სამშაბათი, მაისი 12, 2026
12 მაისი, სამშაბათი, 2026

კომპლექსური დავალება – ისპანახი და ,,რკინის კაცი“

0

2018-19 წლებში ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა ძალიან მაღალი და ძლიერი ახალგაზრდა მოხალისე – ერიკი, „მშვიდობის კორპუსიდან“. ერიკს საკვების მომზადების საკუთარი წესები ჰქონდა და მისი წესები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქართული კერძების მომზადების დამკვიდრებული წესებისგან. ხშირად მიირთმევდა ხილს და კიდევ უფრო ხშირად – ბოსტნეულს. მასსა და ბავშვებს შორის ხშირად ასეთი დიალოგი იმართებოდა:

ნიკა: – ერიკ, როგორ გაიზარდე ასეთი მაღალი და ძლიერი?

ერიკი: – დედა ბავშვობაში ყოველ დღე ისპანახს მაჭმევდა.

ლუკა: – მე რომ არ მიყვარს?

ერიკი: – გაზრდა თუ გინდა, აუცილებლად უნდა ჭამო ისპანახი. ამერიკელმა ბავშვებმა იციან, რომ რკინის კაცი ისპანახს მიირთმევდა და იმიტომ იყო რკინასავით ძლიერი.

რატომ ისპანახი? რკინის კაცის სიძლიერე მართლა ისპანახზე იყო დამოკიდებული? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად დავიწყე ლიტერატურის მოძიება და უამრავი კარგი რამ აღმოვაჩინე. საინტერესო ინტეგრირებული კომპლექსური დავალებაც მოვამზადე მეთერთმეტე კლასელებისთვის.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს დასჭირდათ ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის და ფიზიკის ინტეგრირება. პროექტი განხორციელდა დისტანციურად.

I ეტაპი – პროექტის წარდგენა და ფუნქციების განაწილება.

კლასი დავყავი 5 მოსწავლისგან შემდგარ გუნდებად. მათთვის Teams-ის კლასში შევქმენი დახურული ჯგუფები, სადაც ჯგუფის წევრები მუშაობდნენ მათთვის მისაღებ დროს. უზიარებდნენ ერთმანეთს მასალას.

თითოეული ჯგუფი მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით:

  1. როგორი აგებულება აქვს ისპანახს – ბიოლოგიის მიმართულება;
  2. რომელი ქვეყანაა ისპანახის სამშობლო? რა გზა გაიარა მან ამერიკაში და ევროპაში მოსახვედრად? – გეოგრაფიის მიმართულება;
  3. როგორ ზრდის ადამიანის ორგანიზმში ისპანახი კუნთის მასას – ბიოლოგიის მიმართულება;
  4. რა კავშირია ისპანახის საკვებად გამოყენებასა და მარგი ქმედების კოეფიციენტს შორის – ფიზიკის მიმართულება;
  5. როგორია ისპანახის ქიმიური შედგენილობა? – ქიმიის მიმართულება;
  6. რატომ არის აუცილებელი თირკმელების დაავადების მქონე ადამიანისთვის ისპანახი მოიხარშოს რძეში? – ქიმიის მიმართულება.

II ეტაპი – პროექტის განხორციელება

ჯგუფის წევრებმა საკუთარი სურვილით გაინაწილეს ფუნქციები და ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტზე. სამუშაოს პროდუქტს წარმოადგენდა ვიდეომასალა. მოსწავლეებმა საპრეზენტაციო მასალა მოამზადეს PowerPoint-ში და შეინახეს ვიდეოს ფორმით. ნამუშევრები წარადგინეს კლასში.

ნაშრომში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი:

  1. ისანახის გავრცელება მსოფლიოში და აბრეშუმის გზა;
  2. ისპანახის აგებულება და ქიმიური შედგენილობა;
  3. ისპანახის მნიშვნელობა ბავშვის ზრდა – განვითარებისთვის;
  4. ისპანახის მომზადების ფორმები;
  5. ისპანახის უმად მიღების უცნაური შეგრძნების გამომწვევი მიზეზის ქიმიური საფუძველი;
  6. ისპანახი – თირკმლის კენჭების განვითარების რისკფაქტორი.

 

III ეტაპი – ვიდეომასალის პრეზენტაცია და ნამუშევრების შეფასება.

მოსწავლეებმა შეაფასეს საკუთარი და ერთმანეთის ნამუშევრები.

დამხმარე მასალა:

  1. ისპანახის გავრცელების გეოგრაფია: ისპანახის სამშობლოა აზია, სპარსეთიდან გავრცელდა ჩინეთში აბრეშუმის გზის გავლით. ევროპაში 1000 წელს შემოიტანეს არაბებმა.

აღწერე რა გზას გაივლიდა ისპანახი სპარსეთიდან ჩინეთამდე? კონტურულ რუკაზე შეადგინე სავარაუდო მარშრუტი.

ალბათ იცი, რომ კახეთში, გრემის მონასტერთან გადიოდა საქარავნე გზა? როგორ ფიქრობ, შეიძლებოდა სპარსეთიდან ჩინეთამდე მოგზაურობისას ისპანახს გრემიც ,,გაევლო“?

 

  1. ისპანახის ქიმიური შედგენილობა: ისპანახი შეიცავს –

ვიტამინებს: A,C, E, K და B ჯგუფის ვიტამინებს; A ვიტამინის შემცველობით მხოლოდ სტაფილოს ჩამორჩება.

მინერალებს: რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი და ნატრიუმი. 100 გრამ ისპანახში 99 მგ კალციუმია.

ორგანული ნაერთები: უჯრედისი (ცელულოზა); ცილები (ცილების შემცველობით მხოლოდ ბარდას ჩამოუვარდება); ცილა ზეაქსანტინს, რომელიც მონაწილეობს მხედველობის პურპურის ჩამოყალიბებაში.

ლუთეინი მინერალებთან და ვიტამინებთან ერთად აძლიერებს იმუნიტეტს.

ანტიოქსიდანტები უჯრედებს იცავს რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და საბოლოოდ ონკოლოგიური დაავადებებისგან.

ისპანახი თავიდან აგაცილებს ყაბზობას, ანემიას.

განვითარებული ძვლების და კუთების და ძლიერი იმუნიტეტის მიზეზია.

ისპანახი და მეტაბოლიზმი

შვედი მეცნიერების მტკიცებით, 300 გრამი ისპანახის ყოველდღიური მიღება კუნთოვან მასას სწრაფი ტემპით ზრდის. კვლევა ჩაატარეს კაროლინის უნივერსიტეტში. აღმოჩნდა, რომ ისპანახში არსებული ქიმიური ნივთიერებები გავლენას ახდენენ მიტოქონდრიების მუშაობაზე. ზრდიან მათ ენერგოეფექტურობას, ქსოვილებიც მარაგდებიან ენერგიით და ძლიერდება პლასტიკური ცვლა. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 100 ჯანმრთელი ახალგაზრდა. ისინი 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე მიირთმევდნენ 300 გრამ ისპანახს. მათი კუნთოვანი მასა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ცდის პირები არ იყვნენ დაკავებული აქტიური სპორტით.

 

რა პრობლემა შეიძლება შეუქნას ისპანახმა თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებს?

ისპანახი შეიცავს მჟაუნმჟავას, ამიტომ თუ ადამიანს თირკმელების პრობლემები აქვს, მას რძეში ხარშავენ.

შეადგინე რეაქციის ტოლობა, რომლითაც დაადასტურებ, მისი რძეში მოხარშვის აუცილებლობას.

პასუხი: რძე შეიცავს კალციუმს, კალციუმი მჟაუნმჟავასთან წარმოქმნის კალციუმის ოქსალატს, რომელიც რძეში დაილექება. შესაბამისად, ისპანახში აღარ იქნება მჟაუნმჟავა, რომლიც თირკმელებში წარმოქმნიდა შლამსა და კენჭებს.

ისპანახის გადამუშავება საჭმლის მომნელებელ არხში: ისპანახი შეიცავს მჟაუნმჟავას. ის ორი კარბოქსილის (-COOH) ჯგუფისგან შედგება. ქიმიურად ძლიერი მჟავაა, ადამიანის ორგანისზმს შეუძლია მისი მონელება. ადამიანის ორგანიზმში ამინომჟავებისგან წარმოიქმნება. ღვიძლში არსებული ჰიდროქსიპროლინისგან წარმოიქმნება მჟაუნმჟავა. ასევე C ვიტამინი ღვიძლში გარდაიქმნება მჟაუნმჟავად. სისხლის წითელ უჯრედებში კი წარმოიქმნება გლიოქსალატისგან. მჟაუნმჟავას შეიცავს წვანე ბოსტნეული, სოიო, თხილი და სხვა. 100 გრამი ისპანახი შეიცავს 750 მგ მჟაუნმჟავას. ის მცენარის უჯრედის კედელში პატარა ჯიბაკებშია დაგროვილი. როცა იხარშება ან იღეჭება, ეს „ჯიბაკები“ სკდება და გამოიდევნება მჟაუნმჟავას კრისტალები. ჯანმრთელი ნაწლავი შეიცავს ბაქტერიას Oxalobacter Formigenes. ის ანაერობული ბაქტერიაა და მსხვილ ნაწლავებში ბინადრობს. ის შლის მჟაუნმჟავას. ორგანიზმს აქვს მისი რაოდენობის გარკვეული ზღვარი. თუ მჟაუნმჟავა დიდი რაოდენობით წარმოიქმნა ორგანიზმში, შარდში ოქსალატის რაოდენობა იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ შარდი კალციუმის იონებსაც შეიცავს, გამოილექება კალციუმის ოქსალატის კრისტალები. ამიტომ, თუ სწორად არ მიმდინარეობს მჟაუნმჟავას გარდაქმნის პროცესი, იზრდება თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი. შარდში არის რამდენიმე ნივთიერება, რომელიც აფერხებს კალციუმის ოქსალატის წარმოქმნას. ესენია ცილა ნეფროკალცინი და ციტრატები. თუ ეს ინფიბიტორები არ არსებობს, იზრდება კალციუმის ოქსალატის რაოდენობა, რომლებიც გროვდებიან ერთად, შედეგად კრისტალი ზომაში იზრდება. თუ დიდი ზომის არის კენჭებს ეძახიან და აზიანებენ საშარდე გზებს.

როგორი ფორმით უნდა მიირთვა ისპანახი?

შეკითხვები:

რატომ გრძნობს ადამიანი ისპანახის უმი ფოთლების ჭამის დროს ცარცის გემოს და ფხაჭვნას?

რა უპირატესობა აქვს ორთქლზე მოხარშულ ისპანახს წყალში მოხარშულთან შედარებით?

სწორედ კალციუმის ოქსალატს უკავშირდება ისპანახის ღეჭვის დროს პირის ღრუში ხაოების შეგრძნება. ისპანახი შეიცავს კალციუმს. ისპანახის ღეჭვის დროს მისი უჯრედის კედლის ჯიბაკები სკდება და მჟაუნმჟავა გამოთავისუფლდება ნერწყვში, სადაც ის რეაქციაში შედის კალციუმის იონებთან და წარმოიქმნება კალციუმის ოქსალატის კრისტალები, რომლებიც ფხაჭნის შეგრძნებას იწვევს. ამ დროს შევიგრძნობთ ცარცის გემოს. მჟაუნმჟავა ხელს უშლის კალციუმის და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების შეთვისებას ორგანიზმის მიერ, ამიტომ ისპანახიდან კალციუმის შეთვისება 5-ჯერ ნაკლებია იმავე მასის რძიდან შეთვისებული კალციუმის რაოდენობასთან შედარებით. ადამიანები განსხვავდებიან ორგანიზმში მჟაუნმჟავას შემცველობით. ზოგს შეუძლია მისი უფრო დიდი რაოდენობა ატანა. თუ ადამიანი არ სვამს დიდი რაოდენობით წყალს, კენჭების წარმოქმნის რისკი იზრდება. რისკს ასევე ზრდის გლიცინის სიჭარბე და B6 ვიტამინის ნაკლებობა. ისპანახის მოხარშვის დროს მისი რაოდენობის 85% წყალში გადადის. მაგრამ ამ დროს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნაერთი იკარგება მჟაუნმჟავასთან ერთად, ამიტომ უმჯობესია ორთქლზე მოხარშვა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://edu.rsc.org/resources/edible-experiments-tooth-furry/2375.article

https://edu.rsc.org/download?ac=16039

 

 

როგორ ვასწავლოთ ანბანი

0

ანბანის სწავლება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია და, ამასთანავე, ამაზე ადვილი არც არაფერია. ჩვენ ვართულებთ… მინდა, ჩემი პირველკლასელობა გავიხსენო. როგორ ვუყურებდი დაფას? ღრმად მორწმუნე წმინდა წერილს რომ უყურებს, ალბათ ისე. მასწავლებელს რუდუნებით გამოჰყავდა ასოები… ხომ წარმოუდგენელი იყო, მე მივსულიყავი და რამე დამეწერა მასზე?!

…გახსოვთ, რა ადვილად ისწავლეთ უცხოური ენის (მაგალითად, ინგლისურის) ანბანი? მასწავლებელმა ერთ გაკვეთილზე პირველი ცამეტი ასო ჩაგაწერინათ, მეორეზე – მეორე ცამეტი? თუ თითო გაკვეთილზე ხუთ-ხუთი? ყოველ შემთხვევაში, რაიმე დიდი წინააღმდეგობა და ჩავარდნა, ალბათ, არ გაგონდებათ…

…ჩვენ ვართულებთ-მეთქი, არ ვიცი, რამდენად დამეთანხმეთ, მაგრამ გართულებაა, აბა, რა არის, როდესაც მკაფიოდ წარმოვიდგენთ შემდეგ სურათს ანუ ეპიზოდს “დიიიდი ნუნუს” (წელს გამოცემული ჩემი საბავშვო წიგნის) გამოუქვეყნებელი თავიდან:

 

თითქმის დაღამებულა. პატარა ნუნუ მაგიდას მისკუპებია, გვერდით მამა მისჯდომია.

– მაა! – ამბობს ნუნუ, – დედა მოვიდეს, რაა!..

– რად გინდა დედა, მეც ხომ გეხმარები? – თავშეკავებული სიტკბოთი ეუბნება მამა.

– მოვიდეს და ის დამეხმარება!.. – ნუნუს ტუჩებისთვის უკვე თავი მოუყრია და ცრემლიც მოუმარჯვებია წამწამებს მიღმა.

– მარიკა! მოდი, რა, დაეხმარე ნუნუს! – მერაბი დგება და მისაღებ ოთახში სავარძელში ჩაფლულ მარიკასთან გადის, – მიდი, რა, არ მიჯერებს და არ წერს.

მარიკა ყავის ჭიქას ჟურნალების მაგიდაზე უხმოდ დებს, მეუღლეს ბლანჟეზე ქაჩავს და ნუნუსა და საბას ოთახში შედის. ნუნუს უხარია დედას შესვლა და ეუბნება:

– დეე, შეიძლება, ხვალ დილით დავწერო, რაც დამრჩა?!

– ნუნუ, შვილო, ხომ იცი, რომ ხვალ დილით მომზადებასაც ვერ მოასწრებ… აი, ცოტაღა დაგრჩენია… – ამბობს მარიკა და ნუნუს რვეულს ჩაჰყურებს.

ნუნუს ჯერ ერთი წინადადება დაუწერია სამჯერ:

შიო შანშეს კლასელია. შიო შანშეს კლასელია. შიო შანშეს კლასელია.

შემდეგ ერთ ხაზზე გაუყოლებია:

შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ

და მეორე ხაზის თითქმის ნახევრამდე მისულა:

შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ შ

– ეს შენ გგონია, რომ ცოტაა!.. ეს იცი რამდენია?! – თითქმის ატირებული ამბობს ნუნუ და მეორე ხაზზე დარჩენილ ცარიელ ადგილს აკანკალებული ხელით უსვამს კალმის უწერელ ბოლოს.

– კარგი, დედა, დაანებე თავი და ხვალ დილით დაასრულე… მაგრამ…

– რა მაგრამ, დედა?! – ნუნუმ გახარებულმა დაკეცა რვეული და დედას შეხედა.

– მერაბი მეტყვის, მე რომ ვყოფილიყავი, დავაწერინებდიო… – თითქოს დაღონებულმა თავი დახარა მარიკამ.

– მე რომ ვყოფილიყავი, დავაწერინებდიო?! – კარგად რომ გაეგო, თითქოს იმისთვის გაიმეორა ნუნუმ.

– ჰო, მასე მეტყვის, – გაიმეორა მარიკამ, თავზე ხელი დაადო და საკუთარ ხელსვე აკოცა.

ნუნუმ ისევ გადაშალა რვეული და მეორე ხაზის ცარიელ ადგილს დახედა.

– გინდა, დავწერო ბოლომდე? – ახედა დედას, კალამი დაიბრუნა და მორიგი “შ”-ს დასაწერად მოემზადა…

 

კითხვისა და წერის სწავლებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ისეთ ცნებებსა და საკითხებს, როგორებიცაა ზეპირმეტყველების განვითარება, ფონოლოგიური (ფონეტიკური) უნარ-ჩვევები, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ანბანური პრინციპის გამოყენება, ანბანის სწავლების სამი (წინასაანბანო, საანბანო, ანბანის შემდგომი) პერიოდი, ანბანის სწავლების მიდგომები (ანალიზური, სინთეზური, ანალიზურ-სინთეზური, სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური), კითხვის დაბალანსებულად და ინტეგრირებულად სწავლება, კითხვის სწავლება ჯიპრაიდის საანბანო ტექსტების გამოყენებით და კითხვის სწავლებისადმი დამოკიდებულება ახალი სკოლის მოდელის მიხედვით.

