ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

ნორვეგიული დღიური – სუნდის სახალხო სკოლა (Sund folkehøgskole)

0

 

(ნაწილი პირველი)

ბავშვობიდანვე მიტაცებდა სკანდინავიური ქვეყნები. გეოგრაფიის გაკვეთილზე განსაკუთრებით სკანდინავიის ნახევარკუნძულის შემოხაზვა მიყვარდა. მასწავლებელი ვეფხვს მას ამსგავსებდა და ამის გამო, კიდევ უფრო შთამბეჭდავად აისახა ჩემს მეხსიერებაში.

ზრდა-განვითარებასთან ერთად ყურადღებას იპყრობდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ვიკინგები, სახელმწიფო მოწყობა, ეკონომიკა, ბედნიერების ინდექსი თუ სხვა მაჩვენებლები. სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ, სკანდინავიური განათლების სისტემა ჩემი ინტერესის/თვალთახედვის სფეროში მოხვდა. ყოველთვის მქონდა კითხვები – როგორ ახერხებდნენ ფინელები, ნორვეგიელები, შვედები თუ დანიელები მაღალი შედეგების მიღწევას? როგორ მიაღწიეს ცხოვრების ისეთ დონეს, რომ ბედნიერების ინდექსში პირველობას არავის უთმობენ.

პირველად 2018 წელს მომეცა საშუალება ადგილზე გავცნობოდი დანიის განათლების სისტემას. მაშინ ნანახ-გაგონილი დღემდე მომყვება ემოციებისა თუ შთაბეჭდილებების სახით.

არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის“ და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ 2020 წლიდან ახორციელებენ პროექტს: „1+1 სინერგია დემოკრატიული კომპეტენციების სწავლებისთვის“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, 24-30 აპრილს, ნორვეგიას ვსტუმრობდით ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით.

ნორვეგიული დღიურის რამდენიმე სტატია მიეძღვნება სახალხო სკოლებს, ნორვეგიული განათლების სისტემასა და ზოგადად ამ ზღაპრულ ქვეყანას. ვეცდები, ჩვენი გაზეთის მკითხველამდე მივიტანო ის განცდები თუ ფიქრები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში მრავლად დამიგროვდა.

სახალხო სკოლების ისტორია/ისტორიული ექსკურსი

სახალხო სკოლების იდეა დანიიდან მოდის. მის ფუძემდებლად ითვლება თეოლოგი, მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, განმანათლებელი ნიკოლაი გრუნდტვიგი. მან აღმოაჩინა, რომ მუშათა კლასის წარმომადგენლებსა და ღარიბებს არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა განათლებაზე. სწორედ ამიტომ, მან სახალხო სკოლა დააარსა. ამ ნაბიჯით გრუნდტვიგი დაეხმარა მოწყვლად ჯგუფებს, გამხდარიყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები და მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკურ პროცესებში. პირველი სახალხო სკოლა დანიაში 1840 წელს გაიხსნა.

ამავდროულად, გრუნდტვიგი სკოლაში ხალისისა და მხიარულების შემოტანას ემხრობოდა. ის თვლიდა, რომ სასწავლო პროცესი უნდა იყოს მხიარული. შედეგად შემეცნებამ ბავშვს სტრესისა და უსიამოვნო განცდების ნაცვლად, სიამოვნება უნდა მიანიჭოს.

სახალხო სკოლების იდეამ გაამართლა და თითქოს მეზობელ ქვეყნებშიც გადაიღვარა, მათ შორის ნორვეგიაში. მათი უმეტესობა დიდი ქალაქებისგან მოშორებით, რეგიონებში იხსნებოდა. ამ პრინციპით ის ინარჩუნებდა უმთავრეს დანიშნულებას, გამხდარიყო განათლება ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, განსაკუთრებით კი ფერმერებს.

თავდაპირველად სახალხო სკოლებს არ ჰქონდათ ფიზიკური შენობები, ამიტომ განმანათლებლები დადიოდნენ დასახლებიდან-დასახლებაში, ფერმიდან-ფერმაში. XIX საუკუნეში სახალხო სკოლების როლს, იმავე პერიოდის საქართველოში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობას შევადარებდი…

დღევანდელობა

2022 წლის მდგომარეობით ნორვეგიაში სულ 83 სახალხო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ნორვეგიელი ახალგაზრდების დაახლოებით 10% იღებს განათლებას. აღნიშნული სკოლები არ წარმოადგენენ ზოგადი განათლების სისტემის ნაწილს (საჯარო სკოლებზე ვრცლად მომდევნო წერილებში ვისაუბრებ).

ნორვეგიული ზოგადი განათლების სისტემა საქართველოს მსგავსად სამსაფეხურიანია. განსხვავება იმაშია, რომ საბაზო საფეხურზე სწავლა მე-10 კლასში სრულდება, ხოლო საშუალო საფეხური ცამეტწლიანია. ნორვეგიაში მოქმედი 83 სახალხო სკოლიდან, ნაწილში იღებენ 16 წლის ახალგაზრდებს, ნაწილში კი, მხოლოდ სრულწლოვანებს.

სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური წელია. დღევანდელი გადმოსახედიდან, სახალხო სკოლებს ზემოთ ხსენებულ დანიშნულებასთან ერთად, ერთგვარი პროფორიენტაციის ფუნქცია აკისრია. მაგალითად X კლასის დასრულების შემდეგ, მოზარდი სწავლას აგრძელებს სახალხო სკოლაში, რათა უკეთ ჩამოყალიბდეს, რა მიმართულებით ისურვებდა განვითარებას.

სუნდის სახალხო სკოლა

ჩვენი მასპინძელი იყო სუნდის სახალხო სკოლა, რომელიც ნორვეგიის სიდიდით მესამე ქალაქ ტრონჰეიმიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე, ფიორდის სანაპიროზე მდებარეობს. სკოლაში ყოველწლიურად დაახლოებით 100-მდე სრულწლოვან ახალგაზრდას იღებენ.

XXI საუკუნის გადმოსახედიდან სკოლისთვის ღირებულია სამი მიმართულება:

  1. საერთაშორისო სოლიდარობა;
  2. გარემო და მდგრადი განვითარება;
  3. ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვა.

სწორედ ამ მიმართულებების გათვალისწინებით დღეს სკოლაში მოქმედებს შემდეგი სასწავლო პროგრამები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სოლიდარობის კურსი;
  • ფოტო/ვიდეო ხელოვნება;
  • ისტორიული ხელსაქმე;
  • სპორტული თევზჭერა;
  • ჯაზი;
  • სწრაფი კვება ქუჩაში (Street food).

სუნდის სახალხო სკოლის ისტორია მასწავლებელმა კრისტინ ბიორკემ გაგვაცნო. სკოლა ნორვეგიაში ყველაზე ძველია. ის 1868 წელს დაარსდა.

პირველი, რაც სუნდის სახალხო სკოლაში პედაგოგებს არ აქვთ გაწერილი – სასწავლო პროგრამა, იგივე კურიკულუმია. ერთწლიანი სასწავლო პროცესი მთლიანად მოსწავლეთა ინტერესების მიხედვითაა აგებული.

მაგალითისათვის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მასწავლებელი და მისი სტუდენტები სასწავლო წლის დასაწყისში ჩამოყალიბდნენ, რაზე უნდა ემუშავათ, რა თემები აინტერესებდათ ყველაზე მეტად და ამის მიხედვით წარმართეს სწავლების პროცესი. მოსწავლეებს აინტერესებდათ თურქეთში მცხოვრები ქურთების პრობლემები, რის გამოც საკითხის უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესასწავლად ერთი თვე თურქეთში გაატარეს. მსგავსი პრინციპით იგეგმება ყოველი მომდევნო წელი ახალ სტუდენტებთან ერთად.

ყველა მოსწავლე წლის ბოლოს აბარებს ერთგვარ პროექტს, რომლის შედეგადაც იღებს სკოლის წარმატებით დამთავრების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სპორტული თევზაობის მიმართულება

თითოეული მიმართულება მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე. მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი სპორტული თევზჭერის მიმართულების მოსწავლეებს, რომლებმაც ზღვის კალმახზე სათევზაოდაც დამპატიჟეს.

სპორტული თევზჭერა ნორვეგიაში ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი ჩადის ნორვეგიაში სათევზაოდ. ამიტომ ამ მიმართულებაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა.

სპორტული თევზჭერის კლასი სავსეა თეორიული მასალითა და პრაქტიკაში საჭირო აღჭურვილობით. სტუდენტებს უწევთ სხვადასხვა დავალების შესრულება. ისინი ხელმძღვანელთან ერთად გეგმავენ სათევზაო გასვლებს განსხვავებული ამინდის, სეზონის, აღჭურვილობისა თუ სხვა პირობებში.

სპორტული თევზჭერის მიმართულების სტუდენტებმა მითხრეს, რომ მათ ძალიან მოსწონთ სუნდში სწავლა, რადგან უდიდესი ყურადღება ექცევა პრაქტიკას. თევზაობის დროს დიდხანს ვისაუბრე ახალგაზრდებთან. 19 წლის მანგემ მითხრა, რომ მასწავლებლები კონტაქტების დამყარებაში ეხმარებიან, რაც მათი შემდგომი დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია. მისმა მეგობარმა, 20 წლის ალექსმა ასევე დასძინა, რომ ეს ერთწლიანი კურსი გამოცდილების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მას მასწავლებლები ეხმარებიან სათევზაო ადგილების აღმოჩენაში და თევზაობის სხვადასხვა ტექნიკის სწავლაში.

სწავლა სუნდის სახალხო სკოლაში 15 მაისს სრულდება. ალექსმა კი სწავლის დასრულებამდე უკვე იპოვა კარგი სამსახური სპორტული თევზაობის ინსტრუქტორის პოზიციაზე, ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ამიტომ სწავლის გაგრძელებას აღარ ფიქრობს.

დაფინანსების სისტემა

როგორც უკვე აღვნიშნე, სახალხო სკოლები ნორვეგიული განათლების სისტემის მიღმაა, ამიტომ სწავლა უფასო არ არის. 18 წლის ახალგაზრდას ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე იაფ პროგრამაზე, სწავლის შემთხვევაში 114 000 ნორვეგიული კრონის, დაახლოებით 12 000 ევროს გადახდა უწევს.

საიდან უნდა ჰქონდეს 18-19 წლის ახალგაზრდას ამდენი თანხა?

პირველი რაც უნდა გაგიზიაროთ, არის ის, რომ ნორვეგიაში ახალგაზრდისთვის დიდ სირცხვილად ითვლება, თუ სწავლის საფასურს მშობელი ფარავს. ამაზე არაერთხელ ვიკითხე და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მშობლებმა მათი შვილების სწავლის საფასური არ უნდა გადაიხადონ…

სახალხო სკოლაში სწავლის საფასურის 40%-ს სახელმწიფო აფინანსებს სასწავლო გრანტის სახით. თანხის დანარჩენ ნაწილს ახალგაზრდები სპეციალურად შექმნილი არამომგებიანი/არაკომერციული ბანკისგან სესხულობენ. ბანკისთვის სესხის დაბრუნება იწყება მას შემდეგ, რაც ისინი მუშაობას დაიწყებენ. როგორც კრისტინმა გვითხრა, სესხის დაბრუნება 15-20 წელი გრძელდება და იმდენად უმნიშვნელო თანხის შეტანა უწევთ ყოველწლიურად, რომ ვერც კი იმჩნევენ.

