ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
13 მაისი, ოთხშაბათი, 2026

ვარდკაჭკაჭა

0

არ მიყვარს, ვარდკაჭაჭას რომ მეძახიან. აბა, კარგად შემომხედეთ: რა  მიგავს კაჭკაჭს?! არც ფრთები მაქვს და არც ნისკარტი. ან ვინმე ჩხავილით შემიწუხებიხართ ოდესმე? ძალიან ჭკვიანი ფრინველიაო. იყოს, ბატონო, მე ჩემი ჭკუა-გონებაც მყოფნის. ეშმაკის ფეხია, იცის, მონადირეებს როგორ დაუძვრესო. არ მინდა, თქვენ შემოგევლეთ, მაგ ხრიკების ცოდნა. მე ჩემებურად ვუმკლავდები ამ სოფლის სიმძიმეს.

გინახავთ ჩემს ტანზე ეკლების აბჯარი? არც მაქვს და არც მინდა. არც ჩემი ყვავილებია ვარდივით ფერხორციანი და სურნელოვანი… უკადრისი და თავკერძა არ გეგონოთ, ვიცი, რომ ვარდი ჩვენი მოდგმის დედოფალია. მე და ჩემნაირები მასთან რას მოვალთ… მე ერთი უბრალო მინდვრის ყვავილი ვარ, ისეთი, თაიგულის შეკვრის დროსაც კი რომ არავის მოაგონდება. მაგრამ მე მე ვარ და მინდა, ეს გავაგონო სხვებსაც. ჩემს თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულაო, იტყვიან ხოლმე კაცნი. აი, ჩემს თავზე კი დატრიალებულა. რამდენჯერ წავულეკივარ ღვარცოფს თუ ქარიშხალს, რამდენჯერ გავუსრესივარ ფეხით ადამიანს თუ საქონელს. მაინც არ დამიჩოქია! ჰეი, თქვენ, დიდებო და ძლიერებო, რამდენჯერაც უნდა გამსრისოთ, რამდენჯერაც უნდა გამთელოთ, მიწაზე გართხმულს ვერ მნახავთ! რატომ? იმიტომ, რომ ულეწელა ვარ და კეთილი ინებეთ და ასეც დამიძახეთ. ნუ გშურთ, რაღაცით მეც რომ გჯობივართ.

დიახ, ულეწელა ვარ, ბევრისგან მივიწყებული, მაგრამ დიდი გულისა და უდრეკი მუხლის პატრონი. ვერ მომერევით, სანამ ფესვიანად არ ამომძირკვავთ.

ამასწინათ ჩემ შორიახლოს, მდინარის პირას, სუფრა გაშალეს წასახემსებლად. სამნი იყვნენ. ორი – ახალგაზრდა, ერთი – ხნიერი. ადგილს რომ არჩევდნენ, ხნიერმა ახალგაზრდებს უთხრა, ულეწელას გვერდით ჩამოვსხდეთო. მეამა. ამიტომაც მივუგდე ყური. რა პლასტიკური ტანი აქვს ამ ყვავილს, სხვა მცენარეებს არ ჰგავსო, თქვა ერთმა. ჰო, ძალიან ელასტიკური და დრეკადიაო, კვერი დაუკრა მეორემ. იმ დღემდე თავი მართლა პლასტიკური, ელასტიკური და დრეკადი მეგონა, მაგრამ რაც მერე მოვისმინე იმ ჭაღარა კაცისგან, მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

აი, რა თქვა მან: ულეწელა პლასტიკური რომ იყოს, დაწვენილი ფეხზე ვეღარ ადგებოდაო. მეტიც – ერთ თქვენგანს ძირში რომ ჩაევლო ხელი, მეორეს – ქეჩოში, არაგვის გაღმა გასულიყო და ხელი გაეშვა, ასეთივე დარჩებოდაო. პლასტიკური სხეულები ადვილად ემორჩილებიან გარეგან ზემოქმედებას და ინარჩუნებენ ახალ ფორმასო. ღმერთო დიდებულო, კიდევ კარგი, ასე იოლად არ ვერგები სხვათა სურვილებს!

ელასტიკურობა და დრეკადობა კი იმას გულისხმობს, რამდენად შეუძლია სხეულს, წინააღმდეგობა გაუწიოს მოქმედ ძალას და მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ პირვანდელი ფორმა აღიდგინოსო, განაგრძო კაცმა. ეგ არის, ყველაზე დრეკადი ვყოფილვარ-მეთქი, დავასკვენი. მაგრამ თურმე ეს რაღაც დრეკადობა ვიღაც იუნგის მოდულებში იზომება და ვისაც ყველაზე დიდი აქვს, ყველაზე დრეკადიც ისაა. ახლა არ იკითხავთ, ვინაა ის დევგმირი? – იმ გუთნის მასალა, გაზაფხულზე მიწის ბელტებს ერთმანეთზე რომ აწყობს უფრო დრეკადი ყოფილა, ვიდრე ნიკორა ხარის ტყავი თუ კაცთა მოგონილი რეზინი. ფოლადზე უფრო დრეკადებსაც უარსებიათ, მაგრამ მათი სახელები ზოგი ვერ გავიგონე და ზოგი ვერ დავიმახსოვრე…

…იუნგის მოდული და მასალათა თვისებები იქით იყოს და მე ძალიან მიყვარს ულეწელა. ჭალაში პირველს ყოველთვის მას ვარჩევ ხოლმე სხვა ყვავილებიდან. რატომ? რამ შემაყვარა? თავადაც არ ვიცი. ალბათ ამ ბედკრულ, მრავალჯერ გათელილ, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე მდგარ ქვეყანას  მაგონებს, სახელად საქართველო რომ ჰქვია.

რა ვასწავლოთ ამ წელს?

0

ჩვენ ირგვლივ განვითარებული ცვლილებების სისწრაფე, ზოგჯერ, დღიდან დღემდე იზრდება. მეცნიერული თუ ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, ინტერნეტსივრცეში, ხანდახან, საათში ერთხელაც კი თავსდება სიახლეები. ჩვენ მიგნებებისა და აღმოჩენების, სწრაფი ცვლილებებისა და სიახლეების ხანაში ვცხოვრობთ. სიახლის მოთხოვნილება, ერთი მხრივ, ჩვენი ძირეული მოთხოვნილებაა, თუმცა, მეორე მხრივ, სიახლეები ჩვენგან შეგუების უნარების გაძლიერებას მოითხოვს.

ხშირად, დავფიქრებულვარ: რა და როგორ შეიძლება ვასწავლოთ მოსწავლეებს იმისათვის, რომ, თუნდაც, ათი ან ოცი წლის შემდეგ მათ შეძლონ ცვალებად გარემოსთან შეგუება? შეგვიძლია თუ არა, მოსწავლეებს განვუვითაროთ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ხანგრძლივად, ცვალებად სამყაროში საყრდენად ემსახურება? ან, იქნებ, გაზვიადებულიც კია ისეთი ცვლილებების მოლოდინი, რომლებიც საგრძნობლად ცვლის განათლების სისტემის წინაშე წარმოჭრილ ამოცანებს?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, 2020 წლისთვის, დამსაქმებლებისათვის სასურველ თანამშრომლად ყოფნისთვის, ადამიანებს ათი მნიშვნელოვანი უნარის განვითარება სჭირდებოდათ. 2015 წლიდან 2020 წლამდე ხარისხის კონტროლის უნარი შეიცვალა ემოციური წიგნიერების უნარით. დანარჩენმა ცხრა უნარმა უცვლელად შეინარჩუნა მნიშვნელოვნება ხუთი წლის მანძილზე.

სხვადასხვა ავტორი ვარაუდობს, რომ უკვე 2030 წლისთვის დასაქმებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი და აღწერილი უნარები იქნება მნიშვნელოვანი.

მკვლევრების აზრით, 2030 წლისთვის ადამიანებს წარმატებით დასაქმებისთვის შემდეგ სამ, დიდ ჯგუფში გაერთიანებული უნარები დასჭირდებათ:

ა) კოგნიტური და მეტა – კოგნიტური უნარები, რომლებიც კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, „ისწავლე სწავლა“ და თვითრეგულაციის უნარებს მოიცავს.

ბ) სოციალური და ემოციის მართვის უნარები, რომლებიც ემპათიას, საკუთარი მოქმედებების შედეგიანობის რწმენას[1], პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის უნარებს მოიაზრებს.

გ) პრაქტიკული უნარები, რომლებიც ახალი ინფორმაციისა და კომუნიკაციაში მონაწილე ტექნოლოგიის სწორად გამოყენების უნარებს გულისხმობს.

ეს სამი ჯგუფი, თავის მხრივ, მოიცავს ძირითად უნარებს, რომელთა განვითარებაც სასურველი იქნებოდა მომავლის ადამიანისათვის.

ესენია:

შემეცნებითი მოქნილობა ორი ძირითადი უნარის დახვეწა – განვითარებას გულისხმობს. სახელდობრ, აზროვნების მოქნილობისა და ძველი ქმედების ახლით შეცვლის უნარს.

შემეცნებითი მოქნილობის განვითარებულობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, მიზნის მიღწევის ჩვეული გზები შევცვალოთ ახალი, მეტად შედეგიანი გზებით, ხოლო ამ დრომდე გათავისებული ცოდნა, საჭიროებისამებრ, განვაახლოთ ახალი ცოდნით.

სწრაფად ცვალებად გარემოში, ეს ერთ – ერთი უნარია, რომელიც სიახლეებთან შეგუებაში გვეხმარება.

რთული ამოცანების გადაჭრის უნარი მოიაზრებს პრობლემური სიტუაციის თუ ამოცანის ცნობის, ანუ იდენტიფიცირების, მისი მდგენელებად დაშლის, წარმოდგენისა და თითოეული მდგენელის გადაჭრის შესატყვისი გზის მოძიებას.

ამოცანების თუ გამოწვევების გადაჭრის უნარი ისეთი კითხვების დასმასა და მათზე პასუხების გაცემაში დახელოვნებას გულისხმობს, როგორიცაა:

ა) სახელდობრ, რაში მდგომარეობს პრობლემა?

ბ) რომელი მდგენელებისგან შედგება პრობლემა?

გ) რომელი ნაბიჯების გადადგმა შემიძლია, იმისათვის, რომ პრობლემა გადავჭრა?

დ) რა საშუალებები დამჭირდება პრობლემური ამოცანის გადაჭრისთვის? კერძოდ, რა დრო დამჭირდება თითოეული ნაბიჯის განსახორციელებლად?, ვისი მხარდაჭერა დამჭირდება განსაზღვრული ნაბიჯის წარმატებით განსახორციელებლად? დამატებით, რომელი საშუალებები შეიძლება დამჭირდეს ამ პრობლემური ამოცანის გადასაჭრელად? რომელმა დაბრკოლებებმა შეიძლება შემიშალოს ხელი პრობლემური ამოცანის წარმატებით გადაწყვეტაში? როგორ გავუმკლავდები ამ დაბრკოლებებს? და ა. შ.

კრიტიკული აზროვნება გულისხმობს შესატყვისი კითხვების დასმის უნარს იმ ცოდნის ირგვლივ, რომელსაც ახლა ვფლობთ. ის ასევე, მოიცავს საკუთარ თუ სხვების ცოდნაში დაეჭვების უნარს და არა უპირობოდ, არამედ შესატყვისი კითხვების დასმის საფუძველზე, ცოდნის გაღრმავების თუ ცოდნის გამდიდრების მზაობას.

შემოქმედებითობა გულისხმობს პრობლემური სიტუაციების აქამდე გამოუყენებელი გზების ძიების მზაობას. შემოქმედებითობის განვითარებული უნარის მქონე ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ეყრდნობიან წარმოსახვის და რეალობის სწორად შეფასების უნარს. შემოქმედებითობა სიახლის ძიების მზაობასთან ერთად, სინამდვილესთან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარსაც გულისხმობს.

მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი – მსჯელობა წარმოადგენს გარემოში არსებული გამღიზიანებლების, მათი ზემოქმედებისა და განსჯის, გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობების თუ ფსიქიკური აქტივობების ერთობლიობას.

მსჯელობის განვითარებული უნარის მქონე ადამიანები ცდილობენ, აწონ – დაწონონ კონკრეტული პრობლემური ამოცანის მდგენელები. ეს უნარი გულისხმობს მიკერძოებული დასკვნების გამოტანისკენ მიდრეკილების ცოდნას, მათი გავლენების აღიარებისა და გამოყენების უნარს. მსჯელობის განვითარებული უნარის მქონე ადამიანები პასუხს სცემენ არა მხოლოდ პრობლემურ სიტუაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, არამედ აცნობიერებენ მსჯელობის უნარზე მოქმედ გარემოებებს.

მაგალითად,

ა) რომელი ფაქტორები შეიძლება მოქმედებდეს მსჯელობის უნარზე?

ბ) რომელი მიკერძოებული დასკვნები შეიძლება ზემოქმედებდეს ჩემი მსჯელობის უნარზე?

გ) როგორ შემიძლია, შევამცირო მსჯელობის უნარზე მოქმედი უარყოფითი გარემოებების გავლენა?

გადაწყვეტილების მიღების განვითარებული უნარი უკიდურეს მერყეობასა და იმპულსურობას შორის წონასწორობის შენარჩუნების უნარია. ადამიანებს, რომელთაც ეს უნარი განვითარებული აქვთ, შეუძლიათ, მართონ გადაწყვეტილების სწრაფად, დაუფიქრებლად მიღების ძლიერი სურვილი, უკეთ უმკლავდებიან გადაწყვეტილების მიღებამდე განცდილ დაძაბულობას და შფოთვას და შეუძლიათ ალტერნატივების შეფასების პროცესის შეწყვეტა.

გადაწყვეტილების მიღების უნარი მოიცავს არსებითისა და მეორეხარისხოვნის ერთმანეთისგან განსხვავების უნარსაც.

ემოციური წიგნიერება მოიცავს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა სტრესული მდგომარეობის მართვის, საკუთარი და ირგვლივმყოფების ემოციების ცნობისა და დასახელების, ირგვლივმყოფებისადმი თანაგანცდის და, საჭიროებისამებრ, მხარდაჭერის უნარს.