 

ზეპირმეტყველების განვითარება

როგორც მშობლიურ ენაში, ასევე ქართულის როგორც მეორე ენის სწავლებისას ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეუძლებელია, კითხვაში ვარჯიში ამ საფუძვლის გარეშე დავიწყოთ. მოკლედ, მოსწავლეს უნდა შეეძლოს მოკლე ამბების გადმოცემა, აღწერა. ამ მიზნით გამოიყენება ისეთი აქტივობები, როგორიცაა სურათის/თოჯინა-პერსონაჟის აღწერა, სიუჟეტური ბარათების მიხედვით ამბის გადმოცემა, კარგად ნაცნობი ამბების/ზღაპრების/მოთხრობების თხრობა საყრდენების დახმარებით. ცხადია, მეორე / უცხოურ ენაზე ამ უნარის განვითარება გაძნელებულია, მარგამ აუცილებლად უნდა ვისწრაფოდეთ ამისკენ. ამაში დიდ დახმარებას გაგვიწევს საყოველთაოდ გავრცელებული ზღაპრების (წითელქუდა, სამი გოჭი…) მკვეთრად ადაპტირებული და ილუსტრირებული ვერსიები.

(ზოგჯერ ჩვენ, უცხოური ენების მასწავლებლები, ვცდებით, როდესაც ბავშვებს მათ მშობლიურ ენაზე ველაპარაკებით. ამით ვახშობთ სამიზნე ენის გამოყენების სივრცესა და არეალს, ვზღუდავთ სამიზნე ენაზე სალაპარაკო დროს. მე პირადად საერთოდ უგულებელვყოფ დაწყებით კლასებში მშობლიური ენის რესურსს და მთლიანად სამიზნე ენაზე წარვმართავ ნებისმიერ საკომუნიკაციო სიტუაციას პირველივე გაკვეთილიდან.)

 

ფონოლოგიური უნარ-ჩვევები

ფონოლოგიური უნარ-ჩვევები წერა-კითხვის სწავლის, ანბანური პრინციპის გაცნობიერება-ათვისების ერთ-ერთი საყრდენია და გულისხმობს ზეპირი სიტყვებითა და ბგერებით მანიპულირების შესაძლებლობას. მაგალითად, სიტყვის ბგერებად/მარცვლებად დაშლას, ბგერა-ბგერა (დამარცვლით) წარმოთქმული სიტყვის გამთლიანებას, სიტყვაზე ბგერის/მარცვლის დამატება-მოკლებას, საწყისი/ბოლო/შუა ბგერის/მარცვლის ამოცნობას სიტყვაში და სხვ. ამიტომ ამ უნარ-ჩვევის განვითარებას სათანადო ყურადღება ექცევა და ცალკე წერილიც მაქვს გამოქვეყნებული ამავე პლატფორმაზე: „როგორ განვუვითაროთ პირველკლასელ მოსწავლეებს ფონეტიკური უნარები ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს ფონოლოგიური ცნობიერება ან, როგორც იაკობი იტყოდა, როგორ ვავარჯიშოთ ხმებზე მოწაფეები“ როგორ განვუვითაროთ პირველკლასელ მოსწავლეებს ფონეტიკური უნარები . ამ სფეროში შეინიშნება აზრთა სხვადასხვაობა (არის თუ არა კავშირ-კორელაციაში დამარცვლის, მარცვლებით მანიპულირების უნარი კითხვის სწავლასთან, რომელი სავარჯიშოებით უნდა დავიწყოთ – ბგერებად დაშლის თუ პირიქით), მაგრამ ჩემს მოსწავლეებთან ასეთ საკამათო დებულებებზე ბევრი ფიქრით არ დამისვამს აქცენტი, რადგან მივყვებოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებს – რომელი კომპეტენციაც უფრო იოლად გამოსდიოდათ, იმას ვაქცევდი ყურადღებას და არა პირიქით. ჩემს წერილში იმაზეც გავამახვილე ყურადღება, რომ ფონოლოგიური სავარჯიშოები ჩანერგილი უნდა იყოს კითხვისა და წერის აქტივობებშიც და ამისთვის ბრწყინვალე სტრატეგიაა ენობრივი პრაქტიკა, რის შესახებაც შეგიძლიათ იხილოთ „პაატას (ენობრივი) პრაქტიკა“: პაატას (ენობრივი) პრაქტიკა

 

ლექსიკური მარაგის გამდიდრება

სიტყვების შესწავლა ის მიმართულებაა, რომელიც დაჩქარებული ტემპით გრძელდება სკოლაში შესვლის შემდეგ. ბავშვი ხომ ენის ამოდგმისთანავე სწავლობს და სწავლობს ახალ სიტყვებს, მაგრამ სასკოლო პერიოდში გარდატეხა ხდება – გარდა გამიზნულად ათვისებული სიტყვებისა (ბგერა, აბზაცი, მიმატება, ჯამი, ნალექი, ცდა…) პირველკლასელები თანმდევადაც ითვისებენ ახალ ტერმინებს (დაფის საშლელი, პრინტერი, სამასწავლებლო, ჟურნალი, დავალება…). ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილებზე აქცენტი ამ კომპონენტზე დაისმის, რისთვისაც სხვადასხვა სახალისო მეთოდისა თუ მიდგომის გამოყენებაა აქტუალური: რეალურ ნივთებზე დაფუძნებული სავარჯიშოებისა, თემატურ პოსტერებზე აგებული აქტივობებისა და სხვ. ამ შემთხვევაში ერთობ სასარგებლოა ენის ათვისების ბუნებრივი მიდგომა (სრული ფიზიკური რეაქცია, ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი, ფრაზებით პასუხები.)

 

ანბანური პრინციპის გამოყენება

ანბანის ათვისება და ანბანური პრინციპის გაცნობიერება-გამოყენება კითხვის სწავლებისას საკვანძო მიმართულებაა. სწორედ ამ უნარის ათვისებისა და განმტკიცებისთვის გვინდა წარმოგიდგინოთ ენობრივი პრაქტიკის მეთოდის მიხედვით შექმნილი ტექსტ-პლაკატები, რომლებზეც დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებ.

პირველ კლასში კითხვის სწავლება სამ პერიოდად (წინასაანბანო, საანბანო, ანბანის შემდგომი) იყო დაყოფილი და ამ პერიოდების მიხედვით არის აგებული ჩვენთვის ცნობილი ყველა სახელმძღვანელო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემს პირველკლასელებს წინასაანბანო პერიოდშიც აქვთ კონტაქტი დაწერილ ტექსტებთან, სიტყვებთან და ვარჯიშობენ კიდეც მიკროტექსტების, კონკრეტული სიტყვების, წაკითხვაში, მათ ამოცნობაში.

დავსვათ კითხვა: შეიძლება თუ არა, წინასაანბანო პერიოდში მოსწავლეს კითხვა დავაწყებინოთ? აქ ჩვენი პასუხი არ იქნება ისეთი, როგორიც კითხვის სწავლების პერიოდიზაციის მომგონს მოეწონებოდა. ცხადია, შეიძლება. მეტიც, აუცილებლად უნდა დავაწყებინოთ.

ისეთი რა აქტივობა შევთავაზოთ მოსწავლეებს სკოლაში შესვლის პირველ დღეებში, რომ, ერთი მხრივ, კითხვის პროცესში ჩავრთოთ, მეორე მხრივ, კითხვა შევაყვაროთ? ასეთი აქტივობების მოფიქრება მრავლად შეიძლება. ვგულისხმობ, რომ პირველკლასელი მოსწავლე ხალისით უნდა ერთვებოდეს ამ პროცესში. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა საკუთარი სახელების კითხვა.

ბავშვები უფრო მეტი სიხარულით, სიყვარულით, სიადვილითა და სიამოვნებით წარმოთქვამენ და კითხულობენ / წერენ საკუთარ და ერთმანეთის სახელებს, ვიდრე: „აი თხის ხახა“, „გოშია ავია“, „გემი დიდია“, „უსახო სოსო“, „ლია, აი გია“ (ფრაზები ალბათ გეცნოთ – ამოღებულია ადრე თუ ამჟამად გავრცელებული სახელმძღვანელოებიდან).

ერთი ვერსიით, ანბანის სწავლება მარტივი ასოებით უნდა დავიწყოთ. მეორე ვერსიით, ანბანის სწავლა ბავშვს უნდა დავაწყებინოთ ენაში ხშირად გამოყენებული ასო-ბგერებით. ცხადია, სწავლება ხშირად გამოყენებული ასო-ბგერებით უნდა დავიწყოთ, ოღონდ იმ ასო-ბგერებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებს თვითონ ბავშვი. ყველაზე „მყარი“ ბგერები და სიტყვამბგერები (ვგულისხმობ ზეპირ, დაუწერელ სიტყვას) ბავშვისთვის საკუთარი და მახლობელი ადამიანების სახელებში შემავალი ბგერებია. შესაბამისად, ფონოლოგიური სავარჯიშოებიც და კითხვაც ამ სახელებით უნდა დავაწყებინოთ.

სკოლაში მოსვლის პირველივე დღეს ბავშვებს ვურიგებ ბარათებზე ამობეჭდილ საკუთარ სახელებს (ლუკა, ნინო, თამარ, ეთერ, ანა, რაულ, ანაჰიტ, ამინ, ალი, ზაბიტა…) და სიის ამოკითხვის დროს ვაჩვენებ თითოეულ სახელობით ბარათს. ბავშვები მყისიერად იმახსოვრებენ თავიანთ სახელებს. ერთი კვირის შემდეგ კი თანაკლასელების უმეტესობის სახელებსაც ცნობენ. ერთ დღესაც ერთ-ერთი მათგანი მოვა და გთხოვს: „მასწავლებელო, „მუჰამედი“ დამიწერე!“ თუ ჰკითხავ: „მუჰამედი ვინ არის, რაულ?“, გიპასუხებს: „ჩემი პატარა ძმა“.

ცხადია, ეს სახელობითი სავარჯიშოები მიმდინარეობს ანბანის სისტემური სწავლების დაწყებამდე ფონოლოგიურ სავარჯიშოებთან ერთად. ეს პერიოდი, ამასთანავე, გაჯერებული უნდა იყოს კითხვის სწავლების ისეთი მეთოდებით, როგორიცაა ლექს-პლაკატების კითხვა და ენობრივი პრაქტიკით (მასწავლებელი კალამი, როგორც სხვანაირად უწოდებენ. გასაგებია, რომ პირველი კლასის პირველივე დღეებიდან წერისა და კითხვის დაწყება გაუბედაობას იწვევს მასწავლებლებში, მაგრამ სათანადოდ შერჩეული ტექსტობრივი კონტექსტი წარმატებასა და სარგებელს განაპირობებს).

გარდა ამისა, საგაკვეთილო პროცესი უნდა შეივსოს სიტყვის ბარათებზე დაფუძნებული მრავალფეროვანი თამაშ-აქტივობებით. შედეგად კითხვის შესწავლა (შემდგომში კი კითხვა) სასიამოვნო პროცესად იქცევა და აღარ იქნება მტანჯველი და ცრემლებთან დაკავშირებული.

 

ანბანის სწავლების მიდგომები (ანალიზური, სინთეზური, ანალიზურ-სინთეზური, სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური)

ანალიზური, იგივე და(ღ)მავალი მიდგომით ანბანის სწავლება გულისხმობს ჯერ სიტყვის მიწოდებას შესმწავლელისთვის, შემდეგ მისი შემადგენელი ნაწილების (მარცვალი, ასო) დასწავლაში ვარჯიშს. მაგალითად, იაკობის „დედა ენა“ სწორედ ანალიზური მიდგომით იწყება, როდესაც ჯერ სიტყვა შემოდის, შემდეგ – მარცვლები, ბოლოს – ასო.

სინთეზური ანუ აღმავალი მიდგომა, პირიქით, ჯერ ასოების მიწოდებას ითვალისწინებს, შემდეგ – მარცვლებისას, შემდეგ – სიტყვებისას (წინადადებებისას).

ანალიზურ-სინთეზური მიდგომა ორივე მეთოდის კომბინირებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მოსწავლე ვარჯიშობს ანალიზური გზითაც და სინთეზური გზითაც. სწორედ ამ პრინციპითაა აგებული იაკობ გოგებაშვილის დედა ენის საანბანო პირიოდი: ჯერ სიტყვაა მოწოდებული, რომელიც იშლება მარცვლებად, ასო-ბგერებად. შემდეგ მარცვლები ერთიანდება სიტყვებად, სიტყვები – წინადადებებად. თუმცა წინადადებების ეს ერთობლიობა ვერ ქმნის მთლიან, შინაარსიან ტექსტს.

სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური მიდგომა გულისხმობს თავიდანვე მთლიანი (ცხადია, მცირე ზომის), ავთენტიკური, საინტერესო ტექსტის მიწოდებას მოსწავლეებისთვის, შემდეგ – მის ნაწილებზე (აბზაცები, წინადადებები, სიტყვები, მარცვლები, ასოები) ვარჯიშს, შემდეგ – კვლავ ტექსტის გამთლიანებას. ამ უკანასკნელი მიდგომის მიხედვით შემუშავებულია საანბანო გაკვეთილების სტრუქტურა: მთელი – ნაწილები – მთელი.

 

კითხვის დაბალანსებულად და ინტეგრირებულად სწავლება

კითხვის სწავლების დაბალანსებული მიდგომა როგორც ანალიზური, ისე სინთეზური მეთოდის გამოყენებას გულისხმობს. მასწავლებელმა უნდა დააბალანსოს მოსწავლეებისთვის შეთავაზებული აქტივობები – სწავლებისას გამოიყენოს როგორც და(ღ)მავალი, ანალიზური მეთოდის ელემენტები, ისე აღმავალი (სინთეზური) მეთოდისაც. ამ შემთხვევაში სწავლება უფრო ეფექტიანი იქნება.

გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, რომელსაც მეც შევხვედრივარ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ზოგიერთი მოსწავლე ანბანს ანალიზური მიდგომით უფრო ადვილად ითვისებს, ზოგიც – სინთეზური მიდგომით. შესაბამისად, კლასში ორივე მიდგომის გამოყენებას თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებისკენ სწრაფვაც განაპირობებს და მოითხოვს.

 

კითხვის სწავლების ტრადიცია და არსებული სახელმძღვანელოები

კითხვის სწავლების ისტორიაზე ყურადღებას არ შევაჩერებ. მოკლედ აღვნიშნავ, რომ იაკობის მიდგომის (ანალიზურ-სინთეზური სისტემით აგებული დედა ენა საანბანო და პოსტსაანბანო ტექსტებით) ტრადიცია დაირღვა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ და მხოლოდ გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაუბრუნდნენ ამ პრინციპს. სკოლებში დღესაც ამ მიდგომით აგებული დედაენებია და ეს სახელმძღვანელოები ითვალისწინებს მიდგომას: არცერთი უცნობი ასო ტექსტში. ეს მიდგომა განაპირობებს ტექსტების არაავთენტიკურობას, უაზრობას, უინტერესობას. მოსწავლეები მათ ტანჯვა-წვალებით კითხულობენ, ვერ ხედავენ კითხვის აზრს, სიამეს. რა სიამე და აზრი შეიძლება ნახოს ადამიანმა უშინაარსო ტექსტების დეკოდირებისას (თანაც გაითვალისწინეთ, რომ პატარა მკითხველს დიდ ძალისხმევად უჯდება თითოეული სიტყვის ამოკითხვა. წარმოიდგინეთ იმედგაცრუების ხარისხი, როდესაც წვალების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ამოუკითხავს სრული უაზრობა, აბსურდი. ხშირ შემთხვევაში ეს აბსურდი სრულ გაუგებრობასთანაც არის ხოლმე დაკავშირებული. მაგალითად, „სახნისი ჟანგმა შეჭამა…“)?!

 

კითხვის სწავლება ჯიპრაიდის საანბანო ტექსტების გამოყენებით და კითხვის სწავლებისადმი დამოკიდებულება ახალი სკოლის მოდელის მიხედვით

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯიპრაიდმა საქართველოს სკოლებში დანერგა კითხვისა და წერის სწავლების სრულფასოვნად ანალიზურ-სინთეზური მიდგომა და საავტორო ჯგუფმა თათა ჭანტურიას ხელმძღვანელობით შექმნა ბრწყინვალე საანბანო ტექსტების კორპუსი (ტექსტები თავისუფლადაა ხელმისაწვდომი პორტალზე kargiskola.ge და მათ თან ახლავს ადაპტირებული ვერსიები, ხმოვანი და მულტიმედია ფაილები).

ასეთ მიდგომას ითვალისწინებს ახალი სკოლის მოდელის მიხედვით შემოთავაზებული ცნებებზე ორიენტირებული სწავლება. კერძოდ, პირველი კლასის ცნებები გულისხმობს როგორც სიტყვის კოდირება-დეკოდირებას, ასევე ტექსტის გაგება-ინტერპრეტირებასა და სამეტყველო ფუნციების გააქტიურებასაც. ჩემდა სამწუხაროდ, ამ მოდელის მიხედვითაც გამიჯნულია ე. წ. წინასაანბანო პერიოდი საანბანო პერიოდისგან და, შესაბამისად, კონკრეტული ასო-ბგერების ასათვისებლად ვარჯიში წინასაანბანო პერიოდის გავლის შემდეგ იწყება.

 

ანბანის სწავლება ენობრივი პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით

სიტყვას აღარ გავაგრძელებ და წარმოგიდგენთ ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომელი ტექსტი გამოვიყენეთ ამა თუ იმ ასოს შესასწავლად. ვთანხმდებით, რომ თითოეული ტექსტი იქმნებოდა მოსწავლეთა თვალწინ, დაფაზე მათივე მონაწილეობითა და ჩართულობით, ისევე, როგორც ეს წარმოდგენილია ზემოთ ნახსენებ წერილში „პაატას (ენობრივი) პრაქტიკა“.

