პარასკევი, მაისი 8, 2026
8 მაისი, პარასკევი, 2026

სოლო ტაქსონომია ანუ სად ვარ მე?

0

ბიგსმა და კოლინზმა (1982) შეიმუშავეს დაკვირვებადი სწავლის შედეგების ტაქსონომია – SOLO (Structure of Observed Learning Outcomes). ესაა სისტემური გზა იმის აღსაწერად, თუ უნარების განვითარებასთან ერთად, როგორ უმჯობესდება მოსწავლის პერფორმანსი კომპლექსურობის კუთხით. დონეების დიაპაზონი იწყება უდაბლესი (პრესტრუქტურული)  დონიდან და აღწევს უმაღლეს (გაფართოებული აბსტრაქციის) დონემდე.

 

სოლო 1: პრესტრუქტურული დონე

 

 ამ დონეზე მყოფი მოსწავლე  საერთოდ ვერ იგებს,  იყენებს შეუსაბამო, არარელევანტურ ინფორმაციას,  აცდენილია მნიშვნელობას/აზრს.

პრესტრუქტურულ დონეზე მყოფ მოსწავლეს  ჯერ კიდევ არ აქვს ცოდნა შესასწავლი ან უკვე შესწავლილი მასალის შესახებ. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს სასწავლო მასალის შესახებ არ არის ორგანიზებული, გააზრებული და დაკავშირებული მასალასთან. პრესტრუქტურული დონე შეიძლება გამოიხატოს ფრაზით – „მე მჭირდება დახმარება, ან მიმართულების მიცემა“ .

 

სოლო 2: უნისტრუქტურული დონე

 

ამ დონეზე მყოფ მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის გათვალისწინება და მარტივი,ზედაპირული კავშირების დამყარება.  მოსწავლეს შეუძლია ტერმინოლოგიის გამოყენება, ზეპირად გადმოცემა (გახსენება), მარტივი ინსტრუქციების შესრულება; პარაფრაზირება,  იდენტიფიცირება,დასახელება ან დათვლა.

უნისტრუქტურულ ეტაპზე მოსწავლე სწორად განსაზღვრავს სასწავლო მასალის რომელიმე კონკრეტულ ასპექტს, თუმცა ეს განსაზღვრება იზოლირებულია და არაა დაკავშირებული მასალის სხვა კომპონენტებთან. არ არსებობს ახსნა, რომელიც ეხება ფაქტების კავშირს სხვა ფაქტებთან. არსებულ ეტაპზე ცოდნა იზოლირებულია მთლიანი მასალიდან და შესაბამისად, მსმენელს შეიძლება ახსოვდეს რაიმე ფაქტი, მაგრამ ვერ ხედავდეს ამ კონკრეტული ფაქტის დატვირთვას.

 

სოლო 3: მულტისტრუქტურული დონე

 

მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, მათ შორის არსებული  მიმართებების გაგების გარეშე. მას შეუძლია: თვლა, აღწერა, კომბინირება, მეთოდების, სტრუქტურის გამოყენება,  პროცედურების შესრულება და ა.შ.

ამ დონეზე მყოფი მოსწავლე იგებს  მთელი მასალის რამდენიმე რელევანტურ ასპექტს ან რამდენიმე იდეას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გარკვეული გზებით, თუმცა, მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ურთიერთმიმართებების კარგად გაგება. ამ ეტაპზე მათ შეუძლიათ დაამყარონ გარკვეული კავშირები და საკმაოდ კარგად ისწავლონ, მთლიანი პროდუქტის, რამდენიმე „მცირე ნაწილი“, მაგრამ მათ უჭირთ დავალების ჰოლისტურობის დანახვა.

სოლო 4: მიმართებითი დონე

 

მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რა მიმართებებია რამდენიმე ასპექტს შორის, ასევე, როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას. ფორმების გაგება ქმნის სტრუქტურას და ამგვარად აქვს იმის კომპეტენცია, რომ შეადაროს, დაამყაროს მიმართებები, გააანალიზოს, გამოიყენოს თეორია, ახსნას მიზეზებისა და შედეგების კუთხით.

ამ დონეზე მოსწავლეებს შეუძლიათ იდეების ინტეგრაცია მთელში, ურთიერთკავშირის გაცნობიერება და იდეების ერთმანეთთან დაკავშირება. მათ შეუძლიათ გაიგონ, რა ხდება „სცენის მიღმა“, შეუძლიათ აღმოაჩინონ მიმართებები პრაქტიკასა და თეორიას შორის. ასევე, მათთვის ნათელია მასალის მნიშვნელობა, დანიშნულება და გამოყენების არეალი. არსებულ ეტაპზე, შემსწავლელი მასალის რაოდენობრივი ათვისების პარალელურად იწყებს მასალის თვისობრივად გაშინაარსებას და გაგებას.

სოლო5: გაფართოებული აბსტრაქტული  დონე

 

ამ დონეზე მოსწავლეს შეუძლია შეასრულოს კავშირები არამარტო მოცემულ საგნობრივ ჭრილში, არამედ ასევე შეუძლია კავშირი დაამყაროს მის მიღმა.  მას შეუძლია განაზოგადოს და გადაიტანოს პრინციპები და კონცეფციები ახალ განსხვავებულ კონტექსტში;  შექმნას ახალი იდეები და კონცეფციები;  შეუძლია პროგნოზირება, განზოგადება, შეფასება, თეორიზაცია, ჰიპოთეზირება, შექმნა და ასახვა.

გაფართოებული აბსტრაქტის დონეზე მოსწავლე არა მხოლოდ ცნებათა შორის კავშირს ადგენს, არამედ ახდენენ განზოგადებას ახალ ან წარმოსახვით გამოცდილებებთან. ეს ეტაპი უფრო მრავლისმომცველია და თვისობრივ დონეზე გულისხმობს ნასწავლი მასალის საშუალებით ახლის აღმოჩენას ან შექმნას. გაფართოებული აბსტრაქტის დონეზე სტუდენტებს შეუძლიათ  მიღებული ცოდნის ხელახალი გააზრება და მისი განსხვავებული გზით წარმოდგენა, არსებულის გამოყენება ახალი  ცოდნის პროგნოზის, გენერალიზაციის, რეფლექსიისა და შექმნისათვის. მათ აქვთ უნარი დაინახონ და ისწავლონ მასალის მიღმა არსებული ძირითადი პრინციპები და სტრუქტურები, განიხილონ სხვადასხვა ვარაუდი მასალასთან მიმართებით.

შეჯამების სახით რომ ჩამოვაყალიბოთ:

აბსტრაქციის  დონეზე იკვეთება ფრაზა –  „მე ვიცი, რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ“

გაფართოებული აბსტრაქტისას – „მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.“

 

ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისობა სოლო ტაქსონომიასთან

 

ბლუმის ტაქსონომიისა და სოლო ტაქსონომიის  შედარებითი ანალიზის შედეგად  ვიღებთ შემდეგ მოცემულობას:

უნისტრუქტურულ დონეს – ცოდნა, გაგება შეესაბამება.

მულტისტრუქტურულ დონეს – გამოყენება შეესაბამება.

მიმართებით  დონეს – ანალიზი შეესაბამება.

გაფართოებული აბსტრაქციის დონეს – სინთეზი და  შეფასება შეესაბამება.

ბლუმის და სოლო ტაქსონომიის შედარება

 

 

ბლუმის ტაქსონომია სოლო ტაქსონომია

 

თუ ბლუმის ტაქსონომიის დროს  დასმული კითხვა და პასუხი ერთი დონის შესაბამისია; სოლო ტაქსონომიისას – კითხვა და პასუხი შესაძლებელია სხვადასხვა დონეს შეესაბამებოდეს;
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ცოდნა გამიჯნულია ინტელექტუალური პროცესისგან; სოლო ტაქსონომია დაფუძნებულია გაგების პროცესზე;
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მოსწავლე თანდათან მიიწევს  პირამიდის მწვერვალისკენ; სოლო ტაქსონომიის შემთხვევაში -მოსწავლე შესაძლებელია, სხვა საფეხურზე გადავიდეს ქვედა საფეხურების გამოტოვებით;
ბლუმის ტაქსონომია  არის სისტემური მეთოდი, რომელიც აღწერს, როგორ ვითარდება მოსწავლის წარმოდგენა მარტივიდან რთულისკენ, მათი ემოციური, ფსიქომოტორული და შემეცნებითი მიმართულებით. სოლო ტაქსონომია  არის სისტემური მეთოდი, რომელიც აღწერს, როგორ ვითარდება მოსწავლის წარმოდგენა  სწავლის პროცესში მარტივიდან რთულისკენ.

 

 

სოლო ტაქსონომია მეხმარება გავარკვიო,   სად ვარ მე?

პრესტრუქტურულზე ვარ –   როდესაც  არ შემიძლია დამოუკიდებლად და დახმარება მჭირდება!

უნისტრუქტურულ დონეზე ვარ  – როდესაც მე შემიძლია მარტივი ინსტრუქციების შესრულება, დასათაურება, დასურათება და ა.შ.

მულტისტრუქტურულ დონეზე ვარ  –  როდესაც მე შემიძლია: აღწერა, გამოთვლა და ა.შ.

მიმართებით დონეზე ვარ  –  როდესაც მე შემიძლია: ახსნა, ანალიზი და ა.შ.

გაფართოებულ, აბსტრაქტულ დონე ვარ  – როდესაც  მე შემიძლია: შექმნა, შეფასება და ა.შ.

 სოლო ტაქსონომია ეხმარება მოსწავლეს,  გაარკვიოს სასწავლო მიზნის მიღწევის გზაზე,   სად არის …  და ეს მისი უფლებაა!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Collis, K. (1982). Evaluating the Quality of Learning: The SOLO Taxonomy. New York: Academic Press.
  2. ვულფოლკი, ა. (2009). განათლების ფსიქოლოგია. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა .

 

როგორ გამოვიყენოთ სკოლაში „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“

0

„სანამ წიგნის მთავარ ნაწილზე გადახვალ, საიდუმლო უნდა გაგიმხილო. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი შენ ხარ“.

ბევრი თქმულა და დაწერილა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის დასაწყისი. „დაკარგული სიტყვების ლექსიკონის“ შესავალიც გამოდგება მაგალითად.

ჩემთვისაც, ჩემი მოსწავლეებისთვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველი სიტყვები. მწერალმა მიზანს მიაღწია, როცა თქვა, რომ ნებისმიერ მკითხველს შეუძლია, იქცეს მთავარ გმირად, ასე შეძლო ჩვენი დაინტერესება და კითხვის გაგრძელება მოგვანდომა.

 

ქართულის მასწავლებლები მუდამ ვეძებთ ისეთ კლასგარეშე საკითხავს, სასწავლო რესურსადაც რომ გამოგვადგება. თუ ოდესმე მოსწავლე გკითხავთ, რაში სჭირდება გრამატიკის სწავლა, მიუხედავად თქვენი მცდელობისა, მაინც მობეზრდება, ან ლექსიკონის გამოყენების მოლოდინი მოწყენილობით აავსებს, ან ვერა და ვერ შეელევა ბარბარიზმებს, შეგიძლიათ, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონიც“ დაიმგზავროთ გაკვეთილებზე. ეს 135-გვერდიანი წიგნი მკითხველს დააფიქრებს სიტყვების ძალაზე, ენაზე, რომელშიც ვცხოვრობთ და ხან ვაცნობიერებთ ამას, ხან – ვერა, ენაზე, რომლის ცოდნა ძალიან გვჭირდება, რათა ერთმანეთს გავუგოთ.

გარდა ამისა, ავტორი, დიანა ანფიმიადი, ისე მოულოდნელად შემოგაპარებთ მნიშვნელოვან თემებს, ფურცლიდან ფურცლამდე საფიქრალს არ გამოგილევთ. „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია, მაგრამ არც იმან გაგაოცოთ, საკუთარი ისტორია რომ აღმოაჩინოთ სიტყვების ლაბირინთში და მწერლის მიერ გამოგონილი ამბისა ირწმუნოთ.

მთავარი გმირი ცამეტი წლის ბიჭია, გიორგი. ალბათ, მისმა ასაკმაც შთამაგონა, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებს აინტერესებთ თანატოლი პერსონაჟების ცხოვრება. თუმცა, ცხადია, ეს პირადი გამოცდილებაა. თუ რომელიმე კოლეგა გადაწყვეტს წიგნის გაცნობას, ტექსტი თავად მიანიშნებს, რომელ კლასთან როგორ შეიძლება გამოიყენოს. ამ წიგნს „პატარა უფლისწულს“ შევადარებდი, ნებისმიერი ასაკის მკითხველი რომ თავისას იპოვის, მაგრამ რაც უფრო მოემატება წლები, კიდევ მეტს რომ აღმოაჩენს კითხვისას.

 

არ ვიცი, სხვებს ემართებათ თუ არა ასე – მე წიგნის კითხვის დროს სხვადასხვა როლს მოვირგებ ხოლმე. მასწავლებელი მკითხველი ამჟამად ყველას ჩაგრავს ჩემში, გამუდმებით ვინიშნავ ფრაზებს, ეპიზოდებს, რა გამომადგება მოსწავლეებთან. ამ წიგნიდან ვერცერთი თავი ვერ გამოვტოვე, მგონი, ყველა ფრაზა მოვინიშნე, თუმცა გამოვყოფ რამდენიმე თემას/საკითხს, რომლებმაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო:

 

დაკარგული მამის ძიება

 

წიგნს მთავარ ხაზად დაკარგული მამის ძიება გასდევს. მწერალიც „დაკარგული სიტყვების ლექსიკონს“ უძღვნის „მამას, რომელსაც მხოლოდ სიზმრებში იცნობს“. ტექსტს ეპიგრაფად ზვიად რატიანის ფრაზა უძღვის: „აი, ეს ხეა მამაჩემი. გაგიკვირდა?“, – რომელიც გზადაგზა ჩაგვესმის და ფინალში იხსნება მისი საიდუმლო.

გიოს მშობლის პოვნა დაუსახავს მიზნად და სწორედ მიზნისკენ სავალ გზაზე ვითარდება მოვლენები. წიგნის წაკითხვის მერე ერთმა მოსწავლემ მითხრა, ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა ფინალი, არა ის, იპოვა თუ არა ბიჭმა მამა, არამედ თავად ძიების პროცესი და იმაზე დაკვირვება, მარტოობამ როგორ გაზარდა ეს ბავშვიო. დავეთანხმე მეც. მამის საძებნელად წასული ბიჭი საკუთარ თავსაც აღმოაჩენს.

 

დავიწყების ავადმყოფობა

 

ამ წიგნის ერთი მთავარი პერსონაჟი, ჩემი აზრით, არის ენაც, შეიძლება ასეც ვთქვა: „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ არის ენაზე, რომელიც ჰგავს ცხოვრებას და ამ მსგავსების პოვნაში ავტორი გვეხმარება.

 

დასაწყისში მწერალი წიგნის მთავარი სიტყვების ლექსიკონს გვთავაზობს. ჩამონათვალში პირველივე ენაა და მას ამგვარად განმარტავს – ენა არის ადამიანის სახლი. მერე დიანა ანფიმიადი ნელ-ნელა შეგვიძღვება ამ სახლში და გვათვალიერებინებს. ამ თვალიერების თუ წიგნის ფურცვლის დროს კი არაერთხელ დავფიქრდებით იმ ძალაზე, ენის ცოდნა რომ გვანიჭებს.