ემოციურ წიგნიერებას, ადამიანების მდგომარეობის ცნობას და მხარდაჭერას ზოგიერთი მკვლევარი წარმატებისა და ნაყოფიერი შრომის გაცილებით მნიშვნელოვან წინაპირობად თვლის, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტს. ადამიანები, რომელთაც განვითარებული აქვთ ემოციებისა და მდგომარეობების ცნობის უნარი, გაცილებით მჭიდრო, მხარდამჭერ ურთიერთობებს ამყარებენ ირგვლივმყოფებთან, მათ შორის, თანამშრომლებთან, შეუძლიათ, სწორად იმოქმედონ ირგვლივმყოფების ემოციების შესაბამისად და, ამავდროულად, გულწრფელად აღიარონ და გამოხატონ, თავად რას განიცდიან.

მოლაპარაკების წარმოებისა და შეთანხმების მიღწევის უნარი – ადამიანები, რომელთაც ეს უნარი განვითარებული აქვთ, ცდილობენ, უპასუხონ ისეთ კითხვებს, როგორიცაა:

ა) რა მსურს მე და რა სურს სხვას?

ბ) შეგვიძლია, თუ არა მივაღწიოთ შეთანხმებას?

გ) რის დათმობა შემიძლია მე იმისათვის, რომ შეთანხმებას მივაღწიო და რისი დათმობა შეუძლია სხვას?

დ) როგორ შემიძლია ჩემი სურვილების გაჟღერება სხვისთვის მისაღები ფორმით? როგორ შემიძლია, ადამიანებს სწორი წარმოდგენა შევუქმნა იმაზე, რაც მჭირდება? როგორ გავიგო, რა სჭირდებათ და სურთ სხვებს?

სხვებთან შეთანხმების საფუძველზე ქმედების განხორციელების უნარი[2] გულისხმობს სხვებზე დამოკიდებულების აღიარების და შესატყვისად მოქმედების უნარს. ხშირად, თანამედროვე სამყაროში, თითოეული ადამიანის ცვალებადი ცხოვრებისგან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სხვების ქმედებებთან საკუთარი ქმედებების შესაბამების უნარი.

ადამიანებთან ურთიერთობის მართვის უნარი[3] მოიაზრებს მოთმინებასა და კეთილგანწყობაზე დამყარებული ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარს. როგორც წესი, ადამიანებთან ურთიერთობის მართვის უნარის განვითარებულობა უკავშირდება თანამშრომლებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის გაძლიერებას და იმ დასაქმების ადგილისადმი ერთგულებას, რომელიც ადამიანისთვის გულისხმიერებასა და მზრუნველობას უკავშირდება.

მომსახურებაზე ორიენტირება ადამიანების სურვილების ცნობის უნარია მანამდეც კი, სანამ ისინი სურვილების ჩამოყალიბებას შეძლებენ. ეს უნარი წარმოადგენს ადამიანების მოლოდინების გამოკვეთასა და დაზუსტებას.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარი მნიშვნელოვანი იყოს მომავლის ადამიანისთვის? ან, რა შეგვიძლია, წელს მოსწავლეებს ვასწავლოთ?

იქნებ, სულაც, მომავლისთვის მზაობა.

[1]  Self-efficacy

[2] Coordinating with others

[3] People Management

წიგნიერების უნარის განვითარება დაწყებით საფეხურზე

0

მასწავლებელი, მოსწავლეთა კოგნიტური და აკადემიური უნარების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის არა მხოლოდ გადასცემს გარკვეულ ცოდნას მოსწავლეებს, არამედ სწორ მიმართილებას აძლევს.

ვიგოტსკის განვითარების სოციალურ-კულტურული თეორიის მიხედვით, სწავლების პროცესი თანამშრომლობაა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში. ის არ არის ცოდნის უბრალო გადამცემი, ხოლო მოსწავლე ცოდნის პასიური მიმღები.

მასლოუ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი, სასწავლო პროცესში განსაკუთრებულ ადგილს მასწავლებელს უთმობს. მასლოუს მიაჩნია, რომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო პროგრამასა და მეთოდოლოგიაში მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად ჩარევა.

აქედან გამომდინარე მასწავლებლობა დიდ პასუხისმგებლობას, ენერგიასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს.

2019/2020 წელს, როცა საკლასო ოთახში ფეხი პირველად შევდგი, აქტიურად დავიწყე საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენება, მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განსავითარებლად. კლასთან მუშაობის პროცესში, მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ჩემს მეორეკლასელებს ძალიან უჭირდათ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება და მიზნად დავისახე წიგნიერების დონის ამაღლება.

რა არის წიგნიერება და რატომ უნდა განვუვითაროთ ეს უნარი მოსწავლეებს?

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლებისას იძენენ, კითხვის უნარია, რაც უშუალო კავშირშია წიგნიერებასთან. წიგნიერების კვლევა PIRLS აფასებს მოზარდთა წაკითხულის გააზრების უნარს. ის ყოველ ხუთ წელიწადში ტარდება და მონაწილე ქვეყნებს განვითარების საშუალებას აძლევს. ბევრმა ქვეყანამ საერთაშორისო კვლევების საფუძველზე თავის საგანმანათლებლო სისტემაში სასწავლო სტრატეგიები შეცვალა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია ( UNESCO) წიგნიერებას განმარტავს, როგორც განსაზღვრის, გაგების, ინტერპრეტაციის, შექმნის, კომუნიკაციის, გამოთვლის, ამა თუ იმ კონტექსტთან დაკავშირებული ნაბეჭდი და წერილობითი მასალის გამოყენების უნარ-ჩვევების ერთობლიობას. წიგნიერების ცნება გულისხმობს სწავლის პროცესის უწყვეტობასა და ინდივიდის პოტენციალს, მიაღწიოს მიზნებს, გაიღრმაოს ცოდნა, აიმაღლოს შესაძლებლობები და მოახერხოს საზოგადოებაში ინტეგრირება.

წიგნიერებას, როგორც სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, საგანგებო ყურადღება ეთმობა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც.

„წიგნიერება, დღევანდელი გაგებით, მხოლოდ წერისა და კითხვის

უნარს არ გულისხმობს. წიგნიერ ადამიანს უნდა შეეძლოს სხვადასხვა წყაროდან,

მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება.

წიგნიერება გულისხმობს „ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს, ასევე

ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული ტექსტების გააზრებასა და

ინტერპრეტაციას“ (ეროვნულის სასწავლო გეგმა).

ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება. ახალი სტანდარტების მიხედვით, მხოლოდ მასალის დაზეპირება არ არის საკმარისი. მოსწავლეს ცოდნის დაგროვებასთან ერთად უნდა შეეძლოს ამ ცოდნის გააზრება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. ყველა ამ უნარის განვითარებას საფუძველი დაწყებით საფეხურზე ეყრება, რომელიც ეფექტური სწავლის წინაპირობაა საშუალო განათლების მომდევნო საფეხურზე.

როგორც ცნობილია PIRLS-ის ფარგლებში მოსწავლის მიღწევების შეფასებასთან ერთად, სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საშუალებით, იკვლევენ იმ კონტექსტუალურ მახასიათებლებს, რომლებშიც მოსწავლეები კითხვას სწავლობენ. კონტექსტუალურ მახასიათებლებში იგულისხმება გარემოს მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის წიგნიერებაზე. ერთ-ერთი მახასიათებელია საკლასო გარემო და იქ განხორციელებული აქტივობები. მოსწავლეებში წიგნიერების განვითარება დავიწყე საკლასო გარემოში განხორციელებული მრავალფეროვანი მეთოდების დახმარებით:

  • მეთოდი „კუბები“;
  • „სიტყვის პირამიდა“;
  • „პერსონაჟის რუკა“;
  • „მოთხრობის რუკა“;
  • „მოდი ვწეროთ“;
  • „კითხვა ხალისით“.

 

კუბები არის მეთოდი, რომელიც ავითარებს მოსწავლეში კრიტიკულ აზროვნებას და ხელს უწყობს ინფორმაციის არა მხოლოდ მიღებას, არამედ ცოდნის კონსტრუირებასაც.

მასალა: წინასწარ მზადდება მუყაოს ყუთები.

შევქმენი ოთხი ჯგუფი, თითოეული ჯგუფი ექვსი მოსწავლისგან შედგებოდა. ჯგუფის წევრებს დავურიგე განსხვავებული შეკითხვები, ნელი ოქროპირიძის მოთხრობიდან „ძველი კალოში“:

სად იპოვა თაგუნიამ კალოში?

ვის მისცა თაგუნიამ კალოში?

რა სთხოვა ზღარბმა ციყვს?

როგორ მოიქცა ზღარბი, როცა გირჩი და თხილი მიიღო?

რისთვის გამოიყენა ციყვმა კალოში?

რა მოისურვეს კალოშის ყოფილმა მფლობელებმა?

ჯგუფებისა და კითხვების განაწილების შემდეგ კითხვა, რომელიც მათ შეხვდათ გადაიტანეს თაბახის ფურცელზე. უპასუხეს, გააფორმეს შესაბამისი ილუსტრაციით (ნაწარმოებიდან გამომდინარე, კერძოდ იმ მონაკვეთიდან, რომელიც მათ შეხვდათ) და კუბის სხვადასხვა გვერდზე მიაწებეს. ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს ერთმანეთის ნამუშევარი და აირჩიეს პრეზენტატორი. ჯგუფებს მათ მიერ მოფიქრებული პირობითი სახელებიც ჰქონდა. მაგალითად:

  1. ბეჯითები;
  2. ყოჩაღები;
  3. სხარტები;
  4. მეგობრები.

 

პრეზენტაციისას ჯგუფები შევაფასე სხვადასხვა კრიტერიუმით:

  • რამდენად იცავდნენ ჯგუფური მუშაობის წესებს;

იყვნენ თუ არა მეგობრული;

ითვალისწინებდნენ თუ არა მეგობრის აზრს;

რამდენად შეთანხმებულად მოქმედებდნენ;

რამდენად იცავდნენ დროის ლიმიტს….

  • რამდენად ადეკვატურად ჰქონდათ გაცემული კითხვაზე პასუხი.

აქტივობის გამოყენებამ, მოსწავლეებს აუმაღლა მოტივაცია, ასწავლა ტექსტზე მუშაობა და დაკვირვებულ მკითხველებად აქცია.

წიგნიერების უნარის განვითარებაზე მუშაობა მასწავლებლისგან მოითხოვს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლებას და მრავალფეროვანი მიდგომის გამოყენებას. ამიტომ წიგნიერების უნარის განვითარებისთვის, გამოვიყენე მეთოდი „სიტყვის პირამიდა“. აღნიშნული მეთოდის გამოყენება მოსწავლეს უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს და უმარტივებს ტექსტის გაგება-გააზრების პროცესს.

 

კითხვის, გაგება-გააზრებისა და წიგნიერებისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. ამიტომ აუცილებელია ამ ასაკში წიგნიერების გასავითარებლად მიზანმიმართული აქტივობების დაგეგმვა. კითხვა ყველას შეუძლია, წაკითხულის გაგება კი დიდ სიძნელეს წარმოადგენს. წაკითხულის გაგება-გააზრება რომ უფრო მარტივი, სახალისო და ამასთანავე შემეცნებითი პროცესი ყოფილიყო, გამოვიყენე მეთოდები „მოთხრობის რუკა“ და „პერსონაჟის რუკა“ .

წიგნიერება მხოლოდ წაკითხული ტექსტების გაგება-გაანალიზებას არ გულისხმობს. წიგნიერ ადამიანს უნდა შეეძლოს გრამატიკული ფორმების სწორად გამოყენება და სწორი მეტყველება. მეთოდი „ბრილიანტი“ კი მოსწავლეს ხალისითა და ინტერესით ასწავლის სხვადასხვა გრამატიკულ საკითხს.

(რა თქმა უნდა, სანამ მოსწავლეებს მსგავსი დავალების შესრულებას დავავალებდი, საკითხი კლასში მოსწავლეეებთან ერთად განვიხილე; ავუხსენი სად, რას და რატომ წერდნენ).

 

წიგნიერება, როგორც ვიცით, არის სხვადასხვა ტექსტის გაგება-გააზრება, თუმცა, ამავე დროს ის გულისხმობს, როგორც ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციას, ასევე პრეზენტაციის, მოსმენისა და აუდიტორიის წინ მეტყველების უნარს. თითოეული ამ უნარის გასავითარებლად კლასში ვაწყობდი მოსწავლეთა მიერ მოძიებული და გაფორმებული მასალების პრეზენტაციას. ისინი უსმენდნენ, აფასებდნენ და ეცნობოდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს. რაც მთავარია, ეუფლებოდნენ იმ უნარებს, რომელთა ფლობა აუცილებელია თანამედროვე მოქალაქისთვის.

 

იმისთვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი უფრო შედეგიანი იყოს, აუცილებელია მშობელთა ჩართულობაც. მათი აქტიურობა ბავშვს უფრო მოტივირებულს, ყურადღებიანსა და მონდომებულს ხდის. ამიტომ  წამოვიწყე პროექტი „წიგნი ჩვენი მეგობარია“. პროექტში ჩავრთე მშობლებიც.

პროექტის ფარგლებში მშობლები მოდიოდნენ კლასში და ქართულ ხალხურ ზღაპარს უკითხავდნენ ბავშვებს, თან სხვადასხვა აქტივობას სთავაზობდნენ:

  • წაკითხულის ნახატით გადმოცემას;
  • მთავარი პერსონაჟის ნახატის შექმნას;
  • ზღაპრის გაგრძელების მოფიქრებას.

აქტივობა წიგნიერების ერთ-ერთი უნარის ტექსტის გაგება-გაანალიზებისა და ინტერპრეტაციის განვითარების საშუალებაა.

წიგნის კითხვის დღე განსაკუთრებული იყო, რადგან ბავშვები სტუმრის მისაღებად ემზადებოდნენ, ხოლო მშობლები მასწავლებლობისთვის.

 

21-ე საუკუნე ინფორმაციულად დატვირთული საუკუნეა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა მსოფლიო დაიპყრო. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, წიგნიერება არ გულისხმობს მხოლოდ ნაბეჭდი ტექსტების გაგება-გააზრებას. თანამედროვე მოსწავლეს უნდა შეეძლოს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. ამიტომ გადავწყვიტე, გამომეყენებინა სასწავლო-სახალისო პლატფორმა „მოდი დავწეროთ“. თავად გავეცანი და მივხდვდი, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით შევძლებდი მოსწავლეში შემოქმედებითობის უნარისა და ციფრული წიგნიერების განვითარებას. „მოდი დავწეროთ“ ეს კომპიუტერული პროგრამა შექმნილია განათლების სპეციალისტების მიერ. მასში შესვლა შესაძლებელია ვებგვერდიდან

https://kargiskola.ge/dawere/?fbclid=IwAR3xOgKAbTXaAviP7f7kVzgcGTEXMoslQIjLEN_EigLo7UB4ChjrXHZo-GA.

