პარასკევი, მაისი 2, 2025
2 მაისი, პარასკევი, 2025

სიმბოლო პოეზიის სიდიადისა – ტომას სტერნზ ელიოტი

0

როდესაც ვფიქრობდი იმაზე, რას გეტყოდით ამ საღამოს, გადავწყვიტე უბრალოდ გამომეხატა მადლიერება იმ უმაღლესი ჯილდოსათვის, რომლის ღირსადაც გამხადა შვედეთის აკადემიამ. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა არც ისე მარტივი აღმოჩნდა: ჩემი საქმიანობა სიტყვებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამჯერად მათ უარი მითხრეს დამმორჩილებოდნენ, ხოლო უბრალოდ იმის აღნიშვნა, რომ შეგნებული მაქვს, რომ მივიღე უმაღლესი საერთაშორისო პრემია, რაზეც ყოველი მწერალი ოცნებობს, ნიშნავდა იმის თქმას, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის. იმის გამოცხადება, რომ ამ პრემიის ღირსი არ ვარ, – ნიშნავს, ეჭვი შევიტანო აკადემიის კომპეტენტურობაში; რომ შევაქო აკადემია – ნიშნავს, რომ მე, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი, ვეთანხმები ჩემთვის, როგორც პოეტისავის, ამ პრემიის მინიჭების ფაქტს. ამიტომაც, ნება მომეცით დაგარწმუნოთ იმაში, რომ როგორც კი გავიგე, რომ მომენიჭა ნობელის პრემია, განვიცადე სიხარულისა და სიამაყის შერეული გრძნობა, რომელიც ასეთ მომენტში სავსებით ბუნებრივია და უხერ­ხულობა იმის გამო, რომ უეცრად საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. ნობელის პრემია რომ ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც სხვა პრემიები, ოღონდ გაცილებით მაღალი დონის, შეიძლება მადლიერების გამოსახატავად კიდევ მეცადა საჭირო სიტყვების მოძიება, მაგრამ რადგანაც ის სხვა ჯილდოებისაგან სწორედ საკუთარი არსით განსხვავდება, ჩემი გრძნობების გამოსახატავად საჭირო რესურსები არ მეგულება ენაში.

ამდენად, ვალდებული ვარ ეს გრძნობები არაპირდაპირი გზით გამოვხატო და საკუთარი ინტერპრეტაციით შემოგთავაზოთ ლიტე­რატურის დარგში ნობელის პრემიის მნიშვნელობა. თუკი ეს იქნებოდა უბრალოდ აღიარება მწერლის დამსახურებისა, იმ ფაქტისა, რომ ავტორის რეპუტაციამ გადალახა მშობლიური ქვეყნისა და მშობლიური ენის საზღვრები, მაშინ შეგვეძლო გვემტკიცებინა, რომ საეჭვოა, ვინმე იყოს ჩვენს შორის ამ პრემიის ღირსი უფრო მეტად, ვიდრე სხვები. მაგრამ მე, ნობელის პრემიაში ვხედავ რაღაც უფრო მეტს, განსხვავებულს, ვიდრე ასეთი აღიარებაა. ის მე მაგონებს ერთი კაცის არჩევნებს, რომელიც დროდადრო, თითქოს განგების ძალით, ხან ერთი ერიდან ირჩევა, ხანაც მეორედან, რათა შეასრულოს განსაკუთრებული როლი და იქცეს განსაკუთრებულ სიმბოლოდ. ტარდება ცერემონიალი, რომლითაც ადამიანს მოულოდნელად ეკისრება მოვალეობები, რომლებსაც ადრე არ ასრულებდა. ამიტომ საქმე სულაც არ არის იმაში, იგი ღირსეული რჩეულია თუ არა, არამედ იმაში, შეუძლია თუ არა თავი გაართვას მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, შეუძლია თუ არა გახდეს წარმომადგენელი – რა თქმა უნდა, ადამიანური ძალების შესაბამისად – რაღაც უფრო მნიშვნელოვანის, ვიდრე მისი საკუთარი შემოქმედებაა.

ტრადიციულად, პოეზია ითვლება ხელოვნების ყველაზე “რეგიონალურ” სახედ. მხატვრობით, სკულპტურით, არქიტექტურით, მუსიკით შეიძლება დატკბეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხედავს და ვისაც ესმის, მაგრამ ენა, განსაკუთრებით კი პოეზიის ენა, – სულ სხვა შემთხვევაა. შეიძლება კიდეც მოგვეჩვენოს, რომ პოეზია უფრო მეტად აშორებს ადამიანებს, ვიდრე აერთიანებს. მეორე მხრივ კი უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ენა წარმოშობს ბარიერებს, სწორედაც რომ პოეზია უწობს ხელს ამ ბარიერების გადალახვას. დატკბე პოეზიით, რომელიც უცხო ენაზეა დაწერილი, ნიშნავს, დატკბე იმ ხალხის გაგებით, ვისაც ეს ენა ეკუთვნის, გაგებით, რომელსაც სხვაგვარი გზით ვერ მივაღწევთ. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ევროპული პოეზიის ისტორიაზე და გავიხსენოთ ის უზარმაზარი გავლენა, რომელსაც პოეზია, დაწერილი ერთ ენაზე, ახდენდა სხვა ენებზე, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ნებისმიერ დიდ პოეტს აქვს უცხოენოვანი პოეტების გადაუხდელი ვალი; იმის მტკი­ცებაც კი შეიძლება, რომ ნებისმიერი ქვეყნის პოეზია შეიძლება დაკნინდეს და დაიღუპოს, რომ არ საზრდოობდეს სხვა ქვეყნების პოეზიით. როდესაც პოეტი ესაუბრება საკუთრ ხალხს, მის ხმაში ჟღერს იმ უცხოენოვანი პოეტების ხმები, რომლებმაც მოახდინეს მასზე გავლება. ამავე დროს, თავად ის ესაუბრება სხვა ქვეყნების ახალგაზრდა პოეტებს, რომლებიც თავის ერს ცხოვრებაზე მისი შეხედულებიდან და მისი ერის სულისკვეთებიდან რაღაც ნაწილს გადასცემენ. ერთი მხრივ, მისი გავლენით სხვა პოეტებზე, მეორე მხრივ – თარგმანით, რომელიც, რა თქმა უნდა, ავტორის თანა­შემოქმედებას უნდა წარმოადგენდეს და ნაწილობრივ საკუთარი ქვეყნის მკითხველებით, რომლებიც არ არიან პოეტები, პოეტი ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებას.

ნებისმიერი პოეტის შემოქმედებაში, რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი რამ უნდა იყოს, რაც განსაკუთრებით მათდამია მიმართული, ვინც ცხოვრობს მის ირგვლივ და საუბრობს მის ენაზე, მიუხედავად ამისა, უსაფუძვლოდ არ წარმოგვიდგება გაგება “ევროპული პოეზია” და თვით “პოეზიაც” კი. მე მეჩვენება, რომ პოეზიის წყალობით ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც განსხვავებულ ენებზე საუბრობენ – თუნდაც ნებისმიერ ქვეყანაში ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ – იძენენ ურთიერთგაგებას, რომელიც რამდენადაც ცალმხრივი არ უნდა იყოს, ძალზე მნიშვნელოვანია. პრემიას ლიტერატურის დარგში, რომელსაც ანიჭებენ პოეტს, მივიჩნევ პირველ რიგში დადასტურებად თეზისისა პოეზიის ზენაციონალური ღირებულების შესახებ. ამ თეზისის მხარდასაჭერად სხვადასხვა ადამიანებს შორის დროდადრო აუცილებელია პოეტის გამოყოფა – და აი, მე ვდგავარ თქვენს წინაშე, მაგრამ არა საკუთარი დამსახურებების გამო, არამედ როგორც სიმბოლო – რა თქმა უნდა, დროებითი, – პოეზიის სიდიადისა.

ინგლისურიდან თარგმნა

პასუხი ყველა კითხვაზე

0

ქართულ ენაში ბევრ სხვა ახალ სიტყვასთან ერთად გაჩნდა კიდევ ერთი – დაგუგლე”, რომელიც უნივერსალური პასუხია ყველა კითხვაზე.

 

როდესაც ინტერნეტში არაფერი იდო

 

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამიყო დრო, როდესაც ინტერნეტსაძიებო სისტემები უბრალოდ არარსებობდ. არ არსებობდიმიტომ, რომ საჭირო არ იყო.

 

ამ ლინკს თუ გაჰყვებით:   

http://www.w3.org/history/19921103-hypertext/hypertext/Datasources/www/servers.html – მოხვდებით ვებგვრდზე, რომლსაც  წინ საინტერესო განმარტება უძღვის. განმარტებაში წერია, რომეს გვერდი 1992 წლიდან არ შეცვლილა დარომ მას ისტორიული ღირებულება აქვს: იგი ოდესღაც საძიებო სისტემის დანიშნულებას ასრულებდა,რადგან შეიცავს ყველაფრის ჩამონათვალს,რაც იმ დროს ინტერნეტში იყო განთავსებული.

არც ისე შორეულ1992 წელს ინტერნეტი კი იყო, მაგრამ ინტერნეტში თითქმის არაფერი იდო, რადგან მას მხოლოდ საკომუნიკაციო არხად მოიაზრებდნენ. ტიმ ბერნერს ლის(Sir Timothy
John «Tim» Berners Lee)
გამოგონებამვებგვერდმაშესაძლებელი გახადა ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება. სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის ივნისში ინტერნეტში უკვე 346.004.403 ვებგვერდი იყო.

როდესაც ადამიანს შინ წიგნების ერთი კარადა აქვსმას არჭირდება კარტოთეკა
სასურველი
წიგნისმოსაძებნად. ბიბლიოთეკაში კი კარტოთეკის გარეშე წიგნის მოძიება შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ 1992 წელს ინტერნეტი წიგნის ერთ თაროს ჰგავდა – ყველაფერი, რაც იქ იყო განთავსებულიერთ ვებგვერდზე ეტეოდა; დღეს კი აბლაბუდაში სასურველი ინფორმაციის მოძიება სპეციალური პროგრამების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

პირველი საძიებო სისტემები

 

პირველი ინტერნეტსაძიებო სისტემის დასახელება ძნელია. პირველი საძიებო სისტემების პროტოტიპები ამერიკის უნივერსიტეტების სტუდენტებმა შექმნეს, ერთერთი პირველი კომერციული საძიებო სისტემის Yahoo-სავტორები კი სტენფორდის უნივერსიტეტის მაგისტრანტები ჯერი იანგი (Jerry
Yang
)
და დევიდ ფილო (David Filo) იყვნენ. თავდაპირველად
მათ
ინტერნეტრესურსს ჯერისა და დევიდის მსოფლიო აბლაბუდის გზამკვლევი”  (Jerry
and David’s Guide to the World Wide Web)
 ერქვა. 1994 წელს მათ თავიანთ ქმნილებასიაჰუ” – Yahoo – დაარქვეს, რაც, ერთი მხრივ, აღტაცებულ შეძახილს აღნიშნავს, მეორე მხრივ კი აბრევიატურაა: Yet Another Hierarchical OfficiousOracle”.

იმხანად საძიებო სისტემები ერთგვარ დირექტორიებს წარმოადგენდა, რომლებშიც ინფორმაცია კატეგორიების მიხედვით იყო დახარისხებული. მაგალითად, რომელიმე ფეხბურთის გუნდს თუ ეძებდი, შეგეძლო შესულიყავი კატეგორიაშისპორტი, მერექვეკატეგორიაშიფეხბურთიდა სასურველი ფეხბურთის გუნდი მოგეძებნა.

ამ დირექტორიებსიაჰუს” თანამშრომლები ქმნიდნენ. მათი მოვალეობა ინტერნეტში ვებგვერდების მოძიება და მათთვის კატეგორიის მინიჭება იყო. ამრიგად, “იაჰუსთანამშრომლები იმ ადამიანებსგავდნენ, რომლებიც ბიბლიოთეკის კატალოგს ქმნიან.

დღეს ინტერნეტი უკვე იმდენად დიდია, რომ მასში არსებული ინფორმაციის მოწესრიგება ადამიანებს აღარ ძალუძთ. დღეს საძიებო სისტემებს სპეციალური პროგრამებიქრაულერები (crawler)  ემსახურება. ამ პროგრამებს ობობებსაც (spider)  უწოდებენ, ვინაიდან ისინი, როგორც ობობა თავის ქსელში, ისე გადადგილდებიან ერთი ვებსაიტიდიან მეორეზე და ინტერნეტში არსებული ყველა ვებგვერდის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საძიებო სისტემის მონაცემთა ბაზაში აფიქსირებენ.


საძიებო შედეგის ფილტრაცია


მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც გუგლის საშუალებით რაიმეს ვეძებთ, ინტერნეტში კი არ ვეძებთ, არამედ გუგლის მონაცემთა ბაზაში, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ინტერნეტძიება სწრაფი და მოხერხებული იყოს (საძიებო სისტემას რომ ჩვენი მოთხოვნისთანავე მთელს ინტერნეტში დაეწყო ძიება, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა).

ცნობილია, რომგუგლი” ჩინეთის მთავრობასთან მოლაპარაკების საფუძველზე ჩინელი მომხმარებლისთვის საძიებო შედეგს ფილტრავდა. ჩინეთში გუგლის საშუალებით ტიანანმინის (Tiananmenმოედანი რომ მოგეძებნათ, საძიებო შედეგში მხოლოდ ტურისტული ფოტოები გამოჩნდებოდა, ხოლო მსოფლიოს რომელიმე სხვა წერტილში რომ ჩაწეროთ ამ მოედნის სახელი, ტურისტულთან ერთად საპროტესტო გამოსვლების ფოტოებსაც იხილავთ.