მეორე წლიანები

სუნდის სახალხო სკოლას საინტერესო პრაქტიკა აქვს დანერგილი. არსებული ექვსი პროგრამის 6 გამორჩეულ სტუდენტს საშუალებას აძლევენ, კიდევ ერთი წელი გაატარონ სუნდის სახალხო სკოლაში უფასოდ. ისინი ირგებენ მაკოორდინირებელი თანამშრომლის როლს და ეხმარებიან ახალ სტუდენტებს ადაპტაციაში. ამაში ისინი მცირე ანაზღაურებასაც იღებენ.

დასკვნის მაგიერ

ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სახალხო სკოლის იდეა საქართველოში გადმოვიტანოთ ან რამე მსგავსი. ჩემი მიზანია, დაგროვილი გამოცდილება, მიღებული შთაბეჭდილებები და დაბადებული აზრები მივიტანო მკითხველამდე. თუმცა სუნდში იყო რამდენიმე დეტალი, რასაც, მაგალითად, ჩვენი განათლების სისტემა ბოლომდე ვერ აღწევს. მაგალითისათვის:

  • მოსწავლეებმა/სტუდენტებმა ზედმიწევნით იციან, თუ რატომ და რისთვის არიან იქ;
  • მოსწავლეებს/სტუდენტებს გააზრებული აქვთ სკოლის მნიშვნელობა და არსი;
  • მოსწავლეები/სტუდენტები შესაშური პასუხისმგებლობით უდგებიან ნებისმიერ საკითხს.

სუნდის სახალხო სკოლაში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტის დროს, ჩვენთვის რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, კონცერტი თუ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. ამ დროს ვაკვირდებოდი, როგორი მოწესრიგებულები იყვნენ ახალგაზრდები. ისინი ყოველგვარი მითითებების გარეშე აორგანიზებდნენ სივრცეს და შეხვედრების დასრულების შემდეგ ყველა ნივთს თავის ადგილას ათავსებდნენ. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილემ გვითხრა, მსგავს დეტალებზე მხოლოდ ერთხელ, სწავლის დაწყებამდე, ახალ ნაკადთან გაცნობითი შეხვედრის დროს საუბრობენ და შემდეგ გამეორება აღარ უწევთ.

ვფიქრობ, ასეთი დეტალების სწავლითა და გააზრებით შევძლებთ, მეტად მორგებული და პროდუქტიული გავხადოთ სასწავლო პროცესი.

 

ლიტერატურულ კონკურსი ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის  მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ აცხადებს  ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის –

 „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და ასახავდეს   მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

წლევანდელი კონკურსის თემაა :

ჩავალ ეზოშიგადავხედავ პატარა ბავშვებს.

ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ დიდ კითხვის ნიშანს.”

ზაზა თვარაძე

საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 3 ოქტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 17 ოქტომბერს საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის მხარდამჭერ  ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ მასწავლებლის სპეციალური ნომერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.

მოთხრობის მოცულობა: 5-დან 15 გვერდამდე.

ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25   აგვისტო.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: ლიტერატურული კონკურსისთვის.

კონკურსის პარტნიორებია: გამომცემლობა „ინტელექტი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“,  „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“.

 

როგორ ვხარჯავთ წყალს?

0

„წყალი – ეს არის მთლიანი ბუნების მამოძრავებელი ძალა“.

ლეონარდო და ვინჩი

ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობის არსებობა მტკნარ წყალზეა დამოკიდებული. წყლის გაფრთხილება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. ამის გააზრებისთვის სასურველია მოსწავლეებთან გარკვეული აქტივობების ჩატარება.

წყლის მოძიება ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მიჩვეული ვართ, რომ ონკანიდან წყალი ყოველთვის მოდის. საინტერესოა, რამდენჯერ დავფიქრებულვართ ან დაგვიფიქრებია მოსწავლეები წყლის დაზოგვაზე? რამდენად მიზნობრივად ვხარჯავთ წყალს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მივუძღვენი ბუნებისმეტყველების გაკვეთილი.

ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებს დაენახათ, რამდენად მიზნობრივად იყენებენ ისინი წყალს. ამისთვის მინი კვლევა ჩავატარეთ, რომლიე ფარგლებშიც მოსწავლეებმა წყლის დღიური დანახარჯი გამოიკვლიეს.

დავხატე წყლის წვეთი, რომლის გარშემოც ჩამოვწერე მოსწავლეების პასუხები შემდეგ კითხვაზე: რისთვის გვჭირდება წყალი?

ამის შემდეგ მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია წყლის მნიშვნელობის შესახებ (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახელმძღვანელოში მოცემული, ისე თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია).

წყლის სამივე აგრეგატული მდგომარეობის უკეთ გააზრებისთვის მოსწავლეებმა ჩაატარეს შემდეგი ცდა:

  • საჭირო მასალა: ჭიქა, წყალი, სითხის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი, ყინული.

მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ცხრილი, რომელსაც ცდის მიხედვით შეავსებდნენ:

  1. მოსწავლეებს თავდაპირველად უნდა გაეზომათ ჭიქაში ჩასხმული წყლის ტემპერატურა;
  2. შემდეგ ჩაეყარათ ჭიქაში ყინული. გაეზომათ როგორც ზედა ფენის, ისე ჭიქის ფსკერზე არსებული წყლის ტემპერატურა.
  3. მონაცემები შეეტანათ ცხრილში, შეედარებინათ ერთმანეთისთვის და გამოეტანათ დასკვნა.

იმის დასადგენად, რამდენ წყალს ხარჯავენ დღიურად, შევთავაზე, ჩაეტარებინათ კვლევა:

  1. მოსწავლეებს უნდა ჩამოეწერათ, დღის რომელ მონაკვეთში სარგებლობენ წყლით. ჩამონათვალი შეედარებინათ მეწყვილის მონაცემებისთვის.
  2. მონაცემების მიხედვით დაახლოებით დაეანგარიშებინათ, რამდენ წყალს ხარჯავდნენ. შეედარებინათ მეწყვილესთან, გამოეთვალათ სხვაობა.
  3. დაჯამებული რაოდენობა გადაეტანათ დიდი ფორმატის ფურცელზე. დაეხატათ წყლის კონტეინერი და გაეკეთებინათ დახარჯული წყლის რაოდენობის შესაბამისი ნიშნული.

ამგვარად, გაირკვეოდა, ვინ მეტ წყალს ხარჯავდა და ვინ – ნაკლებს.

მოსწავლეებს ვთხოვე, შეესრულებინათ შემდეგი დავალება: გამოეთვალათ, რამდენ წყალს ხარჯავდნენ ოჯახის სხვა წევრები დღისა თუ წლის განმავლობაში. შემდეგ გამოეთვალათ, სახარჯოდ 10 ლიტრ წყალს როგორ გაანაწილებდნენ. ჩამოეწერათ, რამდენ ლიტრ წყალს გამოიყენებდნენ სხვადასხვა მიზნისთვის. შეედარებინათ მონაცემები თანაკლასელების მონაცემებისთვის.

ამ აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ერთმანეთისთვის უნდა მიეცათ რჩევები წყლის გონივრულად მოხმარების შესახებ.

ვფიქრობ, ჩატარებული კვლევისა და დავალების შესრულების შედეგად მოსწავლეები წყლის პირდაპირ მოხმარებას გაეცნობიან და გაიაზრებენ, რომ რაც უფრო დავზოგავთ და მიზნობრივად გამოვიყენებთ დედამიწაზე უხვად არსებულ წყალს, მით მეტი დარჩება ის მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს.

წერილს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიტყვებით დავასრულებ: „არ შეიძლება იმის თქმა, რომ წყალი აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგან თვითონ წყალია სიცოცხლე“.

რუსეთუმე VS თერგდალეული

0
Comedy and Tragedy theatrical mask isolated on a red curtain background. Vector illustration

პიესა „გაყრა“ გიორგი ერისთავმა 1849 წელს დაწერა, მისი პირველი წარმოდგენა კი 1850 წლის 2 იანვარს თბილისის გიმნაზიის დარბაზში გაიმართა. სწორედ ეს დღე მიიჩნევა ქართული პროფესიული თეატრის დაარსების დღედ. ამ პიესაში ძველი და ახალი დროის პარადიგმაა გაცხადებული: ბატონყმობის ხსოვნაში ჩარჩენილი თავადაზნაურობის თვალწინ ცხოვრების ახალი და მძლავრი აჩრდილები ჩნდებიან ვაჭრების სახით.

პიესის დასაწყისშივე დავთრებით ხელში სცენაზე გამობრძანებული სომეხი ვაჭარი მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი დიდებულიძეთა ოჯახზე აგდებულ შაირს რომ ჩამოარაკრაკებს, ერთ-ერთ ძმას, ივანეს, ასე ახასიათებს – „ერთი ძმაც ჰყავს რუსეთუმე, ტანცი მანცი, ლავ ხაღუმე“. ამ ფრაზაში ჩვენს ყურადღებას სწორედ სიტყვა „რუსეთუმე“ იპყრობს. ის გიორგი ერისთავის ამ მეტად მნიშვნელოვანი, მახვილგონივრული და საჭირბოროტო პიესიდან იწყებს თავის ხანგრძლივ და, სამწუხაროდ, დღემდე (თუ დღეს – მით უფრო?) აქტუალურ ისტორიას.

მიკირტუმ გასპარიჩი ივანე დიდებულიძეს რუსეთუმედ უბრალო მიზეზის გამო მოიხსენიებს – ამ უკანასკნელმა განათლება რუსეთში მიიღო, იქიდან უცნაური და სასაცილო იდეებით ჩამოვიდა (მაგალითად, აპირებს ვენახის აყრას და მის ადგილას თუთის ხეების დარგვას). თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ივანე ძმებზე გაცილებით „პროგრესულია“, ყოველ შემთხვევაში, ბატონყმობის გაუქმებას შეგუებულია და მეტიც – ახალი ცხოვრების ალღოთია სავსე. ამ ემოციურ-ინტელექტუალურ „წინსვლაში“ კი მას, ცხადია, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მიღებული განათლება დაეხმარა.

ამ კრიტერიუმით, მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში ახალი სოციალურ-მენტალური ფენა გაჩნდა რუსეთუმეების სახით.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ერთ მშვენიერ ფოტოს წავაწყდი, წარწერით – „მარიამ გიორგის (რუსეთუმე) ასული ერისთავი-მაჩაბელი“. ფოტო რუსუდან ჯანაშიას საოჯახო ბიბლიოთეკიდანაა და ის ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ფოტოზე ახალგაზრდა, ულამაზესი ქალია აღბეჭდილი – ნატიფი და ანგელოზური პროფილით. ეს მარიამია, მისი მამა კი, რომელსაც მეტსახელი „რუსეთუმე“ ლამის მთავარ საკუთარ სახელად აქვს „დაბეჭდული“, გიორგი ერისთავია, ოღონდ არა „გაყრის“ ავტორი, არამედ ქსნის საერისთავოს კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელმაც სახელი სწორედ მეფის რუსეთის ერთგული სამსახურით გაითქვა. სავარაუდოდ, მას ამ სახელით სიცოცხლეშივე მოიხსენიებდნენ და ისიც სავარაუდოა, რომ ამაყობდა კიდეც საკუთარი რუსეთუმეობით. გიორგი ერისთავი სპარსელებთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის იმპერიამ ჯერ წმინდა ანას, მერე – ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა. 1846 წელს, უკვე მხცოვანს, უმაღლესი სამხედრო ჩინი – ინფანტერიის გენერლობაც უბოძეს. ყირიმის ომი რომ დაიწყო, 90 წლისა იყო და ისევ ეხვეწებოდა იმპერატორს, ბრძოლაში ჩამრთეო.