შემოგთავაზებთ ამ საიტზე მუშაობის ინსტრუქციასა და ბავშვების ნამუშევარს.

პირველ ეტაპზე უნდა გადავიკეთ ლინკზე:

  1. https://kargiskola.ge/dawere/?fbclid=IwAR3xOgKAbTXaAviP7f7kVzgcGTEXMoslQIjLEN_EigLo7UB4ChjrXHZo-GA

ვებგვერდზე შესვლისთანავე მოსწავლე იწყებს თამაშით წერას. წერის დაწყებამდე აწკაპებს ჯადოსნურ ყუთებზე. სულ სამი ყუთია:

  • პერსონაჟის ყუთი;
  • თვისების ყუთი;
  • პრობლემის ყუთი.

 

 

2 .          3.

ყუთებიდან პერსონაჟის, თვისებისა და პრობლემის არჩევის შემდეგ ხელს აჭერთ წითელ ისარს. გაიხსნება საწერი დაფა.

კითხვის პროცესი ორგვარია: ხელმძღვანელობითი და დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი კითხვის გასამრავალფეროვნებლად ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია „დაკარგული სიტყვები“ და „კითხვის მატარებელი“. ორივე აქტივობა მოსწავლეებში წაკითხულის გაგება-გააზრებას, გამართულ კითხვასა და ლოგიკურ აზროვნებას ავითარებს.
კითხვის პროცესი აუცილებლად გულისხმობს წაკითხულის გაგება-გააზრებას, კრიტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებითობას. მოსწავლეებში ამ უნარების გასავითარებლად გამოვიყენე მეთოდი „კითხვა ხალისით“. მოსწავლეებს უნდა გადმოეცათ წაკითხულის შინაარსი და გაეფორმებინათ შესაბამისი ნახატებით (ილუსტრაციით). გთავაზობთ მათ ნამუშევრებს. ჩანაწერები და ჩანახატები გაკეთებულია ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ნაწარმოების, „პატარა პრინცის“ მიხედვით.

 

ზემოთ განხილული თითოეული მეთოდი და განხორციელებული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეს, გახდეს დაკვირვებული, მოაზროვნე, შემოქმედი, და, რაც მთავარია, წიგნიერი.  თანამედროვე მეთოდების გააზრებული გამოყენება, საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს, სახალისოს, შემეცნებითსა და მოსწავლეზე ორიენტირებულს ხდის. მოსწავლეებში ავითარებს პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს. განვითარებული კომპეტენციები კი დაეხმარება მათ თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებაში.

 

წითელი დემენტორები საკლასო ოთახებიდან

0

ეს წერილი ყველაზე ბნელ და ღრმა მოგონებებზეა, იმაზე, რაზეც არ საუბარი სურთ და ფიქრიც კი უსიამოვნოა.  ამბავი, რომელზეც უნდა მოვყვე, ჩემი ამბავი არ არის. მისი გმირი შესაძლოა, შენც აღმოჩნდე და კიდევ უამრავი ადამიანი, რომლებსაც ოდესღაც ბავშვობა აქ, ჩვენთან საქართველოში გამოუვლიათ.

ამიტომ, პირველ პირში არ გიამბობთ. ყველაფერს ერთი პატარა გოგო მოგიყვებათ, რომელსაც პირობითად ხატია დავარქვათ. რატომ ხატია? იმიტომ, რომ დედამისს ძალიან უყვარდა დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, იმდენად, რომ თავის პირმშოს საყვარელი პერსონაჟის სახელი უსახსოვრა. ასეც ხდებოდა ხოლმე, შესაძლოა ახლაც ხდება.

საბჭოთა, კომუნისტური, წითელი პარტია – მხოლოდ წარსულიდან შემორჩენილი სიტყვები არ გეგონოთ, ისინი შიშით იკვებებოდნენ და ასევე შიშს თესავდნენ. პოტერის დემენტორებისა არ იყოს, შიშის გარეშე  ძალა ეკარგებოდათ და ალბათ გაქრებოდნენ, რომ არა, ოდესღაც დათესილი და მუდმივად არსებული შიშის მარცვლები.

ჰოდა, იმ დროს, როდესაც კომუნისტური, წესით, თითქოს აღარაფერი უნდა ყოფილიყო, შიში მაინც წითლად ღვიოდა და არსად წასულა. განსაკუთრებით კი ამ შიშებს სკოლებში ჰქონდა ფესვები გადგმული და იქიდან წასვლას კარგა ხანს არ აპირებდა. მგონი, ჯერჯერობით არც ახლა აპირებს.

მოკლედ, დავუბრუნდეთ ხატიას, რომელსაც მაშინ მოუწია სკოლაში შესვლა, ქვეყნის სიყვარულმა ქუჩებიდან სუფრებზე რომ გადმოინაცვლა და მიტინგებზე წარმოთქმული „გაუმარჯოს“ თამადის ექსკლუზივად რომ იქცა. მთელ ამ პატრიოტულ აურზაურში ყველა თანაბრად ტივტივებდა და გულზე მჯიღების ცემა ყველაზე მოდურ, პოპულარულ ქმედებად  ითვლებოდა. სკოლებშიც ლენინის სიყვარული უპირობოდ სამშობლოს სიყვარულით ჩანაცვლდა, და ერთი შეხედვით თითქოს პრობლემაც მოგვარდა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, ბელადებს ქვეყანასთან ერთად სკოლაც იცვლიდა, ხატიას კი ერთი შემთხვევა დღემდე გულში ჩარჩა. ეს ის შემთხვევაა, რომლის გამოც ამხელა შესავალი დამჭირდა.

ერთი კლასელი ჰყავდა, „ოროსნის“ იარლიყით, ძალიან ღარიბი ოჯახიდან, მუდამ დაპატარავებული ტანისამოსით, ძველი პიონერის ფორმა ეცვა, პიჯაკი იდაყვებამდე სწვდებოდა და შარვალი წვივებს ვერ უფარავდა. ამ  პატრიოტულ აღტყინებაში ძველი გახუნებული პიონერის ფორმა კარიკატურულად გამოიყურებოდა. ბიჭს პირობითად ალექსი ვუწოდოთ. მის გვერდით არავინ ჯდებოდა, არავინ ემეგობრებოდა, არავინ ესაუბრებოდა, იმიტომ რომ ღარიბი და მოუვლელი იყო. იჯდა ალექსი მუდმივად უკანა მერხზე, მარტო და მოწყენილი.

ხატია მესამე კლასში იყო, როდესაც მასწავლებელმა ვერამ აღმოაჩინა, რომ მისი კინოფირები გამქრალიყო და მაგიდის უჯრაში აღარ ეწყო. ჰოდა, მასწავლებელს ბევრი არ უფიქრია – გადაწყვიტა, რომ ვიღაცამ მოიპარა. ვიღაცამ, ვინც მის კლასში იყო. ვინ იქნებოდა ეს ვიღაც, თუ არა ალექსი. ლოგიკურია – ღარიბი, განმარტოებული, მოწყენილი, უმეგობრო, სიხარულს მოკლებული. ვერამ ალექსი დაფასთან გამოიყვანა და დაკითხვა დაიწყო. სასამართლო საკლასო ოთახში. ოცდაექვსი წყვილი, შეშინებულ თვალის წინაშე. ის ოცდამეშვიდე დაფის წინ იდგა და თავს იმართლებდა, რომ მას არ აუღია, არც უნახავს. გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ ის არ იყო დამნაშავე. მაგრამ ვერა მასწავლებელი შეუდრეკელი ბრალმდებელი აღმოჩნდა. არ ნებდებოდა და დაკითხვას მკაცრად აგრძელებდა. ალექსიმ ჯერ დედა დაიფიცა, მერე მამა, მერე ძმა, მაგრამ არცერთმა, რომ არ გაჭრა, ადგა და იესო ქრისტეს გეფიცებითო, პირდაპირ თქვა.

ხატიას ისე კარგად ახსოვს ეს სიტყვები, ისე გაუკვირდა მაშინ, როგორ გაბედა ალექსიმ თავის გადასარჩენად ღმერთის დაფიცება. თან ეს იმ დროს, როცა კომუნიზმიდან გამოფხიზლებულ საზოგადოებას ღმერთი ახალაღმოჩენილი ჰყავდა და  მისი სახელის ასე ხსენება მკრეხელობად, უპატივცემულობად ითვლებოდა. ალექსი კი ღმერთს ჩაეჭიდა. იმიტომ, რომ მის გარდა, ახლა არავინ ჰყავდა და შვიდი წლის ბავშვმა ახსენა ის, ვინც ბრალმდებლის ემოციებზე იმოქმედებდა და საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებინებდა. ამასობაში ზარიც დაირეკა და ხატიამ შვებით ამოისუნთქა.

ასეთ  სასამართლოებს საკლასო ოთახში, ხშირად დასწრებია და საბოლოოდ შეეჩვია კიდეც. ის კი არა, საკუთარ ოჯახშიც გაუსამართლებიათ, როდესაც ძვირფასი ჩინური ვაზის გატეხვა ბრალდებოდა. ხატიას უზარმაზარი უსუსურობა უგრძნია, როდესაც მისი არ სჯეროდათ, და დღემდე ახსოვს ის საშინელი განცდა, მართალი რომ ხარ და ჩაუდენელი დანაშაულის აღიარება გიწევს, იმ მიზეზით, რომ ამ დაძაბული, სულისშემხუთავი დაკითხვისაგან განთავისუფლდე. და არა მხოლოდ ხატია, მისი კლასელებიც მიეჩვივნენ ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას და ტყუილის თქმაც ძალიან გამარტივდა. ბოდიშის მოხდაც ჩვეულებრივ უსიცოცხლო „გამარჯობად“ იქცა და ასე გააგრძელეს კიდეც ცხოვრება.

ამ ამბებს არ ამოვქექავდი ხატიას ღრმად შენახული მოგონებებიდან, რომ არა ერთი შემთხვევა, ჩემი მეგობრის შვილის მიერ მოყოლილი ამბავი, რომელიც ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს და მშობლები მის განათლებაში საკმაოდ დიდ თანხას იხდიან. მოზარდმა მომიყვა, როგორ მოუწყო სასამართლო კლასში მასწავლებელმა, იმის დასადგენად, თუ ვინ გახსნა საკლასო ოთახის ფანჯარა, რადგან ამ ფანჯრის გახსნა მათ უსაფრთხოებასთან იყო კავშირში. დაკითხვას გაკვეთილი დაეთმო და ბრალმდებელის როლში ისევ მასწავლებელი აღმოჩნდა, 30 წლის შემდეგაც. ის დირექტორის ჩარევით იმუქრებოდა, თუ არ გამოტყდებოდნენ და აღიარებდნენ „დანაშაულს“.  მივხვდი, რომ წითელი დემენტორები ისევ დაჰქრიან ჩვენს სკოლებში და ისევ იკვებებიან ბავშვების, მასწავლებლების, მშობლებისა და დირექტორების შიშებით. ამ შიშებს სხვადასხვა მიზეზი აქვთ, მაგრამ ეს მიზეზებიც ურთიერთკავშირშია: ბავშვებს ეშინიათ კლასის წინაშე მოწყობილი „სასამართლოების“ – რადგან ამას თანაკლასელების თვალში დამცირება მოსდევს, ეშინიათ მასწავლებლების, მშობლების, დირექტორების. მასწავლებლებს ეშინიათ – საყვედურების დირექტორისგან და მშობლებისგან, მშობლებს  სხვა მშობლების და იმის, რომ მათი შვილი შესაძლოა არც ისე იდეალური არ არის და ასე შემდეგ, მთელი ჯაჭვია შიშების. ამ ჯაჭვებითაა  შეკრული ჯერ სასკოლო საზოგადოება და შემდეგ უკვე საზოგადოება.

ჰო, კიდევ ერთი – ხატიას კლასელი ალექსი დღეს ერთ-ერთი, ძალიან პოპულარული პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე წევრი და პარტიის თავმჯდომარის დამცველია. აი, ყველაფერს რომ იკადრებს და შეასრულებს, თუკი პარტია უბრძანებს…

რატომ აღმოჩნდა ალექსი ამ პოზიციაზე, პასუხი და ამ წერილის დასკვნაც თქვენთვის მომინდვია…

თეთრი კაცის საიდუმლო  

0

„მახსოვს, სკოლაში რომ მოდიოდით ხოლმე“, – ვუთხარი კლასელის დედას, რომელიც 1990 წლის მერე არ მენახა და მიკროავტობუსში ჩემი სახელი რომ არ წამოეძახა, თვალს მხოლოდ წამით შევაჩერებდი, უცხოდ მივიჩნევდი. უკრაინელი იყო, გარეგნული იერითა თუ საუბრის მანერით დანარჩენი მშობლებისაგან განსხვავებული, და ყოველთვის მომწონდა. ხელი აიქნია – იმის მერე იმდენი დრო გავიდაო. მომეჩვენა, რომ დროზე, წლებზე, წლებთან დაკავშირებულ პირობითობაზე სხვადასხვაგვარი წარმოდგენა გვქონდა. მისთვის თითქოს რამდენიმე ცხოვრება გასულიყო და ძველ, თვალწინ ჩაბნელებულ სურათებზეც ვეღარაფერს არჩევდა. „საშინელებაა, საშინელებაა“, – ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გულის“ გმირივით თქვა. ვერ მივხვდი, სოფლელი ქალის ქანცგამწყვეტ შრომას, თავის გასატანად ყოველდღიურ ბრძოლას გულისხმობდა, გორში გატარებულ, დაუბრუნებელ ახალგაზრდობას თუ რაღაც ისეთს, რაც მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდებოდა ერთსა თუ მეორეს.

საგონებელში ჩამაგდო. კურცი გამახსენა და კონრადის სხვა მოთხრობის გმირიც – ფალკი, რომელზეც ყოველთვის მინდოდა დამეწერა. ჩემი წარმოდგენით, „წყვდიადის გული“ ის წიგნია, სკოლაში რომ უნდა ისწავლებოდეს (ყურადღებით წაკითხვას, სიღრმისეულ ანალიზს მთელი სემესტრიც შეიძლება დაეთმოს), „ფალკს“ კი იმ მოსწავლეებისთვის შემოვინახავდი, რომლებიც მწერლის სამყაროში უფრო ღრმად შესვლას მოინდომებდნენ. მწამს, რომ არსებობენ ასეთებიც – კარგი ლიტერატურის გამალებით მძებნელები, ენობრივი ბარიერების მარტივად გადამლახველები.