2010 წელს, ჩინეთის მთავრობასთან უთანხმოების შემდეგ, “გუგლმაგანაცხადა, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე საძიებო რეზულტატს აღარ გაფილტრავდა. ამან ჩინეთშიგუგლის” სერვისების შეფერხება გამოიწვია.

დღესდღეობით ჩინეთის ტერიტორიაზე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა ადგილობრივი ბაიდუ (www.baidu.com). როგორც ამბობენ, ამ სისტემის მონაცემთა ბაზიდან ყველა ის საიტია ამოშლილი, რომელიც ჩინეთის მთავრობისთვის მიუღებელია.


საძიებო სისტემამ ჩვენ შესახებ საკმაოდ ბევრი რამ იცის


საძიებო სისტემებმა ჩვენზე უამრავი რამ იციან. აბა, თავად დაფიქრდით: ჩვენ ხომ ყოველდღიურავატყობინებთ მათ ჩვენი ინტერესების შესახებ; იმის გაანალიზებით კი, რას ეძებს ადამიანი, შესაძლბელია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა. უფრო მეტიცშესაძლებელია არა მარტო ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი ქალაქის ან სახელმწიფოს ფსიქოლოგიური პორტრეის შედგენაც.

2004 წელს გუგლმაამბიციური ექსპერიმენტი წამოიწყო, რომელსაც გრიპის ტენდენციები(Flu Trends) დაარქვა. ექსპერიმენტის მიზანი იყო გრიპით დაავადებულთა რაოდენობის დადგენა იმ სიტყვებსა თუ ფრაზებზე დაყრდნობით, რომელთაც გუგლისმომხმარებლები საძიებო სისტემის ფანჯარაში კრეფენ. ექსპერიმენტისთვის გუგლმაისეთი ქვეყნები შეარჩია, სადაც გრიპის ოფიციალური სტატისტიკა არსებობს, რათა საკუთარი მონაცემების ოფიციალურთან შედარების შესაძლებლობა ჰქონოდა.

გუგლისთანამშრომლებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც გაფილტრავდა გრიპის შესახებ აკრეფილ ყველა ძიებას და გამოსახავდა დაავადების გავრცელების ტენდენციას.

პროექტი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. საბოლოდგუგლისადა ოფიციალურ სტატისტიკასშორის განსხვავება ძალზე მცირე აღმოჩნდა. თანაც გუგლსსრული სურათი ხელთქონდა ყოველიდღის ბოლოს,  ხოლოიმ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც გრიპით დაავადებულთა რაოდენობას აღრიცხავენ, სამედიცინო დაწესებულებებისგან შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად და დასამუშავებლად გარკვეულიდროჭირდებოდათ. ამრიგად, “გუგლისსტატისტიკა უფრო ოპერატიული იყორომ აღარაფერი ვთქვათ გასაოცარ სიზუსტეზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომგუგლისსაშუალებით შესაძლებელია საძიებო სისტემისგან ერთი შეხედვით შორს მდგომიისეთი საკითხის კვლევაც, როგორიც გრიპის სტატისტიკაა. დამატებითი ინფორმაცია ამ ექსპერიმენტის შესახებშეგიძლიათ ამ ვებგვერდზე იხილოთ:http://www.google.org/flutrends/

 

 

ეფექტური ძიება

 

გუგლის საშუალებით ეფექტურიძიების განსახორციელებლად შეიძლება სპეციალური სიმბოლოების გამოყენება.

მაგალითად,თუ საძიებო სიტყვებს ბრჭყალებში ჩასვამთ, ამით გუგლს მინიშნებთრომ თქვენ იმ ვებგვერდებს ეძებთ,სადაც თქვენ მიერ  მითითებული სიტყვათა წყობაა ნახსენები. მაგალითად, თუ საძიებო სისტემის ფანჯარაში ჩაწერთ სიტყვათა წყობას ალექსანდრე ჭავჭავაძე, გუგლი მილიონზე მეტ ვებგვერდს მოიძიებს, ხოლო თუ ამ სიტყვათა წყობას ბრჭყალებში ჩასვამთ (“ალექსანდრე ჭავჭავაძე), შედეგი რამდენიმე ასეულათას
იქნება
.

თუ ინფორმაციის ძიებისას სიტყვას წინ მინუსს დაუწერთამით გუგლს მიანიშნებთ, რომ ეძებთ ვებსაიტსსადაც ეს სიტყვა არ არის მოხსენიებულიმაგალითად, თუ ეძებთ საქართველოს დროშის გამოსახულებას და გუგლში ჩაწერთ flag georgiaგუგლი ისეთ საიტებსაც იპოვისრომლებზეც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი შტატის, ჯორჯიის (Georgia)დროშაც იქნება მოხსენიებულიხოლო თუ აკრეფთ სიტყვებს flag georgia -usa -stateამით საძიებო სისტემას მიანიშნებთ, რომ ეძებთ საიტებს, რომლებზეც მოხსენიებულია flag georgia, მაგრამ მავდროულად არ არის ნახსენები არც usa და არც state.

 

გუგლის სხვა საძიებო კრიტერიუმებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საიტზე:

http://www.africapresse.com/googlebasicsearchhelp/

კონტცეპტი და კონტექსტი

0

ადამიანი
ცოდნისა და უნარების აქტიურ ათვისებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ნაყოფიერებით სკოლაში სწავლის პერიოდი გამოირჩევა. ამიტომ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებისთვის უმთავრესი სწავლის პროცეზე ზუსტად მორგებული მეთოდების მიგნება და გამოყენებაა.

საგანმანათლებლო
პრქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სწავლების საძირკვლად მოსწავლის არსებული ცოდნის გამოვლენა და მის საფუძველზე ახლის აგება უნდა იქცეს.

ცოდნის აგების პროცესში მოსწავლეები ერთმანეთთან აკავშირებენ კონკრეტულ ცნებებს, საგნებს და მოვლენებს. ეს ოპერაცია ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მოახდინოს გარემოს კლასიფიკაცია (კონცეპტუალიზაცია).

 

კონცეპტი ანუ ნება არის მსგავსი საგნების, მოცემული ცნების კატეგორიის დამახასი­ათებელნიშნებ და მოვლენების (პრეცეპტი) დაჯგუფე­ბა ან ზოგადი ნიშნების ასახვა. ნიშნები მოიცავს განმსაზღვრელ, არსებით თვისებებს (თვისებებს, რომლებიც ცნების კატეგორიის ყველა წევრს გააჩნია) და თანაფარდოფით თვისებებს (თვისებებს, რომლებიც ცნე­ბის მხოლოდ ზოგიერთ მაგალითს ახასიათებს).

მაგალითად, ცნებაერისდამახასიათებელი ზოგადი ნიშნებია:

  • ადამიანთა მყარი ერთობა
  • საერთო ენა
  • კულტურა
  • ტრადიცია
  • გარკვეული ტერიტორია.

 

 

ერის თანაფარდობითი თვისებაა მისი რაოდენობრივი მაჩვენებელი: ზოგი დიდია, ზოგი-პატარა.