 

მგონია, მოსწავლისთვის შთამაგონებელი შეიძლება იყოს ამ ეპიზოდის წაკითხვა და მისი გაანალიზება: გიო უცნობ ქალაქში აღმოჩნდება, მაგრამ მიხვდება, რომ არც ეშინია და არც უცხოდ გრძნობს თავს:

„იფიქრა, იფიქრა და დაასკვნა, რომ ეს შეგრძნებაც ენის დამსახურება იყო… მხოლოდ იმიტომ არა, რომ ყველაფერი ესმოდა, რასაც გამვლელები ლაპარაკობდნენ ან ყველა წარწერის წაკითხვა შეეძლო; ეს უფრო სხვა სიმშვიდე იყო, სხვა გრნობა, თავდაჯერებულობა, რომ ყველას ყველაფერს გააგებინებდა, რომ ყოველთვის იპოვიდა საჭირო სიტყვას“.

 

„დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ მიგვანიშნებს, რა ძვირფასია ყოველი სიტყვა და იმასაც მიგვახვედრებს, რა პასუხისმგებლობა გვეკისრება ამ ენაზე მოსაუბრეთ, რამდენად არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე ამა თუ იმ სიტყვის სიცოცხლე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩემთვის ერთი თავი აღმოჩნდა –  „მკვდარი ენების სასაფლაო“. აქ მითოსი და სინამდვილე ერთმანეთს ერწყმის, თითქოს ზღაპარში ხარ, მაგრამ პერსონაჟების დიალოგი რეალობის შეგრძნებასაც არ გაკარგვინებს.

წიგნის მთავარი გმირი მკვდარი ენების სასაფლაოზე აღმოჩნდება. ურჩხული მის დასახმარებლად ერთ მკვდარ ენას გააღვიძებს, რომელსაც სიფრიფანა გოგოს სახე აქვს. ბავშვები მარტივად გაუგებენ ერთმანეთს, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთისა, ბევრს საუბრობენ დამწერლობაზე და სწორედ აქ წარმოჩნდება პრობლემა:

„ურჩხულის ნათქვამი გაახსენდა. ეს გოგო ბოლოა, ვინც ამ უცნობ ენაზე სიტყვები წარმოთქვაო. ნეტავ რა ამბავია დამალული? რატომ გადაშენდა ხალხი, რომელიც ამ ენაზე საუბრობდა? ან იქნებ კი არ გადაშენდა, ენა შეიცვალა… ნეტავ რა მოხდა?

– დავიწყების ავადმყოფობა, – უთხრა გოგომ, რომელსაც მისი ფიქრიც ესმოდა. – დავიწყების ავადმყოფობამ, რომელიც ჯერ სულ მარტივად, რამდენიმე სიტყვით შეგვეყარა, მერე კი ყველა სიტყვა შეგვიცვალა, დაგვავიწყა ენა, რომელზეც ვლაპარაკობდით, მერე ქვეყანა დაგვავიწყა, სადაც ვცხოვრობდით, ბოლოს კი – საკუთარი თავი. მე მოვკვდი, სხვები გადარჩნენ, მაგრამ აღარ ახსოვდათ, ვინ იყვნენ, საიდან… ისედაც, იმის მერე რამდენიმე ათასი წელი გავიდა. ალბათ, ჩემი ხალხის სახსენებელიც არაა. არადა, სულ ერთი სიტყვით დაიწყო დავიწყება, სულ ერთი სიტყვით…“

 

ამ მინიშნებამ მაკონდო მომაგონა, გულმავიწყობის ავადმყოფობამ ლამის „თვალსა და ხელს შუა რომ გაუქრო ხალხს სინამდვილე“. შესაძლოა, ავტორიც გაბრიელ გარსია მარკესმა შთააგონა, თუმცა დიანა ანფიმიადთან ამ ვერაგი სენის შედეგსაც ვხედავთ, მერე კი რთული აღარ არის იმის მიხვედრა, რა საფრთხეს უქმნის ერს და მის იდენტობას თუნდაც ერთი სიტყვის დავიწყება. სწორედ ამიტომ მივესალმები ამ თემის ამგვარად წარმოჩენას, ბავშვის თვალი და გული ასე უფრო ხვდება, იმახსოვრებს წაკითხულს და აცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას.

 

სიდუხჭირე, ემიგრაცია და ომი

 

გიოს დედა ემიგრანტია. მისი წასვლის მიზეზი ისაა, რის გამოც ათასობით და ასიათასობით ადამიანი ტოვებს სამშობლოს – სიდუხჭირე. ქალი სამხატვრო სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ სამსახური დაკარგა და ტორტების ცხობას მიჰყო ხელი, „მერე კი, როცა ყველაფერი გაძვირდა და სულ უფრო და უფრო დაცოტავდა, დედამაც გადაწყვიტა წასვლა, დროებით, სამუშაოდ“. გიორგის დედაც, ისევე როგორც უთვალავი ქალი საქართველოდან, მიდის, რომ ოჯახი გადაარჩინოს.

ხანდახან გვგონია, რომ ბავშვები ცხოვრებას ძალიან მარტივად უყურებენ, მაგრამ არ არის ასე. არჩა ვიგრაჰა დასის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, „როცა პატარა ხარ, სამყარო ძალიან პატარაა, პრობლემები კი – იმდენად დიდი, რომ ვერც კი ხედავ, როგორც წრუწუნა ვერ ხედავს მთას“. ემიგრაციის თემას ვერ ავუვლით გვერდს, მით უმეტეს, საქართველოში, ვფიქრობ, არ დარჩენილა ოჯახი, მისი წევრი ან ნათესავი წასული რომ არ იყოს საზღვარგარეთ. ჩვენს მოსწავლეებსაც ჰყავთ ემიგრანტი მშობლები, ბებია-ბაბუები, ამიტომაც მნიშვნელოვანი მგონია ამ თემაზე საუბარი ბავშვებთან, რათა:

  • ალაპარაკდნენ იმაზე, რა უჭირთ მარტოობისას, ჩვენ კი მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ…
  • დავეხმაროთ, რომ თანაუგრძნონ, შესაძლოა, ზოგიერთი მოსწავლისთვის ეს სრულიად უცნობი თემა იყოს, მაგრამ ლიტერატურულ პერსონაჟზე დაკვირვებამ მეგობრის, კლასელის ყოფა უფრო ნათელი გახადოს მათთვის.

ეს თემა ძალიან ფაქიზია და ასევე ფაქიზად განსახილველი.

რაც ძალიან მომეწონა – წიგნში იმასაც ამოიკითხავთ, როგორ მოერიოს ბავშვი მარტოობას. ამის წაკითხვა, განსაკუთრებით მოზარდობისას, მეტად საჭირო მგონია.

 

და ომი, რომელიც ისე მოულოდნელად შემოიჭრება წიგნში, ისე სასხვათაშორისოდ, თავიდან ვერც კი ხვდები მის სისასტიკეს, მაგრამ კვალს ტოვებს და აღარ ქრება: „იმ უცნაური ომის შემდეგ, რომლის დაწყებისა და დასრულების მიზეზი ყველაზე ცნობილმა სამხედრო ექსპერტებმაც ვერ გაარკვიეს…“

რამდენიმე დღის წინ დათა თავაძის ინტერვიუს ვუსმენდი. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ერთი სპექტაკლის დადგმის მიზანი და მთავარი სათქმელი მისთვის ის არის, რომ ომი აღარ იყოს. შესაძლოა ძალიან უტოპიური სურვილია, მაგრამ როცა წიგნი მკითხველს ბავშვობიდანვე დააფიქრებს ომზე, მეც მინდა მჯეროდეს, რომ გააცნობიერებინებს მის საშინელებას და იქნებ აღარც იყოს ომი, თანაც იმ ქვეყანაში, სადაც ოკუპანტი ვერა და ვერ გამძღარა.

 

ფერადი სმენა

 

როგორია ფერადი სმენა? რა ასოციაციას გიქმნით ეს შესიტყვება?

 

წიგნში არაჩვეულებრივი გზაა ნაჩვენები, როგორ შეიძლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს, როგორ ქმნის თანასწორ გარემოს მხარდაჭერა და გულწრფელობა და არა სიბრალული. ამ თემის გაშუქება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია, რადგან უამრავი ხილული თუ უხილავი ბარიერი ჯერ კიდევ არსებობს.

 

გიორგი გოგონას გაიცნობს და დაუმეგობრდება. ბავშვებს ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდებათ. „გიორგი მიხვდა, რომ ადამიანებს ფერადი სმენა აქვთ, შეუძლიათ ყველაფერი დაინახონ, იგრძნონ, წარმოიდგინონ, მაგრამ მაინც კარგი ახსნაა საჭირო. იმ დღიდან მისი მთავარი მიზანი გახდა, რომ როგორმე, სიტყვების საშუალებით მოეხერხებინა, მის მეგობარს ყველაფერი დაენახა, მიუხედავად იმისა, რომ უცნაურმა დაავადებამ დაბადებისთანავე გაუქრო სამყაროს ხილვის საშუალება.

ჰოდა, იმ დღიდან გიორგიმ თავისი პირველი ენა ისწავლა.

  • თეთრი რა ფერია? – ჰკითხავდა გოგონა.
  • აი, დილის რიჟრაჟზე გარეთ გამოსულხარ? როცა ძალიან გრილა და ცოტათი გაჟრჟოლებს, ეგ თეთრია.
  • წითელი?
  • წითელი – ცხელი შუადღის მზე, ან კიდევ ორკესტრის რეპეტიცია, სანამ ინსტრუმენტებს მომართავენ და დაკვრას დაიწყებენ…“

 

სამყარო ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც ეს სიტყვები. რადგან ლიტერატურა სწორედ ამ სამყაროს ასახავს, მკითხველს სჭირდება მრავალფეროვანი პერსონაჟები, ისეთები, როგორებიც ვართ, ერთმანეთისგან განსხვავებულები, ამიტომაც მისასალმებელია ამ მხატვრული სახის შექმნა.

ალბათ, გამიჭირდება, ერთ წერილში ჩავატიო ყველაფერი, რის თქმაც მსურს წიგნზე.

ვფიქრობ, მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ამ კითხვებზე პასუხების ძიება:

  • რატომ სახლობს სიტყვების ტყეში გალაკტიონი?
  • რა საიდუმლო იმალება გიორგის მეგობრის, სერაფიტას, სახელში?
  • გიოს ბაბუა რატომ მიიჩნევს „ვეფხისტყაოსანს“ დაკარგული სიტყვების ლექსიკონად?
  • მკვდარი სიტყვების მინდორზე 1629 წელს გამოცემულ პირველ ქართულენოვან წიგნთან – ქართულ-იტალიურ ლექსიკონთან ერთად კიდევ რას აღმოაჩენს გიორგი?

ეს არ იქნება სიუჟეტში ჩაკარგული ჩვეულებრივი ამბები, ამ წიგნის კითხვისას ქართული კულტურის იდუმალ ისტორიასაც გაეცნობა მკითხველი, პასუხის პოვნას ახალი კითხვის გაჩენა მოჰყვება და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად.

 

***

ყოველი წიგნის წაკითხვა ჩემთვის ახალი იდეების დაბადებას უდრის. „დაკარგული სიტყვების ლექსიკონს“ როცა ვკითხულობდი, ვინიშნავდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა მოსწავლეებთან ერთად. რამდენიმე იდეას თქვენც გაგიზიარებთ:

 

წიგნის წაკითხვამდე

 

ილუსტრაციების გაცნობა

წიგნს სოფო კირთაძის საოცარი ილუსტრაციები ამშვენებს.

შეიძლება, Power-Point პროგრამის საშუალებით მოსწავლეებს ნახატები დავათვალიერებინოთ და შევთავაზოთ, ივარაუდონ, რის შესახებ იქნება წიგნი ან ეს ილუსტრაციები ფოტოებად ამოვბეჭდოთ და ბარათებთან ერთად დავურიგოთ ვარაუდების დასაწერად.

 

სათაურებზე დაკვირვება

წიგნი 23 თავისგან შედგება. ყოველი თავი დასათაურებულია. თვალი გადავავლოთ რამდენიმეს:

  • დილა, რომლითაც წიგნი იწყება
  • ბაბუას წიგნი
  • ოჯახი
  • მამა
  • პირველი ენა
  • სიტყვების ტყე
  • მთავარი სიტყვა
  • გაქცევა
  • გეგმა
  • ბავშვობის თამაშები
  • გზად
  • ხე

 

 

საინტერესო იქნებოდა ამ სათაურების დაფაზე ჩამოწერა და თითოეულზე დაკვირვება, იმის გამოცნობა, რას შეიძლება გვიამბობდეს მწერალი.

 

ორივე აქტივობა დაგვეხმარება მოსწავლეების გამოწვევაში.

 

წიგნის კითხვისას

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ბუმბულივით მსუბუქ წიგნში იმდენი თემაა მიმოხილული, დისკუსიისთვის მასალა ნამდვილად არ შემოგვაკლდება, ეპიზოდებს კი მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით შევარჩევთ.

 

„რაც დაკარგე, წიგნებში უნდა მოძებნო“

 

ერთხელ გიორგი უცნაურ სიზმარს ნახავს. „რაც დაკარგე, წიგნებში უნდა მოძებნო, სიტყვები, სიტყვები იპოვე, – უკარნახა სიზმრის ხმამ, საკუთარმა გონებამ თუ უხილავმა ძალამ“. რა ფუნქცია აქვს სიზმარს ლიტერატურაში, ამაზე საუბარი ურიგო არ იქნება, მერე კი ვკითხოთ ბავშვებს, რა უპოვიათ კითხვისას. გამოცდილების გაზიარებისას ახალ-ახალ წიგნებსაც გააცნობენ თანაკლასელებს. ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ერთი მოსწავლის პასუხი ამ კითხვაზე. მან გვიამბო, როგორ წუხდა, რომ მეგობარი დაკარგა და მერე გაიხარა, რადგან წიგნში იპოვა.

 

დაკარგული სიტყვების დაბრუნება

რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემმა მოსწავლეებმა არ იცოდნენ, რას ნიშნავს სიტყვა დაოსებული. ალბათ, თქვენც მოიგონებთ ასეთ სიტყვებს, მსგავს შემთხვევებს. ვინაიდან ეს წიგნი სწორედ სიტყვების ძიებასა და გადარჩენაზეა, საინტერესო იქნებოდა ისეთი აქტივობის დაგეგმვა, რომლითაც „დაკარგულ“ სიტყვებს აღმოვაჩენინებდით ბავშვებს და „გავაცოცხლებდით“.

 

წიგნში ასეთი ეპიზოდი შეგხვდებათ: გიორგის „სიტყვების ტყის კიდევ ერთი ბინადარი გაახსენდა, შოთა რუსთაველი და მისი პერსონაჟების ამბები, რომლებსაც ბაბუა უკითხავდა. „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“. გაახსენდა, ერთხელ ბაბუამ რომ უთხრა: „თუ სადმე დაკარგული სიტყვების ლექსიკონი არსებობს, ეს უთუოდ „ვეფხისტყაოსანიაო“.

 

შეგვიძლია მცირე კვლევითი პროექტი დავგეგმოთ.