„ფალკზე“ დაწერა იმ წიგნმაც გადამაწყვეტინა, რომელიც მაგიდაზე მიდევს – რიჩარდ ფლენეგანის „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“. სწორედ აქ ამოვიკითხე ფრაზა: „კეით მალვეინი იმ კაცად გრძნობდა თავს, რომელმაც რაღაც მოკლა, რომ შეეჭამა“. მანამდე კეით მალვეინმა ახლობლის სიკვდილის ამბავი გამოიგონა, რომელიც, მისივე წარმოდგენით, სიყვარულის ობიექტს საბოლოოდ დაუბრუნებდა. მოიტყუა. ტყუილის თქმა მკვლელობის აქტს გაუთანაბრდა და ის პირველყოფილთა სამყაროში დააბრუნა, სადაც მოთხოვნილების ნებისმიერი საშუალებით დაკმაყოფილებაში, სასურველის მისაღებად ხელის სისხლით გასვრაში უჩვეულო არაფერია.

„ფალკის“ მთავარ გმირს კი – დანიელსა თუ ნორვეგიელს (მთხრობელი ვერ გვეუბნება, მაინც რომელია) – მამაკაცური მომხიბვლელობა არ აკლია. გვარწმუნებენ, რომ მესაკუთრეა, მონოპოლისტია, თუმცა დასაწყისში ეს მისატევებლად გვეჩვენება. გარშემომყოფებისათვის გაუგებარი ახირებებიც აქვს – ვეგეტარიანელია, რაც მეტისმეტად ძნელი წარმოსადგენი ხდება მათთვის, ვისაც სწამთ, რომ „აუცილებელია, თეთრმა კაცმა ხორცი ჭამოს“. თავისებურად კეთილსინდისიერია – არავინ აიძულებს საშინელი საიდუმლოს გამხელას იმ ქალიშვილისათვის, რომელიც შეჰყვარებია და ასევე ქალიშვილის ახლობლებისათვის, მაგრამ მაინც გადაწყვეტს სიმართლის თქმას.

სიმართლე კი ისეთი თავზარდამცემია, ადამიანის გონება რომ ვერაფრით შეალამაზებს, მეტ-ნაკლებად მისაღებ ფორმას ვერ მოუძებნის. შეყვარებული ქალიშვილი სხვაა – იტირებს, იტირებს და ბოლოს მაინც დათანხმდება იმ კაცთან ცხოვრებას, ვინც… არც კი ვიცი, რა სიტყვებით ვთქვა. „სადღაც, კეთილი იმედის კონცხსა და ახალ ზელანდიას შორის“, სატვირთო გემზე მეზღვაურები შიმშილით იხოცებიან ან ლანდებად ქცეულები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ხსნას არსაიდან ელიან. ისეთი პირი უჩანს, რომ ადრე თუ გვიან ყველას ერთი ბედი ეწევა. მაგრამ არა, ფალკი გადარჩება! ფალკისთვის გადარჩენა უმთავრესი ამოცანა, სამყაროში ადამიანის არსებობის უდიდესი მიზანია – ზნეობრივ კანონთან გასათანაბრებელი.

ის კაცის ხორცს შეჭამს და ათი წლის შემდეგ იტყვის, თავს დიდი უბედურება დამატყდა,  დიდი განსაცდელი გამოვიარეო. საკუთარ თვალში მართალია – განა ნებისმიერ ფასად არ უნდა ეცადა, რომ გადარჩენილიყო? რა სიკეთე იქნებოდა, ხვედრს რომ შეგუებოდა და სხვებივით ჩასჩერებოდა თვალწინ გადაშლილი უფსკრულის სიბნელეს? ქალიშვილიც ასე უყვარს – მშიერი კაცის გახელებით: „დამშეულივით უნდოდა ეს გოგო, შიმშილისაგან თვალდაბნელებულივით – თითქოს ძალიან დიდი ხანია, არაფერი უჭამიაო“.

რთული წარმოსადგენი არ არის, რა შეკითხვები შეიძლება გაუჩნდეს მკითხველს, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება ამ გმირის, მისი შემაძრწუნებელი ისტორიის პირისპირ. იქნებ ცდუნებას აჰყვეს და სწრაფად მოძებნოს დამამშვიდებელი პასუხები; ან ფალკის შეყვარებულის ბიძასავით, კაპიტან ჰერმანივით გაიმეოროს: „საშინელი ამბავია, საშინელი!“ და ამით გაავლოს ხაზი ადამიანურსა და არაადამიანურს შორის.

მე კი ყოველთვის ის კითხვა მაწუხებდა, რატომ ვერ შეძლო მომავლისაკენ მზერამიმართულმა ფალკმა წარსულში მომხდარი საზარელი ამბის ბნელ საიდუმლოდ დატოვება, გონების რომელიღაც ქვაბულში სამუდამოდ გამოკეტვა; რატომ მოუნდა, რომ ზუსტად ისეთი მიეღოთ და ჰყვარებოდათ, როგორიც იყო?..

„მეგობრები ვიყავით მე და თინა. მიყვარდა“, – ვუთხარი კლასელის დედას, სანამ მიკროავტობუსიდან ჩავიდოდა. მახსოვსო, – მიპასუხა და იმ სამყაროში გაუჩინარდა, შემაშინებლად, სასოწარმკვეთად რომ დამსგავსებოდა ჯოზეფ კონრადისას.

წარმატების ნიშნები ბავშვებში

0

ჩვენი შვილი ჯერ არ დაბადებულა და უკვე მის წარმატებაზე ვოცნებობთ, ვგეგმავთ, როგორ მიაღწევს მას, ბავშვის დაბადების შემდეგ კი გულმოდგინედ ვცდილობთ, ამოვიცნოთ მისი თანდაყოლილი ნიჭი, უნარები, შესაძლებლობები, პოტენციალი. გვინდა, ჩვენს შვილს საოცარი ცხოვრება ჰქონდეს. მონდომებით ვამზადებთ მას ბაღისთვის, სკოლისთვის, უმაღლესი სასწავლებლისთვის, პედაგოგები და ფსიქოლოგები კი რჩევა-დარიგებას არ იშურებენ, რომ აღზრდის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგვრჩეს.

ყველა მშობელს აწუხებს კითხვები: აქვს თუ არა უფლება, მშვიდად იყოს შვილის მომავლის თაობაზე? ვის ენდოს – მასწავლებლებს თუ რეპეტიტორებს? როგორ განაწყოს შვილი წარმატებისთვის? მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ბევრი რამ მიგვანიშნებს ბავშვის მომავალ აკადემიურ წარმატებებზე, მთავარია, კარგად დავაკვირდეთ.

მაგალითად, თუ პატარა დიდხანს აკვირდება და სწავლობს ახალ სახეებს, ეს კარგი ნიშანია. 80-იან წლებში კლივლენდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ფსიქოლოგმა ჯოზეფ ფაგანმა, ტესტი შეიმუშავა: ექვსი თვის ბავშვებს ფოტოებს ათვალიერებინებდნენ; ჯერ წყვილ იდენტურ სახეს აჩვენებდნენ, შემდეგ – ერთ უკვე ნანახ სახეს, ბოლოს – უცხოს და ამოწმებდნენ, რამდენ ხანს ანდომებდა ბავშვი უცნობი სახის შესწავლას. აღმოჩნდა, რომ ამ მარტივი ტესტის შედეგი პირდაპირ უკავშირდებოდა IQ-ს. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რაც უფრო ცნობისმოყვარე და ჭკვიანი იყო პატარა, მით უფრო მეტხანს ათვალიერებდა სახეებს. ასეთი ბავშვების უმეტესობა სკოლაშიც კარგად სწავლობდა.

წარმატების მომასწავებელი ნიშანია, თუ ბავშვს ადრეულ ასაკში ძალიან სწრაფად უვითარდება მოტორული უნარები. კვლევამ, რომლის ანგარიშიც 2016 წელს გამოქვეყნდა, ყურადღება გაამახვილა ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები 600-მდე ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე. მეცნიერებმა გამოიყენეს დედების ჩანაწერები: როდის დაჯდა მათი შვილი დამოუკიდებლად, როდის დაიწყო ცოცვა, აიდგა ფეხი… აღმოჩნდა, რომ მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კოგნიტიურ ტესტებში მიღებულ ქულებს შორის (მათ ბავშვებს ოთხი წლის ასაკში უტარებდნენ) არსებობდა კანონზომიერება: რაც უფრო ადრე ახერხებდა პატარა თავის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაჭერას, მით უკეთესად აბარებდა გამოცდას არა მხოლოდ ოთხი წლის ასაკში, არამედ სკოლის პერიოდშიც.

თუ ბავშვმა მალევე ამოიდგა ენა, ესეც შესანიშნავი ნიშანია. ერთ-ერთი კვლევის ავტორი, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, თავის სამეცნიერო ნაშრომში წერს, რომ „აქვს სანდო მტკიცებულებები მტკიცე კავშირის შესახებ მეტყველების „წარმოებასა“ და მომავალში სამეცნიერო ცოდნის განვითარებას შორის“.

9-დან 30 თვემდე ასაკის 9 ბავშვთან მუშაობის დროს მკვლევრებმა ყურადღება მიაქციეს მათ ტიტინს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო რთულად ტიტინებდა ბავშვი, მით უფრო ადვილად სწავლობდა 6 წლის ასაკში ანბანს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ ყურადღება გაამახვილა ბაღის ასაკის ბავშვებზე. ექსპერტებმა შეაფასეს პარამეტრების მთელი წყება: ყურადღების კონცენტრაციის უნარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც კარგად ფლობდნენ მშობლიურ ენას, მომავალში არა მხოლოდ სხვა ენებს სწავლობდნენ წარმატებით, არამედ დანარჩენ საგნებშიც მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

ენაზე საუბრისას არ მეცნიერები გულისხმობენ კითხვის უნარს – აქ, პირველ რიგში, მდიდარი ლექსიკა, რთული სინტაქსი და საინტერესო გრამატიკული სტრუქტურების გამოყენების უნარი იგულისხმება. ენის კარგი ფლობა ადამიანს უდავოდ ეხმარება ნებისმიერი სამეცნიერო დარგის შესწავლაში.

კიდევ ერთი რამ: წარმატებას ხშირად აღწევენ ისეთი ადამიანის გვერდით გაზრდილი ბავშვები, რომლებსაც უყვართ ლაპარაკი, აქვთ ბევრი წიგნი და საგანმანათლებლო სათამაშო.

ნიუ-იორკის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 2 ათასზე მეტი ოჯახი შეისწავლა. კვლევა მათ მაშინ წამოიწყეს, როდესაც ბავშვები 14 თვისები იყვნენ და 10 წელი აგრძელებდნენ დაკვირვებას. სკოლის ასაკში ბავშვებს შეუმოწმეს კოგნიტიური უნარები, პრობლემების გადაჭრის უნარი და სიტყვათა მარაგი. აღმოჩნდა, რომ უფრო უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ ბავშვებს, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ წიგნებზე, კონსტრუქტორებზე, კრეატიულობისთვის გამომჟღავნებისთვის საჭირო მასალაზე. განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ზრდასრულთან ურთიერთობაც: ბავშვზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა, როცა ზრდასრული გამუდმებით რეაგირებდა მის თხოვნაზე, ესაუბრებოდა, რაღაცას უყვებოდა და დროდადრო მასთან ერთად თამაშობდა.

თუ თქვენს შვილს „ზედმეტ“ ცნობისმოყვარეობას შეატყობთ, ჩათვალეთ, რომ წარმატების მარცვალი მასში უკვე ჩაგდებულია. მკვლევრებს დიდხანს მიაჩნდათ, რომ აკადემიური მიღწევების გასაღები შრომისმოყვარეობა იყო, მაგრამ ტეხასში, ოსტინში მდებარე უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს წარმოდგენა ქარს გააყოლეს. მათ 1000-ზე მეტი 8-დან 14 წლამდე ასაკის ტყუპი შესწავლეს და მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ მათემატიკისა და ლიტერატურის სიყვარული დაკავშირებული იყო ცნობისმოყვარეობასა და თავდაჯერებასთან, კეთილსინდისიერება კი არაფერ შუაში გახლდათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არც ერთ ბავშვს არ აწყენს სიბეჯითისთვის ქება. ეს მომავალში წარმატებას მოუტანს. ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა, რომელთა შორის იყო ცნობილი პროფესორი კეროლ დუეკიც, შეისწავლა მშობლების მიერ წარმოთქმული საქებარი სიტყვების გავლენა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე. სამი წლის ასაკში ნათქვამ „ყოჩაღს“ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია წლების შემდეგ. ზომიერი, მაგრამ სწორი ქება არა მხოლოდ დადებითად აისახება ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე მათემატიკასა და ლიტერატურაში, არამედ ანიჭებს მას თავდაჯერებას, განაწყობს, რომ რთული დავალებება სახალისო ამოცანად მიიჩნიოს და მარტივად გადაჭრას.

2007 წელს ჩატარებული კვლევის ავტორები ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან მხარს უჭერენ სკოლისთვის მოსამზადებელი კურსების იდეას. მათ შეისწავლეს ბავშვების ცოდნისა და ქცევის დონე 5 წლის ასაკში, მერე კი დააკვირდნენ პროგრესს 7-დან 14 წლამდე. მკვლევართა ანგარიშების თანახმად, რაც უფრო ადრე სწავლობს ბავშვი წერა-კითხვას, მით უკეთესია მისი აკადემიური მოსწრება მომდევნო წლების განმავლობაში.

გჯეროდეთ ბავშვის და ესაუბრეთ, როგორც თანატოლს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთათვის მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვა. შვილთან საუბრისას მშობელი პირდაპირ მოქმედებს მის თავის ტვინში არსებული მეტყველების ცენტრების განვითარებაზე. სიტყვების რაოდენობასა და სირთულეს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რამდენად ყურადღებით უსმენს ზრდასრული ბავშვს. რაც უფრო მეტი რეპლიკა ესმის ზრდასრულისგან სკოლამდელი ასაკის პატარას, მით უფრო ძლიერია ნეირონების აქტივობა მისი თავის ტვინის ქერქში, ბროკას ზონაში – ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მეტყველების სიგნალების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი.