თუმცა, როგორც იმდროინდელი ქართული პოლიტიკური და კულტურული ელიტის უმეტესობა, „რუსეთუმე“ გიორგი ერისთავის ცხოვრებაშიც იყო გაორების, უფრო სწორად, ჯანსაღი პატრიოტიზმის მაგალითები. არსებობს ვერსია, რომ ის ძალიან ახლობლობდა 1832 წლის შეთქმულებთან, ხოლო სოლომონ დოდაშვილის ჟურნალში დაბეჭდილმა მისმა წერილმა „მოწოდება ივერთა“ ბევრის გული აღანთო სამშობლოს უპირობო სიყვარულით. თუმცა, აჯანყებებისა და შეთქმულების მარცხის შემდეგ, ისიც იმ აზრით განიმსჭვალა, რომ საქართველოს გაძლიერება მხოლოდ რუსეთის მონარქიის ფარგლებში იყო შესაძლებელი. გიორგი ერისთავი იყო მიხეილ ვორონცოვის უახლოესი გარემოცვის წევრი. ის 1863 წელს, 103 წლისა გარდაიცვალა და იკორთაში, ქსნის ერისთავთა საგვარეულო ტაძარში დაკრძალეს.

სიმბოლურია, რომ იკორთა დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, იმ რუსეთის, რომლისთვისაც 103 წელი ხმალშემართული იბრძოდა გიორგი ერისთავი…

„რუსეთუმეს“ ერთგვარ ანტინომიად უნდა მივიჩნიოთ ტერმინი „თერგდალეული“, რომელიც დაახლოებით იმავე ეპოქალურ კონტექსტში ჩნდება (ოდნავ უფრო გვიან, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში). თავის მხრივ, „თერგდალეულებიც“ ინტელიგენციის იმ კატეგორიას გულისხმობს, ვინც სწავლა-განათლება რუსეთში მიიღო – ვინც თერგი/სახელმწიფო საზღვარი გადალახა. „თერგდალეულებიც“ ახალი, განმათავისუფლებელი იდეებით და სამოქმედო პროგრამით დაბრუნდნენ საქართველოში და იქცნენ კიდეც ახალი ქვეყნის მაშენებლებად. „თერგდალეულთა“ თაობა – ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგი მესხი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვანი – ეროვნული და პიროვნული თავისუფლების/განათლების მქადაგებელნი იყვნენ, ახალი დროების პრიზმაში ეროვნული საზრისის მაძიებელნი, ერის კულტურული და სოციალური ენერგიის გამღვიძებელნი და ამმოძრავებელნი. თუ ტიპური რუსეთუმესთვის ცხოვრების ძალა შიშშია (ეს შიში „აკუთვნებს“, უნებლიეთ აწებებს მას უფრო ძლიერთან, ამ შემთხვევაში – რუსეთთან), ტიპური თერგდალეული, უპირველესად, ამ შიშებისგან თავისუფლდება, შიში მისთვის უკვე დაძლეული საფეხურია პიროვნული და ეროვნული განვითარების გრძელ და რთულ გზაზე, ამიტომ თამამად უსწორებს თვალს დროისა და ისტორიის ქიმერებით სავსე რეალობას (ახალი ფორმაცია, ჩახშობილი აჯანყებები, დაუძლურებული მენტალური გარემო და ა.შ.). მეტიც – ამ რეალობას იღებს როგორც პირად გამოწვევას და იწყებს მის ტრანსფორმაციას იმ განათლებით და კულტურული კონტექსტით, რომლისუსეთუმე VS თერგდალეული შესაძენადაც მან თავის დროზე „თერგი დალია“. თერგდალეულთა სიმბოლური დევიზია „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ – ეს ლოზუნგი არ არის, ეს ტოტალური პასუხისმგებლობის გაცხადებაა, საკუთარ თავზე უდიდესი მისიის აღება, სინდისის გამოღვიძება.

ისტორიული კონტექსტით გართულებული შინაარსის გამო ერთ ტექსტში უწყინარი (პიესაში, შესაძლოა, ირიბი პროგრესის აღმნიშვნელიც კი!) აზრით წარმოთქმული სიტყვა „რუსეთუმე“ დროთა განმავლობაში მოვლენის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა. რუსეთუმეობა დღეს განაჩენის ტოლფასია, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი. რუსეთუმედ მიიჩნევენ ადამიანს, ვინც ღიად ან ფარულად ეტრფის რუსეთს, ვისაც ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი მხოლოდ მასთან კავშირში წარმოუდგენია. „რუსეთუმე“ იქცა იარლიყად, რომელიც კეთროვანივით განარიდებს საზოგადოებისგან მას, ვისაც ის აეწება/მიაწებეს.

ამ მოვლენაში ბევრი დრამატიზმია. უპირველესად, ცხადია, თავად სემანტიკა – რუსეთის მიმართ გამოცხადებული სიყვარული, ოკუპანტის წინაშე რევერანსები, კოლაბორაცია და ა.შ. მაგრამ არის კიდევ ერთი დიდი საფრთხე, რომლისგანაც არავინ ვართ დაზღვეული, მით უფრო – ისეთ მენტალურად მყიფე საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია: ეს ჩვენი გამოცხადებული ყველაფრისმკადრებლობის ქრონიკაა, ჩვენი აწყვეტილი ჟინი – ყველაფერი დავაბრალოთ ერთმანეთს იქამდეც კი, ვიდრე სიმართლე გაირკვევა. უფრო სწორად, ხშირად სიმართლის გარკვევა აღარავის სჭირდება, ეს ზედმეტი, უსარგებლო აქტია, რომელიც ამ ცხოველურ ჟინს ახშობს და ჩვენს „წმინდა ქაოსში საზარელი სიცხადე“ შემოაქვს… დღეს ყოველ ნაბიჯზე ამ სიტყვით დაკოდილებს წააწყდებით – „რუსეთუმედ“ იქცა ყველა, ვინც შესაძლოა ისე არ ფიქრობდეს, როგორც სხვა… ამ საყოველთაო ანტიკარნავალში კი უკვე ისე აირია ნამდვილი და ცრუ, რომ ამ სიტყვამაც, ისევე როგორც ბევრმა საზრისმა, ფასი დაკარგა.

საზრისების კვდომა ჰიბრიდული ომის ნაწილია, თუმცა გვაქვს ისტორიული გამოცდილება და ამ გამოცდილებაში დიდია „თერგდალეულთა“ წვლილი; მათი სამოქმედო პროგრამის ნაწილია განათლება, ფიქრი, აზროვნება – ამ იარაღებით „რუსეთუმეობის“ ურჩხულებსაც მოვერევით, საკუთარ თავში ჩაკირულ ისტორიულ ტრავმებსაც და კომპლექსებსაც, შიშსაც დავძლევთ, რომლის გამოც ყველა და ყველაფერი მტრად გვეჩვენება, საკუთარ თავსაც აღმოვაჩენთ და სამშობლოსაც, რომელიც ამ გაგანია ბრძოლის დროს ყველაზე მეტად გვიყვარს და გვეზიზღება…

თერგდალეულობა საზღვრის საგანმანათლებლოდ გადალახვის მეტაფორაა, ჩვენი კულტურული კონტექსტია, შესაბამისად, მუდმივი და ყოველ წამს ცოცხალია, თუ ისევ ვაქცევთ მას პირად გამოცდილებად – „თერგის დალევას“ ჩვენს წილ ეროვნულ და პიროვნულ პასუხისმგებლობად გავიაზრებთ.

სიტყვიდან ტექსტამდე – ლექსიკური მარაგის გამდიდრება

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ გზამკვლევში ანბანისშემდგომი პერიოდისთვის ერთ-ერთ სამიზნე ცნებად განსაზღვრულია სიტყვა, წინადადება, ტექსტი, ანუ ყველა ერთეული – სიტყვიდან ტექსტამდე.

ეროვნული სასწავლო გეგმის თითოეული შედეგი უკავშირდება საგნობრივ სამიზნე ცნებას. საფეხურის დონეზე მათი დაუფლება, შედეგებთან ერთად, საგნის სწავლა-სწავლების გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს.

სამიზნე ცნების, სიტყვიდან ტექსტამდე შედეგების მიღწევის ინდიკატორებია:  (I).4, 5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, შედარების, დასაბუთების) განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;
  • მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;
  • სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა.

სამიზნე ცნება სიტყვიდან ტექსტამდე  გულისხმობს  მოსწავლეთა მეტყველების განვითარებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებას.

სამიზნე ცნებაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცნებასთან დაკავშირებული:

  1. ქვეცნებები და ქვესაკითხები;
  2. მკვიდრი წარმოდგენები;
  3. საფეხურის საკვანძო შეკითხვები.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

  1. ქვეცნებები და ქვესაკითხები

 

ქვეცნება სამეტყველო ქმედებები და მათი სტრუქტურა/აგებულება

ქვესაკითხები:

  • ხრობა – თხრობის სამნაწილიანი სტრუქტურა (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული);
  • ღწერა – აღწერის შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (ატრიბუტები/ნიშან-თვისებების კატეგორიები და მათი შესაბამისი მაგალითები);
  • ედარება – შედარების შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით დაჯგუფებული მსგავსება-განსხვავების გამომხატველი მაგალითები);
  • ასაბუთება – დასაბუთების შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (მოსაზრება, ახსნა/არგუმენტი, გამამყარებელი მაგალით(ებ)ი).

ქვეცნებასამეტყველო ქმედებათა განსახორციელებელი ენობრივი საშუალებები

ქვესაკითხები:

  • დროითი მიმართებების გამოხატვა (მაგ., თხრობისას);
  • მდებარეობის/სივრცეში ლოკალიზების, ნიშან-თვისებების; ზომის, ფორმის, ფერის, გემოს, სუნის/სურნელის, ტექსტურის, ტემპერატურის, რაოდენობის, შემადგენლობის/მასალის; ფუნქცია-დანიშნულების, მსგავსება-განსხვავების გამოხატვა (მაგ., საგნის/ობიექტის აღწერისას, საგნების/ობიექტების შედარებისას);
  • ლოგიკური კავშირების, შეფასება-დამოკიდებულების გამოხატვა (მაგ., აზრის დასაბუთებისას, შეფასებისას).

ქვეცნება – ტექსტის ერთეულები

ქვესაკითხები: სიტყვა, წინადადება, სტრიქონი, აბზაცი, ტექსტი, სათაური.

ქვეცნება – საკომუნიკაციო სიტუაციის მახასიათებლები

ქვესაკითხები: საკომუნიკაციო ამოცანა; კომუნიკაციის მონაწილეები (ადრესანტი, ადრესატი); კომუნიკაციის დრო, ადგილი.

 

ქვეცნება – სამეტყველო ეტიკეტი

ქვესაკითხები:

  • სასაუბრო ფორმები;
  • თავაზიანი მეტყველების ფორმები.
  1. მკვიდრი წარმოდგენები განსაზღვრავს, რომ მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ:
  • სათქმელის გადმოსაცემად მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების შერჩევა (მაგ., დროითი მიმართებების, მდებარეობის, ლოგიკური კავშირების, ნიშან-თვისებების აღსანიშნავად);
  • შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე / მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სიტყვებისა და წინადადებების გამოყენება;
  • იმისთვის, რომ მკითხველს/მსმენელს გავაგებინოთ სათქმელი, მისი აგებულება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.
  1. საფეხურის საკვანძო შეკითხვების საშუალებით           გამოიკვეთება აქცენტები, რომლებზე  ორიენტირებითაც უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.
  • როგორ შევარჩიო     სიტყვები  და   წინადადებები სათქმელის გამოსახატავად?
  • როგორ გავიმდიდრო სიტყვების მარაგი?