 

  1. მოსწავლეებს ვთხოვოთ, წაიკითხონ „ვეფხისტყაოსნის“ ერთი თავი (ან რამდენიმე სტროფი);
  2. ამოწერონ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა არ ესმით, მერე კი გაარკვიონ, რას ნიშნავს თითოეული. ამაში ,,ვეფხისტყაოსნის ლექსიკონი“ დაეხმარებათ.
  3. წაუკითხონ ერთმანეთს სტროფები, მერე კი შეადგინონ ,,ვეფხისტყაოსნის“ დაკარგული სიტყვების საკლასო ლექსიკონი“. ძალიან გაახარებთ იმის შეგრძნება, რომ სიტყვა დაკარგვას გადაარჩინეს.
  4. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ქართული ენის კორპუსის გამოყენება და კვლევა-ძიება. შეიძლება, ავირჩიოთ „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე რედაქცია და, მაგალითად, ვეძებოთ, რამდენჯერ ან რა კონტექსტშია გამოყენებული ის სიტყვა, რომლის მნიშვნელობა აქამდე არ იცოდნენ მოსწავლეებმა და ამ აქტივობის შედეგად გაარკვიეს. ამ პლატფორმაზე შესაძლებელია მინაწერების, ხელნაწერების, მინიატურების დათვალიერებაც. თუ აქამდე „ვეფხისტყაოსნის“ ენის კორპუსი არ გამოგიყენებიათ, ეს ვიდეო დაგაკვალიანებთ.

 

ლექსიკონში მოგზაურობა

სათაურიც მიგვანიშნებს, რომ ამ წიგნის მთავარი და მაგიური სიტყვაა ლექსიკონი. ის ერთგვარი პორტალია რეალობიდან წარმოსახვით სამყაროში შესაბიჯებლად. ამ წიგნის დახმარებით სულ სხვა თვალით დავანახებთ მოსწავლეებს ლექსიკონებს, ეს კი იქნებ თვითგანვითარების ახალი გზა აღმოჩნდეს მათთვის.

 

„ლექსიკონში მოგზაურობა არც ისე მარტივი საქმეა. როგორი სიტყვა არ შეგხვდება აქ: ზოგი – ძალიან საშიში, ზოგი – ისეთი შეუმჩნეველი, ფეხი შეიძლება წამოჰკრა…

ბიჭი მიაბიჯებდა ამ საოცარ ქვეყანაში. წინ რა არ ხვდებოდა, თითქოს ამ ერთ წიგნში ყველა ლექსიკონი გაერთიანებულიყო. უცხო სიტყვათა ლექსიკონი სულ უცხო, უცხო, ზოგჯერ საშიშად უცხო სიტყვებით; საზღვაო ტერმინების ლექსიკონი – ისეთი საინტერესო რამეებით, რომ ბიჭს თავისი საყვარელი წიგნები ახსენდებოდა, სათავგადასავლო, გემებსა და მეზღვაურებზე. სიტყვები სინონიმთა ლექსიკონიდან მინდვრის ყვავილებივით ყვავილობდნენ, სულ ოდნავ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მხოლოდ მახვილი თვალი თუ შეამჩნევდა; ანტონიმები – კაქტუსის უცნაურ ბუჩქებს ჰგავდნენ…“ – და ასე აგრძელებს გიორგი ლექსიკონებში მოგზაურობას. ამ თავის წაკითხვისას შეგვიძლია, ბავშვებს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ელექტრონული ლექსიკონები გავაცნოთ. აღმოაჩენენ, რამხელა შესაძლებლობა ჰქონიათ, მაგალითად, რამდენიმე წამში მოახერხებენ იმის გარკვევას, როგორ იწერება ესა თუ ის სიტყვა სწორად, უცნობ ფრაზეოლოგიზმებს იპოვიან და ა.შ. თუ ჩვენი მიზანი მართლწერის სწავლებაა, რატომ არ უნდა ვავარჯიშოთ ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონის გამოყენებაში?

 

ძალიან საინტერესოა პირადი ლექსიკონების შედგენაც, მაგალითად, რას ჩაწერდნენ ბედნიერების, მეგობრობის, აკრძალული ან საშიში სიტყვების ლექსიკონში?

გიფიქრიათ თქვენს ყოველდღიურ ლექსიკონზე? წარმოიდგინეთ, რომ ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ 10 სიტყვის გამოყენების უფლება გაქვთ, რას აირჩევდით?

 

წიგნის წაკითხვის შემდეგ

 

მას შემდეგ, რაც ბოლო თავში ამ სიტყვებს ამოიკითხავთ: „ადამიანი ენასავითაა, თუ გახსოვს, ცოცხალია, თუ გავიწყდება, ჯერ გადაშენება ემუქრება, ბოლოს კი კვდება“, – წიგნი თავად მიგახვედრებთ, რა შეიძლება დაგეგმოთ.

 

ჩემმა მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები დაწერეს და ბლოგზე გამოაქვეყნეს, მერე დისტანციურად შეხვდნენ ავტორს და ინტერვიუ ჩამოართვეს. წაკითხულის გასააზრებლად, კითხვებზე პასუხების საპოვნელად არაჩვეულებრივი იყო. თუ დაინტერესდებით, მკითხველებისთვის კარი ღიაა – https://avocabularyofthelostwords.blogspot.com/, იქამდე კი „დაკარგული სიტყვების ლექსიკონში“ დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იყავი აქტიური მკითხველი

0

„ვკითხულობ და მავიწყდება წაკითხული. კითხვისას სულ სხვა რამეზე ვფიქრობ, წინა აბზაციც კი არ მახსოვს“; „კითხვისას კონცენტრირება მიჭირს წაკითხულზე. ფიქრებით სხვაგან ვარ“, – შემომჩივლეს მეთორმეტეკლასელებმა ერთ-ერთი საპროგრამო დიდი ტექსტის დამუშავებისას.

სავსებით გასაგები და ნორმალური რეაქციაა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოსწავლე ყველაფერს დიდი ენთუზიაზმითა და მოწონებით უნდა კითხულობდეს. არც ის მგონია სწორი დამოკიდებულება, რომ ,თუ მოსწავლეს რამე არ მოსწონს, მასწავლებელმა იმუშავა ცუდად!“.

არის ტექსტები, რომლებიც ზოგიერთს არც აინტერესებს და არც მოსწონს. ეს შეიძლება იყოს აღიარებული კლასიკა, ჩვენთვის ძვირფასი და მხატვრულად ღირებული ტექსტები, ისტორიული ან ეროვნული მნიშვნელობის ლიტერატურა.

ამ შემთხვევაში არჩევანი, რასაკვირველია, მოსწავლეს არ აქვს, ტექსტის ჩანაცვლება ვერ მოხდება, მაგრამ ვითარება საინტერესო გამოწვევად კი შეიძლება ვაქციოთ.

„გამოიყენეთ ეს ტექსტები ნებისყოფის განსამტკიცებელ, ნების საწვრთნელ სავარჯიშოდ“ – ვცდილობ მოსწავლეებს შევუცვალო დამოკიდებულება.

ყურადღების კონცენტრირებისა და ნებისყოფის გამოსამუშავებელ სავარჯიშოდ აქტიური კითხვის მეთოდის გამოყენებას ვთავაზობ.

მეცადინეობის მეთოდის შეცვლა ჭრის.

„მოემზადეთ სამუშაოდ. ათი წუთის განმავლობაში გამოიყენეთ აქტიური კითხვის მეთოდი და წაკითხულიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღეთ!“.

ბლოგში გთავაზობთ აქტიური კითხვის დეტალურ ინსტრუქციას. ინსტრუქცია მოსწავლეებისთვისაა, ამდენად, „შენ-მიმართვის“ სტილი შევარჩიე:

კითხვა, როგორც სასწავლო ქმედება, მხოლოდ მაშინაა შედეგიანი, თუ აქტიურად იქნები ჩართული პროცესში.

ეს ნიშნავს დეტალების შემჩნევასა და მათზე დაკვირვებას, კითხვების მეშვეობით წაკითხულის გააზრებას, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას, წაკითხულის დაკავშირებას წინარე ცოდნასთან, საკუთარ ყოველდღიურობასთან.

დასამუშავებელი ტექსტების კითხვისას გაითვალისწინე აქ თავმოყრილი რჩევები.

ეს დაგეხმარება უკეთ გაიაზრო და დაიმახსოვრო წაკითხული.

 

დააკვირდი  

დააკვირდი სათაურს, ტექსტის სტრუქტურას:

  • დაყოფილია თუ არა თავებად?
  • დასათაურებულია თუ არა თავები?
  • აქვს თუ არა ტექსტს პროლოგი ან ეპილოგი?
  • ეპიგრაფი?

კითხვის დაწყებამდე განსაზღვრე მიზანი

რატომ კითხულობ ამ ტექსტს? სანამ საკითხავს ჩაუღრმავდები, გაიცხადე, განისაზღვრე, რატომ აკეთებ ამას? ცნობიერი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია!

  • ვკითხულობ იმიტომ, რომ რაღაც ახალი შევიტყო…
  • ვკითხულობ სიამოვნებისთვის…
  • დავალება მაქვს შესასრულებელი…

მოიმარჯვე ფანქარი (კალამი) და სამუშაო რვეული

  • გააკეთე ჩანაწერები.
  • მონიშნე წიგნში საგულისხმო, მნიშვნელოვანი მონაკვეთები.
  • პერსონაჟის სახასიათო ქმედება, ეპითეტები, რომლითაც ისაა მოხსენებული, დეტალები, რომლებიც ატმოსფეროს ქმნის…

წინასწარ შეგიძლია გაამზადო პერსონაჟების „ანკეტა“

  • პერსონაჟის ტექსტში გამოჩენის პარალელურად – ამოიწერე სახელი, მახასიათებლები, ქმედებები, შენეული შეფასება.
  • ვინაა ეს გმირი? როგორია? რას აკეთებს? რითაა მნიშვნელოვანი? რას ფიქრობ მასზე?

დააკავშირე

დააკავშირე წაკითხული იმასთან, რაც უკვე იცი (წინარე ცოდნა);

დააკავშირე ამოკითხული ამბავი, ინფორმაცია, ცნობები საკუთარ გამოცდილებასთან.

  • გსმენია მსგავსი ამბები? მომხდარა რამე ამგვარი შენ ირგვლივ?
  • იცნობ ვინმეს, ვინც ხასიათის რაიმე თვისებით ჰგავს მთავარ გმირს? რომელიმე პერსონაჟს?
  • ყოფილხარ მსგავს სიტუაციაში?

თვალსაჩინოება/ილუსტრაცია

თუ ტექსტში აღწერილია გარემო, ატმოსფერო, მოქმედება, ფერები – შეაყოვნე ყურადღება აღწერაზე.

  • ტექსტში სიტყვიერად აღწერილი სურათები დახატე წარმოსახვაში;
  • „დაინახე“ წაკითხული გონების თვალით.

შეამოწმე, გადაამოწმე

ყოველი ეპიზოდის, მონაკვეთის ან თავის დასრულების შემდეგ დასვი კითხვები, რომლებიც დაგეხმარება უკეთ გაიგო წაკითხული:

  • რა მოხდა?
  • რატომ მოხდა ასე?
  • რას აკეთებს პერსონაჟი?
  • რატომ იქცევა ასე?

 

დაიხმარე სახელმძღვანელოში თავმოყრილი შინაარსობრივი და საანალიზო კითხვები. დაუსვი ეს კითხვები საკუთარ თავს და მოიძიე პასუხები.

  • თუ პასუხის მოძიება გაგიჭირდება, გადაავლე თვალი ტექსტს კიდევ ერთხელ.
  • თუ მაინც ვერ იპოვი სათანადო პასუხს, შეკითხვა დაუსვი კლასს.

 

 

მოგზაურის დღიურები

0

ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს.

რაჭაში მზე ფრთხილად, ყველა გამღვიძებლის გათვალისწინებით ამოდის, თითქოს გრძელი წინადადებაა და ყველაზე ზარმაცისთვის დააყოლებს ფეხათრეულ სხივს, სახელად „ქვეშენიჭირიმეს“.

გურიაში ფაცხაფუცხით ამოირბენს, საკუთარ თავს ეკითხება: რაფერ ხარ? როის ამოი? როის ჩახვალ? – და ჩადის.

ქართლი სხვადასხვანაირია და ერთი მზე ვერ ეყოფა. ცოტა დასავლეთით მზე ისე ამოგორგალდება, თითქოს თონიდან ცხელი მრგვალი პური ამოიღესო. ცოტა აღმოსავლეთით პურს გვერდები აქვს ოდნავ დაბრაწული.

იმერეთიც სხვასხვაობს და იმერეთშიც რამდენიმე მზე ამოდის. ლიხის ახლოს მზე ცელქია, ასკინკილათი მოხტუნაობს და სხივებს კენჭებივით ესვრის ფანჯრებს. შუაიმერული მზე ცოტა მორღვეული ჩოხით ამოიწვერება, ხან თეთრია ეს ჩოხა-ღრუბელი, ხან ნაცრისფერი. მერე ფეხს შემოდგამს რომელიმე მთაზე, შეისვენებს და წარბაწეული შეგვათვალიერებს. იქითაიმერული შუას ტყუპისცალია, ოღონდ ეს არის, რომ ჩოხა კარგად აქვს დაკემსილი.

კახეთში მზე დარბაისლური დოინჯით დაგადგება თავზე და დაჟინებით გიყურებს. ისეთია მისი მზერა, თუ არ ადგები, კარგ ღონიერ პანჩურს რომ გითავაზებს. ვერ შეედავები. კახური მზე ყველაზე მართალია.

სამეგრელოში მზე მზე არ არის – ჯადოსნური ელარჯია. მარტვილის ბაზარში რომ კაცი სიმინდს ყიდის და იმის გვერდით ქალი – ყველს, იმ ქალის ზურგის მხრიდან ამოდის და განმუხურამდე გადაიწელება.

სვანური მზე ისეთი პირდაპირი და სუფთაა, სულ რომ უცოდველი იყო, თვალებში ვერ ჩახედავ. შეგრცხვება რაღაც დიდისა და მიუწვდომელის.

ამ მზის მსგავსია ფშავ-ხევსურეთის მზეც, ოღონდ ეს მზე ნაპირ-ნაპირ დადის, თითქოს თვითონვე გინდობს, თვალს თვალში არ გიყრის.

სამცხე-ჯავახეთში რომ მზეა, ის მზე ისე გავიცანი, რომ ამოვიდა, განა ცაზე, პირდაპირ აივანზე ამოვიდა, სხივები ძნასავით მიაწყო და ღიღინით მეზობელთან გადავიდა სხვა ძნით. ასე სახლ-სახლ ამოდის მესხური მზე.

დუშეთის მზე ლოცვას ჰგავს, მოხუცი ქალის ლოცვას, თითქოს ცოტა გაურკვეველს და ყველაზე წმინდას – როცა ამოდის, ცოტა წვიმასაც ამოაყოლებს. ცვარივით დევს მერე ეს წვიმა ლოცვაზე ამოსულ ფრთხილადმწვანე ბალახებზე.

აჭარული მზე განდაგან ამოიცეკვებს. ხულოიდანა, ქედაში ჩერდება, თუთუნს იყიდის და სანაპიროზე გააბოლებს. დაუძახებ და ყურსაც არ გათხოვებს, ზმორებით ჩაჰყვება ტალღებს და სადღაც სხვა ქვეყანაში ამოვა, სადაც ვინმე ჩემნაირ მოკირკიტეს მოუყვება, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ბევრი მზეა. მე კიდევ ცოტაზე მოგიყევით.