გასვლის დროა

0

კარანტინი რომ დასრულდა და მთავრობამ სასაფლაოების შესასველებთან გამაგრებული დაცვა მოხსნა, მე და ვახო ბებია-ბაბუის საფლავის დასალაგებლად წავედით მუხათგვერდში. ციცაბო ადგილია. ბებიაჩემი სულ იმაზე წუხდა, რომ მოვკვდები აქ როგორ უნდა ჩამომიტანოთო. სიცოცხლე თქვი, თორემ სიკვდილის შემდეგ ყველგან ჩაგიტანენ. რუსიკოც ჩავიტანეთ. თან, თავსხმა წვიმაში.

 

დრო იყო ბევრნი დავდიოდით ბაბუას საფლავზე. ახლა დავცოტავდით. ეგეთია ცხოვრება. ერთ ფილმში ამბობენ, დიდი ოჯახები ძველ ცივილიზაციებს ჰგვანან, სუსტდებიან და ქრებიანო. აღარც ბებიაჩემია, აღარც დედა. ახლა სხვადასხვა სასაფლაოზე ცხოვრობენ. მოკლედ, გრძელი ამბავია.

 

ინფექცია რომ დაიბადა, მგონი გასული წლის ნოემბრის ბოლო იყო თუ დეკემბრის დასაწყისი, ქართველები მშვიდად ვიყავით. არ გვეხებოდა, არ ვეხებოდით. შორით ვაკვირდებოდით, როგორ იკრებდა ძალებს ჩინეთში და ერთი-ორს ვიცნობ, გულის კუნჭულებში უხაროდა კიდეც. მალავდა კია. საინფორმაციო გამოშვებებს თამამად ვუსმენდით. ზვიად რატიანის ლექსის არ იყოს, ტელევიზორებს მაღალ ხმაზე ვაგუგუნებდით. მერე ინფექციამ ზოგან ვიზით და ზოგან უვიზოდ შეაღწია, ღრიჭოები იპოვა და ჩვენთანაც შემოჟონა. გავცვივდით, სუპერმარკეტები ტუალეტის ქაღალდისგან დავაცარიელეთ, აფთიაქები სპირტისგან, ბანკომატები კი – ფულისგან. დავაცარიელეთ იმიტომ, რომ გულები  იმედებით აგვევსო. იმედებით ავსებისას კი ხან ერთ ხავსს მოვეჭიდეთ, ხან მეორეს. ჯერ „ბე ცე ჟეს“ აცრა გვიცავსო, ხან ჭაჭა ერევაო, მერე ნიკოტინი სძულს და მოწევას მივეძალოთო.  პლაქვენილი ვსვით ურეცეპტოდ, ლიმონით დავიხვრიტეთ კუჭები.

 

ბოლოს, როცა მედიცინამ ჩვენ მიერ შეთხზულ თეორიებს სათითაოდ გამოუსვა ცელი კისერში, თავის დამშვიდების უნივერსალურ მეთოდს მივაგენით და საყოველთაოდ შევთანხმდით, რომ სინამდვილეში სადარდებელი არც არაფერია, რადგანაც ვირუსი კი მძვინვარებს, მაგრამ ის მხოლოდ მოხუცებს კლავს.

 

„რისი გეშინია, შეჩემა, კორონა მარტო ბებრებს და ინვალიდებს ბრიდავს“ – მითხრა ძველმა ნაცნობმა და საკოცნელად გამოიწია. გაგანია კარანტინი იყო, ქუჩაში შემხვდა. წლებია არ მენახა. მე მაღაზიაში მივდიოდი, ის ძველებურად, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, ალბათ არსად. ჩემი ნაცნობი რომ საზომი არ არის, ცხადზე უცხადესია. ჩემი ნაცნობი ვის დაკარგვია, როცა ამბიონზე შემომდგარმა მიტროპოლიტმა იობმა უქადაგა თავის სამწყსოს, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდანო.

 

ასეთი დამამცირებელია ის წითელი ზღვარი, რომელსაც ამა ქვეყნის ძლიერები, ჯან-ღონით სავსეები, მხარბეჭიანები და ფეხმარდები აწესებენ ადამიანებისთვის, ვისაც სამ-ოთხი კაბა-შარვლით მეტი გამოუცვლია, გაღიმებისას სახე ეჭმუჭნება და ბანკომატს კრძალვითა და ცახცახით მოიხმარს. სინამდვილე კი ისაა, რომ ინფექციის აფეთქებამ, პანდემიამ, კარანტინმა, ტუალეტის ქაღალდის დეფიციტმა, თვითგადარჩენისა თუ საკუთარი უკანალის გადარჩენის ინსტიქტმა ფეხქვეშ გამოგვაცალა საყრდენი – იმის ცოდნა, რომ ადამიანს დაბადების თარიღი აქვს,  გამოშვების წელი – არა. და, თუკი მას ავტომანქანად აღიქვამ,  გარბენს, ძრავისა და აკუმულატორის რესურსს უთვლი და მის ვარგისიანობას სავალი ნაწილის ვარგისიანობითა თუ პოლირებული ზედაპირით აფასებ, შენდაუნებურად იცლები ჰუმანურობისგან. ამ საყოველთაო აურზაურმა მიგვავიწყა, (ან, იმედი მაქვს ჩვენ დროებით მიაძინა) იმის განცდა, რომ ადამიანი ცოცხალია მანამ, სანამ უყვარს, განიცდის და უხარია. ხოლო გასვლის დრო მხოლოდ მაშინ დგება, როცა გავა.

 

პაოლო სორენტინოს ერთი გმირი ჰყავს – ჯეპ გამბარდელა, ნიჭიერი და ზარმაცი კაცი, რომელიც თავს იტალიური ბომონდის მეფობით ირთობს, სინამდვილეში კი ამქვეყნად ყველაზე მოწყენილი ვინმეა. წლებშია ისიც და ამ წლებს ღიპზე შემოკრული კორსეტით მალავს. ჯეპ გამბარდელა ამბობს, ყმაწვილკაცობაში ჩემი მეგობრები ამ კითხვაზე ერთსა და იმავე პასუხს სცემდნენ – მუ…ლიო, მე კი ვპასუხობდი, იმ სახლის სურნელი, სადაც მოხუცები ცხოვრობენო. კითხვა კი ასეთი იყოო: რა გიყვარს ცხოვრებაში ყველაზე მეტადო. მე ყოველთვის ჯეპ გამბარდელას მხარეს ვიყავი.

 

თანამედროვე ამერიკული კინოს კლასიკოსს, ალექსანდრ პეინს შესანიშნავი კინოსურათი აქვს – „ნებრასკა“ ჰქვია. ამ ფილმის მთავარი გმირები გზას მიუყვებიან. ერთი მათგანი მოხუცი კაცია, რომელსაც მავანი იტყოდა, მაგისი გასვლის დროაო. მეორე კი მისი ვაჟი. მოხუცს აუკვიატებია, მილიონი მოვიგეო და პრიზის ასაღებად მიიწევს. შვილი, იმის მიუხედავად, რომ მოგების აბსურდულობაში დარწმუნებულია, მამას ხათრს არ უტეხავს და მის მიზანს თანაუგრძნობს. მერე კი იწყება ამბები და თან რა ამბები – ფათერაკები, აღსარებები, ახსნები, გულის ტკენები და გულის გადაშლები. ამ ნაძერწ ისტორიაში რეჟისორი ანაზდად გაპარებს აზრს, რომ შესაძლოა მამასთან ერთად ათწლეულები ცხოვრობდე, თუმცა არ იცნობდე და გაიცნო მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები და მიხვდე, რომ ის არასდროს ყოფილა ისე ცოცხალი, როგორც იმ მომენტში, როცა, ერთი შეხედვით, „მისი გასვლის დროა“.

 

…მე და ვახომ საფლავი ბალახისგან გავწმინდეთ, ბებიაჩემის საყვარელი „ფანტას“ ბოთლი გავხსენით, რომელიც ზაფხულის სიცხეს გვარიანად გაეხურებინა და ქვაზე ჩამოვსხედით. ვისხედით ასე და ქალაქს გავყურებდით. თან, თბილ „ფანტას“ ვწრუპავდით.

 

  • როგორ გგონია, რუსიკო ნაწყენია? – ვკითხე.

ვახომ პასუხზე არ იჩქარა. მივხვდი, მართლა მართლა.

  • ალბათ.

არც მე ვიჩქარე საუბრის გაგრძელება. ალბათ იმიტომ, რომ ვეთანხმებოდი.

  • შავი მიწა დავამატებინოთ?
  • დავამატებინოთ.

 

ბებიაჩემი 2017 წლის 25 სექტემბერს წავიდა. მაშინ ახალი კორონავირუსული ინფექცია ჯერ არ არსებობდა, თუმცა ადამიანები მაშინაც უთვლიდნენ ერთმანეთს წლებს და უვლებდნენ საზღვრებს – ვისი გასვლის ჟამი დამდგარიყო და ვისი – არა. რუსიკო მეოთხმოცეში გადამდგარი გავიდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წუთამდე უყვარდა და განიცდიდა.

 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა სწავლის სტილის გათვალისწინება გაკვეთილების დაგეგმვისას

0

ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზს განვსჯით იმის მიხედვით, შეუძლია თუ არა ხეზე ასვლა, დავიჯერებთ, რომ ის ბრიყვია.

ალბერტ აინშტაინი.

 

თუ თვალს გადავავლებთ განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას -ეროვნულ დონეზე, სასკოლო სასწავლო გეგმას – სასკოლო დონეზე და გაკვეთილის გეგმას – საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დონეზე, დავრწმუნდებით: მუდამ აქტუალური იყო სასწავლო პროცესის იმგვარად დაგეგმვა, რომ მოსწავლეს მიეღო მისი პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, რომელიც, იმავდროულად, გრძელვადიან მიზანზე იქნებოდა ორიენტირებული.

ეს შესანიშნავად ვიცით პედაგოგებმა. მიუხედავად ამისა, საჯარო სკოლებში თავს იჩენს სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ყველა, ვინც თავი საგანმანათლებლო სფეროს მიუძღვნა, ვალდებულია, ხელსაყრელი პირობები შეუქმნას აღსაზრდელს.

საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწავლის სტილის დადგენა.

როგორი შეიძლება იყოს სწავლის სტილი და როგორ შეგვიძლია მოსწავლეთა დაინტერესება მისი გათვალისწინებით?

 

ყველაზე გამოცდილი და თავდაჯერებული განმანათლებლებიც კი ხშირად უსვამენ საკუთარ თავს შემდეგ კითხვებს:

* მისმენენ თუ არა მოსწავლეები?

* როგორ მოვახერხო, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში? რამდენად სწორია გზა, რომელიც მიზნამდე მისაღწევად ავირჩიე?

* როგორ გავზარდო მოსწავლეთა ინტერესი?

ყველა მოსწავლეს სწავლის სხვადასხვა სტილი აქვს. შეუძლებელიც კია, ერთი და იგივე სასწავლო გეგმა მოერგოს ერთი და იმავე კლასის მოსწავლეთა უმეტესობას. თუ ერთ მოსწავლეს უფრო მეტი თვალსაჩინოება სჭირდება მასალის უკეთ აღსაქმელად, მეორეს ვერბალური კომუნიკაცია ურჩევნია.

ცნება „სწავლის სტილი“ გულისხმობს, ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა. განათლების სპეციალისტებმა ამ საკითხზე გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაამახვილეს ყურადღება, თუმცა ის დღესაც აქტუალურია. მრავალი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მაქსიმალურად მოარგოს მას სწავლების მეთოდები. რაც უფრო მრავალფეროვანია სწავლებისა და სწავლის სტრატეგიები, მით უფრო ადვილად ერთვებიან მოსწავლეები სასწავლო პროცესში. ცალკეული მოსწავლეები შესაძლოა სწავლის რამდენიმე სტილს იყენებდნენ. ამ დროს მულტიმოდალობაზე საუბრობენ.

ტერმინ „მულტიმოდალობას“ იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სწავლის ერთზე მეტ სტილს ანიჭებენ უპირატესობას.

 

არსებობს სწავლის ტიპების კლასიფიკაციის რამდენიმე მოდელი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებელია სწავლის ოთხი ძირითადი ტიპის გამოყოფა. ესენია: ტაქტილური (შეხებითი), კინესთეტიკური (მოძრაობითი), მხედველობითი და სმენითი. ამ კლასიფიკაციის ძირითადი პრინციპია ის შეგრძნებითი მოდალობა, რომელსაც ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ინფორმაციის გადამუშავებისას.

სმენითი ტიპის ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით, კინესთეტიკური ტიპისა – ურთიერთქმედებით და კეთებით, მხედველობითი ტიპისა – ვიზუალური ხატებით, სხეულის ენით, ხოლო ტაქტილური ტიპისა -ჩანაწერების კეთებით.

სწავლობს თუ არა ბავშვი უკეთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ცოდნა რომლიმე კონკრეტული სტიმულის საშუალებით მიეწოდება?

სწავლის სტილი კოგნიტიური და ქცევითი სქემაა, რომელიც მეორდება სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას სხვადასხვა დროში. ის თითოეული ინდივიდის აღქმის სხვადასხვაგვარობას ეფუძნება. ამ განსხვავებულობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვითი ასოციაციების სავარჯიშო. მაგალითად, უპირველეს ყოვლისა, რა მოგდით თავში სიტყვა „სკამის“ გაგონებისას? უბრალოდ დასაჯდომი საშუალება, საზოგადოდ, ავეჯი თუ, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული სკამი?

განსხვავებული ინტერპრეტაციის ეს მარტივი მაგალითი ნათელს ხდის, რატომ ესმით ადამიანებს კომპლექსური სიტუაციები სხვადასხვანაირად. ჩვენს სიტუაციას თუ მივუსადაგებთ – რატომ „ესმით“ ბავშვებს მასწავლებლის სხვადასხვა მითითება. სწავლის სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვაჩვენებს ჩვენთვის „საუკეთესო“ გზებს დავალებისთვის თავის გასართმევად. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია – წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ უნარებს.