 

გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად ყალიბდება შუალედური სასწავლო მიზნები.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს კომპლექსურ დავალებას.

სამიზნე ცნებისთვის სიტყვიდან ტექსტამდე მოცემულ დავალებებში, ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით, ხშირად გვხვდება ისეთი აქტივობები, როგორიცაა, იშვიათად ხმარებული სიტყვებით სახალისო წინადადებების შედგენა, წინადადებების გავრცობა.

გთავაზობთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ზო­გა­დი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტის, ქ-ნ თამარ ჯაყელის პრაქტიკულ რჩევებს.

მაგალითად, ერთ-ერთ კომპლექსურ დავალებაში მოცემული საკვანძო სიტყვების გამოყენებით მოსწავლემ უნდა შეადგინოს გავრცობილი წინადადებები და იშვიათად გამოყენებული სიტყვების დახმარებით შექმნას ამბავი, როგორ დაეხმარნენ ზღვა და ქარი მეგობარ დელფინს. ეს საკვანძო სიტყვებია:

  • ზღვა;
  • დელფინი;
  • ქარი;
  • ტალღები.

ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს კომპლექსური დავალების ნიმუშში მოცემული რესურსი:

როგორი?

ზღვა?აღელვებული, წყნარი,  მშვიდი, ლურჯი, აბობოქრებული, აქაფებული,

დელფინი?პატარა,  ნაცრისფერი, მხიარული, საწყალი, დაბნეული, სასოწარკვეთილი, მადლიერი;

ქარი?  – სუსხიანი, ძლიერი, ნელი, სუსტი;

ტალღები? – აქოჩრილი, აზვირთებული, დიდი; მშვიდი, საშიში, ვეებერთელა, უზარმაზარი, აბობოქრებული…

რა ქნა?

ქარმა? აზუზუნდა, დაუბერა, ასისინდა, ამოვარდა;

ზღვამ? – ტალღებს ახეთქებდა,  აბობოქრდა, ტორტმანებდა;

ტალღამ? – აიქოჩრა, ამოიმართა, ცამდე აიზიდა;

დელფინმა?- კუდი მოიქნია, შეცურა, ჩაყვინთა.

შემოთავაზებულ რესურსს მასწავლებელი მოსწავლეებს არ აჩვენებს.

მოსწავლეები (მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვების დახმარებით) მასწავლებელთან ერთად ავსებენ ცხრილს, რომელსაც მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილზე განათავსებს.

 

ზღვა როგორი შეიძლება იყოს ზღვა? აღელვებული, ლურჯი, წყნარი, მშვიდი, აბობოქრებული, აქაფებული…

 

ტალღა როგორი შეიძლება იყოს ტალღა? აქოჩრილი, აზვირთებული, დიდი, მშვიდი, საშიში, ვეებერთელა, უზარმაზარი, აბობოქრებული…

 

ქარი როგორი შეიძლება იყოს ქარი? სუსხიანი, ძლიერი, ნელი, სუსტი…

 

დელფინი როგორი შეიძლება იყოს დელფინი გარეგნობით? ხასიათით? პატარა, ნაცრისფერი, მხიარული, საწყალი, დაბნეული, სასოწარკვეთილი, მადლიერი…

 

 

 

ზღვა რა ქნა ზღვამ? აზვირთდა, აბობოქრდა, ატორტმანდა…

 

ტალღა რა ქნა ტალღამ?

 

აიქოჩრა, ამოიმართა, ცამდე აიზიდა…
ქარი რა ქნა ქარმა? აზუზუნდა, დაუბერა, ასისინდა, ამოვარდა…
დელფინი რა ქნა დელფინმა? კუდი მოიქნია, შეცურა, ჩაყვინთა…

 

 

 

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს აქტივობებს:

  • შერჩეული სიტყვებით წინადადებების შედგენა;
  • წინადადების გავრცობა. (მაგ: ოთხსიტყვიანი წინადადება გადააქციონ რვასიტყვიანად და ა.შ.)

 

ამოსავალი წინადადება: დელფინი ზღვის ტალღებს ეთამაშებოდა.

 

წინადადების გავრცობის მაგალითები:

 

1.      ცელქი და მხიარული დელფინი აზვირთებული ზღვის აქაფებულ ტალღებს დაუღლელად ეთამაშებოდა.

 

2.      მხიარული და მადლიერი პატარა დელფინი ძლიერი ქარის

მიერ აქოჩრილ ვეებერთელა ტალღებს ეთამაშებოდა.

 

 

სიტყვების მარაგიდან (სიტყვების ყუთი ან დაფაზე დამალული სიტყვები) შეირჩევა შესაბამისი და რამდენი მოსწავლეც არის კლასში, იმდენნაირი წინადადება შეიძლება შეიქმნას იშვიათად ხმარებული სიტყვების გამოყენებით.

სასურველია, ამგვარი აქტივობები ხშირად შევთავაზოთ მოსწავლეებს, იმისათვის, რომ მეტყველებისა და ენობრივი ალღოს განვითარებაში შევუწყოთ ხელი, გავუმდიდროთ ლექსიკური მარაგი.

 

გამოყენებული რესურსები:

ქართული ენა და ლიტერატურა- დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების)

გზამკვლევი – მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი).

https://bit.ly/3yWZ1bR

ქართული ენა და ლიტერატურა – თამარ ჯაყელი – ტელემეგზური #15

კომპლექსური დავალებების ბანკი.

 

10 პორტრეტი

0

ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიესსრბა აღმისრულებიესსარწმუნოება დამიმარხავს.

პავლე

1.

ზურაბ ცხონდია მეუბნებოდა აგვისტოს ომის ცხელ დღეებში, – სიკეთის ფლუიდების დეფიციტია სამყაროში, როგორც ჩვენი კახა დარასელია ამბობს, ბოროტება-სიკეთე – ტრი-ადინ მიყავს შოთი ბოროტებასო. ამიტომ ყველაზე მეტად ასეთ დღეებში გამოჩნდება, აბელური საწყისის მატარებლები ვართ თუ დემონურისო.

მა იშენ ბჯერს, – დასძენდა ბოლოს, – ჯეგეშ კათა უმოსო ვორეთ ჩქი, – გაიღიმებდა მისებურად, – ასე მჯერა, კაენურ საწყისს წმინდა გიორგის მადლი სჯაბნის ჩვენშიო.

2.

„პაპა“ – თენგიზ სავიცკი – ჩვენს სტამბაში, ქაღალდის საჭრელ მანქანაზე მუშაობდა. ორმოცი წელი პოლიგრაფიაში ყოფნას იმდენი გამოცდილება და სათქმელი დაეგროვებინა ბერიკაცისთვის, ერთ შეხვედრაზე, თუკი კეთილგანწყობილად დაგიგულებდა, ცდილობდა არ გაეშვი და ბევრი რამ მოეყოლა შენთვის. ღამეც სტამბაში რჩებოდა და მისთვის გამოყოფილ ოთახში იძინებდა. იმ დილასაც, ახალ ამბავს რომ აფორიაქებულები მივყევით, მშვიდად ესვენა საწოლზე, ღამის ძილში გაპარულიყო და მის მომკითხველთათვის ბოლო ამოსუნთქვასავით ღიმილი დაეტოვებინა… იმან გამახსენა, ჩიტივით რომ კვდებიან ჩვენ გარშემო მოხუცები.

3.

წერედიანის ლორკამ ისეთივე აღიარება მოიპოვა, როგორც წერედიანის ვიიონმა. ერთი განსხვავებით – მთარგმნელი „ბოშური რომანსეროს“ აღიარებას ვერ მოესწრო. სიტყვა და ნაწერი უკვდავყოფს მის შემოქმედს, ამიტომ ნამდვილი პოეტის სიცოცხლე სხვაგვარად აღორძინდება ხოლმე, როცა ის არ არის ამქვეყნად და მისი პოეტური სამყარო კი თითოეული ჩვენგანის თანამდევად ქცეულა.

ლორკას „ბოშური რომანსეროს“ კორექტურა რომ მივიტანე წერედიანების ოჯახში, ბატონ დავითს, ტრადიციული პურობის შემდეგ, გამოსვლამდე ისიც ვუთხარი, – სულ რამდენიმე კორექტურული და ტექნიკური წვრილმანია, სხვა ყველაფერი დიდებულადაა, მხოლოდ ერთი სიტყვა… ცოტა ისე მეჩვენება… იქნებ მაინც შეხედოთ.

„თვალიანად“ მიბრუნება თავის ნაწერ-ნათარგმნთან დავით წერედიანს რომ შეეძლო ისეთი სხვასთან ალბათ არც მინახავს: ზოგჯერ მთლიანად ცვლიდა და თუმცა უკეთეს ვერსიებს ქმნიდა, მაგრამ ისიც, ძველიც, ფასეული იყო და გენანებოდა.

„ის ერთი სიტყვა“ „სან მიგელში“ გავხაზე:

„გზებზე მზესუმზირის კვნეტით

ტურფები იწყებენ გოგმანს,

დიდ-დიდი ტრაკები ბნელში

სპილენძის პლანეტებს მოჰგავს.“

რამდენიმე დღის შემდეგ მანანა ღარიბაშვილმა დამირეკა, სადილზე მიმიწვია და სანამ სუფრას შემოვუსხდებოდით, ბატონმა დათომ „ბოშური რომანსეროს“ კორექტურიანი ანაბეჭდი გამომიწოდა. „ის ერთი სტროფი“ ხმამაღლა წავიკითხე და სანამ გულიანად გავიცინებდი, წამით თვალი გავუსწორე დავით წერედიანის კვიმატ მზერას, სადაც სამეგრელოში დაბადებული და მეგრულის ბრწყინვალედ მცოდნე დიდი პოეტის ნოსტალგია და ის იუმორი/სილაღე ჩანდა, რაც დავით წერედიანის თარგმნილ პოეზიაში მარგალიტივით ბრწყინავს:

„გზებზე მზესუმზირის კვნეტით

ტურფები იწყებენ გოგმანს,

დიდ-დიდი მუნდები ბნელში

სპილენძის პლანეტებს მოჰგავს.“

4.

მეგონა, რომ ნინელი ჭითანავა სულ იქნებოდა. ყველგან იყო – დღესასწაული და ხალისი შეჰქონდა ყველგან, სევდას და უიმედობას არ დაგანებებდა, თვითონ ხომ საერთოდ არ შეიტყობდა.

ჰერული ანდაზაა: „თეთრ კარში ქენ, შავ – შიგნიან“. ნინელი მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ხალხმრავლობაში გასაბრწყინებლად იყო დაბადებული. სევდა შინ მიჰქონდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სიკეთეს და სიხარულს კი ყველას უნაწილებდა. მეცხრე კლასში ვიყავი, ერთ-ერთი ღონისძიების ბოლოს მოვიდა და რა კარგი სიმღერაა, ვიცეკვოთო. დავიბენი, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ლეგენდარულ დირექტორთან ცეკვისოდენა სითამამე სად მქონდა! ხელი ჩამჭიდა და ძალით გამიყვანა.

ბოლოს ჭკადუაშში, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დაჯილდოებაზე შევხვდი აგვისტოში. ფოტოები გადავიღეთ, ნაცნობ ხუმრობებს ვახსენებდი, გულიანად, მისეულად გაიცინებდა ხოლმე, – ეს რეები გხსომებიაო. გთხოვ, თავიდან მოყევი-თქო. და ისიც, დაუზარებლად, – საქვეყნოდ ცნობილი ჩვენებური კაცი გარდაცვლილა, ძალიან პატივსაცემი და მის გასვენებაში შეიყარა თურმე მთელი ქვეყანა. ქელეხიდან მოსული ერთი ქალი გაკვირვებას ვერ მალავდა თურმე, – ოოო, ღორონთუმე, დავბერდი და ასეთი რამე არ მინახავს, ირდიხიდან (მეგრ. ყველა მხრიდან, ყოველი კუთხიდან) იყო ხალხი ჩამოსული, ტევა არ იყოო.