სახლში დატრიალებული ქიმია

0

ადრე სტატია დავწერე, სამზარეულოში დატრიალებული ქიმია თქო. ესეც ფაქტიურად იგივე თემაა, თუმცა უფრო ფართოდ გაშლილი და ამიტომ სწორედაც, რომ სახლში დატრიალებული ქიმია ეკადრება სათაურად.

სახლში დატრიალებულ ქიმიასა და სახლის ქიმიას შორის პრინციპული განსხვავებაა.

სახლის ქიმია ყველა ის დეტერგენტი და თავის მოვლის საშუალებაა, რაც ჩვენს სამზარეულოში, სააბაზანოში და საძინებელშია განლაგებული. აქვეა სუნამოები თავისი სხვდასხვა ნოტის ეთერზეთებით.

სახლში დატრიალებული ქიმია კი ის სახალისო, თუ ფრიად საჭირო ექსპერიმენტებია, რა სწორედ სახლში შეიძლება ჩატარდეს, რეაქტივებად კი სამზარეულოში, სააბაზანოში, თუ საძინებელში შენახული სახლის ქიმიის ქილების  თუ ბოთლების შიგთავსი  შეიძლება გამოვიყენოთ. კიდევ, წამლები დაგჭირდებათ და თუ ჩემსავით თავშენახული არ ბრძანდებით და ყოველ შემთხვევისთვის (რა ვიცით, რა ხდება) სახლში ე.წ. პირველი დახმარების წამლები არ გიყრიათ, მაშინ მეზობელ აფთიაქში გაიქეცით და ამ წერილის კითხვა ისე განაგრძეთ.

დღეს სახლში ქიმიურ ცდებს დავატრიალებთ. რისთვის? რა ვიცი, მე ჩემი იუთუბ არხისთვის გადავიღებ, თქვენ კი თქვენი მოსწავლეები, შვილები ან შვილიშვილები გაართეთ. არ დაივიწყოთ, რომ სწორედ ასეთი გართობით საფუძვლიანად ასწავლით სხვადასხვა ქიმიურ „ხრიკებს“.

ვისაც ხაჭაპურისთვის ცომი მოგიზილავთ, აუცილებლად საკვები სოდა გამოგიყენებიათ, ასე არ არის? ჰოდა, პირველი ექსპერიმენტი სოდით ჩავატაროთ. ავიღოთ პლასტმასის პატარა კონტეინერი (აფთიაქებში, რომ იყიდება ანალიზების ჩასაბარებლად) და შიგ 2-3 ჩაის კოვზი სოდა ჩავყაროთ. მოვარგოთ თავსახური, რომელიც წინასწარ გავხვრიტოთ და შიგნით პლასტმასის მილი ჩავამაგროთ. მილი სად ვიშოვოთ? იმავე აფთიაქში, სადაც კონტეინერს შეიძენთ, ჟანგბადის აპარატის ნიღბები იყიდება თავისი მილაკებით, იაფი ღირს, ერთის შეძენა არაფერია.  კონტეინერი ჩავდოთ ცხელი წყლით სავსე ჭიქაში, პლასტმასის მილი კი მეორე ჭიქაში ჩავუშვათ, სადაც კალციუმის ჰიდროქსიდის ხსნარი იქნება მომზადებული. ეს უკანასკნელი ფერმერთა მხარდასაჭერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, ჩამქრალი კირი ერქმევა.  რამდენიმე წუთის შემდეგ, მილიდან გაზის ბუშტუკები გამოვა, ხოლო კირიანი წყალი შეიმღვრევა. საკვები სოდა გაცხელებისას იშლება ნახშირორჟანგის გამოყოფით, ეს უკანასკნელი კი კირიანი წყლის შემღვრევას იწვევს, რადგან მიმდინარეობს რეაქცია და კალციუმის კარბონატი წარმოიქმნება.

2NaHCO3=Na2CO3+H2O+CO2

CO2+Ca(OH)2=CaCO3+H2O

საკვები სოდა, იგივე ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, როგორც ამაფუებელი, საკვები დანამატების სიაში შედის და აუცილებლად გამოიყენება პურის და საკონდიტრო ნაწარმის ცხობის პროცესში. ნახშირორჟანგი, კი რომელიც  აფუების დროს გამოიყოფა, ცომს ჰაეროვანს და ფუმფულას ხდის. მაღაზიაში შეძენილ ცომის ამაფუებელს თუ შეიძენთ და შემადგენლობას დააკვირდებით, ნახავთ, რომ ის  სოდის გარდა ლიმონმჟავასაც შეიცავს (C6H8O7), რაც აფუების ეფექტს ზრდის. ლიმონჟავა რეაქციაში შედის ნატრიუმის ჰიდროკარბონატთან და ასევე ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

3NaHCO3+C6H8O7=Na3C6H5O7+H20+CO2

სამზარეულოში ლიმონმჟავას შეცვლა ძმრითაა შესაძლებელი.  ეს ნებისმიერმა დიასახლისმა მშვენივრად იცის.

სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქტივი წყალია. ლაბორატორიაში სერიოზული კვლევების ჩატარებისას აუცილებელია გამოხდილი წყლის გამოყენება, რადგან წყალი, როგორც გამხსნელი, არანაირ შენარევებს არ უნდა შეიცავდეს. ჩვენი ონკანებიდან მომავალი წყალი ასეთი სუფთა ნამდვილად არ არის. თუ არ გჯერათ, თქვენივე ჩაიდნებს ჩახედეთ, რამდენი მინადუღია შიგნით. რა თქმა უნდა, ონკანის წყალში არის კალციუმის და მაგნიუმის  ჰიდროკარბონატი. ადუღებისას ისინი იშლებიან და უხსნად კარბონატებს წარმოქმნიან. სწორედ ეს არის ნადები.

Ca(HCO3)2=CaCO3+H2O+CO2

Mg(HCO3)2=MgCO3+H2O+CO2

 ნადების მოცილება ქიმიით შეიძლება. ჩაასხით ჩაიდანში ძმარი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით ნადების დიდი ნაწილი მოცილებული იქნება, რადგან უხსნადი კარბონატისგან ხსნადი აცეტატი წარმოიქმნება.

CaCO3+2CH3COOH=Ca(CH3COO)2+H2O+CO2

MgCO3+2CH3COOH=Mg(CH3COO)2+H2O+CO2

გამოდის, რომ წყლის ადუღებით მას ჰიდროკარბონატებისგან და მიკრობებისან ვწმენდავთ. თუმცა, თუ გვსურს კიდევ უფრო სუფთა წყალი გვქონდეს, ეს აქტივირებული ნახშირით შეგვიძლია გავაკეთოთ.

ავიღოთ ერთი ჭიქა წყალი და რაიმე ბუნებრივი საღებავი დავამატოთ. აფთიაქში ფუკორცინის ყიდვა შეგიძლიათ, იოდთან ერთად იყიდება ხოლმე. იმავე ჭიქაში აქტიური ნახშირის აბები ჩაყარეთ, ამასაც აფთიაქში იყიდით. ყველაფერს კარგად მოვურიოთ და დაველოდოთ. ნახშირი საღებავის და სხვა მინარევების ადსორბციას მოახდენს და წყალი გასუფთავდება. ნახშირი კი შთანთქმულ ნაწილაკებთან ერთად ჭიქის ფსკერზე დაილექება. ამ პრინციპით მუშაობს წყლის ყველა მარტივი ფილტრი.

აი, ვისაც გაზიანი სასმელი გიყვართ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ცივი უფრო კარგი დასალევია. რაიმე თასში სუფრის მარილი და ყინულის ნატეხები შეურიეთ, პროპორციით 3:1, დაამატეთ ერთი ჭიქა წყალი. ახლა ამ მასაში ჩადეთ ალუმინის ქილა გაზიანი სასმელით. როდესაც ყინულის კუბებზე მარილი ხვდება, ყინული დნობას იწყებს. ამ პროცესს ნარევიდან ენერგია მიაქვს და მისი ტემპერატურა საგრძნობლად მცირდება. თუ არ გჯერათ, თერმომეტრი ჩადეთ, -20-მდეც კი შეიძლება ტემპერატურა დაეცეს, ფაქტობრივად საყინულის ეფექტია. ჰოდა, შედეგად გაზიანი სასმელი უცბად გაცივდება.

ვისაც გაზიანი სასმელები გიყვართ, ფრთხილად შიგნით შაქარია.

პლასტმასის ერთჯერად ჭიქაში ჩავყაროთ გაჭედილი მილების გასაწმენდი ფხვნილი, რომელიც ფაქტობრივად ნატრიუმის ტუტეა. მიღებული ხსნარის მცირე რაოდენობა დავამატოთ გაზიანის სასმლის ასევე მცირე რაოდენობას და მიღებულ ნარევს შაბიამნის ხსნარი დავამატოთ. ახლა არ მითხრათ, შაბიამანს სახლში რა უნდაო. დიახაც, სახლში იპოვით, თუ სოფლად ცხოვრობთ და ვენახი გაქვთ. სწორედ ამიტომ, შაბიამნით მოვიხსენიე, თორემ სპილენძის სულფატი თქო, გეტყოდით.

თუ გაზიან სასმელში არ არის შაქარი, მაშინ სპილენძის ჰიდროქსიდის ლურჯი ნალექი გამოიყოფა.

2NaOH+CuSO4=Cu(OH)2+Na2SO4

 თუ სითხე უბრალოდ გალურჯდება,  კომპლექს ნაერთი წარმოიქმნება და ეს შაქრის შემცველობაზე მიანიშნებს. რაც უფრო მუქი იქნება ფერი, მით მეტი საქაროზაა სასმელში. ასეთივე ეფექტი იქნება, თუ გაზიან სასმელში შაქრის შემცვლელები, ქსილიტი და სორბიტია დამატებული. ასპარტამი და საქარინი კი მსგავს კომპლექსებს არ წარმოქმნის. თუ სასმელში გლუკოზაა, მაშინ რეაქციიდან ნახევარ საათში სპილენძის (I) ოქსიდის აგურისფერი ნალექი წარმოიქმნება.

გაზიან სასმელებში მართლა არის მჟავა?

ჩავასხათ მაგ. კოკა კოლა ჭიქაში და ცოტა შევათბოთ, რათა ნახშირორჟანგი მოსცილდეს. შემდეგ გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე და ერთი ჩაის კოვზი სოდა დავამატოთ. იცით რა მოხდება? აქაფდება და ეს ქაფი ჭიქიდანაც გადმოვა. ეს ნიშნავს, რომ შიგნით მჟავაა და როგორც ცნობილია, ეს ფოსფორმჟავა გახლავთ.

H3PO4+3NaHCO3=Na3PO4+3H2O+3CO2

ის, რომ მჟავა ნამდვილად ფოსფორმჟავაა, ამაში ვერცხლის ნიტრატი დაგვეხმარება. ამისთვის კვლავ აფთიაქში უნდა გაიქცეთ და მეჭეჭების ნებისმიერი წამალი შეიძინოთ, რომლის აქტიური ნივთიერება ვერცხლის რაიმე მარილია, რადგან ჩვენ ვერცხლის იონი გვჭირდება.

ვერცხლის ნიტრატის დამატებისას ყვითელი ფერის ნალექის წარმოქმნა ყველაფერს დაადასტურებს.

Na3PO4+3AgNO3=Ag3PO4+3NaNO3

მჟავას არსებობა ინდიკატორის მეშვეობითაც შეიძლება დადასტურდეს. წითელი კომბოსტოს წვენი, რომ კარგი ინდიკატორია, ეს ისედაც იცით და ამაზე დროს აღარ დავკარგავ.

ბრილიანტის მწვანეც ინდიკატორია, იცოდით?

ავიღოთ სამი ჭიქა, ერთში ჩვეულებრივი წყალი იყოს, მეორეში წყალში გარეული ძმარი ან ლიმონი, მესამეში სოდის ან მილების საწმენდის წყალხსნარი, ანუ ტუტე გარემო. სამივე ჭიქაში რამდენიმე წვეთი ბრილიანტის მწვანე ჩავაწვეთოთ. პირველში, ანუ წყალში მოლურჯო შეფერილობა განვითარდება, მეორე ჭიქაში, ანუ მჟავა არეში ღია მწვანე, მესამეში, ანუ ტუტეში კი ღია ყვითელი ნალექი წარმოიქმნება.

ახლა, ახალ ჭიქაში დაამზადეთ სუფრის მარილის ნაჯერი ხსნარი და იოდის სპირტხსნარის რამდენიმე წვეთი დაამატეთ. იოდის სპირტხსნარსაც  აფთიაქში იპოვით.  სითხის ზედაპირზე კრისტალური იოდი გამოილექება. აფთიაქში ნაყიდ იოდის სპირტხსნარში სპირტის კონცენტრაცია მცირეა. წყალში და მით უმეტეს მარილწყალში იოდი ცუდად იხსნება, ამიტომაც ნალექში გამოდის. ამ პროცეს გამოკრისტალდება ეწოდება.

თუ იოდის გამოკრისტალებისას მაგიდის ზედაპირი ან ტანსაცმელი იოდით დაგესვარათ, აფთიაქში ნაყიდი ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი დაასხით ლაქას და ისიც თანდათან გაქრება.

I2+2Na2S2O3=2NaI+Na2S4O6

იგივე მიზნისთვის შეიძლება ასკორბინის მჟავას, ანუ C ვიტამინის გამოყენება.

C6H8O6+I2=C6H6O6+2HI

ჩვენს მიერ გამოკრისტალებული იოდი კრიმინალისტების მსგავსად გამოვიყენოთ თაღლითი ქურდების თითის ანაბეჭდების ასაღებად. თეთრ ქაღალდზე ცერა თითი კარგად დავაჭიროთ, წესით ოფლის და ცხიმის ნარჩენი უნდა დარჩეს. ბოთლის თავსახურზე დავყაროთ იოდი, მოვატაროთ ცეცხლის ალზე და ეს ალი მოვაფრქვიოთ ქაღალდს.  იოდის ორთქლი თითის ანაბეჭდზე წვრილი კრისტალების სახით ლაგდება.  მიღებული ანაბეჭდის სურათი მალევე გაუფერულდება, ამიტომ მისი დაფიქსირებაა საჭირო სახამებლის ხსნარით.

I2+(C6H10O5)=I2+(C6H10O5)n

ანაბეჭდი ლურჯი გახდება.

სახამებელთან  რეაქციაში იოდი ინდიკატორის როლს ასრულებს და სხვადასხვა პროდუქტებში უსინდისო მწარმოებლის გამოვლენაში გვეხმარება. დიახ, ზოგიერთი პროდუქტი სახამებელს შეიცავს… არადა, არ უნდა შეიცავდეს.

დააწვეთეთ პროდუქტის ზედაპირს იოდის რამდენიმე წვეთი. ზედაპირი გალურჯდა? პროდუქტში სახამებელი ყოფილა.

კეთილი, სტაფილო, კარტოფილი, პურის ნაჭერი, რომ ლურჯდება გავიგე, მაგრამ ძეხვის ნაჭერსა და კეტჩუპში  სახამებელს რა უნდა?

ქიმია აბაზანაშიც არის და ამ ოთახის ქიმია საპნის ნაჭრიდან იწყება.