 

თანამედროვე თეორიები

1960-იანი წლებიდან აქტიურად  ტარდება სწავლასა და ინდივიდუალიზმთან დაკავშირებული კვლევები და ნელ-ნელა მკვიდრდება ტერმინი „სწავლის სტილი“. შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორიაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავთ, მრავალი მკვლევრის აზრით კი, მათ ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი ძნელია, სანამ შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევები არ ჩატარდება. კატერინ მაიერსმა და იზაბელ ბრიგსმა გამოიყენეს შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ იუნგის თეორია ფსიქოლოგიური ტიპების შესახებ და შეიმუშავეს სპეციალური ინსტრუმენტი – მაიერს-ბრიგსის ტიპის ინდიკატორი.

იუნგის თეორია ეხება ორ ურთიერთსაპირისპირო ფსიქიკურ ფუნქციას, რომლებიც ჩართულია ინფორმაციის მიღების პროცესში: 1. შეგრძნებით აღქმას – ინფორმაციის მიღებას ხუთი გრძნობის საშუალებით და 2. ინტუიციურ აღქმას – სენსორული ინფორმაციის მიღმა კავშირების დანახვას და დასკვნების გამოტანას. იგივე თეორია აღწერს ორ სხვა ურთიერთსაპირისპირო ფსიქიკურ ფუნქციასაც, რომლებიც ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ჩართული: 1. გონებრივ მსჯელობას- ინფორმაციის ობიექტური და ლოგიკური კრიტერიუმების საშუალებით შეფასებას და 2. გრძნობით მსჯელობას- ინფორმაციის შეფასებას სუბიექტური მნიშვნელობის საფუძველზე. რიტა და კენეტ დანებმა საკლასო ოთახში მოსწავლეთა ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად აღწერეს მოსწავლეთა გარემო, ემოციური, სოციოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, გარემო საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ხმაურის მიმართ მგრძნობელობა: ზოგიერთ ბავშვს დავალების შესრულება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, ზოგს კი ხმაური საერთოდ არ აწუხებს. სოციოლოგიური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა – ზოგ ბავშვს დავალებაზე მარტო მუშაობა ეადვილება, ზოგს კი, პირიქით, თანატოლებთან ერთად. ფიზიკური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია აღქმის ძლიერი მხარეები: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რა ფორმით (ვიზუალური, აუდიო-, ტაქტილური თუ კინესთეტიკური) მიღებულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ და იყენებენ. აღნიშნული მოდელი ავტორებმა იმისთვის შეიმუშავეს, რომ მასწავლებლებს შესძლებოდათ სწავლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.

ენტონი გრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმისა და გააზრების სხვადასხვა სტილს. ის გამოყოფს აღქმის კონკრეტულ და აბსტრაქტულ ხარისხს, ინფორმაციის ორგანიზების თანმიმდევრულ და არათანმიმდევრულ სტილს. გრეგორის თანახმად, თითოეულ ინდივიდს აქვს როგორც კონკრეტული, ისე აბსტრაქტული აღქმის უნარი და, ამასთან ერთად, ინფორმაციის თანმიმდევრულად ან არათანმიმდევრულად ორგანიზების სტილი, თუმცა უფრო მეტი წარმატებით მხოლოდ ერთ მათგანს იყენებს.

უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცენტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტიკურ მოდალობაზე და მასწავლებლებს მოდელის პრაქტიკაში დანერგვის პრინციპებს სთავაზობს. მეცნიერთა აზრით, უსამართლობაა, როცა ბავშვებს, სწავლის მიუხედავად, უხდებათ თავიანთი სწავლის სტილის (მოდალობის) სუსტ მხარეებთან შეჯახება, მაშინ როდესაც ძლიერი მხარეები შესაძლოა იგნორირებული იყოს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადრეულ ასაკში ერთ-ერთი მოდალობა დომინირებს. მოწიფული ასაკის ადამიანს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სხვა მოდალობების გაძლიერება, თუმცა სტრესულ სიტუაციებში ზრდასრულებიც დომინანტურ მოდალობას უბრუნდებიან.

 

ვიზუალური მოდალობა

ადამიანები, რომლებიც უკეთ იგებენ და იმახსოვრებენ ვიზუალური ფორმით მიწოდებულ ინფორმაციას, ხშირად საუბრის დროს ხატოვნად წარმოიდგენენ ნათქვამს, კითხვის დროს მონიშნავენ ტექსტს და ა. შ. მათ სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებები და სურათები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.

 

აუდიტორული მოდალობა

ადამიანი, რომლის ძირითადი მოდალობა აუდიტორულია, ფიქრის დროს ხშირად ხმამაღლა გამოთქვამს მოსაზრებას. საკუთარი აზრების მოსმენით ის უკეთ იმახსოვრებს; ესწრაფვის დაზუთხვას და გამეორებას და, როგორც წესი, დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს, რადგან ხმაური ხელს უშლის დავალებაზე კონცენტრირებაში.

 

კინესთეტიკური მოდალობა

ბარბი და სვასინგი კინესთეტიკურ მოდალობას განმარტავენ როგორც მსხვილი და ნატიფი მოტორიკისა და შეხების გრძნობის აქტიურ გამოყენებას სწავლის პროცესში. კინესთეტიკური მოდალობის მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს გაკვეთილზე დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა. ისინი გაცილებით მეტს სწავლობენ, როდესაც მშვიდად არიან, რადგან ყურადღებას არ უფანტავთ ადგომისა და მოძრაობის სურვილი.

 

ტაქტილური მოდალობა

განმარტებულია როგორც შეხების შეგრძნება. მსგავსი მოდალობის მქონე მოსწავლეები უკეთ სწავლობენ წერით, ხატვით. ახალ მასალას იოლად ითვისებენ, როცა მასთან შეხება უწევთ. ასეთ მოსწავლეებს მასწავლებლის მოსმენისას ჩანაწერების გაკეთება უნდა ვურჩიოთ.

 

შერეული მოდალობები

დომინანტური მოდალობა ის არის, რომლის საშუალებითაც მოსწავლე ყველაზე ეფექტურად ამუშავებს ინფორმაციას. დომინანტური მოდალობა მკაფიოდ ჩანს ადრეულ ასაკში, თუმცა ზრდასრულებთან მისი გამოცალკევება უკვე ჭირს. შერეული მოდალობები (ანუ ერთდროულად ორი ან სამი ძლიერი მოდალობა) გვხვდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს თითოეული მოდალობის გავარჯიშების თანაბარი შესაძლებლობა აქვს (მაგ., მოსასმენი აქტივობები, თვალსაჩინოებები, საკუთარი ხელით ჩატარებული ექსპერიმენტები და ა.შ.)

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩავუტარე გამოკითხვა ღიადაბოლოებიანი ტესტების საშუალებით და დავადგინე თითოეული მათგანის სწავლის სტილი. როცა პედაგოგს აქვს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის სწავლის სტილის შესახებ და მასზე დაყრდნობით არჩევს საკლასო აქტივობებს, მოსწავლეები უფრო უკეთ ერთვებიან სასწავლო პროცესში და მათი მოტივაციაც იზრდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგივე მოსწავლეებს ჩავუტარე მეორადი ანკეტირება, პირველადი შედეგების ვალიდურობის დასადგენად. მეორადი შედეგების ანალიზის შედეგად მონაცემები შეიცვალა. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად სწავლის სტილი ზოგჯერ იცვლება.

 

მოსწავლეთა პირველადი ანკეტირების შედეგები

 

 

შერეული* ნიშნავს რომ მოსწავლეს სწავლის ოთხი სტილი აქვს.

 

 

პირველადი ანკეტირების შედეგად დავადგინე, რომ მოსწავლეთა 35% სწავლის შერეულ სტილს იყენებს, 52%-თან შეინიშნება სწავლის სამი სტილი, 2 სტილი აქვს 7%-ს, ხოლო მხოლოდ მოსმენით მოსწავლეთა 6% სწავლობს.

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძნელია სწავლის სტილის დადგენა, ვინაიდან ის ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, თუმცა მოცემულ ეტაპზე მისი გათვალისწინება დიდად უწყობს ხელს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართვას.

მოსწავლეთა შედეგების, მათი სწავლის სტილის გათვალისწინებით შევადგინე შემდეგი სახის საკლასო აქტივობები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ პედაგოგებმა საგაკვეთილო პროცესში:

* მოუსმინე ტექსტს და წინადადებებში, გამოტოვებულ ადგილას, ჩასვი მოცემული სიტყვები (ამ ტიპის დავალება შესაფერისია როგორც მოსმენის, ისე შერეული სწავლის სტილის მქონე მოსწავლისთვის);

* წაიკითხე ტექსტი, მონიშნე შენთვის მნიშვნელოვანი ადგილები, გააკეთე ჩანაწერები, შეადარე დედანს, წაიკითხე შეკითხვა და უპასუხე ტექსტში მოძიებული ინფორმაციით (ასეთი დავალება შესაფერისია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სწავლობენ ვიზუალური აღქმით.)

* წაკითხვამდე დააკვირდი ფოტოებს, სათაურს, ქვესათაურს.

* დაალაგე მოცემული სიტყვები ისე, რომ მიიღო გამართული წინადადებები/დააჯგუფე სიტყვები ან ფრაზები. მსგავსი დავალება მისაღებია მოსწავლისთვის, რომელიც სწავლობს კეთებით სწავლობს.

* დააკვირდი მოცემულ სურათს, მოიფიქრე, რა სათაური შეეფერება, დაასათაურე და წარუდგინე კლასს ნააზრევი (ეს აქტივობა შეეფერება მოსწავლეს, რომელიც გამოირჩევა 2 ან მეტი სწავლის სტილით).

  • ისწავლე მეგობართან/ჯგუფთან ერთად, განიხილე თემა, მოუსმინე მეგობარს/თანაჯგუფელს (სწავლობს მოსმენით);
  • დასამახსოვრებელი ინფორმაცია რამდენჯერმე გაიმეორე ხმამაღლა (მოსმენით სწავლა).
  • იმუშავე წყნარ და მშვიდ გარემოში. მუშაობისას უსმინე წყნარ მუსიკას (სწავლობს დანახვით).
  • იმუშავე დამოუკიდებლად (უმეტესობა მოსწავლეებისა, რომლებიც გამოირჩევიან ვიზუალური სწავლის სტილით, დამოუკიდებლად მუშაობას ამჯობინებენ).
  • სწავლისას ხშირად შეისვენე. იმუშავე 20-30 წთ, დაისვენე 5 წუთი (სწავლობს კეთებით).
  • საკუთარ თავთან მოყოლისას იარე ნელა (სწავლობს კეთებით).

მოსწავლეთა სწავლის სტილის გაგება და გაკვეთილების დაგეგმვისას გათვალისწინება საგრძნობლად ზრდის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართვას. იმედი მაქვს, ჩემ მიერ გაწეული შრომა გამოადგებათ სხვა პედაგოგებისაც, – მათ ეცოდინებათ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწავლის სტილის ცოდნა და მისი გათვალისწინება გაკვეთილების დაგეგმვისას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

1.ტყემალაძე რ., დალაქიშვილი ნ., თოფაძე ქ., პაჭკორია თ., ბუწაშვილი თ., თბილისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008წ. სწავლება და შეფასება, დამხმარე სახელმძღვანელო, მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები, გვ.3-8

2.https://www.scholastic.com/parents/resources/article/parent-child/quiz-whats-your-childs-learning-style

4.https://mastsavlebeli.ge/?p=1400

5.https://vark-learn.com/

6.https://mastsavlebeli.ge/?p=2503

7.https://news.edu.aris.ge/index.php?newsid=6163

8.https://msdillard.wordpress.com/2013/01/05/the-four-modalities-of-learning/

9.https://www.researchgate.net/profile/Andrija_Kozina2/post/Is_there_any_validated_questionnaire_to_me

 

 

 

 

 

 

ბენჯამინ ბრიტენის ოპერა „გლორიანას“ დრამატურგია ინგლისური მუსიკალური თეატრის განვითარების კონტექსტში

0

ინგლისის მუსიკალური თეატრის განვითარების ისტორია წარმოადგენს ტალღისებურ მრუდს უეცარი აღმასვლით და არანაკლებ მძაფრი დაცემით. მის ორ მთავარ მწვერვალად მიიჩნევა ჰენრი პერსელის (XVII საუკუნის ბოლო) და ბენჯამინ ბრიტენის (XX საუკუნე) შემოქმედება.

ინგლისში მუსიკის განვითარება XV საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო. იმ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული ხალხური მრავალხმიანი მუსიკა, კანონები და, რა თქმა უნდა, ბალადები. ბალადა ინგლისური ფოლკლორის ყველაზე პოპულარულ სახეობას წარმოადგენდა. ხალხური შემოქმედების ვერცერთმა ჟანრმა ვერ აუარა გვერდი მის ზეგავლენას. ბალადაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექსტი და მინამღერი, მელოდია ექვემდებარება ლექსის მეტრულ და რიტმულ სტრუქტურას.

ყოფითი სახეობის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო საშობაო საგალობელი – კეროლი (Carol).

თავდაპირველად კეროლიც და ბალადაც ცეკვასთან ასოცირდებოდა. მოცეკვავეები მღეროდნენ ბალადის მისამღერს, რომელსაც წამყვანი მოცეკვავე ამატებდა თხრობით სტროფს. ამას ისევ მისამღერი მოსდევდა.

არანაკლებ პოპულარული ჟანრები იყო რაუნდი და კეტჩი, რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა – მხიარული სიმღერები, რომლებიც ფორმით კანონს წარმოადგენდა.

რაუნდი და კეტჩი, ისევე როგორც კეროლი, საფერხულო ცეკვისგან წარმოიშვა. მათში ხშირად გვხვდება საცეკვაო რიტმები.

რაუნდი და კეტჩი გამუდმებით განიცდიდა ბალადის ზეგავლენას, რომელიც განსაკუთრებით მკაფიო იყო ნახევრად დრამატულ კეტჩებში.

მუსიკის ისტორიის ყველაზე საინტერესო პერიოდი XVI საუკუნეა. სწორედ ამ დროს დაიწყო ვერჯინალისტებისა და მადრიგალისტების შემოქმედების აყვავება, რაც ხალხური მუსიკის ზეგავლენით გამოიხატა. უილიამ ბიორდი, ტომას მორლი, ჯონ ბული, ორლანდო გიბონსი, ჯონ დოულენდი (XVI-XVII ს.ს.) – ესენი ის კომპოზიტორები არიან, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ინგლისური მუსიკის ისტორიაში. ისინი წერდნენ მადრიგალებს და პარალელურად მუშაობდნენ სხვა ჟანრებშიც. მათი შემოქმედების საფუძველს ხალხური სიმღერები და პოპულარული მელოდიები წარმოადგენდა. მადრიგალები თემატურ- აზრობრივი და სოციალურ-ფსიქოლოგიური დატვირთვით გამოირჩეოდა.