…ბევრი ჩვენგანის – წარსულში ბავშვის – ამაგი და ცრემლები გაუნათებს იმქვეყნად…

5.

თამაზ ჭილაძემ მითხრა ერთხელ, – ილია იმ მხრივაც იყო დიდი მასშტაბის კაცი, რომ ჩვეულებრივი, არც ისე სახელოვანი და დღეისთვის თითქმის უცნობი პროფესიონალების (ილია ოქრომჭედლიშვილი, ივანე პოლტორაცკი და ა. შ.) ღვაწლს და საქმეს ხედავდა, მათზე წერილებს წერდა, სიტყვას არ იშურებდა და ასე აკოწიწებდა ქართულ საზოგადოებასო.

აკოწიწებდაო, – მახსოვს, ეს სიტყვა რამდენჯერმე ახსენა, – აკოწიწებდა, იმიტომ რომ მერე იმ საზოგადოებას უნდა წამოეკიდებინა ზურგზე მწერლობაც, თეატრიც, პრესაც, ბანკიც, განათლებისა და სამეურნეო საქმეც. ყველაფერი.

6.

ზურაბ გუჩუას სულ რამდენჯერმე შევხვდი. მის გვერდით, სუფრასთან ყოფნა ყოველ ჯერზე მარწმუნებდა, რომ ღირსებით, ნამდვილი თავმდაბლობითა და პატიოსნებით შემკული ადამიანები მხოლოდ წიგნებს კი არ იყვნენ შერჩენილი, ჩვენს დროშიც ცხოვრობდნენ. სიმშვიდე და ფილოსოფოსის მჭვრეტელობა ჩანდა მის ყოველ სიტყვაში, დაკვირვებაში. პირველი ქრისტიანებივით იყო – დევნილი და თავისი მრწამსის განუხრელად დამცველი, მძიმე ფიზიკური და სულიერი ტკივილების დამთმენი. არ უყვარდა და სხვასაც უშლიდა მასზე, მით უფრო მის დამსახურებაზე ლაპარაკს, არადა მჯერა, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო – ერთგულებით, განათლებით, კაცთმოყვარეობით.

თავისებური იუმორი და მახვილი სიტყვა სამეგობრო წრეში მასთან დროსტარებას განუმეორებელს ხდიდა. სიტყვაძვირი კაცისგან წარმოთქმული ყოველი ასეთი ფრაზა მარგალიტივით ბრწყინავდა, გამახსოვრდებოდა. კატეგორიული არ იყო და ამდენი ხნის შემდეგაც კი, თითქმის ოცდაათი წლის წინანდელ ამბებზე საუბრისას, ადამიანური ბუნების იდუმალ, მოულოდნელ და საჩოთირო მომენტებზე ამახვილებდა ყურადღებას მუდმივად თანმდევი სევდით; იმ გარემოებებზე, რამაც ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს გადააწყვეტინა სახელმწიფო გადატრიალებას მიმხრობოდა და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი სიკვდილისთვის გაეწირა.

ეროვნული ხელისუფლების დამხობის აქტორები დაუნდობლად გაუსწორდნენ ზურაბ გუჩუას და მის ოჯახსაც, სამეგობროს. ათწლეულობით ემიგრაციაში ყოფნისას, დროდადრო, სამშობლოში დაბრუნებული სულს ითქვამდა და თვითონაც სულის მოთქმასავით იყო იქამდე ძვირფასი თუ შემდგომ შეძენილი მეგობრებისთვის.

ველაზე ტრაგიკული და საბედისწერო ჟამის წალენჯიხის პრეფექტი დარჩება სიმბოლოდ იმათთვის, ვინც ბრძოლითა და მოთმინებით ადგას გზას უკეთესი საქართველოსთვის; ვინც, არც დევნილი და მოძალადეებისგან შეურაცხყოფილი იბრუნებს პირს ადამიანებისგან, არამედ ყველგან, სადაც მივა, სამართლიანობაზე, ჭრილობების მოშუშებაზე და კვლავაც ფეხზე წამოდგომაზე იქადაგებს, ისე, როგორც ეს ზურაბ გუჩუას სჩვეოდა.

7.

ზაზა ხალვაშს გადამდები ემოციითა და დღეს სულ უფრო გაიშვიათებული გულღიაობით შეეძლო ესაუბრა თავის გეგმებსა და ჩანაფიქრებზე – რას აპირებდა კინოში, თავის სოფელში, თბილისში… სულ ასეთი დამამახსოვრდება: კეთილშობილი და მუდმივად მაძიებელი პროფესიონალი. ბრწყინვალე რეჟისორმა მართლაც გამორჩეული ფილმები და ნაწერები დატოვა. საკუთარი თავის ღრმა კუნჭულში შეყუჟულმა რწმენამ თუ დააწერინა ეს სიტყვები:

„პიერ-პაოლო პაზოლინი – რომაელია. ამ კაცის შემოქმედებას, მართალია, ცუდად ვიცნობ – ფრაგმენტულად, შეიძლება ითქვას – მაგრამ, როცა გავიგე, რომ მას პოეზიაშიც უცდია ბედი, რომანებიც დაუწერია, მოთხრობებსა და კინოსცენარებზე ხომ აღარაფერს ვამბობ და ფილოლოგიურ-ლიტერატურათმცოდნეობითი ესეებიც შეუქმნია, პატივისცემის გრძნობით განვიმსჭვალე მის მიმართ, ორიენტირად გადაიქცა ჩემთვის და მასთან გაჯიბრების (ჩემებურად!) სურვილით შემბოჭა.

ის თუ რომაელია – ფართო გაგებით, მე ქართველი ვარ, კავკასიელი, იაფეტის შთამომავალი – პირდაპირი მნიშვნელობით.“

8.

– ნოღელის პრემიის ლაურეატები მაინც ხომ ვართ, ბიჭო! – მითხრა თენგო კუდავამ მარტვილში, ჩემი წიგნის წარდგენის შემდგომ სუფრაზე, 2009 წელს, – ოოო, ნუ გეცინება, რა გგონია, იმ ნობელებზე ნაკლებია ეს, ჩვენი პატარა ნოღელა?

– არ მაღიარებთ შენ და შენი სიმამრი, – ეს უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მისაყვედურა ღიმილით, მისი მოთხრობების კრებულს რომ ვადგენდით, – შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. – თან ეტყობოდა, ნასიამოვნები რომ იყოს წიგნის გამოცემის სამზადისით.

– მიტოვებული სახლების სევდაზე, სიმარტოვეზე და ადამიანისგან უარყოფილ უღალატო შინაურ ცხოველებზე უნდა წერო ისე, რომ ყველამ გაიგოს და წაიკითხოს, – მითხრა ერთხელ გამომცემლობის აივანზე, – ესაა ნამდვილი მწერლობა…

9.

ჩემს დიდ ბებიას – ზეინე ბოხუას ჩვევად ჰქონდა: სუფრებსა და დღეობებში ოჯახის ახლობელ-ნათესავს თუ დაიგულებდა, მიუჯდებოდა გვერდით და ჰკითხავდა: „რომელი საათია?“ „ორის ნახევარი“. „შკვითის ბღურუქ“ – შვიდზე მოვკვდებიო, ისე თავდაჯერებულად ეტყოდა სტუმარს, გეგონება წერამწერალს მისთვისაც ყურში ეჩურჩულებინოს აღსრულების დრო და საათი.

ვინც იცოდა ზეინეს ეს ახირება, უიოლებდნენ, სიცილში გაუტარებდნენ ხოლმე; ვინც იჯერებდა და ცნობისწადილით ელოდა 90-ს მიტანებული ქალის წინასწარმეტყველების ახდენას, დღის ბოლოს რწმუნდებოდა, რომ…

ისე, პავლე მოციქულის „მარადღე მოვკვდებიც“ ხომ აღსრულების ყოველდღე მოლოდინს და სიკვდილის გაიოლებას გულისხმობს?!.

10.

იშვიათად, ესმა ონიანივით ვინმეს ესმოდეს და სწამდეს ადამიანისა. ეს სიტყვები ფოლკნერის სანობელო ლექციის რანგისაა:

„ვისაც აქვს მარადიულის, მთავრის, უმაღლესის, უკეთესის ხსოვნა-სარჩული, ამით შინაგანი სისავსე-სიმაძღრე, – ის აქაურობაში არ კარგავს ღირსებას, გონებას; არ ხარბდება, არ წვრილმანდება, არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე; არ მოეშლება გაჭირვებით სახე; – დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ: – აი, ოჯახი, ან ადამიანი, რომელსაც რაღაც მიზეზთა გამო მოუხდა სადღაც გაჩერება (მგზავრობისას) ხრიოკ, უბადრუკ, მწირ ადგილას, მატარებელში, სადაც ცუდი პირობებია; ხოლო მას იქ, საიდანაც არის, საიდანაც მოდის და მიდის, აქვს უმშვენიერესი სასახლე, მზიანი ნათელი სარკმლებით, სურნელოვანი ოთახებითა და დახვეწილი საგნებით; სპეტაკი, ფუშფუშა ლოგინი, ყვავილები, ვარდები, შრიალა ხეები, ნათელი ხეივნები, მხიარული მწერ-ბზუილა ბაღები; – ის გაცოფებული არ მივარდება რაღაც პლასტმასის კოვზსა თუ რაღაც სხვას, რომელსაც უკვე რამდენიმე ჩაფრენია და თავისკენ ქაჩავს, – ან გაყვითლებულ, აშმორებულ, საეჭვოდ გარეცხილ თეთრეულისთვის თუ კუპეში უკეთესი ადგილისთვის არ გაავდება და არ დაიწყებს ბრძოლას და კბენას; არ დახარბდება უბადრუკი ხედის დასანახად მაინცადამაინც ფანჯარასთან დაიკავოს ადგილი, – მას ნამდვილი სიმშვენიერის ხსოვნა ავსებს“.

მხატვრული წერის გაკვეთილები

0

მესამე ნაწილი

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

ვინც წინა წერილები წაიკითხა, ეცოდინება, რომ პროტაგონისტისა და ანტაგონისტის შექმნა ვისწავლეთ, დავწერეთ სხვადასხვა დავალება, რაც ჩვენი გმირის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარებოდა ჩვენც და ჩვენ მკითხველსაც, მოდი, ახლა უფრო მეტი გავიგოთ გარემოცვაზე, რადგან ამის გარეშე ცოტა პერსონაჟს თუ იპოვით წიგნებში.

სავარჯიშო მეხუთე

მენტორი.

მსოფლიო ლიტერატურის ისტორია გვასწავლის, რომ გმირის თავგადასავალი ხშირად მენტორთან შეხვედრის შემდეგ იწყება. ვინაა მენტორი? როგორც წესი, ეს ასაკით უფროსი ადამიანია, ვინც ჩვენ პერსონაჟს შემთხვევით გაიცნობს და რაღაც ისეთს ეტყვის, რომ მასში მოგზაურობის სურვილს აღძრავს. ამ მოგზაურობაში, ამ თავგადასავალში იზრდება კიდეც ჩვენი პერსონაჟი და ხდება ისეთი, როგორიც ის წიგნის ბოლოს გვხვდება ხოლმე.