ასეთი სახე მიიღო საბოლოოდ ჩვენმა ტექსტ-პლაკატმა. იგი მოსწავლეების თვალწინ დაიხატა და დაიწერა დაფაზე, მერე კი ფლიპჩარტის ქაღალდზე გადავიტანე. ქვემოთ წარმოდგენილია მასზე მუშაობის პროცესიც:

შემდეგი ფოტო “ბ” ასოზე მიზანმიმართული მუშაობის შესახებაა:

ესეც “ვ” ასო:

ეს კიდევ “დ”ასო:

ესეც ასო “შ”-სთვის – პერსონაჟი შუშხუნა და ტექსტი „ჩვენი შუშხუნა“ (ჩვენი შუშხუნა შავი ძაღლია. შუშხუნა სულ შავია. თავიც შავი აქვს. ყურებიც შავი აქვს. კუდიც შავი აქვს. ფეხებიც შავი აქვს. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი შუშხუნა). ქ. მარნეულის მეორე საჯარო სკოლის კოლეგებთან ერთად. მახსოვს, როგორ გამოაძვრინა დილარა მასწავლებელმა (ფოტოზე მარცხნივ) კარადიდან ეს „ძაღლი“ და ჩვენც სპონტანურად შექვმენით „ჩვენი შუშხუნას“ ტექსტი:

ბოლოს წარმოგიდგენთ კატა ციცასა და მასზე დაწერილ ტექსტს: ეს არის კატა ციცა. ის არც დიდია და არც პატარა. ციცა არის თეთრი, ცოტა ნაცრისფერი. მას აქვს ყვითელი თვალები, ცისფერი ყურები. კატა ციცას უყვარს თევზი, აგვი, რძე, წყალი, შემწვარი კარტოფილი.

ქვემოთ წარმოდგენილია ერთი კონკრეტული სასწავლო პროცესი, რომელიც მიმართულია ასო-ბგერა “ზ”-ს შესწავლისკენ. სასწავლო პროცესი ამჯერადაც გათვლილია იმ მოსწავლეებზე, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის. ამიტომაცაა ტექსტების ლექსიკური სიმწირე თვალში საცემი, თუმცა კი თავიანთ ფუნქციას ისინი ბრწყინვალედ ასრულებენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი საკითხიც: ამ მიდგომით ანბანის სწავლების მოწინააღმდეგეებს არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტორი, რომ მოსწავლეებმა წერისა და კითხვის პროცესში ყველა ასო არ იციან. ამ ფაქტორს ნამდვილად არ შეუშლია ხელი ქართულის როგორც მეორე ენის შემსწავლელებისთვის; პროცესი გაცილებით ადვილად წარიმართება ქართულის როგორც მშობლიური ენის გაკვეთილებზე.

 

I ნაწილი

კლასში მიმაქვს ხელზე წამოსაცმელი სათამაშო ზებრა (შავ წინდას დააწებეთ თეთრი ზოლები და ზებრაა ფაქტობრივად), რომელიც ტომსიკაში მაქვს დამალული და ვსვამ შეკითხვას:

– ბავშვებო, აბა, რა მაქვს ამ ტომსიკაში?

ბავშვები ასახელებენ სხვადასხვა საგანს, რომელთა სახელებიც იციან: წიგნი, რვეული, ბურთი… იმავდროულად, ზოგიერთ სიტყვაზე დაყრდნობით ვაძლევ ფონოლოგიურ სავარჯიშოებს. (მაგალითად, „აბა, ბგერა-ბგერა ვთქვათ ბურთი…“). როცა გამოცნობას ვერ ახერხებენ, ვაძლევ მინიშნებას, რომ ეს არის ცხოველი. თუ ისევ ვერ დაასახელებენ, გამოვაჩენ ტომსიკიდან და ბავშვები ამბობენ, რომ ეს არის ზებრა. (როგორც გახსოვთ, მე გიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც მაქვს ჩემს იმ მოსწავლეებთან, რომლებისთვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. აზერბაიჯანულადაც, სომხურადაც და რუსულადაც ზებრა ზებრაა. ასეც რომ არ იყოს და არ იცოდნენ, იმ მომენტში ვასწავლი). ამ სიტყვაზე შევასრულებთ ფონოლოგიურ სავარჯიშოებს (მაგალითად: ბგერა-ბგერა ვთქვათ; დავუმატოთ “კ” ბგერა და ისე ვთქვათ; მოვაკლოთ პირველი ბგერა და ისე ვთქვათ…). ცხადია, ასეთ სავარჯიშოებში ბავშვები ადრევე არიან გაწაფულები და ადვილად ხვდებიან, რას მოვითხოვ მათგან.

შემდეგ ვკითხულობ:

– რა არის ეს?

– ეს არის ზებრა, – ადვილად მპასუხობენ ბავშვები, რადგან ასეთი ტექსტი უკვე რამდენჯერმე გვაქვს შედგენილი (ეს არის ანა… ეს არის ბუბა… ეს არის თევზი თუთა…)

– რა ჰქვია ამ ზებრას? – ისევ ვკითხულობ მე.

– კანუ, მეგნა, ბუშტუ… – ბავშვებმა, ცხადია, სახელი არ იციან და ამიტომ ზოგი რას ამბობს და ზოგი – რას. სულაც არ არის პრობლემა, დავარქვათ ზებრას რომელიმე ეს სახელი, მაგრამ მე ჯიუტად ვუარობ ყველას და ვეუბნები ზებრის „ნამდვილ“ სახელს (ზებრა ჩემია და სწორედ მე ვიცი მისი ნამდვილი სახელი!).

– ამ ზებრას ჰქვია ზიზუ, – ვამბობ მე და კიდევ რამდენჯერმე ვიმეორებ წინადადებას, – ეს არის ზებრა ზიზუ.

მოკლედ, ასე ლაპარაკ-ლაპარაკით ჩვენი ზეპირი ტექსტი მიიღებს შემდეგ სახეს:

ეს არის ზებრა ზიზუ. ეს არის ზაზა.

ეს არის ზაზას ზებრა.

ზაზას ზებრას უყვარს საზამთრო.

ზაზას მოაქვს საზამთრო.

ზებრა ზიზუ საზამთროს ჭამს.

ცხადია, კარგი იქნებოდა, სათამაშო საზამთროც მიმეტანა, მაგრამ არც უამისოდ იქნება ცუდი, რადგან ზაზასაც, ზებრასაც და საზამთროსაც ვხატავ დაფაზე. ანუ, თუ სათამაშო არ მაქვს, ვიყენებ დაფას, რომელზეც ვხატავ ორ ილუსტრაციას: ერთზე ზაზა და ზებრაა, მეორეზეც – ზაზა და ზებრა, ოღონდ ზებრას ხელში საზამთრო უჭირავს და იკრიჭება, ვითომ ჭამს. თითოეულ ილუსტრაციაზე გადანაწილდება ჩვენ მიერ ზეპირად შეთხზული ტექსტი და დაფაზევე დაიწერება. შეიძლება, დავწეროთ და დავხატოთ პოსტერზევე, რადგან ეს დაგვჭირდება მეორე დღესაც, მეორე გაკვეთილზეც.

ამ დაფაზე დაწერილ ტექსტს ვიყენებთ წაკითხვის სხვადასხვა ვარიანტისთვის:

* საჩვენებელი (სამოდელო, სადემონსტრაციო) წაკითხვა – ვკითხულობ ხმამაღლა თითოეულ სიტყვაზე ხელის გაყოლებით ორჯერ თითოეულ წინადადებას. ასე ვაკეთებ ორჯერ-სამჯერ.

* ერთობლივი წაკითხვა – მე კვლავ ხელს ვადებ სიტყვებს და ყველა ერთად ხმამაღლა ვკითხულობთ, ან ჩემთან ერთად ვაკითხებ მათ, ვინც ბოლო მერხებზე ზის, ან ვისაც გრძელი თმა აქვს, ან ვისაც ნაყინი უყვარს და ა. შ.

* ექოს ტიპის წაკითხვა – ჯერ მე ვკითხულობ ხმამაღლა და ხელის გაყოლებით ერთ წინადადებას (ან ორს. გააჩნია მათ კომპეტენციას), შემდეგ ბავშვები იმეორებენ.

* დამოუკიდებლად ერთობლივი წაკითხვა – ჩემი ხელის გაყოლებით (ან უამისოდ);

* ყველა (ან ჩემ მიერ მითითებული ჯგუფი) ერთობლივად კითხულობს ხმამაღლა.

ამის შემდეგ ამ ტექსტზე ვვარჯიშობთ სიტყვების ამოცნობაში, ასევე – ასო “ზ-ს” მიგნებაში. მოსწავლეთა მონაწილეობით შემოვხაზავთ/ გავამუქებთ/ გავაფერადებთ სიტყვას, რომელშიც არის “ზ”, თავად “ზ”-ებს…

II ნაწილი (გაკვეთილებზე ეს ნაწილები მასწავლებლის შეხედულებისამებრ გადანაწილდება)

მეორე გაკვეთილისთვის ამოპრინტერებული მაქვს ჩვენი ტექსტი, ამ ტექსტის წინადადებები, სიტყვები. ტექსტი დაჭრილია წინადადებებად, სიტყვებად. ზოგიერთი სამიზნე სიტყვა დაჭრილია ასოებად.

გაკვეთილის დასაწყისში ილუსტრაციების მიხედვით (შეგახსენებთ, ჩვენ მიერვე დახატული ორი ილუსტრაცია გვაქვს. სხვათა შორის, ილუსტრაციის ხატვაშიც უნდა ჩავრთოთ მოსწავლეები, ხშირად ისინი უკეთესად ხატავენ – როგორც პოეტი ამბობს, ცუდად არც ერთი ბავშვი არ ხატავს…) ვიხსენებთ და კიდევ ერთხელ ვყვებით ჩვენს ამბავს. შემდეგ ისევ ვკითხულობთ სხვადასხვა ვარიაციით. პარალელურად ვთავაზობ ფონოლოგიურ სავარჯიშოებს სამიზნე სიტყვებზე (“ზ”-ს შემცველი სიტყვები, რომლებზეც ვამახვილებ ყურადღებას) დაყრდნობით (განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც შედარებით უჭირთ როგორც ზეპირი, ასევე კითხვითი მანიპულაციები).

ტექსტი, რომელიც უკვე ფლიპჩარტზე მაქვს გადატანილი თავისი ილუსტრაციებით, კვლავ დაფაზე რჩება და მე მოსწავლეებს ვურიგებ დაჭრილ ტექსტს/წინადადებებს ასაწყობად. მოსწავლეები ამ დროს უნდა დავაჯგუფოთ მზაობის მიხედვით – ზოგს უკვე შეუძლია ნებისმიერი კომბინაციით დაშლილი ტექსტი ააწყოს, ზოგს სიტყვებისგან წინადადებების აწყობა უფრო უადვილდება, ზოგს – წინადადებებისგან ტექსტის, ზოგს კი – ასოებისგან სიტყვების…

ამ სავარჯიშოების დროს მოსწავლეები თვალსაჩინოდ ხედავენ სამოდელო ტექსტს და იმის მიხედვით მუშაობენ. ეს საფეხური შეესაბამება „მთელი – ნაწილები – მთელი“ მიდგომის შუა ეტაპს. ამ დროს ბავშვებს ვავარჯიშებთ წერაშიც: სიტყვების / ასოების გადაწერა…

ასეთი აქტივობების შემდეგ ვთავაზობთ, თავად ააწყონ სრული ტექსტი და გადახატონ ილუსტრაციებიც. ამ დროსაც საჭირო იქნება დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება. ზოგიერთი მოსწავლე თავისუფლად და ფაქიზად შეძლებს ტექსტის სრულად გადაწერას და ილუსტრირებას. იმ მოსწავლეებს კი, რომლებსაც უჭირთ დავალების შეთავაზებულ დროში შესრულება ან/და წუხან ნაწერის „ულამაზობის“ გამო, უნდა შევთავაზოთ მზა, ჩვენ მიერ ამობეჭდილი წინადადებები, სხვადასხვა მოსწავლეს – სხვადასხვა დოზით. ამ პრინციპით შესაძლოა რომელიმე კონკრეტული მოსწავლისთვის მიზანი იყოს სულაც ერთი წინადადების, მეტიც – ერთი სიტყვის დამოუკიდებლად დაწერა.

გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. შეიძლება, სპეციალური ალბომიც ვაწარმოოთ და პერიოდულად გადავიტანოთ ხოლმე მასში მათი ნამუშევრები.

 

***

თუ ყურადღებით დააკვირდებით შემოთავაზებულ გაკვეთილებს, დაინახავთ, რომ მათში დამუშავებულია ყველა ცნება და მკვიდრი წარმოდგენა, რომელსაც კი ახალი სკოლის მოდელი გვთავაზობს საანბანო პერიოდისთვის. აქ წარმოდგენილი აქტივობების გაწერა მატრიცის მიხედვით აღარ უნდა იყოს პრობლემა დაინტერესებული მასწავლებლისთვის.

დაახლოებით ამ პრინციპით, ასეთი სამიზნე ასოებით მდიდარი ტექსტებით, ამ მიდგომებითა და მსგავსი აქტივობებით მიმდინარეობს ხოლმე ასოების მიზანმიმართული სწავლება ჩემს პირველ კლასში. ენობრივი პრაქტიკის გამოყენებით საანბანო მიკროტექსტ-პლაკატები შეიძლება დავამზადოთ რამდენიმე სტრატეგიით:

* პერსონაჟ-თოჯინის აღწერით ილუსტრირებული მიკროტექსტის შექმნა, როგორიცაა ზემოთ წარმოდგენილ ფოტოებზე „ჩვენი შუშხუნა“, „კატა ციცა“, „დოდონა“ (იხ.: ვიდეოფილმი „დოდონა“)

 

KQ

* ცნობილი ზღაპრის, მოთხრობის, იგავ-არაკის ფარგლებში გამოყოფილი და ჩამოქნილ-შემოკლებული მიკროტექსტის ილუსტრირება;

* ჯიპრაიდის საანბანო ტექსტებიდან საკვანძო მონაკვეთის გამოყოფა (ეს სტრატეგია საქმეს აადვილებს იმ მხრივაც, რომ ტექსტებიც მიმზიდველია და მიმზიდველადაცაა ილუსტრირებული);

* საბავშვო ლიტარატურული ზღაპრების, მოთხრობების მიხედვით საინტერესო, საკვანძო მომენტის ილუსტრირება და შესაბამისი მიკროტექსტის შექმნა;

* თემატური პოსტერების მიხედვით მიკროტექსტების შექმნა;

* რაიმე პროცესის აღმწერი ტექსტ-პლაკატის დამზადება (მაგალითად, როგორ გავტეხოთ ქოქოსის კაკალი, როგორ დავხატოთ ჟირაფი, როგორ გამოვჭრათ სახლი…).

 

***

კვლავ წარმოვიდგინოთ წერილის დასაწყისის პატარა ნუნუ, რომელიც საშინაო დავალებას წერს და რომლის მასწავლებელს სწორედ ენობრივი პრაქტიკის მიხედვით უსწავლებია მისთვის ასო-ბგერა “თ”:

 

ნუნუს საშინაო დავალების რვეულში გულმოდგინედ დაუხატავს უზარმაზარი თაგვი, რომელიც მიწას თხრის და შიგ თხილს აგდებს. ზედ წარწერა გაუკეთებია: „თაგვი თომთუმა თძილს თესავს“.

– მამა, ნახე, რა დავხატე, – ეუბნება ნუნუ მამას და რვეულს აჩვენებს.

მერაბი ლეპტოპს იატაკზე დებს და ნუნუს რვეულს ართმევს.

– ვაა, რამხელა თაგვი დაგიხატავს!.. რა ლამაზია!.. ყოჩაღ!..

– წაიკითხე, რა წერია! – მოითხოვს ნუნუ.

– „თაგვი თომთუმა თძილს თესავს“, – კითხულობს მამა და იღიმის.

– თძილს არა, მამა! თხილს! – უსწორებს ნუნუ და იცინის…

– კარგი, თხილს, – აღარ ეკამათება მერაბი, – თომთუმა ჰქვია ამ თაგვს?! თომთუმა რა სახელია?!

– მასწავლებელმა გვითხრა, თომთუმა ჰქვიაო… მოყვანილი ჰყავდა და გვითხრა, თხილი უყვარს ძალიანო და ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ ვითომ თესავდა და აი, თესავს…

– ვაა! ძალიან მომწონს! ჩემს ნახატებსაც კი ჯობია… (“დიიიდი ნუნუს” პერსონაჟი მერაბ გავაშელიშვილი, ნუნუს მამა, მხატვარია და საკუთარი ნამუშევრების ონლაინგაყიდვითაა დაკავებული)

ნუნუ იღიმის და თომთუმას უყურებს.

– გინდა, შენი ფურცელი მომეცი და კიდევ დავხატავ თომთუმას და კიდევ დავაწერ ამ სიტყვებს, – ნუნუ ახალ ფურცელს სთხოვს მამას.

მერაბი დგება და კარადისკენ მიდის. ფურცელი უნდა მისცეს ნუნუს, რათა ამ უკანასკნელმა საშინაო დავალება მეორედ შეასრულოს…

ინტეგრირებული ონლაინგაკვეთილი-ჰარი, ჰარალი, დედაო

0

„ჰარი, ჰარალი დედაო,

გადავჯე კურდღელზედაო,

გავაჭენ-გამოვაჭენე,

 გავუშვი მინდორზედაო“.

                           ხალხური

 

მსოფლიოში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, ჩაკეტილობამ, ონლაინსწავლებამ სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მოსწავლეცა და მასწავლებელიც. ერთი-ერთი უმთავრესი პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაა, რადგან სოციალიზაციასა და ფიზიკურ აქტივობას მოკლებული მოსწავლე, მასწავლებელი თუ მშობელი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას – დაკარგოს წონასწორობა, დაკარგოს მოტივაცია და ნელ-ნელა ჩაეფლოს უიმედობის, უსურვილობის საშიშ ჭაობში. ამ რთულ სიტუაციაში სწავლება-აღზრდის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს მოსწავლეთათვის განწყობის, მოტივაციის შენარჩუნება.