ვრცლად 

ავტორის სიკვდილი

0
ნოველაში “სარაზინი” ქალად გადაცმული კასტრატის შესახებ ბალზაკი წერს: “იგი ნამდვილი ქალი იყო, მთელი მისი უეცარი შიშებით, ამოუცნობი ახირებებით, ინსტინქტური მღელვარებით, უმიზეზო თავხედობით, ლაღი გამოხდომებითა და გრძნობათა წარმტაცი სიფაქიზით”. ვინ ლაპარაკობს ასე? იქნებ ნოველის გმირი, რომელიც ცდილობს არ შეამჩნიოს ქალის სამოსში გამოწყობილი კასტრატი? ან ბალზაკი – ინდივიდი, თავისი პირადი გამოცდილების საფუძველზე რომ აფასებს ქალს? თუ ბალზაკი-მწერალი, ქალის ბუნების შესახებ “ლიტერატურულ” წარმოდგენათა აღმსარებელი? იქნებ ეს ზოგადსაკაცობრიო სიბრძნეა? ან რომანტიული ფსიქოლოგია? ამას ვერასოდეს გავიგებთ, რადგანაც წერისას ხმის, ამოსავალი პირველწყაროს ცნება უკვე აღარ არსებობს. წერა – ბუნდოვანების, არაერთგვაროვნებისა და შეუსაბამობის ის სფეროა, სადაც იკარგება ჩვენი სუბიექტურობის კვალი, ესაა შავ-თეთრი ლაბირინთი, სადაც ქრება ყოველგვარი თვითიგივეობა, პირველ რიგში კი დამწერის სხეულებრივი იგივეობა.
* * *
როგორც ჩანს, ყოველთვის ასე იყო: თუკი რაიმე ამბავს მხოლოდ მოთხრობის გულისთვის გვიყვებიან და არა სინამდვილეზე პირდაპირი ზეგავლენის მიზნით – ანუ, როცა თხრობა არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, გარდა სიმბოლური ქმედებისა – მაშინ ხმა სცილდება თავის პირველწყაროს, ავტორი კვდება და სწორედ აქ იწყება წერა. თუმცა, სხვადასხვა დროს ეს მოვლენა სხვადასხვანაირად აღიქმებოდა. ასე მაგალითად, პირველყოფილ საზოგადოებებში ამბავს ჰყვება არა ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ სპეციალური მედიატორი – შამანი ან მესიტყვე; შეიძლება აღგაფრთოვანოს მისმა “პერფორმაციამ” (ანუ თხრობით კოდთან მოპყრობის ოსტატობამ), მაგრამ არა “გენიამ”. (1) ავტორის ფიგურა ახალი დროის კუთვნილებაა; როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ იგი მაშინ ჩამოაყალიბა, როცა შუასაუკუნეების დასასრულს, თავისთვის აღმოაჩინა (ინგლისური ემპირიზმის, ფრანგული რაციონალიზმისა და რეფორმაციის მიერ დაფუძნებული პირადი რწმენის პრინციპის წყალობით) ინდივიდის ღირსება, ან უფრო მაღალი სტილით რომ ვთქვათ, “ადამიანის პიროვნება”. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ლიტერატურის სფეროში ავტორის “პიროვნება” ყველაზე დიდი აღიარებით პოზიტივიზმში სარგებლობდა, რომელმაც შეაჯამა და ბოლომდე მიიყვანა კაპიტალიზმის იდეოლოგია. ავტორი დღემდე ბატონობს ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელოებში, მწერალთა ბიოგრაფიებში, საჟურნალო ინტერვიუებში და თავად ლიტერატორთა ცნობიერებაშიც, რომელიც თავის პიროვნებასა და შემოქმედებას ინტიმური დღიურის ფორმაში აერთიანებს. ჩვენს კულტურაში დამკვიდრებული ლიტერატურის ცენტრი ავტორს უპყრია, აქ იგი ბატონობს, მისი პიროვნება, ამ ადამიანის ცხოვრების ისტორია, მისი გემოვნება თუ ვნებანი; კრიტიკისთვის ბოდლერის შემოქმედება დღემდე მის ყოფით პრობლემებზე დაიყვანება, ვან გოგის მთელი შემოქმედება – რეალურ ავადმყოფობაზე, ჩაიკოვსკისა კი მანკიერებაზე; ნაწარმოების ახსნას ყოველთვის მის შემოქმედში ეძიებენ, თითქოს საბოლოოდ, გამონაგონის მეტნაკლებად გამჭვირვალე ალეგორიულობის მიღმა, ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანის, ავტორის “აღსარების” ხმა გვესმის.
* * *
ავტორის ძალაუფლება ჯერ კიდევ მტკიცე საფუძველზე დგას (ახალი კრიტიკა მხოლოდ ამყარებდა ამ საფუძველს), თუმცა, უეჭველია ისიც, რომ ზოგიერთი მწერალი უკვე დიდი ხანია შეეცადა შეერყია ეს ძლევამოსილება. საფრანგეთში პირველი, ალბათ მალარმე იყო, ვინც სრულად დაინახა და წინასწარ განჭვრიტა იმის აუცილებლობა, რომ თავად ენა დაეყენებინათ ამ ენის მფლობელის ადგილას. მალარმე მიიჩნევს – და ეს თვალსაზრისი ემთხვევა ჩვენს დღევანდელ წარმოდგენას – რომ ლაპარაკობს არა ავტორი, არამედ ენა როგორც ასეთი; წერა, თავის საფუძველში უპიროვნო საქმიანობაა (ეს უპიროვნობა არამც და არამც არ უნდა ავურიოთ მწერალი-რეალისტის გამოფიტულ ობიექტურობაში), რომლის მეოხებითაც უკვე არა “მე”, არამედ თავად ენა მოქმედებს, (2) “პერფორმირებს”; მალარმეს მთელი პოეტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გააუქმოს ავტორი და იგი წერით შეცვალოს, – ეს კი, როგორც დავინახავთ, მკითხველის უფლებათა აღდგენას ნიშნავს. “მე”-ს ფსიქოლოგიური თეორიით ხელფეხშეკრულმა ვალერიმ ცოტათი შეამსუბუქა მალარმეს იდეები; მაგრამ თავისი კლასიკური გემოვნების წყალობით მან რიტორიკის გაკვეთილებს მიმართა და ამიტომაც განუწყვეტლივ ეჭვქვეშ აყენებდა და აბუჩად იგდებდა ავტორს, ხაზს უსვამდა მისი საქმიანობის წმინდა ენობრივ, გარკვეულწილად “გაუთვალისწინებელ”, “შემთხვევით” ხასიათს (3) და თავის ყველა პროზაულ წიგნში მოითხოვდა აღიარებას, რომ ლიტერატურის არსი სიტყვაშია ჩადებული, მწერლის სულიერი ცხოვრების დამოწმება კი სხვა არაფერია, თუ არა ცრურწმენა. პრუსტიც კი, მისი ე.წ. სულის ანალიზის მთელი თავისი ხილული ფსიქოლოგიზმით, თავის ამოცანად მიიჩნევდა უკიდურესად გაერთულებინა – წვრილმანებში უსასრულო ჩაღრმავების ხარჯზე – ურთიერთობა მწერალსა და მის პერსონაჟებს შორის. მთხრობელად მან ის კი არ აირჩია, ვინც უკვე რაიმე ნახა და განიცადა, არც ის, ვინც წერს, არამედ ადამიანი, რომელიც წერას აპირებს (მის რომანში ახალგაზრდა კაცს – ვისიც არც ასაკი ვიცით და არც ის, თუ ვინ არის იგი – სურს წეროს, მაგრამ არ შეუძლია დაიწყოს და რომანი სწორედ მაშინ სრულდება, როცა წერა,ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელი ხდება), ამით კი პრუსტმა თანამედროვე წერის ეპოპეა შექმნა. მან ძირეული გადატრიალება მოახდინა: იმის ნაცვლად, რომ თავისი ცხოვრება აღეწერა, როგორც ამას ხშირად მიაწერენ ხოლმე პრუსტს, მან ეს ცხოვრება თავისივე წიგნის მიხედვით შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებად აქცია და ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ შარლუ კი არაა მონტესკიუს ანარეკლი, არამედ პირიქით, მონტესკიუ, თავისი რეალურ-ისტორიული ქმედებებით მხოლოდ ფრაგმენტია, ნატეხია შარლუსი. ჩვენი წინამორბედების ამ რიგში უკანასკნელი ადგილი სიურეალიზმს უჭირავს; მას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო სუვერენული უფლებები მიენიჭებინა ენისთვის, რადგან ენა სისტემაა, ამ მოძრაობის მიზანი კი, რომანტიზმის ყაიდაზე, ყოველგვარი კოდის განადგურება იყო (ეს მიზანი ილუზორულია, რადგანაც კოდის განადგურება შეუძლებელია, იგი შეიძლება მხოლოდ “გაათამაშო”); სამაგიეროდ, სიურეალიზმი მუდამ აზრობრივი მოლოდინის რღვევისკენ (ყბადაღებული “საზრისის წყვეტა”) მოუწოდებდა, მოითხოვდა, რომ ხელს გაცილებით სწრაფად ჩაეწერა ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა ტვინს (ავტომატური წერა); იზიარებდა და პრაქტიკულად ახორციელებდა ჯგუფურ წერას და ყველაფერ ამით, მან თავისი წვლილი შეიტანა ავტორის სახის დესაკრალიზაციის საქმეში. ბოლოს კი, უკვე ლიტერატურის მომიჯნავე სფერომ (თუმცა, ახლა ეს გამიჯვნა უკვე აზრს კარგავს), ძალზე ძვირფასი იარაღი მოგვცა ავტორის ფიგურის ანალიზისა და რღვევისთვის: თანამედროვე ლინგვისტიკამ გვაჩვენა, რომ გამონათქვამი, როგორც ასეთი – ფუჭი პროცესია და თავისთავადაც შესანიშნავად სრულდება, ისე რომ, არც არის საჭირო მოსაუბრის პირადი შინაარსით შევავსოთ იგი. ლინგვისტიკის მიხედვით, ავტორი მხოლოდ ისაა, ვინც წერს, ისევე როგორც “მე” არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც “მე”-ს ამბობს; ენა იცნობს “სუბიექტს”, მაგრამ არა “პიროვნებას” და ეს სუბიექტი – რომელიც სამეტყველო აქტით განისაზღვრება და მის გარეშე შინაარსისგან იცლება – საკმარისი ხდება, რათა თავის თავში “დაიტიოს” მთელი ენა და ამოწუროს მისი ყველა შესაძლებლობა.
* * *
ავტორის მოკვეთა (ბრეხტის კვალად, აქ ნამდვილ “გაუცხოებაზეც” შეგვიძლია ვისაუბროთ – ავტორი პატარავდება და მხოლოდ მომცრო ფიგურად ჩანს ლიტერატურულ “სცენაზე”) – ეს არა უბრალოდ ისტორიული ფაქტია, ან წერის ეფექტი: მისი მეშვეობით საფუძვლიანად იცვლება მთელი თანამედროვე ტექსტი, ანუ – რაც ერთი და იგივეა – ახლა ტექსტი ისე იქმნება და იკითხება, რომ ავტორი აღარ ჩანს, ტექსტის ყველა დონეზე მისი კვალი ქრება. უპირველეს ყოვლისა, სხვანაირი გახდა დროითი პერსპექტივა. მათთვის, ვისაც სჯერა ავტორის, იგი ყოველთვის წარსულ დროში მოიაზრება და წინ უსწრებს თავის წიგნს; წიგნი და ავტორი თავისთავად განლაგდებიან საერთო ღერძზე, რომელიც წინამავალსა და მომდევნოს შორის არის ორიენტირებული; ითვლება, რომ ავტორი გულით ატარებს წიგნს, ანუ მისი არსებობა წინ უსწრებს წიგნისას, იგი აზროვნებს, იტანჯება, ცხოვრობს ამისთვის, იგი ისეთივე წინამორბედია თავისი ნაწარმოებისთვის, როგორც მამა შვილისთვის. რაც შეეხება თანამედროვე სკრიპტორს, იგი ტექსტთან ერთად იბადება, არ გააჩნია არანაირი ყოფიერება წერის დაწყებამდე და წერის გარეშე, იგი სულაც არაა ის სუბიექტი, რომელთან მიმართებაშიც მისი წიგნი პრედიკატი იქნებოდა; მხოლოდ ერთი დრო რჩება – სამეტყველო აქტის დრო და ყოველი ტექსტი მუდამ აქ და ახლა იწერება. ამის შედეგად (ან მიზეზი) წერა ზმნის აზრი ამიერიდან რაღაცის დაფიქსირებაში, ასახვაში, აღბეჭდვაში, “დახატვაში” (როგორც კლასიკოსები ამბობდნენ) კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რასაც ლიგვისტები, ოქსფორდის სკოლის ფილოსოფოსების კვალად, პერფორმატივს უწოდებდნენ (4) – არსებობს ასეთი იშვიათი ზმნური ფორმა, რომელიც მხოლოდ აწმყო დროის პირველ პირში იხმარება, რომელშიც უბნობის აქტი არანაირ სხვა შინაარსს (სხვა გამონათქვამს) არ მოიცავს, გარდა თავად ამ აქტისა: მაგალითად, ვაცხადებ მეფის, ან ვმღერი ძველი პოეტის პირით. შესაბამისად, თანამედროვე სკრიპტორს, ავტორის მოსპობის შემდეგ, აღარ შეუძლია იფიქროს, თავის წინამორბედთა პათეტიკური შეხედულებების თანახმად – რომ ხელი ვერ ასწრებს აზრსა თუ ვნებას მისდიოს; და რადგან ასეა, მან, ბედს დამორჩილებულმა, თავად უნდა გაუსვას ხაზი ამ ჩამორჩენას და უსასრულოდ “აწესრიგოს” თავისი ნაწარმოების ფორმა; პირიქით, მისი ხელი წყვეტს ყველანაირ კავშირს ხმასთან, წმიდა მოხაზულობით (და არა გამომხატველობით) ჟესტს ასრულებს და ამით ნიშანთა გარკვეულ ველს ხაზავს, რომელსაც ამოსავალი წერტილი არ გააჩნია, – ყოველ შემთხვევაში, იგი მხოლოდ ენიდან, როგორც ასეთიდან, ამოდის, ენა კი ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერ წარმოდგენას ამოსავალი წერტილის შესახებ.
* * *
ახლა უკვე ვიცით, რომ ტექსტი სიტყვების სწორხაზოვანი ჯაჭვი არაა, რომელიც ერთადერთ, გარკვეულ თეოლოგიურ საზრისს (ავტორი-ღმერთის “შეტყობინებას”) გამოხატავს, არამედ მრავალგანზომილებიანი სივრცე, სადაც ერთმანეთს ერწყმიან და ეპაექრებიან წერის განსხვავებული ტიპები, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს ამოსავალს; ტექსტი ციტატებისგანაა მოქსოვილი და ათასობით კულტურულ პირველწყაროზე მიგვითითებს. მწერალი ბუვარსა და პეკიუშეს ჰგავს, ამ მარად გადამწერებს – დიადსა და სასაცილოს ამავე დროს – რომელთა ღრმა კომიკურობაც სწორედ წერის ჭეშმარიტებაზე მოწმობს; მას შეუძლია მხოლოდ განუწყვეტლივ ბაძავდეს იმას, რაც მანამდე დაიწერა და ეს დაწერილიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენდა რაღაც პირველადს; მას მხოლოდ წერის სხვადასხვა ტიპების აღრევა ძალუძს, მათი დაპირისპირება ისე, რომ არც ერთს არ დაეყრდნოს სრულად; თუკი იგი თავის გამოხატვას მოინდომებდა, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შინაგანი “არსი”, რომლის გადმოცემასაც იგი ესწრაფვის, სხვა არაფერია, თუ არა უკვე მზა ლექსიკონი, სადაც სიტყვები მხოლოდ სხვა სიტყვათა მეშვეობით აიხსნებიან და ასე, უსასრულობამდე. ასე დაემართა, მაგალითად, ყმაწვილ თომას დე კუინსის: მან, ბოდლერის სიტყვით, ისე ისწავლა ძველი ბერძნული, რომ ამ მკვდარ ენაზე თანამედროვე აზრებისა და სახეების გადმოსაცემად “თავისთვის შექმნა და ნებისმიერ დროს მზად ჰქონდა საკუთარი ლექსიკონი, გაცილებით რთული და ვრცელი იმასთან შედარებით, რომელსაც წმინდა ლიტერატურულ თხზულებებზე მუშაობისას გამოიყენებდა” (“ხელოვნური სამოთხე”). ავტორის ნაცვლად მოვლენილი სკრიპტორი თავის თავში ვნებებს, ხასიათებს, გრძნობებს ან შთაბეჭდილებებს კი არ ატარებს, არამედ მხოლოდ ამგვარ უსასრულო ლექსიკონს, რისი მეშვეობითაც იგი წერს, წერს შეუჩერებლად, განუწყვეტლივ; ცხოვრება მხოლოდ ბაძავს წიგნს, წიგნი კი ნიშნებითაა მოქსოვილი, თავადაც რაღაც უკვე დავიწყებულს ბაძავს და ასე უსასრულობამდე.
* * *
რამდენადაც ავტორი აღარ არსებობს, საფუძველი ეცლება ტექსტის “გაშიფვრის” აუცილებლობასაც. ტექსტისთვის ავტორის მიჩენა შეფერხებას ნიშნავს, ამით ტექსტს საბოლოო მნიშვნელობას ვანიჭებთ და წერას ვაფერხებთ, ვკეტავთ. ასეთი თვალსაზრისი სავსებით აწყობს კრიტიკოსს, რომელიც თავის უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს ნაწარმოებში ავტორი აღმოაჩინოს (ან მისი სხვადასხვა ჰიპოსტასები, ისეთები, როგორც საზოგადოება, ისტორია, სულის თავისუფლება): თუკი ავტორი ნაპოვნია, ე.ი. ტექსტი “ახსნილია”, კრიტიკოსმა გაიმარჯვა. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ავტორის ბატონობა ისტორიულად კრიტიკოსის ბატონობაც იყო, ასევე ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ ახლა, ავტორთან ერთად, კრიტიკის საფუძველიც შეირყა (თუნდაც ახალი კრიტიკის). მართლაც, მრავალგანზომილებიან წერაში საჭირო ხდება ყველაფრის გამორკვევა, მაგრამ იქ არაფერია გასაშიფრი; სტრუქტურას შეიძლება ნებისმიერ დონეზე ადევნო თვალი, “ამოჭიმო” (როგორც წინდის ჩამოშვებული ღილკილო) იგი მთელი თავისი გამეორებებით, მაგრამ შეუძლებელია ფსკერს მიაღწიო; წერის სივრცე ჩვენ გარბენისთვის გვაქვს ბოძებული და არა გარღვევისთვის; წერა განუწყვეტლივ ბადებს საზრისს, მაგრამ იგი მაშინვე უჩინარდება, ხდება საზრისის სისტემატური გამოთავისუფლება, რის მიხედვითაც ლიტერატურა (ამიერიდან უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, წერა) უარს ამბობს ტექსტის (და მთელი სამყაროს, როგორც ტექსტის) მიღმა რაღაც “იდუმალი”, საბოლოო საზრისი დაინახოს და აღმოაჩენს თავისი არსით კონტრთეოლოგიური, რევოლუციური მოღვაწეობის თავისუფლებას, რადგან როცა საზრისის დინებას არ ეწინააღმდეგები, საბოლოოდ თავად ღმერთსაც უარყოფ და მის ყველა ჰიპოსტასსაც – რაციონალურ წესრიგს, მეცნიერებას, კანონს.
* * *
დავუბრუნდეთ ბალზაკის ფრაზას. ამ სიტყვებს არავინ ამბობს (ანუ არანაირი “პირი”): თუკი მას აქვს პირველწყარო და ხმა, ეს კითხვისას გამოჩნდება და არა წერისას. ამის გაგებაში ერთი მეტად ზუსტი ანალოგია დაგვეხმარება. ბოლოდროინდელ გამოკვლევებში (ჟ.პ.ვერნანი) დემონსტრირებული იყო ბერძნული ტრაგედიის საფუძველში არსებული ორაზროვნება: მისი ტექსტი ორმნიშვნელოვანი სიტყვებითაა ნაქსოვი, რომელთაც ყოველი მოქმედი პირი ცალმხრივად აღიქვამს (სწორედ ამ მუდმივ გაუგებრობაში მდგომარეობს “ტრაგიკულის” არსი). თუმცა არის ვიღაც, ვისაც ყოველი სიტყვა მთელი მისი ორობითობით ესმის და ესმის მოქმედ პირთა სიცრუეც; ეს “ვიღაც” – მკითხველია (ან ამ შემთხვევაში, მსმენელი). ასე გამოიკვეთება წერის ერთიანი არსი: ტექსტი წერის მრავალი სხვადასხვა სახეობისგან შედგება, რომელთაც განსხვავებული კულტურული წარმოშობა აქვთ და ერთმანეთთან დიალოგის, პაროდიის, კამათის ურთიერთობაში მოდიან, თუმცა მთელი მრავლობითობა გარკვეულ წერტილში ფოკუსირდება, რომელსაც ავტორი კი არ წარმოადგენსქ – როგორც აქამდე ამტკიცებდნენ – არამედ მკითხველი. (5) მკითხველი ის სივრცეა, სადაც ყველა ის ციტატა აღიბეჭდება, რომელთა წყალობითაც წერა ხდება შესაძლებელი; ტექსტი ერთიანობას მოიპოვებს არა თავის წარმოშობით, არამედ მხოლოდ დანიშნულებით, ოღონდ ეს დანიშნულება პირადი მისამართი; მკითხველი – ესაა ადამიანი ისტორიის, ბიოგრაფიის, ფსიქოლოგიის გარეშე, იგი მხოლოდ ვიღაცა, ვინც ერთად კრებს ყველა იმ შტრიხს, დაწერილ ტექსტს რომ შეადგენს. ამიტომაც სასაცილოდ გამოიყურება, როცა ვცდილობთ დავგმოთ წერის უახლესი მანერა და ყველაფერი ეს რაღაც ჰუმანიზმის გულისთვის კეთდება – ჰუმანიზმის, რომელიც თვალთმაქცურად ასაღებს თავს მკითხველთა უფლებების დამცველად. კლასიკური ყაიდის კრიტიკას არაფერი ესაქმებოდა მკითხველთან; მისთვის ლიტერატურაში მხოლოდ ის არსებობს, ვინც წერს. ახლა უკვე ვეღარ მოგვატყუებენ ამგვარი ანტიფრასისებით, რომელთა მეშვეობითაც პატივცემული საზოგადოება კეთილშობილური გულისწყრომით ქომაგობს მას, ვისაც სინამდვილეში იგი ზღუდავს, უარყოფს, ახშობს და ანადგურებს. ახლა ჩვენ უკვე ვიცით: იმისთვის, რათა წერას განაღდებული ჰქონდეს მომავალი, აუცილებელია დავამხოთ მითი მის შესახებ – მკითხველის დაბადების საზღაური, ავტორის სიკვდილია.
შენიშვნები
1. ცნობილია, რომ ფოლკლორული “სიუჟეტი” ორ სხვადასხვა დონეზე არსებობს: ერთი მხრივ, იგი გარკვეული სემანტიკური ერთეულის, კოდის სახით გვევლინება და მეორე მხრივ, ამ კოდის რეალიზაციას, გადმოცემას წარმოადგენს, რომელიც, არსებითად, ამ კოდისვე ინტერპრეტირებას ახდენს. იგი სინქრონულადაა დაკავშირებული კოდთან – თუმცა ტრადიციულად, ამ ურთიერთობას დიაქრონული, დროითი ტერმინებით ახასიათებენ ხოლმე – და განუწყვეტლივ ახლიდან აღნიშნავს, აღწერს მას.
2. შდრ.პ.ვალერი: “ხიბლი, რომელსაც ის (მალარმე) თავს ახვევს მკითხველს, თვით ენის საკუთარი ბუნებისამებრ, განპირობებულია უხამსობებისა და გაუგებრობების სიმრავლით, რაც იმდენად გარდუვალია, რომ ავტორის აზრის უშუალო და სრულყოფილი გადმოცემა, თუკი შესაძლებლად მივიჩნევთ ამას, უთუოდ გამოიწვევდა ხელოვნების ყველაზე მშვენიერი ეფექტების განქარებას და გაქარწყლებას… ამ უცნაური აზრების წყალობით, მე თანდათან მივედი იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა მიმენიჭებინა წერის აქტისთვის სხვა რამ მნიშვნელობა, პირწმინდად თვითწვრთნისა და თამაშის გარდა, რაც მთლიანად დაფუძნებულია ენის მკაცრად განსაზღვრულსა და ზუსტად განზოგადოებულ საშუალებებზე, რომლებმაც, ენის გამოყენებისას, სრული თავისუფლება, სრული თვითრწმენა უნდა მოგვანიჭონ და დაგვიხსნან იმ ილუზიებისგან, რასაც თვით ეს გამოყენება იწვევს და რითაც სულდგმულობენ სიტყვიერი ქმნილებები და… ადამიანები” (ბ.ბრეგვაძის თარგმანი).
3. “ლექსი არასოდეს არ არის დასრულებული – მხოლოდ შემთხვევითობა ასრულებს მას”.
4. გამონათქვამი, რომელიც მოქმედების, ქცევის ეკვივალენტურია (ლათ.performo – ვმოქმედებ). პერფორმატივი ქმნის სოციალურ, კომუნიკატიურ სიტუაციას, რომელსაც, როგორც წესი, გარკვეული ქმედება მოჰყვება ხოლმე (ფიცის მიცემა, ომის გამოცხალდება, ანდერძი). ერთი სიტყვით, იგი ავტორეფერენტული მოვლენაა, რადგანაც თავის მიერ შესრულებულ (თუ შესასრულებელ) მოქმედებაზე მიგვითითებს (მე ვწერ, მე დავწერ) და ამით, გარკვეულწილად, მაგიურ ფორმულებს გვაგონებს.
ცნება “პერფორმატივი” ჯონ ოსტინმა შემოიტანა 40-იან წლებში; ამ ტერმინის განმარტებას მიეძღვნა მისი ლექციების კურსი სახელწოდებით “სიტყვა, როგორც ქმედება”.
5. ფრანგმა ლიტერატურათმცოდნემ, ჟერარ ჟენეტმა ერთ-ერთ კოლოქვიუმზე (1966 წელს) ტექსტი მებიუსის ლენტს შეადარა, სადაც შიდა და გარეთა, აღმნიშვნელისა და აღსანიშნის, წერისა და კითხვის მხარეები განუწყვეტლივ ბრუნავენ და ადგილებს იცვლიან, წერა მუდამ იკითხება, კითხვა კი წერს და თავს აღბეჭდავს…
საინტერესოა, რომ ოპონენტებმა არასწორად გაიგეს ცნება და faces-ს (მხარე) ნაცვლად phases (ფაზა) მიიჩნიეს ამ “დიქოტომიის” საფუძვლად. ჟენეტმა კი დააზუსტა: “მებიუსის ლენტი, რომელსაც ნაწარმოები შევადარე, მოიცავს წერისა და კითხვის არა ორ “ფაზას” (phases) (რაც აბსურდული იქნებოდა), არამედ ორ მხარეს (faces). ეს შეცდომა არაა შემთხვევითი, რადგანაც თქვენ სივრცე დროის ენაზე გადაგყავთ; თქვენთან ყველაფერს თავის რიგი აქვს: ჯერ ავტორი, შემდეგ მკითხველი. ჩვენ კი სწორედ ამ თანმიმდევრობაზე ვამბობთ უარს. ჩვენთვის წერა და კითხვა ერთდროულია და შექცევადი…”
თარგმნა და შენიშვნები დაურთო
მალხაზ ხარბედიამ
https://arili2.blogspot.com/2009/10/blog-post_23.html?spref=fb

