ორშაბათი, მაისი 18, 2026
18 მაისი, ორშაბათი, 2026

ჰესეს ქვეყანა

0

სანამ ხელში ჩამივარდებოდა, წიგნს რა აღარ გადახდენოდა თავს: სოფლის ბიბლიოთეკიდან მოეპარათ, მწერალთან კამათი იქვე, მის ფურცლებზევე წამოეწყოთ, გულწრფელი აღფრთოვანებაც დაუფარავად გამოეხატათ, ერთ ღამეს კი უგონოდ მთვრალ მკითხველს ყდის შიდა მხარეზე საკუთარი ბრძნული აზრები მიეწერა და მიძღვნაც დაერთო, რომლის წაკითხვაც ყოველთვის მამხიარულებდა ხოლმე. ის მკითხველი – ჩემი მეგობარი – ბოლოს მეტისმეტად შეაწუხა სინდისმა და მოპარული წიგნი მაჩუქა. ჰერმან ჰესეს „მოხილვა დილის ქვეყნისა“, ანუ „მორგენლანდფართი“, როგორც იმხანად ვეძახდით (გერმანული არც ერთმა არ ვიცოდით, მაგრამ სიტყვის ხმოვანება მოგვწონდა) მალევე დავკარგე – წიგნმა გზა გააგრძელა სხვა მკითხველების გულებისკენ, სხვა მოგზაურთა დღეებისა და ღამეებისკენ.

1932 წელს გამოსული ეს პატარა წიგნი ქართულად 1982 წელს თარგმნეს რეზო ყარალაშვილმა და რუსუდან ქებულაძემ. თხელი, რბილყდიანი გამოცემა იყო – თუ ავტორზე წარმოდგენა არ გქონდა, ქართულ თარგმანზე თვალს, ალბათ, არც შეაჩერებდი. რატომღაც, მწერლის ადრეული ნამუშევარი მეგონა, არადა, ჰესეს ამ მოთხრობის დაწერამდე მოესწრო და საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ნაწარმოებები შეექმნა, როგორიც „ტრამალის მგელი“ თუ „ნარცისი და გოლდმუნდია“.

კი, „ტრამალის მგელი“ მოზარდობისას წასაკითხი წიგნების ჩამონათვალში უდავოდ უნდა იყოს. თუმცა მას აუცილებლად მივუწერდი გვერდით იმ წიგნის სათაურსაც, რომელზეც ამ წერილს ვწერ. „მოხილვა დილის ქვეყნისა“ – ყველაზე უკეთ რომ ეპასუხება მოზარდის მოთხოვნას – გასცდეს ყოველგვარ საზღვრებს, იმოგზაუროს დროსა თუ საკუთარ წარმოსახვაში, შორეულ ადგილებსა და უხილავ ქვეყნებში, ფორმა მისცეს სინამდვილეს, ფორმა მისცეს მას, ვისაც ყველაზე კარგად და ამავე დროს ყველაზე ცუდად იცნობს – საკუთარ თავს.

ამ წიგნის ახალ გამოცემას წიგნების ფესტივალზე გადავაწყდი და გულით გავიხარე – ძველი თარგმანი ხელუხლებლად გამოუციათ, რეზო ყარალაშვილის შენიშვნებითვე, რაც უდავოდ დაეხმარება ჰესეს ქვეყანაში ახლად ფეხშედგმულ მკითხველს. მთვარის ზღვის, ცისფერი ქვაბის, ფარვანების კუნძულის, ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობისა და კიდევ ბევრი სხვა რამის შესახებ შეიტყობთ წიგნის ბოლო გვერდებიდან.

და რა არის დილის ქვეყანა, რომლის მოხილვაც განუზრახავთ ძმობის წევრებს და რომლის შესახებაც მოგვითხრობს ის, ვინც მოგვიანებით თვითმბრალდებელ ჰ.ჰ.-დ იქცევა? (ვინ არ ყოფილა თვითმბრალდებელი თუნდაც რამდენიმე წუთით?! ჰერმან ჰესე უნივერსალურ გამოცდილებაზე გვესაუბრება). ამ წიგნის სათაურს ხშირად თარგმნიან „აღმოსავლეთში მოგზაურობად“, „აღმოსავლეთის ქვეყანაში მოგზაურობად“, „აღმოსავლეთის მიწაზე მოგზაურობად“ – მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, დასავლელ კაცს კი გული მუდამ იქით მიუწევს: შეუცნობელისკენ, გაურკვეველისკენ, იდუმალი განძის მაცდუნებელი საუფლოსკენ, თუმცა ეს მოგზაურობა უფრო მეტია: „ჩვენი მიზანი მარტოოდენ დილის ქვეყანა კი არ გახლდათ, უფრო სწორედ: დილის ქვეყანა მარტოოდენ ერთი ქვეყანა და, ამრიგად, გეოგრაფიული ცნება კი არ იყო, არამედ იგი იყო სიყრმე და სამშობლო სულისა, იგი იყო ყველგან და არსად, იყო ყველა ჟამისა და დროის ერთიანობა“. ეს არის მოგზაურობა დროსა და სივრცეში, როგორც წარმოსახვით სანახებში, ასევე რუკაზე იოლად მოსაძებნ ადგილებში, როგორც სხვადასხვა ეპოქის შვილებთან, ისტორიულ პირებთან, ასევე წიგნების იმ გმირებთან ერთად, შემქმნელებზე ბევრად ნამდვილები, ბევრად სიცოცხლით სავსენი რომ მოჩანან… მოკლედ, დიდი თავბრუსხვევაა. პითაგორა, მოცარტი, პაულ კლეე, დონ კიხოტი, ჩექმებიანი კატა…

„სასოწარკვეთა არის შედეგი ყოველი ბეჯითი ცდისა – გაიაზრო, განჭვრიტო და გაამართლო ადამიანის ცხოვრება. სასოწარკვეთა არის შედეგი ყოველი დაჟინებული ცდისა – სათნოების, სამართლიანობისა და ჭკუა-გონების დახმარებით გაუმკლავდე ცხოვრებას და შეასრულო მისი მოთხოვნები. ამ სასოწარკვეთის გამოღმა ცხოვრობენ ბავშვები, გაღმა – გამოღვიძებულნი“. სასოწარკვეთასთან გამკლავება კი ყველაზე რთული სწორედ მისთვისაა, ვის ბავშვურ უდარდელობასაც ნელ-ნელა შეეპარა უჩვეულო განცდა – ფორიაქის, ავი წინათგრძნობის, სამყაროსეულ უთავბოლობაში გარკვევის შეუძლებლობის. ჰერმან ჰესე გვარწმუნებს, რომ უიმედობის ეს ხანა მხოლოდ ერთი საფეხურია და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს შევყოვნდებით მასზე, შევძლებთ თუ არა იმ უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც აქ, ამ მიწაზე ადამიანად ყოფნა გვთავაზობს. ბოლოს და ბოლოს, ყოველ წუთს შეგვიძლია ხელი ჩანთას წამოვავლოთ, შიგ ყველაზე აუცილებელი ნივთები ჩავყაროთ და გზას გავუდგეთ.

დილის ქვეყნის ქუჩები, ბაღები, ტაძრები, სახლები და სასახლეები მომხილველებს ელის. ვერცხლისფრად მოჩრდილულ კლდოვან ნაპირზე მდინარიდან ამოსული წყლის ფერიები ერთობიან, მთვარესავით გრილ მათ საცხოვრისში კი დრო შეჩერებულა – ვერც მიხვდები, წამი დაჰყავი თუ მთელი წელი.

ინტეგრირებული გაკვეთილის სირთულეები

0

როცა სკოლაში მე და ჩემს კოლეგებს გვიწევს ვიფიქროთ ინტეგრირებულ გაკვეთილებზე არა მოვალეობის, არამედ საჭიროების გამო, უამრავი პრობლემა იჩენს თავს. ამ დამაბრკოლებელ ფაქტორებს შორის, რომელთა სახელიც ლეგიონია, უმთავრესია სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილი მასალების არათანმიმდევრულობა, ერთმანეთთან კავშირის უქონლობა ისტორიულ-მეცნიერულ-პოლიტიკურ-ლოგიკურ-ადამიანური კუთხით.

მაგალითად, მერვე კლასში თუ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ძირითადად მეთვრამეტე საუკუნის ლიტერატურა ისწავლება, ისტორიაში სწავლობენ შუა საუკუნეებსაც, პირველ მსოფლიო ომსაც.

შესაბამისად, მოსწავლეს უჭირს კავშირების დანახვა ისტორიულ ფაქტებსა და ტექსტებს შორის, ამის კვალობაზე კი – სასწავლო საგნებს, მეცნიერებებს შორის.

რა დადებითი შედეგი შეიძლება გამოიღოს ინტეგრირებულმა გაკვეთილებმა?

  1. ასეთი გაკვეთილები ეხმარება მასწავლებლებს, ერთად იმუშაონ, ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და იდეების გაზიარების გზით უკეთესად დაგეგმონ კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევის გზები;
  2. უმჯობესდება კათედრებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა;
  3. მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ პროფესიულ ცოდნას, კონკრეტულ კლასთან, ცალკეულ მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპებს და პრიორიტეტებს;
  4. მოსწავლეები საგნებსა და მოვლენებს უფრო ფართო ჭრილში ხედავენ და არა ერთი დისციპლინის გადმოსახედიდან.

ინტეგრირებული გაკვეთილების კიდევ არაერთი დადებითი მხარე შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, ბოლოს როდის ჩავატარეთ ის, უფრო სწორად, როდის მოგვცა სახელმძღვანელოებმა, კონკრეტული კლასების სასწავლო გეგმით გაწერილმა პროგრამამ ამის შესაძლებლობა.

საბაზო და საშუალო საფეხურებზე სასწავლო მასალებს არც ერთ კლასში არ აქვს ერთმანეთთან ლოგიკური კავშირი. როდესაც მერვეკლასელებს ილია ჭავჭავაძისა და ვესაუბრები, თერგდალეულების შესახებ, ისტორიაში ეს პერიოდი ჯერ არ აქვთ შესწავლილი და დამუშავებული – იმ დროს საფრანგეთის რევოლუციას ან ჟან ფრანსუა შამპოლიონის მიერ ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ამბავს სწავლობენ.

მერე გვიკვირს, რატომ არ იწვევს ინტერესს კონკრეტული მხატვრული ტექსტები, რატომ უჭირთ მოსწავლეებს ლოგიკური მსჯელობა, არგუმენტირებული ესეების წერა, ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება და მოსაზრებათა დაცვა ან უარყოფა. უჭირთ იმიტომ, რომ საერთო სურათს სამყაროს შესახებ არ ვაწვდით – ვაძლევთ დაშლილ ფაზლს, რაც ასევე არ იქნებოდა პრობლემა, მას რომ უამრავი ნაწილი არ აკლდეს ან სხვა ფაზლის ფრაგმენტები ჰქონდეს დამატებული…

ილიას „ორიოდე სიტყვა“ როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი

0

ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობაივერიისფურცლებიდან

 ახალს ვერაფერს ვიტყვი ამ თემაზე, მაგრამ მაინც უნდა მეთქვა: მარად ახალი, ფერუცვლელი, თანამედროვე და სახელმძღვანელო პრინციპებით მასაზრდოებელი იდეოლოგია უკვდავ შემოქმედებასთან ერთად ქართველი ერისა და ჩვენი ახალი თაობებისთვის ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობაა. სასკოლო პროგრამაში თითქმის ყოველ საფეხურზე ვსწავლობთ ილიას ტექსტებს. ეს ის ავტორია, რომელთან მიბრუნებაც მუდამ გვიწევს მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც. ლექსები, მოთხრობები, პოემები… მაგრამ არანაკლებ ღირებული და გონების მასაზრდოებელია მისი პუბლიცისტიკა. ამ საქმეს ხომ მთელი ცხოვრება შეალია… მაცოცხლებელი იდეების გავრცელება მიძინებული ეროვნული თვითშეგნებით სნეულ საზოგადოებაში, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ბრძოლის გზის ჩვენება, როგორც თავად თქვა ცნობილ ლექსში:

„ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, – მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ“.