საპონი ცხიმოვანი მჟავების მარილებისგან შედგება. ე.წ. სარეცხი საპონი ნატრიუმის სტეარატია. გრძელი მოლეკულაა, რომლის მარცხენა ნაწილი ლიპოფილურია, ანუ ცხიმებს იზიდავს, მარჯვენა ნაწილი კი ფიდროფილურია, ანუ წყლის მოყვარული. სტეარატ ანიონები ცხიმის მოლეკულას ალყაში აქცევენ და „გაქცევის“ საშუალებას უსპობენ. შედეგად, ცხიმი იოლად ჩამოიბანება.

ქიმიური ექსპერიმენტი „სპილოს კბილის პასტა“ ხომ გახსოვთ. ერთი პერიოდი ეს ექსპერიმენტი ისეთი მოდური გახდა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა აკეთებდა. არანაკლები ქაფის მიღება წყალბადის პეროქსიდის გარეშე, სამზარეულოშიც შეიძლება.

ავიღოთ რაიმე მაღალი მინის ჭურჭელი, მაგ. საყვავილე ლარნაკი. ჩავყაროთ სოდა, დავამატოთ წყალი და ჭურჭლის სარეცხი ჟელე. კარგად მოვურიოთ და დავამატოთ ძმარი. ჭურჭლიდან მაშინვე ამოვა ბევრი ქაფი, რომლის ბუშტუკებშიც ნახშირორჟანგია. ასეთი ქაფი ცეცხლსაქრობადაც გამოდგება. იმიტომ კი არა, რომ მეხანძრეების ქაფს წააგავს, უბრალოდ, COწვას ხელს არ უწყობს.

NaHCO3+CH3COOH=CH3COONa+H2O+CO2

კიდევ ერთი ქიმიური რეაგენტი, რომელსაც სამზარეულოში ვიპოვით მჟაუნმჟავაა. მოვამზადოთ მისი ნაჯერი ხსნარი და რკინის რაიმე დაჟანგული ნაკეთობა მოვათავსოთ შიგნით. ორი სამი საათის შემდეგ ჟანგი გაქრება.

Fe3O4+5H2C2O4=FeC2O4+2H[Fe(C2O4)2]+4H2O

2Fe(OH)3+3H2C2O4=Fe2(C2O4)3+6H2O

მჟაუნმჟავაზე გამახსენდა… მჟაუნას შეჭამანდი მაქვს მოსამზადებელი. ამიტომ, ახლა წერას შევწყვეტ და სხვა წერილში მოგიყვებით, რა სარგებლობისთვის  უნდა შეიყვაროთ მჟაუნა.

ეკოაქტივიზმი ბავშვებში – ვასწავლოთ ბავშვებს გარემოზე ზრუნვა

0

„ჩეი ოჯახის ტრადიცია ყოველ საღამოს ერთად სავარჯიშოდ სკვერში გასვლაა”, – ასე პასუხობს ონლაინგაკვეთილზე ჩემი მეოთხეკლასელი შვილი მასწავლებლის შეკითხვას – რა არის მოსწავლეების საოჯახო ტრადიცია.

 

ჩემი შვილის პასუხმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, როგორი მნიშვნელოვანია მოზარდისთვის სწორი მაგალითის ჩვენება ისეთ ღირებულ თემაზე, როგორიც გარემოსთან კავშირი და მასზე ზრუნვაა. იმისათვის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ ეკომეგობრული ცნობიერება, შეიყვარონ ბუნება და დააფასონ მისი სარგებელი, საჭიროა უფროსებმა თავად მივცეთ მათ ამის მაგალითი.

 

მართლაც, დიდი ხანია ოჯახის ყველაზე საყვარელი საქმიანობა – რთული დღის შემდგომ სუფთა ჰაერზე გასვლა და განტვირთვა, ბავშვების საყვარელ თამაშობებში აქტიური ჩართვა და შემდეგ კმაყოფილ ბავშვებთან ერთად სახლში დაბრუნებაა. დროთა განმავლობაში უფრო მეტად ღირებული და ძვირფასი ხდება ისეთი დღეები, როცა მთელი ოჯახი ზურგჩანთებს მოვიკიდებთ და მცირე ლაშქრობებს ვაწყობთ. როცა ეს იშვიათად ხდება, განვიცდით, რომ ასეთი დღეებისთვის ნაკლები დრო რჩება ჩვენს ძალიან შემჭიდროებულ დღის განრიგში. მე და ჩემი შვილები იმ დღეს დაკარგულად მივიჩნევთ, თუ საღამოს სახლიდან გასვლას და სუფთა ჰაერზე გასეირნებას, ვარჯიშსა და თამაშს ვერ ვახერხებთ. ისე გამოვიდა, რომ ყოველდღიური აქტივობა ჩვენი ოჯახის საყვარელ ტრადიციად იქცა და იმედი მაქვს, როდესაც გაიზრდებიან, არც მაშინ დაივიწყებენ ასეთი აქტივობების მნიშვნელობას.

 

პანდემიის პირობებში ფიზიკური აქტივობა, მწვანე და ღია სივრცეები კიდევ უფრო დავაფასეთ, შევიყვარეთ და ვფიქრობ, მის მნიშვნელობასაც უფრო მეტად ჩავწვდით. სახლებში, კომპიუტერისა და ტელევიზორის ეკრანის წინ გამოკეტვამ დაგვარწმუნა, რამხელა გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე მწვანე სივრცეებს.

 

ჩვენს სახლთან მდებარე სკვერი ნაძვებშია ჩაფლული და იქ ყოფნა ნამდვილად ამაღლებს ჩვენს განწყობას, დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესებისგანაც იქ ვთავისუფლდებით და ფიზიკურად ვჯანსაღდებით. სკვერში ციყვებიც მრავლად არიან და მათი დანახვა კიდევ უფრო ახალისებთ ბავშვებს. ჩვენი სკვერი სულ ახლახან გაარემონტეს, სტადიონი და სათამაშო სივრცე განაახლეს, Zip Line-ც გაჭიმეს, რომელიც საკმაოდ მალე სასეირნოდ გასულებს ჩამოწყვეტილი დაგვხვდა. (თუმცა ეს სულ სხვა ამბავია, მაგრამ იმაზე დაფიქრება, როგორ ვეპყრობით ჩვენს ხელთ არსებულ საზოგადოებრივ სიკეთეებს და როგორ „ვზრუნავთ“ მათ შენარჩუნებაზე, ნამდვილად ღირს).

 

სკვერი ხალხმრავალი მხოლოდ ზაფხულობით არის, მაგრამ წელიწადის სხვა დროსაც, მიუხედავად ხალხის სიმცირისა, ხშირად გვხვდება დანაგვიანებული. სტადიონზე სიგარეტის კოლოფები, ნამწვავები, კანფეტის ქაღალდები, ბოთლები და ახლა უკვე პირბადეებიც ხშირად აგვიკრეფია. შეიძლება ითქვას, სეირნობის ტრადიციის თანმხლები აქტივობა დაბინძურებული სკვერის დალაგება და მასზე ზრუნვაც არის.

 

სკვერს ერთი მხრიდან ტყე ესაზღვრება. კარგ ამინდებში ტყეშიც ხშირად ვსეირნობთ, ლაშქრობებს ვაწყობთ და მის მრავალფეროვნებას ვეცნობით. ისევე როგორც ყველა სხვა სივრცე, ჩვენი ტყეც დაბინძურებულია. აქ ათასგვარ ნაგავს ვპოულობთ. პიკნიკის შემდგომ მორჩენილ ნარჩენებს, ბოთლებს, ცელოფნის პარკებს, ერთჯერად ჭიქებსა და თეფშებს. ამას გარდა, ჩვენი მწვანე სივრცეები მშვენიერი „სამალავი” ყოფილა სამშენებლო ნარჩენებისთვისაც. ერთი სიტყვით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ჩვენი გულგრილობის დამადასტურებელ კვალს და ეს ძალიან საწყენია.

 

 

ცოტა ხნის წინ ჩემს შვილებს ბიძაშვილები ესტუმრნენ და გასართობად ჩვენს საყვარელ სკვერში წავიყვანეთ. გადავწყვიტეთ შეძლებისდაგვარად დაგველაგებინა იქაურობა და ირგვლივ მიმოფანტული ნაგავიც აგვეკრიფა. ეს ვიდეოც მობილურით გადავიღეთ იმის საილუსტრაციოდ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვების ჩართულობას ამ საკითხის მოსაგვარებლად და პრობლემის გამოსაკვეთად.

 

ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დაბალია ეკომეგობრული ცნობიერება და ამ მხრივ ინფორმაციის ნაკლებობაცაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული წლებიდან ვესაუბროთ გარემოს დაცვაზე, ჩავრთოთ ისინი მსგავს აქტივობებში და უფროსებმაც მათთან ერთად გავითავისოთ ეს საკითხი.

 

 

 

 

 

 

 

ინტერნეტის საფრთხეები

0

დღეს, როდესაც ინტერნეტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დოზითაა,  ბევრ დადებით შედეგთან ერთად, აღსანიშნავია მისი უარყოფითი მხარეც. მას თითქმის ყველა ასაკის ადამიანი იყენებს. ყურადღებას გავამახვილებ მოსწავლეებზე, რომლებიც სასწავლო პროცესში ინტერნეტს ერთ-ერთ დამხმარე რესურსად იყენებენ. იქნება ეს ინფორმაციის მომზადება, სიახლის გაცნობა თუ სხვა – მათ უწევთ შეხება ინტერნეტთან. რა უნდა იცოდნენ მათ იმ საფრთხეებზე, რომლებიც მისი თანმდევია? რა უნდა გაითვალისწინონ?

„მე და საზოგადოების“ საგნის სწავლებისას ჩემს მეოთხეკლასელებთან ამ თემაზე მოგვიწია საუბარი. ისინი ფლობენ ინტერნეტის გამოყენების უნარ-ჩვევებს. მას შემდეგ, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ინტერნეტი მოწინავე ადგილს იკავებს, საჭიროა მის გარშემო საუბარი, მით უფრო, თუ ის საფრთხის შემცვლელია. ამ თემაზე ჩვენი გაკვეთილები შემდეგნაირად წარიმართა:

სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილეთ, რა მიზნით შეიძლება ინტერნეტის გამოყენება:

შემდეგ მოსწავლეებს  განვუმარტე, რომ არსებობს არასანდო და სანდო ინფორმაცია. სანდო ინფორმაცია ეფუძნება სინამდვილესა და სიზუსტეს, ხოლო არასანდო – ტყუილს. მოსწავლეებს მოვუყვანე მაგალითები, მათ უნდა ეპასუხათ ეს ინფორმაცია, შესაძლოა თუ არა იყოს სანდო ან არასანდო. მაგალითები შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ. დაიწყოთ მარტივით, შემდეგ კი გაართულოთ. მაგალითად:

  • ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში მფრინავი სპილო შენიშნეს – სანდოა თუ არასანდო?
  • ყვავილების უმრავლესობას შეუძლია წყლის გარეშე არსებობა – სანდოა თუ არასანდო?
  • თამარ მეფე მოღვაწეობდა 12 საუკუნეში – სანდოა თუ არასანდო?

მოსწავლეები, ცხადია, საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ საკითხის ირგვლივ არსებული ცოდნის მიხედვით, მაგრამ აქ ხაზგასმით უნდა მივუთითოთ მათ, რომ ინფორმაციას ყოველთვის სჭირდება გადამოწმება. ინტერნეტში არსებული ინფორმაცია შეიძლება იყოს ჭორი, შეთხზული ამბავი, რომლებიც სწრაფად ვრცელდება. მათ გაზიარებამდე კი საჭიროა გადამოწმება. თუ რაიმე ინფორმაციის სიზუსტეში გვეპარება ეჭვი,  უმჯობესია ის სხვას არ გავუზიაროთ მანამ, სანამ მის სიზუსტეში არ დავრწმუნდებით.

აგრეთვე გთავაზობთ თამაშს.

მოსწავლეებისათვის რომ უკეთ გასაგები იყოს ინფორმაციის ,,დამახინჯების“ ფაქტი, შესთავაზეთ მათ შემდეგი თამაში: მოსწავლეები დასვით წრიულად. ერთ მოსწავლეს ჩასჩურჩულეთ წინადადება და სთხოვეთ ის მეორე მოსწავლეს ჩასჩურჩულოს. ასე  თქვენი მიწოდებული ინფორმაცია გადაეცემა ყველა მოსწავლეს და ბოლოს დაუბრუნდება მას, ვინც პირველმა მოისმინა. ის გააკეთებს შედარებას, პირვანდელი სახით მიიღო ინფორმაცია, თუ ფაქტები დამახინჯდა. მოსწავლეებმა შესაძლოა, აღმოაჩინონ, რომ ერთმანეთის მიერ გადაცემული ამბავი შეიცვალა და ის სულაც არ იყო იმ სახით, რომლითაც მასწავლებელმა პირველ წევრს უკარნახა. ამ თამაშის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ იცვლის სახეს ინფორმაცია.

მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია, რა უნდა გაითვალისწინონ ინტერნეტის მოხმარების დროს:

  • არ შეხვდე მარტო ინტერნეტმეგობარს უფროსის გარეშე;
  • თუ უცხო ადამიანი დაგვეკონტაქტება, ყოველთვის ჩააყენე უფროსები საქმის კურსში;
  • არ გაასაჯაროო პერსონალური მონაცემები (აუცილებლად განუმარტეთ მოსწავლეებს, რას ნიშნავს პერსონალური მონაცემები და რა შედის მასში) ინტერნეტში;
  • თუ ვინმე დაგემუქრება, აუცილებლად შეატყობინე უფროსებს და ა.შ.

მოსწავლეებთან ასევე გავმართე დისკუსია, შესაძლოა თუ არა ინტერნეტით ადვილად იტყუებოდეს ადამიანი. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ადვილია თუ არა, სხვას დააჯერო ტყუილი? დისკუსიაში მოსწავლეებმა დაასახელეს ის გარემოებები, რომლებიც ხელს უწყობს ინტერნეტში ტყუილის ადვილად გავრცელებას. მსგავსი დისკუსიები მნიშვნელოვანია საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად.

მოსწავლეებს ვთხოვე ერთმანეთი გამოეკითხათ:

  • აკონტროლებენ თუ არა მშობლები მათი ინტერნეტის მოხმარებას?
  • საშუალოდ რამდენ დროს უთმობენ გაჯეტებთან ყოფნას?
  • ჰქონიათ თუ არა უსიამოვნო გამოცდილება ინტერნეტის მოხმარებაზე?

გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია და ანალიზი მოვახდინეთ მომდევნო გაკვეთილზე. ასევე მოსწავლეებს ვთხოვე, დაემზადებინათ პლაკატები ინტერნეტის საფრთხეებზე, გთავაზობთ რამდენიმე ნამუშევარს:

ვფიქრობ, მსგავსი გაკვეთილებით მოსწავლეებს დავეხმარებით იმის გარკვევაში, თუ რა საფრთხის შემცვლელია ინტერნეტი. ასევე ვასწავლით მასში მოცემული ინფორმაციის სანდოობის დადგენას. მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დავიცვათ იმ ვირტუალური სამყაროსგან, რომელიც ხშირად არცთუ ისე მომხიბვლელი და დადებითია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

 

 

ინტეგრირებული სასკოლო პროექტი

0

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლის კათედრების თანამშრომლობით შეიქმნა ინტეგრირებული სასკოლო პროექტი  –  ,,მწვანე არჩევანი’’ ანუ ერთად ვიზრუნოთ, რომ 2022-ში  მეტმა ადამიანმა  გააკეთოს  მწვანე არჩევანი და  გალვანური ელემენტები ჩავანაცვლოთ ეფექტური ალტერნატივით და ნაგავში არ გადავყაროთ ერთჯერადი გამოყენების  ელემენტები.