ფილმი აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის შესახებ

0

დროის კანონზომიერებისა თუ ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხდა ისე, რომ ისტორიამ შემოგვინახა ქართველი კლასიკოსიაკაკი წერეთლის ხმა და გამოსახულება. პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმს მისი სახელი დარქა და ასე შემორჩქართული კინემატოგრაფის ისტორიას.

 

100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი მგოსნის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა კინოფირზე აღბეჭდა. ფილმი გვიჩვენებს, როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე აკაკის სტუმრობას.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფილმთან ერთად ინახავს ვასილ ამაშუკელის მოგონებებს “აკაკის მოგზაურობის” გადაღების პროცესის შესახებ. ეროვნულ საარქივო ფონდშია ასევე დაცულია ფოტოები, რომლებიც ამ მოგზაურობის დროს ფოტოგრაფს გადაუღია. არქივის სტუმრებს, ამასთან ერთად, შეუძლიათ ნახონ ფილმი ვასილ ამაშუკელზე, სადაც ის სტუდენტებთან შეხვედრისას “აკაკის მოგზაურობის” გადაღების დეტალებს იხსენებს.

კინოოპერატორი იგონებს, რომ მხცოვანი მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა. მას ყველგან სახალხო სანახაობებით, დიდი, საგანგებოდ მორთული სუფრით ხვდებოდნენ. აკაკის განსაკუთრებით მოწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული – “ასზე მეტი მოხუცი, თეთრწვერა რაჭველები, მოხუც ქალებთან მკლავი-მკლავში გადადებულნი”, შეხმატკბილებულად მღეროდნენ და ფეხს აყოლებდნენ ძველებური ფერხულის სიმღერას. აკაკიმ ვასილ ამაშუკელი მიიხმო და სთხოვა: “არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო”.

აკაკის კიდევ ერთი თხოვნა ნიკორწმინდის საგანძურისა და ფრესკების გადაღება იყო. მოგზაურობის დატვირთულმა პროგრამამ მგოსანი ვერ დაღალა. თანმხლებთა დაჟინებამ, დაესვენა, აკაკი თურმე გააჯავრა კიდეც.

ვასილ ამაშუკელის ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” 1912 წლის სექტემბერშივე იხილა ქუთაისის საზოგადოებამ. როგორც ცნობილია, 15 დღის განმავლობაში დარბაზი ხალხით იყო სავსე. ასეთივე წარმატებით აჩვენეს “აკაკის მოგზაურობა” საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ფილმი დღესაც დიდ ინტერესს იწვევს უნიკალური კადრების გამო. გარდა ამისა, იგი საინტერესო დამატებითრესურსია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის სწავლების ყველა საფეხურზე, რადგან აკაკი წერეთელის შემოქმედებას მოსწავლეები საბაზისო კლასებშივე ეცნობიან.

ვფიქრობთ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ასევე საინტერესო იქნება ვასილ ამაშუკელის მოგონებების გაცნობა, რომელთა ციფრული ვერსია ეროვნულმა არქივმა გაზეთ “მასწავლებელს” ექსკლუზიურად გადსცა.


ვასილ ამაშუკელი

1947 წლის 27 თებერვალი

 

1911 წელს ქუთაისში ტიხონ ასათიანმა და პევლე მეფისაშვილმა კინოთეატრის აშენება განიზრახეს. მათი მიწვევით შევუდექი ელექტროგაყვანილობისა და კინოაპარატის მოწყობას. მათ შევაძენინე კინოგადამღები აპარატი და ამ აპარატით ვიღებდით ქუთაისის სანახაობებს, გამართულ აღლუმებს და ვდგამდით ჩვენს კინოში ასეთ სურათებს. ხალხი ბლომად ესწრებოდა.

1912 წლის ივლისის თვეში ასათიანთან მოვიდნენ პედაგოგი სამსონ დათეშიძე და და ლადო ბზვანელი, რომლებმაც აცნობეს ასათიანს, რომ ეწყობა დიდი მგოსნის მიწვევა რაჭა-ლეჩხუმში და სასურველი იქნებოდა, ეს ისტორიული მომენტები აღბეჭდილიყო კინოლენტზე. ასათიანმა გამომიძახა და მკითხა – ვიკისრებ თუ არა ასეთსაპასუხისმგებლო საქმის ხელის მოკიდებას. მე სიხარულით დავთანხმდი, გავიფიქრე: რა ბედნიერება მეწვია, ჩვენს საქართველოში გადავიღებ ისეთ სურათს, სადაც ჩვენი დიდი მგოსანი იქნება აღბეჭდილი.

შევუდექი სამზადისს. გამზავრების დღედ დანიშნული იყო 21 ივლისი. შევადგინე გეგმა: ეს სურათი ერთ მთლიან პროგრამად უნდა შემექმნა, ჩემს განკარგულებაში კი აღმოჩნდა მხოლოდ 300 მეტრი ლენტა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ქრონიკად გამეკეთებინა აკაკის საიუბილეო მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში და პროგრამის გარეშე დაგვედგა კინოში. მთლიან პროგრამას კი სჭირდებოდა არანაკლებ 1000 მეტრი ლენტა.

დრო ცოტა რჩებოდა ლენტების გამოსაწერად, გამზავრებამდე სულ 7-8 დღე იყო. ლენტებს ვიწერდით კერძო აფთიაქის მეპატრონე კოკოჩაშვილის მეშვეობით ქალაქ ვარშავიდან. შევუკვეთეთ ლენტები კოკოჩაშვილს, იმედი კი ცოტა გვქონდა, რომ ლენტები მოგვისწრებდა.