რუტინა, რომელიც, ერთი მხრივ, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მეორე მხრივ, ხშირად მოსაბეზრებელი ხდება და მოტივაციას კლავს. აუცილებელია, ხანდახან მასწავლებელმა გადაუხვიოს, ე. წ. პროგრამას, ჩვეულ, მოსალოდნელ მასალას, მოსწავლესთან ერთად გახდეს „კანონდამრღვევი“ და ალტერნატიული გზებით შეეცადოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევას.

ონლაინრეჟიმით სწავლებამ უამრავ სირთულესთან ერთად ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა. ერთ-ერთი ასეთია ვიდეოს ყურების, ეკრანის გაზიარების საშუალება. თანამედროვე ახალგაზრდისთვის უმრავლეს შემთხვევაში ვიდეოპრუდუქცია უფრო მომხიბვლელია, ვიდრე წიგნი. თანამედროვე მასწავლებელმა, შესაძლებელია ფილმი თუ მულტფილმი წიგნთან, სიტყვასთან მისასვლელ გზად გამოიყენოს.

 

ამ სტატიაში ერთ უნიკალურ მულტფილმზე მინდა მოგიყვეთ და შევეცადო, დაგანახოთ მისი სასწავლო რესურსად ქცევის შესაძლებლობა. ესაა ანიმაცია „ჰარი, ჰარალი დედაო“, რომელიც 2017 წელსაა შექმნილი. რეჟისორი ლეო გაბრიაძეა, სცენარის ავტორი, მხატვარი და მთხრობელი კი XX-XI საუკუნეების სრულიად გამორჩეული ქართველი შემოქმედი – რეზო გაბრიაძე გახლავთ. ჟანრობრივად ის ავტობიოგრაფიულ-დოკუმენტური ნაწარმოებია და მოიცავს საბჭოთა ადამიანის ისტორიას 1941 წლის 22 ივნისიდან მეოცე საუკუნის ბოლომდე. თავისთავად ცხადია, ერთი ადამიანის ისტორია ქვეყნის ისტორიასაც ჰყვება და თავისუფლად შეგვიძლია სასწავლო მიზნებით გამოვიყენოთ. ვფიქრობ, მისი ყურება-განხილვა შესაძლებელია ისტორიის, ქართულის, მოქალაქეობის, ხელოვნების მასწავლებლების ჩართულობით.

ხსენებული ანიმაციური ფილმი ახალგაზრდებისათვის ძალიან პოპულარულ პლატფორმაზე (Netflix) ახლახან დაიდო, რაც მათთვის, ვფიქრობ, დამატებითი ინტერესის აღმძვრელი იქნება.

უპირველესი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეს არის ნახატის ხარისხი და ხასიათი. როდესაც წიგნისა და ფილმის შედარებას ცდილობენ ხოლმე, სიტყვიერი ხელოვნების სასარგებლოდ ძირითადად ის არგუმენტი მოჰყავთ, რომ წიგნში მეტი ადგილი რჩება ფანტაზიისა და წარმოსახვისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციაც ვიზუალური ხელოვნებაა, გაბრიაძის შეუდარებელი მხატვრობა კარიკატურულ-პრიმიტივისტული სტილითაა შესრულებული და თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქოს ისევე ტოვებს თავისუფალ სივრცეს წარმოდგენისათვის, როგორც სიტყვა. ამ მულტფილმში მონახაზი თუ ფერი იმდენად ზოგადი თუ პირობითია, რომ, ერთი მხრივ, მკვეთრად გამახსოვრდება, მეორე მხრივ, არაფრის წარმოდგენაში არ გიშლის ხელს, შენი, მაყურებლის, მსმენელის ფანტაზიას ისევე საჭიროებს, როგორც ნათქვამი სიტყვა.

ვფიქრობ, ფილმის ყურებამდე ურიგო არ იქნებოდა გონებრივი იერიში. საინტერესოა, რა მოლოდინებს აღუძრავს მოზარდებს მხოლოდ სათაური? თავისთავად ცხადია, სწორი პასუხის ალბათობა ძალზედ მცირეა. ამიტომ, ვფიქრობ, შესაძლებელია განხილვის საგნად სიმღერის მთელი ტექსტი გამოვიტანოთ:

„ჰარი, ჰარალი დედაო,

გადავჯე კურდღელზედაო,

გავაჭენ-გამოვაჭენე,

გავუშვი მინდორზედაო“.

ვფიქრობ, უფროსკლასელები ამ ტექსტის საშუალებით შეძლებენ გამოიცნონ, რომ საუბარი იქნება ბავშვურ, წარმოუდგენელ თავგადასავლებზე, რომლებითაც სავსეა ქართული და მსოფლიო ფოლკლორი. (აქვე შეიძლება შევახსენოთ ამ, ე. წ. ყირამალა ამბების მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში, მოვიყვანოთ მაგალითები).

ასევე სასურველია, ფილმის ყურებამდე საბჭოთა კულტურის შესახებ მცირე შესავალი, იმის აღნიშვნა მაინც, რომ დომინანტი რუსული ენა და კულტურა გახლდათ, თუმცა საბჭოთა ცენზურა არ ერჩოდა კლასიკას (მულტფილმში ჟღერს ჩაიკოვსკისა და ჟიზელის მუსიკა), მიუხედავად შევიწროებისა, არ განიდევნა ქართული; როგორც ფოლკლორი, ასევე ქალაქური მუსიკა, თუ თანამედროვე, საბჭოთა კომპოზიტორების მიერ შექმნილი ჰანგები, რუსულისა და საოპერო კლასიკის გვერდით ჟღერდა.

ანიმაციური ფილმის ყურების შემდეგ, ვფიქრობ, მოდერატორმა უნდა დასვას კითხვები და საშუალება მისცეს მოზარდებს, იმსჯელონ შემდეგ საკითხებზე:

ომის შემდგომ მძიმე გარემოში რა აძლევს მთავარ გმირს გადარჩენის საშუალებას? რატომ არის უსაფრთხო სივრცე ბიბლიოთეკა და რატომ აღმოჩნდება ყველაზე საშიში ადრახინა უწყინარი ამ სივრცეში? რისი სიმბოლოა ვირთხა? განაპირობებს თუ არა წიგნების კითხვა (შეჭმა) უპირობოდ კარგ ადამიანად ჩამოყალიბებას?

მოსწავლეების პასუხების შემდეგ, სასურველია, მასწავლებელმა-მოდერატორმა შეაჯამოს და გამოკვეთოს წიგნის როლი და შესაძლებლობა, რომ მას შეუძლია საინტერესო გახადოს ყოფა აუტანელ სამყაროში, იხსნას ადამიანი და ითამაშოს იმ მთავარი საყრდენის ფუნქცია, რომელიც ხანდახან მარტო დარჩენილ მოზარდს ადამიანთა შორის აღარ ეგულება.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია კულტურათა ზეგავლენის საკითხი, გლობალიზაცია, რომელიც მაშინაც კი შესაძლებელია, როცა უფრო მაღალი კულტურის მატარებელი – ტყვე და დამარცხებულია. მოსწავლეთათვის ისტორიიდან ძირითადად ცნობილია კულტურათა გადაცემის მოდელი, როცა დამპყრობელი ქვეყანა ცდილობს, გაამეფოს მისთვის მისაღები კულტურული ნორმები. აქ პირიქითაა და ვფიქრობ, ამის გააზრება მნიშვნელოვანია უფროს კლასებში.

საბჭოთა რეპრესიული მანქანისა და მის მიერ დატოვებული შიშების, პიროვნების კულტისა და მისი მავნებლობის შესახებ გენიალურად მეტყველებს სკოლის დერეფნის კედლებზე დაკიდული ნახატებიდან გადმოსული და გაცოცხლებული სტალინის, ლენინისა და პატარა ლენინის პერსონაჟები.

ერთ-ერთი აუცილებელი საკითხია ფალოსის გამოსახულებით რელიგიური რიტუალის ჩატარება, „გინება“, როგორც თავად გაბრიაძე ამბობს. საერთოდ ქართულ სკოლას ხშირად ეხამუშება მსგავსს თემატიკასთან შეხება, მსგავსი ლექსიკის ხმარება, თუმცა თანამედროვე ახალგაზრდებში ეს არ იწვევს ბილწსიტყვაობის დონის დაწევას. ვფიქრობ, პირიქით, სამეცნიერო თუ სამედიცინო ტერმინოლოგიით არ უნდა მოვერიდოთ ამგვარ საკითხებზე მსჯელობას. რაც უფრო ნაკლები იქნება ტაბუ, მით უფრო დაიწმინდება ახალგაზრდების მეტყველება.

ძალიან საინტერესოა, რომ პერსონაჟის ბაბუას ეს რიტუალი რუსეთ-იაპონიის ომიდან მოაქვს და აქედან, საქართველოდან, გადადის გერმანიაში, გერმანია კი ტყვეობაშიც ძალიან დახვეწილი და კულტურულია, თუმცა ბუნების პირისპირ გერმანელიც კარგავს რაციონალურობას. აქ შეიძლება გაიმართოს მცირე დისკუსია იმის შესახებ, საერთოდ რატომ იგინება ადამიანი? ვფიქრობ, საკმაოდ სასარგებლო იქნება, მოწაფეებმა გაიაზრონ, რომ გინება, ვერბალური ძალადობა, ადამიანის უმწეობის გამოვლინებაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩანს, რომ, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, მიუხედავად კულტურისა, ბუნების წინაშე ადამიანი ერთნაირად უმწეოა და ეს უმწეობა აბრუნებს თავის პირველყოფილურ ქცევასთან თუ მითოსურ საწყისთან.

ასევ მნიშვნელოვანი და სიმბოლური ხასიათისაა ანიმაციის ბოლოს პერსონაჟის ფესვებთან დაბრუნების მცდელობა, დაკარგული ემოციური კავშირის აღდგენის ჯერ წარუმატებელი მცდელობა, ხოლო შემდეგ პოვნა – მშვენიერი მარგალიტას საფლავზე, სადაც მისი ბავშვური შემოქმედების საფლავიცაა, მაგრამ ამავე საფლავთან მისი შემოქმედების საშუალებით დაბადებული ორი ადამიანიც დგას.

საბოლოოდ, ქართულის მასწავლებელმა შეიძლება შეაჯამოს და ვაჟა-ფშაველასთან გაავლოს პარალელი, როდესაც ავტორი არ ერიდება, მტერი მორალურ ადამიანად დახატოს – როგორც ქისტი ჯოყოლაა ჰუმანიზმის მხარეს, ასევეა გერმანელი ტყვე, რომელიც აშკარად მთელი გულით ემსახურება ბებიას.

მან აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება სახე-სიმბოლოებზე, რომლებიც მულტფილმში უხვადაა.

ისტორიის მასწავლებელმა შეიძლება, კიდევ ერთხელ ისაუბროს რეპრესიებზე, ერთპარტიულობაზე, პარტიის აგიტაცია-პროპაგანდაზე.

ხელოვნების მასწავლებელმა შეიძლება დაწვრილებით აღწეროს ყველა ის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ამ ანიმაციაში ისმის და მხოლოდ საბჭოთა ესთეტიკისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ეკლექტურობას ქმნის. აქვე შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ზოგიერთი ჟანრი, მაგ. როკი ანტისაბჭოთა მუსიკად ითვლებოდა და იდევნებოდა.

ამგვარად, ამ მართლაც უნიკალური ქართველი შემოქმედის ანიმაციის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებს ერთი უჩვეულო, არასტანდარტული დღე ვაჩუქოთ, მათი თვალსაწიერი საგრძნობლად გავზარდოთ, რაც მთავარია, ერთად ნახვის, გაზიარების სიხარული მივანიჭოთ, დისკუსიაში ჩართვის გამოცდილება შევძინოთ და სამომავლოდ მოტივაციაც გავუზარდოთ.

 

 

 

 

მაისის გამონაყოფი მარიტა

0

უცნაური ბედი ერგო გიორგი ლეონიძის მოთხრობის პერსონაჟ მარიტას. არ მეგულება ქართველი, ეს სახელი რომ უხსენო და მას ფილმი “ნატვრის ხე“ არ გაახსენდეს და ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის ენით უთქმელი სილამაზე. ალბათ ესაა მიზეზი, რომ, როცა მოთხრობას ვკითხულობთ, ფილმიდან გამომდინარე, აქცენტებს მხოლოდ იმ დეტალებზე ვსვამთ, რომლებიც ფილმში იკვეთება (ფილმში გამოკვეთილი დეტალების წყარო, ცხადია, ნაწარმოებია). ამიტომ ზოგიერთ ჩვენგანს ყურადღების მიღმა რჩება რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სიტყვა და ფრაზა, რომლის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია მოთხრობის სრულფასოვანი ანალიზი.

მარიტას სახე და ორი ალეგორია

როდესაც გიორგი ლეონიძე მარიტას სახეს ძერწავს, ის სხვადასხვა მხატვრულ საშუალებას იყენებს. ამ დროს თითოეულ მათგანს კონკრეტული მიზანი აქვს – გაუძღვეს მკითხველს ავტორის სათქმელისკენ მიმავალ გზაზე, რათა მწერალთან ერთად იფიქროს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე. მოდით, ამოვწეროთ მოთხრობიდან ის სიტყვები, რომლებითაც მწერალი ხატავს მარიტას ფიზიკური და სულიერი მხარის შესამკობლად, იქნება ეს მთხრობელის თუ სხვა პერსონაჟების მიერ გამოყენებული ტროპები: გარეგნობა – ყვითელი აბრეშუმივით თმა-კულული, აბრეშუმივით გადავარცხნილი თმები, ლურჯი თვალები, იისფერი თვალები, ალმასური სახე, კდემამოსილი სახე, სხივოსანი სახე, უჩვეულო, ქალწულებრივი სიმშვიდე, ნათლით სავსე, მწყაზარი, მოციმციმე ტრედონა, წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, მტრედივით შემკობილი, ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული, პირმეტყველი სამოთხე, ნუკრის თვალები, მერცხლიანი, დამარმარებული ძვირფასი სახე, მთვარისპირა, გულმკერდის ნათელი, მზეჯავარა, მარგალიტზე უთეთრესი, ბამბიქულა, შველივით განაბული, ვარდის ჩიტი, პატარა მტრედი გვიძინა, მზის ცისკარი, სახემტკბარი, უნაზესი ხმა, ბუნების საჩუქარი, სპეტაკი შროშანი, ბროწეულყვავილი, ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე, ღიმცისკროვანი ყვავილი, თითქოს მზე ჩამოვარდნოდა, მთვარის გამოახლება, ალაკრული, ქალებში დედოფალი, „მზევარი“, „მზევინარა“, ყინწვისის ღვთაებრივი ფრესკა, არმაზელი ტურფა სერაფიტა, ღმერთი, ხეობის თვალი, სინათლე, გარეგან სილამაზეს აღმატებული ფიზიკური მშვენიერება, გულში ია ამოსდიოდა; სიარული – შემოეფინებოდა, გამობრწყინდებოდა, ჩაკდემით მოსიარულე, ცისარტყელესავით დადიოდა, თითქოს ნიავი ცეკვავს ლერწმის წვერზეო; ხასიათი და თვისებები – შრომაში ფაქიზი, საოცარი ხალიჩის მქსოველი, გაზაფხულის ყველა ფერით ხალიჩას ქსოვდა, გამოცდილ ოსტატივით; გათხოვილი მარიტას მშვენიერება იცვლება – მშვენიერი კამკამა სახისთვის თითქოს ნაღველს ფრთა გაეკრა, პირანთებული მარიტა მიემკვდარა, ვარსკვლავმა გვირგვინი ჩამოიყარა, ლალის საყურე გაშავდა, ნისლისფერი ცხოვრება დაიწყო; ხოლო მას შემდეგ, რაც სოფლის აღრენილ, მრისხანე, მგმინავ, მკვნესარე, მბროგავ, გულისნაღველმიწურვილ, ნიშნისმომგებიან, ღვარცოფულ ბრბოს ჩასაქოლად გამოჰყავს მაისის გამონაყოფი მარიტა, ის მინაცრებული და გამტკნარებულია; იმ საშინელი დღის შემდეგ კი გაუკაცრავებული და დამცრობილი აღარავის სჩვენებია, თითქოს მოკვდა სოფლისთვის, ზეზეურად დადნა და სადღაც უჩინრად გარდაიხვეწა, ბოლოს კი უთქმელი სევდით  აღესრულა.