პროექტი ითვალისწინებს,  დავაფიქროთ სასკოლო საზოგადოება და ვიდრე თითოეული მათგანი გამოყენებულ ელემენტს ნაგვის ურნაში ჩააგდებს,  საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვას: ამ ქმედებით გარემოს ზიანს ხომ არ ვაყენებ?

როგორც ცნობილია ერთჯერადი გამოყენების  ელემენტი საკმაოდ სახიფათო ნარჩენია… ის შესაძლოა, ისეთ საშიშ ქიმიკატებს შეიცავდეს, როგორებიცაა:  ტყვია, კადიუმი, ლითიუმი, თუთია და სხვა. თუ ჩვენი დაუდევრობით ელემენტი ნაგავსაყრელზე ან ბუნებაში აღმოჩნდება, აღნიშნული მავნე ნივთიერებები შესაძლოა, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს შეერიოს, რის შემდეგაც ის საფრთხეს წარმოადგენს ცოცხალი არსებებისთვის,  მათ შორის, ადამიანებისთვის. სწორი გამოსავალი  არც ელემენტის დაწვაა, რადგან  მავნე ნივთიერებები  ატმოსფეროში ხვდება.  ასეთ დროს ელემენტი შეიძლება აფეთქდეს კიდეც,  რაც საფრთხეს უქმნის ირგვლივმყოფ  შენობა-ნაგებობებსა და ადამიანებს.  ამასთან, 1 გამოყენებული ელემენტი დაახლოებით  20 მ2 ნიადაგსა და  400 ლიტრ წყალს  აბინძურებს!

ამ პროექტით გვსურს მოსწავლეებმა  კარგად დაინახონ:

  1. როგორ ხდება ელექტროლიზის პრაქტიკაში გამოყენება;
  2. როგორია გალვანური ელემენტებისა და აკუმულატორების მუშაობის პრინციპი;
  3. როგორ უნდა ხდებოდეს ვადაგასული ელემენტებისა და აკუმულატორების უსაფრთხო განთავსება-უტილიზაციის მეთოდების შერჩევა;
  4. რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, რაც სწორი, ეკომეგობრული გადაწყვეტილების საწინდარია;
  5. რომ გალვანური ელემენტების ფართოდ გამოყენება პრაქტიკაში მოსახერხებელია ელექტრული ენერგიის მისაღებად.

სასკოლო პროექტში ყველა საგნობრივი კათედრა ჩაერთო. გთავაზობთ  კათედრების მიხედვით დაგეგმილი და განხორციელებული  აქტივობების ჩამონათვალს.

საბუნებისმეტყველო კათედრის  კოორდინირებით   მუშაობს  მოსწავლეთა  რამდენიმე  ჯგუფი.

პირველი ჯგუფის მოსწავლეების დავალებაა – მოიპოვონ მასალები თვალსაჩინოებისთვის და აიღონ შემდეგი სახის ინტერვიუები მძღოლებისა და ავტომოყვარულებისაგან:

  1. შეაგროვონ ინფორმაცია, დღეისათვის რა სახის გალვანური ელემენტები და აკუმულატორები შემოდის საქართველოს ბაზარზე გასაყიდად;
  2. რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადასხვა ფირმის მიერ დამზადებული მოწყობილობები;
  3. რომელ მათგანს რა უპირატესობა აქვს?

მეორე ჯგუფის მოსწავლეების დავალებაა – მოიპოვონ მასალები თვალსაჩინოებისთვის და აიღონ შემდეგი სახის ინტერვიუები მძღოლებისა და ავტომოყვარულებისაგან:

  1. როგორ ადევნებენ თვალყურს გალვანური ელემენტებისა და აკუმულატორების მდგომარეობას;
  2. რის მიხედვით ადგენენ, როდისაა საჭირო მათი დამუხტვა და რა ხერხებს მიმართავენ ამ დროს;
  3. როგორ იქცევიან იმ შემთხვევაში, როდესაც გოგირდმჟავას სიმკვრივე საჭიროზე ნაკლებია, ან ტყვიის ფირფიტები ამოჭმულია გოგირდმჟავასთან ურთიერთქმედებით?…
  4. მოსწავლეები გაიგებენ, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ აკუმულატორებს და როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში.
  5. იმსჯელონ, კიდევ რა “ღირსება“უნდა ჰქონდეს აკუმულატორს ან თუნდაც მშრალ ელემენტს, რომ მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელი იყოს…
  6. იმსჯელონ, არსებობს თუ არა თუნდაც თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ აკუმულატორმა მომავალში ეს „ღირსება“შეიძინოს. თუ მიგაჩნიათ,რომ თქვენი სურვილი მხოლოდ ოცნებაა…

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მოიპოვონ  თეორიული მასალა, პრაქტიკულად დაათვალიერონ აკუმულატორები, რათა მიიღონ პასუხები კითხვებზე:

  1. რატომ და როგორ გამოიყენება აკუმულატორი ავტომობილში;
  2. რა სახის აკუმულატორები გამოიყენება ავტომობილებში და რა განსხვავებაა მათ შორის?
  3. რა ფუნქცია აქვს აკუმულატორს მანქანაში?
  4. რაზეა დამოკიდებული აკუმულატორის ვარგისიანობა?
  5. როდის არის საჭირო აკუმულატორის დამუხტვა , რატომ და როგორ ხდება ეს?
  6. რა პროცესები მიმდინარეობს აკუმულატორში დამუხტვისას?
  7. რამ შეიძლება გამოიწვიოს აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა?
  8. შესაძლებელია თუ არა გახანგრძლივდეს ,,ვარგისიანობის“ ვადა და როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
  9. რა ტიპის აკუმულატორებს იყენებენ ცნობილი ავტომწარმოებლები?
  10. როგორ ხდება ვადაგასული აკუმულატორების უსაფრთხო განთავსება?
  11. როგორ ხდება ვადაგასული აკუმულატორების უტილიზაცია ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ?
  12. რატომ არ შეიძლება მათი განთავსება ნაგავსაყრელზე?

 სასკოლო პროექტის ამ აქტივობებში ჩართული მოსწავლეთა ჯგუფის მოსწავლეებმა – შეიძინეს ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, ინტერვიუს დაგეგმვის, აღების, მასალების გადამუშავების გამოცდილება. განივითარეს მედიაწუგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერების,  უნარები და სემიოტიკური კომპეტენცია.

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო კათედრაზე  შესაბამისი კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა თემატური  სახალისო ექსპერიმენტები:

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კოორდინირებით მოსწავლეთა ჯგუფმა შეისწავლა:

  • ბაზელის კონვენციით დადგენილი გადაზიდვის პროცესზე დაკვირვების წარმოების პროცედურის სქემას.
  • კონვენციის თანახმად, 1996 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოქმედებაშია დღემდე.
  • აღნიშნული კანონით რეგულირდება როგორც სახიფათო, ისე არასახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი.
  • აღნიშნული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ნარჩენების განთავსების შემდგომ, განმათავსებელი ავსებს განთავსების, გადაზიდვა- გადატანის დოკუმენტს. ხოლო მის ხელმოწერილ ასლს უგზავნის ექსპორტიორს ექსპორტიორ ქვეყანაში ნარჩენების მიღებისასწარსადგენად.

საზოგადოებრივი კათერდის კოორდინირებით შექმნილმა ჯგუფმა შესწავლილი მასალები მიაწოდა საბუნებისმეტყველო კათედრის კოორდინირებით შექმნილ ჯგუფებს.

 უცხო ენების კათედრის კოორდინირებით მოსწავლეთა ჯგუფმა:

 ინგლისურენოვანი საიტის გამოყენებით პროექტის დაწყებამდე შეავსო და პროექტის დასრულების შემდეგ შეავსებენ ეკონაკვალევის ავტომატურ დამთვლელს.

რადგან არ არსებობს ეკონაკვალევის გამოთვლის გაქართულებული ვერსია, ამიტომ ინგლისური ენის კათედრის ჩართულობა ამ პროექტში  ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია. რა არის ეკონაკვალევი?

ეკოლოგიური ნაკვალევი ერთი ადამიანის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გარემოზე ზეგავლენას ნიშნავს. ეს გზები გულისხმობს ცხოვრების წესს, ენერგოეფექტურობას, მოხმარებული ენერგიის რაოდენობასა და წყაროებს…

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის კოორდინირებით მოსწავლეთა ჯგუფი შერჩეულ საკითხზე ახდენს სხვადასხვა ტიპის პუბლიკაციების მომზადებას: ესე, ინტერვიუ, ნარკვევი, რეპორტაჟი და ქმნიან ონლაინ გაზეთისთვის მასალებს.

მათემატიკის კათედრის კოორდინირებული მუშაობით მოსწავლეთა ჯგუფი პროექტის დაწყებამდე მოახდინეს სკოლის საზოგადოების გამოკითხვას და პროექტის  აქტივობების შემდეგაც იგივე კითხვარით განახორციელებს გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს გააკეთებენ. ამავდროულად, ინფორმატიკის მასწავლებელთან კოორდინირებული მუშაობით მოხდება  მარტივი ონლაინგაზეთის აწყობა.

დაწყებითი კლასების კათედრა  მოსწავლეებისათვის მოამზადეს მცირე საინფორმაციო ფლაერები და მოსწავლეების თანამონაწილეობით დაგეგმეს  საინფორმაციო კამპანიები“რა საფრთხეს ქმნის ნაგავში გადაყრილი გამოყენებული ელემენტები დაშ“ მოაწყვეს და მოამზადეს სხვადასხვა გზავნილების შემცველი საინტერესო პერფორმანსები და აქციები, რათა ხელი შეუწყონ თანატოლთა ჩართულობას გამოყენებული ელექტრონული ბატარეების შეგროვების აქციაში.

ხელოვნების მასწავლებლის  სასკოლო ბიბლიოთეკასთან კოორდინირებული მუშაობით  სწავლების პირველი საფეხურის მოსწავლეები შექმნიან სხვადასხვა ტიპის  ბანერებს, პლაკატებს, კომიქსებს და ნახატებს და პერიოდულად გამოიფინება სკოლის ბიბლიოთეკის  და სკოლის შესასვლელის საპრეზენტაციო-საგამოფენო სივრცეებში.

იტალიურის კათედრასთან კოორდინირებული მუშაობით  მოსწავლეთა ჯგუფი იტალიელი თანატოლებისაგან მიიღებენ ინფორმაციას, ამ მხრივ,  რა მდგომარეობაა იტალიაში და რა გამოცდილება აქვთ მათ. გარდა ამისა მოსწავლეთა ჯგუფმა შეარჩია ერთი შესაბამისი იტალიურენოვანი ანიმაცია, რომლის თარგმნა მიმდინარეობს, დაედება ქართული ტიტრები  და საპრეზენტაციო ჩვენება მოეწყობა.

რადგან ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მთავრობისა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს.  რადგან თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების მართვის სხვადასხვა წარმატებული სქემა არსებობს, თუმცა არსებობს ისეთი საერთაშორისო საკითხები, რომლებსაც თითქმის ყველა სქემა ითვალისწინებს. რადგან, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შემუშავდეს ნარჩენების მართვის ეფექტიანი გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, სამოქმედო გეგმისაგან შედგება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

რადგან ნარჩენების მართვის გეგმის სწორად შემუშავებაზეა დამოკიდებული შემდგომში ნარჩენების მდგრადი მართვა.

  ამიტომ  ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა „ცისკარის“ მიერ მომზადებული ინტეგრირებული  სასკოლო პროექტის მთავარი მიზანი სკოლის  საზოგადოების ეკონაკვალევზე ზრუნვაა, რაც თითოეული  ჩვენგანის ინფორმირებულობით იწყება და იმ აქციებით გრძელდება, რომელიც სკოლაში შეგროვებული გამოყენებული ერთჯერადი გამოყენების Aტიპის ელემენტების, ელ ბატარეების შეგროვებით და  შემგროვებელ პუნქტამდე მისი მიწოდებით სრულდება, რის შემდეგაც ხდება მისი იმ ქვეყანაში ტრანსპორტირება, სადაც მას ამუშავებენ.

მხატვრული ტექსტები ერთმანეთის ახსნისა და კონტექსტების გაგებისთვის

0

ქართული ლიტერატურის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კონტექსტის გაგება, არა მხოლოდ ისტორიული სურათის აღდგენა, არამედ იმდროინდელი ადამიანების ფსიქო-ემოციური წყობის, სოციალური როლების, გადარჩენისა და არსებობის გზების, მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანური გამოცდილებების ცოდნა და გათვალისწინება. ამ ცოდნის გარეშე ხანდახან რთულია ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელის ახსნა. დიდია ალბათობა იმისა, რომ მოზარდები ტექსტის ინტერპრეტირებისას ძალიან შორს წავიდნენ შესაძლო სინამდვილიდან.

ხანდახან ამ კონტექსტის ამოსახსნელად, ამა თუ იმ ნაწარმოების გასაგებად, შესაძლოა სხვა ავტორის ტექსტები მოვიშველიოთ და ისე შევეცადოთ მოზარდების სწორ დასკვნამდე მიყვანა.

ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი თავიანთ ნაწარმოებებში ხშირად დაახლოებით ერთნაირ საზოგადოებას აღწერენ, რადგან მთა, საქართველოს მთიანი კუთხეები, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მოშორებულნი იყვნენ ცენტრს, მეფის მმართველობასა და მონარქიულ დიქტატურას. ამიტომ ისინი ძირითადად თვითორგანიზებულ ჯგუფებს ქმნიდნენ, სადაც, გარდა მორალისა, ადამიანებს ერთმანეთის შიში აკავებდათ, დაცინვის, გარიყვის თავიდან ასაცილებლად თემის თითოეული წევრი მზად იყო, ეთამაშა ყველასგან მიღებული მკაცრი კანონების მიხედვით, რადგან, მეორე მხრივ, ეს წესები, ეს კანონები, მათი, როგორც საზოგადოების, გადარჩენის ერთადერთი გზა გახლდათ.

მაგალითად მინდა შემოგთავაზოთ ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“. კერძოდ, მისი ყველაზე მძიმე ბედის პერსონაჟი, წიწოლა, რომლის დანაშაულიც ცამდეა ასული. მას ომში ყოფნისას შეეშინდება მტრის, შეეშინდება სიკვდილის და ლაჩრულად დატოვებს ბრძოლის ველ:

„წიწოლამ ლაფით გაგვთხიფა,

გაგვექცა სირბილიანი!

ნეტარ სად დაიმალება

სიცოცხლით სიკვდილიანი?

ფშავში როგორღა მოალის

დიაცი ჩიქილიანი?

არ ვარგა მაგათი გვარი,

უჯიშო, სიცილიანი!

ხალხში როგორღა გამოვა?

ხატში როგორღა მოდგება?

უკლოს, უკეთურს, ბეჩავსა

სად დაეკარგა გონება?!

რად არ ირჩივა სიკვდილი

და თათრებისა მონება?

ვინღა გაივლევს ახლოსა,

ჩააქვავებენ დედანი.

მიწამ შაჭამოს ცოცხალი

ე მაგისთანა მხედარი!

ომშიით გამოქცეულსა

მეხი დაეცეს მედგარი!“.