ალბათ არავის ქართულ საზოგადო სარბიელზე არ გაუკეთებია ისეთი ამბიციური განაცხადი, როგორიც ილიას. თუნდაც ეს სიტყვები რად ღირს: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“. არ ღალატობდა რწმენა, რომ კალმით ბოროტების დამარცხება შეეძლო. არავის კალამს ისე ეფექტურად არ გაუკეთებია ეს, როგორც მისმა მახვილივით მჭრელმა კალამმა მოახერხა.

რამდენად სარწმუნოა, რომ ერთმა წერილმა საზოგადოებრივ ასპარეზზე წესრიგი და აზროვნება შეცვალოს და სათავე დაუდოს ისეთ სიახლეს, რაც შემდეგ ქმედით და უალტერნატივო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობად გარდაიქმნება? დიახ, ეს შეძლო ერთმა წერილმა, რომელსაც ილიამ დაარქვა უცნაური სახელი: „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“.

არ დაგვავიწყდეს: წერილი 1860 წლის 5 ნოემბერს დაწერა 23 წლის ჭაბუკმა. ჟურნალმა „ცისკარმა“ ის თავის მეოთხე ნომერში გამოაქვეყნა და შემდეგ 2-3 წელი მამათა და შვილთა ცნობილი დაპირისპირება აისახებოდა მის ფურცლებზე, რომელიც 1863 წელს შეწყდა, 1871 წელს კი კვლავ განახლდა ილიას ცნობილი გამოცანებით. 1863 წლიდან ილიამ თერგდალეულთა იდეოლოგია ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გადაიტანა, ხოლო მოგვიანებით, 1877-იდან – „ივერიაში“, რომელსაც ხან გაზეთად, ხან კი ჟურნალის სახით გამოსცემდა. თუ სადმე ოდესმე პრესას და პუბლიცისტიკას გადამწყვეტი როლი შეუსრულებია საზოგადოების განვითარებაში, ეს უპირველესად ითქმის ილიას რედაქტორობით გამოცემულ პერიოდიკასა და მისი ხელმოწერით გამოქვეყნებულ სტატიებზე. ცარისტული იმპერიის სასტიკი ცენზურის პირობებში, როცა ოფიციალურად დანიშნული ცენზორი იჯდა და ანადგურებდა ინტელექტუალურ პროდუქტებს (გავიხსენოთ ლუკა ისარლოვი, რომელიც სისხლს უშრობდა ილიას და ეს უკანასკნელი ხშირად რედაქციის თანამშრომლებსაც კი უგზავნიდა, რომ მისი ქირურგის სკალპელივით დაუნდობელი კალმისგან ეხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაფიქრალ-ნააზრევი). კლდესავით ურყევმა რწმენამ, რომელსაც ილია ქართველი ერის წარსულში ხედავდა („ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად – ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი“, – ნაწყვეტი წერილიდან „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“), მის ნააზრევშიც აღმართა ახალი საყდარი, რომელიც გარდამტეხი ეპოქის საყრდენად იქცა. 1861 წელს პეტერბურგიდან მომავალ 24 წლის ილიას უკვე გააზრებული ჰქონდა, სახელმწიფოებრიობადაკარგული და სრულ წყვდიადში მოქცეული საქართველო როგორ უნდა აღედგინა ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ შემოეკრიბა პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული თანამებრძოლები და როგორ გაეღვივებინა მიძინებული ეროვნული თვითშეგნება. ის განმანათლებლად მოევლინა თავისი და მომავალი ეპოქების საქართველოს იმ გაგებით, რომ, გარდა უმნიშვნელოვანესი მხატვრული ტექსტებისა, თავისი საქმიანობით, უპირველესად კი პუბლიცისტიკით, საზოგადოებას შესთავაზა თანამედროვე, ახლებური აზროვნება, ეროვნული პრობლემატიკის ანალიზისა და გადაწყვეტის გზები. ეს მთელი იდეოლოგიაა, მთელი დოქტრინა, რომლითაც ჩვენი საზოგადოება დღესაც ხელმძღვანელობს და აქტუალობას ალბათ არასდროს დაკარგავს.

1879 წლიდან ყოველთვიურ ჟურნალ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე რეგულარულად ბეჭდავდა ნოვატორული პუბლიცისტური ჟანრის წერილებს, რომლებიც დასათაურებული იყო, როგორც „შინაური მიმოხილვები“. ამ წლების განმავლობაში დაიბეჭდა 30 ასეთი წერილი, რომლებშიც ილიასთვის დამახასიათებელი ბასრი ხელწერით შუქდებოდა მისი თანამედროვე საქართველოს ყოფის ყველა აქტუალური პრობლემა – ეროვნული თვითგამორკვევითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაწყებული, საქალებო სკოლაში გამართული ქალთა კრების ან სამედიცინო საზოგადოებაში ავჭალის წყლის საკითხებისადმი მიძღვნილი შეკრების გაშუქებით დამთავრებული.

ილიამ საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო საზოგადოებაში არსებული პრობლემების არსში წვდომითა და ანალიზით. მას მიაჩნდა, რომ „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანებს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“. ისტორიის ერთობაში, სავარაუდოდ, ილია გულისხმობდა დროთა კავშირს. იგი არაერთგან იმოწმებდა ლაიბნიცის ცნობილ სენტენციას: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. მისი ცნობილი წერილი „აი, ისტორია“ სწორედ ამას გვეუბნება, რომ ერის დაბერება, რომელსაც რუსულ ჟურნალ „სევერნი ვესტნიკის“ ერთ-ერთი ავტორი გვაცნობდა როგორც ქართველი ერის პრობლემას, აბსურდული იყო, რადგან ილიას აზრით, სიძველე ერს კი არ აბერებს, არამედ აძლიერებს, ეროვნულ ენერგიას მატებს. ერებს შორის ზოგი ადრე გამოსულა საიასტორიო ასპარეზზე და ზოგიც გვიან, ბევრი აღგვილა პირისაგან მიწისა და ამის მიზეზი სიბერე კი არ ყოფილა, არამედ „შინაურ საქმეთა მოუწყობლობა“ და მტერთა ძლევა. სწორედ ამიტომ ილიას „ისტორიის ერთობა“ ესახებოდა ქართველი ერის ჩამოყალიბების ყველაზე არსებით და მნიშვნელოვან ფაქტორად. მწერალი ქართველობას უხსნიდა, რომ წარსულის ისტორიული გაკვეთილები ერმა სწორად უნდა გაიაზროს და გამოიყენოს მერმისის ასაშენებლად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განმტკიცების გზაზე.

ეროვნული პრობლემების გააზრების საუკეთესო მაგალითი იყო აჭარის საკითხის წინ წამოწევა. ერთ-ერთ „შინაურ მიმოხილვაში“ ილია დაწვრილებით აანალიზებდა აჭარის პრობლემას და მიაჩნდა, რომ ამ კუთხის ეროვნული საფრთხეები განაპირობა არა რელიგიურმა საკითხმა, არამედ რუსულ-ოსამლური დაპირისპირების პოლიგონად ამ კუთხის ქცევამ, რამაც გააჩინა მოსახლეობის აყრის და ოსმალეთში გადასახლების საფრთხე. ილია ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს ასე ხედავდა: აჭარის შემოერთების პროცესში აჭარელთა შორის განათლების გავრცელების საკითხს ანიჭებდა უპირატესობას, მეორე ადგილზე კი აყენებდა დანარჩენი საქართველოს მობილიზებას აჭარელთა თანადგომისთვის. ილია ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, კინტრიშის მაზრის, ქობულეთის და მთელი აჭარის მოსახლეობის სატკივარისთვის მიეხედა, მაგრამ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით დანარჩენ ქართველობას მიმართავდა, გამოეჩინათ სოლიდარობა, მონოლითური ეროვნული სულისკვეთება, ქველმოქმედების ნება და ერთობლივად გადაეჭრათ აჭარელთა სოციალური პრობლემები. ილიას აზრით, გაჭირვებულ აჭარელთა დახმარება მთელი ერის მოვალეობა იყო და სოლიდარობა ინდივიდუალურ სიკეთემდე სწორედ ამიტომ არ დაიყვანებოდა. ერს უნდა გაეაზრებინა, რომ საზოგადო სატკივარს ეროვნულმა მთლიანობამ უნდა უწამლოს, თორემ ცალკეული პიროვნული ინიციატივები ვერ ამოწურავდა მთელი კუთხის საზრუნავს.

ერთ-ერთ მიმოხილვაში ილია კანონისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას ეხებოდა. ის წერდა: „ჩვენში კანონი თუ იბადება, ოთხ კედელ შუა იბადება და ზოგჯერ ისე მოუხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებას, როგორც კაცს – სხვის ტანზედ შეკერილი ტანისამოსი“. საკითხავი ეს იყო: რატომ ხდება კანონი საძულველი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის სავსებით გონივრულია? ამის მიზეზად ილიას განათლების დეფიციტი, მოქალაქეობრივი კულტურის დაბალი დონე და თვითნებობა მიაჩნდა. კანონმორჩილება მაღალგანვითარებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თვითშეგნებაა და ის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეიძინოს საზოგადოებამ, რადგან უამისოდ შეუძლებელია მწყობრი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების მშენებლობა.

მიუხედავად მეცხრამეტე საუკუნეში მომხდარი პოზიტიური ძვრებისა, ილია ეჭვქვეშ აყენებდა „ისტორიის პროგრესს“ და, ჩემი აზრით, ეს სკეფსისი განპირობებული იყო იმით, რომ ქართულმა საზოგადოებამ ისტორიის გაკვეთილები გონივრულად ვერ გაიაზრა. მეოცე საუკუნის პირველ დღეს ილია შეხვდა წერილით „მეცხრამეტე საუკუნე“, სადაც ის გასული საუკუნის მიერ მოტანილ ყველა სიკეთეს, სიახლესა და პროგრესს ხაზს უსვამდა, მაგრამ აქვე მიუთითებდა, რომ მიუხედავად ადამიანური ყოფის გაუმჯობესებისა, ბედნიერება მაინც შორს იყო, რომ ახლა ზღვარი ძლიერსა და უძლურს შორის კიდევ უფრო ღრმა და საგრძნობი გახლდათ და რომ მეცხრამეტე საუკუნე მეოცე საუკუნეს უანდერძებდა, აეღორძინებინა მეცნიერება, ადამიანის გონების წინსვლა და ზნეობის აღმატება მოეტანა. ილიას სკეფსისი უიმედობისა და მარცხის განცდიდან კი არ იღებდა სათავეს, არამედ რეალობის ობიექტურ აღქმაზე, იმედიანი, მაძიებელი, ახალი საუკუნის მიმართ მომთხოვნ პოზიციაზე მეტყველებდა.