მოახლოვდა გამზავრების დღე, 21 ივლისი. დილის 7 საათზე მოვიყარეთ თავი სასტუმრო „გრანდ ოტელთან”, სადაც იუბილარი იმყოფებოდა. საიუბილეო კომისია შედგებოდა შემდეგი შემადგენლობისაგან: თემის რედაქტორი, „სახალხო ფურცლის” კორესპონდენტები, ქუთაისის გაზეთის კორესპონდენტი, იუბილეს მომწყობი კომისიის წევრები და თავმჯდომარე, ფოტოოპერატორი და კინოოპერატორი. დილის 8 საათზე გავუდექით გზას. საგანგებოდ მორთულ ეტლში ისხდნენ: აკაკი, საიუბილეო კომიტეტი და თემის რედაქტორი. ჭომაში, წერეთლის ეზოში, ქუთაისში მცხოვრებ რაჭველებს გაემართათ იუბილარისათვის გზის დასალოცი საუზმე, რომელმაც ზეიმის ხასიათი მიიღო. ზურნაზე საგანგებოდ ითამაშეს ძმებმა გალაკტიონ და ალექსანდრე კირვალიძეებმა. ეს მომენტი გადაღებულია.

გამგზავრების წინ ასათიანმა მითხრა, კოკოჩაშვილს დეპეშა მოსვლია, ლენტები გამოგზავნილიაო და თუ დროზე მოვიდა, გზაში დაგაწევო. გადავწყვიტე, რაც ლენტები მქონდა, ეკონომიურად მეხმარა და გადამეღო მხოლოდ ხუთი-ექვსი ღირშესანიშნავი მომენტი და მთლიან საიუბილეო სანახაობისათვის კი თავი დამენებებინა. დაწყებული ქუთაისიდან ალპანამდე ისეთი გრანდიოზული შეხვედრები და ზეიმები გაიშალა, მეც გამიტაცა ამ არნახულმა საიუბილეო ზეიმებმა და ჩემდაუნებლიედ ლენტები გამომლეოდა. ჩავვარდი სასოწარკვეთილებაში. ალპანამდე თუ თავის საყვარელ მგოსანს მოზღვავებული ხალხი აღტაცებით, გულმხურვალედ და გრძნობით ხვდებოდა, ზემო და ქვემო რაჭაში, ამ ბუნების საარაკო სანახაობაში რაღა იქნებოდა! მით უმეტეს, ამბები მოდიოდა, რაჭა თავისი საყვარელი მგოსნის შესახვედრად დიდ სამზადისში არისო. გამცილებლებთან ერთად გადაღების დამთავრება არც აკაკის დარჩა სასიამოვნოდ. მომიხმო და წყენით მითხრა: „ასე ვიცით, ბიძია, იმერლებმა, დაწყება ვიცით, მაგრამ ჩხირს იქ მივატეხთ, სადაც საჭირო არ არის!”

გამცილებელთა შორის ბზვანელი დიდ დახმარებას მიწევდა სურათების გადაღების დროს, რომ ხალხს ხელი არ შეეშალა და სწორედ ბზვანელი მახარობელი შეიქნა: ალპანის ფოსტას ამანათი მიეღო ჩემს სახელზე.ბზვანელი ამ დროს კორესპონდენციას აგზავნიდა, ფოსტაში ყოფნისას ფოსტის უფროსს უთქვამს: კინოოპერატორის სახელზე თუნუქის ყუთებიაო. ეს ამბავი ყველასთვის სასიამოვნო იყო და ემთვის კი – განსაკუთრებით.

მთელი საიუბილეო მოგზაურობა, რომელიც აღბეჭდილია ისტორიულ ფილმში, არ ვცდილვარ, ჩემი ინიციატივა გამომევლინებინა ამა თუ იმ ზეიმის შეჩერება-დაწყობაში, არამედ ვიღებდი რეალურად ისე, როგორც ხდებოდა აპარატის წინ.

გადავიარეთ საირმის სახელგანთქმული მთა, აქ გადავიღე იუბილარი თავისი მხლებლებით და დავეშვით ჭრებალოს ჭალებისაკენ. ჭრებალოში რომ შევედით, თვალწინ გადაგვეშალა დიდებული სურათი: პროცესია მწყობრად მოდიოდა უამრავი ცხენოსნით გარშემორტყმული გზის ორ ნაპირად: დედები ძუძუმწოვარი ბავშვებით, აუარება ხალხი „აკაკის გაუმარჯოს!” ძახილით ეგებებიან საყვარელ მგოსანს. ამბროლაურთან ახლოს შემოგვხვდა ავტო უცხო ტურისტებით. მსვლელობა შეჩერდა. ტურისტებიდან აკაკის მიესალმა სიტყვით ტურისტთა ხელმძღვანელი პროფესორი ონისიმოვი. მე ვიღებ ამ შეხვედრის მომენტს, ტურისტებს კი აკვირვებთ, რომ კინოაპარატი თან ახლავს ჩვენს მგოსანს.

გაკეთებული იყო დიდი თაღი, ზედ აკაკის სურათითა და წარწერით. თაღს იქით აუარება ხალხი, რომელიც სიხარულით მოელოდა თავის მგოსანს, ბუნებაც კი ლაღობდა, ქალებს ბავშვები აეტატებინათ და გზის ნაპირას ჩამწკრივებულიყვნენ. მე, როგორც ოპერატორი, დავწინაურდი, რომ შესაფერისი ადგილიდან გადამეღო ეს ზეიმი. მოვმართე აპარატი, ის იყო, აპარატის სახელურს ხელი მოვკიდე, რომ ჩემს ზურგს უკან მომესმა ცხენების ფეხის თრაქუნი, „ვაშა აკაკის!” ძახილითა და თოფების გრიალით გამოჩნდა მხედართა რაზმი, ის იყო, უნდა გადავეთელე ცხენებს, რომ მოვასწარი აპარატიანად განზე გახტომა. გონს რომ მოვედი, მივხვდი, თურმე ტოლიდან ჭრებალოსკენ მოხვეულ გზაზე დამიდგამს აპარატი, რასაც ვერ დაინახავდა ტოლიდან მომავალი, თუ ახლოს არ მოვიდოდა. მოვინაცვლე ადგილი და ეს სანახაობა უხიფათოდ გადავიღე. ეს ცხენოსანი რაზმი, როგორც გაირკვა, ზემო რაჭიდან იყვნენ ჭრებალოში გამოგზავნილნი, რომ იუბილარი ზემო რაჭისაკენ გაეცილებინათ.

ბარაკონამდე მრავალი შეხვედრა და ზეიმი გადავიღე. ბარაკონში დილით ადრე გაგვეღვიძა ფერხულისა და სიმღერის ხმაზე, ახალმოსული ზაფხულის მზის სხივები უხვად მოფენოდა „მოდინახეს” ციხის მაღლობებს და შუქს ჰფენდა ბარაკონის მიდამოებს. გამცილებლები რომ აივანზე გამოვედით, აკაკი უკვე აივნიდან თავაღერილი გადაჰყურებდა გასაოცარ ძველებურ ფერხულს. ასზე მეტ მოხუცს, თეთრწვერა რაჭველებს, მოხუც ქალებთან მკლავი-მკლავში გადადებულს, გაეკეთებინათ დიდი წრე და შეხმატკბილებულად აყოლებდნენ ძველებური ფერხულის სიმღერას ფეხს.ამ მოხუცთა კრიალა ხმას გაოცებაში მოჰყავდა მაყურებელნი. ეს იყო ნამდვილი ხალხური შემოქმედება, რომელიც ძველთაგან შემოუნახავს ზემო რაჭას.

მოვნახე შესაფერი ადგილი და დავიწყე ფერხულის გადაღება. როდესაც ადგილი მოვინაცვლე, აკაკისთან მდგომმა დიასამიძემ მანიშნა, მივსულიყავი აკაკისთან. მგოსანმა მითხრა: „არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო”. აკაკის ეტყობოდა გატაცება ამ სანახაობით.

იმ დღეს მგოსანს ბარაკონის ეზოში დიდი ნადიმი გაუმართეს, უამრავი ხალხი იჯდა სუფრაზე, რაც გადავიღე.

ვუახლოვდებით ონს, ხიდთან რიონის გაღმა ტრიუმფალური თაღია აღმართული, მორთული ცოცხალი ყვავილებით.შუაში დიდი პორტრეტია აკაკის. თაღს აქვს წარწერა: დიდება თქვენს მობრძანებას, დიდო მგოსანო. აქ თავი მოეყარა მთელს ონსა და რაიონებიდან ჩამოსულ დიდსა თუ პატარას, ქალსა და კაცს, სიხარულის იერი გადაკვროდათ სახეზე. აკაკის დანახვაზე იგრიალა ამ ზღვა ხალხმა: „გაუმარჯოს აკაკის!” დავწინაურდი სანახაობის ლენტზე აღსაბეჭდად, მაგრამ მოსახერხებელი ადგილი არსად იყო, ყველა მხარე ხალხით იყო სავსე. ლადო ბზვანელი აქაც დამეხმარა და ეს სანახაობაც კარგად გადავიღე.

მეორე დღეს ონში, იუბილარის პატივსაცემად გამართულ ნადიმზე, რომლის სათავეშიც, საგანგებოდ მორთულ სკამზე, იჯდა აკაკი, სეფას ამშვენებდა არანაკლებ 300 ქალი და კაცი. აკაკის ორივე მხრივ ჩამწკრივებული იყო ძვირფას ქართულ ტანისამოსში გამოწყობილი ულამაზესი რაჭველი მანდილოსნები და ამ ზეიმზე, სხვა მომენტთა შორის, გადაღებულია ონის ებრაელობის წარმომადგენლის აკაკისადმი სიტყვა, რომლის დასასრულს იგი აკაკის კოცნის და საპასუხო სიტყვას მგოსანი თვალზე ცრემლმორეული ეუბნება.

მივემგზავრებით ნიკორწმინდისკენ: მოღრუბლული და წვიმიანი ამინდის გამო ხოტევის დიდ ზეიმსა და ნადიმს ვერ ვიღებ. ხოტევიდან გამოსული კორტეჟი უახლოვდება ჭელიშის მონასტერს. ცა მოწმენდილია, ხელსაყრელი ამინდია სურათის გადასაღებად, ვიღებ ჭელიშის მონასტერს თავისი წყალვარდნილებით. ვუახლოვდებით ნიკორწმინდას, თვალწარმტაცია შაორის მიდამოები, თავისი ხარისთვალა ტბით. შაორზე ნავით გასეირნება გადაღებულია.

დილით ადრე ნკორწმინდის მე-11 საუკუნის ტაძრის ბარელიეფს ვიღებ გარედან, აკაკი მხლებლებითურთ შიგნით ათვალიერებს უძველეს განძეულობას, როდესაც გარეთ გამოვიდა, მომიახლოვდა და მითხრა: ეცადე, ქართული ისტორიული ეპოქის ძეგლები მთლიანად და კარგად გადაიღოო, თუ მოხერხდეს, შიგნითა ფრესკებიც გადაიღეო.

მიუხედავად ცუდ გზებზე ეტლით მგზავრობისა, ზეიმისგან აღელვებისა, აკაკის დაღლილობა არ ეტყობოდა. მისი გაბადრული და მხიარული სახის გამომეტყველება აღტაცებას გვგვრიდა. ხანდახან გაჯავრდებოდა, როდესაც კომისიის რომელიმე წევრი, ან კოტე აბდუშელიშვილი ჩააცივდებოდნენ: ბატონო აკაკი, ბევრი იმგზავრეთ, დაღლილი ხართ და მოისვენეთო. ის იტყოდა: „დამაცადეთ ერთი, მამა ნუ წაგიწყდებათ, აქ მაინც მომათქმევინეთ სულიო”.

ზეიმის მეათე დღეა, მივემგზავრებით ლაილაშისაკენ, მოვუხვიეთ ალპანასთან და შევედით ლაჯანურის ხეობაში. ეს ხეობა ბუნების საოცრებაა, შიშის მომგვრელი სანახაობაა:აქეთ-იქით ცამდე აყუდებული შემოსილი კლდეები, ვიწრო ხეობა, ვიზრო გზა, ძირს კი ღრიალით მიჰქუხს ლაჯანურა. ამ ხეობაში ვიწრო და დაკლაკნილი გზა და ქვემოთ უფსკრული ჟრუანტელს ჰგვრის ადამიანს. ამ ხეობაში გადავიღე რამდენიმე მომენტი და მთელი კორტეჟი.

შევედით ლაილაშში, ატყდა თოფების სროლა და ვაშას ძახილი. ბაზარი დაეკეტათ, მთელ ლაილაშსა და ახლომახლო სოფლელებს მისასვლელთან თავი მოეყარათ. ამ ზღვა ხალხის წინ წარმდგარიყვნენ ლაილაშის რჩეულნი პურ-მარილით. მე გადავიღე ეს დიდებული შეხვედრა, ხალხი გულმმხურვალედ და სიხარულის ცრემლებით ეგებება ქართველი ხალხის სიამაყეს და საყვარელ მგოსანს.გათავდა მისალმება. მგოსანი მიიწვიეს საგანგებოდ მორთულ სეფაში, სადაც ოთხასამდე ადამიანი იჯდა. აკაკისათვის მოერთოთ საუცხოო სავარელი. გადავიღე ეს დიდი ნადიმი.

მეორე დღეს, დილით ადრე გამოვემზავრეთ ქუთაისისაკენ.

დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. დავამთავრე საიუბილეო სურათების გადაღება. ქუთაისში რომ ჩამოვედით, მეორე დღეს ბაღში გადავიღე აკაკის გამოთხოვება თანამხლებლებთან.

ამ სურათის გამზადების შემდეგ, სექტემბრის თვეში, აკაკის თანდასწრებით, ქართული წარწერებით დაიდგა ჩვენს თეატრში. ბილეთები რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა. როგორც დარბაზში, ისე ქუჩაში ხალხის ტევა აღარ იყო. აკაკის დარბაზში გამოჩენამ ხალხის აღტაცება გამოიწვია. სურათი 15 დღის განმავლობაში იდგმებოდა. დარბაზი ყოველდღე ხალხით გაჭედილი იყო. ეს სურათი შემდეგში სხვა ქალაქებშიც დიდი წარმატებით იდგმებოდა.