მენტორის მოსაფიქრებლად, ჯერ გაიხსენეთ, რა ინტერესები აქვს თქვენს პერსონაჟს, რაზე  ოცნებობს, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა კი უჭირს, ეშინია, ერიდება, ან სულაც ეზარება. ამის შემდეგ, ზუსტად ისე, როგორც პერსონაჟის შექმნისას, აღწერეთ მენტორის სრული პორტრეტი, აგერ ნახავთ, ჩვენ მას მოგვიანებით ოსტატურად გამოვიყენებთ.

რა ჰქვია და რა გვარია მენტორი?

რა ასაკისაა?

როგორი გარეგნობა აქვს? (დეტალურად აღწერეთ გარეგნობა)

როგორი ხასიათისაა?

რა მიზანი აქვს ჩვენ გმირთან მიმართებით?

რა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს?

სად და როგორ გაიცნო მენტორმა ჩვენი გმირი?

რა ურჩია მენტორმა პროტაგონისტს?

დაწერეთ ერთი მნიშვნელოვანი (დიახ, მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ) ამბავი მენტორის ცხოვრებიდან.

მაგალითი:
 ბუსი და ბილი კომპიუტერული თამაშების ჩემპიონატზე აპირებდნენ გასვლას, მაგრამ მშობლებმა არ გაუშვეს.

ამ ამბის შემდეგ, ბიჭები ძალიან მოწყენილები იყვნენ და მშობლებმა ორივეს სუფთა ჰაერზე გაყვანა გადაწყვიტეს.

პარკში ბუსი და ბილი ვერაფრით ერთობოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულ ბიჭთან  მისულიყვნენ და მისი ამბები მოესმინათ. ის მართლაც ჯარისკაცი აღმოჩნდა, ჯერემი ერქვა და 33 წლისა იყო. ჯერემს შავი, კუპრივით შავი თმა და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა. ნავარჯიშევი, დაკუნთული სხეული სიგამხდრის მიუხედავად მაინც ეტყობოდა.

ჯერემი მხიარული იყო, მაგრამ  გამოხედვაში სევდა მაინც ემჩნეოდა. ყველა მისი ისტორია საინტერესო იყო: ტანკებისგან გაქცევა, სამასი ჯარისკაცი სამიათასის წინააღმდეგ, დიქტატორის მოკვლა, კოშკში შეპარვა, ავღანეთიდან ხალხის გამოყვანა და ერთი პატარა ქვეყნის, საქართველოს ჯართან ერთად ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ. თუმცა მისი ყველაზე საინტერესო ისტორია შემდეგი იყო:

როდესაც სამასკაციანი ჯარით სამიათასიან ბატალიონს ებრძოდნენ, ამერიკელებმა ჰარტიელებს (უცნობი, გამოგონილი ქვეყანა) მოუგეს. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ ნაკლებნი იყვნენ. სულ ოცდაათი კაცი გადარჩა, მათგან ერთ-ერთი ჯერემი იყო, ის დაჭრეს.

ამ დროს მათ ასკაციანი ბატალიონი წამოეწიათ, კიდევ ათი კაცი მოკლეს, გადარჩენილები კი დაატყვევეს. დაცული ციხიდან გაქცევა მაინც მოახერხა ჯერემიმ. ეს ასე მოხდა: ტყვეობისას, ბევრჯერ აწამეს სამხედრო, მაგრამ ინფორმაცია კი ვერ დასტყუეს. ერთ-ერთი წამების შემდეგ, როდესაც ის საკანში მიჰყავდათ, დაჭრილმა ჯერემმა მცველს ის დანა წაართვა, რომლითაც დანა ტანი დაუსერეს და სამივე მცველი დახოცა. გადაიცვა ერთ-ერთის ფორმა და საკნის მცველი გათიშა, გასაღებების აცმა წაართვა და მეგობრებიც დაიხსნა. ისინი სამხედრო ჯიპით გაიპარნენ.

ახლა ჯერემი ქვეყნისგან დაუფასებელი ვეტერანი იყო და საღამოებს, აქ, საზოგადოებრივ პარკში ხეტიალში ატარებდა. ბუსიზე ისე იმოქმედა ამბავმა, რომ გადაწყვიტა, თავადაც ჩაედინა გმირობა.

სავარჯიშო მეექვსე

ალბათ დავკვირვებივართ, რომ წიგნებში ხშირია დიალოგები. ესაა ადგილი, როდესაც ორი პერსონაჟი ერთმანეთში ლაპარაკობს. ასეთი საუბრის დროს, გამოცდილი ავტორი დიალოგში პერსონაჟებს კიდევ უკეთესად გვაცნობს.

ამ სავარჯიშოს მიზანია მოვიფიქროთ ისეთი დიალოგი, სადაც არ ვიცით რა წინაპირობა აქვთ მოსაუბრეებს. სად არიან, ვინ არიან და რა მიზანი ამოძრავებთ, მაგრამ წაკითხვის შემდგომ, მკითხველი მაინც მიხვდება რა ხდება.

მაგალითი:

ლუკა – ზეგ ჩემ ანთმენს გაჩუქებ.

საბა: – არ მჭირდება შენი ცალხელა ანთმენი.

ლუკა: – ხელი აი ასე უნდა დააწებო და ახალივითაა.

საბა – ვერ ვიტან ანთმენებს.

ლუკა – სპაიდერმენებს ჯობიან.

საბა – ეგენი ეს ერთი ნამდვილი მამა და დედა არ არიან და პაკომ თქვა კიდე, ფულს უხდიან მაგათ რომ ავადმყოფი…

ლუკა – პაკო ბოროტია.

საბა – …

ლუკა – პულტიან კაცსაც, ზანგსაც, ბუცებსაც და კიკისაც გაჩუქებ.

საბა – კიკი შენი არაა.

ლუკა – ჩემიცაა.

საბა – ძაღლს ხო არ დაჭრი? ძაღლი მთლიანია და ისედაც აქ დარჩება.

ლუკა – …

საბა – ჯერესერთი, თურმე მშობლები აძალებენ ხახვების ჭამას.

ლუკა – ტყუილია. დედები ყველაფერს პატიობენ შვილებს.

საბა –

ლუკა –

საბა – მამაჩემი ყველაზე კეთილი იქნება.

ლუკა – ჩემი მამა ისედაც უკვე ძალიან კეთილია.

საბა – და დედაჩემი კიდევ ძალიან ლამაზი იქნება, ყველაზე ლამაზი. დედაშენზე ლამაზიც.

ლუკა – გშურს!

საბა – ღმერთს გეფიცები არ მშურს. მე თვითონვე არ მინდა არსად წასვლა.

ლუკა – გშურს და ბოროტი ხარ. მეჯავრები.

(ანთმენს მეორე ხელსაც მოატეხავს, ფეხებთან დაუგდებს საბას და ოთახიდან გარბის)

აბა თუ გამოიცნობთ სად ხდება მოქმედება, ვინ არიან გმირები და რა სიტუაციაა აღწერილი?

ავტორის პასუხს ცოტა ქვევით წაიკითხავთ:

მოქმედება ვითარდება მიუსაფარ ბავშვთა სახლში. ორი მეგობარი (7-8 წლისები) საუბრობენ. ლუკა ოჯახმა იშვილა, საბა ეჭვიანობს და ლუკას წასვლის წინ ბრაზს ამგვარად გამოხატავს.

სავარჯიშო მეშვიდე

ამ თავის სავარჯიშო ასეთია: მოდი, ვნახოთ რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ გმირს. ვინც თვითონ არ იცნობს ბოლომდე პერსონაჟს, რომელზეც წიგნის დაწერას აპირებს, ის სხვასაც ვერ დააჯერებს სიმართლეში, ლიტერატურა ხომ სხვა არაფერია თუ არა სიმართლის დამაჯერებლად თქმის ხელოვნება.

მაშ ასე, კარგად გაიხსენეთ თქვენი შექმნილი გმირი და ასევე პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონდათ წაკითხული წიგნებიდან. ახლა ისინი ერთმანეთს შევახვედროთ და დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევიან, როგორ ილაპარაკებენ.

მოიფიქრეთ ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.

მოიფიქრეთ რა საერთო ინტერესი აქვს თქვენ პერსონაჟს და გმირს, საყვარელი წიგნიდან.

მოიფიქრეთ თავგადასავალიც, რომელიც მათ გადახდათ თავს.

მაგალითი:

ერთ დღეს, ბუსი თავის ბიძაშვილთან ჯეიმსთან სარი სთრიტზე წავიდა ღამისთევით. იქვე მეზობლად ერთი ცელქი ბიჭი, გრეგ ჰეფლი ცხოვრობდა. ბუსისას და გრეგსაც მოსწონდატ ვიდეო თამაშები, ასე რომ ბუსიმ სიამოვნებით დაპატიჟა გრეგი ბიძაშვილის სახლში. მათ შეთანხმება  დადეს, რომ გრეგი თავის „მრუდე ჯადოქარ 2-ს“ წამოიღებდა, ხოლო ჯეიმსი და ბუსი მას Star War-ს დაახვედრებდნენ, რომლის თამაში რამდენიმე ადამიანის ერთდროული მონაწილეობით ურიგო არ არის.

თამაშის შემდეგ, „ვარსკვლავური ომების“ ორი სერიის ნახვაც დაგეგმეს, მაგრამ რად გინდა? შაბათი იყო და გრეგის დედამ „არანაირი ვიდეო თამაშებიო!“ თქვა და „მრუდე ჯადოქარის“ დისკიც არ გაატანა შვილს, თუმცა გრეგმა მშობელს დაუმალა, რომ ბიჭებს სხვა დისკიც ჰქონდათ მომარაგებული, ამიტომ სევდიანი სახე მიიღო და სინამდვილეში კი გახარებული წავიდა სტუმრად.

თან ისიც უნდა ვთქვათ, რომ გრეგს გულის ჯიბეში სხვა თამაშის დისკი მაინც ედო (ეს წინა თვეში ნაჩუქარი ფულით ჩუმად შეიძინა და არავის ეუბნებოდა) და ბიჭებმაც იდეალური დრო გაატარეს ჯეიმსთან.
(ვინც არ იცით, გრეგი „წრიპა ბიჭის“ პერსონაჟია)

 

 

მოგზაურობა დროსა და ენაში

0

წიგნების მაღაზიაში ლიტერატურული ჟურნალის საყიდლად შესულმა ხელს გამოვაყოლე. უფრო იმიტომ, რომ მოსწავლეობის წლები და უტოპიური იდეებით, შეუძლებელი სამყაროების მშენებლობით, მშენებლების წარმატებისა თუ წარუმატებლობის ისტორიებით გატაცება გამეხსენებინა. ბევრი რამ მაშინვე სახალისოდ მეჩვენებოდა – რასაც საბჭოთა ეპოქის მწერლები წერდნენ კაცობრიობის მომავალზე, ადამიანის გიგანტურ ნახტომებზე. ნამდვილი თუ გამოგონილი სევდა, მეტისმეტი სერიოზულობა, იდეოლოგიის ხილულ ზღუდეებთან ერთად, მათ ყოველთვის ხელს უშლიდა, გზაკვალს ურევდა, შეცდომების დაშვებისკენ უბიძგებდა. სხვა საუკუნეზე წერისას უმთავრესად საკუთარს აღწერდნენ – საპყრობილეში გამოკეტილის მარტივად გასაშიფრი იდეოგრამებით, სასოწარკვეთით.

„დროთა კავშირი – მე-20 საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობები“ ახლად დაარსებული გამომცემლობის, „მედუზას“ პირველი წიგნი აღმოჩნდა. ნუგზარ აფხაზავას, შოთა გაგოშიძის, ელგუჯა მერაბიშვილის, ბორის მიშველაძის, ზაალ ტაბაღუას, ედიშერ ყიფიანის მოთხრობებს, ცხადია, უკვე სხვა თვალით ვკითხულობდი – ავტორებს აღარაფერს ვსაყვედურობდი, აუღელვებლად დავყვებოდი ყველგან და მათ ენას, თხრობის თავისებურებებს ვაკვირდებოდი.