ერთხელაც რომ გადავავლოთ მოთხრობას თვალი, ესეც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ – მოთხრობის დიდი ნაწილი მარიტას აღწერას ეთმობა. გეგულებათ მსოფლიო ლიტერატურაში ისეთი ნაწარმოები, რომელშიც პერსონაჟის აღსაწერად ავტორი ამდენ მხატვრულ საშუალებას იყენებდეს? რასთან გვაქვს საქმე? შემთხვევითია ეს ყველაფერი თუ გიორგი ლეონიძე ამ გზით ცდილობს, რაღაც მიანიშნოს მკითხველს? ფაქტია და ამას მწერლის შემოქმედება ცხადყოფს, გიორგი ლეონიძეს სიტყვა არ უჭირს! სიტყვა, ფერი და ბგერა არ უჭირთ არც იმ დიდ ხელოვანებს, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში ორი რამის – ღმერთის და სამშობლოს – შესხმას, დიდებას, შემკობას ცდილობენ. მხოლოდ ამ დროს ეუფლებათ მათ ისეთი განცდა, თითქოს რაღაცას აკლებენ, სათანადოდ ვერ გამოხატავენ სათქმელს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სიყვარულის გრძნობა რთული გამოსათქმელია, ხოლო ღმერთის და სამშობლოს სიყვარული რთული გამოსათქმელი კი არა, გამოუთქმელია. ალბათ სწორედ ამაზე მიგვანიშნებს გიორგი ლეონიძის ჯერ სიტყვაუხვობა და მერე დაუკმაყოფილებლობის განცდა, როცა ხან აქედან, ხან იქიდან, ხან ასე და ხან ისე ცდილობს მიახვედროს მკითხველი, რომ ის, მარიტას სახით, ორ ალეგორიას სთავაზობს მას (წერილში მხოლოდ ერთ ალეგორიას, დამოუკიდებელი საქართველოს ალეგორიას განვიხილავ, თუმცა მეორე ალეგორიაც, უფლის ალეგორიაც ცალკე შესწავლის საგანია – რადგან მარიტაზე პირდაპირ ამბობს მწერალი, რომ ის ღმერთია. ღმერთს სქესი არა აქვს, ამიტომ როგორ აისახება ის ფაქტი, რომ განკაცებულს სოფელი ვერ იცნობს და ანადგურებს, ხელოვანის გემოვნებაზეა დამოკიდებული). იმ მრავალფეროვან ლექსიკაში, მარიტას აღსაწერად რომ იყენებს გიორგი ლეონიძე, მკითხველისთვის სხვადასხვა მცირე თუ დიდ გეზისმომცემ მინიშნებას დებს. ერთი ასეთი დეტალია „მაისის გამონაყოფი“. თითქოს არაფერია უცნაური იმაში, ბროწეულის ყვავილს შედარებული მარიტა რომ მაისის გამონაყოფია, მაგრამ თუ მარიტას ისე შევხედავთ, რომ ის ალეგორიაა, მაშინ მივხვდებით, რომ ეს ტროპი სინამდვილეში დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის თარიღს, 1918 წლის 26 მაისს, უნდა გულისხმობდეს. როგორც კი გეზისმომცემ მცირე დეტალს ჩავეჭიდებით, ამის შემდეგ მეორე ვრცელი მინიშნება, კომპოზიტორმა ნიკო სულხანიშვილმა რომ დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნის ტექსტის შექმნა სთხოვა ახალგაზრდა პოეტს, სხვა მნიშვნელობას შეიძენს. გიორგი ლეონიძე ამბობს, ჰიმნის ტექსტი არ დავწერე, თავი ხიფათში არ ჩავიგდეო. ეს ახსნა სხვადასხვანაირად შეიძლება გაიგოს მკითხველმა. თითქოს მომავლის გადმოსახედიდან გასაგები ხდება, დამოუკიდებელი ქვეყნის ჰიმნის ტექსტის ავტორს რეპრესიები არ ასცდებოდა; მაგრამ იმავდროულად სამშობლოს დამოუკიდებლობას ჰიმნი რომ მიუძღვნა, ეს საშურთან ერთად ურთულესი საქმეცაა – როგორ უნდა მოძებნო და შეარჩიო სწორი სიტყვები, სიმბოლოები, რომლითაც ჰიმნში სამშობლოს ადიდებ? წლების შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოს, მარიტას სახით, ძეგლი დაუდგა გიორგი ლეონიძემ. მან გულუხვად და დაუნანებლად დაახვავა მშვენიერების აღმნიშვნელი სიტყვები, ზოგი თავად შექმნა, ზოგიც ენის სიტყვათსაცავში მოიძია. როგორ გამოუვიდა ეს, მკითხველის შესაფასებელია. თუმცა მწერალი მოთხრობაშივე აღნიშნავს, ახლაც ვერ დავარწმუნებდი მარიტას (sc. სამშობლოს), რომ  მის მიერ ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი ჯერაც არ დამიწერიაო…

დამოუკიდებელი საქართველო ვერ შევინარჩუნეთ და თავისუფლება ისე დავკარგეთ, რომ ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ამ საკითხზე დუმდა და ხმას ვერ იღებდა. როგორ აისახა ეს ყველაფერი მოთხრობაში? ყველა უხერხულობდა მარიტას სახელის ხსენებას, ბავშვიც კი შეყოყმანდებოდა ხოლმე, ხოლო თუკი ენაზე მოადგებოდა ეს სახელი, ენის ტარზევე შეირჩენდა და არც წარმოთქვამდა. რა შუაშია ბავშვი, რომელი ბავშვი ლაპარაკობს ქვეყნის დამოუკიდებლობაზე? არცერთი. მაგრამ მწერლის მიერ ბავშვის სახის შემოტანა ამ წინადადებაში ავტორის სათქმელს გასაგებს ხდის – ბავშვს ენაზე არაფერი ადგება, ბავშვის გაჩუმება ძნელია, მას რაღაც მაინც წამოსცდება, აი, საქართველოს დამოუკიდებლობის ხსენება კი ისე აუკრძალეს ქართველებმა თავს, რომ „ნამეგობრალებიც“ დადუმდნენ.

ნა- პრეფიქსი

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წარსული დროის მიმღეობის მაწარმოებელი პრეფიქსი „ნა-“-თი ორი დიდი მწერალი, მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნებში“ და გიორგი ლეონიძე „მარიტაში“, მოთხრობებში გამოყენებულ ალეგორიაზე მიგვანიშნებს. თუ, სხვა ნა-თი დაწყებულ უამრავ სიტყვასთან ერთად (ნათავადარი, ნაკაცარი, ნამოურავალი, ნახიზნარი, ნაჭრილობევი და სხვ.), ჯავახიშვილი მოქმედების განვითარების ადგილად ტოპონიმ ნაშინდარს გვთავაზობს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერზე მინიშნებას, ლეონიძე ნა- პრეფიქსით პირველ რიგში მაისის ნაყოფზე, 1918 წლის გაზაფხულის მონაპოვარზე მიგვანიშნებს. პრეფიქსი „ნა-“ მოთხრობაში „მარიტა“ არაერთხელ გვხვდება, ის გზამკვლევივითაა და ამ პრეფიქსით დაწყებულ თითქმის ყველა მიმღეობას კონკრეტულ მინიშნებასთან მივყავართ: მარიტა ბროწეული ყვავილის ნაელვებია, მზის ნაბადები, სხივთა ნაგალობარია და ის დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე პერიოდზე მიგვითითებს; ბროწეულის ყვავილი მაისში რომ იშლება აგვისტოს ბოლომდე ჰყვავის; საქართველოს დამოუკიდებლობა მისი მოპოვებიდან მესამე წლის თებერვალში დაგვაკარგინეს, მაგრამ აგვისტოს აჯანყებამ საბოლოოდ დაუსვა მასზე ოცნებას წერტილი.

დამოუკიდებლობას, თავისუფლებისკენ სწრაფვას მარტო გარეშე მტერი არა კლავს. არანაკლები წვლილი იდეის მოსპობაში ხალხსაც მიუძღვის. სოფელიც და მოსახლეობაც დამნაშავეა ქვეყნის დამოუკიდებლობის დასამარებაში, რადგან მან ვერ მოუარა, ვერ უპატრონა, ვერ შეიფერა და ვერ შეიშნოვა ბუნების ნაბოძები. უმეცარმა ადამიანებმა მეუფროსემდის მისულ ბალბალუკას ნაენავს გადააყოლეს, რაც რამ საუკეთესო ჰქონდათ. ალეგორია გამჭვირვალეა და ადვილად გასაგები. ამიტომაცაა ასეთი ადამიანების საქციელი ნამხეცარი და ნაპირუტყვალი დროის გადმოსახედიდან.

მოთხრობაში არც მარიტას დასჯის დღეა ჩვეულებრივი სიტყვებით აღწერილი, თუკი მათ „ნა-“ პრეფიქსიანი სიტყვების ფონზე განვიხილავთ. ნაცრისფერი, ნაწვიმარი, ნაცივარი დღე და ნაფლეთებიანი ცა თითქოს ამართლებს, რატომ ვერ გამოესარჩლა მარიტას ვერავინ – ვის უნდა ცივ ამინდში გარეთ გასვლა და ნათბილარი ლოგინის დატოვება?! არადა, ნაგვიანებია, როცა ამოიცნობენ წამებულში ნამეგობრალები მაისის გამონაყოფს. მხოლოდ მიწას არ შერცხვება მარიტას მიბარება (აკაკის ლექსიდანაც ვიცით, რატომ..). მარიტას წართმევამ სოფელი ლამის გააუდაბნოვა, დაუჯერებელ ზღაპარს დაემსგავსა მისი ამბავი. მაგრამ მოთხრობა მაინც არაა პესიმისტური, რადგან გიორგი ლეონიძე მას ასე ამთავრებს: ნაეზოვარზე, ნამოსახლარი, სახლისნაკედლარზე ბროწეული მაინც ამოსულიყო. და თუ ბროწეული მარიტაა და მარიტა დამოუკიდებელი საქართველო, ეს იმას ნიშნავს, რომ წინ იმედია და დამცრობილ, გავერანებულ, გაუბედურებულ საბჭოთა საქართველოშიც ამოვარვარდება კიდევ ერთი ხე, რომელსაც სოფელი, თუ მან ჭკუა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, გაუფრთხილდება და შეისისხლხორცებს.

საკუთარ სახელთა სიმბოლიკა

თუკი მარიტას ალეგორია მისაღებია, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ გედია ნათელიძის სახელი და გვარიც სიმბოლურია. გარდა იმისა, რომ მისი გვარი სიტყვა „ნათელს“ უკავშირდება და მარიტამ ნათელთან ვერ იქორწინა, ალბათ გედიაც სიტყვა „გედს“ უნდა დავუკავშიროთ. გედიასთან მარიტას ურთიერთობა გედის უკანასკნელ სიმღერასავითაა, უპოვარი, უქონარი, ღარიბი გედია ცხოვრების დასაწყისშია ამგვარი. თუ მას დააცლიან, ის გედად იქცევა, თუ მას დააკვირდებიან, უნდა მიხვდნენ, რომ მასთან ახლოსაც ვერ მივა მგლისფერი, ყომრალი, მლაშე, გულზვიადი, უნდო, უყვარული შეთე.

ათეული წლები გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან, სანამ 1956 წლის მარტში დემონსტრაციებზე არ გაისმა მოთხოვნა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება საქართველოსო. ეგებ სახელი „მარიტაც“ ტყუილად არ შეარჩია მწერალმა? ეგებ „მარიტა“ და „მარტი“ სიტყვების მიმსგავსება უადგილო არ იყოს და ესეც ერთი მცირე დეტალი იყოს მოთხრობის ალეგორიის გასაგებად, თუკი მარიტა ნამდვილად დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სიმბოლური სახეა?

ბროწეულის ხე და სილამაზის იდეა

და ბოლოს, რატომ იწყება და მთავრდება მოთხრობა ბროწეულის ხით, რატომ ირჩევს მწერალი კომპოზიციის შესაკრავად ამ მხატვრულ სახეს? პასუხი, ერთი შეხედვით, ძალზე მარტივია: დასაწყისში მთხრობელი ამბობს, არ მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დაჭკნება და ჩამოცვივდება, განქარდება და ამტვერდებაო; ხოლო დასასრულს მას უხარია, რომ ბროწეული თავისით ამოვარვარებულიყო, უღიმოდა ცეცხლისფრიანი ბროწეულის ყვავილი მარიტას სახესავით ალაკრული, მხიარული, მზიანი და არ სჯეროდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისითო. ორჯერ გამოყენებული სიტყვა „თავისით“ მრავლისმთქმელია. დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა დამუნჯებულ და დაჩიავებულ გარემოში თავისით იხარებს. ვიღაც ფიქრობს, რომ ამგვარი დიადი იდეის ჩასახვას მოვლა სჭირდება, მაგრამ თურმე ასე არ არის. ნებისმიერ გარემოში ამოიზრდება დიადი იდეა (დიადი იდეები მშვენიერი და ლამაზია), მაგრამ უკვე ამის შემდეგ სჭირდება მის ნაყოფს მოვლა და გაფრთხილება. საიდან მოდის, სად მიდის, სად იკარგება სილამაზე? გლეხის ქალი ეთერიც უბადრუკ გარემოში დაიბადა და გლეხის ქალი მარიტაც ჩაჩიკას შვილია – უცნაურია, მაგრამ ფაქტია, გარემო კი არ ქმნის სილამაზეს, სილამაზე თავისით იბადება! ასე რომ, დროებით მიფარებულ სილამაზეს გაქრობა არ უწერია და არავინ იცის, როდის და რა სიმძლავრით იფეთქებს ის…

P.S. – ლეღვის ხე

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნიუტონის სკოლის მოსწავლეებს – გიორგის, ლანას, ელენეს, სანდროს, ნიკას – რომლებიც გაკვეთილზე ამ წერილში გამოთქმული იდეების დახვეწაში დამეხმარნენ. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ლუკა ვაშაყმაძეს, რომელმაც ლეღვის ხეს გამობმულ ჩაჩიკას ქოხის უგულებელყოფა არ მაპატია.

– ლუკა, მეც შევნიშნე, რომ ჩაჩიკას ქოხი ლეღვის ხესაა გამობმული, ინტუიცია მეუბნება, ტყუილად არ გამოიყენებდა მწერალი ამ დეტალს, მაგრამ ვეღარ ვხსნი, რატომ ეს და არა სხვა ხე. როცა რაღაც დეტალს შენიშნავ, ხომ იცი, რომ ის  აუცილებლად უნდა აიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს მის წინ წამოწევას?

ლუკამ არ დაიზარა და, ძველი აღქმის გარდა, ლეღვის ხეზე მარკოზის სახარებიდანაც მოიძია ციტატა. ასე მივიდა ლუკა დასკვნამდე, რომ ალბათ მარიტა დაწყევლილი და განწირული იყო თავიდანვე, რადგან ურწმუნო ერის საქმეები ნაყოფს ვერ გამოიღებსო. თანაც, ლეღვის ხე თავისი ფართო ფოთლებით იმ სირცხვილსაც მალავდა, რომელშიც ულამაზესი მარიტა იზრდებოდაო.

რას იტყვით, მივიღოთ ლუკას ვარაუდი?

პორტნოის არითმეტიკა

0

ვინ მოთვლის, რამდენი მასწავლებლისა და მოსწავლისთვის მითქვამს, დაწყებული წიგნი გვერდით გადადეთ და ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ წაიკითხეთ; თავს დავდებ, ასეთი არაფერი გექნებათ წაკითხული-მეთქი. მოსწავლე – ცხადია, უფროსკლასელი, სხეულის ახლად აღმოჩენილი შესაძლებლობებითა და რთული კითხვების სიმრავლით თავბრუდახვეული, გაწამებული.  მასწავლებელი – წიგნების კითხვას მიჩვეული, სახელდახელოდ ნაპოვნი პასუხების სისწორეში დაეჭვებული.

1969 წელს გამოქვეყნებული ეს რომანი ყოველი წაკითხვისას ხმამაღლა მაცინებს და ამავე დროს რაღაც ისეთს მახსენებს, რაც გონების ყველაზე მიუდგომელ ადგილებში გადავმალე – ხშირად რომ არ გამხსენებოდა მტანჯველი ფიქრებით, დაუჯერებელი დასკვნებით, ენით აუწერელი ფანტაზმებით სავსე დრო. ალექს პორტნოი – წიგნის მთავარი გმირი – სწორედ იმაზე საუბრობს, რაზეც ჩვენ ვდუმვართ; ისე საუბრობს, სიცილის ცრემლებმა თვალწინ ყველაფერი რომ დაგვიბინდოს და თან მთავარი მარტივად დავინახოთ: ორისთვის ორის მიმატება შევძლოთ.

ებრაელი კაცი, რომელსაც მშობლები ცოცხალი ჰყავს, ისევ თხუთმეტი წლის ბიჭია და ასეთად დარჩება მათი სიკვდილის დღემდეო, – ამბობს ალექსი გრძელზე გრძელ, დაუვიწყარ მონოლოგში. ესაა ჩემი ცხოვრება, ჩემი ერთადერთი ცხოვრება და მე მას ებრაულ ანეკდოტში ვატარებ! ებრაული ანეკდოტების ვაჟიშვილი ვარ, თუმცა საქმე სახუმაროდ სულაც არ მაქვსო. სიტყვები: „ებრაელი“, „ებრაული“ – თავის დასამშვიდებლად არ გამოდგება: თითქოს ეს სხვისი ამბავი იყოს, სხვა კულტურულ გარემოში აღზრდილის და მთავარი გმირის სადარდებელიც ადვილად აიხსნებოდეს იმ მიზეზებით, გულზე რომ ვერ მოგვხვდებოდა, ჩვენს ქალაქს, სოფელს, უბანს, სახლს რომ ვერ გაგვახსენებდა.

სოფი პორტნოი – ალექსის დედა – დედაჩემის, ორივე დეიდის, ჩემი მეგობრების დედების, თითქმის ყველა იმ ქართველი დედის კრებითი სახეა, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ. მისი ფრაზების დიდი ნაწილი იმდენად ნაცნობია, ყურში სხვადასხვა ხმით წარმოთქმული მესმის – კარგად ნაცნობი, საყვარელი, მონატრებული ხმებით. ხუთი წლის ბიჭუნა რომ ჭამაზე უარს აცხადებს, თავზე პურის საჭრელი დანით დაადგება – საიმედო საშუალებაა, გამოცდილი აქვს. აბა, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ მართლა არ დამარტყამდაო? – ჩივის ალექსი, რომელსაც უკვე ოცდაცამეტი წელი შესრულებია, დანამომარჯვებული ქალი კი ისევ თვალწინ უდგას.

მახსოვს, დედაჩემი ობობებით მაშინებდა ხოლმე – მოვლენ და ნახავ, რა დღესაც დაგაწევენ, თუ ჯამი ბოლომდე არ მოასუფთავეო. ობობების შიში დღემდე გამომყვა, ის კი მიმეორებს და მიმეორებს – ღიმილით, რა თქმა უნდა: ასეთი უწყინარი არსება როგორ უნდა გაფრთხობდეს, ხომ ხვდები, რა სასაცილო ამბავიაო. იმასაც ამბობს, რომ სჯეროდა – გავიზრდებოდი და აღარ შემეშინდებოდა იმის, რის უვნებლობაშიც, ადამიანისადმი გამოვლენილ სრულ გულგრილობაშიც ბოლომდე დავრწმუნდებოდი. ძაღლების, კატების შიშს კი შეიძლება დიდობაშიც შეეხსენებინა თავი და დავტანჯულიყავი – აი, ამიტომ თქვა უარი ჩემს დამსჯელებად მათ შერჩევაზე. სოფი პორტნოია, აბა რა!