ილია ქართველ ხალხს სთავაზობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეებს, ეწეოდა მათ პროპაგანდას, ამხელდა იმ პირებს, იმ მოვლენებს, რომელნიც ხელს უშლიდნენ ქვეყნის განვითარებას, ეწეოდა საჭირბოროტო ეროვნული, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პრობლემატიკის კვლევას, მონიტორინგს, იქვე გვთავაზობდა მათი გადაწყვეტის გზებს. ის მიმართავდა იმპერიულ ხელისუფლებას, შეემსუბუქებინა მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის ტვირთი, გადასახადები, დაენერგა ახალი, ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივები. ცდილობდა, რუსეთსა და ევროპაში შემოსული სასიკეთო ნოვაციები გაეცნო ქართველი ხალხისთვის. ის შეუსვენებლად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მძლავრი საგანმანათლებლო სისტემის შექმნისთვის აუცილებელ პროცედურებს, მოითხოვდა საზოგადოების აქტიურობას ქართული სკოლების, სემინარიების, გიმნაზიების, ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების, ქართული თეატრისა და პრესის შენახვისა და განვითარებისთვის ბრძოლაში.

ცნობილი წერილი „ორიოდე სიტყვა…“ იყო ახალი ეპოქის დასაწყისი, რომელმაც შემდეგ გაგრძელება პოვა „საქართველოს მოამბისა“ და „ივერიის“ ფურცლებზე. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სწორედ ამ გამოცემების ფურცლებზე დუღდა და კეთილი ალქიმიკოსივით ხარშავდა საოცნებო კვინტესენციას, რომელსაც ყველანაირი ეროვნული სატკივრისთვის უნდა ეშველა.

რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეს წერილი და მასში გაჟღერებული იდეები? ამ კითხვას უპასუხებს მცირე რესურსი, რომელიც, ვფიქრობთ, მასწავლებლებს და მოსწავლეებს ხელს შეუწყობს ილიას პუბლიცისტიკის მნიშვნელობის გააზრებაში.

(იხ. პრეზენტაცია)

ილიას ორიოდე სიტყვა

წერილები ასტრიდ ლინდგრენისგან

0

ყველას გამოგვივლია ბავშვობისა და მოზარდობის მძიმე წლები, როცა წარმოდგენა არ გვქონდა, როგორი იყო სამყარო, რას გვიმზადებდა მომავალი, სად ვიპოვიდით სიმშვიდეს და როგორი იქნებოდა ცხოვრება სკოლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა ალბათ ბევრისთვის უდარდელი ხანაა და ყველაზე ტკბილი მოგონებები ბავშვობიდან მოდის, ადამიანის ცხოვრების ამ ადრეულ წლებს თავისი სირთულეებიც ახლავს. ვის არ გგონებიათ თავი 12 წლის ასაკში ყველაზე შეუხედავი, ვის არ გიფიქრიათ, რომ თქვენზე სულელი ქალაქში არავინ დადის და არავის უყვარხართ, მშობელ დედასაც და მამასაც კი.

ჩემს ბავშვობას მრავლად ახლავს მსგავსი მოგონებები, მაგრამ მიუხედავად ამ თუ სხვა სირთულეებისა, გვერდით მყავდა ძალიან ახლო და ძვირფასი მეგობარი, დეიდა ასტრიდი და მისი უკვდავი პერსონაჟები. მე ძალიან მიჭირს ვიპოვო ვინმე, ვის ბავშვობაშიც ფეხი არ შეედგას ამ საოცარ შვედ ქალს თავისი დაუვიწყარი ისტორიებით და ონავარი პერსონაჟებით. გიყვარს თუ არა ლიტერატურა, კარგი ადამიანი ხარ თუ ცუდი, ბანკის ოფიცერი ხარ თუ მსახიობი, ყველას ცხოვრებაში იყო ასტრიდი, მაგრამ ზოგ ადამიანს იმაზე მეტად გაუმართლა, ვიდრე დანარჩენებს. ერთ-ერთი ასეთი იღბლიანი ადამიანი სარა შვარტია, რომელიც გარდა იმისა, რომ  კითხულობდა ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს, ასევე წერილებს იღებდა ავტორისგან წლების განმავლობაში.

ცნობილი ფაქტია, რომ ასტრიდ ლინდგრენი არავის ტოვებდა უპასუხოდ, ის ყოველთვის პოულობდა დროს, პასუხი გაეცა ყველა მისი თაყვანისმცემლისთვის. წერილები დასტებად მისდიოდა მწერალს, მაგრამ ქალი მაინც ახერხებდა გული არავისთვის დაეწყვიტა, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ასაკში არ შევიდა. ამის შემდეგ მხოლოდ სტანდარტული შაბლონით შემოიფარგლებოდა.

სარა შვარტიც ერთ-ერთი ჩვეულებრივი შვედი გოგონა იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა მისი ქვეყნის გამორჩეული ავტორის წიგნები და ოცნებობდა მსახიობობაზე, უნდოდა პეპის და სხვა ცნობილი პერსონაჟის როლები ეთამაშა ეკრანიზაციებში და სწორედ ამიტომ მისწერა ასტრიდს. მათი მიმოწერა თითქმის ოცი წელი გაგრძელდა. სარამ თავისი საყვარელი ავტორისგან ორმოცამდე წერილი მიიღო და სხვადასხვა დროს ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში „პეპი გრძელიწინდას“ და „სახურავის ბინადარი კარლსონის“ ავტორმა.

გიფიქრიათ, რა შეიძლება დაგემართოთ 14 წლის ასაკში, თქვენი საყვარელი მწერლისგან წერილი რომ მიიღოთ. თან წერილიც არის და წერილიც. ერთ-ერთ წერილში ასტრიდი პატარა სარას არწმუნებს, რომ მასზე ლამაზი გოგო ცოტა უნახავს და არასდროს იფიქროს, რომ შეუხედავია. ასტრიდი ყველა წერილში გულისყურით ეკიდება გოგონას პრობლემებს, აძლევს რჩევებს დაუნანებლად და ყველა სიტყვას ფრთხილად არჩევს, ზრუნავს გოგონას ფსიქიკაზე და არასდროს მალავს განსაკუთრებულ სიმპათიას მის მიმართ.

წერილების კრებული „შენს წერილებს ბალიშის ქვეშ ვინახავ“, რომელიც 2012 წელს, ასტრიდი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გამოიცა შვედეთში, ქართულად გამომცემლობა ინტელექტმა თარგმნა (მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე). წიგნში თავმოყრილია 1971 წლიდან 2002 წლამდე დაწერილი წერილები. სარა შვარტი 11 წლის იყო, როცა წერილების წერა დაიწყო, ხოლო ასტრიდი 53 წლის. წიგნში ასტრიდი ჰყვება, როგორ წერს თავის ძალიან ცნობილ რომანებს, „ძმებ ლომგულებს“ და „ყაჩაღის ასულ რონიას“, პატარა გოგონას უყვება, რას ნიშნავს, როცა ცნობილი ადამიანი ხარ; ისინი ძალიან ღიად მსჯელობენ ბევრ საკითხზე.

გარდა იმისა, რომ წიგნი ძალიან ძვირფასი შეიძლება აღმოჩნდეს ლინდგრენის მოყვარულებისთვის, ასევე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძალიან დროული და მნიშვნელოვანია ჩვენი მასწავლებლებისთვის, რადგან წერილებში ძალიან კარგად ჩანს, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს, როგორ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და რა უმჯობესია, დავარიგოთ ჭკუა და დავმოძღვროთ, თუ ვიყოთ მათი მეგობრები და უბრალოდ მოვუსმინოთ.

ასტრიდი რჩევებს არ ინანებს პატარა გოგონასთვის, კითხულობს ყველა მის წერილს, ეხმარება მორალურადაც და ფინანსურადაც და ჩვენც, მკითხველები თვალს ვადევნებთ წერილებს შორის როგორ იზრდება სარა და რა გავლენას ახდენს მასზე დეიდა ასტრიდის სიტყვები.

ასე რომ, თუ გაინტერესებთ, რა ხდება დიდი ავტორების წიგნებს მიღმა და როგორები არიან ისინი რეალურ ცხოვრებაში, აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი დიდ სიყვარულზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დააფასებთ ასტრიდ ლინდგრენს. ერთია, როცა ხარ კარგი საბავშვო მწერალი, დაწერილი გაქვს უამრავი წიგნი ბავშვებისთვის და შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და სხვა არც არაფერი გააკეთო და მეორეა, როცა შეგიძლია იყო ძალიან კარგი მეგობარი პატარა ადამიანებისთვის, იცოდე რა ხდება მათ გულში და იპოვო დრო და ენერგია მათთვის.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის საუკეთესო ათეული ცნობილია !

0

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის საუკეთესო ათეული ცნობილია !

 ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” გილოცავთ  საუკეთესო ათეულს!

შემოქმედების ადაპტირებული მეთოდების გამოყენება სწავლის დაწყებით საფეხურზე

0

ახალი სტანდარტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში მიმართულია მოსწავლეთა შემოქმედებითი  და კრეატიული  აზროვნების გააქტიურებაზე,  რომელიც  ხელს უწყობს საგნობრივი კომპეტენციების დაუფლებას.  თავის მხრივ ინტეგრირებული სწავლება  შემოქმედობითობისა და  კრეატიულობის განვითარების მნიშნელოვანი ფაქტორია. მასწავლებლის ამოცანაა შექმნას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და მოსწავლის პიროვნულ, სოციალურ-ემოციურ  მოთხოვნილებებსა  და სასწავლო ამოცანებს შეუხამოს სწავლების სტრატეგიები და მეთოდები.

დაწყებით საფეხურზე, V-VI  კლასებში ხდება საზოგადოებრივი მეცნიერებების   ბაზისური  შინაარსისა და უნარების დაუფლება. ამ დროს მოსწავლეებმა  მსოფლიო კონტექსტში უნდა გაიაზრონ  საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები; უნდა გაეცნონ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად ასპექტებს, მათ შორის შრომის ბაზარს, გააცნობიერონ ეკონომიკური გამოწვევების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს საკუთარი ქვეყნის ინტეგრაციას გარესამყაროსთან. ეს უნდა მოხდეს  ნაბიჯ-ნაბიჯ და  საფეხურებრივად. ამის მისაღწევად  მათ სხვადასხვა სახის წყაროები და მეთოდური მიდგომები უნდა შევაშველოთ, რაც ამ ასაკისთვის ინფორმაციის შესაფერისი სიღრმის განსჯისა და წვდომის საშუალებას მისცემს.