თავისთავად ჩნდება ლოგიკური მოლოდინი, რომ თუკი ადამიანი ომიდან სიკვდილს გაექცა, სადღაც უნდა წასულიყო, სადაც ცხოვრებას შეძლებდა, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სიკვდილს გამოქცეულმა კაცმა თავი მოიკლა:

„მუხაზე ჩამოკიდული

კაცი სჩანს სამკლავიანი.

თავი დაურჩვავ მხედარსა,

თუ იყო გულჯავრიანი?

იორი ყურსაც არ უგდებს,

ნელად აქანებს ტალღებსა,

არ ედარდება, დაობლდენ,

მამა აღარ ჰყავ ბალღებსა.

თემისგან უარყოფილსა

გადაუგდებენ ძაღლებსა“.

რა ძალა აიძულებს წიწოლას, რომ თავი ჩამოიხრჩოს?

სინანული საკუთარი საქციელის გამო, თუ სიკვდილზე უფრო დიდი შიში თავისიანებთან დაბრუნებისა, რომლებიც შეარცხვენენ, მის სახელს გაქელავენ, მის ოჯახობასაც მასხრად აიგდებენ, შეიძლება ნორმალური ქალიც კი არ მიათხოვონ მის საგვარეულოს და რამდენიმე თაობამ იაროს თავლაფდასხმულმა. ძალიან მძიმეა ის სინამდვილე, რომელსაც თავისი თემი ჰპირდება წიწოლას. მაშინ დაისმის კითხვა, რატომ არ მირბის იგი სადმე სხვაგან, თუკი უნდოდა სიცოცხლე, რატომ არ იბრძვის მისი გახანგრძლივებისათვის? ასევე ძალზედ საგულისხმოა, აქვს თუ არა ძველ ადამიანს წასასვლელი, თუ ის მხოლოდ საკუთარ თემში, საკუთარ მიწაზე არსებობს?

ვაჟა ამ კითხვას პასუხობს თავის „ალუდა ქეთელაურში“ („ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს, სად რა-რა დავილევითა, უბინო, უსახლკარონი სხვაკანაც დავიწყევითა“) სოფელს, თემს მოწყვეტილი ადამიანი ყველგან დაწყევლილია. ამდენად, თანამედროვე ადამიანის გამოცდილება ქონების დაგროვებასთან, ოჯახის დატოვებასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავდება იმ სინამდვილისაგან, რომელსაც ვაჟა-ფშაველასა თუ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში ვხვდებით.

კლასში განხილვისას შეიძლება მოისმინოთ ვერსია, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, იომოს თუ არ იომოს, რომ ყველას ვერ მოვთხოვთ სამხედრო გმირობას და ა. შ.

პასუხად შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ერთის ინტერესები, ინდივიდის მნიშვნელობა, ჯერ კიდევ სახარებაშია წარმოჩენილი, იგავში, სადაც მწყემსმა კეთილმა უნდა დატოვოს 99 ცხვარი და წავიდეს იმ ერთის საძებნელად, რომელიც დაიკარგა, მაგრამ ასევე უზარმაზარია ერთის, ინდივიდის პასუხისმგებლობა ყველასადმი, როდესაც თითოეული ჯარისკაცის თავგანწირვაზეა დამოკიდებული მთელი ქვეყნის ბედი.

თუკი მოსწავლეებს ვაჟა-ფშაველას ეს მეორეხარისხოვანი, მაგრამ ძალზედ მრავლისმთქმელი პერსონაჟის ფუნქცია გააზრებული აქვთ, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ ტრაგიკული ფინალის გასაგებად მეტ ინსტრუმენტს ფლობენ. მათ ნათლად შეუძლიათ წარმოიდგინონ, რა მოელის ონისეს ცოცხლად დარჩენის შემთხვევაში.

საერთოდ, ანტიდაბადება, მამის მიერ შვილის მკვლელობა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიუჟეტია და როდესაც მოზარდებს ამას ვაკითხებთ, რაც შეიძლება მეტად უნდა ვაგრძნობინოთ კონტექსტი, რომელიც გასაგებს ხდის ერთ-ერთ მოტივს ხევისბერის ქმედებისა.

რა მოელის ცოცხლად დარჩენილ ონისეს, ამაზე პასუხს „ბახტრიონის წიწოლა იძლევა. იქნებ ხევისბერის გულში სხვა გრძნობებთან ერთად ესეც იელვებს – შვილის ტანჯვისგან, შერცხვენისგან, სუიციდისგან დახსნის სურვილი; იქნებ მხოლოდ თემის ინტერესებისთვის, თემის მომავლისთვის არ სჩადის მამა შვილის მკვლელობას? თუმცა ხევისბერი გოჩას საქციელის უმთავრეს მიზეზად მაინც ის რჩება, რომ „მმართველი მამა თავისი ხალხისა“ სწორედ თავისი ხალხის საკეთილდღეო საქციელს სჩადის. წესი არ შეიძლება დაირღვეს, წესის დარღვევა მთლიანად ჩამოშლის ხევის სამართალს, ხოლო სხვანაირად გადარჩენა მათ არ შეუძლიათ, მათ ყველაზე მეტად ცვლილება აშინებთ, რადგან ხალხის სამართლის ცვლილება გაცილებით უფრო რთული, ძნელი და მძიმე პროცესია, ვიდრე – სახელმწიფოსი. სახელმწიფო ერთ კანონს მეორით ადვილად ანაცვლებს, სახელმწიფოს პრეცედენტიც შეუძლია დაუშვას და მერე თავისი ძალის გამოყენებით ისევ ჩვეულად განაგრძოს არსებობა. სახალხო სამართალი კი გამონაკლისს ვერ იტანს. ერთი გამონაკლისი, ერთი გადახვევა წესისაგან, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის. ეს შიში „ალუდა ქეთელაურშიც“ ჩანს:

„ფერი დაედო ბერდიას,

ფერი სხვა რიგის შიშისა“.

ალუდას ჰუმანიზმი თემისათვის ჯერ ძალიან შორი სინამდვილეა, ჯერ თემს მხოლოდ თავისი სისასტიკით შეუძლია გადარჩენა, ამიტომ ხატში „ურჯულოსთვის“ საკლავის დაკვლის მოთხოვნა ის საშიშროებაა, რომელმაც შეიძლება ისევე ჩამოშალოს სამართალი, როგორც „ხევისბერ გოჩაში“ ონისეს მსუბუქად დასჯამ.

„ხევისბერი გოჩას“ უკეთ გააზრებისათვის, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კიდევ ერთი, თითქოს მარტივი და უწყინარი ქართული ზღაპარიც გამოგვადგება, ზღაპარი „მელია და მწყერჩიტა“. აქ პატარა ჩიტი მელიას მუქარას, რომ ცულს მოიტანს და ხეს მოჭრის, უშინდება და ბარტყებს უყრის. საბოლოოდ მოვა მონადირე და მელიას მოკლავს, მაგრამ სანამ მონადირის მოსვლის დრო დადგება, სამშობლოს, ანუ ხის გადასარჩენად მწყერჩიტამ ყველაზე ძვირფასი, შვილების სიცოცხლე უნდა გაიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღარასდროს აღარსად იქნება ბუდე და აღარ დაიჩეკებიან ბარტყები. მწყერჩიტა, როგორც ხევისბერი გოჩა მომავლისთვის იბრძვიან, მომავალს სწირავენ თავიანთ პირმშოებს.

 

 

 

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვები”

0

1879-1885 წლებში ყოველთვიურ ჟურნალ „ივერიაში” რედაქტორი ილია ჭავჭავაძე რეგულარულად ბეჭდავდა ნოვატორული პუბლიცისტური ჟანრის წერილებს, რომლებიც დასათაურებული იყო, როგორც „შინაური მიმოხილვები“. ამ წლების განმავლობაში დაიბეჭდა 30 ამგვარი წერილი, რომლებშიც ილიას ბასრი კალმისთვის დამახასიათებელი ხელწერით შუქდებოდა მისი თანამედროვე საქართველოს ყოფის ყველა აქტუალური პრობლემა, რომელთა თემატიკა ეროვნული თვითგამორკვევითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით იწყებოდა და მთავრდებოდა საქალებო სკოლაში გამართული ქალთა კრების ან სამედიცინო საზოგადოებაში ავჭალის წყლის საკითხებისადმი მიძღვნილი შეკრების გაშუქებით.

შინაური მიმოხილვების რეგულარულობა იშვიათად ირღვეოდა ხოლმე. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ცარისტულ ცენზურას წერილი საერთოდ შეუჩერებია ან დაუჩეხია. მიმოხილვა იკავებდა ჟურნალის ბოლო ნაწილს და მოცულობით დაახლოებით 7-დან 24 გვერდამდე მერყეობდა. მიმოხილვები სტილურადაც და იდეურადაც უზადო და დახვეწილია.

თემატიკა და გეოგრაფია შინაური მიმოხილვებისა მრავალფეროვანია: მინავლული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქართული ენის სიწმინდის დაცვა, სამღვდელოების როლის გამოკვეთა და ზრუნვა მოძღვართა განათლებაზე, სკოლების დაარსება და განვითარება, ქართული პრესისა და თეატრის მდგომარეობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება, განუწყვეტელი ზრუნვა უმწვავესი სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვა და ა.შ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ილია დროს საუკუნეებით უსწრებს. „შინაურ მიმოხილვებში” ის უბრალოდ პრობლემების გამშუქებელი როდია, არამედ საზოგადოებას სთავაზობს საკუთარ ხედვას მათი გადაჭრის გზებზე. ის მედიატორია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. მაგალითად, 1882 წლის „ივერიის” მესამე ნომერში ილია ეხმიანება მთავარმართებლად დუნდუკოვ-კორსაკოვის დანიშვნას და მის წინაშე საკუთარ მისიასაც გვამცნობს: „ჩვენი წმინდა მოვალეობა დღეს ის არის, რომ მთავრობამ ჩვენგანა ჰსცნოს ჩვენი გულის-ტკივილი და ჩვენის ნატვრის საგანი”. ილია აღნიშნავს, რომ ამ მისიისთვის დიდკაცობა გამოუსადეგარია, რადგან „ჭკუა-გონებას გული გამოღვიძებული უნდა”… ილია კი ახალი მთავარმართებლის გასაგონად შენიშნავს – მას დიდი იმედი აქვს, რომ ახალი მმართველი შეისმენს ქართველობის ხმას.

1862 წელს ჟურნალ „საქართველოს მოამბის” გამოცემისადმი მიძღვნილ მეთაურ წერილში ილია შეუფარავად აცხადებდა, მეცნიერება და ხელოვნება საშუალებაა საიმისოდ, რომ ერი სიბნელიდან სინათლეში გამოიყვანოსო. მას მიაჩნდა, რომ „ცხოვრება ძირია, ხოლო ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან, რომელთაც ცხოვრების ნაყოფი უნდა მოისხან ახალი ცხოვრების გამოსაკვანძად”. ილია ასე ხედავს ხელოვნების დანიშნულებას: „დროა, ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესასა, ეგება ცრემლი მამივიდესო. დროა, ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგმდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრს ლექსა და ლაფსა. არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვნებასა და არც მეორისა!”.

პრესას ყოველ ეპოქაში საზოგადოებრივი პროგრესის გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, მაგრამ XIX საუკუნის საქართველოსთვის გაზეთი – ეს იყო პური სულისა. წარმოვიდგინოთ, რა სირთულეს წარმოადგენდა პირველი ქართული ჟურნალისტური სკოლის შექმნა და გაზეთის გამოცემა მაშინ, როცა არანაირი ფინანსური სახსარი არ არსებობდა, როცა ცარისტული ცენზურა სულს ხდიდა თავისუფალ აზროვნებასა თუ ეროვნულ იდეოლოგიას.

1879 წელს „ივერიაში” გამოქვეყნებულ ერთ-ერთ „შინაურ მიმოხილვაში” ილია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სკოლებში ქართველი ბავშვები ვერ შედიან მიზეზთა გამო და მეცენატებს მოუწოდებს: ხსნა მხოლოდ „ჩვენი საკუთარი სასწავლებლის” გახსნაშია, რასაც 2500-3000 თუმანი თუ დასჭირდება და ეს იმხელა თანხა არ არის, რომ ორმა ბანკმა ვერ მოიძიოს.

როცა შინაური მიმომხილველობის სირთულეზე წერს, ილია გულისტკივილით შენიშნავს, რომ მწერლობის „დაუმონავ საღერღელს” არავინ იოკებს ქართულ ნიადაგზე. მწერლობა და პუბლიცისტიკა იმდენად გაღარიბებულან, რომ თემებსა და იდეებს მხოლოდ უცხოური რეალობიდან იღებენ. მწერლებს არა აქვთ მასალა, რადგან ქართული სინამდვილე მათთვის გაუცხოებულია. ილია ჩვეული ბასრი ენამახვილობითა და მეტაფორულობით აღწერს ქართულ სინამდვილეს: „თვითონ ცხოვრება სად არის ჩვენში, რომ ცხოვრებამ გკითხოს და შენ პასუხი აძლიო? ჩვენი ცხოვრება ზურგგადაღლეტილ და დავარდნილ სახედარსავით გდია უძრავად სადღაც კუთხეში და სიცოცხლეს მარტო იმით იჩენს, რომ იცოხნება, როგორც პირუტყვი”…

„საქართველოს მოამბის” საპროგრამო წერილში ილია წერდა: „ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა. მისი გამომჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია”. ამ იდეითაა ნასაზრდოები ყოველი წერილის პათოსიც. „შინაურ მიმოხილვებში” ის ეხებოდა ქართველობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა პრობლემას.

ზოგიერთ ნომერში „შინაურ მიმოხილვას” ვერ ნახავთ. 1882 წლის „ივერიის” პირველ ნომერში ტრადიციული მიმოხილვა არ გვხვდება, მაგრამ ვაწყდებით რედაქციის უაღრესად საინტერესო წინასიტყვაობას, რომელიც ჟურნალის კონცეფციაზე გვიქმნის წარმოდგენას. აქ ხაზგასმულია მნიშვნელობა შინაური მიმოხილვებისა და რედაქციის დამოკიდებულება მისადმი: „განსაკუთრებული ყურადღება ექნება მიქცეული „შინაურს მიმოხილვას”. რედაქცია ყოვლის ღონის-ძიებით ეცდება, რომ არავითარი საინტერესო მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში უყურადღებოდ არ დასტოვოს და შეძლებისამებრ ჩვენი ქვეყნის ყოველს კუთხეში იყოლიოს სანდო პირნი ცხოვრებისათვის თვალ-ყურის სადევნელად”.

ილია შინაური მიმომხილველობის სირთულეზეც ხშირად საუბრობს: „შინაური მიმოხილვისთანა ძნელი საქმე ჩვენებურს მწერალს არა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენში შინაური საქმე ისეთი საგანია, რომლისთვისაც ჯერ ხელი სხვას არავის უხლია, რომელზედაც არავითარს მსჯელობას, არავითარს მოსაზრებას, არავითარს დასკვნას სხვა ქვეყნების ლიტერატურაში ვერ ინახულებთ… შინაური მიმოხილვები ჯერ კიდევ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, რომელიც უნდა ჩვენ თვითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში გამოვაცხოთ”…

ვფიქრობთ, შინაური მიმოხილვები აუცილებლად უნდა გამოიცეს ცალკე წიგნად, რათა ჩვენს მომავალ თაობებსა და ქართველ ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში რამდენად დახვეწილი, პროფესიონალური და ზნეობრივი იყო ჟურნალისტიკა და რამდენად უსწრებდა იგი დროს. ამ წერილების ხელწერას ნათლად ეტყობა ბეჭედი გენიოსისა.