ამავე პერიოდში გაჩნდა თეატრალური მუსიკა. მუსიკალური თეატრის ჟანრს წარმოადგენდა ნიღბების ხელოვნება, ინგლისური აღორძინების პირმშო. ეს იყო სამეჯლისო, თეატრალიზებული დივერტისმენტი მთელი თავისი ბრწყინვალებით. ქორეოგრაფიული ნომრები, დრამატული სცენები, დეკორატიული გაფორმება, გუნდი, სოლო, სცენები ხალხურ-ჟანრული წარმოდგენებიდან „ანტინიღბები“ – ყოველივე ეს სინთეზირდებოდა ანტიკური კლასიკის ცნობილ სიუჟეტებში. გარდა ამისა, ეს იყო ხანა შექსპირის თეატრის აღორძინებისა, რომელშიც მუსიკას უდიდესი როლი ეკისრებოდა. შექსპირთან მუსიკას ეთიკური დატვირთვაც ჰქონდა – მას ხალხი ერთმანეთთან უნდა დაეახლოებინა, ზნეობრივად აემაღლებინა, გაეკეთილშობილებინა მათი აზრები და შეხედულებები. „სიმღერა ყოველთვის განუყოფელია მოქმედი პირების სახეებისგან. შექსპირი ხშირად მიმართავს პოპულარულ ყოფით სიმღერებს, ისინი ჟღერს მის თეატრში მარტივად, მსუბუქად და ღრმად გააზრებულად“ (Л. Ковнацкая, „Бенджамин Бриттен“). ამგვარად, სახეზეა წინაპირობები ეროვნული მუსიკალური თეატრისა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ჰენრი პერსელი – ავტორი პირველი ინგლისური ოპერისა „დიდონა და ენეასი“.

„დიდონა და ენეასი“ დაიწერა ინგლისური მუსიკის განვითარების ახალ ეტაპზე – 1689 წელს. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ჰენრი პერსელმა შეაჯამა თანამედროვე ევროპელი კომპოზიტორების მიღწევები ისე, რომ არ დაკარგა თვითმყოფადი, ეროვნული ხასიათი და ორგანულად შეურწყა ერთმანეთს მუსიკა და სიტყვა. პერსელმა დამაჯერებლად დაამკვიდრა ინგლისურ მუსიკაში ახალი ფორმები, მაგალითად, გრაუნდი (ground). „[მან] ვარიაციაში გრაუნდ-ბანის საფუძველზე შეიტანა ბალადურობის ელემენტები, რითაც ხაზი გაუსვა ხალხურობასთან კავშირს. ეს ხალხურობა იგრძნობა ვარიაციების ჯგუფებში, სტროფისა და რეფრენის მსგავსად“ (Л. Ковнацкая, „Английская музыка XX века“). ამ მიღწევას ორი ათწლეულის სტაგნაცია მოჰყვა. ამ პერიოდის კომპოზიტორების შემოქმედება ეროვნული ჩარჩოებიდან არ გადის. ინგლისის სცენას იპყრობენ იტალიური დასები და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის გერმანული ოპერები. გამონაკლისია პოეტ ჯონ გეისა და კომპოზიტორ იოჰან პეპუშის „მათხოვართა ოპერა“ ჯონათან სვიფტის მოტივებზე. 1732 წელს ამ ბალადური ოპერით გაიხსნა კოვენტ-გარდენის თეატრი. „მათხოვართა ოპერაში“ ერთმანეთს ერწყმის სასიმღერო ბალადისა და კეროლის ტრადიციები.

ინგლისური მუსიკის შემდგომი აღმასვლა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისს უკავშირდება. ამ პერიოდს ინგლისური მუსიკის ახალ რენესანსს უწოდებენ. ასპარეზზე გამოდიან სესილ შარპი, რომელმაც ჩაწერა 5000-ზე მეტი ხალხური მელოდია, ედუარდ ელგარი, გუსტავ ჰოლსტი, ჯონ აირლენდი და სხვები. ახალი ეროვნული სკოლის ამ ფუძემდებლებმა ინგლისური მუსიკა მსოფლიო ასპარეზზე გაიტანეს. მათ მუსიკაში გამოიკვეთა ორი ტენდენცია: ეროვნული ღირებულებების მძაფრი შეგრძნება და თანამედროვე ევროპული სკოლების მოწინავე გამოცდილების ათვისება. მოგვიანებით წარმოჩნდა მესამე გზაც, რომელიც რალფ ვოან უილიამსმა გაკვალა.

ეროვნული ტრადიციისა და ინტერნაციონალური ეკლექტიზმის სინთეზის პრობლემა მწვავედ იდგა ბენჯამინ ბრიტენის შემოქმედებაში. ამ პერიოდისათვის ბრიტენის გამოჩენა კანონზომიერი იყო: „ინგლისური მუსიკის ნახევარსაუკუნოვანი განვითარება უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ბრიტენი ახალი დროის ხელოვანია. საგულისხმოა, რომ ამ მძაფრი კრიზისის პერიოდში, ომის წლებში, მან იტვირთა ეროვნული მუსიკის განვითარების მისია, მიზნად დაისახა იმ თეორიული ამოცანების გადაწყვეტა, რომლებიც იდგა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის წინაშე“.

„პიტერ გრეიმსის“ დადგმამ 1945 წელს სათავე დაუდო ინგლისური ეროვნული მუსიკალური თეატრის აღორძინებას. „პიტერ გრეიმსი“ სამმოქმედებიანი ოპერაა სლეტერის ლიბრეტოზე, ჯორჯ კრების პოემა „ქალაქის“ მიხედვით. ის დინამიკურია, ფუნდამენტური, ტრადიციული, „დიდი ოპერისათვის“ დამახასიათებელი კონსტრუქციით.

„გლორიანას“ (1953) კი ბრიტენის მარცხად მიიჩნევენ.

ოპერა დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციას ეძღვნება. მასში მოთხრობილია ელისაბედ I-ისა და რობერტის, ესექსის გრაფის, სიყვარულის ტრაგიკული ამბავი. ლიბრეტოს ავტორია უილიამ პლომერი, რომელმაც, თავის მხრივ, წყაროდ გამოიყენა ლიტონ სტრეჩის „ელისაბედი და ესექსი: ტრაგიკული ისტორია“. ოპერა მოგვითხრობს დედოფლისა და გრაფის სიყვარულზე, სასახლის ინტრიგებზე, ესექსის დაუმორჩილებლობასა და სიკვდილით დასჯაზე.

ოპერა სამი მოქმედებისა და 8 სცენისგან შედგება. ორიგინალურია სცენების სტრუქტურა. სიტუაციაში ყოველი ცვლილება დანომრილია და თავისი პროგრამული სათაური აქვს. მაგალითად, I მოქმედება, I სცენა: N1 – პრელუდია; N2 – ტურნირი; N3 – რეჩიტატივი და ბრძოლა; N4 – დედოფლის გამოსვლა; N5 – რეჩიტატივი; N6 – ორი ლორდის შერიგება; N7 – რელეას სიმღერა; N8 – შერიგების ანსამბლი; N9 – რეჩიტატივი და ფინალური მარში. ოპერა ნომრების თანმიმდევრობის პრინციპზეა აგებული. რაც შეეხება ეპიზოდებს, ისინი არა მხოლოდ სცენის შემადგენელი ნაწილებია, არამედ დამამთავრებელი ან შედარებით დამამთავრებელი – შემაჯამებელი ფუნქცია აქვს.

II მოქმედების I სურათი დივერტისმენტია სახელწოდებით „ნიღბები“. დივერტისმენტი გახლავთ საოპერო ნაწარმოების დამოუკიდებელი ნაწილი, რომელსაც სიუჟეტის განვითარებასთან კავშირი არ აქვს. ის აგებულია სიუიტურობის პრინციპზე და შეიცავს საცეკვო და ვოკალურ ნომრებს, პანტომიმას, პოეტურ ეპიზოდებს. ბრიტენის ოპერაში სივერტისმენტი 6 საცეკვაო-საფერხულო ნომრისგან შედგება.

III მოქმედებაში გამორჩეულია II სურათი, რომელსაც კომპოზიტორი უწოდებს „რონდო-ბალადას“. ის, ისევე როგორც II მოქმედების III სურათი, ორპლანიანი მოქმედების ცვლაზეა აგებული. კომპოზიტორი იყენებს იმავე პოლიფონიურ ხერხს, რომელიც მანამდე „გრეიმსსა“ და „ლუკრეციაში“ გამოიყენა.

სიუიტაში ერთმანეთს ენაცვლება ცეკვა (სცენური ორკესტრი და ბალეტი), სასახლის კარის საუბრები, თავისუფალი საფერხულო რეპლიკები, დედოფლის რეჩიტატივი-დიალოგი, ლედი ესექსის რეპლიკა და პენელოპე რიჩის ეპიზოდი.

სიუიტას დრამატურგიულად ნელ-ნელა ავიწროებს უმთავრესი ინტრიგა-კვარტეტი, სურათის ბოლოს ჟღერს კურანტა, როგორც ფინალი, რომელიც კვლავ უბრუნებს სურათს სიუიტის სახეს. ამგვარად, სიუიტა გადამწყვეტ როლს ასრულებს დრამატურგიული კონფლიქტის ესკალაციაში.

ნომრული სტრუქტურა გადაედინება გამჭოლი ტიპის სცენებში, სადაც ანსამბლებში, პოსტკულმინაციურ ფაზაში, კვლავ შემოდის ნომრული პრინციპი. ეს არ არის ბრიტენის ახალი ხერხი – ფარული ნომრული პრინციპი ორგანულად ერწყმის გამჭოლ სცენას, რომელიც ოპერაში კამერულობას აფუძნებს. ამგვარადვეა აგებული „ლუკრეცია“. „გლორიანაში“ კი „დიდი ოპერის“ პირობებში ეს წარმოდგენილია დივერტისმენტისა და გამჭოლი სცენა-ფაზების შერწყმით. ამ ხერხის გამოყენება ოპერის სტრუქტურის სიჭრელეზე მეტყველებს.

„გლორიანაში“ ყოველი სურათი ლოგიკურადაა აგებული და ორგანიზებული, მაგრამ არ ქმნის მთლიან, ერთიან არქიტეტურულ ანსამბლს. კონსტრუქციული იდეების განახლება ,,გლორიანაში“ იმით აიხსნება, რომ ოპერა გარდამავალია: აქ არის „დიდი ოპერის“ შერწყმა კამერულ ჟანრთან (დედოფლის მისალმება, გუნდის ხოტბა, დედოფლის განდიდება), რომელიც კიდევ უფრო საინტერესოდაა ფორმირებული ოპერაში „ჭანჭიკის შემობრუნება“.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, „გლორიანაში“ არ არის მუსიკალური დრამატურგიის მთლიანობა. მასში არც ის ბგერითი იდეაა განსაზღვრული, რომელიც ხელს შეუწყობდა მუსიკალური პროცესის განვითარებას.

„გლორიანაში“ გარდამავალი მდგომარეობა ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. მასში არ არის ოსტატურად დამუშავებული პორტრეტული დახასიათებები, როგორიც „პიტერ გრეიმსსა“ და „ალბრეხტ ჰენინგში“ გვხვდება. აქ მოქმედი პირების დახასიათება ნეიტალური რჩება. ზოგჯერ სახეში ერთი თვისება იკვეთება როგორც წამყვანი (მაგალითად, ესექსის სახეში დასაწყისშივე იკვეთება იმპულსურობა). რამდენად შეიძლება, ეს წარმატების საფუძველი იყოს? – „დიდი ოპერა“ ხომ ხასიათების ევოლუციას მოითხოვს.

ბენჯამინ ბრიტენის შემოქმედება სისხლხორცეულადაა დაკავშირებული როგორც თანამედროვეობასთან, ისე განვლილი წლების ინგლისურ კულტურასთან. კომპოზიტორი არ წყვეტს წარსულთან კავშირს, არც ერთ ნაწარმოებში არ კარგავს ეროვნულ თვითმყოფადობას. ასეთ სინთეზსა და ორგანულ მთლიანობაში იკვეთება XX საუკუნის ინგლისური სკოლის მიღწევები, რომელშიც ტიუდორების პერიოდის თეატრალური ჟანრები საკუთარ გამორჩეულ სტილთანაა შერწყმული. „გლორიანას“ სახით კი საოპერო დრამატურგიაში ბრიტენმა შექმნა მონარქის ძლიერი პორტრეტი ცვალებად სამყაროში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Ковнацкая Л.Английская музыка XX века: Очерки. М.; Сов. композитор, 1986. 216 с.
  2. Ковнацкая Л.Бенджамин Бриттен. М.: Сов. композитор, 1974. 329 с.
  3. Evans P. The Music of Benjamin Britten. London: Clarendon Press, 1996. 586 p.
  4. Kildea, P. Britten on Music. Oxford University Press, 2003. 437 p.
  5. White E. Benjamin Britten, His Life and Operas. University of California Press. 1983. 322 p.

 

დამატებითი მასალა:

ოპერა „გლორიანას“ პარტიტურა

თანამედროვე წმინდანები _  ფილმი, როგორც სასწავლო რესურსი

0

„მე მჯერა რომ წმინდანები ჩვენ შორის ცხოვრობენ“, _  ეუბნება მასწავლებელი მოსწავლეებს. რატომ დასჭირდა მას ამ ერთგვარი პროვოკაციული ფრაზის წარმოთქმა?  ის ბავშვებს სახელმძღვანელოს იმ თავს შეასწავლის, რომელსაც „კათოლიკური წმინდანები“ ჰქვია. მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეებს დაზეპირებული აქვთ წმინდანთა ცხოვრების დეტალები, პრეზენტაციებსაც წარმოადგენენ, თუმცა გააზრებული არა აქვთ. მათთვის  გაუგებარია ბევრი რამ და თანამედროვეობასთან ვერ აკავშირებენ. პედაგოგი, სავარაუდოდ, ხვდება, რომ ეს მისი ბრალია და არა  მოსწავლეებისა.  წმინდანებთან დროულ-სივრცული თუ სულიერ-მენტალური დისტანცია იმდენად დიდია, რომ ბავშვები მათში ადამიანებს ვეღარ ხედავენ,  ამიტომაც მოძებნა სხვა გზა.  მასწავლებელი ასე განაგრძობს თავის უჩვეულო ახსნა-განმარტებას: „მე მჯერა რომ წმინდანები ჩვენ შორის ცხოვრობენ. შეიძლება ვერავინ შენიშნოს და არც წიგნებში დაწერონ მათ შესახებ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანნი არიან“. ამის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს დავალებად აძლევს მოხსენების დაწერას სათაურით: „წმინდანები ჩვენ შორის“: „დააკვირდით ადამიანებს თქვენ გარშემო და შეეცადეთ მათში იპოვოთ ის თვისებები, რომლებიც წმინდანებს ახასიათებთ“.