ალექსს კი, რომელიც მოგონებებში თავით გადაშვებულა და თვალსა და ხელს შუა გაბავშვებულა კიდეც, უკვირს: თუ მართლა ასეთი გამოუსწორებელი ვარ, პოლიციაში რატომ არ რეკავს, რომ ბავშვთა ციხეში გამომამწყვდიონო? – „ალექსანდერ პორტნოი, ხუთი წლის, მოგესაჯათ ჩამოხრჩობა, რადგან უარს ამბობთ, ბოდიში მოუხადოთ დედას“. თითქოს რძის ბოთლისაკენ ხელგაწვდილი ბიჭუნა, ბანაობის დროს სათამაშო იხვებსა და ნავებს რომ უყრიან აბაზანაში, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედი ვიყო მთელ ამერიკაშიო. აზვიადებს? ჩემი წარმოდგენით – დიდად არა.

ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მაინც მთავარი გმირის შეძახილია: „ისევ არასრულყოფილებაში მადანაშაულებენ!“ ვინ და, რა თქმა უნდა, მშობლები. მისის და მისტერ პორტნოი. მახსოვს, როგორ მკითხა ორჰან ფამუქის რომანებით მოხიბლულმა დედაჩემმა: „შენ რატომ არ თარგმნე ფამუქის წიგნები, ირმა?“ განა არ ახსოვდა, რომ თურქულად წერს. რომ მომენდომებინა, თურქულსაც ვისწავლიდი და მშობლების გულის გასახარად ათასგვერდიან რომანსაც ვთარგმნიდი.

ალექს პორტნოი უბრუნდება და უბრუნდება წარსულს ფიქრებით, წარმოსახვით. კითხვებს სვამს, ანგარიშობს, ორისთვის ორის მიმატებას ცდილობს. გახელებით, სასოწარკვეთით, სინამდვილედ ქცეულ სიზმრებში ხელის ფათურით („სიზმრები? ნეტავ ვხედავდე! მე კი სულაც არ მჭირდება სიზმრები, ექიმო. ამიტომაც ვხედავ ასე იშვიათად. სანაცვლოდ ცხოვრება მაქვს. მე ყველაფერი დღის შუქზე მემართება“).

ნეტავ რამდენია წარსულზე გამრავლებული აწმყო?

დისტანციური სწავლების გამოწვევები. მასწავლებელი დედებისთვის

0

 

ბუფალოს უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მეორადი ვალდებულებების არათანაბარ განაწილებასთან ერთად უზარმაზარი სტრესის ქვეშ მოაქცია მასწავლებლები, რომლებიც პარალელურად დედებიც არიან.

კვლევის საგანი იყო გამოცდილებები და გამოწვევები, რომლებიც დადგა მასწავლებელი დედების წინაშე, რომლებიც საკლასო ოთახში მასწავლებლის, სახლში კი – მშობლის როლში არიან და, როგორც წესი, ოჯახში მეტი საქმის კეთება უწევთ, ვიდრე მათ პარტნიორებს.

ამ ვალდებულებებს კიდევ უფრო ამძიმებს: ტექნოლოგიები, რომლებიც აბუნდოვანებს ზღვარს სამუშაოსა და სახლს შორის; არაადეკვატური პოლიტიკა ორსულობა-მშობიარობისა და ბავშვის გაჩენის შვებულებასთან დაკავშირებით; და მასწავლებლის დაბალი ხელფასი, ამბობს ფილოსოფიის დოქტორი და  კვლევის თანაავტორი ჯული გორლევსკი,

„მასწავლებლის კარიერასა და დედობას შორის წონასწორობის დაცვა, როგორც ჩანს, უფრო რთულდება, – ამბობს გორლევსკი. – ორივე როლი გულისხმობს თავდავიწყებულ ზრუნვას, რამაც შესაძლოა ფიზიკური და ემოციური გამოფიტვა გამოიწვიოს“.

„ამ სამუშაოს შედეგები განსაკუთრებით რელევანტურია დღეს, როდესაც დედისა და მასწავლებლის როლები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა პანდემიის შედეგად ონლაინსწავლებაზე გადასვლამ. მასწავლებელი-დედების გამოცდილების უკეთ გაგებასთან ერთად, ამ კვლევას შეუძლია გვიჩვენოს პოლიტიკა და პრაქტიკა საგანმანათლებლო სამუშაო ძალის არსებითი სეგმენტის უფრო მეტად მხარდასაჭერად”.

ეს კვლევა ოქტომბრის ბოლოს საგანმანათლებლო კვლევებში გამოქვეყნდა.

გადაღლილობა მზარდი მოლოდინის მიზეზით

მკვლევრებმა გამოჰკითხეს 12 მასწავლებელი-დედა ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებში მუშაობენ. ინტერვიუების დროს ამოტივტივდა რამდენიმე საკითხი, რომლებიც ეხებოდა სამუშაო-ცხოვრების ბალანსს, პრობლემურ კულტურულ ნორმებსა და ფინანსურ სირთულეებს.

მონაწილეებმა აღნიშნეს ორივე როლის სარგებელი – როგორ მისცა დედად ყოფნამ მათ საშუალება, უკეთესი დამოკიდებულება ჰქონოდათ მათი მოსწავლეების მშობლებთან, და როგორ დაეხმარა მათ მასწავლებლად მუშაობა, უკეთ გაეცნობიერებინათ საკუთარი შვილების განვითარება. მაგრამ ისინი ასევე განიცდიდნენ მუდმივ გადაღლილობას მუდმივი ზრუნვისაგან, – ამბობს გორლევსკი.

ტექნოლოგიამ და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ გაზარდა მოლოდინი მასწავლებლებისადმი, რომლებმაც უნდა შეინარჩუნონ კონტაქტი მოსწავლეებთან – საათობრივად და მათ მშობლებთან – დღის განმავლობაში. ამ მოთხოვნებს ემატება დამატებითი სამუშაო, რომელსაც მასწავლებლები სასკოლო საათების შემდეგ შეფასებისას და გაკვეთილების დაგეგმვისას ასრულებენ.

COVID-19-ის პანდემიის გამო, ბევრი სკოლის დახურვის შემდეგ მშობლები პასუხისმგებელნი გახდნენ მათი შვილების შინსწავლებაზეც. მასწავლებლებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ეს ვალდებულება დაეკისრათ, როგორც მშობლებს, რომლებსაც უკეთ ეხერხებათ სწავლება, – ამბობს გორლევსკი.

კვლევისას გამოვლინდა, რომ მასწავლებელ-დედებს უფრო ხშირად უწევთ მეორადი აქტივობების შესრულება (საოჯახო საქმეები, როგორიცაა: საჭმლის მომზადება, დასუფთავება და ბავშვის მოვლა), ვიდრე მათ პარტნიორებს. მაშინაც კი, როცა პარტნიორები თანაბრად ეხმარებიან საოჯახო საქმეებში, დედები გაცილებით მეტ გონებრივ სამუშაოს ასრულებენ, როგორიცაა საქმეების დაგეგმვა და მართვა, – ამბობს ის.

სოციალური მედია მაღალ სტანდარტებს უწესებს ქალებს, რომლებსაც უფრო ხშირად განსჯიან, თუკი ოჯახი არ შეესაბამება ამ გაზრდილ მოლოდინს, – ამბობს გორლევსკი.

შესაძლებლობა კრიზისის დროს

მკვლევრები ადვოკატირებენ რიგ ცვლილებებს პოლიტიკაში, რათა შემცირდეს გამოწვევები, რომლებიც მასწავლებელი-დედების წინაშე დგას, მათ შორისაა გაუმჯობესებული პირობები ორსულობა-მშობიარობისა და ბავშვის გაჩენის შვებულებასთან დაკავშირებით, და მასწავლებლის უკეთესი ხელფასი.

მონაწილეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ უწევდათ ავადმყოფობისა და პირადი დღეების გამოყენება, რათა მიეღოთ ანაზღაურება ორსულობა-მშობიარობისა და ბავშვის გაჩენის შვებულების დროდ, რაც მათ ნაკლებ ან, ზოგ შემთხვევაში, არანაირ დროს არ უტოვებდა ბავშვის დაბადების შემდეგ ექიმთან ვიზიტისათვის. დამწყები მასწავლებლები განსაკუთრებით არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, – ამბობს გორლევსკი, – რადგან მათ ნაკლები დრო აქვთ დასვენებისათვის.

ორსულობა-მშობიარობისა და ბავშვის გაჩენის ანაზღაურებადი შვებულების სიმცირისა და ძუძუთი კვების გამო, ზოგიერთ მასწავლებელ-დედას გაკვეთილებს შორის ან მომდევნო დღის გაკვეთილებისთვის მზადებისას უწევს გამოწველა.

ამას გარდა, ბევრ მასწავლებელ-დედას ასევე აქვს მეორე სამუშაო. ექვსიდან ერთ მასწავლებელს აქვს მეორე სამუშაო და მასწავლებლებში, სხვა პროფესიებთან შედარებით, სამჯერ ხშირია სხვა პროფესიის შეთავსება, – ამბობს გორლევსკი.

ის მოუწოდებს პარტნიორებს, თანაბარი პასუხისმგებლობა აიღონ მეორად სამუშაოზე და ურჩევს მასწავლებელ-დედებს, უარი თქვან ბავშვის მოვლისა და ოჯახზე ზრუნვის პერფექციონისტულ სტანდარტებზე.

„ამ გლობალურ გამოწვევას აქვს პოტენციალი, გამოააშკარავოს დედებისა და მასწავლებლების ზოგიერთი უჩინარი სამუშაო, – ამბობს გორლევსკი. – ადვოკატებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს შედეგები უკეთესი ნორმებისა და პოლიტიკის შესათავაზებლად მასწავლებლებისა და ყველა მომუშავე დედის მხარდასაჭერად”.

მომდევნო კვლევაში შევადარებთ მასწავლებელი-დედების გამოცდილებას მასწავლებელი-მამებისა და არამშობელი მასწავლებლების გამოცდილებებთან.

წყარო: https://www.sciencedaily.com/releases/2020/11/201109124728.htm

 

 

 

აქტივობები დისტანციური სწავლებისას

0

სწავლების პროცესში მასწავლებლები ყოველთვის ვცდილობთ ისეთი აქტივობების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლეებს განტვირთავს. განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ეს დისტანციური სწავლებისას, როდესაც ბავშვები მონატრებულნი არიან სკოლას, თანაკლასელებს, მასწავლებლებს. ხშირად უნდა ვეცადოთ, რომ მოსწავლეებთან, საგაკვეთილო პროცესის გარდა, გამოვყოთ დრო მათთან საურთიერთოდ, რადგან თუ სკოლაში ამ ყველაფერს გაკვეთილებს შორის შესვენებაზე, კლასგარეშე აქტივობაზე, სპორტულ მოედანსა თუ დაგეგმილ ექსკურსიაზე ვახერხებდით, დისტანციურმა სწავლებამ ეს თითქოს ერთ დიდ ყუთში მოათავსა და ჩარაზა.

მოსწავლეები სკოლაში მხოლოდ საგნებს არ სწავლობენ. მათ უვითარდებათ სოციალური უნარები, რაც, სამწუხაროდ, დისტანციური სწავლების დროს ნაკლებად ხერხდება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეს შევთავაზო ისეთი სახალისო აქტივობები, რომლებიც მათ გადახალისებას შეუწყობს ხელს. მქონდეს მეტი კომუნიკაცია მათთან.

შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც ვფიქრობ, ამოასუნთქებს და გაახალისებს ჩემს მოსწავლეებს, და ხელს შეუწყობს სტრესული მდგომარეობის შემსუბუქებას.

  • სიყვარულის ჩატი – თიმსში გვაქვს ჩატი, სახელწოდებით „სიყვარული“ (სათაური მოსწავლემ მოიფიქრა), სადაც ერთმანეთთან, გაკვეთილების გარდა, ნებისმიერ დროს გვაქვს კომუნიკაცია. ვუგზავნით ერთმანეთს მისალოც და ხმოვან შეტყობინებებს. ვუზიარებთ ჩვენს გეგმებს, დღის განმავლობაში მომხდარ სიახლეებს, ან უბრალოდ მოვიკითხავთ ერთმანეთს. მოსწავლეები მიზიარებენ თავიანთ გეგმებს, ფიქრებს, ემოციებს. სიყვარულის ჩატი გვეხმარება ერთმანეთის მიმართ კომუნიკაციის დამყარებაში. ერთიანობის შენარჩუნებაში.

  • ,,პროფესია მასწავლებელი“ – ვფიქრობ დისტანციური სწავლებისას მასწავლებლებსაც არ აწყენდათ ცოტა გახალისება. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვა ,,მასწავლებელი“ სხვადასხვა ნივთებზეც იყოს აღბეჭდილი. იქნება ეს სამაჯური, ყელსაბამი, სვიტერი თუ სხვა. ძალიან ბევრი სახის გამოწვევა არსებობს და ყოველთვის მიყვარს მასში მონაწილეობა. ვიფიქრე, რა მოხდება თუ კი ჩემს კოლეგებს შევთავაზებ გამოწვევას სახელწოდებით „პროფესია მასწავლებელი“? გამოწვევის მიზანი კი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია იქნება. გადავწყვიტე, რატომაც არა და საქმეს შევუდექი.

გულსაბნევითა და წარწერიანი ჰუდით „მასწავლებელი“ გადავიღე ფოტო, გავუკეთე გამოწვევის აღწერა, მიზანი, გამოსაწვევად მოვნიშნე მასწავლებლები და განვავთავსე სოციალურ ქსელში. გამოწვევას საკმაოდ დიდი გამოხმაურება  მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ ბევრი პედაგოგის საყვარელი პროფესია მათსავე ნივთებზე მრავლად იყო დატანებული. იქნებოდა ეს ფინჯანი, ჩანთა, გულსაბნები, კალამი, პირბადე თუ სხვა. მასწავლებლები იღებდნენ ფოტოებს ნივთებთან, სადაც სიტყვა ,,მასწავლებელი“ ეწერა, დებდნენ სოციალურ ქსელში და იწვევდნენ კოლეგებს.

(შევარჩიე მასწავლებლების მიერ ატვირთული რამდენიმე საინტერესო ფოტო).

  • ,,გაუზიარე შენი საყვარელი წიგნი სხვას“ – ამ სახელწოდებით მოსწავლეებს შევთავაზე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი. ვთხოვე, აერჩიათ ერთი წიგნი, გაეკეთებინათ მისი მოკლე აღწერა, გადაეღოთ ფოტო წიგნთან და გამოეგზავნათ. მოსწავლეების მიერ გადმოგზავნილი ფოტოები თავისი აღწერით განვავთავსე სოციალურ ქსელსა და ჩვენი კლასის გვერდზე. გამოვიწვიეთ ჩვენი სკოლის ყველა დაწყებითი კლასის მოსწავლე და ასევე სხვა სკოლაც. ამ გამოწვევის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეწიათ წიგნისთვის პოპულარიზაცია და მისი აღწერით ინტერესი გამოეწვიათ თავის თანატოლებში. მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესოდ აღწერეს საყვარელი წიგნი და ვფიქრობ, ბევრს გაუჩინეს მისი წაკითხვის სურვილი.

  • კითხვის საათი – წიგნზე გამოწვევის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლისგან წამოვიდა იდეა, რომ ერთმანეთისთვისაც გაგვეზიარებინა კითხვის გამოცდილება. რა თქმა უნდა, მოსწავლის ამ არაჩვეულებრივ იდეას განვითარება სჭირდებოდა, ამიტომ მათ შევთავაზე  კვირაში ერთხელ თიმსში შეკრება, სასურველი თემის მოსამზადებლად და განსახილველად. მათ შეეძლოთ რომელიმე ლექსის, მოთხრობის მონაკვეთის, საინფორმაციო ტექსტის ან ნებისმიერ საკითხზე მომზადებული პრეზენტაციის წარდგენა. შემდეგ კი ერთობლივად უნდა გვემსჯელა. შეხვედრები საინტერესოდ წარიმართა. რამდენიმე მოსწავლემ საკუთარი ნაწარმოები შემოგვთავაზა, ზოგმა მოთხრობა წაიკითხა, ზოგმა საინფორმაციო ტექსტი გაგვაცნო ჩვენთვის უცნობ ცხოველზე. წაკითხვის შემდეგ ვსვამდით შეკითხვებს, ვმსჯელობდით და გამოვხატავდით საკუთარ აზრს.
  • მოსწავლის იდეა ჩემთვის ინსპირაცია აღმოჩნდა. ახალი წლის დღეებიც ახლოვდებოდა. ამიტომ მოსწავლეებს შევთავაზე, გაკვეთილების შემდეგ დაგვესვენა და ისევ შევკრებილიყავით თიმსში თავისუფალ ფორმატში. თან ახალ წიგნს წავუკითხავდი. ვთხოვე მათ, მოემარაგებინათ სასუსნავი, მოკალათებულიყვნენ გემრიელად და თავი კომფორტულად ეგრძნოთ. რამდენიმე საათში მოვიმარაგე ჩაი და სასუსნავები, და ნაძვის ხესთან მოკალათებულმა, მოსწავლეებთან შეხვედრა გავმართე. ისინიც ჩემსავით მომზადებული იყვნენ. ზოგი წამოწოლილიყო, ზოგს საყვარელი ძაღლი ეჯდა კალთაში, ზოგიერთი მოსწავლის გვერდით პატარა ძმის თავი მოჩანდა. მოკლედ, არაფორმალურად დავიწყეთ შეხვედრა. გადავშალე ლელა ცუცქირიძის წიგნი „ატუსა და მატუსა“, დავიწყე საოცარ ტყუპებზე კითხვა და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო. ამას სისტემატური სახე მივეცი და კვირაში ერთხელ, ორ თავს ვკითხულობთ.