 

ფაქტია, მდგრად  განვითარებასა  და უწყვეტ  განათლებაზე  ორიენტირების პირობებში მსგავსი ცოდნისა და უნარების დაუფლებაზე ზრუნვას დიდი  პიროვნული მნიშვნელობა აქვს მოსწავლისათვის. თუმცა მსგავსი საკითხების შესწავლამდე მოსწავლემ  უნდა გაიგოს:

  • ადამიანის ცხოვრებაში შრომის როლისა და მნიშვნელობის რაობა;
  • უნდა გაეცნოს სულ ცოტა ისეთი ცნების შინაარსს, როგორიცაა „შრომა“ და  „შრომის პროცესი“;
  • გაეცნოს შრომის სახეობებს;
  • გააცნობიეროს შრომის ღირებულება;
  • ჩამოუყალიბდეს სათანადო დამოკიდებულება შრომითი საქმიანობის მიმართ;
  • გაიაზროს, რომ ადამიანთა საზოგადოების ისტორია ადამიანთა კოლექტიური შრომის შედეგია და რომ სოციალურ უნარებს, კომუნიკაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობა  აქვს შრომით  პროცესში წარმატებისთვის;
  • რომ შრომის გარეშე საკუთარი ქვეყანა და მისი საზოგადოება სათანადო ადგილს ვერ დაიმკვიდრებს მსოფლიო საზოგადოებაში;
  • და რომ ყველაფერი საკუთარი „მე“-ს, როგორც  „მშრომელი ადამიანის“  საქმიანობაზე, მის პასუხისმგებლობაზე და პროფესიონალიზმზეა  დამოკიდებული.

ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით მასწავლებელს შეუძლია დაანაწილოს მოსწავლეთა   კრეატიული საქმიანობა და შემოქმედების ადაპტირებული მეთოდებითა და  სხვადასხვა დონის, სხვადასხვა სირთულის პრობლემური სიტუაციების, სააზროვნო მოქმედებების, ღია თუ დაფარული წინააღმდეგობების, ცოდნის კონსტრუირებისათვის აუცილებელი შემოქმედებითი ამოცანების  შეთავაზებით მიაღწიოს შედეგს, რომლის დროსაც  ყოველი ახალი დონე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს შემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილებისა და ცოდნის დაუფლებისკენ.

მუშაობის საწყის, I დონეზე (მოტივაცია) მასწავლებელი  ძირითადად მიმართავს გონებრივი იერიშის მეთოდს და კლასს ამუშავებს ცნება „შრომითი საქმიანობის“ გააზრებაზე. მოცემული აქტივობა  შეიძლება დაიყოს  ცალკეულ საფეხურებად:

  1. საფეხური – მასწავლებელს შეუძლია სიტუაციური ამოცანების შეთავაზება მოსწავლეებისათვის, მაგალითად: „ორი თაგვი ჩავარდა რძიან ვედროში. ერთი დაიხრჩო, მეორემ იმდენი შეძლო, რომ რძე დახვრიპა და ბოლოს ვედროდან ამოძვრა“. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: „რაზეა ეს  ისტორია?“

მოსწავლეთა შესაძლო პასუხები:

  • „მცდელობაზე, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე“…. „რომ არასოდეს არ უნდა ჩაიქნიო ხელი“…. „უნდა სცადო, იშრომო და შეძლებ“ და სხვ.

მასწავლებელს  შეუძლია დააზუსტოს პირველი შეკითხვა: „რა მოხდებოდა, რომ ორივე თაგვს ერთად ემუშავა?“

მოსწავლეთა შესაძლო პასუხები: „ისინი გაცილებით მალე ამოძვრებოდნენ“… „ორივენი გადარჩებოდნენ“..

მასწავლებელი: „ყოჩაღ, ბავშვებო, პასუხები სწორია, შრომა მართლაც რომ ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“.

ამოცანის განხილვისას მოსწავლეები ისაუბრებენ იმაზე, რომ შრომა ცხოვრების საფუძველია, რომ ისტორიულად ადამიანის ცხოვრება და მისი განვითარება შრომასთან არის დაკავშირებული და ა.შ.

  1. საფეხური – მოსწავლეები განიხილავენ ვიზუალურ მასალას, მაგალითად   ნ. ფიროსმანის ნახატებს, რომელთა მიხედვით მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ მასწავლებლის  შეკითხვებს:
  • თქვენ რომ მხატვრები იყოთ, როგორ დაასათაურებდით ნახატებს?
  • რა საქმიანობას ეწევიან  ნახატებზე გამოსახული ადამიანები?
  • აღწერეთ სურათები.

ნახატებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები განმარტავენ ცნება „შრომას“ და განხილვისას გამოყოფენ იმ ნიშნებს, რაც, მათი აზრით, მეტ-ნაკლებად საინტერესოდ მიიჩნიეს.

 

  1. საფეხური – მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ცნებაზე „შრომა“ ააგონ ასოციაციური ჯაჭვი. მოსწავლეები რიგრიგობით ასახელებენ სიტყვას, მასწავლებელი კი ჩამოწერს მათ დაფაზე. დავალების შესრულების ბოლოს დაფაზე გამოისახება სქემატური ჯაჭვი, რომელიც, კლასის აზრით, დაკავშირებული იქნება ცნება „შრომასთან“.

 

  1. საფეხური – მოსწავლეები განსაზღვრავენ, ჯაჭვის რომელი ნაწილი, ანუ რომელი ცნება გამოხატავს ყველაზე მეტად ცნებას – „შრომა“. მოსწავლეები ასევე ასახელებენ სიტყვას, რომელიც, მათი აზრით, გახდება  ცნების, „შრომა“,  ნაწილი;
  2. საფეხური – სავარჯიშოს ბოლოს შესაძლებელია გარკვეული კონცეფციის აგება მოცემულ ცნებასთან დაკავშირებით – კლასი თანხმდება, თუ რას ნიშნავს ცნება „შრომა“ და „შრომითი საქმიანობა“. ამ ეტაპზე მოსწავლეებს შეაქვთ გარკვეული კორექტივები თავდაპირველ ვერსიაში.

 

  1. საფეხური – მოსწავლეები რვეულებში იწერენ ცნების განმარტებას.

 

გონებრივი იერიშის შემდეგ, მუშაობის II დონეზე (ექსპერიმენტი): მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ჯგუფურ სამუშაოს: ჯგუფებმა უნდა შეარჩიონ ტერმინები, რომლებიც ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი შრომითი საქმიანობისათვის. ამისათვის მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ სახელმძღვანელოს ტექსტსა და ილუსტრაციებზე. ამზადებენ პასუხს კითხვაზე: რას ნიშნავს „ნაწარმი“, რას ნიშნავს „მომსახურეობა“, რა განსხვავებაა  მათ შორის და „რა იქმნება შრომის შედეგად?“

III დონეზე (თეორიული ნაწილი): მასწავლებელი მოუთხრობს მოსწავლეებს შრომის  დანიშნულების შესახებ ადამიანის ცხოვრებაში და სთხოვს მათ, დაასახელონ, რომელ პროფესიებს იცნობენ ან რის დაუფლებას აპირებენ მომავალში;

IV დონეზე  (ინტელექტუალური ჭიდილი): მოსწავლეების დავალებაა, მოიფიქრონ, როგორი იქნებოდა ის რეკლამა, რომლითაც საზოგადოებას გააცნობდნენ თავიანთ მომავალ პროფესიას. დავალების შესრულების ფორმას მოსწავლეები თავად ირჩევენ.

 

V  დონეზე (რეფლექსია/შეჯამება) მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

  • რისთვის უნდა მიგვეღწია გაკვეთილის დასაწყისში?
  • როგორ მიაღწიეთ დასახულ მიზანს?
  • რა იყო ისეთი, რაც არ იცოდით და გაიგეთ?
  • რისი გაკეთება შეგეძლოთ უკეთესად?
  • რა რჩევას მისცემდით თქვენს თანატოლებს?

და სხვ.

 

შემოქმედების  ადაპტირებული  მეთოდებით, საფეხურეობრივი და დიფერენცირებული მიდგომებით, კონსტრუქტივიზმითა და თანამშრომლობით მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ ადამიანთა გამოცდილების მრავალფეროვნებას, ნათლად წარმოიდგენენ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებს თუ ცალკეულ დეტალებს, შეძლებენ გაიაზრონ, რაც უკვე იცოდნენ, ან ახლა გაიგეს საკუთარ თავზე, როგორც პიროვნებაზე, მოქალაქესა და საზოგადოების წევრზე.

 

კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული  დავალებები და შემოქმედების ადაპტირებული მეთოდები დასახული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხალისსა და ინტერესს ჰმატებს გაკვეთილს, ხელს უწყობს ეფექტურ კომუნიკაციას და მაღალ შედეგებზე გაჰყავს მოსწავლეები.

 

 

 

 მასწავლებლის რჩევები: როგორ ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია?

0

სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა არ არის მარტივი ამბავი. წიგნის – „კლასის მასწავლებელი“ – ავტორი ნინა ჯექსონი ბრიტანელი პედაგოგი და განათლების საერთაშორისო ექსპერტია.  მას შეუძლია სწავლით არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების დაინტერესებაც. ახალ წიგნში ის სწორედ იმ პრობლემებს განიხილავს, რომლებსაც მასწავლებელი ყოველდღიურად აწყდება: მოსწავლეებს არ უნდათ სწავლა, კონსერვატორი კოლეგებისთვის მიუღებელია სწავლების ახალი მეთოდები, შელახულია მასწავლებლის იმიჯი, საზოგადოება კი მის შრომას არასათანადოდ აფასებს.

ნინა ჯექსონს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის თანამშრომლობს იუნესკო-სთან და იუნისეფ-თან, ბევრს მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და უყვება მასწავლებლებს, როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს მტკივნეული პრობლემების გადაჭრაში. ის კონსულტაციებს უწევს უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებლებს, მისი სამაგისტრო ნაშრომი კი მუსიკის საშუალებით სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას ეძღვნება.  ნინა ჯექსონის რჩევები განსაკუთრებით ღირებულია დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის, ვინც აქტიურად არის ჩართული სწავლების პროცესებში. გთვაზობთ მცირე ამონარიდს მისი ახალი წიგნიდან „კლასის მასწავლებელი“:

„სკოლაში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, როდესაც ერთმა ძალიან სასაცილო ბიჭუნამ მითხრა: „თქვენ, ეტყობა ახალმოსული ხართ, ხო? აი, რას გეტყვი… მე წერა არ მჭირდება, მე დრამერი ვარ!“ და ეს სიტყვები ოცდახუთი წელია გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი. ამას ჰქვია, იცოდე, რა იწვევს ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ინსტრუმენტზე დაკვრა! და არა მართლწერა! ყოველ შემთხვევაში, ამ ბავშვის შემთხვევაში ასეთი იყო.

ამიტომ, ვიდრე ას საუკეთესო რჩევას წავიკითხავთ, როგორ ვიმუშაოთ სწავლების მოტივაციის ამაღლებაზე,  უნდა გავიაზროთ თეზისი, რომელიც პირადად მე ამ საკითხში გადამწყვეტად მიმაჩნია: იმისათვის, რომ ბავშვი სწავლით დავაინტერესოთ, კარგად უნდა ვიცნობდეთ მას.

თქვენ – მასწავლებელმა და მოსწავლეებმა – ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ და შრომითი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ. მაშინ მოსწავლეები კმაყოფილნი იქნებიან თავიანთი ცხოვრებით და პიროვნულად განვითარდებიან, რაც, ბუნებრივია, მათ შინაგან მოტივაციაზეც აისახება.

როგორი მოსწავლე აღარ არსებობს, ყველას თავისი ხასიათი აქვს, თავისი სასწავლო მოთხოვნები. და საერთო სასწავლო პროგრამიდან თითოეულს უნდა შევურჩიოთ სწორედ ის, რაც მის მოთხოვნებს მიესადაგება. ვიღაცას მოსწონს საკუთარი შესაძლებლობების  ჩვენება და მისი ხმაც მაქსიმალურად ისმის, ვიღაცას კი ეს ხმა გამორთული აქვს, მაგრამ თუ თქვენ წააქეზებთ და შეაქებთ – პერსონალურად და დამსახურებულად – ის საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ მოსწავლეებს არ ვაქცევთ ყურადღებას, არადა, ის მათთვის ისევე აუცილებელია, როგორც ჩვენი უშურველი ქათინაურები და მხარდაჭერა.

აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ისხდებიან ბავშვები კლასში. პირადად მე, არასოდეს მივუთითებ მათ, ვინ ვისთან უნდა იჯდეს და ამ საქმეს მათ ვანდობ. ზოგიერთი მასწავლებელი უპირატესობას ანიჭებს კლასში ბავშვების ფიქსირებულ განლაგებას. ნება თქვენია. ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. მთავარია, თვალი ადევნოთ იმას, რომ თქვენმა მოსწავლეებმა იაქტიურონ და სწავლებისგან მაქსიმუმი მიიღონ.

რაშიც ზედმიწევნით ვარ დარწმუნებული, აუცილებელია ხმაურიან ბავშვებთან ზომიერი ურთიერთობა, იმისათვის, რომ მათ თქვენი დრო არ „ამოჭამონ“. თუ ისინი თქვენთან ახლოს ისხდებიან, მოსვენებას დაგაკარგვინებენ და გაიძულებენ მათი ხმაურიანი ეგოც დააკმაყოფილო. გარდა ამისა, სხვა მოსწავლეები იფიქრებენ, რომ გამომწვევ ქცევას მიესალმებით, რადგან ამდენ ყურადღებას უთმობთ.

სხვადასხვა ინდივიდუალური სასწავლო მოთხოვნების ფონზე შეუძლებელია ყველა მოსწავლეს ერთი საზომით მივუდგეთ, საუბარია საშინაო დავალებებზე. მოუფიქრეთ ბავშვებს დიფერენცირებული სავარჯიშოები. მნიშვნელოვანია არა ის, რომ ბევრი დავალება მივცეთ, არამედ ეს დავალება შინაარსიანი იყოს. მაგალითად, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ან განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე ბავშვებისთვის საშინაო დავალების შეასრულება ნაკლებად საინტერესოა. მათთვის შეიძლება მოიგონოთ დავალება, რომელსაც ზეპირად შეასრულებენ.

რაც შეეხება შედარებით მონდომებულებს ან ნიჭიერებს, მათ იტაცებს საინტერესო, განმავითარებელი და არა რიგითი სავარჯიშოები. რაც უფრო კარგად იცნობთ თქვენს მოსწავლეებს, მით უფრო კარგად გესმით, რა შეიძლება იყოს მათთვის მოტივაცია. ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების საშუალებას აძლევთ, ვიღაცისთვის კი – მასწავლებელთან ახლო ურთიერთობა. რაც არ უნდა იყოს, მოტივაციის მხარდაჭრისა და გაღვივებისთვის აუცილებელია მოსწავლეებს მუდმივად ვაწვდიდეთ რაღაც ახალს. თუკი მოსწავლე ერთ ადგილზეა და მოიწყინა, ის სასწავლო პროცესს მანამდე გაეთიშება, ვიდრე თქვენ სიტყვა „ელექტრობას“ ახსენებთ.

ყოველ მოსწავლესთან უნდა გამოვიყენოთ პედაგოგიური მიდგომები, მათ შორის გაქეზება და ქება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენსა და მოსწავლეებს შორის შედგეს სასწავლო დიალოგი, თუნდაც მცირედი. გახსოვდეთ, რომ თოვლში გადადგმული პატარა ნაბიჯიც კი დიდ ნაკვალევს ტოვებს. მოსწავლეების მიერ შესრულებულ სამუშაოში, მიდგომებში სწავლისადმი, პირად მიღწევებში და საერთოდ, ყველაფერში, დადებითი უნდა დავინახოთ.

თუკი ბავშვს ეჩვენება, რომ ვერ ახერხებს საქმის მოგვარებას და ვერ ასწრებს დაგეგმილის გაკეთებას, ნელ-ნელა სხვა ინტერესი გაუჩნდება, მაგალითად, კომპიუტერული თამაშები, რაც საბოლოოდ მშობლების გამოძახებითა და სხვა დისციპლინური პრობლემების მოგვარებით დამთავრდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები ოთხჯერ მეტად უნდა ვაქოთ, ვიდრე ვაკრიტიკოთ.

ასევე აუცილებელია ბავშვებს საკუთარ ქმედებებსა და თავზე პასუხისმგებლობის აღება ვასწავლოთ. ამისათვის ისინი უნდა ხედავდნენ, რომ ჩვენ ვენდობით. ორმხრივი ნდობა „მთვლემარე“ მდგომარეობიდან ნებისმიერ აპათიურ მოსწავლეს გამოიყვანს.

ეცადეთ, აამუშაოთ მოტივაციის ოთხი შემადგენელი ნაწილი:

  1. მოსწავლეებით დაინტერესება – აჩვენეთ მოსწავლეებს, რომ თქვენ, როგორც მასწავლებელს, გაინტერესებთ, თუ რას საქმიანობს თითოეული მათგანი კლასში, რომ თქვენ აფასებთ თითოეულს როგორც პიროვნებას, მათი მოთხოვნების, საჭიროებების, მიღწევების, აკადემიური მოსწრების, ქცევის ან ხასიათის მიუხედავად.
  2. ბიძგი ქმედებისაკენ – შესთავაზეთ ბავშვებს ისეთი საქმიანობა, რომელიც მათში ინტერესს აღძრავს. მაგალითად, კედელზე ჩამოკიდეთ „სასწაულების დაფა“ და თხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოწერონ, რა შეუწყობდა ხელს სწავლაში. თქვენ დაინახავთ, რომ ისინი აუცილებლად დაფიქრდებიან თავიანთ სასწავლო ცდებზე, შემდეგ ჩამოყრიან უამრავ იდეასა და ფაქტორს, თუ რა იმოქმედებდა მათი მოტივაციის გაზრდაზე.
  3. ურთიერთობის მოდელი – საინტერესო საქმიანობის შეთვაზებით განსაზღვრეთ ურთიერთობის რომელი მოდელი მუშაობს საუკეთესოდ. მნიშვნელოვანია, მოძებნოთ ბალანსი ავტორიტარულ კონტროლსა და არჩევნის თავისუფლებას შორის.
  4. უკუკავშირი – ის უნდა იყოს მხოლოდ კონსტრუქტიული და მეგობრული, თანაც ყველასთვის. მაშინ აკადემიური მოსწრებაც გაიზრდება, ბავშვებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ის კი, ვისაც შინაგანად კონფორტული მდგომარეობა აქვს, არ უშინდება არანაირ წინააღმდეგობას!

აი, მოსწავლის გამამხნევებელი სიტყვებისა და გამონათქვამების ჩამონათვალი. წაიკითხეთ და თქვენეული ვერსიაც შეჰმატეთ: „გმადლობთ“, „არაჩვეულებრივია“, „ბრწყინვალეა“, „შესანიშნავია“, „ძალიან მაგარია“, „წარმოუდგენელია“, „აღფრთოვანებული ვარ“, „ჩემს ყველა მოლოდიანს გადააჭარბე“, „ძალიან წარმატებულია“, „როგორ მოახერხე ამის გაკეთება“, „შინაარსი ფანტასტიკურია“, „აუცილებლად მომიყევი ამის შესახებ“.

 

წერილი 1: გაცოცხლებული ფოლკლორი-საგამანათლებლო რესურსი

0

წელს ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე თურქი კოლეგა გავიცანი, რომელიც საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად  და კონტაქტების დასამყარებლად იყო ჩამოსული. მასთან საუბარის შედეგად რამდენიმე საპროექტო იდეა გამიჩნდა. სანამ გიამბობთ, როგორ შევასხით ხორცი ამ იდეას მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, მოკლედ გეტყვით, რომ დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, განსაკუთრებით, ფოლკლორის დაცვას. რატომ? იმიტომ რომ ზეპირსიტყვერების ნიმუშები ხშირ შემთხვევაში უძველესი მასალაა, რომელიც ინახავს საუკუნეების მანძილზე ხალხში დაგროვილ გამოცდილებას. საქართველოში ზეპირსიტყვიერებას მეცხრამეტე საუკუნიდან შეისწავლიან, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქართული კულტურა და, კერძოდ, ფოლკლორული ტექსტები, რუსეთს თავისი იმპერიალისტური მიზნით აინტერესებდა, ამიტომაც ხელს კი არ უშლიდა, პირიქით, ხელს უწყობდა მათი შეგროვების პროცესში ჩართულ ქართველ მამულიშვილებს. ფოლკლორის შეგროვების საქმე გაგრძელდა საბჭოთა პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირსიტყვიერების მეცნიერულ შესწავლას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, მათ ნაკლებად იცნობენ ახალგაზრდები. რადგან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც მოყოლის ტრადიცია ჩაანაცვლა პოლიგრაფიულად მიმზიდველმა გამოცემებმა, მულტიპლიკაციურმა და საბავშვო ფილმებმა. თურქი კოლეგისგან შევიტყვე, რომ თურქულ მხარეს ზღაპრების გაცოცხლების ტრადიციის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ამ მიზნით ისინი მიმართავენ ცნობილ სახეს, პოპულარულ მსახიობს, რომელიც ბავშვების ჯგუფებს ასწავლის ზღაპრებს. ბავშვები აცოცხლებენ ზღაპრებს: ხატავენ მათთვის საინტერესო პერსონაჟებს, ასურათებენ ეპიზოდებს, მოცემულ თემატიკაზე ქმნიან ხელნაკეთებ ნივთებს ხისგან და სხვა მასალისგან, დგამენ სხვადასხვა ფორმატში სპექტაკლებს (იქნება ეს სპექტაკლები ბავშვების მონაწილეობით თუ ჩრდილების თეატრი). სპექტაკლები იმართება რეგიონებში სხვადასხვა დროს, გარკვეული ფესტივალების ფარგლებში, დღესასწაულებზე და სრულდება პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ბავშვები რეგიონებიდან ამ დღეებში სტუმრობენ იმ ქალაქს, სადაც ტარდება ღონისძიებები. ზღაპრების შესწავლის პარალელურად ბავშვებს პროფესიონალი პედაგოგები შეასწავლიან ხატვას, ძერწვას, ხეზე მუშაობას, ქსოვას და სხვა ტიპის აქტივობებს. ამ აქტივობის შედეგად ბავშვები სხვადასხვა მიმართულებით იღრმავებენ ცოდნას, იმდიდრებენ ლექსიკას, თანაც ახალგაზრდებს ეცოდინებათ თავიანთი ქვეყნის ზღაპრები, სწავლობენ საკუთარი კულტურის პატივისცემას. ეს კი ხელს შეუწყობს არამატერიალური კულტურის ძეგლების პროპაგანდას. ამგვარი პროექტის სამიზნე ჯგუფია არა მარტო პროექტში უშუალოდ ჩართული ბავშვები, არამედ მათი მომავალი აუდიტორიაც, რადგან შემდგომში მსგავსი ღონისძიებები სამაგალითო იქნება მომავალი ინიციატივების განხორციელების საქმეში.