ზოგადი განათლების ხარისხის შეფასების მნიშვნელობა იზრდება

0

ევროპის კავშირისთვის განათლება არის მთავარი გამოწვევა კონკურენტუნარიანობისა და სოციალური კავშირის გასაუმჯობესებლად. განათლების ხარისხზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ადამიანის პიროვნული განვითარება.

განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინერგება განათლების ევალუაციისა და ინსპექტირების სისტემები. ევროკავშირის რეკომენდაციით, წევრმა ქვეყნებმა განათლების ხარისხის შეფასების გამჭვირვალე სისტემები უნდა დანერგონ1.
შეფასების რეკომენდებული სისტემა მოიცავს შიდა ან/და გარე შეფასებას. წესისამებრ, შიდა შეფასებას ახორციელებს სკოლა. ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში შიდა შეფასება სავალდებულო ან მკაცრად რეკომენდებულია. გარე შეფასება მოიცავს სკოლის საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულებას2. ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა, მათი განსაკუთრებული ეკონომიკური და სოციალური პირობების, აგრეთვე კულტურის გათვალისწინებით, უნდა შექმნან ხარისხის შეფასების გამჭვირვალე სისტემები ან ხელი შეუწყონ მათ განვითარებას.
განათლების ხარისხის შეფასების სისტემის მიზანი უნდა იყოს:
. განათლების ხარისხის გაუმჯობესება; სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა; მოსწავლეებისთვის შესაძლებლობათა თანასწორობის უზრუნველყოფა;
. სკოლების წახალისება თვითშეფასების განსახორციელებლად;
. გარე შეფასების სისტემის განვითარება. ამ ღონისძიებამ შესაძლებელი უნდა გახადოს სკოლის მუდმივი განვითარების ხელშეწყობა3.
საქართველოში 2010 წლიდან ინერგება სკოლების შეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს შიდა შეფასებას (თვითშეფასება) და გარე შეფასებას (ავტორიზაცია, აკრედიტაცია). თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება და ადგენს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
ავტორიზაცია სავალდებულოა. ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებელი პროცედურა. ავტორიზაციის გარეშე სკოლის ფუნქციობა დაუშვებელია.
ავტორიზაციის სტანდარტებია:
. საგანმანათლებლო პროგრამები;
. მატერიალური რესურსი;
. ადამიანური რესურსი.
საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი გულისხმობს, რომ სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს სკოლის მისიას და ეროვნულ სასწავლო გეგმას.
მატერიალური რესურსის სტანდარტი სკოლებს ავალდებულებს, ჰქონდეთ სასწავლო პროცესის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ბაზა, რომელიც მოსწავლის საჭიროებებს იქნება მორგებული.
ადამიანური რესურსის სტანდარტის მიხედვით, სკოლამ მასწავლებლები უნდა შეარჩიოს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად. მათთან უნდა დაიდოს ხელშეკრულებები. სკოლას შემუშავებული უნდა ჰქონდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები.
აკრედიტაცია ნებაყოფლობითია და მისი მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება განათლების ხარისხის ასამაღლებლად.
საქართველოში არსებობს აკრედიტაციის შემდეგი სტანდარტები:
. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
. მოსწავლეთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
აკრედიტაციის სტანდარტები იმ შემთხვევაშია დაკმაყოფილებული, თუ სასკოლო სასწავლო გეგმა, სკოლის მისიაში ასახული საერთო პრინციპებიდან და პრიორიტეტებიდან, ასევე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ხელს უნდა უწყობდეს თითოეული მოსწავლისთვის კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, აძლევდეს მათ ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობას. სკოლამ უნდა ჩართოს სასკოლო საზოგადოება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების პროცესში.
სკოლაში სასწავლო პროცესი უნდა განხორციელდეს ორგანიზებულად. სწავლების მეთოდები მორგებული უნდა იყოს ცალკეული მოსწავლის, მოსწავლეთა ჯგუფებისა და მთელი კლასის საჭიროებებს.
მოსწავლის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მოსწავლის ინფორმირება მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.
მოსწავლეს უნდა შეეძლოს, მიიღოს სკოლაში სათანადო კონსულტაცია თავისი მიღწევების გასაუმჯობესებლად. სკოლა უნდა დაეხმაროს მას.
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ თვითრეალიზაციის საშუალება. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებას.
სკოლის პერსონალი უნდა მონაწილეობდეს მათ საჭიროებათა შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.
სკოლამ უნდა შეიმუშაოს მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაში განსაზღვრული პრიორიტეტების მექანიზმები. ამასთან, სკოლაში არსებული მატერიალური რესურსი (ტექნიკური აღჭურვილობა, სახელმძღვანელოები და სხვა) ხელმისაწვდომი უნდა იყოს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
სკოლაში უნდა მოქმედებდეს ხარისხის ამაღლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე – განახორციელე – შეამოწმე – განავითარე” ციკლს. სკოლამ უნდა შეძლოს, გამოიყენოს შიდა და გარე შეფასება სასკოლო გარემოსა და სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად.
———–
1 https://ec.europa.eu/education/school-education/doc828_en.htm#doc2
2 Education, Audiovisual and Culture Executive Agency, Eurydice, Key Data on Education in Europe 2012, gv. 39
3 https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2001:060:0051:0053:DE:PDF

ლექსიკის სწავლების ეფექტური გზები

0

უცხო ენის სწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ლექსიკური მარაგის გაზრდა. როგორ ვეხმარებით მოსწავლეებს ახალი სიტყვების დამახსოვრებაში? ყველა მასწავლებელს თავისი მეთოდი აქვს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ლექსიკური ერთეულების ეფექტური დამახსოვრებისთვის:

. გაიმეორეთ სიტყვები ყოველ ორშაბათს:
სთხოვეთ მოსწავლეებს, იმუშაონ წყვილად და ჩამოწერონ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, რომლებიც გასულ კვირას ისწავლეს.
დააჯგუფეთ წყვილები ოთხად. სთხოვეთ ჯგუფებს, შეთანხმდნენ და ჩამოწერონ მნიშვნელოვანი სიტყვების ახალი სია.
საბოლოოდ მთელ კლასთან ერთად შეადგინეთ გასულ კვირას ნასწავლი ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვის სია.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ 6-12 სიტყვა ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომლის სწავლაც შესაძლებელია ერთ დღეში.
ამის უკეთ გასაცნობიერებლად შეიძლება მოსწავლეებს შესთავაზოთ ასეთი რამ:
გაკვეთილის ბოლოს ჩამოწერეთ დაფაზე ყველა ახალი სიტყვა.
თუ დაფაზე 20 სიტყვა წერია, უთხარით მოსწავლეებს, რომ 14 უნდა წაიშალოს.
ჰკითხეთ თითოეული სიტყვის შესახებ: “დავტოვოთ თუ წავშალოთ?” ხმების უმრავლესობით კლასი წყვეტს, დატოვონ თუ წაშალონ სიტყვა.
მეორე დღეს შეამოწმეთ, ყველას ახსოვს თუ არა დარჩენილი 6 სიტყვა.
იმისთვის, რომ სიტყვა დიდხანს დარჩეს მეხსიერებაში, მისი ერთხელ გამეორება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.
დადგენილია, რომ სიტყვის გამეორების ოპტიმალური სიხშირე ასეთია:
. პირველადი შეხებიდან ათი წუთის შემდეგ;
. ერთი დღის შემდეგ;
. ერთი კვირის შემდეგ;
. ერთი თვის შემდეგ;
. ექვსი თვის შემდეგ.
სიტყვების რეგულარულად გასამეორებლად შეიძლება:
. გავუზიაროთ მოსწავლეებს ეს ინფორმაცია;
. გამოვცადოთ ისინი ამ ინტერვალებით;
. ვთხოვოთ მათ, ახალი სიტყვები პოსტერებზე დაწერონ და კლასში გამოაკრან;
. გამოვყოთ დრო მოსწავლეების მიერ ერთმანეთის გამოსაცდელად.
შეიძლება გააკეთოთ “სიტყვების ტომარაც”, რომელშიც პატარა ბარათებზე დაწერილ ახალ სიტყვებს ჩაყრით. საამისოდ დაგჭირდებათ ნაჭრის ტომარა/კონვერტი/ყუთი და ცარიელი ბარათები. ყოველთვის, როცა კი ახალი სიტყვა შეგხვდებათ, მას ბარათზე დაწერთ და ტომარაში ჩააგდებთ. შეიძლება, ეს რომელიმე მოსწავლესაც დაავალოთ.
“სიტყვების ტომრის” გამოყენება ლექსიკის გასამეორებლად სხვადასხვანარად შეიძლება. მაგალითად, ასე:
. ამოიღეთ ტომრიდან რამდენიმე სიტყვა. სათითაოდ განმარტეთ მათი მნიშვნელობა ან მიეცით მოსწავლეებს რაიმე მინიშნება. მოსწავლე, რომელიც პირველი დაასახელებს სიტყვას, მოიგებს ბარათს. ის მოსწავლე, რომელსაც საბოლოოდ ყველაზე მეტი ბარათი დაუგროვდება, გამარჯვებულია.
. აიღეთ ერთ-ერთი ბარათი. შეადგინეთ წინადადება, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული, ოღონდ სიტყვის წარმოთქმის მაგივრად მაგიდაზე დააკაკუნეთ. მოსწავლე, რომელიც გამოიცნობს სიტყვას, აგრძელებს თამაშს – თავად იღებს ერთ-ერთ სიტყვას ტომრიდან და ადგენს წინადადებას, გამოსაცნობი სიტყვის წარმოთქმის მაგივრად კი მაგიდაზე აკაკუნებს.
. ამოიღეთ ერთი ბარათი და დაიწყეთ შეთხზული ისტორიის/ზღაპრის მოყოლა. წინადადებაში თქვენ მიერ ამოღებული სიტყვა უნდა გამოიყენოთ.
ისტორიას/ზღაპარს მოსწავლეები აგრძელებენ. თითოეული მათგანი იღებს ერთ ბარათს და მოცემული სიტყვის გამოყენებით ადგენს მომდევნო წინადადებას.
შედარებით მცირე ასაკის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ ასეთი თამაშიც:
ვთხოვოთ მსურველს, ამოიღოს ტომრიდან ერთი ბარათი და ბარათზე დაწერილი სიტყვა დაფაზე დახატოს. დანარჩენები უყურებენ და ცდილობენ, გამოიცნონ სიტყვა.
კიდევ ერთი სახალისო თამაში ახალი სიტყვების გასამეორებლად, რომელიც ამავე დროს პრაქტიკული სავარჯიშოცაა მეტყველების უნარის განსავითარებლად:
დაყავით ჯგუფი ორ გუნდად.
სთხოვეთ მოხალისე მოსწავლეს, გამოვიდეს კლასის წინ და დაფისკენ ზურგშექცევით დაჯდეს სკამზე.
მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას, მოსწავლეები კი ცდილობენ, თავიანთი გუნდის წევრ მოსწავლეს აუხსნან ეს სიტყვა განმარტებების/მაგალითების გამოყენებით. თუ მოსწავლე სიტყვას გამოიცნობს, გუნდი ერთ ქულას იგებს.

პოეზიის სემიოტიკა

0
პოეზია სულის ხარისხია, ხოლო პოეტი – მედიუმი, რომელიც გრძნობათა სამყაროს რიტმებს საგანთა ენაზე თარგმნის და ღვთაებრივი ჰანგებით ელაპარაკება ადამიანს. ზემოქმედება სწორედაც რომ ძალდაუტანებელია, ისეთი, პოლ ვალერი რომ აღწერს: `… ყველა იცნობს ამ თავისებურ თრთოლვას, რომელიც იმ მდგომარეობას გვაგონებს, როცა გარკვეულ გარემოებათა წყალობით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ აღგზნებულნი, მონუსხულნი, მოჯადოებულნი ვართ. ეს მდგომარეობა არავითარ კონკრეტულ ობიექტზე არ არის დამოკიდებული. ის ბუნებრივად და თვითნებურად იღებს დასაბამს ჩვენი შინაგანი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განწყობილებისა და ჩვენი შემძვრელი გარემოებების

თანახმიერებისაგან.” (პოლ ვალერი, 1994, 171). ამიტომ არის, რომ შთაგონებული მსმენელი(მკითხველი) სიტყვას ვერ პოულობს იმ განცდის გამოსათქმელად, რომელსაც ჭეშმარიტი ხელოვნება გვრის.

