გულისხმობს ტექსტის გაცნობას და
ისეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, როგორებიცაა:


·        

რა არის  ———–? რას ჰგავს იგი?
რა მაგალითებს მოყვანა შეიძლება მასთან დაკავშირებით?


·        

რა არის ————– -ის მიზეზი? რა არის  ————–ის შედეგი?

მოსწავლემ წინასწარ უნდა წაიკითხოს ტექსტი, რათა მონიშნოს საკვანძო სიტყვები
და წინადადებები.

არსებობს “ცნების რუკის”
რამდენიმე ვარიანტი. ქვემოთ მოცემულია ცნების რუკის გამოყენების მაგალითი თემაზე:
“ომი”.                                                         

მეთოდის გამოყენების
საფეხურები:


1.     

წარუდგინეთ კლასს წასაკითხი ტექსტი;


2.     

კითხვის დაწყებამდე ჰკითხეთ მოსწავლეებს,
სმენიათ თუ არა რაიმე ომის შესახებ;


3.     

ტექსტის პირველი მონაკვეთის წაკითხვის
შემდეგ დახაზეთ დაფაზე ოვალი და ჩაწერეთ “ომი”. სწორედ ამ ცნების გარშემო ააგებენ მოსწავლეები
ცნების რუკას;


4.     

დახაზეთ მეორე ოვალი და ჩაწერეთ
“მიზეზები”. დააკავშირეთ ორი ოვალი (მაგალითად, ცენტრალური ოვალიდან მიმართული ისრით).
შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ ტექსტის პირველი მონაკვეთი აღწერს ომის გამომწვევ მიზეზებს;


5.     

სთხოვეთ მოსწავლეებს, თავადაც
დახაზონ ასეთივე რუკა რვეულებში/ფურცლებზე და წყვილებში იმსჯელონ ომის გამომწვევი მიზეზების
შესახებ, შემდეგ კი ჩამოწერონ ეს მიზეზები მეორე ოვალში (ან გვერდით მიაწერონ მეორე
ოვალს);


6.     

შესთავაზეთ რამდენიმე მსურველს,
გაუზიარონ მეწყვილესთან შეჯერებული მოსაზრებები მთელ კლასს, საუბრის პროცესში ჩამოწერეთ
გამოთქმული შეხედულებები დაფაზე, მეორე ოვალთან;


7.     

სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ
მომდევნო მონაკვეთი;


8.     

დახაზეთ მესამე ოვალი და ჩაწერეთ
“სიმპტომები”. დაკავშირეთ ცენტრალური ოვალი მესამე ოვალთან. შეახსენეთ მოსწავლეებს,
რომ მეორე მონაკვეთში უკვე “მსოფლიო ომის” სიმპტომებია აღწერილი;


9.     

სთხოვეთ მოსწავლეებს, წყვილებში
გაიხსენონ ინფორმაცია ტექსტიდან და თავიანთ ფურცლებზე შეავსონ რუკის მესამე ოვალი
(“სიმპტომები”);


10. 

კვლავ შესთავაზეთ რამდენიმე მსურველს,
გაუზიარონ მეწყვილესთან შეჯერებული მოსაზრებები მთელ კლასს. ჩამოწერეთ გამოთქმული შეხედულებები
დაფაზე, მესამე ოვალში (ან მის გვერდით);


11. 

დახაზეთ მეოთხე, შედარებით მცირე
ზომის ოვალი და გახაზეთ ისარი ცენტრალური ოვალიდან ამ მეოთხე ოვალამდე. სთხოვეთ მოსწავლეებს,
ივარაუდონ, რის შესახებ იქნება მესამე მონაკვეთი. მსჯელობის დასრულების შემდეგ ჩაწერეთ
ოვალში “პრევენცია”. სთხოვეთ მოსწავლეებს, ისაუბრონ ომის თავიდან აცილების და პრევენციის
შესაძლო გზებზე;


12. 

სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ
ტექსტის ბოლო მონაკვეთი და ყურადღება გაამახვილონ მსჯელობის დროს გამოთქმულ იდეებზე;


13. 

სთხოვეთ მოსწავლეებს, წყვილებში
შეადარონ საკუთარი ნამუშევრები და თავიანთ ფურცლებზე შეავსონ რუკის მეოთხე ოვალი;


14. 

სთხოვეთ რამდენიმე მსურველს, გაუზიარონ
მეწყვილესთან შეჯერებული აზრები მთელ კლასს;


15. 

ჩამოწერეთ გამოთქმული აზრები დაფაზე,
მეოთხე ოვალთან.

 


სასწავლო პროცედურებში ინდუქციური
და დედუქციური მეთოდების გამოყენება, ცნებების უკეთ წვდომის გარდა, ხელს უწყობს კონცეპტუალური
ცოდნის შეძენას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ანალიზსა და სინთეზზე ორიენტირებულ
აზროვნებას, სოციალური უნარების განვითარებას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას
და, საბოლოო ჯამში, სასწავლო მიზნების მიღწევას. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...