როდესაც ეს ამბავი მოვისმინე და ფოტომასალასაც გავეცანი, გადავწყვიტე, მომეძებნა დაინტერესებული მოსწავლე, რომელიც გაიზიარებდა ჩემს ინიციატივას და გააცოცხლებდა ფოლკლორს. ამისთვის დახმარება ვთხოვე ჩემს კოლეგას, ია ღადუას, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და მეხმარება შეძლებისდაგვარად. მან დააინტერესა ერთ-ერთი მეათეკლასელი მოსწავლე, ნინი გოთოშია და ასე ერთობლივად შევუდექით იდეისთვის ხორცის შესხმას. თურმე ნინის ბებია საბჭოთა პერიოდში პიონერთა სასახლეში ფოლკლორის წრეს ხელმძღვანელობდა. როდესაც ნინის ოჯახის წევრებმა შეიტყვეს ინიციატივის თაობაზე, მათ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და ყველანაირ დახმარებას შეგვპირდნენ. პროექტზე მუშაობისას მივხვდით, რომ, ზღაპრების ნაცვლად, აჯობებდა, ნინის პატარა ბავშვებისთვის ისეთი თამაშები ესწავლებინა, რომლებიც აღარავის ახსოვს და მათი გაცოცხლება მართლა ძალიან კარგი ინიციატივა იქნებოდა.

ბავშვთა თამაშები ტრადიციულად გათვლებით იწყება და შემდეგ ფიზიკური აქტივობით გრძელდება. ხანდახან ფიზიკურ აქტივობას ტექსტებიც ახლავს. ეს ტექსტები და გათვლები ფოლკლორისტთა მიერაა ჩაწერილი და შესულია ფოლკლორის კრებულებში. საბჭოთა პერიოდში სპორტის კომიტეტმა, გაზეთი „ლელოს“ დახმარებით, მასშტაბური პროექტი წამოიწყო. მათ აღწერეს და გამოაქვეყნეს საქართველოს ყველა რეგიონში შეკრებილი თამაშები. ნინიმ ბევრი იმუშავა ბიბლიოთეკაში, მოძებნა გაზეთის ის ნომერები, რომლებშიც ქვეყნდებოდა აწ უკვე დაკარგული თამაშები, შეარჩია რამდენიმე საინტერესო თამაში და ასწავლა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. მან ასევე შეარჩია სახალისო გათვლები, ისინიც შეასწავლა პატარებს და, როდესაც საკმარისად დათბა, ბავშვები სკოლის შენობიდან ბუნებაში გაიყვანა და გააცოცხლებინა შესწავლილი რეპერტუარი. პროექტი რომ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, მან მიმართა მუზეუმების გაერთიანებას და თხოვა, ნება დაერთოთ და რეპერტუარის წარმოსადგენად ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორია დაეთმოთ. გაერთიანებამ, რა თქმა უნდა, უარი არ უთხრა სკოლის მოსწავლეს და, როგორც კი დადებითი პასუხი მიიღო, ნინის ოჯახმა დაწყებითი კლასის მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყო და პატარები ღია ცის ქვეშ სათამაშოდ წაიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ, ეს დღე არ დაავიწყდებათ არც მათ მშობლებს და არც სხვა სტუმრებს, რომლებმაც ძალიან მოიწონეს ნინის პროექტი. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ ტრადიციული თამაშები და ამიერიდან, როგორც კი დათბება, ხშირად გავლენ გარეთ და გაერთობიან ამ თამაშებით ჩახუთულ ოთახში ჯდომის ნაცვლად.

პროექტის მიზანი იყო მივიწყებული საბავშვო თამაშების გაცოცხლება. პროექტის ფარგლებში ახალმა თაობამ მივიწყებული თამაშები ისწავლა და, იმედია, უკვე გაზრდილი ბავშვები თავიანთ ცოდნას გადასცემენ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს, მომავალ თაობებს, ამდენად თამაშები აღარ დაიკარგება და მხოლოდ გაყვითლებულ საგაზეთო ფურცლებზე არ დარჩება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი თამაშები ხელს უწყობს ბავშვების ადაპტაციას საზოგადოებაში, ფიზიკური აქტივობები კარგია ჯანმრთელობისთვის, ხოლო ვერბალური რეპერტუარი – მეხსიერების გასავარჯიშებლად. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ტრადიციული თამაშობები ჩაანაცვლა პოპულარულმა თამაშებმა, როდესაც ურბანიზაციამ ბავშვი მოწყვიტა ეზოს, განვითარებულმა ტექნოლოგიებმა კი შეცვალა კომუნიკაციითვის უფრო სასარგებლო აქტივობები, დამეთანხმებით, რომ ტრადიციული თამაშების შესწავლის საქმე ნამდვილად შესაშურია და ფასდაუდებელ საქმეს წამოიწყებთ, თუკი თქვენც გაიზიარებთ ნინის პროექტს და თქვენც შეუერთდებით ამ წამოწყებას. თანაც პროექტი ხომ მიზნად ისახავს განადგურების პირას მყოფი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, რომელიც პოპულარული კულტურის სამიზნეა. ტრადიციული თამაშების გაცოცხლებით ბავშვები ისწავლიან საკუთარი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას და ასე ამაღლდება მათი ცნობიერება ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაველოდებით, როდის გაახსენდება ეს საქმე იმას, ვისაც უნდა გაახსენდეს, ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა და ერთად დავიწყოთ ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, გავაცოცხლოთ ფოლკლორი: როცა დათბება, თამაშების შესწავლა დავიწყოთ, ხოლო ზამთრის მოღუშულ დღეებში ერთად გავაცოცხლოთ ზღაპრები! შეიძლება ჩვენ ისეთი მასშტაბური ღონისძიებები არ გამოგვივიდეს, როგორც თურქებს – მათ ხომ სახელმწიფო ედგათ მხარში, მაგრამ, მოდით, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში არ დავიშუროთ ძალ-ღონე და პირველი ნაბიჯი მაინც გადავდგათ ამ საშვილიშვილო საქმეში.

 

 

მასწავლებელი სოფელ ილმაზლოდან

0

მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოში ორი მხრიდან მოხვდებით: მარნეულის გზითაც და რუსთავი-წითელი ხიდის გზის გავლითაც. ამჯერად ილმაზლოში რუსთავიდან სამარშრუტო მიკროავტობუსს მივყვები ილმაზლოს სკოლის ქართულის მასწავლებელთან თამარ ჩიხრაძესთან ერთად. თამარი მეოთხე წელია ილმაზლოში ასწავლის. ახლა მესამე კლასთან აქვს გაკვეთილი. მეთორმეტესთან მუშაობა ცოტა ხნის დაასრულა და ახლა მისი საატესტატო გამოცდების შედეგებს ელის. გზაში იმ მოსწავლეების შესახებ მიყვება, რომლებიც, იმედი აქვს, საატესტატო გამოცდებსაც წარმატებით ჩააბარებენ და ეროვნულსაც. ერთი მათგანი მარიამ რუსტამოვაა, რომელსაც, როგორც თამარი ამბობს, მტკიცე ხასიათი აქვს, ბეჯითია და ოჯახიც უჭერს მხარს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს. თამარი ფიქრობს, რომ მარიამი უნივერსიტეტში ჩაბარებას არ იკმარებს და როდესაც სოფელში დაბრუნდება, ცვლილებებსაც გამოიწვევს თავის თემში. მგზავრობისას მარიამიც რეკავს და მასწავლებელს ატყობინებს, რომ მათემატიკის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. თამარს მოსწავლეების შედეგები ახარებს, თუმცა გული სწყდება, რომ ზოგიერთი მათგანი წელს ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებს. თუნდაც რაშადი, რომელიც ოჯახის დასახმარებლად თურქეთში აპირებს წასვლას და მუშაობას. თამარს სჯერა, რომ რაშიდი ახლა თუ არა, მომავალ წელს მაინც ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს, მატერიალურად თუ მოძლიერდება.

ქვეყნიდან სამუშაოდ წასვლა და სკოლის მიტოვება არახალია ქართული სკოლებისთვის. როგორც თამუნა ამბობს, მეცხრე კლასიდან ამ მიზეზითაც ხდება მოსწავლეთა გადინება. კიდევ ერთი მიზეზი ნაადრევი ქორწინების პრაქტიკაა, როცა დანიშნულ გოგონას სკოლაში აღარ უშვებენ, ან მოზარდს ნებას აძლევენ, დაამთავროს სკოლა, მაგრამ, რა კარგი მოსწავლეც უნდა იყოს, თბილისში მის გაგზავნას ერიდებიან და ეს პრობლემა განსაკუთრებით გოგონებთან იჩენს თავს. თამარიც ალბათ ამიტომ მიყვება მარიამზე ასე ხშირად. ის ფიქრობს, რომ ადგილობრივი გოგონებისგან მარიამი მტკიცე ხასიათით გამოირჩევა, ამასთან, ცოდნითა და არგუმენტებითაცაა შეიარაღებული; უნდა, ისწავლოს, გახდეს მასწავლებელი და ქალთა უფლებებზე იმუშაოს. მარიამის საყვარელი პერსონაჟი მალალაა, რომელიც გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის.

ილმაზლო მარნეულის რაიონის სხვა სოფლებისგან დიდად არ განსხვავდება. სოფლის შესასვლელიდანვე იწყება მცირე ზომის სათბურები, ჩანან ადგილობრივები, რომლებიც მიწაზე მუშაობენ, ჭიშკრებზე აქა-იქ წითელი ბაფთები გაუკრავთ. (აზერბაიჯანულ თემში ახალდანიშნული გოგონას ოჯახი ჭიშკარზე წითელ ბაფთას ამაგრებს. ზოგჯერ ეს ბაფთა გოგონას დაქორწინების შემდეგაც რჩება). სოფელი გაზიფიცირებული არ არის, რაც შრომას უფრო მეტად ამძიმებს.

სკოლის ეზოში თამუნას მესამეკლასელები ელოდებიან. ამ კლასში ცხრა მოსწავლეა: ლამია, ფაჰრადი, მუსტაფა, რუსლანი, რამალი, ხოშგადამი, შამისტანი, ნაიბი და ჭრელთვალა მინაია, რომელსაც მოუთმენლად უცინის თვალები.

საკლასო ოთახის კედლებიდან კალის ჯარისკაცი, პატარა პრინცი, კარლსონი, პინოქიო და ბრემენელი მუსიკოსები შემოგვყურებენ.

– ესე იგი ყველა ხართ. სიის წაკითხვა არ გვინდა. იცით, რა მოგიტანეთ? ამ ჩანთაში სათამაშოები მაქვს. ახლა უნდა გამოიცნოთ, ვინ არიან, – ასე იწყებს თამარი გაკვეთილს და ნაჭრის ჩანთიდან რიგრიგობით ამოჰყავს თავისი ბავშვობის რბილი სათამაშოები. ბავშვებიც მხიარულად და ლაღად ებმებიან თამაშში, ცდილობენ გამოიცნონ ცხოველები, დაახასიათონ ისინი და ახალი სიტყვებიც ისწავლონ. ხელიდან ხელში გადადის დათვი, სპილო, კურდღელი, პეპელა, კუ. ასე, ნელ-ნელა ჩნდება მათ ლექსიკონში ახალი სიტყვები: ხორთუმი, ჯავშანი, კურდღელი, სპილო, პეპელა, ბუნაგი, სორო… მესამეკლასელები ხალისიანად ირგებენ ცხოველების როლს და მარტივ დიალოგებს მართავენ ქართულ ენაზე. თამარის უპირველესი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბავშვებმა საკომუნიკაციო უნარები გამოიმუშაონ და გაიაზრონ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა პრივილეგიაა, შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. თამარი ამბობს, რომ ქართულის ცოდნის საჭიროებას უფროსებიც ხედავენ, თუმცა სწავლა უჭირთ. თბილისში ან რუსთავში, ექიმთან ვიზიტის დროს, ისინი ხშირად ვერ ახერხებენ სრულყოფილ კომუნიკაციას ვერც ქართულ და ვერც რუსულ ენაზე და ეძებენ სხვა, ქართულის ან რუსულის მცოდნე ადამიანს, რომ თან გაიყოლონ.