ვრცლად 

ინტერპრეტაცია – აბო თბილელი

0

– ბიბლიოთეკის მონატრება და ჩემი ავსტრიული არდადეგები

0

გახსოვთ ბავშვობაში ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნის სუნი? წლების მერე, იგივე წიგნი რომ შეგხვდეთ მაღაზიის თაროზე, შეიძლება არავითარი ემოცია არ გქონდეთ, მაგრამ აბა ისევ ის წიგნი აიღეთ ხელში, ბიბლიოთეკის, ყდის შიდა გვერდზე რომ მოლურჯო ან მოყავისფრო შტამპი არტყია…თქვენს განცდებზე ვერ ვისაუბრებ, ჩემსაზე – კი. ეს მარტივად გამოითქმის: ბიბლიოთეკის წიგნები განსაკუთრებით მიყვარს, მასევდიანებს და მახალისებს. აბსოლუტურად ყველა ბიბლიოთეკარი მახსოვს, ვინც კი ცხოვრებაში (ანუ ბიბლიოთეკაში) შემხვედრია: ბიბლიოთეკარი ლიანა, თალიკო, ქეთინო ფალიაშვილის ქუჩის ულამაზესი ბიბლიოთეკიდან (ამას წინათ გავიარე – ვიტრინები გამოუნგრევიათ, ალბათ ბუტიკს გახსნიან). შეროზიას ქუჩის ბიბლიოთეკა – ნუგზარ აფხაზავამ გამგზავნა ჟურნალ «ნაკადულიდან» წერილით, მიიღეთ და აკითხეთო. საჯაროელები არ დამიმახსოვრებია: საჯაროში სამეცადინოდ დავდიოდი, საკითხავად – ნაკლებად. ერთი კრიმინალური ისტორიაც მაქვს: მე და ფიქრია ჩიხლაძემ ჭავჭავაძის გამზირის ბიბლიოთეკიდან (ახლა იქ მგონი ბანკია) კაი სქელტანიანი, იურიდიული თემატიკის წიგნიც მოვიპარეთ, ოღონდ ვერ ვიხსენებ, სადააა ახლა ის ნაქურდალი წიგნი.

აქვე ვიტყვი, რომ ოცნება მაქვს: ყველა იმ წიგნის გამოსყიდვა მინდა, რაც კი ბიბლიოთეკების მკითხველთა ჟურნალებში ჩემი გვარის გასწვრივაა მითითებული. სამოთხეც დაახლოებით ასე წარმომიდგენია: ვზივარ სოფელში ბუხრის წინ, მუხლებზე პლედით, და ბუხრის და ლამპის შუქზე გამოზოგვით ვკითხულობ ბიბლიოთეკის შტამპიან წიგნებს…

ამ სამოთხის პატარა კუთხე ამ ზაფხულს მოვიწყვე ნუნისში: ახალ ოფისში, ჭავჭავაძეზე ოქროსავით მეზობელი გავიცანი – მზია გალდავაძე, რომელმაც თავისივე დაარსებული თბილისის ავსტრიული ლიტერატურის ბიბლიოთეკიდან გამომიტანა სანუნისო წიგნები. ნუნისშიც არის პატარა ბიბლიოთეკა, მაგრამ ამ ზაფხულს შიგ არ შემიხედავს: ავსტრიაში ვიყავი თავით გადაშვებული. პლედი და ბუხარი არა, მაგრამ მზეზე კი ვიჯექი, ირგვლივ ნაცრისფერი ხვლიკები დარბოდნენ და ბიბლიოთეკის შტამპიან წიგნებს გამოზოგვით ვკითხულობდი. ორი კვირა მეყო. მაშინ ვიფიქრე პირველად: რა მოხდებოდა, რაც კი წამიკითხავს, სათაური, ავტორი და მოკლე შინაარსი ჩამენიშნა – ყოველ დილით ჩავიხედავდი და თვალში რომელიც მომხვდებოდა, მთელი დღე იმ წიგნს შევიამხანაგებდი: დღე ხომ უფრო მსუბუქდება, როცა მარტო არა ხარ… თან, ზემოთ რომ ვთქვი, იმ სამოთხეში მოხვედრისას, კარტოთეკა მზად გაქვს: ამოირჩიე და იკითხე…

ეს ამბავი (ჩანიშვნა) ავსტრიიდან დავიწყე. ავტორი, სათაური, მოკლე ამბავი და განწყობა – სულ ეს არის. სამაგიეროდ, რა კარგი სამზადისია სამოთხისთვის…
ბინა
ავტორი: ეველინ გრილი
მზია გალდავაძის თარგმანი
რომანი მკერავ როზვიტას შესახებ. კოჭლ როზვიტას აქვს ბინა და ლამაზი თითები. მუშა მაქსს მოიყვანს ქმრად. როზვიტას იმედი უცრუვდება: მოყვარული ქმრის მაგიერ ლოგინშიც ლოთი და უგრძნობი მაქსი შერჩება. იქით როზვიტას დის პრობლემები: ქმარს საყვარელი ჰყავს, ქალს – კლიმაქსი, და როზვიტას სხვენში იკლავს თავს. ერთი ბოზიცაა რომანში, განათლების განყოფილების გამგის საყვარელი ლოტე.
საინტერესო მხატვრული სახეებია, და კარგი თარგმანი. ცოტათი წაიიიელენიკებს, მაგრამ უფრო დამცხრალია.
ქართულად გამოიცა მცირე ტირაჟით. სიამოვნებით გამოვცემდი.
პიანისტი ქალი
ელფრიდე იელინეკი
თარგმანი: ლაშა დადიანი (ცოტა მოკრძალებულად თარგმნის).

გაგიკვირდებათ და პირველად წავიკითხე. მუსიკის მასწავლებელი ერიკა კოხუტი, დედამისი და ერიკას მოსწავლე ვალტერ კლემერი – უწვერული ხვადი. დედა-შვილობაში არსებული ტაბუირებული განცდებია გამხელილი. რა მოხდა მერე: შვილსაც შეიძლება ეზიზღებოდეს დედა ხანდახან და პირიქით. საყვარლად ცინიკოსი და უწმაწური ელფრიდე თითქოს ერთობა კოხუტ-კლემერის არშემდგარ წყვილზე. დედის განმარტებით, ერიკა შეუფერებელ მამაკაცს გადააწყდა. დასაწყისიდანვე იგრძნობა, რომ საწყალი ერიკა გააფრენს.

გარეკანზე წერია, რომ «პიანისტი ქალი» სენსაციური წარმატებით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
ფილმად გადაღებული «პიანისტი» კანის ფესტივალზეა გამარჯვებული. და არაოფიციალური სტატუსიც დაურტყამს: «ახალი საუკუნის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები კინოხელოვნებაში.» მთლად დავიბენი: აქ ისეთი ფრაზებია, ავტორისეული, აუცილებლად წიგნში უნდა კითხულობდე, რომ მარილი იგრძნო. ნეტა კინოში რა «მნიშვნელოვანი ნაწარმოები» გამოჩნდა? ფილმის ვიდეოც მქონდა, ყოველ საღამოს ვაპირებდი ყურებას, მაგრამ დამეზარა. მივხვდი: DVD-ზე გამოსახულმა მოკუნტულ-გადახვეულმა ფილმის გმირებმა გამიფუჭეს ხასიათი.
ვერ ვისენსაციურე, მაგრამ იელინეკი მიყვარს.
რაინერ მარია რილკე
ადრეული მოთხრობები
ნათელა ხუციშვილის თარგმანი
«იდუმალი თანხლება» ძალიან ფაქიზი რამაა: დედა, რომ ქსოვს და თან ცდილობს, ფიქრებით დაიცვას შეყვარებული შვილი. დედა, რომელიც შვილისთვის ისეთი უსუსურია, «თითქოს არც კი დაქალებულა». მამა, პუნქტუალურად რომ კითხულობს გაზეთს და ბოლოს იფეთქებს: სადაა ამდენხანს ის ბიჭი? Dდა დედა ისევ კიბის თავში. თითქოს სურათს ხედავ. სულ ოთხიოდე გვერდია, და უსაშველო დედური სევდა.
«ბებრები:»
პეტერი, ჯერ კიდევ მთლად გადაჩვეული რომ არაა, ხანდახან რამემ გააკვირვოს; კრისტოფი (პეტერის გაკვირვების ობიექტი): როგორ მოახერხა, ისე გაეძლო ამდენხანს, რომ რამე არ ჩამოტეხვოდა; პეპი, რომ იჯდა და აფურთხებდა, «თავისი დღე და მოსწრება ბევრს სვამდა და ჩანს, ის ჰქონდა მისჯილი, რომ გახარჯული სითხის პროცენტები მაინც გადაეხადა განვადებით მიწისთვის». ჩახლართული, მაგრამ საინტერესო. მერე სურათი: პაპა, სადილობაა – ეძახიან პეტერს. პაპა წამოიმართებოდა, ხელს დაადებდა ათი წლის გოგონას ქერათმიან თავზე, პაწია გოგო ამ ხელს ხმელი ფოთოლივით გადმოიღებდა ხოლმე თმებიდან და კოცნიდა. კრისტოფი და პეპი კი თავშესაფარში მიდიოდნენ. და მაგარი ფინალი: პეტერის შვილიშვილს ხანდახან რამდენიმე ღერი გამხმარი ყვავილი რჩებოდა, რომელსაც კრისტოფი ჩუმად იღებდა და თავშესაფრისკენ მიჰქონდა, თან პეპის რცხვენოდა.
პეპი მიასწრებდა თავშესაფარში და ვითომ შემთხვევით, რაფაზე წყლიან ჭიქას დგამდა. მერე ოთახის კუთხეში ჯდებოდა და ელოდა, როდის ჩააწყობდა მეორე ბებერი ყვავილებს ჭიქაში.
სენტიმენტალურიც არაა, რაღაც სხვანაირია – იქ ხარ, მონაწილეობ. თან ცრემლები ჩამოგდის. არადა, ეს მოთხრობაც ერთი კადრია სულ, სამიოდე გვერდი.
«თაობები». «ჩვენს ბინაში ხუთშაბათობით პომიდორის სუნი დგას, კვირაობით -შემწვარი ბატის ოხშივარი, ყოველ ორშაბათს კი სარეცხია. ასე, რომ დღეებიც შემდეგნაირია: წითელი, ცხიმიანი და საპნიანი.» როგორი დასაწყისია? არის კიდევ დღეები შემინული კარების მიღმა, სადაც ბებიას და ბაბუიას სურათები ჰკიდია. და-ძმასავით რომ გამოიყურებიან, «რადგან მოხუცთა სახეები უქმად, სადღაც ცხოვრების მიღმა დარჩა და რადგან სხვა არა ეკითხებოდათ რა, ნელ-ნელა ერთმანეთს დაემსგავსნენ. და ქერათმიანი ბიჭი, ამ სურათების წინ რომ დგას და რაღაცას გრძნობს. ყველას გვიგრძვნია ეს რაღაცა.
«ბაღჩაში, ესკიზი». მართლა ესკიზია, ქალი (სხვისი ცოლი ლუცი): «როგორ ჰგავხართ ჩემს გარდაცვილილ ძმას. ის რომ ცოცხალი იყოს, არასოდეს გავთხოვდებოდი და სულ ერთად ვიქნებოდით».
სულ ერთი წამია. ვნებით აჟრჟოლებული კაცი. და ქალი, რომელიც ეუბნება: «როგორ ჰგავხარ ჩემს გარდაცვლილ ძმას»…
«კარდინალი» არ მოიყოლება. თვალისდახამხამებაა: დედა, მარკიზი, საყვარლიანი და ქმრიანი საყვარელი, მერე კარდინალობა, მერე – «პაპი გარდაიცვალა და რომში გიბარებენო». სულ ესააა. და დედის წერილი, რომელიც რაღაცას ულოცავს. ვერ ამოისუნთქავ, ისე იკითხება.
«სახლი».
ეს კი ყველას ჰქონია: სახლს დაინახავ და ფიქრობ, რომ ეს სახლი სადღაც, როდესღაც გინახავს. თუ მატარებელი უცხო ქალაქში ისე დაგტოვებს, რომ მეორეში გადაჯდომას ვერ მოასწრებ, და სადგურის შორიახლო ბოდიალში ასეთ სახლს შენიშნავ, კარზე თუ არ დარეკავ, უკეთესია. Yოველ შემთხვევისთვის, მზად უნდა იყო, რომ იქ დამხვდური ქალი კარადისკენ წაგიყოლებს საკაბის საჩვენებლად, კარადაში კი წითელთელთავიანი კაცი დაგხვდება, რომელიც ასევე სადღაც გინახავს.
«მერე კი ვარდნა. და აღარცერთი ფიქრი.»
აი, ასე უცნაურად შეიძლება დამთავრდეს ოდესღაც თითქოს სადღაც ნანახი სახლის ხელახლა ხილვა.. ესეც შენი «გაბნეული და მწერლის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში შემორჩენილი ნაწარმოებები.» რილკე პირველად ვიგრძენი ამ მოთხრობებით. მაპატიეთ «დუინურო ელეგიებო» და «ორფევსისადმი სონეტებო».
იურა ზოიფერი
რჩეული ნაწარმოებები
აღარც რჩეული და აღარც – გადარჩეული: ზოიფერი ჩემი მწერალი არ არის. მისი პოლიტიკური სატირები სად შემიძლია! იმედი მაქვს, ჩვენი სატირული პოლიტიკის გამო მაქვს ზოიფერისადმი ასეთი ვერატანა. პირადმა წერილებმა უფრო დამაინტერესა. ხუთწლიანი ლიტმოღვაწეობის კვალობაზე კარგად კი უღვაწია!
«სხვა დროს, სხვა დროს» – ასე ვემშვიდობები ზოიფერს. რაღაც არ მგონია, ეს «სხვა დრო» მალე დამიდგეს.
«ხვალაც ასევე»
მოთხრობები
ელიზაბეთ ჰაუერი
თარგმნა შორენა შამანაძემ
მშვენიერი მოთხრობები. «ხვალაც ასევე» – განსაკუთრებით. ბოლომდე ვერ იგებ, თაღლითი კაცის შესახებ კითხულობ, თუ რაღაც საინტერესო სიუჟეტში ჩაგითრიეს. კაცი უმტკიცებს ქალს, რომ იცნობენ ერთმანეთს და რაღაცეებს უყვება ამ ვითომდა ნაცნობობიდან. ქალი ბოლომდე ერთვება თამაშში და ნატრობს, რომ არ დამთავრდეს, ხვალაც ასევე მოვიდეს და კიდევ რაღაც გაახსენოს თან არსებული და თან – არარასებული წარსულიდან. მერე რა, რომ ამ ყველაფერს თითქმის ბოლომდე ეწირება მისი ფული და ქონება.