 

ვფიქრობ მსგავსი არაფორმალური შეხვედრები მოსწავლეებთან დისტანციური სწავლების სიმძიმეს ცოტა მაინც შეამსუბუქებს. მართალია, ვერაფერი შეედრება მოსწავლეებთან პირისპირ გატარებულ დროს, მაგრამ მათ ხომ სჯერათ, რომ მასწავლებლებს ჯადოსნური ძალა აქვთ. ბევრი რამ შეგვიძლია, მათ შორის დისტანციის შემცირებაც კი. ამიტომ შევამციროთ მანძილი მოსწავლეებთან და მათაც და საკუთარ თავსაც შევუმსუბუქოთ ეს რთული გამოწვევა, რომელსაც დისტანციური სწავლება ჰქვია. შევამოკლოთ და მაქსიმალურად გავაუფერულოთ მანძილი.

 

რომელი საათია?

0

სახლში უამრავი საათია. ოთახში ორზე ნაკლები არ იქნება. ყველა სათითაოდ დედამ მოიტანა და დაკიდა. ასეც და სხვა მეთოდებითაც, ბავშვობიდან დროის ფასს მასწავლიდა. ყოველთვის ყურადღებით იყო, რომ ყველა საათს ემუშავა. სახლში მუდმივად იყო ელემენტების დიდი მარაგი. როგორც კი, რომელიმე საათს დაღლილობა ეპარებოდა და ჩერდებოდა, მაშინვე საკვებ წყაროს უცვლიდა და ისიც ახალი ძალით გაჰკიოდა :

 

„..ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ,

იძახის

და კედელზე ჰკიდია,

დღე და ღამე ისრები

მიდიან და მიდიან…“ (ნ.დუმბაძე)

ეს ახლა წახვალ სუპერმარკეთში და ნაირ-ნაირ ელემენტებს შეიძენ, თორემ ადრე, ელემენტის მოვალეობას ყვითელი თიხისგან დამზადებული 15სმ-იანი ცილინდრის ფორმის ლარნაკები ასრულებდნენ. მასში მოთავსებული იყო სპილენძის ფირფიტა და რკინის ღერო. ჭურჭელი ზემოდან ასფალტით იყო გადალესილი. სითხედ კი ყურძნის წვენს ან ძმარს იყენებდნენ. ეს „ბაღდადის ელემენტია“, რომელიც 1936 წელს ბაღდადთან ახლოს (მესოპოტამიის ტერიტორია) აღმოაჩინეს და უძველესი ელემენტის კატეგორიას მიაკუთვნეს.

ასევე, შეიძლება  ერთ-ერთ ინდოელ მეცნიერს მიბაძო და ხილ-ბოსტნეულის ნარჩენებისგან ალტერნატიული კვების წყარო შექმნა Zn/Cu ელექტროდებით.  თუმცა, ჩემი  უამრავი საათის დასაპურებლად, ელემენტის  ყიდვას ვამჯობინებ, თავად შექმნას არა.

ჰოდა,  საათებს ბავშვობიდან შეჩვეულმა, თავიდან ისიც კი ვიფიქრე, გალაკტიონს სახლში საათი არ ქონდა, თორემ აბა რატომ დაწერდა:

 

„ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია,

ეხლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია?.. რომელი საათია?..”

 

ბოლო დროს საათებს მე ვპატრონობ. ყველანი მუშაობენ და თავის ენაზე მახსენებენ, რომ დრო მიდის, დრო ძვირფასია და დრო დროსთან უდიერად მოპყრობას არ გაპატიებს. მხოლოდ ერთ საათს მივეცი დასვენების უფლება და აქ  სულ საღამოს შვიდის ნახევარია…

უამრავმა მოფუსფუსე საათმა ახალი წლის მოსვლა არც ამჯერად გამომაპარა.   გარეთ ყველაფერი ჩვეულებრივი ყიჟინით ჩატარდა, ბევრი ხმაურით და მაშხალის სროლით. ჩემს კატა-კატუშასაც ჩვეულებრივად ეშინოდა ხმაურის და ჩემზე მოკედლებული პატარა ღიპუნას დაჩქმეტის უფლებასაც მაძლევდა. ცხოველებს ხმაურის ეშინიათ, ოღონდ, ხალხს მათი შიში არაფრად აინტერესებთ და ბნელ ცაზე მეტალის იონებით განათებულ ყვავილებს მისდევენ. დიახ,  ეს ყელში ამოსული ფეიერვერკები ხომ მეტალის იონებს იყენებენ შეფერილობისთვის. ცეცხლის ალში, რომ მეტალების იონები სხვადასხვა ფერს  იძენენ, ესეც ხომ ცნობილია. ჰოდა, ვიფიქრე, ხომ არ ჩავატაროთ ნაცნობი ცდა (ცეცხლის ალში მეტალთა იონების შეფერადება), ოღონდ გაკვეთილზე  აქამდე ცოტა იშვიათად გამოყებნებული მეთოდით?

მაშ ასე, ქიმიური ექსპერიმენტი ძალიან ორიგინალური სახელით ბორაქსის მინანქარი (ბურთულები), საკმაოდ სწრაფი ტესტია და მგრძნობიარეა ქრომის, სპილენძის, კობალტის, ოქროს, რკინის, მანგანუმის, ნიკელის და ვოლფრამის  იონების ამოსაცნობად. ეს ტესტი ჩამოთვლილი მეტალების ოქსიდების ან მარილების  ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც  კი სანდო პასუხს იძლევა.

სტატიაში მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია ტესტის დროს გამოვლენილი მეტალთა იონების დამახასიათებელი შეფერილობა. დღეისათვის ამ ტესტს ხშირად უფრო გეოლოგები და  ველად  ქანებთან მომუშავე სპეციალობის ადამიანები იყენებენ.

 

რა არის ტესტისთვის საჭირო:

  • ხელთათმანები; სათვალეები; ხალათი;
  • გაზქურა ან სპირტქურა;
  • გრძელტარიანი მონიკელებული მარყუჟი;
  • ბორაქსი (1გრ);
  • მეტალთა ნაერთების ნიმუშები;

 

რა რითი ჩავანაცვლოთ:

ბორაქსი შეიძლება შევცვალოთ ნატრიუმის კარბონატით, თუმცა, ფერებიც  შეიცვლება;

ოქროს ნიმუში, ბუნებრივია, გამოტოვეთ.

 

ელემენტი გაცხელებული „მინანქარი“

(ცეცხლის ალის გარე ყვითელ  ნაწილში)

გაციებული „მინანქარი“(ცეცხლის ალის შიდა ლურჯ ნაწილში) მჟანგავი ალი-გაცხელებული „მინანქარი“ მჟანგავი ალი-გაციებული „მინანქარი“
ქრომი მწვანე მწვანე ყვითელი, მოყვითალო მწვანე მწვანე
კობალტი ლურჯი ლურჯი ლურჯი ლურჯი
სპილენძი უფერო წითელი, მოწითალო ყავისფერი მწვანე, მოლურჯო-მწვანე ლურჯი
ოქრო წითელი იისფერი მოვარდისფრო იისფერი მოვარდისფრო იისფერი
რკინა მწვანე მწვანე მოყავისფრო ყვითელი ყვითელი
მანგანუმი უფერო უფერო იისფერი იისფერი
ნიკელი ნაცრისფერი ნაცრისფერი იისფერი-ყავისფერი ყავისფერი
ვოლფრამი მწვანე ლურჯი ღია ყვითელი უფერო

 

ექსპერიმენტის მსვლელობა:

  1. სპეციალური მონიკელებული მარყუჟი გააცხელეთ ცეცხლის ალზე (მარყუჟი იხ. ექსპერიმენტის ვიდეო ვერსიაში); https://www.youtube.com/watch?v=OWQcms8GysM

 

  1. ცხელი მარყუჟი ჩადეთ ბორაქსის ფხვნილში (ნატრიუმის ტეტრაბორატ დეკაჰიდრატი Na2B4O710H2O), რომლის მცირე ნაწილი მარყუჟს მიეკრობა. ეს მიწებებული ფხვნილი გააცხელეთ ალში. ბორაქსი საკრისტალიზაციო წყალს დაკარგავს და პატარა უფერო მინისმაგვარ ბურთს წარმოქმნის. ამ ე.წ. ბურთის შემადგენლობაშია ნატრიუმის მეტაბორატი (NaBO2) და ბორის ოქსიდი (B2O3).
  2. მიღებულ ბურთს დააცადეთ ოდნავ გაციება, რისთვისაც წამიერად  ჩაუშვით გამოხდილ წყალში, შემდეგ კი ნიმუშის მარილის ან ოქსიდის ფხვნილში ჩადეთ. ნიმუშის მცირე ნაწილი ბურთს მიეკრობა.
  3. შეიტანეთ ნიმუშიანი ბურთი ცეცხლის ნელ-თბილ ლურჯ ნაწილში. დააკვირდით ნიმუშის ფერს. შემდეგ შეიტანეთ ნიმუში უფრო ცხელ ყვითელ ალში და დააკვირდით ნიმუშის ფერს.
  4. გააცივეთ ნიმუში და კვლავ დააკვირდით ფერს.
  5. დაკვირვებები ცხრილში ჩაწერეთ და შეადარეთ ზემოთ მოცემულ სტანდარტს.
ელემენტი გაცხელებული „მინანქარი“

(ცეცხლის ალის გარე ყვითელ  ნაწილში)

გაციებული „მინანქარი“(ცეცხლის ალის შიდა ლურჯ ნაწილში) მჟანგავი ალი-გაცხელებული „მინანქარი“ მჟანგავი ალი-გაციებული „მინანქარი“
ქრომი        
კობალტი        
სპილენძი        
ოქრო        
რკინა        
მანგანუმი        
ნიკელი        
ვოლფრამი        

 

ყველაზე ეფექტური გაკვეთილზე (ან კლუბურ მეცადინეობაზე) რაიმე ქანური მასალის კვლევა იქნება. წარმოიდგინეთ, როგორ დაინტერესდებიან მოსწავლეები, ამა თუ იმ ქანის ნიმუშში, რომელი მეტალებია. ამისთვის, ქანის ნიმუში წვრილად უნდა დაქუცმაცდეს.

სანამ ეს წერილი დავასრულე,  სროლებიც შეწყდა და ქუჩის თუ სახლის ცხოველებმაც შვებით ამოისუნთქეს.

საათები კვლავ წრეზე სიარულს აგრძელებენ და ყოველი ახალი წრის მოხაზვით ზუსტ დროს გვახსენებენ… და არ აქვს მნიშვნელობა საათის ფერსა და ფორმას, მთავარია, მის მიერ მოხაზული  დროის სწორად გამოყენება შეძლო.

განმავითარებელი შეფასება  და  მასალის უჩვეულო გამეორება

0

ყველა მასწავლებელმა კარგად იცის, რომ  ნასწავლ მასალას გარკვეული პერიოდის  შემდეგ დავიწყება „ემუქრება“.  გერმანელმა მეცნიერმა ჰერმან ებინგჰაუსმა  შექმნა   დავიწყების მრუდი. ამ მრუდზე კარგად ჩანს  არა მარტო ის, თუ რა დრო სჭირდება ადამიანს  შესასწავლი საკითხის დასამახსოვრებლად  არამედ ისიც, თუ პროცენტულად ინფორმაციის  რა რაოდენობა რჩება მას მეხსიერებაში. მრუდიდან გამომდინარე შესაძლოა  ვიმსჯელოთ  ნასწავლი  მასალის  გამეორებების პერიოდულობის   მნიშვნელობაზეც.

ჰერმან ებინგჰაუსის  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან  ჩანს,  რომ ინფორმაციის დამახსოვრებიდან 20 წუთის  შემდეგ შესაძლებელია მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 60 %-ის გამოხმობა მეხსიერებიდან, ხოლო ერთი საათის  შემდეგ 45 %-ია დამახსოვრებული, ერთი დღის გასვლის შემდეგ კი ინფორმაციის 34 % რჩება მეხსიერებაში. 6 დღის გასვლის შემდეგ გახსენების ხარისხი 23 %-ზე დადის. დიდი ხნის გასვლის შემდეგ ნასწავლი ინფორმაციის მხოლოდ 15 % რჩება გონებაში.

ჩატარებული კვლევების შედეგად  დგინდება, რომ  დავიწყებადობის ხარისხი ყოველთვის პირდაპირ კავშირშია:

  1. შესასწავლი მასალის ტიპთან;
  2. სწავლების  მეთოდთან;
  3. მასალის გამეორების დროსა და სიხშირესთან.

ჰერმან ებინგჰაუსის  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამეცნიერო დისკურსი ამ მიმართულებით და დღესაც მეცნიერთა გარკვეული ნაწილი  აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით.

ფაქტია, როდესაც გვსურს მოკლე დროში რაღაც მასალა სწრაფად,  გააზრებულად დავიმახსოვროთ,  მნიშვნელოვანია  მისი პერიოდულად გამეორება. კვლევები აჩვენებს, რომ მასალის  სწრაფად დამახსოვრებისთვის  აუცილებელია:

  1. პირველი გამეორება მოხდეს წაკითხვისთანავე/მასალის მიწოდებისთანავე;
  2. მეორე გამეორება მოხდეს პირველი გამეორებიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ;
  3. მესამე გამეორება მოხდეს მეორე გამეორებიდან 8 საათის გასვლის შემდეგ;
  4. მეოთხე გამეორება მოხდეს მესამე გამეორებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ.

თუ დიდი ხნით გვსურს დავიმახსოვროთ მასალა, სასურველია:

  1. პირველი გამეორება მოხდეს  წაკითხვის დამთავრებისთანავე;
  2. მეორე გამეორება  მოხდეს  20-30 წუთის შემდეგ პირველი გამეორებიდან;
  3. მესამე გამეორება  მოხდეს   ერთი დღის შემდეგ მეორე გამეორებიდან;
  4. მეოთხე გამეორება  მოხდეს  2-3 კვირის შემდეგ მესამე გამეორებიდან;
  5. მეხუთე გამეორება  მოხდეს 2-3 თვის შემდეგ მეოთხე გამეორებიდან.

 

   შესასწავლი  მასალის, საკითხის  სიღრმისეულად გააზრებისა და მეხსიერებაში ხანგრძლივად  შენახვისა და  ტრანსფერულ ცოდნად  გადაქცევისათვის   უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესში ინტენსიურად დავნერგოთ განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები.

 

ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების
დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში,  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  სწავლის შედეგებს  (Black and Wiliam, 1998).  არსებულ დისკურსში ბოლო დროს  ხშირად ისმის კითხვები განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების გამოყენების ინტენსივობასთან დაკავშირებით და ამ დისკურსში  სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ    მნიშვნელოვანია მასწავლებელმა დაიცვას ბალანსი  განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების გამოყენების დროს.  შეფასების ასეთი დაბალანსებული გამოყენება მოსწავლეებს  აძლევს იმის რწმენას, რომ მათი ცოდნის გაუმჯობესებისათვის მასწავლებლები საკმარის ძალისხმევას იჩენენ.

   

მიუხედავად იმისა, რომ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები საკმაოდ მრავალფეროვანია, მისი  გამოყენების არეალიდან   შესაძლოა აქცენტი შემდეგ ძირითად მიმართულებებზე გაკეთდეს:

  1. გაგება-გააზრების შემოწმება მოკლე წერილობითი პასუხების საშუალებით;
  2. გაგება-გააზრების შემოწმება კითხვა-პასუხის გზით;
  3. გაგება-გააზრების შემოწმება ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ  განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების ნაწილი სწავლა-სწავლების მოკლევადიან ან გრძელვადიან გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. 

  

გთავაზობთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების იმ ათეულს, რომელთა დანერგვა  სწავლების  გრძელვადიან გაუმჯობესებაზეა  გათვლილი. ესენია:

 

  1. ერთწუთიანი პასუხები;
  2. რეაქციის ბარათები;
  3. საკვანძო იდეების ბარათები;
  4. ახალი ცნებების განსაზღვრება ან გამოყენება;
  5. შეჯამების ბარათები;
  6. დინამიური კითხვების ჩამონათვალი;
  7. 10 წუთიანი მოხსენება (დებრიფინგი);
  8. გენერირებული დავალება;
  9. ინტერაქცია დისკუსიის ფორმატში;
  10. ხმის მიცემა ონლაინ .

 

 

  1. ერთწუთიანი პასუხები

 

გაკვეთილის  დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მოსწავლეები ანონიმურად ბარათებზე აფიქსირებენ პასუხს ორ კითხვაზე:

  1. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე დღეს?
  2. რა კითხვა მიმაჩნია ყველაზე აქტუალურად დღევანდელი გაკვეთილის დასრულების შემდეგ?

კითხვა – რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის?

შეკითხვის არასრული პასუხი – ასეთი დავალებები  სასარგებლოა იმისათვის, რომ მასწავლებელი  მიუბრუნდეს იმ საკითხებს, რომლებიც პრობლემური,  არასწორად ან არასრულად გააზრებული დარჩა. მოსწავლისთვის კი (სცადეთ, გამოიყენეთ თქვენს პრაქტიკაში ეს ინსტრუმენტი და  დაასრულეთ ეს წინადადება მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით) …..

 

  1. რეაქციის ბარათები

 

მისი გამოყენების ეტაპებია:

პირველი ეტაპი – მოსწავლეებს გაკვეთილის  დასაწყისში  ურიგდებათ ბარათები, ისინი აწერენ თავიანთ სახელებს.

მეორე ეტაპი – გაკვეთილის  მსვლელობისას, ნებისმიერ დროს, აკეთებენ კომენტარს,  მაგ. მასწავლებლის  დასმულ კითხვაზე ან  მოსწავლის კითხვებზე ან კლასში მიმდინარე სასწავლო პროცესზე დაკვირვებებზე და ა.შ.

მესამე ეტაპი – გაკვეთილის ბოლოს ბარათებს აგროვებს მასწავლებელი და მომდევნო გაკვეთილისთვის  მოკლე უკუკავშირით უბრუნებს მოსწავლეებს.

 

შეგვიძლია დავნერგოთ სასწავლო პროცესში ეს ინსტრუმენტი და  ვიმსჯელოთ, რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის?