ზაალ ტაბაღუას მოთხრობაში „მუტანტები“ აღწერილი მომავლის სურათი: „უზარმაზარ მოედანს თითქმის ორასი მეტრის სიგანის, ლარივით გაჭიმული, ცათამბჯენებით შემოსალტული ათი ქუჩა უერთდებოდა, მოედანზე და ქუჩებზე, ყველგან, თვალსაწიერამდე პლაზმობუსები, სხვადასხვა ფერისა და ფორმის პლაზმომობილები იდგა. უფრო სწორად, ჭერეხის ქვებივით ეყარა…“. რა აღარ წარმოვიდგინე, უცხო სატრანსპორტო საშუალებების რა სახე და მოყვანილობა, სანამ ბოლო სიტყვებმა მშობლიურ შიდა ქართლში არ დამაბრუნა, სოფლის მდინარესთან, გაზაფხულის მზით შემთბარ სანაპიროსთან. მომავალი წამში გადაიქცა მონატრებულ წარსულად.

რამდენიმე გვერდის შემდეგ კი რაღაც ისეთს გადავაწყდი, რის გამოც კიდევ უფრო სწრაფად აღმოვჩნდი ერთი დროიდან მეორეში. „ხელის ფათურით ამოვიღე კომბინეზონის ჯიბიდან ჰერმეტული მათარა, – ჰყვება მთავარი გმირი გუა, – ღილაკს თითი დავაჭირე და მოვიყუდე. მომწარო სითხემ მთელ სხეულში დამიარა და სასიამოვნო სითბო ვიგრძენი. სული მოვითქვი და ისევ მოვსვი ჩვენებური „გრემი“. ვის არ გაამხიარულებდა ეს მოულოდნელობა, ვის არ გაუჩენდა იმ განცდას, რომ კოსმოსური ხომალდიდან გადმოგდებული, იმწამსვე საბჭოთა მოქალაქეების ქორწილში გაჩნდა. ვაზაში ჩაწყობილი წითელი მიხაკები. რომბისებურად დაჭრილი ნამცხვარი „იდეალი“.

სხვა მოთხრობა. ედიშერ ყიფიანის „დროთა კავშირი“.

„- ჩამომიტანეთ წითელი ღრუბელი? – გაიცინა მან და მორცხვობამ კიდევ ერთხელ შეუწითლა ლოყები.

– გახსოვს?!

– არა, დედა მეუბნებოდა…

– ვერ ჩამოგიტანე, სულ გაყიდული იყო! – გავეხუმრე მე.

– არც ცისფერი? – ამყვა ნაი.

– ცისფერი შენ არ დაგიბარებია, თორემ იყო. რომ მცოდნოდა…

ნაიმ ეშმაკურად გააქან-გამოაქანა თავი, ვითომ ნანობდა, ნეტა ცისფერი დამებარებინაო“.

2217 წელია. დედამიწასა და მთვარეს შორის ხელოვნური პლანეტაა, რომელზეც კოსმოსური ხომალდები სხდებიან. ადამიანები ჰაერომობილებით დადიან. მთავარ გმირსა და მის ქალიშვილს შორის კი ისეთი საუბარი იბმება, მხოლოდ საბჭოთა კავშირის მკვიდრ მამა-შვილს შორის რომ გაიმართებოდა დეფიციტური საქონლის ეპოქაში. დაბარება. ჩამოტანა. „სულ გაყიდული იყო“.

„ჩიბუხი გაეჩაღებინა და ზედიზედ ქაჩავდა“, – ესეც ამავე მოთხრობიდანაა. ესეც 2217 წლის ამბავია.

რაღაც ხომ უნდა იყოს უცვლელი სამყაროში, რასაც არასდროს დაემუქრება მცირე საფრთხეც კი? ერთი ავტორისთვის ეს კონიაკი „გრემია“, მეორისთვის – ჩიბუხი. სხვას სხვა რამ აქვს შემონახული ჩემნაირი მკითხველისთვის, რომელიც სიტყვებს დასდევს, რომლის სიხარული და თავბრუსხვევაც ამ დევნაშია.

მე-20 საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობების კითხვა უცნაურ თავშექცევად გადამექცა. მოგზაურობად დროში, ენაში.

„- ეჰე, გუა ჯაფარიძევ, ასე თუ გააგრძელე, კარგი დახლი დაგიდგება! – ხმამაღლა შევეხმიანე საკუთარ თავს“ (ზაალ ტაბაღუა, „მუტანტები“).

შეძახილი – დასასრულისთვის.

 

მავნე ჩვევა ბავშვებში და მისი დაძლევის გზები

0
Little boy planning in classroom.

საბავშვო ბაღში შვილის გამოსაყვანად მისულ დედას სამი წლის ნიკა ატირებული დახვდა. პატარას ხელზე რომ დახედა, ქალმა აღშფოთება ვერ დამალა – სიწითლე და ნაკბენის კვალი ბავშვს ჯერ კიდევ ეტყობოდა. აღმზრდელმა აუხსნა მშობელს, რა მოხდა: „ბავშვები მშვიდად თამაშობდნენ, მაგრამ უეცრად გიო და ნიკა სათამაშოს გამო ერთმანეთს წაეკიდნენ. მათკენ გავეშურე გასაშველებლად, მაგრამ ჩემს მისვლამდე გიომ მოასწრო და ნიკას იმ ხელზე უკბინა, რომელშიც სათამაშო ეჭირა“.

ვფიქრობ, მსგავსი შემთხვევები უცხო არ უნდა იყოს იმ აღმზრდელებისთვის, რომლებსაც პატარებთან აქვთ ურთიერთობა. ბავშვმა შესაძლოა უკბინოს თანატოლს, მაგრამ ხშირად უფროსსაც არ ინდობს. არიან დედები, რომლებსაც საკუთარ თავზე გამოუცდიათ ბავშვის ნაკბენის სიმწარე.

კბენის ჩვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა ადრეული ასაკის ბავშვებში, ამიტომ, თუ დავინახეთ, რომ პატარამ ხელები აგრესიულად მომუშტა და საკბენად მოემზადა, შეშფოთება ვერ გვიშველის. აჯობებს, ამ ჩვევის დაძლევა ვცადოთ. ამისთვის საჭიროა ქცევის მიზეზების გარკვევა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სკოლამდელ პერიოდში, ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, კბენას შესაძლოა სრულიად სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს.

 

კბენის მიზეზები

  • უპირველეს ყოვლისა, კბენა ძლიერი ემოციის – იმედგაცრუების, სასოწარკვეთის, ეჭვიანობის, საფრთხის განცდის – გამოვლინებაა. თუ პატარა აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, რომელშიც თავს დაუცველად გრძნობს, მან შესაძლოა მიმართოს აღნიშნულ გზას. როდესაც ვინმეს კბენს, ის თითქოს იწყებს შემდგომი მოვლენების მართვას. გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, ის მუდმივ მზადყოფნაშია რეალურ თუ წარმოსახვით საფრთხეზე რეაგირებისათვის, მუდმივად თავდაცვით პოზიციაში იმყოფება. ბავშვი კბენს მას, ვისთვისაც წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებს.
  • წლამდე ასაკის ბავშვებში კბენის მიზეზი კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული დისკომფორტი და ტკივილია. ამ დროს პატარა მზადაა, დაკბინოს და დაღრღნას ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება. კბენით ის ცდილობს, შეამციროს ღრძილებზე დატვირთვა და უსიამოვნო შეგრძნებებისგან გათავისუფლდეს.
  • ზოგიერთი ბავშვი კბენის საშუალებით ერთგვარ „ექსპერიმენტებს ატარებს“. ერთი წლის ბავშვისთვის კბენა სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი ხერხია. პატარამ შეიძლება უკბინოს უფროსს ან თანატოლს, ისევე როგორც „კბენს“ მის ხელში მოხვედრილ ნებისმიერ სათამაშოს.
  • ხანდახან ბავშვი იკბინება, როდესაც ვერ ახერხებს სხვა გზით მიზნის მიღწევას ან საკუთარი სურვილების ადეკვატურად გამოხატვას. მაგალითად, როდესაც სურს სათამაშო, მაგრამ მეტყველებით ვერ ახერხებს თავისი სურვილის ისე გადმოცემას, რომ გაუგონ, მან შეიძლება კბენას მიმართოს და ასე გამოხატოს სურვილი. შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვების უმრავლესობა ივიწყებს ამ ჩვევას 3-4 წლის ასაკიდან, როცა მეტყველება უმჯობესდება და პატარები უკეთესად ახერხებენ სიტყვიერ კომუნიკაციას გარშემო მყოფებთან.
  • ბავშვი იკბინება მაშინ, როდესაც საფრთხეს გრძნობს, როდესაც თავს ვერ ართმევს სიტუაციას და ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას სხვა, უფრო მისაღები ხერხით. ამ დროს კბენა მისთვის თავდაცვის საშუალებაა. ასეთი ქცევა დამახასიათებელია თანატოლებთან ურთიერთობაში მყოფი ბავშვებისთვის.
  • ზოგიერთი ბავშვი იკბინება საკუთარი ძალის საჩვენებლად. როგორც წესი, ასე იქცევიან პატარები, რომლებიც სხვებზე ძალაუფლების მოპოვებისაკენ ისწრაფვიან.
  • კბენის მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე ყურადღების დეფიციტი უფროსების მხრივ. ყურადღების მოთხოვნილება ადრეული ასაკის ბავშვის მთავარი სოციალური მოთხოვნილებაა. თუ ბავშვი მორჩილი და დამჯერია, მაგრამ ჩვენ მას „ვამჩნევთ“ მხოლოდ მაშინ, როცა ის რამე აკრძალულს აკეთებს, ბავშვს „გამოაქვს დასკვნა“: „ცუდად მოქცევა კარგია, იმიტომ რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება უფროსების ყურადღების მიპყრობა“. ის ფაქტი, რომ უფროსი ბრაზობს, მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია იმ კმაყოფილებასთან შედარებით, რომელსაც მისი ყურადღებით იღებს.

 

როგორ დავძლიოთ

  • ადრეულ ასაკში ბავშვები ჯერ კიდევ მეტისმეტად პატარები არიან იმისათვის, რომ ერთმანეთს დაუკავშირონ კბენის ფაქტი და უფროსის გაბრაზება. ამდენად, ასეთ სიტუაციებში დასჯა დიდად ვერ დაგვეხმარება. უკეთესი იქნება, თუ იმას დავამშვიდებთ, ვისაც ბავშვმა უკბინა, კბენია პატარას კი ვუსაყვედურებთ და ავუხსნით, რომ კბენა მტკივნეულია. აუცილებელია, საუბრისას გვქონდეს მკაცრი, უკმაყოფილო გამომეტყველება და მტკიცე ხმა. ადრეულ ასაკში ბავშვებს შესაძლოა არ ესმოდეთ, რას ვეუბნებით, მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით სხეულის ენა, შესანიშნავად ხვდებიან ყველაფერს გამომეტყველებით და ინტონაციით.
  • ნუ გავიცინებთ, თუ დავინახეთ, რომ ბავშვმა ვინმეს უკბინა ან, პირიქით, მას უკბინა სხვამ.
  • ნუ ვუკბენთ პატარას ხუმრობით. ის ვერ შეამჩნევს განსხვავებას ჩვენს ნაზ კბენასა და საკუთარ კბენას შორის.
  • ვიზრუნოთ, რომ ჩვილს ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სათამაშო კბილების ამოჭრის პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში დისკომფორტის მოსახსნელად ის აუცილებლად დაიწყებს კბენას.
  • ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დაძლევაზე მუშაობის დროს აუცილებელია აღმზრდელთა თანმიმდევრული და შეთანხმებული მოქმედება. თუ მამა სჯის ბავშვს კბენისთვის, ბებია კი იცავს, თუ დედამ გუშინ გაიცინა, როცა მისმა შვილმა თანატოლს უკბინა, დღეს კი ასეთივე ქცევისთვის მკაცრად სჯის, ბავშვი დაინახავს, რომ სხვადასხვა სიტუაციაში ოჯახის სხვადასხვა წევრთან შეიძლება სხვადასხვანაირად მოიქცეს და დაიწყებს უფროსებით მანიპულირებას სასურველის მისაღებად.

ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი იკვლევს ნებადართულის საზღვრებს არა მხოლოდ გარემომცველი საგნობრივი სამყაროს მიმართ, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაშიც, ამიტომ ოჯახში ბავშვის აგრესიული და მიუღებელი ქცევის მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ იმის გაგება, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და რომ ცუდ ქცევას უსიამოვნო შედეგი მოჰყვება, მაგალითად, ავუკრძალავთ თამაშს.

  • მოვერიდოთ ბავშვის ფიზიკურად დასჯას. ფიზიკური დასჯით ჩვენ მას ქცევის უარყოფით ნიმუშს ვაჩვენებთ და ნუღარ გაგვიკვირდება, თუ მომავალში სხვებთან ურთიერთობაში თვითონვე მოიქცევა ასე.
  • შევუქმნათ ბავშვს უსაფრთხო გარემო, რათა დაცულობის განცდა ჰქონდეს და არ დასჭირდეს აგრესიული ქცევის გამოვლენა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად. გვახსოვდეს, რომ კბენა – რეაქციაა იმ დისკომფორტზე, რომელსაც ბავშვი მოცემულ მომენტში განიცდის. ამიტომ რაც უფრო მეტ მზრუნველობას, ალერსს და სითბოს გამოვავლენთ მის მიმართ, მით უფრო მეტი შანსია, აღნიშნული ჩვევა არ ჩამოუყალიბდეს.
  • შევაქოთ ბავშვი კარგი ქცევისთვის. თუ მოცემულ მომენტში არ იკბინება, მაგრამ მსგავს სიტუაციებში, ჩვეულებრივ, ასე იქცევა ხოლმე, აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ დღეს მისი ქცევა მოგვწონს.
  • ნუ დავტოვებთ ბავშვს უყურადღებოდ. პატარები დაპროგრამებულები არიან იმაზე, რომ მიიპყრონ ჩვენი ყურადღება ნებისმიერი – პოზიტიური თუ ნეგატიური გზით, ამიტომ კბენას ყურადღების მიპყრობის გზად მიიჩნევენ.
  • თუ პატარამ კბენით ტკივილი მოგვაყენა, ვუთხრათ ამის შესახებ. სათქმელი კი ასე ჩამოვაყალიბოთ: „ძალიან მეტკინა, მე მწყინს, როცა მკბენ“ – და არა ასე: „რამდენჯერ უნდა გითხრა, ასე ნუ იქცევი-მეთქი!“ საყვედურები, ჩხუბი და დასჯა კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვის აგრესიას. თუნდაც მეყსეულად გავაჩეროთ, ემოცია დარჩება და ადრე თუ გვიან გამოსავალს იპოვის.

მთავარია, გვიყვარდეს ბავშვი არა მხოლოდ მაშინ, როცა ალერსიანი და დამჯერია, არამედ მაშინაც, როცა მრისხანებას გამოხატავს. თუ პატარა ჩვენში, ჩვენს სიყვარულში დარწმუნებული იქნება, მას არ დასჭირდება ჩვენი სიყვარულის „შემოწმება“ ასეთი აგრესიული ხერხით.

წერითი დავალება  ,,რაფთ“

0

კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგია ემყარება პრინციპს, რომლის მიხედვით, ნებისმიერი სახის ცოდნის მიღება გულისხმობს ამ ცოდნის კონსტრუირებას ანუ აგებას. მოსწავლის მიერ ცოდნის აგება, ცხადია, არ გულისხმობს მასწავლებლის მიერ ცოდნის უბრალოდ გადაცემას მოსწავლისათვის.

მოსწავლე ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია ნათლადაა დაკავშირებული იმასთან, რაც მან უკვე ისწავლა.

წერითი დავალება „რაფთ“ გულისხმობს მოსწავლის გააზრებულ არჩევანს წერითი დავალების შესრულებისას, რომელიც ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას.  „რაფთ“ არის შემდეგი სიტყვების აკრონიმი: როლი, აუდიტორია, ფორმა.

მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ შესასწავლი მასალის შინაარსზე და მოემზადონ წერითი დავალების შესასრულებლად. თუმცა, ვიდრე წერას დაიწყებენ, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის როლს მოირგებენ, ვისი პოზიციის გამოხატვას შეეცდებიან საკუთარი ნაწერით. ამის შემდეგ მოსწავლემ უნდა შეარჩიოს აუდიტორია,  რომელსაც მიმართავს. როლისა და აუდიტორიის შერჩევის შემდეგ, მოსწავლე გადაწყვეტს, რა ფორმით სურს სათქმელის გამოხატვა, ვისი პერსპექტივიდანაც წერს ავტორი – ვინ წერს? ისტორიკოსი, ჟურნალისტი, დისიდენტი, ჯარისკაცი, მოსწავლე, პოლიტიკოსი და სხვ.

აუდიტორია, რომლისთვისაც წერს ავტორი – ვისთვის იწერება? სამეცნიერო ჟურნალის მკითხველები, მოზარდები, ახალგაზრდები, უფროსი თაობა, მასწავლებლები, ქვეყნის მთავრობა, პოლიტიკური პარტია, ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ომი აქვს ჩაფიქრებული და სხვ.

როგორია ნაწერის ფორმა? სტატია, მოხსენება, წერილი, ბლოგი და სხვ.

რა თემას ეხება ნაწერი? რეზა შაჰის ბიოგრაფია, თერგდალეულთა როლი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, კათოლიკე მისიონერთა მიერ დანახული  მე-17 საუკუნის საქართველო და სხვ. დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები.

მასწავლებელს შეუძლია „რაფთ“ ფორმის რომელიმე ნაწილი თავად შეავსოს, მაგალითად, ჩამოთვალოს რამდენიმე თემა და სთხოვოს მოსწავლეებს, აირჩიონ ერთ-ერთი. მას, ასევე, შეუძლია, მოსწავლეებს შესთავაზოს სრულიად შეუვსებელი ფორმა და მათ დაუტოვოს არჩევანი, საკუთარი ინტერესების მიხედვით შეავსონ იგი. ის, თუ რა ფორმით იქნება მიწოდებული ინსტრუმენტი, დამოკიდებულია სასწავლო მიზნებზე, გაკვეთილის სპეციფიკასა და მოსწავლეების მახასიათებლებზე.

„რაფთ“ არის წერითი დავალების შესრულების შემოქმედებითი სტრატეგია. იგი იძლევა დიფერენცირებული სწავლების მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას. მისი გამოყენებით მოსწავლე საკუთარ თავს მოარგებს კონკრეტულ როლს და ურთიერთობას ამყარებს მის მიერ შერჩეულ კონკრეტულ აუდიტორიასთან, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის რეალური გამოცდილება, ცოდნა და შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე.

ზოგადად, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ისეთ სამუშაოში, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებს ითვალისწინებს, მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმით და ხალისით ერთვებიან. სკოლა მათთვის იქცევა ადგილად, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა.

როდის გამოვიყენოთ? „რაფთ“-ის გამოყენება შესაძლებელია ყოველთვის, როცა მასწავლებელი საჭიროდ ჩათვლის წერითი დავალების მიცემას მოსწავლეებისთვის. მისი მიზანი შეიძლება იყოს მოსწავლეების განვითარება გარკვეული მიმართულებით. შეიძლება ეს იყოს მაგალითად,  პროექტის შეჯამება, „რაფთ“ წერითი დავალება მოსწავლეებმა შეიძლება შეასრულონ გაკვეთილზე ან მის შემდეგ, როგორც საშინაო დავალება. მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეები, მოიძიონ ინფორმაცია ვებბმულებზე, ჟურნალებში, გაზეთებსა და წიგნებში. გარდა იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი დიფერენცირების კარგ შესაძლებლობას იძლევა, მისი გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნა, ისე თემის შესწავლის პროცესში მოსწავლის მიერ საკითხის გაგებისა და გაანალიზების ხარისხიც. გარდა ამისა, ამ ფორმით შესრულებულ დავალებაში კარგად ჩანს, როგორ შეუძლია მოსწავლეს საკითხების/მოვლენების შეფასება და რა ახალი იდეები გაუჩნდა მას.

როგორ გამოვიყენოთ?

  1. განსაზღვრეთ გაკვეთილის მიზანი;
  2. გააცანით მოსწავლეებს „რაფთ“ წერითი დავალების ინსტრუქცია, მისი შინაარსი და სასწავლო მიზანი;
  3. უპასუხეთ მოსწავლეთა კითხვებს და სთხოვეთ, დაიწყონ მუშაობა;
  4. სთხოვეთ მოსწავლეებს, გაუზიარონ თავიანთ მეწყვილეებს შესრულებული ნაშრომის პირველადი მონახაზი და მისცენ ერთმანეთს განმავითარებელი უკუკავშირი.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ჩემ მიერ გამოყენებული მაგალითების ცხრილი:

დისკრიპტორი განმარტება მაგალითი
როლი ვისი პერსპექტივიდანაც წერს ისტორიკოსი, მემატიანე, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, დისიდენტი, პარლამენტარი, გიდი და სხვა.
აუდიტორია ვისთვისაც იწერება მთავრობა, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია,  ადგილობრივი თვითმმართველობა, ქვეყნის ლიდერი, მასწავლებელი, ახალგაზრდები და სხვა.
ფორმა

 

როგორია ნაწერის ფორმა? მოხსენება, პეტიცია, სტატია, წერილი, ესე, თხზულება,  ბლოგი და სხვა.
თემა რა თემაზეა ნაწერი? გიორგი სააკაძე-მედროვე თუ პატრიოტი, რეზა შაჰის ბიოგრაფია, თერგდალეულთა როლი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, კათოლიკე მისიონერთა მიერ დანახული  მე-17 საუკუნის საქართველო, ვოლტარიანელობა საქართველოში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის გზები, მირანდას გაფრთხილება და შენი უფლებები და სხვა.

 

თუ მოსწავლეების ნაშრომის შეფასებას „ჩექლისტით“ ან რუბრიკით აპირებთ, მაშინ გააცანით ისინი მოსწავლეებს. ეს მათ გაუადვილებს თანაკლასელისთვის უკუკავშირის მიცემას.

  1. როცა მოსწავლეები დაასრულებენ მუშაობას და ჩათვლიან, რომ მზად აქვთ ნაშრომის საბოლოო ვერსია, სთხოვეთ მათ, გადმოგცენ ისინი. შესაძლებელია მცირე ჯგუფების შექმნა ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით. ეს მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს გახდის პროცესს, რადგან მათ ნამდვილად ეყოლებათ აუდიტორია, რომელსაც მიმართავენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ,,ეფექტიანი სწავლება“, გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის დეპარტამენტი;
  2. ,,განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...