«ჟოსი და ჟოზეფინა» – დედა-შვილი. აბა, სად მოვა ამათთან ელფრიდე იელინეკის ერიკა და დედამისი! ქალიშვილი, რომელიც ღმერთს მადლობას სწირავს, რომ დედა ჯოზეფინა ბიუროში მაინც არ ურეკავს, თვითონ კი ხანდახან სპეციალურად კრეფს სხვა ნომრებს, ვითომ დედასთან რეკავდა. აღარც დედა გებრალება, აღარც შვილი და აღარც საკუთარი თავი. დროა ასეთი – «როგორ გეძინა? ჭამე რამე?» დედის კითხვები სიამოვნების მაგიერ ნერვებს რომ გიშლის, იმდენი სხვა პრობლემაა ირგვლივ. რას ვიზამთ, ახლა ასეთი დროა, დედას რომ სახელით მიმართავ, ბოლოს კი, უმუშევარს და უბედურს, ისევ დედა წაგიყვანს ბავშვობის პანსიონატში, «მწვანე მონადირესთან».

კიდევ ერთი მოთხრობაა, «ჭრილობა». მიდიხარ და უცებ აღმოაჩენ, რომ სისხლი მოგდის ხელიდან. ჭრილობა გაქვს და ვერ იხსენებ, სად შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო. მერე, ვერგახსენებაზე, იმდენად წვალობ, რომ დანას იღებ და ჭრილობას იფართოებ – ახლა იცი მაინც, საიდან გაქვს ჭრილობა. ქმარმა უნდა ისტერიკა დაარქვას და უნდა – რაც უნდა.

«ლტოლვილია» კიდევ ერთი მოთხრობა, ებრაელ ბიჭზე, მამამ რომ უბრძანა გაქცევის წინ: კოსტუმი ჩაიცვი და სამშობლო ისე დატოვეო. როგორ დასდევენ ადამიანები ერთმანეთს აჩრდილებად. ლიტერატორები იტყოდნენ: «მარადიული ეგზისტენციალიზმი»…
«კვანძის გახსნა» – ქალის, კაცის და კურდღლის ერთდროულად გადარჩენაზეა. ძაღლებზე აქვს კიდევ ერთი მოთხრობა «ქვინი ხვდება ბორისს.» მომეწონა ეს მწერალი, მაგრამ იმან, რაც გარეკანზე წავიკითხე, შოკში ჩამაგდო: «ეს წიგნი განკუთვნილია მოთხრობის ნატიფი ჟანრის ჭეშმარიტი დამფასებლისთვისო». ვაიდა, ჩემთვის არ იყოს განკუთვნილი?
მარიანე გრუბერი
«მეჭვავია ჩიტის სიკვდილი»
თარგმნა შორენა შანამანაძემ
ბაბუასთან გაზრდილი მწერალი. საკმაოდ ცნობილი ყოფილა. მისი მთავარი გმირი ბაბუამისის პროტოტიპია. მეჭვავიაში ორი ბებრის – ტერეზას და უნგერის მშვიდი და სიყვარულიანი ლოდინია სიკვდილის. ნოდარ დუმბაძის მოთხრობაა, სათაური არ მახსოვს, მარტოდარჩენილ მოხუცზე, მეზობლის ბიჭს რომ შეიჩვევს სიბერეში, და რომ კვდება, მხოლოდ ეს პატარა ბიჭი ტირის გულდათუთქული. «ზერდაგი ცხენის ნაკვალევზე» – სოფელში, მეზობლებისგან გაძარცვულ სახლში ბრუნდება მოხუცი, რომელიც ქალაქმა ჯერ ჩაიხუტა, მერე ნახმარი ხელთათმანივით ისროლა. და ბოლოს: ცეცხლის გატანება ყველაფრის, რაც წაგართვეს და დაგიბრუნეს, რაც შენთან ერთად დაბრუნდა.
მომწონს ეს მწერალი. «თუ ცოცხლობ, რაღაცეები უნდა გამოიგონო კიდეც, ისე არაფერი გამოგივა» (უნგერი).
წითელი ტბორი
ბრიტა შტაინვენდტნერი
თარგმნა დათო ბარბაქაძემ
შათჰოფი. შათჰოფელი გლეხი. მწყემსი ქალი ფრანცისკა.
არა, ეს არ შეიძლება მოჰყვე. ნებისმიერ გვერდს შეგიძლია ჩაკრა თვალი და დაგბურძგლოს. აზრი არ გაგიწყდება. თითოეული აბზაცი დასრულებული სათქმელია. არაპროზად.
«ეს არის წიგნი ისტორიის სამსხვერპლოზე მიტანილი არაისტორიული უბრალო ადამიანების კონკრერეტულ ბედზე». მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავსტრია. ეს ქალი პოეტია. ძალიან კარგი პოეტი და ბარბაქაძის თარგმანი – ბრწყინვალე.
პეტრა ნაგენკიოგელი
გაღმა აღმოსავლეთია
თარგმნა თენგიზ ხაჭაპურიძემ
…ოოოო…
«დედას ბოლომდე არასოდეს გაუცინია. მისი სიცილი სადღაც წყდებოდა, სიცილი ყელზე ადგებოდა ხოლმე, როგორც პურის ნამცეცი». «…სურათის კიდე მამის სახეს შუაზე ჭრის და სახე ნახევარზე ცოტა უფრო მეტად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ სახე გაყოფილი და გადაჭრილია, ის უფრო დიდი ჩანს, ვიდრე მთლიანი სახეები. ვინც სახეგადაჭრილ კაცს ცოლად გაყვება, თვითონაც მთელი არ დარჩება» – ფიქრობს ლენა.
ეს ლენა კიდევ ისეთ რამეებს ფიქრობს……აი, ეს ფიქრია, ფანტასტიკურად რომ იკითხება და მწერალია რაღაცნაირი, პედანტურობამდე ნიუანსური. «ომი ყველაფრის მამააო, თქვა ბაბუამ. მამა ომია – გაიგო ბავშვმა.» ნეტა რომელმა უფრო სწორად იგულისხმა… კითხულობ და გიხარია, რომ ვიღაც მწერალი, არც ნობელიანტი და არც ვინმე განსაკუთრებული, ზალცბურგელი ორმოცი წლიას ქალი ასე საინტერესოდ წერს. წერს იმაზე, რაზეც წეღან ფიქრობდი და იმედი გიჩნდება: ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ყველას შეგვიძლია, ასე ვწეროთ. …
ქრისტინე ლავანტი
ლექსები და მოთხრობები
არ მახსოვდა, რომ შოთა იათაშვილმაც თარგმნა ლავანტი.
შეიძლება, ამ ქალზე არაფერი ვთქვა? «ყაყაჩოსკაბიანი მზეთუნახავი» (მეგობარი ინგებორგისადმი წერილი-აღასარება) მომწონს. ავანტის ლექსები არც არასოდეს მომწონდა. იმედს ვიტოვებ, იმიტომ, რომ ორიგინალში ვერ ვკითხულობ.
მოთხრობა «ნელი» მომწონს. «მიაბიჯებდა სხვის ტანსაცმელში გამოწყობილი, სხვისი ფეხსაცმლით, სულ უცხო, სხვისთვის განკუთვნილ გზაზე, უცხო ბინისკენ, უცხო ადამიანებისკენ, უცხო ეკლესიისკენ, სადაც უცხო ღმერთი სახლობდა». რა ნაცნობია, არა?
ელმუტ ა. ნიდერლე
მოთხრობები
თარგმნეს დალი ფანჯიკიძემ და ნანა გოგოლაშვილმა
ერთი ჭაღარაწვერიანი კაცია მწერალი. დოკუმენტური პროზააა და ხან მოგწონს, ხან – არ მოგწონს. როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რომ მე უფრო გამოგონილი ამბების წაკითხვა მიყვარს. მოყოლილი ამბები არ მაინტერესებს. ოთარ ჭილაძე გამახსენდა, ერთ-ერთ ინტერვიში თქვა, «მე შექმნა უფრო მიყვარს, ვიდრე ნანახის მოყოლაო». სად გამახსენდა… დაკრძალვაზე არ წავედი. აბსოლუტურად უემოციოდ შევხვდი ჩემი საყვარელი მწერლის გარდაცვალებას. «რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით» და ვეღარ შევხვდი სიცოცხლეში და ვერც – ბოლო დღეს. ღა მოხდა – მისი პროზა ხომ მაქვს (რა ვქნა – მისი ზოგიერთი ლექსი ნერვებს მიშლის, ისე არ მინდა, რომ მისი იყო).
თანამედროვე ავსტრიული ლიტერატურა
შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მზია გალდავაძემ
ზოგი ვინ თარგმნა და ზოგი – ვინ

ბევრი მოთხრობიდან მხოლოდ ფრაგმენტია თარგმნილი. ამის მიზეზი შემდგენელმა ამიხსნა: მოკლე დროში, სახელდახელოდ გააკეთეს ეს ანთოლოგია. ანონსივითაა, რომ ამოარჩიო, რომელი მწერალი დაგაინტერესებდა და რომელი – არა.

სასწაულად ვიკმარე ნებისყოფა და ყველანაწყვეტი წავიკითხე. ლირიკაც არის რამდენიმე პოეტის. კატეგორიულად არ მოვიწონე. საერთოდ, ნათარგმნ პოეზიას ვერ ვკითხულობ.

თომას ბაუმი: «ცივი ხელები.» ნაწყვეტმა დამაინტერესა. სიუჟეტია: მორწმუნე გოგონა მღვდელს უყვება, რომ მამამ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. პიესაა, სხვათაშორის. მღვდელი აიძულებს, მოინანიოს ცოდვა, რომ მამას ცილს სწამებს.

კურტ ბრახარცის კრიმინალური რომანიდან ნაწყვეტმა. ეჭვი გამიჩინა, რომ მაგარი დეტექტივია: იეღოველი ქალები მოხვდნენ ბინაში მანიაკთან. დანარჩენი წარმოიდგინეთ. ძალიან ინტრიგანულად წყდება. «წყნარი საათი» ჰქვია.

ელიზაბეთ ვეგერი ჩანს საინტერესო, «კასეტა ელლასთვის».

რადეკ კნაპიც მომეწონა. «იულიუსი შინ ბრუნდება» – ასეთი მოთხრობაა, მამა სმოლნის – ეკლესიაში დაბუდებული მრუშის სახეს ხატავს კანფეტ-კანფეტ, თამაშ-თამაშით.

ელიზავეტ რაიჰარტი ჩანს საინტერესო. რაღაც მეთხუთმეტე თავია «თებერვლის ჩრდილებიდან.» ბარბაროსობა მგონია ასე ამოგლეჯა რაღაც ფრაგმენტი (მაპატიოს მთარგმნელმა).

ძალიან მაგარი მოთხრობა: «სიზმარეული ტყე.» გერჰარდ რუისია ავტორი. პატარა და სხვანაირი «ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაა,» ფინალით: «თუმცა აქ უკვე არაფერია, რაზედაც გაიცინებდა კაცი, აქ შეწყდა სიცილი».

ლილიან ფაშინგერის «ცოდვილი მაგდალენა» – ესეც მესაინტერესოა. ნაწყვეტია, მკვლელი მაგდალენა მღვდელს უყვება, როგორ ჩაიდინა მკვლელობები, და თან მხარზე კატასავით ეხახუნება. პირველად რომ ნაბოკოვის «ლოლიტა» წავიკითხე, ასეთი გრძნობა მქონდა: თან მეზიზღებოდა ეს კაცი, და თან ვუთანაგრძნობდი, ვაქეზებდი ლოლიტასკენ. საწყალი მღვდელი, მაგდალენას რომ უსმენს, თეთრ სახეზე გაბნეულ ჭორფლს მიშტერებია და ალმოდებული, ალბათ იგივეს გრძნობს…

მარიანე ფრიცია ერთი, სამოციოდე წლის ქალი, «ვისი ენაც არ გესმის» – ასე ჰქვია მოთხრობას, მაწანწალა ქალის მკვლელობაზე. «თქვენ არ გინახავთ თებერვლის ბაღში უპატრონოდ მკვდარი ალისა» – ციტატაა ჩემი ლექსიდან. წავიკითხავდი ამ მოთხრობას ბოლომდე. ასევე საინტერესოა: ლუკას ჩეპეკის «სახელების გარეშე». რომანიდანაა ნაწყვეტები. ისეთი კითხვებია, და დარიგებები, რომ ხვდები, დაგაინტერესებს. «დაკვირვებიხართ თქვენს სახლს?» «ტელეფონზე სახელები არ დაასახელოთ არასოდეს.»

«რა ხელფასია მორალურად გამართლებული?» ანდა: «ნებისმიერი ახალი ნივთი ცვლის კოლექსიციას, თუნდაც ძალიან უხდებოდეს მას.» «დაიქირავეთ კერძო დექტექტივი, რომელიც გითვალთვალებთ. ერთი დღე-ღამე გეყოფათ, ეს 24 საათია. და მიხვდებით, როგორი საეჭვო გახდებით, ჩემსავით».

არ დამავიწყდეს: შტეფან ჰოლცერი. «პატარა ამორალობა». ესეც ძვირფასი ნაწყვეტია: «მან თქვა, რომ დღესდღეობით უფრო სენტიმენტალური ტექსტები ფასობს. არ მომეწონა არ უნდა იყოს შესაფერისი სიტყვა. კიდევაც რომ მომწონდეს, მე ხომ რედაქტორი არ ვარ. შენი ისტორიები მათ უნდა მოეწონოთ.»
https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=10&composition=1416

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...