 

 

  1. საკვანძო იდეების ბარათი

 

მასწავლებლის თხოვნით, მოსწავლეები თემის, თავის  თუ საკითხის გარშემო მასალის დასრულების შემდეგ,  ავსებენ საკვანძო იდეების ბარათს, ვიდრე შემაჯამებელი დავალება მიეცემათ  ამ ბარათებზე აყალიბებენ წერილობით იმ საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნიეს.

 

კითხვა – რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის?

ფაქტია, მასწავლებელი იგებს, რამდენად სიღრმისეულად გაიგეს საკითხი მოსწავლეებმა  და რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი ხომ არ  დარჩა მათი ყურადღების მიღმა. მოსწავლე კიდევ ერთხელ გაიაზრებს განვლილ მასალას და დაფიქრდება, ხომ არაფერი გამორჩა.

 

 

  1. ახალი ცნებების გამოყენება

 

  გაკვეთილის დასასრულამდე 10 წუთით ადრე, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ დებულებები,  რომლებიც  გაკვეთილის თემასთან   არის დაკავშირებული:

 

1.როგორც გავიგე, დღევანდელი გაკვეთილის მთავარი საკითხი (ცნება ან იდეა) იყო…

2.ამ საკითხის / იდეის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს…

3.დღევანდელი გაკვეთილის  მთავარი საკითხი ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო შემდეგ ცნებებთან, პროცესთან,  მოვლენასთან ან საგნებთან…

 

კითხვა – რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის?

არასრული პასუხი – ასეთი დავალებები  სასარგებლოა იმისათვის, რომ მასწავლებელი  მიუბრუნდეს იმ საკითხებს, რომლებიც პრობლემური,  არასწორად ან არასრულად გააზრებული დარჩა. მოსწავლისთვის კი (სცადეთ, გამოიყენეთ თქვენს პრაქტიკაში და  დაასრულეთ ეს წინადადება) …..

 

 

  1. შეჯამების ბარათი

 

ინდივიდუალურად, წყვილში ან მცირე ჯგუფში მოსწავლეები გაკვეთილის  დასასრულს მოკლედ აყალიბებენ:

  1. გაკვეთილის მთავარ საკითხებს;
  2. წერენ ერთ კითხვას, რომელზეც პასუხის მიღების იმედიც აქვთ შემდეგი შეხვედრისათვის.

 

ასეთი დავალებები  სასარგებლოა იმისათვის, რომ მასწავლებელი  მიუბრუნდეს იმ საკითხებს, რომლებიც პრობლემური,  არასწორად ან არასრულად გააზრებული დარჩა. მოსწავლისთვის კი (სცადეთ, გამოიყენეთ თქვენს პრაქტიკაში და  დაასრულეთ ეს წინადადება) …..

 

 

 

6.დინამიკური კითხვების ჩამონათვალი

 

საშინაო დავალების ფარგლებში, შესაბამისი საკითხის ირგვლივ  მოსწავლეები   აყალიბებენ კითხვების ნუსხას, რომლებზეც სურთ მომდევნო გაკვეთილზე  მიიღონ პასუხი.

გაკვეთილის  მსვლელობისას: მოსწავლეები ხაზს უსვამენ  პასუხმიღებულ კითხვებს, წერენ ახალწარმოქმნილ კითხვებს.

გაკვეთილის  ბოლოს –  ჩაბარებული კითხვების ნუსხით მასწავლებელი  ადგენს  მოსწავლეების  მომზადებას,  გაკვეთილის  პერიოდში ჩართულობას და სწავლის ხარისხს,  ასევე ავლენს იმ საკითხებს, რომლებიც პასუხგაუცემელი დარჩა  გაკვეთილის ფარგლებში.

 

 

 

7.ინტერაქცია დისკუსიის ფორმატშ

 

პირველი ეტაპი – მოსწავლეებს  მოეთხოვებათ მცირე ჯგუფებში კონკრეტულ საკითხზე შეჯერება და აზრთა გაზიარება.

მეორე ეტაპზე –   ხდება პანელის ფორმატში ჯგუფთაშორის დისკუსიაში მონაწილეობა, რომელიც მეწილად მიმდინარეობს მასწავლებლის ფასილიტაციით სპეციალურად მომზადებული კითხვების საშუალებით.

 

შენიშვნა – შესაძლოა,  მოსწავლეები  ურთიერთსაპირისპირო ხედვებს, მოსაზრებებს ან პოზიციებს იცავდნენ საკუთარ ჯგუფში აკუმულირებული არგუმენტების საშუალებით.

 

 

 

8.ხმის მიცემა ონლაინ

 

პირველი ეტაპი – ახალი მასალის ახსნის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახში  არსებობს ინტერნეტ კავშირი, (მეტწილად, უკაბელო სისტემა), მოსწავლეებს  ეძლევათ რამდენიმე ვარიანტიდან ერთი პასუხის არჩევის საშუალება მასწავლებლის მიერ   მომზადებულ კითხვაზე/კითხვებზე, რომელსაც ხმას აძლევენ.

 

მეორე ეტაპი – ხმის მიცემის შედეგები აჩვენებს, რამდენმა მოსწავლემ  უპასუხა სწორად კითხვებს, ანუ გაიგო ახალი მასალის ძირითადი თეზისები.

 

მესამე ეტაპი  – მასწავლებელი კითხულობს, ვინ აირჩია კითხვაზე ის პასუხი, რომელიც სწორ ვარიანტს წარმოადგენს. შემდეგ კი, რომელიმე მოსწავლეს  ან რამდენიმე  მოსწავლეს  მისცეს საკუთარი აზრის / არჩევანის დაცვის საშუალება არგუმენტებით ისე, რომ ყველასათვის გახდეს მკაფიოდ გასაგები, რატომ არის კონკრეტული პასუხები სწორი.

 

ასეთი  დავალებები  სასარგებლოა  მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის.

 

  1. მოსწავლეების გენერირებული დავალება

 

მოსწავლეები თავად ირჩევენ საკითხს / სათაურს. ამას შეიძლება ჰქონდეს მათეული შეფასების ან ესეს ფორმა.

ასეთი დავალებები  სასარგებლოა იმისათვის, რომ მასწავლებელი  მიუბრუნდეს იმ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია და მოსწავლეს მისცეს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს და შეასრულოს დავალება.

 

 

10 წუთიანი მოხსენება (დებრიფინგი)

გაკვეთილის  ბოლო 10 წუთი  მოსწავლეები  გაკვეთილის  დროს დისკუსიების ეფექტიანობას აანალიზებენ.

ასეთი დავალებები  სასარგებლოა იმისათვის, რომ მასწავლებელი  მიუბრუნდეს იმ საკითხებს, რომლებიც  ამ გაკვეთილზე განიხილა და მოსწავლეებს მისცეს საშუალება, გაიხსენონ  შესწავლილი საკითხი და მოახდინონ მასალის რეზიუმირება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ 2018-2024

 

  1. Trumbull, E., & Lash, A. (2013). Understanding formative assessment: Insights from learning theory and measurement theory. San Francisco: WestEd.

 

  1. Green, S., K., Johnson, R., L. Kim, D-H., Pope, N., S., (2007) Ethnics in Classroom assessmentpractices: Issues and Attitudes, Teaching and Teacher Education 23 (2007) 999–1011

 

  1. HEPPLESTONE, S., and CHIKWA, G., (2014). Understanding how students process and use feedbackto support their learning. Practitioner Research in Higher Education, 8 (1), 41-53

 

     „ტაბაწყური“ 

0

ზღვისპირელი ვარ. მთაზე ჩემი მანამდელი წარმოდგენა ნახატებში, ილუსტრაციებსა და ანიმაციებში დანახულს არ სცდებოდა. „მასწავლებლის სახლში“, ხელშეკრულებებზე ხელის მოწერის დროს მითხრეს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მგზავნიდნენ, ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ ტაბაწყურში. დავგუგლე. ვიკიპედიაში ეწერა, რომ სოფელი ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს. შემცივდა. გუგლში მოპოვებულ ამ ინფორმაციას კომპლექტად მოჰყვებოდა აღწერილობა მკაცრ, ქარბუქიან ზამთარზე. თბილი ტანსაცმელის მომარაგებას შევუდექი და ათდღიანი სატრენინგო კურსის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც უამრავი მეგობარი შევიძინე და კარგი ადამიანი გავიცანი, გზას მარტო დავადექი.

ხალხური ზღაპრების კრებული ამჯერადაც ჩანთაში მედო. ვიგრძენი, იქიდან მოულოდნელად მუხლუხოსავით გამოპარული ერთი ფრაზა როგორ ამომაცოცდა მხარზე და ყურში შემომიძვრა: „ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა“. სულ მინდოდა კუდში ავდევნებოდი ზღაპრის რომელიმე უქნარა, ძველმანებში გახვეულ გმირს და ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით დევი ან გველეშაპი მომეკლა, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ წიგნიდან გამოპარული და ახლა ჩემს ყურში დაგუბული სიტყვების ჩემეული ცოდნა, ნახევარს არ გასცდენია მანამ, სანამ პირველი მთა არ გადავიარე. ზღვის შესახებ დაბადებიდან თითქმის ყველაფერი მომეხსენებოდა, ყოველ შემთხვევაში, იმდენი მაინც, რომ წამეკითხა ზღაპრები და სინდისის ქენჯნა არ მეგრძნო ამ ყოვლად გენიალური დროითი და სივრცითი შაბლონის მიმართ – „ცხრა მთა და ცხრა ზღვა“ – რომელიც ყოველი გმირის გზასა და საბოლოო გამარჯვებას აუცილებელ საფუძვლად უდევს. ტაბაწყურის სასოფლო მარშუტკაში სადღაც, ბოლოში შეყუჟული ვიჯექი და ყველა მგზავრმა უკვე კარგად იცოდა, ვინც ვიყავი და რა მისიით მივეშურებოდი მათი სოფლისკენ. თბილად მიღიმოდნენ და გზადაგზა ფანჯრიდან მაჩვენებდნენ ათასგვარ, ჩემთვის უცხო და იდუმალებით სავსე ადგილს, შემოდგომის პალიტრაში ამოვლებულ მთებს, ბუჩქებს, ხევებს, წყაროებს. ბორჯომიდან ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ ლურჯი ტბა და მასში შეჭრილი ფერადი სოფელიც გამოჩნდა.

როცა ჩემს პირველ ქომაგს, ბებიაჩემს ჩემი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ სასაუბროდ ტელეფონზე დავურეკე, ხუმრობით ვუთხარი – სადღაც ცასთან ვარ ახლოს, შეგიძლია ამომხედო და ხელი დამიქნიო-მეთქი. ცისკენ ისედაც ხშირად იყურებოდა და ამჯერად ათმაგი მიზეზი მიეცა არათუ მოეშალა ჩვევა, პირიქით – უფრო გაემკაცრებინა მასზე თვალთვალი.

ტაბაწყურში ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში დევები და გველეშაპები არ მომიკლავს, მაგრამ დროდადრო მიწევდა გარკვეული სირთულის დავალებებისთვის თავის გართმევა. პირველ რიგში, ეს ბავშვებთან ურთიერთობის უნარის გამომუშავება იყო. თავიდან ფრთხილი ვიყავი, თუმცა მალე არაჩვეულებრივი პედკოლეგიის, ადგილობრივი თემის, დირექტორის დახმარებით ყველაფერი გამარტივდა. კლასებში შეშის „ფეჩები“ ენთო, გარეთ კი თეთრად ბარდნიდა და გაკვეთილებიც ხალისით მიმდინარეობდა. დაბალ კლასებში ის უმეტესად თბილი ჩახუტების რიტუალით მთავრდებოდა, რომელშიც ძირითადად ათამდე ბავშვი და ორი მასწავლებელი ვიღებდით მონაწილეობას. გამიჭირდა მათთვის ამეხსნა, რომ ტაბაწყურს მიღმა არსებულ სამყაროში ზამთრისა და ზაფხულის გარდა, წელიწადის კიდევ ორი დრო არსებობს. წიგნებში ილუსტრირებულ გაზაფხულს და შემოდგომას ეჭვის თვალით უმზერდნენ. ექვსი თვის განმავლობაში თოვდა. სკოლის მერე მოსწავლეებს გაყინული ტაბაწყურის ტბაზეც გავყოლივარ და ამოჭრილი სქელი ყინულის პირას მდგარს აბორიგენი ესკიმოსივითაც მითევზავია. ხანდახან წელში გავმართულვარ და უზარმაზარ მთებსა და უსასრულო სითეთრეში ჯორჯ მარტინის პერსონაჟები მიძებნია. ასეთ ადგილებში გაცილებით ადვილია მსგავსი ამბების დაჯერება, იმიტომ, რომ უბრალოდ კი არ გჯერა მათი, დარწმუნებულიც კი ხარ, რომ სხვაგვარი სამყარო არ არსებობს. ჩემი იქ ჩასვლიდან ერთ თვეში ბორჯომთან დამაკავშირებელი მთავარი გზა ჩაიკეტა. საახალწლოდ ახალქალაქისა და ახალციხის გავლით ჯერ ბორჯომში, შემდეგ კი ფოთში აღმოვჩნდი.

ზღვისპირეთში თოვლი იშვიათია, თუმცა იმ წელს, რატომღაც ერთბაშად გაიგიჟა თავი. აივნიდან ავყურებდი და ვხედავდი, თეთრად როგორ მათოვდა ფოთის ცა ტაბაწყურის მოლანდებას. სევდა შემომაწვა. მოულოდნელად ზღაპრების ფურცლებიდან დეპორტირებული პერსონაჟივით ვიგრძენი თავი და უკან დაბრუნება განვიზრახე. იანვრის ბოლოს ტაბაწყურთან ათ კილომეტრზე მიახლოებულიც არ ვიქნებოდი, როცა ზღაპარმა ჩემზე მორიგი ფურცლით იძია შური და განსაცდელი მომივლინა. ქარბუქის გამო სამანქანო ტრანსპორტით გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. მარშუტკიდან გადმოვედით და ცხენსშებმული მარხილით ამოვბობღდით მე და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი თანასოფლელი სახლამდე. კაი ხანი ვერ ვგრძნობდი სახის ნაკვთებს.

არ მინდა პათეტიკური ვიყო. იქ სიამოვნებით გატარებული პერიოდისა და იმ საქმით კმაყოფილების მიუხედავად, რომელსაც ვემსახურებოდი, იმის საჭიროებაც არაერთხელ დამდგარა, რომ საკუთარი მომავლის სასიკეთოდ მიმეღო გადაწყვეტილება. გონება სხვას მკარნახობდა, გული კი სხვას. რამდენჯერმე იმ გზაგასაყარზეც აღმოვჩნდი, რომელიც ხშირად ჩნდება ზღაპრებში და შენ უნდა აირჩიო, შენ უნდა გადაწყვიტო, საით გიღირს გზის გაგრძელება. დამხმარე მასწავლებლის პოზიცია ის არ არის, რომელსაც მთელ შენს მომავალს მსგავსი ორჭოფობის, შინაგანი ბრძოლების გადატანის გარეშე შეგიძლია თავი დიდი ხნით მიუძღვნა. ამიტომ წასვლაზეც ხშირად მიფიქრია.

მაგრამ თქვენ ხომ ჩემზე უკეთ იცით, რომ ზღაპრის გმირები ბოლოში იბადებიან. ამ აქტს კი აუცილებელი და გადამწყვეტი ბრძოლა უდევს საფუძვლად, რომლის წყალობითაც დევები დამარცხდებიან და სიკეთე ბოროტებაზე სამუდამო გამარჯვებას იზეიმებს.

ამ ამბებიდან ალბათ დაახლოებით ერთი წელი იქნებოდა გასული, როცა ამავე პროგრამით, ოღონდ ამჯერად უკვე ნინოწმინდაში მომუშავემ, ერთი პირველკლასელი გოგონა გავიცანი. მანანა ერქვა, ფერადი ტანსაცმელი ეცვა და სასაცილო, წითელი სათვალეები ეკეთა. მთელი ორი სემესტრი ვასწავლიდი:

„ეს არის ვაშლი, მსხალი, ატამი, საზამთრო…“.

საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე კლასში, გამოსამშვიდობებლად შესულს თავისი პატარა თითები კისერზე შემომხვია.

არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავით ასე – ჩახუტებულები და გულაჩუყებული. ვფიქრობდი იმაზე, რომ მანანამ არ იცოდა, როგორ წარმოეთქვა ზოგიერთი ხილის ქართული შესატყვისი – „ყურძენი“, „ნესვი“, „ფორთოხალი“, „მანდარინი“ – მომავალი წლიდან კი ჩემ ნაცვლად ეს მისთვის სხვას უნდა ესწავლებინა.

 

ის ზაფხული იმაში დარწმუნებულმა გავატარე, რომ პროექტიდან მივდიოდი. ხელშეკრულებების გაფორმების დრო კი ახლოვდებოდა. აგვისტოს მიწურულს მოულოდნელად შემოწოლილ მელანქოლიასა და პასუხგაუცემელ კითხვებს მეგობართან ერთად, კარვით სადღაც, ტყესა და ღრეში გავექეცი, სურათი კი ასეთი დამამახსოვრდა:

მინდორზე ვწევარ. პირაღმა. ბნელი ცისკენ ვიყურები და ვხედავ, როგორ ნელა ჩნდებიან მოციმციმე ვარსკვლავები.

ის ძველი ანეკდოტი მაგონდება, კონან დოილისეული მოტივებით, სადაც ახალგაღვიძებული უოტსონი კითხვას უსვამს შერლოკს:

„ჰოლმს, როგორ გგონია, რას უნდა ნიშნავდეს მშვიდი ცა, გადაჭედილი ვარსკვლავებით?“

ჰოლმსი კი, ჩვეული სისხარტით ახერხებს თავისი დედუქციური უნარის დემონსტირებას:

„კარავი მოუპარავთ, უოტსონ!“

ისევ მანანაზე მეფიქრება.

ყურძენზე, ნესვზე, ფორთოხალზე და მანდარინზე.

 

რაღას წახვალ…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...