ვფიქრობთ, თამამი და აქტუალური დავალებაა, რომელიც ქართველ მასწავლებლებსაც შეიძლება გამოადგეთ. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კრიტიკული აზროვნების განვითარებას, არამედ ზნეობრივ ღირებულებებსაც განუმტკიცებს, ფასეულობათა სისტემას ჩამოუყალიბებს,  წიგნის მასალასა და ცხოვრებას ერთმანეთთან დააკავშირებს.

ოლივერი, ფილმის მთავარი გმირი ამერიკელი  ბიჭუნა,  იწყებს დავალებაზე ფიქრს და მიხვდება, რომ შორს წასვლა არ სჭირდება.  ის თავის გვერდით აღმოაჩენს ადამიანს, რომელშიც წმინდანის თვისებებს დაინახავს და  იწყებს მასალის შეგროვებას მეზობელ კაცზე, რომელიც არაფრითაა გამორჩეული, პირიქით, ერთი შეხედვით, საზიზღარი, მოუწესრიგებელი, ზარმაცი და უპასუხისმგებლოა. ეს ყველაფერი კი წარმოჩენილია ფილმში „წმინდა ვინსენტი“ (რეჟისორი ტედ მელფი).

წმინდანებზე წარმოდგენა  მკითხველს მსოფლიო თუ ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტების მიხედვით აქვს ჩამოყალიბებული. ისინი, მოწამენი თუ მოღვაწენი, საღვთო იდეისთვის შეწირულნი არიან. ეს იდეა ჯვარსახოვანია, ღვთისა და  მოყვასის სიყვარულს თანაბრად გულისხმობს, ერთი მეორეს ავსებს და ამგვარად ადამიანი სულიერად იზრდება იმისთვის, რომ გააცნობიეროს ამქვეყნიური, წარმავალი არსებობის აზრი და მიზანი.

წმინდანი საღვთისმეტყველო ცნებაა და იგი რელიგიურ კონტექსტებში მოაზრება. არის თუ არა ეს სიტყვა თანამედროვე ლექსიკონისთვისაც მნიშვნელოვანი?  შეიძლება თუ არა, იგი  დღესაც გამოვიყენოთ,  როგორც ვინმეს აღმნიშვნელი, შემფასებელი, ეგზისტენციის განმსაზღვრელი. როგორც ცნობილია, ყველა რელიგიურ კონფესიას თავისი წმინდანი ჰყავს. წმინდანობა ნიშანია, რომლითაც ეკლესია სახარებისეული თუ წმინდა მამათა საღვთისმეტყველო სწავლებითა და საეკლესო გადმოცემებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით ერთ  ადამიანს სხვათაგან გამოარჩევს.

რა თქმა უნდა,  ხელოვანებს აქვთ ამ ცნების გაფართოების, მისი მნიშვნელობის იმგვარი გაღრმავების  მცდელობა, რომ ფუნდამენტური, არსობრივი გაგება შეუნარჩუნდეს, მაგრამ თან თანამედროვე ლექსიკის ცოცხალ ნაწილადაც იქცეს, რაღაც ისეთიც აღნიშნოს, რაც გადის „საღვთიმეტყველო“ დოგმატური ჩარჩოებიდან.

ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას ჩნდება სურვილი მათი გათანამედროვებისა, პრობლემატიკის თანამედროვე კონტექსტში გააზრებისა. თუმცა, ეს ძალიან საფრთხილო საქმეა. ამ თვალსაზრისით, საინტერესია თამაზ ჭილაძის წერილი „იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, რომელშიც  ჰაგიოგრაფიული ტექსტი რომანად არის მოხსენიებული. მწერლის  აზრით,  „შუშანიკს რომანში ორი ტექსტი აქვს, ერთი – აშკარა, წმინდანისათვის აუცილებელი და ამდენად სტერეოტიპული, მეორე კი, დაფარული, ადამიანური“. წერილში ავტორი სწორედ ამ ადამიანურ ტექსტს თანამედროვეობის ჭრილში აანალიზებს და საგულისხმო დაკვირვებებს გვთავაზობს. მისი აზრით: „ჩვენ ვხედავთ ერთი ადამიანის დაუშრეტელ ენერგიას, ერთი ადამიანის უნარს, ერთი ადამიანის ძალას, რომელიც ბევრისა და ბევრის მაგივრად უპირისპირდება ბოროტებას. და თუ ჩვენ დღეს მის ქმედებას ჩამოვაშორებთ რელიგიურ-მისტიკურ საბურველს, ხელთ შეგვრჩება ცოცხალი გაკვეთლი ადამიანის სულის სასიკეთო ძალისხმევისა“.

თანამედროვე ლიტერატურაში ხშირად გვხვდებიან პერსონაჟები, რომლებსაც სხვები წმინდანად აღიქვამენ, რადგან მათ ცნობიერებაში ჩამოყალიბებული წმინდანთა განმსაზღვრელი ხატები მიესადაგება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. სწორედ ამგვარი მიზანი აქვს ზემოთ ხსენებულ ფილმის მასწავლებელსაც, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე წმინდანთა დანახვას ავალებს. ფილმი („წმინდა ვინსენტი“) მოგვითხრობს ბიჭუნას დაახლოებაზე უცნაურ მეზობელთან, ლოთსა და უიღბლო კაცთან, რომელსაც ქალმა დროებით ერთგვარი ძიძობა, ბიჭის დატოვება სთხოვა ანაზღაურებით. ერთი შეხედვით, უკმეხი და ცხოვრებისგან გარიყულ-გათელილი კაცი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ბიჭისთვის ცხოვრების მასწავლებლად იქცა.

როგორია ბიჭის მოხსენება, რომელიც გამარჯვებულად  გამოცხადდა? ოლივერს არც ინტერვიუ აუღია მისგან და არც ამ თემაზე დალაპარაკებია. ის უკვე კარგად იცნობდა მას ყოველდღიურ ყოფას. დანარჩენი კი, ბიოგრაფიისა დეტალები და ფოტოები, ჩუმად მოიპოვა. ასე რომ, თვითონ ვინსენტისთვისაც მოულოდნელი იყო, რაც ოლივერმა მასზე ილაპარაკა. ის პრეზენტაციაზეც კი არ აპირებდა წასვლას.

ოლივერმა კი პრეზენტაციისას, რომელსაც სკოლის მასწავლებლები, მშობლები, ახლობლები ესწრებოდნენ,  ასეთი რამ თქვა: „წმინდანი არის ის ადამიანი, რომელმაც თავი მიუძღვნა სხვა ადამიანებს და შეეცადა ეს სამყარო უკეთესი გაეხადა… ჩემი მოხსენებისთვის ავირჩიე ადამიანი, რომელსაც წმინდანის შესაფერისი ბევრი თვისება აქვს, როგორც წმინდა უილიამ როჩესტერს. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ის სულაც არა ჰგავს წმინდანს. ის არ არის ბედნიერი ადამიანი. მას არ მოსწონს ხალხი და არც ხალხს მოსწონს ის. ის უხეში, ბრაზიანი და მთელ სამყაროზე განაწყენებულია. ბევრს სვამს, ეწევა, თამაშობს, ბილწსიტყვაობს, წუწუნებს და იტყუება… მაგრამ ეს ისაა, რაც ერთი შეხედვით ჩანს. თუ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, მასში ნამდვილ ადამიანს დაინახავთ. მისტერ ვინსენტ მაკენა 1946 წელს დაიბადა პირველი თაობის ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. ის სიღარიბეში იზრდებოდა. ბრუკლინის ქუჩებში ცხოვრებამ მას უამრავი ისეთი რამ ასწავლა, რაც ბავშვმა არ უნდა იცოდეს: ჩხუბი, ბილწისტყვაობა და აზარტული თამაშები. 1965 წელს, როგორც შეერთებული შტატების მეხუთე ლეგიონის წევრი, იმ 450 ჯარისკაცს შორის იყო, რომლებიც ლაგრანდის ველზე იბრძოდნენ. მათ ორი ათას ჯარისკაცთან მოუწიათ ბრძოლა. ვინსენტმა ორი დაჭრილი ჯარისკაცი გადაარჩინა და სამშვიდობოს გაიყვანა. მას ბრინჯაოს მედალი მიანიჭეს სიმამაცისთვის, მაგრამ რომ დაინახოთ, სინამდვილეში ვინ არის მისტერ ვინსენტ მაკენა, უნდა მოგიყვეთ, რა გააკეთა მან ჩემთვის. როცა მე და დედა აქ გადმოვედით, არავის ვიცნობდით. მე მისტერ მაკენა დამეხმარა. ის სულაც არ იყო ვალდებული და ალბათ არც უნდოდა, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. სწორედ ასე იქცევიან წმინდანები. ჩვენ  პანსიონში მოსანახულებლად დავდიოდით მისი ცოლის, სენდისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ვინსენტი მის თეთრეულსა და ტანსაცმელს თვითონ რეცხავდა ყოველ კვირას, რვა წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სენდი მას ვეღარ ცნობდა, იმიტომ, რომ წმინდანები არასოდეს ნებდებიან. მან მე მასწავლა, როგორ ვიბრძოლო, როგორ დავიცვა  თავი და საკუთარი მოსაზრება, იმიტომ რომ წმინდანები ყოველი ჩვენგანისთვის იბრძვიან. მან  აზარტული თამაშები და ფსონების დადებაც მასწავლა,  რის გამოც 18 წლამდე შინაპატიმრობა მემუქრება, მაგრამ გავიგე, რა არის რისკი და როდის უნდა გავჩერდე, იმიტომ, რომ შეიძლება ამ ცხოვრებაში ფსონი არასწორად დადო. ეს მისი კატაა, ფელიქსი, ის საუკეთესო საკვებს მიირთმევს, როცა ვინსენტი კონსერვებით იკვებება, იმიტომ, რომ წმინდანები ჩვენ გამო მსხვერპლს იღებენ. დიახ, მისტერ მაკენას ბევრი ნაკლი აქვს, ისევე, როგორც სხვა წმინდანებს. იმიტომ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. სიმამაცე, თავგანწირვა, თანაგრძნობა და ადამიანობა _ ეს წმინდანის თვისებებია და ამიტომაც მისტერ  ვინსენტ მაკენა ძალიან ჰგავს წმინდა უილიამ როჩესტერს. და აი, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობარი და ძიძა  ვინსენტ მაკენა და ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით ვუწოდო წმინდა ვინსენტი“.

 

კადრი ფილმიდან „წმინდა ვინსენტი“

 

რა თქმა უნდა, ბილ მიურეი შესანიშნავად ასრულებს ვინსენტის როლს. მაყურებელი ხედავს მის თავშეკავებულ გაოცებულ მზერას, როდესაც წმინდანს უწოდებენ. მაყურებელმა და ოლივერმაც იციან, რომ იგი ამის შემდეგაც ჩვეულებრივ გააგრძელებს ცხოვრებას. გულის ამაჩუყებელია ეპიზოდი, როდესაც დარბაზში სწორედ პრეზენტაციისას შემოდის ვინსენტი, ყოველდღიური მოუწესრიგებელი ჩაცმულობით. მას სცენაზე მოიხმობენ, ოლივერი მას მედალს  ჩამოკიდებს. დარბაზში ამტყდარ ტაშში ჩაიკარგება ერთმანეთისთვის თქმული  მადლობა, რომელიც მაყურებელს შესანიშნავად ესმის და ამახსოვრდება.

ამგვარად, ფილმისეული მასწავლებელი აჩვევს ბავშვებს, რომ დაინახონ და დააფასონ სიკეთე არა მხოლოდ პერსონაჟებისა თუ ისტორიული გმირებისა, არამედ მათ გვერდით მყოფი უბრალო ადამიანებისა, დაინახონ ღვთაებრივი ნაპერწკლები, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან, ამიტომ არ უნდა გამოტოვო ეს წამი მათი ანთებისა. ამ დროს აქვს ადამიანს გაცდა სამოთხისა. ეს არის ცხოვრება, თორემ ეს ნაპერწკლები რომ ალად იქცეოდნენ და არ ქრებოდნენ, ადამიანი სიხარულის განცდას დაკარგავდა.

პოსტმოდერნულ ხანაში წმინდანებიც ისევე იქცა არტისტული თამაშის საგნად, როგორც სხვა ნებისმიერი რამ. ისინი ჩამოიყვანეს კვარცხლბეკებიდან და რომანის, ფილმის გმირებად აქციეს, მათი სისხლი და ხორცი ახლოდან დაგვანახვეს, ადამიანური ნაკლოვანებანი და სისუსტენი წარმოაჩინეს.

ადამიანს აქვს წამები, გაკაშკაშებული, როდესაც უჩნდება შეგრძნება ამგვარი სიწმინდისა („ერთი წამიც კი სიცოცხლის / თუ სინათლის მომფენია, / უსინათლოს და უგრზნობელს,/ საუკუნეს მირჩევნია“  (აკაკი წერეთელი, „რაც არ იწვის, არ ანათებს“). ამას შეიძლება ღვთაებრივი ნათლის, ქრისტეს,  დაბადება ვუწოდოთ: „ქრისტე ათასჯერ რომც დაბადებულიყო ბეთლემში, თუ იგი ახლა შენს სულში ისევ არ დაიბადა, მაინც დაღუპული ხარ“ (ანგელუს სილეზიუსი, მე-17 ს-ის გერმანელი მისტიკოსი პოეტი). ეს ნაპერწკალი მაშინ ინთება, როდესაც ყოველგვარი დაბრკოლება გადაილახება და ადამიანური თანაგრძნობის, სიყვარულის გზით ერთი ადამიანი მეორეში ხედავს ღმერთს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...