თამარი განათლების სამინისტროს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამაშია ჩართული და გასულ წელს ადგილობრივ მასწავლებლებთანაც მუშაობდა ენის ფლობის კომპეტენციებზე. მისი აზრით, აუცილებელია, სოფელში იყოს ადგილობრივი, პროფესიონალი კადრი და მათი მომზადება ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

აზერბაიჯანულენოვან სკოლაში თამარი ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში რვაწლიანი პრაქტიკის შემდეგ მოხვდა. ქართულ სკოლაში ლიტერატურას ასწავლიდა, აქ კი მისი როგორც მეორე ენის მასწავლებელია და ამ განსხვავებულმა სპეციფიკამ მას საინტერესო გამოცდილება შესძინა.

– აქ სწავლებამ სრულიად ამოატრიალა ჩემი მეთოდიკა და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. აქამდე ამისთვის ასე არ შემიხედავს, იმიტომ რომ არ მქონია საჭიროება, აქ კი ყველა ნიუანსი და დეტალი უნდა გათვალო. რვა წელი ვასწავლიდი ჩვეულებრივ ქართულ სკოლაში, თუმცა ამ მეთოდიკამ გაცილებით ფასეული უნარ-ჩვევები შემძინა როგორც მასწავლებელს. ქართულ სკოლაში რომ დავბრუნდე ქართულის მასწავლებლად, ბევრ რამეს შევცვლიდი. აქაურმა გამოცდილებამ სხვანაირად დამანახა ენის სწავლის სპეციფიკა, – ამბობს თამარი.

თამარი 21 წლისა გახდა მასწავლებელი. ამბობს, რომ როდესაც მასწავლებლობა დაიწყო, არც იმ სირთულეებზე უფიქრია, რაც ამ პროფესიას ახლავს თან და არც პროფესიაში დარჩენა ჰქონია გადაწყვეტილი. სირთულეების აღქმაც, მათი დაძლევის გზების ძიების სურვილიც და იმის გაცნობიერებაც, რომ, ყველაფრის მიუხედავად, გინდა, ეს საქმე აკეთო, მოგვიანებით გაჩნდა.

 

გაკვეთილის შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვი. თამარი მესაუბრა საკუთარი პროფესიის ხიბლზე, სირთულეზე, მასწავლებლის პროფესიულ მიზნებსა და შესაძლებლობებზე.

ამბობთ, რომ გრძნობთ თქვენს საჭიროებას იქ, სადაც ასწავლი. რას ეფუძნება თქვენი პედაგოგიური რწმენა?

– ჩემი როგორც მასწავლებლის რწმენა ეფუძნება ხარისხიანი და თანაბარი განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპს. ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ჩვენთან თვალში საცემი განსხვავებაა, როგორც კერძო და საჯარო სკოლებს შორის, ისე დედაქალაქისა და რეგიონების/სოფლების სკოლებს შორისაც. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობების სკოლებში. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემის სკოლებში სახელმწიფო ენის კვალიფიციური მასწავლებლების გაგზავნა, რასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ამ სკოლებისთვისაც და, საზოგადოდ, თემის ინტეგრაციისთვის. საგაკვეთილო მუშაობასთან ერთად ვცდილობთ, არაფორმალური აქტივობებითაც შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა ინტეგრაციასა და მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას, საკლუბო მუშაობა იქნება ეს თუ სხვადასხვა პროექტში მათი ჩართვა.

ხშირად აქ პროგრამის მიერ გაგზავნილი ქართული ენის მასწავლებელი ერთადერთია, ვინც მოსახლეობასთან სახელმწიფო ენაზე ამყარებს კომუნიკაციას. მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, ავთენტურ გარემოში შეისწავლონ ენა, ამიტომ საზოგადოების საყვედური, რატომ არ იციან ჩვენმა ეთნიკურმა უმცირესობებმა სახელმწიფო ენა, ვფიქრობ, უსამართლოა. გაუცხოება ქართულენოვან საზოგადოებასა და ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებს შორის ჯერ კიდევ არის, რასაც ისიც განაპირობებს, რომ ჩვენები ჯერ კიდევ არ იცნობენ ჩვენებს. სტერეოტიპები, რომელსაც ეს გაუცხოება წარმოშობს ორივე მხარეს, დასამსხვრევია. სწორედ ამიტომ ვხედავ ჩემს თავს აქ და ახლა.

– თქვით, რომ არაქართულენოვან სკოლაში მიღებული გამოცდილება ჩვეულებრივ სკოლაშიც დაგეხმარებათ. რას სწავლობს მასწავლებელი სასწავლო პროცესში, როგორ მდიდრდება მისი პროფესიული ცოდნა?

– ვფიქრობ, მეორე ენის სწავლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებისა და სტრატეგიების მოდელირება მშობლიური ენის სწავლებაშიც ძალიან ეფექტური იქნება. როდესაც ახალ სტრატეგიას ვეცნობი და მის მიხედვით გაკვეთილს ვგეგმავ, ვფიქრობ ხოლმე, როგორ გამოვიყენებდი ამას მშობლიური ენის სწავლებაში.

მაგალითად, დღეს ბევრს საუბრობენ წიგნიერების საერთაშორისო კვლევების შედეგებზე, სადაც უმცროსკლასელებმა წაკითხულის გააზრებაში დაბალი შედეგები აჩვენეს. უცხო ენისა და ქართულის როგორც მეორე ენის სწავლებაში კითხვის კომპეტენციის განვითარებისთვის არსებობს უამრავი ძალიან კარგი მეთოდი და სტრატეგია, რომლებიც მოსწავლეებს ტექსტის სხვადასხვა დონეზე (გლობალურიდან დეტალურისკენ) ნაბიჯ-ნაბიჯ გააზრების საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, ამ სტრატეგიების გამოყენება ძალიან ეფექტური იქნება ქართულის როგორც მშობლიური ენის სწავლების დაწყებით საფეხურზეც.

სასკოლო რუტინას როგორ ებრძვით? მასწავლებლის შემოქმედებით მარაგსაც ხომ შევსება სჭირდება

– ერთი შეხედვით, ენის სწავლება, მით უმეტეს – მისი ფლობის დაბალ საფეხურზე, შესაძლოა მოსაწყენი და რუტინული მოგეჩვენოთ. გამოსავალი სასწავლო აქტივობებისა და მეთოდების მრავალფეროვნებაში უნდა ვეძებოთ. იმისთვის, რომ მოსწავლეს არაავთენტურ გარემოში შეზღუდული შესაძლებლობებით შევასწავლოთ ენა, გვჭირდება მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება, მათი მოდელირება, ჩვენი საჭიროებებისთვის მორგება. ეს, ფაქტობრივად, შემოქმედებითი პროცესია, ხოლო კმაყოფილება ამ პროცესის შედეგების (რომლებიც ნამდვილად არ არის მყისიერი) თვალნათლივ დანახვას მოჰყვება.

რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლობა? მასწავლებლობის 12წლიანმა პრაქტიკამ ალბათ სხვანაირად დაგანახათ თქვენი პროფესია

– მასწავლებელი ერთგვარი მოდელია მოსწავლისთვის – ქცევის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების კულტურის… ამიტომ მთავარია, არ ითამაშო ცუდი როლი, არ გახდე ცუდი მაგალითი, პირიქით, ეცადო, იყო ერთგვარი ორიენტირი ყველა იმ საჭირო უნარის-ჩვევისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებისას, რომლებიც მოსწავლეს აუცილებლად დასჭირდება მომავალ ცხოვრებასა და საქმიანობაში.

მასწავლებლობა ჩემთვის სტერეოტიპების ნაბიჯ-ნაბიჯ მსხვრევასაც ნიშნავს. აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, თუმცა შეგრძნება და თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითით გამყარებული რწმენა იმისა, რომ აქ და ახლა რეალურად ცვლი რაღაცას უკეთესობისკენ, მოტივაციის მთავარი საფუძველია.

რჩევები მშობლებისთვის ყველაზე ბედნიერი ქვეყნიდან

0

ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ ნაწყვეტები დანიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის იასპერ იულის (Jesper Juul) წიგნიდან „დანიელი ბავშვების სამყარო: ბრძნული რჩევები მშობლებისთვის ყველაზე ბედნიერი ქვეყნიდან“.