ვფიქრობ, „შინაური მიმოხილვები“ თანამედროვე ჟურნალისტებისთვის სახელმძღვანელოს მისიასაც შეასრულებს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა შეძლოს პროფესიონალმა ჟურნალისტიკის ჩაყენება ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.

პავლე ინგოროყვა „ივერიის” შინაური მიმოხილვების შესახებ სამართლიანად შენიშნავს, რომ „ეს მიმოხილვები ახალ ეპოქას აღნიშნავს ქართული პუბლიცისტიკის ისტორიაში… მთელი რიგი მიმოხილვები – ეს არის საპროგრამო წერილები, რომლებიც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეების პროპაგანდას ემსახურება”…

შინაური მიმოხილვების მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, აუცილებელია დავინახოთ ილია, როგორც რედაქტორი. ქართული ჟურნალისტიკის სათავეში რომ ილია დგას, ეს სადავო არ უნდა იყოს. მას ჯერ კიდევ თავის ეპოქაში ეძახდნენ „ქართული ჟურნალისტიკის მამათავარსა” და „კავკასიური პრესის ვეტერანს”. ჟურნალ „ფალანგში” დახატული იყო მეგობრული შარჟი, სადაც ილიას ატატებული ჰყავს ორი ყრმა – სერგეი მესხი და ივანე მაჩაბელი და ქვემოთ მინაწერი გვაუწყებს: „ქართული ჟურნალისტიკის ძიძა”.

1863 წლიდან ილია უძღვებოდა „საქართველოს მოამბეს”, 1877-1901 წლებში კი – „ივერიას”. პარალელურად, 1880-1881 წლებში სერგეი მესხთან ერთად „დროებას” რედაქტორობდა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ პრესის გამოცემა იმ ეპოქაში ვერ იქნებოდა მომგებიანი საქმე. იაკობ გოგებაშვილს თავის მოგონებაში დაუწერია, რომ „ივერიას” ილია რამდენსამე ას თუმანს თავისი ჯიბიდან ადებდაო.

1881 წლის სექტემბრის „შინაურ მიმოხილვაში“ ილია გაზეთ „შრომის” გამოცემისა და „დროების” გუნდიდან მათი განცალკევების საკითხს ეხმიანება და ადასტურებს, რომ საქართველოში საგამომცემლო საქმე წამგებიანია: „შრომამ” და „დროებამ” ცალ-ცალკე არ უნდა ზიდონ ტვირთი მწერლობისა! ჩვენში ჟურნალი და გაზეთი, ხარჯისა და გარჯის მეტს, არაფერს გამორჩომას არ უქადის მწერალსა!”.

ილია-რედაქტორი წარმოგვიდგება, როგორც თანამედროვე ადამიანი, თავისუფალი აზრის ფლაგმანი. ის ქმნის მონოლითურ სარედაქციო გუნდს, სადაც ჟურნალისტები მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით შეირჩევიან. მას გააზრებული აქვს საზოგადოების მოთხოვნა. ის აბალანსებს ურთიერთობებს, საოცრად ობიექტურია. ხშირად იმეორებს და ერთხელ სოფრომ მგალობლიშვილისთვისაც უთქვამს, რომ პრესაში არ უნდა ჩნდებოდეს პიროვნების შეურაცხმყოფელი პუბლიკაციები. რედაქციამ უნდა დაიცვას ჰუმანურობის პრინციპები და თუ რომელიმე თანამშრომელი მათ დაარღვევს, არ მოვერიდები მის კრიტიკას და კავშირის გაწყვეტასაც კიო, – უთქვამს მას.

ერთხელ თედო ჟორდანიას ექვთიმე თაყაიშვილის მაკომპრომეტირებელი მასალა გამოუქვეყნებია. გულნატკენ ექვთიმეს საპასუხო წერილი მიუტანია ილიასთან. მისი დაუბეჭდაობა ილიას მხრიდან მიკერძოება გამოდიოდა, მაგრამ ილია მიხვდა, რომ გამოქვეყნების შემთხვევაში ეს პოლემიკა აქ არ შეჩერდებოდა და შეიძლებოდა მწვავე დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. რედაქტორს ექვთიმესთვის მეგობრულად უთხოვია, ახლა შენი ოპონენტი მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმიანობით არის დაკავებული და თუ ამ პასუხს გამოაქვეყნებ, იძულებული გახდება, გიპასუხოს. ამით კი მისი სამეცნიერო საქმიანობა შეფერხდება, ამიტომაც თავი შეიკავეო. ექვთიმემაც, რა თქმა უნდა, დაუჯერა!

თანამედროვე დემოკრატიის პირობებში ძნელი წარმოსადგენია, რამდენად რთული იქნებოდა, ოფიციალურ ორგანოდ ჩამოყალიბებულ ცენზურასთან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეების შეთავსება. როგორც ჩანს, ილია გაწვრთნილი იყო ცენზურისთვის თვალის ასახვევი მეთოდების შერჩევაში. ის ზოგჯერ საოცარ დიპლომატიას იჩენდა იმპერიის დამქაშებისადმი და ოსტატურად გააპარებდა სათქმელს. კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე გაკელი აღნიშნავდა: ილია ჭავჭავაძე ცენზურის მითითებების სრული იგნორირებით, მედგრად და შეუპოვრად განაგრძობს გამოქვეყნებას სტატიებისას, რომლებიც მიმართულია განუვითარებელი და უკიდურესად მგრძნობიარე ადგილობრივი ახალგაზრდობის გამოღვიძებისკენო.

ილიას ესმოდა, რომ ახალი ამბების ოპერატიულად გაშუქება პერიოდული ორგანოს მთავარი ამოცანაა. ამიტომაც 1886 წლიდან მან ჟურნალი „ივერია” ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა. მისი ტირაჟი წლიდან წლამდე იზრდებოდა. 860 ეგზემპლარიდან 1905 წლისთვის უკვე გაზეთის ტირაჟი 6000-მდე გაიზარდა. მუდმივად ცდილობდა, გაეფართოებინა კორესპონდენტთა ქსელი, წაეხალისებინა ახალგაზრდა ავტორები, წარმოუდგენლად მძიმე ფინანსურ პირობებშიც კი გაეცა სოლიდური ჰონორარები. შექმნა ძლიერი ჟურნალისტური გუნდი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, არტემ ფირალოვი, ალექსანდრე ყიფშიძე, არტემ ახნაზაროვი და სხვები.

„ივერიის” რედაქტორი თავისი საპროგრამო, მეთაური წერილებით ქმნიდა ატმოსფეროს და გეზს აძლევდა თანამშრომლებს, მიუთითებდა ძირითად აქცენტებზე. მანვე დაამკვიდრა გუნდური მუშაობის პრინციპები. შინაური მიმოხილვების თემატიკისა და აქცენტების შერჩევაში მთელი რედაქცია მონაწილეობდა. ილიას ჰქონდა რუბრიკა „დამაკვირდი”, სადაც ასევე საჭირბოროტო საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას. ხუთშაბათობით რეგულარულად მართავდა ლიტერატურულ საღამოებს, სადაც ყურადღებით ისმენდა გაზეთის კრიტიკას. მან დაიახლოვა ახალგაზრდა ტელეგრაფისტი ქალი, გვარად აგლაძე, რომლის მეშვეობით „ივერიას” შეეძლო თბილისურ რუსულ გაზეთებზე ადრე გაეშუქებინა ცხელ-ცხელი ამბები. მალე აგლაძე გაზეთის აქტიური თანამშრომელი გახდა და უცხოეთში, რუსეთსა და საქართველოში მომხდარ ცინცხალ ამბებს აწვდიდა რედაქციას. ილიას თხოვნით მან ტელეგრაფისტად მუშაობას თავი არ დაანება. ახალი ამბები თემატურად ძალიან მრავალფეროვანი იყო. მაგალითად, გრიგოლ ყიფშიძეს 1888 წელს მიწერილ ერთ-ერთ წერილში ავალებდა: სამედიცინო საზოგადოებაში კრებაა ავჭალის წყლის საკითხებზე, ხვალ კი საქალებო გიმნაზიის ზალაში ქალთა კრებაა, ანასტასია თუმანიშვილი თავმჯდომარეობს და გთხოვ, ამ მოვლენების გაშუქება არ დაიზაროო.

იმპერიული პოლიტიკის მხილებას ილია ეწევა ყველა სფეროში. 1879 წლის #7-8 „ივერიაში” ილია საზოგადოებას ამცნობს, რომ ვინმე ლებედევის მეთაურობით „მოღვაწე”, ე.წ. „ობშესტვო ბერეჟლივოსტი” თურმე მთავრობის წინაშე წარადგენს პროექტს საქართველოში პურის ცხობის შესახებ და მოითხოვს, რომ ხაბაზები მოიწვიონ რუსეთიდან. ილია უმოწყალოდ ამათრახებს ამ ინიციატივას და ქართველთათვის შეურაცხმყოფელად მიაჩნია პურის მცხობელთა რუსეთიდან მოწვევა მაშინ, როცა ჩვენში ამის დიდი გამოცდილება და ცოდნა ისედაც არსებობს. „ვაი, ჩვენი ბრალი! პურის ცხობის უცოდინარობაც კი შეგვწამეს და ხაბაზიც ამას იქით მოსკოვიდამ უნდა დავიბაროთ ხოლმე. ქვეყნის გაბიაბრუება და დაბრიყვება იქნება და ასეთი? მოსკოვიდამ ხაბაზებიო? ჭკუას როცა ურიგებდნენ, ნეტა ამათ სად მოჰგვიანებიათ, რომ ვერ მოუსწვრიათ. იქნება ცივილიზაციის გასავრცელებლად ამ მხეცს ქვეყანაში მოსკოვის ხაბაზებიც საჭირო იყოს!”. იქვე ილია იგონებს, რომ მთავრობამ სოფლებში ასევე ცივილიზაციის შეტანის შირმით რამდენიმე ცხენი დაარიგა, მაგრამ მათ გლეხებამდე არ მიუღწევია. ილიას სატირა გასაგებია: „ცხენები ვერაფერი პიონერები არიან ცივილიზაციისა! გლეხობისთვის ცხენების ჩუქებამ ნაყოფი ვერ გამოიღო – ფურგონი და პოვოსკა არ გაჩნდა, გლეხამდე ვერ მიაღწია და ურემი ვერ შეცვალა. რაკი ცივილიზაციის საქმე ცხენებზე და ხაბაზებზე მივარდნილა, ახლა ფიქრი ნურაფრისა გვაქვს!”.

ილია იმპერიის ელიტას მიანიშნებს, რომ ქართველთა განვითარება მათ ინტერესშიც უნდა შედიოდეს და მოუწოდებს მთავრობას, რომ შეეწიოს ქართული პრესის მიერ წამოწეული პრობლემატიკის გადაწყვეტას. მნიშვნელოვან როლს აკისრებს ქართველ ქალებსაც. იგი თვალ-ყურს ადევნებს საქალებო სკოლებში სწავლების საკითხებს და ხშირად აშუქებს იქ არსებულ მდგომარეობას. 1881 წლის „ივერიის” მეცხრე ნომრის „შინაურ მიმოხილვაში“ ილია გორის ახლად დაარსებული საქალებო სკოლის შესახებ საუბრობს: „ნურავინ ნუ დაივიწყებთ, რომ საქართველოში საქალებო სკოლამ ქართველს უნდა გაუზარდოს ქართველი ქალი, ქართველი დედა, ქართველი და, ქართველი დედა-კაცი. თუ სკოლა ამას არ იქმს, ის სკოლა წყალსაც წაუღია, ჩვენ ბევრს არას ვინაღვლით. თუ ღვთის მადლით, გორის საქალებო სკოლას ეს საგანი დაუდვია თავისის პროგრამის სარჩულად, მაშინ სიხარული გვმართებს, რომ გორში საქალებო სკოლა გაიმართა და თუ არა, ღმერთმა შეინახოს, ჩვენ იმისთანა სკოლისა არც მოტანილი გვინდა, არც გატანილი. გვეყო, რაც ჩვენმა საქალებო სკოლებმა ვნება მოგვიტანეს. ის საქმე დაგვმართეს, რომ ჩვენი ოჯახისშვილი სკოლის დასრულების შემდეგ ჩვენს ოჯახში ისე შემოდის, როგორც უცხო თესლის ადამიანი. ცოლად შემოდის, დად თუ რძლად, იმას ჩვენი აღარა გაეგება რა და ჩვენ იმისა. ამის გამო დაირღვა ჩვენი ოჯახობა, გაწყდა ურთიერთობის კავშირი, ოჯახი თავზედ ჩამოგვექცა და ჩვენც გავწყალდით და მიწასთან გავსწორდით. გვეყო და გვამყოფინეთ, ღვთის გულისათვის!.. მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულის და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი! ნუ გაურევთ სკოლის უწმინდესს საქმეში სხვა საქმეს, რომელიც სკოლას არ შეეფერება. ნუ გადუდგებით მტკიცედ დადგენილს კანონებს პედაგოგიისას! მოგვეცით სასწავლებელი ქართველის ქალისა, ქართველის დედისა, ქართველის ოჯახის დედა-კაცისა!”.

არ დარჩენილა საქართველოს გლეხობისთვის მტკივნეული და საჭირბოროტო თემა, რომელსაც „შინაურ მიმოხილვებში“ ილია არ შეხებოდეს. იგი ხშირად მიმართავს მთავარმართებელსა და იმპერიის ცენტრალურ მთავრობას, რომ გლეხობას შეუმსუბუქონ გადასახადები, ერთ-ერთ შინაურ მიმოხილვაში კი აპროტესტებს არყის გამოხდაზე მაღალი გადასახადის დაწესებას, რის შედეგადაც მიგვიღია ის, რომ მსხვილი მემამულეებისა და არყის დიდი ოდენობით მწარმოებელთა გარდა, არყის გამოხდა გლეხისთვის საზარალო გამხდარა, მისთვის ჯიბიდან ამოუცლიათ შემოსავლის მესამედი თუ მეოთხედი.

ილია ეხება გზების მშენებლობის აუცილებლობას და შენიშნავს, რომ სამხედრო გზები ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან საქართველოში მშვიდობიანობა დამყარებულა, მაგრამ აუცილებელია საეკონომიო გზების მშენებლობა, ეს ხელს შეუწყობს „გამსყიდავისა და მსყიდველის” დაახლოებას, ბაზრის გაიაფებას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს და ამ საქმეში რჩევა უნდა ჰკითხონ არა ჩინოვნიკებს, არამედ – ადგილობრივ მოსახლეობას.

30 შინაური მიმოხილვა – ეს არის მატიანე XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის საქართველოსი, სარკე იმ ეპოქის საზოგადოებისა და სახე ამ საზოგადოების გაკეთილშობილებისთვის მებრძოლი ლიდერისა, რომელსაც შეუძლია ძირის ძირამდე შეიგრძნოს საქვეყნო სატკივარი.

ვფიქრობ, ილიას „შინაური მიმოხილვები“ დიდი ტირაჟით უნდა გამოიცეს ცალკე წიგნად, ასევე უნდა მომზადდეს და ინტერნეტსივრცეში განთავსდეს მისი ელექტრონული ვერსიები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...