იასპერ იული უკვე 35 წელია მუშაობს ოჯახური ურთიერთობების ფსიქოლოგიაში. ის ევროპაში ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტია. როგორც ყოველკვირეული გამოცემა „Der Spiegel“ წერს, იასპერ იული ქადაგებს „მშვიდ ოპტიმიზმს“. მისი მთავარი იდეის თანახმად, სულაც არ არის საჭირო, მშობლები იდეალურები იყვნენ, რათა კარგად აღზარდონ შვილები.
მაშ ასე: „თანამედროვე მშობლები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, როგორ უნდა აღზარდონ შვილები. ისინი ცდილობენ, ზედმიწევნით შეასრულონ საკუთრი მოვალეობები, რადგან სურთ, კარგად, ყველა წესის დაცვით აღზარდონ პატარები, მაგრამ არა იმ წესებისა, რომლებსაც მათი მშობლები ემხრობოდნენ. სამწუხაროდ, ხშირად მათ ეს არ გამოსდით. ამაში დამარწმუნა წერილებმა, რომლებსაც მიგზავნიან მშობლები და რომელთაგან რამდენიმეს აქვე შემოგთავაზებთ.
მაინც რომელი ღირებულებები დაეხმარებათ მშობლებს, აღზარდონ დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნება, რომელიც საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას არ გაექცევა? საოჯახო ფსიქოთერაპევტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ასეთი ღირებულებებია სამართლიანობა, ჰარმონიულობა, გულწრფელობა და პასუხისმგებლობის განცდა.
ბავშვებს სჭირდებათ დამხმარე, რათა გზა გაიკვლიონ, ისინი იმსახურებენ, თანასწორად მიიჩნევდნენ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვებს სჭირდებათ მშობლები, რომლებიც მათ სრულფასოვან პიროვნებად აღიქვამენ. ასეთმა მშობლებმა შესანიშნავად უწყიან, რა სურთ და არ აკანონებენ ხისტ წესებს მხოლოდ იმიტომ, რომ „ასეა საჭირო“. მშობლები შვილებისთვის მხოლოდ პიროვნული საზღვრის კონტურებს მონიშნავენ, რომლებსაც ძალზე ინდივიდუალურად არჩევენ. ისინი გულწრფელები არიან როგორც საკუთარი თავის, ისე ბავშვების მიმართაც და სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ყველაფერზე, რაც მათ ოჯახში ხდება.
დიახ, სწორედ ასეთ მაღალ მოთხოვნებს უყენებენ დღეს მშობლებს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამის გამო წუხილი არ ღირს – სიცოცხლით ტკბობისთვის ბავშვებს არ სჭირდებათ იდეალური დედა და მამა; მათ მცოდნე და თანამგრძნობი უფროსებიც ჰყოფნით, რომლებიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარებიან. უფროსები, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი ღირებულებების გადაფასების და მზად არიან, განვითარდნენ შვილებთან ერთად. ამით ისინი ატყობინებენ პატარებს: „შენ ყველაფერი რიგზე გაქვს, შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც ხარ“.
მინდა, ახლა ერთი ბებოს წერილი განვიხილო. აი, ისიც:
„გუშინ სამი წლის შვილიშვილი მომიყვანეს სტუმრად. მე და ჩემი მეუღლე ვაჟის აღზრდის დროს ზედმიწევნით თანმიმდევრულები არ ვყოფილვართ. მე მეტისმეტად გულჩვილი და რბილი ვიყავი, მამა – მეტისმეტად მკაცრი, ამიტომ ხშირად განსხვავებული შეხედულებები გვქონდა აღზრდის საკითხებზე. ჩემი შვილი და მისი მეუღლე კი ერთმანეთს ყველაფერში მხარს უჭერენ. ისეთ ყოფით თემებთან დაკავშირებითაც კი, როგორებიც არის ჭამა და ძილი, ზედმიწევნით თანამიმდევრულად იქცევიან. მიუხედავად მათი ახალგაზრდობისა, მიმაჩნია, რომ შესანიშნავი მშობლები არიან, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ზოგჯერ მეტისმეტი მოსდით.
აი, რა მოხდა გუშინ: სადილის დროს შვილიშვილმა ბოლომდე შეჭამა კერძი და მაგიდიდან ადგომა მოინდომა, მშობლებმა კი გააფრთხილეს, რომ თუ ასე მოიქცეოდა, დესერტს არ მისცემდნენ. პატარამ არ დაუჯერა და სასადილო ოთახიდან გავიდა. როდესაც ტორტის ჭამის დრო დადგა, ბავშვი დაბრუნდა და ერთი ნაჭერი მოითხოვა. დედ-მამამ არ მისცა. ბავშვი ატირდა. ძალიან შემეცოდა, ვერ მოვითმინე და მშობლებს ვუთხარი, რომ ბავშვი ჯერ პატარაა, ვერ ხედავს მიზეზშედეგობრივ კავშირს საკუთარ ქცევასა და მის შედეგებს შორის და ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ყველა შეცდომის გამო. მშობლები არ დამეთანხმნენ. აქვე გეტყვით, რომ როდესაც მე და ჩემი მეუღლე სტუმრად მივდივართ ვაჟთან, იქ აღზრდის საკითხებში არ ვერევი, მაგრამ მინდა, შვილიშვილმა იცოდეს, რომ ბებიისა და პაპის სახლში სხვა წესები მოქმედებს. მირჩიეთ რამე, – თუ მათი მეთოდები გავაპროტესტე, მეშინია, შვილმა ჩვენთან სიარული არ შეწყვიტოს, მაგრამ თუ საერთოდ არაფერი ვთქვი, ჩავთვლი, რომ მშიშარა ვარ და არც პატარა ფაქიზი, სოციალურად აქტიური და დამჯერი ბავშვის დაცვა შემიძლია“.
ჩემი პასუხი: „მოდი, კონფლიქტის არსში გავერკვიოთ. თქვენს ვაჟი და მისი მეუღლე ცდილობენ ასწავლონ შვილს, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება და საქციელი გამოიწვევს გარკვეულ შედეგს. მაგრამ მათ ერთმანეთში ერევათ შედეგი და სასჯელი. მათ შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. ქმედების შედეგი შესაძლოა უსიამოვნო იყოს, მაგრამ ის არ ბადებს ეჭვს ადამინის პიროვნული ღირებულებების შესახებ, დასჯა კი – პირიქით. მაგალითად, თუ ბავშვი სკამზე აძვრა, დაეცა და კოპი ამოუვიდა, ეს მისი ქმედების შედეგია და მომავალში, დიდი ალბათობით, ასე აღარ მოიქცევა, მაგრამ როდესაც მშობლები საყვედურებით ავსებენ და ეუბნებიან: „ხომ გაფრთხილებდით, რატომ არ დაგვიჯერე, რა ჯიუტი ხარ!“ – პატარა თავს დამნაშავედ და დამცირებულად გრძნობს. კრიტიკა, ჭკუის სწავლება, ჩხუბი ხელს უშლის ბავშვს, საკუთრი გამოცდილება შეიძინოს. თქვენი ვაჟი და მისი მეუღლე შვილს მკაფიო ნიშანს აძლევენ და მიაჩნიათ, რომ სთავაზობენ, დესერტის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი, სინამდვილეში კი პატარამ მხოლოდ ბრძანება უნდა შეასრულოს – წინააღმდეგ შემთხვევაში დასჯიან. კიდევ ერთი რამ: ბავშვი ჯერ მეტისმეტად პატარაა, ამიტომ უჭირს ასეთი შემთხვევებიდან დასკვნების გამოტანა და საკუთარი პიროვნული და სოციალური წიგნიერების ამაღლება.
თქვენი შვილი და მისი მეუღლე დარწმუნებული არიან, რომ მთავარია, თანამიმდევრულად მოიქცნენ: როდესაც მამა ამბობს „არას“, დედამაც უნდა თქვას „არა“ და ეს ორმხრივი გადაწყვეტილება ერთი საათისა თუ ერთი კვირის შემდეგაც ძალაში იყოს. მართლა ასე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის მშობლების ერთსულოვნება ნებისმიერ საკითხში? ჩემი პასუხია: არა, თუმცა მიმაჩნია, რომ მშობლებმა არ უნდა დართონ ნება ბებიებს, პაპებს და სხვა ავტორიტეტებს, თუნდაც ფსიქოლოგებსა და აღზრდის სპეციალისტებს, მათ შეხედულებებზე გავლენა მოახდინონ. მათ უნდა გამონახონ დრო მსჯელობისა და დიალოგისთვის თუ სხვა ისეთი აქტივობისათვის, რომელიც მათ საკუთრი თავის რწმენის განმტკიცებაში დაეხმარება.
ახლა მინდა, ბებოს მივმართო: თქვენ თამამად შეგიძლიათ ენდოთ საკუთარ გამოცდილებას. დამშვიდდით და დინებას მიჰყევით. თუ მშობლებს სურთ, ზიდონ ეს ტვირთი – არ უღალატონ საკუთარ წარმოდგენებს და „შედეგების“ მონები იყვნენ, ვერაფერს გახდებით. უბრალოდ, ეცადეთ, შვილიშვილს თქვენი სიმშვიდე დაანახოთ, თუნდაც მაშინ, როდესაც მშობლები მის გვერდით არ არიან. მე თავად მყავს შვილიშვილები და მესმის, რომ ემოციურად შვილიშვილის მხარეზე ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შვილსაც სჭირდება თქვენგან ემოციური მხარდაჭერა – ის ხელიდან უშვებს მშობლიური სიყვარულისა და სიხარულის სრულფასოვანი განცდის შესაძლებლობას იმის გამო, რომ „აღმზრდელის“ როლითაა გატაცებული. ყველა მოვლენას ის თავის პედაგოგიურ ფილტრში ატარებს და ვერ ხვდება, რომ ამით საკუთარ თავსა და ბავშვს შორის უსარგებლო დისტანციას ქმნის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შვილიშვილის მიმართ თქვენი დამოკიდებულება არ უნდა დაემსგავსოს თქვენს დამოკიდებულებას შვილისა და რძლის მიმართ. და თუ ოდესმე შვილიშვილი გისაყვედურებთ, რომ არასოდეს სარგებლობდით თქვენი ავტორიტეტით და არ ერეოდით მათ კონფლიქტში, თქვენ შეძლებთ, მშვიდად უპასუხოთ: „ჩემთვის მამაშენთან ურთიერთობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შენთან. რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდი, რომ ცუდი არაფერი შეგემთხვეოდა“.
ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში შევამჩნიე, რომ წყვილიდან ერთს კომპრომისულობა ახასიათებს; ის ცდილობს, ნებისმიერ ფასად მიაღწიოს შეთანხმებას, ამისთვის საკუთრ პოზიციებს თმობს და თანხმდება მეორე მხარის ბევრ მოთხოვნაზე. ამ დროს ის ხშირად კარგავს საკუთრ პიროვნებას და ამბობს „დიახს“ მაშინაც კი, როცა „არა“ მისთვის გაცილებთ ხელსაყრელია. დარწმუნებული ვარ, ორი ადამიანის კავშირი გაცილებით მყარია, როცა ისინი პატივს სცემენ საკუთარ პიროვნებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ზუსტად იციან და გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებს მხარეები, მით უკეთესია მათთვის. ბევრ მშობელს უჭირს ამის აღიარება, რადგან ბავშვობაში უფროსებმა არ ასწავლეს საკუთრი პიროვნული საზღვრების დაცვა და ჰარმონიის შენარჩუნება. იმისთვის, რომ მშობლების სიყვარული დაემსახურებინათ, ბავშვებს საკუთარი „მე“-ს დათრგუნვა და მშობლების სურვილების შესრულება უწევდათ. ვფიქრობ, აღზრდის პროცესში ბევრი მშობელი დღესაც ამ მიდგომას იზიარებს. ბავშვობაში ყველა ცდილობს, სიტუაციას მოერგოს, მშობლები კი, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ამჩნევენ იმ საგანგაშო სიგნალებს, რომლებიც მათი შვილებისგან მოდის სხვადასხვა სიმპტომის სახით. როდესაც ბავშვი საკუთარი მოთხოვნილებების საზიანოდ დიდი ხნის განმავლობაში ეთანხმება უფრსებს, ეს შესაძლოა სხვადასხვა დარღვევით გამოვლინდეს, მაგალითად, მუცლის ტკივილით, უმადობით… ხოლო თუ ბავშვი არ ემორჩილება უფროსებს, მას „რთულის“ იარლიყს აწებებენ.
უფროსები პასუხს უნდა აგებდნენ საკუთარ ქმედებებზე და ამიტომ კრიტიკულად უნდა აფასებდნენ თავიანთ საქციელს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არავისთვის იქნება კარგი, თუ უფროსები უარს იტყვიან ლიდერის ან მენტორის როლზე და ბავშვის ნებისმიერ მოთხოვნას დაეთანხმებიან. და მაინც – ცნობილია, რომ ყველაფერზე უარი უარესად მოქმედებს, ვიდრე ყველაფერზე თანხმობა. მიუხედავად ყველაფრისა, მშობლებმა ეს განსაცდელიც უნდა გადალახონ და ასწავლონ შვილებს, როგორ მიიღონ უარები, რომლებიც ზრდასრულ ცხოვრებაში შეხვდებათ.
ოჯახური ჰარმონია ნიშნავს, რომ მშობლები უწესებენ საზღვრებს არა მხოლოდ შვილებს, არამედ საკუთარ თავსაც. მაგალითდ, ფრაზა: „მე მგონი, მუსიკა მეტისმეტად ხმამაღალია. გთხოვ, ცოტა დაუწიე ხმას“ უკეთესია, ვიდრე „სასწრაფოდ დაუწიე ტელეფონის ხმას, თორემ საერთოდ წაგართმევ!“ მხოლოდ ასეთი დამოკიდებულებით იგრძნობენ ბავშვები ოჯახის წევრების მხრიდან სიყვარულსა და პატივისცემას“.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...